საქართველოს მთავარმართებელი ალექსი ერმოლოვი (1816-1827)
(სამეცნიერო-დაზვერვითი)
ავტორის შესახებ: შარლ-პაულუს ბელანჟე (1805-1881) ცნობილი ფრანგი ბოტანიკოსი და ნატურალისტი, პონდიშერის1 ბოტანიკური ბაღისა (1825-1850) და მარტინიკის ბოტანიკური ბაღის დირექტორი (1825-1881), სპატიო ლეგიონის ოფიცერი. მოგზაურობის მიზანი: საქართველოში ბელანჟე ინდოეთში საფრანგეთის სამფლობელოების მმართველად დანიშნულ ეჟენ პანონ დესბასენ დე რიშმონდთან2 ერთად ჩამოვიდა. ბელანჟეს კავკასიასა და აზიის ქვეყნებში ეთნოგრაფიული ხასითის მასალისა და ძვირფასი საბუნებისმეტყველო კოლექციის შეგროვება, პანონ დესბასენ დე რიშმონს კი საფრანგეთის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ჩართვით ირანსა და ინდოეთთან ვაჭრობის ვითარების გარკვევა და ჟაკ-ფრანსუა გამბას3 პროექტის შეფასება ევალებოდა.
სრული მარშრუტი: პარიზი, ოდესა, ხერსონი, როსტოვი, სტავროპოლი, ვლადიკავკაზი, ბალთა, ლარსი, დარიალის ხეობა – ყაზბეგი, კობი, კაიშაური (გუდაურის მიდამოები), ფასანაური, ანანური, დუშეთი, ღართისკარი, მცხეთა, თბილისი, ერევანი, ირანის.
მარშრუტი საქართველოში: ლარსი, დარიალის ხეობა – ყაზბეგი, კობი, კაიშაური (გუდაურის მიდამოები), ფასანაური, ანანური, დუშეთი, ღართისკარი, მცხეთა, თბილისი.
მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ბელანჟე დეტალურად აღწერს საქართველოს სამხედრო გზას, მის ბუნებას, მთების აგებულებას და ქანების გეოლოგიას, ფლორას, ფაუნას, ისტორიულ ძეგლებს და მოსახლეობის ადათ-წესებს. საინტერესოა მისი ცნობა იმის შესახებ, რომ ყაზბეგში ფრანგები გენერალ ყაზბეგის4 ქვრივმა მიიღო, რომელიც „დიდი ქონების პატრონი იყო“ და თავის საცხოვრებელ ციხეკოშკთან საკმაოდ გემოვნებიანი ეკლესია აეშენებინა. ფრედერიკა ფონ ფრეიგანგის მსგავსად, ფრანგი მოგზაურიც აღნიშნავს, რომ გუდას ქედზე5, ამაღლებულ ადგილზე იდგა პატარა ძეგლი, რომელზეც ქვის ჯვარი იყო აღმართული წმინდა ქრისტეფორესადმი6 ლოცვის აღსავლენად. იქვე, ხის დიდ სახლში ოსების ერთ ოჯახს წმინდა ბერნარის7 მიმდევრების რელიგიური განყოფილება გაემართა და დახმარებას უწევდნენ იქ ზამთარში მყოფ მოგზაურებს, საჭირო ხარჯებს რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე I (1801-1825), იხდიდა.
ბელანჟე და დებასენი თბილისში 1825 წლის 28 მატრიდან 15 აპრილამდე იყვნენ. ბელანჟე გვაძლევს თბილისის „ევროპეიზაციის“ მეტად ცოცხალ სურათს, აღწერს ქალაქის შენობებს, აბანოს, ბაზარს, ქარვასლას, ქართველების ადათ-წესებს, ქართველების სამოსს, გართობას, საკრავ ინსრუმენტებს და სხვ. ეხება განათლების საკითხს, „ტიფლისკი ვედომოსტის“ (Tyfliskyia vidomostl) გამოცემას, აღნიშნავს, რომ ქალაქში, სადაც ამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი, რომელიც რუსეთის „მეტად ტოლერანტული მმართველის ხელში“ იყო, ბერძნებს, კათოლიკეებს, მუსლიმებსა და სომხებს თვიანთი ეკლესიები, ტაძრები და მეჩეთები ჰქონდათ.
მნიშვნელოვანია ბელანჟეს ცნობა თბილისის მახლობლად მდებარე გერმანულ კოლონიაში დამკვიდრებული ნეგოციანტის, კასტელაზის შეასხებ, რომელსაც თბილისში ფუფუნების საგნებით ვაჭრობის დაწყება სურდა და ამას გარდა, ამიერკავკასიის პროვინციის მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით საფრანგეთიდან რამდენიმე ხელოსანი ჩამოიყვანა.
ბელანჟე აშკარად გამოხატავს თავის სიმპატიას გენერალი ერმოლოვის მიმართ, გვაცნობს მის უახლოეს გარემოცვას, რომელთა შორის ერთადერთი ქართველი – ალექსანდრე ჭავჭავაძეა მოხსენიებული. თბილისში მყოფ სხვა პირთა შორის გვაწვდის ცნობებს თბილისში სომეხთა პატრიარქის, ნერსესის, საქმიანობის შესახებ.
მნიშვნელოვანია ბელანჟეს ცნობა გენერალ ერმოლოვთან მივლენილი ირანის შაჰის, ფათჰ-ალის (1796-1834) ელჩის, თავრიზის გუბერნატორის, ფათჰ-ალი ხანის შესახებ, რომელიც თბილისში რუსეთ-სპარსეთის პირველი (1804-1813) ომის დასრულებისას დადებული გულისტანის (1813) ხელშეკრულების მიხედვით საზღვრების დემარკაციისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსალაპარაკებლად იყო მივლინებული. ამ ხელშეკრულების მიხედვით ყოველ მხარეს ის მიწები და სახანოები მიეკუთვნა, რომლებშიც ისინი საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ფაქტობრივად ანუ status quo ad presentem საფუძველზე განახორციელებდნენ ხელისუფლებას: რუსეთის დაქვემდებარებაში გადადიოდა როგორც ირანთან ომამდე რუსეთის იმპერიაში შემავალი სამფლობელოები, ისე ის მიწები, რომლებიც რუსეთის მიერ ომის დროს იყო დაკავებული – დაღესტანი, ქართლ-კახეთის სამეფო, სამეგრელოს სამთავრო, გურიის სამთავრო, იმერეთის სამეფო, აფხაზეთის სამთავრო, ბაქოს სახანო, ყუბის სახანო, დარუბანდის სახანო, შირვანის სახანო, ყარაბაღის სახანო, განჯის სახანო, შექის სаხანო, თალიშის სახანო ლენქორანის ციხე-სიმაგრითურთ. ეს ხელშეკრულება რუსეთს კასპიის ზღვაზე ფლოტის დაყენების, რუსი და სპარსელი ვაჭრები კი თავისუფალი ვაჭრობის უფლებას იღებდნენ პირველნი – ირანში, მეორენი – რუსეთის ტერიტორიაზე. ფათჰ-ალი შაჰი, განსაკუთრებით კი მისი მემკვიდრე, აზერბაიჯანის მმართველი აბას მირზა (1788-1833), ვერ ეგუებოდნენ თითქმის მთელი „ირანული კავკასიის“ დაკარგვას და ამ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებას მოლაპარაკებების გზით ცდილობდნენ. ამ მიზნით 1814 წელს პეტერბურგში მოსალაპარაკებლად მივლინებულმა მირზა აბოლ ჰასან ხან,ა რუსეთის მთავრობისგან პირდაპირი პასუხი ვერ მიიღო. მას განუცხადეს, რომ ირანში მოსალაპარაკებლად ჩავიდოდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გენერალი ალექსეი ერმოლოვი, რომელიც ყველაფერს ადგილზე გადაწყვეტდა, ამგვარად, გენერალ ერმოლოვს ერთპიროვნულად უნდა გადაეწყვიტა უმნიშვნელოვანესი საკითხები – საზღვრის დადგენა რუსეთსა და ირანს შორის, რუს ტყვეთა დაბრუნება, გილანსა და ასთრაბადში საკონსულოების გახსნა8.
ბელანჟემ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ტიფლისში მყოფი რუსეთის მთავრობა XIX საუკუნის პირველი წლებიდანვე აქტიურად ცდილობდა ადგილობრივი თავადაზნაურობის კავკასიაში გაგზავნილ რუს მოხელეებთან შეგუებას, რასაც ლეიტენანტი ტრეზელი და ფრედერიკა ფონ ფრეიგანგიც აღნიშნავენ.
თხზულებაში მოცემული კრიტიკული დამოკიდებულება ჟან ფრანსუა გამბას პროქტის მიმართ. საფრანგეთის ვაჭრონის საკითხი აღმოსავლეთის ამ ქვეყნებთან უკვე წამოჭრილი იყო ნაპოლეონის არმიის ექს-ოფიცრის, ლეიტენენტ თეოდორ ეტიეს (1795-1846) მიერ 1822 წლით დათარიღებულ მოხსენებით ბარათში9.
შარლ ბელანჟეს თხზულება მეტად ინფორმატიულია, მას ერთვის ჩანახატები - „თბილისი“, „თბილისის ბაზარი“, „ქართველი ქალი და მამაკაცი“, „ქართული და ირანული იარაღი“, „სასოფლო-სამეურნეო ხელსაწყოები“, „მუსიკალური საკრავები“ და სხვ.
* * *
ტიფლისი
უნაყოფო მთებით გარშემორტყმული ტიფლისი10 მდებარეობს ვიწრო ხეობაში, რომლის სიღრმეში დაკლაკნილად მიედინება მტკვარი. ქალაქის უსწორმასწორო რელიეფი, დაუმთავრებელი იერი და საცოდავი სახლები, უამრავი ნანგრევი, მიწაყრილები, ვიწრო ქუჩები, ცარიელი მოედნები, მხოლოდ აქა-იქ მიმოფანტული მიწურები – მთელი ეს სამწუხარო და ბარბაროსული ერთობა ტიფლისს მიწისძვრით დანგრეული ქალაქების და არა ხალხმრავალი და სავაჭრო დედაქალაქების რიგში აქცევს. რამდენიმე ლამაზი შენობა და ახალი მშენებლობებისთვის მომზადებული ხარაჩოები კონტრასტს ქმნიდა იმ ქოხებთან, რომლებიც ქალაქს თითქმის მთიანად ფარავს. ძველი, გაუბედურებული და ღარიბი ქალაქის ნანგრევებზე ამგვარად ჩნდება ახალი, საუცხოო და მდიდარი ქალაქი.
პირველი შთაბეჭდილება საქართველოს დედაქალაქის შესახებ მძიმე იყო, რადგან ყოველთვის გწყდება გული ილუზიის გაცრუების გამო, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემს თვალწინ გადაშლილ სურათს ყურადღებით შესწავლა სჭირდებოდა. ქალაქის კართან პასპორტები შეგვიმოწმეს, შემდეგ სასტუმროსკენ გავემართეთ, რომელიც ერთ ფრანგს ეკუთვნოდა და ტიფლისში ერთადერთი ამგვარი დაწესებულება იყო11.
გზად საქართველოსა და კავკასიის პროვინციების გენერალ-გუბერნატორის12 სასახლე ვნახეთ. ეს საკმაოდ კარგად შესრულებული ქანდაკებებით მორთული ლამაზი შენობა ბორცვის ფერდობზე მდებარეობს13 და მტკვარს გადაჰყურებს. იქიდან კარგად ჩანს კავკასიონის ყველაზე აღსანიშნავი ადგილები. იქვე ახლო არის სახაზინო ბაღი და რუკების საცავი (le dépôt des cartes). უფრო შორს, ევროპული არქიტექტურის მიხედვით ნაგებმა ლამაზმა სახლებმა საფრანგეთი გაგვახსენა. შემდეგ ძველი ქალაქის რამდენიმე ქუჩა გადავკვეთეთ, ჩამოვქვეითდით და სასტუმროში ოთახი მოვიკითხეთ. ოთახი, რომელიც მოგვცეს, ცუდად იხურებოდა და მდებარეობდა აღმოსავლეთის ქარის მხარეს, რომელიც ტიფლისში ჩვენი ყოფნის განმავლობაში გამუდმებით ქროდა; ამის გამო მეტად მოუხერხებელ და გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიყავით. ოთახში არ იყო საწოლები და ბუხარი – იქ მხოლოდ ერთი მაგიდა, რამდენიმე სკამი და ხის ორი ხალიჩაგადაფარებული ტახტი იდგა. სიცივისაგან თავის დასაცავად იძულებულები ვიყავით, რომ ყოველ ღამე პალტოები და ქურქები დაგვეხურა.
ტიფლისში საკმაოდ რბილი ზამთარია. ის დეკემბერის შუა რიცხვებში იწყება, ორ თვეზე მეტ ხანს არ გრძელდება და 4 გრადუსზე დაბლა არ ჩადის. მაგრამ წელს, ისევე, როგორც მთელ ჩვენ სავალ გზაზე, მეტად მკაცრი სიცივე იყო. ზამთარი ტიფლისში ყოველთვის ერთნაირი არ არის.
როგორც კი მოვეწყეთ, ჩვენი პირველი საზრუნევი საქართველოში საფრანგეთის დროებითი რწმუნებულის, ბ-ნი სეგონის, ნახვა იყო. იგი ჩვენ გველოდა. პირველი ვიზიტი გაცნობას დაეთმო. ერთმანეთს უამრავი კითხვა დავუსვით. საფრანგეთიდან შორს მყოფს, მას იქაური ამბები აინტერესებდა, ჩვენ კი ჩვენი მისიის მიზნით დაკავებულებს, საქართველოსა და მისი ვაჭრობის შესახებ ცნობები გვაინტერესებდა. ბ-ნმა სეგონმა მოვალეობად ჩათვალა ჩვენთვის თავისი სახლის შეთავაზება, მაგრამ ტიფლისში ყოფნის განმავლობაში ჩვენ მასთან ერთად მხოლოდ ვახშმობას დავთანხმდით. ბ-ნმა დებასენმა გრაფ ერმოლოვს წერილები გაუგზავნა და აუდიენცია ითხოვა. პასუხად მეტად თავაზიანი მიწვევა მიიღო იმავე საღამოსათვის. – გუბერნატორის სასახლეში ბ-ნ სეგონთან ერთად მივედით. ჩვენ დიდ დარბაზში შეგვიძღვნენ, სადაც მთავარი შტაბის მრავალი გენერალი და ოფიცერი დაგვხვდა. ზოგი საუბრობდა, ზოგი ბანქოს მაგიდას უჯდა.
გენერალს უბრალო კიტელი ეცვა და უზარმაზარ მაგიდასთან იდგა, სადაც საქართველოში მთავარი შტაბის უფროსი, გენერალი ველიამინოვი14 და ტიფლისის გუბერნატორი, გენერალი ვანჰოვენი15, ისხდნენ. ოთახის სიღრმეში ოცდაათიოდე სპარსული თუ ქართული ხმალი ელაგა. მათი ძვირფასი დამოსკოს პირების მიხედვით ჩანდა, რომ ისინი ამ ორი ქვეყნის სუვერენებს ეკუთვნოდათ. – აქა-იქ ჩანდა სხვადასხვა იარაღი – საჩუქრად მიღებული თუ ომის ნადავლი.
კავკასიონზე მგზავრობისას, ჩვენ თანმხლებ რუს ოფიცრებს ხშირად ვეკითხებოდი საქართველოს გენერალ-გუბერნატორის შესახებ. ისინი მას იმდენად შესანიშნავ ადამიანად ახასიათებდნენ, რომ გადაჭრბებულიც კი მეგონა. უნდა გამოვტყდე, რომ ჩემზე არასოდეს არავის არ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება: გენერლის დანახვისას და მოსმენისას მაშინვე დაინახავ მის უდავო უპირატესობას. ერმოლოვის გარეგნობა კავკასიის ხალხებს შორის ძლიერ შიშს თესს, რომელიც მუდმივად დაუკავშირდება მის სახელს. ჩვენ მადლობა მოვახსენეთ გენერალს იმ განკარგულებებისთვის, რომლებიც კავკასიაში ჩვენს მგზავრობას სწრაფსა და უსაფრთხოს გახდიდა. ჩვენ აღტაცება გამოვხატეთ მის მიერ მთიელთა დაუმორჩილებელი ტომების დაოკების გამო. „ბოლო წლებში, – გვიპასუხა მან, – აჯანყებულების მკაცრი დასჯის შედეგად კავკასია დამშვიდდა. მიუხედავად ამისა, ვიცი, რომ ისინი კვლავ ემზადებიან გამოსვლებისთვის. მაგრამ დაველოდები და როგორც კი დაიწყებენ, ჩავახშობ“.
გენერლი ერმოლოვი მეტად თავაზიანად დაგვპირდა, რომ მთელ თავის ავტორიტეტს გამოიყენებდა სპარსეთამდე ჩვენი მგზავრობის გასაადვილებლად. მან გვითხრა: „სპარსელები, გარეგნულად სასიამოვნო ხალხია, მაგრამ უკიდურესად ცრუ და გახრწნილია. თქვენ მუდამ დაძაბული უნდა იყოთ, რათა მათი ორპირობის მსხვერპლი არ გახდეთ. სპარსეთში ყველა კლასს სხვადასხვა ხარისხით ახასიათებს ტყული და უპატიოსნება, მათ შორის მთავრობის მეთაურებსაც, რაც ჩემი ელჩობის დროს თვითონ ვნახე16. პოლიტიკურ გარიგებებში შეუძლებელია ამაზე მეტი არაკეთილსინდისიერების ნახვა. ამჟამად ჩვენ უკვე მეოცე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ორ სახელმწიფოს შორის საზღვრების დასადგენად. 1813 წლიდან ამ საზღვრების სხვადასხვა წერტილები მუდმივად ფიქსირდებოდა და მიუხედავად ამისა, სპარსეთის ადმინისტრაციამ მაინც მოიგონა საკამათო მიზეზი. დღეს, როდესაც ყველა წინააღმდეგობა ამოწურულია, დავის საგნად სახელების ორთოგრაფია მოიგონეს! ამჟამად შაჰის ელჩი, თავრიზის გუბერნატორი ფათჰ-ალი ხანი, ტიფლისშია. ის მალე უნდა დაუბრუნდეს თავის თანამდებობას და თქვენ უეჭველად მასთან ერთად იმგზავრებთ. თუ ყველა სპარსელი ამ საწყალ ფათჰ-ალი ხანს ჰგავს, მისი მისიის შედეგი საეჭვო არ იქნება. მართალია, ჩვენ შევთანხმდით სადავო საკითხებზე და საბოლოო ხელშეკრულებასაც მოვაწერეთ ხელი, მე არ მინდა მისი განხორციელება მანამდე, ვიდრე მას მისი მთავრობა არ ნახავს: დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების მიუღებლობის დასასაბუთებლად საცოდავ ხანს თავრიზში ჩასვლისთანავე მოკვეთენ თავს. ამჯერად შაჰი ძალიან დაფიქრდება, სანამ რატიფიკაციაზე უარს იტყვის. ხელშეკრულებას ჩემი მთავარი შტაბის ოფიცერი წაიღებს. ან ხელს მოაწერენ, ან დავემორჩილები იმპერატორის ბრძანებებს17 და სპარსეთში ერთ კარგ საჯარისო ნაწილს გავგზავნი, რომელიც შესანიშნავ საზღვრებს მოკლე დროში შემოხაზავს“18.
ერმოლოვის საინტერესო საუბარმა ძლიერ დამატყვევა, თუმცა გამაკვირმა დასადები ხელშეკრულების შესახებ საჯაროდ საუბარმა. მაგრამ როდესაც დავფიქრდი, რუსეთის გენერალ-გუბერნატორების, კერძოდ კი გრაფი ერმოლოვის იმპერიის ცენტრიდან მეტად დაცილებული პროვინციების გამგებელის დელიკატურ მდგომარეობაზე, მივხვდი, რომ მისთვის აუცილებელი იყო თავისი პოლიტიკისა და ქმედებების დაცვა ყოველგვარი არაკეთილმოსურნე ინტერპრეტაციებისგან, რათა ამ გულახდილი საქციელით თავიდან აეცილებინა ყოველგარი ეჭვი თავისი ერთგულებისა და ლოიალობის შესახებ. მეორე დღე ქალაქის დათვალიერებას მოვანდომეთ.
მტკვარი ორად ყოფს ტიფლისს. მარჯვენა მხარეს ძველი ქალაქი, გოგირდის აბანოები და ახალი ქალაქი მდებარეობს. მარცხენა მხარეს კი ქალაქის გარეუბნები ავლაბარი, ისანი და გერმანელებით დასახლებული სოფელია19.
ძველ ქალაქს კვლავ ეტყობა კვალი 179620 წლის სპარსელების შემოსევისა, რომლებსაც სასტიკი საჭურისი აღა-მაჰმად-ხანის მეთურობდა. წვიმის დროს ეს ნანგრევები კიდევ უფრო ამუქებენ ვიწრო, დაკლაკნილი, ჭუჭყიანი და ტალახიანი ქუჩების ისედაც მოწყენილ სანახაობას, კარგ ამინდში კი ისინი მტვრით ივსება. ეკლესიების, რომლებიც ასე მრავლადაა ტიფლისში და აგრეთვე საჯარო შენობების აგურის წითელი ფერი კონტრასტს ქმნის ქართველების მიწისფერ საცხოვრებლებთან. ეს ოთხკუთხედი, ტალახითა და გრძელი ბრტყელი აგურით აშენებული სახლები ერთმანეთთან თიხით ან კირით არის შეკავშირებული.
ჯეროვნად არის დასაფასებელი, რომ გენერალ ერმოლოვის ჩამოსვლის შემდეგ ქალაქში მდგომარეობა გაუმჯობესდა. იგი დაინტერესდა ქალაქის სანიტარული მდგომარეობით, თურქ და სპარსელ ტყვეებს გაატანინა ნანგრევები, ზოგიერთ უბანში გააფართოვებინა და მოაკირწყვლინა ქუჩები. წაახალისა კერძო სახლების რეკონსტრუქცია: ბრტყელი და ძირითადად მხოლოდ თიხით გადახურული სახურავები წვიმას ატარებდა და სადგომს ანესტიანებდა, რასაც უნდა მიეწეროს ტიფლისში გავრცელებელი ავადმყოფობების უმეტესობა. თუკი მდიდარი ქართველები თუ სომხები გენერალ-გუბერნატორს ხელს უწყობენ საჯარო პროექტების განხორციელებაში, ხალხი, ისევე როგორც ყველა აზიურ ქალაქში, ძლიერ უნდობლად ეკიდება მამა-პაპისეული სახურავის შეცვლას. ჯარისკაცები, რომლებსაც უყვართ თავიანთი მეთაური და იციან მისი სურვილის შესახებ, ქუჩაში გავლისას ძალიან ძველ სახლს ყოველთვის აცლიან აგურებს, რათა ის დაინგრეს და ამგვარად აიძულონ მფლობელი სახლის ახალი გეგმით აშენებაზე.
ქალაქში, სადაც ამდენი სხვადასხვა ეროვნების ხალხი ისეთი მეტად ტოლერანტული მმართველის ხელშია, როგორიც რუსეთია, რელიგიური შენობების დიდი სხვადასხვაობაც უნდა იყოს. მართლაც, ბერძნებს, კათოლიკეებს, მუსლიმებსა და სომხებს აქვთ ეკლესიები, ტაძრები და მეჩეთები, რომელთა სტილი ისევე განსხვავებულია, როგორც მათი მშენებლების რწმენა.
ტიფლისში არის ორი მეჩეთი, საგანგებოდ აშენებული ორივე მიმდევრობის მუსლიმებისთვის. კათოლიკეებს აქვთ ერთი კარგად მორთული ეკლესია, მაგრამ ის ვერ იტევს იქ მისულ უამრავ მორწმუნეს; წირვას ატარებენ იტალიელი კაპუცინები, რომლებიც საქართველოში 1635 წლიდან დამკვიდრდნენ21.
ზომიერი წონა, წითური სახე, ჭაღარა წვერი, მხიარული გამოხედვა – ასეთი იყო წმინდა ფრანსუას მიმდევრების გარეგნობა. მისიის მეთაური, მამა ფილიპე, ღირსეული კაცია. იგი ოც წელზე მეტია რაც საქართველოში ცხოვრობს და შესანიშნავად შეისწავლა ადგილობრივი ადათ-წესები. ქართველებისა და სომხების ხასიათის ღრმა ცოდნამ ხელი შეუწყო კათოლიკეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ხშირად დადიან ტიფლისის კათოლიკურ ეკლესიაში. რელიგიური ცერემონიები მან მოსახლეობის წესებს მიუსადაგა; თავისი თავი წარმოაჩინა როგორც კეთილმა და გულმოწყალე ადამიანმა, რომელსაც არასოდეს უთქვამს უარი სხვადასხვა რელიგიის ავადმყოფების დახმარებაზე. ამბობენ, რომ ამ პატივსაცემმა ხასიათმა მას დაავიწყებინა ის განსაკუთრებული მდგომარეობა, რომელშიც ბერები არიან ტიფლისში.
ამბობენ, რომ ისინი მკაცრად არ იცავენ უბიწოების აღთქმას და ამიტომ მოჰყავთ პაპის საკმაოდ ძველი ბრაძანებულება ანუ ბულა, რომელიც აღმოსავლეთში მყოფ მისიონერებს ქორწინების უფლებას აძლევს.
ტიფლისში რამდენიმე ქარვასლაა. ყველაზე დიდი სომხების მთავარეპისკოპოსის, ნერსესის22, მიერაა დაარსებული. ამგვარი შენობები ან ოთხკუთხედია ან მრგვალი. ისინი ზოგჯერ რამდენიმე სართულიანია, დაყოფილი მრავალ პატარა ბნელ და თაღიან ფარდულად, სადაც უცხოელი ვაჭრები ყიდიან თავიანთ საქონელს. ისინი იქვე სხედან ფეხმორთხმით, ყალიონებს ეწევიან და მხოლოდ მყიდველის მისვლისას დგებიან. ძნელია ამ საჯარო სასტუმროში გამეფებული მოძრაობის წარმოდგენა. საქონლით დატვირთული აქლემებისა და ცხენების შესვლა-გასვლა, მათი პატრონების ყვირილი და სპარსელი ვაჭრების სიმკვირცხლე კონტრასტს ქმნის თურქებისა და სომხების სიმშვიდესა და გულგრილობასთან, რაც მათ განსაკუთრებულ იერს ანიჭებს. სამი ქარვასლა მოქცეულია ბაზრის შიგნით, რომელიც რამდენიმე ქუჩად და მოედნად იყოფა; ზოგიერთი ადგილი მუდამ მოსეირნეებითაა სავსე. გენერალმა ერმოლოვმა, რომელმაც ტიფლისის სავაჭრო საწყობად ქცევა მოისურვა, ეს ბაზარი გააფართოვა და გაარემონტა კიდეც, რასაც მისი სიძველე მოითხოვდა.
ბაზრის რამდენიმე ნაწილს დღის გადახურვა აქვს და გალერეაში სინათლეც შედის და ჰაერიც. იქ თავმოყრილები არიან მაუდის, აბრეშუმის, ტილოსა და აღმოსავლური სურნელოვანი სანელებლების გამყიდველები. მეზობელ ქუჩაზე ღვინის ბაზარია, რომელიც ქართველებს ძლიერ იზიდავს. მიწაზე ეყარა კამეჩის, ღორისა თუ ცხვრის მთლიანი ტყავისაგან დამზადებული ტიკები, რომლებიც გვამებს ჰგავდა და ევროპელისათვის უსიამოვნო სანახავი იყო. ამასობაში, საიტერესოა, თუ როგორ ხსნის გამყიდველი ამ ტიკის ერთ ფეხს მყიდველისთვის ღვინის დასასხმელად, ღვინისა, რომელსაც შიგნეულის რბილი ბითუმის უსიამოვნო გემო დაჰყვება.
ფეხით მოსიარულეთა ბრბო, ტიკებით სავსე კამეჩების ქარავნების მუდმივი მოძრაობა, მეთუნუქეების, ოქრომჭედლებისა და იარაღის ხელოსნების გამაყრუებელი ხმაური, ვაჭრების ყვირილი გამვლელების მისაზიდად, ერთგან თიხის ანტიკური და ელეგანტური ფორმის დოქები, სხვაგან შესანიშნავად მომინანქრებული ვერცხლეული, უფრო შორს საუკეთესო პირიანი და მდიდრულად მოსევადებული ხმლები და ხანჯლები, დაბოლოს, უცნაური ნახატებით მორთული სპარსული ცხენების ფეტრის გადასაფარებლებია; ყოველივე ამის გამო აქ გაცხოველებული მოძრაობაა დილიდან საღამომდე.
