четверг, 28 июня 2018 г.

ჟიულ-შარლ ტეიულის (XIX ს.) ცნობები საქართველოს შესახებ (ი. ნაჭყებია)

საქართველოს მთავარმართებელი, კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი ევგენი გოლოვინი (1837-1842)
(შემეცნებითი ტურიზმი)
ავტორის შესახებ: ჟიულ-შარლ ტეიული (1802-1869) – ფრანგი ექიმი, მედიცინის დოქტორი. იგი თავისი თხზულების წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ დიდმა მწუხარებამ და ემოციურმა განცდებმა, რაც გამოწვეული იყო 1833 წელს ცოლისა და ვაჟის გარდაცვალებით, მას აზიაში მოგზაურობისკენ უბიძგა.
მოგზაურობის მიზანი: მოგზაური თხზულების წინასიტყვაობაშივე აღნიშნავს, რომ იცნობდა შარდენის, ტურნეფორის, ვოლნეის, შატობრიანის, ანდრეოსის, მიშოს, პიუჟულას, ლამარტენის, მურაჯა ოსონის, შამპოლიონის როტიეს, გამბას, კლაპროთის, მაკდონალდ კინეირის, მალკოლმის, მორიერის, ჟობერისა და სხვათა თხზულებებს, მაგრამ მისი მიზანი მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახის აღწერა იყო და არა ადრე ნათქვამის გამეორება, რაც მასა და მკითხველს შორის ერთგვარ ბარიერს აღმართავდა.
სრული მარშრუტი: საფრანგეთი, კონსტანტინოპოლი, ტრაპიზონი, ბათუმი, რედუტ-ყალე, სოფელი ხორგა (სამეგრელო, ხობის მუნიციპალიტეტი), ქუთაისი, გორი, თბილისი, ბაქო, დერბენდი, ასტრახანი, მაკარიევი (ნიჟნი ნოვგოროდი), მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყაზბეგი, კობი, კაიშაურში ანანური, დუშეთი, წიწამური, თბილისი, აღსტაფა, ნახჭევანი, ერევანი, თავრიზი, თეირანი, ისფაჰანი, ქერმანშაჰი, არზრუმი, ტრაპიზონი, კონსტანტინოპოლი, ევროპა.
მარშრუტი საქართველოში: ბათუმი, რედუტ-ყალე, სოფელი ხორგა (სამეგრელო, ხობის მუნიციპალიტეტი), ქუთაისი, გორი, თბილისი; ყაზბეგი, კობი, კაიშაური, ანანური, დუშეთი, წიწამური, თბილისი.
მოგზაურობის შედეგი: თუმცა თხზულებაში არ არის აღნიშნული მოგზაურობის წლები, ზოგიერთი ცნობა მიანიშნებს, რომ ექიმმა ტეიულმა საქართველოში ევგენი გოლოვინის მმართველობის დროს, სავარაუდოდ 1837-1841 წლებში, იმოგზაურა. თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით დაწვრილებით არის ამოცემულია ცნობები ბუნების, ფლორის, ფაუნის, მდინარეების, ხიდების, ციხე-სიმაგრეების, ეკლესიების, სავარგულების, სოფლის მეურნეობის, სასოფლო განსახლების, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, საქმიანობისა და ადათ-წესების შესახებ. დახასიათებულია რედუტ-ყალე, ქუთაისი, თბილისი და თბილისის გარშემო მდებარე გერმანული კოლონიები, ყაზბეგი, დუშეთი. აღნიშნულია გზად შემხვედრი სამხედრო საგუშაგოები. მოგზაური მკაცრად აკრიტიკებს როგორც რედუტ-ყალეს, ქუთაისისა და თბილისის საბაჟოების მუშაობის სისტემას და მის მოხელეებს. 1865-1866 წლებში საქართველოში მოგზაური ჰოლანდიელი ტინკუს მარტინუს ლიკლამა . ნეიჰოლტისგან განსხვავებით, ტეიულს მიაჩნდა, რომ რუსები კავკასიის მთიელებთნ ბრძოლაში ცივილიზაციას და კაცობრიობას იცავდნენ. ჟიულ-შარლ თეული ის ერთადერთი ავტორია, რომელმაც გაიარა რედუტ-ყალეს კარანტინი და იუმორით, მეტად სახალისოდ აღწერს იქ არსებულ მძიმე მორალურ თუ სანიტარულ ვითარებას და მასპოლიტიკურ ბარიერსუწოდებს, სადაც უცხოელებს უთვალთვალებდნენ. გვაწვდის ცნობებს დაბა რედუტ-ყალეს შესახებ. მოგზაური სოფელ ხორგას მაგალითზე აღწერს მეგრელების ყოფა-ცხოვრებას, საკვებს, საქმიანობას, სამოსს, შეიარაღებას, მათ მეტად პრიმიტიულ ცხოვრების წესს, ამ რეგიონის ბუნებრივ სიმდიდრესტყეს. ფრანგი ექიმი ობიეტქურად აღნიშნავს, რომ ამ სანაპიროს მოსახლეობის ცხოვრების შესაფასებლად საჭირო იყო ევროპელების უზრუნველყოფილი ცხოვრებიდან აბსტრაგირება და იდენტიფიცირება მათ დუხჭირ სოციალურ მდგომარეობასთან. აღნიშნავს რომ ადრე ამ სანაპიროს მთელ გაყოლებაზე, განსაკუთრებით კი ფოთში, მიმდინარობდა იყო ორივე სქესის ადამიანებით ვაწრობა, რაც რუსების იქ დამკვიდრების შემდეგ შეწყვეტილი იყო. დახასიათებულია ქუთაისის იერსახე; მოცემულია ცნობები ქალაქის ბაზრის, გასაყიდი საქონლის და იქ მიმდინარე ვაჭრობის შესახებ, აღნიშნულია კათოლიკე მისიონერების გავლენა ქუთაისის მოსახლეობაზე; მეგრელი ქალებისგან განსხვავებით, დადებითად აფასებს იმერელი ქალების გარეგნობას, მაღალი საზოგადოების იმერელი კაცების გალანტურობას კი ძველი დროის ფრანგი რაინდებისას ადარებს; აღნიშნულია ქუთაისში კათოლიკეების ბირთვის არსებობა და მისიონერების გავლენა მოსახლეობაზე.
მოგზაური განსაკუთრებულ ყურადღებას თბილისისა და მის საქალაქო ცხოვრებაზე ამახვილებს. მისი აზრით, ქალაქს დაკარგული ჰქონდა თავისი განსაკუთრებული იერსახე და მას რუსეთის საკუთრებად ქცეულს უწოდებს. ტეიულმა გყურადღება მიაქცია თბილისის განაშენიანების საკითხს, აღნიშნავს ძველი სახლების გვერდით სახლების კარგი აგურით მშენებლობას, გრაფი სუზანეს მსგავსად, შენიშვნას გამოთქვამს ქალაქის არქიტექტურის მიმართ და, ერთ-ერთ მომგებიან საქმედ სახლების შენებას და მათი არენდით გაცემას ასახელებს, რასაც რუსების მიერ კავკასიის ახალი პროვინციების მიმართ გამოჩენილ ყურადღებას უკავშირებს. ტეიულის დასკვნით, სანკტ-პეტერბურგიდან დაშორებისა და დიდი ბუნებრივი ბარიერის წინააღმდეგობების მიუხედავად, თბილისი მნიშვნელოვნად ითვისებდა იმპერიის ადათ-წესებს და იქვე წერს: „რომელი მთა არ იხრება ადამიანის წინაშე, როდესაც საშუალებებს გონება მართავს!“
ექიმი საკმაოდ დაწვრილებით მიმოიხილავს თბილისში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, აღნიშნავს ხელოსნების ნაწარმისა და ყოველგვარი მომსახურების სიძვირეს და ამის მიზეზებს. მისი აზრით, ქვეყნისთვის უბედურება იყო მმართველების ხშირი ცვლა, რადგან ხშირად ორი გუბერნატორის იდეების შეუთავსებლობა ხელს უშლიდა დაწყებული საქმის დასრულებას, ხოლო ადმინისტრირების რთული მექანიზმი მნიშვნელოვან შეფერხებებს იწვევდა, მოხელეები კი არც კარგად მცოდნენი იყვნენ და არც საკმაოდ მკვირცხლები.
საინტერესოა ტეიულის, როგორც ექიმის ცნობა იმის შესახებ, თბილისშისამკურნალო საქმემხოლოდ უცხოელების, გერმანელების ხელში იყო და ყვავილის აცრა, როგორც ამ საშინელი დაავადების ქმედითი შემცირების საშუალება, ინგლისელი ექიმის, ჯენერის, აღმოჩენამდე, საქართველოდან შეიტანეს კონსტანტინოპოლში, საიდანაც ინგლისსა და ევროპაში გავრცელდა.
ჟიულ-შრლ ტეიული მეტად დაკვირვებული მოგზაურია და მისი თხზულების მოკლე მიმოხილვაში შეუძლებელია ყველა საინტერესო ცნობის წარმოდგენა.
***
ბათუმირედუტ-ყალე
ბათუმი, ასე მცირე რესურსებისა და მნიშვნელობის მქონე ადგილი, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მხოლოდ სოფლად თუ ჩაითვლება. მაგრამ ამ დაბას აქვს მომავალი: ეს ღრმა და სანდო ნავსადგურია; სავაჭრო ბრიგები1 აქ ადვილად შედიან და როგორც ამბობენ, ნაპირის სიახლივეს ფრეგატებასც2 უსაფრთხოდ შეუძლიათ ღუზაზე დადგომა. მისი მდებარეობა შავი ზღვის სიღრმეში, სადაც ამ ნაპირზე სხვა თავშესაფარი არ არის, გარდა მოშორებით მდებარე იმ მონაკვეთისა ბევრი გემი რომ ჩაძირული, იძლეებული ხარ იქ შეხვიდე, განსაკუთრებით ცუდ ამინდში. მალე რიონის სწრაფ დინებას გადავეკვეთეთ და ვიდრე ღამე ჩამოწვებოდა, პატარა მდინარე ხობის შესართავში შევედით, სადაც ერთბაშად გადაგვყლაპა რედუტ-ყალეს3 საშინელი კარანტინის პუნქტის მყრალმა და ღია ხახამ.
