შესავალი
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ურთიერთობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და იგი ძირითადად ვაჭრობას გულისხმობს. აღმოსავლეთთან ვაჭრობამ დიდი როლი შეასრულა ევროპაში ისეთი დარგების განვითარებაში, რომელთა პროდუქცია საგარეო ბაზარზე ორიენტირებული იქნებოდა. ყველაზე ადრე ასეთი წარმოება გაჩნდა იტალიაში, რომელიც თავისი მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის გამო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში ბუნებრივ შუამავლად იქცა. იტალიის სავაჭრო-სამრეწველო ცენტრების (ჯერ ამალფი, შემდეგ პიზა, გენუა, ვენეცია, უფრო გვიან ფლორენცია) ეკონომიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით ჯვაროსნული ლაშქრობების დროს და მის შემდგომ გაიზარდა.
XIII ს. შუა ხანებიდან ჯვაროსნული ლაშქრობები ანაქრონიზმად გადაიქცა. პალესტინის პლაცდარმები, რომელთა შენარჩუნება უაღრესად ძვირი ჯდებოდა, სასურველ სარგებელს არ აძლევდა არც იტალიის სავაჭრო ქალაქებს და არც დასავლეთი ევროპის დიდ სახელმწიფოებს. პირველი ოთხი ლაშქრობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მათი წყალობით ევროპელებმა გაიცნეს და აითვისეს აღმოსავლეთის სავაჭრო-საქარავნო გზები. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა შემთხვევით არ დასრულდა კონსტანტინოპოლის აღებით. ეს ქალაქი უმნიშვნელოვანესი საზღვაო და სახმელეთო გზების გადაკვეთაზე მდებარეობდა. ამ გზებზე გაბატონებით დაინტერესებული იყო იტალიის ქალაქები. 1204 წელს შექმნილი ლათინთა იმპერია მაშინვე ვენეციელების აღმოსავლეთთან ვაჭრობის დასაყრდენად გადაიქცა.
იტალიის ქალაქ-სახელმწიფოები - ვენეცია, გენუა, პიზა, ფლორენცია, მილანი, სიენა, ლუკა - XII-XIII საუკუნეებში სწრაფად ვითარდებოდნენ. მათ მოიმკეს ჯვაროსნული ლაშქრობების პირველი ნაყოფი. ევროპის ბაზრის გაფართოვება, აღმოსავლეთთან ვაჭრობის ზრდა, სირიის, პალესტინის, მცირე აზიის, ბალკანეთის მდიდარ ოლქებზე ყაჩაღური თავდასხმები - ყველაფერი ეს ხელს უწყობდა იტალიის ქალაქების აყვავებას. XIII საუკუნეში ისინი გადაიქცნენ ხელოსნური წარმოების უმსხვილეს ცენტრებად. ფლორენციულმა მაუდმა, ლუკას აბრეშუმმა, გენუის ხავერდმა, მილანის იარაღებმა, ვენეციურმა შუშამ სახელი გაითქვა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამუშავებდნენ რა უპირატესად უცხოეთიდან შემოზიდულ ნედლეულს (ინგლისური და ესპანური მატყლი, ლითონი - ჩეხეთის, საქსონიის, შვედეთის, ინგლისისა და ავსტრიის მაღაროებიდან), ფლორენციელები, გენუელები, ვენეციელები, ლომბარდიელები აფართოებდნენ თავიანთ საქმიანობას საფანგეთში, ინგლისში, არაგონში, კასტილიაში, პორტუგალიაში, გერმანიაში. სულ უფრო იზრდებოდა იტალიელი ვაჭრებისა და ბანკირების გავლენა. ჯვაროსნული ლაშქრობების უმნიშვნელვანესი შედეგი ის იყო, რომ აღმოსავლეთთან ვაჭრობაში შუამავლის როლი, რომელიც წინათ აღმოსავლელ ვაჭრებს - ბერძნებს, არაბებს, სირიელებს და ებრაელებს ეკუთვნოდათ, ახლა იტალიელების მონოპოლიად გადაიქცა. ეს უკანასკნელნი თვითონ იძენდნენ საქონელს აღმოსავლეთში და ევროპის ქვეყნებში მიჰქონდათ. აღმოსავლეთთან ვაჭრობაში განსაკუთრებით დაწინაურდა გენუა, პიზა და ვენეცია. მათმა ფლოტმა არაერთხელ გაუწია დახმარება ჯვაროსან რაინდებს. სამაგიეროდ ამ ქალაქებმა დიდი პრივილეგიები მოიპოვეს ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე. ყველა მნიშვნელოვან ნავსადგურში მათ თავიანთი ფაქტორიები დაარსეს.
დაპყრობილ ადგილებში თანდათან ფეხი მოიკიდეს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე სხვა ქვეყნების ქალაქებმაც: მარსელმა1, ნარბონამ, მონპელიემ, ბარსელონამ. ამავე დროს აღმოსავლეთში საქმიანობას იწყებენ ფლორენციელი ვაჭრებიც.
ჯვაროსნული ომების შემდეგ დასახელებულმა ქალაქებმა აღმოსავლეთის ვაჭრობიდან ბიზანტიელები განდევნეს. იტალიელებმა აღმოსავლეთთან ვაჭრობის სადავეები იმდენად იგდეს ხელთ, რომ ისინი ბიზანტიელ ვაჭრებს კონკურენციას უწევდნენ თვით ბიზანტიაშიც კი.
ყველას მაინც ჩრდილო იტალიის ორმა ქალაქმა-რესპუბლიკამ - ვენეციამ და გენუამ აჯობა. მათი სიმდიდრისა და ძლიერების მთავარი წყარო ევროპასა და აღმოსავლეთს შორის სატრანზიტო ვაჭრობა იყო. ამავე დროს ვენეციის და გენუის შინაგანი წყობილება შესანიშნავად შეეხამებოდა ფართო სავაჭრო საქმიანობას. მთელი ძალა-უფლება ვაჭარ-პატრიციებს ეკუთვნოდათ, მათი იყო აგრეთვე ვაჭრობიდან მიღებული მოგების უდიდესი ნაწილი.
გენუასა და ვენეციას შორის მუდმივი კონკურენცია და მტრობა სუფევდა. წინააღმდეგობა განსაკუთრებით გამძაფრდა XIII ს. დასაწყისიდან, რომელმაც სისხლისმღვრელი კოლონიური ომის სახე მიიღო. ომმა სირია და მთელი ხმელთაშუა ზღვა მოიცვა და არც მაშინ შეწყდა, როცა საერთო მტერი - მუსლიმები ანტიოქიასა და ტრიპოლს დაეუფლნენ და 1291 წ. ახლო აღმოსავლეთში ჯვაროსნების უკანასკნელი დასაყრდენი აკრაც დაეცა. ისინი ურთიერთ შუღლს განაგრძობდნენ შემდეგ საუკუნეებშიც. ბრძოლა მწვავე ხასიათს ატარებდა, კონსტანტინოპოლის დაცემაც, გარკვეული გაგებით, მათ შორის გაუთავებელი ბრძოლის შედეგი იყო, მაგრამ ერთმანეთის საბოლოო განდევნა მათ ვერასოდეს მოახერხეს. ზოგირთ ადგილებში უპირატესობა თუ ვენეციელებს ჰქონდათ, სხვაგან გენუელები პირველობდნენ. საერთოდ კი, სავაჭრო კავშირს ორივე მაინც ყველგან ინარჩუნებდა მანამდე, ვიდრე ისინი საბოლოოდ ოსმალებმა არ განდევნეს.
მოკლედ გადავხედოთ ევროპის ქვეყნების, მათ შორის იტალიის ქალაქ-სახელმწიფოების - ვენეციის და გენუის, ურთიერთობას აღმოსავლეთთან.
1. საფრანგეთის მონაწილეობა აღმოსავლეთის (ლევანტის) ვაჭრობაში სისტემურ ხასიათს იძენს და განსაკუთრებით ვითარდება XV ს. შუა ხანებიდან, შარლ VII-ის მრჩევლისა და ხაზინადრის ჟაკ კერის უშუალო მოღვაწეობის შედეგად. Плешкова
А., Левантская торговля Франции
в середине XV века (торгого-предпринимательская деятельность Жака Кера). «Вестник Московского университета», серия IX,
история, М., 1970 , с. 55.
* * *
გენუა აქტიურად მონაწილეობდა პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობაში და დიდი სარგებელიც ნახა. იგი ძლიერ საზღვაო სახელმწიფოდ გადაიქცა. ჯვაროსნების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე გენუამ დააარსა სავაჭრო კოლონიები, რომლებიც შემდეგ ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საშუამავლო ვაჭრობის ცენტრებად გადაიქცა. იმავე დროიდან იწყება გენუის ბრძოლა მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრისათვის - თავიდან მოიცილოს ჩრდილო იტალიის სხვა სავაჭრო ქალაქების - პიზისა და ვენეციის კიონკურენცია. დასახელებული ქალაქები იმავე დროს ურთიერთ კონკურენტებიც იყვნენ. გზიდან მათ ჩამოშორებას გენუისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან გენუელი ვაჭრები აღმოსავლეთში თავიანთი კაპიტალის დაბანდებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ და იქიდან იღებდნენ ყველაზე მეტ მოგებას1.
1. Della
Crimea, del suo commercio e dei
suoi dominatori dalla origini fi no al di nostri. Commentari storici, dell avvocato Michele
Giusaeppe Canale, v. II, Genova, 1855.
ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის იმპერიის მოსპობას და და ამის შედეგად ვენეციის გაძლიერებას გენუა ვერ ურიგდებოდა. 1261 წლის 13 მარტს მიხეილ პალეოლოგმა და გენუის წარმომადგენლებმა ნიმფეაში გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის რატიფიცირება მოხდა გენუაში იმავე წლის 10 ივნისს. ხელშეკრულება მიმართული იყო ვენეციელებისა და ლათინთა იმპერიის წინააღმდეგ. გენუელებს ყოველგვარი დახმარება უნდა გაეწიათ ბიზანტიის იმპერიის აღდგენისათვის მებრძოლი პალეოლოგებისათვის, სამაგიეროდ ისინი ყველა იმ პრივილეგიას მიიღებდნენ, რომლებსაც ვენეციელები ფლობდნენ1.
პაპის თხოვნამ და ეკლესიიდან განკვეთის მუქარამ მიზანს ვერ მიაღწია. გენუელები ფლოტსა და ჯარს მაინც გულმოდგინედ ამზადებდნენ ლათინების ბიზანტიიდან განსადევნად. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ პალეოლოგი 1261 წლის 25 ივლისს კონსტანტინოპოლს გენუელების დახმარების გარეშე დაეუფლა2, ნიმფეის ხელშეკრულება მაინც ძალაში დარჩა. ხელშეკრულებაში ხაზგასმული იყო შავი ზღვის შესახებ, რომლის ნაპირების „ათვისებას“ გენუელებმა და ვენეციელებმა ყურადღება მიაქციეს ჯერ კიდევ XII საუკუნეში3, მაგრამ მაშინ ბიზანტიის იმპე რიას ჯერ კიდევ შესწევდა იტალიელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ძალა. იგი იტალიელებს შავსა და აზოვის ზღვებში ნაოსნობას უკრძალავდა. მაგრამ XIII ს. შუა ხანებში, როცა მონღოლების ლაშქრობებმა მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში პოლიტიკური გართულებები გამოიწვია, იქ გამავალმა სავაჭრო გზებმა მნიშვნელობა დაკარგა. ამას მოჰყვა სავაჭრო-საქარავნო გზების ჩრდილოეთით გადანაცვლება4. შეცვლილ ვითარებაში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთმა სანაპირომ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რაც გენუელებს მხედველობიდან არ გამორჩათ.
