ა) ოსების მიგრაცია შიდა ქართლში
შიდა ქართლის ჩრდილოეთით, მთიანი და მთისწინა ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დღევანდელ ცხინვალის რეგიონს შეადგენს. XIX ს-ში რუსეთის იმპერიის კოლონიური პოლიტიკის შედეგად შიდა ქართლის მთიანეთში ისეთი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, დემოგრაფიული ვითარება შეიქმნა, რომელმაც აქ მცხოვრები ხალხების ერთმანეთისგან გაუცხოებას და ქართულ-ოსურ დაპირისპირებას შეუწყო ხელი. წარმოდგენილ სტატიაში შევეცდებით ვუჩვენოთ ამ პროცესებზე ცარისტული რუსეთის საეკლესიო-სამისიონერო და რელიგიური პოლიტიკის გავლენა, რომელმაც დემოგრაფიულ, ადმინისტრაციულ პოლიტიკასთან და სხვა ღონისძიებებთან ერთად არანაკლები როლი შეასრულა ქართულ-ოსური ურთიერთობების ფორმირებაზე.
ცნობილია, რომ არქეოლოგიური, არქიტექტურული, ეპიგრაფიკული ძეგლები, ტოპონიმური მონაცემები ერთხმად ადასტურებენ, რომ შიდა ქართლის მთიანეთის მკვიდრ მოსახლეობას უძველესი დროიდან ქართველები შეადგენდნენ [1, 125; 2, 156; 3, 167]. მიგრაციული, სოციალურ-პოლიტიკური თუ ისტორიული პროცესების შედეგად ამ რეგიონის ტერიტორიაზე ძირძველ ქართულ მოსახლეობასთან ერთად ებრაელები, სომხები, ოსები დასახლდნენ.
დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჩანს, რომ XIX ს-ის დასაწყისში, დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ებრაელები ქართველებთან ერთად, შერეულად, ძირითადად, ცხინვალში და ბრეთში ცხოვრობდნენ, ხოლო სომხები კი ცხინვალში, თამარაშენში, დირბში, ბრეთში, არცევში და ახალგორში. ებრაელებისა და სომხების შიდა ქართლში განსახლება, უმეტესწილად, სავაჭრო ურთიერთობებს ემყარებოდა [4, 465-469]. აქ მოსახლე ქართველები, ძირითადად, მართლმადიდებელი სარწმუნოების, ებრაელები _ იუდაიზმის, ხოლო სომხები გრიგორიანული და კათოლიკური აღმსარებლობლობის მიმდევარნი იყვნენ.
რაც შეხება ოსების შიდა ქართლის ტერიტორიაზე განსახლებას, ქართველი ისტორიკოსები უარყოფენ თვალსაზრისს საქართველოში მათი უძველესი დროიდან მკვიდრობის შესახებ. ოსების ისტორიული სამშობლო კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. XIII ს-ში მეზობელი ტომებისა და გარეშე მტრის შემოსევების შედეგად მათ ჩრდილოეთ კავკასიის მთიან ხეობებში დაიწყეს დასახლება. ეს პროცესი გაგრძელდა XV ს-მდე.
აღსანიშნავია, რომ XIII ს-ის ბოლოს მონღოლების მხარდაჭერით ოსების ერთი ჯგუფი შიდა ქართლში შემოიჭრა. გარკვეული ხნით მათ დაიკავეს გორი და შიდა ქართლის ციხეები. თუმცა, XIV ს-ში მეფე გიორგი ბრწყინვალემ შეძლო როგორც მონღოლების, ისე ოსების ქართლიდან განდევნა და ჩრდილოეთ კავკასიის ხეობებიდან შიდა ქართლში შემოსასვლელების ჩაკეტვა. ამით ოსთა მიგრაცია ქართველ მეფეთა კუთვნილ ტერიტორიებზე გარკვეული პერიოდით შეჩერდა. საქართველოს ისტორიულ პროვინციაში _ დვალეთში, რომელიც კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის მდებარე ე. წ. ნარ-მამისონის ქვაბულში მდებარეობდა, ოსების შემოსახლება XV ს-ის ბოლოდან დაწყებულა. ისტორიული დვალეთი შედგებოდა კასრის ხევის, ნარას, ჟღელის, ზროგოს, ზახას, ზრამაგას ხეობებისაგან. ოსთა მიგრაციის პროცესი აქ მთელი XVI ს-ის განმავლობაში მიმდინარეობდა და XVII ს-ში დასრულდა ოსების მიერ ადგილობრივი ქართველური ტომების დვალების ასიმილაციით [5, 218; 6, 94-95]. ეთნიკური და დემოგრაფიული ცვლილებების მიუხედავად, დვალეთი ქართველ მეფეთა სამფლობელოების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების შემდეგაც, ეს პროვინცია 1858 წლამდე საქართველოს საზღვრებში იყო, სანამ ის რუსეთმა ადმინისტრაციულად თერგის ოლქს დაუქვემდებარა.
ოსთა პირველი დასახლებები, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩნდება თრუსოს ხეობასა (მდ. თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (კავკასიონის ქედს გადმოღმა, დიდი ლიახვის სათავეებთან, ასევე დვალებით დასახლებული ტერიტორია). ჩრდილოეთ კავკასიის ხეობებიდან ოსების ამ ტერიტორიებზე დასახლება, სპეციალისტების აზრით, XVII ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება [6, 96; 7, 56]. ცნობილია, რომ XVII ს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის ტერიტორიები, მტრის შემოსევებისა და მცხოვრებთა მასობრივად ბარში გადასახლებისა გამო, ქართული მოსახლეობისგან დაიცალა.
იმის მიუხედავად, რომ შიდა ქართლის მთიანეთის (დიდი და პატარა ლიახვის ზემო წელი) ქართული მოსახლეობა ისტორიულ-პოლიტიკური ვითარების შედეგად უკვე აყრილი და ბარში გადასახლებულია, ხოლო ეს ტერიტორიები ნასოფლარებითაა მოფენილი, XVII ს-ის I ნახევარში აქ ოსები ჯერ არ ჩანან.
შიდა ქართლის მთიანეთში, კერძოდ, დიდი და პატარა ლიახვის სათავეებთან, ოსების მიგრაცია XVII ს-ის მეორე ნახევრიდან იწყება [5, 218-219]. XVIII ს-ის 30-იანი წლებისთვის ისინი განსახლებულები არიან დიდი და პატარა ლიახვის ხეობების მთიან ზოლში, მდინარეების მეჯუდის, ჯეჯორის, ქსნის, თერგის სათავეებთან.მთის ზოგიერთ სოფელში ოსები დარჩენილ ქართულ მოსახლეობასთან ერთად თანაცხოვრობენ [7, 57; 6, 96]. ვახუშტი ბაგრატიონის რუკის მიხედვით, ამ პერიოდისათვის, ოსებით კომპაქტურად დასახლებული სოფლები, შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში ჯერ არ არსებობდა [8, 69]. მკვლევარი რ. თოფჩიშვილი XVIII ს-ის ბოლოსათვის ოსთა სამხრეთით განსახლების უკიდურეს პუნქტებად მიიჩნევს (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით): კუდაროს (მდ. ჯეჯორის სათავე რაჭაში), გუფთას (დიდი ლიახვის ხეობა), აწერისხევის ხეობის ზედა ნაწილს (პატარა ლიახვის ხეობაში), მდ. მეჯუდის ხეობის სათავეში ორ სოფელს, ჟამურს (ქსნის ხეობის სათავე), ღუდას (მდ. თეთრი არაგვის ხეობის სათავე მთიულეთში), თრუსოს (მდ. თერგის სათავე) [6, 97]. ამგვარად, XVIII ს-ის დასასრულისათვის ოსები, ძირითადად, შიდა ქართლის მთიან ადგილებში იყვნენ დასახლებულები.
XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დამდეგიდან კი იწყება ოსების შიდა ქართლის მთიანეთიდან მთისწინეთისა და ბარის სოფლებში ან ნასოფლარებში ჩასახლება. ამ პერიოდისათვის ისინი იკავებენ პატარა ლიახვის, ლეხურის, მეჯუდის და ფრონეს ხეობების მთისწინეთის ტერიტორიებს. აქ ისინი ხშირ შემთხვევაში ქართულ მოსახლეობასთან შერეულად სახლობდნენ.
რუსული წყარო, რომელიც 1802 წლით თარიღდება, შეიცავს მონაცემებს გორისა და დუშეთის მაზრების სოფლების მოსახლეობის ეროვნების და მიწების კუთვნილების შესახებ. ეს დოკუმენტი ოსებით კომპაქტურად დასახლებულ შემდეგ სოფლებს ასახელებს: ყორნისი (სათავადო), ტბეთი (საუფლისწულო და სათავადო), კუსირეთი (სათავადო), მაჩაბლები (სათავადო); მცირე ლიახვის ხეობაში - ღვდისი, პოტრისი და კიდევ რამდენიმე სოფელი - სახელმწიფო; მაღრან-დვალეთში - ჭვრივი, მღრივი და რამდენიმე სხვა სოფელი (სახელმწიფო), აგრეთვე, სათიხარი (საეკლესიო), ყულბითი (სათავადო); ქსნის ხეობაში - ხრომის წყარო (საეკლესიო), იკოთი (საეკლესიო), ჭურთის ხევი (საუფლისწულო), ჟამურის ხევი (საუფლისწულო), ცხრაძმის ხევი (სახელმწიფო); არაგვის აუზში - თრუსოს ხეობა, კოპი-აჩხოტი, გუდა-ოსნი (სამივე საუფლისწულო) [4, 465-469].
იგივე წყარო შეიცავს ცნობებს იმ სოფლების შესახებ, სადაც ქართულ-ოსური შერეული მოსახლეობა მკვიდრობდა: ძველეთი (სათავადო), სვერი (სათავადო), ერედვი, ქორდი (საეკლესიო და სათავადო), დიცი (სახელმწიფო და სათავადო), აწერის ხევი (სახელმწიფო), ჭარები (სათავადო), სნეკვი (სათავადო), ბელოთი (სახელმწიფო), საცხენისი (საეკლესიო), ვანათი (სახელმწიფო), ზარდიაანთ-კარი (სათავადო), მერეთი (სათავადო), კარბი (საუფლისწულო და სათავადო), არბო (სახელმწიფო და საეკლესიო), საკორინთო (სათავადო), კირბალო (სათავადო), ბერშათი (სათავადო), ლამის-ყანა (საუფლისწულო და სათავადო) [4, 465-469].
სხვადასხვა წყაროთა მონაცემებზე დაყრდნობით, ქართველი მეცნიერები ასაბუთებენ, რომ XIX ს-ის პირველ ნახევარში შიდა ქართლის მთიდან მთისწინეთსა და ბარში ჩასახლების პროცესი ინტენსიურობით არ გამოირჩეოდა. ოსების შიდა ქართლის ბარის სოფლებში აქტიური ჩამოსახლება და მათი დასახლკარება XIX ს-ის შუა წლებიდან იწყება და XIX ს-ის ბოლომდე გრძელდება [5, 220; 7, 58].
ამგვარად, სამეცნიერო ლიტერატურაში დასაბუთებულია, რომ XVII-XVIII საუკუნეების განმავლობაში ოსთა ჩამოსახლება, მათი კომპაქტური განსახლება დღევანდელი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მოხდა არა ერთდროულად, არამედ თანდათანობით. ეს პროცესი განაპირობა საქართველოსა და ცენტრალური კავკასიონის მთის რაიონებში შექმნილმა ისტორიულმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა სიტუაციამ [9, 429]. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ახსნილია, რომ შიდა ქართლის დაცლას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საგარეო მტრის შემოსევების შედეგად შიდა ქართლის მოსახლეობის შემცირებამ, ქართლის მთიანეთიდან ძირძველი ქართული მოსახლეობის ბარისკენ გადანაცვლებამ, ერეკლე I-ის (ნაზარალიხანი) მიერ ქართლიდან, ძირითადად, ქსნის საერისთავოდან, კახეთში მოსახლეობის დიდი ნაწილის გადასახლებამ [10, 224]. გაუკაცრიელებული მიწები უცხო ეთნიკური ჯგუფების დასახლებისთვის ხელსაყრელ პირობას ქმნიდა. მუშახელის სიმცირის გამო, ადგილობრივ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე ოსები ხიზნებად სახლდებოდნენ; ქართველთა ნასახლარებზე დასახლებას, მათ დაყმევებას ხელს ქართველი ადგილობრივი თავადაზნაურებიც უწყობდნენ [7, 56; 9, 430; 10, 276; 11, 60-61, 64]. ამ პროცესს XVIII საუკუნის ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ასე გადმოსცემს: `ამ მთის ადგილებთა შინა... რაოდენი ოვსნი დავსწერეთ... პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომათ მეპატრონეთა მათთაგან გარდმოსახლებულან ოვსნი და ქართველნი ბართა შინა ჩამოსულან, ვინათგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი შემცირებულან~ [8, 71]. აღსანიშნავია, რომ ოსთა ჩამოსახლების პროცესი, ხშირ შემთხვევაში, მშვიდობიანი არ იყო. ოსების მიერ ქართლის სოფლების დარბევის, ადამიანების გატაცებისა და ძარცვის ფაქტებს არაერთი წყარო მოწმობს. ქართლის დასახლებულსოფლებს ისინი თავდასხმების გზითაც იკავებდნენ [9, 431].
საინტერესოა, XIX ს-ის დასაწყისისთვის ცხინვალის რეგიონში მობინადრე ოსების რაოდენობის შესახებ ცნობები და მეცნიერთა მიერ გამოთქმული დასკვნები. საქართველოში ოსების განსახლების არეალის და მათი რაოდენობის განსაზღვრის საკითხში მკვლევართა შორის დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა. ოსი მეცნიერები, დოკუმენტური წყაროების თავისებური ინტერპრეტაციის შედეგად, ცდილობენ დაამტკიცონ XVIII ს-ში ჩრდილოეთ კავკასიიდან ქართლში ოსთა დიდი ჯგუფის ორგანიზებული გადმოსახლების შესახებ თვალსაზრისი [12, 201-202]. ამასთანავე, ისინი შიდა ქართლში მობინადრე ოსების საკმაოდ მაღალ ციფრს ასახელებენ. ისტორიკოსი გ. თოგოშვილი თავის ერთ-ერთ ნაშრომში დაასკვნის, რომ XVIII ს-ში საქართველოში ოსების 6000 კომლი ცხოვრობდა [12, 165]. მოგვიანებით გამოცემულ წიგნში მან ეს რიცხვი გაზარდა და XVIII ს-ის მეორე ნახევრისათვის საქართველოში ოსების 7000-ზე მეტი კომლის არსებობა ივარაუდა [13, 108].
ქართველი მეცნიერები უარყოფენ ამ თვალსაზრისს და თვლიან, რომ XVII-XVIII საუკუნეებში და XIX ს-ის პირველ ნახევარში ოსები საქართველოში უმნიშვნელო რაოდენობით ცხოვრობდნენ. ისტორიკოსი ჯ. გვასალია ეყრდნობა 1770 წლის აღწერის მონაცემებს და მიიჩნევს, რომ XVIII ს-ის 70-იან წლებში ქართლში 2860 კომლი ოსი მკვიდრობდა [7, 57]. რ. თოფჩიშვილი საისტორიო წყაროებისა და კამერალური აღწერების ანალიზის საფუძველზე, მეტად არგუმენტირებულად, ასაბუთებს XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის პირველ ნახევრში ქართლში დასახლებული ოსების რაოდენობას. მისი გამოთვლით, XVIII ს-ის ბოლოს და XIX ს-ის დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიაზე (საქართველოს ისტორიული პროვინციის დვალეთის გამოკლებით) მოსახლე ოსების რაოდენობა 2130 კომლს შეადგენდა. ერთ ოჯახში მეცნიერი საშუალოდ 7 სულს ანგარიშობს, რაც სულ 14 910 ადამიანს შეადგენს, ანუ დაახლოებით 15000-მდე სულს [5, 165, 169; 6, 100]. დემოგრაფი ა. თოთაძის დაანგარიშებით, ოსების რიცხვი საქართველოში 1833 წელს 14000 სული უნდა ყოფილიყო. XIX ს-ის შუა წლებიდან XIX ს-ის 80-90-იან წლებამდე საქართველოში ოსების რიცხვი მკვეთრად იზრდება. ეს პროცესი, მეცნიერთა აზრით, მოსახლეობის ბუნებრივი მატებით ვერ აიხსნება და ადასტურებს კავკასიონის ჩრდილოეთიდან ოსების მასობრივ მიგრაციას [14, 19].
აღსანიშნავია, რომ ცხინვალს XVIII საუკუნიდან უკვე ქალაქის სტატუსი აქვს. XVIII ს-ის ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს, რომ „დიდი ლიახვის კიდეზედ არის მცირე ქალაქი ცხინვალი, კეთილ _ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი“ [8, 76].
საინტერესოა ასევე, დემოგრაფიული მონაცემები ცხინვალის შესახებ. შიდა ქართლის მოსახლეობის აღწერის დავთარი, რომელსაც მკვლევარი ა. თაბუაშვილი 1781 წლით ათარიღებს, ცხინვალში ითვლის 130 კომლს, ამასთან, ზედმიწევნით ზუსტად გადმოსცემს ქალაქის მოსახლეობის ეთნიკურ სურათს, რომლის მიხედვით, ქალაქში უცხოვრიათ მხოლოდ ქართული, სომხური და ებრაული ეთნოსის წარმომადგენლებს [15, 15-18, 24, 36-44].
შიდა ქართლის მთიანეთის ხეობებში ოსი მოსახლეობის განსახლების არეალის, მათი სულადობრივი და კომლობრივი რაოდენობის შესახებ ღირებულ ცნობებს შეიცავს, „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მქადაგებლის არქიმანდრიტ ნიკიფორეს მიერ 1817-1818 წლებში შედგენილი აღწერილობა, რომელიც მას საქართველოს ეგზარქოს თეოფილაქტეს დავალებით შეუსრულებია [25, 448-462]. წყაროს მიზანი შიდა ქართლში ოსებით დასახლებულ ხეობებსა და სოფლებში მონათლული და მოსანათლი მოსახლეობის აღნუსხვა იყო. უნდა დადგენილიყო, აგრეთვე, რომელ თავადს ეკუთვნოდა აღწერილი ხეობის ან სოფლის მიწები. არქიმანდრიტ ნიკიფორეს მოხსენებითი ბარათები შეიცავენ ცნობებს XIX ს-ის 10-იან წლებში აღნიშნული რეგიონის 19 ხეობის სოფლებში ოსების განსახლებისა და რაოდენობის შესახებ [25, 455-460].
საეკლესიო წყაროების მონაცემები, სასულიერო მოღვაწეების მიერ შედგენილი დოკუმენტები, მათ მიერ მოწოდებული მასალები ანგარიშგასაწევ ცნობებს შეიცავენ ისტორიული რეალობის აღსადგენად, რადგან საეკლესიო პირებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ადგილობრივ მოსახლეობასთან, კარგად იცნობდნენ არსებულ ვითარებას. ვფიქრობ, არქიმანდრიტ ნიკიფორეს ცნობები სხვადასხვა წყაროებთან ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად დააზუსტებს ან გაამყარებს ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებებს XIX საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლში ოსი მოსახლეობის რაოდენობისა და განსახლების არეალის შესახებ. წარმოდგენილ ნაშრომში ამ საკითხს არ შევეხებით, რადგან ეს არ არის სტატიის მიზანი. ამჯერად, აღვნიშნავთ, რომ არქიმანდრიტ ნიკიფორეს მიერ შედგენილ დოკუმენტში ქ. ცხინვალის მონაცემები შეტანილი არ არის [25, 455-460]. ეს წყარო სხვა მონაცემებთან ერთად კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ XIX საუკუნის 10-იანი წლებისთვის ქ. ცხინვალში ოსი მოსახლეობა არ აღირიცხებოდა. აღსანიშნავია ასევე, რომ რუსული წყაროების მონაცემებისა და რუსი მოხელეების მიერ ჩატარებული აღწერების მიხედვით, მთელი XIX საუკუნის განმავლობაში ოსი ეროვნების ოჯახები ქალაქ ცხინვალში არ ფიქსირდება.
შიდა ქართლის მთის მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა რუსული რეჟიმის მიერ შეწერილი ფულადი გადასახადები, საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე დაწესებული ბეგარა. ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გზებისა და ხიდების მშენებლობასა და შეკეთებას, ჯარის ამუნიციის გადატანას, სურსათითა და ფურაჟით რუსული ჯარის უზრუნველყოფას.
XIX ს-ის დასაწყისში ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარებას ანტირუსული აჯანყებები და გამოსვლები მოჰყვა, რომელთაც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველ უფლისწულებს განსაკუთრებული მხარდაჭერა შიდა ქართლის მთიანეთში დასახლებულმა ოსებმა გაუწიეს. ისინი ამ ტერიტორიებზე დასახლების შემდეგ ქართველ მეფეთა ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ და მზად იყვნენ ქართველი უფლისწულების მხარეს რუსების წინააღმდეგ ებრძოლათ.
ოსების გამოსვლები რუსების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, 1801 წლიდან დაიწყო. 1802 წელს ქართველმა ბატონიშვილებმა იულონმა, ფარნაოზმა და ლეონ იულონის ძემ შიდა ქართლის მთიანეთში დასახლებულ ოსებთან კავშირი გააბეს, რის შედეგადაც 1802 წელს ოსების ანტირუსულმა გამოსვლამ უფრო მძაფრი ხასიათი შეიძინა. ისინი თავს დაესხნენ რუსების ჯარს და რუსების მომხრე თავადი მაჩაბელი მოკლეს. გენერალი ლაზარევი აღნიშნავდა: „საქართველოს ქვეშევრდომი ოსები წაქეზებულნი ბატონიშვილ იულონის მიერ, რომ ის დახმარებას გაუწევს, დიდად შმაგობენ და თავისი ბატონი მაჩაბელიც კი მოკლეს“ [4, 58]. ოსების მღელვარების ჩასაქრობად, 1802 წლის თებერვალში რუსულმა ხელისუფლებამ დიდი და პატარა ლიახვის და ფცის ხეობაში პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ექსპედიცია გაგზავნა. მან შეძლო შიდა ქართლის მთიანეთისა და მთისწინეთის ოსების დამშვიდება და მათ რუსეთის ერთგულების ფიცი მიაღებინა. ჯავასა და ვანათში დააარსა სასამართლოები, რომლებსაც მოსამართლეებად ადგილობრივი ქართველი თავადები დაუნიშნეს. 1802 წლის ზაფხულში იულონ და ფარნაოზ ერეკლეს ძე ბაგრატიონები იმერეთიდან შიდა ქართლის დასაკავებლად დაიძრნენ, მაგრამ რუსებმა მოახერხეს მათი გეგმების ჩაშლა. ლეონ ბატონიშვილი ერთხანს დვალეთში, ნარის ხეობაში აფარებდა თავს და იქაურ მოსახლეობას რაზმავდა რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად [12, 6].
ოსების კავშირი ქართველთა განმათავისუფლებელ მოძრაობასთან 1804 წელს ქართლის მთიანეთის აჯანყების დროსაც გამოვლინდა. ამ აჯანყებაში მთიულები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები და თრუსოს ხეობის ოსები, ასევე თაგაურებიც, მონაწილეობდნენ [12, 7; 17, 94]. მათ აჯანყებას 300 ოსისა და ქისტისგან შემდგარი რაზმით თაგაურელი (ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური თემი) ოსების წინამძღოლი დუდაროვიც (დუდარუკი) შეუერთდა [12, 7; 16, 307-308; 17, 100-102]. მათ ერთობლივად შეძლეს რუსეთის ჯარისთვის სამხრეთ კავკასიაში შემოსასვლელის _ „დარიალის კარის“ ჩაკეტვა.
აგვისტოს პირველ რიცხვებში ძლიერი შეტაკება აჯანყებულებსა და რუსების ჯარს შორის ლომისის მთაზე მოხდა. ლომისის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ქსნისა და არაგვის ხეობის დამაკავშირებელ გზებსა და ბილიკებს აკონტროლებდა. ამ გზებით აჯანყების გავრცელება ქსნის ხეობაშიც იყო შესაძლებელი. აჯანყებულებს ჟამურის, ჭურთის, მუჯუდის ხეობების ოსი მოსახლეობაც შეუერთდა. მთიულებმა, ოსებმა და ხევსურებმა გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების ჯარებს, რომელსაც მაიორი მელლა ხელმძღვანელობდა, გზა გადაუკეტეს და ალყაში მოაქციეს. მაიორმა მელლამ დიდი ზარალის ფასად ალყას თავი ძლივს დააღწია. რუსთა ჯარმა პოზიციები დატოვა და ლომისი აჯანყებულების ხელში გადავიდა [16, 326; 17, 115-118]. აჯანყება ქსნის ხეობასაც მოედო.
1804 წლის სექტემბერში მთიანეთში მოსულმა ფარნაოზ ბატონიშვილმა ახალი ენერგია შემატა აჯანყებულებს. მან მოწოდებით მიმართა ქურთათელ (ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური თემი) ოსებს, რომ რუსის ჯარი არ გამოეტარებინათ [12, 8]. დარიალის ხეობის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთის ჯარისთვის გზა როკის გადმოსასვლელზე რჩებოდა. ამ გზით ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული პოლკი შემოვიდა, რომელიც ჯავასა და როკს შორის ოსებმა მოიმწყვდიეს და დაატყვევეს [18, 132; 19, 94]. გენერალმა ციციანოვმა, რომელიც ამ დროს სპარსეთთან ომში იყო ჩაბმული, ერევნის ალყა მოხსნა და ჯარები აჯანყების ჩასაქრობად დაძრა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავის ოსებმა მთავრობის მორჩილება იკისრეს, გენერალმა ციციანოვმა გადაწვა სოფელი კროჟა, დაანგრია კოშკები, მაგრამ პოლკის დატყვევებული ჯარისკაცების დაბრუნება ვერ შეძლო. არაგვის ხეობაში აჯანყებულებს რუსების ჯარმა ჩრდილოეთიდან შემოუტია და აიღო ლარსი, დარიალი, ანანური. ქართლის მთიანეთის აჯანყება დამარცხდა. მისმა მეთაურებმა ლევან ნაზღაიძემ და დეკანოზმა შიო ბურდულმა ჟამურის ოსებთან შეაფარეს თავი, რის გამოც რუსებმა ეს სოფლები ააოხრეს და გადაწვეს.
ამის შემდეგ მეთაურები სოფელ ღუდას გადავიდნენ [16, 335]. რუსეთის ხელისუფლებამ 1807 წელს ეპიდემიის გამო მთის სოფლების ბარის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაკეტა. მოსახლეობა ერთგვარ ბლოკადაში აღმოჩნდა, პროდუქტისა და მომარაგების გარეშე დარჩა. ამან 1807 წელს დიდი ლიახვის ხეობაში ქართველი და ოსი მოსახლეობის ერთობლივი ანტირუსული გამოსვლა გამოიწვია. ხელისუფლების მიერ გამოგზავნილმა ექსპედიციამ მაიორ ზაიცევის ხელმძღვანელობით სასტიკად დაარბია ქემერტის ქართულოსური მოსახლეობა. 1807 წელს ქართველი და ოსი მოსახლეობის ანტირუსულ გამოსვლას ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, ქსნის და ლეხურის ხეობაში. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილმა ექსპედიციამ მაიორ ზაიცევის მეთაურობით მღელვარება ჩააცხრო [12, 9].
1810-1811 წლებში სამაჩაბლოს ოსები ლეონ ბატონიშვილის მხარდასაჭერად აჯანყდნენ. „მეფის ძემ ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოს შინა, რათა მანცა შემკრებელმან ოვსთამან მრძოს რუსთ. მისრული ლეონ შეიწყნარეს ოვსთა შეკრბნენ მისთანა“ [19, 106]. მან 2000 ოსით ცხინვალს შეუტია, მაგრამ ვერ აიღო. ხელისუფლებამ ოსების აჯანყების ჩასახშობად პოლკოვნიკ სტალის ხელმძღვანელობით ჯარიგამოგზავნა, რომელმაც იერში ლომსიანთხევისა და ჯავის მიმართულებით მიიტანა. აჯანყებულები ორივე მიმართულებით დამარცხდნენ. რუსები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს, დაწვეს 20 სოფელი, დაანგრიეს საგვარეულო კოშკები. ლეონ ბატონიშვილი იძულებული გახდა შიდა ქართლის მთიანეთი დაეტოვებინა და ახალციხისკენ წასულიყო. ახალციხის გზაზე მიმავალი ლეონ ბატონიშვილი ლეკებმა მოკლეს [12, 10; 20, 84-90; 21, 44].
შიდა ქართლის მთიანეთის ოსების მღელვარებას ადგილი ჰქონდა კახეთის აჯანყების დროსაც. ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონმა, რომელიც ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა (1812-1813 წწ.), ლიახვის, ჭვრივის, გერის, არაგვის, მთიანეთის, თრუსოს და სხვა ხეობათა მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდა. ოსების მიმხრობით აჯანყებულები კავკასიის მთავარ ქედზე საკომუნიკაციო გზების გადაკეტვას ცდილობდნენ. ოსების დიდმა ნაწილმა ალექსანდრე ერეკლეს ძეს მხარი დაუჭირა, მაგრამ რუსული ჯარების ძლიერი წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდნენ ბრძოლა შეეჩერებინათ [22, 63].
რუსეთის ხელისუფლებამ შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსების დამორჩილება მთავარმართებელ პასკევიჩის დროს შეძლო, როდესაც 1831 წელს, გენერალ რენენკამპფის ხელმძღვანელობით, სპეციალური სამხედრო ექსპედიცია ჩატარდა.
ამრიგად, XIX ს-ის დასაწყისში გაშლილ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლების ბრძოლას ტახტის აღდგენისთვის შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა მხარს უჭერდა. ამით მათ ქართლ-კახეთის სამეფოს ერთგულება დაადასტურეს. ეს ნათლად მეტყველებს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დასახლებული ოსი ხალხი თავს ქართული სახელმწიფოსა და სამეფოს ორგანულ და განუყოფელ ნაწილად თვლიდა.
XIX ს-ის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა ამ რეგიონში მისთვის სასურველი და ხელსაყრელი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, დემოგრაფიული სურათი შეექმნა, ხელი შეეწყო ქართულ-ოსური დაპირისპირებისა და გაუცხოებისთვის.
რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, შიდა ქართლის ოსი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების აღსანიშნავად საკმაოდ აქტიურად მკვიდრდება ტერმინი _ „ოსეთი“. ამ პროცესს ხელს რუსი სახელმწიფო მოხელეები უწყობდნენ. ჯერ კიდევ 1802 წელს, გენერალ-ლეიტენანტმა კარლ კნორინგმა რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნილ პატაკში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სათავეებთან, ოსებით დასახლებულ მთიან რაიონებს „ოსეთი“ უწოდა [23, 38; 11, 86]. შემდგომში სხვადასხვა რუსი მოხელეები ამ ტერმინს იყენებენ უკვე მდინარეების _ ქსნის, მეჯუდის, ლეხურის და ფცის ზემოწელში ოსებით დასახლებული ტერიტორიების მიმართ. XIX ს-ის 30-იან წლებამდე რუსული დოკუმენტები შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიებს შემდეგი სახელებით იხსენიებენ: საქართველოს ოსეთი, ქართლის ოსეთი, საქართველოს ოსები, ჩრდილოეთ ქართლის და ა. შ. [23, 39]. ამ ტერმინის ხსენება, ძირითადად, პირად მიმოწერებში, პატაკებსა და არაოფიციალურ განცხადებებში ხდებოდა.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინის _ „ოსეთის“ დამკვიდრებას საქართველოში განსაკუთრებულად რუსეთის საეკლესიო- რელიგიურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. რელიგიურ ფაქტორს რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის მოხერხებულად იყენებდა მეზობელი ხალხებისა თუ ქვეყნების თავის ქვეშევრდომობაში მოსაქცევად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიის კავკასიაში დამკვიდრების პოლიტიკა, სამხრეთით საზღვრების გაფართოების, მეზობელი ხალხების დამორჩილებისა და რუსიფიკაციის სურვილი მოითხოვდა სამისიონერო საქმის განსაკუთრებულ გააქტიურებას. „ინოროდცების“ გასაქრისტიანებლად მისიები იგზავნებოდა. „ერთმორწმუნეობა“, მართლმადიდებლობაზე მოქცევა იყო ის იდეოლოგიური ბერკეტი, რომელსაც უნდა განესაზღვრა ამა თუ იმ ხალხის რუსული პოლიტიკური ორიენტაცია და კურსი [26, 326].
ჯერ კიდევ, XVIII ს-ში რუსეთისთვის აქტუალური გახდა ოსების გაქრისტიანება და ამ გზით პრორუსული ორიენტაციის ფორმირება. 1745-1792 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ფუნქციონირებდა „ოსეთის სასულიერო კომისია“, ცენტრით მოზდოკში. სამისიონერო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლის მიზანი ამ რეგიონში ოსების გაქრისტიანება იყო, მიუთითებდა, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად და დასაყრდენად სწორედ ეს ხალხი შეირჩა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში იმპერიის მიერ კავკასიის კოლონიური ათვისების მიმართულება ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისკენ დაიგეგმა. თუმცა ამ მისიის მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა და „კომისია“ საუკუნის ბოლოს გაუქმდა.
ქართლ-კახეთის დაპყრობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთმა კავკასიის მთიელებში ქრისტიანული სარწმუნოების შეტანა საქართველოს გამოყენებით სცადა. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ დოსითეოს ფიცხელაურის მიერ შედგენილი პროექტი, რომელსაც 1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოაწერა ხელი, სხვა საკითხებთან ერთად „ოსეთის სასულიერო კომისიის“ აღდგენასაც ითვალისწინებდა. 1815 წლის 15 სექტემბერს სინოდის განკარგულებით აღნიშნულმა სამისიონერო ორგანიზაციამ მოღვაწეობა განაახლა. ამჯერად, მისი ცენტრი თბილისი გახდა [24, 54; 27, 234; 28, 27]. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ კავკასიის ათვისების მიმართულება რადიკალურად შეიცვალა _ სამხრეთ კავკასიიდან ჩრდილოეთისკენ. ხელისუფლებამ ოსების გაქრისტიანების პროცესი, ამჯერად, საქართველოდან დაიწყო. საწყის ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ქართველი სასულიერო პირების დახმარებით მომხდარიყო კავკასიის მთიელების, განსაკუთრებით, ოსების გაქრისტიანება. თუმცა, XIX ს-ის 30-იანი წლებიდან უკვე გამოიკვეთა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მოღვაწეობაში ქართველი სასულიერო პირების ოსი და რუსი ეროვნების სამღვდელოებით და მისიონერებით ჩანაცვლების ტენდენცია. მისიის ფუნქციაში შედიოდა თავდაპირველად შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე დასახლებული ოსების გაქრისტიანება. კომისიის სახელწოდება იგივე დარჩა _ „ოსეთის სასულიერო კომისია“. მისი საქმიანობა გულისხმობდა: მთიელთა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად მისიების გაგზავნას, ეკლესიების მშენებლობას, სკოლების გახსნას, ადგილობრივ ენებზე საღვთისმეტყველო ლიტერატურის თარგმნას. მისიის ფუნქციონირებისთვის თავდაპირველად სახელმწიფომ გამოყო 14750 მანეთი, კაზაკთა ასეული და 30 გამცილებელი [29, 69]. `სასულიერო კომისიას~ სათავეში ჩაუდგა არქიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური და დაექვემდებარა უშუალოდ რუსეთის უწმინდეს სინოდს [29, 70].
სწორედ, ამ პროცესის პარალელურად, 1814-1818 წლებში შიდა ქართლის მთიანეთში შეიქმნა საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც „ოსეთის ეპარქია“ ეწოდა [29, 24; 30, 53-54, 56]. მას სათავეში ჩაუყენეს გორის არქიეპისკოპოსი _ დოსითეოს ფიცხელაური, რომელიც ამავე დროს „ოსეთის სასულიერო კომისიის“ ხელმძღვანელად იყო დანიშნული. „ოსეთის ეპარქიის“ დაარსებით მოინიშნა ტერიტორია, სადაც უნდა ემოქმედა „ოსეთის სასულიერო კომისიას“. ახლად აღდგენილმა „კომისიამ“ სწორედ ამ ეპარქიიდან დაიწყო ოსების გაქრისტიანება. ტერმინი _ „ოსეთი“, უკვე ოფიციალური ორგანიზაციის („ოსეთის სასულიერო კომისია“) სახელწოდებაში, ასევე, საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებაში, შიდა ქართლის მთიანეთის ძირძველი ტერიტორიების აღსანიშნად დამკვიდრდა. „ოსეთის სასულიერო კომისია“ XIX საუკუნის 60-იან წლებამდე მოქმედებდა.
ოსი მოსახლეობის მთიანი რეგიონიდან სამხრეთით ჩამოსახლებასთან ერთად, ფართოვდებოდა ის არეალი, რომლის ფარგლებშიც ამ ორგანიზაციას უნდა ემოქმედა [26, 328]. ამგვარად, XIX ს-ის 10-20-იანი წლებიდან რუსეთის საეკლესიოადმინისტრაციული და რელიგიური პოლიტიკის წყალობით თითქოს შეფარულად, მაგრამ მეტად ეფექტურად ხდება ტერმინის „ოსეთის“ დამკვიდრება და დამაგრება საქართველოს ონომასტიკურ ველზე.
სახელწოდება „ოსეთი“ მალე შიდა ქართლის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ დასახელებაშიც აისახა. 1843 წელს ოფიციალურად გაიხსნა ოსეთის ოკრუგი, ის დაიყო სამ _ ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის (ისტორიული დვალეთის ტერიტორია) უბნებად. ამგვარად, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ოსებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს „ოსეთი“ უწოდეს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ტერმინოლოგიაში ტოპონიმი „ოსეთი“ პირველად, სწორედ, XIX ს-ის 40-იანი წლებიდან შემოიტანა, როდესაც 1843 წელს შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ოსებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს „ოსეთის ოკრუგი“ უწოდა [7, 58]. თუმცა რეალურად ირკვევა, რომ ტერმინი „ოსეთი“ საეკლესიო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ლექსიკონში დაახლოებით 3 ათეული წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაარსდებოდა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული _ „ოსეთის ოკრუგი“ (1843 წელს), როდესაც 1814-1818 წლებში შიდა ქართლის მთიანეთის ტერიტორიაზე არსებობდა „ოსეთის ეპარქია“.
ამგვარად, შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინი _ „ოსეთი“ ოფიციალურად პირველად რუსეთის სამისიონერო ორგანიზაციისა და საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებაში გაჟღერდა. ამ ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რუსეთის საეკლესიო-რელიგიურმა პოლიტიკამ შეუმზადა საფუძველი, ხოლო შემდეგ ის საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისრტაციულ რუკაზე გაჩნდა. ეს იყო ე.წ. ტოპონიმური დივერსია, რომელსაც ქართულ მიწა-წყალზე ოსთა ტერიტორიული პრეტენზიებისთვის ნიადაგი უნდა შეემზადებინა. ამგვარი პოლიტიკა მთელი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გრძელდება.
1859 წელს თბილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგს ნარის უბანი ჩამოაშორეს და ჩრდილო კავკასიაში შექმნილ „ოსეთის სამხედრო ოკრუგს“ მიუერთეს. შემდგომ პერიოდში ნარის უბანი თერგის ოლქს გადაეცა, 1924 წელს კი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდა. ამგვარად, საქართველომ ისტორიული დვალეთის ტერიტორია დაკარგა [7, 58]. ამასთანავე, სახელწოდებები _ „ოსეთის ეპარქია“, „ოსეთის სასულიერო კომისია“, „ოსეთის ოკრუგი“ უკვე გულისხმობდა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოსახლე ოსების თვითშეგნებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ეს მიწები მათი კუთვნილებაა.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, პირველად 1830 წელს ახსენა გაზეთმა „ტიფლისკიე ვედომოსტიმ“ („Тифлисские ведомости“) [23, 39; 32, 124]. ის კორესპონდენტმა საკუთარი ინიციატივით გამოიყენა. ოფიციალურად კი ტერმინი _ „სამხრეთ ოსეთი“ XIX ს-ის 60-იან წლებში „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების“ ანგარიშში გვხვდება [31, 272]. ეს ორგანიზაცია შეიქმნა 1860 წელს, როდესაც გაუქმდა „ოსეთის სასულიერო კომისია“, რომელმაც ამ პერიოდისათვის თავისი მისია შეასრულა. მის განკარგულებაში არსებული თანხები გადაეცა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“. ცნობილია, რომ XIX საუკუნის II ნახევარში კავკასიაში სამისიონერო საქმის გააქტიურებამ რუსეთის იმპერიისათვის სახელმწიფო მნიშვნელობა შეიძინა, რაც დაკავშირებული იყო კავკასიის ომების დამამთავრებელ ეტაპთან. იარაღით დაპყრობილი კავკასიელი მთიელების დამორჩილების, მათი რუსიფიკაციის პროცესში ქრისტიანულ რელიგიას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. კავკასიის მეფისნაცვალი ა. ბარიატინსკი (1856-1862), რომლის ინიციატივითაც შეიქმნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოება“, პეტერბურგში კავკასიის კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში, ასაბუთებდა რა კავკასიაში სამისიონერო სამუშაოების გააქტიურებისათვის განსაკუთრებული საზოგადოების დაარსების აუცილებლობას, აღნიშნავდა: `მართლმადიდებლური სარწმუნოება რუსეთის უმთავრეს სახალხო ძალას წარმოადგენს... საჭიროა რომ ყოველმა რუსმა თავისი სამშობლოს სადიდებლად ამაგი დასდოს და წვლილი შეიტანოს მართლმადიდებლობის გავრცელების საქმეში. ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხმევა. რასაც ვერ გააკეთებს ერთი რუსი, იმას შეძლებს მთელი რუსეთი“ [30, 109]. ამგვარად, ტერმინის _ „სამხრეთ ოსეთი“ _ შემოტანა სამისიონერო-რელიგიური ორგანიზაციის მეშვეობით იწყება, რასაც აღნიშნული რეგიონის ტერიტორიაზე გატარებული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცვლილებები ამყარებს.
რუსეთის ადმინისტრაციული პოლიტიკით, ჯერ კიდევ, XIX საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში „ოსეთის სამხედრო ოკრუგის“, ხოლო კავკასიონის სამხრეთით „ოსეთის ოკრუგის“ დაარსებამ საფუძველი მოუმზადა უკვე XX საუკუნეში ტოპონიმური წყვილის _ „ჩრდილოეთ ოსეთის“ და „სამხრეთ ოსეთის“ გაჩენას, რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულების სახელწოდებებში დაამკვიდრა [23, 16].
XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ ამ რეგიონში ოსების მიმართ პოლიტიკა შეცვალა: დაპირისპირებული ანტირუსული ძალისგან სცადა ისინი თავის მოკავშირედ ექცია. XIX საუკუნის II ნახევრიდან განსაკუთრებულად გაძლიერდა ოსების მიგრაცია შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რამაც ამ რეგიონის დემოგრაფიული სურათი საგრძნობლად შეცვალა.
XIX ს-ის განმავლობაში შიდა ქართლის მთიანეთსა და მთისწინეთში გატარებული რუსეთის საშინაო, ასევე, რელიგიური და საეკლესიო-ადმინისტრაციული პოლიტიკა ითვალისწინებდა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ოსების ერთობის ხელოვნურ გაძლიერებას, ქართულ-ოსური დაპირისპირების ინიცირებას.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინების _ „ოსეთი“, „სამხრეთ ოსეთი“ _ შემოტანაში ნათლად იკვეთება რუსეთის საეკლესიო-რელიგიური პოლიტიკის როლი. თავდაპირველად ეს ტერმინოლოგია გაჟღერდა საეკლესიო-სამისიონერო და რელიგიურ-ადმინისტრაციული პოლიტიკის მეშვეობით, რაც ცარისტული რუსეთის მიერ ამ ტერიტორიებზე XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეორგანიზაციის პროცესმა გაამყარა.
საქართველოს ტერიტორიების მიმართ ტერმინების „ოსეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“ შემოტანით რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს შიდა ქართლში მოსახლე ოსების თვითშეგნებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ეს მიწები მათი კუთვნილებაა. ეს იყო ე. წ. ტოპონიმური, ასევე, მენტალური დივერსია. რუსული პოლიტიკით, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მზადდება ნიადაგი ქართულ მიწებზე ოსების ტერიტორიული პრეტენზიებისთვის.

ბ) შიდა ქართლში ოსების ანტირუსული აჯანყებები XIX ს-ის დასაწყისში.
შიდა ქართლის მთიანეთის ტერიტორიები ოდითგანვე ქართველი ფეოდალების: მაჩაბლების, ამილახვრების, ფალავანდიშვილების და ქსნის ერისთავების სამფლობელოებს წარმოადგენდა. ამ ტერიტორიების ნაწილი უშუალოდ ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის საკუთრება იყო და უფლისწულებს ეძლეოდათ. ქართველ მეფეთა კუთვნილებად ითვლებოდა ისტორიული დვალეთი, რომელიც კავკასიის ქედს მიღმა მდებარეობდა. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის (1801 წელს) შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ მეფესა და მის ოჯახს კუთვნილი მიწები ჩამოართვა. ამ რეგიონში საყრდენის მოსაპოვებლად რუსეთმა ზოგიერთი ადგილობრივი ფეოდალი _ მაჩაბლები და ქსნის ერისთავები გაიერთგულა. ქსნის ერისთავებს, რუსეთის ხელისუფლების დახმარებით, მეფე ერეკლე II-ის მიერ ჩამორთმეული მამულები და ყმა გლეხები დაუბრუნდათ. რუსული მმართველობის მომხრე ფეოდალების მხარდაჭერით და გაძლიერებით რუსეთის ხელისუფლებამ შიდა ქართლში დასაყრდენი გაიჩინა და თან ისინი ბაგრატიონთა სამეფო სახლს დაუპირისპირა.შიდა ქართლის მთის მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა რუსული რეჟიმის მიერ შეწერილი ფულადი გადასახადები, საქართველოს სამხედრო გზის მშენებლობაზე დაწესებული ბეგარა. ადგილობრივ მოსახლეობას აიძულებდნენ გზებისა და ხიდების მშენებლობასა და შეკეთებას, ჯარის ამუნიციის გადატანას, სურსათითა და ფურაჟით რუსული ჯარის უზრუნველყოფას.
XIX ს-ის დასაწყისში ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარებას ანტირუსული აჯანყებები და გამოსვლები მოჰყვა, რომელთაც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ქართველ უფლისწულებს განსაკუთრებული მხარდაჭერა შიდა ქართლის მთიანეთში დასახლებულმა ოსებმა გაუწიეს. ისინი ამ ტერიტორიებზე დასახლების შემდეგ ქართველ მეფეთა ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ და მზად იყვნენ ქართველი უფლისწულების მხარეს რუსების წინააღმდეგ ებრძოლათ.
ოსების გამოსვლები რუსების წინააღმდეგ, ჯერ კიდევ, 1801 წლიდან დაიწყო. 1802 წელს ქართველმა ბატონიშვილებმა იულონმა, ფარნაოზმა და ლეონ იულონის ძემ შიდა ქართლის მთიანეთში დასახლებულ ოსებთან კავშირი გააბეს, რის შედეგადაც 1802 წელს ოსების ანტირუსულმა გამოსვლამ უფრო მძაფრი ხასიათი შეიძინა. ისინი თავს დაესხნენ რუსების ჯარს და რუსების მომხრე თავადი მაჩაბელი მოკლეს. გენერალი ლაზარევი აღნიშნავდა: „საქართველოს ქვეშევრდომი ოსები წაქეზებულნი ბატონიშვილ იულონის მიერ, რომ ის დახმარებას გაუწევს, დიდად შმაგობენ და თავისი ბატონი მაჩაბელიც კი მოკლეს“ [4, 58]. ოსების მღელვარების ჩასაქრობად, 1802 წლის თებერვალში რუსულმა ხელისუფლებამ დიდი და პატარა ლიახვის და ფცის ხეობაში პოდპოლკოვნიკ სიმონოვიჩის ექსპედიცია გაგზავნა. მან შეძლო შიდა ქართლის მთიანეთისა და მთისწინეთის ოსების დამშვიდება და მათ რუსეთის ერთგულების ფიცი მიაღებინა. ჯავასა და ვანათში დააარსა სასამართლოები, რომლებსაც მოსამართლეებად ადგილობრივი ქართველი თავადები დაუნიშნეს. 1802 წლის ზაფხულში იულონ და ფარნაოზ ერეკლეს ძე ბაგრატიონები იმერეთიდან შიდა ქართლის დასაკავებლად დაიძრნენ, მაგრამ რუსებმა მოახერხეს მათი გეგმების ჩაშლა. ლეონ ბატონიშვილი ერთხანს დვალეთში, ნარის ხეობაში აფარებდა თავს და იქაურ მოსახლეობას რაზმავდა რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად [12, 6].
ოსების კავშირი ქართველთა განმათავისუფლებელ მოძრაობასთან 1804 წელს ქართლის მთიანეთის აჯანყების დროსაც გამოვლინდა. ამ აჯანყებაში მთიულები, მოხევეები, ხევსურები, ფშავლები და თრუსოს ხეობის ოსები, ასევე თაგაურებიც, მონაწილეობდნენ [12, 7; 17, 94]. მათ აჯანყებას 300 ოსისა და ქისტისგან შემდგარი რაზმით თაგაურელი (ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური თემი) ოსების წინამძღოლი დუდაროვიც (დუდარუკი) შეუერთდა [12, 7; 16, 307-308; 17, 100-102]. მათ ერთობლივად შეძლეს რუსეთის ჯარისთვის სამხრეთ კავკასიაში შემოსასვლელის _ „დარიალის კარის“ ჩაკეტვა.
აგვისტოს პირველ რიცხვებში ძლიერი შეტაკება აჯანყებულებსა და რუსების ჯარს შორის ლომისის მთაზე მოხდა. ლომისის დაკავებას სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ის ქსნისა და არაგვის ხეობის დამაკავშირებელ გზებსა და ბილიკებს აკონტროლებდა. ამ გზებით აჯანყების გავრცელება ქსნის ხეობაშიც იყო შესაძლებელი. აჯანყებულებს ჟამურის, ჭურთის, მუჯუდის ხეობების ოსი მოსახლეობაც შეუერთდა. მთიულებმა, ოსებმა და ხევსურებმა გაერთიანებული ძალებით ხელისუფლების ჯარებს, რომელსაც მაიორი მელლა ხელმძღვანელობდა, გზა გადაუკეტეს და ალყაში მოაქციეს. მაიორმა მელლამ დიდი ზარალის ფასად ალყას თავი ძლივს დააღწია. რუსთა ჯარმა პოზიციები დატოვა და ლომისი აჯანყებულების ხელში გადავიდა [16, 326; 17, 115-118]. აჯანყება ქსნის ხეობასაც მოედო.
1804 წლის სექტემბერში მთიანეთში მოსულმა ფარნაოზ ბატონიშვილმა ახალი ენერგია შემატა აჯანყებულებს. მან მოწოდებით მიმართა ქურთათელ (ჩრდილოეთ კავკასიაში ოსური თემი) ოსებს, რომ რუსის ჯარი არ გამოეტარებინათ [12, 8]. დარიალის ხეობის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთის ჯარისთვის გზა როკის გადმოსასვლელზე რჩებოდა. ამ გზით ჩრდილოეთ კავკასიიდან რუსული პოლკი შემოვიდა, რომელიც ჯავასა და როკს შორის ოსებმა მოიმწყვდიეს და დაატყვევეს [18, 132; 19, 94]. გენერალმა ციციანოვმა, რომელიც ამ დროს სპარსეთთან ომში იყო ჩაბმული, ერევნის ალყა მოხსნა და ჯარები აჯანყების ჩასაქრობად დაძრა. მიუხედავად იმისა, რომ ჯავის ოსებმა მთავრობის მორჩილება იკისრეს, გენერალმა ციციანოვმა გადაწვა სოფელი კროჟა, დაანგრია კოშკები, მაგრამ პოლკის დატყვევებული ჯარისკაცების დაბრუნება ვერ შეძლო. არაგვის ხეობაში აჯანყებულებს რუსების ჯარმა ჩრდილოეთიდან შემოუტია და აიღო ლარსი, დარიალი, ანანური. ქართლის მთიანეთის აჯანყება დამარცხდა. მისმა მეთაურებმა ლევან ნაზღაიძემ და დეკანოზმა შიო ბურდულმა ჟამურის ოსებთან შეაფარეს თავი, რის გამოც რუსებმა ეს სოფლები ააოხრეს და გადაწვეს.
ამის შემდეგ მეთაურები სოფელ ღუდას გადავიდნენ [16, 335]. რუსეთის ხელისუფლებამ 1807 წელს ეპიდემიის გამო მთის სოფლების ბარის სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაკეტა. მოსახლეობა ერთგვარ ბლოკადაში აღმოჩნდა, პროდუქტისა და მომარაგების გარეშე დარჩა. ამან 1807 წელს დიდი ლიახვის ხეობაში ქართველი და ოსი მოსახლეობის ერთობლივი ანტირუსული გამოსვლა გამოიწვია. ხელისუფლების მიერ გამოგზავნილმა ექსპედიციამ მაიორ ზაიცევის ხელმძღვანელობით სასტიკად დაარბია ქემერტის ქართულოსური მოსახლეობა. 1807 წელს ქართველი და ოსი მოსახლეობის ანტირუსულ გამოსვლას ადგილი ჰქონდა, აგრეთვე, ქსნის და ლეხურის ხეობაში. რუსეთის ხელისუფლების მიერ გამოგზავნილმა ექსპედიციამ მაიორ ზაიცევის მეთაურობით მღელვარება ჩააცხრო [12, 9].
1810-1811 წლებში სამაჩაბლოს ოსები ლეონ ბატონიშვილის მხარდასაჭერად აჯანყდნენ. „მეფის ძემ ალექსანდრემაცა წარავლინა ახალციხით ძმისწული თვისი ლეონ ოსეთსა სამაჩაბლოს შინა, რათა მანცა შემკრებელმან ოვსთამან მრძოს რუსთ. მისრული ლეონ შეიწყნარეს ოვსთა შეკრბნენ მისთანა“ [19, 106]. მან 2000 ოსით ცხინვალს შეუტია, მაგრამ ვერ აიღო. ხელისუფლებამ ოსების აჯანყების ჩასახშობად პოლკოვნიკ სტალის ხელმძღვანელობით ჯარიგამოგზავნა, რომელმაც იერში ლომსიანთხევისა და ჯავის მიმართულებით მიიტანა. აჯანყებულები ორივე მიმართულებით დამარცხდნენ. რუსები სასტიკად გაუსწორდნენ აჯანყებულებს, დაწვეს 20 სოფელი, დაანგრიეს საგვარეულო კოშკები. ლეონ ბატონიშვილი იძულებული გახდა შიდა ქართლის მთიანეთი დაეტოვებინა და ახალციხისკენ წასულიყო. ახალციხის გზაზე მიმავალი ლეონ ბატონიშვილი ლეკებმა მოკლეს [12, 10; 20, 84-90; 21, 44].
შიდა ქართლის მთიანეთის ოსების მღელვარებას ადგილი ჰქონდა კახეთის აჯანყების დროსაც. ალექსანდრე ერეკლეს ძე ბაგრატიონმა, რომელიც ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტდა (1812-1813 წწ.), ლიახვის, ჭვრივის, გერის, არაგვის, მთიანეთის, თრუსოს და სხვა ხეობათა მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდა. ოსების მიმხრობით აჯანყებულები კავკასიის მთავარ ქედზე საკომუნიკაციო გზების გადაკეტვას ცდილობდნენ. ოსების დიდმა ნაწილმა ალექსანდრე ერეკლეს ძეს მხარი დაუჭირა, მაგრამ რუსული ჯარების ძლიერი წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდნენ ბრძოლა შეეჩერებინათ [22, 63].
რუსეთის ხელისუფლებამ შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები ოსების დამორჩილება მთავარმართებელ პასკევიჩის დროს შეძლო, როდესაც 1831 წელს, გენერალ რენენკამპფის ხელმძღვანელობით, სპეციალური სამხედრო ექსპედიცია ჩატარდა.
ამრიგად, XIX ს-ის დასაწყისში გაშლილ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლების ბრძოლას ტახტის აღდგენისთვის შიდა ქართლის ოსი მოსახლეობა მხარს უჭერდა. ამით მათ ქართლ-კახეთის სამეფოს ერთგულება დაადასტურეს. ეს ნათლად მეტყველებს, რომ შიდა ქართლის ტერიტორიაზე დასახლებული ოსი ხალხი თავს ქართული სახელმწიფოსა და სამეფოს ორგანულ და განუყოფელ ნაწილად თვლიდა.
გ) შიდა ქართლის მთიანეთის ტერიტორიის მიმართ ტერმინების „ოსეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ დამკვიდრების საკითხისთვის.
XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლება შეეცადა ოსების მიმართ პოლიტიკა შეეცვალა და რუსულ-ოსური ურთიერთობების მოწესრიგების ახალი მეთოდები და ხერხები ეხმარა, დაპირისპირებული ანტირუსული ძალისგან ისინი თავის მოკავშირედ ექცია. რუსეთის ხელისუფლება შიდა ქართლის ოსებში პრორუსული განწყობის ჩანერგვის პოლიტიკას დაადგა. ამგვარი პოლიტიკის შედეგი ქართულ-ოსური ურთიერთობების რღვევა, მათ შორის დაპირისპირების გაღვივება და შიდა ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრებ ოსებში სეპარატისტული განწყობის დამკვიდრება იყო.XIX ს-ის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა, რათა ამ რეგიონში მისთვის სასურველი და ხელსაყრელი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, დემოგრაფიული სურათი შეექმნა, ხელი შეეწყო ქართულ-ოსური დაპირისპირებისა და გაუცხოებისთვის.
რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ, XIX საუკუნის დასაწყისიდანვე, შიდა ქართლის ოსი მოსახლეობით დასახლებული ტერიტორიების აღსანიშნავად საკმაოდ აქტიურად მკვიდრდება ტერმინი _ „ოსეთი“. ამ პროცესს ხელს რუსი სახელმწიფო მოხელეები უწყობდნენ. ჯერ კიდევ 1802 წელს, გენერალ-ლეიტენანტმა კარლ კნორინგმა რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნილ პატაკში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობების სათავეებთან, ოსებით დასახლებულ მთიან რაიონებს „ოსეთი“ უწოდა [23, 38; 11, 86]. შემდგომში სხვადასხვა რუსი მოხელეები ამ ტერმინს იყენებენ უკვე მდინარეების _ ქსნის, მეჯუდის, ლეხურის და ფცის ზემოწელში ოსებით დასახლებული ტერიტორიების მიმართ. XIX ს-ის 30-იან წლებამდე რუსული დოკუმენტები შიდა ქართლის ოსებით დასახლებულ ტერიტორიებს შემდეგი სახელებით იხსენიებენ: საქართველოს ოსეთი, ქართლის ოსეთი, საქართველოს ოსები, ჩრდილოეთ ქართლის და ა. შ. [23, 39]. ამ ტერმინის ხსენება, ძირითადად, პირად მიმოწერებში, პატაკებსა და არაოფიციალურ განცხადებებში ხდებოდა.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინის _ „ოსეთის“ დამკვიდრებას საქართველოში განსაკუთრებულად რუსეთის საეკლესიო- რელიგიურმა პოლიტიკამ შეუწყო ხელი. რელიგიურ ფაქტორს რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის მოხერხებულად იყენებდა მეზობელი ხალხებისა თუ ქვეყნების თავის ქვეშევრდომობაში მოსაქცევად. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის იმპერიის კავკასიაში დამკვიდრების პოლიტიკა, სამხრეთით საზღვრების გაფართოების, მეზობელი ხალხების დამორჩილებისა და რუსიფიკაციის სურვილი მოითხოვდა სამისიონერო საქმის განსაკუთრებულ გააქტიურებას. „ინოროდცების“ გასაქრისტიანებლად მისიები იგზავნებოდა. „ერთმორწმუნეობა“, მართლმადიდებლობაზე მოქცევა იყო ის იდეოლოგიური ბერკეტი, რომელსაც უნდა განესაზღვრა ამა თუ იმ ხალხის რუსული პოლიტიკური ორიენტაცია და კურსი [26, 326].
ჯერ კიდევ, XVIII ს-ში რუსეთისთვის აქტუალური გახდა ოსების გაქრისტიანება და ამ გზით პრორუსული ორიენტაციის ფორმირება. 1745-1792 წლებში ჩრდილოეთ კავკასიაში ფუნქციონირებდა „ოსეთის სასულიერო კომისია“, ცენტრით მოზდოკში. სამისიონერო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომლის მიზანი ამ რეგიონში ოსების გაქრისტიანება იყო, მიუთითებდა, რომ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად და დასაყრდენად სწორედ ეს ხალხი შეირჩა. XVIII ს-ის მეორე ნახევარში იმპერიის მიერ კავკასიის კოლონიური ათვისების მიმართულება ჩრდილოეთ კავკასიიდან სამხრეთისკენ დაიგეგმა. თუმცა ამ მისიის მოღვაწეობა წარუმატებელი აღმოჩნდა და „კომისია“ საუკუნის ბოლოს გაუქმდა.
ქართლ-კახეთის დაპყრობისა და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსეთმა კავკასიის მთიელებში ქრისტიანული სარწმუნოების შეტანა საქართველოს გამოყენებით სცადა. საქართველოს ეკლესიის რეორგანიზაციის შესახებ დოსითეოს ფიცხელაურის მიერ შედგენილი პროექტი, რომელსაც 1814 წლის 30 აგვისტოს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მოაწერა ხელი, სხვა საკითხებთან ერთად „ოსეთის სასულიერო კომისიის“ აღდგენასაც ითვალისწინებდა. 1815 წლის 15 სექტემბერს სინოდის განკარგულებით აღნიშნულმა სამისიონერო ორგანიზაციამ მოღვაწეობა განაახლა. ამჯერად, მისი ცენტრი თბილისი გახდა [24, 54; 27, 234; 28, 27]. შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთის მიერ კავკასიის ათვისების მიმართულება რადიკალურად შეიცვალა _ სამხრეთ კავკასიიდან ჩრდილოეთისკენ. ხელისუფლებამ ოსების გაქრისტიანების პროცესი, ამჯერად, საქართველოდან დაიწყო. საწყის ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ქართველი სასულიერო პირების დახმარებით მომხდარიყო კავკასიის მთიელების, განსაკუთრებით, ოსების გაქრისტიანება. თუმცა, XIX ს-ის 30-იანი წლებიდან უკვე გამოიკვეთა შიდა ქართლის ტერიტორიაზე მოქმედი „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მოღვაწეობაში ქართველი სასულიერო პირების ოსი და რუსი ეროვნების სამღვდელოებით და მისიონერებით ჩანაცვლების ტენდენცია. მისიის ფუნქციაში შედიოდა თავდაპირველად შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კავკასიონის ჩრდილოეთ კალთებზე დასახლებული ოსების გაქრისტიანება. კომისიის სახელწოდება იგივე დარჩა _ „ოსეთის სასულიერო კომისია“. მისი საქმიანობა გულისხმობდა: მთიელთა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად მისიების გაგზავნას, ეკლესიების მშენებლობას, სკოლების გახსნას, ადგილობრივ ენებზე საღვთისმეტყველო ლიტერატურის თარგმნას. მისიის ფუნქციონირებისთვის თავდაპირველად სახელმწიფომ გამოყო 14750 მანეთი, კაზაკთა ასეული და 30 გამცილებელი [29, 69]. `სასულიერო კომისიას~ სათავეში ჩაუდგა არქიეპისკოპოსი დოსითეოს ფიცხელაური და დაექვემდებარა უშუალოდ რუსეთის უწმინდეს სინოდს [29, 70].
სწორედ, ამ პროცესის პარალელურად, 1814-1818 წლებში შიდა ქართლის მთიანეთში შეიქმნა საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც „ოსეთის ეპარქია“ ეწოდა [29, 24; 30, 53-54, 56]. მას სათავეში ჩაუყენეს გორის არქიეპისკოპოსი _ დოსითეოს ფიცხელაური, რომელიც ამავე დროს „ოსეთის სასულიერო კომისიის“ ხელმძღვანელად იყო დანიშნული. „ოსეთის ეპარქიის“ დაარსებით მოინიშნა ტერიტორია, სადაც უნდა ემოქმედა „ოსეთის სასულიერო კომისიას“. ახლად აღდგენილმა „კომისიამ“ სწორედ ამ ეპარქიიდან დაიწყო ოსების გაქრისტიანება. ტერმინი _ „ოსეთი“, უკვე ოფიციალური ორგანიზაციის („ოსეთის სასულიერო კომისია“) სახელწოდებაში, ასევე, საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებაში, შიდა ქართლის მთიანეთის ძირძველი ტერიტორიების აღსანიშნად დამკვიდრდა. „ოსეთის სასულიერო კომისია“ XIX საუკუნის 60-იან წლებამდე მოქმედებდა.
ოსი მოსახლეობის მთიანი რეგიონიდან სამხრეთით ჩამოსახლებასთან ერთად, ფართოვდებოდა ის არეალი, რომლის ფარგლებშიც ამ ორგანიზაციას უნდა ემოქმედა [26, 328]. ამგვარად, XIX ს-ის 10-20-იანი წლებიდან რუსეთის საეკლესიოადმინისტრაციული და რელიგიური პოლიტიკის წყალობით თითქოს შეფარულად, მაგრამ მეტად ეფექტურად ხდება ტერმინის „ოსეთის“ დამკვიდრება და დამაგრება საქართველოს ონომასტიკურ ველზე.
სახელწოდება „ოსეთი“ მალე შიდა ქართლის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილის პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ დასახელებაშიც აისახა. 1843 წელს ოფიციალურად გაიხსნა ოსეთის ოკრუგი, ის დაიყო სამ _ ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის (ისტორიული დვალეთის ტერიტორია) უბნებად. ამგვარად, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ოსებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს „ოსეთი“ უწოდეს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებული თვალსაზრისით, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ტერმინოლოგიაში ტოპონიმი „ოსეთი“ პირველად, სწორედ, XIX ს-ის 40-იანი წლებიდან შემოიტანა, როდესაც 1843 წელს შიდა ქართლის ჩრდილოეთ ნაწილში ოსებით კომპაქტურად დასახლებულ რაიონებს „ოსეთის ოკრუგი“ უწოდა [7, 58]. თუმცა რეალურად ირკვევა, რომ ტერმინი „ოსეთი“ საეკლესიო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ლექსიკონში დაახლოებით 3 ათეული წლით ადრე გაჩნდა, ვიდრე შიდა ქართლის ტერიტორიაზე დაარსდებოდა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეული _ „ოსეთის ოკრუგი“ (1843 წელს), როდესაც 1814-1818 წლებში შიდა ქართლის მთიანეთის ტერიტორიაზე არსებობდა „ოსეთის ეპარქია“.
ამგვარად, შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინი _ „ოსეთი“ ოფიციალურად პირველად რუსეთის სამისიონერო ორგანიზაციისა და საეკლესიო-ადმინისტრაციული ერთეულის დასახელებაში გაჟღერდა. ამ ტერმინოლოგიის დამკვიდრებას რუსეთის საეკლესიო-რელიგიურმა პოლიტიკამ შეუმზადა საფუძველი, ხოლო შემდეგ ის საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისრტაციულ რუკაზე გაჩნდა. ეს იყო ე.წ. ტოპონიმური დივერსია, რომელსაც ქართულ მიწა-წყალზე ოსთა ტერიტორიული პრეტენზიებისთვის ნიადაგი უნდა შეემზადებინა. ამგვარი პოლიტიკა მთელი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში გრძელდება.
1859 წელს თბილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგს ნარის უბანი ჩამოაშორეს და ჩრდილო კავკასიაში შექმნილ „ოსეთის სამხედრო ოკრუგს“ მიუერთეს. შემდგომ პერიოდში ნარის უბანი თერგის ოლქს გადაეცა, 1924 წელს კი ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში შევიდა. ამგვარად, საქართველომ ისტორიული დვალეთის ტერიტორია დაკარგა [7, 58]. ამასთანავე, სახელწოდებები _ „ოსეთის ეპარქია“, „ოსეთის სასულიერო კომისია“, „ოსეთის ოკრუგი“ უკვე გულისხმობდა საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოსახლე ოსების თვითშეგნებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ეს მიწები მათი კუთვნილებაა.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“, პირველად 1830 წელს ახსენა გაზეთმა „ტიფლისკიე ვედომოსტიმ“ („Тифлисские ведомости“) [23, 39; 32, 124]. ის კორესპონდენტმა საკუთარი ინიციატივით გამოიყენა. ოფიციალურად კი ტერმინი _ „სამხრეთ ოსეთი“ XIX ს-ის 60-იან წლებში „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების“ ანგარიშში გვხვდება [31, 272]. ეს ორგანიზაცია შეიქმნა 1860 წელს, როდესაც გაუქმდა „ოსეთის სასულიერო კომისია“, რომელმაც ამ პერიოდისათვის თავისი მისია შეასრულა. მის განკარგულებაში არსებული თანხები გადაეცა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოებას“. ცნობილია, რომ XIX საუკუნის II ნახევარში კავკასიაში სამისიონერო საქმის გააქტიურებამ რუსეთის იმპერიისათვის სახელმწიფო მნიშვნელობა შეიძინა, რაც დაკავშირებული იყო კავკასიის ომების დამამთავრებელ ეტაპთან. იარაღით დაპყრობილი კავკასიელი მთიელების დამორჩილების, მათი რუსიფიკაციის პროცესში ქრისტიანულ რელიგიას მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა. კავკასიის მეფისნაცვალი ა. ბარიატინსკი (1856-1862), რომლის ინიციატივითაც შეიქმნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელ საზოგადოება“, პეტერბურგში კავკასიის კომიტეტისადმი გაგზავნილ წერილში, ასაბუთებდა რა კავკასიაში სამისიონერო სამუშაოების გააქტიურებისათვის განსაკუთრებული საზოგადოების დაარსების აუცილებლობას, აღნიშნავდა: `მართლმადიდებლური სარწმუნოება რუსეთის უმთავრეს სახალხო ძალას წარმოადგენს... საჭიროა რომ ყოველმა რუსმა თავისი სამშობლოს სადიდებლად ამაგი დასდოს და წვლილი შეიტანოს მართლმადიდებლობის გავრცელების საქმეში. ჩვენ გვჭირდება საერთო ძალისხმევა. რასაც ვერ გააკეთებს ერთი რუსი, იმას შეძლებს მთელი რუსეთი“ [30, 109]. ამგვარად, ტერმინის _ „სამხრეთ ოსეთი“ _ შემოტანა სამისიონერო-რელიგიური ორგანიზაციის მეშვეობით იწყება, რასაც აღნიშნული რეგიონის ტერიტორიაზე გატარებული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცვლილებები ამყარებს.
რუსეთის ადმინისტრაციული პოლიტიკით, ჯერ კიდევ, XIX საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში „ოსეთის სამხედრო ოკრუგის“, ხოლო კავკასიონის სამხრეთით „ოსეთის ოკრუგის“ დაარსებამ საფუძველი მოუმზადა უკვე XX საუკუნეში ტოპონიმური წყვილის _ „ჩრდილოეთ ოსეთის“ და „სამხრეთ ოსეთის“ გაჩენას, რომელიც XX საუკუნეში საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ერთეულების სახელწოდებებში დაამკვიდრა [23, 16].
* * *
ამგვარად, XIX საუკუნის დასაწყისისთვის შიდა ქართლის ტერიტორიაზე დასახლებული ოსი ხალხი თავს ქართული სახელმწიფოს ორგანულ და განუყოფელ ნაწილად თვლიდა. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ ქართულ ეროვნულ-გამანთავისუფლებელ მოძრაობას და ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლების ბრძოლას ტახტის აღდგენისთვის შიდა ქართლის ოსი მოსახლეობაც უჭერდა მხარს, ამით ისინი ქართლ-კახეთის სამეფოს ქვეშევრდომობასა და ერთგულებას ადასტურებდნენ.XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ ამ რეგიონში ოსების მიმართ პოლიტიკა შეცვალა: დაპირისპირებული ანტირუსული ძალისგან სცადა ისინი თავის მოკავშირედ ექცია. XIX საუკუნის II ნახევრიდან განსაკუთრებულად გაძლიერდა ოსების მიგრაცია შიდა ქართლის ტერიტორიაზე, რამაც ამ რეგიონის დემოგრაფიული სურათი საგრძნობლად შეცვალა.
XIX ს-ის განმავლობაში შიდა ქართლის მთიანეთსა და მთისწინეთში გატარებული რუსეთის საშინაო, ასევე, რელიგიური და საეკლესიო-ადმინისტრაციული პოლიტიკა ითვალისწინებდა საქართველოს ძირძველ ტერიტორიაზე ოსების ერთობის ხელოვნურ გაძლიერებას, ქართულ-ოსური დაპირისპირების ინიცირებას.
შიდა ქართლის ტერიტორიების მიმართ ტერმინების _ „ოსეთი“, „სამხრეთ ოსეთი“ _ შემოტანაში ნათლად იკვეთება რუსეთის საეკლესიო-რელიგიური პოლიტიკის როლი. თავდაპირველად ეს ტერმინოლოგია გაჟღერდა საეკლესიო-სამისიონერო და რელიგიურ-ადმინისტრაციული პოლიტიკის მეშვეობით, რაც ცარისტული რუსეთის მიერ ამ ტერიტორიებზე XIX საუკუნის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეორგანიზაციის პროცესმა გაამყარა.
საქართველოს ტერიტორიების მიმართ ტერმინების „ოსეთი“ და „სამხრეთ ოსეთი“ შემოტანით რუსეთის ხელისუფლება ხელს უწყობს შიდა ქართლში მოსახლე ოსების თვითშეგნებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ეს მიწები მათი კუთვნილებაა. ეს იყო ე. წ. ტოპონიმური, ასევე, მენტალური დივერსია. რუსული პოლიტიკით, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მზადდება ნიადაგი ქართულ მიწებზე ოსების ტერიტორიული პრეტენზიებისთვის.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. პ. ზაქარაია, შიდა ქართლის მთიანეთის ხუროთმოძღვრების ისტორიისათვის, წიგნში: ოსთა საკითხი, თბილისი, 1996.
2. გ. ოთხმეზური, შიდა ქართლის მთიანეთის ეპიგრაფიკა, ოსთა საკითხი, თბილისი, 1996.
3. კ. ხარაძე, შიდა ქართლში ტოპონიმთა გაყალბების წინააღმდეგ, წიგნში: ოსთა საკითხი, თბილისი, 1996.
4. Акты собранные кавказской археографической комиссией, т. I, Тифлис, 1866.
5. რ. თოფჩიშვილი, საქართველოში ოსთა ჩამოსახლებისა და შიდა ქართლის ეთნოისტორიის საკითხები, თბილისი, 1997.
6. რ. თოფჩიშვილი, კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, თბილისი, 2007.
7. ჯ. გვასალია, შიდა ქართლი და ოსური პრობლემა, თბილისი, 1997.
8. ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თ. ლომოურისა და ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, თბილისი, 1941.
9. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, 1973.
10. ვ. ღუნაშვილი, ქსნის საერისთავოს პოლიტიკური ისტორია, თბილისი, 2007.
11. ა. სონღულაშვილი, `სამხრეთ ოსეთი~ საქართველოში, თბილისი, 2009.
12. გ. თოგოშვილი, ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა თბილისი, 1969.
13. История Осетии, в документах и материалах (с древнейших времен до конца XVIII века) составители: Г. Д. Тогошвили и И. И. Цховребов, т. I, Цхинвали, 1962.
14. ა. თოთაძე, ოსები საქართველოში: მითი და რეალობა, თბილისი, 2006.
15. ა. თაბუაშვილი, შიდა ქართლის მოსახლეობის აღწერის დავთრები, XVIII საუკუნის II ნახევარი, თბილისი, 2010.
16. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, под ред. А. Берже, ტ. II, Тифлис, 1868.
17. ვ. ტოგონიძე, ქართლის მთიანეთის გლეხთა აჯანყება (1804 წ.), თბილისი, 1951.
18. Ванеев З. Н., Крестьянский вопрос и крестьянское движение в Юго-осетии XIX века, Сталинир, 1956.
19. ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა, თბილისი, 1941.
20. მ. ტყავაშვილი, ოსების 1810-1811 წლების აჯანყება ლეონ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2007, #2(4).
21. მ. ტყავაშვილი, ლეონ იულონის ძე ბაგრატიონის პოლიტიკური პორტრეტისთვის, კრებულში: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2007, #2(10).
22. Акты собранные Кавказской Археографической Комиссией, под ред. А. Берже, т. V, Тифлис, 1873.
23. ვ. ითონიშვილი, „სამხრეთ ოსეთი“ _ ცენტრალურ საქართველოში, წიგნში: ოსთა საკითხი, თბილისი, 1996.
24. ვ. წვერავა, საქართველოს საეგზარქოსოს სამისიონერო მოღვაწეობა XIX საუკუნეში, ქუთაისი, 2003.
25. ხ ქოქრაშვილი, „ოსეთის სასულიერო კომისიის“ არქიმანდრიტი ნიკიფორე შიდა ქართლში ოსების განსახლების შესახებ (1817-1818 წწ.), ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2010, #1(7).
26. ხ. ქოქრაშვილი, რუსეთის საეკლესიო-ადმინისტრაციული და რელიგიური პოლიტიკის ისტორიიდან შიდა ქართლის მთიანეთში (XIX ს-ის 10-20-იან წლებში), ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, 2010, #2(8).
27. ე. ბუბულაშვილი, „ოსეთის სასულიერო კომისიის“ მოღვაწეობის ისტორიიდან, კრებული: ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები, II, 2007.
28. Обзор деятельности общества возсстановления православного христианства на Кавказе за 1860-1910 гг. Тифлис, 1910.
29. История Грузинской Иерархии, с присовокуплении обращения в Христианство Осетии и других Горских народов по 1-е Iенваря 1825 года, Москва, 1826.
30. Е. К. Краткий очерк истории грузинской церкви и Экзархата за XIX столетие, Тифлис, 1901.
31. ს. ლეკიშვილი, როდის გაჩნდა ტერმინი „სამხრეთ ოსეთი?“ წიგნში: ოსთა საკითხი, თბილისი, 1996.
32. ა. თოთაძე, საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, თბილისი, 2009.

Комментариев нет:
Отправить комментарий