შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა ირანის შიდაპოლიტიკური მდგომარეობა, სხვადასხვა ფეოდალური დაჯგუფება თავისი მიზნების მისაღწევად სასურველი კანდიდატის გამეფებაში ხედავდა. ასეთი ვითარებით ისარგებლა ოსმალეთის სახელმწიფომ და ფართო აგრესია დაიწყო სპარსეთის ხელდებული სამხრეთ-აღმოსავლეთი კავკასიის დასაპყრობად.
ვიდრე ოსმალები ომს დაიწყებდნენ, მანამდე შაჰ
მოჰამედ ხუდაბენდემ ოსმალებთან მოლაპარაკებით ამასიის საზავო ხელშეკრულების (1555 წ.) პირობების დაცვა დიპლომატიური მოლაპარაკებით სცადა და
ოსმალეთში თავისი ელჩი მიავლინა, მაგრამ მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.
ომის დაწყების წინ რთული მდგომარეობა იყო
სამცხეში. ჯაყელებს საათაბაგოს თავადები აუჯანყდნენ, რითაც სამთავროს თავდაცვისუნარიანობა ძლიერ შესუსტდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში თავი გამოიჩინა მანუჩარ ქაიხოსროს ძემ (შემდგომში ათაბაგი მანუჩარ II, 1581-1604). მანუჩარი დაიბადა, ვახუშტის მიხედვით, 1550 წელს1. იგი თავისი დროის ერთ-ერთი
აქტიური პოლიტიკური მოღვაწე იყო. რაც
განსაკუთრებით ნათლად გამომჟღავნდა სამცხის თავადების საკმაოდ საშიში და ხანგრძლივი (1576 წლის ივნისიდან 1578 წლის თებერვლამდე) აჯანყების ჩახშობისა და ოამალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
მანუჩარი აჯანყებულთა წინააღმდეგ, ფორმალურად, თავის ძმა ყვარყვარე IV ათაბაგთან ერთად გამოდიოდა (მათ ერთობლივად მოარბიეს შალიკაშვილების მთავარი სიმაგრე - თმოგვის ციხე
და ქალაქი და სხვა
სიმაგრეები), სინამდვილეში, ძმის ავადმყოფობის გამო, აჯანყების დროს, ერთპიროვნულად განაგებდა საათაბაგოს საქმეებს.
ოსმალთა საქართველოზე თავდასხმის განზრახვასა და ჯარის საქართველოს საზღვრებთან მოახლოებაზე საათაბაგოში ცნობილი იყო, როგორც ამის თაობაზე დედისიმედი თავის შვილს თვალშვენიერს სპარსეთში წერდა2.
1. ვახუშტი, გვ. 716
2. სამხრ. საქ. ისტ. მასალები, გვ. 47.
ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებას სათავეში მანუჩარი ჩაუდგა. ის საგანგებოდ შეკრებილ ლაშქარით თავის ბიძაშვილ ერეკლე მუხრანბატონთან ერთად ოსმალების ჯარის პირისპირ დადგა. „პატრონი მანუჩარ და პატრონი ერეკლე -
ლაშქარი შეიყარეს - წავიდეს, ურუმთ პირს მიუდგეს. პატრონი ყვარყვარე ცოტად უგუნებუდ (!) იყო“1. სავარაუდოა, მემატიანე აქ გადმოგვცემს მანუჩარის ოსმალთა სამფლობელოებში შეჭრას, ნადავლის მოპოვებას, რაც იმავე დროს
გარკვეულ ტაქტიკურ მოქმედებასაც, კერძოდ, მტრის ძალების მოსინჯვასაც ისახავდა მიზნად. ამავე დროს ჩანს ისიც, რომ ჯაყელ-ციხისჯვრელებსა და
ყიზილბაშებს შორის ურთიერთობა კვლავ დაძაბულია ვარაზა შალიკაშვილის მოკვლის გამო. ყიზილბაშები სამცხის მთავრის წინააღმდეგ აჯანყებული თავადების მეთაურს, ვარაზას შვილ კოკოლას ეხმარებიან. ამიტომაც იყო, რომ საქართველოს საზღვრებში შემოჭრილმა ოსმალებმა უპირველესყოვლისა კოკოლას სამფლობელოები დაიპყრეს2. ალბათ, შალიკაშვილების გვართან დაპირისპირების გამო იყო, რომ
ჯაყელების შაჰისათვის დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართვა უშედეგოდ დამთავრდა (ამის შესახებ ვრცლად სხვაგან). ქართული წყაროს მიხედვით, საათაბაგოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან მყოფ ყიზილბაშთა რაზმს, რომელსაც ყარახანი მეთაურობდა თავს დაესხნენ თურქები და ათიოდე კაცი მოუკლეს, შემდეგ ყარახანმა იმარჯვა. ეს ამბავი მატიანეში გადმოცემულია შემდეგნაირად: „მობრუნდეს ყარახან, ექუსასი კაცი ახლდა, დაესხა თავსა (თურქებს - ე.მ.),
ამოსწყუიდნა ურუმნი, გააქცივნა, სახელსა ზედა ღვთისასა და გაემარჯვა ყარახანს და
აივსნეს საქონლითა და იარაღითა. მობრუნდა ბატონი მანუჩარ და
აწყუერს ჩამოვიდა“3. ყურადღებას იპყრობს მემატინის ბოლო ფრაზა: „მობრუნდა ბატონი მანუჩარ და აწყუერს
ჩამოვიდა“, რომელიც შეიძლება გავიგოთ ისე, რომ ყიზილბაშებს არ
სურდათ მანუჩართან, როგორც ათაბაგის ოჯახის წევრთან ურთიერთობა და ისინი უარს
ამბობენ მისი სამხედრო ძალის გამოყენებაზე ოს მალებთან შეტაკებების დროს.
ვფიქრობ, ყიზილბაშთა ამგვარმა დამოკიდებულებამ ჯაყელების მიმართ სერიოზულად განაპირობა ყიზილბაშთა წარუმატებლობა ამიერკავკასიაში ოსმალეთირანის ომის დასწყისში.
„მესხური მატიანის“ მიხედვით, ლალა ფაშა აგვისტოს დასაწყისში არტაანიდან საქართველოსკენ წამოვიდა. სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ქართული წყაროებიდან ცნობილია, რომ პირველი ციხე, რომელიც ოსმალებს სამცხის ტერიტორიაზე შეხვდათ, იყო მგელციხე. იგი ოსმალებმა ორი დღის ბრძოლის შემდეგ აიღეს. ამგვარად ოსმალები სამცხე საათაბაგოში შეიჭრნენ. თუ ერთმანეთს შევადარებთ ქართული და იტალიური წერილობითი წყაროების ცნობებს, დავინახავთ, რომ ისინი ერთნაირად გადმოგვცემენ ოსმალეთის ჯარის ლაშქრობის მიმართულებას და ციხეების აღებასაც. იბრაჰიმ ფეჩევის კი არტაანიდან პირდაპირ ველის ციხესთან მივყევართ1.
ოსმალები რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ციხე-სიმაგრეს (მგელციხე, ქაჯთა ციხე, ველისციხე), და ბოლოს ჩილდირის ციხეს დაეუფლნენ2. ქართული და იტალიური წყაროების მიხედვით, როდესაც მანუჩარი ჩილდირის დასაცავად მივიდა, იგი ოსმალებს უკვე დაპყრობილი ჰქონდათ. „მესხური მატიანე“ გადმოგვცემს: 10 აგვისტოს „პატრონი მანუჩარ ქაჯის (ჩილდირის – ე.მ.) ციხეს შეეყარა. ვერც (ოსმალთა – ე.მ.) ლაშქრის ომსა და ვერც ციხების აღებას ვერ მიესწრა“3. სავარაუდოა, ამჯერადაც ყიზილბაშების მიერ ჯაყელთა შეიარაღებული ძალების იგნორირებასთან გვაქვს საქმე.
1. საქართველოში შემოჭრის პირველ დღეებში ოსმალების მიერ დაპყრობილი ციხეების შესახებ გადმოგვცემს ალი-ეფენდი. იხ. წინამდებარე ნაშრომის გვ. 190-191.
2. ოსმალთაგან ჩილდირის ციხის აღების სხვადასხვა თარიღი გვაქვს: „მესხური მატიანის“ მიხედვით, ოსმალებმა ციხე აიღეს 9 მარიამობისთვეს (აგვისტო). 14 აგვისტოა ფრანგი დიპლომატის ჟუიეს მეფე ანრი III-სადმი გაგზავნილ მოხსენებაში. ასევე 14 აგვისტოს აუღიათ ოსმალებს ჩილდირის ციხე ჰენრი პორშას თქმითაც.
3. სამხრ. საქ. ისტ. მასალები, გვ. 48.
ქაჯის (ჩილდირის) ციხესთან მომხდარის შესახებ უფრო მეტ ცნობებს შეიცავს იტალიური წყარო. აქედან ვიგებთ, რომ მანუჩარი ოსმალებთან საომრად ყიზილბაშთა ჯართან ერთად წასულა თავისი ცხენოსნებითა და ქვეითებით, მაგრამ დაუგვიანდათ. ოსმალებს საქმე უკვე მოეთავებინათ. „ამ დროს მოვიდა სპარსეთის მეფის გენერალი მეჰმად ხანი1 თავისი ორმოცდაათი ათასი მხედრით2 და შვიდი ათასი ცხენოსანი და ქვეითი ქართველით, რომელთაც მეთაურობდა ქართველთა ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მანუჩარი. ისინი მივიდნენ ხსენებული ქაჯის ციხის (ჩილდირის - ე.მ.) დასახმარებლად, მაგრამ იგი დაპყრობილი დახვდათ და თურქების ბანაკიდან დაახლოებით სამი მილით დაშორებული ველის ციხესთან შეჩერდნენ“3.
ქართული და იტალიური წყაროები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან და საერთოც აქვთ. ქართული წყაროს მიხედვით ყიზილბაშთა ჯარი მაჰმად-სულთანის (იტალიური წყაროს - მაჰმად-ხანი) მეთაურობით და საათაბაგოს ჯარი მანუჩარის მეთაურობით ცალ-ცალკე მოქმედებდნენ. ოსმალების მიერ ყიზილბაშების დაამარცხების შემდეგ მანუჩარი ჩილდირთან მიდის. აქ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ იტალიური წყაროც ქართველების და ყიზილბაშების დაგვიანებით მისვლაზე აღნიშნავენ. „მესხური მატიანე“ კი მხოლოდ მანუჩარის მისვლას აღნიშნავს. ორი ავტორის (ქართველი და იტალიელი) მონათხრობში ის განსხვავებაა, რომ ქართული წყაროს ავტორი ცდილობს ისე გადმოსცეს ამბავი, რომ ეჭვი დაბადოს მანუჩარის მოქმედების პატიოსნებაში. ქართველმა მემატიანემ მიზანს მიაღწია კიდეც. ქართულ ისტორიოგრაფიაში მანუჩარი მოღალატედ არის გამოცხადებული იმ დღიდან, როცა ოსმალებმა საქართველოს საზღვარი გადმოლახეს.
1. იბრაჰიმ ფეჩევი ყიზილბაშთა ჯარის სარდლებად ასახელებს თოქმაკ ხანს, იმამყული-ხანსა და ყარა ხანს. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 39.
2. იბრაჰიმ ფეჩევისთან 30 ათასი, გვ. 39. ასევე 30 ათას მხედარს ასახელებს დონ ხუან დე პერსია, (65 რ).
3. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები. 1577-1581, გვ. 23.
„მესხური მატიანის“ ცნობების ამგვარი ინტერპრეტაცია პირველმა შემოგვთავაზა ქრ. შარაშიძემ. იგი თავისი მოსაზრებისათვის დამაჯერებლობის ხარისხის გაზრდისათვის ი. ჰამერის თხზულებაში დაცულ ერთ ცნობასაც იშველიებს და აღნიშნავს, რომ მანუჩარი ჩილდირის ბრძოლამდე რამდენიმე კვირის წინ „მიჰკედლებია“ თურქებს და თვითონ აწყურის სანჯახი მიუღია, ხოლო მის ძმას - ყვარყვარეს კი ოლთისი1. ი. ჰამერის თხზულებაში, სადაც საინტერესო ამბის გადმოცემისას დამოწმებულია ალის „ნუსრეთ-ნამე“, ნათქვამია, რომ ლალა მუსტაფა ფაშამ „ჩილდირის ბრძოლამდე რამდენიმე კვირით ადრე, ძმებიდან უმცროსს, მანუჩარს მიწვევის წერილი გაუგზავნა, იმის თაობაზე, რომ როგორც თვითონ ასევე მისი ძმა და დედა ჩამოშორებოდნენ სპარსეთს, რომელზეც აქამომდე დამოკიდებულნი იყვნენ. მანუჩარმა თავის მოკრძალებულ პასუხში მოითხოვა ხელშეკრულება და სიგელი, აგრეთვე მოითხოვა თავისთვის აწყურის სანჯაყი, თავის ძმა გრეგორისათვის (ყვარყვარე - ე.მ.) ოლთისი და დედისა და სხვა ძმებისათვის სოფლები ლენის სახით“2. აქ არ ჩანს მოხდა თუ არა ოსმალეთის სარდლისა და ათაბაგის ოჯახის შეთანხმება. ჯაყელები, იქნებ, დროის გაყვანის ტაქტიკას ადგნენ?
სხვაგვარად გადმოგვცემს ლალა მუსტაფა ფაშას მანუჩართან პირველ კონტაქტს ოსმალო ისტორიკოსი აბუბექრ ბინ აბდულაჰი. არზრუმში დაბანაკებული ოსმალეთის ჯარი 1578 წლის ივლისის შუა რიცხვებში აიყარა და არტაანთან მივიდა. არტაანის „ციხის სიახლოვეს მდებარე ქართული ვილაიეთები და ოქროსციხედ წოდებული სიმაგრე ერთმა ხათუნმა (დედისიმედმა - ე.მ.) დაიპყრო და დაიმორჩილა“3. არტაანში ჩაყენებული საათაბაგოს მეციხოვნენი ოსმალებმა შეიპყრეს. არტაანიდან ლალა მუსტაფა ფაშამ „ურჯულოების ბეგთან“, მანუჩართან კაცი გაგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა. თუ მის მოთხოვნას მანუჩარი დაემორჩილებოდა პატივს მიაგებდა, თუ არა და აკლება-განადგურებით დაემუქრა. „სასწრაფოდ მოდი, ისლამის სარეწმუნოება მიიღე, შენი ხალხი და ვილაიეთი ჩვენ ჩაგვაბარეო“ – უთვლიდა ლალა ფაშა მანუჩარს, რომელმაც თავის ხალხთან ერთად მოითათბირა და ოსმალო სარდლისადმი დამორჩილების გადაწყვეტილება მიიღეს4.
1. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 162-168.
2. Hammer J., Geschichte des osmanischen Reiches, II, Pest, 1834, S. 482. იხ. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV,
1967, გვ. 267-269.
3. აბუბექრ ბინ აბდულაჰი, გამარჯვებათა წიგნი. თურქული ტექსტრი ქართული თარგმანით, შესავლითა და შენიშვნებით გამოსაცემად მოამზადა მ. ილურიძემ, თბ., 2006, გვ.
31.
4. იქვე, გვ. 31-32.
დავუჯეროთ აბუბექრს, რომ მანუჩარმა ოსმალებისადმი მორჩილება გადაწყვიტა? მაგრამ ფაქტია, რომ ის ლალა ფაშას ბანაკში მხოლოდ ჩილდირის ბრძოლის შემდეგ მივიდა და მანამდე არც რაიმე მოთხოვნა შეუთვლია. დავუბრუნდეთ ი. ჰამერის თხზულებიდან მოყვანილ ამონარიდს. როგორც ირკვევა მუსტაფა ფაშამ მაშინვე ვერ შესძლო მანუჩარისათვის ეპასუხა. მან მანუჩარის მიერ წაყენებული მოთხოვნების შესახებ წერილით აცნობა სულთანს1 და მისგან პასუხს ელოდა. ჩილდირის ბრძოლამდე ერთი დღით ადრე მუსტაფა ფაშას მიუტანეს დედისიმედის წერილი, რომელშიც იგი სარდალს თავისი ვაჟის მანუჩარის მძევლად გაგზავნას და სულთნის ყველა მორჩილის მსგავსად განსზღვრული გადასახადის გადახდას ჰპირდებოდა. სამაგიეროდ ის ითხოვდა სიგელს, რომლითაც მას და მის შვილს ყვარყვარეს დაუმტკიცდებოდათ მისი ქმრის, ქაიხოსროს სამფლობელოები2. თურქი ისტორიკოსი იქვე შენიშნავს, რომ დედისიმედმა დაპირება მაშინვე კი არ შეასრულა, არამედ ელოდებოდა ოსმალებისა და ყიზილბაშების შეჯახებას, რათა გამარჯვებულის მხარეს დამდგარიყო.
მანუჩარმა, სავარაუდოა, პასუხის დაგვიანება თავისი მოთხოვნების უარყოფად ჩათვალა და ჯარით წავიდა ჩილდირის დასაცავად, მაგრამ დაუგვიანდა, რასაც ქართული წყარო გვამცნობს. ამას ადასტურებს იბრაჰიმ ფეჩევიც, თუმცა ჩილდირთან მისული მანუჩარს მხდალად და მოღალატედ სახავს: „ხსენებული ბეგი (მანუჩარი-ე.მ.) ექვსი ათასი შეიარაღებული აზნაურით მოვიდა და მთის ფერდობიდან გამარჯვებულებს და დამარცხებულებს თვალყურს ადევნებდა. იდგა იქ და იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებული მხარე მას შეიწყნარებდა. და, როგორც კი გაიგო, თუ რა ბედი ეწია თოქმაკ-ხანს, წამოვიდა მანუჩარი დილას და ღირსეული სარდლის კარავში შეაღწია“3.
1. აბულაძე ც., დასახ. ნაშრ., გვ. 202.
2. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 73.
3. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 41.
