ანრი პიერ ლეონ ფარამონ ბლანშარი
კავკასიის მეფისნაცვალი ალექსანდრე ბარიატინსკი (1856/7-1862)
(საქმიანი ტურიზმი)
ავტორის შესახებ: ანრი პიერ ლეონ ფარამონ ბლანშარი (1805-1873) – ფრანგი მხატვარი, ლითოგრაფი, მწერალი და ილუსტრატორი, 1819 წელს იგი ჩაირიცხა პარიზის სახვითი ხელოვნების სკოლაში, ცნობილი ფერმწერის, ანტიუან-ჟან გროსა და გრავიორის, შარლ-აბრაამ შასელეს, სახელოსნოში. 1856 წელს იგი მხატვრად მიიწვიეს იმპერატორ ალექსანდრე II-ს კორონაციაზე და შემდეგ მან იმპერატორის ოჯახთან ერთად იმოგზაურა ვოლგაზე. ამ მოგზაურობის დროს აკვარელით დახატული სურათები მან იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნას მიართვა.
მოგზაურობის მიზანი: კავკასიაში ბლანშარი ახლად დანიშნული მეფისნაცვლის, ალექსანდრე ბარიატინსკის, მიწვევით და მასთან ერთად ჩავიდა.
სრული მარშრუტი: მოსკოვი, ნიჟნი-ნოვგოროდი, ასტრახანი, პეტროვსკი (დღეს მაჰაჩყალა), თემირ-ხან-შურა, დერბენდი, ყუბა, ბაქო, შამახა, ნუხა, კახი, ზაქათალა, ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, წინანდალი, თბილისი, მცხეთა, დუშეთი, ანანური, კაიშაური, დარიალის ხეობა, ყაზბეგი-ვლადიკავკაზი.
მარშრუტი საქართველოში: ლაგოდეხი, ყვარელი, თელავი, წინანდალი, თბილისი, მცხეთა, დუშეთი, ანანური, კაიშაური, დარიალის ხეობა, ყაზბეგი. მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში მოცემულია ცნობები თავად ბარიატინსკისთან ერთად ბლანშარის მგზავრობა პეტროვსკიდან (მახაჩკალა) თბილისამდე, ბარიატინსკის მეფისნაცვლად დანიშვნის გამო ადგილობრივი მოსახლეობის კმაყოფილება, მისი საგანგებო მიღება და მის საპატივცემულოდ გამართული ოვაციები და ზეიმები თბილისამდე სავალ გზაზე. აღწერილია მისი ესკორტის სამოსი და იარაღი, ბარიატინსკის შესვლა თბილისში, ქალაქის მოსახლეობის, მოხელეებისა და ამქრების მიერ მისი დახვედარა, მის საპატივცემულოდ გამართული მიღებები. თელავი დახასიათებულია როგორც „იტალიური იერსახის მქონე თვალწარმტაცი“ ქალაქი, აღნიშნულია რომ წინანდალზე შამილის (1854 წლის 4 ივლისი) თავდასხმა, სასახლის გაძარცვას და ტყვედ „უბედური პრინცესების“ – ორბელიანისა და ჭავჭავაძის გატაცება. ქართველები დასახელებული არიან მამაც ხალხად, რომელიც სამუდამო პატივისცემას იმსახურებდა ამდენი საუკუნის განმავლობაში რწმენისა და ეროვნების შენარჩუნების გამო. ფრანგი მხარტვის სხვა ცნობები ეხება თბილისიდან რუსეთისკენ გამგზავრებას. მოცემულია ცნობები პოდოროჟნაიას – ოფიციალური დოკუმენტის შესახებ, რომლითაც რუსეთში XV-XIX საუკუნეებში სარგებლობდნენ საფოსტო სადგურებში სახაზინო ცხენების მისაღებად. მოგზაური მას „შესანიშნავი სეზამ გაიღეს“ უწოდებს და განმარტავს მის უპირატესობას, აღნიშნავს, რომ მეფისმაცვლის მიერ გაცემული ამ დოკუმენტის მეშვეობით მან ძალიან სწრაფად – რვა დღიში და ხუთ საათში გაიარა „ტიფლისსა და ნევის ნაპირებს შორისი მდებარე 2700 ვერსი“. თხზულებაში ავტორი აღწერს მის მიერ გავლილი ადგილების ბუნებას, აღწერს დუშეთს, ანანურს, ფასანაურს და გზად ნანახ ისტორიულ ძეგლებს.
სხვა ავტორთაგან განსხვავებით, ბლანსარი ბლანშარი თბილისის იერსახეს არ აღწერს, მაგრამ ქალაქში ბარიატინსკის შესვლას „ჭეშმარიტად ტრიუმფალურს“ და ევროპული და აღმოსავლური ზარ-ზეიმის ნარევს უწოდებს. აღწერს ქალაქის ქუჩებში შეკრებილი სხვადასხვა ეროვნების მოსახლეობის და რუსული ჯარის სამოსს, განსაკუთრებულ ყურადღებას, სხვა მოგზაურთა მსგავსად, ქართველი ქალის თავის მორთულობის აღწერას უთმობს.
ბლანშარი აღწერს ბარიატინსკის პატივსაცემად თავადაზნაურობის მიერ გამართულ მეჯლისს გიმნაზიის შენობაში და ვაჭრების მიერ გამართულ მიღებას, „მდიდარი სომხის, არცრუნის“ სახლში, სადაც იგი აღფრთოვანებული იყო იქ ნანახი აღმოსავლური ფუფუნებით, გავწვდის ცნობას იქ მიწვეული ცნობილი მომღერლის, სათარას შესახებ და აღწერს საკრავ ინსრუმენტებს.
საინტერესოა ბლანშარის ცნობა ბარიატინსკის მიერ წმინდა გიორგის დღესასწაულზე სასახლის ბაღში ამ ორდენის მქონე ყველა რაინდის, დაახლოებით შვიდასი კაცის – გენერლების, ოფიცრებისა და ჯარისკაცების მიწვევა, სადაც გამასპინძლება და მომსახურება ყველასთვის ერთნაირი იყო, ყოველგვარი განსხვავების გარეშე.
ბლანშარი არ გვაწვდის ცნობებს თბილისის იერსახის შესახებ, მაგრამ აღწერს თბილისში აღდგომის დღესაწაულს, რომლის დროსაც „ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთში“, ყველას ან ხელში ეჭირა ან ჯიბეში ედო წითელი კვერცხები. აღნიშნავს, რომ აღდგომის დღესასწაულზე აღმოსავლეთის ეკლესიისთვის დამახასიათებელი იყო ერთმანეთის გადახვევა და გადაკოცნა, რიტუალური ფრაზა კი იყო „ქრისტე აღსდგა“, რომელსაც ერთმანეთს მისალმების ნაცვლად ეუბნებოდნენ. თბილისის ცხოვრებიდან იგი აღნიშნავს სომეხთა პატრიარქის, ნერსესის გარდაცვალებას.
საინტერესოა მისი ცნობა აღდგომაზე თბილისში ჩამოსული თუშებისა და ხევსურების დელეგაციის შესახებ, რომლებმაც ნამესნიკს პეტიცია წარუდგინეს ერთ-ერთი თავიანთი ბელადის შესაცვლელად, ბლანშარის კომენტარით რამდენიმე წლის წინ ეს საკითხიდამნაშავის მოკვლით გადაწყდებოდა და ამ მხარეებში ადამიანებისა და სამართლის პატივისცემა რუსეთის სასიკეთო გავლენის შედეგი იყო. დაწვრილებით აღწერს მათ სამოსს, იარაღს და მათ მიერ შესრულებულ სამხედრო ცეკვას.
საინტერესოა მისი ცნობა იმის შესახებ, რომ დუშეთში, საკომუნიკაციო ნაწილის ოფიცრის ოჯახში მას გაუმასპინძლდნენ ქარავნის ჩაითა და „პატარა ნამცხვრებით, რომლებიც ვენის საცხობებსაც კი გაუწევდა კონკურენციას“. ფასანაურში კი, „ველური ბუნების შუაგულში“, ბლანშარმა კომუნიკაციების პოლკოვნთან პარიზული სასადილოს მსგავს, დელიკატესებით ელეგანტურად გაწყობილ მაგიდასთან ისადილა, შემდეგ კი მუსიკა მოისმინა, რომელსაც სანკტ-პეტერბურგსა და პარიზშიც აღტაცებით დაუკრავდნენ ტაშს. მისი კომენტარით, კავკასია კონტრასტების ქვეყანა იყო.
ტრეზელის, ფრეიგანგისა და ბელანჟეს მსგავსად, ბლანშარი ყაზბეგსი ესტუმრა ყაზბეგების ოჯახს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ოჯახი მუდმივად ცხოვრონდა მამაპაპისეულ ადგილზე.
ფარამონ ბლანშარი ის ერთადერთი ავტორია, რომელმაც საქართველოში გამოგზავნილ მეფისნაცვალთან ერთად იმგზავრა და ეს ასახა თავის ნახატებში – „თავად ბარიატინსკის შესვლა თბილისში“ და „ლეზგინკა“.
***
ტრიუმფალური შესვლა ტიფლისში. – აღდგომის დღესასწაული. – კოცნა. – თუშების საბრძოლო ცეკვა.
1857 წლის 18-30 აპრილი. ტიფლისში ხუთნახევარი თვე გავატარე და გამგზავრების წინ იმასაც ვიტყვი, აქ როგორ ჩამოვედი.
თავადმა ალექსანდრე ბარიატინსკიმ1 დამპატიჟა, რათა მასთან ერთად ჩავსულიყავი კავკასიაში, სადაც მას ნამესნიკის – იმპერატორის მოადგილის თანამდებობა უნდა დაეკავებინა. მას ნიჟნი-ნოვგოროდში დავხვდი და მისი სტუმართმოყვარეობის წყალობით აღმოვჩნდი „ასტარასზე“, საიმპერატორო ფლოტის ორთქლის გემზე, რომელიც ასტრახანიდან ჩამოვიდა ნამესნიკის ვოლგის შესართავამდე მისაყვანად; აქედან უკვე ერთად გავემგზავრეთ საიმპერატორო ფლოტის ორი სხვა გემით; კასპიის ზღვით ხანმოკლე და მშვიდი მგზავრობის შემდეგ პეტროვსკში2 ჩავედით, სადაც კავკასიის მიწაზე პირველად დავდგი ფეხი.
ამ დღიდან მოყოლებული განუწყვეტლივ ერთმანეთს ენაცვლებოდა ზეიმები. თავადის დანიშვნას ყველა მოწონებით შეხვდა და ყველა თავის მოვალეობად მიიჩნევდა ამ ამბის გამო კმაყოფილების გამოხატვას; მას ელოდნენ და შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს მოლოდინი საფუძვლიანი აღმოჩნდა. თავადმა თავისი სამხედრო სამსახური კავკასიაში დაიწყო და იქვე მოიპოვა ყველა წოდებაც; მისთვის არც ადამიანები და არც გარემო – არაფერი არ იყო უცხო ამ ქვეყანაში, რომლის სამართავად მას ისეთი ფართო უფლებამოსილება ჰქონდა, როგორიც მანამდე არც ერთ ნამესნიკს არ ჰქონია. მიღება, რომლიც მას გაუმართეს, მომავალი წარმატების საწინდარი, ამ მხარეების სრული დამორჩილება, იყო, რომლის მეომარი მოსახლეობა რუსეთის სამხედრო ძალას ორმოცდაათი წლის განმავლობაში უწევდა წინააღმდეგობას3.
კორონაიზე4 ასვლისას, საიდანაც დაღესტნის ქედის ის ნაწილი ჩანს, რომელიც კვლავ შამილის ხელშია, ბრწყინვალედ დაიწყო იმ ოვაციების გრძელი წყება, რომელსაც თავადი ტიფლისამდე უნდა გაეცილებინა. მეტად სანახაობრივი დღესასწაულები თემირ-ხან-შურაში, დერბენდში, ყუბაში, ბაქოში და შამახაში გაიმართა. მთელი მგზავრობის განმავლობაში ყოველ საღამოს დიდებულ ესკორტად მოგვყვებოდა გრძელ ჯოხებზე დამაგრებული ნავთის ჩირაღდნებით შეიარაღებული ასიოდე ცხენოსანი. თავბრუდამხვევი სისწრაფით მოძრავი ამ გრძელი მსვლელობისას, უცნაურ კოსტიუმებში ჩაცმული ცხენოსნებისა და ბნელ ღამეში გზაზე ცეცხლით მოფენილი კაშკაშა მეტეორიტების მსგავსი უზარმაზარი ჩირაღდნების დანახვაზე, იფიქრებდი, რომ შუა საუკუნეების ბალადა გაცოცხლდა და რაინდებს ცეცხლის გრიგალი იტაცებდა.
შამახას შემდეგ მგზავრობა მტრულ მხარეს, მუდამ წინა ხაზზე უნდა გაგვეგრძელებინა და თავი ლეკების თავდასხმისაგანაც უნდა დაგვეცვა. ზარბაზნებისა და ქველი მებრძოლების დაცვის ქვეშ მყოფ თავადს თითქოსდა ტყეში აღმოცენებული ქალაქის – ნუხას, კახის, ზაქათალას, ლაგოდეხისა თუ უღრან ტყეში მდებარე ციხესიმაგრეების მესვეურები ორგინალობითა და მგზნებარებით სავსე სამხედრო ზეიმებს უწყობდნენ. ყვარელში, სადაც საქართველო იწყება, ორასმა თავადმა ნამესნიკის გაცილების პატივი ითხოვა. ბრწყინვალე და მდიდრულ სამოსში გამოწყობილმა, უძვირესი იარაღით აღჭურვილმა და ყაბარდოულ ცხენებზე5 ამხედრებულმა ამ ესკადრონმა იტალიური იერსახის მქონე თვალწარმტაც ქალაქამდე, თელავამდე, გაგვაცილა. გზად წინანდალი, მშვიდობიანი რეზიდენცია გავიარეთ, რომელიც ძალადობისა და სისხლისღვრის მოწმე იყო: მცველების მოტყუებით, შამილი შუაღამისას დაეცა სასახლეს, გაძარცვა და ტყვედ წაიყვანა უბედური პრინცესები – ორბელიანი და ჭავჭავაძე6.
ესკორტი, რომელიც აქამდე ჩვენს უსაფრთხოებას იცავდა, თელავიდან გასვლის შემდეგ უკვე საპატიო ესკორტად იქცა. საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, მოსახლეობა მამაცი და მშვიდია; ისინი სამუდამო პატივისცემას იმსახურებენ ამდენი საუკუნის განმავლობაში რწმენისა და ეროვნების შენარჩუნებისათვის; გარშემორტყმულთ მუსლიმური სახელმწიფოებით, რომელთაც მრავალგზის უცდიათ ამ ლამაზი ქვეყნის დაპყრობა, ის ფერფლითაც დაუფარავთ და სისხლითაც მოურწყავთ, მაგრამ მათი დამორჩილება ვერასოდეს შესძლებიათ.
მუხროვანი ის ბოლო ადგილია, სადაც გავჩერდით; მეორე დღეს თავად ბარიატინსკის ტიფლისში ჭეშმარიტად ტრიუმფალური შესვლა ელოდა. ეს იყო ევროპული და აღმოსავლური ზარ-ზეიმის ნარევი; რუსული ჯარის ლამაზი, მაგრამ სადა უნიფორმები თავისი სიმკაცრით კონტრასტს ქმნიდა აღმოსავლური კოსტიუმების ბრწყინვალებასთან; მართლაც აღსანიშნავი იყო საყოველთაოდ გამოხატული თავაზიანობა და ის ალბათ მოყირჭებულ მუსლიმურ სულთანათზე 7 უფრო აღმაფრთოვანებელიც კი იქნებოდა, რომ არა შემოდგომის კაშკაშა მზე.
ქალაქის შესასვლელში, უზარმაზარი ბრბოს შუაგულში, რომელსაც ძველი უბნის ვიწრო ქუჩები გაევსო, ყველა ყურადღებით იყო, რომ კაზაკების ცხენების ფლოქვებს არ გადაეთელათ; მე უგუნური ცნობისმოყვარეობით ავიწიე, რაც მსოფლიოში ოდესმე არსებული უძნელესი ამოცანაა და გადმოკიდებულ აივნებს ვუყურებდი; სახლების ბრტყელი სახურავები სავსე იყო ქალებითა და ბავშვებით, იმ ლამაზი ქართველი ქალებით, რომლებიც მხოლოდ სმირნაში და კონსტანტინოპოლში მინახავს ვუალით შებურული და რომლებიც აქ თავიანთი სილამაზის სრული ბრწყინვალებით დავინახე. სად იყვნენ დეკამპი8 და მარილა9, ეს ორი ბრწყინვალე მხატვარი, რომლებმაც აღმოსავლეთი გვაჩვენეს! გარს სხვადასხვა ეროვნების საინტერესო ბრბო გვერტყა. თათრული ფაფახისა10 და ბეშმეთის11 გვერდით, ისეთის, როგორიც მთიულებსა და ხაზის კაზაკებსაც აცვიათ, ერთმანეთში ირეოდა სპარსული წოწოლა ქუდები, შაქრის თავის მაგვარი ქართველებისა და სომხების ფაფახი, რუსი ვაჭრის ნაციონალური კარტუზი და ხიფთანი, კავკასიური ბურკა12 და ალის მიმდევრების გრძელი კაბა; შემდეგ გამოჩნდა ბაქოსკენ მოსალოცად მიმავალი პარსი13, რომელიც ბომბეის მიდამოებისათვის დამახასიათებელი ბრტყელი ჩალმით გამოირჩეოდა; ბრბოს, რომელიც იქ ვეღარ ეტეოდა, ქურთები და თურქებიც შერეოდნენ.
ბაზრის მოედანზე გავლისას დავინახეთ მოკლეფეხიანი აზიური აქლემების თავები აბურძგნული ნიდაოებით14 და ორმაგი კუზებით, რაც უნაგირის მაგივრობას სწევს. რაც შეეხება ქალებს, ისინი უმეტესად ქართველი და სომეხი ქრისტიანები იყვნენ და შესაბამისად სარგებლობდნენ აღმოსავლეთში ასე იშვიათი პრივილეგიით – არ დაეფარათ სახე; ვუყურებდი მათი თავის მომხიბლავ მორთულობას, თავსაკრავს (tassakravi) – ბარონის გვირგვინის მსგავსად წვრილი მარგალიტით მოქარგულ ბრტყელ ლენტს, საიდანაც მუსლინის აბლაბუდასავით მსუბუქი, ოქროთი ან ვერცხლით მოსირმული ვუალი ეცემა ნიკაპამდე და სახეს აჩენს... კაშკაშა ფერის კაბები მთელ სიგრძეზე გახსნილი სახელოებით, საშუალებას იძლევა დაინახო აბრეშუმის შიდა ძვირფასი სამოსი; წელზე შემოჭერილი გრძელი ფრიალა ბოლოებიანი განიერი ლენტი თავსაკრავს ჰგავს; ზოგჯერ წელზე კავკასიელი ოქრომჭედლის ნამუშევარი მოსევადებული ვერცხლის ქამარი უკეთიათ, რომელზეც ჰკიდია პატარა ხანჯალი ან პისტოლეტი – საინტერესოდ ნამუშევარი უსაფრთხო იარაღი; ამასობაში, მათმა მშვენიერმა მფლობელებმა იციან საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა იმ უფრო სასიკვდილო იარაღით, რომელსაც კაცები15 ატარებენ და არასოდეს არ იხსნიან. ზამთარში ქართველ ქალებს ძვირფასი ბეწვით მორთული, მოქანავე სახელოებიანი ალისფერი ხავედრის განიერი ზედა სამოსი აცვიათ, გულზე დიდი ზომის სამი ბრანდერბურით16 დამშვენებული. ეს ქალები ზაფხულში ბამბის თეთრ ქსოვილში ეხვევიან, რომელსაც ჩადრი ეწოდება და მას თავზე მანტილიასავით იმაგრებენ; ის მიწამდე იცემა, შემოჭერილი წელში და ქამრის ნაცვლად იდაყვებით იჭერენ.
ჩვენ თავად გაგარინის17 მიერ ახლახან აღდგენილი უძველესი ტაძარის18 შესასვლელთან ჩამოვქვეითდით; თავადის მიერ კეთილსინდისიერად ჩატარებული სამუშაო წარმატებით დაგვირგვინდა ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენით. როდესაც ნამესნიკის ბედნიერად ჩასვლის გამო ღმერთს მადლობა შევწირეთ, კორტეჟი მთავრობის სასახლისკენ გაემართა, სადაც ოფიციალური პირები თავად ბარიატინსკის ჩამოსვლას ულოცავდნენ; საღამოს შესანიშნავი ვახშამი გაიმართა, რომელსაც კავკასიის მთავარი მოხელეები ესწრებოდნენ.
პირველი კერძის დასრულებამდე ვახშამი სალამურებისა და დაირების ხმამ შეწყვიტა. სხვებთან ერთად მეც ავდექი სუფრიდან და სწრაფად გავემართე სასახლის პირველი სართულის სვეტებიანი გალერეისკენ. იქ განსაკუთრებული სანახაობა მელოდა: მოედანზე უამრავი ხალხი იდგა ხელში ანთებული პატარა სანთლებით. სინათლის გრძელი რიგი ყველა ქუჩიდან უერთდებოდა ხალხის მთავარ მასას. ეს მუსიკითა და შემართული ალმებით ნამესნიკისათვის ბედნიერად ჩამოსვლის მისალოცად მოსული ტიფლისის19 ამქრები იყვნენ. როდესაც ბარიატინსკი გალერეაში გამოჩნდა, ვაშა დასძახეს და იმავე წუთს დამსწრეთაგან რამდენიმე წრეც შეიკრა, გაისმა მეტად ხმამაღალი მუსიკა და ყოველი ამქრის წარმოსადეგმა მოცეკვავეებმა თვითმყოფადი ცეკვა გააჩაღეს, ისეთი, როგორიც უკვე ხშირად მენახა კავკასიაში. რუსები მას ლეზგინკას (lesguinka), ქართველები კი ლეკურს (lékoury) უწოდებენ.
ჩვეულებრივ, წრეში მხოლოდ ერთი მოცეკვავეა, იგი ერთ ადგილზე მოძრაობს, ფეხებს აბაკუნებს და ხან ქუსლებზე, ხან კი თითის წვერებზე ცეკვავს, რაც საკმაოდ ჰგავს ესპანურ ზაპატეადოს20; შემდეგ მოცეკვავე წინ გავარდება და ხელების ისეთი მოძრაობით, რაც ჩვენ ძველ ტელეგრაფებს მაგონებს, სწრაფად შემოუვლის წრეს. ზოგჯერ ამ ბალეტის მონაწილე ერთი კაცი და ერთი ქალია და ამ ცეკვას არც უმაღლესი ფენის წარმომადგენლები თაკილობენ. მე ვნახე როგორ ბრწყინვალედ ცეკვავდნენ თავადი D*** და თავადის ქალები 0***, T***, M***. – ეს კვლავ ის მოძრაობებია, რომლებიც უძველესი დროიდან მოდის: აპოლონი მისდევს დაფნას, მაგრამ კეკლუც დაფნას არ სურს დაფნის ხედ გადაქცევა21. არაფერი არ არის უფრო დახვეწილი, ვიდრე ეს ცეკვა: ახალგაზრდა ქალს თვალები მუდამ დახრილი აქვს და ყველაფერი, მისი კაბის რხევით დამთავრებული, უმწიკვლო და კეთილშობილურია.
რამდენიმე დღის შემდეგ თავადმა ბარიატინსკიმ წმინდა გიორგის დღესასწაულზე სასახლის გრილ ბაღში ამ ორდენის მქონე ყველა რაინდი, დაახლოებით შვიდასი კაცი – გენერლები, ოფიცრები და ჯარისკაცები22 – დაჰპატიჟა. კავკასიაში, სადაც თითქმის ყოველ დღე სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს, ეს ციფრი გასაკვირი არ არის. გამასპინძლება და მომსახურება ყველასთვის ერთნაირი იყო, ყოველგვარი განსხვავების გარეშე, სამხედრო მუსიკამ კი მხიარული აქცენტები შეიტანა და ლეზგინკაც გაჩაღდა. ქურუქ-დარისა და ბაშკადიკლარის23 ომებში გამარჯვებულ მამაც გენერალთან, თავად ბებუთოვთან24, ერთად მაგიდებს შორის ვსეირნობდი, როდესაც გენერალს ჯარისკაცების ერთი ჯგუფი მიუახლოვდა; ბებუთოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისმა ძველმა თანამებრძოლებმა იგი ხელში აიტაცეს, სამჯერ ასწიეს ჰაერში და შემდეგ პატივისცემით დააყენეს. ამგვარად, მე მისი დიდების შარავანდედით შემოსვის მოწმე ვიყავი.
მარხვის დასაწყისში მხცოვან ასაკში ტიფლისში გარდაიცვალა სომეხთა წინამძღოლი და პატივცემული პატრიარქი, ნერსესი25. მე დავესწარი მის ბრწყინვალე დასაფლავებას, რადგან რამდენჯერმე წილად მხვდა პატრიარქის საზოგადოებაში ყოფნის პატივი და დაკრძალვაზე დასწრებით მისდამი ჩემი პატივისცემის გამოხატვა მინდოდა. წირვა ძველ ტიფლისში, მტკვრის მახლობლად აღმართულ ძველ, გამაგრებულ სომხურ ტაძარში ისეთი დიდი ამბით ჩატარდა, როგორიც ამაგვარ ვითარებაშია მიღებული; შემდეგ ღირსი პატრიარქის ნეშტი უკანასკნელ განსასვენებლამდე ერევნის მახლობლად, არარატის მთის ძირში მდებარე ეჩმიაძინის ტაძარში წაასვენეს, რომელიც სომეხი პატრიარქების მუდმივი სამყოფელი, მათი ეპისკოპოსების რეზიდენცია და მათი სამუდამო განსასვენებელია.
ტიფლისში ჩემი ყოფნის მოგონებებს დავუმატებ რამდენიმე დღის შემდეგ თავად ბარიატინსკის საპატივცემულოდ თავადაზნაურობის მიერ გამართულ მეჯლისს და რამდენიმე დღის შემდეგ დუმისა 26 და ვაჭრების მიერ მოწყობილ მიღებას. ეს იყო არაჩვეულებრივი სანახაობა, ევროპული და აზიური კოსტიუმების თავისებური ნაზავი: რუსული უნიფორმები, ქართული და მუსლიმური კოსტიუმები, ევროპული კაბები ძალიან დიდი კრინოლინებით და ტიფლისელი ქალბატონების დიდნაოჭებიანი განიერი სამოსი. მეჯლისისთვის გიმნაზიის27 დიდი ოთახები გამოიყო.
ჩემი განსაკუთრებული ყურადღება სპარსულ ყაიდაზე მოწყობილმა ერთმა დარბაზმა – მიიპყრო. ყველა ფორმის ყალიონი28, სარკეების ფანტასტიკური ჩარჩოები, ვერცხლის მრავალნაირი ლარნაკი, საინტერესო ფერწერა, მდიდრულად მორთული იარაღი და მრავალი სხვა რამ უხვად იდგა განიერ კარნიზზე, რომელიც ჭერიდან სამ ფუტზე29 გარშემო უვლიდა ოთახს; ოთახის მთელ პერიმეტრზე სანთლების რიგი ბრწყინავდა, კედლებზე ხასხასა და ამავე დროს ჰარმონიული ფერების სპარსული ხალიჩები ეკიდა და ასეთივე ხალიჩებით დაფარული დიდი ტახტი იდგა, ოთახის ბოლოში კი სპარსული ორკესტრი უკრავდა. დუდუკები თუ სალამურები ჰობოების მსგავსს მყვირალა ხმებს გამოსცემდნენ; ჭიანურები – უცნაური ფორმის ვიოლიონები, პერპენდიკულარულად უჭირავთ და მათზე ისე, როგორც ვიოლონჩელოზე, ხემს ჰორიზონტალურად უსვამენ; ძალიან პატარა დაფდაფებს ფუნჯის ტარის მსგავს ჯოხებს არტყამენ და ისინი ისეთ ხმას გამოსცემენ, როგორც შუშაზე ძლიერი სეტყვის დაცემისას იცის: მას დიპლოპიტოს უწოდებენ. დაბოლოს სათარა30, ცნობილი სათარა, სპარსეთის რუბინი31 და დიუპრე32, რომლისთვისაც ზედა ოქტავის ბგერა დო მხოლოდ და მხოლოდ თამაშია, რადგან ის ნამდვილად ოთხი-ხუთი ტონით მაღალ ბგერას იღებს, მაგრამ ამ ტონამდე ასასვლელად ისეთ გრიმასებს აკეთებს, რომ სიმღერის დროს წიგნს ეფარება დამსწრეებისგან სახის დასაფარად. ვაჭრების მიერ გამართული მეჯლისი ერთი მდიდარი სომხის, არცრუნის მიერ ცოტა ხნის წინ აშენებულ სახლში გაიმართა, რომელშიც არავინ არ ცხოვრობდა33. იქ იგივე ხალხი იყო, რაც წინა დღესასწაულზე და რომ არა კაცებისა და ქალების კავკასიური კოსტიუმები, რაც ორივე მეჯლისზე დიდ რაოდენობით იყო, ვერც კი იფიქრებდი, რომ აზიაში ხარ.
მარხვამ ჩვეული სიმკაცრით ჩაიარა თავადი ბარიატინსკისა და მისი თანამორწმუნეებისთვის, მაგრამ არა უცხოელებისათვის, რომლებსაც შესანიშნავი მასპინძლობა გაუწიეს. ბოლოს დადგა საზეიმო დღე, აღდგომა34, რომელსაც ასე მოუთმენლად ელოდა ხალხი თავისი დასუსტებული კუჭებით. ყველა სახლის ყველა მაგიდაზე ასე დიდხანს აკრძალული კარაქი უზარმაზარი რაოდენობით და ყველა შესაძლო ფორმით იდო, რომელთა შორის განსაკუთრებით ოსტატურად ბატკნის ფორმა იყო გაკეთებული. ზუსტად ისე, როგორც საფრანგეთში, წითელი კვერცხები ყველას ან ხელში ეჭირა ან ჯიბეში ედო.
არაფერს ვიტყვი საჩუქრად მისაცემ ხისგან გამოჭრილ, ფაიფურის და უფრო ძვირფასი მასალის კვერცხებზე; ეს წესი ჩვენს შორისაც იწყებს გავრცელებას. მაგრამ ის, რაც აღმოსავლეთის ეკლესიას ამ დღეს ახასიათებს, ეს ერთმანეთის გადახვევა და გადაკოცნაა. „ქრისტე აღსდგა“ ის რიტუალური ფრაზაა, რომელსაც ერთმანეთს მისალმების ნაცვლად ეუბნებიან. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ წოდებებს შორის ზღვარი იშლება, მაგრამ ზემდგომები ქვემდგომებს, ბატონები კი თავიანთ მსახურებს მამობრივობისა და ღმერთის წინაშე თანასწორობის ნიშნად იმ ბედნიერი მოვლენის აღსანიშნავად ეხვევიან, რომელსაც ეკლესია ზეიმობს.
აღდგომაზე მოვიდა ქრისტიანი ხალხის, თუშებისა და ხევსურების დელეგაცია, რომლებიც საქართველოს ჩრდილო დასავლეთში, დაღესტნის მაღალ მთებსა და ოსების მხარეში ცხოვრობენ35. რუსეთის იმპერატორის საგანგებო დაცვის გარდა, ჯაჭვის პერანგში ჩაცმული ამ ხალხის ნახვის საშუალება სხვაგან არ მქონია. აქვე ვიტყვი, რომ შამილს, რომელსაც მუდამ ასე ჩაცმულს წარმოადგენენ, ის არასოდეს არ უტარებია. არაფერია ამ კაცების სამოსზე უფრო ორგინალური: მათ აცვიათ მოთელილი სქელი მაუდის ხარის სისხლის ფერი გრძელსახელოებიანი ერთგვარი ტუნიკა; იმავე მასალის შარვალი მუხლებამდე ტყავის გეტრებითაა დაფარული და ფერადი ძაფებით მოქარგული უცნაური ნახატითაა მორთული. ფეხზე აცვიათ ჩექმა წაწვეტებული ცხვირით, რომელიც კოჭს ზემოთ ფართოვდება. ზედა სამოსზე, რომელიც შუა საუკუნეების მეომრის ტყაპუჭს ჰგავს, აბჯარს იცვამენ. რკინის მუზარადი მორთულია ფოლადის ლურსმნებით დამაგრებული სპილენძის ზოლებით; ცენტრში იმავე ლითონის ღილია, საიდანაც გამოდის თასმა, რომელიც მაგრდება კისერთან და ოდნავ ამაგრებს თავის ამ მორთულობას, საიდანაც ეშვება ჯაჭვები, რომლებიც უკან მხრებამდე, წინ კი თვალებამდე სწვდება. ამგვარად, ყოველ მხარეს არის ასეთი დანართი, რომელიც მკვიდრადაა დამაგრებული ტყავის თასმებით და ბრძოლის დროს სახის დანარჩენ ნაწილს იცავს. საკუთრივ ჯაჭვის პერანგი ტუნიკის ფორმისაა და მას მთლიანად ფარავს; შარვალიც ჯაჭვითაა დაფარული, მაგრამ მხოლოდ წინა მხარეს; თავდაცვის ეს ნაწილი თეძოს გარშემო ტყავის თასმებით მაგრდება. ზოგ თუშს პატარა ზომის ჯაჭვები ჩექმებზეც უკეთია. გულზე და ზურგზე გადაჯვარედინებულია ორი სამხრე: ერთი იჭერს სავაზნეს, რომელშიც თორმეტი ვაზნა ეტევა, მეორე კი შაშკას – ხმალს, რომელსაც გლუვი ტარი აქვს და ქარქაშში ბოლომდე არ დევს. ტყავის თასმები ლურსმნებით და ვერცხლის ორმენტებითაა მორთული; ალაგ-ალაგ ჩამოკიდებული თასმები ვერცხლის ჯვრებით ბოლოვდება. ტანზე მსგავსი ქამარი აქვთ შემოხვეული, რომელზეც მარჯვნივ ვერცხლის ყუთით იარაღის გასაპოხი ცხიმი, მარცხნივ კი ხანჯალი – გრძელი კავკასიური სატევარი ჰკიდიათ, რომელსაც ამ ქვეყნის ყველა მამაკაცი ატარებს. კისერზე, გრძელ და წვრილ ტყავის თასმაზე ჩამოკიდებული აქვთ ხის მრგვალი პატარა ფარი; მისი ზედაპირი ნაპირებში დაფარულია რომბის ფორმის ლურსმნებით დაჭედილი და წრიულად განლაგებული რკინის ზოლებით, ცენტრში კი ისეთივე ლურსმნით დამაგრებულია კვადრატული ფირფიტა რკინის ოთხი გადაჯვარედინებული ზოლით, რაც მას სიმტკიცეს ჰმატებს; ფარს შიდა მხარეს ტყავი აქვს გამოკრული, შუაში ხელის მოსაკიდებლით. ეს აღჭურვილობა სრულდება თხელი და ვიწრო კონდახიანი გრძელი კავკასიური თოფით და დამასკური დამბაჩით, რომელსაც ვერცხლის რგოლები იჭერს.
ამ დეპუტაციამ ნამესნიკს პეტიცია წარუდგინა ერთ-ერთი თავიანთი ბელადის შესაცვლელად, რომელიც, ჩანს, ბოროტად სარგებლობდა მათ მიერვე მიცემული ძალაუფლებით. რამდენიმე წლის წინ ეს საკითხი დამნაშავის მოკვლით გადაწყდებოდა: ამ მხარეებში ადამიანებისა და სამართლის პატივისცემა რუსეთის სასიკეთო გავლენის შედეგია.
თხოვნის საფუძველზე, მათ თავიანთი სამხედრო ცეკვა შეასრულეს. სახეები ჯაჭვით ჰქონდათ დაფარული, ჩაიმუხლეს და ისე, რომ ფეხი არ მოუცვლიათ მიწიდან, ორ-ორ ჯგუფად გაიყვნენ და ბრძოლის იმიტაცია დაიწყეს. ერთმანეთზე რიგრიგობით მიიწევდნენ და მოწინააღმდეგის ფარს რითმულად ურტყამდნენ ხმლის წვერს. არავითარი ბაქიობა, თავდასხმის ან თავდაცვის მოჩვენებითობა; მათ შეეძლოთ არც კი დაეფარათ სახეებით, რადგან სინამდვილეში დაჭრა არ ემუქრებოდათ.
ზოგიერთ მათგანს დღის მეორე ნახევარში, ბაზარში სეირნობის დროს შევხვდი; გულგრილი გამომეტყველებით შენიღბულები, ისინი ხარბი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდნენ მათთვის უცნობ საგნებს; მათ განსაკუთრებულ ყურადღებას იარაღი იქცევდა. ამ შეხვედრამ გამახსენა ვალტერ სკოტის რომანში “La Jolie fille de Perth”36 მეტად თავშესაქცევად აღწერილი იმ მთიელის ამბავი, რომელიც ქალაქში შეიპარა და ფარავდა თავის გარშემო არსებული იმ ნივთების გამო მიღებულ შთაბეჭდილებას, რომელთა გამოყენებაც არ იცოდა.
ტიფლისიდან გამგზავრება. – ტარანტასი. – პოდოროჟნაია.
აქ კვლავ გავაგრძელებ ჩემ შეწყვეტილ მოგზაურობას. თავადი ბარიატინსკი მუდამ გამოხატავდა ჩემდამი ყურადღებას; მან მოისურვა, რომ სანკტ-პეტერბურგამდე ადვილად და კომფორტულად ჩავსულიყავი და მისი თავაზიანობა დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე არ მომკლებია.
გრძელი გზა და ვრცელი სტეპები უნდა გამევლო; არც სატრანსპორტო საშუალებების არჩევა იყო სულერთი. ტარანტასი37 მართლაც ის სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ნჯღრევას იწვევს, ხეზე მომუშავე რუსი გლეხების საგანგებო ოსტატობა კი მისი ყველგან შეკეთების მაქსიმალურ შესაძლებლობას იძლევა...
რუსეთში სწრაფად ჩასასვლელად ორი რამ არის აუცილებელი: ფული, განსაკუთრებით კი პოდოროჟნაია (poderojna)38 – საფოსტო პასპორტი. როგორც წესი, გზაში ფულით მიდიხარ, ფულით, რომელიც ომების მამოძრავებელია, მაგრამ მეორე უფრო ძნელი მოსაპოვებელია და ყოველთვის ის არ არის, რაც გინდა. ჩვეულებრივი პოდოროჟნაიათი შეიძლება რამდენიმე საათითაც კი დაყოვნდე სადგურში, იქ თუ ცხენები არ ჰყავთ. ცხენებს დიდხანს კაზმავენ და რუსი გლეხების კარგ ცხენებს გაძლევენ და ძალიან ბედნიერი უნდა იყო, თუ საათში საშუალოდ ექვსი-რვა ვერსის39 სისწრაფით მიდიან. საფოსტო პასპორტით არაფერი მსგავსის არ უნდა შეგეშინდეს; ამ დალოცვილი ქაღალდის დანახვაზე მთელი ფოსტა ფეხზე დგას, ყველა მუშაობს, ცხენებს სწრაფად ამზადებენ და თან რა ცხენებს! ცეცხლოვანს და ფიცხს, ისეთს, ზოგიერთი ელეგანტურ ეკიპაჟს რომ შეეფერება; ყოველი ცხენი საჯინიბოს მსახურ ბიჭს მოჰყავს, ფოსტის უფროსი პატივისცემით გემშვიდობება, იამსჩიკი თავის ადგილს იკავებს, გულმოდგიმედ იჭერს ლაგამს, აძლევს ნიშანს და ცხენები თავის ნებაზე, უწესრიგოდ მინავარდობენ. მეეტლე მათ ნელ-ნელა იმორჩილებს, მაგრამ მაინც აძლევს სწრაფი მოძრაობის საშუალებას და ეს მაგალითიც საკმარისია მათი რბოლის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად: საათით ხელში შესანიშნავი გზა, ოცდაექვსი ვერსი, ორმოცდაცხრამეტ წუთში დავფარეთ.
ეს არის შესანიშნავი სეზამ გაიღე (Sezame ouvre-toi)40 და ქაღალდების il bondo kani 41, რითაც უნდა დავმტკბარიყავი; კაცი, რომელსაც თავადმა ბარიატინსკიმ ჩემი სანკტ-პეტერბურგში კარგად ჩაყვანა დაავალა, მზად იყო; ამას გარდა, საშუალება მომეცა მგზავრობის რვა დღისა და ხუთ საათის განმავლობაში გადამეკვეთა ტიფლისსა და ნევის ნაპირებს შორისი მდებარე 2700 ვერსი.
ტიფლისიდან შესანიშნავი დღის მეორე ნახევარში გავედი. ცა ისეთი კამკამა იყო, როგორიც მხოლოდ ატიკაში42 მინახავს; საქართველოს დედაქალაქის გარშემო მაღალ ბორცვებზე შორიდანვე ჩანდა ყოველი დეტალი. ახლად გაფოთლილი ხეები მხიარულად შრიალებდნენ თოვლით დაფარული ყაზბეგის მაღალი მწვერვალებიდან დაბერილ გრილ ნიავზე; მათ ჰორიზონტზე ვხედავდი და მალე უფრო ახლოსაც ვნახავ; სხვადასხვა ფერის ყვავილებით მომინანქრებული ველები თავიანთ სურნელს გვიგზავნიდნენ; ჩვენი ორი ტარანტასი თავბრუდამხვევი სისწრაფით მიფრინავდა, გზაზე მხოლოდ მცირე ბუღს აყენებდა კეთილისმყოფელი წვიმის, გაზაფხულის იმ თბილი წვიმის წყალობით, რომელიც დაუზარებლად წამოვიდა წინა დღით; ამ წვიმის მადლობელიც ვიყავი, რადგან მტვერი გაფანტა, რომლის მსხვერპლიც რამდენიმე დღის წინ გახდნენ ჩემი თვალები კრასნაია გორაზე (Krasna Gora)43 სახალხო ზეიმის დროს.
მე ვახსენე ორი ტარანტასი, რაც უნდა განვმარტო: გარდა იმ პირისა, რომელსაც სანკტ-პეტერბურგში ჩემი ჩაყვანა ევალებოდა, მე სიამოვნება მქონდა ვლადიკავკაზამდე გრაფ ნოსტიჩთან, საიმპერიო არმიის კავალერიის ღირსეულ ოფიცერთან, ენთუზიასტ ფოტოგრაფთან და აგრეთვე ტიფლისში ჩვენს შესანიშნავ კონსულთან, ბარონ ფინოსთან ერთად მემგზავრა, რომელმაც სურდა იმ ქვეყნის დეტალურად შესწავლა, სადაც მსახურობდა. ეს იყო მოგზაურობის შესანიშნავი და წარმატებული დასაწყისი სასიამოვნო კომპანიასთან ერთად, რომლითაც მათთან დაცილებამდე დავტკბებოდი.
მტკვრის ხეობა. – მცხეთა: ეკლესია. – დუშეთი. სტუმართმოყვარეობა.
ტიფლისის მიდამოები უსწორმასწოროა; ეს ჯერ კიდევ არ არის მთები, მაგრამ მაღალი ბორცვებია, რომლებიც გარს ეკვრის მტკვრის, ძველი ავტორების მიხედვით კიროსის ხეობას. ეს მდინარე კასპიის ზღვაში, ბაქოს სამხრეთით ჩაედინება, სანასნოდ გამოდასეგი კი მხოლოდ სამას ვერსზეა საქართველოს დედაქალაქის ქვევით; მიუხედავად ამისა, ქალაქის ზევით წყლის მასა, რომელზეც გადავიარეთ, განსაკუთრებით დიდი იყო, რადგან მაღალ მწვერვალებზე თოვლი დნებოდა; მოყვითალო წყლები კლდეებით დასერილ თავის კალაპოტში მიედინებოდა, ჯერ უზარმაზარ სიგანეზე, შემდეგ უფრო მაღლა, წყლები თანდათანობით ექცევა კლდეებში და იმ ადგილამდე მიედინება, სადაც არაგვს ამ ორი მდინარის შესაყარზე მდებარე პატარა ქალაქ მცხეთასთან უერთდება.
იქ მისვლამდე გზაზე შემოგვხვდა დონის კაზაკების ერთი პოლკი44, რომელიც განლაგების ადგილს იცვლიდა. უნიფორმა, რომელიც ასე მკაცრად არის დაცული გარნიზონებში, მგზავრობისას გამონაკლისს წარმოადგენს და ეს გასაგებიცაა, თუ იცი, რომ ყოველივე, ცხენის ჩათვლით, კაზაკის საკუთრებაა; ტულუპები 45, ბურკები, ძველი ლაბადები!
ეს სანახაობა სამხედრო უნიფორმის თვალსაზრისით აგებს, თავისი თვალწარმტაცობით კი იგებს. სათადარიგო ცხენები, ყოველგვარი ბარგი, სატვირთო ვაგონები, ტელეგები (t駘馮as), ტარანტასები, ოფიცრების კუთვნილი ეტლები გრძელ ზოლს ქმნიდა და გარშემორტყმული იყო ხელში შუბმომარჯვებული ესკორტით, რომელიც მწყობრად მიჰყვებოდა დანარჩენ პოლკს. ტილოზე გადასატანი არაჩვეულებრივი სურათია, მაგრამ განა ყველაფერი დასახატი არ არის კავკასიის ამ თვალწარმტაც მხარეში?
მცხეთას, სადაც ამ შეხვედრის შემდეგ მალე ჩავედით, ადრე საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ის მისი დედაქალაქი იყო მეექვსე საუკუნემდე, ახლა კი მხოლოდ სოფელია, რომელიც თავისი ლამაზი ეკლესიის გარეშე ვერ მოგაგონებს გარდასულ ბრწყინვალებას; საქართველოს მეფეების საძვალე დაკბილული კედლის შიგნითაა, მის გასწვრივ ნაწილობრივ დანგრეული შენობების რიგია, რომლებიც ოდესღაც ამ პატივცემული მონასტრის პატრიარქებისა და ბერების სამყოფელი იყო.
გზა პატარა ქალაქ დუშეთამდე, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა, არაფრით არ არის საინტერესო, მაგრამ უკეთესად არის დამუშავებული, ვიდრე კავკასიაში აქამდე ნანახ სოფლები. მის მარცხნივ, გზიდან გარკვეულ მანძილზე, ჩანს ორი ვერსის ფართობის პატარა ტბა, რომლის ვერცერთი შენაკადი ვერ დავინახე.
დუშეთი პატარა ქალაქია, უზარმაზარი მოედნით და საკმაოდ განიერი მთავარი ქუჩით; ის ისეა ნაგები, როგორც აქამდე ნანახი საქართველოს ქალაქები, აგურისა და ქვის მონაცვლეობით საძირკველში. ისევე, როგორც ტიფლისში, ტერასული სახურავი აქაც ქუჩაზე გადის და ქართული ოჯახის ცხოვრების ერთი ნაწილიც იქ მიმდინარეობს.
საკმარისი არ იყო იქ ჩასვლა, იქვე უნდა გვევახშმა და გაგვეთენებინა ღამე. სასტუმრო, რომლის გვერდითაც ჩვენი ეკიპაჟები გაჩერდა, ძალიან ჰგავდა იმ დუქანებს, რომლებიც გზაზე შემოგვხვდა; მე შეწუხებული სახე მქონდა, როდესაც დავრწმუნდი, რომ საკმაოდ ცუდი საკვები და უძილო ღამე გველოდა. ჩემს თანამგზავრს იგივე აზრი ჰქონდა, მაგრამ იგი უკეთესად იცნობდა ქვეყანას და ერთ-ერთი ქუჩისკენ გაემართა, რომელიც მოედანზე გადიოდა და დამარწმუნა, რომ უფრო სასიამოვნოდ მომაწყობდა. ჩვენ მას მივყევით და დაჩრდილულ ეზოზე გავლით, კარგ სახლში შევედით.
სახლის პატრონიც მაშინვე გამოჩნდა. ეს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის კაცი იყო, რომელსაც საკომუნიკაციო (ხიდები და გზები) ნაწილის ოფიცრების განმასხვავებელი მწვანე ლამპასებიანი უნიფორმა ეცვა. ვიდრე მიმართავდნენ, მან მეტად სასიამოვნო ღიმილით გვითხრა, რომ იმდენ ხანს ვიქნებოდით მისი სტუმრები, რამდენ ხანსაც მოგვესურვებოდა მისთვის ჩვენი სტუმრობით პატივის დადება. მე მისი სიტყვებით და ყურადღებით მოვიხიბლე; გულწრფელად მწყინს, რომ ვერ ვამბობ მის გვარს, რადგან მოხარული ვიქნებოდი მისთვის საჯაროდ გამომეხატა ჩემი მადლიერება. რამდენიმე წუთის შემდეგ სამოვარი მოიტანეს და ვახშმის მოლოდინში, ვრცელ, გრილ ფანჩატურში ვტკბებოდით ქარავნის ჩაის46 სმით და პატარა ნამცხვრებით, რომლებიც ვენის საცხობებსაც კი გაუწევდა კონკურენციას.
ვახშამმა მეტად კომფორტულად ჩაიარა და დანარჩენი მასპინძლობაც იმდენად კარგი იყო, რომ მეორე დღეს მხოლოდ დილას 11 საათზე გავუდექით გზას.
არაგვი. – ქართველების ოჯახი. – ლეგენდა. – ანანური. ფასანაური.
მხარე თანდათან უფრო დანაწევრებული ხდებოდა; გზა თითქმის გამუდმებით არაგვის ნაპირებს მიჰყვებოდა; მდინარე თავის კენჭებიან კალაპოტში აქაფებული მიედინებოდა. დაღმართის ბოლოში თვალწარმტაც შადრევანთან გაჩერებული ქართველების ოჯახი შემოგვხვდა და ეს იმდენად მომხიბლავი სიუჟეტი იყო დასახატად, რომ ჩემს თავს დავპირდი, არ დამევიწყებინა.
ჩვენს მარცხნივ მაღალი კლდეები იყო აღმართული, რომლებსაც ალაგ-ალაგ ზედა ნაწილში უფრო შევიწროვებული მრგვალი საგუშაგო კოშკები აგვირგვინებდა. მოშორებით, ბორცვის მწვერვალზე არწივის ბუდესავით შეფენილი ციხეკოშკის უფორმო ნანგრევები შევამჩნიე, მაგრამ მასთან მიდგომა შეუძლებელი მომეჩვენა. ის გასული საუკუნის ბოლოს მომხდარი იმ ერთ-ერთი მოვლენის მოწმე იყო, რომელთა განსაკუთრებული პრივილეგია შუა საუკუნეებს ჰქონდა. ამ ციხეკოშკის მფლობელმა თავადმა კლდის ძირში მიმავალ გზაზე წარჩინებული ოჯახის წარმომადგენელი ახალგაზრდა ქალი შეამჩნია, რომელიც მღვდლისა და რამდენიმე მსახურის თანხლებით მგზავრობდა. თავისი დამქაშების თანხლებით თავადი ქვევით ჩავიდა და კეთილშობილი მგზავრი ქალი მოიტაცა, ხოლო თავისი მსხვერპლის ტანისამოსი მისი ოჯახის წევრებს გაუგზავნა. ამ სამარცხვინო ქმედებას საშინელი შურისძიება უნდა მოჰყოლოდა. ახალგაზრდა პრინცესას ნათესავებმა შეკრიბეს თავიანთი ვასალები, ალყა შემოარტყეს ციხეკოშკს და მიუდგომელი მდებარეობის მიუხედავად, აიღეს. თავადის მომხრეები მოკლეს, გამტაცებლის მთელი ოჯახი გაანადგურეს, ბოროტმოქმედების მოწმე კედლები კი როგორც სახელის გატეხვის სამუდამო სამახცხვინო დაღი, დაანგრიეს47.
არაგვის ხეობაში იმ ადგილას შევედით, სადაც არაგვსა და კლდეს შორის მხოლოდ ვიწრო გასასვლელი რჩება. ის დაცულია ანანურის ციხესიმაგრით, რომელიც XV საუკუნიდან დგას და თავს დაჰყურებს მცირე მნიშვნელობის სოფელს.
მცხეთის მსგავსად, ანანურს აკრავს მრგვალი კოშკებით ფლანკირებული დაკბილული ოთხკუთხედი გალავანი48. ცენტრში კარგი ზომის ეკლესია დგას, მეორე კუთხეში სხვა ეკლესია ჩანს; ორივე წმინდა Khitobel-ის49 სახელობისაა. სოფელში არის მრევლი. ამ ციხესიმაგრემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, გზა ამჟამად უსაფრთხოა. ადრე ანანური არაგვის ერისთავების50 სამფლობელო იყო, რომლებიც საქართველოს მეფეების დიდი ფეოდალები იყვნენ.
მგზავრობა ხეებითა და ბუჩქნარით დაფარული რბილ ფერდობებიანი მთებით წარმოქმნილი ხეობით გავაგრძელეთ; დროდადრო გვხვდებოდა ტანდაბალი ჯორების პატარა ქარავნები, რომლებიც ოსებს მიჰყავდათ. როდესაც გზაზე ჯოგად თავისუფლად მიმავალ, ზურგზე მზრუნველობით დაბალანსებული ბარგით დატვირთულ პირუტყვებს და თოფითა და ხანჯლით შეიარაღებულ მათ გამყოლებს ვხედავდი, ისე მეჩვენებოდა, რომ კვლავ სერანია დე რონდას მთებში51 ვიყავი, სადაც ხშირად შეხვდები ელეგანტურ ანდალუსიელ კონტრაბანდისტებს.
ფასანაურში, სადაც სადილობის დროს ჩავედით, შესანიშნავი მასპინძლობა გველოდა. იქაც კომუნიკაციების ოფიცერმა მიგვიღო; ამჯერად ჩვენი მასპინძელი პოლკოვნიკი კავკასიის ამ ნაწილის გზების უფროსი იყო. საოცარი იყო ამ ველური ბუნების შუაგულში პარიზული სასადილო ოთახის მსგავსის ნახვა, დელიკატესებით ელეგანტურად გაწყობილ მაგიდასთან სადილი, შემდეგ კი მუსიკის მოსმენა, რომელსაც სანკტ-პეტერბურგსა და პარიზშიც აღტაცებით დაუკრავდნენ ტაშს. მაგრამ კავკასია კონტრასტების ქვეყანაა. ეს იმავე საღამოს უნდა შემემჩნია.
ვიწრო ხეობა, რომელშიც ფასანაური მდებარეობს, მომხიბლავია; რაც შეეხება თვითონ დაბას, მას მცირე მნიშვნელობა აქვს. აქ მთავრდება მიმზიდველი მხარე, რომელიც ტიფლისიდან წამოსვლის შემდეგ გავიარეთ. ორი საათის სიარულის, უფრო კი დიდი რბოლის შემდეგ, არაგვზე გადავიარეთ და დაბა ქვეშეთში, მაღალი მთის ძირში მივედით, რომელიც ევროპაში შესასვლელად უნდა გაგვევლო.
მთები. – სადგური კაიშაური. – მწვერვალი. – მდინარე. – ჯვრის უღელტეხილი. – ოსების ქარავანი.
სწრაფი სიარული გამორიცხული იყო: ტარანტასის გასაძლიერებლად მასში ხარები შეაბეს. ცხენზე შევჯექი, რომელიც თავაზიანად შემომთავაზა გზებისა და კომუნიკაციების ოფიცერმა; იგი თავადმა ბარიატინსკიმ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყო შემდგომი რთული მოგზაურობის გამო. დაღამდა, ღამე ნათელი და გამჭვირვალე იყო; იგრძნობოდა ყინულით დაფარული მწვერვალების გავლენა; ყოველი გუბიდან ბაყაყების გამაყრუებელი ყიყინი ისმოდა; რამდენიმე თეთრი ლაქა სიბნელეში პირველ თოვლზე მიგვანიშნებდა; ბოლოს, ციცაბო ფერდობზე ორი საათის ასვლის შემდეგ, გაბმულმა ყეფამ მამცნო, რომ ჩემი მგზავრობის დასასრულს მივაღწიე და მივედი კაიშაურის სადგურში, საიდანაც ნამდვილად საშიში მთები იწყებოდა.
ეს სადგური, სადაც მთავარი შენობის გარშემო რამდენიმე ქოხი დგას, ღარიბულად იყო მომარაგებული; მაგრამ რადგან ჩვენ ცოტა ხნის წინ დავტოვეთ ფასანაური, ის ერთადერთი, რაც ამ მგზავრობის შემდეგ ვითხოვეთ, დაძინება იყო; მთავარი ოთახის გარშემო მდგარი ტახტებითა და პადუშკებით (ბალიშებით), – რისი ტარებაც რუსეთში მოგზაურობის დროს გონივრულია, – საკმაოდ სწრაფად მოვიწყეთ იმპროვიზებული საწოლები, რომლებზეც ჩაცმულები მივეგდეთ, რათა მზად ვყოფილიყავით ალიონზე გასამგზავრებლად.
მეორე დღეს ძნელსავალი გზა მზის ამოსვლამდე უნდა გაგვევლო და არ უნდა დავლოდებოდით ცივი ღამით გაყინული და მზის თბილი სხივებით გამთბარი თოვლის დნობას; წინააღმდეგ შემთხვევაში ზვავში მოვხვდებოდით. ამას გარდა, ორი ტარანტასიდან ერთი, გრაფი ნისტიჩისა, ჩვენთან ერთად უნდა წამოსულიყო, მეორე კი მთის მეორე მხარეს უნდა დაგვლოდებოდა. ჩვენი ბარგი ტელეგაზე დადეს; ჩვენს განკარგულებაში იყო კაიშაურის სადგურის დონის კაზაკების ცხენები და პატარა ქარავანი მხნედ დაიძრა ცივ ღამეში. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდნენ, წინ ციცაბო გზა იყო, ხოლო ჩვენს მარცხნივ, ბნელი ღამის მიუხედავად, მთების მაღალი ქედების მახლობლად თეთრი ნისლი ცაზე გაურკვეველ ფორმებს ხატავდა.
სადგურიდან დაახლოებით სამ ვერსზე პირველი თოვლიანი მონაკვეთი შემოგვხვდა, გაყინულ თოვლზე კაზაკების კარგად დაჭედილი ცხენები ყოჩაღად მიდიოდნენ, ისე, როგორც ამგვარ გზაზე სიარულს შეჩვეული პირუტყვები. ნელ-ნელა თენდებოდა, ცა მსუბუქ იასამნისფერად შეფერილიყო და გარემოს ეფინებოდა; მთები უფრო მკვეთრად გამოჩნდა; ბოლოს, გავლილი და წინ მდებარე გზის დანახვაც შევძელი.
ჩვენ იმ უმაღლეს მწვერვალს მივაღწიეთ, რომელთანაც უნდა მივსულიყავით. ჩვენს მარჯვნივ განიერი და დაკლაკნილი გზა მწვერვალებიდან ჩამონგრეული უზარმაზარი კლდეების ნამსხვრევებს შორის გადიოდა; ჩვენს მარცხნივ ბინდში დავლანდე მთა, რომლის მწვერვალები ცაში მაქმანებს ჰგავდა; ჩვენს ქვევით, დაახლოებით 1000 მეტრზე, ველურ ხეობაში არაგვი მიედინებოდა; ამ ლამაზ მდინარეს, რომელსაც მცხეთიდან მოვუყვებოდით, აქ შავი მდინარე ეწოდება. ჩვენ წინ წამოიმართა მთა გუდა52 (Gouda Gora), რომლის ქართული სახელწოდება, ჯვრის მთა, 1824 წლიდან შეიცვალა, როდესაც კავკასიის გენერალ-გუბერმატორმა, თავადმა ერმოლოვმა53 წმინდა რუსეთის54 მმართველობის დასტურად იქ ჯვარი აღამართვინა.
გზა მოულოდნელად შევიწროვდა, ისეთი სიგანისა გახდა, რომ მასზე ერთი ეტლი თუ გაივლიდა და ეს იმ ადგილას, სადაც ერთ მხარეს არაგვი მიედინებოდა ღრმა უფსკრულში, მეორე მხარეს კი მთის ციცაბო ფერდობი იყო; მასზე თოვლი იყო დაგროვილი, ზოგ ადგილას ნაპრალებიც ჩანდა; ამომავალი მზის სხივების სითბოში გარდაუვალი იყო ორი ან სამი ზვავის ჩამოსვლა. ჩვენი გამყოლების რჩევით, ცხენები სრულ სიჩუმეში ავაჩქარეთ; მაგრამ ყველაზე ვიწრო ადგილზე ოსების ქარავანი შემოგვხვდა, რომლებსაც დატვირთული ჯორების ჯოგი მოჰყავდათ; რა მოხდებოდა ეტლი რომ შემოგვხვედროდა? ჯოგი ხევის პირას ჩაამწკრივეს და გაგვატარეს; ამ გონიერი მთიელებისათვის ერთი წუთიც კი საკმარისი იყო, მაგრამ ის კი არ ვიცი, თუ როგორ მოახერხებდნენ ჩვენს უკან მიმავალი ეტლების გატარებას.
ამ საშიშ შვერილზე ოთხი ვერსის გავლის შემდეგ იმ ბორცვის ძირს მივადექით, რომელზეც ჯვარი იყო აღმართული და რომლის სახელობისაც ეს გზა გახდა. აქ ის გაფართოვდა და ჩვენს წინ გაიშალა ხეობა, რომელშიც კვლავ ჩანდა ორმოცზე მეტი ზვავის ახალი კვალი; ორი ზვავი წინადღით ჩამოსულიყო და ჩვენს მსვლელობას მათი ჩამოყოლილი უზარმაზარი ქვა აძნელებდა. ტარანტასი და ტელეგა, რომლებიც ხეობის ქვედა ნაწილში დავინახეთ, შავ წერტილებად ჩანდა; მიუხედავად ამისა, მათი შებმულობის თავისებურება გავარჩიე. წყვილი ხარი ხელნას მიჰყავდა, უკან გრძელი ბაწრით მიბმული ოთხი წყვილი ხარი კი მათ ღუზად და დამჭერად ემსახურებოდა; ხარების წინ გუთანი იყო მიმაგრებული.
ამ ადგილას რამდენიმე მგლის ღრეობას შევუშალეთ ხელი; ისინი საათნახევრის წინ ჩვენს გზაზე შემხვედრი ოსების ჯოგიდან გადავარდნილ ერთ ჯორს ჯიჯგნიდნენ, რომლისგანაც ძვლებიღა დარჩენილიყო.
ეშმაკის ხეობა. – ხვავი. კობი. – სიონი და ორსეთი. – დარიალის ხეობა. – ლარსი. – ვლადი-კავკაზი.
ხეობას, რომელსაც მივუყვებოდით, რომანტიკული სახელწოდება, ეშმაკის ხეობა (Tchortova–Dolina), ჰქვია. ამასობაში, ლერმონტოვი გვარწმუნებს, რომ სახელწოდება ეშმაკისგან კი არ წარმოშობილა, არამედ ჩერტადან (tcherta), რაც რუსულად საზღვარს ნიშნავს, რადგან საქართველოს სადემარკაციო ხაზი წარსულში აქ გადიოდა. ვიღებ ამ მოსაზრებას, მაგრამ გული მწყდება პირველ ვერსიაზე, რომელიც ვფიქრობ, კავშირშია ამ ადგილის ველურ სისასტიკესთან.
1855 წელს, სწორედ ამ ადგილზე, კინაღამ დაიღუპა გენერალი ბართოლომეი55, რომელსაც თურქი ტყვეები მიჰყავდა. მისი თანმხლები მრავალრიცხოვანი ნაწილი თოვლიან ადგილებს გადიოდა, როდესაც გაისმა ყვირილი: ზვავი! ის ნელა მოდიოდა, მაგრამ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდი და ყველას დამარხავდა; ისინი, ვინც არ იყო ძალიან დაწინაურებული, სასწრაფოდ უკან წავიდა და ადვილად იპოვნა თავშესაფარი; ავანგარდს არაფერი არ ემუქრებოდა; ქურქებში გახვეული გენერალი მარხილში იჯდა და მიხვდა, რომ გადარჩენის იმედი აღარ უნდა ჰქონდა. „ჩემი სული უფალს მივანდე, – მითხრა მან ამ ამბის მოყოლისას, – და ჩემს ბედს დაველოდე“. თოვლის მასით მოცული მარხილი ხეობის ძირში გადაიჩეხა, რამდენჯერმე გადატრიალდა და გენერალი 2-3 საჟენის (4-6 მეტრი) სიღრმის თოვლში დაიმარხა. მისი მსახური, რომელიც ამ განსაცდელს გადაურჩა, გაოგნებული იყო, მაგრამ ყურადღებით უყურებდა ამ საშინელ სანახაობას. მისი მითითებით, განსაცდელს გადარჩენილი ესკორტის თანმხლებმა კაზაკებმა და იქ შემთხვევით აღმოჩენილმა რამდენიმე ოსმაც სასწრაფოდ დაიწყეს ადგილის გასუფთავება და დაახლოებით ერთი საათის მუშაობის შემდეგ დაზარალებულსაც მიაგნეს, რომელიც საბედნიეროდ, მარხილის არ დაეშავებინა, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მარხილი დიდი სისწრაფით ჩაფლულიყო თოვლში. გენერლის თქმით, ერთადერთი მოუხერხებელი მდგომარეობა ამ უდროო დამარხვის დროს ცუდად მოხრილი მკლავი და ფეხი იყო. რაც შეეხება სუნთქვას, ის მას სულ აწუხებდა და სითბოს უფრო გრძნობდა, ვიდრე სიცივეს. ბუნების ამ კონვულსიის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.
როდესაც ოსებს ზვავი მოულოდნელად დაატყდებათ, ისინი მის წინ გარბიან და დიდ მანძილებზე ხტებიან; შემდეგ, როდესაც ის მათ წამოეწევა, ისინი მასთან ერთად გარბიან და თავიანთი მოქნილობისა და გამოცდილების წყალობით, განსაცდელს თითქმის ყოველთვის აღწევენ თავს.
ოსური სოფელის – საცოდავი ქოხების გროვის გავლის შემდეგ, ყოველგვარი საშიშროება დამთავრდა; ჩვენი ცხენები კარგ გზაზე სანავარდოდ მივუშვით და ცოტა ხნის შემდეგ კობში, ხეობაში მდებარე მსხვილ დაბაში ჩავედით, სადაც დამუშავებული მიწების კვალი შევამჩნიე.
აქ მცირე გულაცრუება გველოდა: გაუგებრობის გამო ტარანტასი, რომელსაც ვლადიკავკაზში უნდა წავეყვანეთ, ჯერ კიდევ არ იყო მოსული; გრაფი ნოსტიჩი, რომელიც გამგზავრებას ჩქარობდა, წინ წავიდა, ჩვენი კი სამ ბატონს, სამ მსახურთან და საკმაოდ დიდ ბარგთან ერთად, ერთ დღეში 80 ვერსის დასაფარად მხოლოდ ორი ტელეგა გვქონდა. ტელეგა, რუსული ეტლი, იმპერიის ყველა ნაწილში შეგხვდება. საფუძველი იგივე აქვს, რაც ტარანტასს: ოთხი ან ხუთი ხარიხა ორ ხიდზე დევს, მაგრამ ისინი უფრო მოკლეა და შესაბამისად, უფრო მოუქნელიც; ეტლის საბარგულის ნაცვლად ამ ურემს მარტივი, ვიწრო და დაბალი საბარგული აქვს, რომელიც ზევით ფართოვდება და თოკებით მაგრდება. ამგვარი ეტლით, რომელიც მრავლადაა ყველა სადგურში, სამთავრობო კურიერები უზარმაზარ ფართობებს ფარავენ (ზოგჯერ 10,000-12,000 ვერსსაც), სხედან ცხენის ძუით გატენილ ტყავის მძიმე ბალიშზე, რომელიც დაწნული თოკების უზურგო სკამზე დევს, მთელი მგზავრობის განმავლობაში ებრძვიან ძილს, არასოდეს არც ერთ სადგურში არ ჩერდებიან და მკაცრად აქვთ განსაზღვრული ცხენების შესაცვლელი დრო.
ტელეგები დაიტვირთა, რაც შეგვეხება ჩვენ, ბარგზე შევხტით და გზას გავუდექით. ჩვენს თვალწინ თერგის ხეობა გადაიშალა; მარცხნივ ბაიდარის ხეობაა, სადაც იმავე სახელწოდების თერგის ერთ-ერთი შენაკადი მიედინება; დიდებულმა სანახაობამ იმისთვის შეგვამზადა, რაც ამ დღეს გადაიშლებოდა ჩვენს თვალწინ.
როგორც ყოველთვის, ტროიკა სრული სვლით მიგვაქანებდა; კეთილშობილ ცხოველებს არც დაღმართი და არც ციცაბო ასასვლელი არ აფერხებდა; ჩვენი ოსი იამსჩიკები თავიანთი შესანიშნავი ხელოვნებით კონკურენციას უწევენ რუს იამსჩიკებს. ისინი ყველაზე უფრო საშიშ ადგილებში, ყველაზე უფრო ფრიალო ფერდობებზე და უფსკრულის პირასაც კი, სწრაფად მიექანებოდნენ. სადგურიდან რამდენიმე ვერსზე ხეობა ჯერ გაფართოვდა, თერგი აქაფებული მიედინებოდა კლდეებში თავის მიერვე გაჭრილ კალაპოტში, მაგრამ მალე გზა ორ კლდეს შორის შევიწროვდა; თითოეულის წვერში ძველი ქართული სიმაგრე დგას. ის, რომელიც მარცხნივ არის, თითქმის მთლიანად დანგრეულია. მის ძირში პატარა სოფელია. მარჯვენა ციხეს სიონი ეწოდება, ის შესანიშნავ მდგომარეობაშია და გარს საკმაოდ მსხვილი დაბა აკრავს; ოდნავ მოშორებით დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელსაც ამ ქვეყანაში პატივს სცემენ.
წინსვლასთან ერთად ბუნება უფრო დიდებული ხდებოდა – მარჯვნივ უფრო ციცაბო მთები, მარცხნივ კი კლდეები იყო, რომლებსაც თერგი ეხეთქებოდა; გამოჩნდა კავკასიონის ამ ნაწილის ბუმბერაზი თოვლიანი მწვერვალი, ყაზბეგი; ბოლოს და ბოლოს ის მთლიანად დავინახეთ იმავე სახელწოდების სოფელში ჩასვლამდე, სადაც საფოსტო სადგური იყო. აქ მთლიანად დაინახავ ამ ლამაზ მთას, რომელსაც ძლიერ გამოკვეთილი კონტურები აქვს; ამ ადგილას ორ კლდეს შორის შევიწროვებული თერგი დიდი ძალით მაღლიდან მოედინება. მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სოფელში არის ახლად აშენებული, ქართულ-ბიზანტიური კომბინირებული სტილის ეკლესიის შესანიშნავი მაგალითი. პირდაპირ, მარცხენა ნაპირზე, ცის სილურჯეს უპირისპირდება ყაზბეგი თოვლისა და ყინულის ქათქათა მოსასხამი. მისი სიმაღლე 16,533 ინგლისური ფუტია56 და ოდნავ უფრო მაღალია მონბლანზე57, რომელის სიმაღლე 14,700 მეფის ფუტის58 ტოლია. სახელწოდება ყაზბეგი (Kasbek – ღირსების აღმნიშვნელი წოდება) ამ მთას, რომელიც ელბრუსის შემდეგ კავკასიის ყველაზე მაღალი მწვერვალია, რუსებმა დაარქვეს. მისი ნამდვილი ქართული სახელწოდება არის მყინვარი (Mkinvari), რაც ყინულის მთას ნიშნავს.
ყაზბეგის ღირსების მქონე პირი მხნე და ენერგიული მოხუცია; გადმოცემის თანახმად, ოჯახის ნამდვილი გვარი გაქრა და ის წოდებით შეიცვალა. როდესაც 1837 წელს იმპერატორმა ნიკოლოზმა კავკასიაში იმოგზაურა, მის კთხვაზე, ეს გვარი მთების მიხედვით იყო წარმოშობილი თუ მისი წინაპრების მიერ იყო დარქმეული, კეთილმა მოხუცმა უპასუხა: „არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთა ჩემს გვარზე უფრო ძველია“.
მალე იწყება დარიალის ცნობილი ხეობა (კავკასიის კარი – Caucasi Pilae) ის ყველა იმ უღელტეხილზე უფრო დიდებულია, რომლებზეც აქამდე გადამივლია; წარმოიდგინეთ მარადიული თოვლის საზღვრამდე პერპენდიკულარულად აღმართული ორი უზარმაზარი კლდის კედელი; ძირში აქაფებული, გაცოფებული დინება, რომელსაც მეზობელი მთების მოგლეჯილი ნამსხვრევები ეღობება; ალაგ-ალაგ ათიოდე ფუტის სიგანის გზა, სიგანისა, რომელის დასაძლევად მოხრილი უნდა გადახტე ციცაბო კლდის კედელზე; ასეთია სურათი. კალამი ვერ გადმოსცემს ამ გადასასვლელის ველურ დიდებულებას, ის გაუვალი თერმოპილესია59, რომელთან ერთად ევროპიდან აზიაში მიმავალი სამხედრო გზის ბატონი ხარ.
გზის მოსახვევში, ვიდრე ყველაზე ვიწრო ადგილს მივაღწევდით, დავინახეთ, რომ ჩვენსკენ სამხედრო საინჟინრო ნაწილის ჯარისკაცი მორბოდა, რომელიც რაღაცას გვანიშნებდა. იმავე წუთს, ჩვენგან მარჯვნივ მდებარე მთის ფერდობიდან ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი მტვრისა და ბოლის ღრუბელი გაჩნდა, რომლის შუაში ქვის უზარმაზარი ბლოკები გამოჩნდა და თითქოს ნიშანს ელოდაო, ასეული ამგვარი აფეთქების ხმა გაისმა, მათი ექო კი ათასჯერ გამეორდა კლდეებში. ისე მეჩვენებოდა, რომ ბუნების იმ ძლიერ რყევას ვესწრებოდი, რომელიც ზოგჯერ კონტინენტის ფორმას ცვლის. ჩვენ მაშინვე მივხვდით, რომ ამ ხმაურის მიზეზი იმ გზის ჩანაცვლება იყო, რომელზეც ვიმყოფებოდით და რომელიც დიდი წყალდიდობის შედეგად ზოგჯერ მთლიანად წყლით იტბორებოდა. გასასვლელის ბოლოს, მარცხენა ნაპირზე, კვლავ უძველესი ქართული ციხეკოშკის ნაშთებს, მარჯვენა ნაპირზე კი რუსების მიერ ხეობის დასაცავად აშენებულ ახალ ციხესიმაგრეს შეამჩნევ. ეს არის მორტირებით აღჭურვილი და დაკბილული კოშკებით ფლანკირებული ოთხკუთხა შენობა. შეიძლება ითქვას, რომ ამჟამად არსებული სამხედრო საშუალებებით ამ გასასვლელის აღება შეუძლებელია.
ლარსის სადგურამდე, რომელიც ბალთამდე მდებარეობს, გზა ორივე მხარეს უფრო გახსნილია, მთები ნაკლებად მაღალია და ფერდობებიც უფრო შერბილებულია. ლარსში მისვლამდე მდინარეზე თამამი და მოხდენილი კონსტრუქციის ხის ხიდით გადახვალ, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დიდი წყალდიდობის შედეგად დანგრეული პორფირის ლამაზი ხიდი უნდა ჩაანაცვლოს. ეს წყალდიდობები უძველესი დროიდან გარკვეული სიხშირით მეორდება და ამ მხარეს დაახლოებით ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ანადგურებს.
ლარსის სადგური ვლადიკავკაზამდეა და იქ კვლავ არის დარჩენილი ძველი ციხეკოშკის ნაშთები. სავალ გზაზე, ამ ადგილიდან მარცხნივ, ამწვანებულ სტეპს შეამჩნევ; მარჯვნივ, მდინარის მხარეს, ლამაზი პეიზაჟია, რომელსაც მეტად თვალწარმტაც ინგლისურ დაბლობს შევადარებდი; ჰორიზონტის ფონზე, ლამაზ მდელოებზე ხეების ჯგუფი და ტყით დაფარული ფერდობები გამოიხატება. გზა ლარივით სწორია, მის ბოლოს მალე შევამჩნიეთ ვლადიკავკაზის ეკლესიების მწვანე გუმბათები, რომლებიც ზევიდან დაჰყურებდა ქალაქს გარშემო განფენილ სიწვანეს.
ვლადი-კავკაზი (სიტყვა სიტყვით კავკასიის მმართველი), სამხედრო ქალაქია, ამ მხარეში არსებული ამჟამინდელი სიმშვიდე მას ახალ მომავალს მისცემს. ჩერქეზები მას თერექ-ყალას (Terek-Kala) უწოდებენ. ის პოტიომკინმა60 დააარსა და განსაზღვრული იყო მთავარი შტაბისა და ჯარის შეკრების ადგილად, რომლის მარცხენა მხარე კასპიის ზღვამდე, მარჯვენა კი შავ ზღვამდე უნდა გავრცელებულიყო. ეს ორი უკანასკნელი სახელწოდება დამკვიდრდა, მაგრამ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების რეზიდენცია ტიფლისში გადაიტანეს და ვლადი-კავკაზმა თავისი მნიშვნელობის დიდი ნაწილი დაკარგა. თუ განვიხილავთ იმ ფართობს, რომელიც მას თერგის მარჯვენა ნაპირზე უჭირავს, ჩვენთან ის დიდ ბაღად მიიჩნევა, მაგრამ იქ იმდენად ვრცელი სასეირნო ადგილებია, ქუჩები იმდენად განიერი, მოედნები ისე დიდი, სახლები კი დაბალი, რომ ის მეოთხე ან მეხუთე რიგის ქალაქად შეიძლება ჩაითვალოს.
შენიშვნები
1. ალექსანდრე ბარიატინსკი (1815-1879) – თავადი, რუსი ფელდმარშალი (1859), 1835 წლიდან კავკასიის ომების აქტიური მონაწილე. 1856 წლის 22 ივლისიდან 1863 წლამდე იყო კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის განსაკუთრებული კორპუსის მთავარსარდალი.
2. ქალაქი პეტროვსკი დაარსდა 1857 წელს, დღევანდელი ქალაქი მახაჩკალა.
3. ავტორი გულისხმობს გენერალ ბარიატინსკის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ჩახშობას. კერძოდ, ბარიატინსკიმ შეიმუშავა სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვით მთიელთა დასახლებების დროდადრო დალაშქვრის ნაცვლად თანდათანობით უნდა დაეპყროთ მათი მიწა-წყალი და მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ ამ ტერიტორიაზე. ამ ქმედებით ბარიატინსკიმ გატეხა შამილის წინააღმდეგობა და იგი აულ ღუნიბში დაატყვევა 1859 წლის 25 აგვისტოს. ბარიატინსკი კი წმინდა გიორგის მეორე ხარისხისა და წნ. ანდრია პირველწოდებულის ხმლებიანი ორდენებით დააჯილდოვეს.
4. აული კორონაი ჩეჩნეთში მდებარეობს.
5. ავტორის შენიშვნა: „ამ ცხენებს შენარჩუნებული ჰქონდათ თვიანთი წინაპარი არაბული ცხენის უმეტესი თვისება“.
6. წინანდლის სასახლე 1854 წლის 4 ივლისს, შამილის აჯანყების დროს დაარბიეს და გადაწვეს. ტყვედ წაიყვანეს დავით ჭავჭავაძის ოჯახი და ნათესავები – სულ 24 ადამიანი: ბავშვები, დავითის მეუღლე ანა ბაგრატიონი-ჭავჭავაძისა, მისი და – ილია ორბელიანის მეუღლე ბარბარე თავის პატარა ვაჟთან, გიორგისთან ერთად, ნიკოლოზ ბარათაშვილის და ნინო, ფრანგი აღმზრდელი ქალი ან დრანსე, ძიძა, ორი მოახლე და სხვ.
7. ავტორის შენიშვნა: „სულთანათი (Saltanat) – თურქულად ზარ-ზეიმი. აღმოსავლური ანდაზა ამბობს: ინდოეთის სიმდიდრე, ევროპის გონება, ოსმალეთის ზარ-ზეიმი“.
8. ალექსანდრ-გაბრიელ დეკამპი (1803-1860) – ფრანგი მხატვარი. მისი ნამუშევრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია საფრანგეთისა და ინგლისის მუზეუმებში.
9. ჟორჟ-ანტუან-პროსპერ მარილია (1811-1847) – ფრანგი ორიენტალისტი-მხატვრების ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელი.
10. ავტორის შენიშვნა: „papakha – ჩალმის ფორმის ბეწვის ქუდი“.
11. ავტორის შენიშვნა: „bechmet – წელში ვიწრო რედინგოტი, რომლის გულზეც ორივე მხარეს დამაგრებულია სამასრეები; მას ჩერქეზსკასაც უწოდებენ“.
12. ავტორის შენიშვნა: „bourka – მჭიდრო და წყალგაუმტარი ქსოვილის მოსასხამი“.
13. პარსები – ზოროასტრიზმის მიმდევარი ეთნოკომფესიური ერთობა ინდოეთში.
14. ნიდაო – ცხენის ან აქლემის კისრის დასასრული ბეჭების თავთან.
15. ავტორის შენიშვნა: „აზიაში რუსების წინა კამპანიის* დროს პრინცესა დადიანმა, სამეგრელოს სუვერენის ქვრივმა და თავისი ვაჟის, პრინცი ალექსანდრე** დადიანის რეგენტმა, თავისი ქვეშევრდომები თურქეთის ჯარისთვის დასაპირისპირებლად შეკრიბა და მათ თავად გაუძღვა. იგი ატარებს წმ. ანას დიდ ორდენს და წმ. გიორგის სამხედრო მედალს, რომელსაც ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ანიჭებენ“.
*იგულისხმება 1853-1856 წლების ყირიმის ომი.
**ფრანგი მხატვარი უზუსტობას უშვებს, დავით და ეკატერინე დადიანების უფროს ვაჟს ნიკო ერქვა.
16. ბრანდებურგი (brandebougs) – ზონრით შემოკერილი საღილე მუნდირზე.
17. გრიგოლ გაგარინი (1810-1893) – თავადი, რუსი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, რუსეთის იმპერატორის კარის ობერგოფმეისტერი.
18. იგულისხმება სიონის ტაძარი.
19. ავტორის შენიშვნა: „ტიფლისში ყოველი ხელოსანი, ყოველი ვაჭარი ქმნის კორპორაციას, რომელსაც მათ მიერვე არჩეული პირები მართავენ. შეიძლება ამ ორგანიზაციის საქმიანობის ეჭვქვეშ დაყენება; ფიქრობენ, რომ ისინი ბოროტად სარგებლობენ თავიანთი მონოპოლიით“.
20. ზაპატეადო (zapateado) – ცოცხალი ესპანური ცეკვა.
21. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ხელოვნების მფარველ ღმერთს, აპოლონს, შეყვარდა, მდინარის ღმერთის, პენევსის ასული ლამაზი ნიმფა დაფნე, რომელმაც მისი სიყვარული უარყო, გაიქცა და თავის მამას სთხოვა დახმარება, რომელმაც ის მცენარედ აქცია. აპოლონმა დაფნის ფოთლები პოეტების ტრიუმფის სიმბოლოდ აქცია.
22. ავტორის შენიშვნა: „წმინდა გიორგის სამხედრო ორდენით აჯილდოვებდნენ სამხედრო მოქმედებების კარგად და შესაბამისად შემსრულებელ პირებს. ყველაზე ღირსეულ ჯარისკაცებს ჯილდოს ბრძოლის დასრულების შემდეგ აძლევდნენ. ამ ჯვრის კისერთან ტარება პიროვნების დიდი გამორჩეულობის ნიშანია; ერთი წლის წინ დიდი ორდენი არ არსებობდა; უკანასკნელი რადეცკიმ* მიიღო. წინათ რაინდად ოცდახუთი წლის სამსახურის შემდეგ აკურთხებდნენ, მაგრამ ალექსანდრე II-მ ეს წესი გააუქმა“.
*იოზეფ ფონ რადეცკი – (1766-1858), ავსტრიის ფელდმარშალი.
23. იგულისხმება ყირიმის ომის (1853-1856) დროს,1853 წლის 19 ნოემბერს (1 დეკემბერს) რუსეთისა და ოსმალეთის ჯარებს შორის ბრძოლები ქალაქ ყარსიდან 35 კმ-ზე მდებარე სოფელ ბაშკადიკლართან (ბაშგედიქლარი) და 1854 წლის 24 ივლისს (5 აგვისტოს) სოფელ ქიურუქ-დარასთან.
24. ვასილ ბებუთოვი (ბებუთაშვილი, 1789-1858) – ინფანტერიის გენერალი, 1809-1811 წლებში მსახურობდა საქართველოს მთავარმართებელთან, გენერალ ტორმასოვთან. მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში. 1817 წელს გენერალ ერმოლოვს ახლდა ირანში. 1825 წელს დანიშნეს იმერეთის მმართველად. 1828 წელს პასკევიჩთან ერთად მონაწილეობდა ახალციხის აღებაში, შემდეგ ახალციხის მმართველად დაინიშნა. 1843 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინით სარდლობდა ჯარებს ჩრდილო და მთიან დაღესტანში. 1847-1853 წლებში იყო ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს და სამოქალაქო სამმართველოს თავმჯდომარე. 1853-1856 წლებში მონაწილეონდა ყირიმის ომში. 1857 წელს სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
25. ნერსესი (1770-1857) – სომეხთა კათალიკოს-პატრიარქი.
26. ავტორის შენიშვნა: „მერია. დუმაში იგულისხმება შენობა, ქალაქის თავი – მერი და ქალაქის საკრებულო“.
27. ავტორის შენიშვნა: „ლიცეუმი“.
28. ავტორის შენიშვნა: „ნარგილეს* მსგავსი სპარსული ყალიონი“.
*აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული თამბაქოს მოსაწევი მოწყობილობა, რომელიც შედგება წყლის ჭურჭლისა, ტყავის გრძელი მილისა და ჩიბუხისაგან.
29. 1 ფუტი უდრის 30,48 სმ-ს.
30. სათარა (1829, არდებილი – გარდაიცვალა ტიფლისში, თარიღი უცნობია) – აზერბაიჯანის სახალხო მომღერალი. ხშირად მღეროდა თავრიზისა და თეირანის შეკრებებზე. 1845 წლიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. მის გამოსვლებს მაღალ შეფასებას აძლევდნენ მირზა ფათალი ახუნდოვი, ხაჩატურ აბოვიანი, გიორგი ერისთავი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ პოლონსკი და იმჟამინდელი პრესა.
31. ჯოვანი ბატისტა რუბილი (1794-1854) – იტალიელი ტენორი.
32. ჟილბერ-ლუი დიუპრე (1806-1896) – ფრანგი ტენორი.
33. აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას დანგრეული ქარვასლების ადგილზე XIX საუკუნეში ახალი ქარვასლები შენდება. მეფე როსტომის მიერ 1650 წელს სიონის გვერდით აგებული ქარვასლის ნანგრევებზე აშენდა არცრუნის ქარვასლა. რომელიც სერიოზულად დაზიანდა ხანძრისაგან და 1855 წელს გადაკეთდა (თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი. თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985, 99)
34. ავტორის შენიშვნა: „მარხვას რუსეთში გაცილებით მეტად იცავენ, ვიდრე რომაული ეკლესიის მიმდევრები. სამარხვო კვება მეტად მკაცრია, აღმოსავლეთის ეკლესია კრძალავს კვერცხის, კარაქის, რძის პროდუქტებისა და თევზის მიღებას. საკვებს რუსეთის წარმოების მარცვლეულის ზეთზე ამზადებენ, ძირითადად ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი სოკოს. ჩაის ნუშის ზეთით სვამენ“.
35. ავტორს ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა მთის ხალხების ზუსტი განსახლების არეალის შესახებ. თუშეთი ესაზღვრება დაღესტანს, დასავლეთით ფშავსა და ხევსურეთს, ჩრდილოეთით ჩეჩნეთს, სამხრეთით კახეთს. ხევსურეთი თუშეთის დასავლეთით მდებარეობს.
36. ავტორი გულისხმობს უოლტერ სკოტის (1771–1832) ისტორიულ რომანს „პერტის ლამაზმანი, ან წმ. ვალენტინის დღე“ („The Fair Maid of Perth; Or, St. Valentine's Day“), რომელიც 1828 წელს გამქვეყნდა. მასში ასახულია შუა საუკუნეების შოტლანდიის კოლორიტული სურათი, დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა და ხალხური ხასიათი.
37. ტარანტასი – გრძელი ოთხთვლიანი სამგზავრო ეტლი. რუსეთში XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა. იტევდა 4 მგზავრს.
38. პოდოროჟნაია (Подоро́жная) – ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც რუსეთში XV-XIX საუკუნეებში სარგებლობდნენ საფოსტო სადგურებში სახაზინო ცხენების მისაღებად.
39. სიგრძის ძველებური რუსული ერთეული ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.
40. იგულისხმება პოდოროჟნაია.
41. ადრე ეს გამოთქმა აღნიშნავდა პიროვნებას, რომელიც იმდენად ღონიერი იყო, რომ მძიმე ტვირთს ატარებდა. ამგვარად, ამ სიტყვას „ზურგის“ მნიშვნელობა აქვს.
42. ატიკა – სიტყვასიტყვცით „ზღვისპირა ქვეყანა“, ცენტრალური საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ოლქი.
43. ავტორის შენიშვნა: „ეს არის ზეგანი, რომელიც მდებარეობს მაღალი ბორცვის თავზე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ტიფლისის პირდაპირ. იქ არის თავმოყრილი ბაზრობის ყველა გასართობი, განსაკუთრებით კი რუსეთში პოლულარული გასართობი – ყოველგვარი საქანელა. სახელწოდება კრასნაია გორა (Krasnaia-Gora – წითელი მთა) არ ნიშნავს იმას, რომ მთა ამ ფერისაა, წითელი რუსულად სილამაზის იდეის მატარებელია; ჩემი აზრით, ის უნდა ითარგმნოს როგორც ლამაზი მთა“. ვვარაუდობთ, რომ ეს ადგილი დღევანდელი სამების ტაძრის უკან მდებარე ტერიტორია იყო.
44. ავტორის შენიშვნა: „პოლკი; აქედან წარმოსდგება პოლკოვნიკი. პოლკი იყოფა გარკვეული რაოდენობის ასეულებად (sotnias), რაც მომდინარეობს ასიდან (sto)“.
45. ავტორის შენიშვნა: „toulup – ცხვრის ტყავის ქურთუკი“.
46. ქარავნის ჩაიში (karavanskii-tchai – th de caravane) იგულისხმება ჩაი, რომელიც სატრანსპორტო გზების მოდერნიზაციამდე ჩინეთიდან რუსეთამდე აქლემებს გადაჰქონდათ.
47. ვვარაუდობთ, რომ ავტორი გადმოგვცემს ადგილზე შეტყობილ ამბავს, რომელიც შემდეგ ჰოლანდიელი მოგზაურის, ლიკლამა ა ნიეჰოლტის, თხზულებაშიც მეორდება და აღწერილის პროფ. პ. ზაქარაიას მიერ: „ეს ამბავი ანანურის ციხე ხშირად ექცეოდა ფეოდალური დაპირისპირებების ეპიცენტრში. მსგავსი მოვლენებიდან აღსანიშნავია 1739 წლის ტრაგედია: როდესაც შანშე ქსნის ერისთავი რუსეთში იყო წასული, არაგვის ერისთავებს მისი ძმის, იესეს ცოლი ყიზილბაშებისათვის გადაუციათ და ნამუსი აუხდიათ. რუსეთიდან დაბრუნებულ შანშეს ოჯახის შეურაცხმყოფელნი სასტიკად დაუსჯია. საკუთარი და ლეკთაგან დაქირავებული ჯარით მისდგომია ანანურის ციხეს, სადაც გამაგრებული ყოფილა არაგვის ერისთავი ბარძიმი ძმასთან ერთად. ბრძოლის შედეგად უამრავი ლეკი და ქართველი დახოცილა. მოალყეებს ვერაფერი გაუწყვიათ და ბოლოს წყალსადენი გადაუჭრიათ. ზაფხული ყოფილა, ციხეში მყოფთ უწყლოდ ძალიან გასჭირვებიათ და იძულებულნი გამხდარან სიცოცხლის შენარჩუნების ფიცის სანაცვლოდ დანებებულიყვნენ. ბარძიმ ერისთავი ჩაბარდა, მაგრამ მისი შვილი არ დანებებია და „შეუპოვარ“ კოშკში გამაგრებულა. ქსნელებმა ფიცი დაარღვიეს და ბარძიმი მოკლეს. დაუხოცავთ მისი ოჯახის სხვა წევრებიც; შემდეგ ციხე აუღიათ, „შეუპოვარი“ კოშკისათვის ცეცხლი წაუკიდებიათ და შიგ მყოფნი ცოცხლად გამოუწვავთ. არაგველებზე ისე უმოქმედია ამ შემთხვევას, რომ უზარმაზარი შვიდსართულიანი კოშკი ამოუქოლიათ და დამწვართა სამარხად უქცევიათ. მხოლოდ ორასი წლის შემდეგ, 1939 წელს გახსნეს არქეოლოგებმა. მათ საშინელი სურათი წარმოუდგათ თვალწინ, ნახაძრალი სავსე იყო დიდებისა და ბავშვების დამწვარი ძვლებით, იარაღით და სხვადასხვა საოჯახო ნივთებით“ (პ. ზაქარაია. „ქართული ცენტრალურგუმბათოვანი არქიტექტურა XVI-XVIII სს“, თბილისი, 1981, 239-267).
48. ანანურის ფეოდალური ხანის (XVI-XVIII სს) ციხესიმაგრის ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლში თავმოყრილია საკულტო, სამხედრო და საერო დანიშნულების ნაგებობები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ბლომად მოიპოვება ამ ეპოქის ძეგლები, ასე ერთად თავმოყრილი და შედარებით კარგად დაცული მხოლოდ რამდენიმეა.
49. ანანურის ციხის ანსამბლის მთავარი ნაგებობა – ღვთისმშობლის ეკლესია დგას „ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით. სამხრეთ ფასადის მარცხენა ნაწილზე არსებული ცხრამეტსტრიქონიანი სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმის დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს. სავარაუდოა, რომ ფრანგი ავტორისთვის ქართულად გამოთქმული „ღვთისმშობელი“ იქცა Khitobel-ად. იგივე ფორმა ამ ეკლესიის ხსენებისას გვხვდება დიუბუა დე მონპერეს თხზულებაში. ჩანს, ფლორიან ჟილმა, ბლანშარმა, ალექსანდრე დიუმამ და ლიკლამა ა ნიეჰოლტმა სწორედ დიუბუა დე მონპერეს ცნობებით ისარგებლეს. იგი წერს, რომ ანანურის ორივე ეკლესია არის Sainte-Khitobel-ის სახელობის (F. Dubois de Montpéreux, Voyage autour du Caucase, chez les Tscherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée. Avec un Atlas géographique, pittoresque, archéologique, géologique etc. Ouvrage qui a remporté le prix de la Société de Géographie de Paris en 1838. par Frédéric Dubois de Montpéreux. Paris: Librairie de Gide, 1840, IV, 247).
50. ავტორის შენიშვნა: „ერისთავი (Eristaff) ქართულად ნიშნავს ხალხის თავს. საქართველოში კვლავ არის ერისთავების, მთავრების ოჯახი; წოდება გვარად იქცა“.
51. სერანია–დე–რონდას მთიანი მხარე მდებარეობს მალაგას პროვინციაში.
52. ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურები გუდგორას უწოდებენ გუდაურის მიდამოებში მდებარე მთა კუდებს და ამ მონაკვეთს კაიშაურად მოიხსენიებენ.
53. ალექსი ერმოლოვი (1777-1861) – გენერალი, საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში.
54. ავტორის შენიშვნა: „თავიანთ ქვეყანაზე საუბრისას, რუსები ხშირად ამბობენ წმინდა რუსეთი, ისევე, როგორც ამბობენ დედა მოსკოვი (Moskiu Matouchka)“.
55. ივანე ბართოლომეი (1813-1870) – რუსი გენერალ-ლეიტენანტი, არქეოლოგი და ნუმიზმატი, პეტერბურგის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1856). 1850 წლიდან მსახურობდა ჩეჩნეთში, აფხაზეთსა და თბილისში. 1853 წელს დიპლომატიური დავალებით გაემგზავრა სვანეთში და მონაწილეობა მიიღო რუსეთთან მისი შეერთების საქმეში. შეაგროვა ქართული, ბაქტრიული, პართული და სასანური მონეტების მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდგომ ერმიტაჟს გადასცა.
56. ყაზბეგის სიმაღლე 5047 მ-ია.
57. მონბლანის სიმაღლე 4810 მ-ია.
58. ფუტი – სიგრძის საზომი ერთეული. 1 ფუტი უდრის 30.48 სმ-ს.
59. თერმოპილი – ადგილი საბერძნეთში, სადაც უძველეს დროს ვიწრო სანაპირო გასასვლელი არსებობდა. თავისი სახელწოდება მიიღო ცხელი გოგირდიანი წყლების გამო. ეს ის ვიწრო გასასვლელია, სადაც ჩვ. წ. აღ-მდე 480 წ. სისხლიანი ბრძოლა გაიმართა ბერძნებსა და სპარსელებს შორის.
Комментариев нет:
Отправить комментарий