XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში ქართლისა და კახეთის სამეფოები მოექცნენ რთულ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში, რაც გამოწვეული იყო მთელი XVII საუკუნის განმავლობაში ირანის აგრესიული პოლიტიკით ქართლისა და კახეთის სამეფოების მიმართ. როგორც ცნობილია, XVII საუკუნის დასაწყისიდან ირანის შაჰი თავის გადაუდებელ ამოცანად სახავდა ქართლ-კახეთის სამეფოების მოსპობას, აქ თურქმანული მოსახლეობის ჩასახლებას და მუსლიმანური სახანოების შექმნას. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა XVII საუკუნეში ყიზილბაშთა არაერთგზისი ლაშქრობა ქართლისა და კახეთის სამეფოებში, რასაც შედეგად მოჰყვა ქართლ-კახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური დაქვეითება, სამეურნეო და საქალაქო ცხოვრების მთლიანი მოშლა.
1632 წელს ირანის შაჰმა ქართლის მმართველად გამაჰმადიანებული ქართველი როსტომ-ხანი (მისი მაჰმადიანური სახელია ხოსრო-მირზა) დანიშნა, ხოლო 1648 წელს ირანის შაჰმა კახეთის მეფე თეიმურაზ პირველსაც წაართვა მეფობა და კახეთიც სამართავად როსტომ-ხანს გადასცა. აქედან მოყოლებული 1744 წლამდე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ხან გამაჰმადიანებული ქართველი მეფეები და ხანაც ყიზილბაში ხანები განაგებდნენ, რაც უდიდესი პოლიტიკური ტრაგედია იყო ქართველი ხალხის ისტორიაში.
როსტომ-ხანის მოღვაწეობის დროს არაერთხელ შეილახა ქართველთა ეროვნულ-სარწმუნეობრივი გრძნობა და, ამასთან, რამდენადმე მოიკიდა კიდეც ფეხი სპარსულ-მაჰმადიანურმა წესმა, როგორც სახელმწიფო მმართველობაში, ისე ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაშიც, სპარსულ-თურქული ენები ქართველ ფეოდალთა სამეჯლისოდ სასაუბრო ენებად იქცნენ, სპარსულ-თურქულმა სამოსელმა ქართული ფეოდალური სამოსელი შეცვალა. როგორც ქართლის ცხოვრებაშია აღნიშნული: „ამათით შეერიათ ქართველთა განცხრომა, სმა-ჭამა ყიზილბაშური, სიძვა, მრუშება, ტყუილი, ხორცი-განსუენება, აბანო, კეკლუცობა უგვანო, მეჩანგე, მგოსანი, რამეთუ ამათ საქმეთაგან მოქმედთაგან კიდე არავის სცემდნენ პატივსა და მიდრკენ, ვიდრე მღვდელ-მთავარნიცა და ჰყოფდნენ უჯეროთა“.1
ირანის შაჰის ასეთი პოლიტიკა საბოლოო გამარჯვებისათვის ხანგრძლივ და დიდ დროს მოითხოვდა, რადგან, ერთის მხრივ, ქართველობა მაინც ადვილად არ დრკებოდა სპარსელთა წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ, პრინციპში ამ პოლიტიკამ ირანს სასურველი შედეგი მაინც ვერ მოუტანა, რამეთუ როსტომის დროს ქართლ-კახეთი შედარებით უფრო მოშენდა და გამაგრდა, რაც, რასაკვირველია, ირანის შაჰს შეუმჩნეველი არ დარჩენია. ამიტომ შაჰმა 1657 წელს როსტომ-ხანს კახეთი ისევ ჩამოართვა და სამართავად განჯის ხანს სელიმს გადასცა.
ირანის შაჰს გადაწყვეტილი ჰქონდა თურქმანთა 15000 ოჯახი კახეთში ჩაესახლებინა, შიდა და გარე კახეთის საუკეთესო მიწები მათთვის გაენაწილებინა და ეს მომთაბარე-მეჯოგე მოსახლეობა მიწაზე დაემაგრებინა, რომ „ხვნა-თესვას, შენებას და დასახლებას შედგომოდნენ”.2 ამ საქმის მოწყობა შაჰს ირანის ყულარაღასსა და სარდალ ალავერდი-ხანისათვის დაუვალებია. მასვე დავალებია კახეთში სამი ციხის აგება, რომელთა გარნიზონებსაც უნდა დაეცვა თურქმანები ქართველთა თავდასხმებისაგან. ამ მიზნით ირანელებმა ალავერდის მონასტრის გალავანი ციხე-სიმაგრედ გადააკეთეს და შიგ ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენეს.
ბახტრიონის ციხეც, როგორც ჩანს, პირველად ალავერდი ხანის ხელმძღვანელობით აშენდა ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარე პატარა სოფელ ბახტრიონში. ციხე, რომლის სიგრძე ას მეტრს აღემატებოდა, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობისა იყო. იგი კონტროლს უწევდა კახეთის მთიანეთიდან ბარში ჩამომავალ გზებს და ალაზნის ზემო წელში დასახლებულ თურქმანებს მთიელთა თავდასხმებისაგან იფარავდა. მესამე ციხის სახელი წყაროებში არ ჩანს. სავარაუდოა, რომ იგი უნდა იყოს ყარაღაჯი, რომელიც XVII საუკუნის კახეთის ყიზილბაში ხანების რეზიდენციას წარმოადგენდა.3
1. ნ. ასათიანი ,,საქართველოს ისტორია”, თბ., 2001 წ. გვ. 297
2. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ. ვ. ფუთურიძის თარგმანი, თბ., 1964, გვ. 603.
3. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, 330
ციხეების აგების შემდეგ კახეთი განჯის მმართველს სელიმხანს ჩამოართვეს და ორად გაყვეს. კახეთის დიდი ნაწილი, სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, ყარაბაღის ბეგლარ-ბეგს მურთაზ ყული-ხანს გადაეცა, ხოლო დანარჩენი - ნახჭევანის მმართველს ალი-ყული-ხანს ქენგერლუს. ხსენებულ ხანებს დაევალათ მათზე დაქვემდებარებული ელების კახეთში გადაყვანა.1 ამ დიდი ღონისძიებების შედეგად კახეთის ბარის ადგილებში დაახლოებით 80 ათასამდე თურქმანი ჩაასახლეს.
მომთაბარე ელები ძირითადად მესაქონლეობას მისდევდნენ და ვრცელი საძოვარი ველები სჭირდებოდათ. კახეთის კულტურულ მეურნეობას, ძირითადად მევენახეობას, გადაშენების საფრთხე დაემუქრა. ასევე საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მთიანეთის მოსახლეობაც, რომელიც ბარის პურითა და ღვინით, ბარის საზამთრო საძოვრებით ირჩენდა თავს. ამას ემატებოდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა სიმკაცრე და თავხედობა ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. ამას თვით სპარსელი ისტორიკოსიც ვერ მალავს: „ელებს იმის მისწრაფება ჰქონდათ, რომ ქართველებზე ებატონათ, - ამ ორ ხალხს შორის დავა და ჩხუბი გაჩნდა“.2
კახეთში საყოველთაო უკმაყოფილება ჩამოვარდა. უკმაყოფილო იყო არა მარტო ბარისა და მთის მშრომელი მოსახლეობა, არამედ ფეოდალთა ფართო წრეც, რომელთაც ხელიდან ეცლებოდათ საკუთარი ყმა-მამული. დიდმა განსაცდელმა ფეოდალური საზოგადოების ყველა ფენა გააერთიანა და 1660 წელს სამშობლოს დასაცავად აღსდგა მთელი კახეთის მოსახლეობა. აჯანყებას მხარი დაუჭირა ქართლმაც. ბახტრიონის აჯანყება ქართველი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა.
ბახტრიონის აჯანყების გამარჯვების შემდეგ შაჰმა მთელი კახეთი მურთაზ ყული-ხანს დაუმორჩილა. შაჰს ახალი დამსჯელი ექსპედიციის გამოგზავნის თავი აღარ ჰქონდა. ქართლ-კახეთის გმირულმა ბრძოლამ აიძულა შაჰი ხელი აეღო თავის გეგმაზე. ბახტრიონის სახალხო აჯანყების შედეგად ქართლ-კახეთის მოსახლეობა გადაურჩა ფიზიკურ განადგურებას, მაგრამ ირანის ბატონობა საბოლოოდ მაინც ვერ იქნა უკუგდებული. თავისუფლებისათვის ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.
1. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ. ვ. ფუთურიძის თარგმანი, გვ. 394.
2. იქვე.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბახტრიონის აჯანყებამ, როგორც ჩანს, შაჰ-აბას II-ეს კახეთის მიმართ კვლავ შეაცვლევინა პოლიტიკა: როგორც ცნობილია, 1658 წელს როსტომ ქართლის მეფის გარდაცვალების შემდეგ, შაჰის ბრძანებით, ქართლის სამეფო ტახტი ვახტანგ V შაჰ-ნავაზმა დაიკავა. ვახტანგ V მეფობით იწყება ქართლში ბაგრატიონ-მუხრანბატონთა საგვარეულოს მრავალმხრივი და ნაყოფიერი მმართველობა. მალე, 1661 წელს, ვახტანგმა თავისი შვილი არჩილი იმერეთში გაამეფა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1663 წელს ასტრაბადის ციხეში გარდაიცვალა თეიმურაზ I. მას ცოცხალს ვეღარ ჩაუსწრო რუსეთის „დიდმა ელჩობამ“, რომელსაც ევალებოდა ეშუამდგომლა შაჰის წინაშე, რათა მეფე თეიმურაზი გაეთავისუფლებინა ტყვეობიდან და მისთვის კვლავ დაებრუნებინათ კახეთის სამეფო ტახტი. ამავე დროს რუსეთიდან წამოსული თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი თუშეთს იდგა და კახეთის დასაჭერად ბრძოლისათვის ძალებს იკრებდა. შაჰს ყოველივე ეს გათვალისწინებული ჰქონდა და ამიტომაც გადაწყვიტა კახეთის მეფედ ქართლის მეფის ვახტანგ V შვილი არჩილი გაემზადებინა. ამ მიზნით 1663 წელს, ირანის მთავრობის მოთხოვნით, ვახტანგ V არჩილი ირანში გაგზავნა, სადაც 17 წლის არჩილი გაამაჰმადიანეს, შაჰნაზარხანი უწოდეს და კახეთისაკენ გამოისტუმრეს. მაგრამ კახელებმა არჩილი არ მოისურვეს მეფედ. მათ თავიანთ ბატონიშვილს ერეკლე დავითის ძეს დაუჭირეს მხარი. ამის გამო არჩილს კახეთში გასამეფებლად სამი დიდი ბრძოლის გადახდა დასჭირდა (1664 წლის თებერვალსა და შემოდგომით და 1665 წლის გაზაფხულზე). ამ ბრძოლებში არჩილს ქართლისა და ირანის ჯარი ეხმარებოდა, რის გამოც ერეკლე ბატონიშვილი და მისი მომხრე კახელები საბოლოოდ დამარცხდნენ. დამარცხების შემდეგ ერეკლე ბატონიშვილი დარწმუნდა, რომ მის ბრძოლას კახეთის ტახტის ხელში ჩასაგდებად წარმატება ვერ მოჰყვებოდა და ამიტომ ისევ რუსეთში დაბრუნება არჩია. „ერეკლეს შესჭირდა მწირობა თუშეთს და წარვიდა კვალად რუსეთსავე“. მოსკოვში იგი 1666 წლის ივნისში ჩავიდა.1
1. ნ. ასათიანი, კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664-1675 წწ). გვ.115.
არჩილმა კახეთში თავისი ხელისუფლებისათვის კანონიერი სახე რომ მიეცა და კახელი პოლიტიკოსების თვალში უფრო მისაღები პატრონი ყოფილიყო, გადაწყვიტა ცოლად შეერთო კახელი ბაგრატიონების შთამომავალი, თეიმურაზ I შვილიშვილი, ერეკლე ბატონიშვილის და - ქეთევანი. არჩილის გამეფების შემდეგ კახეთში, წინა პერიოდთან შედარებით, უფრო მშვიდობიანმა ცხოვრებამ დაისადგურა. კახეთის შედარებით კეთილდღეობას, მშვიდობიანობასა და არჩილის ხელისუფლების სიმტკიცეს განაპირობებდა ის გარემოება, რომ ამ დროს ქართლში მეფობდა მამამისი - ვახტანგ V შაჰნავაზი, რომელიც არჩილს ზურგს უმაგრებდა. ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ, როგორც საგარეო ასევე საშინაო მტრების წინააღმდეგ. ამ ამბავს ვახუშტი პირდაპირ მიუთითებს: „შენდებოდა კახეთი და იყვნეს შეერთებულნი ქართველთა თანა ყოვლითურთ“.
მამა-შვილის შეთანხმებული მეფობა მათი ძალაუფლების გაძლიერების რეალურ პერსპექტივას სახავდა. ისინი ენერგიულად მოქმედებდნენ უცხოელი მტრებისა და ადგილობრივი ურჩი ფეოდალების წინააღმდეგ. მათ შეძლეს აელაგმათ ლეკთა თარეში როგორც ქართლში, ისე კახეთში, სასტიკად აკრძალეს ადამიანის უცხოეთში გაყიდვა, ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ ქართლ-კახეთის ეკონომიკურ წინსვლას, ისინი ცდილობდნენ მოეზიდათ ევროპელი ვაჭრები და აღედგინათ ევროპა-ინდოეთის სატრანზიტო-სავაჭრო გზა, რომელიც ერთ დროს საქართველოზე გადიოდა.1
1. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, გვ. 303
არჩილმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებით კახეთის დედაქალაქი გრემიდან თელავში გადაიტანა, მრავალი სამოქალაქო დანიშნულების ნაგებობა ააშენა, ეკლესიები განაახლა და გამუდმებით ზრუნავდა კახეთის ეკლესია-მონასტრების მოძლიერებაზე. სწორედ ამის დამადასტურებელია 1672 წ. არჩილ მეფის მიერ გაცემული გარიგების წიგნი დავით გარეჯისა და ნათლისმცემლის მონასტრისადმი: „ქ. ჩვენ ხელმწიფემან მეფემან პატრონმან არჩილ კადრეთ და მოგახსენეთ თქუენ მცველსა და მფარველთა ჩვენთა და მეფობისა ჩვენისა წარმმართებულისა უდაბნოს დავით გარეჯის მონასტერსა და ნათლისმცემლის მონასტერსა, ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ჟამთა ვითარებისაგან თქვენი მონასტერი მოშლილიყო და მონაზონი აღარ იდგა და ვიგულეთ, რათამცა რადროსა და ჟამს გაეწყობოდა და გავარიგეთ და მწირველები და წინამძღვარი და მონაზუნები აუჩინეთ და დავადგინეთ და რაც მოუნდებოდა ყოველივე სარჩო გაუკეთეთ ყოვლის წლისა და დავანებეთ რაც საგარეჯოს მონასტრის ყმა დარჩომილიყო. ხელმოხსნით და განთავისუფლებით ასრე რომე არას კაცს ხელი არა ჰქონდეს და ვინც მონასტერში წინამძღვარი იდგეს და მონაზუნები, იმათ ემსახურონ და ჟატი თუცა გაოხრებული არის, ღალა აიღონ და რაც გამოერჩობოდეს გამორჩენ. და აგრევე ნათლისმცემლის ყმა უჯარმას და ხაშმზედ რაც არის ხუცისშვილი გოგია, ჯობიაშვილი თამაზა, ქშატი კერკაშვილი, გოგია ხატიაშვილი, დავით ჭიაბრიშვილი, მახარობელი და ერთი საკომლო ბეითალმალი, ესეც თქვენი წინამძღვრისათვის მოგვიბარებია, ამ წესითა და რიგითა. ამასწინანდელთ მეფეთაგან როდესცა ქვეყანა შენად ყოფილა, მონასტრებს ყმაც ცალკე ჰყოლია და წინამძღვარიც ცალკე ჯდომია, ახლა ვითაც ყმაც ცოტა დარჩომოდათ და მონასტრებიც დაკნინებულიყო, გავაერთეთ და ორივ წინამძღვარს მივაბარეთ. ასრე რომე არცერთი გაუკაცურდეს, მონაზუნების დგომა და წირვა და ლოცვა არცეთგან მოიშალოს“...1 ამავე დროს ხიზან-ბოგანო გლეხები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან კახეთში მოდიოდნენ და ქვეყნის აღმშენებლობაში მონაწილეობდნენ. ვახუშტის სიტყვით: არჩილის დროს „შენდებოდა კახეთი, ვინაიდგან იყო სიმშვიდე და უმტრობა და ნიჭვიდა და სწყალობდა ყეენი არჩილს, რამეთუ ვერცაღა-თუ ლეკნი იკადრებდნენ ხდომასა“.2
მიუხედავად გარკვეული წარმატებისა, არჩილის მეფობის დროს კახეთის ფეოდალური საზოგადოება უკმაყოფილო იყო არჩილის კახეთში მეფობით. მას კახეთის სამეფო ტახტის უკანონო მფლობელად თვლიდნენ და ყოველ წუთში მზად იყვნენ მის წინააღმდეგ გამოსასვლელად. კახელი ფეოდალების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ერეკლე ბატონიშვილის გამეფებას კახეთში და როდესაც ერეკლე ბატონიშვილი კვლავ გამოჩნდა ასპარეზზე, მათ სხვადასხვა საბაბით არჩილს მოსთხოვეს კახეთის ტახტიდან გადადგომა და მისი დათმობა კახელი ბატონიშვილისათვის.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, ს. 1832
2. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, გვ. 603
1666 წლიდან ირანის ტახტზე ახალი შაჰი სულეიმან I ავიდა, რომლის დროსაც ირანის დაცემისა და დაქვეითების პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ გარეგნულად ირანი ჯერ კიდევ უძლიერეს სახელმწიფოდ ითვლებოდა აღმოსავლეთში. ამიტომ ევროპის ქვეყნები, და მათ შორის რუსეთიც, კვლავ ცდილობდნენ ირანთან დაკავშირებას და პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცებას. თავის მხრივ ირანის მესვეურები ცდილობდნენ თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ შექმნილი ვითარება და შაჰ-აბას II-ის დროს გადაუწყვეტელი საკითხები საქართველოში ბოლომდე მიეყვანათ. ამის გამო რუსეთ-ირანის ურთიერთობაში კვლავ მწვავედ დადგა კახელი უფლისწულის - ერეკლე ბატონიშვილის საკითხი. შაჰ-აბას II თავის მხრივ ბევრს ეცადა ერეკლე ბატონიშვილის სპარსეთში ჩაყვანას, მაგრამ ერეკლე მყარად ადგა რუსულ ორიენტაციას და იგი კახეთის ტახტის ხელში ჩაგდებას რუსეთის დახმარებით უფრო იმედოვნებდა, ვიდრე სპარსეთისა. ეს ბატონიშვილი კვლავ რჩებოდა საქართველოში ანტიირანული ძალების მთავარ დასაყრდენად. სწორედ ამიტომ შაჰის კარი თავდაპირველად ერეკლეს საწინააღმდეგოდ ყოველმხრივ უჭერდა მხარს კახეთში ვახტანგ-არჩილის ძალაუფლების განმტკიცებას, მაგრამ რადგანაც მათი მეფობის დროს ქართლ-კახეთი გარკვეულად მოძლიერდა, ამიტომ თანდათანობით მამა-შვილის მეფობა საქართველოში შაჰის ხელისუფლებისათვის საშიშ ძალად იქცა. ვახტანგ V და არჩილი სულ უფრო ნაკლებად ემორჩილებოდნენ ირანის კარს და გარკვეულ წინააღმდეგობასაც უწევდნენ. სწორედ ამიტომ შაჰის კარმა გადაწყვიტა მათთვის დაეპირისპირებინა რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი. ქართლ-კახეთის ტახტის აღთქმით ირანელი პოლიტიკოსები ვარაუდობდნენ ერეკლეს თავიანთ მხარეზე გადაბირებას. მით უმეტეს, რომ ერეკლე ბატონიშვილმა წლების განმავლობაში რუსეთის დახმარებით ვერ შეძლო კახეთის ტახტის ხელში ჩაგდება.1
1. ნ. ასათიანი, კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664-1675წწ.) გვ. 122.
ასეთ ვითარებაში 1674 წელს ერეკლე ბატონიშვილი საქართველოსკენ გამოემგზავრა. ერეკლე თავის დასთან და სიძესთან 3 თვე გაჩერებულა. ამ დროისათვის კახეთის მეფე არჩილი დარწმუნებული იყო, რომ მას კახეთის ტახტზე შაჰის მხარდაჭერა აღარ ექნებოდა, რადგან იმჟამად ირანის შაჰი უკვე ერეკლე ბატონიშვილის შემორიგებას ცდილობდა. გარდა ამისა, არჩილი იმასაც კარგად გრძნობდა, რომ კახელი ფეოდალები კახეთის სამეფო ტახტზე ერეკლე ბატონიშვილს უფრო თანაუგრძნობდნენ და არჩილს აიძულებდნენ კახეთს გასცლოდა.
თავის მხრივ არჩილმა კახეთის ტახტის მისაღებად თავის დროზე უარყო თავისი მამა-პაპეული რელიგია - ქრისტიანობა და ოფიციალურად აღიარა მაჰმადიანობა, რაც „ქართველობის” საპირისპიროდ „ყიზილბაშობის“ ერთერთი მთავარი ნიშანი იყო. ამასთან მისი, როგორც კახეთის მეფის, გამაჰმადიანება ერთგვარად ხელს უწყობდა კახეთში შაჰის კარის მიერ წარმოებულ „მშვიდობიანად გაყიზილბაშების“ პოლიტიკის განხორციელებას. მოცემულ მომენტში კი ირანის შაჰი, გარკვეული მოსაზრებით, ერეკლე ბატონიშვილს კახეთის ტახტს აღუთქვამდა ქრისტიანული სარწმუნეობის შეუცვლელად. ამიტომ არჩილმა კახეთის სამეფო ტახტის ქრისტიანი ერეკლესთვის მშვიდობიანად დათმობა ამჯობინა და თვითონ იმერეთის ტახტის დაკავება გადაწყვიტა. ამასთანავე არჩილს ისიც ეგონა, რომ იმერეთში კვლავ ქრისტიანულ სარწმუნეობას დაუბრუნდებოდა. ერეკლემ, როგორც აღვნიშნეთ, სამ თვეს დაჰყო არჩილთან სტუმრად და როდესაც ირანის შაჰისაგან „რაყამი და ხრმალი“ მოუვიდა, იგი 1675 წ. ირანისაკენ გაემართა. თვითონ არჩილმა კი მიატოვა კახეთი და იმერეთში წავიდა. როგორც ფარსადან გორგიჯანიძე აღნიშნავს „არჩილს ასრე ეგონა“: „რა მე წავალო, კახეთს ერეკლეს მისცემენო“. არჩილის წასვლის შემდეგ, ვიდრე კახეთის მმართველად ვინმეს გამოგზავნიდნენ, „მორჩილებდნენ კახნი შანაოზ მეფესა“.1
1. ნ. ასათიანი, კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664-1675წწ.) გვ. 124.
კახეთის ახალი მმართველის გამოგზავნის საკითხს ერთგვარად განსხვავებულად გადმოგვცემს XVII ს-ის ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ იგი თვითონვეა მონაწილე ამ ამბებისა და, ამდენად, მისი ცნობები მეტად საყურადღებოა. ეს შაჰის კარის მოხელე და ამავე დროს საქართველოს მოჭირნახულე ისტორიკოსი აღწერს, რომ რადგანაც რუსეთის მეფე ირანის შაჰისაგან მოითხოვდა კახეთის ტახტი მაინცდამაინც ერეკლესათვის მიეცათ, ამიტომ დროებით ვიდრე „მას ჩვენს ზნეს და საქციელს გავასწავლებთო”, მის მაგივრად, კახეთის ჯანიშინად, მისი ყმა კახაბრიშვილი გორჯასპი განაწესეს. ე.ი. ირანის მმართველი წრეები ამ დროისათვის ბოლოსდაბოლოს იძულებულნი შექმნილან კახეთის კანონიერ მემკვიდრედ და მეფედ ერეკლე ბატონიშვილი ეცნოთ, მხოლოდ ზემოთ აღნიშნული საბაბით თუ მიზეზით, იგი ირანის კარზე დატოვეს და მის მაგივრად კახეთში მისი ნაცვალი ჯანიშინის უფლებით გამოგზავნეს. ამ ამბავს ვახუშტი ასე გადმოგვცემს: „არამედ ყეენი ეტყოდა დატევებასა ქრისტესსა ერეკლეს და წარმოავლინებასა კახეთს. გარნა მან არ დაუტევა ქრისტე“.1 როგორც ჩანს, ამ დროს ერეკლე ბატონიშვილი ჯერ კიდევ თავს იკავებდა მაჰმადიანობის მიღებაზე და ცდილობდა ქრისტიანობის შენარჩუნებას. სავარაუდოა, რომ შაჰის მიერ ერეკლეს ჯანიშინად არჩეული გორჯასპი კახაბრიშვილი უდავოდ გამაჰმადიანებული იქნებოდა და ალბათ ვახუშტის მიერ მითითებული კახეთის მმართველის სახელი ბეჟან-ხანი, მისი მაჰმადიანური სახელი უნდა იყოს. ამას ის გარემოებაც ამტკიცებს, რომ ვახუშტის თხრობა ბეჟან-ხანის შესახებ შინაარსით ემთხვევა ფარსადანის მონაცემებს გორჯასპი კახაბრიშვილზე.2 ე.ი. ბეჟან-ხანი ეს იგივე გორჯასპი კახაბრიშვილია, მაგრამ რადგანაც იგი აუცილებლად იქნებოდა გამაჰმადიანებული და ირანის შაჰის პოლიტიკის ერთგული დამცველი კახეთში, ამიტომ მას აიგივებენ ყიზილბაშ ხანებთან და მიაჩნიათ, რომ ამ დროიდან მოყოლებული, 1677 წლიდან 1703 წლამდე, კახეთის სამეფოს განაგებდნენ ყიზილბაში ხანები, რომელთა რეზიდენციაც ყარაღაჯში იყო.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 604
2. ნ. ასათიანის დასახ. ნაშრომი, გვ. 125
1675 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფე ვახტანგ V შაჰნავაზიც დაიბარა ირანში, მაგრამ იგი გზაშივე გარდაიცვალა. ამ დროს არჩილი უკვე იმერეთში იყო გადასული. ვახტანგ V ქართლიდან გამგზავრების წინ ქართლის გამგებლად თავისი ძე გიორგი დატოვა და მას ქსნის ერისთავის იესეს გაძევება დაუბარა. გიორგიმ თავის ძმასთან ლევანთან ერთად გაილაშქრა ქსანზე, დაამარცხა ქსნის ერისთავი იესე და მის ნაცვლად დანიშნა დათუნა. როცა ეს ამბავი ყეენმა შეიტყო, არ ესიამოვნა გიორგის თვითნებობა. ამის შემდეგ ყეენმა გიორგი თავისთან იხმო „რათა მისცეს ქართლი და მეფობა“. გიორგიმ ქართლის გამგებლად თავისი ძმა ლევანი დატოვა და თვითონ შაჰს ეახლა. როგორც ვახუშტი გვაუწყებს, გიორგის მისვლის შემდეგ შაჰს გადაუფიქრებია ქართლის გიორგისათვის მიცემა და განუზრახავს ქართლის მმართველად კახელი ბაგრატიონის თეიმურაზ I-ის შვილიშვილის ერეკლეს დანიშვნა, რომელიც ამ დროს უკვე ირანის კარზე იმყოფებოდა. როცა ეს ამბავი სადგერში მყოფმა არჩილმა შეიტყო, სასწრაფოდ გადმოვიდა ქართლში და დაიწყო ქართლის დაპყრობა. მაგრამ, როგორც ჩანს, მას ქართლი თავისთვის კი არ უნდოდა, არამედ სურდა ეს ამბავი შეეტყო ირანის შაჰს და აეძულებინა იგი, რომ მისი ძმა გიორგი გამოეგზავნა ქართლის მმართველად. მართლაც, როცა შაჰ-სულეიმანმა არჩილისაგან ქართლის დაპყრობა შეიტყო, მან იფიქრა რომ ქართლი განდგომას აპირებსო და „მსწრაფლ მოუწოდა გიორგის და მისცა ქართლი და ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა გამაჰმადიანებული დიდებითა იქაურითა“.1
ამრიგად, გამაჰმადიანებული გიორგი ვახტანგის ძე 1676 წელს მოვიდა თბილისს და დაიწყო ქართლის მმართველობა. ვახუშტის თქმით „იყო ესე გიორგი მეფე მხნე, ახოვანი, ძლიერი ძალითა და ტანითა, შუენიერ-ჰაეროვანი, პირმხიარული, ენატკბილი, უხვი და მრისხანე, მოისარ მოასპარეზე უებრო“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 457.
2. იქვე.
ქართლში მოსულ გიორგი მეფეს ქართლის კათალიკოსი დომენტი გარდაცვლილი დახვდა. მის ნაცვლად მეფემ გივი ამილახვრის ძმა ნიკოლოზი დანიშნა. ამავე დროს ყეენმა გიორგი მეფეს მოსთხოვა მისი ძმის არჩილის მასთან გაგზავნა ან ქართლიდან გაძევება. ამ დროს არჩილი სურამში იმყოფებოდა და როცა ეს ამბავი შეიტყო, იგი წავიდა იმერეთს და დაიპყრო იმერეთი. ამის მერე ირანის შაჰმა გიორგის მეორე ძმის, ლუარსაბის მასთან გაგზავნა უბრძანა. გიორგის სხვა გზა არ ჰქონდა და ლუარსაბი ირანს წარავლინა. ქართლის მიმართ ასეთ პოლიტიკას ირანის შაჰი ახორციელებდა თავისი ვეზირის შიხალიხანის რჩევით. ამავე შიხალიხანმა ყეენს შთააგონა, რომ სწორედ გიორგის დახმარებით იპყრობდა არჩილი იმერეთს და ამავე დროს გიორგი მეფე ყეენის ერთგულიც არ იყო.
გიორგის ერთგულებაში დაეჭვებულმა ირანის შაჰმა 1679 წელს სპეციალური დავალებით თავრიზს გამოგზავნა სპასალარი აჯი-ალიხანი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართლის მოსახლეობის გადაბირება და გიორგის საწინააღმდეგოდ განწყობა. ამავე დროს ყეენმა გიორგი მეფეს მოსწერა - შეეპყრო არჩილი და გაეგზავნა მის წინაშე, ან საერთოდ გაეძევებინა ქართლიდან. ამ მიზეზის გამო არჩილი დვალეთს გადავიდა, მაგრამ ყეენმა არც იქ მისცა მას დარჩენის უფლება. ამის შემდეგ არჩილმა ითხოვა „სამსჭუალი ქრისტესი და სუდარი და საბელი: უკეთუ მომცეთ, წარვიდე რუსეთს“.1 არჩილის ამ მოთხოვნაზე ითათბირეს ქართლის მეფემ, კათალიკოზმა და მთავრებმა, მისცეს ყოველივე არჩილს და არჩილმაც დატოვა საქართველო.
არც ამის შემდეგ დამცხრალა შაჰ-სულეიმანის მტრობა გიორგი მეფის მიმართ. ამას ემატებოდა ისიც, რომ ამ დროს ქართლში მძვინვარებდა ფეოდალური შინაომები ქართლის დიდებულებს შორის, რაც ქვეყანას უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა. შიხ-ალიხანის დავალებით აჯი-ალიხანმა „წარიბირნა მთავარნი, რამეთუ არღარა აქუნდათ სიმტკიცე სჯულისა და მეფეთა თვისთა ერთგულებისა, ვინაითგან მცირედითა ნიჭითა გამაჰმადიანდებოდნენ და აქუნდათ როქი ყეენისაგან, შემყუარე იყვნენ უფროს სოფლის დიდებისა, ვიდრეღა სუფევისათვის ჩუენთვის დაკლულისა ქრისტესა“. ასე ახასიათებს იმ დროს ქართლში შექმნილ მდგომარეობას ვახუშტი ბატონიშვილი. დიდებულებთან გამუდმებული ბრძოლის შედეგად მობეზრებულ გიორგი XI ორი ბერი გაუგზავნია რუსეთს არჩილთან და უთხოვია: „რათა მოვიდეს და მწე ეყოს, ვინაითგან კახთა ენებათ და იმერთაცა იგივე მეფედ“.2 როგორც ჩანს, გიორგი მეფეს კარგად სცოდნია, რომ კახელები უკმაყოფილონი იყვნენ ყიზილბაში ხანის მმართველობით, ამიტომ მოუწოდებს არჩილს დაბრუნდეს საქართველოში კახთა და იმერთა მეფედ. საფიქრებელია, რომ ალბათ გიორგი მეფე იმასაც ვარაუდობდა, რომ ის და არჩილი გაერთიანებული ძალით დაიწყებდნენ ბრძოლას ირანის წინააღმდეგ.
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 458
2. იქვე, გვ. 460
გიორგის ქართლის საქმეების წარმართვაში დიდ დახმარებას უწევდა მისი ძმა ლევანი. რა თქმა უნდა ყეენს ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, ამიტომ მან გიორგი მეფეს მოსთხოვა ლევანის მასთან გაგზავნა. გიორგი მეფეს ეს ამბავი არ ესიამოვნა, მას ტახტის დაკარგვის შეეშინდა, ამიტომ გადაუწყვეტია ყეენისათვის ეთხოვა ლევანის ქართლში დატოვება და ირანის კარზე თავისი ერთადერთი ძის, ბაგრატის წარგზავნა. მაგრამ ირანის შაჰს გიორგისათვის ორივეს (ლევანის და ბაგრატის) წარგზავნა უბრძანებია. ამ ამბით უკიდურესად აღშფოთებული გიორგი მეფე კახ დიდებულებს შეუთანხმდა, რათა მოაწყონ ერთობლივი შეთქმულება შაჰის წინააღმდეგ, მოკლან კახეთის ყიზილბაში ხანი და ერთ სამეფოდ გაერთიანდნენ. ამას ადასტურებს გიორგი მეფის მიერ კახელებისადმი მიცემული პირობის წიგნიც: „... ფიცი, პირი და წიგნი გიბოძეთ მეფემან პატრონმან გიორგიმ, შვილმან ბაგრატ ერთგულთა და ჩვენთა ეპისკოფოზთა და დარბაისელთ ქართლისა, ქათალიკოზმან ნიკოლზ, ლევან მუხრანის ბატონმა, თეიმურაზ ამილახვარმან, სარდალმან თამაზ, მაყაშვილს სარიდანს, ჯანდიერიშვილს თარხანს, დათუნას, ენდრონიკაშვილ გიორგის, ავალიშვილ გიორგის, ჩოლოყაშვილ როშაქს, ნაცვალს ბერუკასა, ასე და ამა პირსა ზედან, თუ კახეთი დავიჭიროთ ხელი ვიყვნეთ და მამულისა და სახელოს შამამატებელი ვიყვნეთ, დარბაისელნი, რაც კი მოინდომოთ იმისი მდომნი და მომჭირნონი ვიყვნეთ. მოგჭირდეს, რითაც გვეწყობოდეს იმრიგათ მოგიდგეთ და მოგეხმაროთ, გარდავსცვიდეთ და გარდმოგვყვეთ, როგორც შაგვეძლოს იმრიგად. ქართლით გადმოსცვიდეთ, კარგად შაგინახოთ და მოგეპყრათ, კარგი ყმანი ვიყვნეთ...“.1 მაგრამ როგორც წყაროებიდან ირკვევა, ეს შეთქმულება ჩაშლილა და გიორგი მეფეც იძულებული გამხდარა ორივე, ლევანიც და ბაგრატიც, 1688 წელს შაჰის კარზე გაეგზავნა.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, HD 2159
ამავე წელს გიორგი მეფემ უბრძანა არაგვის ერისთავს გიორგის, რათა ხლებოდა. გარკვეული მიზეზების გამო გიორგი ერისთავი მეფეს არ დაემორჩილა. ამის შემდეგ მეფემ განიზრახა მათ დასამორჩილებლად დუშეთს გალაშქრება. მეფე ბაზალეთის მიდამოებში დაბანაკდა და დათუნა ქსნის ერისთავი წარუგზავნა გიორგი ერისთავს „რათა მოვიდეს იგი გრემის ხევიდამ ბრძოლასა ზედა. ხოლო იგი არა მოვიდა. არამედ დაადგრა მჭურეტელი, თუ რაი იქმნას“.1 უკან მობრუნებული დათუნა ერისთავი მეფეს სთხოვდა გიორგი ერისთავისა და მისი ძმის ბარძიმ ერისთავის შენდობას. როგორც ჩანს, მეფე უარზე ყოფილა. ამიტომ დათუნას და მის მომხრეებს იმავე ღამეს მიუტოვებიათ მეფე. მარტოდ დარჩენილი მეფეც იმავე ღამეს გამობრუნებულა უკან და კოჯორს მოსულა.
როდესაც ეს ამბავი შაჰ-სულეიმანისათვის გამხდარა ცნობილი, იგი განრისხებულა და გიორგი მეფისათვის მოუწერია: „მოვედ წინაშე ჩემსა და მოგცე ქუეყანა სხუა და ნიჭნი დიდნი. არამედ ქართლი მიმიცია ერეკლესათვის“.2 ამრიგად, 1688 წელს შაჰ-სულეიმანს ქართლი გიორგი XI-თვის ჩამოურთმევია და კახი ბაგრატიონის - ერეკლე ბატონიშვილისათვის მიუცია.
თეიმურაზ I-ის შვილიშვილი ერეკლე ბატონიშვილი უკვე 14 წელიწადი იმყოფებოდა ირანის კარზე. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩანს, ერეკლე კვლავ ცდილობდა ქრისტიანობის შენარჩუნებას და სწორედ ამიტომ ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ეღირსა კახეთის მეფობას. ბოლოს, როგორც ჩანს, მას შეუჩნდნენ მისი თანმხლები კახელები და უფრო მეტად, მისი მოძღუარი მონაზონი ნაცვლისშვილი, რათა უარი ეთქვა ქრისტეს რჯულზე და მიეღო მაჰმადიანობა. როგორც ვახუშტი აღნიშნავს: „ამისთვის გამაჰმადიანდა ცოლ-შვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ“3. როდესაც გიორგი XI ეს ამბავი შეიტყო, იგი ცხინვალს წავიდა, საიდანაც რაჭაში გადავიდა და „მთიდამ გამოუტევნა ქართველნი მცირეთაგან კიდე, რამეთუ მოეცა ყეენსა ნაზარალიხანისათვის მწედ აჯიალიხან და ხანი კახეთს მჯდომი დარაჯად, თხოვნითავე ერეკლესითა, თუშნი და ქისიყელნი, ამისთვის რამეთუ ვერა ეგოდენ ენდობოდა ქართველთა“.4
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 462.
2. იქვე, გვ. 463.
3. იქვე, გვ. 463.
4. იქვე, გვ. 464.
XVII საუკუნის ბოლოს ირანი ქართლ-კახეთის მმართველებს თავის ვალად მიიჩნევდა. ამ დროს ირანში სულ 4 ვალი იყო: არაბისტანის, ლურისტანის, გურჯისტანის და ქურთისტანის. 1725 წლის ახლო ხანში შედგენილ „თაზქირათ ალ-მულუქში“ (სპარსულ დასტურლამალში) ნათქვამია: „უპირველესია არაბისტანის ვალი, რომელიც უფრო მაღლაა დაყენებული და უფრო პატივცემული, ვიდრე დანარჩენი ვალიები, მისი სეიდების გვარისადმი კუთვნილების, ღირსების და მის ტომთა რაოდენობის გამო. ამის მომდევნოა ლურისტანის ვალი, რომელმაც იმის გამო, რომ ის მუსლიმანია, უფრო პატივცემულია, ვიდრე გურჯისტანის ვალი. ირანის კუთვნილი საქართველოს ნაწილებია („გურჯისტანათ“) ქართლი, კახეთი და თბილისი. გურჯისტანის ვალის მომდევნოა ქურთისტანის ვალი“.1
1. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 375.
თითოეული ვალი ეკუთვნოდა მემკვიდრე მბრძანებლების დინასტიას და მიუხედავად იმისა, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ სეფიანთა ირანის სახელმწიფოსთან, ფაქტიურად მაინც დამოუკიდებელი მდგომარეობით სარგებლობდნენ. ირანის ხელმწიფის ამ „ყმადნაფიცების“ შემოსავალი არ იყო შეტანილი ირანის სახელმწიფოს ბიუჯეტში და გარდა სამხედრო დახმარებისა, დაკისრებული ჰქონდათ გამოსაღები, რომელიც ძღვენის სახით იყო გამოხატული.
მართლაც, „თაზქირათ ალ-მულუქის“ საგანგებო განაკვეთში, სადაც საუბარია ირანის ოლქების შემოსავალზე, მოხსენებულია კახეთი, რომელსაც XVII საუკუნის ბოლო მეოთხედში ყიზილბაში ხანები მართავდნენ და როგორც ხარკის გადამხდელი, მიწერილი იყო ყარაბაღის საბეგლარბეგოზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ირანი დაჟინებით ცდილობდა კახეთში ქართული ფეოდალური მიწისმფლობელობის გაუქმებას და მის მაგივრად საკუთარი მიწისმფლობელობის ფორმების შემოღებას. ირანში კარგად ესმოდათ, რომ მხოლოდ ეს შეუქმნიდა მტკიცე საფუძველს საქართველოს (განსაკუთრებით კახეთის) გაყიზილბაშებას და მის ირანის სახანოდ გადაქცევას. ამის დამადასტურებელია კახეთში სათათრო გამოსაღების შესახებ არსებული ცნობები, ორენოვანი ქართულ-სპარსული საბუთები: „ელის დებულება“ და „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“. სათათრო გამოსაღების არსებობა კახეთში გულისხმობდა კახეთის ვასალურ დამოკიდებულებას ირანთან. მართალია, სათათროს პარალელურად ქართულ საბუთებში გვხვდება აგრეთვე „საყიზილბაშო“, „სალეკო“, „საყაენო“ და სხვა გადასახადები, მაგრამ უფრო ხშირად მაინც „სათათრო“ იხმარება. სათათრო გამოსაღების არსებობა კახეთში წარმოადგენს ერთ-ერთ წყაროს კახეთის ირანის სახელმწიფოსთან ურთიერთობის პოლიტიკური ფორმის დასადგენად.1
ირანი რომ კახეთს თავის სახანოდ მიიჩნევდა, ამის დამადასტურებელია ისიც, რომ სეფიანთა ირანის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ფულადი შემოსავალი კახეთისაგან, სადაც მმართველებად XVII საუკუნის გარკვეულ პერიოდებში ყიზილბაში ხანები სხედან. კახეთი, როგორც ხარკის გამომღები ქვეყანა, მიწერილი იყო ყარაბაღის საბეგლარბეგოზე. კახეთს დადებული ჰქონდა ისეთი გადასახადები, როგორიც იყო „საყაენო ჩობანბეგი“. ჩობანბეგი მეტად მძიმე გადასახადად ითვლებოდა ყიზილბაშთა სახელმწიფოში. ამ გადასახადს უკიდურეს გაჭირვებამდე მიჰყავდა მწარმოებელი კლასი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ XVII ს-ის ბოლოს კახეთი ირანს „საურთან“ (ფეშქაში, ძღვენი) ერთად ხარკსაც უხდიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ XVII საუკუნის ბოლოს ირანის სამეფო კარი ქართლ-კახეთის მიმართ უკვე მესამეჯერ ცვლიდა თავის პოლიტიკას. საქმე ისაა, რომ ქართველების ჯიქურ გასპარსელების პოლიტიკამ და გასპარსელების „კულტურულ-მშვიდობიანმა“ გზამ მას საბოლოო სასურველი შედეგი ვერ მოუტანა. პირიქით, ვახუშტის სიტყვით რომ ვთქვათ, კახელები „მოსრულთა მძლე ექმნებოდიან და მოსვრიდიან, ვინადგან ამ ჟამებთა აღივსებოდა ქართლიდამ კაცით კახეთი და აშენდებოდა მრავალნი უშენნი დაბნები და აგარაკები“.2
1. ვ. გაბაშვილი, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, გვ. 239–240.
2. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 604.
გაყიზილბაშებული ბეჟან-ხანის დროს პირველად კახეთი საკმაოდ მოშენებული იყო, რადგან ამ დროს კახეთში მთავრობდნენ „ჩოლოყაშვილი რევაზ, მოურავი ქისიყისა აბელ, მოურავი ელისენისა მერაბ და სხვანიცა, და განეგებოდა ხანისაგან კახეთი ამათით“. ეს პიროვნებები ყოველთვის არ ემორჩილებოდნენ ბეჟან-ხანს და ხშირად თავიანთი ნებით განაგებდნენ კახეთს. ამის გამო ვახუშტი აღნიშნავს: „იხილა რა სიამაყე ესე კახთა ხანმა, იწყო მოწამვლით და რომელთამე ცხადად სიკვდილი. ამისთვის კახთაცა იწყეს კრძალვა და ფრთხილობა“1. ყოველივე ამის გამო უკიდურესად აღშფოთდა ქართლის მეფე გიორგი XI. მან ბეჟან-ხანს სპეციალურად მიუჩინა კაცი, რომელმაც მართალია ვერ მოკლა იგი, მაგრამ თოფი ესროლა და მხარი მოსტეხა. ამაზე გაბოროტებული ხანი, ამის შემდეგ, მეტად მტრულად მოეკიდა კახეთის გაძლიერებას და იქ ქართველთა მომრავლებას. „შაჰის აშკარა მხარდაჭერით ყიზილბაში ხანები კვლავ დიდის გულმოდგინებით შეუდგნენ ქვეყნის თურქმანებით დასახლებას, მაგრამ ამჯერად მათ გარდა საკუთარი სამხედრო ძალებისა და თვით ჩამოსახლებული თურქმანებისა ძირითადად გამოიყენეს დაღესტნელები და უკვე მომძლავრებული ჭარ-ბელაქნელი ლეკები. ამრიგად, „მე-17 საუკუნის მანძილზე უმთავრესად მის უკანასკნელ მეოთხედში, თანდათან ჩამოყალიბდა ჭარის, ბელაქნის და თალას „უბატონო თემები“. ეს თემები მალე გადიქცნენ კახეთის სოფლების მიმართ მეომარ და თავდამსხმელ თემებად“.2
ირანის შაჰის მიერ კახეთში დასმული ყიზილბაში ხანები ზურგს უმაგრებდნენ დაღესტნურ თემებს, რომლებსაც კახეთის ქრისტიანული მოსახლეობის წინააღმდეგ ამხედრებდნენ; ისინი ამწვავებდნენ შეურიგებელ სარწმუნეობრივ მტრობას, რასაც შედეგად მოსდევდა მკვიდრი მოსახლეობის განადგურება. ვახუშტი ასე მოგვითხრობს კახეთში ბეჟან-ხანის ცბიერ მოქმედებას: „განბოროტებულმან ხანმა მისცა ნება და ძალი ლეკთა და უწყეს კახეთს კირთება და ტყუევნა, არათუ ლაშქრით, არამედ ავაზაკობით. კუალად აღაზავნა უმეტეს ჭარელნი და ელი ფადარი დასხმულნი ხანთაგანვე, რამეთუ თუცა მოკლიან კახნი ლეკთა ანუ თათართა შერისხვიდა ხანი, ანუ მოაკუდინებდა, ანუ მიაცემინის სისხლი, მეტყუელი: „რამეთუ არა ჯერ არს გიაურთაგან მუსულმანის სიკუდილი და თუცა მოჰკლიან თათართა კახი არა რაი ავნის, რამეთუ ესრეთ ჯერ არს და იყო ამით ჭირი დიდი. გარნა კახნი უდგნენ მაგრად და სრვიდნენ სადა ვინ მოახელიან”.3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 605.
2. მ. დუმბაძე, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილოს) ისტორიიდან, გვ. 15-16.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 605.
1683 წელს ირანის შაჰმა ერეკლე მეფის ჯანიშინი ბეჟანხანი გაიწვია კახეთიდან და მის მაგივრად ახალი ხანი - ამჯერად უკვე ნამდვილი ყიზილბაში - აბას ზიად-ოღლი გამოაგზავნა,1 რომლის რეზიდენციაც ასევე ყარაღაჯს იყო. ახალი ხანი კახელების მიმართ, რაღა თქმა უნდა, უფრო მკაცრი და ყიზილბაშური წესების თავგამოდებული დამნერგავი აღმოჩნდა. ამის გამო, 1688 წელს ქართლის მეფე გიორგი XI შეუთანხმდა კახეთში ყიზილბაში ხანის სიმკაცრით შეწუხებულ რევაზ ჩოლოყაშვილს, ქიზიყის მოურავს აბელს და ელისენის მოურავს მერაბს, რათა ცნონ გიორგი მეფის ერთმთავრობა, აუჯანყდნენ ყიზილბაშ ხანს აბას-ზიად-ოღლის და მოკლან. როგორც ჩანს, გოირგი XI ამ დროს განზრახული ჰქონდა კახეთის შემოერთება და თავისი ხელისუფლების გაძლიერება. ხოლო რაც შეეხება კახეთის წარჩინებულებს, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ როგორც კი ირანის შაჰი ამ ამბავს შეიტყობდა, ის მაშინვე ერეკლე ბატონიშვილს გამოგზავნიდა კახეთის მეფედ. მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შეთქმულების მოწყობა ვერ მოხერხდა. პირიქით, ამ ამბავმა კახეთის ყიზილბაში ხანის ყურამდეც მიაღწია, რის გამოც, აბას-ზიად-ოღლი ამის შემდეგ კიდევ უფრო სასტიკად ექცეოდა კახელებს. ამის გამო, იმავე 1688 წელს „ესმა კუალად ყეენსა ვერ-თავსდება კახთაგან ხანისა, ამისთვის მისცა კახეთი განჯის ბეგლარბეგს აბაზ-ყული-ხანს და მოვიდა ესეცა ყარაღაჯს“.2
1. მ. ხუბუა, საქართველოს მუზეუმის სპარსული ფირმანები და ჰოქმები, გვ. 22.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 606.
საერთოდ, ყიზილბაში ხანები ყველანაირად ესწრაფოდნენ კახეთში ყიზილბაშური მმართველობის შემოღებას. კახეთში ქართველობის საზიანო იყო ხანების საეკლესიო პოლიტიკაც. ისინი ეკლესიის მემამულეობას არ იცავდნენ. პირიქით, თავადებთან ერთად ეკლესია-მონასტრების ყმა-მამულს იტაცებდნენ. ეკლესია-მონასტრების შევიწროება-მოშლით ხანები კახელებს შორის მაჰმადიანობის გავრცელების გაადვილებას ცდილობდნენ. როგორც აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა, ხანების ასეთი პოლიტიკის შედეგი იყო, რომ მათ საკმაო დასაყრდენი ვერ გაიჩინეს კახეთის მოსახლეობის ვერც ერთ ფენაში. მათი წინააღმდეგნი იყვნენ ფეოდალებიც (თავადები, ეკლესია) და მწარმოებელი საზოგადოებაც (გლეხები, მთა). ამიტომაც ხანები უმთავრესად ყიზილბაშთა სამხედრო ძალას და მოახალშენე თურქმანებს ემყარებოდნენ. შაჰის ეს მოხელეები ლეკებშიაც თავიანთ მოკავშირეს ხედავდნენ. ისინი აშკარად ხელს უწყობდნენ ლეკთა მოსახლეობის გაძლიერებას კახეთის აღმოსავლეთ ნაწილში - ჭარში, და არც ლეკთა იმ დასტების წინააღმდეგ იბრძოდნენ, კახეთის სოფლების სარბევლად განუწყვეტლივ რომ მოდიოდნენ.1
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, გვ. 296.
ხანების პოლიტიკით უკმაყოფილო კახელები ირანის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ეძებდნენ მოკავშირეებს, რის გამოც ხშირად აწყობდნენ შეთქმულებებს ხანების წინააღმდეგ და კახეთში გასაბატონებლად იწვევდნენ ხან არჩილ მეფეს და ხან გიორგი მეფეს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1688 წლიდან, განჯის ბეგლარ-ბეგის აბაზ-ყული-ხანისადმი კახეთის გადაცემის შემდეგ, ირანის პოლიტიკა კახეთის მიმართ რამდენადმე შეიცვალა. ამ დროიდან ხანები მცირე დათმობებით, მდიდარი საჩუქრებითა და შაჰისაგან მიღებული ჯამაგირით კახთა გავლენიანი თავადების მიმხრობას და კახეთში ირანისადმი მტრული განწყობილების განელებას ცდილობდნენ. ამის მაგალითი იყო აბაზ-ყულიხანისა და გიორგი მეფის მოკავშირეობა. ამ მხრივ ასევე აღსანიშნავია 1693 წელს აბაზ-ყული-ხანის მიერ თუშეთის მოურავის მამუკა ჩოლოყაშვილის, სახლთუხუცესს დურმიშხანისა და სხვებისადმი ბოძებული სოფლების წყალობის წიგნი, რომელსაც აბაზ-ყული-ხანი მათ სთავაზობს გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ: „ქ. ნებითა და შეწევნითა ღთისათა, ესე ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და უცვალებელი, წიგნი და სიგელი გიბოძეთ: ჩვენ კახეთის ბატონმა და ყარაბაღის ბეგლარბეგმა პატრონმა აბაზ ყულიხან: თქვენ ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურსა ყმასა ჩვენსა თუშთ მოურავს ჩოლოყაშვილს მამუკას, სახლის უხუცესს დურმიშხანს, შვილთა თქვენთა ზაალს, ედიშერს, საზვრელს და გიორგის, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა; ასე და ამა პირსა ზედან რომე, ჩვენზე დიაღ ნამსახური და ვალდებული დარჩით. მისად საპასუხოდ შეგიწყალეთ და გიბოძეთ კაკაბეთი, რამაზიანი, ალვანი, ბოლოს არხი გაღმა-გამოღმა სამძღვრით-სამძღურამდისინ მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, შენითა და უშენითა, რაგვარათაც გორჯასპისა და ერისთავის შვილს დათუნას ჰქონდა, აგრეთვე თქვენთვის გვიბოძებია, ყოვლის კაცის მოუსარჩლელ მოუდევრად, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთან ჩვენსა ერთგულობასა და სამსახურსა შინა”.1 სიგელს ბოლოში აქვს აბაზ-ყულიხანის ბეჭედი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1688 წელს ირანის შაჰმა ქართლი გოირგი XI ჩამოართვა და კახელ ბაგრატიონს თეიმურაზ I შვილიშვილს ერეკლეს გადასცა, რომელმაც 1687 წელს, თავისი „რუსული“ განსწავლულობის მიუხედავად, ქედი მოუხარა ირანის შაჰს, მაჰმადიანობა მიიღო და „ნაზარალი-ხანად“ გადაიქცა. ვახუშტის თქმით, ერეკლე „იყო ქართლისა და წესთა საქართველოსათა უცნობელი და მეფობისა გამოუცდელი, ლირწთა და უშუერთა მოუბარი, სმისა და შუება-ლხინთა მოყუარე, მხნე და ჰაეროვანი, ტანოვანი, მოწყალე და მცირედთა ყურისმიმპყრობი და დიდთა დამამდაბლებელი, არამედ არა ძალ-ედვა თვინიერ ყეენისა, მრისხანე ჟამად და უსისხლო“2. ამრიგად, გამაჰმადიანებამ კახ უფლისწულს დიდი ხნის ნანატრი ტახტი მოუტანა, ოღონდ, ამჯერად, არა თავისი სამემკვიდრეო - კახეთის ტახტი, არამედ ქართლის. ირანის შაჰის ამ გადაწყვეტილებით საქართველოში დასაწყისი მიეცა ბაგრატიონთა ორი შტოს (კახი და მუხრანელი ბაგრატიონების) ურთიერთწინააღმდეგობას, რაც მთელი XVIII საუკუნის მანძილზე გრძელდებოდა.
ვახუშტი ბატონიშვილი ერეკლეს ქართლის მეფედ დანიშვნას ასე გადმოგვცემს: „ამისა შემდგომად მოვიდა ერეკლე მეფედ ქართლისათა და ამას ნებითა ხანისათა მიეგებნენ რომელნიმე კახნი ყაზახსა შინა, ვინაითგან მიეცა ყეენსა თუშნი და ქისიყელნი ტალად ერეკლესათვის და კახეთი სრულიად ეპყრა აბაზ-ყულიხანს. გარნა უსმენდა განდიდება-დამცირებასა აბაზ-ყულიხან ერეკლე მეფესა კახთასა და ვიეთნიმეცა იყვნენ წინაშე მისსა და შენდებოდა კახეთი ქართლიდამ. არამედ ლეკნი კუალადცა ეკირთებოდნენ მარადღე და სადაცა შეხუდიან კახნი მოსწყუედდნენ“.3
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ.Qდ 6719; სცსსა, ფ. 1449, ს. 190.
2. ვახუშტის დასახ. ნაშრომი, გვ. 464.
3. ვახუშტის დასახ. ნაშრომი, გვ. 606 – 607.
ამრიგად, სპარსეთის მბრძანებელმა ერეკლე I-ის ქართლში გამეფებით იგი, ერეკლე I ნაზარალი-ხანი, რომელიც ქართლში ირანოფილური პოლიტიკის გამტარებელი უნდა ყოფილიყო, დაუპირისპირა არჩილსა და გიორგი XI-ს, რომელთა პოლიტიკა შემდეგში ვახტანგ VI გააგრძელა.
ერეკლე ნაზარალი-ხანმა ქართლში მოსვლისთანავე თავისი ხელისუფლების განსამტკიცებლად მმართველობაში ზოგიერთი წესის შეცვლა, ძირძველი დიდგვაროვანი ქართლის თავადების შევიწროება და ზოგიერთი მათგანის სამოხელეო თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. მან შეცვალა ქართლის კათალიკოზი და ეპისკოპოსნი. მათ ნაცვლად ერეკლემ თავისი ერთგულნი და საიმედონი დანიშნა: კათალიკოზად - იოანე დიასამიძე, მთავარ-ეპისკოპოზად - ნაცვლიშვილი, ტფილელად - ყაფლანიშვილი დომენტი, მანგლელად - იოსებ ჯავახიშვილი. მსაჯულთუხუცესად დანიშნა ბარძიმ ერისთავი, სალთხუცესად - ბებურიშვილი, ვეზირად - ყიასა, ყულარაღასად - ლუარსაბ ყაფლანიშვილი და ა. შ. როგორც ვახუშტი აღნიშნავს - „ამათ მიაგდო საქმენი ყოველნი ქუეყანისანი და თვით მარადის იშუებდა და იხარებდა და ნადირობდა“1. მიუხედავად ცვლილებებისა, ერეკლე მეფე ქართლის დიდებულებს მაინც ბოლომდე ვერ ენდობოდა, ძირითადად ის მაინც კახელებს ეყრდნობოდა, გიორგი მეფის ერთგულებს სასტიკად ამცირებდა. განსაკუთრებით დაამდაბლა ქართლის სპასპეტი თამაზა, გივი ამილახვარი, დავით ერისთავი და აშოთან მუხრანის ბატონი. მათ ნაცვლად თბილისის ციხის ყიზილბაშნი მცველნი აღაზევნა. ვახუშტი ბატონიშვილი ერეკლეს ასეთ მოქმედაბას შემდეგნაირად აფასებს: „რამეთუ ჰკლვიდენ და წარუხმიდენ კაცთა ცოლშვილთა, სხუათა ჰყიდდენ და სხუათა მაჰმადიან ჰყოფდნენ და ჭირისა ამისთვის გადაშენდებოდნენ ქართლის გლეხნი და აზნაურნიცა კახეთს, რამეთუ საწადელი იყო ერეკლესა აღშენება კახეთისა“2.
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 464
2. იქვე, გვ. 465-466
ქართლის დიდებულთა დიდი ნაწილი ერეკლეს ასეთ მოქმედებას ვერ შეეგუა და გიორგი XI-ს დაუჭირა მხარი. 1691 წლიდან ამ ორ პრეტენდენტს შორის დაიწყო გაუთავებელი ომი. გიორგი XI იძულებული გახდა იმერეთს გადახვეწილიყო და ზრამაგას მყოფ არჩილის შვილებს დაკავშირებოდა. იმერთა მეფე ალექსანდრე კი ერეკლე I დაუკავშირდა და ქართლში გადმოვიდა. ერკლემ შეჰყარა ლაშქარი, რომელსაც ბარძიმ მდივანბეგი უსარდლა. ზრამაგს მისულ ბარძიმის ლაშქარს წინ აღუდგა ელიყანაშვილის ლაშქარი, რომელმაც არჩილის ძენი დიგორს წარგზავნა, ბარძიმი კი „ვერა რაისა მყოფელი უკუმოიქცა და მოვიდა წინაშე ერეკლე მეფისა“. ერეკლეც არ წავიდა ამის წინააღმდეგი. ვახუშტი ბატონიშვილი ამ ფაქტს გამართლებას უძებნის და წერს, რომ „ერეკლეს დისწულნი არჩილის ძენი იყვნენო“.1 აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვახუშტის თქმით, ერეკლე I „უმძიმდაცა ფრიად ესე ვითარი ცვლილება საქართველოისა და სწადდა, რათა აქუნდეს კახეთი თვით და ქართლი გიორგი მეფესა, ვითარცა მემკვიდრეთა“.2
1691 წელს შეჰკრიბა გიორგი მეფემ ლაშქარი და შიდა ქართლში ჩამოვიდა. ბევრი ქართლის დიდებული სიხარულით მიეახლა გიორგი მეფეს. მალე გიორგი XI შეიტყო, რომ ალექსანდრე მეფის დედა და ცოლ-შვილი რუისს იდგნენ. მოულოდნელად მათ თავს დაესხა და დაატყვევა, ალექსანდრეს ძენი კი დააპატიმრა. კოჯორში მყოფმა ნაზარალი-ხანმა როცა ეს ამბავი შეიტყო, სასწრაფოდ თბილისში დაბრუნდა. გიორგი მეფე ჯერ დუშეთში გადავიდა და შემდეგ თიანეთს გაეშურა, სადაც მას გიორგი და ბარძიმ ერისთავები მიეახლნენ. ქაიხოსრო ლოპინას ძმისშვილმა ციციმაც საციციანო დაიპყრო და მეფეს შეუერთდა. გიორგი მეფე თავისი მომხრეებით თიანეთიდან დიდგორს გადმოვიდა, სადაც მას ამჯერად, მთელი სომხით-საბარათიანონი შეუერთდა და ამის შემდეგ გიორგი მეფე კოჯორს გამაგრდა. აქედან კი თბილისის მიმართულებით დაიძრა. როგორც ჩანს, თბილისის მისადგომებთან მას ბრძოლა ძალიან გასჭირვებია და გადაუწყვეტია კახელებთან შეთანხმება, რათა კახეთში კვლავ არჩილი გაემეფებინათ: „ეზრახა კახთა, რათა იპატრონონ კუალადვე არჩილ. ხოლო მათ სიხარულით მოსცეს პირი მტკიცე ფიცითა და აცნობეს ესე არჩილს, არამედ მან არა ინება. გარნა განემზადა წარსვლად რუსეთს“.3
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 465.
2. იქვე, გვ. 464.
3. იქვე, გვ. 468.
მიუხედავად იმისა, რომ არჩილმა არ მოისურვა კახეთში მეფობა, გიორგი მეფეს მაინც განუზრახავს კახეთის დაპყრობა, რის გამოც იგი ლილოს გადასულა და აქედან კახეთის დასაპყრობად გაუგზავნია ბარძიმ ერისთავი, გივი ამილახვარი, სპასპეტი თამაზი და ქართლის ლაშქარი. ლილოდან გასულ ამ ლაშქარს ნინოწმინდაში კახეთის სახლთუხუცესი რევაზ ჩოლოყაშვილი დახვდა თავისი ლაშქრით. ქიზიყის მოურავი დუშიაც თუშთა და ქიზიყელთა მცირეოდენი ლაშქრით მთა-მთა ჩუმად გადმოსულა მათთან დასაზავებლად. მაგრამ ბარძიმ ერისთავი, რომელიც თავისი ბუნებით მეტად ამაყი და თავხედი ყოფილა, არავის არაფრად აგდებდა და მითუმეტეს კახელებს. მთვრალ ბარძიმს ჰგონებია, რომ ქიზიყის მოურავი მათთან საბრძოლველად მივიდა და ცეცხლი გაუხსნია. რაღა თქმა უნდა კახელებსაც დაუწყიათ ბრძოლა, დაუმარცხებიათ ქართლის ლაშქარი და უკუ უქცევიათ. დამარცხებული გიორგი მეფე ლილოდან გამობრუნებულა და მცხეთას გადასულა. ამის შემდეგ გიორგის ერთხელ კიდევ უცდია არჩილის დაყოლიება, რათა დაეპყრა კახეთი, მაგრამ არჩილმა არ მოისურვა და ოსეთს გაემგზავრა. ამის შემდეგ გიორგი კვლავ კოჯორს გამაგრებულა.
მალე ყეენის ბრძანებით ერეკლე მეფე შეუთანხდა აბაზყულიხანს, მივიდა ერეკლე ყარაღაჯს, ითათბირეს და გადაწყვიტეს არაგვის ერისთავისათვის ერწო-თიანეთის წართმევა. შეკრიბეს დიდი ჯარი და თიანეთს გაგზავნეს.1 როცა გიორგი XI ეს ამბავი შეიტყო, ისიც თიანეთისკენ დაიძრა და კვლავ დაი პყროთიანეთი. თავის მხრივ ერეკლე ნაზარალი-ხანიც იქით გაეშურა, მივიდა და „ქართლის უბანს“ დადგა. „მაშინ ეზრახნენ გიორგი და ერეკლე მეფენი ურთიერთს მნებებელნი, რათა დაიპყრას ქართლი გიორგიმ და კახეთი ერეკლემ და აუწყონ ყეენსა ეგრეთ მორჩილება მისივე და დაასკუნესცა ესე პირი. არამედ არა აუფლეს მეშფოთეთა ესე ყოფად“.2
1. ნ. სოლოღაშვილი, კახეთი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში, გვ. 15.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 469.
როგორც ზემოთ მოტანილი ციტატიდან ჩანს, ერეკლე მეფესა და გიორგი მეფეს გადაუწყვეტიათ ქართლ-კახეთის განაწილება და ყეენის წინაშე მორჩილება, მაგრამ, ისევ და ისევ ფედალური ბუნებიდან გამომდინარე, ზოგიერთ მეშფოთე დიდებულს ეს ამბავი არ მოსწონებია და ჩაუშლიათ. ამის შემდეგ, გიორგი მეფეს ბრძოლა გადაუწყვეტია, მაგრამ გიორგი ერისთავს არც ეს მოსწონებია და მისი გადაწყვეტილებით გიორგი მეფე უკუქცეულა. მაშინ ერეკლე ნაზარალი-ხანს მთელი თიანეთი და არაგვის აღმოსავლეთი ტერიტორია მთლიანად დაუპყრია. როცა გიორგი მეფემ ეს ამბავი შეიტყო, მან ამჯერად ერეკლეს წინააღმდეგ საბძოლველად იასონ ერისთავის ძე თეიმურაზი გააგზავნა. ამას დაუმარცხებია ერეკლეს ლაშქარი და არაგვის კიდენი ისევ თვითონ დაუპყრია. ამ დროს გიორგი მეფის ლაშქარში ერთიანობა არ ყოფილა, ციცი ციციშვილი და ბეჟან სააკაძე ყველაფერს ერეკლეს აგებინებდნენ, რის გამოც გიორგი მეფემ ისინი შეიპყრო და დასაჯა. ამის შემდეგ ერკლეს აბაზ-ყულიხანი მიშველებია, მაგრამ გიორგი მეფე ვერ დაუმარცხებიათ, ამიტომ ისინი უკან გამობრუნებულან და თბილისს მისულან.
1692 წელს ირანის შაჰი სულეიმანი გარდაიცვალა და ირანის შაჰი გახდა მისი ძე შაჰსულთან ჰუსეინი. მან ერეკლე ნაზარალი-ხანს გამოუგზავნა ხალათი და თბილისის მცველი ყიზილბაშების შემცვლელნი.
გიორგი XI თავისი გეგმების განხორციელებას საშამხლოს დახმარებით აპირებდა და შამხალთან მოლაპარაკება თავის ძმისწულ ვახტანგ ლევანის ძეს დაავალა. ვახტანგ ბატონიშვილი საშამხლოში მძევლად დარჩა. შამხალმა პირობა დადო, რომ ქართლის მეფეთა ერთგული იქნებოდა და დახმარებასაც გაუწევდა. მაგრამ მალე მდგომარეობა სრულიად შეიცვალა: სპარსეთის შაჰმა, გაიგო რა ქართლისა და საშამხლოს ახალი დამოკიდებულების ხასიათი, საშიშად მიიჩნია მათი კავშირი, შამხალს დიდძალი საბოძვარი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ მის ტერიტორიაზე მყოფი რუსეთში მიმავალი არჩილი შეეპყრო და მისთვის მიეგვარა. შამხალმა უმალვე უარყო ქართველებთან დადებული ფიცი და ჩერქეზეთს მყოფი არჩილი 1693 წელს შეაჩერა. როგორც კი ეს ამბავი ვახტანგ ლევანის ძემ შეიტყო, მაშინვე დატოვა საშამხლო და ქაიხოსრო ბატონიშვილთან გორში ჩავიდა.
1695 წელს გიორგი XI-ს ვახტანგ ბატონიშვილი შეუერთდა თავისი რაზმით. ისინი ერეკლეს ლაშქარს ბორჩალოსთან შეებნენ. ბრძოლებს ბოლო არ უჩანდა. შეტაკებები შემდეგში თბილისის მისადგომებთან გაგრძელდა. ერეკლეს ამ ბრძოლაში კახნი და თუშნი შემოუერთდნენ. გიორგი XI და ვახტანგ ბატონიშვილმა ამ ბრძოლაში მარცხი განიცადეს და ერეკლე ნაზარალიხანი თბილისში შეიჭრა. გიორგი XI დიდი დიპლომატიური ფანდებით შეძლო კახეთის ყიზილბაში ხანის აბაზ-ყულიხანის გადმობირება, მაგრამ ერეკლე I-მა ეს ამბავი უმალ შეიტყო და შაჰს აცნობა: „რამეთუ მეგობრობს გიორგი მეფესა და ამაგრებს და არცა ნებავს ბრძოლა მისი“1. ამის გამო ყეენი მეტისმეტად განრისხდა და ერეკლეს უბრძანა აბაზყული-ხანის დაპატიმრება და მის წინაშე წარგზავნა. ერეკლემ აღასრულა ბრძანება და დააპატიმრა კახეთის ყიზილბაში მმართველი. ამის შემდეგ, როგორც ვახუშტი გადმოგვცემს, კახეთი ფაქტობრივად ერეკლეს დარჩა: „არამედ კახეთი დაშთა უპატრონოდ და ვიეთნიმე იყვნენ წინაშე ერეკლე მეფისა, ვიეთნიმე წინაშე გიორგი მეფისა და ვიეთნიმე თვისად. გარნა უფროს მორჩილებასა შინა იყვნენ ერეკლე მეფისასა“2. ამ დროს ზოგიერთი თუში და კახელი კვლავ ეახლა ერეკლე მეფეს და მონაწილეობა მიიღეს ჭაპალასთან გიორგი მეფის დამარცხებაში. ყოველივე ეს კვლავ აცნობა ერეკლე მეფემ ყეენს. ამის შემდეგ 1695 წლის ზაფხულში ყეენმა გამოგზავნა ქალბალი-ხანი, რომელსაც უბოძა განჯის ბეგლარბეგობა და კახეთის მმართველობა. რაღა თქმა უნდა, ერეკლე ნაზარალი-ხანსა და ქალბალი-ხანს ერთად უნდა ებრძოლათ გიორგი XI წინააღმდეგ. მათ ,,შემოვლნეს სომხითი, დბანისხევი და დადგნენ ყარაბულახს; და გიორგი მეფეცა მივიდა და დადგა კლდეკარს”3. ამ დროს ერეკლე მეფე და იმერეთის მეფე ალექსანდრე მეგობრობდნენ. არჩილი და გიორგი მეფე შეუთანხმდნენ იმერლებს, რომლებმაც შეიპყრეს ალექსანდრე და მეფეებს მიჰგვარეს. მათ კი რუისს მოიყვანეს და 1695 წელს სიკვდილით დასაჯეს.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 607.
2. იქვე, გვ. 607.
3. იქვე, გვ. 472.
4. იქვე, გვ. 473.
ამის შემდეგ კვლავ გაგრძელდა ერეკლესა და ქალბალი-ხანის ბრძოლა გიორგი XI წინააღმდეგ. გიორგი მეფეს უღალატეს მისმა მოკავშირეებმა და უარი განაცხადეს ბრძოლაზე. მეფე გიორგის სხვა გზა აღარ რჩებოდა „წარმოვიდა მეფე კრკონს, აჰყარა იქ მდგომნი დედაწულნი თვისნი და სახლეულნი და წარვიდა იმერეთს (1695წ.)4. ნაზარალი-ხანი და ქალბალი-ხანი მოვიდნენ გორს და გამაგრდნენ. ამის შემდეგ გიორგი მეფის მოკავშირეებმაც შეწყვიტეს ბრძოლა და ერეკლე ნაზარალიხანსა და ქალბალი-ხანს პატიება სთხოვეს. ქაიხოსრო ლევანის ძემ ქალბალი-ხანს ყეენის წინაშე წარგზავნა სთხოვა და მანაც გაგზავნა ქაიხოსრო სპარსეთის კარზე. როგორც ჩანს, ქაიხოსროს ქართლის მეფობის მიღება სურდა.
1695 წლიდან ქალბალი-ხანი, მსგავსად წინამორბედი ყიზილბაში ხანებისა, თანმიმდევრულად შეუდგა ირანის პოლიტიკის გატარებას კახეთში. მის დროს მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ჭარ-ბელაქნელი ლეკები, გარდა იმისა, რომ თვით ,,უმეტესად მძლავრობდნენ ელისენ გაღმა-მხარსა“, ამავე დროს „იყუნენ მესადგურე ეტიკნი დაღისტნელთა“ და ვახუშტის სიტყვით: „იყო ამათ მიერ ტყუევნა, ოხრება და კლვანი კაცთა, მზირობით, ავაზაკობითა და პარვითა, შემდგომად არჩილ მეფისა ვიდრე აქამომდე“.1 თავმობეზრებულმა და შეწუხებულმა კახელებმა ქალბალიხანს სთხოვეს „რათა ნება სცეს ჭარელთა ზედა და შემუსრონ იგინი“. მაგრამ ქალბალი-ხანი და ერეკლე მეფე, რომლებიც ამ დროს გიორგი XI-ს ებრძოდნენ, კახელებს მოუწოდებდნენ: „გვაცადეთ, ვიდრე გიორგი მეფის ზავ-ყოფადმდე და მერმე მოვიდე მეცა და უყოთ, ვითარცა გნებავთ“.2 კახელები კი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ მათ მაშველი არ სჭირდებოდათ და მიეცათ უფლება თვითონ დაელაშქრათ ჭარელები, რომელთაგანაც გამუდმებით ირბეოდა კახეთი. სათანადო ნებართვის მიღების შემდეგ კახელებმა მართლაც დალაშქრეს ჭარი: „შეიკრიბნენ სრულიად კახნი და მივიდნენ ენისელსა შინა, ევედრნენ ჭარელნი და აღუთქმიდენ მორჩილებასა და ხარკსა, რათა არა მოსწყვიდონ. ესე არა ინებეს კახთა და შეუხდნენ, ვერ წინააღუდგნენ ჭარელნი და ამათ მოსწყვიდნნეს, მოტყუევნნეს და შემუსრნეს სიმაგრენი მათნი და ნაალაფევნი, დადგნენ ჭარსა შინა, რამეთუ განეზრახათ სამდღე მუნიდამ რბევა და ტყუევნა მარად დღე“3, მაგრამ მიუხედავად კარგად დაწყებისა, კახელებმა ეს ბრძოლა მაინც წააგეს, როგორც მოსალოდნელი იყო.
1. ვახუშტის დასახ. ნაშრომი, გვ. 608
2. იქვე, გვ. 608.
3. იქვე, გვ. 608.
ქალბალი-ხანმა ფრიად „განიხარა, ვინაითგან ენება დამდაბლება კახთა, არამედ ერეკლე მეფე დამძიმდა ფრიად და ამისა შემდგომად იწყეს უმეტესი კირთება, ტყუევნა და რბევა კახეთისა ლეკთა”.1 ასე, რომ ქალბალი-ხანი აშკარად თუ ფარულად, ჭარ-ბელაქნელ ლეკთა და კახელთა ურთიერთობაში შეგნებულად ლეკთა მხარეზე იდგა. „მარადის იყოფოდნენ წარჩინებულნი კახნი მის წინაშე და ევედროდენცა შეწევნასა ლეკთა ზედა. არამედ იგი უზრუნველ იყო, რამეთუ აძლევდნენ მას ხარკსა და მორჩილებდენ და კახთა ეტყოდა ტკბილად და ნიჭვიდა მრავალთა”.2 მიუხედავად ამისა, კახელები მაინც მხნედ ედგნენ ლეკებს და მომხდურებს მუსრს ავლებდნენ ხოლმე.
ამ დროს ერევნის ხანი და ქალბალი-ხანი ერთმანეთს მტრობდნენ და როდესაც ერევნის ხანმა შაჰის კარზე ქაიხოსროს წარგზავნა შეიტყო, მან გიორგი XI ურჩია, ისიც ირანის კარზე წასულიყო და შაჰისთვის ეთხოვა ქართლის მეფობა. გიორგი დათანხმდა და ერევნის ხანის დახმარებით ირანის კარზე გაემართა. ასე დამთავრდა მრავალწლიანი ომი ერეკლე ნაზარალიხანსა და გიორგი XI შორის.
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 609.
2. იქვე, გვ. 609.
გიორგი მეფის წასვლის შემდეგ 1696 წელს ქალბალი-ხანი თავისი ლაშქრით განჯას დაბრუნდა, ხოლო ერეკლემ დაიპყრო სრულიად ქართლი. ერეკლემ ქართლის კათალიკოსობიდან კვლავ გადააყენა ნიკოლოზი და მის მაგივრად ისევ იოანე დანიშნა. არაგვის ერისთავად ერეკლემ კვლავ ბაინდური დანიშნა, ქსნის ერისთავად – დავითი, ამილახორად - იოთამი, სპასპეტად - ლუარსაბ ყაფლანიშვილი, მუხრანის ბატონად კი - კონსტანტინე. გიორგი მეფის ერთგულნი კვლავ დაამდაბლა და ზოგიერთებს მამულებიც ჩამოართვა. ამ მხრივ საინტერესოა ერეკლე ნაზარალი-ხანის მიერ 1697 წელს გაცემული წყალობის წიგნი ასლამაზ სოლოღაშვილისათვის: „ნებითა და შეწევნითა ღვთისათა ჩვენ მღთივ აღმატებულმან... პატრონმან ნაზარალიხან და თანამეცხედრემან ჩვენმა დედოფალთ დედოფალმა პატრონმა ანამ, პირმშომა და სასურველმა ძემა ჩვენმა პატრონმა იმამყულიმ და პატრონმა კოსტანტინემ ესე ამიერ უკუნისამდის ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ ჩვენთა ერთგულთა და ნამსახურთა ყმათა სოლოღაშვილის იორამის შვილს ასლამაზს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისა ამა ჟამსა ოდეს ცოტახანს გაგიწყერით და ტაბახმელას და საღორის თქუენი კერძი მამული გამოგართვით, თქვენს განაყოფს ერეკლეს უბოძეთ. მასუკან მოგვიდექით კარსა და ისევ იმის წყალობას დაგვეაჯენით. ჩვენც მოკითხული ვქენით და თქვენი სამკვიდრო იყო და შეგიწყალეთ ისევე, მამის თქვენის წილში გამოყოლილი ოთხი საკომლო ტაბახმელას ეჯუბაშვილები, მამიაშვილები, აკოფაშვილები და ხუციშვილები, თავიანთის სამართლიანის სამძღვრითა და საღორის 4 საკომლო: ორბელაშვილები, ჯაღუაშვილები, ბალიაშვილები და სეხნიაშვილები, ესენი თავისის სამართლიანის სამძღვრითა, ყოვლის კაცის უცილებლად თქვენთვის და თქვენთა შვილთათვის გვიბოძებია, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულობასა და სამსახურსა შიგან...“.1 თითქმის ასეთივე შინაარსისაა ერეკლე ნაზარალიხანის მიერ 1701 წელს გაცემული წყალობის წიგნი შიო სოლაღაშვილისა და მისი შვილებისადმი, რომელშიც უმტკიცებს მათ ტაბახმელისა და შინდისის მამულებს და გლეხებს.2
მართალია, ერეკლე ნაზარალი-ხანი ქართლის მეფეა, მაგრამ როგორც ჩანს, იგი ქართლის ტახტზე თავს მყარად ვერ გრძნობდა და, ამიტომ, უფრო მამა-პაპეული კახეთისაკენ იცქირებოდა და კახეთის გაძლიერებაზეც უფრო ზრუნავდა, ვიდრე ქართლისა.ვახუშტის სიტყვით: „აღამაღლნა კახნი უმეტეს პირველისა და მისცნა მამულნი მათნი. მერმე გადვა ხიდი ნაგებს-მტკუარსა ზედა და ეტყოდა შეჭირვებულთა ქართველთა გლეხთა: „განვედით აჰა კახეთი მშვიდობისა“, და აღივსებოდა კახეთი ესრეთ“.3
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1450, დ. 28, საბუთი 211.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1450, დ. 28. საბუთი 199.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 475.
თავის მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ კახეთი ქალბალი-ხანს ეპყრა, თუშეთი, ქიზიყი და ერწო-თიანეთიც უფრო მეტად მაინც ერეკლეს მორჩილებდა ვიდრე ყიზილბაშ ხანს. ამის დამადასტურებელია 1699 წლით დათარიღებული შემდეგი საარქივო დოკუმენტიც, რომელშიც ერეკლე თავის თავს ქართველთა მეფედ მოიხსენიებს, მაგრამ ამავე დროს, კარგად ჩანს მისი ზრუნვა კახეთის ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი: „…მეფემან ქართველთამან ხელმწიფემან პატრონმან ერეკლემ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან ანნამ და ძემან ჩვენმან სასურველმან პატრონმან იმანყულიმ და პატრონმან კონსტანტინემ მას ჟამსა ოდეს წყალობითა და ბრძანებითა ხელმწიფისათა ბოძებულ გვექმნა სამკვიდრო ჩვენი ქვეყანა ქართლისა და აღვასრულებდით ბრძანებათა მისთა, მაშინ ვიგულისმოდგინეთ და ქართლს ჩვენის დარბაისელთაგან ათი კომლი კაცი, ზოგი ჩვენი სახასო და ზოგი დარბაისლის ყმა ვიშოეთ და ავყარეთ და ჭალაანში დავასახლეთ: ერთი კომლი ნაცვალი შერმაზან, მამასახლისი სულხანა, ამათი სახელო ჯანიაშვილი დათუნა, მამულაშვილი იასე, გერმანოზაშვილი თამაზა, პაპიაშვილი გიორგი, მარქარაშვილი ესტატე, ივანეშვილი ბერო, გეჯაშვილი პაატა, ესენი შემოგწირეთ წმინდა გიორგის ალავერდისასა და განუწესეთ აღაპი ამ წესითა: რომე ერთს ძროხა, ორს ცხვარს, ერთს საპალნე ღვინოს, სამი კოდის ნამცხვარსა, ხუთს ქათამს, ორს ყველს, ერთს ლიტრას ერბოს, ორმოცს კვერცხს, ერთს ლიტრა სანთელს, ერთს ჩარექს საკმელს, მის საყოფს სანთლის გულს, ექვს შაურს ჟამისსაწირს, ამეებს მიუტანდნენ ხორციელის შაბათს. სულ კურთხეულის პატრონის პაპის ჩვენის მეფის თეიმურაზისა და დედოფლისა, ბებიის ჩვენის ბატონის ხორაშნისა, მამისჩვენის პატრონის დავითისა, და დედის ჩვენის დედოფლის პატრონის ელენესა და ჩვენის ძმის პატრონის ლუარსაბისა და გიორგისათვინ ჟამს აწირვინებდნენ და კარ გაღებულს აღაპს გადაიხდიდნენ. ამ მიცვალებულთ შენდობით და ჩვენთა ძეთა დღეგრძელობით მოგვიხსენებდნენ. ამათი მოურაობა პეტრე პეტრიაშვილისათვინ გვიბოძებია, ნაცვლობა შერმაზანისათვინ და ქემხობა სულხანისათვინ, ესენი ამ ჩვენის ბრძანებულს ათავებინებდნენ, მოაგროვებდნენ, თავს დაადგებოდნენ და აღაპს გადაიხდიდნენ. ასრეც გვითარხნებია, გვიაზატებია და განგვითავისუფლებია, რომე არაფერი - არც სამეფო, არც სადედოფლო, არც საალავერდლო არა ეთხოებოდეს რა. არა ღალა, არა კულუხი, არა საბალახე ცხვრისა და ღორისა, არა ნახირისთავი, არა პირისთავი, არა სამეჯინიბო, არა სამეკობროს მძებნელი, არა სათათრო, საური, არა კოდისპური, არა საბაზიარო, არა ულაყი. თვინიერ ამისგან კიდე, რომე ბატონს ალავერდელს ულაშქარნადირებდნენ, ძღვენს მიართმევდნენ, საყდრის მუშაობასა და ისრე სამსახურზედ ემორჩილნენ და ნუ დაურჩდებიან. სხვა ბატონის ალავერდელის სათხოვარი და დებულება არა ეთხოებოდესთ რა. ეს ასე გათავდეს და არაოდეს არ შეიცვალოს არა ჩვენგან და არცა შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან...”1
ერეკლეს კახეთისადმი გულისხმიერება კარგად ჩანს 1701 წლით დათარიღებული შემდეგი საარქივო საბუთიდანაც: „ქ. ესე წიგნი გიბოძეთ ჩვენ მეფეთმეფემან ერეკლედ წოდებულმან ნაზარალიხან თქვენ მოძღვართ-მოძღვარს პართენს და ვინცა ვინ მოძღვართ-მოძღვარნი კაცნი იყვნეთ ხახულისა ღთისმშობლისა ყმანი, ასე რომე სულკურთხეული ბატონი პაპაჩვენი რომ გადავარდნილიყო, მაშინ ჩვენი მურაასა ხატები კახურის მონასტრებისა და ხახულის ღთისმშობელისა - ესენი სვეტიცხოველში მიებარებინა. ასე ებრძანებინა, რომ თუ ღმერთი ჩვენს შვილს, ან შვილიშვილს ჩვენს სამკვიდროს მოსვლას და ბატონობას აღირსებს, იმას მიართვითო. ახლა ბედნიერმა ხელმწიფემ ქართლის ბატონობა ჩვენ გვიბოძა და მოვედით. ეს მურასა ხატები რადგან ჩვენი იყო და კახურის მონასტრებისა, ჩვენ გამოვიბარეთ და ჩვენს სახლში გვქონდა და ვითაც ჩვენ თათარი ვიყავით, ჩუენს სახლში ესენი ვერ შევინახეთ. ახლა ჩვენს ბატონს ალავერდელს ნიკოლოზს მივაბარეთ და წმინდას გიორგის ალავერდს დავასვენეთ, იმიტომ რომ თავთავის საყდრები აოხრებული იყო და ვერ ვანდევით და ხახულისა ღთისმშობელიც იქ მივაბარეთ და ახლა როდესაც ხახულისა ღთისმშობელს მაგისთანა პატრონი დაუჯდეს ან შენობა ჩავარდეს იქ, რომ ამ ხატისა შენახვა და პატრონობა შეძლოს, რომ დაკარგვით აღარ ეშინოდეთ, ის ხატი ვერც ალავერდელმან და ვერც საალავერდოს კრებულთ ვერ დაუჭირონ, რომ ისევ ხახულისა ღთისმშობელს დაასვენონ და მოძღვართ-მოძღვარს მიაბარონ და სანამდის იქ შენობა ჩავარდეს, იმის დღეობას როდესაც მოძღვართ-მოძღვარს უნდოდეს ან მოინდომებდეს - მიასვენებდეს ხოლმე, ნურავინ დაუჭიროს და მასუკან დრომდის კიდევ იქ შეინახავდენ და საბოლოოთ ის ხატი ხახულის მღთისმშობლისა ყოფილა, ისევ იმას არ დაეკარგოს. ჩვენს მამა-პაპათ ამისთვის გაუკეთებია, საბოლოოთ ნურცვინ შეეცილება”.2
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1852.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1461, რვ. 4, საბუთი 5.
ამ დოკუმენტიდან ისიც კარგად ჩანს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერეკლე I გამაჰმადიანებულია, მისი გამაჰმადიანება ფორმალურია და ის მაინც მთელი თავისი შესაძლებლობით ზრუნავს ქრისტიანულ ეკლესიებსა და მის ხატებზე. ამის დამადასტურებელია 1700 წელს ერეკლეს მიერ გაცემული წყალობის წიგნი ბოდბის წმინდა ნინოს ეკლესიისადმი1 და ასევე 1701 წ. გაცემული შეწირვის წიგნი დავით გარეჯის მონასტრისადმი2.
აღსანიშნავია ისიც, რომ ერეკლეს მიერ ქართლის კათალიკოსად დანიშნული იოვანე დიასამიძეც თავის მიერ გაცემულ საბუთებში თავის თავს ქართლისა და კახეთის კათალიკოსად მიიჩნევს და აქტიურად ერევა კახეთის საქმეებში. ამ მხრივ საინტერესოა 1690 წლით დათარიღებული შემდეგი საარქივო დოკუმენტი: „ქ. ჩვენ ქართლისა და კახეთის კათალიკოზმან დიასამიძემ, ბატონმა იოვანემ საგარეჯოს სოფელსა და მოხელეებში მოკითხული ვქენით, მოურავმა და ნაცვლებმა ყუელამ მოგვახსენეს აკოფას და მის შვილებს საგარეჯოს ნასყიდობა ექნათ და ნასყიდას მამულზედ ესახლნენ. არას კაცის მამული არ ეჭირათ და არცავის საყმოთ ხელი ქონდათ. მისულიყვნენ აკოფა და მისი შვილები ელიზბარა და გიორგი თავის ნება-წადილით დავით გარეჯის საფლავისათვის თავი შაეწირათ. რადგან თავიანთი თავი თვითონ შეეწირათ, აღარც ჩვენ მოუშალეთ და შეწირულობა მათი ჩვენც ასე დაუმტკიცეთ..“.3 ასევე საინტერესოა 1700 წლით დათარიღებული ერეკლე ნაზარალი-ხანის მიერ გაცემული შეწირვის წიგნი დავით გარეჯის მონასტრისადმი, რომელშიც ერეკლე თავის თავს პირდაპირ ქართლისა და კახეთის მეფედ იხსენიებს.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1461.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1478.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1834.
აღნიშნული დოკუმენტი სხვა მხრივაც საინტერესოა და ამიტომ გადავწყვიტეთ მისი ვრცლად წარმოდგენა: „... ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წიგნი და სიგელი დაგიმტკიცეთ და მოგახსენეთ თქვენ მცველმფარველსა და შესავედრებელსა და სასოებასა ჩვენსა უდაბნოთა ქალაქ მყოფელსა მამათა შორის მნათობსა ... წმინდასა დავითს და ღთივ აღშენებულსა და წმინდათა ანგელოზთა სამკვიდრებელსა დიდსა უდაბნოსა და შენთა ღვაწლმრავლობათა მიერ განათლებულსა წმინდასა მონასტერსა თქვენსა გარეჯისასა და ნათლით შემოსილის ქრისტეს წმინდის საფლავისა მადლით მიმსგავსებულსა წმინდასა საფლავსა და სამარხსა წმინდათა ნაწილთა შენთასა, ჩვენ ღთივ დამყარებულმან და ღთივ გვირგვინოსანმან დიდისა მორწმუნის მეფის თეიმურაზის ძის ძემან დავითიან სოლომონიან პანკრატონიანმან წყალობითა ღთისათა ქართველთა და კახთა მეფემან პატრონმა ჰერაკლემ და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალმან ანნამ და ძეთა ჩვენთა დავით, კონსტანტინე და თეიმურაზ თქვენ წმინდათა მამათა უდაბნოსათა წინამძღვარსა ონოფრეს და ძმათა ყოველთავე, ასრე რომე ბედნიარმან ხელმწიფემ შაჰსულეიმან ყაენმან ქართლი რომ გვიბოძა, დავით გარეჯის გარშემოსა და იათაღებს (საძოვრებს, ფარეხებს – ნ.ს.) ქართველნი და კახნი ცილობდენ და ჩვენ ერთმანერთის შერიგებისა და ქვეყნის დამშვიდებისათვის, იმის გარშემო რაც იათაღები იყო ცხვრისა თუ ძროხისა, თქვენ წმინდას დავითს და თქვენს მონასტერს შემოგწირეთ. სულ კურთხეულის პაპისა და ბებიისა და მამისა და დედის ჩვენის სულის საოხად და ძეთა და ასულთა და თესლტომთა მათთა შესანდობელად და კეთილად წარსამართებლად ჰქონდეს წმინდასა ამას მონასტერსა ეს იათაღები და რაც ჩვენგან ულუფა და ჯამაგირი გაქვსთ და ან სხვა რამე შეწირულობა, მისი სიგელი ცალკე გაქვთ და არა მოგეშალოს უკუნისამდე... ხოლო გევედრები, რომელთა მიიღოთ შემდგომად ჩვენსა მეფობა ანუ პატრონობა, თქვენც ესრეთ დაუმტკიცეთ და ნუ მოუშლით... “1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1860.
მთელი ამ დროის განმავლობაში, სანამ ერეკლე ქართლში მეფობდა და ამავე დროს აქტიურად ცდილობდა კახეთის საქმეებში ჩარევასაც, კახეთის ყიზილბაში მმართველი ქალბალი-ხანი ყოველმხრივ ცდილობდა თავისი უფლებების განმტკიცებას კახეთში და ერეკლესათვის ხელის შეშლას, რათა არ დაეშვა კახეთში ერეკლეს გავლენის ზრდა. სწორედ ამის დამადასტურებელია XVIII ს-ის დასაწყისში ქალბალი-ხანის მიერ გაცემული ოქმი ზაალ მარტყოფის მოურავისადმი: „დიდის ხელმწიფის მუსაეიბთ ყარაბაღის ბეგლარბეგი და კახეთის ექიმი ქალბალიხან ვიკადრებ გისტუმრო, ჩვენ მაგიერად ჩვენს დიდსა იმედსა, დიდათ მისაჩნეველსა, მარტყოფის მოურავს ზაალს მრავალი მოკითხვა მოახსენეთ, მერმე რუსთლობა მივეც მერაბის ძმას რუსთველს, ბაადურს გამოვატანეთ, რომ თავის მამულში დასვას. ახლა გავიგონეთ, ქართველს ბატონს მეთოფეები დაუყენებია და არ შეუშვიათ. ქართველს ბატონს კახთან რა ხელი აქვს. თუ შემოეგებნან, სულ დახოცეთ და თავები გამოგზავნეთ, თუ არა და ისრე დაიჭირეთ და ისრე გამოგზავნეთ, თუ ჩვენი თავი გინდათ”.1
მოყვანილი საარქივო დოკუმენტიდან შეგვიძლია გავარკვიოთ ისიც, რომ იმდროინდელ კახეთში ეკლესიის საქმეებს ძირითადად განაგებდა ყიზილბაში ქალბალი-ხანი და რუსთლობის ბოძებაც მის კომპეტენციაში შედიოდა, რასაც გარკვეულად ეწინააღმდეგება კახი ბატონიშვილი ერეკლე ნაზარალი-ხანი, რომელიც ცდილობს ქალბალი-ხანის მიერ რუსთველად დანიშნული პიროვნება არაფრით არ შეუშვას სარუსთველო მამულში, რომელიც ქართლისა და კახეთის სასაზღვრო ზონაში მდებარეობდა.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1461, რვ. 7, საბუთი 6.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ქალბალი-ხანის წინააღმდეგობისა, ერეკლე ნაზარალი-ხანს კახეთში მაინც ჰქონდა შენარჩუნებული გარკვეული გავლენა, იგი კახეთის საშინაო საქმეებშიც აქტიურად ერეოდა და სამოხელეო თანამდებობებსაც ანაწილებდა. სწორედ ამის დამადასტურებელია შემდეგი საარქივო დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც ერეკლე ნაზარალი-ხანს 1701 წელს გიორგიშვილ პეტრიასადმი მიუცია გარკვეული წყალობა: „...ესე ამიერით ჟამთა და ხანთა გასათავებელი, მტკიცე და შეუცვალებელი მამულისა და სახელოების წყალობის საფიცარი სიგელი გიბოძეთ თქვენ ღვთით აღმატებულმან და ღვთით ზეცით გვირგვინოსანმან, იასიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატიონმან, მეფეთ მეფემან და ხელმწიფემან, პატრონმან ნაზარალიხან და თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან ანამ და ძეთა ჩვენთა სასურველმან პატრონმან იმამყულიმ, და პატრონმან კოსტანდილემ და თეიმურაზმან, თქვენ ჩვენთა დიდათ ერთგულად, მრავალფერად ნამსახურთა ყმათა გიორგიშვილსა პეტრიას და შვილთა შენთა გიორგისა, ავთანდილსა, მიხეილს და მომავალთა სახლისა შენისათა, ასე რომე მოხვედით კარსა დარბაზისა ჩვენისასა და მამულისა და სახელოს წყალობას გვეაჯენით, ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, ვიგულისმოდგინეთ სამსახურისა და გარჯა ჩვენის მართებულად ნამსახურობისათვის, სხვას ჩვენს საფიცარში გეწერა და ყმა და სახელო ხელახლად ამით დაგიმტკიცეთ, გაგიახლეთ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ყმად და მამულად ჩვენი სახასო ქორეთი, ნაპანკისევი, ზემო ხოდაშენი თავისის მქონებლითა სახელოდ, სამოურაოდ, პანკისის და თუშეთის მოურაობა, მაღრანის მოურაობა, იქ მსახლობელი გლეხი ყმად: დრიაშვილი, მაჩურისშვილები, ჩირკოშვილის ბეითალმანი და ხანიაშვილი. ესეები გვიბოძებია, კიდევ ჩვენი სახასო ოთხთვალი ნასოფლარი. გაუჩინეთ მას ზღუარი აღმოსავლით ფიჩხოვანს აქეთ, რომ ხევი ჩამოვარდება ისე ჩავლით ნათლისმცემლის გორას, წინ ტბა არის ისე ავლით, ჩასავლით უკან ბახტრიონის ნაზვრევამდინ ... შენი ყმა ასე გაგვითარხნებია, რომე არა ჩუენი გამოსაღები არა ეთხოებოდეს რა, არც შამოვიდეს ჩვენი იასაული შენს ყმაში, არც ხევის თავი. მამაშენს რომ ბატონი დედოფალი მაეპარა, მაშინ ჯამაგირად წელიწადში გაეჩინა თუმანი თორმეტი, მამაშენი თუშეთის მებალახე იყო, ჩვენ მოურავათ შევქენით არც მებალახეობა გამოგვირთმევია. ოთხს საკომლოს, ორასის საბალახეს ჩვენს კარზედ მისცემდეთ. კიდევ წყალობა გიბოძე ენისლის თასიდრობა, კახეთის მოურაობა, ამასაც და შენ ჯამაგირს იანგარიშებდე, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენს სამსახურსა და ერთგულობაში...“.1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 247.
ამ მხრივ ასევე საინტერესოა 1699 წელს ერეკლე ნაზარალი-ხანის მიერ გაცემული საბუთიც: „... ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი მტკიცე და უცვალებელი შემოწირულობის წიგნი და სიგელი მოგახსენეთ თქუენ ჩვენსა სასოებას და მცველმფარველს წმინდის დავითის საფლავს, ასე რომე თქვენი წინამძღვარი ონოფრე მოვიდა და გაგვასინჯვა, რომ საგარეჯოს თვალზე თქუენი სამკვიდრო მამული და ვენახი დათუნა გრატიაშვილმა ტყვილათ გაგვასინჯვა ისპაანს და ფარემუზ სუფრაჯთან წიგნი გამომტყუა. ახლა თქუენ მოხვედით და გაგვასინჯეთ რომ წმინდის დავითისა ყოფილიყო ის მამული და ვენახი, და ჩვენც ისევ წმინდას დავითს შევსწირეთ, ისპაანიდამ რომ მოვედით და ბედნიერმა ყეენმა ქართლი გვიბოძა, ეს ვენახი წმინდის დავითისა ყოფილიყო და ჩვენც, ჩვენდა სადღეგრძელოდ და მეფობისა ჩვენისა წარსამართებლად და ძეთა ჩვენთა აღსაზრდელათ, ისევ შემოგწირეთ, არაოდეს არ მოგეშალოსთ არა ჩვენგან და არც შემდგომთა მეფეთა და მეპატრონეთაგან...“1
ქართლში ერეკლე I ნაზარალი-ხანი 1688-1703 წლებში მეფობდა, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში კახი უფლისწული ქართლის ტახტზე, როგორც ზემოთ დავინახეთ, თავს მყარად ვერ გრძნობდა და „სამამულო“ კახეთისაკენ იცქირებოდა. ქართლის ფეოდალური საზოგადოებისაგან გარიყული მეფე ყიზილბაშთა სამხედრო ძალას დაეყრდნო და მაჰმადიანობისა და ყიზილბაშური წეს-ჩვეულებების დამცველიც აღმოჩნდა. როგორც ვახუშტი აღნიშნავს: ,,ამავ ჟამთა იპარვიდიან სილაღითა მცველნი ციხისანი, თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყუეთა და ჰყიდდიან და შეერიათ ქართველთაცა სყიდვა ტყუეთა და იცვალებოდაცა ქცევა-ზნენი ქართლისანი და იქცეოდნენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე-წესითა და ყოვლითა უწესოებითა ქრისტეანულისათა ცოდვითურთ“.2
1700 წელს გარდაიცვალა ქართლის კათალიკოსი იოანე და მის ნაცვლად ერეკლე ნაზარალი-ხანმა დანიშნა იოანეს ძმისწული ევდემოზი. ამავე წელს ქსნისხეველები აუჯანყდნენ ქსნის ერისთავს და მოკლეს. ამაზე განრისხებულმა ერეკლე მეფემ ქსნისხეველთა დასასჯელად ზემო ქართლის სადროშო გაგზავნა ქსანში და დაიპყრო ქსნის მამული, მაგრამ როგორც ჩანს, ერეკლე ფიქრობდა, რომ ირანის შაჰი ამას არ დათანხმდებოდა, ამიტომ მან ეს ამბავი ყეენს აცნობა და ქსნის ერისთავად მოითხოვა მმასთან მყოფი დათუნა ერისთავი.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1449, საბუთი 1830.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 476.
ამავე ხანებში ირანის წინააღმდეგ აჯანყდნენ ბულუჭ-აზარანი და ავღანნი. ირანის შაჰმა ირანში მყოფ გიორგი XI-ს სთხოვა მათ წინააღმდეგ ბრძოლა და სანაცვლოდ ქართლის მეფობას კვლავ შეჰპირდა. ვახუშტის თქმით ,,ამისთვის აიძულებდა ყეენი გიორგი მეფესა, რათა განაგოს საქმე ესე და მიანიჭოს კუალად ქართლი, და არა ინებებდა მეფე. არამედ ქართველნი, რომელნი იყვნენ მის თანა, ევედრებოდნენ ყოფად ამისა. ამისთვის ინება მეფემან, მისცეს ქირმანი და ნიჭნი დიდნი”.1 როგორც ჩანს, გიორგი მეფე ირანში მყოფი ქართველთა დაჟინებული მოთხოვნით დათანხმებულა ირანის შაჰს აჯანყებულ ავღანთა წინააღმდეგ ბრძოლას. პირველად გიორგი მეფემ ავღანთა წინააღმდეგ ბრძოლას თავისი ძმა ლევანი უსარდლა, მაგრამ მალე თვითონაც ჩაერთო ამ ბრძოლაში და მათ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. ამ გამარჯვების გამო ირანის შაჰმა ლევანს ერანის მსაჯულთუხუცესობა უბოძა და ისპაანს თავისთან დაიბარა. ქაიხოსროს კი - ისპაანის ტარუღობა უბოძა. შაჰის ამ წყალობით, თავის მხრივ, კარგად ისარგებლეს გიორგი მეფემ და ლევანმა, რომლებმაც ყეენს მოსთხოვეს იმერეთში მყოფი ვახტანგ ლევანის ძის ქართლში დაბრუნება. ვახუშტის გადმოცემით: „მსმენელმან ყეენმან მსწრაფლ მოუწერა ერეკლე მეფესა, რათა მოიყვანოს ვახტანგ ქართლს და მისცეს ყოველნი საუფლისწულონი მამისა თვისისა ლევანისა”.2 ერეკლე ნაზარალი-ხანი, მიუხედავად თავისი სურვილისა, რა თქმა უნდა, შაჰის ამ გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგებოდა, ამიტომ მან ვახტანგის წამოსაყვანად იმერეთს წარგზავნა ევდემოზ კათალიკოსი და ლუარსაბ სპასპეტი.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 476.
2. იქვე, გვ. 477.
როგორც წყაროებიდან ირკვევა, ამავე პერიოდში რუსეთში მყოფი არჩილ მეფე ვახტანგს რუსეთს ეპატიჟებოდა. ვახტანგს გასჭირვებია გადაწყვეტილების მიღება - რუსეთს წასულიყო თუ ქართლს, ამიტომ შეუკრებია იმერეთის დიდებულები და მათი რჩევით გადაუწყვეტია ქართლში დაბრუნება. ამრიგად, 1701 წელს ვახტანგ ლევანის ძე თბილისს მოსულა. ამასობაში ირანის კარზე მყოფი გიორგი XI და მისი ძმა ლევანი კიდევ უფრო მეტ წარმატებებს აღწევენ, რის გამოც, 1703 წელს, ირანის შაჰმა გიორგის კვლავ დაუბრუნა ქართლის მეფობა და ამასთანავე მისცა ირანის სპასალარობა და ყანდაარის მმართველობა. მაგრამ, მიუხედავად მეფობის მიღებისა, გიორგი XI-ს ირანის შაჰი ქართლში მაინც არ უშვებდა, ამიტომ გიორგი მეფემ ირანის შაჰს სთხოვა - ქართლის მმართველად თავისი ძმისწული ვახტანგ ლევანის ძე დაენიშნა. ვახუშტის თქმით „ყეენმა ესე ყოველი აღუსრულა გიორგი მეფესა და მოსწერა ნაზარალი-ხანს: ,,მივეც ქართლი გიორგი მეფესავე, ხოლო შენდა მომინიჭებიეს კახეთი და ყულარაღასობა, აწვე წარმოვედ წინაშე ჩემსა“.1
ამრიგად, 1703 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფობა ისევ გიორგი XI-ს მისცა. ქართლიდან გაწვეულ ერეკლე I ნაზარალიხანს კი ყეენმა ნანატრი მამაპაპეული კახეთი უწყალობა და ამავე დროს იგი ირანის ყულარაღასად (სასახლის გვარდიის სარდლად) დანიშნა. სწორედ ამ ფაქტის დამადასტურებელია ერეკლე ნაზარალი-ხანის მიერ 1703 წელს გაცემული ყმა-მამულის წყალობის წიგნი: „... ჩვენმა დედოფალთ-დედოფალმან პატრონმან ანამ, პირმშომან და სასურველმან ძემან ჩვენმან პატრონმან იმამყულიმ და პატრონმან თეიმურაზ ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ შენ ჩვენსა ყმასა, ერდგულსა და წესისაებრ ნამსახურსა თუმანიშვილს ნაზირს, მდივანს, შიოშ ბეგს, ძმასა შენსა მანუჩარს, შვილსა თქვენსა სულხანს, ნიკოლოზს, ქაიხოსროს და გივორგის და მომავალთა სახლისა შენისათა, ასრე რომე ბედნიერს ყეენს ჩვენთვის ყულარაღასობა და კახეთი ებოძებინა და ჩვენ კარზედ დავებარებინეთ. იქ წავედით და შენ თან წაგიტანეთ და შენი ცოლშვილი ბატონს დედოფალს ვაახელით, იმათ სარჩოთ უბოძეთ ყულარასობა, ადემურჩასლი, აჯი ყარა ოღლი თავისის თაბუნითა, რუვითა, საჩალთუქითა და ყოვლის მისის გასადევრითა, მისის მალუჯათით. საჩვენო გამოსაღები მალი არა ეთხოებოდეს რა, ქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულობასა და სამსახურსა შინა...“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 479.
2. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hd 37.
ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა ერეკლე ნაზარალიხანის ანდერძის წიგნი ბატონიშვილებისადმი, საიდანაც კარგად იკვეთება მისი განსაკუთრებული ყურადღება ეკლესია-მონასტრებისადმიც: „ქმნილი ანდერძის წერილი შვილთა თვისთა დავითისა, კონსტანტინესა და თეიმურაზისადმი, რომლითაც აცხადებს თვისისა პაპისა მეფის თეიმურაზის მიერ ანდერძი სთქმია და უცნობებია, რომ რაც პირიქით და პირაქეთ საგარეჯო არის, მისი გამოსაღები პური, ღვინო და რაც რამ არის ნახევარი სვეტის ცხოვლისაა და ნახევარი დავით გარეჯის უდაბნოებისაა და რადგანაც მას ჟამად უდაბნოში აღარავინ მდგარა, ამისთვის საგარეჯოს გამოსაღები მეფეს თეიმურაზს უმსახურნია, რომლისათვისცა დიდად ვალად სდებს მეფე თეიმურაზ მეფეს ერეკლეს, თუ დავით გარესჯის უდაბნოებში შენება მოხდეს იმისი მამული მონასტრებს დაანებოს პირიქითისა და პირაქეთისა საგარეჯოს გამოსავალი. ანდერძისამებრ მეფის თეიმურაზისა დაუგდია შვილთა თვისთა ანდერძი მეფეს ერეკლეს: რადგანაც კახეთი ყაენმან უბოძა მეფესა მას და მონასტრებში შენობა მოხდა, დაანებონ მონასტრების შეწირული მამული და შესავალი პირაქეთისა და პირიქითის საგარეჯოს გამოსავალი და ნუღარც შეეცილებიან და სხვა რაც კახეთში სარგო და შესავალი ჰქონდეს უდაბნოებს ისიც მოიკითხონ და დაანებონ და ნურცა ვის დაანებებენ”.1
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 1688 წელს, როდესაც ერეკლე ირანიდან საქართველოში ქართლის მეფედ დაბრუნდა, მისი ორი გამაჰმადიანებული ძე, დავითი და კონსტანტინე, ირანის შაჰმა თავისთან დაიტოვა და იქ იზრდებოდნენ. ერკლეს მეუღლე დედოფალი ანა და ასული ელენე ერეკლე მეფესთან ერთად გამოუშვეს ქართლში. ამის შემდეგ ერეკლე მეფესა და ანა დედოფალს საქართველოში კიდევ ერთი ძე, თეიმურაზი შეეძინათ.
მას შემდეგ, რაც ირანის შაჰმა ერეკლე ნაზარალი-ხანს 1703 წელს კახეთის მეფობა და ირანის ყულარაღასობა უბოძა და თავის კარზე დაიბარა, ერეკლე I-მა თავისი მეუღლე დედოფალი ანა, ქალიშვილი ელენე და უმცროსი ძე თეიმურაზი კახეთში დატოვა და თვითონ მარტო ეახლა შაჰს. როდესაც ირანში მყოფი ერეკლე მიხვდა, რომ ირანის შაჰი მის გამოშვებას საქართველოში აღარ აპირებდა ,,ევედრა ერეკლე მეფე ყეენსა, რათა მისცეს ძესა მისსა დავითს კახეთი და განუტეოს, რამეთუ სცნა თავისი არღარა გამოტევება“.2 მართლაც, ყეენმა შეისმინა ერეკლე მეფის თხოვნა და იმავე 1703 წელს კახეთი სამართავად უბოძა ერეკლე ნაზარალი-ხანის უფროს შვილს 25 წლის დავითს, რომელსაც მაჰმადიანობაში იმამყული-ხანს ეძახდნენ. ე.ი. 1703 წლიდან ირანის შაჰის ბრძანებით ქართლის ჯანიშინი (მეფის მოადგილე) ხდება ვახტანგ ლევანის ძე, ხოლო კახეთის ჯანიშინი - დავით იმამყული-ხანი.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფონდი 1451, დ. 12, საბუთი 36.
2. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 610.
ამრიგად, 1703 წელს კახეთში დასრულდა ყიზილბაში ხანების თითქმის 30 წლიანი მმართველობის პერიოდი, როდესაც შაჰმა კახეთის ტახტი, მართალია გამაჰმადიანებულ, მაგრამ მაინც ქართველ ბაგრატიონს დავით იმამყული-ხანს ჩააბარა. კახეთში ყიზილბაში ხანების თითქმის 30 წლიანმა მმართველობამ, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში, მდგომარეობა არსებითად შეცვალა. ამ დროის განმავლობაში დაღესტნელები მრავლად ჩამოსხდნენ კაკ-ენისელის ზეგანის ქართულ სოფლებში. ყიზილბაში ხანების ხელისუფლება წახურელ-ავარელ მოახალშენეებსა და აბრაგებს მფარველობდა, ხოლო ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ავიწროებდა.1
დაღესტნელი მოახალშენეები ახალ მიწაზე, ქართულ სოფლებში იმავე წესით ეწყობოდნენ, როგორც მთაში - გვარებად, თემებად (თოხუმებად, ჯამაათებად). ადგილობრივ ქართულ მოსახლეობას ეს პირველყოფილი მოახალშენეები ან „ძმად შეიყრიდნენ”, ე.ი. გაამაჰმადიანებდნენ და თავიანთი თემის (ჯამაათის) წევრად მიიღებდნენ, ან კიდევ „ურწმუნოებს“ მონებად დაჰყიდდნენ. ასეთ პირობებში ყოველმხრივ დევნილი, სასომიხდილი ქართველი გლეხობა თანდათან გატყდა, მან „გალეკება“ იწყო. გალეკებული ქართველი მოსახლეობა მოახალშენეებს შეერია და ამრიგად, თანდათან წარმოიშვა კაკ-ენისლის ზეგანის ახლანდელი „ლეკური“ სოფლები: ბელაქანი, კატეხი, მაწეხი, გოგამი, ჭარი, თალა, მუხახი, მამრეხი და სხვა.
ამდენად, კახეთში ყიზილბაში ხანების თითქმის 30 წლიანი მმართველობის დროს ირანის კარმა თავის ერთ ძირითად მიზანთაგანს - კახეთის დასუსტებას - მაინც მიაღწია. ამასთან მან ეს მოახერხა არა მარტო ყიზილბაშთა ჯარითა და მომთაბარე თურქმანების დახმარებით, არამედ დაღესტნელ და ჭარ-ბელაქნელ ლეკთა საშუალებითაც. ირანის მეორე ძირითადი მიზანთაგანიც აღსრულდა თითქოს - ეს იყო აღმოსავლეთ კახეთის „გალეკება“, ნაცვლად გათურქმან-გაყიზილბაშებისა. „გალეკება“ კი ირანის შაჰისათვის იმდენად იყო ხელსაყრელი, რამდენადაც ეს ამ მხარისა და მოსახლეობის გამუსლიმანებასაც ნიშნავდა. ამრიგად, XVII საუკუნის ბოლო მეოთხედი ქართლისა და კახეთის სამეფოების ისტორიაში პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მეტად მძიმე და რთული პერიოდი იყო.
1. ნ.სოლოღაშვილი, კახეთი XVII ს-ის ბოლოსა და XVIII ს-ის დასაწყისში. გვ. 20.
ვფიქრობთ საინტერესო იქნება აქვე მოვიტანოთ XVIII საუკუნის დამდეგის აღმოსავლეთ საქართველოს საზოგადოებრივპოლიტიკური მდგომარეობის ივანე ჯავახიშვილისეული შეფასება, რომელიც მან 1919 წელს დაწერა: „რაკი სპარსეთის შაჰები ხშირად თავიანთ სარდლებს არ ენდობოდნენ ხოლმე, ქართველთა პირიანობა და ფიცგაუტეხლობა კი გამოცდილებით იცოდნენ, ამის გამო ისინი თავიანთ დახლართული სამხედრო საქმეების მოწესრიგებას ქართველ მეფეებს ანდობდნენ ხოლმე. ამის წყალობით ისეთს ნიჭიერ სამხედრო პიროვნებებს, როგორიც, მაგალითად, მეფე გიორგი XI იყო, უნებლიეთ სპარსეთის აჯანყებული ქვეშევრდომების დამორჩილება უნდა ეკისრა და ხან ავღანისტანში ყოფილიყო, ხან ბელუჯისტანში, ხან სხვაგან, სადაც კი ამბოხება იფეთქებდა. ამიტომ ისე მოხდა, რომ ქართველ მეფეებს თავიანთ საბრძანებელში წასვლისა და მართვა-გამგეობის საშუალება არ ჰქონდათ და თავიანთი ძალა და ნიჭი სპარსეთის შაჰების ტახტის გამაგრებისათვის უნდა შეელიათ. ამის გამო ისინი იძულებული იყვნენ თავიანთ მაგიერ მახლობელი ბატონიშვილები მეფის მოადგილედ დაენიშნათ ხოლმე საქართველოში და მათთვის მიენდოთ ქვეყნის მზრუნველობა. სპარსეთის სამეფო კარი მაშინ დაუსრულებელი ვერაგობისა და ქიშპობის ბუდედ იყო ქცეული. ცვალებადი იყო ხოლმე იქ გავლენა და ამასთანავე ცვალებადი იყო სპარსეთის შაჰების პოლიტიკაც ქართველი მეფეების მიმართ. ეს გარემოება შხამავდა ჰაერს და სრულ გამოურკვევლობის გრძნობას ჰქმნიდა საქართველოში. ქართველი ერი ამ დროს მართლაც უაღრესს განსაცდელში იყო ჩავარდნილი. მისი მომავალი სახეიროს არას მოასწავებდა, თუ რომ ის მთელს თავის სულიერს ძალას არ მოიკრებდა და ეროვნულ განსაცდელის თავითგან აცილებას არ ეცდებოდა“.1
1. ივ. ჯავახიშვილი, დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. თბილისი, 2006 წ., გვ. 5-6.
Комментариев нет:
Отправить комментарий