воскресенье, 15 апреля 2018 г.

ბაგრატ III-ის მიერ „კლარჯი ხელმწიფების“ ამოწყვეტა (ჯ. სამუშია)

ნათქვამია, პოლიტიკა ბინძური საქმეაო და ეს მარტო თანამედროვეობას არ ეხება. მეტიც, დღეს პოლიტიკა მნიშვნელოვნად გაკეთილშობილდა. გაცილებით სისხლიანი იყო ის ანტიკურ ხანასა თუ შუა საუკუნეებში. არავინ იფიქროს, რომ საუკუნეების წინ პოლიტიკა დინამიკური არ გახლდათ. იმ დროსაც ადამიანის გონება ათასგვარი პოლიტიკური ხრიკით იყო დაკავებული. ყველა ეპოქაში აწუხებდათ ერთი უმთავრესი დილემა, როგორ იყო ერთურთთან დაკავშირებული პოლიტიკა და მორალი. სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში შეუძლებელი იყო მათი თანაარსებობა. ერთ-ერთი მოხდენილი გამოთქმისა არ იყოს, „ძალაუფლება, მისი ბოროტად გამოყენების გარეშე, მთელ თავის მომხიბვლელობას კარგავს“. მაგრამ პოლიტიკა ყოველთვის არ არის „ბინძური“. პოლიტიკა ცოცხალი პროცესია და მისთვის დამახასიათებელია კეთილშობილებასთან ერთად სიბინძურეც. ეს სამწუხარო რეალობაა. ძველად პოლიტიკა „სამეფო ხელოვნებად“ იყო მონათლული, რომელსაც ხალხისთვის სიკეთე უნდა მოეტანა, მაგრამ ხშირად ხდებოდა, რომ ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. დღემდე ძნელია ზღვარი გაივლოს, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო ქვეყნისთვის – ესა თუ ის სისხლიანი აქცია თუ შეგუება არსებულ რეალობასთან. მაგალითად, კახეთ-ჰერეთის შემოერთება ბაგრატ III-ის დროს, ფეოდალური ოპოზიციის დამორჩილება და სხვა ამის მსგავსი. ერთი დაუწერელი კანონი აქვს ისტორიას. თუ მონარქი ძალადობას მიმართავს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ფაქტს თითქოს აპატიებს მომავალი თაობა და ამისთვის დიდად არ განიკითხავს მას.
ბაგრატ III-ის ბიოგრაფიისთვის ერთი თვალის გადავლებაც კი დაგვარწმუნებს, რომ მისთვის სენტიმენტალიზმი მაინცდამაინც დამახასიათებელი არ ყოფილა. საჭირო შემთხვევაში რადიკალურ გადაწყვეტილებებსაც იღებდა და არც უკან დახევა ახასიათებდა. თითქოს წინასწარ იცოდა, რომ მისი ნაბიჯის აწონ-დაწონას მომავალი თაობა არ შეუდგებოდა, თუ საქმე სახელმწიფო ინტერესებს ეხებოდა. ამიტომაც ნაკლებს ფიქრობდა იმაზე, რას იტყოდნენ მის ნამოქმედარზე თანამედროვენი თუ შთამომავლობა, მთავარი იყო სამეფო ტახტის სიძლიერის დემონსტრირება. მამობილთან, დავით კურაპალატთან, კონფლიქტის ჟამსაც ხომ კარგად გამოჩნდა მეფის ხასიათი. არაფერს ვამბობთ ტბელებსა და ბაღვაშებთან ბრძოლისას გამოჩენილ უკომპრომისობაზე. ასე რომ, ბაგრატ III თავისი ხასიათით შეუპოვარი მონარქის იმიჯს ტოვებდა. მაგრამ ეს ერთი მხარეა. მეორე ის გახლავთ, რომ ყველა ჩვენთვის ცნობილ შემთხვევაში ბაგრატ III თავის აშკარა მტერს უპირისპირდებოდა. დავით კურაპალატთან ინციდენტისას ბაგრატი, შეიძლება ითქვას, მართალი იყო, რადგანაც იმიერტაოს მეფემ აფხაზთა მეფის მტრის, ბაღვაშის მხარე დაიკავა. ამიტომაც ბაგრატის მიერ გადადგმული ნაბიჯის შეფასებისას ვერავითარ ამორალურს ვერ ვხედავთ. ცენტრალური ხელისუფლება იბრძვის თავისი უფლებების აღსადგენად. ქვეყნის ცენტრალიზაცია საკმაოდ მტკივნეული პროცესია, რომელსაც ყოველთვის ახლავს დაპირისპირება, ბრძოლა და სისხლისღვრა. მაგრამ ამ შემთხვევაში მეფე, როგორც ღვთისგან კურთხეული, თავისი უფლებების დაცვა-აღდგენას ცდილობს. ეკლესია, შეიძლება ითქვას, ამ პროცესების წინააღმდეგ არასდროს წასულა. გაცილებით რთული იყო შუა საუკუნეებში სხვა პოლიტიკური ერთეულის შემოერთებისათვის ბრძოლა. „მატიანე ქართლისას“ ავტორის მონათხრობს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ის ერთგვარ ახსნას უძებნის ბაგრატის ბრძოლას კახეთისა თუ ჰერეთის წინააღმდეგ, ასევე განძის საამიროზე ლაშქრობას. კახეთის მეფეს, დავით ქორეპისკოპოსს, ბაგრატ III ჯერ კიდევ XI საუკუნის 70-იან წლებში კახელების მიერ მიტაცებულ ციხეებს სთხოვდა, განძის ამირა ფადლონი ბაგრატის მიერ კონტროლირებად ჰერეთს არბევდა, ანუ მემატიანეს იმის თქმა სურს, რომ მეფის ბრძოლას კანონიერი საფუძველი ჰქონდა. მაგრამ რატომღაც ბაგრატ III-ის ბიოგრაფიის გადმოცემისას ერთ შემთხვევაში „მატიანე ქართლისას“ ავტორი დუმს და არაფერს ამბობს მეფის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ პოლიტიკურ აქციასთან დაკავშირებით. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მემატიანემ უმნიშვნელო მოვლენა გამოტოვაო, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ეს ფაქტი თავისი მასშტაბით არ ჩამოუვარდება კახეთისა და ჰერეთის შემოერთების ამბავს. ბაგრატ III-ის თანამედროვე მეორე ისტორიკოსს, სუმბატ დავითის ძეს, უნდა ვუმადლოდეთ, ეს მოვლენა რომ შემოგვინახა. საქმე ეხება „კლარჯი ხელმწიფეების“ შეპყრობისა და არტანუჯის ციხე-ქალაქის აღების ამბავს. ის ფაქტი, რომ „მატიანე ქართლისას“ ავტორმა ეს ფაქტი იცის და დეტალებშია გარკვეული, ჩანს იქიდან, რომ ოდნავ ქვემოთ ის ახსენებს „კლარჯი ხელმწიფეების“ ერთ-ერთ შთამომავალს, რომელიც კონსტანტინოპოლში გაიქცა - დემეტრე სუმბატის ძეს. მთლიანობაში კლარჯი ბაგრატიონების თავგადასავალი მისთვის უცხო არ არის. მაშ რატომ დუმს „მატიანე ქართლისას“ ავტორი? დავიწყოთ იმით, რომ ეს ინციდენტი ბაგრატის ბიოგრაფიაში შეიძლება ჩაითვალოს იმ ფაქტად, რომელიც ნაწილობრივ ჩრდილს აყენებდა მის პიროვნებას. საქმე ეხება არა კლარჯეთისა და, კერძოდ, არტანუჯის შემოერთების თემას, არამედ იმ ფორმებს, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ეს სამხედრო-პოლიტიკური აქცია. შანამ შევაფასებდეთ თავად ამ ფაქტს, მოვუსმინოთ სუმბატ დავითის ძეს: „და ამან ბაგრატ კურაპალატმან მოიყვანა კლარჯნი ხელმწიფენი – სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დისწულნი, დარბაზობად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, და იქ შინა შეიპყრნა იგინი. და აიღო ქვეყანანი და ციხენი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შიგა თმოგვისასა. და იქ ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა სლა. და ეგრეთვე მასვე წელსა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა სლბ. ხოლო შვილნი ამათნი წავიდნენ კოსტანტინეპოლედ, ძე სუმბატისი ბაგრატ და ძე გურგენისი დემეტრე, ბასილი მეფისა წინაშე. და მათნივე შვილნი, კლარჯთა მეფეთანი, რომელ დარჩნენ ამას ქვეყანასა, მოისრნენ ყოველნი სიკვდილითა პატიმრობასა შინა“.1
