მირიან ბაჰლაუჰდის სამმა ძემ: სულამ, ბეშქენმა და ლაკლაკმა სათავე დაუდეს IX-XI საუკუნეებში სამცხეში არსებულ შემდეგ ფეოდალურ სახლებს: ჩორჩანელების, ჯაყელების, ლაკლაკთა (ლაკლაკისძეების), ციხისჯვარელებისა და ხურსიძეების საგვარეულოებს. მათ შესახებ აღსანიშნავია ნ. შოშიაშვილის მოსაზრებები, რომელიც მოკლედ შეიძლება შემდეგი სახით ჩამოვაყალიბოთ: გიორგი ჩორჩანელის უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ, მთელი მისი სამფლობელო და ქონება მისი დის ლატავრის შვილებს გადაეცა. „მისი უფროსი ვაჟი სულა გახდა ჩორჩანელთა ახალი საგვარეულოს ფუძემდებელი. შუათანა ვაჟმა ბეშქენმა სათავე დაუდო ჯაყელთა საგვარეულოს, ხოლო უმცროსმა ლაკლაკმა ბაჰლაუნდების ახალი განშტოება – ლაკლაკთა – წარმოქმნა. ახალი ჩორჩანელების (ხოლო შემდგომ მათი განშტოება ხურსიძეების) საგვარეულო მონასტერი იყო ზარზმა. X საუკუნეში ზარზმის ევგტერი ააგო ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის მონაწილე ივანე სულას ძემ (ალბათ „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ ნახსენები სულა მირიანის ძის ვაჟი). ივანე სულას ძის შვილიშვილები უნდა იყვნენ XI საუკუნის შუა ხანების მოღვაწეები ძმები გიორგი ჩორჩანელი და ფარსმან თმოგველი სულას ძეები. ეს გიორგი უკანასკნელია წყაროებში მოხსენიებულ ახალ ჩორჩანელთა შორის. შემდეგ მათ მამულს მათივე განშტოება ხურსიძენი დაეპატრონა“ (შოშიაშვილი 1997: 124).
ჯაყელების საგვარეულოს დამფუძნებელი, ნ. შოშიაშვილის აზრით, იყო ახალი ჩორჩანელების წარმომადგენელი ბეშქენი (მირიან ბაჰლაუნდის შუათანა ძე). მისმა შთამომავლობამ მეფისაგან მიიღო ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და უარვლის ხეობები. წყაროებში პირველ ჯაყელად თუხარისის ერისთავი ბეშქენი იხსენიება, ხოლო შემდეგ ყველის ერისთავი მურვანი (ალბათ ბეშქენის ძე). ბეშქენის ძის მურვანის ვაჟი იყო 1118 წელს ჯავახეთში თურქების მიერ მოკლული ბეშქენ II. 1178 წელს მემნა ჯაყელმა მხარი გიორგი III წინააღმდეგ აჯანყებულ ორბელებს დაუჭირა. თამარის დროს, ბოცო ჯაყელი გიორგი რუსს მიემხრო. მეფემ მათ ჩამოართვა თანამდებობები და ციხისჯვარელებს გადასცა. ისინი გახდნენ ახალი ჯაყელები. ძველი ჯაყელები კი ბოცოსძეებად იწოდნენ. ნ. შოშიაშვილის აზრით, ხურსიძეთა გვარის ფუძემდებელი უნდა იყოს XI საუკუნეში მოხვაწე ხურსი, რომელიც დაიღუპა შირიმნის ბრძოლაში. ახალ ჩორჩანელთა სამფლობელოს ნაწილი გადაეცა ციხისჯვარელებს, ნაწილი ჯაყელებს, ლაკლაკთა და ხურსიძეებს. შესაძლოა იმერეთში მოხსენიებული გიორგი და ხურსი ხურსიძეთა წარმომადგენლები იყვნენ და, მაშასადამე, ხურსიძეები მიწას იმერეთშიც ფლობდნენ. ნ. შოშიაშვილი ციხისჯვარელებსაც ახალი ჩორჩანელების განშტოებად თვლიდა, რომლის ფუძემდებელიც სულა კალმახელი იყო. ამ უკანასკნელს ბაგრატ IV თორში მდებარე ციხისჯვარის ციხე უბოძა. სულას საგვარეულოს მეორე შტომ კალმახის საერისთავო დაიმკვიდრა და კალმახელად იწოდა. გიორგი რუსის აჯანყების დროს გამოჩენილი ერთგულების გამო თამარმა ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს უბოძა სამცხის ერისთავთ-ერისთავობა და სპასალარობა და უწყალობა ჯაყის ციხე, რომელიც ახალ ჩორჩანელთა მეორე განშტოების წარმომადგენელ ბოცოს ჰქონდა. ამ ყვარყვარეს შვილიშვილი სარგის I სამცხის მთავარი ხდება (შოშიაშვილი 1987: 256, 384, 426).
მირიან ბაჰლაუნდისა და მისი შვილების შესახებ ცნობა დაცულია ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“. ამდენად, მნიშვნელოვანია თუ როდის დაიწერა ეს ნაწარმოები და რა პერიოდის ვითარებაა მასში ასახული. პ. ინგოროყვას აზრით, „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“ დაწერილი იყო VII საუკუნეში და ასახავდა VI საუკუნის ვითარებას (ინგოროყვა 1954). ჩვენთვის ამჯერად საინტერესოა ის, რომ მეცნიერი არსენ კათოლიკოსის მამას, მირიანს, მირიან ბაჰლაუნდის შთამომავლად მიიჩნევდა. ნ. ვაჩნაძის აზრით, რომელიც სერაპიონ ზარზმელს IX საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს, მირიან ბაჰლაუნდი არ არის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოხსენიებული მირიანი, მაგრამ „ცხადია ორივე მირიანი ბაჰლაუნდების საგვარეულოდანაა“ (ვაჩნაძე 1975: 30). თუ გავიზიარებთ მოსაზრებას სერაპიონ ზარზმელის VI-VII საუკუნეებში მოღვაწეობის შესახებ, მაშინ მართლაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არსენ კათოლიკოსის მამა - მირიანი მირიან ბაჰლაუნდის შთამომავალი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ერთმანეთის თანამედროვეები გამოდიან. პირადად ჩვენ მ. ჩხარტიშვილის მოსაზრებას ვიზიარებთ, რომ „სერაპიონი VI ს დამლევის, უფრო კი VII ს I ნახევრის მოღვაწეა“ (ჩხარტიშვილი 1994: 56).
სერაპიონ ზარზმელის მოღვაწეობის პერიოდის განსაზღვრა ქართველ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ჩვენ არ ვაპირებთ ამჯერად ამ საკითხის დაწვრილებით განხილვას. დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია ნახოს მ. ჩხარტიშვილისა (ჩხარტიშვილი 1994) და ნ. ვაჩნაძის (ვაჩნაძე 1975) ნაშრომები. აქ მხოლოდ ერთი რამ გვინდა აღვნიშნოთ: თუ კი „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებისა“ და „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენიებული მიქაელ პარეხელი ერთი და იგივე პირია, რამდენად რელურია, რომ გიორგი მერჩულე არ მოიხსენიებს წმ. სერაპიონ ზარზმელს. იგი ხომ თითქმის ყოველთვის აღნიშნავს, თუ რომელმა მამამ რა დააარსა და რა გააკეთა. უფრო მეტიც, გიორგი მერჩულე ნეტარ მამათა მოსწავლეების მიერ დაარსებულ მონასტრებსაც ასახელებს. თუნდაც ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ - „წინამძღვარი მიძნაძორისა დიდი მამა სანატრელი დავით, მაშენებელი მონასტერთა და მოწაფენი მისნი, ნეტარნი - ილარიოინ, მამა და მაშენებელი წყაროსთავისა, რომელიცა კათალიკოზ იქმნა მცხეთას და მამა ზაქარია, მაშენებელი ბარეთელთისა“. ასეთ შემთხვევაში, ჩვენთვის გაუგებარია სერაპიონ ზარზმელისა და მისი თანამოაზრეების მოუხსენიებლობა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სერაპიონი მიქაელ პარეხელის მოწაფე იყო. უფრო მეტიც, მიქაელ პარეხელი იყო ზარზმის მონასტრის დაარსების ინიციატორი. ბასილი ზარზმელის მიხედვით, ნეტარმა მამამ სერაპიონმა გიორგი ჩორჩანელის ქვეშევრდომ მთავრებს უთხრა - „მოწაფენი ვართ დიდისა მის და განთქმულისა მიქაელ პარეხელისანი და ბრძანებითა საღმრთოთა მის მიერ წარმოვლენილნი, რათა ადგილსა ამას აღვაშენოთ შესაკრებელი ცხოვართა პირმეტყველთა“, ხოლო იმავე გიორგი მერჩულეს მიხედვით კი, თავად მიქაელ პარეხელი იყო „მეგობარ ნეტარისა მამისა გრიგოლისი“. ამდენად ჩვენც ვიზიარებთ პ. ინგოროყვას მოსაზრებას, რომ არსენ კათოლიკოსის მამა - მირიანი, მირიან ბაჰლაუნდის შთამომავალი იყო. არსენ კათოლიკოსის მამის შესახებ ცნობები „წმ. გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშია“ დაცული - „და ვითარ მოიწინეს სამცხეს, ბრძანებითა ღმრთისათა ძე დიდისა მირეან აზნაურისა დაიმოწაფეს, სახელით არსენი, რომელსა ეწოდა ღირსად დიდი არსენიც, ქართლისა კათალიკოზი და მცხეთისა საყდრისა გვირგვინი დაუჭნობელი“ (ქართული მწერლობა 1987: 553). მირიანი, რომ დიდი ფეოდალი ანუ მთავარი იყო და შესაბამისი გავლენაც ქონდა, ეს ნათლად ჩანს მისი ვაჟის, არსენის, კათოლიკოსად არჩევასთან დაკავშირებული მოვლენების დროს - „დიდი არსენიც კათოლიკე ეკლესიასა, ქრისტეის კვართისა სამკვიდრებელსა მცხეთას, ქართლისა კათალიკოზ იქმნა. არამედ ქართლისა ეპისკოპოსნი მირეან, არსენის მამისათვის, ფრიად გულწყებულ იყვნეს ამის მიზეზისათვის, რამეთუ თვინიერ განზრახვისა მათისა მძლავრ სამცხისა ერითა ძე თვისი დაადგინა კათალიკოზად თანადგომითა და კურთხევითა მცირედთა ეპისკოპოსთა. რომელ ჟამსა მას ხელმწიფე იყო მამფალი გვარამ დიდი, მირეანისათვის გულძვირად იყო. და მსწრაფლ ხოლო ბრძანა შეკრება ეპისკოპოსთა და უდაბნოისა მამათა. და ყოველი შემოკრბეს ჯავახეთს” (ქართული მწერლობა 1987: 586). ცხადია, ძლიერი მთავრის გარდა ვერავინ შეძლებდა გუარამ მამფალთან დაპირისპირებას. როგორც ჩანს, გუარამსა და მირიანს შორის დაპირისპირება არსენის კათოლიკოსად არჩევამდეც არსებობდა.
მიზეზი უცნობია, მაგრამ ალბათ იგი უკავშირდება გუარამის სურვილს - თავისი ძალაუფლება გაევრცელებინა სამცხეზეც. ძნელი სავარაუდოა, რომ მირიანს სურვილი ჰქონოდა დაუფლებოდა გუარამის სამფლობელოს რაღაც ნაწილს. ჩვენი აზრით, მირიანი ლაკლაკთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ლაკლაკის შთამომავალთა შორის სახელი მირიანი საკმაოდ გავრცელებული ჩანს.
თუ სერაპიონ ზარზმელი VII საუკუნის I ნახევრის მოღვაწე იყო (როგორც ვთქვით, ჩვენ ეს თვალსაზრისი მიგვაჩნია მართებულად), ამავე პერიოდის მოღვაწეები გამოდიან გიორგი ჩორჩანელი და მისი სიძე მირიან ბაჰლაუნდი. ბასილი ზარზმელის მიხედვით, “იყო ვინმე მთავარი დიდი და წარჩინებული ქვეყანასა ამას, რომელი ყოველთა ჰმატებდა სიმდიდრითა და სიმრავლითა ერთა და აგარაკთათა, რომლისა სივრცე საზღვართ ვრცელ და მრავალ იყო. ესე კაცი იყოფვოდა და მრავალთა ტაძართა და კარავთა იქცეოდა, რომელსა სახელი ეწოდა გიორგი, მეორედ ჩორჩანელი, რომლისა ტაძარი შენ იყვნეს სანახებსა ჩორჩანისა და ზანავისა” (ქართული მწერლობა 1987: 646).
გიორგის სიძლიერესა და გავლენაზე მიუთითებს, მის მიერვე სერაპიონ ზარზმელისადმი ნათქვამი სიტყვები - „არავინ წინააღმდგომ ჩვენდა არს ადგილთა ამათ, რომელთა გეგულების დაპყრობად“ (ქართული მწერლობა 1987: 651).
ჩვენ არაფერი ვიცით გიორგი ჩორჩანელის წარმომავლობის შესახებ, მაგრამ „წმ. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“ დაცულია ცნობები მისი მემკვიდრეების შესახებ - „და გიორგისი, რომელი იყო ცოლი დიდისა მთავრისა მირიანისი, ძისა ბეშქენ ბაჰლაუნდისა ძისა იოანესი. ხოლო გიორგი შვილთაგან ოხერ და უქმ იყო, რამეთუ ორნი შვილნი სიჩჩოებასავე შინა წარსულ იყვნეს და შემდგომად მათისა დედაცა, ნათლად გამომყვანებელი მათი, მიიცვალა და სხვა მეუღლისა შეერთება არღაოდეს თავს იდვა ყოველივე რაიცა აქვნდა და მამული და ყოველნი ეკლესიანი და მონაგები მისი დასა მისსა შეჰვედრა და შვილთა მისთა საკუთრებით განუთვისა, რომელთა ეწოდა სულა, ბეშქენ და ლაკლაკი” (ქართული მწერლობა 1987: 669).
ტერიტორიულად სად მდებარეობდა მირიან ბაჰლაუნდის სამფლობელო, სამცხეში თუ რომელიმე სხვა პროვინციაში უცნობია, მაგრამ, ჩვენი აზრით, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ის სამცხეში იყო. გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების შემდეგ, „ბირებითა ეშმაკისათა იქმნა უწესო ამბოხი, რამეთუ მოკლა ლაკლაკმან დისიძე თვისი, რამეთუ მძლავრობით ეტყოდა, ვითარმედ: ნაწილ უც მამულსა თანა თქვენსა დასა ამას თქვენსა, ვინაითგან თქვენცა დედისა მიერ გაქვთ. რომლისათვისაც განმრავლდეს სიტყვისგებანი ურთიერთას და ესრეთ მოკლა დისიძე თვისი. და ესე რა ესრეთ იქმნა, განგრძელდა საქმე ესე სამ წელ. ხოლო წელსა მეოთხესა ამათ საქმეთასა განაბრწყინვა ღმერთმან დიდი იგი მღდელთმოძღვარი გიორგი შუარტყლელი, რომელმან დაიპყრა საყდარი აწყურისა, რამეთუ არა ჯერ იყო ცხედარსა ქვეშე დაფარვა სანთლისა. და ხელთ იდვა რაი განგებაი სამცხისა დააწყნარა ყოველი მამული და ეკლესიანი პირველთა მათ მეშფოთეთანი. და ვითარცა გარდახდა წელიწადი შვიდად აღთვალული, დასცხრეს და დადუმნეს ყოველნივე შფოთნი და უწესობანი წმიდისა ამის მღდელთმოძღვრისა გიორგის მიერ“ (ქართული მწერლობა 1987: 670).
როგორც ვხედავთ,
ლაკლაკის მიერ საკუთარი დის ძის მკვლელობამ, სამცხეში საკმაოდ ხანგრძლივი არეულობა გამოიწვია.
ბასილი ზარზმელის მიხედვით ვითარების სრულ დაწყნარებას შვიდი წელი დასჭირდა. ბასილი ზარზმელის თხზულებაში არსებულ ცნობებზე დაყრდნობით შეგვიძლია ბაჰლაუნდების სახლის გენეალოგიის შემდეგი სქემა წარმოვადგინოთ:
ჩვენი აზრით,
მირიან ბაჰლაუნდის შვილები
VII საუკუნის II ნახევრის მოღვაწეებად უნდა მივიჩნიოთ. პირველ რიგში შევეხოთ უფროსი ვაჟის,
სულას შთამომავლების საკითხს.
ჩვენ არ ვიზიარებთ ნ. შოშიაშვილის მოსაზრებას,
რომ სულა გახდა ახალი ჩორჩანელების საგვარეულოს დამაარსებელი.
სულა მირიან ბაჰლაუნდის უფროსი ძე იყო და ლოგიკურია ვივარაუდოთ,
რომ მას უნდა გაეგრძელებინა ბაჰლაუნდების საგვარეულო და მამისეული სამფლობელოს უმეტესი ნაწილიც მასვე უნდა დარჩენოდა.
რა თქმა უნდა,
შეიძლება ისიც ვივარაუდოთ,
რომ სულა გახდა ახალი ჩორჩანელების საგვარეულოს დამფუძნებელი,
ანუ გიორგი ჩორჩანელის მამულის დიდი ნაწილის მემკვიდრე.
მაგრამ მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში,
ალბათ, უნდა მივიჩნიოთ,
რომ სულას მიერ ბიძისაგან მემკვიდრეობით მიღებული სამფლობელო მეტი უნდა ყოფილიყო,
ვიდრე მამისაგან მიღებული.
თანაც სავარაუდოა,
რომ გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო სამივე ძმას შორის გაიყო
(ეგებ ამიტომ მოსთხოვა ლაკლაკს დისშვილმა სამფლობელოს ნაწილი.
გიორგი ჩორჩანელის სამფლობელო მარტო ლაკლაკს რომ რგებოდა,
დისშვილი ვერ გაბედავდა წილის მოთხოვნას,
რადგან ასეთ შემთხვევაში არა თუ დას,
უფროს ძმებსაც კი არაფერი რჩებოდათ ბიძისაგან და,
ცხადია, ქალისთვის მემკვიდრეობის,
თუნდაც ნაწილის,
მოთხოვნა უაზრობა იქნებოდა).
რა საგვარეულო სახელით მოიხსენიებოდნენ სულას შთამომავლები მომდევნო საუკუნეებში უცნობია. შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ სულა ბაჰლაუნდის შვილიშვილი იყო X საუკუნის ზარზმის წარწერაში მოხსენიებული სულა - „სახელითა ღმრთისაითა და წმიდისა ღმრთის მშობლისა მეოხებით, მე ივანე, ძემან სულასმან აღვაშენე წმიდა ეგვტერი. მას ჟამსა, როდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან, უშუელა წმიდათა მეფეთა და ჩვენ ყოველნი ლაშქარს წარგვავლინნა. სკლიაროსი გავაქციეთ, მას ქვეყანასა, რომელსა ჰქვია ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰქვიან სარვენისნი, იქ ესვენა ტახტი“ (შოშიაშვილი 1980: 280-281).
ნ. ვაჩნაძის აზრით, გამორიცხული არ არის, რომ ივანე სულას ძე იყოს სერაპონ ზარზმელის ცხოვრებაში ნახსენები სულას ძე (ვაჩნაძე 1975: 114). ჩვენ ეს მოსაზრება მცდარად მიგვაჩნია. ალბათ, ამ ივანე სულას ძის შვილი (ყოველ შემთხვევაში შთამომავალი მაინც) იყო XI საუკუნეში მოღვაწე, ბაგრატ IV თანამედროვე, სულა კალმახის ერისთავი. ერთადერთი არგუმენტი სახელების იდენტურობაა (თუმცა ამ ლოგიკიდან გამომდინარე, სულა კალმახის ერისთავი ასევე თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ ზარზმის ფერისცვალების ხატის წარწერაში მოხსენიებული სულას მემკვიდრედაც). ჩვენ სავსებით ვეთანხმებით ნ. შოშიაშვილს, რომ სულა კალმახის ერისთავის შთამომავალთა ერთი ნაწილი ციხისჯვარელად იწოდა, ხოლო მეორე - კალმახელად.
ამგვარად, ჩვენი აზრით, სულა მირიან ბაჰლაუნდის ძის შთამომავლობა შეიძლება ზემოთ მოტანილი სქემით წარმოვადგინოთ.
XI-XII საუკუნეებში სახელი ბეშქენი, ჯაყელთა საგვარეულოშია გავრცელებული და შესაძლოა გაზიარებული იყოს ნ. შოშიაშვილის თვალსაზრისი ჯაყელთა საგვარეულოს ფუძემდებლად ბეშქენ ბაჰლაუნდის მიჩნევის შესახებ. ამ შემთხვევაშიც ერთადერთი არგუმენტია სახელი ბეშქენი (საინტერესოა, მირიანის ვაჟები ბაჰლაუნდებად იწოდებოდნენ თუ არა). „მატიანე ქართლისას“ თანახმად, „ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა თუხარისისა ერისთავისა“ (ყაუხჩიშვილი 1955: 298). მემატიანეს ეს ცნობა 1045-1047 წლების ამბებს ეხება. XII საუკუნეში ჩვენთვის ცნობილია კიდევ ერთი ბეშქენ ჯაყელი, დავით აღმაშენებლის თანამედროვე. 1118 წელს დავით აღმაშენებელს „მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკვლისა“ (ყაუხჩიშვილი 1955: 334). რა თქმა უნდა, სავსებით მისაღებია ნ. შოშიაშვილის მოსაზრება, რომ XII საუკუნეში მოღვაწე ბეშქენი (II), XI საუკუნეში მოღვაწე ბეშქენის (I) შვილიშვილად მივიჩნიოთ. რაც შეეხება კიდევ ერთ ჯაყელს, XI საუკუნის 60-იანი წლების ამბების თხრობისას „მატიანე ქართლისა“ მართლაც მოიხსენიებს ყველის ერისთავს მურვან ჯაყელს - „გამოგზავნა (ბაგრატ IV - მ.ბ.) ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი და ნიანია ძე ქუაბულისა და მურვან ჯაყელი ერისთავი ყუელისა“ (ყაუხჩიშვილი 1955: 310). ბეშქენ I და მურვანი მამა-შვილი კი არ იყვნენ, არამედ ძმები. ჩვენ აზრით, ამაზე მიუთითებს აგარის მონასტრის წარწერაში მათი მოხსენიების კონტექსტი - „ერისთავთ ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე, ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზისა ამისა“. ვ. სილოგავას აზრით, აგარის წარწერაში ნახსენები პირები შეიძლება გავაიგივოთ კორიდეთის სახარების მინაწერ საბუთებში მოხსენიებულ პირებთან (სილოგავა 1983: 276). გარდა ამისა, ჩვენ ძნელად წარმოგვიდგენია ვითარება, როდესაც მამა ერთი საერისთავოს მმართველია და იმავე დროს შვილი მეორის. ასეთი შემთხვევა ჩვენთვის ცნობილ წყაროებში დაფიქსირებული არ არის. ისიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბეშქენის გარდაცვალების შემდეგ მის ძეს აღარ მისცეს თუხარისის ერისთავობა და სამართავად გადასცეს ახალი საერისთავო - ყველის. თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო, მამის გარდაცვალების შემდეგ საერისთავოს გამგებელი მისი ძე ხდებოდა. ხოლო თუ ერისთავობის ჩამორთმევა ხდებოდა, სანაცვლოდ ახალ საერისთავოს აღარ აძლევდნენ. XI საუკუნის შუა ხანებში ჩვენთვის ცნობილია ჯაყელთა საგვარეულოს კიდევ ერთი წარმომადგენელი - ბოცო, რომელიც მარზპანი იყო (ბახტაძე 2003: 247). დ. კლდიაშვილის აზრით, ბოცო მარზპანი ყველის ერისთავობას ფლობდა (კლდიაშვილი 1980: 502). საერთოდ დ. კლდიაშვილი ჯაყელთა საგვარეულოს დაწინაურებას XI საუკუნის 30-იან წლებში ვარაუდობს და საქართველოდან ბიზანტიაში ჩანჩახი ფალელის წასვლას უკავშირებს. მკვლევრის აზრით, ჯაყელები ჩანჩახი ფალელის ადგილს იკავებენ. ჩვენ არ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. XI საუკუნის შუა ხანებში, ბაგრატ IV დროს, ჯაყელები საკმაოდ დაწინაურებული არიან: თუხარისის ერისთავი ბეშქენი და ყველის ერისთავი მურვანი ერისთავთერისთავის საპატიო ტიტულით მოიხსენიებიან, ბოცო კი მარზპანია (მარზპანობა XII საუკუნეში მონაპირეობამ შეცვალა). ჩვენი აზრით, ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჯაყელთა დაწინაურება იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ამას დ. კლდიაშვილი ვარაუდობს. რაც შეეხება ბოცო ჯაყელს, ის აშკარად ბეშქენისა და მურვანის თანამედროვეა. ალბათ მათი ძმა არ არის (არ მოიხსენიება აგარის წარწერაში), მაგრამ უახლოესი ნათესავია. პირობითად, შეიძლება ბიძაშვილად ჩავთვალოთ.
მირიან ბაჰლაუნდის სამი ვაჟიდან, წყაროებში ყველაზე მეტი ინფორმაცია ლაკლაკის სავარაუდო შთამომავლების ირგვლივ არსებობს. ზარზმის ეკლესიის სამწერლობელზე შემდეგი სახის წარწერაა - „ქ. სახელითა ღმრთისათა, მე ფარსმან ერისთავმან, ძემან კურთხეულისა ცოდვილისა ივანე ლაკლაკისმან, შევქმენი ესე სამწერლობელი სალოცველად ჩემ და შვილთა ჩემთათვის, ყოველთა სახლისა ჩვენისათა და მოსახსენებლად სულკურთხეულთა მშობელთა და ძმათა ჩემთათვის და ყოველთა სახლისა ჩუენისა გარდაცვალებულთათვის და დავახსენ საყდარსა ზარზმას, მამულს ჩემსა, წინაშე ხატისა ფერისცვალებისასა აწ წმინდანო მღვდელნო და დიაკონნო რომელნი იმსახურებდეთ ხორცსა და სისხლსა უფლისასა ჩუენისა იესუ ქრისტესა, მოგვიხსენიეთ წმიდასა ლოცვასა თქვენსა“ (თაყაიშვილი 1905: 35). ი. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, „ლაკლაკს, რომელსაც გიორგი ჩორჩანელისაგან მემკვიდრეობით სხვათა შორის ზარზმაც ერგო მამულად შვილი „ცოდვილს“ ეძახის რასაკვირველია იმიტომ, რომ მან თავისი დისწულის სისხლი დაანთხია მამულის გამო“ (ჯავახიშვილი 1982: 140). ცხადია, რომ ი. ჯავახიშვილს ივანე-ლაკლაკი ერთი ადამიანის სახელებად მიაჩნდა. თუმცა, ჩვენი აზრით, მართალია ნ. ვაჩნაძე, რომ ამ შემთხვევაში ლაკლაკი გვარია და არა სახელი (ვაჩნაძე 1975: 116). ამ მხრივ საინტერესოა, რომ გ. ჩუბინაშვილი „ცოდვილისასა“ ნაცვლად კითხულობს „უფლისა“ - „მე ფარსმან ერისთავმან, ძემან კურთხეულისა უფლისა ივანე ლაკლაკისამან“. წარწერა მართლაც იძლევა იმის საშუალებას, რომ წავიკითხოთ ცოდვილიც და უფალიც.
ალბათ,
ეს ფარსმან ერისთავი უნდა გავაიგივოთ ზარზმის ფერისცვალების ხატის
886 წლის წარწერაში მოხსენიებულ ფარსმანთან.
მართებულად შენიშნავს ნ.
ვაჩნაძე, რომ თუ სამწერლობელისა და ხატის წარწერაში მოხსენიებული ფარსმანი ერთი და იგივე პირია,
მაშინ ფერისცვალების ხატის წარწერა უფრო ადრინდელია
(ვაჩნაძე 1975: 114). გ.
ჩუბინაშვილი წარწერას შემდეგნაირად კითხულობდა - „სახელითა ღმრთისაითა შეიმოსა ხატი ესე მწედ მამისა გიორგისა უფალთა: ფარსმან ერისთავისა,
ივანესა, პატრიკისა მირიანისა,
ფერისა, სულასა, ერისა მათისა. ქრისტეს მიერ მამასახლისობასა პავლესა ქორონიკონ რვ“ (ჩუბინაშვილი
1965: 31). ე. თაყაიშვილის მიხედვით,
წარწერა შემდეგი სახით იკითხება:
„სახელითა ღმრთისაითა შეიმოსა ხატი ესე მწედ მაწყუერელისა გიორგისა,
უფალთა: ფარსმან ერისთავისა,
ივანესა, პატრიკისა,
მირიანისა, ფერისა, სულასა, ერისა მათისა.
ქრისტეს მიერ მამასახლისობასა პავლესა ქორონიკონ რვ“ (თაყაიშვილი
1919: 109). წარწერაში პირველად დასახელებულია ფარსმანი და ის ერთადერთი მოიხსენიება ერისთავის ტიტულით.
აქედან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ,
რომ საგვარეულოს მეთაური ფარსმანია.
თუ რა ნათესაური კავშირი აქვს ფარსმან ერისთავს წარწერაში მოხსენიებულ სხვა პირებთან უცნობია.
ჩვენი აზრით, ივანე,
პატრიკი, მირიანი,
ფერი და სულა ფარსმანის ბიძაშვილები არიან
(ლაკლაკის ვაჟ ივანეს ძმიშვილები).
ლაკლაკთა საგვარეულოს წარმომადგენლები მოიხსენიებიან კიდევ ერთი ხატის წარწერაში - „წმიდაო დედოფალო,
მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა ყოველთა ლაკლაკთა:
ერისთავთ-ერისთავსა მირიანს და ხურციკის,
ძეთა ხურციკისათა:
მირიანს, სასანს (ანუ სვიმონს),
ქურდიას (?), ხჭ-ს
(?). მე გლახაკმან ეპრაქსია,
დედამან ხურციკისა და მირიანისმან შევკაზმე ხატი ესე სალოცველად ყოველთა ლაკლაკთა,
სახსენებლად სულისა ჩემისა“ (თაყაიშვილი
1919: 117). ე. თაყაიშვილი ხატს
XI საუკუნის
20-იანი წლებით ათარიღებდა და შემდგომში მას გ.
ჩუბინაშვილიც დაეთანხმა (ჩუბინაშვილი
1965: 196). ე. თაყაიშვილი მირიან ბაჰლაუნდის ძის,
ლაკლაკის შთამომავლების შემდეგი სახის გენეალოგიურ სიას გვთავაზობს:
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ზემოთ დასახელებულ პირთა გარდა ცნობილია ივანე ლაკლაკი, რომლის ძეს ფარსმანსაც გაუკეთებია სამწერლობელი (თაყაიშვილი 1905: 118). შესაძლოა გვევარაუდა, რომ ხატის წარწერაში მოხსენიებული ხურციკი არის ხურციკისძეთა იგივე ხურციძეთა საგვარეულოს დამაარსებელი (ასეთად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ 1021 წელს შირიმნის ბრძოლაში დაღუპული ხურსის, როგორც ამას ნ. შოშიაშვილი თვლიდა. ვ. სილოგავა მართებულად აიგივებს 1021 წელს შირიმნის ბრძოლაში დაღუპულ ხურსის ქორეთის 1000 წლისა და სავანის 1046 წლის წარწერებში მოხსენიებულ ხურსისთან. რაც შეეხება ნ. შოშიაშვილის მოსაზრებას, ხურსიძეების მიერ იმერეთში მიწების ფლობის შესახებ, ჩვენ ეს ნაკლებად სავარაუდოდ მიგვაჩნია. შირიმნის ბრძოლაში მოკლული ხურსი არგვეთის ერისთავი უნდა ყოფილიყო).
საინტერესო ცნობებს შეიცავს ხურციძეთა შესახებ ზარზმაში არსებული 1045 წლის წარწერა - „აღეშენა წმიდა ესე ეკლესია სახელსა ზედა წმიდისა იოანე მახარებლისა ნებითა ღმრთისაითა და ბრძანებითა ყოველსა ქვეყანასა სახელ განთქმულსა, აგარიანთა პირისა დამყოფელისა, ხურციძისა პატრონისა ფარსმანისათვის, სულსა მისსა განუსვენოს და შეუნდოს ღმერთმან, მღვდელთ მთავართ მთავრობასა ხურციძისა პატრონის მაწყვერელისა სერაპიონისა, ქორონიკონს სჲე“ (თაყაიშვილი 1905: 22). ე. თაყაიშვილის აზრით, სწორედ ეს ფარსმანი მოიხსენიება ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში, თავის ძმასთან - გიორგი ჩორჩანელთან ერთად. მათი მამა იყო სულა, რომელსაც საერთო არაფერი აქვს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ მებრძოლი ივანეს მამა სულასთან (თაყაიშვილი 1905: 31-33).
ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში წერია, რომ 19 სექტემბერს „აღაპი არს მამისა არსენისი, ფარსმან ყოფილისა“; 13 თებერვალს „აღაპი არს გიორგი ჩორჩანელისა, ფარსმანის ძმისა“; 22 იანვარს „აღაპი არს სულაისა, ფარსმანის და ჩორჩანელის მამისა“ (აღაპები 1901: 225-243). „წმ. გიორგი მთაწმინდელის ცხოვრების“ მიხედვით კი ირკვევა, რომ ფარსმანსა და გიორგის ჰყავდათ დაც. ათონშივე იყო დაწესებული 24 ნოემბერს „აღაპი მიქელ ლაკლაკისა“ (აღაპები 1901: 254).
1045 წლის წარწერის მიხედვით, ფარსმანი გარდაცვლილია. ამაზე მიუთითებს სიტყვები: „სულსა მისსა განუსვენოს და შეუნდოს ღმერთმან“. ათონის მონასტრის აღაპებში მოხსენიებული ფარსმანი, როგორც ირკვევა, ბერად აღიკვეცა არსენის სახელით. თუ ორივე წყაროში მოიხსენიება ერთი და იგივე ფარსმანი, როგორც ე. თაყაიშვილი თვლიდა, მაშინ 1045 წლის წარწერაშიც უნდა ასახულიყო ფარსმანის ბერად აღკვეცა - სახელი არსენის დაფიქსირებით. ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა პირთან.
ზარზმის ფერისცვალების ხატის, ღვთისმშობლის ხატის, 1045 წლის ეპიგრაფიკულ წარწერასა და ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებული პირებს შორის ნათესაური კავშირის დადგენა მეტად რთულია. შესაძლებელია მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა, ისიც არაპირდაპირ ცნობებზე დაყრდნობით. ფერისცვალების ხატის წარწერაში მოხსენიებული ფარსმან ერისთავი, ჩვენი აზრით, ივანე ლაკლაკის ძის შვილია. წარწერაში მოხსენიებული სხვა პირები კი მისი ძმები ან ბიძაშვილები არიან. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლაკლაკის შთამომავლებში გავრცელებული იყო სახელი ფარსმანი.
იმის გათვალისწინებით, რომ 1045 წლის წარწერაშიც და ათონის ივერთა მონასტრის აღაპებში მოხსენიებული არიან ფარსმანის სახელის მქონე პირები, ჩვენ ისინიც ლაკლაკის შთამომავლები გვგონია. ამრიგად, ლაკლაკის შთამომავლები გამოდიან: ფარსმან-ყოფილი არსენი, მისი ძმა გიორგი ჩორჩანელი, მათი მამა სულა, ფარსმან ხურციძე და მაწყვერელი ეპისკოპოსი სერაპიონ ხურციძე. ჩვენი ჰიპოთეზის თანახმად ლაკლაკთა განშტოება გამოდიან ახალი ჩორჩანელები და ხურციძეები. სავარაუდოა, რომ ბიძის სამფლობელოს გაყოფის შემდეგ, ზარზმა და ჩორჩანი ლაკლაკს ერგო.
ცხადია,
რომ ლაკლაკის შთამომავლები არიან ძმები მირიანი და ხურციკი.
საინტერესოა, რომ წარწერაში არ მოიხსენიება მათი მამის ანუ ეპრაქსიას მეუღლის სახელი. როგორც ჩვენ მიერ გაანალიზებული წყაროებიდან ჩანს,
ლაკლაკის შთამომავალთა შორის ხშირად გვხვდება სახელი მირიანი.
სწორედ ამიტომ ჩვენც,
პ. ინგოროყვას მსგავსად,
არსენ კათოლიკოსის მამას - მირიანს
(I) ბაჰლაუნდთა შთამომავლად მივიჩნევთ. ამრიგად,
შესაძლოა ლაკლაკის შთამომავლობის გენეალოგიური სქემა შემდეგი სახით წარმოვიდგინოთ
(პირობითად ვყოფთ ხუთ კატეგორიად):
ლაკლაკის შთამომავლობიდან სამი პიროვნება ერისთავი იყო: ფარსმანი, მირიან II (ის ერისთავთ-ერისთავის საპატიო ტიტულსაც კი ფლობდა) და გიორგი ჩორჩანელი (ერისთავის ტიტულით მოიხსენიება ზარზმის ფრესკულ წარწერაში). სავარაუდოა, რომ სამივე სამცხის ერისთავია.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია ზემოთ ხუთ კატეგორიად გაყოფილი პიროვნებების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთიანი გენეალოგიური სქემის შედგენა (მაგალითად, მირიან III დავუკავშიროთ მირიან II, ჩავთვალოთ მის ძედ, შვილიშვილად, ძმისშვილად ან საერთოდ გავაიგივოთ; ეპრაქსია მივიჩნიოთ ფარსმან I მეუღლედ, იმ არგუმენტით, რომ მირიან III ერისთავია და მამისაგან მემკვიდრეობით მიიღო ეს თანამდებობა; სულა II დავუკავშიროთ სულა I. ჩავთვალოთ მის ძედ, შვილიშვილად, ძმისშვილად ან საერთოდ გავაიგივოთ). თუმცა ყოველივე ეს ძალიან პირობითი იქნება. ამიტომ ჩვენ თავს ვიკავებთ ლაკლაკის შთამომავალთა ერთიანი სქემის წარმოდგენისაგან.
ე. მეტრეველის აზრით, „ლაკლაკთა გვარის სახლი ჩირდვანელთა დიდი ოჯახის განშტოებას წარმოადგენდა“ (მეტრეველი 1998: 254). მეცნიერი ჩორდვანელთა საგვარეულოს მიაკუთვნებდა ცნობილ ქართველ მოღვაწეს - თორნიკე ერისთავს. ჩვენი აზრით, ჩორდვანელთა საგვარეულოს არანაირი კავშირი არ ჰქონდა არა მარტო ლაკლაკთა ფეოდალურ სახლთან, არამედ მირიან ბაჰლაუნდის ძეთა შთამომავალ არც ერთ საგვარეულოსთან. ჩორდვანელთა საკითხის კვლევა ამჯერად ჩვენი ინტერესის სფეროს სცილდება, მაგრამ გვინდა თორნიკე ერისთავის საკითხს შევეხოთ. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ თორნიკე ჩორჩანელთა საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. ამ მხრივ საინტერესოა თავად თორნიკეს მიერ შესრულებული ერთი მინაწერი - „მე იოვანე თორნიკე ყოფილმან და ძმამან ჩემმან იოვანე ვარაზ-ვაჩე, ძეთა სულკურთხეულისა ჩორდვანელისა, მოვიგეთ წმიდა ესე წიგნი, რომელსა ეწოდების წმიდათა მამათა მიერ „სამოთხე“ სალოცველად და სადიდებლად პირველად ძლიერისა და ღვთისმსახურისა მეფისა და ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატისა დავითისათვის და მერე იოანე ვარაზ-ვაჩესათვის და მეუღლისა მისასა და შვილთა მისთა მიქაელისა და ჩორდვანელ-ზორვარისა, ჩოროლოჰლისათვის და თორნიკესათვის და ძმისწულთა ჩემთა ჩორდვანელ პატრიკისათვის და ბაგრატ პატრიკისათვის და სალოცველად სულისა ბაგრატ მაგისტროსისა და მშობელთა ჩემთა ჩორდვანელისათვის და მარიამისათვის და ძმათა ჩემთა ბაგრატისათვის, არშუშაისთვის და აბუჰარბისათვის და მამისა ძმისა აბუღჰარბისათვის და არშუშაისთვის და ყოველთა სახლისა ჩემისა მიცვალებულთათვის“ (ჟორდანია 1897: 108). სრულიად მისაღებია ნ. ვაჩნაძის მოსაზრება, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში “ჩორდვანელი არის მამაკაცის საკუთრი სახელი“. მკვლევარის საეჭვოდ მიაჩნია ჩორდვანელის გაიგივება ჩორჩანელთან (ვაჩნაძე 1975: 110-111). თუ კიდევ დასაშვებია, რომ ბიზანტიურ და სომხურ წყაროებში დაფიქსირებული ფორმა ჩორდვანელი მივიჩნიოთ დამახინჯებულ ჩორჩანელად (რაც, ჩვენი აზრით, სწორი არ არის), სრულიად წარმოუდგენელია, რომ თორნიკე ერისთავს შეშლოდა თავის მამის სახელი და ჩორჩანელის ნაცვლად დაეწერა ჩორდვანელი. გასათვალისწინებელია კიდევ ერთი მომენტი - მართლაც დაფიქსირებულია შემთხვევები, რომდესაც გვარი იქცევა სახელად. ამის მაგალითებია გამრეკელი, სურამელი, თორელი, ახალციხელი; 1457-1460 წლების სიგელი „შვილთა ჩუნთა ლაპა, ბარათა, სურამელმან და ქავთარ“; 1487 წლის სიგელი „დაგიწერეთ ქავთარის ძესა საღვინის მოლარესა ახალციხელსა და თქვენთა ძმათა თორელსა, ეშიმასა“ (ბახტაძე 2003: 271). ოღონდ ასეთ შემთხვევაში აუცილებელ პირობად ჩანს ის, რომ გვარად ქცეული სახელი პარალელურად აღარ გამოიყენება გვარის აღმნიშვნელად. XI საუკუნის პირველ ნახევარში კი ჩორჩანელი ჯერ კიდევ გვარს აღნიშნავს. ამდენად, თორნიკეს მამას ჩორჩანელი ვერ ერქმეოდა. ჯაყელებს, ციხისჯვარელებს, ლაკლაკთა, ხურციძეებსა და ჩორჩანელებს შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა (ვინ ვისი წინაპარი, მემკვიდრე თუ განშტოებაა) შესაძლებელია მხოლოდ პიროვნებების სახელებზე დაყრდნობით და ისიც იმის გათვალისწინებით, რომ საგვარეულოებში ხშირად ერთი და იგივე სახელები ტრიალებდა (თუმცა ეს ყველაფერი გარკვეულ წილად პირობითია). აქვე გვინდა აღვნიშნოვთ, რომ ჩვენ არ ვიზიარებთ თვალსაზრისს ბაჰლაუნდებიდან ფალავანდიშვილების წარმომავლობის შესახებ (ვაჩნაძე 1975: 104). გაუგებარია, თუ მირიან ბაჰლაუნდის რომელი შვილის შთამომავლებად უნდა მივიჩნიოთ ფალავანდიშვილები.
ამგვარად გვესახება მირიან ბაჰლაუნდის შთამომავლობა. ზემოთ წარმოდგენილ ჩვენ მოსაზრებათა დიდი ნაწილი მხოლოდ ვარაუდებია (ისევე როგორც, სხვათა შორის, ამ საკითხებზე სხვა მკვლევართა თვალსაზრისები), მაგრამ სამეცნიერო საზოგადოებისათვის მათი გაცნობა საჭიროდ ჩავთვალეთ, რადგან, ვფიქრობთ, რომ ისინი საკითხის შემდგომ კვლევას წაადგება.
დამოწმებები
ათონის ივერთა მონასტრის 1074 წლის ხელნაწერი აღაპებით. ტფილისი (1901).
მ. ბახტაძე. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბილისი (2003).
ნ. ვაჩნაძე. სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება როგორც საისტორიო წყარო. თბილისი (1975).
Э. Такайшвили. Археологические экскурсии,
разыскания и заметки. Книга I. Тифлис (1905).
ე. თაყაიშვილი. შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მისი საფუძვლების შესახებ. თსუ “მოამბე”, # 1 (1919).
პ. ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. თბილისი (1954).
დ. კლდიაშვილი. ჯაყელთა ფეოდალური საგვარეულოს ისტორიისთვის (XI ს). საქ. მეცნ. აკად. “მოამბე”, ტომი 98, # 2 (1980).
ე. მეტრეველი. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი. თბილისი (1998).
თ. ჟორდანია. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი II. ტფილისი (1897).
ვ. სილოგავა. სამხრეთ საქართველოს წარწერების შესწავლა ხელნაწერთა ინსტიტუტის ეპიგრაფიკული ექსპედიციის მიერ. მრავალთავი X. თბილისი (1983).
ქართული მწერლობა. ტომი I. თბილისი (1987).
ქართლის ცხოვრება. ტომი I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბილისი (1955).
ნ. შოშიაშვილი. ქართული წარწერების კორპუსი. I. თბილისი (1980).
ნ. შოშიაშვილი. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტომი XI. თბილისი (1987).
ნ. შოშიაშვილი. ენციკლოპედია საქართველო. ტომი I. თბილისი (1997).
Г. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство. Тбилиси (1965).
მ. ჩხარტიშვილი. „მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტათი მცხეთელისა“. „ცხორება და მოქალაქეობა წმიდისა სერაპიონ ზარზმელისა“. წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა. თბილისი (1994).
ი.
ჯავახიშვილი. ძველი ქართული საისტორიო მწერლობა.
თორმეტ ტომად.
ტომი VIII. თბილისი
(1982).
Комментариев нет:
Отправить комментарий