მუსტაფა ალი იყო თურქი ისტორიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ისტორიული, პოლიტიკური და რელიგიური ნაშრომების ავტორი. თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი. წერდა თურქულ და სპარსულ ენებზე. მისი ძირითადი თხზულება – მოვლენათა არსი – მოიცავს არაბული ქვეყნებისა და თურქული მოდგმის ხალხთა ისტორიის მნიშვნელოვან ცნობებს. ბოლო თავში გადმოცემულია ოსმალეთის სახელმწიფოს მთელი ისტორია. „მოთხრობებში ხელოვანთა შესახებ“ მუსტაფა ალი გვამცნობს XVI საუკუნის ოსმალური კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა ბიოგრაფიებს. „გამარჯვების წიგნში“ („ნუსრეთნამე“) აღწერილია ოსმალთა 1578 წლის ლაშქრობა ამიერკავკასიაში: სამცხე-საათაბაგოში, ქართლსა და შირვანში. მუსტაფა ალი პირადად მონაწილეობდა ლაშქრობაში, როგორც მთავარსარდალ მუსტაფა-ლალა ფაშის მდივანი, წერდა ლაშქრობის დღიურს. თხზულებაში ჩართულია ოსმალეთის ხელისუფლებასთან ქართველ მეფე-მთავართა დიპლომატიური მიმოწერის საყურადღებო მასალები.
„ნუსრეთ-ნამე“ (გამარჯვებათა წიგნი)
1578 წელი. ლალა-ფაშას მიმოწერა მანუჩარ ჯაყელთან
1578 წ. ივლისში არზრუმში მდგარმა ლალა მუსტაფა ფაშამ წერილები გაუგზავნა ამიერკავკასიის მფლობელ-გამგებლებს. მათ შორის კახეთის მეფე ალექსანდრე ლევანის ძეს, დაუდ-ხანს ლუარსაბის ძეს, გიორგი იმერეთის მეფეს, მანუჩარს სამცხეში, გურიელს და დადიანს. ლალა ფაშა მათ მოუწოდებდა მორჩილნი ყოფილიყვნენ და ეომათ ირანის წინააღმდეგ.
მანუჩარისადმი გაგზავნილ პირველ წერილში ლალა ფაშა უზომოდ აზვიადებს ოსმალთა ლაშქრის სიმრავლეს, მის საგმირო საქმეებს და მოითხოვს მანუჩარისაგან მორჩილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰპირდება ქვეყნის სრულ განადგურებას. შემდეგ მოითხოვს, რომ მანუჩარმა ოსმალეთის ჯარი მოამარაგოს საომარი იარაღით, სურსათ-სანოვაგით და ოცმალებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ლაშქრობაში და მეგზურობა გაუწიოს მას. ყოველივე ამის სანაცვლოდ, ლალა ფაშა მანუჩარს პირდებოდა, რომ მისი ქვეყანა „დაცული და გაშენებული იქნებოდა“, ხოლო იგი მიიღებდა „პატივისცემასა და ყურადღებას იმ დონეზე, რომელიც შენ აზრადაც არ მოგივა“.
ლალა ფაშამ, როგორც ეტყობა მანუჩარის წერილის საპასუხოდ, მეორე წერილიც მისწერა მანუჩარს, სადაც აღნიშნულია: „შენ მოგითხოვია წიგნი და პირობა მამაპაპეული და შენს მფლობელობაში მყოფი ციხეების განსაზღვრისა და ბოძების შესახებ“. „ასე იყოს. სასწრაფოდ გამომიგზავნე ჩვენთან ელჩი და შენი შვილთაგანი ვინმე გამოცდილი, ანდა, შენი ძმათაგანი ვინმე, სწორად მოლაპარაკე, მჭევრმეტყველი“, თუმცა ეს სურვილი დაკმაყოფილდებოდა, როდესაც მანუჩარი საქმით დაამტკიცებდა ერთგულებას.
შემდეგ წერილში ლალა ფაშა მანუჩარს სწერს: „მოითხოვ, რომ ეცნობოს შენს ქვეშევრდომებს, რათა თქვენი ქვეყანა დაცულ იქნას ძარცვა-გლეჯისა და გაცამტვერებისაგან, განსაკუთრებით კი სარწმუნოება. ამიტომ დაიწერა ეს მშვიდობიანი წერილი და პირობა გამოგეგზავნათ თქვენ. ასე იყოს“.
ამავე დროს ლალა ფაშა მანუჩარს აცნობებდა: „თქვენ თვითონ, თქვენს ქვეშევრდომებს, ციხეებს, ნაჰიებსა და თქვენს ნათესავებს ჯარისკაცთაგან არავითარი გზით არავინ არ გაეკარება და წინააღმდეგობას არ გაუწევს. თქვენ თვითონ ბედნიერად იქნებით და თქვენი ქვეშევრდომები კეთილდღეობაში იქნებიან. თქვენს მფლობელობაში მყოფი ადგილები, ისევე როგორც უწინ, თქვენს განკარგულებაში იგულეთ“.
1578 წელი. ლალა-ფაშას წერილი იმერეთის მეფე გიორგისთან
ლალა ფაშა იმერეთის მეფეს მოუწოდებს შეასრულოს პატრონყმური ვალდებულება და სულთნისადმი ერთგულება შირვანის, აზერბაიჯანისა და აღმოსავლეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში მონაწილეობით დაამტკიცოს.
1578 წელი. ლალა-ფაშას წერილი კახეთის მეფე ალექსანდრესთან
„... ჩვენმა ფადიშაჰმა უმაღლესი ბრძანებით დაამტკიცა ლაშქრობა შირვანზე, გურჯისტანსა და აზერბაიჯანზე და მე, არარაობას, უძლეველი არმიით მაგზავნის ამ ქვეყნებში. რამდენადაც თქვენ ხართ ჩვენი ფადიშაჰის მორჩილი მსახური, საჭიროა ხელი შეუწყოთ გურჯისტანის ბეგებს, ვარაზას შვილებს (ვარაზა ოგულლარი), ლევანს, განსაკუთრებით ქაიხოსროს ძე ყვარყვარეს დამჯერებლობას და მორჩილებას... როცა მათგან მივიღებთ მორჩილების წერილებს, ჩვენც ჩვენის მხრივ ვთხოვთ ფადიშაჰს მათს შეწყალებასა და მფარველობას... სარდალმა ასეთივე წერილი გაუგზავნა ალექსანდრეს სიძეს, არზრუმის ვილაიეთის შავშეთის სანჯაყბეგს ათაბაგ აჰმედ-ბეგს“.
თბილისის აღწერა
თბილისის ციხე დიდი, შესანიშნავი ციხე-სიმაგრეა, რომელიც თხრილების სიღრმის, თვით ქალაქის და მისი ბურჯების სიმაღლის მიხედვით არაბთა ქვეყნის უდიდესი, უმშვენიერესი ქალაქის - ალეპოს მსგავსია. ამასთანავე, იმის მიხედვით, რომ მდინარე მტკვარი ჩაუდის შუაში და ცხელი წყაროებია, უნგრეთის დედაქალაქ ბუდა-პეშტს ჰგავს.
(1578 წელს ქალაქის დაპყრობის შემდეგ) დაფანტულ მოსახლეობას დაუყვავეს, რათა ისევ მიეზიდათ და გული მოეგოთ. ცნობილ ადამიანებს ხალათები ებოძათ. მოსახლეობა მოგროვდა და ქალაქის ცივილიზაცია წინანდელზე მეტი გახდა. მათი ორი ეკლესია სკრებულო მეჩეთად გადაკეთდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий