XVIII
საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. სამი ძირითადი ამოცანიდან (პოლონეთის გადანაწილება, ბალტიის ზღვაზე პოზიციების გამყარება და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებზე დამკვიდრება), რომლის გადაჭრაც ამ პერიოდში მეფის რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენდა, ერთ-ერთი ოსმალეთთან ურთიერთობას უკავშირდებოდა.
XVIII
საუკუნეში რუსეთთან მიმდინარე ომების დროს ოსმალეთი მარცხს-მარცხზე განიცდიდა და ნელ-ნელა თმობდა თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ჩრდილოეთისა და დასავლეთის ტერიტორიებს. 1735-1739 წელს რუსეთსა და ოსმალეთს შორის მიმდინარეობდა ომი, რომელიც 1739 წლის 18-29 სექტემბერს ბელგრადში ხელმოწერილი საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. რუსეთმა აზოვი მიიღო, ოღონდ იმ პირობით, რომ იქ არავითარ სიმაგრეს არ ააგებდა, რუსეთის მიერ ომის დროს დაკავებული დანარჩენი ტერიტორიები კი ოსმალეთს დაუბრუნდა. რუსეთი აზოვის მიღებით, მართალია, დონზე გავიდა, მაგრამ ყუბანისპირა მიწები და მის სამხრეთით მდებარე ტერიტორია ოსმალებს დარჩათ. რუსეთს შავ ზღვაზე ნაოსნობის უფლება ჩამოერთვა [4,
386-387].
1768
წელს, საფრანგეთის წაქეზებით, ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. საომარი მოქმედებები ერთდროულად სამ ფრონტზე დაიწყო: სამხრეთ-დასავლეთით (დუნაიზე), სამხრეთით (ყირიმში) და ამიერკავკასიაში (საქართველოს მხარის თხოვნით, აქ რუსული ჯარი 1769 წელს შევიდა).
1768-74
წლების ომი როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე რუსეთის უპირატესობით წარიმართა. ამიერკავკასიის ფრონტზე რუსული ჯარი ოსმალეთს საქართველოს ტერიტორიიდან ქართველ მეფეებთან — ერეკლე II-სა და სოლომონ II-თან ერთად უტევდა. რუსებისა და ქართველების მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული საბრძოლო ოპერაციების გარდა, ყურადღებას იქცევს რუსეთის ჯარის მთავარსარდლობის დაინტერესება ფოთის ციხით. ვფიქრობთ, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის გააქტიურება სწორედ ამ ფაქტიდან უნდა დავიწყოთ. ფოთს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, აქ ოსმალური გარნიზონი იდგა, იგი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი იყო პორტასთვის და მას ადვილად არ შეელეოდა. რუს-ქართველთა ერთობლივი ძალებით ფოთის ციხეზე შეტევა ორჯერ განხორციელდა, თუმცა ორივეჯერ წარუმატებლად [9, 655-656, 657-658].
1774
წლის 10 ივლისს სოფელ ქუჩუკ-კაინარჯში ხელი მოეწერა რუსეთსა და ოსმალეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ყირიმელი და ყუბანელი თათრები გამოცხადდნენ ოსმალეთისგან დამოუკიდებლებად, რუსეთს გადაეცა ყირიმში ქერჩი და ენიკალე, შავი ზღვის სანაპიროზე კი კინბურნი და მიიღო აზოვის გამაგრების უფლება. ოსმალეთი რუსეთისთვის 4,5
მილიონი მანეთი კონტრიბუციის გადახდასთან ერთად სრუტეების თავისუფალ სარგებლობაზეც დათანხმდა. რუსეთის მფარველობაში გადავიდა ვალახეთი და მოლდავეთი. ქუჩუკ-კაინარჯის ზავით რუსეთი იქცა შავი ზღვის სახელმწიფოდ და მნიშვნელოვნად განიმტკიცა თავისი პოზიციები სამხრეთში, ამიერკავკასიასა და ბალკანეთში, ოსმალეთს კი იმერეთის სამეფოსგან ხარკის აღების უფლება შეეზღუდა [4, 425]. ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება წინა, ბელგრადის ზავთან შედარებით რუსეთისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
პორტა ვერ ეგუებოდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთზე გავლენის დაკარგვას და მის უკან დაბრუნებას ცდილობდა. თუმცა მისი ცდები კრახით დამთავრდა — 1783 წელს ყირიმის სახანო რუსეთს შეუერთდა. რუსეთი დამკვიდრდა ყუბანისპირეთშიც.
საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის წარმატებებს, მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების მხრიდან მტრული დამოკიდებულება მოჰყვა, რასაც რუსეთის მმართველი წრეები გულგრილად არ უყურებდნენ და სხვადასხვა ღონისძიებით პასუხობდნენ. ერთ-ერთი იყო
1782 წელს ეკატერინე II-ის მითითებით შემუშავებული ე.წ. „ბერძნული პროექტი“, რომელიც ოსმალების ევროპიდან განდევნას და ბერძნული იმპერიის აღდგენას, ვალახეთისა და მოლდავეთისგან კი ოსმალეთისგან დამოუკიდებელი სახელმწიფო დაკიას შექმნას ეხებოდა. საბერძნეთის იმპერია და დაკია რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოიაზრებოდენენ [11, 213-215; 4, 443-444].
„ბერძნული პროექტი“ იყო რუსეთის სიძლიერის გამოხატულება და კონკრეტულ ვითარებაზე მორგებული პოლიტიკურ-იდეოლოგიური კონცეფცია, რომელიც ტერიტორიის გაფართოვებას სახიფათო მეზობლის ხარჯზე არა ომით, არამედ სხვა ძლიერ სახელმწიფოებთან შეთანხმებით ცდილობდა. პეტერბურგის საიმპერატორო კარი დანარჩენ მსოფლიოს სთავაზობდა პოლიტიკური ურთიერთობის ახალ მოდელს — ტერიტორიების გადანაწილებას. ამის გამოცდილება უკვე არსებობდა —
1772 წელს რუსეთმა პრუსიასა და ავსტრიასთან ერთად პოლონეთის სახელმწიფოს არსებობას დაუსვა წერტილი [4, 423] და როგორც რუსი ისტორიკოსები წერენ: „რუსული მიწები დააბრუნა დედა სამშობლოს წიაღში“. დანაწილების
პროცესის დაწყებას კი წინ უძღოდა პოლონეთის გამოცხადება სუსტ და უსარგებლო ქვეყანად, რომელმაც, როგორც სახელმწიფომ, თავი ამოწურა. მსგავს შემთხვევას ჰქონდა ადგილი ოსმალეთთან მიმართებაშიც. ეკატერინე II მეტად მძაფრ ფერებში ხატავდა ოსმალეთის საშინაო და საგარეო ვითარებას, მის დაშლას პროგნოზირებდა და გამორიცხავდა მისი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების შესაძლებლობას. ეკატერინე II-ის დროს „ბერძნული პროექტის“ განხორციელების მცდელობაც კი არ ყოფილა. ვფიქრობთ, ამის მიზეზი პროექტის შემუშავების მომდევნო წელს რუსეთისა და ოსმალეთის საგარეო ურთიერთობაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებები (ყირიმის შეერთება რუსეთთან და ქართლ-კახეთთან სამოკავშირეო ტრაქტატის გაფორმება) იყო. ახალი რეალობა ოსმალეთის საკითხისადმი ახალ მიდგომას მოითხოვდა. ცნობილი რუსი ისტორიკოსი ვ.ო. კლიუჩევსკი წერდა, რომ „XVIII საუკუნეში ეკატერინეს მეფობისას... თურქეთთან და პოლონეთთან მიმართებაში რუსეთის საგარეო პოლიტიკაში გამეფებული იყო ერთი უბრალო მიზანი, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება
გამოვხატოთ: `მეზობელი მტრული სახელმწიფოსთვის ტერიტორიის ჩამოჭრა საკუთარი საზღვრების დამრგვალების მიზნით“.
ასეთი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ჯარები მიადგნენ თურქეთის ისეთ საზღვრებს, რომელთა შემოერთებაც, ერთ შემთხვევაში, ისე არ მოხდებოდა, რომ არ გამოეწვია განგაში ევროპაში, ხოლო მეორე შემთხვევაში, იმპერიასთან პირდაპირი გეოგრაფიული კავშირის უქონლობის გამო, მოუხერხებელი იყო რუსეთისთვის. ასე, რომ მეზობლის ტერიტორიული ჩამოჭრის გეგმიდან წარმოიშვა მეორე გეგმა — მეზობლის ტერიტორიის დანაწილების პოლიტიკა. თურქეთზე დაკვირვების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ის არ იყო ერთი მთლიანი ორგანიზმი, არამედ სხვადასხვა ტრადიციების მქონე ხალხების ნაკრები. მაშინ გადაწყვიტეს ეს შემადგენელი ნაწილები მისგან ორი საშუალებით გამოეცალკევებინათ: ან დაეყოთ ისინი ევროპის ძლიერ სახელმწიფოებს შორის, ან მათგან აღედგინათ სახელმწიფოები, რომლებიც წარსულში არსებობდნენ ამჟამინდელი ოსმალეთის საზღვრებში. აქედან წარმოიშვა თურქეთის მიმართ ორმაგი მიდგომა — პოლონეთის მსგავსად მისი საერთაშორისო დანაწილების და ისტორიული რესტავრაციის. ყველა ეს მიდგომა ხშირად სასწაულებრივად იხლართებოდა, კვეთავდა ერთმანეთს ერთსა და იგივე გეგმის შიგნით, მაგრამ ორივე მიმართულებისთვის უცხო იყო რელიგიურ-გვაროვნული პრინციპი. ამ შერევის საინტერესო ნიმუშია ცნობილი ბერძნული პროექტი. ემზადებოდა, რა ოსმალეთთან მეორე ომისთვის, 1782 წელს რუსეთმა ავსტრიასთან გააფორმა კავშირი შემდეგ პირობებზე: მოლდავეთის, ვალახეთისა და ბესარაბიისგან უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი სახელმწიფო დაკია; ევროპის ისტორიული ოლქებისგან და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, აზიური ოსმალეთისგან უნდა აღდგენილიყო ბიზანტიის იმპერია; ბოსნია და სერბეთი უნდა გადასცემოდა ავსტრიას
ვენეციის მატერიკზე მდებარე სამფლობელოებთან ერთად, რომელიც სანაცვლოდ მიიღებდა მორეას, კვიპროსსა და კრეტას“ [7,
163].
XVIII
საუკუნის
80-90-იან წლებში ოსმალეთთან დაპირისპირება გაგრძელდა. რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი
1787 წელს დაიწყო. ამ ომში რუსეთის მოკავშირე იყო ავსტრია. ოსმალეთს მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი, რომელსაც აშფოთებდა რუსეთის გავლენის ზრდა ახლო აღმოსავლეთში. ომის დაწყებამდე რუსეთს განუდგა დიდი და მცირე ყაბარდო, მათ შეუერთდნენ ჩეჩნები, ყუმიყები, ინგუშები. გამუდმებული თავდასხმები ხდებოდა კავკასიის ხაზზე. კავკასიელთა წინააღმდეგობა განსაკუთრებით გაძლიერდა ომის მიმდინარეობის პერიოდში. 1789 წელს ჩრდილოკავკასიელების დასახმარებლად ყუბანისპირეთში მივიდა ოსმალეთის ჯარი სამთუღიანი ბატალ-ფაშას ხელმძღვანელობით, რომელიც გენერალ-მაიორ გერმანის მიერ იქნა დამარცხებული, ბატალ-ფაშა ტყვედ ჩავარდა [3,
129], რის შემდეგაც ჩრდილო კავკასიაში დროებით სიმშვიდე ჩამოვარდა.
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიასა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის პოზიციების განმტკიცებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქ. ანაპის აღებას, სადაც ოსმალური გარნიზონი იმყოფებოდა. 1790 წელს გენერალ-პორუჩიკი ბიბიკოვი მიადგა ანაპას, თუმცა მისი აღება ვერ მოახერხა და სამთვიანი
ალყის შემდეგ ისევ კავკასიის ხაზზე დაბრუნდა.
1790 წელს კავკასიის ხაზის მეთაურობა ჩაბარდა გენ. გუდოვიჩს, რომელმაც ქალაქი იერიშით აიღო. აქ მან ტყვედ აიყვანა ჩრდილო კავკასიის ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ხელმძღვანელი შეიხ-მანსური, რის შემდეგაც კავკასიაში მღელვარება ნაწილობრივ ჩაცხრა. ყაბარდოელებმა კვლავ დაიფიცეს რუსეთის ერთგულებაზე.
1791
წლის დეკემბერში იასაში ხელმოწერილი იქნა სამშვიდობო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთს გადაეცა შავი ზღვის სანაპირო სამხრეთ ბუგიდან დნესტრამდე. ამ ზავის ორი მუხლი — მე-5 და მე-6 ეხებოდა კავკასიაში რუსეთის საზღვრებს. მე-5-ე
მუხლის მიხედვით, ახალციხის ფაშას ეკრძალებოდა რუსეთის მფარველობაში მყოფი ქართული მიწების შევიწროვება; მე-6-ე მუხლის მიხედვით კი, მდინარე ყუბანი დარჩა ამ ორ სახელმწიფოს საზღვრად. პორტას უნდა აღეკვეთა ყუბანისპირეთის მცხოვრებლების თავდასხმები რუსეთის ტერიტორიაზე, თუმცა თუ ეს მაინც მოხდებოდა, მაშინ უნდა განხორციელებულიყო დატაცებული ქონების კონფისკაცია და რუსეთის კომისრის თანდასწრებით დასჯილიყვნენ დამნაშავენი. რუსეთის კონსულის მიერ ცარგოროდში თავდასხმის შესახებ გაკეთებული განცხადებიდან ექვსი თვის განმავლობაში, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პორტას თვითონ უნდა გადაეხადა რუსეთისთვის კონტრიბუცია [3,
129].
1796 წლის ნოემბერში გარდაიცვალა ეკატერინე II. ტახტზე მისი ვაჟი — პავლე I ავიდა. მისი მმართველობის პერიოდში ვითარება ახლო აღმოსავლეთში უკიდურესობამდე დაიძაბა. გაძლიერებული საფრანგეთი დაპყრობით ომებს აწარმოებდა. მისი გავლენის ქვეშ მოექცნენ იტალია, ბელგია, ჰოლანდია. საფრანგეთის ჯარები შევიდნენ მალტასა და იონიის კუნძულებზე. ნაპოლეონი ინდოეთში ლაშქრობას გეგმავდა და ჯარები ეგვიპტეში შეიყვანა, რამაც ფრანგები ხმელთაშუა ზღვის სრული მეპატრონეები გახადა. ეგვიპტე ოსმალების ნომინალურ დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და მისი ხელყოფა პორტასთვის პრესტიჟის საკითხი იყო. ოსმალეთი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს დიდი ბრიტანეთის (ოსტ ინდოეთის კომპანიის) ინტერესებსაც ეწინააღმდეგებოდა. ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის რეგიონში საფრანგეთის პოზიციების გაძლიერება რუსეთისთვისაც მიუღებელი იყო, რადგანაც იქმნებოდა ოსმალეთის ტერიტორიების გადანაწილების დაწყების საშიშროება. ოსმალეთის სულთანმა დიდ ბრიტანეთთან და რუსეთთან დაკავშირება სცადა.
ოსმალეთის ნებართვით, 1798 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლით ხმელთაშუა ზღვაში გააგზავნა შავი ზღვის ესკადრა ფ. ფ. უშაკოვის ხელმძღვანელობით, რომელიც ფრანგების მიერ დაპყრობილი იონიის კუნძულების მიმართულებით წავიდა. აღნიშნული კუნძულების მოსახლეობა რუსებს, როგორც ფრანგებისა და ოსმალების ბატონობისგან განმათავისუფლებლებს, ისე შეხვდა. რუსებმა დაიპყრეს კუნძულები: ცერიგო, ზანტე, კეფალონია და წმინდა მავრა, 1799 წლის 18 თებერვალს კი გაანთავისუფლეს კუნძული ვიდო — კუნძულ კორფუს, ფრანგების მთავარი დასაყრდენის, გასაღები. მეორე დღეს ფრანგების გარნიზონი დანებდა რუსებს. 1799 წლის ზაფხულში რუსული ხომალდები იტალიის სანაპიროზე გამოჩნდნენ. რუსული დესანტი გადასხდა ნეაპოლსა და რომში. 1799 წელს კი მოქმედება დაიწყო რუსეთის სახმელეთო ჯარებმა სუვოროვის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდში ბრიტანელებმა აბუქირთან გაანადგურეს საფრანგეთის ფლოტი, რასაც ბონაპარტეს მიერ ეგვიპტიდან ჯარების გაყვანა მოჰყვა [4, 454-456].
ნაპოლეონის შიშით 1799 წელს ორ შეურიგებელ მხარეს — ოსმალეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა კავშირი, რომელიც გაძლიერებული საფრანგეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. რუსეთმა საფრანგეთის წინააღმდეგ ოსმალეთის დახმარების დაპირების სანაცვლოდ ამ უკანასკნელისგან ამიერკავკასიაში თავისუფალი მოქმედების უფლება მიიღო. 1806 წლამდე ოსმალეთი იცავდა ამ შეთანხმებას და არ ერეოდა რუსეთის ამიერკავკასიურ პოლიტიკაში [9, 803]. რუსეთ-ოსმალეთის კავშირს მალევე შეუერთდნენ დიდი ბრიტანეთი და ავსტრია. შეიქმნა ახალი კოალიცია საფრანგეთის წინააღმდეგ: დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ავსტრია და ოსმალეთი. თუმცა მათ შორის გარკვეული დაპირისპირება არსებობდა და თვითოეული მათგანი აღნიშნული კოალიციის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობდა.
XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მახლობელი აღმოსავლეთი მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება გახდა. ოსმალეთს, რომლის ტერიტორიების გადანაწილების საკითხი XVIII საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელმწიფოების კაბინეტებში მუშავდებოდა, პროექტების სახეს იღებდა და თაროებზე იდებოდა, ამ პერიოდში აღნიშნული პრობლემა რეალურად დაემუქრა. პავლე I-ის მინისტრთა კაბინეტს ამ რეგიონში სამხედრო მოქმედებაზე არანაკლებ დიპლომატიური მუშაობის გააქტიურებასა და ახალ რეალობაზე მორგებული საგარეო პოლიტიკური პროგრამის თეორიული საფუძვლის მომზადებაზე უნდა ეზრუნა.
ახალ იმპერატორს შეცვლილი მინისტრთა კაბინეტი ჰყავდა და მათგან ახალ იდეებს ელოდა. საგარეო საქმეთა კოლეგიის ხელმძღვანელად დანიშნული ფ. ვ. როსტოპჩინის მიერ შემუშავებული მემორანდუმით, რომელსაც პავლე I-მა 1800 წლის 2 ოქტომბერს მოაწერა ხელი, ფაქტიურად განისაზღვრა რუსეთის სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსი პავლე I-ის მეფობის მთელ პერიოდში. როსტოპჩინი საფრანგეთთან რუსეთის კავშირს უჭერდა მხარს. ოსმალეთის იმპერიას მან „უიმედო ავადმყოფი“ უწოდა. შემთხვევითი არ არის, რომ როსტოპჩინის დროსვე მომზადდა ნიადაგი საქართველოს რუსეთთან შეერთებისთვის. ვფიქრობთ, ეს ორი საკითხი ერთი საერთო გეგმის ნაწილი და ერთი და იგივე ადამიანთა ჯგუფის შემოქმედებითი აზროვნების ნაყოფი იყო.
ფ. ვ. როსტოპჩინი მიიჩნევდა, რომ „რუსეთი უნდა გამხდარიყო მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭირო იყო ერთადერთი რამ, კერძოდ ის, რომ რუსეთს საფრანგეთთან, პრუსიასთან და ავსტრიასთან ერთად გადაენაწილებინა ოსმალეთის იმპერიის მიწები. ეს მოუტანდა ქვეყანას ახალ სიმდიდრეებს, ზღვას და დიდებას და დააყენებდა მას სხვა ქვეყნებზე წინ, პავლე I-ის სახელს კი ყველა იმ ხელმწიფეზე მაღლა, რომლებიც სიკვდილის შემდეგ უკვდავებას ეზიარნენ“. „რუსეთი აიღებს რუმინეთს, ბულგარეთს და მოლდავეთს; ავსტრია — ბოსნიას, სერბეთსა და ვალახეთს (პავლე I-ის შენიშვნა: „ბევრი არაა?“); პრუსია — ჰანოვერს და პადერნბორსკისა და მინსტერსის საეპისკოპოსოებს (все курфюршество Ганноверское и епископства
Падернборское и Минстерское); საფრანგეთი — ეგვიპტეს, საბერძნეთს მთელი არქიპელაგით და ვენეციის კუნძულების მაგალითისებრ შექმნის რესპუბლიკას ოთხი სახელმწიფოს დაცვის ქვეშ; დროის გასვლის შემდეგ ბერძნები საკუთარი ფეხით შემოვლენ რუსეთის სკიპტრის ქვეშ (იმპერატორ პავლეს შენიშვნა: „შესაძლოა შემოვიყვანოთ კიდეც“) [8, 108]. აღნიშნული მნიშვნელოვანი, მაგრამ ადვილად შესასრულებელი ღონისძიების წარმატება დამოკიდებულია სისწრაფესა და საიდუმლოდ შენახვაზე. ვენის კარი აღფრთოვანებით მიიღებს ამ მოულოდნელ წინადადებას, პრუსია მასში აღმოაჩენს თავისთვის დიდ სარგებელს; მაგრამ ამ გეგმის ცენტრი უნდა იყოს ბონაპარტე; ის დაინახავს და იპოვის შეთავაზებულ დანაწილებაში დიდი ბრიტანეთის დამცირების საიმედო საშუალებას და საფრანგეთის მონაპოვრის განმტკიცებას“ [8, 109]. როსტოპჩინი ბოლოს წერდა: „ამით ვამთავრებ ჩემს მოსაზრებებს, და თუკი მსოფლიოს შემქმნელი, რომელიც უძველესი დროიდან რუსეთის სამეფოს და მის დიდებას თავისი კალთის ქვეშ იფარებს, ამ ღონისძიებასაც დალოცავს, მაშინ რუსეთი და XIX საუკუნე დამსახურებულად იამაყებენ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობით, რომელიც ერთად შეაერთებს მსოფლიოს უპირველესი იმპერიების ორი უდიდესი ხელმწიფის, პეტრესა და კონსტანტინეს ტახტებს“ [8, 109]. პავლე I-ის მინაწერიდან ირკვევა, რომ იგი ეთანხმებოდა როსტოპჩინის აღნიშნულ მოსაზრებებს და მას უსურვებდა, რომ მალე შედგომოდა მის განხორციელებას.
როსტოპჩინის პროექტი ფაქტიურად „ბერძნული პროექტის“ სახეცვლილი ვერსია იყო. ის ოსმალეთის იმპერიის ევროპულ ნაწილს ეხებოდა და არაფერი იყო ნათქვამი ამიერკავკასიაში რუსეთის პოლიტიკაზე. პავლე I-ის მიერ მასზე გაკეთებული კომენტარის («Апробуя план ваш, желаю, чтоб вы приступили к
исполнению онаго. Дай Бог, чтоб по сему было») [8, 109] მიუხედავად, ის უკვე წარსულს ეკუთვნოდა. ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკური ვითარება ელვის სისწრაფით იცვლებოდა. საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აქტიურობას აგრძელებდნენ და სპარსეთსა და ოსმალეთში საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის ყველა საშუალებას ხმარობდნენ. ქართლ-კახეთში უკვე რუსეთის ჯარები იდგნენ. კავკასიონის სამხრეთით, საკორდონო ხაზებისგან საკმაოდ დაშორებული და მტრულად განწყობილი ადგილობრივი მოსახლეობის გარემოცვაში მყოფი რუსეთის კავკასიური ადმინისტრაცია კი ახალ რეალობასთან მორგებულ ეფექტურ სამოქმედო გეგმას საჭიროებდა და არა ილუზორულ სიუჟეტიან თეატრალურ სცენარს.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ე.წ. „ბერძნული პროექტი“ ეკატერინე II-ის მიერ 1782 წელს იყო შედგენილი, რომლის შემდეგაც რუსეთის იმპერიის სამხრეთში ძირეულად გადასხვაფერდა გეოპოლიტიკური სიტუაცია, უფრო ნათელი გახდება მასში ცვლილებების შეტანის საჭიროება. პროექტის შემუშავებიდან ერთი წლის შემდეგ, 1783 წელს, რუსეთს შეუერთდა ყირიმი, ქართლ-კახეთთან კი გაფორმდა მფარველობითი ტრაქტატი. ეკატერინე II-ს სიკვდილამდე საკმარისი დრო ჰქონდა მისი განხორციელებისთვის, თუმცა ამისთვის არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს. ცნობილი რუსი ისტორიკოსი კლიუჩევსკი „ბერძნულ პროექტს“ და როსტოპჩინის მოსაზრებებს საკმაოდ უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებდა. ის შემდეგს წერდა: „არ შეიძლება პოლიტიკურ ცნებებში ამაზე დიდი ქაოსისა და საერთაშორისო კომბინაციებში უფრო მეტი სიბრიყვის წარმოდგენა: მოხდება არარსებული სახელმწიფოს (რაღაც დაკიას) აღდგენა, სლავური მიწები გადაეცემა გერმანულ ავსტრიას, ბერძნულ-მართლმადიდებლური ოლქები კი შეუერთდება კათოლიკურ ვენეციას. ასეთივე ქაოსურობით გამოირჩევა გეგმაც, რომელიც 1800 წელს როსტოპჩინმა წარუდგინა პავლე I-ს. მიიჩნევდა რა, რომ ოსმალეთს არსებობა აღარ შეეძლო, როსტოპჩინი ფიქრობდა, რომ უკეთესი იყო რუსეთს ის ავსტრიისა და საფრანგეთისთვის გაეყო. რუსეთი თავისთვის იღებდა მოლდავეთს, ბულგარეთს და რუმინეთს. ავსტრიას აძლევდა ვალახეთს, სერბეთსა და ბოსნიას, საფრანგეთს კი ეგვიპტეს; მორეა არქიპელაგის კუნძულებთან ერთად ყალიბდებოდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. ამ გეგმაში არის ყველაფერი: თურქეთის გაყოფაც და საზღვრების პოლიტიკური რესტავრაციაც, რომელსაც არა აქვს არავითარი ისტორიული დასაყრდენი, და რელიგიურ-გვაროვნული ინტერესების მიმართ გაუფრთხილებელი დამოკიდებულებაც“ [7, 106].
1801 წლის მარტში იმპერატორი პავლე შეთქმულების ხელით მოკვდა. მისი მემკვიდრის — ალექსანდრე I-ის დროს რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან დაახლოვებისკენ აიღო გეზი. შეიცვალნენ საგარეო უწყების კოლეგიის წევრებიც. შესაბამისად, ოსმალეთის მიმართ პოლიტიკაც ახალ შეხედულებებს დაეფუძნა. ამ კუთხით განსაკუთრებით დიდი რეზონანსი მოჰყვა გრაფ ვ. კოჩუბეის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომელიც პორტასთან მიმართებაში როსტოპჩინის საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა.
1802
წელს ვ.პ. კოჩუბეიმ ალექსანდრე I-ს ოსმალეთთან ურთიერთობაში სულ სხვა მიმართულება წარუდგინა: „რუსეთმა ან თურქეთის დაყოფა უნდა მოახდინოს საფრანგეთსა და ავსტრიასთან ერთად, ან უნდა ეცადოს თავიდან აიცილოს ეს თავისთვის საზიანო მოქმედება... რუსეთს ტერიტორიული გაფართოვების საჭიროება უკვე აღარ აქვს, თურქებზე წყნარი მეზობლები ჩვენ არ გვყავს და მათი, ჩვენი ბუნებრივი მტრების, შენარჩუნება ამიერიდან ჩვენი პოლიტიკის ძირითადი წესი უნდა გახდეს“ [6, 15]. კოჩუბეი
მიიჩნევდა, რომ „ამ საკითხზე რჩევა ეკითხათ ინგლისისთვის და გაფრთხილებოდნენ თურქეთს“.
რუსეთის ელჩი საფრანგეთში გრაფი ა.ი. მორკოვი აცნობებდა პეტერბურგის საიმპერატორო კარს, რომ ბონაპარტე გამუდმებით საუბრობდა ოსმალეთის დაშლაზე.
1802 წლის 24 დეკემბერს კანცლერმა ა.რ. ვორონცოვმა მორკოვს გაუგზავნა წერილი, რომელშიც მას სრულ უფლებას ანიჭებდა, რომ ყოველ ჯერზე ნათლად ეპასუხა ნაპოლეონისთვის, რომ იმპერატორი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებდა მონაწილეობას თურქეთის საწინააღმდეგო არც ერთ პროექტში“ [6,
16].
აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის სახელისუფლებო წრეები ყოველ ღონეს ხმარობდნენ, რომ ოსმალეთთან
მშვიდობიანი ურთიერთობა შეენარჩუნებინათ. ეს განსაკუთრებით ქართლ-კახეთის რუსული ადმინისტრაციის მოხელეებს ეხებოდა. ოსმალეთსა და რუსეთს შორის დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება რეალურ ცხოვრებაში ძნელად შესასრულებელი იყო, რადგანაც ქართლ-კახეთის სიახლოვეს მდებარე ახალციხის, ყარსის, ბაიაზეთის, ერზერუმის სამფლობელოების ურთიერთობა საქართველოსთან ყოველთვის მეგობრული არ იყო. თანაც, სულთნის სუსტი ხელისუფლების პირობებში და ცენტრიდან დაშორების გამო ადგილობრივი მმართველები ხშირად კერძო ინტერესებს სახელმწიფოებრივზე წინ აყენებდნენ და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობდნენ [1, 113].
ოსმალეთთან რუსეთის ურთიერთობა პირობითად ორ მიმართულებად შეიძლება დაიყოს: საქართველოს მოსაზღვრე საფაშოებთან კონტაქტები და ოსმალეთში არსებული რუსული დიპლომატიური კორპუსის მუშაობა, რომელიც საქართველოს საკითხს ეხებოდა. 1800 წლის ბოლოს ახალციხის საფაშოში არეულობა დაიწყო. სულთნის მიერ ახალციხის ფაშად დანიშნული მეჰმედ-საბიდ-ფაშა მისმა ნათესავმა შერიფ-ფაშამ განდევნა სამფლობელოდან [1,
697-98].
საბიდ-ფაშამ რუსეთთან დაკავშირება სცადა.
1800 წლის ივნისში რუსეთის მხარე მასთან ფარულ მოლაპარაკებაზე დათანხმდა. საბიდ-ფაშა, როგორც ჩანს, თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა „მეგობარ პორტასთან“ ურთიერთობის გაფუჭება რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ არ ისურვა და მის თხოვნას უარით უპასუხა [1, 698]. რუსეთის კავკასიურ ადმინისტრაციას მცდარი ცნობა ჰქონდა, რომ საბიდ-ფაშა სულთნის ბრძანებით იყო გამოდევნილი
ახალციხის საფაშოდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ამ პერიოდში, რომლის მოგვარებასაც რუსეთის კავკასიური ადმინისტრაცია ოსმალეთის მხარესთან ცდილობდა, ახალციხის საფაშოდან ქართულ ტერიტორიებზე თავდასხმების აღკვეთა იყო.
დაღესტნის მცხოვრებლები ახალციხეში ქართული სამფლობელოების გავლით გადადიოდნენ. გზადაგზა ისინი არბევდნენ სოფლებს, მიჰყავდათ საქონელი, იტაცებდნენ სასოფლო-სამეურნეო ნივთებს და პროდუქტებს, ატყვევებდნენ მოსახლეობას, რომლებსაც ოსმალეთში ჰყიდდნენ. მათი უმეტესობა ოსმალურ ჯარში დაქირავებით მსახურობდა. ლეკები არც ოსმალეთში გადასვლის შემდეგ იყვნენ მშვიდად და საქართველოს მოსახლეობის დაწიოკებას ახლა იქიდან აგრძელებდნენ [13, 72-74]. ამ მიმართულებით ქართველი მეფეების ყველა მცდელობა მარცხით დამთავრდა. რუსეთის კავკასიური ადმინისტრაციის წინაშე საკმაოდ რთული ამოცანა იდგა — მათ უნდა მოეხერხებინათ დაღესტნელებისგან
ქართლ-კახეთის სამფლობელოების დაცვა, თანაც ისე, რომ ოსმალეთთან ურთიერთობა არ გაეფუჭებინათ.
ახალციხის ფაშა წერილებში რუსეთის ხელისუფლებას მეგობრობას ეფიცებოდა, სინამდვილეში კი ლეკებს მფარველობდა. მის სამფლობელოში ყოველთვის იმყოფებოდნენ დაქირავებული დაღესტნელები, რომლებიც გამუდმებით არბევდნენ ქართულ ტერიტორიებს. 1801 წლის 2 ივლისს შერიფ-ფაშა კნორინგს წერდა, რომ მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე მან თავისი სამფლობელოდან განდევნა ლეკები, თუმცა ყარსის ფაშამ ისინი კვლავ დაიქირავა [1, 698].
ოდნავ მოგვიანებით შერიფ-ფაშას ტონი რუსეთის კავკასიური ადმინისტრაციის მისამართით გამკაცრდა.
1801 წლის აგვისტოთი დათარიღებულ წერილში უკვე ვკითხულობთ: „ლეკები არ არიან ჩემი სამფლობელოს მკვიდრნი... თქვენ კარგად იცით, რომ მათი სამშობლო დაღესტანია. ისინი იქიდან შემოდიან თქვენს სამფლობელოში, იტაცებენ ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ და ტყეებს აფარებენ თავს. თქვენ თქვენი მხრიდან გაამაგრეთ ის ადგილები, საიდანაც ისინი შემოდიან, ნუ შემოუშვებთ მათ ამ მხარეს, დაედევნეთ თქვენი ჯარით. მეც ჩემი მხრიდან შევაგროვებ ჯარს. ჩვენ მათ შევავიწროვებთ და გავანადგურებთ“ [1, 699].
რუსეთისთვის ახალციხის საფაშო განსაკუთრებით საშიში ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ გახდა. ქართველ ბატონიშვილებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ შერიფ-ფაშასთან. ეს უკანასკნელი მათ ფარულად მფარველობდა და ანტირუსულ მოძრაობაში დახმარების ხელს უწვდიდა. რუსეთის ხელისუფლებას ფართოდ ჰქონდა გაშლილი ჯაშუშური საქმიანობა და ინფორმაციაც დროულად მისდიოდა.
1802
წლის 2 იანვარს ლაზარევი კნორინგს წერდა: „ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ შერიფ-ფაშასთან გაგზავნილია 2 ქართველი იარაღის ოსტატი იარაღის შესაკეთებლად... ფაშამ კი ალექსანდრეს 10 ათასი კესი ფული გაუგზავნა და დაავალა, რომ ეს ფული საბიდ-ფაშას წინააღმდეგ გამოეყენებინა. შერიფ ფაშას შეგროვებული ჰყავს არტაანთან 12000 თურქი და ლეკი [1,
799].
ახალციხის ყოფილი ფაშა საბიდ-ფაშა 1802 წლის დასაწყისში იმყოფებოდა კვარის ციხეში სოლომონ II-სა და ალექსანდრე ბატონიშვილის მეთვალყურეობის ქვეშ, მათთან შერიფ-ფაშა საბიდ-ფაშას მოკვლის თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა [1, 699-700]. შერიფ-ფაშამ მოახერხა იმერეთის მეფისა და ალექსანდრე ბატონიშვილის დაყოლიება, რომლებმაც საბიდ-ფაშას თავი მოკვეთეს და შერიფ-ფაშას გაუგზავნეს. ამით შერიფ-ფაშამ მეტოქე ჩამოიცილა, ალექსანდრემ და სოლომონ II-მ კი ფული და ძვირფასი საჩუქრები მიიღეს [1, 700] — ეს რუსული ხელისუფლების ოფიციალური ვერსიაა.
ნიკო დადიანი ამ ამბის შესახებ წერდა: „ჟამსა ამისასა შეიშურვენ ურთიერთისა შორის ახალციხის ფაშანი: შერიფ ფაშა და ზაბუთ ფაშა. და გარდმოაგდო ზაბუთ ფაშა შერიფ ფაშამ და ვერა სადა ღონის მპოებელი მოვიდა იმერეთის მეფის სოლომონისა თანა, ვინათგან იყო გვარით ძველი ათაბაკისა შთამომავლობა. ამისთვის მოვიდა ბაგრატიონისა თანა და იმყოფებოდა მეფისაგან იმედეული. მაშინ შერიფ ფაშამან დაიწყო ზრახვა მეფის ვაზირებთა თანა და აღუთქვათ მრავალი თეთრი, უკეთუ მოჰკლან ზაბით ფაშა. ვეზირნი მეფისა, ბირებულნი თეთრისაგან, შეკრბნენ მეფისა წინაშე და სხვადასხვა საქმის მაჩვენებელთ შეაცთუნეს და მოაკვლევინეს ზაბით ფაშა. მოსჭრეს თავი და წარუგზავნეს შერიფ ფაშას. შემდგომათ რაოდენიმესანი ხანისა წარგზავნეს მეფის ვაზირთ კაცი და სთხოვეს შერიფ ფაშასა დანაპირები თეთრი მეფისადმი და მათდაცა, გარნა მან არცა ერთი ფული წარმოგზავნა, და მოაცთუნა შერიფ ფაშამ მეფე და ვაზირნი მისნი და დაშთენ განსბასრებულნი შერიფ ფაშისაგან [12, 191-192].
როგორც ვხედავთ, აღნიშნულ ისტორიულ ფაქტზე ქართული წყაროსა და რუსული ოფიციალური დოკუმენტების მონაცემები ერთმანეთისგან განსხვავდება (ფულის ეპიზოდს ვგულისხმობთ). ამ შემთხვევაში ძნელია სიმართლის დადგენა.
ერთი რამ აშკარაა: სოლომონ II-მ თავიდან ოსმალეთის სულთნის ერთგულ მოხელეს კარი გაუღო და თავშესაფარი მისცა, ხოლო შემდგომ ვეზირების შესმენით ის მოკლა. ჩვენ არ ვიცით, რა ურჩიეს სოლომონ II-ს ვეზირებმა, რა არგუმენტები მოუყვანეს მას, რომ დაეყოლიებინათ ასეთი მძიმე და საჩოთირო გადაწყვეტილების მისაღებად. ნიკო დადიანიც კი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით სოლომონს მეტად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს (მისი ნიშნის მოგების ტონი სოლომონ II-ის მხარის მიმართ შერიფ ფაშასგან ფულის მიუღებლობაზე აშკარად იკვეთება), ვერ მალავს, რომ ამ საქმეში ფული არ იყო მთავარი და იმერეთის მეფე ვეზირებმა „სხვადასხვა საქმის“ „ჩვენებით“ შეაცდუნეს. რა იმალება ამ სამი სიტყვის უკან? ის, რომ ამ საკითხზე იმერეთის მეფის კარზე საკმაოდ სერიოზული კამათი მიმდინარეობდა. სოლომონი ფაშას მოკვლას არ ეთანხმებოდა, ვეზირებმა კი ისეთი არგუმენტები მოიყვანეს, რომ მან ბოლოს და ბოლოს ეს მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ფულის აღების ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, არც კი განიხილება. მისი მოშველიება აღნიშნული პრობლემის იოლად გადაწყვეტის და იმერეთის მეფისთვის ჩირქის მოცხების მორიგ ცდად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მის მიერ ჩადენილ საკმაოდ მძიმე ცოდვას ანგარების დაღს ასვამს. ვეჭვობთ, შერიფ ფაშას ქართველი მეფისთვის ეკადრებინა — ზაბიდ ფაშა მოკალი და ამდენ და ამდენ ფულს გადაგიხდიო. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ახალციხის ყოფილი ფაშის ქართული მხარის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაზე მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია და იგი ამ კუთხით თავის უპირატესობაში დაერწმუნებინა.
ერთი რამ აშკარაა: სოლომონ II-მ თავიდან ოსმალეთის სულთნის ერთგულ მოხელეს კარი გაუღო და თავშესაფარი მისცა, ხოლო შემდგომ ვეზირების შესმენით ის მოკლა. ჩვენ არ ვიცით, რა ურჩიეს სოლომონ II-ს ვეზირებმა, რა არგუმენტები მოუყვანეს მას, რომ დაეყოლიებინათ ასეთი მძიმე და საჩოთირო გადაწყვეტილების მისაღებად. ნიკო დადიანიც კი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით სოლომონს მეტად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს (მისი ნიშნის მოგების ტონი სოლომონ II-ის მხარის მიმართ შერიფ ფაშასგან ფულის მიუღებლობაზე აშკარად იკვეთება), ვერ მალავს, რომ ამ საქმეში ფული არ იყო მთავარი და იმერეთის მეფე ვეზირებმა „სხვადასხვა საქმის“ „ჩვენებით“ შეაცდუნეს. რა იმალება ამ სამი სიტყვის უკან? ის, რომ ამ საკითხზე იმერეთის მეფის კარზე საკმაოდ სერიოზული კამათი მიმდინარეობდა. სოლომონი ფაშას მოკვლას არ ეთანხმებოდა, ვეზირებმა კი ისეთი არგუმენტები მოიყვანეს, რომ მან ბოლოს და ბოლოს ეს მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. ფულის აღების ფაქტორი აქ, რა თქმა უნდა, არც კი განიხილება. მისი მოშველიება აღნიშნული პრობლემის იოლად გადაწყვეტის და იმერეთის მეფისთვის ჩირქის მოცხების მორიგ ცდად უნდა ჩაითვალოს, რადგანაც მის მიერ ჩადენილ საკმაოდ მძიმე ცოდვას ანგარების დაღს ასვამს. ვეჭვობთ, შერიფ ფაშას ქართველი მეფისთვის ეკადრებინა — ზაბიდ ფაშა მოკალი და ამდენ და ამდენ ფულს გადაგიხდიო. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ახალციხის ყოფილი ფაშის ქართული მხარის საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარებაზე მიეწოდებინა მისთვის ინფორმაცია და იგი ამ კუთხით თავის უპირატესობაში დაერწმუნებინა.
მაშინდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნული მოსაზრება სავსებით ლოგიკურად გამოიყურება. ზაბიდ ფაშა ოსმალეთის სულთნის ერთგული და მისი პოლიტიკის გამტარებელი იყო ახალციხის საფაშოში — ოსმალეთის პერიფერიაში. ოსმალეთის მაშინდელი უმძიმესი საგარეო და საშინაო ვითარებიდან გამომდინარე, სულთანს აქ სიმშვიდე და თავისი ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი სჭირდებოდა. სწორედ ამიტომ მას უფლებამოსილება გაუზარდა და ჩილდირის ფაშად დანიშნა. ოსმალეთს ამ პერიოდში მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან და ამის დარღვევას არ აპირებდა. რუსეთის მიმართ ამ პოლიტიკას გაატარებდა მისი ერთგული მოხელეც (ამ შემთხვევაში საბიდ-ფაშა). საქართველოს წინააღმდეგ საკმაოდ სახიფათო რკალი შეიკრა. ქართლ-კახეთში მყოფი რუსეთი და მის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე რუსეთის მოკავშირე ახალციხის, ყარსის, ბაიაზეთის, ერზერუმის საფაშოები, რომელთა შეთანხმებული მოქმედების შემთხვევაში პოლიტიკური პროგნოზი საქართველოსთვის (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის) ერთობ სავალალოდ გამოიყურებოდა. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს არგუმენტი — ქვეყნისთვის სახიფათო ძალთა განლაგების თავიდან არიდება — იყო მთავარი, როდესაც სოლომონ II-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. ყოველივე ამის გასიგრძეგანებას დიდი დრო არ სჭირდებოდა. ეს სოლომონ II-ისა და მისი კარის მოხელეებისთვის თავიდანვე ცხადზე ცხადი იყო. ამ საკითხის ირგვლივ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბჭობა (იხილავდნენ სხვადასხვა ვარიანტებს) კი ალბათ ისეთი გამოსავლის ძიებას უკავშირდებოდა, რომ საბიდ ფაშაც ცოცხლად გადაერჩინათ და ქვეყნისთვისაც ხიფათი თავიდან აერიდებინათ. ქართული მხარის ამ მძიმე ცოდვის შემდეგ ახალციხის საფაშოში დაჯდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მმართველი, რომელიც რუსეთის კავკასიურ ადმინისტრაციასთან მხოლოდ მოჩვენებით ატარებდა მშვიდობიან პოლიტიკას, არ ასრულებდა ოსმალეთის სულთნის მითითებებს და რომელმაც არაერთგზის აღმოუჩინა დახმარება ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას.
მთავარი ის იყო, რომ ქართულმა მხარემ შერიფ-ფაშას სახით ფაქტიურად შეიძინა საკმაოდ ძლიერი მოკავშირე რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ გავითვალისწინებთ დროსაც (ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას), როდესაც ეს ფაქტი მოხდა, უფრო ნათელი გახდება ამ საკმაოდ მძიმე და საჩოთირო გადაწყვეტილების — თავშეფარებული ადამიანის გაწირვის — ნამდვილი მიზეზი. ფაქტიურად მოხდა სულთნის კარის, რომელიც ამ პერიოდში რუსეთის მოკავშირე იყო, ერთგული და სასურველი კანდიდატის [1,
702] ჩამოცილება საქართველოსთვის სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვან სამფლობელოში და ქართველებისთვის მისაღები პიროვნების, ოსმალეთის სახელმწიფო პოლიტიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გამტარებელი მმართველის დასმა, რომელმაც შემდგომ პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა გააჩაღა. ასეთი მოხელე, ვფიქრობთ, მისაღები იყო ოსმალეთის ოფიციალური კარისთვისაც, რომელსაც ამ პერიოდში, მართალია, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა სინამდვილეში მისი წარმატებები კავკასიაში სრულიადაც არ ახარებდა.
1802
წლის თებერვალში რუსეთის ხელისუფლებას მიუვიდა ცნობა, რომ ახალციხისკენ მიემართებოდა ოსმალეთის
20000-იანი კორპუსი [1, 700]. სულთანს სურდა დაესაჯა შერიფ-ფაშა, რომელმაც სულთნის ერთგული, ჩილდირის გენერალ-გუბერნატორად დანიშნული საბიდ-ფაშა სამფლობელოდან განდევნა, თვითონ კი მფარველობდა ლეკებს, რომლებიც რუსეთის დაქვემდებარების ქვეშ მყოფ ქართულ ტერიტორიებს არბევდნენ. შერიფ-ფაშა ახალციხიდან იქნა განდევნილი. მან თავი შეაფარა ოლთისს, თუმცა იქაც დიდხანს ვერ გაჩერდა [1, 710].
1802 წლის 12 აპრილს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების გამოცხადების შემდეგ რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ახალციხის ფაშისგან უკვე მკაცრად მოითხოვა საკუთარი ტერიტორიის დაცვა და ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დასჯით დაემუქრა [1,
701], თუმცა ამ უკანასკნელმაც გაააქტიურა ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ.
ოფიციალური დოკუმენტებიდან იკვეთება ამ პერიოდში ერევნის ხანის, ახალციხის შერიფ-ფაშისა და ქართველების კავშირი. 1802 წლის 28 ივნისს ყარსის მემედ-ფაშა კოვალენსკის შემდეგს აცნობებდა: „სელიმ-ფაშასგან ნაბრძანები მაქვს სახელმწიფოსა და ღმერთის მტრის შერიფ-ფაშას მოკვლა, რომელიც დაუკავშირდა ერევნის ხანს, მოიყვანა ლეკების მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რათა დაეპყრო ქართული მიწა და თბილისში გაემეფებინა ალექსანდრე, ერეკლე მეფის ვაჟი, — რომელსაც ეხმარება ყაჩაღი დავით არქიერი, თვითმარქვია კათალიკოსი, რომელმაც საეკლესიო ძვირფასეულობა გადაადნო და მათ მისცა, რათა ასეთი დაპირისპირება მოემზადებინათ, რის შემდეგაც დაეუფლებოდა ეჩმიაძინს“ [1, 710].1802 წლის ივნისი საქართველოში ანტირუსული მოძრაობის გააქტიურებით აღინიშნა (ქელმენჩურის გამოსვლა, ოსებისა და არაგვის საერისთავოს მცხოვრებლების მიერ დარიალის გზის გადაკეტვა), რაც მეტად საშიში იყო ქართლ-კახეთში შემოსული რუსებისთვის. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ ეს მოვლენები ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
1802 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებას უკვე ჰქონდა ცნობა იმის შესახებ, რომ ალექსანდრეს შეკრებილი ჰყავდა სპარსელებისა და ლეკებისგან შემდგარი 40000-იანი ჯარი და ერევნისა და ახალციხის გავლით საქართველოში შემოსვლას გეგმავდა. ქართველი ბატონიშვილი უთვლიდა ქართველ ხალხს, რომ არ შეშინებოდათ ამ ჯარის, რადგანაც ისინი მათ არაფერს დაუშავებდნენ და მოუწოდებდა მათ, რომ თვითონაც შეიარაღებულიყვნენ, შეერთებოდნენ ამ ჯარს და შებრძოლებოდნენ რუსებს. ის კავკასიის სხვადასხვა ხალხის მოსყიდვასაც ცდილობდა და მათ სხვადასხვა ადგილზე აჯანყებისა და კავკასიის ხაზზე თავდასხმებისკენ აქეზებდა [1, 702]. ამ პერიოდში დადიანზე თავდასხმისთვის ჯარს აგროვებდა იმერეთის მეფეც. თუმცა კავკასიის რუსულ ადმინისტრაციაში ამ ვერსიის არ სჯეროდათ და ფიქრობდნენ, რომ ისიც ალექსანდრესთან ერთად რუსეთთან ბრძოლისთვის ემზადებოდა [1, 702]. სრულ მზადყოფნაში იყო შერიფ-ფაშას ჯარიც [1, 703]. რუსეთის ხელისუფლებაში მას სთხოვდნენ ეცნობებინა მათთვის, „ვის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადებოდა, როდესაც მტერი არ ჩანდა“ [1, 703].
საქართველოს მოსაზღვრედ მდებარე ოსმალეთის სხვა მფლობელები: ერზერუმის, ყარსის ფაშები რუსეთისა და ოსმალეთის სამშვიდობო ხელშეკრულების მიმართ მოჩვენებით ერთგულებას ინარჩუნებდნენ და ახალციხის ფაშას უპირისპირდებოდნენ. ისინი რუსეთის ხელისუფლებას ჯარებს, ან ერთობლივ მოქმედებას სთხოვდნენ [1, 707-708]. სულთნის კარისა და მათმა ერთობლივმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. 1802 წლის შემოდგომაზე შერიფფაშა ახალციხის სამფლობელოდან გაიქცა, 1802 წლის ნოემბერში ის უკვე იმყოფებოდა ბაიაზეთის ფაშასთან, რომელმაც მას 300 მეომარი მისცა [1, 714].
ოსმალეთის მხარემ შერიფ-ფაშას განდევნის შემდეგ ახალციხე სელიმ-ფაშა ხიმშიაშვილს უბოძა. კანდიდატურის შერჩევაში, როგორც ჩანს, დიდი იყო რუსეთის როლი, თუმცა არც სელიმ-ფაშა აღმოჩნდა რუსეთის ინტერესების გამტარებელი. საბიდ-ფაშას მსგავსად, სელიმ-ფაშაც წარმოშობით ქართველი იყო, ის აჭარელი ბეგების ხიმშიაშვილების საგვარეულოს ეკუთვნოდა. სელიმ-ფაშა დახმარების ხელს უწვდიდა ქართველ ბაგრატიონებს და სოლომონ II-ს, თავისთან მუდმივად იფარებდა რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილ ქართველებს და რუსეთის კავკასიური ადმინისტრაციის არაერთგზის თხოვნას მათი გადაცემის შესახებ არ ასრულებდა. სულთნის ოფიციალური კურსისგან განსხვავებით, რომელიც რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულებას არ ღალატობდა (1803 წლის ზაფხულში სულთნის კარზე იმყოფებოდა სოლომონ II-ის წარგზავნილი, რომელიც პორტასგან რუსეთის წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. რუსეთის მხარე ინფორმირებული იყო ამის შესახებ) [2, 873], ახალციხის ფაშის მიერ ქართველების დახმარებას ამ მეტად კრიტიკულ მომენტში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთის კავკასიურმა ადმინისტრაციამ ვერც სელიმ-ფაშას დროს მოახერხა ახალციხეში დაღესტნელების გადასვლისა და ქართულ სოფლებზე თავდასხმების აღკვეთა.
1802 წლის ბოლოს საქართველოს მთავარსარდლად დანიშნულ პ. ციციანოვს ახალციხის საფაშოში საკმაოდ დიდი პრობლემები დაუხვდა. მან პეტერბურგის მმართველ წრეებს ახალციხის დაპყრობის გეგმა შესთავაზა. მეტად საინტერესოა რუსეთის კანცლერის ვორონცოვის 1803 წლის მოწერილი წერილი, რომელშიც ის აფიქსირებდა კოჩუბეის პოზიციას პორტასთან მიმართებაში, ციციანოვს ახალციხის დაპყრობის უარყოფით შედეგებზე მიუთითებდა და ოსმალეთისადმი მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა.
ამ პერიოდში რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობაში დიდი ადგილი ეკავა შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროების საკითხს. ბათუმი, ფოთი, ანაკლია კავკასიის რუსული ადმინისტრაციისა და ოსმალეთში რუსეთის წარმომადგენელ იტალინსკის მიმოწერაში ერთერთი მთავარი საკითხი იყო. იტალინსკის საქმიანობა ამ კუთხით ისტორიული ცნობების მოგროვებასა და დიპლომატიურ სფეროს არ სცილდებოდა.
1804 წელს რუსული ჯარები ყულევში გადასხდნენ, რაშიც მათ სამეგრელოს მთავრის ოჯახი დაეხმარა. ამ ფაქტს დიდი აღშფოთება მოჰყვა ოსმალეთის სულთნის კარზე. იტალინსკის გამუდმებით სთხოვდნენ ახსნა-განმარტებას ამ საკითხზე [2 877], რუსეთ-ოსმალეთის სამშვიდობო ურთიერთობას საფრთხე დაემუქრა. რუსეთი სპარსეთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მისთვის განსაკუთრებით არასასურველი იყო პორტასთან მტრული დამოკიდებულება. რუსეთი იძულებული გახდა ყულევის პოსტი ისევ მოეშალა და აქ ჯარის გადმოსხმა დროებით მოვლენად და აფხაზეთის წინააღმდეგ სამეგრელოს მთავრის ოჯახისადმი დახმარების აუცილებლობით აეხსნა. რუსეთის ამ მოქმედებამ დაამშვიდა ოსმალეთი [2, 881].
რუსეთ-ოსმალეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაირღვა 1806 წლის ბოლოს, როდესაც ოსმალეთის სულთანმა ომი გამოუცხადა რუსეთს. ეს ხანმოკლე პერიოდი მეტად ძვირად დაუჯდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ ამიერკავკასიას. რუსეთმა ოსმალეთის უმოქმედობის პირობებში თავისი პოზიციები ქართლ-კახეთში განიმტკიცა, მოახერხა დაეპყრო სპარსეთის ქვეშევრდომობაში მყოფი აღმოსავლეთ კავკასიის სახანოები, კონტროლი დაამყარა კავკასიის გადასასვლელებზე (დარიალზე და დარუბანდზე) და შექმნა საიმედო ბაზა შემდგომი ტერიტორიული ექსპანსიისთვის.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, т. II, Тифлис, 1868.
2. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, т. I, Тифлис, 1866.
3. Броневский С. М., Историческия выписки о сношениях России с Персиеею, Грузиею и вообще с горскими народами, на Кавказе обитающими со времени Ивана Васильевича доныне, РАН, Институт востоковедения, СПб., 1996.4. История СССР, под редакцией В. В. Мавродина, ч. 1, Москва, 1979.
5. История Народов Северного Кавказа (конец в. – 1917 г.), под редакцией А. Л. Нарочницкого, т. 2, Москва, 1988.
6. Соловьев С. М., Восточный вопрос, Сочинения Сергея Михайловича Соловьева, СПб, 1882.
7. Ключевский В. О., Курс русской истории, Москва, 1992.
8. Ростопчин Ф. В., Записка графа Ф. В. Ростопчина о политических отношениях России в последние месяцы Павловского царствования, Русский архив, кн. 1, вып. 1, Москва, 1878.
9. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, თბილისი, 1978. 148
10. ნ. ქორთუა, საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, თბილისი, 1964.
11. დ. ჭუმბურიძე, ერეკლე II-ის საგარეო პოლიტიკა XVIII ს-ის 80-იან წლებში, წიგნში: დ. ჭუმბურიძე, ვ. კიკნაძე, ხ. ქოქრაშვილი, ლ. სარალიძე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XIX საუკუნეებში, წ. I, თბილისი, 2016.
12. ნ. დადიანი, ქართველთ ცხოვრება, თბილისი, 1962.
13. მ. ტყავაშვილი, საქართველო-დაღესტნის ურთიერთობა XIX საუკუნის 30-იან წლებში, თბილისი, 1990.
Комментариев нет:
Отправить комментарий