სამეგრელოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს წალენჯიხის რაიონი, რომელსაც სამხრეთ-დასავლეთით ზუგდიდის რაიონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ჩხოროწყუს რაიონი ესაზღვრება. დასავლეთით მას გალის რაიონი საზღვრავს, ჩრდილოეთით კი მესტიის რაიონი. საკუთვრივ რაიონული ცენტრი _ წალენჯიხა თბილისიდან 343
კმ-ით არის დაშორებული და ზღვის დონიდან 222 მეტრზეა გაშენებული. ქალაქ ზუგდიდიდან წალენჯიხას 25
კმ-ი აშორებს, რომელთანაც მას ზემო სამეგრელოში მიმავალი გზატკეცილი აკავშირებს. სარკინიგზო ხაზი წალენჯიხის რაიონში შემავალ დაბა ჯვარამდე მიდის. წალენჯიხასა და ჯვარს შორის მანძილი 16 კმ-ია.
წალენჯიხის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში რელიეფი მთიანია, სამხრეთით ვიწრო პლატოსებრი, გორაკ-ბორცოვანი ვაკეა. მთიანი ნაწილი მოიცავს ეგრისის და კოდორის ქედების სახრეთ შტოქედებს და ღრმა ხეობებს. ეგრისის ქედზე აღმართულია რამდენიმე მწვერვალი, რომელთა სიმაღლე 3 ათას მეტრს აღემატება. მათ შორის უდიდესია ლაკუმურაშ დუდი (ლაკუმურას თავი) _ 3111 მეტრი ზღვის დონიდან. ეს მთიანი ნაწილი დასერილია ენგურისა და ჭანისწყლის მრავალრიცხოვანი შენაკადების ღრმა ხეობებით. მთავარი მდინარეა ენგური, რომელიც რაიონში საკმაოდ დიდ მანძილზე მოედინება. მისი მარჯვენა შენაკადებიდან აღსანიშნავია ჩხინა, ეცი, ოლორი. ხოლო მარცხენა შენაკადებია: ხუბერი, მაგანა. რაიონის აღმოსავლეთ მხარეს მიედინება ჭანისწყალი, რომლის ორივე მხარეს არის წალენჯიხა გაშენებული. მისი შენაკადებია: ინწრა, სკურდილი...
ამ რაიონშია მდინარე ჯუმის და ოჩხომურის ზემო დინება. ტბებიდან აღსანიშნავია ალპიური ტბა ტობა ვარჩხილი, რომელიც ეგრისის ქედზე მდებარეობს. წალენჯიხის რაიონი, განსაკუთრებით ჩრდილოეთი ნაწილი, ტყის საფარით მდიდარია.
XIX საუკუნის II ნახევრიდან მოყოლებული 1930 წლამდე წალენჯიხა ქუთაისის გუბერნიის ზუგდიდის მაზრაში შედიოდა (1924 წელს წალენჯიხა მცირე ხნით რაიონად გამოცხადდა). 1930 წელს ის ცალკე რაიონი გახდა. 1963 წელს ზუგდიდის რაიონს მიუერთეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ კვლავ გამოყვეს. დღეისთვის წალენჯიხა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შემავალი ერთერთი რაიონია.
წალენჯიხის ცენტრიდან ორი კმ-ს დაშორებით, ჭანისწყლის მარცხენა მხარეს, მაღალ ბორცვზე აღმართულია შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი _ მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესია, ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვებით „...გუმბათიანი, დიდშენობა, შუენიერი, კეთილს ადგილს“(1, 778).
ტაძარი ცენტრალურ ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა და წახნაგოვანი გუმბათი სიმაღლით ეკლესიის სიდიდესთან არის შეხამებული. თითოეულ წახნაგში გრძელი და ვიწრო სარკმელია დატანებული. ტაძარი სამ საფეხურიან საძირკველზე დგას და კარგად თლილი თეთრი ქვის კვადრებით არის მოპირკეთებული. კარები დასავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის მხარესაა დატანებული, ხოლო აღმოსავლეთით საკურთხეველია მოწყობილი. XIV საუკუნეში ეკლესიას ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან ღია სვეტებიანი გალერეები მიაშენეს, მოგვიანებით მათი ნაწილი დადიანთა სამარხ ეკვდერებად გადააკეთეს. ტაძრის კარ-სარკმელებს ჩუქურთმები აღარ ამშვენებს და ფასადებიც სრულიად სადაა. სამაგიეროდ მაცხოვრის ეკლესია შიგნიდან ფრესკებით მდიდრულად არის შემკული ქართული და ბერძნული წარწერებით. XIV საუკუნეში სამეგრელოს ერითავთ-ერისთავის ვამეყ I დადიანის (1384-1396) ბრძანებით წალენჯიხელმა ბერ-მონაზვნებმა: ანდრონიკე გაბისულავამ და მახარობელ ქვაბალიამ კონსტანტინოპოლიდან მხატვარი კირ მანუელ ეუგენიკოსი ჩამოიყვანეს, რომელმაც მოხატა ტაძარი. ამის შესახებ ქართულ და ბერძნულ ენოვანი წარწერები გამცნობს (2, 211-212; 3, 95).
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის აშენების თარიღის შესახებ საისტორიო წყაროებში ცნობა არ მოგვეპოვება და არც ტაძარს გააჩნია სამშენებლო წარწერა. 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა სამეგრელოში მოგზაურობის დროს ეს ეკლესიაც მოინახულა და X-XI საუკუნეებში აშენებულად მიიჩნია (2, 210). საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის საპასპორტო მონაცემებით ტაძარი XII-XIII საუკუნეებით არის დათარიღებული (4).
ეკლესიას გარს გრძელი გალავანი აქვს შემოვლებული. რომელიც თავდაპირველად თლილი ქვით იყო ნაშენი, მაგრამ შემდგომ დაქცეულა. XIX საუკუნის დამდეგს მის ნანგრევებზე უბრალო რიყის ქვის გალავანი აუგიათ (5, 4;6, 293). ჩრდილო-დასავლეთ მხარეს გვიანი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლოა აღმართული, რომლის ქვედა ნაწილში ეკლესიის ეზოში შესასვლელი კარიბჭეა დატანებული, ხოლო მეორე სართულს ღია თაღოვანი გადახურვა აქვს.
ტაძრის დასავლეთით 40-45 მეტრის სიგრძის გვირაბი იყო გაყვანილი, რომელიც დაზიანებული სახით დღემდე შემორჩა. დასავლეთ მხარესვე დადიანთა სასახლის ნანგრევებია შემორჩენილი, რომლის ქვედა სართული ქვის სვეტებზე იდგა და თაღოვანი იყო (დღეისთვის ნაწილობრივ არის რესტავრირებული). ზედა სართული საფიქრებელია, რომ ხის იყო. სამხრეთ მხარეს გალავანს მიდგმული აქვს მოზრდილი კოშკი, რომელიც სანახევროდ ჩამოშლილია.
შუა საუკუნეებში წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესია მონასტერი იყო და დასავლეთ საქართველოში ერთერთ მნიშვნელოვან სასულიერო კერად ითვლებოდა. მიუხედავად ამისა, წალენჯიხაში ადრეული ხანის სამონასტრო ცხოვრების შესახებ საისტორიო წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. მხოლოდ XIV საუკუნის ზემოთ ნახსენები ბერების: ანდრონიკე გაბისულავას და მახარობელ ქვაბალიას ვინაობა ვიცით.
XVI საუკუნის II ნახევრიდან საისტორიო წყაროებში წალენჯიხის მონასტრის წინამძღვრები იხსენიებიან. „ცაიშის გულანის“ სახელით ცნობილ ხელნაწერის მინაწერში მათეოზ წინამძღვარია მოხსენიებული. ეს ჟამნ-გულანი თავდაპირველად წალენჯიხის მონასტრის საკუთრება იყო და მოგვიანებით, XVIII საუკუნეში მოხვდა ცაიშის ეკლესიაში (7, 53). მათეოზ წინამძღვარი მონასტერს დაახლოებით XVI საუკუნის II საუკუნეში განაგებდა. XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე წინამძღვრად ელისე ჯაფარიძე იხსენიება. 1613 წლიდან 1628-1630 წლამდე მონასტერს ზებედე წინამძღვარი ედგა სათავეში. მის შემდეგ წალენჯიხის მონასტრის წინამძღვარია იოანე (9, 31-32).
XVII საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში სამეგრელოს მთავარ ლევან II-ის (1611-1657) გადაწყვეტილებით წალენჯიხაში საეპისკოპოსო კათედრა დაფუძნდა. საეპისკოპოსოს დასავლეთი მიჯნა მდინარე ენგური, ხოლო აღმოსავლეთით მდინარე ხობისწყალი იყო. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით მას ცაიშის საეპისკოპოსო ესაზღვრებოდა, ხოლო ჩრდილოეთით წალენჯიხის საეპისკოპოსოს საზღვარი სამეგრელოს (ეგრისის) ქედამდე აღწევდა (9, 32). საისტორიო წყაროებში წალენჯიხის პირველ ეპისკოპოსად მიტროფანე ალავერდელი ეპისკოპოსი ჩანს (10, 185,187). მაგრამ მისი ამ საეკლესიო თანამდებობაზე მოღვაწეობა დიდხანს არ გაგრძელებულა და უკვე 1643 წლიდან დაახლოებით 1655 წლამდე წალენჯიხის ეპისკოპოსი დრანდელყოფილი ევდემონ ჯაიანია. მის შემდეგ საეპისკოპოსოს ილარიონ წალენჯიხელი განაგებდა დაახლოებით XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე. ამავე საუკუნის 70-80-იან წლებში წალენჯიხელი ეპისკოპოსია ქრისტეფორე. ჩვენი მოსაზრებით ეს უნდა იყოს ბოლო მღვდელმთავარი და მის მერე, XVII საუკუნის მიწურულისთვის წალენჯიხის საეპისკოპოსოს არსებობა უნდა შეეწყვიტა.
საეპისკოპოსოს პარალელურად მონასტერიც აგრძელებდა არსებობას. 1648 წლისთვის მონასტრის წინამძღვრობა ეკავა მაქსიმე მელიაძეს. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში წინამძღვარია სვიმონ ჭილაძე.
1700 წლის ახლო ხანაში სახელის გარეშე იხსენიება წალენჯიხელი წინამძღვარი. ამის შემდეგ საისტორიო წყაროებში წალენჯიხის მონასტრის წინამძღვარი პეტრიძე XIX საუკუნის II ნახეარში გვხდება (9, 32-34).
1665 წელს წალენჯიხის მონასტერს საქართველოში მყოფი ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოსი ესტუმრა. ის აქ რამდენიმე ხნით დარჩა და საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები დაწერა. საინტერესოსა ის, რომ მაკარიოსი წალენჯიხის მონასტერს ჭანისწყლის მონასტრად იხსენიებს (8, 123).
წალენჯიხის ეკლესიაშია დაკრძალული სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი. მის საფლავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ ჩამოტანილი მარმარილოს ქვა ადევს სათანადო წარწერით. აქვეა სამთავრო სახლისა და გვერდითი შტოს წევრთა სამარხებიც.
წალენჯიხის ცენტრიდან 5 კმ-ს დაშორებით, მაზანდარას დასახლებაში, ადგილ კაცხარაში, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელსაც ადგილობრივები ,,ნაჯიხარს” ანუ ნაციხარს ეძახიან. ის მდინარე ჭანისწყლის და ინწრას შესართავთან, კონცხზე მდებარეობს.
ციხე-სიმაგრე მდინარის ქვით იყო აშენებული აშენებული და მის ცენტრალურ ადგილას კოშკი იდგა. გალავნის შემორჩენილ ნაწილს სათოფურები გააჩნია, შესაბამისად ეს ციხე-სიმაგრე გვიან შუა საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს. აქ გასული საუკუნის 20-30-იან წლებში მრავლად აღმოუჩენიათ საომარი იარაღები (11, 181).
წალენჯიხაშივე შემორჩენილია კიდევ ერთი შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნაშთი. ციხე იდგა შემაღლებულ ქედზე, მისი გალავანი ნანგრევების სახით არის შემორჩენილი და საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. სამშენებლო მასალად სხვადასხვა ზომის რიყის ქვაა გამოყენებული. სიმაგრის კედლებში სათოფურებია დატანებული და ეს სიმაგრეც ჩვენში ცეცხსასროლი იარაღის გაჩენის შემდგომ უნდა იყოს აშენებული. ციხეს მისასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ მხრიდან აქვს. მიუხედავად იმისა, რომ საისტორიო წყაროებში წალენჯიხის ეკლესიაზე და საეპისკოპოსოზე ცნობები მოგვეპოვება, ამ ციხე-სიმაგრეების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
წალენჯიხიდან 12 კმ-ის დაშორებით, ჩრდილოეთით მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი სქური, რომელსაც მარჯვენა მხრიდან ჭანისწყალი ჩამოუდის. სქურის ხეობაში შემავალი გზის დასაწყისში, თარზენის ქედის ძირას აღმართული იყო თლილი ქვით ნაგები ორსართულიანი კოშკი, რომელსაც „გთოლს“ ანუ გასასვლელს ეძახდნენ. ეს კოშკი, რომელიც 1943 წელს გზის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანგრიეს, სიმაღლით 8 მეტრს აღემატებოდა, სიგრძე-სიგანე კი 5 მეტრი ჰქონდა. ეს ნაგებობა საგუშაგო დანიშნულების იყო და სქურში შესასვლელ გზას აკონტროლებდა.
ჭანისწყლის მარცხენა ნაპირას, ბორცვზე აღმართულია „სქურის ჯიხა“ ანუ სქურის ციხე-სიმაგრე. ის მდებარეობს გზის დასავლეთ მხარეს და ყოფილი საგუშაგო კოშკის ადგილიდან ნახევარი კმ-ით არის დაშორებული. სქურის ციხე დიდი, თანაბარი, უხეშად თლილი მოყვითალო ქვის კვადრებით არის აგებული. მას ნალისებური კოშკის მოყვანილობა აქვს. დღეისთვის ციხის სიმაღლე 5 მეტრს აღწევს და მასზე მიშენებული გალავნის ფრაგმენტებია დარჩენილი. სქურის ციხე-სიმაგრის სამშენებლო ფენა როგორც ფიქრობენ II-IV საუკუნებს განეკუთვნება (13, 432).
სქურის ოდნავ სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბორცვზე დგას ნახევრად დანგრეული დარბაზული ეკლესია, რომელიც X-XI საუკუნეებით არის დათარიღებული (40, 126). სამშენებლო მასალად გამოყენებულია სხადასხვა ზომის რიყის ქვა, რომელიც შემდეგ მოპირკეთებულია კარგად გათლილი ქვიშა-ქვის კვადრებით. ეკლესია გეგმით მართკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით საკურთხეელი აქვს, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან მინაშენები აკრავს. სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში სამ-სამი თაღოვანი სარკმელია დატანებული. ტაძარს სამი მხრიდან აქვს შესასვლელი. შემორჩენილია ფრესკების მცირე ნაწილი, ხოლო წარწერები როგორც შიგნითა, ისე გარეთა მხრიდან არ ჩანს. ეკლესიის სიმაღლე დაახლოებით 10-11 მეტრია, სიგრძე _ 9 მეტრი, სიგანე _ 8 მეტრი. მას ადრე თეთრი ქვით აგებული გალავანი უვლიდა, რომელსაც სათოფურები ჰქონდა დატანებული.
სქურის ეკლესიაში შუა საუკუნეებში მონასტერი არსებობდა, რომელიც მაცხოვრის შობის სახელობის იყო (14, 256-258; 8, 110). სქურის ეკლესიას დიდი ამაგი დასდო მთავარმა ლევან II დადიანმა, რომელმაც ამ საყდრის კუთვნილი ჯვარხატი ხელახლა შეამკობინა. სამწუხაროდ სქურის მონასტრის წინმძღვრების შესახებ საისტორიო წყაროებში ცნობები არ მოგვეპოვება. ზუსტად უცნობია თუ როდის გაუქმდა სქურის მონასტერი. სავარაუდოდ, ალბათ XVII საუკუნის მიწურულში, რადგან მომდევნო საუკუნეებში ის წყაროებში არ იხსენიება (15, 275-280).
სქურის მიდამოებშივე შემორჩენილია მცირე ზომის ორი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ერთი მათგანი მთავარანგელოზის სახელობის ყოფილა. საეკლესიო და საფორტიფიკაციო ნაგებობების არსებობა სქურში, შუა საუკუნეებში აქ მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის არსებობაზე მეტყველებს.
სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში 1633-1653 წლებში მოღვაწე კათოლიკე მისიონერი ბერის დონ არქანჯელო ლამბერტის ნაშრომს „სამეგრელოს აღწერას“, რომელიც 1654 წელს გამოვიდა ნეაპოლში, თან ერთვის სამეგრელოს რუკა, სადაც დატანილია სამეგრელოს დასახლებული ადგილები, ეკლესიები, მდინარეები. აღნიშნული რუკა ქართულ ისტორიოგრაფიაში კარგად ცნობილია და სათანადოდ არის შესწავლილი (11). მაგრამ ზოგიერთი პუნქტის სახელწოდების ქართულად აღდგენა და მათი ლოკალიზაცია კიდევ დასადგენია.
ლამბერტის ნაშრომზე დართულ ამ რუკაზე ერთერთ ასეთი ადგილია „შუგიონა“, რომელიც მდინარე ენგურის მარჯვენა მხარესაა აღნიშნული. იგი სათანჯოს ციხე-სიმაგრის (გალის რ-ნი, სოფელი დიხაზურგა) ჩრდილო-აღმოსავლეთით არის ნაჩვენები. „შუგიონა“-სთან არის ეკლესიის აღმნიშვნელი ნიშანი დატანილი. ამ ტოპონიმის მოპირდაპირედ, ენგურის მარცხენა მხარეს, მითითებულია უახლოესი პუნქტები: ბაში (დღეისთვის სოფელ კორცხელის ერთერთი უბანი, ზუგდიდის რ-ნი) და რუხის ციხე-სიმაგრე. ადგილ „შუგიონა“-ს სახელის ქართულად აღდგენას და ლოკალიზაციას სპეციალურად შეეხო მკვლევარი პ. ცხადაია. მისი დაკვირვებით იტალიურად დაწერილი „შუგიონა“ ქართულად გამოითქმის როგორც „სუჯონა“ (17, 68-70).
როგორც ქართულ ენათმეცნიერებაშია მიჩნეული, ქართულ სიტყვა სუროს მეგრულსა და ლაზურში ძველად შეესიტყვებოდა „სუჯი“. შემდგომში მეგრულში „სუჯი“ შეცვალა „ცურუ“-მ (16, 77). „სუჯს“ პ. ცხადაია ცვარსაც უკავშირებს და მიიჩნევს, რომ „სუჯონა“ ცვარ-ნამიან ადგილს უფრო ნიშნავს, ვიდრე სუროიან ადგილს, სუროვანს (17, 68-70). იგი ამ დასახლებული პუნქტის და ეკლესიის ლოკალიზაციას სოფელ საბერიოს (გალის რ-ნი) ტერიტორიაზე ახდენს (18, 175).
ჩვენი მოსაზრებით „შუგიონა“ სუროიან ადგილს, მეგრულად ცურუონს, ცურონს უნდა ნიშნავდეს და XVII საუკუნეში სამეგრელოს ერთერთი სოფლის სახელი უნდა ყოფილიყო, რომელიც ენგურის მარჯვენა მხარეს მდებარეობდა. ცურონში ეკლესიაც იდგა, რომლის აღნიშვნა რუკაზე ლამბერტმა საჭიროდ მიიჩნია.
1861 წლის სამეგრელოს რუსულენოვან რუკაზე ენგურის მარჯვენა მხარეს, სოფელ ფახულანის (წალენჯიხის რ-ნი) სასოფლო თემის ტერიტორიაზე, ფახულანის ცენტრიდან ჩრდილო-დასავლეთით სამიოდე კილომეტრის დაშორებით აღნიშნულია პატარა სოფელი ცურონი („Цуронь“) (19). მის გარშემო დასახელებულია ფახულანის თემში შემავალი სხვა მცირე სოფლები. სოფელი ცურონი დღეისთვის არ არსებობს. მაგრამ მისი ლოკალიზაცია შესაძლებელია დღევანდელ სოფელ ქალაღალში, რომელიც ფახულანის საკრებულოში შედის. ქალაღალიც ფახულანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს სამი კილომეტრის დაშორებით. აქ „ცანაშის“ სახელით ცნობილ ბორცვზე შემორჩენილია ნაეკლესიარი, რომელსაც ადგილობრივები „ნაოხვამუს“ ანუ ნაეკლესიარს ეძახიან (41, 101). სიძველეთა ცნობილ დამცველს და ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებელს აკაკი ჭანტურიას XX საუკუნის 20-იან წლებში სამეგრელოს, მათ შორის ზუგდიდის მაზრაში არსებული ისტორიული ძეგლების სია შეუდგენია, რომლებიც დაცვას საჭიროებდნენ. მათ შორისაა ცანას ეკლესია (20). ქალაღალში „გინახვამას“ ბორცვზე, რომლის სახელწოდებაც მიგვითითებს, რომ აქ ხატობა იმართებოდა, გადმოცემის მიხედვით წმინდა გიორგის ხატი იყო დაბრძანებული. იმავე ბორცზე ჯვარიც იყო აღმართული (41, 25).
ვფიქრობთ, რომ არქანჯელო ლამბერტის ნაშრომზე დართულ რუკაზე აღნიშნული ტოპონიმი „შუგიონა“ დღევანდელ სოფელ ქალაღალის ტერიტორიაზე XVII-XIX საუკუნეებში არსებული სოფელი ცურონი იყო თავისი ეკლესიით, რომელიც ლამბერტის სამეგრელოში ყოფნის დროს ერთერთ მნიშვნელოვან სალოცავს წარმოადგენდა. საფიქრებელია ისიც, რომ ამ სოფელს ქალაღალი მოგვიანებით დაერქვა.
საკუთრივ ფახულანი, რომელიც მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და რაიონულ ცენტრ წალენჯიხიდან 32 კმ-ით არის დაშორებული, მდიდარია ისტორიული ძეგლებით. ამ სოფლის უბნებია: წყოუში, ქალაღალი, ჭველე, უბადოღალი, ნანჯიში, ლეგერდე, ნაშამგუ, ნაჯიხარი და სხვა. ფახულანში მოედინება ენგურის გარდა შემდეგი მდინარეები: ოლორი თავისი ორი შენაკადით; დიდი და პატარა ტებენე, ქალაღალი. სოფლის სახელწოდების წარმომავლობა უცნობია.
ფახულანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელიც ენგურის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჩაატარა (1964-1970 წწ.), ქვედა პალეოლითის (მუსტიეს) ხანის ქვის იარაღები აღმოჩნდა (21, 49). 1930 წელს აქ იპოვეს პონტოს მეფე პოლემონ II-ის მიერ მოჭრილი მონეტა. ასევე რკინის ნაჯახი და დანები, ვერცხლის საკინძეები (42, 76).
იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის სააღაპე წიგნში განწესებულია მიქაელ ფახულანის დეკანოზის მოსახსენიებელი: „თუესა მასსა კგ, ამასვე დღესა აღაპი მიქაელ ფახულანის დეკანოზისაი...“. ეს აღაპი XIII საუკუნის უკანასკნელი ათეულით და XIV საუკუნის დამდეგით თარიღდება (43, 101, 169).
XIV საუკუნის შეწირულობის სიგელით, სვანეთის ერისთავთერისთავმა, და მანდატურთუხუცესმა (დასავლეთ საქართველოს) ხაჟიგ დადიანმა (44, 73) სვანეთში სეტის (მესტიის) ეკლესიას უბოძა დღევანდელ ფახულანის თემში შემავალ პატარა სოფელ წყოუშში მცხოვრები გლეხები. საისტორიო დოკუმენტში წყოუში წოუშხევად არის ნახსენები: „ქ. გკადრედ და მოგახსენეთ თქუენ მთავარმოწამესა სეტიისა მე ერისთავთერისთავმან და მანდატურთუხუცესმან დადიანმან ხაჟიკ, მას ჟამსა, ოდეს ჩუენისა გამარჯუებისათვის შემოგწირეთ და მოგახსენეთ წოუშხევს ოთხისა გლეხისა ბეგარი ცვილი. გლეხნი ესენი არიან: დაგვინაი ძიძია, შამიგია (...) შამიგია ხერუხინა და დავითელა გვაგვინია. ესე ჩემისა გამარჯუებისათვის შემომიწირავს“ (22, 113).
ფახულანში „სქვამაიას სახელით ცნობილ ბორცვზე შემორჩენილია შუა ფეოდალური ხანის (XI-XIII სს.) ციხესიმაგრის ნაშთები. მას ადგილობრივები „ნოჯიხუს“ ე.ი. ნაციხარს ეძახიან. ბორცვი სიმაღლით 70 მეტრს აღწევს, რომელსაც სამი მხრიდან ციცაბო დაქანება აქვს. ციხე-სიმაგრის საერთო ფართობი 400 მ2-ს შეადგენს. აშენებული იყო რიყის ქვით. გალავანი ძალზე დანგრეულია. ციხე-სიმაგრეში სამი კოშკი იდგა, ხოლო მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა დარბაზული ეკლესიის საძირკველი გამოვლინდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვერცხლის, რკინის და კერამიკის ნაწარმს მიაკვლიეს (23: 105-111).
ეს ციხე-სიმაგრე უნდა იყოს ნაგულისხმევი ვახუშტი ბაგრატიონის 1745 წლის ატლასში, სადაც ფახულანის ადგილას დატანილია აზნაურის სასახლის აღმნიშვნელი პირობითი ნიშანი წარწერით „სააფაციო“. ვახუშტის რუსულენოვანი ატლასში „სააფაციო“ უკვე სიმაგრის ნიშნით და წარწერით „Крепост“ არის აღნიშნული (24, 52, 53, 63). ფახულანშივე მდ. ოლორის მარცხენა ნაპირზე, მთის პლატოზე შემორჩენილია კიდევ ერთი ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
ასევე ოლორსა და მის შენაკად ტებენის შუა კოშკის ნაშთი. კიდევ ერთი ციხე-კოშკი იდგა წყოუშში. ფახულანის ჩრდილოეთით მდებარე სოფელ მუჟავაში, მდ. ოლორის მარცხენა მხარეს მაღალ მთაზე შემორჩენილია საფორთიფიკაციო კომპლექსის ნანგრევები. მისი კონფიგურაცია მთის კონცხის მოყვანილობას იმეორებს. გალავნის სამხრეთ-დასავლეთით მრგვალი კოშკის ფრაგმენტებია დარჩენილი, რომელიც ისევე როგორც გალავანი ნაშენია რუხი ფერის კლდის ქვით. სიმაგრის ქვედა ტერასაზე დარბაზული ნაგებობის რამდენიმე კედლის ნაშთია დარჩენილი. ნაგებობა უხეშად თლილი ქვებით არის აგებული. ციხე-სიმაგრის ყველაზე მაღალ ადგილას მცირე ზომის დაზიანებული ეკლესია დგას, რომელიც უხეშად დამუშავებული თანაბარი ზომის ქვებით არის აშენებული და მისი სამშენებლო წყობა ზოგადად კარგია.
მუჟავაშივე, უბან „საანთიოში“ შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ჩრდილოეთის კედელი, საკურთხევლისა და დასავლეთის კედლის ფრაგმენტები. ეს საყდარი სხვადასხვა ზომის უხეშად თლილი ქვით იყო აგებული. ამ სოფელში მრგვალი კოშკის შანთია შემორჩენილი, რომლის სამშენებლო მასალად რიყის და კლდის ფლეთილი ქვები გაოუყენებიათ. იქვე გალავნის ფრაგმენტებია დარჩენილი, რომელიც იმავე მასალით არის აშენებული.
წალენჯიხის ჩრდილოეთით რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდ. იწრას ხეობაში გაშენებულია სოფელი საჩინო, ის აგებულია გათლილი ქვებით. დღეისთვის საყდრის კამარა და კონქი ჩამოქცეულია და მის კედლებზე მცენარეულობაა ამოსული. ეკლესიას წრწერა ან ჩუქურთმა არ ამკობს და უცნობია თუ ვის სახელობაზეა აგებული.
საჩინოს უბან კუხეშში შემორჩენილია ციხე-კოშკის ნანგრევები, რომელსაც „მამუკიას ჯიხას“ ეძახიან. ამ რიყის ქვით აგებული სიმაგრე შემაღლებულ ბორცვზე იდგა. დღეისთვის ყველაზე კარგად კოშკის ფრაგმენტია შემორჩენილი. საჩინო აფაქიძეთა სათავადოს სახლის ერთ-ერთი რეზიდენცია იყო და ეს ციხე-სიმაგრეც მათ ეკუთვნოდა. XIX-XX ს-თა მიჯნაზე ამ ციხის მიდამოებში თავადი ლევან აფაქიძე ცხოვრობდა, რომელიც მამუკიას შთამომავლად ითვლებოდა (25, 165-166).
საჩინოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, სოფელ ჯგალის უბან ლესალეშიშეორჩენილია გვიან შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე. ის სოფლის ჩრდილოეთით 1,5 კმ. დაშორებით მთაზეა აგებული და აქ გამავალ ზემო სამეგრელოს გზას აკონტროლებდა. ციხის გეგმა მთის ზედაპირის მოყვანილობას იმეორებს. ციხე-სიმაგრის ჩრდილო-დასავლეთი მხარე კუთხოვანია, ხოლო დანარჩენი მხარე მომრგვალებული. მისი გალავანი სხვადასხვა ზომის დაუმუშავებელი ქვით არის აშენებული. გალავნის ჩრდილოეთ ნაწილში კარიბჭეა დატანებული, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილს მიდგმული ჰქონდა გრძელი დარბაზული ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთისა და სამხრეთის კედლებია შემორჩენილი. გალავნის სამხრეთ კედელში სათოფურებია დატანებული. ციხე-სიმაგრის კედლები მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.
ჯგალის (ლესალეს) ციხე პირველად XVII ს-ში იხსენიება. 1616-1621 წლებს შორის გაცემული ერთი საბუთის მიხედვით, ჯგალის ციხის მიმდგომ გლეხებს დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გადასახადი ემართათ. იქვე მოხსენიებულია საკათალიკოსო სასახლე და მებეგრე გლეხთა ნუსხა (26, 471, 478).
ჯგალის საკრებულოში შემავალ პატარა სოფელ კანთში (ლეკანთი) იდგა ეკლესია, რომლისგანაც დღეისთვის მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა. ეს საყდარი XX ს-ის 30 წლებამდე მოქმედი იყო. XVII ს-ში სამეგრელოში მოღვაწე იტალიელი კათოლიკე მიიონერის არქანჯელო ლამბერტის სამეგრელოს რუკაზე აღნიშნულია ჯგალი და იქ მდგარი ეკლესია. ვფიქრობთ, რომ სწორედ კანთში მდგარი ეს საყდარი უნდა იყოს აღნიშნული ლამბერტის რუკაზე. ჯგალის ეს ეკლესია იხსენიება სამეგრელოში 1639 წელს ჩამოსული რუსი ელჩების საანგარიშო აღწერილობაში. ისინი ამ სოფელში 22 ნოემბერს მივიდნენ. მათი აღწერით: „იქ ქვის ეკლესია იდგა, რომელზეც ჯვარი არ იყო აღმართული. ეკლესიის დარბაზი საკურთხევლისაგან გამოყოფილი იყო კანკელით და მასში ორი კარი იყო. ქვის სატრაპეზო კედელზე იყო მიშენებული. საკურთხეველში ხატები და წმინდა წერილი არ იყო. ანდრია ცაიშელ ეპისკოპოსის მისვლის შემდეგ მისი ბრძანებით ჯგალის ეკლესიაში ჯვარი აღმართეს და ღვთისმშობლის ხატი დაასვენეს. ჯგალის ეკლესიაში 23 ნოემბერს ევდემონ არქიმანდიტრმა წირვა ჩაატარა, ხოლო 24 ნოემბერს აკურთხა“ (14, 249-256).
წალენჯიხის სამხრეთით 6 კმ-ის დაშორებით, მდ. ჭანისწყლის მარჯვენა მხარეს მდებარეობს სოფელი ობუქი სოფლის ჩრდილოეთით შემორჩენილია შუა საუკუნეების ეკლესიის ფრაგმენტები, რომელიც საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს. მოზრდილი ქვის კვადრებით ნაგებ ეკლესიას კარსარკმელები მოჩუქურთმებული ჰქონდა. ბევრად უკეთესად არის გადარჩენილი სამრეკლო. იგი ორსართულიანი, რიყის დაფლეთილი ქვით აშენებული ნაგებობაა და გარედან მოპირკეთებულია ქვიშა-ქვის კვადრებით. თავის დროზე ეკლესიაც ასევე იყო მოპირკეთებული. სამრეკლოს პირველი სართული თაღოვან გასასვლელს წარმოადგენს.
ობუჯი საისტორიო წყაროებში ცნობილი სოფელია. არქანჯელო ლამბერტი ოდიშის მონასტრების ჩამოთვლისას აღნიშნავს, რომ „მეოთხეთა ობუჯის მონასტერი, რომლის ეკლესია წმინდა გიორგის სახელობაზეა აშენებული. აქ ძველად მთავრების სამარხი იყო, რომელიც ეხლა წალენჯიხაშია 927, 124). XVII ს-ში აფხაზეთიდან, ქიაჩის ეკლესიიდან ობუჯის მონასტერში გადმოასვენეს ვერცხლის ნაჭედი და ოქროთი დაფერილი ხატი _ „სამწერობელი“, რომელიც XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება. მასზე ამოტვიფრულია წარწერა: „სახელითა ღმრთისათა მე გიორგი მეფემან დავხსენ ეს სამწერობელნი წმიდისა ამას ეკლესიას ქიაჩს...“ (2, 239).
ობუჯის სამხრეთით, ოღონდ მდ. ჭანისწყლის მარცხენა მხარეს სოფელ ჯაღრაში გორაკზე, რომელიც მდინარეს გადაჰყურებს ლგას ჯაღრას ციხე-სიმაგრე კოშკსა და გალავნისაგან შედგება და რიყის ქვით არის აშენებული. ციხის გალავანსა და კოშკზე სათოფურებია დატანებული, ხოლო შესასვლელი კარიბჭე აღმოსავლეთის მხარესაა დატანებული. პ. ზაქარიას დათარიღებით ეს საფორტიფიკაციო ნაგებობა დაახლოებით XV-XVI სს-ში უნდა იყოს აგებული (28, 289). ჯაღრა 1639 წელს იპ. ზახარიევის და ფ. ელჩინის მოხსენებათა ანგარიში იხსენიება, სადაც აღნიშნულია, რომ ელჩები 3 დეკემბერს მივიდნენ ჯაღრაში (რუსულ ტექსტში Жахар) და 31 იანვარს წამოვიდნენ იქიდან (14, 217). ამ ხნის განმავლობაში რუსი ელჩები ბუნებრივია ამ ციხე-სიმაგრეში იქნებოდნენ დაბანაკებულნი. ისევე როგორც ობუჯი, ასევე ჯაღრა ზემო სამეგრელოს გზის გასწვრივ მდებარეობა და ჯაღრას ციხე ამ გზის გარკვეული პერიმეტრის გაკონტროლებასაც ემსახურება. თავის მხრივ სამხრეთით ეს გზა მოემართება სოფელ ჯიხაშკარში სადაც მდებარეობს ცნობილი ჭაქვინჯის ციხე-სიმაგრე.
ზუგდიდიდან ზემო სვანეთისკენ, მდ. ენგურის მარცხენა მხარეს მიემართება გზა, რომელიც უძველესი დროიდან აკავშირებდა სვანეთს ბართან. ამ გზაზე წალენჯიხის რ-ნის პირველი სოფელი არის ლია. ლია სულხან-საბა ორბელიანის განმარტებებითი ლექსიკონის მიხედვით საფლობ ტალახს ნიშნავს (29, 414). მართლაც ლიის დიდი ნაწილი ენგურისპირა დაბლობზეა გაშენებული და სანამ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი აშენდებოდა, ეს ადგილი წყალდიდობების დროს გამუდმებით იტბორებოდა. სოფელს აღმოსავლეთ მხარეს მაღალი ბორცვოვანი ქედი გასდევს. ერთ-ერთ ბორცვზე რომელსაც „დიდა ქირსას“ (ქრისტეს დედა) ეძახიან, შემორჩენილია ციხე-სიმაგრის ნანგრევები, რომლის ფართობი დაახლოებით 1200 კვ. მ-ია. აქ გასული საუკუნის 60-იან წლებში ენგურის არქეოლოგიური ექსპედიციის ნაწილმა ჯ. ჯღამაიას ხელმძღვანელობით ჩაატარა გათხრები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გორაკზე ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ ხანაში ააგეს სამი კოშკი დიდი ზომის რიყის ქვებით, ხოლო გვიანფეოდალურ ხანაში ეს კოშკები გალავნით შემოზღუდეს. ციხე-სიმაგრის მშენებლობაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა, რაც მის მრავალჯერ განახლებაზე მიუთითებს. დღეისთვის ყველაზე კარგად ნაციხრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეა შემორჩენილი, რომლის სიმაღლე 4 მეტრამდეა, ხოლო სიგრძე 10 მ-დე. ციხის შიგნით გათხრების შედეგად გამოვლინდა მცირე ეკლესიის აფსიდი, რომელიც ადრებიზანტიური ხანისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული წესით იყო აშენებული. „დიდა ქირსას“ ბორცვზე არქეოლოგიური გათხრებისას რომაული ხანის სამარხებიც აღმოჩნდა, რომლებიც II-IV საუკუნეებს განეკუთვნება, გამოვლინდა არქეოლოგიური მასალაც: კერამიკა, მძივები, სამაჯურები, რკინის საომარი იარაღები, ჯაჭვის პერანგის ფრაგმენტი, რომაული მონეტები. ამ ბორცვის ფერდობებზე სადაზვერვო გათხრების დროს გამოვლინდა ძვ. წ. V საუკუნის კერამიკის მათ შორის იმპორტულ: როდოსული და ქიოსური ამფორათა ფრაგმენტები და შავლაკიანი ფიალის ძირები. ქრისტიანობის გავრცელების თვალსაზრისით ახ. წ. IV-V საუკუნეების სამარხები ერთგვარად გარდამავალი ხასიათისაა. V ს-ში დაკრძალულთა ერთი ნაწილი აშკარად ქრისტიანები არიან, ხოლო VI ს-ში დაკრძალულები მხოლოდ ქრისტიანებია (30, 126-134. 31. 32, 155. 179-181).
„დიდა ქირსას“ ბორცვზე ცხოვრების კვალი სავარაუდებელია ელინისტური ხანიდან მაინც. ადრე შუა საუკუნეებში აქ ჯერ ეკლესია აუგიათ, ხოლო შემდეგ კოშკები. გვიანფეოდალურ ხანაში ციხე-სიმაგრე აშენდა, როდესაც გარკვეული ტერიტორია შემოიზღუდა მასში მოქცეული ორი კოშკით. ლიის ციხე-სიმაგრე აკონტროლებდა სამეგრელოდან სვანეთისაკენ მიმავალ უძველეს გზას. ასევე ამ სიმაგრის კონტროლქვეშ იყო მეორე გზა, რომელიც ლიიდან წალენჯიხისაკენ მიემართება. „დიდა ქირსას“ სამხრეთ-დასავლეთით, მშრალი ხევის დასაწყისში კლდე-კარია, რომელსაც ადგილობრივი „გოხორხილს“ (გახერხილს) ეძახიან. საუკუნეთა განმავლობაში 10 მ-ის სიმაღლის კლდე წყალს დაუღრმავებია, შემდეგ კი ხელოვნურად გაუფართოვებიათ და გზად უქცევიათ. ამჟამად იქ ლიიდან წალენჯიხაში მიმავალი უმოკლესი გზა გადის. გვიან ფეოდალურ ხანაში ლიის ციხე-სიმაგრე გზების კონტროლის გარდა ალბათ აფხაზთა მარბიელი შემოსევებისაგან თავდასაცავადაც გამოიყენებოდა.
ლიის საკრებულოში შედის ენგურისპირა პატარა სოფელი პალური, სადაც 1969-1970 წლებში ენგურის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები ჩაატარა „ჟირსუკის“ სახელით ცნობილ ბორცვზე, სადაც ნეოლითის ხანიდან მოყოლებული ადრე შუა საუკუნეებამდე არქეოლოგიური მასალა გამოვლინდა. ხოლო „საძვალეს“ სახელით ცნობილ ადგილას უძველეს სარიტუალო მოედანი გაითხარა (33, 30. 35).
ლია სიგრძეზე გაშენებული სოფელია და უშუალოდ უერთდება დაბა ჯვარს. ჯვარი მდ. ენგურისა და მდ. მაგანას შესართავთან მდებარეობს. მის აღმოსავლეთით 1 კმის დაშორებით მაღალ ზეგანზე გაშენებულია საქალაქო ტიპის დასახლება _ ჯვარზენი. ჯვარი მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მდებარეობს: ერთის მხრივ სვანეთისკენ მიმავალი გზა, ხოლო ჯვარიდან სოფელ ჩქვალერის და საჩინოს გავლით ზემო სამეგრელოს გზაზე შეიძლება გასვლა. აფხაზეთის მიმართულებით გზა სოფელ ჭალეზე და ფახულანზე გადის.
ჯვარი უძველესი დროიდან იყო დასახლებული. აქ აღმოაჩინეს გვიანბრინჯაოს ხანის განძი, რომელიც პეტერბურგშია დაცული (34), 1964 წელს ენგურის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გამოიკვლია მაქსანიას გამოქვაბული, რომელიც ჯვარის ჩრდილოეთით მდებარეობს. აღმოჩნდა, რომ ელინისტურ ხანაში ამ გამოქვაბულს სვანეთისკენ მიმავალნი სადგომად იყენებდნენ, ხოლო ენგურის თაღოვანი კაშხალის ზემოთ, მდ. ეცი (ეიცი) ხეობაში ქვის ხანის (მუსტიეს ეპოქა) ადამიანთა გარე სადგომები გამოვლინდა (11, 218). ჯვარისთვის ამ სახელის დარქმევა ზეპირგადმოცემით მოციქულ ანდრია პირველწოდებულს უკავშირდება, რომელმაც აქ ჯვარი აღმართა, ხოლო იმ ველს სადაც ჯვარი იყო აღმართული _ ჯვარზენი ეწოდება. ამავე გადმოცემის მიხედვით, IV ს-ში აქ ეკლესია აუგიათ.
ჯვარზენში იდგა წმინდა გიორგის სახელობის საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია, რომლის წმინდა გიორგის ხატს ადგილობრივები „ჯგეგეს“ (იგივე წმინდა გიორგი) უწოდებდნენ. ეს ეკლესია 1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია. ჯვარზენშივე იდგა „ჯვარი პატიოსანის“ მცირე ზომის ეკლესია, რომლის მხოლოდ მცირე ნაშთია შემორჩენილი.
ამ ეკლესიების შესახებ ცნობა უნდა იყოს დაცული აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი იადგარის 1611-1615 წლებს შორის შესრულებულ მინაწერში, სადაც „ჯვარი პატიოსნისა“ და „წმიდა გიორგის“ მონასტრები იხსენიება. ეს მონასტრები ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა სასახლით, მამულებით და ყმებით ბიჭვინთის საკათალიკოსოს უწყალობა (37, 187. 38).
ჯვარზენის სამხრეთ მხარეს, ტრიკონქის ტიპის ეკლესია იდგა, რომელთა კედლები ბოლო დრომდე 1, 1,5 მეტრის სიმაღლეზე იყო დარჩენილი. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება და ასეთი მარტივი ფორმის ტრიკონქი ერთადერთია საქართველოში (36, 66-67).
ჯვარის ჩრდილოეთით, ენგურისა და მაგანას წყალგამყოფ ქედზე _ „ლაბერაშზე“ ადრე შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო ნაგებობის ნაშთია შემორჩენილი, ხოლო იქ სადაც ენგური დაბლობზე გამოდის დგას კოშკი „ომუნეს ჯიხა“, რომელიც დღეისთვის რესტავრირებულია. ის მრავალსართულიანი ნაგებობაა და დაახლოებით XV-XVI ს-ში უნდა იყოს აგებული (11, 218-219).
ჯვარის ახლოს სოფელ ლეშამუგეში გზისპირას შემორჩენილია სამნავიანი ეკლესიის ნანგრევები. იქვე აღმოჩნდა სამარხი ქვის ყუთები. ერთ-ერთში ძვლებთან ერთად წითლად გამომწვარი დოქი აღმოჩნდა, რომელიც VII-VIII ს-ით დათარიღდა. თ. ბერაძის აზრით დაახლოებით ამ საუკუნეებს უნდა განეკუთვნებოდეს ლეშამუგეს ეკლესია (11, 221). სიძველეთა ცნობილ დამცველმა და ზუგდიდის მუზეუმის დამაარსებელმა აკაკი ჭანტურიამ შეადგინა რუკა, სადაც დაიტანა XX ს-ის 20-იან წლებში ჯვარს და მის მიდამოებში ჯერ კიდევ შემორჩენილი ისტორიული ძეგლები ან მათი ნაშთები. ამ რუკაზე ზემოთ ნახსენები ძეგლების გარდა დატანილია: ყენიაშ ჯიხა (ყენიას ციხე), ლეხარჩილეში ნაჯიხი (ნაციხარი), ასევე ორი ნაეკლესიარი. ლატურაში _ „ნაჯიხი“, ლეხუბუტეში ნაეკლესიარი, ლაყამუოჰონიეში _ „ნაჯიხი“ და ნაეკლესიარი, ნაფარონში და ლაფარიაში _ ნაეკლესიარები, ლექარდეს მაცხოვრის ეკლესია (39, 117) დღეისთვის ამ ისტორიული ძეგლების ნაშთები თითქმის არ არის შემორჩენილი.
ჯვარი 1639 წელს სამეგრელოში ჩამოსული რუსი დესპანების მოხსენებათა ანგარიშიც არის მოხსენიებული, სადაც ისინი 17-და 20 ნოემბრამდე იმყოფებოდნენ (14, 247-248). ჯვარის მოპირდაპირე მხარეს, მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირას სოფელი ჭალე მდებარეობს. აქ ეწერფერდის უბანში „ჩეოხვამეს“ ანუ თეთრი საყდრის სახელით ცნობილი მცირე დარბაზული ეკლესია დგას, რომელიც რიყის ქვით და უხეშად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით არის აშენებული. ეს ეკლესია გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება და XIX ს-შიც მოქმედი იყო. წალენჯიხის რ-ნის სხვა სოფლებში: ულურიაში, ნაკიფუში, ნაგურუში, ჩქვალერში, მიქავში, შემორჩენილი ნაეკლესიარები თუ საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შუა საუკუნეებში აქ მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტები არსებობდა თავისი საკულტო ძეგლებით. საფორტიფიკაციო ნაგებობები კი თავდაცვას და აქ გამავალი გზების კონტროლს ემსახურებოდა.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქც., ტ. IV, თბ., 1973.
2. ექ. თაყაიშვილი, არქეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში, ძველი საქართველო, ტ. III, ტფ., 1913-1914.
3. თ. ყაუხჩიშვილი, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, I, დასავლეთ საქართველო, თბ., 1999.
4. საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი, წალენჯიხის რ-ნი, პასპორტი #97.
5. ა. მიქავა, წალენჯიხა.
6. ნ. ჯაბუა, მოკლე ცნობები საკულტო ხუროთმოძღვრების ძეგლების შესახებ, სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში, ი. ანთელავას რედაქციით, თბ., 1999.
7. კ. გრიგოლია, ზებედე მღვდელმონაზონი და მისი ანდერძი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, XVII-Б, თბ., 1953.
8. მაკარი ანტიოქელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თ. მარგველაშვილმა, არმაღანი, აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები, თბ., 1982.
9. პ. გაბისონია, წალენჯიხის მონასტრის ისტორიიდან, საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები, IX, თბ., 2008.
10. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902.
11. თ. ბერაძე, ოდიშის ისტორიული გეოგრაფიიდან (XIIXVII სს.) სადისერტაციო ნაშრომი, თბ., 1967.
12. ა. მიქავა, სქურის ხეობის სიძველენი, მებრძოლი, #13, 30, I, 1965.
13. თ. ბერაძე, სქურის ციხე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IX, თბ., 1985.
14. Посольства Федота Елчина и Павла Захарыева в Менгрелию (1639-1640), Материалы по Церковной и этнополитической истории Абхазии, для издания подготовил, предисловием, коментариеми и словаром снабдил Дж. Гамахария, Тб., 2005.
15. პ. გაბისონია, სქურის ისტორიული ძეგლები, ისტორიულ- ეთნოგრაფიული ძიებანი, IX, თბ., 2007.
16. გ. როგავა, სურო სახელის ვარიანტები ქართველურ ენებში, კრ. „ეტიმოლოგიური ძიებანი“, თბ., 1990.
17. პ. ცხადაია, სამურზაყანოს ისტორიული და თანამედროვე ტოპონიმია, თბ., 2004.
18. პ. ცხადაია, ვ. ჯოჯუა, სამურზაყანოს გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბ., 2003.
19. Карта Мингрелии с прилежаищими землями, 1861 г.
20. აკაკი ჭანტურიას არქივიდან, ცნობა მოგვაწოდა არიანე ჭანტურიამ.
21. გ. გრგოლია, ენგურის ხეობის ქვედაპალეოლითური ძეგლები, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, VIII, თბ., 1979.
22. პ. ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები, ნ. 2, თბ., 1941.
23. ჯ. ჯღამაია, შუა საუკუნეების ნაციხვარი, `ნოჯიხუ~ სოფელ ფახულანიდან, საქართველოს არქეოლოგიის საკითხები, I, თბ., 1978.
24. ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს ატლასი (XVIIIს.), თბ., 1997.
25. ო. სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ პოლიტიკური ისტორიიდან, III, თბ., 1990.
26. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, III, თბ., 1970.
27. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა, იტალიურიდან თარგმანი ალ. ჭყონიასი, ტფ., 1901.
28. პ. ზაქარაია, ქართულ ციხე-სიმაგრეთა ისტორია (ველესი დროიდან XVIII ს-ის ბოლომდე).
29. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული, ი. აბულაძის გამოცემა, ტ. 1, თბ., 1991.
30. ჯ. ჯღამაია, სოფელ ლიას შუა საუკუნეების ნაციხვარი, მაცნე, ისტორიის არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია #1, თბ., 1980.
31. ლ. წითლაძე, რომაული ხანის სამარხები სოფელ ლიიდან, გაზ. „კომუნიზმის დროშით“ #6, 15, I, 1970.
32. ვ. ჯაფარიძე, ეგრისი ახ. წ. I-VII სს. მატერიალური კულტურის ძეგლები (არქეოლოგიური გათხრები, გამოკვლევა), თბ., 2006.
33. გ. გრგოლია, მ. ბარამიძე, ნ. ოქროპირიძე, ვ. ჯაფარიძე, ჯ. ჯღამაია, ენგურის არქეოლოგიური ექსპედიციის 1969 წლის მუშაობის შედეგები, არქეოლოგიური კვლევა-
ძიება საქართველოში 1969 წელს, თბ., 1971.
34. შ. მესხია, მცირე ცნობა წალენჯიხის უძველესი წარსულიდან, გაზ. „კომუნიზმის დროშით“, #3. 8. I, 1961.
35. ალ. მიქავა, არქეოლოგიური ძეგლები, გაზ. ლიტერატურული საქართველო, #49, 3. XII, 1965.
36. თ. კაპანაძე, ჯვარზენის ტრიკონქი, ძეგლის მეგობარი, #2, არქ. 84, თბ., 1989.
37. ს. კაკაბაძე, აფხაზეთის საკათალიკოსოს დიდი იადგარი, საისტორიო მოამბე, წ. II, თბ., 1952.
38. ა. ტუღუში, საინტერესო ისტორიის მქონე, გაზ. ენგურის ჩირაღდანი, #22, 8. VI, 1974.
39. აკ. ჭანტურია, ჯვრის რუკა, თსუ. შრომები, ისტოიის სერია #283, თბ., 1989.
40. საქართველოს კულტურის ძეგლები, თბ., 1959.
41. პ. ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი (წალენჯიხის რაიონი), I, თბ., 2004.
42. Голенко, К, денеукное обращение Колхиды в римское время, Л. 1964.
43. ე. მეტრეველი, მასალების იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, (XI-XVII სს.), თბ., 1962.
44. გ. არახამია, ოდიშის საერისთავოს ისტორიიდან (XI-XVI ს. I ნახ.), თბ., 2003, გვ. 73.
Комментариев нет:
Отправить комментарий