суббота, 23 июня 2018 г.

კ. ლ. ა. დე სიუზანეს (1814-1862) ცნობები საქართველოს შესახებ (ი. ნაჭყებია)

საქართველოს მთავარმართებელი კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი ევგენი გოლოვინი (1837-1842)
(შემეცნებითი ტურიზმი, დაზვერვა)
ავტორის შესახებ: გრაფი კონსტან ლუი ალექსანდრ დე სიუზანე (1814-1862) – საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე. მისი მამა, ბურბონების მხარდამჭერი გენერალი პიერ ჟან ბატისტ კონსტანი, 1815 წელს, ასი დღის დროს, სათავეში ჩაუდგა პუატუს არმიას და ნაპოლეონის წინააღმდეგ ბრძოლაში მძიმედ დაიჭრილი, გარდაიცვალა. მისი მცირეწლოვან ვაჟს, კონსტან-ლუი-ალექსანდრ დე სიუზანეს, 1827-1830 წლებში საფრანგეთის პერის წოდება მემკვიდრეობით გადაეცა, მაგრამ 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ, საფრანგეთის მეფემ, ლუი-ფილიპემ (1830-1848) თუმცა კი შეინარჩუნა პერთა პალატა, მაგრამ გააუქმა მემკვიდროებითობა. ოჯახის ტრადიციის ერთგული ახალგაზრდა გრაფი სიუზანე, რომელიც სრულიად უზრუნველყოფილი და თავისუფალი იყო, სწორედ ივლისის რევოლუციის გამო ქვეყნიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა თავისი განათლების დასარულებლად და ექვსი წლის განმავლობაში იმოგზაურა ევროპაში, აზიასა და ბრაზილიაში.
მოგზაურობის მიზანი: 1835 წელს იგი პირველად ეწვია კავკასიას, 1840 წელს კი მეორედ იმოგზაურა, რადგან აინტერესებდა კავკასიაში მიმდინარე მოვლენების ადგილზე გაცნობა.
სრული მარშრუტი: კონსტანტინოპოლი, ტრაპიზონი, არზრუმი, თბილისი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ზაქათალა, საქართველოს სამხედრო გზამცხეთა, დუშეთი, ანანური, ფასანაური, კობი, დარიალის ხეობა.
მარშრუტი საქარველოში: თბილისი, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ზაქათალა, საქართველოს სამხედრო გზამცხეთა, დუშეთი, ანანური, ფასანაური, კობი, დარიალის ხეობა.
მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით დაწვრილებით არის აღწერილი ბუნება, მოცემულია ცნობები ფლორის, მდინარეების, ხიდების, სოფლის მეურნეობის, მოსახლეობის, ისტორიული ძეგლების შესახებ. დახასიათებული არიან მოხელეები: შეფასებული არიან საქართველოს მთავარმართებლები ერმოლოვი, პასკევიჩი, როზენი და გოლოვინი, ოფიცრებიგენერლები კოცებუ და ანტეპი, აღნიშნულია მთიელების უარყოფითი დამოკიდებულება რუსული სასამართლო სისტემის მიმართ. ფრანგი გრაფის აზრით, თბილისი კარგავდა თავისი აღმოსავლურ ხასიათს, მაგრამ არც მთლიანად რუსული გამხდარიყო. ჩანს ავტორის კრიტიკული დამოკიდებულება ქალაქის შენობების არქიტექტურის და ქუჩების მდგომარეობის მიმართ, აღნიშნულია მოულოდნელი წყალდიდობების მიერ მიყენებული ზიანი. ქალაქის კეთილმოწყობის გეგმები მხოლოდ იწყებოდა, მაგრამ არ სრულდებოდა. ავტორი თბილისს აზიური ვაჭრობის მნიშვნელოვან პუნქტს და უხარისხო რუსული საქონლის საწყობს უწოდებს, ეხება პირველი მოხმარების საგნების სიძვირეს და ხშირად მათ ხელმიუწვდომლობაც. გაკრიტიკებულია თბილისის მაღალი საზოგადოება. აღნიშნულია რუსეთის მთავრობის მიერ ერთიანი რელიგიის, მართლმადიდებლობის, დამკვიდრების სურვილი და მკაცრი კონტროლი ამ რწმენისკათილიკურით შეცვლის მიმართ.
სიუზანე დადებითად აფასებს სიღნაღისკენ მიმავალ გზაზე ნანახ კახეთის სავარგულებს, სოფლებს, გერმანული კოლონიის ცხოვრებას, მაგრამ აკრიტიკებს სიღნაღის მიდამოებში დაარსებული ბამბისა და აბრეშუმის სართავ სახელოსნოს, რომელიც არასწორი მართვის, მმართველთა სიხარბისა და არაკვალიფიციური მუშახელის გამო ვეღარ მუშაობდა. აღნიშნულია ჭარელი ლეკებისგან მილიციის ჩამოყალიბება და რუსეთის მთავრობის გეგმა კახეთში მათი დასახლებისა და მათთვის ყოველგვარი საცხოვრებელი პირობის შექმნის შესახებ, მთის ხალხის უარყოფითი დამოკიდებულება რუსული სამართლის წარმოების მიმართ და ამ კონტექსტში რუსი მოხელეების კორუმპირებულობა. არის ცნობა მთიელების მიერ ადმიანების გატაცების შესახებ.
საგანგებო ყურადღება ეთმობა სამხედრო ნაწილების განლაგებას, შემადგენლობას, მათ საცხოვრებელ პირობებს. მისი ცნობით, დედოფლისწყაროში განლაგებული ტიფლისის ინფანტერიის პოლკში, რომელშიც 5,000 კაცის ნაცვლად 3,000-ზე მეტი არ იყო, დრაგუნების პოლკში, 12,000 კაცის ნაცვლად 8,000 იყო. აღნიშმულია პოლკის ოფიცრების მიერ პირადი საქმისთვის ჯარისკაცების გამოყენება და მთავრობის მიერ პოლკის შესანახად გამოგზავნილ თითქმის მთელი ფულის მითვისება. მაგ. კავალერიის პოლკოვნიკებს, რომლებიც ადგილზევე იძენდნენ ცხენების გამოსაკვებ ფურაჟს, წლიურად 100,000 რუბლამდე შემოსავალი ჰქონდათ. ამ კონტექსტში გრაფი სიუზანე ეხება იმპერატორ ნიკოლოზ I-ის მიერ 1837 წელს ერევნის კარაბინერების პოლკის მეთაურის თავადი დადიანისთვის აღლუმზე ჩინების საჯაროდ ჩამორთმევას და მის ჯარისკაცად ჩამოქვეითებას.
გრაფი სიუზანე თზულებაში სიტყა-სიტყვით გადმოგვცემს ამ მოგზაურობის დროს კავკასიაში შემხვედრ მაღალი რანგის სამხედრო პირებთან საუბრებს. თუ 1835 წელს საქართველოში ფრანგი გრაფის მოგზაურობის დროს ყველა სახელმწიფო მოხელე დარწმუნებული იყო საყოველთაო მშვიდობის მიღწევაში, 1840 წელსყველა წყევლიდა იმ დღეს, როდესაც რუსეთი კავკასიის საზღვარს გასცდა“. სუზენა გაოცებული იყო ჯარის გენერლებს შორის არსებული ერთსულოვნებით, რომლებიც გმობდნენ დაპყრობის სისტემას და ვერ ხედავდნენ მათ მიერ გაწეულ რისკის შედეგს. გენერლები კოცებუ და ანრეპი მძრახავდა მთის ხალხის დაპყრობის სისტემას. ყველა ჭკვიანი და კეთილგონიერი ადამიანი აღიარებდა, რომ რუსეთის იმპერიაში ფუნდამენტური რეფორმები იყო გასატარებელი. შეფასებულია ბარონი განის მიერ შემუშავებული ამიერკავკასიის მმართველობის რეფორმა.
1841 წლის 1 აპრილს Le Journal des Débats- მიერ სანკტ-პეტერბურგიდან მიღებულ წერილში სიუზანეს აღნიშნული თხზულების (Comte de Suzannet. Les provinces du Caucase sous la domination russe. Revue des Deux Mondes, 4ème série, tome 26, 1841) გამოქვეყნების გამო პროტესტი იყო გამოთქმული: ნიკოლოზ I-ისთვის ნათელი გახდა ფრანგი გრაფის მოგზაურობის მიზანი, რომელმაც კავკასიის ყველა სტრატეგიული პუნქტი როგორც მზვერავმა, ისე მოიარა. იმპერატორი გაოცებული იყო, რომ მას ძალიან კარგად იღებდა ადგილობრივი ხელისუფლება, რამაც მას კავკასიაში არსებული ვითარების გაგების საშუალება მისცა. ამიტომ, უმაღლესი რეზოლუციით უმკაცრესად აიკრძალა ამგვარი ურთიერთობები კავკასიაში ჩამოსულ უცხოელებთან. უფრო მეტიც, იმპერატორმა მოითხოვა, რომ უცხოელების ყოველგვარი მოთხოვნა მათი პირდაპირი მარშრუტის გარდა, შესაფერისი საბაბით, არ დაეშვათ.
XIX საუკუნეში კავკასიაში მოგზაურ ფრანგთაგან გრაფი სიუზანე ის ერთ-ერთი პირველი მოგზაურია, რომელმაც სასტიკად გააკრიტიკა რუსეთის მთავრობა.
***
თბილისი
ჩვენ მტკვრის, ძველი კიროსის ნაპირებს შემოვუარეთ. ბორბლების მეშვეობით ციცხვი მდინარეზე მუშაობდა და ნაპირებზე მდებარე ბაღებს წყალს აწვდიდა. ამ მწვანე აბიბინებულ ბაღებს შორის რამდენიმე სოფლური სახლი იდგა. მალე ტიფლისში შევალ, რომლის ხედი მთლიანად ჩამალულია გარშემო მდებარე მთებში და ბაზრებს შორის წინ მივიწევ. საქონელი, რომელიც დავინახე, ადასტურებს, რომ ქალაქი იწყებს იმ მომაკვდინებელი დარტყმისაგან აღდგენას, რომელიც საქართველოს იმპერიის საერთო საბაჟო სისტემაში1 შეყვანით მიადგა.
ამგვარი ჩართვის მიზანი იყო რუსული საქონლისათვის გზის გახსნა, რომელიც თავისი ხარისხით ვერ უწევს კონკურენციას უცხოურ ნაწარმს; მე ვიცი, რომ რუსმა ვაჭრებმა მათთვის მიცემული უპირატესობით ძალიან კარგად ისარგებლეს. მიუხედავად ამისა, ადვილია სასაზღვრო ადგილებში მცხოვრები მოსახლეობის კონტრაბანდული საქონლით მომარაგება.
ტიფლისი აზიური ვაჭრობის მნიშვნელოვანი პუნქტი გახდა: საბაჟო კანონები შენელებულად მოქმედებენ და დღეისთვის ის მხოლოდ ძვირი და უხარისხო რუსული საქონლის საწყობია. ზოგიერთმა პატივცემულმა რუსმა მითხრა, თუ რა გულდაწყვეტით იღებენ ამ ზომას. ისინი ამ გადაწყვეტილებას საქართველოს აყვავების საწინააღმდეგო საქმედ მიიჩნევენ, რასაც რამდენიმე ვაჭრის ინტერესიც კი შეეწირა. მათი მოსაზრება ეყრდნობა საბაჟო შემოსავლის შემცირებას და ტრაპიზონის მნიშვნელობის ზრდას, რომელიც სპარსეთთან ყველა სავაჭრო ოპერაციის ცენტრი გახდა. ყველა იზიარებს, რომ საქართველოში დაბალი ხარისხის და ძვირი საქონელი იგზავნება. პირველი მოხმარების საგნები ძალიან ძვირია და ხშირად იმასაც კი ვერ იღებენ.
ტიფლისის საერთო იერსახე არაფერ აღსანიშნავს არ გთავაზობს. მთები, რომლებიც ქალაქს გარს ერტყმის, მთლიანად მშრალია, ყაზბეგის თოვლიან მწვერვალს კი მხოლოდ მზიან დღეს შეამჩნევ. ტიფლისმა დაკარგა თავისი აღმოსავლური ხასიათი და ვერც მთლიანად რუსული გახდა; დიდი კონტრასტია ქართველების თითქმის მიწისქვეშა სახლებთან. გასაოცარია რუსების ცუდი გემოვნება, რომლებიც თავიანთი სახლების წინ როგორც შეუხედავ, ისე უსარგებლო ხის რაღაც კოლონებს დგამენ. ხის სასახლეების ეს მონუმენტური სტილი ძირითადად რუსეთშია გავრცელებული. ყველა სხვა ქალაქშიც, რომელსაც აშენებენ, ამავე ცუდ არქიტექტურულ გემოვნებას შეხვდებით. ქუჩები ისეთი უსწორმასწორო და ისე ცუდადაა მოკირწყლული, რომ წვიმიდან რამდენიმე საათის შემდეგაც კი შეუძლებელია ერთი მხრიდან მეორეზე გადასვლა. თავის ამღვრეულ წყალს მტკვარი ქალაქის ცენტრში მიაგორებს. მოულოდნელი წყალდიდობები ხშირად ანგრევენ ყველა კომუნიკაციას და ისიც ხშირია, რომ მყარი კონსტრუქციის ხიდებიც წყალის ძლიერ დინებას მიაქვს. ქალაქის ერთ-ერთი ხიდი იმდენჯერ დაინგრა, რომ გენერალ გოლოვინს2 ხიდის მყარად ასაშენებლად, ინჟინრების ჩამოსაყვანად ნებართვის მიღება სურდა. თბილი წყლების ტემპერატურა, რამაც განსაზღვრა ტიფლისის, როგორც ქალაქის მდებარეობა, ოციდან ოცდაათ გრადუსამდეა; ეს წყლები გოგირდიანია და განსაკუთრებით კარგია კანის დაავადებების სამკურნალოდ და ამ წყლებით მოსახლეობაც ძალიან ხშირად სარგებლობს.
ზაფხულის სიცხე მძიმე და ჯანმრთელობისათვის საზიანოა, ზამთარი კი ცივი და მკაცრია; ტიფლისის ჰავას არავითარი უპირატესობა არა აქვს საიმისოდ, რომ ის დედაქალაქად აერჩიათ, რადგან კავშირი კასპიისპირეთთან ან შავ ზღვასთან ისევე ძნელია, როგორც სპარსეთთან და რუსეთთან.
იმის გამო, რომ ომების შეგეგად საუკუნეების მანძილზე საქართველო მრავალგზის გადასულა ერთი ხელიდან მეორეში, ტიფლისში ძველი ძეგლები არ არის. მხოლოდ ძველი კედლის რაღაც ნაკვალევია დარჩენილი, რომელიც ქალაქის სამხრეთით მდებარე მთას აგვირგვინებს. პატარა ეკლესია და სამლოცველო, ვფიქრობ, ის ერთადერთი მოგონებაა, რომელიც მათ საქართველოს მეფეებთან აკავშირებს.

საფრანგეთის კონსულის, -ნი დე ლა შაპელის3, სახლი ყველა უცხოელისათვის ღიაა და მათ იქ გულითადი სტუმართმოყვარეობით ხვდებიან. მისმა ცოცხალმა და აღმაფრთოვანებელმა საუბარმა ყველა იმ საკითხზე, რაც საფრანგეთის პოლიტიკას ეხება, ჩემი ყოფნა ტიფლისში საკმაოდ სასიამოვნო და ყურადსაღები გახადა. მე გენერალ გოლოვინთან წარმადგინეს, რომელიც თავაზიანი და კეთილგანწყობილი მომეჩვენა. გენერალ გოლოვინს, კავკასიის პროვინციის გუბერნატორს, სურს მისთვის მინდობილი ხალხის კეთილდღეობისათვის ხელის შეწყობა, მაგრამ მისი კეთილი ნების მიუხედავად, იშვიათია, რომ მისი სურვილები შესრულდეს. გაუმჯობესების ბევრი გეგმა ქაღალდზეა ან იწყება, მაგრამ არ სრულდება. შტაბის მეთაური გენერალი კოცებუ4, რომელთანაც დაღესტნის გავლით დარუბანდსა და ბაქოში გამგზავრების სურვილი გამოვთქვი, თავაზიანად დამპირდა მგზავრობის დროს დახმარებას.

გენერალი გოლოვინი უცხოელებს კეთილშობილ მფარველოვას უწევს; მას არ ახასიათებს არც ეჭვი და არც უნდობლობა ბარონი როზენის5 მსგავსად, რომელიც როგორც მოსარიდებელ მტერს, ისე უყურებდა მოგზაურს. ბარონს მთავრობისგან ყველა დარღვევის დაფარვა სურდა და ამგვარად ფიქრობდა ესიამოვნებინა იმპერატორისათვის6: მან ეს მოახერხა კიდეც, მაგრამ იგი ბარონი დე განის7 ამბიციებმა და მეტოქეობამ დაღუპა. ბარონმა როზენმა საქართველოს პროვინციების შესწავლის ნება არ მომცა, მაგრამ მისმა სამწუხარო დასასრულმა ჩემი სიმპათია დაიმსახურა. შეიძლება დაადანაშაულო ადამიანი, რომელიც ბოროტად სარგებლობს თავისი ძალაუფლებით, მაგრამ ყოველთვის უნდა შეგვეცოდოს მიწაზე დაცემული მოხელე, როდესაც მასზე გაცილებით უფრო დამნაშავე ადამიანებმა მოიპოვეს ის კეთილგამწყობა, რომელსაც არ იმსახურებდნენ.

სიღნაღი

იმის შემდეგ, რაც რამდენიმე დღე შევწირე გამგზავრების სამზადისს და ცნობების მოპოვებას იმ სხვადასხვა პროვინციების შესახებ, რომლებიც უნდა გამევლო, ტიფლისიდან სიღნაღისკენ გავემგზავრე. გზაზე რამდენიმე გერმანული კოლონია ვნახე, რომლის მოსახლეობა მთავრობის მიერ მიცემული უპირატესობის გამო დიდი კეთილდღეობით ცხოვრობს. მაგრამ, ისინი ჯერ კიდევ არ არიან ისე განვითარებული, როგორც ეს შესაძლებელია. გერმანელები მხოლოდ იმ მიწას ამუშავებენ, რომელიც მათ გამოუყვეს და არა მათ გარშემო მდებარე ნაყოფიერ ნიადაგს. კოლონისტების რაოდენობა დაახლოებით ათასია.
შევამჩნიე რამდენიმე მეტად თვალწარმტაცი ქართული სოფელი. პატარა ცხაურებით გარშემორტყმული სახლები ერთმანეთისაგან კაკლის ლამაზი ხეებითაა გამოყოფილი; თუთის ხეები და მაღალი ვაზი კი ყოველი საცხოვრებლის გარშემო მწვანე კედელად აღმართულა. ამ სოფლებში ბევრი სახლი არ არის, მაგრამ დიდი ფართობები კი უჭირავთ. ამ ბედნიერად მდებარე სოფლური სახლების იერსახეში არის მომხიბვლელობა, რომელიც წარმოაჩენს სიმარტოვეს და მცენარეულობის სიმდიდრეს.
სიღნაღი, რომელსაც მალე მივაღწიეთ, პატარა ქალაქია. მის მიდამოებში ბამბის სართავი სახელოსნო დააარსეს; მაგრამ ამ ფაბრიკაში მხოლოდ უხეშ ნაწარმს ამზადებენ. არასწორმა მართვამ, ხელოსნების უცოდინარობამ და სიხარბემ ნელ-ნელა ის ყველა საწარმო დაანგრია, რომელიც მთავრობამ აბრეშუმის სართავად დააარსა. საკმაოდ დიდი თანხები მხოლოდ დირექტორების გამდიდრებას ემსახურებოდა და მცირე ბიძგსაც კი არ აძლევდა მრეწველობის განვითარებას. ამასობაში, აბრეშუმის წარმოება შეიძლება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროც კი გამხდარიყო; მაგრამ რომელი ნეგოციანტი გაბედავს გამოაჩინოს თავისი კაპიტალი ქვეყანაში, სადაც ფაბრიკის აყვავება და ნგრევა მთავრობის მოხელეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული? რუსეთის მიერ შექმნილი საწარმოს მმართველობა ზოგიეთ ისეთ პროტეჟეს ანდეს, რომლებიც ამაში მხოლოდ თავიანთი მოუწესრიგებელი ქონების აღდგენის საშუალებას ხედავს. მათი ძირითადი მიზანი ხელისუფლებისთვის საამებელი ზოგიერთი თვალსაჩინო პროდუქციის მომზადება და პეტერბურგში გაგზავნაა, რაც ახალი დაფინანსების მოტივაციას მისცემთ. მოგვიანებით საწარმო უქმდება, დირექტორები მდიდრდებიან და მთავრობა უარს ამბობს ფაბრიკების შენახვაზე, რომლებსაც, როგორც აცხადებენ, არ აქვთ სტაბილური განვითარების წანამძღვრები.
სიღნაღში განლაგებული ბატალიონი ციხესიმაგრეს8 იცავს. ქალაქი ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს და მის ძირში იწყება კახეთი, მთელ საქართველოში ყველაზე მდიდარი და ნაყოფიერი ხეობა. იქ მოწეული ღვინის რაოდენობა დაახლოებით 3 მლნ ვედროა. ეს ღვინო კავკასიის მთელ გუბერნიაშია ცნობილი და რუსები მას ჩვენს ბურგუნდიულ ღვინოს ადარებენ. მე ის უფრო მსუბუქი და ნაკლებ მათრობელა მომეჩვენა. იშვიათია, რომ მას არ ჰქონდეს ფისის გემო, რომელიც იმ ტიკების გამო ედებათ, რომლითაც ის გადააქვთ. სიღნაღის სიმაღლეების ჰორიზონტი კავკასიონის ქედითაა შემოფარგლული, დაგვირგვინებულია ტყეებით და მარადიული თოვლით დაფარული შაჰდაღის მწვერვალით. სიმწვანეში ჩაფლული მრავალი სოფელი, ვენახი, დამუშავებული მიწა და ალაზანი, რომელიც კახეთის ხეობას რწყავს, მდიდარ და ვრცელ პანორამას გვთავაზობს, რადგან ეს ხედი ათ ლიეზე9 მეტ ფართობზე ვრცელდება.
დედოფლისწყარო
ფოსტის გზა სიღნაღში სრულდება; ამ ქალაქის გარეთ ვეღარ ისრგებლებ კაზაკების ცხენებით და მათ მისაღებად მთავრობის ბრძანებაა საჭირო. ცხენზე შევჯექი და რამდენიმე საათის სიარულის შემდეგ ცარსკიე კოლოდცს10 მივადეექი. ამ მგზავრობის დროს გზად გლეხები შემომხვდნენ, რომლებიც გუთნით ხნავდნენ მიწას; გუთანს არ ჰქონდა ბორბლები და მასში 6-7 წყვილი ხარი იყო შებმული. ცარსკიე კოლოდცში განლაგებული იყო .. ტიფლისის ინფანტერიის პოლკი, რომელშიც 5,000 კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 3,000-ზე მეტი არ იყო. დრაგუნების პოლკი, რომელიც ზამთარში ყარაგაჩში11 იდგა და სადაც ზაფხულში აუტანელი სიცხეა, აგრეთვე ცარსკიე კოლოდცში იყო გადმოყვანილი. ამ პოლკში 12,000 კაცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ 8,000 კაციც არ იყო. ამ ბანაკის შემადგენლობა თორმეტი პატარა საარტილერიო დანადგარი და 2,000 არტილერისტი იყო. ოფიცრები, რომლებმაც ჩვენში უცხოელები შეიცნეს, ჩვენს შესახვედრად მოვიდნენ და ისე გულიანად და ზრდილობიანად დაგვპატოჟეს, რომ უარი ვერ ვუთხარით. ჩვენი მასპინძლები სანადიროდ მიდიოდნენ მწევრებით და ეს ჩვენც შემგვთავაზეს: მე დავთანხმდი, ცხენზე შევჯექი და დანიშნულების ადგილზე მივედი. ერთი რუსი პოლკოვნიკის მეუღლემ გრაციითა და გაწაფულობით გაგვაოცა. მითხრეს, რომ ეს ჩერქეზი ქალი ათი წლისა იყო, როდესაც პოლკოვნიკმა ტყვედ აიყვანა, შემდეგ კი ცოლად შეირთო. ქალს შენარჩუნებული ჰქონდა ბავშვური სითამამე და გემო ძალადობრივი გასართობის მიმართ. იგი მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდა და მასთან სასაუბროდ თარჯიმანი დამჭირდა; მისი ხასიათის შეცნობა ცოცხალი გამოხედვის მიხედვით იყო შესაძლებელი. მისი ქმარი, ძველი მეომარი, ადრე სუვოროვის12 მეთაურობით მსახურობდა; დაუმორჩილებლობის გამო იგი ორჯერ ჩამოაქვეითეს ჯარისკაცად, შემდეგ კი გამოჩენილი სიმამაცის წყალობით კვლავ დაუბრუნეს ოფიცრობა.
ცარსკიე კოლოდცის ყველა სახლი გეგმის მიხედვით ჯარისკაცების მიერაა აშენებული, სახლების გარშემო პატარა ბაღებია. ოფიცრების სახლები მხოლოდ დიდი ფართობით და კირით შეთეთრებული კედლებით გამოიჩევა, სხვა სახლების მსგავსად ხისაა და გადახურულია თივით ან ფოთლებით. ოფიცრების ავეჯი აგრეთვე ჯარისკაცების დამზადებულია. პოლკოვნიკების სახლებში დიდი გემოვნებით დამზადებული ავეჯიც ვნახე. მათი მთელი ავეჯი მაგიდა, ხის საწოლი, რამდენიმე სკამი და უხარისხო ბამბის ქსოვილგადაფარებული ტახტია. პოლკის ოფიცერს მნიშვნელოვანი შემოსავალი აქვს; ჯარისკაცებს მისთვის მოაქვთ შეშა, ამუშავებენ მათ ბაღებს, სადაც უხვად მოდის ბოსტნეული. ამასთან, ოფიცერს შეუძლია მთავრობის მიერ პოლკის შესანახად გამოგზავნილი თითქმის მთელი ფულის გამოყენება. რადგან კავალერისტების პოლკები ადგილზევე შოულობენ ცხენების ფურაჟს, პოლკოვნიკებს წლიურად 100,000 რუბლამდე შემოსავალი აქვთ.
მრავალი ჯარისკაცი დაქორწინებულია და მათთვის გამოყოფილ პატარა სახლებში თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობს. კავკასიაში ამჟამად განლაგებული გამოუცდელი საჯარისო ნაწილების დასახმარებლად მთავრობამ იქ იმ ჯარისკაცების გაგაზავნა გადაწყვიტა, რომლებმაც სამხედრო სამსახურის ათი წლის გამოცდილება აქვთ და ოფიცრები მათ პოლკების შესავსებად ელოდებიან. არტილერისტები კვირაში ერთხელ ვარჯიშობენ; ამ ბანაკებში ყველა ჯარისკაცი ძირითადად ხელობითაა დაკავებული, რადგან საგუშაგოზე მორიგეობის შემდეგ მათ არავითარი სამხედრო საქმე არა აქვთ. ოფიცრები ნაკლებად მცოდნენი მომეჩვენნენ; ისინი საერთოდ არ კითხულობენ და მხოლოდ დღის განაწესი იციან, მაგრამ არ იციან თეორია. მრავალი მათგანი დაქვეითებულია და კავკასიაში სასჯელის მოხდის გამოა გამოგზავნილი.
რამდენიმე ოფიცერი საკმაოდ საინტერესო ციხესიმაგრემდე გამოგვყვა, რომელიც თამარ მეფის მმართველობის დროინდელია13. ეს ციხე შვერილის თავზე, 400-500 ფუტის14 სიმაღლეზე მდებარეობს. ჯერ კიდევ არსებობს კედლები და ციხის გალავანი; ადრე ის ქართველების თავშესაფარი იყო მთიელი ლეკები შემოსევებისგან თავის დასაცავად. ციხესიმაგრის წინ შეამჩნევ ლამაზ ტყეებს და ანკარა წყლის შადრევანს, რომელსაც მოსახლეობა დიდ ღირსებებს მიაწერს. კლდის მწვერვალიდან თვალწინ კახეთის მთელი ველი გადაიშალა. მთის სხვა მწვერვალზე დგას ელიას სამლოცველო15, რომელიც ქართველების სათაყვანო ადგილია. ყველა უძველესი სამლოცველო საკმაოდ მიუვალ ადგილზეა; ისინი გვახსენებენ დევნის იმ ეპოქას, როდესაც უბედური ქართველები უსაფრთხოდ ვერ მისდევდნენ თავიანთ რწმენას, რომლის აღმოფხვრასაც გამუდმებით ცდილობდნენ მუსლიმები.
ზაქათალა
ნელ-ნელა ქვევით დავეშვით და ალაზნის ნაპირთან მივედით. წყალი ლამაზმა ხეებმა, ველური ვაზისა და კლემატისის ბუჩქებმა დაგვიფარა. კაზაკების საგუშაგოს მივაღწიეთ, სადაც ცხენები უნდა გამოგვეცვალა, ალაზანზე კი ცუდი ტივით გადავედით. ყოველგვარი სახის ძლიერი და მაღალი ხეებით მოფენილ ტყეზე გავლით ზაქათალაში16, კავკასიონის ძირში მდებარე ციხესიმაგრესთან, ხეობის შესასვლელთან მივედით, საიდანაც ამ მთაზე გასასვლელი გზა იწყება. სწორედ ამ ყელით ჩამოდიან ლეკები კახეთის უბედური სოფლები საძარცვად. დაახლოებით ორი წლის წინ დაღესტნის ბელადი და წინასწარმეტყველი შამილი17 ამაოდ ეცადა ზაქათალიას აღებას. რუსებმა ამ ციხის ერთი ნაწილის ნგრევა დაიწყეს, რადგან მათი განცხადებით, ის თავშესაფრად ემსახურებოდა ლეკებს. მთიელები ამ ტყეში მდგარ გიგანტურ მუხას ერთგვარი ცრურწმენით და თაყვანისცემით ეპყრობიან. ზაქათალის ოლქის კომენდანტმა, გენერალმა ანრეპმა18 მიამბო თუ როგორ გაიხარა ერთ დღეს, როდესაც მაცხოვრებლებისთვის ძალისა და თავისუფლების სიმბოლოდ მიჩნეულ ხეს მეხი დაეცა.
ზაქათალა ჭარელი19 ლეკების ყველაზე ძლიერი ტომის ძველი რეზიდენციაა. რუსების თანამიმდევრულ მოქმედებებს ჭარელი ლეკების დამორჩილება მოჰყვა; მიუხედავად ამისა, ისინი კვლავ ხშირად ყაჩაღობენ და ხელისუფლებას მანამდე არ სცემენ პატივს, ვიდრე მათ ძალას არ იგრძნობენ.
ზაქათალის ციხესიმაგრეში20 გარნიზონის ორი ბატალიონი დგას; ერთმა ბატალიონმა ლეკები ალყაში მოაქცია, რადგან ისინი უარს ამბობდნენ რუსეთის მოკავშირე ინგილოების ტომიდან გატაცებული 24 პატიმრის გადაცემაზე. მთის მიუდგომელ ადგილებში გაქცევისას
ლეკებმა ყოველთვის იციან როგორ გაარღვიონ ალყა იქ ჩაყენებული სამხედრო ნაწილების რაოდენობის მიუხედავად. რუსებმა, რომლებსაც შიმშილით აქვთ მათი დამორჩილების იმედი, მათთან ყოველგვარი კავშირი აკრძალეს. მიუხედავად ამისა, უკვე ექვსი თვეა ლეკები არ თანხმდებიან მათთვის მიცემულ წინადადებებს. ისინი ამბობდნენ, რომ ინგილოები მათთან აღარ არიან და ისინი ჩეჩნებისგან უნდა მოითხოვონ.
ზაქათალაში 180 ცხენოსანი მთიელისგან ერთი ნაწილი ჩამოაყალიბეს; ყოველა ადგილობრივი კაცის მსგავსად, ისინიც თოფით, ხმლითა და ხანჯლით არიან შეიარაღებულები. ამ მილიციას ჯამაგირს უხდიან, ის რუსებს ესკორტად დაჰყვება და მთებში გენერლების ბრძანებები დააქვს; რუსულ ჯარში მხოლოდ მათ ბელადებს აქვთ განსაკუთრებული სამოსი და ჩინი. ყოველი ოჯახი 12 ფრანკს იხდის, ამ თანხის ნაწილი მილიციის შენახვას ხმარდება, ნაწილი სახელმწიფო ხაზინაში შედის. გენერალი ანრეპი მარწმუნებდა, რომ მოსახლეობა, რომელსაც ადრე აიძულებდნენ სამხედრო სამსახურს, კმაყოფილი იყო ამჟამინდელი წესრიგით. მე ვნახე კოლონიის გეგმა, რომელიც განხორციელებას მათ კახეთში სთავაზობენ; ეს კოლონია დასახლდება ლეკებით და იქ დასაფუძნებლად მთავრობა მათ ყველა საჭირო მასალით მოამარაგებს, მათ სახლებსაც აუშენებენ, დასამუშავებლად მიწასაც მისცემენ და 10 წლით ყოველგვარი გადასახადისგან გაანთავისუფლებენ. ზაფხულის მოახლოებისას მათ ყოველ წელს შეეძლებათ ხეობიდან გასვლა და თავიანთ მთებში წასვლა. ეს კოლონია შექმნის გრძელ ქუჩას, სადაც დაარსდება პატარა ფორტი და რუსი ჯარისკაცების გარნიზონი ჩადგება. ეჭვი მეპარება, რომ ამ გეგმამ შეაცდინოს ლეკები, რომლებსაც რუსების ზარბაზნების დაცვის ქვეშ ყოფნას თავიანთი მომთაბარე ცხოვრება უჩევნიათ. ზაქათალის გარნიზონის ბატალიონში 1,000 კაცის ნაცვლად, 400 კაცია; მათი ერთი მეათედი ავადმყოფია.
გენერალმა ანრეპმა მიამბო 30 ერთგულ ჭარელთან ერთად მთებში ჩატარებული მოგზაურობის შესახებ. ის სოფლები, რომლებზეც გაიარეს, რუსეთის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, მაგრამ ღიად არ ეომებოდნენ. მან უხუცესები ლამაზი დაპირებებით მოხიბდა, დაარწმუნა მშვიდობიან მიზნებში და დაჰპირდა, რომ მათ მთებში საჯარისო ნაწილებს არ შეიყვანდნენ. ერთხელ იგი თავისი დარწმუნებულობის მსხვერპლიც კი გახდა: როდესაც ტახტზე ისვენებდა, მას ერთი მთიელი მიუახლოვდა და პისტოლეტი მიბჯენით ესროლა; ტყვია ტანსაცმელში გავიდა და ტყავის ქამარზე ასხლტა. როდესაც მთიელებმა ნახეს, რომ ააცდინეს, მკვლელი სასწრაფოდ დაიჭირეს, თავიანთი კანონის მიხედვით გაასამართლეს და დააჯარიმეს, რადგან ეს მხოლოდ მკვლელობის მცდელობა იყო, ტრავმის მიყენების გარეშე.
გენერალმა მას აპატია; მთიელი, რომელმაც ეს თავხედური სროლა გაბედა, შამილის ემისარი იყო. გენერალი ანრეპი რომ მოეკლა, ტომი, რომელშიც ის ცხოვრობდა, იძულებული იქნებოდა იარაღი აეღო, რადგან გენერლის მკვლელობის გამო რუსები უეჭველად შურს იძიებდნენ. მკვლელობის მცდელობა პისტოლეტის უხარისრო დენთით დატენის გამო ჩაიშალა, გენერალი პაატივისცემით იყო გარშემორტყმული და მთებში ექსკურსიის დროს მას მხოლოდ მეგობრული გამომეტყველებით ხვდებოდნენ.
კავკასიის პროვინციებში მოსამართლეების შერჩევა მეტად ძნელია: თითქმის ყველა მოსახლე ცალკე გაერთიანებას ეკუთვნის და მისი წევრი მოსამართლე სხვა გაერთიანების წინააღმდეგ მუდამ თავის წევრებს ამართლებს. საქმის ამგვარი ვითარება ამყარებს სიძულვილს და დაპირისპირებას; მკვლელობები იშვიათი არ არის, ხალხის მოტაცება კი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია: ზაქათალაში ვნახე ხუთი თუ შვიდი მთიელი, როლებსაც ქალებისა და ახალგაზრდა გოგონების მოტაცების გამო ასამართლებდნენ.
სასამართლო სისტემა
გენერალი ანრეპი უჩიოდა სამოქალაქო ადმინისტრაციას, რომელიც კავკასიის გუბერნიაში იმპერიის სენატორმა, ბარონმა განმა, დაამკვიდრა. ადრე მთელ სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლებას გენერალ-გუბერნატორი ასრულებდა; ბარონ განის გეგმის მიღების შემდეგ კი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ადმინისტრაცია შეიქმნა. სამოქალაქო საქმეები გადაეცემათ მოსამართლეებს და ქალაქებსა და ოლქებში შექმნილ სასამართლოს. თუ განსახილველი საქმე 100 რუბლს (400 ფრანკი) აღემატება, ის სასამართლოს ტიფლისში უნდა გადაეცეს, რომელიც საბოლოო ინსტანციაა. გენერალი ანრეპი წინასწარმეტყველებდა, რომ ამგვარი ადმინისტრირების თანმდევი დაგვიანება მთიელების უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ადრე ისინი სამხედო მეთაურების წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსატანად, ორივე მხარე წარადგენდა სადავო საკითხს და ნებისმიერ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ იღებდნენ. მთიელებს საკითხის მყისიერი გადაწყვეტილება სურთ; მათ ეჯავრებათ კანცელარიის მწერლები და ხშირად ისე მიდიან, რომ არ ემორჩილებიან სასამართლო პროცედურას, რაც წერილობით გადაწყვეტილებას მოითხოვს. მე სრულიად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ კავკასიის გუბერნიაში სამხედრო ადმინისტრაცია ბოროტად იყენებდა ძალაუფლებას და სრულიად ვიზიარებდი გენერალ ანრეპის სიფრთხილეს. რუსეთის მოხელეები ისეთი კორუმპირებულები და ანგარებიანები არიან, რომ მათი რაოდენობის გაზრდით უწესრიგობა მატულობს. მთიელები არავითარ სამართლიანობას არ უნდა ელოდონ იმ სასამართლოებისგან, რომლებსაც მათ აქვემდებარებენ. მოსამართლემ, რომელიც ივანე მრისხანემ21 მექრთამეობაში დაადანაშაულა, უპასუხა: „მეფეო, მე მდიდრების უფრო მჯერა, ვიდრე ღარიბებისა“. რუსეთში არსებულ ამჟამინდელ ვითარებაში ვერავინ ვერ გაბედავს ამგვარი პასუხის გაცემას და მიუხედავად ამისა, ცოტაა ისეთი მოხელე, რომელიც ამ პრინციპით არ იმოქმედებს. ხმლის ძალას და მარტივი კანონების სისტემას (რაც განსახორციელებლადაც მარტივია, რადგან მიყენებული ზიანის ვერცხლის ფულით შეფასებას ეყრდნობა) მიჩვეული კავკასიის მოსახლეობა საგულდაგულო გამოძიებისა და დაუსრულებელი სასამართლო გარჩევების პირისპირ უნდა წარსდგეს; სამოქალაქო მოხელეები მათ ციხეში ამწყვდევენ საქმის გამოსაძიებლად, ყველასგან იღებენ ფულს და არავის არ ინდობენ.
ახალი ადმინისტრაცია ზრდის სიძულვილს, რომელიც მხოლოდ მიძინებულია და დაარღვევს ქვეყნის სიმშვიდეს. მშვიდობისმოყვარე და აპათიური ხალხი, სომხები და ქართველები, შიშით უყურებენ რუსეთის სამოქალაქო სისტემის შემოტანას. ისინი საფუძვლიანად შიშობენ, რომ მათ სამხედრო სამსახურს აიძულებენ, რომლისგანაც აქამდე განთავისუფლებულები იყვნენ. ჩემი მხრიდან აღარ არის საჭირო იმის დამატება, რომ ყველა სამხედრო ხელისუფალი სინანულით უყურებს მათ გვერდით ახალი ხელისუფლების ზრდას, მაგრამ რადგან ვერ ბედავენ იმპერატორის მიერ დამტკიცებულ ცვლილებებზე აშკარა თავდასხმას, ფარულად იბრძოლებენ სამოქალაქო მოხელეების წინააღმდეგ და ამ ორ ხელისუფლებას შორის ხშირი იქნება კონფლიქტები, გაიზრდება სამართალდარღვევა და კატასტროფულ უწესრიგობას გამოიწვევს რუსეთის ხელისუფლებისთვის. მთელი რუსეთის სინდისიერი ნაწილი აღიარებს, რომ სასამართლო ადმინისტრაცია აშკარად არღვევს უფლებამოსილებას. ეს მანკიერება რუსეთმა ყველა ხერხით უნდა აღმოეფხვრას მანამდე, ვიდრე ამ სასამართლო სისტემას კავკასიის ქრისტიან თუ მუსლიმ ხალხს მიაღებინებს. ხოლო კავკასიის პროვინციებს მათი მიღება მაშინ უნდა დაავალდებულონ, როდესაც კანონების განმარტება მოხელეების სიხარბეზე აღარ იქნება დამოკიდებული; მაგრამ სანამ ეს რეფორმა არ განხორციელდება, ამ ხალხების კანონებს, თავისი სამართლიანობითა და სიმარტივით, მუდამ ექნებათ უპირატესობა რუსეთის კანონებზე. ზაქათალიდან წასვლისას მე კავკასიონის ქედს გავუყევი, ვენახში ჩაფლულ სოფლებზე გავიარე და ელისუმდე22 მიმავალ ხეობას გავუყევი. ესკორტად ათი მთიელი მილიციელი და ორი კაზაკი გვყავდა. რამდენიმე ნაკადული გადავიარე, რომლებიც ალაზანში ჩაედინება და ბრინჯის ნათესებს რწყავს. გზაზე მდებარე სოფლების მოსახლეობა ჩვენს შესახვედრად გამოდიოდა, მთავაზობდა გემრიელ ყურძენს, ატამს, მსხალს და უარს ამბობდა ჩემს მიერ შეთავაზებული ფულის აღებაზე, რამაც ძლიერ გამაოცა.
საქართველოს მმართველების შეფასება.
თავად დადიანის შერისხვა
ისე მომეჩვენა, რომ გენერალი გოლოვინი მიხვდა იმ უპირატესობას, რისი მიღებაც მთავრობას ისეთი მდიდარი და ნაყოფიერი ქვეყნიდან შეეძლებოდა, როგორც საქართველოა; იგი ჩიოდა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი კაპიტალი, რომელიც მტკვრის გასწვრივ ველების დამუშავების საშუალებას და კარგ მოსავალს მისცემდა, თუ რა თქმა უნდა, ამჟამად მშრალ მიწებს საირიგაციო სისტემით მორწყავდნენ. მთავარსარდალი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ყველა გაუმჯობესება მხოლოდ პროექტის სახით არსებობდა და მიტოვებული იყო სპარსეთთან და თურქეთთან ომის გამო, რუსეთის მიერ ოკუპირებული ეს ტერიტორიები კი უყურადღებოდ იყო მიტოვებული.
კავკასიის გუბერნატორებს არასოდეს არ აკლდათ კეთილი ნება; ყველას სურდა თავისი სახელის დაკავშირება დიდი წამოწყებისთან, რომელიც მათ პოპულარულებს გახდიდა. ყველა მთავარსარდლიდან ყველაზე გამოჩენილი სამოქალაქო და სამხედრო მოღვაწე გენერალი ერმოლოვი23 იყო. გენერალმა პასკევიჩმა24 ჩაატარა რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა, მაგრამ მას სრულიად არ აინტერესებდა მისთვის ჩაბარებული ხალხის ბედი. ბარონმა როზენმა და მის შემდეგ გენერალმა გოლოვინმა კი მიიღეს მმართველობა, მაგრამ ის მოითხოვდა ცოდნას, ხედვისა და განსჯის უნარს, ამ გენერლებს კი ეს არასოდეს არ გამოუჩენიათ.
რუსეთს, რომელსაც ასეთი ერთგულებითა და ხელოვნებით ემსახურებიან დიპლომატიური აგენტები, აკლია ხალხი, რომელსაც მთავრობის მაღალ თანამდებობეზე სამსახური შეეძლებოდა. იმპერატორი ხშირად არის იძულებული გუბერნატორის თანამდებობაზე ის ხალხი დატოვოს, რომლითაც უკმაყოფილოა, რადგან შემცვლელი არ ჰყავს. არავითარი კონტროლი არ არსებობს მოხელეებზე, რომლებიც არ ასრულებენ მიღებულ ბრძანებებს და მეტად აღმაშფოთებელ დარღვევებს სჩადიან. 1837 წელს, იმპერატორის მიერ გაგზავნილი საგამომძიებლო კომისიის შემდეგ, რომელსაც მისთვის სრული ინფორმაცია უნდა წარედგინა არსებული ვითარების შესახებ საქართველოში, სადაც იმპერატორი ჩასვლას ფიქრობდა25, აღმოაჩინეს, რომ პრინცი დადიანი26, კავკასიის გენერალ-გუბერნატორის, ბარონი როზენის სიძე, პოლკის ჯარისკაცებს თავის კუთვნილ მიწას ამუშავებინებდა და ნებისმიერი სახის იძულებითი გადასახადებით აკოტრებდა იმ ოლქის გლეხებს, სადაც დაბანაკებული იყო. თავადი დადიანი გადაყენებულ იქნა, იმპერატორმა მას მთელი აღლუმის წინაშე, მთავარსარდლის, ბარონი როზენის, თვალწინ მოჰგლიჯა თავისი ადიუტანტობის ნიშანი, აქსელბანდები და ციხესიმაგრეში გაგზავნა განაჩენის გამოტანამდე, რომლის თანახმად მას ჩამოართვეს ჩინები და ჯარისკაცად ჩამოაქვეითეს. ვერავინ ვერ იტყვის, რომ თავადი დადიანის საქციელი არ მსახურებდა მკაცრ სასჯელს; მაგრამ კავკასიაში მყოფი ოფიცრების თქმით, თავად დადიანის დასჯის მიზეზი უფრო დაპირისპირება იყო ბარონ როზენსა და საგამომძიებლო კომისიის უფროსს, მამხილებელ ბარონ განს შორის. მსგავსი მაგალითი კი მრავლად იყო და უმეტეს შემთხვევაში მთავრობამ ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოს.
რუსი ოფიცრების მოსაზრებები კავკასიაში წარმოებული რუსეთის პოლიტიკის მიმართ
ტიფლისის მთელი მთავრობიდან, გაუზვიადებლად, ყველაზე ღირსეული კაცი გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი კოცებუა. იგი იძულებულია კავშირი ჰქონდეს ოლქის ყველა მმართველთან, უბრძანოს საჯარისო ნაწილების გადაადგილება, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუძლია ყველას გაკონტროლება; თუ არა რომელიმე მეთაურის კეთილი ნება, მისთვის შეუძლებელია ყველა ბოროტმოქმედების აღკვეთა, რაც ადმინისტრაციის ყველა შტოში არსებობს. გენერალი კოცებუ იზიარებდა გენერალ ანრეპის მოსაზრებას და ძრახავდა დაპყრობის სისტემას; მას მიაჩნდა, რომ დაღესტნის საშიმშილოდ გაწირვის ნაცვლად უფრო ადვილი მათი ვაჭრობაში ნელ-ნელა ჩაბმა იქნებოდა; ყველა ნახავდა მოგებას და მთავრობაც არ იქნებოდა იძულებული, რომ კავკასიაში 160,000 კაციანი ჯარი ჩაყენებინა.
გაოცებული ვარ ჯარის გენერლებს შორის არსებული ერთსულოვნებით; ყველა გმობდა დაპყრობის სისტემას, ვერავინ ვერ ხედავდა იმ შედეგს, რაც მათ მიერ გაწეულ რისკს აუნაზღაურებდა. საქართველოში ჩემი პირველი მოგზაურობის დროს მეჩვენებოდა, რომ ყველა სახელმწიფო მოხელე დარწმუნებული იყო საყოველთაო მშვიდობის მიღწევაში; დღეს ყველა შეფიქრიანებულია და ისინიც კი გამოხატავენ განსაკუთრებულ გაღიზიანებას, ვინც იმპერატორის დესპოტურ რეჟიმს ემორჩილება. ყველა წყევლის იმ დღეს, როდესაც რუსეთი კავკასიის საზღვარს გასცდა. გზად შემხვედრი ყველა ოფიცრისგან მხოლოდ ჩივილი მესმოდა; ხოლო თუ ისინი ჩივიან კავკასიაში სამსახურის გამო, ვინც ამ ომების შედეგად სწრაფად დაწინაურდა, რა უნდა ითქვან საცოდავმა ჯარისკაცებმა, რომლებიც იმისთვის გადაურჩნენ მტრის ხმალს, რომ მომაკვდინებელი სენით – ცუდი კვებისა და ცუდი მკურნალობის გამო უნდა მოკვდნენ.
ბარონი განის რეფორმა
იმპერიის სენატორის, ბ-ნი განის მისია, რომელსაც იმპერატორმა რუსეთის სხვა პროვინციებში არსებული სამოქალაქო სისტემის შეტანა დაავალა საქართველოში, ძლიერ აღშფოთებას იწვევს. ყველა ოფიცერი კამათობს იმ უფლებამოსილების გაყოფის შესახებ, რომელიც ახალ სისტემას უნდა მოჰყვეს. ის მოხელეები, რომლებსაც საქართველოში გამოგზავნიან, – ამბობენ ისინი, – იმაზე მეტად გადააჭარბებენ ძალაუფლებას, ვიდრე ისინი, რომლებსაც დღეს ამხელენ. სამართლინაობის აღდგენის ნაცვლად, ისინი ათასი წვრილმანი მიზეზის გამო გააწვალებენ მოსახლეობას, რასაც დღემდე ერიდებოდნენ. ბ-ნი განი კი ირწმუნება, რომ ახალი ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები მიმართული იქნება რეალური აყვავებისკენ და მკაცრ სასჯელს ვერავითარი უწესრიგობა და ძალაუფლების გადაჭარბება ვეღარ გადაურჩება; დაბოლოს, მისი თქმით, სამართალი ბრძნულად და სწრაფად განხორციელდება, ხოლო თავის მოხელეებზე იგი ისეთ უმკაცრეს ზედამხედველობას დააწესებს, რომ ვერავინ შესძლოს თავისი ძალაუფლების გადაჭარბება. ბ-ნმა განმა, როგორც საგამომძიებლო კომისიის თავმჯდომარემ, ერთი წელი გაატარა საქართველოში, მთელი ქვეყანა შემოიარა და მიიჩნია, რომ საფუძვლიანად გაეცნო საქმის ვითარებას. მე ვერ გავბედავ, სადავოდ გავხადო მისი დამსახურება; მხოლოდ იმას დავუმატებ, რომ ქვეყნის კანონების შესაცვლელად (რაც უფრო ღრმა კვლევას მოითხოვს, რადგან ნებისმიერი არასწორად გადადგმული ნაბიჯით სავალალო შედეგებამდე შეიძლება მისვლა) მოსულმა ბარონმა ახალი მმართველობა 1841 წლის 1 იანვრიდან უნდა შეიყვანოს ძალაში. 31 მაისს ეს კანონმდებელი ისე დაბრუნდება პეტერბურგში იმპერატორისგან ქების მისაღებად, რომ ვერ შეიქმნის შთაბეჭდილებას, თუ როგორ ახორციელებენ სამოქალაქო მოხელეები მის რეფორმებს. ხუთი თვე აღმოჩნდა საკმარისი საქართველოში ახალი მმართველობის დასანახად. რა მნიშვნელობა აქვს, თუ ამ მმართველობის პროგრესულობა მოგვიანებით შეფერხდა? დანაშაული იმას დაეკისრება, ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას და არა იმას, ვინც ის ასე ადვილად შექმნა, რაც უვიცობის მეტად ხშირი პრივილეგიაა.
იმპერატორს სურს, რომ კავკასიის მმართველობა სრულიად დაემსგავსოს რუსეთის პროვინციებისას; პირველი უკაზით27 გაუქმდა სავაჭრო პრივილეგია, რომლითაც საქართველო სარგებლობდა და შეანელა ის საქმეები, რომლებიც ტიფლისში იწყებოდა. ერთადერთი ვინც იხეირა ამ უკაზით, რომელმაც გააუქმა ადრე საქართველოს საბაჟოებზე არსებული დიდი მოგება, ის ზოგიერთი რუსი ფაბრიკანტი იყო, რომელმაც არ იცოდა სად გაესაღებინა თავისი საქონელი. რუსეთის კანონების შესრულება დღეს როგორც ადათ- წესებით, ისე რელიგიით განსხვავებულ მოსახლეობას ეკისრება; რუსეთში მიღებული გაწვევის სისტემა მალე საქართველოსა და სომხეთშიც განხორციელდება. რუსეთის შემადგენლობაში შესულმა ხალხებმა, მისი პროვინციების მაცხოვრებლებმა მხოლოდ თავიანთი მონობის წყევლა-კრულვა იციან, თავიანთი ბორკილების მოცილებას კი ვერ ბედავენ.
ალბათ არც იმაზე უფრო მძიმე მდგომარეობა, რაც რუს გლეხს აქვს, არც იმაზე უფრო მძიმე ტვირთი, როგორც მისი რეკრუტირებაა ცარის იმპერიაში. ჯარისკაცად გამხდარი გლეხი სამუდამოდ უნდა დაემშვიდობოს თავის ოჯახს. ის აღარ არის იმ პირის მფლობელობაში, რომელშიც მისი ოჯახია, ის სახელმწიფოს საკუთრება ხდება და არ შეუძლია თავის ოჯახთან ყოფნა. 20 წლის განმავლობაში, ცუდად ნამკურნალები და ცუდად გამოკვებილი, იგი ხან თავისი მეთაურის ამბიციის, ხან მისი სიხარბის მსხვერპლია, მისი ცხოვრება კი მძიმე და დამქანცველია. თუ იმპერატორის მხრიდან კავკასიის მოსახლეობის მიმართ კეთილგანწყობის გამოხატვა რუსებთან ასიმილირებაა, ვეჭვობ, რომ ეს წყალობა გაგებული და დაფასებული იყოს. პირიქით, თუ იმპერატორს თავისი მმართველობისთვის ამ მოსახლეობის უფრო მტკიცედ დაქვემდებარება ამავე ვალდებულებებითა და კანონებით სურს, იგი იმის საწინააღმდეგო შედეგს მიიღებს, რასაც ელის: ხალხი, რომელიც დღეს ითმენს რუსეთის უღელს, მონობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად მალე გაერთიანდება ჯერ კიდევ დამოუკიდებელ ხალხებთან. რუსეთის მთავრობა რამდენჯერმე ეცადა ნაწილობრივ მათ რეკრუტირებას. ქართველებისა და მუსლიმებისგან შედგენილი საჯარისო ნაწილები წარმატებით მსახურობდნენ რუსებთან ერთად თურქეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობებში; მაგრამ ამავე ნაწილებმა უარი თქვეს ჩერქეზებისა ან დაღესტნელების წინააღმდეგ გამოსვლაში და იძულებულები გახდნენ, რომ ისინი დაეთხოვათ. ყველა ჭკვიანი და კეთილგონიერი ადამიანი აღიარებს, რომ რუსეთის იმპერიაში ფუნდამენტური რეფორმებია გასატარებელი; მიუხედავად ამისა, ხელოსნებისა და ყმების მდგომარეობა არ იცვლება. რატომ უნდა უნდოდეთ მშრომელ სომხებს და ლამაზ, ქველ ქარველებს რუსეთის იმ ბარბაროსული კანონების დაქვემდებარება, რომლებსაც რუსებიც გაჭირვებით იტანენ? დამორჩილებულ ხალხებთან თანამშრომლობის იმედი მხოლოდ მათთვის სიმშვიდისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით და მათი სოფლის მეურნეობის განვითარებით იქნებოდა შესაძლებელი, რაც მისახედია თითქმის ყველგან და რითაც რუსეთი იმ ტერიტორიული სიმდიდრის შექმნას შესძლებს, რომელიც მის საკუთარ მიწაზე არ არსებობს. თუ ქართველები, სომხები და ყველა დამორჩილებული მუსლიმი ბედნიერი და მდიდარი გახდება, მათი წარმატება მთიელებსაც მიიზიდავს. ისინი უყოყმანოდ აღიარებენ, რომ მოგებას ვაჭრობა იძლევა და არა რამდენიმე თავი პირუტყვის მოტაცება ან მტრის დარბევებში დახარჯული დრო. სამწუხაროდ, რუსეთის ბატონობის ხელში დღეს ხალხების წინსვლა მხოლოდ ოცნებაა, მისი განხორციელება კი, როგორც ჩანს, ძალიან შორსაა.
ტიფლისის საზოგადოება
ტიფლისის საზოგადოება შედგება გენერლებისა და სახელმწიფო მოხელეებისაგან. წარჩინებული ქართველების ოჯახები, რომლებიც მეტად მცირერიცხოვანია, თავის წრეში უცხოელებს არ იღებენ; ისინი მხოლოდ საკმაოდ დიდი ინტერვალებით აწყობენ დიდ მიღებებს, რომელის გაძღოლასაც მთავარსარდალს სთხოვენ. მე დავესწარი ერთ ასეთ მონოტონურ და სერიოზულ ვახშამს, როგორც ყველა ის შეკრება, როდესაც ერთად არიან ქართველები და რუსები და ეს უკანასკნელები ფიქრობენ, რომ პატივს სდებენ მოსახლეობას მათთან ერთ მაგიდასთან ჯდომით. ამ ორი ხალხის ხასიათი იმდენად განსხვავებულია, მათ შორის იმდენად მცირეა თბილი დამოკიდებულება, რომ არა მგონია დაახლოების საშუალებას ეძებდნენ. უწარჩინებულესი ქართული ოჯახების ქალბატონები უფრო ფრანგულად ლაპარაკობენ, ვიდრე რუსულად, მაგრამ მათ არც განათლება აქვთ და არც საუბრის წარმართვა იციან. დიდი სამკაცრის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ რუსი ქალები, რომლებიც ტიფლისში ვნახე, იმავე საყვედურს იმსახურებენ. საბედნიეროდ, ზოგიერთ ოფიცერთან საუბარში საოცარი და საინტერესო ცნობები შევაგროვე მმართველობისა და საქმეების საერთო მსვლელობის შესახებ. ამიტომ, აღარ ვინანე საუბარი ქალებთან, რომლებსაც თავი მაღალი წრის ქალბატონებად მიაჩნიათ, რასაც ვერ ამართლებენ ვერც განათლებით და ვერც მანერებით.
ტიფლისში ყოფნის დროს მიამბეს ერთი ამბავი, რაც წარმოდგენას იძლევა მთავრობის რელიგიური შემწყნარებლობის შესახებ. ერთმა საწყალმა ბერძნული [მართლმადიდებელური] რწმენის მიმდევარმა ქალმა სიკვდილის წინ იხმო კათოლიკე მღვდელი, მის ხელში უარყო თავის რელიგია, რომელსაც უფრო ჩვევის გამო მისდევდა ვიდრე რწმენით და კათოლიკედ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უარყოფა მეტად გასაიდუმლოებული იყო, მთავრობამ ის მაინც შეიტყო; მათ გამოუცხადეს მღვდელს, რომ თუ ოდესმე კიდევ ჩაერეოდა ახალ მოქცევაში, მას ციმბირში გაგზავნიდნენ. რუსეთის მთავრობა ერთიანი რელიგიისკენ ისწრაფის და სურს, მხოლოდ ერთ ხელში მოაქციოს საერო და სასულიერო ხელისუფლება; ყოველი ადამიანი, რომელიც გაბედავს მის შეჩერებას, მტერია და უნდა მოისპოს.
მთავარსარდლისგან მოვიპოვე ბრძანება, რომელიც ეკატერინოგრადის კარანტინისგან მანთავისუფლებდა. ეს არის თოთხმეტდღიანი კარანტინი საქართველოდან შესულთათვის და სავალდებულოა ყველა იმ პირისთვის, ვინც ხელისუფლებისგან ვერ ახერხებს ამის თავიდან აცილების უფლების მოპოვებას.
ტიფლისში ყოფნის დროს მთავრობას მხოლოდ ვაქებდი; გენერლები გაცილებით თავისეუფლები და თავდაჯერებულები იყვნენ, ვიდრე ვიფიქრებდი.
საქართველოს სამხედრო გზა
ტიფლისიდან სამხედრო გზას დავადექი, რომელიც საქართველოს რუსეთის სხვა პროვინციებთან აკავშირებს. ორი კვირის წინ ეს კავშირი შეწყვეტილი იყო თერგის ადიდების გამო, რომელმაც მთელი გზა ჩახერგა. ამ წინააღმდეგობის დასაძლევი საშუალება მხოლოდ იმ რუსმა კურიერმა გამოძებნა, რომელსაც დეპეშები მიჰქონდა მთავარსარდალთან: მან ერთი ნაპირიდან მეორეზე ბაგირი გადააგდებინა, რომელზეც დაკიდეს საკმაოდ მძიმე კალათა; ამ ბაგირზე მოჭიდებით მან გადალახა ეს მძვინვარე დინება, რომელიც არაერთხელ დაემუქრა მის სიციცოცხლეს.
როგორც კი ტიფლისის საგუშაგოს გავცდი, მშრალ მხარეში შევედი. ზოგჯერ ბაღებით და ზოგიერთი მდიდარი ქართველის სახლით დამშვენებულ მტკვრის ნაპირს მივუყვებოდი. მცხეთის პირდაპირ, მტკვარზე, ხის ხიდით გადავედი. ამ სოფლის ციხესიმაგრე და ეკლესია ქართველი სუვერენების მიერ იყო აშენებული; დაკბილული კედლები საკმაოდ მაგარი იყო მთიელების თავდასხმისგან თავის შესაფარებლად.
ტიფლისისდან გასვლისას მხოლოდ 50 ვერსის28 შემდეგ დაინახავ ტყეებს; საქართველოს დედაქალაქის გარშემო მდებარე ტყეები რუსებმა გაანადგურეს და ეს ყოველ წელს გრძელდება, იკაფება პატარა ქალაქის, დუშეთის, გარშემო მდებარე მთებიც. დუშეთის შემდეგ, მაშინვე ხეობაში ჩავედით, რომლის ძირში არაგვი მიედინება; ანანურში მივედი, სადაც კავკასიაში განლაგებული პოლკების შესავსებად განსაზღვრული რუსეთიდან მომავალი საჯარისო ნაწილები ვნახე. ამ გზაზე, რომელსაც გრძელ და ვიწრო ხეობაში მივუყვებოდი, ყველაზე ლამაზი ფასანაურის ლანდშაფტია; ის მთებითაა დაფარული, რომელთა მწვერვალები შესანიშნავი ხეებითაა დაგვირგვინებული. არაგვი ახალისებს პეიზაჟს, რომელსაც ბუნების დიდმა რყევებმა დიდებული ხასიათი მიანიჭა. დღე იწურებოდა. ყოველი მხრიდან ვაჭრების ქარავნებისა თუ ჯარისკაცების ბანაკების კოცონები ანათებდა და ხალხი მათ გარშემო თბებოდა მთების მეზობლობით გამოწვეული სიცივის გამო.
ფასანაურის ხეობას მივყევით ბაიდარამდე, შემდეგ ნელ-ნელა აღმართი დაიწყო; მძიმე სავალი და ცუდად მოვლილი გზით კაიშაურს მივაღწიეთ. აქ მცენარეულობა თითქმის აღარ იყო და ჩვენ ჯვრის მთის მწვერვალამდე, 14,000 ფუტის სიმაღლეზე უნდა ავსულიყავით. შემდეგ კობისკენ დავეშვით; ამ მაღალმთიან რეგიონებში ყოველი მხრიდან მინერალური წყაროები მოჩუხჩუხებს, რომლებიც, როგორც ამბობენ, მეტად მარგებელია. რუსები ძლიერ აქებენ ამ მთების ეფექტს, მაგრამ მე არ შემეძლო აღვფრთოვანებულიყავი მათთან ერთად იმ ხევებში, რომელსაც ძლივს ვარჩევდი: უნდა გამოვტყდე, რომ არიდული მთები არ მიყვარს. ყაზბეგიდან ვლადიკავკაზამდე გზა დიდებულია... თერგი ახმაურით მიედინება უზარმაზარი გრანიტის ბლოკებს შორის და მათ დიდი სისწრაფით ეხეთქება. ჩვენს ზემოთ ამაღლებულია პერპენდიკულარული კლდეები და ჩვენი საფოსტო ეტლებისთვის მხოლოდ ვიწრო გასასვლელია დატოვებული. თერგის ერთი ნაპირიდან მეორეზე ხშირად გადავდივართ ხის ხიდებით. კლდის წვეტიანი ნაპირები მოსახვევებში ისე ავიწროვებენ გასასვლელს, რომ მხოლოდ თერგის კონტურის მიყოლით ვარჩევთ სავალ გზას. დარიალის საგუშაგოზე მივედი. კავკასიის კარის ყველაზე ვიწრო ადგილების დასაცავად აქ ინფანტერიის და არტილერიის ერთი ასეული დგას; ამ საგუშაგოს მეთაურ ოფიცერს ჩვენი პასპორტები წარვუდგინეთ.
შენიშვნები
1. 1831 წლის 6 მარტს რუსეთის იმპერატორმა, ნიკოლოზ I-მა (1825-1855) დაამტკიცა დებულება „ამიერკავკასიაში ვაჭრობისა და ბაჟების საქმის მოწესრიგების შესახებ“, რომლის საფუძველზე თანდათანობით გაუქმდა ადგილობრივი ფეოდალური საბაჟოები და დამკვიდრდა რუსეთის იმპერიის ერთიანი საბაჟო სამსახური.
2. ევგენი გოლოვინი (1782-1858) – გენერალი, რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1837-1842 წლებში.
3. დეზირე სოვერ დე ლა შაპელი (1799-1873) – საფრანგეთის კონსული თბილისში 1839-1842 წლებში.
4. გრაფი პავლე კოცებუ (1801-1884) – რუსეთის საიმპერატორო არმიის ინფანტერიის გენერალი, 1837 წელს დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის შტაბის მეთაურად.
5. ბარონი გრიგოლ როზენი (1782-1841) რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1831-1837 წლებში. 1837 წლის 30 ნოემბერს ბარონი როზენი საკუთარი თხოვნის საფუძველზე თანამდებობიდან გადაგდა, მაგრამ გენერალ გოლოვინის ჩამოსვლამდე კვლავ მართავდა მხარეს.
6. იგულისხმება ნიკოლოზ I (1796-1855), პავლე I-ის მესამე ვაჟი, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ძმა, რუსეთის იმპერატორი 1835-1855 წლებში.
7. ბარონი პავლე განი (1793-1862) – რუსეთის სახელმწიფო მოღვაწე, საიდუმლო მრჩეველი, სენატორი, სახელმწიფო საბჭოს წევრი. 1836 წელს ბარონი განი შინაგან საქნეთა სამინისტროს საბჭოს წევრად დაინიშნა, შემდეგ კი ამ საბჭოსთან არსებული სტატისტიკური განყოფილების წევრად. მას მალევე დაევალა ამიერკავკასიის მმართველობის რეფორმის შემუშავება-გატარება. იგი მონდომებით შეუდგა ამ დავალების შესრულებას და ნიკოლოზ I-ის კავკასიაში მოგზაურობის დროის მას წარუდგინა მოხსენება გამოვლენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ. ბარონის მიერ 1840 წელს შემუშავებული რეფორმა რადიკალურად ცვლიდა რეგიონის ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ სისტემას. ამ პროგრამის თანახმად, ამიერკავკასიის ქვეყნებს უნდა ეწარმოებინათ მარტოოდენ სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ნედლეული რუსეთის მრეწველობისათვის. საკუთარი მრეწველობის განვითარება კი მიჩნეული იყო არა მარტო არასასურველ, არამედ მეტროპოლიისათვის პირდაპირ საზიანო საქმედ. 1842 წელს ნიკოლოზ I-მა ეს გეგმა დაიწუნა.
8. სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ეს ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.
9. ლიე – სიგრძის ძველებური ფრანგული საზომი, უდრის დაახლოებით 4,5 კმ-ს.
10. იგულისხმება დედოფლისწყარო. XI საუკუნეში დავით აღმაშენებელმა იქ სამხედრო პოსტი განათავსა. ლეგენდა ამ ადგილის სახელწოდებას თამარ მეფის (1184-1207) სახელს უკავშირებს. 1802 წელს რუსულმა ჯარებმა იქ დააარსეს სამხედრო სადგომი, შეუცვალეს მას სახელწოდება და „ცარსკიე კოლოდცი“ (Царские Колодцы) უწოდეს. 1991 წელს ქალაქმა აღიდგინა თავისი ისტორიული სახელწოდება.
11. სწორედ ამ პერიოდშია შექმნილი გ. გაგარინის ტილო სათაურით: „კახეთი, ყარაგაჩი, ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის მხედართმთავრები, 1841“.
12. ალექსანდრე სუვოროვი (1730-1800) – რუსი მხედართმთავარი და სამხედრო თეორეტიკოსი და გენერალისიმუსი (1799).
13. ჩანს, გრაფი სიუზანე გულისხმობს ხორნაბუჯს, შუა საუკუნეების ციხე-ქალაქს აღმოსავლეთ საქართველოში. მისი ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად, მას ხშირად უწოდებდნენ „თამარის ციხეს“.
14. 1 ფუტი=30,48 სმ-ს.
15. ელიას მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე სამკუთხა მოყვანილობის ფართო და მაღალი ბუნებრივი ეხია*, რომლის წინა პირი ამოშენებულია. ეს არის წმინდა ელიას სამლოცველო, რომელსაც ძველთაგანვე დიდ პატივს სცემს დედოფლისწყაროს და მთელი ქიზიყის მოსახლეობა. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას. *ეხი – ფართოშესასვლელიანი პატარა კარსტული მღვიმე ან გამოქვაბული თაღოვანი ჭერით.
16. ქართული ისტორიული ქრონიკები ზაქათალის ტერიტორიას აღწერენ, როგორც ქართველებით დასახლებულ ჰერეთის სამეფოს. XVII საუკუნის დასაწყისში როცა სპარსეთის შაჰმა აბას I-მა კახეთი ფაქტობრივად უკაცრიელი გახადა, მისივე ხელშეწყობით ეს ტერიტორია თათრულმა ტომებმა და დაღესტნელმა ლეკებმა დაიკავეს, დარჩენილი ქართული მოსახლეობა კი გამუსლიმანდა (ინგილოები).
17. იმამი შამილი (1797-1871) – ხუნძი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწე, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს აღიარეს იმამად. მან ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩაჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა და შეუპოვრად იბრძოდა რუსების წინააღმდეგ.
18. იოსებ ანრეპი (1798-1860) – გრაფი, კავალერიის გენერალი, კავკასიის ომების მონაწილე.
19. ჭარ-ბელაქანი – XVIII საუკუნის I მეოთხედში აღმოსავლეთ კახეთის ტერიტორიაზე (ისტორიული კაკ-ენისელი) დაღესტნელი ფეოდალების მიერ შექმნილი პოლიტიკური ერთეული, იგივეა, რაც გვიანდელი საინგილო. 1803 წელს ის რუს-ქართველთა ჯარმა დალაშქრა და რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობის მიღება აიძულა. 1830 წელს რუსეთმა უშუალოდ შეიერთა ეს ტერიტორია. 1830-40 წლებში ის იყო ჭარ-ბელაქნის ადმინისტრაციული ოლქი, 1842-1860 წლებში – სამხედრო ოლქი, 1860-1917 წლებში – ოკრუგი. 1918-1921 წლებში შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში; მხარეზე პრეტენზიებს აცხადებდა მეზობელი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, შემდეგ — აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც სადავო მიწები საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს, გადაეცა. ამჟამად მოიცავს აზერბაიჯანის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას.
20. ზაქათალის ოკრუგის ტერიტორია XI ს. 20-იანი წლებიდან, ჰერეთ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, რანთა და კახთა სამეფოს საზღვრებში მოექცა. XVI–XVII საუკუნეებში ოსმალეთისა და ირანის აგრესიამ, განსაკუთრებით კი დაღესტნელ ფეოდალთა სისტემატურმა თავდასხმებმა ამ მხარის პოლიტილური დაცემა გამოიწვია. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში აქ საბოლოოდ ჩამოყალიბდა ავარიელი და წახურელი ლეკების ე. წ. თავისუფალი თემები. 1803 აღნიშნული მხარე რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომი გახდა. 1830 წელს მან საბოლოოდ დაიპყრო თავისუფალი თემების სამფლობელო და გააუქმა მათი პოლიტილური დამოუკიდებლობა. ამავე წელს, მთავარმართებელ პასკევიჩის მმართველობის დროს, საფუძველი ჩაეყარა ქალაქ ზაქათალას, რომელიც მდინარე თალაჩაის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე მდებარეობს. თავდაპირველად იქ მარტო ციხე იყო, სადაც რუსეთის ჯარი იდგა. 1830-1840 წლებში ეს მხარე ჭარ-ბელაქნის ოლქის სახელწოდებით იხსენიება, 1840-იდან კი ბელაქნის მაზრად გადაკეთდა და ადმინისტრაციულად საქართველო- იმერეთის გუბერნიას დაექვემდებარა წარსულიდან, თბილისი, 1966; თ. პაპუაშვილი, ჭარ-ბელაქანი, თბილისი, 1972).
21. ივანე IV, მრისხანე (1530-1584) – გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.
22. ელისუს სასულთნო – ძველი ჰერეთის აღმოსავლეთი განაპირა თემი, მდინარეების ყანი-ყობასა და ყაფიუჩაის შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც 1604 წელს შაჰ აბას I-მა კახეთის მეფეს, კონსტანტიონე I-ს გამოსთხოვა საჩუქრად. ეს ტერიტორია შაჰმა საგამგებლოდ წახურელ ალიბეგს უწყალობა, სულთნობა უბოძა და თავისი მფარველობის ქვეშ გამოაცხადა (სხვა მოსაზრებით, გამაჰმადიანებულ ქართველ თავად ვახვახიშვილს უწყალობა). ელისუს სულთანთა ხელისუფლება ფაქტობრივად კახეთში შემავალი წუქეთის მოურავების ხელისუფლების გაგრძელება იყო. ამით კახეთს აღმოსავლეთი კედელი მოერღვა და საფუძველი ჩაეყარა ელისუს სასულთნოს, რომელიც შემდგომში საქართველოს წინააღმდეგ აღმდგარი მტრული ძალების ფორპოსტი გახდა.
23. ალექსი ერმოლოვი (1777-1861) – რუსი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში.
24. ივანე პასკევიჩი (1782-1856) – რუსეთის იმპერიის სამხედრო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1827-1831 წლებში, რუსეთ-ირანისა (1826-1828) და რუსეთ-თურქეთის (1828-1829) ომების დროს იყო კავკასიის ჯარების მთავარსარდალი.
25. რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I-ი თბილისში 1837 წლის ოქტომბერში ჩავიდა. მისი მოგზაურობის მიზანი საქართველოს, როგორც რუსეთის ერთ-ერთი გუბერნიის, ინსპექტირება იყო.
26. თავადი ალექსანდრე დადიანი, დადიანოვი (1800-1865), ბარონ როზენის სიძე, დაიბადა სიმბირსკის გუბერნიაში. მისი მამა ლევან დადიანი, დედა კი მარიამ ნარიშკინა იყო. ალექსანდრე დადიანი თექვსმეტი წლიდან მსახურობდა პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის პოლკში. მონაწილეონდა რუსეთ-ირანის, რუსეთ-თურქეთის ომებში და ბრძოლებში მთიელების წინააღმდეგ. 1829 წელს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი, იყო ფლიგელ-ადიუტანტი და ერევნის კარაბინერების (მოგვიანებით ლეიბ-გრენადერების) პოლკის მეთაური. 1837 წელს კავკასიაში ნიკოლოზ I-ის მოგზაურობის დროს, სენატორმა პავლე განმა იმპერატორს მუქ ფერებში დაუხატა ამ მხარის მმართველობის მდგომარეობა. პოლკოვნიკი დადიანი დადანაშაულებულ იქნა მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, რაც იმპერატორს მოახსენეს. 11 ოქტომბერს გამართული აღლუმის დროს, იმპერატორმა იგი მთელი მწყობრის წინ გამოიძახა და ბარონ როზენის თანდასწრებით გრაფ ორლოვს მოახსნევინა მისი აქსელბანტები და ორდენები, რომლებიც იმპერტორმა იქვე დააბნია როზენის შეცბუნებულ ვაჟს – ბარონ ალექსანდრე როზენს. დადიანს ჩამოერთვა თავადის წოდებაც. ალექსანდრე II-მ თავისი კორონაციის დროს, 1856 წელს, ლექსანდრე დადიანს ყოველივე ჩამორთმეული აღუდგინა.
27. 1821 წლის 8 ოქტომბრის უკაზის მიხედვით საქართველოს მხარეს მიენიჭა სხვადასხვა შეღავათები და უპირატესობები. ამ უკაზის V პარაგრაფის მიხედვით, უცხო ქვეყნებიდან შემოსული ყოველგვარი საქონელი მხოლოდ 5% დაიბეგრებოდა მათი ღირებულების ფასიდან. მიუხედავად ამისა, ტრანზიტული საქონელი ოდესიდან და რედუტ-ყალედან მაინც ახერხებდა აზიაში შეღწევას, რუსეთის ფაბრიკები კი კვლავ მოითხოვენ დაცვას, მფარველობასა და ხელშეწყობას; წინა წლებთან შედარებით, ნიჟნი ნოვგოროდის ბაზრობის საქონელი რუსეთის ფაბრიკების ნაწარმით ვერ აკმაყოფილებდა სპარსეთისა და საქართველოს მოთხოვნილებებს.
28. ვერსი – სიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.

Комментариев нет:

Отправить комментарий