суббота, 23 июня 2018 г.

ფრედერიკა ფონ ფრეიგანგის (1790-1863) წერილები საქართველოს შესახებ (ი. ნაჭყებია)

საქართველოს მთავარმართებელი ფილიპ პაულუჩი (1811-1812)
(დიპლომატიური მისიადიპლომატის მეუღლე)
ავტორის შესახებ: ფრედერიკა-ელენა ფონ ფრეიგანგი დაიბდა ვენაში, მისი მამა, ავტრიის ქვეშევრდომი ათანასე კუდრიავსკი, ვენაში რუსეთის საელჩოს თარჯიმნად მსახურობდა. 1808 წელს ფრედერიკა-ელენა ცოლად გაჰყვა ფილოსოფიის დოქტორსა და ლინგვისტს, რუსეთის იმპერიის სამსახურში მყოფ დიპლომატს, ვილჰელმ ფონ ფრეიგანგს.
მოგზაურობის მიზანი: ფრედერიკა ფონ ფრეიგანგი ორი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად საქართველოში ახლდა მთვარმართებლის სამსახურში მივლინებულ მეუღლეს, ვილჰელმ ფონ ფრეიგანგს, რომელიც 1812 წლის ზაფხულში გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევმა1 მეფისწულ აბას მირზასთან2 გაგზავნა ირან-რუსეთის ომის დასრულების გამო სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად.
სრული მარშრუტი: პეტერბურგი, ვალდაი, ნოვოჩერკასკი, როსტოვი, სტავროპოლი, გეორგიევსკი, მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყაზბეგი, კობი, კაიშაური, ფასანაური, ანანური, დუშეთი, მცხეთა, თბილისი.
მარშრუტი საქართველოში: ყაზბეგი, კობი, კაიშაური, ფასანაური, ანანური, დუშეთი, მცხეთა, თბილისი.
მოგზაურობის შედეგი: თხზულებაში ავტორის მარშრუტის მიხედვით დაწვრილებით არის აღწერილი ბუნება, გზები, სატრანსპორტო საშუალებები, დასახლებული პუნქტები; მოცემულია ცნობები სოფლის მეურნეობის, ციხესიმაგრეების, ეკლესიების, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, ადათ-წესების, სამოსისა და საკვების შესახებ. მოცემულია ცნობები კავკასიის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ვაჭრობის შესახებ. კარგად არის აღწერილი თბილისი.
ფრედერიკა-ელენა ფონ ფრეიგანგის ცნობები საქართველის შესახებ მოცემულია თხზულების პირველ ნაწილში და მოიცავს მეგობრისადმი მიწერილ 62 წერილს, რომელსაც ავტორი თქვენობით მიმართავს იმჟამად ევროპასა და რუსეთში მაღალ საზოგადოებაში მიღებული წესის მიხედვით, მაგრამ ადრესატის ვინაობას არ ასახელებს.
ცნობები უშუალოდ საქართველოს შესახებ მოცემულია მე-14-45- წერილებში. მე-14- წერილი დაწერილია ყაზბეგში 1811 წლის 10 ნოემბერს, 45- კი გეორგიევსკში და ის 1812 წლის 28 მაისით თარიღდება. გამოთქმულია მადლიერება მათი მიღებისა და მგზავრობის დროს ხელშეწყობისთვის პოლკოვნიკი ყაზბეგის, მისი ძმიშვილისმაიორი ყაზბეგისა და ვლადიკავკაზის ციხესიმაგრის კომენდანტის, გენერალი დელპოცოს მიმართ. დეტალურადაა აღწერილი 1811 წლის ნოემბერში კავკასიონზე უმძიმეს მეტეოროლოგიურ პირობებში, დრამატული მოვლენებით აღსავსე ფრეიგანგების მგზავრობა სამი წლის ანდრესა და რამდენიმე თვის კატრინთან ერთად, როდესაც ოჯახი ორგზის სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მათი მოგზაურობა კავკასიონზე კარგად აჩვენებს, რომ XIX საუკუნის პირველ მეოთხედში შემოდგომიდან დაწყებული მაისის ბოლომდე ეს გზა მეტად სახიფათო სავლელი იყო, რასაც ლეიტენანტ ტრეზელისა (მაისი, 1809) და შარლ ბელანჟეს (მარტი, 1825) ცნობებიც მოწმობენ. ფრედერიკა ფრეიგანგი ის უდავოდ მამაცი ქალია, რომელმაც ორ ბავშვთან ერთად მეტად მძიმე გზა გაიარა.
ფრედერიკა ფონ ფრეიგანგისწერილებიდამგამოვყოფთ ცნობებს (25-43 წერილები) თბილისის შესახებ. დახასიათებულია ქალაქის იერსახე, შენობები, აბანო, მუზეუმი, ბაზარი; მოსახლეობის ადათ-წესებიქართველი ქალის სამოსი, ქორწინების რიტუალი. ავტორი იუმორით მოგვითხრობს თბილისში რუსეთის მფარველობაში შესული შექის ხანის, რუსეთის იმპერიის გენერლის, ჯაფარ-ყულის ცხოვრების წესს თბილისში, მის მიერ გამართულ სადილს და ფლავის მომზადების რეცეპტსაც კი გავწვდის. აღნიშნულია, რომ იმჟამად თბილისში, განსაკუთრებით თავადაზნაურობას შორის, მეტად გავრცელებული იყო სპარსული ენა. 1812 წლის 16 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით დაწერილ 39--42- წერილებში ჩანს მისი დიდი შეშფოთება კახეთში დაწყებული არეულობების გამო.
ფრეიგანგების საქართველოში ჩასვლის დროს საქართველოს მთავარმართებელი 1811 წლის ივლისიდან 1812 წლის თებერვლამდე იყო ნაპოლეონის მმართველობას რუსეთს თავშეფარებული იტალიელი გენერალი ფილიპ პაულუჩი (1779-1849), რომელმაც 1812 წლის მარტში დაამარცხა კახელი აჯანყებულები, მაგრამ იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და მოურავობა აღდგა.
პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა, დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას. ეს დაპირებები მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად იქნა მიიჩნიული და იგი პეტერბურგში გაიწვიეს. აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორ ალექსანდრე I მისი დატოვებაც კი თხოვა, მაგრამ 1812 წლის აპრილში იგი გენერალმა ნიკოლაი რტიშჩევმა შეცვალა3.
ფრეიგანგების ოჯახის საქართველოდან რუსეთში მგზავრობა კვლავ არა მხოლოდ ხიფათით აღსავსე, არამედ ტრაგიკული იყო, რადგან გეორგიევსკში მათი პატარა გოგონა, კატრინი, გარდაიცვალა. ფრედერიკა ფონ ფრეიგანდის თხრობა სრულდება გადამწვარ მოსკოვში დაბრუნებით, რომელიც ნაპოლეონის ალყის (1812 წლის სექტემბერი) შემდეგ ნანგრევებად იყო ქცეული.
ფრედერიკა ფონ ფრეიგანგის თხზულება XIX საუკუნის პირველ წლებში საქართველოს შესახებ პირველი ფრანგულ ენაზე გამოცემული თხზულებაა. ეს თხზულება დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში, რადგან ის მაშინვე ითარგმნა ფრანგული ენიდან დედნიდან, გერმანულ, ინგლისურ, ჰოლანდიურ და დანიურ ენებზე, მოგვიანებით სპარსულ ენაზეც. თხზულებას ერთვის რამდენიმე ილუსტრაცია. მათგან გამოვყოფთ პოლკოვნიკ ყაზბეგის სახლს და კავკასიონის ხედს. „წერილებისმეორე ნაწილში წარმოდგენილია ვილჰელმ ფონ ფრეიგანგის ცნობები ირანის შესახებ.
1. ნიკოლაი რტიშჩევი (1754-1835) – საქართველოს მთავარმართებელი 1812–1816 წლებში.
2. ფათჰ-ალი შაჰმა თავისი მეოთხე ვაჟი, აბას მირზა (1788-1833), 1799 წელს აზერბაიჯანის მმართველად დანიშნა. თუმცა ამ მეფისწულის გავლენა აზერბაიჯანის საზღვრებს არ სცილდებოდა, მისი წოდება იყო ნაიბ-ოს სალთანე (nâyeb-os saltaneh) ანუ მეფის ნაცვალი, რადგან მას უცხოელებთან თავისი მამის სახელით უნდა ეწარმოებინა მოლაპარაკებები. შაჰმა აბას მირზა ტახტის მემკვიდრედ, ვალიაჰდად (vali’ahd), რუსეთისა და ინგლისის გავლენით მეფისწულის გარდაცვალებამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე, 1832 წელს, დაასახელა.
3. [. გურული, . კუპატაძე] საქართველოს ისტორია – XIX საუკუნე, რედაქტორები ვახტანგ გურული და ბონდო კუპატაძე, თბილისი, „არტანუჯი“, 2004, 12-13.
***
25- წერილი.
ტიფლისი, მცხეთიდან 23 ვერსზე4, 1811 წლის 28 ნოემბერი. ტიფლისთან მიახლოებისას ქართველების სახლების ტერასულ სახურავებს და მთის ფერდობებზე ბაღებს გაარჩევ, რომლის მწვერვალსაც ტიფლისის ძველი ციხე აგვირგვინებს. გენერალ-გუბერნატორის5 დიდი და ლამაზი, ნახევრად ევროპული არქიტექტურული სტილის მიხედვით აგებული სახლი6 ბორცვზე, ტიფლისიდან ნახევარ ვერსზეა. მის შორიახლო, აგრეთვე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ჰოსპიტალის ქვით ნაგები ახალი შენობა დგას. ეს დიდი უპირატესობაა სუფთა ჰაერის თვალსაზრისით, რომელიც ტიფლისში ძირითადად არაჯანსაღია. იქ ნაკლებად შეაღწევს შავი ჭირი7, რომელიც ხშირად ვრცელდება ტიფლისში. ეს ვერაგი ეპიდემია ბოლოს აქ 1810 წელს გავრცელდა, როდესაც ახალციხესთან, თურქულ ციხესიმაგრესთან ექსპედიციის დროს რუსეთის არმიაზე მიიტანეს იერიში8.
ხალიჩები, რომლებსაც კარგად ქსოვენ ტიფლისში, დადებით შთაბეჭდილებას გვიქმნის ნაციონალური ხელოსნობის შესახებ, მაგრამ მოსახლეობა ყველა სხვა საქმის მიმართ არც მიდრეკილებას და არც მისწრაფებას არ იჩენს. ავეჯიც კი, მეტად ძვირად, რუსეთიდან შემოაქვთ. შუშის ნაცვლად ძირითადად გასანთლულ ქაღალდს ხმრობენ. ეს წვრილმანები მოსაწყენია და მოწმობს მოსახლეობაში გაბატონებულ სიღარიბეზე. მალე, და ეს სიმართლეა, მიხვდები, რომ სიღარიბე გაჭირვების კი არა, არამედ მცირე წარმოების ბრალია. სამრეწველო ნაწარმი ძვირად შემოაქვთ და ამ ქვეყნის მოსახლეობას არა აქვს სასარგებლო ნივთები და მათ არც ამზადებენ.
თეიმურაზის9 ვაჟმა, ქართლისა და კახეთის მეფე ერეკლემ, 53 წლის მეფობის10 შემდეგ, რომლის დროსაც მან დიდი ძალა გამოაჩინა, თავისი სახელმწიფო თავის ვაჟს, გიორგის დაუტოვა, რომელმაც ის 1800 წელს მთლიანად გადასცა რუსეთს.
4. ვერსისიგრძის საზომი ძველებური რუსული ერთეული. 1 ვერსი უდრის 1,06 კმ-.
5. 1811-1812 წლებში კავკასიის მთავარმართებელი იყო გენერალ-ადიუტანტი მარკიზი ფილიპ პაულუჩი.
6. 1802-1806 წლებში საქართველოს მთავარმართებლის, პავლე ციციანოვის რეზიდენციის ადგილად შეირჩა თბილისი გარეთ მდებარე ქართველ მეფეთა საგვარეულოს ყოფილი ვრცელი ბაღი. 1802 წელს პირველი შენობა სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით სასწრაფოდ იქნა აგებული ქართველი ქვითხუროების მიერ.
7. ირანში 1807-1809 წლებში საფრანგეთის მისიის ექიმის, ანტუან სალვატორის ცნობით, შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად საქართველო გაუკაცრიელდა, ხოლო თბილისი და ყარსი თითქმის დაცარიელდა.
8. 1810 წელს ახალციხეზე წარუმატებელი იერიშისა და შავი ჭირის ეპიდემიის გამო საქართველოში მდგომარეობა დაიძაბა და საქართველოს მთავარმართებელი გენერალი ტორმასოვი (1808-1811) თანამდებობიდან გადადგა.
9. თეიმურაზ II (1700-1762) — კახეთის გამგებელი (1709-1715), მეფე (1733-1744) და ქართლის მეფე (1744-1762).
10. ერეკლე II (1720-1798) – 1744-1762 წლებში კახეთის, 1762-1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე.
26- წერილი. ტიფლისი, 1811 წლის 29 ნოემბერი.
მას შემდეგ, რაც საქართველომ ქრისტიანობა მიიღო, ის მუდმივად ბერძნულ რიტუალებს ასრულებს11. თავიდან ის კონსტანტინოპოლის პატრიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ თავის პატრიარქებს, რომლებსაც კათოლიკოსი ეწოდებათ და XI საუკუნიდან განაგებენ მთელ საეკლესიო საქმიანობას12. ქართლსა და კახეთში დაახლოებით 3000 ეკლესიაა, რომელთა უმრავლესობა ავარიულ მდგომარეობაშია, რაც ამ მხარეების მიერ განცდილი გაცამტვერების შედეგია. საქართველოს საზღვრებს გარეთაც აქვს მონასტრები; ერთი V საუკუნეში დარსდა იერუსალიმში13, მეორე კი X საუკუნეში ათონის მთაზე14. სომხების სათვისტომო დიდი ხნიდან არის ცნობილი საქართველოში, ისინი ხშირად იყვნენ იძულებულები საქართველოში გამოქცეულიყვნენ თურქებისა და სპარსელებისაგან თავის შესაფარებლად. დღეს ისინი საქართველოს მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ. სწორედ მათ ხელშია ამ მხარეების ვაჭრობა. საქართველოში ებრაელებიც არიან, მაგრამ მცირე რაოდენობით.

1620 წელს საქართველოში კათოლიკე მისიონერები ჩამოვიდნენ. ტიფლისში კვლავ არის რამდენიმე წმინდა ფრანსუას15 ორდენის წარმომადგენელი. თავიანთი რელიგური სამსახურის გარდა ისინი სასარგებლონი არიან თავიანთი სამედიცინო ცოდნის გამო.

ტიფლისში მეტად გავრცელებულია სპარსული ენა, განსაკუთრებით თავადაზნაურობას შორის და კარგ ტონად ითვლება მისი ცოდნა, ისევე, როგორც სპარსული წესების მიბაძვა.

11. ფრედერიკა ფონ ფრეიგანგი, ისევე, როგორც ფრანგ და ფრანკოფონ ავტორთა უმრავლესობა, ქართულ მართლმადიდებლობას ბერძნულს უწოდებენ.

12. XI საუკუნის დასაწყისში (1010 .) საქართველოს ერთიანი მონარქიის შექმნის პროცესში მცხეთის (ქართლის) კათოლიკოსი აყვანილ იქნა პატრიარქის ხარისხში. ამ დროიდან მოყოლებული საქართველოს ეკლესიის უმაღლესი იერარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულს ატარებდა.
13. იერუსალიმის ჯვრის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი საზღვარგარეთ, პალესტინაში (ახლანდელი ისრაელი).
14. ათონის ივერთა მონასტერიისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.
15. ფრანცისკანელი მოძღვრები საქართველოში XIII საუკუნიდან მოღვაწეობენ.
27- წერილი. ტიფლისი, 1811 წლის 3 დეკემბერი.
როგორც უკვე გითხარით, ტიფლისში მხოლოდ ნანგრევები და ქოხებია. ეს აღა-მაჰმად-ხანის და სპარსელების ბოლო შემოსევის სამწუხარო ძეგლებია.
ქალაქი მთის ძირში მდებარეობს, რომელსაც აღმოსავლეთის მხრიდან მტკვარი ჩამოუდის. სახლების უმრავლესობა მდინარის პირასაა აშენებული და მათ სხვა ფუნდამენტი, კლდის გარდა, არა აქვთ. მტკვრის სანაპიროს გამოკლებით, ქალაქი გარშემორტყმულია კედლით, რომელიც სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიემართება, შუაში კი მთის ფერდობზე, სამხრეთ მხარეს, დიდი ციხესიმაგრეა16.
კათოლიკური ეკლესია ლამაზი და დიდია, მაგრამ არაფრით არ არის აღსანიშნავი. საკათედრო ტაძარი, ბერძნული ეკლესია, რომელსაც სიონი ეწოდება, უფრო დიდი და უფრო ლამაზია. სწორედ აქ ტარდება ყველა დიდი ცერემონია. ტიფლისში ბევრი ეკლესიაა, მაგრამ ყველა ბერძნული მიმართულებისაა.
ბაზარმა, განსაკუთრებით კი ქარვასლებმა დამაინტერესა და მათი დათვალიერება გადავწყვიტე. წარმოიდგინეთ გრძელი, საკმაოდ ცუდად დაყოფილი ვიწრო ქუჩა, რომლის ორივე მხარეს გადახურული ფარდულებიაეს ბაზარია. იქ არის ყოველგვარი სანოვაგე და საქონელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქართული და სპარსული ქსოვილები, ხალიჩები, შალები, აბრეშუმის ნაწარმი, ფირუზები და სხვ. ბაზარი მეტად ცოცხალ სურათს წარმოადგენს, მაგრამ ამ ბნელ, ვიწრო და ჭუჭყიან ადგილზე რამის საყიდლად გამბედაობა არ მეყო. ფარდულების გაყოლებაზე ეკიდა ხილიყურძენი, ბროწეული, კომში და სხვ.
ფარდულები ქარვასლების დიდ თაღებშიც არის; მათ გარშემო დიდი ეზოებია, საიდანაც ბაზარში შედიხარ. სპარსელი, თურქი და სომეხი ვაჭრების საწყობები ქარვასლაშია და აქვე აქვთ გამოფენილი შალები, სპასული ქსოვილები, ოქრომკედი, ალმასები, ფირუზები, მარგალიტები და სხვ. ძალიან ლამაზი სანახავია, განსაკუთრებით შალების მოყვარულთათვის; ისინი იმდენად დიდი რაოდენობითაა, რომ გასაკვირია მათში მოთხოვნილი მაღალი ფასი. საოცარია ფეხმორთხმული აზიელების ყურება, რომლებიც მყიდველის მოლოდინში წყნარად ეწევიან თავიანთ ყალიონებს, მათი მოსვლისას კი გამოდიან თავიანთი თითქმის აპათიური მდგომარეობიდან და დიდ მჭერმეტყველებას იჩენდნენ.
ყალიონი მინის, ფაიფურის ან ოქროს მომინანქრებული წყლით სავსე ჭურჭელია, რომლის გავლით გრძელი, ზოგჯერ რამდენიმე ტუაზის17 სიგრძის ბოლი მილის საშუალებით გამოდის; ეს მილი ამოდის ლარნაკიდან და თუთუნი მასზე მოთავსებულ მეტალის პატარა რეზერვუარში გახურებულ ნაკვერჩხლებზე იწვის.
საქართველოში მიმოქცევაში მხოლოდ ოქრო და ვერცხლია: ქვეყნის მონეტა არის აბაზი და ორმაგი აბაზი; აბაზი შეესაბამება ვერცხლის 20 სუს. ნაკლები ღირებულების მონეტა არასოდეს არ მინახავს, მოწყალების მიცემისას აბაზზე ნაკლებს ვერ მისცემ. არ იფიქროთ, რომ საქართველო ელდორადოა, სადაც უხვადაა მეტალი; პირქით, ის აქ ძალიან იშვიათია და დიდწილად მხოლოდ რუსეთის იმპერატორის მიერ იგზავნება; სწორედ მის გულუხვობას უნდა უმადლოდეს მეტად მნიშვნელოვანი თანხების მიღებას ეს ახალი პროვინცია, საიდანაც ჯერ არავითარი მოგება არ არის, რაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო მისი ნაყოფიერი მიწებითა და ვაჭრობით.
ტიფლისის უდიდესი ნაწილი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ეს განიერი მდინარე ძლიერ სწრაფია და ამიტომ მას სანაოსნოდ ვერ იყენებენ; მისი წყალი მწვანე და უგემურია. ქვის ხიდი ქალაქს მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტად თვალწარმტაც მთაზე მდებარე გარეუბანთან, ავლაბართან, აკავშირებს; ამ ადგილიდან ძლიერ მრავალფეროვანი სურათები იშლება. ერთი მხრიდან მტკვარი, შემაღლებულ ადგილზე მდებარე გენერალ-გუბერნატორის სახლი და არსენალი, უფრო დაბლა საავადმყოფო, ბოტანიკური ბაღი18 და საარტილერიო სახლი, სიღრმეში კავკასიონის მთები მთელი მათი დიდებულებით; მეორე მხარეს ქალაქი, ციხესიმაგრე, მთის ფერდობებზე შეფენილი სახლები და ბაღები, რომლებიც გარს ერტყმის ტიფლისის ქვაბულს. ეს თვალწარმტაცი სანახაობა ხელოვანი ფუნჯის ღირსია.
გაზაფხული შესანიშნავი უნდა იყოს თავისი ბაღებით, ხეხილის ხეებითა და მომხიბლავი პეიზაჟებით!
ერეკლე მეფის დროს ტიფლისში 4,000 სახლი და 20,000 მოსახლე იყო. დღეს, როდესაც ამდენი შენობა დაინგრა, ხოლო შავმა ჭირმა ბევრი ხალხი შეიწირა, რაც მაცხოვრებლების ქალაქიდან გასვლის მიზეზი გახდა, არ ვიცი ზუსტი რაოდენობა არც სახლებისა და არც მოსახლეობის, რომელიც ამ ბოლო დროს უბრუნდება თავის კერას.
16. იგულისხმება ნარიყალა.
17. ტუაზიძველი ფრანგული სიგრძის საზომი ერთეული, უდრის 1,95 -.
18. იგულისხმება მეფის ბაღები.
28- წერილი. ტიფლისი, 1811 წლის 20 დეკემბერი.
ტიფლისის გოგირდიანი წყლის აბანოები შესანიშნავია: აბანოს წინ კლდეებიდან მდუღარე წყალი გადმოედინება; ის ძლიერ გოგირდიანია და მეტად სასარგებლოა რევმატიზმის, სირსველისა და ჭრილობების სამკურნალოდ.
ქალაქის შემოგარენში ათიოდე აბანოა; მათ სხვადასხვა ტემპერატურა აქვთ, რეომიურის მიხედვით 30-დან 40 გრადუსამდე19. მხოლოდ ერთი აბაზანაა, რომლის წყლის ტემპერატურა 15 გრადუსია; მე ის ავირჩიე და მესიამოვნა; უფრო ცხელი აბაზანა მეტ ეფექტს იძლევა; რევმატიზმის გამო 50 გრადუსიანი აბაზანაც ვცადე, მაგრამ ძალიან ცხელი მომეჩვენა და გოგირდის სუნიც აუტანელია. ამასობაში, შეიძლება ნელ-ნელა შეეჩვიო ამ ცხელ წყალს, როდესაც ის კლდიდან გადმოდის. ეს აბაზანები გამოქვაბულებშია მოწყობილი. ჯერ ბნელ, ლამპებით განათებულ თაღებქვეშ გაივლი; იქ არის ხალიჩაგადაფარებული ორი მერხი, სადაც აბაზანის მიღებამდე, მოსამზადებლად გაწვენენ და გარკვეული დროის განმავლობაში ისვენებ. შემდეგ ორ თუ სამ თაღს გაივლი და შეხვალ აუზში, რომელსაც ავსებენ ონკანის მეშვეობით, რომლიდანაც მდუღარე წყალი გადმოდის. ის აუზი, სადაც უფრო ცხელი წყალია, ბოლო თაღშია.
ეს აუზები, ისევე, როგორც კიბე, რომლითაც შიგ ჩადიხარ, კლდეშია გამოკვეთილი; წყალი იქ მუდმივად ახლდება და საჭიროების მიხედვით ივსება. არასოდეს, დღისითაც კი, არ ბანაობენ ჩირაღდნების განათების გარეშე და ამ ბნელ და იდუმალ გამოქვაბულში შიშის გრძნობა გეუფლება. წყალში რამდენიმე წუთზე მეტხანს გაჩერება ჯანმრთელობისთვის არ ვარგა, მითუმეტეს იმისთვის, ვინც სუსტი აგებულებისაა. აქ, ისევე, როგორც სპარსეთში, თურქეთში, მოლდავეთსა და ვალახეთში, აბაზანის მიღების შემდეგ ტანს გიზელენ და საგანგებო მანიპულაციებს გიტარებენ, რომელზეც ამბობენ, რომ გამაჯანსაღებელია; ის მდგომარეობს მთელი სხეულის ზელვა-სრესვაში მანამდე, ვიდრე მოქნილი არ გახდება. ეს პროცედურა უხეშია და გგონია, რომ სხეული იშლება.
ქართველები, განსაკუთრებით მაღალი წრის ქალბატონები, აბანოებში ყოველ კვირას მთელ დღეს, ხშირად კი ღამესაც ატარებენ: სწორედ აქ, პირველ თაღქვეშ ნებივრად წამოწოლილები, იღებავენ თმებს და ფრჩხილებს; ხანდაზმულ ქალებს შეღებვის შემდეგ ებანოზოვით შავი თმა აქვთ. აქ სახეზეც ისვამენ წითელ და თეთრ საშუალებებს, წვალობენ წარბების შეერთებით, შეღებვით და სხვ., რაც მათი სილამაზის მწვერვალია; მათთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი, ტკივილის და სიამოვნების დღეა.
ამ თაღებში ერთი საათის ძილი და ხილის აბაზანა ჩვენთვის, ევროპელი ქალებისთვისაც კი ძლიერ სასიამოვნოა; და თუმცა აბანოების ადგილმდებარეობა მიმზიდველი არ არის, მისი გემო გავიგე და შეიძლება ოდნავ ქართველიც კი გავხდე.
19. 1°R = 0,925 °C.
30- წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 18 იანვარი.
მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის მფარველობის ქვეშ შევიდა (1801 წელი), ამ იმპერიასთან მისი ვაჭრობა გაფართოვდა; მაგრამ დიდი მანძილი ყიზლარიდან ასტრახანამდე და ტრანსპორტირების სირთულე დიდ წინააღნდეგობებს ქმნის კავკასიონზე.
საქონლის მთავარი საწყობი მოზდოკია. საქართველოდან ძირითადად იგზავნება თავისი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი დიდი რაოდენობით სპარსეთის მოსაზღვრე პროვინციების აბრეშუმის ნაწარმი.
ტიფლისიდან საქონლის ურმით გადატანა მხოლოდ კაიშაურამდეა შესაძლებელი, საიდანაც ის კაცებს ზურგით გადააქვთ კაიშაურის მთებზე, რაც მხოლოდ მცირე წონისა და დიდი ღირებულების საქონლის ტრანსპორტირების საშუალებას იძლევა, ისეთის, როგორიც არის საბაყლო საქონელი, რასაც სპარსელები ზომიერ ფასად ყიდულობენ საქართველოში. რუსები გზავნიან საათებს, სუფრის ვერცხლეულს, ოქროს ნივთებს, სირმებს, კავეულს, ჭიაფერს20, ინდიგოსა და განსაკუთრებით თხელ მაუდს; ყველაზე დიდ მოწონებით მკვეთრი ფერები სარგებლობს.
ამ მხარეში, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ვაჭრობის მნიშვნელოვანი წყარო კაცები და ქალები იყვნენ. ქალებს ძირითადად თურქეთისა და სპარსეთის ჰარანხანებში ყიდდნენ, ლამაზი ქალის ფასი ზოგჯერ ცხენის და ხმლის ფასს უტოლდებოდა. ეს საზიზღარი ვაჭრობა თითქმის მთლიანად შეწყვეტილია21.
კავკასიის მთებში, სადაც მრეწველობა არ არის, მოსახლეობა თაფლს, სანთლს, ცხენებს და ტყავს ქსოვილებში, ტყვიაში, რკინისა და ფოლადის ნივთებში, რუსულ ტყავეულსა და დენთში ცვლის.
20. ეს საღებავი მიიღებოდა კოქციდების* ოჯახის დედალი მწერებისგან. კოქციდები* – ფარიანები, ცრუ ფარიანები. მიეკუთვნებიან ძალზე მცირე ზომის თანაბარფრთიან მწერებს. მრავალი მათგანი გამოყოფს სხვადასხვა ნივთიერებებს („თაფლის ცვარს“, ცვილისმაგვარ ნივთიერებებს, საღებავებს და ..).
21. 1865-1866 წლებში საქართველოში მყოფი ჰოლანდიელი მოგზაური ტინკო მარტინუს ლიკლამა ნიეჰოლტი აღნიშნავდა, რომ ეს საზარელი ვაჭრობა XIX საუკუნის 60-იანი წლების მხოლოდ ჩერქეზეთის მხარეს გრძელდებოდა.
33- წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 25 იანვარი.
დავათვალიერე ორი საქველმოქმედო დაწესებულება, რომლებიც კარგ მდგომარეობას სწორედაც რომ ახლანდელი გენერალ-გუბერნატორის22 ზრუნვას უნდა უმადლოდნენ. სავადმყოფო საკმაოდ დიდი და მეტად სუფთაა; იქ საუკეთესო წესრიგია და დღითიდღე უფრო და უფრო საჭირო ხდება. მის გვერდით მდებარე ბოტანიკური ბაღი კი შეიძლება სამკურნალი მცენარეების მდიდარი საცავი გახდეს.~
ქართველი ვაჟების სახაზინო სკოლაში უკვე აღიზარდნენ შესანიშნავი ახალგაზრდები. აზიელებს საერთოდ არ აკლიათ გონიერება და ნიჭი; მაგრამ მათში სიზარმაცე მამიდან შვილზე გადადის; სიმართლეა, რომ ეს ხინჯი, რაც დიდად უკავშირდება ჰავას, ძნელი გამოსასწორებელი არ არის.
ამ დღეებში სპარსელების ვერაგობის ორი მსხვერპლის დაკრძალვის მოწმე ვიყავი23. ამ ცერემონიის ზეიმურობას აძლიერებდა სპარსელი ხანის, შექის ჯაფარ-ყულის დასწრება, რომელიც დღეს რუსეთის ქვეშევრდომი და ლეიტენანტ-გენერალია. იგი ახალი სამხედრო გუბერნატორისთვის პატივის მისაგებად მოვიდა; მის შესახებ ბევრი მაქვს მოსაყოლი. ეს ხანდაზმული კაცია, კარგად გამოხატავს აზრს, რამდენადაც შეიძლება იმსჯელო თარგმანის მიხედვით და ბაძავს ჩვენს წესებს. იგი ის პირია, ვინც სპარსეთის ამჟამინდელ შაჰს24 ეცილებოდა ტახტს; როდესაც მას იმედი გაუცრუვდა, ვეღარ გაბედა სპარსეთში დარჩენა, სადაც საფრთხეში იქნებოდა და თავი რუსეთის ქვეშევრდომად გამოაცხადა. ხვალ გიამბობთ მისი და მისი ქეიფის შესახებ.
22. იგულისხმება გენერალი ფილიპ პაულუჩი.
23. იგულისხმება ბაქოში 1806 წელს მოკლული პავლე ციციანოვისა და ელიზბარ ერისთავის დასაფლავება.
24. იგულისხმება ფათჰ-ალი, სპარსეთის შაჰი 1796-1834 წლებში.
34- წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 26 იანვარი.
ამ დღეებში ჯაფარ-ყული ხანმა ბატონი გენერალ-გუბერმატორის მეუღლე25 დაპატიჟა სადილად; მე მას ვახლდი.
ხანი იმდენად გალანტური იყო, რომ ჩვენ თეფშები და დანა-ჩანგალი დაგვიდგეს, თვითონ იგი კი à la Persan26 ჭამდა. ისეთივე დიდი ბრტყელი პური, როგორც მაგიდა, რომელზეც ის იდო, სუფრისა და ხელსახოცების მაგივრობას გვიწევდა, ხოლო ასეთი, ოღონდ უფრო პატარა ზომის პური ხანს თეფშისა და ხელსახოცის მაგივრობას უწევდა.
ჯერ მურაბებით, შემდეგ სპარსული წვნიანითბოზბაშით, გაგვიმასპინძლდნენ. ინტერესით ვუყურებდი, თუ როგორ შესძლებდა ჩვენი ხანი ბოსტნეულის აღებას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამას ვერ მოახერხებდა; მაგრამ შევცდი. მისი თეფში ანუ პური, მას კოვზის მაგივრობასაც უწევდა, ის ერთ ნაჭერს ფიალაში აგდებდა, რომელიც წინ ედგა, იქიდან ხელით იღებდა და ყლაპავდა; მან ჩვენზე, რომლებსაც თეფშები და კოვზები გვქონდა, ადრეც კი დაამთავრა ჭამა. ჭამის ასეთი წესი მადის ნაკლებად მომგვრელად მომეჩვენა, ისევე, როგორც სპარსელი კაცების ზაფრანასავით ყვითლად შეღებილი ხელები და ალისფრად შეღებილი ფრჩხილები27. წვნიანის შემდეგ ძალიან ტკბილი კერძები მოგვიტანეს, შემდეგ წიწაკითა და ზაფრანით უხვად შეზავებული სხვადასხვა სახის რაგუ. ბოლოს გამოჩნდა ექვსნაირი ფლავი, სპარსელების უსაყვარლესი საჭმელი და ის ერთადერთი, რაც იჭმეოდა, ჩემთვის მაინც და ერთ-ერთი განსაკუთრებით მომეწონა. ფლავის კერძები სხვადასხვა ფერის იყო, ზოგიერთი ცხვრისა და ფრინველის ხორცით, სხვები წაბლით ან შამფურზე შემწვარი ხორცის ნაჭრებით, რაც ხორცს ბოლის სუნს უნარჩუნებს; ხორცი კარგად იყო შემწვარი და მას მწვადი ეწოდება. ფლავის კერძი ოც სახეობაზე მეტიაცხვრის, ბატკნის, ქათმის ხორცის და .. აი მას როგორ ამზადებენ: 5-7 ლივრი28 ნაჭრებად დაჭრილი ცხვრის ხორცი ერთ ან ორ ქათამთან ერთად იხარშება; შემდეგ ხორცს და ბულიონს იღებთ ქვაბიდან და მის ძირზე დადებთ კარაქს; როდესაც ის შეთბება, მასში ერთი დუიმის29 სისქის ბრინჯის ფენას ჩაყრით; უმატებთ წაბლს, გასუფთავებულ და შუაზე გაჭრილ ნუშს, ქიშმიშს, მიხაკს, დარიჩინს, ჯანჯაფილს და ზედ აწყობთ ხორცს, შემდეგ ჭურჭელს ავსებთ ბრინჯით და ბულიონით, ისე, რომ ბრინჯი დაიფაროს; მის მოსამზადებლად 15 წუთია საკმარისიის მშრალია, ბულიონი კი შეწოვილი.
შემდეგ ბრინჯს გამდნარ კარაქს ადებთ, კარგად დახურავთ თავსახურს და მას ცხელ წყალში დასველებულ ტილოს ამოუდებთ,რომ ბრინჯი ნესტიანი იყოს და ასე შუშავთ ნელ ცეცხლზე.
სასმელად სხვადასხვა სახის შარბათი, ლიმონათის მსგავსი რამ და აირანი ანუ წყლით გაზავებული შედედებული რძე, მოგვართვეს.
ხანი მარჯვენა ხელით ჭადა, მარცხენა კი სულ ქამარზე ედო. სპარსეთში ასეთი წესია. სპარსელებს ძალიან უყვართ ცხიმიანი და ტკბილი, განსაკუთრებით ზაფრანა. ნახევრად რომ არ ყოფილიყო გალანტური, ხანიც ჩვენსავით სკამზე იჯდა, თუმცა სპარსელები არ სარგებლობენ არც მაგიდით, არც სკამით და მუდამ იატაკზე დაფენილ ხალიჩაზე სხედან; კერძები დიდი სინებით მოაქვთ, რომლებსაც წინ გიდგამენ. დაჯდომისას, მათ იციან ფეხის საგანგებოდ ისე შეკეცვა, რომ დაიმალოს. ასეთ პოზას შეჩვეული უნდა იყო, რომ რამდენიმე ხნის განმავლობაში შესძლო გაჩერება.
სადილის შემდეგ ყალიონიც გამოჩნდა, რომელსაც ხანი მანამდეც ეწეოდა, შემდეგ კი იმას გადასცა, ვისაც სხვებისგან გამოარჩევდა, მაგრამ ყალიონის მილი არ გამოუცვლიათ.
სპარსელებს აქვთ სტუმრების პატივისცემის თავისებური წესი; მაგრამ ის იმდენად უსიამოვნოა, რომ მიჭირს თქვენთვის ამის მოყოლა. ჭამის დროს ისინი გემრიელ ლუკმას, რა თქმა უნდა ცხიმიან ნაჭერს, იღებენ, რამდენიმე ხანი ხელში ზელავენ და იმას უდებენ პირში, ვისი გამორჩევაც სურთ. საბედნიეროდ, ხანმა ეს თავაზიანობა ჩვენს მიმართ არ გამოიჩინა.
მის მიერ მოწყობილი მეჯლისი უფრო გასართობი იყო, ვიდრე ბრწყინვალე. მან პოლონეზიც კი იცეკვა და საკმაოდ კარგადაც სპარსელის კვალობაზე. ამ დღეს სხვადასხვა აღმოსავლური, ქართული, ლეკური და სპარსული ცეკვებიც ვნახე. რა უტრირებული ჟესტებია! მუსიკა, ისევ როგორც ცეკვა, ღვარჯნილია და ახლა უკვე შემიძლია წარმოდგენის შექმნა ბაიადერების ცეკვებზე. ტიფლისში თავისი მრავალრიცხოვანი ამალის თანხლებით გამოჩენილმა ხანმა სპარსეთის ადათ-წესების მაგალითი გვაჩვენა. ქალაქიდან ჩვენი გასვლისას, მან ახალი სპარსული სანახაობა მოგვიწყო. მას ახლდა თავისი ეროვნების მრავალი ცხენოსანი, რომლებიც თავიანთი შესანიშნავი ბედაურებით სხვადასხვა ილეთებს აკეთებდნენ; ისინი ერთმანეთს შუბებს უმტვრევდნენ და დიდი ჭენების დროს უკან ისროდნენ თოფებს და პისტოლეტებს. როდესაც ხანი გარკვეული მანძილით დასცილდა ტიფლისს, ცხენიდან ჩამოვიდა და ტახტრევანში გადაჯდა. ეს არის მეტად მოხერხებული ეკიპაჟი, ფანჯრებიანი პატარა ყუთი თუ სახლი, რომელიც ორ ჯორს მიაქვს, ერთს წინ, მეორეს უკან. ეს ეტლი მახსენებს ჩვენი საყვარელი ვენის გადასატან სკამებს.
25. იგულისხმება გენერალ პაულუჩის მეუღლე, ვილჰელმინა-ფრანცისკა (1778–1824), კურლანდიელი გრაფის, იოსებ-ვილჰელმ ფონ კოკსულის ქალიშვილი.
26. à la Persan – სპარსულ ყაიდაზე.
27. სპარსელები ფრჩხილებს ინით იღებავდნენ.
28. 1 ლივრი დაახლოებით 0,5 კგ- ტოლია.
29. ერთი დუიმი =2.54 სმ.
35- წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 5 თებერვალი.
გენერალ-გუბერნატორი პროვინციების დასათვალიერებლად გაემგზავრა; იგი ბაქოს გზას დაადგა, იქ უნდა ჩავიდეს.
გაზაფხული მთელი თავისი მშვენებით მოვიდა. ხეხილის ხეებით სავსე ტიფლისის გარშემო მდებარე უამრავი ბაღი თეთრი ვუალითხეხილის ყვავილებითაა დაფარული და ხილის კარგ მოსავალს გვპირდება. ამჟამინდელმა გენერალ-გუბერნატორმა თავისი სახლის წინ დიდი ბაღი გააშენებინა. ეს ბაღი ძირითადად ქართველებისთვის შეთავაზებული მოდელია, რომლებმაც შესანიშნავი ჰავის მიუხედავად, აქამდე არავითარი გემოვნება ან სურვილი არ გამოუჩენიათ იმის გამოსაყენებლად, რასაც მათ მათი ლამაზი ბუნება სთავაზობს.
გენერალ-გუბერნატორის ქალბატონი მეუღლე თავისთან ყოველ საღამოს იღებს ქართველ ქალბატონებს, რომელთა უმრავლესობა აქაური თავადის ქალები, ზოგიერთი კი საქართველოს სამეფო ოჯახის პრინცესაა. მათგან ყველაზე საინტერესო, ჩემი აზრით, ცნობილი მეფე ერეკლეს ქალიშვილი, თავად ორბელიანზე გათხოვილი თეკლაა30 და რომელსაც ეტყობა თავის წარმომავლობას.
ეს ქალბატონები მოდიან ცხენებით, რომელიც მსახურს მოჰყავს. ისინი თავიდან ფეხებამდე თეთრ ვუალებში არიან გახვეულები და ასეთი კავალკადა შორიდან, სიბნელეში, შეიძლება მოჩვენებების პროცესია გეგონოს. ქალბატონ გენერალთან მისვლისას ზოგიერთი მათგანი იხსნის ვუალს და თავის ქართულ სამოსს აჩენს. გენერალმა ამ უცნაური კოსტიუმის ევროპულით შეცვლის სურვილი გამოთქვა და რამდენიმე ქართველ ქალბატონს უკვე ეყო ამ ინოვაციის მიღების გამბედაობა. თუკი აღმოსავლური კოსტიუმი უცნაური გვეჩვენება, ამასობაში ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავადაა მისადაგებული ჰავასთან და ქვეყნის ადათ-წესებთან. სპარსეთში, მაგალითად, კაცებს ქალებივით განიერი კაბები აცვიათ, ქალები კი კაცებივით. ევროპაში შლიაპას, სპარსეთში კი ფეხსამოს იხდიან და არასოდეს არ იშიშვლებენ თავს.
30. თეკლე ბატონიშვილი (1776-1846) – ერეკლე II უმცროსი ქალიშვილი, ვახტანგ ორბელიანის (1769-1812) მეუღლე.
36-ე წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 10 თებერვალი.
დღეს საბუნებისმეტყველო მუზეუმს ვესტუმრე და ვნახე გარდაცვლილი ნატურალისტის, გრაფი მუსინ-პუშკინის31 ბიბლიოთეკა. ის, რაც ყველაზე უფრო აღსაფრთოვანებელია, ეს არის ამ რეგიონის ცხოველების, ჩიტებისა და ოთხფეხების კოლექცია. სამწუხაროდ, ის ცუდად არის მოვლილი და იმისგან, რაც გრაფმა პუშკინმა ასეთი მზრუნველობით შეაგროვა, მალე მხოლოდ ნაშთებიღა დარჩება. იქვე ვნახე მინერალების კოლექცია, რომელიც მეტად მდიდარი უნდა იყოს, რადგან გარდაცვლილ გრაფს, მინეროლოგიის სპეციალისტს, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა ევალებოდა. ბამბაკისკენ, – ერევნის მოსაზღვრე პროვინციისკენ, – მიმავალ გზაზე მან სპილენძისა და ვერცხლის მდიდარი საბადოები ნახა.
31. რუსეთთან საქართველოს მიერთების მნიშვნელობა ნათლად აისახა რუსი მეცნიერის – ქიმიკოსის, ფიზიკოსისა და მინერალოგის, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრის – გრაფი აპოლო აპოლოს ძე მუსინ-პუშკინის (1744-1817) მოხსენებით ბარათში. 1800 წელს მან იმპერატორ პავლე I-ს წარუდგინა დოკუმენტი, რომელმაც „რუსეთის სამთავრობო წრეებში საქართველოს ანექსიის საკითხი გადაწყვიტა“. მუსინ-პუშკინი წერდა: „მიერთებული იქნება ფიზიკური თვალსაზრისით მდიდარი და ნაყოფიერი ქვეყანა; 2. მთის ხალხების იზოლირებით გარანტირებული იქნება კავკასიის ხაზი; 3. გაიხსნება ფართო ასპარეზი სპარსეთთან და ინდოეთთან სავაჭროდ; 4. ქართლ-კახეთის მიერთება გამოიწვევს იმერეთისა და სამეგრელოს ანექსირებას იმპერიის მიერ“. ზურაბ ავალიშვილის ცნობით, პავლე I მუსინ-პუშკინის ამ მოხსენებისა და ქართველი წარჩინებულების თხოვნის შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს მიერთება (Авалов, 1901: 258).
37-ე წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 12 თებერვალი.
ამ დღეებში ქორწილში ვიყავი და ამ დილით კი დასაფლავებაზე. აი ქართველების ადათ-წესები ამგვარ შემთხვებში.
აქ ძალიან ახალგაზრდებს აქორწინებენ; ხშირად, პატარძალი მხოლოდ 12, საქმრო კი 15 წლისაა. ზოგჯერ მათ აკვანშივე ნიშნავენ, მაგრამ დიდი დროის განმავლობაში ისინი ერთმანეთს არც კი იცნობენ. ქორწინებამდე საცოლის ნახვა თავიდანვეა აკრძალული.
ნიშნობა ეკლესიაში მიმდინარეობს და ცერემონია შეესაბამება ბერძნულ წესს, იმის გამოკლებით, რომ საცოლე ვუალითაა დაფარული და მომავალ ქმარი ვერ ხედავს იმ ქალის სახეს, რომელიც ცოლად უნდა ითხოვოს. ეს ქორწინება უფრო საქმიანი გარიგებაა, ვიდრე სიყვარულის შედეგი. ნიშნობის დღეს ეკლესიიდან გამოსვლისას ახალგაზრდები საპატივცემულოდ ჩვეულებად აქვთ თოფის სროლა.
ქორწილის დღეს თავიდან ფეხებამდე ვუალში გახვეული პატარძალი სამკაულებითაა გადატვირთული; წესის მიხედვით, იგი ფეხებშეკეცილი ზის ხალიჩაზე. ინდურ პაგოდასთან32 მისი მსგავსების დასასრულებლად, ქალისა და ცოლის ეს პაროდია მთელი დღე ამ პოზაშია, უსმელ-უჭმელი და მდუმარე. ისე ჩანს, რომ საქართველოში ქორწინება ჩანაცვლებულია კავშირით, რაც მხოლოდ დიდი გამოცდის გავლის შემდეგ დაიშვება.
საქმროც იმავე ცერემონიას გადის. თავისი ლამაზი უცნობის გვერდით იგიც ისევე მდუმარედ და იმავე პოზიციაში ზის. თუ ოდნავ შეაბრუნებენ ზურგებს, დიდი ხნის დამდურებულებს ემსგავსებიან. ისე ჩანს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფნი თითქოს ერთმანეთს ეუბნებიან: „ჩვენ დაგვაქორწინეს; ნუ გამიბრაზდებით; ჩემი ბრალი არ არის“.
ქორწილის დასასრულს პატარძალს ვუალს ხდიან და ხშირად ქმარი მხოლოდ მაშინ ხედავს მის სახეს. ზეიმი მეტ-ნაკლებად დიდებული სუფრით მთავრდება. მე დავესწარი ერთი ახალი გათხოვილი ქართველი ქალისთვის ვუალის მოხსნას; ვცდილობდი იმ ემოციის დანახვას, რაც, ჩემი აზრით, უნდა ჰქონოდათ მეუღლეებს, რომლებმაც პირველად დაინახეს ერთმანეთი; მე კარგად დავინახე მათი სახეები, ქალი ქანდაკებასავით იყო; კაცმა რაღაც კმაყოფილება გამოხატა თავისი ძალიან ლამაზი და საკმაოდ ახალგაზრდა ცოლის დანახვაზე; ვფიქრობ, ქალი უფრო ლამაზი იქნებოდა, თუ ხელოვნებას არ მოიხმობდა. ლოყები წითლად ჰქონდა შეღებილი, წარბები უხეშად დახატული და გადაბმული, მას სრულიად არ უხდებოდა უამრავი მარგალიტითა და ალმასით დახუნძვლაც.
ამგვარად მოწყობილი ქორწინება საეჭვოს ხდის ქართველების ოჯახურ ცხოვრებას. ხშირად იმეორებენ, რომ ქორწინება ლატარიაა; ეს სახუმარო სიტყვა, როგორც ჩანს, უბედური მეუღლეების დასამშვიდებელადაა. მაგრამ მიზეზი უფრო დიდია, ვიდრე სახუმარო და მეუღლეების შემდგომი ცხოვრება სულაც არ არის დამოკიდებული შემთხვევაზე. მათი ბედნიერება დამოკიდებული იქნება პრინციპებსა და გემოვნებაზე, რაშიც ქორწინებამდე უნდა დარწმუნდნენ. არჩევანის გარეშე, შემთხვევითი კავშირები მხოლოდ იმ ქვეყნებშია მისაღები, სადაც ქორწინება მხოლოდ სტატუსის და სიმდიდრის მიღების საშუალებაა, სადაც ცოლს ქმრისგან მონობა და გულგრილობა ჰყოფს.
თუ ქართველი ქვრივი ქალი სიყვარულს გამოხატავს ქმრის მიმართ, შეიძლება შეცდე მისი გრძნობების გამო. ამ დილით ერთი კაცის დასაფლავება ვნახე. ცოლი მის კუბოზე მრავალი საათის განმავლობაში იყო დამხობილი, ცრემლებისგან სახე აღარ უჩანდა, მისი დარდი ყვირილით და გმინვით გამოიხატებოდა; თავისი ქმრის სახელის ხშირ ხსენებაზე თმებს იგლეჯდა და გულზე მჯიღს იცემდა. ყოველივე ტკივილზე და დიდ დარდზე მიანიშნებდა. მაგრამ… ეს ადათია.
დასაფლავების კორტეჟში, გარდაცვლილის კუბოს წინ მისი ცხენი მიდის, რომელზეც უნაგირი და ლაგამი უკუღმა დევს; მისი იარაღი მის მსახურებს მიაქვთ, ოჯახი ფეხით მიჰყვება და ყოველ წუთს უიმედობის ყვირილი აღმოხდებათ. ესეც ადათია. დასაფლავების შემდეგ ქვრივი თავის სახლში ბრუნდება, სადაც იმავე ადგილზე ჯდება, გარს მგლოვიარე ქალები ახვევია, რომლებიც მდუმარედ არიან. ეს უკანასკნელი ცერემონია წესის მიხედვით ექვს კვირის გრძელდება. ეს გლოვის კარანტინია. თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ დროში რეგლამენტირებული ასე გაზვიადებული დემონსტრირება არ შეიძლება რომ გულწრფელი იყოს.
32. პაგოდა – ბუდისტური საკულტო და მემორიალური ნაგებობა ჩინეთში, იაპონიაში, ინდოეთში და სხვ., წარმოადგენს კოშკს, ხშირად მრავალიარუსიანს. პარატძლის პაგოდასთან შედარებაში ჩანს ფრედერიკა ფონ ფრეიგანგის დაცინვა მის მიმართ.
41-ე წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 28 თებერვალი.
რამდენიმედღიანი შეშფოთებისა და დარდის შემდეგ, გენერალ-გუბერნატორის მოსვლამ მთელი შიში გაფანტა; იგი დაასრულებს კახეთის აჯანყებას, იქ თვითონ მიდის.
უკვე მოვიდა ცნობა, რომ მან დაამარცხა და დაიმორჩილა აჯანყებულები, არეულობას, რომელიც უკვე სერიოზული ხდება, მალე სიმშვიდე მოჰყვება. მამაცმა გენერალმა, ვლადიკავკაზის კომენდანტმა33, პოლკოვნიკ ყაზბეგთან ერთად კავკასიონის გზა გაწმინდა. არ დამავიწყდეს გითხრათ, რომ სანკტ-პეტერბურგიდან ახლახანს მოვიდა ბრძანება, რომელიც გენერალ-გუბერნატორს იმპერატორთან უხმობს34. ამას ჩვენს ბედზეც ექნება გავლენა. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ფუჭი მოსაზრებებით დავიტვირთო, სჯობს ბედისწერას მივენდო და როგორიც არ უნდა იყოს, ბრმად მივყვე მას. ყოველ წუთს ველოდებით გენერალ-გუბერნატორის დაბრუნებას, რომელსაც მალე შეცვლიან; მაშინ ჩვენი ბედიც გადაწყდება.
გუშინ შევიტყეთ, რომ გუდგორაზე35 ზვავი ჩამოწვა და ჩაიტანა ტრანსპორტი, რომელიც საქართველოსთვის იყო განსაზღვრული. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
42-ე წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 20 მარტი.
არეულობები შეწყდა და გენერალ-გუბერნატორი დაბრუნდა. ჩემი ჯანმრთელობა ძლიერ შეირყა, განსაკუთრებით ამ შფოთსა და ღელვაში; ექიმებს მივმართე და მათ ერთხმად მირჩიეს საქართველოდან წასვლა, რომლის ჰავა არ მომიხდა. ამგვარად, ჩემო ძვიფასო მეგობარო, გადაწყვეტილია, რომ გენერალ-გუბერნატორის მეუღლესთან ერთად მაისის დასაწყისში პეტერბურგში გავემგზავრები. რა სიხარულია თქვენი ნახვა, რა შესანიშნავი პერსპექტივაა! ეს იმ ყოველივეს მავიწყებს, რაც ჩვენს შორისაა – კაიშაურს, კობს, 3000 ვერსს! ჩემი ქმარი აქ დაელოდება თავის ბედს. თუ მას ნამდვილად არ შეეძლება ჩემთან ერთად წამოსვლა, როგორც კი შესძლებს, შემომიერთდება.
44-ე წერილი. ტიფლისი, 1812 წლის 3 მაისი.
გასამგზავრებლად ყველაფერი მზადაა. ვლადიკავკაზის მოხუცი კომენდანტი, რომელიც აქ არის, მთებში ეგერებთან36 ერთად გამოგვყვება; ამბობენ, რომ კაიშაური კვლავაც დაფარულია თოვლით, რომელიც მხოლოდ თვის ბოლოსთვის გადნება. მიუხედავად ამისა, გენერლის მეუღლეს აუცილებლად ამ დღეებში სურს გამგზავრება. მისი ნების მორჩილს, ისღა მრჩება, რომ კაიშაურის საშინელი გასასვლელის გამო ჩემი და ჩემი საწყალი ბავშვებისთვის ზეცას შევთხოვო დახმარება და ვილოცო.
ჩემი ქმარი სპარსეთში მიდის, იგი სპარსეთის ტახტის მემკვიდრე მეფისწულთან, აბას მირზასთან ჩავა თავრიზში. უკვე ძალიან დაცხა და მან ცხენებით უნდა იმგზავროს დამღლელ და ნაკლებად უსაფრთხო გზაზე. ამალა შედგება ერთი დრაგომანის, რამდენიმე კაზაკისა და მსახურისაგან: მოყვარული მეუღლის თვალები მას მთელ ამ მძიმე მოგზაურობაში გაჰყვება.
ჩემს ამბებს მხოლოდ გეორგიევსკში ჩასვლის შემდეგ გაიგებთ, რომლის სამოქალაქო გუბერნატორი ჩემი ქმრის ბიძაა და სადაც რამდენიმე დღე გავჩერდებით.
33. იგულისხმება რუსეთის სამხედრო სამსახურში მყოფი იტალიელი გენერალ-მაიორი ივანე დელპოცო (1739-1821), რომელიც მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. 1802 წელს იგი მთიულებმა დაატყვევეს და თავადმა ციციანოვმა 8400 რუბლის სანაცვლოდ მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შესძლო მისი განთავისუფლება. დელპოცო გენერლ-მაიორის ჩინით აღადგინეს სამხედრო სამსახურში. 1810-1814 წლებში იგი ვლადიკავკაზის გარნიზონის მეთაური, ციხესიმაგრის კომენდანტი და ოლქის მმართველი იყო.
34. საქართველოს მთავარმართებლად დანიშვნისთანავე გენერალმა პაულუჩიმ მექრთამეობასა და ჯარში ფეხმოკიდებულ ლოთობას ბრძოლა გამოუცხადა. რუსული ენის არცოდნის გამო საკუთარ მოხელეებთან თარჯიმნის დახმარებით უწევდა ურთიერთობა. მან 30,000-იანი არმიის გამოკვება მთლიანად ადგილობრივ მოსახლეობას დააკისრა, რასაც 1812 წლის კახეთის აჯანყება მოჰყვა, პაულუჩი რუსეთ-ირანის ფრონტიდან დაბრუნდა და რუსეთის ჯარს ჩაუდგა სათავეში. 1812 წლის მარტში კახელი აჯანყებულები ჩუმლაყთან დაამარცხა. მიუხედავად გამარჯვებისა, პაულუჩი იძულებული გახდა დათმობებზე წასულიყო. კახეთში გაუქმდა კაპიტან-ისპრავნიკების თანამდებობა და მოურავობა აღდგა. სამხედრო წარუმატებლობის შემდეგ პაულუჩიმ აჯანყებულებთან მოლაპარაკების გამართვა სცადა. დაპირდა მათ ამნისტიას, რეფორმების გატარებას, რაც მთავარმართებლის მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებად მიიჩნიეს და პეტერბურგში გაიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ კახეთის თავადაზნაურობამ იმპერატორს მისი დატოვებაც კი სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. 1812 წლის აპრილში იგი გენერალმა რტიშჩევმა შეცვალა. (გურული, კუპატაძე, საქართველოს ისტორია: XIX საუკუნე, 12).
35. ფრანგი და ფრანკოფონი მოგზაურები გუდგორას უწოდებენ გუდაურის მიდამოებში მდებარე მთა კუდებს და ამ მონაკვეთს კაიშაურად მოიხსენიებენ.
36. ეგერები (გერმანული Jager – მონადირე), მსუბუქი ქვეითი ჯარისა და კავალერიის სახელწოდება XVIII-XIX საუკუნეების ევროპულ და რუსულ არმიებში. XIX საუკუნის შუა ხანებამდე იქმნებოდა ყოფილი მონადირეებისა და კარგი მსროლელებისაგან.

Комментариев нет:

Отправить комментарий