საქართველოს მმართველისადმი (თეიმურაზ I) მომეტებული პატივისცემით გაგზავნილი სამეუფეო წერილი (1626-32 წლ)
შენ, საქართველოს ამირებში გულადობითა და სიმამაცით გამოჩენილს, იალბუზის ქვეყნის სახელგანთქმულთა შორის ისლამისადმი თავგამოდებითა და ერთგულებით განდიდებულს, ჩემი დიდებული წინაპრები - ნათელში ამყოფოს ალლაჰმა ისინი - გარდა იმისა, რომ სარწმუნოების ცნობილი და ერთგული ოთხი რჩეული მეგობრის - ალლაჰი კმაყოფილია ყველა მათით - მაღალი საქმისათვის ალლაჰის სიტყვის შესაბამისად, საღვთო ომებში იღწვოდნენ, დიდი მეგობრების შეურაცხმყოფელ რაფიზთა ბრბოსა და მწვალებლებზე შურისმგებელი, დიდებული მბრძანებლები იყვნენ. მათს ბრწყინვალე დროში, როცა აღმოსავლეთის ქვეყნებში გაგზავნილმა სარდლებმა და სერასქერებმა შირვანისაკენ გაილაშქრეს და იმ მხარეში სუნასა და წმინდა სარწმუნოებას რაფიზთა ბილწი ბატონობისაგან სწმენდნენ და მრავალ რაფიზს იმორჩილებდნენ, მაშინ შენი ალალმართალი წინაპრები, აგრეთვე რაფიზებისა და მწვალებლების ძირფესვიანად მოსპობისა და დამორჩილების საქმეში [ჩემს წინაპრებთან] ერთსულოვანნი და შეკავშირებული იყვნენ. სარწმუნოებისათვის გაწეული სამსახურის ჯილდოდ მათ ფადიშაჰური ქება და ალერსი დაიმსახურეს. ახლა რაკი ჩემმა მაღალმა სამეუფეო სმენამ გაიგო, რომ შენ აგრეთვე ერთგული და გულდაწმენდილი ხარ ჩემი მტკიცე საყრდენიანი საგვარეულოსადმი, მტკიცედ გიდგია ფეხი სამართლიანობის დიდ გზაზე და შენ წინაპართა გულწრფელობის შეუდრეკელი მიმდევარი ხარ, შენდამი ჩემმა უზენაესმა კეთილმა შეხედულებამ იმატა. ჩემი ლოცვა და კეთილგანწყობა შენკენაა მომართული. ბედნიერი იყავ შენ. ახლა ცის კარის ჩემი სახელმწიფოსადმი შენი ხალასი გრძნობების სანუქფოდ ჩემი მომეტებული სამეუფეო წყალობა გეღირსა: ჩემი საპატიო ხალათებიდან სიხარულის მომგვრელი ერთი ხალათი გიწყალობეთ და გიბოძეთ, რომლის წამოსაღებად დაინიშნა მავანი [კაცი]. როცა ჩემს მიერ ნაწყალობევი საპატიო ხალათი და საუცხოო ტანსაცმელი შენამდე მოაღწევს, მოწიწებით და განდიდების გრძნობით ჩაიცვი. მთელი შენი ლაშქრითა და ხალხის გამოჩენილი პირებით შენს ბუნებაში თანდაყოლილი გულმოდგინების კვალობაზე მოემზადე და, თუ მაღალმა ალლაჰმა ინება, როცა ჩემი ძლევამოსილი, სახელგანთქმული სარდალი მაგ მხარისაკენ წამოვა, ხოლო საქართველოს ამირები თავიანთი საზღვრებიდან დაიძვრებიან, შენც სათანადო ადგილას მათ შეუერთდი. შემოქმედის ბრძანების წინაღმდგომლების, [მუსლიმანთა] აღთქმისა და ერთობის გამტეხ რაფიზებისა და მწვალებლების მეთაურზე (ირანის შაჰზე) შურის საძიებლად და დიდი მეგობრების გულისათვის მთელი ძალები დაძაბე, ძალმოცემით შეუდექი საძაგელი ყიზილბაშის ჟლეტას, ვაჟკაცურად, მამაცურად და გაბედულად გაისარჯე, ისლამის სარწმუნოებისადმი საკადრისი თავგამეტება და სიბეჯითე გამოიჩინე, ორივე ქვეყნის მეუფის წადილის შესაბამისად საღვთო ომის წესის პატივისცემასა და შარიათის კანონის დაცვა-შესრულებაში უსაზღვროდ გაისარჯე, რათა შენი სანაქებო სამსახური არ დაიკარგოს. შენთვის ჩემი მაღალი წყალობის ბოძება გადაწყვეტილი ამბავია. კიდევ, - ამიერიდან არ შეწყვიტო სარწმუნოებისა და სახელმწიფოს საქმეებთან დაკავშირებული ამბების შეტყობინება ჩემი ბედნიერების კარისა და ჩემი ძლევამოსილი, სახელოვანი სარდლისათვის.
შენიშვნები
სამწუხაროდ კრებულში არც წერილის ავტორის და არც ადრესატის ვინაობა არ არის მითითებული. ვ. ჩოჩიევის გამოკვლევით წერილის ადრესატი უნდა იყოს თეიმურაზ I, რომელსაც მურად IV მოუწოდებს დაიკავოს ანტიირანული პოზიცია. დოკუმენტი შედგენილი უნდა იყოს 1626 წლის ბაზალეთის ომის შემდეგ, როდესაც თეიმურაზ I-მა საქართველოში მდგომარეობა განიმტკიცა. ამ წერილით ოსმალეთის სულთანი მას მოუწოდებს, როგორც მისი წინაპრები, ისიც შეუერთდეს ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოგზავნილ ოსმალთა სარდალს და ერთობლივი ძალით დაამარცხონ ყიზილბაში მწვალებლები.
ვ. ჩოჩიევის აზრით ქართველი მეფის წინაპრად, რომელმაც ოსმალების მხარე დაიჭირა, უნდა იგულისხმებოდეს კახეთის მეფე ალექსანდრე II, რომელმაც ლალა მუსტაფა ფაშას 1578 წელს მორჩილება გამოუცხადა.
Комментариев нет:
Отправить комментарий