ქართული ისტორიული საბუთები საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთ უტყუარ წყაროს წარმოადგენენ. ისტორიულ დოკუმენტებში ცალკე ჯგუფს ქმნის ქვაზე შესრულებული იურიდიული აქტები. წინამდებარე ნაშრომიც სწორედ ქვაზედ ამოღარულ ორ საბუთს ეხება, რომელიც
1901 წლის 23 იანვრის გაზეთ ცნობის ფურცელის
1362-ე ნომერში დაბეჭდა ექვთიმე თაყაიშვილმა, სათაურით ორი ქვაზედ დაწერილი გუჯარი, რომელიც, ავტორისავე თქმით,
1901 წლისათვის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წიგნთსაცავში ინახებოდა. სამწუხაროდ, ჩვენ აღნიშნული ორი საბუთის დღევანდელ ადგილმდებარეობას ვერ მივაკვლიეთ. როგორც ჩანს, ისინი
1901 წლის შემდეგ დაიკარგა. აქედან გამომდინარე, ამ გუჯრების ტექნიკურ აღწერილობის, მათი გადმონაწერისა და ასევე მათი ტექსტების გამართვისას ექვთიმესეულ ნაშრომს ვეყრდნობით.
მეცნიერის თქმით, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წიგნთ-საცავში ინახება ორი პატარა თხელი ქვის ფიცარი, რომლებზედაც დაწერილია საინტერესო გუჯრები. ქვის ფიცრები რბილი გვარისაა და ძლიერ წააგავთ იმ ქვებს, რომლებსაც ჩვენში დანის სალესავად ხმარობენ. სიგრძე პირველი ქვისა არის 5 გოჯი2, განი 1
2/3 გოჯი, ქვა ოთკუთხედია, მხოლოდ ერთი თავი მომრგვალებული აქვს. მეორე ქვა სრული ოთკუთხედია და პირველზე უფრო სქელი, სიგძე აქვს 3
2/3 გოჯი, განი 1
1/2 გოჯი. წარწერა ამ ქვებისა ნუსხა მხედრულია. წერილი გაგრძელებულია არა თუ ორივე ფიცრებისა, არამედ სისქის გვერდებზედაც. წარწერანი მოგვყავს ამ რიგით და წესით, რა რიგითაც და წესითაც ნაწერნი არიან ნამდვილზე.
პირველი წარწერის ტექსტის ექვთიმე თაყაიშვილისეული გადმონაწერი:
1. ქ. მივეც. მე
გორგასლ. მეფემ. უსადევო. მამული.
2. დუყვედ. ური. შესავლი. იდგსვლი იტკვრსად. იორშუა
3. საცა შეიყ რება. დოღუ. ზრბმდი. ხვრბლიანიდ ბხრტიონთა.
4. ვისი. სხნ ვსთე სითიმს ქვეით ბაბნურის ფშ. საქეთ. მთით და
5. ბრითსძებ რით დუძებრით. ერთობით თუშებისთვის. წოვსდ ჩღ
6. მასთვის. ამსქმისთვის. რომვღრ. გუელთ. გველეშპს. დაელდ
7. რის ციხე ააგეთ დიმში. ალვნ შვილი. ფრსმელიდ. ადგა
8. დაისმო კლმეც ეს წყლობ გიყვ. დუმეტესი გრჯილობ
9. აუღია თვისი. ხლმით. ორჯელ. ჩვე~ც მივეცით. წერილით
10. ადბიჭობა. გმოგივიდათ. დარც. არგეთხოვოთ. არს
11. ხემწიფისგნ. ფარზე. ერთი ცხვრის მეტი. რმც. მებატ
12. ონემ. გაქტეხოთ. და შეგიშლოთ. ისიმც. შეიშლ
13. ება თვისი სახისაგან. შეჩვენებული. იყოს. ცისად
14. მიწისგნ. დყო
15. ველის. რჯულისგნ. არის. ამგუჯრების. გამ
16. რიგე. ბატონიშვილი არჩილ მოურვი ზაქარია
17. დამიწერია დეით ჭერემელ აღიწერა დიდებ ღმერთს
მეცნიერი, წარწერის ტექსტის გადმონაწერის მოტანის შემდეგ დასძენს: `განზე~ მომრგვალებული თავისკენ ჯერ სწერია: „ვე“, შემდეგ ხელჩართულის მსგავსი წარწერაა, ვგონებ ნიშნავს „ქორონიკონსა“
და ბოლოს „ტუ“.
აღნიშნული საბუთის ექვთიმე თაყაიშვილისეული წაკითხვა:
ქ.
მივეც მე გორგასალ მეფემ უსადევო მამული და უყვედური, შესავლით და გასავლით, მტკვარსა და იორს შუა, საცა შეიყრება დოღუზრმდი, ხვარბლიანი და ბახტრიონი, თავისი სახნავ სათესით, იმის ქვეით ბაბანურის ფშავს აქეთ, მთით და ბარით, საძებრით და უძებრით, ერთობით თუშებისთვის, წოვას და ჩაღმასთვის, ამ საქმისთვის, რომ ვეღარ გუელ-გველეშპის და ელდრის ციხე ააგეთ (ავიღეთ?) და იმაში ალვანიშვილი ფარსმელი დადგა, და ის მოკალ, მეც ეს წყალობა გიყავ, და უმეტესი გარჯილობა აუღია თვისი ხმლით, ორჯელ ჩვენც მივეცით წერილით, და ბიჭობა გამოგივიდათ, და არცა რა გეთხოვოთ არას ხელმწიფისაგან ფარაზე ერთი ცხვრის მეტი. რამანცა მებატონემ გაგიტეხოთ და შეგიშალოთ, ისიმცა შეიშლება თავისი სახისგან, შეჩვენებული იყოს ცისა და მიწისაგან, ღვთისაგან, კრებული ანგელოზისაგან და ყოველის რჯულისაგან, არის ამ გუჯრების გამრიგე ბატონიშვილი არჩილ მოურავი ზაქარია, დამიწერია დავით ჭერემელს, აღიწერა, დიდება ღმერთსა.
მეორე წარწერის ტექსტის ექვთიმე თაყაიშვილისეული გადმონაწერი:
1. ქშევწირე. მეფე გორგასალმ. ჩემი სულისო
2. ხოთ დუსბამთ. მამული. ზეით და ქვითჩი
3. ლური. ჭერმის ხედი შობელს. თვისიზვრ
4. ით წყრო წისქვილით. მთითბრით
5. რცმებტონემ შეშლოს წყეული
6. იყოს ხვდისგნ. ცისად მიწისგნ
7. ყოველი ღვდელთვრისგნ კრებულ
8. იანგელოზისგნ. დყოველი მუშკ
9. ცისგნ. რმც მებტნემ. გამო
10. სწიროს შეჩვენებული სული ეშმ
11. კშეწიროს. დვით ჭერმელი არისა
12. მგუჯრების დამწერი წყლობ
13. თმამიხსენ
14. მოურვი ზქრია. არჩილ შენდობი
15. არიეს
ექვთიმე, წარწერის ტექსტის გადმონაწერის მოტანის შემდეგ ამბობს, რომ წარწერას „განზე“
უწერია ჯერ „ავ“, შემდეგ ჩართულის მსგავსი წარწერაა, ისეთი როგორც პირველ ქვაზე, და შემდეგ სწერია „ტუ“.
მეორე სიგელის ექვთიმესეული წაკითხვა:
ქ.
შევწირე მეფე გორგასალმა ჩემი სულის საოხად დაუსაბამოდ მამული ზევით და ქვევით ჩილური ჭერემის ღვთის მშობელს თავისი ზვარით, წყარო წისქვილით, მთით, ბარით. რამანც მებატონემ შეშალოს, წყეული იყოსა ღვთისაგან, ცისა და მიწისაგან, ყოველომღვდელ-მთავრისაგან, კრებული ანგელოზისაგან და ყოველი მუშა კაცისაგან. რამანც მებატონემ გამოსწიროს, შეჩვენებული სული ეშმაკს შეწიროს. დავით ჭერემელი არის ამ გუჯრების დამწერი. წყალობით მამიხსენეთ მოურავი ზაქარია. არჩილ შენდობილ არის (არიეს) (თაყაიშვილი
1901:#1362).
როგორც ვხედავთ, ორივე გუჯარი შესრულებული ყოფილა ქვის თხელ ფიცარზე. ქვებს წარწერები მისდევდა, როგორც მის პირისა და ზურგის მხარეზე, ასევე განივ ჭრილზეც. პირველი ქვის სიგრძე ყოფილა 5 გოჯი ანუ დაახლოებით 20 სმ, ხოლო სიგანე 1
2/3 გოჯი ანუ დაახლოებით
6.66 სმ. მეორე წარწერას ჰქონია სიგრძე 3
2/3 გოჯი ანუ დაახლოებით
14,66 სმ, ხოლო სიგანე კი 1
1/2 გოჯი ანუ დაახლოებით 6 სმ. ექვთიმეს თქმით, აღნიშნული ქვის ფიცრებს ჰქონიათ დანის სალესი ქვის ფორმები, რომლებზეც წარწერები მხედრული დამწერლობით იყო შესრულებული. ისტორიკოსი პირველი წარწერის ტექსტს ჰყოფს 17 სტრიქონად, ხოლო მეორე წარწერისას კი, 15
სტრიქონად.
რაც შეეხება ამ საბუთთა შინაარსს, პირველი დოკუმენტის მიხედვით, მეფე გორგასალი თუშებს წყალობის სახით აძლევს მტკვარსა და იორს შორის მდებარე მამულს თავის მთით, ბარით, სახნავითა და სათესით. უფრო კონკრეტულად, იმ ტერიტორიას, სადაც თავს იყრიდა დოღუზმდარა, ხვარბლიანი და ბახტრიონი, ქვევით − ბაბანაურის ფშავამდე. აღნიშნულ ტერიტორიას გორგასალ მეფე თუშებს აძლევს იმ სამსახურის სანაცვლოდ, რომელიც მათ მიუძღოდათ მეფის წინაშე. მათ მოუკლავთ ფარსმელი ალვანიშვილი გველეთისა და ელდარის ციხეების აღების დროს. სწორედ აღნიშნული დამსახურების სანაცვლოდ გორგასალ მეფე აძლევს მათ კონკრეტულ წყალობას. გარდა ამისა, მეფისაგან თუშებს მიუღიათ საგადასახადო შეღავათი − ფარაზე ერთი ცხვრის მეტი არ ეთხოვებოდათ. აღნიშნული საბუთის გამრიგეებად დასახელებულნი არიან: არჩილ ბატონიშვილი, ზაქარია მოურავი, ხოლო საბუთის დამწერად მოხსენიებულია დავით ჭერემელი. „ორი ქვაზედ დაწერილი გუჯარი“ და მისი მნიშვნელობა
XVIII საუკუნის დასაწყისის კახეთის სამეფოს ისტორიისათვის მეორე საბუთის მიხედვით, გორგასალ მეფე ჭერემის ღმრთისმშობელს სწირავს ზედა და ქვედა ჩაილურს მისი ზვრით, წყაროთი და წისქვილით. პირველი დოკუმენტის მსგავსად, აღნიშნული საბუთის დამწერად კვლავ დავით ჭერემელი გვევლინება. ასევე იხსენიებიან მოურავი ზაქარია და არჩილი. მოცემულ სტატიაში, ექვთიმე თაყაიშვილი საუბრობს გუჯრებში მოხსენიებულ ჭერემის ეკლესიაზე, მოჰყავს ვახუშტის ცნობა, რომლის თანახმადაც, ვახტანგ გორგასალს ჭერემში აუშენებია ეკლესია და იქ ეპისკოპოსი დაუსვამს. ექვთიმე ჩამოთვლის ჭერემის ეპისკოპოსთა შორის აქამდე ცნობილ პირებს: 1. ანტონს, რომელიც XVI
საუკუნის დასასრულს ცხოვრობდა, და რომელიც მიეგება რუსის ელჩს ტატიშჩევს; 2. დანიელს, რომელმაც ვახტანგ VI-ის დროს იმოგზაურა პალესტინაში; 3.
ევლოგს, რომელიც გაემგზავრა რუსეთში
1795 წელს და გარდაიცვალა მოსკოვში
1801 წელს. რაც შეეხება გუჯრებში მოხსენიებულ დავით ჭერემელს, ექვთიმე თაყაიშვილი მას არ იცნობს.
ამის შემდეგ, ე.
თაყაიშვილი ასკვნის: „ზემო მოყვანილ გუჯრებში მოხსენიებული ბატონიშვილი და მეფე არჩილი ჩვენის აზრით არის არჩილ პირველი ანუ შაჰ-ყული-ხანი, ძე ქართლის მეფის ვახტანგ მეხუთისა, ავტორი ცნობილის კრებულის არჩილიანისა. არჩილი მეფედ იყო კახეთში
(1664-1675 წწ.)“ (თაყაიშვილი 1901:#1362).
ამდენად, ავტორი ეპიგრაფიკულ საბუთებში მოხსენიებულ არჩილ ბატონიშვილს აიგივებს მეფე არჩილ II-სთან და, შესაბამისად, გუჯრების თარიღს
XVII საუკუნის II ნახევრით განსაზღვრავს. გარდა დავით ჭერემელისა და არჩილ ბატონიშვილისა, მეცნიერი ცდილობს გაარკვიოს საბუთებში მოხსენიებულ მოურავ ზაქარიას ვინაობა. ავტორის თქმით, ზაქარია უნდა ყოფილიყო ქიზიყის მოურავი, გვარად ენდრონიკაშვილი, რომელიც მოგვიანებით ბერად შემდგარა და მარტყოფის, წმიდა ანტონის მონასტერში, წინამძღვრად ყოფილა.
1699 წელს მას სამრეკლო აუშენებია. ავტორს, ამის არგუმენტად მოჰყავს მარტყოფის სამრეკლოზე არსებული წარწერის ტექსტი:
1. „ჩვენ: მ‾ნდობილმან: ძალისა მღთა
2. ებისამან: საჭეთ: მპყრობელმან საყდრისა: ამისამან:
3. ენდრონიკაშვილმან: ქისკის მოურავის ძემან: ზაქარი
4. ამ ხელვყავ ძირითგან აღშენებად სამრეკლოსა ამის
5. სახსენებლად: სულისა ჩვენისა და ცოდვათა ჩვენთა
6. შესანდობელად: ამინ: მას ჟამსა ოდეს განაგებდა მეფობასა
7. საქართველოსასა მეფე: ჰერეკლე: ძისწული მეფის თეიმურაზისა ქ‾კს ტპზ~ (თაყაიშვილი
1901:#1362).
ამრიგად, ე.
თაყაიშვილი მარტყოფის მონასტრის სამრეკლოს წარწერასა და გუჯრებში მოხსენიებულ ზაქარიას ერთსა და იმავე პირად მიიჩნევს და ამბობს, რომ გუჯრები უფრო ადრინდელ დროს ეკუთვნიან, ვიდრე სამრეკლოს წარწერა. გუჯრების დაწერის თარიღს არჩილის კახეთში მეფობის, კერძოდ კი,
1664-1675 წლებით განსაზღვრავს. დავით ჭერემელსაც ამავე პერიოდის მოღვაწედ თვლის. რაც შეეხება ქვის სალესი ქვის განზე მიწერილ გრაფემებს, ავტორი მათ ქორონიკონად არ მიიჩნევს. თუმცა, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ მათში (იგულისხმება განზე მიწერილ გრაფემები, - თ.გ.) თარიღის გამოხატვა სდომებიათ და ვეღარ მოუხერხებიათ. იქვე აღნიშნავს, რომ თუ მათ (იგულისხმება ასოები, - თ.გ.), თარიღის აღმნიშვნელ გრაფემებად მივიჩნევთ, შეიძლება გაჭირვებით ამოვიკითხოთ „ტჟ“
ასოები, რომელთა ქორონიკონი
1702 წელს გვაძლევს, მაგრამ ავტორი, იქვე აღნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია და გაურკვევლობას მწიგნობრის უვიცობას აბრალებს. მისი თქმით, „გუჯრები მთის ქართველების ენის კილოთია ნაწერი, დავით ჭერემელი თვით მთიელებისგან უნდა ყოფილიყოს„. ბოლოს კი ე. თაყაიშვილი აღნიშნავს, რომ ეს საბუთები განსაკუთრებით ყურადსაღებია იმით, რომ ისინი ქვაზე ნაწერი გუჯრების პირველ მაგალითს წარმოადგენენ.
როგორც ვნახეთ, ექვთიმე თაყაიშვილი გუჯრებს XVII საუკუნის II ნახევრით ათარიღებს, კერძოდ კი მის ქრონოლოგიას არჩილ მეფის კახეთში მეფობის პერიოდით ანუ
1664-1675 წლებით განსაზღვრავს. სანამ ჩვენი ნაშრომის მსჯელობით ნაწილზე გადავიდოდეთ, საინტერესოა ქართულ სამეცნიერო წრეებში დამკვიდრებული მოსაზრებები აღნიშნულ წარწერების შესახებ.
პირველად, ეს წარწერები გაკვრით აქვს მოხსენიებული ვალერი სილოგავას თავის
1972 წლის ნაშრომში ქართული სამართლის ძეგლები დასავლეთ საქართველოს ლაპიდარულ წარწერებში. მეცნიერი შესავალ სტატიის შესავალ ნაწილში აღნიშნავს რა, რომ ქართული ეპიგრაფიკის დიპლომატიკური საკითხები საგანგებოდ არავის უკვლევია, იქვე დასძენს, რომ „თუმცა, ჯერ კიდევ ექ. თაყაიშვილისეულ პუბლიკაციებში ვხვდებით საგანგებო მითითებებს ზოგიერთ მათგანზე, როგორც იურიდიული შინაარსის აქტზე“ (სილოგავა
1972: 143).
ამის შემდეგ იგი სქოლიოში უთითებს ექვთიმეს მიერ ამ მიმართულებით გამოქვეყნებულ სტატიებს: თონეთის ეკლესიის კავთელ ნადირასძეთას წარწერასა და ჩვენთვის საინტერესო ორ ქვაზედ დაწერილ გუჯარს.
მეორედ აღნიშნული საბუთები მოაქვს აბრამ შავხელიშვილს თავის 1977 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან (თუშეთი XVI-XIX ს, I ნახევარში). ავტორი შესავალ ნაწილში მიმოიხილავს რა თუშეთის შესახებ დაცულ ქართულ ნარატიულ და დიპლომატიკური ძეგლების მონაცემებს, ყურადღებას ამახვილებს ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოკვლეულ ქვაზე დაწერილ გუჯრებზე:
ე. თაყაშვილისათვის თუშეთი სპეციალური კვლევის საგანი არ ყოფილა, მაგრამ მის მიერ მიკვლეული და შესწავლილი ორი გუჯარი, ქვაზე დაწერილი XVII საუკუნეში, ჩვენთვის მეტად საყურადღებოა. ამ გუჯრების მიხედვით, თუშების განვითარებული მეცხოველეობის საზამთრო სადგომებად გამოყოფილია ივრისა და მტკვრის აუზები. ეს საბუთი საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ კლასობრივ დიფერენციაციას, რომელიც მესაქონლეობაში, კერძოდ მეცხოველეობაში, შეიმჩნეოდა (შავხელიშვილი 1977: 11). აბრამ შავხელიშვილმა სრული ნდობა გამოუცხდა აღნიშნული გუჯრების ექვთიმესეულ დათარიღებას და მის მსგავსად, ისინი XVII საუკუნის საბუთებად მიიჩნია.
სულ ეს არის და ეს, რაც იცის ქართულმა ისტორიოგრაფიამ აღნიშნული წარწერების შესახებ. მას შემდეგ, რაც ვაჩვენეთ ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები ჩვენთვის საინტერესო საბუთების შესახებ, ამის შემდეგ გვიჩნდება ლოგიკური კითხვა - თუ რამდენად შეესაბამება რეალობას აღნიშნული ორი წარწერის ექვთიმე თაყაიშვილისეული დათარიღება? ამისათვის კიდევ ერთხელ მოვუბრუნდებით აღნიშნული წარწერების ექვთიმესეული დათარიღებას.
როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ექვთიმე თაყაიშვილი ამ დოკუმენტებში მოხსენიებულ არჩილ ბატონიშვილსა და არჩილს ვახტანგ V
(1658-1675 წწ.) შაჰნავაზის შვილ არჩილ მეფედ მიიჩნევს. აქიდან გამომდინარე, ამავე პერიოდის მოღვაწეებად ასახელებს იგი ამ საბუთებში მოხსენიებულ დავით ჭერემელსა და ზაქარია მოურავს. ავტორის მიერ გამოთქმული ეს შეხედულება არ არის სარწმუნო არჩილ ბატონიშვილთან მიმართებაში, რადგან არც ერთ მოყვანილ საბუთში არჩილი მეფედ არ იხსენიება. პირიქით, პირველ შემთხვევაში ის ბატონიშვილად, ხოლო მეორე შემთხვევაში უბრალოდ სახელით არის მოხსენიებული. ასევე არადამაჯერებელია მკვლევრის მიერ წარწერებში მოხსენიებული ზაქარია მოურავის გაიგივება მარტყოფის ეკლესიის სამრეკლოს
1699 წლის წარწერაში მოხსნიებულ ქიზიყის მოურავის ძე ზაქარია ანდრონიკაშვილთან. როგორც წარწერიდან ჩანს, მარტყოფის მონასტრის სამრეკლოს წარწერაში ნახსენებია არა ზაქარია მოურავი, როგორც ამას თვლის ექვთიმე თაყაიშვილი, არამედ ქიზიყის მოურავის ძე ზაქარია ანდრონიკაშვილი.
როგორც ირკვევა, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება არჩილ ბატონიშვილთან და ზაქარია მოურავთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას და, შესაბამისად, მისი დათარიღებაც აღნიშნული საბუთებისა
XVII საუკუნის II ნახევრით ანუ
1664-1675 წლებით არ არის მართებული. თუ ეს ასეა, მაშინ რა დროით უნდა განისაზღვროს აღნიშნული ორი საბუთის ქრონოლოგია?
დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ორივე საბუთის გამცემ გორგასალ მეფის პიროვნებაზე, რომლის სახელს ექვთიმე თაყაიშვილი ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო გვერდს უვლის. იმავდროულად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გორგასალ მეფე ორივე საბუთში მეფედ იხსენიება და, შესაბამისად, ამ ორი სიგელის გამცემია. მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინტერესდით მეფე გორგასალის პიროვნებით, თვალი გავადევნეთ ქართულ საისტორიო საბუთებს, რის შედეგადაც ბაგრატიონთა სამეფო ოჯახიდან ორი გორგასალი გამოიკვეთა:
1. ქართლის მეფის დავით X-ის ძმის, ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი − გორგასალი (პირთა ანოტირებული ლექსიკონი
1991: 220).
2. ერეკლე I ნაზარალიხანის რიგით მერვე ვაჟი − გორგასლან/გურგასლანი (პირთა ანოტირებული ლექსიკონი
1991: 275).
პირველი, ქართლის მეფის დავითის ძმისწული გორგასალი უნდა გამოირიცხოს, რადგან ის ქართლის ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენელი იყო და ძნელად დასაჯერებელია, რომ მას პრეტენზია ჰქონოდა კახეთის სამეფოს ტახტზე. რაც შეეხება მეორე ვერსიას, ერეკლე I ნაზარალიხანის ძე გორგასლან/გურგასლანს, ვფიქრობთ, რომ იგი ამ შემთხვევაში უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს.
ერეკლე I ნაზარალიხანის ძე გორგასლან/გურგასლანი მხოლოდ ორ ისტორიულ საბუთში იხსენიება. გთავაზობთ ამ ორი საბუთის ტექსტიდან ჩვენთვის საინტერესო ადგილებს:
1. პირველი დოკუმენტი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის Hდ-2521
ფონდში და წარმოადგენს სითარხნის წიგნს, რომელიც ბოძებულია
1697 წელს ერეკლე I ნაზარალიხანის მიერ ფარემუზ ჯავახიშვილისადმი. დოკუმენტის ჩვენთვის საინტერესო ნაწილი ასე გამოიყურება: „...ჩუენ, მ[ე]ფედ მეფემან | და ხელმწიფემან, პატრონმან ნაზარალიხან და თანამეცხედრ|ემან ჩვენმან, დედოფალთ დდოფალმან, პატრონმან ანნამ და ძე|<ე>მან ჩვენმან სასურველმან პატრონმან იმანყულიმ, პატრონმან | კოსტანდილემ და გურგასლან...“
ხეც. Hდ #2521).
2. მეორე დოკუმენტი დაცულია საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივშის ფონდში ნომრით 1448-45; დოკუმენტი წარმოადგენს წყალობის წიგნს, რომელიც 1697 წლის 13 სექტემბერს ერეკლე I ნაზარალიხანმა პაპუა სამლაღანაშვილს უბოძა. ამ დოკუმენტში ჩვენთვის საინტერესო მონაკვეთი ასე გამოიყურება: „...მეფეთ | მეფემ{ა}ნ და თვით ხელმწიფემ{ა}ნ, პატრონმ{ა}ნ ნაზარალიხ{ა}ნ და თა|ნამეცხედრემ{ა}ნ ჩვენმ{ა}ნ, დედოფალთ დედოფალმ{ა}ნ პატრონმან | ანამ, პირმშომ{ა}ნ და სასურველმ{ა}ნ ძემ{ა}ნ ჩვენმ{ა}ნ, პატრონ{ა}ნ იმამყ|ულიმ და პატრონმ{ა}ნ მამ{ა}დყულიმ და პატრონ{ა}ნ გ<ი>{ო}რგასლ{ა}ნ...“ (სეა, 1448-45).
გორგასლან/გურგასლანთან დაკავშირებით მეტად საინტერესოა მიხეილ ქავთარიას 1978 წელს გამოქვეყნებული სტატია სახელწოდებით ბაგრატიონთა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის გენეალოგია და ქრონოლოგია (XVII-XVIII სს.), სადაც ავტორი ცალ-ცალკე განიხილავს ერეკლე I ნაზარალიხანის შვილებს ქართულ საისტორიო საბუთებზე დაყრდნობით. მეცნიერი ერეკლე I-ის რიგით მერვე ვაჟის გორგასლანთან დაკავშირებით იმოწმებს ჩვენ მიერ ზემოთ მოტანილ 1697 წლის დოკუმენტის დასაწყის ნაწილს:
„...ნაზარალიხან, თანამეცხედრემან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან პატრონმან ანამ და ძემან ჩვენმან სასურველმან იმანყულიმ, პატრონმან კონსტანტინემ და გურგასლან, ესე ამიერით გასათავებელი წიგნი გიბოძეთ“. გურგასალი სხვაგან ვერსად დავადასტურეთ (არ ვგულისხმობთ შდ-46), რომელიც ციტირებული დოკუმენტის ნუსხაა). არ გამოვრიცხავთ ერთ შესაძლებლობას, რომ გიორგი და გურგასლანი ერთი და იგივე პირის ორი სახელი იყოს. თუმცაღა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ნაკლები შანსებია ოფიციალურ სამეფო დოკუმენტებში მეფისწულთა სახელების აღრევისა. არც ამ გურგასლანის შესახებ ვიცით სხვა რამე“ (ქავთარია 1978: 234).
როგორც ვხედავთ, ავტორი აღნიშნული გორგასლანის შესახებ მხოლოდ ერთ, 1697 წლის დოკუმენტს იცნობს, რომელიც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Hდ-კოლექციაში 2521-ე ნომრით არის განთავსებული.
გარდა ამისა, მას ნაკლებ დამაჯერებლად მიაჩნია, რომ ერთსა და იმავე პირს (მხედველობაში აქვს გორგასლანი) ორი სახელი − გიორგი და გორგასლანი ჰქონოდა.
საქართველოს ეროვნული არქივის 1697 წლის წყალობის სიგელი კიდევ ერთხელ ადასტურებს დოკუმენტურად მიხეილ ქავთარიას გამოთქმულ ვარაუდს გორგასლანთან დაკავშირებით, რომ ერეკლე I-ს, მართლაც, ჰყავდა შვილი სახელად _ გურგასლან/გორგასლანი.
როგორც ზემოთ ვნახეთ, ექვთიმესათვის ასევე გაურკვეველი რჩება წარწერათა გასწვრივ მიწერილი გრაფემების დანიშნულება, თუმცა უშვებს შესაძლებლობას, რომ ისინი ქორონიკონის ასო-ნიშნები შეიძლება იყოს. მას გაჭირვებით ამოუკითხავს „ტჟ“ გრაფემები რომლებიც, მისივე თქმით, 1702 წელს შეესაბამება. თუმცა აღნიშნული თარიღი მიუღებლად მიიჩნია.
ყოველივე თქმულიდან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, აღნიშნულ ორ საბუთში მოხსენებული მეფე გორგასალი არის ერეკლე I ნაზარალიხანის რიგით მერვე ვაჟი _ გურგასლან/გორგასლანი. თუმცა აქ ჩნდება ერთი წინააღმდეგობა: 1697 წლიდან ქართულ საისტორიო საბუთებში ერეკლე I-ის ვაჟებს შორის გურგასლან/გორგასლანი ქრება. რით შეიძლება აიხსნეს ეს წინააღმდეგობა?
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება მოიძებნოს რამდენიმე ახსნა:
1. შესაძლოა, 1697 წელს გურგასლან/გორგასლან ბატონიშვილი აუჯანყდა თავის მამას და ძმებს, გამაგრდა თუშეთში და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. სწორედ ამით უნდა იყოს გამოწვეული მისი სახელის გაქრობა ქართული საისტორიო საბუთებიდან. მან, როგორც ჩანს, თავისი მამის გზა აირჩია. თუ გავიხსენებთ XVII საუკუნის 60-იან წლების დასაწყისში ვახტანგ-არჩილისა და ერეკლე ბატონიშვილის დაპირისპირებას კახეთის სამეფო ტახტისათვის, იქ ერეკლე ბატონიშვილის ძირითად დასაყრდენს ქართლელი ბაგრატიონების წინააღმდეგ სწორედ თუშები წარმოადგენდნენ.
აღნიშნული მოვლენები კარგად არის გაშუქებული დავით ჟღენტის ნაშრომში „შინაფეოდალური ბრძოლა XVII ს-ის 60-70-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოში“ (ჟღენტი 1994: 42-60).
2. აგრეთვე, შესაძლებელია, დავუშვათ ის შემთხვევაც, რომ გურგასლან/გორგასლანი მოქმედებს არა მამის წინააღმდეგ, არამედ მასთან შეთანხმებით კახეთში ირანის მიერ დანიშნული ყიზილბაში ხანების წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, 1677 წელს ირანის შაჰმა ქართლის მეფედ გიორგი XI დაამტკიცა, თუმცა ამის პარალელურად, კახეთში ყიზილბაში ბეჟან ხანი (1677-1683 წწ.) დასვა მმართველად და ამის შემდეგ, 1703 წლამდე კახეთს ყიზილბაში ხანები მართავდნენ (ჯამბურია 1973: 350). მას შემდეგ (1688 წ.), რაც ერეკლე I ნაზარალიხანი ქართლის სამეფო ტახტზე დაამტკიცეს, რა თქმა უნდა მას პრეტენზია ექნებოდა კახეთის სამეფოზეც, როგორც მის ლეგიტიმურ სამფლობელოზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერეკლე, თავისი ვაჟის გურგასლან/გორგასლანის მეშვეობით შეეცადა კახეთში ბოლო მოეღო ყიზილბაშთა მმართველობისთვის. თუ პირველ ქვაზე დაწერილ საბუთის შინაარსიდან ამოვალთ, ვნახავთ, რომ გორგასალ მეფის ძირითად დასაყრდენს, ყიზილბაში ხანების წინააღმდეგ, თუშები წარმოადგენენ, რომელთა მეშვეობითაც, იგი ცდილობდა აღედგინა მისი ლეგიტიმური უფლება კახეთის სამეფოზე.
გარდა აღნიშნული წინააღმდეგობებისა, ქვაზე შესრულებულ საბუთების ტექსტში, მოწმეთა შორის იხსენიება, ვინმე არჩილი/არჩილ ბატონიშვილი, რომელსაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ე. თაყაიშვილი აიგივებს მეფე არჩილ II-სთან, მიუხედავად იმისა, რომ საბუთის შინაარსი, მას ამის თქმის უფლებას არ აძლევდა. ამ მიმართულებით, ჩვენ გამოვთქვამთ ფრთხილ ვარაუდს, რომ საბუთებში მოხსენიებული არჩილი/არჩილ ბატონიშვილი, შესაძლოა იყოს მეფე გორგასალის ვაჟი.ამავდროულად, ე. თაყაიშვილის მიერ „გაჭირვებით ამოკითხულ“ „ტჟ“ გრაფემებს, ჩვენ ქორონიკონად მივიჩნევთ, რაც 1702 წელს გვაძლევს, მაგრამ აქვე გვინდა აღვნიშნოთ ის, რომ ავტორის მიერ გაჭირვებით ამოკითხულ „ტჟ“ გრაფემების გვერდით შესაძლოა ყოფილიყო კიდევ სხვა გრაფემა, რომლის ამოკითხვაც ავტორმა ვერ მოახერხა. თუ აღნიშნულ მოსაზრებას მივყვებით, საბუთი შედგენის თარიღად შესაძლოა იყოს როგორც 1702, 1703, 1704 და ა შ. ამის საფუძველზე, გუჯრების თარიღს XVII საუკუნის II ნახევრით კი არა, როგორც მათ ექვთიმე თაყაიშვილი ათარიღებს, არამედ არამედ XVIII საუკუნის პირველი ათიანი წლებით განვსაზღვრავთ.
ჩვენ შეგვიძლია, კიდევ უფრო დავავიწროვოთ აღნიშნული გუჯრების ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთი, ამის საშუალებას გვაძლევს 1709 წლის ნინოწმინდელი ეპისკოპოსის შეწირულების წიგნი, მიცემული დოდორქის მონასტრისადმი (ხეც. Aდ #2521).
აღნიშნულ შეწირულების წიგნში უკვე მოწმედ ნიკოლოზ ჭერემელი იხსენიება. ერთი მხრივ, მხედველობაში ვიღებთ ექვთიმეს მიერ ამოკითულ გუჯრების თარიღს − ქორონიკონს „ტჟ“, რაც 1702 წელს უდრის, ხოლო, მეორე მხრივ, ვითვალისწინებთ 1709 წლის შეწირულების საბუთს, სადაც უკვე ჭერემელად ნიკოლოზია დასახელებული და ყოველივე ამის ურთიერთშეჯერების საფუძველზე, აღნიშნული ორი საბუთის ქრონოლოგიას არა XVII საუკუნის II ნახევრით, ან XVIII საუკუნის დასაწყისით, არამედ შვიდწლიანი შუალედით − 1702-1709 წლებით განვსაზღვრავთ.
ამრიგად, XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე შედგენილ საისტორიო საბუთების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მეტად საინტერესო დასკვნებამდე მივედით:
1. აღნიშნულ ორ საბუთში მოხსენიებულ მეფე გორგასალს ერეკლე I-ის რიგით მერვე ვაჟად _ გურგასლან/გორგასლანად მივიჩნევთ.
2. როგორც ჩანს, 1697 წლის შემდეგ ერეკლე I-ის რიგით მერვე ვაჟი − გურგასლან/გორგასლანი აუჯანყდა თავის მამას და თუშების დახმარებით თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. / ან თავის მამასთან შეთანხმებით იბრძოდა ყიზილბაში მმართველების წინააღმდეგ კახეთში ლეგიტიმური უფლებების აღსადგენად.
3. გორგასალ მეფის ორი საბუთის ქრონოლოგიას XVII საუკუნის II ნახევრის ანუ 1664-1675 წლების ნაცვლად, შვიდწლიანი შუალედით − 1702-1709 წლებით განვსაზღვრავთ.
4. გორგასალ მეფის ორ საბუთში მოხსენიებული არჩილი/არჩილ ბატონიშვილი ვახტანგ V-ის ვაჟად, არჩილ მეფედ კი არ მივიჩნიეთ, როგორც ამას ფიქრობდა ექვთიმე თაყაიშვილი, არამედ გამოვთქვით ფრთხილი ვარაუდი მისი გორგასალ მეფის შვილად მიჩნევის შესახებ.
5. ჩვენთვის საინტერესო გუჯრებში მოხსენიებული დავით ჭერემელი დღემდე უცნობ, XVIII საუკუნის პირველ ჭერემელ ეპისკოპოსად გვევლინება, რომლის მწყემსთავრობის ზედა ზღვარს − 1709 წლით განვსაზღვრავთ.
შენიშვნები
1. სტატიაზე გაწეული დახმარებისათვის დიდ მადლობას მოვახსენებთ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს – ქალბატონ მზია სურგულაძეს.
2. გოჯი, მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. იხმარებოდა სიგრძის საზომად (უდრის დაახლ. 4 სმ.) (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი 1990: 326-327).
დამოწმებანი
თაყაიშვილი 1901: #1362: ე. თაყაიშვილი. ორი ქვაზედ დაწერილი გუჯარი, გაზ. ცნობის ფურცელი, #1362.
პირთა ანოტირებული ლექსიკონი 1991: პირთა ანოტირებული ლექსიკონი (XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით), გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა. მ. სურგულაძემ. ე. ცაგარეიშვილმა. გ. ჯანდიერმა, თბილისი, მეცნიერება.
ჟღენტი 1994: დ. ჟღენტი. შინაფეოდალური ბრძოლა XVII ს-ის 60-70-იანი წლების აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისი, მეცნიერება.
სეა, 1448-45: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1448, საბუთი #45.
სილოგავა 1972: ვ. სილოგავა. ქართული სამართლის ძეგლები დასავლეთ საქართველოს ლაპიდარულ წარწერებში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, #4.
ქავთარია 1978: მ. ქავთარია. ბაგრატიონთა ქართლ-კახეთის სამეფო სახლის გენეალოგია და ქრონოლოგია (XVII-XVIII სს.). მრავალთავი ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი. ტ. VI, თბილისი, მეცნიერება.
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი 1990: ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. ნაკვეთი პირველი. ა-ლ. თბილისი.
შავხელიშვილი 1977: ა. შავხელიშვილი. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიიდან (თუშეთი XVI-XIX ს, I ნახევარში), თბილისი, მეცნიერება.
ხეც: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ქართული ისტორიული საბუთების Aდ კოლექცია. საბუთი #508.
ხეც: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. ქართული ისტორიული საბუთების Hდ კოლექცია. საბუთი #2521.
ჯამბურია 1973: გ. ჯამბურია. საქართველოს პოლიტიკური ვითარება XVII ს. 30-90-იან წლებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, საბჭოთა საქართველო.
Комментариев нет:
Отправить комментарий