пятница, 20 апреля 2018 г.

გილგამეშის ეპოსი და შუმერული თქმულებები გილგამეშის შესახებ

გილგამეშის ეპოსი (მომზადებულია ზ. კიკნაძის მიერ)
 გილგამეშის ეპოსი ასურულ-ბაბილონური (აქადური) ლიტერატურის ძეგლია, რომელიც დღეისათვის ცნობილი პირველი ეთიკურ-ფილოსოფიური ხასიათის ეპოსია მსოფლიო მწერლობაში და ასევე, პირველი ლიტერატურული ნაწარმოებიც. საფუძვლად დაედო ძველი შუმერული თქმულებები ურუქის I დინასტიის (ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისი) მეფის გილგამეშის შესახებ. მეტ-ნაკლები სისრულით შემორჩენილია ხუთიოდე თქმულება. შუმერული თქმულებები ძველთაგანვე ითარგმნებოდა აქადური ენის დიალექტებზე, მუშავდებოდა მთელი ათასწლეულის მანძილზე და ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს - II ათასწლეულის დასაწყისში ერთიანი ეპოსის სახე მიიღო.
    ეპოსის მოტივთაგან უმნიშვნელოვანესია მეგობრობა გილგამეშსა და ველურობიდან ცივილიზებულ ადამიანამდე ამაღლებულ ენქიდუს შორის. ეს უკანასკნელი ათვინიერებს გილგამეშის უხეშ ბუნებას, მაღალი ზნეობისაკენ უბიძგებს მას, და ბოლოს, თავისი სიკვდილით ცხოვრების აზრზე დააფიქრებს.
    გილგამეშის შემდგომი ბედი დაკავშირებულია სიცოცხლისა და უკვდავების ძიებასთან, რაც მას მიიყვანს უთნაფიშთიმთან, საყოველთაო წარღვნას გადარჩენილ ერთადერთ კაცთან (ეპოსში ჩართულია წარღვნის ვრცელი ეპიზოდი), და ბოლოს დაბრძენებულს დააბრუნებს ურუქში. გილგამეშის ეპოსი გავრცელებული იყო ახლო აღმოსავლეთში როგორც აქადურ, ასევე ხეთურ და ხურიტულ ენებზე.
    ეპოსის გამოძახილმა თითქმის ახალი წელთაღრიცხვის მიჯნამდე მოაღწია. დღემდე შემორჩენილია ეპოსის 12 ფირფიტა, თუმცა მეთორმეტე განსხვავებული შინაარსისაა და ნაწარმოების საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. ერთ-ერთი ნაწყვეტი (სახელდობრ წარღვნის ეპიზოდი) 1872 წელს აღმოჩნდა ბრიტანეთის მუზეუმის ლურსმნული დამწერლობის ძეგლების კოლექციაში.



ეპოსის პერსონაჟები და გეოგრაფიული ობიექტები

ანუ – სამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში.

ანაუაკი – ღმერთთა ჯგუფი, ანუს კომპანიონები.

ანზუ – ღმერთი-ჩიტი. ჰქონდა არწივის ფრთები და ლომის ფორმის ფეხები.

აპსუ – მითური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ.

არურუ – დედამიწის დედა-ღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა.

ენლილი – მთავარი ღმერთი. ქარის პატრონი.

ენქიდუ – ეპოსის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ.

ერეშქიგალი – ირკალას (მიწისქვეშეთი) დედოფალი.

ეთანა – ქალაქ ქიშის ხელმწიფე. ლეგენდის თანახმად იგი წარღვნას გადაურჩა.

გილგამეში – მოხსენიებულია შუმერულ მეფეთა სიაში. სავარაუდოდ იგი იყო ნამდვილი ხელმწიფე ძვ.წ. 26 საუკუნეში.

ხუმბაბა – კედარის ტყის გიგანტური მცველი, სავარაუდოდ ჰქონდა ლომის სახე.

იგიგის ღმერთები – ძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები.

ირკალა – საშინელი მიწისქვეშეთი, რომელსაც მართავდა სიკვდილის ღმერთი ნერგალი და მისი მეუღლე ერეშქიგალი.

იშთარი – სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი.

ლაპის ლაზული – ლილაქვა, ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა.

ნინურტა – მიწათმოქმედების, ხვნის ღმერთი.

ნიპური – უძველესი წმინდა ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 150 კმ-ს მანძილზე.

რიმათ-ნინსუნი – წმინდა ქალღმერთი, გილგამეშის დედა, მეფე-ღმერთის – ლუგალბანდას მეუღლე.

სიდური – ბრძენი ქალი, მიჩნეულია ღვთაებად. მისი სახელი დაკავშირებულია ლუდთან.

სიპარი – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ბაღდადის მიდამოებში.

ურუქი – უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ-ში.

უთნაფიშთიმი – შურუპაკის ხელმწიფე. ლეგენდის მიხედვით, წარღვნას გადარჩენილი ადამიანი.

შამაში – მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი.

შამჰათი – სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი.

შურუპაკი – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კმ-ში.



დაფა პირველი

(წინკარი – შესხმა)

1 რომელმან სიღრმე იხილა, ქვეყნის საფუძველი,

ყოველი შეიცნო, ჩაიბეჭდა,

იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, –

სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,

საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,

მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა.

შორი გზით იარა, დაღლილი დაბრუნდა;

ქვაზე ამოკვეთა ყოველი განცდილი.

ურუქის ქალაქს ზღუდე შემოავლო –


10 წმიდა ეანას კურთხეულ ბეღელს.

ახედე ზღუდეს, ლარივით გამართულს!

ქვაკუთხედს დახედე – მის დარს ვინ შექმნის!

ზღურბლს ხელი შეახე, შორიდან მოტანილს!

ეანას მოადექ, იშთარის სამყოფელს,

რის დარს მომავალი ვერ შექმნის მეფე!

ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე,

საძირკველს ჩახედე, აგური მოსინჯე, –

იქნებ გამომწვარი არ იყოს აგური?

იქნებ შვიდ ბრძენკაცს საძირკველი არ ჩაედოს?

20 იხილე დაფათა სკივრი კედარისა,

გახსენი მისი ბრინჯაოს საკეტი,

ამოიღე ლაჟვარდის დაფა, წაიკითხე
ყველა გასაჭირი, გილგამეშს რაც გადახდა.
ყველა მეფეზე უპირატესია,
ურუქის მამაცი ნაშიერი, მრქენელი ხარი,
წინ მიდის  წინამძღოლია,
უკან მიდის  თავის მოძმეთა იმედია,
ძლიერი ნაპირი, მცველი თავისი ხალხისა,
მძვინვარე ტალღა, ქვის კედლის მნგრეველი,
30 ლუგალბანდას მოზვერი, სრულქმნილი ძალისა,
დიდებული ფურის ძუძუნაწოვი, ფურ-ნინსუნასი,
მაღალია გილგამეში, სრულქმნილი, ზარდამცემი,
გამხსნელი მთიანეთის გადასასვლელთა,
გამთხრელი ჭებისა მთათა ფერდობებზე,
ვრცელ ზღვათა წიაღმსვლელი მზის აღმოსავლამდე,
სამყაროს კიდეთა მომხილველი, სიცოცხლის მძებნელი.
მპოვნელი უთანაფიშთისა თავისი ძალით.
აღმდგენელი საკურთხეველთა, წარღვნამ რომ წალეკა,
კაცთათვის წესთა დამამკვიდრებელი.
40 ვინ არის მისი მსგავსი მეფეთა შორის?
და გილგამეშივით ვინ იტყვის: „მეფე ვარ!“
გილგამეში აქვს სახელად შობითგანვე,
აღზევებულია კაცთა მოდგმაზე,
ტანში ღმერთების ხორცი ჩადგმია,
ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კაცი,
მისი სხეულის ხატი ბელეთცერიმ გამოსახა,
მისი აღნაქვსი ნუდიმმუდმა სრულყო,
თავს ადგას ურუქის სამეფო გვირგვინი,
მოზვერივით დადის ქედმაღალი,
50 ტოლი არა ჰყავს ლახტის მოქნევაში,
ურუქ-ფარეხში მიდი-მოდის,
(გილგამეშის ზვაობა)
დაფდაფის ხმაზე ამხედრებს მეომრებს.
იდუმალ დრტვინავენ ურუქის მოყმენი:
„არ უშვებს გილგამეში ვაჟს თავის მამასთან,
ასულს დედასთან,
დღედაღამ ზვაობს ქედმაღალი.
იგი ხომ მწყემსია ურუქ-ფარეხის?
იგი ხომ ჩვენი მწყემსი და მეფეა?
ძლიერი, ბრწყინვალე და ბრძენთაბრძენი?
60 არ უშვებს გილგამეში ქალწულს საქმროსთან,
მეომრის ასულს, სასძლოს მოყმისას“.

შეესმათ ღმერთებს მათი ჩივილი:
„თქვენ შექმენით ამაყი ხარი ურუქ-ფარეხში,
ტოლი არა ჰყავს ლახტის მოქნევაში,
დაფდაფის ხმაზე ამხედრებს მეომრებს.
არ უშვებს გილგამეშ ვაჟს თავის მამასთან,
ასულს დედასთან.
დღედაღამ მძვინვარებს მისი ზვაობა,
მათი ჩივილი მოესმა ანუს.
70 „არურუ!“ შესძახეს, „დიდებულო!“
„არურუ, შენი შექმნილია მამაცი მამრი.
შექმენი ახლა მისი ორეული,
მის გულის გრიგალს გაუტოლდეს!
დაწყვილდნენ, ურუქს შვება მოეცეს!“

(ენქიდუს შექმნა)
რა ესმა არურუს სიტყვები იგი,
ცის ღმერთის ხატი გულში ჩაისახა.
მერე განიბანა ხელნი არურუმ,
თიხა მოზილა, ველზე დააგდო,
ველად მოავლინა გმირი ენქიდუ,
80 ველთა ნაშიერი ნინურთას ძალისა.
ბანჯგვლებს დაუფარავს სხეული მისი,
თმები მოზრდია დედაკაცივით,
ნისაბას დარად აჰყრია ვარჯები.
არ იცის ხალხი, არც მკვიდრი მხარე,
ტანთ სუმუკანის სამოსი მოსავს.
ქურციკთან ერთად საძოვრად დადის,
ფარასთან ერთად წყაროს ეწაფება,
პირუტყვთან ერთად წყლით გულს იჯერებს.

(მონადირის ამბავი)
ვინმე მონადირე, მახეთა დამგები,
90 წყაროს წინ შეეყრება ენქიდუს.
ერთ დღეს, მეორე დღეს, მესამე დღეს
წყაროს წინ შეეყრება ენქიდუს.
შეხედავს მონადირე, სახე მოექცევა:
ჯოგს შემოჰყოლია მის სანახებში!
შეშინდა, გახევდა, დადუმდა,
გული შეუღონდა, სახე მოეღრუბლა,
წუხილი შევიდა მის შიგანში,
სახე გაუხდა შორი გზით მავალის.

მონადირემ დაძრა ბაგე, ამეტყველდა
100 ასე ეუბნება მამამისს:
„მამავ, ვიხილე მე მოყმე ვინმე,
უდაბნოდან ჯოგს შემოჰყოლია,
მტკიცეა ძალი მისი ამ ქვეყნად,
ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა.
მარადჟამს ველად იარება,
მარადჟამს ჯოგთან ერთად წყაროს ეწაფება,
მარადჟამს წყაროს წინ უწყვია ფეხები,
ქურციკთან ერთად საძოვრად დადის,
ფარასთან ერთად წყაროს ეწაფება,
პირუტყვთან ერთად წყლით გულს იჯერებს.
შევშინდი, ახლოს ვერ მივედი.
აავსო თხრილები, ჩემი დათხრილი,
110 დაშალა მახენი, ჩემი დაგებული,
ხელიდან მაცლის უდაბნოს ნადირს,
აღარ მანებებს ველზე ნადირობას.

დაძრა მამამისმა ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება მონადირეს:
„ურუქ-ქალაქში მკვიდრობს გილგამეში,
არავინ უვის თავისზე ძლიერი,
მტკიცეა ძალი მისი ამ ქვეყნად,
ანუს ლაშქარივით განმტკიცებული.
წადი, ურუქისკენ იბრუნე პირი,
120 ამცნე ამბავი იმა მოყმისა,
როსკიპს მოგიჩენს, თან წაიყოლე 
ველურს გახედნის ძლიერი მამრივით.
როდესაც ველური ჯოგს წყალთან მიიყვანს,
შემოიძარცვოს ქალმა სამოსელი,
გამოაჩინოს სიმწიფე თვისი;
შეხედავს ველური, მიუახლოვდება, 
ჯოგი ზურგს შეაქცევს, მის ველზე გაზრდილი“.

ესმა მონადირეს რჩევა მამისა,
გასწია, ურუქისკენ იბრუნა პირი.
130 დაძრა მონადირემ ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გილგამეშს:
„გილგამეშ, ვიხილე მე მოყმე ვინმე,
უდაბნოდან ჯოგს შემოჰყოლია,
მტკიცეა ძალი მისი ამ ქვეყნად,
ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა.
მარადჟამს ველად იარება,
მარადჟამს ჯოგთან ერთად წყაროს ეწაფება.
მარადჟამს წყაროს წინ უწყვია ფეხები,
შევშინდი, ახლოს ვერ მივედი.
140 აავსო თხრილები, ჩემი დათხრილი,
დაშალა მახენი, ჩემი დაგებული.
ხელიდან მაცლის უდაბნოს ნადირს,
აღარ მანებებს ველზე ნადირობას“.

გილგამეშმა დაძრა ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება მონადირეს:
„წადი, მონადირევ, წაიყოლე შამხათ როსკიპი,
როცა ველური ჯოგს წყალთან მიიყვანს,
შემოიძარცვოს ქალმა სამოსელი,
გამოაჩინოს სიმწიფე თვისი.
150 შეხედავს ველური, მიუახლოვდება,
ჯოგი ზურგს შეაქცევს, მის ველზე გაზრდილი.

(ენქიდუს შეცდენა)
წავიდა მონადირე, წაიყოლა შამხათ როსკიპი.
გზას გაჰყვნენ, მგზავრობას შეუდგნენ.
დათქმულ ველამდე სამ დღეში მივიდნენ;
ჩასაფრდნენ როსკიპი და მონადირე;
ორი დღე ისხდნენ წყაროს ნაპირას.
ბოლოს მოვიდა ჯოგი წყლის სასმელად,
მოვიდნენ მხეცები, წყლით გულს იხარებენ,
მათ მოჰყვა ენქიდუც, ველზე ნაშობი.
160 ქურციკთან ერთად საძოვრად დადის,
გარეულ ჯოგთან წყაროს ეწაფება,
მხეცებთან ერთად წყლით გულს იჯერებს.
იხილა შამხათმა ველური კაცი,
მოყმე გარეული, ველთა წიაღისა.
„ჰა, იგი, შამხათ, შეიხსენ მკერდი
და კალთა შენი გადაიშიშვლე;
როდესაც დაგინახავს, ახლოს მოდგება.
დაე, აიღოს სიმწიფე შენი,
ნუ დაიმორცხვებ, წაართვი ჯანი.
170 სამოსი დაფინე, ზედ დაგაწვება,
დიაცის საქმე უქმენი ველურს
როცა ვნება მისი გარსშემოგენთება,
ჯოგი ზურგს შეაქცევს, მის ველზე გაზრდილი“.
მაშინ შამხათმა შეიხსნა მკერდი,
და კალთა თვისი გადაიშიშვლა,
ენქიდუმ აიღო სიმწიფე მისი,
ქალმა არ იმორცხვა, ჯანი წაართვა,
სამოსი დაფინა, დააწვა ენქიდუ.
დიაცის საქმე აჩვენა ველურს.
180 და ვნება მისი გარსშემოენთო.
ექვს დღეს და შვიდ ღამეს სექსავდა შამხათს,
და რა დაუცხრა ენქიდუს ვნება,
პირი იბრუნა თავის ჯოგისაკენ;
ხედავს ენქიდუ  გარბის ქურციკი,
და ველურ ჯოგსაც ზურგი უქცევია.
წამოხტა ენქიდუ  შეკვრია სხეული,
მუხლები დაუდგა, ჯოგს ვეღარ მიჰყვება.
დასუსტდა ენქიდუ, ვერ ირბენს ძველებურ,
მაგრამ გაბრძენდა, განევრცო გონება.

190 მოუბრუნდა, შამხათს მუხლებთან დაუჯდა.
შეჰყურებს ენქიდუ სახეში როსკიპს,
და რასაც შამხათ როსკიპი ეტყვის,
ისმენენ მისნი სასმენელნი.
ასე ეუბნება ენქიდუს როსკიპი;
„მშვენიერი ხარ, ღვთისდარო ენქიდუვ,
რად დაძრწი ველად გარეულ ჯოგთან?
მოდი, გალავნიან ურუქს წამომყევი,
მიგიყვან ბრწყინვალე, ღვთაებრივ სახლში,
ანუს და იშთარის ბინად მიგიყვან!
200 სადაც გილგამეშია, სიქველით სრული,
ხალხზე რომ მძლავრობს მოზვერივით,
შეიყვარებ შენს თავზე უმეტეს,
რაკი შენც მისი მსგავსი ყოფილხარ.
წამო, დააგდე უდაბნოს საწოლი!“

ასე მოუთხრობდა ენქიდუს შამხათი.
სიტყვა შეიწყნარა, მიენდო ნაუბარს
და რჩევა ქალისა გულში ჩაუვარდა.
მეგობარს ნატრობს ველურის გული,
და ასე ეტყვის ენქიდუ როსკიპს:
210 „შამხათ, გალავნიან ურუქს წამიყვანე,
მიმიყვანე ბრწყინვალე, ღვთაებრივ სახლში,
ანუს და იშთარის ბინად მიმიყვანე.
სად გილგამეშია, სიქველით სრული,
ხალხზე რომ მძლავრობს მოზვერივით,
არ შევეპუები, ამაყად ვეტყვი, ვიყვირებ
ურუქში: უძლეველი ვარ!
ეს მე ვარ, ბედი ვინაც იცვალა,
ძლევამოსილია ველთა ნაშიერი!“
„წავიდეთ, ენქიდუ, მე შეგახვედრებ,
220 ვიცი გილგამეშის ბინა-სამყოფელი.
წავიდეთ, ენქიდუ, გალავნიან ურუქს,
სადაც ხალხი ბრწყინავს დიდებულ სამოსში,
სადაც ზეიმია მარადჟამიერი,
სადაც უტკბილესი გალობა ისმის,
სადაც როსკიპთა ტურფაა ანაქვსი,
სიმწიფით ჰყვავიან სურნელით სავსენი,
თავად დიდკაცებსაც საწოლს არ უყოფენ.
ჰოი, ენქიდუვ, ლხინის უნახავო,
გიჩვენებ გილგამეშს კაცს დალხინებულს,
230 იხილე იგი, მის სახეს შეხედე,
სიქველით მშვენია და მამრულ ძალით,
სიმწიფით ჰყვავის სხეული მისი.
ვერ შეედრები ძალით გილგამეშს,
იგი არ ისვენებს არც დღით, არც ღამით.
ენქიდუ, განაგდე შენი სიამაყე!
ზეციურ შამაშს უყვარს გილგამეში,
ანუმ ენლილმა და ეამ განუვრცეს გონება.
ვიდრე მოხვიდოდი შენი ველებიდან,
სიზმრად გხედავდა ურუქში გილგამეში.

(გილგამეშის სიზმრები)
240 ადგა გილგამეში სიზმრის ასახსნელად,
ასე ეუბნება დედას:
„დედავ, მესიზმრა წუხელ სიზმარი:
ვითა ღვთაებრივი ანუს მხედრობა
მომვლენოდნენ ზეცის ვარსკვლავები.
ჩემს წინ ეცემოდა ვარსკვლავი ერთი:
აწევა ვცადე, სიმძიმემ დამძალა;
წაღება ვცადე, ვერ დავძარი.
ურუქის ერი იდგა მის უკან,
ერი შეიკრიბა მის წინაშე,
250 ხალხი აწყდებოდა ირგვლივ,
მოყმენი ახლოს ჯგუფდებოდნენ,
ჩვილი ბავშვებივით ფეხებს უკოცნიდნენ.
მე კი მოვეხვიე როგორც სარძლოს,
და შენს წინაშე დავაგდე იგი,
რათა სწორგეყო იგი ჩემს მიმართ.

დედა გილგამეშისა, ბრძენი, ყოვლისმცოდნე,
თავის ძეს ასე ეუბნება;
ფური ნინსუნა, ბრძენი, ყოვლისმცოდნე,
ასე ეუბნება გილგამეშს:
260 „ზეცის ვარსკვლავი რომ გაჩნდა შენს წინაშე,
ანუს ძალასავით შენ წინ რომ დაეცა,
რომ სცადე აწევა, სიმძიმემ დაგძალა,
რომ სცადე წაღება, და ვერ დასძარი,
მერე ჩემს წინაშე რომ დააგდე,
რათა სწორმეყო იგი შენს მიმართ,
როგორც სარძლოს რომ მოეხვიე, 
სანდო მოყვასია, მეგობრის მხსნელი;
დიდია ძალი მისი ამ ქვეყნად,
ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა,
270 როგორც სარძლოს რომ გადაეხვიე 
არ მიგატოვებს იგი არასოდეს.
ეს არის ახსნა შენი სიზმრისა“.

მეორედ ესიზმრა გილგამეშს სიზმარი,
ადგა და შევიდა ქალღმერთთან დედასთან,
ასე ეტყვის მას, დედას, გილგამეში:
„დედავ, კვლავ მესიზმრა წუხელ სიზმარი:
ნაჯახი ეგდო გალავნიან ურუქში.
შეგროვილიყვნენ გარშემო მისა,
ურუქის ერი იდგა მის ახლოს,
280 ხალხი შეიკრიბა მის წინაშე,
მოყმენი ირგვლივ აწყდებოდნენ.
ავიღე, შენს ფეხებთან დავაგდე იგი,
ცოლივით შემიყვარდა, მოვეხვიე,
და შენ სწორჰყავი იგი ჩემს მიმართ“.

დედა გილგამეშისა, ბრძენი, ყოვლისმცოდნე,
ფური ნინსუნა, ბრძენი, ყოვლისმცოდნე,
ასე ეუბნება თავის ძეს;
ნინსუნა ბრძენი, ყოვლისმცოდნე,
ასე ეუბნება გილგამეშს:
290 „კაცია ნაჯახი იგი, რომ იხილე,
სარძლოსავით რომ გადაეხვიე,
მერე ჩემს ფეხებთან რომ დააგდე,
რათა სწორმეყო იგი შენს მიმართ,
სანდო მოყვასია, მეგობრის მხსნელი;
დიდია ძალი მისი ამ ქვეყნად,
ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა.
ეს არის ახსნა შენი სიზმრისა.
დაძრა გილგამეშმა ბაგე, დედას ეუბნება:
„დედავ, მრჩეველი ენლილის ნებით მოხდეს!
300 იქნებ შევიძინო მრჩეველი მეგობარი“
ამ სიზმრებს ნახულობდა გილგამეში.
შამხათი უამბობდა გილგამეშის სიზმრებს,
ორნი ესიყვარულებოდნენ ერთმანეთს.

შენიშვნები
6. „წარღვნამდელ დღეთა...“ - შუამდინარული მითოსი კაცობრიობის ისტორიას ორ, მკვეთრად განსხვავებულ პერიოდად მიჯნავს წარღვნამდელ და წარღვნის შემდგომ. წარღვნამდელ ხანაში შეიქმნა ყველაფერი ციდან ჩამოვიდა მეფობა, დაფუძნდა პირველი ქალაქები და ცივილიზაცია. ეს იყო პირველქმნადობის ხანა, ამიტომაც იგი უდიდესი ავტორიტეტით არის შემოსილი.
10. ეანა, შუმ. ე-ანა - „სახლი ცისა“ ან „სახლი ანისა“ (ან - „ცა“ და ცის ღმერთის საკუთარი სახელი); ურუქის მთავარი ტაძარია, სადაც იმთავითვე ერთმანეთთან იყო შეთავსებული ცის ღმერთის, ანის და ცის დედოფლის, ინანას (იშთარის) კულტი.
ბეღელი ყოველი სატაძრო კომპლექსის აუცილებელი ნაწილი იყო შუმერში. აქ ინახებოდა ტაძრის ყანებიდან აღებული მოსავალი (ასეთივე დანიშნულებისა იყო ჩვენში ხატის ბეღელი); აქვე ხდებოდა საღვთო ქორწინების რიტუალი (შდრ. საქართველოშიც დადასტურებული ჩვეულება ახალდაქორწინებულთა პირველი ღამის გათევისა ბეღელში).
13. „შორიდან მოტანილს“ შუამდინარეთში სამშენებლო ქვა არ იპოვებოდა, ამიტომ ძველთაგანვე იგი შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ, რაც მაშინდელ პირობებში დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ერთი შუმერული თქმულების მიხედვით, ლეგენდარულ არათას ქვეყანას დაეკისრა ხარკად ურუქის მომარაგება საშენი მასალით, „მთიანეთის ქვებით“.
19. „შვიდი ბრძენკაცი“ იგულისხმება შვიდი აფქალი, რომელთაც მითოსის თანახმად კაცობრიული ცხოვრების გარიჟრაჟზე ცივილიზაცია დააფუძნეს. შვიდი ბრძენის ტრადიცია გავრცელებული იყო ძველი ცივილიზაციის ხალხებში, მაგ., ინდოელთა შვიდი რიში, ძველბერძენთა შვიდი პირველი ფილოსოფოსი.
20. აშურელ-ბაბილონელ მეფეთა სასახლის ბიბლიოთეკებში თიხის „წიგნები“ (დაფები) ხის სკივრებში ინახებოდა.
22. „ლაჟვარდის დაფა“ ლაჟვარდი ყოველი ძვირფასი საგნის მეტაფორაა.
30. ლუგალბანდა აქადური ეპოსის მიხედვით გილგამეშის პირადი ღვთაებაა, მისი მფარველი ანგელოზი. მაგრამ შუმერული ტრადიციის თანახმად იგი მის მამად და ნინსუნას ქმრად იწოდება. ცნობილია რამდენიმე შუმერული პოემა, სადაც მთავარ გმირად ფიგურირებს ჭაბუკი ლუგალბანდა ურუქის მეფე.
31. „ფურის ძუძუნაწოვარი“ ფური ამ ფორმულაში გილგამეშის დედის, ნინსუნას ეპითეტია. ძველი შუმერის გაღმერთებული მბრძანებლები ქალღმერთის რძით გამოკვებილად იყვნენ მიჩნეული.
44. „ტანში ჩადგმია ღმერთების ხორცი“ შუამდინარული სამეფო იდეოლოგიის მიხედვით მეფე ღვთიური წარმოშობისაა. შდრ. თქმა: „მეფე მზე თავის ხალხისა, ღმერთების ხორცი.“
51. „ურუქ-ფარეხი“ იგივე „გალავნიანი ურუქია“. ამ ეპითეტით ნათქვამია, რომ მოქალაქენი ურუქში ისევე არიან დაცულნი, როგორც ფარეხში ცხვრის ფარა.
7579. ქალღმერთი არურუ საშოდან კი არ შობს ენქიდუს, არამედ ძერწავს დანერწყვილი თიხისაგან და შთაბერავს სიცოცხლის სუნთქვას, ისევე როგორც ძველი აღთქმის ღმერთი ადამს. ამრიგად, არურუს მოქმედება ხელოვანის შემოქმედებას ედრება. ისიც ცნობილია, რომ მეთუნეობას ძველი კულტურის ხალხებში ქალები მისდევდნენ უპირატესად.
8188. ენქიდუს გარეგანი აღწერილობა მიგვითითებს, რომ იგი ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი კაცებრივი არსება, იგი ჯერ კიდევ ბუნების მოვლენაა. ნისაბა ყანების ღვთაებაა და მათი სიმწიფის პერსონიფიკაცია. მისი სიმბოლოა თავთავი, ხოლო თავად ქალღმერთი წარმოდგენილია ხნულებში მოარული მშვენიერი ქალწულის სახით. სუმუკანი ნადირთ პატრონია, გარეული ჯოგების ღმერთი. მათი ნაყოფიერების გამომწვევი, ღვთაებრივი მნერბავი.
98. „სახე გაუხდა შორი გზით მავალის“ ჩვენებურად: მკვდრის ფერი დაედო. „შორეული გზა“ ქვესკნელის გზაა, ამიტომაც ამ გზით მავალი „მკვდარს“ ნიშნავს. შდრ. დუმუზის ერთ-ერთი ეპითეტი „კაცი შორეული“ (ლუ-ბადუ), იმის აღსანიშნავად, რომ დუმუზი პერიოდულად გაუდგება ხოლმე ამ „შორეულ გზას“ ქვესკნელისკენ.
146. შამხათ როსკიპის სახელი აქადურად ნიშნავს „მხიარულებას“, „სიხარულს“. ეს სიტყვა იხმარება აგრეთვე საღვთო როსკიპთა საზოგადო სახელად.
238. ნინსუნა შუმ. „ქალბატონი-ფური“, რომლის ეპითეტია „გალავნის ფური“, ითვლებოდა ურუქის ადგილობრივ ღვთაებად. ურუქელი წარმოშობის მეფენი, რომელთაც ურის სახელმწიფო დააარსეს, თავიანთ თავს ნინსუნას საშოდან გამომავლად თვლიან და ამის გამო გილგამეში მათ „დიდ ძმად“ (შეშ-გალ) იწოდება.

დაფა მეორე
(ენქიდუს განკაცება)
1 მაშინ განიპობს სამოსელს შამხათ:
ერთი სამოსლით ენქიდუს შემოსავს,
მეორე სამოსლით თავად იმოსება.
ხელს ჩასჭიდებს, ღმერთივით მიუძღვის
მწყემსთა სადგომისკენ, სადაც ფარეხია.
შემოეხვევიან მწყემსები ენქიდუს,
ასე იზრახავენ ერთმანეთს შორის:
„ეს მოყმე გილგამეშს ჩამოჰგავს ტანით,
ტანით მაღალია და ძვალმსხვილი.
10 ალბათ ენქიდუა, ველების მკვიდრი,
ანუ მხედრობის ძალი შესძენია.
რძე ველურ ცხოველთა უწოვია,
ქურციკის ჯოგთან ბალახი უძოვია.

საჭმელი დაუდეს, 
დუმს და აკვირდება:
არ იცის ენქიდუმ საჭმელის ჭამა
და სმა სასმელისა არ უსწავლია.
დაძრა როსკიპმა ბაგე,
ასე ეუბნება ენქიდუს:
20 „იგემე, ენქიდუ, ჭამადი,
საზრდო სიცოცხლისა,
და შესვი სასმელი
ქვეყნის წესისამებრ.
იგემა ენქიდუმ ჭამადი ძღომამდე,
და შვიდი კათხა სასმელი შესვა.
განცხრა, შეეცვალა გუნება,
გული მოელხინა, სახე გაუნათდა.
ხელი მოისვა ბალნიან ტანზე,
ზეთით დაიზილა, კაცად გადაიქცა.
30 ჩაიცვა სამოსი, სიძეს დაემსგავსა,
მოიტანა მახვილი ლომების დევნად,
რათა მოესვენათ ფარეხში მწყემსებს.
მგლებს დაერეოდა, ლომებს შეიპყრობდა,
როცა სარქლებს ეძინათ.
ენქიდუ მათი მფარველია,
კაცი მღვიძარე, უებრო მოყმე.

იხარებს როსკიპთან ენქიდუ.
თვალს აღაპყრობს, კაცს დაინახავს,
ასე ეუბნება როსკიპს:
40 „შამხათ, კაცს მოუხმე! რისთვის მოსულა?
დაე, ნაუბარი მისი მოვისმინო“.
კაცს დაუძახა შამხათ როსკიპმა,
კაცი მოვიდა, შეხედა ენქიდუს.
„მოყმევ, სად ისწრაფვი? რა გაგჭირვებია?“
დაძრა მოყმემ ბაგე,
ასე ეუბნება ენქიდუს:
„სანთიობოში ვერავინ დადის,
მორჩილებაა მოკვდავთა ხვედრი:
ერს დაეკისრა გოდრების ზიდვა,
50 მხიარულ დიაცებს  ერის გამოკვება.
მხოლოდ გალავნიან ურუქის მეფისთვის
ხმიანებს საქორწინო დაფდაფი;
გილგამეშისთვის, გალავნიან ურუქის მეფისთვის,
ხმიანებს საქორწინო დაფდაფი.
წილხვედრილ სარძლოს იგი ეუღლება,
პირველად იგი, შემდგომად სასიძო.
ღვთიური განგებით ასე ბრძანებულა:
ჭიპის მოჭრისას კაცს ბედი უწყდება.
რა მოისმინა მოყმის ნაუბარი,
60 ფერი ეცვალა სახეზე ენქიდუს.

(ორთაბრძოლა)
წინ მიდის ენქიდუ, უკან როსკიპი.
რა შეაღწიეს გალავნიან ურუქში,
ერი გარშემო შემოეკრიბა.
გალავნიან ურუქის შუკად რა შედგნენ,
ხალხის კრებული ასე იტყოდა:
„ეს მოყმე წააგავს გილგამეშს,
მაღალია და ძვალმაგარი.
ველურ ცხოველთა რძე უწოვია,
ბალახი უძოვია ქურციკის ჯოგთან.
70 დღენიადაგ ილოცებს ურუქი,
გაიხარებენ ურუქის მოყმენი:
ძალგულოვანი გამოჩნდა გმირი.
გილგამეშს, მოყმეს პირმშვენიერს,
ღვთისდარი მეტოქე მოევლინა“.

გაშლილა იშხარას ღამის სარეცელი.
მივა გილგამეში, ღამით დაიძინებს,
შეეუღლება ღვთაებრივ იშხარას.
შუკად ენქიდუ მოემართება,
სანთიობოსკენ გილგამეშს გზას უღობავს.
80 ურუქის ქვეყანა იკრიბება მის ახლოს,
ხალხი აწყდება ირგვლივ,
მოყმენი ჯგუფდებიან ირგვლივ,
ჩვილი ბავშვებივით ფეხებს უკოცნიან.
იხილა ველური მოყმე გილგამეშმა:
უხვი ვარჯები მხრებზე აფენია.
დაიძრა, პირისპირ დაუდგა,
ერთურთს გაუსწორდნენ ფართე ალაგას.
კარი ჩაუკეტავს ენქიდუს ფეხით,
სანთიობოში შესვლას არ ანებებს.
90 მაშინ შეიბნენ მოზვრებივით,
ზღურბლი შეარყიეს, კედელი იძრა.
შეიბნენ ენქიდუ და გილგამეში მოზვრებივით,
ზღურბლი შეარყიეს, კედელი იძრა.
და რა ჩაიმუხლა მიწად გილგამეშმა,
იმწამსვე გული რისხვისგან დაუცხრა,
მღელვარე მკერდი დაუმშვიდდა.
მღელვარე მკერდი რა დაუმშვიდდა,
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
„ჰგავს, ერთადერთი ხარ დედისგან შობილი,
100 გალავნის ფურის, ნინსუნასაგან.
და მამრთა ზედა თავი აგიზიდავს,
ენლილს მოუცია ხალხზე მეუფება.
„აკოცეს ერთმანეთს და ძმობა შეჰფიცეს.

(ენქიდუს შვილება ნინსუნასგან)
დედასთან მიჰყავს გილგამეშს ენქიდუ,
ფარეხის ფურთან მიჰყავს ენქიდუ.
დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე ეუბნება დედას:
„ჰა, კაცი იგი, უდაბნოდან მოსული,
ძალღონით სავსეა იგი ამ ქვეყნად,
110 ანუს ლაშქარივით განმტკიცებულა.
სანთიობოს კარში გადამიდგა,
შიგ შესვლა აღარ დამანება,
მოზვრებივით შევებით ერთმანეთს,
ზღურბლი შევარყიეთ, კედელი იძრა.
არა ჰყოლია ენქიდუს სწორფერი,
ველად დაიბადა, ტოლი არ ჰყოლია,
თმები ეზრდებოდა როგორც ნისაბას,
ველური მხეცების ძუძუ უწოვია,
ბალახი უძოვია ქურციკის ჯოგთან.
120 აჰა, მოვიყვანე იგი შენს წინაშე,
აჰა, სწორ ჰყავი შენი ძის მიმართ“.

მაშინ დაძრა ბაგე ნინსუნამ,
ასე ეუბნება თავის ძეს, გილგამეშს:
„შვილო, მეგობარი შეგიძენია,
არ მიგატოვებს იგი არასოდეს!“

მერე მიუბრუნდა ენქიდუს ნინსუნა,
ასე ეუბნება გალავნის ფური,
ასე მიუთხრობს სასურველ ამბავს;
„ძლიერო ენქიდუვ, მე არ მიშობიხარ,
ჩემი წიაღის არ ხარ ნაშიერი.
130 ამიერიდან ამიყვანიხარ,
ჩემი ძისადმი შეწირულთ მიგათვლი, 
ქურუმ ქალებთან და ღვთისმხევლებთან“.
ქედზე ჩამოკიდეს ენქიდუს ნიშანი,
ქურუმმა ქალებმა ხელი ჩაჰკიდეს
და ადიდებდნენ ღვთიურნი ასულნი.

შენიშვნები
4. შუმერულ-აქადურ საბეჭდავებზე გამოსახულ ე.წ. წარდგინების სცენაზე შუამავალ ქალღმერთს ხელჩაკიდებული მიჰყავს მეფე ტახტზე მჯდომარე ღვთაებასთან.
4758. ეს ადგილი მეტისმეტად ბუნდოვანია ფრაზის უკიდურესი ლაკონიურობისა და ძნელად გასაგები ლექსიკის გამო. 5556 სტრ. თითქოს აშკარად მოწმობს, რომ გილგამეში ზედმეტად სარგებლობს პირველი ღამის უფლებით.
75. იშხარა სქესობრივი კავშირის ქალღმერთი. მისი სიმბოლოა ღრიანკალი. არსებობს გლიპტიკის ნიმუში, სადაც ტახტზე მწოლარე შეუღლებული წყვილის ქვეშ ღრიანკალია გამოსახული, ვითარცა ამ აქტის ნიშანი. ეპოსის ამ ადგილას იშხარა ქალის სახელია, რომელსაც გილგამეში ეუღლება.

დაფა მესამე
(გილგამეში კედარის დაპყრობას განიზრახავს)
1 ნაღველი ავსებს ენქიდუს შიგანს,
დადარდიანდა, ტირილად დაჯდა,
ცრემლით ევსება თვალები ენქიდუს,
გული უღონდება და მწარედ ოხრავს.
მაშინ მიჰხედა ძმობილს გილგამეშმა,
ხელი ჩაჰკიდა, მხარზე მოეხვია.
„ცრემლებით თვალები რად აგვსებია,
რამ შეგიღონა გული, რად ოხრავ?“
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
10 „ოხვრამ, მეგობარო, ყელი შემიხუთა,
მკლავი მომიდუნდა, ძალ-ღონე მელევა“.

მაშინ დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
„კედარის ტყეში მკვიდრობს ხუმბაბა,
წავიდეთ, მოვკლათ კედარის მცველი,
გავჩეხოთ მაღნარი კედარისა,
მიწის პირისაგან აღმოვფხრათ ბოროტი,
ყოველი ბოროტი, რაც სძულს შამაშს...“

დაძრა ბაგე ენქიდუმ,
20 ასე ეუბნება გილგამეშს:
„მთებში გადავყრივარ ხუმბაბას, ძმობილო,
როდესაც დავყვებოდი გარეულ ჯოგებს.
ერთ ბერუს მანძილზე ტყეებს აზანზარებს,
ვის ძალუცს მის გულში შეღწევა?
ხუმბაბას ღრიალი  ხმა გრიგალისა,
ხუმბაბას პირი  პირი ცეცხლისა,
ხუმბაბას სუნთქვა  სუნთქვა სიკვდილისა,
რად განგიზრახავს ამგვარი საქმე,
უსწორო ომი, ხუმბაბას დამხობა?“

30 დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
„მე მაინც ავალ მის მთიანეთში,
კედარის ტყეში მაინც შევაღწევ.
ვნახავ ბილიკებს კედროვანისას,
სადაც ხუმბაბას სამყოფელია.
მე წინ გავიჭრები, შენ უკან მომდევდე,
დიდი ჩუგლუგები გვექნება ორივეს.

დაძრა ბაგე ენქიდუმ,
ასე ეუბნება გილგამეშს:
40 „როგორ შევალთ, გილგამეშ, კედარის ტყეში?
კედარის მცველი მძლავრი მებრძოლია,
ხუმბაბა შამაშს განუმტკიცებია,
ადადს მრისხანებით აღუვსია,
და კედროვანის ხეთა დასაცავად
ხალხის დაშინება ენლილს მიუნდვია“.

დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
„ვის აუღწევია ცათამდი, ძმობილო?
მარტოდენ ღმერთები სუფევენ შამაშთან.
50 კაცთა ნათესავის დღენი დათვლილია,
მხოლოდ ქარია ნაღვაწი მისი.
ძმობილო, სიკვდილს დაუშინებიხარ,
სიქველეს შენსას ძალი გამოსცლია!
შენს უწინარეს მე გავიჭრები,
უკან მომძახოდე: მიდი, ნუ გეშინია!
უკეთუ დავეცი, სახელს დავიმკვიდრებ:
შეაკვდაო მეფე გილგამეში
კედარის დარაჯს, მძვინვარე ხუმბაბას.
ჩემმა ნაშიერმა, ჩემს სახლში შობილმა,
60 რომ გკითხოს,  გვამცნეო იგი ამბავი,
როგორ დაეცაო ქველი გილგამეში,
ჩემი წინაპარი, ძმობილი შენი, 
მაშინ მოიხსენებ სიქველეს ჩემსას.
ახლა მაგ უარით გულს ნუ დამიღონებ,
ხელს მე თვით აღვმართავ,
კედროვანს დავამხობ,
მარადიულ სახელს დავიმკვიდრებ.
წამო, მეგობარო, მჭედლები დავასაქმოთ,
დაე, საჭურველი თვალწინ ჩამოგვისხან“.

70 წავიდნენ ერთად, მჭედლები დაასაქმეს.
დასხდნენ ხელოსნები საქმის აღსრულებად:
თვალწინ ჩამოუსხეს დიდი ჩუგლუგები,
სამ-სამი ბილთუ წონის ნაჯახები.
დიდი სატევრები თვალწინ ჩამოუსხეს,
და მახვილები ორ-ორი ბილთუ.
ქარქაში მათი  მანა ოცდაათი,
ოქრო ოცდაათი  ვადის ვარაყი.
საჭურველი მოიღეს ორთავემ,
ათ-ათი ბილთუ თითომ იტვირთა.

80 ურუქის ჭიშკარს, შვიდურდულიანს,
სასმენად მისა ერი მოაწყდა,
ხალხით აღვსილიყო ურუქის შუკები,
რათა ეხილათ ქველი გილგამეში.
დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ურუქის მოყმეებს ეუბნება:
„მისმინეთ, ურუქ-ფარეხის მოყმენო!
ურუქის მოყმენო, ბრძოლებში გაწვრთნილნო!
ვბედავ, მივდივარ შორეულ გზაზე, სადაც ხუმბაბაა,
ბრძოლას ვაპირებ, რომელიც არ ვუწყი,
90 გზა დამილოცეთ, რომ წავიდე,
კვლავ თქვენი სახე მშვიდობით ვიხილო,
ურუქის კარიბჭეში გულმხიარული შემოვიდე,
დავბრუნდე და ახალწლის ზეიმი ორგზის გავმართო,
ახალწლის დღეები ორგზის ვიზეიმო,
ფურ-ნინსუნას წინაშე დაფდაფი ახმიანდეს!“
ენქიდუ უხუცესებს რჩევას აძლევს,
ურუქის მოყმეთ, ბრძოლებში გაწვრთნილებს:
„უთხარით, ნუ წავა კედარის ტყეში,
გზა იგი სავალი არ არის,
110 კაცი იგი სახილველი არ არის,
კედარის ტყის მცველი უბრძოლველია,
პირი მისი ცეცხლია, სუნთქვა მისი  სიკვდილი,
სამოც ბერუზე ესმის ტყის შრიალი,
ვინ არის მის ტყეში შემსვლელი?
პირველი ადადია, მეორე  თავად.
ვინ შეჰბედავს იგიგებს შორის?
ხელყოფისგან კედარის დასაცავად
ხალხის დაშინებად განაწესა ენლილმა.
მის ტყეში შემსვლელს მუხლი ეკეცება“.

110 ურუქ-ფარეხის უხუცესნი
მოვიდნენ, დასხდნენ მის წინაშე.
და ასე ეტყოდა მათ გილგამეში:
„ისმინეთ, გალავნიან ურუქის უხუცესნო,
გალავნიან ურუქის ერნო, ისმინეთ!
ასე იტყვის მეფე გილგამეში:
მივდივარ, რათა ვიხილო იგი,
ვისი სახელიც ქვეყნებს აზანზარებს.
მე მას შევიპყრობ კედარის ტყეში,
ვითარ მძლავრია თესლი ურუქისა,
120 ვამცნობ მთელ ქვეყანას.
ხელს აღვმართავ და კედარს გავჩეხავ,
მარადიულ სახელს დავიმკვიდრებ.

ურუქ-ფარეხის უხუცესნი
გილგამეშს სიტყვას უბრუნებენ:
„ჯერეთ ჭაბუკი ხარ, გილგამეშ, გული გერჩის!
რას ეპირები, თავად არ უწყი.
გვსმენია, ხუმბაბა, უცხო ქმნილებაა,
ვინ გაუსწორდება მის იარაღს?
130 ერთ ბერუს სივრცეზე მაღნარს აზანზარებს,
ვის ძალუძს მის გულში შეღწევა?
ხუმბაბას ღრიალი  ხმა გრიგალისა,
ხუმბაბას პირი  პირი ცეცხლისა,
ხუმბაბას სუნთქვა  სუნთქვა სიკვდილისა.
რად განიზრახე ამგვარი საქმე,
უსწორო ომი, ხუმბაბას დამხობა?
სამოც ბერუზე ესმის ტყის შრიალი,
ვის შეუძლია მის გულში შეღწევა?“
ყურად არ იღო მრჩეველთა სიტყვა,
140 თვალი მიაბრუნა, ძმობილს გაუღიმა,
და ასე ეტყვის გილგამეშ ენქიდუს:
„თუნდაც გვეშინოდეს, უკან არ დავიხევთ,
წავალთ კედროვანში, ხუმბაბას მოვკლავთ,
კედარს გავჩეხავთ, სახელს დავიმკვიდრებთ.
წამო, ძმობილო, ეგალმახს მივიდეთ,
ნინსუნას წინაშე, მაღალ დედოფლისა.
ბრძენია ნინსუნა, უწყის ყოველი,
ნაბიჯებს წრფელად წარგვიმართავს.

ხელი ხელს ჩაჰკიდეს, მიდიან,
150 ეგალმახს მიდიან გილგამეში და ენქიდუ,
ნინსუნთან, დიდ დედოფალთან.
ადგა და ეახლა ქალღმერთს, თავის დედას, გილგამეში,
და ასე ეტყვის გილგამეში ნინსუნს:
„ნინსუნ, გამიბედავს ამგვარი საქმე:
შორ გზას ვადგივარ, სადაც ხუმბაბაა,
ბრძოლას ვაპირებ, რომელიც არ ვუწყი,
ლაშქრობად ვმხედრდები, რომელიც არ ვუწყი.
გევედრები, დამლოცე, რომ წავიდე,
კვლავ შენი სახე მშვიდობით ვიხილო,
160 ურუქის კარიბჭეში გულმხიარული შემოვიდე,
დავბრუნდე და ახალწლის ზეიმი ორგზის გავმართო,
ახალწლის დღეები ორგზის ვიზეიმო,
შენს წინაშე დაფდაფი ახმიანდეს!
ვიდრე მივდივარ, არ მოვბრუნებულვარ,
ვიდრე კედარის ტყეს მივაღწევდე,
ვიდრე მძლავრ ხუმბაბას მოვაკვდინებდე,
ვიდრე აღმოვფხვრიდე მიწის პირისაგან
ყოველ ბოროტებას, შამაშის საძულველს, 
შამაშის წინაშე მეოხად მეყავ“.

(ნინსუნას თანადგომა)
170 ფურ ნინსუნს ემწარა გილგამეშის სიტყვები.
შვიდგზის შევიდა საბანელში,
სურნელოვან წყალში თავი განიბანა,
სამოსი ჩაიცვა სხეულის საშვენი,
ჩაიცვა ფარაგი, გულმკერდის საშვენი,
დაიდგა თავზე ბრწყინვალე გვირგვინი,
და წმიდა წყალი აპკურა მიწას.
აჰყვა საფეხურებს, ბანზე ავიდა,
ბანზე ავიდა და საკმეველი მიართვა შამაშს.
უკმია შამაშს საკმეველი და ხელნი აღაპყრო:
180 „რაკი მარგუნე შვილად გილგამეში,
დაუცხრომელი სული რად ჩაუდგი!
აწ შენ აღგიძრავს და მიემართება
შორეულ გზაზე, სადაც ხუმბაბაა,
პირისპირ დგება უცნობი ბრძოლის,
უცნობ ლაშქრობად ამხედრებულა.
ვიდრე მიდის და არ მობრუნებულა,
ვიდრე კედარის ტყეს მიაღწევდეს,
ვიდრე მძლავრ ხუმბაბას მოაკვდინებდეს,
ვიდრე აღმოფხვრიდეს მიწის პირისაგან
190 ყოველ ბოროტებას, შენს საძულველს, 
იმ დღეს დაბრუნდეს, რომელსაც დაუთქვამ.
აიას შენი არ ეშინოდეს,
რძალი აია მარად გახსენებდეს,
ანდო გილგამეში ღამის მოდარაჯეთ,
როდესაც მიმწუხრისას ჩაესვენები.
[. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .]
კედარის ტყეში გილგამეშის ლაშქრობისას,
დღე გახანგრძლივდეს, ღამე გახანმოკლდეს,
სარტყელი ერტყას, ფართედ აბიჯებდეს,
ღამით კარავი მზად ჰქონდეს საყოფელად,

200 როდესაც გილგამეშ-ენქიდუ და ხუმბაბა შეიბმებიან
მიუქროლე, შამაშ, ხუმბაბას დიდი ქარიშხლები,
ცამეტი ქარი აღიძრას, ხუმბაბას სახე დაუბნელონ,
და გილგამეშის იარაღი მისწვდეს ხუმბაბას,
[. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .]
დაე, ღმერთებმა, შენმა ძმებმა, ძღვენი მოგართვან,
აიამ, დიდმა რძალმა, თავისი სუფთა კალთით
ოფლი მოგწმიდოს!“
ფური ნინსუნი შამაშის წინაშე სათხოვარს იმეორებს:
„შამაშ, გილგამეში არ არის ღმერთი, ერთი თქვენგანი?
შენთან ერთად ცას არ ინაწილებს?
მთვარესთან ერთად კვერთხს არ ინაწილებს?
210 აფსუს ეასავით ბრძენი არ არის?
ირნინისთან ერთად შავთავიან ხალხს არ განაგებს?
ნინგიშზიდასთან ერთად უკანმოუქცეველ
ქვეყნად არ მკვიდრობს?“
[. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .]

(გზის დალოცვა უხუცესთაგან)
მაშინ მოუტანეს დიდი სატევარი,
მშვილდი და კაპარჭი ხელში ჩააბარეს,
ვეება მშვილდი ანშანის ქვეყნისა.
ხელში მოიმარჯვა დიდი ჩუგლუგი,
და სატევარი სარტყელში გაირჭო.
ვიდრე გავიდოდნენ ურუქის ჭიშკარს,
ვიდრე შორეულ გზას დაადგებოდნენ,
220 გარს აწყდებოდა ურუქის ერი,
ჰკითხავდნენ: ურუქს როდის დაბრუნდები?
უხუცესობა ერთხმად აკურთხებდა,
და რჩევას ატანდა გზაზე გილგამეშს:
„მშვიდობით დაუბრუნდი ურუქის ყურეს.
ნუ დაენდობი საკუთარ ძალას,
თვალი გიჭრიდეს, თავი დაიცავ,
წინ მიმავალი თანამგზავრს იხსნის,
იცის ბილიკები, მეგობარს დაიფარავს,
ენქიდუ მუდამ წინ მიგიძღოდეს:
230 გზებზე ნავალია, იცის მისადგომნი,
და ყველა ხვეული ხუმბაბას ბილიკთა.
ბრძოლის მნახველია, ომში გამოცდილი.
ენქიდუმ მეგობარი დაიცვას, თანამგზავრი იხსნას!
მისი თავი მის ცოლებს დაუბრუნოს!
დაე, აგისრულოს შამაშმა ნატვრა,
და შენგან თქმული თვალით გახილვინოს.
შენთვის განამზადოს გზები გაუვალი,
გათელოს გზები შენდა სავალად,
შენთა ფეხთათვის შელეწოს მთები.
240 ღამემ მოგიტანოს ნანატრი ამბავი,
ლუგალბანდას მარჯვენა გფარავდე
მხარში ამოგიდგეს შენდა გამარჯვებად.
რა მოკლავ ხუმბაბას, ასე რომ ესწრაფვი,
გახსოვდეს, ფეხნი განიბანე.
ჟამს მიმწუხრისას ჭა ამოთხარე,
ანკარა წყალი გედგას მათარაში,
რათა მარადღე შამაშს უღვრიდე.
ენქიდუვ, ჩვენი კრებულიდან გაბარებთ
მეფეს, დაგვიბრუნე, ჩაგვაბარე მეფე!“

250 მაშინ დაძრა ბაგე ენქიდუმ,
ასე ეუბნება უხუცესთა კრებულს:
„ეს მე ვარ, ენქიდუ, ვინაც გილგამეშს
მძლავრ ხუმბაბასკენ სალაშქროდ მიჰყვება!
ვიდრე მიდის და არ მობრუნებულა,
ვიდრე კედარის ტყეს მიაღწევდეს,
ვიდრე მძლავრ ხუმბაბას მოაკვდინებდეს,
თუნდაც თვე გავიდეს,  არ მივატოვებ,
თუნდ წელი გავიდეს,  არ მივატოვებ!
ახლა კი გაჰყევ შენს გზას, გილგამეშ!
260 ნუ შეგეშინდება, მცველად მიგულე:
მე ვუწყი ხუმბაბას ბინა-სამყოფელი,
ყველა ბილიკი, სადაც ის დადის“.

მაშინ დაძრა ბაგე გილგამეშმა,
ასე მიმართავს უხუცესთა კრებულს:
„იმედით მავსებს ძმობილი ჩემი,
ენქიდუ, ჩემი თანამავალი.
აწ კი ჭეშმარიტად გეტყვით, უხუცესნო:
აჰა, მივდივარ გულმხიარული.

როდესაც მოისმინეს მისი ნათქვამი,
270 შორეულ გზაზე ასე გაისტუმრეს:
„იარე, გილგამეშ, გზა მშვიდობისა!
ღვთაება შენი შენს გვერდით ვლიდეს,
და ნატვრას თვალით გახილვინებდეს,
შამაში ბოროტს აგაშორებდეს,
ნაბიჯებს ბრძნულად წარგიმართავდეს!“

შენიშვნები
16. ხით ღარიბი შუამდინარეთისათვის ტყიანი ქვეყნებისკენ ლაშქრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმთავითვე. უძველესი ისტორიული ცნობა კედარის იმპორტისა იპოვება ლაგაშის მეფის, ეანათუმის (ძვ. წ. XXV ს.) წარწერაში. კედარის ხით დაინტერესებული იყვნენ ეგვიპტის ფარაონები, ისრაელის მეფე სოლომონი და სხვანი.
23. ბერუ მანძილის ერთეული, ორი საათის სავალი.
42. შამაში მზის ღმერთი, სიმართლისა და სამართლიანობის ღვთაება.
43. ადადი ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი.
45. ენლილი ძველი შუმერული ღმერთი, უზენაესი ტრიადის (ანუ, ენლილ, ენქი) მეორე წევრი. აქადურ მითოსსა და ეპოსში იგი კაცობრიობისადმი მტრულად განწყობილი ღმერთია. მისი ინიციატივით მოხდა საყოველთაო წარღვნა. თუმცა შუმერულ ხანაში იგი შუმერის ნაციონალური ერთიანობის ღმერთი იყო.
5051. შუამდინარეთისათვის დამახასიათებელი განცდა წუთისოფლის წარმავლობისა სხვაგვარადაც არის გამოთქმული: „კაცთა მოდგმა და მისი ნაღვაწი ერთიანად განადგურდება. ეს ნაღვლიანი განწყობილება ბოლომდე გასდევს აქადურ ლიტერატურას. იგი ძველი აღთქმის წიგნებშიც პოულობს გამოძახილს: „სახელი ჩვენი დავიწყებულ იქმნეს ჟამსა შინა და არავინ მოიხსენნეს საქმენი ჩვენნი“ (სიბრძნ. სოლომ.). ამავე მოტივზეა აგებული ეკლესიასტეს წიგნი.
73. ბილთუ წონის ერთეული, დაახ. 30 კგ.
96. უხუცესნი უძველეს ხანაში ქალაქ-სახელმწიფოს მეფე ვალდებული იყო უხუცესთა საბჭოს რჩევისათვის მოესმინა, როცა ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი საქმე იყო გადასაწყვეტი. არსებობდა მეორე საბჭოც „მოყმეთა კრებული“ (იხ. ქვემოთ „გილგამეში და აგა“).
194. „ღამის მოდარაჯენი“ ანუ მხმილავნი, რომელთა შორის განაწილებულია სამი სადარაჯო (ძველქართულად სახმილავი) ღამისა, სხვანაირად, მამლის სამი ყივილი: ჟამი „ვარსკვლავთა ამობრწყინებისა“, ჟამი შუაღამისა და ჟამი განთიადისა.
215. ანშანი მხარე შუმერის ჩრდ.-აღმოსავლეთით, ელამის ქვეყანაში, სადაც მშვილდისარი უძველესი ხანიდან ყოფილა ცნობილი. ბაბილონურ ასტრონომიაში ერთ-ერთ თანავარსკვლავედს „ელამური მშვილდი“ (ანშანის მშვილდი) ეწოდება.
245. ჭების ამოთხრა დიდად მნიშვნელოვანი აქტი იყო როგორც შუამდინარეთში, ისე პალესტინის უწყლო უდაბნოებში (იხ. „გილგამეში და აგა“). ძველი აღთქმის პატრიარქები აბრაამი, ისაკი და იაკობი გამუდმებით თხრიდნენ ჭებს სხვადასხვა ადგილას. უდაბნოში მოგზაურობისას აუცილებელი ხდებოდა ჭის ამოთხრა სასმელი წყლის მოსამარაგებლად.


დაფა მეოთხე
(მგზავრული სიზმრები)
1 ოც ბერუს მანძილზე გატეხეს პური,
ოცდაათ ბერუზე სათევი მოაწყვეს.
სამ დღეში განვლეს თვენახევრის სავალი.
შამაშის წინაშე ჭა ამოთხარეს,
შესაწირავი ჩაყარეს ჭაში.
მერე გაემართნენ ღამის გასათევად.
შუაღამისას გაუტყდათ ძილი.
ადგა გილგამეში სიზმრის ასახსნელად
და ასე ეტყვის მეგობარს, ენქიდუს:
10 „ადექ, გაჰხედე მთათა მწვერვალებს!
ღვთისმიერი ძილი განმეშორა.
ძმობილო ჩემო, ვიხილე სიზმარი,
რაოდენ უცხო, მძიმე, საშინელი!
ვებუღრავებოდი გარეულ ხარებს,
ხმელეთს არყევდა მათი ღმუილი,
ბუღი მიწიდან ცამდე ადიოდა,
ერთის წინაშე მუხლებზე ჩავიჩოქე,
შემიპყრო, მკლავში ჩამეჭიდა
და ღონემიხდილი მიწად დავეცი.
20 მერე მოვიდა ვიღაც, აღმადგინა,
წყალი შემასვა თავის მათარიდან.

ამგვარად უხსნის ენქიდუ სიზმარს:
„ღმერთი ყოფილა, ვინაც მიგვიძღვება,
და ხარი იგი ხარი არ ყოფილა!
ხარი რომ იხილე, მცველი შამაშია,
გაჭირვებაში ხელს გამოგვიწვდის.
ვინც წყალი გასვა თავის მათარიდან,
შენი საკუთარი ღვთაებაა,
ლუგალბანდაა შენი მწყალობელი.
30 იმგვარი საქმის გვიწევს აღსრულება,
რაც ამ ქვეყნად ჯერ არ მომხდარა“.

ოც ბერუს მანძილზე გატეხეს პური,
ოცდაათ ბერუზე სათევი მოაწყვეს.
შამაშის წინაშე ჭა ამოთხარეს,
შესაწირავი ჩაყარეს ჭაში.
მერე გაემართნენ ღამის გასათევად.
და ძილი, ღამის ნიაღვარი,
ღვარად მიეღვარა გილგამეშს.
შუაღამისას გაუტყდა ძილი
40 და ამგვარ სიზმარს უამბობს ენქიდუს:
„ხომ არ მაღვიძებდი? რატომ გამეღვიძა?
ენქიდუ, მეგობარო, ვიხილე სიზმარი.
პირველ სიზმარზე შემზარავია
მეორედ ზმანებული სიზმარი.
სიზმრად, ძმობილო, მთა მომიახლოვდა,
ძირს დამცა, ფეხნი გამიკავა.
იმძლავრა შუქმა შემზარავმა
და მოყმე ვინმე თვალწინ მომევლინა,
მოყმე ამქვეყნად უმშვენიერესი.
50 გორაკის ძირთან მიმიყვანა,
წყალი მასვა და გულზე მომეშვა,
მიწას დამადგინა ჩემივე ტერფებით“.

ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
„წამო, მეგობარო, აზრი მოვიკრიბოთ.
უცხოა ყოველი ზმანებული,
მხოლოდ მთა იგი არ არის უცხო.
ნუ შეგეშინდება, შიში განიშორე,
კეთილი ნიშანი გამოგიჩნდება:
მოყმე, ვინც იხილე, გმირი შამაშია,
60 ვისაც მიაპყარ მზერა შენი,
სხეული შენი ვინც იხსნა ჯადოსგან,
ის ივლის შენთან ყოველ გასაჭირში.
მთა, შენგან ხილული, არის ხუმბაბა.
შევიპყრობთ ხუმბაბას, მოვაკვდინებთ,
და მის გვამს ველად გადავაგდებთ.
როდესაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
კვლავ გზას გაუდგა ორი მეგობარი.
ოც ბერუს მანძილზე გატეხეს
პური, ოცდათ ბერუზე სათევი მოაწყვეს.
70 შამაშის წინაშე ჭა ამოთხარეს
და მიწაყრილზე შედგა გილგამეში,
შესაწირავი ჩაყარა ჭაში.
„მთაო, მოავლინე სიზმარი...“
და მთამ მოავლინა სიზმარი...
სწრაფად გადიქროლა გრილმა ნიავქარმა,
და გილგამეში მიწად მიაწვინა,
ხორბლის თავთავივით თავი დაუმძიმა.
ნიკაპით დაეყრდნო მუხლის თავებზე.
და ღამის ღვარი  ძილი ჩაეღვარა.
80 შუაღამისას გაუტყდა ძილი,
ადგა, ეუბნება მეგობარს თვისას:
„ხომ არ მიხმობდი? რატომ გამეღვიძა?
არ მომკარებიხარ, რაღატომ შევკრთი?
ღმერთს არ ჩაუვლია? რაღამ გამაშეშა?
ძმობილო, ვიხილე მესამე სიზმარი,
სიზმარი იგი, რომელიც ვიხილე,
თავიდან ბოლომდე შემზარავია:
გრგვინავდა ზეცა, მიწა გუგუნებდა,
დღე იღრუბლებოდა, წყვდიადი დგებოდა,
90 ელავდა ელვა, ალი ენთებოდა,
სქელი ღრუბელი სიკვდილს აწვიმებდა.
ელვა რა გაქრა, ხანძარიც ჩაქრა,
და რაც ეცემოდა, ნაცრად იქცეოდა.
გავიდეთ ველად, აზრი მოვიკრიბოთ“.

ასე აუხსნა ენქიდუმ სიზმარი:
„კეთილად ახდება შენი სიზმარი,
ნიშანი მისი კეთილად მოჩანს:
დავამხობთ ხუმბაბას, გავჩეხავთ კედარს, და ბოროტს
აღმოვფხვრით მიწის პირისგან.

100 რა მიუახლოვდნენ ტევრის მისადგომებს,
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
„გაიხსენებდე ურუქში ნათქვამს,
დროა, აღსრულდეს იგი დანაქადი.
ქვეყანას ამცნე, რაზომ ძლიერი ხარ,
გილგამეშ, ურუქის ღირსო ნაშიერო!“
რა ესმა გილგამეშს ძმობილის სიტყვები,
გაუხალისდა იმედით გული.

მძვინვარე ხარივით თავი რა აღმართა,
ერთი იყვირა მთელი ხმით ხუმბაბამ,
110 შორიდან ყვირის ტყეთა მოდარაჯე.
მეორედ იყვირა მთელი ხმით ხუმბაბამ.
ხუმბაბა  ხმა მისი გრიგალი.
მესამედ იყვირა მთელი ხმით ხუმბაბამ...
მაშინ გაააღო ენქიდუმ ბაგენი, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გილგამეშს:
„ტყის გულში ნუ შევალო, ძმობილო ჩემო,
გული შემიღონდა, მკლავები მომერღვა.
მაშინ გილგამეშმა გაააღო ბაგენი, ამეტყველდა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
120 „ენქიდუვ, გული რამ შეგიღონა?
ხომ გაგივლია ბევრი განსაცდელი,
გამოცდილი ხარ მრავალ ბრძოლაში!
სამოსელს ჩემსას რა შეეხები,
მყისვე დაგტოვებს სიკვდილის შიში.
ლომის ხმას ბაძავდეს შენი ხმიანება,
თითქოს დაფდაფზე ვცემდეთ ყიჟინას,
გული აგევსება ბრძოლის სურვილით,
გარღვეულ მკლავებში ძალა აღგიდგება.
აღდეგ, მეგობარო, ერთად შევიდეთ,
130 მომყევი, სიკვდილს ნუღარ ახსენებ,
სიფხიზლე მართებს გულად მებრძოლსაც,
უფრორე ფრთხილობს წინ მიმავალი,
რომ დაიფაროს თავის თანამგზავრი.
ომში დაცემულნი დიდებას იხვეჭენ“.

ასე მიადგნენ გორაკს ამწვანებულს,
დადუმდნენ, შედგა ორი მეგობარი.


შენიშვნები
4. „შამაშის წინაშე ჭა ამოთხარეს“ ამ შემთხვევაში ამ აქტს საკულტო მნიშვნელობა აქვს. ამბავი ღამით ხდება, როცა მზის ღმერთი შამაში მიწისქვეშა ოკეანეშია განსასვენებლად. ამიტომაც ითხრება ჭა, რათა მზის ღმერთთან კავშირი დამყარდეს.
8891. მთელი ეს სიზმარი წარმოადგენს ესქატოლოგიურ სცენას ქვეყნის აღსასრულის სურათებით. ამ შემთხვევაში მოასწავებს ხუმბაბას განადგურებას.


დაფა მეხუთე
(კედარის ტყეში)
1 დგანან და მაღნარს შესცქერიან,
აკვირდებიან კედარის წვეროკინს,
აკვირდებიან ტყეში შესასვლელს.
ხუმბაბას ნავალზე კვალი დაჩენილა,
გზები გამართულა კეთილსავალი.
ხედავენ გორაკს კედროვანისას,
ირნინის საყდარს  ღვთაებრივ სამყოფელს.
კედარს სიუხვე მათ წინ აღუმართავს:
ჩრდილი აქვს კეთილი, შვებით აღსავსე.
10 იზრდება ეკლნარი, იზრდება ბუჩქნარი,
კედარს უსურვაზი გარს შემოხვევია.

ერთ ბერუს მანძილზე შევიდნენ ტყეში.
და რა გაიარეს ორი მესამედი,
ცული იმარჯვა ხელში გილგამეშმა
და ერთი კედარი წამოაქცია.
როდესაც მოესმა ხმა იგი ხუმბაბას,
განრისხდა ხუმბაბა, მთელი ხმით ყვირის:
„ჩემს კედროვანში ვინ შემოსულა!
ხე ვინ შეურაცხყო ჩემს მთებში გაზრდილი?
20 კედარი ჩემი ვინ წამოაქცია?“

ხუმბაბას ღრიალი  ხმა გრიგალისა,
ხუმბაბას პირი  პირი ცეცხლისა,
ხუმბაბას სუნთქვა  სუნთქვა სიკვდილისა.
შვიდმაგი პერანგი მოსავს ხუმბაბას,
შვიდმაგი ელვით ელავს ხუმბაბა,
შვიდმაგი ელვა ანათებს კედროვანს.

ასე ეუბნება გილგამეში ენქიდუს:
„ძმობილო, უკეთუ შევებით ხუმბაბას,
ელვა გაქრება ამ კორიანტელში,
30 ელვა გაქრება, სინათლე ჩაქრება.
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
„ძმობილო ჩემო, შეიპყარ ფრინველი,
სად გაგექცევიან ბარტყები მისი?
მერე მოვიძიოთ ელვის ნაპერწკლები,
ბარტყებივით რომ იფანტებიან.

ცრემლი ეღვრება თვალთაგან გილგამეშს,
ასე ევედრება ზეციერ შამაშს:
„შენ აღმძარ, შამაშ, და მეც გავემართე
შორეულ გზაზე, სადაც ხუმბაბაა,
40 პირისპირ ვდგავარ უცნობი ბრძოლის
დღემ მოაწია ურუქში დათქმულმა:
მომაკვლევინე მძლავრი ხუმბაბა,
რათა ამოვძირკვო მიწის პირისაგან
ყოველი ბოროტი, შენი საძულველი.
ახლა შემეწიე, ჰე, გმირო შამაშ,
ახლა დაგვიფარე ხუმბაბას რისხვისგან“.
შამაშმა შეისმინა გილგამეშის ვედრება,
მაღლით ჩამოსძახის ზეციური შამაში:
„მიუახლოვდით, ნუ შეშინდებით,
50 მიჰყევით, ვიდრე ბინად შევიდოდეს.
შვიდკეც პერანგში იგი იმოსება,
ერთი ჩაუცვამს, ექვსი დარჩენია.

აუშვა შამაშმა მძაფრი ქარები,
რვა ქარი უბერავს ხუმბაბას ირგვლივ,
ქარნი უბერავენ ხუმბაბას თვალებს,
ზურგში უბერავენ ხუმბაბას ქარები,
და მას არ ძალუძს წინ წაწევა,
და არც გაბრუნება უკან არ ძალუძს.
მაშინ კი დაცხრა მრისხანე ხუმბაბა,
60 ასე ევედრება მეფე გილგამეშს:
„გამიშვი, გილგამეშ, ბატონად მეყავ.
და მე ვიქნები მსახური შენი.
კედარის ხეები ხარკად მომიძღვნია,
კედარის ხეები, ჩემს ტყეში გაზრდილი.
კედარს მოგიჭრი, სახლებს აგიგებ...“

დაძრა ბაგე ენქიდუმ, ასე ეუბნება გილგამეშს:
„ხუმბაბას სიტყვას ნუ დაუჯერებ,
ხუმბაბას ცოცხლად ნუ დასტოვებ.
ხუმბაბას თუ არ მოაკვდინებ,
70 ურუქ-ქალაქში ვეღარ დაბრუნდები.
„შეესმა გილგამეშს მეგობრის სიტყვა,
მარჯვენა ხელში ნაჯახი იმარჯვა,
და ქედზე დასცა იგი ხუმბაბას,
შემდეგ ენქიდუმ, მისმა მეგობარმა.
მესამე დარტყმაზე დაეცა ხუმბაბა,
დადუმდა ხუმბაბა ცნობამიხდილი.
ხუმბაბა, მცველი, რა მიწად დასცეს,
ორ ბერუს სივრცეზე შეირხა კედარი.
მასთანვე დასცა კედარი ენქიდუმ,
80 ხმაური მისწვდა ხერმონს და ლიბანს,
შემდეგ დამშვიდდა მთელი მთიანეთი,
დამშვიდდა ყველა მთაგრეხილი.

მოიტანეს ბადე ვრცელზე უვრცელესი,
ჩამოხსნეს რვა გუ წონის სატევარი,
და სხვა საჭურველი იმავე წონისა.
გახსნეს იდუმალი ბინა ანუნაქთა.
წამოაქცევდა ხეებს გილგამეში,
ტოტებს კი ენქიდუ კაფავდა.
ასე ეუბნება ენქიდუ გილგამეშს:
90 „გილგამეშ, გავჩეხეთ კედარის ტევრი,
ახლა კი გავიდოთ მხრებზე ნამორები
და გავატანოთ ევფრატის დინებას.
შამაშის წინაშე წყალი დავღვაროთ“.

შუბზე ააგეს ხუმბაბას თავი,
და ძღვნად მიართვეს ზეციერ შამაშს.
შენიშვნები
7. ირნინი – ქალღმერთი, ზოგიერთის აზრით, იშთარის ერთ-ერთი განსახიერება. თუმცა კედარის ეპიზოდში ეს ქალღმერთი და მისი ტახტი აღარ ფიგურირებს. უნდა ვიფიქროთ, რომ იგი აქ ნახსენებია წმინდა მეტაფორული მნიშვნელობით. ამავე დროს არ შეიძლება არ გავიხსენოთ ბიბლოსის ქალღმერთი, რომელსაც ეგვიპტის ფარაონის წარგზავნილები ამ მხარის კედროვანში შესვლისას მსხვერპლს სწირავენ.
25. „შვიდმაგი ელვით ელავს...“ – „ელვა“ ან „ელვარება“ არაზუსტი თარგმანია შუმ. სიტყვისა მელამ – შემაძრწუნებელი ბრწყინვალება, რომელსაც ასხივებს ღვთიური ან ღვთაებასთან წილნაყარი არსება. მთელი ძალით გამოვლინებული მელამი ისეთ გარემოს ქმნის, სადაც მოკვდავისთვის შეღწევა შეუძლებელია, თუ მას ტანში „ღმერთების ხორცი არ უდგას“, როგორც გილგამეშს. ასეთივე შემაძრწუნებელ ელვარებას ასხივებენ მორიელ-კაცები, მზის აღმოსავალ-დასავალს რომ დარაჯობენ (დაფა IX, 28). შდრ. ქართ. ზღაპარს: „... მივიდნენ თუ არა მთის ძირში, მეფის შვილი ააკანკალა დევის შუქმა, მაგრამ ირმისამ გაამაგრა. როცა ორიოდე ადლის სიახლოვეს მივიდნენ, ორივენი დააბრმავა შუქმა“ (ხალხ. სიბრძნე, 1, 1963, გვ. 59).
86. ანუნაქები – ქვესკნელის დემონები შუმერულ პანთეონში. რას გულისხმობს „იდუმალი ბინა ანუნაქთა“ გაუგებარია; შესაძლოა, რომელიღაც დაკარგული მითოსის გამოძახილი იყოს.

დაფა მეექვსე
(იშთარის შეგინება)
1 და რა იშრომეს, წვირი განიშორეს,
უხვი ვარჯებით მხრები განიმშვენეს.
ყრია წარწყმედილი, ჰმოსავთ განწმედილი,
რიდე მოუსხამთ, ბალთები შეუკრავთ.
როდესაც დაიდგამს გვირგვინს გილგამეში,
მაღალი იშთარი ვნებით გადმოჰხედავს
და თვალს დაადგამს მშვენებას მისას.
„მოდი გილგამეშ, მეუღლედ მეყავ!
მე მომიძღვენი ნაყოფი შენი!
10 შენ ქმარი იყავ, მე ცოლი ვიქნები.
ოქროს და ლილაქვის ეტლს ავაგებინებ,
ბორბლებად  ოქრო, ხელნებად  თითბერი.
ეტლში შეგიკაზმავ ქარიშხლის რაშებს.
შემო ჩვენს სახლში, კედარის სურნელში!
და ჩვენს სასახლეში შენი შემოსვლისას,
ფეხთ დაგიკოცნიან ზღურბლი და ტახტი.
და შენს წინაშე მუხლებს მოიყრიან
თავად ხელმწიფენი, ზეპურნი მთავარნი.
ხარკად მოგიძღვნიან ნაყოფს მთა-ბარისას,
20 თხის არვე შენი სამ-სამად გიშობს,
მარჩბივად გიშობენ ცხვარნი.
ვირი დატვირთული ჯორს წამოეწევა,
ეტლის ცხენები რბოლით განითქმიან,
შენს უღლის ხარებს ტოლს ვინ მოუძებნის“!
დაძრა ბაგე გილგამეშმა, იტყვის,
ასე ეუბნება დიდებულ იშთარს:
„რა ძალმიცს მოცემად, უკეთუ გითხოვე?
უხვად გაქვს სხეულის ზეთი და სამოსი,
უხვად გაქვს პური და საზრდელი,
30 ჭამადი, ღვთაებათა საშვენი,
სასმელი, მეუფეთა საშვენი,
მე წმიდა ხორბლით აგივსებ ბეღლებს,
ძვირფასი სამოსით კერპებს შეგიმოსავ,
მაგრამ ცოლად კი ვერ წაგიყვან.
ვის დაიფარავ ქარში და ავდარში?
ღრიჭე კარი ხარ, ქარის ვერდამჭერი,
სასახლე  მამრთა დამღუპველი,
ხარო ხარ, მზაკვრულად გათხრილი,
კუპრი  დამსვრელი მისი მზიდველის,
40 ტიკი  დამსველებელი მისი მზიდველის,
კირქვა ხარ, ზღუდით მონაშალი,
შანა, უცხოეთში ვერმფარავი,
ხამლნი, პატრონის ფეხთა მკბენელნი.
რომელი მწყემსი გიყვარდა მარად?
რომელი მწყემსი, რომ სათნო ეყავ?
აჰა, საყვარლებს შენსას ჩამოგითვლი:
თამუზს, საყვარელს შენი სიყრმისას,
წლიდან წლამდე გლოვა გადაუწყვიტე.
ერთხელ ფრინველი ჭრელი შეგიყვარდა,
50 შეეხე, ფრთენი დაულეწე,
„ჩემი ფრთები!“  გაჰყვირის ტყეებში.
სრულძალოვანი ლომი შეგიყვარდა,
შვიდი და შვიდი ხარო გაუთხარე.
გიყვარდა ცხენი, ომში დიდებული,
დეზები, აღვირი, შოლტი გადაუწყვიტე,
შვიდ ბერუზე ჭენება გადაუწყვიტე,
გაოფლილს წყლის სმა გადაუწყვიტე,
დედამისს, ღვთაებრივ სილილის,
გლოვა გადუწყვიტე.
60 მწყემსი თხის არვეთა გიყვარდა,
მარად რომ გიცხობდა ნაცარში პურებს,
მარადღე თიკნებს რომ გიკლავდა,
შეეხე, მგლად გადააქციე,
ედევნებოდნენ მისივე ბიჭები
და მისივ ძაღლები თეძოებს უგლეჯდნენ.
იშულანუ, მამაშენის მებაღე გიყვარდა,
მარადღე ფინიკის ნაყოფს რომ გიძღვნიდა,
მარადღე ტაბლას რომ გიმკობდა.
თვალი დაადგი და ვნებით აივსე:
70 ვიგემოთ ძალი შენი, იშულანუ!
ხოლო გეტყოდა შენ იშულანუ:
დედა თუ არ მიცხობს, სხვა პურს ვერ შევჭამ,
პური ვით ვიგემო ავი და ბინძური?
ყინვაში ლერწამი ვის დაიფარავს?
როდესაც მოისმინე ნათქვამი მისი,
შეეხე, ობობად აქციე,
წისქვილის ბორბალში დაასახლე,
მაღლა ვერ ადის, ვერც დაბლა ეშვება.
თუ შემიყვარე, მსგავსად მომექცევი“.


(ქალღმერთის რისხვა)
80 რა გაიგონა ეს იშთარმა,
განრისხდა იშთარი, ზეცად აიწია.
წარუდგა იშთარი მამამისს, ანუს,
ანთუს, დედამისს, წარუდგა იშთარი.
„მამავ, შეურაცხმყო გილგამეშმა,
გილგამეშმა გამიხსენა ჩემი სიავენი,
ჩემი სიავენი და მწიკულებანი.
დაძრა ბაგენი ანუმ, ამეტყველდა,
ასე ეუბნება დიდებულ იშთარს:
„ჭეშმარიტად შენ გამოიწვევდი,
90 და გილგამეშმა გაგიხსენა შენი სიავენი,
შენი სიავენი და მწიკულებანი“.
გააღო იშთარმა ბაგენი, ამეტყველდა,
ასე ეუბნება მამამისს, ანუს:
„მამავ, შემიქმენ ზეციერი მოზვერი,
გილგამეში, დაე, მოაკვდინოს.
და თუ ზეციერ მოზვერს არ შემიქმნი,
შევლეწავ ბჭეებს ქვესკნელისას,
და ახალ წესებს დავამყარებ:
მკვდრებს ამოვიყვან ცოცხლების შემჭმელთ,
100 და მკვდრები ცოცხალთ აღემატებიან“.

ანუმ დაძრა ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება დიდებულ იშთარს:
„თუ შეგისრულე, რასაც შენ მოითხოვ,
შვიდ წელიწადს ბზე მოვა ფუტურო,
ხალხისთვის ხორბალი თუ დააგროვე?
თუ აღმოაცენე ჯოგისთვის ბალახი?“
დაძრა ბაგე იშთარმა, ამეტყველდა,
ასე ეუბნება მამამისს, ანუს:
110 „ჯოგისთვის ბალახი აღმოვაცენე.
თუ შვიდ წელიწადს ბზე მოვა ფუტურო,
ხალხისთვის ხორბალი მოგროვილი მაქვს,
ბალახი, ჯოგისთვის აღმოცენებული.


(ცის ხარი)
რა ესმა ანუს ნათქვამი მისი,
თხოვნა აღუსრულა დიდებულ იშთარს.
ზეციერი მოზვერი ურუქს ჩამოგზავნა,
მოადგა ევფრატს ზეციერი მოზვერი.
მოზვრის სუნთქვაზე გაიპო მიწა,
ასი ურუქელი ნაპრალში ჩავარდა.
120 მეორე სუნთქვაზე გაიპო მიწა,
ორასი ურუქელი ნაპრალში ჩავარდა.
მესამე სუნთქვაზე გაიპო მიწა,
ენქიდუ ჩავარდა ნაპრალის გულში.
ამოხტა ენქიდუ, რქებში მოეჭიდა,
დორბლი მიაშხეფა მოზვერმა სახეში
და მიუტყლაშუნა სისქე კუდისა.

დაძრა ბაგე ენქიდუმ, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გილგამეშს:
„ბევრგან ვისახელეთ, მოყვასო, თავი,
130 აწ როგორ ვძლიოთ ზეციერ მოზვერს?“
„ძმობილო, მივუხვდი ხრიკებს მოზვრისას,
ჩვენ ძალგვიცს მისი მოკვდინება.
ამოვგლეჯ გულს და შამაშს მივართმევ,
ხელოსნებს მოვუხმობ  რქები შეუფასონ.
ზეთით სავსე რქებს ლუგალბანდას მივართმევ.
თუ ხარი მეძგერა, კუდზე მოეჭიდე,
მე კი რქებს შუა ვუგმირავ მახვილს“.
მისდევს ენქიდუ ზეციერ მოზვერს
და ეჭიდება კუდის სისქეში.
140 მაშინ მოიხელთა ჟამი გილგამეშმა 
რქებს შუა უგმირა მახვილი.
რა მოკლეს მოზვერი, გული ამოგლიჯეს
და დადვეს იგი შამაშის წინაშე.
უკან დაიხიეს, შამაშს დაუჩოქეს
და შემდეგ დაჯდა ორი მეგობარი.
ავიდა იშთარი ურუქის ზღუდეზე,
ქონგურზე შედგა, წყევლა გადმოღვარა:
„ვაი, გილგამეშს, რომ შეურაცხმყო,
მომიკლა ზეციერი მოზვერი!“
150 რა ესმა ენქიდუს იშთარის სიტყვები,
ხარს ბეჭი მოჰგლიჯა, წინ დაუგდო:
„ნეტავ შემეძლოს შენი შეპყრობა,
ჭეშმარიტად მას დაგამსგავსებდი,
გადაგკიდებდი მხრებზე მის ნაწლავებს!“

იხმო იშთარმა შეწირული ასულნი,
იხმო შამხათები და ხარიმათები,
და ხარის ბეჭზე გლოვა წამოიწყო.
ხოლო გილგამეშმა ხელოსნებს უხმო,
მესაჭურჭლენი შეკრიბა ყველა.
160 სისქეს რქებისას აქებენ ოსტატნი:
„ოცდაათი მანა მათი საფირონი,
ვარაყი  სისქე ორი თითისა.
ექვს გურ ზეთს დაიტევს ყანწი თითეული.
სანელსაცხებლედ უძღვნის გილგამეში
დიდ ლუგალბანდას, თავის ღვთაებას,
და მის ბრწყინვალე სადგომში დაჰკიდებს.

ევფრატის წყალში ხელი განიბანეს
და უკუმოიქცნენ ხელჩაკიდებულნი 
ასე ვიდოდნენ ურუქის შუკებში.
170 მათ მზერად შეკრიბა მთელი ურუქი.
ურუქელ ასულთ, მეჩანგე ქალებს,
ასე უყიოდა გილგამეში:
„ვინ არის ბრწყინვალე მოყმეთა შორის?
ვინ არის ქებული მამაცთა შორის?“
ასე პასუხობდნენ მეჩანგე ასულნი:
„გილგამეშ ბრწყინვალეა მოყმეთა შორის!
ენქიდუ ქებულ არის მამაცთა შორის!“

სასახლეში გამართა ლხინი გილგამეშმა.
ეძინათ მოყმეთ, საწოლში მწოლარეთ,
180 ეძინა ენქიდუს: ხედავდა სიზმარს.
და აღდგა ენქიდუ სიზმრის ასახსნელად,
ასე ეუბნება მეგობარს:
„მეგობარო, რას ბჭობენ დიდი ღმერთები?

შენიშვნები
13. ეს სტრიქონები შინაგანი და კიდური რითმებით არის გაწყობილი:
იმსი მალეშუ, უბბიბა ბელეშუ,
უნასის ქიმმასუ, ელუ ცერეშუ,
იდდი მარშუთიშუ, ითთალბიშ ზაქუთიშუ
4. რიდე – თავსახვევი, თავ-კისრის მოსასხამი.
10. „შენ ქმარი იყავ...“ საქორწინო (თუ ნიშნობის) რიტუალის სიტყვიერი ფორმულა, რომელსაც წარმოთქვამდა სასძლო იმ ხანაში, როცა მასზე იყო არჩევანი. დუმუზი-ინანას შუმერულ სიმღერებში ქალღმერთი თავისი ნება-სურვილით ირჩევს საქმროს. ეს პრივილეგია ქალისა ასახულია ხამურაბის კანონებშიც (ძვ.წ. XVIII ს.), სადაც ქალს გარკვეულ შემთხვევებში უფლება აქვს მისთხოვდეს „თავისი გულის სასურველ კაცს“.
12. ხელნა ურმის უბის ძირითადი შემადგენელი ნაწილი, წყვილი ხე, რომელთა თავები შეტყუპებულია, უკანა ნაწილი კი სამკუთხოვნად არის გაშლილი. მათზეა ასხმული კოფოები, ჭალები, თარები და სხვა. ერთი ხელნა არის, მაგრამ რაკი წყვილია ამოყენებაში ხელნებიც იხმარება. მარხილის, კაბდოს, ფარცხის ასევე სამკუთხედად შეკრულ ხეებს, რომელთა შეწყვილებულ თავში ხარ-უღელი აებმის ხელნა//ხელნები ჰქვია.
14. შდრ. „სართულნი სახლისა ჩვენისა კედარისანი“ (ქებათა ქება, 1:16) ასე ეუბნება ქალი თავის სატრფოს.
18. ზეპური სოციალური ფენა ქართლის (იბერიის) სამეფოში. დამოწმებულია „შუშანიკის მარტვილობაში“. ზეპური ქვემო ქართლში იმ დიდ აზნაურთა სახლისშვილებს ეწოდებოდათ, რომლებიც სეფეწულებზე იყვნენ დამოკიდებული.
38. „ხარო ხარ...“ ამგვარი შედარება ხშირია აქადურ ტექსტებში, მაგ.: „ქალი ჭა არის, ჭა, ორმო და თხრილი“.
39. შდრ. საწუთროს მიმართ ნათქვამი: „გაბასრული ხარ მწიკვლითა, აროდეს განირეცხები, ვინც რომე შენა გეხების, ფისივით ზედა ეცხები“ („დავითიანი“ „კაცისა და საწუთროსაგან ცილობა...“, სტრ. 50).
4447. აქ ჩამოთვლილ იშთარის სატრფოთაგან მხოლოდ თამუზია ცნობილი აქადურ ლიტერატურაში. თამუზი ჭაბუკი მწყემსია, იშთარის შეყვარებული, რომელიც ქვესკნელიდან ამოსულმა ქალღმერთმა თავის ნაცვლად ჩააბარა ქვესკნელის დემონებს და დასაღუპად გასწირა. სხვა ტექტებში ინანა ცხარედ მოთქვამს თამუზის დაღუპვას.
6065. ამ მწყემსი ბიჭის ამბავი გვაგონებს მონადირე აკტეონის თქმულებას, რომლის თანახმადაც, იგი, არტემისის მიერ ირმად ქცეული, საკუთარმა ძაღლებმა დაგლიჯეს.
70. „ძალი შენი“ იგულისხმება სექსუალური ძალა ან პირდაპირ პენის.
97100. ეს სტრიქონები მცირე ცვლილებებით იმეორებს პასაჟს აქადური მითოსიდან „იშთარის ჩასვლა ქვესკნელში“. ამ სიტყვებით იმუქრება იშთარი, როდესაც მას ქვესკნელის კარიბჭეს არ უღებენ. ასევე იმუქრება ჰელიოსი, როდესაც ზევსისგან ოდისევსის თანამგზავრების დასჯას მოითხოვს: „ჩავალ ჰადესის სამეფოში და მკვდრებს გავუნათებ“ (ოდისეა, XII, 387).
104. „ფუტურო ბზე“ მოუსავლიანობისა და შიმშილის ნიშანი. ასევეა ძველ აღთქმაში, სადაც შიმშილის შვიდი წელი სიმბოლიზებულია „შვიდი ფშუტე და ხორშაკისგან დახრუკული“ თავთავით (დაბ. 41:6), რაც შეესატყვისება აქადურ ბზეს (თუ ჩალას).
151. ხარის ბეჭი ცხოველის ეს ნაწილი ხშირად გვხვდება რიტუალურ ტექსტებში მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებით. ფიქრობენ, თითქოს ეს სიტყვა ამ პასაჟში ფალოსის მნიშვნელობით არის ნახმარი (ენქიდუ ხარის ბეჭის სროლით თითქოს კიცხვით შეახსენებს იშთარს მისი კულტის ამორალურ ხასიათს).
156 შამხათები და ხარიმათები საღვთო როსკიპთა, იშთარის კულტის მსახურთა, სახელწოდებანი (შდრ. ენქიდუს მაცთუნებელი როსკიპის სახელი შამხათ).
161. მანა წონის ერთეული, დაახ. 0,5 კგ. გური სითხის საწყაო, საკმაოდ დიდი მოცულობისა.


დაფა მეშვიდე
(ენქიდუს ვნებანი)
1 ისმინე, მეგობარო, წუხანდელი სიზმარი:
კრებულად ისხდნენ დიდი ღმერთები,
ანუ, ენლილი, ეა და შამაში.
ასე მიმართავდა ანუ გმირ ენლილს:
რამეთუ მოკლეს ზეციერი ხარი,
მოკლეს ხუმბაბა, კედროვანის მკვიდრი,
ერთი მათგანი, ვინც კედარს კოდავდა,
უნდა მოკვდინებულ იქნას.

ენლილი იტყვის: „მოკვდეს ენქიდუ!
10 ხოლო გილგამეში არ უნდა მოკვდეს!“
მაშინ მიუბრუნდა შამაში გმირ ენლილს:
„განა არ მოკლეს შენივე ბრძანებით
ხუმბაბა და ზეციერი მოზვერი?
რად უნდა მოკვდეს უცოდველი ენქიდუ?“
რისხვით მიუბრუნდა შამაშს ენლილი:
„შენ თავად მსგავსი ხარ ერთი მათგანისა,
რაკი დღე ცისმარე დადიხარ მათთან!“
გილგამეშის წინ იწვა ენქიდუ,
ღვარად სდიოდა გილგამეშს ცრემლი:
20 „ტკბილო მეგობარო, შენს წილ გამამართლეს!
ნუთუ მომელის მკვდრის სულთან ჯდომა,
სიკვდილის სულის ბჭეთა წინაშე?
ნუთუ ჩემს ძმობილს ვეღარ ვიხილავ?“
განახვნა ბაგენი ენქიდუმ, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გილგამეშს:
„მეგობარო, საქმენი ჩვენი გავიხსენოთ,
რაიც ჩავიდინეთ შამაშის რჩევით.
კედარის ხისგან კარი გამოვთალეთ,
მის გამო შემემთხვა სენი უკურნელი.

30 თვალნი ზე აღაპყრო სნეულმა ენქიდუმ,
კარს ესიტყვება ვითარცა სულიერს:
„ჰოი, უსულგულო კარო ხისაო,
არ გაგაჩნია შესმენის ნიჭი 
ოც ბერუს მანძილზე ხე გამოგიძებნე,
გამოგირჩიე მაღალი კედარი.
შენს ფიცრებს ამ ქვეყნად ტოლი არ უდევთ,
ექვსი გარია შენი სიმაღლე,
და ორი გარი სიგანე შენი.
შეგქმენ, წამოგიღე, ნიპურში გაკურთხე,
40 ღირსი ურდულებით ფრთები დაგიმშვენე.
მცოდნოდა, კარო, ეს დღე ბედკრული,
და საზღაური ჩემი შრომისა,
ნაჯახს აღვმართავდი, მოვჭრიდი ლელიანს,
ლერწმით შეგიკრავდი წყეულ კარედებს.
დაე, წაგიღოს უცხოთა მეფემ,
დაე, ამოშალოს სახელი ჩემი,
ჩემს წილ სახელი თვისი ამოკვეთოს!“

რა შემოესმა ნათქვამი ესე,
მყის მწარედ ატირდა;
50 რა ესმა გილგამეშს ენქიდუს ნათქვამი,
მყისვე თვალთაგან ცრემლი დაედინა.
დაძრა ბაგე გილგამეშმა, ამეტყველდა,
ასე ეუბნება ენქიდუს:
„უცნაურს რად ამბობ გალავნიან ურუქში,
ბრძენკაცო, უცნაურს გული რად გიზრახავს?
კეთილ არს სიზმარი, თუმც შიში მოაქვს,
კაცს შიში იგი ხესავით აშრობს.
კეთილი სიზმარიც შიშის მომტანია,
სიზმარი ცოცხალს ანაღვლიანებს,
60 ცოცხალს მწუხარება წილად ხვდომია,
აწ მე ვილოცებ ღმერთების მიმართ,
ღვთაებას შენსას მე შევევედრები,
ვინძლო შეგიწყალოს ღმერთების მამამ,
ვინძლო გულმოწყალე გექმნეს ენლილ
ურიცხვი ოქროთი შევუმკობ ქანდაკს.
ასე ეუბნება გილგამეშს ენქიდუ:
„ფუჭად დახარჯავ, ძმობილო, ოქროს,
ღმერთების სიტყვა გარდუვალია,
მოკვდავთა ნათქვამს იგი არა ჰგავს.
70 სიტყვა, გამოსული მათ ბაგეთაგან,
არ შებრუნდება, გარდუვალია.
ნაყარი წილი არ შებრუნდება.
ძმაო, გადამიწყდა იგი ბედისწერა,
მოკვდავს რაც ეწევა ადრე თუ გვიან“.

თავი აღაპყრო სნეულმა ენქიდუმ,
მზერა მიაპყრო შამაშის ძალას,
შამაშის წინაშე ეღვრება ცრემლები.
ასე ევედრება ენქიდუ შამაშს:
„დოვლათი დაუვსე წყეულ მონადირეს,
80 მკლავი მოუდუნე, მზერა დაუშრიტე,
გზა-კვალი აებნას შენს წინ მონადირეს,
თვალწინ გაურბოდეს ნანატრი ნადირი,
სურვილს ვერ ეწიოს მონადირე!“
გული მიუწევს შამხათის წყევლად:
„აწ მოდი, შამხათ, ბედს გადაგიწყვეტ,
სამარადისოდ რომ არ შეწყდება,
საშინელი წყევლით დაგწყევლი,
და წყევლა იგი სწრაფად მიგხვდება:
სატრფომ ალერსი შენი მოიძულოს,
90 დაე, შეგიყვარდეს შენივე ნაყოფი,
მონა ქალების ბედი შეგშურდეს!
სახლში დაგისვაროს ეზოს საქონელმა,
თავად ისვრებოდე შენსავ განავალში.
მეკეცის ქურასთან ძაღლივით თბებოდე.
გზის პირი იყოს შენი სამყოფელი
და ზღუდის ჩრდილი სადგომად გექმნეს.
შენს ფერხთა წინაშე შარდავდეს კაცი,
მთვრალი და ფხიზელი სახეში გცემდეს,
უშვერი სიტყვით სახელს გიხსენებდნენ,
100 რამეთუ მაცდური საფრხე დამიგე,
უკურნებელი სენი შემამთხვიე“.

მოესმა შამაშს მისი ნათქვამი
და ჩამოსძახა შორეულ ზეცით:
„რად შეაჩვენებ შამხათს, ენქიდუვ,
ვინაც ღვთაების ღირსად დაგაპურა,
ვინც ღვინო გასვა მეფეთა საშვენი,
ვინაც დიდებული სამოსით შეგმოსა,
გილგამეშ ქველი მოგცა თანამგზავრად.
ახლა გილგამეში, ღვიძლი მეგობარი,
110 განგასვენებს დიდებულ საწოლზე,
ღირსეულ საწოლზე განგასვენებს.
დაგავანებს შვების სამყოფელში,
სამყოფელში მარცხენა მხარისა.
მიწის მთავარნი ფერხთ დაგიკოცნიან,
შენთვის აატირებს ერს ურუქისას,
ღირსეულ გლოვას გაგიმართავს,
და ღვთის მხევალნი წესებს აგიგებენ
თავად შენს შემდგომად ტანს აღარ განიბანს,
ლომის ტყავს ჩაიცვამს ველად მოარული“.

120 რა ესმა ენქიდუს გმირი შამაშისა,
მყისვე დაუცხრა მრისხანე გული.
და რა დაუცხრა მძვინვარე გული,
და რა შეინანა ენქიდუმ წყევა,
დაძრა ბაგე, ამეტყველდა:
„მოდი, შამხათ, ბედს გადაგიწყვეტ,
ჩემმა ბაგემ რომ დაგწყევლა, ახლა დაგლოცავს:
დაე, საყვარელი შენი დაგიბრუნდეს,
დაე, სანატრელს გულისას ეწიო,
დაე, უყვარდე მეფეთ და დიდებულთ,
130 დაე, გეშოროს შეურაცხმყოფელი.
ბერი შენს ხილვაზე წვერებს შეარხევდეს,
ჭაბუკი სარტყელს შეიხსნიდეს.
დაე, მოგართმევდნენ ოქროს და საფირონს.
დაე, შემგინებელს მიეზღოს სასჯელი,
კერა დაეშრიტოს, ბეღელი დაევსოს.
ღმერთების წინაშე შეჰყავდე ქურუმს.
შენი ტრფობისათვის ცოლი დაუტევონ,
თუნდ იყოს დედა შვიდი შვილისა“.


(შავეთში)
წევს სარეცელზე სნეული ენქიდუ,
140 წევს სარეცელზე სრულიად მარტო.
დილით გაანდო მეგობარს სატკივარი:
„მეგობარო, წუხელ სიზმარი ვიხილე,
გრგვინავდა ზეცა, მიწა ბანს აძლევდა,
ვიდექი მარტო ამ ხმაურში.
ბნელსახიანი გამოჩნდა კაცი,
პირისახით ანზუს მსგავსი იყო,
ხელები მისი  თათები ლომისა,
ტანთ ესხა ფრთები არწივისა,
ფრჩხილებად არწივისვე კლანჭები.
თმებში ჩამეჭიდა, დამძლია.
150 სამოსი ჩემი ტანს შემომაძარცვადა
ასე შიშვლად ჩამძირა უფსკრულს.
თვისი სხეულის ორეულად მაქცია,
მხრები დამიფარა ფრინველის ნაკრტენით
შემიპყრო, შავეთს ჩამიყვანა,
წყვდიადის სახლში, ირქალას ბინად,
სახლში, სად შემსვლელი უკან ვერ ბრუნდება,
სახლში, სად მკვიდრთა შუქი წართმევიათ,
მტვერი აქვთ სასმელად, საჭმელად  თიხა,
მოსავთ ფრთოსანთა ნაკრტენის სამოსი
160 და ნათელს ვერ ჭვრეტენ წყვდიადის მკვიდრნი.
მტვერი აფენია კარებს და ურდულებს.
და მტვერის სახლში, სადაც მე შევედი,
დამხვდნენ მეფენი გვირგვინმოხდილნი,
და გვირგვინოსანნი, ვინაც განაგებდნენ
ცოცხალთა ქვეყნებს გარდასულ დღეებში,
ვინაც ანუს და ენლილის წინაშე
შემწვარი ხორცით აწყობდნენ სუფრას,
სამსხვერპლო პურებით ტაბლას ამკობდნენ,
და მსხვერპლად ანკარა წყალს უღვრიდნენ.
170 და მტვერის სახლში, სადაც მე შევედი,
მკვიდრობს ქურუმი და მგალობელი,
მკვიდრობს ქადაგი და შემლოცველი,
მკვიდრობენ საღმრთო ჭურჭლებზე მზრუნველნი,
მკვიდრობს ეთანა, მკვიდრობს სუმუკანი,
მკვიდრობს ქვესკნელის დედოფალი ერეშქიგალი,
და ბელით-ცერის, ქვესკნელის მწერალს,
მუხლი მოუყრია დედოფლის წინაშე.
ხელთ უპყრავ დაფა და აღმოიკითხავს.
თავი რა აღაპყრო, მე დამინახა,
180 მზერა მომაპყრო, მზერა სიკვდილისა:
„ბედს მოუგვრია ეს კაცი ჩემთან...
„აჰა, ძმობილო, სიზმარი ჩემი.


(სასიკვდილო სარეცელი)
რა დღესაც სიზმარი იხილა,
დღე იგი მწუხრად მიიწურა.
წევს ენქიდუ ერთ დღეს, მეორე დღეს,
სარეცელზე მძიმდება სენი.
წევს ენქიდუ მესამე დღეს, მეოთხე დღეს,
სარეცელზე მძიმდება სენი.
წევს ენქიდუ მეხუთე დღეს, მეექვსე დღეს,
190 სარეცელზე მძიმდება სენი.
წევს ენქიდუ მეშვიდე დღეს, მერვე დღეს,
სარეცელზე მძიმდება სენი.
წევს ენქიდუ მეცხრე დღეს, მეათე დღეს,
სარეცელზე მძიმდება სენი.
წევს ენქიდუ მეთერთმეტე დღეს, მეთორმეტე დღეს,
სარეცელზე მძიმდება სენი.
კვლავ წევს ენქიდუ თავის სარეცელზე,
და ბოლოს უხმობს გილგამეშს, ძმობილს:
„ძმობილო, ენლილს დავუწყევლივარ,
200 არ ვკვდები ომში დაცემულთა დარად,
რამეთუ ბრძოლის მუდამ მეშინოდა.
ვინც ომში მოკვდა, კურთხეულია,
მე კი სარეცელზე სიკვდილი მელის“.


შენიშვნები
123. ეს მონაკვეთი ჩართულია ეპოსის ხეთური ვერსიიდან. სავარაუდოა, რომ ამგვარი შინაარსის სიზმარი აქადურ დედანშიც ყოფილიყო.
37. გარი სიგრძის ერთეული, დაახ. 7 მ.
113. მარცხენა მხარის სამყოფელი იგივე მკვდართა სამეფო, შავეთი (ევფემისტური გამოთქმა).
114. მიწის მთავარნი ქვესკნელის მთავარნი, ან მიცვალებულთა სულები, რომლებიც შავეთში პრივილეგიებით სარგებლობენ.
155. „წყვდიადის სახლში...“ ეს მონაკვეთი იმეორებს აქადური მითოსის („იშთარის ჩასვლა ქვესკნელში“) დასაწყის სტრიქონებს. ირქალა ქვესკნელის დედოფალი, იგივე ერეშქიგალი.
174. ეთანა მეფე-მწყემსი, რომელიც არწივმა აიყვანა ცაში „შობის ბალახის“ მოსაპოვებლად. ერთ შუმერულ ელეგიაში ეთანა გილგამეშთან ერთად იხსენიება შავეთის ბინადართა შორის. სუმუკანი ქვესკნელის დროებითი მდგმურია, როგორც მომკვდარი და მკვდრეთით აღმდგარი ღვთაება.
176. ბელით-ცერი აქად. „ველის (უდაბნოს) ქალბატონი“, ქვესკნელის ქალღმერთი, შესაძლებელია, თავად ერეშქიგალის სხვა სახელი იყოს. „ველი“ (ან „უდაბნო“) აქ ქვესკნელის სინონიმია.


დაფა მერვე
(ენქიდუს გლოვა)
1 როდესსაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
ამგვარად იგლოვდა ძმობილს გილგამეში:
„ენქიდუ, დედას  ქურციკს უშობიხარ,
და მამას  კანჯარს, ველად მოარულს.
ველური ვირები რძეს გაწოვებდნენ,
შენ გზრდიდა ყველა კუდდამშვენებული,
ველური ჯოგი ყველა საძოვრისა!
ენქიდუ, გიტირონ კედარის ბილიკთა,
დღედაღამ გიტირონ შეუსვენებლივ!
გიტირონ უხუცესთა ფართო ურუქისა,
10 გიტიროს ყველამ, ვინც კი გვლოცავდა!
გიტირონ მწვერვალთა ტყიანი მთებისა!
სადაც მე და შენ ერთად ავდიოდით!
მოთქვამდნენ საძოვრები, როგორც დედა,
ფისით ცრემლოდნენ კედარის ხენი,
რომელთა შორის რისხვით გავიარეთ!
გიტიროს დათვმა, ჯიქმა და აფთარმა,
ვეფხმა და ლომმა, ჯიხვმა და ირემმა,
ქურციკმა, ხარმა და ქვეწარმავალმა!
გიტიროს ულამ, წმიდა მდინარემ.
20 რომლის ნაპირები ერთად მოგვივლია!
გიტირონ წმიდა წყლებმა ევფრატისა,
რითაც დღენიადაგ მათარებს ვავსებდით!
გიტირონ ურუქის ვაჟთა და ასულთა,
რომელთა თვალწინ ცის ხარი მოვკალით!
გიტიროს გუთნისდედამ თავის გუთანთან,
ტკბილ ალალაში გიდიდოს სახელი!
გიტიროს მწყემსმა თავის ფარეხში,
რძესა და ერბოს პირში რომ გაწვდიდა!
გიტიროს მელუდემ, ლუდს რომ შეგასმევდა,
30 გიტიროს, ვინაც პურს მოგაწვდიდა,
გიტიროს, ვინაც სასმელს შეგასმევდა!
გიტიროს როსკიპმა, ვინაც სხეულზე
ზეთს ტკბილსურნელოვანს გაცხებდა!
გიტიროს სიძემ, ვინც შენი რჩევით
გულის სასურველ სასძლოს იძენდა!
გიტირონ ძმებმა, როგორც დებმა,
შენს გამო თმები გაიშალონ!
დაგტირი, ენქიდუვ, ვით შენი დედ-მამა
შენს ძველ სანახებში დაგიტირებდა!

40 მისმინეთ, მოყმენო, მისმინეთ მე,
მისმინეთ, ფართო ურუქის უხუცესნო, მისმინეთ მე!
ჩემს მეგობარს, ენქიდუს დავტირი,
მოტირალი ქალივით ცხარედ მოვთქვამ!
ცული მარჯვენისა, იმედი მკლავისა,
მახვილი სარტყელისა, ფარი ჩემს წინაშე,
სამოსი განცხრომისა, ქამარი შვებისა,
ბოროტმა ქარმა შემომაძარცვა.
ძმობილო ჩემო უმრწემესო, კანჯართა მდევარო,
მდევარო უდაბნოს ლომებისა!
50 ენქიდუვ, უმრწემესო, კანჯართა მდევარო,
მთები რომ ერთად გადაგვილახავს,
ზეციერი მოზვერი რომ მოგვიკლავს,
ხუმბაბა მოგვიკლავს, კედროვანის მკვიდრი, 
ახლა რა ძილი გჭირს, რომ შეუპყრიხარ,
ცნობა მიგხდია და ვეღარ მისმენ?“
ენქიდუს თავი ვერ აუწევია;
მკერდზე ეხება  გული არ უძგერს.
სახე დაუფარა როგორც სარძლოს,
როგორც არწივი ზედ დაბოინობს,
60 მიდამოუვლის მეგობრის ცხედარს
როგორც ძუ ლომი, ლეკვებწაგვრილი.
თმებს იგლეჯს, ირგვლივ მიმოფანტავს,
ხევს და განაგდებს სხეულის მშვენებას.
ექვს დღეს და შვიდ ღამეს ასე დასტიროდა,
მაგრამ ვერ აღდგა მის ხმაზე ძმობილი.
არ მიაბარა იგი სამარეს,
ვიდრე ნესტოებში მატლი არ შეუძვრა.

როდესაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
ძახილით შეჰყარა ერი გილგამეშმა:
70 „ეჰა, ქვისმთლელნო და ოქრომჭედელნო,
ბრინჯაოს ოსტატნო, მოვედით ჩემთან!
მეგობარს ჩემსას ქანდაკი აუგეთ!
ამგვარი იყოს მეგობრის ქანდაკი:
სახე  ალებასტრი და თვალნი  ლილაქვა,
გულმკერდი  ოქრო, კიდურნი – ბრინჯაო.

დაძრა გილგამეშმა ბაგე, ამეტყველდა:
„ახლა კი ღვიძლმა ძმობილმა შენმა
განგასვენე დიდებულ საწოლზე,
ღირსეულ საწოლზე განგასვენე,
80 და შვების სამყოფელში დაგსვი,
სამყოფელში მარცხენა მხარისა.
მიწის მთავარნი ფერხთ დაგიკოცნიან,
შენს გამო ურუქის ერს ავატირებ,
შენს გამო მხიარულ ხალხს წუხილით ავავსებ.
თავად შენს შემდგომად ტანს აღარ განვიბან,
ლომის ტყავს ჩავიცვამ, ველად გავიჭრები!“
როდესაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
სარტყელი შეიხსნა გილგამეშმა...

(ფრაგმენტული ტექსტიდან ჩანს, რომ გილგამეშმა თავისი საგანძურიდან გამოიტანა უზომო ოქრო-ვერცხლი და ძვირფასეულობა ღმერთებისთვის შესაწირავად, მერე დახოცა ნასუქალი ხარები დაცხვრები და მეგობრისთვის დაახვავა, რათა მეგობრის სულის მოსაოხად მთელი ხორცი ქვესკნელისმთავრებისთვის წაეღოთ.)


შენიშვნები
739. დატირების უძველესი ნიმუში მსოფლიო მწერლობაში. ენქიდუ მთელმა ბუნებამ უნდა იტიროს, რადგან იგი ბუნების შვილი იყო „მოყმე გარეული ველთა წიაღისა“. ენქიდუს დასტირიან გარეული ჯოგები, როგორც ხოგაის მინდიზეა ნათქვამი: „მაღლის ჭიუხის ნადირი სატირლად ემზადებოდა“.
19. მდინარე ულა ულაი, მდინარე ელამში, ჩაუდიოდა მის მთავარ ქალაქს, სუზას (ძველ შუშანს). აწინდელი ქარუნი მიაჩნიათ მის ქვემო დინებად. ცნობილია ძველი აღთქმიდანაც (დან. 8:2).
58. „სახე დაუფარა როგორც სარძლოს“ ამ კონტექსტში სარძლოს ხსენება ნიშანდობლივია იმ მხრივ, რომ ბევრ ხალხებში საქორწილო და დაკრძალვის რიტუალები ერთმანეთის მსგავსი იყო, უფრო სწორად, ამ ორი, თითქოს ერთმანეთის საწინააღმდეგო მოვლენის დროს ერთი და იგივე რიტუალები სრულდებოდა.

დაფა მეცხრე
(ველად გაჭრა)
1 გილგამეშ ენქიდუს, მეგობარს თვისას,
ცხარედ დასტირის ველად მოარული:
„ნუთუ მეც მოვკვდები ენქიდუს მსგავსად?
შიგანში წუხილი შემეპარა,
სიკვდილს შევუშინდი, ველად ვიარები.

უბარა-თუთუს ძისკენ, უთანაფიშთისკენ
გზას დაადგა, სწრაფ მიემართება.
ღამით მიადგა მთის უღელტეხილებს,
ლომებს შეეყარა და შეშინდა.
10 თავი აღმართა სინისადმი ვედრებად,
ღვთიური ნათლისკენ ვიდოდნენ ლოცვანი:
„ჰოი, სინ, შენ დამიფარავდე!“
და რა ილოცა, დაწვა გილგამეში.
როდესაც გამოერკვა ღამეულ სიზმრიდან,
ხედავს, ლომები ხარობენ სიცოცხლით.
მაშინ გილგამეშმა ხელთ იპყრა ნაჯახი
და სარტყელიდან მახვილი იშიშვლა.
მათ შორის შევარდა როგორც ისარი,
გაჟლიტა ლომები, ნაკუწად აქცია.
[. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .]


(ღრიანკალ-კაცები)
20 მაშუ არის სახელი მარჩბივი მთებისა,
რომელთა მწვერვალნი ცარგვალს ებჯინება,
რომელთა ფესვები ქვესკნელს ესკვნება.
მათ ბჭეებს იცავენ ღრიანკალ-კაცები
და დღენიადაგ დარაჯად უდგანან
ციური შამაშის ჩასვლა-ამოსვლას.
მრისხანე მზერა შემზარავი აქვთ,
მათ გამოხედვას სიკვდილი მოაქვს,
და ელვა მათი მთაგრეხილთ ევლება.
მაშუს მთისძირთან როდესაც მივიდა,
30 თვალი შეავლო მათ გილგამეშმა,
შიშით და ძრწოლით სახე დაუბნელდა.
ძალი მოიკრიბა, ახლოს მივიდა.
ღრიანკალ-კაცი თავის ცოლს შესძახის:
„ჩვენკენ მომავალს ღმრთის ხორცი მოსავს!
„ასე ესიტყვება ღრიანკალ-ქალი:
„ორი მესამედი ღმერთია იგი,
ერთი მესამედი  მოკვდავი კაცი.
მამრს ეხმიანება ღრიანკალ-კაცი
ღმერთების ნაშიერს სიტყვას ეუბნება:
40 „რად გამოგივლია ეგზომ შორი გზა,
რას მოუყვანიხარ წინაშე ჩემსა?
მთა გადმოგილახავს წიაღსვლად ძნელი,
საით მიდიხარ, დაე, მეც ვიცოდე.
„გააღო გილგამეშმა ბაგენი, ამეტყველდა,
ასე ეუბნება ღრიანკალ-კაცსა:
„უთანაფიშთისკენ გამიწევია, ჩემი წინაპრისკენ,
რომელიც წარუდგა ღმერთთა საკრებულოს
და მარადიული სუნთქვა მოიპოვა.
სიკვდილ-სიცოცხლის ამბავს გამოვკითხავ.

50 დაძრა ღრიანკალ-კაცმა ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გილგამეშს:
„არავინ ყოფილა გაღმა გამსვლელი,
ამ მთების წიაღ არავინ გასულა:
თორმეტი ბერუა მთებს შორის სავალი,
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს.
მზის ამოხდომისას იღება ჭიშკარი,
მზის ჩახდომისას იღება ჭიშკარი,
მზის ჩახდომისას გაგიღებ ჭიშკარს,
მთებს შორის გაგიშვებ შამაშის კვალზე“.


(შამაშის გზაზე)
60 კვლავ ეტყვის გილგამეში ღრიანკალ-კაცს:
„ნაღველით სავსეა ჩემი შიგანი,
ყინვით და არმურით სახედამწვარი
სულთქმით და ვაებით ამ გზას გადავივლი.
ახლა კი გამიღე მთების ჭიშკარი.
გაააღო ღრიანკალ-კაცმა ბაგენი, ამეტყველდა,
ასე ეუბნება მეფე გილგამეშს:
„მიჰყევ, გილგამეშ, კვალს შამაშისას,
და მაშუს მთები უშიშრად განვლე,
მთები უდაბური უშიშრად განვლე,
70 მშვიდობით დასრულდეს შენი მგზავრობა.
აჰა, გახსნილია მთების ჭიშკარი!“
და რა მოისმინა ესე გილგამეშმა,
მიენდო სიტყვას ღრიანკალ-კაცისას,
სწრაფად გაემართა შამაშის კვალზე.

ერთ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
80 თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
ორ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
სამ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
ოთხ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
ხუთ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
90 ექვს ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
შვიდ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
რვა ბერუს მანძილზე მისვლისას,
ყვირილი აღმოხდა მკერდიდან გილგამეშს.
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს,
თვალი ვერ ხედავს ვერც წინ, ვერც უკან.
100 ცხრა ბერუს მანძილზე მისვლისას,
ჩრდილოეთის ქარი ამოვარდა,
და მიუბერა გილგამეშს სახეზე.
სქელია წყვდიადი, ნათელი არ ჩანს.
ათ ბერუს მანძილზე მისვლისას იხილა:
უახლოვდება წყვდიადის საზღვარს,
აჰა, იწურება ბერუთა რიცხვი.
თერთმეტი ბერუს მანძილზე მისვლისას,
შემომდგარიყო დილის განთიადი.
თორმეტი ბერუს მანძილზე მისვლისას,
110 დამკვიდრებულიყო შამაშის ნათელი.
და გილგამეშიც სწრაფად გაემართა,
რათა მოეხილა აღრალთა წალკოტი:
მარჯნის ხეები ნაყოფს დაუხუნძლავს,
ვაზიც მოჰხვევია, ხილვად კეთილი.
შეფოთლილია ლაჟვარდის ხეები,
ნაყოფი ასხია ხილვად საამური.

განვლო გილგამეშმა აღრალთა წალკოტი,
აღაპყრო თვალნი შამაშის მიმართ.
მაშინ სიბრალულით მოჰხედა შამაშმა
120 და ასე ეტყვის მეფე გილგამეშს:
„ეჰა, გილგამეშ, რად დაეხეტები!
სუნთქვას მარადიულს ვერ მოიპოვებ“.
მაშინ გმირ შამაშს ეტყვის გილგამეში:
„მას შემდეგ, რაც მოვვლე ხეტიალით ველები,
ნუთუ მიწის გულში დავდრიკო თავი?
ნუთუ ვიძინო უთვალავი წლები?
დაე, თვალნი ჩემნი მზეს მარად უმზერდნენ,
დაე, გავძღე ხედვით მარადი ნათლისა!
განგვშორდეს უკუნი სხივთ მოვანებისას,
130 უჭვრეტდეს მზის თვალს მზეგადასულიც!“


შენიშვნები
6. უთანაფიშთი წარღვნის გმირის სახელი აქადურად ნიშნავს: „სული (სიცოცხლე) ჰპოვა“. წარღვნის შუმერული მითოსის მის ორეულს ეწოდება ზი-უ-სუდ-რა „შორეულ დღეთა სიცოცხლისკენ მავალი“, რაც ეხმაურება უთანაფიშთის ეპითეტს „შორეული“.
10. სინი მთვარის ღმერთი, შუამდინარული პანთეონის მეორე რანგის ტრიადის (სინი, შამაში და იშთარი) პირველი წევრი
20. მაშუს მთები მაშუ აქადურად ნიშნავს „მარჩბივს“. ცდილობენ ამ მითოსური მთების ლოკალიზაციას, თითქოს მათში იგულისხმებოდეს ლიბანი და ანტილიბანი, რომელნიც მაშუს მთებივით ერთმანეთის პირისპირ დგანან. მაშუს მთები, გილგამეშის ეპოსის გარდა, სხვაგან არსად იხსენიება, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ მისი მითოსის არსებობა.
21-22. „რომელთა მწვერვალნი...“ კოსმოსის სტრუქტურის გავრცელებული მითოლოგემა, რომლის ამოსავალია დურ-ან-ქი „ცისა და მიწის“ კავშირი ან დიმ-გალ „დიდი ღერძი“ სამყაროს შუაგულში გამავალი და სამი სკნელის შემაერთებელი. მთის გარდა სამყაროს ღერძის გამოვლენაა ხე, ტაძარი, მდინარე, ცეცხლი და სხვა.
„ჩრდილოეთის ქარი“ წინააღმდეგ სამხრეთის მხურვალე ქარისა, შუამდინარელისათვის შვებისა და იმედის მომცემი გრილი და საამური ქარია. შდრ. „ჩრდილო ქარი შენი გონებისა კაცთათვის კეთილ-მქროლია“, „მარდუქის ბრძანებით, ღმერთთა მეუფისა, დაბერა ჩრდილოეთის ქარმა, კეთილმა ქარმა ღმერთთა უფლისა“.
130. „უჭვრეტდეს მზის თვალს...“ შუმერული რწმენით, მზის ღმერთი უთუ თავის დროზე მკვდრებსაც გაუნათებს: „როდესაც დიდი უთუ ბნელ ადგილებს ნათელად აქცევს...“


დაფა მეათე
(სიდური)
1 მეღვინე სიდური  ქალი ზღვისკიდელი
ზის და განაზავებს ღვთაებრივ სასმელს;
საბურველი ბურავს, იმალება.
მისკენ წარმართავს ნაბიჯს გილგამეში 
ტყავები მოსავს და თმები მოზრდია.
ტანში კი უდგას ღვთიური ხორცი,
მაგრამ შიგანში სევდა შეჰპარვია,
დამსგავსებია შორი გზით მავალს.

შორიდან აკვირდება მეღვინე სიდური,
10 გულში იზრახავს და ასე იტყვის,
ასე თათბირობს საკუთარ თავთან:
„კაცისმკვლელია ის კაცი ალბათ,
საით მიისწრაფვის ასე გაშმაგებით?“
შეხედა მეღვინემ, ჩაკეტა ჭიშკარი,
კარი ჩაკეტა, საგდული მიუგდო.
რა ყურად ესმა გილგამეშს ხმაური,
არგანი აღმართა და კარზე დარეკა.
ასე ეტყოდა გილგამეში მეღვინეს:
„რა მოგეჩვენა, კარი რომ ჩაკეტე,
20 ჭიშკარი ჩაკეტე, მიუგდე საგდული?
კარებს შეგიმტვრევ, ჭიშკარს შეგილეწავ!“

ასე მიუგებს მეღვინე გილგამეშს,
ღმერთების ნაშიერს სიტყვას ეუბნება:
„რად გამოგივლია ეგზომ შორი გზა,
რას მოუყვანიხარ ჩემს წინაშე?
ზღვა გადმოგილახავს წიაღსვლად ძნელი,
საით მიდიხარ, დაე, მეც ვიცოდე“.
ასე ეუბნება გილგამეში მეღვინეს:
„გილგამეშია სახელი ჩემი,
30 ურუქიდან მოვდივარ, ეანას ტაძრიდან,
მე მოვკალ მცველი კედარის ტყისა.
ხუმბაბა  მკვიდრი კედროვანისა,
მე მოვკალ ხარი ციდან ჩამოსული,
დავხოცე ლომები უღელტეხილებზე“.

ასე ეუბნება მეღვინე გილგამეშს:
„თუ მოკალ მცველი კედარის ტყისა,
ხუმბაბა, მკვიდრი კედროვანისა,
თუ მოკალ ხარი ციდან ჩამოსული,
თუ ხოცე ლომები უღელტეხილებზე,
40 რადღა ჩაგცვენია ღაწვები,
რად დაგღონებია სახე,
გული რად შეგქმნია ცუდად,
რაღად წაგხდომია იერი,
რაღად შეგპარვია შიგანში სევდა,
შორი გზით მავალს რად დამსგავსებიხარ,
ყინვა-არმურისგან სახე რად დაგწვია,
ქარს რად ედევნები ველად მოარული?“

ასე ეუბნება გილგამეში მეღვინეს:
„ღაწვები რად არ ჩამცვივდებოდა,
50 სახე რად არ დამიღონდებოდა,
გული ცუდად რად არ შემექმნებოდა,
იერი რად არ წამიხდებოდა,
შიგანში სევდა რად არ შემეპარებოდა,
შორი გზით მავალს რად არ დავემსგავსებოდი, 
ყინვა-არმურისგან რად არ დამეწვებოდა სახე,
ქარს რად არ დავედევნებოდი ველად მოარული, 
როდესაც ძმობილი ჩემი უმრწემესი,
60 კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
ენქიდუ, ძმობილი ჩემი უმრწემესი,
კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
კედარის მთაში ერთად რომ ავსულვართ,
მოგვიკლავს ხუმბაბა, მცველი კედარისა,
ციური მოზვერი ერთად რომ მოგვიკლავს,
ძმობილი იგი, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
ენქიდუ, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
მოკვდავთა წერას ვერ წაუვიდა.
ექვს დღეს და შვიდ ღამეს მწარედ დავტიროდი,
70 მაგრამ ვერ აღდგა ჩემს ხმაზე ძმობილი.
არ მივაბარე იგი სამარეს,
ვიდრე ნესტოებში მატლი არ შეუძვრა.
სიკვდილს შევუშინდი ველად მოარული,
მამძიმებს ძმობილის ამბავი,
შორეულ გზებით ველად ვიარები,
მამძიმებს ძმობილის ამბავი.
ვით მოვისვენო ანუ ვით დავდუმდე,
მეგობარი ჩემი, ვინც მიყვარდა, თიხად გადაიქცა,
ენქიდუ, ვინც მიყვარდა, თიხად გადაიქცა!
80 ნუთუ მის მსგავსად მეც დავიძინებ,
და საუკუნოდ ვეღარ ავდგები?
ახლა, მეღვინევ, შენს სახეს ვხედავ, 
სიკვდილს ნუ შევხედავ, რისაც მეშინის!“

ასე ეუბნება მეღვინე გილგამეშს:
„რას ეძებ, გილგამეშ, რას ესწრაფვი?
უკვდავებას როგორ მიაგნებ?
კაცთა მოდგმა რომ შექმნეს ღმერთებმა,
სიკვდილი კაცთა მოდგმას დაუწესეს,
მარადი სიცოცხლე თავად ირგუნეს.
90 აწ, სავსე გქონდეს სტომაქი, გილგამეშ,
მოილხენდე დღითა და ღამით,
დღენიადაგ ნადიმს მართავდე,
დღითა და ღამით როკვიდე, მღერდე,
სამოსელი სპეტაკი გემოსოს,
თავს განიბანდე, ტანს განიბანდე,
ზრუნავდე ჩვილზე, ხელთ რომ გეჭირება,
შენს მკერდზე ხარობდეს მეუღლე შენი, 
რამეთუ ესაა ხვედრი მოკვდავისა“.
ასე ეუბნება გილგამეში მეღვინეს:
100 „უთანაფიშთისკენ გზა მიმასწავლე,
ნიშნები როგორია, ნიშნები მაუწყე!
თუ შესაძლოა, ზღვას გადავლახავ,
თუ შეუძლოა, უდაბნოს გავივლი“.
ასე ეუბნება მეღვინე გილგამეშს:
„არასდროს ყოფილა გადასასვლელი,
და ვინც კი მოსულა დღეთ დასაბამიდან,
ვის გადაულახავს ვრცელი ზღვა იგი.
მხოლოდ შამაშია ზღვის გადამლახველი.
შამაშის გარდა ზღვას ვინ გადალახავს?
110 ძნელია სავალი, გზა ძნელზე ძნელია,
წყალნი სიკვდილისა საზღვრავენ მისადგომს.
ზღვის გაღმა მხარეს კიდეც რომ გახვიდე,
სიკვდილის წყლები წინ დაგხვდებიან,
ნეტავ რას იზამ მაშინ, გილგამეშ?
არის ურ-შანაბი ვინმე, მიგასწავლი,
შორეული უთანაფიშთის მენავეა.
მასთან აწყვია ქვები ჯადოსნური,
ტყეთა წიაღში გველს იჭერს იგი.
დაე, მან სახე იხილოს შენი,
120 თუ შესაძლოა, მან გადაგიყვანოს,
თუ შეუძლოა, გაბრუნდი უკან“.

(მენავე ურ-შანაბი)
გილგამეშმა ეს რომ გაიგონა,
მარჯვენა ხელში ნაჯახი იმარჯვა,
სარტყელიდან იშიშვლა მახვილი,
მიეპარა და თავს დაატყდა,
ისარივით მათ შორის დაეცა.
ქვები დაამსხვრია რისხვამორეულმა.
დაბრუნდა, წარდგა ურ-შანაბის წინაშე.
ურ-შანაბი თვალებში შეჰყურებს,
130 ასე ეუბნება ურ-შანაბი გილგამეშს:
„ვინა ხარ, სახელი შენი მაცოდინე!
მე ურ-შანაბი ვარ, მეზღვაური,
მენავე შორეული უთანაფიშთისა“.
ასე ეუბნება გილგამეში ურ-შანაბის:
„გილგამეშია სახელი ჩემი,
ურუქიდან მოვდივარ, ეანას ტაძრიდან,
მაღალი მთები გადამილახავს,
შორი სავალი შამაშის კვალზე“.
ასე ეუბნება ურ-შანაბი გილგამეშს:
140 „რად ჩაგცვენია ღაწვები,
რად დაგღონებია სახე,
გული რად შეგქმნია ცუდად,
რაღად წაგხდომია იერი,
რაღად შეგპარვია შიგანში სევდა,
შორი გზით მავალს რად დამსგავსებიხარ,
ყინვა-არმურისგან სახე რად დაგწვია,
ქარს რად ედევნები ველად მოარული?“

ასე ეუბნება გილგამეში მენავე ურ-შანაბის:
„ღაწვები რად არ ჩამიცვივდებოდა,
150 სახე რად არ დამიღონდებოდა,
გული რად არ შემიღონდებოდა,
იერი რად არ წამიხდებოდა,
შიგანში სევდა რად არ შემეპარებოდა,
შორი გზით მავალს რად არ დავემსგავსებოდი,
ყინვა-არმურისგან რად არ დამეწვებოდა სახე,
ქარს რად არ დავედევნებოდი ველად მოარული, 
როდესაც ძმობილი ჩემი უმრწემესი,
კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
ენქიდუ, ძმობილი ჩემი უმრწემესი,
160 კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
კედარის მთაში ერთად რომ ავსულვართ,
მოგვიკლავს ხუმბაბა, მცველი კედარისა,
ციური ხარი ერთად რომ მოგვიკლავს,
დავამხეთ ხუმბაბა, კედროვნის მკვიდრი,
უღელტეხილებზე ლომები ვხოცეთ,
მეგობარი, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
ენქიდუ, მეგობარი, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
170 მოკვდავთა წერას ვერ წაუვიდა.
ექვს დღეს და შვიდ ღამეს მწარედ დავტიროდი,
მაგრამ არ აღდგა ჩემს ხმაზე ძმობილი,
არ მივაბარე იგი სამარეს,
ვიდრე ნესტოებში მატლი არ შეუძვრა.
სიკვდილს შევუშინდი, ველად მოარული,
მამძიმებს ძმობილის ამბავი,
შორეულ გზებით ველად ვიარები,
მამძიმებს მეგობრის ამბავი.
ვით მოვისვენო ანუ ვით დავდუმდე,
180 მეგობარი ჩემი თიხად გადაიქცა.
ნუთუ მის მსგავსად მეც დავიძინებ,
და ვერასოდეს ვეღარ ავდგები?
ახლა, ურ-შანაბი, შენს სახეს ვხედავ, 
სიკვდილს ნუ შევხედავ, რისიც მეშინია!
მახილვინე შორეული უთანაფიშთი!
მასწავლე, ურ-შანაბი, გზა, როგორ წავიდე,
რა არის ნიშანი, მომეცი,
მომეცი ნიშანი მისი!
თუ შესაძლოა, ზღვას გადავლახავ,
190 თუ შესაძლოა, უდაბნოს გავივლი!“

ასე ეუბნება ურ-შანაბი გილგამეშს:
„საკუთარ ხელით გზა ჩაგიკეტავს,
ქვები დაგიმსხვრევია, მოგიკლავს გველი.
ქვები დამსხვრეულა, გველი აღარ ჩანს.
აიღე, გილგამეშ, ნაჯახი ხელში,
შედი ტყეში და ნიჩბები გათალე,
ასოცი ნიჩაბი ხუთგარიანი,
კუპრში ამოავლე, აქ მომიტანე“.

გილგამეშმა ეს რომ გაიგონა,
200 მარჯვენა ხელში ნაჯახი იმარჯვა,
ჩავიდა ტყეში, ნიჩბები გათალა,
ასოცი ნიჩაბი ხუთგარიანი.
კუპრში ამოავლო, მიუტანა.
ხომალდზე ავიდნენ გილგამეში და ურ-შანაბი.
ხომალდი ტალღებში შეაგდეს, გაემგზავრნენ,
სამ დღეში განვლეს თვენახევრის სავალი.
და რა მიადგნენ წყლებს სიკვდილისას,
ასე ეუბნება ურ-შანაბი გილგამეშს:
„განაგდე, გილგამეშ, სველი ნიჩბები,
210 წყალნი სიკვდილისა ხელზე არ შეგეხონ.
მეორე, მესამე და მეოთხე ნიჩაბი აიღე, გილგამეშ!
მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ნიჩაბი აიღე, გილგამეშ!
მერვე, მეცხრე და მეათე ნიჩაბი აიღე, გილგამეშ!
მეთერთმეტე და მეთორმეტე ნიჩაბი აიღე, გილგამეშ!
„ასოც ბერუზე შემოელია ნიჩბები გილგამეშს.
მაშინ შეიხსნა სარტყელი ურ-შანაბიმ,
გილგამეშმა სამოსელი ტანს შემოიძარცვა და
აფრასავით აღმართა მაღლა.

შორით იყურება უთანაფიშთი,
220 გულში იზრახავს და ასე ამბობს,
ასე თათბირობს საკუთარ თავთან:
„რამ დაამსხვრია ხომალდის ქვები?
ხომალდის პატრონი არ უნდა იყოს.
იგი, ვინც მოცურავს, უცხოა ჩემთვის.
ვაკვირდები, ვერაფერს მივმხვდარვარ.
ტანში კი უდგას ღვთიური ხორცი,
მაგრამ შიგანში წუხილი შეპარვია,
დამგვანებია შორი გზით მავალს“.

(შორეული უთანაფიშთი)
გადმოხდნენ ნაპირზე გილგამეში და ურ-შანაბი.
230 ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
„ვინა ხარ, სახელი შენი მაცოდინე!
მე ვარ შორეული უთანაფიშთი,
რომელიც წარვუდექ ღმერთთა საკრებულოს
და მარადიული სუნთქვა მოვიპოვე“.
ასე ეუბნება გილგამეში უთანაფიშთის:
„გილგამეშია სახელი ჩემი,
ურუქიდან მოვდივარ, ეანას ტაძრიდან,
მაღალი მთები გადამილახავს,
შორი სავალი შამაშის გზაზე“.

240 ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
„რად ჩაგცვენია ღაწვები, რად დაგღონებია სახე,
რად შეგღონებია გული, რაღად წაგხდომია იერი,
რად შეგპარვია შიგანში წუხილი,
შორი გზით მავალს რად დამგვანებიხარ,
ყინვა-არმურისგან სახე რად დაგწვია,
ქარს რად ედევნები ველად მოარული?“

ასე ეუბნება გილგამეში შორეულ უთანაფიშთის:
250 „ღაწვები რად არ ჩამცვივდებოდა,
სახე რად არ დამიღონდებოდა,
გული რად არ შემიღონდებოდა,
იერი რად არ წამიხდებოდა,
შიგანში წუხილი რად არ შემეპარებოდა,
შორი გზით მავალს რად არ დავემგვანებოდი,
ყინვა-არმურისგან სახე რად არ დამეწვებოდა
ქარს რად არ დავედევნებოდი ველად მოარული, 
როდესაც ძმობილი ჩემი უმრწემესი,
კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
260 ენქიდუ, ძმობილი ჩემი უმრწემესი,
კანჯართა მდევარი, უდაბნოს ლომების,
კედარის მთაში ერთად რომ ავსულვართ,
მოგვიკლავს ხუმბაბა, მცველი კედარისა,
ციური ხარი ერთად რომ მოგვიკლავს,
მეგობარი, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
ენქიდუ, მეგობარი, ძლიერ რომ მიყვარდა,
ჩემი თანამდევი ყველა განსაცდელში,
მოკვდავთა წერას ვერ წაუვიდა
270 ექვს დღეს და შვიდ ღამეს მწარედ დავტიროდი,
მაგრამ ვერ აღდგა ჩემს ხმაზე ძმობილი,
არ მივაბარე იგი სამარეს,
ვიდრე ნესტოებში მატლი არ შეუძვრა.
სიკვდილს შევუშინდი ველად მოარული,
მამძიმებს ძმობილის ამბავი,
შორეულ გზებით ველად ვიარები,
მამძიმებს მეგობრის ამბავი.
ვით მოვისვენო ანუ ვით დავდუმდე,
მეგობარი ჩემი თიხად გადაიქცა.
280 ნუთუ მის მსგავსად მეც დავიძინებ,
და საუკუნოდ ვეღარ ავდგები?
ვთქვი, წავალ, ვნახავ შორეულ უთანაფიშთის,
უთანაფიშთის, კაცს საარაკოს.
განვვლე, მოვიარე ყოველი მხარე,
ძნელად სავალი მთები გადავლახე,
გადავიარე ზღვის შუაგული.
ძილი საამური არ მომკარებია,
სიფხიზლით თავი გავიტანჯე,
შიგანი მწუხარებით ავივსე.
290 ვიდრე მივაღწევდი სიდურის სადგომს,
ტანზე შემომაცვთა სამოსი ჩემი,
ვხოცე დათვები, ვეფხი და აფთარი,
ირემი, ხარი და ქვეწარმავალი...
ხორცს ვჭამდი მათსას, ტყავს ტანზე ვიცვამდი.
რა დამინახა სიდურიმ, მეღვინემ,
კარი ჩამიკეტა, ურდული მიუგდო...
კუპრსა და ფისში გავავლე ნიჩბები,
წყალნი სიკვდილისა არ შემხებიან.
აწ შენ გიხილე, უთანაფიშთი,
300 სიკვდილს ნუ ვიხილავ, რისიც მეშინია!
ამბავი მამცნე სიკვდილ-სიცოცხლისა...“

ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
„აუცდენელია უწყალო სიკვდილი:
ვინ არის, ვისაც არ უხილავს სიკვდილი?
ვინ არის, ვისაც სახე სიკვდილისა არ უხილავს?
ვინ არის, ვისაც ხმა სიკვდილისა არ სმენია?
განა სამუდამოდ ვაშენებთ სახლებს?
განა სამუდამოდ ირტყმის ბეჭედი?
განა სამუდამოდ იყრებიან ძმები?
310 განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?
განა სამუდამოდ დიდდება წყალი,
წყალი ყანებზე ნიაღვრის მიმღვრელი?
განა სამუდამოდ პარკშია ჭუპრი?
მზის თვალის მარად მჭვრეტელი თვალი
განა არსებულა დასაბამიდან?
ერთნი არიან მძინარე და მკვდარი,
განა არ ხატავენ სახეს სიკვდილისას?
განა თავს ეყუდნის მოკვდავი კაცი,
როდესაც ბედისწერის ჟამი მოაწევს?
320 დიდი ღმერთები, ანუნაქნი, იკრიბებიან,
მამეთუ, ქალღმერთი, ბედის დამსაზღვრელი,
მათთან ერთად ბედისწერას დასაზღვრავს.
მათ დაუდგენიათ სიკვდილ-სიცოცხლე.
დღენი სიკვდილისა არ გაუმხელიათ“.


შენიშვნები
1. სიდური ეს პერსონაჟი მხოლოდ ამ ეპოსში გვხვდება. ლურსმულ ლექსიკონებში იგი განმარტებულია როგორც „სიბრძნის იშთარი“. მისი სახელი იხსენიება გილგამეშის ეპოსის ხურიტულ ფრაგმენტში. ხურიტულ ენაზე თითქოს „ქალს“ უნდა ნიშნავდეს, რაც ალბათ მოწმობს მის წარმომავლობას ხურიტული მითოლოგიიდან. სიდური თავისი შებურულობით გვაგონებს ჰომეროსისეულ ნიმფა კალიფსოს, რომლის სახელი ნიშნავს „დაფარულს“.
115. ურ-შანაბი „ენქის (ან ეას) მსახური“. შანაბი ნიშნავს „ორ მესამედს“, რომელიც ენქის ერთ-ერთი სახელია, რადგან მისი საკრალური რიცხვი არის 40, უმაღლესი ღვთაების, ანის, რიცხვის (60) ორი მესამედი.
117118. გაურკვეველია ამ გველის ამბავი, ან რა ფუნქციას ასრულებენ ეს ქვები, რისთვის სჭირდება ისინი უთანაფიშთის მენავეს. ისიც გაუგებარია, რამ გააშმაგა გილგამეში, რომ თავისდა საზიანოდ (იხ. სტრ. 181) დაამსხვრია ქვები და მოკლა გველი. ხომალდის ქვების ამბავს უთანაფიშთიც მიხვდება და დიდად განცვიფრდება (სტრ. 211).
321. მამეთუ დედა-ქალღმერთის, დიდი დედის ერთ-ერთი სახელი.


დაფა მეთერთმეტე
(წარღვნა)
1 ასე ეუბნება გილგამეში შორეულ უთანაფიშთის:
„აჰა, გიყურებ, უთანაფიშთი:
არ მეუცხოება აღნაგი შენი, ჩემი მსგავსი ხარ!
და შენ თავადაც არ მეუცხოები, ჩემი მსგავსი ხარ!
გული მიმიწევს შენდა შერკინებად,
შენ კი ისვენებ, გულაღმა წევხარ.
მარქვი, ვით წარუდექ ღმერთების კრებულს,
მარადი სიცოცხლე ვით მოიპოვე?“

ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
10 „გაგიმხელ, გილგამეშ, იდუმალ სიტყვას,
განგებას ღმერთებისას გამცნობ:
შენ იცი შურუფაქი, ქალაქი,
ქალაქი, ევფრატის პირას ნაშენი.
ძველი ქალაქი, ღმერთთა სამყოფელი.
წარღვნა განიზრახეს დიდმა ღმერთებმა:
იქ იყო ანუ  მშობელი მათი,
გმირი ენლილი  მრჩეველი მათი,
ნინურთა  მკვირცხლი მორბედი მათი,
ღმერთი ენუგი  მერწყული მათი,
20 ეა, თვალნათელი, მათთან იზრახვიდა.
ქოხს გაუმხილა მათი საიდუმლო:
ქოხო, ყურადიღე, კედელო, ისმინე!
ჰოი, შენ, კაცო შურუპაკელო,
უბარა-თუთუს ნაშიერო!
სახლი დაანგრიე, ხომალდი ააგე,
განაგდე დოვლათი, თავი გადირჩინე,
უარყავ ქონება, სიცოცხლე იხსენი!
ყოველი სულდგმული ხომალდს აიყვანე.
ხომალდი იგი, რასაც ააგებ,
30 უნდა ააგო ამგვარი წყობით:
ერთურთს გაუტოლდეს სიგრძე და განი,
აბზუს მაგვარად ჭერი დაჰხურე.
მეც მივხვდი, მივუგე ჩემს უფალს ეას:
სიტყვა, რაც ბრძანე, უფალო ჩემო,
როგორც გავიგე, ისე აღვასრულებ.
მაგრამ რა მივუგო უხუცესობას,
რა ვუთხრა ქალაქს და მისთა მკვიდრთა?
ეამ გააღო ბაგენი, ამეტყველდა,
ასე მეუბნება მის მონა-მორჩილს:
40 შენ კი მათ ამგვარად ეტყოდე:
გავიგე, ენლილს დავუწყევლივარ,
ვეღარ დავდგები თქვენს ქალაქში,
ვეღარ გავივლი ენლილის მიწაზე,
ზღვად ჩავალ, ჩემს უფალ ეასთან დავდგები.
თქვენზედ კი სიუხვეს აწვიმებს ეა,
გაგიმრავლდებათ ცაზე ფრთოსანი,
თევზით აივსება მყუდრო ჯილეები,
უხვი ჭირნახული ქვეყანას აავსებს.
გარიჟრაჟისას, დილაადრიანად,
50 ხორბლის წვიმა იწვიმებს ძლიერად.
როდესაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
ერი შემოიკრიბა წინაშე ჩემსა.
სახლებს ანგრევენ, არღვევენ კედლებს,
კუპრიან კალათებს ზიდავენ ბავშვები,
და საშენ ხე-ტყეს ძლიერნი ზიდავენ.
ხუთ დღეში ავაგე ხომალდის ჩონჩხი,
ერთი იქუა ფართობი მისი,
ათი გარია კედლების სიმაღლე,
ათ გარს გაუსწორდა თხემის კიდეები.
60 მერე დავხაზე ხომალდის სივრცე:
ექვსი მივუჩინე შენობას სართული,
ცხრაწილ დავყავი წიაღი მისი.
წყალსაკეტები ფსკერზე მოვაწყვე,
საჭე შევარჩიე, დავყარე ნიჩბები.
ქურაში კუპრი სამი საწყაული,
სამი საწყაული ფისი გამოვადნე.
მტვირთავმა მუშებმა ზეთი მომიზიდეს,
ერთი საწყაული გაზეთვამ შთანთქა,
მენავემ დამალა ორი საწყაული.
70 შურუპაკელებს ვუკლავდი ხარებს,
ცხვარსა და ბატკანს ყოველდღე ვუკლავდი,
ლუდსა და ბადაგს, ზეთსა და ღვინოს
მდინარის წყალივით სვამდნენ ხელოსნები,
თითქოს ზეიმობდნენ ახალწლის დღეებს.
ნელსაცხებელის გავხსენი ჭურჭელი,
სურნელი ზეთი ხელზე გადავისხი.
შამაშის ჩასვლისას მზად იყო ხომალდი;
მაგრამ გაძნელდა ზღვაში შეცურება.
ზემოთ და ქვემოთ აყირავეს ხომალდი
80 და ორ მესამედზე ზღვაში შეაცურეს.

ავზიდე ხომალდზე, რაც კი მებადა,
ავზიდე ხომალდზე ვერცხლი, რაც მებადა,
ავზიდე ხომალდზე ოქრო, რაც მებადა,
ავზიდე ხომალდზე, რაც კი მებადა,
ყოველი სულდგმული ხომალდზე ავსვი.
ავსხი ხომალდზე ჩემი სახლეული,
ავსხი ხომალდზე ველური ნახირი,
და ხელოსნებიც უკლებლივ ავსხი.

მაშინ შამაშმა დამითქვა ჟამი:
90 გარიჟრაჟისას, დილაადრიანად,
ზეციდან ვაწვიმებ ძლიერად!
შედი ხომალდში და დახში კარი!
როდესაც მოაწია დათქმულმა ჟამმა 
გარიჟრაჟისას, დილაადრიანად,
ზეციდან იწვიმა ძლიერად.
მაშინ მენიშნა ამინდის სახე,
ხილვად შემზარავი იყო ამინდი.
შევედი ხომალდში, კარები დავგმანე.
გემის დაგმანვისას ფუზურ-ამურუს
100 მთელი დოვლათითურთ მივანდე სასახლე.

როდესაც განთიადმა მტრედისფრად ინათა,
ცის კიდით დაიძრა ბნელი ღრუბელი,
გრგვინავდა ადადი ღრუბლის შუაგულში,
დაწინაურდნენ შულლათ და ხანიშ,
ქარიშხლის მაცნენი მთა-ბარს მოედვნენ.
მოდის ერაგალი, ჯებირებს მოანგრევს,
მოვარდა ნინურთა, ნაგუბარს მოდენის.
მოაქვთ ანუნაქებს დიდი ჩირაღდნები,
რათა ელვარებით ხმელეთი გადაწვან.
110 ზეცად აიწია ადადის რისხვამ,
ყოველი ნათელი შთაინთქა ბნელში.
მიწა შეიბზარა თიხის ქოთანივით.
ერთ დღეს მძვინვარებდა სამხრეთის ქარი,
მძაფრად უბერავდა, მთებს აყირავებდა
და კაცთა მოდგმას ომივით მუსრავდა.
ვეღარ ხედავდა მოყვასი მოყვასს
და ცისქვეშეთში არ ჩანდა ხალხი.
ღმერთები წარღვნას შეუშინდნენ,
განილტვნენ, ანუს ცად ავიდნენ,
120 ძაღლებივით მიყუჟდნენ ღმერთები,
ზეცის გალავანთან მორჩილად შეჯგროვდნენ.
მშობიარე ქალივით აკივლდა იშთარი,
მოსთქვამდა ხმატკბილი ღმერთთა დედოფალი:
დღე იგი წყეული მიწად გარდაიქცეს,
რომ ღმერთთა კრებულში ბოროტი ვიზრახე!
რად ვიზრახე ბოროტი ღმერთების კრებულში,
ხალხის დასაღუპად ომი რად ვიზრახე!
განა ეს ხალხი მე არ მიშობია,
ახლა თევზებივით ზღვას რომ ავსებენ?
130 მის გვერდით სტირიან ანუნაქები,
ტირილად სხედან მორჩილი ღმერთები,
პირი მოუკუმავს უკლებლივ ყველას.

ქარი მიმოქროდა ექვს დღეს და შვიდ ღამეს,
წარღვნის ქარიშხალი ქვეეყანას აქცევდა.
ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას
წარღვნის ქარიშხალმა შეწყვიტა ომი,
ლაშქარივით ხმელეთს რომ ებრძოდა.
ზღვა დამყუდროვდა, გრიგალი დაცხრა,
და წარღვნის წყლები უკუმიიქცნენ.
140 გავხსენი ერდო, ლოყაზე დამეცა სხივი.
შევხედე ამინდს: დარი დამდგარიყო,
მაგრამ გამწყდარიყო მოდგმა კაცისა,
ყოველი სულდგმული მიწად ქცეულიყო,
გადარეცხილიყო მთელი ჭალები.
მაშინ ჩავიკეცე და ავტირდი,
ღაწვებზე ღვარად მდიოდა ცრემლი.
თვალი მოვავლე ზღვის ოთხივ კუთხეს 
ამოზიდულიყო მაღალი ნაპირი,
ნიცირის ქვეყანას მიდგომოდა ხომალდი;
150 ნიცირის მთა ხომალდს აკავებდა,
ვეღარ ტივტივებდა ხომალდი;
ერთ დღეს, მეორე დღეს
ნიცირის მთა ხომალდს აკავებდა,
ვეღარ ტივტივებდა ხომალდი;
მესამე დღეს, მეოთხე დღეს
ნიცირის მთა ხომალდს აკავებდა,
ვეღარ ტივტივებდა ხომალდი.
მეხუთე დღეს, მეექვსე დღეს
ნიცირის მთა ხომალდს აკავებდა,
160 ვეღარ ტივტივებდა ხომალდი.
ხოლო მეშვიდე დღის დადგომისას,
ამოვსვი მტრედი და გავუშვი;
წავიდა მტრედი და ისევ დაბრუნდა,
ვერ პოვა სადგური, უკან მოტრიალდა.
ამოვსვი მერცხალი და გავუშვი;
წავიდა მერცხალი და ისევ მობრუნდა,
ვერ პოვა სადგური, უკან მოტრიალდა.
ამოვსვი ყორანი და გავუშვი;
წავიდა ყორანი, წყლების დაშრობა დაინახა;
170 ჭამდა, სკინტლავდა, ყრანტალებდა.
არ მობრუნებულა ყორანი.
მაშინ გამოვუშვი ყოველი პირუტყვი
და ოთხივ ქარისკენ შევწირე მსხვერპლი.
გორაკის წვერზე ვაკმიე საკმეველი,
განვაწყვე შვიდ-შვიდი ჭურჭელი,
ფსკერზე დავაბნიე მურტი და კედარი.
ღმერთებმა იყნოსეს სურნელება,
ღმერთებმა იყნოსეს კეთილსურნელება,
ღმერთები შეესიენ მზორველს მწერებივით.
180 იშთარ დედოფალმა, როდესაც მოვიდა,
მაღლა აღმართა დიდებული ფარღული,
ანუმ რომ შეჰქმნა მისდა სიხარულად:
აჰა, ღმერთებო, ჩემი ყელსაბამი:
ვით არ დავივიწყებ თვლებს საფირონისას,
ისე ეს დღეები მემახსოვრება,
სამარადისოდ არ დავივიწყებ!
დაე, მოვიდნენ ღმერთები საკმეველთან!
ენლილი არ მოვიდეს საკმეველთან!
რადგან არ განსაჯა, წარღვნა მოახდინა
190 და ხალხი ჩემი დასაღუპად გაწირა.

ენლილმა, როდესაც მოვიდა იგი,
იხილა ხომალდი, განრისხდა ენლილი,
წყრომით აივსო იგიგთა მიმართ:
ნუთუ გადარჩა ვინმე სულიერი,
ნუთუ მოკვდავი გადურჩა დაღუპვას?
მაშინ დაძრა ნინურთამ ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გმირ ენლილს:
ეას თვინიერ ვინ აწყობს საქმეთ,
ეამ უწყის ყოველი ხრიკი.
200 მაშინ დაძრა ეამ ბაგე, ამეტყველდა,
ასე ეუბნება გმირ ენლილს:
„ღმერთთა მოძღვარი ხარ, ჰე, გმირო ენლილ!
წარღვნა განუსჯელად როგორ მოავლინე?
ცოდვილს მის ცოდვას მიუთვლიდი,
ბრალეულს მის ბრალს მიუთვლიდი!
კაცი უცოდველი არ დაღუპულიყო,
კაცი უბრალო არ დასჯილიყო!
210 ნაცვლად წარღვნისა, შენ რომ მოავლინე,
ლომი მოვლენოდათ: ხალხი დაიკლებდა!
ნაცვლად წარღვნისა, შენ რომ მოავლინე,
მგელი მოვლენოდათ: ხალხი დაიკლებდა!
ნაცვლად წარღვნისა, შენ რომ მოავლინე,
შიმშილი მოვლენოდათ, ქვეყანას მოსრავდა!
ნაცვლად წარღვნისა, შენ რომ მოავლინე,
ერა მოვლენოდათ: ქვეყანას გაწყვეტდა!
მე არ გამითქვამს ღმერთების განგება,
ოღონდ ათრა-ხასისს სიზმარი ვახილვინე,
ღმერთების განგება სიზმრად ჩაესმა.
ახლა შენ განსაჯე მისი სამართალი“.
220 მაშინ შევიდა ენლილი ხომალდში,
ხელი ჩამჭიდა, ამიყვანა,
მეუღლე ჩემიც ამოიყვანა,
ჩემს გვერდით მუხლი მოაყრევინა.
შუბლზე შეგვეხო, შუა ჩაგვიდგა, გვაკურთხებდა:
მოკვდავი იყო უთანაფიშთი,
აწ უთანაფიშთი და მისი მეუღლე,
დაე, მსგავსნი იყვნენ ჩვენი, ღმერთებისა!
იმკვიდროს შორეთში უთანაფიშთიმ,
წყლების დასაბამთან!
230 წაგვიყვანა, შორეთს დაგვამკვიდრა,
წყლების დასაბამთან.
აწ ვინ შეგიკრებს ღმერთებს, გილგამეშ,
რომ იპოვო სიცოცხლე, რომელსაც ეძიებ?
აბა, თუ იფხიზლებ ექვს დღეს და შვიდ ღამეს!“

(ძილქუში)
და რა მოირთხა ფეხნი გილგამეშმა,
მყისვე მოიცვა ძილმა ბურუსივით.
ასე ეუბნება უთანაფიშთი მეუღლეს:
„ჰა, კაცი გმირი, სიცოცხლის მძებნელი!
ძილმა მოიცვა იგი ბურუსივით“.
240 ასე ეუბნება მეუღლე შორეულ უთანაფიშთის:
„ხელი შეახე, გამოეღვიძოს!
გზები მოიარა, მშვიდობით მიიქცეს,
და იმავ ჭიშკრით, რომელიც განვლო,
დაე, მშობლიურ მხარეს დაუბრუნდეს!“
ასე ეუბნება უთანაფიშთი მეუღლეს:
„სწუხს კაცთა მოდგმა, შენც გაწუხებს.
მოდი, გამოუცხვე პურის კვერები,
სასთუმალთან დაუწყვე.
და დღეები, რომელთაც იძინებს,
250 კედელზე დაუწერე.

უცხობდა ქალი პურის კვერებს,
სასთუმალთან უწყობდა;
და დღეებს, რომელნიც ეძინა გილგამეშს,
კედელზე უწერდა.
აუყროლდა პირველი პურის კვერი,
დაულპა მეორე პურის კვერი,
დაუნესტიანდა მესამე პურის კვერი,
დაუობდა მეოთხე პურის კვერი,
გაუხმა მეხუთე პურის კვერი,
260 გამოუცხვა მეექვსე პურის კვერი.
ცხვებოდა მეშვიდე პურის კვერი, 
როცა შეეხო, და გამოეღვიძა.

ასე ეუბნება გილგამეში შორეულ უთანაფიშთის:
„ერთწამს მომერია ძილქუში,
ხელი შემახე და გამეღვიძა“.
ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
„პურის კვერები დათვალე, გილგამეშ!
იცოდე, რამდენი დღე გეძინა:
აგიყროლდა პირველი პურის კვერი,
270 დაგილპა მეორე პურის კვერი,
დაგინესტიანდა მესამე პურის კვერი,
დაგიობდა მეოთხე პურის კვერი,
გაგიხმა მეხუთე პურის კვერი,
გამოგიცხვა მეექვსე პურის კვერი,
ცხვებოდა მეშვიდე პურის კვერი,
როცა შეგეხე, და გამოგეღვიძა“.

(განახლების საბანელი)
ასე ეუბნება გილგამეში შორეულ უთანაფიშთის:
„აწ რა ვიღონო, უთანაფიშთი, სად წავიდე?
სხეული ჩემი სულთამხდელს შეუპყრია,
280 სიკვდილი მიზის საწოლ ბინაში,
საითაც გავხედავ, ყველგან სიკვდილია“.
ასე ეუბნება უთანაფიშთი მეზღვაურ ურ-შანაბის:
„ნუმც გაუხარდე, ნავსადგურს, ურ-შანაბი,
შეგიძულოს ზღვის გადასასვლელმა,
ზღვის პირად მავალს გწყუროდეს ნაპირი!
ამ კაცს, ურ-შანაბი, შენ რომ მოიყვანე,
წვირით დაფარვია მთელი სხეული,
ტყავებს მოუსპია მისი მშვენება.
წაიყვანე იგი, ურ-შანაბი, საბანელს მიიყვანე,
290 სხეული მისი წყალში განიწმიდოს,
განიგდოს ტყავები, ზღვას გაატანოს,
უმეტეს დამშვენდენ ასონი მისნი.
დაე, განიახლოს თავსაბურველი,
მოირტყას არდაგი, სარცხვინელთა მფარავი.
ვიდრე მივიდოდეს მშობლიურ ქალაქად,
ვიდრე მგზავრობას დაასრულებდეს,
არ გაიცვითოს არდაგი მისი,
განახლდებოდეს იგი დღენიადაგ“.

წაიყვანა იგი ურ-შანაბიმ, საბანელს მიიყვანა,
300 სხეული მისი წყალში განიწმიდა,
განაგდო ტყავები, ზღვას გაატანა,
უმეტეს დამშვენდნენ ასონი მისნი.
განიახლა თავსაბურველი,
მოირტყა არდაგი, სარცხვინელთა მფარავი.
ვიდრე მივიდოდეს მშობლიურ ქალაქად,
ვიდრე მგზავრობას დაასრულებდეს,
არ გაიცვითება არდაგი მისი,
განახლდება იგი დღენიადაგ.
ავიდნენ ხომალდზე გილგამეში და ურ-შანაბი,
310 ხომალდი ტალღებში შეაგდეს, გაემგზავრნენ.

(სიჭაბუკის ბალახი)
ასე ეუბნება მეუღლე შორეულ უთანაფიშთის:
„იარა გილგამეშმა, დაშვრა, გაიტანჯა, 
რას გაატანდი თავის ქვეყანაში?”
მაშინ აღმართა გილგამეშმა ნიჩაბი
და მიაყენა ხომალდი ნაპირს.
ასე ეუბნება უთანაფიშთი გილგამეშს:
„იარე, გილგამეშ, დაშვერ, გაიტანჯე, 
რა გაგატანო შენს ქვეყანაში?
გეტყვი, გილგამეშ, იდუმალ სიტყვას,
320 ბალახის საიდუმლოს გაგიმხელ:
ზღვის ფსკერზე ხარობს ეკლიანი ბალახი,
ვარდის ეკალივით ხელს გაგიკაწრავს.
უკეთუ ხელთ იგდე ბალახი იგი,
სიჭაბუკის დღეებს დაიბრუნებ“.

გილგამეშმა ეს რომ გაიგონა,
სარქველი აჰხადა ოკეანის ჯურღმულს,
მძიმე ლოდები ფეხებზე მოიბა,
ზღვის ღურღუმელში ჩაძირეს ლოდებმა.
ფსკერზე მიაგნო იდუმალ ბალახს,
330 მოგლიჯა ბალახი, ხელი გაეკაწრა,
მოიხსნა ფეხთაგან მძიმე ლოდები
და ზღვამ ამოაგდო იგი ნაპირზე.
ასე ეუბნება გილგამეში მეზღვაურ ურ-შანაბის:
„აღთქმული ბალახია ეს, ურ-შანაბი,
მისი ძალით მიაღწევს მოკვდავი ნატვრას,
წავიღებ ურუქ-ფარეხში, მოხუცს შევაჭმევ,
ბალახის ძალას ასე გამოვცდი.
უკეთუ მოხუცს განაჭაბუკებს,
შევჭამ, სიჭაბუკის დღეებს დავიბრუნებ“.

340 ოც ბერუს მანძილზე ამტვრიეს პური,
ოცდაათ ბერუზე სათევი მოაწყვეს.
ნახა გილგამეშმა წყარო ცივწყლიანი,
ჩაეშვა წყალში, იბანავა.
გველმა იყნოსა ბალახის სურნელი,
წყლიდან ამოცურდა, ბალახი წაიღო,
გაბრუნებისას გაიძრო პერანგი.

მაშინ ტირილად დაჯდა გილგამეში,
ღაწვებზე ცრემლი ღვარად ეღვრებოდა,
შეჰყურებდა მეზღვაურ ურ-შანაბის:
350 „რისთვის დაიღალნენ მკლავნი, ურ-შანაბი?
ძარღვებში სისხლი რისთვის მეწურება?
სიკეთე ჩემთვის ვერ მოვიპოვე 
მიწის ლომისთვის ვზრუნავდი თურმე.
ახლა შორს მიაქვთ ზღვის ტალღებს ბალახი,
როგორღა ავხადო სარქველი ჯურღმულს,
როგორ ჩავიძირო ზღვის ღურღუმელში?
მენიშნა ნიშანი ჩემდა სასწაულად,
ამიერიდან უკან გავბრუნდები
და ზღვის ნაპირზე დავაგდებ ხომალდს.

(უკუქცევა)
360 ოც ბერუს მანძილზე ამტვრიეს პური,
ოცდაათ ბერუზე სათევი მოაწყვეს.
ბოლოს მიაღწიეს ურუქის წიაღს.
ასე ეუბნება გილგამეში მეზღვაურ ურ-შანაბის:
„ურუქის ზღუდეზე ადი, გაიარე, ურ-შანაბი!
საძირკველს დახედე, აგური მოსინჯე!
იქნებ გამომწვარი არ იყოს აგური,
იქნებ შვიდ ბრძენკაცს ლიბო არ ჩაედოს?“


შენიშვნები
36. დედანში ალიტერაცია და ვირტუოზულად დატრიალებული ფრაზა:
მინათუქა ულ შანა, ქი იათამა ათთა,
უ ათთა ულ შანათ, ქი იათიმა ათთა.
12. შურუფაქი სამხრეთ შუმერის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი (აწინდ. ფარა) ხუთთაგან, (ერიდუ, ბათდიბირა, ლარაკ, სიპარ, შურუპაკ), რომლებშიც მითოსური ისტორიის თანახმად მონაცვლეობით გადადიოდა წარღვნამდელი სრულიადშუმერული მეფობა და, საერთოდ, ცივილიზაცია.
4950. დედანში ეს ორი სტრიქონი გარითმულია, რაც ძალზე იშვიათია აქადურ პოეზიაში (საერთოდ, აქადელი პოეტი შეგნებულად გაურბის რითმას, როგორც შემჩნეულია სამეცნიერო ლიტერატურაში):
ინა შერ ქუქქი, ინა ლილათი,
იზანანუ შამეთუ ქიბათი.
50. „ხორბალში“ იგულისხმება „სეტყვა“, ამ სიტყვებით უთანაფიშთიმ შეცდომაში უნდა შეიყვანოს შურუპაკის მოქალაქენი, რომელნიც მოელიან ხორბლის სიუხვეს ზეგარდამო, სინამდვილეში კი სეტყვის ღვარი დააქცევს მათ.
76. „სურნელი ზეთი...“ უთანაფიშთი წესისამებრ ხელს ზეთით იბანს საქმის დასრულების ნიშნად.
99100. გაუგებარია ფუზურ-ამურუს როლი ან რა იგულისხმება ამ „სასახლეში“ (ექალლუ). ფიქრობენ, თითქოს უთანაფიშთის თავისი სასახლე ეჩუქებინოს ამ კაცისთვის მადლობის ნიშნად; მაგრამ გარდა იმისა, რომ ამგვარი საჩუქარი ამ ვითარებაში მეტისმეტად ცინიკურია, სადღა ჰქონდა სასახლე შურუპაკში უთანაფიშთის, მან ხომ ეას შეგონებით დაარღვია თავისი საცხოვრებელი. მეორე მხრივ, თუ „სასახლეში“ ხომალდი იგულისხმება, რომელიც როგორც ნათქვამია ტექსტში, წარღვნის გმირმა ჩააბარა ფუზურ-ამურუს, სად გაქრა ეს უკანასკნელი წარღვნის შემდეგ? ერთი სიტყვით, ეს ადგილი ძალზე ბუნდოვანია.
120. „ძაღლებივით მიყუჟდნენ ღმერთები“ შუამდინარულ ღვთისმოსავობას არ ბღალავდა ამგვარი თქმები ღმერთების მიმართ. იხ. ამავე კარში სტრ. 181: „ღმერთები შეესიენ მზორველს მწერებივით“; შდრ. აგრეთვე: „ნუ შესწირავ, ბატონო ჩემო, ნუ შესწირავ (ღმერთს მსხვერპლს)! ძაღლივით შენს უკან დევნას შეაჩვევ!“.
150. ნიცირის მთა ამ მთის სახელი აქადური წარმოშობის უნდა იყოს (ნაცარუ ნიშნავს „ხსნას“, „მფარველობას“). აშურის მეფეთა ანალებში ნახსენებია ამ სახელწოდების მთა. მაგ., აშურბანიპალი წერს: „ქალაქ ბაბეთიდან გამოვედი, მივადექი ნიცირის მთას, რომელსაც ლულუელები ქინიფას უწოდებენ“.
162170. შდრ. ძველი აღთქმიდან: „და გაუშვა ყორანი და მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი მიწაზე. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო, თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე. და გაიწოდა ხელი ნოემ და აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში. შვიდ დღეს კიდევ დაიცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან. და დაბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. და მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი მიწაზე“ (დაბ. 8:6-11). შემდეგ ნათქვამია, რომ კვლავ გაშვებული მტრედი აღარ დაბრუნდა, რადგან დამშრალ ხმელეთზე ფეხი მოიკიდა.
173178. შდრ. „და აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვეპლოზე. და იყნოსა უფალმა კეთილსურნელება...“ (დაბ. 8:20-21).
183. ყელსაბამს ამ მნიშვნელოვან მომენტში იგივე მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, რაც ბიბლიურ ცისარტყელას („მშვილდს“): „და ვდებ ჩემს ცისარტყელას ღრუბელში ნიშნად აღთქმისა ჩემსა და მიწას შორის“ (დაბ. 9:13).
208215. ერთი აქადური ეპოსის („ათრახასისი“) მიხედვით, სადაც ძირითადია წარღვნის ეპიზოდი, ენლილმა წარღვნამდე სწორედ ეს სასჯელები მოუვლინა ქვეყნიერთ; წარღვნა მხოლოდ უკიდურესი ზომა იყო. შდრ.: „ასე ამბობს უფალი ღმერთი: ჩემი ოთხი მძიმე სასჯელიც რომ მოვუვლინო იერუსალიმს მახვილი, შიმშილი, სასტიკი მხეცი და ჟამი...“ (ეზეკ. 14:21).
215. ერა შავი ჭირის მომავლინებელი ღმერთი, იგივე ნერგალი, ან მისი ერთი ასპექტი.
229. „წყლების დასაბამთან“ შდრ. ბიბლიურ სამოთხეს, ედემს, სადაც სათავეს იღებს სამყაროს ოთხი მდინარე.
246. „სწუხს კაცთა მოდგმა...“ თითქოს არსებობს სხვაგვარი წაკითხვის შესაძლებლობაც: „ბოროტია კაცთა მოდგმა, შენც გიბოროტებს“.
362. გაუგებარია, რატომ და როგორ მიაცილებს მეზღვაური ურ-შანაბი გილგამეშს ურუქამდე სახმელეთო გზით. სტრ. 359 ამბობს, რომ გილგამეშმა ხომალდი ზღვის ნაპირას დააგდო, სადაც წესით ურ-შანაბიც უნდა დარჩენილიყო. უთანაფიშთის მენავის მოსვლას ურუქში გილგამეშთან ერთად ის გამართლება აქვს, რომ გილგამეშს საშუალება ეძლევა დაანახოს უცხო კაცს ურუქის დიდებული ზღუდე, რომლის ლიბო, მისი რწმენით, შვიდ ბრძენკაცს ჩაუდევს. ეპოსი იმავე სიტყვებით მთავრდება, რითაც დაიწყო.


შუმერული თქმულებები გილგამეშის შესახებ
ინანა, გილგამეში და ალვის ხე
1 ოდესღაც ხე ერთი, ალვის ხე ერთი, ხე ერთი,
წმიდა ბურანუნას პირას დარგულიყო,
ბურანუნას წყალი არწყულებდა...
სამხრეთის ქარმა ფესვითურთ აღმოფხვრა,
ბურანუნამ ღვარი მიუღვარა.
ქალმა, ანის სიტყვათა მოშიშმა, მოარულმა,
ენლილის სიტყვების მოშიშმა, მოარულმა,
ხე იგი ხელთ იპყრა, ურუქს მიიტანა  
წმიდა ინანას ტილში შევიტანო.


10 ქალი უვლიდა ხეს მას, თვისთა ფეხთა წინაშე დარგო:
ინანა უვლიდა ხეს მას, თვისთა ფეხთა წინაშე დარგო.
„როდის მექნება წმიდა ტახტი დასაჯდომელად?“  იტყოდა;
როდის მექნება წმიდა სარეცელი დასაწოლად?“  იტყოდა.


გამოხდა წელი ხუთი, გამოხდა წელი ათი.
ხე იგი აღორძინდა, თუმცა ქერქი ვერ მოეცალა.
მის ძირში გველმა მოუნუსხავმა დაიბუდა,
მის რტოებში ფრთოსანმა ანზუდმა ბარტყები დასხა,
მის შუაგულში ქალწულმა ლილამ სახლი გაიკეთა.
ქალწული მხმობელი, გულმხიარული,

20 წმიდა ინანა ცრემლობდა.
გარიჟრაჟისას, ცისკიდურის გაბრწყინვებისას,
დილის ფრინველთა ჟრიამულის ჟამს
ქალი იგი მოტირალი გილგამეშს უხმობდა,
წმიდა ინანა თავის ძმას, გილგამეშს, უხმობდა:
„ოდესღაც ხე ერთი, ალვისხე ერთი, ხე ერთი,
წმიდა ბურანუნას პირას დარგულიყო,
ბურანუნას წყალი არწყულებდა...
სამხრეთის ქარმა ფესვითურთ აღმოფხვრა,
ბურანუნამ ღვარი მიუღვარა.

30 ქალმა, ანის სიტყვათა მოშიშმა, მოარულმა,
ენლილის სიტყვა
თა მოშიშმა, მოარულმა,
ხე იგი ხელთ იპყრა, ურუქს მიიტანა  
წმიდა ინანას ტილში შევიტანო.
ქალი უვლიდა ხეს მას, თვისთა ფეხთა წინაშე დარგო,
ინანა უვლიდა ხეს მას, თვისთა ფეხთა წინაშე დარგო.
„როდის მექნება წმიდა ტახტი დასაჯდომელად?“  იტყოდა.
„როდის მექნება წმიდა სარეცელი დასაწოლად?“  იტყოდა.
გამოხდა წელი ხუთი, გამოხდა წელი ათი.
ხე იგი აღორძინდა, თუმცა ქერქი არ მოეცალა.

40 მის ძირში გველმა მოუნუსხველმა დაიბუდა,
მის რტოებში ფრთოსანმა ანზუდმა ბარტყები დასხა,
მის შუაგულშ
ი ქალწულმა ლილამ სახლი გაიკეთა.
ქალწული მხმობელი, გულმხიარული,
წმიდა ინანა ცრემლობდა
.

დამ მისმა ამბავი ესე რა მიუთხრო,
გმირმა გილგამეშმა სიტყვა მისი შეიწყნარა,
სარტყელი შეიხსნა, ერგასი მინა მოიშორა,
ერგასი მინა ოცდაათ სიკილად აქცია.
ბრინჯაოს ცული, სალაშქრო საჭურველი 

50 შვიდი გუ და შვიდი მინა წონისა  ხელთ იპყრა,
ხის ძირას გველი მოუნუსხავი მოკლა,
ხის რტოებში ანზუდი ბარტყებითურთ შეიპყრო,

ანზუდი ბარტყებითურთ მთაში გადაკარგა,
ქალწული ლილა უდაბნოდ აოტა.
ხე იგი ფესვითურთ აღმოფხვრა,
რტონი მისი განკაფა.
წმიდა ინანას ტახტისათვის უბოძა,
სარეცლისთვის უბოძა.
თავად ფესვისაგან ფუქუ გაიკეთა,

60 რტოსაგან მიქუ გაიკეთა.


(ენქიდუ ქვესკნელში)
ქალწულთა მუდარა შეესმათ ღმერთებს:
ფუქუ და მიქუ ქვესკნელს ჩაუცვივდა.
გილგამეშმა ხელი გაიწვადა, ვერ მისწვდა;
გილგამეშმა ფეხი გაიწვადა, ვერ მისწვდა.
მაშინ ხინართა კარიბჭესთან დაჯდა
და ცრემლი ღვარა გილგამეშმა, სახეგამკრთალმა:
„ვაგლახ! ჩემი ფუქუ საკვირველი ძალისა!
ვაგლახ! ჩემი მიქუ, გამომცემი საროკველ ხმათა!
ვაი, დღესა მას, როს ფუქუ თან მქონდა სადურგლოში!
70 რომ დურგლის ცოლი დედად მიმაჩნდა,
დურგლის ასული უმცროს დად მიმაჩნდა!
ჩემს ფუქუს ქვესკნელიდან ვინ ამომიხმობს?
ჩემს მიქუს ქვესკნელიდან ვინ ამომიხმობს?“

მონა მისი ენქიდუ ამგვარად ეტყვის:

„რად მოსთქვამ, ბატონო, გული რად გიწუხს?
ფუქუს მე ამოგიხმობ ქვესკნელიდან,
მიქუს ქვესკნელიდან მე ამოგიხმობ“.
ასე ეტყვის გილგამეში ენქიდუს:
„ქვესკნელში ჩასვლას თუ განიზრახავ,
80 ყურად იღე ჩემი გაფრთხილება:
სუფთა სამოსელი არ ჩაიცვა,
ქვესკნელის მკვიდრნი უცხოდ მიგიჩნევენ.
სურნელი ზეთი ტანზე არ იცხო, 
ზეთის სურნელზე შემოგეხვევიან.
ქვესკნელში შუბი არ მოისროლო, 
შუბმოხვედრილნი გარს შემოგერტყმიან.
კომბალი ხელში არ დაიჭირო, 
ქვესკნელის სულნი დაგიფრთხებიან.
ხამლებით ფეხნი არ შეიმოსო,
90 ხმაურით არ ჩახდე ქვესკნელად.
საყვარელი ცოლი არ გადაკოცნო,
მოძულებული ცოლი არ გალახო,
საყვარელი შვილი არ გადაკოცნო, 
მოძულებული შვილი არ გალახო, 
ქვესკნელის მკვიდრთა ჩივილი გეწევა.

ვინც განისვენებს, ვინც განისვენებს,
ნინაზუს დედა, ვინც განისვენებს,
წმიდა მხრები მისი შეუმოსავია,
მკერდი მისი, მსგავსი თასისა, დაუფარავია.

100 ყურად არ იღო ენქიდუმ გაფრთხილება:

სუფთა სამოსელი ჩაიცვა, 
ქვესკნელის მკვიდრთა უცხოდ მიიჩნიეს.
სურნელი ზეთი ტანზე იცხო, 
ზეთის სურნელზე გარს შემოეხვივნენ,
ქვესკნელში შუბი მოისროლა, 
შუბმოხვედრილნი გარს შემოერტყნენ.
კომბალი ხელში დაიჭირა, 
დაუფრთხნენ სულნი ქვესკნელისა.
ხამლებით ფეხნი შეიმოსა,
110 ქვესკნელად ხმაურით ჩახდა.
საყვარელი ცოლი გადაკოცნა,
მოძულებული ცოლი გალახა,
საყვარელი შვილი გადაკოცნა,
მოძულებული შვილი გალახა, 
ქვესკნელის მკვიდრთა ჩივილმა უწია.
ვინც განისვენებს, ვინც განისვენებს,
ნინაზუს დედა, ვინც განისვენებს,
წმიდა მხრები მისი შეუმოსავია,
მკერდი მისი, მსგავსი თასისა, დაუფარავია.

120 როდესაც ენქიდუმ დააპირა ქვესკნელით ამოსვლა,

ნამთარს იგი არ დაუკავებია,
აზაგს იგი არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
უწყალო ნერგალის მსახურს არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
ბრძოლის ველზე არ დაცემულა,
ქვესკნელმა დააკავა.

მაშინ ატირდა ძე ნინსუნისა

თავისი მონის, ენქიდუს, გამო.
130 ექურად, ენლილის ტაძრად, მარტო გაემართა.
„მამა ენლილ, როდესაც ფუქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
როდესაც მიქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
ენქიდუ ჩავგზავნე მათ ამოსატანად.
ნამთარს იგი არ დაუკავებია,
აზაგს იგი არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
უწყალო ნერგალის მსახურს არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
„მამა ენლილმა არ შეიწყნარა.
140 სინისაკენ მარტო გაემართა.
„მამა სინ, როდესაც ფუქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
როდესაც მიქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
ენქიდუ ჩავგზავნე მათ ამოსატანად.
ნამთარს იგი არ დაუკავებია,
აზაგს იგი არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
უწყალო ნერგალის მსახურს არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
ბრძოლის ველზე არ დაცემულა,
150 ქვესკნელმა დააკავა“,
მამა სინმა არ შეიწყნარა.
ენქისაკენ მარტო გაემართა.
„მამა ენქი, როდესაც ფუქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
როდესაც მიქუ ქვესკნელს ჩამივარდა,
ენქიდუ ჩავგზავნე მათ ამოსატანად.
ნამთარს იგი არ დაუკავებია,
აზაგს იგი არ დაუკავებია,
ქვესკნელმა დააკავა.
უწყალო ნერგალის მსახურს არ დაუკავებია,
160 ქვესკნელმა დააკავა.
ბრძოლის ველზე არ დაცემულა,
ქვესკნელმა დააკავა“.

ენქიმ შეიწყნარა ვედრება მისი,
ასე ეტყვის გულად გმირ ნერგალს:
„მომისმინე, გულადო ნერგალ!
გახსენი ხვრელი ქვესკნელისა,
ამოხდეს ქვესკნელიდან ენქიდუს სული,
უამბოს ძმობილს ქვესკნელის ამბავი“.


გულადმა ნერგალმა ენქის მოუსმინა,

170 და გახსნა ხვრელი ქვესკნელისა.
ენქიდუს სული ქვესკნელიდან ამოხდა,
ერთურთს გადაეჭდნენ და დასხდნენ ერთად,
იწყეს საუბარი და მწარე ოხვრა.
„მაუწყე, ძმობილო! მაუწყე, ძმობილო!
ამბავი ქვესკნელისა, რაც ნახე, მაუწყე!“
„ვერ გაუწყებ, ძმობილო, ვერ გაუწყებ!
უკეთუ გაუწყე ამბავი ქვესკნელისა, რაც ვნახე, 
ტირილად დაჯდები!“
„დავჯდე ტირილად!“

180 „ჩემს სხეულს, შეხება რისიც გახარებდა,
ჭიები ჭამენ, ვით ძველ სამოსელს.
სხეული, შეხება რისიც გიხაროდა,
დაღრღნილია და მტვერით ავსებული
.

„ვაჰმე!“  შეიცხადა და მიწად დაემხო;
„ვაჰმე!“  შეიცხადა გილგამეშმა, მიწად დაემხო,
„ვინც ერთი ძე შვა, თუ ნახე?“  „ვნახე.

ქვესკნელში ხმელა პურს შეექცევა.
„ვინც სამი ძე შვა, თუ ნახე?“  ვნახე.
ქვესკნელში მხოლოდ წყალსა სვამს იგი“.

190 „ვინც ოთხი ძე შვა, თუ ნახე?“  „ვნახე.
სასმელ-საჭმელით გულს იხარებს
.

„ვინც ხუთი ძე შვა, თუ ნახე?“  ვნახე.
კარგი მწერალივით შიშველი მკლავი აქვს,
დიდი პატივით შედის სასახლეში“.
„ვინც ექვსი ძე შვა, თუ ნახე?“  „ვნახე.
გუთნისდედასავით უხარის გული
.

„ვინც შვიდი ძე შვა, თუ ნახე?“  „ვნახე.
ღმერთებთან სიახლოვით ნეტარებს“
„ვინც ბოძმა მოკლა, თუ ნახე?“  „ვნახე.

200 ქვესკნელში ჩასვლისას ხიწვებს იცილებდა.
„ვინც უცებ მოკვდა, თუ ნახე?“  „ვნახე.
ღამეულ საწოლში განისვენებს.
ანკარა წყაროს ეწაფება
.

„ვინც ომში მოკვდა, თუ ნახე?“  „ვნახე.
დედ-მამა თავს უწევს, ცოლი ზედ დასტირის
.

„ვისი გვამიც ველზე აგდია, თუ ნახე?“  „ვნახე.
შვება არა აქვს მის სულს ქვესკნელში
.

„ვის სულსაც მზრუნველი არა ჰყავს, თუ ნახე?“  „ვნახე.
ჭამს კერძის ნამუსრევს, ქუჩაში გადაყრილს
.


შენიშვნები
2. ბურანუნა ევფრატის შუმერული სახელწოდება. მის ნაპირას მდებარეობდა გილგამეშის სამშობლო ქალაქი ურუქი.
4. სამხრეთის ქარი მტრული ქარი შუამდინარელთათვის, უდაბნოდან მონაქროლი. ერთ აქადურ მითოსში მოთხრობილია ამბავი, თუ როგორ მოსტეხა ადაპამ სამხრეთის ქარს ფრთები, რის გამოც ცაში იქნა დაბარებული ანის მიერ.
6. „ქალმა, ანის სიტყვათა მოშიშმა...“ ვინ არის ეს ქალი, გაუგებარია. თითქოს ინანა უნდა იყოს, მაგრამ იგივე ქალი ამბობს, “ხეს ინანას მტილში შევიტანო”.
1618. ალვის ხე, როგორც კოსმიური ღერძი, აერთიანებს სამ სკნელს, რომელნიც წარმოდგენილია გველის, ქალწულ ლილასა და ფრთოსანი ანზუდის სახით.
24. აქ გილგამეში ინანას ძმად იწოდება. სრულიად განსხვავებული ურთიერთობაა გილგამეშსა და იშთარს შორის (იხ. გილგამეშის ეპოსი, დაფა VI).
44. ინანა სიტყვასიტყვით იმეორებს მე-3 პირით მოთხრობილ ამბავს და თავის თავსაც მესამე პირით იხსენიებს. ეს გამონაკლისი შემთხვევაა. განმეორებისას ჩვეულებრივ, პირი იცვლება ხოლმე.
5960. ფუქუ და მიქუ დაფდაფი და სარახუნებელი ჯოხები. სწორედ ამ იარაღის ხმაზე ამხედრებდა გილგამეში ურუქის მოყმეთ (იხ. დაფა 1, სტრ. 27).
61. „ქალწულთა მუდარა...“ ტექსტიდან არ ჩანს, რამ შეაწუხა ქალწულნი. სიტუაციის აღსადგენად შეიძლება მოვიშველიოთ დაფა I, სტრ. 3435:
„არ უშვებს გილგამეშ ქალწულს დედასთან,
ასულს გმირისას, სასძლოს მოყმისას“.
ძალადობის აღსაკვეთად ენქიდუს მოუვლენენ ღმერთები გილგამეშს, ხოლო შუმერულ პოემაში დაფდაფი და ჯოხები ქვესკნელში ჩაცვივდება.
65. „ხინართა კარიბჭესთან“ ქვესკნელის კარიბჭესთან. ხინარები ქვესკნელის ღმერთების სახელწოდებაა.
7071. ეტყობა, ამ სადურგლოში დაუკვეთა გილგამეშმა ინანასათვის ტახტი, ხოლო თავისთვის ფუქუ და მიქუ. მაგრამ ამ ამბის შემცველი ტექსტი არ იპოვება შუმერულ-აქადურ ლიტერატურაში.
8195. ქვესკნელი ანტიპოდურია სამზეოს მიმართ, ამიტომაც იქ ჩამსვლელმა ტაბუ უნდა დაიცვას, ცოცხალთა ჩვეულების საწინააღმდეგოდ უნდა მოიქცეს, რომ მასში ცოცხალი არსება არ შეიცნონ და არ დააკავონ.
97. ნინაზუს დედა ქვესკნელის დედოფალი ერეშქიგალი, ხოლო თავად ნინ-ა-ზუ „კურნების უფალი“, ქვესკნელის ერთ-ერთი ღვთაებაა.
121. ნამთარი ბედისწერისა (შუმ. ნამ-თარ) და სიკვდილის დემონი. თავად სახელი მისი (ნამ-თარ) „ბედისწერას“ ნიშნავს შუმერულად.
122. აზაგ უკურნებელი სენის დემონი; გამოთქმა „აზაგს არ დაუკავებია“ ნიშნავს: „სენს არ მოუკლავს“, ისევე როგორც „ნამთარს არ დაუკავებია“ უნდა ნიშნავდეს: „თავისი ბედით არ მომკვდარა“.
123. „ქვესკნელმა დააკავა“ ნიშნავს: „მოკვდა“.
124. ნერგალი ქვესკნელის ღმერთი, რომელიც ხან ცაშია, ხან ქვესკნელში.


ლაშქრობა კედარის ტყისკენ
1 ბატონმა ცოცხალი კაცის ქვეყნისაკენ მიმართა ზრახვა,
ბატონმა გილგამეშმა ცოცხალი კაცის 
ქვეყნისაკენ მიმართა ზრახვა,
თავის მონას, ენქიდუს, ასე ეუბნება:
„იმ ქვეყნად შევალ, ჩემს სახელს დავამკვიდრებ;
სადაც სახელი დამკვიდრებულა, 
იქ ჩემს სახელსაც დავამკვიდრებ.
სადაც სახელი არ დამკვიდრებულა, 
ღმერთების სახელს დავამკვიდრებ.
„მონა მისი, ენქიდუ, ასე მიუგებს:
„პატრონო, თუ იმ ქვეყნად შესვლა განგიზრახავს,
10 უთუმ, მზის ღმერთმა, უწყოდეს,
უთუმ, გმირმა უთუმ, უწყოდეს ყოველი.
უთუ მცნობელია იმა ქვეყნისა,
უთუ მცნობელია კედარის ქვეყნისა.
უთუმ, გმირმა უთუმ, უწყოდეს!“

გილგამეშმა თეთრ თიკანს ხელი შეავლო,

შავი თიკანი, სამსხვერპლო თიკანი, მკერდზე მიიხუტა;
თავისი კვერთხი ვერცხლისა ხელთ იპყრა,
ზეციერ უთუს ამგვარად ეტყვის:
„იმ ქვეყნად მივდივარ, შემეწიე!
20 კედარის ქვეყნად მივდივარ, შემეწიე!
„ზეციერი უთუ ამგვარად მიუგებს:“
ძლიერი მოყმე ხარ შენ, გილგამეშ!
მაგრამ რა გინდა იმ ქვეყანაში?“
ხოლო გილგამეში ამგვარად მიუგებს:
„უთუ, სიტყვას გეტყვი, სიტყვა ჩემი ყურად იღე.
ამბავს გეტყვი, ამბავი იგი გულისხმა ჰყავ:
ჩემს ქალაქში კაცი კვდება,  გული მიწუხს;
კაცი იწირება,  გული ავად მიძგერს.
გალავანზე გაველ, გადვიხედე,
30 გვამები მიჰქონდა მდინარეს.
მეც ასე მომივა, ასე იქნება:
რომელი მაღალი შესწვდება ზეცას?
რომელი ფართე მოიცავს ხმელეთს?
იმ ქვეყნად შევალ, სახელს დავიმკვიდრებ.
სადაც სახელი დამკვიდრებულა,
იქ ჩემს სახელსაც დავამკვიდრებ,
სადაც სახელი არ დამკვიდრებულა,
ღმერთების სახელს დავამკვიდრებ.
„უთუმ ცრემლი მისი მსხვერპლად შეიწირა,
40 მოწყალე კაცივით მოწყალედ მოექცა.
შვიდი ბუმბერაზი ერთი დედისანი,  
ერთი, ძმა მათი უფროსი...
მეორე  გველეშაპი, ხახადაფჩენილი,
მესამე  ურჩხული, ეშვებდაღრჭენილი,
მეოთხე  წარღვნა, ხმელის წარმხოცელი,
მეხუთე  გველი მომნუსხველი,
მეექვსე  [. . . . . . . . . . . . . . . . . .]
მეშვიდე  მოგრიალე ავი ქარიშხალი,
შვიდივენი ქვეშეთის მაცნენი,
50 დღის ნათელის დამაბნელებელნი  
მთათა მღვიმეებში შეგზავნა.
კედარის გამჩეხავი გამხიარულდა,
ბატონი გილგამეში გამხიარულდა;
თავის ქალაქში ერთი კაცივით [. . . . . .]
წყვილი თანამგზავრივით [. . . . . .]
„სახლის პატრონი თავის სახლისაკენ!
დედის პატრონი თავის დედისაკენ!
კაცი მარტოსული, ჩემს კვალზე მოქმედი,
კაცი ერგასი მხარში ამომიდგეს!“
60 სახლის პატრონი თავის სახლისაკენ წავიდა,
დედის პატრონი დედისაკენ წავიდა,
კაცი მარტოსული, მის კვალზე მოქმედი,
კაცი ერგასი მხარში ამოუდგა.
სამჭედლოსაკენ წადგა ნაბიჯები  
ცული  თავისი „ძალი გმირობისა“  ჩამოასხმევინა.
მინდვრის ტევრისკენ წადგა ნაბიჯები 
ტირიფი, ვაშლის ხე, ბზა მოაჭრევინა,
მოქალაქეებს, რომელნიც თან ახლდნენ, ჩამოურიგა.


(მოლაშქრენი გაუდგნენ გზას; გადალახეს შვიდი მთა; კედარის ტყის მისადგომებთან გილგამეში მოულოდნელად ღრმა ძილმა შეიპყრო)

ხელით ეხება,  ვერ დგება იგი;
70 ეხმიანება,  პასუხს არ აძლევს.
„რომელი წევხარ, რომელი წევხარ,
გილგამეშ, ბატონო, ქულაბას ძეო, ვიდრემდის წევხარ?
ქვეყანა დაბნელდა, ჩრდილი ჩამოწვა,
ბნელმა წაიღო ქვეყნის ნათელი.
თავაღმართული უთუ მივალს თავისი დედის, 
ნინგალის, წიაღად.
ჰოი, გილგამეშ, ვიდრემდის წევხარ?
მკვიდრნი ქალაქისა, თან რომ გახლავან, 
მთის ძირას გელიან.
80 შენს მშობელ დედას შენი ქალაქის მოედანზე ნუ გაიყვანენ!“

მაშინ ხმა ჩაესმა, ყური ათხოვა;

გმირული სიტყვა მისი სამოსლად შეიმოსა,
ოცდაათი გინი სამოსი, ხელთ რომ ეპყრა,
მკერდზე მიიფარა,
როგორც ხარი დიდ მიწას დაადგა,
მიწას აკოცა, კბილი გალესა:
„ჩემს მშობელ დედას, ნინსუნას, ვფიცავ,
ჩემს მამას, ბრწყინვალე ლუგალბანდას ვფიცავ,
ჩემი დედის, ნინსუნას, მუხლებზე
90 საკვირველად მჯდომი შევიქნები!
„მეორეგზის კვლავ უთხრა:
„ჩემს მშობელ დედას, ნინსუნას, ვფიცავ,
ჩემს მამას, ბრწყინვალე ლუგალბანდას, ვფიცავ,
ვიდრე არ დავამხობ კაცსა მას, უკეთუ კაცია,
ვიდრე არ დავამხობ მას, უკეთუ ღმერთია,  
ფეხთა ჩემთა იმ ქვეყნად წარვმართავ,
ქალაქისკენ არ წარვმართავ!“

ერთგული მსახური აფიცებს, ევედრება,

თავის ბატონს სიტყვას ეუბნება:
100 „ბატონო ჩემო, ის კაცი არ გინახავს,  არ გეშინია;
მე მინახავს ის კაცი,  მეშინია.
კბილნი იმ გმირისა  კბილნი ურჩხულისა,
სახე მისი  სახე ლომისა,
ღრიალი მისი  ღრიალი წარღვნისა,
შუბლი მისი, ხეთა დამწველი,  არავის გაუშვებს.
ჩემო ბატონო, შენ წადი იმ ქვეყნად, 
მე ქალაქისკენ წავალ
დედაშენს ვეტყვი შენს გამარჯვებას,  
დიდად გაიხაროს!
110 ვეტყვი შენს სიკვდილს,  ცხარედ იტიროს!“

ასე მიუგებს მსახურს გილგამეში:
„ჩემს წილ სხვა კაცი არ მოკვდება,
დატვირთული ნავი არ ჩაიძირება,
სამმაგი საბელი არ გაწყდება,
სახლსა და ხულას ცეცხლი არ შეჭამს.
შენ მე დამიფარე, მე შენ დაგიფარავ, 
რა შეგვემთხვევა? [. . . . . . . . . . . . . . . . . .]
წამო, წინ წავიდეთ, თვალი ვკიდოთ;
როდესაც წინ წავალთ, თუ შიში იქნება,
120 თუ შიში იქნება,  გაბრუნდი უკან!
თავზარი იქნება, თავზარი იქნება,  
გაბრუნდი უკან!“
ხუვავა კედარის სახლიდან იყურება,
თვალს ამზერს, თვალს სიკვდილისას,
თავს უქნევს, ემუქრება,
სიტყვას ეტყვის, სიტყვას მუქარისას.
[. . . . . . . . . . . . . . . . . .] 
ასე იტყვის გილგამეში, ქულაბას მკვიდრი:
„ჩემს მშობელ დედას, ნინსუნას, ვფიცავ,
ჩემს მამას, ბრწყინვალე ლუგალბანდას, ვფიცავ, 
130 მაგ ქვეყნად შენი სადგომისთვის მიმიგნია,
შენი პატარა ფეხებისთვის პატარა ხამლები გამიკეთებია,
შენი დიდი ფეხებისთვის დიდი ხამლები გამიკეთებია.
ხუვავა პირველ ელვას მიანათებს,  
ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან,
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
მთიანეთის ძირას დააწყობენ.
თავის მეორე ელვას მიანათებს,  
ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან,
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
140 მთიანეთის ძირას დააწყობენ.
თავის მესამე ელვას მიანათებს,  
ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან, 
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
მთიანეთის ძირას დააწყობენ.
თავის მეოთხე ელვას მიანათებს,  
ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან, 
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
მთიანეთის ძირას დააწყობენ.
თავის მეხუთე ელვას მიანათებს, 
150 ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან,
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
მთიანეთის ძირას დააწყობენ.
თავის მეექვსე ელვას მიანათებს,  
ქალაქის მკვიდრნი, გილგამეშს რომ ახლავან,
რტოებს გაკაფავენ, შეკრავენ,
მთიანეთის ძირას დააწყობენ. 
რა გაუსრულდა მეშვიდე ელვა,
ხუვავა თავის სადგომისკენ უკუიქცა.
უსურვაზივით ტანი ეგრიხება.
[. . . . . . . . . . . . . . . . . .]
160 შეპყრობილი ხარივით საბელი მოაბეს,
შეპყრობილ მოყმესავით მკლავები გაუკრეს.
ცრემლად იღვრება, მკვდრის ფერი ადევს:
„გილგამეშ, სიტყვას გეტყვი, მომისმინე,
დედა, მშობელი ჩემი, მე არ ვუწყი,
მამა, გამზრდელი ჩემი, მე არ ვუწყი.
მთიანეთს ვუშობივარ, აწ შენ გამზარდე.
გილგამეშმა ზეცა დაიფიცა, მიწა დაიფიცა, 
ქვესკნელი დაიფიცა,  
ხელი ჩასჭიდა, მოკვლა არ ინება,
170 გული გილგამეშისა, ნინსუნას ძისა, მოწყალე იქმნა,
ენქიდუს, თავის მსახურს, ასე ეუბნება:
„ენქიდუვ, შეპყრობილი ჩიტი ბუდისაკენ გაფრინდეს,
შეპყრობილი მოყმე დედის კალთას დაუბრუნდეს!“

ენქიდუ გილგამეშს ამგვარად მიუგებს:

„შეპყრობილი ჩიტი ბუდისკენ თუ გაფრინდა,
შეპყრობილი მოყმე დედის კალთას თუ დაბრუნდა,  
შენი მშობელი დედის ქალაქისკენ ვეღარ დაბრუნდები.
ვის უნახავს შეპყრობილი მოყმის განტევება,
შეპყრობილი ქურუმის გიპარად მიქცევა,
180 შეპყრობილი მხევლის ლხენით დაბრუნება?
მთათა ბილიკები ჩაგეკეტება,
მთებში სავალი გზა გაგიძნელდება!“

გილგამეშმა სიტყვა ყურადიღო.

ხუვავა ენქიდუს ასე ეუბნება:
„ენქიდუვ, რად მიმტრე, ავი სიტყვა რად უთხარ?
ჰე, ქირისკაცო, ბატონის მონავ, 
ავი სიტყვა რად უთხარ?“
ამგვარად ეტყოდა ხუვავა.
ხოლო ენქიდუ რისხვამ აიტანა,
190 თავი მოჰკვეთა, სუდარაში გახვია.

ენლილ და ნინლილის წინაშე მივიდნენ.

ენლილის წინაშე მიწას რა ემთხვივნენ,
სუდარა დადვეს, თავი ამოიღეს,
ენლილის წინაშე დააგდეს.
ენლილმა ხუვავას თავს მზერა ჰკიდა,
გილგამეშის საქმემ განარისხა: 
„ეს საქმე რად გიქნიათ?
დაე, მჯდარიყო თქვენს წინაშე,
ეჭამა პური, საჭმელი თქვენი,
200 ესვა წყალი, სასმელი თქვენი!..“


შენიშვნები
1. „ცოცხალი კაცის ქვეყანა“ შუმ. ქურ-ლუ-თილა. პოემის ჩვენამდე შემორჩენილ ტექსტში ეს კაცი არ მონაწილეობს. შესაძლებელია, მასში იგულისხმებოდეს ხუვავა, ხოლო „მის ქვეყანაში“ მარადმწვანე კედარის ტყე. როგორც ქვემოთ ირკვევა, გილგამეშს იმედი აქვს ამ ქვეყანაში შესვლით უკვდავებას თუ არა, მარადიულ სახელს მაინც დაიმკვიდრებს.
75. „თავაღმართული უთუ მივალს...“ მზის ჩასვლის შეკუმშული მითოსი, რაც სხვაგვარადაც გამოითქმის: „უთუ დედასთან ბრუნდება“, „უთუ დედის სახლში ბრუნდება“.
80. „შენს მშობელ დედას...“ ძნელად გასაგები ადგილია. ამ სიტყვების აზრი შეიძლება ასე გავიგოთ: გილგამეშის უღირსი საქციელის გამო დედამისი საჯაროდ არ შეარცხვინონ ქალაქის მოედანზე (?).
113115. ამ სამ სტრიქონში სამი ანდაზაა, რომელთა აზრი ამ კონტექსტში გაურკვეველია.
131132. „შენი პატარა ფეხებისთვის...“ როგორც ჩანს, ხალხში გავრცელებული თქმა, რომლის ზუსტი აზრი, მით უმეტეს ხუვავას მიმართ, გაუგებარია.
133. „ელვა“ ანუ ელვარება (შუმ. ნი-თე), იგივეა, რაც მელამ; იხ. შენიშვნა, დაფა V, სტრ. 25.
164-165. „დედა, მშობელი ჩემი...“ თავის შებრალების, შევრდომების სიტყვიერი ფორმულა. შდრ. ლაგაშის მთავრის, გუდეას (ძვ. წ. XXII ს.) მიმართვა ქალღმერთისადმი:
ედა არ მივის, დედა ხარ ჩემი!
მამა არ მივის, მამა ხარ ჩემი!
170. „გილგამეშმა ზეცა დაიფიცა...“ ზუსტად ასეთსავე ფიცს წარმოთქვამენ ჰომეროსის გმირები: „ნეტარ ღმერთებსაც კი აშინებთ ამგვარი ფიცი: დაე, მოწმე იყოს ცა, დედამიწა და ქვესკნელი...“ (ოდისეა, V, 185186).
173. შუმერული გამოთქმა „დედის წიაღში დაბრუნება“ ან, უბრალოდ, „დედასთან დაბრუნება“ ამა-არ-გი ნიშნავს ტყვეობიდან დახსნას, განთავისუფლებას.
179. გიპარი სატაძრო ბეღელი (იხ. შენიშვ. დაფა 1, სტრ. 10), სადაც სრულდებოდა საღვთო ქორწინების რიტუალი, რომლის დროსაც მამრი ქურუმი ეუღლებოდა ღვთის მხევალს, ინანად განსახიერებულს. გიპარი ფაქტიურად მთავარქურუმის რეზიდენცია იყო.
198200 ამ სამი სტრიქონის აზრი უნდა იყოს: ხუვავას მოკვლის გამო გმირებს მოსვენება არ ექნებათ, ხუვავას სული სასმელ-საჭმელში დაეზიარება მათ(?).

გილგამეში და აგა
1 აგას მაცნენი, ენმებარაგესის ძისანი,
ქიშიდან ურუქში გილგამეშს მოადგნენ.
გილგამეში ქალაქის უხუცესთა წინაშე
სიტყვას დააგდებს, სიტყვას გამოარჩევს:
„ჭებს რომ მოვუაროთ, ქვეყნის ჭებს რომ მოვუაროთ,
ქვეყნის ჭებს და ჭურჭლებს რომ მოვუაროთ,
ჭები რომ გავაღრმავოთ, ბაგირნი დავასრულოთ,  
ქიშის წინაშე ქედს ნუ მოვიდრეკთ, იარაღით შევებათ!“

ქალაქის უხუცესთა კრებული
10 გილგამეშს სიტყვას შეუბრუნებს:
„ჭებს რომ მოვუაროთ, ქვეყნის ჭებს რომ მოვუაროთ,
ქვეყნის ჭებს და ჭურჭლებს რომ მოვუაროთ,
ჭები რომ გავაღრმავოთ, ბაგირნი დავასრულოთ, 
 
ქიშის წინაშე ქედი მოვიდრიკოთ, იარაღით ნუ შევებმებით!“
გილგამეში, ქულაბას ბატონი,
ინანასათვის გმირობის მოქმედი,
უხუცესთა სიტყვას გულთან არ მიიღებს.
მეორეგზის გილგამეში, ქულაბას ბატონი, 
ქალაქის მოყმეთა კრებულის წინაშე

20 სიტყვას დააგდებს, სიტყვას გამოარჩევს:
„ჭებს რომ მოვუაროთ, ქვეყნის ჭებს რომ მოვუაროთ,
ქვეყნის ჭებს და ჭურჭლებს რომ მოვუაროთ,
ჭები რომ გავაღრმავოთ, ბაგირებს მოვუაროთ, 
 
ქიშის წინაშე ქედს ნუ მოვიდრეკთ,  იარაღით შევებათ!“

ქალაქის მოყმეთა კრებული
გილგამეშს სიტყვას მიუბრუნებს:
„რომელნი დგახართ, რომელნი სხედხართ. 
უფლისწულთან ერთად მეომარნო, 
სახედრის ფერდების მკუმშავნო,

30 ვისაც კი ძალი ამისა შეგწევთ,
ქიშის წინაშე ქედს ნუ მოიდრეკთ, 
იარაღით შეებით!“
ურუქი, ქმნილება დიდი ღმერთებისა,
ეანა, ტაძარი ციდან ჩამოზიდული,
რომლის ნაწილნი ღმერთებმა შექმნეს, 
 
დიდი კედელი, ღრუბელს მიბჯენილი,
მაღალი სადგომი, ანის დადგენილი, 
გმირო ბელადო, შენ დაიცევ!
შემმუსვრელო, ანის ნანდაურო თავადო,
აგას მოსვლას როგორ შეუშინდეს!

40 მცირე ჰყავს ჯარი, დაფრთხებიან,
მაგ ხალხმა ეს ვერ გულისხმაყო!“
მაშინ გილგამეშს, ქულაბას ბატონს,
მოყმეთა სიტყვებზე გული გაუხარდა, გუნება გაუხალისდა.
თავის მონას, ენქიდუს, ასე ეუბნება:
„აწ ბრძოლის ძალამ თოხი შესცვალოს, 
ბრძოლის საჭურველი შენს მკლავს დაუბრუნდეს,
შემზარავ ელვარებას იქმოდეს!
აქ მოსული ჩემმა ელვარებამ დაფაროს,
განსჯა აერიოს, გონი შეუძრწუნდეს!“

50 არ გასულა დღე ხუთი, არ გასულა დღე ათი, 
აგა ენმებარაგესის ძე ურუქს შემოადგა. 
განსჯა აერია ურუქს.
მაშინ გილგამეში, ქულაბას ბატონი,
ამგვარად ეტყვის თავის მეომრებს:
„შუბლი შეუჭმუხნავთ ჩემს მეომრებს; 
გულადი მოდგეს, აგასთან გავგზავნი
. 
მაშინ ბირხურთური, რჩეული მონა,
თავის პატრონს ქებას მოახსენებს:
„მე წავალ, პატრონო, აგასთან.

60 განსჯა აერიოს, გონი შეუძრწუნდეს!“
კარიბჭიდან გავიდა ბირხურთური,
და რა გასცდა ბირხურთური კარიბჭეს,
კარიბჭესთან შეიპყრეს იგი.
ბირხურთურის სხეულს ჰგვემენ,
აგასთან მიიყვანეს. 
აგას სიტყვას ეუბნება.
სიტყვა თვისი ვერ დაასრულა, 
 
ზაბარდიბუნუგი ადის გალავანზე,
გალავნიდან გადმოიხედავს;

70 აგა თვალს შეავლებს,
ბირხურთურს ეტყვის:
„მონავ, ის კაცი ბატონია შენი?“
„ის კაცი არ არის ბატონი ჩემი.
რომ ყოფილიყო ის კაცი ბატონი ჩემი,
სახე მისი მრისხანე იქნებოდა, 
თვალი მისი ელვარე იქნებოდა,
წვერი მისი ლილაქვის იქნებოდა,
პეშვი მისი მოწყალე იქნებოდა!


ბრბო არ გაუფანტავს, ბრბო არ შეუკრიბავს,

80 ბრბო მიწასთან არ გაუსწორებია,
უცხო ქვეყნები არ დაუქცევია,
ქვეყნის პირი მიწით არ ამოუვსია,
ხომალდის ქიმი არ მოუწყვეტია,
აგა, ქიშის მეფე, მისივე ლაშქრიდან
ტყვედ არ წაუყვანია!“ 
სცემენ, აწამებენ,
ბირხურთურის სხეულს ჰგვემენ. 
შემდგომად ზაბარდიბუნუგისა
გილგამეში ადის გალავანზე.

90 ქულაბას მოხუცსა და ყრმას ზარი დაეცა,
ურუქის მოყმეთ მახვილი მოიმარჯვეს,
კარიბჭესთან შუკაში დადგნენ.
ენქიდუ კარიბჭისკენ გადის,
გილგამეში გალავანზე იმართება. 
აგა თვალს შეავლებს: 
„მონავ, ის კაცი შენი ბატონია?“
„ის კაცი ჩემი ბატონია.
რაც ითქვა, ჭეშმარიტად ითქვა.
ბრბო გაფანტა, ბრბო შეკრიბა,

100 ბრბო მიწასთან გაასწორა,
უცხო ქვეყნები დააქცია,
ქვეყნის პირი მიწით ამოავსო,
ხომალდის ქიმი მოწყვიტა,
აგა, ქიშის მეფე, მისივე ლაშქრიდან
ტყვედ წამოიყვანა
. 

გილგამეში, ქულაბას ბატონი,
აგას ამგვარად ეტყვის:
„აგა ჩემი ზედამხედველია,
აგა ჩემი მოურავია,

110 აგა ჩემი ლაშქრის წინამძღოლია,
აგა გაფრენილ ჩიტებს საკენკით კვებავს!
აგამ სუნთქვა მომცა, აგამ სიცოცხლე მომცა,
აგას ლტოლვილი დედასთან მიჰყავს!“ 
ურუქი, ქმნილება დიდი ღმერთებისა,
დიდი კედელი, ღრუბელს მიბჯენილი, 
მაღალი სადგომი, ანის დადგენილი,
გმირო ბელადო, შენ დაიცევ!
შემმუსვრელმა, ანის ნანდაურმა თავადმა,
აგავ, ქიშისაკენ განგიტევა,

120 უთუს წინაშე ძველი ხელმწიფება დაგიბრუნა.
გილგამეშ, ქულაბას ბატონო, 
ქება შენი კეთილმც არის!



შენიშვნები
1. აგა ქიშის ნახევრადლეგენდარული დინასტიის მეფე, რომლის შესახებ მხოლოდ ყრუ ცნობებია ჩვენამდე მოღწეული.
5. „ჭებს რომ მოვუაროთ...“ მაინცდამაინც რატომ ჭებზე ამახვილებს ყურადღებას გილგამეში უხუცესთა წინაშე ამ საბედისწერო ჟამს? როგორც ვიცით, ჭებზე ზრუნვა მნიშვნელოვანი საქმიანობა იყო უდაბნოს პირობებში (ხოლო ურუქს უკაცრიელი უდაბნო ესაზღვრებოდა), და მასზე იყო დამოკიდებული ერთგვარად ქვეყნის კეთილდღეობა. ამით გილგამეშს სურს თქვას: თუ გვინდა კეთილდღეობაში ვიყოთ, მტერს ნუ დავემორჩილებით. უხუცესნი საპირისპირო აზრის არიან. ერთმანეთს ეჯახება ორი პოლიტიკური თვალსაზრისი, ორივე ქვეყნის კეთილდღეობით ნაკარნახევი.
9. „უხუცესთა კრებული“ იხ. შენ. დაფა 11,98.
16. ქულაბა დაბა ურუქის ქალაქ-სახელმწიფოს ტერიტორიაზე. გილგამეში ქულაბასთან იყო დაკავშირებული, შესაძლოა, როგორც საკუთრივ მისი მკვიდრი. ამიტომაც იწოდება გილგამეში როგორც „ქულაბას ძე“ (დუმუ-ქულაბა) ანუ ქულაბას მკვიდრი, და არასოდეს „ურუქის ძე“.
19. „მოყმეთა კრებული“ ურუქის ქალაქ-სახელმწიფოში უხუცესთა კრებულის ანუ საბჭოს გვერდით მოქმედებდა „მოყმეთა კრებული“, როგორც სახელმწიფოებრივი ორგანო, რომელიც გარკვეულად ზღუდავდა მეფის ძალაუფლებას. იარაღის მატარებელ მოყმეთა კრებული უპირისპირდება უხუცესობას, როგორც მებრძოლი ძალა და სწორედ მის რჩევას დაჰყვება გილგამეში, ქვეყნის სამხედრო ბელადი - „დიდი კაცი“ (ლუ-გალ).
29. „სახედრის ფერდების მკუმშავნი“ ასეა დახასიათებული მეომართა ფიზიკური ძლიერება, ან მხედრის ერთიანობა სახედართან.
108113. გაუგებარია გილგამეშის სიტყვების აზრი, განსაკუთრებით სტრ. 112: „აგამ სუნთქვა მომცა, აგამ სიცოცხლე მომცა“. ეს ფრაზა გამარჯვებული გილგამეშის პირიდან კურიოზულად ჟღერს. საერთოდ, ბუნდოვანია ლეგენდის ბევრი ადგილი და, კერძოდ, დასასრული.


გილგამეშის სიკვდილი
(ფრაგმენტები)
I
1 დიდი ხარი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ბატონი გილგამეში დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
გმირი, სარტყელის შემომრტყმელი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ძალაში სწორუპოვარი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ბოროტების ამომძირკველი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ბრძნულად მოლაპარაკე დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ქვეყანათა დამპყრობელი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
მთათა გადამლახავი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ქულაბას ბატონი დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
10 ბედისწერის საწოლზე დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ოხვრა-კვნესის ადგილზე დაწვა, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
ვერ დგება, ვერ ჯდება, მოთქვამს,
ვერ ჭამს, ვერ სვამს, მოთქვამს,
ბედისწერის კარიბჭეს მიბმულია, ვერ დგება,
როგორც თევზი, ფაცერში რომ არის გაბმული,
როგორც ქურციკი, ხაფანგში რომ არის გაბმული, დაგდებულია,
ბედისწერას ფეხი არა აქვს, ხელი არა აქვს [. . . . . . . . .]
[. . . . . . . . .] ხელთ უპყრია, ვეღარ ადგება ვერასოდეს,
                                                                      II
1 დიდმა მთამ ენლილმა, ღმერთების მამამ,
გილგამეშ, ბედისწერად მეფობა მოგცა,
მარადიული სიცოცხლე არ მოუცია,
[. . . . . .] სიცოცხლის გამო ნუ დანაღვლიანდები,
[. . . . . . . . . . . . . .]
ეს უბედურება კაცთა მოდგმისა უნდა გცოდნოდა,
რაც ჭიპლარის მოჭრას მოჰყვებოდა, უნდა გცოდნოდა,
კაცთა მოდგმის ბნელი დღე გელოდება,
კაცთა მოდგმის მარტოობის ადგილი გელოდება,
[. . . . . . . . . . . . . .]
უსწორო ბრძოლა გელოდება,
10 შეყრა აუცდენელი გელოდება,
მაინც ირიგალში გულშეკრული და კრიჭაშეკრული ნუ ჩახვალ,
უთუს წინაშე, დაე [. . . . . .]
                                                                    III
1 ბატონი გილგამეში დანაღვლიანებულია, გული უწუხს,
ყველასთვის, ვინც არ უნდა იყოს, ქანდაკებები კეთდება
შორეულ დღეთათვის, ღმერთების ტაძრებში იდგმება.
მათი სახელები, ერთხელ წარმოთქმული, არ წაიშლება!
არურუ, ენლილის უფროსი და, მისცემს მას შთამომავლობას,
მათი ქანდაკებები გაკეთდება შორეულ დღეთათვის,
გაიხსენებენ მათ ქვეყანაში.
ერეშქიგალ, ნინაზუს დედავ, კეთილ არის ქება შენი!
                                                                   IV
1 მას ჟამს ჭაბუკი ბატონი გილგამეში დაწვა
თავისი სიკვდილის სარეცელზე,
[. . . . . . . . . . . . . .]
როცა ბატონი გილგამეში შევიდა საკრებულოში,
ღმერთების უზენაეს ადგილზე,
უთხრეს ბატონ გილგამეშს: ასეა შენი საქმე:
რაც კი გზები მოგივლია, კედარი, ძვირფასი ხე,
მისი მთიანეთიდან მოგიტანია;
მოგიკლავს ხუვავა მის მაღნარში,
მომავალ დღეთათვის სამანი დაგიდგამს;
10 ღმერთებისთვის ტაძრები აგიგია,
ზიუსუდრას სამყოფელისთვის მიგიღწევია;
შუმერში შუმერის ღვთიური განგებანი მიგიტანია,
განგებანი სამუდამოდ დავიწყებული რომ იყო,
განჩინებანი და წეს-ჩვეულებები 
ხელის განბანა და პირის განბანა...
[. . . . . . . . . . . . . .]
ენლილის რჩევა მიეცა ენქის,
ანსა და ენლილს ენქი ეუბნება:
იმ დღეებში, იმ შორეულ დღეებში,
იმ ღამეებში, იმ შორეულ ღამეებში,
20 იმ წლებში, იმ შორეულ წლებში,
როცა კრებულმა წარღვნა მოახდინა,
რათა კაცთა მოდგმა გაენადგურებინა,
ჩვენს შორის სიცოცხლის ქომაგი ერთადერთი მე ვიყავი,
რომ ზიუსუდრას კაცთა მოდგმის სახელისთვის ეცოცხლა.
მაშინ ცა დაიფიცეთ, მიწა დაიფიცეთ,
რომ კაცთა მოდგმას არ ეცოცხლა.
ახლა გილგამეშს ვუყურებთ [. . . . .]
დაე, გილგამეშის სული ქვემოთ მკვდართა შორის
ქვესკნელში სულთა მეუფროსე იყოს,
30 სამართალს წყვეტდეს, განაჩენს იძლეოდეს,
მისი ნათქვამი წონიანი იყოს ნინგიშზიდასა
და დუმუზის სიტყვებივით.
[. . . . . . . . . . . . . .]
მაშინ გილგამეში, ყმაწვილი ბატონი,
შეწუხდა კაცთა მოდგმის სიცოცხლის გამო,
ღვიძლი ნუ გიკვდება, გული ნუ გიწუხს,
[. . . . . . . . . . . . . .]
წადი, სადაც ანუნები, დიდი ღმერთები,
სხედან მკვდართა შესაწირავის მოლოდინში,
ადგილზე, სადაც ენ-ქურუმი წევს,
სადაც ლაგარ-ქურუმი წევს,
40 სადაც ლუმახ-ქურუმი წევს,
სადაც ნინდინგირ-ქურუმქალი წევს,
სადაც გუდუგ-ქურუმი წევს,
სადაც სელით შემოსილი ქურუმი წევს,
ადგილზე, სადაც მამაშენი, დედაშენი, პაპაშენი,
შენი დები, წვანან,
სადაც შენი ძვირფასი მეგობარი, შენი თანამგზავრი,
შენი მეგობარი ენქიდუ,
შენი უმცროსი ამხანაგი ენქიდუ და დიდ ქალაქში
განმგებლებად მეფისგან განწესებულნი არიან,
ადგილზე, სადაც ჯარის უფროსები წვანან,
სადაც ათისთავები წვანან, დიდ ქალაქში, არალიში...
50 დების სახლიდან დები გამოგეგებებიან,
შენი სამკაული გამოგეგებება,
შენი ძვირფასი ამოგეგებება,
შენი ქალაქის უხუცესობა გამოგეგებება.
ნუ დანაღვლიანდები...
ამიერიდან იგი ანუნათა შორის შეირაცხება,
დიდი ღმერთების თანამგზავრად შეირაცხება,
ქვესკნელის განმგებელი გახდება;
სამართალს გადაწყვეტს და განჩინებას გამოიტანს;
წონიანი იქნება მისი ნათქვამი ნინგიშზიდას
და დუმუზის სიტყვებივით.


შენიშვნები
არ არის მიკვლეული ერთიანი ტექსტი (დასაწყისიდან დასასრულამდე). როგორც ფრაგმენტებიდან ჩანს, არსებული „გილგამეშის სიკვდილის“ რამდენიმე ერთმანეთისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული ვერსია. როგორც ჩანს, გილგამეშს თავისი ღვაწლის გამო (უვალი გზების გაკაფვა, კედარის ტყის დაპყრობა, ბოროტების აღმოფხვრა, უთანაფიშთისთან შეხვედრა და სხვა) მკვდართა სამეფოში პრივილეგირებულია, ქვეკნელის ღმერთებთან ერთად ადამიანის ბედს წყვეტს. შუმერში მართლაც არსებობდა მისი, როგორც ქვესკნელის ერთ-ერთი ღვთაების, კულტი.
I, 3. „სარტყელის შემომრტყმელი“ საბრძოლოდ გამზადებული.
II, 1. „დიდი მთა“ ენლილის, როგორც ცისა და მიწის კავშირისა და სამყაროს შუაგულის, განმასახიერებელი ღმერთის არსებითი და მუდმივი ეპითეტი.
II, 10. „ირიგალი“ შუმ. „დიდი ქალაქი!“, ქვესკნელის ერთ-ერთი სახელწოდება.
III, 8. ერეშქიგალი შუმ. „დიდი მიწის ქალბატონი“, ქვესკნელის მბრძანებელი ქალღმერთი.
IV, 10. ზიუსუდრა შუმ. „შორეული (მარადიული) სიცოცხლის მძებნელი“, უთანაფიშთის შუმერელი ორეული.
IV, 31. ნინგიშზიდა დუმუზის ციკლის ღვთაება, მასავით დაღუპული და აღმდგარი. აქ ქვესკნელის მსაჯული.
IV, 48. „დიდი ქალაქი“, არალი მკვდართა სამეფოს ერთ-ერთი სახელი.































Комментариев нет:

Отправить комментарий