ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთ-ერთ საინტერესო და იმავდროულად სადაო საკითხს წარმოადგენს XVI ს. მეორე ნახევრის ირანის შაჰების კარზე ქართველების ადგილის და როლის დადგენა და დაზუსტება. წიგნის წინამდებარე ნაკვეთიც ამას ისახავს მიზნად1.
ჯერ შაჰ ისმაილ I-ის, შემდეგ შაჰ თამაზის აღმოსავლეთ საქართველოში მრავალგზისმა ლაშქრობებმა ბევრ ქართველს თავი მოუყარა ირანში. საქართველოში მიმდინარე შინაფეოდალური ბრძოლების გამოც, ნებსით თუ უნებლიეთ, გადახვეწილებით, მძევლებით, ტყვეებით (როგორც ცნობილია, შაჰ თამაზმა მარტო მეოთხე შემოსევის დროს, 1554 წ., ქართლიდან 30 ათასი ტყვე წაიყვანა) და რენეგატებით ქართველთა რაოდენობა ირანში კიდევ უფრო იზრდებოდა სამშობლოდან ძალით წაყვანილი თუ ნებსით წასული ქართველები ისლამს იღებდნენ და მრავალმა მათგანმა შაჰის კარზე მაღალი თანამდებობა დაიკავა. ზოგჯერ ისინი დიდ როლს ასრულებდნენ ყიზილბაშთა საშინაო და საგარეო საქმეებში.
1. პირველად, აღნიშნულ საკითხზე, სტატია გამოვაქვეყნე 1977 წელს (იხ. მამისთვალიშვილი ე., სეფიანთა ირანში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და ქართველები (1576-1578), „მაცნე“, ისტ. სერია, 1977, #1, გვ. 107-117). მას შემდეგ გამოქვეყნდა ზოგიერთი ახალი წყარო და მოსაზრება. ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე ერთხელ კიდევ მივბრუნებოდი ჩვენი ისტორიის ამ საინტერესო ეპიზოდს.
ქართველთა მონაწილეობა ყიზილბაშთა სახელმწიფოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში აისახა ევროპულ და სპარსულენოვან წყაროებში. პირველ რიგში საინტერესოა შაჰის კარზე მოხვედრილი ქართველი ქალების - შაჰის ცოლების და მათი შვილების - დედით ქართველი უფლისწულების, ბედი და მათი როლი ისლამურ ქვეყანაში.
ძველი და ახალი ისტორიკოსები ირანის შაჰების ცოლების ვინაობას, მათს ეთნიურ კუთვნილებას ეხებოდნენ იმდენად, რამდენადაც აინტერესებდათ უფლისწულების წარმომავლება დედების მხრიდან.
შაჰ თამაზს, სპარსული და ევროპული წყაროების მიხედვით, რამდენიმე ქართველი ცოლი ჰყავდა. ქართული წყაროები კი, ქართველად შაჰ თამაზის ერთ ცოლს, მოჰამედ-ხუდაბენდეს დედას, სამცხე-საათაბაგოს უმსხვილესი ფეოდალის ოთარ შალიკაშვილის ქალს ასახელებენ, რასაც ქართველი ისტორიკოსების ერთი ჯგუფი უარყოფს, მეორე ჯგუფს კი საეჭვოდ მიაჩნია. ამ საკითხის შესწავლამ მთელ რიგ დასკვნებამდე და ვარაუდებამდე მიმიყვანა. შაჰ თამაზის შვილების შესახებ გვაქვს სხვადასხვა ცნობა. XVI საუკუნის ქურთი ისტორიკოსი შარაფ-ხან ბითლისი (იგი
1578 წლამდე სეფიანთა სამსახურში იყო და კარგად იცნობდა სამეფო კარს) თავის „შერეფ-ნამეში“ გადმოგვცემს რომ შაჰ თამაზს სხვადასხვა ცოლებისაგან ჰყავდა ვაჟები: მოჰამედ-მირზა და ისმაილმირზა - ისა-ბეგ თურქიმანის ქალიშვილისაგან; სულაიმან-მირზა, ახმად-მირზა, ჯუნაიდ–მირზა შამხალის დისა და ჩერქეზი ხარჭებისაგან; ჰეიდარ-მირზა, მუსტაფა-მირზა, იმამ-ყული-მირზა და მაჰმუდ-მირზა - ქართველი მონა ქალებისაგან1. ამგვარად, ბითლისის მიხედვით, ხუდაბენდე და ისმაილი ერთი დედის, ისა-ბეგ თორქემანის ქალის შვილები იყვნენ2. შეიძლება ითქვას, რომ შარაფ-ხან ბითლისის ეს ცნობა გაზიარებულია თითქმის ყველა მკვლევრის მიერ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ჩვენთანაც.
1. Шараф-хан
Бидлиси, Шараф-наме, III,
с. 232.
2. Шараф-хан
Бидлиси, c. 232.
„ახალმა ქართლის ცხოვრებამ“ და ვახუშტი ბატონიშვილმა შაჰ თამაზის ქართველი ცოლის არა მხოლოდ მამა (ოთარ შალიკაშვილი) იციან, არამედ მისი ცოლისძმის (ვარაზას) შესახებაც საინტერესო ცნობას გვაწვდიან. ისინი გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნიან, აგრეთვე, შაჰ თამაზის ვარაზასადმი - თავისი ცოლისძმისადმი დამოკიდებულებაზე1. გვაქვს ორი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული იტალიური და ესპანური წერილობითი წყაროც. ორივე წყაროს მიხედვით, შაჰ თამაზს ჰყავდა 11 შვილი. მინადოის გადმოცემით სამი უფროსი ვაჟი - მოჰამედი, ისმაილი და ჰეიდარი და ერთი ასული - ფერი-ხან-ხანუმი სრულასაკოვანი იყვნენ, ხოლო დანარჩენი რვა - მამედი, სოლიმანი, მუსტაფა, ემანგული, ალიხანი, აჰმედი, იბრაჰიმი და მეორე ისმაილი კი მცირეასაკისანი2. სპარსელი დონ ხუან დე პერსია (ულუღ-ბეგ ბაიათი) გვამცნობს, რომ შაჰ თამაზს თერთმეტი შვილი ჰყავდა: სამი ასული და რვა ვაჟი. დასახელებული ოთხი შვილის გარდა, მუსტაფა, ალი-მირზა, ბაჰრამ-მირზა და იბრაჰიმ-მირზა, „თუმცა ეს ოთხი ვაჟი და სამი ასული იმდენად მცირეწლოვანნი იყვნენ, რომ მათ არავითარი ცვლილების მოხდენა არ შეეძლოთ“3.
თანამედროვე ირანელმა ისტორიკოსმა ნასროლა ფალსაფიმ სხვადასხვა (აღმოსავლური და დასავლური) წყაროების შესწავლით დაადგინა შაჰ თამაზის ცოლებისა და შვილების წარმომავლობა დედების მხრიდან. მისი თქმით: „შაჰ თამაზის ბევრი ცოლი იმ მხევალთა და ასულთაგანი იყო, რომელთაც გურჯისტანის ამირები, სხვა ძღვენთან და საჩუქრებთან ერთად, ყოველწლიურად უგზავნიდნენ ხოლმე შაჰს“. ისტორიკოსი იქვე, უფროს-უმცროსობის მიხედვით, შაჰ თამაზის შვილების სახელებს და ზოგიერთი მათგანის დედათა ვინაობასაც გვაცნობს: „1. მუჰამედ-მირზა, შაჰ აბასის მამა, 2. ისმაილ-მირზა (ამ ორის დედა, სულთანამი, თორქმანი იყო მუსავალის ტომიდან), 3. მურად-მირზა, 4. ჰეიდარ-მირზა (დედამისი, სულთან ზადე ხანუმი, ქართველი იყო), 5. სულეიმან-მირზა (დედამისი, სულთან აღა ხანუმი, ჩერქეზი იყო), 6. მუსტაფა- მირზა (დედამისი, ზაჰრა ბაჯი, ქართველი იყო4), 7. მაჰმუდმირზა, 8. იმამყული-მირზა, რომლის დედა, ხანფარვან ხანუმი, ქართველი იყო5. შერეფხან ბიდლისის მიხედვით, ჰეიდარ-მირზას და იმამყული-მირზას ერთი დედა ჰყავდათ6. იმდენად, რამდენადაც ამ ქალბატონის ძმები - ზაალ-გურჯი და ალიხან-გურჯი მესხები იყვნენ, მაშასადამე ისიც მესხი, მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მაინც და მაინც შალიკაშვილი იყო7. 9. ალი-მირზა (ამის დედაც ზაჰრა ბაჯი იყო), 10. აჰმად მირზა, 11. ზეინ ოლ-მირზა, 12. მუსამირზა8. მურად-მირზა, ზეინ ოლ-მირზა და მუსა-მირზა შაჰ თამაზის სიცოცხლეში გარდაიცვალნენ.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 364,, 370, 372, 516, 523; ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 411, 715, 718.
2. Minadoi
T p. 4-5.
3. Don
Juan de Persia, p. 60v-61r
4. მუსტაფას დედის ქართველობას ადასტურებს ვ. ჰინციც.
5. Шараф-хан Бидлиси, II
, c. 229.
6. Тамже.
7. შდრ. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ნარკვევები, თბ., 1990, გვ. 243.
8. ყიზილბაშური წესის მიხედვით, თითოეულ ვაჟს აღმზრდელად (ლალა) ჰყავდა ერთ-ერთი ყიზილბაშური მომთაბარე ფეოდალური ტომის დიდაკაცობის წარმომადგენელი. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი უფლისწული რომელიღაც ტომის აღზრდილად ითვლებოდა და მისგან მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა. Пигулевская Н. В., Якубовский А. Ю., Петрушевский
И. П., Строева И. В., Белинецкий
Л. М., История Ирана с древнейших времен до
конца 18 века, Л., 1958, с. 264.
ნასროლა ფალსაფის თქმით, შაჰ თამაზის რვა ასულთაგან დედით ქართველი იყო მხოლოდ ერთი - ზეინაბ ბეგუმი, რომელსაც ადრე ანა ხანუმი ერქვა1. იმავე ისტორიკოსის მიხედვით, შაჰ აბასს ორი მამიდა ჰყავდა: ერთი იყო დასახელებული ზეინაბ ბეგუმი, რომელსაც, როგორც ითქვა, ქართველი დედა ჰყავდა და მეორე - მარიამ სულთან ხანუმი2. იქნებ ეს უკანასკნელიც დედით ქართველი იყო, რაზეც მისი ქრისტიანული სახელი მარიამი უნდა მიგვანიშნებდეს? ზეინაბ ბეგუმის ადრინდელი სახელიც ხომ ქრისტიანული ანა იყო.
1. უცხოური ლიტერატურის რეფერატული კრებული. ისტორია, 6, „მეცნიერება“, თბ., 1978, გვ. 9-11.
2. იქვე, გვ. 29.
საინტერესოა რატომ ითვლება დასახელებული ორი ქალბატონი შაჰ აბასის მამიდებად, თანაც ნასროლა ფალსაფის ლოგიკით, მათგან მხოლოდ ერთს ყავდა ქართველი დედა, მეორეს კი არა. გამოდის, რომ ისინი სხვადასხვა დედას ეკუთვნოდნენ. თუ დედით სხვაობას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაშინ შაჰ თამაზის სხვა ასულები (როგორც ითქვა, მას რვა ასული ჰყავდა) რატომ არ ითვლებოდნენ მოჰამედ ხუდაბენდეს დებად და, შესაბამისად, შაჰ აბასის მამიდებად? ვფიქრობ დასახელებული ორი ქალბატონი და მოჰამედ-ხუდაბენდე ერთი მამის - შაჰ თამაზის და ერთი დედის - ქართველი ქალის შვილები იყვნენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მსჯელობისას დაბრკოლებად არ უნდა გადავაქციოთ შალიკაშვილების ასულის ადგილი შაჰ თამაზის ცოლებს შორის. აუცილებელი არ იყო ეს ქალი მაინცდამაინც ოთარ შალიკაშვილის ის ასული ყოფილიყო, რომელზეც ქართული წყაროები გადმოგვცემენ.
ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ზეინაბ ბეგუმის (ანას) როლი და ადგილი შაჰ აბასის კარის ცხოვრებაში. როგორც ჩანს ეს ქალი გაუთხოვარი დარჩა (დანიშნული ყოფილა ალიყული-ხან შამლუზე, მაგრამ სასიძო მოუკლავთ). ის შაჰ-მუჰამედისა და მის შვილის ჰამზა მირზას დროს ჰარამხანაში დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა, ხოლო შაჰ აბასის ზეობისას ჰარამხანას ზედამხედველობდა და, სხვა ქალებთან შედარებით, შაჰთანაც ის ყველაზე დაახლოებული იყო. შაჰ აბასი მის აზრს სხვადასხვა საკითხებზე ანგარიშს უწევდა, ის მონაწილეობდა ისეთ ღონისძიებებში, სადაც მხოლოდ მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ. ფალსაფი იმოწმებს ანტონიო დე გოვეას ერთ ცნობას, რომლის მიხედვითაც, „ზეინაბ ბეგუმიც არ არის დაზღვეული ავსიტყვაობისაგან და ხმა დადის, რომ მას თავის ძმისშვილთან შაჰ აბასთან სასიყვარულო ურთიერთობა აქვსო“ (იქვე).
რაც შეეხება მოჰამედ ხუდაბენდეს მეორე დას - მარიამს ის, ზეინაბისაგან განსხვავებით, როგორც ჩანს, მუსლიმი ქალებისათვის ჩვეულებრივ კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა და დაკავებული იყო თავისი ოჯახის საქმეებით.
შაჰ თამაზს რომ ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, მსხვილი მესხი ფეოდალის ოთარ შალიკაშვილის ასული, ამის შესახებ ცნობები დაცულია XVIII ს. 20-იანი წლების ვახტანგ VI-ის „სწავლულ კაცთა კომისიის“ მიერ შედგენილ „ახალი ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებასა და ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოსაში“, ამის შესახებ უკვე ითქვა. საინტერესოა, რომ XVI ს. მეორე ნახევრის სამცხე-საათაბაგოს და, საერთოდ, შესაბამისი პერიოდის საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული წყარო - „მესხური მატიანე“ - არაფერს ამბობს არც ოთარ შალიკაშვილზე, არც მის ასულზე, არც ოთარის ვაჟზე - შაჰ თამაზის მოყვარე - ათაბაგის ქვრივის დედისიმედის მიერ მოკლულ, ვარაზაზე. „მესხური მატიანის“ ამგვარი ტენდენცია, დუმილი შალიკაშვილების შესახებ, რომლებიც ჯაყელთა დინასტიის მხარდამჭერად და ნათესავად ითვლებოდნენ მანამდე, ვიდრე დედისიმედი მოკლავდა ვარაზას, ახსნა შეიძლება: ამ მკვლელობამ შალიკაშვილები ათაბაგის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადაიყვანა. ამიტომ მატიანეში, რომელიც ათაბაგის ოჯახის დაკვეთითა და, შეიძლება ითქვას, კარნახითაც იწერებოდა, ის რაც შალიკაშვილებს განხეთქილებამდე ათაბაგის სასიკეთოთ გაუკეთებიათ, არა მხოლოდ აღარ აისახა, არამედ ამ გვარის ხსენებაც კი არ არის. ისინი მხოლოდ იქიდან მოიხსენებიან (რა თქმა უნდა, უარყოფით კონტექსტში), როდესაც ჯაყელების წინააღმდეგ დაწყებული აჯანყების მოთავენი და მეთაურები გახდნენ.
უეჭველია, საქართველოში იცოდნენ შაჰის სხვა ქართველი ცოლების შესახებ, მაგრამ ქართული საზოგადოებისათვის იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო ქართველი ქალების შაჰებისა და სპარსელი დიდებულების ცოლობა ან მათ ჰარამხანებში ყოფნა, რომ ძველი ისტორიკოსები, საფიქრებელია, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ უთმობდნენ. მაგრამ სულ სხვა იყო იმ ქართველი ქალბატონისადმი ინტერესი, რომელიც არა მხოლოდ შაჰის ცოლი იყო, არამედ ირანის მბრძანებლის დედაც გახდა. ასეთი ქალბატონი, ქართველი ისტორიკოსების მიხედვით, იყო ოთარ შალიკაშვილის ასული, რომლის სახელიც კი არ ვიცით. ამიტომ ხომ არ მიჩქმალა ირანულმა ისტორიოგრაფიამ შალიკაშვილის ასულის სახელი?
ბერი ეგნატაშვილის თხზულებაში ნათქვამია, რომ შაჰ თამაზმა ათაბაგ ქაიხოსროსთან დანათესავება მოისურვა და სთხოვა თავისი რომელიმე ნათესავი მიეცა ცოლად. რადგან ათაბაგს ასული არ ჰყავდა, ამიტომ თავისი ნათესავის, ოთარ შალიკაშვილის ქალიშვილი გაუგზავნა. შაჰ თამაზმა იქორწინა ოთარის ქალზე, რომელიც მისი საყვარელი ცოლი შეიქმნა. ამ ქორწინების წყალობით დამყარდა კარგი ურთიერთობა შაჰსა და ათაბაგს შორის1.
ოთარ შალიკაშვილის ასულის შაჰ თამაზის ცოლობა ქართული საისტორიო მწერლობაში საკმაოდ გამოკვეთილად ჩანს და ზოგიერთი არაპირდაპირი ევროპული ცნობაც მას იმდენად ამაგრებს, რომ იგი შეიძლება შაჰ-მოჰამედ ხოდაბანდეს დედად ვიგულისხმოთ, თუმცა ამგვარ მოსაზრებას სერიოზული წინააღმდეგობა ხვდება. ბერი ეგნატაშვილი გვამცნობს, რომ კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის უფლისწული ერეკლე მამას სტამბოლს გაექცა. შაჰ თამაზმა ერეკლეს ასეთი მოქმედება ალექსანდრეს განდგომად შეაფასა და მის დასასჯელად წამოვიდა და ყარაბაღში გაჩერდა. ალექსანდრე მეფის სახლთუხუცესმა ოთარ ჩოლოყაშვილმა იმდენი მოახერხა, რომ შაჰ თამაზის რისხვა კახეთს ააცილა და სამცხე-საათაბაგოს დაატეხა, როცა ქაიხოსრო II-ის ქვრივს დედისიმედს ოთარ შალიკაშვილის ვაჟი ვარაზა მოაკვლევინა2.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ 364.
2. დაწვრ. იხ. ქვემოთ: „ათაბაგი ქაიხოსრო II და დედისიმედ II“.
ზოგიერთმა მკვლევარმა, რომელსაც ეჭვი არ ეპარება შარაფხან ბითლისის ნათქვამის ჭეშმარიტებაში (შარაფ-ხან ბითლისის მიხედვით, როგორც ითქვა, შაჰ თამამზს მოჰამედ-მირზა და ისმაილ-მირზა - ისა-ბეგ თურქიმანის ქალიშვილისაგან ჰყავდა), სცადა გაერკვია, რატომ არის ქართულ წყაროებში მოჰამედ ხუდაბენდეს დედა ქართველად გამოცხადებული. მნიშვნელოვან არგუმენტად მიაჩნიათ ქართველების - ზაალ-ბეგისა და ალი-ხანის ბრძოლა არა მოჰამედ ხუდაბენდეს და ისმაილის გამეფებისათვის, არამედ ჰეიდარ მირზასთვის მხარდაჭერა, რაც მხოლოდ იმით უნდა აიხსნას, რომ ჰეიდარის დედა ქართველი იყო. კ. ტაბატაძის აზრით, ალი-ხანისა და ზაალ-ბეგისათვის უფრო იოლი იქნებოდა უფროსი ვაჟების, მათ რომ დედა ქართველი ჰყოლოდათ, გამეფება, რომელთაც კანონიც ხელს უწყობდა, რომ მამის მემკვიდრეობა გაეგრძელებინათ“1. დ. კაციტაძე თავის კრიტიკულ წერილში ნდობას უცხადებს სპარსული წყაროს ცნობებს, რომელთა მიხედვითაც მოჰამედ ხუდაბანდეს დედა იყო ყიზილბაშური ტომიდან2.
მ. სვანიძემ 1971 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში უკომენტაროდ გაიზიარა ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემა შაჰ მოჰამედ ხუდაბენდეს დედის შალიკაშვილობის შესახებ3, მაგრამ მოგვიანებით მან შეიცვალა აზრი და წყაროზე მითითების გარეშე აღნიშნავს: „მოჰამედ-მირზასა და ისმაილ-მირზას დედა შალიკაშვილის ასული ვერ იქნებოდა, რადგან როცა შაჰ თამაზმა იგი ცოლად მოიყვანა (1548 წ.), ორივე ვაჟიშვილი საკმაოდ მოზრდილი იყო (15 წელს გადაცილებული)“. მას დასაშვებად მიაჩნია, რომ „შალიკაშვილის ასულს შაჰ თამაზისაგან შეეძინა ქალიშვილი ანა, შემდგომში ზეინაბ ბეგუმად წოდებული“4. დასახელებული ისტორიკოსების მოსაზრებებს იზიარებს ნ. გელაშვილიც5. უცვლელი არ დარჩა ჩემი მოსაზრებაც: მართალია, მეც ვეჭვობ, რომ შალიკაშვილის ასული მოჰამედ ხუდაბენდეს და ისმაილის დედა ყოფილიყო, მაგრამ ქვემოთ შევეცდები იმ მოსაზრების განვითარებას, რომ დასახელებული უფლისწულების დედა შაჰ თამაზის ერთ-ერთი ქართველი ცოლი იყო, რომლის ვინაობა უცნობია.
აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას შემდეგი: საყოველთაოდ ცნობილია, და ქვემოთაც საკმაო მასალას გავეცნობით, საიდანაც ჩანს რატომ არ სურდა მაშინდელი ირანის დიდკაცობას შაჰ თამაზის უფროსი ვაჟების - მოჰამედ ხუდაბენდეს ან ისმაილ-მირზას გამეფება. ორივეს სერიოზული ნაკლი გააჩნდა, რაც შემდეგში მათი მეფობისას თვალნათლივ გამოჩნდა. მოჰამედი, ფიზიკურ ნაკლთან ერთად, სახელმწიფოს მართვის არც უნარს და არც სურვილს არ ამჟღავნებდა. ისმაილი ქვეყნის მმართველისათვის აუცილებელ წონასწორობასა და თავდაჭერილობას არ ფლობდა.
1. ტაბატაძე კ., დასახ. ნაშრ., გვ 176
2. კაციტაძე დ., ქართულ-ირანული ურთიერთობიდან, „ცისკარი, #8, 1978, გვ. 137-139.
3. სვანიძე მ., დასახ. ნაშრ., გვ. 135.
4. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 242-243.
5. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 145.
შაჰის კარზე დაწინაურებული ქართველები ტახტის მემკვიდრის შერჩევისას, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ ისეთი კანდიდატის წინ წამოწევას და ახდილად მხარდაჭერას, თუნდაც მისი დედა ქართველი ყოფილიყო, თუ ამ საქმეში მათ არ ექნებოდათ იმავე დიდკაცობის მნიშვნელოვანი ნაწილის თანადგომა. მათ აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინათ და ითვალისწინებდნენ კიდეც მათ აზრსა და განწყობილებას. ასე რომ, ქართველების - ალიხანისა და ზაალ-ბეგის მიერ შაჰის ტახტზე ისმაილის ან ხუდაბენდეს კანდიდატურის არწამოყენება სრულიადაც არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ დასახელებული უფლისწულების დედა ქართველი არ იყო. აქვე, ალბათ გასათვალისწინებელია, უფლისწულთა დედების პირადი თვისებებიც. სავსებით მოსალოდნელია, რომ შალიკაშვილების ქალი სრულიადაც არ იყო ისეთი აქტიური პიროვნება (ალბათ ისიც ითვალისწინებდა „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ დამოკიდებულებას მისი შვილებისადმი), როგორიც იყო ჰეიდარ-მირზას დედა, რომელიც, როგორც ჩვენამდე მოღწეული წყაროებიდან ჩანს, გარკვეულ გავლენას ახდენდა, როგორც შაჰ თამაზზე, ისე კარისკაცებზე. მას გვერდში ედგნენ ასევე აქტიური ადამიანები, თავისი ძმები - ზაალ ბეგი და ალი-ხანი და თავისი შვილის გამეფებისათვის არაფერს მოერიდა, შაჰის მოწამვლასაც კი. რაც შეეხება ბერი ეგნატაშვილის გადმოცემას, შალიკაშვილის ქალის სვიმონ I -თან შეხვედრის და მისი საქართველოში გამოსტუმრების შესახებ (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ), ნ. გელაშვილის აზრით, ეს ქალბატონი შეიძლებოდა დაღუპული ჰეიდარ-მირზას დედა ყოფილიყო (დასახ. ნაშრ., გვ. 146.). ვფიქრობ, ასეთი ვარაუდის გამოთქმა არ შეესაბამება შესასწავლი პერიოდის რეალიებს. არა მგონია, შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ მომხდარი ამბები (ჰეიდარის მოკვლა, გამარჯვებულთა მიერ გატარებული დამსჯელი ღონისძიებები, შემდეგ შაჰ ისმაილის მიერ განხორციელებული ტერორი, რომელმაც მისი უდანაშაულო ძმები და ახლობლებიც შეიწირა), გვერდს აუვლიდა მთავარი დამნაშავის დედას და მოჰამედ ხუდაბენდეს დროს მას იმდენ პატივში ამყოფებდნენ, რომ საქართველოს ტახტზე სვიმონ I-ის აღდგენა მისი საკითხავი ყოფილიყო. სავარაუდოა, ჰეიდარის დედა შვილთან ერთად ან ახლო პერიოდში დაიღუპა. სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ისიც საკმარისი იყო, რომ მის მიმართ საკმაოდ საფუძვლიანი ეჭვი არსებობდა, თითქოს მან შაჰ თამაზი მოაწამვლინა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, რომ საათაბაგოში ჯაყელთა წინააღმდეგ აჯანყების დროს, ათაბაგის ოჯახის მიერ შაჰისათვის რამდენიმე თხოვნა დახმარების თაობაზე უყურადღებოდ დარჩა, მაშინ, როცა სპარსელები ჯაყელთა მთავარი მოწინააღმდეგეების - შალიკაშვილების დახმარებას ცდილობდნენ. ამ ფაქტში შაჰის კარის მიერ ნათესავი გვარისადმი დახმარების მცდელობას ვხედავ. ისიც აღსანიშნია, საათაბაგოში როგორ სერიოზულად დაინტერესებული იყვნენ შაჰის ტახტზე მოსალოდნელი ცვლილებით ისმაილ II-ის ზეობის დროს: „ქრისტეშობისთულს იზ, ამბავი მოვიდა თუ: შაისმეილი მოკუდაო. აღარ დავიშალეთ, შობას ელჩი გავგზავნეთ ბატონს თუალმშუ ნიერთანა; ყაენის სიკუდილი არ დავიჯერეთ. ქრისტეშობისთუეს ოცდარვასა თუალშუენიერის კაცი მოვიდა, სადასტურო ყაენის სიკუდილის ამბავი მოიტანა [გიორგობისთუეს კგ მომკვდარიყო შაისმაელი]“1. ათაბგის ოჯახისათვის შაჰ იმაილ II არასასურველი იყო, სრულიად გასაგები იმ მიზეზების გამო რომლებზეც ზემოთ ითქვა. შემთხვევითი არ უნდა იყოს აღნიშვნა ჯაყელების იმ გააქტიურებისა და წარმატებებისა შაჰ ისმაილის გარდაცვალების შემდეგ აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში რომ იქნა მიღწეული - დეკემბრის 31-ს ყვარყვარე და მანუჩარი თმოგვს მოადგნენ, 5 იანვარს დედისიმედი და ბექა ყუელს; 8 იანვარს ორივე დასახელებული ციხე აიღეს; მანუჩარმა ფოსო და ჯავახეთი დაარბია, გურგაქს ქაჯის ციხე „გაუბარაქიანა“2.
1. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 46.
2. იქვე, გვ. 46-47.
ამგვარად, ქართული საისტორიო ლიტერატურაში დაცული ცნობები შალიკაშვილებისა და შაჰ თამაზის ნათესაობის შესახებ, შეიძლება დეტალურად არ ასახავდეს რეალობას, მაგრამ მისი გათვალისწინება მაინც შეიძლება. არ მგონია, რომ ინგლისელი ჰერბერტის და ჰაბსბურგების იმპერიის ელჩის დავიდ უნგანდის ცნობებსაც, რომელსაც ქვემოთ გავეცნობით, საფუძველი არ ჰქონდეს.
დასასრულ, შალიკაშვილების ქალის ხელშეწყობითაც უნდა ყოფილიყო მისი თანამემამულეების - საათაბაგოელების აქტიურობა ირანის შაჰის კარზე.
* * *
შაჰ თამაზის სიცოცხლის ბოლო პერიოდში ტახტის ორი გამოკვეთილი პრეტენდენტი იყო, რომელთა ირგვლივ დაირაზმა ორი საკმაოდ სერიოზული დაჯგუფება. პრეტენდენტები იყვნენ უფლისწულები - ისმაილი და ჰეიდარი. დაჯგუფებები ფორმალურად შაჰ თამაზის ორი, სხვადასხვა დედისგან ნაშობი ვაჟების მომხრეებს წარმოადგენდგენდნენ, სინამდვილეში მათ თავიანთი შორს მიმავალი მიზნები ჰქონდათ.
იმისათვის რათა გასაგები გახდეს შაჰ თამაზის სიცოცხლის ბოლოს ირანში ქართველთა გავლენა და ძალა, უნდა გავეცნოთ მის ზოგიერთ შვილს, კერძოდ, ვაჟებს - მოჰამედ ხუდაბენდეს, ისმაილს, ჰეიდარს და ასულს - ფერიხან ხანუმს. მოჰამედ ხუდაბენდე ამ დროისათვის არავითარ ინტერესს არ ამჟღავნებდა მონაწილეობა მიეღო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მას სუსტი მხედველობა და, საერთო აღირებით, ასევე სუსტი ნებისყოფა ჰქონდა. მას თითქმის განუწყვეტლივ უკითხავდნენ ყურანს. თავისი მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო იყო, რომ მას ხუდაბენდე (ღვთის მონა ან მსახური) შეარქვეს.
ერთ დროს (30-იანი წლების ბოლოს) მამამ საგამგებლოდ (მეურვის ზედამხედველობით) ჰერათი ჩააბარა1. 50-იანი წლების შუა ხანებში ის ყაზვინში გაიწვიეს და მის ადგილას მისი ენერგიული ძმა, ისმაილ-მირზა დაინიშნა2, მაგრამ „უღირსი“ საქციელის გამო, შაჰმა ის გაიწვია და ჰერათში ისევ მოჰამედი დააბრუნა3... მინადოის თქმით, მოჰამედი თვალებით ავადმყოფი (იტალიელს ჰგონია, რომ მას ამისათვის დაარქვეს ჰოდაბანდე), ის მყუდრო ცხოვრებისადმი მიდრეკილი, თავმდაბალი და მეცნიერებისათვის თავდადებული იყო. მას ვერ წარმოედგინა როგორ უნდა ეტვირთა თავის თავზე მმართველობის ტვირთი და დაემორჩილებინა მძვინვარე მტრები აფორიაქებულ ქვეყანაში4. დაახლოებით ასეთნაირადვე ახასიათებს ამ უფლისწულს ულუღ-ბეგ ბაიათი (დონ ხუან დე პერსია). მისი თქმით, მუჰამედს იმდენად სუსტი მხედველობა ჰქონდა, რომ ის ცოტას ან თითქმის ვერ ხედავდა. ამ უდიდესი ნაკლულოვანების გამო არ შეეძლო აჯანყებული პროვინციების და ხალხების დამშვიდება და ამიტომ იგი სახელმწიფოებრივი მმართველობის მოყვარული არ იყო5.
1. Шараф-хан Бидлиси, c. 187.
2. Тамже, с. 200.
3. Тамже, с. 201.
4. Minadoi, p. 5-6.
5. Don Juan de Persia, p. 61r..
შარაფ-ხან ბიდლისი თავის ნაშრომში გადმოგვცემს მოჰამედ ხოდაბანდას სიმხდალის და უგერგილობის რამდენიმე მაგალითს1.
ისმაილი. სპარსულენოვანი წერილობითი წყაროების მიხედვით, ისმაილი სრულიად განსხვავდებოდა თავისი უფროსი ძმისაგან. მან 14 წლის ასაკში სახელი გაითქვა აჯანყებული ბიძის ალყას-მირზას წინააღმდეგ ბრძოლებში 1547 წელს და მის მაგიერ შირაზის გამგებლადაც დაინიშნა. ისმაილმა 1552 წელს არზრუმის მმართველი დაამარცხა, იბრძოდა ქურთისტანში და დიდი ნადავლიც იშოვა2. 1553-1554 წლებში შაჰ თამაზმა ისმაილს დიდებული ქორწილი გადაუხადა თავრიზში3. შემდეგ წელს შაჰმა მასვე ჩააბარა ჰერათის მართვა ნაცვლად მოჰამედ-მირზასი, მაგრამ ისმაილი ჰერათში ჩადენილი „უღირსი ქმედობების“ გამო, სულ მალე გადააყენა. ჰერათში კვლავ მოჰამედ-მირზა დაინიშნა და მასვე დაევალა ისმაილის შაჰთან მიყვანა. მაგრამ მოჰამედი ჰერათში დარჩა ისმაილს კი სუნდუკ-ბეგ აფშარი გააყოლა.
1. Tамже, с. 212, 218, 234…
2. გელაშვილი ნ., დასხ. ნაშრ., გვ. 121.
3. Шараф-хан Бидлиси, c. 199.
როდესაც შაჰმა გაიგო, რომ ისმაილი ქ. სავეში მივიდა, მის შესახვედრად გააგზავნა მასუმბეგ საფავი, რომელმაც ისმაილს ბორკილები დაადო და ყაჰყაჰეს1 ციხე-სიმაგრეში ჩაამწყვდია2, სადაც მან 20 წელი გაატარა.
შაჰ თამაზის ასეთი მოქმედება ისმაილის მიმართ სხვადასხვაგვარად ახსნეს. შარაფ-ხანი ერთგან აღნიშნავს, რომ ისმაილის მოშურნეების მცდელობით იყო, რომ ის ყალყალას ციხეში გამოამწყვდიეს3. გაურკვეველია რას გულისხმობდა შარაფ-ხან ბიდლისი ისმაილის მიერ ჰერათში ჩადენილ „უღირსი ქმედობებში“. შეიძლება ეს უნდა იყოს ის, რასაც გერმანელმა მკვლევარმა უფლისწულის შაჰისადმი დაუმოჩილებლობა უწოდა, როდესაც იგი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებდა4. ან ის, რომ ჰერათში მისვლისთანავე, შაჰის მიერ გაყოლებულ ალი-სულთან თაქალუმ პირი შეკრა თათარ-სულთანთან, ალი-ბეგთან, მოჰამედ-ხანის ვაჟებთან და სხვებთან და შეურცხყოფა მიაყენეს მოჰამედ-ხან ლალას და მისი მოკვლაც კი განიზრახეს. მოჰამედ-ხანი ყაზვინში წავიდა და შაჰს მოახსენა ყველაფერი რაც ჰერათში გადახდა. შაჰთან აუდიენციიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ალი-სულთან თაქალუ კილბად (გულბაათ) გურჯის ვაჟებმა მოკლეს5. სავარაუდოა ალი-სულთან თაქალუ ისმაილის მითითებით მოქმედებდა, რაც მისი დაპატიმრების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
დონ ხუან დე პერსიას მიხედვით, ისმაილს თავის მამასთან განხეთქილება ჰქონდა, რადგან მოუსვენარი სულისა იყო და ახალ-ახალი მოვლენები იტაცებდა. მოხუცი თამაზი ყოველთვის აფრთხილებდა მამაც ახალგაზრდას, რომ მას ქედმაღლობა და სიხარბე დაღუპავდა6. მინადოიც, ჯერ ძალიან მოკლედ გადმოგვცემს, რომ ისმაილი თავისი მკაცრი ხასიათის გამო გადაგზავნილი იქნა კაჰკაჰეს ციხეში, თავრიზსა და ყაზვინს შორის7, შემდეგ კი უფრო ვრცლად აღნიშნავს იმ მიზეზზე, რამაც შაჰ თამაზის ამგვარი რადიკალური ღონისძიება განაპირობა. ის მაილი ყოველთვის აშკარად აცხადებდა თავის მტრულ დამოკიდებულებაზე თურქების მიმართ და უკმაყო ფილებას გამოხატავდა ოსმალეთთან 1555 წელს ამასიის ზავის დადების გამო. მამისაგან არაერთგზის აკრძალვისა მან გაბედა, რომ არზრუმის ტერიტორიაზე შეჭრილიყო და გაეძარცვა ამ მხარის ქალაქები და ციხე-კოშკები8.
1. Шараф-хан Бидлиси, c. 200-201.
2. Тамже, с. 333.
3. Тамже, с. 333.
4. Hinz W., Op. cit., S. 35.
5. Шараф-хан Бидлиси, c. 200
6. Don Juan de Persia, p. 61 r.
7. Minadoi , p. 4.
8. Ibidem, p. 5.
ისმაილის დაპატიმრების მიზეზად მისი ოსმალეთის ტერიტორიებზე თავდასხმები და ირანსა და ოსმალეთს შორის ახალი ომის პროვოცირებაა დას ახელებული სხვა ევროპულ წყაროშიც. „კარმელიტების ქრონიკა“ მოგ ვითხრობს, რომ ისმაილმა მრავალჯერ დაამარცხა ოსმალები, რითაც უკმაყოფილო იყო, როგორც შაჰი, ისე მისი მრჩეველი, ისმაილის დაუძინებელი მტერი მაყსუდ-ბეგი. მან შაჰ თამაზს ჩააგონა, რომ ისმაილის მოქმედება უნდა შეფასებულიყო, როგორც ამბოხება, რადგან იგი მშვიდობიანობის დროს, შაჰის ნებართვის გარეშე, ოსმალთა ქვეყანას არბევდა. მაყსუდ-ბეგმა შაჰს ისმაილის მიერ ირანის პროვინციების მმართველებისადმი გაგზავნილი წერილებიც აჩვენა, რომლებითაც ის მათ ოსმალეთის წინააღმდეგ ომისაკენ მოუწოდებდა. ყოველივე ამის გამო შაჰმა უფლისწული ციხეში ჩასვა2.
მიუხედავად იმისა, რომ ისმაილი გარე სამყაროდან იზოლირებული ჰყავდა, შაჰ თამაზი, როგორც ჩანს, მაინც თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. მას სურდა გამორიცხულიყო ყველა შესაძლებლობა, რომ ისმაილს ამბოხება მოეწყო თავისი პატიმრობის ადგილას3 - კაჰკაჰეს ციხეში.
ჰეიდარ-მირზა. დღეისათვის ცნობილი ყველა წერილობითი წყარო ერთხმად აღნიშნავს შაჰ თამაზის განსაკუთრებულ თბილ დამოკიდებულებასა და სიყვარულზე თავისი მესამე ვაჟის - ჰეიდარ-მირზასადმი. სრულიად მცირე ასაკის ჰეიდარ-მირზასადმი შაჰის განსაკუთრებულად გამორჩეული დამოკიდე ბულების მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ 1560-1561 წლებში, მაშინ, როდესაც უფლისწული მხოლოდ 4-5 წლისა იყო, ოსმალებს მოსთხოვა მისთვის საგამგებლოდ დაეთმოთ ბაღდადი, სამაგიეროდ მათ გადასცემდა ყაზვინში თავშეფარებულ უფლისწულ ბაიაზიდს3.
1. A Cronicle of the Carmelites in Persia, p. 44.
2. Шараф-хан Бидлиси, с. 222.
3. Тамже, с. 206.
შარაფ-ხანი განსაკუთრებულ სიმპათიას ამჟღავნებს ჰეიდარის მიმართ, მაშინ, როცა ის ჩერქეზის ხმლით იღუპება. ისტორიკოსი ამბობს: „ერთ-ერთმა ჩერქეზმა გულამმა ხმლის დარტყმით დაღუპა მეფობის წყალუხვ მდინარეზე აღ მოცენებული ის კვიპაროსი და ვარდი... რომელსაც არ ჰყავდათ ბადალი და თანასწორი სეფევიდების ოჯახსა და ალის მოდგმაში“1.
ჰეიდარ-მირზას პირადად იცნობდა და მისი საინტერესო სიტყვიერი პორტრეტი და დახასიათება დაგვიტოვა ვენეციის ელჩმა შაჰის კარზე ვინჩენცო დ’ალესანდრიმ. მისი თქმით, ჰეიდარი იყო ტანმორჩილი, ძალიან ლამაზი, თავის ასაკთან შედარებით ძალიან სერიოზული, ჭკვიანი, შორსმჭვრეტელი, სახელმწიფო საქმეებში ჩახედული. ის ფიზიკურადაც კარგად მომზადებული, მამაცი მხედარი იყო, გამოირჩეოდა სასიმოვნო საუბრითა და ზრდილობით. ყოველივე აღნიშნულის გამო, ჰეიდარი სასახლეში ყველას უყვარდა, განსკუთრებით კი შაჰ თამაზს, მაგრამ იმავე თვისებების გამო, იგი და-ძმებს სძულდათ2. და-ძმების ჰეიდარისადმი სიძულვილი შეიძლება მისი ხელისუფლებისაკენ თავშეუკავებელი ლტოლვითაც იყო გამოწვეული, რის შესახებაც საკმაოდ დამაჯერებლად მოგვითხრობს მინადოი. „ეს ჰეიდარი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თამაზი მწოლიარე ავადმყოფი იყო, უტიფრად შევიდა მის საწოლ ოთახში და შუბლი შეიმკო მამისეული გვირგვინით.
1. Тамже, с. 229-230.
2. A Cronicle of the Carmelites in Persia, p. 44-45.
ასეთი მოუფიქრებელი საქციელით მოხუცი და უძლური მამის თვალწინ ამჟღავნებდა თავისი პატივმოყვარეობის შეუფერებელ წყურვილს. იგი სხვა დროს დაშვებული შეცდომის მსხვერპლი გახდა. თამაზის სიკვდილის შემდეგ იგი დასახელებულ დასთან [ფერიხან-ხანუმთან] თათბირობდა და ყოველნაირად ცდილობდა მეტად სასურველი მდგომარეობისათვის მიეღწია და იმდენად წინ წავიდა დასთან და სახელმწიფო მრჩევლებთან ხვეწნითა და მათი გულის მოგებით, რომ მისთვის გვერდის ავლა მემკვიდრეობის საკითხში, მხოლოდ მისი მოტყუებითღა შეიძლებოდა“1.
შარაფ-ხანის მიხედვით ჰეიდარ-მირზას დედა ქართველი მონა იყო2, რაც სხვა ცნობებით არ დასტურდება. ის, როგორც სავარაუდოა, მაღალი წარმოშობისა უნდა ყოფილიყო. თვით შარაფ-ხან ბიდლისიც ერთგან აღნიშნავს, რომ შა ჰის კარზე აღზევებული ალიხან - გურჯი და ზაალ-გურჯი ჰეიდარ მირზას და იმამ-ყულიმირზას ბიძები, მათი დედის ძმები იყვნენ3. სავარაუდოა, დასახელებული ქართველი დიდებულების შაჰის კარზე დაწინაურება მათი დის, შაჰ თამაზის საყვარელი ცოლის, სულთან ზადე ხანუმის დამსახურება იყვეს. არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია საქართველოს რომელი კუთხიდან და გვარიდან იყო ეს გავლენიანი ქალბატონი. მხოლოდ ცნობილია, რომ შაჰს იგი განსაკუთრებით უყვარდა, დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობდა და თავისი ვაჟის, ჰეიდარ-მირზას გამეფებას ცდილობდა. ამ საქმეში მას თავისი ძმების და სხვების დახმარების იმედი ჰქონდა, რაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ითქმევა. დონ ხუან სპარსელი ჰეიდარის მფარველებად და მხარდამჭერებად სხვა პიროვნებებს ასახელებს: „მასზედ (ჰეიდარზე – ე.მ.) დედის ნათესავები ზრუნავდნენ, რომელთა შორის იყვნენ ისახანი, ევნუხი აყთა ჰუსეინი და ფირმოჰამედი“4. მინადოი კი გვამცნობს, რომ ჰეიდარი „ზედამხედველობის ქვეშ იყო ზალხანის, ფირ-მოჰამედისა და დედის მხრიდან სხვა ნათესავებისა“5. მაშასადამე, მინადოი და დონ ხუან დე პერსია ერთ მანეთს მხოლოდ ფირ-მოჰამედის ჰეიდარ-მირზასადმი მომხრეობაში ეთანხმებიან.
1. Minadoi, p. 7.
2. Шараф-хан Бидлиси, c. 232.
3. Тамже, с. 229.
4. Don Juan de Persia, p. 61 r.
5. Minadoi T., p. 4.
ფერიხან-ხანუმი. თავისი ჭკუით, გონებით, მოხერხებულობით, ცბიერებითა და აქტიურობით გამოირჩეოდა შაჰ თამაზის ასული ჩერქეზი ცოლისაგან, შამხ ალის დისშვილი ფერიხან-ხანუმი. მინადოის მიხედვით, ფერიხანი ყველაზე უფროსი იყო შაჰ თამაზის შვილებში1. სასახლეში მის გავლენაზე მეტყველებს ისიც, რომ შაჰის უკანასკნელი სურვილით მას დაევალა, კარის მრჩეველებთან ერთად, სისრულეში მოეყვანა ანდერძი მემკვიდრის გამეფების შესახებ. სხვათაშორის, ჰეიდარ-მირზაც აღიარებდა თავისი დის შესაძლებლობებს და ხშირად თავის მომავალზე ეთათბირებოდა2.
დონ ხუან დე პერსიას თქმითაც, ფერიხან-ხანუმი დიდი ხნის განმავლობაში ორჭოფულ მდგომარეობაში იყო, ვისთ ვის, ისმაილისა თუ ჰეიდარისათვის მიენიჭებინა უპირატესობა. ფერიხან-ხანუმის ინიციატივიანობას აღნიშნავდა დონ ხუან დე პერსიაც3. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ მომხდარ პოლიტიკურ ამბებში, კერძოდ, ისმაილ-მირზას გამეფებაში. ისმაილმა დას არ დაუფასა თანადგომა, ჩამოართვა 200 ათას დუკატზე მეტი ღირებულების ქონება და აიძულებდა გაჭირვებაში ეცხოვრა. ფერიხან ხანუმი, როგორც „კარმე ლიტების ქრონიკა“ გადმოგვცემს, დაუკავშირდა ახალი შაჰის რელიგიური პოლიტიკით უკმაყოფილო დიდებულებს და ისმაილი საწამლავიანი ოპიუმით მოწამლეს4.
1. მინადოი შამხალს და მის დას ქართველად თვლიდა. იმავე ქალისაგან შაჰს ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი მუსტაფა-მირზა. Minadoi, p. 6. მუსტაფას დედით ქართველად და ფერიხან-ხანუმის ძმად მიიჩნევდა დონ ხუან დე პერსიაც, p. 61v.
2. Ibidem, p. 7.
3. Don Juan de Persia, 61 r.
4. A Cronicle of the Carmelites in Persia, p. 57.
ფერიხან ხანუმმა მხარი დაუჭირა, აგრეთვე მოჰამედ ხოდაბანდეს გამეფებას, რადგან იმედოვნებდა, რომ სუსტი ძმის მეფობისას მთელ ძალა-უფლებას თავის ხელში მოაქცევდა. მაგრამ მას ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა შაჰის ცოლის, ჭკვიანი, ენერგიული და ცბიერი მაჰდიულიას სახით. მაჰდი მაზანდარანის გამგებლის ქალიშვილი იყო და ქმრის სუსტი მხარეების გათვალისწინებით, ის ხელისუფლების სათავეში მოექცა. მან ოფიციალურად დაიკავა უმაღლესი დივანის ვაქილის თანამდებობა, ვეზირთან ერთად, ფაქტობრივად, განაგებდა შაჰის კანცელარიას. მისი უპირველესი ღონისძიება იყო ფერიხან ხანუმის სიკვდილით დასჯა, რაც სისრულეში მოიყვანეს კიდეც1.
როგორც დონ ხუან დე პერსია გადმოგ ვცემს (ის, შეიძლება, თვითმხილველი იყო), „მის მოკვეთილ და გასისხლიანებულ, შუბზე წამოგებულ თავს, ყაზვინის კარიბჭესთან დაატარებდნენ“2.
* * *
1573 წელს მოულოდნელად ავად გახდა შაჰ თამაზი. შაჰის კარზე მაშინვე დაიწყო ბრძოლა მემკვიდრის საკითხის გამო. დავის დროს საბოლოოდ გამოიკვეთა ორი ერთმანეთის მოწინაათღმდეგე დაჯგუფება: ერთი მხარს უჭერდა შაჰ თამაზის მეორე ვაჟს ისმაილ-მირზას, ხოლო მეორე დაჯგუფება - შაჰის მესამე ვაჟს - ჰეიდარ-მირზას3, რომელიც მამას განსაკუთრებით უყვარდა და სხვა შვილებისაგან განსხვავებით მას სასახლეში ყოფნის უფლება მიანიჭა4. მან ჰეიდარისადმი კეთილ განწყობა იმითიც გამოხატა, რომ უფროს ვაჟებზე წინ დააყენა და ტახტის მემკვიდრედ დანიშნა. ასე განუცხადა შაჰ თამაზის ელჩმა თოქმაკ-ხანმა კონსტანტინოპოლში სულთან მურად II -ს (1574-1595) ტახტზე ასვლის მილოცვისას. ამ დროს კი „შაჰ თამაზი თავისი ორმოცდათოთხმეტწლიანი მეფობის შემდეგ ტახტიდან სამარეში მიდიოდა“5.
1. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 141-142.
2. Don Juan de Persia, p. 64 r.
3. Malcolm J., Geschhichte Persiens von der frühesten Periode an bis zur jetzigen Zeit, II B., Leipzig, 1830, S. 19 .
4. Ibidem.
5. Hammer J., Op. cit. , S. 473-474.
დონ ხუან დე პერსიას გადმოცემით, „მოხუცი მეფე თამაზი თავისი იმპერიის ხანებისა და სულთნების მოთხოვნით იძულებული იყო, მიუხედავად ისმაილისადმი უარყოფითი შეხედულებისა, ანდერძში თავის მემკვიდრედ იგი დაენიშნა და თავის პირმშოსა და უფროს შვილზე - მუჰამედზე წინ დაეყენებინა“1. მაგრამ ამ დროს ისმაილი, მამის ბრძანებით, კაჰკაჰეს2 ანუ ალამუთის3 ციხეში გამომწყვდეული იყო4. შაჰი შიშობდა, რომ ჰეიდარ-მირ ზას მომხრეებს შეეძლოთ სატუსაღოს უფროსის ხალიფა ანსარ ყარადაღლუს საშუალებით ხელეყოთ ისმაილ-მირზას სიცოცხლე. ამიტომ მან მიზანშე წონილად ჩათვალა ისმაილის დაცვა გაეძლიერებინა და ყიზილბაშთა გამოჩენილი სარდლის ამირ ასლან სულთანის ვაჟს უბრძანა, 60 მებრძოლით მისულიყო ყაჰყაჰეს ციხეში და ისმაილ-მირზა დაეცვა5.
1. Don Juan de Persia, 61 v.
2. კაჰაკა - მინადოი, კაჰკაჰაჰი - ბაიათი, ყალყაა - ბერი ეგნატაშვილი.
3. ალამუთის ციხე - „არწივის ბუდე“, მდებარეობდა ელბრუსის მთებში, ყაზვინის მახობლად. ითვლებოდა ერთ-ერთ მიუვალ ციხე-სიმაგრედ (ისქანდერ მუნში, გვ. 152, შენ. 38). როგორც ჩანს, კაჰკაჰე და ალამუთი ერთი და იგივე ციხე-სიმაგრის ორი სახელია, რადგან ბაიათის გადმოცემით, კაჰკაჰეს ციხეც მდებარეობდა ყაზვინიდან 150, თავრიზიდან კი - 30 ლეგის დაშორებით (p. 60 v).
4. ქართული წყარო ადასტურებს მინადოის და ბაიათის ცნობების სისწორეს: „შაჰ თამაზის შვილი შაჰ ისმაილი ტყუედ იჯდა ციხესა ყალყაას“. ქართლის ცხოვრება., გვ. 517.
5. Hinz W., Op. cit., S. 41.
შაჰ თამაზის ამგვარმა ზერელე ღონისძიოებებმა, რა თქმა უნდა, ვერ დააცხრო ტახტის პრეტენდენტთა და მათი მომხრეების ვნებათაღელვა. ისინი მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ. თითოეულ დაჯგუფებას (ჯერ ვიწროს), თავისი მიზნები ჰქონდა. ისქანდერ მუნშის მიხედვით, როცა ავადმყოფი შაჰი - აბანოში უნდა წასულიყო, ისმაილ-მირზას მომხრეები მღელვარებამ მოიცვა. მათ ეშინოდათ, რომ ქართველების მეთაური ზაალ-ბეგი (იგი მხარს უჭერდა ჰეიდარ-მირზას), რომელიც წესისამებრ შაჰს აბანოში ემსახურებოდა, მას მოკლავდა1.
ზაალ-ბეგი ყოველთვის ემსახურებოდა შაჰს აბანოში. იმ დღეს, როცა გადაწყვეტილი იყო შაჰის აბანოში წასვლა, ქართველები ჩიოდნენ: „ჩვენში რა დაინახეს ისეთი, რომ ჩვენი სამსახურის შესრულებას გვიშლიანო“. როდესაც ყიზილბაში ამირების ქართველებისადმი ბრალდებამ შაჰის ყურამდე მიაღწია, მან ის არ გაიზიარა და „ზაალ-ბეგი იხმო, რათა ჩვულებრივ მისულიყო აბანოში და სამსახური შეესრულებინა. იმ ხალხმა ხმის ამოღება ვერ შესძლო და შერცხვენილი დაიშალა“2.
1. ისქანდერ მუნში, გვ. 26.
2. იქვე.
იმ დღეს, როდესაც შაჰი აბანოში მიდიოდა, ისინი ვინც თავიანთ თავს შაჰსევანებს (შაჰის მეგობრები) უწოდებდნენ, სინამდვილეში ისმაილ-მირზას მომხრეები იყვნენ, 4-5 ათასი შეიარაღებული კაცი სასახლის კართან შეგროვდნენ და განზრახული ჰქონდათ ზაალ-ბეგისათვის ხელი შეეშალათ. იმავე დროს, ქართველები და მათი მომხრე შეიხავანდი, უსთაჯლუ და მათი ხელქვეითნიც, აგრეთვე 4-5 ათასი ასევე შეიარაღებული კაცი შეიკრიბა ზაალ-ბეგის დასახმარებლად და სასახლეში შესვლას ცდილობდნენ. მოსალოდნელი იყო სისხლისღვრა1. მდგომარეობა განმუხტა ჰეიდარ-მირზას გამოჩენამ, „ისმაილ-მირზას მომხრეებმა ვეღარ შეძლეს მეტი აყალ-მაყალი“2.
თითოეულ დაჯგუფებას თავისი მიზნები ჰქონდა, მაგრამ ბრძოლა ამჯერად არ გამწვავდა, რადგან სასახლის ექიმების მცდელობის შედეგად შაჰი გამოკეთდა. თამაზისათვის ცნობილი გახდა ის ამბები, რაც მისი ავადმყოფობის დროს ტახტის ირგვლივ მოხდა. მას ამის შესახებ მოახსენა ჩერქეზმა ცოლმა, მისი ქალიშვილის ფერიხან-ხანუმის დედამ. ჩანს, ცოლის ჩაგონებამ გასჭრა და შაჰ თამაზი ამის შემდეგ ჰეიდარ-მირზას წინააღმდეგ განეწყო. მაგრამ მის მიმართ, ისევე როგორც უფლისწულის მომხრეების მიმართ მკაცრი ღონისძიებები არ გაუტარებია. ისქანდერ მუნშის თქმით, „როცა კურთხეული შაჰი სავსებით გამოჯანმრთელდა, ასეთი ამბების მოხდენა აღკვეთა და გარემოების გამოძიება არ დაუწყია“3. მან მხოლოდ ციხეში დამწყვდეული ისმაილის დაცვა გააძლიერა.
შაჰისათვის ცნობილი იყო, რომ ციხის გამგებელი ხალიფე ანსარ ყარადაღლუ კარის უმაღლეს ხაზინადარს ქართველ ფაროხ ზადბეგს მოყვრობდა. ეს უკანასკნელი კი ჰეიდარის თავგამოდებული მომხრე იყო4. საინტერესოა, როგორი იყო ძალთა თანაფარდობა ტახტი პრეტენდენდენტთა შორის, რომელ ძალებს ეყრდნობოდნენ ისინი?
1. იქვე, გვ. 26.
2. იქვე, გვ. 27.
3. იქვე.
4. ალბათ ეს უნდა იყვეს ირანის კარზე აღზევებული, გამოჩენილი მხატვრის სიაოშ-ბეგ ქართველის ძმა. იქვე, გვ. 27-28.
ეს საკითხი საკმაოდ დაწვრილებით შეისწავლა ვ. ჰინცმა, თუმცა მის მიერ დაფიქსირებული ზოგიერთი ცნობა არ ემთხვევა სხვა წყაროთა მონაცემებს.
ჰეიდარის მომხრენი: მუსტაფა-მირზა, შაჰ თამაზის მეხუთე ვაჟი, შეეძინა ერთ-ერთი ქართველი ქალისაგან, 20 წლის, ჭკვიანი, ფიცხი, ლამაზი.
ჰუსეინ ბეგ უსთაჯლუ, ასეულის მეთაური და ამირა, ძალიან მდიდარი და გავლენიანი, მუსტაფამირზას აღმზრდელი, სასახლის უმნიშვნელოვანესი პიროვნება.
ზაალ ბეგი ქართველთა მეთაური და ამირა, იმამყული-მირზას ბიძა, მამაცი და ძლიერი.
ალი-ხან ბეგი, ესეც ქართველი დიდებული, ჰეიდარ-მირზას ბიძა.
ალაჰ-ყული-სულთან იჯეკ ოღლუ, უსთაჯლუს გვარის უმნიშვნელოვანესი ბელადი
ხალიფა ანსარ ყარადაღლუ, ისმაილის სატუსაღოს უფროსი, მიემხრო უსთაჯლუს2.
შადრადდინ-ხანი, სახელმწიფო მდივნის მასუმ ბეგ საფავის ვაჟი, ჰეიდარ-მირზას აღმზრდელი, ზეი-ხავანდის გვარიდან.
ზაიედ ბეგ კამუნე, გამოჩენილი შიიტი სასულიერო პირი უსთაჯლუს, ზეიელხავანდის და თალეშის მთელი გვარები, ქართველები.
ისმაილის მომხრენი: სულეიმან-მირზა, შაჰ თამაზის მესამე ვაჟი ერთ-ერთი ჩერქეზი ქალისაგან1, 21 წლის.
მაჰმუდ-მირზა, შაჰ თამაზის მეექვსე ვაჟი, შეეძინა ერთ მონასთან, 18 წლის, გავლენის გარეშე.
აჰმად-მირზა, შაჰ თამაზის მეცხრე ვაჟი, შეეძინა ერთ მონასთან, 13 წლის, გავლენის გარეშე. ფერიხან ხანუმი, შაჰ თამაზის მეორე ქალიშვილი, პრინც სულეიმანის და, 30 წლის, დიდი გავლენის მქონე.
ჰუსეინ-ყული ხოლაფა რუმლუ, მცირეაზიური სუფის ბელადი, ცბიერი და ძლიერი.
შამხალ სულთანი, ჩერქეზების ბელადი, ფერიხან ხანუმისა და სულეიმან-მირზას ბიძა.
ამირ ასლან ბეგი, აფშარების ბელადი, მნიშვნელოვანი სარდალი და პრინც აჰმადის აღმზრდელი ვალი ბეგ აფშარი, ჰარემის დაცვის მეთაური.
ჰეიდარ სულთან კაპუღი, თურქმანთა ბელადი, კუმის გამგებელი.
სოლეიმან ხალიფა შამლუ, სულთანიის გამგებელი. რუმლუს, აფშარის, თურქმენების, შამლუს, ყაჯარის, ზულყადრის, ჩერქეზების და ქურთების მთელი ტომები.
1. ჩერქეზთა შამხალის და.
2. Hinz W., Op. cit., S. 46.
არავისკენ
სულთან იბრაჰიმ-მირზა, ბაჰრამ-მირზას ვაჟი და შაჰ თამაზის ძმისშვილი, სახლთუხუცესი, პოეტი, მხატვარი, მუსიკოსი1.
ზოგიერთი რამ ვიცით იმ გამუსლიმანებული ქართველების შესახებ, რომლებიც მეტ-ნაკლებ როლს ასრულებდნენ საინტერესო პერიოდის ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ისინი სათავეში ედგნენ იმ სერიოზულ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელსაც სასურველი უფლისწულის გამეფებით თავისი მიზნების განხორციელება სურდა. ეს დაჯგუფება იმავე დროს უპირისპირდებოდა უდიდესი გავლენის მქონე მეორე დჯგუფებას, რომელსაც ასეთივე ინტერესები გააჩნდა.
* * *
ზაალ ბეგი. მორთეზა მეჰდი ფათემის თქმით, ზაალ ბეგი ირანში მოღვაწე ერთ-ერთი პირველი ქართველი იყო, რომელიც XVI ს. 40-იან წლებში შაჰ თამაზის სასახლეში ცხოვრობდა და შაჰის ნდობითა და ყურადღებით სარგებლობდა. ზაალ ბეგს ირანში ჰყავდა, აგრეთვე, ორი ძმა - დავითი და თამაზი. ისინი ძლიერი მხედართმთავრები იყვნენ. მათი და - ჯან ფერი ხანუმი შაჰ თამაზის პირველი ცოლი იყო1. შარაფ-ხან ბითლისის მიხედვით, ზაალ ბეგის ძმა იყო ალი-ხან გურჯი და ისინი სულთან ჰეიდარ-მირზას და იმამ-ყული-მირზას ბიძები იყვნენ2. სამწუხაროდ არ ვიცით საქართველოს რომელი კუთხიდან იყვნენ ან როგორ ვითარებაში აღმოჩნდნენ ისინი ირანში. ისინი ჰეიდარ მირზას გასამეფებლად იბრძოდნენ. თუ შარაფ-ხან ბითლისის ნათქვამს გავიზიარებთ, რომ ზაალ-ბეგის ძმა ალიხან-ბეგი იყო, მაშინ ნათელია, რომ ზალიც იმავე სამთავროდან იქნებოდა საიდანაც მისი ძმა იყო. მხოლოდ ერთადერთი „მესხური მატიანე“ უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ისინი მესხი იოთამიშვილები იყვნენ3. მაგრამ გაუგებარია, საიდან დგინდება, რომ ისინი იოთამიშვილ-შალიკაშვილები იყვნენ4.
1. მორთეზა მეჰდი ფათემი, სპარსული მასალები XVI-XVII საუკუნეების ქართველ მოღვაწეთა შესახებ, თბ., 1982, გვ. 62; Шараф-хан Бидлиси, с. 229.
2. Шараф-хан Бидлиси, с. 229.
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 42
4. კაციტაძე დ., ქართულ-ირანული ურთიერთობიდან, გვ. 138.
როგორც წერილობითი წყაროებიდან ჩანს, ზაალ-ბეგი (იგივე ზაალ-გურჯი) ირანში მცხოვრები გამუსლიმანებული და იერარქიის სხვადასხვა საფეხურზე მდგომი ქართულების მეთაური იყო და დიდი გავლენით სარგებლობდა. ზაალ-ბეგი გამოირჩეოდა სიმამაცით და გამბედაობით. ამიტომ იყო, რომ გერმანელი ისტორიკოსი ვალტერ ჰინცი, სპარსულენოვან წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, მას გერმანელთა ეროვნულ გმირს ადარებს და „თავისი დროის ზიგფრიდს“ უწოდებს1.
ზაალ ბეგი, გარკვეული ინტერესებიდან გამომდინარე, დაკავშირებული იყო ირანის ზოგიერთი ძლიერი გვარის ლიდერთან. ზაალ ბეგი კოალიციაში პირველად ჩანს 1573 წელს, როდესაც შაჰ თამაზის ავადმყოფობისას მწვავედ დადგა ტახტის მემკვიდრის საკითხი. სწორედ ამ დროს გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ბანაკი. პირველში შედიოდნენ: ჰუსეინ-ყული-ხოლაფა რუმლუ, ემირი ასლან ბეგ აფშარი და ჩერქეზების შამჰალი. მეორე დაჯგუფებაში იყვნენ: ჰოსეინ-ბეგ იუზბაში უსთაჯლუ, ფარი-ბეგ ყოჯლუ ქორჩი თურქემანი და ზაალ-გურჯი2.
ზაალ-ბეგს შაჰის კარზე, სავარაუდოა, საკმაოდ დიდი უფლებები და მოვალეობები ჰქონდა, მაგრამ არ ჩანს ისინი კონკრეტულადრაში გამოიხატებოდა. ისქანდერ მუნშის მხოლოდ ისა აქვს ნათქვამი, რომ ზაალ-ბეგი შაჰს აბანოში ემასახურებოდა3. როგორც ჩანს, „აბანოში სამსახური“, შაჰ თამაზის დროს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ როდესაც 1573 წელს შაჰ თამაზი ავად გახდა, ქართველთა მოწინააღმდეგე ყიზილბაშ ამირათა ჯგუფმა ზაალ-ბეგის შაჰისაგან ჩამოშორების მთავარ პირობად ქართველებისათვის აბანოში სამსახურის აკრძალვა მიიჩნიეს. აი როგორ გადმოგვცემს ისქანდერ მუნში ამ ამბავს: „შაჰის ავადმყოფობის დროს სასახლეში უფლისწულებს შორის ტახტის დაკავების საკითხის გამო ატეხილ ქიშპობასა და დავაში ზაალ-ბეგი, რომელიც იმ ჯგუფს (ე.ი. ჰეიდარ მირზას მომხრეებს) ეკუთვნოდა, ხოლო მისი და შაჰის მეუღლეთა რიგებში ითვლებოდა და რამდენიმე უფლისწულის დედა იყო, სულთან ისმაილის მომხრეთა მოძულე იყო, რომ შაჰი აბანოში წაბრძანდებოდა, ისმაილ-მირზას მომხრეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ზაალ-ბეგი უმადური იყო და სახელმწიფოს ერთგული სუფიები მას არ ენდობოდნენ. ჩვენ არ დავუშვებთო, თქვეს მათ, რომ ამ დროს, როცა მისი უდიდებულესობა ასე დასუსტებულია, იგი (ზაალ-ბეგი) აბანოში წავიდეს და იქ იმსახუროსო, მისი ღალატისაგან უზრუნველყოფილი არა ვართო.
1. Hinz W., Op. cit., S.. 46
2. Шараф-хан Бидлиси, с. 227.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 26.
ქართველებმა, შეიხავენდემ, უსთაჯლუმ და ყველა ჰაიდარელებმა ამის შესახებ ლაპარაკი დაიწყეს. ქართველები ამბობდნენ, ჩვენში რა დაინახეს ისეთი, რომ ჩვენი სამსახურის შესრულებას გვიშლიანო“1. როდესაც შაჰმა ეს ამბავი გაიგო, „მან მიზანშეწონილად მიიჩნია, არ მიექცია ყურადღება და ზაალ-ბეგი იხმო, რათა ჩვეულებრივად მისულიყო აბანოში და სამსახური შეესრულებინა“2.
ქართველთა მოწინააღმდეგეებმა ხმის ამოღება ვერ გაბედეს და, როგორც ისქანდერ მუნში აღნიშნავს, შერცხვენილები დაიშალნენ. „სულთან ჰეიდარის მომხრეებმა „ახალი სიცოცხლე მოიპოვეს“ და მატყუარათა ცილისწამებას და ბოროტგანმზრახველთა გინებას გადაურჩნენ. შემდეგ, როცა კურთხეული შაჰი სავსებით გამოჯანმრთელდა, ასეთი ამბების მოხდენა აკრძალა და ამ გარემოების გამოძიება არ დაუწყია“3.
კ. ტაბატაძის დაკვირვებით, ირანის პოლიტიკურ ცხოვრებაში აბანოს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, იმდენად რამდენადაც შაჰ თამაზი დიდ დროს აბანოში ატარებდა, სადაც ხშირად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხები წყდებოდა. მაშასადამე, აბანოში შაჰის სიახლოვეს ყოფნა მხოლოდ შაჰთან დაახლოებული პირების პრივილეგია იყო. „ამრიგად, როგორც ირკვევა, შაჰ თამაზისათვის ესოდენ მნიშვნელოვანი სამსახური ზაალ-ბეგის ხელთ იყო, რომელიც, სავსებით შესაძლებელია, იმ ვეზირად იგულისხმებოდეს, რომლის და ირანის შაჰის ჰარამხანაში იმ დროს მართლაც იყო“4.
1. იქვე, გვ. 25-26.
2. იქვე, გვ. 27.
3. ისქანდერ მუნში, გვ 27.
4. შაჰ თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთანთან, გვ 49, 82-83, შენ. 211.
ალიხან ბეგი. როგორც ითქვა, ალიხან ბეგი ზაალ-ბეგის ძმა და ჰეიდარ-მირზას და იმამყული-მირზას, დედით ქართველი უფლისწულების, ბიძა იყო. „მესხური მატიანეს“ მიხედვით, ალიხანი მესხი იოთამიშვილი ყოფილა1. ეს ალიხანი საქართველოში ცნობილი ყოფილა, როგორც ჰეიდარ-მირზას გამეფებისათვის ერთერთი თავგამოდებული მებრძოლი. შაჰ თამაზის გარდაცვალების შემდეგ ყაზვინში დატრიალებული ამბებისა და მასში ალიხანის ადგილის შესახებ, ბერი ეგნატაშვილი შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ქორონიკონსა ს∼დ: მაისსა იე, დღესა სამშაბათსა, ყაენი შაჰ თამაზ მოკვდა და უსტაჯლუანთა და იოთამის შვილმან ალიხან-სულთან აიდარ-მირზას ბატონობა მოინდომეს. ჯარგაზმა შამხალ ავშართა და ვინცა მათი ოიმატი იყო მოუხდენ, აიდარ მირზა მოკლეს, უსტა-ჯლუანი ამოსწყვიდეს და ისმაელ-მირზას გამოსაყვანად კაცი გაგზავნეს“2.
გულბაათი. შაჰ თამაზის საქართველოში პირველი ლაშქრობის დროს (1540/1), როგორც ჰასან რუმლუ მოგვითხრობს, თბილისის ციხეს თავი შეაფარა ქართლის მეფე ლუარსაბ I -ის (1530-1556) ერთ-ერთმა „ამირამ“ გულბაათმა. შემ დეგში მან უვნებლობა ითხოვა, ყიზილბაშებს ციხე ჩააბარა და ისლამი მიიღო3.
ჰასან რუმლუს თხზულების აშიაზე ყოფილა მინაწერი, რომელშიც ნათქვამი იყო: „ხსენებული გულბაათი მდაბიო ხალხს ეკუთვნის, რომელთაც მსახურს უწოდებენ, და თან აზნაურიც არის, რადგან ამირად ითვლება“4.
გულბაათის შესახებ შედარებით ვრცლად გადმოქვცემს და მის მდგომარეობას გასაგებს ხდის ისქანდერ მუნში, რომელიც ყიზილბაშების მიერ თბი ლისის აღებასთან დაკავშირებით ამბობს: „გულბად ქართველი, რომელიც (მეფე – ე.მ.) ლუარსაბისაგან თბილისის მმართველად იყო დანიშნული, ქართველების ერთი ჯგუფით ციხეში გაიქცა, მას დასძლია ისლამის მიღების სურვილმა, ციხიდან უვნებლობით გამოვიდა და ისლამის მიღების ბედნიერება მოიპოვა“5.
1. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 42
2. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 517
3. ჰასან რუმლუ, გვ. 23.
4. იქვე, გვ. 56, შენ. 49
5 ისქანდერ მუნში, გვ. 16.
შაჰ თამაზის საქართველოში პირველი ლაშქრობის და გულბაათის მიერ ყიზილბაშებისათვის თბილისის ჩაბარების შესახებ, ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს შემდეგს: „გულბად რომე მეფის ლვარსაბისაგან დაყენებული ქალაქის ციხისთავი და მოურავი იყო და ან სხვა ვინც მორჩენ, ქალაქის ციხეში შეიხვეწნეს მდა ყიზილბაშის ლაშქარნი ციხეს შემოადგნეს. ვითარც ლაშქრის მოლოდინი არსით ჰქონდათ და ციხეში საჭმელი და ნუზლი არა ჰქონდათ და ვერც გარედამ შეუგზავნეს და შიმშილმან ნამეტნავად ძალი უყო და არც მშველი გაუჩნდა, ღონე გაუწყდა და უვნებლობის ფიცი გამოართვეს და ციხე მისცეს და მას აქეთ ქალაქის ციხე ქართველთ ვეღარ იშოვნეს“1.
იგივე ამბავი, მცირეოდენი განსხვავებით, გადმოცემულია „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ და მეორე ტექსტში. პირველ ტექსტში ნათქვამია, რომ შაჰ თამაზი ისე შევიდა თბილისში ციხისთავმა გულბათმა ვერაფერი გაიგო. მან მე ფის შიშით „რომე უგრძნობლად მოსვლისათვის არა იავარ მყოს, გარდმოვიდა ზემოციხით და მოუვიდა შაჰ თამაზს... და შაჰ თამაზ მისცა ნიჭი დიდი და დაატევებინა სჯული ქრისტიანობისა და დაიპყრა ციხე ტფილისისა და გაამაგრა და თვით წარვიდა ყარაბაღად“2.
„ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტშიც“ ნათქვამია, რომ მას შემ დეგ რაც შაჰ თამაზმა თბილისი აიკლო და მრავალი ამოწყვიტა, ციხისთავ გულ ბაათს შეეშინდა მეფისა, ვაითუ მე დამაბრალოსო, ციხიდან გამოვიდა და შაჰს ეახლა. მეციხოვნეთა ერთი ნაწილი სახლში წავიდა, მეორენი კი შაჰთან მივიდნენ. გულბაათმა და მეციხოვნეებმა ისლამი მიიღეს, შაჰ თამაზმა გაამაგრა თბილისის ციხე და ყარაბაღში წავიდა3.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 212.
2. ქართლის ცხოვრება, II , გვ, 517.
3. იქვე, გვ. 497.
ქართული წყაროები არაფერს ამბობენ გულბაათის შემდგომი ბედის შესახებ. გულბაათის ვაჟები ყაზვინში ჩანან XVI ს. 50-იანი წლების შუა ხანებში, მაგრამ არ გვაქვს ცნობები თუ როდიდან ან როგორ ვითარებაში გადასახლდნენ ისინი ირანში. სავარაუდოა, ისინი ქართლის მეფისა და ქართველი პატრიოტებისაგან შურისძიებას გაექცნენ. გაურკვეველია ამ დროს თვით გულბაათი ცოცხალია თუ არა. გულბაათის ვაჟები ნახსენები არიან, როგორც შაჰ თამაზის ერთგულნი, კერძოდ მაშინ, როდესაც მათ ყაზვინში მოკლეს შაჰ თამაზის ერთ-ერთი მოღალატე კარისკაცი ალი-სულთანთაქალუ1.
ეს ერთადერთი ცნობა გაგვაჩნია გულბაათის ვაჟების ყაზვინში, შაჰის სასახლეში ყოფნის შესახებ, მათი შემდგომი ბედი უცნობია. ამდენად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ იმავე საუკუნის 70-იან წლებში ზაალ-ბეგსა და ჰეიდარ-მირზას სხვა მომხრეებს ისინიც მხარს უჭერდნენ, როგორც კ. ტაბატაძე ფიქრობდა2.
* * *
1576 წლის 1 მაისს შაჰ თამაზი ლოგინად ჩავარდა. სასახლის ექიმებმა მისი გამოჯანმრთელებისათვის ყველა ღონე იხმარეს. ექიმებს შორის იყო ერთი გილანელი ჰაქიმ იბნ ნასრი, რომელიც ცნობილი იყო ჰეიდარ-მირზას მომხრეობით. ამის გამო შემდეგში ხმა გავარდა, თითქოს მან შაჰი პოლიტიკური მოსაზრებით მოწამლა (ჰინზი). სხვა ვერსიით, შაჰ თამაზი ჰეიდარ-მირზას დედას, ქართველ ქალს, მოუწამლავს. იგი შიშობდა, რომ უპრინციპო და მერყევ შაჰს ადრე მიღებული გადაწყვეტილება არ შეეცვალა და ჰეიდარისათვის ტახტის მემკვიდრის უფლება არ ჩამოერთმია. ამიტომ მას სურდა შაჰის ადრეული სიკვდილით უზრუნველეყო თავისი ვაჟის შეუფერხებელი ასვლა სამეფო ტახტზე. მან ბანლის გასაცლელ მალამოში რაღაც საწამლავი შეურია (ჰამერი).
1. Шараф-хан Бидлиси, с. 200.
2. ტაბატაძე კ., შარაფ-ხან ბიდლისის ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 177.
ღონისძიება, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე. სასახლისა და ჰარამხანის დაცვის მეთაურმა ვალი-ბეგ ავშარმა, შეიტყო რა შაჰის გარდაცვალების შესახებ, მაშინვე ბრძანა სასახლის ყველა კარი დაეკეტათ და გარეთ არავინ გაეშვათ. ჰეიდარ-მირზა და მისი მომხრეები როცა მიზანს მიღწეულად თვლიდნენ, უფლისწული, სინამდვილეში, სასახლის დაცვის ტყვეობაში აღმოჩნდა.
14 მაისს, შუაღამისას შაჰმა ბრძანა, უფლისწულები თავიანთ სახლებში წასულიყვნენ. დარჩენა შეეძლო მხოლოდ ჰეიდარს. ჰეიდარის სასახლეში და ტოვება მოუთხოვია ჰუსეინ-ბეგ იუზბაშის, რომელიც დიდებულების უმრავლესობასთან და ტომებთან შეთანხმებით მოქმედებდა. მათთან ერთად იყვნენ სულთან ჰეიდარ-მირზას ბიძები ალიხან-გურჯი და ზაალ გურჯი. მათი სურვილი იყო შაჰის სიკვდილის შემდეგ ჰეიდარს დაეკავებინა ტახტი12. ჰეიდარსაც ხომ ეს უნდოდა. მისი ვარაუდით, მამამისის უკანასკნელი სურვილი მისი ტახტზე დამტკიცება იქნებოდა. ასე იყო თუ ისე, იმავე ღამეს შაჰ თამაზი გარდაიცვალა და დილით უკვე გამოცხადდა, რომ ჰეიდარ-მირზა გამეფდებოდა. იმავე ბრძანებაში მომაკვდავი შაჰი ისმაილის დაცვაზეც ზრუნავდა (მალკოლმი).
შაჰ თამაზის უკანასკნელი სურვილი სრულიად განსხვავებულადაა გადმოცემული „კარმელიტების ქრონიკაში“: შაჰმა შეიტყო, რომ დიდებულებს დედით ქართველი უფლისწულის ჰეიდარმირზას გამეფება განუზრახავთ. შეშ ფოთებულმა შაჰმა, რომელსაც ტახტი ისმაილისათვის უნდოდა, აუცილებლად ჩათვალა ჰეიდარის მოკვლა. მან ჰეიდარი სასწრაფოდ თავისთან დაიბარა, ვითომ იმ მოტივით, რომ ის თავის მემკვიდრედ უნდა გამოეცხადებინა. უფლისწული მაშინვე მამასთან გამოცხადდა. შაჰის ბრძანებით, სასახლის ერთ-ერთმა მცველმა ჰეი დარი სასახლის ერთ ბნელ ოთახში დაამწყვდია, სადაც იგი შაჰის გარდაცვალებამდე იმყოფებოდა2.
1. Шараф-хан Бидлиси, ც. 229.
2. A Cronicle of the Carmelites in Persia, p. 55.
ბუდა’ ყაზვინის მიხედვით, შაჰის სიკვდილის ღამეს სასახლეში ჩაკეტილმა ჰეიდარ-მირზამ არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ბოლოს „მან საბუთი შეადგინა, რომლის დასაწყისში აღნიშნა, რომ თითქოს ეს მამამისის დაწერილი იყო. ყველა მიხვდა, რომ ეს ყალბი საბუთი იყო“1. ისქანდერ მუნშიმაც იცოდა ანდერძის არსებობის შესახებ, რომლითაც ტახტი მემკვიდრეობით ჰეიდარმირზაზე გადადიოდა, მა გრამ იქვე გვამცნობს, რომ მაშინვე ეჭვი გაჩნდა, რომ ის შედგენილი იყო უფლისწულისა და მისი დამხმარის მიერ2.
1576 წლის 14-15 მაისის ღამეს და შემდგომ დღეს შაჰის სასახლესა და ყაზვინში დატრიალებულ ამბებს მრავალი თანამედროვე და შემდგომი პერიოდის სპარსელი და არასპარსელი ისტორიკოსი შეეხო. მაგრამ ყველაზე ვრცლად და ამავე დროს ძალზე საინტერესოდ აღწერა თომაზო მინადოიმ. მართალია, ზოგირთი მომენტი მის მიერ აღწერილი დრამისა არ ემთხვევა სხვა ავტორების ცნობებს, მაგრამ ისინი დაგვეხმარება მიახლოებითი სიზუსტით მაინც აღვადგინოთ იმ ერთი ღამისა და დღის ამბავი.
შარაფხან ბითლისის გადმოცემით, გარდაიცვალა თუ არა შაჰ თამაზი, ჰეიდარ-მირზამ მაშინვე თავზე დაიდგა შაჰის გვირგვინი და ოქროთი მოვარაყე ბული ხანჯალი დაიკიდა და ტახტზე დაჯდა ცოლებითა და დიდებული ქალებით გარშემორტყმული3.
შაჰ თამაზის ანდერძით, მისი გარდაცვალების შემდეგ, ტახტი ისმაილ-მირზას უნდა დაეკავებინა4. ამიტომ კარისკაცებმა კაჰკაჰეს ციხეში დამწყ ვდეული ისმაილი სასახლეში მიიწვიეს, რათა მას მისალმებოდნენ როგორც ხელმწიფეს. მაგრამ ვიდრე შიკრიკები ისმაილამდე მიაღწევდნენ და ის ყაზვინში მივიდოდა, სასახლესა და სატახტოში მითქმა-მოთქმა გავრცელდა5.
1. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრომი, გვ. 124.
2. იქვე, გვ. 125.
3. Шараф-хан Бидлиси, c. 229.
4. დონ ხუან დე პერსია ამბობს: მოჰამედ ხუდაბენდეს, სუსტი მხედველობისა და კიდევ სხვა მიზეზების გამო, გამეფება არ შეიძლებოდა, „მოხუცი მეფე თამაზი თავისი იმ პერიის ხანებისა და სულთნების მოთხოვნით იძულებული იყო, მიუხედავად ისმაილის შესახებ უარყოფითი აზრისა, ანდერძით თავის მემკვიდრედ ის გამოეცხადებინა და თავის პირმშოსა და უფროს შვილზე მოჰამედზე წინ ის დაეყენებინა“. Don Juan de Persia, p. 61 v.
5. „თანახმად ანდერძისა, ისმაილის ყაზვინში მოსაყვანად ხანები და სულთნები გაგზავნეს. მაგრამ ვიდრე ისმაილი მოვიდოდა მისმა ნახევარდამ, პრინცესამ, სახელად ფერიხან-ხანუმმა (მუსტაფა-მირზას და) თავისი ბიძის, ქართველი ქრისტიანი დედის ძმის, ქემალის (როგორც ვარაუდობენ კორექტორული შეცდომაა: ქემალის ნაცვლად უნდა იყოს შამხალი. იხ. Brown E. G., A Histor of Persian Literature in Modern Times, 1500-1924, Cambridge, 1924, p. 101) მიერ დარიგებული ხანები და სულთნები დაარწმუნა, რომ ეს საქმე გადასდონ, უკიდურეს შემთხვევაში ანდერძის განხორციელება გადასდონ და მმართველობის ტახტზე მისი შუათანა ძმა ჰეიდარ-მირზა დასვან, თუმცა შეცდომა არ იქნება ვთქვათ, რომ ეს აზრი უფლისწულ [ჰეიდარიდან] არ მოდის, როგორც წინათ ეგონათ, რომ თუ ჰეიდარ-მირზა სამეფო ტახტს დაიმკვიდრებდა, ამით მამის ანდერძი შესრულდებოდა“. Don Juan de Persia, p. 61v– 62r.
ისმაილი უყურადღებოდ არ დარჩათ ჰეიდარის მომხრეებსაც. მათ მის მიმართ გარკვეული ღონისძიებების გატარება განიზრახეს. ვ. ჰინცს თავის ნაშრომში აქვს ერთი ასეთი ეპიზოდი: 1576 წლის 16 მაისს, დილით, სულთანიის გამგებელი სოლეიმან ხალიფა შამლუ თავის ამალასთან ერთად ნადირობდა და დროს ატარებდა, როცა მოულოდნელად შეამჩნია საეჭვოდ აჩქარებული მხედარი. სოლეიმან ხალიფამ მხედრის შეპყრობა ბრძანა. მას აღმოაჩნდა წერილი, რომლის შინაარსმა ყველა განაცვიფრა. ზაალ-ბეგი ხალიფა ანსარს, კაჰკაჰეს ციხის გამგებელს, სადაც ისმაილ-მირზა იყო დამწყვდეული, წერდა: 14 მაისის ღამეს შაჰ თამაზი გარდაიცვალა, ამიტომ სასწრაფოდ ჰეიდარ-მირზა უნდა გამეფდესო. წერილში მითითებული იყო აგრეთვე, რომ დაუყოვნებლივ მოეკლათ ისმაილ-მირზა (Hinz W., Op. cit., S. 43).
სოლეიმან ხალიფამ შიკრიკი დაასჯევინა და სასწრაფოდ მცირე ერთ გული რაზმით ისმაილის სანახავად ალამუთის ციხისაკენ გაეშურა. ამ დროს ციხის გამგებელი ხალიფა ანსარიც სანადიროდ წასულიყო, ამიტომ სოლეიმან ხალიფამ დაუბრკოლებლად შესძლო ისმაილისათვის მამის გარდაცვალება ეცნობებინა. ისინი შეთანხმდნენ, რომ ისმაილი ციხეში დარჩებოდა მანამდე, ვიდრე სოლეიმან ხალიფა მის გასანთავისუფლებლად არდებილში არ დაბრუნდებოდა. ამის შემდეგ არც ისმაილი იყო გულხელდაკრეფილი. მან მაშინვე იხმო ამირ ასლანის ვაჟები, რომლებსაც შაჰ თამაზის ბრძანებით ისმაილის დაცვა ევალებოდათ და ახალი ამბავი აცნობა. მათ ერთობლივად შეიმუშავეს ისმაილის განთავისუფლების გეგემა: ხალიფა ანსარის მეომრები ციხიდან მოტყუებით გაიყვანეს და მანამდე, ვიდრე დამხმარე რაზმები მოვიდოდნენ, ციხეს თვითონ დაეპატრონენ. ისმაილმა წერილები გაუგზავნა და დახმარება სთხოვა ახლომდებარე ოლქების ყიზილბაშებს1.
შაჰის სასახლეში კი მოვლენები განვითარდა შემდეგნაირად: ჰეიდარ-მირზა ვერ ხვდებოდა როგორი ხიფათი ემუქრებოდა (ის ხომ ფაქტობრივად ტყვე იყო), მან ჯარისკაცები, ჰარამხანის დაცვა და მსახურები დაასაჩუქრა. შემდეგ შევიდა ჰარამხანის დერეფანში, სადაც სასახლის მცველები ავშარის, შამლუს, ზულყადარის და თორქემანის ტომებიდან, თვალთმაქცურად, გადაჭარბებული მორჩილებით მიესალმნენ. სასახლეში იმყოფებოდა შაჰ თამაზის უფროსი ქალიშვილი ფერიხან-ხანუმი, ქართველი(?) შამჰალის დისწული. მას დავალებული ჰქონდა კარისკაცებთან ერთად აღესრულებინა შაჰის უკანასკნელი სურვილი. მაგრამ ის, სხვადასხვა საშუალებით ცდილობდა, რომ ტახტი არ დარჩენოდა ისმაილს და იგი უკანონოდ დაეკავებინა ჰეიდარ-მირზას. მან ვერ გაბედა პირველს აეტეხა ჩხუბი ან სერიოზული ამბოხება სახელმწიფო მრჩეველებისათვის. ამავე დროს ვერ გადაეწყვიტა თავისი ძმის ჰეიდარის მიმართ დამღუპველი ზომებისათვის მიემართა2. მეორე მხრივ მას არ შეეძლო დაეშვა უსამართლობა ისმაილის მიმართაც, რომელიც მამამ მემკვიდრედ აირჩია. იმყოფებოდა რა ასეთ ორჭოფულ მდგომარეობაში, იგი ცდილობდა ამჯერად პატივმოყვარე ჭაბუკი ჰეიდარი დაეკმაყოფილებინა და იმავე დროს დაეცვა სასახლიდან შორს მყოფი ისმაილის უფლება მამის ანდერძის საპატივცემლოდ და სახელმწიფოს კეთილდღეობისათვის1.
შაჰ თამაზის მიერ ანდერძის დატოვება ტახტის მემკვიდრის შესახებ სხვადასხვა წყაროში სხვადასხვაგვარადაა გადმოცემული და მკვლევართაც განსხვავებული მოსაზრებანი გააჩნიათ. შაჰ თამაზის მიერ ანდერძის დატოვება ისმაილ-მირზას სასარგებლოდ მოცემულია მინადოის2 და დონ ხუან დე პერსიას3 თხზულებებში. ისქანდერ მუნშის თქმით კი, შაჰს უპირატესობა მიუნიჭებია ჰეიდარისათვის, თუმცა იქვე ამბობს, რომ საკამათო გახდა მისი ნამდვილობა. ეჭვობდნენ ანდერძი თავიდან ბოლომდე შაჰმა დაწერა თუ უფლისწულმა ჰეიდარმა და მისმა დამხმარემ ყალბად შეადგინეს4. ბუდა’ ყაზვინის თქმით, სასახლეში ჩაკეტილი ჰეიდარი გაოგნებული იყო და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. ბოლოს „მან საბუთი შეადგინა, რომლის დასაწყისში აღნიშნა, რომ თითქოს ეს მამამისის დაწერილი იყო. ყველა მიხვდა, რომ ეს ყალბი საბუთი იყო“5.
შაჰ თამაზის ანდერძის შესახებ აზრთა სხვადასხვაობაა მკვლევართა შორისაც. ო. ეფენდიევის აზრით, სავარაუდოა, რომ შაჰს არავითარი ანდერძი არ დაუტოვია6. სრულიად მისაღებია ნ. გელაშვილის მოსაზრება, რომელშიც გათ ვალისწინებულია სეფიანთა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობა, შაჰის კარზე შექმნილი ვითარება და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ შაჰ თამაზს აუცილებლად უნდა დაეტოვებინა ანდერძი, რომელშიც თავის მემკვიდრედ ჰეიდარ-მირზა დაასახელა7.
1. Minadoi, p. 6-7.
2. Ibidem.
3. Don Juan de Persia, p. 61 v.
4. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 125.
5. იქვე.
6. Эфендиев О. А., Азербайджанское государство Сефевидов, Баку,1981, с. 125.
7. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 125-126.
ისქანდერ მუნშის გადმოცემით, ჰეიდარის დაღუპვაში დიდი როლი შეასრულა ფერიხან-ხანუმმა. მართალია, ის მტრულად განწყობილი იყო ჰეიდარის მიმართ, მაგრამ შაჰ თამაზის გარდაცვალებისთანავე ეახლა მას და ფეხებზე ემთხვია და იქვე მყოფ უფლისწულის დედას უთხრა: „მოწმე ხარ, რომ ფადიშაჰის ფეხზე კოცნა და გამეფების მილოცვა ჩემთვის არავის დაუსწრია“1.
ფერიხან-ხანუმი „შეუთანხმდა ყველა სულთანს, რომ ჰეიდარი სამეფო სამოსელში გამოწყობილი დაბრძანდეს მთავარ ლოჟაში და დაელოდოს ხალხის მისალმებას. მართლაც, ჰეიდარი ტახტზე აბრძანდა როგორც ხელმწიფე. მისი ასეთი საქციელი განპირობებული იყო განდიდების ყმაწვილური ბრმა წყურვილით. მან დიდების ტახტზე მჯდომმა უკვე წარ მოიდგინა თუ როგორ დატკბებოდა მეგობრების და მტრებისა მზერით, რომლებიც მის წინაშე მორჩილებას გამოაცხადებდნენ და ყველას მოწიწების საგნად გადაიქცეოდა. მაგრამ მის იმედებს ასრულება არ ეწერა ცბიერი მრჩეველებისა და თვალთმაქცი დის მიერ შექმნილი გარემოების გამო. მათი რჩევით დამ ბრძანა, რომ დაუყოვნებლივ დაეკეტათ სერალის ანუ ჰარამხანის ყველა კარი და დაეყენებინათ დარაჯები, ღია დაეტოვათ მხოლოდ კარგად დაცული ერთი ვიწრო და პატარა კარი თამაზისა და ისმაილის ყველაზე ერთგული, გამორჩეული და თავდადებული ოფიცრების მეთვალყურეობით. დაცვას უბრძანეს კარებში გაატარონ ყველა გარდა ჰეიდარ-მირზას მიმდევრების და დამცველებისა. ფერიხან-ხანუმის აზრით, ასე უნდა ყოლებოდათ ჰეიდარი, ვიდრე სასახლეში არ მივიდოდა კანონიერი მეფე - ისმაილი, რომელიც შემდეგ მოიქცეოდა ისე, როგორც მოითხოვდა მისი ღირსება და სახელმწიფოს უშიშროება“2.
ამასობაში დედაქალაქში გავრცელდა ხმა შაჰის გარდაცვალების შესახებ, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია. გამოაცხადეს შაჰ თამაზის უკანასკნელი სურვილიც, რომ ყველა ამირა და სეფიანთა დინასტიის ქვეშევრდომი ჰეიდარ-მირზას უნდა დამორჩილებოდა. მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი უნდობლად შეხვდა ამ ცნობას3. ამასობაში ჰეიდარის მომხრეებმა ასეულის უფროსის ჰუსეინ-ბეგ უსთაჯლუს სახლში დაიწყეს თავმოყრა. მათ მუდმივი კავშირი ჰქონდათ სასახლეში ჩაკეტილ ჰეიდართან წერილების მიმტან-მომტანი ქალების საშუალებით4.
1. იქვე, გვ. 125.
2. Minadoi, p. 8.
3. Hinz W., Op. cit., S. 46.
4. Ibidem.
ჰეიდარის მომხრეთა მთავარი ამოცანა მისი განთავისუფლება იყო. თუ ამას მიაღწევდნენ მაშინ ისმაილის მდგომარეობა სრულიად უიმედო შეიქმნებოდა. ჰეიდარს ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს ტახტის დაკავებაში. მაგრამ ჰეიდარის გასა თავისუფლებლად ბრძოლის დაწყება ძლიერ სახიფათო იყო, რადგან მის მცველ ყიზილბაშებს ყოველთვის შეეძლოთ დაუბრკოლებლად მოეკლათ იგი. ამიტომ ჰეიდარის მომხრეებმა ყველაზე მიზანშეწონილად ლოდინის ტაქტიკა ჩათვალეს. საღამოთი მცველები შეიცვლებოდნენ (შემდეგ ღამეს ჰეიდარის მომხრე უსთაჯლუს ტომის მორიგეობის ჯერი იყო) და სასახლეში შესვლა გაადვილდებოდა. უსთაჯლუს ტომის ბელადმა ალაჰ-ყული სულთანმა წამოაყენა წინადადება: ვიდრე ისმაილ-მირზას მომხრე ჰუსეინ-ყული ხოლაფა რუმლუს სახლში ჯერ კიდევ მრავალ ყიზილბაშს არ მოეყარა თავი, მანამდე იქ მყოფნი გარეთ გამოეტყუებინათ და გაეფანტათ. ალაჰ-ყული სულთნის აზრით, ეს ოპერაცია თუ წარმატებით დასრულდებოდა, მაშინ სასახლის დაცვაც შეშინდებოდა და სასახლის ჭიშკარს გააღებდა1. ჰუსეინ-ყული ხოლაფა რუმლუს სახლში შეკრებასთან დაკავშირებით საინტერესო დამატებით ცნობას გვაწვდის შარაფ-ხან ბიდლისი. სახლში თავი მოუყრიათ მასპინძლისა და შამხლის მომხრეებს და ბევრი უკამათიათ იმაზე, დედით ჩერქეზი რომელი უფლისწული გაემეფებინათ, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ყიზილბაშები დარწმუნდნენ, რომ ამ თავყრილობიდან არაფერი გამოვიდოდა და მთელი იმედი ისმაილ-მირზაზე გადაიტანეს2.
1. Ibidem, S. 50.
2. Шараф-хан Бидлиси, c. 199.
როცა ხოლაფამ გაიგო ჰეიდარის მომხრეთა ამ გეგმის შესახებ, მან გადაწყვიტა დრო მოეგო და ორი კაცი გაგზავნა ჰუსეინ-ბეგთან მოსალაპარაკებლად იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა გამეფებულიყო - ისმაილი თუ ჰეიდარი. ამას გარდა, მან კაცი გაგზავნა ყაზვინიდან ერთი საათის სავალზე, იმ პირობით, რომ იგი სხვა მგზავრებთან ერთად დედაქალაქში დაბრუნდებოდა და ხმას გაავრცელებდა, რომ ისმაილი და მისი მომხრეები მალე მოვიდოდნენ ხელისუფლების დასაპყრობად. ხოლეფას დავალება შესრულდა. ისმაილის მალე გამოჩენის ამბავმა გაამხნევა მისი მომხრე და ერთგული ყიზილბაშები. მრავალმა მათგანმა თავი მოიყარა ხოლაფას სახლთან. ჰეიდარის მომხრეები კი, პირიქით, შეშინდნენ და გადაწყვეტილების შესრულება საღამომდე გადასდეს1. როცა ჰეიდარის მომხრეებმა სასახლეზე იერიში დაიწყეს, უკვე გვიან იყო. მოწინააღმდეგეებს მრავლად მოეყარათ თავი და საშუალება არ მისცეს რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებისათვის მიეღწიათ. ამგვარად, ახლა ჰეიდარის მომხრეები აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში, რადგან მათ მეტოქეებს ყოველთვის შეეძლოთ ჰარამხანაში შესვლა და ჰეიდარის მოკვლა. მისმა მომხრეებმა გამარჯვების იმედი დაკარგეს, ბევრმა მათგანმა ბრძოლაზე ხელი აიღო და სახლს მიაშურა. ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში იყვნენ ჰეიდარის მომხრეები, როცა ზაალ-ბეგი თავისი რაზმებით მოვიდა და სასახლის მთავარ კარს შეუტია, მაგრამ ვერაფერი დააკლო.
ზაალ-ბეგი მიხვდა, რომ ამ გზით სასახლეში შესვლა შეუძლებელი იყო. მაშინ იგი მარტოდმარტო გადაევლო სასახლის გალავანს, ეზოში შეიჭრა, წინ დახვედრილი მტერი ხმლით აჩეხა, კარი ჩამოგლიჯა და თავის რაზმებს ეზოში შეჭრის საშუალება მისცა. ქართველებმა იმძლავრეს, ცულებით დალეწეს რამდენიმე კარი და სასახლის დარბაზებში შეცვივდნენ. ისინი ყველგან დაეძებდნენ ჰეიდარ-მირზას და განუწყვეტლივ ყვიროდნენ: „შაჰ ჰეიდარ! შაჰ ჰეიდარ!“2
1. Hinz W., Op. cit., S. 51.
2. Hinz W., Op. cit., S. 52
შარაფ-ხან ბითლისის თქმით: „განსვენებული შაჰის ქალიშვილმა ფერიხან-ხანუმმა, როცა დაინახა, რომ საქმემ ასეთი მიმართულება მიიღო, სასწრაფოდ თავისი ერთგული კაცი გაგზავნა თავის ბიძასთან დედის მხრივ, ჩერქეზების შამხალთან, ამის შესახებ აცნობა“1. სხვა ცნობით, შაჰ თამაზი გარდაიცვალა თუ არა, ფერიხან-ხანუმი ფეხებში ჩაუვარდა ჰეიდარს, გამეფება მიულოცა და პატიება სთხოვა იმ მტრული მოქმედებოის გამო რაც მან ძმის წინაშე ჩაიდინა 1573 წელს შაჰ თამაზის ავადმყოფობის დროს. ჰეიდარი კმაყოფილი დარჩა დის ასეთი მოქმედებით. სანამდვილეში ფერიხან-ხანუმი მის დაღუპვას ამზადებდა2. მან მაშინვე აცნობა მომხდარი ამბავი თავის ბიძას, ჩერქეზთა მბრძანებელ შამხალს და გააფრთხილა, რომ თუ დაუყოვნებლივ არ მიიღებდა გადამწყვეტ ზომებს, მაშინ მთელი ხელისუფლება ქართველი ხანების ხელში გადავიდოდა3. შამხალი ჰუსეინ-ყული-ხოლეფა რუმლუ, ამირა ასლან-ბეგ აფშართან, თაქელუს, ავშარის თურქმენების და ქურთების ტომებთან ერთად დაუყოვნებლივ შუაღამისას სრული აღჭურვილობით მოვიდ ნენ დოღის ჭიშკართან, ქვეითად და ამხედრებულები და იარღის ძალით შეაღწიეს ჰარემის ბაღში4.
როცა ჰუსეინ-ბეგ იუზბაშმა, უსთაჯლუს ტომებმა და ქართველებმა გაიგეს ისმაილის მომხრეთა სასახლესი შეჭრისა შესახებ, მათაც სასახლეზე იერიში მიიტანეს დივანის ჭიშკრის მხრიდან, რომელიც ცნობილი იყო ალა-კაპუს სახელით. სასახლის დაცვამ ჭიშკარი დაკეტა და არ მისცა მათ სასახლეში შესვლის უფლება5.
1. Шараф-хан Бидлиси, c. 229.
2. Malcolm, S. 20.
3. Hammer, S. 474.
4. Шараф-хан Бидлиси, c. 229.
5. Minadoi T., p. 9. ფერიხანმა ჰეიდარს „ურჩია, რომ გაქცეულიყო და დამალულიყო ქალების სასახლეში, რომელსაც თურქები სერილს ეძახიან, სპარსელები კი - ჰარემს“. Don Juan de Persia, p. 62 r.
ჰეიდარმა მხოლოდ მაშინ იგრძნო ხიფათი, როდესაც გაიგონა თავისი ფავორიტი ზაალ-ხანის მუქარიანი ყვირილი. ის ემუქრებოდა ყველას, ფერიხანს, სულთნებს და საერთოდ ყველას, ვინც ჰეიდარი ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა. „გაიგო რა ეს საყოველთაო დაცინვა და შეიგნო თავისი უბედურება, იგი მდუმარედ გაეცალა მის ირგვლივ არსებულ პატივს და ხელმწიფის ნაცვლად, რომელსაც ახლახან გონებდა თავის თავს, გადაიქცა მხოლოდ გაქცევაზე მაფიქრალ, დანაღვლიანებულ და შეშინებულ კაცად. მან მოახერხა ქალთა სერილში დამალვა იმ იმედით, რომ რაიმე დახმარებას მიიღებდა სიცოცხლის გადასარჩენად“1.
ჰეიდარ-მირზა ვარაუდობდა, რომ მისი მტრები ვერ გაბედავდნენ ჰარამხანაში შესვლას და ამიტომ გადაწყვიტა თავი იქ შეეფარებინა. ჰეიდარ-მირზა, როგორც შარაფ-ხან ბითლისი ამბობს, ზოგიერთი უგუნურის რჩევით, ქალის სამოსელში ჩაცმული, რამდენიმე ქალის თანხლებით იმედოვნებდა სასახლიდან გაღწევას და თავის მომხრეებთან მისვლას, რათა თავი დაეღწია შამხალის და შფოთისთავების სიბოროტისაგან, მაგრამ ჩერქეზმა მსახურებმა ყოველივე აცნობეს შამხალს.
ამასობაში, სასახლეში მყოფთა მიმართ გაძლიერდა მუქარა ჰეიდარის მომხრე უსთაჯლუს ტომის მხრიდან. ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, რათა ყოველგვარი იმედი მოესპოთ მეამბოხეებისათვის, სულთნებმა, ფერიხანთან შე თანხმებით, გადაწყვიტეს ჰეიდარის მოკვლა.
ვიდრე ქართველები ჰეიდარს ეძებდნენ, სასახლის მეორე მხრიდან, ჰარამხანის ბაღში შევიდნენ ხოლაფა და ჩერქეზთა შამხალი, რომელთაც ხელთ ჰქონდათ ფერიხან-ხანუმის მიერ მიცემულა გასაღები. ისინი შევიდნენ ჰარამხანის ბაღში, და მოურიდებლად ეძებდნენ ჰეიდარს შეშინებულ ქალებს შორის. ჰეიდარს უკვე სულ ახლოდან ესმოდა თავისი მომხრეების ხმა. მას ისღა დარჩენოდა გადაეკვეთა ეზო და სხვა შენობაში შესულიყო, როცა ჰარამხანის ერთ-ერთმა მცველმა, ალი-ბეგმა შამლუს ტომიდან იცნო იგი და დაიძახა: „აქეთ, აქ არის ის ვისაც ეძებთ!“ მაშინვე მოვარდნენ გამზიდ-ბეგი, უფლისწულ სოლეიმანის „საჭურველთმტვირთველი“და ასეულის უფროსი დალილხან-ბეგი, რუმლუს ტომიდან. ისინი თავს დაესხნენ ჰეიდარს, გარეკეს მის ირგვლივ შემოკრებილი ქალები, შემოახვიეს თავზე საფარებელი და ხოლაფას და ჩერქეზების მეთაურის - შამხალის ნიშანზე, დალილ-ბეგმა ხანჯლით მოკლა ჰეიდარი და თავი მოაშორა სხეულს2.
1. Hinz W., Op. cit., S. 52.
2. შარაფ-ხანით, შამხალმა კი არ მოკლა ჰეიდარ მირზა, არამედ ერთ-ერთმა ჩერქეზმა ღოლამმა. (Шараф-хан Бидлиси, c. 229). დე პერსიას მიხედვით კი, ფერიხანხანუმმა და ზაალ-ხანმა (უნდა იყვეს შამჰალი) ჰარემში მოკლეს ჰეიდარ-მირზა. (Don Juan de Persia, p. 62 r). ბუდა’ ყაზვინი კი ამბობს, რომ ჰეიდარი ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ იუზბაშმა რუმლუმ მას თავი მოჰკვეთა. (გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 127).
ჰეიდარის დაღუპვის სცენას გარკვეული განსხვავებით აღწერენ თომაზო მინადოი და შარაფ-ხან ბითლისი. ისიც უნდა ითქვას, რომ მინადოის, რატომღაც შამხალი ჰეიდარის ბიძა და ქართველი ჰგონია. „მაშინ ქართველმა (?) შამხალმა, [ჰეიდარის] ბიძამ, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, ბოლოს მონახა იგი ქალებში დამალული და სრულიად შეუბრალებლად დასწვდა თმებში და ტანს მოაცილა თავი1. როდესაც ზაალ-ხანი და უბედური ჰეიდარის სხვა მომხრეები ხმაურობდნენ და იმუქრებოდნენ, [შამხალმა] სქლად შეჯგუფებულ მოწინააღმდეგეთა შორის [ჰეიდარის] გასისხლიანებული, ჯერ კიდევ თითქმის მფეთქავი, თბილი თავი გადააგდო და მიძახა: „აი თქვენი ხელმწიფე, გაიხარეთო!“ თავდაპირველათ, ასეთმა საშინელმა სანახაობაამ იქ დამსწრეთა უდიდესი რისხვა და მძვინვარება გამოიწვია და ისინი სასტიკი შურისძიებით იმუქრებოდნენ. მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდნენ ბრძოლის გაგრძელების უაზრობაში და ახლა უკვე ყოველი მათგანი თავის გადარჩენაზე ფიქრობდა“2.
ზემოთ მოთხრობილ ამბავს შარაფ-ხან ბიდლისი გადმოგვცემს შემდეგნაირად: „იმ დროს ჰუსეინბეგ იუზბაშიმ თავის მომხრეებთან ერთად ცულებითა და სეკირებით ალი-კაპუს ჭიშკარი დაამტვრია და დივან-ხანაში შეიჭრა. ზაალ-გურჯიმ რამდენიმე გულადთან ერთად სასახლეს შეუტია. შამხალმა მათ სულთან ჰეიდარ-მირზას მოკვეთილი თავი გადმოუგდო. ქართველებმა ბრძოლა და ანგარიშსწორება გააჩაღეს ჰარემის ბაღში, მაგრამ იმ შეუპოვარ რაზმის წინამძღოლი ზაალ გურჯი ტყვიით განგმირული დაეცა და იმ მედიდურმა კრებულმა მარცხი განიცადა“3.
სხვა ცნობით ზაალ-ბეგი ბრძოლის დროს დაიჭრა და შინ დაბრუნდა. მან იმავე ღამეს წერილი გაუგზავნა ხალიფა ანსარს და ჰეიდარ-მირზას დაღუპვისა და თავისი დაჭრის ამბავი აცნობა1. ხალიფა ანსარი დაუყოვნებლივ ალამუთის ციხისაკენ წავიდა, რომელიც, როგორც ითქვა, ისმაილმა და მისმა მომხრეებმა დაიპყრეს.
1. Minadoi T., p. 9.
2. Ibidem.
3. Шараф-хан Бидлиси, c. 230.
გათენებისას ორივე შაჰის გვამი, მამისა, რომელმაც ნახევარი საუკუნე იმეფა და შვილის, რომელმაც მხოლოდ ნახევარი ღამე, სასახლის ჭიშკართან გამოიტანეს2.
მეორე დღეს დილიდანვე ისმაილის მომხრეებმა მოწინააღმდეგეებისადმი ანგარიშსწორება დაიწყეს. ზაალ-ბეგი, ფაროხ-ბეგი (უმაღლესი ხაზინადარი, ქართველი) და დამარცხებული უფლისწულის სხვა მრავალი მომხრე შეიპყრეს და ციხის წინ დასაჯეს3. ალი-ხან ბეგი, ქართველი დიდებული, ჰეიდარ-მირზას ბიძა, ზაალ-ბეგის ძმა, გაიქცა და სამშობლოში დაბრუნდა. მუსტაფა-მირზამ და ჰუსეინბეგმა ლურესთანს შეაფარეს თავი. სადრ ად-დინ ხანს და სეიდ-ბეგ ქამუნეს ბორკილები დაადეს და საპყრობილეში ჩაყარეს4. ჰუსეინბეგ უსთაჯლუ, აღმზრდელი დედით ქართველი უფლისწულების - მუსტაფასი და იმამყულისა, ამ უკანასკნელებთან ერთად ჰარამხანიდან გამოიჭრა და რამდენიმე მხედართან ერთად ყუმისა და ქაშანის მიმართულებით გაიქცა, რათა ერთ-ერთი უფლისწული იქ გაემეფებინა5. მათი შემდგომი ბედი უცნობია. მას შემდეგ რაც ყიზილბაშებმა შაჰის ტახტზე უკეთესი კანდიდატი ვერ გამონახეს, ისინი ჯგუფ-ჯგუფად გაემართნენ კაჰკაჰეს ციხისაკენ რათა გამოეხატათ თავიანთი ერთგულება ისმაილის მიმართ.
1. Hinz W., Op. cit., S. 54.
2. Hammer J., S. 475.
3. Hinz W., Op. cit., S. 53.
4. Ibidem.
5. Hammer J, S. 475.
ჰუსეინ-ყული-ხოლეფა რუმლუმ და შამჰალმა, როცა დაინახეს, რომ ყიზილბაშთა ტომების ერთგულებამ და იმედმა ისმაილის მიმართ თავის აპოგეას მიაღწია, იძულებულნი გახდნენ ისმაილთან გაეგზავნათ ჰეიდარ-სულთან თორქემანი და მისი საშუალებით გამოეხატათ თავიანთი წმინდა ზრახვები. პირველ რიგში აცნობებდნენ, რომ ჰეიდარ-მირზას მოკვდინება განპირობებული იყო მხოლოდ ისმაილის მიმართ სიყვარულით. ამჟამად მისი მონები - ჰუსეინ-ყული-ხოლეფა რუმლუ და შამხალი, სახელმწიფო ხაზინას იცავენ და ისმაილის მისვლას ელოდებიან.
ათი დღის განმავლობაში კაჰკაჰეს ციხესთან თავი მოიყარა დაახლოებით 30 ათასმა ქვეითმა და ცხენოსანმა. ისმაილმა, უსთაჯლუს ტომის და ხალიფე ანსარის შიშით, ვაითუ მათ რაიმე მზაკვრობა ჰქონდეთ ჩაფიქრებულიო, ციხის კარიბჭე დაკეტა და ისინი არ შეუშვა. როცა იგი საბოლოოდ დარწმუნდა ყიზილბაშების ლოიალობაში, დამშვიდდა და ყაზვინში წავიდა1.
ყოველივე ის, რაც ზემოთ ითქვა, ლაკონურად, მაგრამ ზუსტათ გადმოცემულია „მესხურ მატიანეში“: „ქკნსა სოდ, მაისსა იე, დღესა სამშაბათსა ყაენი შაჰ-თამაზ მოკუდა და უსტაჯალუანთა და იოთამიშვილმან ალიხან სულთან ჰაიდარმირძას ბატონობა მოინდომეს; ჯარგაზმა - შამხალ-ავშართა, და ვინც მათი ოიმახი იყო, მიუხდეს, აიდარმირზა მოკლეს, უსტაჯალუანი ამოსწყუიტეს და ისმელ მირძის გამოსაყუანლად კაცი გაგზავნეს. და ამავე ქრ-კნსა და ამავე მაისსა კბ მისი შუილი შაისმაელი - ტყუედ ჯდა ციხეს ყაჰყაას და გამოიყუანეს დღესა სამშაბათსა და კვ არდაველს ქალაქში მოვიდა და კე ყაზმინისკენ წავიდა“2.
„მესხური მატიანე“, როგორც ჩანს, სხვა წყაროებისაგან, სპარსულისგანაც კი, განსხვავებულ ცნობებს შეიცავს. ისმაილი 22 მაისს, სამშაბათს გამოვიდა კაჰკაჰეს ციხიდან, 26 მაისს არდებილში მივიდა და მხოლოდ იმავე თვის 28-ში უკვე ყაზვინში იყო.
საინტერსოა, ისმაილმა რატომ გაიგრძელა გზა და ჯერ არდებილს ეწვია და პირდაპირ სატახტოში არ წავიდა? ამაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ გასაგები გახდეს ქართული „მესხური მატიანის“ და, საერთოდ, ქართული წერილობითი წყაროების სანდოობის ხარისხი, რის გათვალისწინებაც შემდგომში დაგვჭირდება.
ისმაილის არდებილში მისვლის მიზანზე, თვისა და რიცხვის მითითების გარეშე, ვიგებთ შარაფ-ხან ბითლისის თხზულებიდან.
1. Шараф-хан Бидлиси, с. 230-231.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 42-43.
ვიდრე სპარსულ წყაროს გავეცნობოდეთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ ყიზილბაშებისათვის არდებილი წმინდა ქალაქად ითვლებოდა. იქ არის სეფიანთა ორდენის დამაარსებლის სეფი ალ-დინ ისხაკის (1252-1334) და სეფიანთა ყიზილბაშური სახელმწიფოს დამაარსებლის შაჰ ისმაილ I-ის (1502-1524) საფლავები. შარაფხან ბითლისი არ ასახელებს, მაგრამ გულისხმობს არდებილს, როცა ამბობს, რომ ციხიდან გამოსული ისმაილი შეიხ სეფის და დიდებული წინაპრების საფლავებთან მივიდა და დალოცვა ითხოვა, ამის შემდეგ გაეშურა ის ყაზვინისაკენ1, სადაც, როგორც „მესხური მატიანე“ გვამცნობს, მივიდა 28 მაისს.
ამგვარად, გაიმარჯვა ისმაილ-მირზამ, რომელი „იყო კაცი მესისხლე და მრავალი კაცნი დახოცნა“2. მართლაც, საშინლად სისხლიანი იყო ისმაილის ყაზვინში მისვლა და გამეფება. მან, პირველ რიგში, უმცროსი ძმები დახოცა, ყველა ხანი და სულთანი, ვინც ჰეიდარის მომხრე იყო, არც ერთი ცოცხალი არ დატოვა3. მისი რეპრესიული ღონისძიებები არ შეხებია მხოლოდ უფროს ძმას - მოჰამედ ხუდაბენდეს. ძნელია იმის თქმა, რით იყო გამოწვეული მისადმი ისმაილის ასეთი დამოკიდებულება. შეიძლება, მოჰამედს ისიც არ თვლიდა ტახტის მოცილედ მისი ფიზიკური და სულიერი მდგომარეობის გამო. ამას ალბათ ისიც ემატებოდა, რომ ისინი, სპარსული წყაროების მიხედვით, ერთი დედის შვილები იყვნენ (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ).
1576 წლის 27 აგვისტოს ისმაილის სამეფო ტახტზე ხელდასხმა მოეწყო. იგი ამის შემდეგ ცნობილია ისმაილ მეორის სახელით. მან, მიუხედავად ქართველებისადმი საფუძვლიანი უკმაყოფილებისა, მათდამი მაინც დიდი ყურადღება და კეთილგანწყობა გამოიჩინა, რაც სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული.
1. Шараф-хан Бидлиси, c. 231.
2. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 371.
3. Don juan de Persia, p. 62 .
უპირველესყოვლისა, ქართველები, რომლებმაც მარცხი განიცადეს შაჰის ტახტისათვის ბრძოლაში, მაინც სერიოზულ სამხედრო და პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ და მათი გულის მოგებას ცდილობდა. იმავე დროს, მას საკმაოდ კარგი პირადი ურთიერთობა ჰქონდა ირანში მცხოვრებ ზოგიერთ ქართველთან. ხელდასხმის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ალამუთის თუ კაჰკაჰეს ციხიდან გამოიყვანეს ქართლის მეფე სვიმონ I, რომელმაც მომავალ შაჰთან ერთად მრავალი წელი გაატარა ტყვეობაში. როგორც ცნობილია, იმავე ციხეში იმყოფებოდა კახეთის უფლისწული იესე, რომელმაც ასევე თავისუფლება მიიღო. ცერემონიალის დროს სვიმონი და იესე დიდი პატივით სარგებლობდნენ. ამაზე მიუთითებს ის ადგილი, რომელიც მათ ცერემონიალის დროს მიუჩინეს. მისალოცად მივიდნენ ჯერ უფლისწულები და მაღალი სასულიერო წოდების წარმომადგენლები. მათ მიჰყვებოდნენ სვიმონ მეფე და იესე, შაჰ-როსტომ ლური და გამოჩენილი ყიზილბაში ამირები, მაზანდარანის გამგებელი მირზა მოჰამედ-ხანი, არაბისტანის გამგებელი სეიდ საჯადი და სხვები, რომელთაც წილად ხვდათ შაჰის ფეხზე მთხვევის პატივი. სულ ბოლოს მოდიოდნენ „ფრანკი“ ელჩები, სახელდობრ, პორტუგალიის მეფის დიდი ელჩობა, რომელსაც მეთაურობდა მიგუელ დე აბრუე დე ლიმასი1.
შაჰ ისმაილ II -მ იმეფა მცირე ხანს, დაახლოებით 1 წელიწადი და 6 თვე (1576.27.08-1577.25.11 ). ის ირანის ისტორიაში ცნობილია როგორც ვერაგი და დაუნდობელი. ციხიდან გამოსვლისთანავე მან სიკვდილით დასაჯა უსთაჯლუს ტომის ის წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებულნი იყვნენ ჰეიდარის მომხრეობაში. გამეფებისთანავე კი დახოცა ძმები, ბიძაშვილები და ძმისშვილები. გადარჩნენ მხოლოდ მისი ღვიძლი ძმა მუჰამედი და მისი შვილები ჰამზა მირზა და აბას-მირზა. ისმაილმა მოგვიანებით აბასის მოკვლაც განიზრა, მაგრამ თვითონ გარდაიცვალა და ასე გადარჩა მომავალი შაჰ აბასი. საერთოდ მის რეპრესიებს 12 ათასი კაცი შეეწირა2.
1. Morley W.H., A descriptive Catalogue of the Historial Manuscropts… preserved in the library of the Royal Asiatic Society, London, 1854, # 136, p. 335; Francesco Manuel Alves, Catalogo des Manuscritos de Simancas respeitantes a Historia Portuguesa, in: O Istituto, vol. 82, serie 4. Coimbra, 1931, p. 479; Hinz W., S. 62.
2. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 129-130.
მოსახლეობაში პოპულარობით არ სარგებლობდა შაჰ-ისმაილის ხან მოკლე მეფობისას გატარებული ღონისძიებებიც. ამ მხრივ შიიტი ყიზილბაშებისათვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო ისმაილის ის რელიგიური პოლიტიკა, რომლითაც ირანში უპირატესობას სუნიტები იღებდნენ. ისმაილ II-ის სუნიზმით დაინტერესება, როგორც მინადოი ამბობს, დაიწყო მისი პატიმრობაში ყოფნის დროიდან1. ამან, შეიძლება ითქვას, გადაწყვიტა ისმაილ II-ის ბედი. როგორც შარაფ-ხან ბითლისი ამბობს „განსჯის უნარს მოკლებულმა [ისმაილმა], რომელსაც ჯერ კიდევ არ მიეღწია დამოუკიდებელი და სუვერენული ხელისუფლებისათვის, თავისი მამებისა და პაპებისაგან განსხვავებით, აკრძალა სუნიტი შეიხების კიცხვა... მოისურვა ისე წარემართა საქმე, რომ სახელმწიფოში ყველა თავის რწმენას მიჰყოლოდა და ერთმანეთის საქმეებში არ ჩარეულიყვნენ“. შემდეგ ისტორიკოსი დასძენს, რომ ყიზილბაშებმა ისმაილის მოქმედებაში ერესი დაინახეს. მისადმი ზიზღით განიმსჭვალნენ, მისი დაღუპვა განიზრახეს და ამ საქმეში მისი ცოლი ფერიხან-ხანუმიც კი ჩააბეს2.
შარაფ-ხან ბითლისის მიხედვით ამ დროს ორი ფერიხან-ხანუმი იყო. ერთი შაჰ თამაზის ასული, მეორე კი - ისმაილ II-ის ცოლი3. შეთქმულთა შორის იყო უკანასკნელი და არა პირველი, როგორც ნ. გელაშვილს ჰგონია, რომელიც იმავე ისტორიკოსს იმოწმებს4. სხვათაშორის, ისმაილის მოწინააღმდეგედ მის დას ასახელებს „კარმელიტების ქრონკა“5, მაგრამ ვფიქრობ უპირატესობა უნდა მიენიჭოს შარფხან ბიდლისს, რომელიც 1578 წლამდე შაჰის კარზე იმყოფე ბოდა დიდ პატივში და ახლოს იცნობდა იმ ადა მიანებს, რომლებზეც ის წერდა.
1. Minadoi, p. 5.
2. Шараф-хан Бидлиси, c. 233.
3. Тамже, с. 229, 233.
4. გელაშვილი ნ., დასახ. ნაშრ., გვ. 130, 135.
5. A Cronicle of the Carmelites in Persia, p. 57.
6. Ibidem.
ისმაილს სუნიზმის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებაც განუზრახავს, რაც მის წინააღმდეგ შეთქმულების მიზეზი გამხდარა6. ბერი ეგნატაშვილის მიხედვით, ისმაილ I -მა მხოლოდ ექვსი თვე იმეფა1. შაჰ თამაზი გარდაიცვალა 1576 წლის 14 მაისს. იმავე წლის 27 აგვისტოს გამეფდა ისმაილ II. ანონიმი ვენეციელის თქმით, იგი მოკლეს ალამუთის „ტყვეობიდან გათავისუფლების წელსვე, ოქტომბერში“2. მითითებული წელი სწორი არაა, მაგრამ სინამდვილესთან ახლოს უნდა იყვეს თვე (ოქტომბერი). როგორც ცნობილია, ისმაილ II-მ ამ დროს ტყვეობიდან გაათავისუფლა ქართლის მეფე სვიმონ I და იესე ბატონიშვილი. ქართული წყაროები არაფერს ამბობს ქართველების მონაწილეობაზე ისმაილის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში. ფარსადან გორგიჯანიძე მხოლოდ აღნიშნავს, „რომ შაჰ ისმეილ საწამლავით მოაკვდინეს“3.
ბერი ეგნატაშვილიც ყიზილბაშების მიერ შაჰ ისმაილის მოკვლის მიზეზად მის რელიგიურ პოლიტიკას ასახელებს: „და შეიძულეს ყიზილბაშთა და რჯულით სუნობასაც ეწამობოდენ, და ექუს თუეს იბატონეს და მოკლეს“4. ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტში მცირეოდენი დამატებით ნათქვამია, რომ „ესე შაჰ ისმაილ იყო კაცი უწყალო და მსმელი სისხლისა. ამისთვის არა ინებეს ყიზილბაშთა უფლება მისი, და ეწამებოდენ სჯულითა სუნობასა. და თუესა მეექუსესა მოწამლვით მოკლეს ყიზილბაშთა შაჰ ისმაილ ყაენი, გიორგობის-თვის კგ“5 (23 ნოემბერი). შაჰ ისმაილის გარდაცვალების ამბავი სამ ცხეში შეიტყვეს 13 დეკემბერს, მაგრამ მთავრის კარზე საეჭვოდ მიიჩნიეს და კაცი გაგზავნეს ყაზვინში ამბის გადასამოწმებლად. წარგზავნილის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ისმაილი გარდაცვლილა 23 ნოემბერს6.
1. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 371.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 17 .
3. ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია, გვ. 221.
4. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 371.
5. იქვე, გვ. 520.
6. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 46.
ისმაილ II-ის სიკვდილის გარემოებანი ზუსტად დადგენილი არ არის. არსებობს რამდენიმე ვერსია. დონ ხუან დე პერსიას მიხედვით, ისმაილის „დამ და სულთნებმა მისი მოკვლის გეგმა ისე სწრაფად დააწყვეს, რომ ერთ ღამეს, როცა ჰარამხანაში შევიდა ქალის ტანსაცმელში გადაცმულმა სულთნებმა მოკლეს“1. მეორე ვერსიით, იგი ოპიუმის ჭარბი მოხმარების შედეგად დაიღუპა. მესამე ვერსიას გვთავაზობს ანონიმი ვენეციელი: „ისმაილის ერთერთმა საყვარელმა შური იძია მოკლული მამის გამო და მას მოწამლული თრიაქი მისცა“26. შაჰ ისმაილ II -ის მოკვლის კიდევ ერთი ვერსია დაკავშირებულია ქართველებთან.
ახლაც, როგორც შაჰ თამაზის სიკვდილის შემდეგ, დაიწყო მითქმა-მოთქმა. შაჰ ისმაილის სიკვდილის ამბავთანაც დაკავშირებულნი აღმოჩნდნენ ქართველები. როგორც ჩანს, ისმაილ II-ის მოულოდნელ და ბურუსით მოცულ სიკვდილში ქართველების მონაწილეობის შესახებ ფართოდ იყო ცნობილი და ოსმალებისთვისაც არ ყოფილა საიდუმლო. ამის თქმის საფუძველს, უწინარეს ყოვლისა, გვაძლევს საქართველოს წინააღმდეგ წამოსული ოსმალეთის ჯარის სარდლის ლალა მუსტაფა ფაშას მიერ არზრუმიდან შაჰ-ხუდაბენდესადმი გაგზავნილი წერილი (1578 წლის ივლისი). მასში ოსმალეთის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების საბაბად დასახელებულია ქართველების მიერ შაჰ ისმაილ II-ის მოწამვლა: „დიდად ბრწყინვალე ირანის შაჰო! მე, ლალა მუსტაფა ფაშა, ვეზირი და მთავარსარდალი სულთან მურადის, ოსმალეთის იმპერატორის მთელი ჯარებისა, თქვენ გაცნობებთ, რომ აქ მოსული ვარ 300 000 ცხენოსნით, 600 ქვემეხით, 6 ათასი იანიჩარითა და არკებუზერით, რომ დავსაჯო ისინი, ვინც თქვენი ძმის ისმაილის მოწამვლაში დამნაშავენი არიან და ამისათვის ქრისტიანი ქართველების ქვეყანა უნდა დავიკავო. ხოლო თუ თქვენი უდიდებულესობა გზას გადამიღობავს და ამ ხალხის დაცვას შეეცდება, მაშინ ჩემი ბატონის მითითების თანახმად იძულებული ვიქნები თქვენც შეგებრძოლოთ “3.
1. Don Juan de Persia, p. 62 v – 63 r. იხ. აგრეთვე, Hammer J., Op. cit., II, S., 473-474.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები, გვ. 16.
3. Cronicle of the Carmelites in Persia, p. 62. შერეფხან ბიდლისი აღწერს იმ ვითარებას, რომელიც შეიქმნა ირანში შაჰ ისმაილ II-ის სიკვდილის შემდეგ: ყიზილბაში ამირები აღარ ემორჩილებიან ახლად გამეფებულ მოჰამედ ხუდაბენდეს და ქვეყანა ერთმანეთში გაინაწილეს სამართავად, ხაზინა კი გაძარცვეს. ოსმალეთის სულთანმა კარგად იცოდა ყოველივე ეს და თავისი დიდი ხნის განზრახვის, სპარსეთის სახელმწიფოს განადგურების შესახებ, აღსრულება გადაწყვიტა (Шараф-хан Бидлиси, c. 234-235). თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი ოსმალების მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებას, აგრეთვე, ისმაილის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარებით ხსნის. ირანში შექმნილი ვითარება სულთნის კარმა თავისთვის ხელსაყრელად მიიჩნია (იბრაჰიმ ფეჩევი, გვ. 36).
კატეგორიულად იმის მტკიცება ან უარყოფა, რომ ქართველები მონაწილეობდნენ ან დაინტერესებულნი იყვნენ ისმაილ II-ის სიკვდილში, დღეისათვის ცნობილი წერილობითი წყაროების მიხედვით ძნელია. მაგრამ გვაქვს არაპირდაპირი ორიოდე ცნობა, რომელიც საცნაურს ხდის ქართველთა კავშირს სასახლის გადატრიალებასთან. ამას გვაფიქრებინებს 1576 წლის 3 ოქტომბერს, ჰაბსბურგების იმპერიის ელჩის დავიდ უნგანდის წერილი, რომლითაც ის უნგრეთის მეფე მაქსიმილიანეს აცნობებდა, რომ ახალი შაჰი ისმაილი თავრიზში ჯარს აგროვებდა, მაგრამ ვის წინააღმდეგ გაუგებარი იყო. ელჩის ვარაუდით, შაჰი იმ მეამბოხე ძმის მორჯულებას ცდილობდა, რომელიც „იმ ქართველებთან გაიქცა, რომლებიც თურქეთის მხარეს დგანან. თუ ისმაილი მათ დაესხმის თავს, ცხადია ომი გაჩაღდება. მაგრამ ამჟამად ამის შესახებ რაიმე კონკრეტული ცნობები არ მომეპოვებაო“1.
1. ტარდი ლ., უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობა XVI საუკუნეში, გვ. 129.
საინტერესოა, აგრეთვე, ინგლისელი თომას ჰერბერტის ერთი ცნობა, საიდანაც ჩანს, რომ ქართველები შაჰის ტახტის დაკავებაში ეხმარებოდნენ შაჰ-ხუდაბენდეს. „1578 წელს შაჰ თამაზი ყაზვინში გარდაიცვალა 68 წლის ასაკში, იმეფა დაახლოებით 50 წელი და სურდა, რომ მისი მემკვიდრე ყოფილიყო მისი ვაჟი მუჰამედი. მას დარჩა 12 ვაჟი და 3 ქალიშვილი: მუჰამედი, ისმაილი, სულეიმანი, ემანყული, მურადი, მუსტაფა, ალი, ჰემედი, იბრაჰიმი, ჰამზა და იზმა-ხანი. ისმაილმა, რომელიც მაშინ კაჰკაჰეს [ციხეში] იმყოფებოდა, თავისი ჭკვიანი დის ფერიხან ხანუმის და შამჰალ-ხანის მხარდაჭერით დაამარცხა ჰეიდარი, რომელმაც თავისი თავი მეფედ გამოაცხადა. მან თავი მოჰკვეთა სხვა ძმებსაც. იგი ფიქრობდა ასევე მოქცეოდა მუჰამედს, მაგრამ იგი გაიქცა საქართველოში, შეკრიბა ქურთებისა და ქართველების 12 ათასი მხედარი და დაბრუნდა ისფაჰანში, სადაც ისმაილი მისსავე საწოლში მოკლა ფერიხან-ხანუმმა“1. ასე იყო თუ ისე, შაჰ მოხამედ ხუდაბენდე ოსმალეთში (შეიძლება, სხვაგანაც) ცნობილი იყო როგორც თავისი გვირგვინოსანი ძმის, ისმაილის მკვლელი.
ძნელია უნგრელისა და ინგლისელის ნათქვამის გაზიარება, მაგრამ ისიც საეჭვოა, რომ სრულიად უსაფუძვლოდ შექმნილიყო ზემოაღნიშნული ცნობები. რა თქმა უნდა უნგრელი ელჩის ცნობაში ისმაილის ცოცხლად გადარჩენილი ერთად-ერთი უფროსი ძმა მოჰამედ ხუდაბენდე უნდა იყოს. ბუნე ბრივია კითხვა: რა კავშირი უნდა ჰქონოდა მოჰამედ ხუდაბენდეს, საერთოდ, საქართველოსთან ან მის რომელიმე სამეფო-სამთავროსთან? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში ვერ დაგვეხმარება ვერც ერთი სპარსულენოვანი წყარო, მაგრამ ქართულ ნარატიულ წყაროს თუ მივმართავთ, მაშინ ზოგიერთი ვარაუდის გამოთქმა შეიძლება.
როგორც ითქვა, ისმაილ II-ემ ტყვეობიდან გაათავისუფლა ქართლის მეფე სვიმონ I და კახეთის უფლისწული იესე. ისმაილის გარდაცვალებამ საგონებელში ჩააგდო სვიმონ მეფე. ირანში ანარქია დაიწყო და ასეთ დროს ყველასათვის ცნობილი იყო ისამაილისა და სვიმონის ახლო, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობა. ამავე დროს (1578 წ.) დაიწყო ირან-ოსლმალეთის ომი. ომის მთავარ ასპარეზად ამიერკავკასია, განსაკუთრებით, ქართლის სამეფო გადაიქცა. ქართლის სამეფოში კრიტიკული ვითარება შეიქმნა დაუთ-ხანის უუნარო მმართველობის შედეგად.
ოსმალები შევიდნენ თუ არა ქართლში დაუთ-ხანმა გაქცევით უშველა თავს. სვიმონმა სწორად შეაფასა თავისი და ქართლის სამეფოს მდგომარეობა და ახალ შაჰს სთხოვა სამშობლოში გაეშვა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო შაჰ-ხუდაბანდეს დედის, შალიკაშვილის ქალის და სვიმონ მეფის შეხვედრა რასაც, ბერი ეგნატაშვილი მოგვითხრობს: „შაჰ-მოჰამედ ხუდაბენდეს დედამ მოიყვანა, ოთარ შალიკაშვილი ქალმან, მეფე სვიმონ, ვითარცა წესი არის, ქართველთა დედანი ლეჩაქს მოახუევენ - და იგიცა ქართველი იყო, მანცა ეგრათვე ყო და წარმოუგზავნა ლეჩაქი თვისი და მოუმცნო: „მეფე სვიმონ, გწადდეს ლეჩაქი ესე აიღეო და გწადდეს ვირმალიო, ჩუენც მოგუეხმარე და შენს საბატონოსაცა“, და მისცა ნიჭი მრავალი და სამოსელი სამეფო და წარმოაგზავნა თვისსა ქართლად და წარმოვიდა“1.
1. Relation du Voyage de Perse et des Indes Orientales. Traduit de l’Anglois de Thomas Herbert, Paris, 1663, p. 451.
საინტერესოა რამდენად შეეფერება სიმართლეს მუჰამედ ხუდაბენდეს დედის ქართველობა? ზემოთ გავეცანით შარაფ-ხან ბითლისის ნათქვამს, რომ ხუდაბენდე და ისმაილი ერთი დედის, ისა-ბეგ თორქემანის ქალის შვილები იყვნენ2. შარაფ-ხან ბითლისის ეს ცნობა გაზიარებულია თითქმის ყველა მკვლევრის მიერ, როგორც სხვაგან, ასევე ჩვენთანაც.
უკვე ითქვა, რომ შაჰ თამაზს, სპარსული და ევროპული წყაროების მიხედვით, რამდენიმე ქართველი ცოლი ჰყავდა. ქართული წყაროები კი შაჰ თამაზის ერთ ცოლს, მოჰამედ ხუდაბენდეს დედას მიიჩნევს ქართველად, შალიკაშვილის ქალად. ბერი ეგნატაშვილის თხზულებაში ნათქვამია: „ხოლო ამას ჟამსა შინა მოიპოვა ღონე ესე შაჰ თამაზ: ეზრახა ათაბაგს ქაიხოსროს და სთხოვა ცოლად ტომისაგან თვისისა, ხოლო ათაბაგს თვისი არა ჰყვანდა რა, და ენათესავებოდა ოთარი შალიკაშვილი ათაბაგსა, ამისთვის ნებაყოფლობით გამოართუა ქალი და ნათესავად თვისად გაუგზავნა ყაენსა და ყაენმან შეირთო ცოლად. და რაჟამს შეირთო, ესე იყო საყვარელ ყაენისა, შეიქმნა წყობა შაჰ თამაზსა და ათაბაგს შუა“3.
ვახუშტი ბატონიშვილმა შაჰ თამაზის ქართველი ცოლის არა მხოლოდ მამა (ოთარ შალიკაშვილი) იცის, არამედ მისი ცოლისძმის (ვარაზას) შესახებაც საინტერესო ცნობას გვაწვდის. ის გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის აგრეთვე, შაჰ თამაზის ვარაზა შალიკაშვილისადმი განწყობილებაზე: ქაიხოსრო II ათაბაგის ქვრივის მიერ მისი მოკვდინება გახდა სპარსელების მიერ სამცხესაათაბაგოს დარბევის მიზეზი.
1. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 372.
2. Шараф-хан Бидлиси, c. 232.
3. ქართლის ცხოვრება, II , გვ 364.
ბერი ეგნატაშვილის გადმოცემით, ეს ტრაგედია განვითარდა შემდეგნაირად: კახეთის მეფე ალექსანდრე II -ს ვაჟი ერეკლე სტამბოლს გაექცა. შაჰ თამაზმა იეჭვა, რომ ერეკლე თავის მამასთან, მეფე ალექსანდრესთან შეთანხმებით მოქმედებდა და კახთა მეფეს ღალატში დასდო ბრალი. შაჰი მის დასასჯელად წამოვიდა და ყარაბაღში გაჩერდა. ალექსანდრე მეფის სახლთუხუცესმა ოთარ ჩოლოყაშვილმა, იმისათვის რათა კახეთის სამეფოსთვის ხიფათი აეცილებინა, სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო II-ის ქვრივს შაჰ თამაზის მოყვარე (ცოლისძმა), ოთარ შალიკაშვილის ვაჟი ვარაზა მოაკვლევინა: „ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ თამაზისა“1. როდესაც შაჰმა გაიგო ვარაზას მოკვლის ამბავი, ხელი აიღო კახეთის დარბევაზე, „და მოვიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყდა სრულიად სამცხესაათაბაგო და ქმნა მრავალი ბოროტი“2.
ამგვარად, ქართული და უცხოური წერილობითი ცნობების შეჯერების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ 1. შაჰ თამაზის ერთ-ერთი ცოლი იყო სამ ცხის უმსხვილესი ფეოდალის ოთარ შალიკაშვილის ასული; 2. შაჰ თამაზს სხვა ქართველ ქალთან ჰყავდა ორი უფროსი ვაჟი - მოჰამედ ხუდაბენდე და ისმაილი; 3. შაჰის ტახტის დაუფლებისათვის ერთმანეთს ებრძვიან ჯერ სხვადასხვა ქართველი დედის შვილები. ერთმანეთს უპირისპირდებიან ისმაილი (მისადმი ლოიალობას იჩენს ხუდაბენდე. შეიძლება, ამიტომაც არ გაიზიარა მან თავისი ნახევარძმების ბედი) და ჰეიდარ მირზა; 4. ტახტისათვის ბრძოლის მეორე ფაზა არის ხუდაბენდეს და მისი მომხრეების ბრძოლა ისმაილის წინააღმდეგ. მას ქმედითი მხარდაჭერა აღმოუჩინეს სამცხელმა ქართველებმაც.
1. იქვე გვ. 516.
2. იქვე, გვ. 517

Комментариев нет:
Отправить комментарий