ბაგრატიონთა დამკვიდრება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში VIII-IX საუკუნეებში უნდა მომხდარიყო. არაბულ ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ აშოტი, ქართლის ერისთავი, აიძულა თავშესაფარი კლარჯეთში ეძია. აშოტი არტანუჯში მკვიდრდება და ახალი სამთავროს ჩამოყალიბების ორგანიზებას იწყებს. ტაო-კლარჯეთის სამეფოს შექმნის შემდეგ ბაგრატიონები ამ სახელმწიფოს მმართველებად გვევლინებიან. აშოტის გარდაცვალებას მოჰყვა ხელისუფლების თანდათან განაწილება მის მემკვიდრეთა შორის. სწორედ ამ დანაწილების ნაყოფია ბაგრატიონთა სახლის ორ მთავარ შტოდ - ტაოსა და კლარჯეთის ბაგრატიონებად – დაყოფა, რამაც მოგვიანებით სახელმწიფოს გაყოფაც განაპირობა. ტაოს ბაგრატიონები ტაოს მეფეები ხდებიან, კლარჯეთის ბაგრატიონები კი - „კლარჯი ხელმწიფენი“.2
     კლარჯეთის შტო დასაწყისში ძირითადად ფლობდა: კლარჯეთს, შავშეთს, არტაანს, აჭარას, ასევე ყველისციხესა და ტაოში კალმახისციხეს. მართალია, წყაროთა სიმცირის გამო ამ პერიოდის ბაგრატიონთა სამეფო სახლის ამა თუ იმ შტოს საგვარეულო სამფლობელოების ისტორიის შესწავლა მეტად რთული საქმეა, მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მთავარია იმის გარკვევა, თუ ვის ეკუთვნოდა X-XI საუკუნეების მიჯნაზე კლარჯეთი, ბუნებრივია, არტანუჯის ჩათვლით. თავიდანვე უფროსობა ტაოს შტოს აქვს და ნომინალურადაც ტაოს სახლი ითვლება უფროსად, თუმცა, ფაქტობრივად, კლარჯეთის შტო სრული დამოუკიდებლობით სარგებლობს.
X საუკუნის II ნახევარში კლარჯეთი და შავშეთი კლარჯი ბაგრატიონის, სუმბატ დავითის ძის, ხელშია. მემატიანე აღნიშნავს: „გარდაიცვალა სუმბატ ერისთავთერისთავი, კაცი მართალი, ძე დავით მამფლისა, არტანუჯელი, ქრონიკონსა სÀ, და დაუტევნა ძენი ორნი: დავით და ბაგრატ. და შემდგომად მიცვალებისა მისისა დღესა მეორმოცესა გარდაიცვალა ძე მისი ბაგრატ, და დაუტევნა ძენი ორნი: სუმბატ და გურგენ“.3 სწორედ ამ სუმბატის უშუალო მემკვიდრეები (შვილიშვილები) არიან სუმბატი და გურგენ ბაგრატიონები, რომლებიც ბაგრატ III-ის პერიოდში „კლარჯ ხელმწიფეებად“ იწოდებიან და რომელთა ხელთაა არტანუჯის ციხე-ქალაქი.
***
X საუკუნე ქალაქი არტანუჯისთვის აღმავლობის ხანაა. მან დაიბრუნა თავისი ძველი დიდება და რეგიონში ძლიერ ეკონომიკურ ცენტრად იქცა. ამას ბევრმა ფაქტორმა შეუწყო ხელი – საშინაო თუ საგარეო პოლიტიკურმა პროცესებმა, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურმა აღმავლობამ, გეოგრაფიულმა ფაქტორმა და სხვ. X საუკუნის შუა ხანებისთვის არტანუჯი იმდენად სერიოზულ როლს ასრულებდა ამიერკავკასიის ცხოვრებაში, რომ მის შესახებ საგანგებოდ მსჯელობს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტი (913-959) თავის თხზულებაში „დე ადმინისტრანდო იმპერიო“. იგი აღნიშნავს: „ადრანუჯის ციხე ძალიან მტკიცეა და აქვს დიდი „რაბატიც“ და დაბა-ქალაქიც: და იქ მოდის საქონელი ტრაპეზუნტისა, იბერიისა, აფხაზეთისა და არმენიის და სირიის ყველა ქვეყნიდან; და ამ საქონლიდან მას უამრავი ბაჟი შემოსდის. ადრანუჯის ციხის მიწა-წყალი, ესე იგი არზენი, დიდია და ნაყოფიერი და წარმოადგენს იბერიის, აფხაზეთისა და მესხთა ქვეყნის გასაღებს“.
კონსტანტინე VII პორფიროგენეტის მიხედვით, ქალაქი არტანუჯი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ციხის ანუ აკროპოლისისგან, დაბა-ქალაქისა და რაბათისგან. არტანუჯის ქალაქგეგმარება სწორედ ასე აქვს წარმოდგენილი ლევან ჭილაშვილს.5 ვალერიან გაბაშვილი კი ფიქრობს, რომ აშოტის მიერ დედაციხის ქვეშ აშენებული ქალაქი უნდა იყოს „რაბათი“.6 ბიზანტიურ წყაროში ცალსახადაა დასახელებული არტანუჯის სამი უბანი. ჩვენი აზრით, აშოტ I დიდის მიერ აშენებული არტანუჯი თავიდან ორი ნაწილისგან შედგებოდა: ციხისა და ქალაქისგან. IX საუკუნის I ნახევრიდან დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ურბანიზაციამ ქ. არტანუჯის სანახებში წარმოშვა კიდევ ერთი ახალი უბანი „რაბათი“.7
    არტანუჯის ციხე-ქალაქს აკროპოლისი დასავლეთიდან დაჰყურებს. მისასვლელი ციხესთან ჩრდილოეთ მხრიდანაა. ამ მონაკვეთში თვალნათლივ განირჩევა ფორტიფიკაციის ორი ფენა: ერთი უშუალოდ არტანუჯის წყალს გადაჰყურებს, მეორე გალავნის ნაშთი ოდნავ შემაღლებულზეა. იმ პერიოდისთვის, როცა არტანუჯი სამეფო ქალაქს წარმოადგენდა და იქ „კლარჯი ხელმწიფეები“ ცხოვრობდნენ, ციხის ამ მონაკვეთში საგანგებოდ უნდა ყოფილიყო მოწყობილი გზებისა და კიბეების სისტემა. არტანუჯის აკროპოლისის სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 205 მეტრამდე მერყეობს. სიგანე აკროპოლისს სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა აქვს. არტანუჯის ციხეზე ერთ-ერთ ყველაზე შემონახულ ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს მომცრო დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ეს ტაძარი უნდა იყოს აშოტ კურაპალატის მიერ აგებული წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესია, რომელშიც უნდა ყოფილიყო დასაფლავებული აშოტი.8
     აკროპოლისი მთელ პერიმეტრზე საკმაოდ მაღალი კედლით იყო შემოვლებული. ამჟამად, ამ კედლის ნაწილი გადარჩენილია. სწორედ მასზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ გალავანში სხვადასხვა პერიოდის ფენებია შერწყმული.
     არტანუჯის დაწინაურებას, ხელსაყრელი სამხედრო-სტრატეგიული მონაცემების გარდა, ხელი შეუწყო ასევე მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამაც. იგი სამხრეთ საქართველოს რამდენიმე მაგისტრალის გადაკვეთაზე მდებარეობდა. არტანუჯთან თავს იყრიდა როგორც შიდა რეგიონალური, ისე ტრანსსახელმწიფოებრივი გზები. შავი ზღვის ნავსადგურებიდან მომავალი გზა არტანუჯის გავლით არტაანში გადადიოდა. სხვათა შორის, ეს გზა მდინარე არტანუჯისწყალს მიუყვებოდა. ქალაქთან მიახლოებისას გზა მდინარეს კვეთდა და არტანუჯის ძირში, კლდეებში გადიოდა. სწორედ აქ იყო გადებული ცნობილი არტანუჯის ხიდი. გზა ისევ მდინარეს მიჰყვებოდა უღელტეხილის დასაწყისამდე. შემდეგ გზა ხელმარცხნივ უხვევდა და ქვაყრილის მთის გადასასვლელით არტაანის პლატოზე ჩადიოდა, საიდანაც ერთი განშტოება ყარსი (ქართ. კარი) ანისისკენ მიემართებოდა, მეორე კი, მტკვრის ხეობით – საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა პროვინციებისკენ. არტანუჯიდან გზები მიდიოდა ასევე ტაოსა და შავშეთისაკენ.
არტანუჯის ციხე-ქალაქის აღმავლობამ თავიდანვე დიდი თავსატეხი   გაუჩინა მის მფლობელებს.
***
როგორც ვხედავთ, სამხრეთ საქართველოში იმერ და ამიერტაოს გარაკროპოლისი და, არსებობდა კიდევ ერთი სამთავრო, ცენტრით არტანუჯში. Kონკრეტულად რა ტერიტორიას მოიცავდა ეს პოლიტიკური ერთეული, ამის დაზუსტება დღეისთვის ჭირს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, კლარჯეთის ნაწილი და არტანუჯისწყლის ხეობა დანამდვილებით რომ შედიოდა, უდავოა. არ გამოვრიცხავთ „კლარჯ ხელმწიფეთა“ საკუთრებაში ჭოროხის ხეობისა და შავშეთის ნაწილის ყოფნასაც. ამ საკითხის განხილვა ამჯერად ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს და ამიტომაც მხოლოდ ზოგადი მითითებით დავკმაყოფილდებით.
გარდა იმისა, რომ კლარჯ და ტაოელ ბაგრატიონებს ერთი დიდი წინაპარი ჰყავდათ აშოტ კურაპალატის სახით, საუკუნეების შემდეგ ამ განშტოებებს შორის უფრო ახლო ნათესაური კავშირები დამყარდა დინასტიურ ქორწინებათა მეშვეობით. ერთ-ერთი ასეთი წყვილი იყო ბაგრატ არტანუჯელი და მისი მეუღლე, ამიერტაოს მეფის, ბაგრატ რეგვენის, ასული. შესაბამისად, ეს ქალბატონი ბაგრატ III-ს მამიდად ეკუთვნოდა. ამდენად, ბაგრატისთვის „კლარჯი ხელმწიფეები“ მამიდაშვილები გამოდიან. ბუნებრივია, სწორედ ასეთი ნათესაობის გამო სუმბატი და გურგენი ყოველგვარი ეჭვის გარეშე ეწვივნენ ბაგრატ III-ს ფანასკერტში სადარბაზოდ. სამწუხაროდ, ჩვენამდე მარტოოდენ ფაქტმა მოაღწია, თუ რა უძღოდა წინ ფანასკერტში დარბაზობას, ეს შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ. წყაროდან ისე ჩანს, რომ ეს ნათესავებს შორის მორიგი სტუმრობა იყო, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე. ამ ინციდენტამდე ტაოელ და კლარჯელ ბაგრატიონებს შორის სამხედრო კონფლიქტი რომ არსებულიყო, ამას მემატიანე ორიოდე სიტყვით მაინც ახსენებდა. ყოველ შემთხვევაში, ბაგრატ III-ის აპოლოგეტი „მატიანე ქართლისას“ ავტორი თვით მოვლენას გვერდს კი არ აუვლიდა, არამედ მეფის ამ ნაბიჯს ახსნას მოუძებნიდა. ფაქტია, კლარჯი სტუმრები დიდ საფრთხეს ბაგრატ III-ისგან არ ელიან და ამიტომაც ძმები, სუმბატი და გურგენი ფანასკერტში ჩადიან. აი, სწორედ აქ მოხდა ის ინციდენტი, რომელმაც ბაგრატ III-ისადმი საზოგადოების ნაწილის განწყობა კარდინალურად შეცვალა.
სუმბატ დავითის ძის მონათხრობს რომ მივყვეთ, მოვლენები ასეთი თანამიმდევრობით განვითარებულა.
კლარჯი ხელმწიფეების ფანასკერტში სტუმრობისას, ბაგრატ III-ის გადაწყვეტილებით, ძმები სუმბატი და გურგენი შეუპყრიათ. ამავე პერიოდში „აფხაზთა და ქართველთა“ მეფის ჯარს არტანუჯი უნდა აეღო. შემთხვევით ბაგრატის რისხვას გადაურჩნენ სუმბატისა და გურგენის შვილები – ბაგრატი და დემეტრე, თუმცა მათი ოჯახის წევრები ბაგრატ III-ის მომხრეებს დაუპატიმრებიათ. უფლისწულები სასწრაფოდ ბიზანტიაში გახიზნეს. ბაგრატ III-მ თავისი მამიდაშვილები თმოგვის ციხეში გამოამწყვდია. იგივე ბედი ეწია მათი ოჯახის სხვა წევრებს: „მათნივე შვილნი კლარჯთა მეფეთანი, რომელიც დარჩნენ ამათ ქვეყანასა, მოისრნენ ყოველნი სიკვდილითა პატიმრობასა შინა“.9
ნამდვილად ძნელია ბაგრატ III-ის ასეთი მკაცრი ზომების ახსნა. შეგახსენებთ, რომ კახეთის შემოერთების შემდეგ მეფეს ხელთ ჩაუვარდა კვირიკე ქორეპისკოპოსი, მაგრამ ეს უკანასკნელი რომელიმე ციხეში ტუსაღად კი არ აქცია, არამედ სამეფო კარზე საპატიო ტყვეობაში ამყოფა. ასე დაუნდობლად კლარჯი ბაგრატიონების ამოწყვეტას დიდი ხნის ფარული შუღლი და დაპირისპირება უნდა ედოს საფუძვლად, თუმცაღა ათასი წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ბევრი დეტალი მაინც სამუდამოდ ისტორიის კუთვნილებად იქცა და წარსულის ლაბირინთებში ჩაიკარგა. ვარაუდი კი ბევრია. სამწუხაროდ, წყაროთა უქონლობა უბიძგებს ისტორიკოსს ათასგვარი მოსაზრების გამოთქმისკენ. იქნებ საერთოდაც დიდი ოჯახური კონფლიქტით იყო გამოწვეული ბაგრატ III-ის ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება. შემთხვევით არ ემთხვევა ეს ფაქტი 1008 წელს გურგენ მეფეთ მეფის მიცვალებას. სუმბატისა და გურგენ კლარჯის ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, არ არის გამორიცხული, დავუშვათ, რომ ისინი ბაბუამისთან (დედის მხრიდან), ბაგრატ II რეგვენთან გაზრდილიყვნენ ფანასკერტში. 988 წელს გარდაიცვალა სუმბატ III ერისთავთ-ერისთავი, არტანუჯელი, ბაგრატ III-ის მიერ შეპყრობილი „კლარჯ ხელმწიფეთა“ პაპა, მამის მხრიდან. მეორმოცე დღეს მიიცვალა მისი შვილი ბაგრატ არტანუჯელი, სუმბატისა და გურგენის მამა.10
   დაობლებული პატარა უფლისწულები დედის ამარა დარჩნენ. მათ ჰყავდათ ბიძა დავითი, რომელიც, სავარაუდოდ, განაგებდა კიდეც საგვარეულო მამულს გარდაცვალებამდე. ფაქტობრივად, სუმბატსა და გურგენს მფარველად ბაბუა ჰყავდათ. სწორედ ამიტომაც არ გამოვრიცხავთ, რომ ახალგაზრდობაში დაქვრივებულ ბაგრატ II რეგვენის ასულს შვილებთან ერთად დიდი დრო მამის სამფლობელოში, ამიერტაოში, გაეტარებინა. ამით მისი ვაჟების უსაფრთხოება უფრო დაცული იქნებოდა. ისიც ცნობილია, რომ ბაგრატ II რეგვენს მანიცდამაინც კარგი ურთიერთობა არ ჰქონია შვილთან და შვილიშვილთან. არ დაგვავიწყდეს, რომ ბაგრატ II რეგვენი გურგენისა და ბაგრატ III-ის მოწინააღმდეგე ბანაკშია თრიალეთში. და კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც ზემოთ გაკვრით ვისაუბრეთ.
სომეხი ისტორიკოსი ასოღიკი ახსენებს ბაგრატ II რეგვენის მეორე ცოლს, რომელსაც თავისი გერი გურგენი და მისი ოჯახი მოუძულებია.11 როგორც ჩანს, მამა-შვილს შორის კონფლიქტი ვიღაცის მიერ საგანგებოდ იყო გაღვივებული. ასეთი კი შეიძლება ბაგრატ რეგვენის მეორე ცოლი ყოფილიყო, რომელსაც თავისი და თავისი შვილების უფლებების დასაცავად პროვოცირება მოეხდინა ბაგრატ რეგვენისა და გურგენის დაპირისპირებისთვის. და საერთოდ, ბაგრატ არტანუჯელის ცოლი, ანუ გურგენის და ხომ არ იყო ბაგრატ რეგვენის შვილი მეორე ქორწინებიდან. მართალია, ყოველივე ზემოთ თქმული მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, ვფიქრობთ, მას არსებობის უფლება აქვს. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ კლარჯეთის შემოერთების პოლიტიკურ მოტივებს პიროვნული დაპირისპირებაც უნდა უმაგრებდეს ზურგს. რაღაცის გამო ბაგრატ III თავისუფალია, როდესაც ფანასკერტში სტუმრად მისულ მამიდაშვილებს სასიკვდილოდ გაწირავს. არც ეს უკანასკნელნი უნდა იყვნენ მთლად მართლები „აფხაზთა და ქართველთა“ მეფის წინაშე. ფაქტი ერთია, ფანასკერტში დაპატიმრებულ სუმბატსა და გურგენს თმოგვის ციხის დილეგში უკრეს თავი, სადაც მალევე გარდაიცვალნენ კიდეც. სუმბატ დავითის ძის თქმით, სუმბატი 1011 წელს გარდაცვლილა, გურგენი კი 1012 წელს.12
   აქ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს მემატიანისეულმა განცხადებამ, რომ გურგენიც „ეგრეთვე მას წელსა შინა“ გარდაიცვალაო,13 მაგრამ ქრონიკონით სუმბატ დავითის ძე რატომღაც 1012 წელს უჩვენებს. ეს „ცდომილება“ ადვილი ასახსნელია. XI საუკუნის I ნახევარში, როდესაც, სავარაუდოდ, უნდა შექმნილიყო სუმბატ დავითის ძის თხზულება, საქართველოში მოქმედებდა წელთაღრიცხვის რამდენიმე სისტემა. იმ შემთხვევაში, თუ მემატიანე მიუთითებდა ქორონიკონს, იგი გულისხმობდა მარტის წელიწადს. კორნელი კეკელიძე აღნიშნავდა, მარტის წელიწადი ქორონიკონური წელიწადის საფუძველიაო.14 ამის პარალელურად არსებობდა სამოქალაქო იანვრის წელიწადიც.15 სუმბატ დავითის ძე ამ ორი წელთაღრიცხვის სინთეზს გვთავაზობს. სუმბატი და გურგენი გარდაიცვალნენ ერთსა და იმავე წელს იანვრის წელიწადის მიხედვით, ოღონდ ერთი განსხვავებით, სუმბატი მიიცვალა „ქრონიკონსა სლა (1011)“, ხოლო გურგენი „ქრონიკონსა სლბ (1012)“. გამოდის, რომ სუმბატი 1011 წლის იანვარ-მარტში გარდაცვლილა, რაც, მართლაც, მოდიოდა ქორონიკონსა სლა-ზე, ანუ 1011 წელზე, ხოლო იმავე 1011 წლის მარტ-დეკემბერს შორის განუტევა სული გურგენმა, ეს კი იქნებოდა „ქორონიკონი სლბ (1012)“, რადგანაც მარტიდან ახალი ქორონიკონის წელი იწყებოდა.16
     ასე დასრულდა კლარჯი სახელმწიფოების ცხოვრება. თავისი სიკვდილით გარდაიცვალნენ ძმები თუ მათ ვინმე „მიეშველა“, არც ესაა ჩვენთვის ცნობილი, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. მოსახდენი მოხდა. კლარჯეთის ბაგრატიონები დედაბუდიანად შეიპყრეს ბაგრატ III-ის მომხრეებმა. მემატიანე მძიმე სურათს გვიხატავს: „მოისრნენ ყოველნი სიკვდილთა პატიმრობასა შინა“. ბიძის მახვილს მხოლოდ ბაგრატ სუმბატის ძე და დემეტრე გურგენის ძე გადაურჩნენ. ამათგან, დემეტრე მოგვიანებითაც გამოჩნდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1028-1029 წლებში იგი ბიზანტიელებთან ერთად შეეცდება კლარჯეთში თავისი უფლებების აღდგენას. „მატიანე ქართლისას“ ავტორი, აი, მაშინ კი ვეღარ დამალავს და იტყვის, რომ ბიზანტიელებმა დემეტრე კლარჯი გამოგზავნეს „რეცა შესატყუევნელად ქვეყნისა კაცთათვის, და ამით მიზეზითა მოიქცენ მრავალი კაცნი მის ქვეყანისანი წვრილისა ერისგან“.17
   მიუხედავად დიდი დროისა (სუმბატისა და გურგენის შეპყრობიდან 17-18 წელია გასული), კლარჯეთში ჯერ კიდევ ახსოვდათ სუმბატ და გურგენ არტანუჯელები. მათი შთამომავალი დაკარგული უფლებებისთვის იბრძოდა, მაშინ როცა ბაგრატ III-ის ქმედებიდან გამომდინარე ცენტრალური ხელისუფლება მოძალადეობასთან იყო გაიგივებული. დრო ყველაფრის მკურნალი ვერ აღმოჩნდა. მართალია, ბაგრატ IV-მ 1028 წლისთვის მოახერხა არტანუჯის შენარჩუნება, მაგრამ კლარჯეთის ნაწილი (ძირითადად ჭოროხის ხეობა) რამდენიმე ათწლეულით ბიზანტიელთა ხელში მოექცა და მხოლოდ გიორგი II-მ (1072-1089) შეძლო მისი საბოლოოდ შემომტკიცება.18
    შენიშვნები
1. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა. წიგნ.: ქართლის ცხოვრება. თბ. 2008, გვ. 370.
2. მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა. წიგნ.: საქართვე-ლოს ისტორიის ნარკვევები. ტ. II. თბ. 1979, გვ. 452; მ. ლორთქიფანიძე. ქართველთა სამეფო (ტაო-კლარჯეთი). წიგნ.: საქართველოს ისტორია. ტ. II. თბ. 2012, გვ. 211-212.
3. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, გვ. 369.
4. კონსტანტინე პორფიროგენეტი. დე ადმინისტრანდო იმპერიო. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. ტ. IV. ნაკ. II. თბ. 1952, გვ. 281.
5. ლ. ჭილაშვილი. ქალაქები ფეოდალურ საქართველოში. ტ. II. თბ. 1970, გვ. 108.
6. ვ. გაბაშვილი. საქართველოს ქალაქების ისტორიიდან (არტანუჯი და უჯარმა). კრებ.: საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები. წ. 1. თბ. 1976, გვ. 14-18.
7. ამ საკითხზე ვრცლად იხ. ჯ. სამუშია. არტანუჯის ციხე-ქალაქი (ისტორიული ნარკვევი). თბ. 2005, გვ. 23-24.
8. ვ. ჯობაძე. ადრეული შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. თბ. 2006, გვ. 34-36; დ. ხოშტარია. ქა-ლაქი არტანუჯი და მისი სიძველენი. ჟურნ.: „არტანუჯი“. #5. თბ. 1996, გვ. 65; იხ. მისივე, კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. თბ. 2005
9. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, გვ. 370.
10. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, გვ. 369.
11. სტეფანოზ ტარონელის საყოველთაო ისტორია. 1864, გვ. 180-181
12.  სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, გვ. 370.
13. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. თბ. 1990, გვ. 53: ტექსტის ამგვარი წაკითხვა მომდინარეობს ექ. თაყაიშვილიდან (იხ. ექ. თაყაიშვილი. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკვ. 27. თბ. 1949, გვ. 68). ის გაიზიარა ს. ყაუხჩიშვილმა (იხ. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ. 1955, გვ. 382). 2008 წელს გამოცემულ „ქართლის ცხოვრებაში“ განსხვავებული წაკითხვაა მოცემული, „და მუნ ციხესა შინა თმოგვისასა გარდაიცვალა სუმბატ არტანუჯელი ქრონიკონსა სლა. და ეგრეთვე მასვე ციხესა შინა გურგენცა გარდაიცვალა, ძმა სუმბატისი, ქრონიკონსა სლბ.“ ამდენად, სიტყვები „ეგრეთვე მას წელსა შინა“ ჩასწორებულია „ეგრეთვე მასვე ციხესა შინა.“ ვფიქრობთ, ეს უკანასკნელი წაკითხვა არ უნდა იყოს მართებული, ვინაიდან ძმები რომ თმოგვის ციხეში იყვნენ დატყვევებულნი, ეს მემატიანეს მანამდეც აქვს აღნიშნული. სუმბატისა და გურგენის გარდაცვალებაზე საუბარსაც ისტორიკოსი იწყებს სიტყვებით, „მუნ ციხესა შინა თმოგვისასა“ გარდაიცვალა სუმბატიო. გასაგებია, რომ მეორე ძმაც იმავე ციხეშია, ეს ხომ თავშივე აქვს ნათქვამი სუმბატ დავითის ძეს. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ უფრო ლოგიკურია, აქ წერებულიყო სიტყვები, „ეგრეთვე მას წელსა შინა“, რამეთუ ამით ისტორიკოსი, ქორონიკონის განსხვავების მიუხედავად, აზუსტებდა, სამოქალაქო წელიწადის მიხედვით როდის გარდაიცვალნენ კლარჯი ხელმწიფეები.
14. კ. კეკელიძე. ძველი ქართული წელიწადი. წიგნ. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან. ტ. I. თბ. 1956, გვ. 121-123.
15. ქორონიკონის წელიწადი 25 მარტს (გაზაფხულის ბუნიობის დღეს) იწყებოდა (იხ. გ. მჭედლიძე, ზოგადი და ქართული ქრონოლოგიის კურსი. ქუთაისი 2009, გვ. 128. ვ. კოპალეიშვილი. მითებიდან კალენდრებამდე. თბ. 1991, გვ. 112). ამასთანავე, X საუკუნიდან საქართველოში გავრცელებას იწყებს იანვრის წელიწადი. მარტის წელიწადი პარალელურად რჩება მხოლოდ ქორონიკონული აღრიცხვისათვის (იხ. კ. კეკელიძე. ძველი ქართული წელიწადი, გვ. 123; გ. მჭედლიძე. ზოგადი და ქართული ქრონოლოგიის კურსი, გვ. 128).
16. სუმბატ დავითის ძე. ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა, გვ. 370.
17. მატიანე ქართლისა. წიგნ.: ქართლის ცხოვრება. თბ. 2008, გვ. 279.
18. რ. მეტრეველი, ჯ. სამუშია. მეფეთ მეფე გიორგი II (XI საუკუნის 70-80-იანი წლების საქართველოს პოლიტიკური ისტორია). თბ. 2003, გვ. 83-96.









Комментариев нет:

Отправить комментарий