пятница, 13 апреля 2018 г.

სტატიები საქართველოს ისტორიაში. ტომი III

სარჩევი
1. ოსმალეთში დაბანალებული „ქართული ლეგიონის“ ფულის ნიშნები. (ნ. ჯავახიშვილი)
2. „გურჯისტანის ვილაიეთი“ და ბატონყმობის გაუქმება სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (თ. დუნდუა, ა. თაბუაშვილი)
3. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითადი პრობლემები XX საუკუნის ოციან წლებში (თ. ღვინიანიძე)
4. წუნდის (ჯავახეთის) საერისთავო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით (ქ. ქუთათელაძე)
5. პარიზის „სააზიო საზოგადოება“ და პირველი სამეცნიერო კავშირები საქართველოსთან (მ. ხუციშვილი)
6. სომეხთა ეროვნული საბჭოს საქმიანობის ასპექტები საქართველოში (ე. კვაჭანტირაძე)
7. ზურაბ არაგვის ერისთავი ქართულ ისტორიოგრაფიასა და ფოლკლორში (ს. ვარდოსანიძე)
8. საბჭოთა საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს (ნ. ვაშაყმაძე)
9. XII საუკუნის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი სამუელ ანეცის მიხედვით (ნ. თორთლაძე)
10. ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ (თ. ბერაძე)
11. ტოპონიმები არმაზის ერთენოვან არამეოგრაფიულ წარწერაში (გ. გიორგაძე)
12. ერეკლე II-ის უფროსი ძე ვახტანგ „კარგი“ ბაგრატიონი (დ. ჯავახიშვილი)
13. ქართლ-კახეთის მეფეთა ლეგიტიმაციის საკიტხი და რუსეთის ფაქტორი XVIII ს-ში (ლ. მიქიაშვილი)
14. სვეტის უდაბნოს სულთა მატიანე
15. ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელი (მ. ლორთქიფანიძე)
16. მასალები XVII-XVIII ს-ის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიისათვის
17. 
18. 
19. 
20. 
21.
22. 
23. 
24. 
25. 
26. 
27. 
28. 
29. 
30. 

1. ოსმალეთში დაბანალებული „ქართული ლეგიონის“ ფულის ნიშნები







2. „გურჯისტანის ვილაიეთი“ და ბატონყმობის გაუქმება სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში (თ. დუნდუა, ა. თაბუაშვილი)





3. ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ძირითადი პრობლემები XX საუკუნის ოციან წლებში (თ. ღვინიანიძე)



4. წუნდის (ჯავახეთის) საერისთავო „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით (ქ. ქუთათელაძე)














5. პარიზის „სააზიო საზოგადოება“ და პირველი სამეცნიერო კავშირები საქართველოსთან (მ. ხუციშვილი)








6. სომეხთა ეროვნული საბჭოს საქმიანობის ასპექტები საქართველოში (ე. კვაჭანტირაძე)







7. ზურაბ არაგვის ერისთავი ქართულ ისტორიოგრაფიასა და ფოლკლორში
















8. საბჭოთა საოკუპაციო ჯარები ქუთაისის მაზრაში 1921 წელს (ნ. ვაშაყმაძე)








9. XII საუკუნის საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი სამუელ ანეცის მიხედვით (ნ. თორთლაძე)






10. ანტიოსმალურ კოალიციაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ (თ. ბერაძე)
11. 

12. ერეკლე II-ის უფროსი ძე ვახტანგ „კარგი“ ბაგრატიონი (დ. ჯავახიშვილი)
ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს დემოგრაფიული განვითარების ისტორიის საკითხები მონოგრაფიულად გვაქვს შესწავლილი[1].
ზემოხსენებული სამეფო დინასტიის კახეთისა და ქართლის შტოების დემოგრაფიული განვითარების ისტორიის საკითხებზე გამოვაქვეყნეთ არაერთი სამეცნიერო სტატია, როგორც საქართველოში [2-18], ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, პოლონეთში [19], რუსეთის ფედერაციასა (დაღესტანი) [20] და აზერბაიჯანში [21-23].
წინამდებარე ნარკვევში მოთხრობილია ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენლის, მეფე ერეკლე II-ის პირველი ვაჟისა და სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულის _ ვახტანგ ბაგრატიონის (1742-1760) შესახებ. მას გამეფება არ ეწერა, ვინაიდან 18 წლის ასაკში სახადით (ყვავილი) გარდაიცვალა.
* * *
კახეთისა და შემდეგ ქართლის მეფის თეიმურაზ II-ის (1695-1762) ვაჟი _ ერეკლე II (1720-1798), 1744 წლიდან მეფობდა კახეთში, ხოლო მამის გარდაცვალების (1762 წელი) შემდეგ _ გაერთიანებულ ქართლ-კახეთში.
ერეკლე თეიმურაზის ძეს სამი ცოლი ჰყავდა. მისი პირველი მეუღლე იყო ქეთევან ზაალის ასული მხეიძე (იგივე ფხეიძე), მეორე _ ანა ზაალის ასული აბაშიძე (1730-1749), ხოლო მესამე _ დარეჯან კაციას ასული დადიანი (1734-1807) [24, ნუსხა №5].
პირველად ერეკლე დაოჯახდა უფლისწულობის პერიოდში და ცოლად შეირთო იმერეთის თავადის ზაალ მხეიძის ასული _ ქეთევანი. მათ ჯერ კიდევ ერეკლეს კახეთში გამეფებამდე შეეძინათ ორი შვილი, ასული _ რუსუდანი და ვაჟი _ ვახტანგი (1742-1760), რომელსაც მეტსახელად _ `კარგი~ უწოდეს.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანი (1802-1869), რომელიც დედის _ თეკლა ბატონიშვილის მხრიდან მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო, თავის წერილში `პლატონს იოსელიანსა~ მოგვითხრობს: `პირველი ცოლი ირაკლისა იყო იმერეთიდგან, თავად მხეიძის ქალი ქეთევან, რომელთანაც დარჩა შვილი პირველი _ ვახტანგ; მეტის სიმშვენიერით იმას ეძახდნენ კარგს ვახტანგს~ [25, 107].
1744 წლის მკათათვეში სპარსეთის მბრძანებელმა ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II დაადგინა ქართლის, ხოლო ერეკლე II _ კახეთის ვალად ანუ გუბერნატორად.
XVIII საუკუნის ისტორიკოსი პაპუნა ორბელიანი თავის თხზულებაში `ამბავნი ქართლისანი~ (რომელშიც გადმოცემულია 1739-1758 წლების საქართველოს ისტორია) მოგვითხრობს: `ივლისსა მოუვიდა ქართლის ბატონობის ამბავი მეფეს თეიმურაზს, კახეთის ბატონობა ძესა მეფისასა ერეკლესა. იყო სიხარული ქართლსა და კახეთსა, სიხარული უზომო~ [26, 81].
უფლისწული ვახტანგ (`კარგი~) ერეკლეს ძე ბაგრატიონი წარმოადგენდა სამეფო ტახტის ლეგიტიმურ მემკვიდრეს.
ვფიქრობთ, საინტერესოა, თუ რატომ უწოდა ერეკლე II-მ თავის პირმშოს და სამეფო ტახტის მემკვიდრეს _ ვახტანგი და არა თავისი გვირგვინოსანი მამის სახელი _ თეიმურაზი. თანაც ეს მოხდა თეიმურაზ II-ის მეფობის პერიოდში.
ჩვენი შეხედულებით, ამის მიზეზი იყო შემდეგი: იმხანად კახეთის სამეფო ტახტზე მჯდომი თეიმურაზ II, როგორც ჩანს, თავის უფროს შვილიშვილს მოიაზრებდა ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფო ტახტის მემკვიდრედ. სწორედ ამის გამო უნდა ეწოდებინათ კახეთის ახლადდაბადებული უფლისწულისათვის სახელი იმ პერიოდში უკვე გარდაცვლილი ქართლის მეფე ვახტანგ VI-ისა (1675-1737), რომელიც თეიმურაზ II-ის სიმამრი გახლდათ. თანაც, იმხანად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო თეიმურაზ II-ის მეუღლე, კახეთის დედოფალი თამარი (1696-1746), რომელიც ვახტანგ VI-ის ასული გახლდათ. ასე, რომ კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეს სახელად შეურჩიეს ვახტანგი _ მისი დიდი პაპის ვახტანგ VI-ის პატივსაცემად. კახეთის მეფედ აღზევებული ერეკლე II-ის მეუღლე ქეთევან ზაალის ასული მხეიძე დედოფლად იქცა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.
იმავე წლის 1 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, მცხეთას ეწვივნენ ქართლის მეფე თეიმურაზ II და მისი მეუღლე _ თამარ დედოფალი. მათ საზეიმო განწყობა ტრაგიკულმა ცნობამ ჩაუმწარა.
პაპუნა ორბელიანის ზემოხსენებულ თხზულებაში ვკითხულობთ: `მოვიდა კახეთიდამ ჩაფარი, მოიტანა ამბავი საზარელი და ყოველთა შესაწუხარი: მეფის ერეკლეს მეუღლე, დედოფალი კახეთისა ქეთევან დამარცხებულიყო. ბატონებს შეწუხებით ყოფნა მოახსენეს. მაშინვე წამობძანდნენ და წაბძანდნენ კახეთს მეფე და დედოფალი, თან იახლნენ ქართველთ დარბაისელნი სახლეულითურთ. რა ჩამოხდენ ცხენიდამ, ესმათ ხმა საგლოველი და გაუმჟღავნეს, იუწყეთ, ვითა შეწუხდებოდენ, მეფის ერეკლეს მეტი ძე არ ესვათ და მისის შეწყენისათვის რაბამსა საურავსა მიეცემოდნენ. ცხედარი ისევ დახვდათ, ალავერდს მიასვენეს, თითონ ბატონებმა თელავს გლოვა, ტირილი ხშირობით, ვითა წესი იყო, ეგრე გარდაიხადეს~ [26, 88-89]. ასე, რომ ქეთევან დედოფლის გარდაცვალებამ სამეფო ოჯახი ფრიად დაამწუხრა. ქეთევანი ხომ მათი ერთადერთი ვაჟის _ ერეკლე II-ის პირველი მეუღლე იყო. განსვენებული დედოფალი ალავერდის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.
თეიმურაზ II-ის სამეფო ოჯახს ნუგეშად დარჩა დედით დაობლებული უფლისწული ვახტანგ (`კარგი~).
იმისათვის, რომ განემტკიცებინათ თავიანთი პოზიციები ქართლში, გვირგვინოსანმა მამა-შვილმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ თავიანთი უპირველესი მემკვიდრის, უფლისწულ ვახტანგისათვის საცოლედ შეარჩიეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფეოდალის, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართლის შტოს წარმომადგენლის, მუხრანბატონ კონსტანტინე კონსტანტინეს ძის (1716-1756) მშვენიერი გარეგნობის ასული _ ქეთევანი (1744-1808).
ქეთევან მუხრანბატონიშვილი სამი წლის ასაკში დანიშნეს უფლისწულ ვახტანგზე. ამის გამო, ქეთევანს, როგორც სარძლოს, ზრდიდა ერეკლე II-ის დედა – თამარ დედოფალი [27, 167]. თავიანთი მძახალი _ კონსტანტინე მუხრანბატონი სათანადოდ ჰყავდათ დაფასებული მეფეებს თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ს. ეს იქიდანაც ჩანს, რომ 1748 წელს მას თბილისის მოურავობა უბოძეს [28, 88]. 1750 წელს კონსტანტინე მუხრანბატონმა ააშენებინა შიოს უბნის გალავანი სოფელ მუხრანში [28, 94].
აქვე დავსძენთ, რომ ზემოხსენებული ქეთევან კონსტანტინეს ასულის ძმა იყო იოანე მუხრანბატონი (1755-1800), რომელიც მოგვიანებით გახდა ერეკლე II-ის სიძე, ვინაიდან 1776 წელს მან ცოლად შეირთო ქეთევან ერეკლეს ასული (1764-1840) [24, ნუსხა №8]. ერეკლე II დიდად სწყალობდა თავის სიძეს, რომელიც ერევნის გუბერნატორად დაადგინა. მეფისავე გადაწყვეტილებით, 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსკში დადებულ მფარველობით ტრაქტატს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ხელი მოაწერეს იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. 1786 წელს მეფემ იოანე მუხრანბატონს უბოძა ქართლ-კახეთის სამეფოს სახლთუხუცესის თანამდებობა, რომელიც ასევე თავის სიძეს _ თავად დავით ორბელიანს ჩამოართვა [28, 154-162].
პაპუნა ორბელიანი მოგვითხრობს: `მეფეს თეიმურაზს მეფის ერეკლეს მეტი ძე არ ესვა და ორთავ მეფეთა სასურველი _ ვახტანგ იყო ძე მეფის ერეკლესი, შვენიერი და ხელმწიფობისა მათისა საკადრისი ძე და ყოვლისა სიკეთითა შემკობილი, ასაკითა იყო მცირე, მაგრამ ამას იტყოდა მისი მნახველი: `ახლავ ხელმწიფობა შეეფერებაო~. ამას უბოძეს მეფეთა რაც ქართლში და ან კახეთში საბატონისშვილო მამული იყო, სოფელში ან ციხე და ალაგი, აგრევე არაგვის ერისთვის მამული, მთლივ მთა და ბარი საუფლისწულოდ გაურიგეს.
უბძანეს ჯიმშერს ერისთავს: `სანამდის ეს ჩვენი შვილი გაიზდებოდესო, ან ქვეყნის მოვლას შეიძლებდესო, ეს ჩვენი შვილიცა და ეს ქვეყნებიც შენთვის მოგვიბარებია, რიგიანის საქმით ამ ქვეყნებს მოუარეო და ჩვენს შვილს ამსახურეო~. ამისა შემდგომად აღაშენა ციხე დუშეთისა ჯიმშერ ერისთავმა და ცდილობდა შემატებასა ამა ქვეყნებისასა. მეფენიც ჯეროვნად უსმენდნენ~ [26, 206].
ზემოთ დამოწმებული საისტორიო წყაროდან ჩანს, რომ გვირგვინოსანმა მამა-შვილმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ თავიანთ მემკვიდრეს _ ვახტანგ ბატონიშვილს საუფლისწულო მამულად უბოძეს მნიშვნელოვანი ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში და მათ შორის, არაგვის საერისთავოც. ვინაიდან არაგვის საერისთავო 1743 წელს გაუქმდა, მას განაგებდა მეფე თეიმურაზ II-ის მიერ ერისთავად დადგენილი თავადი ჯიმშერ ჩოლოყაშვილი, რომელსაც აღსაზრდელად მიაბარეს უფლისწული ვახტანგი (`კარგი~).
საგულისხმოა, რომ უფლისწულ ვახტანგს ჰქონდა თავისი ბეჭედი, რომელზედაც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა წარწერა იყო აღბეჭდილი. მაგალითად, 1748-1755 წლებში ვახტანგ ბატონიშვილი სარგებლობდა რვაკუთხა ფორმის ბეჭდით, რომელზედაც ამოტვიფრული იყო ოთხსტრიქონიანი მხედრული ლეგენდა: `დავითიანი ტომობით, ვახტანგ ვარ უფლისწულობით~. 1758-1759 წლებში უფლისწული ვახტანგი სარგებლობდა ოთხკუთხა ფორმის ბეჭდით, რომელზედაც ამოტვიფრული იყო სამსტრიქონიანი მხედრული ლეგენდა: `მძლეთ მეფეთა ძე, ვახტანგ სახელად მძე~. 1757-1760 წლებში ვახტანგ ბატონიშვილი სარგებლობდა რვაკუთხა ფორმის ბეჭდით, რომელზედაც ამოტვიფრული იყო სამსტრიქონიანი მხედრული ლეგენდა: `ლომად იუდას ბაკეთად, ვახტანგ ირაკლის ნაკვეთად~ [29, 40].
ვახტანგ (`კარგი~) ბატონიშვილი ყმაწვილობის ასაკიდან აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო საქმეებში. ამას ადასტურებს 1758 წლის 27 აგვისტოს განჩინებაზე (აფციაურებისა და მათი სახლიკაცების მამულის საქმეზე) 16 წლის ვახტანგის მიერ დადებული შემდეგი სახის რეზოლუცია: `ამათი საჩივარი გავშინჯეთ. ჩვენ, ბატონიშვილს არაგვის ერისთავს ვახტანგს ამისი სამართალი ასე გვიბძანებია...~ განჩინებას არტყია ოთხკუთხა ფორმის ბეჭედი, რომელზედაც ამოტვიფრულია სამსტრიქონიანი მხედრული ლეგენდა: `მძლეთ მეფეთა ძე, ვახტანგ სახელად მძე~ [30, 466-467].
ქართლის დიდშემძლე ფეოდალის კონსტანტინე მუხრანბატონის ასულზე დაქორწინებულ სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულ ვახტანგის საიმედო მომავალს და გამეფებას თითქოსდა აღარაფერი ეღობებოდა წინ, მაგრამ სამწუხაროდ, განგებამ სულ სხვაგვარად განსაჯა.
უკვე დაოჯახებული უფლისწული ვახტანგი (`კარგი~) _ 18 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მისი დაღუპვის მიზეზი გახდა სახადი (ყვავილი) [31, 204].
პლატონ იოსელიანი მოგვითხრობს, რომ ახლადდაქორწინებულ უფლისწულ ვახტანგს `შეეყარა ყვავილი და მორჩენილი სენისაგან, წაიყვანეს აბანოდ შემდგომად 40 დღისა. ესეთმა გაუფრთხილებელმა ბანვამა, შეაქცია და გარდაიცვალა თფილისს. მეფე ირაკლი მიეცა დიდსა შეწუხებასა და თეიმურაზ მეფე, მამა ირაკლისა, ესრეთ შეწუხდა, რომ დაჰკრა თავი კუბოსა და გაიტეხა. დაასაფლავეს მცხეთას. მეშვიდე დღესა, ოდეს ჩვეულებისამებრ მიუტირეს ცოლსა ქეთევანს, მაშინ იხილა ცხენი ქმრისა და მტირალი მივიდა ცხენთან და ცხენისა კისერსა შემოახვია თმა თავისა თვისისა გრძელი და მშვენიერი~ [27, 167].
უფლისწული ვახტანგი უშვილოდ გადაეგო. მის დაქვრივებულ მეუღლეს _ ქეთევან კონსტანტინეს ასულ მუხრანბატონიშვილს, რომელიც მაშინ სულ თექვსმეტიოდე წლისა იყო, ნება დართეს, რომ სამეფო სასახლეში დარჩენილიყო.
ალექსანდრე ორბელიანის (1802-1869) ცნობით, ვახტანგ (`კარგი~) ბატონიშვილის გარდაცვალების გამო ქართლ-კახეთის სამეფო კარზე `დიდი გლოვა ყოფილა და იმის სიკვდილისა შემდგომ იმისი ცოლი ქეთევან აღარ გათხოებულა, რომელიცა სხვებთა შორის ისიც პეტერბურღში წაიყვანეს და იქ გარდაცვლილი იქვე დაასაფლავეს~ [25, 107].
1761 წელს, როდესაც მეფე ერეკლე II-სა და დარეჯან დადიანს შეეძინათ ვაჟი, მას ქეთევან მუხრანბატონიშვილის თხოვნით დაარქვეს მისი გარდაცვლილი მეუღლის სახელი _ ვახტანგი. გარდაცვლილი უფროსი ძმისგან განსხვავების მიზნით, უმცროს ვახტანგ ბატონიშვილს ზედმეტ სახელად _ `ალმასხანს~ უწოდებდნენ [32, 122].
ქეთევან მუხრანბატონიშვილმა ითხოვა ნებართვა, რომ უფლისწული
ვახტანგი, იგივე ალმასხანი (1761-1814) თვითონ აღეზარდა, რაზედაც თანხმობა მიიღო. 1803 წელს, როდესაც ვახტანგ (ალმასხან) ბატონიშვილი რუსეთში გადაასახლეს, მას თან წაჰყვა მისი აღმზრდელი ქეთევანი. იგი, როგორც სამეფო ოჯახის რძალი, დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარეს სასაფლაოზე [31, 204].
იგივეს იუწყება პლატონ იოსელიანი, რომელიც წერს: `ქეთევან დარჩა ქვრივად და შემდეგ, როდესაც ეყოლა მეფეს ირაკლის შვილი მესამისა ცოლიდამ, უწოდეს თხოვისამებრ ქვრივისა რძლისა ქეთევანისა, სახელი ქმრისა მისისა ვახტანგ ალმასხანად წოდებული. ამან იშვილა იგი და სცხოვრებდა მასთან. 1803 წელსა გარდაჰყვა რუსეთს და ჭლექობისა სენითა გარდაიცვალა 1808 წელსა სანკტპეტერბურგს~ [27, 167].
ამდენად, ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის ნაადრევად დაქვრივებული რძალი _ ქეთევან კონსტანტინეს ასული მუხრანბატონიშვილი (1744-1808) შეესწრო რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას და 1803 წლიდან იმპერიის დედაქალაქში მცხოვრები, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულის ვახტანგ (`კარგი~) ბაგრატიონის უდროოდ გარდაცვალების გამო, ლეგიტიმური მემკვიდრის უფლებანი გადავიდა მეფე ერეკლე II-ის მომდევნო ვაჟზე, კერძოდ, მისი მეორე ქორწინებიდან (ანა აბაშიძისაგან) შეძენილ უფლისწულზე გიორგიზე (1746-1800), რომელიც 1798 წლის იანვარში ქართლ-კახეთის მეფე გახდა.
აქვე დავსძენთ, რომ ვახტანგ (`კარგი~) ბატონიშვილის გარდაცვალების მომენტში უკვე დაბადებულნი იყვნენ მისი ნახევარძმები, როგორც ზემოხსენებული უფლისწული გიორგი, ასევე უფლისწულები ლევანი (1756-1781) და იულონი (1760-1816), რომლებიც ერეკლე II-ს შეეძინა მესამე მეუღლესთან _ დარეჯან კაციას ასულ დადიანთან (1734-1807).
ამრიგად, მეფე ერეკლე II-ის პირველი ქორწინებიდან (ქეთევან ზაალის ასულ მხეიძესთან) შეძენილი უფროსი ვაჟი _ ბატონიშვილი ვახტანგ (`კარგი~) ბაგრატიონი (1742-1760) ითვლებოდა სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწულად. მისი უდროოდ (18 წლის ასაკში) გარდაცვალების გამო, სამეფო ტახტის ლეგიტიმური მემკვიდრის უფლებანი გადავიდა მეფე ერეკლე II-ის მომდევნო ვაჟზე, კერძოდ, მისი მეორე ქორწინებიდან (ანა ზაალის ასული აბაშიძესთან) შეძენილ უფლისწულზე გიორგიზე (1746-1800), რომელიც 1798-1800 წლებში ქართლ-კახეთში მეფობდა და ცნობილია სახელით _ გიორგი XII.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. დავით ჯავახიშვილი, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს დემოგრაფიული განვითარების ისტორიიდან, დისერტაცია ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, (ხელნაწერის უფლებით), 2011.
2. დავით ჯავახიშვილი, ქართლ-კახეთის მეფეთა ოჯახები და მათი თანამედროვე შთამომავლები, სამეცნიერო შრომათა კრებულში ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №2, 2007.
3. დავით ჯავახიშვილი, ქართლ-კახეთის უფლისწულთა საქორწინო ასაკი, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(3), 2008.
4. დავით ჯავახიშვილი, კახეთის ბატონიშვილთა მეუღლეები, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(3), 2008.
5. დავით ჯავახიშვილი, ქართველ მეფეთა მეუღლეები (ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტო), კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №2(4), 2008.
6. დავით ჯავახიშვილი, ქართველ მეფეთა შვილების რაოდენობა (ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტო), კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №2(4), 2008.
7. დავით ჯავახიშვილი, ქართლ-კახეთის უფლისწულთა შთამომავლობა (XVIII-XXI საუკუნეები), კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(5), 2009.
8. დავით ჯავახიშვილი, უფლისწულთა რაოდენობა ქართულ სამეფო ოჯახში (ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტო), მასალების კრებული: `დიდაჭარობა~, 2010 წლის 1-2 მაისს, წმ. ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი, 2010.
9. Давид Джавахишвили, Династические браки на службе дипломатии (на примере кахетинской ветви царской династии Багратионов), Материалы международной научной конференции: „Археология, этнология, фольклористика Кавказа“ (Тбилиси, 27-30 сентября 2010 года). Организаторы конференции: „Фонд Кавказа“, Комиссия по научному сотрудничеству со странами Кавказа Национальной Академии Наук Грузии, Тбилиси, 2011.
10. დავით ჯავახიშვილი, ექვსი ეტიუდი ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელთა ქორწინებების ისტორიიდან (XVII-XVIII საუკუნეები), კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №2(10), 2011.
11. დავით ჯავახიშვილი, ერეკლე II-ის მეუღლეები, კრებული `ქართული წყაროთმცოდნეობა~, ტ. XIII-XIV, 2011/2012.
12. დავით ჯავახიშვილი, მეფე გიორგი XII-ის მშობლები და ოჯახი, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(12), 2013.
13. Давид Джавахишвили, Восточногрузинский Царский Дом в период царствования Ираклия II и Георгия XII,
14. დავით ჯავახიშვილი, მეფე ვახტანგ VI-ის პირდაპირი შთამომავლები, კრებული `ქართული წყაროთმცოდნეობა~, ტ. XV-XVI, 2013/2014.
15. დავით ჯავახიშვილი, ქართლის მეფის იესეს ოჯახური გარემო და მისი პირდაპირი შთამომავლები, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(14), 2014.
16. დავით ჯავახიშვილი, ქართლის მეფის ბაქარის პირდაპირი შთამომავლები, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(14), 2014.
17. დავით ჯავახიშვილი, უფლისწულ ალექსანდრე ბაქარის ძე ბაგრატიონის წინაპრები და მისი პირდაპირი შთამომავლები, კრებული ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №2(15), 2014.
18. დავით ჯავახიშვილი, ეტიუდები ქართლის დედოფალ ელენე-ბეგუმის ცხოვრებიდან, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, №1(16), 2015.
19. Давид Джавахишвили, Эпизоды из истории восточногрузинского царства (вторая половина XVIII века).
20. Давид Джавахишвили, Династические браки между кахетинскими Багратионами и представителями кавказской и персидской знати, Общественно-политический и культурно-исторический научный журнал „Ахульго“, Махачкала (Республика Дагестан), 2010, № 12.
21. Давид Джавахишвили, Из истории династических браков кахетинских Багратионов с представителями мусульманской знати (XVI-XVIII вв.), Сборник трудов Гянджинского государственного университета „Ученые записки“, Гянджа (Азербайджанская республика), 2010, № 2.
22. Давид Джавахишвили, Семья царя Ираклия II, Сборник трудов Гянджинского государственного университета – „Ученые записки“, Гянджа (Азербайджанская республика), 2013, № 1.
23. Давид Джавахишвили, Картлийско-Кахетинский Царский дом в конце XVIII века, Материалы международной научной конференции: Актуальные проблемы истории Кавказа, Гянджинский государственный университет, Гянджа (Азербайджанская республика), 15-16/X.2015.
24. ბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბილისი, 2003.
25. ალექსანდრე ორბელიანი, სიტყვა მამულის ტრაპესზედ (თხზულებანი), შემდგენელი ნინო ვახანია, თბილისი, 1999.
26. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი.
27. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა.
28. საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ავთანდილ იოსელიანმა, თბილისი, 1980.
29. ანა ბაქრაძე, მასალები ქართული სფრაგისტიკის ისტორიისათვის, კატალოგი, ნაწილი I, თბილისი, 1978.
30. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ისიდორე დოლიძემ, თბილისი, 1972.
31. მაქსიმე ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. II, თბილისი, 1983.
32. მაქსიმე ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, თბილისი, 1980.
13. ქართლ-კახეთის მეფეთა ლეგიტიმაციის საკითხი და რუსეთის ფაქტორი XVIII ს-ში (ლ. მიქიაშვილი)
ერეკლე II ეპოქა კვლავაც აქტუალური განხილვის საგანია არა მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის, არამედ _ ზოგადად ქართული საზოგადოებისთვისაც; სავარაუდოდ, ესოდენ დიდი ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, განაპირობა საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთზე ორიენტირების ფაქტმა, რასაც საბოლოო ჯამში შედეგად მოჰყვა ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება; ორასწლოვანი `მეგობრული და მფარველობითი~ უღლისაგან გათავისუფლების შემდეგაც კი საქართველო (და არა მარტო საქართველო!) დღემდე რუსული პოლიტიკის მსხვერპლად რჩება. ძალზე მარტივი ფორმულირების თანახმად, წლების მანძილზე ამ ბოროტების მიზეზად თითქმის უპირობოდ იყო მიჩნეული ერეკლე II და მის მიერ 1783 წ. რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატი. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან იღებს სათავეს (მაგ. ამასთან დაკავშირებით
ზ. ჭიჭინაძე აქტიურად გამოხატავდა XIX ს-ის ქართული ინტელიგენციის გარკვეული ნაწილის პოზიციას), ხოლო იმას, თუ რამ განაპირობა ამგვარი შეხედულებების ჩამოყალიბება, საინტერესოდ განმარტავს ლ. ტუხაშვილი: `XIX საუკუნის მოღვაწეთა თვალში სახელოვანი ერეკლე II `სახელგატეხილია~; საქმე ის არის, რომ იმდროინდელი ქართველი ნაციონალური ბურჟუაზიის აზრით, ამ მეფის საგარეო პოლიტიკას მთავარ შედეგად ქართული სახელმწიფოებრიობის დაცემა მოჰყვა, ამიტომაც ნაციონალისტურად განწყობილი ინტელიგენცია ცდილობდა გამოსავლის ძიებას. ამ `პატრიოტულ~ მისწრაფებაში ყველაზე კურიოზული ის იყო, რომ ეს ძიება ერთი საუკუნის შემდეგ ხდებოდა, როდესაც დიდი ხნის `გადაბრუნებული ურმის~ მიღმა კარგად გამოჩნდა გზა, რომელზეც შეეძლო ამ ურემს `გადაუბრუნებლად~ გაევლო. ერეკლე II-ის ასეთი კრიტიკა დაიწყო გასული (XIX) საუკუნის დასასრულიდან~ [1, 114-115].
XX საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტრაქტატის 200 წლისთავისადმი (1983 წ.) მიძღვნილმა პომპეზურმა საზეიმო ღონისძიებებმა კვლავ გაამძაფრეს უარყოფითი დამოკიდებულება ტრაქტატის და, შესაბამისად _ ერეკლე II-ის მიმართ: რუსეთის იმპერიული პოლიტიკით უკმაყოფილო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისათვის (სპეციალისტთა ვიწრო წრის გამოკლებით) უცნობი იყო როგორც ტრაქტატის ტექსტი (სადაც საერთოდ არ არის საუბარი ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებაზე), ისე ის ისტორიულ-პოლიტიკური ვითარება, რომელმაც ფაქტიურად განაპირობა მსგავსი ხელშეკრულების შემუშავება; შესაბამისად, შემდგომში განვითარებული მოვლენებში, კერძოდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებაში, დამნაშავედ ქვეცნობიერად იქნა აღიარებული ერეკლე II.
აქვე ორიოდე სიტყვით გვინდა შევეხოთ 1783 წლის ტრაქტატს: ცნობილია, რომ სოლომონ ლიონიძე, რომელიც აქტიური პოლიტიკური ფიგურა იყო ერეკლეს გარემოცვაში, დიდი ხნის მანძილზე რუსეთთან ყოველგვარი `მფარველობითი~ დამოკიდებულების ყველაზე შეურიგებელი მოწინააღმდეგე გახლდათ, თუმცა მოგვიანებით რეალურად შეაფასა შექმნილი მდგომარეობა და ტრაქტატის პროექტის შემუშავების უშუალო მონაწილედ მოგვევლინა; საგულისხმოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა დაწერილი ტრაქტატის რატიფიცირებული ტექსტი [2, 165]; ლიონიძის ამ ღვაწლზე მისივე სიტყვები მეტყველებენ _ 1801 წლის 17 თებერვლით დათარიღებულ მის წერილში კნორინგისადმი ვკითხულობთ: `მე უმაღლესის კარის სიკუდილამდე ჩემის შეძლებით ერთგული მონა ვყოფილვარ, ვარ და ვიქნები. პირველად საქართველოს ტრაქტატით რუსეთთან შეერთებაში მე ვიყავ მოქმედი, და ამის გარდა საქართველოსა და სრულიად იმერეთის შავ ზღვამდე მე გავაკეთე ტრაქტატი (საუბარია 1790 წ. ივნისში სოლ. ლიონიძის ინიციატივით გაფორმებულ დოკუმენტზე `ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან, დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეფოსა ქალაქსა თფილისს~) და საქართველოსა და იმერეთის მეფეთა, თავადთა და კათალიკოზ მღვდელმთავართაგან დაიბეჭდა და ხელმოწერილ იქნა ჩემის მოქმედებით, რომლითაც რუსეთის იმპერია უმეტესად გავრცელდება და ისარგებლებს~ [3].
ასეთ ვითარებაში სასურველია გამოვავლინოთ ის არგუმენტი, რომელმაც ლიონიძის შეურიგებელ პოზიციაზე იმოქმედა; ამასთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ შევეხებით XVIII ს-ის მეორე ნახევრის ქართლ-კახეთის სამეფოში განვითარებულ ძირეულ მოვლენებს. ნიშანდობლივია, რომ ერთიანი საქართველოს აღდგენის იდეა, რომელიც მოგვიანებით თეიმურაზ-ერეკლეს პოლიტიკის ქვაკუთხედი გახდა, ჯერ კიდევ ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდში განიხილებოდა საფუძვლიანად: ვახტანგის მოღვაწეობის ეს მონაკვეთი საქართველოს გაერთიანების იდეოლოგიური შემზადების ხანა იყო, რაც სათანადოდ არის დადასტურებული ქართულ ისტორიოგრაფიაში [4, 29-57].
დღეისათვის საკამათო არ არის, რომ თეიმურაზისა და ერეკლეს მიერ ირანთან მიმართებით გატარებულმა სწორმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და 1744 წელს ქართლისა და კახეთის ფაქტობრივი გაერთიანებით დაგვირგვინდა, რაც არსებულ სიტუაციაში უდავოდ პროგრესული ნაბიჯი იყო; თუმცაღა, გაერთიანებული ქართლი და კახეთი იურიდიულად კვლავ ცალკე სამეფოებად დარჩნენ თავისი სამოხელეო აპარატით თუ სხვა ატრიბუტიკით, რადგან ნადირ- შაჰმა, სრულიად გამიზნულად, თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე კახეთის მეფეებად დაამტკიცა; ცხადია, ეს არ იყო შემთხვევითი გადაწყვეტილება: იმხანად შაჰი იძულებული იყო თავისი ქრისტიანი ქვეშევრდომების მიმართ დათმობაზე წასულიყო, თუმცა იმასაც ითვალისწინებდა, რომ შეცვლილ ვითარებაში მათ მიმართ მას სხვა, სრულიად საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება დასჭირდებოდა; შესაბამისად, ქართლისა და კახეთის გაძლიერება მას მხოლოდ გარკვეულ ფარგლებსა და გარკვეულ პერიოდში აინტერესებდა [4, 89-90]. სავარაუდოდ, ნადირ-შაჰი სხვა გარემოებასაც უწევდა ანგარიშს: ეს იყო რეშტისა (1732 წ.) და განჯის (1735 წ.) ხელშეკრულებები, რომელთა ძალითაც ირანმა (და თვით ნადირ-შაჰმაც!) ქართლის ტახტის მემკვიდრედ ვახტანგი და მისი შთამომავლები აღიარა (განჯის ტრაქტატის მეხუთე მუხლი ამტკიცებდა რეშთის ხელშეკრულების პირობას იმის შესახებ, რომ ოსმალთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ირანი ქართლის სამეფოს კვლავ ვახტანგ VI-ს ან მის მემკვიდრეებს გადასცემდა); ცხადია, თავიდანვე უმჯობესი იყო ქართლისა და კახეთის მეფობაც თეიმურაზს შეეთავსებინა და მემკვიდრეობის საკითხიც თავისთავად გადაწყდებოდა.
ქართლ-კახეთის გაერთიანების თეიმურაზისა და თამარისეული გეგმა მხოლოდ მამა-შვილს შორის მეფობის განაწილებას არ გულისხმობდა: ეს ამ რთული პროცესის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა ამ აქტის იურიდიულად გაფორმება, მაგრამ ნადირ-შაჰის სიცოცხლეში ეს ვერ მოესწრო; იმისათვის, რომ ობიექტურად შევაფასოთ თეიმურაზისა და ერეკლეს მმართველობა, უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მუდმივად არსებული წინააღმდეგობები, რომელთა გადალახვაც დიდ ძალისხმევას მოითხოვდა; ამ საკითხებს შევეხეთ ჩვენს მიერ 2015 წ. მომზადებულ ნაშრომში [5], ამიტომ აღარ შევუდგებით მათ დაწვრილებით განხილვას, მხოლოდ ზოგიერთ მნიშვნელოვან დეტალს დავაკონკრეტებთ:
მიუხედავად იმისა, რომ XVIII ს. 50-იანი წლებისათვის ქართლისა და კახეთის სამეფოებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ასპარეზზე და რეგიონის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ, კვლავაც გადაუჭრელი რჩებოდა ლეკთა თარეშის აღკვეთის საკითხი, რისთვისაც აუცილებელ პირობად ჩანდა ჭარ ბელაქნისა და კაკ-ენისელის დაბრუნება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად თეიმურაზმა და ერეკლემ, გაითვალისწინეს რა იმ დროისათვის აღმოსავლეთში არსებული ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება, გადაწყვიტეს რუსეთისათვის ეთხოვათ დახმარება [5]; სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ათანასე თბილელისა და სვიმონ მაყაშვილის 1752-1754 წწ. ელჩობის წარგზავნა რუსეთს.
თუმცა, ლეკთა საკითხი გარკვეულწილად მხოლოდ საბაბი იყო, აღნიშნულ ელჩობას კიდევ სხვა, ძალზე მნიშვნელოვანი მისია ჰქონდა: ქართლისა და კახეთის იურიდიული ფორმით გაერთიანებისათვის საჭირო იყო ამ აქტის ცნობა რომელიმე დიდი სახელმწიფოს მხრიდან; იმ დროისათვის ასეთ კანდიდატურებად მოიაზრებოდნენ ირანი და რუსეთი (ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა რეშტისა და განჯის ხელშეკრულებების ზემოთ ნახსენებ მუხლს), მაგრამ ნადირ-შაჰის სიკვდილის შემდგომ ირანში შექმნილი ვითარება და პარალელურად _ იგივე რეშტისა და განჯის ხელშეკრულებათა უაღრესად სახიფათო ხასიათი თავისთავად გამორიცხავდა ამ აქტში მის მონაწილეობას [6, 324-329]. შესაბამისად _ ერთადერთ შესაძლო ვარიანტად რჩებოდა რუსეთი, რასაც თავისთავად განაპირობებდა ის ფაქტი, რომ ქართლის ტახტის ძირითადი პრეტენდენტები სწორედ აქ ცხოვრობდნენ [4, 97].
თეიმურაზსა და ერეკლეს შეახსენებდნენ რუსეთის მთავრობას, რომ ისინი ქართლისა და კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრეები იყვნენ, რადგან ამ სამეფოებს თავის დროზე მათი უშუალო წინაპრები _ თეიმურაზ I და ერეკლე I ფლობდნენ; შესაბამისად, ახლანდელი მეფეებიც იმპერატორს დახმარებისათვის მიმართავდნენ მათივე წინაპრების მიერ რუსეთის მეფეებთან ადრე დადებული შეთანხმების საფუძველზე (ამის დამადასტურებლად ელჩებს თან ჰქონდათ ალექსი მიხეილის ძის სიგელის ტექსტი, რომელშიც თეიმურაზ I და ერეკლე I არა კახეთის, არამედ `მთელი ივერიის მეფეებად~ იხსენიებიან); ამასთანავე, ამ ელჩობის მეშვეობით თეიმურაზი და ერეკლე ცდილობდნენ რუსეთის მხრიდან მიეღოთ თეიმურაზის ოფიციალური აღიარება ქართლის მეფედ და ამით იმპერიის მხრიდან აღეკვეთათ მხარდაჭერა ვახტანგ VI-ის შთამომავალთათვის, გაენეიტრალებინათ ოპოზიციურად განწყობილი ქართლელი თავადები, რომლებიც ვახტანგ VI-ს მემკვიდრეების ტახტზე აყვანას ესწრაფოდნენ (ქართლში თეიმურაზის გამეფება თავისთავად გულისხმობდა, რომ მის შემდეგ ტახტის მემკვიდრედ ერეკლე მოიაზრებოდა, ამას კი ისინი ვერ ურიგდებოდნენ); სავსებით მართებულად მიგვაჩნია გ. პაიჭაძის შეხედულება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თეიმურაზისა და ერეკლეს მისწრაფება მხოლოდ პირადი, ვიწროდინასტიური ინტერესებით იყო ნაკარნახევი, არსებითად, ის მაინც პროგრესულ ხასიათს ატარებდა, რადგან მათი საქმიანობა ხელს უწყობდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეფოების გაერთიანებას და ამით სახელმწიფოებრივ ინტერესებს ემსახურებოდა [7, 68-70]. როგორც ჩანს, სწორედ 1752 წ. ელჩობის მარცხმა განაპირობა 1760 წელს დიპლომატიური მისიით პირადად თეიმურაზის გამგზავრება რუსეთს, რაც უდავოდ ზრდიდა მის მნიშვნელობას. გარდა ამისა, თუკი რუსეთის მთავრობა საქართველოსთან მიმართებით კვლავაც ჩაურევლობის პოლიტიკას მიმართავდა, ელჩობის შედეგების მიუხედავად, მისი მთავარი ამოცანა მაინც მიღწეული იქნებოდა:
რუსეთის საიმპერატორო კარზე თეიმურაზის ოფიციალური მიღებისას თავისთავად მოხდებოდა ქართლის მეფედ მისი აღიარება. ამ ელჩობების თაობაზე ჩვენ უკვე გვქონდა დაწვრილებით საუბარი [5], ამიტომ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მართალია, ელჩობებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი ოდნავადაც არ შენელებულა; ამის დასტურია რუსეთიდან საგანგებოდ აგენტების (კაპიტან ოთარ თუმანოვისა და პრაპორშჩიკ დიმიტრი მანღოვის) გამოგზავნა, რომელთაც ევალებოდათ სამომავლოდ დაედგინათ, როგორი იქნებოდა ქართველ მეფეთა საგარეო ორიენტაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეფეთათვის ცნობილი ყოფილა ამ უკანასკნელთა აგენტურული საქმიანობის შესახებ, რაც ნათლად მეტყველებს ქართული დიპლომატიური სამსახურების გამართულ მუშაობაზე. ისიც ნიშანდობლივია, რომ ამის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებას არაფერი ამცნეს, რადგან ხვდებოდნენ, რომ გაშიფრული აგენტები ქვეყანას ვეღარ დააზარალებდნენ [8,41-93, 132-135; 4, 128-131; 9; 10].
ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ ერეკლე II-ის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკა და დავაზუსტოთ, მართლაც ენთუზიაზმით იყო იგი განწყობილი რუსეთისადმი და ბრმად ენდობოდა მათ თუ პარალელურად სხვა მოკავშირესაც ეძებდა (თუნდაც ევროპაში?). მართლაც `ერთმორწმუნეობის~ პრიმიტიულმა პოლიტიკამ უბიძგა რუსების კლანჭებში თუ სრულიად პრაგმატულმა პოლიტიკურმა მიზეზმა _ ქართლის მუხრანბატონთა შთამომავლების მხრიდან მოსალოდნელმა საფრთხემ? (`ერთმორწმუნეობის~ ფაქტორი ათეული წლების მანძილზე ფიგურირებდა უმთავრეს არგუმენტად; სანიმუშოდ შეიძლება დავასახელოთ ის, რომ 1736 წ. რუსეთის იმპერატორისადმი მიწერილ წერილებში თეიმურაზ II ქრისტიანულ სარწმუნოებაზე აპელირებს და ქვეყანაში ამ სარწმუნოების გადარჩენის აუცილებლობას იმიზეზებს, რათა `ერთმორწმუნე~ რუსეთისაგან სათანადო დახმარება მიიღოს. ვფიქრობთ, ეს არგუმენტი მხოლოდ დიპლომატიური ეტიკეტის ფორმატში უნდა განვიხილოთ) [11, 208-213].
ჩვენ უკვე გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, თუ რამდენად ძლიერ დაბრკოლებას უქმნიდა ერთიანი სამეფოს იდეას ვახტანგის შთამომავალთა ქმედება რუსეთის ხელისუფლებასთან უნისონში (აბდულა-ბეგის, ბაქარის, ალექსანდრე ბაქარის ძის, პაატა ბატონიშვილის და ა. შ. მოღვაწეობა ამის ნათელი დასტურია) [5]; აქ ნიშანდობლივია რუსეთის ხელისუფლების როლიც: პერიოდულად იგი საქართველოს საქმეებში `ჩაურევლობის~ პოლიტიკას იცავდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს მისთვის იყო მომგებიანი ან _ იძულებული იყო ირანის ან თურქეთის პოზიცია გაეთვალისწინებინა;
ძირითადად კი, სამომავლო გეგმებიდან გამომდინარე, რუსულ დიპლომატიას ცხადია, აწყობდა, რომ ქართლის ტახტის რეალური მფლობელის ლეგიტიმაცია ოფიციალურად არ ეღიარებინა: ამ მხრივ ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგად არის შესწავლილი და შეფასებული რუსეთის ხელისუფლების მიერ ვახტანგის შთამომავალთა ოსტატურად გამოყენების ფაქტები ერეკლეზე ზემოქმედების მიზნით; მთავარი პრობლემა იყო, რომ ერეკლე ოფიციალურად ვერ ეკურთხა ქართლის მეფედ (ნიშანდობლივია, რომ ეს მან მხოლოდ 1783 წლის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ შეძლო, რაც ღიად მიანიშნებს რუსეთის ფარულ მიზნებზე); სხვა შემთხვევაში ამ გარემოებას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა არც ჰქონოდა, რადგან თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე საკმაოდ მტკიცედ ფლობდა ხელისუფლებას ქართლ-კახეთის გაერთიანებულ სამეფოში და მისი საზღვრების გაფართოებასაც გეგმავდა, მაგრამ მის მიერ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას აბრკოლებდა საკმაოდ სერიოზულიფაქტორი: ვახტანგის სახლიშვილები ტახტის `კანონიერ მემკვიდრეებად~ მოიაზრებდნენ თავს, რუსეთის საიმპერატორო კარზე დიდი პატივით სარგებლობდნენ, ბატონიშვილებადაც იწოდებოდნენ და ქართლის სამეფოზე პრეტენზიებს ღიად აცხადებდნენ [4, 146-151]. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართლელ თავადთა (ყოველ შემთხვევაში _ მათი ერთი ნაწილის) დამოკიდებულება ერთიანი სამეფოს აღდგენის ერეკლესეული იდეისადმი, რაც თვალსაჩინოდ არის ასახული ზაალ ორბელიანის პოზიციაში; კერძოდ, ბაკუნინთან საუბრის შესახებ იგი აღნიშნავდა: `მართალია, ბაკუნინს უთხარო ჩვენი ქვეყნის (იგულისხმება ქართლის სამეფო _ ლ.მ.) შებრალებაო. იმან მითხრა: არ იცი, ხელმწიფე მეფეს ერეკლეს უწყრებაო. მერმე მე უთხარო: თუ მეფეს ერეკლეს უწყრება, ან რუსს ვისმე უბოძოს ქვეყანა და ან მეფე სოლომონსაო~ [22, 67].
თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1762 წლიდან ერეკლე ქართლ-კახეთის სამეფოს ერთპიროვნულ და ოფიციალურად აღიარებულ ხელისუფლად იქცა და უმალ შეცვალა `გარდამავალი პერიოდისათვის~ დამახასიათებელი კომპრომისული პოლიტიკა ქართლელი ფეოდალების მიმართ; იგი უკვე `ყოველი საქართველოს~ აღსადგენად ემზადებოდა და ამ სამზადისმა სოციალური სფეროც მოიცვა: საგადასახადო რეგლამენტაცია, `უდების დადების~ მოხსნა, ბატონყმური რიგის დაცვა, ფეოდალებისაგან სახელმწიფო და სამეფო სამსახურის მოთხოვნა, 1765 წელს თელავში გამოცხადებული მანიფესტი ტყვეობიდან დაბრუნებულთათვის თავისუფლების მინიჭების შესახებ და სხვ. ეს ყველაფერი მიანიშნებდა სახელმწიფო დისციპლინის ოფიციალურ განმტკიცებაზე, რაც ფეოდალური არისტოკრატიისათვის მიუღებელი აღმოჩნდა და მუხრანელი ბაგრატიონების მომხრეთა ბანაკში წინააღმდეგობის ახალი ტალღის გამომწვევი მიზეზიც გახდა [1, 83]. ეს წინააღმდეგობა 1765 წლისათვის გადაიზარდა საკმაოდ კარგად ორგანიზებულ შეთქმულებაში; ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა მ. სამსონაძის თვალსაზრისი, რომ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთ გზად ერეკლეს ესახებოდა ქართლის ტახტის პრეტენდენტების საქართველოში დაბრუნება, რათა ისინი საკუთარი მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდა. სავარაუდოდ, ეს ფაქტი თავისთავად ქართლში მისი მეფობის კანონიერების აღიარება იქნებოდა: `ამითაც უნდა აიხსნას, სხვა მოტივთა შორის, ანტონ კათალიკოსის სასწრაფოდ დაბრუნება (თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ) და ვახტანგ VI-ს უკანონო ვაჟის _ პაატას შემოშვებაც საქართველოში. მათთვის ერეკლეს პატივი და დიდება არ დაუკლია. პირველმა იმედები მთლიანად გაამართლა და ათეული წლების მანძილზე მისი… დასაყრდენი იყო, მეორემ კი თავისი პრეტენზიები ვერ დაივიწყა, ტახტისათვის ბრძოლას თავი არ დაანება და სასტიკადაც დაისაჯა. ორივე შემთხვევაში ერეკლეს პოლიტიკა გამართლებული იყო~ [4, 148].
1772 წ. რუსეთში კიდევ ერთი ელჩობა გაიგზავნა ანტონ კათალიკოსისა და ლევან ბატონიშვილის ხელმძღვანელობით. ამჯერად ერეკლე რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლას და მის მფარველობას ითხოვდა. საგულისხმოა, რომ მოგვიანებით, 1774 წელს, სოლომონ I-მა რუსეთში საგანგებო ელჩად გაგზავნა მდივანბეგი დავით კვინიხიძე და ასევე ოფიციალური თხოვნით მიმართა ეკეტერინე II იმერეთის სამეფოს მფარველობაში მიღების თაობაზე [12, 662]. ორივე მეფეს მოთხოვნაზე უარით უპასუხეს. 1772 წლის ელჩობის ორგანიზების წინაპირობები, მისი მიზნები და `მთხოვნელობითი პუნქტების~ ტექსტი ამომწურავად არის განხილული და გაანალიზებული მ. სამსონაძის ნაშრომში, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ [4, 184-190].
კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი, რომელიც თვალნათლივ მიუთითებს ერეკლეს არაერთგვაროვან დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ, ეს არის 1776 წ. მის მიერ ოსმალეთთან წამოწყებული საიდუმლო მოლაპარაკება, რომელმაც 1777-1778 წწ-თვის უკვე ოფიციალურად დაკანონებული სახე მიიღო ხელშეკრულების გაფორმების მეშვეობით [12, 681]; მკვლევართათვის დღემდე უცნობია ამ ხელშეკრულების ტექსტი, ირიბი (მეორადი წყაროების) მონაცემებით კი დასტურდება, რომ გარკვეული ფორმით ერეკლე ხონთქრის უზენაესობას აღიარებდა თუმცაღა, როგორც ირკვევა _ მხოლოდ ფორმალურად. წყაროებში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ რის სანაცვლოდ გადადგა მეფემ ასეთი სარისკო ნაბიჯი: ცხადია, რომ ამ ნაბიჯით მან მოიმდურა როგორც ჯერ კიდევ ოფიციალური სიუზერენი _ ირანი, ისე მომავალი პოტენციური `მფარველი~ _ რუსეთი და როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენეს _ ორივე მათგანმა არ დააყოვნა სამაგიეროს გადახდა; და მაინც, მკვლევართა აზრი ამ ფაქტის შეფასებისას ორად იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარიგებით თურქეთი ერეკლეს ახალციხის საფაშოს (სამცხე-საათაბაგოს) უთმობდა და არგუმენტად მოჰყავთ ის ფაქტი, რომ ახალციხის ფაშა აღნიშნულ საიდუმლო მოლაპარაკებაში შუამავლის როლს ასრულებდა [12, 679-680; 13, 224]. ჩვენ უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია მკვლევართა მეორე ნაწილის მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომელთა გაანალიზების შედეგად დასაბუთებული დასკვნას გვთავაზობს მ. სამსონაძე:
`ერეკლე ისეთი პოლიტიკოსი არ იყო, რომ ამგვარი რამ ასჯერ გაზომვისა და განსჯის გარეშე მოემოქმედა... ამით იგი დიდი და პრობლემატური საკითხის გადაწყვეტას გულისხმობდა.... იმ ხანებში საქართველოსა და მის გარშემო ქვეყნებში შექმნილი ისტორიული სიტუაცია გვიკარნახებს ვივარაუდოთ, რომ ქართლ-კახეთის პოლიტიკოსთა მხრივ დათმობების სამაგიეროდ სულთნის კარი ერეკლეს დასავლეთ საქართველოზე გაბატონების სანქციას აძლევდა; ამგვარი მსხვერპლი პორტას შეეძლო უმტკივნეულოდ გაეღო, რადგან ლიხთიმერეთი მისი გავლენიდან გამოსული იყო და მასზე უფლებების ფაქტობრივი აღდგენის პერსპექტივა თითქმის არ ჩანდა [4, 205-209]. მართლაც, შემდგომში განვითარებული მოვლენების ანალიზი თვალნათლივ ადასტურებს ამ ვარაუდს, კერძოდ:
მიუხედავად გასაიდუმლოებისა, ამ შეთანხმების შესახებ ცნობილი გახდა რუსეთისთვის, ირანისთვის და სოლომონ იმერთა მეფისთვის; შედეგად, 1779 წელს, ერევნის სახანოში ერეკლეს ლაშქრობისას, ასპარეზზე გამოჩნდა ქართლის ტახტის პრეტენდენტი ალექსანდრე ბაქარის ძე: `რუსეთიდან `აშვებული~ იგი ირანს (კერძოდ, შირაზში) ჩავიდა, იქიდან კი სოლომონ I-მა იმერეთში ჩამოიყვანა (ნიშანდობლივია, რომ ამ მიზნით 1778 წ. აგვისტოში იმერეთიდან რუსეთის გავლით ირანში გაიგზავნა ელჩობა ბესარიონ გაბაშვილის (ბესიკი) მეთაურობით. ცალკე საკითხია, რომ მათ თან მიჰქონდათ სოლომონ მეფის წერილი ასტრახანის გუბერნატორის სახელზე, სადაც ამ უკანასკნელს მეფე საიმპერატორო კარზე ელჩების გაგზავნის ნებართვას სთხოვს!) [12, 683; 4, 212]. აშკარაა, რომ ეს ფაქტი რუსეთის დიპლომატებისა და იმერთა მეფის ერთობლივი `შემოქმედების~ ნაყოფად უნდა მივიჩნიოთ; გასაგებია, რომ სოლომონს საკმარისი საფუძველი ჰქონდა, რათა ერეკლეს ახალ საგარეო პოლიტიკაში მისთვის მოსალოდნელი საფრთხე დაენახა, ხოლო რაც შეეხება რუსეთის როლს, ესეც იოლი მისახვედრია: ჯერ კიდევ 1766 წ. რუსეთის მიერ სახელმწიფო დანაშაულში ბრალდებული ალექსანდრე ბაქარის ძე რატომღაც ჩამოიყვანეს ყიზლარში (არადა, მას პოლონეთში წასვლის სურვილი გამოუთქვამს!), თანხითაც უხვად მოამარაგეს, მანამდე სამხედრო ჩინი აჰყარეს და მუნდირიც გახადეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი რუსეთის მსახურად და ქვეშევრდომად აღარ ითვლებოდა და შესაბამისად, _ ამიერიდან არც რუსეთი აგებდა პასუხს მის ქმედებებზე. `უფრო უცნაურია ის, რომ რუსეთის მოხელეები ალექსანდრე ბაქარის ძეს ამის შემდეგაც არ აკლებენ ყურადღებას და მფარველობას, ცხადია არაოფიციალურად და ფარულად.
უფრო მეტიც, თვით იმპერატრიცა ეკატერინე II მისდამი, `დასჯილი~ კაცის პირობაზე, აშკარად ზედმეტ ყურადღებას იჩენდა და იმასაც კი უწევდა ანგარიშს, თუ რა მოეწონებოდა ქვეყნიდან გაძევებულ ქართველ ბატონიშვილს. ძნელია ეს ამბავი იმპერატრიცას გულჩვილობითა და გულკეთილობით აიხსნას... უცნაური და გაუგებარი საკმარისზე მეტი იქნება რუსეთიდან ალექსანდრე ბატონიშვილის გამოძევების ისტორიაში, თუკი იმ მოსაზრებას არ მივიღებთ, რომ მისი ე. წ. `გამოძევება~ სრულიად გარკვეული პოლიტიური და დიპლომატიური მიზნებით იყო ნაკარნახევი~ [4, 149-150].
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ნ. ტარსაიძის მიერ ჯერ კიდევ 1972 წ. დაფიქსირებული პოზიციაც: `Принимая во внимание сложную политическую ситуацию, невольно возникает вопрос – не был ли использован русской дипломатией в своих интересах грузинский царевич в критический 1766 год; Александр Бакарович был подходящим человеком для выполнения любых дипломатических поручений... наказанию в виде принудительной высылки он мог подвергнуться для отвода глаз «чтобы не был подан омбраж царю Ираклию». Во всяком случае императрица избавилась от нежелательного... человека, с другой же стороны он мог быть полезным императрице и за пределами России~ [14, 111, 98-118].
ამ `გამოძევებას~ რომ რუსეთი დიდი ხნით ადრე გეგმავდა ადასტურებს საგარეო საქმეთა კოლეგიის მასალებში დაცული მოხსენებები, რომლებსაც ჯერ კიდევ 50-იან წლებში აგზავნიდა საქართველოდან კაპიტანი თუმანოვი [15, 94; 4, 150-151] მართალია, 1781 წ. სოლომონისა და ერეკლეს შეთანხმების (და არა შერიგების) საფუძველზე ალექსანდრე ბაქარის ძემ იმერეთი დატოვა (რაჭის გზით გადავიდა ჩრდილო კავკასიაში, საბოლოოდ კი ერეკლეს წინააღმდეგ მოკავშირედ გაიხადა დარუბანდელი ფათალი-ხანი), მაგრამ მეფეთა შორის ძველი ნდობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა [4, 223]. გარდა ამისა, ამავე მიზანს ემსახურებოდა რუსეთის მიერ ერეკლეს კიდევ ერთი წამოწყების _ ყაბარდოელთა გადმოსახლების საქმის ჩაშლა, რაც ქართული ჯარის შევსებას ისახავდა მიზნად; ასევე აკრძალა ქართლ-კახეთის მეფეთა მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში ჯარების დაქირავება, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა ქვეყნის სამხედრო პოტენციალს [16, 169; 4, 215-216; 17, 114-117; 12, 683-684].
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი მოთმინებით ელოდა ხელსაყრელ სიტუაციას საკუთარი გეგმის ხორცშესხმისათვის. აქ არ შეიძლება არ დავაზუსტოთ ერთი გარემოება: დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში სადავო აღარ არის, რომ ერეკლე თავიდანვე დიდად არ ენდობოდა რუსეთს და არ ჩქარობდა მასთან კავშირის იურიდიულად გაფორმებას; ევროპასთან დაახლოების გზების ძიება უცხო არ ყოფილა ქართული დიპლომატიისათვის: ამის ტრადიცია უკვე არსებობდა და ერეკლეც როგორც ჩანს ამ ტრადიციის ერთგული იყო; სხვა შემთხვევაში ძნელად თუ აღიარებდა რუსი რეზიდენტი, პოლკოვნიკი ბურნაშოვი, რომ ერეკლე `... ни к чему однако-ж не стремится, как преобразовать народ свой по европейски» [18, 10].
ევროპასთან კონტაქტის დასამყარებლად ერეკლემ როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში მყოფი კათოლიკე მისიონერები გამოიყენა [19, 398-403]. ტრაქტატის დადებამდე რამდენიმე ხნით ადრე (1781 წ. ზაფხულში) მან კიდევ ერთხელ სცადა ევროპისათვის ხმა მიეწვდინა და დახმარებისათვის რამდენიმე ევროპულ სახელმწიფოს ერთდროულად მიმართა (ამ მიზნით მან კათოლიკე მისიონერ დომინიკეს შესაბამისი წერილები გაატანა ავსტრიის იმპერატორთან, საფრანგეთის, სარდინიისა და ნეაპოლის მეფეებთან, ვენეციის სენატთან, რომის პაპთან) [20, 62].
ცალკე კვლევის საგანია ამ მისიის შემდგომი ბედი: პატრი დომენიკე `შავ ზღვაში დაიხრჩო~ (პატრი ანდრეასის ცნობით კი იგი კონსტანტინოპოლში მოულოდნელად გარდაიცვალა); დღემდე უცნობია, რა ბედი ეწია ერეკლეს წერილებს. ასეთივე უიღბლო აღმოჩნდა ერეკლე მეფის მეორე წარგზავნილიც: პატრი მაურო ვერონელი, რომელიც ამჯერად სხვა გზით – რუსეთზე გავლით მიემართებოდა ევროპისაკენ, მართალია რუსეთს გასცდა, მაგრამ პოლონეთში ქ. ბერდიჩევში გარდაიცვალა (1783 წ. მაისში). ამჯერად ცნობილია წერილების ადრესატები და რაოდენობა, რომელიც პროფ. ი. ტაბაღუამ დაადგინა: ერეკლეს წერილები რომის პაპის, ავსტრიის იმპერატორის, საფრანგეთის მეფის, ვენეციის რესპუბლიკის, სარდინიის მეფისა და სხვ. სახელზე [20, 64]. ნიშანდობლივია, რომ ბერდიჩევიდან მაუროს წერილები ორ პოლონელ კაპუცინს წაუღია ვენაში, პაპის ნუნციასთან და უთქვამთ, რომ `მიცვალებულ პატრ მაუროს საქართველოს მეფისაგან ბევრი რამ ჰქონია პირადად (ზეპირად) დაბარებული~ [19, 403].
ძნელია უსაბუთოდ რაიმეს მტკიცება, მაგრამ ორივე ეს შემთხვევა ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე გარკვეულ ეჭვს იწვევს: იქნებ ერეკლეს წარგზავნილთა სიკვდილი სულაც არ იყო გამოწვეული ბუნებრივი მიზეზებით [4; 5]. ვისთვისაც კარგად არის ცნობილი რუსეთის იმპერიის მიერ პოლიტიკაში არაერთგზის გამოყენებული `მეთოდები~, ეს ვერსია სრულიად მისაღებია. მით უფრო, რომ ერეკლეს, სავარაუდოდ _ სრულიად გამიზნულად, არც დაუმალავს რუს მოხელეთათვის მისი ეს ნაბიჯი (ჯერ ერთი _ იცოდა, რომ საბოლოოდ მაინც გაიგებდნენ: მარტო რაინეგსი რად ღირდა, რომელიც როგორც ირკვევა, ურჩევდა კიდეც ერეკლეს ამ ნაბიჯის გადადგმას [20, 60]; თუმცა, ამ საკითხებზე მსჯელობა შორს წაგვიყვანს, ამიტომ სტატიის შეზღუდული ფორმატიდან გამომდინარე, ამ თემას შემდგომ ნაშრომში განვიხილავთ).
თუმცა, ერეკლეს გზავნილებმა საბოლოოდ მაინც ჩააღწიეს ევროპამდე: ისინი ავსტრიის მთავრობას გადასცეს პოლონელმა კაპუცინებმა _ ვოლფგანგმა და ჰილარიუმმა. წერილებში დაფიქსირებული ძირითადი მოთხოვნა ეხება სამხედრო დახმარების გაწევას ორი პოლკის ფარგლებში (ან ორი პოლკისთვის გადასახდელი თანხის გაღებას: `მუდმივი ორი პოლკის ქირა გვიწყალობეთ და გვიბოძეთ. ამ ნაბოძები თანხით ჩვენ ხალხსა და ჯარს ვიშოვით; `გთხოვთ, რომ ჩვენს განკარგულებაში მოგვცეთ ორი პოლკი, რათა ჩვენ დავეუფლოთ წვრთნის წესებს და ასეთი ცოდნით ევროპული სისტემის წესზე განვაწყოთ ჯარი~... ქართლის, კახეთისა და სხვათა მეფე ერეკლე, 1782 წ. 18 ოქტომბერი) [20, 90-91]. ჩვენთვის საყურადღებოა ფრაზები რამდენიმე წერილიდან, კერძოდ:
1. მაუროსადმი ერეკლეს საინსტრუქციო წერილი, სადაც ვკითხულობთ: `თქვენ კარგად უნდა იცოდეთ და ღმერთიც მოწმეა, რომ თუ თქვენი თხოვნა არ შეუსრულებია ხსენებულ იმპერატორს და არც სხვა მეფეს, ეს საიდუმლოა და არვინ უნდა გაიგოს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოცხადება დიდად საზიანო იქნება~ [20, 90].
2. ერეკლეს წერილი ავსტრიის იმპერატორ იოსებ II-სადმი: `წერილობითი მითითებანი და სიტყვები, ისევე როგორც პატრი მაუროსადმი სიტყვიერად დანაბარები თქვენ ზედმიწევნით დაგარწმუნებთ, თქვენო უმაღლესობავ, რასაც ის მოგახსენებთ, მას ყველაფერში ერწმუნეთ. ამ წერილზე ბევრად ადრე, გასულ წელს, გამოვგზავნე თბილისში მყოფი პატრი დომენიკო. თქვენი უმაღლესობისათვის მას გამოვატანე ჩვენი თხოვნა, რაც წერილში არ იყო ნახსენები; სიტყვიერად დავაბარეთ, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებდით მას, მაგრამ პატრი დომენიკო გზაში გარდაიცვალა. ჩვენი მაშინდელი დავალება ახლანდელის შესაბამისია~ [20, 104].
3. საფრანგეთის მეფისადმი მიწერილი წერილი: `...მიიღეთ ჩვენი საჭირო თხოვნა, რაც წერილობით და სიტყვიერადაც გვაქვს დანაბარები ამ პატრი მაუროსათვის, გულშემატკივრად მოუსმინეთ მას ღვთის სიყვარულისათვის, თქვენო ყოვლად შემბრალებელო და საქებარო უდიდებულესობავ. ხელი გაუმართეთ ჩვენს გაჭირვებას და თხოვნას~ [20, 112]
4. წერილი ნეაპოლისა და სიცილიის მეფეს: `დიდი ხანია, საჭიროება გვაჩქარებდა, შეგვეწუხებინა ჩვენი სათხოვრით ევროპა... თქვენო უდიდებულესობავ, ღვთის სიყვარულისათვის გთხოვთ დიდსულოვნად მიიღოთ პატრი მაურო. მას დავავალე წერილობით და სიტყვიერადაც გადმოეცა სათქმელი. გთხოვთ კეთილგანწყობით მოუსმინოთ მას, როდესაც ის ჩვენს ვედრებას გადმოგცემთ~ [20, 113].
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რა შეიძლება ზეპირი დანაბარების სახით მოეხსენებინათ ერეკლეს წარგზავნილებს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ეს უთუოდ რუსეთისაგან დაფარული უნდა ყოფილიყო.
სამწუხაროდ ევროპა უპატიებელი გულგრილობით მოეკიდა ერეკლეს ვედრებას. რუსეთმა კი უმალ შეცვალა თავისი დამოკიდებულება, სასწრაფოდ `დაივიწყა~ ერეკლეს `უმადურობა~, `საკუთარი ინტერესებისადმი იმპერიის ინტერესების გამოყენება~ და ყველა ბერკეტი აამუშავა დასახული მიზნის მისაღწევად, რათა ერეკლეს რუსეთის მფარველობაში მიღება `ეთხოვა~ [4, 222].
საინტერესოა ამ სიტუაციის ნ. ბერძენიშვილისეული შეფასება: `რუსეთის მთავრობამ სწრაფად და ენერგიულად სცადა საქმის (შეცდომის) გამოსწორება. მან ორმხრივი იერიში მიიტანა ერეკლეზე. თავადები, აშვებული ალექსანდრეები, ფათალი-ხანი, ჩერქეზთა გადმოსახლებისათვის ხელის შეშლა, იმიერკავკასიაში ჯარების დაქირავების შესაძლებლობის მოსპობა ერთი მხრით, ხოლო მეორე მხრით _ აგენტები მრავლად ამოქმედდა ერეკლეს კარზე (`ბრადიაგა~ რეინეგსიც კი...) უხვი დაპირებებით... და ერეკლემ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება...~ [16, 170-171].
ამრიგად, რუსეთთან `სამეგობრო ხელშეკრულების~ ანუ ტრაქტატის გაფორმების გადაწყვეტილება ერეკლე II-ს მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. ჩვენ ბოლომდე ვერ გავიზიარებთ მ. სამსონაძის ნამდვილად მართებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ `რა თქმა უნდა ალექსანდრე ბატონიშვილისა და ქართლის ტახტის შენარჩუნების საკითხი ერეკლეს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ერთადერთი არ ყოფილა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოვლენათა მთელ კომპლექსში... ამ ფაქტმაც გარკვეული როლი შეასრულა და ერეკლეს საიმპერატორო კარის მიერ შემოთავაზებული მფარველობის ოფიციალურად თხოვნა გადააწყვეტინა. ეს რომ ასეა, იქიდან ჩანს, რომ ქართლ-კახეთის კარზე შემუშავებულ და 1782 წლის 21 დეკემბრით დათარიღებულ შესაბამის დოკუმენტში ქართლის ტახტისა და ალექსანდრე ბაქარის ძის საკითხს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უკავია. ერეკლეს მიერ ხელმოწერილ თხოვნაში, ერთი მხრივ, დასაბუთებულია ერეკლეს ოჯახის კანონიერი უფლებები ქართლის ტახტზე (`ქართლი ძველადაც ჩემი პაპების სამკვიდრო იყო და მასუკან ნადირ-შაჰიმ მამაჩემს უბოძა. იმჟამად მტრისაგან გაოხრებული და გახარაბაბებული იყო. მამაჩემი და მე დიდის ღვაწლის დადებით ამ ქვეყნის აშენებას ვეცადენით...~), ხოლო მეორე მხრივ, დასმულია აღნიშნული პრობლემის საბოლოო გადაწყვეტის საკითხი [4, 224]; შეუძლებელია, ერეკლე II-ის ყველაზე შეურიგებელმა ოპონენტებმაც კი არ აღიარონ მისი ღვაწლი ამ სფეროში. ეს ფაქტი თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ისევ და ისევ ქართველთა მხრიდან მომავალ საფრთხეს ქვეყნის გაერთიანების საქმეში. ამ მხრივ საგულისხმოა დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი: `ჩემი ძველთაგან პაპების სამკვიდრო და ჩემგან ამდენის გარჯით და ღვაწლის დადებით აშენებული ქვეყანაჩემს შვილებს და ჩამომავლობას არ დაეკარგოს და არ მოეშალოს და საბოლოოდ ისე დაუმტკიცდესთ და ყოველნი ჩემნი ჩამომავალნი რუსეთის მონარხის ერთგულნი მონანი და მოსამსახურენი იყუნენ. და ეს მათის დიდ-ის ჩვენზე... მოწყალება გამოცხადებული იყოს, რომ უჭკუოს ბაქარისშვილს ალექსანდრესავით გამოჩნდეს ვინმე, უმეცარი ხალხი არ აჰყუეს~ [15, 195-196].
ჩვენ შევეცადეთ ძალიან შემჭიდროვებულად განგვეხილა ერეკლეს მიერ ქვეყნის საგარეო ორიენტაციის მიმართულებით განხორციელებული ყველა მცდელობა და სათანადო შეფასება მიგვეცა. იმას, რომ რუსეთი უკიდურესად `რთული~ მეზობელი და პარტნიორი ქვეყანაა, თვალნათლივ ადასტურებს თანამედროვე პოლიტიკური ვითარება არა მარტო რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ ფონზე დღეს სირთულეს აღარ წარმოადგენს ერეკლეს მმართველობის ობიექტური შეფასება იმ პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, რომელთაც ჩვენი სტატიის ფორმატიდან გამომდინარე, აღარ ჩამოვთვლით.
და ბოლოს, სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგაც კი მისი აღდგენისათვის მებრძოლ ბაგრატიონებს არ დაუკარგავთ ევროპული ორიენტაცია, კვლავაც ცდილობენ წერილობითი თხოვნებით მიაპყრონ ევროპელ მონარქთა ყურადღება რუსეთის მიერ ყველანაირი საერთაშორისო კანონების დარღვევით განხორციელებულ საქართველოს ანექსიას და სათანადო დახმარება მოიპოვონ. ამის მაგალითია 1809 წ. ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილის წერილები ნაპოლეონ I-სადმი, [21, 51, 57]; სოლომონ II რამდენიმე წერილი ნაპოლეონისადმი 1810 წ. [21, 68-70].
ამრიგად, 1783 წ. ტრაქტატის გაფორმება ერეკლეს იძულებით მოუწია და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმეში რუსეთის ზეწოლაზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს იმპერიის მიერ ქართლის ბაგრატიონთა სამეფო პრეტენზიებით მანიპულირება: ეს გარემოება ერეკლეს ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდა ქვეყნის გაერთიანების იდეისათვის ბრძოლაში. XVIII ს-ში მოღვაწე მეფეს შეუძლებელია სცოდნოდა, რომ წინა საუკუნეებიდან მოყოლებული დღემდე რუსეთის მიერ ნებისმიერ ქვეყანასთან გაფორმებული ოფიციალური ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ქაღალდის ტოლფასია (და იგივე ბედი გაიზიარა ტრაქტატმაც, სადაც ნამდვილად არაფერია ნათქვამი სამეფოს გაუქმების თაობაზე); თუმცა, ამის გათვალისწინება სულაც არ არის ძნელი XXI საუკუნის გადმოსახედიდან. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, საფუძველს მოკლებულია წლების მანძილზე დამკვიდრებული კლიშე, რომ ერეკლე მხოლოდ ნიჭიერი სამხედრო მოღვაწე იყო, მაგრამ სუსტი პოლიტიკოსი და დიპლომატი.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. ლ. ტუხაშვილი, რუსეთი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისი, 1983.
2. ლ. მიქიაშვილი, XVIII საუკუნის მეორე ნახევრისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართული ისტორიოგრაფია 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ, საისტორიო ალმანახი `კლიო~, #21, თბილისი, 2004.
3. თ. ენუქიძე, გეორგიევსკის ტრაქტატის რატიფიცირებული ტექსტის პალეოგრაფიული შესწავლის საკითხისათვის, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #3, 1983.
4. მ. სამსონაძე, საქართველოს გაერთიანების პრობლემა და საგარეო ორიენტაცია XVIII საუკუნეში, თბილისი, 1988.
5. მოხსენება `ერეკლე II და ალექსანდრე ამილახვარი~ ჩვენს მიერ წაკითხულ იქნა 2015 წ. 25 ნოემბერს მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის `საქართველო _ 2015~ ფარგლებში მოწყობილ სამეცნიერო კონფერენციაზე; სტატიის სახით გადაცემულია დასაბეჭდად ივ. ჯავახიშილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის `შრომები~, XIV-XV, 2016.
6. История Ирана с древнейших времен до конца XVIII века, издательство Ленинградского Университета, 1958.
7. გ. პაიჭაძე, ქართლისა და კახეთის სამეფოების პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან XVIII ს-ის 50-60-იან წლებში, კრებულში: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკური ისტორიიდან, თბილისი, 1973.
8. ვ. მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, II, თბილისი, 1968.
9. მ. ბულეიშვილი, ქართული ეკლესიის მსახურები რუსეთ-საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობაში, თბილისი, 1991.
10. ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი, მეფის ირაკლის დროის ცოცოტა ანბები ანუ ზოგიერთი მაშინდელნი პირნი (ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, I, თბილისი, 1914).
11. М. Броссе, Переписка грузинских царей с российскими государями, С. Петербург, 1861.
12. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, 1973.
13. ო. გიგინეიშვილი, საქართველო ოსმალეთის საგარეო პოლიტიკაში XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, თსუ შრომები, 73, 1959.
14. Н. Тарсаидзе, Исторические этюды, Тбилиси, 1972.
15. ი. ცინცაძე, 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბილისი, 1960.
16. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. IV, თბილისი, 1967.
17. თ. ბოცვაძე, საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1963.
18. С. Бурнашев, Картина Грузии или описание политическаго состояния царств карталинскаго и кахетинскаго, Тифлис, 1896.
19. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბილისი, 1904.
20. ი. ტაბაღუა, საქართველო საერთაშორისო არენაზე XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისი, 1979.
21. ი. ტაბაღუა, საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1974.
22. იესე ბარათაშვილის ცხოვრება-ანდერძი, ა. იოსელიანის გამოცემა, თბილისი, 1950.
14. სვეტის უდაბნოს სულთა მატიანე













15. ჰაბიბ იბნ მასლამას დაცვის სიგელი (მ. ლორთქიფანიძე)




16. მასალები XVII-XVIII ს-ის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიისათვის







17. 

Комментариев нет:

Отправить комментарий