среда, 18 апреля 2018 г.

გრიგოლ ბაკურიანის ძე (დ. მერკვილაძე, ჯ. სამუშია)

1. ქართველთა მოღვაწეებიდან XI საუკუნის ბიზანტიის იმპერიაში (დ. მერკვილაძე)







2. გრიგოლ ბაკურიანის ძე - ბიზანტიის დიდი დომესტიკოსი (ჯ. სამუშია)
ბიზანტიის იმპერია შუა საუკუნეების საკმაოდ დიდ მონაკვეთშისუპერსახელმწიფოიყო. იგი დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის ერთგვარი ხიდის როლს ასრულებდა. ევროპისა და მახლობელი აზიის ხალხთა ისტორიაში ცოტა თუა ისეთი ერი, რომლის ცხოვრებაში ბიზანტიას, მის კულტურას გამორჩეული როლი არ შეესრულებინოს. ბიზანტიას თავისი არსებობის განმავლობაში მჭიდრო კავშირურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთანაც.
ბიზანტიისთვის XI საუკუნე გამორჩეული ეპოქაა. მან ამ საუკუნის პირველ ნახევარში პოლიტიკური ძლიერების ზენიტს მიაღწია. დაიმორჩილა და თავის საზღვრებში მოაქცია ბულგარეთის სამეფო, ზედიზედ დაიკავა ტარონი (966 .), იმიერტაოს (1001 .), ვასპურაკანის (1021 .) სამეფოები. ამავე პერიოდში მოამზადა ანისის სამეფოს დაპყრობის საფუძველი. თავისი პოლიტიკის გასავრცელებლად ერთმანეთს უხამებდა ფარულ და ღია დიპლომატიას, სამხედრო ძალის დემონსტრაციას და რაც ყველაზე საინტერესოა, იურიდიულ გარიგებებს. გამორჩეულად ნიჭიერი უნდა ყოფილიყო კაცი, ვინც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ეს მიმართულება ჩამოაყალიბა. ამ მიმართულების არსი ასეთი გახლდათ: ბიზანტიის წინააღმდეგ გამოსულ ამა თუ იმ ქვეყნის ხელმწიფეს იმპერატორი დიდსულოვნად აპატიებდა დანაშაულს მხოლოდ იმ პირობით, თუ იგი გარდაცვალების შემდეგ თავის სამეფოს ანდერძით დაუტოვებდა ბიზანტიას. აქ ერთი შეხედვით დიდი ტრაგედია არ ჩანდა და ყველა ცდილობდა, იმპერატორისგან კარს მომდგარი რისხვა აეცილებინა. მომავალში რა იქნებოდა, ნაკლებად ფიქრობდნენ. ბიზანტია კი სხვა ქვეყნის დაპყრობის იურიდიულ საფუძველს ქმნიდა. ასე ჩაიგდო ხელში სომხური სამეფოების უმეტესი ნაწილი, ასეთივე ხერხით დაიკავა ბასილ II- იმიერტაოს ქართველთა სამეფო
987-989 წლებში ბიზანტიის მხედართმთავარმა ბარდა ფოკამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება მოინდომა და აჯანყდა. მას მხარი დაუჭირა ქართველმა მეფემ დავით III კურაპალატმა. ბასილ II- დაამარცხა ბარდა ფოკა და მისი მომხრეების დასჯაც გადაწყვიტა, მათ შორის დავით III-ისა. ქართველთა მეფემ კი ბიზანტიის აგრესიის თავიდან ასაცილებლად ბასილს პირობა მისცა, გარდაცვალების შემდეგ თავისი სამეფო მისთვის დაეტოვებინა
1001 წელს დავით III გარდაიცვალა. ბასილმა ქართველებს პირობის შესრულება მოსთხოვა და დიდი ლაშქრით შევიდა იმიერტაოში. აქ საქმეების მოგვარების შემდეგ ქართველ აზნაურებს მძევლები ჩამოართვა, ხოლო დიდგვაროვნების ნაწილი თან წაიყვანა, მათ შორის ბაკურიანი და ძმები - ფევდატი და ფერსი
საუკუნეების განმავლობაში ბედისწერას ბევრი ქართველი მოუშორებია დედასამშობლოსთვის. ბევრი მათგანის თანამდევი იყო გაჭირვება, ტანჯვა-წამება, უსახელო სიკვდილი. მხოლოდ ცოტას თუ გაუმართლა, მაგრამ ისინიც მწვავედ განიცდიდნენ საკუთარი მიწისგან მოწყვეტას
ბიზანტიაში გადასახლებულ ტაოელ ქართველებს და მათ შთამომავლებსაც ძალიან გაუჭირდათ უცხოეთში. ალბათ ამიტომ ზოგმა, როგორც კი საშუალება მიეცა, სამშობლოს მოაშურა. დარჩენილები ბიზანტიის სამსახურში ჩადგნენ. ერთი ამათგანი იყო გრიგოლ ბაკურიანის ძე
ეს ის გრიგოლია, რომლის მამა ბაკურიანი, მეცნიერთა აზრით, ბასილ II- საქართველოდან წამოიყვანა. ბაკურიანის გარდაცვალების შემდეგ გრიგოლის დედა გაჭირვებამ აიძულა, ნაწილი ქონებისა გაეყიდა, ნაწილი კი ქალიშვილებისთვის გადაეცა მზითვად. გრიგოლსა და მის ძმას აბაზს კი თითქმის არაფერი შერჩათ. ძმები იმპერიის სამსახურში ჩადგნენ და მალე დიდ წარმატებას მიაღწიეს. გრიგოლი აქტიურად მონაწილეობდა იმპერიის სამხედრო ექსპედიციებში და კარგი მეომრისა და მხედართმთავრის სახელი დაიმკვიდრა
გრიგოლ ბაკურიანის ძეს XI საუკუნის 60-იანი წლების დამდეგს უკვე საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა. დაახლოებით 1064 წლისთვის იბერიის თემში მოღვაწეობს, მონაწილეობს თურქ-სელჩუკთა მიერ გარემოცული ანისის ციხე-ქალაქის დაცვაში. მართალია, ანისი დაეცა, მაგრამ იმპერატორს გრიგოლის ვაჟკაცობა სათანადოდ დაუფასებია და მალე იბერიის თემის მმართველად დაუნიშნავს
იბერიის თემი ანუ საკატეპანო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციაში, საქართველოს მოსაზღვრედ შექმნილი ბიზანტიური სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეული იყო და ძირითადად მოიცავდა დავით III კურაპალატის მამულებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1001 წელს შეიერთა ბასილი II-. ამას გარდა, მასში შედიოდა ანისისა და კარის (ყარსის) სამეფოთა მიწა-წყალიც. იბერიის თემის მმართველის ანუ დუკას თანამდებობა იმპერიაში ერთობ საპატიო იყო
გრიგოლ ბაკურიანის ძეს რთულ დროს მოუხდა იბერიის დუკად ყოფნა: ბიზანტიის აღმოსავლეთ საზღვრებში თურქ-სელჩუკები თარეშობდნენ, იბერიის თემსა და მის მიმდებარე ტერიტორიას მომთაბარე ოღუზები არბევდნენ. გრიგოლმა ერთხანს შეძლო იბერიის თემის შენარჩუნება, მაგრამ XI საუკუნის 70-იანი წლების შუა ხანებში თურქ-სელჩუკთა შემოსევებმა არნახული მასშტაბები შეიძინა. მტერი ბიზანტიის ცენტრალურ რაიონებს დაემუქრა. მომთაბარე ოღუზები კონსტანტინოპოლსაც კი მიუახლოვდნენ. იმპერატორმა გადაწყვიტა ამიერკავკასია დროებით დაეთმო, აქედან გაწვეული მეომრებით კი ცენტრალური პროვინციები გაემაგრებინა
ამ დროს კონსტანტინოპოლში საიმპერატორო კარზე ქართველთა საკმაოდ დიდი პარტია არსებობდა. ისინი, უპირველესად, ბიზანტიის დედოფლის, ქართველი მართა-მარიამის გარშემო იყვნენ თავმოყრილი. საფიქრებელია, რომ ამ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდა გრიგოლ ბაკურიანის ძეც. პოლიტიკურმა ვითარებამ და საქართველოს სამეფო ოჯახთან ახლო ნათესაობამ იმპერატორს უბიძგა, იბერიის თემში შემავალი ციხეები საქართველოს მეფისთვის, გიორგი II-ისთვის გადაეცა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში დედოფლის გარშემო დაჯგუფებულ ქართველთა დასსაც უნდა შეესრულებინა საგრძნობი როლი. საბოლოოდ ეს საქმე იმპერატორმა გრიგოლს მიანდო. გიორგი II და გრიგოლი ბანაში შეხვდნენ ერთმანეთს. მათი შეხვედრისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის პირობით, საქართველოს დაუთმეს კარის (ყარსის) ციხე-ქალაქი და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე ქართველთა ხელში გადავიდა სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელთა გამგებლობაში მყოფი ციხეები. ეს იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკის საგრძნობი წარმატება. სიმბოლურია, რომ ეს საქმე სწორედ გრიგოლ ბაკურიანის ძის ხელით განხორციელდა.
აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა გაბატონების შემდეგ იბერიის საკატეპანო გაუქმდა. გრიგოლმა მოღვაწეობა ბიზანტიის დასავლეთ ნაწილში - ბალკანეთში განაგრძო
1081 წელს ალექსი კომნენოსმა აჯანყება მოაწყო. იმპერატორი ნიკიფორე III ტახტიდან ჩამოაგდო და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ამიერიდან ბიზანტიის სათავეში თითქმის ერთი საუკუნე კომნენოსთა საგვარეულო იდგა. ეს გადატრიალება კონსტანტინოპოლში არსებულ ქართველთა ხელდებით განხორციელდა. შეთქმულებას ფარულად ხელმძღვანელობდა მარიამ დედოფალი. ალექსი კომნენოსს მხარში ედგა და მასთან ერთად იბრძოდა გრიგოლ ბაკურიანის ძეც. ჩვენამდე მოღწეულია აჯანყებამდე გამართული მათი საუბრის ტექსტი. ამ საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ გრიგოლ ბაკურიანის ძე არათუ დიდი მხედართმთავარი, მოხერხებული პოლიტიკოსიც იყო. ალექსი კომნენოსის ქალიშვილის, ანა კომნენოსის მონათხრობით, როცა ალექსიმ აჯანყება გადაწყვიტა, ღამის პირველი დარაჯობისას მივიდა გრიგოლ ბაკურიანის ძესთან დაუამბო მას ყველაფერი... იმან (.. გრიგოლმა) ყოველივე ეს მოისმინა და მიხვდა, რომ ამგვარ შემთხვევაში დაყოვნება დაუშვებელია, რომ საჭიროა ახლავე შეუდგნენ ამ კეთილშობილურ საქმეს და უთხრა: - თუ ხვალ, დილით ადრე, აქედან გახვალ, მეც გამოგყვები და თავგამოდებით დაგიცავ, თუ მომავლისთვის გადასდებ შენი განზრახვის აღსრულებას, იცოდე, მე თვითონ დაუყოვნებლივ მივალ მეფესთან და ვუამბობ შენსა და შენი თანამზრახველების შესახებო”. 
გრიგოლის განზრახვა აბსოლუტურად გასაგებია. მას სურდა კომნენოსი აეჩქარებინა, ვინაიდან, როგორც გამოცდილმა სარდალმა, შესანიშნავად იცოდა, რომ გადავადება მხოლოდ ავნებდა დაწყებულ საქმეს და ჩანაფიქრს ჩაშლიდა. შეთქმულება განხორციელდა. საიმპერატორო ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიკავა, გრიგოლ ბაკურიანის ძე კი დასავლეთ ჯარების სარდალი ანუ დასავლეთის დიდი დომესტიკოსი გახდა. ამავე დროს იმპერატორმა მას ბიზანტიის უდიდესი სამოხელეო ტიტული - სევასტოსობა უბოძა. იმპერიის სამხედრო იერარქიაში კი იმპერატორის შემდეგ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ჯარების სარდლები იდგნენ. XI საუკუნის მიწურულს დასავლეთის დიდი დომესტიკოსი განსაკუთრებულ როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. არც ის იყო შემთხვევითი, რომ მცირე ხნით ადრე ეს საპატიო თანამდებობა სწორედ ალექსი კომნენოსს ეჭირა, გაიმპერატორების შემდეგ კი იგი გრიგოლს გადასცა.
XI
საუკუნის 80-იანი წლებიდან ბიზანტიის დასავლეთ საზღვრებთან გახშირდა პაჭანიკებისა და ყივჩაღების თავდასხმები. გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა მტერს. 1081-1083 წლების შუალედში ერთ-ერთი ბრძოლისას ტყვედაც ჩაუგდიათ ყივჩაღებს, მაგრამ ალექსი კომნენოსს დიდ საფასურად გამოუხსნია
იმპერატორი უდიდეს პატივს მიაგებდა გრიგოლს და მას დამოუკიდებლად მოქმედების უფლებასაც კი აძლევდა
1086 წელს ალექსსი I-მა გრიგოლს მომთაბარე სკვითების წინააღმდეგ გალაშქრება დაავალა. გრიგოლმა გადამწყვეტი ბრძოლის წინ საგანგებოდ განალაგა თავისი ჯარი. შუა ბრძოლისას მოულოდნელად ცხენმა გაიტაცა, მუხას დაეჯახა და იქვე დალია სული. ეს იყო დიდი ტრაგედია ბიზანტიის იმპერიის ისტორიაში. ანა კომნენოსის სიტყვით, მამამისმა - იმპერატორმა ალექსი I-მა, დიდად განიცადა ეს ამბავი: “დაიტირა დაღუპულები, ყველანი ცალ-ცალკე და ერთად, ხოლო დომესტიკოსის სიკვდილის გამო განსაკუთრებით წუხდა და ცრემლს ღვრიდა, ვინაიდან ძალიან უყვარდა ეს კაცი ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე მეფედ გამოაცხადებდნენ”.
ბიზანტიის იმპერიის დომესტიკოსი გრიგოლ ბაკურიანის ძე დიდი პატივით წამოასვენეს და მისსავე აშენებულ პეტრიწონის მონასტერში დაკრძალეს. საქართველოსგან შორს განისვენა ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა, თავისი დროის უდიდესმა სარდალმა და ქველმოქმედმა
უცხოეთში მოღვაწე ქართველ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეთა დასში გრიგოლ ბაკურიანის ძე გამორჩეულია ეროვნული თვითშეგნებით. მართალია, მთელი ცხოვრება ბიზანტიის სამსახურში გალია, მაგრამ ამას ოდნავადაც არ შეუსუსტებია მისი სიყვარული სამშობლოსადმი, ქართველებისადმი. ბიზანტიის დიდმა დომესტიკოსმა უზარმაზარი სიმდიდრე დააგროვა. უკვე ხანში შესულმა თავისი ქონებით იმპერიის ევროპულ ნაწილში, ბულგარეთის ტერიტორიაზე, პეტრიწონის სავანე აღაშენა. 1083 წელს ამ მონასტერს საგანგებო ტიპიკონი - წესდებაც განუწესა.
გრიგოლი ქართული სამხედრო ტრადიციების ერთგული გამგრძელებელი გახლდათ. ბიზანტიელი ისტორიკოსები საგანგებოდ აღნიშნავენ, რომ დიდმა დომესტიკოსმა უკეთ იცოდა ჯარის მომზადება, მისი დაწყობა ფალანგ-ფალანგ (საბრძოლო წყობა, ქვეითი ჯარის ერთმანეთთან მიჯრილი მწკრივები), მოხერხებული საბრძოლო წყობის მოფიქრება. გასაოცარია, მაგრამ გრიგოლს თავი უპირველესად ქართველ მხედართმთავრად მიაჩნდა. ჩვენ ქართველნი ვართ ნათესავით მხნენი და მხედრობით აღზრდილნი და მარადის ჭირვეულისა ცხორებას ჩუეულნი, - საგანგებოდ აღნიშნავს იგი.
პეტრიწონის მონასტერიც გრიგოლმა მხოლოდ თავის თვისტომთათვის, ქართველთათვის ააგო. მართლაც საინტერესოა, რომ ბერძნებს, რომელთა გარემოში იზრდებოდა და რომელთა სახელმწიფოს ძლიერებისთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, სავანეში მოღვაწეობა ეკრძალებოდათ. გრიგოლი ტიპიკონში საგანგებოდ აღნიშნავდა: მე ვურჩევ ყველას ამ მონასტერში მყოფს და უმტკიცესი დადგენილებით ვაწესებ, რომ არასოდეს ჩემს მონასტერში ბერძენი ხუცესი ან მონაზონი არ იქნეს დამკვიდრებული გარდა ერთი მდივნისა, რომელმაც იცის წერა და რომელიც ხანდახან მთავრებთან გაგზავნის წერილს წინამძღვრისგან და მათთან გაგზავნილს უკან დაიბრუნებს და მონასტრის საქმეებს წარმართავს. ამ გადაწყვეტილებას გრიგოლი ამგვარად ხსნიდა: ბერძნები მოძალადენი არიან, უპირონი და ანგარნი და მონასტერს რაიმე გაჭირვებას და ვნებას შეამთხვევენ ან ვინმე მოწინააღმდეგეს დააყენებენ ადგილზე, რომელიც შეეცდება იქ გაბატონდეს, ან მამასახლისობა თვითონ მიითვისოს, ან სხვა რაიმე დაწყევლილი საბაბით მონასტერი მიიჩემოს, რაც ხშირად გვინახავს მათგან ჩადენილი ჩვენი ტომის გულუბრყვილობისა და გულმართლობის წყალობით
XI საუკუნიდან მოყოლებული, პეტრიწონის მონასტერი ქართველთა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო. ამ სავანეში ბევრი სახელოვანი ქართველი მოღვაწეობდა. ამის ნათელსაყოფად იოანე პეტრიწის ხსენებაც საკმარისია. გრიგოლ ბაკურიანის ძე კი სამარადისოდ დარჩა ქართველი კაცის მეხსიერებაში ჭეშმარიტ ქართველად, ვინც ბედუკუღმართობამ სამშობლოს მოსწყვიტა და შორეულ ქვეყანაში გადააგდო, მაგრამ დიდებისა და სიმდიდრის მიუხედავად, ქართველი ხალხი არ დაივიწყა, თავისი მოღვაწეობის ყველაზე დიდი შედევრი მას უძღვნა, თავისი სამშობლოს აღმასვლაზე ზრუნავდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий