XIII-XV
საუკუნეებში შავიზღვისპირეთის რეგიონი იმდროინდელ მსოფლიო საზღვაო ვაჭრობის ერთერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლის აღებამ შავ ზღვაზე საერთაშორისო ვაჭრობას კარი ფართოდ გაუღო. ბიზანტიის მიერ მრავალი საუკუნის მანძილზე ბოსფორის და დარდანელის სრუტეებზე ნაოსნობაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნების ხომალდებს შავ ზღვაზე თავისუფალი ნაოსნობის შესაძლებლობა მიეცათ.
ამ უფლებით განსაკუთრებით კარგად ისარგებლეს პირველ რიგში იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებმა: ვენეციამ და გენუამ, რომლებმაც შავიზღვისპირეთში თავიანთი სავაჭრო ფაქტორები დაარსეს. XIII საუკუნის II ნახევრიდან ამ მხრივ განსაკუთრებით გენუა გააქტიურდა, რომელმაც ყირიმის ნახევარკუნძულზე თავისი უმთავრესი კოლონია კაფა (დღ. ქერჩი) დაარსა. გენუელებს თავიანთი სავაჭრო ფაქტორები ჰქონდათ კონსტანტინოპოლში და 1204 წელს უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ სამხრეთ შავიზღვისპირეთში შექმნილ ტრაპიზონის იმპერიის დედაქალაქში.
XIV საუკუნეში საქართველოს სამეფოს ნებართვით გენუელებმა კოლონია სავასტოპოლი ცხუმში (სოხუმში) დაარსეს. თუმცა როგორც ირკვევა, ისინი საქართველოს სხვა ნავსადგურებშიც ვაჭრობდნენ.
ასე ჩაეყარა საფუძველი გენუის ქალაქ-სახელმწიფოსა და საქართველოს სამეფოს შორის სავაჭროეკონომიკურ ურთიერთობას, რომელიც დრო და დრო პოლიტიკურ ხასიათსაც იძენდა. ეს საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ არის შესწავლილი, მაგრამ გამოვლინდა კიდევ რამდენიმე იტალიური დოკუმენტი, რომელიც საქართველოს შავიზღვისპირეთში სავაჭრო ურთიერთობებს და მასთან დაკავშირებულ ინციდენტებს ეხება.
1998
წელს
ცნობილმა მედიევისტმა ს. კარპოვმა, რომელიც მრავალი წელია შუა საუკუნეების შავიზღვისპირეთის საზღვაო-სავაჭრო ურთიერთობებს იკვლევს, სანქტ-პეტერბურგში გამოაქვეყნა ახალი დოკუმენტები, რომელიც გენუის ე.წ. `საიდუმლო არქივის“ ფონდ `დივერსორუმ ფილზე“-ში ინახებოდა. ამ ფონდიდან ს. კარპოვის მიერ გამოქვეყნებული მასალები მთლიანად შავიზღვისპირეთს ეხება. აქედან ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა სამი დოკუმენტი, რომლებიც 1450-1470 წლებშია გაცემული. პირველი დოკუმენტი, რომელიც 1450 წლის 5 მარტით არის დათარიღებული, წარმოადგენს ერთობლივ თხოვნას (პეტიციას), რომელიც გენუის ქალაქ-სახელმწიფოს და უხუცესთა საბჭოს მიართვეს გენუის მოქალაქეებმა: სპინოლა დი ლუკოლომ, ფრანჩესკო დი ლევანტომ, ფილიპო დი მელოდემ და მერვალდო სპინოლამ.
მ პეტიციიდან ირკვევა, რომ 1437 წელს დაახლოებით
12 ტონა
ტვირთმზიდაობის მქონე საკუთარი ხომალდით მერვალდო სპინოლა ტრაპიზონის იმპერიის ნავსადგურ „ლო ვატში“ (შუა საუკუნეებში ევროპელები ბათუმს ამ სახელით იცნობდნენ) უშიშრად შევიდა. ამ გემით მერვალდო სპინოლას მოყავდა მონები და მოჰქონდა სხვა საქონელი, რომელიც მთლიანად ფილიპო დი მელოდეს ეკუთვნოდა. გემის მეპატრონე დარწმუნებული იმაში, რომ მეგობრულ, უსაფრთხო ნავსადგურში იმყოფებოდა, ხომალდის გარეთა აღჭურვილობა ნაპირზე ამოატანინა. მოულოდნელად ბათუმის ნავსადგურში გალერათი (დიდი, ნიჩბიანი საბრძოლო ხომალდი) და ფუსტებით (მომცრო, სწრაფი გემები) შემოიჭრა ტრაპიზონის იმპერატორის წარმომადგენელი, რომელმაც იმპერატორის სახელით მეკობრულად გაიტაცა სპინოლას ხომალდი იქ არსებული ფილიპო დი მელოდეს ქონებითურთ. თუმცა გამტაცებლებს გაუფრთხილებლობის გამო ნადავლი გემი ჩაეძირათ. დანაკარგმა დიდი თანხა შეადგინა და დაზარალებულმა ფილიპო დი მელოდემ დახმარებისთვის კაფას გენუელ კონსულს მიმართა. კონსულმა ფილიპოს ტრაპიზონის იმპერატორთან წერილი გაატანა, სადაც დაზარალებულისთვის კომპენსაციის გადახდას მოითხოვდა. შემდეგ ეს სადავო საქმე საკუთრივ გენუაში გახდა ტრაპიზონის იმპერატორის ელჩსა და გენუის ქალაქ-სახელმწიფოს მთავრობას შორის მოლაპარაკების საგანი. თუმცა ყველაფერი ეს უშედეგოდ დასრულდა და 1450 წლისთვისაც არ იყო ზარალი ანაზღაურებული
[1, 48-49].
მეორე პეტიცია, რომელიც ასევე ბათუმის ნავსადგურში მომხდარ ინციდენტს შეეხება, 1470 წლის 12 ოქტომბრით თარიღდება. გენუის უხუცესთა საბჭოს და ქალაქის გუბერნატორის მოადგილის სახელზე ეს თხოვნა ბართოლომეო ოპიჩომ შეიტანა. ოპიჩო, ცოლის იზაბელას გარდაცვლილი მამის, ანტონიო დი რივაროლოსადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა. პეტიციიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 1436
წელს
ანტონიო დი რივაროლო საკუთარი საქონლით დატვირთული ხომალდით „ლო ვატის“ (ბათუმის) ნავსადგურში იდგა. მოულოდნელად პორტში გალერათი და ფუსტების ესკორტით შევიდა ჯეროლამო დი ნეგრო, რომელმაც ანტონიოს გემი და საქონელი გაიტაცა. ამ უბედურების გამო, როგორც მისი სიძე ოპიჩო ფიქრობს, ანტონიო გარდაიცვალა, ხოლო იმ დროს ანტონიოს მცირეწლოვანი ქალიშვილი და მემკვიდრე იზაბელა უმწეოდ დარჩა და საკუთარი უფლებები ვერ დაიცვა. ამიტომ ბართლომეო ოპიჩო გენუის მთავრობისგან ამ საქმის გამოძიებას და იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვდა, რომელიც თავის დროზე მის სიმამრს მიაყენეს. ზარალი ამ შემთხვევაში მოპასუხეს, ბათუმის ნავსადგურიდან ხომალდის გამტაცებელ ჯეროლამო დი ნეგროს შვილს, თეოდოროს უნდა აენაზღაურებინა. საპასუხოდ თეოდორო დი ნეგრომ საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. იმავე 1470 წელსვე რომელსაც უკვე მესამე დოკუმენტიდან ვიგებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯეროლამო იყო ტრაპიზონის იმპერატორის ერთ-ერთი უახლოესი კარიკაცი, „ბარონი, რომელიც ყოველ მის ბრძანებას ასრულებდა. იმ დროს, როდესაც ანტონიო დი რივაროლოს ბათუმის ნავსადგურში ხომალდი საქონლითურთ წაართვა, ის იმპერატორის ბრძანებით მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ დი ნეგრო იყო გენუის მოქალაქე, ტრაპიზონის იმპერატორის სამსახურში ყოფნისას მასზე გენუის ქალაქ-სახელმწიფოს ძალაუფლება არ ვრცელდებოდა. თეოდორო დი ნეგროს მამის ქმედებაზე პასუხი არ უნდა ეგო.
რადგანაც ამ ინციდენტიდან უკვე 36 წელი იყო გასული და ამ ხნის განმავლობაში კაფაში მცხოვრებ მერვალდო სპინოლას და სხვა ვაჭრებს, რომლებსაც ვითომ საქონელი ჰქონდათ ანტონიო დი რივაროლოს ხომალდზე, კაფის კონსულისთვის ჯეროლამოს თავდასხმის გამო საჩივრით არ მიუმართავთ. ასევე, როგორც თეოდორო დი ნეგრომ გაიგო, გარდაცვლილი ანტონიოს გემის წინანდელი მეპატრონე იყო იმპერატორის ქვეშევრდომი, რომელმაც ერთდროს ნადავლი (ალბათ ეს გემი საქონლითურთ) ტრაპიზონის იმპერატორის „მეგობრების“ ქარავნიდან გაიტაცა, რომლებიც ტრაპიზონში სავაჭროდ მიდიოდნენ და ამით იმპერატორს შეურაცხყოფა და ზარალი მიაყენა. ამიტომ ტრაპიზონის იმპერატორს სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში უხიფათო ვაჭრობის დამრღვევები დაესაჯა, ხოლო ჯეროლამო დი ნეგროს მოქმედება მისი სიუზერენის ბრძანებაზე იყო დაფუძნებული
[1, 63-64].
ამ დოკუმენტების მიხედვით ჩანს, რომ XIV საუკუნეში ბათუმის ნავსადგურში გაცხოველებული საზღვაო ვაჭრობა მიმდინარეობდა ცალკეული ინციდენტების მიუხედავად. პირველ საბუთში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს არის მეგობრული ნავსადგური და უხიფათო სავაჭრო ურთიერთობისთვის.
აქ საინტერესოა ერთი საკითხი. კერძოდ, პირველ პეტიციაში ბათუმი ტრაპიზონის ნავსადგურად იხსენიება. მეორე საბუთში კი არ არის მოხსენიებული თუ რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის საქართველოს ეს საზღვაო ქალაქი და მხოლოდ „ლო ვატის პორტით“ არის ნახსენები. 1437 წლისთვის ბათუმი შედიოდა თუ არა ტრაპიზონის იმპერიის შემადგენლობაში, ამის გასარკვევად თვალი უნდა გავადევნოთ საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიას, უფრო ადრე საქართველოსა და ბიზანტიის იმპერიას შორის სასაზღვრო მიჯნის ცვალებადობას.
ი. ფალმაიერი, რომელმაც ტრაპიზონის იმპერიის ისტორია მონოგრაფიულად პირველმა შეისწავლა, ამ იმპერიის დაარსების შესახებ წერდა; რომ იმ დროს როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი დაიკავეს, ალექსი კომნენოსმა მისი წინაპრების გვირგვინი აზიაში ისევ დაიბრუნა. ის სათავეში ჩაუდგა ლაშქარს, რომელიც კოლხეთის ფაზისში შექმნა და წინა მიიწევდა ტრაპიზონელთა ქვეყნისაკენ. ტრაპიზონის დედაქალაქი, ტრიპოლისი, კერასუნტი, მესოხალდია, ყველა ციხე-დარბაზი მთაში, ყველა ქალაქი ზღვის პირას ამისომდე ახალ მბრძანებელს დაემორჩილა [7, 46]. გერმანელი მეცნიერის ნაშრომიდან მოტანილი ამ ამონარიდიდან მკაფიოდ არ ჩანს, თუ სად გაჰყავს მას ახლად დაარსებული ტრაპიზონის იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ამის მიუხედავად, მის მომდევნო იმპერიის ისტორიის მკვლევართა უმეტესობა ამ ამონარიდზე დაყრდნობით, ამ იმპერიას და საქართველოს შორის საზღვრად მდინარე ფაზისს ანუ რიონს მიიჩნევს. ასე მაგალითად ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ა. ხახანაშვილი, რომელმაც მიქელ პანარეტოსის „ტრაპიზონის ქრონიკა“ ბერძნულიდან რუსულად თარგმნა, თარგმნის შესავალ წერილში საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიის საზღვრად რიონი მიიჩნია [8, XI].
ტრაპიზონის იმპერიის ისტორიის ცნობილი მკვლევარი თ. უსპენსკი მიიჩნევდა, რომ შავი ზღვის სანაპირო თერმოდონიდან ფაზისამდე ამ იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა [2, 72]. ეს მოსაზრება განმეორებულია ა. კაჟდანის რედაქტორობით ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ბიზანტიის ენციკლოპედიურ ლექსიკონში
[3, 66]. ს. კარპოვი თავის 1981 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში, რომელიც XIII-XV საუკუნეებში ტრაპიზონის იმპერიის დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობას შეეხება, საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიას შორის სასაზღვრო მიჯნად მდინარე ჭოროხი მიაჩნია, თუმცა როდესაც ის XIII საუკუნის II ნახევარში გენუელთა მიერ ტრაპიზონის სახელმწიფოს ქალაქებში დაარსებულ სავაჭრო ფაქტორებს ჩამოთვლის, მათ რიგებში ბათუმიც შეჰყავს [4, 91]. ს. კარპოვის 2007 წელს გამოცემულ ვრცელ მონოგრაფიაშიც ბათუმი ისევ ტრაპიზონის იმპერიის შემადგენლობაშია
[5, 257]. ტრაპიზონის იმპერიის მკვლევარი ა. ბრაიერი დ. ვინფილდთან თანაავტრობით გამოქვეყნებულ ნაშრომში ცდილობს ბათუმი და გურიის საერისთავო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ეს ნავსადგური, ტრაპიზონის იმპერატორის ვასალურ პოლიტიკურ ერთეულად მიიჩნიოს, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო დასკვნის გამოტანას ერიდება [6].
ბათუმში გენუელთა სავაჭრო ფაქტორის არსებობა საეჭვოა. დღეისათვის კარგად არის გარკვეული, რომ იტალიური სავაჭრო ფაქტორიის არსებობა, გულისხმობდა ამა თუ იმ ქალაქში იტალიელთა თვითმმართველობის და კონსულთა ინსტიტუტის არსებობას. საქართველოში ასეთი რამ მათ მხოლოდ ცხუმში (სოხუმში) ჰქონდათ [9, 89-92].
ქართული და ბიზანტიური საისტორიო წყაროების შეჯერებით ირკვევა, რომ V საუკუნის 60-იან წლებამდე ეგრისის (ლაზიკის) საზღვარი ბიზანტიასთან ზღვის პირას ქალაქ რიზესთან (თანამედროვე თურქეთი) გადიოდა. 465 წლისთვის ლაზიკის მეფე გუბაზ I იძულებული გახდა შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორია რიზედან ქალაქ ხუფათამდე ბიზანტიისთვის გადაეცა. VIII-IX საუკუნეთა მიჯნაზე ბიზანტიისა და ეგრის-აფხაზეთის შორის სასაზღვრო ხაზი მდინარე ჭოროხზე გადიოდა. 1046 წელს საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072) სამხრეთ-დასავლეთით სასაზღვრო ხაზის ხუფვთამდე გადატანას შეეცადა და როგორც ჩანს წარმატებით, რადგან 1057 წლისთვის ხუფათის ციხე-ქალაქი საქართველოს შემადგენლობაშია. ეს სასაზღვრო მიჯნა არც დავით IV აღმაშენებლის
(1089-1125) და მომდევნო მეფეების დროს შეცვლილა. სავსებით შესაძლებელია, რომ ქართველთა ცნობილი ლაშქრობა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო, რომელსაც 1204 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაარსება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, საქართველოს საზღვარი შავ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე უცვლელი დარჩა [10, 16-17]. ის მხოლოდ XIII საუკუნის დასასრულს შეიცვალა როდესაც ტრაპიზონის იმპერატორმა ალექსი II კომნენოსმა სამცხის ათაბაგის ბექას ასული შეირთო ცოლად. ამ ქორწინების შემდეგ ბექა ჯაყელმა სიძისგან მიიღო სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვისპირეთის ტერიტორია რიზედან გონიომდე. გიორგი V ბრწყინვალის
(1318-1346) ხანაში საქართველო ისევ გაერთიანდა და შავი ზღვის ეს ნაწილი კვლავ ერთიანი ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა [10, 18-19].
ბათუმი ამ დროიდან გურიის ერისთავების საგამგეო ტერიტორიაა. იმ მოსაზრების დასამტკიცებლად, რომ გურია ტრაპიზონის იმპერიის ვასალური ერთეული იყო, XIV საუკუნის ტრაპიზონელი ისტორიკოსის მიქელ პანარეტოსის თხზულების ის მონაკვეთი მოჰყავთ, სადაც ის წერს: „6 აგვისტოს წავედით ლაზიკეთში და თვის ბოლოს, 1372 წლის დასაწყისში შევხვდით ბაგრატ მეფეს (საქართველოს მეფე ბაგრატ V). მას შემდეგ მოვედით ბათუმში... იქ ვებაასეთ გურიელს, რომელიც მეფის პატივსაცემად მოვიდა“ [11, 205]. ბერძნულ დედანში პანარეტოსი, როგორც საქართველოს მეფეს, ისე ტრაპიზონის იმპერატორს „ბასილევს“ უწოდებს და თითქოს შეუძლებელია იმის დადგენა, თუ ვის პატივსაცემად მივიდა გურიის ერისთავი ბათუმში. მაგრამ არ მოგვეპოვება არც ერთი საბუთი, რომელიც გურიის ერისთავის ტრაპიზონის იმპერატორზე რაიმე დამოკიდებულებას დამამტკიცებლად გამოდგებოდეს. შესაბამისად გურიის ერისთავი პატივსაცემად პირველ რიგში საქართველოს მეფის წინაშე გამოცხადდა, ხოლო მერე საპატიო სტუმრის. ტრაპიზონის იმპერიისადმი ვასალური დამოკიდებულების დასამტკიცებლად იშველიებენ კიდევ ერთ ინციდენტს.
1445
წელს
ორი
ევროპული ქრონიკის მიხედვით, ბათუმს ბურგუნდიელები დაესხნენ თავს. ბურგუნდიელები ბალკანეთში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლ ჯვაროსნების დასახმარებლად შემოვიდნენ შავ ზღვაზე. ბურგუნდიელთა ერთი კატარღა (გალერა) ჟოფრე დე ტუაზის მეთაურობით „ტრაპიზონის იმპერატორის სამარცხვინოდ საქართველოს ნაპირისკენ გაემართა, რადგან მან გაიგო, რომ იქ ძვირფასი საქონლით დატვირთული დიდი ხომალდი იდგა... მაგრამ ტრაპიზონელმა ბერძნებმა ეს აცნობეს ადგილობრივებს (ქართველებს). ასე, რომ შეიტყვეს რა გალერის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, ისინი შეიარაღდნენ და ჩაუსაფრთდნენ. საშუალება მისცეს მესირ ჟოფრეს გადასულიყო ნაპირზე ბათუმის ნავსადგურში... და როდესაც ის მიუახლოვდა ჩასაფრებულებს, დაესხნენ თავს, მისი მრავალი თანამებრძოლი დახოცეს თვითონ კი ტყვედ ჩაიგდეს“.
მეორე ქრონიკა კი შემდგომ განვითარებულ ამბავს გვამცნობს: როგორც კი ბურგუნდიელები ბათუმს თავს დაესხნენ, იქ მივიდა „პატონი გურიელი 600 კაციანი რაზმით... ჟოფრე დე ტუაზი ტყვედ ჩავარდა და ტყვეობაში ერთი თვე გაატარა“. ამავე ქრონიკის მიხედვით ბურგუნდიელი მეკობრე ქართველებმა ტრაპიზონის იმპერატორის შუამდგომლობით გაანთავისუფლეს, იმ პირობით, რომ ბურგუნდიელთა გალერები არ დაუწყებდნენ ბრძოლას აღნიშნულ ქვეყანას“ [10, 19-20]. ბათუმში მომხდარი ეს ინციდენტი სრულებითაც არ მოწმობს გურიის ერისთავის რაიმე დაქვემდებარებას ტრაპიზონის იმპერიისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრაპიზონის იმპერატორს ქვეშევრდომის წინაშე შუამდგომლობა არ დასჭირდებოდა და ის გურიის ერისთავთან, რომელიც სავარაუდოდ ლომა დადიან-გურიელი უნდა იყოს, რომელიც XV საუკუნის I ნახევარში მოღვაწეობდა [12, 59-60], როგორც ნეიტრალური, მომრიგებელი პირი მოქმედებს.
ამრიგად, ბათუმი ისევე როგორც ადრე, XV საუკუნის I ნახევარში საქართველოს, კერძოდ, გურიის საერისთავოს შემადგენლობაში შედიოდა. 1450 წლის იტალიურ დოკუმენტში მისი ტრაპიზონის სახელმწიფოს ნავსადგურად მოხსენიება რეალობას არ ასახავს და მოსაზრებაც, რომ ბათუმი ერთ დროს ტრაპიზონის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, ისტორიულ სინამდვილესაა მოკლებული.
წყაროები და ლიტერატურა
1. С. П. Карпов, Регесты документов
фонда «დივერსორუმ ფილზე» секретного архива Генуи, относящиеся к истории
причерноморья, Причерноморье в средние века, III, СП-б., 1998.
2. Ф. Успенский, Очерки истории
Трапезундской империи, СП-б.,
2003.
3. თჰე Oხფორდ Dიცტიონარყ ოფ Bიზანტიუმ, Aლეხანდერ P. Kაზჰდან, Eდიტორ ინ ცჰიეფ Nეწ Yორკ – Oხფორდ, 1991.
4. С. П. Карпов, Трапезундская имперя и
западно европейские государствы в XIII-XV вв. М., 1981.
5. С. П. Карпов, История Трапезундской
империи, СП-б. 2007.
6. Aნტონყ Bრყერ ანდ Dავიდ ჭინფიელდ, თჰე Bყზანტინე მონუმენტს ანდ ტოპოგრაპჰყ ოფ ტჰე Pონტოს, ჭასჰინგტონ,
D. ჩ.
7. ჟ. Fალლმერაყერ, Gესცჰიცჰტე დეს კეისერტუმს ვონ თრაპეზუდ, Mუნცჰენ, 1827.
8. М. Панарет, Трапезундская хроника,
издал Хаханов А., М.,
1905.
9. Т. бурадзе, Мореплавние и морская
торговля в средневековой Грузии, ТБ., 1989.
10. თ. ბერაძე, XIII-XV საუკუნეების ბათუმის საკითხი ევროპულ ისტორიოგრაფიაში, ბათუმი (წარსული და თანამედროვეობა), I,¨ ბათ., 2009.
11. გეორგიკა¨ ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1067.
12. გ. არახამია, ოდიშის საერისთავოს ისტორიიდან (XI ს. _ XVI ს. I ნახ.), თბ., 2003.
Комментариев нет:
Отправить комментарий