ამგვარად, გრძელი თოთხმეტი დღის განმავლობაში მოწყენილი და ციებიანი პლაჟის პატარა ნაგლეჯზე ვეგდე. ზღვის ლურჯი თუ შავი ჰორიზონტის, უძრავი პლაჟისა და მუდამ მუქი მწვანე ტყესაკაფის გარდა, სხვა ნაკლებად სასიამოვნო არჩევანი დაცვის მუდამ მთვრალი ჯარისკაცების ან ღარიბი ბერძენი მეზღვაურების, სომხებისა და თურქების ყურება იყო, რომლებიც ჩემთან ერთად იზიარებდნენ ამ შერისხვას. საჭირო იყო სანიტარული რეჟიმის მოწესრიგება და გარკვეული ეფექტურობის მიღწევა შავი ჭირის ინფექციის შეტანის წინააღმდეგ: მომსვლელები თუ გამსვლელები, შესამოწმებელი თუ შემოწმებული და ორი კვირის განმავლობაში მოსული ყველა მოგზაური უყურადღებოდ ირეოდა ერთმნაეთში; სინამდვილეში, სხვაგვარად ვერც იქნებოდა. მაგრამ ეს კარანტინი უფრო პოლიტიკური ბარიერია, თავისუფალ დროს უცხოელებს უთვალთვალებენ, სანამ მათ მიმართ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გავიგე ერთი ინგლისელის ამბავი, რომელმაც კარანტინიდან ჩუმად გასასვლელად რამდენიმე რუბლი გადაიხადა, მოსალოდნელზე უფრო ადრე ჩავიდა ტიფლისში და თავისი სარეკომენდაციო წერილებით პოლიციის ერთ-ერთ უმაღლეს პირს წარუდგა; მან კი, გაოცებულმა უცხოელის ამ სიმარდით და უკმაყოფილომ ამ შეხვედრით, მაშინვე ბრძნა მისი, როგორც საეჭვო პირის, ქვეყნიდან გაძევება. ეს უშენი ადგილი კენჭებთან შერეული მოძრავი ქვიშა იყო. ამ ნიადაგის თვისების წყალობით შესაძლებელი იყო ვიწრო ფართობზე სეირნობა, რაც ადვილად მღლიდა. ამ ასპარეზს გარს გამხმარი ტოტების დაბალი ცხაური ერტყა. კარანტინში მყოფთა მეთვალყურეობას შიგნით და გარეთ ჯოხებით შეიარაღებული პოლიციის რამდენიმე გუშაგი ასრულებდა: თოფით და ხიშტებით დარაჯობის პატივი არ დაგვდეს. ამ შეურაცხყოფისთვის აღარაფერი იყო დასამატებელი; კარანტინისთვის უფრო სანდო რეჟიმს ვერც მოიფიქრებდი: აქ არ არის ისეთი მაღალი კედლები, რომელსაც ჩვენი ლაზარეთის ამბოხებულები შეუშინდებიან და არც მალტის პორტში აღმართული ისეთი საშინელი სახრჩობელები, რაც ყველაზე შეუპოვარ დეზერტირებსაც კი დააფრთხობს. კარანტინის სადგომი შესანიშნავი მორით კარკასულად აწყობილი ერთმანეთისგან დაცილებული ხუთი ბარაკისგან შედგებოდა. კარანტინში მყოფთათვის მხოლოდ ორი ბარაკი იყო გამოყოფილი, რომლებიც ადრე მოსულებს ჰქონდათ დაკავებული, სხვა ორი შიდა დაცვის ნაწილისთვის იყო განსაზღვრული, მეხუთესანიტარული პუნქტისთვის. მრავალი ახალმოსული დროებით ნაპირზე გამწკრივებულ ნავებშივე რჩებოდა. ჩემი ტყვეობის პირველი დღეებიც ასე უნდა გამეტარებინა და მთელი ჩემი თავშესაფარი კაიკის4 ერთი მხრიდან მეორეზე გადაგდებული ცხენის ძუის შავი გადასაფარებელი იყო, რომელიც სამგლოვიარო ქსოვილგადაფარებულ კუბოს ჰგავდა. ბოლოს გამოვედი ამ დასასაფლევებელი ყუთიდან, სადაც ჩაჭედილი ვიყავი და კარანტინის ერთ-ერთ ქოხში შევსახლდი: ჩემს ახალ საცხოვრებელს ორ მეზღვაურთან და ახალგაზრდა მერცხლების ოთხ წყვილთან ერთად ვიყოფდი და ამ სწორედ ლამაზი ფრინველების მადლობელი ვარ, ამგვარ საპატიმროში ჩემი გულის ცემას კიდევ რომ ვგრძნობ. დღეს აქ, ერთმანეთზე მიდგმულ ჩემ სამგზავრო სკივრებზე, მტვერში და ღარიბული სამზარეულოს კვამლში დავწვები; სწორედ აქ და ახლა გამომყავს ეს სტრიქონები, ამოვისუნთქე კარანტინის დასრულების გამო და გულის გადასაყოლებლად რჩევას ჩემ წიგნებში, მოგონებებსა და მომავალში ვეძებ.
ამასობაში ცოტა გავერთე მოულოდნელად გამოჩენილი საზოგადოებითცხაურს მიღმა საუბრით ორ ევროპელთან, რომლებიც შემთხვევას სავაჭრო საქმეების გამო მოეყვანა რედუტ-ყალეში: ერთი, -ნი S-, ახალგაზრდა ფრანგი იყო და კარგად იცოდა რუსული; მან, როგორც არაოფიციალურმა თარჯიმანმა, გარკვეული სამსახური გამიწია საბაჟოს უფროსთან; მეორე ინგლისელი იყო, კოსმოპოლიტი გემოვნებით და ვითარებით. – ხშირად შემიმჩნევია, რომ ფრანგებს მსოფლიოში მიმდინარე უსაშინელესი ამბების მხიარულად მოყოლა შეუძლიათ, ჩვენი ზღვის იქითა მეზობლები კი, როგორც წესი, ხშირად ყველაფერს უკუღმა აკეთებენ. მაგრამ დიდი ბრიტანეთიდან წამოყოლილი მთელი ღვარძლი მას ხანგრძლივი მოგზაურობის განმავლობაში დაეხარჯა. – რაც ნაკლები იყო სასაცილო ამბავი, მას უფრო მეტად ეცინებოდა; სამივე დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით საიმისოდ, რომ გიჟურად არ გვემხიარულა და ერთად ყოფნის დროს ამ მდგომარეობის გასახალისებლად ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალ ამბებს ვუყვებოდით.
კითხვებმა, რომლებსაც ერთმანეთს ვაძლევდით, ძალიან გამაკვირვა; ერთი მხრივ იმ ამბავმა გამაოცა, რომ ევროპაში ასე ცუდად ვიყავით ინფორმირებული აზიაში მიმდინარე ამბების შესახებ, მეორე მხრივ კი თითქმის არაფერი არ ვიცოდით აქაურ პროვინციებში მიმდინარე დიდი ამბების შესახებ. ჩვენი საუბრის თემა ზოგჯერ ჩერქეზებთან რუსების ამჟამინდელი ომი იყო; მაგრამ ეს მოვლენები ყოველთვის კარგად არ იყო ცნობილი, თუმცა ამ ომის ერთ-ერთი ასპარეზი, აფხაზეთი, ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. მხოლოდ ის გავიგე, რომ სიმამაცე არც მეალყეებს აკლდათ და არც ალყაში მოქცეულებს, ორივე მხარეს ბევრი მოკლული იყო, მაგრამ გადამწყვეტი შედეგის გარეშე.ჩვენი კარანტინში ყოფნის დროს სისხლი დაიღვარა მთიელებსა და გურიის მილიციას შორის, რომლებსაც ადგილობრივი თავადები და კეთილშობილები მეთაურობდნენ. მთიელებმა დროებით დაკარგეს ტერიტორიის მცირე ნაწილი, მაგრამ რუსეთის ჯარს გამარჯვება უფრო ძვირად დაუჯდა, ვიდრე მათ მტრებს დამარცხება. ამას გარდა, ეს არის დაპირისპირების ჩვეულებრივი შედეგი, რაც ორი მხარის ძალების განსხვავებით აიხსნება. სავარაუდოა, რომ მებრძოლთა არათანაბარი რაოდენობისა და იმ არასაკმარისი რესურსების გათვალისწინებით, რაც მთებშია, ასე ხანგრძლივი და დამღუპველი შეჯახებები რუსეთის წარმატებით და უკანასკნელი ჩერქეზის განადგურებით დასრულდება. უეჭველია, კავკასიის ამ ამაყი ხალხის ჰეროიზმი სხვა ბედის ღირსი უნდა ყოფილიყო: თავიანთი სიმამაცე მათ საკუთარი ეროვნებისა და ქონების დასაცავად რომ გამოეყენებინათ, ისინი აღტაცებისა და სიბრალულის ღირსები იქნებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ დავივიწყებთ, როგორი თავხედობით ესხმოდნენ მიწათმოქმედების ოჯახებს და საშინელი ბარბაროსობით როგორ სიღარიბეში აგდებდნენ ამ ხეობების მოსახლეობას. ნუ დავბრმავდებით მათი შეუპოვარი წინააღმდეგობით და ყაჩაღების რამდენიმე ტომის მიხედვით ნუ შევქმნით მათგან გმირ ხალხს. ჩემთვის, რომელმაც მოვიარე ოქროს საწმისის მდიდარი მხარეები და გადავკვეთე კავკასიონის ველური მთები, სამართლიანობა და მოვალეობა მოითხოვს გამოვტყდე, რომ ამ ამბიციური გეგმის წინ წაწევის თვალსაზრისით რუსებს აქვთ ბედნიერება დაიცვან ცივილიზაცია და კაცობრიობა. დაე, ეს ხშირად მოხდეს; დაე, მათი დაპყრობების ამბიცია ჩვენი ლამაზი სოფლების ნაცვლად ბარბაროსული აღმოსავლეთისკენ წარიმართოს და მათი ასე ქებული დაჟინებულობა მომთაბარეების დასამოჩილებლად და ცენტრალური აზიის უდაბნოების გარდასაქმნელად წარიმართოს!
კარანტინის დირექტორი ერთი ლოთი, უღირსი და უსინდისო კაცი იყო. მე გაფრთხილებული ვიყავი და ჭოჭმანის გარეშე შევთავაზე თავისი სინდისის შესაფერისი ფასი. ჩემი შეთავაზება ბედნიერად დასრულდა და კარანტინის კარის გახსნას ველოდებოდი, როდესაც დირექტორსა და საჯარისო ნაწილების მეთაურს შორის გაუგებრობის გამო წარმოშობილმა სირთულემ, ორივე აიძულა, რომ თავიანთ ქმედებებში მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ.
კარანტინის მთავარი პირების გვერდით ტრიალებს ერთი გაიძვერა, რომელიც თურქებს თარჯიმნად ემსახურება და მწერლის მოვალეობასაც ასრულებს; თავისი საქმიანობის მიხედვით მას მხოლოდ მჯღაბნელს თუ ვუწოდებ. არ არის ისეთი ხერხი, რომელსაც ეს გაიძვერა არ მოიგონებსკარანტინის ფარგლებში შემოტანილ საქონელს თავის მოგებისთვის იყენებს: ზოგს ეპირფერება, ზოგს აშინებს, ვიღაცას ტყუილ დაპირებას აძლევს, სხვას ნაღდი ფულის სანაცვლოდ თავის სასაცილო მფარველობაში არწმუნებს; პირველ შემხვედრს პატიოსან კაცად აჩვენებს თავს და გარკვეული გასამრჯელოს ფასად თავისი უფროსის სახელითაც კი ვაჭრობს.
კარანტინის მოსამსახურეთა სიის დასასრულებლად, უნდა ვახსენო ის, ვისაც ხალხი მიჰყავს კარანტინში; ეს არის არამზადა, რომელიც როგორც მოესურვება ისე სძალავს ფულს საცოდავ მეზღვაურებს. ეს მაწანწალა, რომელმაც არ იცის რა არის ერთგულება, ხოლო თურქეთში სინანულის გარეშე მიატოვა ცოლ-შვილი, მხოლოდ იმას ელოდება, რომ ახალი დოყლაპიები შეაცდინოს. კარანტინის ამ აღწერიდან კარგად ჩანს, რომ რედუტ-ყალეს მორალური ასპექტი მის ფიზიკურ მდგომარეობაზე უკეთესი არ არის.
ბოლოს, ჩემი განთავისუფლების დღეს მზემ დილიდან გამოანათა. იძულებული ვიყავი ნება მიმეცა, რომ ჩემი სამგზავრო სკივრებიდან სამოსი ორთქლში გასატარებლად წაეღოთ. ამ კრიტიკულ მომენტში, სიშიშვლის დასაფარად, ჩვეულებადაა ქცეული ჯარისკაცის ნაცრისფერ ფარაჯაში გახვევა, რომელიც კარანტინში შესვლისას ერთიდან მეორეზე გადადის; მე კი მზეზე ვარჩიე განწმენდის ეფექტის დალოდება, რათა სიტყვის სრული მნიშვნელობით მესარგებლა ამ შესანიშნავი ახალი ვითარებით, სადაც სრულიად მოკლებული ვიყავი ყოველგვარ სიკეთეს და სიტუაციის სრული ცოდნით გამერკვია ცნობილი შეკითხვა ამქვეყნიური ამაოების შესახებ. შედეგი კი ის იყო, რომ დაბრუნებული ტანსაცმლის აღება ვიჩქარე. შემდეგ ლაზარეთის დირექტორმა და მისმა მწერალმა ჩემი ბარგის დათვალიერება მოისურვეს. რადგან ზუსტად არ ვიცოდი, რა ზომამდე ჰქონდათ კონტროლისა და ცენზურის უფლება, დავთანხმდი. მაგრამ ძლივს დავაღწიე თავი მათ ძარცვასა და ინსინუაციებს ჩემი პირადი რამდენიმე პატარა ნივთის გამო, როგორიცაა ჯაყვა, სავარცხლები და ყოველივე ის, რაც მათ თავისთვის მოეწონათ.
ყველა უსიამოვნებამ ჩაიარა და უკანმოუხედავად გავიქეცი; ერთ ნავს მივუახლოვდი, რომელიც მდინარე ხობს ზევით უნდა აჰყოლოდა და აქედან მეოთხედ ლიეზე, დაბა რედუტ-ყალეში, საბაჟოს შენობასთან ჩამოვედი. აქ ჩემთვის მოულოდნელი სერიოზული გართულება დაიწყო, რის მოგვარებაში დიდი დახმარება ბ-ნმა S-მ გამიწია. ბევრი კამათისა და განმარტების შემდეგ, მხოლოდ ჩემ ბარგში შერეული წიგნები ჩამომართვეს და თავიდან მათი რუსეთში, ცენზურის კომიტეტში გაგზავნით დამემუქრნენ, მაგრამ შემდეგ დამიბრუნეს, ჩემი სკივრები შეკრეს, დალუქეს და ნებაყოფლობით მოვაწერე ხელი, რომ ტიფლისში ჩასვლისთანავე, ქალაქის დიდ საბაჟოზე, ეს ლუქები ხელუხლებელი იქნებოდა.