ახლა ისევ დავუბრუნდეთ ანონიმი ვენეციელის მონათხრობს: როცა ქართველებმა და ყიზილბაშებმა გაიგეს, რომ ჩილდირის ბრძოლის შემდეგ დაღლილი ოსმალები ისვენებდნენ, გადაწყვიტეს ხელსაყრელი მომენტით ესარგებლათ და მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. მაგრამ მათ ვერ შესძლეს ოსმალთა ბანაკში შეჭრა, რადგან კარვებს შორის ბაგირები იყო გაჭიმული, რომელიც გზას უკეტავდა მომხვდურს. ოსმალებმა მალე შენიშნეს მტერი, შესხდნენ ცხენებზე და ველზე გაიჭრნენ, რათა ბრძოლა გაემართათ მომხვდურთათვის. პირველსავე შეტაკებისას დაიღუპა ათასზე მეტი ოსმალო და 30 სანჯაყ-ბეგი1.
ვენეციის სირიელი ელჩის ჯოვანი მიქელის თქმით, ყიზილბაშების ჩილდირთან დამარცხების შემდეგ „მანუჩარი, ქვრივის უმცროსი ვაჟი, მივიდა (ლალა ფაშასთან – ე.მ.) და თავის თავი (სულთან – ე.მ.) მურადის ვასალად გამოაცხადა“2. დაახლოებით ასევე გადმოგვცემს მანუჩარის მისვლას თურქების ბანაკში პეტრო ბიძარო3.
თურქული წყაროების მიხედვით, მანუჩარი ყიზილბაშების დამარცხების მეორე დღეს მივიდა ოსმალთა ბანაკში4 და „თავისი ქვეყანის ციხეების გასაღებები მთავარსარდალს მიუტანა და ჩააბარა“5. მეორე დღეს, ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისა და თავისი მეომრების გამხნევების მიზნით, ლალა ფაშამ დახოცილი მტრების მოკვეთილი თავებით გორა დაადგმევინა. მან შიკრიკი გაგზავნა კონსტანტინოპოლში და სულთანს აცნობა მოპოვებული გამარჯვების შესახებ. „თურქების ამ გამარჯვებამ, - წერს დონ ხუან დე პერსია, - ახალი საბაბი მისცა ამ მხარის ბევრ ადგილობრივ მთავარს, რომელნიც აქამდე სპარსელთა ყმებად ითვლებოდნენ, უმალვე მის (მუსტაფა ფაშას - ე.მ.) წინაშე გამოცხადებულიყვნენ და სულთან მურადისადმი მორჩილება ეღიარებნინათ. მუსტაფა ფაშას ჯარს მაშინვე შეუერთდნენ ქართველი მთავრები: სალმას ქართველი და ლევანი6, ახლად დამკვიდრებული მთავარი საქართველოს ერთი მხარისა და საქართველოს მთავარი მანუჩარი, ბატონიშვილი დედისიმედის შვილი. ყველა ეს მთავარი მუსტაფა ფაშას დროშას შეუერთდა, რომელმაც დიდი თავაზიანობით მიიღო ისინი და მათი მორჩილების შესახებ სულთანს აცნობა“7.
1. იბრაჰიმ ფეჩევით, „ოცდაათზე მეტი სახელოვანი აღა ბრძოლის ველზე დაეცა“. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 40. სხვა ცნობით ოსმალებს 13 სანჯაყ-ბეგი დაეღუპათ. Porsius H., Narratio belli Persici inter Murathem III Turcar et Mehemet Hodabande Persar regem gesti, p.176-177.
2. Relazioni delli successi della guerra tra il Turco e il Persiano dall’anno 1577 fi no al 1587 di Giovani Micheli ritornato console da Aleppo in Soria. krebulSi: Alberi E., Relacioni… serie III, v. II, Firenze, 1844, p. 264.
3. Bizarus P., Op. cit., p. 633.
4. იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 41.
5. ფუთურიძე გ., მუსტაფა სელიანიქი საქართველოს შესახებ, გვ. 263.
6. გაურკვეველია რომელი ქართველი დიდებულები იყვნენ სალმასი და ლევანი.
7. Don Juan de Persia, p.65 r – 66 r.
ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩარს უბოძა აწყურის სანჯაყი, მის ძმას ყვარყვარეს მისი ყოფილი სამფლობელო ოლთისის სანჯაყი, სხვა ძმებს კარგი ზიამეთები, დედისიმედს კი სამი სოფელი ხასის სახით1 ტომაზო მინადოი აგვიწერს იმ ზეიმს, რომელიც მოუწყეს ბანაკში მისულ მანუჩარსა და მის თანმხლებლებს: იმავე დღეს (16 აგვისტო), როდესაც ლალა მუსტაფა ფაშამ სისხლიანი ღონისძიება დაამთავრა და მოკვეთილი თავების გორა დასდგა, მას აცნობეს, „ქვრივი ქართველის, დედისიმედის უმცროსი ვაჟის“ მანუჩარის განზრახვაზე მის კარავში მოსვლის სურვილის შესახებ, რათა მისალმებოდა და უსიტყვოდ დამორჩილებოდა. ამ სიახლემ იმდენად გაახარა მუსტაფა ფაშა, რომ ბრძანა ყველა ფაშა და ჯარის მეთაური საკრავებითა და ქვემეხების გასროლით და სხვა ღირსების ნიშნებით წასულიყვნენ მანუჩარის შესახვედრად და ასე მოეყვანათ მასთან. ყველაფერი ისე გაკეთდა როგორც მთავარსარდალმა ბრძანა და როცა მანუჩარი მის კარავთან მიიყვანეს, თვითონაც არტილერიისა და არკებუზების სროლით მიესალმა. მანუჩარს გადაწყვეტილი ჰქონდა მუსტაფასთვის მიერთმია ყველაფერი რაც მის მამულში იყო“2.
აბუბექრიც აღნიშნავს ოსმალთა ბანაკში მანუჩარის საზეიმოდ მიღების შესახებ, მაგრამ ისეთნაირად, რომ ქართველი დიდებული დამცირებულად წარმოაჩინოს ძლევამოსილი ოსმალების ფონზე3. ვფიქრობ, მანუჩარის ჩილდირთან „დაგვიანებით“ მისვლის მიზეზი შეიძლება გაირკვეს დონ ხუან დე პერსიას (ის აღწერილი ამბის თანამედროვე და შეიძლება მხილველიც იყო და, როგორც სამხედრო პიროვნება, იცნობდა კიდეც ყიზილბაშთა სარდალს) მონათხრობით ჩილდირთან მოვლენების განვითარების შესახებ. მისი თქმით, თოქმაკ სულთან ხანი ერევნისა და ნახიჩევანის გამგებელი იყო. მოხამედ ხუდაბენდემ იგი დანიშნა სპარსეთის და საქართველოს საკმაოდ მცირერიცხოვანი ჯარების მთავარსარდლად.
1. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 74.
2. Minadoi T., p. 34-35.
3. აბუბექრი, გვ. 35.
სპარსელთა ჯარი შედგებოდა მხოლოდ 30 ათასი მხედრისაგან, თუმცა ქვეითები მრავლად ყოფილან. როცა ცნობილი გახდა, რომ ლალა მუსტაფა ფაშამ არზრუმი დატოვა, ყარსი გაიარა და ჩილდირს მიაღწია. თოქმაკს ყალბი ცნობები მიაწოდეს, თითქოს, ოსმალთა ჯარი მხოლოდ 40 ათასი მებრძოლისაგან შესდგებოდა, ჯარის ეროვნული შემადგენლობაც ჭრელი იყო და არც შეიარაღება უვარგოდათ. ახალგაზრდა სარდლები თოქმაკს აფრთხილებდნენ, რომ ისეთი გამოცდილების სარდალი, როგორიც ის იყო, არ უნდა ნდობოდა მსტოვრების მოტანილი ცნობებს. თოქმაკმა „თავისი უვიცობით“ თურქების მოწინავე 40 ათასიანი ჯარი ძირითად ძალად ჩათვალა და დაუყოვნებლივ ეკვეთა. მაგრამ, როდესაც მუსტაფა ლალა ფაშა მთელი ძალით დაატყდა თავს, თოქმაკმა მხოლოდ მოხერხებულობითა და დაღამების გამო შეძლო ჯარის ნაწილის გადარჩენა. ოსმალებმა მას 7 ათასი კაცი მოუკლეს, 3 ათასი კი დაატყვევეს, რომლებსაც თავი მოკვეთეს1.
როგორც დონ ხუან დე პერსიას მონათხრობიდან შეიძლება დავასკვნათ, ჩილდირისკენ წასულ მანუჩარს, რომელიც შეთანხმებული უნდა ყოფილიყი ყიზილბაშ სარდალთან შეხვედრის ადგილსა და დროზე, გამარჯვების იოლად მოპოვების სურვილით შეპყრობილი თოქმაკ ხანი აღარ დაელოდა. ამით უნდა აიხსნას და არა ღალატით ის, რომ როცა „პატრონი მანუჩარ ქაჯის ციხეს შეეყარა, ვერც (სპარსელთა - ე.მ.) ლაშქრის ომსა და ვერც (ოსმალების მიერ - ე.მ.) ციხების აღებას მიესწრა“.
უფრო მეტიც, ჰენრიხ პორშას თქმით, თოქმაკ ხანთან ერთად ბრძოლის ველზე მარცხი განუცდია მანუჩარსაც: სპარსელებს დაუკარგავთ 5 ათასი კაცი, ხოლო მანუჩარი თავის 3 ათას თანამებრძოლთან ერთად დაუტყვევებიათ2.
1. მოწინააღდეგეთა მიერ ჩილდირის ველზე განცდილი ზარალის შესახებ იხ. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд, с. 70-71.
2. Porsius H., Narratio belli Persici inter Murathem III Turcar et Mehemet Hodabande Persar regem gesti, p.176-177.
ვფიქრობ, სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს ისქანდერ მუნშის გადმოცემაც, რომლის მიხედვით მანუჩარმა სამცხეში შეჭრილ ოსმალებს წინააღმდეგობა გაუწია და მისი დამორჩილება მხოლოდ იარაღის გამოყენებით მოხერხდა. მოვუსმინოთ ისქანდერ მუნშის: როდესაც ლალა მუსტაფა ფაშა „ახალციხის ველაიეთში მოვიდა, რომელიც საქართველოს ეკუთვნოდა, სვიმონ-ხანის სიძის მანუჩარ-ხანის [საგამგეო] ოლქი იყო და ამ მხარის (ირანის) საზღვრებში შემოდიოდა. მან (მანუჩარმა) ოსმალთა მორჩილებისაგან თავი შორს დაიჭირა და წინააღმდეგობის გზას დაადგა, თავისი ციხე გაამაგრა და თვითონ კი სვიმონ-ხანთან მივიდა, ლალა ფაშამ მისი ციხე გარემოიცვა, ზარბაზნები მიუმარჯვა და ბრძოლა-ჭიდილით დაიმორჩილა. მერე შიგ მცველები და იანიჩრები დასტოვა და სვიმონხანის ქვეყნისაკენ გაემართა“1.
სეფიანთა ხანის სპარსეთის სახელგანთქმული ისტორიკოსის თხზულებიდან მოყვანილი ამონარიდი ზოგიერთ ცნობილ საკითხზე მსჯელობას მოითხოვს. თითქოს დადგენილია, რომ შაჰმა მოჰამედ ხუდაბენდემ სვიმონ I თავის სამეფოში დააბრუნა ოსმალების საქართველოში შემოჭრის შემდეგ. ისქანდერ მუნში კი სვიმონის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გადმოგვცემს ოსმალების საქართველოში შემოჭრის და მანუჩარის მათდამი დაუმორჩილებლობის ამბავს2. სპარსელი ისტორიკოსის ნათქვამის (მანუჩარის სვიმონ მეფესთან ქართლში გადასვლასთან დაკავშირებით) დაზუსტება შეიძლება „ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტის“ საშუალებით: შაჰ ისმაილ II-მ სვიმონი ალამუთის ციხიდან გაანთავისუფლა, მაგრამ იგი სპარსეთში დასტოვა. გამეფდა მოჰამედ ხუდაბენდე, დაიწყო ომი სპარსეთსა და ოსმალეთს შორის. „რაოდენსამე ხანსამე უკანა გამოვიდა ლალა ფაშა... მაშინ დახვდა მანუჩარ ათაბაგი, ძე ქაიხოსროსი და დედისიმედისა, - და ამას ესვა ცოლად და სვიმონ მეფისა, და დახვდა ესე მანუჩარ ათაბაგი და დაესხა რომელსამე თარეშსა და ნაწყვედსა ჯარისასა, და მოსრა რაოდენიმე, და მერე ვეღარ დაუდგა და გამოვარდა ქართლს სიდედრთანა. ხოლო ლალა ფაშამ ამოსწყვიტა ყოველი სამცხე და დაიჭირა ციხე და სიმაგრენი“3.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 29.
2. იქვე, გვ. 28-29.
3. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 371-372.
ამგვარად, მანუჩარი ქართლში გადავიდა თავის სიდედრთან, სვიმონი კი ისევ სპარსეთშია. მაგრამ ციტირებულ წყაროებში (დონ ხუან დე პერსია, ჰენრიხ პორშა, ისქანდერ მუნში, ანონიმი ვენეციელი, „ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი“) უმთავრესი ის არის, რომ მანუჩარი სამცხეში შეჭრილ ოსმალებს ებრძოდა. დასახელებული ავტორები, განსაკუთრებით კი ანონიმი ვენეციელი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გვთავაზობენ უაღრესად საინტერესო ვერსიას, რომელიც უთუოდ ანგარიშგასაწევია სამცხის ათაბაგის, მანუჩარ II-ის პიროვნების შესასწავლად.
16 აგვისტოსვე ოსმალთა ჯარი ჩილდირიდან აიყარა და, როგორც ანონიმი ვენეციელი გადმოგვცემს, თეთრციხისკენ გაეშურა, რომელიც დატყვევებულ მანუჩარს ეკუთვნოდა. „იქ მისვლისთანავე (ლალა ფაშამ – ე.მ.) იხმო მანუჩარი და ჰკითხა, რამდენი ქალაქისა და ციხის მფლობელი იყო იგი. [მანუჩარმა] ყველაფერზე გასცა პასუხი. გენერალმა ჰკითხა: „ახლა, როცა დამარცხდით, რა მოელით თქვენს სამფლობელოებს? მანუჩარმა უპასუხა: თქვენს განკარგულებაში ვართ მეც და ჩემი სამფლობელოებიც და შეეხვეწა: მადლობელი ვიქნები, თუ საცხოვრებლად თითო ციხეს დაგვიტოვებ მე და ჩემ მოხუც დედასო1. ამით კმაყოფილმა გენერალმა დაუტოვა ყველაფერი რაც მანუჩარმა ითხოვა და სანჯაყ-ბეგობაც უბოძა, თუმცა ქრისტიანობა შეუნარჩუნა“2. ვენეციელისაგან სრულიად განსხვავებულ, საწინააღმდეგო ცნობა შემოგვინახა ალიმ. აქედან ვიგებთ, რომ ჩილდირის ბრძოლამდე ერთი დღით ადრე დედისიმედმა ლალა მუსტაფა ფაშას გაუგზავნა წერილი, რომელშიც სთავაზობდა მანუჩარს მძევლად და, სხვა ქვეშევრდომების მსგავსად, გადასახადის გადახდას ჰპირდებოდა. სამაგიეროდ დედისიმედი ითხოვდა სიგელს, რომლითაც იგი ათაბაგ ყვარყვარესთან ერთად მფლობელი და გამგებელი იქნებოდა გარდაცვლილი ქმრის, ათაბაგ ქაიხოსროს მიწებისა3.
1. სვანიძე მ., ამ წყაროს იმოწმებს და და ამბობს, რომ მანუჩარმა ლალა ფაშას მოსთხოვა მისთვის გადაეცა 40 ქალაქი და 40 სოფელი. სვანიძე მ., საქართველო ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII სს., თბ., 1971, გვ. 110. იტალიურ წყაროში მხოლოდ ის წერია, რაც ზემოთ ითქვა.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები. 1577-1581, გვ. 24.
3. აბულაძე ც., სამცხე-საათაბაგოს ისტორიიდან (XVI ს. 80-იანი წლები). „მრავალთავი, ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბ., 1989, გვ. 200.
როგორც ზემოთ მოყვანილ, ი. ჰამმერის მიერ დამოწმებული იმავე ნუსრეთ-ნამეს ცნობიდან გავიგეთ, დედისიმედს ლალა ფაშასთვის გაგზავნილ წერილში, ძირითადად, მანუჩარის მიერ დაყენებული მოთხოვნები გაუმეორებია და ოსმალებისადმი ერთგულების ნიშნად, დამატებით, მძევლად მანუჩარი შეუთავაზებია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დედისიმედმა და, საერთოდ, ათაბაგის ოჯახმა იცოდა, შეიძლება ისინი შეთანხმებულიც იყვნენ მანუჩართან, რომ ეს უკანასკნელი ვეზირ ლალა მუსტაფა ფაშასთან მივიდოდა და, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით მძევლად გადაიქცეოდა. ერთი თურქული დოკუმენტის მიხედვით, რომელზეც ქვემოთ ვრცლად ითქმევა, ლალა ფაშას ბანაკში ორივე ძმა - მანუჩარი და ყვარყვარე ერთად მისულან.
ამგვარად, როგორც განხილული წყაროებიდან ჩანს1, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მეფე-მთავრებმა, მანუჩარმაც მორჩილება გამოუცხადა, გარკვეული პირობებით, ოსმალეთის სულთნის გამარჯვებულ სარდალს. საინტერესოა, რომ სამცხის ზოგიერთი ფეოდალი (ალბათ, ისინი ვინც ჯაყელებს ებრძოდნენ), ვიდრე მტერი სამთავროს საზღვარს გადმოლახავდა, მანამდე ეახლა მას, ერთგულება შეჰფიცა და ჯერ კიდევ დაუპყრობელი ციხეებიც მიუძღვნა. „მესხური მატიანე“ ასახელებს ქოიარ ამილახორისშვილს, რომელიც 2 აგვისტოს ლალა ფაშას არტაანში მიეგება და 2 ციხე „შეუძღვნა“2. ასევე აღნიშნულია, რომ არფაქსად ამატკისშვილიც შეპირებული ყოფილა ექვსი ციხის, მათ შორის ხერთვისის, გადაცემას, მაგრამ მან ამის პრაქტიკულად განხორციელება მაშინვე ვერ შესძლო.
„მესხურ მატიანეში“ ვკითხულობთ: „აგრეთვე არფაქსად ჰბირებოდა ექვსით ციხითა მას წინათ და ხერთვისი და ხუთი ციხე მას შეეძღუნა და პატრონს მანუჩარს თან მიჰყუა, იმწამს გამოოჰგუარეს, ციხეები გამოართუეს და ხახული სასანჯახოდ მისცეს“3.
არფაქსადის მიერ ოსმალებისათვის ციხეების გადაცემაზე „მესხურ მატიანეში“ მოთხრობილია 10–17 აგვისტოს შორის და ციხეების გადაცემა სრულიადაც არ ივარაუდება ჩილდირის ბრძოლამდე (“სამცხის ქრონიკის“ მიხედვით - 9 აგვისტო) მომხდარ ფაქტად. 17 აგვისტოს კი მანუჩარმა, იმავე წყაროს ცნობით, ლალა ფაშას გადასცა თმოგვის ციხე და კოკოლა შალიკაშვილისათვის ჩამორთმეული ახალქალაქი4.
1. იმ ავტორების შრომებს აღარ დავიმოწმებ, რომლებიც მინადოის, დონ ხუან დე პერსიას, ანონიმი ვენეციელის და სხვათა თხზულებებს ეყრდნობიან.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 49.
3. იქვე.
4. იქვე.
ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ჩილდირის ბრძოლის შემდეგ ოსმალებისადმი დამორჩილებულმა მანუჩარმა უშუამდგომლა არფაქსად ამატკისშვილს მასზე გამწყრალი ლალა მუსტაფა ფაშას წინშე და, როგორც ჩანს, ისინი მოარიგა: მას, ციხეების სანაცვლოდ „ხახული სასანჯახოდ“ მისცეს. ვეზირის ამგვარი გადაწყვეტილება, საგულისხმოა, მანუჩარის ინტერესებში არ შედიოდა. მას ჯაყელების მოწინააღმდეგე თავადების თავისთვის დამორჩილება სურდა და ამისათვის ხელსაყრელ მომენტს ელოდა, რაც მოგვიანებით გამოჩდა კიდეც.
ზემოთ წარმოდგენილი ფაქტებისა და მსჯელობის შემდეგ, ვფიქრობ, აღარავითრი პრეტენზია უნდა რჩებოდეს ვახუშტი ბატონიშვილისა და ივ. ჯავახიშვილის მიმართ1 და არც სამართლიანი იქნება ასეთი დასკვნა: „ამგვარად, მანუჩარის ყოველი ნაბიჯი 1578 წლის მარტიდან მოყოლებული, როდესაც იგი ბრძოლის ველიდან მობრუნდა და აწყურს ჩამოვიდა, ამავა წლის მარიამობისთვის (აგვისტოს) 17-დის, როდესაც მან თმოგვის ციხე მისცა ლალა-ფაშას, გამცემლობით არის აღბეჭდილი“2. უსაფუძვლოა მანუჩარის უარყოფით შეფასება, თუ მის პიროვნებას და საქმიანობას, მის ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ ქართლის მეფე სვიმონ I-თან ერთად, განვიხილავთ მისი დროის საქართველოში შექმნილი სოციალური და პოლიტიკური ვითარების კონტექსტში. მანუჩარიც ისეთივე, შეიძლება უფრო მეტად პატრიოტი, უფრო მეტად გამბედავი და შეუპოვარი იყო, ვიდრე მისი თანამედროვე სხვა ფეოდალები.
* * *
საათაბაგოს დამორჩილების შემდეგ, როგორც ანონიმი ვენეციელი გვამცნობს, ოსმალეთის სარდალმა მანუჩარის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანჯაყბეგობაც უბოძა3 (სხვა წყაროებით მანუჩარი ჩილდირის ბეგლარბეგი გახდა).
1. იქვე, გვ. 165. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 722, ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 268-269.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 166.
3. ანონიმი ვენეციელი, გვ. 24.
თბილისის დასაპყრობად მიმავალ ლალა ფაშას, როგორც დონ ხუან დე პერსია გადმოგვცემს დიდი დახმარება გაუწიეს საათაბაგოელებმა: „მუსტაფა ფაშამ სვლა განაგრძო მიიღო რა მხარდაჭერა და შემწეობა ქართველთაგან. ეს დახმარება თუმცა რიცხობრივად მცირე იყო, ახალი მოკავშირის ძალასთან შედარებით, მაგრამ ძალიან ეფექტური თურქების ჯარის უვნებლად გასატარებლად. ეს იყო თავიდანბოლომდე მათი საკუთარი ქვეყანა. ქართველებმა ვალდებულება იკისრეს მტრისათვის გზა ეჩვენებინათ. მუსტაფა წინ მიიწევდა, თუმცა დიდი დაბრკოლებით, თავისი ახალი მეგობრით, გზის მაჩვენებელი მანუჩარით, რომელიც თან წაიყვანა“1. ლალა ფაშას მიერ მანუჩარის ქართლში წაყვანას ქართული წყაროებიც ადასტურებენ. „სამცხის მატიანის“ ცნობით, „ახალქალაქიდან ფაშა და პატრონი მანუჩარ ქართლს წავიდენ“. იგივეს გვამცნობს ვახუშტი ბატონიშვილი2.
ვახუშტის მიხედვით ლალა ფაშას მანუჩარი თან ახლდა შირვან-აზერბაიჯანზე ლაშქრობის დროს3. როდესაც მანუჩარის ოსმალებისადმი მიმხრობა და, უფრო მეტიც, სპარსეთის საწინააღმდეგო ომში მისი მონაწილეობის შესახებ შეიტყვეს შაჰის კარზე, პრობლემები შეექმნა იქ მყოფ თვალშვენიერს, მანუჩარის უმცროს ძმას - იგი 26 აგვისტოს დააპატიმრეს4. შირვანიდან მობრუნებულმა ლალა მუსტაფა ფაშამ მანუჩარი მუხრანიდან სამცხეში გაუშვა, სადაც 1578 წლის 4 ოქტომბერს მივიდა5, ალბათ, შემდგომი გარკვეული მოქმედებისათვის ათაბაგ ყვარყვარეს და დედისიმედის შესამზადებლად. სამშაბათს ლალა მუსტაფაც ჯართან ერთად მივიდა აწყურში6 და „გაღმა ლეკზე დადგა“. ყვარყვარე დიდ ვეზირს მიეგება, ხუთშაბათს დედისიმედიც ეახლა7.
1. Don Juan de Persia.,p. 68 v.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 50; ვახუშტი, გვ. 722.
3. ვახუშტი, გვ. 722.
4. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 50. თვალშვენიერზე იხ. აქვე, გვ. 385-386. შენ. 6.
5. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51.
6. იქვე, გვ. 50-51. ანონიმი ვენეციელის მიხედვით, მანუჩარი, ყვარყვარე და დედისიმედი იმყოფებოდნენ ოძრხეში (გვ. 34), მინადოის მიხედვით კი, ალთუნყალაში (გვ. 65).
7. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51.
საინტერესო ცნობები დაგვიტოვა ტ. მინადოიმ ქართლიდან სამცხეში მობრუნებულ ლალა ფაშასა და ათაბაგის ოჯახის ურთიერთობაზე. ლალა ფაშა ალთუნყალასთან, იმ ციხე-სიმაგრესთან გაჩერებულა, სადაც იმ ჟამად დედისიმედის სამყოფელი იყო1: „ქვრივი თავისი უფროსი შვილით ალექსანდრეთი (ყვარყვარე – ე.მ.) ჩამოვიდა ციხე-კოშკიდან, მოინახულა მუსტაფას შტაბი ძღვნებით და დაჰპირდა მას ერთგულებას და მორჩილებას. მუსტაფამ თავაზიანად მიიღო და აცნობა როგორ კარგად ეპყრობოდა მანუჩარს, რომელიც მას შირვანში გაჰყვა. იქვე მყოფმა მანუჩარმა ეს მტკიცებანი დაადასტურა. ჰფარავდა რა მტრობას ალექსანდრეს (ყვარყვარეს – ე.მ.) მიმართ, მუსტაფამ გულში ჩაიკრა იგი და ქვრივს სთხოვა ეს შვილიც მასთან დაეტოვებინა, არწმუნებდა, რომ ისიც და ალექსანდრეც კმაყოფილნი დარჩებოდნენ, რადგან მან ორივე უნდა გააგზავნოს (სულთან – ე.მ.) მურადთან, თან გააყოლებს მათი მორჩილების განცხადების სიგელს, (მათ სამფლობელოებზე – ე.მ.) ჯარის გავლის დროს ხელის შეწყობისა და საერთოდ, მათი დამსახურების შესახებ, რათა სულთანმა ღირსეულად მიიღოს ისინი და თავისი წყალობით გაამდიდროსო. ქვრივმა, შინაგანად, დანაღვლიანებულმა და შეწუხებულმა, სახეზე სრული კმაყოფილება და თავაზიანი მზადყოფნა გამოხატა დაუთმოს ის რაც იძულებული იყო აუცილებლად დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი უკვე მუსტაფას ძალაუფლებაში იყო. ქვრივმა დაუტოვა რა ორივე შვილი მუსტაფას, თვით თავისთან დაბრუნდა“2. მუსტაფამ ორი დღე დაისვენა და ყარსისკენ წავიდა. პირველ დღეს ახალციხეში (ქვრივის სამფლობელოში) შეჩერდა, „სადაც მას შეძლებისდაგვარად, უზრუნველი პირობები შეუქმნეს“3.
„მესხური მატიანის“ მიხედვით, ყვარყვარე თავისი ნებით კი არ წაჰყვა ლალა ფაშას, არამედ მოტყუებით წაუყვანიათ, მას რაღაც მანძილით უნდა გაეცილებინა ოსმალები. როცა იგი აღარ დაბრუნდა, შეშფოთებული დედისიმედი დაედევანა ოსმალებს, მაგრამ ვერ მიეწია, მერე ერთგული აზნაურიშვილები დაადევნა, მაგრამ ვერც ისინი გახდნენ რასმე. როგორც შემდეგში გაირკვა, ლალა ფაშას ყვარყვარე ოლთისის სანჯაყ-ბეგად დაუნიშნავს. საინტერესოა, რომ მანუჩარიც ოლთისში იმყოფებოდა4.
თუ „მესხური მატიანეში“ მოთხრობილ ამბავს ვერწმუნებით, მაშინ გაუგებარი იქნება, რატომ დასჭირდა ლალა ფაშას მოტყუებით წაეყვანა ყვარყვარე ათაბაგი და ოლთისის სანჯაყ-ბეგად დაენიშნა. ამის გაკეთება მას სხვა ფორმითაც ხომ შეეძლო? ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „მესხური მატიანის“ შემდგენელს სურს დამალოს ლალა ფაშასთან გარიგების არასასურველი ფაქტი. ათაბაგის ოჯახის წევრების ოსმალებთან შეთანხმება ღალატად მიიჩნია სპარსეთის ტყვეობიდან ახლადდაბრუნებულმა ქართლის მეფე I-მა და მათ წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო. ცნობილია, რომ ის ყველგან ებრძოდა და სდევნიდა ოსმალების მომხრეებს საქართველოში. სწორედ ამით უნდა აიხსნას მის მიერ დედისიმედის ძმის, ვახტანგის შეპყრობა და კეხვის ციხეში ჩასმა. მეფის ამგვარი მოქმედების საპასუხოდ ლალა ფაშამ მანუჩარი ორჯერ გაგზავნა ოსმალთა ჯარით ქართლის წინააღმდეგ. მართალია, მანუჩარმა პირველად წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მეორედ ზემო ქართლი დაარბია5.
1. დონ ხუან დე პერსია ალთუნყალას (ოქროს ციხე) საათბაგოს დედაქალაქად მოიხსენიებს (Don Juan de Persia.,p. 67 v).
2. Minadoi T., p. 103-104.
3. Ibidem, p. 104.
4. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51.
5. იქვე.
1579 წლის 23 მარტს მანუჩარი არზრუმს წავიდა, სადაც ის ყვარყვარეს შეხვდა და 20 აპრილს, ორშაბათს, ორივენი კონსტანტინოპოლს გაემგზავრნენ2. ისინი დანიშნულების ადგილზე მივიდნენ იმავე წლის 3 ივნისს. ყვარყვარე და მანუჩარი 9 ივნისს სულთანმა მიიღო. ძმებმა მას საჩუქრები მიართვეს და, სავარაუდოა მძევალიც (ძმისშვილი ან დისშვილი) მიუყვანეს, რომელიც 10-12 წლისა ყოფილა. ის მაშინვე გაამამაჰმადიანეს და სერალში მოათავსეს3.
1579 წ. 15 ივლისს მანუჩარი და ყვარყვარე ოსმალეთის სატახტოდან სამშობლოში წამოვიდნენ4. არასწორია „მესხური მატიანის“ ის ცნობა, თითქოს ყვარყვარე მარტის თვეში დაბრუნდა სამცხეში. ამავე წყაროს მიხედვით, ძმები არზრუმიდან კონსტანტინოპოლისაკენ გაემართნენ 1579 წ. 20 აპრილს5, რაც თავისთავად შეუსაბამობაა. გერმანელი მისიონერი შვეიგერი6 და საფრანგეთის ელჩი კონსტანტინოპოლში აღნიშნავენ, რომ ძმები იქ მივიდნენ 1579 წლის 3 ივნისს7. შვეიგერის მიხედვით, „1579 წლის 3 ივნისს, კონსტანტინოპოლში ჩამოვიდა ორი ქართველი თავადი, დაახლოებით 150 კაცის თანხლებით8. მათ შესახვედრად სკუტარში ორი გალერა გაგზავნეს, რაც საგანგებო პატივისცემის ნიშანი იყო. ასეთი პატივი ამ ქვეყნიდან ჩამოსული არც ერთი ელჩისათვის არ უციათ“8. ვენცლავ ბუდოვიცის 1580 წელს კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილი წერილიდან ვიგებთ, რომ 3 ივნისს დიდი და ბრწყინვალე, 200 კაციანი ამალით მივიდნენ ძმები კონსტანტინოპოლში, სადაც თურქებმა საზეიმო მიღება მოუწყეს9.
1. იქვე, გვ. 52.
2. Charriére E., Op, Cit., III, p. 807-808.
3. Porsius H., Op, Cit., p.182.
4. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 52.
5. ნათაძე გრ., საუკუნის სიღრმიდან. XVI საუკუნის გერმანელი მისიონერი-მოგზაური საქართველოს შესახებ, „დროშა“, 1961, #11. გვ. 6-7.
6. Charriére E., Op, Cit., III, p. 807.
7. ნათაძე გრ., საუკუნის სიღრმიდან, გვ. 7.
8. Charriére E., Op, Cit., III, p. 807.
9. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბ., 1984, გვ. 221-222.
მათთან შესახვედრად მისულან, აგრეთვე, საბერძნეთის (რუმელიის ბეგლარბეგი), რაგუზის, ვლაჰეთის და მოლდავეთის ელჩები1. სხვა გერმანული ცნობითაც ძმები 3 ივნისს მივიდნენ კონსტანტინოპოლში. ქართველთა ამალას წინ მიუძღოდა სამი სპარსულ ოქროქსოვილ ტანსაცმელში გამოწყობილი მხედარი. სინცენდორფის ვარაუდით წინ მიმავალი მხედარი ყველასაგან გამორჩეული და მნიშვნელოვანი პირი - მანუჩარ-ბეგი უნდა ყოფილიყო2. სინცერდორფს 4 ივნისს უკვე სცოდნია, რომ „სულთანს განზრახული ჰქონდა მანუჩარ-ბეგი ისევ უკან დაბრუნებინა საქართველოში, რათა ძალით თუ ნებით ახლო-მახლო რაიონებში დაეწესებინა ბეგლარ-ბეგობა. ხმა დადის თითქოს ყვარყვარე-ბეგი პორტაში ყავთ დაკავებული და შინ არც ისე იოლად გაუშვებენო“3.
1. Charriére E., Op, Cit., III, p. 807.
2. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 133.
3. იქვე, გვ. 134.
ტომაზო მინადოი საინტერესოდ გადმოგვცემს მანუჩარისა და ყვარყვარეს სულთნის კარზე ყოფნის ამბავს, მათს სწრაფვას სულთნისაგან მიეღოთ რაც შესაძლებელი იყო მეტი პრივილეგიები და მამულები. იქვე ისიც არის აღნიშნული, რომ ყვარყვარე, მანუჩართან შედარებით ზომიერებას ამჟღავნებდა. მინადოი იმასაც ხაზგასმით ამბობს, რომ ყვარყვარე, თავისი მიზნების მიღწევისათვის ქრისტეს სჯულის დათმობას არ აპირებდა და არც დათმო: „ამ დროს კონსტანტინოპოლში მუსტაფას მიერ მურადთან გამოგზავნილი ქართველი ორი ძმა, ქვრივის შვილები ელოდებოდნენ თუ რა შედეგამდე მიიყვანდა მათ პორტაში გაგზავნა. რაც შეეხება ალექსანდრეს (ყვარყვარე - ე.მ.), მას იმედი ჰქონდა, რომ [უფროსს] ასაკის გამო კიდევ უფრო გაუფართოვებდნენ უფლებებს, მით უმეტეს, რომ დედამ უკვე მის განკარგულებაში გადასცა სამფლობელოები, და იმედიც კი ჰქონდა თავისი უფლებების განმტკიცებისა. ამასთანავე მანუჩარიც დაკმაყოფილებული იქნებოდა მურადის სიდიადის ღირსი რაიმე საშუალებით და თუ კი ამ იმედებზე მას რაიმე ეჭვი უჩნდებოდა, მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ სარწმუნოების გამოცვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, არ შეიძლება ლაქა მოსცხოს თავის სულს ამგვარი სასირცხვილო სულმდაბლობით. უმცროსი მანუჩარი, რომელმაც გასულ წელს მუსტაფასთან ლაშქრობის ცხოვრება გაიზიარა და მეომრისათვის დამახასიათებელი მეომრის აშკარა თვისებები გამოამჟღავნა, პირიქით, მოხიბლული იმ აზრით, რომ შესაძლებლობა ეძლეოდა დედის მამულების მფლობელობაში შესვლისა და მბრძანებლად გახდომისა, გადაწყვიტა მიემართა ყველაფრისათვის, ოღონდ უბრალო ჯარისკაცად არ დარჩენილიყო. ნურც მიხედავს ძმის პირმშოობას გამოსტაცოს მემკვიდრეობა, მშობლიური სარწმუნოების დაკარგვის ფასად მიაღწიოს ხრწნად და ამაო სიმდიდრეს, მაგრამ არამც და არამც დაუთმოს ძმას, გინდ მურადის და სატანის მსახურად გახდომა მოუხდეს. და შეიძლება სწორად ფიქრობენ ზოგიერთნი, რომ მას მუსტაფასთან საიდუმლო შეგონება ჰქონდა ძმის საზიანოდ და დასაღუპად“. როცა ძმებს ისლამის რჯულის მიღება შესთავაზეს, მანუჩარი მაშინვე დათანხმდა, ყვარყვარემ კი, პირიქით, უარი განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე, მხოლოდ ის ითხოვა, რომ „არ ეთქვათ უარი დამარხულიყო მშობლიურ მიწაზე თავისი პაპების ფერფლის გვერდით, მურადს მორჩილება, ძმას კი სიყვარული და პატივისცემა დაპირდა“. ტ. მინადოის თქმით, სულთანს მანუჩარის თანხმობა სარწმუნოების შეცვლაზე აწყობდა, რადგან იგი მისთვის სასურველი კანდიდატი იყო. მას ეშინოდა, რომ ყვარყვარე მანუჩარის მოკვლას შეეცდებოდა და აღსდგებოდა თუ არა თავის უფლებებში, საათაბაგოს უფრო ურჩობის გზაზე დააყენებდა. „ამგვარად, მანუჩარს შეუსრულეს წინდაცვეთა, მიიღო სახელი მუსტაფა, ფაშის ტიტული და ალთუნყალას გუბერნატორობა და დედისა და ძმის ყველა მამული. სერალი ზეიმობდა. ალექსანდრე გადასცეს ძმას ხელში, რომელიც ახლა თურქი გახდა. ორივე სახლისაკენ გაემართნენ“ (Minadoi T., p. 124-126).
მანუჩარის იმგვარად განდიდება, როგორც ტ. მინადოი გადმოგვცემს, არ მიესადაგებოდა ოსმალეთის სახელმწიფოს ინტერესს: ოსმალებს პოლიტიკურად დასუსტებული სამცხე უნდოდათ და არა გაერთიანებული, თუნდაც საბეგლარბეგო. ამიტომ უფრო სრული და სიმართლეს შემცველი უნდა იყოს თურქული წყარო, რომელშიც ნათლად ჩანს სულთნის ბრძანებით როგორ დაანაწილეს საათაბაგო ათაბაგის ოჯახის წევრებს შორის: „ქაიხოსროს შვილთაგანს ზემოხსენებულ მელიქ მანუჩარს - აწყურის სანჯაყი, მის ძმას მელიქ ყვარყვარეს ძველთაგანვე მისი დაბადების ადგილი - ოლთისის1 სანჯაყი და სხვა მის ძმებს - დიდი ზეამეთები და მათ დედას ზემოაღნიშნულ დედისიმედს - სამი სოფელი - სახასო მამული“2.
იმავე წყაროს მიხედვით, მანუჩარი მაინც განსაკუთრებით გამოარჩიეს და გაუგზავნეს ბედნიერების სხვადსახვა ნიშნები - სამეფო დროშა და სულთნის მიერ ნაჩუქარი დაფი და ნაღარა. მანუჩარმა ლალა ფაშას სახელი - მუსტაფა დაირქვა. მას ეწყალობა ოქროს უნაგირი, ვერცხლის რახტი და სრული მოწყობილობის კარავი, „განსაკუთრებით კი სანუკვარი ხალათები და საფადიშაჰო დროშის შესაბამისად ნაირნაირი პატივისცემით იქნა შეწყალებული“3.
შარაფ-ხან ბიდლისის თქმით, „მანუჩარმა, ყვარყვარე გურჯის შვილმა4, ახალციხის გამგებელმა, მორჩილება გამოაცხადა და მასთან ერთად ისლამის მიღების პატივის ღირსი გახდა ქართველ აზნაურთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. სამემკვიდრეო სამთავრო მას იქტა-თამლიკის უფლებით ეწყალობა“5. იქტა-თამლიკი გულისხმობდა მიწის წყალობას საკუთრების სრული უფლებით6.
1. ოლთისი ოსმალებმა XVI ს. 40-იან წლებში დაიპყრეს. ერთი შეხედვით ყვარყვარეს დაკარგული მამა-პაპეული მიწა დაუბრუნეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ოსმალებს უკვე თავისად მიაჩნდათ როგორც ოლთისი ისე მთელი სამცხე.
2. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII სს., გვ. 111.
3. იქვე.
4. მანუჩარი შვილი იყო ქაიხოსრო II-ს და შვილიშვილი ყვარყვარე III-სა.
5. Шараф-хан Бидлиси, с. 235.
6. გაბაშვილი ვ., ქართული ფეოდალური წყობილება (შედარებითი შესწავლის ცდა), თბ., 1956, გვ. 164.
საფრანგეთღის ელჩის მ. ჟუიეს მიერ 1579 წლის 4 ივლისს კონსტანტინოპოლიდან გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 25 ივნისს მოხდა წინდაცვეთა, ე.ი. „ქართველის გათურქება“. ჟუიეს წერილის კომენტატორი ამასთან დაკავშირებით შენიშნავს, რომ დედოფალ დედისიმედის შვილმა ისლამი, სახელი მუსტაფა და ჩილდირის ფაშობა მიიღო1.
მანუჩარის წინდაცვეთა მოხდა სტამბოლში 1579 წლის 25 ივნისს. ამასთან დაკავშირებით დიდი ზეიმი მოეწყო იპოდრომზე. მანუჩარი ჩილდირის ბეგლარბეგად დაინიშნა2.
მანუჩარის მიერ ისლამის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით მანუჩარი ჩილდირში, ლალა ფაშას ბანაკში ეზიარა ისლამს და იქ მოხდა მისი წინდაცვეთა, რაც დამყარებულია აბუბექრის ერთ ცნობაზე. აქედან ვიგებთ: „როდესაც ზემოაღნიშნულმა მანუჩარმა ისლამის სარწმუნოების სიწმინდე და სიძლიერე იგრძნო... მთელი გულით მიენდო ამ რწმენას, [მაჰმადის რჯულს] ეზიარა, სახელად მუსტაფა უწოდეს და ოლთისის ლივა სანჯაყად უბოძეს“3.
აბუბექრის თხზულების ქართული თარგმანში (აბუბექრი არ უთითებს მანუჩარის გამაჰმადიანების კონკრეტულ დროსა და ადგილს), მანუჩარის მიერ რჯულის შეცვლა მიბმულია 1578 წლის 10 აგვისტოს მანუჩარის ჩილდირთან ოსმალთა ბანაკში მისვლასთან. კონტექსტის მიხედვით, აბუბექრი მანუჩარის მიერ ისლამის მიღებას აღნიშნავს, როგორც ფაქტს, რომელიც სხვა დროს მოხდა. მანუჩარი ოფიციალურად და საზეიმოდ გამაჰმადიანდა ერთხელ - 1579 წლის 25 ივნისს სტამბოლში და არა ორჯერ - ერთხელ ჩილდირში და მეორედ სტამბოლში, როგორც მ. ილურიძე ფიქრობს4.
1. Charriére E., Negociations de la France dans le Levant et correspodences, memoires et actes diplo matiques, III, p. 807, შენ. 1.
2. Ibidem. p.807; Minadoi T., p. 124-126; Porsius H., Op. cit., 182. ჩილდირის საფაშოს დაარსების შესახებ იხ. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI-XVII სს., გვ. 125-135.
3. აბუბექრი, გვ. 35.
4. განსხვავებული მოსაზრება იხ. აბუბექრი, გვ. 22-23.
საინტერესოა შვეიგერის, რომელიც მანუჩარის მიერ ისლამის მიღების დროს კონსტანტინოპოლში იმყოფებოდა, გადმოცემა: „და აი, როდესაც ორივე ძმამ თავადებმა საკმაო დრო დაჰყვეს სასახლეში და მათი სურვილი შეუწყნარებლად იყო დატოვებული და მათ გამოუცხადეს, რომ სულთანს გადაწყვეტილი აქვს, საბოლოოდ ჩამოაყალიბოს სანჯაყი... მათ ქვეყანაში, ან დანიშნოს იქ ქვეყნის მმართველი, მაშინ უმცროსმა თავადმა (მანუჩარმა – ე.მ.), მმართველობის სიხარბით და ეშმაკის ჩაგონებით, საზიზღარ თავგანწირულ საშუალებას მიმართა. მან განაცხადა ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფის და წინდაცვეთის თანხმობა, თუ მას მმართველად დანიშნავენ, რადგან აუსრულდა მას მისი სურვილი, იგივე წესი ჩაატარებინა 10 წლის ყრმას - თავის ღვიძლ შვილს...“1
ავსტრიის ელჩი ვენცესლავ ბუდოვიცი2 კონსტანტინოპოლში პირადად გაეცნო ყვარყვარე ათაბაგს. ყვარყვარეს, გერმანელთან საუბარში, ინტერესი გაუმჟღავნებია გერმანიის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ და საკმაოდ დაწვრილებით გამოუკუითხავს. შეკითხვებზე ბუდოვიცს თარჯიმნის საშუალებით მოკლედ უპასუხია. ბუდოვიცს ყავარყვარესთვის უჩუქებია ბაზელში ბერძნულ ენაზე გამოცემული წიგნი „აუგსბურგის აღსარება“, რომელზეც წარწერა გაუკეთებიათ ელჩსა და ბუდოვიცს. „მიიღო რა კეთილგანწყობით ეს წიგნი, მან მაშინვე უბრძანა ეთარგმნათ იგი თავის, იბერიულ, ენაზე, თანაც დამპირდა, რომ ამ თარგმანს ბერძნულ წიგნთან ერთად თან წაიღებდა“3. ბუდოვიცის ნათქვამს შვეიგერიც ადასტურებს და მისგან დამტებით ვიგებთ, რომ ყვარყვარეს ავსტრიის ელჩისათვის მიურთმევია 60 დუკატის ღირებულების ოქროს ნივთი, ელჩს კი, თავის მხრივ ყვარყვარე საათით დაუსაჩუქრებია. ყვარყვარეს და ელჩს კონსტანტინოპოლში ერთმანეთთან მომოსვლა ჰქონდათ. შეხვედრებისას ყვარყვარე ელჩს მოუთხრობდა თავისი ქვეყნის წეს-ჩვეულებებსა და სარწმუნოების შესახებ. შვეიგერის აღწერის მიხედვით, ყვარყვარე ფიზიკურად დიდი კაცის და ვაჟკაცის შთაბეჭდილებას ახდენდა. გერმანელს ყვარყვარეს პორტრეტიც დაუხატავს და მისი პორტრეტი 1608 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში მოუთავსებია. ყვარყვარე 1579 წელს 30 წლისა ყოფილა4.
1. ნათაძე გრ., საუკუნის სიღრმიდან, გვ. 7.
2. წერილიდან ჩანს, რომ ბუდოვიცი გერმანიის საელჩოს წარმომადგენელი იყო და არა პოლონეთისა, როგორც ი. ტაბაღუა ფიქრობდა.
3. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, გვ. 222. ბუდოვიცის ნათქვამს შვეიგერიც ადასტურებს
4. ნათაძე გრ., საუკუნის სიღრმიდან. XVI საუკუნის გერმანელი მისიონერი მოგზაური საქართველოს შესახებ, გვ. 7.
სამშობლოში დაბრუნებულ ყვარყვარეს დიდხანს აღარ უცოცხლია. „მესხური მატიანის“ მიხედვით ის 1581 წ. 25 ნოემბერს გარდაიცვალა. იმავე დღეს გარდაიცვალა არჩილ მუხრანბატონი. მატიანეში საოცრად ლაკონურად, მშრალად, მიზეზზე მითითების გარეშე აღნიშნეს ამ ორი მნიშვნელოვანი მოღვაწის გარდაცვალება: „ქ˜კნს სÁთ, გიორგობისთვეს კე პატრონის ყვარყვარეს და პატრონის არჩილისაგან ღმერთი გარისხდა“1.
1. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 54. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 526; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 723; ქრონიკები, II, გვ. 419. თ. ჟორდანიას რატომღაც მიაჩნდა, რომ არჩილი გარდაიცვალა სპარსეთში 1582 წელს. (ქრონიკები, II, გვ. 527). როგორც ითქვა, არჩილი იყო ბაგრატ მუხრანბატონის და ელენეს შვილი, ძმა დედისიმედისა. მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოღწეულია ფრაგმენტული ცნობები. 1559 წლის 23 მარტს შეეძინა ვაჟი ერეკლე (სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 36) არჩილს ეს ერთად-ერთი შვილი ჰყავდა.
1573 წელს „სპარსთა შეიპყრეს მეფის კონსტანტინეს ძის ძე არჩილი დედაწულით და წარიყვანეს ყაზმინს“; „ღვინობისთუეს, ოცდაორს, დღესა ხუთშაბათსა, ბატონი არჩილ შირაზს გაგზავნეს ყაზმინიდამა, ქ~კსა სÁა“ (იქვე, გვ. 41). როგორც ჩანს, არჩილი ირანში ცოლშვილთან ერთად ყოფილა (იქვე, გვ. 45), მაგრამ წყაროებში აღნიშნული არ არის მისი ირანში წაყვანის მიზეზი. არჩილისა და მისი შვილის ცხოვრება ნათელს ხდის, რომ მუხრანბატონი სვიმონ მეფის მომხრე იყო და მასთან ერთად ებრძოდა ყიზილბაშებს. მათ ამიტომ უნდა შეეპყროთ არჩილი. ვიდრე ქაიხოსრო ათაბაგი ცოცხალი იყო და ყაზვინში ცხოვრობდა, არჩილიც ამ ქალაქში ყავდათ, შეიძლება საპატიო პატიმრობაში. ათაბაგის გარდაცვალების შემდეგ (1473 წ. 29 სექტემბერი), იმავე წლის 22 ოქტომბერს შირაზში გაგზავნეს (ქართლის ცხოვრება, II, ცხ., გვ. 514).
შაჰ ისმაილის გამეფების, სვიმონ I-ის ალამუთის ციხიდან განთავისუფლების და მისთვის სამეფო ტახტზე აღდგენის ამბავი როცა მოვიდა, „ამავე წელს (1576) ივნისსა ათაბაგი ყუარყუარე, და ძმა მათი მანუჩარ, და ბიძაშვილი მათი, მუხრანის ბატონის არჩილის შვილი, პატრონი ერეკლე მგელციხეს წავიდეს ყაენთან ელჩის გასაგზავნელად“ (ქართლის ცხოვრება, II, ცხ., გვ. 518). მაგრამ არ ჩანს მოხერხდა თუ არა ელჩის გაგზავნა. იმავე დღეებში, ფაქტობრივად დაიწყო ოპოზიციონერი თავადების აჯანყება ჯაყელ-ციხისჯვრელთა წინააღმდეგ. სავარაუდოა, ყვარყვარეს და მანუჩარს ბიძის, ხოლო ერეკლეს კი - მამის განთავისუფლება შაჰისათვის უნდა ეთხოვათ. ძნელია თქმა, მათმა თხოვნამ გაჭრა თუ არა, მაგრამ ივნისში (ივანობისთვე) არჩილი შირაზიდან ყაზვინში დააბრუნეს ცოლშვილიანად (იქვე, გვ. 519). უფრო საგულისხმოა, რომ მისი ტყვეობიდან განთავისუფლების საფუძველი, სვიმონ მეფისადმი ერთგულება, თანადგომა და ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლო განწყობილება იყო. ალბათ სვიმონ მეფემ შაჰს სთხოვა არჩილის მასთან ერთად საქართველოში გაშვება.
მამის მსგავსად, სვიმონ მეფისა და მისი ოჯახისადმი ერთგულებას იჩენდა ერეკლე. ქართლის მეფე სპარსეთიდან ჯერ არ დაბრუნებულიყო, მისი ოჯახი გაჭირვებაში ცხოვრობდა. „წარვიდა მუხრანის ბატონის არჩილის შვილი ერეკლე სურამს ნესტანდარეჯან ქართლის დედოფალთანა. დედოფალი ღარიბად იყო, მისთან სამყოფელად ჩავიდა“ (იქვე, გვ. 521). მიუხედავად იმისა, რომ, არჩილის ძმამ ვახტანგმა (ერეკლეს ბიძამ), ელისბარ ერისთავმა და ბარძიმ ამილახორმა ლალა-ფაშასთან მორიგება შესძ ლეს, ერეკლე მაინც ოსმალებს ებრძოდა (იქვე, 523).
შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს მიერ განთავისუფლებულ სვიმონ I-თან ერთად დაბრუნდა დაავადებული არჩილი და თან მოიყვანა სპარსელთა ტყვეობიდან დახსნილი მრავალი ქართველი (ქრონიკები, II, გვ. 417). ლალა-ფაშა ქართლში იდგა. სომხითში მოსულ არჩილს ოსმალო სარდალთან მოლაპარაკება განუზრახავს, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ მოუხერხებია (იქვე, გვ. 50). 1581 წლის 4 აგვისტოს არჩილი სამცხეში მივიდა სადაც ღვინობისთვემდე დარჩა. ამ ამბავს დედისიმედი შემდეგნაირად გადმოგვცემს: „პატრონი არჩილ მობრძანდა აწყუერს. დიდი ხნის უნახავნი და-ძმანი შევიყარენით“ (იქვე, გვ. 54). სულ მცირე ხნის შემდეგ, 25 ნოემბერს, არჩილი გარდაიცვალა (თ. ჟორდანიას რატომღაც მიაჩნდა, რომ არჩილი გარდაიცვალა ირანში 1582 წელს. ქრონიკები, II, გვ. 527). იმავე დღეს გარდაიცვალა დედისიმედის ვაჟი, ნაათაბაგარი ყვარყვარე IV (იქვე; ქართლის ცხოვრება, II, გვ. 526; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 723; ქრონიკები, II, გვ. 419).
იმის გასარკვევად თუ როდის შეიქმნა ჩილდირის საფაშო და რა თანამდებობა უბოძა სულთანმა მანუჩარს, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 1579 წლის 9 დეკემბერს (ჩილდირის ბრძოლის წლისთავზე) ჩილდირის ბეგლარბეგის მანუჩარყოფილი მუსტაფას სახელზე გაცემულ ჰუქმს. იგი დაიწერა დიდვზირის, მუსტაფა ლალა ფაშას მიერ სულთანთან გაგზავნილი წერილის საფუძველზე. დოკუმენტში აღნიშნულია მანუჩარის დამსახურება ოსმალეთის სახელმწიფოს წინაშე, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩილდირთან მომხდარი ბრძოლის მეორე დღეს მანუჩარი და მისი ძმა ყვარყვარე ლალა მუსტაფა ფაშასთან მივიდნენ. ამის შემდეგ მაღალ პორტას ეახლა მანუჩარი, ისლამი მიიღო, სახელი შეიცვალა და მუსტაფა დაირქვა, რის შემდეგ ჩილდირის ბეგლარბეგობა ებოძა. ლალა ფაშას წარდგინებით შეიქმნა დოკუმენტი, სადაც ჩამოთვლილი იყო ის ადგილები, რომლებზეც მანუჩარ-მუსტაფას გამგებლობა გავრცელდებოდა1. როგორც ჰუქმიდან ჩანს, მანუჩარმა თავისი საგამგებლო ზოგიერთი ადგილი თვითონ ჩააწერინა რაც შემდეგში სულთანმა შეცდომად ჩათვალა და 1579 წლის 9 დეკემბრის ჰუქმით გაასწორა2.
დამოწმებული ევროპელი ავტორები ერთხმად აღნიშნავენ, რომ გამუსლიმანებულმა მანუჩარმა ფაშობა3 მიიღო, რითაც იგი ოსმალეთის სახელმწიფოს მოხელე გახდა. მართალია, სულთნის ბრძანებით მისი საგამგებლო გაიზარდა, მან დამატებით მიიღო ოსმალეთის მიერ XVI ს. შუა ხანებში დაპყრობილი დასავლეთი სამცხე, მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მანუჩარი უკმაყოფილო დარჩა ოსმალეთის მიერ მისადმი დამოკიდებულებით.
1. აბულაძე ც., სამცხე-საათაბაგოს ისტორიიდან, გვ. 198.
2. იქვე, გვ. 202.
3. ოსმალური წყაროები სხვადასხვა გვარად განსაზღვრავენ ჩილდირის საფაშოს ტერიტორიებს; ერთის მიხედვით მასში გაერთიანებული იყო ახალციხის, არტაანისა და ჭოროხის ყელზე მდებარე მიწები, სხვა ცნობით კი, ოლთისსა და არტაანს. იხ. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 131-132.
მანუჩარი ოსმალებთან ურთიერთობის დაწყებისას თვითონვე აყენებდა მათდამი მორჩილების ფორმას, სახელდობრ, რომ ოსმალეთის მოხარკე გახდებოდა. ეს კი ეწინააღმდეგებოდა სამცხის მიმართ ოსმალეთის საბოლოო მიზანს - სამცხის და, საერთოდ, საქართველოს სრულ ინკორპორაციას.
მანუჩარის ოსმალეთისადმი მიმხრობაზე საუბრისას არ გამოვრიცხავ იმ მომენტს, რომ მას ნამდვილად ჰქონდა განზრახული ოსმალებზე დაყრდნობით გამხდარიყო მთელი სამცხე-საათაბაგოს ერთადერთი მბრძანებელი და პატრონი. არც იმის გამორიცხვა შეიძლება მანუჩარი, მოსაჩვენებლად, გარკვეულ დრომდე, უერთგულებდა ოსმალებს, მიიღებდა მთელ სამცხეს ერთპიროვნულ მფლობელობაში და უფრო მოხერხებულად იზრუნებდა თავისი სამთავროს გადარჩენისათვის.
მანუჩარს ოსმალებისადმი უკმაყოფილების საფუძველი ჰქონდა: მან ფაქტობრივად ვერაფერი მიიღო. აღმოჩნდა, რომ მანუჩარს ძმასთან ურთიერთობის გაფუჭების, გამუსლიმანებისა და მოღალატის რეპუტაციის სანაცვლოდ შერჩა მხოლოდ სულთნის მოხელის თანამდებობა, რომლის დაკარგვა შეიძლებოდა სულთნის ყოველი კაპრიზის შედეგად. მანუჩარმა დაინახა, როგორ იოლად გამოვიდა რთული მდგომარეობიდან მისი ძმა ყვარყვარე. მან მხოლოდ თხოვნით დააღწია თავი სულთნის პრეტენზიებს. ყვარყვარემ ქრისტიანობაც შეინარჩუნა და ძველი სამფლობელოები არამცთუ შეუმცირეს, არამედ გაუფართოვეს კიდეც. „მესხურ მატიანეში“ ნათქვამია: „პატრონი ყვარყვარე ღთის წინაც შეურცხუენელი და კაცთანაც ფალავანი დაეცა ხუანთქართანა - და ქართველობით გამოეშუა, მისის საბატონოს წყალობა ექნა [ხონთქარს] და მარტში მობრძანდა“ (სამხრ. საქ. ისტ. მასალები, გვ. 53). ვახუშტი ბატონიშვილი „მესხური მატიანის“ ზემომოყვანილ ცნობას გადმოგვცემს შემდეგნაირად: „ყუარყუარესათვის ხონთქარს ფალავანი ერკინა, ყუარყუარეს დაეცა. ამისთვის ქრისტეანობით გამოეშვა და თვისი საბატონო მოეცა“1 ქართულ ისტორიოგრაფიაში ქრონიკის ეს ცნობა გაგებულია ისე, როგორც ვახუშტიმ შემოგვთავაზა: ყვარყვარემ ჭიდაობისას დასცა სულთნის ფალავანი და ამის გამო შეიწყალეს იგი2.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 722-723.
2. სამხრ. საქ. ისტ. მასალები, გვ. 168; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 130.
ვფიქრობ ქრონიკის ტექსტი უნდა გავიგოთ ასე: ყვარყვარე ათაბაგი ღმერთთან უცოდველი და კაცთან ფალავანი დაეცა სულთნის წინაშე, რათა მისთვის ქართველობა (ქრისტიანობა) შეენარჩუნებინა. როდესაც მურად III ყვარყვარეს უდრეკ ხასიათს წააწყდა, დაყოლა ამჯობინა, ყვარყვარეს დასჯის შემთხვევაში მისი სამფლობელოები მანუჩარს უნდა გადასცემოდა, რასაც სულთნის გეგმა არ ითვალისწინებდა. ქრისტიანად დარჩენილი ყვარყვარე IV-ის მშვიდობიანად სამშობლოში გამოშვებით ძმებს შორის გარკვეულ ძალთა წონასწორობას შეიქმნებოდა ოსმალეთისათვის ამ მნიშვნელოვან რეგიონში.
მანუჩარის უკმაყოფილება ოსმალთა მიმართ განსაკუთრებით გაიზრდებოდა, როდესაც მას სამფლობელოები კიდევ უფრო შეუმცირეს და საათაბაგოში თავისუფალი მოქმედების უფლებაც შეუკვეცეს, რაც აისახა სულთან მურად III-ის ზემოთ დასახელებულ ჰუქმში. სულთანი სწერს: „კეთილშობილმა დესთურმა, ჩემმა ვეზირმა მუსტაფა ფაშამ... წერილი გამოგზავნა. მანამდე ზემოხსენებული ჩემი ვეზირი როცა თქვენს მხარეში მოვიდა, შენ და შენი ძმა მასთან მიხვედით და რადგან სრული მორჩილება გამოუცხადეთ, თქვენი მდგომარეობა გამოასწორეთ. როდესაც ხელთ მოგცეს უავგუსტოესი ფირმანი, ჩემი ბედნიერების კარზე გამოცხადდით, ვინაიდან წმინდა ისლამით გაპატიოსნდი, ჩილდირის სახელით ცნობილი ოლქის ბეგლარბეგობა გებოძა და თქვენივე კარნახით ზოგიერთი ადგილი თქვენს ბერათში ჩააწერინეთ. ჩემი ღვთივდაცული ქვეყნის მიერ გმირულად დაპყრობილ ადგილთაგან ზოგიერთში შეჭრა, რადგან არ გაგვაგებინე, საჭირო გახდა შენი ბერათის შეცვლა... ერთი სიტყვით, ზემოხსენებული ჩემი ვეზირის მიერ გამოგზავნილ დავთარში [ჩაწერილი] ადრე დაპყრობილ ხუთ ციხე-სიმაგრეში - ჩილდირის, თმოგვის, ხერთვისის, ასპინძისა და აწყურის სახელით ცნობილ ლივებსა და მათზე დაქვემდებარებულ ადგილებში ნუ შეიჭრები და ნუ იომებ, როცა დაპყრობისა და დამორჩილების დრო დაგიდგება, თქვენს ხელში მყოფი 17 ციხისა და 141 სოფლის გარდა, სხვა ციხეებსა და სოფლებში ნუ შეხვალ და თავს ნუ დაესხმი“1.
ამგვარად, კიდევ ერთხელ თავი იჩინა ოსმალეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა „გათიშე და იბატონეს“ პოლიტიკამ. ის მამულები, რომელთა საზღვრებში მანუჩარს შეიარაღებული ძალით შესვლა ეკრძალებოდა, ჯავახეთში მდებარეობდა და იმ აჯანყებულ ფეოდალებს ეკუთვნოდათ, რომელთა ვინაობას, მთლად გასაგებად არა, მაგრამ მაინც, „სამცხის მატიანე“ და ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობენ. ესენი იყვნენ შალიკაშვილები: ვარაზას (დედისიმედის მიერ მოკლულის) შვილები - კოკოლა და ლაშქარა, მათი ბიძა გუგაქი. შალიკაშვილებს მხარს უჭერდნენ: დიასამიძე ელია და მისი შვილები - ავთანდილი და შერმაზანი, ამატაკისშვილები - ამატაკ, აბულყაფარ, როსტომი და ამატაკის ძე სეხნია2. ისინი ორიენტირებულები იყვნენ ყველა იმ ძალზე, რომელც მათ ინტერესებს დაიცავდა ათაბაგის წნააღმდეგ ბრძოლის დროს. მნიშვნელობა არ ქონდა ეს ძალა სპარსეთი იქნებოდა თუ ოსმალეთი.
შაჰ თამაზმა თავისი ცოლის ძმის ვარაზა შალიკაშვილის მოკვლისათვის შურის საძიებლად როცა საათაბაგო აიკლო, დედისიმედი და მისი შვილები აჭარაში გადაიხვეწნენ, ხოლო შაჰმა სამცხე სულთანს დაუთმო, ვფიქრობ, ვახუშტი ბატონიშვილს სწორად აქვს შენიშნული ზემოთ დასახელებული სამცხელი თავადების ოსმალეთის სულთანთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა. მათი ამგვარი ნაბიჯი, გადაგმული იყო ჯაყელების წინააღმდეგ. მათ ათაბაგის ოჯახის სრულად ამოწყვეტა სურდათ, როგორც თვით შეთქმულნი იკვეხიდნენ3. მაგრამ შეთქმულთა გეგმის შესახებ მანუჩარმა შეიტყო და თავის ძმას, ათაბაგ ყვარყვარე IV-ს გააგებინა. ჯაყელებმა გაქცევით უშველეს თავს.
1. აბულაძე ც., სამცხე-საათაბაგოს ისტორიიდან, გვ. 202-203.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 155; ქართლის ცხოვრება, IV, გვ 719.
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 44.
აჯანყებულებმა მარცხი განიცადეს, მაგრამ ისინი საბოლოოდ არ შეურიგდნენ ათაბაგს. როგორც ითქვა ოსმალების საათაბაგოში შეჭრამდე ყველამ თუ არა, ზოგიერთმა მათგანმა მაინც, ლალა ფაშასთან კავშირი დაამყარა და თავიანთი ციხეების მისთვის უბრძოლველად გადაცემით, როგორც სულთნის ოქმიდან ჩანს, სიცოცხლე და მამულებიც ჯაყელების ხელყოფისაგან დაიცვეს1. ჰუქმში ჩამოთვლილი ადგილები ჯაყელების მოწინააღმდეგეთა ციხე-სიმაგრეებია: ჩილდირი და თმოგვი - შალიკაშვილების, ხერთვისი - ამასტაკიშვილებისა, აწყური და ასპინძა - დიასამიძეების. სულთანმა ეს ფეოდალური გვარები თავის ხელდებულად გამოაცხადა, რაც ერთის მხრივ დასახელებული თავადების მიერ სულთნის კარისაკენ მიმავალი გზის მოძიებაზე მიგვითითებს და, მეორეს მხრივ, სულთნის კარის მიერ ენერგიული ბეგლარბეგის - მანუჩარისადმი უნდობლობაზე, რაც ამ უკანასკნელის „უკმაყოფილების ფიალას“ ბოლომდე შეავსებდა.
1. განხილული მასალების სხვაგვარი შეფასება იხ. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 202
საინტერესოა, როდის გაიგო მანუჩარმა ჰუქმში ჩამოყალიბებული სულთნის გადაწყვეტილება, რომელიც დათარიღებულია 1579 წლის 9 დეკემბრით. ამგვარად, წელი თითქმის დასრულებულია. თუ გავითვალისწინებთ სამცხისა და მისი სამხრეთ-დასავლეთის მიმდებარე ტერიტორიების რელიეფსა და კლიმატურ პირობებს, სავარაუდოა საქმის მსვლელობა 1580 წლის ადრეულ გაზაფხულამდე ვერ დაიწყებოდა. მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ის პროცედურაც, რომელიც ჰუქმით იყო გათვალისწინებული: ბრძანება გაეგზავნა ლალა მუსტაფა ფაშასთან კარაჰისარში, არზრუმის მუჰარრირს (მწერალს, მდივანს) - ომერს და არზრუმის დევთერდარს. როცა იგი მანუჩარამდე მიაღწევდა, მას სულთნის მიერ ადრე ბოძებული „ბერათი“ უნდა გაეგზავნა ლალა ფაშასათვის, „რათა წინათ შენთვის მიზანშეწონილად მიჩნეული უავგუსტოესი ჰუქმის საფუძველზე გაცემული შენი ბერათი შესწორდეს და ისევ დაუბრუნდეს ჩემი ბედნიერების კარიბჭეს, რათა იმის მიხედვით ხელახლა გამოვცე წმინდა ბერათი“ - ბრძანებდა სულთანი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავარაუდოა, ახალი „ბერათი“ მანუჩარამდე საკმაო დროის შემდეგ მიაღწევდა. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ გაირკვეს, როდიდან იწყებს მანუჩარი ოსმალებისაგან განდგომას.
მანუჩარის მიერ ოსმალებისაგან განდგომის პირველი დაუფარავი ნაბიჯი იყო ქორწინება სვიმონ I-ის ასულ ელენეზე. მანუჩარის ქორწინება ორჯერ არის აღნიშნული „მესხურ მატიანეში“ - ერთხელ 1581, მეორეჯერ კი - 1583 წელს.
1581 წლის თებერვალში მანუჩარის ქორწინებაზე მემატიანე უაღრესად მშრალად გვამცნობს: „ქრკნსა სÁთ პატრონმან მანუჩარ გვირგვინი იკურთხა ფებერვალს“. ისიც კი არ არის მითითებული ვისზე იქორწინა მანუჩარმა. ქრ. შარაშიძის ვარაუდით, მატიანეში მანუჩარისა და სვიმონ I-ის ასულის ელენეს იმ ქორწინებაზე უნდა იყოს აღნიშნული1, რომელზეც ნათქვამია „ქრკნსა ს (200 - ე.მ.) სამოცდათერთმეტსა (1583 წ. - ე.მ.), მარტს კდ (24 - ე.მ.), კვირას დღეს, ბზობასა პატრონმა მანუჩარ მეფეთ-მეფის პატრონის სვიმეონის ქალი, პატრონი ელენე, მოიყვანა“2.
ალბათ მართალია ქრ. შარაშიძე, რომ მატიანეში აღნიშნული ქორწინება მოხდა 1581 წელს, მაგრამ პატარძალი, რაღაც მიზეზების გამო სამცხეში მოიყვანეს 1583 წლის 24 მარტს. ისიც შეიძლება ვიფიქროთ, რომ მანუჩარის ორი სხავდასხვა ქორწინება იყოს აღნიშნული. ვახუშტი ბატონიშვილი მანუჩარის და ელენეს ქორწინებას ათარიღებს 1582 წლით3. სიმართლე უნდა იყოს 1581 წ. რადგან სხვა ცნობით, იმავე 1581 წელში აღნიშნულია მანუჩარის განდგომა ოსმალებისაგან. აი რას ვკითხულობთ ფრანგი ჟ. ბუასარდოს 1581 წელს პარიზში გამოქვეყნებულ წიგნში: „თურქებს ჩამოსცილდა მოხუცი ქართველი დედოფლის ვაჟიშვილი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ მაჰმადიანობა მიიღო. მან თავის ქართველებთან და სპარსელებთან ერთად დიდი დარტყმა მიაყენა თურქებს“4.
რა თქმა უნდა საინტერესოა, „მესხურ მატიანეში“ რატომ არის გადმოცემული ათაბაგის ოჯახისათვის ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი, როგორიც იყო მანუჩარის ქორწინება 1581 წელს, ასე მშრალად გადმოცემული? ისიც კი არ აღნიშნეს ვისზე იქორწინა მანუჩარმა, მაშინ, როდესაც როგორ გარკვევით და საზეიმოდ არის ნათქვამი დედისიმედის სხვა შვილის, მანუჩარის დის გათხოვების შესახებ5. არც ჯაყელებისთვის, და მითუმეტეს ოსმალებისათვის სასიმოვნო არ იქნებოდა ოსმალების და რენეგატების დაუძინებელი მტრის ქართლის მეფე სვიმონისადმი მანუჩარის დასიძევება. ეს ქორწინება მაშინ აღიქმებოდა როგორც მანუჩარის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა.
1. სამხრ. საქ. ისტ. მასალები, გვ. 53.
2. იქვე, გვ. 54.
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 413.
4. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, გვ. 114.
5. საერთოდ, „მესხურ მატიანეში“ ქორწილების შესახებ ინფორმაციები შეტანილია მოკლედ მაგრამ გასაგებად (სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 37, მხ. 5; გვ. 39, მხ. 17); „ორავჟანდას შუილი ქაიხოსრო აქათ გამოეგზავნა. ქკნს სÁვ, ენკენისთუეს ოთხს, ხუთშაბათს ქორწილი უყავით, მასთან პატრონიშვილს თამარს. სამებამან და საშინელმა აწყურისა ღვისმშობელმან წBნ ქორწილი ბედნიერად მოუხდინოს. ჭამა აგურიანში იყო, თათართა შიშითა. დია ჩვენი უგუნებო ქორწილი იყო“. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 60.
ჟ. ბუასარდოს თქმით, მანუჩარის საქციელით აღშფოთებულ სულთანს ლალა ფაშა თანამდებობიდან გადაუყენებია და მის ადგილას ფერჰად ფაშა დაუნიშნავს. მურად III-მ ფერჰად ფაშას უბრძანა „ნებისმიერი საშუალებებით, ძალითა თუ ეშმაკობით ხელისუფლებისაგან ჩამოეცილებინა ქართველი დედოფალი (დედისიმედი - ე.მ.), ხოლო სვიმონი, რევანის სულთანი ტოკმაკი, ქართველი მმართველები, რომლებიც სპარსელებთან კავშირში იყვნენ, დაეხოცა“ (იქვე).
შეიძლება სულთნის ბრძანების ერთი ნაწილის განხორციელება იყო აღმოსავლეთის ჯარის სარდლის მეჰმედ ფაშას მიერ მოწყობილი შეთქმულება, მოეკლა მუსტაფა (მანუჩარი) მოღალატეობის ბრალდებით. მუსტაფა (მანუჩარის) წინააღმდეგ შეთქმულებაზე გვამცნობენ „მესხური მატიანე“, შარაფ-ხან ბიდლისი და მინადოი.
იმის გამო, რომ მთავარსარდალი სინან ფაშა სტამბოლიდან წამოსვლას აღარ ფიქრობდა, მთავარსარდლის უფლებამოსილება მას ნომინალურად ჰქონდა. ამიტომ აღმოსავლეთის ჯარის მთავარსარდლად დაინიშნა მეჰმედ ფაშა, რომელსაც სულთანმა არზრუმის ფაშის ტიტული მიანიჭა და მასვე დაუქვემდებარა ყარამანიის ფაშა, მუსტაფა (მანუჩარ) ფაშა, არზრუმის მთელი ლაშქარი და ყველა სანჯახი. სულ შეიკრიბა 25 ათასი მეომარი.
სვიმონ მეფის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების გამო, თბილისის ოსმალთა გარნიზონი უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ოსმალო სარდლის მთავარი ამოცანა თბილისის გარნიზონისათვის დახმარება იყო.
როგორ განვითარდა მოვლენები, ყველაზე ვრცლად და სინამდვილესთან ახლოს აღწერა ტ. მინადოიმ. ამიტომ მის თხრობას მივყვეთ: 1581 წლის აგვისტოს ბოლოს მეჰმედ ფაშა არზრუმიდან გავიდა, გაიარა ყარსი და ახალქალაქს მივიდა, სადაც მუსტაფა (მანუჩარი) ეახლა მთელი თავისი ჯარით და ბოდიში მოიხადა, რომ არზრუმშივე ვერ შეუერთდა ოსმალთა ლაშქარს. მეჰმედ ფაშამ მანუჩარი სიხარულით მიიღო, ხალათი, ფარი და ხმალი უბოძა. მეჰმედ ფაშამ მანუჩარს სთხოვა, რომ ლაშქარი თბილისისაკენ უხიფათო და მოკლე გზით წაეყვანა. მანუჩარმა მას თავის სამფლობელოზე გავლა ურჩია. მეჰმედ ფაშამ მიიღო ეს რჩევა. ლაშქარმა ყოველგვარი შევიწროებისა და სურსათის ნაკლებობის გარეშე გაიარა ალთუნყალა და ყარაყალა და გორისკენ აიღეს გეზი.
სვიმონ მეფე ქართველთა და ქართულად ჩაცმული ყიზილბაშთა რაზმებით გორთან ელოდებოდა ოსმალთა ჯარს. ყიზილბაშები ქართულ ტანსაცმელში იმიტომ გამოაწყეს, რომ ამ დროს მიმდინარეობდა საზავო მოლაპარაკება სპარსეთსა და ოსმალეთს შორის და ყიზილბაშები შიშობდნენ მათი მონაწილეობა სვიმონის ჯარის რიგებში, ოსმალებს მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზად არ გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ყიზილბაშები სულთანთან მოლაპარაკებით დროის მოგებას ცდილობდნენ და უნდოდათ, შეძლებისდაგვარად, უფრო მყარად მოეკიდებინათ ფეხი აღმოსავლეთ საქართველოში.
მეჰმედ ფაშა ქართველებთან ომში ჩაბმას ერიდებოდა. მან მოსათათბირებლად თავისთან მიიწვია მანუჩარი. სარდალს აინტერესებდა მანუჩარის აზრი, გადასულიყო მდინარეზე თუ დილამდე დაეცადა. მანუჩარმა ურჩია, უმჯობესი იქნებოდა გათენებამდე დაეცადა, რადგან მდინარის მეორე ნაპირზე მთელი ჯარის უცბად გადაყვანა ვერ მოხერხდებოდა და ორ ნაწილად გაყოფილ ჯარს მტერი იოლად დაძლევდა (Minadoi, p. 186-187).
მინადოის თქმით, მეჰმედ ფაშას მანუჩართან თათბირი იმისთვის უნდოდა, რომ მისი აზრი გაეგო და სრულიად საწინააღმდეგოდ მოქცეულიყო. მეჰმედ ფაშამ „მტრის დანახვის მომენტიდან მტკიცედ შეიმუშავა აზრი, რომ მუსტაფა (მანუჩარსა) და სპარსელებს შორის შეთანხმება არსებობდა და რომ მუსტაფამ მზაკვრული განზრახვით დააყენა ჯარი ამ გზაზე. მეჰმედ ფაშამ ბრძანა სასწრაფოდ დაეწყოთ გადასვლა მდინარეზე. ჯარის ერთი ნაწილი გადავიდა თუ არა, მაშინვე ქართველებმა შეუტიეს და ოსმალებმა დიდი მარცხი განიცადეს. მათ დაჰკარგეს ჯარის დიდი ნაწილი, მთელი აღალი და ხაზინა. გადარჩენილი ჯარის მცირე ნაწილმა თბილისამდე მიაღწია1.
მეჰმედ ფაშამ განიზრახა ქართველებთან განცდილი მარცხი მანუჩარის ღალატით აეხსნა და ამ გზით ემართლებინა თავი სულთნის წინაშე. მეჰმედ ფაშამ მანუჩარის მოკვლა ჩაიფიქრა2, მაგრამ კინაღამ თვითონ შეიქმნა მანუჩარის მსხვერპლი3.
თბილისიდან ალთუნყალაში დაბრუნებულმა მეჰმედ ფაშამ „ნაწილობრივ თავისი, ნაწილობრივ კი სხვისი ჩაგონებით განიზრახა მუსტაფას (მანუჩარი - ე.მ.) მოკვლა, რომელზედაც ეჭვი ჰქონდა, როგორც თავის დამარცხებაში დამნაშავეზე. მას ზოგიერთ სხვასთან ერთად მიაჩნდა, რომ ის იყო საიდუმლო კავშირში მტერთაან უკიდურეს შემთხვევაში (რაც შეიძლება ძალიან სწორეც იყოს, როგორც სხვები ფიქრობენ) სურდა (სულთანი – ე.მ.) მურადი მიეხვედრებინა, რომ ყველა უბედურება გამომდინარეობდა არა მისი უვარგისობით, არამედ ამ ქართველის მზაკვრული შეგონებით, და ამით ბოდიში მოეხადა სულთნის წინაშე თავის მარცხზე. მან დაიწყო საშუალებების გამონახვა ჩანაფიქრის განსახორციელებლად და მოიგონა ასეთი რამ: მოეწვია საბჭო თითქოს მიღებული განკარგულების წასაკითხად. თათბირზე მის თანაშემწეს, რამდენიმე თანაშემწით, თავი უნდა მოეკვეთა მოწვეული მუსტაფასათვის. ამგვარად, გაიხსნა თათბირი საჭურისი კარაემითის ფაშის, რამდენიმე არზრუმის სანჯახის, კაპიჯიბაშის და მეჰმედის თანაშემწის მონაწილეობით. მათ საიდუმლო ფიცი დადეს, მუსტაფას ღალატის საკითხი განიხილეს და კაცი გაგზავნეს მის მოსაყვანად.
1. Minadoi T., p. 184-189. შარაფ-ხან ბიდლისი იგივე ამბავს გადმოგვცემს შემდეგნაირად: „სვიმონ გურჯმა ყიზილბაშ ამირებთან ერთად... მათ გადაუკეტა გზა და წაართვა [თბილისის] ციხისათვის აუცილებელი ორმოცი ხარვარი ოქრო და სხვა მარაგი, რამაც შეადგინა, დაახ ლოებით, 2 ათასი ხარვარი. ბრძოლებისას დაიღუპა ბევრი ხალხი“. Шараф-хан Бидлиси, с. 241.
2. საინტერესოა შარაფ-ხან ბიდლისის ცნობა, რომ მანუჩარი მეთაურობდა არიერგარდს და მისი გაუფრთხილებლობითა და წაქეზებით გაბედეს ოსმალთა ჯარზე თავდასხმა. ამიტომ სარდალმა გადაწყვიტა მანუჩარის დაპატიმრება და სულთნის კარზე გაგზავნა, სადაც მას დანა შაულისათვის დასჯიდნენ.
3. Minadoi, p. 194-197. მანუჩარის საწინააღმდეგო შეთქმულების არსებობას, როგორც ითქვა, ადასტურებს შარაფ-ხან ბიდლისი (с. 241-242). მანუჩარის საწინააღმდეგო შეთქმულებაზე გადმოგვცემს „მესხური მატიანე“ (გვ. 54) მანუჩარი სარგებლობდა რა მრავალ [თურქთან] კარგი ურთიერთობით და იმავე დროს ფრთხილიც იყო, იმ დროიდან რაც მითქმა-მოთქმა დაიწყო ჯარში მისი მისამართით, იგრძნო საითკენ იხრებოდა საქმე და საიდუმლოდ იმანაც მიიღო თავისი ზომები.
საბჭოში გამოცხადებაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა, რადგან მის იქ არ ყოფნას შეიძლებოდა ხაზი გაესვა მისი დანაშაულისათვის და საქმე იქამდე მისულიყო, რომ მისთვის დაუსწრებლად მიესაჯათ სასჯელი, რის შემდეგ მთელი მისი სამფლობელო [თურქების] დავლა გახდებოდა. საბჭოზე წასვლის წინ [მანუჩარმა] გამონახა საშუალება თავი დაეღწია თურქების ხელყოფისაგან, შეიძლება უფრო საშიში თვით მეჰმედისათვის, რათა ყველას უჩვენოს თუ ვისთან აქვთ საქმე. მან გამოარჩია 50 ყველაზე ერთგული ჯარისკაცი და უთხრა, რომ მას გაჰყოლოდნენ სხდომის ადგილას, რომელიც უკვე მიმდინარეობდა მეჰმედის [კარავში], დადგნენ იქ მომზადებულნი და ყურადღებით და მისი პირველი დაყვირებისთანავე ყველა სწრაფად შეცვივდეს კარავში. ისინი დაიცავენ რა [მანუჩარს], მისცვივდებიან თურქებს და არავის დაინდობენ. ისინი საკმაოდ აღელვებულნი თურქების წინააღმდეგ, დავალების შესასრულებლად მოემზადნენ. მათ თავის მხრივ ხალისით მოიწვიეს კიდევ რამდენიმე თავდადებული კაცი და გაჰყვნენ მუსტაფას მეჰმედის კარვისაკენ. მუსტაფა შევიდა კარავში და მეჰმედს ჰკითხა, რის სათქმელად დაიბარა იგი. მეჰმედმა მაშინვე ბრძანა წაეკითხათ ბრძანება. [მანუჩარმა] ყურადღებით მოისმინა რა ის და რადგან სხვები დასხდნენ (თურქებში მიღებულია ზეზეურად მოისმინონ სულთნის ფირმანი), ის გამოეთხოვა და დაჰპირდა, რომ მზად იყო არამც თუ ამის, არამედ ხელმწიფის ყველა ბრძანების შესასრულებლად, რაც უნდა ძნელი ყოფილიყო.
როდესაც ის გამოდიოდა, კაპიჯიბაშიმ ის სახელოთი მოსწია და დასაჯდომად მიიწვია. მაშინ მუსტაფამ ხმამაღლა დაიყვირა, ხმალი გამოსტაცა და დაარტყა მის წინ მდგომ მეჰმედის თანაშემწეს, რომელსაც ხელით ფესი მოხადა თავიდან, მარჯვენით კი სწრაფად, საერთო განცვიფრებაში, ერთის დარტყმით შუა გაუპო თავი და კისერი და მკერდი მუცლამდე, ისე რომ არაჩვეულებრივი სანახაობა გამოვიდა კაცისა, რომელიც კვდებოდა ორთავე მხარეზე გადაკიდებული მხრებით. მან მეორედ ხმალი დაუმიზნა საზაკურის ფაშას თავს, მაგრამ მას რადგან ჩალმა ეხურა, ხმალი ასხლტა ყურისაკენ და მოათალა ჩალმის ნაწილი, მთელი ყური და ყბის ნაწილი. მთლად გახურებული [მუსტაფა/მანუჩარი] მივარდა უკვე ფეხზე ამდგარ, გაოგნებულ მეჰმედს და 5 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელთაგან ორი განსაკუთრებით ღრმა, მას სიკვდილის კარამდე მიიყვანდა, მარჯვე ხელით რომ არ განეკურნათ. სარწმუნოებისაგან განდგომილი [მუსტაფა/მანუჩარის] ყვირილზე შემოცვივდა მისი ხალხი. გამძვინვარებული მუსტაფას [მანუჩარი] მიერ ატეხილი საშინელებისა და მის მიერ აჩეხილთა აყალმაყალისაგან, ბანაკი სასწრაფოდ აიყარა და რაზმი გაემართა ყარსისაკენ, საითაც წაიყვანეს ორი დაჭრილი ფაშა“1.
„მესხური მატიანის“ 1582 წლით დაათარიღებულ ჩანაწერში ძალიან მოკლედ, მაგრამ სხვა წყაროებთან მიმართებაში სწორად, ნათქვამია: „ქ-კნს სÁო პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონი მორჩა. ორნივ ფაშა მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს და თემი ჩვენვე დაგურჩა“2. სამცხეში მანუჩარის აჯანყება დაიწყო. მან უარყო მაჰმადიანობა და თავის თავი გამოაცხადა მანუჩარ II ათაბაგად. მანუჩარი ოსმალების მიმართ პასიური წინააღმდეგობის გზას კი არ დაადგა, არამედ იარაღით ებრძოდა მათ. მანუჩარს ოამალების მიერ დაპყრობილი ციხეები გაუთავისუფლებია, რომლებიც შემდეგში ისევ ოსამლებმა დაიპყრეს3. ირანის შაჰმა მუჰამედ ხუდაბენდემ ხელსაყრელად ჩათვალა სამცხეში მომხდარი ამბები და ათაბაგის ოჯახს დაუკავშირდა. „და ყაენი განჯას მოვიდა. და პატრონს მანუჩარს ჩალაბუთი მოსცა და დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი “4.
1. Minadoi T., p. 194-197. შარაფ-ხან ბიდლისი რამდენადმე განსხვავებულად გადმოსცემს მეჰმად ფაშას კარავში დატრიალებულ ტრგედიას: ბეგლარბეგებმა მუსტაფა/მანუჩარი დაიბარეს და მისი დაჭერა სურდათ. მან კი იცოდა მათი მზაკვრული ჩანაფიქრის შესახებ, ხმლის დაკვრით დაჭრა სარდალი მეჰმედ ფაშა, დიარბექირის ფაშა მეჰმედ ფაშა ყადიმი, შემდეგ თავისი აზნაურების დახმარებით მოკლა არზრუმის მამასახლისი მეჰმედ ფაშა, რომელმაც მანუჩარი წელსახვევით დაიჭირა, თვითონ კი მოახტა ცხენს და რამდენიმე თანამებძოლით წავიდა (Шараф-хан Бидлиси, с. 242). ერთ-ერთი ოსმალო ისტორიკოსის გადმოცემით, მანუჩარი „990 წელს(=1582), დაგვიფაროს ალლაჰმა, ისევ ქრისტიანობაში მოიქცა. სურსათ-სანოვაგის აღალის ხელმძღვანელები ხადიმ მეჰმედი და ბოსნიელი მეჰმედ ფაშები კარავში დაჭრა და გაიქცა. ტყუილ-უბრალოდ დაკარგა სააქაოცა და საიქიოცა და დაიღუპა (იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 115, შენ. 57).
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 54.
3. Фарзалиев А. М. оглы, Ук. труд.
4 იქვე.
გასაგებია, როგორი იქნებოდა სულთნის კარის რეაქცია მანუჩარის მოქმედების გამო. იგი ჩილდირის ფაშის თანამდებობიდან გადაყენებულად გამოცხადდა და მის ადგილას დაინიშნა თბილისის ყოფილი ბეგლარბეგი, იუსუფ ფაშა1. მაგრამ მან თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას - ვერც მანუჩარის აჯანყება ჩააქრო და ვერც თბილისის მომარაგება უზრუნველყო. იუსუფ ფაშა 1583 წელს ყარსის ბეგლარბეგად გადაიყვანეს2.
მანუჩარის აჯანყება იმდენად სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა ოსმალთა ყოფნას სამცხეში, რომ სულთანმა დათმობა არჩია. საფიქრებელია, ოსმალებმა ურჩიეს მანუჩარს, სულთნის წინაშე ბოდიში მოეხადა, რათა სულთანი დამცირებულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო. მას შეწყალებას და თავის რანგში აღდგენას ჰპირდებოდნენ.
მანუჩარს, ჯერჯერობით ნაადრევად მიაჩნდა ოსმალებისაგან სრული განდგომა. მან „სულთანს გაუგზავნა პატაკი ყველა მის თავზე მომხდარი ამბის შესახებ, ჩიოდა მისთვის შეურაცხმყოფელ, უსაფუძვლო ეჭვებზე. მან იმდენი წერა და ისე [მოხერხებულად] ფარავდა თავის გრძნობებს მონაგონით და მონაჭორით, რომ კმაყოფილმა სულთანმა საჩუქრად ფარი და ტანისამოსიც კი გამოუგზავნა“3.
რა თქმა უნდა, სულთანი მანუჩარს არ ენდობოდა. ის ახალ მთავარსარდალს ფერჰად ფაშას (ის ოსმალეთის აღმოსავლეთის ჯარების მთავარსარდლად დაინიშნა 1582 წლის 29 დეკემბერს) ურჩევდა, გარკვეულ დრომდე თავი შეეკავებინა მანუჩარისადმი მტრობაზე, რადგან იგი მიაჩნდა ერთადერთ პიროვნებად, რომელსაც შეეძლო დაუბრკოლებლად მიეტანა გარნიზონისათვის საჭირო თანხა თბილისში. მანუჩარის შემორიგებით თბილისისაკენ მიმავალი გზა უხიფათო იქნებოდა და მთელი საქართველოც მორჩილებაში ეყოლებოდათ“4.
1. მ. სვანიძის ვარაუდით, იუსუფ ფაშა იმერეთის მეფე გიორგის შვილი იყო. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 141-142.
2. იქვე, გვ. 153-154.
3. Minadoi T., p. 197.
4. Ibidem. p. 218.
ოსმალებთან „შერიგებული“ მანუჩარი შემდგომი ბრძოლისათვის ემზადებოდა. მანუჩარმა იცოდა, რომ მხოლოდ თავისი ძალებით წარმატებას ვერ მიაღწევდა. ამიტომ იყო, რომ როგორც ითქვა, მან ცოლად შეირთო I-ის ასული ელენე და ამით შეიკრა კავშირი ქართლის მეფესა და სამცხის ათაბაგს შორის. ოსმალთა ჯარის სარდალი შეაშფოთა ამ ამბავმა. მას შემდეგი მოახსენეს: მუსტაფა (მანუჩარი) და სვიმონი თბილისის მახლობლად შეხვდნენ ერთმანეთს. მანუჩარს 30 ათასი დუკატი მიჰქონდა თბილისის გარნიზონისათვის გადასაცემად. სვიმონი დიდხანს ელაპარაკებოდა მანუჩარს და საყვედურობდა, რომ მან უღალატა ქრისტიანობას, თავს ესხმოდა ქრისტიანებს, მაგრამ მას საბოლოოდ ოსმალები მაინც დაღუპავდნენ. მეფის მჭერმეტყველურმა შეგონებამ გასჭრა, მან თავი მოჰკვეთა თავის მხლებლებს, სვიმონს ერთგულება შეჰფიცა და გარნიზონის ხაზინაც გაუყო. ამის შემდეგ მანუჩარმა თავი შეაფარა მიუვალ ადგილებს და იქიდან ფიქრობდა ხელი შეეშალა თბილისისათვის დახმარების ყოველგვარი მცდელობისათვის. აღშფოთებულმა ფერჰად ფაშამ ექვსათასიანი რაზმი გააგზავნა მანუჩარის მამულების ასაკლებად ვინმე რეზვანის მეთაურობით. მან „გაიარა მთელი ეს მხარე, ცეცხლს აძლევდა საცხოვრებლებსა და პურეულობას და ყველაფერზე ჯავრს იყრიდა თვით ნარგავებზეც კი. მრავალი ტყვე და საქონელი წაიყვანა, წაიღო ბევრი პურეული და სადაც კი გაივლიდა ყველაფერს სპობდა“ (Ibidem. p. 225-226).
სვიმონ მეფემ და მანუჩარმა პარტიზანული ბრძოლა გააჩაღეს ოსმალთა წინააღმდეგ და სადაც მოიხელთებდნენ მუსრს ავლებდნენ. არც ოსმალები აკლებდნენ და სამცხე განადგურების პირას მივიდა. ხელთ გვაქვს რამდენიმე წერილობითი ცნობა, რომლებიც ნათელს ხდის რა საშინელება ტრიალებდა მანუჩარის სამფლობელოში.
ზამთრის მოახლოების გამო ფერჰად ფაშა იძულებული გახდა ყარსში ან არზრუმში დაბრუნებულიყო. მანამდე კი მან განიზრახა აეკლო მანუჩარის სამფლობელოები და ჯავახეთისაკენ გაეშურა. მაგრამ ახალქალაქისა და ალთუნყალას სანახებიდან მთელი მოსახლეობა გახიზნული იყო და სურსათი ვერ იშოვა. ამის გამო ჯარი დიდ გასაჭირში აღმოჩდა (Don Juan de Persia, p. 86 v).
დონ ხუანი და ტ. მინადოი ერთნაირად ამბობენ, რომ დასახელებული ადგილებიდან ოსმალები ახალციხისაკენ წავიდნენ, მაგრამ ისიც დაცარიელებული დახვდათ. მინადოის თქმით, ოსმალებმა ახალციხეში ადამიანებისა და პირუტყვის საკვები ბლომად იშოვეს (Minadoi T., p. 236), დონ ხუანი კი სრულიად საწინააღმდეგოს ამბობს. ახალციხეში ოსმალებს იგივე მდგომარეობა დახვდათ, რაც ახალქალაქსა და ალთუნყალაშიო1.
ფერჰად ფაშას ახალციხეში ციხის აგება განუზრახავს, მაგრამ განაწამებმა ჯარმა ამის გაგონებაც კი არ ისურვა და საქმე ამბოხებამდე მივიდა. სარდალს მოკვლით დაემუქრნენ, ამიტომ იგი იძულებული გახდა, ახალციხე დაეტოვებინა და არტაანს წასულიყო. ოსმალთა ჯარში შექმნილ საგანგაშო მდგომარეობაზე ერთნაირად გადმოგვცემს რამდენიმე წყარო2. გზად მიმავალ ოსმალებს დიდი ზარალი მიაყენეს მანუჩარ ათაბაგის რაზმებმა. ისიც კი მოხდა, რომ არტაანში „ქართველები თავს დაესხნენ საჭურისებს, ეტლებსა და ქალებს და ყველაფერი დაიტაცეს“. დონ ხუანი ეჭვს გამოსთქვამს, რომ ასეთი მოქმედება შეიძლებოდა ფერჰად ფაშაზე განაწყენებულ იანიჩრებსაც ჩაედინათ, რათა სარდლისათვის სახელი გაეტეხათ3. თ. მინადოის თქმით, ზემოთ აღნიშნული ინცინდენტი ჯარისკაცების მოწყობილი იყო, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ იგივე ქმედება მეზობელ ტყეებში დამალულ ქართველებსაც ჩაედინათ4.
მანუჩარის რაზმები პარტიზანული ბრძოლით მუსრს ავლებდნენ ოსმალებს. ისინი ყველას ხოცავდნენ, ვინც კი ჯარს მცირე მანძილით ჩამორჩებოდა. ჯოვანი მიქელის გადმოცემით, ასე მოუვიდა სამი ათას თურქს, რომლებიც დიდი თოვლის გამო ძირითად ჯარს ჩამორჩნენ და ქართველებმა ამოწყვიტეს5. ამგვარად, დონ ხუან დე პერსიას და შარაფხან ბიდლისის ცნობებს თუ დავუმატებთ ჯოვანი მიქელის ნათქვამსაც, მართებული იქნება, ფერჰად ფაშასთვის მიყენებულ ზარალს მანუჩარს თუ მივაწერთ. საინტერესოა, რომ ევროპული წყაროები მრავალ ცნობას შეიცავენ 1584-1586 წლებში საქართველოსა და მის მოსაზღვრე რაიონებში ოსმალების მირ განცდილი მრავალი მარცხის შესახებ, მაგრამ გამარჯვებულებად ზოგადად დასახელებული არიან ქართველები6. უეჭველია, რომ ამ გამარჯვებების გმირები ქართლის მეფე I და სამცხის ათაბაგი მანუჩარ II იყვნენ. უეჭველია, მეფეს და ათაბაგს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს უჭერდა ადგილობრივი მოსახლეობა და ეს იყო მათი წარმატების უმთავრესი პირობა.
1. Don Juan de Persia, p. 86 v.
2. Minadoi T., p. 240; Don Juan de Persia, p. 86 v; Шараф-хан Бидлиси, с. 246.
3. Don Juan de Persia, p. 86 v.
4. Minadoi T., p. 243.
5. Alberi E., Relacioni… serie III, v. II, p. 286
6. დაწვრ. იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი, გვ. 225-231.
1586 წლის შემოდგომაზე გაჩენილმა შავმა ჭირმა არზრუმთან დაბანაკებული ოსმალთა ჯარი გაანახევრა1. ქართველებსა და ყიზილბაშებს ფერჰად ფაშის ბანაკზე თავდასხმის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ. ოსმალები სრული განადგურებისაგან იხსნა მოკავშირეებს შორის ჩამოვარდნილმა უთანხმოებამ. ქართველებმა ყიზილბაშები მიატოვეს და სამშობლოში დაბრუნდნენ2. არ ვიცი რით იყო გამოწვეული ქართველებსა და სპარსელებს შორის უთანხმოება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ამის მიზეზი უნდა ყოფილიყო მანუჩარის მიერ სულთანთან მოსალაპარაკებლად მოციქულის გაგზავნა, როგორც თავისი კორესპონდენტი ფუგერის გაზეთს 1586 წლის 31 ოქტომბერს, ხოლო ვენეციიდან საფრანგეთის მეფის აგენტი იმავე წლის 4 ნოემბერს ანრი III-ს აცნობებდა, ოსმალეთის სატახტო ქალაქში „მივიდა საქართველოს პატრიარქი სულთანთან მოსალაპარაკებლად. ეს ამტკიცებს სერიოზულ წინააღმდეგობის არსებობას ქართველებსა და ირანის შაჰის ვაჟიშვილს შორის“3.
სტამბოლში მოციქულად გაგზავნილი „საქართველოს პატრიარქი“ „მესხურ მატიანეში“ მოხსენიებული მაწყვერელი ეპისკოპოსი უნდა იყოს. მანუჩარმა ეპისკოპოსს თან გააყოლა მძევლებიც. „აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინოპოლეს და საპატონი მძევლად: შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორიშვილი ქოიარ“4. მატიანის ამ ცნობას ქრ. შარაშიძე 1587 წლით ათარიღებს, რაც საეჭვო ჩანს. ვფიქრობ, მანუჩარის მიერ ელჩისა და მძევლების გაგზავნა უნდა მომხდარიყო 1586 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, მის მიერ სულთნის კარზე მოციქულის გაგზავნის შესახებ ცნობებს ევროპულ წყაროებში, როგორც ზემოთ ითქვა, პირველად ვხვდებით 31 ოქტომბერს, მეორედ კი, იმავე წლის 4 ნოემბერს.
საინტერესოა, მანუჩარმა რატომ გაუგზავნა სულთანს მძევლებად ათაბაგის ოჯახის დაუძინებელი მტრები - შალიკაშვილები და ამილახორიშვილი? მათი გაგზავნა სულთნის კარს ხომ ისე უნდა გაეგო, როგორც მანუჩარის მიერ მათი მოტყუების მცდელობა და, ასეც გაიგეს. ალბათ, ამიტომაც არის იმავე „მესხურ მატიანეში“ ნათქვამი, რომ ოსმალეთში „მძევლები დაიჭირეს; პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო“1. მაწყვერელის შემდგომი ბედი უცნობია.
სულთნის განრისხების სხვა მიზეზიც არსებობდა. ათაბაგ მანუჩარის მიერ სტამბოლში ეპისკოპოსის გაგზავნა ოსმალეთის მთავრობის პირდაპირი გამოწვევა იყო. თვის დროზე უკვე ითქვა მანუჩარის საზეიმო წინდაცვეთასა და გამუსლიმანების შესახებ. ეხლა მის მიერ ქრისტიანული ეკლესიის, კერძოდ, სამცხის ეკლესიის მეთაურის – მაწყვერელი ეპისკოპოსის მოციქულის რანგში გაგზავნა სულთნის კარზე, ლოგიკურად და ფაქტობრივადაც ნიშნავდა, რომ მანუჩარი ოფიციალურად დაუბრუნდა ქრისტიანობას. სავსებით სწორად შენიშნავს მ. სვანიძე, რომ „სტამბოლში ეპისკოპოსისა და მძევლების გაგზავნა იმაზე მიუთითებს, რომ მანუჩარი სულთნისაგან მოითხოვდა, ეცნო იგი ქრისტიანობით ათაბაგად და სამცხესა და ოსმალეთს შორის დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა დამყარებულიყო მოხარკეობის საფუძველზე“2.
ოსმალეთის ხელისუფლებას საათაბაგოს ბედი გადაწყვეტილად მიაჩნდა - ის ოსმალეთის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გამხდარიყო და ათაბაგის სასარგებლოდ რაიმე კორექტივის შეტანა სულთანს საჭიროდ არ მიაჩნდა.
1. იქვე.
2. სვანიძე მ., საქართველო-ოსამლეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 164.
1587 წელს კახეთის სამეფოს მიერ რუსეთის მფარველობის მიღებამ შეაშფოთა ოსმალეთი, რადგან ამას შეიძლებოდა გამოეწვია მისი მდგომარეობის გართულება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ ამიერკავკასიაში. ამიტომ ოსმალეთის მთავრობამ განიზრახა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ქართლის სამეფოს და საათაბაგოს წინააღმდეგობა გაეტეხა. ფერჰად ფაშამ ჯერ აჭარა დაიპყრო და მთელი ძალებით (მას ეხმარებოდა გურიის მთავარი) დაიწყო ბრძოლა მანუჩარის წინააღმდეგ. მანუჩარმა დახმარებისათვის მიმართა თავის სიმამრს სვიმონ I-ს, რომელიც დაუყოვნებლივ გაეშურა სამცხისაკენ, მაგრამ ოსმალების გორის დასაპყრობად წასვლის ამბავი რომ შეიტყო იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.
ოსმალებმა ახალციხე დაიპყრეს და ჩილდირის საფაშოს შეუერთეს. სამცხეში ოსმალების წარმატებამ ათაბაგის მოწინააღმდეგე ფეოდალების გააქტიურება გამოიწვია და ფერჰად ფაშა მათი დახმარებით მანუჩარისა და მისი მომხრეების განდევნას ცდილობდა. როდესაც ფერჰად ფაშამ გორი დაიპყრო, მასთან გამოცხადდა გამუსლიმანებული კოკოლა ვარაზას ძე შალიკაშვილი (ის ახლა დირაზის ძე მაჰმუდ ხანის სახელს ატარებდა) და სვიმონ მეფის შეპყრობას დაჰპირდა. ოსმალო სარდალმა დააკმაყოფილა მისი თხოვნა და იგი გორის ბეგლარბეგად დანიშნა1.
1587 ოსმალების წაქეზებითა და მხარდაჭერით, შინაური მოღალატეების ხელით, მიღწეული იქნა ის, რასაც მტერი მთელი ათი წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა საათაბაგოში. სამთავროს და მთავრის ტრაგედია ძალიან მოკლედ, მაგრამ ნათლად გადმოცემულია „მესხურ მატიანეში“: „ბევრ რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს; ვეღარ დაუდგინა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყვარყვარეს შვილი - პატრონი ქაიხოსრო საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძე ელია დემოთიას ციხეს სავალინშვილი საღალატოდ შეუყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს. და გოგორიშვილმა ბეჟან ციხიჯუარი უკუიჭირა და მისცა ფაშას. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას მარტს ნახევარ... მერე პატრონი მანუჩარ ვეღარ მიენდო; ღონე ვეღარ მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი ჩემი შვილისშვილი პატრონი ქაიხოსრო გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშასთანა, შობის წინა დღეს“2.
1. იქვე, გვ. 164-167.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 55-56.
ამგვარად, ოსმალებმა ისარგებლეს საათაბაგოს ქართველ ფეოდალთა მნიშვნელოვანი ნაწილის ათაბაგ მანუჩართან დაპირისპირებით, აგრეთვე, მანუჩარსა და ყიზილბნაშებს შორის უთანხმოებით, რამაც, ბუნებრივია ფრიად შეასუსტა ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლი ძალები. ფერჰად ფაშამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოდან უნდა განედევნათ ის გავლენიანი ადამიანები, ვინც ოსმალებს ეურჩებოდნენ. რა თქმა უნდა, ოსმალებისათვის, პირველ რიგში კი ფერჰად ფაშისთვის არასასურველ საქართველოს გავლენიან ადამიანებში იგულისხმებოდნენ მანუჩარ II ათაბაგი და ქართლის მეფე სვიმონ I. ოსმალეთის მთავრობამ განიხილა ფერჰად ფაშას გეგმა და მას მხარი დაუჭირა1.
ფერჰად ფაშას გეგმის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იყო ის, რომ მანუჩარ II-ეს მოუსპეს სვიმონ მეფისაგან დახმარების მიღების იმედი და შესაძლებლობა. მისი მდგომარეობა უნდა დაემძიმებინა, აგრეთვე, ათაბაგის ოჯახის მტრის, კოკოლა შალიკაშვილის სპარსელთაგან განდგომას და ოსმალთა სამსახურში გადასვლას. რადგან მანუჩარს საქართველოში აღარ დაედგომებოდა, სხვა გზა აღარ რჩებოდა გარდა იმისა, რომ კვლავ სპარსეთში ეძია დახმარებაც და თავშესაფარიც. შაჰის კარის მისადმი კეთილგანწყობაში მნიშვნელობა ექნებოდა მის ბრძოლას ოსმალების წინააღმდეგ სვიმონ მეფესთან ერთად, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა სპარსეთში. ძნელია დადგენა, როდის დაიწყო მანუჩარმა შაჰ აბასის კართან დაახლოება და მისი სამსახური. შეიძლება ფრთხილი ვარაუდის დაშვება, რომ მანუჩარ ათაბაგი იგულისხმება ისქანდერ მუნშის მიერ ორჯერ დასახელებულ მანუჩარ ბეგში2.
ისქანდერ მუნში თავის თხზულებაში ასახელებს შაჰის კარის მოხელეს ვინმე მანუჩარ ბეგს. XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე სხვა ბეგის ტიტულის მატარებელი მანუჩარი, ჩემთვის ცნობილ სპარსულ წყაროებში, არ ჩანს. მანუჩარი შაჰის კარზეა 1597/8 წელს და მას ეშიკაღასიბაშის საკმაოდ მაღალი თანამდებობა უკავია. აღნიშნულ წელს ის ინდოეთის ხელმწიფის ჯელალ ედ-დინ მოჰამედ აქბარის კარზე ელჩად გაიგზავნა.
1. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა, გვ. 153-154.
2. უნდა აღინიშნოს, რომ ისქანდერ მუნში სხვაგან ასახელებს მანუჩარ-ხანს, და იქვე მიუთითებს, რომ ის სვიმონ-ხანის სიძეა. სრულიად მოსალოდნელია, რომ მანუჩარ-ბეგი (გვ. 41-42) და მანუჩარ-ხანი (სვიმონ მეფის სიძე) (გვ. 29, 44, 71, 73) სხვადასხვა პიროვნებებია.
სავარაუდოა, მანუჩარმა მაღალ დონეზე შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რადგან ის იმავე თანამდებობაზეა XVII ს. დასაწყისშიც. საინტერესოა, რომ ისქანდერ მუნში მასზე მოგვითხრობს მაშინ, როდესაც კვლავ ინდოეთის ხელმწიფე აქბარის ელჩი 1602/3 წ. მოდის შაჰის კარზე.
ამ დროს ყიზილბაშებს ერევნის ციხისათვის ალყა ჰქონდათ შემორტყმული და შაჰიც იქ იმყოფებოდა. მანუჩარმა ინდოეთის ელჩი ერევნის ციხესთან მიიყვანა. „ერთი სიტყვით, ხსენებული ელჩი ძლევამოსილ ურდოში მოვიდა ერევნის ციხის ძირზე და მანუჩარ-ბეგის თანხლებით მეჯლისში იქნა პატივით მიღებული“1. საინტერესოა, სად იმყოფებოდა მანუჩარი 1603/4 წელს, იმ დროს, როდესაც ისქანდერ მუნში მოგვითხრობს შაჰის მიერ საათაბაგოში სათარეშოდ ჯარის გაგზავნის შესახებ: „ჰასან-ხანი ზოგიერთ ამირთან ერთად გაიგზავნა სათარეშოდ მესხეთის ახალციხეზე, რომელიც სვიმონ-ხანის სიძის მანუჩარ-ხანის „ოლქა“ იყო და ოსმალებს ჰქონდათ დაკავებული. მან (ჰასან-ხანმა - ე.მ.) ეს სამსახური სასურველად შეასრულა, მრავალი ქალი და ბავშვი ურჯულო ქართველებისა დაატყვევა და უვნებლად და კეთილად დააბრუნა“2. ისტორიკოსისი ნათქვამიდნა გამომდინარე ახალციხის მხარე ისეთი უპატრონო და მიტოვებული ჩანს, რომ ეჭვი ჩდება, ცოცხალი იყო თუ არა ამ დროს მანუჩარი3. ვფიქრობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეიძლება ისევ ისქანდერ მუნშის თხზულების შემდეგი ცნობების მოშველიებით. დანამდვილებით ჩანს, რომ მანუჩარი 1609 წელს ცოცხალი აღარ არის. ისქანდერ მუნში, როცა აღნიშნულ წელს მომხდარ ამბებზე იხსენებს, ამბობს: „სანამ მანუჩარ-ხანი ცოცხალი იყო, ის ცდილობდა დახმარებოდა სვიმონ-ხანს. მის შემდეგ ოსმალები იმ ქვეყანაში გაბატონდნენ და სვიმონ ხანის ქალიშვილი, რომელიც მანუჩარ-ხანის მეუღლე და ენერგიული მანდილოსანი იყო, თავის პატარა ვაჟიშვილით და მათი ოჯახის ერთგული მსახურების მცირე რიცხვით იმ ქვეყნის ტყეებსა და მთებში აფარებდა თავს“4. მანუჩარი ცოცხალი აღარ არის იმ დროს, როდესაც შაჰ აბასს ალყაში მოუქცევია ერევანი, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა - 1603 წლის ნოემბრიდან 1604 წლის ივლისამდე.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 41-42.
2. იქვე, გვ. 44.
3. მანუჩარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იხ. მ. სვანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 295-ის სქოლიო.
4. ისქანდერ მუნში, გვ. 71.
ისქანდერ მუნშის მიხედვით ვიცით, რომ ერევნის ციხის ალყის დროს შაჰის ბანაკში იმყოფებოდნენ ქართლის მეფე გიორგი X და კახეთის მეფე ალექსანდრე II1. ერევნის ციხის ალყაზე და ქართველ მეფეებზე თხრობის დამთავრების შემდეგ, ისტორიკოსი გადმოგვცემს, იმავე ალყის დროს, როგორ აიკლეს ყიზილბაშებმა ახალციხის მხარე2. ისქანდერ მუნში ჰასან ხანის მიერ ახალციხის დალაშქვრის ამბავს კვლავ იხსენებს 1609 წლის ამბებზე თხრობისას: „იმ ხანებში, როცა უავგუსტოესმა [შაჰმა] აზერბაიჯანში გამოილაშქრა და ერევნის ციხეს შემოადგა, შაჰ იუსუფ ფაშა, რომელიც ახალციხის ერთი გამუსლიმანებული ბატონიშვილი იყო და ოსმალეთის სულთნისაგან ფაშის ხარისხი ჰქონდა მიღებული, იმ ველაიეთის ზოგი ადგილის მმართველი იყო. ერთბაშად ერთი რაზმი ყიზილბაშთა ძლევამოსილი ჯარისა, ჰასან-ხან უსთაჯლუს მეთაურობით, როგორც იმ წლის ამბებშია აღწერილი, ხსენებულ ველაიეთზე თავდასასხმელად გაგზავნეს... შაჰ იუსუფ ფაშას და ოსმალების საქმე წახდა“3. ყიზილბაშების წარმატებით იმედმოცემულმა მანუჩარ II-ის მეუღლემ შაჰის კარს მიმართა, მისთვის დაებრუნებინათ „თავისი დაკარგული ქვეყანა“. შაჰ აბასმა თბილისში, ზაგემსა და აჰსანაბადში მყოფ თავის ამირებს დაავალა მანუჩარ II-ის მემკვიდრე მანუჩარ III-სა და მისი დედისათვის დახმარება და თანადგომა გაეწიათ.
შაჰის ბრძანების აღსრულება შესაძლებელი გახდა 1607 წლიდან, „როცა დიდებული ალმები (ე.ი. შაჰი) შირვანზე ლაშქრობდნენ, იმ თავგამოდებულმა მანდილოსანმა (ელენემ-ე.მ.) ყიზილბაშთა ამირებისა და თავის ოჯახის ერთგულ მსახურებთან ერთად იწყო ბრძოლა ხსენებული ქვეყნის დასაპყრობად, გაილაშქრა შაჰ იუსუფ ფაშაზე, დაამარცხა, დაიჭირა ის ას ორმოცდაათ კაც ოსმალოსთან ერთად და ახალციხის ციხე, რომელიც იმ ველაიეთის უდიდესი სიმაგრეა, ხელში ჩაიგდო“4. ახალციხის გარდა გამარჯვებულებმა დაიპყრეს საათაბაგოს დიდი ნაწილი. და ამის შემდეგ, ათაბაგის ქვრივმა ელენემ თავისი წარმომადგენლები შაჰთან შემახაში გაგზავნა, თვითონ კი თავის თექვსმეტი წლის ვაჟთან, მანუჩართან (ისქანდერ მუნში მას ათაბეგ-ხანს უწოდებს) ერთად ახალციხეში დარჩა5. ელენეს მოციქულები, 1607 წლის 29 ივლისს, შაჰს ეახლნენ და მოპოვებული წარმატებების შესახებ მოახსენეს6.
1. იქვე, გვ. 41, 44.
2. იქვე, გვ. 44.
3. იქვე, გვ. 72.
4. იქვე.
5. ვახუშტი ბატონიშვილით ამ დროს მანუჩარ II ისევ ცოცხალი იყო. „ამან მანუჩარ მძლავრობისათვის ოსმალთა წარუვლინა (ერევანთან მდგომ – ე.მ.) შააბაზს ძე თვისი მანუჩარ, რათა მწე ეყოს, და მისცა ხერთვისი და რომელნიმე ციხენი და შეაყენა ყიზილბაშნი მწედ თვისად“ (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 724). შაჰ აბაზი ვიდრე ერევანთან იდგა მანუჩარ მანუჩარის ძე თა ვისთან ჰყავდა, ხოლო როცა ერევანს გაეცალა იგი ერევნის გამგებელ ამირგუნე ხანთან დატოვა „და ზრდიდა იგი“. მანუჩარ II-ის გარდაცვალების შემდეგ, რაც ვახუშტით მოხდა 1614 წელს, მანუჩარ III, ოს მალეთის სულთნის ბრძანებით ერევნიდან წამოიყვანეს „და დასვეს ათაბაგად. ამან მანუჩარ დაიპყრა ქონებანი მამისა თვისისა“ (ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 725-725).
6. იქვე, გვ. 72.
საეჭვოა, რომ ელენეს მოციქულები შაჰ აბასთან მხოლოდ ამის მოსახსენებლად მისულიყვნენ. მათ რაიმე მნიშვნელოვანი სათხოვარიც ექნებოდათ, შეიძლება მანუჩარ მეორის მემკვიდრე მანუჩარ მესამის ათაბაგად აღდგენაც და სხვა რამეც ეთხოვათ, მაგრამ ამის შესახებ, დღეისათვის ცნობილი წყაროები არაფერს გვამცნობს1. სხვათაშორის, ისქანდერ მუნშის აქვს ერთი ძალიან საინტერესო ცნობა: როდესაც სპარსელი ისტორიკოსი მანუჩარ II-ის გარდაცვალებაზე და მისი სვიმონ I-სადმი მუდმივ თანადგომაზე გადმოგვცემს, იქვე იმასაც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ოსმალები სამცხეში გაბატონდნენ მისი ქვრივი და მცირეწლოვანი ვაჟი, ერთგულ მსახურებთან ერთად ტყეებსა და მთებში აფარებდნენ თავს. „იმ ოცდახუთი წლის განმავლობაში, როცა მთელი საქართველო ოსმალების ქვეშევრდომი და მოხარკე იყო, ხსენებული მანდილოსანი ბევრს ეცადა, რომ როგორც საქართველოს სხვა მხარეებში ოსმალები ქართველ მმართველებს უთმობდნენ [ქვეყანას] და ხარკის აღებით კმაყოფილდებოდნენ, ისე მისი ვაჟისთვისაც, რომელიც ათაბაგად იწოდებოდა, დაეთმოთ [ქვეყანა] და ხარკი აეღოთ. ოსმალები არ დათანხმდნენ ამაზე. მხოლოდ ერთი ნაკვეთი მისცეს იმ ველაიეთში მას და დედამისს ცხოვრების სახსრად და ისიც გაჭირვებით ატარებდა ცხოვრებას“2.
1. ამ ცნობიდან (ყოველ შემთხვევაში მისი ქართულ თარგმანიდან) არ ჩანს, რომ შაჰმა და აკმაყოფილა ელენეს თხოვნა და მისი ვაჟი მანუჩარი სცნო სამცხე-საათაბაგოს გამგებლად მოხარკეობის საფუძველზე, როგორც მ. სვანიძე ფიქრობს იმავე წყაროზე დამყარებით (სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობა, გვ. 295. იხ. აგრეთვე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბ., 1973, გვ 254).
2. ისქანდერ მუნში, გვ. 71.
ზემოთ მოყვანილი ამონარიდი მრავალმხრივ საინტერესოა, მაგრამ ამჯერად იმას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ ისქანდერ მუნში არაფერს ამბობს შაჰის მიერ მანუჩარ III-სათვის ათაბაგობის არც მინიჭებისა და არც ამ რანგში მისი დამტკიცების შესახებ. მანუჩარ II-ის მემკვიდრე ცნობილი და აღიარებული იყო ათაბაგად („ათაბაგად იწოდებოდა“), ქართველებისა და, ყოველ შემთხვევაში, სპარსელების მიერ მაინც. ასე უნდა გავიგოთ ისქანდერ მუნშის ნათქვამი.
ოსმალების წინააღმდეგ შეტევისათვის მოკავშირეებს მოხერხებული დრო შეურჩევიათ. ამ დროს ანატოლიაში „ჯელაილების“ აჯანყება მიმდინარეობდა. ოსმალთა სარდალმა მურად ფაშამ, მხოლოდ მათი დამარცხების შემდეგ შეძლო ფერჰად ფაშის დასახმარებლად ყირიმელი სალამათ-გირეი-ხანის თათრების მარბიელი ლაშქრის გაგზავნა და გამუსლიმანებული მესხი ფეოდალის მოჰამედ ფაშას შვილის, „რომელიც მესხეთის გამუსლიმანებულ უფლისწულთაგანი და ოსმალთა შორის გაზრდილი და ფაშას ხარისხსა და ხელისუფლებას მიღწეული იყო, ახალციხეში გაგზავნა“. 1608 წელს ათაბეგ-ხანმა (მანუჩარ III) და ელენემ წინააღმდეგობა ვერ გასწიეს და ქართლში გადავიდნენ. ახალციხე კვლავ ოსმალებმა დაიპყრეს. მამიდის და მანუჩარის დასახმარებლად ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ ახალციხეზე გაილაშქრა და დიდ წარმატებასაც მიაღწია, თუმცა ახალციხის განთავისუფლება ვერ შეძლო. ქართველთა ტყვეობაში, სხვა მრავალ ფაშასთან ერთად, აღმოჩნდნენ ფერჰად ფაშა და ზემოხსენებული გამუსლიმანებული მოჰამედ ფაშას შვილი. „ფერჰად ფაშას ქართველი ბატონების თხოვნით აპატიეს [დანაშაული], მოჰამედ ფაშას შვილი კი სიკვდილით დასაჯეს“ (ისქანდერ მუნში, გვ. 72-73).
მანუჩარი III ასე თუ ისე ვითარებას აკონტროლებდა 1619 წლამდე, მანამდე ვიდრე ოსმალეთ-ირანის ზავით ახალციხე ოსმალეთს გადაეცემოდა. ოსმალებმა ახალციხეში ძლიერი ციხე ააგეს, შიგ მეციხოვნეები ჩააყენეს და ქვეყნის გამგებლად ზემოხსენებული გამუსლიმანებული ახალციხელი დიდებული იუსუფ ფაშა დანიშნეს. თანდათანობით, განუხრელად, მიმდინარეობდა ქრისტიანი მესხების გამუსლიმანება და ქართული მიწათმფლობელობის ოსმალურით შეცვლა. ვახუშტი გადმოგვცემს იმის შესახებ, ოსმალთა ძალადობის ან ცალკეული ადამიანების წარმატების სურვილით, როგორ იცვლებოდა მესხეთში ადათ-წესები, ათაბაგთა ოდინდელი ქვეშევრდომები ახლა ურჩობენ, მანუჩარი კი ასეთ მდგომარეობას არ ეგუება და ებრძვის მათ. მანუჩარ ათაბაგი როგორც შეეძლო ისე ებრძოდა ოსმალებს, მაგრამ დრო და საერთაშორისო ვითარება მის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ისიც იძულებული გახდა თავისი მამის გზას დადგომოდა, პირდაპირი გაგებით, და იმანაც ერთი პირობა (1624 წელს) თავი შეაფარა ახალდაბას1. იმავე წელს სამცხე-საათაბაგოს ციხეები სპარსელთა ხელში გადავიდა, რაც მანუჩარს თავის სამთავროში დაბრუნების საშუალებას უსპობდა. ამიტომ, როდესაც მან გაიგო მარაბდის ბრძოლისათვის მზადების შესახებ, მაშინვე გაეშურა თავისი 300 მხედრით და მონაწილეობა მიიღო სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1625 წ.). ქართველობის მიერ განცდილი მარცხის შემდეგ მანუჩარი ახალდაბაში დაბრუნდა და ოსმალებთან მორიგება გადაწყვიტა: „მოვიდა ახალდაბასვე, ეზრახა ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, მოვიდა დაიპყრო სამცხე“. მაგრამ მან ვერ შესძლო ქვყანაში მშვიდობის დამყარება და ამხედრებული ქვეშევრდომების დამორჩილება. რადგან მას მეტი ძალა აღარ შესწევდა, სტამბოლს წავიდა ხონთქართან. ოსმალეთის მბრძანებელმა შეიწყნარა მანუჩარი და ქრისტიანობის შენარჩუნებით აღადგინა ათაბაგად. საათაბაგოში მომავალ მანუჩარს შემოხვდა თავისი ბიძა ბექა, მანუჩარ II-ის ძმა, რომელმაც მოწამლა ძმისშვილი და თვითონ წავიდა სტამბოლს, გამუსლიმანდა, „(სულთანმა – ე.მ.) მოსცა ათაბაგობა და ყოველი საზღვარი სამცხე-საათაბაგოსი და უწოდეს საფარ ფაშა და პატივსცეს ორითა თუღითა2. მერე წარმოავლინეს და მოვიდა სამცხეს“. ვახუშტის მიხედვით, ეს მოხდა 1625 წელს3.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 725
2. თუღი - ოსმალო ფაშების წინ სატარებელი ბაირაღი ცხენის ძუისაგან დამზადებული (ჩუბინაშვილი ნ., ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ., 1984, სვ. 571).
3. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 724-725.
საფარ ფაშას გამგებლობის დროს (1625-1635) და მის შემდგომ, დაიწყო ახალციხის საფაშოს (ასე იწოდებოდა ამ დროიდან ყოფილი სამცხე-საათაბაგო) განუხრელი გამუსლიმანებისა და ოსმალური წესებისა და კანონების დანერგვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა და გაუქმება, „ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმიდათათა და სხვათა წარაქონდათ პირველისაებრ იმერეთს და ქართლს და ივლტოდიანცა წარჩინებულნი, რომელნი სძულობდნენ მაჰმადიანობასა, რამეთუ განაგებდა საფარ ფაშა ნებითა ოსმალთასთა ყოველსავე“. რადგან საფარ ფაშამ ახალციხის ფაშობა მემკვიდრეობით მიიღო, ამიტომ მისი მემკვიდრენი სტამბოლში მიდიოდნენ ხოლმე და ქრთამის გადახდით ფაშის ტიტულს იპოვებდნენ და საფაშოს განაგებდნენ1.
ამგვარად, საფარ ფაშას მმართველობით დამთავრდა სამცხე-საათაბაგოს ისტორია. ამის შემდეგ საათაბაგოს მიწები, ქართული კულტურის და ქრისტიანობის უმნიშველოვანესი კერა, ოსმალეთის ერთ-ერთ საფაშოდ გადაიქცა.
1. იქვე, გვ. 726-727.
Комментариев нет:
Отправить комментарий