1. Heyd W.
Geschichte des Levantehandels im Mittelalter, II B., Stuttgart, 1879 , S. 471-472.
2. გენუელებმა, იმპერატორის ნებართვით კონსტანტინოპოლში ვენეციელების ციხე დაანგრიეს და ქვები გენუაში წაიღეს ძვირფასი ტროფეის სახით. გენუელებმა ამგვარად იძიეს შური იმისათვის რაც ვენეციელებმა გენუელთა კოლონია აკონის აღების შემდეგ Caidines. Ibidem, S. 272.
3. Miklosich
et Müller, Acta et diplomata
graeca medii aevi, III, Vien, 1865, p.
35.
4. Скржинская Е.
Р., Генуэзцы в Константинополе в XIV в., «Византииский
временник», I, М., 1947 ,
с. 222.
ნიმფეის ხელშეკრულებით, გენუელებს უფლება მიეცათ ბაჟების გარეშე ეცურათ შავ ზღვაში. იქვე აღნიშნული იყო, რომ ყველა სხვა „ლათინებს“, განსაკუთრებით ვენეციელებს, ეკრძალებოდათ შავ ზღვაში შესვლა. გამონაკლისი დაშვებული იყო პიზელების მიმართ, რომლებსაც იმპერატორთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ1.
1266 წ. გენუელებმა ოქროს ურდოს ყაენთან შეთანხმებით ყირიმში მიიღეს ქ. ფეოდოსია, რომელსაც კაფა ეწოდა. შემდეგში ეს ქალაქი გენუელების შავ ზღვაში მთავარ დასაყრდენად გადაიქცა. XIV ს. პირველ ათწლეულში გენუელებს შავი ზღვისპირეთში რამდენიმე ათეული კოლონია ჰქონდათ. გენუის დროშა ფრიალებდა აზოვის ზღვის უმნიშვნელოვანეს ნავსადგურზე - ტანაზეც (ქ. აზოვი). ტანადან სევასტოპოლი სამდე (ცხუმი/სოხუმი) გენუის 39 კოლონია და დასახლება არსებობდა2.
შავი ზღვის აუზში გაბატონების დროს გენუელების უმთავრეს მიზანს აღმოსავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით ინდოეთთან ვაჭრობაში მონოპოლიის მოპოვება წარმოადგენდა3. ამგვარად, გენუის სახით ჩამოყალიბდა უზარმაზარი კოლონიური სახელმწიფო, რომლის სამფლობელოები კაფადან სეუტამდე (მაროკო) იყო გადაჭიმული. მისი სიძლიერე სამხედრო წარმატებებშიც გამოიხატა. მან ჯერ პიზა დაამარცხა 1284 წელს, ხოლო 1298 წელს ვენეცია.
1. Heyd W., Op. cit., S. 473.
2. Зевакин Е. С. и Пенчко Н. А. Очерки по истории генуэзских колоний на Западном Кавказе. «Исторические записки», 13, Л., 1936, с. 79
3. ინდოეთთან ვაჭრობის გაფართოების მიზნით, გენუელებმა შეადგინეს იმ დროისათვის მეტად გაბედული პროექტი, რომელიც გულისხმობდა შემდეგს: გენუელებმა არღუნ-ყაენს (1284-1291) შესთავაზეს სპარსეთის ყურეში ერთობლივად შეექმნათ განსაკუთრებული ნავსადგური, რომელსაც დაუკავშირდებოდა ინდოეთთან მთელი ვაჭრობა. ამ პროექტის განხორციელება ვეღარ მოხერხდა გენუაში გველფებსა და გიბელინებს შორის დაწყებული ბრძოლის გამო. იხ. Манандян Я. А., О торговле и городах Армении в связи мировой торговлей древных времен (V в. до н. эры - XV в. н. эры), Ереван, 1954 , с. 297-298.
კაფა აღმოსავლეთთან ვაჭრობის უმსხვილეს ცენტრად გადაიქცა. იქ მიჰქონდათ და იქიდან გაჰქონდათ იმ დროის ყველა მნიშვნელოვანი საქონელი. მის მახლობლად მცხოვრები ხალხებისაგან ნაყიდი პროდუქტებით (ხორბალი, ტყავი და სხვ.) გენუელები დასავლეთ ევროპას ამარაგებდნენ. იქვე იყო მარილის საბადოები, რომლის პროდუქცია სხვა საექსპორტო საქონელს შორის პირველ ადგილზე იდგა. კავკასიის მთიელი მოსახლეობა მონებით ვაჭრობის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდა, რაშიც გენუელები უდიდეს მოგებას ნახულობდნენ. კაფელი ვაჭრები ევროპულ ნაწარმს ტანაში რუსულ, ჩინურ და ინდურ საქონელზე ცვლიდნენ1.
მიუხედავად იმისა, რომ კაფას მეტროპოლიისაგან ფინანსიური და პოლიტიკური საკითხების გადაჭრაში დიდი უფლებები ჰქონდა მინიჭებული, მაინც გენუის უზენაესი ხელისუფლების ცნობა სავალდებულო იყო. კაფას კონსულს, ისევე როგორც სხვა კოლონიების კონსულებს, გენუა ნიშნავდა. იგი კაფასა და შავი ზღვის სხვა კოლონიებში საერთო, რესპუბლიკისათვის სასარგებლო პოლიტიკას ატარებდა. გაცხოველებული ვაჭრობიდან მიღებული მოგების და გადასახადების დიდი ნაწილი მეტროპოლიის განკარგულებაში გადადიოდა.
გენუას სავაჭრო კოლონიების მმართველობა დაყოფილი ჰქონდა სამად: დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში განლაგებულ კოლონიებს განაგებდა უშუალოდ თვითონ; პერა განაგებდა მორეაში, არქიპელაგზე, მაკედონიაში, ბულგარეთსა და ანატოლიაში არსებულ კოლონიებს; კაფა - ყირიმის, ტამანის, საქართველოს (სევასტოპოლისი/ცხუმი და ქუთაისი), აზერბაიჯანის და სპარსეთის საკონსულოებს2.
რომის პაპებმა აღმოსავლეთში კათოლიკობის გავრცელების ცენტრად კაფა აირჩიეს. 1318 წელს გაიხსნა კაფას ეპარქია, 1333 წელს კი - მისიონერთა მონასტერი, სადაც ბერები აღმოსავლურ ენებს სწავლობდნენ და შემდეგ კათოლიციზმის საქადაგებლად სხვადასხვა ქვეყნებში იგზავნებოდნენ.
გენუელებს წარმატებებით ტკბობის საშუალებას ვენეციელები არ აძლევდნენ. ისინი ვერ ეგუებოდნენ შავ ზღვაში თავიანთი პოზიციების შესუსტებას. ამ ორ ქალაქ-რესპუბლიკას შორის არ წყდებოდა დავა, რომელიც არაერთხელ სისხლისმღვრელ ბრძოლაში გადაიზარდა. ამ ბრძოლის კულმინაციას წარმოადგენდა კიოჯას ომი (1380 წ.), რომელის შემდეგ დადებული ტურინის ზავი (1381 წ.) ვენეციელების ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სრული ბატონობის საწყისად გადაიქცა. მიუხედავად ამისა, თავიანთი მოხერხებულობისა და გამბედაობის წყალობით, გენუელებმა დიდად შელახული პოზიციები კონსტანტინოპოლში 1453 წლამდე, ხოლო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე 1475 წლამდე შეინარჩუნეს.
1 Мурзакевич Н., История генуэзских колоний в Крыму, Одесса, 1837 , с. 35-38.
2 Тамже, с. 40.
* * *
ვენეციის როგორც მსხვილი სავაჭრო ცენტრის განვითარება IX-X საუკუნეებში დაიწყო. მისი სავაჭრო ოპერაციები ამ დროისათვის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ბიზნტიაში, სირიასა და ეგვიპტეში შეძენილი საქონლით მომარაგებით განისაზღვრებოდა. ვენეციის აყვავება იწყება ჯვაროსანთა ლაშქრობების დროს, XI-XII საუკუნეებში, როდესაც ევროპელ რაინდებს ამ ქალაქის გემებზე, საბრძოლო იარაღებზე და სხვა სახის საქონელზე დიდი მოთხოვნა ჰქონდათ. ვენეცია, თავისი გემებით ჯვაროსნების აღმოსავლეთში გადაყვანის სანაცვლოდ, დაპყრობილ ტერიტორიებზე ფართო სავაჭრო პრივილეგიებს იღებდა.
როგორც უკვე ითქვა, იტალიის ქალაქების და, მათ შორის ვენეციის, ლევანტში ვაჭრობას ბიზანტიის იმპერია აფერხებდა. იქ მის პრივილეგიებს განსაკუთრებით XII საუკუნიდან შეეკვეცა მოქმედების სფერო. ბიზანტიის იმპერატორმა მანუილ I-მა (1143-1180), ვენეციელი ვაჭრების გავლენის შესუსტების მიზნით, კავშირი დაამყარა გენუელებთან (1169 წ.) და პიზელებთან (1170 წ.) და მათ მნიშვნელოვანი სავაჭრო პრივილეგიები მიანიჭა. ვენეციელები უბრძოლველად არ თმობდნენ თავიანთ პოზიციებს. ბიზანტიის პრობლემის თავიანთ სასარგებლოდ გადაჭრის კარგი პირობები ვენეციელებს შეექმნათ მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ვენეციის დოჟმა ენრიკო დანდოლომ „გადაწყვიტა ჯვაროსნული სისულელიდან სავაჭრო ოპერაცია გაეკეთებინა“ და მათ ისეთი პირობები შეუქმნა, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ კონსტანტინოპოლზე გავლით მცირე აზიაში გადასულიყვნენ. ჯვაროსნებმა ბიზანტიის იმპერია გაანადგურეს და მის ნაცვლად ლათინთა იმპერია შექმნეს. ახლად შექმნილი იმპერიის ტერიტორიების 3/8 ვენეციელების ხელში აღმოჩნდა. ეს ძირითადად ის ადგილები იყო, რომლებსაც სავაჭრო საქმიანობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. შავი ზღვის ჩრდილოეთით მდებარე ქვეყნებთან ვაჭრობის ცენტრებად ვენეციელებმა ტანა და სუდაკი გადააქციეს, ხოლო შავი ზღვის სამხრეთი ნავსადგურებით ისინი ამიერკავკასიასა და სომხეთს უკავშირდებოდნენ1.
ამგვარად, ლათინთა იმპერიის შექმნასთან ერთად შეიქმნა კიდევ ერთი იმპერია - ვენეციის კოლონიური იმპერია2, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. იგი დაეცა 1261 წელს.
XV ს. დასაწყისში ბიზანტია ოსმალებთან ბრძოლაში დასუსტდა, ოსმალეთის მზარდი სახელმწიფო კი თემურლენგმა გაანადგურა. ამით ისარგებლა ვენეციის რესპუბლიკამ და დასუსტებული მეტოქეების ხარჯზე თავისი სამფლობელოები კიდევ უფრო გაზარდა. იმავე საუკუნის შუა ხანებისათვის ვენეციის არისტოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე ძლიერი საზღვაო სახელმწიფო იყო ევროპაში და იგი თავისი აყვავების უმაღლეს მწვერვალზე ავიდა. ვენეციელ ვაჭრებს ურთიერთობა ჰქონდათ მაშინდელი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანასთან.
1. Бер А., История всемирной торговли, ч. I , М., 1876 , с. 176.
2. Соколов Н. П., Образование Венецианской колониальной империи, Саратов, 1963 , с. 87.
ვენეციის რესპუბლიკას დიდად განვითარებული მრეწველობაც ჰქონდა. მისი მრეწველობის პროდუქტები - ოქროს, ვერცხლის და სპილოს ძვლის სამკაულები, შუშის ნაწარმი და სხვადასხვა იარაღები განთქმული იყო მთელ მსოფლიოში. დიდი ყურადღება ეთმობოდა გემთმშენებლობას. ვენეციის მრეწველობის ამ განვითარებულ დარგებში ისახებოდა კაპიტალისტური წარმოების ელემენტები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ვენეციური ოქროქსოვილის შესახებ, რომლითაც იგი აღმოსავლეთის ქვეყნებსაც კი კონკურენციას უწევდა. ოქროქსოვილის წარმოება აღჭურვილი იყო შესანიშნავი ტექნიკით. საერთოდ, აბრეშუმის წარმოებამ ვენეციაში თავისი აყვავების უმაღლეს დონეს XV საუკუნეში მიაღწია1. მაგრამ ვენეციის ეკონომიკური ძლიერება, როგორც ითქვა, დამყარებული იყო საგარეო ვაჭრობაზე. სხვადასხვა ქვეყნებს შორის საშუამავლო ვაჭრობამ ვენეცია ძლიერ და მდიდარ სავაჭრო-არისტოკრატიულ რესპუბლიკად გადააქცია.
* * *
იმისათვის, რათა უკეთ იქნეს გაგებული ვენეცია - აყ-ყოიუნლუს (თეთრ ბატკნიანთა) სახელმწიფოს პოლიტიკური ურთიერთობა XV ს. 50-70-იან წლებში, (მასში ჩაბმული იყო საქართველოც), აქვე მოკლედ უნდა ითქვას მათ შორის ვაჭრობაზეც, რაც უპირველესყოვლისა განაპირობებდა სამხედრო-პოლიტიკურ კავშირის არსებობასაც.
XV ს. მეორე ნახევარში აყ-ყოიუნლუს ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-საქარავნო გზები, რომლებიც ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებდა. აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს დედაქალაქი თავრიზი მდებარეობდა იმ საქარავნო გზების გადაკვეთაზე, რომლებიც მოიმართებოდა ჩინეთიდან, ავღანეთიდან, ხვარაზმიდან, საქართველოდან, ერაყიდან და ლურისტანიდან და ამიტომ იგი ვაჭრობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრად ითვლებოდა. იქ თავს იყრიდა აბრეშუმის ნაწარმი და ყაჭი შირვანიდან და გილანიდან, სანელებლები და საღებავები ინდოეთიდან, ჩინეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან.
აღმოსავლეთის ეს საქონელი მიდიოდა ტრაპიზონის, ჰალების, ბეირუთის, დამასკოს, ტრიპოლის, ბურსას და კონიის ბაზრებისაკენ2, საიდანაც შემდეგ ევროპაში გაჰქონდათ.
1 Zwiedinek-Südenhorst H. v., Venedig als Weltmacht und Weltstadt. Biefeld und Leipzig, 1839 , S. 66.
2 Махмудов Я. М., Взаимоотношения государство Ак-коюнлу с Венецией (60-70 гг. XV века). Автореферат диссертации, Баку, 1966, с. 7-8.
თავრიზის ასეთი კარგი მდებარეობის გამო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს სატრანზიტო ვაჭრობიდან მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა. ამავე დროს იგი თვითონაც აქტიურად მონაწილეობდა დასავლეთის ქვეყნებთან, განსაკუთრბით კი ვენეციასთან ვაჭრობაში. აყ-ყოიუნლუს ექსპორტის საგანს ძირითადად აზერბაიჯანული ყაჭი წარმოადგენდა, რომელზეც დიდი მოთხოვნილება ვენეციის აბრეშუმის წარმოებას ჰქონდა. სამაგიეროდ, შემოდიოდა ვენეციის მრეწველობის საგნები - ატლასი, ყუმაში და სხვ.
საგარეო ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. იგი ვენეციასთან ვაჭრობის დროს ფართოდ იყენებდა ოსმალეთის ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ცენტრებსაც, რომელთა შორის გამოირჩეოდა ქ . ბურსა. თავრიზი ამ ქალაქს საქარავნო გზით უკავშირდებოდა. მრავალნაირი აღმოსავლური საქონელი, რომელიც თავს იყრიდა თავრიზში, შემდეგ მიედინებოდა ტოგატში, საიდანაც შირვანიდან, განჯიდან, საქართველოდან და სომხეთიდან მოსულ ქარავნებთან ერთად მიემართებოდა ბურსაში1.
როგორც ითქვა, აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოდან ვენეციაში ძირითადად ყაჭი გაჰქონდათ, მაგრამ მასზე მოთხოვნა იზრდებოდა ოსმალეთის ქალაქებშიც, სადაც ვითარდებოდა აბრეშუმის წარმოება. მზა პროდუქციის ევროპაში გატანით დაინტერესებულნი იყვნენ ოსმალეთის ვაჭრები. ამიტომ აზერბაიჯანისა და ირანის ყაჭის ევროპაში გატანა ოსმალეთის ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ამიტომ, სულთნის ბრძანებით იზრდებოდა გადასახადი როგორც აყ-ყოიუნლუს ვაჭრების მიერ ბურსაში შეტანილ აბრეშუმზე, ასევე ვენეციელების მიერ იქიდან გატანილზე2. ამგვარი საბაჟო პოლიტიკა დიდად აფერხებდა ვენეციასა და აყ-ყოიუნლუს შორის ნორმალურ სავაჭრო ურთიერთობას. უფრო მეტიც, სულთანი ყოველნაირად ცდილობდა ყველა იმ გზების ხელში ჩაგდებას, რომლებითაც აბრეშუმი ევროპაში გაჰქონდათ. ამ გეგმის განხორციელებას ემსახურებოდა მის მიერ ტრაპიზონის იმპერიის და ყარამანიის საამიროს დაპყრობა.
1 Тамже.
2 Тамже, с. 9.
აღნიშნულ მიზეზთა გამო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს უპირველეს საგარეო პოლიტიკურ ამოცანად ოსმალეთის მიერ სავაჭრო გზებზე შექმნილი დაბრკოლებების გადალახვა გადაიქცა. მას ევროპასთან კავშირის დამყარება უშუალოდ სურდა. ლევანტის ვაჭრობის ჯერ შეფერხება, შემდეგ მისი დაქვეითება და კავშირე ბული იყო ოსმალების ექსპანსიასა და სავაჭრო პოლიტიკასთან. მათი ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა ის ვრცელი ტერიტორიები, რომლებითაც წინათ ევროპა და აღმოსავლეთი ერთმანეთს უკავშირდებოდა. აყვავებული სავაჭრო ცენტრების აწიოკება-განადგურება ისედაც ახდენდა გავლენას სავაჭრო საქმიანობაზე. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, „რომ ოსმალეთი დაინტერესებული იყო არა წარმოებით, არამედ საბაჟო შემოსავლის გაზრდით“1, მაშინ გასაგები გახდება, როგორი ზღუდე აღიმართა ევროპა-აღმოსავლეთის ურთიერთობის გზაზე.
* * *
ოსმალეთის ექსპანსია საფრთხეს უქმნიდა არა მხოლოდ ლევანტის ვაჭრობის შემდგომ არსებობას. იგი ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლის დაცემამდე დაემუქრა აღმოსავლეთ ევროპის მთელ რიგი სახელმწიფოებს. ამიტომ ევროპაში ადრევე მიაქციეს ყურადღება ოსმალეთისაგან თავდაცვისა და მისი განადგურების საკითხს. იმავე დროს ნათელი იყო, რომ მარტოდმარტო ვერც ერთი ევროპული სახელმწიფო ოსმალეთს ვერ გაუმკლავდებოდა. ამიტომ კონსტანტინოპოლის დაცემამდე დიდი ხნით ადრე შემუშავდა ანტიოსმალური ჯვაროსნული ომის იდეა, მაგრამ მისი წარმატებით განხორციელება ვერ მოხერხდა.
1. გაბაშვილი ვ., XVI-XVIII სს. საქართველოს ქალაქები მახლობელი აღმოსავლეთის სავაჭრო ურთიერთობათა შუქზე. კრებულში: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან, თბ., 1966 , გვ. 168.
1396 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ მოეწყო ჯვაროსნული ლაშქრობა. იმავე წლის 25 სექტემბერს ნიკოპოლთან ბრძოლაში დასავლეთის რაინდთა გაერთიანებულმა ლაშქარმა სასტიკი მარცხი განიცადა. ამის შემდეგ ოსმალები შეიჭრნენ ატიკასა და პელოპონესში, იწყება მათი თავდასხმები უნგრეთზე, რამაც შემდეგში სისტემატური ხასიათი მიიღო.
1400 წელს სულთანმა ბაიაზიდ II-მ (1389-1402) ალყა შემოარტყა კონსტანტინოპოლს და დანებება მოსთხოვა. ბიზანტიის იმპერატორმა მანუილ II პალეოლოგმა (1391-1425) ევროპის სახელმწიფოებს დახმარება სთხოვა და პირადადაც ეწვია მათ, მაგრამ ცარიელი დაპირებების მეტი ვერაფერი მიიღო. ვიდრე იმპერატორი დამხმარე ძალას ევროპაში ეძებდა, უნებლიე მხსნელად ბიზანტიას თემურლენგი მოევლინა. მან ადრევე მიიპყრო ევროპელთა ყურადღება. თემურის მიერ შექმნილი უზარმაზარი იმპერია, ევროპელთა ვარაუდით იმ საუკეთესო ძალას წარმოადგენდა, რომლის ოსამლეთისათვის დაპირისპირება შეიძლებოდა. გარდა ამისა საყოველთაოდ ცნობილი იყო თემურის დიდი ინტერესი სხვა ქვეყნებთან სავაჭრო კავშირების დამყარებისა და სავაჭრო-საქარავნო გზების დაუფლებისადმი. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ლაშქრობები ოქროს ურდოს, ამიერკავკასიისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. იმისათვის რათა სავაჭრო ურთიერთობა მხოლოდ მისი იმპერიის ტერიტორიაზე გამავალი გზებით განხორციელებულიყო და კონკურენტები ჩამოეცილებინა, თემური მთლიანად სპობდა იმ მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრებს, რომლებზედაც ხელი მიუწვდებოდა. მისი ასეთი მოქმედების თავალსაჩინო მაგალითია ოქროს ურდოს უმნიშვნელოვანესი ქალაქის სარაი ბერქეს მიწასთან გასწორება1. თემურის მიერ 1400 წელს ბაღდადის სავაჭრო გზის დანგრევით განსაკუთრებით დაწინაურდა სამხრეთ სომხეთის გზა, რამაც გააძლიერა თავრიზის როლი საერთაშორისო ვაჭრობაში2.
1 Якубовский А. Ю., Феодализм на Востоке. Столица Золотой Орды, Сарай Берке, Л., 1932, с. 3.
2 Манандян Я. А., Ук. Труд., с. 308.
იმისათვის რათა საბოლოოდ მოესპო ჩრდილოეთის სავაჭრო გზა და ამით ოქროს ურდო დაესუსტებინა, როგორც ჯოსაფატ ბარბარო და ამბროჯო კონ ტარინი გადმოგვცემენ, თემურმა ისე გაანადგურა აღნიშნულ გზაზე არსებული ქალაქი ასტრახანი, რომ მას XV ს. 70-იანი წლების შუახანებისათ ვის ადრინდელი ბრწყინვალების ნიშანიც კი აღარ ჰქონდა1.
როგორც ითქვა, ჩრდილოეთის გზამ თავის დროზე დიდი როლო ითამაშა ევროპასა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ვაჭრობის საქმეში. მაგრამ თემურის ლაშქრობების შემდეგ მან მნიშვნელობა იმდენად დაკარგა, რომ ევროპელთათვის უფრო ხელსაყრელი იყო სპარსეთის გზებით ესარგებლათ. ჩრდილოეთის გზის გადაკეტვამ, თავისთავად გაზარდა ამიერკავკასიის სამხრეთით გამავალი სავაჭრო-სატრანზიტო გზის მნიშვნელობა2.
ამგვარად, თემურლენგის მიზანი აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზების დაუფლება იყო. ამის განხორციელება კი ოსმალეთ თან შეტაკებისა და მის განადგურების გარეშე მიუწვდომელი იქნებოდა. ეს ორი მტაცებელი XV ს. დამდეგისათვის ერთმანეთის მეზობლობაში აღმოჩნდნენ. თემური დასავლეთისაკენ, ბაიაზიდი კი აღმოსავლეთისკენ მიიწევდა. ოსმალები თურქმანთა ინტერესებს შავ ზღვაზე გამავალი გზებზე გაბატონებითაც ლახავდნენ.
თემურლენგის ბრძოლა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი გზების დასაპყრობად მხედველობიდან არ გამორჩათ ევროპის პოლიტიკურ მესვეურებს, უფრო მეტიც, იმ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიებსაც ოსმალთა საფრთხე ემუქრებოდა, მაშინვე შეაფასეს თემურის ძალა, როგორც ოსმალეთის განადგურების საშუალება.
როდესაც ცხადი გახდა, რომ ოსმალეთსა და თემურის სახელმწიფოს შორის შეჯახება გარდაუვალი იყო, გენუელებმა კავშირი დაამყარეს თურქმანებთან. ოსმალებისაგან განადგურების წინაშე მდგომმა ბიზანტიელებმაც გენუელებს მიბაძეს. ბერძნებმა და გენუელებმა თემურს აცნობეს, რომ ოსმალებთან ომის შემთხვევაში მას დაეხმარებოდნენ. სახელდობრ, ისინი ჰპირდებოდნენ, რომ მოკლე ხანში შეაიარაღებდნენ რამდენიმე გალერას და ბალკანეთში მყოფ ოსმალებს სულთნის დასახმარებლად მცირე აზიაში გადასვლის საშუალებას არ მისცემდნენ.
1. Ramusio G. B., Seconda volume della Navigationi et Viaggi…, Venezia, 1559, p. 98 r, 121r.
2. კაციტაძე დ., საქართველო XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენო ვანი წყაროების მიხედვით) თბ., 1968 , გვ. 116.
დაიწყო ომი. თემურლენგის ლაშქარმა 1402 წლის 20 ივლისს ანგორას თან ოსმალების ლაშქარი გაანადგურა და სულთანი ბაიაზიდ II-ც დაატყვევა. ამ ბრძოლის მოწმენი გახდნენ კასტილიის მეფის ელჩები1. რუი გონსალეს დე კლავიხოს2 მიხედვით, ბიზანტიელებმა და გენუელებმა დაპირება არ შეას რულეს და არამცთუ ბოსფორი და დარდანელი არ გადაკეტეს, არამედ დამარცხებულსა და დევნილ ოსმალებს მიემხრნენ და ისინი საბერძნეთში გადაიყვანეს. შემდეგ, როგორც კლავიხო დასძენს, მათი ასეთი მოქმედებისათ ვის თემურის რისხვა მის სამფლობელოებში მცხოვრებ ქრისტიანებს დაატყდათ3.
1. Clavijo – Historia del gran Tamorlan e Itinerario y enarracion del viage e relation de la Embajada que Ruy Gonzalez de Clavijo le hizo, per Mandado del Rey Don Henriquez terceiro de Castilla, Sevilla, 1582 , p. 4.
2. კლავიხო (დაბადების წელი უცნობია, გარდაიცვალა 1412 წელს), კასტილიელი დიდებული, თავისი დროისათვის კარგად განათლებული იყო. კასტილიის მეფე ენრიკე III-მ (1390-1407) ელჩად გააგზავნა თემურ-ლენგთან სამარყანდში. ეს მოგზაურობა გაგრძელდა თითქმის სამი წელი. იგი მთელი მოგზაურობის დროს წერდა დღიურებს. მისი ჩანაწერები შეიცავს ძვირფას ცნობებს, რომლებიც მოკლებულა შუა საუკუნეების მოგზაურთა თხზულებებისათვის დამახასითებელ ფანტასტიკურობას, რაც მათ მეტ დამაჯერებლობას მატებს. კლავიხოსა და მისი „დღიურების“ შესახებ დაწვრ. იხ. რუი გონსალეს დე კლავიხოს ცნობები საქართველოს შესახებ. ესპანურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თბ., 1992, გვ. 34.
3. Clavijo, p. 94
ანგორასთან გამარჯვების შემდეგ თემურლენგმა ევროპის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარება სცადა. მან სულთანიის ეპისკოპოსი იოანე გალიფანტელი ევროპაში გაგზავნა, რომელმაც ყველა ძლიერი მმართველი მოინახულა და თემურის სახელმწიფოსთან ვაჭრობის სარგებლიანობაში მათი დარწმუნება სცადა. ამ მოლაპარაკებების შესახებ მცირე რამაა ცნობილი1.
მოლაპარაკებებმა და ურთიერთობის გაგრძელებამ აზრი დაკარგა თემურლენგის გარდაცვალებისთანავე. მისი იმპერია დაიშალა. თერმურისაგან განადგურებული ოსმალეთი მალე წელში გაიმართა და ევროპის სახელმწიფოებს კვლავ პრობლემები შეუქმნა. 1429 წელს ქ. ლუცკში, ლიტვის დიდი სამთავროს ტერიტორიაზე, შედგა ევროპის სახელმწიფოთა მეთაურების ყრილობა. მას ესწრებოდნენ: ლიტვის მთავარი ვიტოვტი, პოლონეთის მეფე იაგაილო, გერმანიის იმპერატორი სიგიზმუნდი, რომელიც იმავე დროს უნგრეთის მეფეც იყო, დანიის მეფე ერიკ VII, პრუსიისა და ლივონიის მაგისტრები, ყირიმის ხანი, პაპის ლეგატი და ბიზანტიის იმპერატორის იოანე VIII პალეოლოგის წარმომადგენელები. ყრილობამ სერიოზულ შედეგს ვერ მიაღწია, რადგან მონაწილეებს შორის ინტერესთა სხვადასხვაობა იყო.
დიდი ხნის დამთავრებული არ იყო ლუცკის ყრილობა, რომ მთელი ევროპა შეაძრწუნა ოსმალების ახალმა წარმატებებმა დუნაისპირეთსა და ეგეოსის ზღვაში. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოსმალების მიერ სალონიკის აღებამ, როდესაც სალონიკის ბერძნულმა მოსახლეობამ კათოლიკე ლათინების (ვენეციელების) ხელში ყოფნას ოსმალები არჩია2. ვენეციელები იძულებული გახდნენ სალონიკის დაკარგვა სულთანთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულებით ეცნოთ3.
აღმოსავლეთის მართლმადიდებლურსა და დასავლეთის რომის კათოლიკურ ეკლესიებს შორის განხეთქილებამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, რომ იგი გადამწყვეტ დაბრკოლებად გადაიქცა ოსმალეთის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების გზაზე. იმდროინდელი ევროპის მეთაურებს ორი ეკლესიის გართიანების გარეშე, არსებული საშიშროების აღმოფხვრა შეუძლებლად მიაჩნდათ.
1. Хенниг Р., Неведомые земли. Перевод с немецкого А. В. Лисовской, предисловие и редак ция И. П. Магидовича, т. III, М., 1962 , с. 403-404.
2. Zinkeisen J. W., GeSchichte des osmanischen Reichs in Europa, I, Hamburg, 1840, S. 568-569.
3. Krumbacher K., Geschichte der byzantinische Literatur von Justinian bis zum Ende des ostro mische Reiches (527-1453), München, 1897, S. 301.
საქმეს ვერც ფლორენციის უნიამ (1439 წ.) უშველა, რადგან იგი ორი ეკლესიის თანასწორუფლებიან გართიანებას კი არ გულისხმობდა, არამედ მთელი მართლმადიდებლური ეკლესიის პაპისადმი დამორჩილებას. ამის წინააღმდეგ გა მოდიოდნენ მართლმადიდებლური ქვეყნების მოსახლეობის ფართო ფენები, რომლებიც კათოლიკურ ეკლესიისადმი დამორჩილებაში ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვას ხედავდნენ. უნიამ ორ ეკლესიას შორის არსებული წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაამწვავა. კრების დასარულს, როდესაც პაპმა და იმპერატორმა განიზრახეს კრების მონაწილე ებისათვის თავიანთ სასურველ დოკუმენტზე ძალით მოეწერინებინათ ხელი, დელეგატთა ერთი ჯგუფი გაიპარა. მათ შორის იყვნენ საქართველოს წარმომადგენლებიც.1
1442 წელს პაპმა ევგენი IV-მ (1431-1447) ყველა სახელმწიფოს მეთაურს ენციკლიკა გაუგზვნა და ოსმალეთის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. პაპის მოწოდებას სიამოვნებით გამოეხმაურნენ ბურგუნდიელი, გერმანელი, ჩეხი, უნგრელი და პოლონელი რაინდები. ბიზანტიის იმპერატორმა უარი სთქვა ჯვაროსნების დახმარებაზე. მონაწილეობა არ მიიღეს, აგრეთვე, ფრანგმა და ინგლისელმა რაინდებმა, რომლებიც ჩაბმულნი იყვნენ გადამწყვეტ ფაზაში შესულ ასწლიან ომში. ჯვაროსნული ლაშქრობა მოეწყო, მაგრამ მასაც იგივე ბედი ეწია, რაც მის წინამორბედებს.
სხვადასხვა ქვეყნებისაგან, განსაკუთრებით კი რომიდან და ვენეციიდან დახმარების მიღების იმედით, 1444 წ. გაზაფხულზე პოლონეთისა და უნგრეთის ლაშქარმა პოლონეთ-უნგრეთის მეფის ვლადისლავ III და უნგრეთის ვოევოდა იანოშ ჰუნიადის მეთაურობით დაიწყო ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1444 წ. 10 ნოემბერს ბულგარეთში ვარნასთან. პოლონელ-უნგრელთა ლაშქარმა სასტიკი მარცხი განიცადა. ეს იყო მარცხი არა მხოლოდ ბრძოლის ველზე დამარცხებულთა, არამედ მთელი ევროპისაც. ამ დროიდან იწყება ოსმალეთის ძლევამოსილი წინსვლა, რაც ბიზანტიის იმპერიის მოსპობითა და ევროპისა და მცირე აზიის ხალხების დამონებით დამთავრდა.
1. კასრაძე ტ., რომის პროპაგანდა და კათოლიკური მისიები საქართველოში, თბ., 1947, გვ. 79; ჟუჟუნაძე ო. XV საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის. „ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან“, I, თბ., 1970, გვ. 21.
საქართველოს საგარეო ურთიერთობანი XV ს. პირველ ნახევარში
XIV ს. 80-იანი წლებიდან იწყება საქართველოს განსაკუთრებით ტრაგიკული პერიოდი. თემურლენგმა მრავალი ქვეყანა გაანადგურა. უბედურებამ საქართველოსაც უწია. 1386-1403 წლებში თემურის ურდოებმა მრავალგზის დალაშქრეს საქართველო, რასაც თან ახლდა არნახული სისასტიკე და აოხრება. თემურლენგის შემოსევებმა წარუშლელი კვალი დააჩნია საქართველოს შემდგომ პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას: ეკონომიკა მოიშალა, მოსახლეობა შემცირდა, ქვეყანა პოლიტიკურად დასუსტდა. მაგრამ თემურმა მაინც ვერ შესძლო ქართველი ხალხის დამორჩილება. ისინი მრისხანე დამპყრობლისადმი ქედის მოხრას კი არ ფიქრობდნენ, არამედ ყოველ ხელსაყრელ ვითარებას იყენებდნენ, რათა აღედგინათ საკმაოდ შელახული საერთაშორისო პოზიციები და ამ მიზნით აქტიურ საგარეო პოლიტიკასაც კი ატარებდნენ. ქართველთა ასეთ მოქმედებაზე მეტყველებს თუნდაც ჩვენს ისტორიოგრაფიაში კარგად ცნობილი ალინჯის მაგალითი, რომლის შესახებ დამატებითი ორიდე საყურადღებო ცნობა დაგვიტოვა გერმანელმა ჰანს შილტბერგერმა1.
1. ჰანს შილტბერგერი დაიბადა 1380 წელს ბავარიაში, ფრაიზინგის მახლობლად. 1394 წლიდან იყო რაინდ რაიხარტინგენის საჭურველთმტვირთველი. 1396 ნიკოპოლთან ბრძოლაში ტყვედ ჩაუვარდა ოსმალებს. ის სულთნის მონად აქციეს. თემურის ტყვეობაში აღმოჩნდა მის მიერ ანგორასთან ოსმალების დამარცხების (1402 წ. 20 ივლისი) შემდეგ. თემურის სიკვდილის შემდეგ თემურიდების სამსახურში იყო. სამეგრელოში ყოფნის დროს იგი სხვა ოთხ ქრისტიანთან ერთად გაიქცა და ბათუმის მიდამოებიდან ფრანგების გემს გაჰყვა. საბოლოოდ, 1427 წელს, დიდი თავ გადასავლების შემდეგ, ის სამშობლოში დაბრუნდა. შილტბერგერმა თავისი თავგადასავალი აღწერა „მოგზაურობის წიგნში“. დაწვრ. იხ. მამისთვალიშვილი ე., საქართველო ჰანს შილტბერგერის „მოგზაურობის წიგნში“. „მაცნე“ ისტორიის სერია, #2, თბ., 1980, გვ. 103-119.
შილტბერგერი მოგვითხრობს თემურლენგის მიერ ბაბილონის (ბაღდადი) აღებას და მისი მოსახლეობისადმი ჩვეული სიმკაცრით მოპყრობის ამბავს და განგრძობს: თემური „შემდეგ წავიდა ერთი ციხის [დასაპყრობად], რომელიც წყალში იდგა. დააშრო წყალი და [ფსკერზე] იპოვა ტყვიის სამი სკივრი, რომლებიც სავსე იყო ოქროთი. ის სკივრები მეფემ დაამალვინა, რათა თუ ციხე იქნებოდა აღებული, ოქრო გადარჩენილიყო1. ამოიღო თემურმა სკივრები, შემდეგ აიღო ციხე, [სადაც] 15 დამცველი იყო და ბრძანა მათი ჩამოხრჩობა. ციხეშიც იპოვა კიდევ ორი სკივრი, რომლებიც სავსე იყო ვერცხლითა და ოქროთი. ისინიც თან წაიღო“2.
შილტბერგერმა ალინჯის დასახასიათებლად ყველაზე მნიშვნელოვნად (მაშინ, როცა ირანის სხვა ადგილებს კლიმატის, ნაყოფიერების, ხელოსნობისა და სხვა ნიშნების მიხედვით ახასიათებს) მიიჩნია ის დიდი წინააღმდეგობა, რაც მას თემურ ლენგისათვის გაუწევია 16 წლის განმავლობაში3.
ალინჯის შესახებ ცნობები, განსაკუთრებით თუ ისინი XIV ს. დასარულსა და XV ს. დასაწყისის ამბებს ეხება, საინტერესოა იმდენად, რამდენაც ამ ციხესთან დაკავშირებულია აღნიშნული პერიოდში ქართველთა მამაცობის ერთ-ერთი საყურადღებო მომენტი. თემურლენგის მიერ ალინჯის ციხის აღება და აურაცხელი განძის ხელში ჩაგდება, 1401 წლის ამბავს უნდა ასახავდეს, რომლის მხილველი შილტბერგერი არ ყოფილა, მაგრამ მას შემდეგ რაც იგი 1402 წელს, თემურის ტყვეობაში მოხ ვდა, საშუალება ექნებოდა, აღნიშნული ცნობები უშუალოდ ციხის დამპყრობელებისაგან მოეპოვებინა.
1. ალინჯა რომ საიმედო თავშესაფარი და განძის შესანახი ადგილი იყო, ამის შესახებ შილტბერგერის მიერ გადმოცემული ამბავი ძალიან გადაჭარბებული არ უნდა იყოს. ამ ციხეში აურაცხელი სიმდიდრე სხვა დროსაც ყოფილა დაცული. Сборник материалов относящихся к ис то рии Золотой Орды. Извлечения из персидских сщчинений собранные В. Г. Тизенгаузеном и обра ботан ное А. А. Ромаскевичем и С. А. Волиным, II, М.-Л., 1941, с. 94.
2. შილტბერგერი, გვ. 106-107.
3. Langmantel V., Hans Schiltbergers Reisubuch nach der nürberger Handschrift, Tübingen, 1885, s. 69.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ცნობა, სადაც ალინჯის ციხის დამცველების მიერ მტრისათვის 16 წლის განმავლობაში გაწეულ წინააღმდეგო ბაზეა გადმოცემული. როდესაც კომენტარს უკეთებდა შილტბერგერის ამ ცნობას ფ. ბრუნი მას საეჭვოდ მიიჩნევდა. ფ. ბრუნს ეჭვის გამოთქმის საფუძველს აძლევდა პირველ რიგში ის, რომ არავითარი საბუთი არ მოიპოვებოდა, რომელშიც რაიმე იქნებოდა ნათქვამი ალყის ასეთი ხანგრძლივობის შესახებ. და მეორეც, იგი ეყრდნობოდა სხვა ავტორების და მათ შორის მ. ბროსეს წიგნში არსებულ ცნო ბებსაც. მ. ბროსეს ნაშრომში ნათქვამია, რომ 1393 წელს ქართველებმა ტახირი გაათავისუფლეს ალინჯის ციხიდან. აქედან გამომდინარე ფ. ბრუნმა ივარაუდა: შეიძლება იმათ, ვისგანაც შილტბერგერმა ეს ამბავი გაიგო, დრო გააორკეცეს და თექვსმეტ წელიწადს იმიტომ ამბობსო1.
ასეთი მოსაზრება სწორი არ არის, რადგან მ. ბროსეს ნათქვამიდან, სხვა აზრის გამოტანა უფრო შეიძლება. აი რას ამბობს მ. ბროსე: „ტახირმა, ბაღდადის მფლობელის აჰმედის შვილმა, ჰულაღუ-ყაენის შთამომავალმა, რომელიც განდევნეს თავისი დედაქალაქიდამ 1393 წ., თავი შეაფარა ალინჯაყის ციხეში, სადაც ის დიდხანს ვერ შეიპყრა თემურმა. ივერიელებმა ამით ისარგებლეს და წავიდნენ ტახირის შესაწევნელად, დაამარცხეს თათრები და აიძულეს ისინი ციხეს შემო ცლოდნენ, ხოლო ტახირი თან წამოიყვანეს“2.
ამონარიდიდან ჩანს, რომ თემური ალინჯას არც 1393 წელს ფლობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ტახირისათვის თავშესაფრად არ გამოდგებოდა, გა მოდის, რომ ის ტახირს ადრევე ეკუთვნოდა. ყურადღება უნდა მიექცეს იმ ადგილ საც, სადაც მ. ბროსე ამბობს: ტახირმა „1393 წ. თავი შეაფარა ალინჯაყის ციხეში, სადაც ის დიდხანს ვერ შეიპყრა თემურმა“. ამგვარად, გამოდის, რომ არც ერთ შემთხვევაში არ რჩება წელთა ის რაოდენობა, რომლის გაორკეცება 16 წელს მოგვცემდა.
1 Путешествие Ивана Шильтбергера по Европе, Aзии и Африке с 1394 года по 1427 года. Перевод с немецкого и снабдил примечаниями Ф. Брун. «Записки Императорского Новороссииского университета», год первый, т. 1, Одесса, 1867, с. 50.
2 ბროსე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. I, თბ., 1895, გვ. 222.
დავუბრუნდეთ თემურის მიერ ალინჯის ალყის შემორტყმისა და მეციხოვნეთაგან გაწეული წინააღმდეგობის ამბავს. ალინჯა თემურს დიდი ხნის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა. მან დაიპყრო აზერბაიჯანის დიდი ნაწილი და მიადგა ალინჯას. როცა პირდაპირი იერიშით ვერ აიღო, ალყაშემორტყმული დატოვა1. კლავიხო ასე გადმოგვცემს ამ ეპიზოდს: „როცა თამურბეკმა სპარსეთის სულთანზე, რომელსაც ამადს უწოდებდნენ, გაიმარჯვა და მისი მიწები დაიპყრო, ის (აჰმედ ჯალაირი – ე.მ.) ამ ციხე ალინჯაში დაიმალა. თამურბეკს იგი და მისი ხალხი სამ წელს ჰყავდა ალ ყაში, შემდეგ ის ბაბილონის სულთანთან გაიქცა, სადაც დღესაც იმყოფება“2.
კლავიხოს ცნობას, თემურმა ციხე რომ ვერ აიღო, ადასტურებს სპარსელი ისტორიკოსი შარაფ ად-დინ ალი იეზდი3. მ. მინორსკის თქმით: „სხვადასხვა ურიცხვ ციხეებს შორის, რომლებიც თემურმა აიღო, არც ერთს არ გაუწევია ისეთი წინააღმდეგობა, როგორც ალინჯამ. იგი ზოგიერთი შუალედით წინააღმდეგობას უწევდა 14 წლის განმავლობაში“4.
1 История Азербайджана, I. С древнейщих времен до присоединения Азербайджана к России, Баку, 1953, с. 199.
2 Clavijo, p. 103.
3 შარაფ ად-დინის მიხედვით, თემურის ლაშქარს პირველი შეტევისას ალინჯის ციხის გარეთ არსებული სიმაგრეები აუღია, დამცველები კი ციტადელში გამაგრებულან. იხ. Minorsky M. V., Transcaucasica. Livre de lecture sur l’histoire de la Gèorgie et du proche-orient, Thbilissi, p. 1963, p. 41.
4 იქვე.
ი. ჰამერი შარაფ-ად-დინის ცნობებზე დაყრდნობით, აღნიშნავდა, რომ ალინჯის განთქმული ციხე თემურამდე (1386 წ.) ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ აიღო. თემურმა მხოლოდ მეოცე დღეს შეძლო შეუპოვარი დამცველების წინააღმდეგობის გატეხა და დამცველნი ხელშეკრულნი ციხის კედლებიდან ხრამში გადაყარეს1. ამასვე ამბობს მარი ბროსეც ოღონდ მასთან ალინჯის აღების წელია 13872.
თუ ზემოთ მოხმობილ ცნობებს გავიზიარებთ, მაშინ გასაგებია, რომ თემურმა აზერბაიჯანში პირველად შეჭრისას 1386 წელს ნახჭევანის მიდამოებში ჯელაიერების უძლიერესი ციხე-სიმაგრე ალინჯა აიღო. სავარაუდოა, თემურმა, ჯერჯერობით უცნობ ვითარებაში, ეს ციხე ისევ დაკარგა და ძველი მფლობელი ჯელაიერები დაეპატრონენენ. იმისათვის, რათა გაირკვეს როდის დაკარგა თემურმა ალინჯა, ჯერ მ. ბროსეს მოვუსმინოთ: „1712 წ. ბერძნული, ხოლო 1400 წ. ქრისტეს დაბადებიდან, თემური მივიდა თავრიზში და ბაღდადის სულთნის, აჰმედის შვილის, სულთან თაჰერის ციხე-სიმაგრე, ალინჯა დაიპყრო, რომელიც (თაჰერი – ე.მ.) ძალიან მამაცი იყო და რომელსაც ნათესაობის მიზეზით ქართველები უჭერდნენ მხარს. იგი 15 წელიწადს დარჩა ამ ციხე-სიმაგრეში. ბოლოს იძულებული გახდა გამოსულიყო იქიდან და იბერებთან გაიქცა“3. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ თაჰერი საქართველოსთან მატრიმონიალურად დაკავშირებული ყოფილა4, თუმცა ცნობილი არ არის, ეს კავშირი როდის, რა ვითარებაში და რომელი ქართველი დიდებულის ოჯახთან დამყარდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებსა და ჯალაირებს შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა არსებობდა.
სხვადასხვა ავტორები ალინჯის დამცველების მიერ თემურისათვის გაწეულ წინააღმდეგობას სხვადასხვა ხანგრძლივობით (18, 15, 14 წელი) განსაზღვრავენ, მაგრამ ამჯერად ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ თე მურმა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო ციხის აღება და მის ამ წარუმატებლობაში ქართველების ხელიც ერია.
1 Hammer J., Geschichte des Osmanischen Reiches, I, 1300-1520, Pest, 1834, S. 219.
2 აღმოსავლელი ავტორების გავლენით, მ. ბროსე 1387 წელს მიიჩნევს თემურის მიერ აზერბაიჯანის დაპყრობის დროდ, რაც სინამდვილეში 1386 წელს მოხდა. Brosset M., Histoire de la Gèorgie, de pius l’antiquité jusqu’ au XIXe siècle. I parte, II livrasion, St.-Peterbourg, 1850, p. 666, Sen. 3.
3 Brosset M., Op. cit., p. 667-668, Sen. 3.
4 Minorsky, Op. cit., p. 43.
თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ ვითარებასაც, რაც ოქროს ურ დოს ყაენის, თოხთამიშის ირანის აზერბაიჯანში შეჭრის შედეგად შეიქმნა1, მა შინ სავსე ბით დასაშვებად მიმაჩნია, ვივარაუდო, რომ ალინჯის მფლობელთან საქართველოს მეფე ბაგრატ V-ის (1360-1493) ურთიერთობა უფრო ინტენსიური იყო თემურის მიერ ჯალაირების პირველად (1385 წ.) დამარცხების შემდეგ. ხოლო როდესაც თემურის აზერბაიჯანში მეორედ შეჭრის შემდეგ მისი აგრესიის საშიშ როება ქართველებისა და ჯალაიერებისათვის ცხადი შეიქმნა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი შეთანხმდნენ ერთიანი ძალით მოეხდი ნათ ამ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტის (იგი საქართველოსაკენ მომავალ საქარავნო გზაზე მდებარეობდა) - ალინჯის დაცვა.
თემურლენგს ალინჯა პირდაპირი იერიშით რომ ვერ აუღია, ლაშქრის ნაწილი მის მოალყედ დაუტოვია, ხოლო დანარჩენი სომხეთისა და საქართ ველოსკენ დაუძრავს2. როგორც ცნობილია, თემური საქართველოში პირველად 1386 წელს შემოიჭრა. მაშასადამე, ალინჯის ალყაში მოქცევაც ამავე წელს უნდა მომხდარიყო, რასაც მ. ბროსეს მიერ მითითებული 15 წელი მართლაც ემთხვევა (1401-1386=15).
1 იხ. ივ ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, III, თბ., 1966, გვ. 281, 409.
2 История Азербаджана, I, с. 284, 287-289.
სპარსული წყაროების მიხედვით, თემურლენგმა ალინჯის ციხეს მრავალ რიცხოვანი მოალყეები დაუყენა. ალყა მრავალი წელი გაგრძელდა. ვფიქრობ, ცხადია, რომ ქართველები ალინჯასთან უფრო დიდი ხნის წინათ დაკავშირებულნი იყვნენ, ვიდრე დღეისათვის ცნობილია.
როდესაც ბატონიშვილმა მირანშაჰმა ალინჯის ციხეს მაღალი კედელი შემოავლო და ციხეში ვეღარც ვერავინ შედიოდა და ვერც გამოდიოდა, გიორგი მეფემ განიზრახა ბატონიშვილი თაჰერი ციხიდან გამოეყვანა და მეციხოვნეები სურსათ-სანოვაგით მოემარაგებინა1.
ამ საკმაოდ რთული ამოცანის გადასაწყვეტად მეფე გიორგიმ მთელი საქართველოს სამხედრო ძალის მობილიზება მოახდინა და ჩრდილო კავკასიიდან მთიელებიც გადმოიყვანა2. მეფე გიორგის ჯარმა იმარჯვა და ალინჯის ციხიდან თაჰერი გამოიყვანა, მეციხოვნეებს სურსათი და იარაღი დაუტოვა, გარნიზონი გააძლიერა და მისი მეთაურობა სამ ქართველ აზნაურს ჩააბარა, არეზისპირეთი მოარბია და დიდი ნადავლითა და თაჰერით დაბრუნდა.
სარწმუნოდ მეჩვენება დ. ნინიძის მოსაზრება, რომ ქართველების ეს გამარჯვება 1396 წელს მოხდა, რის აღსანიშნავად ამავე წელს მოიჭრა გიორგი მეფისა და აჰმად ჯალაიერის სახელზე მონეტა3. „ჯალაიერებთან მოკავშირეობას, ერთი შეხედვით, საქართველოსათვის თითქოს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ გიორგი მეფე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და მომავალზე ფიქრობდა. მომავალში კი თაჰერი საუკეთესო კანდიდატი იქნებოდა ჯალაირთა სამეფო ტაზტზე, რომლის მოკავშირეობა ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევდა საქართველოს თემურის მემკვიდრეებთან ომში“4. სხვათაშორის ალინჯის ძლიერ შეჭირვებულმა დამცველებმა კიდევ სთხოვეს გიორგი მეფეს დახმარება. მას თხოვნის დაკმაყოფილება განუზრახავს კიდეც, მაგრამ თემურის ჯარი საქართველოს მოადგა და, რა თქმა უნდა, განზრახვაზე ხელი აიღო. ალინჯა დაეცა 1401 წელს.
თემურის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს საგარეო ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ცნობა რუი გონსალეს დე კლავიხომ დაგვიტოვა. იგი თავის დღიურებში საქართველოსა და მის მეფეს პირველად მაშინ ახსენებს, როდესაც მოგვითხრობს მდ. არაქსზე მდებარე დიდი ქალაქის კალმარინის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, ეს უნდა იყოს ქალაქი სურმარი5.
1 ტაბატაძე კ., ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, თბ., 1974, გვ. 99.
2 ქართლის ცხოვრება IV, გვ. 270.
3 ქართული დიპლომატია, II, თბ., 1998, გვ. 531.
4 ტაბატაძე კ., დასახ. ნაშრ., გვ. 101.
5 Рюи Гонзалес де Клавихо. Дневник путешествия ко двору Тимура в Самарканд в 1403-1406 гг. Подлинный текст с переводом и примечанями, составленный под редакцией И. И. Срезневского, СПб., 1881, с. 399; Путешествие Ивана Шильтбергера, с. 48.
ამ ქალაქის მიდამოების აღწერის შემდეგ კლავიხო მოგვითხრობს, რომ ეს ქალაქი მის მისვლამდე რვა წლით ადრე ოქროს ურდოს ყაენს თოხთამიშს აუღია. კლავიხოს ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან გაუგია, რომ თოხთამიშმა ბრძოლით ქალაქს ვერ სძლია, მაგრამ მოსახლეობამ მას მაინც შესთვაზა წლიური ხარკის გადახდა. თოხთამიში ამ წინადადებით თითქოს კმაყოფილი დარჩა და დამატებით ქალაქის დამცველი ჯარის ნახევარი მოითხოვა, რათა საქართველოში მეფე სორსოს (Reysorso) წინააღმდეგ გაელაშქრა1.
თოხთამიშს საქართველოს დალაშქვრა, შეიძლება, მართლაც განზრახული ჰქონდა, მაგრამ თუ ამის განხორციელებაში მას რაიმემ ხელი შეუშალა, ეს თემურლენგის მის წინააღმდეგ წამოსვლა და დადევნება უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილია, თოხთამიში თემურლენგთან შეჯახების შიშით უკან, ულუსში გაბრუნდა2. მაგრამ, სინამდვილეში, საქმე გვაქვს სულ სხვა ვითარებას თან. ეხებოდა რა თოხთამიშის ირანის აზერბაიჯანში 1385 წლის ლაშქრობას, ივ. ჯავახიშვილის აზრით, ოქროს ურდოს მბრძანებელი კავკასიონის გადმო სასვლელებს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე ვერ გადმო ლახავდა და, მაშასადამე, საქართველო და ოქროს ურდო მოკავშირეები იქნებოდნენ. თემურლენგის კავკასიაში შემოჭრის უმთავრესი მიზეზი გადმო სასვლელების ჩაკეტვა უნდა ყოფილიყო3. სავსებით სწორია ივ. ჯავახიშვილის ნათქვამი, ჩემი მხრივ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ საქართველოსა და ოქროს ურდოს კავშირი თემურლენგის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდებოდა, რაზეც ქვემოთ ითქმევა.
1 რუი გონსალეს დე კლავიხო, გვ. 34. ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებული სახელების დამახინჯება გამომცემლის მიერ ხელნაწერის მცდარად ამოკითხვის შედეგია. ამიტომ ვხედავთ ქართველთა მეფის, საქართ ველოს და ქართველების სახელთა შემდეგ ფორმებს: გიორგი VII - სორსო-სოროსო-სორდო-გორგო, საქართველო - ჯურგანია-გურგანია, ქართვეელები _ გრიეგანოს.
2 Греков Б., Якубовский А., Золотая Орда и ее падение, М.-Л., 1950, с. 333.
3 ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 409-410. ი. სრეზნევსკის სამართლიანი შენიშვნით კლლავიხოს მიერ გადმოცემული ამბავი რვა წლის წინათ კი არა, 18 წლის წინათ, ე.ი. 1386 წელს მოხდა (Рюи Гонзалес де Клавихо, c. 413). ამ წელს თოხთამიში პირველად შეიჭრა აზერბაიჯანსა და სომხეთში.
როდესაც კლავიხო, ყარაბღის ველზე დაბანაკებული ომარ მირზას ლაშქარში მომხდარ არეულობაზე მოგვითხრობს, რაც ერთ-ერთი დიდებულის ომარ მირზაზე თავდასხმის მცდელობას გამოუწვევია, ამბობს: „... ურდოში ხმა გავარდა, ამბობდნენ, ედიგეი (hedigui) და თათრეთის იმპერატორი (emperador de tartalia) და მეფე გიორგი (Rey Soroso) თავს დაგვესხნენო“1. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თურქმანებში, გიორგი VII ცნობილი იყო, როგორც ედიგეის2 მოკავშირე.
თუ საქართველო-ოქროს ურდოს მოკავშირეობას გავიზიარებთ, მაშინ თოხთამიშის მუქარა საქართველოს მიმართ ქალაქის დამცველთა მოსატყუებელ ფანდად უნდა მივიჩნიოთ. თოხთამიშის მიერ კალმარუნის ალყა, როგორც კლავიხო გადმოგვცემს, ადგილობრივი მოსახლეობისაგან გაგონილი ჰქონდა და ამიტომ ძნელია დადგენა, რას გულისხმობდა იგი, როცა ამბობდა - ეს ამბავი რვა წლის წი ნათ მოხდაო. კლავიხო კალმარინს 1404 წლის 29 მაისს მიადგა. მის მიერ მოთხრობილი ამბავი თუ 8 წლის წინათ მოხდა, მაშინ 1396 წელი უნდა ყოფილიყო. შესაძლებელია, მას თოხთამიშის 1394 წელს აზერბაიჯანში მეორე ლაშქრობა ჰქონდა მხედველობაში. მართალია, არც ეს წელი ემთხვევა ზუსტად მის ნავარაუდევ წელს, მაგრამ შე დარებით ახლოს კი არის. ეს მეორე ლაშქრობა რომ ჰქონდა მხედველობაში, კლავიხო ამიტომ უნდა ასახელებდეს საქართველოს მეფედ გიორგი VII-ს (1393-1407).
1 რუი გონსალეს დე კლავიხო, გვ. 35.
2 ედიგეი, თეთრბატკნიანთა ამირა, პირველ ხანებში თემურს თოხთამიშის წინააღმდეგ ეხმარებოდა. თოხთამიშის განადგურების შემდეგ (1391 წ.) თემურს უღალატა. 1397 წლიდან ოქროს ურდოს მბრძანებელი გახდა და თემურის დაუძინებელ მტრად გადაიქცა. Греков Б., Якубовский А., Золотая Орда и ее падение, с. 333.
როდესაც კლავიხო სხვა ადგილას თხრობას იწყებს საქართველოს მეფის მიერ მოწყობილი ლაშქრობის შესახებ, ზედმეტადაც კი მიიჩნია მეფის სახელის (Sorso) ხსენება, რადგან იგი მკითხველისათვის უკვე ნაცნობად მიიჩნია და აღნიშნა: „ამ დროს წამოვიდა საქართველოს (Rey de gurgania) ის მეფე, რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ“1. როგორც ის შემდეგ ამბობს, მუსლიმანებში დიდი შიში და დაბნეულობა განსაკუთრებით იმას გამოუწვევია, რომ ქრისტიანებს მაჰმადიანებზე გაუმარჯვიათ. კლავიხო იქვე იძლევა იმის განმარტებას, თუ რად უწოდებენ მუსლიმანები ქრისტიანებს ურჯულოებს (cafars) და რა იგულისხმება ამ სახელწოდებაში. იმ დროისათვის, როგორც ცნობილია, არც ამიერკავკასიაში და არც მის მეზობლად სხვა ქრისტიანი მეფე, რომელსაც Sorso ანუ გიორგი ერქვა და თანაც ქრისტიანი იყო, სხვა არავინ იყო, თუ არა მეფე გიორგი VII.
კლავიხომ თავის მოგზაურობა დღიურების სახით აღწერა. უნდა აღინიშნოს, რომ დღიურები ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანია ესპანეთიდან სამარყან დისაკენ მოგზაურობის პერიოდში, ხოლო უკან, სამარყანდიდან ესპანეთში დაბრუნებისას, მათში გადმოცემულია მხოლოდ ის მნიშვნელოვანი ამბები, რაც იმ დროისათვის მოხდა.
1 რუი გონსალეს დე კლავიხო, გვ. 36.
კლავიხოსა და მის თანამგზავრებს თემურლენგის გარდაცვალების ამბავმა აზერბაიჯანში მიუსწრო. ამ ცნობამ დიდი მღელვარება გამოიწვია, რის გამო კასტილიელებს, თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ, 6 თვე და 3 კვირა (1405 წლის 1 თებერვლიდან 22 აგვისტომდე) თავრიზში დარჩენა მოუხდათ. კლავიხოს თავრიზულ ჩანაწერებში არის საქართველოს მეფე გიორგი VII-ის შესახებ ერთი საყურადღებო ცნობა, რომელიც ნათელს ჰფენს ამ დაუღალავი და შეუპოვარი მეფის მოღვაწეობის ერთ ეპიზოდს კლავიხო მოგვითხრობს, რომ „საქართველოს მეფე (Rey de gurgania), რომლის შესახებ უკვე მოისმინეთ, შეიჭრა ყარსისა (avenique) და არზრუმის (azeron) მიწებზე, რომლებიც დიდ სომხეთშია (armenia la mayor), მივიდა თავრიზამდე, გაძარცვა და გადაწვა მრავალი სოფელი და დასახლებული პუნქტი. ისეთი დიდი შიში გამოიწვია, რომ თავრიზელი მუსლიმანები (მოროს) ფიქრობდნენ, რომ ბატონი [ომარ მირზა] მოვიდოდა, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. სამაგიეროდ თავის ცნობილ ძველ რაინდს, რომელსაც ომარ თობანი (homar toban) ერქვა, უბრძანა ხუთი ათასი მხედრით წასულიყო და საქართ ველოს მეფე ამ მხარის საზღვრებიდან განედევნა. მასთან შეერთება უბრძანა თავრიზისა და სხვა მხარეების ერთგულ ჯარებს. სულ შეიკრიბა დაახლოებით, თხუთმეტი ათასი მხედარი. მათ დიდი სისწრაფით გაიარეს ეს ქალაქი თავრიზი და გაჩერდნენ ალა-თაღის (alacao) ველთან, რომელიც დიდ სომხეთშია. მეფე გიორგიმ (soroso), გაიგო რა ამის შესახებ, მოვიდა ხუთი ათასი მხედრით, ერთ ღამეს თავს დაესხა მათ, დაამარცხა, მრავალი მათგანი ამოწყვიტა და იმათ, ვინც გადარჩნენ, თავი შეაფარეს თავრიზს“1.
კლავიხოს დღიურები საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ქართველი მეფის მიერ თავრიზის მიდამოების დალაშქვრა მოხდა 1405 წლის 19 მაისიდან 11 ივლისამდე პერიოდში2. საქართველოს მხედრობის მიერ მსგავსი სამხედრო ოპ ერაციის შესახებ არც ერთი ქართული ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ კლავიხოს მონათხრობს ერთგვარად ეხმაურება XV საუკუნის სპარსულენოვანი ისტორიკოსი მირხონდი (1433-1498), რომელიც გვამცნობს: „მოვიდა ცნობა, რომ ქართველებმა სიმამაცის ფეხი საზღვარს გადმოაბიჯეს, თავს დაესხნენ განჯასა და ნახჭევანს და ხალხის ქონება და სისხლი ხელყვეს. ბასთან ჯაგირმა, არდებილის გამოჩენილმა მბრძანებელმა და მოხელეებმა აჯანყების გამო სასწრაფოდ შეაფარეს თავი შირვანის შეიხ იბრაჰიმ ვალისთან... ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულანგურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ...3. ქართველების ლაშქარმა ომარ თობანი და მისი ამირები დაამარცხა და მარანდამდე სდია“4.
1. რუი გონსალეს დე კლავიხო, გვ. 36-37.
2. 19 მაისს ომარ მირზამ კასტილიელებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ბოდიშს იხდიდა მისივე ბრძანებით თავრიზის ხელისუფალთა მიერ ელჩობისათვის ქონების ჩამორთმევის გამო. Clavijo, p. 234; ხოლო 11 ივლისს ომარ მირზამ თავისი ძმის, აბუბექრის ციხიდან გაქცევის ამბავი გაიგო.
3. მირხონდი, თარიხე როუბათ ას-საფა, VI, თეირანი, 1923, გვ. 511. იხ. აგრეთვე, რ. კიკნაძე, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების საბრძოლო თანამეგობრობის ისტორიიდან. თსუ შრომები, 108, 1964, გვ. 378-379.
4. მირხონდი, VI, გვ. 513.
რ. კიკნაძის აზრით, მირხონდის მიერ აღწერილი ამბავი 1405 წლის ზაფხულში მოხდა1. ამგვარად კლავიხოს და მირხონდის ცნობა დროის მიხედვით ერთ მანეთს ემთხვევა (კლავიხოსთან 1405 წ. 19 მაისიდან 11 ივლი სამდე, მირხონდთან 1405 წ. ზაფხული), მაგრამ მგონია, მირხონდის ცნობის კიდევ უფრო დაზუსტება შეიძლება. თუ ამ ორი ავტორის მონათხრობს ჩავუკვირდებით, ნათელი გახდება, რომ ლაპარაკია ორ სხვადასხვა ლაშქრობაზე, რომლებიც გიორგი VII-მ თემურის სიკვდილის შემდეგ მოაწყო. ამის თქმის საფუძველს პირველ რიგში გვაძლევს აღწერილი ლაშქრობების სხვადასხვა მიმართულება; რაც შეეხება ომარ თობანს, რომელსაც ორივე ავტორი მთავარ სარდლად ასახელებს, შეიძლება ითქვას შემდეგი: ომარ თობანი თემურის მომხრეთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფში იყო, რომელმაც ხელი შეუწყო მის აღზევებას. იგი თემურს ემსახურებოდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში და მისი თანამებრძოლიც იყო. იგი უშუალოდ მონაწილეობდა თემურის სხვადასხვა ლაშქრობაში, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მის შთამომავალთა სამსახურში დარჩა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გიორგი VII-ის წინააღმდეგ გაგზავნილი ლაშქრის მეთაურად, თუნდაც ორჯერ, ომარ თობანი ყოფილიყო. არც ის არის გასაკვირი და სრულიად დასაშვებია, რომ ორივე წყაროში ნათქვამია მის დამარცხებაზე.
1. კიკნაძე რ., დასახ. ნაშრ., გვ. 378.
ყურადღება უნდა მიექცეს კიდევ ერთ, თუმცა ნაკლებმნიშვნელოვან გარემოებას, მაგრამ მაინც: კლავიხო ჯარის სარდლად მხოლოდ ომარ თობანს ასახელებს, მირხონდი კი ამბობს: ომარ მირზამ „ომარ თობანი, ბარლას თუქალი და სხვა მხედართმთავრები“ გაგზავნაო. დასახელებულ მეთაურებს, რომ კლავიხოს მიერ აღწერილ ლაშქრობაში მონაწილეობა ერთად მიეღოთ, მაშინ ისიც ორივეს დაასახელებდა, რადგან იგი მირხონდზე ნაკლებად კი არა, შეიძლება უკეთაც იც ნობდა მაშინდელი ირანის პოლიტიკურ და სამხედრო მდგომარეობას, თუნდაც იმიტომ, რომ კლავიხო უშუალო დამკვირვებელი იყო, მირხონდი კი წინამორბედთა ცნობებს ემყარებოდა.
ჩემი აზრით, ხსენებულ ორ ცნობაში ორ სხვადასხვა დროს მოწყობილ ლაშქრობას თუ ვიგულისხმებთ, მაშინ პირველ მომხდარ ფაქტად კლავიხოს მონათხრობი უნდა ჩაითვალოს. ცნობა ქართველების ლაშქრობის შესახებ კლავიხოს ჩართული აქვს ომარ მირზას მამისა და ძმის წინააღმდეგ ბრძოლისა და ინტრიგების შესახებ საკმაოდ დეტალურ მოთხრობაში. უპირატესობა კლავიხოს ცნობას იმიტომ უნდა მიენიჭოს, რომ იგი თავის დღიურებში არ ახსენებს აჰმად ჯალაირსა და ყარაიუსუფს, რომლებიც ერთად მოქმედებდნენ. კლავიხო, რომელიც მისი დროის ირანში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკური ამბებისა და მათში მოქმედი მთავარი მოქმედი პირების შესახებ შესაშურ ცოდნას ამჟღავნებს, არ შეიძლებოდა მხედველობიდან გამორჩენოდა აჰმად ჯელაირისა და ყარა-იუსუფის საქმიანობა. ამიტომ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ კასტილიელის თავრიზში ყოფნისას ისინი ასპარეზზე ჯერ არ ჩანდნენ. სომეხი ისტორიკოსი თომა მეწობელი აღნიშნავს, რომ ყარა-იუსუფი სომხეთსა და აზერბაიჯანში 1395 წლიდან 1406 წლამდე არ გამოჩენილაო1.
1 Фомa Мецопский, История Тимура-Ленга и его преемников, Баку, 1957, с. 64. l. მელიქსეთ-ბეგს თომა მეწოფელის თხზულების ქართულ თარგმანში ეს ადგილი გამოტოვებული აქვს. თომა მეწოფელი. თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები პროფ. ლ. მელიქსეთ-ბეგისა, თბ., 1937.
ამ საინტერესო საკითხის გარკვევაში დაგვეხმარება მირხონდი, რომელიც ქართველთა ლაშქრობას, აჰმედ ჯელაირის ეგვიპტიდან წამოსვლას და მის მიერ ბაღდადის აღებას ერთდროულად გადმოგვცემს. იგი წერს: „ცნობა მოვიდა, რომ სულთანი აჰმედი მისრეთიდან (ეგვიპტე) დაბრუნდა და ბაღდადი დაიპყრო... ომარ მირზამ ბრძანა, რომ ომარ თობანი, ბარკას თუქალი და სხვა მხედართმთავრები მაღზულანგურჯად წოდებული ადგილის დასაცავად წასულიყვნენ. ამირ სუნჯაკი კი ურიცხვი ჯარის ერთი ნაწილით ბაღდადში გაგზავნა, რათა ის ვილაიეთი სულთნისათვის წაერთმია“1.
ზემოთქმულს თუ გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ მირხონდის მიერ აღწერილი ეპიზოდი - ქართველების ლაშქრობა და ყარა-იუსუფისა და აჰმედ ჯელაირის მიერ ბაღდადის აღება - მოხდა 1406 წლის ივნისში, კლავიხო, რომელიც 1406 წლის მარტში უკვე კასტილიაში იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, თავის დღიურებში ვეღარ შეიტანდა ისეთ რამეს, რომელიც აზერბაიჯანსა და სომხეთში მისი კასტილიაში დაბრუნების შემდეგ მოხდა. ვფიქრობ, ახლა უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ კლავიხო და მირხონდი მეფე გიორგი VII-ის მიერ თურქმანების წინააღმდეგ მოწყობილ ორ სხვადასხვა ლაშქრობაზე გადმოგვცემენ ან მირხონდმა ერთმანეთში აურია სხვადასხვა დროს მომხდარი ამბები.
რადგან კლავიხოს გადმოცემა სხვა წერილობითი წყაროებით არ დასტურდება, ამიტომ ი. სრეზნევსკი გიორგი VII-ის მეთაურობით მოწყობილ ლაშქრობას საეჭვოდ მიიჩნევდა და ვარაუდს გამოსთქვამდა, კლავიხომ გიორგის ხომ არ მიაწერა თურქმენ ყარა-იუსუფის ნამოქმედარიო2. როგორც დავრწმუნდებით, ი. სრეზნევსკის მიერ გამოთქმული ეჭვი ნაჩქარევი იყო. რას ეყრდნობოდა იგი, როცა ამბობდა, რომ ასეთ ლაშქრობა ყარა-იუსუფმა მოაწყოო? ყარა-იუსუფი ცნობილია, როგორც თემურლენგის ერთ-ერთი შეუპოვარი მოწინააღმდეგე. იგი იყო შავბატკნიანთა (ყარა-ყოინლუ) გაერთიანებული ტომების ამირა, წარმოშობით ბაჰარლუს ტომიდან. მან, აჰმედ ჯელაიართან ერთად, თე მურისაგან დევნილმა, ჯერ ოსმალეთის სულთან ბაიაზიდ I-ს შეაფარა თავი3, ხოლო თემურის მიერ ბაიაზიდის დამარცხების შემდეგ, ეგვიპტეში გაიქცა.
1 მირხონდი, გვ. 511.
2 Рюи Гонзалес де Клавихо, c. 411.
3 საყურადღებოა, რომ ფარსადან გორგიჯანიძე თავის „ისტორიაში“ თემურსა და ბაი აზიდს შორის ომის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად ამ უკანასკნელის მიერ აჰმედის შეფარებასა და მისი თემურისათვის გადაუცემლობას ასახელებს. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, „საისტორიო მოამბე“, ნაკვ. II, 1925, გვ. 303-304.
თემურის მოთხოვნით, ეგვიპტის სულთანმა ფარაჯმა იგი შეიპყრო, რამდენიმე ხანს ტყვეობაში ჰყავდა და თემურისათვის გადაცემას აპირებდა კიდეც, მაგრამ თე მურის სიკვდილმა იხსნა. სულთანმა ყარა-იუსუფი გაათავისუფლა და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა. ყარა-იუსუფმა შეაგროვა ათასი მხედარი და აზერბაიჯანისაკენ წავიდა1.
თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წლის 18 თებერვალს ქ. ოტრარაში, ხოლო ზემოაღნიშნული ლაშქრობა უნდა მომხდარიყო 1405 წლის 19 მაისსა და 11 ივლისს შორის. ამ დროისათვის კი ყარა-იუსუფი კლავიხოს მიერ დასახელებულ ადგილამდე ვერ მივიდოდა, ჯერ ერთი, იმიტომ რომ ცნობა თემურლენგის სიკვდილის შესახებ შუა აზიიდან ეგვიპტემდე დაიგვიანებდა და, მეორეც, ყარა-იუსუფისათვის საჭირო იქნებოდა გარკვეული დრო ჯარის შესაკრებად. მაშინ ყოველივე ამის გაკეთება დროის მცირე მონაკვეთში პრაქტიკულად შეუძლებელი იყო2.
ი. პეტრუშევკის მიხედვით, სირიიდან წამოსულმა „აჰმედმა და ყარა-იუსუფმა 1406 წლის ივნისში აიღეს ბაღდადი და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიძრნენ სამხრეთ აზერბაიჯანისაკენ. 1406 წლის ივლისის დასასრულს ორივე მოკავშირე თავრიზს მიუახლოვდა“3.
ამგვარად ქართველთა ლაშქრობა შედგა 1405 წლის ზაფხულში, ხოლო აჰმედ ჯალაირისა და ყარა-იუსუფისა კი 1406 წლის ზაფხულში.
1 Enzyklopaedie des Islam, II, Leipzig, 1927, S. 793.
2 Петрушевский И. П., Государство Aзербайджана в XV веке. «Сборник статей по истории Азербайджана», вып. I, Баку, 1949, с. 156.
3 Тамже, с. 157.
ცნობილია, როგორ შეუპოვარ ბრძოლას აწარმოებდა ქართველი ხალხი გიორგი VII-ის მეთაურობით დამპყრობთა წინააღმდეგ ჯერ კიდევ თემურლენგის სიცოცხლეში.
1403 წელს მეფე გიორგისა და თემურლენგს შორის დადებული ზავით, საქართველო თურქმანების ვასალურ მდგომარეობაში რჩებოდა. ზავის დადების შემდეგ თემურს საქართველო აღარ დაულაშქრავს, იგი ჩინეთის დასაპყრობად წავიდა. გიორგი მეფეს საშუალება მიეცა ქვეყანაში მშვიდობა დაემყარებინა, ძალები მოეკრიბა და თვალყური ედევნებინა ამიერკავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისათვის. როგორც ჩანს მეფე გიორგიმ ვი თარება ხელსაყრელად ჩათვალა და ქვეყნის მტრისაგნ გაწმენდას და ერთიანობის აღდგენას შეუდგა.
თემურის სიკვდილის შემდეგ იმპერიაში დაწყებულ გამათავისუფლებელ მოძრაობას მის მემკვიდრეებს შორის პირველობისათვის ბრძოლა დაერთო, რამაც გიორგი მეფეს აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალება მისცა. მან გაითვალისწინა აზერბაიჯანში დაწყებული სახალხო მოძრაობის მნიშვნელობა საქართველოსათვის და მაშინვე, 1405 დასაწყისში, მოძრაობის მეთაურს შირვანშაჰ იბრაჰიმს1 დაუკავშირდა. ქართველმა მეფემ იბრაჰიმთან კავშირი იმითიც განამტკიცა, რომ მას გადასცა ცოტა ხნის წინ დაპყრობილი განჯა და ნახჭევანი2.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ გიორგი მეფეს სწორად შეუფასებია ომარ თობანის მორჩილებაში არსებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარება. ომარ მირზამ ყარაბაღში გაიგო თავისი პაპის სიკვდილი. მან განიზრახა დაწყებული არეულობით ესარგებლა და თავისი მამის - მირან-შაჰის და უფროსი ძმის - აბუბექრის დევნა დაიწყო. მან ძმა დაატყვევა და სულთანიის საპყრობილეში ჩააგდო, მამა კი ვერ მოიხელთა3. მირან-შაჰის თავისუფლება ომარის მდგომარეობას არყევდა. ამით იყო გამოწვეული, რომ მან მონაწილეობა არ მიიღო მის სამფლობელოებში შეჭრილი ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში. იმის ფიქრიც შეიძლება, რომ იგი ქართველთა თავდასხმას შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე საკუთარი მამის დატყვევებას.
1 Петрушевский И. П., Ук. труд, с. 154; Али – заде, Социально-экономическая и политическая ис тория Азербайджана XIII-XIV вв., Баку, 1965, с. 394.
2 კიკნაძე რ., დასახ. ნაშრ., გვ. 379.
3 Clavijo, p. 232-233.
აღწერილი ვითარება საშუალებას აძლევდა მეფე გიორგის მცირე ჯარით შეჭრილიყო განდგომილი ივანე ათაბაგის სამფლობელოში, დაემორჩილებინა იგი და ლაშქრობა გაეგრძელებინა მეზობელ ტერიტორიებზე, მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის საქართველოს არც სამხრეთით მოსაზღვრე ოლქებში და არც თვრიზის მიდამოებში თურქმანებს სერიოზული სამხედრო ძალა არ ჰყავდათ.
მაინც, ლაშქრობის მთავარი მიზანი საათაბაგოს შემომტკიცება უნდა ყო ფილიყო და აი რატომ: მესხეთის მფლობელი ივანე ათაბაგი მეფე გიორგის გადაუდგა 1402 წელს და კონსტანტინე ბატონიშვილთან, მეფის ძმასთან, ერთად თემურლენგს მიემხრო1. თემურის საქართველოში ბოლო ლაშქრობის დროს ისინი მტრის მხარეს იყვნენ2. საქართველოს სამხრეთი საზღვრისა და ქვეყნის გულისაკენ მიმავალი გზის დაცვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეფის შემდგომი მოქმედებისათვის. გიორგის შემდგომ მოქმედებად შეიძლება ჩაითვალოს ყარსისა და ნახჭევანის აღება, რასაც მირხონდი გადმოგვცემს.
გიორგი VII-ის საქართველოს პოლიტიკური გაძლიერებისათვის ბრძოლის მიუხედავად, თემურის ლაშქრობებმა ქვეყანას ისეთი დაღი დაასვა, რომ მისი გამოსწორება შეუძლებელი იყო. საქართველოს სახელმწიფოს სამფლობელოები ტერიტორიულად შემცირდა. ოდესღაც მეგობრული თუ ყმადნაფიცი მეზობლების ადგილას საქართველოსადმი მტრულად განწყობილი თემურიდები გაბატონდნენ.
თემურიდების განდევნიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ საქართველოს ახალი მტერი გამოუჩნდა ყარა-ყოიუნლუს (შავბატკნინთა) თურქმანების სახით. მათთან ბრძოლაში დაიღუპნენ მეფეები - გიორგი VII (1407 წ.) და კონსტანტინე (1412 წ.).
1 ჯავახიშვილი ივ., დასავ. ნაშრ., გვ. 419.
2 კაციტაძე დ., `ისკანდერის ანონიმის“ ცნობები საქართველოს შესახებ. თსუ შრომები, 116, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, თბ., 1966, გვ. 383; ნინიძე დ., საქართველოს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია XIV საუკუნის ბოლოს და XV საუკუნის დამდეგს. ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I, თბ., 1998, გვ. 538-541.
Комментариев нет:
Отправить комментарий