суббота, 23 июня 2018 г.

ბერნარ ე, ა. როტიეს (1771-1857) ცნობები საქართველოს შესახებ (ი. ნაჭყებია)

საქართველოს მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი (1816-1827) დროებითი ემიგრაცია რუსეთში, – სამხედრო სამსახური
ავტორის შესახებ: ბელგიელი როიალისტი ოფიცერი, რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ბერნარ ეჟენ ანტუან როტიე (1771-1858), რომელიც არ იზიარებდა ნაპოლეონის მიერ წარმოებულ პოლიტიკას, საფრანგეთის მთავარი შტაბის სამხედრო საინჟინრო სამსახურის მრავალი უცხოელი ოფიცრის მსგავსად საფრანგეთის იმპერატორის ბრძანებით პარიზში ტამპლის ციხეში ჩასვეს1. 1808 წელს, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, რადგან იგი ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ მიიღეს სამხედრო სამსახურში, იძულებული გახდა თავის ოჯახთან ერთადთავშესაფარი ჩრდილოეთის ამ უზარმაზარ იმპერიაში“, რუსეთში, მოეძებნა. 1808-1818 წლებში იგი რუსეთის ჯარში, კავკასიაში მსხურობდა, 1811 წელს კი თავისი თხოვნის საფუძველზე საქართველოში, გენერალ ორბელიანის2 დაქვემდებარებაში მყოფი მეოცე დივიზიის შტაბის უფროსად დანიშნეს. საქართველოში პოლკოვნიკ როტიეს ჩავლის მიზანი ნაკლებად ცნობილი მხარეების გაცნობა, მისთვის სრულიად უცნობი ომის წარმოების ხასიათის შესწავლა და ადგილობრივიმეგობრებისა და მტრების, ცოცხლების ადათ-წესებისა და საქმიანობის, გარდაცვლილთა ძეგლებისა და ხსოვნის შესწავლა-დაკვირვებაიყო. მისი მუდმივი სამყოფელი, „ოდესღაც სუსტი სამეფოს, იმჟამად უკვე ლამაზი პროვინციის დედაქალაქში, ტიფლისში, იყო“. 1818 წელს, იგი სამხედრო სამსახურიდან გადადგა.
მოგზაურობის მიზანი: თავის ოჯახთან პოლკოვნიკ როტიეს მოგზაურობის მიზანი საქართველოს დასავლეთი ნაწილის, მცირე აზიისა და კონსტანტინოპოლზე გავლით სამშობლოში დაბრუნდა იყო.
პოლკოვნიკ როტიესა და მისი ოჯახის მიერ განვლილი მარშრუტი: თბილისი, მცხეთა, მუხრანი, გორი, უფლისციხე, სურამი, ქუთაისი, გელათი, მარანი, ფოთი, წმ. ნოკოლოზის ფორტი, ბათუმი, ხოფა, ტრაპიზონი, გირესუნი, სამსუნი, კონსტანტინოპოლი, ევროპა.
მარშრუტი საქართველოში: თბილისი, მცხეთა, მუხრანი, გორი, უფლისციხე, სურამი, ქუთაისი, გელათი, მარანი, ფოთი, წმ. ნიკოლოზის ფორტი, ბათუმი, ტრაპოზონი. მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით დაწვრილებით არის მოცემული ცნობები საქართველოს გეოლიგიის, ფლორის, ფაუნის, მდინარეების, ხიდების, სავარგულების, სოფლის მეურნეობის, სასოფლო განსახლების, მოსახლეობის საქმიანობის, ადათ-წესების, ისტორიული ძეგლების შესახებსურამის ციხე, გელათი; დახასიათებულია თბილისი, უფლისციხე, სურამი, ქუთაისი, მარანი, ფოთი, ბათუმი.
თხზულება მდიდარია ისტორიული ექსკურსებით საქართვლოს ისტორიიდან. საგანგებო ყურადღებას იქცევს თხზულებაში წარმოდგენილი გეორგიევსკის ტრაქტატი (1783) და 1799 წლის 23 ნოემბერს (ძვ. .) 7 გეორგიევსკის ტრაქტატის შესწორების ტექსტი, რომლის მეორე მუხლის თანახმად უქმდებოდა მეფის წოდება და მმართველი მეფისიგულისხმება გიორგი XII უფროსი ვაჟი, დავითი3, – იქნებოდა საქართველოს რეგენტი და ეს წოდება გადაეცემა უფროსობის მიხედვით მის მთელ მოდგმას. ეს დოკუმენტი როტიეს გადასცა საქართველოს სამხედრო გუბერნატორმა, გენერალმა თევდორე სიმონოვიჩმა.
თხზულებაში დიდი ადგილი ეთმობა თავად ციციანოვის მიერ დედოფალი მარიამის4 დაპატიმრების ამბავს5. აღნიშნულია ქართველების სურვილი თავიანთი ძველი მეფეების კოდექსების მიხედვით სამართლის წარმოებისა და სამსახურში თავიანთი ღირსების შესაბამისად მიიღების შესახებ6. საქართველო მას კავკასიის ბირთვად, მის ყველაზე ცივილიზებულ ნაწილად მიაჩნია, მაგრამ ამასთან, როტიე დადებითად აფასებს რუსეთის პოლიტიკას კავკასიასა და საქართველოში. იგი წერს: „უკეთ რომ ვთქვათ, ეს არ არის ბატონობა, ეს არის შერწყმა, რომელიც უნდა შესრულდეს. რუსეთს ყოველი თვალსაზრისით დადებითი როლი აქვს. ის თავის წიაღში იღებს ხალხს, რომელსაც გაევროპელობა სურს. (...) ის იმორჩილებს არა თავისი ძალით, არამედ ძარცვის, ადამიანებით ვაჭრობისა და ყოველივე იმის მოსპობით, რაც აზიურია“7.
საინტერესოა ავტორის ცნობები იმერელი თავდის, წერეთლის მიერ მისი ოჯახის მიღებისა და გამასპინძლების, ფერსათიდან გატაცებული მოსახლეობისა და მეგრელების მიერ თავიანთი ოჯახის წევრების გაყიდვის შესახებ. აღვნისშნავთ, რომ ტრაპიზოში საფრანგეთის კონსულთან, პიერ დიუპრესთან ერთად როტიე ამაოდ ეცადა ფერსათიდან გატაცებულთა გამოხსნას. თხზულებაში აღნიშნულია ფოთის სტრატეგიულ მნიშვნელობა, აღწერილია ტრაპიზონში ნანახი სოლომონ II- საფლავი და სხვ. საგანგებო ყურადღებას უთმობს შავი ზღვისპირეთის აღწერას, ლაზების დახასიათებას და მათ ადათ-წესებს. პოლკოვნიკ როტიეს ნაწერებიდან ჩანს, რომ იგი მეტად განათლებული ადამიანი იყო და კარგად იცნობდა ძველი დროის ავტორების თხზულებებს. როტიე, არ არის მხოლოდ მოგზაური, რომელიც წუთიერი შთაბეჭდილებით ან შენიშვნებით კმაყოფილდება: იგი საგულდაგულოდ ამუშავებს შეკრებილ მასალას.
1. Михаил Полиевктов, Европейские путешественники по Кавказу, 1800-1830 гг. (Тбилиси: тип. Заря Востока, 1946) 135.
2. იგულისხმება გენერალ-ლეიტენანტი დიმიტრი ორბელიანი (1763-1827), კავკასიის ომების გმირი, რომელიც 1811 წლის 24 აგვისტოს დანიშნულ იქნა მე-20- ფეხოსანი დივიზიის მეათურად.
3. დავით ბატონიშვილი (1767-1819) – გიორგი XII-ისა და მისი პირველი ცოლის, ქეთევან ანდრონიკაშვილის (1754-1782) უფროსი ვაჟი, ქართლ-კახეთის სამეფოს გამგებელი 1800-1801, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, მწერალი და მეცნიერი, რომელიც 1803 წელს ქართლ-კახეთის ბაგრატიონთა ოჯახის სხვა წევრებთან ერთად პეტერბურგში გადაასახლეს.
4. მარიამ ციციშვილი (1768-1850), გიორგი გიორგი XII მეუღლე და ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი (1798-1801), დაიბადა თბილისში, თავადი გიორგი ციციშვილისა და ელენე გურამიშვილის ოჯახში. 1799 წლის 27 აპრილსმისი უდიდებულესობა ქართლ-კახეთის დედოფალი, მარია გეორგიევნადააჯილდოვეს წმინდა ეკატერინეს ორდენის დიდი ჯვრით. საქართველოდან იძულებული გადასახლების შედეგად, ალექსანდრე I-მა იგი შეიწყალა და ბელგოროდის ერთ-ერთ მონასტერში გაამწესა, შემდეგ კი მოსკოვში დაასახლეს. მარიამ დედოფალი გარდაიცვალა 1850 წელს, 81 წლის ასაკში მოსკოვში, დაკრძალულია სვეტიცხოველში.
5. Rottiers, Itinéraire de Tiflis à Constantinople, 63-67. მარიამ დედოფლის დაპატიმრების ამბავი 1829 წელს ინგლისურ ენაზეც დაიბეჭდა (The London Literary Gazette and Journal of Belles Lettres, Arts, Sciences, Etc, N658, 29 August, 1829).
6. ეს აზრი შემდეგ გატარებულია საქართველოში 1825 წელს მოგზაური ფრანგი ბუნებისმეტყველის, შარლ ბელანჟეს თხზულებაშიც (Charles Bélanger. Voyage aux Indes Orientales, par le Nord de l’Europe, les provinces du Caucase, la Géorgie, l’Arménie et la Perse, suivi de détails topographiques, statistiques et autres sur le Pégou, les îles de Java, de Maurice et de Bourbon, sur le cap de Bonne-Espérance et Sainte Hélène pendant les années 1825, 1826, 1827, 1828 et 1829, I-VIII, 8 et 3 atlas grands. Paris, 1836-1846. Historique. t. II, Paris, 1838, 65).
7. Rottiers, Itinéraire de Tiflis à Constantinople, par le Colonel Rottiers, commandeur, chevalier de différens ordres, membre de plusieurs académies, etc. (Bruxelles: Chez H. Tarlier, Libraire, 1829), 93.
***
მარიამ დედოფლის გადასახლება. – დინასტიის დასასრული.
მარიამი, თავად გიორგი ციციშვილის ქალიშვილი, 1800 წლის 28 დეკემბერს (ძვ. სტ.) გარდაცვლილი გიორგი XII- მეორე ცოლი, კვლავ ტიფლისში იყო თავის შვიდ ბავშვთან, ორ გოგონასა და ხუთ ვაჟთან ერთად. შეიძლება რუსეთი ღელავდა ერთი ქალისა და მცირეწლოვანი ბავშვების გამო, შეიძლება იმედოვნებდა, რომ ეს დედოფალიც დაამოწმებდა ხელისუფლების დასასრულს თავის მშობლიურ ქვეყანაში, ამიტომ რუსები გარკვეულ დრომდე ტოლერანტულად უყურებდნენ საქართველოში მის ყოფნას. ამასობაში, მარიამი, მთავრობის ამ მოწყალებით უკმაყოფილო თუ შეშინებული, რომ მისი ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა, რუსეთის ხელისუფლებისაგან თავისი დაცვის გზებს ეძებდა. თავისი უსაფრთხოების დაცვა მას თავის მშობლიურ მხარეში სურდა და საიდუმლოდ გაქცევის გეგმაც დასახა. მაგრამ გენერალი ციციანოვი მის ყოველ მოქმედებას უთვალთვალებდა და რადგან იცოდა მისი მტკიცე ხასიათის შესახებ, გამუდმებით ურჩევდა თავის მთავრობას საქართველოდან მის მოშორებას. ამ ბრძანების მოლოდინში, ციციანოვმა მის სათვალთვალოდ არაფერი არ ითაკილა. თავის ინტერესებიდან გამომდინარე, მან მარიამს კეთილშობილი ქართველი, კალატოზოვი მიუჩინა, რომელიც დედოფლის ამალაში იყო და მისი დიდი ნდობით სარგებლობდა. თავადმა ციციანოვმა ეს კაცი მაცდუნებელი დაპირებებით მოისყიდა, ის კი ყოველივეს, რაც მარიამის სახლში ხდებოდა და დედოფლის ყოველ სიტყვასაც კი, მაშინვე მას გადასცემდა.
ფშავები და ხევსურები, კავკასიის ორი ხალხი, იორის მახლობლად, თბილისის ჩრდილო-აღმოსავლეთში ცხოვრობენ, დიდი ვაჟკაცები არიან, რადგან მათი მხედრული ღირსება კურთხეულია მათივე კანონებით და ადათ-წესებით. სიკვდილის შიშით, მათ ეკრძალებათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნება თუ ზურგში დაიჭრებიან, აგრეთვე წვერის გაპარსვა, ვიდრე შურს არ იძიენენ ნათესავის მკვლელობის გამო. ეს მთიელები უძველესი დროიდან და ვიდრე ტახტი დაემხობოდა, საქართველოს მეფის დაცვაში იყვნენ და მუდამ სამეფო ოჯახის ერთგულები იყვნენ. მარიამმა, რომელიც გაქცევაზე ფიქრობდა, იხმო ისინი და მათთან ერთად დაგეგმა მათ მთებში ბავშვებითურთ თავის შეფარება. ეს უშიშარი მსახურები მგზნებარედ შეუდგნენ ამ გეგმის განსახორციელებელად საჭირო მომზადებას; მარიამი მათთან შეთანხმებით ხელს უწყობდა მათ ქმედებებს და მხოლოდ გაქცევის დღეს ელოდა. საუბედუროდ, ეს გეგმა ჩაიშალა, რადგან ის გაამჟღავნა კალატოზოვმა, რომელსაც დედოფალი ძლიერ ენდობოდა. ამგვარად, გაქცევის გეგმა ვერ შედგა სწორედ მაშინ, როდესაც ფშავების მთებში ყველაფერი მზად იყო გასაქცევად და მარიამის უსაფრთხოების უზრუნვესაყოფად.

ამ საქმის გაძღოლა მამაცსა და გიგანტური აღნაგობის ფშავ გადილას ევალებოდა; იგი უკვე რამდენჯერმე იყო ტიფლისში ჩასული დედოფალთან გაქცევის შესათანხმებლად: ბოლოს ყველაფერი მზად იყო მარიამის მოსატაცებლად და გადილამ გადასცა, რომ მისი მოძმეები დედოფალს მოუთმენლად ელოდნენ. ციციანოვმა ყოველივე იცოდა, მაგრამ თვითონ სურდა ამაში დარწმუნება და აინტერესებდა გადილას ნახვა, რომელიც დააპატიმრებინა და თავისთან მიაყვანინა. გენერალს გვერდით, წესის თანახმად, თარჯიმანი ჰყავდა და მიუხედავად იმისა, რომ მან შესანიშნავად იცოდა ქართული, ის ყველა საქმეს ასე წარმართავდა. მან კალატოზოვი სოფაზე გადაფარებული ქსოვილის უკან დამალა იმ ოთახში, სადაც ფშავი მიიღო. ოთახში შესული გადილა გენერალს ქვეყნის ჩვეულების მიხედვით მიესალმა: გამარჯობა ციციანო (Kamarjof Tsitsiano); დაიწყო შემდეგი დიალოგი: გენერალი: რისთვის ჩამოხვედი ტიფლისში? ფშავი: მარილის საყიდლად. – არ დამიმალო სიმართლე. სხვა მიზეზი ხომ არ გქონდა ამ ქალაქში ჩამოსასვლელად? – არა. – ფშავო! შენი სიცოცხლე სიმართლის თქმაზეა დამოკიდებული: იცოდე, რომ თუ არ გამიმჟღავნებ სიმართლეს, შემიძლია დაუყოვმებლივ მოგკვეთო თავი. – თავი მომკვეთო! რატომ? ეს სომეხი თარჯიმანი ხომ არ მომკლავს? და ხელი თავის ხანჯალს შეავლო: განა ჩემი ხანჯალი აღარა მაქვს? ის მუდამ თან მაქვს. – როდესაც ციციანოვმა დაინახა, რომ მუქარამ ეს უშიშარი კაცი არ შეაშინა, ადგა, ტკბილი სიტყვით მისი ნდობის მოსაპოვებლად ხელი მხარზე დაადო და უთხრა: ჩემო მამაცო მეგობარო, ნუ ბრაზდები, არაფერს გავნებ; მხოლოდ სიმართლე მითხარი. – მაგრამ ყოველივე ამაო იყო, გადილა მტკიცედ იდგა თავის ნათქვამზე; მაშინ გენერალმა სოფას უკან დამალული კალატოზოვი გამოიყვანა იმ იმედით, რომ მთიელს ერთბაშად გააოგნებდა იმ ადამიანის მოულოდნელი გამოჩენით, რომლის მიმართ, დედოფლის გარემოცვაში, ეჭვი არ ჰქონდათ. კალატოზოვი ერთბაშად მიუბრუნდა ფშაველს და უთხრა: გადილა, გამოტყდი ტიფლისში შენი ჩამოსვლის მიზეზში, მე აქ შენი მხილებისთვის ვარ. განა არ გახსოვს, როგორ მნახე დედოფალთან, როდესაც გუშინ შეატყობინე, რომ ყოველივე მზად იყო გასაქცევად, რომ ჯორები მტკვრის გადაღმა ელოდნენ და მზად იყვნენ მთებში მის ასაყვანად? გაოგნებულმა მთიელმა კალატოზოვს ზიზღით და მრისხანედ შეხედა და უპასუხა, რომ ყოველივე ეს სიცრუე და მოგონილი იყო, მაგრამ მას მეტის თქმის საშუალება არ დასცალდა.

ოთახში ექვსი გრენადერი8 შემოვარდა, მათ გადილა განაიარაღეს და კონდახები ურტყეს. როდესაც ფშავი ციხესიმაგრეში მიჰყავდათ ესკორტის თანხლებით, კალატოზოვმა გაბედა და სახეში გაარტყა, გადილა ამაყად მობრუნდა და უთხრა, რომ მას თავისი ხანჯალი რომ ჰქონოდა, იგი საკმაოდ ძლიერი იყო საიმისოდ, რომ ყველაზე ერთად ერძია შური. მარიამ დედოფლის შეთქმულების დასამტკიცებლად ციციანოვი სხვა მტკიცებულებების მოძიებას აღარ ეცადა; იგი შესანიშნავად მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის სიმშვიდისთვის ამ დედოფლის მოშორება და ყოველგვარი გადავადების გარეშე მისი გამგზავრება მეორე დღისთვის დაინიშნა (კვირა, 1803 წლის 12 აპრილი). ამ გამგზავრებისთვის ერთგვარი ბრწყინვალების მისაცემად, მან გენერალ-მაიორ ლაზარევს (ივან პეტროვიჩს) უბრძანა, რომ იგი საპარადო სამოსში გამოწყობილი და თარჯიმანთან, წარმოშობით სომეხ საროკინთან ერთად, რომელსაც კაპიტნის ჩინი ჰქონდა, დილით ადრე სამხედრო მუსიკისა და ინფანტერიის ორი ასეულის თანხლებით მისულიყო დედოფლის სახლში და იგი წასვლაზე აეძულებინათ. მეორე დღეს, დილაადრიან, გენერალი ლაზარევი მივიდა დედოფალთან და მის საწოლ ოთახში მოულოდნელად შევიდა: დედოფალი ახალი გაღვიძებული იყო და ქვეყნის წესისამებრ, ხალიჩით დაფარულ ტახტზე, რომელზეც ღამე ლოგინს შლიან, ნაკლებად მეფური იერით, მაგრამ ყველა კლასისითვის დამახასიათებელი მანერით (თურქულად ფეხმორთხმული) იჯდა ლეიბზე, რომელზეც ღამე ეძინა. ორი დღის წინ მას საიდუმლოდ შეატყობინეს, რომ რუსეთიდან მოსული იყო მისი საქართველოდან გაყვანის ბრძანება და ბოლო მომენტამდე ჰქონდა ტკბილი იმედი, რომ თავს დააღწევდა ამ სასტიკ ბრძანებას. მის შვიდ შვილს, ყველა მცირეწლოვანს, რომელთაგან უფროსი ცხრა წლისაც კი არ იყო, მშვიდად ეძინა მის შორიახლო.

ლაზარევი ისე შევიდა, რომ დიდ პატივისცემა რა გამოუხატავს და თავის თარჯიმანს მხოლოდ ეს ათქმევინა: „ადექით წასასვლელად. – დედოფალმა მშვიდად უპასუხა: ახლა რატომ უნდა ავდგე, ვერ ხედავთ რომ ჩემს ბავშვებს მშვიდად სძინავთ? მე რომ ისინი ერთბაშად გავაღვიძო, ეს მათ ავნებს, სისხლი აემღვრევათ (ქართული ცრურწმენა.). ვინ მოგცათ ასეთი სასწრაფო ბრძანება? – ლაზარევის პასუხზე, რომ მას ეს გენერალმა ციციანოვმა უბრძანა, დედოფალმა შეჰყვირა: ციციანოვი ცოფიანი! ჩვენი გვარის ნაძირალა!9 – ამასობაში დედოფალი მუხლებზე დადგა, თითქოს იმ ბალიშზე უკეთ დასაყრდნობად, რომელზეც ღამე ედო თავი და სადაც თავისი ქმრის ხანჯალი ჰქონდა დამალული. როდესაც ლაზარევმა დაინახა, რომ დედოფალი არ ეპუებოდა და ალოდინებდა ბავშვების გაღვიძებამდე, მიუახლოვდა იმ ადგილს, სადაც დედოფალი იჯდა და მის ძალით ასაყენებლად დაიხარა. დედოფალმა ელვასავით სწრაფად აღმართა ხანჯლიანი ხელი და ლაზარევს მარცხება ფერდში ისეთი ძალით ჩასცა, რომ ხანჯლის წვერი მეორე მხარეს გავიდა. შემდეგ გამოაძრო, სახეში ესროლა და თავის მტერს შეუცბუნებლად უთხრა: ასე მოკვდება ის, ვინც ჩემი უბედურებისთვის შეურაცხყოფის დამატებას გაბედავს! ლაზარევი იქვე სულთმობრძავი დაეცა: მის ყვირილზე სოროკინმა ხმალი იშიშვლა და ამ არამზადამ ის რამდენჯერმე დაჰკრა დედოფალს მარცხენა მკლავზე და საკმაოდ ღრმად მხარზეც. ელენემ, დედოფლის დედამ, რომელსაც აგრთვე ამ ოთახში ეძინა, ამ ხმაურზე გაიღვიძა, სისხლის დანახვაზე თავის ქალიშვილან მიიჭრა და მაგრად მოეხვია. ოთხი ოფიცერი, მათ შორის მაიორი, ოთახში შევარდა და მომაკვდავი ლაზარევი სასწრაფოდ გარეთ გაიყვანეს. მთელი საცხოვრებელი ერთბაშად აივსო ჯარისკაცებით, რომლებმაც მარიამი თავის დედას გამოგლიჯეს, კონდახების ცემით მოტირალი თავის შვილებთან ერთად სახლიდან გაიყვანეს და გასამგზავრებლად გამზადებულ ეტლში ჩააგდეს. ასე დასრულდა ეს საშინელი სცენა.

დედოფალი თავის შვილებთან ერთად ტიფლისიდან და კავკასიიდან დიდძალი ჯარის თანხლებით გაიყვანეს; მის სავალ გზაზე ქართველები მირბოდნენ მისი ეტლის დასახვედრად და ტირილით გამოხატავდნენ თავიანთ დარდს დედოფლის გადასახლების გამო. მის ერთ-ერთ შვილს, ერეკლეს, რომელსაც მოსწყურდა, ერთმა ქართველმა წყალი მიაწოდა, მაგრამ სალდათებმა ის უხეშად გააგდეს, დოქი კი გადააგდეს. იმის გასაგებად, თუ რას ეუბნებოდა დედოფალი თავის შვილებს ან გზად შემხვედრ ქართველებს, ციციანოვმა ისეთი რუსი მეეტლე შეარჩია, რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა ადგილობრივი ენა.

დედოფალთან ერთად მყოფი შვიდი ბავშვიდან ხუთი ვაჟიმიხეილი, გაბრიელი, ილია, ოქროპირი, ერეკლე და ორი გოგონათამარი და ანა იყვნენ10; ეს უკანსკნელი მხოლოდ სამი წლისა იყო. ტიფლისში დაბრუნებულმა მეეტლემ, სხვა ამბებს შორის ისიც გაიგო, რაც მცირეწლოვანი ბავშვის ძლიერ ხასიათზე ეტყველებდა; ასაკით მომდევნო ვაჟი, გაბრიელი11, თავის დედას ეუბნებოდა: დედაჩემო, რატომ მოჰკალით ეს ოფიცერი? – რაზეც დედამ უპასუხა: თქვენი ღირსების გამო. – პატარა ბავშვმა მყისვე უთხრა: ძალიან კარგი! დედაჩემო, თქვით, რომ ის მე მოვკალი და თქვენ არაფერი არ დაგიშავდებათ! ეს ტრაგიკული ამბავი გენერალ ლაზარევს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ნიკანდრო, გენერლის კამერდინერი, თავისი ბატონის უსულო სხეულის წასაღებად მივიდა, ხალიჩაში გაახვია და სახლში წააღებინა: მეორე დღეს ლაზარევი სამხედრო პატივით სიონის ბერძნულ ეკლესიაში დაასაფლავეს. დედოფალი მარიამი ჩავიდა რუსეთში, ის მონასტერში გაგზავნეს, საიდანაც შემდეგ გამოვიდა. რაც შეეხება თარჯიმან სოროკინს, რომელმაც გაბედა მისთვის ხმლის დარტყმა, იმის შიშით, რომ ეს ქმედება დანაშაულად ჩაეთვლებოდა, გაიქცა, მაგრამ შემდეგ პატიება მოიპოვა და დაიმედებული ტიფლისში დაბრუნდა; ის მოკლეს შეტაკების დროს ლეკებთან, რომლებიც 1804 წელს ელისაბეტპილს (განჯა) დაესხნენ თავს.
უფრო ბედნიერი ვერც მოღალატე კალატოზოვი აღმოჩნდა. თავისი გამცემლობის ჯილდოდ მან 100 დუკატი12, ოფიცრის წოდება და თანამდებობა მიიღო საქართველოს ოლქის პატარა ქალაქის, გორის პოლიციაში, რომელიც ქართლის დედაქალაქია, შემდეგ კი ყველასგან მოძულებული საცოდავად მოკვდა. თავადი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი მოკლეს კასპიის ზღვასთან მდებარე ქალაქ ბაქოში 1806 წლის 8 თებერვალს ხანის ბრძანებით, რომელთანაც იგი მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ზოგიერთი იმ ქართველისთვის, რომელიც მას ვერასოდეს ვერ აპატიებდა თავისივე ბრძანებით თავისივე ნათესავის, იმ ქალის შეურაცხყოფას, რომელსაც მართალია ვეღარ ემორჩილებოდნენ, მაგრამ კვლავ პატივს სცემენ, მან ასეთი სიკვდილი დაიმსახურა13.
ეს ამბავი მიკარნახა მამა ონისიმე იოსელიანმა14, წმინდა გიორგის იმ სამლოცველოს მღვდელმა, რომელიც იმ სახლის მახლობლად იყო, სადაც დედოფალი დააპატიმრეს. იგი ყოველივე მომხდარის თვითმხილველი იყო და ამ სანახაობამ მასზე ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ამ საშინელის ამბის გავლენით, 10 წლის შემდეგაც კი, ამას თვალზე ცრემლმომდგარი ყვებოდა.
8. ევროპის ქვეყნებისა და მეფის რუსეთის არმიებში რჩეული ჯარისკაცი, რომელიც გაწვრთნილი იყო ხელის ყუმბარის ტყორცნაში.
9. ტექსტში: „Tsitsiano tsofiani! Tsitsianoff écume de notre race“.
10. ავტორი უზუსტობას უშვებს ბატონიშვილების ასაკის დასახელების დროს. დედოფალ მარიამსა და მეფე გიორგი XII- რვა ვაჟი და სამი ქალიშვილი ჰყავდათ: მიხეილი (1783-1862), ჯიბრაელი (1788-1812), თამარი (1788-1850), ანა (1789-1796), ელიზბარი (1790-1854), იოსები (. 1798-ის შემდეგ), სპირიდონი (. 1798-ის შემდეგ), ოქროპირი (1795-1857), სვიმონი (1796 – . ბავშვობაში), ერეკლე (1799-1859), ანა (1800-1850).
11. ავტორი უზუსტობას უშვებს გაბრიელ ბატონიშვილის ასაკის დასახელების დროს: ჯიბრაილი გაბრიელი იმჟამად 15 წლისა იყო.
12. დუკატი [რუს. червонец] – სამი მანეთის ღირებულების რუსული ოქროს ფული, რომელსაც XVIII საუკუნიდან ჰქონდა გასავალი რუსეთში. მას 1701-1855 წლებში ჭრიდნენ და ჩერვონეცი ეწოდებოდა; იწონიდა 3,6 -.
13. როტიეს თხზულების მეხუთე თავი, რომელშიც ეს ამბავია აღწერილი, ინგლისურ ენაზეც დაიბეჭდა (The London Literary Gazette and Journal of Belles Lettres, Arts, Sciences, Etc, N658, 29 August, 1829).
14. ონისიმე იოსელიანი სასახლის მღვდელი იყო.
ტიფლისიდან გამგზავრება
ტიფლისიდან დილით 8 საათზე, 1818 წლის 18 მაისს, გავედით. შესანიშნავი ამინდი და კამკამა ცა იყო. ეს ცისფერი არ ჰგავდა ხმელთაშუა ზღვის ბნელ ცას, რომელიც ისე გგონია, რომ მიწას ერწყმის; ცის კაბადონის უფრო ღია ფერი სინათლის ოკეანეს ჰგავდა. ჩრდილო-დასავლეთით, .. მცხეთის მიმართულებით და მტკვრის ნაპირების გაყოლებით, მკაფიოდ შევამჩნიეთ მუდამ თოვლით დაგვირგვინებული კავკასიონის მონცრისფრო მწვერვალი.
მაღლობიდან იმ ადგილებს მივესალმეთ, რომლებსაც სამუდამოდ ვემშვიდობებოდით. ჩვენი მზერა დიდხანს შეჩერდა შესანიშნავ ხედზე. მარჯვნივ, უზარმაზარი კლდის წვერზე, ამაღლებული იყო ძველი და ბნელი ციხე15, რომელიც ისევე ძველია, როგორც თვით ქალაქი16. მარცხნივ, უფრო დაბლა, ტირიფებს შორის ნელა მიედინება თავის ნაპირებში მოქცეული მტკვარი. წინ ტიფლისი იყო თავის უამრავი გუმბათით, ვიწრო ქუჩებით, ოთხკუთხედი სახლებითა და მიწის ტერასებით, რომლებიც ისე ჩანდა, თითქოს თოვლით იყო დაფარული.
ამგვარ ეფექტს ქმნიდა წიწმატელა, რომელიც ყველგან თავისით იზრდება. ტიფლისის გარეუბნის, გარეთ-უბანის მარჯვნივ, სომხური სასაფლაოა, რომელსაც მთლიანად ფარავდა მარიამსაკმელა. მისი იისფერი, კატაბარდას მსგავსი ელფერი, როგორც აღმოსავლელები იტყოდნენ, მკვდრების ქალაქს ბნელ იერს სძენდა, რაც კონტრასტს ქმნიდა ქალაქისა და მთელი პეიზაჟის ნათელ ელფერთან. უფრო შორს ლომბარდიის მსგავსი მდიდარი ვაკე შევამჩნიეთ. ჰორიზონტს მთლიანად მზის სინათლით გაბრწყინებული ბამბაკის ქედები აგვირგვინებდა. ეს ცუდი მომენტი იყო ამ შესანიშნავი მხრით აღსატაცებლად. იმ ადგილზე მიბრუნება, რომელსაც ტოვებ, მოგზაურს გულს უჩუყებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გზაზე წინააღმდეგობები და საშიშროება ელის. ოვიდიუსის17 მსგავსად, ყოველთვის წინა დღით უნდა წახვიდე და უკან აღარ მიიხედო.
აქ გამოვემშვიდობე ჩვენ გასაცილებლად მოსულ რამდენიმე პიროვნებას, რუსებსაც და ქართველებსაც. მათ შორის იყვნენ ფილიპ დე ფორანო, მისიონერების პრეფექტი საქართველოში და ჩემი თანამოძმე, ანვერელი -ნი ჟოზეფ კამბერლენი, გამორჩეული მოქანდაკე და არქიტექტორი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. მას შემდეგ, რაც მან იმ ქალაქში ბირჟის სასახლე ააშენა და რამდენიმე საფლავიც დაგეგმა18, რამაც მის ნიჭს პატივი მიაგო, იგი ტიფლისში გაგზავნეს მთავრობის არქიტექტორად. მან პირველ გაჩერებამდე გამაცილა და მძიმე გრძნობა დაეუფლა. იგი სამი წლის შემდეგ, 54 წლის ასაკში, ტიფლისში გარდაიცვალა.
გზა მცხეთისაკენ გავაგრძელეთ. ჩვენი ბარგი ურემს მიჰქონდა. პირველი დღე საკმაოდ სასიამოვნო იყო. იმ ხეების ჩრდილი, რომლებსაც ვაზი შემოხვეოდა, სიცხეს აცხრობდა. ჩვენ მოწყენილობას აქარწყლებდა იბერიული ფლორის შესწავლა, რომელიც მთელი თავისი სიმდიდრით ჩანდა. ჩავედით მცხეთაში, რომელიც ტიფლისის დაარსებამდე იყო ქართველი მეფეების რეზიდენცია. 1411 წელს ის თემურლენგმა გაანადგურა19 და ამის შემდეგ მას თავისი წარსული დიდებიდან აღარაფერი შენარჩუნებია. კათედრა, გოთური ძეგლი20, არაფრით არის აღსანიშვანი, იქ მეფეების საფლავებია. ქალაქთან წმ. ნინოს სალოცავი ვნახეთ. ამ მხარეში ბარბაროსების განადგურებას მხოლოდ რელიგიური ძეგლები21 გადაურჩა. ერთადერთი ტოლერანტობა, რომელსაც მუსლიმები გამოხატავენ! ამ ბარბაროსების მხრიდან ეს ბოროტი ირონია ხომ არ იყო?
მეორე დღეს მტკვრისა და არაგვის შესართავის ზევით გადავედით და მარცხენა ნაპირის გაყოლებით სოფელ ღართისკარამდე მივედით, სადაც ღამე საკმაოდ მოხერხებულად გავატარეთ იმ საკვების, ჭურჭლისა და ლოგინის თეთრეულის წყალობით, რომელიც ურემზე გვედო; ასეთ სტუმართმოყვარე ქვეყანაში შეუძლებელია რომელიმე სოფელში მაცხოვრებლებთან რაიმეს ყიდვა. სიბინძურე, რომელიც ყველგან სიღარიბესთან ერთად მეფობს, გაიძულებს ღია ცის ქვეშ ან კარავში დაწვე. 20-ში ვაკეზე, მუხრანის ხეობაზე გავიარეთ, სადაც ვრცელ ფართობზე კარგად იყო დამუშავებული შვრიის, ქერისა და ხორბლის ყანები. იქ უხვადაა გარეული ფრინველი, მწყერი და წითელი კაკაბი. ქართველი მეფეები იქ სექტემბერში ნადირობდნენ ხოლმე.
ერეკლეს22 განსაკუთრებით უყვარდა შევარდნებით ნადირობა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკეზე დიდ სპარსულ კარავს დგამდნენ და მეფის კარის პირველ სენიორებს სუვერენის თანმხლებლებად პატიჟებდნენ. ის, ვინც მეფის განსაკუთრებული კეთილგანწყობით სარგებლობდა, მეფური ყურადრების ნიშნად მეფის შევარდენის მიერ დაჭერილ კურდღელს იღებდა საჩუქრად. სოფელ მუხრანის წინ ქართველების მიერ მუხრან ბატონად წოდებულმა, ბაგრატიონთა ოჯახის წევრმა თავადმა, ჭერში ჩამოკიდებული რამდენიმე კურდღლის ფიტულიმისი მამისადმი მეფის მიერ გამოხატული კეთილგანწყობის ნიშანიგვაჩვენა. იგი მეტად ამაყი იყო ამ საჩუქრით.
საღამოს ჩვენი პატარა ქარავანი გორში, ქართლის დედაქალაქში, ჩავიდა. ეს ქალაქი მდებარეობს ფშავისა23 და ლიახვის შესართავთან; ლიახვი მტკვარში ჩაედინება ერთ ვერსზე24 უფრო ქვევით. გორი გარშემორტყმულია კედლით და დაცულია ციხით, რომლის მშენებლობა უძველესი დროით თარიღდება25. ამგვარი მნიშვნელობის ადგილს კომენდანტიც უნდა ჰყოლოდა. ჩვენ მასთან გავჩერდით. მაიორი T. და მისი ოჯახი მგლოვიარე იყო, მაგრამ თავაზიანად ცდილობდნენ ამის დაფარვას. ჩვენ მოგვიანებით შევიტყეთ მათი დარდის მიზეზი, რომელის შესახებ კითხვაც ვერ გავბედეთ. როდესაც კაპუცინების მონასტრის სანახავად მივედი, მამა მარიუსმა კელნიდან, რომელიც იქ დამხვდა, მიმიყვანა საფლავთან, რათა ჩემთვის მის მიერ შედგენილი ეპიტაფია ეჩვენებინა. კედლის ქვაზე ახლახან გამოკვეთილი ლათინური წარწერა წავიკითხე. „ეს, – მითხრა მამა მარიუსმა, – ამ კომენდანტის ქალიშვილის საფლავია, რადგან მისი დედა პოლონელია და შესაბამისად კათოლიკე. ჩვენ ის აქ დავკრძალეთ. ის მომხიბვლელი ბავშვი იყო, რომელსაც მინდა გავუწიო ეს სამწუხარო და ბოლო სამსახური“.
რადგან გორში შეუძლებელი იყო ისეთი ეტლის შოვნა, როგორითაც აქამდე ჩამოვედით, რამდენიმე ცხენითა და ჯორით დავკმაყოფილდით, ამ უკანასკნელის არსებობას ბევრი ხალხი ვერ იჯერებდა. ვირისა და ფაშატი კამეჩის ჰიბრიდი26 ძლიერ გავრცელებულია სპარსეთის მთელ ჩრდილოეთში და მე ის მრავლად ვნახე საქართველოშიც. ის უფრო დიდი, ლამაზი, ძლიერი და ნაკლებად ჯიუტია, ვიდრე ვირი ან ჯორი. ტვირთი ამ პირუტყვებს ავკიდეთ, მე, ჩემი ცოლი და შვილები კი ცხენებზე შევსხედით. მოვიმზადე თურქეთის საზღვარზე ჩასაცმელი ჩერქეზული ტანისამოსი; ასევე იყო ჩაცმული ჩვენი ორი მსახურიც. ჩემმა ცოლმა არ ისურვა ჩერქეზული ტანსაცმლის ჩაცმა, მაგრამ ვუალი მუდამ მოხვეული ჰქონდა. არაფერი არ იყო უფრო ორგინალური სანახავი, ვიდრე ჩვენი პატარა ქარავანი თავისი მრავალნაირი კოსტიუმით, ბარგითა და ასე გამორჩეული პირუტყვით. გზაზე ჟაკ კალოს27 შეხვედრაღა გვაკლდა.
ჩვენ ქვაში გამოკვეთილი ციხესიმაგრის, უფლისციხის28 ციხე-დარბაზისკენ გავემართეთ, რომელიც გორიდან 10 ვერსზე და იმერეთის ძველ საზღვარზე მდებარეობს. ეს თავადი წერეთლის რეზიდენცია იყო. ჩვენ მათ გულითადად გვიმასპინძლეს და საუზმე შეგვთავაზეს.