გონივრულად მივიჩნიე, რომ ჩემი ბარგის არც ერთ ნივთს არ მოვცილებოდი, დავთანხმდი დალუქვის ხარჯების გადახდას და რამდენიმე დღის განმავლობაში იმ გაჭირვებისა და შეზღუდვის ატანასაც, რასაც ეს თვითიზოლაცია განმაცდევინებდა. ჩემს მიმართ სიფრთხილის ეს ზომები მებაჟეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა: ისიც უნდა განმეცხადებინა, რომ ჩემი წიგნები არ იყო პოლიტიკური ხასიათის. ეს განცხადება ორ ეგზემპლარად უნდა დამეწერა, რაც ტიფლისსა და სანკტ-პეტერბურგში გაიგზავნებოდა და ჩემს პასპორტშიც აღინიშნებოდა.
ამ პატარა დეტალებს იმის საჩვენებლად ვუსვამ ხაზს, რომ დიდი სისასტიკით და მოხერხებულად რუსებს დემოკრატიული იდეების დევნა უფრო შეუძლიათ, ვიდრე შავი ჭირისა. მას შემდეგ, რაც ბევრი დრო დავუთმე ამ მომაბეზრებელ ამბებს, ვირების გამრეკის მოძებნას ვეცადე, რომელიც ტიფლისში ჩამიყვანდა. ერთი ასეთი კაცი მომიყვანეს და მას მეორე დღეს გამგზავრებაზე მოველაპარაკე. ცხრამეტი ვერცხლის რუბლის საფასურად მან სამი ცხენი მომიყვანა; ორი კაცი ქვეითად გაუძღვებოდა ცხენებს, ისინი ჩემი გამყოლებიც იქნებოდნენ და მომემსახურებოდნენ კიდეც.
დაბა რედუტ-ყალე აშენებულია ხობის მარცხენა ნაპირზე, იქ, სადაც მდინარე დიდი ძალით მიედინება, ხშირად გადმოდის ნაპირებიდან და შლამიან წყალს მეზობელ ჭაობებს ჰფენს; დაბა შედგება ხის სახლების რამდენიმე თითქმის სწორი რიგისგან; ნოტიო ნიადაგისგან დასაცავად ყოველი სახლი რამდენიმე ფუტის5 სიმაღლის ბოძებზეა შემდგარი.
სახლებს შორის მათი ერთმანეთისაგან გამომყოფი სივრცეა, რაც რეკომენდირებული წინდახედულებაა ხანძრის შემთხვევაში და რაც ყველგან უნდა იყოს დაცული, სადაც სამშენებლო მასალა საწვავია. ამას გარდა, ხანძრის შემთხვევაში, რადგან ქუჩები ფართოა, მსუბუქი ხის სახლები კი პატარა, შესაძლებელია მათი გადატანა და დაწვას თავიდან ასაცილებლად ისინი მაშინვე სწრაფად გადააქვთ რკინის კაუჭებით, ხოლო თუ შესაძლებელია, სახლებს ქუჩის შუა ნაწილში თავისივე საყრდენებით აცურებენ. როგორც წესი, სახლები დაბალი და ერთსართულიანია, ანუ სახლებს მხოლოდ rez-de chaussée6 აქვს.
ტყეებში ძლიერი მცენარეულობაა. არის ისეთი მონაკვეთებიც, სადაც არასოდეს არავის არ დაუდგამს ფეხი და რომელშიც ნაჯახისა და ცეცხლის გარეშე ვერ შეაღწევ. თუთა იქ თავისით ხარობოს და სხვა ხეებსაც აჭარბებს. გულდაწყვეტილი ვუყურებდი ტყის ყოველწლიური ფოთოლცვენის დროს დაკარგულ მის ძვირფას ფოთლებს, მისივე ნაყოფით დაფარულ უკვე ასე მდიდარ და გამოუსადეგარ ნიადაგს და იმას, თუ როგორ შთანთქავდნენ თუთას ღორების მრავალრიცხოვანი კოლტები. ეს ცხოველები პატარა და უსიამოვნო შესახედია. – სამეგრელოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს არ არის ძალიან ცხელი მხარე, ხშირად წვიმს და ქარიც ხმელეთის შიგნით უფრო ხშირად უბერავს, ვიდრე ზღვაზე. ამ პროვინციის ფიზიკური აგებულება და ჰავა ციებას იწვევს. ამ თვალსაზრისით, უკვე დიდი ხანია რაც კოლხეთი მედიცინის მისანმა გახადა ცნობილი7. ადრე ამ სამეფოს სახელწოდება მოიცავდა სამეგრელოსა და გურიის მთელ დაბლობს8, რომელზეც რიონი და მისი შენაკადები მიედინება; ის წარმოქმნილია ამავე მდინარის ნატანით, რომელიც თავისი პირველქმნილების გასაფართოვებლად დღესაც მოქმედებს.
ასე ქებული ხალხის ქვეყანაში ჩასულს, ყველაფერზე მეტად ცისფერი თვალების, სწორი და გრძელი წაბლისფერი თმისა და ჯანმრთელი სახეების დანახვა გამიკვირდა; ძირითადად ასეთია გურულების სახის ნაკვთები, რომლებიც მეზობელი ბორცვებიდან აქ საქმეების გამო ჩამოდიან. ამ კაცების ქუდები პროვანსალელი გლეხებისას მაგონებს, მაგრამ ბევრად უფრო პატარა, ძალიან პატარაც კი არის იმისთვის, რომ ნაციონალურ სამკაულად მიიჩნიო, ეს უფრო სამოსის აუცილებელი დამატებაა. მეგრელებს, ქართველებს და კავკასიის სხვა ხალხებს თავისი გემოვნების შესაფერისი ფერის მრგვალი ქუდი აქვთ, რომელსაც კიდეზე კრაველის ბეწვი დაჰყვება. ერთნიც და მეორენიც ატარებენ მეტ-ნაკლებად მდიდრულად მოსირმულ მოკლე სერთუკს9, გულმკერდის ორივე მხარეს ნახევარი დუჟინი პატრონით. ამ მხარეში მცხოვრებ სომხებს ახურავთ სპარსელებისთვის დამახასიათებელი კრაველის წვეტიანი ქუდი, წელში ქამრით შემოჭერილი. მუქი ფერის დრაფის მუხლამდე გრძელსახელოებიანი სერთუკი. ადგილობრივების სამოსი არის განიერი შარვალი, წინდის ნაცვლად ფეხებზე შემოხვეული აქვთ ტილოს ან დრაფის ზოლები, ხოლო ფეხსაცმელ ტყავის ნაჭერი ცვლის, რომელიც ფარავს ტერფს და თოკებით მაგრდება. მხოლოდ ამის მიხედვით შეიძლება მიხვდე, რამდენადაა ჩამორჩენილი აქ ყველაზე უფრო მარტივი საჭირო ხელობა, ხოლო ისეთიც კი, როგორიც ხარაზია, სოფლებში მხოლოდ ახლა ჩნდება.
სხვა აღმოსავლელების მსგავსად, კავკასიის მოსახლეობის ჩვეულებაა იყოს მუდამ შეიარაღებული, რაც იმას მოწმობს, რომ საომარი მდგომარეობა მათთვის ჩვეულებრივი ამბავია. მათი სრული აღჭურვილობაა ხანჯლი – ფართო და ორპირიანი ჯაყვის მაგვარი იარაღი, რაც საკმაოდ ჰგავს ჩვენი მენაღმე ჯარისკაცის იარაღს, აგრეთვე კაჟიანი თოფი და ზოგჯერ პისტოლეტიც.
რედუტ-ყალეში რამდენიმე თავზე დოლბანდმოხვეული თურქი დასახლდა; აქ იონიის კუნძულებიდან10 მოსულ ბერძნებსაც ნახავ. ერთსაც და მეორესაც ცუდი ვაჭრობა აქვს: ბაზარი დიდია, მაგრამ მოწყენილი და ცუდად მომარაგებული.
მეგრელი ქალების განთქმული სილამაზის ამბავი უფლებას იძლევა, რომ მათ მიმართ მომთხოვნიც იყო. ამ დაბაში ქალები დღისით საერთოდ არ ჩანან; ის ერთადერთი, ვინც ვნახე, არ იყო ლამაზი და ამან მაფიქრებინა, რომ მეგრელი ქალების სილამაზე იშვიათი და საეჭვოა, მაგრამ თავს შევიკავებ მათი განსჯისგან.
ძველად, ამ სანაპიროს მთელ გაყოლებაზე, განსაკუთრებით კი ფოთში, რომელიც რიონზე მდებარეობს, დიდი ვაჭრობა იყო ორივე სქესის მონებით. მეგრელები, ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები თავიანთი ოჯახის წევრებით ვაჭრობდნენ, გასაყიდად თავიანთი ქალიშვილები ან დები მიჰყავდათ; ამ ვაჭრობაში აღებული ფულით უკან დაბრუნებული მამაკაცები ბედნიერები იყვნენ იმაზე ფიქრით, რომ ამ საცოდავ ობლებს საშუალება ეძლეოდათ გამხდარიყვნენ რჩეულები ძლიერთა ამა ქვეყნისა, რომლებიც მათ კარგად გამოკვებავდნენ და ძვირფას სამოსს ჩააცმევდნენ, ნაცვლად განუწყვეტლივ მიმდინარე ომების გამო მთელი ცხოვრების განმავლობაში ტყეებში თავის შეფარებისა11.
ეს არის მეტად მდაბალი გრძნობა, რომელიც თავისი თვისტომის გაყიდვას შთააგონებს და მოწმობს ზნეობრივი აღზრდის არქონას; სამართლიანად რომ შევაფასოთ მეგრელების საქციელი, საჭირო იქნება ჩვენი უზრუნველყოფილი ცხოვრებიდან აბსტრაგირება და იდენტიფიცირება იმ დუხჭირ სოციალურ მდგომარეობასთან, რაც უფრო ხალხის ასოციალურობას ჰგავს და ჯამში ინდივიდუალურ არსებობას იწვევს.
რაც შეეხებათ მეგრელ და ქართველ კაცებს, რომლებსაც ადრე მონებად ჰყიდნენბაზრებში და ძირითადად ახალწვეულებად მიჰყავდათ ეგვიპტის მამლუქთა რაზმებში, მათი და მათი ლამაზი თვისტომების გაყიდვა ახლა იშვიათია და ისჯება მას შემდეგ, რაც რუსებმა სამხედრო ძალით დაიკავეს შავი ზღვისა და არაქსის პირები.
რედუტ-ყალეში დუქნის მსგავსიც კი არაფერი არ არის; მიუხედავად ამისა, ფიცარნაგზე მაინც იყო კაფე, სადაც ღამის გატარება მოვახერხე; პატრონმა იზრუნა და საჭმელიც მომცა; მაგრამ ეს ყურადღებიანი კაცი, რომლის შესანიშნავი ბერძნული ყურს სიამოვნებდა, საჭმლის მომზადების თვალსაზრისით ამაზრზენი მომწამვლელი და უმოწყალო ქურდი აღმოჩნდა. მისი პატარა, ცუდი ოთახი, უგემური კერძები და ღამის გათევა 15 ფრანკი დამიჯდა! ამ მეფური ხარჯის გამო კამათისა და მისი გადახდის შემდეგ, გზას გავუდექი.
ქუთაისი
იმერეთის შუაში ჩაკარგული ქუთაისი თითქოს იხრჩობა იმ უზარმაზარ მცენარეულობაში, რომელიც გარს აკრავს; ეს რამდენჯერმე აღდგენილი პატარა ქალაქია, მდებარე ლამაზ დაბლობზე, რომელსაც გარშემო რიონი უვლის. ქალაქი კარგი სანახავია, როდესაც ტყიდან ერთბაშად გამოდიხარ იმ გზაზე, ყორღანებს რომ მიჰყვება და შესაძლებელია ერთიანად დაინახო ქალაქის სწორი გეგმა და მდინარე, რომლის ბობოქარი შხუილი ჯერ კიდევ მის დანახვამდე შემოგესმის. ბორცვის ძირიდან, რომელსაც მალე მიადგები, გზა მიდის ხის ხიდისკენ, რომლის ქვევით შევიწროვებული და სწრაფი რიონი შლამიან წყალს მიაგორებს.
იქ რუსი მებაჟეები იდგნენ, რომლებმაც ჩემი სკივრების ლუქების ხარისხის შემოწმების ნაცვლად ადმინისტრაციული ხასიათის პრობლემები შემიქმნეს, საიდანაც ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე. მათ ნამდვილად არ იცოდნენ თავიანთი მოვალეობები და უსაფუძვლო შეფერხებით ტყუილად დამაყოვნეს. აქეთ-იქით ერთ საათზე მეტ ხანს მაიძულეს ბარგით სიარული და ბოლოს თავი დამანებეს. ძლივს გავნთავისუფლდი და ახლა პოლიციამ იჩქარა ჩემგან თავისი წილი ლანძღვა-გინების მოსმენა. ერთმა აგენტმა ჩემი პასპორტი აიღო და სანაცვლოდ რუსული დათხუპნული ქაღალდის მოცემას დამპირდა, რომელიც კანცელარიაში უნდა ამეღო და რომელიც მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოვიპოვე. უსიამოვნებებს თავს დავაღწევდი, ამ პროვინციის მმართველი გენერალი12 რომ მენახა, რომელზეც ბევრი კარგი მითხრეს, მაგრამ სამწუხაროდ იგი კავკასიის ომის ოპერაციების სახელმძღვანელოდ იყო წასული. ასეთი იყო ჩემი პირველი ურთიერთობა რუსებთან. რამდენადაც შემეძლო, იძულებული ვიყავი მათთან გერმანულად მესაუბრა როდესაც ჩემს თანამოსაუბრეს ეს ენა ესმოდა, ან თარჯიმნის დახმარებით თურქულად, მაგრამ მათ მხოლოდ რუსული იცოდნენ. ეს საკმარისი არ იყო ადმინისტრაციული გაუგებრობებიდან თავის დასაღწევად და ამის გამო ჩემი საქმეები მიგდებული და დაკარგული აღმოჩნდა. ამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოსასვლელად საჭირო იყო შესაბამის ადმინისტრაციულ სირთულეებში ჩაწვდომა, შესაფერისი მომენტის მოძებნა, ხელმოწერის მარჯვედ მოპოვება, ბეჭდის დასმა, დაწესებულების ყველა თანამშრონლის გამოყენება და ადმინისტრაციის მთელი მძიმე მანქანის შეზანზარება. როდესაც ყოველივე ამის გაკეთების შემდეგ წარმოვიდგინე, რომ ამდენი ხმაური ამ პატარა საქმის, გავლის უფლებისათვის (passe-port) იყო საჭირო, ჩემი თავი მეტად მნიშვნელოვან პიროვნებად წარმოვიდგინე.
ეს აბდაუბდა ქაღალდი ბედის წყალობით გაცნობილმა, ღირსებით სავსე ახალგაზრდა უცხოელმა ოფიცერმა მომიტანა და მისი ძალიან მადლობელი ვიყავი.
ძლიერ გავვოცდი, როდესაც ქუთაისის ქუჩაში უბრალო ჯარისკაცმა მოულოდნელად ჩემ მშობლიურ ენაზე მომმართა; იგი ისე სუფთად ლაპარაკობდა ფრანგულად, როგორც ფრანგი. მისი შეთვალიერებისას ყოველივემ – გარეგნულმა იერმა, ჟესტებმა, მაღალი საზოგადოების ჩვევებმა და თავაზიანობამ, შესანიშნავად აღზრდილი კაცი დამანახა. მართლაც, ბ-ნმა X-მა მაშინვე მითხრა, რომ ჯარისკაცის ნაცრისფერი ფარაჯა შერისხვის ნიშანი იყო და იგი აქ სასჯელს იხდიდა დუელის გამო, რაც მას ჭრილობად და დროებით მაინც, ჯარში თავისი ჩინის დაკარგვად დაუჯდა. იმპერატორი ნიკოლოზი13 დარწმუნებულია, რომ სიმამაცის გამოსავლენად ჩერქეზეთში ომი აკრძალულ დუელზე უკეთესი საშუალებაა; იგი არ აყოვნებს დუელიანტების დასჯას მათთვის ჩინების ჩამორთმევით და კავკასიაში საბრძოლველად გაზავნით მანამდე, ვიდრე თავიანთ ეპოლეტებს ბრწყინვალე სამსახურით არ დაიბრუნებენ.
ქუთაისში შესვლისას თავს დატეხილი უსიამოვნებების შემდეგ საკმაოდ დიდი სადარდელი ღამის გასათევის შოვნა იყო. მას შემდეგ, რაც მთელი ქალაქი კიდევ ერთხელ ამაოდ შემოვიარე, ნანგრევებით სავსე, ჩამონგრეულჭერიანი ერთი დიდი ოთახი შემთავზეს. ამგვარ დაწესებულებაში ცხოვრების ზიზღის მიუხედავად, არჩევანი არ მქონდა და იქ მოვეწყე. ჩემი ოთახი ეკუთვნოდა ერთ კაფეს, რომლის მფლობელიც ადგილობრივი კათოლიკე იყო. პატრონი, რომელმაც ასე მცირე თანხად მიმიღო, ჩემს სანახავად მოდიოდა და იმდენს ლაპარაკობდა, რომ შევწუხდი. უფრო ხშირად რუსების შესახებ ცუდის სათქმელად მოდიოდა და რატომ? რელიგიური სულისკვეთების გამო. ვფიქრობ, რომ არასოდეს არ შემხვდერია ამ ახალგაზრდა კაცის მსგავსი მგზნებარე ფანატიკოსი. მას განსაკუთრებული ქცევა ჰქონდა, რაც თავიდან მართობდა, მაგრამ ბოლოს უსიამოვნო და სულელური მომეჩვენა.
ამ პატარა ქალაქში ძნელი იყო სამეფოს დედაქალაქის ამოცნობა. ოდესღაც ქუთაისს ჰქონდა გარკვეული ბრწყინვალება, შემდეგ ის იყო იმერეთის პატარა მთავრების რეზიდენცია, რომლებიც მეფის ტიტულს ითვისებდნენ14. მათი სასახლეები, რომლის ნაშთებიც მაჩვენეს და ერთი მონასტერი, რომელიც ბორცვებს შორის ჩანს ქალაქის თავზე15, იმდროინდელი მშენებლობების ერთადერთი ნაკვალევია. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ საზოგადო დაწესებულებებისგან განსხვავებით, ძველი ქუთაისი იმაზე ნაკლებად გამძლე მასალებით იყო აშენებული, ვიდრე თანამედროვე ქალაქების ასაშენებლად იყენებენ.
ყველა სახლი ხისაა და ერთსართულიანი. ბაზარი დიდია, მაგრამ არ ეტყობა, რომ იქაური ვაჭრობა მნიშვნელოვანი იყოს; გასაყიდად გამოტანილი საქონელი არ არის მრავალფეროვანი. – როგორც ლაზეთში, აქაც შევამჩნიე, რომ კაცები თითისტარით ან სართავი ჯარით ართავენ კანაფს და უხეში ბაწრის მსგავსს გრეხენ. – ჩემი შეფასებით, ქუთაისის მოსახლეობა 3,000 კაცზე მეტია, ხოლო თუ ყაზარმების ფართობის მიხედვით ვიმსჯელებთ, არც გარნიზონი უნდა იყოს მრავალრიცხოვანი. ქუთაისში ჩემი ყოფნის დროს პოლონეთის საჯარისო ნაწილი იდგა. ჯარისკაცებს რიონზე ქვის ხიდის ასაშენებელი მასალის მოსატანად ამუშავებდნენ.
ქუთაისში არის კათოლიკეების ბირთვი და პროზელიტიზმი16 სხვა ქრისტიანული სექტების ხარჯზე იზრდება, მაგრამ ნაკლებად აქტიურად; რუსები მოსახლეობას რელიგიური შეხედულებების გამო არ სდევნიან. ამ პატარა სათვისტომოს, რომელსაც სჯერა პაპის უცოდველობის, რომელიც არასოდეს არ უნახავს და რომელიც მათში ყველაზე უფრო არაჩვეულებრივ აზრს იწვევს, ხელმძღვანელობს რომის პროპაგანდის მიერ გამოგზავნილი ორი კაპუცინი მღვდელი. მომეჩვენა, რომ ამ ახალგაზრდა ბერებს თავიანთ მრევლზე დიდი გავლენა აქვთ... ისინი არიან მოსამართლეები თავიანთი მრევლის დავების დროს, აძლევდნენ მათ რჩევებს საქმეში, ამშვიდებდნენ ავადმყოფობისას და როგორც ექიმები და ღვთის მსახურები, მათ ამქვეყნიურ და სულიერ დახმარებას უწევდნენ და მათთან მუდმივი ურთიერთობით ოჯახებში ჭეშმარიტი ერთობა დაამყარა. ისინი მეტად გულითადად იღებდნენ მათთან მისულ მოგზაურებს და მეც ისე გულღიად მიმიღეს, ისეთი წრფელი გულით შემთავზეს თავიანთი მოკრძალებული საჭმელი, რომ უნდა დავთანხმებოდი. – მონასტერი პატარაა და უღიმღამო. მის გვერდით თლილი ქვის ლამაზ ეკლესიას აშენებდნენ. ქუთაისი მთელი გაზაფხულის განმავლობაში მეტად არაჯანსაღი ადგილია; კაპუცინები მარწმუნებდნენ, რომ ციებ-ცხელება ხშირია და ძალიან საშიშიც.
ვისწრაფი ჯეროვნად დავაფასო კავკასიის ქალების სახელგანთქმული სილამაზე და მას ხოტბა შევასხა; მაგრამ მას შემდეგ, რაც კონსტანტინოპოლსა და ტრაპიზონში ბევრი ლამაზი ქალი ვნახე გამოსული ამ „სანერგედან“, საიდანაც ჩვენი რასაც წარმოიშვა, სულაც არ ვიყავი გაკვირვებული და არაფერია გასაზვიადებელი: დახარისხების აუცილებლობის და მცირე ღირებულების მინარევების გამოცალკევების გარეშე ბუნება ამგვარ სიმდიდრეს – არც ოქროს, არც ალმასებს და არც მარგალიტებს – არსად არ გვთავაზობს. იმერელი ქალების სამოსს არ აკლია არც ძვირფასი მორთულობა და არც გემოვნება, რაც აგრეთვე სამკაულია და ძალიან იშვიათიც. იმ მოკრძალებულობას მკაცრი კანონები ან შესაწყნარებელი ახირებები აქვს დროისა და ადგილის მიხედვით; ამიტომ არ გაწუხებს ქალების თეთრი ყელის დანახვა კორსეტის გარეშე და ღრმად ამოჭრილი კაბა. – საუკეთესო საზოგადოების კაცები თავაზიანები და გალანტურები არიან, ისეთი, როგორც ძველი დროის ფრანგი რაინდები. მათი ზრდილობა მოითხოვს, რომ მათთვის პატივსაცემ ქალთან მისვლისას, მას ხელზე ეამბორონ, ქალი კი თავის მხრივ უარობს ასეთ პატივს და მათ ლოყაზე კოცნის.
გორი
გორში კათოლიკური სალოცავი იყო17. იქ მცხოვრები ორი კაპუცინიდან ერთ-ერთი ბაზარში შემხვდა, ბერებისთვის დამახასიათებელი შემპარავი მანერით იტალიაზე სასიმოვნო საუბარი გამიბა და გამომკითხა ვინ ვიყავი, საიდან მოვდიოდი და სად მივდიოდი. მის კითხვებს კეთილგანწყობით ვპასუხობდი; მართლაც, ამ კეთილ მღვდელს, ერთადერთ ევროპელს გორში, რომელიც კითხვებს მაყრიდა, ის კი არ აინტერესებდა საიდან მოვდიოდი, არამედ მას მხოლოდ იმ ერთადერთზე სურდა საუბარი, რაც მის სულს აღელვებდა – კიდევ ერთხელ მოესმინა რომის საოცრებებისა და ნეაპოლის მშვენიერების შესახებ. იტალიის სილამაზეზე საუბრის დასასრულს, ჩემი მოგზაურობის გეგმების შესახებ გამომკითხა, საქმიანი რჩევები მოეცა და ამ საუბრით გავემართეთ მონასტრისკენ, სადაც იგი რძიანი ყავით გამიმასპინძლდა. მისგან კიდევ ერთი, უფრო სასიამოვნო საჩუქარი მივიღე – ჩემი ცუდად გამომცხვარი კვერების სანაცვლოდ დიდი და გემრიელი თეთრი პური.
ტიფლისი
ტიფლისმა დაკარგა თავისი განსაკუთრებული იერი და რუსეთის საკუთრებად იქცა; სინამდვილეში, ეჭვი მეპარება, რომ მან რაღაც დასანანი დაკარგა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც გადარჩა. ეს ქალაქი ააშენა და დააარსა ვახტანგ I-მა, რომელიც V საუკუნის შუა წლებში ცხოვრობდა.
იმ დროიდან მოყოლებული, სახლები აშენებულია მიწაში ან ფიქლოვან ქვიშაქვაზე და მათი პირქუში ფერი ძლივს გაირჩევა მიწიდან. ძველ გარეუბნებში კვლავ ბევრი მიწური სახლია, ახალ ქალაქში კი, რომელსაც სწრაფი ზრდის გამო ძველ ქალაქთან შეერთების ტენდენცია აქვს, სახლები კარგი აგურითაა აშენებული; ისინი დიდია, აკურატული და კირით შეთეთრებული. მათი არქიტექტურის მიმართ შეიძლება შენიშვნა გამოითქვას, რადგან ის ოდნავ მძიმეა ამ სახლებისთვის საიმისოდ, რომ თავისი კოლონებითა და პილასტრებით18 ერთბაშად გახდეს ამბიციური და ლამის მონუმენტური. ტიფლისის მოსახლეობა ყოველდღიურად და ისე სწრაფად იზრდება, რომ ერთ-ერთი მომგებიანი საქმე სახლების შენება და მათი არენდით გაცემაა. ამის მიზეზი ის ყურადღებაა, რასაც რუსები იჩენენ კავკასიის თავიანთი ახალი პროვინციების მიმართ და რომლის შედეგები მრეწველობის განვითრების, ვაჭრობის დაცვისა და გზების უფრო მეტი უსაფრთხოების იმედს იძლევა. ამ უკვე საკმაოდ ძლიერ მიზეზებს უნდა დაემატოს: ტიფლისში საჯარისო ნაწილების კონცენტრაცია, რომლებიც თავიანთი ხელფასის უდიდეს ნაწილს აქ ტოვებენ; მრავალი მოხელე თუ მოსამსახურე, რაც ზრდის სამრეწველო და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მოხმარებას; ზოგიერთი საერთო კეთილდღეობა, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობაზე მოსკოვის რჩეული საზოგადოების ბირთვის გავლენის შედეგია; დაბოლოს, დიდი სამხედრო და ადმინისტრაციული უფლებამოსილების ენერგიული და სწრაფი გამოყენება, რასაც პროვინციის გუბერნატორი უშუალოდ ცარისგან იღებს და სანკტ-პეტერბურგში მიღებული მითითებების მიხედვით ასრულებს.
გზები არ არის მოკირწყლული და როდესაც სიმშრალეა, აუტანელი მტვერი დგება, წვიმის დროს კი ღრმა საფლობები ჩნდება. – არხების გათხრა დაგეგმილი და დაწყებულია, რათა ბაზრის მიდამოებში შეკრებილმა ხალხმა უფრო ადვილად იმოძრაოს; მაგრამ ძველი ქალაქის ყველა ქუჩის გასაფართოებლად და მოსაწესრიგებლად გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.
ყველაზე ახალი და მდიდარი უბნები განლაგებულია მდინარის მარცხენა, უსწორმასწორო მხარეს, რომელიც მტკვრისკენ ეშვება. მდინარის მეორე მხარეს მდებარე გარეუბანებთან დასაკავშირებლად ხის ორი და თითქმის უვარგისი ხიდი არ არის საკმარისი; ამ მნიშვნელოვანი ნაგებობების გასაუმჯობესებელი და მათი რაოდენობის გასაზრდელი პროექტები შესწავლის პროცესშია.
ქალაქში კვლავ იყენებენ ყველა სახის ხელოსნობას და ისე ჩანს, რომ ისინი საკმაოდ მომგებიანია. ამასობაში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ვაჭრობა ყვავის, საპირისპიროდ, საწარმოო დაწესებულებები ერთმანეთის მიყოლებით გაკოტრდა; ამის მიზეზი ან შესაძლებლობის გაუთვალისწინებლად და საკმარისი ცოდნა გარეშე დიდი წარმოების დაწყებაა, ან ადმინისტრაცია, რომელსაც იმაში ადანაშაულებენ, რომ ის საწარმოო საქმიანობას საგულდაგულო ზედამხედველობას უქვემდებარებს.
ბაზრებში მიმდინარე საქმიანობა სასიამოვნი სანახავია: იქ დიდი საქმეები ტრიალებს. სამწუხაროდ, კვირა დღეებისა და სადღესასწაულო დღეების გამო ვაჭრობა ნახევარი წლის განმავლობაშია პარალიზებული. ეს ბაზრები აზიის ბაზრებს ჰგავს, მაგრამ ცვლილებისკენ აქვთ ტენდენცია და ვხედავთ, რომ ცოტა ხნის წინ მის ერთ დახურულ გალერეაში ისეთი ერთნაირი ფარდულები გაჩნდა, რომლებიც ევროპაში პასაჟის სახელით არის ცნობილი. საქონელი ძირითადად სხვადასხვა გზებით ჩამოაქვთ მოსკოვიდან, განსაკუთრებით კი მაკარიევიდან და ასტრხანიდან; ის, რასაც დღეს ტიფლისში აწარმოებენ, მხოლოდ ხანჯლები, ქართული ქუდები და ნაციონალური კოსტიუმებია და უამრავი ასეთი სახელოსნო რამდენიმე ქუჩაზეა განლაგებული.
ყოველ კვირას, დილით, ერევნის19 ახალ დიდ მოედანზე იმართება მეტად ცოცხალი ბაზრობა, სადაც გარნიზონის დაოსტატებული ჯარისკაცები საწოლებს, სკამებს და სხვა უფრო მყარ, მაგრამ ნაკლებად მოხდენილ ავეჯს ყიდიან. მხოლოდ აქ ნახავ ბევრ ისეთ რაღაცას, რაც ჩვენი, ევროპული ცივილიზაციის, მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს: განსაკუთრებით აღვნიშნავ წიგნებს რამდენიმე ენაზე, რომლებიც უწესრიგოდ ყრია მიწაზე რკინის ჯართსა და ძველ ტანსაცმელს შორის.
მუშახელი იშვიათია და შესაბამისად, ძვირიც. ამასობაში, ტიფლისის მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობის გამოსაკვები პირველი აუცილებლობის პროდუქტი საკმარისია და არც ფასებია ძალიან მაღალი. სამაგიროდ ხელოსნების ნაწარმი და ყოველგვარი მომსახურება, შინამოსამსახურეების ანაზღაურება და სხვ., ძალიან ძვირია. ამას გარდა, ახალი საზოგადოება, რომელიც აქ ყალიბდება, განსაკუთრებით საინტერესოა ეკონომიკური კუთხით, რადგან ის წარმოაჩენს ისეთ ფაქტებს, რომლებიც გამონაკლისია და დიდხანსაც ვერ გაგრძელდება, მაგრამ იქამდე იარსებებს, ვიდრე მოსახლეობა და მის მიერ შესრულებული სამუშაო არ განიცდის იმ მკვეთრ ცვლილებებს, რომლებიც მოულოდნელად და გარდაუვლად მოქმედებს ხალხის ქონებაზე.
ქალაქის ქვედა ნაწილში, მტკვრის მარჯვენა ნაპირთან და ხევის პირას, რამდენიმე თერმული წყარო გადმოსჩქეფს, რომელსაც ტიფლისი თავის სახელწოდებას უნდა უმადლოდეს. აქაური აბანო ძვირია, იმ შემთხვევაში მაინც, თუ არ გსურს მუდამ უამრავი ხალხთ სავსე საერთო ოთახით სარგებლობა; დროის ხანგრძლივობაზე წინასწარი შეთანხმებით, ცალკე ოთახის დაჯავშნაც შეიძლება; რამდენიმე რუბლის ფასად ისიამოვნებ გრძნობების იმ დახვეწილობით, რაც განაზებულმა რომაელებმა იმპერატორების შესანიშნავი აბაზანებისთვის გამოიგონეს; იქ არ აკლია არც სანთლებით განათება, არც წყნარი მელოდიები, არც დამათრობელი გრძნობები და არც ლამაზი ნიმფას დელიკატური ყურადღება, რომელიც გუნდრუკს აფრქვევს აბანოს წამიერი ღმერთის წინშე და მას ყოველგვარი ცნობილი ცდუნების თასს სთავაზობს.
ამ წყაროების ზევით ტიფლისის ულამაზესი ხედია; მეორე ადგილი, სადაც დიდხანს გავჩერდი, ობსერვატორიის გვერდითაა; იქ ორი ვიწრო და ციცაბო ქუჩა მიდის. გზა, რომლითაც ავედი, ჭეშმარიტი თხების ბილიკია; მის ბოლოს ციხესიმაგრის დანგრეული კედლებია და მათზე აფოფხებაც შეიძლება. ამ შემთხვევით რომ მესარგებლა და აღარც გრძელი და დამღლელი გზა გამევლო, მაშინვე გადავწყვიტე აქაური სამეცნიერო დაწესებულების ნახვა. იქ შესვლა მხოლოდ დარაჯისთვის გასამრჯელოს მიცემის შემდეგ მოვახერხე. ეს იყო პატარა, საკმაოდ ჩვეულებრივი და სუფთა ბინა, სადაც მკვიდრი თლილი ქვის ცოკოლზე ცალ-ცალკე იდო ოთხი ხელსაწყო; ძლიერ მსურდა მათი სახელწოდებების გაგება, მაგრამ ისინი ტილოში იყო გახვეული და მათი ნახვის ნება არ მომცეს. ასტრონომი ქალაქში იყო წასული; დარწმუნებული ვიყავი და ობსერვატორიაში შესვლისას უკვე მივხვდი, რომ იგი ზეციურ საქმეებს ზოგჯერ მიწიერი საქმეების გამო უგულებელყოფდა. აი ურანიას20 დამაბრმავებელი და მდიდრული თავსაფარი, მაგრამ მისი ბრწყინვალე ქვები ისე კარგად არის მიმაგრებული, რომ ბაზარზე ფასი არ ექნება. დამკვირვებელმა ეს შეამჩნია და შესაბამისად, ხალხს მისი ბრწყინვალება დაუტოვა, თავის ნებაზე მიატოვა ვარსკვლავები, თვითონ კი ყველაზე დანგრეულ გზაზე მიწიერი საქმეებით დაკავდა.
ობსერვატორიის აღმოსავლეთით, ამ არიდულ კლდეებს შორის ლამაზი და პატარა ბოტანიკური ბაღია. არ ვიცი, დაღლის შემდეგ კარგად მოვლილი ბაღების დანახვისგან ტკბობა ისევე თუ მატულობს, როგორც ყველა სხვა სიამოვნებისგან, მაგრამ მე მოვიხიბლე იმის გემოვნებით, ვინც მის გაშენებას ხელმძღვანელობდა. აქ ხშირად სეირნობენ. მას შემდეგ, რაც საკმაო ხანს გავჩერდი ობსერვატორიის ზღურბლთან, რათა ზევიდან დამენახა ტიფლისის გეგმა და მისი მიდამოები, დაჩრდილული და თვალწარმტაცი ბაღისკენ დავეშვი, რომელიც თავისი მორთულობით მაღალი მთების ძირში მოქცეულ ვიწრო ფართობს ფარავდა; ეს მთები ქმნიან მტკვრის ხეობას და ახალ ქალაქს, რომელიც ამ მხრეს ვრცელდება. ვინახულე კაპუცინების ბაღიც, რომელიც ულამაზესია. საკმაოდ დიდი ეკლესიის მეზობლად მხოლოდ სამი მღვდელი ცხოვრობს; ეს ეკლესია მათ ეკუთვნით და ტიფლისის ცენტრში მდებარეობს; ამას გარდა, თავიანთი ბაღის მახლობლად, პატარა სამლოცველოც აქვთ სასაფლაოს შუაში.
მდინარის მაცხენა ნაპირზე, ტიფლისის აღმოსავლეთით და მისგან რამდენიმე ვერსის21 დაშორებით, შეღობილი ადგილია, სადაც საქართველოში შემოტანილი სხვადასხვა მცენარეების კულტივირებას ცდილობენ. იქ ვნახე საკმაოდ წარმატებით გახარებული ჩინური ინდიგო, დირექტორი კი სასიამოვნო და განათლებული მომეჩვენა. მან ამ მცენარიდან მიღებული საღებავის ძალიან ლამაზი ნიმუშებიც მაჩვენა. ამასობაში, მისი და ამ საჩვენებელი ფერმის ხელმძღვანელის, ბ-ნ S-ის, რჩევების მიუხედავად, ამ სასარგებლო დაწესებულებამ ქართველი გლეხების საქმიანობაზე ჯერაც ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. მეზობლად, რამდენიმე ჭის ზედაპირზე, ნავთი ნახეს.
ახალ ტიფლისს დამცავი კედელი არა აქვს, მაგრამ მას აღარ უნდა ეშინოდეს იმ მტრის მოულოდნელი შემოსევის, რომელიც აქედან უკვე შორაა, სუსტადაა შეიარაღებული და არასოდეს არ მოუნდება რუსების მიერ აშენებულ მკვიდრ ყაზარმებზე მოთავსებული ზარბაზნების წინ დადგომა.
პროვინციის გუბერნატორის22 სასახლე ტიფლისის ყველაზე დიდი, ლამაზი და თანამედროვე ნაგებობაა. მისი კოლონადები, პანდუსები და ყვავილნარი ჭეშმარიტად კარგ ეფექტს ქმნის. კვირაში ერთხელ ან ორჯერ ეს ბაღი ღიაა საზოგადოებისთვის; სამხედრო ორკესტრი იქ სამხედრო მარშებსა და საცეკვაო მელოდიებს უკრავს.
რუსეთის მთავრობა სანაქებო ყურადღებას აქცევს ახალგაზრდობის განათლებას და კარგად აღზრდას. ტიფლისის გიმნაზია ისევეა მოწყობილი, როგორც მთელი იმპერიისა. რუსულ ენასთან ერთად, საგანგებოდ ასწავლიან ასწავლიან ფრანგულს, გერმანულს, ქართულს თუ თათრულს. იქვე აძლევენ კანონმდებლობისა და ზოგადი სტატისტიკის გაკვეულ ცოდნას. გიმნაზიაში თითქმის ისეთივე მკაცრი დისციპლინაა, რაც ჩვენს კოლეჯებში, საფრანგეთში. კეთილშობილი ქალიშვილები იმპერიის ხარჯზე იღებენ განათლებას კერძო სასწავლებლებში23, რომლებიც რუსეთის ყველა დიდი ქალაქშია. ტიფლისში დაარსებულს ერთი გარუსებული ფრანგი ხელმძღვანელობს. იმპერატორი ნიკოლოზი მეტად სავალალოდ უჭერს მხარს თავისი ქვეყნის ეროვნულ ენას, რაც კიდევ ერთ ყველაზე ხმამაღალ ხმად იქცევა ბაბილონის ქაოსში და რომლის ძალა კიდევ უფრო გაზრდის იმ გაურკვევლობას, რომელიც მსოფლიოში უკვე ისედაც საკმაოდ დიდია.
ტიფლისმა, როგორც კი რუსული ქალაქი გახდა, სანკტ-პეტერბურგიდან დაშორების და დიდი ბუნებრივი ბარიერის წინააღმდეგობების მიუხედავად, მნიშვნელოვნად შეითვისა იმპერიის ადათ-წესები და ჩვეულებები. მაგრამ რომელი მთა არ იხრება ადამიანის წინაშე, როდესაც საშუალებებს გონება მართავს!
ამჟამად რუსული ფული სპარსულთან ერთად მოძრაობს, რომელსაც ფართოდ მოიხმარდნენ და რაც მისი გაქრობით დასრულდება. სპილენძის რუბლი იდეალური ვალუტაა, ის 100 სპილენძის კაპეიკისგან შედგება. მაგრამ მისი ღირებულება ვერცხლის ან ასიგნაციად წოდებული ქაღალდის რუბლის მიმართ ერთი გუბერნიიდან მეორეში მეტალის და ქაღალდის ფულის სიუხვის მიხედვით მერყეობს, რაც ადგენს კურსს. ახალი რუსული ფული ლამაზია, სპილენძისა – მძიმეა, ფულის კურსის მუდმივი ცვლილება კი – შემაწუხებელი.
ყველაზე მდიდარი მაცხოვრებლების ეკიპაჟებს, ისევე როგორც ეტლებს, რაც ახალი შემოსულია რუსეთიდან, დროშკების24 მსუბუქი და ელეგანტური ფორმა აქვთ. ისინი, ჩემი აზრით, მეტად მოუხერხებელია, ძალიან პატარაა ორი ადამიანისთვის და ამასთან ვერ გიფარავს მზის, მტვრისა თუ ტალახისგან. ჩვეულებრივ, მასში ორი ცხენია შებმული, ერთი ხელნაშია25, რომელზეც დამაგრებულია ხის უღელი და მასზე წკრიალა ზანზალაკები ჰკიდია. სასარგებლო დაწესებულების უმრავლესობა, რომელსაც დღეს ტიფლისში იმ მიწისქვეშა ხვრელების ნაცვლად დაინახავ, სადაც მკვიდრი ხალხი ცხოვრობს, გახსენებს გენერალ ერმოლოვის მმართველობას, რომლის ქება კვლავ ყველას პირზე აკერია. მისი გაწვევის შემდეგ ტიფლისს ჰყავდა რამდენიმე სხვა კარგი მმართველი, მაგრამ ქვეყნისთვის უბედურებაა მეთაურის ძალიან ხშირი ცვლა, რადგან ხშირად ორი გუბერნატორის იდეების შეუთავსებლობა ხელს უშლის დაწყებული საქმის დასრულებას, ხოლო ახალი პროექტები ხელს უშლის რომელიმე საქმის წამოწყებას.
მე სარეკომენდაციო წერილები მქონდა ბ-ნ X-თვის, სამოქალაქო ადმინისტრაციის ერთ-ერთი გავლენიანი პირისთვის, გადასაცემად. მასთან ამ წერილებით მივედი; მან თავაზიანად მიმიღო, მაგრამ ვინაიდან იგი ერთგვარ დიპლომატიურ თავშეკავებულობას ინარჩუნებდა, მე კი რუსების უნდობლობის შესახებ ვიცოდი, უსაფუძვლო ეჭვისა და შეურაცხმყოფელი ვარაუდების თავიდან ასაცილებლად, ისე მოვიქეცი, რომ ყოველგვარი ორაზროვნება გამორიცხულიყო. ამ გულწრფელობით ნდობა დავიმსახურე და იმის ღირსიც გავხდი, რომ ბ-ნმა X-მა თვითონ წარმადგინა პროვინციის გუბერნატორთან, მან კი პატივისცემით მიმიღო.
რუსეთში სახელწიფო მოხელეების ორგანიზაცია შემძლე ორგანიზაციაა, რომელიც სამხედრო იერარქიის მკაცრ პრინციპებს ეფუძნება. ყველა სამოქალაქო მოხელე ექვემდებარება რანგს, სუბორდინაციას, წოდებას, ხელფასს და მე ვფიქრობ, კოსტიუმსაც, ისე, როგორც ჯარში სხვადასხვა რანგის ოფიცრები; ყოველი მოსამსახურე, ისევე, როგორც ყოველი ოფიცერი, თავისი რანგის მიხედვით იღებს გარკვეულ დაფასებას და იმ რაღაც წოდებას, რომლისკენაც ილტვის. – როდესაც ვიზიტით მიდიხარ დიდ კაცსთან, უნდა საგანგებო ყურადღებით იყო მისთვის შესაფერისი ეპითეტებით მიმართვის გამო. ადვილი არ არის ყველა ამ წოდების დამახსოვრება და ჩემთვის სრული სიახლეა ვუთხრა კაცს: თქვენო აღმატებულებავ.
რედუტ-ყალეს საბაჟოზე დალუქული ჩემი სამგზავრო სკივრები ტიფლისის საბაჟოზე მივატანანე და როგორც მევალებოდა, ნივთების ზუსტი სია შევადგინე. წესით, ისინი უნდა ამოელაგებინათ, მაგრამ სულ ახალ-ახალი სირთულეები მაფერხებდა: ერთ დღეს კანონიც კი გამოიყენეს, სხვა დროს ეს მხოლოდ ფორმალობები იყო, რამაც საბაჟოს თანამშრომლები შეაცბუნა და დააბნია; შემდეგ წიგნებზე საბაჟო გადასახადი და სანკტ-პეტერბურგიდან ცენზორების ვეტოც მოვიდა. ამ დაყოვნებების გამო დაღლილმა და რადგან ადმინისტრაციის მხრიდან შარის მოდების დასასრულსაც ვერ ვხედავდი, გადავწყვიტე მთავარმართებლისთვის მიმეწერა და ამ აბდაუბდა საქმის საბოლოოდ გადაწყვეტა მეთხოვა.
ამ დემარშის წყალობით სწრაფად მოვიპოვე სამართალი როგორც ბიუროკრატიის ტირანიის, ისე პატარა ტირანებისგანაც: ჩემი სამგზავრო სკივრები ბაჟის გადახდისა და კონტროლის გარეშე დამიბრუნეს ერთი მარტივი ვალდებულებით – ჩემივე ხელმოწერით, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მათთვის ხელახალა წარმედგინა ჩემი წიგნები.
საბაჟოებს ყველგან აქვთ აბსურდული მოთხოვნები, მაგალითად კრძალავენ ან მძიმე სანქციას ადებენ იმ ზოგიერთ პროდუქტს, რომლის შემოტანა მხოლოდ გარედანაა შესაძლებელი. რუსეთში ასე კრძალავან რამდენიმე სახის ევროპულ საქონელს; მაგალითად რომი იქ მხოლოდ კონტრაბანდის გზით შედის და საბაჟომ თვითონ დანერგა ეს ამორალური ვაჭრობა, რათა იმის კეთილდღეობა უზრუნველყოს, ვინც ამას საკმაოდ მოხერებულად და ფრთხილად აკეთებს: ეს არის პირველი საყვედური ამ სამწუხარო რეჟიმის სავაჭრო ბარიერების მიმართ.
თუ საბაჟოზე ზედამხედველების რაოდენობა გაიზრდება და ეს ხელს შეუშლის კონტრაბანდას, მომხმარებელი იძულებული იქნება უარი თქვას იმ რამდენიმე სიამოვნებაზე, რასაც ზოგიერთი ქვეყანაში დიდ თუ მცირე თანხად იძენენ და რასაც თავის ქვეყანაში მთელი ქონების ფასადაც ვერ მოძებნიან; ამგვარად, ეს გაუთვითცნობიერებელ სიძულვილს იწვევს სამშობლოს მიმართ და ამიტომ საბაჟო ანტისოციალურია.
ნატურალური პროდუქტი კარგია, ზოგიერთ სასმელს ისეთით ანაცვლებენ, როგორიც არის რუსული რომი და ფიქრობენ, რომ აკმაყოფილებენ საზოგადოებრის მოთხოვნილებას, როდესაც მის მოტყუებას ცდილობენ.
ადმინისტრირების რთული მექანიზმი მნიშვნელოვან შეფერხებებს იწვევს, იმდენად დიდსაც, რომ მისი მოხელეები არც კარგად მცოდნენი ჩანან და არც საკმაოდ მკვირცხლები, ძლიერ მმართველებს კი უმცირესი არეულობაც აწუხებს. ამბობენ, რომ ეჭვის შეტანამ უიარაღო, უფულო და ღვინით მთვრალი კახელების შეთქმულებაში ეჭვის შეტანას მოჰყვა გაუგებრობა 18,000 ფურცელზე, საგამომძიებლო დაკითხვების თხუპნა და ამას ცხრა თვე დასჭირდა!26
საკმარისად ვერც რუსი გადამწერების ხელოვნებას შევაქებ, რომელთა ამოცანა ბევრი ფურცლის ადვილად დათხუპნაა; მაგრამ ღიმილისგან ვერ ვიკავებ თავს იმ სერიოზულობის გამო, როგორითაც მართლმსაჯულება მოქმედებს და როდესაც ვფიქრობ, რომ რუსები ცივილიზაციის მოდელად თავიანთ თავს სთავზობენ თურქებს, ვფიქრობ, რომ თურქებს ამავე მიამიტობით შეუძლიათ მათთვის თავიანთი გამოცდილებისა და რამდენიმე სასარგებლო რჩევის მიცემა მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების შესახებ.
რუსული ადათ-წესი, რომელიც აღნიშვნის ღირსია, რელიგიის ძირითადი პრინციპების დაკმაყოფილების ვალდებულებაა, რათა მავანი დაშვებულ იქნას მართლმსაჯულების წინაშე ფიცის დასადებად. კათოლიკეები, მაგალითად, იძულებულები არიან წარადგინონ აღსარების მოწმობა და ასეთივე მოთხოვნაა სხვა რელიგიის მიმდევრებისათვისაც. მთავრობა მოთმინებით ეკიდება და იცავს ყველა რწმენას, მაგრამ ნებას არ აძლევს, რომ რთული არჩევანის დროსაც კი შეიკავონ თავის ღვთისმოშიშობისგან და აგრეთვე უნდა მოერიდონ ყველა სხვა რელიგიურ სწავლებას, რომელიც მას ეწინააღმდეგება.
