კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ რომანოვი (1862-1881)
(შემეცნებითი ხანგრძლივი მოგზაურობა)
ავტორის შესახებ: ტინკო მარტინუს ლიკლამა ა ნიეჰოლტი (1837-1900) – მოგზაური და მწერალი, ფრიზიაში (ჰოლანდია) მდიდარ და არისტოკრატიულ გარემოში აღიზარდა, ოჯახი ფლობდა მიწებს, ჩართული იყო ტორფის მრეწველობაში. იგი თავის დედას უმადლიდა უცხო ენებისა და კულტურის შესწავლისადმი თავის ინტერესს. 1856 წელს იგი გრონინგენის უნივერსიტეტში სამართალს, 1861 წლიდან კი პარიზის აღმოსავლური ენების სკოლაში სწავლობდა და სწორედ პარიზში გადაწყვიტა ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობა. მას განსაკუთრებით ირანი და სირია, ლევანტისა და მესოპოტამიის კულტურა აინტერესებდა.
იგი 1865 წლის აპრილში გაემგზავრა პარიზიდან და სამშობლოში 1868 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. ამგვარად, მან სამი წლის განმავლობაში იმოგზაურა. ნაცლად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში თურქეთის გავლით ჩასულიყო, მან უფრო გრძელი გზა აირჩია რუსეთისა და კავკასიის გავლით, რაც ჟან-ბატისტ ტავერნიეს (1605-1689) თხზულების წაკითხვამ განაპირობა. აღმოსავლეთში შეძენილი ნივთები და თავის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად იგი მეტად მდიდარი არტიფაქტებით დაბრუნდა ევროპაში და ერთ-ერთი პირველი ჰოლანდიელი აღმოსავლეთმცოდნეს სახელი მოიხვეჭა.
1875 წელს მან ცოლად შეირთო ჰოლანდიელი ბარონესა და ისინი მალე საფრანგეთში, კანში, გადასახლდნენ. თავის მიერ შეგროვებული აღმოსავლური სურათების შესანიშნავი კოლექცია 1877 წელს მან კანს შესწირა და ის ამ ქალაქის ისტორიულ ნაწილში, XI საუკუნის დროინდელი ბერების მონასტრის შენობში განთავსებული de la Castre-ის მუზეუმის კოლექციის შემადგენლობაშია. ამ მუზეუმის ექსპონატების ერთი ნაწილი ეკუთვნის ხელოვნებათნცოდნესა და მოგზაურს, ჟან დე ლა კოშს, მეორე – ტინკო ლიკლამას. ლიკლამა ა ნიეჰოლტი გარდაცვალებამდე კანის მოქალაქე და ლაჟვარდოვანი სანაპიროს მაღალი წრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო.
მოგზაურობის მიზანი: 1. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობა; 2. კავკასიონზე მოგზაურობა, რაც გამოწვეული იყო შამილის1 ბრძოლით რუსების წინააღმდეგ. ლიკლამა ა ნიეჰოლტს იმედი ჰქონდა რომ, კავკასიონზე მოგზაურობის დროს შეხვდებოდა „ვინმეს, დარჩენილს იმ გამბედავი ხალხიდან, რომლის ჰეროიკულმა ბრძოლამ აღტაცებაში მოიყვანა ევროპა“.
სრული მარშრუტი: პარიზი, ბერლინი, კენიგსბერგი, რიგა, სანკტ-პეტერბურგი, მოსკოვი, ნიჟნი ნოვგოროდი, ყაზანი, სომბირსკში, ხვალინსკი, ვოლსკი, სარატოვი, ცარიცინი, ყალმუხების მხარე – ჯენოტაევსკში, ასტრახანი, ბაქო, თბილისში, დარიალის ხეობა – კავკასიონი, თბილისი, კოჯორი, მანგლისი თეთრიწყარო, სამშვილდე, თბილისი, ერევანი, ნახჭევანი, თავრიზი, პერსეპოლისი, შირაზი, ბენდერ-ბუშეჰრი, ბასრა, ბაღდადი, ქერბალა, თეირანი ქერმანშაჰი, ჰამადანი, სირია, ალეპო, სინა, სულეიმანიე, ქირქუქი, მოსული, დიარბექირი, ორფა, ანტიოქია, ალექსანდრეტა (ისკანდერუნი), პალესტინა, ლატაკია, ტრიპოლი, ბეირუთი, სენ-ჟან დ’აკრი, იაფა. ნაზარეთი, იერუსალიმი, დამასკო, პალმირა. ბეირუთი, ვარნა, პეშტი, ვენა, ჰოლანდია.
მარშრუტი საქართველოში: თბილისში, დარიალის ხეობა – კავკასიონი, თბილისი, კოჯორი, მანგლისი თეთრიწყარო, სამშვილდე, თბილისი. მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით ძალიან დაწვრილებით არის აღწერილი ბუნება როგორც კავკასიონზე მოგზაურობის დროს, ისე თბილისიდან თეთრწყარომდე. მოცემულია ცნობები: ფლორის, ფაუნის, მდინარეებისა და ხიდების შესახებ; აღნიშნული და დახასიათებულია საფოსტო სადგურები – მცხეთა, წილკანი, დუშეთი, ანანური, ფასანაური, კობი, ყაზბეგი; საექსკურსიო პუნქტები – კოჯორი, მანგლისი თეთრიწყარო, სამშვილდე, გერმანული კოლონია; გზად ნანახი ისტორიული ძეგლები – ეკლესიები და ციხესიმაგრეები. დიდ ადგილი ეთმობა თბილისის მოსახლეობის – ქართველებისა და სომხების ადათ-წესები, სამოსის, საკვების, საკრავი ინსტრუნენტების, რელიგიური დღესასწაულებისა (აღდგონა, ეპიფანია, ნინაობა) და თბილისში მყოფი უცხოელების – რუსებისა და ევროპელების ცხოვრების აღწერას, მოცემულია ცნობები ზოგიერთი მაღალი რანგის უცხოელი მოხელის შესახებ (ბარონი ნიკოლაი, მისი ძმა გენერალი ნიკოლაი, საფრანგეთის ელჩი ჰერცოგი დ’ისლი და სხვ.). გვაწვდის ცნობებს თბილისის ბაზრების, აბანოსა და თბილისის კულტურულ ცხოვრების შეასხებ – იგი დაესწრო ერთ მეჯლისის, ღარიბთა სასარგებლოდ გამართულ ერთ კონცერტს, აღტაცებით აღწერს თბილისის თეატრის შენობის ინტერიერს, მაგრამ საშუალოზე დაბალი დონისას უწოდებს იმჟამად თბილისში მყოფ იტალიურ საოპერო დასს. გავძლევს თბილისის დაარსებასთან დაკავშირებული ლეგენდის ალბათ ადგილზე შეტყობილ, განსხვავებულ ინტერპრეტაციას. ავტორი აღნიშნავს, რომ გული სწყდებოდა ტურისტების გამო, რადგან მათთვის საქართველოს ამ ძველ დედაქალაქში ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ მისი აზიურ იერსახიდან გადარჩენილი ნაწილი იყო.
1865 წლის აგვისტოში კავკასიონზე მოგზაურობიდან თბილისში დაბრუნებისას ლიკლამა ა ნიეჰოლტი ორჯერ შეხვდა გადასახლებაში მიმავალი ჩერქეზების ჯგუფს – ლარსის სადგურში მისვლამდე დიდი ყაბარდოდან მომავალ ჩერქეზებს, რომელთა რაოდენობა დაახლოებით 2,000-3,000 იყო, მეორედ ფასანაურის მიდამოებში. მისი თქმით, იგი მადლობელი იყო თავისი „ბედნიერი იღბალის“, რომელმაც ოცდაათწლიანი ომით ცნობილი მოსახლეობის ნაშთებთან შეახვედრა.
XIX საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში ჩამოსულ ფრანგ და ფრანკოფონ მოგზაურთა შორის, ტინკო მარტინუს ლიკლამა ა ნიეჰოლტი ერთ-ერთი ის პირია, რომელიც ექვსი თვის მანძილზე ცხოვრობდა თბილისში. ფარამონ ბლანშარის თხზულებიდან განსხვავებით, მის ნაწერებში დიდი ადგილი ეთმობა თბილისისა და მისი მოსახლეობის ადათ-წესების აღწერას. მოგზაური დაწვრილებით აღწერს თბილისს და მას ხუთ მთავარ უბნად ჰყოფს. ორი უბანი მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა, პირველი განსაკუთრებით ქართული იერსახის ქალაქის უძველესი უბანი, ავლაბარი იყო, მეორე – მეორე გერმანული კოლონია.
დანარჩენი სამი უბანი მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა. მათგან პირველი, ქართველებით, თათრებითა და სპარსელებით დასახლებულ უბანში შენარჩუნებული იყო თითმყოფადი ხასიათით; მეორე, თითქმის მთლიანად რუსულ უბანი იყო სოლოლაკი, რომელსაც ევროპული იერსახე ჰქონდა, მაგრამ იქაც იყო შენარჩუნებული აზიური ელემენტები. მესამე ანუ ევროპული უბანი, მოიცავდა ერივანსკი მოედანს და გოლოვინის პროსპექტს. მოგზაური აღნისნავს, რომ შარდენი და კლაპროტი, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქს შესახებ ნაკლებ სასიამოვნო სურათები დაგვიტოვეს, ახლა რომ დაბრუნებულიყვნენ, ქალაქს ვეღარც კი იცნობდნენო.
სხვა ავტორთაგან განსხვავებით, ლიკლამა ა ნიეჰოლტმა თბილისიდან იმოგზაურა თეთრწყაროში. იგი საინტერესო ცნობებს გვაწვდის მანგლისის, თეთრიწყაროსა და სამშვილდეს ისტორიული ძეგლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ თეთრწყაროში იმჟამად იყო დიდი მთავრის, მიხეილის, წითელი აგურის სახლი, რომლის შესახებ ნაკლებად არის ცნობილი.
ტინკუს მარტინუს ლიკლამას თხზულება მეტად მნიშვნელოვანი წყაროა XIX საუკუნის 60-იანი წლების მის მიერ მოვლილი საქართველოს მხარეებისა და განსაკუთრებით თბილისის საქალაქო ცხოვრების შესახებ.
***
ტიფლისი
მეფე ვახტანგ გორგასალმა ტიფლისი 455 წელს დააარსა2 და იქ გადაიტანა საქართველოს დედაქალაქი მცხეთიდან, რომელიც რელიგიურ ცენტრად დარჩა. ქართულად ამ ქალაქს ეწოდება Tibilis-Kalaki რაც ნიშნავს თბილ ქალაქს თერმული წყლების გამო, რაც უძველესი დროიდან იყო ცნობილი.
ქალაქი ტიფლისი შეიძლება ხუთ მთავარ უბნად დაიყოს, ორი მტკვრის მარცხენა ნაპირზეა – ავლაბრის უბანი, განსაკუთრებით ქართული იერსახით და მისი გაგრძელება – გერმანული კოლონია, რომელიც თავის მხრივ ქმნის ცალკე უბანს. ეს კოლონია შედგება პატარა ბაღებით გარშემორტყმული სახლების ორი რიგისგან, რომლებიც ტიფლისის ელისეს მინდვრების – სახაზინო ბაღისკენ3 მიმავალ გზას ებჯინება; მის უკან იპოდრომია, რომელიც ხშირადაა ხმაურიანი რუსების და ქართველების შეჯიბრებების გამო. გერმანული კოლონია4 ქალაქის ყველაზე ნესტიან და ციებიან ადგილზე მდებარეობს, რაც არ ვარგა ახალი ჩამოსულებისთვის. დანარჩენი სამი უბანი მარჯვენა ნაპირზეა. პირველი, ერთდროულად თათრების, სომხებისა და ქართველების უბანი, მტკვრიდან ერევნის5 მოედნამდე ვრცელდება. იქ ნახავ თათრულ მეჩეთებს და მის გვერდით ეკლესიას, რომელიც თავიანთი ბატონობის ნიშნად რუსულ ტაძრად აქციეს, ბაზარს და სპარსულ ქარვასლას; სწორედ აქ არის ცხელი წყლის აბანოები, რომლებმაც სახელწოდება მისცეს ქალაქს. შემდეგ სოლოლაკის უბანია, თითქმის მთლიანად რუსული, სადაც მთავარი საკუთარი საცხოვრებლები, სახლები და სასტუმროებია; იქ არის საქართველოს უკანასკნელი მეფეების მემკვიდრე ბატონიშვილის სასახლეც6. სწორედ იქ ცხოვრობენ სპარსეთისა და საფრანგეთის კონსულები, კომერსანტებს კი იშვიათად ნახავ. მესამე და უკანასკნელი უბანი მოიცავს ერევნის მოედანს და გოლოვინის7 პროსპექტს, სადაც გენერალ-გუბერნატორის სასახლე დგას. ძირითადად სწორედ ამ მოედანზე და ბულვარის გასწვრივ დამკვიდრდნენ ფრანგი, გერმანელი, იტალიელი და სხვა ვაჭრები, რომლების საკმაოდ მრავლად არიან ტიფლისში.
იმ უამრავი უბედურების გამო, რომელიც თავს დაატყდა ამ ქალაქს, მას იერსახეც ხშირად უნდა ეცვალა. ის გზა, რომელსაც დღეს ადგას, შემდეგ საუკუნეში მოიტანს სრულ გარდაქმნას. გული დამწყდება ტურისტების გამო, რადგან მათთვის საქართველოს ამ ძველ დედაქალაქში ყველაზე დიდი ხიბლი ის არის, რაც მისი აზიურ იერიდან გადარჩა. ოდნავ ცივი სიდიადის ნიშანი რუსეთმა ადგილობრივი მთავრობის მიერ აშენებულ ყველა საზოგადოებრივ შენობაზე აღნიშნა. ახალი შენობები ევროპულ ყაიდაზე შენდება ჰავის გამო შეტანილი აუცილებელი ცვლილებებით: ეს არის ყოველი სართულის გარშემო დახურული შუშაბანდები მზისგან თავდასაცავად. მხოლოდ ძველ უბნებში შეგხვდება სახლები, რომელთა სახურავი ტერასას წარმოადგენს და სადაც ქართველები ნახევარ ცხოვრებას ატარებდნენ. საღამოს იქ ჰაერზე არიან, საუბრობენ, იცინიან, უკრავენ და ცეკვავენ. ეს არის სალონი, სადაც იღებენ სტუმრებს და სადაც ლამაზი ქართველი ქალები, – მოგზაურმა ყველაფერი უნდა თქვას, – თავიანთ თაყვანისმცემლებს უნიშნავენ შეხვედრებს.