მეზობლად მდებარე პატარა მოედანზე, ხიდთან, ლეკები, თათრები და ოსები იკრიბებიან, რომლებიც ხალიჩების, ბეწვეულისა და მატყლის წინდების გაყიდვას ან მათ გაცვლას ცდილობენ სპარსულ და ევროპულ საქონელში.
ბაქოდან და სპარსეთიდან ჩამოსული თუ პირიქით, იქით მიმავალი საქონლით დატვირთული ხარებისა და აქლემების ალიაქოთში ირევა ერთი უბნიდან მეორეში მიმავალი მაღალი წოდების რუსი ოფიცრების დროშკების უთავბოლო მოძრაობა. მათ წინ კაზაკები მიდიან და გზის გასათავისუფლებლად ხის გრძელ შუბებს ხმარობენ. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ კავკასიის სხვადასხვა კუთხიდან და ცენტრალური აზიიდან ჩამოსულ უცხოელთა ტანსაცმელს და მათ თავისებურ იარაღს, რომელსაც არასოდეს არ იცილებენ, დამეთამხმებით, რომ არაფერია უფრო საინტერესო, ვიდრე ევროპული სამოსის, აზიური ფუფუნების და აღმოსავლური თავისებურების ნარევი.
ბაზრიდან ცოტა მოშორებით ცხელი წყლის აბანოებია, რაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. კერძო აბანოების გარდა, არის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ აშენებული დიდი და მოხერხებული აბანოც, რომლის წყალიც ისე გვიქეს, რომ ამ დაწესებულებისაკენ გავემართეთ.
შენობა მთლიანად თაღოვანია, გუმბათი ქერცლის ფორმის მინითაა გადახურული და იქიდან შედის სინათლე, მაგრამ ვერ აღწევს ჰაერი, რაც დამღუპველი უნდა იყოს მობანავეებისთვის. პირველ ოთახში, რომელშიც შეგვიყვანეს, მრგვალი ტერასები იყო და საკმაოდ დიდი აუზიდან გადმომდინარე წყლით გრილდებოდა. ტანისამოსი იქ გავიხადეთ, შემდეგ კი უფრო თბილ ადგილზე გადაგვიყვანეს, სადაც რამდენიმე წუთით გავჩერდით წყლის ცხელი ტემპერატურის შესაგუებლად, რაც ამ წინასწარი ზომების გარეშე აუტანელი იქნებოდა.
დარბაზი, რომელშიც უნდა გვებანავა, ბნელი იყო. რამდენიმე ლამპა მკრთალ შუქს აფრქვევდა. დარბაზის სხვადასხვა მხარეს ერთმანეთისგან დაცილებული 5-6 ფუტის23 სიღრმის და ნაპირებთან 2 ფუტის სიღრმის 40 გრადუსიანი წყლით სავსე პატარა აუზები იყო; იქიდან ამოსული ორთქლი კიდევ უფრო აბნელებდა ამ ადგილს. იატაკზე მარმარილოს მაგიდა იდგა, რომელზეც ქართველები, სპარსელები და რამდენიმე რუსიც კი იწვა; აბანოს მომსახურე ბიჭები, ისევე შიშვლები, როგორც მობანავეები, მათ უდიდესი გულმოდგინებით უკეთებდნენ მასაჟს და ხეხავდნენ. უამრავი ხალხი თავს იპარსავდა და წვერს იღებავდა.
როდესაც ტანისამოსი ავიღე, ის მწერებით იყო დაფარული: ამ გარემოებამ გაამძაფრა ის უსიამოვნო შთაბეჭდილება, რაც აქამდე მქონდა აბანოების შესახებ. თუ ამ აბანოებს სანიტარული თვალსაზრისით მიუდგები, იშვიათია რომ იქ რამდენიმე წუთზე მეტ ხანს გაჩერდე. მაგრამ მრავალი ქართველისა და სპარსელისთვის ეს ისეთივე განუსაზღვრელი სიამოვნებაა, როგორც ოპიუმი აღმოსავლელისთვის და ისინი იმგვარად იხანგრძლივებენ ამ სიამოვნებას, რომ იუარესებენ ჯანმრთელობას.
თითქმის იგივე მდგომარეობაა შორიახლო მდებარე ქალების აბანოში. ქართველი ქალები იქ თავიანთი პირადი და მეზობლების სკანდალური ამბების მოსაყოლად დადიან. ამბობენ, რომ ისინი იქ ინტრიგებს ხლართავენ და აბანოს ნაწილსაც კი ქირაობენ თავიანთი რჩეულის მისაღებად. როგორც არ უნდა იყოს, ეს დაწესებულებები ცოტა ძნელი შესაღწევია უცხოელისათვის.
ახალი ქალაქი ბევრად განსხვავდება ძველისგან. ტერიტორია 60 ფუტის სიგანის24 ქუჩების გაყვანის საშუალებას იძლეოდა. დიდი გულისყურით აშენებული ყაზარმები, საავადმყოფოები და ადმინისტრაციის შენობები – ყოველივე გენერალ ერმოლოვის ბრძანებით შესრულებული საჯარო სამუშაოების კომპლექსია. თავიანთი მხრიდან, გენერლები და ადგილობრივი თავადები იჩქარიან, რომ გამოირჩნენ თავიანთი ახალი სახლების ელეგანტურობითა და ფუფუნებით, განსაკუთრებით აღსანიშნავი კი სომეხი გენერლის, თავად მადათოვის სახლია. აგრეთვე გუბერნატორის ბრძანებით გათხარეს არხი წყლის დინებისთვის, რომელიც წელიწადის წვიმიან დროს ქუჩებში გროვდებოდა და მათ დაბინძურებას იწვევდა. ლამაზ სახლებს ახალი პარიზული შენობების სტილში წინ თაღოვანი გალერეები აქვთ. მაგრამ ტერიტორიის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ აუთვისებელია, დაფარულია ნაგვით და მასალით, ღატაკი ქართველები მიწურებში ცხოვრობენ, რაც სამწუხარო კონტრასტს ქმნის ამ ნაგებობების მოხდენილობასა და სილამაზესთან, ჩვენ მიერ აღწერილ ფერად სურათზე კი შავი ლაქასავითაა.
ჩვენ მტკვრის მარცხენა სანაპიროსაც ვესტუმრეთ და ამ მიზნით ავლაბრისა და ისნის გარეუბნებისკენ გავემართეთ. გადავიარეთ ტიფლისის ციხეზე, რომელიც 1576 წელს თურქებმა, საქართველოს იმჟამინდელმა ბატონებმა ააშენეს25, ორი საუკუნის შემდეგ კი სპარსელებმა დაანგრიეს.
მალე ერთთაღიან ხიდთან მივედით, რომელიც ქალაქს ავლაბრისა და ისნის გარეუბნებთან აკავშირებს. ხიდი აგურის მკვიდრად ნაგებ უზარმაზარ სვეტებზე დგას, რათა ამ ადგილას მტკვრის მეტად სწრაფ და ძლიერ დინებას გაუძლოს. ხიდიდან ჩანდა, თუ როგორ მიგორავდნენ მტკვრის მღვრიე ტალღები. მისი საკმაოდ მნიშვნელოვანი დანალექი ზოგჯერ ძლიერ ცუდ სუნს გამოსცემს. აქა-იქ ზედაპირზე ნავებზე მოთავსებული წისქვილები დაცურავენ.
ჩვენ ძირითადად სომხებით დასახლებული გარეუბანი გადავკვეთეთ; ისინი ტიფლისში 1812 წელს, რუსეთ-სპარსეთის ომის დროს გამოიქცნენ. ერთი ვერსის26 იქით კი „ათასწლოვანი სამეფოს“ სწავლების მიმდევარი გერმანელებით27 დასახლებული სოფელია.
ეს გერმანელები ტიფლისს ბოსტნეულით, კარაქით, შაშხითა და დამარილებული ღორის ხორცით ამარაგებენ. საქართველოში კარტოფილის კულტურის შემოტანაც მათი და ტიფლისიდან 5 ვერსზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე დასახლებული გერმანელების სხვა კოლონიების დამსახურებაა. მომეჩვენა, რომ ისინი თავიანთი ბედით ნაკლებად კმაყოფილები არიან. ზოგიერთ მათგანს ძლიერ უბედური შესახედაობა აქვს, რაც რუსების აზრით მათი სიზარმაცის ბრალია. უცხოელები კი აცხადებენ, რომ მათზე დაკისრებული გადასახადი მათ შესაძლებლობებს აღემატება. მიუხედავად ამისა, ამ ემიგრანტების სახლები კარგად არის აშენებული და შეამჩნევ იმ სისუფთავეს, რაც გამოარჩევს გერმანელებს.
ჩვენ ვისარგებლეთ ამ ექსკურსიით, რათა ტიფლისში ახლად ჩამოსული ფრანგი ვაჭარი, ბ-ნი კასტელაზი მოგვენახულებინა, რომელიც გერმანულ სოფელში ცხოვრობდა. მას მეტად გაუხარდა ჩვენი მისვლა. მისი მანერებისა და საუბრის მიხედვით ჩანდა, რომ კარგი განათლება მიეღო. გერმანიაში ხანგრძლივი ცხოვრების დროს მას იქ სავაჭროდ ჩასული სომხებისაგან შეეტყო ის მეტად მნიშვნელოვანი ცნობები, თუ რა საქონელი სჭირდებოდა საქართველოს. შედეგად, მან ყველაზე წარმატებულ საქმედ ამ ქვეყანაში ფუფუნების საგნებით ვაჭრობის დაწყება გადაწყვიტა, რის მიმართაც აქამდე დაინტერესება არ იყო. იგი ტიფლისში საიუველირო მაღაზიის გახსნას აპირებდა, სადაც ძვირფასი ლითონების, ბრინჯაოსა და ბროლის საგნები გაიყიდებოდა.
ბ-ნი კასტელაზი დიდ იმედებს ამყარებდა ამ ოპერაციის წარმატებაზე მდიდარი სომხების, ქართველების, სპარსელებისა და საქართველოში განლაგებული ჯარის ოფიცრების მეშვეობით. ამ გეგმის განხორციელებას კი ის შეუწყობდა ხელს, რომ არავითარი კონკურენცია არ იყო. მან ეს იმდენად მომხიბვლელად წარმოგვიდგინა, რომ წარმატება უეჭველი მოგვეჩვენა. მიუხედავად ამისა, მთავარი იყო რამდენად წესიერად გადაუხდიდნენ, რადგან აღმოსავლეთში, ისევე, როგორც რუსეთში, შეუძლებელია ვაჭრობა კრედიტის გარეშე, უფრო ძნელი კი პატიოსანი გადამხდელის პოვნაა. მაგრამ ბ-ნ კასტელაზს ეს არ აწუხებდა, რადგან რუსეთის მოქალაქეობა მიეღო და იმედი ჰქონდა, რომ მთავრობა მას უფრო მეტად დაეხმარებოდა, ვიდრე უცხოელს.
ეს ოპერაცია არ იყო საქართველოში მისი დამკვიდრების ერთადერთი მიზეზი. მას იმედი ჰქონდა, რომ წარმატებით აამუშავებდა ამიერკავკასიის პროვინციის მეაბრეშუმეობას და ამგვარად აინაზღაურებდა თავისი ვაჭრობის არასასურველ შედეგებს. მან ვივარედან28 რამდენიმე ხელოსანი ჩამოიყვანა და ვიწრო დიამეტრის ბორბლები ჩამოიტანა. იგი შეეცადა და ათი წლით მიიღო კიდეც ამ მხარეების ჭიის პარკის ექსკლიუზიური დართვის პრივილეგია. ბ-ნი კასტელაზის მიერ შემოტანილი გაუმჯობესების დახმარებით უფრო დიდი რაოდენობის წარმოებაც არის შესაძლებელი, მაგრამ ამისათვის თუთის ხეების დიდი რაოდენობაა საჭირო. ეს ხე კარგად ხარობს ტიფლისის სტეპურ ზონაში, ხოლო მათი დიდი პლანტაცია უფრო მდიდრულ და სასიამოვნო იერს შესძენდა დღეს ასე უხალისო მიდამოებს.
ტიფლისში ჩემამდე მყოფ მოგზაურთა მონაცემები ამ ქალაქის მოსახლეობის შესახებ, ერთმანეთს არ ემთხვევა. არა მგონია რომ მოსახლეობა 24,000 აღემატებოდეს. უნდა აღინიშნოს, რომ ტიფლისის მოსახლეობის შეფასებისას, ქართველთა ოჯახების რაოდენობა სომხებისაზე ორი მეხუთედით ნაკლებია. მოსახლეობის კლების მიზეზებს ემატება ქართველ თავადებში დამკვიდრებული მუსლიმებისთვის თავიანთი ქვეშევრდომების მიყიდვის ჩვეულება და ქალების გატაცება, რაც დღესაც ხშირია. გამტაცებელს მხოლოდ მოგება, რამდენიმე ოქროს ბრწყინვა იზიდავს და აღაგზნებს.
საქართველოში ქალი სავაჭრო ფასეულობაა. ტურნეფორის თანახმად, მცირე ქონების პატრონი ქართველის გარდაცვალების შემდეგ, მისი მემკვიდრეები თავიანთი ვასალების ორ-სამ ქალიშვილს იტაცებდნენ და მათ მუსლიმებზე ყიდდნენ ბერძენი მღვდლისთვის29 ფულის გადასახდელად, რომელსაც ერთ წირვაში დაახლოებით 100 ეკიუს30 აძლევდნენ. ამ ფაქტს შემდეგ ანეგდოტს დავუმატებ: ბ-ნი სეიგფრიედი, ჩვენი ერთ-ერთი მოძმე, რედუტ-ყალედან იმერეთის გავლით ტიფლისში სავაჭრო საქმეებზე მიდიოდა. იგი ამ მხარის თავადმა დაპატიჟა გასაყიდი საქონლის სანახავად. ბ-ნმა სეიგფრიედმა შეამჩნია, რომ იმერელს მოუნდა ქსოვილები, მაგრამ არა ფულის გადახდა, მისი სიამოვნება გადაწყვიტა და მას რამდენიმე მოჩითული ქსოვილი აჩუქა. თავადმა ევროპელ ვაჭათან დიდსულოვნებით გაჯიბრება მოისურვა და მას მაშინვე გაუგზავნა ერთი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო. ფრანგმა უარი განაცხადა, რათა თავიდან აეცილებინა ასეთი დელიკატური საქონლის ფლობის სირთულე.
ქართველის ხასიათის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნები ლოთობა, გაუნათლებლობა და სიზარმაცეა. ქართველებს იმდენად უყვართ ღვინო, რომ ჩვეულებრივ, დღეში, ერთ თუნგ ღვინოს, დაახლოებით სამლიტრ ნახევარს, სვამენ. ზოგიერთი მოგზაურის თქმით, ქალებსაც უყვართ სმა, მაგრამ ჩვენ ამის შემოწმების საშუალება არ გვქონია.
საქართველოში გაუნათლებლობა იმდენადაა გავრცელებული, რომ კითხვა ბევრმა კეთილშობილმაც არ იცის. ამასობაში, მათ არც თანდაყოლილი გონება აკლიათ და არც მეცნიერებების მიმართ მიდრეკილება. მაგრამ ყველაფერი დამამცირებელი სიზარმაცის ბრალია. ეს მანკიერება იმ ჩაგვრას უნდა მივაწეროთ, რომელშიც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ და აგრეთვე მუდმივ ომებს სპარსელების, თურქებისა და კავკასიის ტომების წინააღმდეგ. მრავალრიცხოვანი ლაშქრების წინააღმდეგ ამ კრიტიკულმა სიტუაციამ ქართველებს პარტიზანული ომის კარგად წარმართვა ასწავლა და ისინი ჭეშმარიტ მებრძოლ ერად აქცია. მათში მათი წინაპრების, ალბანელებისა და იბერიელების სიმამაცის გაღვიძება უფრო ადვილია, ვიდრე შრომის, განსაკუთრებით კი ვაჭრობისა და მიწათმოქმედების ჩაგონება.
ჩემ მიერ მათი ზნეობის დახასიათება ქართველი კაცის გარეგნობას არ შეეფერება. ის კარგი აღნაგობის, მაღალი და ძლიერი აგებულებისაა. მას ლამაზი, გამოკვეთილი სახის ნაკვთები, კარგი ჭრილის თვალები და გრძელი, ხშირად ებრაელების მსგავსი კეხიანი ცხვირი აქვს, შავგვრემან სახეზე კი წუხილი ეხატება. მოხდენილი სამოსი მას თავისუფალი მოძრაობის საშუალებას აძლევს. ის აბრეშუმის ან მაუდის ფერადი მოკლე პერანგის, სხვა ტონის ზედა სერთუკისა თუ პატარა რედინგოტისაგან შედგება, რომელიც გულზე ჯვარედინად გადადის და საიდანაც პერანგი ჩანს. ამ მუხლებამდე სერთუკის სახელო იდაყვთან გახსნილია და ჩვეულებრივ ჩამოკიდებულია, წელზე კი ქამრითაა დამაგრებული. პერანგის ფერთან შედარებით კონტრასტული განიერი შარვლის ნაკეცები გადადის ჭვინტიან ჩექმებზე. ქართველ კაცებს შიშველი კისერი აქვთ, მათი ქუდი სპარსელებისა და სომხების მსგავსია. ეს წაკვეთილი კონუსის ფორმის ასტრახანული კრაველის ქუდია, რომელსაც უფრო პატარა, კონუსის ფორმის ქსოვილი აქვს შემოვლებული. ეს ქუდი აქეთ-იქით მოძრაობს და თმის გრძელი ხვეულები სახეს სასიამოვნოს ხდის. ქართველისგან განსხვავებით, სპარსელი ქუდის წვერს შიგნით იტეხს. ქართველების იარაღი თოფი, პისტოლეტი, ხმალი და ხანჯალია, რომლებსაც ისინი არასოდეს არ იცილებენ.
ქართველი ქალები ინარჩუნებენ თავიანთი დიდი სილამაზის რეპუტაციას. მათი თმა მუქი ყავისფერი ან შავია, იმავე ფერის ლამაზ ჭრილიანი და რბილი, სასიამოვნო გამომეტყველების მქონე თვალები გრძელი, აბანოზივით შავი წამწამებითაა დაჩრდილული. მათი სახის ფერი ძირითადად ლამაზია, მაგრამ ძნელია ჭეშმარიტი ნიუანსების გარჩევა ფერუმარილის სქელი ფენის გამო, რომელიც ანადგურებს ხიბლსა და მიმიკას. ახალგაზრდა ქალებს შესანიშნავი აღნაგობა აქვთ, მაგრამ მუდმივი დასვენება, კარგი საკვები და აბანოში მუდმივი სიარულის ჩვევა მათ მოგვიანებით ასუქებს და უფუჭებს კარგ პროპორციებს.
უცხოელის თვალში ქართველი ქალის კაბა უფრო ტვირთია, ვიდრე სამკაული. მათი თმა შუბლზე პატიოსანი თვლებით მორთული თავსაკრავითაა დამაგრებული, სახის ორივე მხარეს ნაწნავები აქვთ. თავსაკრავზე დამაგრებული აქვთ თავსახვევი ან აბრეშუმის ვუალი, რომლის ნაკეცები მხრებზე და ზურგზე ეცემა. სახე დაფარული აქვთ ძალიან ნაზი მარლით. მისი გამჭვირვალობა საშუალებას იძვევა დაინახო მძივები, ოქროს ნაქარგი და სამკაულები, რომელებიც ჩვეულებრივ ხავერდის ან აბრეშუმის მდიდრულად მორთულ მათ ქურთუკს ამშვენებენ. მათი მეტად განიერი ქვედა ბოლო ზოგჯერ განიერი შარვლითაა ჩანაცვლებული. ზევიდან აცვიათ მიწამდე გრძელი სახელოებიანი ფარჩის წინ გახსნილი კაბა ისეთივე გახსნილი სახელოებით, რომლებიც სურვილისამებრ შეიძლება შეიკრას პატარა ოქროს ღილებით. ტანზე ქაშმირის შალის ქამარი აქვთ შემოტმასნილი. ზამთარში ოქროს ფარჩის ბეწვგამოკრული თავისუფალი მოსაცმელი წინა მხარეს ფართო გახსნილი სახელოებით, ასრულებს მაღალი წრის ქართველი ქალის მდიდრულ ტანისამოსს. მაგრამ მდიდრული ტანისამოსის მიუხედავად, მოძრაობის მოუქნელობა და გამომეტყველების უქონლობა მათ სანთლის ფიგურებს უფრო ამსგავსებს, ვიდრე მეგობრულ და გულითად ქალებს.
ქალაქელ ქალებს, საშინლად ჭუჭყიანებს, ანალოგიური ტანსაცმელი აქვთ, ოღონდ მორთულობის გარეშე. ყველა, მდიდარიც და ღარიბიც, ჩადრით დადის და ძნელია ამ უზარმაზარ ვუალში, რომელიც მათ თავიდან ფეხებამდე ფარავს, გაარჩიო ვინ ვინ არის. თავადაზნაურობის გართობა დღეს შემოიფარგლება ჯერიდის31 სროლით, რომელმაც თავისი ძველი მნიშვნელობა დიდად დაკარდა მას შემდეგ, რაც გენერალ-გუბერნატორმა უბედურების თავიდან ასაცილებლად, რაც ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, ქართველები აიძულა, რომ ის უბრალო ჯოხით შეეცვალათ.
ქალაქელი კაცები, რომლებსაც არ შეუძლიათ ასევე კეთილშობილად გამოხატონ თავიანთი მებრძოლი ხასიათი, თითქმის ყოველ კვირას გადიან თავიანთი გარეუბნებიდან, ორ გუნდად იყოფიან, ერთმანეთს აქეზებენ და შურდულის გასროლაზე ჯოხებით ბრძოლას იწყებენ. იშვიათია, რომ ამ სასიკვდილო შერკინებისას, რაც სასტიკადაა აკრძალული, ზოგიერთი მონაწილე მანამდე არ დაშავდეს სერიოზულად, ვიდრე იქ პოლიცია მიაღწევს.
საბედნიეროდ, ქართველებს აქვთ სხვა ნაკლებ სისხლიანი გასართობები: ცეკვა მათი გატაცებაა. მომეჩვენა, რომ ეს უფრო ვარჯიშია, ვიდრე მოხდენილი და გრაციოზული გასართობი. ეს არის მოცეკვავის სწრაფი და მკვეთრი მოძრაობები კიდურების ძალადორბივი დამახინჯებით; გასაოცარი სიმკვირცხლით ის ხან შიგნით იბრუნებს ფეხებს, ხან მონაცვლეობით შლის მუხლებს, ან სწრაფად ეცემა ქუსლებზე და ამ გასაოცარ ცეკვას ფეხის წვერებზე მარავლჯერადი ხტომით ასრულებს. ორკესტრი, რომლის რითმიც მოცეკვავეების მოძრაობებს არეგულირებს, ისევე უცნაურია, როგორც თვითონ ცეკვა. ორკესტრის შემადგემლობაში არის რამდენიმე პატარა დოლი, რომლებზეც მუსიკოსები ერთდროულად უკრავენ და ერთგვაროვან ხმას გამოსცემენ, აგრეთვე ხუთი თუ ექვსი უცნაური ფორმის სიმებიანი ინსტრუმენტი, რომლებზეც ხემით უკრავენ. ამ მუსიკის ხმას უკეთესად ვერ გადმოვცემ და წყლის წისქვილის ხმაურს და ტალღების ღრიალს შევადარებ.
ტიფლისში ჩვენი ყოფნის ბოლო საღამოები მეტად სასიამოვნო გახდა, სომხებისა და ქართველების სახლების ტერასებზე ინსტრუმენტების თანხლებით ახალგაზრდა გოგოები მარტო და ორ-ორი ცეკვავდნენ, მათი დედები და მსახურები კი დაირასა და ტაშს უკრავდნენ.
გაზაფხულზე ეს ცეკვები ტიფლისს სიხარულისა და კმაყოფილების იერს სძენს და იმ უსაფრთხოებას ადასტურებს, რომლითაც ხალხი ბარბაროსების შემოსევისგანაა დაცული რუსეთის საფარქვეშ შესვლის შემდეგ. მართლაც, რუსეთთან შეერთებამდე, მოსახლეობა ტიფლისის კედლის გარეთ ვერ ბედავდა გასვლას იმის შიშით, რომ ხელში არ ჩავარდნოდა ლეკების რომელიმე ურდოს. ვაჭრობას აღარ ემუქრებოდა, როგორც ადრე, ის აღმაშფოთებელი დარღვევები, რასაც ქართველი მეფეები სჩადიოდნენ ვაჭრების მიმართ32.
სამართალი ყველა ფენისათვის თანაბარია, ყოველ შემთხვევაში, ამის საფუძველი არის. გენერალმა ერმოლოვმა გონივრულად შეაფასა ქართველების მებრძოლი ხასიათი და უსაქმოდ მყოფი ქართველი თავადები საჩქაროდ დაასაქმა. მათ სამხედრო ჩინები და ორდენები დაურიგეს მათდამი იმპერატორის ნდობისა და მათი იმპერატორისადმი გულმოდგინებისა და ერთგულების ნიშნად, რაც მათ გაამართლეს კიდეც რუსების ბრძოლაში მთიელების წინააღმდეგ. ამ ბრძნული ნაბიჯის გარდა, მან უდიდესი ყურადღება მიაქცია ახალგაზრდობის განათლებას, რაც მისი მოუსვენრობის დაოკებისა და მისი გონების საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმისადმი წარმართვის ერთადერთი საშუალებაა. კეთილშობილთა შვილებისთვის დაარსებული სკოლა სწავლების თვალსაზრისით გათანაბრებული იყო გიმნაზიებთან და არ ემთხვეოდა ქვეყნის მოთხოვნილებებს. ამიტომ, 1819 წელს მასში ახალი ცვლილებები შეიტანეს. ამოიღეს ლათინურისა და გერმანულის სწავლება, შეიტანეს ამ მხარეებში უფრო მეტად გამოსაყენებელი თათრული ენა და დაუმატეს სამხედრო სწავლების რამდენიმე მიმართულება. ამგვარად რეორგანიზებულ სკოლაში სამასამდე მოსწავლე იყო, რომელთაგან, ყოველ წელს, გარკვეულ რაოდენობას სახელმწიფოს ხარჯზე მოსკოვის უნივერსიტეტში გზავნიდნენ სწავლის დასასრულებლად.
მას შემდეგ, რაც გრაფი ერმოლოვი შეცვალეს, მისი მემკვიდრეები მიჰყვნენ მის დაწყებულ საქმეს. 1830 წელს ტიფლისში მეორე გინმაზია33, პროვინციებში კი ოცი სკოლა გახსნეს. ორმოცი მოსწავლისთვის გამოიყო მთავრობის დაფინანსება, ხოლო კეთლშობილთა, სამხედროთა და მოხელეთა შვილები მშობლების ხარჯით მიიღეს. იმჟამად ამ სასწავლებელში ორას ოთხმოცდათვრამეტი მოსწავლე იყო.
მოსკოვში ბ-ნი ლაზარევის34 მიერ დაარსებული სკოლა შეიძლება განვიხილოთ როგორც ამ მხარეებში სასარგებლო განათლების ერთიანი სისტემის კავშირი. მისი მიზანი ახალგაზრდა ვაჟების ცოდნის ამაღლება, განსაკუთრებით კი სომხების მომზადება და მათთვის აღმოსავლური ენების სწავლებაა. 1816 წლიდან ამ სკოლაში ნასწავლმა სამოცდაცამეტმა მოსწავლემ, სამსახური დაიწყო.
ჩვენი ტიფლისში ყოფნის დროს ფართოდ განიხილებოდა გაზეთ „ტიფლისკი ვედომოსტის“ (Tyfliskyia vidomostl) გამოცემის საკითხი35. ეს ფურცელი, განსაზღვრული ძირითადად კავკასიის გარშემო მდებარე მხარეებისათვის, სინამდვილეში, ყოველ ოთხშაბათს გამოდიოდა რუსულ ენაზე სომხური თარგმანითურთ. შემდეგ გამოვიდა ორი სხვა გაზეთიც – ერთი ქართულ ენაზე, მეორე სპარსულად.
ცივილიზაციის შეტანის ეს საშუალებები არ იყო გენერალ ერმოლოვის ერთადერთი წამოწყება. ახალი სამშობლოს ადათ-წესებისადმი ხალხის შესაჩვევად და რუსებსა და ქართველებს შორის კეთილგანწყობილი კავშირის დასამყარებლად, იგი ხშირად მართავდა სუფრებსა და მეჯლისებს, რომლებზეც ტიფლისში მცხოვრებ ქართველ თავად-აზნაურებსა და კავკასიელ ბელადებს ჰპატიჟებდა. იწვევდნენ ქალებსაც, რომელთა სწრაფვა, დასწრებოდნენ ყველა დღესასწაულს ნაციონალურ ტანისამოსში უკვე შეტანილი ცვლილებებით, სიამოვნებისა და ევროპული ფუფუნების საგნების მიმართ მათ მიდრეკილებას მოწმობდა.
საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებამ რუსების მიმართ ბოლომდე საბედნიერო შედეგი დღემდე ვერ მოიტანა – ხალხს ყოველთვის არ ესმოდა ევროპული ცივილიზაციისა. თუ მან მიატოვა თავისი ბარბაროსული ჩვევების ერთი ნაწილი, მან ის გულწრფელობაც დაკარგა, რაც მისი ხასიათის საფუძველს შეადგენდა. ამ კონტაქტმა ძირითადად უარესობისკენ შეცვალა ადათ-წესები. მაგრამ როდესაც უფრო ცივილიზებული ერები ვერ აფასებენ თავისუფლების სიკეთეს და ის გადადის თავაშვებულობაში, განა საოცარია, რომ ჯილდოებით ავსებული და რუსეთის მთავრობის მხარდაჭერით გაძლიერებული ქართველი ოფიცრები ბოროტად სარგებლობდნენ თავიანთი ძალაუფლებით და მას თავიანთი ვნებების უფრო თავისუფლად გამოსახატ საშუალებად განიხილავდნენ?
ახალი ემანსიპაციის გავლენით ქართველ ქალებს განა არ უნდა ეპატიოთ მკაცრი კლდემამოსილებისა და მოკრძალებულობის უგულებელყოფა? მათი დაუდევრობა, განსაკუთრებით დაბალ ფენებში, უეჭველად არის დაკავშირებული ყოველ ოჯახში არაერთგზის რუსეთის ჯარის ნაწილების იძულებით მიღებასთან. თუ ქალები ამჟამადაც ინარჩუნებენ ჩადრში გახვევის ძველ წესს, ისეც ხდება, რომ როდესაც ევროპელს ხვდებიან, რაც ხშირია, ვუალს იხდიან რათა მიმზიდველი და ლამაზი სახე დაანახონ. ერთის მხრივ ქართველების რელიგიურმა გულმოდგინებამ და მეორეს მხრივ პროტექტორის საჭიროებამ, საერთო რწმენამ და რუსების შეფარულმა ამბიციურობამ საქართველო ამ იმპერიასთან შეერთებამდე მიიყვანა. ქვეყნის მთავარი ოჯახების მიერ მოთხოვნილი ეს კავშირი, რომელიც რუსებმა თავიდან არაფრად ჩააგდეს, შემდეგ კი თავი გამოიდეს, დაეფუძნა ხელშეკრულებას, რომელიც ქართველებს გარკვეულ პოლიტიკურ უფლებებს აძლევდა და რომელიც სადაო გახდა. 1812 წელს რუსეთს ეს ხალხი თურქების წინააღმდეგ ომში დასჭირდა, მაგრამ ვერაგულად მიატოვა ახალციხესთან, თითქოს ეუბნებოდა: „თქვენი ერი ჯერ კიდევ არ დახარჯულა საკმაოდ“36. ამ დროიდან რუსების მიმართ ადრე გამომჟღავნებული ერთგულების სანაცვლოდ ქართველების ძლიერი გულაცრუება შეიმჩნევა. დღეს, როდესაც ნაკლებად არიან შეწუხებულები მუსლიმების მიერ, ქართველები მწუხარებით ფიქრობენ, რომ თავიანთი დამოუკიდებლობის შეწირვა ახალი პატრონებისგან უფრო რეალურ კომპენსაციას და გულითად მოპყრობას მოითხოვდა. ისინი შეურაცხყოფილები არიან იმის გამო, რომ მათი ქვეყანა დამნაშავე ოფიცრებისა და გამფლანგველი ბუხჰალტრების თავშესაფრად იქცა. რუსეთი საქართველოში მათ იმაზე დაბალ თანამდებობებზე გზავნის, რომლებიც მათ იმპერიაში ეჭირათ. მათი უმრავლესობა გაუნათლებელი და ამორალურია, ისინი პატივს არ სცემს არც ადგილობრივ ადათ-წესებს, არც მოსახლეობის ჩვევებს და თავიანთი დაბალი ხელფასის ასანაზღაურებლად მოსახლეობას ატყავებენ.
ქართველებს ენდომებოდათ, რომ მათ თავიანთი პირადი ღირსებების მიხედვით მისცენ წოდებები და მიაგონ პატივი, რადგან ეს კეთილგანწყობა დღემდე მხოლოდ იმ წარჩინებულებს ეძლეოდათ, რომელთა მიმხრობაც მთავრობას სურდა. თანაბარი სამართლიანობის პრინციპი დამყარდა, მაგრამ ნაკლებად ხორციელდება. ისინი მოითხოვენ დამოუკიდებელ სასამართლო განხილვებს და შესაძლებლობების ფარგლებში თავიანთი ძველი მეფეების კოდექსების შეტანას კანონებში. ეროვნული სული ითხოვს, რომ პატივი სცენ მათ სურვილებს და ჭკვიანური რეფორმით მათ ისეთივე შეღავათები მისცენ საბაჟოებზე, როგორითაც დანარჩენი იმპერია სარგებლობს. ვიცი, რომ ასეთი დათმობა რუსეთისთვის თითქმის კონსტიტუციის ტოლფასია, მაგრამ რატომ არ აკეთებს თავისივე ინტერესებში ყოველივეს, რის საშუალებასაც ჭკვიანური პოლიტიკა იძლევა?
გენერალმა ერმოლოვმა ვახშმად დაგვპატიჟა. ამ სრულიად სამხედროთა შეკრებაზე საშუალება მომეცა, რომ ჩემი მათი საუბრებიდან მიღებული ინფორმაციით შემევსო ცნობები საქართველოს ჯარის შესახებ.
კერძები რუსული წესების მიხედვით მოგვართვეს. მჟავე რაგუ, ძალიან თხელ ნაჭრებად დაჭრილი ცუდი პური, ღვინო, რომელიც არ იყო საუკეთესო ამ მხარეში, ყოველივე ეს მოწმობდა, რომ გენერლის რეპუტაცია შედგა, რადგან მან სკვითების ჩვეულებები უფრო ჰქონდა, ვიდრე აზიის სატრაპისა.
ჩემი მეზობლები, პეტერბურგის უწარჩინებულესი ოჯახის შვილები, გენერალ-გუბერნატორის ადიუტანტები, განუწყვეტლივ მესაუბრებოდნენ ჯარზე, რომლის რაოდენობა იზრდებოდა, აგრეთვე იმ დიდი ფუნქციის შესრულების შესახებ, რაც მათ აზიაში ეკისრებოდათ და იმის მოლოდიზეც, თუ რისი შესრულება შეეძლებოდათ ევროპაში. ცარების სკიპტრის მუჰამედის ტახტზე დადება, სპარსეთის დაპყრობა, ინდოეთიდან ინგლისელების განდევნა – ამგვარი იყო ის დიდი გეგმები, რომელთა განხორციელება ამ ახალგაზრდა და თავდაჯერებულ ოფიცრებს უნდა უზრუნველეყოთ. ძნელი წარმოსადგენია ის სიამოვნება, რასაც რუსი ოფიცრები ნაპოლეონის დიდებისა და გენიისთვის ხოტბის შესხმისას განიცდიდნენ. სრულიად ჩვეულებრივი ამბავია მათ სახლებში ნაპოლეონის სურათის ან ბიუსტის ნახვა, რასაც ისინი ერთგვარი მანერულობით გაჩვენებენ.
გრაფ ერმოლოვთან მყოფი რუსების საუბარში შევამჩნიე, რომ ინგლისელების მიმართ მათ ნაკლები სიმპათია ჰქონდათ. ეს ალბათ ინგლისელი ერის პოლიტიკურ უპირატესობას მიეწერებოდა. რუსებს შურთ იმისი, რაც მათი არ არის და კარგად შეამჩნევ ამ თავად-აზნაურობაში შურს, პატივმოყვარეობასა და ეგოიზმს, რასაც ისინი იმ ერის წინააღმდეგ იყენებენ, რომელიც წინ აღუდგება სანკტ-პეტერბურგის კაბინეტის დიდ გეგმებს. ვახშმის ბოლოს გარედან მუსიკის ხმა მოისმა. ეს ტიფლისში განთავსებული ერთ-ერთი გარნოზონის პოლკის მუსიკოსების დასი იყო; რამდენიმე რუსი ჯარისკაცი მღეროდა. გენერალმა, რომელმაც ისინი ჩვენთვის სასიამოვნო სურპრიზის მოსაწყობად იხმო, სასახლის აივანზე გაგვიყვანა და ჯერ რამდენიმე სამხედრო მარში მოგვასმენინეს, შემდეგ ჯარისკაცებმა ეროვნული და რამდენიმე ხალხური სიმღერა იმღერეს რუსი გმირების პატივსაცემად.
საუბარი პოლიტიკას შეეხო და ვთქვით იმ შეშფოთების შესახებ, რასაც ევროპაში რუსეთის გაფართოება და საერთო საქმეებზე გავლენის მოპოვება იწვევდა. „ოჰ, ღმერთო ჩემო, – შეჰყვირა გრაფმა ერმოლოვმა, – განა არ არის საჭირო, რომ როგორც ევროპულმა სახელმწიფომ შევასრულოთ ჩვენი უპირველესი მოვალეობა? რაც შეეხება თქვენ წუხილს დასავლეთისკენ ჩვენი გაფართოების შესახებ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ პოლიტიკურ ინტერესს და თავმოყვარეობას ბუნებრივად მივყავართ ჩვენი სამფლობელოების აზიაში გაწევისკენ. ამგვარად, ჩვენ ვიპყრობთ ჩვენდამი მტრულად განწყობილ მებრძოლ ხალხებს. გვაქვს სხვა უპირატესობაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია დაპყობილი ხალხებისათვის: ჩვენ მათზე მაღლა ვდგავართ განათლებით. – მაგრამ, ვერ ხედავთ, გენერალო, – ვუთხარი მე, – რომ სისტემა რომელსაც მიჰყვებით, დაუმთავრებელ ომებს გამოიწვევს? თქვენ დღეს ტავრიდასა37 და კავკასიას დარაჯობთ დონის კაზაკებით, შავი ზღვითა და გულისტანის ხელშეკრულებით მიღებული პროვინციების კავკასიელებთან ერთად, ხვალ, უეჭველია, იძულებული იქნებით ქართველები გამოიყენოთ სპარსელების, ერთ დღეს კი სპარსელები ოსმალეთის დასაპყრობად?“
გენერალ-გუბერმატორმა ღიმილი ვერ შეიკავა. – „თქვენ დაკვირვებებში არის სიმართლეც, – თქვა მან, – მაგრამ ჩვენ ამჟამინდელ ძალას ეს დაპყრობები ქმნის. მე მირჩევნია შევცვალო თქვენ მიერ შემოთავაზებული გეგმა: ჩემთვის უბედნიერესი იქნება დღე, როდესაც თურქეთში შესვლის ბრძანებას მივიღებ“. – გენერალ ერმოლოვის სურვილი გრაფ პასკევიჩს უნდა განეხორციელებინა.
ჩვენ შევბრუნდით დარბაზში, სადაც სტუმრების ერთი ნაწილი გენერლების, ველიამინოვისა და ვანჰოვენის, გარშემო შეჯგუფულიყო – სომეხი თავადი მადათოვი, კაზაკების ჰეტმანი38 კავკასიაში გენერალი ვლასოვი, თავადი ჭავჭავაძე39 – ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკის პოლკოვნიკი და კახეთში დიდი ვენახების მფლობელი. – გრაფმა ერმოლოვმა ჩვენ გაგვაცნო პოლკოვნიკი ბ-ნი de K., ვაჟი იმ ცნობილი პროფესორისა, რომელიც ფანატიკოსმა განგმირა40. მასთან საუბარი მით უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, რომ იგი სპარსეთში გენერლის ელჩობის წევრი იყო და კარგად ახსოვდა ქვეყნის ადათ-წესები.
ღვინო
საქართველო შედგება ორი პროვინციის, ქართლისა და კახეთისაგან41, მაგრამ ვერ იღებს იმ მოსავალს, რისი აღებაც მიწის ნაყოფიერების გამოა შესაძლებელი ამ ფართობზე. ამის მიზეზი მუშახელის სიმცირეა, რაც მოსახლეობის სიმცირისა და სიზარმაცის შედეგია. ქართლზე გავლისას დავინახე, რომ ამ პროვინციაში არ იყო საკმარისი სასოფლო-სამეურნეო რესურსი. უფრო ნაყოფიერი კახეთი ამ უპირატესობას არხებსა და მრავალ მდინარეს უნდა უმადლოდეს. მარცვლეულ კულტურებს თუმცა დიდი ფართობები უჭირავს, მაინც არ არის საკმარისი მოსახლეობის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ენდროსა და ზაფრანას მოსავალი მცირე არ არის, მაგრამ მოსახლეობის მთავარი სიმდიდრე ვენახებია და იქ საქართველოში საუკეთესო ყურძენიც მოდის. საუბედუროდ, კახელებს, ისე როგორც ყველა აზიელს, ხარისხს რაოდენობა ურჩევნიათ და ისე რწყავენ ვენახებს, რომ ღვინო მალე მჟავდება. ყურძნის ასორტიმენტის დაუცველობა და მცირე ყურადღება დუღილის (ფერმენტაციის) დროს, მათი ღვინის სწრაფი დამჟავების ერთ-ერთი მიზეზია.
კახეთში ყოველ წელს 1,500,000 ვედრო42 ღვინოს წურავენ და დაახლოებით 100,000 ვედრო არაყს ხდიან. ქართველები სრულად ითვისებენ ამ სასმელებს. ღვინის დიდი რაოდენობის სმისა და მისი ცუდად შენახვის გამო ორწლიან ღვინოს კახეთშიც კი ვერ მოძებნი.
ამ შემთხვევაში იმის მიხედვით ვმსჯელობ, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ამ ქვეყნის ძველი ღვინოები, რომლებიც ტიფლისში გენერალ ვანჰოვერთან გავსინჯე, მას კი საუკეთესო მარანი აქვს. მისი ჩინებული ხარისხის ღვინოები პორტოსა და მადერასას გავს, მაგრამ უფრო არომატულია. რამდენიმე წლის განმავლობაში ბოთლებში შენახულმა ტიფლისის თეთრმა ღვინოებმა გამაოცეს სოტერნულ ღვინოებთან43 მსგავსებით. თუ ტიკებს კასრებითა და ბოთლებით ჩაანაცვლებენ, აღარ იქნება საეჭვო, რომ ღვინო უფრო დიდხანს შენარჩუნდება და უკეთესიც გახდება. ამ სრულყოფის შეტანით მოსალოდნელი იქნება, რომ მევენახეობა და მეღვინეობა უფრო მეტად გავრცელდება ამ მხარეებში და გაუმჯობესდება კიდეც, რის გარეშე ეს საქმე ხარჯებს ვერ მოერევა. იმისთვის, რომ ამ სიახლემ ძლიერი მღელვარება არ გამოიწვიოს ღვინის ისეთ ღარიბ მომხმარებლებში, როგორც ქართველები არიან, საჭირო იქნება, რომ მეღვინეებმა ღვინის ექსპორტი დაიწყონ, რაც მათ ხარჯებსაც აანაზღაურებდა და ამავე დროს შესაძლებელს გახდიდა დღევანდელი დაბალი ფასების შეანარჩუნებას44. უეჭველია, რომ ტრანსპორტირების გასაადვილებლად რუსები ხელს შეუწყობენ ვენახების გაშენებას ამ კულტურისათვის მეტად შესაფერის ადგილებში, კერძოდ მდინარე რიონის გასწვრივ, იმერეთისა და სამეგრელოს სხვადასხვა მხარეებში. ამ ორი პროვინციის მდებარეობა შავ ზღვაზე იმდენად მოხერხებულია ღვინის ევროპაში გასაგზავნად, რომ რუსების თქმით, 20 წელიწადში არა მხოლოდ მთელ რუსეთს მოამარაგებენ ღვინით, არამედ საქართველოს ღვინო მათი საექსპორტო საქონელიც გახდება.
ყველა ამ შესანიშნავი გეგმის განხორციელება დღეისათვის მხოლოდ ერთ დადებით შედეგამდე დავიდა. კერძოდ, იგულისხმება ის მომგებიანი საქმე, რომელიც თავადმა ჭავჭავაძემ ახლახანს შესთავაზა ჩვენს თანამემამულეს, ბ-ნ ლე რუს; მას სურს ისარგებლოს მისი საგანგებო ცოდნით მევენახეობისა და მეღვინეობის გასაუმჯობესებლად. ცნობები კახეთის შესახებ მომაწოდა ბ-მა ლე რუმ, რომელმაც მოიარა ეს მეურნეობები. სპარსეთის შაჰის ელჩი ფათჰ-ალი ხანი ტიფლისში ჩვენი ყოფნის განმავლობაში, მრავალ საინტერესო პერსონაჟს შევხვდით, რაც სასიამოვნო განტვირთვა იყო ჩვენი სერიოზული სამუშაოსგან. თავრიზის ბეგლარბეგი, ფათჰ-ალი ხანი, რომელზეც გრაფი ერმოლოვი გვესაუბრა, პირველი იყო ამ პერსონაჟებს შორის. შეიძლება იმიტომ, რომ ის თავის მოვალეობად მიიჩნევდა საფრანგეთის მეფის წარგზავნილებთან ვიზიტით მისვლას, შეიძლება იმიტომ, რომ საჩუქრის მიღების იმედი ჰქონდა, ან ცნობისმოყვარეობის გამო, მან გამოთქვა სურვილი, რომ ბ-ნ დებასენს მიეღო. დარწმუნდა რა, რომ კარგად მიიღებდნენ, ერთ დილას ჩვენთან მცირეოდენი ამალის თანხლებით გამოცხადდა.
დაახლოებით ორმოციოდე წლის ბეგლარბეგს ხვეული და ერთგვარი კეკლუცობით მოვლილი წვერი ჰქონდა. მისი უბრალო სამოსი თავისი მხლებლების სამოსისგან მხოლოდ შესანიშნავი და მდიდრული ხანჯლით განსხვავდებოდა. მას სპარსელებისთვის ნაკლებად ჩვეული გულწრფელი და მეგობრული იერი ჰქონდა. თავრიზის გუბერნატორს ახლდნენ პირველი მდივანი, მირზა რეჯები, ცერემონმაისტერი, მსახური, რომელსაც ყალიონი ებარა, სამი მსახური, რომლებსაც ხალიჩის გაშლა ევალებოდათ და ორი მცველი. ხანმა იკითხა, ჰქონდა თუ არა ბ-ნ დებასენს საჩუქრები შაჰისა და აბას მირზასთვის45. სპარსელმა გამოარჩია წყვილი მდიდრულად მოჩუქურთმებული ვერსალური პისტოლეტი და თქვა, რომ ძვირფასი საჩუქრები საუკეთესო რეკომენდაციაა და ბ-ნ დებასენს კარგად მიიღებდნენ. ელჩი ყალიონს ეწეოდა და ბ-ნ დებასენს უამრავი აბეზრი კითხვა დაუსვა მისი სამსახურისა და ოჯახის შესახებ. ხოლო როცა მე ვუთხარი, რომ იგი ექიმი იყო, ხანმა მას მაშინვე პულსი გაასინჯინა. ელჩი მესამე ყალიონის მოწევის შემდეგ წავიდა.
ისე ჩანდა, რომ სპარსელისთვის უცხო არ იყო ევროპული ადათ-წესები. ის დიდხანს ცხოვრობდა რუსეთში, სადაც როგორც მძევალი, ისე გაჰყვა თავის მამას, რომელიც სანკტ-პეტერბურგში პოლკოვნიკის ჩინით გარდაიცვალა. სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ბეგლარბეგი აგრძელებდა მოსკოვის ოფიცრის რანგში ყოფნას და ვერ იქნებოდა შაჰის მეტად ერთგული ქვეშევრდომი. – რუსეთმა, შეწუხებულმა ამდენი არაცივილიზებული ხალხით, იცის, რომ მოხერხებული საყვარელი [ქალი] ნებისმიერი შემთხვევით სარგებლობს, რათა კაცს ამაო პატივმოყვარეობა, ამბიცია და მგრძნობელობა დაუკმაყოფილოს. სხვა სიტყვებით, რუსეთს არასოდეს არ ავიწყდება, რომ ამ ბარბაროსებს კორუმპირებული ცივილიზაციით ტკბობის გემო აჩვენოს. განათლება, რომელსაც აზიელები იღებენ რუსეთში, სხვა შედეგი არა აქვს, თუ არა აამოს მათ ვნებებს. თავიან სამშობლოში დაბრუნებულები, რუსეთში თავიანთი ცხოვრებისა და მიღებული ჯილდოების შესახებ მოუთხრობენ და თავიანთი თანამემამულეების გულებში რუსეთთან დაახლოების სურვილს აღძრავენ.
ფათჰ-ალი ხანთან საუბრის მეორე დღეს, ჩვენთან ვიზიტით მოვიდა დაუდ-ზადური, სომეხი, სპარსეთში დაუდ-ხანის სახელით ცნობილი. 1816 წელს შაჰმა ის საფრანგეთის სამეფო კარზე გაგზავნა. ამ მისიამ დავითს საშუალება მისცა ჩაეტანა ქაშმირის შალების დიდი რაოდება, რომლებითაც ვაჭრობდა. იგი იმასაც აცხადებდა, რომ სპარსეთის შაჰმა, დაინტერესებულმა ამ კონტრაბანდული სპეკულაციით, მას თავისი შალების გაყიდვაც ანდო.
დაუდმა შეგვატყობინა, რომ თავრიზში ბრუნდებოდა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ მისი მოგზაურობის ჭეშმარიტი მიზეზი შაჰზადესათვის46 თავისი ძმიშვილის სამარცხვინო შეთავაზება იყო მისი ჰარამხანის განიმედებით47 შესავსების მიზნით. აი რა ხერხით იხვეჭს ეს კაცი სამეფო კარზე საკმაოდ საორჭოფო კეთილგანწყობას.
ტიფლისის იმ პიროვნებებს შორის, ვინც თავისი დახმარება შემოგვთავაზა, არის იტალიელი ექიმი M. რომელიც ავანტიურის მრავალი სხვა მოყვარულის მსგავსად, ბედის საძებნელად სპარსეთში ჩავიდა. თავისი შეუპოვრობით, გარჯილობით, მოხერხებულობითა და ინტრიგებით მან მდიდარი სპარსელებისაგან გარკვეული თანხა დააგროვა. მაგრამ საქართველოსაკენ მომავალს, ეს საცოდავი ქურთებმა გაძარცვეს და სასტიკად მოექცნენ. ის ეცადა ქურდების დაშინებას თავისი ამპარტავნებით – საშუალება, რომელიც ხშირად მოქმედებს ამ ქვეყანაში, მაგრამ იმ შემთხვევაში არაეფექტური აღმოჩნდა. მის ამაღლებულ ტონს ჯოხის დარტყმები მოჰყვა და საცოდავი თავს იმშვიდებდა, რომ გადარჩა თავის მოკვეთას. ექიმი M. დარჩა ტიფლისში და ექიმობას მიჰყო ხელი. მისი პაციენტები იყვნენ უცხოელები, ვაჭრები, სომეხი სასულიერო პირები და მისიონერები.
სომეხთა პატრიარქი ნერსესი სადილად ელოდა ბეგლარბეგს და მისი ამალის მთავარ წევრებს. იგი მას ყურადღებით ექცეოდა იმ იმედით, რომ სპარსეთში დაბრუნების შემდეგ ხანი დიდ გადასახადს არ დაუწესებდა ეჩმიაძინის მონასტერს. იგი ბეგლარბეგს შესანიშნავი ხორცითა და კარგი ღვინით უმასპინძლდებოდა. მანვე გვითხრა, რომ არ გაგვკვირვებოდა, რომ მუსლიმი დათანხმდა მასთან ვახშამს, თუმცა კი ყურანის დოგმების თანახმად, იგი უნდა მორიდებოდა ურწმუნოსთან კონტაქტს. მაგრამ მისივე თქმით, ბეგლარბეგი ძლიერ მორწმუნე არ იყო, უყვარდა კარგი კერძები, უფრო მეტად კი ღვინო, რისი მოწმენიც ჩვენ თვითონ გავხდებოდით.
ფათჰ-ალი ხანმა არ იცოდა, რომ ჩვენც ვიყავით მიწვეულები და თავიდან ამის გამო უკმაყოფილო ჩანდა იმის შიშით, რომ თავრიზში არ გაგვეთქვა, მაგრამ გასტრონომიულმა მხარემ მალე დაავიწყა ყოველივე და ამ ვახშმობის დროს ჩვენთან ერთად ხუმრობდა. ელჩი სვამდა ღვინოს და გვეკითხებოდა, იყვნენ თუ არა საფრანგეთში ლამაზი ქალები. დადებით პასუხზე კი თქვა: „ბედნიერები ხართ, ქალები და სუნამო ცხოვრების ხიბლია“. იტალიელი ექიმი თარჯიმნობას გვიწევდა.
ჟაკ-ფრანსუა გამბას პროექტის შეფასება
ახლა განვიხილოთ სავაჭრო ურთიერთობები, რომლის დაწყებასაც ბ-ნი გამბა გვთავაზობს მეზობელ ქვეყნებთან. სპარსეთსა და თურქეთს შორის 1823 წელს დადებული ზავის48 შემდეგ საქართველოზე სავაჭრო ტრანზიტი მოისპო. არზრუმის გზას შეჩვეულმა სპარსელებმა თავიანთი კავშირები სმირნასთან49 და კონსტანტინოპოლთან მცირე აზიის გავლით განაახლეს და ამის შემდეგ საქართველოში არც ერთი ვაჭარი აღარ ჩასულა საყიდლებზე. ეს ტიფლისის ბაზრის სიმწირეს უნდა მიეწეროს და განსაკუთრებით კი იმას, რომ ერთი და იგივე ნივთი კონსტანტინოპოლში გაცილებით იაფი ღირს.
ამ დროიდან მოყოლებული და შემდეგაც, იმ ევროპელების მიერ დადებული ცუდი გარიგებების გამო, რომლებიც ტიფლისთან ოპერაციების წარმოებას ცდილობდნენ, ვაჭრობა ამ ქვეყანასა და სპარსეთს შორის მთლიანად სომხებისა და ქართველების ხელში მოხვდა. ზოგიერთი მათგანი ლაიფციგში დადის სპარსეთში გასაყიდი საქონლის საყიდლად, მაგრამ ეს თანხა არასოდეს არ აჭარბებს 1,600,000 ფრანკს. ამგვარად, რაც არ უნდა თქვას ბ-ნმა გამბამ, ამ ქვეყნის ვაჭრობა უმნიშვნელოა. შეიძლება ის გაიზარდოს კიდეც, მაგრამ სპარსელების არაკეთილსინდისიერებისა და ქრისტიანების წინააღმდეგ სპარსეთის მთავრობის მიერ მოძმე ვაჭრების მფარველობის გამო ის მუდმივად წამგებიანი იქნება.
ყველა სახელმწიფოს შორის სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკისა და სამხედრო თვალსაზრისით კარგად შეუძლია თანამოძმეების მოთხოვნების დაიცვა. მაგრამ გენერალ-გუბერნატორის თქმით, რუსეთის საქმეთა რწმუნებულის50 ზრუნვის მიუხედავად, სომეხი და ქართველი ვაჭრები ყოველდღე სპარსელების ვერაგობის მსხვერპლნი არიან.
იმის საჩვენებლად, თუ რა საფრთხე ემუქრება ამ ქვეყანაში ჩვენს ვაჭრობას, მოვიყვანთ კეშლენის51 სახლის აგენტის, ბ-ნ სეიგფიედის, მაგალითს. სპარსეთში ჩატანილი დიდი ფასეულობის საქონელი მან თავრიზში მიჰყიდა ერთ სპარსელს, რომელმაც მეტად აღმაშფოთებელი ხრიკებით თავი აარიდა ბაზარზე დაწესებულ მოვალეობებს. ფრანგმა ვაჭრმა დახმარებისათვის საქართველოში რუსეთის მთავრობას, გრაფ ერმოლოვს, მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მან ჩვენი ტიფლისში ყოფნით ისარგებდა, რათა ბ-ნ დებასენს მთელი თავისი გავლენა გამოეყენებინა ამ სამწუხარო საქმის მოსაგვარებლად52. ეს მაგალითი საერთოა როგორც რომელიმე კომპანიის, ისე კერძო პირისთვისაც. თუკი ბ-ნ გამბას გეგმის მიხედვით საქართველოს საზოგადოება სპარსეთში ფაქტორიას დააფუძნებს, აუცილებელი იქნება მეფისწულ აბას მირზას დაინტერესება მისთვის მოგების ერთი ნაწილის მიცემით53, მაგრამ ეს დაპირებაც ვერ იქნება სტაბილურობის გარანტია, რადგან შაჰის გარდაცვალების შემთხვევაში სპარსეთი სამოქალაქო ომის ასპარეზად იქცევა და ეს განსაკუთრებით მძიმე გახდება კომპანიისათვის, რომელსაც რამდენიმე წელი დასჭირდება ფეხზე დასადგომად54.
ინგლისმა კარგად შეაფასა ყველა ეს სირთულე და ამიტომ ინდოეთის კომპანიის ნავსადგურად ბანდარ-ბუშეჰრი აირჩია. იქ შესული გემების უდიდესი ნაწილი სპარსელი ვაჭრების მიერ უშუალოდ ინდოეთში ნაყიდი საქონლით იტვირთება. როგორც ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან ვასკვნით, ჩვენთვის არ არის მისაღები საქონლის სპარსეთში ჩატანა. თუ ვივარაუდებთ, რომ ბ-ნ გამბასთან ერთად სპარსელი ვაჭრები ტიფლისში მოძებნიან კარგ ბაზარს, მაგრამ მიატოვებენ კონსტანტინოპოლისას, ჩვენ რა მოგებას მივიღებთ ამ გადაადგილებით?
აზიაში გასაყიდი საქონლის კონსტანტინოპოლიდან ტიფლისში გადატანა მნიშვნელოვან მოგებას არ მოგვცემს. მეორე მხრივ, აბრეშუმით ვაჭრობის მონოპოლია რუსი ფაბრიკანტების ხელშია (გენერალ ერმოლოვის ცნობით, რუსეთის მწარმოებლების მიერ უცხოური აბრეშუმის მოხმარება 14,000,000 რუბლს აღწევს), სპარსელებისა კი, რომლებიც ინდოეთთან ვაჭრობენ, ჩვენ გასატან საქონელს დაგვაკლებს. თუკი ლევანტში ჩვენი ვაჭრობა დაეცა, ტიფლისის ნაკლებად ხელსაყრელი ბაზარი კიდევ უფრო ამცირებს ჩვენ შესაძლებლობებს, ვიდრე სმირნისა და კონსტანტინოპოლის ბაზრები. ამ ქვეყნებთან დამყარებული კავშირიდან მოგების მისაღებად საჭირო იქნებოდა ჩვენი ოპერაციების შერწყმა კონსტანტინოპოლთან და შავი და ხმელთაშუა ზღვების სხვა ნავსადგურებთან. ეს წამოწყება არასოდეს არ ჩაივლის შეუფერხებელად ტიფლისის მდებარეობისა და საქონლის იქ ტრანსპორტირების დიდი ხარჯების გამო. ამასთან, რედუტ-ყალე, რომელსაც ბ-ნი გამბა ტიფლისის ნავსადგურად მიიჩნევს, ამ დედაქალაქიდან 16 დღის სავალზეა და სავაჭრო ზღვაოსნობისთვის მეტად მცირედაა დაცული.
ბ-ნ გამბას გეგმა ძირითადად საქართველოდან მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ქაშმირთან და ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარებას ეფუძნება. მათთან სპარსეთის ვაჭრობა კი თითქმის ნულის ტოლია. მათთვის საჭირო შალები იქ ძირითადად ბუშეჰრიდან შედის. რუსების მიერ ბუხარასთან ახლახანს დამყარებული ურთიერთობები ზიანს მიაყენებს სპარსელების ვაჭრობას ამ ხალხთან, ყანდაჰართან და ქაშმირთანაც, რადგან ეს მხარეები ორენბურგიდან მიიღებენ რუსულ საქონელს, რომელიც ადრე სპარსეთიდან გადიოდა, ახლა კი კრაველის ბეწვს და შალებს ასტრახანიდან, მოსკოვიდან და მაკარიევიდან შეიტანენ.
ბ-ნი კლაპროტი, რომლის დიდი ერუდიცია ცნობილია, ნათლად მიუთითებდა, რომ საფრანგეთის ვაჭრობა ინდოეთთან სპარსეთისა და ავღანეთის გავლით ნაკლებად დაცული იქნებოდა. მოსკოველი და ოდესელი ვაჭრები, რომლებიც სხვებზე უკეთესად გზავნიან ევროპულ საქონელს სპარსეთშიც და უფრო შორსაც, ამას უკვე რამდენჯერმე ეცადნენ კიდეც, მაგრამ დაუცველობამ და დიდმა ხარჯმა ისინიც ძლიერ შეაშფოთა. მათ უარი თქვეს ამ წამოწყებაზე და თავიანთ საქონელს ბუხარიდან რუსეთის საზღვართან მოსულ ქარავნებზე ყიდიან. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, მათ, როგორც ურწმუნოებს, სხვადასხვა სამთავროების ტომების მეთაურები არა მხოლოდ გამოსასყიდს სთხოვდნენ, არამედ საქონელსაც დააკარგვინებდნენ მომთაბარე ტომების თავდასხმის შედეგად.
ამ სერიოზული ხარვეზების გარდა, რა გარანტია ექნებათ ჩვენს ვაჭრებს თავიანთი საქმიანობის გასაგრძელებლად ამ პროვინციებში სავაჭრო ურთიერთობების შესახებ 1821 წლის 8 ოქტომბრის უკაზის55 დასრულების შემდეგ? რუსეთი ხედავს, რომ აბრეშუმის, მოჩითული ქსოვილებისა და მაუდის წარმოება დღითიდღე უმჯობესდება და განა არ მოისურვებენ თავიდან აირიდოს ვაჭრობის ის ახალი წყაროები, რომლებსაც ჩვენ გავხსნიდით მათ ტერიტორიაზე? მაგალითი, რომელიც ოდესაში და რუსეთის სხვა უამრავ პორტში მოხდა, გვავალდებულებს ვიფიქროთ, რომ ეს მთავრობა საქართველოში შემოსავლის გასაზრდელად და თავისი მანუფაქტურების დასაცავად უცხოურ საქონელზე გადასახადს გაზრდის და ჩვენს ვაჭრობას ამგვარად წაართმევს მოგების ყოველგვარ შესაძლებლობას.
ასეთია ის ძირითადი მიზეზები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს საქართველოს გავლით ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები სპარსეთთან და ინდოეთთან. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენი მრეწველობისთვის აუცილებელი იქნება სპარსეთთან სავაჭროდ კონსტანტინოპოლზე უფრო ახლო მდებარე ბაზრის მოპოვება, ტიფლისზე გაცილებით მეტ უპირატესობას გვთავაზობს ტრაპიზონი, დაიზოგება სადაზღვევო, სატრანსპორტო, საკომისიო და სხვა ხარჯები და საგრძნობ მოგებას მოგვცემს. ამას გარდა, ის უფრო ახლოა სპარსეთთან, ანატოლიასა და ქურთისტანთან.
ბ-ნ გამბას, რომელიც თავისი გეგმებით იმ უდავო ფაქტებს ეყრდნობა, რომ ძველად ფრანგები ინდოეთთან ეგვიპტის ან სპარსეთზე გავლით სახმელეთო გზით ვაჭრობდნენ, ავიწყდება, რომ იმ დროს მცირე ზომის ძვირი საგნები გადაჰქონდათ, რაც უძლებდა ხანგრძლივ ტრანსპორტირებას.
როდესაც კომერციული ინტერესები სამართლიანად ითვლება ერის აყვავების საფუძვლად, იმედი მაქვს, მაპატიებენ საქართველოს ვაჭრობის ხანგრძლივ განხილვას.
შენიშვნები
1. პონდიშერი (Pondicherry) — ინდოეთის მოკავშირე ტერიტორია, მდებარე მის სამხრეთ-აღმოსავლეთში. ფრანგებმა იქ 1674 წელს დააარსეს კოლონია, რომელიც შემდეგ ხან ინგლისელების, ხან კი ჰოლანდიელების ხელში იყო. 1814 წელს, ნაპოლეონის ომების შემდეგ, ის საფრანგეთმა დაიბრუნა და იქ თავისი კოლონია აღადგინა. 1954 წელს ის ინდოეთს გადაეცა სამართავად.
2. ეჟენ პანონ დებასენ დე რიშმონი (1800-1859) – საფრანგეთის კოლონიების ადმინისტრატორი, საფრანგეთის მთავრობამ საქართველოსა და სპარსეთში მიავლინა ჟაკ-ფრანსუა გამბას სავაჭრო გეგმების შესაფასებლად.
3. ჟაკ-ფრანსუა გამბა (1763-1833) – 1820-1824 წლებში საფრანგეთის კონსული თბილისში. ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ გამბამ (1815) შეადგინა და მთავრობას წარუდგინა ინდოეთთან ვაჭრობის გაუმჯობესების პროექტი, რომელიც კავკასიაზე გამავალი სატრანზიტო გზის გამოყენებას ითვალისწინებდა. ამ პროექტმა დააინტერესა ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მინისტრი რიშელიე. მისი წინადადებით 1817-1818 და 1819-1824 წლებში გამბამ იმოგზაურა სამხრეთ რუსეთსა და საქართველოში, რომელიც მისი აზრით შეიძლება გამხდარიყო ევროპა-აზიის ვაჭრობის მთავარი სატრანზიტო ღერძი (ჟაკ ფრანსუა გამბა, „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ „განათლება“, თბილისი, 1987, 5-7).
4. ფრედერიკა ფონ ფრეიგანგის მოგზაურობის დროს, 1811 წლის ნოემბერში, ყაზბეგი პოლკოვნიკი იყო (Freygangs. Lettres sur le Caucase et la Géorgie, suivies, d’une relation d’un voyage en Perse, en 1812. Hambourg: Chez Treutter & Wurtz, 1816, 65), სამწუხაროდ, ყაზბეგის სახელს არც ერთი ავტორი არ ასახელებს.
5. ტექსტში: „ჯვრის მთა (La montagne de la Croix), რომელსაც მთა გუდასაც (mont Gouda) უწოდებენ“. ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურები გუდგორას უწოდებენ გუდაურის მიდამოებში მდებარე მთა კუდებს და ამ მონაკვეთს კაიშაურად მოიხსენიებენ.
6. წმინდა ქრისტეფორე – მგზავრების მფარველი.
7. იგულისხმება წმ. ბერნარი მენტოვადან (923/1008 – 1008/1081). მისი ცხოვრების უდიდესი საქმე იყო მგზავრებისა და რომში მიმავალი მლოცველებისთვის თავშესაფრის დაარსება მონ-ჟუს უღელტეხილზე, რომელიც იტალიას შვეიცარიასთან აკავშირებდა.
8. ირინე ნაჭყებია, ფათჰ-ალი შაჰის უახლოესი გარემოცვა და სპარსეთის კარის ეტიკეტი: გენერალ ალექსეი ერმოლოვის ელჩობა სპარსეთში (1817). – ქართული დიპლომატია, წელიწდეული, №14, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ისტორიის ეროვნული კომიტეტი. თბილისი, 2011, გვ. 299-300. საქართველოში გამოგზავნილი რუსი მმართველების ამგვარ პოლიტიკას ლეიტენანტი ტრეზელი და ფრედერიკა ფონ ფრეიგანგიც აღნიშნავენ.
9. Notes of an Ex-Officer of Napoleon: Lieutenant Theodore Hettier’s Report Note sur la Perse (1822). – Fifth Biennial ASPS (Association for the Study of Persianate Societies) Convention in Hyderabad (Maulana Azad National Urdu University – MANUU), India, from January 4th to 8th, 2012.
10. ავტორის შენიშვნა: „ტიფლისის დაარსებას 469 წელს მეფე ვახტანგს მიაწერენ, მაგრამ ზოგიერთი მოგზაურის თანახმად ის 1063 ლევანს (Liewang) მიეწერება, მეფეს, რომელსაც უნდოდა ცხელი წყლის გამოყენება. ქალაქი მდებარეობს უზარმაზარი კლდის ძირში და მას ციხესიმაგრე დაჰყურებს. მისი ნამდვილი სახელწოდება არის ტიფლისი (Tiphiliss) ანუ ტიფლის-ქალაქი (Tiphiliskalak), ე.ი თბილი ქალაქი მისი მინერალური წყლების გამო“. ლეონტი მროველის თქმით, თბილისი ააშენეს „ციხედ ციხისა“ ე. ი. თბილისი ააშენეს მცხეთის მისასვლელ გზაზე, მის გასამაგრებლად. მისივე ცნობით, ქართლის მეფე ვარაზ-ბაკურის დროს, ე. ი. დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის IV საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარა. ასე რომ, IV საუკუნის მეორე ნახევარში თბილისი, მანმადე უკვე მჭიდროდ დასახლებული ადგილი, სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამაგრებულ პიუნქტად იქცა (შ. მესხია, დ. გვრიტიშვილი, მ. დუმბაძე, ა. სურგულაძე. თბილისის ისტორია. თბილისი, 1958, გვ. 7). V საუკუნის შუა წლებიდან თბილისი კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა ის აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად.
11. შარლ ბელანჟე სასტუმროს პატრონის სახელს არ ახსენებს. ვიზიარებთ დავით ხოშტარიას მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აღნიშნული სასტუმრო ეკუთვნოდა ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს, ჟან პოლს (დ. ხოშტარია, თბილისი. ძველი სასტუმროები. თბილისი: „არტანუჯი“, 2011,11).
12. ალექსი ერმოლოვი (1777-1861) – რუსი გენერალი და სახელმწიფო მოღვაწე, 1790-1826 წლებში რუსეთის მიერ წარმოებული ომების მონაწილე, ბოროდინოს ბრძოლის გმირი, ინფანტერიის გენერალი (1818), არტილერიის გენერალი (1837), საქართველოს მთავარმართებელი 1816-1827 წლებში.
13. 1802 წელს აშენებული მთავარმართებლის სასახლის ადგილზე 1818 წელს არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტით ახალი სასახლე აშენდა.
14. ალექსი ველიამინოვი (1785—1838) – გენერალ-ლეიტენენტი, 1816-1827 წლებში მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიის მთიელი ხალხების წინააღმდეგ და რუსეთ-ირანის მეორე (1826-1828) ომში.
15. რომან ფონ ვანჰოვენი (1775-1861) – გენერალ-მაიორი, 1818-1829 წლებში საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი.
16. იგულისხმება გენერალ ერმოლოვის ელჩობა ფათჰ-ალი შაჰთან 1817 წლის ზაფხულში სულთანიეს ბანაკში.
17. ალექსანდრე I (1777-1825) – რუსეთის იმპერატორი 1801-1825 წლებში, პოლონეთის მეფე (1815-1825) და ფინეთის პირველი რუსი დიდი მთავარი (1809–1825).
18. 1813 წლის 12/24 ოქტომბერს გულისტანში ხელმოწერილი იქნა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც დასრულდა რუსეთ-ირანის პირველი ომი (1804-1813). ყოველ მხარეს ის მიწები და სახანოები მიეკუთვნა, რომლებშიც ისინი საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში ფაქტობრივად, ანუ status quo ad presentem საფუძველზე განახორციელებდნენ ხელისუფლებას (ნაჭყებია, ფათჰ-ალი შაჰის უახლოესი გარემოცვა, №14, 299-300)
19. რუსეთის იმპერიაში გერმანელების დასახლება 1763 წელს, ეკატერინე II-ს მმართველობის დროს იმ მიზეზით დაიწყო, რომ მათ ახლად მიერთებული ტერიტორიები აეთვისებინათ. ალექსანდრე I-მა გენერალ ერმოლოვს დაავალა ბადენ-ვიურტემბერგიდან ემიგრირებული ოჯახების დასახლება, რომლებმაც გადაიტანეს ნაპოლეონის შემოსევა, პოლიტიკური არეულობები, შიმშილი და რელიგიური დევნა. ერმოლოვის მმართველობის დასაწყისში, 1817-1820 წლებში საქართველოს გუბერნიაში რვა გერმანული კოლონია დაარსდა, აქედან ორი – დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ამ მიზნით სახელმწიფო ხაზინიდან 100,000 რუბლი გამოიყო. კოლონისტებისთვის დადგენილი წესის მიხედვით ყოველ ოჯახს მიწის 60 დესეტინა* გამოუყვეს. *დესეტინა – მიწის საზომი ერთეული რუსეთში, იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. 1 დესეტინა უდრის 1200 კვადრატულ საჟენს, 1,09 ჰექტარს. 60 დესეტინა უდრის 6,54 ჰექტარს.
20. შეცდომაა, უნდა იყოს 1795 წელი.
21. 1795 წელს, თბილისის აოხრების შემდგომ, ქართველ კათოლიკეებს აღარ ჰქონდათ დედაქალაქში ეკლესია და მათ არაერთი თხოვნით მიმართეს ჯერ ქართლ-კახეთის მეფეებს, შემდგომ 1801 წლიდან, რუსეთის იმპერატორს, რათა ახალი ტაძრის აგების ნება დაერთოთ. 1803 წლიდან ამ პრობლემის გადაწყვეტაში ალექსანდრე I ჩაება, რომელმაც კაპუცინთა ორდენის თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს ეკლესიის აშენების ნება დართო.
22. 1820 წელს სომეხმა პატრიარქმა, ნერსესმა (1770-1857), ახალ ქალაქში ააშენა უზარმაზარი ქარვასლა, რომელიც ძველ ქალაქში არსებულ ორი ქარვასლაზე გაცილებით დიდი იყო.
23. 1 ფუტი უდრის 30,48 სმ-ს.
24. 60 ფუტი უდრის 18,29 მ-ს.
25. მუსტაფა ლალა ფაშამ თბილისი 1578 წლის 24 აგვისტოს აიღო, ოსმალებმა დააარსეს თბილისის (ქართლის) საბეგლარბერგო და გორის სანჯაყი (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, თბილისი, 1973, გვ. 128).
26. ვერსი – სიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-ს.
27. გერმანელ კოლონისტებს შორის იყვნენ ე.წ. სეპარატისტები, რომლებიც ლუთერანულ ეკლესიას განუდგნენ და შემდგომში პალესტინაში გადასახლება სურდათ, რათა იქ შეხვედროდნენ მეორედ მოსვლას.
28. ვივარე – ისტორიული ოლქი ლანგედოკის (საფრანგეთი) ჩრდილო-აღმოსავლეთში, არდეშის დეპარტამენტის შემადგენლობაში.
29. მრავალი ევროპელი მოგზაური ქართველთა რელიგიას – მართლმადიდებლობას – ბერძნულს უწოდებდა.
30. ეკიუ – ფრანგული ოქროს ფული, რომელიც ლუი IX-მ (1215-1270) თავისი მეფობის ბოლო წლებში შემოიღო. თავდაპირველად ის 4 გრამს იწონიდა, იჭრებოდა 1653 წლამდე, შემდეგ ხმარებაში შევიდა ვერცხლის ეკიუ (1641-1793 წწ.), რომელიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, 1795 წელს ფრანკით შეიცვალა.
31. ჯერიდი – მსუბუქი, წვრილი და მოკლე სატყორცნი შუბი, რომელსაც საგანგებო კაპარჭით – ჯიდათი, ატარებდნენ. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და არაბებთან მხედრის ვარჯიშს შუბით და თვითონ შუბსაც, რომელსაც ჭენების დროს ტყორცნიდნენ, ჯერიდი ეწოდებოდა.
32. შესაძლებელია, ავტორს მხედველობაში აქვს შარდენის ცნობები იმ ძალადობის შესახებ, რომელიც ფრანგმა კომერსანტმა სამეგრელოს სამთავროში განიცადა. ქართველ მეფეთა მიერ ევროპელი ვაჭრების შევიწროების შესახებ ევროპულ წყაროებში არაფერია ნათქვამი.
33. 1830 წლის გაზაფხულზე გენერალ პასკევიჩის მიერ გიმნაზიის გახსნას აღნიშნავს თვითმხილველი ჟან შარლ ბესი.
34. 1815 წლის მაისში, მოსკოვში, ძმების – ივანე და აკიმ ლაზარევების (ლაზარიანების) ინსტიტუტი გაიხსნა. ის ფაქტობრივად რუსეთის პირველი სპეციალუზირებული დიპლომატიური სასწავლებელი და აღმოსავლეთმცოდნეობის კერა იყო.
35. კავკასიაში პირველი რუსული გაზეთი 1828-1832 წლებში რუსულ, ქართულ და სპარსულ ენებზე გამოდიოდა. მათში წარმოდგენილი იყო ისტორიული, ეთნოგრაფიული და სტატისტიკური ხასიათის მასალა, აგრეთვე მთავრობის განკარგულებები და განცხადებები. გაზეთში შუქდებოდა კავკასიის ხალხების საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება. მოკლედ ეხებოდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის და 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომების მიმდინარეობას.
36. რუსეთ-ოსმალეთის 1806-1812 წლების ომი გამოწვეული იყო ოსმალეთის რევანშისტული პოლიტიკით, რომლის მიზანი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიების და საქართველოს დაკავება იყო. 1809 წელს რუსეთის ჯარმა ქართველრბის დახმარებით დაამარცხა ოსმალთა მრავალათასიანი არმია და ფოთი გაათავისუფლა, 1811 წელს კი ოსმალები ახალქალაქიდანაც განდევნეს. 1812 წლის ბუქარესტის საზავო ხელშეკრულების თანახმად, ოსმალებმა აღიარეს ბესარაბიისა და დასავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთება, დუნაის აუზში დაკავებული ციხე-ქალაქები, აგრეთვე ფოთი და ახალქალაქი კი რუსეთმა ოსმალეთს დაუბრუნა (საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, თბილისი, 1973, გვ. 875-876).
37. ყირიმის ნახევარკუნძული.
38. კაზაკთა ჯარის არჩეული მეთაური.
39. ალექსანდრე ჭავჭავაძემ (1786-1846) 1817 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიიღო და ლეიბჰუსართა პოლკოდან გადაყვანილ იქნა ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში, რომელიც იდგა ყარაჯაღში, წინანდალთან ახლოს. 1822 წლის შემდეგ დაინიშნა საგანგებო დავალებათა შემსრულებლის თანამდებობაზე გენერალ ერმოლოვთან. 1826 წელს მიიღო გენერალ-მაიორის წოდება, 1841 წელს – გენერალ-ლეიტენანტი გახდა.
40. იგულისხმება ავგუსტ ფრიდრიხ ფერდინანდ კოცებუ (1761–1819), გერმანელი მწერალი, მრავალი სენტიმენტალურ-მესჩანური პიესის ავტორი; სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი რუსეთის მთავრობის საიდუმლო აგენტი იყო, რეაქციულ პროპაგანდას ეწეოდა წმინდა კავშირის სასარგებლოდ, მოკლული იქნა სტუდენტ ზანდის მიერ.
41. შარლ ბელანჟე აქ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ორ მხარეს, ქართლსა და კახეთს გულსხმობს. საქართველოს გუბერნია შეიქმნა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შედეგად, 1801 წლის 12 სექტემბერს ალექსანდრე I-ის მანიფესტის საფუძველზე. 1801-1840 წლებში საქართველოს გუბერნიის ადმინისტრაციული ცენტრი ტფილისი/თბილისი იყო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების მომენტში 1801 წელს ქართლ-კახეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა დვალეთი, ხევი, მთიულეთი, ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, შიდა ქართლი, თრიალეთი, სომხითი, კახეთი (მტკვარ-ალაზნის შესართავამდე და ჭარ-ბელაქანის რაიონის გამოკლებით), ასევე ყაზახისა, ბორჩალოს, შამშადილის ყოფილი სახანოები, რომლებსაც მეფის მოურავები განაგებდნენ. აღნიშნულ რეგიონზე ჩამოყალიბდა საქართველოს გუბერნია, რომელიც მისი დაარსებისთანავე დაიყო 5 მაზრად. ესენი იყო: გორის მაზრა, ლორის მაზრა, დუშეთის მაზრა, თელავის მაზრა და სიღნაღის მაზრა.
42. ერთი ვედრო მოიცავს 13 პარიზულ პინტა ნახევარს. 1 პარიზული პინტა დაახლოებით 0,93 ლიტრია.
43. სოტერნი ტკბილი ფრანგული ღვინოა, რომელსაც ბორდოს ვენახების ერთ-ერთ ქვედანაყოფში, სოტერნში, აწარმოებენ.
44. ავტორის შენიშვნა: „1 თუნგი საუკეთესო ქართული ღვინო მხოლოდ ერთი აბაზი ანუ 1 ფრანკი, დაბალი ხარისხის 1 ბოთლი ღვინო კი 1 ფრანკი ღირს“.
45. აბას მირზა (1789-1833) – აზერბაიჯანის გამგებელი, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე.
46. შაჰზადე – შაჰის ვაჟი, ამ შემთხვევაში იგულისხმება აბას მირზა.
47. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, მშვენიერი ყმაწვილი, რომელიც მოიტაცა ზევსმა და დაიყენა მერიქიფედ.
48. 1821 წელს ოსმალეთის ჯარების სპარსეთის ტერიტორიაზე შეჭრის საპასუხოდ აბას მირზას შეიჭრა ვანის ტბის ტერიტორიაზე, წარმატებით იბრძოლა და დიდი ზიანი მიაყენა ოსმალეთის ჯარს არზრუმთან, ბაიაზეთთან, დიარბაქირთან და ერაყში. 1823 წლის შეთანხმების თანახმად საზღვრები უცვლელი დარჩა.
49. იზმირი.
50. სიმონ ივანეს ძე მაზარევიჩი (1784-1852) – რუსი ექიმი და დიპლომატი, 1818-1826 წლებში რუსეთის საქმეთა რწმუნებული ირანში.
51. იგულისხმება ელზასელი ფაბრიკანტის, ნიკოლა კეშლენის (1781-1852) მიერ დაარსებული ტექსტილის სავაჭრო სახლი.
52. ავტორის შენიშვნა: „კეშლენები ის ერთადერთი ფრანგი ნეგოციანტები იყვნენ, რომლებმაც გულისთანის ზავის შემდეგ ირანში მნიშვნელოვანი სავაჭრო ოპერაციების ჩატარება გაბედეს. თავრიზის სრულიად კორუმპირებულმა ხელისუფლებამ ამაზრზენი თაღლითობით, უსასყიდლოდ მიითვისა მათი მთელი საქონელი“.
53. ნაპოლეონის არმიის ყოფილი ლეირენანტი, თეოდორ ეტიე, რომელიც 1820-1821 წლებში წვრთნიდა აბას მირზას მებრძოლებს, თავის მოხსენებით ბარათში აგრეთვე წერდა, რომ საფრანგეთ-სპარსეთის ვაჭრობის განხორციელება მხოლოდ აბას მირზას მხარდაჭერის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი.
54. ავტორის შენიშვნა: „ეს პროგნოზები მიმდინარე მოვლენებმა გაამართლეს“.
55. 1821 წლის 8 ოქტომბრის უკაზის მიხედვით საქართველოს მხარეს მიენიჭა სხვადასხვა შეღავათი და უპირატესობა. ამ უკაზის V პარაგრაფის მიხედვით, უცხო ქვეყნებიდან შემოსული ყოველგვარი საქონელი მხოლოდ 5% დაიბეგრებოდა მათი ღირებულების ფასიდან. ტრანზიტული საქონელი ოდესიდან და რედუტ-ყალედან ახერხებდა აზიაში შეღწევას, რუსეთის ფაბრიკები კი კვლავ მოითხოვდნენ დაცვას, მფარველობასა და ხელშეწყობას; წინა წლებთან შედარებით, ნიჟნი ნოვგოროდის ბაზრობაზე შეძენილი რუსეთის ფაბრიკების ნაწარმი ვერ აკმაყოფილებდა ირანისა და საქართველოს მოთხოვნილებებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий