ამ პერიოდში ქართლ-კახეთში ოსმალთა მძარცველურ მმართველობას დაღესტნელ ფეოდალთა თარეშიც ემატებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, კახელებს ამხანად „ოსმალობა“ მაინც უფრო დიდ უბედურებად მიაჩნდათ, ვიდრე ლეკები და თავიანთი ძირითადი ძალებიც სწორედ მის წინააღმდეგ წარმართეს; მეტიც, ამ ბრძოლაში, როგორც აღვნიშნეთ, თვით ლეკებიც კი შეიკავშირეს. ასე, რომ „ოსმალობის“ წინააღმდეგ გაერთიანდნენ სპარსული ორიენტაციის მიმდევრები კონსტანტინე კახთა მეფის მეთაურობით და ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის საქართველოში დარჩენილი ხელმძღვანელები, რომელთაც გივი ამილახორი მეთაურობდა. ქართლში ასევე ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის მოთავეებად გამოდიან შანშე ქსნის ერისთავი და ოთარ არაგვის ერისთავი. ამ ამბავს გურჯიზადე „თბილისის დაპყრობის წიგნში“ ასე მოგვითხრობს: ,,თუმცა ქართლის ვილაიეთი გარეგნულად სრულ მორჩილებაში იყო, თითქოსდა საზრუნავი მოიცილესო, მაგრამ თბილისს დაქვემდებარებული ყარაკალკანისა (არაგვის საერისთავო – ნ.ს.) და ქსნის ერისთავები, სადაც ცხოვრობდნენ იმ მთების მსგავსად, სადაც დათვის თანავარსკვლავედამდე წევდნენ მაღლა მეამბოხე თავებს, იყვნენ ურჩები და ფანატიკურად ქედუდრეკნი... აღვივებდნენ ეროვნულ ნაპერწკალს, დაუმორჩილებელი, მკაცრი ბუნების დიდებულები ერთგულების ფიცის ქვეშ სულმდაბლად ჯანყდებიან და ეშმაკობასა და თვალთმაქცობის დაწყევლილ საქმეში შეუდარებელნი არიან“.1 აქვე გურჯიზადე კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის შესახებ გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობას, რითაც კვლავ დასტურდება, რომ კონსტანტინე ამ დროს იმყოფებოდა თვალივს და არა თელავს: „ხსენებული მაჰმად-ყული ხანიც ყარაკალკანის მთებში ცხოვრობდა და ელოდა, როდის დადგებოდა ღალატის მწარე თესლის მკის დრო“.2
1. გურჯიზადე, თბილისის დაპყრობის წიგნი, გვ. 31.
2. იქვე.
აჯანყებულმა ქართლელებმა დახმარებისათვის კონსტანტინეს მიმართეს და მოუწოდეს მას სათავეში ჩასდგომოდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას. „შემდგომად ვახტანგ მეფისა წასვლისა რუსეთს – წერს ვახუშტი, – ეზრახნენ ქართველნი მაჰმადყული-ხანს, რათა მოვიდეს სპათა კახეთისათა, განაძონ ოსმალნი და იყოს მეფედ მათდა“.1
1724 წლის სექტემბერში კონსტანტინე კახთა მეფის ხელმძღვანელობით ქართველთა მიერ ოსმალთა წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა ისტორიულ ლიტერატურაში ფაქტობრივად შეუსწავლელია. თვით ისეთ შემაჯამებელ ნაშროშიც კი, როგორიცაა „საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, არაფერია ნათქვამი ამ ომის შესახებ. ამიტომ ჩვენ შევეცადეთ სათანადო წყაროთა შესწავლის საფუძველზე დაწვრილებით მოგვეთხრო ეს ამბავი.
ამ ამბავს იესე ტლაშაძე პოემა „კათალიკოს-ბაქარიანში“ ასე გადმოგვცემს:
„კახმა ბატონმა შეიტყო, რომ ვახტანგ აიყარაო,
დააგდო ქართლი წავიდა, დიდი მთა გადიარაო,
მაშინვე კაცი გაგზავნა, ლაშქარი შეიყარაო;
„წავალ ამოვწყვწტ ურუმთა, ქართლს დავანებებ არაო“.
აწ შეიყარა ლაშქარი თუში, დიდო და ფშავია,
ღმერთს შეეხვეწა ცრემლითა: „ვარ შენზე დამნაშავია,
შენ მამეც ძლევა მათზედა, დღე დაუყენო შავია,
გლახას გაუყო ყველაი, რაცა მაქვს, რაც მაშავია“.2
კონსტანტინემ შეკრიბა ლაშქარი და წამოვიდა ქართლში. მან თან წამოიყვანა კახელები და თუშები, ჩამოვიდა მუხრანში, სადაც მას ანანურიდან ჩამოეგება მისი ძმა თეიმურაზი – მთიულების, ფშაველებისა და ხევსურთა რაზმებით. კონსტანტინეს აქვე შეუერთდნენ არაგვისა და ქსნის ერისთავები. აქედან ქართველთა ჯარი გორისაკენ დაიძრა. თედოწმინდაში (კარალეთის პირდაპირ) რომ ჩავიდნენ, კონსტანტინეს საამილახვროსა და საციციანოს ჯარებიც შეუერთდნენ.
„ჩამოხდა თედოწმინდასა, დადგა ლაშქარი დიდია,
მამაცად არის მამად-ყულ, არა აქვს მტრისა რიდია“.3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 622.
2. ტლაშაძე იესე, ბაქარიანი, გვ. 32.
3. იქვე, გვ. 24.
როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდძალმა ჯარმა მოიყარა თავი; აქვე არიან უაღრესად გამოცდილი სარდლები – თვითონ კახი ბატონი კონსტანტინე, მისი ძმა თეიმურაზი, გივი ამილახვარი, შანშე ქსნის ერისთავი, ოთარ არაგვის ერისთავი, ციციშვილი და თუშ-ფშავ-ხევსურთა მეთაურნი.1
თურქი მემატიანე ქუჩუქ ჩელები-ზადე ამ დროს ქართლში დაწყებული აჯანყების შესახებ წერს: „მაჰმად-ყული-ხანად წოდებულმა ურჯულომ სარწმუნეობა შეიცვალა და ქართველ ხუცებისაგან კონსტანტინედ იწოდა. ხელისუფლების ადგილი დაიკავა და გურჯისტანის ხანის სამოსი ჩაიცვა. ერისთავებმა, თავადებმა და აზნაურებმა მორჩილება გამოუცხადეს. ქართველები, ოთხივე მხრიდან რომ გარს ედგნენ, მასთან მივიდნენ და კავშირი შეკრეს. ყარაკალკანისა და ქსნის ერისთავები 10 000-ზე მეტი მოლაშქრით... გორის ციხის ასაღებად წავიდნენ”.2
აჯანყებულმა ქართველებმა მოქმედების გეგმა შეიმუშავეს: მათ გადაწყვიტეს ოსმალთა წინააღმდეგ შეტევა გორიდან დაეწყოთ, გაეთავისუფლებინათ გორის ციხე, იქიდან კი თბილისისათვის შეეტიათ, გაედევნათ ოსმალები დედაქალაქიდან და გაეწმინდათ ქართლი მტრისაგან. ამ ამბების თვითმხილველი გურჯიზადე წერს: „ურჯულოთა ტომი ურიცხვი ლაშქრით ყარაკალკანისა და ქსნის მთებიდან ჩამოვიდა... ხვალ თუ არა ზეგ გორის ციხეს ალყა უნდა შემოარტყან. ქართლის ვილაიეთში ყველა, ვინც ადრე მორჩილებას უცხადებდა, ახლა აშკარად თუ ფარულად ფიცს დაარღვევს და ხსენებულს დაექვემდებარება. გორის ციხის რაბათში თავიანთი დამპყრობი ფეხი ერთხელ თუ შედგეს, ხსენებული ციხისაგან ხეირი აღარ იქნება“.3
იესე ტლაშაძე კი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს:
„შეიტყო რაჯაფ ფაშამა მამად-ყულ მოვა ჯარითა,
მას ფერი ექცა, გაყვითლდა, თავს ბრუ დაესხა ჯავრითა,
მან გაუძახა ლაშქარი: „თქვენ გორსა მიუსწარითა,
ეცადეთ ხელში ჩაიგდოთ, ფიცხლავ აქ ჩამომგვარითა“.4
1. ნ. სოლოღაშვილი, კახეთის სამეფო კონსტანტინე-მაჰმადყულიხანის მეფობის პერიოდში (1722–1732 წწ.), გვ. 41.
2. გურჯიზადე, ცნობები ქუჩუქ ჩელები ზადეს ისტორიიდან, გვ. 54.
3. იქვე, გვ. 36.
4. ტლაშაძე იესე, ბაქარიანი, გვ. 33.
ქართველთა ლაშქარი თედოწმინდიდან გორისკენ წამოსულა. ამ დროს „კონსტანტინეს თითქმის 10 000-ზე მეტი ქართველი მეომარი ჰყავდა, მასვე შეუერთდნენ განჯის, შამშადილოსა და ლეკის ჯარები. (მაჰმადყული-ხანს, როგორც ერევნის ბატონს, სავარაუდოა, რომ სომხებიც უნდა ხლებოდნენ ამ ომში – ნ.ს.) კონსტანტინემ გორის არაქართველ მოსახლეობას მძევლები გამოართვა და პირობა დაადებინა, რომ რაკი-ღა მის მხარეს ბრძოლა არ ისურვეს („მშვიდობიანი ცხოვრება სურდათ”), არც ოსმალოს მხარეზე უნდა გამოსულიყვნენ, ხოლო გორის ქართველ მოსახლეობას, ცხადია ასეთი გაფრთხილება არ დასჭირდებოდა. კონსტანტინემ გორში ქართველი მღვდელი მოიხმო და ქართველ მოთავეებს – ერისთავებს, თავადებს, აზნაურებს ერთგულების ფიცი დაადებინა“.1
1724 წლის სექტემბრის დამლევს გადამწყვეტი ბრძოლა მომხდარა გორის მახლობლად ზედაველასთან (გუფთასთან):
„კახი ბატონი წავიდა, მიმართა ზედაველასა;
„კარგა შეიბით ღთის მადლსა“, – გულსა უდებდა ყველასა,
„მათს ტანისამოსს იშოვნით, თქვენსა გადაყრით ძველასა,
ვიცი გავაქცევთ, ამოვსწყვეტთ, ღთისაგან ველი შველასა“.
არჩივეს ომი, მაგრამ ეს რჩევა მოხდა ავათა,
ზოგი წავიდა გუფთაზე, ოთარი მისცეს თავათა,
მთის კაცი გარე ეხვია, მიეფინების შავათა...“ 2
1. გ. ნატროშვილი, ისტორიულ-ლიტერატურული ძიებანი, ჟურნალი „მნათობი“, გვ. 147.
2. ტლაშაძე იესე, ბაქარიანი, გვ. 35.
ამ ამბების თანამედროვე დავით გურამიშვილმა კი ამ ბრძოლას ოთხი სტროფი მიუძღვნა (314, 315, 316 და 317). მართალი უნდა იყვნენ მკვლევარები (ალ. ბარამიძე, გ. ლეონიძე, ვ. დონდუა, მ. სვანიძე და სხვანი), როდესაც ფიქრობენ, რომ დავით გურამიშვილი თვითონ იღებდა მონაწილეობას ამ ომში. აღნიშნულ ბრძოლას დავით გურამიშვილი შემდეგნაირად აღწერს:
„მოხვდნენ ერთმანეთს; დაიქცა რაც მაშინ სისხლის ღვარები,
აღაბრუნებდა ბევრს წისქვილს, თუმცა სდებოდა ღარები!
ვაიმე, ამის სათქმელად პირი გამიხდა მწკლატევით,
არ იმართოდა ლაშქარი ზედაველაზე დატევით;
მათ ჩვენმა ჯარმან აჯობა პირველ მისვლაზე შატევით,
მაგრამ ბოლოს კი დამარცხდა შინათვე ნაღალატევით“.1
როგორც აღნიშნული სტროფიდან ირკვევა, ბრძოლის დასაწყისში ქართველებს უჯობნიათ ოსმალთათვის და გარკვეული გამარჯვებაც მოუპოვებიათ. ამ ამბავს იესე ტლაშაძე ასე გადმოგვცემს:
„ატენის ბოლოს ქედია, ეტყვიან საარწივესა,
იქ შეუტივეს ერთმანეთს, შეიბნეს შეერივესა,
უწინ აჯობეს ქართველთა, გადრიკეს გააქცივესა,
მრავალი სისხლი კაცისა, იმათ იქ დააქცივესა“.2
მოღალატე იესე ბატონიშვილს დამარცხებული და გაქცეული ოსმალები უკანვე მოუბრუნებია და ახალი ძალით შეუტევიათ ქართველებისათვის. ამასვე მოწმობს ვახუშტიც: როდესაც თურქებმა შეიტყვეს ქართველთა ლაშქრის მოძრაობის შესახებ, მათ გორის საშველად დაძრულებმა, თან „წარმოიძღუანეს იესე საბარათიანოს სპითა და წარმოვიდნენ. ხოლო ქართველნი მიეგებნენ გუფთას, ეკვეთნენ და ივლტოდნენ ურუმნი. მოუხდა იესე, მოაქცია ოსმალნი...“ 3
1. დ. გურამიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 107.
2. ტლაშაძე იესე, ბაქარიანი, გვ. 35.
3. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 508.
ამრიგად, გუფთასთან დამარცხებული და გაქცეული თურქები იესემ უკან მოაბრუნა და ისევ საომარ მწყობრში ჩააყენა. საფიქრებელია, რომ აქ თავისი „ძალა“ იმ ჯარებმაც გამოაჩინეს, რომელნიც, ჰამერის ცნობის თანახმად, თურქებმა გორს მიაყენეს რეჯებ-ფაშას (თბილისი), იუსეფ-ფაშას (გორის ციხისთავი) და ისაყ-ფაშას (ჩილდირი) მეთაურობით. ამ ფრაგმენტული ცნობებიდანაც კარგად ჩანს, რა უმოწყალო დაწოლა განიცადა გორის გასათავისუფლებლად ხმალამოწვდილმა ქართველთა ლაშქარმა. ბრძოლის ველიდან გაქცეულ გივი ამილახვარს, რომელმაც თან „წარმოიყვანა“ მაჰმად-ყული-ხანი, „მოყუნენ ოსმალნი“ კვალდაკვალ, ქართველები თუ მათი მოკავშირეები „მოსწყვიტნეს ესოდენ, რამეთუ თავნი ურმებითა წარიღო (სამშობლოს მოღალატემ) ერასტი ყაფლანიშვილმან ტფილისს რაჯაბ-ფაშის თანა, რომელმან მოსცა ოცდაათი დრაჰკანი ჯილდოდ, და დაიპყრეს ყოველი ქართლი“.1
დავით გურამიშვილის „დავითიანის“ მიხედვითაც ირკვევა, რომ ზედაველასთან ქართველთა ლაშქრის მეთაური კონსტანტინე კახთა მეფე იყო, ხოლო ქართველთა დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი – ღალატი, რომლის ჩამდენიც ქართლის მეფე, ვახტანგ VI-ის ძმა, იესე იყო, რომელიც ოსმალებმა ქართლში ვახტანგ VI-ის რუსეთში წასვლამდე გაამეფეს.
„არ გიკვირს, ქართლი ისევე ქართველებს დააქცევინეს!
მრავალი სისხლი ქართველთა გუფთაში დააქცევინეს,
გაგზავნეს კაცი ფონებზე, მათ გზები დააქცევინეს
არ დაირჩინეს ცოცხალი, თავი არ დაახსნევინეს...
კაცი მრავალი გუფთაში ურუმთა ამოსწყვიტესა,
არ დაარჩინეს ცოცხალი, სისხლსა ღვარულად ღვრიდესა...
აავსეს გუფთა მკვდარითა, ცხენმა იარა ზედაო...“ 2
ზედაველასთან (გუფთასთან) ომს დიდი ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა: ,,ეს იყო საქართველოს ჯარების გმირული და ტრაგიკული გაბრძოლება მრისხანე მტერთან, რომელიც ცდილობდა მაგრად მოეკიდებინა ფეხი და სამუდამოდ დამკვიდრებულიყო ამიერკავკასიაში. ეს ომი უფრო დიდი ომის ერთი უბანი იყო, ოსმალეთის ჯარები უფრო ფართო ფრონტით უტევდნენ, რომელიც მოიცავდა გორსა და თბილისს გარდა, ერევანს, ნახიჭევანს, ორდუბადს, ყარაბახს, განჯას, თავრიზს“.3
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 508. ვ. დონდუა, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორია გვ. 107.
2. ტლაშაძე იესე, დასახელებული ნაშრომი, გვ. 35-36.
3. მ. სვანიძე, დავით გურამიშვილი და საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი, ჟურნალი „მნათობი“, 1980 წ., №12, გვ. 167.
ზედაველასთან დამარცხების შემდეგ ოსმალებმა ქართლი აღწერეს და მოსახლეობას მძიმე გადასახადები შეაწერეს. მათ ძალმომრეობას საზღვარი არ ჰქონდა, ისინი შეურაცხყოფდნენ ყველას, ერსა თუ ბერს, თავადსა თუ გლეხს. მათ დიდხანს ტყვეობაში ჰყავდათ ქართლის კათალიკოსი დომენტი. ყველას, ვინც შენიშნული იქნებოდა ოსმალთა წინააღმდეგ რაიმე მოქმედებაში, სასტიკად სჯიდნენ. მაგალითად, დიმიტრი ამილახვრიშვილი და მისი ორი მსახური ანძაზე ჩამოაცვეს, მანუჩარ ყაფლანიშვილი და გიორგი ქავთარიშვილი ცხენებივით შეკაზმეს და ლაგამამოდებულებს დეზებით ჩხვლეტდნენ.
ამ დროს ერთსულოვნება არც ქართლის სამეფო ოჯახში სუფევდა: თუ ბაქარ ვახტანგის ძე ოსმალებს გადაუდგა და მამას გაჰყვა, ვახტანგის ძმამ იესემ ოსმალთა მხარე დაიჭირა, ოსმალთა რჯული მიიღო, მუსტაფა დაირქვა, თბილისს დაჯდა და ოსმალთა ერთგულ კაცად იქცა. მას თავი ქართლის მეფედ მიაჩნდა.
1724 წელს თბილისის და ერევნის საბოლოოდ დასამორჩილებლად ოსმალეთის ხონთქარი რაჯაბ ფაშას აგზავნის. ამ დროს ახალციხის ფაშა ისაყ და მეფის ძმა იესე-მუსტაფა ოსმალთა ლაშქრით ცხინვალს შეფარებულ ვახტანგ VI უტევდა. ვახტანგი თავისი ამალით რაჭას გადავიდა, იქიდან ჩერქეზეთს და დაღესტნის გავლით ასტრახანს ჩავიდა.1
1725 წ. ქართლი ხონთქარმა ისაყ-ფაშას უბოძა. მისი რეზიდენცია თბილისში იყო. წარმოშობით იგი გამაჰმადიანებული ჯაყელების დინასტიიდან იყო და ახალციხის საფაშოს განაგებდა. ქართლში გამოგზავნილ ისაყ-ფაშას ოსმალეთის კარმა შეუზღუდავი უფლებები მიანიჭა. ამიტომაც შენიშნავდა ვახუშტი, რომ იგი „დასუეს ვითარცა მეფე ტფილისისაო“.2
1. ი. კაჭარავა, გ. მელიქიშვილი, მ. დუმბაძე, თბილისის ისტორია, ტომი I, გვ. 307.
2. იქვე.
ზედაველასთან დამარცხების შემდეგ ქართლ-კახეთში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება. გორთან დამარცხებულმა კონსტანტინე მაჰმადყული-ხანმა ლეკიანობის გამო კვლავ ვერ შეძლო კახეთში შესვლა და იძულებული გახდა თავისი ოჯახით ფშავს გახიზნულიყო, სადაც დაახლოებით ერთ წლამდე დაჰყო. სხვა მრავალ ამბავთან ერთად, სწორედ ამ ამბის დამადასტურებელია 1724 წელს კონსტანტინე კახთა მეფის მიერ გაცემული შეწირვის წიგნი ლაშარის ჯვრის გორისადმი: „... ქართლისა და კახეთის მეფემან, განჯისა და ყარაბაღის ბეგლარ ბეგმან და მჭირავმან შამშადინისა და ყაზახის მქონებელმან და მპყრობელმან, მეფეთ მეფემან და თვით ხელმწიფემან პატრონმან კონსტანტინემ... ესე უკუნისამდე ჟამთა და ხანთა გასათავებელი და შეუცვალებელი... სამკვიდროთ და საბოლოოდ გამოსადეგი და მტკიცედ დამტკიცებული მოუშლელი ძღვენი და შესაწირავი მოგართვით და შემოგწირეთ თქვენ ყოვლად დიდებულსა და ყოვლად ქებულსა მხედარსა მეუფისა ღვთისასა მოძმესა წმიდასა გიორგის ლაშარის ჯვარსა და კვალად მოუბოძეთ მოყმეთა მოლაშქრეთა დეკანოზთა, ქადაგთა და სრულიად ფშაველთა, ამა პირსა ზედან, რომე კურთხეულის მამის ჩვენისათვის მეფის ერეკლესათვის მრავალი სამსახური დაგედვათ და ჭირნახულობა მოძმისა ჩვენისა ლაშქართა ფშაველთ ქართლის დაჭერაში და მრავალჯერ მისთვის ომი გექნათ და გაგემარჯვებინათ შეწევნითა მოძმისა ჩვენისა გიორგისათა და მრავალჯერ კურთხეულისა და სანატრელისა და ყოველთა მეფეთა უმჯობესისა პაპისა ჩვენისა ბატონის თეიმურაზისათვის თავი არ დაგეზოგათ სამსახურზედ და მრავალი გემსახურათ. კიდემ ნამეტნავი სამსახური ჩვენს ძმასთან მეფე იმამყული ხანთან დაგედვათ და გეჩვენებინათ, მრავალჯერ მის წინ ომში ყოფილიყავით და გაგემარჯვებინათ, სიკვდილითაც ბევრი მომკვდარიყავით. ხოლო ოდეს მოვიწიენით სამყოფთა ჩვენთა საქართველოში ჩვენ და შანაოზ მეფის შვილები ერთმანერთზედ ვლაშქრობდით. თქვენ თან გვახლდით მუდამათ გაუყრელად და მრავალი ომი გარდიხადეთ ჩვენს წინა და მეფენით კვალად ოდეს მოვიდნენ ურუმნი საქართველოში და ვილაშქრენით მათ ზედან, თქვენ მოძმისა ჩვენისა ლაშქარნი და დროშა, სრულ ფშაველნი თან გვახლდით, ოდეს ერთმანეთს შევებენით მრავალნი მოკვდით ჩვენ წინა ურუმთაგან. ხოლო ოდეს არღა იყო დგომა ჩვენი საქართველოში, არცა ერისთავებისა ალგეთში, ეგებოდა დგომა ჩვენი, რამეთუ ურუმთა დაიჭირეს იგი ადგილებიც. ხოლო ინება მოძმემან ჩვენმან და არა განგვწირნა, არამედ წარმოგვიძღვა ადგილად თვისად და მოგვაგება ლაშქარი და მოყმენი თუსნი ფშაველნი წინაშე ჩვენსა, რომელთა იტვირთვენით ბარგნი ჩვენნი ზურგითა და მხრითა თქვენითა და მოგვიძეხით ადგილად თქვენდა სამყოფელსა მოძმისა ჩვენისასა ფშავს და გამსახურეთ მსახურებითა დიდითა ვითარცა მსახურება მოძმისა ჩვენსა ერდგულად, ეგრეთვე ჩვენ მისსა მოძმესა, არამედ არა ეგებოდა ვითარცა ესეოდენთა ამათ მსახურებათა თქვენთა არ გავრჯილიყავით შესაწირავთა და მსახურებითა მოძმისა ჩვენისა წმიდისა გიორგისათა და წყალობათა თქვენთათვის არამედ შევსწირეთ ლაშარის ჯვარსა და შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენსა მისთა მოყმეთა სრულად ნახევარი მარილისაი, ოთარის კერძი გარსევან მოურავისა და ალავერდის კერძ გარდა, რისაც მქონებელი მამულისა მარილისში ოთარი ყოფილიყოს ლაშარის ჯვარისათვის შეგვიწირავს და თქვენ ფშაველთათვის გვიბოძებია სასახლე, ზვარი და მარანი, საკომლო კაცთა შენითა და უშენითა, რადგან გარსევან მოურავის ყმათ იყო ის ალაგი და გამოვართვით და თქვენ მოგეცით. მოურავად ისევ გარსევან მოურავი იყოს იმ თქვენის ხილის ალაგისა, გქონდეს და გიბედნიეროსთ ღმერთმან ჩვენს ერთგულობაში და სამსახურში“...1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, საბუთი 23; თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. III, გვ. 94-95.
ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ XVIII საუკუნის I მეოთხედისთვის ლეკებმა ჯერ თავისთავად, ხოლო შემდეგ კახელი გლეხობის „დახმარებით“, რამდენადმე მაინც შეძლეს კახეთის დიდი ტერიტორიების თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა. ასეთ ვითარებას უმეტესად ადგილი ჰქონდა იმ დრომდე, ვიდრე ნ. ბერძენიშვილის სიტყვით, ე.წ. ლეკური „უბატონო თემები“ „მებატონეებად“ გადაიქცეოდნენ. ამიერიდან ურთიერთობა კახელ გლეხობასა და უკვე მებატონე ლეკებს შორის არსებითად შეიცვალა, რამდენადაც ამ უკანასკნელებმა დაიწყეს კახელი გლეხობის არა მარტო დაბეგვრა, არამედ გამაჰმადიანებაც კი.
1725 წლისათვის ჭარ-ბელაქნის „უბატონო თემებმა“ კახეთში თავიანთი მოქმედება კიდევ უფრო გააფართოვეს. ეხლა მათ მთელი კახეთის დაჭერა განიზრახეს და თითქმის მოახერხეს კიდეც. გაღმა მხარისა და ქიზიყის გლეხობამ სულ ერთიანად „პირი მისცა ლეკებს“. მეფე-ფეოდალებს არც შიგნით კახეთში ედგომებოდათ, სადაც მხოლოდ ორიოდე პუნქტი, თელავი და ალავერდი, დარჩათ ლეკებს აუღებელი.
ამრიგად, 1725 წელს კახეთის დაჭერის შემდეგ ლეკებმა კახელ გლეხებს დანაპირები არ შეუსრულეს. მათ აქ გაბატონება თვითონ სცადეს, ციხეები დაიჭირეს, მოლები მოასხეს და კახელ გლეხობას გამაჰმადიანება დაუპირეს. სწორედ ამ წლებში კახელი გლეხების გალეკებისა და გამაჰმადიანების სურათს ასახავს ჩვენს მიერ ისტორიულ არქივში მიკვლეული წყალობის წიგნი, რომელიც 1728 წელს არის გაცემული ნიკოლოზ ალავერდელის მიერ შერმაზან გოგიტაშვილისადმი: „... ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ ჩვენ ქრისტეს ღთისა მიერ კურთხეულმან ჩოლოყაშვილმან ამბა ალავერდელმან ნიკოლოზ შენ წმიდის გიორგის ყმას კაკაბელს გოგიტაშვილს შერმაზანს, ძმასა შენსა პეტრეს და შუშუტას, შვილსა შენსა შავერდის, დავითს, პატარკაცს, გიორგის, შვილსა და მომავალსა სახლისა შენისასა, ასე რომე ქვეყანა ლეკისაგან დიდად აირია და კაკაბეთის გლეხი კაცი გალეკდენ და ამისთანას დროს თქვენ ლეკთან არ მიხვედით, რჯულზე მტკიცედ იყავით და ჩვენს მონასტერს წმიდას გიორგის და ჩვენ არ გვიღალატეთ და მართებულად გვემსახურე, ამისდა პასუხად ჩვენც სიგელი ესე გიბოძეთ, მანამდის კაკაბეთი ჩვენ მოგვცემოდა, უწინაც მსახური და აზატი ყოფილიყავით, მეჯინიბობისაგან ამას უწინ გამოგიყვანეთ და ისე მსახურად გვახლდი და აწ კიდემ წიგნით ამით აზატობა დაგიმტკიცეთ და ეს წყალობა გიყავით, რადგან უწინაც აზატი იყავ და ჩვენც გააზატეთ შენ და შენის სახლის ჩამომავალი, ასე გვითარხნებიხართ არაფერი სათხოვარი და გამოსაღები შენს სახლს არ ეთხოებოდეს რა, არა პური, არა ღვინო, არა საკლავი, არა საური და არაფერისთანა ყალანი და გამოსაღები შენს სახლს არა ეთხოებოდეს რა, ერთის ლაშქარ-ნადირობისა და კარზე სამსახურის მეტი ...“ 1
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1449, საბუთი 2626.
დამპყრობლები შიშობდნენ, რომ მთელი კახეთის დასაპყრობად მათ საკუთარი ძალები არ ეყოფოდათ და დამხმარედ დაღესტნელი აბრაგები მოიწვიეს, ახალმა მებატონეებმა „შეაწუხეს ... ქისიყი და გაღმა მხარი, რომლის გამო ვერღარა შეძლეს მოთმენა და უღალატეს მუნ მყოფთა ლეკთა და მრავალნი ლეკნი მოსწყვიტეს“. ბრძოლა თელავიდან დაიწყო. თელაველებმა დაამარცხეს ლეკთა ჯარი, რომელიც ქალაქის დაპყრობას ლამობდა.
ლეკთა ეს დამარცხება საერთო აჯანყების ნიშანი შეიქმნა, გლეხებმა მთელს კახეთში უწყალოდ ჟლიტეს მათ სახლებში ჩამომდგარი ახალ-ბატონები, მაგრამ მტერს ციხეებიც ეჭირა და წასვლას არ აპირებდა. ასეთ პირობებში გლეხებმა ფშავში გახიზნული მეფე ისევ უკან მოიწვიეს. გაძევებული თავად-აზნაურობა და ფეოდალური სამღვდელოება თანდათან დაბრუნდნენ თავიანთ საყმოსა თუ საწყმსოში და შერყეული ბატონობისა და ქრისტიანობის აღდგენას შეუდგნენ“.1
1725 წელს თელავთან ლეკების დამარცხება ერთგვარი ნიშანი გახდა მთელ კახეთში მათ წინააღმდეგ აჯანყების დაწყებისა. კონსტანტინე თელავს ჩამოვიდა, კახელებიც მიუვიდნენ. ლეკებმა რა იხილეს „მაგრობა კახთა“ გადაწყვიტეს ზავი დაედოთ კონსტანტინე მეფესთან. კახთა მეფემ კი ლეკების კვლავ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოყენება სცადა. კონსტანტინე და ლეკები მორიგდნენ. ამ დაზავების შედეგად ლეკებს ქართლზე სალაშქროდ წასვლის შემთხვევაში კონსტანტინესაგან კახეთზე მშვიდობიანად გავლის გარანტია უნდა მოეთხოვათ, ხოლო თვით კონსტანტინეს კი ამის საფასურად ქართლში მოპოვებული ნადავლის გარკვეული ნაწილი უნდა მიეღო. ვახუშტი ამ ამბავს ასე მოგვითხრობს: „ქართლის ნატყვენავის ნაწილს მისცემდნენ ლეკნი მაჰმად-ყულიხანს ხუთის-თავს ეტიკობისათვის და უწოდა თავთ მათთა მეგობრად, ძმად და მეყვისად„.2
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, გვ. 318.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 623.
მართალია ლეკებს არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ საბოლოოდ კახეთის ძარცვა-რბევა, მაგრამ იმ დროს კახეთისათვის ეს პატარა ამოსუნთქვაც კი ალბათ დიდ რამედ ღირდა. ამიერიდან ლეკები უმთავრესად მაინც „უპატრონო და მდიდარ“ ქართლს და სამცხე-ჯავახეთს ესხმიან თავს და ანადგურებენ. „საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ კონსტანტინე კახთა მეფე ანტიოსმალური განწყობის მოღვაწე იყო და ლეკებსაც უმეტესად მათ წინააღმდეგ იყენებდა. ქართველთა კავშირი ამ შემთხვევაში ლეკებთან იმდენად იყო განპირობებული, რამდენადაც ლეკებიც იბრძოდნენ ოსმალების წინააღმდეგ და ეს კი თავისთავად არც თუ უმნიშვნელო ფაქტორი იყო. მიუხედავად ლეკების დაძაბული ურთიერთობისა კახელებთან, კახელები მაინც იმას ამჯობინებდნენ, რომ ლეკები შეეკავშირებინათ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასეთი პოლიტიკა კი ალბათ იმით უნდა ყოფილიყო გამოწვეული, რომ კახეთში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი ლეკებისადმი ასე ვთქვათ „უბატონობის“ განწყობა. მეორეც, ქართლში ოსმალებისა და ქართლელების ბრძოლას ლეკების წინააღმდეგ ნაკლები ეფექტი ჰქონდა და ბოლოს გამოდიოდა, რომ ლეკების წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთი კონსტანტინეს თავის ფეხით უნდა მოეყვანა კახეთში, რაც აშკარად მის მიზანს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ მოხდა, რომ კონსტანტინე, რომელიც ერთის მხრივ, თანმიმდევრული მებრძოლი იყო ლეკებისა და ოსმალების წინააღმდეგ, მეორეს მხრივ, დროდადრო ლეკებსაც უზავდებოდა, ან გზას აძლევდა მათ ქართლზე სალაშქროდ, რათა მომენტის შესაბამისად გამოეყენებინა ისინი ოსმალების წინააღმდეგ“.1
კონსტანტინე მეფისა და კახელების შეუპოვარი ბრძოლის გამო, ოსმალებმა დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს კახეთში თავიანთი მიზნის განხორციელება: ქვეყანა ვერ დაიპყრეს, მაგრამ რაც დრო გადიოდა, კახეთის მეფის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. მიუხედავად კონსტანტინე კახთა მეფის თავდაუზოგავი ბრძოლისა, დამპყრობლებმა მაინც მოახერხეს მტკიცედ მოეკიდებინათ ფეხი აღმოსავლეთ საქართველოში. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ 1727 წელს ირანსა და ოსმალეთს შორის დაიდო ზავი, რომლის ძალით, სულთნის მფლობელობაში აღმოჩნდა შემდეგი ტერიტორიები: ჰამადანი, ქერმან-შაჰანი, არდალანი, ლურისტანი, იეზდიგერდი, სულთანიე, აბჰარი, ზემო ტარუმი, თავრიზის მხარეში მდებარე ციხეები და ადგილები, განჯის, თბილისის და ერევნის მხარეების დაპყრობილი ტერიტორიები.2
1. თ. ბოცვაძე, საქართველო–დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან (XV–XVIII სს.), გვ. 152-153.
2. ა.ბიბილაშვილი, ქართლისა და კახეთის სამეფოთა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხისათვის XVIII ს-ის პირველ მეოთხედში, (ვ. მაჭარაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კრებული), თსუ, 2001, გვ. 73.
1727 წელს, ქართლის მეფის იესეს გარდაცვალების შემდეგ, ოსმალებმა ქართლის შეუზღუდავ მმართველად ისაყ-ფაშა დანიშნეს, რომლის უშუალო განკარგულებაში აღმოჩნდა მთელი მესხეთი და ქართლი. ოსმალებმა ქართლი 4 სანჯაყად დაყვეს და მათ სათავეში ადგილობრივი ფეოდალები ჩააყენეს. ფეოდალები ოსმალთა მიერ დაწესებულ გადასახადებს კრეფდნენ და მის შესრულებაზე პასუხისმგებელნი იყვნენ ისაყ-ფაშას წინაშე. „მართალია ოსმალებს ამ დროს ქართული მიწათმფლობელობა არ მოუშლიათ, მაგრამ ქართველ მებატონეებს თავიანთი მამულის ფლობის უფლება ოსმალთაგან უნდა მიეღოთ, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ქვეყანაში მექრთამეობა, უსამართლობა, მიმძლავრება, ურთიერთმიხდომა, რბევა-თარეში ჩვეულებრივ ამბად იყო ქცეული.1 ამავე დროს თბილისის ზარაფხანაში ოსმალო სულთნის სახელით ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მონეტები მოიჭრა,2 რაც იმის მანიშნებელია, რომ ოსმალეთი ქართლზე ავრცელებს, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ გავლენას.
ამის შემდეგ სულთანმა ისაყ-ფაშას კახეთის დაპყრობაც დაავალა, მაგრამ კახეთის მეფე კონსტანტინესა და კახელების შეუპოვარი ბრძოლის გამო ოსმალებმა დიდი ხნის მანძილზე ვერ შეძლეს კახეთის დაპყრობა, თუმცა რაც დრო გადიოდა, კახეთის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა. ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ კონსტანტინე იძულებული გახდა, ოსმალებს დაზავებოდა. ამ ზავის პირობით, კახეთის მეფემ ოსმალთა სამსახური და ხარკი იკისრა.3 მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ზავისა არც ერთ მხარეს არ სჯეროდა. თბილისის ფაშა უნდობლად უყურებდა კახეთის მეფეს და მისი ოსმალებისადმი ერთგულება ეეჭვებოდა. ასევე კონსტანტინეც, თავის მხრივ არ ენდობოდა ოსმალებს და თავიც სათანადოდ ფრთხილად ეჭირა. აკადემიკოსი ნ. ბერძენიშვილი თავის ნაშრომში „ძნელბედობა XVIII საუკუნის მეორე მეოთხედში“, აღნიშნავს, რომ კონსტანტინე ოსმალებთან ამ დაზავების შემდეგ იძულებული ხდება მიიღოს ოსმალური მაჰმადიანობა. მანამდე კი კახთა მეფე შიას აღიარებდაო.4 (ჩვენთვის კი ცნობილია და ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ კონსტანტინემ 1724 წელს უარყო მაჰმადიანობა და აღიარა ქრისტიანული სარწმუნეობა; რაც შეეხება ოსმალური მაჰმადიანობის მიღებას, ჩვენის მხრივ ბევრი ვეძებეთ არსებულ წყაროებში და ამ ფაქტს ვერსად ვერ მივაკვლიეთ, ამიტომ ნ. ბერძენიშვილის ეს ცნობა, მითუმეტეს რომ მის ნაშრომში არ არის მითითებული წყარო, ჩვენ საეჭვოდ მიგვაჩნია).
1. ნ. ასათიანი, გ. ჯამბურია, საქართველოს ისტორია II, (XIII–XVIII საუკუნეები), გვ. 277.
2. მ. ანთაძე, საქართველოსა და თურქეთის ურთიერთობა XV–XVIII სს. ნუმიზმატიკური მასალის მიხედვით, გვ. 122-127.
3. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთის გათავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან (XVIII ს-ის 30-იანი წლები), ჟურნალი „საისტორიო შტუდიები“, IV, 2003, გვ. 52.
4. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, გვ. 319.
1728 წელს ისაყ თბილისის ფაშამ ჭარ-ბელაქანი დაიზავა. ჭარელებმა ამ ზავით თავიანთ დასასახლებლად მოითხოვეს კახეთის მიწა-წყალი სოფელ გავაზამდე. ოსმალეთის სულთანმა მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა, მაგრამ ლეკებმა ქართლ-კახეთის რბევაზე არც ამის შემდეგ აიღეს ხელი. 1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ჭარელები დაამარცხეს და აიძულეს ისინი სულთნისაგან წყალობად მიღებული კახური მიწები უკან დაებრუნებინათ. მაგრამ როგორც ჩანს, ლეკებს არც ამის შემდეგ შეუწყვეტიათ კახეთზე თავდასხმები. ლეკთა თარეშები განსაკუთრებით ხშირი ყოფილა ალაზნის გაღმა ნაპირიდან – სოფელ გავაზის მხრიდან. როგორც კონსტანტინე მეფის ერთერთი ბრძანებიდან ჩანს, მეფე გავაზელებს განსაკუთრებული სიმკაცრით მოუწოდებს მოურავის მორჩილებას და ამ სოფლის გამაგრებას.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც ჩანს, კახეთის ხელისუფლება ამ სოფლიდან ხშირად აგზავნიდა მზვერავებს ბელაქანში, რათა მოულოდნელად არ მომხდარიყო ლეკთა შემოსევა: „ქ. გიბძანებთ სულ ერთობილნო გავაზელნო, მერმე ჩვენ ხომ მოურავი ამაზედ დაგიყენეთ, რომ რაც ან ჩვენში სამსახური და ან მაგ სოფლის გამოსადეგი საქმე ყოფილიყო თქვენ ის მაგისთვის დაგეჯერებინათ... ყველა რასაც დროს მაგან დაგიძახოთ ან ლაშქრის ამბავზედ ან ჩვენს სამსახურზედ გაუგონებდეთ და დაუჯერებდეთ თორემ ხელმწიფის თავის მზემან დიაღ ავათ მოვეპყრობით ვინც არ დაუჯერებს. ბელაქანში მზვერავები გაგზავნეთ ვინც მაგან გითხრათ. შეიტყვევით ბელაქანში ჯარის ამბავი არის რამე თუ არა და შეგვატყობინეთ იქაური ამბავი. როგორც უწინ გემოყრებინოსთ ახლაც ასე გაუბნეთ, მაგ სოფლის სიმაგრეს და ყარაულობას კარგად ეცადნეთ“.1 ამდენად, როგორც კონსტანტინე მეფის ამ ბრძანებიდან ირკვევა, კახეთის სამეფო ხელისუფლება ალაზნის გაღმა მხრიდან ყოველ წუთს მოელოდა ლეკთა თავდასხმებს და, ამიტომაც, კახეთის ამ მხარეში მეფე კონსტანტინე ცდილობს მთელი სიმკაცრით განახორციელოს ლეკთა თარეშებისაგან ქვეყნის დასაცავად საჭირო ღონისძიებები.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, HD 14185.
ამასობაში ირანის პოლიტიკური მდგომარეობა 1727 წლიდან თანდათან გამოსწორდა. შაჰ-თამაზის ნიჭიერმა სარდალმა ნადირმა ჯერ ავღანელი დამპყრობლები განდევნა ირანიდან 1730 წელს, შემდეგ კი ოსმალეთს მიუბრუნდა. მან 1731 წელს ოსმალთა ჯარი დაამარცხა ჰამადანთან და მთელი აზერბაიჯანიც მტერს ხელიდან გამოაცალა. ამავე დროს ირანის ხელისუფლება რუსეთისაგან მოითხოვდა პეტრე I-ის დროს დაკავებული კასპიისპირეთის პროვინციების დაბრუნებასაც. ირანელთა ამ გამარჯვებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოზე. ქართველობისათვის მებრძოლთ ოსმალო დამპყრობელთა უღლისაგან განთავისუფლების იმედი მიეცათ. ენერგიულად ამოქმედდნენ ვახტანგ VI-ის მომხრეებიც.
კახეთის მეფე კონსტანტინე არც აქამდე იჩენდა ოსმალთა წინაშე დიდ ერთგულებას, ამის შემდეგ კი ოსმალებისთვის იგი კიდევ უფრო საეჭვო შეიქმნა. კონსტანტინეს შესახებ ოსმალებთან ბეზღობას არ ერიდებოდა ვახტანგის მომხრე ბარძიმ არაგვის ერისთავიც, რომლის მოქიშპე რევაზი – კახეთის მეფეს თავისთან ჰყავდა. რევაზის საშუალებით კონსტანტინე არაგვის საერისთაოს (რუსეთის გზის) ხელში ჩაგდებას ცდილობდა. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში ოსმალთა ბატონობის სიმძიმეს ემატებოდა ქართლისა და კახეთის დიდებულებს შორის კვლავ გამეფებული ფეოდალური შუღლი და მტრობა. თითოეული მათგანი ხან ოსმალთა და ხან ლეკთა მხარდაჭერით ცდილობდა მეორის დასუსტებას, რაც თავის მხრივ, ისედაც ოსმალთა ბატონობისაგან და ლეკთა თარეშებისაგან დაუძლურებულ საქართველოს, კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აგდებდა. ბარძიმ არაგვის ერისთავი 1731 წელს ვახტანგ VI-ს სწერდა: „... კახმა ბატონმა რომ შეიტყო რევაზ შანშესთან იყო და წააყვანინა, როსტომ ფაშის მუსალიმი, ქალაქში იჯდა. კახმა ბატონმა ასე დამაბეზღა: „ბარძიმ ვახტანგ მეფის გამოგზავნილი არის, ჩემი მოყვარე პაპუა ხელშეკრული ვახტანგ მეფეს მოსკოვში გაუგზავნაო და სახლის კაცებიც გაუგზავნაო. რუსეთის გზა უჭირავსო, თუ ეგ არ მოჰკალით, იმათაც მოიყვანსო, ამ ქვეყნებსაც აგირევსო“. თხუთმეტი ქისა შემოუკვეთა. „რევაზს ერისთობა უბოძეთო“. ამაში დამიჭირეს და ნარიყალაში დამაბეს, ხუთი თვეა მე რომ დამიჭირეს, ყეენი წამოდგა, ერევნამდი სულ დაიჭირა. ამაშიგ კახ ბატონს ეხტიბარი გაუტყდა ურუმებში, მე ციხეში კაი პატივი მომცეს, არც ერისთობა მომიშალეს. ჩვენს მამულს უთრუთ და გივი არიგებდნენ ჩვენის წიგნითა. მეც თავის შიშისათვის, ვერ გამომიყვანეს: ,,ოსმალ-ფაშას ქართლი მისცეს, სტამბოლიდამ გამოისტუმრეს, აზრუმს რომ მოსულიყო. ყეენი უწინვე წასულ იყო ბაღდადი დაეჭირა. კახ ბატონს სტამბოლს დავებეზღებინე მე. ოსმალ-ფაშას რომ შეეტყო კახი ბატონი ჩემი მტერი იყო, ჩოხადარი გამოეგზავნა. თორმეტი ქესა გამომართვეს, გამომიყვანეს, კახ ბატონის მოპირდაპირედ დამაყენეს, მარიამობას დღეს გამომიყვანეს, სწორზედ შინ გამომიშვეს“.1
სწორედ 1731 წელს კონსტანტინე კახთა მეფემ ლეკთა ჯარით გაიარა ხევსურეთი და ხევის (სნოს და არშას) დაჭერა სცადა. მაგრამ კონსტანტინემ წარმატებას ვერ მიაღწია. ბარძიმ ერისთავმა ეს შეტევა მოიგერია. ყოველივე ამის შესახებ ბარძიმ ერისთავი იმავე 1731 წელს აცნობებდა რუსეთში მყოფ ვახტანგ VI-ს და ურჩევდა საქართველოში დაბრუნებულიყო და ქართლის ტახტს დაპატრონებოდა: „... ჯერ ოსმალ ფაშა არ მოსულა, რაც ხონთქრის ძალა და ჯარი არის სულ ბაღდადზედ მიდის. აქ სამასი ურუმი არ არის, ეს წიგნი რომ დავსწერე ახალციხე მოასირა იყო ლეკისაგან. ორჯელ ფაშებმა ქართლის ჯარი შემოიყარეს, ფაშებიც დახოცეს და ჯარიც დააზიანეს. გარეთუბანსა და ავლაბარს სცემენ, თუშეთი დაიჭირეს. კახმა ბატონმა – თეიმურაზ მაშველა, ორი კვირა დაკარგული იყო, ფაშა ზედ ჩამოვიდა, ხევსურეთი წმინდად დაარბიეს, მე რომ ანანურს მოველ თუშნი წინ მოემძღვარებინა. ათი ათასი ლეკი სნოსა და არშას მოხდომოდათ, ხევსურეთი გამოევლოთ და სნოზედ ჩამოსული იყო, ჯარი შევყარე ოსი და ჩემი ყმა, სამ პირად მოუვედით, მანამდე მე მოვიდოდი, ციხიდამ ძალა ექნა, ასი კაცი მოეკლათ, თავს დავესხენით, როგორც გაგვემარჯვა ეს მჭედლიშვილი მოგახსენებთ. ხევსურეთამდინ მივყევით, თქვენმა დოვლათმა ასე გამარჯვება გვიყო, ფშავი და ხევსურეთი გაგვიერთდა, მე და შანშეც ერთნი შევიქენით ... თუ ეხლა ქართლს მოეპატრონეთ, ასე თქვენია,როგორადაც ხელსახოცი გიძეთ ჯიბეში ისე თქვენია ... სხვა რომ ვერავინ გამოიმეტო, ჩემი დისწული მიბოძეთ, რაზედ ჰყრით ქვეყანას საუსჯულოდ, ან შენ მესისხლეს რაზედ აძლევ. კახ ბატონის ფიქრი ეს არის, რევაზ ხელში ჰყავს, იმის მიზეზით ამ ქვეყანას წამართმევს, თვითონ დაიჭერს. თუ ეს ქვეყანა დაიჭირა, ლეკისა პირი აქვს მიცემული, ამ გზას ეს დაიჭერს. მანამდი შენს შვილს ყეენთან არ გაგზავნი, მანამ ამ ქვეყანას ვეღარ დაიჭერ. დრო ეს არის თუშეთი წაართვეს, ფშავი მე მომივიდა, დიაღ დასუსტებული არის, ნუღარ ადროებ რომ გაძალიანდეს. ურუმი ასე დასუსტდა, რომ ბაღდადი წაართვეს, ორი ასი კაცი არ არის ქართლში, მანამდე მე ეს გზა მიჭირავს მობძანდით, ხონთქარი, ყეენი თქვენ შემოგეხვეწებათ, ეს ქვეყანაც მუქთად თქვენ დაგრჩებათ: ბოლო ეს არის მომიხსენებია. თუ ახლა არ ეცადეთ, დაიკარგა ეს ქვეყანა თქვენიდამ“...2
1. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 190.
2. იქვე გვ. 191-192
ამ ამბების შემდეგ ოსმალებმა კონსტანტინე კახთა მეფეს მოსთხოვეს ზედა ქართლის ერისთავების დალაშქვრა: „ქორონიკონს უით (1731 წ.) თვესა ივლისსა შეუხდნენ ქსნის ერისთავს შანშეს, კახი ბატონი, ურუმთ ჯარი და ქართველნი, მრავალი სულ დაატყვევეს, დასწვეს სოფლები, კლდე თუ კოშკი და მესერი, საცხენესი და ქვაბები, დააქციეს ციხე ვანათისა, ბოლოს შემოეხვეწა ერისთავი შანშე და შეირიგეს, შეუხდენ სამაჩაბლოს, აიღეს ციხე სვერისა და დააქციეს გაღმა-გამოღმა ორივე ციხე“...1 ვახუშტი ბატონიშვილი კი ამ ამბავს ასე გადმოგვცემს: „ამის შემდგომად მოუვლინეს ოსმალთა, რათა ულაშქროს მათ ერისთავთა ზედა ქართლისათა. არამედ ვინაითგან მტერ იყო მაჰმად-ყულიხან შანშესი, ეპატიოს ყოფისათვის წინათქმულთა, ამისთვის შემოიკრიბნა სპანი კახთა და წარიყვანნა ნიჯადად ლეკნი მრავალნი და მოვიდა თიანეთს და რა მოადგნენ ოსმალნი დუშეთს და ვერღარა დაუდგა რევაზ ერისთავი და წარვიდა მთიულეთს. ხოლო მაჰმად-ყულიხან შევიდა ანანურს, გამოიღო ზარბაზნები და წარმოგზავნა თელავს და დასუეს ერისთავად იქ პაპუა ოსმალთა, მერმე მოვიდნენ ვანათს, შემდგომად ლიახუსა ზედა მეგუთს და იქმნაცა ვითარცა აღვსწერეთ“.2
ქართლიდან უკან მობრუნებულმა ოსმალებმა ღალატით მოინდომეს კონსტანტინე კახთა მეფის შეპყრობა და იგი გორში დაიბარეს. მაგრამ ,,ამისი მცნობი მაჰმად-ყულიხან წარმოვიდა ღამით და მოვიდა თელავს და იყოფოდა იქ“...3
1. ჩხეიძე სეხნია, ცხოვრება მეფეთა, საქართველოს ცხოვრება, ზ.ჭიჭინაძის გამოცემა, გვ. 41.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 623-624.
3. იქვე, გვ. 624.
თელავში გამაგრების შემდეგ უფრო დაიძაბა ურთიერთობა კონსტანტინე კახთა მეფესა და ოსმალებს შორის. ოსმალთა ხელისუფლებისათვის კახთა მეფის გეგმები კიდევ უფრო საეჭვო შეიქმნა და, როგორც ს. ჩხეიძე გადმოგვცემს: „ქორონიკონს უკ, ქრისტეშობის თვის კზ (1732 წ. 27 დეკემბერს) მოვიდა სტამბოლიდამ უსუფ-ფაშა ქალაქს და გაილაშქრა კახეთს“.1 კახეთში შესვლის შემდეგ ისაყ თბილისის ფაშას შვილმა უსუფ-ფაშამ, თითქოს და ხონთქრის წყალობის გამოსაცხადებლად მისთვის კახეთის დამტკიცების შესახებ, კახთა მეფე კონსტანტინე ბეჟან-ბაღს (კაჭრეთის მახლობლად) მიიწვია. აქვე იყო ამ დროს სურხაი-ხანი შემახიელი. ფრთხილი კონსტანტინე საფრთხეს გრძნობდა და მისვლას არ ფიქრობდა, ფშავში გახიზვნას აპირებდა, მაგრამ ალავერდელის და ზოგიერთი სხვა დიდებულის რჩევით მაინც ეახლა ფაშას, რომელმაც ის დიდი პატივით მიიღო, მაგრამ დარბაზობის დასრულების შემდეგ უკან დასაბრუნებლად გამზადებულ კონსტანტინეს ცხენზე შეჯდომისას ზურგიდან ჩასცეს ხანჯალი და მოკლეს. უსუფ-ფაშას ბრძანებით კახთა მეფის ამალაც ვერაგულად ამოწყვიტეს. თვით ალავერდელი ტყვედ შეი პყრეს და თავი მოჰკვეთეს“.2
რადგან კონსტანტინე კახთა მეფის მკვლელობის თარიღს შევეხეთ, აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჟურნალ „ანალებში“ გამოქვეყნდა მიხეილ სამსონაძის ნაშრომი „დედოფალი თამარ, ვახტანგ VI ასული“,3 სადაც დაშვებულია გარკვეული უზუსტობები: ჯერ ერთი, კახეთის მეფე კონსტანტინე ოსმალებმა ღალატით მოკლეს 1732 წლის დეკემბრის ბოლოს და არა 1731 წელს. შესაბამისად, ისაყ ფაშამ თეიმურაზ ბატონიშვილს კახეთის გამგებლობა დაუმტკიცა 1733 წელს და არა 1732 წელს. მეორეც აღნიშნული სტატიის ავტორს კახეთის მეფე დავით იმამყული ხანი (1703–1722 წწ.) მიაჩნია თეიმურაზ I-ის შვილად, რაც შეცდომაა. სინამდვილეში, დავით იმამყული-ხანის მამა იყო ერეკლე I ნაზარალი-ხანი, თეიმურაზ I – კი დავითის დიდი პაპაა.
1. ჩხეიძე სეხნია, დასახ, ნაშრომი, გვ. 43.
2. ნ. სოლოღაშვილი, კახეთის სამეფო კონსტანტინე მაჰმადყული-ხანის მეფობის პერიოდში (1722–1732 წწ.), გვ. 54-55.
3. მ. სამსონაძე, „დედოფალი თამარ, ვახტანგ VI ასული“, ჟურნალი „ანალები“, 2003 წ. #1, გვ. 54-55.
კონსტანტინესა და მისი ამალის ვერაგულად დახოცვის შემდეგ სურხაი-ხანმა კახეთის გაღმა მხარი დაარბია, კონსტანტინეს ძმა თეიმურაზი – კახეთის ტახტის მემკვიდრე, ფშავში გაიქცა. მთელი კახეთი ოსმალებმა დაიჭირეს და იქაც ისევე, როგორც ქართლში, ადგილობრივი ქართული ადმინისტრაციული ხელისუფლება გააუქმეს და კახეთის მმართველად თავიანთი წარმომადგენელი უსუფ-ფაშა (ისაყ-ფაშას ვაჟი) დასვეს. ოსმალებმა თელავის ციხიდან გამოიყვანეს კონსტანტინე მეფის ახლობლები, შემუსრეს შილდის, ყვარლისა და გავაზის ციხეები, მრავალი კახელი დაატყვევეს და ოსმალეთში გაგზავნეს, ყარაღაჯის ციხე გაამაგრეს და შიგ ოსმალთა ჯარი ჩააყენეს.
ამგვარად, XVIII ს-ის 30-იან წლებში ქართლ-კახეთი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ქვეყანა, ერთის მხრივ, ოსმალობის ბატონობისა და მეორეს მხრივ, ლეკების თავდასხმების გამო სულს ღაფავდა: „როგორც ქართლში, ისე კახეთში, მოსახლეობა ამ დროის მთლად გაწყვეტის პირას იმყოფებოდა. ქართლში ოსმალთა პარპაშობას და ფეოდალთა ურთიერთშორის ანდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას თან დაემატა ლეკთა თარეში გუნდ-გუნდად, ათას კაცად ან მეტ-ნაკლებად ლეკნი მოედვნენ ქვეყანას. ქართლის ცენტრალური და ყველაზე უფრო დასახლებული ადგილები მთლად გავერანდა. ურთიერთრბევის გამო გახშირდა ტყვის სყიდვა, რაც უკანასკნელს სულს ართმევდა ისედაც სიკვდილის პირზე მიმდგარ ხალხს. ასეთსავე მდგომარეობაში იყო კახეთი, ლეკთა რბევის გამო მრავალი სული გაწყდა, ხოლო ბევრმა მუდმივი ძალადობისაგან თავის დასაღწევად მაჰმადიანობის მიღება არჩია. მთელი ქიზიყი და ალაზნის გაღმა მხარი საბოლოოდ გალეკებისა და გადაგვარების გზაზე იყო დამდგარი. მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი, უმეტესად თავად-აზნაურობა, ჯერ კიდევ მედგრად იცავდა მამა-პაპურ სარწმუნეობას და ეროვნებას. კახეთის ჩრდილოეთი ნაწილი კი მთლად სიმაგრეებში იყო გახიზნული“.1
1. ს. კაკაბაძე, საქართველოს ისტორია (1500–1810 წწ.), გვ. 152.
ფშავში გახიზნულმა თეიმურაზ ბატონიშვილმა დახმარების სათხოვნელად რუსეთში გამგზავრება გადაწყვიტა, მაგრამ კახელთა დაჟინებული თხოვნის შედეგად, იგი ფშავიდან თელავში დაბრუნდა. ამავე დროს ისაყ ფაშა თეიმურაზის ავტორიტეტის თავის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობდა, 1733 წლიდან მას თავისთან იბარებს, ერთგულ სამსახურს ავალებს და უსუფ ფაშასთან ერთად კახეთის გამგებლად თელავში ისტუმრებს.1
XVIII ს-ის 30-იანი წლებიდან ირანის, რუსეთის და საქართველოს ინტერესები ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთმანეთს ემთხვევა. ამ გარემოების თავისი ინტერესებისათვის გამოყენებას ცდილობს თეიმურაზ კახეთის ვალი, იგი კავშირს ამყარებს დარუბანდში მყოფ ვახტანგ მეფესთან და მოუწოდებს ერთობლივი ბრძოლისაკენ ოსმალთა წინააღმდეგ. ასევე 1733 წელს კვლავ გააქტიურდა შანშე ქსნის ერისთავი, რომელიც ვახტანგ მეფეს უგზავნის წერილს, ატყობინებს ქართლში შექმნილ მდგომარეობას, ირანელთა გააქტიურებას ოსმალთა წინააღმდეგ, კახ ბატონის კავშირს თათრებთან, ლეკებთან და ქართველებთან (ქართლელებთან) და სთხოვს ქართლში დაბრუნებას, იგი პირდაპირ სწერს, რომ „ამას უკეთესი დრო არ იქნებაო“, ამავე დროს ატყობინებს, რომ მზად არიან ქართლის ყველა ერისთავმა დაივიწყოს მტრობა და შური, შერიგდნენ და ვახტანგ მეფეს შეუერთდნენ: „... ამას უკეთესი დრო არ იქნება, ამილახვარმაც ხომ მოგწერათ, თქვენ ამას ეცადენით, რომ სამიოდე პოლკი ჯარი იშოვნოთ ... და გზა ჩვენზე დადევით“.2 ამავე წერილიდან ირკვევა, რომ შანშე ქსნის ერისთავი აღშფოთებულია კახეთის ბატონის თეიმურაზისა და ყეენის ურთიერთობით: „ყეენია და ახლო მოსდგომია, კარი აშლილი აქვს, ჯარი ვერ იშოვნეს, ქვეყნები ლეკმა წაართვა, თუ შეეძლის ან ძალა ჰქონდეს ამას იქმონენ, მაგრამ არ არის ამათში ყუათი: მე ეს მეჯავრება, კახთ ბატონი სწერს მანდ წიგნსა: „ჯარი მომეც და მე ქვეყნებს შენთვის დავიჭერო“... აქ სოლაღში რომ სარდალი არის, იმასაც შემოეთვალა ,,თუ ჯარს დაიბარებთ მოგცემთო“.3
1. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთის გათავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან (XVIII ს-ის 30-იანი წლები), ჟურნალი „საისტორიო შტუდიები“, IV, 2003 წ., გვ. 507.
2. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 206.
3. იქვე, გვ. 207.
ამ ამბის გამო შანშე ქსნის ერისთავი ვახტანგ მეფეს სწერდა: ,,ეს მკლავს ჯავრითა, რომ გამიწყრეს ღმერთი და ან ჯარი მოსცენ ამ ბნედიანსა (კახთ ბატონს – ნ.ს.), ან შეიძლოს რამე, რაღა უნდა ვქნათ ან სულ დავიკარგებით ... ან დაიჯერეთ ეს ქვეყანა დაკარგული არის თქვენგანა ... დამიჯერეთ, ახსენე ღმერთი და ეცადენით რასმე, ღმერთმა მოგაყენათ დრო, ნუ გვიანობთ, თუ ეს ქვეყანა გინდათ, დრო ეს არის, თუ არა და ნება თქვენია ... ოღონდ სოლაღში მოდით და ყველაყას შვილები და ძმები მთხოვეთ, მე მოგგვრი ყველასა“.1 ასე ევედრება შანშე ქსნის ერისთავი ვახტანგ მეფეს ქართლში დაბრუნებას და ამავე დროს, როგორც ჩანს, ქართლის დიდებულები იმ ფეოდალური შუღლის გამო, რაც ოდითგან არსებობდა კახეთის ბაგრატიონებსა და ქართლის დიდებულებს შორის, ამ ეტაპზეც, მიუხედავად ქართლის რთული პოლიტიკური მდგომარეობისა, თეიმურაზ კახთბატონის დიდი მოწინააღმდეგენი არიან.
1734 წლიდან ირანის უპირველეს მიზანს ოსმალეთის აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან განდევნა შეადგენდა, ამ გეგმის განსახორციელებლად ირანს პირველ რიგში უნდა მოეშალა სულთნის დასაყრდენები შირვანსა და ქართლ-კახეთში. 1734 წლის ივლისში თამაზ-ხანმა შირვანს შეუტია და შემახიაც აიღო. ვახუშტის სიტყვით, როცა ქართველებმა ყიზილბაშთა მიერ შემახას აღება გაიგეს, „მაშინ ქართველთა მოსწყვიტეს ოსმალნი ტფილისის გარეთანი სრულიად, ეგრეთვე გივი ამილახვარი შეეტყუა გორის ციხეს ოსმალთა და მოსრნა იგინი ... შეითქვნენ კახნი აბელ მოურავისა თანა და ღამით დაესხნენ ოსმალთა, მოსრნეს მრავალნი, აღიღეს ალაფნი დიდძალნი და წარმოვიდნენ ღამითვე“.2 იგივეს წერს ომან ხერხეულიძეც: „მეფემან თეიმურაზ შემოიკრიბნა კახნი, მოვიდა ღამე და თავს დაესხა და გაემარჯვათ ოსმალთა ზედა“.3
1. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 207.
2. ვახუშტი ბატონიშვილის დასახ. ნაშრომი, გვ. 626.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #497, ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა.
შირვანის აღება ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების აჯანყების დაწყების მანიშნებელი აღმოჩნდა, მათ შორის ქართლ-კახეთშიც. როგორც დოკუმენტური წყაროები მოწმობენ, შემახიიდან თამაზ-ხანი კავშირს ამყარებს თეიმურაზ კახ ბატონთან, ატყობინებს მას, რომ მასთან იმყოფება რუსეთის ელჩი და მოუწოდებს საერთო მტრის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისაკენ“.1 თამაზ-ხანი ოსმალების წინააღმდეგ ამიერკავკასიის ხალხების მისამხრობლად სხვადასხვა ხერხს მიმართავდა. თუ სომხები ცრუ დაპირებებითა და საჩუქრებით მიიმხრო, კახეთის მეფის მისამხრობლად რუსეთის მოკავშირეობა გამოიყენა. შემდეგში, 1736 წლის მარტში რუსეთის იმპერატორ ანა ივანეს ასულისადმი გაგზავნილ წერილში ამ ამბის შესახებ თეიმურაზ II წერდა: „... ყეენს რომ მტრები მოერივნენ და ქვეყნებში არეულობა შეიქმნა, ურუმისაგან ჩვენ ქვეყანას ძალა დაემართა, ურუმმა ჩემი ძმა მეფე კონსტანტინე მოჰკლა, იმასთან მრავალი დარბაისელი და ეფისკოპოზი და გლეხი დახოცეს და ქვეყანას ბევრი ავი უყვეს მტრებმა, დიაღ შეგვაწუხეს, მაგრამ ისევ ჩვენი ქრისტიანობით ვიყავით ... ამ დროს თამაზხან შემახიას მოვიდა და შამახია დაიჭირა, ჩემთან წიგნი მოეწერა: „რაც შეგეძლოს შენც ურუმს უმტერეო“, რადგან ჩვენ ეს შევიტყევით, რომ თამაზ-ხან თქვენ ერთგულებას ამბობდა და თქვენც იმისი მწყალობელი ბრძანდებოდით, რაც შეგვეძლო ჩვენც იმის ერთგულობას და სამსახურს ვეცადეთ“.2
ამრიგად, შექმნილ სიტუაციაში ქართველები ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლ ყიზილბაშთა მხარეზე აღმოჩნდნენ, ხოლო ლეკები დაუბრუნდნენ თავიანთ ძველ მოკავშირეს – ოსმალებს. ასე, რომ დაღესტნელი ფეოდალები და ოსმალები ერთი მხრივ ყიზილბაშებს უტევდნენ, ხოლო მეორე მხრივ კი ქართველებს, ან ორივეს ერთად. ომან ხერხეულიძე ამ მომენტს მეტად ლაკონურად აღნიშნავს: „რა იხილეს ოსმალთა უკუდგომა ქართველთა, ამისთვის გაიერთეს ლეკნი და მოიმწეს მუნით სპანი და აოხრებდნენ ქართლ-კახეთსაო“.3
1. ა. იოსელიანი, დოკუმენტები რუსეთ-საქართველოს დი პლომატიური ურთიერთობების ისტორიიდან, კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში თავად იოსებ გიორგისძის მეთაურობით, საქ. სსრ შსს საისტორიო მოამბე, #2, თბილისი, 1946, გვ. 396.
2. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 210.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #497.
მირზა მეჰდი ხანის ცნობით, როდესაც თამაზ-ხანი შემახიას შემოადგა, ,,სურხვავმა (დაღესტნისა და შირვანის ხანი) სთხოვა შეწევნაი ალი ფაშასა განჯისასა და ისაყ ფაშასა, გამგებელსა ქართლისასა“, რომელიც წარემართა „შემწედ მისსა“ და დაიბანაკა ყარაღაჯს“. თეიმურაზ მეფემ და ძმისწულმა მისმა ალი-მირზამ „შემოიკრიბნეს კახთა მხედრობანი და აოტეს ისაყ-ფაშა და განივლტო თბილისად. მას ზედ მხიარულ იქმნა ნადირ და წარუგზავნა მათ საბოძვარი ფრიად-ფრიად ღირებული. თვით აღძრული მუნით წარემართა განჯად“.1 ამ ცნობას ადასტურებს ვახუშტი ბატონიშვილიც.2 ხსენებულ ავტორთა ცნობით, თამაზხანის წინააღმდეგ სურხვავის დასახმარებლად შემახიაში თბილისიდან გაემართა ისაყ-ფაშა, რომელიც თეიმურაზ მეფის ხელმძღვანელობით კახელებმა დაამარცხეს და უკუაქციეს. ამ ორი წყაროსაგან განსხვავებით, ს. ჩხეიძის (გვ. 337), ომან ხერხეულიძის (სცსსა, ფ. 1446, # 497), თეიმურაზ მეფის მიერ გურგენიძეებისათვის მიცემული წყალობის წიგნით (სცსსა, ფ.1448, ს. 9662) და ჭარის ომების ქრონიკაში (გვ. 16) დაცული ცნობების მიხედვით თეიმურაზ მეფეს ბრძოლა ჰქონია უსუფ ფაშასთან, ასევეა წარმოდგენილი ეს ცნობა სცსს არქივში დაცულ მე-18 საუკუნის ქრონიკებში (#703) და საქართველოს ისტორიის ნარკვევებშიც (ტ. IV, გვ. 445). ზემოთ დასახელებულ ყველა წყაროზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, თეიმურაზს ბრძოლა უნდა ჰქონოდა არა ერთ-ერთ ფაშასთან ისაყთან ან უსუფთან, არამედ ორივესთან ერთად.
1. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, H2310.
2. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 626.
მე-18 საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი (სცსსა, ფ. 1446, #703) გვაწვდის ცნობას იმის შესახებ, რომ 1734 წლის ზაფხულში ისაყ-ფაშამ „აღაშენა ავჭალის გალავანი და საყარაულო კოშკები დიღმის ბოლოდან წყლამდის თორმეტი, სადაც მტკვარში გასასვლელი ფონები იყო“. როგორც ჩანს, ამ დროისათვის ოსმალებს კარგად ჰქონდათ გააზრებული ის საფრთხე, რაც მათ მოელოდათ ქართლ-კახეთში და ამიტომაც დაუწყიათ თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობა. მართლაც, ამავე ავტორის მიერ აღნიშნულია, რომ 10 ივლისს „ლეკებმა დაარბიეს სომხითი, გამოუდგა ქაიხოსრო სარდალი, ლეკთა შეასწრეს ავჭალის ციხეში, შემოადგა გარს ქაიხოსრო, ლეკნი აიყვანა შინდისს და უყვეს ყათლანი. 30 ივლისსაც კვლავ გამართულა ბრძოლა ყიზილბაშ-ქართველების გაერთიანებულ ლაშქარსა და ოსმალებს შორის: „მოვიდა სარდალი ასლამაზ-ხან საგარეჯოში, გივი მივიდა ამილახორი დადგნენ გლდანის ბოლოს, გამოვიდა ურუმთა ჯარი ქალაქიდან, შეიბნენ, დამარცხდნენ ყიზილბაშ-ქართველნი, მივიდნენ მცხეთას“.1
1734 წლის ოქტომბერში თამაზ-ხანი განჯის ციხეს უტევდა, აქ მას ქართველებიც ეხმარებოდნენ ურუმთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ შემდეგში თეიმურაზი რუსეთის იმპერატორს სწერდა: „განჯას დამიბარა ჯარით და ვეახელ„.2 1735 წლის 10 მარტს რუსეთ-სპარსეთს შორის დაიდო განჯის ტრაქტატი, რითაც რუსებმა თამაზ-ხანს ჩააბარეს ბაქო, ყუბა და დერბენტი“.3
ამასობაში ლეკთა თავდასხმები ქართლ-კახეთზე კვლავ გრძელდებოდა. ამ ამბავს ომან ხერხეულიძე ასე გადმოგვცემს: „რა იხილეს ოსმალთა უკუდგომა ქართველთა ამის გამო გაიერთნეს ლეკნი და მოიყუანეს ლეკის ჯარები და აოხრებდნენ ქართლსა და კახეთსა და სომხითს-საბარათიანოსა, ასე აღაოხრეს, რომ არა იპოებოდა შენობა მათ შინა, თვინიერი ციხეთა და სიმაგრეთა კიდე, არამედ თავადნი და აზნაურნი დადგნენ მტკიცედ და შიგნითა კახნიცა სარწმუნეობასა ზედა და განამაგრეს თელავი და ალავერდი და შეკრბნენ მას შინა და ვიეთნიმე თავადნი და აზნაურნი შეეხვეწნენ ფშავ-ხევსურთა და შეეფარნენ მათ, ხოლო ლეკთა შეაწუხეს ქიზიყი და გაღმა მხარი, რომლისამე გამო ვეღარ შეუძლეს გაძლება და უღალატეს იქ მყოფთა ლეკთა და მრავალი ლეკნი მოსწყვიდნეს და მოიყვანეს მეფე თეიმურაზ ფშავიდან და დასვეს მეფედ კახთა და ქიზიყთა თვეს თიბათვეს წელსა ჩრლესა (1735 წ.)“.4 ამრიგად, 1735 წლის ივნისამდე თეიმურაზი ოფიციალურად ითვლებოდა ოსმალების მიერ დანიშნულ კახთა ვალად. (მიუხედავად ამისა თეიმურაზი 1733–1734 წლებში გაცემულ სიგელებში თავის თავს მეფეს უწოდებს (სცსსა, ფ. 1448, # 553, 1556, 2389). 1735 წლის ივნისში კი კახელებმა, ისარგებლეს რა ოსმალთა დასუსტებით და ყიზილბაშთა მხარდაჭერით, თეიმურაზ II ოფიციალურად აკურთხეს კახთა მეფედ”.5
1. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #703.
2. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 210.
3. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #703.
4. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #497.
5. ნ. სოლოღაშვილი, ქართლ-კახეთის განთავისუფლება ოსმალთა ბატონობისაგან (მე-18 ს-ის 30-იანი წლები), ჟურნალი “საისტორიო შტუდიები” IV, 2003 წ., გვ. 62.
ამიერიდან, კახეთის მეფე თეიმურაზ II მეტად შორსმჭვრეტელური და გონივრული პოლიტიკის განხორციელებას შეუდგა, რომლის შედეგადაც ქართლ-კახეთი უმოკლეს დროში გათავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან.
თეიმურაზ II ლეკების წინააღმდეგ სპარსელთა გამოყენება სცადა. თამაზ-ხანი სიამოვნებით დათანხმდა თეიმურაზის წინადადებას. 1735 წელს ნადირმა თეიმურაზ II კახთა მეფეს „მოსცა სპანი დიდნი და წარმოავლინა შემუსვრად ჭარისად“. ამისა მცნობმა ოსმალებმა უმალ დატოვეს ყარაღაჯის ციხე, მთლიანად კახეთი და თბილისისაკენ დაიხიეს. კახელებმა ყარაღაჯის ციხე აიღეს და ყიზილბაშებთან ერთად ჭარს დაესხნენ თავს, სადაც, ვახუშტის სიტყვით, „შემუსრნენ კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოსტყვენნეს, აღიღეს ალაფი დიდი და წარმოვიდნენ“.1 „ჭარის ომების ქრონიკის“ მიხედვით კი „ყიზილბაშებს დაუწვავთ სახლები კახეთში, ჭარში, თალაში, დაუნგრევიათ ჭარის ციხეები, გაუჩეხიათ ხილის ბაღები და ვენახები, მოსახლეობა მთებში გაქცეულა“.2
იმ დროს, როდესაც თეიმურაზმა კახეთიდან ოსმალები იფრინა და ჭარს არბევდა, ქართლელები ყიზილბაშებთან ერთად თბილისში გამაგრებულ ოსმალებს უტევდნენ. ოსმალებს დაღესტნელი მურთაზ ალი-ბეგი (სურხაი-ხანის შვილი) 300 მეომრით ეხმარებოდა. ოსმალებმა თითქმის სძლიეს ქართლისა და ყიზილბაშების ლაშქარს, მაგრამ, როსებ გიორგის ძის ცნობით, „როდესაც თეიმურაზ კახთა მეფემ შეიტყო თბილისის მახლობლად 1735 წელს ქართველებისა და ყიზილბაშების დამარცხება, ფეხოსანი ჯარით გამოვიდა და შეუტია ოსმალებს და დაამარცხა“.3 თბილისის ბრძოლაში კახელების მონაწილეობის შესახებ ცნობა მოიპოვება „ჭარის ომების ქრონიკაშიც“ (გვ. 21-22).
1. ვახუშტი ბატონიშვილი, დასახ. ნაშრომი, გვ. 627.
2. Хроника войн Джара в XVIII стлетии. / Под ред. В. Хулуфлу, გვ. 10.
3. ა. იოსელიანი, დოკუმენტები რუსეთ-საქართველოს დი პლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან, კახეთის სამეფოს ელჩობა რუსეთში თავად როსებ გიორგისძის მეთაურობით, საქ-ს შსს საისტორიო მოამბე, #2, თბილისი, 1946, გვ. 397.
ამავე 1735 წელს ნადირი ოსმალთა მთავარ ძალებს ბაგავანთან (ერევნის ახლოს) შეება, სადაც „ასევე თან ახლდა თეიმურაზ II კახთა მეფე თავისი ჯარით და რომელიც, ერთგულად ემსახურებოდა ნადირს ჯამაგირის გარეშე“.1 ბაგავანთან ოსმალები სასტიკად დამარცხდნენ. ამის შემდეგ ერევნის, განჯის, თბილისის და ლორეს ოსმალო მეციხოვნეები უბრძოლველად დანებდნენ გამარჯვებულ მოწინააღმდეგეს. როგორც XVIII საუკუნის ქრონიკების უცნობი ავტორი გადმოგვცემს, „ზაფხულში ოსმალებმა თამაზ-ხანს მოლაპარაკება დაუწყეს, მშვიდობა ჩამოვაგდოთ, დავზავდეთო. ქართველებმა და ყიზილბაშებმაც მისცეს გზა ურუმებს და წარვიდნენ თბილისიდან ოსმალნი მკათათვის ლ (30 ივლისი) ოთხშაბათ დღეს“.2
ამგვარად, XVIII საუკუნის 30-იანი წლების I ნახევარში, თეიმურაზ II კახთა მეფე ოსმალთა წინააღმდეგ ქართველთა გამათავისუფლებელი ბრძოლის მეთაურად გვევლინება და გამარჯვებასაც აღწევს. მისი თავდაუზოგავი ბრძოლისა და შორს გამიზნული პოლიტიკის წყალობით 1735 წლის ივლისის ბოლოს ქართლ-კახეთი გათავისუფლდა ოსმალთა 12 წლიანი ბატონობისაგან.
1. მარი ბროსე, დასახ. ნაშრომი, გვ. 210.
2. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი, ფ. 1446, #703.
Комментариев нет:
Отправить комментарий