სასადილო დარბაზი ერთდროულად მისაღებიც იყო და თავადისა და მისი ცოლის საწოლი ოთახიც. მის ერთ მხარეს უზარმაზარი ხის საწოლი იდგა, იმის მსგავსი, ჩვენს საგუშაგოებში რომ დგას. ღამე ლეიბის მსგავს მეტად მაგარ, ორი თითის სისქის ნაბადზე დავწექით. ცოლქმრული სარეცელი დილიდანვე დაახვიეს და სკივრებში შეინახეს, იქ ინახებოდა თავადისა და მისი ცოლის ტანსაცმელიც. კედლის გასწვრივ ჩამოკიდებული იყო თავადის სხვადასხვა იარაღი, ისინი მდიდრულიც იყო და ბევრიც. ჩვენი გოთური ეკლესიების მსგავს, ქვაში გამოკვეთილ ფანჯრის ჩარჩოში, შუშის ნაცვლად გასანთლული ქაღალდი იყო დამაგრებული. ჩვენ თურქების მსგავსად ფეხმორთხმულებმა იატაკზე ვივახშმეთ. ჩემი მეუღლის პატივსაცემად თავადის მეუღლემ დაარღვია ქვეყნის ადათ-წესი და ჩვენთან ერთად დაჯდა. რამდენადაც დიდი არ უნდა იყოს თანამეინახეების რაოდენობა, ისინი ერთ რიგში არიან ჩამწკრივებულები, ოჯახის უფროსი მაგიდის ერთ-ერთ თავში ზის, რომ ყურადრება მიაქციოს ყველა სტუმარს. ჩვენ თორმეტნი ვიყავით. წინ ჭილოფი დაგვიგეს და ზედ ფერადი სუფრა დააფარეს. თითოეული სტუმრის წინ გრძელი, ბრტყელი და მეტად რბილი პური დადეს, რომელსაც რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა: მისი საშუალებით მიირთმევენ არა მხოლოდ ძალიან სქელ წვნიანს, არამედ ბოსტნეულსა და საწებელსაც კი; ეს ერთგვარი კოვზია, რომელსაც ბოლოს გადაყლაპავ. პურს ხელსახოცადაც იყენებენ ხელების გასაწმენდად და ტუჩების მოსაწმენდად. იმერლები ბევრს სვამენ, მსახური კი გამუდმებით მოძრაობს სტუმრების წინ; იგი შეიარაღებულია უზარმაზარი დოქით და ვერცხლის დიდი კოვზით29, საიდანაც ყველა თავისი რიგის მიხედვით სვამს. თავად წერეთელის ოჯახში, ჩემი და თავადის ცოლი, ორივე ერთი ბრტყელი, პატერას30 მსგავსი თასიდან სვამდნენ. შემწვარი და მეტად დახვეწილი გემოს მქონე, ბევრი მწვანილით შეზავებული შინაური ფრინველის ხორცითა და ნანადირევით გაშლილი სუფრა უფრო უხვი იყო, ვიდრე დიდებული. ბლომად ელაგა მეტად პატარა ულუფები. ბოსტნეულის უდიდესი ნაწილი განსხვავდებოდა იმისაგან, რითაც ევროპაში გვიმასპინძლდებიან. ქართველები უმად ან წყალში მოხარშულ ოცამდე ისეთ მცენარეულობას მიირთმევენ, რომელსაც ჩვენ არაფრად ვაგდებთ ან ჩვენ ჰავაში არ მოდის. თავადის მაგიდაზე ყველა ეს ეროვნული კერძი იდგა. წვნიანი ჩანაცვლებული იყო წყალში მოხარშული და გაციებული სვინტრის31 სალათით, რომელიც შეზავებული იყო ქინძით და არა იმ მწვანილეულით, რომელსაც ჩვენ ვხმარობთ. ამ კერძს ზეთითა და ძმრით მიირთმევენ. თავადის ცოლს წინ მწვანე პიტნით სავსე თეფში ედგა, რომელსაც უმად, შეუკმაზადავ მიირთმევდა. დაბოლოს, მთელ საქართველოში მიირთმევენ ისე მომზადებულ ბალბას, როგორც ჩვენ კომბოსტოს ვამზადებთ. ეს ღარიბების ყოველდღიური საკვებია; ის დიდი რაოდენობით იზრდება გზების გასწვრივ და ჭალებში. აზიაში თავმდაბალი ხარ და ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს.
საერთო ჯამში, თავადის სამფლობელოში დაწურული ღვინო ძალიან კარგია და საფრანგეთის სამხრეთის ღვინოებს ჰგავს, მაგრამ ნაკლებად ალკოჰოლიანია, ასე რომ, ჩვენ ძალიან კარგად გეახელით: ეს ის არის, რაც არც ტიფლისიდან წამოსვლის შემდეგ გვქონია და ხშირად არც კონსტანტინოპოლამდე გვექნება. მაპატიოს მკითხველმა, თუ იმ ტურისტს ვემსგავსები, რომელიც ევროპაში ან სხვაგან მოგზაურობის შესახებ თხზულებებში მირთმეული კოტლეტებისა და დალეული ბოთლების ისტორიას აქვეყნებს: ჩემი კულინარული აღწერა იმ დეტალებს მაინც შეიცავს, რასაც ფილანთროპიის მიზნით აღვწერ:
1816 წლის შიმშილობის დროს ალბათ მრავალი გაჭირვებული იქნებოდა კმაყოფილი იმის გაგებით, რომ ბალბა იჭმევა. მოხიბლულები წამოვედით თავადის მიერ ჩვენთვის მიგებული პატივით ამ გამოქვაბულში, რომელსაც იგი თავის ციხედარბაზს უწოდებდა. ჩვენ სავალ გზაზე მდებარე სურამი ოდესღაც მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, ახლა კი სრულიად გაუკაცრიებულია 1811 და 1812 წლების შავი ჭირის ეპიდემიის გამო. ოდესღაც ეს ციხე მოსახლეობას იცავდა თურქების შემოსევისაგან, ხოლო მისი დარჩენილი ნანგრევები თითქოს მათ საფლავებს სდარაჯობს.
16. ავტორის შენიშვნა: „მეფე ვახტანგს ტიფლისი დაახლოებით 469 წელს დაუარსებია“. ამ ქალაქში სხვა არაფერია გასაოცარი, Tibériade-ის მსგავსი თერმული წყლების გარდა. 100 ლივრ წყალზე მისი ანალიზი იძლევა: სუბკარბონატის სოდა 19 კრისტალი სოდის სულფადი 36, ქლორიანი სოდა 24, კირმჟვა 20, მაგნეზია 8, რკინა 2, კაჟმიწა 9, ფისოვანი ექსტრაქტი 4, ყველაზე ცხელი წყალი 40 გრადუსია რეომიურის* თერმომეტრით“ *(1°R = 0,925 °C ) ლეონტი მროველის თქმით, თბილისი ააშენეს „ციხედ ციხისა“ ე. ი. თბილისი ააშენეს მცხეთის მისასვლელ გზაზე, მის გასამაგრებლად. მისივე ცნობით, ქართლის მეფე ვარაზ-ბაკურის დროს, ე. ი. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარა. ასე რომ, IV საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი, მანმადე უკვე მჭიდროდ დასახლებული ადგილი, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამაგრებულ პიუნქტად იქცა (შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, 1958, გვ. 7). V საუკუნის შუა წლებიდან თბილისი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა ის აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად.
17. პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ. წ. 43-ახ. წ. 17/18) – რომაელი პოეტი. ახ. წ. 9 წელს ოქტავიანე ავგუსტუსის ბრძანებით გადაასახლეს ტომეში (თანამედროვე კონსტანცა, რუმინეთი), გარდაიცვალა გადასახლებაში.
18. 1805-1810 წლებში სანკტ-პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე აშენდა ბირჟის შენობა, არქიტექტორი ჟან თომა დე თომონი, ქანდაკებების ავტორი კი ჟოზეფ კამბერლენი იყო.
19. ავტორი აქ უზუსტობას უშვებს, რადგან თემურლენგი გარდაიცვალა 1405 წელს. მისი მერვე და ბოლო ლაშქრობა საქართველოში 1403 წელს შედგა.
20. ავტორი უზუსტობას უშვებს სვეტიცხოველის დახასიათებისას. ეს ტაძარი არის ქართული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში.
21. ავტორის შენიშვნა: „როდესაც 1795 წლის სექტემბერში აღა-მაჰმად-ხანმა ტიფლისი აიღო (ძვ. სტ.) და ტყვედ გაიყვანა 10,000 ქართველი, კაცები, ქალები და ბავშვები, მან მთლიანად დაანგრია ქალაქი, მაგრამ პატივი სცა ეკლესიებს“. დავაზუსტებთ რომ ირანელი ისტორიკოსის, საიდ მულიანის ცნობით ტყვეთა რაოდენობა 15,000 იყო (Mulyani, 1379/: 193) და ვიზიარებთ ამ მოსაზრებას.
22. იგულისხმება ერეკლე II
23. ავტორი აქ უზუსტობას უშვებს, რადგან ქალაქი გორი მდებარეობს მტკვრისა და დიდი ლიახვის შესართავთან. ფშავის არაგვი ანუ თეთრი არაგვი] თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე მიედინება. ჟინვალიდან არაგვი სამხრეთით მიემართება და მდინარე მტკვარს მცხეთასთან უერთდება.
24. ვერსი – სიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.
25. გორის ციხე – ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. „გორის ციხედ“ ის წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება და მნიშვნელოვან სტრატეგიულ სიმაგრეს წარმოადგენდა. XVII საუკუნის 30-იან წლებში მისი ძირითადი ნაწილი აღადგინა როსტომ მეფემ, შემდეგ კი ის საფუძვლიანად შეაკეთა მეფე ერეკლე II-მ. ქართლ-კახეთის რუსეთთან შეერთების (1801) პირველ წლებში იქ რუსეთის არმიის გრენადერთა ბატალიონი იდგა. შემდგომში მან დაკარგა ადრინდელი მნიშვნელობა.
26. ჯორი – ფაშატი ცხენისა და მამალი ვირის ჰიბრიდი.
27. ჟაკ კალო (Le bon Callot, 1592-1635) – ფრანგი გრავიორი და მხატველი, ხატავდა ყველაფერს, რასაც კი დაინახავდა.
28. კლდეში ნაკვეთი ქალაქი, უფლისციხე კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო. მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით. წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება.
29. იგულისხმება აზარფეშა – ვერცხლის გრძელტარიანი სასმისი.
30. პატერა – ფართო და ბრტყელი რიტუალი ჭურჭელი, რომელსაც უძველეს დროში, განსაკუთრებით ძველ რომში, ღმერთებისათვის ღვინის შესაწირად იყენებდნენ.
31. როტიეს მიერ მოცემულია სვინტრის ლათინური დასახელება – convallaria polyganatum. სვინტრი შროშანისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარის მრავალწლოვანი ბალახია, მათგან ერთი – Polygonatum obtusifolium, საქართველოს ენდემური მცენარეა. სვინტრის ზოგი სახეობა დეკორატიულ მცენარედ მოჰყავთ.
ქუთაისი
რიონზე მდებარე ქუთაისმაც კი ვერ შეინარჩუნა თავისი წარსული ბრწყინვალება. ერთმანეთზეა დახვავებული ალბათ ანტიკური, გოთური, არაბული და თანამედროვე ნანგრევებიც კი. ერთადერთი რაც ამ ნაშთებს შორის კიდევ იწვევს რაღაც ინტერესს, იმერეთის მეფეების ძველი სასახლე და მონასტერია. ღამე კათოლიკეების სახლში გავატარეთ, რომელშიც რომაელი კაპუცინები მსახურობენ. მათი სახლი და სალოცავი ხისაა; ისინი იქ ადრეული ეკლესიის სიმარტივითა და იმდროინდელი ზნეობრიობით ცხოვრობენ, შავი ჭირის გამანადგურებელი მოქმედების დროს ჰეროიკული ვაჟკაცობით უვლიდნენ ყველა კლასისა და რელიგიის ავადმყოფს: განსაკუთრებით გულმოდგინედ კი გარდაცვლილებს მარხავდნენ, რადგან ეს ერთადერთი საშუალება იყო ეპიდემიის გავრცელების თავის დასაცავად. მისიის ხელმძღვანელი მამა ჟოზეფი სამხრეთ იტალიიდან ნამდვილად ღირსი იყო ამ პატივცემული კორპორაციის სათავეში ყოფნისა. ეს მეტად განსწავლული კაცი შესანიშნავად წერდა და კითხულობდა ქართულად. იგი დაჯილდოვებული იყო იმ ყოველგვარი სათნოებითა და სიკეთით, რის გამოც კაპუცინები ყურადღებიანნი და საჭირონი არიან, მამა ჟოზეფი ამ მხარის მოსახლეობისათვის სათაყვანებელი ადამიანი იყო... და ასეთი ადამიანი იმ ქვეყანაშია, რომელსაც სჭირდება მოციქულთა ჭეშმარიტი მემკვიდრის მოსმენა და რომელიც მხოლოდ ასეთების მიერ იქნებიან გადარჩენილები.
ქუთაისიდან ერთი ლიეს32 მანძილზე გელათის მონასტერი მდებარეობს. იქ მივედი მეფე დავით I-ის33 საფლავის სანახავად, რომელიც დარუბანდის რკინის კარის გვერდითაა; ეს კარი მან ხალიფებისაგან ამ ქალაქის გამოხსნის შემდეგ წამოიღო34. ორსადგულიანი კარი ღერძებისა და რკინის ფირფიტებისაგან შედგებოდა და ორ კოლონას შორის იყო მოთავსებული. მთლიანობაში ის უფრო დიდია, ვიდრე ჩვენი ციხესიმაგრეების კარიბჭეები.
სადგულების ზედაპირზე კუფური შრიფტი, არაბული წარწერაა35; ცნობისმოყვარეებმა რკინის იმდენი პატარა ნაწილი მოხსნეს, რომ სრულად გასაშიფრ ორ სიტყვასაც ვეღარ ნახავ. ეს მონასტერი მთავარეპისკოპოსის, ეფრემის, რეზიდენციაა. მე მან გულითადად მიმიწვია სავახშმოდ. ეკლესია შესანიშნავია, ის მკვიდრადაა ნაგები ქვით და გაუძლო ურწმუნოთა შემოსევებს. მიუხედავად ამისა, მე ჩემი კეთილი კაპუცინები და მათი ხის სახლი უფრო მომწონს.
გენერალ კორნატოვსკის რეზიდენცია ქუთაისში იყო და მე მას ვესტუმრე. იგი საკმაოდ აღელვებული და ძლიერ გაბრაზებული იყო ახლახანს მიღებული ცნობის გამო. მან მითხრა, რომ მაჰმუდი, აჭარის ფაშის – სელიმის უფროსი ვაჟი, 200 შეიარაღებული კაცით გურიაში, საზღვრიდან 20 ვერსზე მდებარე სოფელ ფერსათში36 შეჭრილიყო და იქიდან ოცდაცხრამეტი ადამიანი – კაცები, ქალები, გოგონები და ბავშვები – გაეტაცებინა და ამ ნადავლიანად უკან გაბრუნებულიყო. იყო კი საჭირო სასაწრაფოდ, იარაღით შურისძიების ე.ი. უზენაესთა ნებართვის გარეშე ომის დაწყება? თუ სჯობდა მოთხოვნით დაკმაყოფილებულიყვნენ, რათა მოლაპარაკებების გზით მიეღწიათ დამნაშავეთა დასჯისა და ტყვეების დაბრუნებისთვის? მე ვცადე გენერალი ტყვეების დაბრუნების საკითხზე დამეთანხმებინა და რადგან ტრაპიზონში უნდა გავჩერებულიყავი, გადაწყდა, რომ ევროპელი კონსულის დახმარებით ტყვეების გათავისუფლების მოთხოვნის დაწყებას ვიტვირთებდი. შემდეგ ვიტყვი თუ როგორ შევასრულე ეს მისია.
სოფელ მაღლაყში, რომელიც ქუთაისსა და მარანს შორის მდებარეობს, ე.ი. დაახლოებით 18 ვერსზე ერთი და მეორე მხრიდანაც, 1810 წლამდე 1000 ოჯახი ცხოვრობდა. შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ იქ 60 ოჯახიღა დარჩა. ხის ცუდი ხიდით იქ პატარა მდინარეზე, უფრო კი ნაკადულ გუბისწყალზე გადავედით.
მარანში პოლკოვნიკ პუსერევსკისთან – შესანიშნავ ადამიანთან და ღირსეულ სამხედროსთან გავჩერდით. ჩემი ჩასვლის მეორე დღეს მან ტახზე სანადიროს დამპატიჟა. ეს ცხოველები იქ მრავლადაა და ამ შესანიშნავი მხარის ნაყოფიერ და კარგად მოვლილ მინდვრებს ანადგურებენ. ჩვენ მათ კოლტს გადავეყარეთ, ხუთი დავჭერით, სამი გაჭირვებით მოვკალით და ეს ანტიკური ხანის უცნობილეს ნადირობას თუ შეედრებოდა: ჩვენი მელეაგროსი37 ერთი საწყალი გლეხი იყო, რომელიც კინაღამ ტახმა გამოფატრა.
ოდესღაც მეტად ხალხმრავალი სოფელი მარანი ამ მხარის ღვინოების საწყობია. ის ცხენისწყალზე, ძველი ავტორების მიხედვით – ჰიპუსზე– მდებარეობს, რომელიც რიონში ჩაედინება. ამ მდინარეს ქვევით სამი ისეთი ნავით ჩავყევით, სტრაბონს რომ აქვს აღწერილი – ე.ი. ხის სამი კარგად ამოჭრილი მორით. მეორე დღეს დილაადრიან რიონთან ჩავსხედით ნავში. საღამოს რუსების საგუშაგოსთან მივედით, რომელიც ნავსადგურიდან ორ ვერსზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.
იქ იმერეთისა და გურიის ჯარის გამოსაკვებად განკუთვნილი ფქვილის უზარმაზარი საწყობია. ფქვილი ყირიმიდან მოაქვთ პატარა გემებით, რომლებიც რეიდზე ყულევში დგებიან. ინფანტერიის ერთი პოლკი აქ პატარა გარნიზონად დგას. როგორც კი ნავიდან გადავედით, ერთი ოფიცრისა და ოცდაათი კაცისაგან შემდგარი დაცვა მაშინვე იარაღს ეცა. ასევე მოიქცნენ ჩვენი წასვლისას. გული მწყდებოდა ამ პატარა ჯგუფის დატოვების გამო, რომელსაც ისე მივეჩვიე, თითქოს ჩემ წინ მთელი ჩვენი შესანიშნავი არმია იდგა. რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ მხოლოდ ხელი ჩამოვართვი სერჟანტს, რითაც ეს მამაცი ხალხი რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ბედნიერი და სასწრაფოდ ჩავჯექი ნავში. მათ ვაშა შესძახეს. ემოციებს ვერ ვიკავებდი, ეს ალბათ სისუსტე იყო, მაგრამ ამას უკეთ გამიგებენ თავიანთი სიმამაცით ამაყი კაცები, რომლებიც დიდხანს და კარგად მსახურობენ. სამხედრო პირის მიერ თავისი ნაწილისა და ზოგადად, ჯარისადმი ერთგულებაში არის რაღაც ფანატიკური და მიმზიდველი: იგი ისე უყვარს, როგორც ქალი. დაბოლოს, ნაპოლეონიც უნახავთ, რომელიც თავის არწივს38 ისე ეხვეოდა, თითქოს თავის ვაჟს კოცნიდა უკანასკნელად.
32. ლიე – ძველებური ფრანგული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის დაახლოებით 4,4448 კმ-ს.
33. ავტორი აქ უზუსტობას უშვებს, უნდა იყოს დავით IV.
34. დავით აღმაშენებლის მემკვიდრემ, დემეტრე I-მა (1125-1156 წწ.), 1138-1139 წლებში განჯაში ლაშქრობისას ქალაქი აიღო, მისი ჭიშკარი გამარჯვების ნიშნად წამოიღო და გელათის მონასტერს შესწირა (ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966, გვ., 363).
35. კუფური სამწერლობა არაბული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი სახეობაა, შექმნილი VIII საუკუნის ბოლოს.
36. ფერსათი — სოფელი იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში.
37. მელეაგროსი – ბერძნულ თქმულებათა გმირი. ლეგენდის თანახმად, მეფე ოინევსმა საბერძნეთის სახელოვანი გმირები მძვინვარე ტახზე სანადიროდ მიიწვია, მელეაგროსმა იმარჯვა და განგმირა ტახი.
38. ავტორი გულისხმობს საფრანგეთის პირველი იმპერიის გერბზე გამოსახულ არწივს.
ფოთი
ფოთის პორტი39 – გრძელი კვადრატი, ფლანკირებული იყო ოთხი სქელი კოშკით, რომლებზეც საარტილერიო დანადგარები იდგა. ის რიონის მარცხენა ნაპირზე, შავ ზღვასთან ამ მდინარის შესართავში მდებარეობს. ზოგიერთი მეცნიერი აცხადებდა, რომ იქ მდებარეობდა კოლხეთის დედაქალაქი, ბრწყინვალე ქალაქი აია40. უფრო მაღლა, რიონზე, ადრევე შევამჩნიეთ ამ ქალაქის ჭეშმარიტი მდებარეობა. დადგენილია, რომ არგონავტები ამ მდინარეს აუყვნენ იმ ადგილზე მისასვლელად, სადაც მეფის განძი – ოქროს საწმისი იყო, რომელიც მათ უნდა მოეპარათ.
ქალაქ აიას მდებარეობის შესახებ არის სხვა ჰიპოთეზაც. ფოთის სამხრეთით, დაახლოებით ერთ ვერსზე, საკმაოდ ვრცელ და თევზით მეტად მდიდარ ტბას დაინახავ. თავიანთი ბადეების გადაგდების დროს მეთევზეებს ეჩვენებათ, რომ გამჭვირვალე ტალღებში ფსკერზე გუმბათებს და ანტიკური ქალაქების კოლონადების ნაშთებს ხედავენ, რომლებიც, გადმოცემის მიხედვით, მიწისძვრის გამო ჩაიძირა. ადგილობრივი მოსახლეობა მას ბრძნულ სახელწოდებას, Baliostron-ს უწოდებს41, მაგრამ ეს სრულიად არ ადასტურებს ზემოთ მოყვანილ მოსაზრებებს. როგორც არ უნდა იყოს, არიანე42 მხოლოდ რიონის შესართავში, თავის მხრიდან მარჯვნივ ანუ მდინარის მარცხნივ ხედავდა იმ ადგილას, სადაც ფოთი იყო. მან იქ დაინახა, ფაზისის ქალღმერთის (Phasienne) ქანდაკება, რომლის ატრიბუტები, წინწილა და ლომები, იგივე იყო, რაც რეასი (Rhéa)43. არიანეს აჩვენეს უძველესი ფორმის რკინის ღუზა, რომელზეც უთხრეს, რომ ის არგოს ნავისა იყო. მაგრამ მან ამ ღუზაში ქვის ძველი ღუზა შეიცნო, რომლის ნატეხები სანაპიროს ქვიშებში იყო გაფანტული და ვეღარაფერი დაინახა, რაც 2000 წლის წინანდელი იასონის საგმირო საქმეს გაგვახსენებდა. ჩვიდმეტი საუკუნის შემდეგ კი მე ვეღარც ქალღმრთი ვნახე, ვეღარც რკინის ღუზა და ვერც ამ ქვის მცირეოდენი ნატეხი, რაც გამაბედნიერებდა.
სწორედ ფოთში ტვირთავენ თურქები მთელ სიმინდს, რომელიც სამეგრელოდან რიონითა და ცხენისწყლით მოსდით. მაგრამ მოუსავლიან წლებში საქართველოსათვის დამღუპველი ეს ვაჭრობა მხოლოდ უფრო საშინელი ვაჭრობის დასაფარი მიზეზია. მეგრელებს ამ მდინარით მოჰყავთ თავიანთი ქალიშვილები, დები და მათი მეგობრები ფოთში თურქებისთვის მისაყიდად. რუსებისთვის შეუძლებელია ყველა გემის შემოწმება და ამასთან, ეს ახალგაზრდა ქალები, თავიანთი უმეცრების გამო, ნებაყოფლობით მიჰყვებიან44. სანაცვლოდ, მონებით მოვაჭრეებს თან რამდენიმე თურქი აგენტი, რამდენიმე ჯაშუში და რამდენიმე მოლა მოჰყავთ, რომლებიც სოფლებში დადიან, გულმოდგინედ აღვივებენ მაჰმადიანურ ფანატიზმს და მონებით სავაჭრო ახალ ბაზარს ამზადებენ. შავი ჭირის გარდა, აი ასეთი გაცვლა წარმოებს ამ ორ ქვეყანას შორის, რაც სრულიად თავისუფლად ვრცელდება.
გურიის მთელი მხარე დასახლებულია ხალხით, რომელიც მხოლოდ ამ სამარცხვინო ვაჭრობით ცხოვრობს. ამ ხმელეთის მეკობრეების ძირითადი ბუნაგი კარასუ45 და ჭოროხსუ46 არის. არ უნდა ვიფიქროთ, რომ კონსტანტინოპოლის ჰარამხანის ახალი შევსება ადამიანის სხეულით საზიზღარ მოვაჭრესა და სასტიკ მყიდველს შორის ყოველთვის სიამტკბილობითა და პატიოსანი შეთანხმებით წარმოებს: თუ ვაჭრობა არ არის საკმარისი, მშვიდობიანობისას დროსაც კი იარაღს მიმართავენ.
ფოთის გუბერნატორი თურქი ომარ აღა იყო. ჩვენი თარჯიმანი იმერელი კაცი იყო. გენერალმა კორნატოვსკიმ იგი მამაც და ძლიერ ერთგულ კაცად წარმიდგინა და ჩვენ მალე დავრწმუნდით იმაში, რომ იგი იმსახურებდა ამ დახასიათებას. ეს იყო სასიამოვნო გარეგნობის, დაახლოებით ოცდაათიოდე წლის კაცი და რუსულის გარდა, თურქულადაც თავისუფლად ლაპარაკობდა. მე იგი დავიქირავე კონსტანტინოპოლამდე, სადაც მას თავისი ხარჯით იმერეთში გასაყიდი საქონელი უნდა შეეძინა. ვუსურვებ, რომ თავის ქვეყანაში იგი ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდეს.
გემზე ასვლისას სასიამოვნო შეხვედრა მქონდა. ერთი მეგრელი სამეგრელოდან ფოთში სიმინდით დატვირთული გრძელი ნავით ჩამოვიდა. იგი მომიახლოვდა და შემომთავაზა ქვა, რომლის გაყიდვაც სურდა. ძლიერ ლამაზი ჰიაცინტის გემას ამობურცული მხარე გაპრიალებული იყო და ბერძენთა შორის ყველაზე დახელოვნებულ მჭრელს მასზე ფეხზე მდგომი მერკური გამოკვეთა, რომელსაც ხელში თავისი კადუცი47 ეპყრა. ეს პატარა ფიგურა იმდენად ძვირფასი მომეჩვენა, რომ ჩემი ჩვეულების მიუხედავად, ფასის კითხვისას ჩემი შთაბეჭდილება ვერ დავფარე. მეგრელმა ეს შეამჩნია და მასში სამი დუკატი48 მომთხოვა. ფული მივეცი, თუმცა ნივთი ასი დუკატიც კი ღირდა.
მალე ჩოლოქსუს შესართავთან გავიარეთ, სადაც წმ. ნიკოლოზის ფორტის ნანგრევები შევამჩნიეთ. საქართველოს გუბერნატორმა, ნიკოლაი ფეოდოროვიჩ რტიშჩევიმა49, თავისი გულუბრყვილო პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, 1813 წელს ამ ჯანმრთელობისათვის საშიშ და სამხედრო თვალსაზრისით სრულიად უმნიშვნელო ადგილას უბადრუკი დამცავი ნაგებობა ააშენებინა, რომელსაც თავისი მფარველის სახელი უწოდა. წარმოუდგენელი ამბავია, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ ამ ნაგებობის ერთდერთი მიზანი იყო ის სიამოვნება, რაც ბ-ნმა რტიშჩევმა მიიღო ამ ფორტის ნათლიად გახდომის გამო. ბედნიერება იქნებოდა, რომ ის მხოლოდ უსარგებლო ყოფილიყო! ციებ-ცხელებამ, რომელსაც მეზობლად მდებარე ჭაობებიდან გამოყოფილი ორთქლი იწვევს, 3,000 რუსი ჯარისკაცი შეიწირა. შორიდანვე დავინახეთ ძალიან ვრცელი სასაფლაო, სადაც აქა-იქ მიწაზე მრავალი პატარა ჯვარი იყო აღმართული. 1817 წლიდან ეს ადგილი სრულიად მიატოვეს, მაგრამ ოთხი წლის შემდეგ ეს უკვე ძალიან გვიან იყო.
39. ფოთი XVIII საუკუნის განმავლობაში ტყვეთა ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი იყო. 1804 წელს ფოთში ჩნდებიან პირველი რუსი სამხედროები. 1809 წელს თავადი დადიანის ხელმძღვანელობით ქართველებმა ფოთი ისევ დაიბრუნეს, მაგრამ რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომის დასრულების შემდეგ, 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით, რუსეთის იმპერიამ ფოთი კვლავ ოსმალეთს დაუთმო.
40. აია – კოლხეთის ძველი სახელწოდება. გადმოცემის თანახმად, მეფე აიეტის მეფობის დროს იქ მისულმა არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიტაცეს.
41. იგულისხმება პალიასტომის ტბა.
42. ფლავიუს არიანე (ჩვ.წ. აღ. დ. დაახლ. 86 – გ. 160) – ძველი ბერძენი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი.
43. ბერძნულ მითოლოგიაში რეა დედა ქალღმერთია. მისი უძველესი საკულტო ადგილად ითვლება კრეტა, სადაც გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ გამოქვაბულში შვა და აღზარდა ზევსი.
44. 1840 წლის 7 აგვისტსოს «Ру́сский инвали́д»-ში აღნიშნული იყო, რომ მონებით სამარცხვინო ვაჭრობის აღსაკვეთად გენერალ გოლოვინის ხელმძღვანელობით შავ ზღვაზე საგანგებოდ იყო აშენებული რუსული ფორტები, ხოლო 1845 წელს მიხეილ ვორონცოვმა ეს ვაჭრობა დაუშვა ჩერქეზებისთვის, რადგან მშობლების მიერ გაყიდული მუსლიმი ქალიშვილები სიამოვნებით ცხოვრობდნენ კონსტანტინოპოლის ჰარამხანებში, სადაც სულთნების დედებიც და დებიც ჩერქეზი ქალები იყვნენ (Ivan Golovin, The Caucasus by Ivan Golovin, (London: Trübner & Co., 1854), 21).
45. იგულისხმება ტრაპიზონის სამხრეთით მდებარე ქალაქი გირესუნი.
46. სავარაუდოდ, ავტორი ბათუმს გულისხმობს.
47. მერკური — რომაულ მითოლოგიაში ვაჭრობის, მოგების, გამდიდრებისა და მოგზაურთა მფარველი. მერკურის კვერთხი წარმოადგენს ვერტიკალურად მდგარ კაკლის ტოტს – არგანს, რომელსაც ორი გველი აქვს შემოხვეული. ამ ტოტის ზევით განთავსებულია ქვესკნელისა და საიქიოს ღვთაების, აიდის ფრთებიანი შლემი.
48. დუკატი [რუს. червонец] – სამი მანეთის ღირებულების რუსული ოქროს ფული, რომელსაც XVIII საუკუნიდან ჰქონდა გასავალი რუსეთში. მას 1701-1855 წლებში ჭრიდნენ და ჩერვონეცი ეწოდებოდა; იწონიდა 3,6 გ-ს.
49. ნიკოლაი რტიშჩევი – რუსი გენერალი, საქართველოს მთავარმართებელი 1812–1816 წწ-ში. ჩაახშო კახეთის 1812 წლის აჯანყება, მონაწილებდა ირანთან გულისტანის (1813) ზავის დადებაში.
ბათუმი
შუადღის სამ საათზე ღუზა ბათუმთან ჩავაგდეთ მას შემდეგ, რაც 13 ლიე50 თითქმის სწორი ხაზით და ლავირების გარეშე გავიარეთ. ამ ქალაქის რეიდი სანდო და საკმაოდ ღრმაა საიმისოდ, რომ იქ ფრეგატმაც51 შესძლოს ხმელეთიდან თოფის ერთი გასროლის მანძილზე ღუზაზე დადგომა. ქალაქი ყურის სიღრმეში, ბათუმის ანუ ჭოროხის, ძველი ავტორების მიხედვით კი ბათისის, იმ მდინარის შესართავთან მდებარეობს, რომელიც მე ამ სანაპიროზე რუსეთის სამფლობელოების საზღვრად მივიჩნიე. ის ერთადერთი დამაკმაყოფილებელი ნავსადგურია ანაპასა და ტრაპიზონს შორის და მას მნიშვნელოვანი მდებარეობაც აქვს: უკანა მხრიდან ის მდინარის შესართავით, ჩრდილო-დასავლეთიდან კი მთასა და ზღვას შორის განცალკევებულად მდებარე ბორცვითაა დაცული. ამ ბორცვის გადაჭრილი კონუსის ფორმა და მეტად ციცაბო ფერდობი აქვს, ამის თავზე კი მეტად ლამაზი საცხოვრებელია აღმართული, რომელიც თურქეთის კომენდანტს უჭირავს.
კომენდანტს ომარ ბეი ჰქვია და აქ პორტას52 რწმუნებულია; კაიკები53 და სხვა პატარა გემები, რომლებიც რეიდზე დგებიან, ღუზის ჩაგდების უფლებისთვის მას გადასახადს უხდიან. თვითონ ქალაქი ერთი გრძელი ხის დახლებიანი ბაზარია, რომელსაც განიერი ქუჩა კვეთს; აქ ხალხი მხოლოდ დღის განმავლობაში ჩანს, რადგან მოსახლეობა გაფანტულად ცხოვრობს მის მიდამოებში – მთის ფერდობებსა და ძირითადად ბზის დაბურულ ტყეებში, რაც ამ მხარეში შესანიშნავად ხარობს. ყველა საცხოვრებელი ისე კარგადაა ჩამალული, რომ ამ საკმაოდ დასახლებულ მხარეს უდაბნოს იერი აქვს იმ საათების გარდა, როდესაც მოსახლეობა ბაზარში დადის.
ამ შესანიშნავი პოზიციის დათვალიერების შემდეგ, მინდოდა გამეგო, თურქებმა მისი რა ნაწილი დაიჭირეს და ჰქონდათ თუ არა მიღებული აუცილებელი ზომები მტრის წინააღმდეგ თავის დასაცავად. იბრაჰიმ რეისს54, ნავის პატრონს, რომელსაც ომარ ბეისთან ჩვეული ხარკი მიჰქონდა, ხმელეთზე გადავყევი. ბეის საცხოვრებელი არ იყო დიდი – სახლი, კედლებს შორის მოქცეული ბოსელი და ბაღი. იქ ვერავითარი სამხედრო მდგომარეობა ვერ შევამჩნიე. ახლა, როდესაც აზიაში ომია55, ამ ადგილას მდებარე ომარის სახლს ერთი გასროლის გარეშეც აიღებენ – ის როგორც სამთო არტილერიისათვის, ისე სანაპიროს მხრიდანაც, ზარბაზნის ერთ გასროლაზე მდებარეობს; რუსები იქ ძლიერ ფორტს დააარსებენ, რომელიც დაიცავს ამ ახალ დაპყრობას. ისე ჩანს, რომ ძველად ეს ადგილი გამაგრებული იყო. რომაელებს, მანამდე კი მითრიდატეს, ბათუმში უეჭველად ჰქონდათ სამხედრო სადგომი, იმპერატორ ადრიანეს დროს ამ ადგილზე, რომელსაც ბათისი (Bathys) ეწოდებოდა, რომაული გარნიზონი იდგა. ყოველ შემთხვევაში, ამას არიანე აღნიშნავს, რომელიც თავის „პერიპლუსში“56 მხოლოდ იმ სამხედრო პოსტებს აღნიშნავს, თვითონ რომ ნახა.
50. 1 საზღვაო ლიე 4.44 კმ-ს ტოლია.
51. ფრეგატი – სამანძიანი იალქნიანი სამხედრო გემი, შეიარაღებული რამდენიმე ათეული ზარბაზნით.
52. ფრანგულ წყაროებში ოსმალეთის სულთნის კარს ბრწყინვალე პორტად მოიხსენიებდნენ.
53. კაიკი – თევზსაჭერი იალქნიანი მცირე გემი, გავრცელებული ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუა ზღვაში.
54. რეისი თურქულად უფროსს, პატრონს, ნიშნავს
55. პოლკოვნიკ როტიეს თხზულება 1829 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ამ მონაკვეთის წერის დროს იგი რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლებს გულისხმობს.
56. ავტორი გულისხმობს არიანეს თხზულებას „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“.
ტრაპიზონი
ქარი სასიკეთო მხოლოდ მეოთხე დღეს, საღამოს გახდა და ჩვენ ამით ვისარგებლეთ. იმ მომენტში, როდესაც უნდა გაგვეცურა, დავინახეთ კაიკი, რომ ჩვენს გვერდით, ნაპირზე, კაიკი მიჰქონდათ. იქიდან ქართულ ტანისამოსში ჩაცმული ახალგაზრდა გოგონა გადმოვიდა. მას ერთი მოხუცი კაცი და ფოთიდან წმოყვანილი ორი თურქი მეზარბაზნე მეთვალყურეობდა.
მალე შევიტყე, რომ ეს გოგონა ფერსათიდან, ზემოთ ნახსენები გურიის საზღვარზე მდებარე სოფლიდან იყო მოტაცებული და მეც სწორედ ეს საქმე უნდა მომეგვარებინა ტაპიზონის ფაშასთან. გოგონა მისთვის უეჭველად იმ მიზნით მიჰყავდათ საჩუქრად, რომ შემდეგი გამოძიება აღარ ჩატარებულიყო.
ბატონმა დიუპრემ57, საფრანგეთის კონსულმა, რომელიც იმავდროულად რუსეთის კონსულის მოადგილე (vice-gérant) იყო, შესანიშნავად მიგვიღო. როდესაც გავაცანი ის საჩივარი, რაც რუსეთის პროვინციების სამოქალაქო და სამხედრო ხელმძღვანელობის სახელით უნდა მომეთხოვა, ეს საქმე მანაც ჩემსავით ახლო მიიტანა გულთან; მას მისი მოგვარება და საჭიროების შემთხვევაში უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაც სურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ჰქონდა წარმატების იმედი.
ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სასაფლაო ვინახულეთ, სადაც სოლომონის58, იმერეთის უკანასკნელი მეფის, საფლავი ვნახეთ. საფლავის თავზე გუმბათი, გალიის მსგავსი რკინის პატარა კვადრატებიანი ცხაური კუთხეებში ოთხი თეთრი ქვის სვეტს ეყრდნობოდა. ამ ძეგლის სიმაღლე 15 ფუტი59, საფუძველი კი 10 ფუტი უნდა იყოს. ქვედა მხარე, რომელიც სვეტებს შორის კვარცხლბეკშია მოქცეული, მასიურია და კუბოც იქ დგას.
სოლომონის ნეშტი ექვსი კვირის, მხოლოდ მას შემდეგ დაკრძალეს, როდესაც მისმა ნათესავებმა და მეგობრებმა კონსტანტინოპოლიდან ამ საფლავზე სამახსოვრო მემორიალის აღმართვის უფლება მიიღეს, რაც დაბრკოლების გარეშე მოხდა. თურქებისათვის საკმარისი რეკომენდაცია იყო ის სიმტკიცე, რომლითაც ეს მეფე წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის ოკუპაციას. თუმცა მრავალი ქრისტიანი ფიქრობდა, რომ იგი შეცდა, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ მის საქციელს არ აკლდა სიდიადე.
ტრაპიზონის გუბერნატორი ხუსრევ მეჰმედი, ბოლო დროს კაპუდან ფაშა60 იყო. საღამოს მასთან საპარადო სამოსში გამოწყობილები თარჯიმნებისა და დიდძალი ამალის თანხლებით მივედით; ვიცოდით, რომ აღმოსავლეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბრწინვალებას, რამდენადაც ამის საშუალებას ვითარება იძლევა. ჩვენ არც ხუსრევ-ფაშა ჩამოგვრჩა და დიდი ამბით მოგვიღო. ჩირაღდნებით განათებული ეზოს შუაში უამრავი მუსიკოსი უკრავდა...
ვერცხლის კანდელაბრებით განათებულ დიდ მისაღებ დარბაზში სოფაზე დაჯდომა შეგვთავაზეს. ფაშაც სოფაზე დაჯდა. იგი ხნიერი, ორმოცდაათიოდე წლის, მსუქანი და ცუდი აღნაგობის კაცი იყო... მას დახვეწილი სახის ნაკვთები და გულგრილი გამომეტყველება ჰქონდა. ჩვენ ყავა შეგვთავაზეს და საუბარიც დაიწყო. რამდენიმე შესავალი სიტყვის შემდეგ ზოგადად ვისაუბრე რუსეთის საზღვრის ხშირი დარღვევების შესახებ. – არავითარი პასუხი. – მე წარვუდგინე ფაქტები, მოვყევი ფერსათში შეჭრის დეტალები. – ფაშამ ცივად თქვა, რომ არაფერი არ იცოდა ამის შესახებ. – მე სწრაფად ვუპასუხე, რომ ინფორმაციას მას ჩემი ბატონის, რუსეთის იმპერატორის სახელით ვაწოდებდი და ამ საქმის სწრაფ მოგვარებას მოვითხოვდი. – თქვენი ბატონი იმპერატორი არ არის კარგად ინფორმირებული. – ამ სიტყვებმა გამაბრაზა და სისხლი თავში მომაწვა. მე მას ვუთხარი, რომ ვიცოდი წუხელ მის სახლში ფერსათში მოტაცებული თოთხმეტი წლის გოგონას მიყვანის შესახებ და შევახსენე რუსი ტყვეების მიმართ მისი საქციელიც, მაგრამ აუღელვებელი თურქი მხოლოდ მპასუხობდა: მე ეს არ ვიცი. როგორ დამტკიცდებოდა სიმართლე? მისი სახე მარმარილოს ჰგავდა, მხოლოდ ის მომეჩვენა, რომ ირონიული ღიმილით მოკუმა ტუჩები. ეს საკმარისი აღმოჩნდა ევროპული იმპულსის დასაოკებლად, რომელიც მუსლიმურმა მოთმინებამ დაამსხვრია. ეს იყო მარცხი, რასაც ასე ხშირად განიცდიდნენ ჩვენი დიპლომატები ანალოგიურ შემთხვევებში...
ფოთის გარნიზონიდან მოტაცებული სამი რუსი ტყვე საფრანგეთის კონსულის სახლში იმალებოდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან მათი თან წაყვანა და ევროპულად გამოწყობა შემეძლო, ვითომ ჩემი მსახურები იყვნენ. ამასთან, არავითარი საფუძველი არ მქონდა, რომ მენანა ამ მამაცი ხალხის ესკორტად აყვანის გამო.
57. პიერ დიუპრე – საფრანგეთის კონსული ტრაპიზონში 1802 წლიდან (H. Dehérain, La vie de Pierre Ruffin, orientaliste et diplomate, Paris, 1929, I, 242).
58. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II (1772-1815) 1815 წლის 7 (19) თებერვალს გარდაიცვალა ტრაპიზონში.
59. ფუტი – სიგრძის საზომი ერთეული. 1 ფუტი უდრის 30.48 სმ-ს.
60. კაპუდან-ფაშა, კაპიტან-ფაშა – ოსმალეთის იმპერიის ფლოტის ადმირალის წოდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий