воскресенье, 15 апреля 2018 г.

ლორე (ალექსანდრე ბოშიშვილი)

   ლორეს ციხე მდებარეობს სომხეთის რესპუბლიკაში, ლორის მარზში (პროვინცია), ქალაქ სტეფანავანიდან რამდენიმე კილომეტრში. IX საუკუნის მეორე ნახევარში სომეხმა ბაგრატუნებმა ქვემო ქართლის მიწებისთვის დაიწყეს ბრძოლა. `მატიანე ქართლისაÁში~ აღნიშნულია, რომ IX საუკუნის 70-იან წლებში გვარამ მამფალმა `აბოცი განუყო ცოლის ძმასა თვისსა სომეხთა მეფესა~. როგორც პროფ. დევი ბერძენიშვილი შენიშნავს – ამის შემდეგ, სომეხი ბაგრატუნები დაჟინებით მოიწევდნენ ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. უნდა ვიფიქროთ, ამის მერე ტაშირიც მალე მათ ხელში აღმოჩნდებოდა, რადგან `ეგრის-აფხაზეთის~ მეფეების წინააღმდეგ გამოსულ სომხებს თრიალეთში ახლად დამკვიდრებული ლიპარიტიც ეხმარებოდა. `მატიანე ქართლისაÁს~ ცნობით, `იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ~. როგორ დასრულდა ეს ბრძოლა, წყაროებში არ ჩანს, მაგრამ რადგან აშოტ ბაგრატუნს `სომეხთა და ქართველთა ერისთავთ-ერისთავის~ ტიტული მიუღია, აკად. ივანე ჯავახიშვილი თვლიდა, რომ უპირატესობა მის მხარეს ყოფილა.~ როგორც წყაროებიდან ჩანს, ქვემო ქართლის ეს მხარე ქართველი და სომეხი დიდებულების ხელიდან ხელში გადადიოდა.
   საბოლოოდ X საუკუნის 70-იან წლებში ტაშირის მმართველმა გურგენმა, ანუ კვირიკემ ანისელი სუმბატ ბაგრატუნის თანხმობით, ქვემო ქართლში ტაშირ-ძორაგეტის სამეფო დააარსა, რომელსაც კვირიკიანთა სამეფოსაც უწოდებდნენ. კვირიკიანები ანისელი ბაგრატუნების პირდაპირი შტო იყო, რომელიც მოყვრობით იყო დაკავშირებული ქართლისა და კახეთის ბაგრატიონებთან, ასევე ქართულ და სომხურ ფეოდალურ სახლებთან. ვარდანის ცნობის მიხედვით, ამ გურგენს მემკვიდრეობით მიუღია ტაშირი, სევორდიით, ძოროგეტი, კაიანი და კაიწონი, ხორ-ხორუნიქი, ხორის მიერ აგებული ხოშორნი, ხორაკერტი, ბაზუნიქი, იგივე ბაზკერტი – ტაშირის გავარებში.
   კვირიკიანთა სამეფოს ყველაზე ძლიერმა წარმომადგენელმა – დავით გურგენის ძემ (989-1048 წწ.), თავის ძმა სუმბატთან ერთად სამშვილდე სამეფოს სატახტო ქალაქად აქცია. სტეფანოს ტარონეცის ცნობით, 989 წელს მან აიღო დმანისი და დაიმორჩილა თბილისის ამირა. ამავე დროს დაამარცხა განძის ამირა ფადლონი და მისი ჯარი გაანადგურა. აქედან გამომდინარე, უნდა ვიფიქროთ, რომ დმანისი (და მისი ხევი) ან აქამდე არ შედიოდა კვირიკიანთა სამეფოს შემადგენლობაში, ან იგი ხელმეორედ აიღეს სომხებმა. ასევე, კვირიკიანების დამატებითი ტიტული `მეფე ალვანთა~ გამოხატავდა მისწრაფებას, დაეკავებინათ ალბანური მიწები, რომელთა დასავლეთ ნაწილს ისინი დროდადრო იმორჩილებდნენ კიდეც.
   ზემოხსენებული დავით კვირიკიანი, თავისი სამეფოს დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, ბიძამისს, ანისის მეფე გაგიკ I-ს (989-1020 წწ.) განუდგა. ბიძამ ძმისწულს ეს არ აპატია და სამეფო წაართვა, დამორჩილების შემდეგ კი – უკან დაუბრუნა. ამის გამო დავით კვირიკიანს `უმიწაწყლო~ (Անհողին – ანჰოლცი) უწოდეს. ჰაღპატის 996 წლის ერთ წარწერაში იგი სწორედ ამ ზედწოდებით მოიხსენიება. 1001 წლის ამბების გადმოცემისას სტეფანოს ტარონეცი მოგვითხრობს, ძმისწულის დასჯის მიზნით თუ როგორ ააოხრა გაგიკ ანელმა ტაშირი, სამშვილდე და ქართველთა ველი, გაიარა გაგის ციხე და აღსტევის გავარში გავიდა.
   დავით ანჰოლცი 1011 წლის ქვაჯვარზე მოიხსენიება, რომელიც სანაინის მონასტრის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, ასევე ახპატის 1008 და 1024 წლების წარწერებში. იგი სავარაუდოდ 1045-1049 წლებს შორის უნდა იყოს გარდაცვლილი. დავითს ჰყავდა ხუთი შვილი – კვირიკე, სუმბატი, ადარნასე, გაგიკი, ჰრანუში. კვირიკე, მისი მემკვიდრე გახდა, გაგიკი – კახეთ-ჰერეთის მეფე, სუმბატი და ადარნასე ბაგრატ IV-ის მიერ სამშვილდის აღების დროს მოიხსენიებიან.
სწორედ ტაშირ-ძორაგეტის მეფე, დავით ანჰოღინი, ითვლება ლორეს დამაარსებლად. ვარდანის მიხედვით დავითმა, ლორეს გარდა, კიდევ თორმეტი ციხე დააარსა, რომელთა სახელებიც უცნობია.11 ეს მშენებლობა XI საუკუნის 20-იან წლებში უნდა დასრულებულიყო.
   ივანე ჯავახიშვილის დასკვნით – სომეხ ბაგრატუნთა დროებითი პოლიტიკური ბატონობის წყალობით, სომხური გავლენა ქვემო ქართლში შედარებით უფრო გაძლიერებულიყო. მაგრამ თვით ქვეყანა წინანდებურად ქართული იყო. აქაურ მეფეთა ტიტულატურაში ხაზგასმული `ქართველთა ერისთავთერისთავობა~, `ქართველთა შაჰან-შაჰობა~ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ეს მეფენი ამ ქვეყანას ქართლად და ქართველთა მიწა-წყლად მიიჩნევდნენ, რომლის დაპატრონების გამო მათ თავიანთ თავს ეს სახელები უწოდეს.
   დავით ანჰოლცის შემდეგ კვირიკიანთა სამეფოს მეფე მისი ვაჟი კვირიკე II გახდა. კვირიკე II-ის დროს ტაშირ-ძორაგეტის სამეფო შირაკის ბაგრატუნებისაგან, ფაქტობრივად, დამოუკიდებელი იყო. როგორც პროფ. ქეთევან ქუთათელაძე აღნიშნავს – ანისისა (1046 წ.) და ყარსის (1064 წ.) სამეფოების დაცემის შემდეგ კვირიკიანთა, ანუ ტაშირ-ძორაგეტის სამეფო სომეხ ბაგრატუნთა ერთადერთი პოლიტიკური ფორმირება იყო. მაგრამ ეს ყველაფერი მეტად ხანმოკლე აღმოჩნდა, კვირიკეს დროსვე სამეფო დაცემას განიცდის და მისი არსებობის შეწყვეტის ნიშნები ჩნდება.
  ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს საზღვრები მუდამ უცვლელი არ იყო, განსაკუთრებით ჩრდილოეთ მხარეს, საიდანაც თანდათან გაძლიერებული ქართველი მეფე-მთავრები უტევდნენ. საყურადღებოა გურგენ დიდი ერისთავთ-ერისთავის (918-941 წწ.) ლაშქრობანი სამშვილდის ასაღებად.
   1065 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანმა ალფ-არსლანმა (1063-1072 წწ.), საქართველოში ლაშქრობის დროს მეფე ბაგრატ IV-ს (1027-1072 წწ.) დისწული სთხოვა ცოლად, რომელიც კვირიკე ტაშირ-ძორაგეტის მეფის ძმისწული იყო. კვირიკიანებისგან უარის გამო, ბაგრატ მეფის ბრძანებით, `სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კÂრიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა~, მესამე ძმამ – ადარნასემ კი, სამშვილდეში შეასწრო. ძელზე გასმული კვირიკე მეფე სამი დღის შემდეგ დაიყოლიეს: `ხოლო მოსრულ იყვნენ ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი.
   კვირიკიანთა სამეფოს სატახტო ქალაქის ხელში ჩაგდებით ბაგრატ მეფემ სომეხ ბაგრატუნთა ქვემო ქართლში ბატონობას საფუძველი გამოაცალა, რასაც მათ ურთიერთობაში ძირეული ცვლილებები მოჰყვა: ამის შემდეგ ქართველთა მეფეს `მონებდეს სომეხნი~.
   კვირიკე II იძულებული გახდა სამეფოს დედაქალაქი ლორეში გადაეტანა. ბაგრატ IV-ის სწრაფვა, დაეკავებინა ქვემო ქართლი, ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეიდან მომდინარეობდა. ქვეყნის სამხრეთ საზღვრის დაცვისთვის აუცილებელი იყო ამ ისტორიული კუთხის მიწების შემოერთება. ბაგრატი გრძნობდა იმ საშიშროებას, რაც თურქ-სელჩუკებისგან იყო მოსალოდნელი, რადგან მათ მიერ ქვემო ქართლის დაპყრობა საქართველოს სხვა კუთხეებისკენ გზის გახსნას ნიშნავდა.
   კვირიკე II-ის გარდაცვალების შემდეგ ტაშირ-ძორაგეტის სამეფო ტახტის მემკვიდრეები მისი შვილები – დავითი და აბასი გახდნენ. მათ დროს სამეფო მნიშვნელოვნად იყო დასუსტებული. კირაკოს განძაკეცის ცნობით – დავითმა და აბასმა `ქართველების მიერ მზაკვრულად მოტყუებულებმა დატოვეს ტავუში, მაწნაბერდი და სხვა ადგილები. რამდენიმე ხნის შემდეგ სპარსელებმა (თურქებმა) წაართვეს მათ ტავუში, და ისინი ...დარჩნენ საცხოვრებლად მაწნაბერდში. მსგავს ცნობებს გვაწვდის ვარდანიც – `აბასი და დავითი, შევიწროვებულნი ქართველთა მიერ, წავიდნენ არანის მფლობელებთან და მიიღეს თითოეულმა თითო ციხე, სადაც ცხოვრობდნენ გაჭირვებაში~.
   კირაკოს განძაკეცი და ვარდანი დავითისა და აბასის გადახვეწის ძირითად მიზეზად ქართველებს ასახელებენ, პროფ. ქეთევან ქუთათელაძის აზრით – თუ არ ჩავთვლით ბაგრატ IV-ის მიერ სამშვილდის აღებას, ქართველები ამ მხარეში ყოველთვის თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ იბრძოდნენ. ბრძოლა ქვემო ქართლისა და ქალაქ ლორესთვის ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე დავით აღმაშენებლის მეთაურობით ქართველთა ჯარი აქ გამოჩნდებოდა. პროფ. გოჩა ჯაფარიძის მიხედვით – ეს ბრძოლა თავდაპირველად მიმდინარეობდა კვირიკიანებს, სელჩუკებსა და დიარ-ბაქრის თურქმენებს შორის.
   1065 წელს სამშვილდის აღების შემდეგ, კვირიკიანები ბაგრატ IV-ისრეალურ მოწინააღმდეგე ძალას უკვე აღარ წარმოადგენდნენ, ბაგრატი უფრო თურქ-სელჩუკებს უწევდა ანგარიშს. ლორესთვის მიმდინარე ბრძოლამ ქართველებსა და თურქ-სელჩუკებს შორის, ტაშირ-ძორაგეტის მეფეთა პოლიტიკური არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. და სომეხი ისტორიკოსების ზემოაღნიშნული ცნობაც ლოგიკური გაგრძელებაა კირაკოს განძაკეცის ცნობისა, რომლის მიხედვითაც დავითისა და აბასის მამა კვირიკე II `მთელი თავისი მეფობის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ქართველებს~. პროფ. ქეთევან ქუთათელაძის აზრით – კვირიკე II ქართველთაგან იყო შევიწროვებული, საქართველოს მეფეთა მიერ ქვემო ქართლის, ამ ისტორიულად ქართული მიწების შემოერთება, ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ნებისმიერ მეფეს შეუქმნიდა საფრთხეს და შეავიწროვებდა, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელნი საქართველოს მეფეს ვერ უწევდნენ წინააღმდეგობას, ბუნებრივია, ქართველთა აქტიურობა ქვემო ქართლში ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეფეთა პოლიტიკურ დევნას ნიშნავდა. ვარდანის ცნობიდან ჩანს, რომ ქართველები ქვემო ქართლისთვის და, საერთოდ, თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ თავდაუზოგავად იბრძვიან, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პერიოდი (დავითისა და აბასის ყოფნა ტაშირ-ძორაგეტში 1089-1110 წწ.) დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის ხანაა.
რაც შეეხება კირაკოსის ცნობას `მზაკვრულად მოტყუების~ შესახებ, პროფ. ქეთევან ქუთათელაძის აზრით – შეიძლება კონკრეტულად რამე დაპირება იგულისხმება, რომელიც შესაძლებელია ქართველებმა მისცეს კვირიკიან ძმებს, ან თუ შეჰპირდნენ რამე დახმარებას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. რომელთა თარეში საფრთხეს უქმნიდა ტაშირ-ძორაგეტის მეფეებს, მართლაც, 1105 და 1110 წლებში ადგილი ჰქონდა მათ ორჯერ ილაშქრეს ლორეში.
   1104-1105 წლებში სულთან ბარქიარუკს ადარბადაგანის მფლობელი მუჰამედი აუჯანყდა. სელჩუკთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, ამავე წელს არეულობით ისარგებლა ვინმე ხიზილ ამირამ, რომელმაც აიღო ლორე, შეიჭრა დვინში და მოკლა მისი მფლობელი, ბუნარი, იგივე აბუ ნასრი, ანისის შედადიანი გამგებლის მანუჩეს ძმა. პროფ. გოჩა ჯაფარიძის აზრით – ხიზილმა, როგორც ჩანს, ისარგებლა ამიერკავკასიის ამ ნაწილში არასტაბილური სიტუაციით და, ალბათ, მუჰამედის `კურთხევით~, ხელი დაადო ლორეს, შემდეგ კი დაეუფლა დვინსაც. ეს იყო დიარ-ბაქრის თურქმანთა პირველი ცდა, ფეხი მოეკიდებინა ამ ქალაქში.
   XII საუკუნის პირველ ათეულში მაჰმადიან მფლობელებს შორის კიდევ უფრო დაიძაბა ბრძოლა. ყიზილ-ასლანი ყილიჩ-არსლანს მიუდგა, რომელიც დიდ სელჩუკთა სულთანმა მუჰამედმა დაამარცხა, ამის შემდეგ იგი ყიზილ-არსლანსაც გაუსწორდებოდა. გოჩა ჯაფარიძის აზრით – ამ ფაქტის მტკიცებას უნდა წარმოადგენდეს ვარდანის ცნობა, რომლის მიხედვით, მანუჩე შედადიანი წავიდა სპარსეთის მეფის კარზე, იქიდან წამოიყვანა ჯარი. Dაბრუნებულმა დაამარცხა ხზლი (ყიზილ არსლანი) და მოკლა თავისი ძმის საფლავზე. ყიზილ არსლანის შემოსევიდან რამდენიმე წლის შემდეგ სელჩუკთა შემოსევას კიდევ ჰქონდა ადგილი. ამ ცნობას იოანე სარკავაგის ისტორია შეიცავს, რომელიც სანაინის `ქÁოთუკში~ არის დაწერილი. ცნობა 1110 წლით თარიღდება, რომლის მიხედვით, დავით კვირიკეს ძე იმავე წლის აგვისტოში სანაინის მონასტერში იმყოფებოდა, როდესაც მონასტერს უცაბედად `სპარსელები~ (სელჩუკები) დაესხნენ~. ამ ფაქტიდან გამომდინარე გოჩა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ – `ამ დროისათვის სულთან მუჰამედის მომხრეებმა დაიკავეს ლორე~,  როგორც ჩანს, შექმნილი სიტუაციის გამო დავითმა ძმასთან ერთად მიატოვა სამშობლო. მხითარ აირივანეცი წასვლის თარიღად 1111 წელს ასახელებს. სტეფანოს ორბელიანი კი 1113 წელს. მათზე დაყრდნობით, რ. მათევოსიანმა, ძმების გაქცევა 1111-1113 წლებით დაათარიღა, რაც იოანე სარკავაგის მიხედვით – სელჩუკთა მიერ მათი ქვეყნის დაპყრობამ განაპირობა.
   ამრიგად, დავითის, და აბასის გაქცევა მოხდა 1118 წლამდე, სანამ დავით აღმაშენებელი ლორეში გამოჩნდებოდა. კვირიკე II-ის შვილების თავიანთი სამფლობელოდან გაძევებას აღნიშნავს ზემოაღნიშნული მცირე ქრონიკაც, `უკანასკნელი ბაგრატუნი მეფეები~ – იმ განსხვავებით, რომ იგი ამის მიზეზად ქართველებს ასახელებს. ქრონიკის ცნობით, ძმების გაქცევის შემდეგ, `ძლევამოსილმა ქართველთა მეფემ დავითმა დაიპყრო ბაგრატუნთა ყველა სამფლობელო და მრავალ მამაცურ გამარჯვებას მიაღწია სპარსელების (სელჩუკები) წინააღმდეგ~. ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს მეორე დედაქალაქი დავითმა სელჩუკებს წაართვა და არა სომხებს. პროფ გოჩა ჯაფარიძის სამართლიანი შენიშვნით – კვირიკიანებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს დიდ სელჩუკებსა და დიარბექირის თურქმანებს და დათმეს სამეფო. ლორე დავით IV-მ თურქსელჩუკებსაგან გამოიხსნა, მისმა დაკავებამ საფუძველი მოუმზადა მნიშვნელოვან ეტაპს დავით IV-ის საგარეო პოლიტიკაში, ბრძოლას თურქებთან ამიერკავკასიაში ჰეგემონიისათვის.
   შეიძლება ვიფიქროთ, რომ 1110 წელს სელჩუკთა შემოსევა და სანაინის დარბევა სელჩუკთა ერთგვარი საპროტესტო გამოძახილი იყო ქართველთა მიერ სამშვილდისა და `სომხითის~ სხვა ციხეების აღებისა. აკად. ივანე ჯავახიშვილის თქმით – `სამშვილდის აღებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმიტომ, რომ იგი ძლიერი ციხე იყო და სამხრეთით ტფილისს ამაგრებდა; სამხრეთის სავაჭრო გზაც ამ ქალაქზე მიდიოდა; ამას გარდა, როცა ქართველები ჩრდილოეთით და დასავლეთით მიმდგარნი ტფილისის სამხრეთიდგანაც შემოერტყმოდნენ, მაშინ ტფილისის აღება ისე ძნელი აღარ იქნებოდა~.
   სამშვილდის აღება თურქ-სელჩუკებისთვის ისეთი მოულოდნელი იყო, რომ მათ `უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს და ღამე მეოტ იქმნეს~. ქვემო ქართლში, თავიანთი პოზიციების დაბრუნების მიზნით თურქთა უზარმაზარი ჯარი შემოსულა, სავარაუდოა, რომ სანაინის მონასტერი სწორედ ამ ჯარმა დაარბია. სელჩუკთა შემოსევის ამბავი მეფემ ნაჭარმაგევს შეიტყო. მან 1500 კაცით თრიალეთში სასტიკად დაამარცხა მტერი. ივანე ჯავახიშვილი ამ ლაშქრობას 1110-1112 წლებით ათარიღებს. ქართველებმა ისარგებლეს წარმატებით და 1115 წელს აიღეს რუსთავი. ამის შემდეგ, 1118 წლის ივლისში, დავითმა ლორე და აგარანიც აიღო და ამით ძირითადად დაასრულა ქართული მიწების გაერთიანების საქმე. დავით აღმაშენებელმა თურქ-სელჩუკთაგან გათავისუფლებული ტაშირ-ძორაგეტი უშუალოდ საქართველოს შემოუერთა და სომეხ ფეოდალ მმართველთა საგვარეულო გააუქმა. თურქების ხელში მხოლოდ თბილისი და დმანისი დარჩა, რომელთათვის ბრძოლა დავითმა ასევე წარმატებით დაასრულა.
   1118 წელს დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოსთვის შემოერთებული ლორე განსაკუთრებით სამხედრო მნიშვნელობის გამო სამეფო ხელისუფლებამ ქვეყნის ამირსპასალარის საჯდომ ციხედ იქცია.
ისტორიულად ქვემო ქართლის ეს მხარე, როგორც საქართველოს განაპირა ნაწილი, სამართავად სრულიად საქართველოს მხედართმთავრებს გადაეცათ – ჯერ ორბელებს, ხოლო 1185 წლიდან – მხარგრძელებს.
   ლორე მხარგრძელებს ეკავათ, მათ ხელში ლორეს სანაპირო ციხესიმაგრე და მისი მიდამოები დიდი სამთავრო გახდა. მაგრამ მონღოლთა შემოსევებმა უდიდესი დარტყმა მიაყენა. კირაკოზ განძაკეცის ცნობით – ლორეს ციხე აუღებელ ციხედ ითვლებოდა – `წარმართების (მონღოლები) ურდოს მხედართმთავარმა, რომლის სახელი იყო ჩაღათა, როდესაც გაიგო ქ. ლორეს სიმტკიცის შესახებ, გადაწყვიტა დაერბია იგი~. 1236 წელს მონღოლებმა ლორე აიღეს და სასტიკად დაარბიეს.38 XIV-XV საუკუნეებში ციხე-ქალაქი მნიშვნელოვნად დაქვეითდა (განსაკუთრებით თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად) და იგი გვიან შუა საუკუნეებში ჩვეულებრივი ციხის ფუნქციას ასრულებდა, მაგრამ ლორეს ციხე ქვემო ქართლის ფორპოსტად ფუნქციონირებას შემდგომშიც აგრძელებს. თუ რამდენად მძიმე შედეგის მომტანი იყო ქართლის თავდაცვისუნარიანობის კუთხით მისი დაკარგვა, ამაზე მეტყველებს შაჰ-აბას I-ის მიერ ქართლისთვის ლორეს წართმევა.
   თემურ-ლენგის ლაშქრობების შემდეგ ალექსანდრე I (1412-1442 წწ.) საქართველოს ადრინდელი საზღვრების აღდგენას ცდილობდა. მან 1431 წელს ციხე-ქალაქი ლორე და ლორეს ველი შემოიერთა, რომელიც მანამდე თურქმან მომთაბარეებს ეპყრათ. დაახლოებით 1434-1435 შემოიერთა სივნიეთიც (ახლანდელი ყარაბაღი და მისი მეზობელი თემები). ამის შემდეგ ლორე მეფის სახასო იყო. ლორეში XIX საუკუნეში აღმოჩნდა განძი, რომელშიც 67 ქართული მონეტა იყო, მონეტების უმრავლესობა მოჭრილია ალექსანდრე I-ის სახელით და თარიღდება 1412 წლით. რამდენიმე მათგანი განეკუთვნება გიორგი VII-სა და კონსტანტინე I-ს. ლორის განძის ყველაზე გვიანდელი მონეტა 1426 წელს არის მოჭრილია, ე. ი. განძი ჩაფლულია 1426-ის შემდეგ.
   XVI საუკუნეში გაძლიერებულმა ოსმალეთმა აღმოსავლეთ ამიერკავკასია, მათ შორის ლორე და მისი მიდამოებიც დაიკავა. ხოლო ირანში გატარებული სამხედრო რეფორმების და დიდი მზადების შედეგად, 1603 წელს შაჰ აბას I-მა (1587-1629 წწ.) ოსმალეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო. შაჰის მიზანი ირანის დაკარგული პოზიციების დაბრუნება და აღმოსავლეთ კავკასიიდან ოსმალების საბოლოო განდევნა იყო. ირან-ოსმალეთის ახალ ომში ქართლის მეფე გიორგი X (1600-1606 წწ.) და კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605 წწ.) იძულებულები იყვნენ შაჰ აბასის მხარეს ებრძოლათ. მანამდე – 1601 წელს გიორგი X-მ ოსმალთაგან ლორე გაათავისუფლა. ომის დასაწყისში, პირველ ეტაპზე, შაჰ აბასმა ერევნის ციხის გათავისუფლება გადაწყვიტა, უზარმაზარი არმიით მივიდა და ერევნის ოსმალურ გარნიზონს ალყა შემოარტყა.
   1604 წელს შაჰ აბასმა, ქართლის მეფე გიორგი X-მ და კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ოსმალები, ერევანთან ომში, სასტიკად დაამარცხეს. ომში მონაწილეობისა და წარმატების გამო შაჰმა ქართველი მეფეები `უხვად~ დააჯილდოვა. გიორგი მეფეს ირანში სოფლები მისცა და 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა. სამაგიეროდ ლორე და მდინარე დებედას ხეობა გამოსთხოვა. `და შეუძნდა ფრიად და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ~. ლორეში ლორის სახანო შეიქმნა, ხოლო მდ. დებედის ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოასახლეს. იოანე ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, როდესაც შაჰმა ლორეში თავისი ჯარი დააყენა, `მუნებური მელიქი მივიდა წინაშე შააბაზისა და მიიღო მამადიანობა, რომლისათვის ჯილდოდ შააბაზმან გაათავადა და მისცა გვარად მელიქობა და მამული ლორის ხეობასა შინა სახასოთაგან მეფისა~. ვახუშტიც ხაზს უსვამს, მელიქიშვილთა შაჰ-აბასის პერიოდიდან დაწინაურებას და მათ სომხურ წარმომავლობასაც და აღნიშნავს – მელიქიშვილი `არა არის გვარი, არამედ სომეხსა ვისმე პატივსცა შააბაზ გამოჰმადიანებისთვის~.
   ლორეს ციხესა და მდ. დებედის მთელი ხეობის დაპატრონებით ირანის მბრძანებელმა საქართველოს სამხრეთი კარის გასაღები ჩაიგდო ხელში. ამიტომაა, რომ ვახუშტი ამ მომენტს გულისხმობს, როცა ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, თუ როგორ აიძულა შაჰ-აბასმა ქართლის მეფეს, დაეთმო ლორე. `შეუძნდა ესე ფრიად მეფესა და მიუგო: `ველოდი ჯილდოდ შენგან სხვასაცა ქალაქსა სამსახურისათვის მამისა ჩუენისა და არა მიხუმასა საზღვართა დამტარება ქართლისა... ამისთÂს უფროს აიძულებდა, რათა მისცეს ლორე და გამოსვლისათვის ბერდუჯის მდინარისა~.
   ამით შაჰმა ქართლს სამხრეთის კედელი მოარღვია და მის თავდაცვისუნარიანობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ქართველები საუკუნეთა მანძილზე თავგამოდებით იცავდნენ ამ მნიშვნელოვან ზღუდეს. შაჰ-აბასმა კი „მშვიდობიანად“ ჩაიგდო ხელში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მხარე, ამის შემდეგ ქართლის დაცვის კედელი მის საწინააღმდეგო პლაცდარმად იქცა.
   ლორემ თავისი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა XVIII საუკუნის ბოლოს საბოლოოდ დაკარგა.
   ლორე თავისი მდებარეობით შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო ტაშირის ველზე და იგი სამხრეთიდან საქართველოს მთავარ ფორპოსტს წარმოადგენდა. თუ ლორეს ციხე ქართველთა ხელში იყო, ქვეყანა ფაქტობრივად, ყოველთვის დაცული იყო.
   აკად. ნიკო ბერძენიშილის მიხედვით – ლორე ტაშირზე მებატონე ციხე-სიმაგრე იყო. ტაშირი კი ის ქვეყანაა, საიდანაც მაშავერას თუ ქცია-ბერდუჯის ხეობაში არაერთი გზა შედიოდა. ამდენადვე, ტაშირზე მებატონე ლორე ბუნებრივად კეტავდა საქართველოში შემომავალ ყველა კარს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოსთვის, როგორც თავდაცვითი, ისე შეტევითი ომების დროს.
სტრატეგიულად კარგად შერჩეულ ადგილზეა დატანილი ციხის კარიბჭე, რომელიც გალავნის კუთხეში, თავდასხმის შემთხვევაში რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობს. თავისი ადგილ-მდებარეობის გამო მოწინააღმდეგის მიერ დიდი ძალებით შეტევა შეუძლებელი იქნებოდა.
ლორეს ციხე ძალზე მოხერხებულ ადგილას, მაღალ სამკუთხა პლატოზე აუგიათ, რის გამოც დღემდე კარგად არის შენარჩუნებული. ლორეს ორი მხრიდან ხეობები (მაღალი კანიონები), ხოლო მესამე, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, ძლიერი გალავნის, დაახლ. 500 მეტრზე გადაჭიმული, კედლის სისტემა იცავდა. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია პალატა, აბანო, ხაჩქარები, დაბლა ხეობაში ერთმალიანი თაღოვანი ხიდი. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სხვადასხვა პერიოდის იარაღი, სამკაული, ჭურჭელი.
   ლორეს ციხის ტერიტორია საკმაოდ დიდ ფართობს, დაახლ. 35 ჰა-ს მოიცავს. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილი ნაგებობის ნაშთი საყოფაცხოვრებო დანიშნულების უნდა იყოს, შესაძლოა, ეს არის კვირიკიანების ან მხარგრძელების პალატა. კარგად არის შემონახული ასევე აბანო. 2009 წელს სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ რამდენიმე მილიონი დრამი გამოყო ლორეს ციხის რესტავრაციისა და ტურისტულ ცენტრად გადაქცევისთვის. ამჟამად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
* * *
ბოლო პერიოდში სათანადო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო ტურები ციხე-ქალაქსა და მის მხარეზე. ლორეს მხარეში აქტიურად მიმდინარეობს ძველი ტაძრების აღდგენა, რის დროსაც ნადგურდება იქაური ქართული წარწერები და საერთოდ ქართული კვალი.



































Комментариев нет:

Отправить комментарий