ოსმალეთის მიერ კონსტანტინოპოლის
დაპყრობამ და ბიზანტიის იმპერიის მოსპობამ მთელი ქრისტიანული სამყარო საგონებელში ჩააგდო.
ქრისტიანულმა სახელმწიფოებმა თვალნათლივ დაინახეს, როგორი დიდი საშიშროება ემუქრებოდა
მათ არსებობასაც. ამიტომ იყო, რომ კონსტანტინოპოლიდან ადრიანოპოლში დაბრუნებულ მეჰმედ
II-ს მეზობელი ქვეყნების ელჩები ძვირფასი საჩუქრებით ეახლნენ და მორჩილება გამოუცხადეს.
ეს იყო საშინელი ძალის წინაშე ნებაყოფლობით ქედის მოხრა. მაგრამ ოსმალეთის ამ მეზობლების
წარმომადგენლებს შორის არ იმყოფებოდნენ ტრაპიზონისა და საქართველოს წარგზავნილები.
კონსტანტინოპოლის დაცემამ
განსაკუთრებული საზრუნავი ევროპის ქვეყნების განვითარების გზაზე დამდგარ მრეწველობას
და ვაჭრობას გაუჩინა. ამიტომ იყო, რომ მცირე აზიასა და ბალკანეთში ოსმალების გაბატონებით
ყველაზე მეტად ის სახელმწიფოები შეწუხდა, რომელთა ეკონომიკური ინტერესებიც ილახებოდა.
დაპყრობილი ტერიტორიებიდან ოსმალების განდევნა გადაუდებელ ამოცანად იქცა, მაგრამ ამ
საკითხის გადაჭრა დამოუკიდებლად, სხვების დახმა რების გარეშე, მაშინ არც ერთ ქვეყანას
არ შეეძლო. საჭირო იყო სხვადასხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების გაერთიანება
და მათი დაპირისპირება სულ უფრო მზარდი ოსმალეთისათვის.
ოსმალეთის წინააღმდეგ
ჯვაროსნული ომის დაწყების იდეა, ისევე როგორც წინათ, ახლაც რომის პაპს ეკუთვნოდა. სიენას
ეპისკოპოსი ენეას სილვიუს პიკო ლომინი (შემდეგში პაპი პიუს II, 1458-1464), 1454 წელს
თავის ერთ-ერთ წერილში, რომლის ადრესატი ცნობილი უნგრელი ჰუმანისტი, ეპისკოპოსი ჯოვანი
(იანოშ) ვიტეზი იყო, იმედს გამოსთქვამდა, რომ ჩამოყალიბდებოდა ანტიოსმალური კოალიცია,
რომელშიც უნგრეთთან, გერმანიასთან და რუსეთთან ერთად შევი დოდნენ პაპი, ვენეციის რესპუბლიკა, ტრაპიზონის იმპერატორი და ქართველთა მეფე1. პაპმა ნიკოლოზ V-მ ევროპის მეფე-მთავრებს მოუწოდა, გაერთიანებული ძალით ებრძოლათ მეჰმედ II-ის (1444-1446, 1451-1481) წინააღმდეგ. მაგრამ ამ მოწოდებას არავითარი შედეგი არ მოჰყვა. ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობდა, ცალკე, სხვებისა გან დამოუკიდებლად, მოეგვარებინა ოსმალეთთან თავისი ურთიერთობა. ასე მოიქცა, მაგალითად, ვენეციის რესპუბლიკა, რომელიც განსაკუთრებით დაინტერესებული იყო აღმოსავლეთთან ვაჭრობით.
ევროპის ძალების გათიშვის მიზნით, მეჰმედ II, ცდილობდა ევროპის ზოგიერთ სახელმწიფოსთან მაინც ჰქონოდა მშვიდობიანი ურთიერთობა. მართ ლაც, შესთავაზეს თუ არა ვენეციელებმა მას ხელშეკრულების დადება, მაშინვე დათანხმდა და 1455 წლის 18 აპრილს შეთანხმება გაფორმდა, რომლის ძალით, ვენეციელებს ოსმალების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ.
ვენეციელებს ესმოდათ, რომ მეჰმედ II დროს მოგებას ცდილობდა და ხელშეკრულებას პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში დაარღვევდა. ამიტომ ის ინი არც ოსმალების მოწინააღმდეგეებთან წყვეტდნენ კავშირს. მომდევნო წელს ვენეციას უკვე ვხედავთ იტალიის სახელმწიფოების ლიგაში. ლიგის შექმნის ინიციატორი იყო პაპი ნიკოლოზ V. მაგრამ ლიგა პაპის გარ დაცვალებისთანავე დაიშალა. ახლად არჩეულმა პაპმა კალიქსტუს III-მ მთელი ყურადღება ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს მიაპყრო2 და მაშინვე ცოტა ხნის წი ნათ დაშლილი ანტიოსმალური ლიგის აღდგენას შეუდგა. იგი ამითიც არ დაკ მაყოფილდა და ოსმალეთის მოწინააღმდეგე არაქრისტიანულ ქვეყნებშიც ელჩები დააგზავნა.
1. Der Briefwechsel des
Eneas Silvius Piccolomini, Hrsg.
R. Wolkan, III. Abteil, Bd. I, Wien,
1918 , S. 551.
2. Hergenröther J., Abriss der Papstgeschichte, Würtzburg, 1879, S. 61; Julien F. Papes et Sultan, Paris,1879 ,p. 104.
1456 წ. კალიქსტუს III-მ ცნობილი დიპლომატი, ფრანცისკანელთა ორდენის წევრი, ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთში გაგზავნა1. ლუდოვიკოს დაევალა ტრაპიზონის, საქართველოს, სომხეთისა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს მესვეურთა აზრის შესწავლა. პაპს აინტერესებდა, როგორ პოზიციას დაი კავებდნენ ისინი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოების გაერთიანებული ძალებით ოსმალეთთან ომის შემთხვევაში.
ევროპაში, განსაკუთრებით კი პაპის კურიაში, ცნობილი იყო, რომ აღმოსავლეთში ჯერ კიდევ არსებობდნენ ისეთი ქრისტიანული სახელმწიფოები, რომ ლებიც ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად ხელში იარაღს აიღებდნენ2.
ლუდოვიკო ბოლონიელი მაშინვე შეუდგა მცირე აზიისა და ამიერ კავკასიის ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის სურვილის მქონე, მაგრამ ერთიან საბრძოლო გეგმას მოკლებული, სამეფოსამთავროების დარაზმვას. იმავე 1456 წელს იგი საქართველოში მოვიდა და ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ომის შესახებ იქადაგა3. ლუდოვიკოს საქართველოში ანტიოსმალური განწყობა დახვდა. ლუდოვიკო ბოლონიელს ასეთივე ვითარება დახვდა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც და იგი რომში დიდად კმაყოფილი დაბრუნდა.
1. ლუდოვიკოს წინაპრები ბოლონიიდან იყვნენ, წარჩინებული სევერის გვარიდან. 1438 წელს ლუდოვიკოს ოჯახი ფერა რაში გადასახლდა და ამის შემდეგ ისინი წარმოშობის ადგილის (ბოლონია) მიხედვით, ბოლონიელებად იწოდებოდნენ. თუმცა ლუდოვიკო, მანამდეც (1431 წლიდან) ცნობილი იყო. ლუდოვიკო ბოლონიელის (lodovico da Bologna. წესით, ქარ თულადაც ასე უნდა მოვიხსენიებდეთ – ლოდოვიკო და ბოლონია, მაგრამ ქართულში მ, თამარაშვილის მიერ დამკვიდრდა `ლუდოვიკო ბოლონიელი~) სახელით. 1431 წლიდან ლუდოვიკო ფრანცისკანელთა ორდენის კაპიტულის ბერია. 1437 წელს პაპმა ევგენი IV-მ ლუდოვიკო სხვა ორ ბერთან ერთად გააგზავნა აღმოსავლეთში. ცნობილია, რომ ამ მოგზაურობის დროს ლუ დოვიკო იმყოფებოდა კაფასა და იერუსალიმში. 1454
წელს პაპმა ნიკოლოზ V-მ იერუსალიმში მცხოვრები ლუდოვიკო კათო ლიკური რწმენის პროპაგანდისათვის გააგზავნა ეთიოპიასა და ინდოეთში, საიდანაც ერთი წლის შემდეგ დაბრუნდა. ლუდოვიკო ბოლონიელის ბიოგრაფიაზე ვრცლად იხ. პაიჭაძე დ., ევროპის ქვეყნების ანტიოსმალური კოალიცია და საქართველო, თბ., 1989, გვ. 76-80.
2. Breve relazione delle
milizia terestre e marittima che ha in essere Amu rat IIcon le entrate e uscite
e ordini del suo imperio nell’ anno 1575. In: Al beri E. Relazioni degli AmbaSciatori Veneti al Senato. Serie III, v. II, Firenze, 1844, p. 408.
3. Авалов З., Забитая
вариация об одной исторической теме (из истории Восточного
вопроса XV столетия),Прага, 1925, с. 243.