ჯერ ძველი ტიფლისი მოვიაროთ. ყოველგვარი ქრონოლოგიური თანამიმდევრობის გარეშე, ამ მიმოხილვას ძველი ბაზრით დავიწყებ. ის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, მეტეხის ციხესიმაგრის გვერდით, სომხური ქუჩის გზაჯვარედინზე მდებარეობს, რომელიც ევროპული უბნიდან გამოდის და აბანოს ქუჩიდან ერევნის კართან და მტკვარზე გადებული სამიდან იმ ყველაზე მნიშვნელოვან ხიდთან მიდის, რომელიც ძველ ტიფლისს ავლაბრის უბანთან და გერმანულ კოლონიასთან აკავშირებს. მრავალი პატარა ქუჩა აგრეთვე ამ უსწორმასწორო მოედანთან იყრის თავს, სადაც ბაზარი – მეიდანი (Maïdan) იშლება; მის გარშემო სხვადასხვა ზომის ბნელი ფარდულებია, რომელთა უდიდესი ნაწილი აღმოსავლური საქონლით სავსე ხვრელებს ჰგავს. სწორედ აქ არის საქმიანი ცენტრი, გამოცოცხლება და ქალაქის ცხოვრება. ვაჭრები თავიანთ საქონელს გთავაზობენ ფარდულებში, ვიწრო გასასვლელებში, რომლებიც ბაზარს სერავს, სუფთა ჰაერზე თავისუფალ ადგილებზე და ქუჩებში. აქ არიან ყველა სახის ხელოსნები, თერძები, მქარგავები, იარაღის ხელოსნები, საოცრებათა ოსტატები და სხვ., რომლებიც თქვენ წინ მუშაობენ; ერთნი ფეხზე დგანან, სხვები აღმოსავლურად ფეხმორთხმულები სხედან. ყოველგვარი ხილი, მთელი საკვები, ქვეყნის მთელი სურსათი აქ არის თავმოყრილი. ყველგან მეტად თავისებური და ძლიერ ჭრელი ბრბო მიდი-მოდის: საქმიანი ხალხი აჩქარებული ნაბიჯით, ვიღაც ნელა და ზანტად, სხვანი კი მნიშვნელოვანი პერსონაჟებივით დარბაისლურად. ამ ბრბოში წარმოდგენილია ყველაზე უფრო განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც თავიანთი სამოსის სიჭრელით და შესახედაობით გაოცებულ მზერას კალეიდოსკოპის ეფექტს უქმნის. ქართველები, მეგრელები, სპარსელები, თათრები, ყაბარდოელები, ლეკები თუ ქურთები კაზაკ და რუს ჯარისკაცებში ირევიან. ყველა ეროვნების შებურული თუ თავშიშველი ქალიც სწორედ იქ სეირნობს თავისი ასე თვალწარმტაცი სამოსით. სხვადასხვა ერების, მყიდველებისა და ვაჭრების ამ ნარევში, რომლებიც ამ მუდმივ ბაზრობას ქმნიან, ისეთი ხმაური, უწესრიგობა და აურზაურია, რომლის შესახებ ძნელია წარმოდგენის შექმნა.
ის, რაც ტიფლისის ამ ბაზარშია აღნიშვნის ღირსი, ეს აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები და იარაღია, დამზადებული სპარსეთში, თურქეთსა და საქართველოში. ჩემს შესაცდენად ტიფლისში ვნახე კარგი ხალიჩები და ჩემს ფანტაზიას, ვყოფილიყავი მისი ბედნიერი მფლობელი, მხოლოდ იმით ვუწევდი წინააღმდეგობას, რომ უკეთესს იმ ქვეყანაში შევიძენდი, სადაც მათ ქსოვენ. მიუხედავად ამისა, ვიყიდე უმაღლესი წრთობის ორგინალური ფორმის რამდენიმე იარაღი, რომლებსაც ადგილს ჩემს ყველაზე ძვირფას კოლექციაში მივუჩენ.
ამ დიდი ბაზრის გარდა ტიფლისში კიდევ ორია ბაზარია, სადაც რუსეთის წარმოების, განსაკუთრებით კი მოსკოვის მანუფაქტურის საქონლის გვერდით, შორეული აღმოსავლეთიდან, მონღოლეთიდან და ჩინეთიდან შემოტანილი საქონელია თავმოყრილი. ეს სხვადასხვა ბაზრები იმ დიდი ქარვასლიდან მარაგდება, რომელსაც მტკვრის მიერ შექმნილ ნახევარკუნძულზე დაინახავ8. ეს არის ყველა ქარავნის შეხვედრის ადგილი, რომლებიც საქართველოში შემოდგომაზე ჩამოდიან ერევნის გზით, მას ყოველგვარი საქონლით ამარაგებენ და საქონელიც აქედანვე გააქვთ სხვა ქვეყნებში. საბითუმო ვაჭრობა თითქმის მთლიანად სომხების ხელშია, რომელთაც დიდი ქონება აქვთ დაგროვილი. აქ, მეტად უბრალო ფარდულების გვერდით, რომლებშიც დიდი სიმდიდრეა დაგროვილი, ანგარები ააშენეს ქარავნებისთვის. მეტად საინტერესო სანახავია ჭრელ კოსტიუმებში გამოწყობილი კუშტი სპარსელი, თათარი და ქურთი გამყოლების თანხლებით აქლემების დაუსრულებელი მსვლელობა. იმისგან დამოუკიდებლად, ეს საქონელი ტიფლისში განაწილდება თუ მის მიდამოებში გაიტანენ, ამ ქარავნებს ყოველ წელს მოაქვთ ბამბის ათასობით ფუთა, რომლებიც შემდეგ დიდი ურმებით ან ქარავნებით გადააქვთ შავ ზღვაზე ფოთში, იქიდან კი აზიის დასავლეთ ნაწილში მოყვანილი ბამბა ევროპაში გააქვთ. ტიფლისის მთელი ვაჭრობა მხოლოდ ბაზრებში არ არის თავმოყრილი. ძველ უბნებში არის ფარდულებით სავსე ქუჩები, სადაც სხვადასხვა ხელობის ხალხი ერთდროულად გამყიდველიც არის და ხელოსანიც; ისინი ხალხს თავიანთ დამზადებულ საქონელს სთავაზობენ. რაც შეეხება ახალ უბნებს, ვახსენებ ევროპულ მაღაზიებსაც, რომლებიც ავსებენ იმ რესურსებს, რასაც საქართველოს დედაქალაქი თავის მოსახლეობას და უცხოელებს სთავაზობს.
ის, რაც ტიფლისში ჩასვლისას გაოცებს, სპარსული ციხესიმაგრის თვალწარმტაცი ნანგრევებია, რომლებიც კვლავაც დგას მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, კლდის შვერილზე მეტეხის პირდაპირ. მას ნარიყალას9 ციხე ეწოდება. ის შესანიშნავ ადგილზე ააგეს მდინარის დინებისა და ქალაქის სხვა ნაწილების გასაკონტროლებლად. მართლაც, ეს ციხესიმაგრე ყველაფერს ზევიდან დაჰყურებს და სიფრთხილის გამო, საქართველოს მჩაგვრელებმა იქ კედელი ააშენეს, რომელიც მდინარის ნაპირთან ეშვებოდა და ხელს უშლიდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის უბნების კავშირს. ნარიყალას გალავანი, აკროპოლისის თუ კრემლის მაგვარი, მოიცავდა ციხე-სიმაგრეს, რამდენიმე საცხოვრებელს და სამხედრო ნაგებობებს; ერთი სიტყვით, ეს იყო კალად წოდებული შიდა ქალაქი.
დღეს რამდენიმე კოშკამდე და დანგრეულ კედლამდე დამცრობილი სპარსული ციხესიმაგრის პირდაპირ, კლდეზე, სადაც მეტეხის ეკლესია დგას, მდებარეობდა ძველი ქართული ციხესიმაგრე მეტეხი, რომელიც შეიძლება ქალაქისა და აგრეთვე მეტეხად წოდებული ეკლესიის დაარსების დროსაა აშენებული. ისევე, როგორც ნარიყალას ციხე, ის მდინარის დინებას მეთვალყურეობდა, რაც მოწმობს, რომ არაფერი არ იყო უგულებელყოფილი ბუნების მიერ უკვე გამაგრებული პოზიციიდან სარგებლობის მისაღებად, ხოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოებული სამუშაო მას მიუდგომელს ხდიდა. ახალი მშენებლობები და თანამედროვე ციხესიმაგრე იმას ადასტურებს, რომ ამ დომინანტური პოზიციის ფლობა რუსეთის მთავრობამ ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად მოისურვა.
ვიდრე ძველ უბანს დავტოვებ, ისღა დამრჩა ვახსენო თბილი წყლის აბანოები, რამაც სახელი მისცა ტიფლისს. ისინი ქალაქის უკიდურეს ნაწილში, მტკვრის ნაპირზე მდებარეობს, იმ ადგილას, სადაც პატარა მდინარე წავკისი მტკვარს უერთდება. მრავალი წყარო ბუნებრივად გამოდის მთის ფერდობებიდან, ისინი გოგირდიანია, მეტად ცხელი და პიატიგორსკის წყაროებზე უფრო მაღალი ტემპერატურის მქონეა, რადგან 30-60 გრადუსს შორის მერყეობს, თუმცა არის ერთი თუ ორი ცივი წყაროც. ისინი უძველესი დროიდანაა ცნობილი და მათი აღმოჩენა ლეგენდებად დადის ხალხში. ამბობენ, რომ ერთ მწყემსს ჩვევად ჰქონდა თავისი ფარის ამ ადგილას ძოვება. მან შეამჩნია, რომ მუნით დაავადებული ცხვრები განიკურნენ ამ საძოვარზე, რომელიც დასერილი იყო ბუნებრივი აუზით და რომელშიც ცხვრები აუცილებლად ჩადიოდნენ. როდესაც მან ამ დაკვირვების შესახებ თქვა, ეს ადგილი გამოიკვლიეს, მალე დაადგინეს წყლის სამკურნალო ძალა და ამ ადგილზე აბანოები დააარსეს, სადაც ბევრი ხალხი დადიოდა10. დღეისთვის ტიფლისის ეს თერმული დაწესებულება შედგება წყაროებზე აგებული დიდი და უსახური შენობებისგან; ისინი რამდენიმე ოთახადაა დაყოფილი, რომელთაგან ზოგიერთი კლდეშია გამოკვეთილი. იქ არის აბაზანები, საორთქლავი, ძალიან დიდი ოთახის გარშემო დასასვენებელი ადგილებია; შენობას დიდი გუმბათი ადგას, საიდანაც დღის სინათლე შედის. მაგრამ ვიმეორებ, რომ ის არაფერი მონუმენტური არ არის და საკმაოდ უხეშადაა მოწყობილი. უეჭველია, რომ, ამჟამინდელ მთავრობას ენდომება ამ მართლაც განსაკუთრებული წყაროებიდან სარგებლობის მიღება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ კავკასიიური რუსეთის ამ დედაქალაქში აღნიშნულ შენობებს მალე უფრო ღირსეული დაწესებულებებით შეცვლიან. ეჭვი არ მეპარება, რომ ტიფლისის აბანოები შეიძენენ იმ მნიშვნელობას, რაც დღეს სრულიად არა აქვთ.
ევროპული უბანი ძველ ქალაქს, ბაზარს, სიონის ტაძარს და სპარსულ ციხესიმაგრეს სოლოლაკის უბნით უერთდება, რომელიც უკვე დაიპყრო ევროპამ, მაგრამ სადაც შენრჩუნებულია აზიური ელემენტები. ბაზრიდან მომავალი გრძელი გზა კვეთს სოლოლაკის უბანს და მიდის ერევნის ლამაზ მოედნამდე, რომელიც თანამედოვე მშენებლობების ცენტრია. რუსეთი ტიფლისს მხოლოდ საუკუნის დასაწყისიდან ფლობს. ამ მოედანზე და მის მიდამოებში უკანასკნელი ორმოცი წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა სამუშაო შესრულდა სამი ყველაზე გამოჩენილი მმართველის – გენერალი ერმოლოვის, გრაფ ვორონცოვისა და თავად ბარიატინსკის11 – ენერგიულ ძალისხმევით, რომელთაც სამართლიანად უნდა დაემატოს დიდი მთავარი, მიხეილი12, კავკასიის დღევანდელი მმართველი. ახალი ქალაქის გენერალური გეგმა ამ ხელსაყრელ და თავისუფალ მიწაზე, რომელიც ერევნისა და სპარსეთის გზის მიმართულებით ვითარდება, შეჩერებულია; მონიშნეს დიდი მოედნები, სწორი და ფართო ქუჩები, სახაზინო ბაღები და სხვ. ზოგიერთი მოგზაურის აზრით, დღემდე ცოტაა გაკეთებული. მე არ ვიზიარებ ამ მოსაზრებას და ვფიქრობ, რომ შარდენი და კლაპროტი, რომლებმაც საქართველოს დედაქალაქს შესახებ ნაკლებ სასიამოვნო სურათები დაგვიტოვეს, ახლა რომ დაბრუნებულიყვნენ, ქალაქს ვეღარც კი იცნობდნენ. უკვე საკმაოდ ბევრი შენობაა აგებული, კავკასიის დამორჩილების შემდეგ კი ახალი ტიფლისის მნიშვნელობა სწრაფად იზრდება, თუმცა ევროპული უბანი არ ბრწყინავს ორგინალურობით. ეს უფრო სანკტ-პეტერბურგისა და მოსკოვის ახალი უბნების რუსეთია თავისი სტანდატრული, სწორი, მაგრამ ცივი არქიტექტურით. თუ არა ვერანდების ან ჩარდახის მსგავსად დახურული აივნები, რაც სახლების ყოველ სართულს ეკვრის, იფიქრებდი, ამ ორი ქალაქიდან ერთერთში ხარ.
