понедельник, 9 апреля 2018 г.

მოჰამად ქაზემის (XVIII ს) ცნობა ადილ შაჰისა და თეიმურას II-ის ასულის ქორწინების შესახებ

ნადირ შაჰის ეპოქა (1736-1747) უმნიშვნელოვანესი პერიოდია ირანის, ასევე კავკასიის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის ისტორიაში. მოჰამად ქაზემი ერთ-ერთი გამორჩეული ირანელი ისტორიკოსია, რომელიც გვაწვდის მეტად საყურადღებო ცნობებს XVIII საუკუნის ირანის შესახებ. მისი ისტორიული თხზულებაალემარა-ჲე ნადერი“ (ნადერის მიერ ქვეყნის დამშვენების ისტორია), რომელიც სამი წიგნისაგან შედგება, მოიცავს ცნობებს ამ პერიოდის საქართველოს შესახებაც.
მოჰამად ქაზემის თანამედროვეებად გვევლინებიან ისეთი სანდო ისტორიკოსები, როგორებიც არიან: სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბატონიშვილი, ჰაკოფ შემახეცი, მირზა მოჰამად მეჰდი-ხანი, ჰანვეი. თუმცა, არაა გასაკვირი, რომ ერთი და იგივე მოვლენა, ან ფაქტი ამ თანამედროვე ისტორიკოსების მიერ ზოგჯერ რადიკალურად განსხვავებულად იყოს აღწერილი.
ცნობილია, რომ მოჰამად ქაზემი საკმაოდ სანდო წყაროა თუნდაც იმის გამო, რომ მის მიერ აღწერილი მოვლენების უშუალო თვითმხილველი და მონაწილეა. თხზულების მეორე და მესამე ტომის აღწერილობა გამოაქვეყნა . ბარტოლდმა, რომელიცალემარა-ჲე ნადერისნადირ შაჰის შესახებ ძირითად წყაროდ მიიჩნევს.
ავტორი საინტერესო ცნობებს გვაწვდის ქართველი მეფის, თეიმურაზ II-ის (1744-1762) ქალიშვილისა და ნადერ შაჰის ძმისწულის, ალი ყული ხანის, შემდეგში ირანის შაჰის, ადილ შაჰის სახელით ცნობილი (1747-1748) ქორწინების შესახებ. „ერთი სიტყვით, ქვეყნის რიშსეფიდები1 და ჯარის მეთაურები, საჰებყერანის2 უმაღლესი რაყამითურთ3, ხანის საჩუქრებით, საქართველოს ვალისთან, თაჰმურაზ მირზასთან გაუშვა. და კახეთში შესვლით, რომელიც თეიმურაზის სადგომი იყო, იმ დიდებულის ნოხის ამბორის პატივი ერგოთ. და საჩუქრები, დიდებული რაყამითურთ გადასცეს მას. მიუხედავად იმისა, რომ იგრძნეს მისი ბუნების შინაგანი სიავე და დაინახეს, რომ იგი აღშფოთდა, გარეგნულად მაინც ბრძანა, რომ ელჩები ცალკე შენობაში დაებინავებინათ. და ოცი დღის განმავლობაში ელჩებს კატეგორიულად არ გასცა პასუხი“.
აქ ნათლად ჩანს, რომ თეიმურაზს არ სურდა თავისი ქალიშვილის ალი ყული-ხანზე გათხოვება და ამიტომაც იკავებდა თავს (ამგვარი ინფორმაცია, არც ერთ თანადროულ ქართულ წყაროში არ არსებობს). მიუხედავად ამისა, როგორც დავინახავთ, თეიმურაზი მაინც მიიღებს ქეთევანის ირანელზე გათხოვების გადაწყვეტილებას და ამას ქვეყნის საკეთილდღეოდ გააკეთებს.
გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ჩაფიქრდა, რომ თუკი ქალიშვილის მიცემაში თანხმობას არ გამოვამჟღავნებ, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ სახელოვანი თავისი ძლევამოსილი ჯარისკაცების თანხლებით, გამოამჟღავნებს რა ამ მხარეების დაპყრობის სურვილს, ჩვენი ქვეყნისა და მიდამოების აოხრებას შეუდგება. და თუკი მივცემ მას ჩემს ქალიშვილს, განშორება მასთან ჩემს გულსა და ჯიგარს დამიგლეჯს და სულს ამომართმევს. და ამ გაოგნებულ ფიქრებში გადავარდნილმა არ იცოდა, რა ექნა. იმ მხრიდან, როდესაც სახელოვანმა ქედხოდების4 მოსვლაში დაყოვნება დაინახა, სპეციალური რაყამი სეფი-ხანს, დანარჩენ სარდლებსა და თბილისის მმართველს გაუგზავნა, რომ კიდევ რამდენიმე კაცი თავიანთი ტომებიდან თეიმურაზ-მირზასთვის გაეგზავნათ, აიძულონ იგი, რომ ქალიშვილი ჩქარა გაამზადოს, რათა გამოაგზავნოს ამ მხარეში.
უმაღლესი ფირმანის მიხედვით, დიდებულმა სარდალმა, რამდენიმე კაცი კეთილშობილი, ერთგული და საქმიანი ქედხოდებიდან მიავლინა თეიმურაზ-მირზასთან. და ბრძანება განუმარტა, რომ: ამასობაში, საწუთროს დიდებული ფირმანის მქონე, მოჰამად ებრაჰიმ ხანი, სეფაჰსალარი5 და ძმა ზემოთხსენებული უდიდებულესობისა, 50-60 ათასი ღაზიით6, განჯისა და ყარაბაღის მიდამოებში არიან დაბანაკებულნი, რათა გაბედნიერდნენ იმ დიდებულის შვილთან შეხვედრით, და თუკი სურვილი იმ ცის ტატნობზე დამკვიდრებულის მონებისა იქნება ის, რომ დიდძალი ჯარით შესახვედრად და გასამაპინძლებლად იმ მხარეებში მივიდეს, სტუმართმოყვარეობას გამოიჩენს, რათა დიდებული დროშების ჩამობრძანების დროს, სირცხვილი არ ჭამოს, რათა მაშინ, როცა მბრძანებლობა-მსახურებაში თავს იჩენს დაუდევრობა, იგი ცეცხლის რისხვის მსხვერპლი შეიქნება. და წერილები დაუგზავნა ქედხუდებს. იმ ხალხის შესვლისა და წერილების წაკითხვის დროს, იპოვა რა შიში და საშინელება იმ საქმეში, სხვა გზა არ ჰქონდა, ვითარების შესაფერისად, თავისი შვილი, ისე როგორც დიდებულებსა და ფადეშაჰებს შეეფერებათ, ყოველგვარად შემკულ, მოოქრულ და მოოჭვილ ტატხტრევანში ძიძებთან და მსახურებთან ერთად ჩასვა, და 2500 კაციც ქართველ დიდებულთა და რაინდთაგან, სარდალი ყარამან-ხანის თანხლებით გააგზავნა დიდებულ სეფაჰსალართან.
გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მივიდნენ ცის ტატნობზე მიწვდენილ ურდოში. დიდებულის კარვის მახლობლად კიდევ სხვა კარავი დასცეს, რათა იმ ქალბატონს მასში დაეკავებინა ადგილი. და რამდენიმე დღე დაჰყვეს იმ მხარეში, და იქიდან დაახლოებით 500 ხორასნელი ღაზია გამცილებლად, მოჰამად სალეჰ ბეგ ხურშაჰი ნიშაბურელთან ერთად გზას გაუყენა. და ის კეთილშობილი უფლისწული ქალიც მოოქრული ტახტით, ერთგული მსახურებისა და უმაღლესი საჭურისების თანხლებით გააგზავნა იმ კურთხეული მიწისაკენ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ შევიდნენ სამოთხის მსგავს მიწაზე“.
უაღრესად საინტერესოდ აღწერს მოჰამად ქაზემი ქორწილის ცერემონიალსა და ქეთევანისა და ალი ყული ხანის პირველ ღამეს.
განგებით მავალი საჰებყერანის დიდებული ფირმანის თანახმად, ტომთა ბელადებს, ამალებს7, ბაბაებს8, ზაბეთებს9 და ქედხოდებს თოთხმეტი დღე-ღამის განმავლობაში ჩირაღად და სარკედ უნდა ექციათ წმინდა მიწა და ისეთი ქორწილი ეჩვენებიათ, მსგავსი ჯერ არავის ჰქონოდა ნახული. ბრძანების თანახმად, ბედნიერი საათი აარჩიეს რა, ბაზრის ხალხმა, უამრავი ჩირაღდნით, სანთლით გაანათეს დუქნები და გააბრწყინეს და ააბრჭყვიალეს უამრავი ადგილი. სანთლებისა და ლამპების ნათებისაგან და მაშხლებისა და ჩირაღდნების ბრწყინვალებისაგან დუქნები გასაკვირვებლად განათებული, ზეცის ბურჯებსა და ვარსვლავებს ამბავს აწვდიდნენ. და სიბნელე და წყვდიადი ღამისა იმ ღამეს ქალაქიდან დაიკარგა და იმ ხალხის ბრწყინვალებას სრულ სიმაღლეს ანიჭებდა. დამკვრელები, მომღერლები და ჯამბაზები სათითაოდ უკრავდნენ და მღეროდნენ და მეჯლისის მონაწილეთა გულს იტაცებდნენ. და ზინათის შემცველი ურიცხვი სამკაულის შემხედვარე ხალხისთვის გული და გონება წაერთმია. საკვირველი დროება და გასაოცარი მარაქა გამოჩენილიყო. ამგვარი ბრწყინვალება და ფუფუნება ადამიანის თვალს ჯერ ნანახი არა ჰქონდა.
ერთი სიტყვით, როცა თოთხმეტმა დღე-ღამემ განვლო, ნავაბმა10 ალი ყული-ხანმა ქედხოდებს, რიშსეფიდებს და ქალანთარებს11 იმ ხალხს უამრავი ძვირფასი ხალათი უბოძა და მოეფერა მათ. და როგორც წესი მოითხოვს, ჩირაღდნების თანხლებით მისცა მათ წასვლის ნება. იმ ღამეს, რომელიც იყო დრო ასპიროზის ვენერას ზოდიაქოში შესვლისა, იმ დიდებულმა დიადმა ფეხი შედგა საქართველოს უფლისწული ქალის საძინებელში და ნახა რა ის საყვარელი კერპი (ქალიშვილი), რომლის ვნებიანი შავი თვალებს ლეილის12 შესახებ თქმულება სრულ ეყო და მის ამბრის სურნელოვან ზილფს13 შირინის14 ხატება დავიწყებისთვის მიეცა. და მის უცვეთელას დამნაყავ ღაწვებს მზის სახე შეემკო და მისი სამშიტის15 ტანი წალკოტის საროს დაყრდნობოდა.
მოკლედ, იმ ნიშატის მომგვრელ ღამეს იმ ქვეყნის მანათობელმა მარგალიტმა ხელი ნახევარმთვარის მსგავსად კისერზე მოჰხვია და თაფლიანი ბაგეების სიტკბოს ინდოეთისა მაჩინისგან16 ხარაჯა აეღო. და სულის წამრთმევი კეკლუც ჰურიის17 სანთლებისა და ჩირაღდნების მსგავს ღაწვებიანთან იმ სიამოვნების შემცველ ნადიმიში ატარებდნენ დროს.
ერთი საათი სულის დამდაგველი სიკეკლუცით და აგზნებით, მოთმინება და თავშეკავება გულისა ერთმანეთს მოსტაცეს რა, საბოლოოდ სამუმიანი უდაბნოს წყურვილი, მას შემდეგ, რაც მისგან იწვებოდნენ, იმ უკვდავების წყლით მოიკლეს და ახალი ვნება და უზღვავი სულიერი ნეტარება მოიპოვეს...“
რამ გამოიწვია და როგორ დასრულდა ეს ქორწინება?
ომან ხერხეულიძე წერს, რომ მეფე ერეკლე II-ის დაქეთევანინადირშას ძმისწულსადილშაჰს ჰყოლია ცოლად“. სპარსეთის მბრძანებელმა მასთან ჩასულ (1737 ) მეფე თეიმურაზს მოსთხოვა, რომ ასულიქეთევანი მიეთხოვებინა თავისი ძმისწულის ალი ყული-მირზასთვის. იმავდროულად ნადირ-შაჰმა თეიმურაზს უბრძანა, რომ სპარსეთში გამოეძახა თავისი ვაჟიცერეკლე ბატონიშვილი.
ფაქტიურ ტყვეობაში მყოფი თეიმურაზ II იძულებული გახდა, რომ ამ მოთხოვნაზე დათანხმებულიყო. იგი თავის ძეს ერეკლეს სპარსეთიდან სწერდა: „სასურველო ძეო ჩემო! სადაც ბოროტი შეგვემთხვევა, იქ სიკეთეც მოგველის. მეცა იძულებით მოგიწერ ესე, რომ შაჰს სურს განთავისუფლება ჩემი ტყვეობისგან, თუმცა ითხოვს მოსვლას შენსა და რათა წამოიყვანო ასული ჩემი ქეთევან. მხოლოდ მოსვლა შენი აქ მომანიჭებს მე განთავისუფლებასა ტყვეობისგან. ესეთია ნება შაჰისა. მეფე თეიმურაზ“.
ამ მოთხოვნათა შესრულების შემდეგ, კმაყოფილმა ნადირ-შაჰმა გაათავისუფლა მეფე თეიმურაზ და იგი თავის სამშობლოში გამოისტუმრა. მალე, თეიმურაზ II 2500-კაციანი ამალით ჩავიდა . მეშჰედში, სადაც მის ასულსქეთევანს და ალი ყული-მირზას ბრწყინვალე ქორწილი გადაუხადეს. ასულის ამ ნაძალადევ ქორწინებასთან და ვაჟის სპარსეთში გამოძახებასთან (საიდანაც იგი ნადირ-შაჰმა ინდოეთში სალაშქროდ წაიყვანა) დაკავშირებით მეფე-პოეტი თავის ლექსშითავგადასავალიგულისტკივილით წერდა:
თვით ყეენმან უსამართლო საქმე მიყო მეტად ძნელი:
გამომართვა ქალი პირმზე, ვისგან ნათობს ღამე ბნელი,
ძმისწულს მისცა შესართავად, კვლავ ბოძებას აღარ ველი,
მე მისისა მოშორებით, დამიწყლულთა გული მრთელი.
იგი ძმისწული მაშათს ჰყვა, ქალის მას მისცა მთვარია,
სახელად ერქვა ქეთევან, არის მზისა შესადარია,
ვაჟსა უწოდდი ერეკლეს, არვინ მყავს მისი დარია,
იგი თვით იახლა, მე დავრჩი, – სიცოცხლე დასაზარია!“
თეიმურაზ II-ის სიძე ნადირ შაჰის ძმის იბრაჰიმის უფროსი ძე იყო. თავად იბრაჰიმი დაღესტნის მმართველად იყო დანიშნული და 1738 წელს ჭარში მომხდარ ბრძოლაში დაიღუპა.
ალი ყული მირზა სპარსეთში სახელგანთქმულ სარდლად ითვლებოდა. მისი სამხედრო ნიჭი ნათლად გამოვლინდა იეზიდების წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში, როდესაც მან 12000 მეომრით სძლია რიცხვმრავალ მტერს, ხოლო უკან 30000 ტყვითა და უხვი ნადავლით დაბრუნდა. ყოველივე ზემოთქმულის გამო, როდესაც სპარსეთში მღელვარებანი დაიწყო, ნადირ შაჰმა მათი ჩახშობა სწორედ თავის ძმისწულს დაავალა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნადირ შაჰის საგადასახადო პოლიტიკამ, საგარეო დაპყრობით ომებში განცდილმა მარცხმა, როგორც ოკუპირებულ ქვეყნებში, ისე სპარსეთშიაც აჯანყებათა მთელი რიგი გამოიწვია. ისინი ნადირმა დიდი სისასტიკით ჩაახშო. მოსახლეობა მშობლიურ მხარეს მასობრივად ტოვებდა და უცხო ქვეყნებში გარბოდა, რამაც ისედაც სპარსეთის სუსტი ეკონომიკა კიდევ უფრო მოშალა.
ნადირ შაჰისთვის საბედისწერო 1747 წელს სისტანში მომხდარი აჯანყება აღმოჩნდა, რომლის ჩასახშობადაც ალი ყული ხანი მიავლინა. სისტანში ჩასული ალი ყული ხანი დარწმუნდა, რომ ამ გრანდიოზული აჯანყების ჩახშობა შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა ბიძა გაეწირა. იგი გადავიდა აჯანყებულთა მხარეს და თავი შაჰად გამოაცხადა.
საყვარელი ძმისწულის ღალატმა ნადირშაჰს წონასწორობა დააკარგვინა. მან გადაწყვიტა მოღალატის სანიმუშოდ დასჯა, თუმცა 19 ივნისს მეშჰედში მოწყობილი შეთქმულების მსხვერპლი გახდა.
1747 წლის 6 ივლისს ქ. მეშეჰედში 25 წლის ალი ყული ხანი სპარსეთის შაჰად აკურთხეს. იგი ტახტზე ადილ შაჰის (ანუ „სამართლიანი შაჰის“) სახელით ავიდა. მან იმ დროს სპარსეთში მყოფი თავისი სიმამრი თეიმურაზ II დიდებულად მიიღო და გულუხვად დაასაჩუქრა.
1748 წელს მეფე ერეკლე II-ს მიართვეს თავისი სიძის ადილ შაჰის მიერ სპარსეთიდან გამოგზავნილი ძვირფასი ხალათი და რაყამი დიდი წყალობისა. ამგვარად, სპარსეთის მმართველ აფშართა დინასტიასთან დანათესავება მომგებიანი აღმოჩნდა, როგორც თეიმურაზ II-ის, ასევე ერეკლე II-ისათვის.
ადილ შაჰის მეფობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მისმა მმართველობამ სულ 11 თვეს გასტანა. იგი თავისი ძმის, ერაყის მმართველად დანიშნულ იბრაჰიმ მირზას მიერ მოწყობილი შეთქმულებიუს მსხვერპლი გახდა. იბრაჰიმმა ძმა ტახტიდან ჩამოაგდო, დააბრმავა და თვითონ გამოცხადა თავი შაჰინშაჰად.
იბრაჰიმის მეფობა მხოლოდ 2 თვეს გაგრძელდა, რის შემდეგაც, იგი ნადირ შაჰის შვილიშვილმა შაჰ როხმა დაამხო.
1749 წელს აფშარდა დინასტიის წარმომადგენლები, ძმები ადილ შაჰი და იბრაჰიმი სიკვდილით დასაჯეს. იმავ წელს შაჰროხის ჩამოაგდეს ტახტიდან და დააბრმავეს, თუმცა ცოცხალი დატოვეს. ამის შემდეგ მისი ძალაუფლება სპარსეთის მხოლოდ ერთ რეგიონზე  ხორასანზე ვრცელდებოდა
ორი წლის განმავლობაში 3 შაჰინშაჰის მკვლელობის შემდეგ, სპარსეთსი დიდმა არეულობამ დაისადგურა. ამით კარგად ისარგებლეს მეფეებმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ და თბილისი სპარსული გარნიზონებისგან გაათავისუფლეს.
შენიშვნები
1. ხანდაზმული პირები, რომლებსაც რჩევას ეკითხებიან. ადგილის გამგებელი.
2. სვებედნიერი. აქ: ნადერ-შაჰის ეპითეტი
3. „წერილი“. აქ: ბრძანება
4. უხუცესი. აქ: მამასახლისი.
5. „ჯარის უფროსი“, მთავარსარდალი.
6. მუსულმანობისთვის მებრძოლი. მურიდი.
7. რწმუნებული, ოლქის უფროსი.
8. საპატიო ტიტული; რაიმე საქმის გამგე.
9. გამგებელი.
10. მოადგილე, თანაშემწე.
11. ქალაქის ცალკეული თემების ხელმძღვანელი, რომელსაც ნიშნავდა შაჰი მდიდართა წრიდან.
12. უზომოდ შეყვარებული და ამავე დროს ლამაზი ქალიშვილის მეტაფორა. ტერმინმა პოპულარობა მოიპოვა ნიზამის (.1209 .) პოემისლეილი და მაჯნუნისგამო.
13. ნაწნავი.
14. ლამაზი ქალის ეპითეტი, ტერმინმა პოპულაობა მოიპოვა ნიზამის (. 1209 .) პოემისხოსროვი და შირინიპერსონაჟი ქალის პოპულარობის გამო.
15. ბზა.
16. ინდოჩინეთი.
17. სამოთხის ასული.
მომზადებულია თ. ლეკვეიშვილისა და ნ. ჯავახიშვილის სტატიების მიხედვით

Комментариев нет:

Отправить комментарий