ვიდრე აღმოსავლეთის ამბებს შეიტყობდა, პაპმა საკუთარი ხარჯით რამ დენიმე გალერა შეაიარაღა და მათი ოსმალეთის წინააღმდეგ საომრად გაგზავნა სურდა, მაგრამ მდგომარეობა სულ სხვაგვარი იყო, ვიდრე პაპი ვა რაუდობდა. ვე ნეციელებმა მის მოწოდებას უარით უპასუხეს იმ მიზეზით, რომ ოსმალეთთან ურთიერთობის გაუარესება არ სურდათ. მათი აღმოსავლეთთან ვაჭრობა ოსმალების მიერ ჯერჯერობით არ იზღუდებოდა. გენუელები თავიანთი უშუალო მეზობლებისაგან მოსალოდნელი საფრთხისაც ილებაზე უფრო ზრუნავდნენ1.
პაპი გრძნობდა, რომ ევროპის შეიარაღებული ძალების გაერთიანებას ვერ შეძლებდა და იმედის თვალი მთლიანად აღმოსავლეთზე გადაიტანა. მან 1457 წ. სცადა უშუალოდ დაემყარებინა კავშირი აყ-ყოიუნლუს მბრძანებელ უზუნ ჰას ანთან2, რომლის სახელი ევროპაში უკვე საკმაოდ ცნობილი იყო.
როგორც უკვე ითქვა, ლუდოვიკო ბოლონიელი აღმოსავლეთიდან კმაყოფილი დაბრუნდა და პაპს საქართველოს შესახებაც მრავალი საინტერესო ცნობა მიუტანა. მოხიბლულმა პაპმა ლუდოვიკოს უკან, აღმოსავლეთში დაბრუნება უბრძანა და თან წერილიც გაატანა, რომელითაც პაპი სპარსეთსა და საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიან მორწმუნეს მიმართავს. წერილი დათარიღებულია 1457 წლის 19 დეკემბრით3.
1. Silberschmidt M., Das orientalische Problem zur Zeit der
Entstehuing des Türkische Reiches nach venezianische
Quelen, Leipzig-Berlin, 1923,
S. 113.
2. Muratori L. A. Geschichte
von Italien von Anfange der christliche Zeit-Rechnungbis auf des Jahre 1500.
Aus dem italienischen übersetzt, Theil
IX, Leipzig, 1750 , S. 377.
3. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, გვ. 51.
წერილიდან ირკვევა, რომ ლუდოვიკოს პაპისათვის მოუხსენებია: საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ იგი „ბარბაროსთა და ურწმუნოთა სიმრავლით გარემოცულია, მრავლად არიან იქ კათოლიკენი1 და მისდევენ ჭეშმარიტებისა და საუკუნო ცხოვრების გზას“2.
რომში ფრიად კმაყოფილი დარჩენილან ქართველების იმ სურვილითაც, რომ, პაპს მათთვის საკუთარი პატრიარქის არჩევის უფლება მიუცია. მან ლუ დოვიკოს გადასცა წერილი, რომლითაც იგი ქართველებს უწონებდა სურვილს და უფლებას აძლევდა, პატრიარქად აერჩიათ ის პიროვნება, ვისაც თვითონ ინებებდნენ და წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცებასაც ჰპირდებოდა. ამასთანავე პაპი ქართველებს სთხოვდა ლუდოვიკოსათვის აღმოეჩინათ დახმარება, რათა მას პაპის ყველა დავალება ადვილად შეესრულებინა3.
1. ამ ცნობას პაპისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.
2. თამარაშვილი მ,. დასახ. ნაშრ., გვ. 50-51
3. იქვე, გვ. 51.
პაპს ცალკე წერილი გაუგზავნა სამცხის ათაბაგმა ყვარყვარე II-მ. იმავე წლის 22 დეკემბერს პაპმა საპასუხო წერილიც ლუდოვიკოს გამოატანა. წერილი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მასში გამოკვეთილად ჩანს პირველობის პრეტენზიებით შეპყრობილი ათაბაგის ნამდვილი სახე. აქვე ისიც ჩანს, რომ პაპი მზადაა დააკმაყოფილოს ათაბაგის ზოგიერთი მოთხოვნა, მაგრამ ის ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთად უნდა იყოს „საქართველოს მეფესთან და იმ ადგილების სხვა მმართველებსა და ქრისტიან ერებთან მშვიდობის შესახებ. ამ მშვიდობის საშუალებით თქვენ ადვილად შეძლებთ შეუდგეთ ურწმუნო ბარბაროსთა გაწყვეტას, რომლებიც თქვენთან ახლოს ცხოვრობენ. იმავე ნუნციოს (ლუდოვიკო ბოლონიელი – ე.მ.) მონათხრო ბიდან შევიტყვეთ შენი პირობა გაგრძელდეს ომი ყველა ქრისტიანის მტრის - თურქის წინააღმდეგ, რომელსაც, როგორც ამბობ, ბრძოლის ველზე ყოველთვის ამარცხებდი ხოლმე... ხოლო რაც შეეხება შენთვის ადმირალობის (სიც!) ანუ მთა ვარსარდლობის ბოძებას მთელ სამხედრო ძალებზე, რასაც თქვენი ქვეყნების ქრისტიანები ბარბაროსებზე სალაშქროდ მოაგროვებენ, ჩვენ შენ ამისათვის სრულიად ღირსეულად გთვლით და შენ შეგიძლია მამაშენის მსგავსად მთავარსარდალი იყო. ასე რომ, ჩვენ შენ ამ წოდებას გიწყალობებთ1. ოღონდაც თქვენს შორის, იქაური ქვეყნების ქრისტიანებს შორის მშვიდობა და თანხმობა იყოს“2. წერილში ისიცაა ნათქვამი, რომ პაპმა დასავლეთის ქრისტიანებსაც მოუწოდა თურქებთან საბრძოლველად და სათანადო წერილითაც მიმართა, რომლის ასლს, დამაჯერებლობისათვის, ათაბაგს უგზავნიდა. „ასე რომ, მთელი შენი ზრახვები, სურვილები და გეგმები ურწმუნოთა განადგურებას მიაპყარი, ისე, როგორც უკვე დაწყებული გაქვს, იმ რწმენით, რომ გამარჯვება შენ და სხვა ქრისტიანებს დაგრჩებათ, ამის შესახებ ბევრის თქმაა საჭირო, რასაც სიტყვიერად გადმოგცემს ჩვენი ნუნციო, რომელსაც სავსებით შეგიძლია ენდო“ - ასე ამთავრებს თავის წერილს პაპი კალიქსტუს III3.
პაპმა სათანადო წერილებით აღჭურვილი ლუდოვიკო დაუყოვნებლივ აღმოსავლეთში გაგზავნა4, რომელმაც, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორც საქართველოში პირველად ყოფნისას, ახლაც პირადად, პაპის დავალებით (ამის შეს ახებ წერილშიც აღნიშნული იყო), მოინახულა ყვარყვარე ათაბაგი და პირადად გადასცა წერილი. წერილის შინაარსი და პაპის დაპირებები უნდა გამხდარიყო მთავარი მიზეზი ათაბაგის აქტიურობისა ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად.
1. ყვარყვარე ათაბაგის მოთხოვნა მთავარსარდლობაზე, განპირობებული იყო ქართული სამართლით (იხ. „ხელმწიფის კარის გარიგება“. წიგნში: ქართული სამართლის ძეგლები: 1. ხელმწიფის კარის გარიგება, 2. დასტურლამალი. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ი. სურგულაძემ, თბ., 1970, გვ. 24-25). ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ყვარყვარე თავის პრეტენზიას ამ სახელოს მემკვიდრეობითობით (მამიდან შვილზე) გადასვლით ამართლებს. ვფიქრობ, პაპი იმ ლაშქრის მთავარსარდლობაზე დათანხმდა, რომელსაც საქართველოს სამეფო-სამთავროები („თქვენი ქვეყნები“) შეკრებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის დახასითებით, „იყო ესე ყუარყუარე ქედმაღალი, დიდებისმოყვარე, მჩურჩნელი და მეშფოთე“ (ქართლის ცხოვრება, ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973, გვ. IV. 704). მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქიის დაშლაში.
2. პაიჭაძე დ., დასახ. ნაშრომი, გვ. 84.
3. იქვე, გვ. 85.
4. მ. თამარაშვილს მიაჩნდა და მისი გავლენით მეც ასე მეგონა, რომ ლუდოვიკოს აღმოსავლეთში გამგზავრების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კალიქსტუს III-ის სიცოცხლეში, რო მელიც ლუდოვიკოს გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. ამიტომ ის ახალი პაპის არჩევამდე რომში დაყოვნდა და შემდეგ შესდგა მისი გამგზავრება (თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 56; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს. სგარეო პოლიტიკური ურთიერთობანი XV საუკუნის მეორე ნახევარსა და XVI საუკუნეში, თბ., 1981 , გვ. 41), რასაც, მოყვანილი წერილი უარყოფს.
ლუდოვიკოს რომიდან გამგზავრების შემდეგ, არ გაუვლია დიდ ხანს, რომ 1458 წლის 6 აგვისტოს პაპი კალიქსტუს III გარდაიცვალა. 19 აგვისტოს არჩეული იქნა პიუს II (ენეა სილვიუს პიკოლომინი), რომელმაც ანტიოსმალური ჯვაროსნული ომის იდეის განხორციელებას კიდევ უფრო ენერგიულად მოჰკიდა ხელი. ამის შემდეგ რომში მალე დაბრუნდა ლუდოვიკო, მაგრამ არ ჩანს ზუსტად როდის. ყოველ შემთხვევაში ის ოქტომბრის დასაწყისში რომშია. 4 ოქტომბერს პიუს II აჯამებს და აფასებს აღმოსავლეთში მისი მოგზაურობის შედეგებს. პაპი ლუდოვიკოს მიმართავს: „თქვენ წარგზავნეთ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანებრივის სარწმუნოებისა და სამოციქულო საყდრის პატივის საქმეთა გამო; მღვდელთ მთავრები, მეფენი და ეგრეთვე ქრისტიანე ერი, რომლებიც სცხოვრობენ ურწმუნოთა შორის, მრავლად ნახეთ იქა, განამტკიცეთ და განაძლიერეთ სარწმუნოებაში, რაოდენათაც კი შეგეძლოთ... მათ შორის არიან... ეგრეთვე ქართველთ კათალიკოსი, მეფე სპარსეთის (გიორგი), მეფე ქართველებისა (სამცხის ათაბაგი), მეფე სამეგრელოსი (ბენდია), იმპერატორი ტრაპეზუნტისა და ეგრეთვე სპარსეთის ერი (ქართლის ერი), რომლებიც ეკკლესიის წესსა და დოგ მატებზე შეერთებულნი არიან და რომლებიც დიდ პატივსცემენ წმინდა ფრანჩესკეს მონაზონებს“1.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 51-52.
დღეისათვის ცნობილი ქართული და ევროპული წყაროები არ გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, შეძლო თუ არა ლუდოვიკო ბოლონიელმა პა პის ეპისტოლე სამცხის ათაბაგისათვის გადაეცა. ზოგად ხაზებში მხოლოდ ის ვიცით, რომ ლუდოვიკო ბოლონიელს საქართველოში ფეოდალური აშლილობა დახვდა. ერთმანეთს ებრძოდნენ მეფე გიორგი VIII, იმერეთის მეფე ბაგრატი და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II. ლუდოვიკომ მათი შერიგება შესძლო და ფიცი დაადებინა, რომ ურთიერთმტრობაზე ხელს აიღებდნენ და მთელ ძალას ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარდნენ.
საქართველოში საქმის მოგვარების შემდეგ, ლუდოვიკო სომხეთსა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს ესტუმრა. იქაც ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის თანხმობა მიიღო და როდესაც უკან გამობრუნდა, მათი ელჩებიც თან წამოიყვანა. 1459 წ. იგი ისევ საქართველოში მოვიდა. აქ მეფე გიორგიმ და ყვარყვარე ათა ბაგმა ლუდოვიკო ბოლონიელს ბურგონის ჰერცოგ ფილიპე კეთილისათვის1 (იგი ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შექმნის ინიციატორად გამოდიოდა და მზადყოფნასაც გამოსთქვამდა თავისი შეიარაღებული ძალებით აქტიური მონაწილება მიეღო ოსმალების წინააღმდეგ ომში) განკუთვნილი წერილები გადასცეს და პაპის ელჩს გამგზავრებისას თავიანთი ელჩებიც გააყოლეს2.
1. ფილიპე III კეთილი (1419-1467), ბურგუნდიის ჰერცოგი იყო 1419 წლიდან და მის სახელ თანაა დაკავშირებული საჰერცოგოს გაძლიერება და ტერიტორიული გავრცობა. ასწლიანი ომის დროს ის ჯერ ინგლისელებს ემხრობოდა (მონაწილეობდა ქ. კომპიენის ალყაში 1430 წელს, როცა დაატყვევეს ჟანა დ’არკი), შემდეგ ფრანგების მხარეს გადავიდა (1435 წ.) და პი კარდიის ოლქის სანაცვლოდ საფრანგეთის კანონიერ მეფედ აღიარა შარლ VII. ფილიპე III-მ ქორწინების, ფულის, დახვეწილი დიპლომატიის წყალობით თავის სამფლობელოებს შეუერთა ნამიურის, ენოს, ზელანდიის და ჰოლანდიის საგრაფოები, ბრაბანტის, ლიმბურგისა და ლუ ქსემბურგის საჰერცოგოები და სხვ. ამგვარად, ფილიპე III გადაიქცა ევროპაში ერთ-ერთ უძლიერს მბრძანებლად. ამ სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა მის მიერ 1429 წელს დაარსებული „ოქროს საწმისის ორდენი“. (Карпов С. П., Трапезунтская империя и западноевропейские государства в XIII-XV вв., М., 1981, c. 156-157). ფილიპე III ჯერ კიდევ ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე 1452 წელს ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივი ომის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და ამ წინადადებით თავისი ეპისკოპოსი საფრანგეთის მეფის კარზე გაგზავნა (Карпов С. П., Ук. соч., с. 116).
ასწლიანი ომი დამთავრებული არ იყო, როდესაც ფილიპე სერიოზულ ინტერესს ამჟღავნებდა აღმოსავლეთის საკითხებისადმი. მან 1421 წელს, როდესაც ინგლისელების მხარეს იყო, ოსმალეთის შესახებ ცნობების მოპოვების მიზნით, ინგლისის მცირეწლოვანი მეფის ჰენრი VI-ის რეგენტთან, ჰერცოგ ბედფორდთან ერთად ჯილბერ და ლანუა გააგზავნა. 1431 წელს იმავე მიზნით გაგზავნილი იქნა ბედფორდის მრჩეველი ბერტრადონ დე ლა ბროკიერი. 1443 წელს მან პოლონეთის მეფე ვლადისლავ II-ის და უნგრეთის ვოევოდა იანოშ ჰუნიადის დასახმარებლად საზღვაო ექსპედიცია გააგზავნა ვალერან დე ვავრინის მეთაურობით, მაგრამ 1444 წ. 10 ნოემბერს მოკავშირეებმა ოსმალებთან ბრძოლაში მარცხი განიცადეს. ბურგუნდიის ექსპედიციის ხომალდები გაიფანტნენ და მძარცველობას მიყვეს ხელი. ერთ-ერთმა რაზმმა საქართველომდეც კი მოაღწია ჟოფრუა დე ტუზის მეთაურობით და თავს დაესხა ბათუმს, მაგრამ გურიის მთავარმა დაატყვევა. ტუზის განთავისუფლება მოხდა მხოლოდ ტრაპიზონის კეისრის შუამდგომლობით. (Карпов С. П., Трапезунтская империя и западноевропейские государства в XIII-XV вв., М., 1981, c. 156-157).
ფილიპე III ჯერ კიდევ ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამდე 1452 წელს ოს მალების წინააღმდეგ ერთობლივი ომის დაწყების ინიციატივით გამოვიდა და ამ წინადადებით თავისი ეპისკოპოსი საფრანგეთის მეფის კარზე გაგზავნა. (Карпов С. П., Ук. соч., с. 116).
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 57-59. ელჩები ფოთიდან გემით გაემგზავრნენ, მდ. დუნაის აჰყვნენ და უნ გრეთში მივიდნენ. Карпов С. П., УК. труд, с, 199.
ჰერცოგ ფილიპესათვის განკუთვნილი წერილებით ვიგებთ, რომ ლუ დოვიკო ბოლონიელის მოღვაწეობის შედეგად ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი საქართველო დარაზმულა. ბრძოლის სურვილი განუცხადებიათ: მეფე გიორგის, ათაბაგ ყვარყვარეს, სამეგრელოს მთავარ და დიანს და გურიის მთავარს. გარდა ქართველი მეფე-მთავრებისა, კოალიციაში უნდა შესულიყვნენ: ტრაპიზონის იმპერატორი, მცირე სომხეთის მთავარი, ყარამანიის ამირა და აყ-ყოიუნლუს მბრძანებელი. დასახელებული სახელმწიფოებიდან განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობაში ტრაპიზონის იმპერია იმყოფებოდა.
როგორც ცნობილია, ტრაპიზონის იმპერია, XIII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა და მისთ ვის, ამ ერთმორწმუნე და ქართული სამეფო კარის მონათესავე ქვეყანას, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს პატარა სახელმწიფო, თავისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ევროპისა და აღმოსავლეთის ქვეყნების - ირანის, ინდოეთის, ჩინეთის - სავაჭრო ურთიერთობაში. სატრანზიტო ვაჭრობა მას დიდ შემოსავალს აძლევდა. ეს კი სხვა გარემოებებთან ერთად, სხვისი ტერიტორიების ძარცვით დაინტერესებული ოსმალეთისათვის, ტრაპიზონის იმპერიის წინააღმდეგ დაპყრობითი ომის დასაწყებად საკმაო მიზეზს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, ოსმალებისაგან განადგურების საფრთხის წინაშე მდგომ ტრაპიზონის იმპერიაში შინაგანი ძალების მობილიზაცია კი არა, პირიქით, დეცენტრალიზაცია ხდებოდა. მისი მმართველი წრეები ოსმალეთის თავდასხმის მოგერიებას მხოლოდ ევროპისა და აღმოსავლეთის ძალების გაერთიანებაში და მათზე დაყრდნობით, ოსმალეთის განადგურებაში ხედავდნენ. ასეთი შეხედულება იმ პერატორ იოანე IV-ის დროს (1446-1458) ჩამოყალიბდა. ამ მიზნით დაამყარა იოანემ ურთიერთობა უზუნ ჰასანთან, რაც ბოლოს იოანეს ქალიშვილის თეოდორას მასზე გათხოვებით კიდევ უფრო განმტკიცდა. როგორც თანამედროვე ანონიმი ავტორი გადმოგვცემს, უზუნ ჰასანმა იოანეს ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ყოველგვარი დახმარება აღუთქვა1.
იოანეს საქართველოს მეფე-მთავრებისაგან დახმარების მიღების იმედიც ჰქონდა. საქართველოს სამეფო კართან ნათესაურ კავშირში იყო. მას ცოლად ჰყავდა მეფე ალექსანდრე I-ის ასული2. იოანეს გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმამ, დავითმა იოანეს პოლიტიკა გააგრძელა და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რათა ოსმალების თავდასხმას ტრაპიზონი მომზადებული დახვედროდა. საკუთარი ძალები რომ არ ჰყოფნიდა, დავითმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მრავალი მებრძოლი დაიქირავა3. იარაღი ვენეციისა და გენუის გემებით მოზიდეს და ქალაქის კედლებზე ქვემეხები დააყენეს. მართალია, უზუნ ჰასანი ტრაპიზონის სახელმწიფოს ეხმარე ბოდა, მა გრამ იმდენად მცირედ, რომ კომნენოსები იძულებულნი გახდნენ კილიკიის, სინო პისა და ყარამანიის მთავრებისთვის დახმარება ეთხოვათ, მა გრამ იმ დროს ისინი იმდენად დასუსტებულნი იყვნენ, რომ მათგან სერიოზული დახმარების მიღება საეჭვო ჩანდა. იმავე დროს დავით კომნენოსი მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს მეფე გიორგი VIII-სთან, დადიანთან და ყვარყვარესთან. მან არც კავკასიის მთიელები დატოვა თხოვნის გარეშე და მათ მეფე გიორგის დროშის ქვეშ გაერთიანებისაკენ მოუწოდა. გიორგი VIII-ის ანტიოსმალური განწყობილება მაშინ, ალბათ, ცნობილი იყო.
1. Ramusio G. B. Seconda volume della Navigationi et Viaggi…, Venezia, 1559, p. 84r.
2. Fallmereyer Jac. PH., Geschichte des Kaiserthums von Trapezunt, München, 1827, S. 260.
3. Ibidem, S. 262.
ქართველებს ოსმალეთის განადგურების საკუთარი გეგმა ჰქონდათ. ივ. ჯავახიშვილი წერდა: „ქართველ მეფე-მთავრებს უნდოდათ საქმე ისე მოეწყოთ, რომ ოსმალთა სრული დამარცხება, საბოლოო განადგურება და თვით სახსენებლის მოსპობაც კი შესაძლებელი გამხდარიყო. ამისათვის ქართველებს ოსმალთა წინააღმდეგ ერთმანეთთან თანხმობრივი მოქმედება მიაჩნდათ საჭიროდ ისე, რომ ოსმალეთისათვის ორთავე მხრით შეეტიათ და სამხედრო მოქმედება ეწარმოებინათ“1. ყვარყვარე ათაბაგი ბურგონის ჰერცოგს აცნო ბებდა: „ამასაც გპირდებით, რომ ერთი ზაფხულის განმავლობაში დავიპყროთ მთლად ანატოლია და ყველა ქვეყნები, რომელიც კონსტანტინეპოლელ ოსმალოს ამ მხარეს უჭირავს, ხოლო იმის მეორე კერძო ადგილები, რომლებიც საბერძნეთია და რომელსაც შავი ზღვა ჰყოფს, თქვენ დაგიტოვეთ დასაპყრობად; მისი აღება ადვილი იქნება, რადგან, როდესაც სულთანი ასე ორ ჯარს შუა მოექცევა, ვეღარ გაუძალდება, მალე დაიძლევა და, ამნაირად, მის სახელს ქვეყანაზე მოვსპობთ“2. გაგზავნილი წერილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქართველი მეფე-მთავრები იმ დროისათვის საკმაოდ დიდი შეიარაღებული ძალის გამოყვანას კის რულობდნენ. ბურგონის ჰერცოგისადმი გაგზავნილი წერილიდან ჩანს, მათ როგორი წვლილის შეტანა სურდათ ოსმალების საბოლოო განადგურების საქმეში. მეფე გიორგი წერდა: „მე თვითონ პირადად 40.000 კაცით უნდა წავიდე... სამეგრელოს მეფე ბედიანი მზად არის მთელი თავისი ჯარით; ყვარყვარე, საქართველოს ხელმწიფე თვით მოდის 20.000 ცხენოსნით; ანა კოსიის ხელმწიფე რაბა (ფაბია) შემოგვპირდა წამოსვლას თავისი ძმებით, თავადებით და მთელი თავისი სამხედრო ძალით“3.
1. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, IV, თბ., 1967 , გვ. 68.
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 58-59. მ. თამარაშვილის მიერ თარგმნილი დოკუმენტი როდესაც ორიგინალს შევადარე აღმოჩნდა, რომ მათ შორის მცირე სხვაობა იყო და შევეცადე საინტერესო ადგილები დამეზუსტებინა.
3. იქვე, გვ. 59-60, 596-597.
წერილში არ არის აღნიშნული რამდენი მებრძოლი უნდა გაეყვანა სამეგრელოს მთავარს. ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, სამეგრელო-აფხაზეთის მთავრებს 10.000-მდე მებრძოლი უნდა გაეყვანათ და ამრიგად, მთლიანად საქართ ველოს ლაშქარი 70.000-მდე კაცს შეადგენდა1.
ქართველთა ლაშქრის სულ სხვა რაოდენობაა ტრაპიზონის იმპერატორის დავით კომნენოსის 1459 წ. 22 აპრილს იმავე ფილიპე ბურგონელისათვის გაგზავნილ წერილში. მასში ნათქვამია, რომ გიორგი გაიყვანდა 60.000 მებრძოლს, ყვარყვარე - 20.000, სამეგრელოს მთავარი თავის შვილთან ერთად - 60.000, აფხაზეთის მთავარი თავისი ძმებითა და თავადებით - 30.0002. გამოდის, რომ ქართველთა ლაშქრის რაოდენობა 170.000 კაცს მიაღწევდა. ამას დაემატებოდა ჯიქებისა და ალანების რაზმებიც, რომლებიც საქართველოს ლაშქარს შეუერთდებოდნენ და მეფე გიორგის დროშის ქვეშ იომებდნენ.
ალბათ, სინამდვილესთან ახლოს უნდა იყოს ჯარის ის რაოდენობა, რომელიც დასახელებულია მეფე გიორგის წერილში. ტრაპიზონის იმპერატორი, სავარაუდოა, შეგნებულად აზვიადებდა ლაშქრის რაოდენობას, რათა შთა ბეჭდილება მოეხდინა ბურგონის ჰერცოგზე და ისიც მთელი თავისი შესაძლებლობით დახმარებოდა კოალიციას. საინტერესოა, ვინ იყვნენ მეფე გიორგის წერილში დასახელებული მოკავშირენი.
მეფე გიორგი, რომელიც თავის თავს „პერსთა (ე.ი. სპარსთა) მეფეს“ უწოდებდა, ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, წერილის დედანში, „აფხაზთა მეფე“ ეწ ერე ბოდა, მაგრამ გადამწერმა დაამახინჯა3. მართლაც, აქ რომ ალექსანდრე დიდის ძეზე, მეფე გიორგიზეა ლაპარაკი, ამაზე მიუთითებს მ. თამარაშვილის ამონაწერი ვადინგოს ანალებიდან, რომელსაც შემდეგ გავეცნობით. სამეგრელოს მთავარი ბედიანი (ან ბენდიანი), ყვარყვარეს წერილში მეფის ტიტულით განდიდებული, ამ პერიოდისათვის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მთავართაგანი იყო.
1. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 69.
2. Fallmereyer Jac. PH., Op. cit., S. 267.
3. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, IV, გვ. 67.
სამცხე-საათაბაგო XV ს. მეორე ნახევარში დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ათაბაგ ყვარყვარე II დიდის დროს სამცხე-საათაბაგომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ათაბაგი მეფისაგან დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. ყვარყვარეს ძლიერებაზე მიუთითებს თუნდაც ის ფაქტი, რომ იგი ევროპაში მეფედ იყო ცნობილი.
ყვარყვარე თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობდა საქართველოს სხვა პოლიტიკურ ერთეულებზეც. XV ს. მეორე ნახევარში, როგორც ჩანს, ათაბაგის ხელისუფლება დასავლეთით შავიზღვისპირეთის გარკვეულ ნაწილზეც ვრცელდებოდა. მ. ბროსეს მიხედვით, ბათუმი 1459 წ. უკვე ყვარყვარეს მფლობელობაში ყოფილა, მაგრამ იმ წყაროთი, რომელსაც იგი ეყრდნობოდა, ამგვარი დასკვნის გაკეთება ვერ ხერხდება1. ამბროჯო კონტარინიმ 1474 წლის ზაფხულში საქართველოში იმოგზაურა და ბათუმშიც იყო. მისი თქმით, ყვარყვარეს შავი ზღვის პირას ორი ქალაქი: ბათუმი და კალტიხეა ეკუთვნოდა2.
თითქოსდა კონტარინის ცნობის საწინააღმდეგოს გადმოგვცემს ბარბარო, როცა იგი აღნიშნავს, რომ სამეგრელოს მთავარი ბედიანი შავი ზღვის პირას ფლობს ბათუმსა და სევასტოპოლისს3. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ შემთხვევაში ბარბაროს სხვა პერიოდი აქვს მხედველობაში. სავაჭრო საქმიანობასთან დაკავშირებით ბარბარო საქართველოში, კერძოდ, მის შავი ზღვის სანაპიროებზე, რამდენჯერმე იყო. ასეთ საქმიანობას კი იგი 1436-1451 წლებში ეწეოდა. თავის „მოგზაურობაში“ საქართველოს შესახებ ცნობები, გარდა ერთისა, რომელიც უზუნ ჰასანის 1477 წლის შემოსევას ასახავს, შეტანილია თხზულების პირველ ნაწილში, რომელსაც ეწოდება „მოგზაურობა ტანაში“.
1. მ. ბროსეს ვარაუდით, ყვარყვარეს წერილი ბურგონის ჰერცოგისათვის გაიგზავნა ბათუმიდან, რაც იმის საბუთად მიაჩნდა, რომ ბათუმი ყვარყვარეს მფლობელობაში იყო. მ. ბროსე ამის გამო წერდა: „Sa lettre est datè da Bata, en Carceche, que je crois etre Batou, dans la prin cipautè d’Akhal-Tzikhe“ (Brosset M. Additions et éclaircissements jusqu’en 1469 de J.C., St.-Petersbbourg, 1851, p. 409). უნდა შევნიშნო, რომ აღნიშნული წერილი ბროსეს თავის თხზულებაში სრულად არ აქვს მოყვანილი. მ. თამარაშვილის წიგნში კი ლათინურ ენაზე მოცემულ იმავე წერილში ბათუმი საერთოდ ნახსენები არ არის. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მ. ბროსემ ლათინური წყაროს „Vata in Carceche“ გადმოიღო როგორც „Bata en Carceche“ (ix. TamaraSvili m. dasax. naSromi, gv. 394-3 96.).
2. Ramusio, 114 v.
3. XV საუკუნის იტალიელთა ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 55.
26 წლის შემდეგ (1477 წ.) ბარბაროს კიდევ მოუხდა ყოფნა საქართველოში, მაგრამ მაშინ მას აღარ ჰქონდა საშუალება ამჯერად საინტერესო ადგილების შესახებ ცნობები შეეგროვებინა. ამას გარდა საჭიროა ისიც გავიხსენოთ, რომ ბარბარომ თავისი „მოგზაურობა“ სიცოცხლის ბოლო პერიოდში აღწერა, მაშინ, როდესაც კონტარინი „დღიურებს“ ადგილზევე ადგენდა. ამიტომ კონტარინის დღიურები, ამ შემთხვევაში, უფრო სანდოა. კონტარინი ბათუმის შესახებ სახვაგანაც გვაწვდის ცნობას, რომელიც კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ ეს შავი ზღვისპირა ქალაქი ათაბაგს ეკუთვნოდა1. ყვარყვარე, საქართველოს მთავარი, სამცხე-საათაბაგოს მფლობელი, ან ტიოსმალური კოალიციის შექმნით განსაკუთრებით დაინტერესებული ჩანს.
ქართველ მეფე-მთავრებს შორის დასახელებული რაბია, მ. თამარაშვილს აფხაზეთის მთავარი ეგონა, ივ. ჯავახიშვილმა კი იგი ანაკოფიის ერისთავად ივა რაუდა2. ორივე მეცნიერის მოსაზრება სწორია. მხოლოდ დაზუსტების მიზნით უნდა ითქვას, რომ რაბია აფხაზებით დასახლებული მთელი ტერიტორიის ერისთავი კი არ იყო, არამედ მხოლოდ იმ ნაწილისა, რომელიც საბედიანოში არ შედიოდა, მას აფხაზეთის საერისთავო ეწოდებოდა და XV ს. მეორე ნახევარში დამოუკიდებლო ბას ინარჩუნებდა. აფხაზეთის საერისთავო გადაჭიმული იყო ანაკოფიიდან ნიკოფსიამდე3. Anocacia, Anocasia და Angosia რომ ნამდვილად ანაკოფიას ნიშნავს, ამაზე მიუთითებს ჯორჯო ინტერიანოს Agaxia-ც, რომელიც, მისივე თქმით, ჩერქეზეთს ესაზღვრებოდა და კოლხეთის ნაწილს შეადგენდა4.
1. Ramusio, p. 119 r-119 v.
2. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 58; ჯავახიშვილი ივ. დასახ. ნაშრ., გვ. 68.
3. Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв), Сухуми, 1959 , c. 177.
4. Interiano Giorgio. La vita et sito de Zichi, chiamati Circassi, historia nobile, Venezia, Aldus, 1502 , p. 6.
ვენეციელი დიპლომატი ამბროჯო კონტარინიც საქართველო-ჩერქეზეთის გზაზე ასახელებს ერთ გეოგრაფიულ პუნქტს, რომელსაც Avogasia ერქვა1. უდავოა ყველა ზემოჩამოთვლილი სახელის მსგავსება სხვადასხვა პერიოდის იტალიურ რუკებზე ანაკოფიის აღნიშვნასთან (Avogaxia, Anagsia, Avogia), რაც ცხადყოფს ივ. ჯავახიშვილის ვარაუდის საფუძვლიანობას. 1460 წ. საქართველოს ელჩები რომში მივიდნენ და პაპს წარუდგინეს მოკავშირეთა განსხვავებული სია, ვიდრე ეს ბურგონის ჰერცოგისთვის გაგზავნილ წერილებშია მოცემული. მათ პაპს მოახსენეს, რომ „ჩვენთან მოკავშირეებად არიან: ბენდას - სამეგრელოსა და აფხაზეთის მეფე; ბაგრატი - იბერთა, რომლებიც ეხლა გიორგიანებად იწოდებიან და მანია - გურიის ერისთავი; ისმაილი - სინოპის ბატონი; კასტიმენე, რომლის მამა სპედიარი იყო; ფაბია - ანგოზიის მთავარი; კილიკიის მთავარი ყარამანი“2. როგორც წერილებიდან და ელჩების პაპთან განცხადებიდანაც ჩანს, „ქართ ველი პოლიტიკოსები მარტო ქრისტიან მეზობლებთან თანამშრომლობით არ დაკ მაყოფილებულან და თავიანთი გეგმა სარწმუნეობრივი ზღუდეებით კი არ შემოუ ფარგლავთ, არამედ ამ საქმის განხორციელების დროს საფუძვლად პოლიტიკური თვალსაზრისით უხელმძღვანელიათ“3. წერილებში, მართალია ზოგადად, მოცემულია ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმაც და თითოეული მოკავშირის მოვალეობა.
1. Ramusio, p. 119 v.
2. ვადინგოს „მცირე ანალებიდან“ ამოღებულ საბუთში, სადაც ჩამოთვლილია მოკავშირეები, მ. თამარაშვილს თავის „ისტორია კათოლიკობისასა“-ში, გამოტოვებული აქვს ადგილები. მისი აღდგენა მ. თამარაშვილის ფონდში დაცული მასალებით ხერხდება. იხ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი: მ. თამარაშვილის ფონდი, #1053.
3. ჯავახიშვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 70.
ყვარყვარე II ათაბაგის წერილის მიხედვით, 1459 წ. უზუნ ჰასანიც ანტიოსმალურ კოალიციაში იმყოფებოდა. „რადგან ჰასანბეგ აქეთ მხარეს, კონსტანტინოპოლელი ოსმალების საზღვარზედ არის, - წერდა ყვარყვარე, - დაგვპირდა, რომ გზას მოგვცემს, რათა ანატოლია დავიპყრათ და თვითონაც პირადად უნდა მოვიდეს ვენთან ყოველი თავისი ჯარით ასაღებად ბურსის ქალაქისა, რათა იგი თავისთვის დაიკავოს. ესეთი კავშირი მასთან იმ პირობით დავდეთ, რომ მუდამ იქნეს ქრისტიანობის დიდი მეგობარი; ეგრეთვე უკეთ თქვენ ლათინის მბრძანებლები და ერნი წამოხვალთ წმინდა ადგილი იერუსალიმის დასაპყრობად, ის ვალდებულია ყოველნაირად შეგეწიოთ თქვენ, რაოდნათაც კი შეუძლია“1.
კოალიციის აღმოსავლელი წევრების ჯარის საერთო რაოდენობის დასადგენად საჭიროა დავუბრუნდეთ მეფე გიორგის მიერ ბურგონის ჰერცოგ ფილიპესათვის გაგზავნილ წერილს. მასში ნათქვამია, რომ ტრაპიზონის იმპერატორს 30 ხომალდი და 20 ათასი მებრძოლი უნდა გაეყვანა, მცირე სომხეთის მფლობელს ბერდებეკს - 20 ათასი მებრძოლი2, ხოლო უზუნ ჰასანს კი - 50 ათასი3. ამგვარად, აღმოსავლელ მოკავშირეთა ლაშქარში იქნებოდა დაახლოებით 160 ათასი მეომარი, რაც, როგორც ჩანს, მათ საკმარისად არ მიაჩნდათ და 1459 წელს ევროპაში ელჩობა გაგზავნეს, რომელშიც კოალიციის თითქმის ყველა წევრის წარმომადგენელი შევიდა.
ელჩობას მიუძღვოდა ლუდოვიკო ბოლონიელი, რომელსაც, როგორც პაპი პიუს II ბურგონის ჰერცოგს აცნობებდა, აღმოსავლეთის მეფე-მთავრების ანტიოსმალურ კოალიციაში ჩაბმასთან ერთად მათი წარმომადგენლების ევროპაში ჩაყვანაც ევალებოდა4.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 58, 595.
2. Ibidem, S. 267
3. თ. უსპენსკი ასახელებს 20 გალერას და 20 ათას მებრძოლს (Успенский Ф. Р., Очерки из истории Трапезунтской империи, Л., 1929, с. 135). ივ. ჯავახიშვილი იმავე წერილზე დაყრდნობით წერს, თითქოს იმპერატორს 30 ხომალდი და 30 ათასი მეომარი უნდა გამოეყვანა (ჯავახიშ ვილი ივ., დასახ. ნაშრ., გვ. 70). სინამდვილეში კი ისეა, როგორც აღვნიშნე (იხ. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 59, 596).
4. Ibidem, S. 268.
ევროპაში „დავით ტრაპიზონის იმპერატორი გზავნის მიხეილ ალდი გიერს; გიორგი პერსთა, დიდი არმენიის და მცირე იბერიის მეფე, რომლის მამა ალექსანდრე იყო, ნიკოლოზ თბილელს; ასევე იმპერატორის სიძე (უზუნ ჰასანი – ე.მ.), მესოპოტამიის მეფე, თუმცა არაქრისტიანი, მაგრამ ქრისტიანების მეგობარი, რომლის მამა თურქმანი კარაილუკი იყო - თურქმან მაჰუმუტს; ყვარყვარე, რომელიც დიდ იბერიას ფლობს, რომლის მამა გაცაბეკი იყო, ქასქადან ახალციხელს; სომხეთის ბატონი - მალუს არმენიელს“1. ელჩები ჯერ საქართველოში შეიკრიბნენ, შემდეგ ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ, გაიარეს სამხრეთ რუსეთის ველები და მივიდნენ ტანაში, გადალახეს მდ. დონი, აყვნენ მდ. დუნაის და უნგრეთამდე მიაღწიეს2.
სავარაუდოა, ელჩები გზაში მოლაპარაკებას აწარმოებდნენ სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ მესვეურებთან, მაგრამ ამის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ცნობილი არ არის. თვალს თუ გადავავლებთ XV ს. 50-იან წლებში იმ ქვეყნების მდგომარეობას, სადაც ელჩებს ყოფნა მოუხდათ და მოლაპარაკებებიც უნდა ეწარმოებინათ, მაშინ გასაგები გახდება როგორი მხარდაჭერა შეიძლებოდა მიეღოთ.
უნგრეთი დიდად დაინტერესებული იყო ოსმალეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედების გაშლით. მეფე მატიაშ კორვინმა ელჩები გულითადად მიიღო და დაპირდა, მხარს დაუჭერდა საერთო საქმეს3, მაგრამ მაშინ იგი გადაუდებელი პრობლემებით დაკავებული იყო. კერძოდ, იმპერატორი ფრიდრიხ III ჰაბსბურგი მას ტახტს ეცილებოდა. ელჩები გერმანიში ეახლნენ ფრიდრიხ III (1452-1493) ჰაბსბურგს. მის მიერ ელჩების მიღება და მათთან განხილული საკითხების შესახებ გადმოცემულია იმპერატორის მიერ გიორგი VIII-სა და ყვარყვარე II ათაბაგისათვის გაგზავნილ წერილებში, რომლებიც დათარიღებულია 1460 წლის 17 ოქტომბრით.
1. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი: მ. თამარაშვილის ფონდი, #1053, გვ. 30. შდრ. ფალმერაიერის ნაშრომში (Fallmer eyer Jac. PH., Op. cit., S. 268) მოცემული პაპის წერილი ბურგონის ჰერცოგისადმი, სადაც არც ყველა ელჩია დასახელებული და სახელებიც დამახინჯებულია.
2. მ. თამარაშვილის ფონდი, #1053, გვ. 31. განსხვავებული მარშრუტი წარმოადგინა ლ. ტარდიმ: ელჩები ფოთიდან გემით გაემგზავრნენ, მდ. დუნაის აჰყვნენ და უნგრეთში მივიდნენ. ტარდი ლ., ვენეციის როლი უნგრეთთან საქართველოსა და სპარსეთის ურთიერთობაში. კრე ბულში: ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, II, თბ., 1978, გვ. 199.
3. Breyer A., Ludovico da Bologna and the Georgian Embassy of 1460-61. In „Bedi Kartlisa, Revue de Kartvélologiè“, XIX-XX (1965), Paris, 1965, p. 181.
ფრიდრიხი იწონებს იმ ენთუზიაზმს რაც ქართველებს ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოუმჟღავნებიათ. მისი აზრით ეს ხელს შეუწყობდა დასავლეთის ქრისტიანების დარაზმვასაც1. ასეთი ზოგადი ფრაზებია იმპერატორის წერილებში, მათში არც ერთი კონკრეტული წინადადება ან დაპირება არ არის.
ელჩები შემდეგ იტალიისაკენ გაეშურნენ. ვენეციის სენატმა მათ ღირსეული მიღება მოუწყო, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა მოეხდინა ყვარყვარე ათაბაგის მიერ ვენეციის დოჟისათვის გაგზავნილ წერილს. ათაბაგს პირველ რიგში აინტერესებდა შედეგები მანტუის საეკლესიო კრებისა, რომელიც მიზნად ის ახავდა ანტიოსმალური კოალიციის შექმნას. „ამისათვის გთხოვთ, - წერს ყვარყვარე, - კეთილი ინებოთ და შემატყობინოთ, თუ რა ღონეს ხმარობთ კონსტანტინოპოლის დასაბრუნებლად, რათა მე ჩემის მხრივ, ჩემი ვალის მოხდა შევძლო“. იმავე დროს ყვარყვარე დოჟს აცნობებს, რომ ლუდოვიკო ბოლონიელის ჩაგონებით შეურიგდა მეფე გიორგის, მეფე ბაგრატს, ბედიანს და ამის შემდეგ „აქაურმა ყველა ქრისტიანმა“ გააფორმა ხელშეკრულება მთელი თავიანთი შეიარაღებული ძალების ურწმუნოთა წინააღმდეგ გამოსაყვანად, „როდესაც თქვენი ბრწყინვალება და პაპი შეგვატყობინებს დროს, დღესა და საათს გალაშქრებისათვის“.
1. პაიჭაძე დ., დასახ. ნაშრომი, გვ. 91-92.
ამავე წერილში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოს ყვარყვარესეული დაყოფა უფროს-უმცროსობის მიხედვით. ყვარყვარეს თავის თავი საათაბაგოს სრულუფლებიან ბატონ-პატრონად მიაჩნია, მაშინ როდესაც, მისი აზრით, გურია და აფხაზეთი „სამართლიანად“ ითვლება მეფე გიორგის ქვეშევრდომად, ბედიანი, სამეგრელოს ბატონი კი იმერეთის მეფე ბაგრატის მორჩილია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყვარყვარეს ამ წერილის ტონი, ადრინდელთან შედარებით, ისეთია თითქოს სამცხის ათაბაგი არის აღმოსავლეთის კოალიციის შეირაღებული ძალების სარდალიც და პოლიტიკური ლიდერიც: „იმპერატორი ტრაპეზუნდისა, მისი სიძე უზუნ ჰასანი და ბერდებეკ არმენიელი დამოყვრდნენ და შეგვპირდნენ მოგვცენ გზა ხმელეთსა და ზღვაზე და მთელი თავიანთი ძალებით ჩვენთან ერთად მათი მტრების - ოტომანი თურქების წინააღმდეგ გამოვიდნენ. ასე რომ, ღმერთის წყალობით ვიმედოვნებთ დავიპყროთ ანატოლია, თქვენს ბრწყინვალებას კი ვთხოვთ კეთილი ინებოთ და მთელი ძალები კონსტანტინოპოლის აღებას მოახმაროთ“1.
ვენეციის რესპუბლიკა ამ დროს ჯერ კიდევ მშვიდობიანი გზით ცდილობდა ოსმალეთთან სავაჭრო და პოლიტიკური საკითხების მოგვარებას. ამ მიზანს ემსახურებოდა 1460 წელს ვენეცია-ოსმალეთის 1454 წლის ხელშეკრულების განახლება. ვენეციელებმა აღმოსავლელ ელჩებთან რესპუბლიკისათვის ყველაზე საინტერესო საკითხზე, ვაჭრობაზე, დაიწყეს საუბარი2, მაგრამ რაზე შეთანხმდნენ უცნობია. ცხადია ვენეცია ომში არ ჩაებმეოდა და არც ამგვარ დაპირებას მისცემდა ელჩებს.
1460 წლის დეკემბერში ელჩები ფლორენციაში ყოფილან. ფლორენ ციელებს, აღმოსავლეთთან ვაჭრობით ვენეციელებზე არანაკლებ დაინტერესე ბულებს, ტრაპიზონის ელჩთან 14-15 დეკემბერს სავაჭრო ხელშეკრულება გაუფორმებიათ3. ელჩებმა, როდესაც თავინთ მთავრებთან წასაღები და პაპთან სარეკომენდაციო წერილები მიიღეს, ისინი რომის გზას დაადგნენ. 1460 წლის 20 დეკემბერს მათ რომს მიაღწიეს, სადაც „მათ მიეგებენ სასულიერო დასნი და ეპისკოპოსები და დიდის პატივით მიიღეს, როგორც მეფეთა ელჩნი, დააყენეს სამთავრო სახლებში და მთავრობის ხარჯითვე შეინახეს“4.
1. იქვე, გვ. 94-95.
2. მ. თამარაშვილის ფონდი, #1053, გვ. 31.
3. ხელშეკრულების თანახმად, ფლორენციელებს ტრაპიზონში საქონლის საწყობისა და საკონსულოს ქონების უფლება ეძლეოდათ. მათ შემოტანილ საქონელზე ღირებულების 20% უნდა გადაეხადათ, გატანილზე კი გადასახადი არ ვრცელდებოდა. Heyd W. Geschichte des Levantehandels im Mittelalter, II B., Stuttgart, 1879 , S.362-363.
4. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 61.
აუდიენციის დროს საქართველოს წარმომადგენლებმა პაპ პიუს II-ს განუცხადეს, რომ ქართველი მეფე-მთავრები მხარს უჭერდნენ 1459 წლის მან ტუის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას, რომელიც ოსმალეთის წინააღმდეგ კოალიციის შექმნასა და ჯვაროსნული ომის დაწყებას ისახავდა მიზნად. „ეს ამ ბავი ძლიერ ესიამოვნათ ჩვენს მთავრებს, - უთხრეს პაპს ქართველებმა, - რადგან მათ სძულთ ოსმალები და თქვენ კი უყვარხართ და პატივს გცემენ ისე, როგორც ქრისტეს ნაცვალსა: მზად არიან თქვენი ბრძანების აღს რულებისათვის. ჩვენს მთავრებს ერთმანეთში მძულვარება და ომი ჰქონდათ, მაგრამ თქვენმა ნუნციომ რა უბრძანა, მაშინვე შერიგდნენ და აწ მზად არიან დაუწყონ ომი ოსმალებს, როდესაც კი თქვენ უბრძანებთ“1. მათ პაპს ისიც მოახსენენს, რომ აღმოსავლეთში მეჰმედ II-ის წინააღმდეგ საომრად 120 ათასი მეომარი გამზადებული იყო. ამავე დროს ქართველებს თავიანთი მოთხოვნაც წაუყენებიათ: მათ ოსმალეთთან ომში მხოლოდ დასავლეთ ევროპის სახელმწი ფოების მონაწილეობა არ აკმაყოფილებ დათ. ისინი მოითხოვდნენ, რომ ომში პაპსაც მიეღო მონაწილეობა. ისინი პაპს ეუბნებოდნენ, ჩვენ ომს მაშინ დავიწყებთ, „როდესაც თქვენ ინებებთ და თქვენც დასავლეთელებთან ერთად ეომებით ოსმალებს“2. პაპი ფრიად კმაყოფილი დარჩა ქართველების გულმოდგინებით და მათ არ დაუმალა, ევროპის სახელმწიფოების მეთაურებმა როგორი უყურადღებობა გამოიჩინეს ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის იდეისადმი. მან ელჩებს ურჩია, საფრანგეთის მეფე და ბურგონის ჰერცოგი პირადად მოენახულებინათ და მოლაპარაკებოდნენ. ასეთ შემთხვევაში ისინი, როგორც პაპმა უთხრა, მხარდაჭერას აუცილებლად მოიპოვებდნენ. ელჩების მოთხოვნა, რომ პაპს გზის ხარჯები აენაზღაურებინა, დააკმაყოფილეს. მათ სხვა აღარაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ საფრანგეთისაკენ გზას დასდგომოდნენ3. საფრანგეთისაკენ მიმავალი ელჩები, პაპისაგან სარეკომენდაციო წერილებით აღჭურვილნი ეწვივნენ ფლორერნციას (1461 წ. თებერვალი) და მილანს (მარტი).
1. იქვე, გვ. 61-62.
2. იქვე, გვ. 62.
3. იქვე, გვ. 63.
1461 წლის მაისში1 ელჩები საფრანგეთის მეფე შარლ VII ვალუას წინაშე წარდგნენ და თავიანთი მისვლის მიზეზი მოახსენეს. ამ ვიზიტიდან შემოგვრჩა აღმოსავლელი ელჩების საინტერესო დახასიათებები. მემატიანე სწერს: „მივყვეთ ელჩთა სახელებს: პირველი იყო ანტიოქიის პატრიარქი, ეწოდებოდა ძმა ლუი დე ბოლონია, იყო კორდილიერი2, ჰგავდა კეთილშობილ პრელატს, ატარებდა კორ დილიერების სამოსს და სრულიად არ იცოდა ლათინური, მაგრამ ლაპარაკობდა ბერძნულად და ცოტა იტალიურად, იყო დოქტორი და ელჩობის თავი. აგრეთვე იყო რაინდი, სახელად მიქაელი, რომელიც იყო ტრაპიზონის იმპერატორის წარგზავნილი, იყო მშვენიერი რაინდი, დიდი და საპატივცემლო, ჭკვიანი და კარგი შინაარსის ადამიანი. აგრეთვე იყო სხვა რაინდიც, სახელად მეტრ3 ნიკოლი, წარმოგზავნილი ელჩად სპარსთა მეფის მიერ. იგი იყო ლამაზი კაცი, ახოვანი, ძველებური და მშვენიერი მანერებით. აგრეთვე იყო კიდევ ერთი ელჩი, სახელად მეტრ კასტოდინესი, საქართველოსა და მესოპოტამიის მეფის ელჩი. იყო ჩინებული კაცი, ჩინებული მანერებით, დიდი და მსხვილი, კეფის ტონზურაზე4 ორი გვირგვინი ჰქონდა, ორი საყურე ყურებში, იყო ქოსა, როგორც ყმაწვილი ან ქონდრისკაცი; მაგრამ მიუხედავად ამისა, შესახედავად მშვიდი და სათნო.
აგრეთვე იყო კიდევ ერთი ელჩი, სახელად მაჰონი, რომელიც იყო მცირე თურქთა (აყ-ყოიუნლუს - ე.მ.) ელჩი დიდი თურქების წინააღმდეგ. მცირე თურქებს სურდათ ქრისტიანებთან ერთად გაელაშქრათ დიდი თურქების წინააღმდეგ და ისინი ამისათვის 50.000 კაცს გამოიყვანდნენ.
1. Heyd W., Op. cit., S. 363.
2. ფრანცისკანელების სამონაზვნო ორდენის განშტოება.
3. მეტრი (ფრანგ.) მასწავლებელი, დამრიგებელი; პატივისცემით მიმართვა ადამიანისადმი, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული მეცნიერების, ხელოვნების ან ლიტერატურის დარგში.
4. ტონზურა (ლათ. ვარცხნილობა) ამოპარსული ადგილი თხემზე, რომელიც მიუთითებს კათოლიკური სამღვდელოებისათვის მიკუთვნებულობაზე.
აგრეთვე იყო ერთი რაინდი, სახელად მამარტი; იგი სომეხთა მეფის ელჩი იყო, მხიარული, ჭკვიანი და კეთილშობილი კაცი, გამოირჩეოდა სხვადასხვა ინ სტრუმენტზე დაკვრის ოსტატობით. აგრეთვე იყო სხვა რაინდიც, სახელად მესირ ჰანსი, რომელიც იყო იოანე პრესვიტერის ელჩი, გასაოცრად დიდი სწავლული და ჩინებული ასტროლოგი“1.
საფრანგეთის მეფემ ოსმალეთთან ომზე უარი განაცხადა. ამისათვის მას სერიოზული მიზეზი ჰქონდა: საფარანგეთს ასწლიანი ომის ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოეშუშებინა და არც მისი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ მოითხოვდა ოსმალეთის საწინააღმდეგო ომში ჩაბმას.
ელჩებმა იმავე თვეში ბურგონის ჰერცოგი ფილიპე სენტ-ომერში ინახულეს. ჰერცოგმა კარგად მიიღო ისინი, მაგრამ შარლ VII-ის მსგავსად მანაც განაცხადა, კოალიციის შექმნის შესახებ მე არაფერი ვიციო2.
ელჩები ფლანდრიაშიც იყვნენ. მათ გენტში 4-8 ივლისი გატარეს. ელჩების საფრანგეთში ყოფნის დროს გარდაიცვალა შარლ VII და ტახტი დაიკავა ლუი XI, რომლის მეფედ კურთხევის ცერემონიალს რეიმსში ისინიც დაესწრნენ3. როდესაც პაპმა ლუი XI-ს ოსმალეთის წინააღმდეგ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობა შესთავაზა, მან მაშინვე თანხმობა განაცხადა და 70 ათასი მეომრის გამოყვანასაც დაჰპირდა, სამაგიეროდ ისეთი მოთხოვ ნები წამოაყენა, რომლის დაკმაყოფილება პაპის ძალებს აღემატებოდა.
1. პაიჭაძე დ., დასახ. ნაშრომი, გვ. 106.
2. Heyd W., Op. cit., S. 363-364.
3. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 63.
ლუი XI-საც მხოლოდ თავისი სამეფოს ინტერესები ამოძრავებდა და მას სრულიად არ აწუხებდა „მეორე რომის“ (კონსტანტინოპოლი) და არც „ქრისტეს საფლავის“ (იერუსალიმის) ბედი. ელჩებმა ინახულეს ახლად ნაკურთხი მეფე, მის გან დახმარების პირობა ვერ მიიღეს და „ესრეთ სულ ცარიელნი და დაღონებულნი უკან გამობრუნდნენ“1. ისინი 1461 წლის 27 ოქტომბერს მილანში მივიდნენ, ხოლო 20 ნოემბერს უკვე რომში იყვნენ. პაპმა ელჩები ცივად მიიღო, რისთ ვისაც მას, როგორც ჩანს, საფუძვლიანი არგუმენტები ჰქონდა. ყველაფერი ლუ დოვიკო ბოლონიელის ავანტიურასთან იყო დაკავშირებული. ფიქრობდნენ, რომ აღმოსავლურ პრობლემებსა და ელჩებს ლუდოვიკო პირადი მიზნებისათთვის, კერძოდ, პატრიარქის ტახტის მოსაპოვებლად იყენებდა. ამაზე დაწვრილებით სხვა დროს ითქმევა.
1. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 63.
ელჩები ევროპიდან სამშობლოში დახმარების მიღების იმედდაკარგულნი დაბრუნდნენ. რაც დრო გადიოდა ოსმალეთი მით უფრო ძლიერდებოდა და მისთ ვის სერიოზული მოწინააღმდეგე არც დასავლეთში და არც აღმოსავ ლეთში ჯერ ჯერობით არავინ ჩანდა. აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო მხოლოდ მაშინ იწყებდა გაძლიერებას და ოსმალეთთან არსებული წინააღმდეგობის გადალახვას მისთვის დიდი მნიშვნელონა ჰქონდა. გარდა იმისა, რომ სულ უფრო მზარდი ოსმალეთისაგან მის სამფლობელოებსაც საშიშროება ემუქრებოდა, თვითონ აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოც, ოსმალების სახელმწიფოს ზოგიერთი ტერიტორიის დაპყრობას ფიქრობდა. როგორც ყვარყვარეს წერილშია ნათქვამი, უზუნ ჰასანს იმ დროისათვის უდიდესი სავაჭრი ცენტრის, ქ. ბურსის დაპყრობა სურდა. იგი ასევე ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა მეჰმედ II არ დაპატრონებოდა ტრაპიზონს, რომლის საშუალებითაც აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო ევროპასთან ვაჭრობდა.
სულთანი საქმის კურსში იყო თავისი მტრების საქმიანობის შესახებ. მან მათი ცალ-ცალკე განადგურება განიზრახა და, პირველ რიგში, მახვილი ტრაპიზონისკენ მიმართა. ტრაპიზონის დაპყრობით მეჰმედ II ერთდროულად ორ დიდ საქმეს გააკეთებდა: ჯერ ერთი, იგი მოსპობდა ტრაპიზონის იმპერიას, როგორც მტერს და, მეორეც, ამავე ღონისძიებით დაასუსტებდა აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს. ტრაპიზონის დაცემა იმპერატორმა დავითმა თავისი უტაქტო მოქმედები თაც დააჩქარა. მოკავშირეებისაგან დახმარების დაპირებით გადიდგულებულმა დავითმა უზუნ ჰასანის ელჩების პირით სულთანს ყოველწლიური გადასახადის გაუქმება მოსთხოვა1.
უზუნ ჰასანის შუამდგომლობამ და იმპერატორის პრეტენზიებმა სულთნის განრისხება გამოიწვია. მან დიდი ჯარის შეკრება ბრძანა, მაგრამ მიზანი არავის გაუმხილა2, რადგან მეზობლების მიერ ტრაპიზონისათვის დახმარებას გამორიცხ ულად არ თვლიდა. ამიტომ სულთანმა გეგმა შეცვალა და თავდაპირველად ტრაპიზონის მოკავშირეების შემუსვრა განიზრახა. მეჰმედ II-მ ჯერ სინოპის საამიროს შეუტია, რომელიც ტრაპიზონის უახლოესი მეზობელი და მოკავშირე იყო. ოსმალებმა სინოპი აიღეს 1461 წელს და უზუნ ჰასანის სამფლობელოებისაკენ გაემართნენ.
უზუნ ჰასანმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარეება არჩია და მეჰმედ II-სთან მოსალაპარაკებლად თავისი დედა სარა-ხათუნი გააგზავნა. XV ს. ბიზანტიელი ისტორიკოსის ლაონიკე ხალკოკონდილეს გადმოცემით, მეჰმედს სარა-ხათუნისათვის განუცხადებია: იგი იმ შემთხვევაში გაბრუნდებოდა უკან. „თუ უზუნ ჰასანიც, თავის მხრივ, პირობას დადებდა, რომ მის ტერიტორიებს არ დაესხმოდა და მხარდაჭერას და დახმარებას არ გაუწევდა ტრაპიზონის მეფეს“3. როგორც ჩანს მშვიდობიანი შეთანხმება არ მოხერხდა. მეჰმედ II-მ ერზ ინჯანთან დაამარცხა უზუნ ჰასანი და უკან გაბრუნდა.
1. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, VIII. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1970 , გვ. 111.
2. Chalcocondilae Laonici. De rebus turcicis, Bonae, 1838 , p. 492. „georgikis“ me-8 tomSi, sadac laonike xalkokondiles Txzulebis qarTuli Targmania, es adgili gamotovebulia.
3. გეორგიკა, VIII. გვ. 32.
მეორე ბიზნტიელი ისტორიკოსის დუკას ცნობით, სპარსეთიდან წამოსული სულთანი თავის ლაშქრით საქართველოში შემოსულა. ეს ისტორიკოსი წერს, რომ მეჰმედმა „განვლო არმენია, გადალახა მდ. ფაზისი, ზოგიერთი ქვეყანა ბრძოლით აიღო, ხოლო რომლის იარაღით დამორჩილება შეუძლებელი იყო გვერდი აუარა და სურსათის ნაკლებობით შევიდა კოლხეთში“1.
ამგვარად, ზემომოყვანილი ცნობა თუ სიმართლეს შეეფერება, მაშინ გასაგები ხდება, რომ მეჰმედ II-მ მიზანს მიაღწია. მან ტრაპიზონის სამეფოს მეზობელი მოკავშირეებისაგან დახმარების მიღების საშუალება მოუსპო. მართლაც, ოსმალების პირისპირ მარტოდ-მარტო დარჩენილი ტრაპიზონი იძულებული გახდა 1461 წ. 26 ოქტომბერს მტერს უბრძოლველად დანებებოდა. ტრაპიზონის იმპერიის დაცემა დიდი დარტყმა იყო მისი მოკავშირეებისთვის. ეს ფაქტობრივად ოსმალეთის აღმოსავლელი მოწინააღმდეგეების მარცხს ნიშნავდა.
მომხდარი ფაქტი განსაკუთრებით მძიმე იყო საქართველოსათვის, რომელმაც ტრაპიზონის სახით არა მხოლოდ ერთმორწმუნე, არამედ, ამავე დროს, საქართველოს სამეფო კართან ნათესაურ კავშირში მყოფი სახელმწიფო დაკარგა.
ტრაპიზონის იმპერიის დაცემა დიდი დანაკარგი იყო უზუნ ჰასანისათ ვისაც. მან მოყვარესა და მოკავშირესთან ერთად ზღვაზე გასასვლელიც დაკარგა. ამის გამო იყო, რომ იგი ოსმალებთან შემდგომი ბრძოლის დროს უპირველეს მიზნად ტრაპიზონის იმპერიის აღდგენას ისახავდა.
როდესაც ოსმალეთის წინააღმდეგ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ძალების გაერთიანების პირველ ცდაზე საუბარი უკვე დავამთავრე, არ შეიძლება არ გავიხსენო ერთი მოსაზრება, რომელიც წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა ვალტერ ჰინცმა. იგი ამტკიცებდა, რომ აღმოსავლეთში ტრაპიზონ-საქართველო-მესოპოტამიის (ე.ი. აყ-ყოიუნლუს) სამთა კავშირი არსებობდა და ამ კავშირში წამყვანი მდგომარეობა აყ-ყოიუნლეს სახელმწიფოს ეკავა2. მაგრამ, ამგვარი მოსაზრების მტკიცების საფუძველს არ გვაძლევს XV საუკუნის 50-იანი წლების დასას რულისა და 60-იანი წლების დასაწყისის ის დოკუმენტური და ნარატიული წყაროები, რომლებსაც უკვე გავეცანით. პირიქით, წამყვანი ადგილი საქართველოსა და ტრაპიზონს უფრო ეკავა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უზუნ ჰასანი გარკვეულ გავლენას ახდენდა საქართ ველოს მეფე-მთავრებზე მათ შორის მშვიდობის დამყარებისათვის, რადგან მის მიზნებს შეესაბამებოდა ქართველთა ძალის გამოყენება ოსმალეთის წინააღმდეგ.
1. ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, „კოლხეთი“ სინონიმია „ტრაპიზონის სამეფოსი“, იქვე, შენ. 2, გვ. 27- 28.
2. Hinz W. Irans Aufstieg zum Nationalstaat im fünfzehnten Jahrhundert, Berlin und Leipzig, 1936 , S. 43.
ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ აყ-ყოიუნლუს მუსლიმანური სახელმწიფო სამხედრო თვალსაზრისით ჯერ იმდენად ძლიერი არ იყო, რომ ევროპის სახელმწიფოთა კარზე, ამასთან ერთად სხვა მომენტებიც არ გაეთვალ ისწინებინათ და აქცენტი გადაეტანათ მის შეიარაღებულ ძალებზე. მას ჯერ კიდევ არ დაესრულებინა ყარა-ყოიუნლუს თურქმანებთან ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. შემდეგ, 60-იანი წლების შუახანიდან, მდგომარეობა სრულიად შეიცვალა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფო გადაიქცა ოსმალეთის მთავარ მეტოქედ აღმოსავლეთში. შეცვლილი ვითარება უზუნ ჰასანის დიპლომატიურ და სამხედრო საქმიანობაში და მისადმი ევროპელთა დამოკიდებულებაშიც აისახა, რაც შემდეგ თავში დაწვრილებით იქნება განხილული.
Комментариев нет:
Отправить комментарий