ირანსა და საათაბაგოს შორის შედარებით მტკიცე კავშირი მყარდება ათაბაგ ქაიხოსრო II-ის დროს (1535-1573). ქაიხოსრო ყვარყვარე III -ის (1515-1535) ძე დაიბადა 1522 წელს. მისი სიყმაწვილის პერიოდი ხასიათდება საათაბაგოს გამწვავებული ურთიერთობით ქართლისა და იმერეთის სამეფოებთან, რომლებიც გრძნობდნენ, რომ ოსმალეთისაგან საფრთხე ორივე სამეფოსათვის სამცხედან მოდიოდა და აუცილებლად ჩათვალეს სამცხეზე თავიანთი გავლენის გავრცელება.
1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1548)
დადიან-გურიელთან ერთად სამცხეში შეიჭრა. 13 აგვისტოს ჯავახეთის ახალქალაქის მახლობლად მომხდარ ბრძოლაში ბაგრატ მეფემ გაიმარჯვა და დატყვევებული ყვარყვარე III იმერეთში წაიყვანა. ათაბაგი გელათში ტყვეობაში გარდაიცვალა1. ათაბაგობის კანდიდატი ქაიხოსრო ამ დროისათვის 12-13 წლისა იყო. ამიტომ მას მეურვედ დაენიშნა ახლო ნათესავი, სამცხის უმსხვილესი ფეოდალი ოთარ შალიკაშვილი2.
იმავე დროს ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიმორჩილა. სამცხის ფეოდალებს არ აწყობდათ ძლიერი სამეფო ხელისუფლების ქვეშ ყოფნა და ათაბაგის ინსტიტუტის აღდგენა სურდათ. ამიტომ საათაბაგოს დიდმა თავადმა ოთარ შალიკაშვილმა, ყვარყვარე III -ის მცირეწლოვანი ვაჟი ქაიხოსრო სტამბოლში სულთან სულეიმან II კანუნთან (1520-1566) წაიყვანა და დახმარება სთხოვა. 1543 წ. სულთანმა ჯარი გაგზავნა სამცხეში, მაგრამ მან მარცხი განიცადა. ქაიხოსრო კვლავ სულთანს მიადგა, რომელმაც არზრუმის და დიარბექირის ფაშებს დიდი ჯარით სამცხეში წასვლა უბრძანა. ბაგრატ მეფემ დახმარება სთხოვა ქართლის მეფე ლუარსაბს და გურიელს.
1. ქრონიკები, II , გვ. 382.
2. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 76.
1545 წელს ბასიანში სოხოისტასთან მომხდარ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და ათაბაგის ხელისუფლება აღადგინეს ქაიხოსრო II-ის სახით. „დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ“1.
ათაბაგი სულ მალე დარწმუნდა, რომ ოსმალებს სამცხის დაპყრობა სურდათ, მაგრამ სამცხეში ვერავითარ ძალას ვერ ხედავდა მათთან დასაპირისპირებლად და ახლა შაჰ თამაზთან დაკავშირება სცადა. ჰასან რუმლუს მიხედვით, „იმ დროს, როცა მაღალი ურდო შაქს იყო, ყვარყვარეს შვილმა ქაიხოსრომ რამდენიმე აზნაური გამოგზავნა შაჰის კარზე და დახმარება ითხოვა, რადგან ვახუშტი ქართველმა და ლუარსაბ შერმაზან ოღლიმ მისი სამფლობელოების ნაწილი დაიპყრეს“2. სამცხის ამ მსხვილი ფეოდალების მიერ ქაიხოსროს შევიწროებას აღნიშნავს ისქანდერ მუნშიც3. შაჰმა საქართველოზე გამოილაშქრა. ჰასან რუმლუს აღწერილი აქვს შაჰ თამაზის საქართველოში მესამე ლაშქრობის (1551 წ.) საშინელი შედეგები, როგორ ჟლეტდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას, იპყრობდნენ და ანადგურებდნენ ციხე-ქალაქებს. განსაკუთრებით დაზარალდა თმოგვი და ვარძია. „ამ დროს [შაჰის] კარზე მოვიდა ქაიხოსრო ყვბარყვარეს შვილი, მრავალი ძღვენით, და რჯულის საფარველმა შაჰმა მას უწყალობა თმოგვის ციხე აყ-შაჰრთან ერთად. ვახუშტი ქართველი და შერმაზან ოღლი, რომლებიც იმ ქვეყნის ჰაქიმები იყვნენ, სიკვდილით დასაჯეს“4.
1. ქართლის ცხ., II , გვ. 359; ვახუშტი, გვ. 247-248.
2. ჰასან რუმლუ, გვ. 28-29.
3. ისქანდერ მუნში, გვ. 18 .
4. ჰასან რუმლუ, გვ. 29-31.
სხვა წყაროში ჩამოთვლილია შაჰმა სამცხეში რომელი ციხე-ქალაქები აიღო და დამატებით იმასაც ვიგებთ ვინ იყვნენ ის „ჰაქიმები“, რომლებიც ქაიხოსროს ავიწროებდნენ და შაჰმა სიკვდილით დასაჯა: „ქნკს: სმა: შაჰ თამაზ ქართლი შემოვლო, ათაბაგი ქაიხოსრო მიეგება, ვარძია, თმოგვი, ვანის ქვაბები, აწყვერი, ასპინძა და სრულიად სამცხის ციხენი აღიღო; ქაიხოსროს მოსცა აწყვერი ღვთისმშობლითურთ. ყაენი სომხითს ჩავიდა, დახოცა იჯუ შარმაზან და ვახუშტი დიასამიძე და ამოვან თან წარიყვანა ტყვედ...“1 ფარსადან გორგიჯანიძის მიხედვით, შერმაზანი და ვახუშტი ლორელები იყვნენ2.
ქაიხოსრო განადგურებული სამცხის ათაბაგი იყო. იგი დაქორწინდა ბაგრატ მუხრანბატონის ასულზე დედისიმედზე (ყოფილი დებორა). ბერი ეგნატაშვილის თქმით, „ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა“3.
ქაიხოსროსა და დედისიმედს ეყოლათ ექვსი შვილი: ყვარყვარე, მზეჭაბუკი, მანუჩარი, თვალშვენიერი - ივანე, ელენე (ადრევე გარდაიცვალა) და თამარი4.
1. ქრონიკები, II , გვ. 395-396. ამგვარად, სამივე წყაროს მიხედვით, იჯუ შარმაზანი და ვახუშტი დიასამიძე ლორელი ფეოდალები იყვნენ. შდრ. ჰასან რუმლუ, გვ. 59-60, შენ. 69.
2. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 213.
3. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 500.
4. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 104-105.
საინტერესო პოლიტიკური მოღვაწე უნდა ყოფილიყო თვალშვენიერი, რომლის ნათლობის სახელი, როგორც ქრ. შარაშიძე ვარაუდობდა, იყო ივანე. მისი დაბადების სავარაუდო წელი არის 1552, ხოლო გარდაცვალებისა კი უცნობია. მისი უფროსი ძმები იყვნენ ათაბაგები (თანმიმდევრობით) ყვარყვარე და მანუჩარი.
თვალშვენიერი „სამცხის მატიანეში“ პირველად მოხსენიებულია, მაშინ, როდესაც ის ყაზვინს მიემგზავრება ჩვენთვის უცნობი დიპლომატიური დავალებით და, სავარაუდოა, ის სამშობლოში აღარასოდეს აღარ დაბრუნებულა. მას ყაზვინში ელოდებოდა მისი მამა ათაბაგი ქაიხოსრო II.
თვალშვენიერი ახალციხიდან გავიდა 1472 წლის 17 ივნისს, მაგრამ მამას ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო. ქაიხოსრო ყაზვინში გარდაიცვალა 29 სექტემბერს, როდესაც თვალშვენიერი ჯერ ერევანში არ მისულიყო (სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 142-143).
ცნობილი წყაროები არაფერს ამბობს რითი იყო დაკავებული თვალშვენიერი ყაზვინში, კონკრეტულად რას საქმიანობდა. ერთი რამ ჩანს, რომ ის შაჰის კართან ახლოს იყო. „მესხური მატიანის“ შემდგენელი გვამცნობს, რომ „ქრისტიშობისთუვის იზ, ამბავი მოვიდა თუ: შაისმეილი მოკუდაო. აღარ ავიშალეთ, შობას ელჩი გავგზავნეთ ბატონს თუალშვენიერთანა; ყაენის სიკუდილი არ დავიჯერეთ. ქრისტიშობისთვეს ოცდარვასა თვალშვენიერის კაცი მოვიდა, სადასტურო ყაენის სიკუდილის ამბავი მოიტანა [გიორგობისთვეს კგ მომკუდარიყო შაისმეილი]“ (იქვე, გვ. 46).
როგორც არსებული წყაროებით შეიძლება ვარაუდი, თვალშვენიერთან იგზავნებოდა ყოველი ის ინფორმაცია, რასაც საათაბაგოდან შაჰის კარამდე უნდა მიეღწია სადა, პირიქით, საათაბაგოში უნდა სცოდნოდათ ირანში მიმდინარე ის მოვლენები, რისი ცოდნაც ამ სამთავროს გამოადგებოდა. 1576 წლის ივნისში შალიკაშვილების მეთაურობით დაიწყო ამბოხება ჯაყელ-ციხისჯვრელთა წინააღმდეგ. ყვარყვარე IV-მ და მისმა ძმამ მანუჩარმა აჯანყებულებს შეუტიეს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწიეს. მათი წარმატების, კერძოდ, ამბოხებულთა ციხეების დაკავების შესახებ იმათმა დედამ - დედისიმედმა თვალშვენიერს აცნობა სპეციალურად გაგზავნილი „ელჩის“ საშუალებით. მემატიანე გადმოგვცემს: „დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგუს ციხეს რაც დახირა უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თვალშვენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხების შოვნა შესთუალა და ურუმთ აშლა აცნობა და ურუმთ საჩქარო ხმა დაუვარდა“ (იქვე, გვ. 46).
დედისიმედის მიერ ირანში გაგზავნილი ინფორმაცია ორი ნაწილისაგან შედგებოდა. ერთით დედისიმედი შვილს აცნობებდა მისი ძმების შინაურ მტერზე გამარჯვებას, მეორე კი ერთნაირად საინტერესო იყო, როგორც ათაბაგისა და, საერთოდ, სამცხისათვის, ისე შაჰის კარისათვის. კერძოდ, ის, რომ ოსმალეთი ომის დასაწყებად ემზადებოდა და საათაბაგოს და ირანის საზღვრებსაც უახლოვდებოდა ოსმალთა ლაშქარი. თვალშუენიერს, ყველაფერი ამის შესახებ, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა შაჰის კარი.
თვალშვენიერის შაჰისადმი ერთგულება საეჭვო გახდა ოსმალეთთან ომის დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ მისი ძმა მანუჩარი ოსმალებს მიემხრო. თვალშვენიერთან გაგზავნილმა კაცმა სამცხეში „ეს ამბავი მოიტანა: მანუჩარის ლალა ფაშასთან მისულა შეიტყუა. თუალშუნიერს კაცები გამოუგზავნა, სადგომი დააგდებინეს და ყორჩიბაშს მიაბარეს. მარიამობისთვეს ოცდაექუსს, ორშაბათს დღესა დაიჭირეს თვალშვენიერი“ (იქვე, გვ. 47).
თვალშვენიერის განთავისუფლება მოხდა 1583 წელს, იმავე შაჰ-მოჰამედ ხუდაბენდეს მიერ, მას შემდეგ რაც მანუჩარი 1581 წელს ახდილად დაუპირისპირდა ოსმალებს: „ქრკნსა სÁო პატრონს მანუჩარს უღალატეს ურუმთა. პატრონიო მორჩა. ორნივ ფაშანი მძიმედ დაიკოდნეს და გაიქცეს...“ „ქრკნს სოა თულშუენიერი ორმოდამ ამოიყუანეს და ყაენთან მოიყუანეს“ (იქვე, გვ. 50). ამის შემდეგ თვალშვენიერი , „მესხური მატიანის“ მიხედვით, უკანასკნელად, 1585 წელს, აქტიურად და წარმატებით მონაწილეობს შაჰ აბასის სამხედრო ოპერაციებში, ჯერ მაშინ, როდესაც ოზბეგები ხორასანს დაესხნენ, შემდეგ კი თავრიზთან. „სამჯერ შეიბა თვალშვენი ერი, სამჯერვე გაემარჯვა, კიდეც დახოცნა, ხელთაც დაიჭირნა, ყაენს მიუსხა. ყაენმა მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა“ (იქვე, გვ. 54).
როგორც ჩანს შაჰ აბასმა ჯეროვნად დაუფასა მას ირანის სახელმწიფოს წინაშე დამსახურება. 1587 წლისათვის ის 33 წლისა უნდა ყოფილიყო. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
იმის გამო, რომ ოსმალთა აგრესია სამცხეში სულ უფრო ძლიერდებოდა და შესაბამისად საათაბაგოს თავდაცვისუნარიანობა სუსტდებოდა, ათაბაგმა და ოთარ შალიკაშვილმა „და ყოველთა მესხთა 1553 წელს წარავლინეს მოციქული თვითმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ თამაზის თანა“ და დახმარება სთხოვეს. სამაგიეროდ მესხებმა შაჰს „მორჩილება და დამონება“ აღუთქვეს1.
იმ დროს (1553 წ.), როდესაც შაჰ თამაზმა ქართლის სამეფო და, განსაკუთრებით კი, თბილისი აიკლო, „რამეთუ მეფობისა მისისასა არა მორჩილ ექმნა ყიზილბაშთა, არცა ოსმალთა, და მრავალი ჭირი შეაჩუენა ორთავე, და არა დაამონა საქართველო უსჯულოთა სახარკოდ“, ირანის მბრძანებელმა სამცხის „სურვილი“ მისადმი „მორჩილებისა და დამონების“ შესახებ დააკმაყოფილა. „შაჰ თამაზ ინება მოყურობა ათაბაგისა“ მისი ასულის ცოლად შერთვით. მაგრამ, რადგანაც ათაბაგს ასული არ ჰყავდა, მან თავის ნათესავს ოთარ შალიკაშვილს გამოართვა ასული და შაჰს ისე გაუგზავნა, ვითომ თავისი შვილი იყო. „და მან შეირთო იგი ცოლად, და დიდად საყვარელ უჩნდა ქალი იგი, და ამიერითგან იყო ფრიად კეთილისმყოფელ ათაბაგისა“2. ალბათ ამიტომ იყო, რომ ქართლში ვითარების გართულებისას ქიხოსრო ათაბაგის მოყვრები, დედისიმედის ძმები ვახტანგი, არჩილი და აშოთანი თავს აფარებდნენ საათაბაგოში. ძმების ასეთ სტუმრობას საათაბაგოში ვხედავთ 1556 წელს3.
აღნიშნული „მოყვრობით“ ქაიხოსრო II -მ გაიჩინა ერთდროულად ორი მტერი - ოსმალეთი და ქართლის სამეფო. ლუარსაბ I „მიუხდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოხრა და წარმოვიდა გამარჯუებული“. მაგრამ საბოლოოდ ქართლის სამეფოს და სამცხის საათაბაგოს ერთმანეთზე წაკიდებამ ირანსა და ოსმალეთს მათ საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალება მისცა.4
1. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 500.
2. იქვე, გვ. 505.
3. ქრონიკები, II, გვ. 398-399.
4. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 505-510.
აღნიშნული „მოყვრობით“ ქაიხოსრო II -მ გაიჩინა ერთდროულად ორი მტერი - ოსმალეთი და ქართლის სამეფო. ლუარსაბ I „მიუხდა ათაბაგსა, და წარუღო თემნი და დაბანი მრავალნი, ააოხრა და წარმოვიდა გამარჯუებული“. მაგრამ საბოლოოდ ქართლის სამეფოს და სამცხის საათაბაგოს ერთმანეთზე წაკიდებამ ირანსა და ოსმალეთს მათ საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალება მისცა.4
1. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 500.
2. იქვე, გვ. 505.
3. ქრონიკები, II, გვ. 398-399.
4. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 505-510.
1555 წლის ამასიის ზავით ოსმალეთმა და ირანმა საქართველო გავლენის სფეროებად გაინაწილეს. ასევე გაინაწილეს სამცხესაათაბაგო: ტაო-კლარჯეთი და შავშეთი ოსმალეთს ერგო, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილი კი - ირანს. განაწილების შედეგად ქაიხოსრო II ირანის ვასალობაში აღმოჩნდა. ოსმალებს ირანის „წილი“ სამცხის დაუფლება სურდათ და გამუდმებით ესხმოდნენ თავს ქაიხოსროს სამფლობელოებს. ათაბაგი იძულებული გახდა შაჰ თამაზისათვის დახმარება ეთხოვნა და 1570 წლის 3 მარტს მგელციხიდან ყაზვინს წავიდა1. როგორც შარაფ-ხან ბიდლისი გადმოგვცემს შაჰმა ქაიხოსრო დიდი პატივით მიიღო2 და დახმარება აღუთქვა. შაჰი დაპირების შესრულებას არ ჩქარობდა, რადგან ასეთი ნაბიჯი ამასიის ზავის დარღვევას გამოიწვევდა, რასაც თამაზი პრინციპულად არიდებდა თავს. დახმარების მომლოდინე ათაბაგი ყაზვინში გარდაიცვალა 1573 წლის 29 სექტემბერს, სამშაბათს, 51 წლისა3. მისი გარდაცვალების ამბავი ყაზვინიდან სამცხემდე შემდეგი წლის დასაწყისამდე ვერ მიაღწევდა და ამ დროს უნდა მომხდარიყო ყვარყვარე IV-ის (1574-1581) გაათაბაგება.
დედისიმედის, ქაიხოსრო II-ის ქვრივის, ცხოვრებაში, როგორც სარკეში აისახა უძველესი და უმსხვილესი ფეოდალური ერთეულის სამცხე-საათაბაგოს - ქართული ქრისტიანული ეკლესიისა და კულტურის კერის დაცემისა და მისი დედა საქართველოსაგან მოგლეჯის ტრაგედია.
განსხვავებული ცნობები გვაქვს დედისიმედის მშობლების შესახებ. ქართლის ცხოვრების პირველი ტექსტიდან ვიგებთ, რომ ის იყო აშოთან მუხრანბატონის ასული4. იქვე ისიცაა ნათქვამი, რომ აშოთანი ქეთევან დედოფლის (წამებული) მამაც იყო5, მაშასადამე, ამ წყაროს მიხედვით, ქეთევანი და დედისიმედი დები იყვნენ: „ხოლო ამა დავითს (კახეთის მეფე დავით I, იმეფა მცირე ხანს - 1601 წ.) ჰყვანდა ცოლად ასული აშოთან მუხრანის ბატონისა ქეთევან, და დედისიმედისა, რომელი შემდგომად მოწამე იქნა“6.
1. სამხრ. საქ., გვ. 38.
2. Шараф-хан Бидлиси, с. 223.
3. სამხრ. საქ., გვ. 41.
4. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 359.
5. იქვე, გვ. 433.
6. იქვე, გვ. 382.
ვახუშტი ბატონიშვილი დედისიმედის მამას არ ასახელებს. ის მხოლოდ ამბობს, რომ „ქაიხოსრო ათაბაგი ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა, და მოიყვანა და მისი დედისიმედი და იქორწინა მისთანა“1. ვახტანგ მუხრანბატონი რომ ბაგრატის ვაჟი იყო, საყოველთაოდ ცნობილია. ე.ი. ვახუშტის მიხედვით, დედისიმედი ბაგრატის ასულია.
ახალი ქართლის ცხოვრების მესამე ტექსტის მიხედვითაც დედისიმედის მამა ბაგრატ მუხრანბატონია: „ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა“2. დედისიმედის დედას ელენე ერქვა3, მაგრამ წყაროებში არ ჩანს, საქართ ველოს რომელი ფეოდალური გვარიდან იყო. დედისიმედის მამა ბაგრატი, დღეისათვის უცნობი მიზეზით, ბერად აღიკვეცა ბარნაბეს სახელით. ამ დროისათვის ცოცხალი იყო მისი ოთხი ვაჟი - ერეკლე, არჩილ, აშოთან და ვახტანგ4.
„მესხური მატიანეში“, 1565-1572 წლების ჩანაწერებს შორის, მოცემულია მუხრანბატონთა მოსახსენებლები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ დედისიმედის დედმამიშვილები. მათი სახელები ჩამოთვლილია შემდეგი თანმიმდევრობით: გარდაცვლილები: ძმები - ჰერაკლე, აშოთი, და - თეოდორა, ისევ ძმები - იონათანისი, გულფარისი, იონათანისი (უკანასკნელი იონათანისი, სავარაუდოა, გარდაცვლილი უფროსი ძმის მოსახელე იყო, რომელიც ასევე უდროოდ გარდაიცვალა). მატიანეში ჩანაწერების შესრულებისას ცოცხლები იყვნენ: ძმები - არჩილი და ვახტანგი5. ერთი ცნობით ვახტანგი გარდაიცვალა 1578 წელს6, მეორეთი კი 1580 წელს7.
1. ქართლის ცხოვრება. IV, გვ. 714.
2. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 500.
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები,გვ. 39.
4. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 355, 433, 494.
5. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 39.
6. ქრონიკები, II, გვ. 416.
7. იქვე, გვ. 419.
დედისიმედი იყო ასული ბაგრატ მუხრანბატონისა, აშოთი თუ აშოთანი მისი ძმა, ამ უკანასკნელის ასული ქეთევანი (წამებული) კი - ძმის შვილი. ვალეს ეკლესიის კედლის 1561-1563 წლების წარწერაში1 დედისიმედი ასე გვამცნობს თავის ვინაობას და ოჯახს: „ნებითა ღვთისათა მე, ღუთივ გვირგვინოსნის... ქართველთ მეფეთ მეფის კონსტანტინეს შვილისშვილმან, მეფის ბა გრატის ასულმან, ათაბაგამირ-სპასალარის სახლის რძალმან მეორედ აღვაშენე... ესე ეკლესია... ვალისა ღუთისმშობლისა, რათა მცველ-მფარველ გვექნა... მე და თანამეცხედრესა ჩემსა ათაბაგსა ქაიხოსროს და ძენი ჩვენნი - ყვარყვარე, მზეჭაბუკ, მანუჩარ, თვალშვენიერ ივანე, თამარი დღეგრძელობით დაიცვენ, ამინ. დასა მათსა ელენეს სასუფეველი დაუმკვიდრე“2. მისი ძმები იყვნენ: ვახტანგ, აშოთან, არჩილ და ერეკლე3. 1573 წ. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, დებორას სახელით მონაზვნად შედგა, მაგრამ შვილის, ჯერ კიდევ ყმაწვილი და გამოუცდელი ყვარყვარეს გაათაბაგებისთანავე ისევ დაუბრუნდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სამთავროს ფაქტობრივი მმართველი გახდა: „პატრონობდა დედისიმედი სამცხეს“4.
1. წარწერის დათარიღების შესახებ იხ. სამხრეთ საქართველოს..., 140.
2. თაყაიშვილი ე., სამი ისტორიული ქრონიკა, ტფ., 1890, გვ. XXXIV. შდრ. ქრონიკები, II, გვ. 391-392.
3. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 433.
4. იქვე, გვ. 577.
ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი ბატონიშვილი არცთუ კარგად ახასიათებდნენ დედისიმედს, განსაკუთრებით კი ოთარ შალიკაშვილის ვაჟის ვარაზასადმი მოპყრობის გამო. აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების ძალიან მოკლედ მიმოხილვაში ბერი ეგნატაშვილი გვამცნობს, რომ კახეთის მეფე ალექსანდრე II -ს ვაჟი ერეკლე მამას სტამბოლს გაექცა. შაჰ თამაზმა ერეკლეს ასეთი მოქმედება კახეთის მეფის განდგომად შეაფასა, მის დასასჯელად წამოვიდა და კახეთის სიახლოვეს ყარაბაღში გაჩერდა. ალექსანდრე მეფის სახლთუხუცესმა ოთარ ჩოლოყაშვილმა მეფეს აღუთქვა რომ კახეთს შაჰ თამაზის რისხვას ავაცილებო. მან ასეთი რამ მოიფიქრა: რადგან ათაბაგ ქაიხოსროს მცირეწლოვანი ვაჟები დარჩნენ, სამთავროს კი მისი ქვრივი, დედისიმედი განაგებდა, რომელიც „იყო ჭკუით სულელი და უღმრთო“1, ჩოლაყაშვილმა კაცი წარავლინა და დედისიმედთან წერილი გაატანა, რომელშიც ეწერა: „შალიკაშვილს ვარაზას ნებავს ღალატი შენთვის და ძისა შენისა მანუჩარისთვის, რამეთუ მაგას ნებავს დაპყრობა საათაბაგოსი, და მოჰყავს ყაენი სპითა ურიცხვითა საათაბაგოსა ზედა. და აწ, უკეთუ ძალ-გიძს, შეიპყარ ეგე და მოკალ, ვითარცა ორგული და მკვლელი ძისა შენისა, და არღარა მოვალს შაჰ თამაზ და წარვალს სახიდ თვისად, და უმეტესად მტკიცედ იპყრობ ქუეყანასა მაგას“. მართლაც, დედისიმედმა ღალატით შეიპყრო ვარაზა შალიკაშვილი და მოკლა. „ესე ვარაზა იყო ძე ოთარ შალიკაშვილისა, მრავალგუარად ერთგული და ნამსახური ქაიხოსრო ათაბაგისა და ცოლის-ძმა შაჰ თამაზისა„2.
ოთარ ჩოლოყაშვილის ჩანაფიქრი გამართლდა. შაჰ თამაზმა როდესაც გაიგო ვარაზას მოკვლის ამბავი, ხელი აიღო კახეთის დარბევაზე, „და მოვიდა რისხვითა საშინელითა სამცხეს, ამოსწყვიდა სრულიად სამცხე-საათაბაგო და ქმნა მრავალი ბოროტი“3.
გადაჭარბებულად მკაცრი ჩანს ძველი ქართველი ისტორიკოსების მიერ დედისიმედის დახასიათება. ვარაზას მოკვლა დაქვრივებული, მრავალშვილიანი დედის მიერ საკუთარი ოჯახისათვის საფრთხის აცილებით იყო ნაკარნახევი. ამდენად, ვარაზას მიმართ ჩადენილი მოქმედების გამართლება არ შეიძლება, მაგრამ მოტივი კი გასაგებია. ის, მით უმეტეს, გასაგები გახდება თუ გავითვალისწინებთ საათაბაგოს თავადების მნიშვნელოვანი ნაწილის არა მხოლოდ ათაბაგისადმი ღალატისათვის მზადყოფნას, რითაც ხშირად სარგებლობდა გარეშე მტერი. რა თქმა უნდა, დედისიმედის ამგვარმა საქციელმა კიდევ უფრო დაუმძიმა მის შვილებს მდგომარეობა.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 516. ვახუშტის დახასიათებით, დედისიმედი იყო „ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი“. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 577.
2. ქართლის ცხოვრება, II , გვ. 516.
3. იქვე, გვ. 517.
შალიკაშვილების გვარი, რომელიც ქაიხოსროს სიცოცხლეში ათაბაგის მნიშვნელოვანი დასაყრდენი იყო, ამის შემდეგ მტერთა ბანაკში აღმოჩნდა, რამაც, გარკვეული გაგებით, განაპირობა ათაბაგის სახლის დასუსტება და ოსმალებს კი საათაბაგოს დაპყრობა გაუადვილა.
სხვა ცნობებით, რომლებიც დედისიმედის ცხოვრების ეპიზოდებზე მოგვითხრობს, ის არის მზრუნველი დედა (ის მუდამ თავს დასტრიალებს შვილებს), გაბედული მოქმედების ადამიანი, დაუცხრომელი ენერგიის პოლიტიკური მოღვაწე. დედისიმედმა და მისმა შვილებმა თავი გაარიდეს შაჰ თამაზის რისხვას, სამცხე მიატოვეს და აჭარაში გადავიდნენ. შაჰ თამაზმა რისხვა იმით დაიცხრო, რომ სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის სულთანს დაუთმო და ირანში დაბრუნდა. მხოლოდ ამის შემდეგ დედისიმედი და მისი შვილები დაბრუნდნენ და „დაიპყრეს კუალად სამცხე“1. არ ჩანს, როგორ შესძლო დედისიმედმა ყვარყვარეს ათაბაგად აღდგენა, მაგრამ ფაქტია, რომ მან ეს გააკეთა, ალბათ, ოსმალებთან მორიგებით.
დედისიმედი, როგორც ენერგიული და სამხედრო ნიჭის მქონე ადამიანი, ჩანს საათაბაგოს თავადთა აჯანყების (1576-1578 წწ.) წინააღმდეგ ბრძოლაში. ის შვილებთან ერთად ან მათგან დამოუკიდებლად სერიოზულ ვნებას აყენებს აჯანყებულებს. ის პირადად ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს და დიპლომატიურ მოლაპარაკებებს.
1576 წელს კოკოლა შალიკაშვილმა (დედისიმედის მიერ მოკლული ვარაზას ვაჟმა) სცადა ყვარყვარეს და მანუჩარის მიერ ალყაშემორტყმულ, აჯანყებულთა მთავარ დასაყრდენს - თმოგვს დახმარებოდა. ამ დროს დედისიმედი მის მიერ ახლად აღებულ ყველის ციხეში იმყოფებოდა. „ყუელიდამა თმოგუს წავიდა ბატონი დედისიმედი... ბატონი დედისიმედი თმოგუს დადგა. თმოგუს ციხეს რაც დახირა2 უნდოდა, მიატანინა, გააბარაქიანა და თუალმშუენიერთან ელჩი გაგზავნა, ციხეების შოვნა შესთუალა და ურუმთ აშლა აცნობა... პატრონი დედისიმედი ახალციხეს შვილებთან მოვიდა3.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 718-719.
2. სპარს. სურსათ-სანოვაგე-საჭურველი,
3. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 47.
ოსმალებმა, როგორც ჩანს იცოდნენ ვინ იყვნენ სერიოზული ძალა საათაბაგოში და, ომის დაწყების წინ, სცადეს მათი თავიანთ მხარეს გადაყვანა. ისინი ათაბაგ ყვარყვარე IV-ს კი არ დაუკავშირდნენ, რომლის ხელისუფლების სისუსტე ცნობილი იყო, არამედ საათაბაგოს რეალურ მმართველებს - მის ძმას მანუჩარს და დედისიმედს1. აქვე უნდა ითქვას, რომ წერილობითი ცნობების მიხედვით, ვიდრე ყვარყვარე ათაბაგი იყო, დედისიმედი ყოველთვის მის მომხრედ ჩანს. ძალა-უფლების მოყვარე დედისიმედისათვის ყვარყვარე, მანუჩართან შედარებით, იოლად სამართავი იყო. მანუჩარი დაუფარავად მიისწრაფოდა საათაბაგოში პირველობისაკენ. მაგრამ, როგორც შეიძლება ვივარაუდოთ, მანუჩარიც დედაზე მზრუნველი შვილი იყო. ამაზე მიგვანიშნებს ანონიმი ვენეციელის გადმოცემა: როდესაც ოსმალეთის სარდალ ლალა-მუსტაფა-ფაშასთან დატყვევებული მანუჩარი მიიყვანეს, ის ლალა-მუსტაფას „შეეხვეწა: მადლობელი ვიქნები თუ საცხოვრებლად თითო ციხეს დაგვიტოვებ მე და ჩემ მოხუც დედასო“2.
ოსმალთა მიერ სამცხის დაპყრობის (1578 წ.) შემდეგ დედისიმედი მესხეთში დარჩა და კვლავ აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში. დედისიმედი აწყურის ციხეში იმყოფებოდა, როდესაც, ოქტომბრის დამდეგს, შირვანიდან მობრუნებული ოსმალეთის ჯარი და მისი სარდალი ლალა-ფაშა ციხის მახლობლად „გაღმა ლეკზე დადგა“. საინტერსოა, რომ ვიდრე ლალა-ფაშა სამცხეში შევიდოდა, მანამდე წინ გაუშვა მანუჩარი, რომელიც სარდალს თან ახლდა შირვან-აზერბაიჯანის დალაშქვრისას3.
1. ჯავახიშვილი ივ., ქრთველი ერის ისტორია, IV, თბ, 1967, გვ. 167.
2. თურქეთ-სპარსეთის ომი და ქრისტიანი ქართველები. იტალიურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ე. მამისთვალიშვილმა, თ,., 1987, გვ. 24. მ. სვანიძე ამავე წყაროს იმოწმებს და აღნიშნავს, რომ მანუჩარმა ლალა მუსტაფას 40 ქალაქი და სოფელი მოსთხოვა. სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 110. მაგრამ იტალიურ წყაროში მხოლოდ ის წერია, რაც ზემოთ ითქვა.
3. იქვე, გვ. 50-51.
საფიქრებელია, რომ მანუჩარს დავალებული ჰქონდა თავის დედასთან - დედისიმედთან და ძმასთან - ყვარყვარე IV-სთან მოლაპარაკება. მეორე დღეს ყვარყვარე ლალა-ფაშას შეეგება, ხოლო ცოტა მოგვიანებით დედისიმედი „გავიდა ციხიდამა და ლალაფაშა ნახა“1. ქრონიკაში არაფერია ნათქვამი, რა მიზანი ჰქონდა დედისიმედის ოსმალო სარდალთან შეხვედრას. ვიზიტი, ალბათ, ოსმალეთისადმი მორჩილების გამოხატულება იყო.
დედისიმედისა და ლალა-ფაშას შეხვედრა საკმაოდ ვრცლად აღწერა თომაზო მინადოიმ. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მინადოის თხზულება იმის დას ტურადაც გამოდგება, რომ დედისიმედის დიდი ავტორიტეტი და სახელი შევიც ნოთ XVI ს. მეორე ნახევრის არა მხოლოდ საათაბაგოში, არამედ მთელ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთში. მსგავსად ყვარყვარე II დიდისა (1451-1498), რომლის სახელითაც (გორგორა, გურგურა = ყვარყვარე) ევროპელები სამცხე-საათაბაგოს აღნიშნავდნენ2. საქმე გვაქვს ანალოგიურ შემთხვევასთან: მინადოი დედისიმედის სახელს მხოლოდ ერთხელ ახსენებს (ვედოვა გეორგიანა, ნომინატა დედესმიტ - ქართველი ქვრივი [ქალი], სახელად დედისიმედი)3, სხვაგან ყოველთვის მოიხსენიებს როგორც „ქვრივი“. ის ამავე სახელით აღნიშნავს სამცხე-საათაბაგოსაც - „ქვრივის სამფლობელო“.
როგორც ჩანს, დონ ხუან დე პერსიაც, მინადოის გავლენით, დედისიმედის სახელს ახსენებს მხოლოდ ერთხელ4. სხვაგან ყოველთვის მას ქვრივობით მოიხსენიეებს. ისიც საინტერესოა, რომ ეს ავტორი საქართველოს ექვსი უძლიერესი მთავრის ჩამოთვლას ქვრივით (დედისიმედი) იწყებს5. ოსმალო ისტორიკოსი მუსტაფა სელანიქი მას „დედაბერს“ ეძახის6.
1. იქვე, გვ. 51.
2. XV საუკუნის იტალიელ მოგზაურთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 44, შენ. 6.
3. Minadoi, p. 34, 82, 84, 102, 103, 104, 184, 185.
4. Don Juan de Persia, p. 66 r
5. Ibidem, p. 67 r,
6. ფუთურიძე გ., მუსტაფა სელანიქი საქართველოს შესახებ. თსუ შრომები, 1960, ტ. 91, გვ. 263.
დავუბრუნდეთ დედისიმედის ლალა-მუსტაფა ფაშის ბანაკში მისვლის ამბავს. „როდესაც დაქანცული, შიმშილით დაუძლურებული, მტრის თავდასხმებით, ზამთრისა და მთებში გაჭირვების დათმენით [ოსმალები] ბოლოს მივიდნენ ქვრივის [დედისიმედის] ციხე-კოშკთან, სახელად ალთუნყალასთან... ქვრივი თავისი უფროსი შვილით ალექსანდრეთი1 ჩამოვიდა ციხე-კოშკიდან, მოინახულა [ლალა]-მუსტაფას ბანაკი, ძღვენი მიართვა და ერთგულებას და მორჩილებას დაჰპირდა. მუსტაფამ თავაზიანად მიიღო [დედისიმედი] და მოახსენა თუ როგორ კარგად ეპყრობოდა მანუჩარს, რომელიც მას შირვანში ახლდა. აქვე მყოფმა მანუჩარმა [ლალაფაშას] ნათქვამი დაადასტურა. ჰფარავდა რა მტრობას ალექსანდრეს [ყვარყვარეს] მიმართ, მუსტაფამ გულში ჩაიკრა და ქვრივს სთხოვა ეს შვილიც მასთან დაეტოვებინა, არწმუნებდა, რომ [დედისიმედიც] და ალექსანდრეც [ყვარყ ვარე] კმაყოფილნი დარჩებოდნენ, რადგან მან ორივე უნდა გააგზავნოს [სულთან] მურადთან, თან გააყოლებს მათი მორჩილების განცხადების სიგელს, [მათ სამფლობელოებზე ოსმალთა] ჯარის გავლის ხელის შეწყობისა და, საერთოდ, მათი დამსახურების შესახებ, რათა სულთანმა ღირსეულად მიიღოს ესენი და თავისი წყალობით გაამ დიდროსო. ქვრივმა, შინაგანად დანაღვლიანებულმა და შეწუხებულმა, სახეზე სრული კმაყოფილება და თავაზიანი მზადყოფნა გამოხატა, რომ [თანახმაა] დაუთმოს ის, რაც იძულებული იყო აუცილებლად დაეთმო, ვინაიდან მეორე შვილი [მანუჩარი] უკვე მუსტაფას ძალაუფლებაში იყო. ქვრივმა დაუტოვა რა მუსტაფას ორი შვილი, თვითონ თავისთან დაბრუნდა. მუსტაფამ ორი დღე დაისვენა და... ყარსისაკენ გაემგზავრა“2
1. მინადოი ყვარყვარე ათაბაგს რატომღაც ყოველთვის ალექსანდრეს უწოდებს.
2. Minadoi, p. 103-104.
„მესხური მატიანე“ ლალა-მუსტაფას მიერ ყვარყვარესა და მანუჩარის სტამბოლში წაყვანას სრულიად სხვაგვარად გადმოგვცემს და დედისიმედს შე უპოვარ და გამბედავ ქალბატონად წარმოგვიდგენს: აწყურიდან წასულ ლალა-ფაშას „პატრონი ყვარყვარე (ყვარყვარე - ე.მ.) გაჰყუა მოტყუებით და აღარ დაბრუნდა. პატრონი მანუჩარც თან წაჰყუა“. როდესაც დედისიმედმა გაიგო, რომ ყვარყვარე აღარ დაბრუნდაო, დაედევნა, მაგრამ ვეღარ მიეწია, შემდეგ „აზნაურიშვილები წაუყენა, ვეღარ დააბრუნვა“1. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ „მესხური მატიანის“ დამწერს (დღეისათვის დადგენილია, რომ მისი
ერთ-ერთი ავტორი დედისიმედი იყო) სურს დამალოს ლალა-ფაშასთან გარიგების არასასურველი ფაქტი. დედისიმედის და ათაბაგის სახლის სხვა
წევრების სიცოცხლეშივე ქართლის მეფე სვიმონ I-მა და
სხვებმაც, მათი ოსმალებთან შეთანხმება ღალატად ჩათვალეს. სვიმონ მეფეს თუ ათაბაგის ოჯახის წევრებზე ხელი არ მიუწვდებოდა, სამაგიეროდ დედისიმედის ძმაზე, ვახტანგ მუხრანბატონზე მიუწვდა. ვახტანგმა, ელიზბარ ერისთავმა და ბარძიმ ამილახორმა, იმისათვის, რომ
ქართლის სამეფო და, თავიანთი მამულებიც აკლებისაგან გადაერჩინათ, ლალა-ფაშას განზრახვაზე ხელი ააღებინეს2. არ ჩანს
ქართლის დასახელებულმა თავადებმა სანაცვლოდ რა შესთავაზეს ლალა-ფაშას. ასე იყო
თუ ისე, სვიმონ მეფემ აღნიშნული გარიგების გამო შეიპყრო დედისიმედის ძმა ვახტანგი და
კეხვის ციხეში გამოკეტა3.
1579 წლის ნოემბერში ჯერ მანუჩარი, ხოლო
იმავე წლის დასარულს თუ ახალი წლის
მარტში, ყვარყვარეც კონსტანტინოპოლიდან მობრუნდა. ძმები ოფიციალურად ჩადგნენ სულთნის სამსახურში. მანუჩარმა, სულთნის მიერ ყვარყვარესათვის ჩამორთმეული ათაბაგობის სანაცვლოდ, ფაშობა მიიღო4.
1582 წელს მანუჩარი აუჯანყდა ოსმალებს და ირანის მხარეს გადავიდა. მანუჩარის მიერ ამგვარი სერიოზული ნაბიჯის გადადგმისას, სავარაუდოა, დედისიმედი მისი თანამზრახველი იყო. ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა ის,
რომ შაჰ-მოხამედ ხუდაბანდემ მანუჩარს ჩალაბუთი, ხოლო დედისიმედს „ხუთი დიდი სოფელი“ მისცა5.
1.
სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 51.
2.
იქვე გვ. 54.
3.
იქვე, გვ. 51.
4.
იქვე, გვ 53.
5.
იქვე, გვ. 54; ქ. ცხ.
II, გვ. 528.
საბოლოოდ (1585 წ.), ათაბაგის ოჯახის მოწინააღმდეგე თავადების და ოსმალების შეტევის გამო
დედისიმედი იძულებული შეიქმნა მიეტოვებინა სამცხე და ბორჯომის ხეობაში, ახალდაბაში გადასულიყო: „შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩვენ დაუდგენით და
ჩავედით ახალდაბას მარტს ნახევარ“1. მანამდე, ახალდაბაში ცოლთან ერთად გადავიდა ასევე მტრებისგან შევიწროებული მანუჩარი2. 1586 წლის დასაწყისში, როგორც ქრონიკაშია ნათქვამი, მანუჩარი იძულებული გამხდარა, ოსმალთა მოთხოვნით, დედისიმედი, შვილიშვილთან, ყვარყვარე IV-ის ვაჟთან ერთად, ახალციხის ფაშასთან გაეგზავნა3. ამით მთავრდება „მესხური მატიანე“ და
ამის შემდეგ სამცხის ამ საინტერესო, კოლორიტული მოღვაწის შესახებ ერთი ცნობა გაგვაჩნია. დედისიმედის სახელი ფიგურირებს 1595 წელს ოსმალო მოხელეების მიერ შედგენილ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“, რომელშიც შესულია სამცხე-საათაბაგოს აღწერის მასალები. აქედან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით დედისიმედის ქრისტიანობისადმი და გარკვეული პრინციპებისადმი უკომპრომისობაზე. ასეთებს დამპყრობლები მიწებს ჩამოართმევდნენ ხოლმე და ოსმალო მოხელეებს გადასცემდნენ. სამცხის შერისხულ თავადთა შორის ვხედავთ დედისიმედსაც. დამპყრობლებს მისთვის მამული ჩამოურთმევიათ და ოსმალო მოხელისათვის გადაუციათ4.
დიდია დედისიმედის დამსახურება ქართული ისტორიოგრაფიის წინაშე. მისი უშუალო მონაწილეობითა და, ხშირად, კარნახითაც, იწერებოდა სამხრეთ საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი წერილობითი ძეგლი „მესხური დავითნის ქრონიკა“5.
1.
სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 56.
2.
იქვე, გვ. 55.
3.
იქვე, გვ. 56.
4.
სვანიძე მ., დასახ. ნაშრ.,
გვ. 202.
5.
იხ. ქრონიკები, II, გვ, 527; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, გვ. 123-131.
Комментариев нет:
Отправить комментарий