четверг, 19 апреля 2018 г.

ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულებების შესახებ (თ. გოგოლაძე)

XVII საუკუნის 40-იანი წლები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რთულ პერიოდს წარმოადგენს. ამ დროისათვის ქართლის სამეფოს ბაგრატიონთა სახლის გამაჰმადიანებული წარმომადგენელი როსტომი (1632-1658 წწ.) განაგებდა, რომელიც ირანის შაჰის სეფი I-ის (1629-1642 წწ.) მიერ იყო დადგენილი. როსტომის ოცდაექვსწლიანი მმართველობის დროს ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ქართველი ფეოდალების რამდენიმე გამოსვლასა თუ შეთქმულებას ჰქონდა ადგილი. სწორედ ამ პერმანენტულ გამოსვლა-შეთქმულებებს ეხება ჩვენი წინამდებარე ნაშრომიც, სადაც საგანგებოდ გვექნება შესწავლილი ამ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის ორი კონკრეტული ეპიზოდი: 1. გავლენიანი ქართლელი ფეოდალის ნოდარ ციციშვილის გამოსვლა; და 2. ქართლის ფეოდალების შეთქმულება, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში ქართლის კათოლიკოსის ევდემოზ I დიასამიძისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლის სახელითაც არის ცნობილი.
ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალების შეთქმულების შესახებ არაერთი ქართული და სპარსული წერილობითი წყარო გვაწვდის ცნობებს. თავდაპირველად სათანადო სისრულით მოვიტანთ ქართული წერილობითი წყაროების შესაბამის ფრაგმენტებს და მოკლედ მიმოვიხილავთ თითოეულ ამ ძეგლში დაცულ ცნობებს ჩვენთვის საინტერესო მოვლენების ქრონოლოგიის შესახებ.
დავიწყოთ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალების შეთქმულების უშუალო თვითმხილველის, მეფე როსტომის თანამოდასის, ფარსადან გორგიჯანიძის (1626-1696 წწ.) მიერ 1656-1696 წლებში შედგენილი ისტორიით, სადაც ჩვენთვის საინტერესო ამბები დეტალურადაა აღწერილი. ფარსადან გორგიჯანიძე 1642-1644 წლებს შორის მომხდარი მოვლენების გადმოცემისას მოგვითხრობს:
აწ სხვა ეშმაკობა და საქართველოს არევა მოინდომეს და თავადები შეიფიცნეს და ბატონს თეიმურაზს საფიცრები გაუგზავნეს, რომ თვითან ლაშქრით ცხეთას მობძანდეს და გაღმით ერისთავი და ამილახორი ლაშქრით მოვიდნენ და გაღმართი რის ლაშქარი ნოდარ შემოიყაროს, ჩხეიძენიც თან იახლოს და როსტომ მეფეს მტრობა გაუცხადონ და ძალათ ბატონობა წართვან. ხოვლეთსა საჯავახიანოში ციციშვილი ნოდარ თავის ბატონს მეფეს როსტომს შეება და გაიქცა.
ციცისშვილმან ნოდარ სამარტოთ გამარჯვება მოინდომა, არც ბატონი თეიმურაზი მოიცადა და არც ერისთავი და არც ამილახორი. ვითაც ჩხეიძენ() და სხვა იმერეთის საბატიოს კაცის შვილები მასთან იყვნენ და ყველანი ომნაცადნი კაცნი იყვნეს და საციციანოს რისაკენ თავისი და სხვის ლაშქარი შემოჰყროდა. მოვიდა, ხოვლეთს ჩამოდა. თავისის კერძოს ლაშქარი ვინც არ შემოეყარა, მამულები (დაურბივა) და ეს ანბავი იორამ მოვრავისშვილს მეფისათვის მოეწერა: მალე წამობძანდიო, თოარადა გაღმა რის ლაშქარი შემოეყრებისო და საქმე გაჭირდებისო.
შვადღისას ეს ანბავი ქალაქში მეფეს მოუვიდა, იმავე წამეს ისივ კაცი დააბრუნა და იორამს ასრე მისწერა, რომ რასაც წამეს ეს წინგნი მოგივიდესო, ფიცხლავ გზები შეუკვრევინეო, რომ აქითგნივ მიმავალი კაცი იქით არ გაუშვანო და მღ˜̃თისა შეწევნით ამაღამ ერდგან შევიყრებითო და იმ მისულს კაცს ასრე უბრძანა: ჩაფრად წადიო, ხვალ ამავეს დროსაო აქავ უნდა ანბავი მამიტანოო. კაცმან მადლი გარდიხადა და წავიდა. მეფემ ქალაქის მოვრავს უბრძანა: ჯარჩი დააძახეო, ვინცა ვინ ქალაქში მზას იყვნენო თათარნი, ქართველნი და სომეხნი, ვისაც ცხენი ჰყვანდესო, შესხდენო და რა ქარანის მა გაიგონონო, სწრაფად წავიდნენო და ცხეთის საბაჟოსთან მზათ დაგვხვდენო, იქ აღლუმს ვნახავო. მაგრა ესეც ვინცა ვინ ცხენის მყოლებელიო არ წავიდესო, თავი მოჰკვეთეთო და თავისივე ცხენით უკან მამწივეთო. საღამოს ჟამს ქანარები დააძახეს და ჯარმ საჩქაროთ იარა და მეფე ცხენს შეჯდა და საჩქაროთ წაბძანდა.
მეფის მისვლამდისინ უფროსიერთი ჯარი მისრულიყვნენ, მეფემ უბძანა: ღამე არისო და უკანა ჯარიც არ მოგვწევიანო და ისინიც მოვიდნენო, თქვენც ჩქარათ იარეთო და გათენებისას ხანსა ვნახავო. იარა და შვაღამისას კავთისევს მივიდა და მოვრავისშვილი იორამ იმ გარეშემოს ლაშქრით კარგ გვარათ წინ მოეგება. მეფემ ელიზბარ ბოქაულთუხუცეს უბრძანა: ლაშქარს უკან ჩამოუდექო და ვისიც ცხენთ შეძლება ჰქონდესო, ჩქარათ წამოასხიო, რომ მღ˜თისა შეწევნითო დილას ნოდარსთან გავითენებო. მიჯრის ჟამს დილისასა მეფე ხოვლეთის ბოლოს მივიდა, მარქაფა გამოიცვალა და ჯარსაც უბრძანა: ცხენებს მოსართავებ() უნახეთ და გაუკეთეთო და იარაღნი მოივარგეთო. რაზმი გაწყვეს და ქანარები დააძახეს და მეფეს ასრე მოახსენეს: შეუტყობლათ თავს დავესხათო. მეფემ თავსდასხმა არ იკადრა და ასრე ბრძანა: ქართველთ სამართლის ქნის გამართლებისთვისო ერთმანერთს შეებმიანო, მეც ჩემს ყმას სამართალსზედ შევებმიო. თუ იმაზედ მემტყუვნებინოს, გამარჯვება იმასაო. ბედნიერს ყაენს გამოეპარაო და მთხოვა და არ მივეცო, ფარსადან მამამან მისმანო მრავალი მაძლიაო, რომ საციციანო მისის შვილისშვილის პაპუნა ყორჩიბაშისათვის მთხოვაო და არ მივეცო და მაგას უქრთამოთ მივეცო და ახლა ამდენის სიკეთის მაგიერათო ჩემთვის უმუხანათებიაო და სხვას ბატონს ჰბირებია. ამაზედ მინდა მღ˜̃თის სამართალი გავშინჯო, თუ რომელი ვსტყუით. დაძახებინა ქანარები. ამდენი ხანი რაზმს მოაცდევინა, რომ იმათაც შეიტყვეს და საომრათ შეიკაზმნენ და ცხენს შესხდეს და რაზმი გაირიგეს და საომრათ წინ წამოდგნენ და შეიქნა სროლა, კიკლაობა. იქიდამენ ჩხეიძენი და სხვანი იმერელი წამოდგნენ. შეიქნა შუბთა ძგერება და მალთა ელვარვბა, ლახტების ჯახაჯუხა, მუზარათთა ხეთქინება. დიდს ხანობამდისინ ჩხეიძებმან ძალმიცემით ომი გარდიხადეს და საქმეც გაუჭირეს, ლაშქარიც დააბალითეს და კარგადაც იყვნენ, მაგრა ნოდარ ომს არ მოსრულიყო და უწინვე ვერის ციხისაკენ წასულიყო და ჩხეიძებს ზურგი არ მოაბა და კიდეც დაიჭრნეს, დაიღალნეს. მეფემანც თვითან ცხენს დაუძრა და ერთპირად ქართველნი მიეტ()ვნეს და წაუშინეს. ბეჟია ჩხეიძე მოვრავის შვილმან იორამ დაირჩინა და ზოგნი ბარათიანთ დაირჩინეს, ზოგნი ელიზბარ ბოქაულთუხუცის ყმებმან დაირჩინეს. ყველანი ორგნითვე კარგად იყვნენ და ძალმიცემით ომი გარდიხადეს და მეფემ გაიმარჯვა, ნოდარ ვერის ციხეში შეიხვეწა და ჩხეიძენი დაჭრილნი და დარჩენილნი მეფეს წინ მოასხეს არწაკრულნი და გამარჯვება მოულოცეს.
მეფემ ბძანა, ჩხეიძებს მკლავნი გაუხსნეს და გორს გაგზავნეს, რომ ტანისამოსი გამოუცვალონ და ქვეშსაგები და ზედსაფენი გაუკეთონ და კარგის პატივით ელი შეუწყონ და ვისაც მამაცობა ექნა, ყველაკას ხალათი და საჯილდოთ მამულები უბოძა. უფროსიერთთ საციციანო დაუყვეს და კაცები უჩინეს, რომ გაქცეულთ კაცთ უკან ნურვინ აედევნების და ვისაც საციციანოს კაცი დაეჭიროს, გაუშვანო. იმ ღამეს იქივ ნაომარზედ დადგა და მეორეს დღეს გორს მიბძანდა და მეორეს დღეს გორიდამენ ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსროვ ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი, დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს _ დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო და ამისი შვილები დააჭირვინეს და გორის ციხეში დაატყვეს და მისი სიძე ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატოანი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გარდიხვეწა და კახეთს მივიდა და იოთამ ამილახორი ჯალაბობრივ საერ()სთოში მივიდა. თვითან ბატონს თეიმურაზსთან მივიდნეს და ზამთარმანც მოატანა. ნოდარ ზოვრეთის ციხეში გამაგრდა. მეფემ გორიდამ ლაშქარი გაუძახა და სკრას ზეითი საციციანო დარბევინა და ჩხეიძენი ელიზბარ ბოქაულთუხუცის ელიზბარის ხელით ყაენთან გაგზავნა და არზა მისწერა: ქართველნი ჩემის უშვილობისათვის და უნათესაობისათვინ ურჩობენ და ავკაცობენო, რომ ჩემს საბოლოს ვერა ედვენო, ჩემს ბიძასშვილს თეიმურაზ მირზას სამნი შვილნი ჰყვანანო და რომელსაც პაპის ჩემის ლვარსაბი საელი ჰქვიანო, ის შვილათ გვიბოძეთო, რომ ჩვენს უკან ქართველთ საბატონოთ ეგულებოდეს. ესენი ყაენთან გაისტუმრა და თვითან გორის ციხიდამ ზარბაზნები ჩამოიტანა და ზოვრეთის ციხეს შემოადგა. ზარბაზნებით დაუშინ(), მაგრა ქვიტკირს ვერა ავნო რა. მალე მალე მას დაგდებდეს, რომ ბატონი თეიმურაზ მოეშველებისო. მეფეს აშინებდეს, მაგრა მეფემ ასრე ბრძანა _ ხონთქარიც მოეშველისო, სიდამდისინ ნოდარს ციხიდამენ არ გამოვიყვანო, აქითგან არ დავიძვრიო. წყალკურთხევამდისინ სრულ ქართველთ ლაშქარი ზოვრეთის ციხეს ადგნენ და ვერ აიღეს და არც მშველი გაუჩნდა და ციხეს შიგნით ყმათ უმუხანათეს და ჰგმეს ბატონი და გაუორგულდნეს და ციხის გაცემას შეუდგნეს. ეს ნოდარ შეუტყო, რომ ყმანი ღალატს უპირებენ, ჩათრეულს ჩაყოლილი აჯობინა და თავისი დედა კახეთის ბატონისშვილი როსტომ მეფესთან სახვეწარათ გამოგზავნა. რა მოვიდა, ნამეტნავად მეფემ დიდი პატივი დასდვა და სახვეწარი დაუჯერა. გაცლის გზა სთხოვა. ვითაც ნათესავი იყო მეფისა და მერმე დედათა შიგან სიკეთეზედ ნაქები იყო და საქართველოში ძველით წესათ იყო, რომ ვისაც გასჭირებია შესახვეწრად, ან დედასა და ან ჯალაბს გაუგზავნიდეს, მეფენი და თავადნი პატივს დასდებდიან. მეფემაც გაათავა ძველი წესი, ბატონისშვილს ფეშქაში მიართვადა უვნებლობის საფიცარი მისცა, რომ საცა უნდა წავიდეს თავისი მხლებლებითა და ქონებით არა უშავდესრა და ამდენი ცხენი, ჯორი ათხოეს ზოვრეთიდამენ, რომე თავიანთ ქონებით ახალციხემდისინ მიასხან. მაგრა ბევრს შემოიხვეწნეს, რომ ნოდარ ინახვინოს. არ ინახვინა, მაგრა უზიანოთ სამცხეს მივიდნეს და ერისთავი ზაალ და ამილაორი იოთამ ბატონს თეიმურაზსთან იყვიან. მაგრა გზებზედ იწყინებოდეს და ნაპირის ალაგებს ერთი მეორეს ურბევდეს. ვინც იმათ შემოსწყრებოდეს, ამათ მოუვიდის. ვინც ამათ შემოსწყრის, იმათ მიუვიდის და ამათის საქმით ქართლი და კახეთი მოუსვენებელი და არეულ აორებული იყო.
აქა მეფის როსტომის ილღარი ქალაქით, მზის ჩასვლისას ცხენს შეჯდა, გათენებისას შობის დღისას ახალგორს ერისთვებს თავს დაესხა და გაიმარჯვა მღ~თითა. ქალაქს შიგ მჯდომს მეფეს როსტომს ანბავი მოუვიდა, რომ ხვალ შობას ორნივ ერისთვები და იოთამ ამილახორი ახალგორს შობას ერთგან იქმონენო და იქ ლაშქარს შეიყრიანო და ბატონს თეიმურაზს საფურცლეს შემოეყრებიანო, იქიდამენ ცხეთას მოვლენო და ვისაც მათთან პირობა აქვთო, იქ შეეყარებიან და შეჰფიცვენ. რა ეს მეფეს მოახსენეს, ფიცხლავ მურანის ბატონს ბახ()ტას, რომ უკანას დროს თავისის ბატონის ადგილსზედ გამეფდა, წინგნი მისწერა _ შენის ლაშქრითო მზას დამხვდიო, რომე მღ~თისა შეწევნითაო ამაღამ მანდ მოვალო. კაცი რომ გაისტუმრა, ჯარჩი დააძახეს: ვაი იმასაო, რომელსაც ცხენი ჰყვანდესო, მზის ჩასვლისას ცხეთას არ დამხვდენო, ავად მივეპყრობიო. ვითაც ახლო იყო, ყველანი მეფეს უწინ მივიდნენ. რა მეფემ ამდენი ჯარი ნახა, დიაღ იამა და მრავალი საიმედო სიტყვები ჯარს უბრძანა და მურანის ბატონს ჩაფარი გაუგზავნა, რომ ჩვენც კარგის ჯარით მოვდივართო და თქვენც თქვენის ჯარით მზათ დაგვხვდითო, რომ მღ~თის შეწევნითაო გაუთენებლივ თავს დავესხმითო. რა მეფე მუხრანს მივიდა, მუხრანის ბატონი კარგის ჯარით შემოეყარა და მეფეს იამა და აღარ შეისვენა და ჩქარათ იარეს, შობას დილას ახალგორს ლოცვაზედან მდგომთ თავს დაესხნეს და იმ დღეს მუხრანის ბატონის მამაცობის ქება თქვეს და ისინი შეუტყობარნი იყვნეს და თავსდასხმის ეჭვიც არა ჰქონდა(). რა ძახილი შეიქნა, ცხენი და იარაღი ვეღარ მოისწვრეს და არც ამათ დააცალეს. ანაზდეული მოულოდინელი საქმე მოუვიდა. ისინი ზოგნი ცხენით გარდიხვეწა და ზოგნი ქვეითათ, აქეთ იქით გარდიხვეწნეს და იმათი მასპინძლობის საჭმელი მეფის ლაშქარმან შეჭამა. მეფემანც სადილ ვახშამი იმათს სადგომს ჭამა და მეორეს დღეს, ვისაც დარჩენილი კაცნი ჰყვანდა, მეფეს წინ მოუსხეს. მეფემ ყველაკანი გააშვებინა და თვითან გორისაკენ წაბძანდა და იმ ზამთარს იქ დადგა. ელიზბარ დავითისშვილი ყაენიდამ მოვიდა და ხალათი და ბატონისშვილი ლვარსაბ მოიყვანა.
აქა ბატონისშვილის ლვარსაბის გამოგზავნა ყაენისაგან როსტომ მეფის შვილად. გორს ყაენის ხალათი ჩაიცვა და რაყამი წაიკითხეს. მოეწერა: შენის ბიძასშვილის თეიმურაზ მირზის შვილი ლვარსაბ შენთვის შვილად გეთხოვნაო, გამოგვიგზავნიაო და ქართველთათვის გვიბძანებიაო, რომ უფლისწულათ და თქვენად შვილად მიაჩნდესო და თქვენს უკან ქართლის მეფობა მაგისთვის მიგვიცემიაო. ეს ანბავი გოჩაშვილს გიორგის ეწყინა, ამისთვის რომ ბატონობას თვითან მოელოდა და ლვარსაბის მოყვანისათვის გავგულდა. ეს ანბავი ბატონს თეიმურაზსაც ეწყინა. ამაზედ კახმან ბატონმან ცალკე და ერისთავმან ცალკე დაუწყეს გოჩაშვილს ლაპარაკი, რომ შენ გაგაბატონებთო. დატყუეს და ქართველთა და ბარათიანთ წინგნი ჰსწერეს, დაუწყეს ბირება. დიასამიძე ქათალიკოზი და რევაზ ბარათაშვილი და სომხითის მელიქი ყორხმაზბეგ მრავლის ქადებითა დატყუებულიყვნენ და ეს სამნი საქმობდენ. მათი რჩევა და საწადელი ამათთან უმალავი იყო და გოჩასშვილს ატყუებდენ, თორადა ყველას მეფობა ბატონის თეიმურაზისათვის უნდოდა. ასრე პირობა შეჰკრეს რომ როსტომ მეფე ცოტას კაცით ცხირეთს არისო და ბატონი თეიმურაზ ცხენკეთილის ჯარით ანაზდათ მეტეხს მოვიდესო. რა მეფე მისი ჯარის სიცოტავეს ნახავსო, საომრად მოვაო და ომში მოვჰკლათო, რომ სამარტოთ არვის დაებრალოსო. სომხითის მელიქს ყაენისაგან შეშინდა და მათი საწადელი და მონაწერი წიგნები მეფეს მოართვა, ფიცის გატეხისა და საფიცრის მიცემმოცემისა აღარა ინაღვლა რა და იმ ღამეს, რომ ბატონი თეიმურაზ მეტეხს მოვიდა, მეფე გორს მივიდა. ამათმა რჩევამ ცუდათ ჩაიარა და ბატონი თეიმურაზ ისრევე კახეთს ჩავიდა. ქართველნი გორს მივიდნეს უშიშრათ. ასრე ეგონათ, იმათი ქნილობა მეფემ არ იცისო. მეფემ კათალიკოზი და გოჩასშვილი გიორგი და ერისთვისშვილი ლარგველი დაჭირვინა. გოჩასშვილს თვალები დასთხარა, ლარგველი გორის ციხით გაეპარა, სააკაძე ივანე კახეთს გარდიხვეწა და მის ძმას ზურაბს თვალები დასთხარეს. კათალიკოზი ქალაქის ციხეში ტყვეთ იყო თათრებში და ისიც დარჩვეს და ციხიდამ გარდმოაგდეს. ბარათაშვილი რევაზ კახეთს გარდიხვეწა და მეფე გორიდამ ქალაქს ჩავიდა და ეს ანბვები ყაენს მისწერა“1.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, საისტორიო მოამბე, II (თბილისი, 1925), გვ. 247-250.
როგორც ვხედავთ, ფარსადან გორგიჯანიძე მართლაც ვრცლად და დეტალურად მოგვითხრობს ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა ორი შეთქმულების ამბავს. ამასთან, ფარსადანი აღნიშნული ამბების გადმოცემისას მხოლოდ ორ ზოგად ქრონოლოგიურ მითითებას გვაწვდის. მისი თქმით: 1. როსტომის ლაშქარს მძოვრეთის ციხეში გამაგრებული ნოდარ ციციშვილისათვის ალყა წყალკურთხევამდე ანუ ნათლისღებამდე ჰქონდა შემორტყმული; და 2. როსტომმა ამბოხებული არაგვისა და ქსნის ერისთავები, იოთამ ამილახორთან ერთად, ახალგორში შობის დილას დაამარცხა.
ეს არის და ეს. თუ აღწერილი ამბების ზოგად ქრონოლოგიურ ჩარჩოს ანუ 1642-1644 წლებს არ მივიღებთ მხედველობაში, ფარსადან გორგიჯანიძე არანაირ კონკრეტულ თარიღს არ გვთავაზობს ჩვენთვის საინტერესო მოვლენების შესახებ.
ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების შესახებ, ფარსადან გორგიჯანიძის გარდა, საინტერესო ცნობებს გვაწვდიან კახეთის მეფე არჩილ II (1664-1675 წწ.) და XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ისტორიკოსები: ბერი ეგნატაშვილი (გარდ. დაახლ. 1760-იანი წწ-ის დასაწ.) და ვახუშტი ბაგრატიონი (1696-1757 წწ).
თავდაპირველად მოვიტანთ ფრაგმენტს არჩილ II-ის მიერ 1681-1682 წლებში შედგენილი ისტორიული პოემიდან „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“. ამ ლიტერატურულ ნაწარმოებში ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავი, ერთი მხრივ, თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობის, ხოლო, მეორე მხრივ, მაღაროს ბრძოლის ამბებს შორისაა გადმოცემული. პოემის ავტორი თეიმურაზ I-ის პირით მოგვითხრობს:
„ამილახორი იოთამ და ზაალ მაშინც მე მახლდენ,
კათალიკოზი ევდემოზ და გოჩაშვილი გაახლდენ,
კვლავ ციცისშვილი ნოდარ და სხვა ქართველები ვთქვა რამდენ? _
და მიმიხმეს, ლაშქრით რა წაველ, ჩემად მისვლამდის გაცუდდენ.
ნოდარ ფიცეთს შეიყარა, ჩხეიძენიც მასთან იყვნენ,
როსტომს უთხრეს: „ესე ასრე ნოდარზედ მალ წაიყვანენ,
ნუ შევჰყრითო, მივაშუროთ, თორემ ბოლოს შეინანენ,
და ვინ მუხრანსა ჰპატრონობდი, ცუდ-მადები მოიხმარნენ.
მივიდენ ფიცეთს ნოდარზედ უვიცად, შეუტყობარად,
მას ყარაული არ ჰყვანდა, ნეტაა ზვართა საბარად?
ჩხეიძეებმა რა ნახეს ესენი მართ საშუბარად,
და მოვიდენ, მოიქნივესცა, ზოგთა ჰკრეს მწვე გასამწარად.
მეც მუხრანს მიველ, მიმასწრო და გაემარჯვა ნოდარზედ,
ბეჟია დარჩა იორამს, მოურავის-შვილს, იმ ომზედ;
ოტია თვითან ოტიას რატიშვილს უჯდა გავაზედ;
და საციციანო კაცები ცხენს სხედან მათს კვიციანზედ“1.
როგორც ვხედავთ, არჩილ II პირდაპირ არაფერს ამბობს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ქრონოლოგიის შესახებ, თუმცა კი, მის მიერ გადმოცემული ამბების თანამიმდევრობიდან ნათლად ჩანს, რომ მეფე-პოეტი ჩვენთვის საინტერესო მოვლენას თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობის შემდგომი და მაღაროს ბრძოლის წინარე პერიოდით ათარიღებს.
სრულებით იდენტური სურათი გვაქვს ბერი ეგნატაშვილის მიერ 1721 წლამდე შედგენილ თხზულებაში „ახალი ქართლის ცხოვრება“. აქ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბები, ისევე როგორც არჩილ II-ის პოემაში, ერთი მხრივ, თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობის, ხოლო, მეორე მხრივ, მაღაროს ბრძოლის პერიპეტიებს შორისაა გადმოცემული. ბერი ეგნატაშვილი მოგვითხრობს:
„შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმან გიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ იმისთვის, რომე ამისი ძმის ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იხმეს: „კუალად მოდი ქართლში და გაგაბატონებთო“. ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა. რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარს წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდა ნოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დახოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა იქ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.
1. არჩილიანი (თხზულებათა სრული კრებული), ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, II (თბილისი, 1937), გვ. 89.
ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრივა და წარმოვიდა იქითგან, და დადგა ცხირეთს, და იქ იხმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ იქ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო იქვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან ვითარმედ: „ნოდარ რომ წასულიყოს, მაგისთვის საქმეს რატომ წაახდენ და ან რატომ გაბრუნდი?“ მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი: `ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო“.
მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თვითცა უკან მოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და იქ გამაგრდენ.
ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახუდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.
ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, იქვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელნიმე მამულით გააღარიბა და განაძო თვისისა ქუეყნიდამე, თვინიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და სითკენაც დრო დაახელის, იქითკენ იყვის“1.
ამრიგად, ბერი ეგნატაშვილი, ისე როგორც არჩილ II, პირდაპირ არაფერს ამბობს ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ქრონოლოგიის შესახებ, თუმცა კი მისი თხრობის თანამიმდევრობიდან ნათლად ჩანს, რომ ისტორიკოსი აღნიშნულ მოვლენებს, არჩილ II-ის მსგავსად, აგრეთვე, თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობის შემდგომი და მაღაროს ბრძოლის წინარე პერიოდის ამბებად მიიჩნევს.
განსახილავი მოვლენების ქრონოლოგიის თვალსაზრისით, შედარებით უკეთესი სურათი გვაქვს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ 1742-1745 წლებში შედგენილ თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. სწავლული ბატონიშვილი ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბებს 1638-1642 წლებს შორის მომხდარი მოვლენების გადმოცემისას მოგვითხრობს:
„შემდგომად ამისა მოუწოდეს ბატონს თეიმურაზს ზაალ ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, გიორგი გოჩასშვილმან და კათალიკოზმან ევდემოს დიასამიძემან გამეფებად ქართლს. და ნოდარ მოვიდა სპითა დოესს და მოელოდა მათცა. მცნობელი როსტომ მეფე წარმოვიდა. მისმან მხილველმან ნოდარ ვერღარა იკადრა ბრძოლა, არამედ ივლტოდა. გარნა ორთა ძმათა ჩხეიძეთა, ნოდარისა თანა მყოფთა, მოყურობით არა ინებეს ლტოლვა, მოიქცენ და ჩამოჰყარნეს მხედარნი. ხოლო იორამ მოურავისშვილმან ჩამოჰყარნა იგინი, შეიპყრნა და მოართუა როსტომ მეფესა (ესე იორამ მოიყვანა როსტომ მეფემან აზრუმიდან კეთილისყოფისათვის, რომელი უქმნა მოურავმან მას, და მისცნა მამულნი თვისნი ყოველნი, ხოლო ნოდარ ლტოლვილი შევიდა ვერის-ციხესა შინა და მოადგა როსტომ, ვერ გამაგრდა ნოდარ, განივლტო და მივიდა სამცხეს. ხოლო მეფემან როსტომ აღიღო ციხე და შემუსრა. იქიდამ მოიქცა და დადგა ცხირეთს. ესე აცნობა კათალიკოზმან ევდემოს ბატონს თეიმურაზს: „რა ჰქმენ, სივლტოლისათვის ნოდარისა უკუნ-იქეც, აწ მოვედ და დაესხი როსტომს, რამეთუ ხელთა შენთა შინა არს (ამ კათალიკოზის ძმისწული ცოლად ჰყვა ბატონის თეიმურაზის ძესა დავითს და ამისთვის ჰყოფდა კათალიკოზი ამას).ამისი მსმენელი თეიმურაზ რა წარმოემართა, ესე აუწყა როსტომ მეფესა ვახტანგ მუხრანის ბატონმან და მსწრაფლ შევიდა როსტომ გორის ციხესა შინა. ესმა ესე თეიმურაზს და უკუნ-იქცა. ამას ვახტანგ მუხრანის ბატონი მოეწია და ავნო დიდი ვიდრე სივლტოლად, და მოსწრაფედ მივიდა თეიმურაზ კახეთსვე. ამისთვის შეიპყრა როსტომ მეფემან კათალიკოზი ევდემოზ და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდმოაგდო განჯის-კარის კოშკიდამ; კუალად შეიპყრა გოჩასშვილი გიორგი და აღმოხადნა თუალნი, დაესხა იოთამ ამილახორსა, ჰგუემა იგი და განუტევა ფიცით, და შემუსრა ციხე ცხვილოსი და სხუანი ვიეთნიმე განაძო და ზოგნი უმკვიდრო ჰყვნა“2.
როგორც ვხედავთ, ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ზუსტ თარიღს არც ვახუშტი ბაგრატიონი გვთავაზობს, თუმცა კი, იგი ამ მოვლენებს, არჩილ II-ისა და ბერი ეგნატაშვილისაგან განსხვავებით, შედარებით უფრო მოკლე და კონკრეტული ქრონოლოგიური მონაკვეთით, 1638-1642 წლებით განსაზღვრავს.
1. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, ქართლის ცხოვრება, ტომი II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959), გვ. 420-422.
2. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა , ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973), გვ. 441-442.
მას შემდეგ, რაც სრულად მიმოვიხილეთ ქართული წერილობითი წყაროების ცნობები ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების შესახებ, საგანგებოდ შევეხებით ირანის შაჰის აბას II-ის (1642-1666 წწ.) კარის ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის (გარდ. XVII ს-ის მიწურ.) მიერ XVII საუკუნის II ნახევარში შედგენილ თხზულებას „შაჰ აბას II-ის ისტორიას“.
მოჰამედ თაჰერს ჩვენთვის საინტერესო მოვლენები XVII-XVIII საუკუნეების ქართველი ავტორებისაგან განსხვავებული თანამიმდევრობით აქვს მოთხრობილი. მის თხზულებაში ჯერ ქართლის ფეოდალთა შეთქმულებისა და მათი დამარცხების ამბებია მოთხრობილი, ხოლო შემდეგ _ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის პერიპეტიები, რომელსაც, თავის მხრივ, ცოტა უფრო ქვემოთ, პაატა ამილახორის მიერ იასე ქსნის ერისთავის მოკვლის ამბავი მოსდევს. ამასთან, საგულისხმოა, რომ მოჰამედ თაჰერს დასახელებული მოვლენები აბას II-ის მმართველობის დროს მომხდარ ამბებად მიაჩნია. თხზულებაში ვკითხულობთ:
მეფე თეიმურაზ I-მა „გააღვივა შფოთის ცეცხლი და ზაალ ერისთავთან, ნოდართან და ქართლის კათალიკოზთან ერთად, რომელიც იმ ურწმუნოთა სრულუფლებიანი პირი და წინამძღვარია, გადასწყვიტა, რომ როსტომ-ხანი მოეკლათ. მათ ამ საქმეში მოკავშირედ გაიჩინეს მელიქი ყორხამასი, სომხითის მელიქ ათაბეგის შვილი.
რადგანაც ხსენებული მელიქი სახალიფო სასახლის (ე.ი. შაჰის) ერთგულთა რიცხვს ეკუთვნის, ამიტომ მან შეატყობინა როსტომ-ხანს იმ ურწმუნოთა ბოროტების შესახებ. როსტომ-ხანმა ამის შესახებ მოხსენება დაწერა და ხსენებული მელიქის საშუალებით უმაღლეს კარზედ გაგზავნა. ამ ამბავმა ხელმწიფე მეტად განარისხა და გამოვიდა უავგუსტოესი ფირმანი, რომ „მმართველობის საფარველი“ ადამ-სულტანი, სუფის მმართველი, რომელიც როსტომის დისშვილია და ცნობილია როგორც გამოცდილი კაცი, აზერბაიჯანის, შირვანის, ყარაბაღისა და ერევნის ბეგლარბეგებთან ერთად და იუზბაშების, ყორჩების, ღულამების და მეთოფეების რაზმის თანხლებით, რომელთა სამყოფელი ადგილი აზერბაიჯანი და შირვანია, გაემართოს იმ ურწმუნოთა ასაკლებად, დასახოცად და დასარბევად, რომელთაც თავის უღმერთოებას და უწმინდურობას კიდევ ურჩობა დაუმატესო. ის „მმართველობის საფარველი“ ბედნიერ საათში [შაჰის] ფეხთა კოცნის პატივით იქნა ამაღლებული და საქართველოსაკენ გაემართა. ვიდრე ის საქართველოში ჩავიდოდა, როსტომ-ხანმა ბრძანა კათალიკოსის ელამი თვალის გუგების მათი ბუდიდან ამოგდება (დათხრევინება) და თბილისის ციხის სატუსაღოში მისი დატყვევება, ხოლო რაზმით თავადებისა და აზნაურებისა, რომელნიც შემკულნი იყვნენ გულწრფელი ერთგულებით, ნოდარის ციხის დასაპყრობად გაემართა.
[ამ ციხის] სიმტკიცე და სიმაგრე, [მისი მისასვლელი] გზების სიძნელე და ტყეების სიხშირე იქაურ ხალხში ანდაზად არის გადაქცეული. მოკლე ხანში, მისი უდიდებულესობის „ღვთის ჩრდილის“ (შაჰის) ბედნიერი იღბლის ძალით, ის ფუძემაგარი ციხე შავ მიწასთან გაასწორეს და იმ დაკარგულის ცოლ-შვილი დაიჭირეს. ის ბოროტგანაზრახველი, უსაზღვრო სინანულში ჩავარდნილი (ნოდარი), გაიქცა და ახალციხეს მივიდა. ამ ცხადი გამარჯვებისა და ძლიერი ციხის აღების შემდეგ, ადამ-სულტანი ძლევამოსილი ლაშქრით კახეთში შევიდა“1.
როგორც ვხედავთ, მოჰამედ თაჰერი პირდაპირ არ ათარიღებს ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბებს, თუმცა კი ამ მოვლენების ქრონოლოგიას აბას II-ის შაჰის ტახტზე ასვლის შემდგომი და იასე ქსნის ერისთავის მოკვლის წინარე პერიოდით განსაზღვრავს.
ამრიგად, ქართული (ფარსადან გორგიჯანიძე, არჩილ II, ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი) და სპარსული (მოჰამედ თაჰერი) წერილობითი წყაროები დეტალურად აღწერენ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალების შეთქმულების ამბებს. მართალია, ამ ძეგლებში ჩვენთვის საინტერესო მოვლენები პირდაპირ დათარიღებული არ არის, მაგრამ გარკვეულ ქრონოლოგიურ მითითებას ხუთივე ავტორთან ვხვდებით. ეს ქრონოლოგიური მითითებებია:
1. ფარსადან გორგიჯანიძე _ 1642-1644 წლები.
2. მოჰამედ თაჰერი _ აბას II-ის აღსაყდრებიდან იასე ქსნის ერისთავის მოკვლამდე პერიოდი.
3. არჩილ II _ თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობიდან მაღაროს ბრძოლამდე პერიოდი.
4. ბერი ეგნატაშვილი _ თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობიდან მაღაროს ბრძოლამდე პერიოდი.
5. ვახუშტი ბაგრატიონი _ 1638-1642 წლები.
ამით ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალების შეთქმულებასთან დაკავშირებულ წერილობითი წყაროების მიმოხილვას ვასრულებთ და ამ მოვლენების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებების განხილვაზე გადავდივართ.
1. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოცემა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 30 (თბილისი, 1954), გვ. 381-382.
ქართულ ისტორიოგრაფიაში ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავი პირველად განხილულია ანტონ ფურცელაძის მიერ 1892 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს მოსასპობელად და საქართველოს შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო“.
ავტორი აღნიშნულ ნაშრომში ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს ორ ადგილას ეხება. მკვლევარი ჩვენთვის საინტერესო საკითხს პირველად როსტომ მეფის ქართლში შემოსვლის, თეიმურაზ I-ის იმერეთში გადასვლისა და სელიმ ხანის კახეთის მმართველად დანიშვნის შემდეგ განიხილავს: „თეიმურაზს ჰყავდა კიდევ ბევრი მომხრე ქართლში: ზაალ ერისთავი, ნოდარ ციცისშვილი, იოთამ ამილახვარი, გიორგი ბაგრატიონი, გოჩასშვილი, კათალიკოზი ევდემოს დიასამიძე, რომელნიც არ უდებდნენ როსტომს თავს. იმათ მოიხმეს თეიმურაზ იმერეთიდამ, აეშალნენ როსტომს, და გამოაცხადეს მეფედ თეიმურაზ. ის გადმოვიდა იმერთა ჯარით. დაწყობილობა იყო, რომ თეიმურაზ უნდა თავისი ჯარებით მიშველებოდა ნოდარ ციციშვილს. ნოდარ ოროლი ძმა ჩხეიძით, დაიმედებული, რომ თეიმურაზ მიეშველება ამას, წავიდა როსტომ მეფეზედ. როსტომ მეფე თვითონვე დაესხა ნოდარს თავსა. თეიმურაზ ჯარებით არ მიეშველა ნოდარს. ნოდარმა რა ნახა ესა, გაერიდა ომს. ჩხეიძეებმა არ ინდომეს ბრძოლის გაცლა. შეიქნა ბრძოლა, ჩხეიძენი იბრძოდნენ ვაჟკაცურად. მაგრამ ორივენი ჩამოყარა ცხენიდამ იორამ სააკაძემ, გიორგი მოურავის შვილმა, რომელიც დააბრუნა ცოლ-შვილით საოსმალოდამ როსტომ მეფემ და თეიმურაზისაგან ჩამორთმეული მამულები დაუბრუნა უკან. იორამმა ორივე ჩხეიძენი მიართვა როსტომს. დანაშთენი ჯარი ნოდარისა გააქციეს. თეიმურაზ იძულებული იყო გავარდილიყო ისევ იმერეთში“1.
ანტონ ფურცელაძე თავისი ნაშრომის მეორე ადგილას ჯერ როსტომ მეფის შვილობილის, იმერეთის მეფის ალექსანდრე III-ის (1639-1660 წწ.) ვაჟის, მამუკა ბატონიშვილის მიერ როსტომისათვის მკვლელების მიგზავნასა და ამ მცდელობის მარცხით დასრულების ამბავს აღწერს, ამის შემდეგ კი კვლავ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას უბრუნდება: „ამავე გორგიჯანიძისა და პარიჟის ბიბლიოთეკის ხელნაწერი ქართლ. ცხოვრ. ავტორის სიტყვით, ნოდარ ციციშვილი აეშალა როსტომს თეიმურაზის სასარგებლოთ. როდესაც როსტომისა და ნოდარის ჯარები შეიბრძოლნენ, ნოდარის ჯარებში ყველაზედ თავგამეტებით და ვაჟკაცათ იბრძოდნენ ორი ძმა ჩხეიძე. ბოლოს ისინი შეიპყრა საოსმალოდამ დაბრუნებულმა გიორგი სააკაძის შვილმა, იორამმა. ისინი მოჰგვარეს როსტომს ხელებ შეკრული. როსტომმა უბრძანა, დაუხსნან იმათ ხელები, წაიყვანონ გორში, გამოუცვალონ საცვალი და ტანისამოსი; მისცენ სუფთა და რბილი ქვეშსაგები, მიაპყრან დიდი პატივი და მოექცნენ, როგორც იმათს გვარის შვილობას ეკადრება. ამავე ნოდართან ომის შესახებ, მოგვითხრობენ იგივე ავტორნი შემდეგს. „მეფეს მოახსენეს: შეუტყობრათ თავს დავესხათო. მეფემ ეს არ იკადრა და ასრე ბრძანა: „ქართველთ სამართლის ქნის გამართლებისთვის ერთმანერთს შეებმიანო, მეც ჩემს ყმას სამართალსზედ შევებმიო. თუ მე იმაზედ ვტყუი გამარჯვება იმას დარჩება, ეგ ბედნიერს ყაენს გამოეპარაო. ყეენმა მთხოვა და არ მივეციო. მაგის მამას ფარსადანს უნდოდა მთელი საციცისშვილო თავისი შვილი პაპუნა ყორჩიბა- შისთვის მიეცა და მე ვინებე, მაგას უქრთამოთ მივეციო, და ახლა ეგ ამდენი სიკეთის მაგიერათ მე მმუხანათობსო. ამაზედ მინდა ღვთის სამართალი გავსინჯო, თუ რომელი ვტყუითო“... „დააძახებინა ქანანები, იმოდენი ხანი აცდევინა რაზმთა, მინამ იმათაც არ შეიტყეს და არ გაემზადნენ საომრათ“2.
როგორც ვხედავთ, ანტონ ფურცელაძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებასა და „პარიჟის ბიბლიოთეკის ხელნაწერ ქართლის ცხოვრებაზე“ ანუ ე. წ. „პარიზის ქრონიკაზე“ (XVIII ს.) დაყრდნობით განიხილავს3.
ამასთან, ანტონ ფურცელაძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბის თარიღის შესახებ არაფერს ამბობს. უფრო მეტიც, მკვლევარი როსტომის მმართველობის დროს მომხდარ არც ერთ სხვა მოვლენას არ ათარიღებს და მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ როსტომი 1632 წელს ავიდა ქართლის სამეფო ტახტზე.
1. ან. ფურცელაძე, ბრძოლა საქართველოს მოსასპობელად და საქართველოს შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო (ტფილისი, 1892), გვ. 365-366.
2. იქვე, გვ. 369-370.
3. ჩვენ საგანგებოდ გავეცანით „პარიზის ქრონიკას“ და დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ქრონიკის ტექსტი არანაირ ცნობას არ შეიცავს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის შესახებ. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, რის საფუძველზე აღნიშნავდა ანტონ ფურცელაძე, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლაზე საუბრისას, ფარსადან გორგიჯანიძის თხზულების პარალელურად, „პარიზის ქრონიკასაც“ ეყრდნობოდა.
ამრიგად, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ანტონ ფურცელაძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს 1632 წლის შემდგომი პერიოდის მოვლენად მიიჩნევდა. ანტონ ფურცელაძის შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბებს შეეხო სარგის კაკაბაძე თავის 1922 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810)“.
მართალია, მკვლევარი თავის ნაშრომში ჩვენთვის საინტერესო მოვლენებს პირდაპირ არ ათარიღებს, მაგრამ მის მსჯელობაზე დაკვირვება გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას მაინც იძლევა. კერძოდ, სარგის კაკაბაძე ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ამბებს შემდეგი თანამიმდევრობით გადმოგვცემს:
ა) დათუნა არაგვის ერისთავის მიერ როსტომისათვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება; როსტომისაგან მიგზავნილი გაბაშვილისა და თურქისტანიშვილის მიერ დათუნას მოკვლა.
ბ) არაგვის საერისთავოში დათუნას ძმის, ზაალის გაბატონება; ზაალის მიერ დუშეთისაკენ დაძრული როსტომისათვის სამხედრო წინააღმდეგობის გაწევა და ქართლის მეფის უკან, თბილისში გაბრუნება.
გ) ზაალ არაგვის ერისთავის მიერ იასე ქსნის ერისთავთან და როსტომის მოწინააღმდეგე სხვა ქართლელ ფეოდალებთან კავშირის შეკვრა; თეიმურაზ I-ის იმერეთიდან დუშეთს მისვლა და მისი ქართლში გამეფებისათვის მზადება.
დ) როსტომის მიერ საპასუხო ზომების გატარება, ქართლის ფეოდალთა მეორე ნაწილის გადაბირება და ირანისა და კავკასიის მაჰმადიანურ გაერთიანებათა ლაშქრის დახმარებით, პოზიციების გაძლიერება.
ე) ნოდარ ციციშვილის გამოსვლა როსტომის წინააღმდეგ და მისი ხოვლეს ბრძოლაში დამარცხება; როსტომის ბრძანებით, ქაიხოსრო ბარათაშვილის სიკვდილით დასჯა; როსტომის მიერ მძოვრეთის ციხისათვის ალყის შემორტყმა, ნოდარ ციციშვილის დანებება და ახალციხის საფაშოში გადასვლა.
ვ) თეიმურაზ I-ის, არაგვისა და ქსნის ერისთავების ქართლიდან კახეთს გადასვლა და ირანის შაჰის მიერ კახეთის გამგებლად დადგენილი სელიმ-ხანის გაძევება; თეიმურაზ I-ის კახეთში გამეფება.
ზ) თეიმურაზ I-ის მიერ ნიკიფორე ჩოლოყაშვილის რუსეთში, დიპლომატიური მისიით გაგზავნა; თავადი ვოლკონსკის ელჩობის საქართველოში ჩამოსვლა და კახეთის უმაღლესი ხელისუფლების მიერ რუსეთის მეფის ერთგულებაზე ფიცის დადება.
თ) თეიმურაზ I-ის, კათოლიკოს ევდემოზ I-ის, გიორგი გოჩაშვილისა და ქართლის ფეოდალთა მიერ როსტომის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა და სომხითის მელიქის ყორხმაზ-ბეგის მიერ შეთქმულების გაცემა; როსტომის მიერ საპასუხო ღონისძიებების გატარება, შეთქმულთა ერთი ნაწილის შეპყრობა და დასჯა; ზაალ არაგვის ერისთავისა და იოთამ ამილახორის როსტომთან მისვლა და მათი ირანში გაგზავნა.
ი) თეიმურაზ I-სა და როსტომს შორის ურთიერთობების გამწვავება; კახეთის ლაშქრის თიანეთთან ბრძოლაში დამარცხება და თეიმურაზ I-ის ვაჟის, დავითის მაღაროს ბრძოლაში მოკვლა; თეიმურაზ I-ის მიერ მარცხის აღიარება, როსტომთან მოლაპარაკების გამართვა და კახეთიდან იმერეთს გადასვლა1.
ჩამოთვლილი მოვლენებიდან სარგის კაკაბაძე პირდაპირ მხოლოდ ოთხ ამბავს ათარიღებს. ეს ამბებია:
1. დათუნა არაგვის ერისთავის მოკვლა _ 1635 წელი.
2. თეიმურაზ I-ის კახეთში გამეფება _ 1636 წელი.
3. თავადი ვოლკონსკის ელჩობა _ 1637 წელი.
4. თეიმურაზ I-ის იმერეთს გადასვლა _ 1648 წელი.
აქედან, სარგის კაკაბაძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს დათუნა არაგვის ერისთავის მოკვლის (1635 წ.) შემდეგ და თეიმურაზ I-ის კახეთში გამეფებამდე (1636 წ.) გადმოგვცემს, ხოლო ქართლის ფეოდალების შეთქმულების ამბავს თავადი ვოლკონსკის ელჩობის შემდეგ (1637 წ.) და თეიმურაზ I-ის იმერეთში გადასვლამდე (1648 წ.) მოგვითხრობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, არ შევცდებით, თუკი დავასკვნით, რომ სარგის კაკაბაძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს 1635-1636 წლებით ათარიღებდა, ქართლის ფეოდალების შეთქმულების ქრონოლოგიას კი 1637-1648 წლებით განსაზღვრავდა.
აქვე, ხაზგასმით შევნიშნავთ იმ ფაქტს, რომ სარგის კაკაბაძის განხილული ნაშრომი საკმაოდ სპეციფიური ხასიათის პუბლიკაციას წარმოადგენს და ბიბლიოგრაფიულ მითითებებსა თუ სამეცნიერო არგუმენტაციას, პრაქტიკულად, არ შეიცავს. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია, ზუსტად განისაზღვროს, კონკრეტულად, რომელ წერილობით წყაროს, სამეცნიერო გამოკვლევასა თუ ორიგინალურ მოსაზრებას ემყარება ავტორი მის მიერ აღწერილი მოვლენების გადმოცემა-დათარიღებისას. ამ მხრივ, გამონაკლისს არც ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბები წარმოადგენს, რომელთა სარგის კაკაბაძისეული ინტერპრეტაციაც ნაშრომში, აგრეთვე, ბიბლიოგრაფიული მითითებებისა თუ სამეცნიერო არგუმენტაციის გარეშეა წარმოდგენილი. სარგის კაკაბაძის შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს საგანგებოდ შეეხო კორნელი კეკელიძე 1930 წელს დაბეჭდილ წიგნში „შვიდი მთიები (ბარამ-გური)“.
ვინაიდან „ბარამ-გური“ სპარსულიდან ქართულად სწორედ ჩვენთვის საინტერესო ნოდარ ციციშვილის მიერ იყო ნათარგმნი, კორნელი კეკელიძემ მისი ცხოვრება-მოღვაწეობის შესწავლას საკმაოდ ვრცელი ნარკვევი მიუძღვნა, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, ნოდარის მიერ როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლის ამბავიც განიხილა.
მკვლევრის თქმით, „1640 წელს დიდგვარიანმა თავადებმა, ნოდარის მონაწილეობით, განიზრახეს როსტომის მოკვლა და მის მაგიერ იმერეთის ბატონიშვილის მამუკას გამეფება; ეს რომ ვერ მოახერხეს, 1641 წელს მათ მოუწოდეს თეიმურაზ პირველს და მასთან ერთად მოინდომეს ომით გაძევება მისი საქართველოდან და თეიმურაზის გამეფება. როსტომი შეუპოვრად გაემართა შეთქმულების წინააღმდეგ. ნოდარმა შებმა ვეღარ გაბედა, გაიქცა და ჯერ ვერის ციხეს შეაფარა თავი, ხოლო შემდეგ ზოვრეთის ციხეში გამაგრდა, როსტომმა ციხეს შემოარტყა ალყა, რომელიც 1642 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა; ნოდარის მხლებლებს მოსწყინდათ ციხეში ჯდომა და მოინდომეს მისი გაცემა. ეს რომ ნოდარმა გაიგო, ჩათრეულს ჩაყოლილი ამჯობინა; მან როსტომთან მიგზავნა თავისი დედა და სთხოვა მას ნებართვა და გზა სამცხეში წასასვლელად. როსტომმა თხოვნა შეიწყნარა, ათხოვა მას ცხენები და კაცები ბარგის გადასაზიდად და ამალის გადასაყვანად“1.
აღნიშნული მსჯელობისას კორნელი კეკელიძე მთლიანად ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებას ემყარება, რასაც უთითებს კიდეც სქოლიოში. ამიტომაც მკვლევარს ჩვენთვის საინტერესო ამბები ზუსტად იმ თანამიმდევრობით აქვს გადმოცემული, რა თანამიმდევრობითაც ეს მოვლენები ფარსადანის თხზულებაშია მოთხრობილი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივად იბადება კითხვა: რა მოსაზრებაზე დაყრდნობით ათარიღებს კორნელი კეკელიძე ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს მაინცადამაინც 1641 წლის მიწურულითა და 1642 წლის დასაწყისით, მაშინ, როცა ფარსადან გორგიჯანიძეს ეს ამბავი 1642-1644 წლების მოვლენებს შორის აქვს მოთხრობილი? სამწუხაროდ, ამ საკითხის შესახებ განსახილავი პუბლიკაცია არანაირ მითითებას არ გვაწვდის.
მიუხედავად ამისა, ერთი რამ ფაქტია: კორნელი კეკელიძეს ნოდარ ციციშვილის გამოსვლა 1641 წლის მიწურულითა და 1642 წლის 6 იანვრამდე პერიოდით ჰქონდა დათარიღებული. კორნელი კეკელიძის შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის საკითხს ირიბად შეეხო გივი ჯამბურია თავის 1955 წელს დაბეჭდილ მონოგრაფიაში „ქართული ფეოდალური ურთიერთობების ისტორიიდან“.
ნაშრომში ავტორი საგანგებოდ დაინტერესდა ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ბიოგრაფიით და ყურადღება გაამახვილა ვახუშტი ბაგრატიონის ერთ ცნობაზე, რომლის თანახმადაც მეფე როსტომმა ქაიხოსრო მოაკვლევინა 1636 წელს, დიდი ხნით ადრე მომხდარი ამბის _ ბირთვისის ციხეში მდგომი 500 ირანელის ამოჟლეტის (1625 წ.) გამო: „კუალად როსტომ მოიხსენა შური ყიზილბაშთათვის, რომელი მოსწყვიდნა მოურავმან ბირთვისს, და შეიპყრა ქაიხოსრო ბარათასშვილი სისხლთა მათათვის და გარდამოაგდო ციხიდამ განჯის კარისაკენ მაღლის გოდლიდამ“2. იმავდროულად, გივი ჯამბურიამ სარწმუნოდ არ მიიჩნია ვახუშტი ბაგრატიონის აღნიშნული ცნობა და მასთან შედარებით, უპირატესობა ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებას მისცა, სადაც ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯის ამბავი ნოდარ ციციშვილის გამოსვლასთან არის დაკავშირებული.
1. შვიდი მთიები (ბარამ გური), პროფ. კ. კეკელიძის რედაქციით, გამოკვლევითა და ლექსიკონით (ტფილისი, 1930), გვ. 10.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 440.
მკვლევრის თქმით, „500 ყიზილბაშის ამბავი ნამდვილი მიზეზი ვერ იქნებოდა ქაიხოსროს დაღუპვისა (წინააღმდეგ შემთხვევაში, როსტომს შური ადრევე უნდა ეძია. ის უკვე 4 წლის მოსული იყო ქართლში). მართლაც, ფ. გორგიჯანიძე სულ სხვა მიზეზს ასახელებს ქაიხოსროს დაღუპვისას. აღწერს რა ნოდარ ციციშვილის წინააღმდეგ როსტომის გალაშქრებას და გამარჯვებას, წერს: „მეორეს დღეს გორიდამენ ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსრო ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს: „დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო და ამისი შვილები დააჭირვინეს და გორის ციხეში დაატყვევეს და მისი სიძე ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატოანი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გარდაიხვეწა და კახეთს მივიდა“. აქ უკვე გარკვევითაა ნათქვამი, რომ ქაიხოსროს კავშირი ჰქონია ნოდარ ციციშვილის აჯანყებასთან და ეტყობა საკუთარი გეგმებიც ჰქონია. მისი სიძე ბახუტა ჰუსეინბეგის შვილი „ბაგრატოანი იყო“ და რომელსაც „ბატონობაც უნდოდა“, მხოლოდ ქაიხოსროს დახმარებით მიაღწევდა რაიმეს. როგორც ჩანს, ეს საქმე გამჟღავნებულა. ეს იყო სწორედ მიზეზი ქაიხოსროს სიკვდილით დასჯისა. როგორც ჩანს, ქაიხოსრო თავადთა იმ წრეებს კუთვნებია, „რომელთაც არა ერთი შეთქმულება ჩაეშალათ, არა ერთი შეთქმულება წააგეს როსტომის წინააღმდეგ“. ერთ-ერთი წაგებული შეთქმულების შედეგია ქაიხოსროს დაღუპვაც“1.
ამრიგად, გივი ჯამბურია ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის მოკვლის ამბავს ვახუშტი ბაგრატიონზე დაყრდნობით, 1636 წლით ათარიღებს2. ამასთან, მკვლევარი ქაიხოსროს მოკვლის მიზეზთან დაკავშირებით, უპირატესობას ფარსადან გორგიჯანიძის მონათხრობს აძლევს და მიიჩნევს, რომ ქაიხოსრო სიკვდილით ნოდარ ციციშვილის გამოსვლასთან კავშირის გამო დასაჯეს. აქედან, უკვე ლოგიკურად გამომდინარეობს დასკვნა, რომ გივი ჯამბურიას აზრით, ნოდარ ციციშვილის გამოსვლას ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯის პარალელურად ანუ 1636 წელს ჰქონდა ადგილი.
გივი ჯამბურიას შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს ვრცლად შეეხო დავით გვრიტიშვილი თავის 1955 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში „ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობების ისტორიიდან“.
თავდაპირველად დავით გვრიტიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „XVII საუკუნის 40-იან წლებში საციციანოს უფროსად ნოდარ ციციშვილი“ იყო, ამის შემდეგ კი, დეტალურად მოგვითხრობს მის მიერ როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლის ამბავს. მკვლევარს ჩვენთვის საინტერესო მოვლენის ცალკეული ეტაპები შემდეგი თანამიმდევრობით აქვს გადმოცემული:
იმერელი თავადი ჩხეიძეების ქართლში გადმოსვლა და ადგილობრივი ფეოდალების წაქეზება როსტომის წინააღმდეგ გამოსვლისაკენ.
ნოდარ ციციშვილის, ამილახორისა და ქსნის ერისთავის მიერ კავშირის გაბმა ჩხეიძეებთან; ერთობლივი სამზადისის დაწყება როსტომის წინააღმდეგ გამოსვლისა და ქართლში თეიმურაზ I-ის გამეფებისათვის.
ნოდარ ციციშვილის მიერ „სამარტოდ გამარჯვების“ მონდომება და გამოსვლის დაწყება თეიმურაზ I-თან, ქსნის ერისთავთან და ამილახორთან შეთანხმების გარეშე, საციციანოს ლაშქრის შეკრება და იმერელ დიდებულებთან ერთად ხოვლეში დაბანაკება.
როსტომის მიერ იორამ სააკაძისაგან ნოდარის გამოსვლის ამბის გაგება, თბილისისაკენ მიმავალი გზების შეკვრა და დედაქალაქში მყოფი სამხედრო ძალების მობილიზება; იმავე ღამით როსტომის ლაშქრის კავთისხევს მისვლა, იორამ სააკაძის რაზმებთან გაერთიანება და გამთენიისას ხოვლესთან დაბანაკება.
ნოდარ ციციშვილის მიერ ხოვლესთან ჩხეიძეების მიტოვება და წინდაწინ ვერის ციხეში გამაგრება; ხოვლეს ბრძოლის დაწყება და როსტომის მიერ ზურგმოუბმელი ჩხეიძეების დამარცხება.
როსტომის მიერ თბილისს ჩაფარის გაგზავნა, დედაქალაქში მყოფი ქაიხოსრო ბარათაშვილის შეპყრობა და სიკვდლით დასჯა; ქაიხოსროს შვილების გორის ციხეში დატყვევება და ქაიხოსროს სიძის, ქართლის სამეფო ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტის კახეთს გადახვეწა.
როსტომის მიერ საცაციანოს დაკავება და მისი ტერიტორიის ერთგული მოლაშქრეებისათვის დანაწილება; ნოდარ ციციშვილის მიერ ვერის ციხის დაკარგვა და მძოვრეთის ციხეში გაქცევა.
როსტომის გორს დაბანაკება, სკრას ზემოთ მდებარე საციციანოს დარბევა, გორის ციხიდან ზარბაზნების წაღება და მძოვრეთის ციხისათვის ალყის შემორტყმა;
მძოვრეთის ალყის გაჭიანურება და ნოდარ ციციშვილის ყმების მხრიდან ღალატის მცდელობა; ნოდარის მიერ დედის, კახელი ბატონიშვილის როსტომთან გაგზავნა და „გაცლის გზის“ თხოვნა.
როსტომის მიერ ნოდარისათვის უვნებლობის ფიცის მიცემა და სამგზავრო პირუტყვის თხოვება; ნოდარ ციციშვილის გამოსვლა მძოვრეთის ციხიდან და საკუთარი ქონებით ახალციხეს წასვლა3.
ამრიგად, დავით გვრიტიშვილი არამხოლოდ დაწვრილებით აღწერს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს, არამედ დაახლოებით ათარიღებს კიდეც ამ მოვლენას. მკვლევრის თქმით, ჩვენთვის საინტერესო მოვლენას ადგილი უნდა ჰქონოდა XVII საუკუნის 40-იან წლებში ანუ მაშინ, როცა საციციანოს უფროსი ნოდარ ციციშვილი იყო. ამასთან, დავით გვრიტიშვილს თავის ნაშრომში განმარტებული არ აქვს, თუ, კონკრეტულად, რა მოსაზრებებზე დაყრდნობით დაათარიღა ნოდარის საციციანოში უფროსობის ფაქტი მაინცადამაინც XVII საუკუნის 40-იანი წლებით. აქვე, აღვნიშნავთ იმასაც, რომ მკვლევარი ნოდარ ციციშვილის გამოსვლაზე საუბრისას, ძირითადად, ფარსადან გორგიჯანიძის მონათხრობს ემყარებოდა, რამდენიმე ადგილას კი ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბაგრატიონის ცნობებსაც ითვალისწინებდა.
1. გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობების ისტორიიდან (სომხით-საბარათიანოს სათავადოები) (თბილისი, 1955), გვ. 28.
2. გ. ჯამბურია, ქაიხოსრო ბარათაშვილი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, IV (თბილისი, 1979), გვ. 200.
3. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები) (თბილისი, 1955), გვ. 442-444, 452-453.
დავით გვრიტიშვილის შემდეგ ქართლის ფეოდალთა შეთქმულებას ირიბად შეეხო ბაბილინა ლომინაძე თავის 1966 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში „მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის“.
მეცნიერს აღნიშნულ ნაშრომში დადგენილი აქვს ამ პერიოდის ქართლის კათოლიკოსთა მოღვაწეობის ქრონოლოგია, მათ შორის კი, XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის კათოლიკოსის ევდემოზ I დიასამიძის მოღვაწეობის წლები. ავტორი ევდემოზ I-ის კათოლიკოსობას, ქართულ საისტორიო საბუთებზე დაყრდნობით, 1630-1638 წლებით განსაზღვრავს, ამის შემდეგ აღნიშნავს, რომ „ევდემოზი, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს, როსტომ მეფეს გადაუყენებია კათალიკოსობიდან და დაუპატიმრებია, ბოლოს ციხიდან გადმოგდებით სიკვდილით დაუსჯია. იკორთის ქრონიკა ევდემოზის მკვლელობას 1643 წლით უჩვენებს“1.
როგორც ვხედავთ, ბაბილინა ლომინაძეს ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბავი მეტად მშრალად აქვს გადმოცემული, თუმცა, ამავდროულად, იგი პირველი ქართველი მკვლევარია, რომელმაც ამ ამბავთან დაკავშირებით, ყურადღება გაამახვილა იკორთის ქრონიკაზე2, სადაც, თავის მხრივ, პირდაპირ არის მითითებული ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ერთ-ერთი მოთავის კათოლიკოსი ევდემოზ I-ის მოკვლის თარიღი _ 1643 წელი: „ქკს ტლა: აქა კათალიკოზი ევდემოს მოკლეს“3.
თუ ევდემოზ I-ის მოკვლის იკორთის ქრონიკაში დაცულ თარიღს (1643 წ.) შეუჯერებთ ზემოთ განხილული ქართული და სპარსული წყაროების ცნობებს ევდემოზ კათოლიკოსის ქართლის ფეოდალთა შეთქმულებაში მონაწილეობისა და როსტომის მიერ მისი სიკვდილი დასჯის შესახებ, მაშინ ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბაბილინა ლომინაძე კათოლიკოს ევდემოზ დიასამიძის მოკვლასა და შესაბამისად, ქართლის ფეოდალთა შეთქმულებას 1643 წლით განსაზღვრავდა.
1. ბ. ლომინაძე, მასალები საქართველოს XVII-XVIII სს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 29 (თბილისი, 1951), გვ. 68.
2. იკორთის ქრონიკის კინკლოსური მინაწერები 1912 წელს გამოსცა სარგის კაკაბაძემ თავის ნაშრომში „ქრონიკა იკორთის №6 ჟამნ-გულანისა“, სადაც მეცნიერს დეტალურად აქვს მოცემული აღნიშნული ხელნაწერის არქეოგრაფიული აღწერილობა, გადამწერის და მყიდველის ანდერძები, ამის შემდეგ მოყვანილი აქვს იკორთის ქრონიკის ცხრილები, რომელთა ქრონოლოგია 1431-1729 წლებით განისაზღვრება (ს. კაკაბაძე, ქრონიკა იკორთის №6 ჟამნგულანისა (ტფილისი, 1912), გვ. 1-8). ამ მინაწერების შემდეგ მოჰყავს ცხრილებისა და ხელნაწერის სხვა გვერდის აშიებზე XVIII საუკუნის ხელით შესრულებული მინაწერი საბუთის ტექსტები. სარგის კაკაბაძის კინკლოსურ მინაწერებში აღნიშნულია ევდემოზ კათალიკოსის მოკვლის ამბავი, თუმცა ჩვენ დიდ გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული კინკლოსი მის გარდაცვალებას 1642 წლით განსაზღვრავს, მეტი სიცხადისათვის მოგვყავს იკორთის ქრონიკის ტექსტი: „ტლ (1642 წ.) აქა კზი ევდემოზ მოკლეს:“, ამის პარალელურად კიდევ ერთხელ მოვიტანთ თედო ჟორდანიას ქრონიკების II ტომში მოცემულ იკორთის ქრონიკის ტექსტს: `ქკს ტლა: აქა კათალიკოზი ევდემოს მოკლეს (ძილისპირი იკორთისა)“. როგორც ვხედავთ, სარგის კაკაბაძისა და თედო ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებულ იკორთის ქრონიკაში ჩვენთვის საინტერესო კინკლოსი კათალიკოს ევდემოზის მოკვლის შესახებ სხვადასხვა თარიღით, სარგის კაკაბაძესთან 1642 წლით, ხოლო თედო ჟორდანიასთან კი 1643 წლით არის განსაზღვრული. თუ მხედველობას გავამახვილებთ ამ ორი ავტორის მიერ გამოქვეყნებულ კინკლოსის ტექტის შინაარსზე, მცირე განსხვავებას დავინახავთ, რაც მდგომარეობს შემდგომში, თუ, სარგის კაკაბაძესთან თარიღის აღმნიშვნელი ორი გრაფემის `ტლ“-ს წინ არ უზის ქორონიკონის აღმნიშვნელი სამი გრაფემა „ქკს“, ამის საპირისპიროდ თედო ჟორდანიასთან ეს სამი გრაფემა არის მოცემული. სარგის კაკაბაძეს კინკლოსში ნახსენები სიტყვა „კათალიკოზი“ ქარაგმის გახსნის გარეშე სამი გრაფემით „კზი“-თ აქვს გადმოცემული, როცა ჟორდანიასთან ეს სიტყვა ყოველგვარი ქარაგმის გარეშე გხვდება და ბოლოს, თუ, პირველ შემთხვევაში აღნიშნულ კინკლოსში დასახელებული კათალიკოზის სახელი ევდემოზია, მეორე შემთხვევაში ეს სახელი ევდემოსია. აღნიშვნის ღირსია ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სარგის კაკაბაძისა და თედო ჟორდანიას მიერ მოყვანილი ორივე კინკლოსი #6^ ხელნაწერზე ყოფილა შესრულებული. ჩვენთვის საინტერესო კინკლოსური მინაწერის თარიღის სხვადასხვაობამ ჩვენს წინაშე დასვა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი _ სარგებლობდა თუ არა სარგის კაკაბაძე და თედო ჟორდანია ერთი და იმავე ხელნაწერით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით გავეცანით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა აღწერილობებს, თუმცა ჩვენდა სამწუხარდოდ ვერ მივაკვლიეთ ჩვენთვის საინტერესო ჟამნ-გულანს. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ზემოთდასმულ კითხვას ღიად ვტოვებთ.
3. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი მეორე (1213 წლიდან 1700 წლამდე) (თფილისი, 1897), გვ. 456.
ბაბილინა ლომინაძის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს კიდევ ერთხელ მიუბრუნდა გივი ჯამბურია. მკვლევარმა 1973 წელს დაბეჭდილი „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომისათვის მოამზადა ერთ-ერთი ქვეთავი სახელწოდებით „საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII საუკუნის 30-90 წლებში“, სადაც ვრცლად არის განხილული როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლა-შეთქმულებებთან დაკავშირებული საკითხები.
გივი ჯამბურიას როსტომის ქართლში გამეფების შემდეგდროინდელი ამბები ასეთი თანამიმდევრობით აქვს მოთხრობილი:
_ როსტომის გამეფება ქართლში, თბილისის, გორისა და სურამის ციხეების გამაგრება და აქ ირანული გარნიზონების ჩაყენება; ქართლის ფეოდალთა დამორჩილება როსტომისადმი, თეიმურაზ I-ის მომხრე სახელმწიფო მოხელეების გადაყენება და როსტომის ერთგულ პირთა დაწინაურება; როსტომის პირველი ქორწინება ქეთევან აბაშიშვილზე და მეორე ქორწინება მარიამ დადიანზე.
_ დათუნა არაგვის ერისთავის აჯანყება, მისი ღალატით მოკვლა როსტომის მიერ და ქართლის მეფის შეჭრა არაგვის საერისთავოში; ზაალის გაერისთავება და მისი მოწვევით თეიმურაზ I-ის მოსვლა ანანურს; თეიმურაზ I-ის, ზაალ არაგვის ერისთავის, იასე ქსნის ერისთავისა და კახელი ფეოდალების გალაშქრება როსტომის წინააღმდეგ; თეიმურაზ I-ის დამარცხება და მისი კახეთს გადასვლა; კახეთის ირანელი მმართველის სელიმ-ხანის გაძევება და თეიმურაზ Iის გამეფება კახეთში.
_ როსტომის გაძლიერება აზერბაიჯანიდან მოსული ლაშქრით და მისი კახეთში შეჭრა; თეიმურაზის მიერ შუამავლების გაგზავნა როსტომთან და დაპირისპირებული მხარეების შერიგება; თეიმურაზ I-ის ასულის თინათინის გაგზავნა ირანში და შაჰ სეფი I-ზე ქორწინება; შაჰის მიერ თეიმურაზ I-ის კახეთის მეფედ აღიარება1.
ჩამოთვლილი ამბების გადმოცემის შემდეგ გივი ჯამბურია მოკლედ აღნიშნავს: „ერთხანს მართლაც მშვიდობიანობა ჩამოვარდა თეიმურაზსა და როსტომს შორის. როსტომმა შეირიგა ქართლის თავადები: ორივე ერისთავი, იოთამ ამილახორი და სხვები. მაგრამ, მშვიდობა მალე დაირღვა. თეიმურაზი კვლავ დიდი მონდომებით ცდილობდა როსტომის გაძევებასა და ქართლის ტახტის დაჭერას. ამ საქმეში მას მხარს უჭერდა ქართლის თავადთა ერთი ჯგუფი ნოდარ ციციშვილისა და ზაალ ერისთავის მეთაურობით. მათ რამდენჯერმე მოაწყვეს გამოსვლა როსტომის წინააღმდეგ (1636, 1638, 1642 წლებში), მაგრამ ისინი მარცხით დამთავრდა“2.
ამის შემდეგ გივი ჯამბურია როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი და მის მიერ ნახსენები 1636, 1638, 1642 წლების გამოსვლა-შეთქმულებებიდან მხოლოდ ბოლო გამოსვლაზე ამახვილების ყურადღებას და ვრცლად გადმოგვცემს ამ ამბავს: „1642 წელს დიდი შეთქმულება მოეწყო როსტომის წინააღმდეგ. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ: ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე (მისი სიძე იყო თეიმურაზის ვაჟი დავითი), გიორგი გოჩაშვილი, რევაზ ბარათაშვილი, სომხითის მელიქი ყორხმაზბეგ და სხვა. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის (რომელიც „ცოტას კაცით ცხირეთს“ იყო) მოკვლა და თეიმურაზის ქართლში გამეფება. გადამწყვეტ მომენტში შეთქმულება გასცა სომხითის მელიქმა. როსტომი გორის ციხეში გამაგრდა. თეიმურაზმა, რომელიც უკვე მეტეხს მისულიყო, გაიგო შეთქმულების გაცემა და კახეთს გაბრუნდა. ქართლელი შეთქმულებიდან ზოგი _ რევაზ ბარათაშვილი, ივანე სააკაძე _ გადაიხვეწა, ზოგი გოჩაშვილი, კათალიკოსი, ზურაბ სააკაძე, ერისთვისშვილი ლარგველი როსტომმა შეიპყრო, გოჩაშვილსა და ზ. სააკაძეს თვალები დასთხარეს, კთალიკოსი ჯერ თბილისის ციხეში დაატყვევეს, მერე „და[ა]რჩვეს და ციხიდამ გადმოაგდეს“. ასე სასტიკად გაუსწორდა შეთქმულებს როსტომი.
ფარსადან გორგიჯანიძის სიტყვით, როსტომს ირანის შაჰისათვის მიუწერია თეიმურაზისა და ქართლის თავადთა ახალი აჯანყების შესახებ. მოთმინებიდან გამოსულმა შაჰმა დიდი ჯარი შეჰყარა, „ადამ სულთან ანდრონიკაშვილი, როსტომ მეფის დისწული“ სარდლად დანიშნა და საქართველოში გამოგზავნა, როსტომს კი შემოუთვალა: ბატონი თეიმურაზ გააგდონ და მის ალაგზედ კახეთში ადამ სულთან ანდრონიკაშვილი გააბატონონო. ამ ფაქტს შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსი მოჰამედ თაჰერიც ადასტურებს.
1. გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII საუკუნის 30-90 წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV (თბილისი, 1973), გვ. 315-320.
2. იქვე, გვ. 320.
ყიზილბაშთა დიდი ჯარი კახეთში შემოვიდა. როგორც ჩანს, თეიმურაზი და მისი მომხრე თავადები: ნოდარ ციციშვილი (რომელიც როსტომის მიერ სამცხეში იყო გაგდებული) და ზაალ ერისთავი შეშფოთებულან და როსტომთან ნოდარის და და ზაალის სიდედრი „ბატონი ანახანუმ“ მიუგზავნიათ და შერიგება უთხოვიათ. როსტომი ზაალს შეურიგდა იმ პირობით, რომ იგი ირანში წავიდოდა. ზაალი დათანხმდა. ზაალი და ნოდარი მეფესთან მივიდნენ და „ფეხს აკოცეს“. მან ნოდარს საციციანო დაუბრუნა. ზაალი კი ცოტა მოგვიანებით ირანში წავიდა. მას თან გაჰყვა ხელახლა შემორიგებული იოთამ ამილახვარიც. რაც შეეხება თეიმურაზს, როგორც ჩანს, როსტომს იგიც „შეუნდვია“, რადგან კახეთში ლაშქრობა 1644 წელს მოშალეს და “ადამ სულთან ერანის ლაშქრით ისრევ დააბრუნეს უკან“1.
ზემოთ ჩამოთვლილი მრავალრიცხოვანი მოვლენებიდან გივი ჯამბურიას პირდაპირ მხოლოდ რამდენიმე ამბავი აქვს დათარიღებული:
_ როსტომის გამეფება ქართლში _ 1632 წ.
_ როსტომის ერთგულ მოხელეთა დაწინაურება ქართლში _ 1633-1634 წწ.
_ როსტომის პირველი ქორწინება _ 1632-1633 წწ.
_ როსტომის მეორე ქორწინება _ 1633 წ.
_ თეიმურაზ I-ის გამეფება კახეთში _ 1634 წ.
_ თეიმურაზ I-ისა და ქართლის ფეოდალთა გამოსვლები როსტომის წინააღმდეგ _ 1636 და 1638 წლები.
_ თეიმურაზ I-ის, კათოლიკოს ევდემოზის, გიორგი გოჩაშვილისა და სხვა ფეოდალთა შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ _ 1642 წელი.
აღნიშნული თარიღებიდან ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი სამი გამოსვლის თარიღი _ 1636, 1638 და 1642 წლები. სამწუხაროდ, გივი ჯამბურიას ნაშრომში განმარტებული არ აქვს, როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი და ისტორიული წყაროებით დადასტურებული რამდენიმე გამოსვლიდან კონკრეტულად რომელ ორ გამოსვლას ათარიღებს 1636 და 1638 წლებით. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ მკვლევარს 1636 წლით დათარიღებული აქვს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავი, რომელიც მისსავე 1955 წლის ნაშრომში სწორედ 1636 წლით არის განსაზღვრული (იხ. ზემოთ). რაც შეეხება 1642 წლით დათარიღებულ გამოსვლას, ამასთან დაკავშირებით გივი ჯამბურია პირდაპირ აღნიშნავს, რომ ხსენებულ ფაქტში გულისხმობს გამოსვლას, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ კათოლიკოსი ევდემოზი და გიორგი გოჩაშვილი.
სამწუხაროდ, ნაშრომიდან პირდაპირ არც ის ჩანს, სახელდობრ რა არგუმენტაციაზე დაყრდნობით ათარიღებს გივი ჯამბურია აღნიშნულ გამოსვლებს მაინცადამაინც 1636, 1638 და 1642 წლებით. ვიცით მხოლოდ, რომ მკვლევარი როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლებზე საუბრისას მთლიანად ეყრდნობა ზემოთ უკვე ციტირებული ავტორების: ფარსადან გორგიჯანიძის, მოჰამედ თაჰერის, არჩილ II-ის, ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებებს.
გივი ჯამბურიას პარალელურად, ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს კიდევ ერთი ქართველი ისტორიკოსი, ოლღა სოსელიაც შეეხო. მკვლევარი თავის 1973 წელს დაბეჭდილ მონოგრაფიაში _ „ნარკვევები ფეოდალური ხანის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, დაწვრილებით შეისწავლის ჩხეიძეების ფეოდალური სახლის ისტორიას და სხვა საკითხებთან ერთად, მოკლედ განიხილავს ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა მონაწილეობის ფაქტს ნოდარ ციციშვილის გამოსვლაში.
მისი თქმით, „ჩხეიძეებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს იმ შეთქმულებაში, რომელიც როსტომ მეფის წინააღმდეგ მოეწყო ნოდარ ციციშვილისა და სხვათა თაოსნობით. შეთქმულების მონაწილეებს ქართლში იმერეთის ბატონიშვილის მამუკას გამეფება უნდოდათ. შეიძლება ეს აზრი ახალციხეში შემუშავდა საფარ ფაშას მონაწილეობით. ქართლში სულთნის ხელდებულის, იმერეთის უფლისწულის გამეფების იდეა ოსმალთა ინტერესებს შეესაბამებოდა, რადგან ამ იდეის განხორციელება ირანის პოზიციებს ამიერკავკასიაში დიდად შეასუსტებდა. მაგრამ შეთქმულება გამომჟღავნდა. მამუკა ბატონიშვილი იძულებული გახდა ისევ ახალციხეში გადასულიყო. მისი მომხრე ჩხეიძეები კი ქართლში დარჩნენ და ახლა თეიმურაზის სასარგებლოდ „ძალმიცემით“ იბრძოდნენ. მაგრამ თეიმურაზის მომხრეთა ჯგუფი დამარცხდა. ჩხეიძეები მეფეს ტყვედ ჩაუვარდნენ და ირანს გაგზავნეს. რამდენიმე ხნის შემდეგ როსტომმა გიორგი და ოტია ჩხეიძეები ირანიდან „მოაყვანინა“, ხოლო ბეჟია და ხუცია „ყაენის კარს დარჩნეს“2. როგორც ვხედავთ, ოლღა სოსელია საერთოდ არაფერს ამბობს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის თარიღის შესახებ და მხოლოდ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ამ გამოსვლაში მონაწილეობას იღებდნენ ბეჟია, ოტია, გიორგი და ხუცია ჩხეიძეები. აქვე, შევნიშნავთ იმასაც, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლაზე საუბრისას ოლღა სოსელია, ძირითადად, ეყრდნობა ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებას, აგრეთვე, ერთ ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთს, სადაც ირანში გაგზავნილი ჩხეიძეების ამბებია აღწერილი.
1. იქვე, გვ. 321-322.
2. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის საქართველოს სოციალურ პოლიტიკური ისტორიიდან (თბილისი, 1973), გვ. 40.
ოლღა სოსელიას შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულებების ამბებს შეეხო ნოდარ ნაკაშიძე თავის 1977 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში „წიწამურიდან ბახტრიონამდე“.
მკვლევარი ჩვენთვის საინტერესო მოვლენების განხილვამდე მოკლედ აღნიშნავს, რომ „1635-1639 წლებში ადგილი ჰქონდა მთელი ქართლის აჯანყებას როსტომის წინააღმდეგ“1. ამის შემდგომ ავტორი როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლა-შეთქმულებებს შემდეგი თანმიმდევრობით გადმოგვცემს:
_ თეიმურაზ I-ის გამოსვლა ქართლელ (ზაალ არაგვის ერისთავი, იასე ქსნის ერისთავი, მუხრანის ბატონი, იოთამ ამილახორი) და კახელ დიდებულებთან ერთად როსტომ მეფის წინააღმდეგ. როსტომის მიერ ქართლში მყოფი ირანელებისა და სომხით-საბარითიანოს ლაშქრის მეშვეობით თეიმურაზის დამარცხება. დამარცხებული თეიმურაზის გაასვლა კახეთს.
_ შაჰ-სეფის მიერ როსტომისათვის ქართლის სამეფოში მდგომარეობის განმტკიცების მიზნით, აზერბაიჯანის ჯარის გამომგზავნა. როსტომის გალაშქრება კახეთს თეიმურაზის წინააღმდეგ. თეიმურაზ I-ის მიერ ქართლის მეფისათვის „სახვეწრის წიგნების“ გაგზავნა და დაპირისპირებული მხარეების მორიგება. თეიმურაზის ინიციატივით თავისი ქალიშვილის თინათინის ირანს გაგზავნა და შაჰის მიერ მისი ცოლად შერთვა. ირანის მმართველის მიერ თეიმურაზისათვის რაყამის გაგზავნა და კახეთის მეფედ მისი ხელმეორედ აღიარება.
_ ქართლის მსხვილი ფეოდალების _ ნოდარ ციციშვილის, ზაალ არგვის ერისთავის, აისე ქსნის ერისთავისა და იოთამ ამილახორის თაოსნობით როსტომის წინააღმდეგ აჯანყების განახლება.
_ ნოდარ ციციშვილის აჩქარება, მის მიერ მოკავშირეებისათვის არ მოცდა და იმერელ დიდებულებთან, ჩხეიძეებთან ერთად როსტომის წინააღმდეგ გამოსვლა. ქართლის მეფის მიერ ხოვლეში აჯანყებულებთან შებმა და მის მიერ ამბოხებულთა დამარცხება.
_ ქართლის თავადთა მიერ მოწყობილი კიდევ ერთი მკვლელობის მცდელობა როსტომ მეფისა სასახლის აბანოში. შემთხვევის წყალობით ქართლის მეფის სიკვდილისაგან გადარჩენა და შეთქმულთა მცდელობის ჩავარდნა.
_ ქართლის ფეოდალების (კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი, ერისთვისშვილი ლარგველი, რევაზ ბარათაშვილი, ივანე სააკაძე, ზურაბ სააკაძე) მაშტაბური შეთქმულება როსტომის წინააღმდეგ. ქართლის მეფის მიერ ქართულ-ყიზილბაშური ლაშქართან ერთად მაღაროსთან მარტოდ მყოფ თეიმურაზზე თავდასხმა. კახეთის მეფის მხრიდან როსტომისათვის წინააღმდეგობის გაწევა და ქართლის მეფის უკან დახევა.
_ შაჰ-სეფის საპასუხო რეაქცია. მისი ბრძანებით, როსტომ მეფის დისშვილის _ ადამ-სულთან ანდრონიკაშვილის მეთაურობით ქართლში ყიზილბაშთა დამხმარე ლაშქრის გამოგზავნა. შაჰის განკარგულება გაცემული როსტომისადმი თეიმურაზის კახეთიდან გაძევებისა და მის ადგილზე ადამ-სულთან ანდრონიკაშვილის გამეფების შესახებ.
_ ირანის დამხმარე ჯარით გაძლიერებული ქართლის მეფის კახეთს ლაშქრობა და მის მიერ თეიმურაზის დამარცხება. როსტომის განმეორებითი „კომპრომისი“ კახეთის მეფის მიმართ, მისივე ბრძანებით, ლაშქრობის მოშლა და თეიმურაზისათვის კახეთის ტახტის შენარჩუნება.
_ როსტომის მიერ სიკვდილით დასჯილ კათოლიკოს ევდემოზ დიასამიძის ნაცვლად ქართლის კათოლიკოსად ქრისტეფორე ურდუბეგაშვილის დანიშვნა2.
მეცნიერი ზემოთჩამოთვლილი მოვლენებიდან მხოლოდ ერთ _ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას ათარიღებს და ამ ფაქტს 1636 წლით განსაზღვრავს. იგი დანარჩენი მოვლენების და მათ შორის ქართლის ფეოდალთა მასშტაბური შეთქმულების შესახებ რაიმე კონკრეტულ თარიღს არ იძლევა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, მკვლევრის მიერ აღნიშნული მოვლენების წინ გაკეთებულ შენიშვნას 1635-1639 წლებში როსტომის წინააღმდეგ მთელი ქართლის გამოსვლის შესახებ, ამასთან ერთად თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ ნოდარ ნაკაშიძეს ქართლის ფეოდალთა შეთქმულება ნოდარ ციციშვილის გამოსვლის შემდეგ აქვს მოცემული, მაშინ არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ იგი ქართლის ფეოდალთა მასშტაბურ შეთქმულებას ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთით _ 1636-1639 წლებით განსაზღვრავდა. ავტორი ამ ამბების გადმოცემისას ქართულ (ფარსადან გორგიჯანიძე, ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი) და სპარსულ (მოჰამედ თაჰერი) წყაროებს ეყრდნობა3.
1. ნ. ნაკაშიძე, წიწამურიდან ბახტრიონამდე (თბილისი, 1977), გვ. 158.
2. იქვე, გვ. 156-163.
3. ნოდარ ნაკაშიძეს აღნიშნული ნაშრომის სქოლიოში მითითებული არ აქვს მის მიერ გამოყენებული ქართული და სპარსული წერილობითი წყაროები, თუმცა მკვლევარი ნაშრომის წინასიტყვაობაში აღნიშნავს, რომ „გამოყენებულ პირველწყაროებსა და სპეციალურ ლიტერატურას დაინტერესებული მკითხველი წიგნის ბოლოს გაეცნობა“ ნ. ნაკაშიძე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 6.
ნოდარ ნაკაშიძის შემდეგ ქართლის ფეოდალთა შეთქმულება ხელმეორედ განიხილა ბაბილინა ლომინაძემ. ავტორი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის IV ტომისათვის მომზადებულ ერთ-ერთ სტატიაში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსის ევდემოზ I-ის შესახებ ამბობს, რომ „ევდემოზ I (დიასამიძე) (გ. 1643) აღმ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1630-1638 წწ. ე. I მონაწილეობდა ქართლის მეფის როსტომის (1632-1658 წწ.) წინააღმდეგ შეთქმულებაში. შეთქმულების მიზანი იყო როსტომის გადაყენება და გაერთ. ქართლ-კახეთის ტახტზე კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის მოწვევა. შეთქმულების დამარცხების შემდეგ ე. ი. სხვებთან ერთად დააპატიმრეს და როსტომის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს“1.
როგორც ვხედავთ, მეცნიერი ჩვენთვის საინტერესო მოვლენას წინა ნაშრომისაგან განსხვავებით უფრო დეტალურად აღწერს. აქ უკვე მკვლევარი გარკვევით ამბობს, რომ ევდემოზ კათოლიკოსისა და შესაბამისად, ქართლის ფეოდალთა შეთქმულებას 1643 წელს ჰქონდა ადგილი. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, აღნიშნული ამბის დათარიღებისას მეცნიერი ეყრდნობა იკორთის ქრონიკაში დაცულ ევდემოზ კათოლიკოსის მოკვლის მოცემულ თარიღს _ ქორონიკონს ტლა-ს (1643 წ.).
ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბები ვრცლად განიხილა გულქან ჟორჟოლიანმა თავის 1987 წელს დაბეჭდილ მონოგრაფიაში _ „აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის 30-50 წლებში“.
მკვლევრის აზრით, როსტომის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა თეიმურაზ I-ისა და ქართლის ფეოდალთა სამ გამოსვლას. გულქან ჟორჟოლიანი ცალ-ცალკე განიხილავს თითოეულ გამოსვლას.
I გამოსვლა: „როსტომთან თეიმურაზის მომხრე თავადების შემორიგება (იგულისხმება ფარსადან გორგიჯანიძის მიერ 1637 წლით დათარიღებული ამბავი როსტომის მიერ ამბოხებული ქართლელი ფეოდალების _ იასე ქსნის ერისთავისა და ნოდარ ციციშვილის შეწყალების შესახებ _ თ. გ.) ხანმოკლე აღმოჩნდა. შინაფეოდალური ომი კვლავ მძვინვარებდა. 1637 წელს მან სერიოზული ხასიათი მიიღო. ნოდარ ციციშვილმა როსტომ მეფეზე „სამარტოთ“ გამარჯვება მოინდომა.
არც თეიმურაზი, არც არაგვის ერისთავი და არც ამილახორი ამ საქმეში არ ჩარია. იმერეთის „საბატიოს კაცის შვილები ჩხეიძენი“, რომლებიც „ომნაცადნი კაცნი იყვნენ გვერდს იახლა“, საციციანოს ლაშქრით საჯავახიანოში შეიჭრა. „ხოვლეთს ჩამოხდა“ და ვინც ლაშქრით არ შემოეყარა ყველას მამულები დაურბია. როსტომის ერთგულმა იორამ მოურავისშვილმა (გიორგის სააკაძის შვილმა) აჯანყების დაწყება დაუყოვნებლივ მეფეს აცნობა. მეფის მკაცრი ბრძანებით, ქალაქის მოურავმა, თბილისის მცხოვრებთა სრული მობილიზაცია გამოაცხადა და „თათართა, ქართველთა და სომეხთა“ დიდი ლაშქარი შეჰყარა. როსტომის განკარგულების შესაბამისად ვინც ცხენით არ გამოვიდოდა, თავს მოჰკვეთდნენ. შუაღამისას, კავთისხევს მისულ როსტომ მეფეს იორამ მოურავისშვილი „გარეშემოს ლაშქრით“ წინ მოეგება. ელიზბარ ბოქაულთუხუცესმა ყველა, ვისაც „ცხენთ შეიძლება ჰქონდა“ სალაშქროდ გამოიყვანა. როსტომ მეფე საბარათიანოსა და ყიზილბაშთა ლაშქრის მოშველიებით ნოდარს ხოვლეში შეება. ნოდარ ციციშვილმა ჩხეიძეებს „ზურგი არ მოაბა“, თავიდანვე ვერის ციხეში გამაგრდა და საომრად არ გამოვიდა. ჩხეიძეები მამაცურად იბრძოდნენ: ზოგი მოკლეს და ბევრიც დაატყვევეს: ბეჟია ჩხეიძე იორამ მოურავისშვილმა იგდო ხელთ. ხუცია ჩხეიძე ფარეშთუხუცეს პაატა ჯავახიშვილს ხვდა წილად, „ზოგნი ბარათიანთ დაირჩინეს და ზოგი ელიზბარ ბოქაულთუხუცესის ყმებთან დაატყვევეს“. მეფის ბრძანებით, დატყვევებულ, „მხარწაკრულ“ ჩხეიძეებს პატივით მოექცნენ. ვინც მამაცობა გამოიჩინა, ყველას „ხალათი“ და ჯილდოდ მამულები უბოძეს. მალე ჩხეიძეები, ბოქაულთუხუცესის ელიზბარ დავითისშვილის ხელით როსტომმა ყაენთან გაგზავნა და არზა მისწერა: „ქართველნი ჩემის უშვილობისათვის და უნათესაობისათვინ ურჩობენ“... „რადგან ჩემს საბოლოს ვერა ხედვენო“. მეფე ქართლის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადების მიზნით შაჰს თავისი ბიძაშვილის, თეიმურაზ მირზას სამი შვილიდან ერთ-ერთის (მას პაპის _ ლუარსაბის სახელი ერქვა) შვილად ბოძებას თხოვდა.
1. ბ. ლომინაძე, ევდემოზ I (დიასამიძე), ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, IV (თბილისი, 1979), გვ. 31.
გამარჯვებულ როსტომს ნოდარ ციციშვილი დანებდა. მან პატიების სათხოვნელად მეფესთან თავისი დედა, კახეთის ბატონიშვილი მიგზავნა. მეფემ „უვნებლობის ფიცით“ ნოდარს დანაშაული აპატია. „ცხენ-ჯორი ათხოვა“ და ზოვრეთიდან ახალციხეში გადასვლის ნება დართო. აჯანყებულთა დასასჯელად და ურჩი ფეოდალების დასათრგუნავად როსტომ მეფემ სათანადო ზომები მიიღო. დედოფლის სახლთუხუცესი ბარათაშვილი მეფის ღალატისათვის დაიჭირეს, ჯერ ციხეში დაამწყვდიეს, ხოლო შემდეგ, ღამით კოშკიდან გადმოაგდეს. თქვეს _ „დამთვრალა და თვითონ გადმოვარდნილაო“. მალე მისი შვილებიც დაატყვევეს და გორის ციხეში მოათავსეს. ზოგმა თავადმა გაქცევით უშველა თავს. ასე მაგალითად, სახლთუხუცეს ქაიხოსრო ბარათაშვილის სიძე, ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი, რომელიც ბაგრატიონთა გვარის წარმომადგენელი იყო და პრეტენზია ჰქონდა სამეფო გვირგვინზე, კახეთში გადაიხვეწა. იოთამ ამილახორმაც თავისი ჯალაბით კახეთს შეაფარა თავი“1.
II გამოსვლა: „1638 წელს როსტომის წინააღმდეგ კვლავ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულების მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ შობა დღეს ახალგორში იოთამ ამილახორი და „ორნივ ერისთავი“ ერთმანეთს შეხვდებოდნენ და საფურცლეში თეიმურაზს შეუერთდებოდნენ. შემდეგ მცხეთაში მისულები პირობას დასდებდნენ, რომ როსტომის წინააღმდეგ მოქმედებას სისრულეში მოიყვანდნენ. როსტომ მეფემ თეიმურაზისა და თავადთა შეთქმულების შეტყობინებისთანავე კონტრზომები სასწრაფოდ მიიღო. მრავალრიცხოვანი ლაშქრით მეფე მუხრანში მივიდა. იქ „კარგი ჯარით ბახუტა (ვახტანგ მუხრანბატონი) შემოეყარა. ახალგორში განლაგებულ შეთქმულებს შობა დილას მოულოდნელად თავს დაესხნენ და დაამარცხეს. ვახტანგ მუხრანბატონმა მამაცობით გამოიჩინა თავი. ცხირეთს მყოფი როსტომ მეფე ხიფათისაგან იხსნა. მეფე სასწრაფოდ დაბრუნდა გორის ციხეში. თეიმურაზ მეფემ უკან დაიხია. ვახტანგ მუხრანბატონი „მიეწია და ავნო დიდი“.
შაჰის ნებართვით, ისფაჰანიდან ქართლის ტახტის მემკვიდრედ მაჰმადიანი ლუარსაბ ბაგრატიონის ჩამოყვანამ თეიმურაზისა და ქართლის ფეოდალების განაწყენება გამოიწვია“2.
III გამოსვლა: „1642 წელს როსტომ მეფის წინააღმდეგ კვლავ დიდი შეთქმულება მოაწყვეს. შაჰ-აბას II-ის ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის ინფორმაციით, „თეიმურაზი შეუთანხმდა ზაალ ერისთავს _ ყარა-ყალხანს, ნოდარ და იოთამ ამილახვრებს... რათა როგორმე მოსპონ მეფობის საფარველი როსტომ მეფე“. როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ამ ახალ შეთქმულებაში მონაწილეობდნენ:
ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი (რომელიც მეფობას თვითონვე მოელოდა). სომხითის მელიქი ყორხმაზბეგ ათაბეგისშვილი და სხვა ქართველნი. შეთქმულთა შორის ყველაზე აქტიურად ქართლის კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე მოქმედებდა. (მისი ძმის ასული თეიმურაზის შვილის, დავით ბატონიშვილის ცოლი იყო). დადებული პირობის თანახმად, შეთქმულთა მიზანს „ცოტას კაცით“ ცხირეთს მყოფი როსტომ მეფის მოკვლა და მის ადგილზე თეიმურაზის გაბატონება წარმოადგენდა.
შეთქმულებმა გადმოსაბირებლად „ქართველთა და ბარათიანთ წიგნები მიწერეს“. სომხითის მელიქმა, რომელიც „სახალიფოს სასახლის ერთგულთა რიცხვს ეკუთვნოდა“, „შაჰის შიშით ფიცი გატეხა, მათი (შეთქმულთა _ გ.ჟ.) საწადელი და მინაწერი წიგნები მეფეს მიართვა“. შეთქმულების გამომჟღავნებისთანავე როსტომი გორში დაბრუნდა, თეიმურაზი კი კახეთში ჩავიდა.
ზედიზედ მოწყობილმა შეთქმულება-აჯანყებებმა როსტომს რადიკალური ზომების მიღება გადააწყვეტინა. მეფის ბრძანებით შეთქმულების მონაწილენი: კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე, გიორგი გოჩაშვილი, ერისთვიშვილი ლარგველი დაატყვევეს. გიორგი გოჩაშვილსა და ზურაბ სააკაძეს თვალები დასთხარეს. კათალიკოსი ქალაქის ციხეში დაამწყვდიეს, შემდეგ „და(ა)რჩვეს და ციხიდან გარდმოაგდეს“. ფარსადან გორგიჯანიძის მონათხრობის თანახმად, „ორგულნი ზოგნი გაახეიბრა, ზოგნი უმკვიდრო ჰყვნა, ზოგი მამულით გააღარიბა და განაძო თვისისა ქვეყნიდამე, თვინიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა“3.
როგორც ვხედავთ, გულქან ჟორჟოლიანი პირდაპირ ათარიღებს როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი სამივე გამოსვლა-შეთქმულებას. მკვლევრის თქმით, I ანუ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას ადგილი ჰქონდა 1637 წელს, II ანუ ახალგორის შეთქმულებას _ 1638 წელს, ხოლო III ანუ კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლას _ 1642 წელს.
გულქან ჟორჟოლიანის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო მოვლენას შეეხო გულიკო მჭედლიძე თავის ერთ-ერთ სტატიაში „XVII ს-ის I ნახევრის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან“. მეცნიერი აღნიშნულ სტატიში ცდილობს XVII საუკუნის I ნახევრის ქართლის კათოლიკოსების: ქრისტეფორე I-ის, ზაქარია ჯორჯაძისა და ევდემოზ დიასამიძის მწყემსმთავრობის წლების დადგენას. მკვლევარი ევდემოზ დიასამიძის მამათმთავრობის ზედა ქრონოლოგიური ზღვარის დადგენისას აცხადებს, რომ: „ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს 1638 წელს ევდემონ კათალიკოსის მიერ გაცემული წყალობის წიგნი გედევანიშვილ-ელიოზიშვილებისადმი. საბუთს უზის ევდემონ დიასამიძის ხელრთვა: „კათალიკოსი ევდემონ“.
1. გ. ჟორჟოლიანი, აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის 30-50 წლებში (თბილისი, 1987), 69-70.
2. იქვე, გვ. 71.
3. იქვე.
ცნობილია კათალიკოს ევდემონ დიასამიძის დაღუპვის ორი ვერსია: იგი როსტომ მეფემ სხვა დიდებულებთან ერთად (ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი და სხვ.) თეიმურაზის ქართლში გამეფების მცდელობისათვის მოაკვლევინა“1. ამის შემდგომ მას მოჰყავს ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებათა ის ნაწილი, სადაც აღწერილია როსტომის მიერ ქართლის კათალიკოსის სიკვდილით დასჯის ამბავი. ამის შემდგომ კი ავტორი დასძენს: „ევდემონ დიასამიძის მოკვლის შემდეგ როსტომ მეფემ კათალიკოსობა მისცა ურდუბეგაშვილ ქრისტეფორეს. ეს კი 1638 წელს მოხდა. ე. ი. ევდემონი 1633-1638 წწ. განაგებდა ქართლის საკათალიკოსოს“2.
როგორც ჩანს, მეცნიერი ეყრდნობა რა 1638 წლის ევდემოზ I-ის მიერ გაცემულ წყალობის სიგელს და მასზე დაყრდნობით ევდემოზ დიასამიძის მწყემსმთავრობის ზედა ქრონოლოგიურ ზღვრად და შესაბამისად, მისი სიკვდილით დასჯის თარიღად 1638 წელს მიაჩნევს და აქედან გამომდინარე ქართლის ფეოდალთა მაშტაბურ შეთქმულებას ამავე 1638 წლით განსაზღვრავს. გულიკო მჭედლიძის შემდეგ ჩვენთვის საინტერესო საკითხს შეეეხო ზურაბ მჭედლიშვილი თავის სადისერტაციო ნაშრომში „ირან-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიიდან (XVII ს-ის I ნახევარი)“.
მკვლევარი თავის სადისერტაციო ნაშრომის მე-3 თავში, სადაც საუბრობს ქართული ეკლესიის ბრძოლაზე ირანის წინააღმდეგ, აღნიშნავს: „ქართული ეკლესიის ყველაზე ცნობილი დემარში როსტომ-ხანის (იგივე ირანის) პოლიტიკის წინააღმდეგ იყო 1643 წლის შეთქმულებაში კათოლიკოს-პატრიარქის ევდემონ I დიასამიძის (1630-1643) მონაწილეობა. შეთქმულნი მიზნად ისახავდნენ ტახტიდან ირანის აგენტის გადაგდებას და მასზე ლეგიტიმური, ქრისტიანი მეფის აღდგენას. როგორც ქართული წყაროები გვამცნობენ, პატრიარქი ევდემონ I არც მანამდე მალავდა სიმპათიებს თეიმურაზ I-სადმი და საჯაროდ ამხელდა როსტომ-ხანის პრომუსლიმურ პოლიტიკას. პატრიარქის მხეცური მოკვლით როსტომმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა თავისი ნამდვილი სახე“3.
როგორც ვხედავთ, ისტორიკოსი ბაბილინა ლომინაძის მსგავსად როსტომ მეფის წინააღმდეგ მიმართულ ქართლის ფეოდალთა მასშატაბურ შეთქმულებას 1643 წლით განსაზღვრავს. თუმცა მას ბაბილინა ლომინაძისაგან განსხვავებით არანაირი არგუმენტი არ მოჰყავს, თუ რის საფუძველზე ათარიღებს ჩვენთვის საინტერესო მოვლენას მაინცდამაინც 1643 წლით.
ზურაბ მჭედლიშვილის შემდეგ ქართლის ფეოდალთა მასშტაბურ შეთქმულებას შეეხო ელდარ მამისთვალიშვილიც თავის 1996 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში _ „ამილახვრები“. მკვლევარს აღნიშნულ ნაშრომში შესწავლილი აქვს ამილახორთა ფეოდალური საგვარეულოს ერთ-ერთი ცნობილი წარმომადგენლის _ იოთამ ამილახორის პოლიტიკური მოღვაწეობის საკითხები და მათ შორის, იოთამის მონაწილეობის ფაქტი როსტომის წინააღმდეგ მიმართულ ერთ-ერთ გამოსვლაში.
ელდარ მამისთვალიშვილის თქმით, „1636 წელს დიდი შეთქმულება მოეწყო როსტომის წინააღმდეგ. მასში მონაწილეობდნენ ქართლის უდიდესი თავადები: ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე (მისი სიძე იყო თეიმურაზ I-ის ვაჟი დავითი), გიორგი გოჩაშვილი, რევაზ ბარათაშვილი, სომხითის მელიქი ყორხმაზბეგ და სხვები. ზოგიერთი ცნობის მიხედვით შეთქმულების მონაწილე იყო იოთამ ამილახვარიც. შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ როსტომის მოკვლა და თეიმურაზის გამეფება ქართლშიც. შეთქმულება ყორხმაზბეგმა გასცა, როსტომი ყველას მკაცრად გაუსწორდა ვინც მოიხელთა. თავადები მაინც არ ისვენებდნენ. საპასუხოდ როსტომმა იასე ერისთავის და იოთამ ამილახვრის ცოლ-შვილი გორის ციხეში შეიყვანა და თვით იასეს და იოთამის შეპყრობას ლამობდა, მაგრამ თავადებმა გაიგეს როსტომის განზრახვა და ახალგორს შეეფარნენ. როსტომმა იოთამი ამილახორობიდან გადააყენა და მის მაგიერ მისი ძმა ბეჟანი დანიშნა, ხოლო ამილახვართა მთავარი რეზიდენცია _ სხვილოს ციხე დააქცია. იასე და იოთამი კახეთს თეიმურაზთან გადავიდნენ და იქიდან დედოფალ მარიამს დაუწყეს ხვეწნა მეფემ ჩვენი ცოლშვილი გამოუშვასო. როსტომმა მართლაც გაანთავისუფლა იესეს და იოთამის ჯალაბი“4.
ამრიგად, ელდარ მამისთავლიშვილი მიიჩნევს, რომ როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ გამოსვლას, რომელშიც მონაწილეობას ერთდროულად იღებდნენ: ნოდარ ციციშვილი, კათოლიკოსი ევდემოზი, გიორგი გოჩაშვილი, რევაზ ბარათაშვილი, სომხითის მელიქი ყორხმაზბეგი და სხვები, ადგილი ჰქონდა 1636 წელს.
1. გ. მჭედლიძე, XVII ს-ის I ნახევრის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან (ქართლის კათალიკოსების ქრისტეფორე I-ის, ზაქარია ჯორჯაძისა და ევდემონ დიასამიძის ზეობის წლების დაზუსტებისათვის), მაცნე, #4 (თბილისი, 1988), გვ. 70.
2. იქვე
3. ზ. მჭედლიშვილი, ირან-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიიდან (XVII ს-ის I ნახევარი), სადისერტაციო ნაშრომი (თბილისი, 1995), გვ. 92.
4. ე. მამისთვალიშვილი, ამილახვრები (გორი, 1996), გვ. 16-17.
ამავე 1996 წელს ანანია ჯაფარიძე თავის მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომში „ქართული ეკლესია XVII საუკუნეში“ როსტომისა და თეიმურაზ I-ის დაპირისპირების განხილვისას ეხება ქართლის ფეოდალთა შეთქმულების საკითხს. ავტორის მიხედვით, „1642 წელს როსტომის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულებაში: ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, კათალიკოსი ევდემონ დიასამიძე და სხვანი მონაწილეობდნენ. შეთქმულება სომხითის მელიქმა გასცა. ამის შემდეგ კათალიკოსი არ გატყდა და შეთქმულებს როსტომის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდა, მაგრამ როსტომმა ისინი დაამარცხა. „ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემონ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყვე-ყო და ხანსა რაოდენსადმე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა...“ (ქ. ცხ., II, გვ. 420), „შემდგომად გარდმოაგდო განჯის კარის კოშკიდამ (ქ. ც., IV, გვ. 442)“1.
როგორც ვხედავთ, ავტორი ქართლის ფეოდალთა შეთქმულების გადმოცემისას მხოლოდ ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებებით სარგებლობს და ჩვენთვის საინტერესო მოვლენას 1642 წლით ათარიღებს. თუმცა აღნიშნული ნაშრომიდან არ ჩანს, თუ რაზე დაყრდნობით განსაზღვრავს მეცნიერი ამ ფაქტს მაინცდამაინც 1642 წლით.
ანანია ჯაფარიძის შემდეგ ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბავი ავტორთა ჯგუფის _ მიხეილ და ნუგზარ რეხვიაშვილთა განხილვის საგანი გახდა. ისტორიკოსები თავიანთ 2000 წელს გამოქვეყნებულ სახელმძღვანელო ტიპის ნაშრომში „საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე)“ საკმაოდ ვრცლად ეხებიან ჩვენთვის საინტერესო მოვლენას. მკვლევართა ჯგუფი აღნიშნულ მოვლენას შემდეგი თანმიმდევრობით გადმოგვცემენ:
_ ქართლის ფეოდალთა (ზაალ ერისთავი, გიორგი გოჩაშვილი, ივანე და ზურაბ სააკაძეები, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, კათოლიკოსი ევდემოზ დიასამიძე, რევაზ ბარათაშვილი, სომხითის მელიქი ყორხმაზბეგი და სხვ.) მიერ შეთქმულების ორგანიზება როსტომ მეფის წინააღმდეგ.
_ იორამ მოურავიშვილის მიერ როსტომისათვის აღნიშნული შეთქმულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ქართლის მეფის საპასუხო რეაქცია. როსტომის თავდასხმა ხოვლეში შეკრებილ შეთქმულებზე და მათი დამარცხება.
_ შეთქმულთა კიდევ ერთი მცდელობა როსტომ მეფის მოკვლისა და მის მაგივრად ქართლის ტახტზე თეიმურაზის გამეფებისა. შეთქმულების გამჟღავნება. როსტომის მიერ შეთქმულთა წევრებზე (ნაწილისათვის თვალების დათხრა და ნაწილისათვის კი სიკვდილით დასჯა. მაგ. კათოლიკოს ევდემოზ დიასამიძის ნარიყალას ციხეში დახრჩობა,) სასტიკი ღონისძიებების გატარება. ქართლში მოსულ თეიმურაზის მიერ შეთქმულების გაცემის გაგება და კახთა მეფის უკან დახევა თავის სამეფოში. კახეთში მიმავალ თეიმურაზზე ვახტანგ მუხრანბატონის მიერ თავდასხმის მოწყობა და კახეთის მეფისათვის დიდი ზიანის მიყენება2.
მეცნიერთა ჯგუფი ქართლის ფეოდალთა შეთქმულებას 1642 წლით განსაზღვრავენ. იმის გათვალისწინებით, რომ ავტორთა ნაშრომი არანაირ ბიბლიოგრაფიულ მითითებას არ შეიცავს, აქედან გამომდინარე ძნელია რაიმეს თქმა, თუ რაზე დაყრდნობით ათარიღებენ ავტორები ჩვენთვის საინტერესო მოვლენას _ 1642 წლით.
1 ა. ჯაფარიძე, ქართული ეკლესია XVII საუკუნეში (თბილისი, 1996), გვ. 58.
2 მ. რეხვიაშვილი, ნ. რეხვიაშვილი, საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) (ქუთაისი, 2000), გვ. 559-560.
სულ ბოლოს, ჩვენთვის საინტერესო მოვლენები განხილული აქვს დავით ნინიძეს თავის 2004 წლის მონოგრაფიული ხასიათის ნაშრომში „ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია“. ისტორიკოსი აღნიშნულ მონოგრაფიაში გადმოგვცემს ბაგრატიონთა სამეფო სახლის გვერდითი შტოების ისტორიას XIII-XVIII საუკუნეებში. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ნოდარ ციციშვილის გამოსვლასა და ქართლის მასშტაბურ შეთქმულებაში ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოების წარმომადგენლები (გოჩაშვილები, დავითიშილები, ჰუსეინ ბეგიშვილები) აქტიურად მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე მკვლევარი საკმაოდ ვრცლად მოგვითხრობს ზემოთაღნიშნულ ამბებს და თავის ნაშრომში რამდენიმე ადგილას აქვს მოცემული.
პირველად, იგი ნოდარ ციციშვილის ცნობილ გამოსვლას როსტომის წინაღმდეგ XVII საუკუნის I ნახევრის დავითიშვილების ფეოდალური სახლის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენლის _ ბოქაულთუხუცესს ელიზბარ დავითიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის მიმოხილვისას შეეხო. მისი თქმით, „XVII ს. 30-იანი წლების სხვა საბუთებით, საგვარეულო განშტოების მეთაური უკვე დავითის შვილი ელიზბარ ბოქაულთუხუცეს დავითიშვილია. იგი როსტომ მეფის წინააღმდეგ 1637 წ. აჯანყებისას, მეფის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია: ნოდარ ციცისშვილს გვერდს უმაგრებდნენ `ჩხეიძენი და სხვა იმერეთის საბატიოს კაცის შვილები“; როსტომ მეფემ ლაშქრის შეკრება ბრძანა და საბრძოლველად გაემართა, ხოლო ელიზბარ ბოქაულთუხუცესს (დავითიშვილს) უბრძანა: „ლაშქარს უკან ჩაუდექო და ვისაც ცხენით შეძლება ჰქონდესო, ჩქარათ წამოასხიო, რომ მღ˜თისა შეწევნითო დილას ნოდარსთან გავითენებო“. ხოვლესთან ბრძოლაში აჯანყებულები დამარცხდნენ და „ზოგნი ბარათიანთ დაირჩინეს, ზოგნი ელიზბარ ბოქაულთუხუცის ყმებმან დაირჩინეს“; „ჩხეიძენი დაჭრილნი და დარჩენილნი მეფეს წინ მოასხეს“, რის შემდეგაც მეფემ ჩხეიძეები, „ბოქაულთუხუცესის ელიზბარის ხელით ყაენთან გაგზავნა“ და „არზა“ მისწერა ლუარსაბ ბატონიშვილის მეფის შვილად ბოძების თაობაზე (ამის შესახებ ვრცლად იხ. სავახტანგოსთან დაკავშირებულ ნაწილში). ასეთი ხასიათის საკითხზე როსტომის მიერ ირანში ელიზბარ დავითიშვილის გაგზავნა ლაპარაკობს ამ პიროვნების მაღალ რანგსა და საერთოდ, დავითიშვილების სახლის მნიშვნელობაზე XVII ს-ის ქართლის სამეფოში.
აჯანყებულთა წინააღმდეგ როსტომ მეფემ სათანადო ზომები მიიღო: მაგ., „ქაიხოსროვ ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი, დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს _ დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო...“. აქვე საინტერესო ფაქტია დაცული ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორიასთან დაკავშირებით: ქაიხოსროს „სიძე ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი ბაგრატიონი იყო და ბატონობაც უნდოდა, ის გარდიხვეწა კახეთს მივიდა...“. ამდენად, ამ ფაქტს 1637 წ. ჰქონია ადგილი.
რაც შეეხება ელიზბარ ბოქაულთუხუცეს დავითიშვილს, მან მეფის დავალება წარმატებით შეასრულა, ელიზბარი „ყაენიდამ მოვიდა და ხალათი და ბატონიშვილი ლვარსაბ მოიყვანა“. სწორედ ამ ფაქტის გამო აღნიშნავს ფარსადან გორგიჯანიძე, რომ „ეს ანბავი გოჩაშვილს გიორგის ეწყინა“ (ამის შესახებ იხ. ქვევით).
1637 წ. როსტომ მეფემ წყალობის წიგნით ელიზბარ ბოქაულთუხუცეს დავითიშვილს დაუმტკიცა _ „დღეს რისაც მამულის მქონებელი და ანუ სახელოსი იყუნეთ, იმისგან არ დაგამციროთ და არცა რა მოგიშალოთ“1.
მეორედ, ავტორი ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს ამ მოვლენის ერთ-ერთი აქტიური მონაწილის _ ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილის ბიოგრაფიის განხილვისას შეეხო. მისი თქმით, „ბახუტას ძველ დანაშაულს უკვალოდ არ ჩაუვლია. დავითიშვილების სახლის ისტორიაში როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ 1637 წ. აჯანყებაზე ვრცლად ვისაუბრეთ, სადაც აღინიშნა მისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილის ქაიხოსრო ბარათაშვილის ბედის შესახებ _ „...ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს _ დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო“; სწორედ მისი სიძე იყო ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილი, რომელსაც თავისი ბაგრატიონობის _ „ნათესავობით ბაგრატოვანთა“ ჩამომავლობის გამო „ბატონობაც უნდოდა“. 1637 წ. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი იძულებული გახდა კახეთისათვის შეეფარებინა თავი“2.
1. დ. ნინიძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII საუკუნეები) (თბილისი, 2004), გვ. 222-223.
2. იქვე, გვ. 276.
რაც შეეხება ქართლის ფეოდალთა მასშტაბურ გამოსვლას როსტომ მეფის წინააღმდეგ, მკვლევარი ამ მოვლენის შესახებ გოჩაშვილთა ფეოდალური ოჯახის ისტორიის გადმოცემისას ვრცლად მოგვითხრობს და დასძენს, რომ `როსტომმა თავისი პოზიციების გასამაგრებლად სავახტანგოს პატრონის _ ვახტანგ ბატონიშვილის შვილიშვილი ლუარსაბ თეიმურაზის ძე იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა; შაჰს უბრძანებია: როსტომის „უკან ქართლის მეფობა მაგისათვის მიგვიცემიაო“, რასაც გოჩა ბატონიშვილისა შვილის _ გიორგი გოჩაშვილის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა: „ეს ამბავი გოჩაშვილს გიორგის ეწყინა, ამისთვის რომ ბატონობას თვითონ მოელოდა და ლვარსაბის მოყვანისთვის გავგულდა“. გიორგი გოჩაშვილის პოზიციით ისარგებლეს როსტომის მოწინააღმდეგეებმა _ „კახმან ბატონმან ცალკე და ერისთავმან ცალკე დაუწყეს გოჩაშვილს ლაპარაკი, რომ შენ გაგაბატონებთო“. ასე თანდათანობით მზადდება როსტომის წინააღმდეგ მიმართული ცნობილი შეთქმულება, რომლის ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი გიორგი გოჩაშვილიცაა. გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა ბატონიშვილობის საკითხის კლასილური გამოვლინებაა. მის გადაბირებაში განსაკუთრებული მონდომება კათალიკოს ევდემონ დიასამიძეს, რევაზ ბარათაშვილსა და სომხითის მელიქს გამოუჩენიათ, „ეს სამნი საქმობდნენ“, _ აღნიშნავს ფარსადან გორგიჯანიძე. ვახუშტიც, შეთქმულთა შორის, ზაალ ერისთავის, იოთამ ამილახვარის, ნოდარ ციციშვილისა და კათალიკოს ევდემონ დიასამიძის გარდა გიორგი გოჩაშვილსაც ასახელებს; სინამდვილეში შეთქმულები გიორგის _ „გოჩაშვილს ატყუებდნენ“ და ქართლის ტახტზე რეალურად თეიმურაზ კახთა მეფის აყვანა ჰქონდათ გადაწყვეტილი. სომხითის მელიქის საშუალებით როსტომ მეფისათვის შეთქმულთა განზრახვა გამჟღავნდა, რის შემდეგაც სამეფო კარი სხვებთან ერთად გოჩაშვილსაც გაუსწორდა: გიორგის თვალები დათხარეს და „მოკლეს გორს“1.
როგორც ვხედავთ, დავით ნინიძე გულქან ჟორჟოლიანის მსგავსად, ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯის ფაქტს 1637 წლით განსაზღვრავს. თუმცა მან პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, გულქან ჟორჯოლიანისაგან განსხვავებით ამ მოვლენის დათარიღებისას ფარსადან გორგიჯანიძის თხზულების გარდა ყურადღება გაამახვილა 1637 წლის როსტომ მეფის მიერ ელიზბარ დავითიშვილისადმი გაცემულ წყალობის საბუთზე, რაც დამატებით არგუმენტად ჩათვალა იმისათვის, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქაიხოსრო ბარათაშვილის სიკვდილით დასჯის ამბავი 1637 წლით განესაზღვრა. რაც შეეხება ქართლის ფეოდალთა მასშტაბურ შეთქმულებას, მართალია მკვლევარი მის შესახებ ვრცლად მოგვითხრობს, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით თარიღს არ იძლევა. ავტორი ამ ამბების გადმოცემისას ძირითადად ფარსადან გორგიჯანიძისა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებებს ეყრდნობა.
ამრიგად, დღეისათვის ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბები სხვადასხვა კუთხით არის შესწავლილი ქართველი მკვლევრების: ანტონ ფურცელაძის, სარგის კაკაბაძის, კორნელი კეკელიძის, გივი ჯამბურიას, დავით გვრიტიშვილის, ბაბილინა ლომინაძის, ოლღა სოსელიას, ნოდარ ნაკაშიძის, გულქან ჟორჟოლიანის, გულიკო მჭედლიძის, ელდარ მამისთვალიშვილის, ანანია ჯაფარიძის, ავტორთა ჯგუფისა (მიხეილ და ნუგზარ რეხვიაშვილები) და დავით ნინიძის მიერ. ამასთან, თითოეულ დასახელებულ მკვლევარს ჩვენთვის საინტერესო მოვლენების თანამიმდევრობისა და დათარიღების შესახებ ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული მოსაზრებები აქვს გამოთქმული. წარმოვადგენთ ყველა ამ მოსაზრებას:
1. ანტონ ფურცელაძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ ზოგადი ქრონოლოგიური თარიღი, როსტომის გამეფების (1632 წ.) შემდგომი პერიოდი.
2. სარგის კაკაბაძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა _ 1635-1636 წლები; ქართლის ფეოდალების შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1637-1648 წლები.
3. კორნელი კეკელიძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ 1641 წლის მიწურულიდან, ვიდრე 1642 წლის 6 იანვრამდე პერიოდი.
4. გივი ჯამბურია: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა _ 1636 წელი; ქართლის ფეოდალთა ერთ-ერთი შეთქმულება _ 1638 წელი; ქართლის ფეოდალთა მორიგი შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1642 წელი.
5. დავით გვრიტიშვილი: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა _ 1640-იანი წლები.
6. ბაბილინა ლომინაძე: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება _ 1643 წელი.
7. ოლღა სოსელია: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ თარიღის გარეშე.
8. ნოდარ ნაკაშიძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა _ 1636 წელი; ქართლის ფეოდალების შეთქმულება (კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1636-1639 წლები.
9. გულქან ჟორჟოლიანი: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა _ 1637 წელი; ახალგორის შეთქმულება _ 1638 წელი2; ქართლის ფეოდალების შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1642 წელი.
10. გულიკო მჭედლიძე: ქართლის ფეოდვლთა შეთქმულება _ 1638 წელი.
11. ელდარ მამისთავალიშვილი: ქართლის ფეოდალების (ნოდარ ციციშვილის, კათოლიკოსი ევდემოზის, გიორგი გოჩაშვილის, რევაზ ბარათაშვილის, სომხითის მელიქის ყორხმაზბეგისა და სხვ.) შეთქმულება _ 1636 წელი.
12. ანანია ჯაფარიძე: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება _ 1642 წელი.
13. მიხეილ და ნუგზარ რეხვიაშვილები: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება _ 1642 წელი.
14. დავით ნინიძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და სახლთუხუცესს ქაიხოსრო ბარათაშვილის სიკვდილით დასჯა _ 1637 წელი, ქართლის ფეოდალთა მაშტაბური შეთქმულება _ თარიღის გარეშე.
1. იქვე, გვ. 263.
2. ახალგორის გამოსვლა ამავე 1638 წლით აქვს განსაზღვრული ვლადიმერ ღუნაშვილსაც (ვლ. ღუნაშვილი, ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია (თბილისი, 2005), გვ. 160-161).
მას შემდეგ, რაც დეტალურად მიმოვიხილეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლების თანამიმდევრობისა და დათარიღების თაობაზე, აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა _ რამდენად შეესაბამება ქართველ მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თარიღები ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების ჩვენებებს?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, აქ კიდევ ერთხელ მოვიტანთ ქართულსპარსული წერილობითი წყაროების მონაცემებს ნოდარ ციციშვილის გამოსვლისა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულებების შესახებ:
1. ფარსადან გორგიჯანიძე: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა, ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა, ახალგორის შეთქმულება და ქართლის ფეოდალთა მომდევნო შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1642-1644 წლები.
2. მოჰამედ თაჰერი: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) და ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ ქრონოლოგიური მონაკვეთი აბას II-ის აღსაყდრებასა და იასე ქსნის ერისთავის მოკვლას შორის.
3. არჩილ II: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ ქრონოლოგიური მონაკვეთი თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობასა და მაღაროს ბრძოლას შორის.
4. ბერი ეგნატაშვილი: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ ქრონოლოგიური მონაკვეთი თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობასა და მაღაროს ბრძოლას შორის.
5. ვახუშტი ბაგრატიონი: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1638-1642 წლები.
როგორც ვხედავთ, მოჰამედ თაჰერი, არჩილ II და ბერი ეგნატაშვილი ჩვენთვის საინტერესო მოვლენებს პირდაპირ არ ათარიღებენ და მხოლოდ იმით იფარგლებიან, რომ ამ ამბებს სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებს შორის ათავსებენ. ეს ფაქტებია: აბას II-ის ასვლა შაჰის ტახტზე და იასე ქსნის ერისთავის მოკვლა ყაზვინში (მოჰამედ თაჰერი); თეიმურაზ I-ის ლაშქრობა დიდოეთში და მაღაროს ბრძოლა (არჩილ II და ბერი ეგნატაშვილი). დღეისათვის ყველა ეს ფაქტი, სხვადასხვა საისტორიო მასალაზე დაყრდნობით, მყარად არის დათარიღებული. კერძოდ, კი დადგენილია, რომ: აბას II შაჰის ტახტზე ავიდა 1642 წელს; პაატა ამილახორმა იასე ქსნის ერისთავი მოკლა ამავე 1642 წელს1; თეიმურაზ I-მა დიდოეთში ილაშქრა 1636 წელს2; ხოლო მაღაროს ბრძოლას ადგილი ჰქონდა 1648 წელს3. მაშასადამე, აღნიშნული დაზუსტებების გათვალისწინებით, შეგვიძლია, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ მოჰამედ თაჰერის, არჩილ II-ისა და ბერი ეგნატაშვილის ქრონოლოგიური მონაცემები და დავასკვნათ, რომ ისინი ჩვენთვის საინტერესო მოვლენებს შემდეგი სახით ათარიღებენ:
_ მოჰამედ თაჰერი: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) და ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ 1642 წელი.
_ არჩილ II: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა _ 1636-1648 წლები.
_ ბერი ეგნატაშვილი: ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1636-1648 წლები. აღნიშნული საკითხების გარკვევის შემდეგ კიდევ ერთხელ ისმის კითხვა
_ რამდენად შეესაბამება როსტომის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლა-შეთქმულებების დათარიღების თაობაზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების ჩვენებებს?
დასმულ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემის მიზნით, თავდაპირველად შევეხებით ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს, რომელიც, ფარსადან გორგიჯანიძის, ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბაგრატიონის თანახმად, ქრონოლოგიურად წინ უსწრებდა როსტომის წინააღმდეგ მოწყობილ ორ სხვა შეთქმულებას _ ახალგორის გამოსვლასა და ქართველ ფეოდალთა შეთქმულებას (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლას)4. ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავი ფარსადან გორგიჯანიძის მიერ განსაზღვრულია 1642-1644 წლებით, მოჰამედ თაჰერის მიერ _ 1642 წლით, არჩილ IIისა და ბერი ეგნატაშვილის მიერ _ 1636-1648 წლებით, ხოლო ვახუშტი ბაგრატიონის მიერ _ 1638-1642 წლებით.
1. იქვე, გვ. 160.
2. ბატონიშვილი ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 440.
3. გ. ჟორჟოლიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 76.
4. მოჰამედ თაჰერისა და არჩილ II-ის მიხედვით, ჯერ ადგილი ჰქონდა ქართლის ფეოდალების შეთქმულებას, ხოლო შემდეგ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას.
ჩამოთვლილი წერილობითი წყაროების ერთმანეთთან შეჯერება ცალსახად აჩვენებს, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას ადგილი შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ 1642 წელს. მართლაც, დასახელებული ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების ჩვენებები მხოლოდ ამ შემთხვევაში შეესაბამება ერთიმეორეს. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას ჩვენთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ფარსადან გორგიჯანიძისა და მოჰამედ თაჰერის ცნობებს, რომლებიც აღწერილი მოვლენების თანამედროვენი არიან და მეტად სანდო ავტორებად ითვლებიან.
ამრიგად, ჩვენამდე მოღწეულ ქართულ-სპარსულ წერილობით წყაროებზე, პირველ რიგში კი, ფარსადან გორგიჯანიძისა და მოჰამედ თაჰერის თხზულებებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლა მოხდა, უფრო ზუსტად კი, დაიწყო არა 1635, 1636, 1637 ან 1641 წლებში, როგორც ეს აქამდე იყო მიჩნეული, არამედ _ 1642 წელს.
მიღებული დასკვნის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კიდევ ერთი კითხვა _ თუ ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების შეჯერების შედეგად ირკვევა, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლას ადგილი ჰქონდა 1642 წელს, მაშინ რატომ ათარიღებენ ქართველი მკვლევარები ამ ფაქტს 1635, 1636, 1637 ან 1641 წლებით?
ჩვენ ზემოთ საგანგებოდ განვიხილეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ქრონოლოგიის თაობაზე და ვაჩვენეთ, რომ არც ერთი ეს მოსაზრება, გარდა გივი ჯამბურიას მიერ შემოთავაზებული თარიღისა (1636 წ.), რომლის შესახებაც ვრცლად ქვემოთ გვექნება საუბარი, შემაგრებული არ არის რაიმე კონკრეტული არგუმენტით და მარტოოდენ ამა თუ იმ მკვლევრის სუბიექტური დაკვირვების შედეგს წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით, თუ რატომ არ ემთხვევა ქართველ მკვლევართა მოსაზრებები ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების მონაცემებს, თუმცა ამ მოსაზრებებსა და წერილობითი წყაროების ჩვენებებს შორის რომ აშკარად არსებობს შეუსაბამობა, ამაში, ვფიქრობთ, სადავო არაფერია.
წერილობითი წყაროების ჩვენებებისაგან განსაკუთრებით დაცილებულია სარგის კაკაბაძის (1635-1636 წწ.), ნოდარ ნაკაშიძის (1636 წ.), გულქან ჟორჟოლიანისა (1637 წ.), ელდარ მამისთვალიშვილისა (1636 წ.) და დავით ნინიძის (1637 წ.) მიერ შემოთავაზებული თარიღები. რაც შეეხება კორნელი კეკელიძის (1641-1642 წწ.) და დავით გვრიტიშვილის (1640-იანი წწ.) დათარიღებებეს, ისინი შედარებით უფრო ახლოს დგანან წერილობითი წყაროების მონაცემებთან, თუმცა ბოლომდე არც ეს დათარიღებები შეესაბამება რეალობას.
დავუბრუნდეთ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის თარიღს და განვიხილოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მთლიანად მხარს უჭერს ქართულ-სპარსული წერილობითი წყაროების მონაცემებს და ცალსახად აჩვენებს, რომ აღნიშნული გამოსვლის დაწყებას ნამდვილად 1642 წელს ჰქონდა ადგილი.
ფარსადან გორგიჯანიძის თანახმად, ნოდარ ციციშვილის გამოსვლასთან ორგანულად იყო დაკავშირებული დედოფლის სახლთუხუცესს ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯა. ისტორიკოსის თქმით, თბილისს მყოფი ქაიხოსრო როსტომის ბრძანებით ტყვედ შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (ქალაქის ციხიდან გადმოაგდეს) ხოვლეს ბრძოლის მომდევნო დღეს: „მეორეს დღეს გორიდამენ ქალაქს ჩაფარი გაგზავნეს და ქაიხოსროვ ბარათასშვილი, დედოფლის სახლთუხუცესი, დაიჭირეს და ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდამენ გარდმოაგდეს და თქვეს _ დამთვრალა და თვითან გარდმოვარდნილაო“.
ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯის დრო და მიზეზი განსხვავებულად აქვს აღწერილი ვახუშტი ბაგრატიონს. მისი თქმით, ქაიხოსროს სიკვდილით დასჯა ქრონოლოგიურად საკმაოდ წინ უსწრებდა ნოდარ ციციშვილის გამოსვლას და მისი მოკვლის მიზეზიც არა ნოდარის გამოსვლასთან კავშირი, არამედ ბევრად უფრო ადრე, 1625 წელს მომხდარი ამბავი იყო, როცა ქაიხოსრომ ბირთვისის ციხეში მდგომი 500 ირანელი ამოაჟლეტინა ამბოხებულ ქართველებს: 1636 წელს „როსტომ მოიხსენა შური ყიზილბაშთათვის, რომელი მოსწყვიდნა მოურავმან ბირთვისს, და შეიპყრა ქაიხოსრო ბარათასშვილი სისხლთა მათათვის და გარდამოაგდო ციხიდამ განჯის კარისაკენ მაღლის გოდლიდამ“1.
აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას, ჯერ კიდევ 1955 წელს გივი ჯამბურიამ სამართლიანად მიანიჭა უპირატესობა ფარსადან გორგიჯანიძის მონათხრობს და სავსებით არგუმენტირებულად აჩვენა, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა ქაიხოსროს სიკვდილით დასჯის მიზეზის შესახებ არ შეესაბამებოდა რეალობას2.
1. ბატონიშვილი ვახუშტი, დასახ. ნაშრომი, გვ. 440.
2. გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობების..., გვ. 28.
მოგვიანებით, გივი ჯამბურიას ეს მოსაზრება ფართოდ იქნა გაზიარებული ქართულ ისტორიოგრაფიაში (დავით გვრიტიშვილი, გულქან ჟორჟოლიანი, ნოდარ ნაკაშიძე, დავით ნინიძე) და სხვ. შდრ. (სარგის კაკაბაძე). ჩვენც, ჩვენის მხრივ, სრულად ვიზიარებთ გივი ჯამბურიას ამ მოსაზრებას და მიგვაჩნია, რომ ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი სიკვდილით დასაჯეს ხოვლეს ბრძოლის მომდევნო დღეს, ნოდარ ციციშვილის გამოსვლასთან კავშირის გამო. დავუშვათ, რომ აღნიშნული მოსაზრება სწორია, და ეს ნამდვილად ასე ჩანს, მაშინ ლოგიკურად იბადება კითხვა _ როდის დასაჯეს სიკვდილით ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი? დასმულ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას მხოლოდ ქაიხოსროს მოკვლის ქრონოლოგიისათვის არ აქვს მნიშვნელობა. პირიქით, ქაიხოსროს სიკვდილით დასჯის თარიღის მიხედვით, შესაძლებელი ხდება, ზუსტად განისაზღვროს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ქრონოლოგიაც. აღნიშნული გარემოება იმთავითვე სწორად გაითვალისწინა გივი ჯამბურიამ და ნოდარ ციციშვილის გამოსვლის დათარიღება ზუსტად ამ ლოგიკით სცადა. ოღონდ, მან 1955 წლის ნაშრომში ნდობა გამოუცხადა ქაიხოსრის სიკვდილით დასჯის ვახუშტი ბაგრატიონისეულ თარიღს _ 1636 წელს და ამავე 1636 წლით დაათარიღა ნოდარ ციციშვილის გამოსვლაც1.
გივი ჯამბურიას მიერ შემოთავაზებული ლოგიკური მსჯელობა სავსებით მისაღებია ჩვენთვის, მაგრამ რამდენად მართებულია ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა, რომლის თანახმადაც ქაიხოსროს სიკვდილით დასჯას 1636 წელს ჰქონდა ადგილი? იქნებ, სწავლული ბატონიშვილი თარიღის შემთხვევაშიც ისევე ცდება, როგორც ის შეცდა ქაიხოსროს სიკვდილით დასჯის მიზეზების გადმოცემისას?
ამ მეტად მნიშვნელოვან კითხვაზე საბოლოო პასუხს გვაძლევს პირღებულის მონასტრის 1642 წლის საფლავის ქვის წარწერა. აღნიშნული წარწერა ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ეპიტაფიას წარმოადგენს და შემდეგი სახით იკითხება:
„წ. ესე არს ს(ა)მკვიდ|რ{ე}ბელი ჩ(ემ)ი, რ(ამეთუ) მ|თნ(ა)ვს. და ამ(ა)ს | შ(ი)ნა მდ(ე)ბარე | არს გვამი | დ(ი)დის აბ(ა)შ(ი)ს|შვ(ი)ლ(ი)სი, ავთ{ა}ნდ|ილ(ი)ს ძის ქაი|ხოსროსი. | ვინც აღმო|იკ(ი)თხევდეთ, | შენდობ(ა)ს | უბძ(ა)ნებდეთ. | ქ(რონი)კ(ონ)ს ტლ (1312+330=1642 წ.)“2.
ამრიგად, პირღებულის მონასტრის 1642 წლის საფლავის ქვის წარწერა პირდაპირ გვამცნობს, რომ ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი სიკვდილით დასაჯეს არა 1636 წელს, როგორც ამას გვაუწყებს ვახუშტი ბაგრატიონი, არამედ _ 1642 წელს, როგორც ეს არის მითითებული თავად ქაიხოსროს ეპიტაფიის ტექსტში3.
ის ფაქტი, რომ ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი 1642 წელს ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ნათლად ჩანს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1642 წლის ერთი სიგელიდანაც. ამ დოკუმენტით როსტომმა ქაიხოსროსა და მის ვაჟს ბარათას უწყალობა სოფელი ბუჟღულეთი („ბუჟღულაშვილები“) და მისი მოსახლეობა („სრულად ბუჟღულანი“), აგრეთვე, სოფელ ელფიაში მოსახლე მანუკაშვილი. აღნიშნულ 1642 წლის სიგელში ვკითხულობთ:
„ქ. ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა.
ჩვენ, მეფეთმეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემა{ნ} ჩვენმა{ნ}, დედოფალთდედოფალმა{ნ}, პატრონმა{ნ} მარიამ, ესე საბოლოოდ გასათა{ვ}ებელი, მტკიცე და შეუცვალებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენთა ერთგულთა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ყმათა: ბარათაშვილს, სახლის უხუცესს, ბატონს ქაიხოსროს და შვილსა თქუენსა ბარათასა და მომავალთა სახლისა თქვენისათა ყოველთავე. მას ჟამსა, ოდეს თუმინ<ი>{ს} თავისავე ნებითა მისი თავი თქუენთვის მოებარებინა, თქუენცა მოგვიდექით კარსა, თუმინისა მობარებისა და იმისი მამულის: ბუჟღულაშვილებისა და სრულად ბუჟღულანისა და ელფიას _ მანუკაშვილის წყალობასა დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, თუმ{ი}ნიც თქვენ მოგაბარეთ და მისი მამული: ბუჟღულანი და ელფიას _ მანუკაშვილი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მისითა მთითა, ბარითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, ეკლესიითა, სასაფლაოთი, ტყითა, სანადიროთა, ყოვლისა მისის სამართლიანის შესავლითა და გასავლითა, სამძღვრითა და ფუ<ზ>{ძ}ითა...
დაიწერა ბ{რ}ძანება და სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტლ (1312+330=1642 წ.), ხელითა კარისა ჩვენისა მდივან-მწიგნობრისა მარტირუზაშვილი შალვასითა“ (ტექსტის წაკითხვა, ქარაგმის გახსნა და პუნქტუაცია ჩვენია _ თ. გ.)4.
როგორც ვხედავთ, ციტირებული საბუთიდან ნათლად ჩანს, რომ ქაიხოსრო ბარათაშვილაბაშიშვილი, 1642 წელს, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობის საპირისპიროდ, არამხოლოდ ცოცხალია, არამედ კვლავინდებურად ფლობს სახლთუხუცესის მაღალ სამოხელეო წოდებას და როსტომის კეთილგანწყობითაც სარგებლობს.
1. გ. ჯამბურია, იქვე, გვ. 27.
2. ნ. ბახტაძე, კ. ზენდერი, ნ. კუპრაშვილი, ლ. მირიანაშვილი, თ. ჯოჯუა, პირღებულის მონასტერი 1989 და 2002-2003 წწ., კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები, მეცნიერების ფონდი „უდაბნო“ (თბილისი, 2005), გვ. 195.
3. თ. გოგოლაძე, ქართლის დედოფლის სახლთუხუცესის ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის (XII ს-ის I ნახ.) სიკვდილით დასჯის თარიღისათვის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX (თბილისი, 2009), გვ. 11-116.
4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hდ კოლექცია, საბუთი #14694.
პირღებულის მონასტრის 1642 წლის ეპიტაფიისა და როსტომის მიერ გაცემული 1642 წლის წყალობის წიგნის ცნობებს, ერთი მხრივ, მთლიანად ადასტურებს, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ უფრო აზუსტებს როსტომის მიერ ამავე 1642 წლის 2 დეკემბერს გაცემული კიდევ ერთი წყალობის წიგნი. აღნიშნული დოკუმენტი ქართლის მეფეს მიცემული აქვს ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ძმისწულის _ ხოსია ბარათაშვილისა და მისი შვილებისათვის, სადაც როსტომ მეფე ხოსია ბარათაშვილსა და მის შვილებს ოთარს, ბერუკას, საამს უბოძებს ნოსტის ოძისს. აღნიშნულ საბუთში კარგად ჩანს, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლა ახალი მომხდარია, რადგანაც როსტომ მეფე აღნიშნავს: „ახლა კიდევე ნოდარ და არაგვის ერისთავი უკუგუიდგნეს, იმერელნი დარბაისელნი გუერც ახლდეს, მოუხედით ქალაქიდამე და თქუენ მოწინავედ მოგუიძეღით და ჩუენს უღურზედ თავი არ დაიწყალობეთ, გააქციეთ და მრავალი სახელი ჰქენით. აწ ამისად [სა]მუქფო და საჯილდაოდ, რაც ნაძალადევად ბიძა თქუენს ქაიხოსროს... ოძი[ს] ჰქონდა: ჰქონდა ულუმბეხაშვილიანად, ესები ისრევ თქუენ შეგიწყალეთ და გიბოძეთ“1.
აღნიშნულ საბუთში მოთხრობილი ამბავი კიდევ მეტ სიმტკიცეს სძენს ფარსადან გორგიჯანიძის ცნობას ნოდარ ციციშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც აქედან ვგებულობთ, რომ ხოსია ბარათაშვილი წარმოადგენდა ქართლის ერთ-ერთ იმ ფეოდალთაგანს, რომელმაც როსტომ მეფეს უერთგულა და იორამ მოურავიშვილთან ერთად ნოდარ ციციშვილის წინაააღმდეგ დაძრულ როსტომ მეფეს წინ მიეგება. ამ საბუთში ნახსენები ქაიხოსრო, რომ ნამდვილად სახლთუხუცესი _ ქაიხოსრო ბარათაშვილია, ეს ნათლად ჩანს თეიმურაზ მეფის 1629 წლის წყალობის სიგელიდან ქაიხოსროსადმი, რისი მეშვეობითაც თეიმურაზმა ქაიხოსროს უწყალობა ნოსტის ოძისი ულუმბეხაშვილითურთ. ამ წყალობის სიგელმა ქართულ-სპარსული ჰოქმის სახით მოაღწია ჩვენამდე, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, AD-1138 ფონდში ინახება. მართალია ქართულ საბუთს მხოლოდ ქორონიკონი ტლ უზის, რაც 1642 წელს შეესაბამება. სპარსულ ნაწილი საშუალებას გვაძლევს ზუსტად განვსაზღვროთ აღნიშნული წყალობის წიგნის გაცემის თარიღი კერძოდ, 1642 წლის 2 დეკემბერით.
ასე, რომ 1642 წლის ზემოთდასახელებული როსტომის ორენოვანი (ქართულ-სპარსული) საბუთი ფარსადანის ისტორიას უფრო ამდიდრებს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნოდარის გამოსვლა 1642 წლის გვიან შემოდგომაზე მოეწყო. გარდა ამისა, საბუთი გვისახელებს როსტომის მომხრე ერთ-ერთ ქართლელ ფეოდალს, სახლთუხუცესს ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ძმის წულს _ ხოსია ბარათაშვილს.
ამრიგად, პირღებულის მონასტრის 1642 წლის საფლავის ქვის წარწერიდან და როსტომის მიერ გაცემული 1642 წლის ორი წყალობის წიგნიდან ირკვევა, რომ ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა, რომლის თანახმადაც ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი სიკვდილით დასაჯეს 1636 წელს, რეალობას არ შეესაბამება. მეტიც, დასახელებული საბუთებიდან და განსაკუთრებით, ეპიტაფიიდან ნათლად ჩანს, რომ ქაიხოსრო სიკვდილით დასაჯეს გაცილებით უფრო გვიან _ 1642 წელს.
მას შემდეგ, რაც დანამდვილებით გავარკვიეთ ქაიხოსროს სიკვდილით დასჯის თარიღი, შესაძლებელი ხდება, ზუსტად განვსაზღვროთ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ქრონოლოგიაც. ამ შემთხვევაში, ჩვენი მსჯელობა, პრაქტიკულად, იმავე ლოგიკას დაემყარება, რა ლოგიკითაც ხელმძღვანელობდა ნოდარ ციციშვილის გამოსვლის დათარიღებისას გივი ჯამბურია. ლოგიკა კი ასეთია:
1. ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილი სიკვდილით დასაჯეს 1642 წელს.
2. ვინაიდან ქაიხოსრო სიკვდილით დასაჯეს ხოვლეს ბრძოლის მეორე დღეს, ცხადია, რომ ხოვლეს ბრძოლას ადგილი ჰქონდა იმავე 1642 წელს.
3. რადგან ხოვლეს ბრძოლას ადგილი ჰქონდა 1642 წელს, ირკვევა, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლა დაწყებულა აგრეთვე 1642 წელს.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულად ვეყრდნობით პირღებულის მონასტრის 1642 წლის ეპიტაფიას, როსტომის მიერ გაცემულ 1642 წლის წყალობის წიგნს, ფარსადან გორგიჯანიძისა და მოჰამედ თაჰერის თხზულებებს, აგრეთვე, არჩილ II-ის, ბერი ეგნატაშვილისა და ვახუშტი ბაგრატიონის ცალკეულ ცნობებს და გამოვთქვამთ მოსაზრებას, რომ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის დაწყებას, ხოვლეს ბრძოლასა და ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის სიკვდილით დასჯას ადგილი ჰქონდა არა 1636, 1637 ან 1641 წლებში, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, არამედ _ 1642 წელს.
1. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმნა და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ (თბილისი, 1955), გვ. 227.
ამ ზემოთ მოცემულ არგუმენტებს ემატება 1642-1643 წწ. როსტომის მიერ გაცემული წყალობის საბუთები, რომლებიც ერთი მხრივ საშუალებას გვაძლევენ უფრო მეტი არგუმენტაციით განვამტკიცოთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული ნოდარის გამოსვლის თარიღი 1642 წელი, ხოლო მეორე მხრივ გავამდიდროთ ფარსადან გორგიჯანიძის თხზულება. გთავაზობთ როსტომის მიერ 1642-1643 წლებში გაცემულ წყალობის სიგელებს ქრონოლოგირი პრინციპით. ამ ამბებს კიდევ უფრო აზუსტებს როსტომ მეფის 1643 წლის წყალობის სიგელი პაატა ჯავახიშვილისადმი, რომლის საფუძველზე პაატა ჯავახიშვილს, მის ძმას ქაიხოსროს და მის შვილებს ზურაბსა და ჯავახს უბოძებს სოფლებს ავკეთსა და იისციხეს, რადგან როგორც საბუთიდან ირკვევა დიდი წვლილი შეუტანია მის წინააღმდეგ მოწყობილ ერთ-ერთი შეთქმულების გამოვლინებაში, კერძოდ ნოდარ ციციშვილისა და ზურაბ არაგვის ერისთავის მიერ ორგანიზებული გამოსვლის გამომჟღავნებაში. საბუთში პაატა ჯავახიშვილის დამსახურება აღნიშნულ მოვლენებში დაწვრილებით არის მოთხრობილი: „მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას გუიაჯენით, ვითაც არაგუის ერისთავი ზა[ა]ალ და ციციშვილი ნოდარ უკუგუიდგნეს, კახს ბატონს ესაქმნეს, შეიყარნეს და არაგუზედ მიგებება გაბედეს და კახი ბატონი უნდოდა[თ] ქართლში შემოეყუანა[თ] და გაებატონებინათ. ნოდარ მოსულიყო და თავისი მოსამართლენი ჩხეიძე[ე]ბი გუერც იახლა და ხოვლეს თქუენს მამულებში ჩამომხდარიყუნეს და თქუენთუინაც საქმობა დაეწყოთ, რომე ბატონს თეიმურაზს გაბატონებას უპირებთ და შემოგვეყარენითო. აწე ჩუენ ქალაქიდამე შინას ყმის ჯარით წამოვედით, თქუენ წინ მოგუეგებენით, მოგვიძეღუით. გაგვემარჯუა და შევარცხუინეთ და ჩხეიძე ხუცია ჩამოგეგდო, ხელთ დაგენარჩუნა და ყოვლის კაცისაგან უწინ მოგუაგებეთ“1.
ეს წყალობის სიგელი საშუალებას გვაძლევს ამ ამბებში შემოვიყვანოთ კიდევ ერთი როსტომ მეფის მომხრე _ პაატა ჯავახიშვილის, მის ძმის ქაიხოსროსა და მისი შვილების ზურაბისა და ჯავახის სახით. პაატა ჯავახიშვილი ზემოთნახსენები ციხეები მიუღია როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების გამოვლინებისათვის, კერძოდ იგი, როცა ნოდარ ციციშვილი ჩხეიძებითურთ მის მამულში ხოვლეში გაჩერდა და მოუწოდა ჯავახიშვილებს შეერთებოდნენ როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას, არ აყვა მათ მოწოდებებს და როსტომ მეფეს მხარე დაიჭირა. მას ნოდარ ციციშვილისა და ჩხეიძეების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაშიც მიუღია მონაწილება და ჩხეიძეთაგან ერთ-ერთი _ ხუცია ჩხეიძე ტყვედ ჩაუგდია და მიუგვრია როსტომისათვის. სწორედ ამ ყოველივეს სანაცვლოდ ქართლის მეფისაგან ავკეთისა და იის ციხეები მიიღო2.
ჩვენ შემოგთავაზებთ ამ ამბების კიდევ ერთ მონაწილეს, როსტომის მომხრე ფარსადან ბარათაშვილს, რომლის დამსახურება ნოდარ ციციშვლის გამოსვლასთან დაკავშირებით როსტომ მეფეს აღნიშნული აქვს მის მიერ 1643 წლის დასაწყისში გაცემულ წყალობის საბუთში ფარსადან ბარათაშვილისადმი, საიდანაც ვგებულობთ, რომ ფარსადანს ბეჟია ჩხეიძის შვილი ოტია ტყვედ ჩაუგდია და როსტომ მეფისათვის მიუგვრია, რის სანაცვლოდ ქართლის მეფემ მას ენაგეთს ხუციშვილი და ფირუაშვილები მამულებით უბოძა3.
ამგვარად, 1642 წლის ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავში შემოვიყვანეთ ხოსია ბარათაშვილთან და პაატა ჯავახიშვილთან ერთად ამ მოვლენის კიდევ ერთი აქტიური მონაწილე და როსტომ მეფის მხარდამჭერი ფეოდალი _ ფარსადან ბარათაშვილი.
1642 წლის ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს ინფორმაციული თვალსაზრისით, კიდევ უფრო ამდიდრებს როსტომ მეფის მიერ გაცემული ერთ-ერთი უთარიღო საბუთის ფრაგმენტი, სადაც როსტომი დირბის მცხოვრებლებს მიმართავს შემდეგი სიტყვებით: „... დირბელნო მერმე ფიცხლავ ელიზბარ<ი>ს შემოეყარენით ლაშქრად, თორემ რაც ავი არის იმას გიზამთ, იცოდ<ი>{ე}თ თემი და ქვეყანა აქ არის და თქვენ შინ წამოჯდომილხართ, რაც სხუის მოურავისათუის გემსახურო<ს>{თ} მს[ა]ხურეთ და ამისი ნაცვალიც ასაქმეთ სამართლიანის საქმითა ზენარ“ (პუნქტუაცია _ თ. გ.)4.
ზემოთმოყვანილი საბუთიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ ემზადებოდა როსტომ მეფე ამბოხებული ნოდარ ციციშვილის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მართალია აღნიშნულ საბუთს თარიღი არ უზის, თუმცა თუ ამ სიგელს შევუჯერებთ ფარსადან გორგიჯანიძის ცნობას _ ელიზბარ ბოქაულთუხუცესის მიერ თავის ყმებთან ერთად ნოდარ ციციშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობისა და მათ მიერ ნოდარის მომხრე იმერელი დიდებულების ნაწილის დატყვევების შესახებ. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საბუთი როსტომის მიერ გაცემულ იქნა ხოვლეს ბრძოლის წინ ანუ 1642 წელს.
1. იქვე, გვ. 173-174.
2. ფარსადან გორგიჯანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 248.
3. ქართულ-სპარსული..., გვ. 175-176.
4. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hდ კოლექცია, საბუთი #14429.
1642 წელს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავს კიდევ უფრო ავსებს როსტომ მეფის მიერ გაცემული უთარიღო სიგელი მესტუმრე დონდარა ეჯიბისშვილისადმი. აღნიშნულ საბუთში როსტომ მეფე აღნიშნავს, რომ „ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წყალობისა წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენთა ერ<დ>თგულთა და წესისაებრ ნამსახურთა ყმათა, კარისა ჩუენისა მესტუმრეს ეჯიბისშვილსა დონდარს, ძმასა შენსა ზურაბს, შვილსა თქუენთა შავერდის და გამრიკს, შვილთა და მომავალთა ყოველთავე სახლისა თქუენისათა. მას ჟამსა, ოდეს ქალაქს ფათერაკის საქმითა ძველითგანც თქვენის ნაქონის და მეორედ ჩუენგანც ნაწყალობევისა და ჯილდოდ ნაბოძებისა ტალავრისა თავს სოფლის მაშტარ{ა}შნისა და კიდევე ჩუენგან ჯილდოდ ბოძებულის ტალავერს ჩუენის სახასოს მებადურისა და დარბაზელთაგან თქუენი ნასყიდის სავენახისა წიგნები და სიგლები დაგწ{ვ}ოდა და დამწვარი წიგნებიცა ჩუენს წინა მოიტანეთ და წიგნებისა გა{ა}ხლებასა დაგუეაჯენით, ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და სიგლითა ამით გაგიახლეთ და გიბოძეთ ძველთაგან<ც> და ნოდარზედ რომ გავიმარჯვეთ და თქუენ კაცი დაგრჩა და მოგვართვით, ხელახლად ამისად ჯილდოდ ჩვენგან ნაბოძები სოფელი მაშტარაშენი...“1.
აღნიშნული წყალობის წიგნიდან ვიგებთ, რომ 1642 წელს ნოდარ ციციშვილის გამოსვლის წინააღმდეგ როსტომის მომხრეთა შორის მესტუმრე დონდარა ეჯიბისშვილიც ირიცხებოდა. გარდა ამისა, მას აღნიშნულ ბრძოლაში თავი გამოუჩენია და ნოდარ ციციშვილის მომხრეთაგან ერთ-ერთი დაუტყვევებია. ქართლის მეფემ ეს დამსახურება დაუფასა ერთგულ ფეოდალს და სწორედ ყოველივე ამის სანაცვლოდ უბოძა მას სოფელი მაშტარაშენი.
მას შემდეგ, რაც ნოდარ ციციშვილის გამოსვლა მყარ არგუმენტებზე დაყრდნობით 1636, 1637 და 1641 წლებიდან 1642 წლის გვიან შემოდგომით გადავათირიღეთ და დეტალურად გავარკვიეთ ბრძოლის დეტალები, საინტერესოა ამის შემდეგ რა პროცესებს აქვს ადგილი ქართლში როსტომ მეფის წინააღმდეგ და რამდენად შეესაბამება რეალობას ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული დათარიღებები აღნიშნული მოვლენების შესახებ?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით კიდევ ერთხელ მოვიტანთ ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებაში დაცულ ცნობებს ნოდარის გამოსვლის შემდეგ ქართლში მიმდინარე ამბების შესახებ. მემატიანის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ ხოვლესთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ როსტომმა სკრას ზევით მდებარე საციციანოს მამულები დაარბია. ამასობაში ზამთარმაც მოატანა, დამარცხებული ნოდარ ციციშვილი კი გაიქცა ვერის ციხეში, ხოლო შემდეგ მძოვრეთის ციხეს შეაფარა თავი. ამ ციხეს როსტომმა ალყა შემოარტყა. აღნიშნული ციხეზე როსტომის ალყა წყალკურთხევამდის ანუ ნათლისღებამდის გაგრძელდა. ნოდარ ციციშვილმა დახმარება ვერსაიდან ვერ მიიღო, იმავდროულად შეიტყო ინფორმაცია ციხის ღალატით დანებების შესახებ, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და როსტომს თავისი დედა (ფარსადანის თქმით კახეთის ბატონიშვილი) მიუგზავნა და გზა სთხოვა. მეფემ უვნებლობის ფიცი მისცა ნოდარის დედას, რითაც ნოდარს სამცხეში გადასვლის საშუალება მისცა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ფარსადან გორგიჯანიძე ამ ამბის ქრონოლოგიას 1642-1644 წლებს შორის ათავსებს.
ჩვენს მიერ ზემოთდასახელებული ავტორებიდან ჩვენთვის საინტერესო ამბავის განხილვას მხოლოდ სარგის კაკაბაძის, კორნელი კეკელიძისა და დავით გვრიტიშვილის ნაშრომებში ვხვდებით. ქართველი ისტორიკოსები აღნიშნული მოვლენას სხვადასხვა დროით ათარიღებენ. კიდევ ერთხელ გთავაზობთ მათ მიერ შემოთავაზებულ თარიღებს:
1. სარგის კაკაბაძე _ 1635-1636 წლები.
2. კორნელი კეკელიძე _ 1641 წლის მიწურულიდან, ვიდრე 1642 წლის 6 იანვრამდე პერიოდი.
3. დავით გვრიტიშვილი _ 1640-იანი წლები.
აღნიშნულ მკვლევართაგან, მხოლოდ კორნელი კეკელიძემ მიაქცია ყურადღება ფარსადან გორგიჯანიძის ზოგარ ქრონოლოგიურ თარიღს წყალკურთხევამდის მძოვრეთის ციხის ალყის გაგრძელების შესახებ და შესაბამისად ამ ამბის ზედა ქრონოლოგიურ ზღვრად აიღო ნათლისღების დღესასწაული. ერთი შეხედვით მეცნიერს სწორი ლოგიკით მიჰყავს თავისი მსჯელობა, მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ ავტორი მიჰყვება ნოდარის გამოსვლის შემდგომი მოვლენების გადმოცემისას ფარსადანის თხზულებას, თუმცა მის მიერ შემოთავაზებული თარიღი (1642 წლის 6 იანვრამდე ალყის გაგრძელების შესახებ) მაინც არ შეესაბამება სინამდვილეს და იგი ჩვენი მხრიდან ქრონოლოგიის თვალსაზრისით კორექტივის შეტანას მოითხოვს. მკვლევრის შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ იგი მსგავსად სხვა მეცნიერებისა ნოდარ ციციშვილის გამოსვლის დათარიღებისას სუბიექტურია და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ნოდარის გამოსვლის დაწყების თარიღად რატომღაც 1641 წელს ასახელებს. იქიდან გამომდინარე, რომ დანარჩენი ორი მკვლევართა (სარგის კაკაბაძისა და დავით გვრიტიშვილის) მიერ აღნიშნული ამბის დათარიღებები უფრო ზოგადი ხასიათისაა, აქ აღარ შეუდგებით მათ განხილვას. სამივე ავტორი ამ ამბის გადმოცემისას ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებას ეყრდნობა.
1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Qდ კოლექცია, საბუთი #9585.
თუ გავითვალისწინებთ ჩვენს მიერ დადგენილ ნოდარ ციციშვილის გამოსვლის თარიღს 1642 წელს, ამის პარალელურად მხედველობაში მივიღებთ ვიღებთ ფარსადანის თხზულების მიერ მოწოდებულ ზოგად ქრონოლოგიურ თარიღს _ მძოვრეთის ციხის ალყის წყალკურთხევამდე გაგრძელების შესახებ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მძოვრეთის ციხის ალყა არა 1642 წლის 6 იანვრამდე, არამედ 1643 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა.
ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებაში მძოვრეთის ციხის ალყის დასრულების (1643 წლის 6 იანვარი) შემდეგ მოთხრობილია ორივე ერისთავისა (იგულ. ქსნისა და არაგვის ერისთავები _ თ.გ.) და იოთამ ამილახორის მიერ ახალგორში დაგეგმილი შეთქმულება როსტომ მეფის წინააღმდეგ. მემატიანის მიხედვით, ქრისტეშობის წინა დღეს, თბილისში მყოფ როსტომ მეფეს ბახუტა მუხრანბატონმა შეატყობინა იოთამ ამილახორისა და ქსან-არაგვის ერისთავთა გეგმა ახალგორს შეკრების შესახებ. ახალი ამბით შეშფოთებულმა როსტომმა ბახუტას მუხრანბატონს წერილი მისწერა და უბრძანა, თავისი ჯარით მზად დახვედროდა, თავად კი თბილისში შეკრებილი ლაშქარი მცხეთაში გაგზავნა. მეფე ოდნავ მოგვიანებით ჩავიდა მცხეთას და ჯარის სიმრავლით გულმოცემულმა ბახუტა მუხრანბატონს სამოქმედო გეგმა აცნობა, რომლის თანახმადაც მათ სამხედრო ძალები უნდა გაეერთიანებინათ და შობის გამთენიისას ამბოხებულებს დასხმოდნენ თავს. როსტომი და ბახუტა ერთმანეთს მუხრანთან შეხვდნენ, გზა შეუსვენებლად გააგრძელეს ახალგორისაკენ და შობის დილას, ანაზდეულად მიიტანეს იერიში ლოცვაზე მყოფ შეთქმულებზე. მოულოდნელი თავდასხმის გამო ამბოხებულებმა წინააღმდგობის გაწევა ვერ მოახერხეს და გაქცევით უშველეს თავს.
ფარსადან გორგიჯანიძის აღნიშნული ნაამბობიდან გამოვყოფთ ამ მოვლენის ორ ზოგად ქრონოლოგიურ მითითებას:
1. შობის წინა დღეს ბახუტა მუხრანბატონის მიერ როსტომისათვის ახალგორში დაგეგმილი შეთქმულების შეტყობინება.
2. როსტომმა ამბოხებული არაგვისა და ქსნის ერისთავები იოთამ ამილახორთან ერთად, ახალგორში შობის დილას დაამარცხა.
ამის შემდეგ კი კიდევ ერთხელ მოვიტანთ ქართველ ისტორიკოსთა დათარიღებებს ახალგორში დაგეგმილი შეთქმულების შესახებ.
როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, დღემდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ახალგორში დაგეგმილ „ორნივ ერისთვები“-სა და იოთამ ამილახორის შეთქმულებას როსტომ მეფის წინააღმდეგ 1638 წლით განსაზღვრავდნენ. პირველად აღნიშნული ფაქტი ქართულ ისტორიოგრაფიაში გულქან ჟორჟოლიანმა დაათარიღა. იგი ნოდარ გამოსვლის დამთავრების შემდეგ მოგვითხრობს ქსნისა და არაგვის ერისთავებისა და იოთამ ამილახორის შეთქმულების შესახებ და ამბობს, რომ „1638 წელს როსტომის წინააღმდეგ კვლავ შეთქმულება მოეწყო. შეთქმულების მონაწილენი შეთანხმდნენ, რომ შობა დღეს ახალგორში იოთამ ამილახორი და „ორნივ ერისთავი“ ერთმანეთს შეხვდებოდნენ და საფურცლეში თეიმურაზს შეუერთდებოდნენ. შემდეგ მცხეთაში მისულები პირობას დასდებდნენ, რომ როსტომის წინააღმდეგ მოქმედებას სისრულეში მოიყვანდნენ“1.
1. გ. ჟორჟოლიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 71.
მკვლევარი ამ ამბის გადმოცემისას სარგებლობს ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიით, თუმცა აღნიშნულ მემატიანესთან, ნოდარ ციციშვილის გამოსვლის ამბავის მსგავსად, ქართლის ფეოდალების შეთქმულებაც დათარიღებული არ არის. იგი, როგორც წინა შემთხვევაში, მხედველობაში გვაქვს ნოდარ ციციშვილის გამოსვლა როსტომ მეფის წინააღმდეგ, თავის ნაშრომში არ უთითებს თუ რაზე დაყრდნობით ათარიღებს ქართლის მეფის წინააღმდეგ მიმართულ ქართლის ფეოდალების შეთქმულებას. მაშინ, როდესაც ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიაში ამ ფაქტის 1638 წლით განსაზღვრისათვის ვერანაირ მინიშნებასაც კი ვერ ვხვდებით, საინტერესოა თუ რაზე დაყრდნობით განსაზღვრავს გ. ჟორჟოლიანი მაინცდამაინც 1638 წლით ქართლის ფეოდალების აღნიშნულ შეთქმულებას. ჩვენი დაკვირვებით, მართალია მისი თხრობა ამ ფაქტის გადმოცემისას ფარსადან გორგიჯანიძის ცნობას ეფუძნება, თუმცა იგი ამ მოვლენის დათარიღებისას ვახუშტი ბატონიშვილის წყაროს ეყრდნობა. XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი სანამ უშუალოდ როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი გამოსვლა-შეთქმულებების შესახებ მოგვითხრობს, მანამ აღნიშნავს როსტომ მეფისა და ლევან დადიანის ფაქტს და ამ მოვლენას 1638 წლით ათარიღებს. შემდეგ არის მოცემული როსტომ მეფის წინააღმდეგ მიმართული ქართლის ფეოდალების გამოსვლა-შეთქმულებები, კერძოდ ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქართლის ფეოდალების მასშტაბური შეთქმულება. ვახუშტის აღნიშნული მოვლენები დათარიღებული არ აქვს. აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ამ გამოსვლა-შეთქმულებების გადმოცემისას სწავლული ბატონიშვილი ქსნისა და არაგვის ერისთავებისა და იოთამ ამილახორის შეთქმულების შესახებ არაფერს არ ამბობს. მიუხედავად ამისა, მკვლევარმა როსტომისა და ლევან დადიანის დამოყვრების თარიღი _ 1638 წელი საკმარის არგუმენტად მიიჩნია იმისათვის, რომ ქართლის ფეოდალების შეთქმულებაც ამავე 1638 წლით დაეთარიღებინა. დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში გულქან ჟორჟოლიანის მიერ შემოთავაზებული ქსნის და არაგვის ერისთავებისა და იოთამ ამილახორის მიერ ახალგორში დაგეგმილი შეთქმულების თარიღი _ 1638 წელი ყოველგვარი კრიტიკის გარეშე მთლიანად იქნა გაზიარებული.
სრულიად აშკარაა, რომ ქართველი ისტორიკოსები ცდებიან ახალგორში დაგეგმილის შეთქმულების დათარიღებისას და ამ ფაქტს შეცდომით 1638 წლით განსაზღვრავენ. თუ ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული თარიღი 1638 წელი არ შეესაბამება რეალობას, მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა _ როდის შეიძლება ჰქონოდა ადგილი ამ შეთქმულებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, საჭიროა კიდევ ერთხელ სრული ნდობა გამოუცხადოთ ამ ამბის თანამედროვის ფარსადანის თხრობის თანმიმდევრობას, სადაც ახალგორში დაგეგმილი შეთქმულება მძოვრეთის ციხის ალყის დამთავრების შემდეგ არის მოთხრობილი. ერთი შეხედვით, შეიძლება დაგვრჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ როსტომის მიერ მძოვრეთის ციხეზე ალყის მოხსნის (1643 წლის 6 იანვარი) შემდეგ ჰქონდა ადგილი აღნიშნულ შეთქმულებას. თუმცა ეს ერთი შეხედვით, თუ კარგად ჩაუკვირდებით თხზულების ჩვენთვის საინტერესო მოვლენას, დავრწმუნდებით, რომ ახალგორის შეთქმულება მოხდა არა 1638 წელს, არამედ მძოვრეთის ალყის პარალელურად ანუ 1642 წელს. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ აღნიშნული გამოსვლის მცდელობის ამბებთან დაკავშირებით ფარსადან გორგიჯანიძე როსტომ მეფის ერთ-ერთ უმთავრეს მოწინააღმდეგეს ნოდარ ციციშვილს არ მოიხსენიებს. ეს ბუნებრივიცაა, იგი ნოდარ ციციშვილს ვერ მოიხსენიებდა აღნიშნულ ამბავთან დაკავშირებით, რადგან იგი მძოვრეთის ციხეში ალყაშემორტყმულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ ახალგორში დაგეგმილი შეთქმულება 1638 წლიდან 1642 წლით უნდა გადათარიღდეს.
უფრო მეტიც, ახალგორის შეთქმულებასთან დაკავშირებით ფარსადანის მიერ მოწოდებული ორი ზოგადი ქრონოლოგიური თარიღი _ შობის წინა დღეს ბახუტა მუხრანბატონის მიერ როსტომისათვის ახალგორში დაგეგმილი შეთქმულების შეტყობინება და როსტომის მიერ ამბოხებული არაგვისა და ქსნის ერისთავების იოთამ ამილახორთან ერთად, ახალგორში შობის დილას დამარცხება, საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო დავავიწროვოთ აღნიშნული ამბის ქრონოლოგია და ეს ამბავი ამავე 1642 წლის 24-25 დეკემბრით განვსაზღვროთ.
ჩვენთვის საინტერესო მოვლენებიდან, ფარსადან გორგიჯანიძე ქრონოლოგიური თვალსაზრისით სულ ბოლოს ქართლის ფეოდალთა შეთქმულების ამბავს მოგვითხრობს. კიდევ ერთხელ გთავაზობთ ქართული წყაროების ქრონოლოგიურ მითითებებს ჩვენთვის საინტერესო მოვლენის შესახებ:
1. ფარსადან გორგიჯანიძე: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1642-1644 წლები
2. მოჰამედ თაჰერი: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ ქრონოლოგიური მონაკვეთი აბას II-ის აღსაყდრებასა და იასე ქსნის ერისთავის მოკვლას შორის.
3. ბერი ეგნატაშვილი: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ ქრონოლოგიური მონაკვეთი თეიმურაზ I-ის დიდოეთში ლაშქრობასა და მაღაროს ბრძოლას შორის.
4. ვახუშტი ბაგრატიონი: ქართლის ფეოდალთა შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1638-1642 წლები.
რაც შეეხება ქართულ ისტორიოგრაფიას, პირველად ქართველ ფეოდალთა შეთქმულების კონკრეტულ თარიღს გივი ჯამბურია გვაწვდის და ამ ფაქტს ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე 1642 წლით განსაზღვრა, რაც შემდგომში ქართველ მკვლევართა უმრავლესობის (გულქან ჟორჟოლიანი, ანანია ჯაფარიძე, მიხეილ და ნუგზარ რეხვიაშვილები) მიერ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე გაზიარებულ იქნა. თუმცა საპირისპიროდ ამ მოსაზრებისა ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში ვხვდებით განსხვავებულ მოსაზრებებსაც, რომლის ავტორნიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ ბაბილინა ლომინაძე, გულიკო მჭედლიძე და ზურაბ მჭედლიშვილი გახლავთ. დავიწყოთ ბაბილინა ლომინაძით: იგი გივი ჯამბურიასაგან განსხვავებით, ქართლელ ფეოდალთა მაშტაბურს შეთქმულების დათარიღებისას სარგებლობს იკორთის ქრინიკაში დაცული ევდემოზ კათოლიკოსის მოკვლის თარიღით _ ქორონიკონი ტლა-თი და ყოველივე ამის საფუძველზე ამ ამბავს 1643 წლით ათარიღებს. ბაბილინა ლომინაძის მსგავსად ზურაბ მჭედლიშვილიც ამ ფაქტს ამავე 1643 წლით განსაზღვრას, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი ნაშრომიდან არ ჩანს თუ რაზე დაყრდობით ათარიღებს ავტორი ამ მოვლენას მაინდამაინც 1643 წლით. რაც შეეხება გულიკო მჭედლიძეს, იგი 1638 წლის ევდემოზ კათოლიკოსის მიერ გედევანიშვილ-ელიოზიშვილებისადმი გაცემული წყალობის წიგნზე დაყრდნობით, ევდემოზ I-ის სიკვდილით დასჯას 1638 წლით ათარიღებს და აქედან გამომდინარე, მკვლევარს ქართლის ფეოდალთა მასშტაბური შეთქმულებაც ამავე 1638 წლის მომხდარ მოვლენად მიაჩნია. ამ მოსაზრებების გარდა, ჩვენთვის საინტერესო ამბის დათარიღების გარშემო არსებობს კიდევ ორი განსხვავებული შეხედულება:
1. სარგის კაკაბაძე: ქართლის ფეოდალების შეთქმულება (იგივე კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1637-1648 წლები.
2. ნოდარ ნაკაშიძე: ქართლის ფეოდალების შეთქმულება (კათოლიკოსი ევდემოზისა და გიორგი გოჩაშვილის გამოსვლა) _ 1636-1639 წლები.
როგორც ვხედავთ აღნიშნული ავტორები გივი ჯამბურიასა და ბაბილინა ლომინაძისაგან განსხვავებით, ამ ამბავთან დაკავშირებით კონკრეტულ თარიღს არ იძლევიან და ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთით ათარიღებენ.
ყოველივე ამის შემდეგ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა _ რამდენად შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს ქართველ მკვლევართა მიერ შემოთავაზებული თარიღები ქართლელ ფეოდალთა შეთქმულების გარშემო?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, დავსვამთ კიდევ ერთ კითხვას ამ მოვლენის გივი ჯამბურიასეულ თარიღთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომში მდგომარეობს _ თუ მკვლევარს არანაირი მკიცებულება არ ჰქონდა ამ მოვლენის დასათარიღებლად, მაშ რატომღა განსაზღვრა ეს ფაქტი მაინცდამაინც 1642 წლით?
მართალია, მეცნიერი არ ასახელებს თავის ნაშრომში არანაირ მითითებას რაზე დაყრდნობითაც შეიძლება განესაზღვრა ქართლის ფეოდალთა შეთქმულება 1642 წლით, თუმცა მიუხედავად ამისა ჩვენი დაკვირვებით იგი ამ ამბის დათარიღებისას მოჰამედ თაჰერის თხზულებას ეყრდნობა. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მოჰამედ თაჰერი ირანის შაჰის აბას II-ის კარის ისტორიკოსი იყო. მის მიერ შედგენილი მატიანეც სწორედ შაჰ აბასის მეფობის ამბებს ეძღვნება. ასევე საყოველთაოდ ცნობილია, შაჰ აბას II ტახტზე აღსაყდრების თარიღი _ 1642 წელი. ჩვენი აზრით, ეს ყოველივე კი გივი ჯამბურიამ საკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, რათა ქართლის ფეოდალთა შეთქმულება 1642 წლით განესაზღვრა.
როგორც ზემოთ ვნახეთ, გივი ჯამბურიასაგან განსხვავებით ბაბილინა ლომინაძე ამ მოვლენის დათარიღებისას ეყრდნობა იკორთის ქრონიკაში დაცულ ევდემოზ კათოლიკოსის მოკვლის თარიღს ქორონიკონს _ ტლა-ს. იქიდან გამომდინარე, რომ ევდემოზ კათოლიკოსი ამ შეთქმულების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, შესაბამისად შეგვიძლია ვიფიქროთ რომ ავტორი ქართლის ფეოდალთა შეთქმულებასაც ამავე 1643 წლით განსაზღვრავდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერს მოჰყავს კონკრეტული არგუმენტი ამ ამბის დათარიღებისას, მაინც არ იქნა ქართულ ისტორიოგრაფიაში მისი მოსაზრება გაზიარებული.
ყოველივე ამის შემდეგ ჩვენ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა _ რამდენად შეესაბამება იკორთის ქრონიკაში დაცული ევდემოზ კათოლიკოსის მოკვლის თარიღი ქორონიკონი ტლა რეალობას? ამ კითხვაზე ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხის გაცემის მიზნით გთავაზობთ 1642-1643 წლების როსტომ მეფის მიერ ბოძებულ წყალობის საბუთებს გერმანოზ ბარათაშვილისადმი. 1642 წლის სიგელით როსტომ მეფემ გერმანოზ ბარათაშვილს სამკვიდრო სოფელი ძოვრეთი გამოართვა და გიორგი ბატონიშვილს გადასცა. ბარათაშვილები აღნიშნული სოფლის სანაცვლოდ წყალობას ითხოვენ და როსტომ მეფისაგან სომხითში სოფელ „დიდი წერაქუის“ ღებულობენ.
მომდევნო, 1643 წლის სიგელის საფუძველზე კი როსტომი გერმანოზ ბარათაშვილს 1642 წელს გამორთმეულ სოფ. ძოვრეთს უმტკიცებს, ამავე დროს გუდარეხის მონასტერსაც აძლევს.
1643 წლის სიგელში როსტომ მეფე ასევე საუბრობს აღნიშნული წყალობის ბოძების წინაპირობებზე და ამბობს: „და ვითარცა ნოდარზედი გავიმარჯვეთ და ძოვრეთი გამოვართუით და ბატონისშუილსა გიორგის მივეცით თქუენი სამკუიდრო, მასუკან გიორგი ჩუენს სიკუდილსა და ღალატში გაერივა, იმას ყაზბი უყავით და თქუენის მამისა და პაპის სამკუიდრო ძოვრეთი ისრევე თქუენ დაგიმკვიდრეთ“.
პირველად, 1643 წლის როსტომის წყალობის სიგელის ქართული ნაწილი 1899 წელს ე. თაყაიშვილმა „საქართველოს სიძველენი“-ის I ტომში გამოსცა1. მეორედ, როსტომ მეფის 1643 წლის ქართულ-სპარსული საბუთი ნ. დუნდუამ თავის ერთ-ერთ სტატიაში „როსტომ მეფის ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჰოქმები“ გამოსცა. სტატიას ავტორი ამ საბუთის ერთ-ერთ ფრაზას „ვითარცა ნოდარზედი გავიმარჯვეთ“2 ცალკე გამოჰყოფს შენიშვნის სახით და ფიქრობს, რომ ამ ფრაზაში „იგულისხმება 1642 წ. შეთქმულება, რომელიც მოეწყო როსტომ მეფის წინააღმდეგ. შეთქმულებაში მონაწილეობდნენ ზაალ ერისთავი, იოთამ ამილახორი, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი და სხვ. როსტომმა ჩაახშო ეს შეთქმულება და სასტიკად გაუსწორდა მასში მონაწილე თავადებს“1.
1. საქართველოს სიძველენი, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (თბილისი, 1899), გვ. 484-485.
2. ნ. დუნდუა, როსტომ მეფის ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჰოქმები, მაცნე, ისტორიის სერია, #2 (თბილისი, 1980), გვ. 129.
3. იქვე, გვ. 129.
ჩვენ ვერ გავიზიარებთ ნ. დუნდუას მიერ შემოთავაზებულ მოსაზრებას, რადგან ზემოთნახსენებ მეცნიერს ორ სხვადასხვა მოვლენა, კერძოდ, ნოდარ ციციშვილის გამოსვლა და ქართლის ფეოდალების შეთქმულება ერევა ერთმანეთში. მას შემდეგ, რაც ჩვენ როსტომ მეფის წინააღმდეგ მიმართული ნოდარ ციციშვილის გამოსვლა 1636, 1637. 1641 წლებიდან 1642 წლით გადავათარიღეთ, შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ ზემოთაღნიშნულ ფრაზაში „ვითარცა ნოდარზედი გავიმარჯვეთ“ როსტომ მეფე გულისხმობს არა ქართლის ფეოდალების შეთქმულებას, როგორც ეს ჰგონია ნ.დუნდუას, არამედ 1642 წლის ნოდარ ციციშვილის გამოსვლას. 1643 წლის საბუთში გარკვევით არის ნათქვამი, რომ ჯერ, 1642 წელს ნოდარ ციციშვილის გამოსვლა მოხდა, რომლის დროსაც როგორც ჩანს, გიორგი გოჩაშვილი როსტომ მეფის თანამოდასეა, უფრო კონკრეტულად სავარაუდოა, რომ მან გარკვეული წვლილი შეიტანა ნოდარ ციციშვილისა და ქართლის ფეოდალების ორგანიზებულ აჯანყების ჩახშობაში და ალბათ ამიტომაც უწყალობა როსტომმა მას სოფ. ცოვრეთი. ამის შემდგომ ის ამავე საბუთის მიხედვით როსტომი ამბობს, რომ „მასუკან გიორგი ჩუენს სიკუდილსა და ღალატში გაერივა, იმას ყაზბი უყავით“ ე. ი. 1642 წლის შემდეგ გიორგი გოჩაშვილი როსტომის ღალატში გაერია, რის გამოც გაღარიბებულ იქნა და აღნიშნული სოფელი ძოვრეთი ჩამოერთვა, იგი დაუბრუნდა ძველ მფლობელ გერმანოზ ბარათაშვილს გუდარეხის მონასტრითურთ. ამ დოკუმენტს თუ შევუჯერებთ ფარსადან გორგიჯანიძის ცნობას ამ ამბებთან დაკავშირებით, მივიღებთ შემდგომ სურათს, რომ
ა) 1642 წელს გიორგი გოჩაშვილი ამავე წლის ნოდარ ციციშვილის გამოსვლის დროს როსტომ მეფის მომხრეთა ბანაკშია და სავარაუდოდ, როგორც ჩანს, გარკვეული დახმარებაც აღმოუჩინა ქართლის მეფეს ამ აჯანყების ჩახშობაში. სწორედ ამის სანაცვლოდ გიორგი გოჩაშვილმა როსტომისაგან სოფ. ძოვრეთი მიიღო.
ბ) „მასუკან“ ანუ 1643 წელს მან, რომელიც ფარსადანის თქმით ქართლის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას და როსტომისაგან მეფობას ელოდა, როსტომ მეფის წინააღმდეგ ზემოთნახსენებ ქართლის თავადთა მასშტაბურ შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო, რის შემდეგაც იქნა გაღარიბებული, უფრო მეტიც მას როსტომ მეფის ბრძანებით, თვალები დასთხარეს. დავით ნინიძე ჩვენს მიერ ზემოთგანხილულ მონოგრაფიაში „ბაგრატიონთა სახლის განშტოებათა ისტორია XVI-XVIII სს“. ბაგრატიონთა სახლის გვერდითი შტოს _ გოჩაშვილთა ისტორიის განხილვისას, შეეხო როსტომ მეფის მიერ 1643 წელს გერმანოზ ბარათაშვილისადმი ბოძებულ საბუთს. იგი სამართლიანად ამ საბუთში ნახსენებ გიორგი ბატონიშვილში გიორგი გოჩაშვილს მოიაზრებს, რასაც 1643 წლის როსტომის წყალობის სიგელისა გერმანოზ ბარათაშვილისადმი და ფარსადან გორგიჯანიძის წყაროთა შეჯერება ნათლად მეტყველებს. თუმცა დავით ნინიძე ნუგზარ დუნდუას მსგავსად, 1643 წლის როსტომის მიერ გაცემულ გერმანოზ ბარათაშვილისადმი წყალობის სიგელს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევს და ამბობს შემდგომს, რომ „აქ მართალია აღნიშნულია, რომ გიორგი ბატონიშვილს ბარათაშვილთა სამკვიდრო მამული _ ცოვრეთი გადაეცა, მაგრამ როსტომის სიტყვებით, როცა „ნოდარზედი გავიმარჯვეთ“ და ეს გიორგი მეფის „სიკუდილსა და ღალატში გაერივა“, ბატონიშვილს იგი ჩამოერთვა და ბარათაშვილებს დაუბრუნდათ. აქ პირდაპირ არის მითითებულია როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი ცნობილი შეთქმულების შესახებ, რომელიც „ბატონობას თვითონ მოელოდა“, სხვა თავადებთან ერთად „გაღარიბებულ“ იქნა; მითითებული საბუთით, კონკრეტულად მას სოფ. ძოვრეთი ჩამოერთვა“2.
ამრიგად, 1642-1643 წწ როსტომ მეფის მიერ გერმანოზ ბარათაშვილისადმი გაცემული წყალობის საბუთებზე დაყრდნობით გავარკვიეთ ქართლის ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტის _ გიორგი გოჩაშვილის პოზიცია 1642-1643 წწ. ქართლის მეფის წინააღმდეგ მიმართული მოქმედებების მიმართ.
გარდა ამისა, აღნიშნულ წყალობის სიგელები საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ დოკუმენტურად დავამტკიცოთ, იკორთის ქრონიკაში დაცული ევდემოზ კათოლიკოსის მოკვლის თარიღის (1643 წ.) მართებულობა და ბაბილინა ლომინაძის მსგავსად, ქართლის ფეოდალთა მაშტაბური შეთქმულება 1642 წლის ნაცვლად, 1643 წლით განსაზღვროთ.
ამრიგად, 1642 წლის ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ეპიტაფიის შეჯერება ფარსადან გორგიჯანიძის ისტორიასა და როსტომ მეფის მიერ 1642-1643 წლების გაცემული წყალობის სიგელებთან საშუალებას გვაძლევს გადაჭრით ვთქვათ, რომ 1642 წელს როსტომის მმართველობით უკმაყოფილო ქართველი ფეოდალები კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს (1606-1648 წწ.) დაუკავშირდნენ და ქართლში გამეფება შესთავაზეს. მეამბოხე ფეოდალებმა თეიმურაზ I-ს გაერთიანებული ლაშქრის შეკრების ადგილად მცხეთა დაუთქვეს. მცხეთას უნდა მისულიყვნენ ქართლის დიდი ფეოდალებიც _ არაგვის ერისთავი, ამილახორი და ნოდარ ციციშვილი თავიანთი ლაშქრით, აგრეთვე, ნოდართან მყოფი იმერელი თავადები _ ძმები ჩხეიძეები. ამბოხებულთა მიზანს როსტომის ტახტიდან ჩამოგდება და ქართლში თეიმურაზ I-ის გამეფება წარმოადგენდა. მართალია, გეგმა წინასწარ იყო შეთანხმებული, მაგრამ ნოდარ ციციშვილი თეიმურაზ I-სა და სხვა ამბოხებულებს არ დაელოდა, თან მხოლოდ იმერელი წარჩინებულები იახლა, საციციანოში შეკრებილი ლაშქრით ხოვლეში დაბანაკდა, მთელი გაღმამხრის ჯარის თავმოყრას შეუდგა და იმ ფეოდალთა მამულების რბევას მიჰყო ხელი, რომლებმაც ლაშქრის მიშველებაზე უარი უთხრეს. ნოდარის გამოსვლის შესახებ როსტომს გიორგი სააკაძის ვაჟმა _ იორამ მოურავისშვილმა აცნობა და აჩქარება ურჩია. როსტომმა, თავის მხრივ, იორამს გზების შეკვრა დაავალა და თბილისის მოურავს ქალაქში მყოფი ირანელების, ქართველებისა და სომხების სალაშქროდ შეყრა უბრძანა. საღამოს ჯარჩი დაძახება, ჯარის მცხეთაში ჩასვლა, როსტომის შემდეგ წასვლა და აღლუმის ნახვა! იმავე ღამეს როსტომი ჯართან ერთად კავთისხევს მივიდა, სადაც მას იორამი და მისი ლაშქარი შეუერთდა. მეფემ სვლა სწრაფად განაგრძო და გამთენიისას ხოვლეს ბოლოს შეჩერდა. როსტომს თანამოლაშქრეებმა მოწინააღმდეგეზე მოულოდნელი თავდასხმა შესთავაზეს, თუმცა მეფემ სხვა გზა აირჩია და ნოდარ ციციშვილს საშუალება მისცა, საბრძოლველად მომზადებულიყო. იერიშზე გადასულ როსტომის ლაშქარს ჩხეიძეები და სხვა იმერლები მიეგებნენ. თავდაპირველად უპირატესობა ამბოხებულთა მხარეს იყო, თუმცა ნოდარ ციციშვილი ბრძოლაში აღარ ჩაება, ხოვლე მიატოვა და ვერის ციხეში გამაგრდა. ქართლის ლაშქარმა ზურგმოუბმელი ჩხეიძეები იოლად დაამარცხა.
იმერელი მოლაშქრეები როსტომის მომხრე ბარათაშვილებმა: ხოსია ბარათაშვილმა, ფარსადან ბარათაშვილმა, ბოქაულთუხუცეს ელიზბარის ყმებმა და დონდარა ეჯიბისშვილმა შეიპყრეს, მათი ერთ-ერთი მეთაური _ ბეჟია ჩხეიძე კი იორამ მოურავისშვილმა ჩაიგდო ტყვედ, ხუცია ჩხეიძე პაატა ჯავახიშვილმა დაატყვევა, ხოლო ფარსადან ბარათაშვილმა ბეჟიას ჩხეიძის ვაჟი _ ოტია. დატყვევებული ჩხეიძეები როსტომს მიჰგვარეს. მეფემ ისინი ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის ჯეროვანი პატივით მიიღო და გორს გაგზავნა. გამარჯვებულმა როსტომმა თანამებრძოლებს მამულები და ხალათები უბოძა, ლაშქრის მეთაურებს კი საციციანო დაუნაწილა. მანვე გასცა ბრძანება, რომ ლაშქარს საციციანოს მოსახლეობის დევნა შეეწყვიტა და დატყვევებულები გაეთავისუფლებინა.
როსტომმა ღამე ნაომარ ადგილას გაათენა, მეორე დღეს კი გორს მივიდა. ამავე დღეს მეფემ გორიდან თბილისში ჩაფარი გააგზავნა, რომლის მიერ ჩატანილი ბრძანებითაც, ქალაქში მყოფი დედოფლის სახლთუხუცესი _ ქაიხოსრო ბარათაშვილი ტყვედ შეიპყრეს, ციხეში აიყვანეს და ღამით კოშკიდან გადმოაგდეს, თან ხმა დაყარეს, დათვრა და თავად გადმოვარდაო. როსტომი ამით არ დაკმაყოფილდა, ქაიხოსროს შვილები შეიპყრო და გორის ციხეში დაატყვევა. ქაიხოსროს სიძემ, ბაგრატიონთა სახლის ერთ-ერთ წარმომადგენელმა _ ბახუტა ჰუსეინ ბეგისშვილმა, რომელიც ქართლის სამეფო ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას, გაქცევით უშველა თავს და კახეთს გადაიხვეწა.
ქართლს გაერიდა კიდევ ერთი მეამბოხე ფეოდალი _ იოთამ ამილახორიც. მან საკუთარი ოჯახი არაგვის (?) საერისთავოში გახიზნა, თავად კი არაგვის (?) ერისთავთან ერთად, კახეთში გადავიდა და თეიმურაზ I-ს ეახლა.
ამასობაში ზამთარმაც მოატანა. ნოდარ ციციშვილი მძოვრეთის ციხეში გამაგრდა, როსტომმა კი გორში მდგომ ლაშქარს სკრას ზემოთა საციციანო დარბევინა.
ამავე ხანებში, როსტომმა ტყვედ ჩაგდებული ჩხეიძეები ელიზბარ ბოქაულთუხუცესის ხელით ირანში გაგზავნა, თან შაჰს არზა მისწერა _ ჩემი უშვილობის გამო ქართველები შფოთს არ იშლიან და ამიტომ ჩემი ბიძაშვილის _ თეიმურაზ მირზას ერთ-ერთი ვაჟი, პაპიჩემის სეხნია _ ლუარსაბი შვილად დამიმტკიცეთო.
ელიზბარ ბოქაულთუხუცესის ირანში გაგზავნის შემდეგ როსტომმა გორის ციხიდან ზარბაზნები გაიტანა და მძოვრეთის ციხეს ალყა შემოარტყა. მოალყეებმა ნოდარ ციციშვილის თავშესაფარს ზარბაზნები დაუშინეს, თუმცა ქვითკირით ნაგებ ციხეს ვერაფერი დაააკლეს. ამ უშედეგო იერიშების დროს ხმა გავრცელდა, რომ ალყაშემორტყმულების საშველად თეიმურაზ I მოემართებოდა. მართალია, მოვლენების ასეთი განვითარება მოალყეებს საფრთხეს უქმნიდა, მაგრამ როსტომი თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა და ამბობდა, ოსმალეთის სულთანიც რომ მიეშველოს, სანამ ნოდარს ხელთ არ ვიგდებ, ადგილიდან არ დავიძვრებიო. მძოვრეთის ციხის ალყა 1643 წლის 6 იანვრამდე ანუ წყალკურთხევამდე გაგრძელდა. ალყაშემორტყმულების მდგომარეობა თანდათანობით დამძიმდა. მათ თეიმურაზ I-ისაგან დახმარება ვერ მიიღეს. ამას ისიც დაემატა, რომ ნოდარს საკუთარმა ყმებმაც უღალატეს და ციხის გაცემა გადაწყვიტეს. როცა ნოდარმა ღალატის ამბავი შეიტყო, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და როსტომს შუამავლად საკუთარი დედა _ კახთა მეფის ასული მიუგზავნა. როსტომმა შუამავალი დიდი პატივით მიიღო. კახთა მეფის ასულმა ნოდარისათვის ციხიდან უვნებლად გასვლის პირობა ითხოვა. როსტომმა ძველ ქართულ ტრადიციას არ უღალატა, მეფის ასულს საჩუქრები მიარ- თვა და ნოდარისათვის უვნებლობის ფიცი მისცა _ საითაც უნდა, იქით წავიდეს თავისი მხლებლებითა და საქონებელითო. გარდა ამისა, როსტომმა ნოდარს ცხენები და ჯორებიც ათხოვა, რათა ამ უკანასკნელს თავისი ქონება ახალციხემდე მიეტანა. ნოდარი ბევრს ეცადა, როსტომს პირადად ხლებოდა, მაგრამ მეფემ მეამბოხე ფეოდალის ნახვა არ ისურვა და ნოდარიც სამცხეში გადავიდა.
ამ დროისათვის სხვა მეამბოხე ფეოდალები _ ზაალ არაგვის ერისთავი და იოთამ ამილახორი კახეთში, თეიმურაზ I-თან იმყოფებოდნენ.
ნოდარ ციციშვილის დამარცხების მიუხედავად, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავინდებურად გრძელდებოდა როსტომისა და თეიმურაზ I-ის მომხრეთა დაპირისპირება. ქართველი ფეოდალები, რომლებიც იოლად იცვლიდნენ პოლიტიკურ ორიენტაციას, გაუთავებლად არბევდნენ ერთმანეთის მამულებს.
ქრისტეშობის წინა დღეს, 1642 წლის 24 დეკემბერს თბილისში მყოფ როსტომ მეფეს შეატყობინეს, რომ არაგვისა და ქსნის ერისთავები იოთამ ამილახორთან ერთად, ახალგორს შეკრებას გეგმავდნენ, შობას ერთად იდღესასწაულებდნენ, ლაშქარს შეკრებდნენ, საფურცლესთან თეიმურაზ I-ს შეუერთდებოდნენ, გაერთიანებული მხედრობით მცხეთას მივიდოდნენ, სხვა მომხრეებსაც თავს მოუყრიდნენ და ერთმანეთს ერთგულების ფიცს მისცემდნენ.
ახალი ამბით შეშფოთებულმა როსტომმა ბახუტა მუხრანბატონს (შემდგომში ქართლის მეფე ვახტანგ V 1658-1675 წწ.) წერილი მისწერა და უბრძანა, თავისი ჯარით მზად დახვედროდა, თავად კი თბილისში შეკრებილი ლაშქარი მცხეთაში გაგზავნა. მეფე ოდნავ მოგვიანებით ჩავიდა მცხეთას და ჯარის სიმრავლით გულმოცემულმა ბახუტა მუხრანბატონს სამოქმედო გეგმა აცნობა, რომლის თანახმადაც მათ სამხედრო ძალები უნდა გაეერთიანებინათ და შობის გამთენიისას ამბოხებულებს დასხმოდნენ თავს. როსტომი და ბახუტა ერთმანეთს მუხრანთან შეხვდნენ, გზა შეუსვენებლად გააგრძელეს ახალგორისაკენ და შობის დილას, 1642 წლის 25 დეკემბერს ანაზდეულად მიიტანეს იერიში ლოცვაზე მყოფ შეთქმულებზე. მოულოდნელი თავდასხმის გამო ამბოხებულებმა წინააღმდგობის გაწევა ვერ მოახერხეს და გაქცევით უშველეს თავს, სადღესასწაულოდ გამზადებული სადილ-ვახშამი კი ხელუხლებელი დაუტოვეს როსტომის ლაშქარს.
შობის მეორე დღეს ამბოხებულთაგან ტყვედ ჩავარდნილი მოლაშქრეები როსტომს წარუდგინეს. მეფემ ტყვეები გაათავისუფლა და გორს წავიდა. როსტომმა მთელი ზამთარი გორში გაატარა.
1643 წელს როსტომის მიერ ირანში გაგზავნილი ელიზბარ დავითიშვილი ლუარსაბ ბატონიშვილთან ერთად ქართლში დაბრუნდა და თან შაჰის წერილი ჩამოიტანა. მეფეს წერილი გორში აახლეს. შაჰმა დააკმაყოფილა როსტომის თხოვნა და მის შვილობილად და ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრედ ლუარსაბი დაამტკიცა.
ამ ამბავმა ძალზედ გაანაწყენა გიორგი გოჩაშვილი, რომელსაც ქართლის მეფობა თავად სურდა. ახალმა ამბავმა თეიმურაზ I-იც აღაშფოთა. მან და არაგვის (?) ერისთავმა კარგად ისარგებლეს გიორგი გოჩაშვილის განაწყენებით და ქართლში გამეფება შესთავაზეს. 1643 წელს თეიმურაზ I-მა და არაგვის (?) ერისთავმა სხვა ქართლელი ფეოდალების მიმხრობაც სცადეს, დიდი მიმოწერა გააჩაღეს და რამდენიმე მათგანი _ ქართლის კათოლიკოსი ევდემოზ I დიასამიძე (1630-1643 წწ.), რევაზ ბარათაშვილი და სომხითის მელიქი ყორხმაზბეგი გადაიბირეს კიდეც. შეთქმულებმა გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ როსტომი არცთუ დიდი ლაშქრით ცხირეთს იმყოფებოდა და შემდეგი სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს: თეიმურაზ I რჩეული ცხენოსანი რაზმით მოულოდნელად მივიდოდა მეტეხს, მისი მცირერიცხოვანობით გულმოცემული როსტომი მოწინააღმდეგისაკენ დაიძვრებოდა და შეთქმულებიც ბრძოლის ველზე მოკლავდნენ მას. ამ შემთხვევაში, ქართლის მეფის სიკვდილი კონკრეტულად არავის დაბრალდებოდა. როსტომის მოკვლის შემდეგ შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ქართლში თეიმურაზ I გაემეფებინათ, თუმცა ამას გიორგი გოჩაშვილს არ უმხელდნენ.
შეთქმულებს დასახული გეგმის განხორციელება არ დასცალდათ. მათი განზრახვა შეთქმულების ერთ-ერთმა აქტიურმა მონაწილემ _ სომხითის მელიქმა ყორხმაზბეგმა გასცა, რომელსაც შაჰის რისხვის შეეშინდა და როსტომს შეთქმულთა მიერ გამოგზავნილი წერილები უჩვენა. როსტომმა დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხო ზომები და სანამ თეიმურაზ I მეტეხს მივიდოდა, მანამ გორში შეასწრო და იქ გამაგრდა. შეთქმულთა მიერ შემუშავებული გეგმა ჩაიშალა და თეიმურაზ I უკან, კახეთს გაბრუნდა.
შეთქმული ქართლელი ფეოდალები, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იცოდნენ სომხითის მელიქისაგან გაცემის ამბავი, უშიშრად მივიდნენ გორს და ხიფათს გადარჩენილ როსტომს ეახლნენ. მეფემ კათოლიკოსი ევდემოზი და გიორგი გოჩაშვილი ჯერ დააჭერინა, ხოლო შემდეგ კი სასტიკად დასაჯა: გიორგი გოჩაშვილს თვალები დასთხარა, კათოლიკოსი ევდემოზი კი თბილისს გაგზავნა და იქ, ქალაქის ციხეში, ირანელებს მოაშთობინა. გორში მყოფ როსტომს სხვა შეთქმულებთან ერთად ერისთვისშვილი ლარგველიც ეახლა. მეფემ ისიც დააჭერინა, თუმცა ლარგველმა გორის ციხიდან გაპარვა მოახერხა. კიდევ ორმა შეთქმულმა _ რევაზ ბარათაშვილმა და ივანე სააკაძემ გაქცევით უშველეს თავს და კახეთს გადაიხვეწნენ. სამაგიეროდ, როსტომმა ივანე სააკაძის ძმა _ ზურაბი შეიპყრო ტყვედ და მასაც თვალები დასთხარა.
შეთქმულთა დასჯის შემდეგ როსტომი გორიდან თბილისს მივიდა და მომხდარის შესახებ ირანის შაჰს აცნობა. შაჰმა ქართლის მეფეს საჩუქრები გამოუგზავნა და თან როსტომის დისწულის _ ადამ სულთან ენდრონიკაშვილის მეთაურობით, ირანელთა ლაშქარი მოაშველა. შეთქმულება საბოლოოდ დამარცხდა1.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 247-250.
დამოწმებული ლიტერატურა
1. არჩილიანი (თხზულებათა სრული კრებული), ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, II (თბილისი, 1937).
2. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტომი IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1973).
3. ნ. ბახტაძე, კ. ზენდერი, ნ. კუპრაშვილი, ლ. მირიანაშვილი, თ. ჯოჯუა, პირღებულის მონასტერი, 1989 და 2002-2003 წწ. კომპლექსური სამეცნიერო ექსპედიციის შედეგები (თბილისი, 2005).
4. ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, ქართლის ცხოვრება, ტომი II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ (თბილისი, 1959).
5. დ. გვრიტიშვილი, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები) (თბილისი, 1955).
6. თ. გოგოლაძე, ქართლის დედოფლის სახლთუხუცესის ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის (XII ს-ის I ნახ.) სიკვდილით დასჯის თარიღისათვის, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX (თბილისი, 2009).
7. ნ. დუნდუა, როსტომ მეფის ორენოვანი (ქართულ-სპარსული) ჰოქმები, მაცნე, ისტორიის სერია, #2 (თბილისი, 1980).
8. ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია, ახალი საუკუნეების ეპოქა (1500-1810) (თბილისი, 1922).
9. ბ. ლომინაძე, მასალები საქართველოს XVII-XVIII ს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 29 (თბილისი, 1951).
10. ე. მამისთვალიშვილი, ამილახვრები (გორი, 1996).
11. მოჰამედ თაჰერის ცნობები საქართველოს შესახებ, ვ. ფუთურიძის გამოცემა, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი 30 (თბილისი, 1954).
12. ზ. მჭედლიშვილი, ირან-საქართველოს ურთიერთობათა ისტორიიდან (XVII ს-ის I ნახევარი), სადისერტაციო ნაშრომი (თბილისი, 1995).
13. გ. მჭედლიძე, XVII ს-ის I ნახევრის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან (ქართლის კათალიკოსების ქრისტეფორე I-ის, ზაქარია ჯორჯაძისა და ევდემონ დიასამიძის ზეობის წლების დაზუსტებისათვის), მაცნე, ისტორიის სერია, #4 (თბილისი, 1988).
14. ნ. ნაკაშიძე, წიწამურიდან ბახტრიონამდე (თბილისი, 1977).
15. დ. ნინიძე, ბაგრატიონთა სამეფო სახლის განშტოებათა ისტორია (XIII-XVIII საუკუნეები) (თბილისი, 2004).
16. გ. ჟორჟოლიანი, აღმოსავლეთ საქართველო XVII საუკუნის 30-50 წლებში (თბილისი, 1987).
17. მ. რეხვიაშვილი, ნ. რეხვიაშვილი, საქართველოს ისტორია (უძველესი დროიდან XX საუკუნის 30-იან წლებამდე) (ქუთაისი, 2000).
18. საქართველოს სიძველენი, I, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით (ტფილისი, 1899).
19. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (თბილისი, 1973).
20. ფარსადან გორგიჯანიძე, საქართველოს ისტორია, ს. კაკაბაძის გამოცემა, საისტორიო მოამბე, II (თბილისი, 1925).
21. ან. ფურცელაძე, ბრძოლა საქართველოს მოსასპოვებლად და საქართველოს შესაერთებლად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო (თფილისი, 1892).
22. ქართულ-სპარსული ისტორიული საბუთები, ტექსტი დაადგინა, თარგმნა და შენიშვნები დაურთო ვ. ფუთურიძემ (თბილისი, 1955).
23. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, IV (თბილისი, 1979).
24. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი მეორე (1213 წლიდან 1700 წლამდე (თფილისი, 1897).
25. ვლ. ღუნაშვილი, ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია (თბილისი, 2005).
26. შვიდი მთიები (ბარამ გური), პროფ. კ. კეკელიძის რედაქციით, გამოკვლევითა და ლექსიკონით (თფილისი, 1930).
27. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული სტორიული დოკუმენტების Hდ კოლექცია, საბუთი #14429.
28. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Hდ კოლექცია, საბუთი #14694.
29. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ქართული ისტორიული დოკუმენტების Qდ კოლექცია, საბუთი #9585.
30. გ. ჯამბურია, საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII საუკუნის 30-90 წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV (თბილისი, 1973).
31. გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობების ისტორიიდან (სომხით-საბარათიანოს სათავადოები) (თბილისი, 1955).
32. ა. ჯაფარიძე, ქართული ეკლესია XVII საუკუნეში (თბილისი, 1996).

Комментариев нет:

Отправить комментарий