ტიფლისში, ისევე, როგორც რუსეთის იმპერიის ყველა სხვა ადგილას, მიღებულია, რომ ქრისტიანი კაცები და ქალები, რომლებიც აღდგომის დღესასწაულზე ხვდებიან, ერთმანეთს მეგობრულად მოექცნენ და ამ სიტყვებით აკოცონ: ქრისტე აღსდგა. ეს წესი სქიზმატიკოს ბერძნებსაც აქვთ და რუსებმა ის მათგან გადმოიღეს. მისთვის ჯეროვნად თავის არიდება არავის, არც დიდსა და არც ლამაზს, არ შეუძლია, ეს კი იმას იწვევს, რომ ამ ერთმაც და მეორემაც გადაწყვიტა გარეთ არ გავიდეს და ეს ჩვევა გაქრობას იწყებს27.
იმ მიზნით, რომ ამოვწურო ჩემი ცნობები ტიფლისელი რუსების შესახებ, ისღა დამრჩა, ვინმესთვის მისართმევ „ხლებ-სოლზე“ (kleb-sol) ვისაუბრო. ეს ამ ხალხის საერთო წესი და კეთილგანწყობის მნიშვნელოვანი ნიშანია; როდესაც ვინმე საცხოვრებელს იცვლის, მის სანახავად პირველად მისულ ყველა მეგობარს მიაქვს პურის ან კვერის ნაჭერი და მარილის მოზრდილი კრისტალი, რაც რუსულად პურ-მარილს ნიშნავს. ტიფლისის ერთმა უმნიშვნელოვანესმა პიროვნებამ ვახშამზე დამპატიჟა და ამის საშუალებით შევიტყე ზოგიერთი სრულიად რუსული წესის შესახებ. თურქეთში მცხოვრები ბერძნების მსგავსად, მამაკაცები ქალბატონებს მკლავს არ სთავაზობენ და სასადილო ოთახში ყველა მარტო მიდის. კედელზე მიდგმულ პატარა მაგიდაზე დაალაგებულია მლაშე ხიზილალა, ყველი, არაყი, ღვინო და მხოლოდ ერთ ჭიქა. მაგიდის გარშემო ფეხზე მდგომნი მსუბუქად წაიხემსებენ მადის მოსაყვანად, რასაც ზაკუსკას28 (zakouska) უწოდებენ, ცოტა ხნის შემდეგ კი სავახშმოდ სხვა მაგიდასთან სხედებიან. სუფრის მომსახურებაც ჩვენთან მიღებულისგან განსხვავდებოდა: წვნიანი მხოლოდ ხორციანი კერძის შემდეგ მოიტანეს და ისე, როგორც მოამზადეს – მოხარშული ძროხისა და ქათმის ხორცის ნაჭრებით; ეს ყველაფერი ერთად იჭმეოდა. კერძები ერთი მეორეს მიყოლებით მოჰქონდათ; უამრავი კერძის გამო სტუმრები ვახშმის ბოლომდე გაურკვევლობაში იყვნენ, ვერ აკეთებდნენ არჩევანს და წინდაუხედავად, დიდხანსაც არ ელოდებოდნენ მადისაღმძვრელ ნაჭერს. ვახშმის დასაწყისიდან დასრულებამდე მაგიდა სავსე იყო ტკბილეულით და დესერტით – სეზონური ხილით. სასმელად კარგი ქართული ღვინო და კვასი29 იყო, რომელსაც ღვინოსავით ვერ შევაქებ; კვასს, ლუდის მსგავს სასმელს, წყალში ხორბლის ფქვილის ფერმენტაციის შედეგად იღებენ; ის მოტკბო და საერთოდ, უსიამოვნოა იმათთვის, ვინც მას პირველად სვამს; ამასობაში, რუსებს მის გარეშე არ შეუძლიათ. კვასს წვნიანის გსაკეთებლადაც იყებენებენ, რასაც საფრანგეთში დიდი წარმატება არ ექნებოდა; ეს არის ჟულიენი, რომელშიც ბლომადაა ყოველგვარი ერთმანეთთან კარგად და ცუდად შეთავსებადი ბოსტნეული, დიდი რაოდენობით ყინულის ნაჭრებით. მაგრამ სამზარეულოში არაფერი განსაკუთრებით არ უნდა გაგიკვირდეს: მილანსა და გენუაში მომართვეს ხორცის ნაჭრები, რომლებიც გამდნარ ყველში ცურავდა, უნგრეთში კი შოკოლადის პუდრით მოყრილი კოტლეტები გეახელით. სადილის შემდეგ ავდექით; ზოგიერთებმა სამადლობელი ლოცვა თქვეს და პირჯვარი გადაიწერეს, შემდეგ კი თავი დაუკრეს მარჯვნივ და მარცხნივ მსხდომთ.
ქართველების წესით ის პირები, რომლებიც დასაფლავებას ესწრებოდნენ, შემდეგ გარდაცვლილის სახლში უნდა მივიდნენ, სადაც მათ უმასპინძლდებიან. მუქთამჭამელებს შეუძლიათ იხალისონ იმის თქმით, რომ ისინი გარდაცვლილის საკვებს ჭამენ; მაგრამ მათ, ვინც არ არის საზიზღარი ღორმუცელა, როგორ შეუძლიათ მსგავსი საკვების გადამუშავება?
ტიფლისის მიდამოები დღემდე მცირედაა დამუშავებულია, მაგრამ ამ ქალაქის მეზობლად არის კახეთის ოლქი, სადაც უხვად მოჰყავთ გემრიელი ხილი და წურავენ კარგი ხარისხის ღვინოს. – კავკასიის სოფლებში აკლიათ მიწათმოქმედებისათვის საჭირო იარაღების დამამზადებელი მარჯვე ხელოსნები; ტიფლისიდან დაცილებული მეურნეობების უმეტეს ნაწილში არა აქვთ ეფექტური საშუალებები მიწის დასამუშავებლად და სოფლის მეურნეობაში ყველაზე საჭირო ხელსაწყოები. მე ვნახე გუთნები, რომლებსაც ორი კაცი მიათრევდა, ეს პროცესი ნელა და ცუდად მიმდინარეობს და ხუთი წყვილი ხარის ძალას საჭიროებს. ტიფლისშიც კი, ისეთი საჭირო პროფესიები, როგორიცაა ხურო, მეკასრე, ზეინკალი, მჭედელი, მეთუნუქე და სხვა, ნაკლებობაა და არ არის საკმარისი ასეთი დიდი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; შესაბამისად, იარაღები, რომლებსაც ამზადებენ, ძალიან ძვირია.
მე არ ვიცი ტიფლისის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, მითუმეტეს, რომ ის სულ იცვლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ 40,000 სული უნდა იყოს. ამჟამად ტიფლისში სამკურნალო საქმე მხოლოდ უცხოელების, გერმანელების ხელშია, რომლებიც უკვე დიდი ხანია მსახურობენ ამ ქალაქის შესანიშნავ სამხედრო ჰოსპიტლებში. ექიმებისა და მედიცინის შესახებ იმის თქმაც არ უნდა დავივიწყო, რომ ყვავილის აცრა, როგორც ამ საშინელი დაავადების ქმედითი შემცირების საშუალება, რეკომენდირებული ჯენერის30 აღმოჩენამდე, საქართველოდან შეიტანეს კონსტანტინოპოლში, აქედან კი ინგლისში, საიდანაც ის ნელ-ნელა ევროპაშიც გავრცელდა.
გავიგე, რომ ზაფხულის ავადმყოფობები მთელ საქართველოში ძალიან მძიმეა. ამ სეზონზე, განსაკუთრებით ტიფლისში, თავის გარსის (méninges) გაღიზიანება და ანთება თუ მისი სხვა ავადმყოფობებში გადაზრდა, ფატალურ შედეგებს იწვევს. მიუხედავად ამისა, ამტკიცებენ, რომ სინდიყის შემცველი მარილები და უფრო კი ჩვეულებრივი სინდიყის ქლორიდი (calomel), რომლითაც დღეს ავადმყოფებს ჟღენთენ ინდოეთში მყოფი ინგლისელი ექიმების მაგალითით, საუკეთესო შედეგს იძლევა. ამ საკითხზე ვესაუბრე ამ მეთოდით მკურნალობის მეტად დიდი გამოცდილების მქონე პირებს; მათი აზრით, ზოგიერთი სახის გარკვეული სიხშირის ციების სიმპტომების წინააღმედ ქინაქინა უფრო ძლიერი ქმედითი საშუალებაა.
იმპერიის მიზნებისთვის სასარგებლო მრეწველობის გასავითარებლად, ტიფლისში მოიწვიეს ნიჭით გამორჩეული რამდენიმე უცხოელი; მათ შორის ჩამოვიდა რამდენიმე ფრანგიც, რაც აგრეთვე სასარგებლოა რუსეთისთვის. მაგრამ მოვლენებმა აჩვენა, რომ შემთხვევა ყოველთვის სასიხარულო არ არის. პოლკის ძველი მესაყვირე, ჩვენი ჯარის განადგურების შემდეგ31 მოსკოვში დარჩა, გახდა რუსი და ბედის უდიდესი და წარმოუდგენელი კეთილგანწყობით, ფრანგული ენის გრამატიკისა და მჭერმეტყველების პროფესორად იქცა. ერთ დღეს შემთხვევამ იგი ერთი თანამემამულის სუფრასთან შემახვედრა. სანამ ჩუმად იყო, მისი იერი პატივისცემას იწვევდა, მასში დარწმუნებულობა იგრძნობოდა; ამასთან, მისმა შავმა ფრაკმა, ლიტერატურულ სარბიელზე ოცი წლის მანძილზე გაწეული საპატიო შრომის აღსანიშნავმა საგანგებო ჯილდომ და მისმა გაპურდულმა თავმა, რომელიც ღირსებით იყო სავსე, თავიდან მაფიქრებინა, რომ იგი რომელიმე ემიგრირებული მარკიზი იყო, რომელიც თავისი ქონების აღსადგენად შრომობდა და ამიტომ მთლიანად მუზებით იყო დაკავებული. მაგრამ როდესაც ლაპარაკი დაიწყო, თავი გაამჟღავნა: შეურაცხყოფა მიაყება დიუმარსესა და ომონს32, რომელთა მიხედვითაც ასწავლიდა, რამდენიმე სავსე ჭიქის გადაკვრის შემდეგ კი ბევრი სხვა რამეც დაივიწყა; რაც უფრო მეტს სვამდა, მით უფრო მეტი ავიწყდებოდა, მაგრამ სწორად გამოთქვამდა სალანძღავ სიტყვებს. ბოლოს, როდესაც დათვრა და თავისი ყოველდღიური ჩვეული ღრეობის მდგომარეობამდე დაეცა, სახლიდან გააგდეს.
უკვე რამდენიმე წელია, რაც ტიფლისის გარშემო გერმანიიდან ჩამოსული მშვიდობიანი ფერმერები დასახლდნენ. ერთი, რომელიც ვიურტემბერგელებისგან შედგება, ქალაქიდან 15 წუთის სავალზე, მტკვრის მარცხენა მხარეს მდებარეობს, თითქმის ახალი ტიფლისის პირდაპირ; მათ შეუერთდა ნაპოლეონის დიდი არმიის საინჟინრო ნაწილის ყოფილი ჯარისკაცი, მამაცი კაცი, რომელსაც ყველა პატივს სცემს33.
ამ კოლონიაში ორმოციოდე ოჯახი ცხოვრობს. განიერი ესპლანადის ორივე მხარეს ჩამწკრივებულია ამდენივე საკმაოდ სუფთა პატარა სახლი. ყოველ მათგანს გარშემო რამდენიმე მეტრი თავისუფალი ადგილი აქვს გამოყოფილი ბოსტნეულისა და ყვავილებისთვის; ეს სასიამოვნო ბაღები ერთმანეთისგან მესერითაა გამიჯნული34. სოფლის ცენტრში პროტესტანტული ეკლესია დგას; ის ისევე პატარაა, როგორც მოსახლეობა, რომელსაც ის იტევს და თავისი ფორმით ისევე სადაა, როგორც ლოცვა, რომელსაც იქ მოისმენ. – კოლონიის საქმიანობა რეგულირდება ე.წ. ოჯახის საბჭოს მიერ და პროვინციის გუბერნატორთან ერთად ყველას ინტერესს ითვალისწინებს.
შენიშვნები
1. ბრიგი (ინგლ. Brig, იტალიური Brigantinno-ს შემოკლებული ფორმა) – ორანძიანი საზღვაო გემი, რომელსაც ორივე ანძაზე პირდაპირი აფრები აქვს. გავრცელებული იყო XVIII-XIX საუკუნეებში. შეიარაღებული იყო 10-24 ზარბაზნით. იყენებდნენ ძირითადად დასაზვერად, სავაჭრო გემების საბადრაგოდ და სხვა.
2. ფრეგატი — აფრებიანი, სამანძიანი, ერთგემბანიანი სამხედრო გემი, შეიარაღებული იყო რამდენიმე ათეული ზარბაზნით.
3. რედუტ-ყალე, დღევანდელი ყულეევი, ხობისწყლის შესართავში დაარსდა 1804 წელს, როდესაც ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა, რედუტი მოეწყო და დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში ევროპული საქონელი შემოდიოდა. მისი მნიშვნელობა განსაკუთრებით 1821 წლიდან გაიზარდა, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა. 1846 წელს დასახლებამ სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-ყალე ჯერ ოსმალეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა ააფეთქეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს ოსმალებმა დათმეს რედუტ-ყალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას, გადაწვეს. ამის შემდეგ მისი მნიშვნელობა დაეცა.
4 . კაიკი – ვიწრო, მსუბუქი, იშვიათდ იალქნიანი ნავი.
5. 1 ფუტი უდრის 30,48 სმ-ს.
6. სართული მიწის დონეზე.
7. კოლხეთი „მედიცინის მისანში“ ავტორი კოლხეთის ლეგენდარული მეფის, აიეტის უმცროს ასულს, მედეას, გულისხმობს.
8. დასავლეთ საქართველოს დიდი სახელმწიფოებრივი გაერთიანება – კოლხეთის სამეფო იგივე კოლხა (ძვ. ქართული წყაროებით – ეგრისი) – ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აღწერილია როგორც აიეტისა და მედეას სამშობლო და არგონავტების მოგზაურობის დანიშნულების ადგილი. უძველესი რეგიონი მოიცავდა დღევანდელ აფხაზეთს, სამეგრელოს, სვანეთს, რაჭას, იმერეთს, გურიას, აჭარას, სოჭისა და ტუაფსეს მხარეებს, თანამედროვე თურქეთის რიზეს, ტრაპიზონისა და გირესუნის პროვინციებსა, ართვინის პროვინციის მნიშვნელოვან ნაწილს. ბერძნულ სამყაროში „კოლხეთი“ (კოლხიდა) – სახელმა ადრე მოიპოვა ზოგადი, კრებთი მნიშვნელობა და ხშირად აღნისნავდა შავიზღვისპირა ქვეყანას, კავკასიონის ქედიდან დაწყებულს, ვიდრე დღევანდელ ტრაპეზუნის რაიონამდე (მარიამ ლორთქიფანიძე, ოთარ ჯაფარიძე, დავით მუსხელიშვილი, როინ მეტრეველი, „საქართველოს ისტორია“ ოთხ ტომად. I ტომი – უძველესი დროიდან ახ. წ. IV საუკუნემდე. თბილისი: გამომცემლობა პალიტრა L, 2012, 148).
9. მოგზაური ჩოხას გულისმობს.
10. იონიის კუნძულები — კუნძულთა ჯგუფი საბერძნეთის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ეს სახელი კუნძულთა ჯგუფმა მათი იონიის ზღვაში მდებარეობიდან გამომდინარე მიიღო. ამ კუნძულებს ხშირად ეძახიან „შვიდ კუნძულს“.
11. 1840 წლის 7 აგვისტსოს «Ру́сский инвали́д»-ში აღნიშნული იყო, რომ მონებით სამარცხვინო ვაჭრობის აღსაკვეთად გენერალ გოლოვინის ხელმძღვანელობით შავ ზღვაზე საგანგებოდ იყო აშენებული რუსული ფორტები, 1845 წელს მიხეილ ვორონცოვმა ეს ვაჭრობა დაუშვა ჩერქეზებისთვის, რადგან მშობლების მიერ გაყიდული მუსლიმი ქალიშვილები სიამოვნებით ცხოვრობდნენ კონსტანტინოპოლის ჰარამხანებში, სადაც სულთნების დედებიც და დებიც ჩერქეზი ქალები იყვნენ (Ivan Golovin, The Caucasus by Ivan Golovin, (London: Trübner & Co., 1854), 21. ამ დაშვების შედეგად, 1847-1848 წლებში ახალგაზრდა ქართველი და მეგრელი გოგონები თავიანთი ნებით თანხმდებოდნენ ამ ვაჭრობას მდიდარი მუსლიმების ნდობის მოპოვებისა და შემდეგ სახლში სიმდიდრით დაბრუნების იმედით. (Warner, Schamyl, le prophète du Caucase par le major Warner [pseud.] (Paris: Librairie nouvelle, 1854, 91-92). ჰოლანდიელი მოგზაურის, ტინკო მარტინუს ლიკლამა ა. ნიეჰოლტის, ცნობითაც, რუსეთის პირველი საზრუნავი თავისი მმართველოვის ფარგლებში ამ საზარელი ვაჭრობისთვის ბოლოს მოღება იყო, რომელიც XIX საუკუნის 60-იანი წლების მხოლოდ ჩერქეზეთის მხარეს გრძელდებოდა (Tinco Martinus Lycklama A Nijeholt, Voyage en Russie, au Caucase et en Perse exécuté pendant les années 1866, 1867 et 1868. T. I (Paris-Amsterdam: Arthus Bertrand, C. L. Van Langenhuysen, 1872), t. I, 419).
12. ავტორი გულისხმობს აკიმ ესპეხოს (1792-1847) – რუსეთის იმპერიის ესპანელ გენერალ–მაიორს, 1837–1840 წლებში ქუთაისის სამხედრო და სამოქალაქო გუბერნატორს, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის დროებით მმართველს.
13. ნიკოლოზ I (1796-1855), პავლე I-ის მესამე ვაჟი, იმპერატორ ალექსანდრე I-ის ძმა, რუსეთის იმპერატორი 1825-1855 წლებში.
14. იმერეთის სამეფო წარმოიქმნა საქართველოს ფეოდალური მონარქიის პოლიტიკური დაშლის შედეგად. ეს პროცესი საქართველოში მონღოლთა ბატონობის დამყარებიდან, XIII საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო და XV საუკუნის II ნახევარში დასრულდა, როდესაც 1490 წელს იურიდიულად გაფორმდა საქართველოს დაშლა. ჯერ კიდევ დავით ნარინი XIII საუკუნის II ნახევარში არსებითად იმერეთის მეფე იყო. იმერეთის სამეფოში შემავალი ოდიშისა და გურიის სამთავროები XVI საუკუნის შუა წლებში ცალკე პოლიტიკურ ერთეულებად ჩამოყალიბდა. XVI საუკუნის დამდეგს იმერეთის სამეფოს აფხაზეთის სამთავრო ჩამოსცილდა, უფრო გვიან კი – სვანეთისა. ამის შემდეგ იმერეთის სამეფოს ტერიტორია საკუთრივ იმერეთითა და რაჭით შემოიფარგლა. ლეჩხუმი ხან იმერეთის მეფეს ეპყრა და ხან ოდიშის მთავრებს (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, IV, თბილისი, 1967; საქართველოს მეფეები, მ. ლორთქიფანიძისა და რ. მეტრეველის რედაქცია, თბილისი, ნეკერი, 2000).
15. ავტორი ბარატის ტაძარს გულისხმობს.
16. პროზელიტიზმი – მისწრაფება თავის სარწმუნოებაზე სხვების მოქცევისაკენ, ან ახლად მიღებული მოძღვრებისა, რწმენისამხურვალე ერთგულება.
17. გორის კათოლიკური ტაძარი აგებულია 1806-10 წლებში, 1920 წელს ის ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ.
18. პილასტრი – კედლის სვეტი.
19. 1828 წელს იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა კავკასიის მთავარმართებლად და კავკასიაში მომქმედი რუსეთის ჯარის მთავარსარდლად დანიშნულმა გენერალმა ივანე პარკევიჩმა 1828 წელს ერევნის ციხესიმაგრე აიღო და მას მიენიჭა ერევნის გრაფის პასკევიჩ-ერივანსკის წოდება. გამარჯვებულ გენერლისთვის თბილისის მოსახლეობის მიერ სადღესასწაულო შეხვედრის ადგილს, სადაც დღეს თავისუფლების მოედანია, პასკევიჩ-ერევანსკის მოედანი ეწოდა. სახელწოდება „ერივანსკის“ „ერევნით“ შეცვლა შეცდომაა, რასაც ყველა მოგზაური უშვებს.
20. ურანია (ძვ, ბერძნ. ზეციური ან ზეცა) – ბერძნულ მითოლოგიაში ასტრონომიის მუზა.
21. ვერსი – სიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.
22. ევგენი გოლოვინი (1782-1858) – გენერალი, რუსეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს მთავარმართებელი 1837-1842 წლებში.
23. 1830 წელს პასკევიჩის ინიციატივით თბილისში გაიხსნა პანსიონი კეთილშობილ გოგონათათვის, რომელიც 1840 წელს ამიერკავკასიის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტად გარდაიქმნა, 1846 წელს დაარსებულ იქნა წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი.
24. დროშკა – ოთხბორბლიანი და ორადგილიანი რესორებიანი ღია ეკიპაჟი, რომელიც თბილისში 1820-იან 1830-იან წლებში გამოჩნდა.
25. ხელნა – ურმის უბის ძირითადი შემადგენელი ნაწილი; წყვილი ხე, რომელთა თავები შეტყუპებულია, უკანა ნაწილი კი სამკუთხოვნად არის გაშლილი.
26. ავტორი შეიძლება 1832 წლის შეთქმულებას გულისხმობს, მაგრამ ამის დაბეჯითებით თქმა, შეუძლებელია.
27. ვერ გავიზიარებთ ექიმი ტეიულის ამ მოსაზრებას, რადგან სხვა ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურები გვაწვდიან ცნობებს, რომელთა თანახნად აღდგომის დღესასწაული საქართველოში, კერძოდ თბილისში, დიდი ზეიმით ტარდებოდა (Pharamon Blanchard. Voyage de Tifllis à Stavropol, par le défilé du Darial (1858). Entrée triomphale à Tiflis. – Costumes. – Fêtes de Pâques. – Le baiser. – Danse guerrière des Touchines. Le Tour Du Monde. T. I-II. Paris. 1860, pp. 116; Henri Cantel: 1. „La Nuit des Morts, légende géorgienne“. A M. le baron Paul Thénard. Revue des Deux Mondes, T. 36, 1861, 1002-1011; 2; Lycklama A Nijeholt, Tinco Martinus. Voyage en Russie, au Caucase et en Perse exécuté pendant les années 1866, 1867 et 1868. T. I. Paris-Amsterdam: Arthus Bertrand, Libraire-Editeur/C. L. Van Langenhuysen, Libraire-Editeur, 1872, 415).
28. რუს. ზაკუსკა – საუზმეული.
29. ტრადიციული სლავური მჟავე სასმელი, რომელიც მზადდება ფქვილისა და ალაოს (ჭვავის, ქერის) ან მშრალი ჭვავის პურისგან, ზოგჯერ დამატებით სურნელოვანი ბალახების, თაფლისა და ფიჭის ჩათვლით.
30. ედუარდ ენტონი ჯენერი (1794-1823) – ინგლისელი მეცნიერი, რომელიც აღიარებულია ყვავილის ვაქცინის შემქმნელად.
31. იგულისხმება 1812 წლის რუსეთის სამამულო ომი ნაპოლეონის წინააღმდეგ.
32. დიუმარსე (Dumarsais) და ომონი (Lhomond) – ლათინური ენის გრამატიკის ავტორები.
33. ექიმი ტეიული გულისხმობს ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს, ჟან პოლს, რომელმაც პირველი სასტუმრო გახსნა თბილისში.
34. იგულისხმება იმპერატორ ალექსანდრე I-ის სახელობის გერმანულ კოლონია, ალექსანდერსდორფი, რომელიც 1819 წელს დაარსდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დღევანდელი დიდუბის ადგილზე. შარლ ბესის ცნობით, 1830 წელს იქ მცხოვრები 32 ოჯახი მეცხოველეობას მისდევდა და ქალაქის ყასბებს რქოსანი პირუტყვითა და ხბოებით ამარაგებდა; მათი ქალები ტილოს ქსოვდნენ თავიანთი ოჯახების საჭიროებისათვის, ამას გარდა ისინი დიდი რაოდენობით შინაურ ფრინველს, განსაკუთრებით კი ინდაურებს, ზრდიდნენ (Jean-Charles de Besse, Voyage en Crimée au Caucase, en Géorgie, en Arménie, en Asie-Mineure, et à Constantinople, en 1829-1830. Pour servir à histoire de Hongrie, par Jean-Charles de Besse. Ouvrage orné de cinq planches lithographées. Paris, 1838, 37).

Комментариев нет:

Отправить комментарий