კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ“ იყოფა რვა ტომად (ბოლო ტომის ავტორი ავლუს ჰირციუსია1). გალიის ომის კომენტარები მოიცავს როგორც გალიის დაპყრობას ძვ.წ. 58–50 წლებში, ასევე კამპანიას ბრიტანეთსა და გერმანიაში და მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის იმ დროისათვის რომაული სამყაროსათვის ნაკლებად ნაცნობი ამ ორი მხარის შესახებ.
პირველ ორ წიგნში განხილულია სამი მასშტაბური მოვლენა –ჰელვეტების გადასახლება და რომთან დაპირისპირება, ბრძოლა სვებების მეფე არიოვისტუსთან და ომი ბელგებთან. კეისრის გალური კამპანიის დაწყებამდე რომი ფლობდა ციზალპურ გალიას (ალპების ამიერი მხარის) და ტრანსალპური (ალპების იმიერი მხარის) გალიის ნაწილს. ამ უკანასკნელის უმეტესი სივრცე კი რომელიც შეიცავდა ახლანდელი საფრანგეთისა და ბელგიის ტერიტორიებს და შვეიცარიისა და ჰოლანდიის ნაწილებს, ჯერ კიდევ თავისუფალი იყო. გალიის ამ თავისუფალ ნაწილს, რომაელები „ბანჯგვლიან გალიას“ უწოდებდნენ იმის გამო, რომ თავისუფალ გალებს გრძელი თმა ჰქონდათ. მას რომაელები უპირისპირებდნენ რომანიზებულ „ტოგამოსილ გალიას“.
გალების გარდა გალიაში სხვა ხალხებიც ცხოვრობდნენ, მათ შორის ბერძნები და ფინიკიელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბერძნების დაარსებული ქალაქი მასილია. ასევე, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ლიგურები შეერივნენ კელტებს და ჩამოყალიბდა კელტო-ლიგურიული კულტურა.
გალთა ძირითადი პოლიტიკური ერთეული იყო კლანი და რამდენიმე ასეთი კლანი ქმნიდა ტომს. ზოგიერთ ტომს მეფე ჰყავდა. მეფე შეიძლებოდა კლანსაც ჰყოლოდა. ედუები ყოველწლიურად ირჩევდნენ ერთ „ვერგობრეტს“ ანუ კაცს, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლება ექნებოდა და ერთი წლის შემდეგ მას სხვა შეცვლიდა. გალებს არ ჰყავდათ სენატის მსგავსი ორგანო, რომელიც განაგებდა ქვეყნის საქმეებს და ნიშნავდა მაგისტრატებს. გალურ საზოგადოებაში უმნიშვნელოვანესი იყო ქურუმთა (დრუიდთა) და დიდებულთა კასტა. დანარჩენი ხალხი კი კეისრის მიხედვით თითქმის მონურ მდგომარეობაში იყო. გალი დიდებულის სტატუსსა და გავლენას განსაზღვრავდა ისიც, თუ რამდენი მეომრის შენახვა შეეძლო მას თავისი ხარჯით. ამ ნახევრად პროფესიონალი მეომრების რაოდენობა მცირე იყო, თუმცა კარგად იყვნენ შეირაღებულები და გალთა არმიის ბირთვს შეადგენდნენ. მთლიანობაში მათ ჯარს ყოველთვის აკლდა დისციპლინა და არ იყო ორგანიზებული. გალური ჯარის საუკეთესო ნაწილი იყო არისტოკრატებისაგან შემდგარი კავალერია, რომლის ძალასაც კეისარიც სათანადოდ აფასებდა და შემდგომში თავის სხვა კამპანიებში იყენებდა მათ. თვითონ გალებს შორის ომები უმეტესად თარეშის სახეს ატარებდა, თუმცა ზოგჯერ უფრო მასშტაბური დაპირისპირებებიც ხდებოდა. ამის მაგალითია სეკვანებსა და ედუებს შორის ომი, რომლის შესახებ თვითონ კეისარი გვაწვდის ცნობებს.
გალები და რომაელები ერთმანეთს ბრძოლის ველზე პირველად ძვ.წ. IV საუკუნეში დაუპირისპირდნენ. დაახლ. ძვ.წ. 390 წელს გალებმა დალაშქრეს იტალია და რომის კაპიტოლიუმსაც კი შემოარტყეს ალყა. თუმცა მათი შემდგომი ლაშქრობები იტალიაში წარუმატებლად დასრულდა. გალები მონაწილეობდნენ I და II პუნიკურ ომებშიც მოქირავნეებად და მოკავშირეებად როგორც კართაგენელების, ისე რომაელების მხარეზე. რომაელები შეიჭრნენ გალიაში ძვ.წ. 125 წელს და ძვ.წ. 121 წლისათვის დაიპყრეს რეგიონი, რომელსაც უწოდებდნენ „პროვინციას“ (პროვინცია) და შემდგომში ეწოდა ნარბონის გალია.2 ეს მხარე იქცა ძვ.წ. II საუკუნის მიწურულს, ჩრდილოეთიდან შემოსეულ კიმბრებთან და ტევტონებთან დაპირისპირების ადგილად, თუმცა ამის შემდეგ აქ სიტუაცია შედარებით დამშვიდდა და „რომის გალია“ გადაიქცა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად. რომაელებმა გაიყვანეს გზა ესპანეთამდე – VIA DOMITIANA.
ხმელთაშუა ზღვისპირეთის მხარეებთან ურთიერთობამ ბევრი დადებითი კულტურული თავისებურება შეიტანა გალებში, განვითარდა ქალაქები, მოიჭრა ადგილობრივი მონეტები. გალია არ იყო სტაბილურ მდგომარეობაში როდესაც კეისარი იქ მოქმედებას შეუდგა. ტრანსალპური გალია ჯერ კიდე აღდგენის პროცესში იყო ალობროგთა აჯანყების შემდეგ (ძვ.წ. 63). ედუებსა და სეკვანებს შორის დაპირისპირება კი პროვინციის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. შერიოზული პრობლემა იყო ასევე სეკვანთაგან მოწვეული გერმანელები. კეისარმა ყველა ეს პრობლემა სათანადოდ შეაფასა და მოქმედებას შეუდგა.
სვეტონიუსი აღნიშნავდა: „აი, რა ჩაიდინა [კეისარმა] თავისი მეთაურობის ათ წელიწადში. მთელი გალია, რომელიც მდებარეობს პირენეის ქედის, ალპების, სევენების და მდინარეებს რონასა და რაინს შორის, სულ 3200 მილი, მთლიანად, მხოლოდ მოკავშირე და რომისთვის სამსახურის გამწევი ტომების გარდა, პროვინციად გადააქცია და ორმოცი მილიონი სესტერცი ყოველწლიური გადასახადი დააკისრა“.
ასე იყო ომის ბოლოს, მაგრამ როდესაც ავლუს ჰირციუსი კეისრის თხზულებისათვის დამატებულ ნაწილში წერდა ჯერ კიდევ ძვ.წ. 52 წელს, რომ მთელი გალია დაპყრობილია, მისივე აღწერა ააშკარავებდა რომ ვერცინგეტორიქსის დამარცხების შემდეგ დანებებული ტომების გარდა სხვანი კიდევ აგრძელებდნენ აჯანყებას და კეისარს ომი დასრულებული არ ჰქონდა. ჩვენი გამოცემა მოიცავს კეისრის თხზულების პირველ 2 წიგნს, რომელშიც შედის ომი ჰელვეტებთან, სვებების მეფე არიოვისტუსთან და ბრძოლა ბელგებთან (ძვ.წ. 58–57 წლებში). შესავალში მათ დეტალურ მიმოხილვას საჭიროდ არ მივიჩნევ, რადგან სჯობს ამ მოვლენებს მკითხველი თავად კეისრის მიერ აღწერილი ორიგინალური ტექსტითა და ჩვენგან დართული სამეცნიერო კომენტარებით გაეცნოს.
რატომ წერდა კეისარი გალიის ომის შესახებ ან როდის გამოქვეყნდა მისი თხზულება რომში? კეისარს სურდა აღენიშნა თავისი დამსახურებები, რათა ეჩვენებინა რომ ის იმსახურებდა ხელახალ დაწინაურებას, ძალაუფლების გახანგრძლივებას. მის თხზულებას პოლიტიკური მიზნები გააჩნდა. პომპეუსის კამპანიები, მეკობრეთა და მითრიდატეს წინააღმდეგ, თეოფანე მიტილენელმა ჩაიწერა, ბერძენმა სწავლულმა, რომელიც თან ახლდა მას, კეისარს კი ასეთი სამსახური არ სჭირდებოდა, თავადაც შეეძლო აღეწერა საკუთარი გამარჯვებები. ამ დროისთვის მას უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა სხვა თხზულებები და სიტყვები, რომელთა უდიდესი ნაწილი აღარ არის შემორჩენილი. უცნობია „კომენტარების“ ყველა წიგნი ერთდროულად გამოქვეყნდა თუ ყოველი წლის შემდეგ გამოდიოდა თითოეული მათგანი. სავარაუდოდ, ისინი ჯერ კიდევ იმ დროს ქვეყნდებოდა, როდესაც კეისრის კამპანიები ჯერაც არ იყო დასრულებული.
„კომენტარები გალიის ომის შესახებ“ პოპულარული იყო როგორც რომის იმპერიის ხანაში, ისე შემდგომ საუკუნეებში და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. კეისრის ელეგანტურად მარტივი და გრამატიკულად გამართული პროზა რჩებოდა ლათინურ ენასა და ლიტერატურასთან მოსწავლეთა პირველი შეხების წერტილად. უპირველეს ყოვლისა, თხზულება საინტერესო იყო სამხედრო მოღვაწეთათვის. ნაპოლეონი, რომელიც კეისარს ერთ-ერთ უდიდეს მხედართმთავრად თვლიდა და მიიჩნევდა რომ მისი სამხედრო კამპანიები აუცილებლად უნდა ესწავლებინათ, წმინდა ელენეს კუნძულზე გალიისა და სამოქალაქო ომში რომაული სარდლობის კრიტიკაზეც კი მუშაობდა. ის კომენტარებს ტოვებდა კეისრის ნაწარმოების გვერდებზე თავისი იტალიური კამპანიის დროსაც. კეისრის „კომენტარებში“ აღწერილი ამბების რეალურობის შესაფასებლად, ადრიან გოლსვორთის შემდეგი მაგალითიც მოჰყავს: ბევრი რომაელი სენატორის ნათესავი მსახურობდა კეისრის ხელქვეით, მათ შორის ციცერონის ძმა კვინტუსი. მას ძმასთან რეგულარული მიმოწერა ჰქონდა. შესაბამისად, ციცერონი, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა კეისრის თხზულებას (იმასაც კი აღნიშნავდა „ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კალამს ვეღარ აიღებ ხელშიო“), გარკვეული იყო რელურ ვითარებაში, რაც, როგორ ჩანს, შორს არ იდგა კეისრის აღწერილობისაგან. აღსანიშნავია ისიც, რომ ციცერონი კეისრის პირდაპირი მომხრე არასდროს ყოფილა და მის მოწინააღმდეგეებსაც კი მიეხმრო სამოქალაქო ომის პერიოდში, თუმცა ობიექტურობა არ დაუკარგავს და კეისარს ყოველთვის სათანადოდ აფასებდა. II საუკუნის ბერძენი მწერლის ლუკიანე სამოსატელის მიხედვით კარგ მეისტორიეს ორი რამ უნდა მოსდგამდეს – პოლიტიკური გამჭრიახობა და თხრობის ნიჭი. ლუკიანოსი დაუშვებლად თვლის ისტორიაში როგორც პოეტურ, ასევე ულაზათო და მდაბიურ გამოთქმებს, დიდ და პათოსით აღსავსე შესავალ ნაწილებს, კიცხავს გეოგრაფიის არ მცოდნე ისტორიკოსებს. უნიათოდ მიაჩნია ის ისტორიკოსები, რომლებიც ვერ ამჩნევენ ისტორიულ მოვლენათა შორის რა არის მნიშვნელოვანი და და ზოგჯერ უმნიშვნელო და არაფრის მომცემ საკითხებს მეტ ადგილს უთმობენ. ლუკიანე ეხება იმათაც, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს აღწერენ, მაგრამ ამ საქმისა არაფერი გაეგებათ და ბევრ შეცდომას უშვებენ. კეისარი, რომელიც საკუთარი ლაშქრობების ისტორიას წერდა, კარგად იცნობდა როგორც მხარის გეოგრაფიას, რაც ნათლად ჩანს მის თხზულებაში, ასევე გამჭრიახი პოლიტიკოსი და შესანიშნავი მხედართმთავარი იყო და არც სამხედრო მოქმედებების აღწერაში უშვებდა შეცდომებს, მისი თხრობის ნიჭით კი მისსავე პერიოდში იყვნენ აღფრთოვანებულები.
თარგმანი და კომენტარები თეოდორა ყარალაშვილისა და ნიკა ხოფერიასი.

ამჟამად
წარმოდგენილი გვაქვს ქართულ ენაზე პირველი ორი წიგნი.
წიგნი I
1. (მთელი) გალია იყოფა სამ ნაწილად, რომელთაგან ერთი დასახლებულია ბელგებით3, მეორე აკვიტანელებით4; მესამე ხალხით, რომელიც თავის ენაზე კელტებად5, ჩვენსაზე კი – გალებად6 იწოდება. ყველა მათგანის ენა, ჩვეულებები და კანონები განსხვავდება ერთმანეთისაგან. გალებს აკვიტანიელებისაგან მდინარე გარუმნა7 ჰყოფს, ხოლო ბელგებისაგან – მატრონა8 და სეკვანა9. სამთაგან უმამაცესნი არიან ბელგები, რადგან ყველაზე შორს არიან გადასახლებული კულტურული და განვითარებული პროვინციიდან, მათ ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ ვაჭრები, რომლებიც ვაჭრობენ სულის მოსადუნებელი ფუფუნების საგნებით; და ყველაზე ახლოს არიან გერმანელებთან, რომლებიც რენუსის10 გადაღმა ცხოვრობენ, და მათთან განუწყვეტელი ომი აქვთ. ამ მიზეზის გამო ჰელვეტებიც აღემატებიან დანარჩენ გალებს სიმამაცით. ისინი ყოველდღიურად ომობენ გერმანელებთან, ან იგერიებენ მათ შემოსევებს, ან თავად იჭრებიან მათ საზღვრებში. ის ნაწილი, რომელიც როგორც ვთქვით გალებითაა დასახლებული, იწყება მდინარე როდანუსიდან11, შემოსაზღვრულია მდინარე გარუმნათი, ოკეანითა და ბელგების ქვეყნით. აგრეთვე გამოყოფილია სეკვანებისა12 და ჰელვეტებისაგან მდინარე რენუსით, რომელიც მიედინება ჩრდილოეთისაკენ. ბელგების ტერიტორია გალიის უკიდურეს საზღვრებთან იწყება, მიემართება ქვემო რენუსისკენ, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით. აკვიტანია არის მდინარე გარუმნადან პირინეის მთებამდე, და ოკეანის იმ ნაწილიდან, რომელიც ესპანეთს ეხება, ის მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთით.
2. ჰელვეტთა შორის ყველაზე სახელგანთქმული და უმდიდრესი იყო ორგეტორიქსი. მარკუს მესალასა და მარკუს პიზოს კონსულობის დროს13 მეფობას მოწყურებულმა დიდებულების აჯანყება მოაწყო და თანამოქალაქეები დაარწმუნა, რომ თავისი საზღვრებიდან წასულიყვნენ მთელი თავისი ძალებით: იმ ვაჟკაცობით რაც მათ ჰქონდათ, ადვილი იქნებოდა მთელი გალიის დაპყრობა. ამაში ისინი ადვილად დაარწმუნა, რადგან ჰელვეტები ყველა მხრიდან ბუნებრივი საზღვრებით არიან გარშემორტყმულნი: ერთი მხრიდან განიერი და უღრმესი მდინარე რენუსი, რომელიც ჰელვეტთა მიწას გერმანელებისაგან ყოფს; მეორე მხრიდან უმაღლესი მთა იურა,14 რომელიც არის ჰელვეტებსა და სეკვანებს შორის; მესამე მხრიდან ტბა ლემანუსი15 და მდინარე როდანუსი, რომლებიც ჩვენს პროვინციას გამოყოფენ ჰელვეტებისგან. ეს გარემოება ხელს უშლიდა მათ გაფართოებას და აძნელებდა მეზობლებზე თავდასხმას. ეს ძალიან აბრაზებდათ, რადგან ომის სურვილით იყვნენ შეპყრობილი. მოსახლეობის სიმრავლისა და აგრეთვე საომარი დიდების გამო მიიჩნევდნენ რომ მათი საზღვრები ვიწრო იყო – სიგრძით 240 და სიგანეში 180 მილი.16
3. ამ მოსაზრებებითა და ორგეტორიქსის ზეგავლენით წაქეზებულებმა გადაწყვიტეს ლაშქრობა მოემზადებინათ, ეყიდათ რაც შეიძლება მეტი ტვირთმზიდი ცხოველი და ურმები, მოეხნათ რაც შეიძლება მეტი, რათა ლაშქრობაში მარცვლეული საკმარისი ჰქონოდათ, აგრეთვე მშვიდობა და მეგობრობა განემტკიცებინათ მეზობელ თემებთან. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ საქმეების დასრულებისთვის ორი წელი საკმარისი იქნებოდა, საერთო დადგენილებით გადაწყვიტეს მესამე წელს გამგზავრება. ამ საკითხების მოსაგვარებლად ორგეტორიქსი აირჩიეს. მან თავის თავზე აიღო მეზობლებთან ელჩობა. ამ გზით კასტიკუსი, კატამანტალედის17 შვილი, ტომით სეკვანი, რომლის მამაც მრავალი წელი მეფობდა სეკვანებში და სენატის მიერ რომაელი ხალხის მეგობრად იყო წოდებული, დაარწმუნა რომ დაებრუნებინა მეფობა თავის ტომში, რასაც ადრე მამამისი ფლობდა. იგივე მცდელობისკენ უბიძგა ედუელ18 დუმნორიქსს, ძმას დივიციაკუსისა19, რომელიც ფლობდა უმაღლეს ძალაუფლებას თავის ტომში და პლებსის20 უმრავლესობას უყვარდა, და თავისი ქალიშვილიც შერთო ცოლად. დაარწმუნა ისინი, რომ ეს გეგმები ადვილად განხორციელდებოდა, რადგან თავად აპირებდა თავისი ტომის მეფობის ხელში ჩაგდებას: საეჭვო არ იყო, რომ ჰელვეტები უძლიერესნი იყვნენ მთელ გალიაში; თავისი ძალებითა და ჯარით მათაც დაეხმარებოდა ძალაუფლების მოპოვებაში. ამით გამხნევებულები ფიცს დებენ და იმედოვნებენ რომ სამი უძლიერესი და უმამაცესი ტომის დამორჩილების შემდეგ მთელ გალიასაც დაიპყრობენ.
4. ეს ამბავი ჰელვეტებს დამსმენებმა აუწყეს. წესის თანახმად ორგეტორიქსი აიძულეს საერთო კრებაზე გათოკილი გამოცხადებულიყო; მსჯავრდებულის ბრალის დამტკიცებას ცოცხლად დაწვა მოჰყვებოდა. გასამართლების დღეს ორგეტორიქსი გამოცხადდა მთელი ოჯახით21, რომელიც შედგებოდა ათი ათასი ადამიანისაგან, აგრეთვე მოაგროვა ყველა მხრიდან, თავისი ყველა კლიენტი და მევალე, რომლებიც მრავლად ჰყავდა. მათი შუამდგომლობით გადაურჩა გასამართლებას. ამით აღშფოთებულმა თემმა სცადა შეიარაღებული ძალით აღესრულებინა სამართალი, სანამ მაგისტრატები ხალხს სოფლებიდან აგროვებდნენ, – ორგეტორიქსი მოკვდა. შესაძლოა, როგორც ჰელვეტები ფიქრობენ, თავი მოიკლა.
5. მისი სიკვდილის მიუხედავად ჰელვეტებმა გააგრძელეს მზადება, რომ როგორც გადაწყვეტილი ჰქონდათ, დაეტოვებინათ თავისი საზღვრები. როდესაც ჩათვალეს, რომ ყველაფერი მზად ჰქონდათ, ყველა თავისი სიმაგრე22, რიცხვით თორმეტი, სოფლები ოთხასამდე, და დანარჩენი კერძო ნაგებობები გადაწვეს; მთელი მარცვლეული, იმის გარდა რაც თან წაიღეს, დაწვეს, რადგან სახლში დაბრუნების არანაირი იმედი არ დარჩენოდათ და მზად ყოფილიყვნენ ყველანაირი გასაჭირის გადასალახად; თითოეულს ნაბრძანები ჰქონდა თან წამოეღო სამი თვის სამყოფი მარაგი. დაიყოლიეს მეზობელი რაურიკები, ტულინგები და ლატობრიგები23, რომ მათი გეგმის მიბაძვით თავადაც გადაეწვათ სიმაგრეები და სოფლები და ერთად დაძრულიყვნენ. აგრეთვე მიიმხრეს ბოიები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ რენუსის გადაღმა, შემდეგ კი ნორიკის24 მიწაზე ალყა შემოარტყეს ნორეიას25 და უტევდნენ.
6. მხოლოდ ორი გზა იყო, რომლითაც ჰელვეტიიდან გამოსვლა შეიძლებოდა: ერთი სეკვანებზე გავლით, ვიწრო და ძნელი, მთა იურასა და მდინარე როდანუსს შორის, რომელზეც ურმები მწკრივად ძლივს გაივლიდნენ; გარდა ამისა, გადმოჰყურებდა მაღალი მთა და სულ მცირესაც26 ადვილად შეეძლო გზის გადაღობვა. მეორე გზა ჩვენს პროვინციაზე გადიოდა, ბევრად ადვილი და მოსახერხებელი, რადგანაც ჰელვეტებსა და ახლახანს დამორჩილებულ ალობროგებს27 შორის, როდანუსი მიედინება და რამოდენიმე ადგილას ფონს ქმნის. ალობროგების ყველაზე შორეული ქალაქი და ჰელვეტების საზღვრებთან ყველაზე ახლოს მყოფი, არის გენავა. ამ ქალაქიდან ჰელვეტებისკენ გადებულია ხიდი. ჰელვეტები ფიქრობდნენ რომ ალობროგები, რომლებიც არ უყურებდნენ რომაელებს კარგი თვალით, ან ნებით გაატარებდნენ მათ, ან ძალით აიძულებდნენ გაეტარებინათ. როდესაც ყველა საქმე დაასრულეს, დღე დათქვეს როცა ყველანი როდანუსის ნაპირზე უნდა შეკრებილიყვნენ. ის დღე იყო მეხუთე დღე აპრილის კალენდებამდე, ლუციუს პიზონისა და აულუს გაბინიუსის კონსულობისას.28
7. როდესაც კეისარმა შეიტყო, რომ ისინი ჩვენ პროვინციაზე გავლას აპირებდნენ, დააჩქარა რომიდან წამოსვლა და შეძლებისდაგვარად სწრაფად შორეულ გალიაში ჩავიდა და გენავაში მივიდა. მთელი პროვინციიდან რამდენადაც შეიძლებოდა ბევრი ჯარისკაცი გამოიწვია (მთელ შორეულ გალიაში მხოლოდ ერთი ლეგიონი იყო), და ხიდი, რომელიც იყო გენავასთან, დაანგრევინა. როდესაც ჰელვეტებმა მისი მოსვლა შეიტყვეს, ელჩებად გაუგზავნეს ყველაზე წარჩინებული მოქალაქეები, მთავარი ადგილი ნამეიუსსა და ვერუკლეტიუსს ეკავათ, რომლებსაც უნდა ეთქვათ რომ მათ ყოველგვარი ავი ზრახვის გარეშე სურთ პროვინციაზე გავლა, რადგან სხვა გზა არ აქვთ; და ჰკითხეს თუ აძლევდა ამის ნებას. კეისარი, რომელსაც ახსოვდა რომ კონსული ლუციუს კასიუსი ჰელვეტებმა მოკლეს, მისი არმია კი გაანადგურეს და უღელქვეშ გაატარეს29, დათმობას არ ფიქრობდა. არც იმის სჯეროდა, რომ მტრულად განწყობილი ადამიანები პროვინციაზე გავლის ნებართვის შემთხვევაში, თავს შეიკავებდნენ კანონდარღვევისა და დანაშაულისაგან. თუმცა მაინც, დროის მოსაგებად, სანამ წინა ბრძანებისამებრ ჯარი შეიკრიბებოდა, ელჩებს უთხრა რომ მოფიქრებისათვის დროს სჭირდებოდა; თუ მათ რაიმე სურდათ, აპრილის იდებისთვის უნდა დაბრუნებულიყვნენ.
8. ამასობაში იმ ლეგიონით, რომელიც თან ჰყავდა და ჯარისკაცებით, რომლებიც პროვინციიდან შეკრიბა, ტბა ლემანუსიდან, რომელიც მდინარე როდანუსში ჩაედინება, მთა იურამდე, რომელიც სეკვანების საზღვრებს ჰელვეტებისგან ჰყოფს, გაავლო 19 მილის სიგრძის თხრილი და კედელი, რომელიც სიმაღლეში 16 ფუტს აღწევდა.30 ამ საქმის შესრულების შემდეგ გარნიზონები განალაგა, სიმაგრეები განამტკიცა, რადგან უფრო ადვილად აღეკვეთა მის უნებართვოდ მტრის გადმოსვლის მცდელობა. როდესაც დადგა ელჩებისთვის დათქმული დღე და ელჩები მასთან დაბრუნდნენ, უარი უთხრა, რომაელი ხალხის ჩვეულებისა და მაგალითის თანახმად არ შეეძლო პროვინციაზე გავლის უფლება მიეცა ვინმესთვის, და თუ ძალის გამოყენებით შეეცდებოდნენ – ცხადჰყო, რომ შეაჩერებდა. იმედგაცრუებული ჰელვეტები გადაბმული ნავებითა და მრავალი ტივის დამზადებით, ანდაც როდანუსის ფონით, სადაც მდინარე ყველაზე პატარა იყო, ცდილობდნენ გაღწევას ზოგჯერ დღისით, უფრო ხშირად კი ღამით. მაგრამ სიმაგრეებმა, ჯარისკაცების წინააღმდეგობამ და იარაღით მოგერიებამ ჩაშალა ჰელვეტთა მცდელობები.
9. რჩებოდა ერთი გზა სეკვანიაზე გამავალი, რომელზეც სეკვანების თანხმობის გარეშე, და გზის სივიწროვის გამოც, გავლა არ შეიძლებოდა. რადგანაც თავად ვერ შეძლეს სეკვანების დაყოლიება, ელჩები გააგზავნეს ედუელ დუმნორიქსთან, რათა მას მოეპოვებინა ნებართვა. დუმნორიქსს სეკვანებს შორის დიდი გავლენა ჰქონდა თავისი სანდომიანობისა და გულუხვობის გამო, და ჰელვეტებთანაც მეგობრობდა, რადგან მათი ტომიდან ორგეტორიქსის ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. მეფობა მოწყურებულს გადატრიალების მოწყობა სურდა და ამიტომ უნდოდა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჰყოლოდა დავალებული თავისი ხელგაშლილობით. ამგვარად ეს საქმე თავის თავზე აიღო და სეკვანები დაითანხმა, რომ ჰელვეტები თავის საზღვრებზე გაეტარებინათ და მძევლები გააცვლევინა ერთმანეთში, რათა სეკვანებს ჰელვეტების ლაშქრობისათვის ხელი არ შეეშალათ, ჰელვეტებს კი ძალადობისა და ავი ზრახვის გარეშე გაევლოთ.
10. კეისარმა შეიტყო, რომ ჰელვეტები აპირებდნენ სეკვანებისა და ედუების მიწების გავლით სანტონების საზღვრები გადაელახათ, რომლებიც შორს არ არიან ტოლოსატების31 საზღვრებიდან, ეს ტერიტორია კი პროვინციაში შედის32. თუ ეს მოხდებოდა, დიდი საფრთხე დაემუქრებოდა პროვინციას, რადგან გაუმეზობლდებოდა მებრძოლი ტომი, რომაელი ხალხის მტერი, გაშლილ და ნაყოფიერ მხარეში დასახლებული. ამ მიზეზების გამო თავდაცვითი ზღუდის გამგებლად თავისი ლეგატი33 ტიტუს ლაბიენუსი დანიშნა, თვითონ სასწრაფოდ გაეშურა იტალიისკენ, იქ 2 ლეგიონი მოაგროვა და კიდევ 3 აკვილეას მახლობლად რომ იზამთრებდნენ, საზამთრო ბანაკებიდან გამოიყვანა, და ამ 5 ლეგიონის თანხლებით შორეული გალიისაკენ დაიძრა უმოკლესი გზით, რომელიც ალპებზე გადიოდა. აქ კეუტრონებმა, გრაიოკელებმა და კატურიგებმა34 მაღლობი ადგილები დაიკავეს და ჯარისათვის გზის გადაღობვა სცადეს. [რომაელებმა] ბევრ ასეთ ბრძოლაში გაიმარჯვეს ოცელუმამდე, რომელიც არის ქალაქი უახლოესი პროვინციის კიდეში. შორეული პროვინციის ვიკონტიის საზღვრებს მეშვიდე დღეს მიაღწიეს; აქედან თავისი ჯარი ალობროგებისკენ წაიყვანა, ალობროგებისგან კი სეგუსიავებისკენ35. ისინი არიან პირველი ტომი პროვინციის გარეთ, როდანუსის გადაღმა.
11. ამასობაში ჰელვეტებმა უკვე გაიარეს ვიწრობები და სეკვანთა საზღვრები, ედუების საზღვრებს მიაღწიეს და დაიწყეს მათი მინდვრების აოხრება. ედუებმა, რომლებსაც საკუთარი თავის და ქონების დაცვა არ შეეძლოთ, კეისარს ელჩები გაუგზავნეს დახმარების სათხოვნელად: ისინი რომაელი ხალხის წინაშე მუდამ თავდაუზოგავები იყვნენ და ლამის რომაული არმიის თვალწინ მათი მიწების აოხრება, [მათი] ბავშვების მონად გატაცება, ქალაქების აღება – არასამართლიანიაო. იმავდროულად ამბარებმა36, ედუების ახლობელმა და მონათესავე ტომმა, აცნობეს კეისარს რომ მათი მინდვრებიც გაჩანაგდა და არ იყო ადვილი მათი ქალაქებიდან მტრის ძალმომრეობის აღკვეთა. ასევე ალობროგებიც, რომლებსაც როდანუსის მიღმა სოფლები და ქონება ჰქონდათ, კეისარს ეახლნენ და დაუმოწმეს, რომ ცარიელი მიწის გარდა აღარაფერი დარჩენოდათ. ამ ვითარებებიდან გამომდინარე, კეისარმა გადაწყვიტა აღარ მოეცადა, სანამ ჰელვეტები მოკავშირეთა მთელ ქონებას გაფლანგავდნენ და სანტონებამდე37 მოვიდოდნენ.
12. მდინარე არარი38 მოედინება ედუებისა და სეკვანების საზღვრის გავლით და ჩაედინება როდანუსში. მისი დინება საოცრად ნელია, ამიტომ ძნელი მისახვედრია რომელი მიმართულებით მიედინება. ჰელვეტებმა გადაბმული ტივებითა და ნავებით გადალახეს. როცა მზვერავებმა კეისარს შეატყობინეს, რომ ჰელვეტების სამმა მეოთხედმა გადალახა მდინარე, ხოლო ერთი მეოთხედი ნაწილი მდინარე არარის მეორე მხარეს დარჩა, მან დატოვა ბანაკი მესამე გუშაგობაზე და სამი ლეგიონით მტრის იმ ნაწილს წამოეწია, რომელიც ჯერ არ გადასულიყო მდინარეზე. ბარგით დატვირთულებს, მოულოდნელად შეუტია, მრავალი ამოწყვიტა, დანარჩენები გაიქცნენ და მახლობელ ტყეებში დაიმალნენ. ისინი იყვნენ ტიგურინების39 პაგუსიდან40: მთელი ჰელვეტი ხალხი იყოფოდა ოთხ პაგუსად. ეს იყო ერთადერთი პაგუსი, რომელიც ჩვენს მამებს რომ ახსოვთ, იმ დროს გამოვიდა თავისი საცხოვრებლიდან, მოკლა კონსული ლუციუს კასიუსი და მისი ჯარი უღელქვეშ გაატარა.41 ასე რომ, მოხდა ეს შემთხვევით თუ უკვდავი ღმერთების ნებით, ყოველ შემთხვევაში ჰელვეტთა ტომის იმ ნაწილმა, რომელმაც ოდესღაც რომაელებს დიდი უბედურება დამართა, პირველმა ზღო სრულად დანაშაულისთვის. ამით კეისარმა შური იძია არა მარტო მთელი ხალხის, არამედ პირადი წყენისთვისაც; რადგან იმავე ბრძოლაში ლუციუს პიზოს42 პაპა ლუციუს პიზო, ლეგატი, ტიგურინებმა მოკლეს კასიუსთან ერთად.
13. ამ ბრძოლის შემდეგ, ჰელვეტთა დარჩენილ ძალებს რომ დასწეოდა, [კეისარმა] არარზე ხიდი გაადებინა და თავისი ჯარი გადაიყვანა. ჰელვეტები მისი მოულოდნელი მოახლოებით შეშფოთდნენ, რადგან თავად დიდი სიძნელეებით 20 დღეში გადალახეს მდინარე, კეისარმა კი 1 დღეში მოახერხა, და ელჩები მიუგზავნეს. ელჩების მეთაური იყო დივიკო, რომელიც ადრე იყო ჰელვეტების სარდალი კასიუსის წინააღმდეგ კამპანიაში. მან კეისარს ამგვარად მიმართა: თუ რომაელი ხალხი ჰელვეტებთან ზავს დადებდა, ისინი იქით წავიდოდნენ და დასახლდებოდნენ, საითაც კეისარი მიუთითებდა და მოისურვებდა; მაგრამ თუ ომს ჯიუტად გააგრძელებდა, გაეხსენებინა რომაელი ხალხის ძველი დამარცხებები და ჰელვეტთა ჩვეული სიმამაცე. ის ერთ პაგუსს დაესხა თავს მოულოდნელად, როცა დანარჩენებს, რომლებმაც გადალახეს მდინარე, არ შეეძლოთ დახმარებოდნენ თავის თანამებრძოლებს, ამიტომ კეისარს ეს არც თავის ძალმოსილებად უნდა ჩაეთვალა, და არც ჰელვეტებისთვის შეეხედა ქედმაღლურად. მათ მამებისა და პაპებისგან ნასწავლი ჰქონდათ, რომ ებრძოლათ ვაჟკაცურად, და არა თაღლითობითა და ჩასაფრებით. ამიტომ ნუ დაუშვებს, რომ ის ადგილი, სადაც დგანან, რომაელის ხალხის მარცხისა და ჯარის განადგურების ადგილად იქნეს ცნობილი, და ასე შემორჩეს ისტორიას.
14. ამაზე კეისარმა ასე მიუგო: ის ნაკლებად ყოყმანობს, რადგან გარემოება რაც ჰელვეტთა ელჩებმა შეახსენეს კარგად ახსოვს, და ეს უფრო ძნელად ასატანია, რადგან რომაელი ხალხი მარცხს არ იმსახურებდა. რომაელებს რომ თავი ეგრძნოთ ძალმომრეებად, არ იქნებოდა ძნელი ამის თავიდან აცილება, მაგრამ ისინი შეცდნენ, რადგან არ უფიქრიათ რომ რაიმე უკანონობას სჩადიოდნენ და არც უმიზეზოდ შეშინებიათ. რომც მოისურვონ ძველი შეურაცხყოფის პატიება, ნუთუ ახალ უკანონობებს დაივიწყებენ, როცა ჰელვეტებმა მოინდომეს კეისრის ნების საწინააღმდეგოდ ძალით გაევლოთ პროვინციაზე, როცა ედუები, ალობროგები, ამბარები გააღიზიანეს. გამარჯვება, რომლითაც ისინი ასე ქედმაღლურად ტრაბახობენ და ის გაოცებაც, რომ ასე დიდხანს დაუსჯელად დარჩნენ, ამას ერთვის. უკვდავ ღმერთებს სჩვევიათ, რომ ადამიანები უმკაცრესად დასაჯონ გარემოების ცვლილებით, როდესაც მათი დანაშაულისთვის შურის ძიება სურთ, და ზოგჯერ დროებითი კეთილდღეობითა და დაუსჯელობით აჯილდოებენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ კი მძევლებს მისცემენ პირობის შესრულების დასტურად, და თუ ედუებსა და მათ მოკავშირეებს აუნაზღაურებენ ზარალს, ასევე ალობროგებს დააკმაყოფილებენ, კეისარი მათთან ზავს დადებს. დივიკომ უპასუხა: ჰელვეტებმა თავისი წინაპრებისაგან ისწავლეს, რომ მძევლები კი არ მისცენ, არამედ აიყვანონ; ამის მოწმეა რომაელი ხალხი. ამ პასუხით გაშორდა.
15. მომდევნო დღეს ბანაკი იმ ადგილიდან აშალეს. კეისარმაც იგივე გააკეთა და მთელი მხედრობა, 4 ათასამდე მხეკომენ დარი, რომელიც შეგროვილი ჰყავდა მთელი პროვინციიდან, ედუებისგან და მათი მოკავშირეებისგან, წინ გააგზავნა, რათა ენახათ რომელ მხარეს გაემართებოდა მტერი. ისინი, რომლებიც გაიტაცა მტრის ზურგის დევნამ, მოუხერხებელ ადგილას შეებნენ ჰელვეტთა მხედრობას; და რამდენიმე ჩვენიანი დაეცა. ამ ბრძოლით გამხნევებული ჰელვეტები, რომ 500 ცხენოსნით დაამარცხეს ჩვენი ამხელა ჯარი, გათამამდნენ და დროდადრო ჩვენი ზურგის გამოწვევა დაიწყეს საბრძოლველად. კეისარმა თავისი ჯარი ბრძოლას მოარიდა, ამჯერად საკმარისად მიიჩნია რომ მტერს აღუკვეთეს ძარცვა-გლეჯისა და აოხრების საშუალება. ასე რომ, დაახლოებით 15 დღე ისე მიდიოდნენ, მტრის ზურგსა და ჩვენს მოწინავე ჯარს შორის არა უმეტეს 5 ან 6 მილი იყო.
16. ამასობაში კეისარი ყოველდღიურად მოითხოვდა ედუებისგან პურს, რომელსაც ისინი დაჰპირდნენ. სიცივის გამო (რადგან გალია, როგორც ადრე ითქვა, ჩრდილოეთში მდებარეობს) არა მხოლოდ ხორბალი არ დამწიფდა მინდვრებში, არამედ სურსათ-სანოვაგეც აღარ ჰქონდათ საკმარისი. იმ ხორბლითაც ვერ სარგებლობდა, რომლითაც მდინარე არარზე გემები იყო დატვირთული, რადგან ჰელვეტებმა არარიდან გადაუხვიეს, კეისარს კი არ სურდა მათი კვალის დაკარგვა. ედუები დღიდან დღემდე აჯანჯლებდნენ დროს, ეუბნებოდნენ რომ ხორბალს აგროვებენ, ეზიდებიან, მიაქვთ ადგილზე. როცა მიხვდა, რომ დიდი ხანი ატყუებდნენ, და მოახლოვდა ჯარისკაცებისათვის პურის განაწილების დღე, შეკრიბა მათი ბელადები, რომლებიც მრავლად ჰყავდა ბანაკში, მათ შორისდივიციაკუსი და ლისკუსი, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი თანამდებობა, როგორც ედუები უწოდებენ – ვერგობრეტი43. მას ირჩევდნენ ერთი წლით და სიცოცხლისა და სიკვდილის განჩინების უფლება ჰქონდა თავისიანებში. კეისარმა ისინი მძიმედ დაადანაშაულა, რადგან არ შეეძლო არც ხორბლის ყიდვა და არც მინდვრებიდან შეგროვება. ასეთი საჭიროების დროს, მტერთან ასეთი სიახლოვის დროს, მას არ ეხმარებიან. მითუმეტეს, რომ ეს ომი დიდ წილად მათი თხოვნის გამო დაიწყო. განსაკუთრებით იმაზე ჩიოდა, რომ მიატოვეს.
17. მაშინ და არა უფრო ადრე, კეისრის სიტყვამ დაარწმუნა ლისკუსი ეთქვა ის, რასაც აქამდე მალავდა. არიან გარკვეული [პიროვნებები], რომელთაც გავლენა გააჩნიათ უბრალო ხალხზე, უფრო მეტი ძალაუფლება, ვიდრე ნამდვილ მაგისტრატებს აქვთ. ესაუბრებოდნენ რა მათ მეამბოხე სიტყვით, დააშინეს ხალხი, რათა შეეჩერებინათ ხორბლის შეგროვება, რაც ევალებოდათ: თუ არ შეუძლიათ იყვნენ გალიის სათავეში, ამჯობინონ გალების ბატონობა რომაელებისას, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, თუ რომაელები დაამარცხებენ ჰელვეტებს, ისინი წაართმევენ ედუებს თავისუფლებას, ისევე როგორც დანარჩენ გალიას. მათგან ჩვენი გეგმები და ბანაკის საქმიანობა ცნობილია მტრისათვის; მაგრამ მას [ლისკუსს] არ აქვს ძალა რომ შეაკავოს ისინი. უფრო მეტიც, იმისთვის რომ აცნობა კეისარს ის, რაც აუცილებელი იყო, თავის თავს დიდი საფრთხე შეუქმნა. ამ მიზეზით ის იმდენ ხანს დუმდა, რამდენი ხანიც შეეძლო.
18. კეისარი ხვდებოდა, რომ ლისკუსის მინიშნება დუმნორიქსს, დივიციაკუსის ძმას ეხებოდა, მაგრამ ამდენი დამსწრის წინაშე ამ საკითხების განხილვა არ სურდა, სწრაფად დაითხოვა საბჭო და ლისკუსი შეაყოვნა. განმარტოებულს ეკითხება იმის შესახებ, რაც კრებაზე თქვა. ის საუბრობს უფრო თავისუფლად და გაბედულად. იგივეს სხვებისგანაც გამოიკითხავს საიდუმლოდ. დაადგენს, რომ სიმართლეა: ეს ის დუმნორიქსია, ყველაზე გაბედული, ხალხში გულუხვობით სახელმოხვეჭილი, გადატრიალების მოსურნე. მრავალი წლის მანძილზე საბაჟო და ედუელთა ყველა სხვა გადასახადი იჯარით ჰქონდა აღებული დაბალ ფასად, რადგან ვერავინ ბედავდა მასზე მაღალი ფასის შეთავაზებას. ამ საშუალებებით გაზარდა თავისი ქონება და დიდი შემოსავალი მიიღო მექრთამეობისგან. მრავალრიცხოვან მხედრობას ინახავდა თავისი ხარჯით და მუდამ გარს ჰყავდა. არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მეზობელ თემებშიც დიდი გავლენა ჰქონდა. ამ ძალის განსამტკიცებლად თავისი დედა მიათხოვა უწარჩინებულეს და უძლიერეს კაცს ბიტურიგებს44 შორის; თავად ჰელვეტი ცოლი ჰყავდა; თავისი და – დედის მხრიდან – და სხვა ქალი ნათესავები სხვადასხვა თემებში გაათხოვა. ჰელვეტების კეთილმოსურნე იყო ამ ნათესაობის გამო, ხოლო რომაელები და კეისარი თავის მხრივ სძულდა, რადგან მათმა მოსვლამ დაამცრო მისი ძლიერება, ხოლო მის ძმას – დივიციაკუსს ძველი დიდება და პატივი დაუბრუნდა. თუკი დამარცხდებოდნენ რომაელები, იმედოვნებდა ჰელვეტების დახმარებით მეფობის მოპოვებას. რომაელი ხალხის იმპერია არა მხოლოდ გამეფების იმედს უკარგავდა, არამედ იმ ძალაუფლებასაც ემუქრებოდა, რომელსაც ის ფლობდა. კეისარმა გამოკითხვით ისიც გამოარკვია, რომ რამოდენიმე დღის წინ მომხდარი ცხენოსანთა შეტაკების დროს, პირველები დუმნორიქსი და მისი ცხენოსნები უკუიქცნენ, (სწორედ დუმნორიქსი მეთაურობდა იმ მხედრებს, რომლებიც ედუებმა გამოაგზავნეს კეისრის დასახმარებლად), მათმა გაქცევამ დანარჩენ მხედრებსაც თავზარი დასცა.
19. ამ ცნობებს და ეჭვებს უტყუარი ფაქტები დაემატა: დუმნორიქსმა გაატარა ჰელვეტები სეკვანთა საზღვრებზე, გააცვლევინა მძევლები ერთმანეთში, ეს ყველაფერი გააკეთა არა მხოლოდ კეისრისა და საკუთარი თანამოქალაქეების უნებართვოდ, არამედ მათგან ფარულადაც. ედუელთა მაგისტრატი სდებდა მას ბრალს. კეისარი ფიქრობდა, რომ საკმარისი მიზეზები იყო, რომ თავად გაესამართლებინა დუმნორიქსი, ან თემისთვის გადაეცა გასასამართლებლად. ამ ყველა საკითხის გარდა იყო ერთი წინაღობა: მისი ძმა დივიციაკუსი უაღრესად გულმოდგინედ ემსახურებოდა რომაელ ხალხს, უაღრესად კეთილგანწყობილი იყო, გამოირჩეოდა სანდოობით, სამართლიანობითა და თავდაჭერილობით. ამიტომ კეისარს არ სურდა დუმნორიქსის დასჯით დივიციაკუსის წყენინება. ამგვარად სანამ რაიმეს მოიმოქმედებდა, დივიციაკუსი თავისთან მიიხმო, მუდმივი თარჯიმნები დაითხოვა და გაიუს ვალერიუს პროკილუსის45, გალიის პროვინციის დიდებულისა და თავისი ახლო მეგობრის თანხლებით მიიღო, რომელსაც სრულიად ენდობოდა. კეისარმა შეახსენა დივიციაკუსს, რაც მისი თანდასწრებით ითქვა გალების საბჭოზე დუმნორიქსის შესახებ, და გაუმხილა ისიც რაც პირად საუბრებში უთხრეს. სთხოვა და მოუწოდა, რომ შეურაცხყოფად არ მიეღო, თუკი ან თავად გაასამართლებდა დუმნორიქსს, ან თემს გადასცემდა მსჯავრის გამოსატანად.
20. ცრემლმდინარე დივიციაკუსი მოეხვია კეისარს და სთხოვდა ზედმეტად მკაცრად არ დაესაჯა მისი ძმა. თავადაც იცოდა, რომ ეს სიმართლეა და მასზე მეტად არავინ წუხდა. როდესაც მას დიდი გავლენა ჰქონდა თავის ტომში და დანარჩენ გალიაშიც, დუმნორიქსს კი უმცირესი თავისი ახალგაზრდობის გამო, ძმის წყალობით ამაღლდა. ახლა კი თავის ძალებსა და ღონეს იყენებს არა მხოლოდ დივიციაკუსის დიდების დასამცირებლად, არამედ თითქმის დასაღუპადაც. დივიციაკუსი მაინც ძმის სიყვარულისა და ხალხის აზრის გამო ღელავდა. თუ კეისარი უმკაცრესად მოექცეოდა დუმნორიქსს, არავინ დაიჯერებდა რომ ეს დივიციაკუსის უნებურად მოხდა, რადგან მას მეგობრობა აკავშირებდა კეისართან. ამის გამო მთელი გალია შეაქცევდა ზურგს. ასეთი სიტყვებით ევედრებოდა ატირებული დივიციაკუსი კეისარს, კეისარმა კი მისი მარჯვენა ხელი აიღო, სთხოვა დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა მუდარა. ამგვარად აუხსნა, რომ იმდენად დიდია დივიციაკუსის დამსახურება, რომ მისი თხოვნის გამო აპატიებს დუმნორიქსს დანაშაულს რესპუბლიკის წინაშე და პირად წყენასაც. დუმნორიქსი თავისთან მიიხმო, ძმის წინაშე; აუწყა რაში ადანაშაულებდა; რაც თვითონ იცოდა და რა საჩივრებიც სხვებმა უთხრეს; გააფრთხილა, რომ მომავალში ყველანაირი ეჭვი აერიდებინა თავიდან; უთხრა, რომ წარსული ძმის ხათრით აპატია. დუმნორიქსს მოთვალთვალეები მიამაგრა, რომ სცოდნოდა რას აკეთებს ან ვის ელაპარაკება.
21. იმავე დღეს მზვერავებმა კეისარს აცნობეს, რომ მტერი დაბანაკდა მთის ძირას, რომაელთა ბანაკიდან 8 მილზე. გაგზავნა ხალხი რომ დაეზვერათ მთა და შემოგარენი თუ როგორი იყო ასასვლელად. შეატყობინეს, რომ ადვილი იყო. მესამე გუშაგობისას ტიტუს ლაბიენუსს, პრეტორის უფლებებით აღჭურვილ ლეგატს უბრძანა დაეკავებინა სიმაღლე ორი ლეგიონითა და მეგზურებით, რომლებმაც იცოდნენ ასასვლელები. მას თავისი გეგმა გააცნო. თავად, მეოთხე საგუშაგო ღამეს46, სწრაფად გაეშურა იმ გზით, რომლითაც მტერი მიდიოდა და წინ გაგზავნა მთელი მხედრობა. პუბლიუს კონსიდიუსი, რომელიც სამხედრო საქმეში ყველაზე გამოცდილი იყო, (ლუციუს სულასთან, შემდეგ კი მარკუს კრასუსთან მსახურობდა), მზვერავებთან ერთად გაიგზავნა.
22. განთიადზე ლუციუს ლაბიენუსმა მთის მწვერვალი დაიკავა, თავად კეისარი კი მტრის ბანაკიდან არა უმეტეს მილ-ნახევრით იყო დაშორებული. და როგორც შემდეგ გაიგო ტყვეებისაგან, ვერც მისი და ვერც ლაბიენუსის მიახლოება ვერ შეამჩნიეს. კონსიდიუსმა ცხენი მოაჭენა მასთან და უთხრა, რომ მთა, რომლის დაკავებაც ლაბიენუსს ებრძანა, მტერს ეჭირა: ამას გალური იარაღითა და სამშვენისებით მიხვდა. კეისარმა ახლომდებარე ბორცვისკენ დაიხია და ჯარი საბრძოლო წესით განალაგა. ლაბიენუსს ნაბრძანები ჰქონდა, არ შეერთებოდა ბრძოლას, სანამ მისი მეომრები არ გამოჩნდებოდნენ მტრის ბანაკთან. ამგვარად მტერს ერთდროულად შეუტევდნენ ყველა მხრიდან. ასე რომ, ლაბიენუსი, მწვერვალზე გამაგრებული, ელოდებოდა მთავარ ძალებს და თავს იკავებდა ბრძოლაში ჩართვისგან. დღის ბოლოს მზვერავებისაგან კეისარმა შეიტყო, რომ მთა მისიანებს აქვთ დაკავებული და ჰელვეტები ბანაკს ყრიან, ხოლო კონსიდიუსმა შიშისგან დამფრთხალმა, ის აცნობა რაც არ დაუნახავს. იმ დღეს ის მიჰყვა მტერს ჩვეულ მანძილზე და დაბანაკდა მათი ბანაკიდან 3 მილზე.
23. მომდევნო დღეს 2 დღეღა რჩებოდა ჯარისკაცებისთვის პურის განაწილებამდე, რადგანაც არა უმეტეს 18 მილზე იმყოფებოდა ბიბრაქტიდან – ედუების ყველაზე დიდი და კარგად მომარაგებული ქალაქიდან – გადაწყვიტა საკვებზე ეზრუნა. ამგვარად, ჰელვეტებისგან პირი იბრუნა და მთელი სიჩქარით ბიბრაქტისკენ გაეშურა. ეს ცვლილება მტერს აცნობეს გაქცეულებმა, ლუციუს ემილიუსისაგან, გალური კავალერიის მეთაურისაგან. შესაძლოა, ჰელვეტებმა იფიქრეს რომ რომაელები უკან იხევდნენ შიშის გამო, მითუმეტეს რომ წინა დღეს ბრძოლაშიც არ ჩართულან სიმაღლის დაკავების შემდეგ, ან ჩათვალეს რომ რომაელებს გზას გადაუჭრიდნენ მარცვლეულისაკენ. ყოველ შემთხვევაში, ჰელვეტებმა შეცვალეს თავისი მიმართულება, გამოედევნენ და რომაელთა ზურგის შევიწროება დაიწყეს.
24. როგორც კი ეს შეამჩნია, კეისარმა უკან დახია თავისი ჯარები მახლობელი ბორცვისკენ და მხედრები გაგზავნა მტრის შემოტევების მოსაგერიებლად. ამასობაში ფერდობის შუაში ვეტერანთა 4 ლეგიონი სამ რიგად დააწყო. ხოლო მათ ზემოთ განალაგა ის ორი ლეგიონი, რომელიც ბოლო ხანს ახლო გალიაში ჰყავდა შეგროვებული, და ყველა დამხმარე ძალა, ასე რომ მთელი მთა ადამიანებით შეივსო; ბრძანა, სიმძიმეები და ბარგი ერთ ადგილას შეეგროვებინათ, რომელიც უნდა გაემაგრებინათ ზედა ხაზზე განლაგებულ მეომრებს. ჰელვეტები მთელი თავისი ურმებით დაედევნენ და სიმძიმეები ერთ ადგილას შეაგროვეს; შემჭიდროებული რიგებით უკუაგდეს ჩვენი ცხენოსნები და ფალანგად დაწყობილებმა ჩვენს პირველ მწკრივს შემოუტიეს.
25. კეისარმა პირველ რიგში საკუთარი, შემდეგ კი დანარჩენების ცხენები თვალთახედვის არიდან მოაცილებინა, რათა ყველას თანაბარ საფრთხეში ეგრძნო თავი და გაქცევის ყველანაირი იმედი გაექრო. მეომრებისადმი გამამხნევებელი სიტყვის შემდეგ კეისარიც ბრძოლაში ჩაერთო. ლეგიონერებმა მაღლობიდან, ადვილად გაარღვიეს მტრის მჭიდრო წყობა ხელშუბების სროლით, და როდესაც ისინი დაფანტეს, მახვილები იძრეს და შეუტიეს. გალებს ძალიან ეშლებოდათ ხელი ბრძოლაში, რადგან მათი რამდენიმე ფარი ისე იმსხვრეოდა და ელურსმებოდა ერთმანეთს ერთი ხელშუბის მოხვედრის შემდეგ, რომ მისი ამოძრობა შეუძლებელი ხდებოდა, და მეომრებს ხელს უშლიდა მარცხენა ხელის ხმარებაშიც. ბევრი, დიდხანს ხელის ქნევის შემდეგ, ამჯობინებდა გადაეგდო ფარი და დაუცველი სხეულით ებრძოლა. ბოლოს, ჭრილობებით გატანჯულებმა დაიწყეს უკან დახევა მახლობელი მთისაკენ, რომელიც დაახლოებით 1 მილზე მდებარეობდა. დაიკავეს სიმაღლე, და ჩვენები რომ უკან მიჰყვნენ, ბოიებმა და ტულინგებმა, რომლებიც დაახლოებით 15 ათასი იყვნენ და მტრის ჯარს ზურგიდან კეტავდნენ და არიერგარდს წარმოადგენდნენ, ღია ფლანგიდან შემოგვიტიეს და ალყა შემოგვარტყეს. ეს რომ დაინახეს ჰელვეტებმა, რომლებიც მთაზე იყვნენ ასულები, ისევ დაიწყეს ჟლეტა და ბრძოლა განაახლეს. რომაელებმა საპასუხოდ 2 მხრიდან შეუტიეს: პირველი და მეორე მწყობრი დამარცხებულ და უკუქცეულ მტერს დაუპირისპირდა, მესამემ კი ახალმოსულები შეაჩერა.
26. ასეთი ორმხრივი ბრძოლა დიდხანს გრძელდებოდა და შეტაკება იყო სასტიკი. როცა უფრო დიდხანს ჩვენი შეტევის მოგერიება ვერ შეძლეს, ნაწილმა, როგორც ადრევე ჰქონდათ დაწყებული, მთა დაიკავა, დანარჩენები თავის ბარგთან და ურმებთან დაბრუნდნენ. მთელი ბრძოლის მანძილზე, რომელიც შვიდი საათიდან საღამომდე გაგრძელდა, მტრებს ერთმანეთის ზურგი არ უნახავთ. ბრძოლა გვიან ღამემდე გრძელდებოდა ბარგთანაც, რადგან მათ ურმებით ჩახერგეს სანგრები და სიმაღლეებიდან ხელშუბებს უშენდნენ ჩვენს მოწინავეებს, ზოგიერთები კი ურმებისა და ბორბლების ქვეშ მოთავსდნენ, მატარებსა და ტრიგულებს47 ესროდნენ ჩვენებს და ჭრიდნენ. დიდი ხნის ბრძოლის შემდეგ ჩვენებმა შეძლეს ბარგისა და ბანაკების ხელში ჩაგდება, სადაც ორგეტორიქსის ქალიშვილი და ერთ-ერთი ვაჟიც ტყვედ აიყვანეს. ამ ბრძოლიდან დაახლოებით 130 ათასი ადამიანი გადარჩა და მთელი ღამე შეუჩერებლად იარეს. [ღამის არც ერთ ნაწილში არ შეწყვეტილა მარში]; 3 დღის შემდეგ ლინგონების48 საზღვრებს მიაღწიეს, ჩვენებმა ვერ მოახერხეს მათი დევნა მებრძოლების ჭრილობებისა და მიცვალებულთა დაკრძალვის გამო 3 დღე დაყოვნდნენ. კეისარმა ლინგონებს წერილები და მაცნეები გაუგზავნა, არ დახმარებოდნენ ჰელვეტებს არც პურითა და არც სხვა რაიმეთი, ხოლო თუ დაეხმარებოდნენ მათაც ისე მოექცეოდა, როგორც ჰელვეტებს. თავად 3 დღის შემდეგ მთელი ჯარებით დაიძრა მათკენ.
27. ყველანაირ სურსათს მოკლებული ჰელვეტები იძულებული გახდნენ კეისართან ელჩები გაეგზავნათ შეწყალების სათხოვნელად. მას გზაზე შეხვდნენ, მის ფეხებთან დაეცნენ და ცრემლების ფრქვევით მშვიდობა სთხოვეს. კეისარმა უბრძანა იქ დალოდებოდნენ, სადაც იმჟამად იყვნენ და ისინი დაემორჩილნენ. როცა იქ მივიდა, მოითხოვა მძევლები, იარაღი და რომაელებისგან გაქცეული მონები. სანამ ეძებდნენ და აგროვებდნენ ამ ყველაფერს, დაღამდა. დაახლოებით 6 ათასი კაცი, თავისი პაგუსიდან, რომელსაც ვერბიგენუსი49 ეწოდებოდა, შიშისგან დაზაფრულები, რომ იარაღის ჩაბარების შემდეგ მკაცრად დაისჯებოდნენ, ან თავდახსნის იმედით აღვსილები, რომ ტყვეთა ამხელა რაოდენობაში მათი გაქცევა დაიფარებოდა ან საერთოდ შეუმჩნეველი დარჩებოდა, მწუხრის დადგომისთანავე გაიქცნენ ჰელვეტთა ბანაკიდან და გაეშურნენ მდინარე რენუსისა და გერმანელთა საზღვრებისაკენ.
28. როდესაც კეისარმა ეს გაიგო, იმ ტომებს, რომელთა ტერიტორიაზეც ვერბიგენებს გაევლოთ, უბრძანა მოეძებნათ და უკან დაებრუნებინათ, თუ სურდათ უდანაშაულოები დარჩენილიყვნენ. დაბრუნებულებს მტრებივით მოექცა. დანარჩენები შეიწყალა მძევლების, იარაღისა და გაქცეული მონების გადმოცემის გამო. ჰელვეტებს, ტულინგებსა და ლატობრიგებს უბრძანა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ საზღვრებში, საიდანაც აიყარნენ. და რადგანაც მთელი მოსავალი განადგურებული ჰქონდათ და სახლში აღარაფერი ეგულებოდათ რომ შიმშილი მოეკლათ, კეისარმა ალობროგებს უბრძანა მათთვის პური მიეცათ. ასევე ჰელვეტებს უბრძანა საკუთარი გადამწვარი ქალაქები და სოფლები აღედგინათ. მთავარი მიზეზი ამის გაკეთების იყო ის, რომ მას არ სურდა დაუსახლებელი დარჩენილიყო მიწები, საიდანაც ჰელვეტები აიყარნენ, რადგან ნაყოფიერი სავარგულების გამო შესაძლოა რენუსის გადაღმა მცხოვრები გერმანელები თავიანთი საზღვრებიდან გადმოსახლებულიყვნენ ჰელვეტების ტერიტორიებზე და გამეზობლებოდნენ გალიის პროვინციასა და ალობროგებს. კეისარმა დააკმაყოფილა ედუების თხოვნა, რომ მათთან დასახლებულიყო სიმამაცით განთქმული ბოიების ტომი. ედუებმა მათ მისცეს მიწები და შემდეგ კი ისეთივე უფლებები, როგორიც თავად ჰქონდათ მიღებული.
29. ჰელვეტების ბანაკში ნაპოვნი იქნა ბერძნული ასოებით ჩაწერილი სიები, რომლებიც კეისარს მიუტანეს. სიებში აღნუსხული იყო ყველა, ვინც თავისი მიწები დატოვა და იარაღის ხმარება შეეძლო, ცალკე ბავშვები, მოხუცები და ქალები. მთელი ამ ანგარიშით ჰელვეტები 236 ათასი აღმოჩნდნენ, 36 ათასი ტულინგი, 14 ათასი ლატობრიგი, 23 ათასი რაურაკი50, 23 ათასი ბოიი, ამათგან 92 ათასს შეეძლო იარაღის ხმარება, მთელი რაოდენობა კი დაახლოებით 368 ათასი იყო. როგორც კეისარმა ბრძანა, ცენზორმა აღრიცხა ისინი, ვინც სახლში დაბრუნდნენ და ასეთი აღმოჩნდა 110 ათასი.

30. ჰელვეტებთან ომის დასრულების შემდეგ კეისართან თითქმის მთელი გალიიდან ჩამოვიდნენ ელჩები და ტომების პრინცეპსები მოსალოცად: ისინი აცნობიერებდნენ, რომ თუმცა კეისარმა ჰელვეტებს ძველი დანაშაულებების გამო მიუზღა, რაც რომაელი ხალხის წინაშე ჰქონდათ დაშვებული ომებში. მაგრამ მათი დამარცხება გალებისთვისაც ისეთივე სასარგებლო იყო, როგორც რომაელი ხალხისათვის, რადგან ჰელვეტებმა თავიანთი ნაყოფიერი მიწები მხოლოდ იმიტომ დატოვეს, რომ განზრახული ჰქონდათ მთელი გალიის დაპყრობა და ძალაუფლების მოპოვება. ისინი აპირებდნენ ფართო ველებიდან ყველაზე ვარგისი და უხვმოსავლიანი ადგილები თავიანთ საცხოვრებლად ამოერჩიათ, დანარჩენი მიწები კი დაეხარკათ. ელჩებმა ითხოვეს კეისრის ნებართვით დანიშნულიყო ერთი დღე მთელი გალიის წარმომადგენელთა კრებისათვის, სურდათ ემსჯელათ გარკვეულ საკითხებზე და საერთო თანხმობის შემდეგ კეისრისათვის თხოვნით მიემართათ. ნებართვა მიიღეს, დათქვეს შეკრების დღე და დაიფიცეს, რომ ვერავინ გაიგებდა კრების დადგენილებებს მონაწილე პირების გარდა.
31. ამ კრების დაშლის შემდეგ იგივე ტომების ბელადები, რომლებიც ადრეც იყვნენ კეისართან, დაბრუნდნენ და სთხოვეს განცალკევებით მოლაპარაკებოდა მათ პირადულ და საყოველთაო საკითხებზე. როდესაც ნებართვა მიიღეს, თვალცრემლიანები დაემხნენ კეისრის ფეხებთან და განუცხადეს რომ შიშობდნენ ვერ მიეღოთ რაც სურდათ, თუ ნათქვამი გამჟღავნდებოდა, ტანჯვას ვერ გადაურჩებოდნენ. მათი სახელით ედუელმა დივიციაკუსმა ილაპარაკა: მთელი გალია ორ ნაწილად იყოფა, ერთში პირველობა უპყრიათ ედუებს, ხოლო მეორეში არვერნებს51. ისინი ერთმანეთს ისე და იმდენ ხანს ებრძოდნენ ძალაუფლებისათვის, რომ მოხდა შემდეგი – არვერნებმა და სეკვანებმა დაიქირავეს გერმანელები.52 თავიდან დაახლოებით 15 ათასმა გერმანელმა გადმოლახა რენუსი53, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ გაუთლელ ბარბაროსებს მოეწონათ გალიის მიწები, ყოფა-ცხოვრება და სიუხვე, უფრო მეტნი გადმოვიდნენ. ახლა გალიაში 120 ათასამდე გერმანელია. ედუები და მათი ხელქვეითები ბევრჯერ შეებრძოლნენ მათ, მაგრამ დიდი ზარალი განიცადეს, მთელი მაღალი წოდება, სენატი და მხედრობა დაკარგეს. ამ ბრძოლებითა და ზარალით დასუსტდნენ ედუები, რომლებიც ცნობილები იყვნენ თავისი სიმამაცით, რომაელების მიმართ კი პატივისცემითა და მეგობრობით მთელ გალიაში. იძულებულები გახდნენ სეკვანებისათვის მძევლად მიეცათ უწარჩინებულესი მოქალაქეები და ფიციც დაედოთ, რომ არც მძევლების დაბრუნებას მოითხოვდნენ, არც რომაელ ხალხს მიმართავდნენ დასახმარებლად, არც წინააღმდეგობის გაწევას ეცდებოდნენ და მუდამ მორჩილებაში იქნებოდნენ. დივიციაკუსი ერთადერთი იყო ედუელთა შორის, რომელსაც ვერც ფიცი დაადებინეს და არც შვილები მიუცია მძევლად. ამიტომ ის გამოიქცა თავისი ქვეყნიდან და რომში ჩავიდა სენატისათვის დახმარების სათხოვნელად, რამეთუ არც ფიცით იყო შეკრული და არც მძევლები ჰყავდა მიცემული. მაგრამ დამარცხებულ ედუებზე უარესი ბედი გამარჯვებულ სეკვანებს ეწიათ: გერმანელების მეფე არიოვისტუსმა54 შეიერთა მათი მიწების მესამედი, რომელიც მთელს გალიაში საუკეთესო იყო. ახლა კი მეორე მესამედის გათავისუფლებას უბრძანებდა, რადგან რამდენიმე თვის წინ 24 ათასი ჰარუდი55 შეუერთდა და მათთვის სამოსახლო ადგილი უნდა გაემზადებინა. რამდენიმე წელიწადში მთელი გალია დაიცლება გალებისაგან და ყველა გერმანელი გადმოლახავს რენუსს. მართლაც შედარება არ შეიძლება გალებისა და გერმანელების მიწების, არც მათი ცხოვრების წესის. მას შემდეგ რაც გალები ერთხელ მაგეტობრიგასთან56 დაამარცხა, არიოვისტუსი უფრო ქედმაღლურად და სასტიკად მბრძანებლობს, წარჩინებულთა შვილებს მძევლად ითხოვს და მათ სამაგალითოდ მკაცრად სჯის, თუკი რაიმე მისი თანხმობის ან ნება-სურვილის გარეშე გაკეთდება. ის არის ბარბაროსი, ფიცხი და უგუნური ადამიანი. გალებს მისი მბრძანებლობის ატანა აღარ შეუძლიათ. თუ კეისარი და რომაელი ხალხი არ დაეხმარებიან, ისინი იძულებულები იქნებიან ჰელვეტებს მიბაძონ, ესე იგი სამშობლოდან გადასახლდნენ, მოძებნონ სხვა საცხოვრებელი, გერმანელებისაგან შორს მყოფი სხვა დასახლება და გამოსცადონ ყველაფერი, რასაც ბედი არგუნებთ. თუ არიოვისტუსი ამას გაიგებს, ეჭვგარეშეა, უსასტიკესად დასჯის ყველა მძევალს, ვინც ჰყავს. კეისარს შეუძლია თავისი ავტორიტეტით, ან ჯარით, ან ბოლოდროინდელი გამარჯვებით, ან რომაელი ხალხის სახელით დააშინოს და აღკვეთოს მრვალრიცხოვან გერმანელთა გადმოსვლა რენუსზე და დაიცვას მთელი გალია არიოვისტუსის ძალმომრეობისაგან.
32. დივიციაკუსის ამ სიტყვის შემდეგ ყველა დამსწრემ ხმამაღალი გოდებით დაუწყო კეისარს დახმარების თხოვნა. კეისარმა შენიშნა, რომ არ იქცეოდნენ ასე მხოლოდ სეკვანები და მწუხარედ თავჩაქინდრულები მიწას დასცქეროდნენ. გაკვირვებულმა ჰკითხა რა შეიძლებოდა ამის მიზეზი ყოფილიყო. სეკვანებმა არაფერი უპასუხეს, არამედ კვლავ აგრძელებდნენ მდუმარედ წუხილს. როცა შეკითხვის გამეორების მიუხედავად სეკვანებმა ხმა არ ამოიღეს, ისევ ედუელმა დივიციაკუსმა უპასუხა: `სხვებთან შედარებით სეკვანებს ყველაზე შესაბრალისი და მძიმე მდგომარეობა აქვთ, ასე რომ ფარულადაც კი ვერ ითხოვენ დახმარებას, არიოვისტუსის სისასტიკის დაუსწრებლადაც ისე ეშინიათ, თითქოს მათ წინაშე იდგეს. სხვებს, მიუხედავად დაბრკოლებებისა, მაინც აქვთ საშუალება თავი დააღწიონ არიოვისტუსს, სეკვანებს კი ეს არ შეუძლიათ, რადგან თავის საზღვრებში მიიღეს და ყველა ქალაქი მისი ძალაუფლების ქვეშაა, ამიტომ უწევთ ყოველგვარი ტანჯვის ატანა“.
33. ამ ამბების მოსმენის შემდეგ, კეისარმა გალები თავისი სიტყვებით გაამხნევა, დაჰპირდა რომ თავად მიხედავდა ყველაფერს. მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ არიოვისტუსისადმი ადრე გაწეული სიკეთისა და თავისი ავტორიტეტის გავლენით, შეძლებდა მისი ძალმომრეობის შეჩერებას. ამ სიტყვების შემდეგ კრება დაითხოვა. ამათ გარდა, სხვა გარემოებებიც აფიქრებინებდა, რომ ხელი მოეკიდა ამ საქმისთვის: პირველ რიგში, ის ხედავდა რომ ედუები, რომლებიც სენატის მიერ სისხლისმიერ ძმებად იწოდებოდნენ, გერმანელებს მონობასა და მორჩილებაში ჰყავდათ. აგრეთვე იცოდა, რომ მათი მძევლები ჰყავდათ არიოვისტუსსა და სეკვანებს. ეს კი, რომაელი ხალხის დიდების ჟამს, სამარცხვინოდ მიაჩნდა თავისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ასევე, რომაელთათვის საშიშად მიაჩნდა, რომ გერმანელები თანდათანობით დაეჩვივნენ რენუსის გადმოლახვასა და გალიაში დიდი რაოდენობით სახლდებოდნენ. კეისარი თვლიდა, რომ ეს ველური და მძვინვარე ბარბაროსი ხალხი მთელი გალიის დაპყრობის შემდეგ არ გაჩერდებოდა, არამედ, როგორც ადრე კიმბრები და ტევტონები მოიქცნენ57, შეიჭრებოდნენ პროვინციაში და იქიდან იტალიაში გადავიდოდნენ. მითუმეტეს, რომ სეკვანებს პროვინციისაგან მხოლოდ მდინარე როდანუსი გამოჰყოფს. [კეისარი] მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი დროულად უნდა აღკვეთილიყო. თავად არიოვისტუსიც ისე გაყოყოჩდა და ისეთი მედიდური გახდა, რომ ამის მოთმენა აღარ შეიძლებოდა.
34. ამგვარად, კეისარმა გადაწყვიტა არიოვისტუსთან ელჩები გაეგზავნა, რათა მისთვის მოეთხოვათ შეხვედრისათვის აერჩია ორივე მხარისაგან თანაბრად დაშორებული ადგილი, რადგან კეისარს სურდა არიოვისტუსთან ერთად განეხილა სახელმწიფოსათვის და მათთვის ორივესათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ელჩობას არიოვისტუსმა უპასუხა, რომ რამე საქმე რომ ჰქონოდა კეისართან, თავად მივიდოდა მასთან; ხოლო თუ კეისარს სურს მისგან რაიმე, თვითონ უნდა მოვიდეს არიოვისტუსთან. ამის გარდა, ვერც იმას გაბედავს, რომ ჯარის გარეშე გადავიდეს გალიის იმ ნაწილებში, რომლებიცკეისარს აქვს დაკავებული, და ვერც იმას შეძლებს, რომ ჯარს თავი მოუყაროს დიდი სამზადისისა და ძალების დაძაბვის გარეშე. არიოვისტუსს აოცებს, რა საქმეები აქვთ ან კეისარს ან რომაელ ხალხს მის გალიაში, რომელიც ბრძოლით მოიპოვა.
35. მისი პასუხი კეისარს მოახსენეს. მან მეორედ გააგზავნა ელჩები შემდეგი შეტყობინებით არიოვისტუსისადმი: რამდენადაც, თვითონ კეისარი და რომაელი ხალხი კეთილგანწყობით ეპყრობოდა და აჯილდოებდა არიოვისტუსს, მას ხომ სწორედ კეისრის კონსულობის დროს მიანიჭა სენატმა მეფისა და რომაელთა მეგობრის ტიტული, არიოვუსტუსმა კეისარსა და რომაელ ხალხს მადლობა იმით გადაუხადა, რომ მოსალაპარაკებლად მისვლაზეც კი უარი განუცხადა და უსარგებლოდ თვლის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ამიტომ კეისარი მისგან მოითხოვს: პირველ რიგში, აღიკვეთოს [გერმანელთა] მასობრივი გადმოსვლა რენუსის გაღმიდან გალიაში; შემდეგ მძევლები, რომლებიც ედუებისაგან აიყვანა, უკან დაუბრუნოს და ინებოს, სეკვანებსაც უფლება მისცეს ედუელი მძევლები გაათავისუფლონ; აღარ დაჩაგროს ედუები, აღარ ეომოს მათ და მათ მოკავშირეებს. თუკი არიოვისტი ამ ყველაფერს აღასრულებს, სამუდამოდ შეინარჩუნებს კეისრისა და რომაელი ხალხის კეთილგანწყობასა და მეგობრობას. თუკი ასე არ მოიქცევა, კეისარი უყურადღებოდ არ დატოვებს ედუების გაჭირვებას, რადგან მარკუს მესალასა და მარკუს პიზოს კონსულობის დროს სენატმა დაადგინა, რომ გალიის პროვინციის მმართველმა უნდა დაიცვას ედუები და რომაელი ხალხის სხვა მეგობრები რესპუბლიკის ინტერესების შესაბამისად.
36. ამაზე არიოვისტუსმა უპასუხა, რომ ომის კანონის თანახმად, გამარჯვებული ისე ექცეოდა დამარცხებულს, როგორც სურდა. არც რომაელები ეპყრობოდნენ დამარცხებულ მტრებს სხვათა კარნახის მიხედვით, არამედ ისე როგორც თავად სურდათ. თუ თვითონ არიოვისტუსი რომაელ ხალხს არ მიუთითებს როგორ მოიქცნენ, მაშინ არც რომაელებმა არ უნდა შეუშალონ ხელი საკუთარი სამართლის აღსრულებაში. ედუები, რომლებმაც ომში ბედი სცადეს და ძლეულ იქნენ იარაღით, მოხარკენი გახდნენ. კეისარმა [არიოვისტუსს] დიდი ზარალი მიაყენა თავისი მოსვლით და შემოსავალი შეუმცირა. არიოვისტუსი ედუებისათვის მძევლების დაბრუნებას არ აპირებს, და არც მათი და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს, თუ შეასრულებენ შეთანხმებას და ხარკს წლიურად გადაიხდიან; თუკი ასე არ მოიქცევიან, `რომაელი ხალხის ძმობა“ არაფრად გამოადგებათ. მართალია კეისარმა განაცხადა, რომ ედუების გასაჭირს უყურადღებოდ არ დატოვებდა, მაგრამ არიოვისტუსს ვინც შეებრძოლა, ვერავინ გადარჩა უვნებელი. თუ სურს, დაე წამოვიდეს საბრძოლველად, მაშინ გაიგებს როგორი მამაცები არიან დაუმარცხებელი გერმანელები, იარაღის ხმარების უბადლო მცოდნეები, რომლებსაც ბოლო 14 წელია ჭერქვეშ არ უცხოვრიათ.
37. ზუსტად იმ დროს, როცა კეისარს ეს პასუხი გადასცეს, ედუებისა და ტრევერების58 ელჩები მოვიდნენ. ედუები ჩიოდნენ, რომ ჰარუდები, რომლებიც ახლახან შემოვიდნენ გალიაში, მათ მიწებს აოხრებდნენ, და მიუხედავად მძევლების მიცემისა, არიოვისტუსისაგან მშვიდობის ყიდვა ვერ შეძლეს. ტრევერებმა კი მოახსენეს, რომ სვებების ასი პაგუსი რენუსის პირას განლაგდნენ და მდინარის გადმოლახვას ცდილობენ, ძმების – ნასუასა და კიმბერიუსის წინამძღოლობით. ამ ამბებზე კეისარი დიდად შეშფოთდა, გადაწყვიტა რომ უნდა აჩქარებულიყო, რადგან თუ სვებების ახალი ნაკადი არიოვისტუსის ძველ ძალებს დაემატებოდა, წინააღმდეგობის დაძლევა გართულდებოდა. ამიტომ მან როგორც შეეძლო სწრაფად მოაგვარა სურსათის საქმე და მაშინვე დიდი ძალებით არიოვისტუსისაკენ გაეშურა.
38. სამი დღის სვლის შემდეგ, კეისარს აცნობეს, რომ არიოვისტუსი მთელი თავისი ძალებით მიიჩქაროდა ვესონტიოს59 დასაპყრობად, რომელიც იყო სეკვანების უდიდესი ქალაქი, და უკვე სამი დღის სავალი გზა ჰქონდა გავლილი თავისი საზღვრებიდან. კეისარი მიიჩნევდა, რომ მთელი ძალისხმევით უნდა დაეცვა ქალაქი, რადგან ყველაფერი რაც ომისათვის იყო გამოსადეგი, მოიპოვებოდა ამ ქალაქში და ადგილიც ბუნებრივად ისეთი დაცული იყო, რომ სამხედრო კამპანიის წარმოების სრულ შესაძლებლობას იძლეოდა. მდინარე დუბისი [ალდუა]60 შემოხაზულივით თითქმის მთელ ქალაქს გარს უვლის. დანარჩენ სივრცეს, რომელიც 1600 ნაბიჯზე ფართო არაა, და სადაც მდინარე წყდება, იცავს მაღალი მთა. მისი ძირი მდინარის ორივე ნაპირს ეხება. მთას გარს უვლის კედელი, რომელიც ციხესიმაგრედ აქცევს მას და ქალაქთან აერთებს. სწორედ აქეთ გაეშურა კეისარი მთელი სისწრაფით, არც დღე ჩერდებოდა და არც ღამე, დაიპყრო ქალაქი და შიგ თავისი გარნიზონი ჩააყენა.
39. ვესონტიოში რამდენიმე დღე გაჩერდნენ სურსათისა და პურის მარაგის შესავსებად. ჩვენებმა გამოჰკითხეს გალები და ვაჭრები და მათგან გაიგეს რომ გერმანელები აღნაგობით ბრგეები არიან, დაუჯერებლად მამაცები და იარაღის ხმარებაში გაწაფულები [გალებმა თქვეს, რომ ბრძოლის დროს ხშირად ვერ უძლებდნენ გერმანელების სახის გამომეტყველებასა და გამჭოლ მზერასაც კი]. მთელი ჯარი უეცარმა შიშმა შეიპყრო და ყველას გონება და სული აუფორიაქა. თავდაპირველად ის გავრცელდა სამხედრო ტრიბუნებს, პრეფექტებს და იმათ შორის, ვინც კეისარს რომიდან გამოჰყვნენ მეგობრობის გამო, მაგრამ დიდი საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდათ. ამბობდნენ სხვადასხვა მიზეზს, რომ დაესაბუთებინათ თავისი გამგზავრების საჭიროება. სთხოვდნენ კეისარს, რომ წასვლის ნება დაერთო. ვისაც სირცხვილი შერჩა, რჩებოდნენ, რომ მათ ვაჟკაცობაში ეჭვი არ შეეტანათ. არ შეეძლოთ სახის გამომეტყველების შენიღბვა, ზოგჯერ ვერც ცრემლებს იკავებდნენ. კარვებში შემალულები ან თავის ბედზე ჩიოდნენ ან მეგობრებთან ერთად საერთო საშიშროებაზე გოდებდნენ. ყველგან, მთელ ბანაკში ანდერძებს ადგენდნენ. მათი შეშინებული ხმები იმათზეც ახდენდა გავლენას, ვისაც ბანაკებში მსახურობის დიდი საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ: ჯარისკაცები, ცენტურიონები და მხედრების მეთაურები შეშფოთებულები იყვნენ. ისინი, რომლებსაც არ სურდათ მხდალებად ჩაეთვალათ, ამბობდნენ თითქოს მტრების კი არ ეშინიათ, არამედ ვიწრო გზისა და უღრანი ტყეების, რომლებიც არიოვისტუსსა და მათ შორის მდებარეობდა. ან ამბობდნენ, რომ პურის მომარაგების საკითხი აწუხებთ. ზოგმა კეისარს ისიც კი განუცხადა, რომ თუ იგი ბანაკის აყრასა და გალაშქრებას ბრძანებდა, ჯარისკაცები არ დაემორჩილებოდნენ და შიშით წინ ვერ წავიდოდნენ.
40. კეისარმა ყურადღება მიაპყრო ამ საკითხს და კრება მოიწვია; იხმო ყველა წოდების ცენტურიონი და მკაცრად უსაყვედურა, უწინარეს ყოვლისა იმის გამო, რომ მებრძოლების საქმე არ იყო გამოკითხვა და განხილვა სად და რატომ მიჰყავთ. არიოვისტუსი რომაელ ხალხთან მეგობრობას მხურვალედ ესწრაფოდა კეისრის კონსულობის დროს. რატომჰგონია ვინმეს, რომ ის უგუნურად აარიდებს თავს ვალდებულებას? თავის მხრივ კეისარი დარწმუნებულია, რომ როდესაც მის მოთხოვნებს გაიცნობს და პირობების სამართლიანობაში დარწმუნდება, არიოვისტუსი უარს ვერ იტყვის რომაელი ხალხისა და კეისრის კეთილგანწყობაზე. მაგრამ თუ სიშმაგისა და სიგიჟისაგან ომს დაიწყებს, ბოლოს და ბოლოს რისი უნდა გვეშინოდეს? საკუთარი სიმამაცის ან კეისრის შესაძლებლობების იმედს რატომ კარგავენ? ჩვენ გამოვცადეთ ეს მტერი ჩვენი მამების დროს, როდესაც გაიუს მარიუსმა კიმბრები და ტევტონები დაამარცხა და ჯარმა თავის წინამძღოლზე არანაკლები ქება დაიმსახურა. შემდგომი გამოცდა იტალიაში მოხდა მონათა აჯანყების დროს, როცა მათ გამოიყენეს რომაელთაგან გადაღებული დისციპლინა და წვრთნა და წარმატებას მიაღწიეს. აქედან შეგიძლიათ დაასკვნათ, თუ რა სარგებლობა აქვს სიმტკიცეს. თუმცა დიდხანს უმიზეზოდ ეშინოდათ მათი, მაშინაც კი როცა ცუდად შეიარაღებულები იყვნენ, საბოლოოდ რომაელებმა მაინც დაიმორჩილეს. და ბოლოს, ესენი სწორედ ის გერმანელები არიან, რომლებსაც ჰელვეტები ხშირად შებრძოლებიანდა დაუმარცხებიათ არა მხოლოდ ჰელვეტიაში, არამედ მათ საკუთარ მიწაზე – გერმანიაშიც. ჰელვეტებს კი ჩვენს არმიასთან გატოლებაც არ შეუძლიათ. თუკი ვინმე იმიტომ ღელავს, რომ გალები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს, თუ დაფიქრდება მიხვდება, რომ გალები დაღლილები იყვნენ არიოვისტუსთან ხანგრძლივი ომისაგან, არიოვისტუსი კი მრავალი თვე ჭაობებში განლაგებულ თავის ბანაკში რჩებოდა, არ აძლევდა შებრძოლების საშუალებას და როდესაც გალებს უკვე გადაეწურათ ბრძოლის იმედი და მიმოიფანტნენ, მოულოდნელად დაესხა თავს და გამარჯვება მოიპოვა არა ვაჟკაცობით, არამედ უფრო ცბიერებით. ასეთი ხერხები ველური და უცოდინარი ხალხის წინააღმდეგ მომგებიანი იყო, მაგრამ თავად არიოვისტუსსაც არ აქვს იმედი, რომ ჩვენი არმიის ამგვარადვე გამოჭერას შესძლებს.
ისინი, ვინც თავიანთ შიშს თვალთმაქცურად მიაწერენ პურის მომარაგებაზე ან ვიწრო გასასვლელებზე შფოთვას, თავხედურად იქცევიან, რადგან ან ეჭვი შეაქვთ მთავარსარდლის მიერ თავისი მოვალეობის აღსრულებაში, ან სურთ უკარნახონ მას როგორ მოიქცეს. ყველა ეს საზრუნავი კეისრის საქმეა. პურით სეკვანები, ლეუკები (ლევკები)61, და ლინგონები ამარაგებენ, და ხორბალი უკვე მინდვრებშიც დამწიფდა. გზის შესახებ კი მალევე თვითონ გაიგებენ. ცნობა, თითქოს ჯარისკაცები არ დაემორჩილებიან ბრძანებებს და არც წინ წავლენ, კეისარს ოდნავადაც არ აღელვებს: მან იცის, რომ სარდალს არ ემორჩილებიან ჯარისკაცები, თუ მას თავისი უვიცობისაგან იღბალი არ სწყალობს, ან რამე დანაშაული გამოუმჟღავნდება, სიხარბეში დასდებენ ბრალს. კეისრის უდანაშაულობა დადასტურებულია მისი ცხოვრებით, იღბლიანობა კი ჰელვეტებზე გამარჯვებით. ამგვარად, მან გადაწყვიტა აღასრულოს ახლავე ის, რის გაკეთებასაც მოგვიანებით აპირებდა. ღამით, მეოთხე დარაჯობისას ბანაკის აყრას აპირებს, რათა მალევე დარწმუნდნენ, ღირსება და მოვალეობის გრძნობა უფრო ჭარბობს მათში თუ სიმხდალე. მაშინაც კი, თუ არავინ გაჰყვება, წავა მხოლოდ მეათე ლეგიონით62, რომლის ერთგულებაშიც ეჭვი არ ეპარება, ის იქნება მისი პრეტორიანული კოჰორტა.63 კეისარი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას გამოხატავდა ამ ლეგიონის მიმართ და დიდად ენდობოდა სიმამაცის გამო.
41. კეისრის ამ მიმართვამ გასაოცრად შეცვალა ყველა მებრძოლის განწყობა, უდიდესი მხნეობა და საომარი შემართება გამოიწვია. უპირველესად მეათე ლეგიონმა სახმედრო ტრიბუნების პირით მადლობა უძღვნა საუკეთესო შეხედულების გამო, რაც ამ ლეგიონის შესახებ ჰქონდა ჩამოყალიბებული და დაადასტურა სრული მზადყოფნა ბრძოლისათვის. შემდეგ დანარჩენმა ლეგიონებმაც მიაგზავნეს სამხედრო ტრიბუნები და პირველი რანგის ცენტურიონები, რათა შესაფერისი განმარტება მოეხსენებინათ კეისრისათვის, რომ ისინი არც ყოყმანობდნენ და არც ეშინოდათ, ბრძოლის გეგმის განსაზღვრას თავიანთ საქმედ არ მიიჩნევდნენ, არამედ მხედართმთავარს მიანდობდნენ. მათი ბოდიში შეწყნარებულ იქნა და საუკეთესო გზა აირჩიეს დივიციაკუსის დახმარებით, რომელსაც კეისარი გალებს შორის ყველაზე მეტად ენდობოდა. ეს გზა ფართო იყო და ჯარს გაშლილ ადგილას გაიყვანდა, მაგრამ 50 მილის შემოვლა მოუწევდათ. როგორც კეისარმა თქვა, მეოთხე დარაჯობის დროს გზას გაუდგნენ. მეშვიდე დღეს, შეუწყვეტელი სვლის შემდეგ, მზვერავებმა შეატყობინეს, რომ არიოვისტუსის ჯარი ჩვენი ჯარისგან 24 მილზე იმყოფებოდა.
42. როცა არიოვისტუსმა შეიტყო კეისრის მოახლოება, ელჩები გაუგზავნა. მათ განაცხადეს: ადრე კეისარი მოითხოვდა მოლაპარაკებას, ახლა არიოვისტუსი მზადაა შეხვდეს, რადგან კეისარი თავად მიუახლოვდა და საფრთხე აღარ არსებობს. კეისარმა არ უარყო წინადადება და ჩათვალა, რომ არიოვისტუსი გონს მოეგო, რადგან ახლა თავად სთავაზოდა იმ წინადადებას, რაზეც ადრე უარი თქვა. დიდი იმედი მიეცა, რომ გერმანელთა ბელადი გაითვალისწინებდა რომაელი ხალხისა და კეისრის მიერ ნაბოძებ სიკეთეს, აწონ-დაწონიდა კეისრის მოთხოვნებს და შეწყვეტდა ურჩობას. მოლაპარაკების დღედ დათქვეს ამ დღიდან მეხუთე. ამ დროის განმავლობაში მათ შორის ხშირად იგზავნებოდა ელჩები; არიოვისტუსი მოითხოვდა, რომ კეისარს მოლაპარაკებაზე თან არ წაეყვანა ქვეითი ჯარი, რადგან ეშინოდა რომ ვერაგულად მახეში მოაქცევდა. ორივე ცხენოსანი ჯარის თანხლებით უნდა მისულიყო, სხვა შემთხვევაში არიოვისტუსი საერთოდ არ მივიდოდა. კეისარს არ სურდა მოლაპარაკება ჩაშლილიყო რაიმე მიზეზით, მაგრამ ვერც იმას ბედავდა, რომ თავისი პირადი უსაფრთხოება გალების კავალერიისთვის მიენდო. ყველაზე ხელსაყრელად მიიჩნია, ყველა გალი მხედარი ჩამოექვეითებინა და ცხენებზე მეათე ლეგიონის ჯარისკაცები აემხედრებინა, რომელთაც მეტად ენდობოდა. ამგვარად, ყველაზე საიმედო დაცვა ეყოლებოდა, თუ რამე მოხდებოდა. როდესაც ეს აღსრულდა, მეათე ლეგიონის ერთმა ჯარისკაცმა მახვილგონივრულად თქვა, რომ კეისარმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე დაჰპირდა. პირობისამებრ, მეათე ლეგიონი უნდა გამხდარიყო პრეტორიანელთა გვარდია, მან კი მხედრებად გადააქციაო.64
43. დიდ ვაკეზე იყო საკმაოდ მოზრდილი მიწაყრილი. ეს ადგილი თითქმის თანაბარი მანძილით იყო დაშორებული არიოვისტუსისა და კეისრის ბანაკებისგან. იქ, შეთანხმებისამებრ, მოსალაპარაკებლად მივიდნენ. კეისარმა ლეგიონი, რომელიც ამხედრებული მოიყვანა, იმ მიწაყრილიდან 200 ნაბიჯში განალაგა. არიოვისტუსის ცხენოსნებიც იგივე მანძილზე გაჩერდნენ. არიოვისტუსმა მოითხოვა, რომ მოლაპარაკება ეწარმოებინათ ამხედრებულებს და თითოეულს თავის გარდა 10 კაცი ხლებოდა. როდესაც მივიდნენ, კეისარმა საუბრის დაწყებისას არიოვისტუსს შეახსენა ყველა ის სარგებელი, რაც მან და სენატმა მიანიჭეს; შეახსენა, რომ სენატის მიერ მეფედ და მეგობრად იწოდებოდა, რომ გულუხვად უგზავნიდნენ საჩუქრებს; აღნიშნა, რომ ასეთი პატივი ცოტას ხვდება წილად და ჩვეულებრივ დიდი დამსახურების გამო მიენიჭებათ. თუმცა არც დამსახურება ჰქონია და არც კანონიერი საფუძველი, არიოვისტუსმა მიიღო მრავალი პატივი და ძღვენი სენატისა და კეისრის გულუხვობის წყალობით. აღნიშნა აგრეთვე, თუ როგორი ძველი და კანონით განმტკიცებული იყო მეგობრობა რომაელებსა და ედუებს შორის. რამდენჯერ გამოუცია სენატს ედუებისადმი პატივისცემით გაჯერებული დადგენილებები, ედუებს ხომ ყოველთვის ეპყრათ მთელი გალიის წინამძღოლობა, მანამდეც კი, სანამ ჩვენთან მეგობრობას მოიწადინებდნენ. რომაელ ხალხს ასეთი წესი აქვს, რომ მოკავშირეებმა და მეგობრებმა არათუ საკუთარი არაფერი დაკარგონ, არამედ კეთილდღეობა, ღირსება და პატივი მოიმატონ. და მართლაც, ვინ მოითმენს, რომ ისიც წაართვან, რაც რომაელ ხალხთან მეგობრობამდე ჰქონდა? შემდეგ კეისარმა მოითხოვა ის, რაც ადრე არიოვისტუსს ელჩების საშუალებით მოსთხოვა: არც ედუები და არც მათ მოკავშირეები არ დაელაშქრა; დაებრუნებინა მძევლები; თუ გერმანელების არც ერთი ნაწილის უკან დაბრუნება არ შეეძლო, ის მაინც აღეკვეთა, რომ დანარჩენებს ვეღარ გადმოელახათ რენუსი.
44. არიოვისტუსმა კეისრის მოთხოვნებს მოკლედ უპასუხა, საკუთარ ღირსებებზე კი ვრცლად ილაპარაკა: რენუსი თავისი სურვილით კი არ გადმოლახა, არამედ გალების თხოვნითა და მოწვევით; სახლი და ნათესაობა დატოვა დიდი მოგების იმედით; დასახლებები, რომლებიც გალიაში დაიპყრო, თავად დაუთმეს, და მძევლებიც თავად მისცეს; ხარკი ომის წესის თანახმად დაუწესა, როგორც გამარჯვებულები უწესებენ დამარცხებულებს. ის კი არ ეომებოდა გალებს, არამედ ისინი მას; გალების ყველა ტომი გამოვიდა და მის წინააღმდეგ ბანაკი დასცა; მაგრამ მათი მთელი ძალები არიოვისტუსმა ერთ ბრძოლაში გაანადგურა. თუ მათ სურთ კიდევ სცადონ ბედი, ის მზადაა ისევ შეებრძოლოს; ხოლო თუ მშვიდობა სურთ, უმართებულო იქნება უარი თქვან ხარკზე, რომელსაც აქამდე თავისი ნებით იხდიდნენ. რომაელ ხალხთან მეგობრობა მას სამშვენისად და დაცვად უნდა გამოადგეს, და არა საზიანოდ, და ის ამ იმედით მიისწრაფოდა მეგობრობისკენ. თუ რომაელი ხალხის მეშვეობით ხარკი შეუწყდება და დამორჩილებულები ჩამოერთმევა, რომაელი ხალხის მეგობრობას ისეთივე ხალისით უარყოფს, როგორც მიელტვოდა. გერმანელთა სიმრავლე, რომელიც გადმოჰყავს გალიაში, სჭირდება თავდასაცავად და არა გალებზე თავდასასხმელად; და ამის დასტური ისაა, რომ თხოვნის გამო მოვიდა და თავდაცვით ომს აწარმოებს. ის რომაელებზე ადრე მივიდა გალიაში. აქამდე რომაელები არასდროს არ გასცილებიან გალიის პროვინციის საზღვრებს. რა სურს კეისარს? რატომ იჭრება მის სამფლობელოში? გალიის ეს ნაწილი მისია, როგორც მეორე ნაწილი –რომაელების. როგორც არიოვისტუსს არ ეგების შეიჭრას რომაელთა ტერიტორიაზე, ასევე რომაელებისგან უსამართლობაა ჩაერიონ მის უფლებებში. კეისარმა თქვა, რომ ედუები „ძმებად“ არიან წოდებულნი სენატის მიერ, არიოვისტუსი არც ისეთი ბარბაროსი და უვიცია, რომ არ იცოდეს – ბოლო კამპანიაში ალობროგების წინააღმდეგ ედუები არ დახმარებიან რომაელებს, არც რომაელები დახმარებიან ედუებს გერმანელებთან და სეკვანებთან ომში. არიოვისტუსი იძულებულია იეჭვოს, რომ მეგობრობა მოჩვენებითია და ჯარი, რომელიც კეისარს გალიაში ჰყავს, მის გასანადგურებლად სჭირდება. ამიტომ, თუ კეისარი არ გაეცლება და არ გაიყვანს ჯარს მისი რეგიონებიდან, არიოვისტუსი მას მეგობრად კი არა, მტრად მიიღებს. და თუ ის კეისარს მოკლავს, გაახარებს ბევრ წარჩინებულ და მმართველ რომაელს65 [ეს თვით მათი ელჩებისაგან შეიტყო], და მოიპოვებს მათ წყალობასა და მეგობრობას. მაგრამ თუ კეისარი გაეცლება და დაუტოვებს გალიას თავის ნებაზე სამართავად, ის თავის მხრივ დიდად გადაუხდის და ომებს, რომლებსაც კეისარი წამოიწყებს, არიოვისტუსი დაასრულებს კეისრის მხრიდან გარჯისა და დანაკარგის გარეშე.
45. კეისარმა ბევრი ილაპარაკა, თუ რატომ არ შეეძლო ამ საქმეზე ხელის აღება: არც მას, და არც რომაელ ხალხს წესად არ აქვთ ღირსეული მოკავშირის მიტოვება, არც ის მიაჩნია მართებულად, რომ გალია არიოვისტუსს უფრო ეკუთვნის, ვიდრე რომაელ ხალხს. კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა66 ბრძოლაში დაამარცხა არვერნები და რუტენები67, მაგრამ რომაელმა ხალხმა აპატია მათ: არც პროვინციად აქცია და არც ხარკი დაუწესა. თუ უპირატესობას დროის სიძველის მიხედვით მივანიჭებთ, მაშინ რომაელი ხალხის ძალაუფლება უფრო კანონიერია. სენატის გადაწყვეტილებას თუ მხედველობაში მივიღებთ, გალია თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა ომში დამარცხდა – თავისი კანონებით მმართველობის უფლება შეუნარჩუნდა.
46. მოლაპარაკების მსვლელობისას კეისარს აცნობეს, რომ არიოვისტუსის ცხენოსნები უახლოვდებოდნენ მიწაყრილს. ჩვენებისკენ მოაჭენებდნენ და ქვებსა და შუბებს უშენდნენ. კეისარმა შეწყვიტა მოლაპარაკება, მივიდა თავისიანებთან და უბრძანა, რომ არც ერთი შუბი არ ესროლათ მტრის საპასუხოდ. თუმცა ხედავდა, რომ რჩეული ლეგიონისათვის არიოვისტუსის ცხენოსნებთან შეტაკება არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაინც არ ჩათვალა სასარგებლოდ მტრის განადგურება, რათა არ ეთქვათ თითქოს მოლაპარაკების დროს შემოარტყა ალყა გერმანელებს. მალე რიგითმა ჯარისკაცებმა გაიგეს, არიოვისტუსმა მოლაპარაკებაზე როგორ მედიდურად აუკრძალა რომაელებს გალიაში ყოფნა, როგორ შეუტიეს მისმა ცხენოსნებმა ჩვენს ჯარს და ამის გამო როგორ შეწყდა მოლაპარაკება, ამან მათი საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა და გააალმასა.
47. ორი დღის შემდეგ არიოვისტუსმა კეისარს ელჩები გაუგზავნა. სურდა გაეგრძელებინათ საუბარი, რომლის დასრულებაც ვერ მოახერხეს. ან მეორედ დაენიშნა მოლაპარაკების დღე, ან თუ ეს არ სურდა, ვინმე გაეგზავნა ელჩად. კეისარი ფიქრობდა, რომ მოლაპარაკების საფუძველი აღარ არსებობდა, მითუმეტეს, რომ წინა დღეს შეტევაზე გადმოსული გერმანელები, რომლებიც ჩვენებს შუბებს უშენდნენ, ვერ შეაჩერეს. ასევე, სახიფათოდ მიაჩნდა თავისი ელჩის გაგზავნა და მისი ველური ადამიანების ხელში ჩაგდება. ყველაზე მიზანშეწონილად მიიჩნია გაიუს ვალერიუს პროკილუსის – გაიუს ვალერიუს კაბურუსის ვაჟის გაგზავნა. ის იყო ძალიან მამაცი და ზრდილი ახალგაზრდა. [მამამისმა მოქალაქეობა მიიღო გაიუს ვალერიუს ფლაკუსისაგან68]. კეისარმა ის აირჩია ნდობისა და გალური ენის ცოდნის გამო, [რომელიც არიოვისტუსმაც კარგად იცოდა ხანგრძლივი გამოცდილების წყალობით.] და აგრეთვე იმიტომ, რომ გერმანელებს არ ჰქონდათ მისი შეურაცხყოფის მიზეზი. მასთან ერთად აირჩია მარკუს მეტიუსი69, რომელიც სტუმრად იყო არიოვისტუსთან ნამყოფი. კეისარმა მათ დაავალა, რომ გამოერკვიათ არიოვისტუსის აზრები და მისთვის მოეტანათ. როდესაც ისინი არიოვისტუსმა თავის ბანაკში დაინახა, თავისი ჯარის წინაშე ხმამაღლა დაუყვირა: რისთვის მოვიდნენ ისინი? სათვალთვალოდ? როდესაც სცადეს დალაპარაკებოდნენ, შეაწყვეტინა და ბორკილები დაადო.
48. იმავე დღეს არიოვისტუსმა ჯარი დაძრა და ბანაკი დასცა მთის ქვეშ, კეისრისგან 6 მილის დაშორებით. მეორე დღეს თავისი ჯარი კეისრის ბანაკის წინ ჩაატარა და მათ ზურგში ორი მილის მოშორებით დაბანაკდა, რათა გადაეკეტა პურითა და სურსათით მომარაგების გზა, რომელიც სეკვანებისა და ედუებისგან მოდიოდა. 5 დღის განმავლობაში კეისარს ჯარი ბანაკის წინ გამოჰყავდა და საბრძოლო მწყობრში ამყოფებდა, რადგან არიოვისტუსს ბრძოლა თუ მოუნდებოდა, შესაძლებლობას ხელიდან არ გაეშვა. არიოვისტუსი კი მთელი ეს დრო ბანაკში იყო, მაგრამ ყოველდღიურად უტევდა ცხენოსანი ჯარით. ასეთი სახის ბრძოლებში გერმანელები დახელოვნებული იყვნენ: ცხენოსანი იყო 6 ათასი, ამდენივე –უსწრაფესი და უმამაცესი ქვეითი, თითოეულ ცხენოსანს არჩეული ჰყავდა თითო ქვეითი პირადი დაცვისათვის. ისინიერთად იბრძოდნენ. თუ ვითარება გართულდებოდა, ცხენოსნები უკან დაიხევდნენ და ქვეითები ბრძოლაში ებმებოდნენ; თუ მძიმედ დაჭრილი მხედარი ცხენიდან ჩამოვარდებოდა, ფეხოსნები გარს შემოეხვეოდნენ. თუ წინ გაჭრა იყო საჭირო ან უფრო სწრაფი უკან დახევა, ისინი ისე კარგად იყვნენ გაწვრთნილი, რომ შეეძლოთ ჩასჭიდებოდნენ ფაფარს და მხედრებს სირბილით გაჰყოლოდნენ.
49. როდესაც კეისარი მიხვდა, რომ არიოვისტუსი თავის ბანაკს არ დატოვებდა, სურსათით მომარაგების შეწყვეტა რომ აეცილებინა თავიდან, აირჩია დასაბანაკებლად მოსახერხებელი ადგილი, გერმანელების ბანაკის გადაღმა 600 ნაბიჯით70 დაშორებული და იქით გაემართა სამ რიგად დაწყობილი ჯარით. პირველ და მეორე რიგს ებრძანა საბრძოლო მზადყოფნა, მესამეს კი ბანაკის გამაგრება. ეს ადგილი, როგორც ითქვა, მტრისგან 600 ნაბიჯით იყო დაშორებული. არიოვისტუსმა დაახლოებით 16 ათასი მსუბუქად აღჭურვილი ქვეითი ცხენოსნებთან ერთად გამოგზავნა, რათა შეეშინებინათ ჩვენები და სანგრების გამაგრებისთვის ხელი შეეშალათ. კეისარმა ოდნავადაც არ შეცვალა გადაწყვეტილება: ორ რიგს მტრის მოგერიება, მესამეს კი საქმის დასრულება უბრძანა. როდესაც სანგრები აიგო, იქ ორი ლეგიონი და დამხმარეთა ნაწილი დატოვა, დანარჩენი ოთხი კი მთავარ ბანაკში წაიყვანა.
50. მეორე დღეს კეისარმა თავისი ჩვეულების მიხედვით ჯარი გამოიყვანა ორივე ბანაკიდან, წინ წასწია მთავარი ბანაკისგან, შექმნა საბრძოლო მწყობრი და მტერს ბრძოლის გამართვის შესაძლებლობა მისცა. როდესაც შენიშნა, რომ ისინი არ გამოდიან, დაახლოებით შუადღისას ჯარი ბანაკებში დააბრუნა. ბოლოს არიოვისტუსმა თავისი ჯარის ნაწილი პატარა ბანაკზე თავდასასხმელად გაგზავნა. ორივე მხარე სასტიკად და შეუსვენებლად იბრძოდა საღამომდე. მზის ჩასვლისას, ბევრი დაჭრილის და დიდი დანაკარგის შემდეგ, არიოვისტუსმა ჯარი ბანაკში დააბრუნა. ტყვეების გამოკითხვით კეისარმა გამოარკვია თუ რატომ არიდებდა თავს არიოვისტუსი გადამწყვეტ ბრძოლას: გერმანელებში იყო წესი, რომლის თანახმადაც ოჯახის დედები მისნობითა და წინასწარმეტყველებით აცხადებდნენ ბრძოლაში ჩაბმა ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა. მათ ასე უთქვამთ: ღმერთების ნებით, გერმანელები ვერ გაიმარჯვებენ, თუ ბრძოლას ახალ მთვარემდე დაიწყებენო.
51. მომდევნო დღეს კეისარმა ორივე ბანაკში დატოვა გარნიზონი, რამდენიც დაცვისათვის საკმარისად ჩათვალა; მთელი დამხმარე რაზმები მომცრო ბანაკის წინ განალაგა, მტერს რომ დაენახა. ეს ძალების წარმოჩენის განზრახვით გააკეთა, რადგან რაოდენობით ლეგიონერები გერმანელებზე ნაკლებნი იყვნენ. თვითონ სამ რიგად დაწყობილი ჯარით მტრის ბანაკთან მივიდა. მაშინ, ბოლოს და ბოლოს, გერმანელები იძულებული გახდნენ გმოეყვანათ ჯარი ბანაკიდან და ისე განლაგდნენ, რომ თანაბარი შუალედები იყო ტომებს შორის. ეს ტომები იყვნენ: ჰარუდები, მარკომანები, ტრიბოკები, ვანგიონები, ნემეტები, სედუსიები, სვებები.71 ყველა მწყობრი გარშემო ბარგით და ურმებით ჩახერგეს, რომ გაქცევის საშუალება მოესპოთ. მათზე თავისი ქალები მოათავსეს, რომლებიც ომში მიმავალ მეომრებს ტირილით და ხელაპყრობით სთხოვდნენ, რომაელთა მონობაში არ ჩაეგდოთ.
52. კეისარმა თითოეულ ლეგიონს თითო ლეგატი და კვესტორი უწინამძღვრა, რათა მეომრებს მათი ვაჟკაცობის მოწმე ჰყოლოდათ. თავად მარჯვენა ფრთაზე დაიწყო ბრძოლა, რადგან შეამჩნია რომ ეს იყო მტრის ყველაზე სუსტი ადგილი. ჩვენებმა ნიშნის მიცემისთანავე ისე მძვინვარედ შეუტიეს მტერს და მტერიც ისე უეცრად და სწრაფად ეკვეთა, რომ ჩვენებს დრო არ მიეცათ შუბების სატყორცნად. შუბები დაყარეს და ხმლებით ბრძოლა დაიწყო. მაგრამ გერმანელებმა თავისი ჩვეულებისამებრ სწრაფად შექმნეს ფალანგა72 და ჩვენი ხმლების შეტევას დაუხვდნენ. ჩვენს ჯარში ბევრი მოიძებნა ისეთი, რომლებიც ასკდებოდნენ ფალანგას, ხელებიდან აგლეჯდნენ ფარებს და ზემოდან ჭრიდნენ მოწინააღმდეგეს. მტრის მარცხენა ფრთა დაამარცხეს და გააქციეს, მაგრამ მარჯვენა ფრთაზე გერმანელების დიდმა რაოდენობამ შეავიწროვა ჩვენი რიგები. ეს შეამჩნია ახალგაზრდა პუბლიუს კრასუსმა73, რომელიც ცხენოსან ჯარს მეთაურობდა და რადგანაც უფრო თავისუფლად შეეძლო მოძრაობა, ვიდრე იმათ ვინც ბრძოლაში იყო ჩართული, მესამე რიგი გაგზავნა ჩვენი გაჭირვებული მებრძოლების დასახმარებლად.
53. ამგვარად, ბრძოლა განახლდა, მთელი მოწინააღმდეგე მიბრუნდა და გაიქცა: იქამდე არ შეუწყვეტიათ სირბილი, სანამ არ მიაღწიეს მდინარე რენუსს, ამ ადგილიდან 5 მილით დაშორებულს. აქ ძალიან ცოტამ, თავისი ძალის იმედად მყოფებმა, მდინარის გადაცურვა მოახერხეს, ზოგმა კი ნავი იპოვა და იმით უშველა თავს. მათ შორის იყო არიოვისტუსი, რომელმაც ნაპირზე მიბმული კარჭაპი იპოვა და იმით გააღწია. ყველა დანარჩენს ჩვენი ცხენოსნები დაეწივნენ და დახოცეს. არიოვისტუსს ორი ცოლი ჰყავდა, ერთი – ეროვნებით სვები, რომელიც მან თან წამოიყვანა შინიდან, მეორე კი – ნორიკელი74, მეფე ვოკიოს75 და, რომელიც ძმამ გალიაში გამოგზავნა არიოვისტუსზე დასაქორწინებლად. ორივე ცოლი ამ გაქცევისას დაიღუპა. მისი ორი ქალიშვილიდან კი ერთი დაიღუპა, მეორე დაატყვევეს. გაიუს ვალერიუს პროკილუსს, რომელიც სამმაგი ჯაჭვით შეკრული მიჰყავდათ მცველებს, კეისარი მაშინ გადააწყდა, როცა მტერს ცხენოსნებით მისდევდა. ამ ამბავმა კეისარი არანაკლებ გაახარა, ვიდრე თავად გამარჯვებამ. მტრის ხელიდან გამოგლეჯილს და დაბრუნებულს ხედავდა მთელ გალიაში ყველაზე კეთილშობილ კაცს, თავის ახლობელსა და სტუმარს. ბედის წყალობით მისმა დაკარგვამ არ დააკნინა გამარჯვებით გამოწვეული სიამოვნება და სიხარული. პროკილუსმა თქვა, რომ მისი თანდასწრებით სამჯერ ყარეს წილი მაშინვე დაეწვათ კოცონზე თუ სხვა დროისთვის გადაედოთ. წილის ყრაში გაუმართლა და გადარჩენა ერგო. აგრეთვე იპოვეს მარკუს მეტიუსი და კეისართან მიიყვანეს.
54. როდესაც ამ ბრძოლის შესახებ რენუსს გადაღმა შეიტყვეს, სვებებმა, რომლებიც მოახლოებულნი იყვნენ მდინარესთან, შინისაკენ გაბრუნება დაიწყეს. რენუსთან ახლოსმცხოვრებმა უბიებმა76 იგრძნეს მათი პანიკა, დაედევნენ და ბევრი დახოცეს. კეისარმა ერთ ზაფხულს ორი დიდი ომი გადაიხადა და ცოტა უფრო ნაადრევად, ვიდრე წელიწადის დრო მოითხოვდა, ჯარი ზამთრის სადგომში სეკვანებთან დააბრუნა. იქ წინამძღოლად ლაბიენუსი დანიშნა, თავად კი მახლობელ გალიაში გაემართა სამართლის აღსასრულებლად.
წიგნი II
1. როდესაც კეისარი იზამთრებდა ახლო გალიაში, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, მის ყურამდე ხშირად აღწევდა ხმები, ასევე ლაბიენუსის გზავნილებით იღებდა ის ინფორმაციას, რომ ყველა ბელგმა, რომლებზეც უკვე ვთქვით, რომ გალიის მესამედი ეკავათ, რომაელი ხალხის წინააღმდეგ პირი შეკრა და ერთმანეთში მძევლები გაცვალა. მათი შეკავშირების მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, იყო შიში იმისა, რომ მას შემდეგ რაც მთელი გალია დამშვიდდა77, რომის ჯარი გაილაშქრებდა მათზე; მეორე მიზეზი კი იყო ზოგიერთი გალი, რომლებიც ახელებდნენ [ჩვენ წინააღმდეგ]. ზოგიერთნი – უკმაყოფილოები იმით, რომ გერმანელები ხანგრძლივად იყვნენ გალიაში, ახლა არანაკლებ დამწუხრებულები იყვნენ რომაული არმიის გამოზამთრებითა და დამკვიდრებით გალიაში, ზოგიერთნი კი მერყევნი და არასანდონი, მიიღწვოდნენ მმართველობის შეცვლისკენ; ზოგ შემთხვევაში კი იმიტომ აქეზებდნენ [ბელგებს], რომ გალიაში ძლიერი ხალხი, და ისინი, რომელთაც ჰქონდათ საშუალება დაექირავებინათ ადამიანები, მიიღწვოდნენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ, ჩვენი მბრძანებლობის დროს კი ეს მათთვის ისეთი ადვილი არ იყო.
2. ამ ხმებითა და გზავნილებით შეშფოთებულმა კეისარმა ორი ახალი ლეგიონი შეკრიბა ახლო გალიაში და ზაფხულის დასაწყისისათვის შიდა გალიაში გაგზავნა ლეგატ კვინტუს პედიუსის78 მეთაურობით. თვითონ, როგორც კი მინდვრებში მოსავლის შეგროვება დაიწყო, ჯარისაკენ გაეშურა. მან სენონებსა და სხვა გალებს, რომლებიც იყვნენ ბელგების მეზობლად, განკარგულება მისცა შეეტყოთ, რას საქმიანობდნენ ეს უკანასკნელნი და შეეგროვებინათ მისთვის ცნობები. მათ ერთხმად შეატყობინეს, რომ იქ რაზმები გროვდებოდნენ და ჯარი ერთ ადგილზე იკრიბებოდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ დიდხანს აღარ უნდა ეფიქრა მათ წინააღმდეგ გალაშქრებაზე, მოიმარაგა სურსათი, დატოვა ბანაკი და თხუთმეტი დღის შემდეგ ბელგების საზღვარს მიაღწია.
3. ის გამოცხადდა იქ მოულოდნელად, იმაზე უფრო სწრაფად ვიდრე ვინმე ელოდა. რემებმა79, გალიასთან ყველაზე ახლოს მოსახლე ბელგთა ტომმა, ელჩებად გაუგზავნეს იკიუსი და ანდეკუმბორიუსი, პირველი კაცები თავიანთ თემში, წინადადებით, რომ თავიანთ ხალხთან ერთად რომის სიძლიერეს აღირებდნენ და მისი მფარველობას ითხოვდნენ, რომ ისინი არ იყვნენ სხვა ბელგებთან ერთად და არ მონაწილეობდნენ არანაირ შეთქმულებაში რომაელი ხალხის წინააღმდეგ; პირიქით, მზად იყვნენ გადმოეცათ ტყვეები, შეესრულებინათ მისი ბრძანებები, მიეღოთ ის თავიანთ ქალაქებში და მოემარაგებინათ სურსათითა და სხვა ყველაფრით. ყველა დანარჩენი ბელგი, თქვეს მათ, შეიარაღებულია, რაინის აქეთ მცხოვრები გერმანელები მათ შეუერთდნენ. ყველანი ისე არიან გახელებულები, რომ რემებმა ვერ შეძლეს მათთან შეერთებისაგან უარი ეთქმევინებინათ სისხლით მონათესავე სუესიონებისთვისაც80 კი, რომლებთანაც აქვთ საერთო წესები, საერთო სამხედრო ხელისუფლება და სამოქალაქო მმართველობა.
4. როდესაც კეისარმა გამოჰკითხა რემები, თუ რომელმა ტომებმა აისხეს იარაღი, რა რაოდენობის იყვნენ და როგორი იყო მათი სამხედრო ძალა, პასუხად მიიღო: ბელგების უმრავლესობა წარმოშობით გერმანელი იყო და დიდი ხნის წინათ გადმოსახლდნენ რაინის გადმოღმა და ნიადაგის ნაყოფიერების გამო დასახლდნენ ახლანდელ ადგილსამყოფელზე, გალები კი გაყარეს ამ ადგილებიდან, ბელგები ერთადერთი ხალხი იყო ჩვენი მამების მოგონებით, რომლებმაც დაიცვეს საზღვრები ტევტონებისა და კიმბრებისაგან, მაშინ როცა მთელი გალია აოხრებული იყო; მეხსიერებას შემორჩენილი ამ ამბებით მათ შეძლეს დიდი სამხედრო ავტორიტეტის მოხვეჭა და ქედმაღლები გახდნენ. რაც შეეხება მათ რაოდენობას, რემებმა თქვეს, რომ იცოდნენ ზუსტი რაოდენობა ყველა შენაერთის, რადგან დაკავშირებულები იყვნენ ბელგებთან ურთიერთობითა და ქორწინებებით, და დაადგინეს რამდენი მეომრის გამოყვანის პირობა დადო ომისათვის თითოეულმა ბელადმა ბელგების საერთო კრებაზე. მათ შორის უპირატესი სიმამაცით, გავლენითა და რაოდენობით გამოირჩეოდა ბელოვაკების81 ტომი. მათ შეეძლოთ ასი ათასი აღჭურვილი კაცის გამოყვანა, პირობა დადეს აქედან 60 ათასი რჩეული მეომარი გამოეყვანათ, და მოითხოვეს მთელი ომის სარდლობა მათთვის მიენიჭებინათ. რემების თქმით, სუესიონები მათი საკუთარი უშუალო მეზობლები იყვნენ, მათ დაიპყრეს ვრცელი და ნაყოფიერი მიწები. მათ შორის, ჯერ კიდევ ჩვენ დროს მეფედ ჰყავდათ დივიციაკუსი, ყველაზე ძლევამოსილი კაცი მთელ გალიაში, რომელსაც ამ რეგიონების უმრავლეს ნაწილზე და ბრიტანეთზეც კი ძალაუფლება ეპყრა. ახლა მეფე იყო გალბა82; მას სამართლიანობისა და გამჭრიახობის გამო ომის გაძღოლა საერთო თანხმობით დაეკისრა. მას ჰქონდა 12 ქალაქი, და 50 ათასი მეომრის გამოყვანის პირობა დადო. იგივე რაოდენობის [გამოყვანის] პირობა დადეს ნერვიებმა83, რომლებიც ყველაზე მძვინვარენი იყვნენ ბელგებს შორის და ყველაზე შორს ცხოვრობდნენ. 15 ათასი – ატრებატებმა84, 10 ათასი ამბიანებმა85, 25 ათასი მორინებმა86, 7 ათასი – მენაპიებმა87, 10 ათასი კალეტებმა, ამდენივე ველიოკასებმა და ვირომანდუებმა88, 19 ათასს კი ადუატუკები89 დაჰპირდნენ. კონდრუსებმა, ებურონებმა, კაეროესებმა და პემანებმა90, რომელთაც საერთო სახელი გერმანელები ჰქვიათ, 40 ათასის გამოყვანა ივარაუდეს.91
5. კეისარმა რემები გაამხნევა და თავაზიანად გაისტუმრა, შემდეგ მთელი მათი სენატის მასთან გამოცხადება ბრძანა და მათი წინამძღოლების შვილები მძევლად მოითხოვა. ეს ყველაფერი იმ დღესვე ბეჯითად აღასრულეს. კეისარმა განსაკუთრებულად გაამხნევა და აუხსნა ედუელ დივიციაკუსს თუ რამდენად მნიშვნელოვანი სარგებელი იყო რომისა და საერთო კეთილდღეობისათვის მოწინააღმდეგე ძალების დაშლა, რათა თავიდან აეცილებინათ ერთდროულად დიდი რაოდენობის ჯართან ბრძოლა. ეს განხორციელდებოდა თუ ედუელები თავის ძალებს ბელოვაკების საზღვრებისკენ წაიყვანდნენ და მათი მიწების გაჩანაგებას დაიწყებდნენ. ამ მითითებით დაითხოვა ის. როდესაც შეიტყო, რომ ბელგების მთელი ძალები შეგროვილი იყო და მის წინააღმდეგ მოდიოდა, წინ გაშვებულმა მზვერავებმა და რემებმა კი აცნობეს, რომ ისინი შორს აღარ იყვნენ, დააჩქარა ჯარის მდინარე აქსონაზე გადაყვანა, რომელიც რემების უკიდურეს საზღვარზეა და იქ ბანაკი დასცა. ამ გზით ბანაკი ერთი მხრიდან მდინარის ნაპირებით იყო დაცული, უზრუნველყოფდა ზურგის უსაფრთხოებას და მარაგის უშიშრად მოწოდებას რემების და სხვა ტომების მიერ. მდინარეზე იყო ხიდი. იქ კეისარმა დაცვა ჩააყენა და მდინარის მეორე მხარეს თავისი ლეგატი – კვინტუს ტიტურიუს საბინუსი დატოვა 6 კოჰორტით. მას უბრძანა, გაემაგრებინა ბანაკი 12 ნაბიჯი სიმაღლის ზღუდითა და 18 ნაბიჯის სიღრმის თხრილით.
6. ამ ბანაკიდან 8 მილზე იყო რემების ქალაქი ბიბრაქსი. ბელგებმა ლაშქრობის დროს მთელი ძალით დაიწყეს ამ ქალაქზე შეტევა. იერიში იმ დღეს გაჭირვებით იქნა მოგერიებული. გალებსა და ბელგებს შემოწყობის92 ერთნაირი ხერხი აქვთ: დიდი რაოდენობით ადამიანი შემოერტყმება კედლებს და ესვრიან ქვებს მანამ, სანამ დამცველების არ განდევნიან93. შემდეგ ტესტუდოს94 გამოყენებით უახლოვდებიან კარიბჭეს და ძირს უთხრიან კედლებს. ეს ამჯერად ადვილად შეასრულეს. როდესაც ასეთი მრავალრიცხოვანი მოწინააღმდეგე ისროდა ქვებს და შუბებს, ვერავინ შეძლებდა კედლებზე მედგრად დგომას. როცა ღამემ ზღვარი დაუდო შეტევას, რემმა იკციუსმა თავისიანებს შორის სახელგანთქმულმა და პატივცემულმაკაცმა, ერთ-ერთ ელჩთაგანმა, რომლებიც კეისართან ზავის სათხოვნელად მივიდნენ და ამჟამად ქალაქის მეთაურმა, შიკრიკები გაუგზავნა კეისარს, რომ თუ ის დახმარებას არ გაუგზავნიდა, მეტხანს გამაგრებას ვეღარ შეძლებდა.
7. კეისარმა იკციუსის გამოგზავნილი შიკრიკები მეგზურებად გამოიყენა და შუაღამისას ნუმიდიელი და კრეტელი მშვილდოსნები და ბალეარელი მეშურდულეები95 ქალაქელების დასახმარებლად გაგზავნა. მათმა მისვლამ რემებს თავდაცვის იმედი მისცა და შეტევაზე გადასვლის სურვილი აღუძრა, მტერს კი ამავე მიზეზმა ქალაქის აღების იმედი დაუკარგა. ამგვარად ისინი ცოტა ხანს კიდევ დარჩნენ ქალაქთან ახლოს, გააჩანაგეს რემთა მიწები, გადაწვეს ახლომახლო ყველა სოფელი და შენობა, რომელთან მიახლოებაც შეეძლოთ. შემდეგ კი მთელი ჯარით კეისრის ბანაკისაკენ გაეშურნენ და 2 მილზე ნაკლებ მანძილზე თავისი ბანაკი დასცეს. მათი ბანაკი, კვამლისა და ცეცხლის მეშვეობით თუ ვივარაუდებთ, 8 მილზე იყო გაშლილი.
8. კეისარმა თავიდან ბრძოლის აცილება გადაწყვიტა, რადგან მტერი მრავალრიცხოვანი და მძვინვარე იყო. თუმცა ყოველდღიურად ცხენოსნების შეტაკებებში სცდიდა მოწინააღმდეგის სიმამაცესა და ჩვენიანების საბრძოლო შემართებას. როდესაც დარწმუნდა, რომ ჩვენები არ ჩამორჩებოდნენ მტერს, ადგილი ბანაკის წინ საბრძოლო წყობისათვის ბუნებრივადმოხერხებული და შესაფერისი იყო: ბორცვი, რომელზეც ბანაკი იყო განლაგებული, დაბლობიდან თანდათანობით მაღლდებოდა, გადაჭიმული იყო იმხელა მანძილზე, რამდენსაც ჯარი დაიკავებდა. ორივე მხრიდან ჰქონდა ციცაბო შვერილები, წინ კი დამრეცად დაქანებული თანდათანობით დაბლდებოდა. ბორცვის თითოეულ მხარეს გაათხრევინა ჯვარედინი თხრილი დაახლოებით 400 ნაბიჯის სიგრძის. თხრილის კიდეებზე სიმაგრეები ააშენებინა და იქ მანქანები96 მოათავსა, რომ როდესაც ჯარს საბრძოლო წყობაში ჩააყენებდა, მტერს მრავალრიცხოვნობის წყალობით ბრძოლის დროს ალყაში არ მოექცია. ამის გაკეთების შემდეგ, 2 ახალმოგროვილი ლეგიონი ბანაკში დატოვა, რომ თუ საჭირო გახდებოდა –დახმარება გაეწიათ, დანარჩენი 6 ლეგიონი კი ბანაკის წინ საბრძოლველად მოაწყო. მტერმაც, აგრეთვე, გამოიყვანა თავისი ძალები ბანაკიდან და განალაგა.
9. ჩვენი და მოწინააღმდეგის არმიებს შორის არც თუ დიდი ჭაობი იყო. მტერი ელოდა გადალახავდნენ თუ არა ჩვენები მას; ჩვენები კი ბრძოლისთვის გამზადებულები ელოდნენ, რომ თუ ისინი პირველები დაიწყებდნენ გადმოლახვას, ესარგებლათ მათი არეულობით. ამასობაში ამ ორ ხაზს შორის მხედართა ბრძოლა მიმდინარეობდა. რადგან არც ერთი არმია არ იწყებდა ჭაობის გადალახვას, წარმატებული საცხენოსნო ბრძოლის შემდეგ კეისარმა ჩვენები ბანაკში დააბრუნა. მტერი იმ ადგილიდან მაშინვე მდინარე აქსონისაკენ გაეშურა, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი ბანაკის უკან იყო. ფონის პოვნის შემდეგ მოინდომეს ძალების ნაწილი გადმოეყვანათ, იმ განზრახვით რომ თუ შეძლებდნენ, აეღოთ სიმაგრე, რომელსაც მეთაურობდა ლეგატი კვინტუს ტიტურიუსი97 და ჩაენგრიათ ხიდი. თუ ამას ვერ შეძლებდნენ, გაეჩანაგებინათ რემების მიწები, რომელიც ჩვენთვის დიდი სარგებლის მომტანი იყო ომის დროს და ამგვარად გადაეკეტათ მარაგის შევსების გზა.
10. ეს კეისარს ტიტურიუსმა შეატყობინა და მან ყველა მხედარი, მსუბუქად აღჭურვილი ნუმიდიელი, მეშურდულე და მშვილდოსანი ხიდზე გადაიყვანა და მტრისკენ გაეშურა. მძვინვარე ბრძოლა გაიმართა იმ ადგილას. ჩვენები თავს დაესხნენ მდინარის გადმოლახვის დროს დაფანტულ მოწინააღმდეგეს და მრავალი მათგანი მოკლეს. დანარჩენებს, რომლებიც უკიდურესი სიმამაცით ცდილობდნენ გადაელახათ თანამოძმეების გვამები, თავს დაატყდათ აურაცხელი რაოდენობის შუბები, ხოლო იმ ნაწილს, რომელმაც უკვე გადალახა მდინარე, ცხენოსნებმა ალყაში შემოარტყეს და ამოხოცეს. მტერი მიხვდა, რომ ქალაქის აღებისა და მდინარის გადალახვის იმედი გაუცრუვდა და არც ჩვენები გადადიოდნენ მოუხერხებელ ადგილას ბრძოლის გულისთვის. არამედ თავადვე დაეწყოთ მარაგის ამოწურვა. ამიტომ მოიწვიეს საბჭო და გადაწყვიტეს, რომ უკეთესი იქნებოდა თითოეული მათგანი საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო და შეკრებილიყვნენ ყველა კუთხიდან იმათ დასაცავად, ვის ტერიტორიაზეც რომაელებს პირველ რიგში უნდა გაევლოთ. რამეთუ საკუთარ მიწაზე ბრძოლა უფრო ადვილი იქნებოდა, ვიდრე სხვისაზე და მარაგის შესავსებადაც ადგილობრივ სურსათს გამოიყენებდნენ. ამ გადაწყვეტილებაზე სხვა მიზეზებთან ერთად იმანაც იმოქმედა, რომ შეიტყვეს დივიციაკუსისა და ედუების ბელოვაკების საზღვრებთან მიახლოების შესახებ. შეუძლებელი იყო ეს უკანასკნელები მეტხანს დაყოვნებულიყვნენ და არ მიშველებოდნენ თავისიანებს.
11. ამის გარკვევის შემდეგ მეორე გუშაგის საათზე დიდი ხმაურითა და არეულობით დაიწყეს ბანაკიდან აყრა უწესრიგოდ და მეთაურობის გარეშე. თითოეული ცდილობდა გზაზე მეწინავე ყოფილიყო და ისე ჩქარობდნენ სახლისკენ, რომ მგზავრობა გაქცევას დაემსგავსა. ეს კეისარმა მაშინვე შეიტყო მზვერავებისგან, [მაგრამ] ჩასაფრების შეეშინდა, რადგან ზუსტად არ იცოდა მათი წასვლის მიზეზი და ჯარი ცხენოსნებითურთ ბანაკში დატოვა. განთიადზე, მზვერავებმა დაადასტურეს მტრის წასვლა და კეისარმა მთელი კავალერია გაგზავნა მათი არიერგარდის შესაკავებლად. ამის შესრულება დაავალა ორ ლეგატს – კვინტუს პედიუსსა და ლუციუს აურუნკულეიუს კოტას, ხოლო ლეგატ ტიტუს ლაბიენუსს დაევალა მათ შორიახლო გაჰყოლოდა სამი ლეგიონით. ცხენოსნები თავს დაესხნენ მტრის არიერგარდს და მრავალ მილზე სდიეს, ბევრი დახოცეს ვინც გაქცევას ცდილობდა; ბოლო მწკრივი, რომელსაც დაეწივნენ, შეჩერდა და ჩვენი ჯარისკაცების თავდასხმა მამაცურად მოიგერია. წინ მყოფებმა, რომლებსაც ეგონათ რომ საფრთხე აღარ ემუქრებოდათ და არც საჭიროება, არც ბრძანება აკავებდათ, როგორც კი ყვირილი შემოესმათ საბრძოლო წყობა დაარღვიეს და თავს გაქცევით უშველეს. ამგვარად ჩვენებმა ყოველგვარი საშიშროების გარეშე იმდენი მტერი ხოცეს, რამდენიც დღის განმავლობაში შეიძლებოდა და მზის ჩასვლის დროს შეჩერდნენ, რათა ბრძანების თანახმად, ბანაკში დაბრუნებულიყვნენ.
12. მეორე დღეს, სანამ მტერი სულ მოითქვამდა შიშისა და გაქცევის შემდეგ, კეისარმა თავისი ჯარი სუასონების ქვეყნისკენ წაიყვანა, რომელიც რემების შემდეგაა, და ხანგრძლივი სვლის შემდეგ მივიდა ქალაქ ნოვიოდუნუმთან98. მან მოინდომა პირდაპირ ლაშქრობიდან დასხმოდა თავს ქალაქს, რადგან გაიგო რომ არ ჰყავდა მცველები, მაგრამ თხრილის სიგანისა და კედლის სიმაღლის გამო იერიშით აღება მაინც ვერ შეძლო. ამიტომ ბანაკი გაამაგრა და მომარაგება დაიწყო ყველაფრის, რაც საჭირო იყო ალყისთვის. ამასობაში გამოქცეულმა სუესონების არმიამ მოაღწია ქალაქს და მეორე ღამეს შიგნით მოიყარეს თავი. საჩქაროდ მოიტანეს საალყო მანქანები ქალაქთან, მიწით ააგეს პანდუსი და ააშენეს საალყო კოშკები. გალები, რომლებსაც ამგვარი მოწყობილობები აქამდე არც ენახათ და არც გაეგონათ, გაოცდნენ და რომაელების სისწრაფით შეშფოთდნენ. კეისარს გაუგზავნეს ელჩები ჩაბარების წინადადებით და რემების წყალობით მათი თხოვნა მიღებული იქნა.
13. კეისარმა მძევლებად აიყვანა ქალაქის წინამძღოლები და თავად მეფე გალბას ვაჟიშვილები. ქალაქს მთელი იარაღი ჩამოართვეს, სუესონები დანებდნენ და კეისარმა ჯარი ბელოვაკებისაკენ დაძრა. ისინი კი მთელი თავისი მარაგით ქალაქ ბრატუსპანციუმში99 შეგროვდნენ და როცა კეისარი მათგან 5 მილში იმყოფებოდა, ხანდაზმული ხალხი ქალაქიდან გამოეგება. ხელები აღმართეს და შესძახოდნენ, რომ მიიღებდნენ მის მფარველობასა და ძალაუფლებას და არ აღმართავდნენ იარაღს რომაელი ხალხის წინააღმდეგ. აგრეთვე, როცა ქალაქთან მივიდა და ბანაკს შლიდა, ქალები და ბავშვები, მათი წესის მიხედვით კედლიდან ხელებაწეულები ევედრებოდნენ მშვიდობას რომაელებს.
14. მათ უშუამდგომლა დივიციაკუსმა (რომელმაც ბელგების წასვლის შემდეგ დაითხოვა ედუების ჯარი და დაბრუნდა კეისართან). მან თქვა: „ბელოვაკები ყოველთვის სანდო და მეგობრულ კავშირში იყვნენ ედუებთან, ისინი წააქეზეს თავისმა მთავრებმა, რომლებმაც განუცხადეს, რომ კეისარმა ედუელები დაიმონა, რომ ისინი განიცდიან ყოველგვარ უპატივცემულობასა და შეურაცხყოფას, ამგვარად აუჯანყდნენ ედუებს და რომაელი ხალხის წინააღმდეგ ომი წამოიწყეს. ამ შეთქმულების მოთავე მთავრები, როცა მიხვდნენ რამხელა ზიანი მოუტანეს თავის ქვეყანას, ბრიტანეთში გაიქცნენ. არამხოლოდ ბელოვაკები, არამედ ედუებიც, სთხოვდნენ გამოეჩინა მათ მიმართ თავისი გულმოწყალება და შემწყნარებლობა. ამას თუ იზამდა, ედუების გავლენა გაიზრდებოდა მთელ ბელგებს შორის, რომლებიც ედუების დახმარებითა და სახსრებით სარგებლობდნენ, როცა ომი მოხდებოდა“.
15. კეისარმა თქვა, რომ დივიციაკუსისა და ედუების პატივისცემის გამო მიიღებდა მათ თავისი მფარველობის ქვეშ და სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა. რადგანაც მათი ქვეყანა ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობდა ბელგებში და ყველაზე მრავალრიცხოვანიც იყო, მძევლებად 600 კაცი მოითხოვა. ეს ყველაფერი აღსრულდა და ქალაქიდანაც მთელი იარაღი შეგროვდა, კეისარი ამ ადგილიდან ამბიანების ტერიტორიისკენ გაემართა, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩაბარდნენ და ქონებაც ჩააბარეს. მათ ესაზღვრებოდნენ ნერვიები. როცა კეისარმა მათი ბუნება და წეს-ჩვეულებები გამოიკითხა, შემდეგი მოახსენეს: მათში არ არიან ვაჭრები, სასტიკად კრძალავდნენ ღვინის ან სხვა ფუფუნებასთან დაკავშირებული საგნის შემოტანას, რადგან თვლიდნენ, რომ ასეთი საგნები გონებას დააუძლურებდა და სიმამაცეს დაასუსტებდა. ეს მრისხანე და ძალიან მამაცი ხალხი აძაგებდა და ბრალს სდებდა დანარჩენ ბელგებს, რომ მათ რომაელებს ჩააბარეს სამშობლო და ვაჟკაცობა ფეხქვეშ გათელეს. მათ განაცხადეს, რომ არც ელჩებს გამოგზავნიდნენ და არც არანაირი ზავის პირობებს მიიღებდნენ.
16. მათ ტერიტორიაზე 3 დღის სვლის შემდეგ, კეისარმა ტყვეებისაგან შეიტყო, რომ მისი ბანაკიდან არა უმეტეს 10 მილისა მდინარე საბისი100 მიედინებოდა. ყველა ნერვი მდინარის გადაღმა იყო ჩასაფრებული თავიანთ მეზობლებთან – ატრებატებთან და ვირომანდუებთან ერთად, და ელოდებოდნენ რომაელების გამოჩენას (ორივე ეს ხალხი ნერვიებმა დაარწმუნეს ომში ჩართულიყვნენ). გარდა ამისა, ელოდნენ ადუატუკების ჯარსაც, რომელიც უკვე გზაში იყო. ქალები და ისინი, ვინც ასაკის გამო ომში გამოუსადეგარი იყო, გაისტუმრეს ისეთ ადგილას, რომელიც ჭაობების გამო ჯარისთვის მიუდგომელი იყო.
17. ამ ამბების შეტყობის შემდეგ კეისარმა მზვერავები და ცენტურიონები გაგზავნა ბანაკისათვის მოსახერხებელი ადგილის შესარჩევად. კეისართან ერთად ლაშქრობდა საკმაოდ ბევრი დამორჩილებული ბელგი და დანარჩენი გალი; ზოგიერთმა მათგანმა, როგორც შემდეგ ტყვეების მეშვეობით გახდა ცნობილი, იმ დღეებში დაკვირვებით შეისწავლა ჩვენი ჯარის წყობა. ღამით გადავიდნენ ნერვიებთან და შეატყობინეს, რომ ყოველ ორ ლეგიონს შორის განთავსებულია მრავალი საზიდარი და დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ერთ ლეგიონზე თავდასხმა, როცა ის დასაბანაკებლად მოვა ჯერ კიდევ ტვირთით დამძიმებული, სანამ დანარჩენები დიდი მანძილით იქნებიან დაშორებულები, თუ დაამარცხებენ ამ ლეგიონს და საზიდრებსაც გაიტაცებენ, დანარჩენი ლეგიონები ვეღარ გაბედავენ შებმას. მათ რჩევას ზურგს უმაგრებდა ისიც, რომ ნერვიები უძველესი დროიდან ცუდი ცხენოსნები იყვნენ (და დღემდე ვერ მოახერხეს ამ საქმის შესწავლა, მათი მთავარი ძალა ქვეითი ჯარია). იმისთვის, რომ მეზობლების ცხენოსნებს გამკლავებოდნენ, როდესაც ისინი ძარცვა-გლეჯისთვის თავს დაესხმოდნენ, ნერვიები ნორჩ ხეებს/ნერგებსდაჭრიდნენ და მოღუნავდნენ, გვერდებზე გამოსული ხშირი ტოტების საშუალებით გადახლართავდნენ ასკილისა და ქაცვის ბუჩქებთან, და ეს მესერი კედლის მაგვარ დაბრკოლებას ქმნიდა, რომელიც არამხოლოდ გადაულახავი იყო, არამედ თვალიც ვერაფერს დაინახავდა მის მიღმა. რადგანაც ეს წინაღობა ჩვენს ჯარს შეაფერხებდა, ნერვიებმა მიიჩნიეს, რომ რჩევა უნდა გაეთვალისწინებინათ.
18. იმ ადგილის ბუნება, რომელიც ჩვენებმა აირჩიეს დასაბანაკებლად, ამგვარი იყო: ბორცვი თანაბრად დაქანებული ფერდობით ჩამოდიოდა მდინარე საბისთან, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ. მეორე ნაპირზე, საპირისპირო მხარეს, იწყებოდა მეორე ფერდობი: დაბლა დაახლოებით 200 ნაბიჯზე მოშიშვლებული, მაღლა კი ტყით დაფარული. ასე, რომ არ იყო ადვილი იქაურობა თვალით დაგეზვერა. იმ ტყეებში იმალებოდა სწორედ მტერი; გაშლილ ველზე კი მდინარის გასწვრივ მოჩანდა რამდენიმე საცხენოსნო პოზიცია. მდინარის სიღრმედაახლოებით 3 ფუტი იყო.101
19. კეისარმა წინ გაუშვა კავალერია და თვითონ უკან მიჰყვა მთელი ძალებით; მაგრამ მარშის გეგმა და წყობა აღარ იყო ისეთი, როგორიც ნერვიებმა ბელგებს მოახსენეს. რადგან უკვე მტერს უახლოვდებოდა, თავისი ჩვეულების თანახმად, მიუძღოდა 6 ლეგიონს. მათ უკან მოათავსა მთელი ჯარის სანოვაგე. ბოლოს მიდიოდა ახლად შეგროვილი 2 ლეგიონი, რომლებიც კეტავდნენ მთელ კოლონას და იცავდნენ სურსათს. ჩვენმა კავალერიამ გადალახა მდინარე მეშურდულეებთან დამშვილდოსნებთან ერთად და შეუტია მოწინააღმდეგის კავალერიას. ისინი დრო და დრო ტყეებში თავისიანებთან ბრუნდებოდნენ, შემდეგ კი ისევ თავს ესხმოდნენ ჩვენებს. ჩვენები კი ვერ ბედავდნენ გაჰყოლოდნენ უფრო შორს, სადაც გაშლილი დაბლობი მთავრდებოდა. ამასობაში 6 ლეგიონმა, რომლებიც პირველები მოვიდნენ, განსაზღვრეს დასაბანაკებელი ადგილი და მისი თხრილებით შემოვლება დაიწყეს. როცა ტყეებში დამალულმა მტერმა ჩვენი ჯარის სურსათი დაინახა (ეს მათთვის იყო დათქმული დრო, რომ შემოეტიათ), ტყეშივე დალაგებული სამწყობრო ხაზით და ერთმანეთის გამხნევებით უეცრად გამოიჭრნენ მთელი ძალებით და ჩვენს კავალერიას შეასკდნენ. მათი იოლად დამარცხებისა და არევის შემდეგ, ისეთი დაუჯერებელი სიჩქარით მიიჭრნენ მდინარესთან, რომ თითქმის ერთდროულად გეგონებოდა ტყეშიც იყვნენ, მდინარესთანაც, და ჩვენს სიახლოვესაც. ასეთივე სიჩქარით გაიჭრნენ ბორცვზე განლაგებული ჩვენი ბანაკისკენ და იმათკენ, ვინც ბანაკის გამაგრებით იყო დაკავებული.
20. კეისარს ყველაფერი ერთად უნდა მოესწრო: ებრძანებინა აღემართათ შტანდარტი, რაც იარაღის ასხმის ნიშანი იყო, საყვირი დაეხმიანებინათ, სამუშაოდან გამოეხმოთ ჯარისკაცები (იგულისხმება ბანაკს რო ამაგრებენ ისინი), გამოეძახებინა ისინი, ვინც ჩამოშორდნენ სანგრებისთვის მასალის მოსაძებნად; დაეწყო საბრძოლო ხაზი; გაემხნევებინა ჯარისკაცები, ნიშანი მიეცა. ამ საქმეების უმრავლესობა ვერ განხორციელდა დროის სიმცირისა და მტრის მოწყდომის გამო. სირთულეებთან გამკლავება ორმა ფაქტორმა უზრუნველყო: პირველი –ჯარისკაცების ცოდნა და გამოცდილება, – გაწვრთნილებს უდიდეს ბრძოლებში მათ შეეძლოთ თავადაც ისე მარჯვედ გადაეწყვიტათ რა იყო გასაკეთებელი, როგორც ამას სხვა აუხსნიდა; და მეორე – კეისარმა აუკრძალა ზოგიერთ თავის ლეგატს მიეტოვებინათ გასამაგრებელი სამუშაოები და თავისი საკუთარი ლეგიონები, სანამ ბანაკი არ გაძლიერდებოდა. ეს ლეგატები მტრის სიახლოვისა და სისწრაფის გამო აღარ დაელოდნენ კეისრის ბრძანებებს და თავისი შეხედულებისამებრ დაიწყეს ქმედება.
21. კეისარი გასცემდა საჭირო ბრძანებებს და ჯარისკაცების გასამხნევებლად ხან სად აღმოჩნდებოდა, ხან სად, სანამ მეათე ლეგიონთან არ მოხვდა. ჯარისკაცებს მოკლედ მოუწოდა – არ დაევიწყებინათ თავისი ჩვეული სიმამაცე და სულით არ დაცემულიყვნენ, არამედ ვაჟკაცურად გაეძლოთ მტრის შეტევისთვის. როდესაც მტერი შუბის სასროლ მანძილზე მოახლოვდა, ბრძოლის დაწყების ნიშანი მისცა. შემდეგ სხვა ნაწილისკენ გაეშურა გასამხნევებლად და ნახა, რომ ისინი უკვე ბრძოლაში იყვნენ ჩართულები. დრო იმდენად ცოტა იყო და მოწინააღმდეგე ისეთი თავდადებით უტევდა, რომ რომაელები ვეღარ ასწრებდნენ არათუ სამხედრო ნიშნების მიმაგრებას, არამედ ჩაფხუტების მორგებასა და ფარების შალითიდან ამოღებას. ბანაკის გამაგრების სამუშაოებიდან ნებისმიერი მიმართულებით დაბრუნებული ჯარისკაცები ნებისმიერ ნაწილთან ერთად იწყებდნენ ბრძოლას, რომლის შტანდარტსაც პირველს დაინახავდნენ, რათა დრო არ დაეკარგათ საკუთარი ნაწილის ძებნაში.
22. ჯარი როგორც იქნა მოწესრიგდა, უმალ იმის შესაბამისად, რასაც ადგილის ბუნება, ფერდობის დაქანება და დროის საჭიროება ითხოვდა, და არა ჩვეული სამხედრო წესისა. ლეგიონები დაყოფილები იყვნენ და თითოეული ცალკე ეომებოდა მტერს სხვადასხვა მხარეს. როგორც მაღლა აღვნიშნეთ, ხედვას აბრკოლებდა ძალიან სქელი მესერი. არ ჩანდა სად იყო დამხმარე ძალების განლაგების აუცილებლობა, არ ჩანდა სად რა იყო საჭირო, შეუძლებელი იყო ყველა ბრძანების შესრულება გაეკონტროლებინა ერთ კაცს. ამგვარად, ასეთ რთულ ვითარებას სხვადასხვაგვარი მოვლენები მოჰყვა.
23. მეცხრე და მეათე ლეგიონის ჯარისკაცებმა, რომლებიც განლაგებული იყვნენ მარცხენა ფლანგზე, შუბების სროლით გააქციეს სირბილისგან ქანცგაწყვეტილი და დაჭრილი ატრებატები (რომელნიც შეეჩეხნენ მათ), შემაღლებული ადგილიდან მდინარეში შერეკეს, უკან მიჰყვნენ და მდინარის გადალახვის მცდელობისას, მათი უმრავლესობა მახვილებით აჩეხეს. თავად არ შეყოყმანებულან მდინარეზე გადასულიყვნენ და არახელსაყრელ პოზიციაზე მოხვდნენ. მიუხედავად ამისა, როცა მტერი შემობრუნდა და ბრძოლა განახლდა, გაანადგურეს და გააქციეს. ამგვარადვე, ორმა სხვა ლეგიონმა – მეთერთმეტემ და მერვემ გაანადგურეს ვირომანდუები, რომლებთანაც ჰქონდათ შეტაკება, რაც მაღლობი ადგილიდან მდინარის ნაპირებამდე გაგრძელდა. თუმცა, თითქმის მთელი ბანაკის წინა მხარე და მარცხენა ფლანგი მოშიშვლებული იყო – მიუხედავად იმისა, რომ მარჯვენა ფლანგზე მეთორმეტე ლეგიონი და მისგან არც ისე შორს, მეშვიდე ლეგიონები იყვნენ განლაგებული. ყველა ნერვიელი მჭიდრო რიგებად დაწყობილები აქეთ გამოემართნენ თავისი სარდლის – ბოდუოგნატუსის წინამძღოლობით, რომელსაც ჰქონდა უმაღლესი ძალაუფლება. მათმა ნაწილმა დაიწყო ლეგიონების გარემოცვა დაუცველი ფლანგიდან, ნაწილმა კი შეტევა ბანაკზე.
24. ამ დროს ჩვენი მხედრობა და მსუბუქი ქვეითები, რომლებიც მათ ახლდნენ და რომლებიც, როგორც აღვნიშნე, მტრის პირველივე შემოტევაზე უკუიქცნენ, და დაბრუნდნენ ბანაკში, შეეჩეხნენ მტერს პირისპირ და ისევ გაქცევა სცადეს სხვა მიმართულებით. სურსათით მომმარაგებლებმაც, როცა მაღლობზე ბანაკის მეათე კარიბჭიდან102 დაინახეს გამარჯვებული ჩვენიანები როგორ გადავიდნენ მდინარეზე, გამოვიდნენ ბანაკიდან ნადავლის დასატაცებლად. უკან როცა მოიხედეს და შენიშნეს, რომ მტერი ჩვენს ბანაკში მოემართებოდა, კისრისტეხით გაიქცნენ. ამავე დროს ყვირილი და ხმაური ატეხეს იმათ, ვისაც სურსათის მარაგი მოჰქონდა და დაზაფრულები ზოგი საით გაიქცა, ზოგი საით. ამ ყველაფერმა ააღელვა ტრევერი ცხენოსნები, რომლებიც გალებს შორის უმამაცეს ხალხად ითვლებოდნენ და რომლებიც თავისმა ტომმა კეისარს გამოუგზავნა დასახმარებლად. მათ დაინახეს როგორ აივსო ჩვენი ბანაკი მტრის მრავალი მეომრით; ჩვენი ლეგიონები შევიწროვდა და თითქმის ალყაში მოექცა, სურსათით მომმარაგებლები, მხედრები, შურდულოსნები, ნუმიდიელები დაფანტულები და დაბნეულები როგორ გაიქცნენ სხვადასხვა მხარეს. ამიტომ დაკარგეს ჩვენი გამარჯვების იმედი და სახლისკენ გაქუსლეს. თანატომელებს აცნობეს: რომაელები დამარცხდნენ და განადგურდნენ, მტერმა კი მათი ბანაკის აღკაზმულობა და სანოვაგე ჩაიგდო ხელშიო.
25. კეისარმა გაამხნევა მეათე ლეგიონი და მარჯვენა ფლანგზე გადავიდა, სადაც ნახა, რომ ჯარისკაცები მიჭყლეტილები იყვნენ და მეთორმეტე ლეგიონის მეომრები თავისი შტანდარტით ერთ ადგილზე შეგროვილები სიმჭიდროვისგან ერთმანეთს უშლიდნენ ხელს ბრძოლაში. მეოთხე ლეგიონის ყველა ცენტურიონი მოკლეს, სიგნიფერი103 ასევე მკვდარი იყო, ხოლო შტანდარტი დაკარგული. სხვა კოჰორტებშიც თითქმის ყველა ცენტურიონი ან მოკლული იყო, ან დაჭრილი. მათ შორის, მთავარი ცენტურიონი, პუბლიუს სექსტიუს ბაცულუსი, უმამაცესი კაცი, იმდენ ადგილას იყო დაჭრილი და ისე მძიმედ, რომ ფეხზე ვეღარ იდგა. დანარჩენი მეომრები ქანცგაწყვეტილები იყვნენ, ხოლო ზოგნი უკანა მწკრივებიდან ტოვებდნენ ბრძოლის ველს და ცდილობდნენ აეცილებინათ მტრის ნატყორცნი შუბები. მტერი კი არ წყვეტდა დაბლობიდან ზემოთ სვლას და ბანაკის ცენტრზე შეტევას, ასევე აწვებოდა ორივე ფლანგს. კეისარი მიხვდა, რომ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და არც რეზერვი ჰყავდა, რომ მიეშველებინა. უკანა რიგის ჯარისკაცს ფარი გამოართვა, რადგან თავად ფარის გარეშე იყო მოსული და გაემართა წინა ხაზისკენ. ცენტურიონებს სახელით მიმართა და დანარჩენი მეომრებიც გაამხნევა, უბრძანა შტანდარტი აღემართათ და შეტევაზე გადასულიყვნენ, ხოლო მანიპულები გაფანტულიყვნენ, რათა გაადვილებულიყო ხმლების გამოყენება. კეისრის გამოჩენამ ჯარისკაცებს იმედი გაუღვივა და სულიერად აამაღლა; თითოეული მებრძოლი, რაც არ უნდა მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყო, მხედართმთავრის წინაშე თავისი მაქსიმუმის გამოვლენას ცდილობდა და თავს არ ზოგავდა. ასე, რომ მტრის შემოტევა ცოტათი შეაკავეს.
26. როდესაც კეისარმა დაინახა, რომ იქვე განლაგებული მეშვიდე104 ლეგიონიც შეავიწროვა მტერმა, სამხედრო ტრიბუნებს უბრძანა თანდათან შეეერთებინათ ლეგიონები, შემოებრუნებინათ რიგები და იერიშზე გადასულიყვნენ. ამის შესრულების შემდეგ ერთმანეთის მხარდაჭერა იგრძნეს და აღარ ეშინოდათ, რომ მტერი ზურგიდან მოუვლიდა, უფრო გაბედულად და მხნედ დაიწყეს ბრძოლა. ამასობაში ორმა ლეგიონმა, რომლებიც უკანა რიგებში სურსათს იცავდნენ, შეიტყვეს ბრძოლის შესახებ და სწრაფად აიჭრნენ ბორცვზე, საიდანაც მტერს ეჩვენნენ. ტიტუს ლაბიენუსმა, რომელმაც მტრის ბანაკი აიღო და მაღლობიდან დაინახა რა ხდებოდა ჩვენს ბანაკში, დასახმარებლად მეათე ლეგიონი გამოაგზავნა. მათ გაქცეული მხედრებისა და მომმარაგებლებისგან გაიგეს რა საფრთხეში იყო ჩვენი ბანაკი, ლეგიონები და მხედართმთავარი, ამიტომ რა სისწრაფითაც შეეძლოთ გამოეშურნენ.
27. მათმა მოსვლამ ისეთი გარდატეხა შეიტანა ომში, რომ ჩვენი ჭრილობებისგან დაუძლურებული მეომრებიც კი, დაეყრდნენ თავიანთ ფარებს და განაახლეს ბრძოლა. როცა დაინახეს მტერი როგორ აირია და დაიბნა, მომმარაგებლები თუმცა უიარაღოდ იყვნენ, ჩაერთვნენ ბრძოლაში. აგრეთვე მხედრები, რომლებსაც სურდათ სიმამაცით ჩამოერეცხათ გაქცევის სირცხვილი, ბრძოლის ველის ყოველ ადგილას იბრძოდნენ, რათა ლეგიონერებზე მეტად გამოეჩინათ თავი. ხოლო მტერმა, გადარჩენის ბოლო იმედის მიუხედავად, ისეთი ვაჟკაცობა გამოამჟღავნა, რომ როდესაც პირველი რიგი დაიხოცა, შემდეგი რიგი დაცემულთა ცხედრებზე შედგა და ისე იბრძოდა. როცა ესენიც დაიხოცნენ და გვამების გორა დადგა, გადარჩენილები მას ეფარებოდნენ თითქოს მიწაყრილი ყოფილიყოს და ხელშუბებს გვტყორცნიდნენ ან ჩვენს ნასროლ შუბებს კრეფდნენ და უკანვე გვესროდნენ. უმართებულო არ იქნება, თუ დავასკვნით, რომ ამ ხალხმა დიდი სიმამაცის წყალობით შეძლო გადაელახა ძალიან ფართო მდინარე, ამძვრალიყო ძალიან მაღალ ნაპირებზე, აცოცებულიყო მოუხელთებელ სიმაღლეზე. ყველა ეს სირთულე გაამარტივა მათმა სიმამაცემ.
28. ბრძოლა დასრულდა და ნერვიების ტომსა და მათ სახსენებელს სრული განადგურება მოუტანა. მათმა ხანდაზმულმა მამაკაცებმა, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბავშვებსა და ქალებთან ერთად ჭანჭრობიან ადგილებსა და ჭაობებში იყვნენ გადამალულები, შეიტყვეს ბრძოლის შედეგები და მიხვდნენ, რომ გამარჯვებულისთვის აღარაფერი იყო შეუძლებელი, ხოლო დამარცხებული აღარ იყო უსაფრთხოდ. ამიტომ, ყველას თანხმობით ვინც გადარჩენილი იყო, გაუგზავნეს ელჩები კეისარს და ჩაბარდნენ. შეახსენეს რა უბედურება დაატყდა მათ ტომს და განუცხადეს, რომ სენატორები 600-დან 3-მდე შეუმცირდათ, ხოლო კაცები, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო – 60 ათასიდან 500 ძლივს გადარჩა. რათა გულმოწყალე გამოჩენილიყო ასეთ გასაჭირში ჩავარდნილი მთხოვნელის წინაშე, კეისარმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა მათი უვნებლობისათვის. ბრძანა დარჩენილიყვნენ საკუთარ ტერიტორიაზე და ქალაქებში, ხოლო მათ მეზობლებს აუკრძალა მათზე ლაშქრობა და ძარცვა.
29. ადუატუკები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ105, მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით მოდიოდნენ ნერვიების დასახმარებლად, მაგრამ შეიტყვეს ამ ბრძოლის შედეგები და უკან გაბრუნდნენ. დატოვეს ყველა თავისი ქალაქი და სიმაგრე და ყველაფერი რაც გააჩნდათ შეაგროვეს ერთ ციხესიმაგრეში, რომელიც არაჩვეულებრივად იყო დაცული ბუნების მიერ. ყოველი მხრიდან გარს ერტყა უმაღლესი კლდეები და ხრამები, მხოლოდ ერთი მხრიდან იყო დატოვებული დამრეცი მისადგომი, არაუმეტეს 200 ნაბიჯი სიგანისა. ეს ადგილი გამაგრებული ჰქონდათ ძალიან მაღალი, ორმაგი კედლით, ახლა კი ამ კედელზე უზარმაზარი წონის ქვებსა და წაწვეტებულ დირეებს აწყობდნენ. ადუატუკების ტომი წარმოშობილი იყო ტევტონებისა და კიმბრებისგან, რომლებიც ლაშქრობდნენ ჩვენს პროვინციასა და იტალიაში და ნადავლის ნაწილი, რომელიც ვეღარ წაიღეს თან, დატოვეს მდინარე რაინთან ახლოს და მცველად დააყენეს 6 ათასი კაცი თავისი ტომიდან. ტევტონებისა და კიმბრების განადგურების შემდეგ, ეს მცველთა რაზმი მრავალი წლის მანძილზე იგერიებდა მეზობლების თავდასხმებს და ზოგჯერ თავადაც გადადიოდა შეტევაზე. ბოლოს და ბოლოს ზავი დაიდო, მშვიდობა დამყარდა და მათ ეს ტერიტორია სამუდამო საცხოვრებლად აირჩიეს.
30. ჩვენი არმიის პირველი მიახლოების დროს, ციხესიმაგრიდან ხშირ-ხშირად გამოდიოდნენ და მცირე შეტაკებებს უმართავდნენ ჩვენებს; მაგრამ მას შემდეგ რაც რომაელებმა 12 ნაბიჯი სიმაღლის მიწაყრილი შემოავლეს გარშემო 15 მილის სიგრძე წრეზე და ახლო-ახლოს განათავსეს სიმაგრეები, მათ შეწყვიტეს ქალაქიდან გამოსვლა. როდესაც დაინახეს დაწნული ფარები106 და მიწაყრილი აღიმართა და მოშორებით კოშკიც ააშენეს, ჯერ სიცილი დააყარეს კედლიდან, შემდეგ კი გამოჯავრება დაუწყეს ამხელა მოწყობილობის ასე შორს აშენებისთვის. რა ხელების, ამბობდნენ ისინი, ან რა ძალის იმედი აქვთ ადამიანებს, მითუმეტეს ასეთი პატარა აღნაგობით, რომ ასეთ მძიმე კოშკს კედელზე დადგამენ? (თავიანთი უზარმაზარი სხეულების გამო ჩვენს სიდაბლეს გალები ხშირად იგდებდნენ აბუჩად).
31. მაგრამ როცა დაინახეს, რომ კოშკი მართლაც მოძრაობდა და მათ კედლებს უახლოვდებოდა, დაფრთხნენ ახალი და უჩვეულო სანახაობით. კეისარს ელჩები გამოუგზავნეს ზავის თხოვნით და შემდეგი სიტყვები შემოუთვალეს: მიგვაჩნია, რომ რომაელები ომს ღმერთების დაუხმარებლად ვერ აწარმოებდნენ, რადგან ასეთი სიდიდის მოწყობილობების ასეთი სისწრაფით გადაადგილება შეუძლიათო. თავისი თავი და ყველაფერი რაც გააჩნდათ, რომის ძალაუფლებას დაუქვემდებარეს. ერთადერთი რასაც გულით ითხოვდნენ იყო ის, რომ თუკი თავისი მოწყალებისა და კაცთმოყვარეობის გამო, რის შესახებაც სხვათაგან სმენიათ, კეისარი უვნებლად დატოვებდა ადუატუკებს, დაე ნუ ჩამოართმევს იარაღს. მათ თითქმის ყველა მეზობელი მტრობდა და შურდათ მათი სიმამაცის. ამიტომ თუ იარაღი ჩამოერთმეოდათ, ვერ შეძლებდნენ თავდაცვას. რადგან ამ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, ერჩივნათ რომაელი ხალხისგან მიეღოთ ბედის სასჯელი, ვიდრე იმათგან დატანჯულიყვნენ და განადგურებულიყვნენ, ვისზეც ბატონობას იყვნენ შეჩვეულნი.
32. ამაზე კეისარმა უპასუხა, რომ თავისი ჩვეულების თანახმად, და არა მათი თხოვნის გამო დაინდობდა ტომს, თუკი ჩაბარდებოდნენ მანამ, სანამ ტარანი შეეხებოდა კედელს. მაგრამ არ არსებობდა ჩაბარების სხვა პირობა, გარდა იარაღის დაყრისა. კეისარი გააკეთებდა იგივეს, რაც ნერვიების შემთხვევაში გააკეთა – მეზობლებს აუკრძალავდა ძალმომრეობას მათზე, ვინც რომაელ ხალხს დანებდა. ელჩებმა ეს თავისიანებს მოახსენეს და ისინი დათანხმდნენ შეესრულებინათ მისი ბრძანება. ძალიან დიდი რაოდენობით იარაღი კედლებიდან გადმოყარეს თხრილში, რომელიც ქალაქის წინ იყო, ისე რომ იარაღის გროვების წვერმა თითქმის კედლების სიმაღლესა და თხრილის სიღრმეს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ როგორც შემდეგ გაირკვა, დაახლოებით ერთი მესამედი ნაწილი დამალეს და შეინახეს, კარიბჭე გაიხსნა და ის დღე მშვიდობით გაატარეს.
33. საღამოსკენ კეისარმა ბრძანა კარიბჭეები დაეხურათ და ჯარისკაცებს დაეტოვებინათ ქალაქი, რათა იმ ღამეს მოქალაქეებისთვის ზიანი არ მოეტანათ. თუმცა ადუატუკებს, როგორც აღმოჩნდა, უკვე შეედგინათ გეგმა იმ იმედით, რომ დანებების გამო ჩვენები დატოვებდნენ საგუშაგოებს, ან სულ მცირე, ყურადღებას მაინც მოადუნებდნენ. ნაწილს ის შენახული და გადამალული იარაღი ჰქონდა, ნაწილს – ფარები, დამზადებული ქერქისაგან ან დაწნული წნელებისგან და ნაჩქარევად (როგორც დროის სიმცირე მოითხოვდა) დაფარული ტყავით. მესამე გუშაგობის დროს, უეცრად მთელი ძალებით გამოიჭრნენ ქალაქიდან იქით, საითაც მისასვლელი ჩვენს საველე სიმაგრეებზე ნაკლებად ციცაბო ჩანდა. როგორც მანამდე კეისარმა ბრძანა, საჩქაროდ მისცეს ნიშანი მაშხალებით (ცეცხლით) და ყველაზე ახლო სიმაგრიდან რაზმები გამოეშურნენ ბრძოლის ადგილისკენ. მტერი გააფთრებით იბრძოდა, როგორც მოსალოდნელია უიმედო მდგომარეობაში მყოფი მამაცი ადამიანისგან, არახელსაყრელ ადგილას რომ ებრძვის მოწინააღმდეგეს, რომელიც თხრილიდან და კოშკებიდან აყრის შუბებს და გადარჩენის ერთადერთი იმედი ვაჟკაცურად ბრძოლაა. დაახლოებით 4 ათასი კაცი დაიხოცა, დანარჩენები კი ქალაქში უკუაგდეს. მეორე დღეს კარიბჭე შეამტვრიეს, რადგან აღარავინ იყო ვინც დაიცავდა და ქალაქში ჩვენი ჯარისკაცები შეაგზავნეს. კეისარმა მთელი ნადავლი გაყიდა. როგორც მყიდველებმა აცნობეს, გაიყიდა 53 ათასი ადამიანი.
34. იმავე პერიოდში, პუბლიუს კრასუსმა, რომელიც კეისარს ერთი ლეგიონის თანხლებით გაგზავნილი ჰყავდა ვენეტების, ვენელების, ოსისმების, კურიოსოლიტების, ესუბიების, ავლერკებისა და რედონების107 წინააღმდეგ ზღვისპირა ტომების, რომლებიც ოკეანის პირას ცხოვრობენ, აცნობა, რომ ყველა ეს ტომი რომაელი ხალხის ბატონობასა და ძალაუფლებას დაექვემდებარა.
35. ამ მიღწევების შედეგად მთელი გალია დამორჩილებულ იქნა და ამ ომების დიდება ბარბაროსთა შორის ისე ფართოდ გავრცელდა, რომ რაინის პირას მცხოვრებმა ტომებმა ელჩები გამოუგზავნეს კეისარს და აღუთქვეს, რომ მძევლებს გამოუგზავნიდნენ და მის ბრძანებებს შეასრულებდნენ. კეისარს იტალიასა და ილირიაში ეჩქარებოდა, ამიტომ ელჩებს უბრძანა, მომავალი ზაფხულის დასაწყისში დაბრუნებულიყვნენ მასთან. თავად იტალიაში გაეშურა, მას შემდეგ რაც ლეგიონები ზამთრის სადგომებზე დააბინავა კარნუტებს108, ანდებსა109 და ტურონებს110 შორის და ისეთ ტომებში, რომლებიც ახლოს იყვნენ ჩავლილი საომარი კამპანიის ადგილებთან. ამ საქმეების გამო, რომელთა შესახებაც კეისრის წერილით შეიტყვეს, სენატმა დადგენილება გამოსცა თხუთმეტი დღის განმავლობაში აღსრულებულიყო სამადლობელი წირვა – ასეთი პატივი აქამდე არავის რგებია.
შენიშვნები და კომენტარები
1. კეისრის ლეგატი გალიის კამპანიის პერიოდში.
2. ძვ.წ. II საუკუნისათვის, რომაელები უკვე გამოყოფდნენ ცისალპურ გალიას ტრანსალპური გალიისაგან.
3. ბელგების საცხოვრისი იყო დღევანდელი ბელგია და ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთი.
4. დღევანდელი საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ კუთხე.
5. კელტური ტომები, როგორც ცალკეული ენობრივი და კულტურული ჯგუფის ხალხი, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ძვ.წ. VIII საუკუნიდან ჩნდებიან. მათ პირველ დასახლებად და ცენტრად, საიდანაც დაიწყეს მოძრაობა დასავლეთ ევროპის მიმართულებით, ითვლება ჰალშტატი (დღევანდელ ავსტრიაში).
6. მიუხედავად იმისა, რომ კეისარი ასე დაწვრილებით ახდენს კელტური მოდგმის ხალხთა დაყოფას მათი ტომობრივი სახელწოდებების მიხედვით და გალებად მხოლოდ მთელი გალიის ერთი ნაწილი მოსახლეობას ასახელებს, რომაელთათვის ბელგები და აკვიტანელებიც, ჩვეულებრივ, გალებად ითვლებოდნენ. განსაკუთრებით კეისრის მიერ გალიის დაპყრობის შემდეგ. მანამდე რომაელთა თვალსაწიერი ძირითადად მხოლოდ ცისალპურ (ალპებამდე) და ტრანსალპურ (ალპებს გადაღმა) გალიას წვდებოდა, რომელიც რომის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.
7. გარუმნა – დღევანდელი მდინარე გარონას ლათინური სახელწოდება. სათავეს იღებს ცენტრალურ პირენეებში და მიედინება სამხრეთ საფრანგეთისა და ჩრდილოეთ ესპანეთის ტერიტორიაზე.
8. მატრონა – დღევანდელი მდინარე მარნა. მდინარე სენას მარჯვენა შენაკადი. მიედინება ჩრდილოეთ საფრანგეთში.
9. სეკვანა – მდინარე სენას ლათინური სახელწოდება. მიედინება ჩრდილოეთ საფრანგეთში.
10. რენუსი – ახლანდელი მდინარე რაინი. მიედინება დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის ტერიტორიაზე (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ავსტრია, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები).
11. როდანუსი – დღევანდელი მდინარე რონა. სათავეს იღებს ალპებში. მიედინება შვეიცარიასა და საფრანგეთში.
12. სეკვანები – ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი გალური ტომი იყო, რომელიც მდინარე სეკვანას (სენას) სანაპიროებზე მოსახლეობდა. მათი დედაქალაქი იყო ვესონტიო.
13. მარკუს პუპიუს პიზო ფრუგი კალპურნიანუსი და მარკუს ვალერიუს მესალა ძვ.წ. 61 წელს იყვნენ კონსულები.
14 მთათა სისტემა დღევანდელ საფრანგეთში, შვეიცარისა და გერმანიაში. გრძელდება სავოის ალპებიდან შვარცალდის სამხრეთ მთისწინამდე. მთის ლათინური სახელწოდება „ჟურა“ მომდინარეობს ტყის აღმნიშვნელი კელტური სიტყვის ფუძიდან – ჟურ.
15. ლემანუსის ტბა – იგივე ჟენევის ტბა. მდებარეობს შვეიცარიაში. ძველი სახელწოდება „ლემანუსი“ მოდის ძველი ბერძნული Limanos-დან.
16. რომაული საზომით ერთი მილი არის დაახლოებით 1481 მეტრი.
17. კატამანტალედი – კატამანტალედი იყო სეკვანთა ტომის ბელადი ძვ.წ. I საუკუნეში. რომის სენატის მიერ მიიღო „რომის მეგობრის“ სტატუსი.
18. ედუები გალიის ყველაზე მრავალრიცხოვან და ძლიერ ტომს წარმოადგენდნენ. ისინი ცენტრალურ გალიაში მოსახლეობდნენ და ურთიერთობები ჰქონდათ რომაელებთან. რის გამოც სხვა გალურ ტომებთან შედარებით უფრო რომანიზებულები იყვნენ. მათი დედაქალაქი იყო ბიბრაქტი.
19. დივიციაკუსი იყო ერთადერთი კელტი დრუიდი, რომელსაც ანტიკური ხანის წყაროებიდან სახელით ვიცნობთ.
20. იგულისხმება მდაბიო წარმოშობის ხალხი.
21. ამ შემთხვევაში იულიუს კეისარი გალი ბელადის „ოჯახს“ როგორც რომაულ ოჯახს ისე განიხილავს და მასში გულისხმობს როგორც ოჯახის წევრებს, ისე მსახურებს, მონებსა და კლიენტებს. რათქმაუნდა კელტურ საზოგადოებაში ეს სოციალური საკითხი უფრო სხვაგვარად იქნებოდა წარმოდგენილი.
22. Oppidum ლათინურად ნიშნავს სიმაგრეს, ციხე-ქალაქს. რომაელებისთვის ეს დროებით დასახლებას წარმოადგენდა და დაცული იყო მიწაყრილითა და ხის მესერით. კელტებისთვის მიწაყრილებით გარშემორტყმული და მესრით დაცული სიმაგრეები უმთავრესად მუდმივ საცხოვრებლად იყო განკუთვნილი. მსგავსი ციხე-ქალაქები დასავლეთში გავრცელებული იყო ბრიტანეთიდან ესპანეთამდე და აღმოსავლეთით უნგრეთის ველებამდე. Oppidum იყო ისეთი დიდი კელტური დასახლება, როგორიც გახლდათ ბიბრაქტი. ასევე გერგოვია, ალეზია და სხვა.
23. ჰელვეტთა მეზობელი ტომები. ლატობრიგებს მეორენაირად ეწოდებოდათ ლატოვიკებიც. ტულინგების შესახებ არსებობს მოსაზრება, რომ ისინი გერმანელები იყვნენ.
24. ნორიკი – ძვ.წ. VI–I სს. კელტური სამეფოს (ან თორმეტი ტომის ფედერაციის) რომაული სახელწოდება. მდებარეობდა დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიასა და სლოვენიის ნაწილზე. ახ.წ. 16 წლიდან გახდა რომის იმპერიის პროვინცია.
25. ნორეია – ძველი კელტური ქალაქი აღმოსავლეთ ალპებში (ავსტრია). დღეს მისი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია და დაკარგულ ქალაქად მიიჩნევა. ნორეია უნდა ყოფილიყო ნორიკის ტომთა ფედერაციის (თუ სამეფოს) დედაქალაქი.
26. მცირერიცხოვან შენაერთს.
27. ალობროგები – მრავალრიცხოვანი კელტური ტომი ნარბონის გალიაში. მოსახლეობდნენ მდინარე როდანუსსა და ისარას შორის. დასავლეთიდან ესაზღვრებოდნენ სეგუსიავები, ჩრდილოეთიდან სეკვანები, სამხრეთით ვოკონტიები. მდინარე როდანუსი წარმოადგენდა საზღვარს ჰელვეტებსა და ალობროგებს შორის, უახლოესი ქალაქი კი ჰელვეტების საზღვართან გახლდათ გენავა (ჟენევა). II პუნიკური ომის დროს ალობროგები შეუერთდნენ ჰანიბალს და მასთან ერთად ებრძოდნენ რომაელებს. ძვ.წ. 121 წელს კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა დაამარცხა ალობროგები, რისთვისაც მიიღო მეტსახელი ლლლობროგიკუს. კეისრის გალიაში ყოფნის პერიოდში, ალობროგები უკვე რომაული გავლენის ქვეშ იყვნენ, შემდეგ კი აღმოჩნდნენ პროვინცია ნარბონის შემადგენლობაში.
28. ლუციუს კალპურნიუს პიზო და აულუს გაბინიუსი ძვ.წ. 58 წელს იყვნენ კონსულები.
29. ეს წესი ითვალისწინებდა დამარცხებული მტრის გადაჯვარედინებულ შუბებს შორის გატარებას, რაც მათთვის დიდი სირცხვილი იყო.
30. 1 რომაული ფუტი 29,6 სანტიმეტრია.
31. ტოლოსატები – სამხრეთ გალიაში, ქალაქ ტოლოსასა (ახ. ტულუზა) და მის მიმდებარე მიწებზე მცხოვრები კელტები.
32. რომაელებმა ტოლოსის დასახლება ჯერ კიდევ ძვ.წ. II საუკუნეში დაიკავეს და აქ პროვინცია ნარბონის გალია ჩამოაყალიბეს.
33. ლეგატი – მაღალი სამხედრო თანამდებობა რომის ჯარში. დღევანდელი გენერლის ექვივალენტი. ამ წოდებას უმეტესად სენატორები ეუფლებოდნენ. საჭიროების შემთხვევაში ლეგატს შეეძლო ჩაენაცვლებინა მთავარსარდალი კონსული ან პროკონსული.
34. კეუტრონები, გრაიოკელები, კატურიგები – ალპებში მოსახლე ტომები. კეუტრონები (იგივე კენტრონები) ნარბონის გალიის პროვინციის ერთ-ერთი ტომები იყვნენ და ერთ დროს ნერვიების ვასალებად ითვლებოდნენ. კატურიგები ცხოვრობდნენ მდინარე დრუენტიას (ახ. დურანსი) მახლობელ მიწებზე. მათი დედაქალაქი იყო კატორიმაგუსი (ახ. შორჟი), ხოლო ტომის სახელწოდება სავარაუდოდ მომდინარეობდა ომის ღმერთის კატურიქსის სახელიდან. გრაიოკელები იტალიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ალპებსა და ზღვას შორის ცხოვრობდნენ.
35. სეგუსიავები – ამ კელტური ტომის სახელი `ძლევამოსილებს“ ნიშნავს. სეგუსიავები ცხოვრობდნენ ლუგუდუნის (ახ. ლიონი) მიდამოებში.
36. ამბარები – გალიის ტომი, რომელთაც კეისარი ედუებთან მონათესავე ხალხად მოიხსენიებს. თუ მას წავიკითხავთ, როგორც Aedui Ambarri გამოდის რომ ამბარები თვითონ ედუები იყვნენ. ისინი არ არიან აღნიშნულები ედუების ვასალ ტომებშიც. ამბარები დასახლებულები იყვნენ მდინარე როდანუსის (რონას) დაბლობზე, აღმოსავლეთიდან კი ემეზობლებოდნენ ალობროგებს. ამ ტომს აღნიშნავს ტიტუს ლივიუსიც, ედუებთან ერთად, იმ ტომთა რიგში, რომელთაც გადმოლახეს ალპები და შეიჭრნენ იტალიაში რომში ლეგენდარული მეხუთე მეფის, ტარქვინიუს პრისკუსის მმართველობისას.
37. სანტონები – აქვიტანიაში, მდინარე გარონას სათავესთან მცხოვრები ძლიერი გალური ტომი. მათი მთავარი ქალაქი იყო მედიოლანუმი – Mediolanum Santonum (იმპერიაში იყო მეორე, უფრო ცნობილი მედიოლანუმი, რომელიც ჩრდილოეთ იტალიაში მდებარეობდა და დღეს ქალაქ მილანის სახელით ვიცნობთ).
38. არარი – დღევანდელი მდინარე სონა. მოედინება აღმოსავლეთ საფრანგეთში და წარმოადგენს მდინარე რონას მარჯვენა შენაკადს.
39. ტიგურინები – ჰელვეტ ტომთა გაერთიანების ერთ-ერთი ტომი. მოსახლეობდნენ შვეიცარიის აღმოსავლეთ მხარეში. ისტორიულ წყაროებში პირველად ძვ.წ. II საუკუნის ბოლოს ჩნდებიან, როგორც კიმბრებისა და ტევტონების მოკავშირეები და რომის მტრები.
40. პაგუსი – მცირე ტერიტორიული ერთეული, რომელშიც შედიოდა რამდენიმე სოფელი, მცირე ქალაქი ან ვილები. არ გააჩნდათ პოლიტიკური ავტონომია, მაგრამ ჰყავდათ საკუთარი მაგისტრატები. მათი საშუალებით პაგები პასუხს აგებდნენ მათ მიწაზე გამავალი გზების მდგომარეობაზე და ასევე აქირავებდნენ დასამუშავებელ მიწებს. ჰქონდათ საკუთარი რელიგიური წეს-ჩვეულებანიც. ამ შემთხვევაში კეისარს მხვედველობაში აქვს ჰელვეტ ტომთა გაერთიანების ერთ-ერთი მხარე, რომელშიც კონკრეტულად ტიგურინები სახლობდნენ.
41. ლუციუს კასიუს ლონგინუსი ძვ.წ. 107 წელს, როდესაც იტალიის ჩრდილოეთით გერმანული ტომები კიმბრები და ტევტონები გამოჩნდნენ და საფრთხე შეუქმნეს რომს, გაიუს მარიუსთან ერთად გახდა რომის კონსული. კასიუსმა ნარბონის გალიაში შეიყვანა ჯარი, რათა კიმბრებს დაპირისპირებოდა, მაგრამ კიმბრების მოკავშირე ტიგურინების ბელადმა დივიკომ ის ბურდიგალასთან (ბორდო) ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა, მოკლა, ხოლო მისი ჯარის ნარჩენები გადაჯვარედინებულ შუბებს შორის გაატარა.
42. ლუციუს კალპურნიუს პიზო იყო კეისრის სიმამრი. მის სახელს კეისარი მეორე აბზაცშივე ახსენებს, როდესაც პიზოსა და მესალას კონსულობის პერიოდით საზღვრავს ორგეტორიქსის მიერ ჰელვეტებს შორის დიდებულთა აჯანყების მოწყობას.
43. როგორც კეისარი აღნიშნავს, ლისკუსის წოდება იყო ვერგობრეტი, რაც მსაჯულს, „სასამართლოს კაცს“ ნიშნავს. ეს წოდება გამოიყენებოდა როგორც ედუებში, ასევე არვერნებსა და ტრევერებში. ვერგობრეტს ირჩევდა სახალხო კრება (რომელშიც ქურუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ) და ერთი წლით ანიჭებდნენ თითქმის აბსოლუტურ ძალაუფლებას. ვერგობრეტის წოდებას ვერ მიიღებდა ის, ვისაც ჰყავდა ცოცხალი ნათესავი, რომელსაც ერთ დროს ეს თანამდებობა ეკავა.
44. ბიტურიგები – ტიტუს ლივიუსის მიხედვით კელტური გალიის ერთ-ერთი მთავარი ტომი იყო რომში ტარქვინიუს პრისკუსის (ძვ.წ. VII ს.) მეფობის დროს, თუმცა შემდეგ დასუსტდნენ და უწინდელი გავლენაც დაკარგეს. მათი მთავარი ქალაქი იყო ავარიკუმი (თანამედროვე ბურჟი). ბიტურიგები იყოფოდნენ ორ ნაწილად - ბიტურიგ-კუბებად და ბიტურიგ-ვიბისკებად. ბიტურიგ-კუბები ცხოვრობდნენ მდინარე ლიგერის (ლუარის) შუა დინებიდან სამხრეთით, ქალაქ ავარიკუმის გარშემო ცხოვრობდნენ, ვიბისკები კი გარონას ქვემო დინებასა და ბისკაის ყურესთან მოსახლეობდნენ. მათი მთავარი ქალაქი იყო ბურდიგალა (ბორდო).
45. გაიუს ვალერიუს პროკილუსი – ძვ.წ. I საუკუნეში მოღვაწე რომანიზებული, რომის მოქალაქეობის მქონე კელტი დიდებული ჰელვიების ტომიდან, რომელიც კეისართან გალიის კამპანიის დროს თარჯიმნისა და დესპანის მოვალეობებს ასრულებდა. მისი მამა კაბურუსი და ძმა „გალიის ომის“ VII წიგნშიც არიან მოხსენიებულები, როგორც ვერცინგეტორიქსის ძალების შემოტევისგან ჰელვიების ტერიტორიების დამცველები. კეისარი პატივს სცემდა და აფასებდა პროკილუსს, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას „ოჯახის მეგობარს“ უწოდებს და „გალიის ომის“ ტექსტში ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს.
46. ღამით ბანაკის გუშაგები რამდენჯერმე იცვლებოდნენ, ამიტომ ღამე პირობითად ამის მიხედვით იყოფოდა.
47. მატარა, ტრიგულა – მატარა ეწოდებოდა მძიმე და ხელშუბთან შედარებით მოზრდილ შუბს, ტრიგულა კი მსუბუქი ხელშუბი იყო.
48. ლინგონები – კელტური ტომი, რომელიც სახლობდა მარნისა (მატრონას) და სენას (სექუანას) სათავეებთან. ძვ.წ. 400 წლისთვის მათმა ნაწილმა გადალახა ალპები და ცისალპიურ გალიაში დასახლდა. ლინგონები ენათესავებოდნენ ბოიებსა და სენონებს. შესაძლოა მათ მონაწილეობაც მიიღეს ძვ.წ. 390 წელს გალების მიერ რომის დალაშქვრაში.
49. ვერბიგენები – ჰელვეტების კონფედერაციის ერთ-ერთი ტომი, რომელიც იურას მთებსა და ლემანის ტბას შორის ცხოვრობდა. მათი დედაქალაქი იყო ურბა (ორბე).
50. რაურაკები, რაურიკები – ჰელვეტების მეზობელი, მოკავშირე ან მათი კონფედერაციის წევრი კელტური ტომი, რომელმაც ჰელვეტებთან ერთად დატოვა სამშობლო ძვ.წ. 58 წელს. ძვ.წ. 44 წელს მათ ტერიტორიაზე დაარსდა რომაული კოლონია Augusta Raurica.
51. არვერნები – ყველაზე ძლევამოსილი ტომი გალებს შორის ძვ.წ. III–II საუკუნეებში, ედუების მთავარი მოწინააღმდეგე გალიის ჰეგემონიისთვის ბრძოლაში. ცხოვრობდნენ გალიის ცენტრალურ ნაწილში (ოვერნის პროვინცია დღევანდელ საფრანგეთში). არვერნების ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო გერგოვია. არვერნებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს გალიის აჯანყებაში კეისრის წინააღმდეგ ძვ.წ. 52 წელს, რომელსაც სათავეში მათი ბელადი, ვერცინგეტორიქსი ჩაუდგა.
52. გერმანულ ტომთა ეს ტალღა თითქმის მთლიანად სვებთა (სვევთა) ტომისგან შედგებოდა. სვებები ერთგვარ ტომობრივ ფედერაციას ქმნიდნენ, რომელშიც შედიოდნენ ისეთი გერმანული ტომები, როგორებიც იყვნენ კვადები, სემნონები და გერმუნდურები. ძვ.წ. II–I საუკუნეეში მათ დაიკავეს მდინარე ელბას, მაინის, ნეკარისა და ზემო რაინის აუზი, ძვ.წ. 71 წლიდან დაიწყეს შეჭრა გალიაშიც. ტაციტუსი სვებებად მოიხსენიებს ვენედებს, ესტებსა და ბასტარნებსაც. კეისრის „კომენტარები გალიის ომის შესახებ“ პირველი წყაროა, სადაც სვებების შესახებ ცნობებს ვხვდებით.
53. ეს 15000 მეომარი, რომელთაც მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიეს არვერნებს და სეკვანებს მაგეტობრიგთან ბრძოლაში ედუების დამარცხებაში, სვებთა ტომიდან იყვნენ.
54. არიოვისტუსი – გერმანელი სვებების მეფე ძვ.წ. I საუკუნეში. ძვ.წ. 59 წელს მიიღო „რომის მოკავშირისა და მეგობრის“ წოდება. მის შესახებ ძირითადი ცნობების წყარო იულიუს კეისრის თხზულებაა.
55. ჰარუდები, ხარუდები – გერმანული ტომი, რომელიც პტოლემაიოსის „გეოგრაფიის“ მიხედვით კიმბრთა ნახევარკუნძულის (იუტლანდიის) აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო განსახლებული. მათი სახელის მიხედვით სავარაუდებელია, რომ ჰარუდებს უნდა ეცხოვრათ ნორვეგიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროებზე, ჰორდალანდში. კეისრის მიხედვით ჰარუდები იყვნენ სვებთა მეფის არიოვისტუსის მოკავშირეები.
56. ბრძოლა მაგეტობრიგასთან (დღევანდელი ქალაქი ამაჟი, ფრანშ-კონტეს რეგიონში, აღმოსავლეთ საფრანგეთში) ძვ.წ. 63 წელს მოხდა. სეკვანებმა და არვერნებმა, სვებების მეფე არიოვისტუსის დახმარებით დაამარცხეს ედუების ჯარი. ბრძოლაში სავარაუდოდ 15000-მდე სვები მონაწილეობდა.
57. ჩრდილოეთ გერმანიიდან წამოსული კიმბრები და ტევტონები ამბრონებთან ერთად ძვ.წ. 113 წელს გამოჩნდნენ რომის რესპუბლიკის საზღვრებთან. თავდაპირველად ისინი ახალი მიწების ძიებაში იყვნენ და არ გეგმავდნენ იტალიის დალაშქვრას, მაგრამ როდესაც მათი ძლიერებითა და მრავალრიცხოვნობით დამფრთხალმა რომაელებმა თავად სცადეს მათი განადგურება, შეებრძოლნენ მათ და სასტიკად დაამარცხეს რამდენიმე ბრძოლაში. იტალიას გერმანელთა შემოსევის საფრთხე დაემუქრა, მაგრამ საბოლოოდ კონსულმა გაიუს მარიუსმა ძვ.წ. 101 წელს ცალ-ცალკე მოახერხა კიმბრებისა და ტევტონების განადგურება, რისთვისაც მას „რომის მხსნელი“ და „რომის მეორე დამაარსებელი“ უწოდეს.
58. ტრევერები – ბელგების ერთ-ერთი ტომი. სავარაუდოდ, ტრევერები იყვნენ გერმანული წარმოშობისანი, მაგრამ საუბრობდნენ კელტურ ენაზე. მოსახლეობდნენ მდინარე მოზელის სანაპიროებზე. მოზელზე მდებარეობდა მათი მთავარი ქალაქიც, რომელსაც რომაელებმა Augusta Treverorum უწოდეს (შემდგომში ტრირი).
59. ვესონტიო – დღევანდელი ქალაქი ბეზანსონი, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ფრანშ-კონტეს რეგიონში. ძვ.წ. I საუკუნეში იყო სეკვანთა ტომის მთავარი ქალაქი, გარშემორტყმული ხის გალავნით.
60. დუბისი – მდინარე სონას მარცხენა შენაკადი. მიედინება დღევანდელი საფრანგეთისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე.
61. ლეუკები – გალური ტომი, რომელიც მოსახლეობდა ლოთარინგიაში (ლორენში). სტრაბონის მიხედვით, ლეუკები, ლინგონთა ნაწილთან ერთად ცხოვრობდნენ მედიომატრიკების ბელგური ტომის ჩრდილოეთით (მედიომატრიკთა დედაქალაქი იყო მეცი). რომაულ პერიოდში ლეუკების ტერიტორიაზე ორი ძირითადი დასახლება არსებობდა – ტულუმი (ტული) და ნასიუმი (აღნიშნულია კლავდიუს პტოლემაიოსთან).
62. მეათე ლეგიონი (ლეგიო X ექუესტრის – X „ამხედრებული“ ლეგიონი) – იულიუს კეისრის მიერ ძვ.წ. 61 წელს ჩამოყალიბებული სამხედრო შენაერთი. მეათე ლეგიონი იყო პირველი, კეისრის ლეგიონებს შორის და გამოირჩეოდა მეთაურისადმი განსაკუთრებული ერთგულებით. გალიის ომის დროს, ლეგიონს ხშირად უწევდა ცხენოსანი ჯარის მოვალეობის შესრულება, რადგან კეისრის კავალერია უმთავრესად ნაკლებად სანდო გალი მხედრებისგან შედგებოდა. ამის გამო X ლეგიონს ექუესტრის – „ამხედრებული“ უწოდეს. X ლეგიონმა მონაწილეობა მიიღო გალიის ომებში, შემდეგ კი მარკუს კრასუსმა პართიაზე სალაშქროდ წაიყვანა (ძვ.წ. 53 წ.). კარეს ბრძოლაში რომაელები დამარცხდნენ, მეათე ლეგიონმა დიდი დანაკარგები განიცადა და დაკარგა ლეგიონის ოქროს არწივი, რაც სამარცხვინოდ ითვლებოდა (შემდგომში რომაელებმა მოახერხეს დაკარგული ოქროს არწივების დაბრუნება). ძვ.წ. 45 წელს X ლეგიონი დაშალეს, ვეტერანები კი დაასახლეს ნარბონის პროვინციაში. ძვ.წ. 44–43 წლებში, კეისრის სიკვდილის შემდეგ, მარკუს ემილიუს ლეპიდუსის მიერ აღდგენილმა X ლეგიონმა იბრძოლა ფილიპისთან ბრძოლაში (ძვ.წ. 42 წ.) მარკუს ანტონიუსისა და ოქტავიანეს მხარეს, გაიუს კასიუსისა და მარკუს ბრუტუსის ჯარების წინააღმდეგ. ომის დასრულებისას ლეგიონის ვეტერანებმა მიწები მიიღეს კრემონაში. X ლეგიონი მონაწილეობდა მარკუს ანტონიუსის პართიულ ომშიც (ძვ.წ. 40–33 წლები) და სამოქალაქო ომში ოქტავიანესა და ანტონიუსს შორის. აქციუმის ბრძოლაში (ძვ.წ. 31 წ.) ლეგიონი იბრძოდა ანტონიუსის მხარეს, დამარცხების შემდეგ კი გადავიდა ოქტავიანეს არმიის რიგებში. ვეტერანები დაასახლეს საბერძნეთში, ქალაქ პატრის მიმდებარე მიწებზე. ოქტავიანემ ბრძანა მისი დაშლა და შექმნა ახალი X ლეგიონი – ლეგიო X გემინა („ტყუპები“).
63. პრეტორიანული კოჰორტა – რაზმი, რომელიც მხედართმთავრის დაცვაზე აგებდა პასუხს. იმპერიის პერიოდში გარდაიქმნა მრავალრიცხოვან სამხედრო შენაერთად – პრეტორიანულ გვარდიად და წარმოადგენდა ცალკეულ ნაწილს, რომელიც არც ერთ ლეგიონს არ ეკუთვნოდა და პირადად იმპერატორს ემსახურებოდა.
64. მხედრებს (ექუიტეს) რომაულ საზოგადოებაში და სამხედრო სისტემაში მეტი პრივილეგიები გააჩნდათ, ვიდრე ქვეითებს.
65. ამ დროისთვის კეისარს რომში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. იგი „პოპულარების“ პარტიის ლიდერი იყო. ამავდროულად მონაწილეობდა „ტრიუმვირატში“ (სამთა კავშირში) გნეუს პომპეუსთან და მარკუს ლიცინიუს კრასუსთან ერთად. სენატის წევრების ის ნაწილი, რომელიც ცალკეული პიროვნებების ხელში ძალაუფლების თავმოყრას უპირისპირდებოდნენ და სენატის მომხრენი იყვნენ, ძირითადად არისტოკრატი „ოპტიმატები“ (მათ შორის მარკუს პორციუს კატონ უმცროსი და კვინტუს ცეცილიუს მეტელუს პიუს სციპიონ ნაზიკა), მოხარულები იქნებოდნენ მათი უძლიერესი მტრის _ იულიუს კეისრის სიკვდილით.
66. კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს „ალობროგიკუსი“ – რომის კონსული ძვ.წ. 121 წელს. ტრანსალპიურ გალიაში, პროკონსულ გნეუს დომიციუს აჰენორბარბუსთან ერთად, დაამარცხა ალობროგები და მათი მოკავშირეები რუტენები და არვერნები.
67. რუტენები – კელტური ტომი, რომელიც სამხრეთ საფრანგეთში მოსახლეობდა, დღევანდელი ქალაქის როდეზის მიდამოებში, რომელსაც რომის იმპერიის დროს შეგოდონუმ და ჩივიტას ღუტენორუმ ეწოდებოდა.
68. გაიუს ვალერიუს ფლაკუსი – რომის კონსული ძვ.წ. 93 წელს. ტრანსალპიურ გალიაში პრეტორობის დროს რომის მოქალაქეობა მიანიჭა ბევრ წარჩინებულ გალს, მათ შორის ჰელვეტ კაბურიუსს.
69. მარკუს მეტიუსი – კეისრის ერთ-ერთი ერთგული თანამებრძოლი ყველა მის ომში და დიქტატურის დროს. ძვ.წ. 44 წელს იგი სათავეში ჩაუდგა მონეტის მოჭრის საქმეს რომში.
70. რომაული ნაბიჯი არის ხუთი რომაული ფუტი ანუ 1,48 მეტრი.
71. ჰარუდები, მარკომანები, ტრიბოკები, ვანგიონები, ნემეტები, სედუსიები – გერმანული ტომები, რომელთაგან ზოგიერთი ამ დროისთვის სვებთა კონფედერაციაში შედიოდა, ზოგი კი არიოვისტუსის მხარეს იბრძოდა გალიაში.
72. გერმანელები ბრძოლისას მჭიდრო რიგებად იბრძოდნენ და ერთგვარ ფარების კედელს ქმნიდნენ.
73. პუბლიუს ლიცინიუს კრასუსი – მარკუს ლიცინიუს კრასუსის, პირველი ტრიუმვირატის წევრის ძე. პუბლიუს კრასუსმა თავი გამოიჩინა კეისრის გალურ კამპანიაში, განსაკუთრებით არმორიკასა და აქვიტანიაში მიმდინარე ბრძოლებში. დაიღუპა ძვ.წ. 53 წელს მამამისის, მარკუს კრასუსის მოწყობილი პართიული კამპანიის დროს, კარეს ბრძოლაში.
74. ნორიკი – ნორიკი მდებარეობდა დღევანდელი ავსტრიის ტერიტორიაზე. ნორიკში ცხოვრობდნენ პანონიელები (ილირიელთა მონათესავე ხალხი), შემდგომში კი აქ კელტო-ლიგურიული ტომები დასახლდნენ. მათ შორის უმთავრესი იყო ტავრისკების ტომი, რომლებიც რომაულ წყაროებში ნორიკებად იწოდებიან მათივე დედაქალაქის –ნორეიას სახელწოდების მიხედვით. ნორიკი წარმოადგენდა პირველ კელტურ სამეფოს ევროპაში (ძვ.წ. 200 წლიდან). ეს ქვეყანა ფაქტობრივად 12 ტომის ალიანსს წარმოადგენდა. ძვ.წ. 170 წლიდან ნორიკი ითვლებოდა რომის „მოკავშირე და მეგობარ“ სახელმწიფოდ. ნორიკელები ეხმარებოდნენ რომაელებს კიმბრებისა და ტევტონების წინააღმდეგ ომშიც. ასევე შემდგომ ომებშიც დაკიელი და გერმანელი ტომების წინააღმდეგ.
75. მეფე ვოკიო – ვოკიო იყო ნორიკის ტომთა არჩეული მეფე ძვ.წ. I საუკუნეში. ვოკიო ითვლებოდა კეისრის მოკავშირედ და მას გნეუს პომპეუსის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ეხმარებოდა ეკონომიკურად და სამხედრო ძალებით (ცხენოსანი რაზმებით).
76. უბიები – გერმანული ტომი. პირველად მოხსენიებულები არიან სწორედ იულიუს კეისრის ამ თხზულებაში. უბიები იყვნენ კეისრის მოკავშირეები ძვ.წ. 55 წელს მდინარე რაინის გადალახვისა და გერმანიაში შეჭრის დროსაც. ახ.წ. 50 წელს მათ ტერიტორიაზე იულიუს კეისარ გერმანიკუსის მეუღლის, აგრიპინას ხელშეწყობით დაარსდა რომაელ ვეტერანთა კოლონია – Colonia Claudia Ara Augusta Agrippinensium, რომელიც შემდეგში ქალაქ კიოლნად იქცა.
77. დამშვიდებაში კეისარი გალების მიწებზე რომაული გავლენის დამყარებას გულისხმობს.
78. კვინტუს პედიუსი (ძვ.წ. I ს.) – რომაელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, იულიუს კეისრის ნათესავი. პედიუსი ძვ.წ. 57 წელს მსახურობდა ლეგატად გალიაში, ძვ.წ. 55 წელს მონაწილეობა მიიღო ედილის არჩევნებში და დამარცხდა. პომპეუსის წინააღმდეგ ომისას, პედიუსი კეისრის მომხრეებს შორის იყო. მან მიიღო პრეტორობა, მეთაურობდა ლეგიონს და წარმატებით ებრძოდა პომპეუსის მომხრეებს. ძვ.წ. 44 წელს, როდესაც კეისარი შეთქმულების მსხვერპლი გახდა, პედიუსი მისი ანდერძის მიხედვით ერთ-ერთ მემკვიდრედ დასახელდა, თუმცა მან დაუთმო ნათესავ ოქტავიანეს, მომავალ იმპერატორს და მასთან ერთად გახდა კონსული. ამ პერიოდში პედიუსმა გამოსცა კანონი – Lex Pedia, რომლის მიხედვითაც კეისრის ყველა მკვლელი დამნაშავედ გამოცხადდა და სასჯელს დაექვემდებარა.
79. რემები – ბელგთა ერთ-ერთი ტომი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ გალიაში მოსახლეობდა (Gallia Belgica). მათი დედაქალაქი იყო დუროკორტუმი მდინარე ველზე. რემები განთქმულები იყვნენ თავიანთი ცხენოსანი ჯარით, გერმანელ მოკავშირეებთან ერთად ისინი ებრძოდნენ პარისიებსა და სენონების ტომს. ერთ-ერთი მითის მიხედვით, რომელიც X საუკუნის მემატიანემ ფლოდოარდ რეიმსელმა ჩაიწერა, რემების ტომის მამამთავარი იყო რემუსი, რომულუსის ძმა, რომელიც თითქოს ძმასთან დაპირისპირებას ცოცხალი გადაურჩა.
80. სუესიონები – ბელგური ტომი, რომელიც დასავლეთ ბელგიკაში მოსახლეობდა, დღევანდელი ქალაქის სუასონის მიდამოებში.
81. ბელოვაკები – ყველაზე მრავალრიცხოვანი და ძლიერი ბელგური ტომი, რომელიც მოსახლეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ გალიაში, დღევანდელი ქალაქის ბოვეს მიდამოებში. ესაზღვრებოდნენ ამბიანებს, ვირომანდუებს, სუესიონებს, ველიოკასებს, კალეტებსა და პარისიებს.
82. გალბა – სუესიონების მეფე (rex) ძვ.წ. I საუკუნეში. კოგნომენი (მეტსახელი) გალბა, რომელიც ითარგმნება როგორც „მსუქანი“ გავრცელებული იყო რომშიც და სავარაუდოდ მას კელტური ფუძე უნდა ჰქონოდა, სადაც როგორც ჩანს ეს სახელს წარმოადგენდა.
83. ნერვიები – ერთ-ერთი უძლიერესი ბელგური ტომი. ისინი მოსახლეობდნენ დღევანდელი ბელგიის ცენტრალურ ნაწილში, ბრიუსელის მიდამოებში. სავარაუდოდ, ნერვიები, ისევე როგორც ტრევერები, გერმანული წარმოშობის ტომები იყვნენ.
84. ატრებატები – ბელგური ტომი გალიასა და ბრიტანეთში. გალიაში ისინი მოსახლეობდნენ დღევანდელი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, არტუაში. ატრებატების დედაქალაქი იყო ნემეტოკენა.
85. ამბიანები – ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ბელგური ტომი, რომელიც მოსახლეობდა სამარას (სომას) ხეობაში. ამბიანთა დედაქალაქი იყო სამარობრივა.
86. მორინები – ბელგური ტომი ჩრდილოეთ გალიაში. მათი სახელი „მორინები“ უკავშირდება ზღვას და ზღვის სანაპიროს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ (ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთსა და ბელგიაში).
87. მენაპიები – ბელგური ტომი, რომელიც ჩრდილოეთ გალიაში მოსახლეობდა. მათ შესახებ ცნობები აქვთ სტრაბონს, კეისას, პლინიუს უფროსსა და პტოლემაიოსს.
88. კალეტები, ველიოკასები, ვირომანდუები – კელტურ-ბელგური ტომები ჩრდილოეთ საფრანგეთში. ველიოკასები მნიშვნელოვან ტერიტორიას აკონტროლებდნენ მდინარე სენას ხეობაში, კალეტები და ვირომანდუები შედარებით მცირერიცხოვნები და სუსტები იყვნენ.
89. ადუატუკები – გერმანული ტომი, რომელიც აღმოსავლეთ ბელგიაში მოსახლეობდა. ისინი ენათესავებოდნენ კიმბრებსა და ტევტონებს და წარმოშობით იუტლანდიის ნახევარკუნძულიდან უნდა ყოფილიყვნენ.
90. კონდრუსები, ებურონები, კაეროესები, პემანები – გერმანული ტომები, რომლებიც ბელგიაში მოსახლეობდნენ და აქტიურად ერეოდნენ გალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
91. თუმცა კი კეისარი არსად აღნიშნავს თვითონ რამდენად სჯეროდა იმის, რომ ეს ტომები ამხელა ჯარებს გამოიყვანდნენ და დასახელებული რაოდენობები ზუსტი იყო. მიუხედავად ამისა, ჩანს რომ ბელგებს შეეძლოთ მასზე მრავალრიცხოვანი ჯარის გამოყვანა, ამიტომ მათი რიცხობრივი უპირატესობის გასაბათილებლად კეისარმა ბელოვაკების ტომს ედუები შეუსია და მათი მეომრები ძირითად ძალებს მოწყვიტა.
92. ე.ი. ალყის შემორტყმის.
93. ისინი ქვების სროლით აიძულებდნენ დაეტოვებინათ გამაგრებული პოზიციები.
94. ტესტუდო (თესტუდო) ანუ „კუ“ ანტიკური სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი კარგი ნიმუშია. ფარებით ყველა მხრიდან დაცული მეომრები უახლოვდებოდნენ მტრის გალავანს ისე, რომ ისრებისგან დაცულნი იყვნენ და დანაკარგებს არ განიცდიდნენ. ასეთ ტაქტიკას რომაელები იყენებდნენ ძვ.წ. III ს-დან – ახ.წ. III საუკუნემდე.
95. კრეტელი მშვილდოსნები ანტიკურ ხანაში ხშირად მსახურობდნენ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნების სამხედრო ძალებში მოქირავნეების სახით, ისევე როგორც ბალეარელი (ბალეარის კუნძულებიდან) მეშურდულეები. კრეტელთა ნაწილები რესპუბლიკური რომის არმიაში ხშირად იყვნენ. სენატმა მათი ძალები გაიუს გრაკხუსის მომხრეების წინააღმდეგაც კი გამოიყენა. ასევე ჩანს, რომ მათ იყენებდა კეისარიც გალიის ომში. ნუმიდიელები (ჩრდილოეთ აფრიკაში) განსაკუთრებით განთქმულები იყვნენ როგორც მხედრები, თუმცა ამ შემთხვევაში მშვილდოსნებია დასახელებული. ისტორიკოსი ჯორჯ ჩისმენიც ამ მონაკვეთში ნუმიდიელებს არა როგორც მშვილდოსნებს, არამედ მხედრებს ისე განიხილავს. ნუმიდიელი მოკავშირეები რომაელთა ჯარში II პუნიკური ომის (ძვ.წ. 218–201) დროიდან მსახურობდნენ, მას შემდეგ რაც მათი მეფე მასინისა, მანამდე კართაგენელთა მოკავშირე, რომაელთა მხარეს გადავიდა. კრეტელი მშვილდოსნები მონაწილეობდნენ II პუნიკური ომის დროს სიცილიაზე მიმდინარე მოქმედებებში (თუმცა რომაელთა მოწინააღმდეგეების მხარეს), ბალეარელი მეშურდულეები კი კართაგენელთა მრავალ სამხედრო კამპანიაში ესპანეთის ტომებისა და რომაელების წინააღმდეგ. II პუნიკური ომის შემდგომ პერიოდში რომაელებმა თავადაც დაიწყეს ბალეარელთა დაქირავება. ბალეარელები მონაწილეობდნენ გნეუს პომპეუსისა და კვინტუს ცეცილიუს მეტელუსის სამხედრო კამპანიაშიც (ძვ.წ. 80–72) კვინტუს სერტორიუსის წინააღმდეგ, რომის სამოქალაქო ომის (სულასა და მარიუსის მომხრეთა შორის) დროს.
96. კატაპულტები, ბალისტები.
97. კვინტუს ტიტურიუს საბინუსი – კეისრის ერთ-ერთი ლეგატი გალიის ომში. მონაწილეობა მიიღო რემების წინააღმდეგ კამპანიაში ძვ.წ. 57 წელს. ძვ.წ. 56 წელს იბრძოდა ვენელიების ბელადის ვირიდოვიქსისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ჩრდილო-დასავლეთ გალიაში (ბელგ- თაგან სამხრეთით, შემდეგდროინდელ საფრანგეთის ნორმანდიაში). ძვ.წ. 54 წელს ებურონებმა ამბიორიქსისა და კატივოლკუსის მეთაურობით ღალატით გაიტყუეს ტიტურიუსისა და ლუციუს აურუნკულეიუს კოტას ლეგიონი და გაანადგურეს.
98. ნოვიოდუნუმის ანუ „ახალი ციხესიმაგრის“ სახელწოდება მიღებულია სიტყვებიდან. ამ სახელწოდებით მოიხსენიებდნენ რამდენიმე დასახლებას. დასახელებული ნოვიოდუნუმი მდებარეობდა დღევანდელი პომიეს კომუნის ტერიტორიაზე, სუასონის მხარეში (საფრანგეთის ჩრდილოეთში).
99. ბრატუსპანციუმი – ბელოვაკების გამაგრებული დასახლება (ე.წ. ოპიდუმი). მისი მდებარეობა ზუსტად არ არის დადგენილი.
100. საბისი – დღევანდელი მდინარე სამბრა, მდინარე მაასის შენაკადი. მოედინება ჩრდილოეთ საფრანგეთსა და ბელგიაში.
101. დაახლოებით 1 მეტრი (88,8 სმ).
102. მეათე კარიბჭე – იგივე უკანა კარიბჭე, საიდანაც ბანაკს სურსათ-სანოვაგით ამარაგებდნენ. სიტყვა დეცუმანა ანუ მეათე, მომდინარეობს ბანაკში მანიპულების (ქვეითთა დანაყოფი) ან ტურმების (საცხენოსნო დანაყოფი) განლაგებიდან I-დან X-მდე, მეათე კი ბანაკის თავდაცვით ზღუდესთან ყველაზე ახლოს ექცეოდა და შესაბამისად სიმაგრეების ამ ადგილზე გაკეთებულ კარიბჭეს მეათე კარიბჭეს – პორტა დეცუმანა-ს უწოდებდნენ.
103. სიგნიფერი – ლეგიონერი, რომელსაც კოჰორტის ან ცენტურიის შიგნუმს, ანუ შტანდარტის ტარება ევალებოდა. თითოეულ ლეგიონში 59-მდე სიგნიფერი იყო. თითოეული კოჰორტის პირველი ცენტურიის სიგნიფერი უფროსად ითვლებოდა.
104. VII ლეგიონი – გნეუს პომპეუსის მიერ ძვ.წ. 65 წელს ესპანეთში დაარსებული ლეგიონი. VII, IX, X ლეგიონებთან ერთად, VII ლეგიონი საიმპერიო რომის არმიაში ერთ-ერთი უძველესი შენაერთი იყო. ძვ.წ. 58 წლიდან ცისალპურ გალიაში გადაიყვანეს და კეისარს დაუქვემდებარეს, რის შემდეგაც მონაწილეობდა გალიის ომში. შემდგომში VII ლეგიონს უწოდეს ჩლაუდია (ლეგიო VII კლაუდია) რადგან 42 წელს, სკრიბონიანეს აჯანყების ჩასახშობად იმპერატორმა კლავდიუსმა სწორედ ისინი გამოიყენა (XI ლეგიონთან ერთად). დაკიის ომის დროს სწორედ VII ჩლაუდია ლეგიონის ჯარისკაცმა, ტიბერიუს კლავდიუს მაქსიმუსმა მიუტანა დაკების მეფე დეცებალის მოკვეთილი თავი იმპერატორ ტრაიანეს.
105. იხ. 16-ე აბზაცი.
106. იგულისხმება წნელისგან დაწნული ან ფიცრებით შეკრული დიდი, ოთხკუთხა ფარი, რომელსაც ალყის დროს იყენებდნენ გალავანთან უსაფრთხოდ მისაახლოებლად. სამხედრო ტერმინოლოგიაში ეწოდება მანტლეტი.
107. ეს ტომები ძირითადად ცხოვრობდნენ ბრეტანის ნახევარკუნძულზე. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ვენეტების ტომი. ვენეტები ცნობილები იყვნენ როგორც კარგი მეზღვაურები და ჰყავდათ ძლიერი ფლოტი (ბრეტანის ვენეტები არ უნდა აგვერიოს ადრიატიკის ვენეტებთან, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში ცხოვრობდნენ. მათ უკავშირდება ვენეციის სახელი).
108. კარნუტები – მძლავრი კელტური ტომი, რომელიც მოსახლეობდა მდინარე სენასა და ლუარას შორის გაშლილ ტერიტორიაზე, ცენტრალურ გალიაში. მათი მთავარი ქალაქი იყო ცენაბუმი (შემდგომში ეწოდა ორლეანი).
109. ანდები – კელტური ტომი. მოსახლეობდა არმორიკის მხარეში, რომელიც ნაწილობრივ მოიცავდა ბრეტანის ნახევარკუნძულს.
Комментариев нет:
Отправить комментарий