ერევნის მოედნიდან იწყება გოლოვინის პროსპექტი, რომელიც გრძელდება სამეგრელოს კარამდე. ეს ბულვარი, იქ დარგული ხეებით, მეტად ლამაზი სასეირნო ადგილია; მას საკმაოდ დიდი სიგრძეზე მიჰყვება ბაღებით შემოსასაზღვრული სასტუმროები და სახლებიც, რომელთა ქვედა სართული მაღაზიებს ეთმობა. იგივეა მოედანზე და მისკენ მიმავალ ზოგიერთ ქუჩაზე, სადაც ისევე, როგორც ბულვარზე, უამრავ ფარდულსა და რამდენიმე დიდ მაღაზიასაც კი ნახავ, რომლებიც ევროპელებს, რუსებს, ფრანგებს, გერმანელებს, იტალიელებსა და ბერძნებს ეკუთვნით. ზოგიერთი მათგანი შესანიშნავადაა მომარაგებული და ჩვენი დიდი ქალაქების ყოველგვარი ფუფუნების საგნებითაა დამშვენებული. ტიფლისში არის ფრანგული კოლონია, რომელიც წარმატებით ვაჭრობს პარიზული საქონლით. ამ კოლონიაში ჯერ კიდევ 1858 წელს იყო 150 ადამიანზე მეტი. ესენი ძირითადად აბრეშუმით მოვაჭრეები, იუველირები, მექუდეები და მკერავები – ძირითადად მოდისტკები, არიან; რუსი ქალბატონები ტიფლისშიც ნახულობენ იმ ყოველივეს, რაც ფრანგული მოდისადმი მათ გემოვნებას დააკმაყოფილებს და რაც ყოველდღიურად იკიდებს ფეხს ქართველ და სომეხ ქალბატონებს შორის. ამ ახალი ქალაქის ყველაზე დიდ მაღაზიებს შორის დავასახელებ მხოლოდ მადამ დელსოლმეს (MM. Delsolmes) მოდური საქონლის მაღაზიას, შესანიშნავი ვიურტემბერგელის – ბ-ნი გლეზერის (M. Glaser), – რომელმაც ათასი პატარა სამსახური გამიწია, – ძვირფასი კავეულის მაღაზიას და წიგნების დიდ გერმანულ მაღაზიას, სადაც შარდენის მოგზაურობის ათი ტომი ვიყიდე, დიდი სიამოვნებით წავიკითხე მის მიერვე ასე კარგად აღწერილ ქვეყანაში. არის მუსიკალური მაღაზიებიც, მეტად კარგად შერჩეული პიანინოებით, ისეთით, ევროპაში რომ ქირაობენ და ბედნიერი ვიყავი საკუთარი თავისთვის ამ გასართობის მიცემით, რაც მით უფრო ძვირფასი იყო ასე შორეულ მხარეში, სადაც სასიამოვნო ცოტაა.
გოლოვინის ბულვარის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შენობა რა თქმა უნდა, მთავრობის მეთაურის სასახლეა13. ტიფლისი მთელი სამხედრო, სამოქალაქო და სასამართლო ადმინისტრაციის ცენტრია და სწორედ აქ არის მეფისნაცვლის რეზიდენცია, რომელიც თითქმის შეუზღუდავ ძალაუფლებას ფლობს ამ აგლომერაციის თითქმის ხუთ მილიონ ადამიანზე, რომლებიც კავკასიონის ორივე მხარეს არიან გაფანტულები. 1865 წელს ამ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა და ახლაც ასრულებს მას იმპერატორ ალექსანდრეს ძმა14, ჭეშმარიტი vice-roi – მეფისნაცვალი; რუსეთის პრესტიჟის შესანარჩუნებლად მას ჰყავს თავისი კარი, რომელიც არა მხოლოდ სრულიად დამორჩილებული ხალხის, არამედ მეზობელი თურქების, სპარსელებისა და კასპიისპირეთში მცხოვრებთა დასანახებლადაა. დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლაევიჩი, რომელიც განაგებს ტიფლისს, დაბადებულია 1832 წელს და ალექსანდრე II-ს მესამე ძმაა. მან ცოლად შეირთო პრიცესა სესილია-ავგუსტა, ბადენის დიდი ჰერცოგის, შარლ-ლეოპოლდის ქალიშვილი და ბადენის ამჟამინდელი დიდი ჰერცოგის და არის. 1866 წელს მათ უკვე ჰყავდათ ხუთი შვილი, ორი შვილი კი კავკასიაში შეეძინათ15. ჩემი ჩამოსვლის დროს ეს კარი ძლიერ გლოვობდა და ამიტომ ყველა მიღება შეწყვეტილი იყო; 6 ივლისს დიდი მთავრის მეუღლეს გარდაეცვალა დედა, სოფი-ვილჰელმინა – შვედეთის მეფის, გუსტავ-ადოლფ IV-ს ქალიშვილი, ბადენის დიდი ჰერცოგის ქვრივი.
სასახლე, რომელშიც დიდი მთავარი ცხოვრობს, დიდებულია, მას არც კოლონები აკლია და არც ქანდაკება, მაგრამ რუსეთის ორივე დედაქალაქის უამრავი სასახლიდან არც ერთს არ ჰგავს. მე ვერ შევძელი მისი ინტერიერის ნახვა, რომელზეც ამბობენ, რომ ის დიდი ფუფუნებითაა მორთული ნახევრად აზიურად და ნახევრად ევროპულად16. იქ არის ლამაზი დარბაზები და როგორც ამბობენ, განსაკუთრებით გამოირჩევა პატარა სპარსული დარბაზი, ნამდვილი მარგალიტი, მორთული უიშვიათესი ავეჯით, ულამაზესი ხალიჩებით და უძვირფასესი ქსოვილებით. ის, რაც ამ სასახლის ექსტერიერს განასხვავებს, არის კოლონადებიანი არაჩვეულებრივი გალერეა პირველ სართულზე, ხედით ერევნის მოედანზე, რადგან ეს შენობა ამ მოედანსა და ბულვარზე გადის. სასახლის წინ არის დიდი სახაზინო ბაღი17, სადაც ზოგჯერ ორკესტრი ევროპულ საოპერო არიებს და საცეკვაო მელოდიებს უკრავს. იქ არის ბუფეტი-კიოსკი, სადაც ჩაის და სხვადასხვა გამაგრილებელ სასმელებს ყიდიან, რომელსაც პატარა მაგიდებთან მიირთმევენ და თან მუსიკას უსმენენ. ტიფლისში საერთოდ არ არსებობს დასავლური ტიპის კაფეები; მხოლოდ გოლოვინის ბულვარზეა რამდენიმე ტრაქტირი ჯარისკაცებისა და მდაბიოებისთვის.
ტიფლისში, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ იმ დიდი არმიის მთავარი შტაბ-ბინა იყო, რომელიც ოცდაათი წელი იბრძოდა კავკასიის დაპყრობის დასასრულებლად, დღეს კვლავაც მეტად მნიშვნელოვანი სამხედრო ადმინისტრაციის მთავარი ქალაქია; რამდენიმე სამხედრო დაწესებულება ძირითადად ევროპულ უბანშია განლაგებული; იქ არის მთავარი გენერლების სახლები, ძალიან კარგად მოვლილი კადეტების სასწავლებელი18 და ვრცელი ყაზარმები საჯარისო ნაწილებისათვის, რომელიც არმიის კორპუსისგან უფრო შედგება, ვიდრე გარნიზონისგან. ყველაზე დიდი და მართლაც ლამაზი ყაზარმა, ბულვარის უკიდურეს ბოლოში, სამეგრელოს კარის მახლობლად ააშენეს.
ის, რაც არქიტექტურული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი ახალი ქალაქის ყველა შენობას შორის, დიდ მოედანზე მდებარე თეატრია; საგანგებოდაა აღასანიშნავი მისი ინტერიერი, რომელიც აღმოსავლური და დასავლური მხატვრული ხელოვნების ყველაზე უფრო ბედნიერ ნაზავს წარმოგვიდგენს19. ეს ლამაზი შენობა გრაფი ვორონცოვის მმართველობის დროს, სიონის ტაძრის რესტავრატორის, თავად გრიგორი გაგარინის ხელმძღვანელობით აშენდა, რომელმაც დიდი მონაწილეობა მიიღო კავკასიის უმეტეს სამშენებლო და სარესტავრაცია სამუშაოებში.
ტიფლისი მეტად მაღალი ორიგინალობის ხასიათის მქონე და ამავე დროს, ჭეშმარიტად დიდი ქალაქია. უზენაესის განგებით, კავკასიონის ქედი ბუნებრივ საზღვარს ქმნის ევროპასა და აზიას შორის; ქართული ტიფლისი, რომლის გადაკეთებითაც რუსები არიან დაკავებულები, ორი ცივილიზაციის გადაკვეთის წერტილი ხდება, რაც დღემდე სადაო საკითხის. ათი სხვადასხვა ხალხის მიერ თანმიმდევრობით დაპყრობილს, მას დღეს რუსეთი აძლევს უსაფრთხო თავშესაფარს, სადაც ქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ იმ რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლებით, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ.
მე სოლოლაკის დიდი ქუჩის კუთხის სახლში დავსახლდი. ეს ქუჩა დიდი ბაზრიდან და ერევნის მოედნიდან იწყება. სწორედ იქ აღმოვაჩინე ჩემი მოსაწონი ბინა, რომელიც ოთხი ოთახის – შემოსასვლელის, მისაღების, ორი საძინებლისა და სამზარეულოსგან შედგებოდა. ბინა პირველ სართულზე იყო და ერთდროულად გადიოდა ქუჩაზეც და მოედანზეც, სადაც სახაზინო ეტლების, დროშკების, ფაეტონებისა და სხვ. სადგური იყო; ეს ჩემთვის ძლიერ მოსახერხებელი იყო. სახლის უკან თავლაც აღმოვაჩინე ჩემი ცხენებისთვის და ამგვარად ყველაფერი ახლოს მქონდა ჩემი გემოვნების, გატაცებისა და სეირნობის დასაკმაყოფილებლად. ამ ბინის ოთახების აღნიშვნის დროს არ უნდა ავუარო გვერდი იმ დეტალს, რამაც გადაწყვიტა ჩემი არჩევანი: ეს დახურული აივანია, რომელშიც მისაღები ოთახის შემინული კარი გადიოდა და სადაც დღის საუკეთესო საათებს, განსაკუთრებით კი საღამოებს ვატარებდი ერევნის ამ ლამაზ მოედანზე ფეხით მოსიარულეების, ცხენოსნებისა და ეტლების ყურებაში; იქ ისეთივე სიცოცხლე და ხმაური იყო, როგორც ევროპის ხალხმრავალ მოედნებზე. ამ დეტალებს იმიტომ კი არ ვეხები, რომ ისინი პირადულია, არამედ იმიტომ, რომ ისინი გვაცნობენ ტიფლისში ევროპელების ცხოვრებას და არსებობას. რაც შეეხება იმ სახლს, სადაც თავშესაფარი ვპოვე, აქვე დავასრულებ ამ თემას, მეტად რომ აღარ მივუბრუნდე. სინამდვილეში, ეს შენობა სიმბოლური იყო. ძველი და ახალი ქალაქების საზღვარზე მდებარე, ისევე როგორც თვითონ ქალაქი, ეს სახლი აზიასა და ევროპას წარმოადგენდა და როგორც შიგნიდან, ისე გარედან, ქართულიც იყო და ევროპულიც. ჩემთან მისასვლელად იძულებული ვიყავი გამევლო ქუჩასა და შიდა ეზოს შორის მდებარე rez-de chaussée20. ეზოს კუთხიდან ხის კიბე ხის მოჩუქურთმებულივე სახურავით მიემერთება დახურული გალერეისკენ, რომლის ზევით არის ჩემი და ჩემი სახლის პატრონის ბინები.
სახლის პატრონი თავადის ქალი სუმბათოვია. იგი მსუქანი და ფუმფულა სომეხია, რომელშიც პირველი გაღიმებისთანავე შევიცანი ნაკლებად თავაზიანი და იმაზე უფრო მეტად ანჩხლი და ხარბი ქალი, ვიდრე ეს ასე წარჩინებულ ქალს, თუნდაც სომეხს, შეეფერება (ამ თვალსაზრისით მხოლოდ ახლა ვამბობ როგორია მისი ერის რეპუტაცია)21. ეზო გაყოფილია საჯინიბოს, რომელიც მე დამითმეს და პატარა სადგომს შორის, რომელშიც ღარიბი ქართველები ცხოვრობენ და რომელთა სამი მომხიბლავი ბავშვი აცოცხლებს ამ ბნელ ინტერიერს. პრინცესა სუმბათოვის მოგება მცირე არ იყო. მართლაც, როდესაც პრინცესა პირველ სართულზე ბატონობდა, რომელსაც ვიყოფდით და რომლის ანტიკვარული ავეჯიც მიანიშნებდა ოჯახის გარკვეულ ფუფუნებაზე, მას თავისი rez-de chaussée-ს ერთი ნაწილი ღვინით მოვაჭრე ქართველი კაცისთის ჰქონდა მიქირავებული, რომელსაც იქ პატარა, მუდამ სავსე, ზოგჯერ კი მეტად ხმაურიანი დუქანი მოეწყო. მაგრამ კვლავ გავიმეორებ, რომ ის, რამაც მომხიბლა, ეს იყო აივანი და მალე ის ჩემი ბინის მთავარ ოთახად იქცა. იქიდან, როგორც შესანიშნავად მდებარე ობსერვატორიიდან, ჩემს ნებაზე შემეძლო დამეთვალიერებინა საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის ასე განსხვავებული ელემენტები, რომელთა კარგად შესწავლას ვეცდები.
კავკასიაში უკვე ევროპელებიც მრავლად არიან; უმრავლესობას, ბუნებრივია, რუსები შეადგენენ. დანარჩენი ნაწილი მეტად შერეულია, რადგან ესმით, რომ ისინი თავიანთი სახსრებით ვერ ცხოვრობენ და ასე შორეულ მხარეში პირიქით, ყველა საშუალებით ფულის შოვნას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, ევროპელთა შორის არის მეტად ღირსეული გამონაკლისი, რომელიც ტიფლისში ცდის თავის ბედს; დავასახელებ რამდენიმე მათგანს და უმადური რომ არ გამოვჩნდე, აქვე უნდა ვახსენო ბ-ნი შმიტი, ფარმაცევტი სოლოლაკის უბანში, რომელიც მეტად კეთილი იყო ჩემს მიმართ. საქართველოში იყო კათოლიკური მისიები, მაგრამ დღეს მხოლოდ რამდენიმე პოლონელ და გერმანელ მღვდელს თუ შეხვდები, რაც ბევრის მთქმელია. ტიფლისში ცხოვრება შეუდარებლად იაფია, ვიდრე რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში, კერძოდ, სანკტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ამიტომ არის, რომ ყველა დონის მრავალი მოხელე აქ ითხოვს გამოგზავნას და აქ არჩევს ცხოვრებას, ნაცვლად ამ ორი დედაქალაქისა, სადაც ისინი კოტრდებიან წარმომადგენლობითი ხარჯების გამო. როგორც ინდოეთში ინგლისელები, რუსებიც ისევე არიან წამოჭიმულები კავკასიაში, მაგრამ მეტი თავმდაბლობით და სახელმწიფოს მართვის არანაკლები ხელოვნებით. ტიფლისში, ევროპულმა ცხოვრებამ თავისი ხასიათი შეინარჩუნა, გარდა იმ ცვლილებებისა, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნის ჰავასთან, ადათ-წესებთან და რესურსებთან. ეს კლიმატური პირობები დიდ ზომიერებას ითხოვს ყველაფერში და განსაკუთრებით კი სიფრთხილეს რაციონში. პირველ ხანებში საკვები სასტუმრო „ევროპიდან“ (l'Hôtel d'Europe)22 მოჰქონდათ, მაგრამ რადგან ცხოვრება ამ ქვეყნის წესის მიხედვით მინდოდა, ბევრი აღარ დავაყოვნე და ნახევრად სომეხი ნახევრად სპარსელი, მზარეული ავიყვანე, რასაც ბევრი ევროპელიც მიმართავს. მე ძალიან მომეწონა ქართული სამზარეულო, ნაკლებად თავსატეხი, მაგრამ შესანიშნავი თავისი სიმარტივით, რამაც ბუნებრივად წარმოშვა მასზე საუბრის თემა.
საქართველოში ბევრი სანადირო ადგილია, მაგრამ გაცილებით მეტია სამეგრელოში. ტიფლისის მიდამოებში, როგორც მაღლობში, ისე დაბლობში არის კაკაბი და პატარა ფრინველი, დიდი ცხოველებიდან კი გაზელი, ფურირემი, ტახი, ძალიან ბევრია კურდღელი. მიირთმევენ კარგ და გემრიელ თევზს, რომელსაც ყოველდღიურად იჭერენ მტკვაში, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში, სადაც თევზი იმ კლდეებს შორის დაცურავს, რომელსაც წყალი ეხეთქება; ეს მას იმ ხარისხსა და დახვეწილ გემოს აძლევს, რომლითც გამოირჩევა. ზღვის თევზი ტიფლისში იშვიათია და შავ ზღვაში მეტს იჭერენ, ვიდრე კასპიის ზღვაში. ბოსტნეული იგივეა რაც ევროპაში – კარტოფილი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ლობიო და ბარდა; ამას უნდა დაემატოს კიდევ რამდენიმე მცენარის ფესვი და ადგილობრივი ბალახი, რომელსაც ზეთით ან კარაქით ამზადებენ. ხილი მართლაც შესანიშნავია. საქართველოში ყველა ის ხილი არის, რაც ჩვენთან, მსხალი, ატამი, გარგარი, ვაშლი, კაკალი და სხვ. იღებენ მუსკატის ჯიშის გემრიელი ყურძნის მოსავალს; მხოლოდ ერთი შენიშვნა მაქვს, ის მეტად ტკბილია და დესერტად ჩვენი ყურძენი შეუდარებლად უკეთესია. მაგრამ ჩვენ არაფერი გვაქვს ისეთი, რაც სურნელით იმ დიდ თეთრ და წითელ თუთას შეედრება, რომელსაც ტიფლისში მიირთმევენ. რაც შეეხება საზამთროსა და ნესვს, აქ ისეთი მიწაა, რომ მის მოყვანას არავითარი შრომა არ სჭირდება და ისე ბარაქიანადაც მოდის, რომ მათ გროვად ყიდიან ბაზრებსა და ქარვასლებში, სადაც მათი მართლაც რომ ორმეტრიანი მთები დგას. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მუქთადაა; მოსახლეობა მას უზომო რაოდენობით ჭამს, რაც მათზე ცუდად არ მოქმედებს, მაგრამ მოქმედებს ევროპელებზე და თუ გაუფრთხილებლებით ბევრს შეჭამ, აუცილებლად გამოიწვევს სიცხეს. ქართველები აგრეთვე ბევრ მსხლსა და ვაშლს ჭამენ და უმწიფარი ხილის დაკრეფის ცუდი ჩვევაც აქვთ.
კახური ანუ კახეთის ღვინო ტიფლისში გავრცელებული სასმელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს მხარე დიდი ვენახია. ხეობები და ბორცვები მთლიანად მცოცავი ვენახითაა დაფარული ან ის ბუნებრივად ეხვევა ხეებს და თითქმის მოუვლელად იძლევა ღვინოს, თავისი ხარისხით და დაბალი ფასით კი ხსნის ლოთობისადმი ქართველების მიდრეკილებას. აქ ორი ჯიშია, წითელი – მაგარი და ძლიერ შეფერილი, რომელიც ოდნავ ბუგუნდიის ღვინოებს გვაგონებს და თეთრი. თეთრი ღვინოებიდან ყველაზე დაფასებული არის ოქროს ღვინო (vin d'or), რომელსაც ეს სახელწოდება ქარვის ფერის გამო აქვს. შირაზში, სპარსეთსა და ლიბანში მოჰყავთ ამ ოქროს ღვინის [დასაწური] ყურძენი. კახური მადერას23 თუ მარსალას24 ჰგავს, თუმცა ნაკლებად თბილი და მაგარია. ჩვეულებრივი მაგიდის ღვინო იაფია, კარგი ხარისხისაა და მეტად სასიამოვნოა დასალევად. კახეთსა და დანარჩენ საქართველოში წარმოებული ღვინის რაოდენობა ნამდვილად უზარმაზარია – 40 მლნ ბოთლი, რომელიც არ გადის ქვეყნიდან და აქვე ისმება ყოველწლიურად. ვერც ძველ ღვინოს ნახავ, ან იმიტომ, რომ ძნელი შესანახია, ან უფრო იმიტომ, რომ ქართველებისთვის ღირსების საქმეა მუდამ ჰქონდეთ ეს უხვი სასმელი, რომლითაც განგებამ დააჯილდოვა. უნდა გამოვტყდე, რომ ყველაფერი კეთდება ღვინის გემოს შესანარჩუნებლად. ქართულ ღვინოს, მართლაც, საგანგებო მნიშვნელობა აქვს მსმელისთვის; მისგან არ მძიმდება თავი დიდი რაოდენობით დალევის შემდეგაც და საერთოდ არ იწვევს ფატალურ შედეგს, რაც დასავლეთში აღინიშნება ღვინის უზომო სმის შემდეგ და ევროპელები, რომლებიც ამას შეჩვეულები არ არიან, თავიანთი წინდახედულობით ღვინოს ზომიერად სვამენ. კახეთის ძველი მეფეების კუთვნილი მამულებიდან რუსეთის მთავრობამ საჯარო ვაჭრობით 17 ვენახი გაყიდა. აღნიშნულის შემდეგ, ყველაზე ცნობილი სამარკო ღვინოები ეკუთვნით თავადებს ჭავჭავაძესა25 და ბებუთოვს26.
ერთ საკმაოდ საინტერესო დეტალსაც შევეხები კვების თემის დასასრულებლად. რუსები, ქართველები და სომხები მეტად მკაცრად იცავენ მარხვას, მაგრამ წინა სამ ხსნილ დღეს, უეჭველად მომავალი მძიმე თავშეკავების გამო, რასაც მათგან ადათ-წესები ითხოვს ან შეიძლება ხორცის შესაზიზღებლად, წინასწარ ეძალებიან მას და როგორც ამბობენ, ორმოცი დღისას წინასწარ ჭამენ.
არაფერს ვიტყვი ჩემი საშინაო ცხოვრების შესახებ; მას მეტად მშვიდად უძღვებოდნენ აქაური მსახურები, რომლებიც თითქმის ჩუმად და სრული მორჩილებით გემსახურებიან, რაც ცვლის ერთგულებას და რაც ხშირი არ არის, მაგრამ მათ ეს არც მოეთხოვებათ. ჩემი ერთადერთი უსიამოვნება ჩემი მუდამ საჩხუბრად განწყობილი სომეხი თავადის ქალის ხასიათი იყო, რაც მისი ყვითელი, პატარა, მახინჯი და ავი ძაღლისას ჰგავდა, ექვსი თვის განმავლობაში ფეხებში რომ მედებოდა და ეზოზე გავლისას მუდამ საშინლად რომ მიყეფდა. ძაღლების შესახებ ერთსაც ვიტყვი: აქ ნახავ ძაღლების საგანგებო ჯიშს, რომელსაც „ტიფლისის ძაღლებს“ უწოდებენ და ისინი ძალიან ჰგვანან შოტლანდიურ ტერიერს – გრძელი, თეთრი ბეწვით და ყვითელი ლაქებით. ეს ძაღლები, რომლებსაც არ ამახინჯებენ კუდის და ყურების დაჭრით, ძალიან ერთგულები და მეტად ჭკვიანები არიან. ქართველებს, ამ ჯიშის ძაღლების განსაკუთრებით დიდ მოყვარულებს, სახლებში ჰყავთ სრულიად მოშინაურებული შვლებიც, რომლებიც ეთამაშებიან ბავშვებს და არც უცხოს მოსვლა აშინებთ. ყოველგვარი შესავლის გარეშე სხვა თემაზე გადავდივარ.
ღვინის გამყიდველი, რომელიც ჩემ ქვევით ცხოვრობდა, ხშირად ჭეშმარიტი ხელოვნებით უკრავდა უცნაურ ინსტრუმენტზე. ეს ერთგვარი მანდოლინა ან უფრო მინიატურული გიტარაა, რომელიც ჰგავს ჩვეულებრივ გიტარას27. იგი ჩემთან მივიწვიე, რათა გამეგო ის სრულიად განსაკუთრებული ეფექტი, რომელიც შორიდან მესმოდა. იგი სიამოვნებით დამთანხმდა და ამ საკრავის თანხლებით მიმღერა კიდეც თავის ქვეყნის რამდენიმე სიმღერა, რომელთა შინაარსი ქართველებისთვის ორი ძვირფასი რამ, სიყვარული და ღვინო, იყო. ეს არის არსებითად ეროვნული ინსტრუმენტი; ის ყველა იმ პატარა იმპროვიზებული ორკესტრის შემადგენლობაშია, რომლის თანხლებითაც საღამოობით სუფთა ჰაერზე, ტერასაზე ცეკვავენ. მისი ხმა შორიდან უწყვეტი მეჩვენებოდა და ის ახლოც უწყვეტია იმ უდიდესი სისწრაფის გამო, რომლითაც თითები უკრავენ და ამღერებენ ამ პატარა სიმებს. როდესაც ხმამაღლა უკრავდა, ინსტრუმენტის ხმა მკვეთრი და მაღალი იყო, მაგრამ როდესაც სიმებს თითის წვერებით ძლივს ეკარებოდა, მეტად დაბალი პიანო ხდებოდა.
სწორედ ტიფლისში შევისწავლე სპარსული ენა, საკმაოდ არასრულყოფილად, მაგრამ საკმარისად სპარსეთში მოგზაურობის დასაწყებად. პროფესიონალი მასწავლებლის აყვანა არ მინდოდა. ჩემი მსახურები, რომლებიც საგანგებოდ ავირჩიე მათი ენის გამო, საკმარისი იყო. მე მათ ყოველი საგნის სახელს ვეკითხებოდი და იქამდე ვამეორებინებდი, ვიდრე სწორად არ წარმოვთქვამდი. შემდეგ თვითონ ვცდილობდი მათ ზუსტ გამეორებას. ერთი თვის შემდეგ ვამბობდი ფრაზებს და სამი თვის ბოლოს კი თვითონაც მესმოდა, რასაც მეუბნებოდნენ, ტიფლისიდან წასვლისას კი იმდენი ვიცოდი, რომ დიალოგშიც მიმეღო მონაწილეობა. მაგრამ ალბათ ახსნა არ სჭირდება იმას, რომ იგულისხმება სალაპარაკო სპარსული; რაც შეეხება უფრო დახვეწილ მეტყველებას და სალიტერატურო სპარსულს, ის რთულია და გასაგებია, რომ მის შესასწავლად გაცილებით მეტი დროა საჭირო.
ტიფლისში ჩემი ცხოვრება წყნარი და მდორე იყო. საღამოებს ხშირად სახლში ვატარებდი, დაკავებული ვიყავი სპარსულის სწავლით და ბოლო პერიოდში კი იმ წიგნებზე მუშაობით, რომელთა მიღება ადვილი იყო თითქმის სპარსეთის საზღვარზე მდებარე ამ ქალაქში. წავიკითხე სხვადასხვა თხზულებები კავკასიისა და სპარსეთის შესახებ, ისინი, რომლებიც თან მქონდა და ისინიც, რომლებიც ერევნის მოედანზე მდებარე გერმანულ ბიბლიოთეკაში მოვიძიე. მაგრამ ძირითადად ჩემი ძველი შარდენით ვტკბებოდი, რომელიც წინასწარ მამოგზაურებდა იმ ქვეყნებში, სადაც გამგზავრება მსურდა. ძალიან გახარებული ვიყავი, როდესაც გასაქირავებელი პიანინო მოვძებნე. უნდა დავუმატო, რომ ამდენი არასოდეს არ დამიკრავს და ვერ ვბედავ ცუდის თქმას იმის შესახებ, რასაც ჩემს უცხვირპირო სახლის პატრონში იწვევდა ჩემი დაკვრა, გვიან ღამემდე რომ გრძელდებოდა. მაგრამ ამას ვინაზღაურებდი ჩვენი მეზობლის, მედუქნის, აშკარა მოწონებითა და კმაყოფილებით, რომელიც თვითონაც გატაცებული იყო მუსიკით.
ჩემს თავს ნებას ვაძლევდი ავყოლოდი ჩემს მოულოდნელ ახირებას და ყოველდღე ვსეირნობდი ხან ფეხით, ხან ცხენით და ხანაც ეტლით. მიყვარდა უმიზნო ხეტიალი ტიფლისის ძველ ქართულ, სომხურ და თათრულს უბნებში, ასე ორიგინალური ხასიათის დუქნებში, სადაც გამყიდველების ყვირილი მჭედლების, მეიარაღეების, ხარაზების, განსაკუთრებით კი იმათ ხმაურში ირეოდა, ვინც სპილენძზე მუშაობდა და ვინც იმდენივე ხმაურს გამოსცემდა, როგორც ყველა დანარჩენი. ზოგჯერ, საღამოობით, ბაზრებში დავდიოდი, რომლებიც ასე საოცრად იყო განათებული საშინელი ზეთის ლამფებით; ისინი წითლად ანათებდნენ ამ საცოდავი ფარდულების ქვედა ნაწილებს და შიგნით ისეთ ეფექტს ქმნიდნენ, რაც ასე უყვარდათ ჰოლანდიელ და ფლამანდიელ მხატვრებს. გაზი ჯერ კიდევ არ შეჭრილა ტიფლისში და ახალ ქალაქშიც კი მხოლოდ გარე განათებშია გაყვანილი. როდესაც ძველ უბანში მიდიხართ, თან გახლავთ მსახური, რომელიც რამდენიმე ნაბიჯით წინ მიდის და ფარნით გინათებთ გზას. ამ ცუდი განათების მიუხედავად, ქუჩები უსაფრთხოა და ღამე ქალაქში უსიამოვნო შეხვედრის არ უნდა გეშინოდეს. მაგრამ გონივრული არ არის ქალაქიდან გვიან გასვლა, რადგან ასეთ მოსიარულეებს მთებიდან ჩამოსული მაწანწალები ადვილად ესხმიან თავს გასაძარცვად. ერთ დილას, როდესაც ბაქოს კარიდან გავედი, გზის პირას სისხლის დიდი გუბე დავინახე; მითხრეს, რომ წინა დღით ამ ადგილას ერთი საწყალი თათარი მოკლეს. მაგრამ სხვა შემთხვევაში სწორედ თათრები იყვნენ მკვლელები. იმ ციხის დათვალიერების დროს, რომელიც ახალი ციხესიმაგრის შემადგენლობაშია, მაჩვენეს ბოლო ხანებში დაპატიმრებული თათრების ჯგუფი, რომლებთან ერთად იქ სხვადასხვა ეროვნების საკმაოდ ბევრი ბოროტმოქმედი იყო. მათი გამომეტყველება არაფერ კარგს არ მოასწავებდა და მერჩივნა ისინი აქ მენახა, ვიდრე, უკაცრიელ ქუჩაში, განსაკუთრებით ღამით. ზამთარი თბილისში ერთადერთი თეატრალური სეზონია. ბევრ სპექტაკლს არ დავსწრებივარ, რადგან მხოლოდ საშუალოზე დაბალი დონის იტალიური დასი გამოდიოდა, ნაკლებად შესაფერისი ტიფლისის ამ თეატრში მოსასმენად, რომელიც ნამდვილი მარგალიტია. თუკი ეს საშუალო პროპორციების დარბაზი სულ არ გამოიჩევა ექსტერიერით, სამაგიეროდ მისი ინტერიერის დეკორაციაა პოეტურად ორგინალური და ის თავისთავად არის პირველი სპექტაკლი იმისთვის, ვინც იქ პირველად შედგამს ფეხს. ჭერი, ფარდა, სცენის გაფორმება, გალერეის პერიმეტრი აჩვენებს სიუხვეს და ამავე დროს ნახატი და ფერები ისეა შერჩეული, რომელიც „ათას ერთ ღამის“ ფანტაზიებს აღგიძრავთ. ეს მართლაც სპარსეთია, გაჯერებული დასავლური წესებით. აუცილებლად ჯეროვნად უნდა დავაფასოთ თავად გაგარინის ნიჭი, რომელმაც მორთო და მოხატა ტიფლისის ეს ლამაზი დარბაზი. საგანგებოდ კი მის კარგ გემოვნებას შევაქებ. მან ისეთი დეკორაცია შექმნა, რომელიც სურდა, რომ სრულიად აღმოსავლური ყოფილიყო და ამასთან მან შესძლო იმ გაზვიადების შეკავება, რომელიც ახასიათებს ჩვენი ევროპელი მხატვრების უმრავლესობის კომპოზიციებს და რომლებიც აცხადებენ, რომ აღმოსავლეთით არიან შთაგობენულები. აქ ყოველივე ზომიერი, მარტივი და ამავე დროს მეტად მდიდრული, განსაკუთრებით კი უზომოდ ელეგანტურია. თითქმის არ არის ოქრო, არავითარი მკვეთრი ტონები, უფრო ელფერია ვიდრე ფერები და ხშირადაა გამოყენებული სპარსული კოლორიტი, რომლებსაც ელფერის იერი აკლია და მათი შეგნებული სიმკრთალე ასე ხავერდოვანი, ასე სასიამოვნოა თვალისთვის. ფარდა მთლიანად ალეგორიულია და მხატვარ თავადს რუსეთისა და საქართველოს კავშირის გამოხატვა სურდა. შუაში წარმოდგენილია ორივე ერის ქალი. მარცხნივ, შორეულ პერსპექტივაში ვხედავთ სანკტ-პეტერბურგსა და ნევას, კრემლსა და მოსკოვის სხვა ძეგლებს; ქვევით რუსეთის იმპერიის რელიგიური, სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო ემბლემებია. მარჯვნივ ტიფლისია, რომელიც აგრეთვე შორს ჩანს თავისი ძველი ციხეკოშკით, ანტიკური ეკლესიებით, ბაზრით, მდინარის ციცაბო ფერდობებით და როგორც სიმბოლო ქართული იარაღი, ოქრო-ვერცხლის ჭურჭელი, შესანიშნავი ქსოვილებია წარმოდგენილი. ვიმეორებ, რომ ყოველივე ეს დაჯგუფებულია დიდი ხელოვნებით და მეტად წარმატებული პოეტურობით28.
სახლი, სადაც განსაკუთრებული კეთილშობილებით და ამავე დროს იმ თავაზიანობით მიმიღეს, რომლის ფრანგული ტრადიცია კვლავ ცოცხლობს რუსეთში, ეკუთვნის სახელმწიფო მდივანს, ბარონ ნიკოლაის29, რომლის სახელიც გვახსენებს მის წარმოშობას და რომელიც თვასლაჩინო მოხელეა დიდი მთავრის სამოქალაქო ადმინისტრაციაში. საღამოებს უფრო ხშირად სწორედ მასთან ვატარებდი და იქ თავს არა მხოლოდ ევროპელთა შორის, არამედ პარიზულ სალონში ვგრძნობდი სახლის პატრონის მომხიბლავი გონიერების წყალობით. ბევრჯერ მინახავს მისი ძმაც, ბარონი გენერალი ნიკოლაი30, რომელსაც დავუმეგობრდი და ტიფლისში ყოფნის განმავლობაში მასთან ურთიერთობა ჩემთვის ჭეშმარიტად დიდი წარმატება იყო. მართლაც, იგი, ძლიერ გონიერი, მრავალმხრივი და შეიძლება ითქვას, მეტად ფართო ცოდნის მქონეა; თავის ძმაზე არანაკლებ დახვეწილი მანერებით, გენერალი ნიკოლაი ძველ ფრანგ დიდგვაროვნებს მაგონებდა, რომელთა ხსოვნა ჯერ კიდევ ნარჩუნდება ევროპის სხვადასხვა კარზე. რუსეთში მცხოვრები ნიკოლაები თუმცა კათოლიკეები არ არიან, მათი ერთ-ერთი წინაპარი, მეტ-ნაკლებად შორეულ წარსულში, რუსეთის სამსახურში ჩადგა და მის ოჯახს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ... ძალიან გამიგრძელდებოდა და არც მკითხველისთვის იქნებოდა საინტერესო ყველა იმ პირის დასახელება, ვისაც ტიფლისში ვხვდებოდი, რომლებთანაც მეგობრობით ძლიერ ბედნიერი ვიყავი და რომლებსაც შემდეგ ევროპაშიც შევხვდი. გენერალ ჩერნიაევის ოჯახში მომხიბლავი საღამოები გავატარე, აგრეთვე ხშირად დავდიოდა გერმანულ კოლონიაში გრაფ და გრაფინია კოკსულების შესანიშნავ კოტეჯში, სადაც ლივონიის31 წარჩინებულებისთვის ჩვეული გულთბილი თავაზიანობით მიღებდნენ.
ის უკანასკნელი სახლი, რომელიც სხვებთან ერთად განსაკუთრებით სტუმართმოყვარე იყო ჩემს მიმართ და რომელსაც ვერ ავუვლი გვერდს, საფრანგეთის საკონსულოა. მას განაგებს თავისი ქვეყნის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და საუკეთესო გვარის წარმომადგენელი კაცი. ეს ისლის ჰერცოგი32, მარშალ ბიუჟოს ვაჟი იყო, რომელიც დიპლომატად არ იყო დაბადებული. თავისი ცხოვრება მან აფრიკის ჯარში დაიწყო ჯარისკაცად, სადაც ასე პოპულარული იყო მისი სახელოვანი მამა. მაგრამ მას თავგამოდება აკლდა და ქონებრივი მოუწესრიგებლობის გამო იძულებული გახდა უფრო მომგებიანი სამუშაო მოეძებნა; იგი ტიფლისში, მნიშვნელოვან საკონსულოში გაამწესეს იმპერატორ ნაპოლეონ III-ს საგანგებო პირადი პროტექციით (ეს არის სამართლიანობა, რაც მინდა უბედურებაში მყოფს მივაგო), რომელიც ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისათვის იმ ოჯახებსაც კი აჯილდოვებდა, რომლებიც მისი მომხრეები არ იყვნენ. ჰოლანდიას არ ჰყავს დიპლომატიური წარმომადგენლობა საქართველოში, სპარსეთსა და იმ ქვეყნების უმეტეს ნაწილში, რომელთა ნახვაც მსურდა; ამიტომ, მოგზაურობის დროს ევროპული მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, პარიზიდან წამოსვლისას ვიზრუნე საფრანგეთის დაცვის ქვეშ მყოფის საბუთის მოპოვებაზე, რომელიც მსოფლიოში ყველა სხვა ქვეყნისას მერჩივნა. ჰერცოგმა დ’ისლიმ მეტად თავაზიანად მიიღო საერთაშორისო მნიშვნელობის ეს წერილი; მისი სახლის კარი ჩემთვის ღია იყო და ბოლოს ლამის ჩემი საკუთარი გახდა.
რუსეთის იმპერატორის ძმის კარი ძლიერ გლოვობდა და ტიფლისში მთელი ჩემი ყოფნის განმავლობაში ის მთელი სიმკაცრით გაგრძელდა... ამიტომ, დიდი მთავრისთვის წარდგენილი არ ვყოფილვარ და ვერაფერს ვიტყვი უშუალოდ მისი კარის შესახებ, რომელსაც აღწერენ როგორც მეტად მარტივს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო იმპერატორის მოადგილე მეფის საკადრის ბრწყინვალებას იმ ვითარებისთვის აჩენს, როდესაც ამ შერეული მოსახლეობისათვის რუსული ძალაუფლების შესახებ მაღალი წარმოდგენის შექმნაა საჭირო. კარის ეს მდგომარეობა ტიფლისის საზოგადოებისთვისაც მეტად საგრძნობი იყო. მაგრამ მე მაინც შევძელი დავსწრებოდი რამდენიმე დღესასწაულს, სხვათა შორის, ერთ მეჯლისს და ღარიბების სასარგებლოდ გამართულ ერთ კონცერტს. მეჯლისი განსაკუთრებით ბრწყინვალე იყო და ამ შეკრებაზე ვნახე ტიფლისის რჩეული, მეტად მრავალრიცხოვანი და მეტად ელეგანტური საზოგადოება, სადაც რუსი და ქართველი ლამაზი ქალბატონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თავიანთი ტუალეტებითა და გრაციოზული მანერებით. მეჯლისის ერთ-ერთი საოცრება ეროვნული ცეკვა, ლეზგინკა, იყო, რომელსაც შუაღამისას ზოგიერთი ქართველი ქალბატონი და პრინცესა ასრულებდა. ამ ცეკვას მრავალი ვარიანტი, ან მრავალი ილეთი მაინც უნდა ჰქონდეს. ის ლეზგინკა, რომელიც იქ ვნახე, ესპანური ფანდანგოს33 მსგავსი იყო, შესრულებული მხოლოდ ქალების მიერ. კაცებმა მათ გარშემო წრე შეკრეს და მხოლოდ ტაშს უკრავდნენ. ეს მეჯლისი ტიფლისის უწარჩინებულესი ქართველი და რუსი ქალბატონების მიერ მოწყობილი ლატარიის გათამაშებით დასრულდა. კონცერტზე ვნახე ტუალეტების გამოფენა, რაც ტიფლისში ფრანგი მკერავებისა და მოდისტკების ყოფნაზე მიუთითებდა, რომლებიც, მართლაც, ისევე აძლევდნენ მოდის ტონს კავაკასიაში, როგორც ევროპის ქალაქებში. ყოველდღიურად ქრება ასე ორგინალური, ასე მოხდენილი ეროვნული კოსტიუმი და მას ევროპული მოდა ანაცვლებდა. ღარიბების სასარგებლოდ გამართულ ამ კონცერტზე მოყვარული შემსრულებლები გამოდიოდნენ. დიდი მთავრის მეუღლის ერთმა ფრეილინამ ჭეშმარიტი ნიჭი დაგვანახა. სხვებზე აღარაფერს ვიტყვი, ჩვენ არა გვაქვს უფლება მომთხოვნები ვიყოთ კეთილი საქმის მიმართ მხარდაჭერის გამომხატველი მაღალი წრის წარმომადგენლების მიმართ.
ამ ორივე შეკრებაზე და თეატრშიც შევამჩნიე, რომ ის, რაც ეროვნულ კოსტიუმს შეეხება, კაცები ქალების გაკვალულ გზას მიჰყვებიან. ცოტაა ისეთი ქართველი კაცი, რომელიც ევროპულ შეკრებაზე გამოჩნდება თავისი მთლიანად ოქრომკერდით დაფარული ბრწყინვალე სამოსითა და შესანიშნავი იარაღით, რომელსაც არასოდეს არ იხსნიდნენ. დღეს შარვალსა და ფრაკს ისევე დაინახავ ტიფლისის სალონებში, როგორც პარიზის, ლონდონისა და ბერლინისაში; ჭეშმარიტებაა, რომ ეს თავადაზნაურობა ამ სამოსს დიდი ბუნებრიობით ატარებს, თუმცა ტრადიციულ სამოსში მათ გაცილებით დიდებული შესახედაობა აქვთ. ამის შესახებ ჩემს ნაცნობ ქართველებს ვსაყვედურობდი, რადგან მრავალ წარჩინებულ ოჯახთან ახლო და საკმაოდ სასიამოვნო ურთიერთობა მაკავშირებდა, ისინი კი ერთგვარი შეცბუნებით მპასუხობდნენ, რომ მართალი ვიყავი, მაგრამ ევროპელთან მსგავსება მოდური იყო. ასე გაგებული პატივმოყვარეობისა და ეგოიზმის წინაშე ტრადიცია სწრაფად გაქრება და ძველი კოსტიუმი, როგორც ქალების, ისე კაცების, ცნობისმოყვარეობის საგნადღა იქცევა.
თეთრიწყარო – მანგლისი – სამშვილდე
ყველაზე უფრო სრულყოფილი ექსკურსია კოჯრის გავლით მანგლისსა და თეთრწყაროში (Biélikloutch) მქონდა და ის საგანგებო თხრობას მოითხოვს. ნაშუადღევს ჯერ კოჯორში ავედი ღამის გასათევად, რომელიც შუა გზაზე მდებარეობს. ქალაქიდან გასვლის შემდეგ ძალიან დაქანებული ფერდობია, რომელიც მეტად ცვალებადი და მრავალფეროვანი მოხაზულობის ციცაბო კლდეებს შორის მიდის. მაგრამ გზის სირთულეს მისი სილამაზე გინაზღაურებს. ორ დიდ მასივს შორის, ხეობის ძირში ყოველ წუთს ვხედავდი ტიფლისს და მტკვარს, რომელიც მზეზე როგორც ვერცხლის ზოლები, ისე ბრწყინავდა. კვირა დღე იყო, გზა კი სავსე ქალაქიდან გასული თუ იქ მიმავალი ხალხით. ტიფლისის მიდამოების გზები ნამდვილი ბილიკებია, რომლებიც მარჯვნივ ან მარცხნივ იტოტება და ხშირად იკვეთება იქ სხვადასხვა სოფლებისაკენ მიმავალი გზებით. თავიდან ჯერ კოჯორში ჩასვლას ვფიქრობდი, მაგრამ გზა შემეშალა და მის პირდაპირ მდებარე მთაზე აღმოვჩნდი. ამ შეცდომის გამო სეირნობა გამიგრძელა, ანუ გააგრძელა ჩემი სიამოვნება, რადგან ლანშაფტი თვალწარმტაცია. კოჯორი, მანგლისი და თეთრიწყარო ის სამი ადგილია, სადაც ზაფხულში, წლის ყველაზე ცხელი სეზონის დროს, მაღალი წრის რუსები აფარებენ თავს. გადავწყვიტე ტიფლისის მეტად თავაზიანი მაცხოვრებლის, ამას წინ გაცნობილი ბ-ნი შმიტის, – რომელსაც კოჯორში აქვს სააგარაკო სახლი, – დაპატიჟებით მესარგებლა, მაგრამ იგი იქ არ იყო; იძულებული ვიყავი ვახშმად და დასაძინებლად საცოდავ დუქანში მივსულიყავი, სადაც საშინელი ღამე გავატარე, რადგან ვებრძოდი გაუმაძღარი ბაღლონჯოების ლეგიონებს, რომლებთანაც შერკინება აღმოსავლეთში მოგზაურობის დროსაც მომიხდა, სადაც ისინი მრავლადაა.
მეორე დღეს მანგლისისკენ გავემგზავრე. სიმართლე რომ ვთქვა, მანგლისი არის სტანიცა34 ანუ გარკვეული მნიშვნელობის სამხედო დასახლება. ეს სამხედრო კოლონია ძალიან კარგად არის გაშენებული, ქუჩები ფართოა, სახლები – სუფთა; სამხედრო ნაწილების გარდა იქ 4,000-5,000 მაცხოვრებელია. ერთი სამხედრო ნაწილი მანგლისიდან უნდა გასულიყო და მეორე დღეს მე დავესწარი ამ ჯარისკაცების წასვლას, რომლებიც, უეჭველად ტიფლისში მიდიოდნენ; დიდი სიცხეების დროს მათ მთიან ადგილებში გზავნიან, სეზონი კი უკვე მთავდებოდა. ბინის შოვნა ძლიერ გამიჭირდა, რადგან აქ სასტუმროს კვალიც კი არ არის. თავშესაფრის პოვნა რუსი ჯარისკაცის კუთვნილ სახლში მოვახერხე, რომელიც არ გამოირჩეოდა შოტლანდიური სტუმართმოყვარეობით: საკმაოდ ცუდ ვახშამში ძვირი გადამახდევინა, დასაწოლი კი საშინელი იყო. მანგლისში არის თვალწარმტაცი, XI საუკუნეში აშენებული ეკლესია, რომლის აგება გიორგი I-ს35 მიეწერება: მასზე ჩანს ქართული წარწერები და სტილი, რომელიც შემდეგ საუკუნეში სრულყოფილი გახდა36.
ბევრი თავისუფალო დრო მქონდა და ჩემი ექსკურსიის გაგრძელება გადავწყვიტე. მანგლისიდან გასვლისას თეთრიწყაროსკენ, დიდი მთავრის, მიხეილის, ერთ-ერთი საზაფხულო რეზიდენციისკენ გავემართე. თავიდან თორმეტიოდე ვერსის მანძილზე სავალ გზას პატარა მდინარის პირას მდებარე სამხედრო საგუშაგომდე გავუყევი, რომელიც მას კვეთს და შემდეგ ტყეზე გამავალი გზა იწყება. კავკასიონის ქედზე ასეთი სილამაზე არსად არ მინახავს. თუკი იქ პეიზაჟი უდაოდ ძლიერ დიდებულია, მის მეორე მხარეს ხეები არ არის ისე ძლიერად განვითარებული, როგორც ტიფლისის ფერდობებსა და მის მიდამოებში. მუხა, არყის ხე, წიფელი და სოჭი უღრანი ტყის მოულოდნელი პოეტური ახირებულობის გამო ხან ერთმანეთთან ახლო, ხან კი დაცილებულია. მე ხარბად ვისუნთქავდი ამ ასე სუფთა და გრილ ჰაერს, როგორიც მხოლოდ ტყეშია. დაღმართში ერთი საათის დაშვების შემდეგ თეთრწყაროს მივადექით.
უკვე დაღამებული იყო როდესაც იქ მივედით. პირველივე შემხვედრს სასტუმროს მისამართი ვკითხე. კაცმა მეტად მოკრძალებულ ტრაქტირთან მიმიყვანა და ეს იყო ჩემი ბედნიერი ვარსკვლავი. იქ დამხვდნენ რუსეთის არმიის ოფიცერი, ბატონი კლეისტი (Kleist) და ქართველი კეთილშობილი თავადი, სალაღოვი (Salagoff)37. მათ მეტად თავაზიანად და სიხარულით მიმიღეს და აუცილებლად მოისურვეს ჩემი გამასპინძლება. მე კვლავ მახსოვს ამ ორ საიამოვნო კაცთან ერთად გატარებული საღამო, რომლებთანაც ჩემი მოგზაურობის მიზნის შესახებ გერმანულად და ფრანგულად ვსაუბრობდი. დავთანხმდი მათ შემთავაზებას, რომ მეორე დღეს აქედან ერთ ლიეზე მდებარე სამშვილდეს მონასტრის38 ნანგრევებთან პიკნიკზე გავყოლოდი; როგორც მითხრეს, ის მართლაც საინტერესო და ნახვის ღირსი იყო.
დილით გავედით, გადავხედე თეთრწყაროს, რომელიც ბორცვის ფერდობზე აშენებული სამხედრო სოფელია. ყველა ეს სტანიცა განიერი ქუჩებითა და აკურატულად შეთეთრებული დაბალი სახლებით, ერთნაირია. მეფისნაცვლის რეზიდენციას მეფურის არაფერი ეტყობა, ეს არის წითელი აგურით ნაგები ლამაზი სახლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი ადგილია, სადაც იგი თავის ოჯახთან ერთად ჩადის და იქ არავის არ იღებს.
თეთრიწყაროდან სამშვილდეში მიმავალი გზა ისეთი დიდებული არ არის, როგორც წინა დღით გავლილი. ჩვენ მონასტრის ნანგრევებისა და მისი დამცავი ციხე-კოშკისკენ გავემართეთ, რომელიც ორი ვერსით უფრო შორს, იმ სწრაფი ნაკადულის მეორე მხარეს მდებარეობს, შორიახლო რომ უერთდება მდინარე ხრამს. იქამდე მისაღწევად ციცაბო ფერდობზე უნდა დაეშვა, რომელიც ამ დინებასთან დაგხვდება, მასზე ფონით გადახვალ, შემდეგ კი პირდაპირ მდებარე ბორცვზე ციცაბო ბილიკით აფოფხდები და ზოგჯერ ისე გგონია, რომ ცხენი თავის მხედარს ზედ უნდა დაეცეს. როდესაც ზედა პლატოს მივაღწიეთ, ვენეხითა და კაკლის ხეებით გაშენებულ ბაღში გაკვალულ ბილიკს გავყევით, გავუარეთ პატარა ძველი იერსახის ეკლესიას და მალე მივედით თავადური ციხეკოშკის მიმდებარე მონასტრის ანტიკურ კედელს, რომლისგანაც მხოლოდ უფორმო ნანგრევები დარჩენილიყო; ისინი აგვირგვინებდნენ კლდეს, რომელთანაც კუთხეს ქმნის მდინარე ხრამისა და უკვე ნახსენები სწრაფი ნაკადულის დინება39. ამ შვერილიდან, სადაც ამაყად აღმართულა ციხეკოშკი, ველური ხედი ამ არწივის ბუდეზე კარგად მორგებულ ჩარჩოს ჰგავს. კლდის ძირში ხრამი გაშმაგებით მიედინება უზარმაზარ ქვებზე, რომლებიც მას გზაზე ეღობება, მთის მეორე მხარეს შეამჩნევ დიდ ხვრელებს, რაც სხვა არაფერია, თუ არა დათვების ბუნაგები, რომლებიც ძალიან ბევრია ამ მხარეში.
ჩემმა თანამგზავრებმა არ შემაცდინეს. ეს მონასტერი და ციხეკოშკი ყველაზე საინტერესოა, რაც კი კავკასიაში მინახავს და დეტალურ აღწერას იმსახურებს, რასაც მე ძალიან მოკლედ გადმოვცემ. ჯერ მონასტრის გალავანში შევედით, რომელიც თითქმის მთლიანად საფლავებით დაფარულ სასაფლაოს ეჭირა, რომელთაგან ზოგი კარგ მდგომარეობაში იყო, ზოგი კი – დანგრეული. შუაში ეკლესია იდგა, რომელიც არაფერით არ არის აღსანიშნავი, მაგრამ რომელსაც გარშემო მცხოვრები მთელი მოსახლეობა დიდ სათაყვანს სცემდა40. შიგნით ვნახეთ დიდი ქვა, ორნამენტის გარეშე, სრულიად გამოფიტული, რომელსაც გადმოცემით თანახმად სპარსელების ბატონობის დროინდელ ლეგენდას მიაწერენ და რომელიც არ მიამბეს. ამ ეკლესიის გარშემო უზარმაზარი კაკლის ხეებია, რომელთა ჩრდილი დიდ მანძილზე ფარავს ტაძრის გარშემო ჩამწკრივებულ საფლავებს და ისინი უეჭველად ამ მონასტერში მცხოვრები სასულიერო პირების საფლავები იქნებოდა. ზოგიერთი საფლავი ძალიან კარგად არის შენარჩუნებული. ყოველი მათგანის ქვაზე, მეტ-ნაკლებად ღრმად, ბერძნული ჯვარია ამოტვიფრული. არის ისეთებიც, როლებზეც ნახატები თუ მეტად უცნაური ფორმებია გამოსახული. ისინი ძირითადად სრულიად პრიმიტივისტი ხელოსნის ნამუშევარია, რომლის ბუნებრივი ნიჭი ექცენტრიულობისკენ იყო მიდრეკილი. რა თქმა უნდა, შევეხები ყველაზე უფრო უცნაურ საფლავს. მასზე მეტად უხეშად გამოკვეთილი ქვის ცხენი დგას; მის ორივე მხარეს იმავე გამოუცდელი ხელით შესრულებული ბარელიეფებია, რომლებშიც მოქანდაკეს ალეგორიის გამოხატვა სურდა, მაგრამ მის აზრსაც ვერ ჩავწვდი. მარცხენა მხარეს მან გამოსახა იარაღითა და აბჯრით გარშემორტყმული საომრად შემართული მებრძოლი; ამ ბარელიეფის ზევით ბერძნული ჯვარი ჩანს. მარჯვენა მხარეს ორი ცხენია, ერთ-ერთს თავზე ჩიტი აზის. რას ნიშნავს ეს ქანდაკებები? რა ისტორიულ ან ლეგენდარულ ამბავზე მიანიშნებდა? ამის თქმა ვერც ჩემმა თანამგზავრებმა და ვერც სხვებმა შესძლეს.
ციხესიმაგრის გალავანი სასაფლაოს კედელს ესაზღვრება. იქ შესვლისას მოხვდები დიდ ეზოში, რომელიც შენობის წინ იშლება და დღეს მთლიანად ბუჩქნარითაა დაფარული. შენობაში შედიხარ უზარმაზარ კოშკში გაჭრილი კარით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამ შესასვლელს შეუღწეველს ხდიდა. ციხეკოშკი და დამხმარე შენობები ნანგრევების გროვაა, ძლიერი ბატონების საცხოვრობელი კი მტაცებელი ფრინველების, ტურებისა და დათვების თავშესაფარი გახდა. გაბზარულ კედელში ბარონმა დე კლეისტმა ყურადღება მიმაქცევინა ბუნაგზე, სადაც ორი წლის წინ სამშობიაროდ დათვი მისულა. მას ნანგრევებიდან ესროლეს და მთელი მონაგარი გაუნადგურეს, მაგრამ თავისი ბელების საფრთხეში მოხვედრით გაცოფებულმა დედა დათვმა ძლიერ დატორა ამ საშიში ბრძოლის მონაწილე ჯარისკაცი. თუ გენეალოგიას დავუჯერებთ, წარსულში სამშვილდეს ციხესიმაგრე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ოჯახის მთავარი, უძველესი ფეოდი, იყო. მინდა ვისაუბრო თავად ორბელიანების შესახებ. მათი წარმოშობა ქვეყანაში ქრისტიანობაზე სამი საუკუნით უფრო ძველია.
გადმოგვცემენ, რომ მანდარინების41 ოჯახი იძულებული გახდა ჩინეთიდან გაქცეულიყო ამ იმპერიის სუვერენის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ42. ამ თვალსაზრისით, როგორც არ უნდა იყოს, ის კი არის, რომ ორბელიანების ოჯახი მუდამ პატივით იყო წარმოდგენილი საქართველოს ყველაზე უძველეს ავთენტურ ანალებში, რომლითაც მთელი ერი იწონებს თავს. ორბელიანების აშენებულია იქვე მდგარი მონასტრი, მათი ძლიერი ციხეკოშკის ჩრდილში კი შეიძლება ითქვას, რომ ეს მონასტერი მას იმ დღემდე იცავდა, ვიდრე ეს შესანიშნავი ნაგებობა მუსლიმების შემოსევამ ნანგრევებად არ აქცია.
სადილის გასაშლელად ეკლესიის გარშემო მდგარი შესანიშნავი კაკლის ხეებით დაჩრდილული ეს ოთახი ავირჩიეთ. ეს ალბათ არ იყო აქ მიძინებული გარდაცვლილების მიმართ დიდი პატივისცემის გამოხატვა, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს ეს ცუდი აზრით არ გაუკეთებია, რადგან სრულიად მოტიტვლებულ პლატოზე მზე აჭერდა და სხვა არჩევანი არ გვქონდა. მიუხადავად იმისა, რომ იქ ძალიან ბევრი საფლავი იყო, ეს იყო მეტად სასიამოვნო ჭეშმარიტი პიკნიკი ბალახზე. მიწაზე მოკალათებულებს, საქართველოს წარსულის, ამჟამინდელი მდგომარეობასა და მომავალზე საუბარში სწრაფად გაგვიფრინდა ორი საათი. ჩემ ორ თანამგზავრს შორის არსებული გულითადობისა და საქართველოს მომავლის შესახებ მათი თვალნათელი ურთიერთგაგების გამო, ადვილად დავასკვენი, რომ ამ ორ ერს შორის დღეს სრული თანხმობაა. მუსლიმური უღლიდან გამოსვლის შემდეგ რუსების მმართველობა ხსნა და უსაფრთხოებაა; ქართველები მადლიერებას გამოხატავენ იმის მიმართ, რაც რუსეთმა მათთვის უკვე გააკეთა, განსაკუთრებით კი სავსენი არიან იმ იმედით, რისი გაკეთება შეუძლია და რაც კვლავაც უნდა გაკეთოს.
გრიგალი იწყებოდა და სამშვილდედან უნდა წავსულიყავით. თეთრიწყაროსკენ სხვა, საკმაოდ საინტერესო, მაგრამ ნაკლებად სანდო გზას დავადექით. უკვე გვიან იყო. პირველი წვეთები გზაში დაგვეწია, რამდენიმე წამში კოკისპირული წვიმაც წამოვიდა და გვაიძულა თავი შეგვეფარებინა გზის პირას მდებარე ქართველების პატარა სახლში, სადაც თვალწარმტაცი ინტერიერი მელოდა; ის გონებაში ჩამებეჭდა, მას ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე და გული მწყდება, რომ მისი ფანქრით ჩახატვა არ შემეძლო. ეს იყო ოჯახი, რომელიც შედგებოდა ქმრის, ცოლის, ასაკოვანი ქალის, – რომელიც ერთ-ერთის დედა უნდა ყოფილიყო, ორი უკვე დიდი გოგონას, ბიჭისა და ტყუპებისგან, რომლებიც ახალგაზრდა დედას ეჭირა ხელში. აქ წარმოდგენილი იყო ქართული ტიპი, ასაკისა და სქესის ნუანსებით და ნამდვილად გაზვიადების გარეშე (ხშირად ადანაშაულებენ მოგზაურებს, რომლებიც სიმართლეს ამბობენ) ეს მოსახლეობა მინიმუმ, როგორც წესი, იმსახურებს ქართველების სილამაზის ტრადიციულად ქცეულ სახელს. ამ ჯგუფის შუაში მომღიმარი ჩვილებით ხელში მდგარი ახალგაზრდა ქალი იდეალურად ლამაზი იყო. მას რომ მხოლოდ ერთი ბავშვი სჭეროდა ხელში, ჩარჩოდან გადმოსულ აღმოსავლელ ღვისმშობლად მიიჩნევდი. თვალს ვერ ვწყვეტდი, ის კი ყოველგვარი მორცხვობის გარეშე იღებდა ჩემს მდუმარე აღტაცებას. გამოიდარა, მადლობა გადავუხადეთ ამ კეთილ ხალხს, რომელთაც ვერ შევურაცხყოფდით რაიმეს შეთავაზებით და ერთი საათის შემდეგ უკვე თეთრწყაროში ვიყავით. მეორე დღეს წამოსვლა მინდოდა, მაგრამ ადვილად დავყევი თავაზიანი ბატონების თხოვნას, ვისაც მოგზაურების იღბალმა – შემთხვევამ, შემახვედრა და სასიამოვნოდ გატარებული მომდევნო დღის შემდეგ ერთმანეთს ძველი მეგობრებივით დავცილდით, ბედნიერები ამ შეხვედრით და მომავალში ერთმანეთის ნახვის იმედით.
გზა, რომელიც თეთრწყაროს ტიფლისთან აკავშირებს გაცილებით მეტად იმსახურებს გზის სახელს, ვიდრე ის, რომელმაც იქ მანგლისის გავლით მიმიყვანა. ისიც მართალია, რომ ჩემმა ცოტა არ იყოს თავგადასავლიანმა სიარულმა გზა საგრძნობლად გაართულა. უკანა გზაზე სოფლის სულ სხვა ნაწილი გავიცანი, სადაც კვლავ დამხვდა საინტერესო სანახაობა და მათგან რამდენიმეს გამოვყოფ. თავიდან გზა დიდ ტყეზე გადის, შემდეგ მეტად დაბურული ახალგაზრდა ტყეა, დაბოლოს კი დამუშავებული ხეობა; ერთ-ერთ მათგანში დაფუძნებული იყო გერმანული კოლონია, რომლის სახელწოდება ელისაბედის კოლონიაა43. იქ მისვლამდე, შემოგვხვდა აგრეთვე დანგრეული და სამშვილდისაზე უფრო დაზიანებული მონასტერი. აქ კვლავ დგას ეკლესია და საკმაოდ კარგადაცაა შენარჩუნებული, მაგრამ მის გარშემო მხოლოდ ქვის ნატეხები, კარნიზებისა და კოლონების ფრაგმენტები ჩანს არეული ადამიანის ძვლებში, რომლებიც დრომ თუ ბილწმა ხელებმა ამოთხარ საფლავებიდან, ქვები კი დაამტვრია. მე წამიერად შევჩერდი ნაყოფიერი ხეობის ძირში მდებარე და კარგად დაცულ გერმანულ სოფელთან. ჩემი მოგზაურობის დროს უპირატესობას ასე კარგად მოვლილ და სტუმართმოყვარე დასახლებებს ვანიჭებდი. ამ კოლონიაში გამიმასპინძლდნენ რძით, განსაკუთრებით შესანიშნავი იყო კარაქი ძალიან თეთრ პურთან და ორ ჭიქა საუკეთესო ხარისხის ჩაისთან ერთად იყო. საღამოს სასტუმრო „ევროპაში“ მივედი; აღფრთოვანებული ვიყავი ამ მრავალფეროვნებით და მოულოდნელობებით აღსავსე ექსკურსიით, რომელმაც ქვეყნის ის დიდი და საინტერესო მხარე გამაცნო, რომელიც ტიფლისის უფრო შორი მიდამოა.
შენიშვნები
1. შამილი (1797-1871) და მისი 400 თანამებრძოლი 1859 წელს ტყვედ ჩაბარდნა რუსებს. იმავე წლის შემოდგომაზე შამილი საცხოვრებლად კალუგაში გადაასახლეს. 1866 წელს კალუგის თავადაზნაურობის შეკრებაზე მან და მისმა ვაჟებმა, ღაზი მოჰამადმა და მოჰამად შაფიმ, რუსეთის ერთგულების ფიცი დადეს. იმავე წელს შამილი დიდი მთავრის, მომავალი ალექსანდე III-ს ქორწილში დაპატიჟეს და მას თავადის წოდება უბოძეს. ჯანმრთელობის გამო, 1868 წელს, შამილი ოჯახთან ერთად კალუგიდან კიევში გადაიყვანეს, 1869 წელს კი ალექსანდრე II-მ მას მექაში სალოცავად გამგზავრების ნება მისცა. 1870 წელს შამილი მედინაში ჩავიდა და 1871 წელს იქვე გარდაიცვალა.
2. სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ვახტან გორგასლის (449-494) უმნიშვნელოვანესი ღონისძიება ახალი დედაქალაქის, თბილისის, საფუძვლის ჩაყრა იყო. ლეონტი მროველის თქმით, „თბილისი ააშენეს “ციხედ ციხისა” ე. ი. თბილისი ააშენეს მცხეთის მისასვლელ გზაზე, მის გასამაგრებლად. თბილისის ტერიტორიაზე ციხის აგება, ამავე ისტორიკოსის მიხედვით, ქართლის მეფე ვარაზ-ბაკურის დროს, ე. ი. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარა. ასე რომ, IV საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი, მანმადე უკვე მჭიდროდ დასახლებული ადგილი, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამაგრებულ პიუნქტად იქცა“. (შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, 1958, გვ. 7).
3. ავტორი გულისხმობს „მუშტაიდის“ ბაღს. „აყა მირ ფათაჰი იყო თავრიზის მოჯთაჰედი*. 1828 წელს რუსეთ-ირანის მეორე ომის დროს ის დაეხმარა რუსებს თავრიზის დამორჩილებაში, რის შემდეგაც თბილისში გადმოსახლდა და რუსეთის ხელისუფლებისგან საჩუქრად მიიღო მიწის დიდი ნაკვეთი მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იმდროინდელი ქალაქის გარეთ. ნაბოძებ მიწაზე მან გააშენა ბაღი, რომელიც 1853 წელს ხაზინის საკუთრებაში გადავიდა და საზოგადოებრივი გახდა. XIX საუკუნის მანძილზე ეს ბაღი თბილისელთა საყვარელი დასასვენებელი და გასართობი ადგილი იყო. ის დღესაც არსებობს და ხალხში ცნობილია „მუშტაიდის“ (დამახინჯებული მოჯთაჰედი) სახელწოდებით. (საქართველო ყაჯართა პერიოდის სპარსულ წყაროებში. სამოგზაურო და მემუარული ლიტერატურა. კრებული შეადგინა, ტექსტები სპარსულიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მარინა ალექსიძემ. თბილისი, „არტანუჯი:, 2016, 45). 1853 წლიდან ბაღი სახაზინო საკუთრება გახდა. აქ სისტემატურად ეწყობოდა სახალხო სერინობები, გამოფენები, სპექტაკლები. *შიიტი კანონმცოდნე, მაღალი რანგის სასულიერო პირი.
4. ავტორი გულისხმობს ორ გერმანულ კოლონიას – „ახალ ტიფლისს“, რომელიც დღევანდელი დავით აღმაშენებლის გამზირსა და კუკიაზე მდებარეობდა.
5. 1828 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა კავკასიის მთავარმართებლად და კავკასიაში მომქმედი რუსეთის ჯარის მთავარსარდლად დანიშნა გენერალმა ივანე პარკევიჩი, რომელმაც 1828 წელს ერევნის ციხესიმაგრე აიღო და მას ერევნის გრაფის – პასკევიჩ-ერივანსკის – წოდება მიენიჭა. გამარჯვებულ გენერლისთვის თბილისის მოსახლეობის მიერ სადღესასწაულო შეხვედრის ადგილს, სადაც დღეს თავისუფლების მოედანია, პასკევიჩ-ერივანსკის მოედანი ეწოდა. სახელწოდება „ერივანსკის“ „ერევნით“ შეცვლა შეცდომაა, რასაც ყველა მოგზაური უშვებს.
6. ავტორი ალბათ მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე თეკლე ბატონიშვილის სასახლეს გულისხმობს.
7. ევგენი გოლოვინი (1782-1858) – გენერალი, რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1837-1842 წლებში. 1840-იანი წლებიდან „რუსეთისკენ მიმავალ გზას“ გოლოვინის სახელი უწოდეს (თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბილისი, 1985, 26).
8. სავარაუდოა, რომ ავტორი არცრუნის ქარვასლას გულუსხმობს (სიონის ქ. N8). პირველი ქარვასლა აქ ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. 1795 წელს აღა მაჰმად ხანის შემოსევისას დანგრეული შენობის ადგილას XIX საუკუნის I ნახევარში ძველი საძირკვლის გამოყენებით არწრუნის ქარვასლა აშენდა. 1855 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ ნაგებობა გადააკეთეს. ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა.
9. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა – ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის – კალას გვიანდელი სახელწოდებაა. მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ციხესიმაგრე IV საუკუნეში დაფუძნდა როგორც „შურის ციხე“. დავით აღმაშენებელმა ის მნიშვლელოვნად გააფართოვა. მონღოლებმა (XIII ს.) მას ნარინ ყალა – „მცირე ციხე-სიმაგრე“ უწოდეს. დღემდე მოღწეული ძირითადი გამაგრებები XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. XVII საუკუნემდე ციხის შიდა ტერიტორიაზე, შემოსასვლელ გვირაბთან, განლაგებული ყოფილა „მეფის სასახლე“. XVII საუკუნეში სპარსელების ბატონობის დროს საქართველოში თბილისის დედაციხეც მათ ხელში იყო; ის შეუკეთებია როსტომ-ხანს და იქ სპარსული გარნიზონები ჩაუყენებია. 1747 წელს ერეკლე II-მ ის სპარსელებისაგან გაანთავისუფლა, ხოლო ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა. 1827 წელს ციხის გალავნის დიდი ნაწილი მიწისძვრამ დააზიანა და დაანგრია.
10. ფრანგი ავტორი თბილისის ლეგენდის ახალ ინტერპრეტაციას გვაძლევს, რაც სავარაუდოდ, თბილისში შეიტყო.
11. გენერალი ალექსი ერმოლოვი საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში; გრაფი მიხეილ ვორონცოვი – კავკასიის მეფისნაცვალი 1844-1854 წლებში; გენერალი ალექსანდრე ბარიატინსკი – კავკასიის მეფისნაცვალი 1856-1863 წლებში.
12. მიხეილ რომანოვი (1832-1909) – იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მეოთხე ვაჟი, კავკასიის მეფისნაცვალი 1863-1881 წლებში, მთავარსარდალი და სახელმწიფო მოღვაწე. გენერალ-ფელდმარშალი (1878), სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე (1881-1905).
13. თბილისში 1845-1847 წლებში სემიონოვის პროექტით აშენდა საქართველოს მეფისნაცვლის, მიხეილ ვორონცოვის, სასახლე. ეს იყო რუსული კლასიცისტური სტილის შენობა, ფრონტონით დასრულებული სვეტებიანი თეთრი ფერის მთავარი ფასადით, გამოდიოდა გოლოვინის პროსპექტზე. ამ სასახლეს XIX საუკუნის 1860-იან წლებში არქიტექტორ ო. სიმონსონის პროექტის მიხედვით რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ეს ნაგებობა 1865-1867 წლებში საფუძვლიანად გადაკეთდა. ადრინდელი ნაგებობის კლასიცისტური ფასადი რენესანსულმა შეცვალა. ორსართულიანი შენობის რენესანსული სტილის თაღოვანი ფასადი პროსპექტზე გამოდის, მის წინ გაზონი იყო მოწყობილი (ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრება 1801-1917, თბილისი, 1963, II, 35). დღეს ის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეა.
14. ავტორი უზუსტობას უშვებს. დიდი მთავარი მიხეილი კავკასიის მეფისნაცვლი იყო 1862 წლის 6 თებერვალს დაინიშნა.
15. საქართველოში დაიბადა დიდი მთავრის, მიხეილის, სამი ვაჟი: დიდი მთავარი ალექსანდრე (სანდრო) დაიბადა თბილისში 1866 წელს, გარდაიცვალა 1933 წელს საფრანგეთში; დიდი მთავარი სერგეი დაიბადა 1869 წელს ბორჯომში, გარდაიცვალა 1918 წელს პერმის გუბერნიაში; დიდი მთავარი ალექსეი დაიბადა 1875 წელს თბილისში, გარდაიცვალა 1895 წელს იტალიაში.
16. მაქს ფონ ტიელმანის ცნობით, რომელმაც საქართველოში 1872 წელს იმოგზაურა, გუბერნატორის სასახლე ლამაზი იყო, მაგრამ არა მონუმენტური, აღსანიშნავი კი მისი ინტერიერი იყო, კერძოდ, სარკეებით დამშვენებული დიდი დარბაზი სპარსულ სტილში; სხვა ოთახილამაზი ხალიჩებითა და ნაალაფევი იარაღით იყო მორთული, დიდი მთავრის საბინეტის პანოს კავკასიის შესანიშნავი რელიეფური რუკა იკავებდა. სასახლის უკან იყო კარგად გაშენებული, გულმოდგინედ მოვლილი და მორწყული ბაღი (Thielmann, Le Caucase, la Perse, 175-176).
17. იგულისხმება ალექსანდრე II სახელობის ბაღი.
18. კადეტთა კორპუსი 1860-იანი წლების დასაწყისს მიეკუთვნება.
19. მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით 1847-1851 წლებში ერივანსკის მოედანზე აშენდა პირველი ქართული თეატრი. შენობის არქიტექტორი იყო იტალიელი ჯოვანი სკუდიერი, ინტერიერი გააფორმა გრიგოლ გაგარინმა. თეატრი აშენდა თბილისელი ვაჭრის, გაბრიელ თამამშევის, სახსრებით. ნაგებობა ქარვასლასაც შეიცავდა. ეს შენობა 1874 წელს დაიწვა და შემდეგ აღარ აღუდგენიათ.
20. Rez-de chaussée სართული მიწის დონეზე.
21. ავტორი სახლის პატრონს რუსული ფორმის მიხედვით პრინცესა სუმბათოვად მოიხსენიებს, თუმცა სუმბათაშვილები ქართველი თავადები იყვნენ. შეიძლება ეს სუმბათაშვილზე გათხოვილი სომეხი ქალი იყო.
22. დავით ხოშტარიას გამოკვლევის თანახმად, ერივანსკის მოედანზე მდებარე სასტუმრო „იტალიას“ (l’hôtel d’Italie”) 1864 წელს სახელი შეეცვალა და დაერქვა „ევროპა“ (l’hôtel d’Europe). მას იტალიელი ნაპოლეონ სიენი და ფრანგი არსენ ბარბერონი მართავდნენ (დ. ხოშტარია, თბილისი. ძველი სასტუმროები. თბილისი: „არტანუჯი“, 2011, 31-32).
23. მადერა – ერთგვარი მაგარი ღვინო, პორტუგალიის კუნძულ მადეირას სახელის მიხედვით.
24. მარსალა – სადესერტო ღვინო, იწარმოება სიცილიაში.
25. ავტორი გულისხმობს ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟის, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის, დავით ჭავჭავაძის (1818-1884), მამულში დაწურულ ღვინოს.
26. ავტორი შეიძლება გულისხმობს გენერალ ვასილ ბებუთოვის ვაჟის, ნიკოლოზის მამულში დაწურულ ღვინოს.
27. ავტორი ალბათ ჩონგურს გულისხმობს.
28. 1859 წლის იანვარში ლექსანდრე დიუმამ თეატრის ეს დარბაზი ზღაპრულ სასახლეს შეადარა, ფარდის მეტად დეტალური აღწერა კი ამ სიტყვებით დაასრულა: “რუსეთი – პირქუში მბრძანებელი, რომელსაც თავისი სიდიადე ვერ ახალისებს. საქართველო – ბედნიერი მონა, რომელსაც თავისი მორჩილება ვერ დააღონებს” (Alexandre Dumas. Le Caucase: journal de voyages et romans (Paris: Librairie théatrale, 1859), 143). მასთან ერთად მოგზაური ფრანგი მხატვარი, ჟან-პიერ მუანე, რომელიც თბილისში ოდნავ პრიმიტიული თეატრისა და პროვინციის პატარა ქალაქებისთვის დამახასიათებელი პატარა სცენის ნახვას ელოდა, თეატრის დათვალიერების შემდეგ წერდა: „მხატვრის მიერ ამაზე მოხდენილი დეკორაცია არ შექმნილა. მისი აღწერა თითქმის შეუძლებელია“.
29. ბარონი ალექსანდრე ნიკოლაი (1821-1899) – რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. 1848 წელს დაინიშნა მიხეილ ვორონცოვის სალაშქრო კანცელარიის დირექტორად, 1852 წელს – კავკასიის მხარის მთავარი სამმართველოს საბჭოს წევრად და კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველად. 1859 წელს მეფისნაცვლის საბჭოს წევრის, 1860 წელს დაინიშნა ამიერ და იმიერ კავკასიის სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის უფროსად. მისი მეუღლე ალექსანდრე ჭავჭავაძის უმცროსი ქალიშვილი, სოფიო (1833-1862) იყო. მათ შეეძინათ ერთი ქალიშვილი, მარიამი (1859-1919), რუსეთის იმპერატორის კარის ფრეილინა, ცოლად გაჰყვა თავად გიორგი შერვაშიძეს.
30. ბარონი ლეონტი ნიკოლაი (1820-1891) 1857-1860 წლებში კავკასიის არმიის მთავარსარდლის განკარგულებაში იყო, მონაწილეობას იღებდა 1859 წლის ექსპედიციაში, რომელიც შამილის დატყვევებით დასრულდა. 1860 წელს მან გენერალ ლეიტენანტის წოდება მიიღო და დაინიშნა კავკასიის გრენადერთა დივიზიის მეთაურად. 1862 წელს დაინიშნა გენერალ-ადიუტანტად და დააჯილდოვეს ბრილიანტებით მორთული ოქროს ხმლით, წარწერით „მამაცობისთვის“. ამ თანამდებობაზე იგი 1867 წლამდე მსახურობდა, შემდეგ წელს კი თამანდებობოდან გადადგა და თადარიგში გავიდა. 1868 წელს პროტესტანტმა გენერალმა კათოლიკობა მიიღო, შევიდა კარტეზიანელთა ორდენში ჟან-ლუის სახელით და ბერად აღიკვეცა გრენობლის მახლობლად მდებარე La Grande Chartreuse-ის მონასტერში.
31. ლივონია – ისტორიული მხარე აღმოსავლეთ ბალტიისპირეთში.
32. თბილისში საფრანგეთის კონსულის, შარლ ბიუჟოს (1834-1868) მამამ, ტომა რობერ ბიუჟომ, მარკიზმა დე ლა პიკონერიმ, (1784-1849), საფრანგეთის მარშალმა 1843 წლიდან, 1844 წელს მაროკოს აღმოსავლეთში მდებარე მდინარე ისლისთან მაროკოელებზე ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვების ნიშნად ისლის ჰერცოგის ტიტული მიიღო.
33. ფანდანგო (fandango) – წყვილების ესპანური ხალხური ცეკვა; ასრულებენ გიტარისა და კასტანიეტების აკომპანიმენტით.
34. სტანიცა არის ადმინისრტაციული ერთეული, რომელიც შედგება კაზაკების ერთი ან რამდენიმე დასახლებისგან. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შედეგად, მანგლისი და მანგლისის მხარე გაუკაცრიელდა. 1824 წლისთვის იქ იდგა ერევნის მეცამეტე გრენადერთა პოლკი, რომელმაც მოახდინა დაუსახლებელი ტერიტორიის კოლონიზაცია.
35. გიორგი I (998 ან 1002 – 1027) – საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში.
36. მანგლისის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის (მანგლისის სიონის) ადგილზე ისტორიული წყაროების მიხედვით ქვის პირველი ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში, IV საუკუნის 30-იან წლებში, აუგიათა. VII საუკუნეში მანგლისი ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს შემოსევების დროს აოხრებულა და აქ დაცული სიწმინდეებიც გაუტაცებიათ. მოგვიანებით, X საუკუნეში, როდესაც ამ მხარეში კლდეკარის ერისთავები გაბატონდნენ (ისინი გადმოვიდნენ იმერეთიდან, კაცხიდან, სადაც მათი საძვალეა), ბაღვაშებს ეკლესიისთვის კაცხის ტაძრისთვის დამახასიათებელი წახნაგოვანი ფორმა მიუციათ. იმ დროს გაკეთდა ტაძრის მინაშენი და მას შემდეგ ტაძრის ნაგებობაზე რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორციელებულა. ეკლესია იმ პერიოდშივეა მოხატული, ფრესკები მხოლოდ გუმბათშია შენარჩუნებული.
37. იგულისხმება გვარი სოლოღაშვილი.
38. სამშვილდე – ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ახლანდელი სოფელი სამშვილდის მახლობლად, ისტორიულ ქვემო ქართლში. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე ჭივჭავისა და ხრამის შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება. ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი.
39. მდინარე ჭივჭავა.
40. სავარაუდოა, რომ ავტორი სამშვილდეს წმ. გიორგის ეკლესიას გულისხმობს.
41. მანდარინი – მინისტრი, მოხელე ჩინეთის იმპერატორის კარზე.
42. ცნობილია, რომ ორბელიანები ჩინელებს აცხადებდნენ წინაპრებად. ასევე უცხოელობდნენ წინაპრებით ამილახვრები, ერისთავები, ციციშვილები და სხვ. პროფესორი იასე ცინცაძე სამართლიანად აღნიშნავს (რუსეთის ადრეფეოდალური სახელმწიფო, თბილისი 1968, გვ. 26), რომ გვარის არარსებულ ისტორიას იმისათვის თხზავდნენ, რომ ადგილობრივი გაბატონებული წრეებისაგან განსხვავებულიყვნენ და სხვებისაგან განსხვავებით მფლობელობის უფლებები მათ წინაპრებს თითქოს იმთავითვე უცხო ქვეყანაში ჰქონოდეთ მინიჭებული. აკადემიკოს გიორგი მელიქიშვილის აზრით „ხშირად ასეთ შემთხვევაში მხოლოდ მმართველი ფენის, დინასტიის წარმომავლობას ეხებოდა საქმე, რომელიც ამით ცდილობდა კიდევ უფრო მკვეთრად გამიჯვნოდა თავისი ხალხის ძირითად მასას“ (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, თბილისი, 1970, ტ. I, 313).
43. გერმანული კოლონია ელისაბეტპოლი, რომელსაც ასე იმპერატრიცა ელიზავეტა ალექსეევნას, იმპერატორ ალექსანდრე I-ის მეუღლის პატიცსაცემად ეწოდა, დაარსდა ასურეთში, რომელიც 20 კმ-ზეა თეთრიწყაროდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий