მართალია, 1735 წლის 30 ივლისს ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას მაინც დიდი ხნით არ ღირსებია მშვიდობიანი ცხოვრება, რადგანაც იმავე 1735 წლის აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს ყიზილბაშების სახით ახალი დამპყრობელი გამოუჩნდა. დაიწყო ე. წ. „ყიზილბაშობა“. ამიერიდან ქართლ-კახეთის მმართველ პირებს ოსმალეთის ნაცვლად ირანის ხელისუფლება ნიშნავდა. ირანის შაჰი ქართლისა და კახეთის სამეფოების მმართველებად ან გამაჰმადიანებულ მეფეებს აგზავნიდა, ან ყიზილბაშ ხანებს. მათი მმართველობის პერიოდი 1735 წლის აგვისტოდან 1744 წლის იანვრამდე იყო – თეიმურაზ–ერეკლეს გამეფებამდე. აღნიშნული პერიოდი საქართველოს ისტორიის ერთერთი უმძიმესი პერიოდია.
მიუხედავად იმისა, რომ XVIII საუკუნის 30-იან წლებში ამიერკავკასიაში ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ქართლ-კახეთი და ირანი ერთად იბრძოდნენ, ირანის შაჰი ქართველებს, მათი სამსახურის მიუხედავად, მაინც ეჭვის თვალით უყურებდა, რადგანაც მას მოეპოვებოდა ცნობები იმ მიმოწერის შესახებ, რომელსაც ქართლის ფეოდალები რუსეთში მყოფ ვახტანგ VI-თან აწარმოებდნენ და რუსეთის დახმარებით ქართლში მის კვლავ გამეფებას ცდილობდნენ. ირანისათვის ასევე კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი თეიმურაზ კახთა მეფის რუსთ მომხრეობაც. ოსმალთა დამარცხების შემდეგ ერევანში მყოფმა თამაზხანმა მეფე თეიმურაზი და ქართლ-კახეთის დიდებულები თავისთან დაიბარა. შაჰ-თამაზმა თეიმურაზს გამაჰმადიანება მოსთხოვა. თეიმურაზის უარის გამო 1735 წლის აგვისტოს ბოლოს თამაზ-ხანმა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზის ძმისწული გამაჰმადიანებული ალექსანდრე დავით იმამყული-ხანის ძე (ალი-მირზა) დანიშნა. ალექსანდრე ალი-მირზას ქართლ-კახეთის ვალად დანიშვნის შესახებ ცნობები მოი პოვება ს. ჩხეიძის1 და მირზა მეჰთის2 საისტორიო თხზულებებში. თარიღიან ცნობას ალექსანდრეს დანიშვნის შესახებ გვაწვდის ბარძიმ არაგვის ერისთავის 1735 წ. წერილი რუსეთის იმპერატრიცა ანასადმი3 საიდანაც ჩანს, რომ 10 აგვისტოს შემდეგ ერევანში თამაზ-ხანს ქართლ-კახეთის მეფედ დაუნიშნავს ალი-მირზა, ხოლო მის თანაშემწეებად – ხანჯალ-ხანი (რომელსაც ნ. ბერძენიშვილი ასლამაზ-ხანად იხსენიებს4) და ალი-ყულიბეგ ამირეჯიბი, რომელთაც ქართლში ხარკის შეკრება დაევალათ.
ამრიგად, 1735 წ. 10 აგვისტოდან ქართლში „ყიზილბაშობა“ დაიწყო. მას ირანული გადასახადები დაადეს. თბილისში დაბრუნებულმა ალექსანდრე ალი-მირზამ ნადირ-ხანის ბრძანებით თბილისს 8 ათასი თუმანი ხარკი შეაწერა, ამას გარდა სახასოს სოფლებს 3 ათასი თუმანი ფული და 3 ათასი ხარვალი (75000 ფუთი) ხორბალი გადაახდევინა. მთელი ეს ხარკი და 2 ათასი მოლაშქრე ალექსანდრემ ნადირს გაუგზავნა.5
1.
ს. ჩხეიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 47.
2.
მირზა მეჰთი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H2310.
3.
Паичадзе Г. Русско-Грузинские политические отношения в первой половине XVIII
века, стр. 182-185.
4.
ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი III, გვ. 167.
5.
ჩხეიძე სეხნია, საქართველოს ისტორია, გვ. 47.
მოგვეპოვება ალექსანდრე მეფის მიერ 1735 წ. ნოემბრიდან 1736 წლის სექტემბრამდე ქართლის სამეფოში გაცემული საბუთები (ხეც – AD 583, სცსსა ფ. 1450, დ. 26, ს. 161) და 1735 წლის მიწურულიდან 1736 წლის ოქტომბრამდე კახეთის სამეფოში გაცემული საბუთები (ხეც – HD 9265; HD 9574; სცსსა ფ. 1461, რვ. 13, ს. 23; ფ. 1448, ს. 2295). ამ საბუთებში ალექსანდრე იწოდება „ქართლისა და კახეთის მპყრობელ, ერანის ხელმწიფისაგან უხვად გამდიდრებულ მეფეთ-მეფედ“. სინამდვილეში კი ის ნომინალური მეფე, შაჰის მოხელე და მისი პოლიტიკის გამტარებელია აღმოსავლეთ საქართველოში.
1735
წელს ერევანში მყოფმა თამაზ-ხანმა თეიმურაზ კახთა მეფეს და სხვა კახ დიდებულებს ცოლ-შვილის ტფილისში მიყვანა უბრძანა. ოქტომბერში თვითონაც ერევნიდან თბილისისაკენ დაიძრა და თან თეიმურაზ კახთა მეფე და ქართლ-კახეთის თავადები გამოიყოლა. გზაში ქართველმა ტყვეებმა დრო იხელთეს და გაიქცნენ. თეიმურაზ მეფე კახელებით ქართლში გადავიდა. ქართლის თავადები ზოგი იმერეთს, ზოგი რუსეთს გადაიხვეწა, ზოგი კიდევ მიუვალ ციხეებში გამაგრდა. ამ ამბავს გადმოგვცემს თედო ჟორდანიაც „ქრონიკების“ III ტომში: „1735 წ. უკგ. ღვინობისთვის ვ. შემოვიდა ქალაქში თამაზ-ხანი. იზ დღეს დარჩა. ყურყუთადან გამოეპარნენ თეიმურაზი, ამილახორი გივი, მუხრანბატონი მამუკა, ავალიშვილი და სხვა. თეიმურაზი ფშავში გაიხიზნა, გივი იმერეთში გადავიდა, მუხრან-ბატონი წავიდა რუსეთს“.1 სეხნია ჩხეიძე კი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: „მიეცა დასტური თამაზ-ხანს კახის ბატონის თეიმურაზისათვინ, რომ ცოლითა და შვილით, კახთ დარბაისლით ქალაქს (თბილისს) ჩამოსულიყო. რა კახეთს მივიდა, კახთ ეს არ ქნეს ცოლ-შვილით ჩასვლა, აიყარნენ და წავიდნენ ფშავში“.2
ამრიგად, ქართლ-კახეთი ისევ აჯანყებამ მოიცვა. ირანის სარდალმა ქართლსა და კახეთს თავისი დამსჯელი რაზმები შეუსია. 26 ოქტომბერს თამაზ-ხანი კახეთს მიადგა: „აოხრა ჭარი და შამახიას ჩავიდა. რაც ქართლ-კახელნი ახლდნენ, რა ალაზანს გავიდნენ, იარაღი აჰყარა და ყველანი განჯას გაისტუმრა... აჰყარა ქართლ-კახეთიდამ მრავალი კომლი მოსახლე და ხორასანში გაგზავნა“.3 როგორც ჩანს, ნადირი საქართველოს საკითხის გადაჭრას ისეთივე საშუალებებით აპირებდა, როგორც შაჰ-აბასი.
1.
თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. III, გვ. 152-153.
2.
ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 47.
3.
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
1735
წლის ბოლოს სპარსელებისაგან შევიწროებული და დევნილი თეიმურაზ მეფე რუსეთის იმპერიაში აგზავნის ელჩობას თავად როსებ გიორგის ძის მეთაურობით. ელჩობის მიზანი იყო გაეფრთხილებინა რუსეთის მთავრობას ნადირ-შაჰი, რათა მას შეეწყვიტა აგრესია საქართველოს მიმართ, აღედგინა თეიმურაზ მეფის უფლებები კახეთის სამეფოში და დაენიშნა მისთვის ჯამაგირი, ამასთანავე, სამშობლოში დაებრუნებინა ქართლის ტახტის კანონიერი პრეტენდენტი – ბაქარ ვახტანგის ძე: „ერთი კაცი და წიგნი თამაზ-ხანთან გვიბოძოს, ჩვენ და ამ ქვეყანას ავს ნუღარ გვიზამს, იმისგან სიკვდილისა და სჯულის დაგდების ფიქრი აღარა გვქონდეს, ჩვენი ქვეყანა კახეთი საბატონოდ ჩვენვე მოგვეცეს, რომ ამავ ჩვენ ქვეყანას, ჩვენის რჯულით ვიყოთ და თქვენი ბედნიერი თავი ვილოცოთ. თუ ეს არ იქნებოდეს ამისი წყალობა გვიყავით, ამ ქვეყანას მტერმა არ წაგვახდინოს და მაგათს საფარველს ქვეშ შეგვიხვეწიონ, ასეთის წიგნისა და კაცის წყალობა გვიყონ, რომ გზაზე მაგათის წყალობით მშვიდობით გამოვიაროთ და მაგათს საფარველს ქვეშ მოვაწიოთ ... უკეთუ არა გვეწვევის ხელი ბრწყინვალისა, სიმაღლისა, ამაღლებულის მეფობისა თქვენისა სრულიად აღიფხვრების სჯული ქრისტესი და მივეცემით უსჯულოებას: უკეთუ მაგათი დიდებული სიმაღლე და ძალი მეფობისა მაგათისა შეგვეწეოდეს, ბაქარ, მეფის ვახტანგის შვილი, ქართლში გამოისტუმროს და თუ ხელმწიფის ძალი და წყალობა იქნების, მე და მაგას თავს დაგვადვას სამსახური, ღვთითა და მაგათის ამაღლებულის ძალით, სამსახურს ვეცდებით და წინაც წავიყვანთ, თუ არა და თამაზ-ხანთან შუამავლობა მიყოს, რომ ჩემი ქვეყანა მე მიბოძოს და ამისგან უფრო ჩვენს ქვეყანას ნუღარ მოაოხრებს. თუ არც ეს იქნას, ამდენი წყალობა მიყოს თავის საფარველს ქვეშ მიმაწევინოს“...1 მაგრამ თეიმურაზის მიერ რუსეთში გაგზავნილ ამ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. თეიმურაზისათვის ნათელი გახდა, რომ დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაყრდნობოდა.2
1.
ა. იოსელიანი, დასახ. ნაშრომი, გვ. 189-195.
2.
ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40 წლებში, ჟურნალი „ამირანი“, XIII, გვ. 63.
ნადირმა 1735 წლის ოქტომბერში თბილისში 17 დღე დაჰყო. თბილისიდან ის დარუბანდისკენ გაეშურა ყირიმელი თათარხანის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც დაგვიანებით წამოსულიყო შირვანში ოსმალთა დასახმარებლად, მაგრამ თათარხანმა გზაშივე შეიტყო ოსმალთა დამარცხება და უკანვე გაბრუნდა. ნადირი კი მუღანს წავიდა, სადაც მას განზრახული ჰქონდა ერანის ყაენად დაჯდომა. მანამდე ნადირმა შაჰობიდან გადააყენა თავისი უუნარო პატრონი შაჰ-თამაზი და შაჰად ჯერ მისი 8 თვის შვილი აბას III გამოაცხადა, ხოლო 1736 წლის 26 თებერვალს ირანელი თავკაცების ყრილობას ქვეყნის მმართველად უკვე თავისი თავი აარჩევინა. აქვე ეახლნენ მას ამიერკავკასიელი ყმებიც. ნადირი ირანის კონგლომერატული სახელმწიფოს თვითმპყრობელი გახდა. მან ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით სახელმწიფო რეფორმა ჩაატარა, რომელიც მის იმპერიაში იძულებით ჩართულ საქართველოსაც შეეხო. მისი ბრძანებით ირანი 4 სამხედრო-ადმინისტრაციულ ოლქად დაიყო. ერთ-ერთი ოლქი იყო აზერბაიჯანი, რომლის ბეგლარ-ბეგად და მთავარსარდლად ნადირმა თავისი ძმა იბრეიმ-ხანი დანიშნა. ნადირმა იბრეიმ-ხანს აზერბაიჯანთან ერთად სამმართველოდ ერევანი, დაღესტანი და აღმოსავლეთ საქართველოც გადასცა. ნადირმა ადგილზე ქართლ-კახეთის მეფედ ისევ ალექსანდრე ალი-მირზა დანიშნა, რომელიც აზებაიჯანის ბეგლარ-ბეგს დაუქვემდებარა (იბრეიმ-ხანის სიკვდილის შემდეგ ეს დაქვემდებარება აღარ ჩანს). დიდი წყალობის გაღების შემდეგ, ნადირმა ქართლ-კახეთის მეფე ალექსანდრე საქართველოში გამოისტუმრა და მას ყიზილბაში სარდალი სეფი-ხანიც ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა. სეფი-ხანმა ქართლს ახალი ხარკი დაადო: 3300 თუმანი ფულის გადახდა და 500 ნოქრის გამოყვანა კაც-ცხენიარაღით, რომელიც თბილისში უნდა მდგარიყო.1
სეხნია ჩხეიძის გადმოცემით, ქართლელებმა ამდენი შევიწროება ვეღარ აიტანეს და თავადების ერთი ნაწილი ყიზილბაშებს განუდგა: „უკუდგა ქსნის ერისთავი შანშე, ამილახვარი, აბაშიძე ვახუშტი და ზემო ქართლი, გაღმით თარხანი ლუარსაბ და მისი სახლის კაცნი“.2
უკუმდგარ თავადებს ყიზილბაშებმა მარბიელი რაზმი გაუსიეს, მაგრამ ქსნის ერისთავიცა და გივი ამილახვარიც მომხდურებს მარჯვედ დახვედრიან და ყიზილბაშები დაუმარცხებიათ. სამაგიეროდ ყიზილბაშები შესევიან სააბაშიძეოს, საჩხეიძეოს, სურამის ხეობას, საფალავანდიშვილოს, იქაურობა აუოხრებიათ და გადაუწვიათ. აჯანყებულები შეტევაზე გადასულან და ყიზილბაშები ზედიზედ დაუმარცხებიათ. სეფი-ხანი იძულებული გამხდარა თბილისის ციხეში ჩაკეტილიყო.3
ყიზილბაშების წინააღმდეგ მებრძოლთა შორის შეურიგებლობით გამოირჩეოდა შანშე ქსნის ერისთავი. მან თავის მამულში დაღესტნელები მიიწვია, რომელთაც მალაჩი ბელადი მეთაურობდა და ისინი ყიზილბაშებს დაუპირისპირა.4 შანშეს არც გივი ამილახვარი ჩამორჩებოდა.
1.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 447.
2.
სეხნია ჩხეიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 49.
3.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 448.
4.
მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 226.
ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ხოლო გახელმწიფდა რა თამაზ-ხან მუღამს, მერმე წარვიდა შანადირ ისპაანს, შთამოვიდა თეიმურაზ კახეთს და დაი პყრა კახეთი“...1 ამგვარად, 1736 წლის გაზაფხულზე თეიმურაზმა ხელსაყრელი დრო შეარჩია კახეთში დასაბრუნებლად. ჩამოვიდა ფშავიდან და დაიპყრო კახეთი, სადაც იმ დროს ფაქტიურად ნადირ-შაჰის მიერ დანიშნული ალექსანდრე ალი-მირზა მეფობდა. მაგრამ, როგორც ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, იმ დროისათვის თეიმურაზი კახეთის გარკვეულ წრეებში, როგორც ჩანს, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გავლენაც რჩებოდა კახეთის ზოგიერთ ნაწილში. ამაზე მიუთითებს 1736 წლის მაისიდან 1736 წლის ბოლომდე თეიმურაზ მეფის მიერ გაცემული საბუთები (სცსსა, დ. 483; დ. 10205; დ. 2244; სცსსა, ფ. 1449, ს. 2715; ს. 1881). ამავე პერიოდში მოგვეპოვება ალექსანდრე მეფის მიერ გაცემული საბუთებიც (სცსსა, ფ. 1448, ს. 2295; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი HD
9677). აღნიშნულ საბუთებში ორივე – თეიმურაზიც და ალექსანდრეც, მეფედ იწოდება. მაშასადამე, 1736 წლის გაზაფხულიდან 1736 წლის ბოლომდე კახეთის სამეფოში თეიმურაზისა და ალექსანდრეს თანამეფობაა.2
თეიმურაზის ფშავიდან დაბრუნების მომენტში ქართლსა და კახეთში ყიზილბაშების წინააღმდეგ აჯანყება გრძელდება. თეიმურაზიც აქტიურად ებმება ამ აჯანყებაში. მაგრამ ხანგრძლივი აჯანყება ქართლ-კახეთის მოსახლეობას ანადგურებდა. გარედან დახმარების უიმედობა აჯანყებულთა ენერგიას ადუნებდა. ამავე დროს ირანის აგენტები აჯანყებულთა შორის შუღლის ჩამოგდებასაც ცდილობდნენ.
1.
ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 627.
2.
ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში, ჟურნალი „ამირანი“, XIII, გვ. 65.
ამ დროს სეფი-ხან სარდალმა ფიცით აღუთქვა აჯანყებულ ქართველებს ყაენის წინაშე შუამდგომლობა – მათი უვნებლობისა და ხარკის შემცირების თაობაზე. აჯანყების მეთაურები: კახეთის მეფე თეიმურაზ, ბარძიმ არაგვის ერისთავი, გივი ამილახორი, ლუარსაბ თარხანი, გივი ჩოლოყაშვილი, თამაზ ანდრონიკაშვილი, ქახოსრო ჩერქეზიშვილი მივიდნენ ხანთან, მაგრამ სეფი-ხანმა ისინი ვერაგულად შეიპყრო და ნადირ-შაჰს პატიმრებად გაუგზავნა ისპაანში. სეფი-ხანის მიერ თეიმურაზის დაპატიმრების დამადასტურებელია შემდეგი საარქივო დოკუმენტიც: „... მეფის ერეკლეს ძემან და თვით მეფემან კახთამან თეიმურაზ ... აგარაკის შემოწირულობის წიგნი და გუჯარი გკადრეთ, მოგართვით და მოგახსენეთ: შენ ჩვენსა სიქადულსა და მარადის სავედრებელსა თბილისის ქალაქსა შინა – სახლად ღთისადა აღშენებულისა სიონთა ღთისმშობელისა, მას ჟამსა ოდეს ველინამად გვიხმო კარსა თვისსა ყიზილბაშთა და პატიმარ გვყვეს და მერმეღა წარგვგზავნეს კარსა მისსა და წარვედით არა ნებითა ჩვენითა არამედ იძულებით“ ...1
სეფი-ხანის მიერ თეიმურაზის დაპატიმრება ს. ჩხეიძესთან დათარიღებულია 1736 წლით (გვ. 50-51), ხოლო ვახუშტი ბაგრატიონთან 1737 წლით (გვ. 628). სავარაუდოა, რომ თეიმურაზის დაპატიმრება უნდა მომხდარიყო 1736 წლის ბოლოს, რადგან სექტემბერში მას გაცემული აქვს ორი საბუთი: 1736 წლის 27 სექტემბერს შეწირულობის წიგნი, მიცემული თეიმურაზ მეფის მიერ თბილისის სიონისადმი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 483) და ბრძანების წიგნი მიცემული თეიმურაზ მეფის მიერ მოურავ ქაიხოსროსათვის (სცსსა, ფ. 1449, ს. 1881). ე. ი. 1736 წლის სექტემბერში თეიმურაზი ჯერ ისევ კახეთშია. სწორედ ამიტომ ვვარაუდობთ, რომ მისი დაპატიმრება უნდა მომხდარიყო 1736 წლის ბოლოს.
ქართლ-კახეთის მეფე ალექსანდრე ალი-მირზა სპარსეთის ხელისუფლებას და სეფი-ხანს ვერ შეეწყო. ვახუშტის ცნობით: „არამედ ძე იმამყული-ხანისა ალი-მირზა რომელი დაუტევა შანადირ ტფილისს, ვითამ ვალი, შთავარდა ამასა და ხანს შორის შური დიდი“.2 ვახუშტის ეს ცნობა უთარიღოა. ქრონოლოგიურად ის 1737 წლის ამბებს მოსდევს. ჩვენი აზრით ეს ცნობა, ალექსანდრე მეფესა და სეფი-ხანს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ, უნდა დათარიღდეს 1736 წ. შემოდგომით. დათარიღების საფუძველს გვაძლევს ს. ჩხეიძის ცნობა, რომ „1736 წლის ოქტომბერს, მოვიდა ყეენისაგან ბრძანება და წყალობა, ქართლი ებოძა აბდულა-ბეგისათვის, იქმნა მეფედ საქართველოსი და დაარქვეს არჩილ, კახეთი – ალი-მირზათვინ, რომ მცირესა ჟამსა მეფე იყო ქართლსა, ერევანი – სულთნის სეფი-ხანისათვის“.3 ე.ი. ალექსანდრეს მეფობა ქართლ-კახეთში მოიცავდა პერიოდს 1735 წლის აგვისტოდან 1736 წლის ოქტომბრამდე, ამ პერიოდში ალექსანდრეს მიერ გაცემულ საბუთებში ალექსანდრე იწოდება ქართლისა და კახეთის მეფედ (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 9677; Hდ 9265; სცსსა, ფ. 1450, დ. 26, ს. 161; ფ. 1461, რვ. 13, ს. 23). კახეთში კი ალექსანდრე მეფობას განაგრძობს 1738 წლის თებერვლის ჩათვლით. ალექსანდრე მეფე საერთოდ სპარსეთის ხელისუფლებას ვერ შეეწყო. ის თავისი მეფობის დასაწყისში რუსული ორიენტაციის პოლიტიკურ მოღვაწედ გვევლინება. ერანის შაჰზე განაწყენებული ალექსანდრე 1736 წელს რუსეთის იმპერატორ ანა ივანეს ასულს უგზავნის წერილს და დახმარებას სთხოვს:
„... ყოველთვის ჩვენი მამა-პაპა მაგათს მოწყალების ქვეშ ყოფილან, ჩვენც მაგათთვის მოგვიმართავს. ბიძა ჩემი მეფე თეიმურაზ მოტყუებით დაიჭირა თამაზ-ხანმა, დაჭერილი წაიყვანა, მასუკან შვილები წაასხმევინა. მე დარჩომილი ვარ ჩემს ოჯახში. ჩემსასაც დაჭერას და წაყვანას ცდილობს, კახეთის მოოხრებას; ამას გეხვეწებით და მოგახსენებთ, თქვენს მეტი მისამართი არავინა გვყავს. ამ ქვეყანას ჩემი დგომა აღარ იქნება, მთის ალაგში ვდგევარ, დიდებულმა და ამაღლებულმა ხელმწიფემ ამდენი წყალობა გვიყოს თავისს ამ ბედნიერისა და მაღალს კარზედ გვიახლოს“ ...4
1.
საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, საბუთი 2715.
2.
ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 628.
3.
ჩხეიძე სეხნია, დასახ. ნაშრომი, გვ. 50.
4.
მარი ბროსეს დასახ. ნაშრომი, გვ. 208.
ყიზილბაშებისაგან შევიწროებული ალექსანდრე მეფე რუსეთის იმპერატორს თავშესაფარს და ჩერქეზეთამდე მისი მშვიდობიანად მგზავრობის უზრუნველყოფას სთხოვს. ამ წერილს შედეგი არ მოჰყოლია.
ასევე აღსანიშნავია, რომ 1736 წ., სანამ სეფი-ხანი თეიმურაზ კახთა მეფეს კვლავ დააპატიმრებდა, თეიმურაზი არაერთ წერილს უგზავნის რუსეთის იმპერატორ ანა იოანეს ასულს, ახსენებს, რომ მამამისს ერეკლე მეფეს რუსეთისაგან მრავალი წყალობა და პატივი მიუღია, საქართველოს ბატონობაც მათი მეშვეობით უშოვნია და ამიტომ ახლა თეიმურაზიც, როგორც ქრისტიანი მეფე, სწორედ მათ სთხოვთ შაჰის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას:
„... აწე, მაღალს და ყოველთა ხელმწიფეთა უზესთაეს, ქრისტიანეს ხელმწიფეს, თაყვანისცემით ვეხვეწებით ქრისტეს მსგავსი მოწყალება ჩვენზედ მოიღოს. ერთი კაცი და წიგნი თამაზ-ხანთან გვიბოძოს, ჩვენ და ამ ქვეყანას ავს ნუღარ გვიზამს, იმისგან სიკვდილისა და სჯულის დაგდების ფიქრი აღარა გვქონდეს, ჩვენი ქვეყანა კახეთი საბატონოდ ჩვენვე მოგვეცეს, რომ ამავ ჩვენს ქვეყანას, ჩვენის რჯულით ვიყოთ და თქვენი ბედნიერი თავი ვილოცოთ. თუ ეს არ იქნებოდეს ამისი წყალობა გვიყავით, ამ ქვეყანას მტერმა არ წაგვახდინოს და მაგათს საფარველს ქვეშ შეგვიხვეწიონ ... თუ ამავ ჩვენს ქვეყანას დგომა იქნებოდეს მაგათის წყალობით, რომ მტრისგან არ გვეშინოდეს ის უდიდესი წყალობა იქნების, თუ არა და მანდ მაგათს საფარველს ქვეშ მოწვევის წყალობა გვიყონ: ერთს ამას გავბედავთ და მოგახსენებთ, რომელიც მაგათის ნეტარ ხსენებულის დიდის ხელმწიფის პაპათაგან ჩვენს მამაპაპად ჯამაგირის წყალობა სჭირებოდესთ, მეც ის წყალობა მიყონ, მიბოძონ, თუ ჩემი ამ ქვეყანას ყოფნა იქნებოდეს. ეს ქვეყანა მტრისგან წამხდარი არის, მე მაგათის წყალობა ჯამაგირით აქ დავრჩე და თუ ჩემი აქ დგომა არ იქნებოდეს, მაგათის საფარველის მეტი მისამართი არა მაქვს, მაგათს საფარველს ქვეშ უნდა ვიახლო და მაგათის წყალობის ჯამაგირით მანდ უნდა დავრჩე, მაგათის ბედნიერის თავის მლოცველი და თაყვანიმცემელი ვიყოთ“...1 თითქმის ასეთივე შინაარსისაა თეიმურაზ კახთა მეფის მეორე წერილიც: „... რადგან მაგათის ამაღლებულის, ბრწყინვალის მეფობის მორჩილი არის ეს აზიის სარდალი და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ მაგისი ბრძანებიდან არ გავიდეს და ჩვენს ქვეყანაში კიდევ ქრისტიანობა დარჩეს და ძირითურთ არ აღიფხვრას და მაგათი მლოცავნი იყვნეს ეს ქვეყანა, რომ ათას ოთხასი წელიწადია ამ ქვეყანას ქრისტიანობა არის, ქრისტიანობაზედ არაოდეს არ დასუსტებულა: უკეთუ არა გვეწვევის ხელი ბრწყინვალისა, სიმაღლისა, ამაღლებულის მეფობის თქვენისა სრულიად აღიფხვრების სჯული ქრისტესი და მივეცემით უსჯულოებასა: უკეთუ მაგათი დიდებული სიმაღლე და ძალი მეფობისა მაგათისა შეგვეწეოდეს, ბაქარ მეფის ვახტანგის შვილი, ქართლში გამოისტუმროს და თუ ხელმწიფის ძალი და წყალობა იქნების, მე და მაგას თავს დაგვადვას სამსახური, ღვთითა და მაგათის ამაღლებულის ძალით, სამსახურს ვეცდებით და წინაც წავიყვანთ. თუ არა და თამაზ-ხანთან შუამავლობა მიყოს, რომ ჩემი ქვეყანა მევე მიბოძოს და ამისგან უფრო ჩვენს ქვეყანას ნუღარ მოაოხრებს“...2
აი ასეთი პოლიტიკური ორიენტაციისაა თეიმურაზი თავისი მეფობის დასაწყისში, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთს ამ დროს საქართველოსთვის არ ეცალა და, ამიტომაც, თეიმურაზის ამ წერილებს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. ვფიქრობთ სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შემდეგში თეიმურაზმა ნადირთან საერთო ენის გამონახვა ამჯობინა.
1736 წლის ბოლოს ნადირ-შაჰმა, ყიზილბაშებსა და ქართველებს შორის მომხდარი განხეთქილების გამო, ახალ ღონისძიებას მიმართა – როგორც ზემოთ იყო აღნიშნული სეფი-ხანი გადაიყვანა ერევანში, ალექსანდრე ალი-მირზა მხოლოდ კახეთში დატოვა, ხოლო ქართლის მეფედ – იესე მეფის ძე, გამაჰმადიანებული აბდულა-ბეგი დანიშნა, რომელსაც არჩილ მეფე უწოდეს. ნადირ-შაჰის ეს ღონისძიება ზურგში მშვიდობიანობის შენარჩუნებას ემსახურებოდა, რადგან ამ დროს იგი დიდი დამპყრობლური ომებისათვის ემზადებოდა.3
1. მარი ბროსეს დასახ. ნაშრომი, გვ. 211-212.
2. იქვე, გვ. 212-213.
3. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში, ჟურნალი „ამირანი“, XIII, გვ. 68.
მიუხედავად იმისა, რომ 1737 წლიდან ქართლს ახალი გამაჰმადიანებული მეფე ჰყავდა, ქართლში ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლა არ წყდებოდა. როგორც XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი აღნიშნავს, 1737 წლის აპრილის ბოლოს „მოვიდა სეფი-ხან დიდის ჯარით, შეუხდა ქსნის ერისთავს – აიღეს ციხეები: იკორთა, ვანათისა, კულბითისა, მიუხდნენ ვახუშტი აბაშიძეს, აიღეს ციხისძირი, სურამი, გაუარეს ქსნის ერისთავს, აიღეს ციხეები აწყურისა, ბეშო, მონასტერი, დაატყვევეს ქსნის ერისთავის ცოლ-შვილი, თვითონ წავიდა რუსეთს“. ამავე დროს ერევნის მმართველმა სეფი-ხანმა დაიჭირა თბილისში ქართლის მმართველი აბდულა-ბეგი და ციხეში გამოამწყვდია. შემდეგში შაჰ-ნადირი იბარებს აბდულა-ბეგს და ისიც 1737 წლის ნოემბერში ტოვებს ქართლს. ამავდროულად სეფი-ხანი აჯანყებულთა წინააღმდეგ იბრძვის ანანურში და ახალგორში. შაჰ-ნადირი თავისთან იბარებს ქართლის დიდებულებს: ოთარ ამილახვარს, ქაიხოსრო სარდალს, კირილე მთავარ ეპისკოპოსს, ქაიხოსრო ჯავახიშვილს, ავთანდილ ფალავანდიშვილს, ლორეს მელიქ ფეშანგის, სომხეთის მელიქ ბაადურს, ამირეჯიბ ალიყული-ბეგს. 1738 წლის აპრილში ყანდაარიდან ქართლის ბატონად ბრუნდება ხანჯალ-ხანი, ალიყული-ბეგი კი ვექილად“.1
სეფი-ხანის მიერ შეპყრობილი თეიმურაზ მეფე და სხვა ქართველი დიდებულები ნადირმა შეიწყნარა „ვინაითგან ნებითა თვისითა მისრულ იყო და ღალატით შეეპყრა ხანსა“.2 ნადირმა დატყვევებული დიდებულები ყანდაარის ლაშქრობაში თან იახლა. თეიმურაზი, მიუხედავად იმისა, რომ ყანდაარში იმყოფებოდა, 1737 წელს გაცემულ საბუთებში თავის თავს კახეთის მეფეს უწოდებს. ასე მაგალითად, 1737 წლის 19 ივლისს თეიმურაზ მეფე ანაგელ შერმაზანას აძლევს აზატობის წიგნს. ამ საბუთში თეიმურაზი იწოდება დიდი ხელმწიფისაგან გახელმწიფებულ კახეთის მპყრობელად.3 ასევე იწოდება ის 1737 წ. გოგია ცისკარიშვილისათვის მიცემულ აზატობის წიგნშიც.4 აქედან გამომდინარე, საფიქრებელია, რომ ნადირ-შაჰს ყანდაარშივე უნდა მიეცა თეიმურაზისათვის კახეთის სამეფო და თეიმურაზ მეფემ ეს საბუთები გასცა ყანდაარში, რადგან ამ დროს ის ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული საქართველოში. ამ საბუთებით ისიც დასტურდება, რომ კახეთში „ორიანობაა“, ე.ი. კახეთის ტახტის პრეტენდენტი ორია: ალექსანდრე ალი-მირზა კახეთში, ხოლო თეიმურაზი ყანდაარში.5 აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 1737 წ. ნოემბერში ალექსანდრე ალი-მირზას მიერ გაცემულ წყალობის წიგნში გივი ვაჩნაძისადმი, ალექსანდრე თეიმურაზს ჯერ კიდევ ბატონისშვილად მოიხსენიებს და არა მეფედ: „ქ. ნებითა და შეწევნითა მღთისათა: ჩვენ მღთივ აღმატებულმან და ღთივ დამყარებულმან: და მღთივ ზეცით გვირგვინოსანმან: იესიან, დავითიან, სოლომონიან, პანკრატიონთ რტომან და ტომმან: მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან: და: დიდისა და ცათასწორის: ზუნღარის ხელმწიფისაგან პატივით გამდიდრებულმან და მისგანვე გახელმწიფებულმან: საქართველოსა და კახეთის მპყრობელ მქონებელმან: პატრონმან ალექსანდრემ და თანა მემცხედრემან ჩვენმან დედოფალთ დედოფალმან: პატრონმან მარიამ და ბიძამან ჩვენმან: ბატონის შვილმან პატრონმან თეიმურაზ და სასურველმან ძმამან ჩვენმან: პატრონმან მაჰმად მირზამ და ნაზარალი მირზამ და ჰასან მირზამ: ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი: მტკიცე და უცვალებელი: სამკვიდროთ და საბოლოოდ გამოსადეგი: მამულის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ: შენ ჩვენს ყმას ვაჩნაძეს გივის“.1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 627.
3. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, QD 23.
4. იქვე, ად 1100.
5. დ. ლომიძე, ქართლისა და კახეთის მმართველთა ქრონოლოგია, მრავალთავი VIII, გვ. 114.
6. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, HD 9265.
ამავე 1737 წელს, ალექსანდრე ალი-მირზას განუზრახავს ნადირ-შაჰის წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. აჯანყების მოსაწყობად ის დახმარებას თეიმურაზის ცოლს – თამარ დედოფალსაც სთხოვს, მაგრამ თამარს ამ დროს ქმარ-შვილი ირანში ჰყავდა და, რაღა თქმა უნდა, იგი ალექსანდრეს ამ წინადადებას ვერ მიიღებდა: „ესეც აცნობა თამარ ქისიყელთა და თუშთა არაყოფად ამისა ესრეთ, მაშინ იგინი მტკიცედ დაადგნენ ერთგულებასა ზედა თამარისასა გივი ჩოლოყაშვილის მიერ და ამისთვის მივიდა თამარიცა ქისიყს, ხოლო მათ რა იხილეს ესრეთ ვერღარა რაი იკადრეს ქმნად, რამეთუ ვინაითგან იქმნებოდა შფოთი დიდი და სისხლის დანთხევა კახთა შორის, განიფანტნენ და წარვიდნენ თვისთვისად“.1 ამას გარდა ალექსანდრე კარგად გრძნობდა თეიმურაზ მეფის კანონიერებას კახეთის ტახტზე და ისიც კარგად იცოდა, რომ ყანდაარში თეიმურაზმა შეძლო ნადირ-შაჰთან საერთო ენის გამონახვა. ამიტომ იმედგაცრუებული ალექსანდრე მეფე „ვეღარ დამყოფელი კახეთსა შინა“ იძულებული გამხდარა წასულიყო „წინაშე შანადირის ყანდაარს“.
ალექსანდრეს ნადირ-შაჰთან გამგზავრების ზუსტი თარიღი არ მოგვეპოვება. ალექსანდრეს მიერ კახეთის სამეფოში უკანასკნელი საბუთები გაცემულია 1738 წელს. ეს საბუთები თვეებს არ აჩვენებს, მაგრამ ალექსანდრეს გამგზავრება ყანდაარში სავარაუდოა 1738 წლის მარტამდე. ამ ვარაუდს ადასტურებს ჭარის ომების ქრონიკაც, სადაც ვკითხულობთ: „В то времия правителем Кахетии был до конца зимы Али мирза-хан“.2
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 628.
2. Хроники войн Джара в XVIII столетии/ Под ред. В. Хулуфлу, стр. 28.
ასევე ცნობილია, რომ ნადირ-შაჰმა ყანდაარი 1738 წლის მარტში აიღო და მაშინვე გაემართა ინდოეთზე გასალაშქრებლად.1 ე.ი. 1738 წლის მარტში ალექსანდრე უკვე ნადირ-შაჰთან იყო და მას ინდოეთის ლაშქრობაშიც თან გაჰყვა, სადაც ერთ-ერთი ბრძოლის დროს დაიღუპა კიდეც. ნადირ-შაჰმა 1737 წელს მასთან პატიმრად მყოფ თეიმურაზს კახეთიდან ქალ-ვაჟი დააბარებინა. თეიმურაზის ქალი – ქეთევანი ცოლად შერთო თავის ძმისწულს ალი ყული მირზას, რომელიც შემდეგ ირანის შაჰი გახდა ადილ-შაჰის (სამართლიანი შაჰის) სახელით, ხოლო ვაჟი ერეკლე – ინდოეთის ლაშქრობაში თან წაიყვანა. თეიმურაზს სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა.2
ერეკლეს ინდოეთში ლაშქრობის დამადასტურებელია ის მრავალრიცხოვანი წყალობის სიგელები, რომლებიც თეიმურაზს კახეთში დაბრუნების შემდეგ ცოტა მოგვიანებით გაუცია (სცსსა, ფ. 1461, რვ. 13, ს. 185; ფ. 1449, ს. 527; ფ. 1448, ს. 5705). ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა თეიმურაზ II-ის მიერ 1740 წელს გაცემული წყალობის სიგელი სოლომონ გურგენიძისადმი, რომელიც გვაწვდის მრავალ საინტერესო ცნობას იმდროინდელი საქართველოსა და თეიმურაზ – ერეკლეს ისპაანში ყოფნის შესახებ:
„... ეს წყალობის წიგნი დაგიწერეთ და მოგიბოძეთ ... თქვენ მრავალფერად თავდადებულს და ჩუენსა სამსახურსა შინა ნიადაგ მზად მყოფსა და ერთგულება დაჯერებულს ყმათ გურგენიძეს და ჩუენს არშის ეშიკაღაბაშთ ბეჟანბეგის შვილს სოლომონს, ... ამად რომე როდეს ნადირ-შამა ერანი დაიჭირა, მაშინ აქ მობრძანდა, ჩუენს ძმისწულს ალექსანდრეს ქართველთ ბატონობა უბოძა, ჩუენც ბევრი ძალიანი სამსახური დავსდევით: ლეკი და ურუმი გაერთდენ, ახალციხის უსუფ-ფაშა ქართლში ბატონობდა, ყარაღაჯის ციხე ეჭირა, დიდის ჯარით თოფხანით გამოვიდა კახეთზედ, ჩუენის მაჰმადყული-ხანის სიკვდილიც და დარბაისელთ და ეპისკოპოსთ ამოწყვეტაც თავს ედვათ მუხთლობით; ღთის მოწყალებით დედოფლის წყალზედ დავეხსენით, ქალაქამდე ვდიეთ, ბევრი ამგვარი სამსახურები გავსწივეთ, მაგრამ არ დაგვინდო: გორს დაგვიჭირეს ჩუენ და ქართველი თავადები: ბარძიმ ერისთავი, ამილახვარი გივი და თარხანი. ყეენი ისპაჰანს ბრძანდებოდა, წაგვასხეს ტუსაღათ, შენ თავდადებით დაუპატიჟათ გვიახელ, გზებზედ კარგად გვემსახურე. მერე ყეენმა ისპაანს წყალობა გვიყო, კარგათ შეგვიწყნარა, მაგრამ ყანდაარზედ გაილაშქრა, ჩუენ თან წაგვასხა, ვინც გვერდით გვახლდნენ დიდათ შეწუხდნენ, თხოვნა შექმნეს: მე ყველა თავისუფლად გავხადე, წამოყოლის ნება მივეც. მაშინ შენ და პაატა ტუსიშვილს პირობა გქონდათ, თავგადადებით გარდმოგყევით ისპაანიდან, მანამ ყანდარს ჩავიდოდით გზაზედ მრავალი განსაცდელები გარდაგვხდა და ომიც. მირ-ეიზის შვილი ყაენი თავს დაგვესხა ორმოცის ათასის კაცით ღამით, მაშინ კარგათ გაისარჯე, სანგარზედ ყეენის ყულებთან დასწრებოდი, ცხენიც მოგეკლა, ყულებს მოეხსენებინა ყეენისათვის: თეიმურაზ-ხანის ყულები ჩუენთან დაესწრენო და კარგად გაისარჯნენო. ებძანებინა, გურჯებს ამისთანაში არა ჰცხვენიათო, მეორე დღეს მადლიერობა ებძანათ; მივედით, ყანდაარს შემოებნენ, დიდხანს ომი იყო. ვინც ქართველნი გვახლდნენ, ან კახნი კარგა იყვნენ, მირუიზი კიდევ დაამარცხეს. ყანდაარი მოასირი გახდა, მერმე ჩუენი შვილი ირაკლი დაიბარა, ჩამოიყვანეს ექვს თვეს მოასირი იყო, ყანდაარ იერიშით აიღო, შენ ციხეში გადახველ, იქაც კარგათ იყავ. ჩუენ დიდის პატივით და წყალობით ვყუანდით. მერმე ინდოეთისაკენ გაილაშქრა და ჩუენ მურახასი (წყალობა) გვიყო, აქათ გამოგვისტუმრა, ჩუენი შვილი ირაკლი თან წაიყვანა; გაყრის დღეს დიდი მწუხარება შეგვექმნა, თავისთან შეზდილნი ყმანი დაეთხოვენ და წამოვიდნენ, შენც ჩუენთანვე წამოგიყვანეთ. ბატონიშვილის გაყრისთვის დიდად შეწუხებული ვიყავით ბატონ-ყმიანათ, არც მოენე ყუანდა რომ სპარსული სცოდნოდა. ჩუენს უდასტუროთ წახველ და გზაზედ მიეწიე და თან იახელ ინდოეთში. მრავალი განსაცდელი გარდაგხედოდათ, დიდრონი ომი გზაზედ, ტახტის სიახლოეს შაჰ-ჯანაბათს ინდოეთ მეფე შემობმოდა, დილით საღამომდე ომი ყოფილიყო, ნადირშას გამარჯვებოდა. ინდონი ოცი ათასი მეტი მომკუდარიყო, ინდოეთ მეფე მაჰმად-შაჰ სანგრიდამ გამოეყვანა, მიბრძანდა და შაჰ-ჯანაბათის ქალაქი აიღო, ინდოეთს თვითონ მეფედ დაჯდა. მას უკან დაბრუნდა და სინდეთი დაიჭირა და სინდეთ მეფეც შეი პყრა და ისევ ყანდაარს მობძანდა. თითონ ჩინეთისაკენ წაბძანდა, ბატონიშვილი აქეთ გამოესტუმრებინა ჩუენკენ. მოხვედით მშვიდობით, ალავერდს შევიყარენით ... მაშინ შეგიწყალეთ და გიბოძეთ თელავს ბაზრის ტარუღობა“...3
1. Иванов М. Очерки истории Ирана, стр. 98.
2. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, გვ. 333.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1461, რვ. 13, საბუთი 185.
1738 წ. ნადირ-შაჰმა ქართველი დიდებულები თეიმურაზ კახ ბატონი, გივი ამილახვარი, ოთარ ჩოლოყაშვილი, პაატა ტუსისშვილი და სხვა ყანდაარიდან საქართველოში გამოისტუმრა. 1738 წლის მაისში თეიმურაზი უკვე კახეთში იყო: „მიეცა შანადირს კახეთი არამედ მორჩილებისა შინა ტფილისს მჯდომი ხანისასა“.1 ამავე დროს რუსეთიდან საქართველოში ბრუნდება შანშე ქსნის ერისთავიც. საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველ ხანებში თეიმურაზი კახეთის სამეფოს განაგებს ყიზილბაშ სარდალთან და ვექილთან შეთანხმებით. 1738 წლის მაისიდან 1744 წლამდე კახეთის სამეფოში გაცემულ საბუთებში (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hდ 5799; HD 7805; HD 8007; Hd 8426: AD 293; AD 329; AD 1842; AD 2226; QD 7241; QD 8017. სცსსა, ფ. 1448, ს. 501, 507, 511, 512, 2385, 3233, 5565, 5716; ფ. 1449, ს. 237, 238; ფ. 1450, დ. 23, ს. 13 და სხვა) თეიმურაზი იწოდება: „დიდისა და ცამდინ ამაღლებულის ხელწიფისაგან გახელმწიფებულ კახეთის მპყრობელ მეფედ“.2 სამხედრო საკითხში თეიმურაზ მეფე დამოკიდებული იყო აზერბაიჯანის სპასალარ იბრეიმ-ხანზე. მხოლოდ მისი ბრძანებით გამოჰყავდა ლაშქარი.
თავის მხრივ ნადირ-შაჰი ამ დროს საქართველოში სასტიკ რეპრესიებს მიმართავდა. მისი მეთოდები თითქმის არაფრით განსხვავდებოდა შაჰ-აბასის მეთოდებისაგან. როგორც ნ. ბერძენიშვილი წერდა: „ნადირი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ საქართველო დამპყრობელი ერანის ერთგული არასოდეს იქნებოდა, რომ დამოუკიდებლობა-თავისუფლებისათვის ბრძოლას ქართველი ხალხი ცოცხალი თავით არასოდეს შეწყვეტდა და ამ ბრძოლის დროს ქრისტიანულ სახელმწიფოებთან მოკავშირეობაზე (რუსეთთან) ხელს არ აიღებდა. ნადირმა კარგად იცოდა, რომ საქართველო ამიერკავკასიაში რუსეთისათვის საიმედო მოკავშირეს წარმოადგენდა“.3
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 628.
2. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში, გვ. 71.
3. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, გვ. 333.
ინდოეთის შორეულ ლაშქრობაში მიმავალი ნადირ-შაჰისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ირანის პოლიტიკური ბატონობის გაძლიერებას და ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილებას. მან ეს საქმე თავის ძმას იბრეიმ-ხანს მიანდო, რომელსაც პირველ რიგში დაღესტან-ჭარი და ქართლ-კახეთი უნდა მოეყვანა მორჩილებაში. მაგრამ რაკი ქართლ-კახეთი წანარებთან შედარებით უფრო მორჩილებდა, ამიტომ იბრეიმ-ხანმა 1738 წელს ლეკთა „უბატონო თემების“ დასჯა განიზრახა. „ვახუშტის ცნობით 1739 წ. ირანის სპასალარი ჭარის დასამორჩილებლად წამოსულა. მას სიხარულით შეერთებია თეიმურაზიც. ჭარის საკითხში ირანისა და საქართველოს ინტერესები ამ ხანებში ერთმანეთს ემთხვეოდა. ჯერ ჭარისა და შემდეგ დაღესტნის დამორჩილებით ირანს რუსეთის წინააღმდეგ ხელსაყრელი პლაცდარმის შექმნა სურდა. ქართველი მოღვაწეები კი ჭარის დამორჩილებით „ლეკიანობის“ მოსპობას ფიქრობდნენ“.1 იბრეიმ-ხანი ქართლ-კახეთისა და ყიზილბაშთა ჯარებით ჭარში შევიდა. პირველად ყიზილბაშ-ქართველთა ლაშქარმა ჭარში წარმატებებსაც მიაღწია, მაგრამ ჭარელებს უსარგებლიათ ყიზილბაშთა უვარგისი მთავარსარდლობის შეცდომებით და მოწინააღმდეგენი გაუჟლეტიათ. თვითონ იბრეიმ-ხანიც ამ ბრძოლაში დაიღუპა. ამ გამარჯვების შემდეგ ლეკებმა შაქი დაიჭირეს და ძარცვა-რბევით მთელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიას მოედვნენ. ვახუშტის ცნობით, „გარნა კუალად ამით ჭარელთა იწყეს მაგრება და განძლიერდნენ. ხოლო კახეთს იყო კუალადცა დაღისტნელთა ლეკთაგან ტყუევნა, კვლვა და ოხრებანი, და მცდელობდნენ მათ ზედაცა სიმაგრით გამო წინააღმდგომობასა“.2
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, გვ. 449.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 629.
ასეთ დაძაბულ სიტუაციაშიც კი, როგორც ჩანს ქართველთათვის დამახასიათებელი ფეოდალური შუღლი კვლავ მძვინვარებდა საქართველოში. როგორც, XVIII საუკუნის ქრონიკების ავტორი გვაცნობებს, რუსეთიდან დაბრუნებული შანშე ქსნის ერისთავი ლეკებს შეკვრია: „1739 წელს მიუხდა ქსნის ერისთავი შანშე ლეკის ჯარით ხაშმის ციხეს, აიღეს და იავარყვეს, აქედგან ლეკის თარეში გადავიდა სომხითში და აიკლეს, შემოადგნენ დმანისის ციხეს, მოეშველა სეფი-ხან განჯითგან დიდი ჯარით და დაამარცხნა ლეკნი დიდათ, დანარჩომი ჯარი ახალგორს მივიდა, ხაშმის, ანანურის ალაფი იქ შეენახათ, მაშინვე გაეშურნენ დაღისტნისაკენ, დაედევნა სეფი-ხანი ჯარით, დაეწია ახმეტის ბოლოს და ამოწყვიტეს ლეკნი, დააყრევინეს ნაშოვარი და ტყვეები სრულებით“.1
ყანდაარიდან დაბრუნებულმა ნადირ-შაჰმა ერთგულობისა და ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის სანაცვლოდ, ერეკლე ბატონიშვილი გაათავისუფლა და თავის ქვეყანაში გამოუშვა. თან დაპირდა, რომ მარადის მისი წყალობის ქვეშ იქნებოდა. ომან ხეხეულიძე აღნიშნავს: „1739 წლის 13 სექტემბერს ღამის 4 საათი იყო, როცა ერეკლე ბატონიშვილი კახეთს ალავერდს მობრძანდა, თვით დღესასწაულსა ალავერდისასა, საზოგადო ხალხთაცა ფრიად იმხიარულეს, სიხარულისა გამო მრავალნი პირნი ტიროდნენ“.2
1739–1741 წლებში ნადირ-შაჰს მტკიცედ გადაუწყვეტია დაღისტნის საფუძვლიანი დაპყრობა, რადგანაც კარგად ხედავდა, რომ მისი დაპყრობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ამიერკავკასიის ქვეყნების შენარჩუნება. ლეკებთან ომი 1741–1743 წლებში მიმდინარეობდა. ამ დროს ნადირ-შაჰი აღმოსავლეთში უძლიერეს ხელმწიფედ ითვლებოდა. მაგრამ დაღესტნისათვის ბრძოლა სასტიკი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რამდენადაც დაღესტნელი ხალხის წინააღმდეგობა ნამდვილ სახალხო ომში გადაიზარდა.3 უდიდესი განსაცდელის წინაშე მთიელები გმირებად იქცნენ: ,,აქამდის უძლეველი ნადირ-შაჰი დაღისტნიდან შერცხვენილი დაბრუნდა. მედგარი პარტიზანული ბრძოლით ლეკებმა ყიზილბაშთა ჯარს სიცოცხლე გაუმწარეს. ლეკები მიუვალ ხეობებში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც ყიზილბაშებსა და დაღესტნელებს შორის ზავი დადებულა. დაღეტნელებს ზავი შეუკრავთ თეიმურაზთანაც და მისთვის მძევლები მიუციათ. მეფეს წამოუყვანია მძევლები: „ჭარიდან – 9, თალადან – 6, ხაჩოდან – 4, ... იქვე ნათქვამია, რომ ჭარელები და თალაელები ხშირად მგზავრობდნენ გავაზში, ყვარელში, ქიზიყსა და სხვა სოფლებში, რომ იქ შეესყიდათ პური, სიმინდი და მარილი“.4
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №497.
3. დ. კაციტაძე, ირანის ისტორია III–XVIII სს., გვ. 429.
4. Хроника воин Джара в XVIII столетии., под ред. В. Хулуфлуб ст. 36.
ომი გახანგრძლივდა. ყიზილბაშთა დიდ ჯარს საზრდო შემოაკლდა. შაჰმა სურსათი ამიერკავკასიიდან მოითხოვა. აუტანელმა გადასახადებმა აჯანყება გამოიწვია. ქართლის მოსახლეობა ნადირ-შაჰს განუდგა და ლეკებსა და ოსმალებს შეეკრა. ამის გამო, როგორც ომან ხერხეულიძე აღნიშნავს, „ტფილისს მჯდომი ხანი ნადირ-შაჰი ებრძოდა მარადის ქართველთა და აოჰხრებდნენ მარადის ორივე მხარენი ქართლსა და ესე ყოველივე აცნობა ტფილისის მჯდომმან ხანმან ნადირშაჰს, ხოლო იგი განძვინდა საქართველოსა ზედა, და განიგულა აყრა და მოწყვეტა ქართლისა და კახეთის ხალხთა“.1 როცა თეიმურაზ მეფემ ეს ამბავი შეიტყო: „წარავლინა დედოფალი თამარ მეფის ვახტანგის ასული, ვედრებად ნადირ-შაჰსთან რათა არა აღწვიდოს ქართლისა და კახეთის ხალხნი და დაჰსცხრეს განრისხებაი მისი ქრისტიანეთა ზედან“.
როდესაც თამარ დედოფალი ნადირ-შაჰს დაღესტანში ეახლა „ევედრა მას აუყრელობასა ზედა ქართლ-კახეთისასა და ეგრეთვე აცნობა უცვედელობა ქმრისა თვისისა მეფისა თეიმურაზისა და ერთგულება ძისა თვისისა ირაკლისა“. ამის შემდეგ მოლბა ნადირ-შაჰი, თამარ დედოფალი დიდი პატივით მიიღო, ყოველი თხოვნა აღუსრულა და უკან გამოისტუმრა“.2
თბილისში მჯდომ ყიზილბაშ ხანს კი ქართლის უკუმდგარი თავადების წინააღმდეგ ბრძოლა უბრძანა. ამის შემდეგ ასლამაზხანი შანშე ერისთავს მიუხდა ვანათის ციხეში, 22 დღე ალყაში ყავდათ, მაგრამ ვერაფერი დააკლეს, შემდეგ თოვლის მოსვლის გამო ალყა მოხსნეს. შანშეს ცოლ-შვილი ამ დროს აწერის ციხეში ჰყავდა თავშეფარებული. ყიზილბაშმა ხანმა ეს ციხე აიღო და შანშეს ცოლ-შვილი გამოიყვანა. ამის შემდეგ შანშე ახალციხეში გაიქცა, მაგრამ შანშე ახალციხის ფაშამ თბილისის ხანს გადასცა. ხანმა შანშეს ძმა იესეც შეი პყრო და ორივე ხორასანს გაგზავნა.
ამრიგად ირანელებმა დიდი გაჭირვებით შეძლეს შანშე ქსნის ერისთავის დამარცხება და ხელთ გდება, მაგრამ ქვეყანა ამით მაინც ვერ დაიმორჩილეს.3 ირანის შაჰმა ამის შემდეგ მისცა გივი ამილახორს ქსანი და ვექილობა ქართლისა, ბეჟანს ერისთობა არაგვისა და უბრძანა მოსვლა ლეკთა ზედა კახეთის მთიდამ.4
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №497.
2. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, გვ. 333.
3. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთი XVIII ს-ის 35-40-იან წლებში, გვ. 74.
4. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 518.
1741 წ. ნადირს დაღესტანში ომი გაუჭიანურდა და ძალებიც შეუთხელდა. ამჯერადაც თავისი დაცარიელებული ხაზინის შევსება კვლავ დაპყრობილი ქვეყნების ხარჯზე სცადა. 1741 წელს ნადირის ბრძანებით საქართველო აღწერეს. შაჰის მოხელეებს აუღწერავი და დაუხარკავი არ დარჩენიათ სოფელი და ნასოფლარი, არც შენობა, არც ვაზის ძირი, არც ნაყოფის მომცემი ხე. მოსახლეობის ასაკის მიხედვით გაწერეს გადასახადები: „სრულასაკოვანს – 2 მილანთუნი (2 მან.), ყმაწვილსა ასაკოვანსა – 5 აბაზი (1 მან.), ხარჯი დასწერეს ყმაწვილზეც (10 წლამდე) და ა.შ. ყოველს ფერს შენობას, ანუ ოხერს ადგილს ასეთი ხარჯი დასდვეს რომ ყოვლის კაცისაგან დიდად შეუძლებელი იყო“ გადმოგვცემს პაპუნა ორბელიანი.1
1741 წ. ნადირმა ქართლში განლაგებულ ყიზილბაშთაგან დამატებითი ძალები გამოითხოვა და ამასთან ერთად, ქართლის თავადებსაც დაავალა თავისი რაზმებით დაღესტანსა და ჭარში სალაშქროდ თან გაჰყოლოდნენ, ისე, როგორც კახეთის მეფე ახლდათ თან. თეიმურაზი, რომ ნამდვილად თან ახლდა ნადირ-შაჰს ამ ომებში, ეს დასტურდება თეიმურაზ II-ის მიერ პაატა და პაპუა ალადაშვილებისათვის 1743 წ. მიცემული მამულის წყალობის წიგნით: „... ჩვენ რომ ხელმწიფეს ყიზიყუმუხში ვახლდით, თქვენც გაუყრელად ერთგულად გვახლდით და დარუბანდსაც ერთგულად გვემსახურენით“.2 „ამავე ქორონიკონს (1741 წ.) – წერს პაპუნა ორბელიანი, – დაებარებინა იმამ-ყული-ხანი ქართლის ჯარით ადრიბეჟანის სარდალს ფათალი-ხანს, რომელსა გამოელაშქრებინა ჭარისა ქვეყანასა ზედა“. ნადირი ამასაც არ დასჯერდა და მოითხოვნა ქურივნი ქალნი, ქალწულნი ქალნი და ვაჟნი სამას-სამასნი, ხუთასი კომლი კაცი და ოცი ათასი ხარვარი პური“.3 ყოველივე ამან ქართლში დიდი აჯანყება გამოიწვია, რომელსაც გივი ამილახვარი ხელმძღვანელობდა. აჯანყების დაწყების წინ გივი ამილახორმა დასახმარებლად კახთა მეფეს თეიმურაზ II-ს მიმართა „რათა უკუდგნენ შაჰ-ნადირისაგან“, მაგრამ როგორც ვახუშტი წერს კახთა მეფემ მას არ უსმინა“.4 ჩვენი აზრით, თეიმურაზის ამ უარს თავისი გამიზვნა ჰქონდა: საქმე ისაა, რომ კახეთი ნადირ-შაჰთან თავისი ურთიერთობისას სულ სხვა ინტერესებიდან გამოდიოდა, ვიდრე ქართლის ლიდერი გივი ამილახვარი.
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 450-451.
2. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, AD 603, 2226.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 519.
4. იქვე.
ქართლისა და კახეთის ასეთი ურთიერთობა განპირობებული იყო, ერთის მხრივ, მათი სხვადასხავა პოზიციებით დაღესტან-ჭართან ურთიერთ დამოკიდებულებაში, ხოლო მეორეს მხრივ, უმეფოდ დარჩენილი ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრეობაზე ასევე განსხვავებული შეხედულებების გამო. ასე მაგალითად, თეიმურაზ II-ის ინტერესებს სავსებით პასუხობდა ნადირ-შაჰის დაღესტან-ჭარზე ლაშქრობა და მათი დაუძლურება, რამდენადაც დაღესტან-ჭარი კახეთის ძირითადი საჭირბოროტო საკითხი იყო და მხოლოდ საკუთარი ძალებით მისი მოგვარება არც თუ შესაძლებლად მიაჩნდა. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ თეიმურაზი ასე ნებაყოფლობით ეხმარებოდა ნადირს ჭარზე სალაშქროდ. გარდა ამისა, თეიმურაზი ხედავდა, რომ ნადირ-შაჰის ირანი ის აღარ იყო, რაც ადრე. ამავე დროს რუსეთისა და ოსმალეთის როლი საერთაშორისო ასპარეზზე მცირდებოდა. გაძლიერებული ირანი თამამად უპირისპირდებოდა როგორც რუსეთს, ისე ოსმალეთს. ამიტომ გადაიხარა თეიმურაზის არჩევანი ამ ეტაპზე ირანისაკენ. თუმცა მან ისიც კარგად იცოდა, რომ არც ირანი და არც ოსმალეთი ქართლ-კახეთს თავზე ხელს არ გადაუსვამდა.1 თეიმურაზ II თავისი ერთგული სამსახურის სანაცვლოდ ნადირ-შაჰისაგან უმეფოდ დარჩენილი ქართლის სამეფო ტახტს მოელოდა. მას ამის საფუძველს ის აძლევდა, რომ მისი მეუღლე დედოფალი თამარი ვახტანგ VI-ის ასული იყო. ეს კი შესაფერის ვითარებში ქართლის სამეფო ტახტზე მის პრეტენზიებს უფრო კანონიერ ფორმას მისცემდა. ამიტომ კახთა მეფეს, ბუნებრივია გივი ამილახორის წინადადება აჯანყებაში მონაწილეობის მიღების თაობაზე არაფერს აძლევდა, მით უფრო, რომ გივი ლეკებთან იყო შეკრული და ამ სიკეთესთან ერთად ქართლის სამეფო ტახტზე დიდის დაჟინებით ეპატიჟებოდა ვახტანგ VI-ის მემკვიდრე ბაქარს: „ჟამსა მას წარმოევლინა იმპერატრიცას ელისაბედს პეტროვნას ძე ვახტანგისა ბაქარ აშტრახანს. ესე ჰგონა გივმან მისასლველად ქართლს მეფედ, წარუვლინა ბარძიმ ბიძის ძე თვისი და მოუწოდა ბაქარს, რათა მოვიდეს და დაი პყრას ქართლი“.2
1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, გვ. 449.
2. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 519.
უნდა აღინიშნოს, რომ შემდგომი ისტორიული მოვლენები უფრო თეიმურაზ კახთა მეფის პოლიტიკური ანგარიშის მიხედვით წარიმართა და ობიექტურადაც კახეთისათვის უფრო სასარგებლო და მომგებიანი აღმოჩნდა: ყიზილბაშებსა და ქართლის აჯანყებულებს შორის გივი ამილახორის ხელმძღვანელობით ხანგრძლივი ბრძოლა დაიწყო. ოსმალეთი ხელს უწყობდა ქართლის აჯანყებას. ამილახორმა ბორჯომის ხეობა დაიჭირა და ახალციხიდან უხვად შემოჰქონდა ფული, იარაღი, ტყვია-წამალი. ამავე დროს ამილახორმა მთიელების დიდი რაზმები დაიქირავა და ყიზილბაშებს ენერგიულად იგერიებდა.
1742 წელს შაჰ-ნადირი დერბენდში მივიდა დაღესტნის დასაპყრობად. მან თავისთან ქართლ-კახეთის თავადებიც დაიბარა, 1742 წლის აგვისტოში კი ისინი უკან დააბრუნა. ამ დროს ნადირ-შაჰმა კახეთის მეფეს განსაკუთრებული პატივი დასდო: კახეთი მან ყიზილბაშთა ხარკისაგან გაათავისუფლა. ამიერიდან კახეთს საყაენო ხარკის ანგარიშში მხოლოდ ხუთასი ნოქარი უნდა გამოეყვანა და ეს რაზმიც ისევ თეიმურაზს უნდა ხლებოდა. ასე, რომ კახეთმა „ქართველობის“ აღდგენის გზით დიდ წარმატებას მიაღწია, ხოლო თეიმურაზ მეფე სხვა ქართველ ფეოდალებს შორის შესამჩნევად გაძლიერდა.1
რაც შეეხება ქართლს, ნადირ შაჰმა მას ექვსი ათასი ხარი მოსთხოვა განჯიდან დაღესტანში პურის წასაღებად: „გაისტუმრეს სამი ათასი ურემი შებმული, დაუდეს ორ-ორი ხარვარი შამახიიდან, დაღესტანში მიიტანეს. მესამეთ კვალად მოითხოვა ორი ათასი ხარი ბარდითგან პურის წასაღებად. ამისათვის განდგა ამილახორი გივი“.2
შაჰ-ნადირს გივი ამილახვარმა შეუთვალა: „ქვეყანა ოხერი შეიქმნა და არა გამოვიდოდისრაო, ვეღარ შევსძელ სამსახური ხელმწიფისა და წაველო„. შაჰ-ნადირმა ბარდის ხანის პირით პატიება შეუთვალა „ჩამოდი ყველაფერს გაპატიებო“,3 მაგრამ გივი ამილახორმა შაჰ-ნადირს უარი შეუთვალა და ბრძოლა განაგრძო.
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 177.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
3. იქვე
ვიდრე ქართლში ამილახვარის აჯანყება და თავადთა ურთიერთთავდამსხმელი ავანტიურა გრძელდებოდა, თეიმურაზ II იმხანად თანმიმდევრულად განახორციელა თავისი მიზნები და კახეთმაც სული მოითქვა. მომაგრებულმა კახეთმა ლეკების საკითხიც რამდენადმე მოაგვარა. „მას ჟამში – წერს პაპუნა, – კახეთი ლეკისაგან მოსვენებული იყო და არც ხელმწიფის ეთხოებოდისო, ვინც გზას იშოვნიდის ქართლის კაცნი, თავადნი, აზნაურნი ანუ გლეხნი იქ იხსნებოდიან, კარგადაც აპატივებდნენ მისულს კაცს, რომ არაფერს აწუხებდნენ“.1
კახეთში შექმნილი ეს მდგომარეობა მიზიდულობის დიდ ძალად იქცა განაწამები ქართლისა და მთიანეთის მოსახლეობისათვის. ქართლიდან აყრილი მოსახლეობა კახეთს აფარებდა თავს. ვახუშტის ცნობით „რამეთუ მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართველნი კახეთს, ვინაითგან იქ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან“.2 ამ მოვლენების დამადასტურებელია ასევე 1743 წელს ნიკოლოზ ალავერდელის მიერ მიცემული წყალობის წიგნი მამაცაშვილისათვის: „... ასე რომე მეფის ერეკლეს (ნაზარალი-ხანის – ნ.ს.) საქართველოს მპყრობელობაში გურიიდამ მოსულიყავ და მეფესა და დედოფალს ხლებოდი – მათგან დიდი წყალობა გჭირვებოდა. მას უკან კახეთში რომ გამობძანდა დედოფალი ანა თან გამოჰყოლოდი. თვილზედ საგარეჯოს ეთიბერაშვილის გიორგის მამული და ყმა ებოძებინა. დაესახლებინა და ჟამთა ვითარებისაგან კახეთი ლეკის მძლავრებისაგან წახდა და გალეკდა. ქისიყი და საგარეჯო აყრილიყო და ქალაქს ჩასულიყო. შენც მაშინ აყრილიყავ და ქართლში გასულიყავ. ამაში დიდი ხანი გამოსულიყო, რომ ქართლში ყოფილიყავ. მასუკან ხელმწიფის მეფის თეიმურაზის ხელმწიფობაში მისის ბძანებითა ისევ კახეთში ჩამოხველ და დიდებულს წმიდას გიორგის და ჩვენ გვეყმე. მეფის თეიმურაზის ბძანებითა ... და დედოფლის თამარის ბძანებითა და ძისა მათისა ერეკლესითა დაგასახლეთ კონდოლს, მოგეცით და გიბოძეთ ამოწყვეტილის ლასურიშვილის ბეჟანის ნაქონი მამული, დედული და სასაფლაო წმინდის სტეფნის საყდარი თავისის გარშემო ნაზვრევითა და სახნავის მიწითა, რაც საყდარს ქონებოდეს“ ...3 ასეთივე შინაარსისაა 1744 წ. გაცემული ქაიხოსრო ციციშვილისადმი მირთმეული წერილიც, რომლითაც იცხადების: „ქართლი აყრილა და დაფანტულან სხუასა და სხუასა ადგილს მტრის მიზეზით, და აყრილა მღებრიშვილი გოდერძი და კახეთს ჩასულა და ბოლოს მოსულა ციციშვილი ქაიხოსრო კახეთს და მეფეს თეიმურაზს უბოძებია ისევ თავისი ყმა მღებრიშვილი ციციშვილის ქაიხოსროსადმი“.4
1. პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, ქართლის ცხოვრება /ელ. ცაგარეიშვილის გამოც., გვ. 87.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 520.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, საბუთი 2628.
4. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1451, დ. 20, საბუთი 249; ფ. 1448, საბუთი 2986.
ქართლში კი კვლავ გრძელდებოდა აჯანყება ყიზილბაშთა წინააღმდეგ. ნადირ-შაჰმა ერთხელ კიდევ სცადა ამილახორთან შერიგება. თეიმურაზ მეფის პირით მან უვნებლობა აღუთქვა აჯანყებულს, მაგრამ ეს ცდაც უშედეგოდ დამთავრდა. შაჰის სამხედრო ღონისძიებები ქართლში სასურველ შედეგს ვერ იძლეოდა. ყაენმა ქართლის მმართველი იმამ-ყული-ხანი ხოჯა-ხანით შეცვალა, მაგრამ აჯანყება მაინც არ დამცხრალა. მაშინ ნადირ- შაჰი იძულებული გახდა ქართლის მიმართ პოლიტიკა შეეცვალა. ყიზილბაშთა რჩეული რაზმები და ხოჯა-ხანი შაჰმა ერანს გაიწვია. ქართლის მმართველად ვინმე ალი-ხანი დანიშნა და მრჩევლად აბდულა-ბეგ იესეს ძე დაუყენა. ყაენმა ქართლის თავადებს წყალობის თვალით შეხედა, განსაკუთრებული პატივი კი ვახტანგ მეფის ასულს თამარ დედოფალს დასდო. ამ აქტში უკვე ნათლად გამოიკვეთა ყაენის პოლიტიკური გეგმა ქართლის მიმართ – ნადირ-შაჰს ეს ქვეყანა თამარისა და მისი მეუღლის თეიმურაზისათვის სურდა მიეცა. ნადირმა ამავე დროს ქართლს ხარკიც შეუმცირა.
შაჰის ასეთ ღონისძიებებს ქართლში, მართლაც მოჰყვა გარკვეული შედეგები. აჯანყების მონაწილე თავადებში ერანთან შერიგების სურვილი გაჩნდა. შაჰის აგენტებს თავადების მოსყიდვა გაუადვილდათ და ქართლის აჯანყების ძალა ფეოდალების ურთიერთშორის ბრძოლამ მნიშვნელოვნად შეანელა. ამილახორმა სამაჩაბლო დაარბია, კახეთის მეფე შიდა ქართლში შეიჭრა, შიდა ქართლის თავადებმა ქვემო ქართლი ააოხრეს. ფეოდალებს შორის ბრძოლა კიდევ უფრო გაღრმავდა. ამა თუ იმ „ფეოდალური სახლის“ შვილები – ერანის მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი, სასტიკად არბევდნენ ერთმანეთს, ყოველივე ეს კი მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ქართლი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1743 წ. აჯანყებულმა გივი ამილახვარმა საციციანო იგდო ხელთ, მაგრამ მეორეს მხრივ მან არაგვის ხეობა დაკარგა. არაგველები უკმაყოფილონი იყვნენ ბეჟან ერისთავით, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის – არაგველთათვის ბეგარასამსახური დაემძიმებინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ მას შემდეგ, რაც ნადირ-შაჰმა კახეთი ხარკისაგან გაათავისუფლა, თეიმურაზს მომხრეები გაუმრავლდა არაგვზე, ქსანზე და მთელს ქართლში. „მთიულ-მოხევეები შეუთანხმდნენ კახეთის მეფეს. თეიმურაზი მათ დაპირდა, რომ: „რაც ძველი ერისთავებისაგან არა გდებიათ, მის მეტს მე თქვენ არას გთხოვთ და ხელმწიფის სამსახურსაც მე გარდავსწყვეტო“. არაგველებმა მოკლეს ბეჟან ერისთავი და მისი ბიძაშვილი ოტია, გაძარცვეს მთიულეთს გივი ამილახორის სახლობა, მოუწოდეს თეიმურაზს და ყმობა შეჰფიცეს მას. ამის შემდგ ნადირ-შაჰმა არაგვი კახეთის მეფეს დაუმტკიცა“.1 თეიმურაზის მიერ თამარ ბატონიშვილისათვის 1752 წლის 2 ივნისს მიცემულ ძველი წიგნების განახლების წიგნში თეიმურაზი ზემოთ მოთხრობილ ამბებს ასე გადმოგვცემს: „ნადირშას იმამყულიხანის (ქართლის მმართველი – ნ.ს.) ბატონობაში გივი ამილახორი და ბეჟან არაგვის ერისთავი უკუდგნენ, ორნივ ხიზნით მთიულეთს იდგნენ, ბეჟან ერისთავი თავისმა ყმებმა მოკლეს. ამილახორის საქონელი, ბარგი, რაც მთიულეთსა ქონდა აუკლეს“.2 აღნიშნული ამბის ნათელსაყოფად ასევე აღსანიშნავია 1743 წ. თეიმურაზ მეფის მიერ მიცემული წყალობის წიგნი ბეჟან შაბურიშვილისათვის: „... რადგან ბედნიერმან ცათა სწორმან ხემწიფემ ნადირ, ჩვენის ერთგულობის სამსახურის სანუფქოდ საერისთო უცილობელი ჩვენ გვიბოძა, რიგად ძველადგანაც ჩვენი ყოფილიყო, ახლაც კახეთზეც საერისთოდ დაგვიდვია და ახლა ჩვენ რომ საერისთოში დავბძანდით ერთგულად მოგვიდეგით და გვემსახურენით. ახლა შენის სამსახურის სანუფქოდ გიბოძეთ ხევისთაობა და შუახევის მოურაობა, ბოქაულთხუცობა გიბოძეთ და წყალობა გიყავით“...3 არაგვის საერისთავოს თეიმურაზის ხელში გადსვლა მალე მის ტიტულატურაშიც აისახა: პაატა და პაპუა ალადაშვილებისათვის 1743 წ. 16 ივლისს მიცემულ მამულის წყალობის წიგნში თეიმურაზი თავის თავს ასე იხსენიებს: „ჩვენ იესიან, დავითიან, სოლომონიან, პანკრატოვანმან, კახეთის და არაგვის პატრონმან, მეფეთ მეფემ და თვით ხელმწიფემან პატრონმან თეიმურაზ“...4
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 179.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1448, საბუთი 4714.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1450, დ. 13, საბუთი 75.
4. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, AD 603, 2226.
ამილახორი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ნადირ-შაჰმა ქართლის აჯანყებულებს და ბაქარ ბატონიშვილს თეიმურაზ-თამარი მოხერხებულად დაუპირისპირა. ერანის სახარკო გადასახადისაგან კახეთის გათავისუფლებით შაჰმა ამ ბრძოლაში თეიმურაზის პოზიციები მეტად გაამაგრა და გააძლიერა. სახარკო გადასახადისა და აჯანყებისაგან განაწამები ქართლის მოსახლეობა შენატროდა კახეთის მოსახლეობას და კახეთს, სადაც არც ფეოდალთა ბოლომოუღებელი ურთიერთ რბევა იყო, აღარც ყიზილბაშების თარეში და არც საყაენო გადასახადი.
არაგვის საერისთავოს დაკარგვის შემდეგ (1743 წ. მარტი) გივი ამილახორი ქართლში გადმოვიდა, გაამაგრა ქსნის, ქცხვილოსის, კეხვისა და სურამის ციხეები, შეეკრა ლეკებს და კვლავ აგრძელებდა ბრძოლას ქართლის ყიზილბაში ხანისა და თეიმურაზის წინააღმდეგ. თეიმურაზი ქსნის ხეობაში იბრძოდა. ამ დროს ირანის ძველი ყაენის შვილი, რომელიც ნადირ-შაჰისაგან იყო დევნილი, დაღესტანში იმყოფებოდა. მას დაღესტნელი ლეკები გამოუმძღვარეს და ოსმალეთის ხონთქართან მიაცილებდნენ. ყაენის შვილსა და მის თანმხლებ პირებს იმედად ქსანზე მდგომი გივი ამილახვრი ეგულებოდათ, მაგრამ, როგორც ვახუშტი წერს, „ეტიკმან მისმან შეაცთუნა და მოიყვანა თეიმურაზისა თანა“.1. თეიმურაზმა იგი შეიპყრო და თავის ძეს ერეკლეს გაატანა შაჰნადირთან, რომელიც იმ დროს ოსმალებს მუსულთან ეომებოდა.
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 520.
ირანის შაჰმა თეიმურაზს ეს ქმედება დიდად დაუმადლა და „მოჰსწერა წიგნი მადლობისა მეფესა თეიმურაზს და მოუბოძა ათი ათასი ოქრო და მოუმცნო ტფილისს მჯდომ ხანსა, ყალიჩ-ალიხანსა, მეფის თეიმურაზისთვის ისტიარობა მომიციაო და ყოველს საქმეს მაგას უნდა ჰკითხვიდეთო“.1 მალე ქსნისხეველებიც ამილახორის მიერ მიღებული საგანგებო ღონისძიებების მიუხედავად, განუდგნენ მას და თეიმურაზ მეფეს მიემხრნენ. სცსს არქივში დაცული XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი აღნიშნავს, რომ „1743 წლის დეკემბერში მობძანდნენ ქსანზე თეიმურაზ-ერეკლე, წირქოლის ციხეში იდგა რევაზ ამილახორი, ბიძაშვილი გივისა, სთხოვეს ციხე რევაზს, გამოვიდა რევაზ და ჩააბარა ციხე“.2 პაპუნა ორბელიანი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: „შევიდა კახი ბატონი თეიმურაზ, დაიმონა ხმლით ქსნისხევი, დადგა შიგ“.3 ვახუშტის ცნობით კი „ბიძაშვილმან გივისამან რევაზ მისცა ციხენი ქსნისანი თეიმურაზს და თვით აზნაურითა და გლეხითა შთავიდა კახეთს, რამეთუ მრავალნი წარჩინებულნი, აზნაურნი და გლეხნი დაეშენებოდნენ ქართველნი კახეთს, ვინაითგან იქ უმცირესი ჭირი იყო თათართაგან“.4
გივი ამილახორმა დახმარებისათვის ოსმალეთს მიმართა. ოსმალთა დამხმარე ჯარი ამილახორს სურამში მოუვიდა. ამილახორის და ოსმალეთის ლაშქარი აჩაბეთის ციხესთან შეებნენ მოწინააღმდეგეს. კახელებსა და თუშებს ერეკლე ბატონიშვილი სარდლობდა. ამილახორი და ოსმალები ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. თეიმურაზმა მტკიცედ დაი პყრო ქსნის საერისთავო. ოსმალთა დამხმარე ჯარი ახალციხეს დაბრუნდა. 1744 წ. 11 თებერვალს გაცემულ წყალობის წიგნში თეიმურაზი თავის თავს ასე იხსენიებს: „ჩვენ კახეთის, არაგვის და ქსნის პატრონი მეფეთ მეფე თეიმურაზ და თანამემცხედრე ჩვენი ქართველთ მეფის ასული პატრონი დედოფალი თამარ“...5 ეს ამბავი თეიმურაზის დიდი გამარჯვება იყო. ქართლის საზოგადოების დიდი უმრავლესობის თვალში გივი ამილახორის აჯანყებას იდეური საფუძველი ეცლებოდა. ქართლის მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ თეიმურაზი ქართლს ყიზილბაშობიდან ისევე გაათავისუფლებდა, როგორც კახეთი გაათავისუფლა. თეიმურაზმა ქართლის თავადები მოიწვია და გადაწყვიტეს ყაენისათვის ხარკის შემცირება ეთხოვათ. ამის გამო ქართლის ფეოდალური საზოგადოება თანდათანობით ორად გაიყო: თეიმურაზის (ირანის) და გივის (ოსმალეთის) მომხრეებად.
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №497.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
3. პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, გვ. 71.
4. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 520.
5. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, საბუთი 1266.
1744 წ. ოსმალეთის ლაშქარი კვლავ შემოვიდა ქართლში. ამ ჯარს ახალციხის ფაშა უსუფი სარდლობდა. ოსმალებს ქართლის დაჭერა და შარვან-დაღესტანთან უშუალო დაკავშირება სურდათ. ამილახორი ოსმალეთის ჯარს სურამთან დახვდა. თბილისის ხანი ყიზილბაშთა ჯარით და თეიმურაზი ქართველთა ჯარით მტერს გორის მისადგომებთან თედოწმინდასთან შეებნენ. ქართველთა და ყიზილბაშთა ლაშქარი დამარცხდა და ოსმალები გორში შევიდნენ. უსუფ-ფაშამ თეიმურაზ-სპარსელთა წინააღმდეგ ლეკების ასამოქმედებლად, ოსმალეთის მთავრობისაგან გამოტანებული ხაზინა გაგზავნა დაღესტანში ლეკების განთქმული ბელადის მალაჩის ხელით, რომელსაც თან 2000 ლეკი და ამდენივე ოსმალო ახლდა. ტფილისის ხანმა ეს ამბავი ერეკლე ბატონიშვილს აცნობა. შეკრიბა ერეკლემ კახელები, 200 ყიზილბაში და მტერს არაგვისპირზე გადაუკეტა გზა. ერეკლე ბატონიშვილმა დაღესტნის პირველი ბელადი მალაჩი თავისი ხელით გამოასალმა სიცოცხლეს. დამარცხებული ლეკ-ოსმალები რუვისს მიუვიდნენ უსუფ-ფაშას. უსუფ-ფაშა იმავე ღამეს აიყარა და შეშინებულმა დატოვა ქართლი. იგი ჯავრისა და ნერვიულობისაგან აწყურში გარდაიცვალა. ოსმალთა დიდძალი ალაფი და ხაზინა თეიმურაზს და ტფილისის ხანს დარჩა. ყოველივე ეს აცნობეს ირანის შაჰს. „ესე განიხარა ფრიად შაჰ-ნადირ და მოსცა თეიმურაზს ქართლი, ხოლო ერეკლეს ძესსა მისსა – კახეთი“.1
1. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 521; საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703; ფ. 1446, №497.
ამრიგად, 1744 წლის მაისში ნადირ-შაჰმა თეიმურაზი ქართლის, ხოლო ერეკლე – კახეთის მეფედ დანიშნა. ყაენმა ძველი ჩვეულება აღადგინა – ქართლისა და კახეთის მეფეებს ერანის ხაზინიდან „ჯამაგირი“ გაუჩინა. ამის შესახებ თ. ჟორდანიას „ქრონიკების” III ტომში ვკითხულობთ: „ულბ – 1744 წ. ა მაისს მოსცა შაჰ-ნადირმა მეფობა ქართლისა თეიმურაზს და ორი ათასი თუმანი ჯამაგირი, ხოლო ერეკლეს – მეფობა კახეთის და ათასი თუმანი ჯამაგირი. ლილოდან შემობრძანდა თეიმურაზ ქალაქში, იყო დიდი სიხარული მკათათვის თ. სამი დღე და ღამე მეჯლისი იყო. ამ დროს თეიმურაზი 44 წლის იყო შობითგან“.1 1744 წ. ლომი ბეჩაშვილისათვის მიცემულ მამულის წყალობის წიგნში ერეკლე ამბობს: „ოდეს მაღალმა ხელმწიფემ ყაენმა ველინამად ბატონს მამაჩვენს: ყაზახ-ბორჩალო და საქართველო (ამ შემთხვევაში ქართლი – ნ. ს.) უბოძა და ჩვენ კახეთი და ქსან-არაგვი, იმხანად შენ ერთგულად გვემსახურე ...“2 აღნიშნული საბუთიდან ირკვევა, რომ ნადირ-შაჰს თეიმურაზისათვის ყაზახ-ბორჩალო და ქართლი, ხოლო ერეკლესათვის კახეთი და ქსან-არაგვი უბოძებია.
ერეკლე II 1744 წლის 10 ნოემბერს კორინთელებისათვის მიცემულ წყალობის წიგნში თავის თავს „ერანის ხელმწიფისაგან გახელმწიფებულს“ უწოდებს და თავის თავს ასე მოიხსენიებს: „ჩვენ ... მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან, დიდისა და ცამდის ამაღლებულის ერანის ხელმწიფისაგან გახელმწიფებულმან, მეფემ ერეკლემ, კახეთისა და არაგვის და ქსნის მქონემ, მეფემ ერეკლემ ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ“...3 ასეთივე ცნობაა დაცული საარქივო დოკუმენტშიც ცსსა, ფ. 1448, ს. 1507.
1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. III, გვ. 172.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1448, საბუთი 583.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1450, დ. 26, საბუთი 277.
1744 წლის 9 ივლისს თეიმურაზი თბილისს მოვიდა. პაპუნა ორბელიანს ვრცლად აქვს აღწერილი, როგორი ზეიმით მიიღეს თბილისელებმა საკუთარი მეფე: „მიეგებნენ მოქალაქენი ანუ დასნი სამღვდელონი, შეასხეს ქება და შესწირეს მადლობა ღმერთსა, გაუშალეს მოქალაქეთა ფიანდაზი მძიმე ლართა, შეიქნა სროლა ზარბაზანთა, რომე ყურთა ხმა აღარ იყო, ავლაბრით ალაყაფის კარამდის მორთვეს ბაზარი და განაბრწყინვეს ჩირაღდნით. იყო სამი დღე და ღამე განუწყვეტლად მეჯლისი და ლხინი უზომო, სიხარული ფრიადი. და მეფე მას შემდეგ, რაც ქართლით წაბრძანებულიყო, 20 წელს გადევლო და მემკვიდრე-მეპატრონე აღარავინ მჯდარიყო ქართლსა. ამისთვის უფრო სიხარული ჰქონდათ, მემკვიდრე ქრისტეს მოყვარე მეფე დაუჯდათ და ამით ყოველი შეჭირვება დაავიწყდათ ქართველთა“.1
მიუხედავად იმისა, რომ ერანის შაჰმა თეიმურაზს უწყალობა ქართლი და ყაზახ-ბორჩალო, გივი ამილახორი ამის შემდეგაც არ წყვეტდა ბრძოლას. 1745 წლისათვის მას მხოლოდ სურამის ციხე შემორჩენოდა და შიგ ჩაკეტილიყო. დიდი ენერგიისა და სახსრების დახარჯვა დასჭირდათ მოალყეებს, რომ ხუთი თვის ალყის შემდეგ სურამის ციხე აეღოთ. 1745 წლის თებერვალში „თამარ დედოფალმა შეჰფიცა ამილახვრებს და ქართველებს – თეიმურაზი ქართლში არ იბატონებსო, მე ვიქნები სანამ ძმა მომივაო. ამ დროიდან თამარმა იწყო გამგეობა ქართლისა. აპრილში თამარ დედოფლის მინდობით გივი დამორჩილდა, თეიმურაზმა სახლთუხუცობა უბოძა გივის“.2 მალე გივი ამილახორი თეიმურაზმა და თამარმა ირანის შაჰს გაუგზავნეს. ამის შემდეგ ნადირ-შაჰმა თეიმურაზს ნება დართო ქართლის მეფედ ქრისტიანული წესით კურთხეულიყო. 1745 წლის 1 ოქტომბერს ძველი ქართული წესით თეიმურაზ II სვეტიცხოველში დიდი ზარზეიმით ეკურთხა ქართლის მეფედ, ხოლო ერეკლე II – კახეთის მეფედ. უკვე საუკუნენახევარზე მეტი გასულიყო, რაც აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანული წესით მეფე საქართველოს სამეფო ტახტზე აღარ კურთხეულიყო. მეფედ კურთხევის წესი ფაქტობრივად დავიწყებული იყო. ამიტომ საქართველოს ახალმა კათალიკოსმა ანტონ I-მა ეს წესი კლასიკური დროის ძეგლების მიხედვით აღადგინა და დიდი ბრწყინვალებითაც ჩაატარა. ანტონ კათალიკოსი კარგად ითვალისწინებდა ამ აქტის მორალურ და პოლიტიკურ მნიშვნელობას.3
ამრიგად, XVIII საუკუნის 35-40-იან წლებში თეიმურაზ–ერეკლეს წინდახედულმა პოლიტიკამ და ქართველი ხალხის თავდადებულმა ბრძოლამ თავისი შედეგი გამოიღო: აიძულა ნადირ-შაჰი შეეცვალა საქართველოს მიმართ პოლიტიკური ხაზი, ქართველთა გამაჰმადიანება-გაყიზილბაშების პოლიტიკა უარყოფილ იქნა. თითქმის საუკუნეზე მეტი იყო, რაც ქართლ-კახეთს გამაჰმადიანებული მეფეები მართავდნენ, ახლა კი ქრისტიანი მეფეების დამტკიცებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ქართველი ხალხის ისტორიაში, მითუმეტეს, რომ ნადირ-შაჰმა ქართლს XVII საუკუნეში მიტაცებული ლორე, ბორჩალო და ბაიდარიც დაუბრუნა. ამრიგად, ქრისტიანი თეიმურაზ–ერეკლეს გამეფებით ქართლ-კახეთში ფაქტიურად საქართველოს ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. მაგრამ, როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავდა „ეს ნადირ-შაჰის წყალობა როდი იყო. ეს იყო ქართველთა ასორმოცდაათწლოვანი მედგარი ბრძოლით მონაპოვარი უფლება“.4
1. პაპუნა ორბელიანი, ამბავი ქართლისანი, თბილისი, 1981, გვ. 82.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, №703.
3. ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, საქართველოს ისტორია, II (XIII–XVIII), გვ. 282.
4. ნ. ბერძენიშვილი, საქარტველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, გვ. 184.
Комментариев нет:
Отправить комментарий