пятница, 13 апреля 2018 г.

ალჟირის ქართველი გამგებლის, ჰასან ფაშას და ჯორჯ ვაშინგტონის მიმოწერის შესახებ (კ. ფერაძე)


            ჯეზაირლი-ალჟირელი ღაზი ჰასან-ფაშა (1714-1790). ოსმალეთის სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე. ტყვედ გაყიდული, ალჟირში დავაჟკაცებული ქართველი. საფლაგმანო სამხედრო გემის კაპიტანი, კაპუდან-ფაშა - ფლოტის ადმირალი, ოსმალეთის დიდი ვეზირი და მთავარსარდალი. 1770 წელს რუსებს წაართვა კუნძული ლემნოსი და მიიღო „ღაზის“ - გამარჯვებულის ტიტული. 1773 წელს დაარსა სამხედრო-საზღვაო აკადემია. თურქეთ-რუსეთის ომების გმირი. საქართველოდან სტუმრად მყოფ, გაბრიელ ტარბაიძეს, ქართულ ენაზე თხოვდა: „ ...თუ მამაჩემი ცოცხალი მიპოვე, გამომიგზავნე, დავასაჩუქრებ და ისევ სამშობლოში გავუშვებო“. ლეონიდე პინოს ცნობით ჰასან-ფაშა „ ...იყო შეუბრალებელი, ენერგიული და ნიჭიერი, სტამბოლის ქუჩებში მუდამ ლომისა და ვეფხვის თანხლებით დადიოდა, ხშირად დაუფეთებია ხონთქრის მინისტრები. საფრანგეთის ელჩს, შუაზიოლ–გუფიესაც ეწვია სასაუბროდ ამ ლომთან ერთად.“ ჰასანი ტყვეობიდან ანთავისუფლებდა ქართველებს, გარემოცვაც ქართული ყავდა. შეადარეთ დიდებული ჰასან-ფაშა, ამ ოთხ უწიგნურ ქართველ „ჯიჰადისტს“, რომლებიც ბედავენ და სამშობლოს ემუქრებიან!
ღაზი ჰასანი - საქართველოდან ტყვედ გაყიდული აღმოსავლეთ თურქეთში, იყიდა ვინმე ტეკირდაღმა, რომელმაც თავისი შვილების დარად აღზარდა იგი.
      რიგით იანიჩრად მონაწილეობდა ავსტრიის წინააღმდეგ ომში (1737 – 1739), შემდეგ იყო ალჟირი, ისევ სტამბოლი – ხდება საფლაგმანო გემის კაპიტანი, რომლითაც ებმება 1779 წლის ჩესმენის ბრძოლაში. ამ წაგებულ ბრძოლაში აღნიშნავენ პირადად მის წარმატებულ ქმედებებს. 1770 წლის ოქტომბერში დაიბრუნა რუსებისაგან დაპყრობილი კუნძული ლემნოსი, რისთვისაც დაიმსახურა „ღაზის“ („გამარჯვებულის“) ტიტული; მაშინ დააწინაურეს კაპუდან–ფაშად. ჩესმენის დამარცხების გაკვეთილმა კაპუდან ფაშას 1773 წელს დააარსებინა სამხედრო–საზღვაო სასწავლებელი. 1773–74 წლებში სერასკირია რუშჩუკში, რუსების წინააღმდეგ იბრძვის; 1774 წელს ისევ კაპუდან ფაშაა; 1789 წელს ახალი სულთნის, სელიმ III-ის ბრძანებით, კაპუდან–ფაშას თანამდებობა გადააბარა ქუჩუკ–ჰუსეინ ფაშას, ხოლო თვითონ, სერასკირის სახით გაეშურა იზმაილს. 1789 წელს დიდვეზირია და მხედართმთავარია დუნაიზე. 
    სტამბოლის რუსული საელჩოს 1786 წლის 25 თებერვლის დღიური აღწერს საქართველოდან სტუმრად მყოფ მავან გაბრიელ ტარბაიძის ქართულ ენაზე გამართულ დიალოგს კაპუდან ფაშა ღაზი ჰასანთან და სტუმრის სიტყვებით გადმოგვცემს: „კაპუდან ფაშა, როგორც თვითონ აცხადებს, დაბადებულა მეფე ერეკლეს სამფლობელოში, დაბა ფშაველში, რომელიც კავკასიის მთებში მდებარეობს – მოზდოკიდან რამდენიმე დღის, ხოლო დუშეთიდან – ხუთი საათის სავალზე. საზღვარგარეთ ბავშვობაშივე მოხვედრილა და სამშობლოში დედ–მამა და მეუდაბნოე ბიძა დარჩენია.“ კაპუდან ფაშას ტარბაიძესთვის უთხოვია, თუ მამაჩემი ცოცხალია, მიპოვნე და გამომიგზავნე, დავასაჩუქრებ და ისევ სამშობლოში გავუშვებო. ღაზი ჰასანის დამოკიდებულებას სამშობლოსადმი ამჟღავნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ხაზინადარი და მოადგილე – „ვიცე–ამირბარი“ ქართველები ჰყავდა.
   მის ბიოგრაფიას ეხება ფრანგი ჟუანენი: „ბავშვობაში ეს პიროვნება ოსმალებმა მოიტაცეს და მიჰყიდეს ქალაქ როდოსტოს მოქალაქეს. როგორც კი წამოიზარდა, ღაზი–ჰასანი ბატონს გაექცა და ბერძნული ხომალდით ჩავიდა სმირნას, საიდანაც, ალჟირის რეგენტის სამსახურში შევიდა. მალე ჩარიცხეს დეის (ალჟირის მმართველის) პირად გვარდიაში. აქ მისი მამაცობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და მალე ღაზი–ჰასანს პროვინციის უფროსობა მიანდეს. აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელი „ჯეზაირლი“ – „ალჟირელი“. დიდი სიმდიდრე დააგროვა. ამან ოჯაკლის ბელადებში მტრები შესძინა და იძულებული გახდა ესპანეთში გაქცეულიყო. იქიდან შემდეგ ნეაპოლში გადავიდა. ე.წ. ორი სიცილიის მეფის ელჩის – გრაფ რუდოლფის რეკომენდაციის საფუძველზე, ოსმალეთის დიდმა ვეზირმა რაგიბ–ფაშამ, ღაზი–ჰასანი სტამბოლში მიიწვია და ხომალდის მეთაურად დანიშნა. ამის შემდეგ იმდენი მოხერხება და გამბედაობა გამოიჩინა, რომ თანდათან გზა გაიკაფა კაპუდან–ფაშას თანამდებობისაკენ.“
      აი რას წერს მის შესახებ კიდევ სხვა ფრანგი ლეონიდე პინო: „ღაზი ჰასანი ამჟღავნებდა, ან მიაწერდნენ სიმპათიებს საფრანგეთის მიმართ; იყო შეუბრალებელი, ენერგიული და ნიჭიერი, სტამბოლის ქუჩებში სულ მუდამ ლომისა და ვეფხვის თანხლებით დადიოდა, დივანზედაც ბევრჯერ გამოჩენილა თავისი ლომის თანხლებით და დაუფეთებია ხონთქრის მინისტრები. ერთხელ საფრანგეთის ელჩს, შუაზიოლ–გუფიესაც ეწვია სასაუბროდ ამ ლომთან ერთად.“ 
     როგორც დისციპლინის მოყვარულს, ამაყს, ენერგიულს, მამაცს, და ჭკვიან პოლიტიკოსს, ამავე დროს, კარგ მეკობრეს – ახასიათებს ღაზი–ჰასანს გრაფი ფერიერ–სოვბეფი.
    კაპუდან ფაშამ 1786 წელს განახორციელა თურქული დამსჯელი ექსპედიცია ეგვიპტეში და აიღო კაირო. მისი ეგვიპტელი მოწინააღმდეგენი მისივე თვისტომი–ქართველნი – მურად–ბეი და იბრაჰიმ–ბეი იყვნენ; აი, რას წერს ფრანგი ისტორიკოსი მარსელი: „კაპუდან–ფაშა–ჰასანზე გალაშქრება მურად–ბეიმ ითავა, ხოლო იბრაჰიმ–ბეი კაიროში დარჩა – ქალაქის გასამაგრებლად. იმ დროს, როცა მშვიდობის ორი მუსულმანი მოციქული კაპუდან–ფაშას კარავში იმყოფებოდა, მურად–ბეის თავისი სპით უკვე რაჰმანიეჰის გარეუბნები დაეჭირა. ეს ადგილი მალე სისხლისმღვრელი ბრძოლების ასპარეზად იქცა. მამლუქებს არც ზარბაზნები ჰქონდათ და არც ქვეითი სპა ჰყავდათ. კაპუდან ფაშას ორივე გააჩნდა. მურად–ბეი დამარცხდა. იგი და სხვა ათი ბელადი კაიროს წავიდა. უკან დახევას უწესრიგო ხასიათი ჰქონდა. კაიროში მამლუქი თავკაცები იბრაჰიმ ბეისთან შემოიკრიბნენ და ბჭობის შემდეგ სასწრაფოდ თავი ზემო ეგვიპტეს შეაფარეს. ისინი ელოდნენ, რომ ოსმალები აქ მათზე იერიშს მიიტანდნენ. ნახა რა კაირო მამლუქთა მიერ ევაკუირებული, ოსმალეთის ფაშამ ევენ–მეჰმედმა შეკრიბა ოჯააკლები და მათი რაზმებით ციტადელიდან გამოსული ოტომანთა არმიის გენერალისიმუსის შესახვედრად მოემზადა. კაპუდან–ფაშა ჰასანი, რომელმაც აიკლო თავის მარშრუტზე მდებარე მთელი ქვეყანა, 1786 წლის 1 აგვისტოს კაიროში შევიდა.“ მოგვიანებით, მას მოსახლეობა აუმხედრდა. კაპუდან ფაშამ საზავო წინადადება წამოაყენა, გააფორმა ოსმლეთისადმი ეგვიპტის მორჩილების ხელშეკრულება და დატოვა კაირო. რამდენიმე წელიწადში მთელ ეგვიპტეს ხელახლა დაეპატრონენ თბილისელი მურად–ბეი და მარტყოფელი იბრაჰიმ–ბეი.
     უკვე ჭარმაგი ასაკისა, ღაზი ჰასანი ოსმალთა საბრძოლო მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთ–თურქეთის 1787–1792 წლების ომში, ვიდრე 1790 წელს არ აღესრულა (ან უეცარი ავადმყოფობით, ან საწამლავით). კაპუდან ფაშას ძეგლი უდგას ჩესმენში.
    

1 комментарий:

  1. სასწაულია, სადაც არ გაიხედავ ქართველები, შინ სახლში რა გვემართება? უდავოა, რომ ნიჭიერი ერი ვართ და სწორედ ეს გვღუპას კიდეც, რადგან სხვას შენზე მცირეს არ გინდა ემსახურო, სხვაგვარდ როგორ გინდა ეს ფენომენი ახსნა.


    ОтветитьУдалить