четверг, 19 апреля 2018 г.

გიორგი III-ის გამეფების თარიღი (თ. ჯოჯუა)

XII საუკუნე საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთს წარმოადგენს და მძაფრი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტიებით ხასიათდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი სამეცნიერო თვალსაზრისით, კარგად არის შესწავლილი, მასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებისა ჯერ კიდევ დასაზუსტებელია. ერთი ამ პრობლემათაგანია საქართველოს მეფის გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღიც.
გიორგი III-ის გამეფების თარიღი დადგენილია აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის მიერ1. მკვლევარი საკითხს პირველად 1913 წელს დაბეჭდილი „ქართველი ერის ისტორიის“ II წიგნში შეეხო და საფუძვლიანად შეისწავლა იგი. საკითხზე მუშაობისას მას ხელთ ჰქონდა რამდენიმე წერილობითი წყარო, რომლებიც სხვადასხვაგვარად ათარიღებდნენ გიორგი III-ის მეფედ კურთხევის ფაქტს: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“2 და XVIII საუკუნის ერთი ქართული ხელნაწერი კრებულის საისტორიო ცნობა3 - 1150 წლით, ლაშა-გიორგისდროინდელი მემატიანე4 - 1154 წლით, იგივე მემატიანე მეორეგან და ჰაღარწინის წარწერა - 1155 წლით5, ვარდან არეველცი, სტეფანოს ორბელიანი და 1188-1210 წლების ქართული ხელნაწერი კრებულის, იგივე A-85-ის კინკლოსის მინაწერი კი - 1156 წლით (ჯავახიშვილი 1913: 550-552).
ივანე ჯავახიშვილმა გაითვალისწინა ამ ცნობებს შორის არსებული ქრონოლოგიური წინააღმდეგობა და მათთან შედარებით, უპირატესობა მიანიჭა სამთავისის ტაძრის ლაპიდარულ წარწერას, რომლის თანახმადაც 1168 წელი გიორგი III-ის ზეობის მე-12 ინდიკტიონი იყო. შესაბამისად, მკვლევარმა გიორგი III-ის აღსაყდრება 1156 წლით დაათარიღა (ჯავახიშვილი 1913: 551-552).
გარდა ამისა, დიდმა მეცნიერმა დამატებით არგუმენტად მოიხმო ვარდან არეველცისა და სტეფანოს ორბელიანის ცნობები, აგრეთვე, XIII-XIV საუკუნეების ქართული ხელნაწერი კრებულის (A-85-ის) კინკლოსის მინაწერი, ხოლო კიდევ უფრო მოგვიანებით - ტბეთის სახარების, იგივე Q-929-ის ანდერძიც, რომლებიც ამ ფაქტს, ავტორის თქმით, აგრეთვე, 1156 წლით განსაზღვრავდნენ (ჯავახიშვილი 1913: 551-552; ჯავახიშვილი 1948: 229).
ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ივანე ჯავახიშვილის ფრთხილ დამოკიდებულებას წერილობითი წყაროებისადმი. მისაღებია მისი პრინციპიც - წინააღმდეგობრივი ხასიათის ცნობებს შორის უპირატესობა აღწერილ მოვლენებთან ქრონოლოგიურად ყველაზე უფრო ახლოს მდგომ ცნობას მიეცეს. ამ მხრივ, სამთავისის წარწერას მართლაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გიორგი III-ის გამეფების თარიღის დადგენისათვის, მაგრამ რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ ეს წარწერა, ისე, როგორც მკვლევრის მიერ მოხმობილი სხვა წყაროები, ამ ფაქტს მაინცდამაინც 1156 წლით განსაზღვრავს?
  ჩვენ კრიტიკულად შევისწავლეთ ეს ცნობები და სხვაგვარ დასკვნამდე მივედით.
სამთავისის ლაპიდარული წარწერა შემდეგი სახით იკითხება: `ქ. ხ(ა)ტო ღ{მრ}თ{აე}ბ{ი}ს{ა}ო, ად{ი}დე(?) შ{ე}ნ მ[იერ] დ(ა)მყ(ა)რ(ე)ბ(უ)ლი ძ(ლიერი)(?) და უძ(ლე)ვ(ე)ლი ღ{მრ}თ{ი}ვ გÂრგÂნ(ო)ს(ა)ნი, ყ(ოვლ)ისა აღმ{ო}ს{ა}ვლ{ე}თისა მ(ე)ფ(ე)თ-მ(ე)ფე გ(იორგ)ი. მე, ი{ოვა}ნე ს[(ა)მთ(ავნელ)მ(ა)]ნ(?), მ(ე)ფ(ო)ბისა მ(ა)-თ(ი)ს{ა} მ(იწამა)ნ(?), აღვ{ა}შ{ე}ნ{ე} კ(ა)რისბჭე ესე ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ მ{ე}ფ{ო}-ბისა მ{ა}თისა, [ინ]დ(ი)კტ(იო)ნსა მ{ე}ფ{ო}ბისა მ(ა)თის(ა)სა იბ (12). ქ(ორონი)კ(ო)ნი იყო ტპÀ (1168 წ.)~ (წაკითხვა, დამყარებული წარწერის გივი სოხაშვილისეულ გრაფიკულ პირზე და პუნქტუაცია ჩვენია - თ. ჯ.) (სოხაშვილი 1968: 193)6.
ამრიგად, ტექსტიდან ირკვევა, რომ 1168 წელი გიორგი III-ის მეფობის მე-12 ინდიკტიონი იყო. ვფიქრობთ, აქ ზედმეტი არ უნდა იყოს იმის შეხსენება, რომ ამა თუ იმ მეფის ზეობის წლების ანუ ინდიკტიონის ათვლა, ძირითადად, არ ემთხვევა კალენდრულ წელთაღრიცხვას. მართლაც, შუა საუკუნეების საქართველოში (და არამხოლოდ საქართველოში) ყოველი კალენდრული წელი 1 იანვრიდან (ან 1 სექტემბრიდან) იწყებოდა, ამა თუ იმ მეფის ინდიკტიონის ათვლას კი იმ კონკრეტული თვე და რიცხვიდან იწყებდნენ, როცა იგი სამეფო ტახტზე ადიოდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, 1168 წელი შეიძლება ყოფილიყო გიორგი III-ის ზეობის როგორც მე-11 წლის დასასრული და მე-12-ს დასაწყისი, ისე - მე-12 წლის დასასრული და მე-13-ს დასაწყისი. ამ ფაქტს არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი შემდგომი მსჯელობისათვის, ვინაიდან გიორგი III-ის გამეფების ფაქტი პირველ შემთხვევაში - 1157 წლით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1156 წლით თარიღდება. შესაბამისად, ცხადი ხდება ისიც, რომ სამთავისის წარწერაში გიორგი III-ის აღსაყდრების ფაქტი დათარიღებულია არა 1156 წლით, არამედ - 1156-1157 წლებით.
ზუსტად ასეთივე სურათს ვხედავთ ტბეთის სახარების ანდერძთან დაკავშირებითაც. ამ ანდერძის ტექსტი, სამთავისის წარწერის მსგავსად, გიორგი III-ის სიცოცხლეშია შედგენილი, თანაც სამეფო კართან დაახლოებული მღვდელმთავრის მიერ, რის გამოც ის სანდო პირველწყაროს წარმოადგენს:
„...ღირს ვიქმენ არაღირსი, სულითა საწყალობელი პ[ა]ვლე ჯ(უარ)ის მყვ(ა)ნი, ღ(მრთ)ისა მ[ო]წყ[ა]ლებათა და სახ[იე]რ[ე]ბათა მიერ საყდრ(ი)სა ტბეთისასა დაპყრობ[ა]დ, გამზრდელისა ჩ[ემ]ისა, ღ(მრ)თივ გვირგვინოსნისა მეფეთ-მეფისა დი[მი]ტ[რი]ს მიერ, რ[ომელ]ი მკვიდრმცა არს მ[ა]რჯუენითა [ქრისტეს] დასაყდრებული და მიანიჭა ღ[მერთმან] ძესა მათსა გ[იორგ]ის მეფობა, ლომთა უმხნესსა და არწივთა უმალესსა და მისცა ღ(მერთმა)ნ ურიცხვ ძლევა და გამარჯუება ყ(ოველ)თა წინააღმდგომთა მისთა ზედა. მეხუთესა წელსა [...] ანისისასა [...] მსგავსად [...] და გედეონისა მცირითა ერითა სძლო ურიცხუსა მას სიმრავლესა ბარაბაროზთასა და მოკლვით და ტ[ყუეო]ბით მოსწყდეს ოცდაათექუსმეტი ჩ (1000) კაცი. დაუტევეს საჭურჭლე: ურიცხ კარვები, ცხენი, აბჯარი და ყ[ოვე]ლი [ს]აქონები მათი; დაიპყრეს თავადი ამირაები; სუქმ[ა]ნის ძე ძლივ წარვიდეს, დაკოდილ-ჩამოგდებული. ღმერთმან უმეტესი ძლევა და წარმართება მისცეს მეფობ[ა]სა მათსა და კურთხევა საუკუნო...“ (ქარაგმის გახსნა ჩვენია - თ. ჯ.) (ბრეგაძე ... 1959ა: 355-356)7.
როგორც ვხედავთ, ციტირებული ტექსტის თანახმად, გიორგი III-ს შაჰ-არმენი სუქმანის-ძე ანისთან დაუმარცხებია თავისი მეფობის მე-5 წელს. აღნიშნული ცნობა ივანე ჯავახიშვილმა ანისის ბრძოლის დასათარიღებლად გამოიყენა და ეს ფაქტი 1161 წლით განსაზღვრა (ჯავახიშვილი 1948: 229). ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას, ოღონდ, ანდერძს, ამჯერად, საპირისპირო მიზნით - გიორგი III-ის მეფედ კურთხევის დასათარიღებლად გამოვიყენებთ.
ინდიკტიონისა და კალენდარული წლების ურთიერთმიმართების გათვალისწინებით, 1161 წელი შეიძლება იყოს გიორგი III-ის ზეობის როგორც მე-4 წლის დასასრული და მე-5 წლის დასაწყისი, ისე მე-5 წლის დასასრული და მე-6 წლის დასაწყისი. შესაბამისად, გიორგი III-ის აღსაყდრებას ტბეთის სახარების კოლოფონი, ისე როგორც სამთავისის წარწერა, ათარიღებს არა 1156 წლით, არამედ - 1156-1157 წლებით.
გიორგი III-ის მეფედ კურთხევას 1156-1157 წლებით განსაზღვრავს სტეფანოს ორბელიანის თხზულებაც8. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აღწერილ მოვლენებზე საუკუნენახევრით გვიან შედგენილი თხზულება გიორგი III-ის აღსაყდრების შესახებ ორ სხვადასხვა თარიღს გვაწვდის.
სტეფანოს ორბელიანი ერთგან აღნიშნავს, რომ დემეტრე I-მა ოცდაცამეტი წელი იმეფა და 1158 წელს აღესრულა. სამეფო ტახტი მისმა ვაჟმა, დავით V-მ დაიკავა, თუმცა მისი ზეობა ხანმოკლე გამოდგა და ორი წლის შემდეგ, ე. ი. 1160 წელს ისიც გარდაიცვალა. ერთი თვის შემდეგ მეფობა დავით V-ის ძმამ, გიორგი III-მ მიიღო (ემინი 1896: 362-363; ცაგარეიშვილი 1978: 39-40)9.
ივანე ჯავახიშვილი იმთავითვე კრიტიკულად მოეკიდა ამ ცნობას და გიორგი III-ის აღსაყდრების 1160 წლით დათარიღება უსაფუძვლოდ ჩათვალა (ჯავახიშვილი 1913: 551). ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებას. მით უფრო, რომ ამგვარ ვარაუდს სავსებით გამორიცხავს სამთავისის წარწერა და ტბეთის სახარების ანდერძი
სამაგიეროდ, ივანე ჯავახიშვილმა მისაღებად მიიჩნია სტეფანოს ორბელიანის მეორე ცნობა, რომელიც მოგვითხრობს, რომ ორბელთა აჯანყების დროს, 1177 წელს, გიორგი III-ის მეფობის 21-ე წელიწადი იყო (ემინი 1896: 364; ცაგარეიშვილი 1978: 44)10.
აქ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ამა თუ იმ მეფის ზეობის ინდიკტიონის ათვლა და კალენდრული წელთაღრიცხვა, უპირატესად, არ ემთხვევა ერთიმეორეს, ამიტომ 1177 წელი შეიძლება იყოს გიორგი III-ის ზეობის როგორც მე-20 წლის დასასრული და 21-ე წლის დასაწყისი, ისე - 21-ე წლის დასასრული და 22-ე წლის დასაწყისი. პირველ შემთხვევაში, გიორგი III-ის გამეფება მოდის 1157 წელზე, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1156 წელზე. შესაბამისად, გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღი სტეფანოს ორბელიანის თანახმად, აგრეთვე, 1156-1157 წლებით უნდა განისაზღვროს.
ამრიგად, ირკვევა, რომ ივანე ჯავახიშვილის ხელთ არსებული საისტორიო მასალის დიდი ნაწილი - ტბეთის სახარების ანდერძი, სამთავისის წარწერა და სტეფანოს ორბელიანის თხზულება გიორგი III-ის გამეფებას ათარიღებდნენ არა 1156 წლით, არამედ - 1156-1157 წლებით. ამ მხრივ, განსაკუთრებით ანგარიშგასაწევია ტბეთის სახარების ანდერძისა და სამთავისის წარწერის ცნობები, რომლებიც გიორგი III-ის სიცოცხლეშია შედგენილი და შესაბამისად, სანდო პირველწყაროებს წარმოადგენს.
გარდა ამ სამი ძეგლისა, ივანე ჯავახიშვილის განკარგულებაში იყო წერილობითი წყაროების მეორე ჯგუფიც - ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორია“11 და XIII-XIV საუკუნეების ქართული ხელნაწერი კრებულის, იგივე A-85-ის კინკლოსის მინაწერი, რომლებიც გიორგი III-ის მეფედ კურთხევას ცალსახად 1156 წლით განსაზღვრავდნენ (ჯავახიშვილი 1913: 151).
აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს ორი დასახელებული ძეგლი აღწერილი მოვლენების თანადროული არ არის. ვარდან არეველცის თხზულება XIII საუკუნის შუახანებშია შედგენილი, A-85-ის კინკლოსის მინაწერი კი XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება (ოდიშელი 1968: 9). ამიტომ მათ ცნობებს გიორგი III-ის გამეფების თარიღის დადგენისათვის, ცხადია, არ აქვთ ისეთი წყაროთმცოდნეობითი ღირებულება, როგორიც ტბეთის სახარების 1161 წლის ანდერძსა და სამთავისის ტაძრის 1168 წლის წარწერას გააჩნიათ.
მიუხედავად ამისა, 1913 წლისათვის, როდესაც ქართული ისტორიოგრაფია ტბეთის სახარების 1161 წლის ანდერძისა და სამთავისის ტაძრის 1168 წლის წარწერის მიერ შემოთავაზებული ორწლიანი მონაკვეთის - 1156-1157 წლების დასავიწროვებლად სინქრონული პერიოდის რაიმე სხვა წყაროს არ იცნობდა, ივანე ჯავახიშვილმა სავსებით ლოგიკური ნაბიჯი გადადგა, მან სწორედ ვარდან არეველცის ცნობასა და A-85-ის კინკლოსის მინაწერზე დაყრდნობით დაავიწროვა ზემოხსენებული ორწლიანი ქრონოლოგიური მონაკვეთი და გიორგი III-ის აღსაყდრების ფაქტი 1156 წლით დაათარიღა (ჯავახიშვილი 1913: 551-552).
მოგვიანებით ქართულმა ისტორიოგრაფიამ უპირობოდ გაიზიარა ივანე ჯავახიშვილის მიერ შემოთავაზებული თარიღი. დღეისათვის გიორგი III-ის გამეფება 1156 წლით არის განსაზღვრული როგორც სამეცნიერო, ისე საენციკლოპედიო ხასიათის გამოცემებში (ბუნიათოვი 1966: 285; ოდიშელი 1968: 90-91; სოხაშვილი 1968: 193; ბადრიძე 1973: 27; ბერძენიშვილი 1973: 68; მეტრეველი 1973: 104; თოფურია 1975: 17; მეტრეველი 1978: 159-160; ლორთქიფანიძე 1979ა: 263, 286-288; თოდუა 1979: 52, 56; ფუთურიძე 1955: 67; ქადაგიძე 1985: 140; კვაჭანტირაძე 1989: 106-107; სტეფნაძე 1990: 23; ჯაფარიძე 1995: 99; სტეფნაძე 1999; დავლიანიძე 2000: 93; საქართველოს ... 2000ბ: 132-134 და სხვ.).
გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღის დადგენისათვის ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის Vენ.4-ის 1160 წლის ანდერძის ტექსტი. ვინაიდან ჩვენ ზემოთ უკვე დაწვრილებით განვიხილეთ ამ ანდერძთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხები, აქ აღარაფერს ვიტყვით მის თაობაზე და პირდაპირ მოვიყვანთ კოლოფონის ტექსტს:
„სახელითა ღ(მრთ)ისაÁთა, წიგნსა ამას ეწოდების სა|ნატრელი. დაიწერა ხელითა უნდოსა, შავ | ნიკ(ოლო)ზ ნიკრაÁსათა, სანახებსა წ(მიდ)ისა მ(ა)მისა დ(ავი)თისსა, | გარესჯას, კედელსა (?), რ(ომე)ლსა ეწოდების სახელად | ბერთა, ქრონიკონსა ტპ (1160 წ.), მეფობასა ძისა | დ(ემე)ტრეს გ(იორგ)ისაზე, წელსა მე-ფობისა მისისასა გ (3). | დაამყარენ ღ(მერთმა)ნ მეფობ(ა) მისი სათნოდ ო(ფლ)ისა ჩ(უე)ნისა | ი(ეს)ე ქ(რისტე)ს{ა}, რ(ომ)ლისა არს დ(იდე)ბ(ა) უკ(უნი)თი უკ(უნისადმდ)ე, ა(მე)ნ და შა|ვ ნიკრასა შრომისათÂს კ(ურთ)ხ(ე)ვა ს(აუ)კ(უ)ნ(ო), ა(მე)ნ. | დ(იდე)ბ(ა) ღ(მერთს)ა სრ(უ)ლმყოფელსა ყ(ოველ)თასა, ა(მე)ნ. | მე{უ}ფეო, გ(უა)კ(ურთ)ხ(ე)ნ~.
როგორც ვხედავთ, გარეჯული კრებულის ანდერძის თანახმად, ხელნაწერის გადაწერის თარიღი - 1160 წელი, იმავდროულად, იყო გიორგი III-ის ზეობის მე-3 ინდიკტიონი. შესაბამისად, 1160 წელი, შეიძლება, იყოს მისი მეფობის როგორც მე-2 წლის დასასრული და მე-3-ს დასაწყისი, ისე - მე-3 წლის დასასრული და მე-4-ს დასაწყისი. პირველ შემთხვევაში, გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღად ვიღებთ 1158, ხოლო მეორე შემთხვევაში - 1157 წელს.
ცხადია, ამ ორ თარიღს შორის უპირატესობას ვერც ერთს ვერ მივცემდით, რომ არა სინქრონული პერიოდის ორი სხვა ძეგლი - ტბეთის სახარების ანდერძი და სამთავისის წარწერა, რომელთა მიერ შემოთავაზებული ორწლიანი მონაკვეთი - 1156-1157 წლები მხოლოდ იმ პირობით ემთხვევა Vენ.4-ის ანდერძში მითითებულ ორწლიან მონაკვეთს - 1157-1158 წლებს, თუკი გიორგი III-ის გამეფების თარიღად 1157 წელს ავიღებთ.
ამ შემთხვევაში, გამოვა, რომ გარეჯული კრებულის გადაწერის თარიღი (1160 წ.) ნამდვილად გიორგი III-ის ზეობის მე-3 ინდიკტიონს (მე-3 წლის დასასრული და მე-4-ს დასაწყისი) წარმოადგენს, ტბეთის სახრების ანდერძის თარიღი (1161 წ.) - მისი მეფობის მე-5 ინდიკტიონია (მე-4 წლის დასასრული და მე-5-ს დასაწყისი), ხოლო სამთავისის წარწერის თარიღი (1168 წ.) გიორგი III-ის მმარ-თველობის - მე-12 ინდიკტიონი (მე-11 წლის დასასრული და მე-12-ს დასაწყისი).
ყველა სხვა შემთხვევაში, ერთი მხრივ, Vენ.4-ის ანდერძი, ხოლო, მეორე მხრივ, ტბეთის სახარების ანდერძი და სამთავისის ტაძრის წარწერა აბსოლუტურად სხვადასხვა თარიღს - ან 1158, ან კიდევ 1156 წელს გვაძლევენ.
რამდენად შეიძლება ვენდოთ გარეჯული კრებულის ანდერძში დაცულ ცნობას? ვფიქრობთ, რომ ეს ცნობა სავსებით სარწმუნოა. ჯერ ერთი, Vენ.4-ის გადამწერი ნიკოლოზ ნიკრა გიორგი III-ის გამეფების თანამედროვეა და მეფის აღსაყდრებასა და ხელნაწერის გადაწერას შორის სხვაობა მხოლოდ სამ წელს შეადგენს. მეორეც, ნიკრა გარეჯში მოღვაწე მწიგნობარია, აქაური სავანეები კი ამ დროს უკვე სამეფო მონასტრებს წარმოადგენდნენ (ლომინაძე 1966ბ: 123-124).
შესაბამისად, გარეჯელი მოწესეებისა და, მათ შორის, Vენ.4-ის გადამწერისათვის სამეფო კარის პერიპეტიები კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი. მეტიც, ანდერძში გიორგი III-სთან დაკავშირებულ კიდევ ერთ ფრაზას ვხვდებით: დაამყარენ ღმერთმან მეფობა მისი სათნოდ ოფლისა ჩუენისა იესე ქრისტესა“, სადაც თითქოს ცხადლივ უნდა ჩანდეს გადამწერის შეშფოთება სამეფო კარზე ატეხილი დინასტიური ბრძოლების გამო და ამიტომაც არის, რომ იგი უფალს მაინცადამაინც გიორგი III-ის ტახტის განმტკიცებას ევედრება.
ჩვენი მოსაზრების მართებულობას ადასტურებს სომეხი ისტორიკოსის სამუელ ანეცის ქრონიკაც12. როგორც ცნობილია, სამუელ ანეცი XII საუკუნის მოღვაწე იყო და თავისი ქრონიკაც 1182 წელს ჰქონდა შედგენილი (მელიქსეთ-ბეგი 1949: 253). შესაბამისად, მის ცნობებს ჩვენთვის ისეთივე წყაროთმცოდნეობითი ღი-რებულება აქვს, როგორც სინქრონული პერიოდის დანარჩენ სამ ძეგლს - გარეჯული კრებულის ანდერძს, ტბეთის სახარების კოლოფონსა და სამთავისის ტაძრის წარწერას. სამუელ ანეცის თხზულების ერთი ფრაგმენტის ქართული თარგმანი 2000 წელს გამოაქვეყნა წყაროთმცოდნე ნინო თორთლაძემ. ტექსტი გვამცნობს:
„604 წელს (1155 წ.) გარდაიცვალა ქართველთა მეფე დემეტრე და გამეფდა მისი ძე დავითი, ხოლო ორი წლის შემდეგ ისიც გარდაიცვალა. მისი ძალაუფლება მისმა ძმამ გიორგიმ მიიღო“ (თორთლაძე 2000: 79)13.
ამრიგად, ხელთ გვაქვს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - გიორგი III-ის მეფედ კურთხევას Vენ.4-ის ანდერძის, ტბეთის სახარების კოლოფონისა და სამთავისის წარწერის გარდა, 1157 წლით ათარიღებს XII საუკუნის კიდევ ერთი ძეგლი - სამუელ ანეცის ქრონიკა.
ასეთ ვითარებაში ბუნებრივად ჩნდება კითხვა: ტბეთის სახარების ანდერძის, სამთავისის ტაძრის წარწერისა და სტეფანოს ორბელიანის მიერ შემოთავაზებული ორწლიანი მონაკვეთის - 1156-1157 წლების დასავიწროვებლად წყაროთა რომელ ჯგუფს უნდა მიეცეს უპირეტესობა - ვარდან არეველცის თხზულებასა და A-85-ის კინკლოსს, რომლებიც გიორგი III-ის გამეფებას 1156 წლით ათარიღებენ, თუ გარეჯული კრებულის კოლოფონსა და სამუელ ანეცის თხზულებას, რომლებიც ამავე ფაქტს 1157 წლით განსაზღვრავენ?
ჩვენ წყაროების შეპირისპირებისას უპირატესობას Vენ.4-ის კოლოფონსა და სამუელ ანეცის ქრონიკას ვაძლევთ. ჯერ ერთი, ეს ძეგლები, ვარდან არეველცის თხზულებისა და A-85-ის კინკლოსის მინაწერისაგან განხვავებით, გიორგი III-ის სიცოცხლეშია შედგენილი და გაცილებით სანდო პირველწყაროებს წარმოადგენს. მერე მეორეც, კარგად არის ცნობილი, რომ ვარდან არეველცი, რომელიც, საზოგადოდ, სანდო ავტორად არის მიჩნეული, XII საუკუნის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიისათვის რამდენიმე მცდარსა თუ სადაო თარიღსაც გვაწვდის. ეს საკითხი ისტორიკოს ეკა კვაჭანტირაძის მიერ კარგად არის შესწავლილია (კვაჭანტირაძე 1989: 104-112) და ამიტომ, მასზე აქ აღარ შევჩერდებით.
რაც შეეხება A-85-ის კინკლოსის მინაწერს, აქ საქმე კიდევ უფრო რთულად გვაქვს. ტექსტის თედო ჟორდანიასეული გამოცემა შემდეგი სახით იკითხება:
„ქ(ორონი)კ(ონ)ს ტო (1150 წ.), დასაბამითგან ხღÁ (1156 წ.), აქა ძე დიმიტრი მეფისა გიორგი მეფე იქმნა“ (ჟორდანია 1892: 255). ე. ი. მინაწერი გიორგი III-ის გამეფების შესახებ ორ სხვადასხვა თარიღს გვაძლევს - 1150 და 1156 წლებს. ამ ორ თარიღს შორის, თედო ჟორდანიამ უპირატესობა 1156 წელს მისცა (ჟორდანია 1892: 255), ივანე ჯავახიშვილმა კი, თავის მხრივ, სავსებით გაიზიარა ეს მოსაზრება (ჯავახიშვილი 1913: 551).
მოგვიანებით, 1968 წელს A-85-ის კინკლოსის მინაწერები გამოაქვეყნა ჯუმბერ ოდიშელმაც. მკვლევარმა ჩვენთვის საინტერესო მინაწერის ქრონიკონი სულაც ტვ-დ (306+780=1086 წ.) წაიკითხა და მასთან შედარებით უპირატესობა, რასაკვირველია, დასაბამითგან ათვლილ თარიღს - 1156 წელს მისცა (ოდიშელი 1968: 26).
კიდევ უფრო მოგვიანებით, 1974 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტმა გამოსცა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის (A) კოლექციის აკადემიური `აღწერილობის~ II ტომი, სადაც შეტანილი იყო A-85-ის კინკლოსის მინაწერები. ამ პუბლიკაციაში ჩვენთვის საინტერესო ტექსტი შემდეგი სახით იკითხება: `[1157 წ.] აქა ძე დიმიტრი მეფისა გიორგი მეფე იქმნა~ (ბრეგაძე ... 1973: 295).
ამრიგად, მინაწერის აკადემიურ გამოცემაში ქორონიკონის თარიღად მითითებულია არა 1150 ან 1086 წლები, როგორც ამას თედო ჟორდანიასა და ჯუმბერ ოდიშელის პუბლიკაციებში ვხვდებით, არამედ - 1157 წელი.
საკითხის საბოლოოდ გარკვევის მიზნით, პირადად გავეცანით ხელნაწერს. გაირკვა, რომ საკუთრივ კინკლოსს მხოლოდ ქრონიკონის თარიღები უზის. ამასთან, მისი ათვლა სახელდობრ 1157 წლით იწყება და ნუსხური მინაწერიც - „აქა ძე დიმიტრი მ(ე)ფის(ა) გ(იორგ)ი მეფე იქმნა“, სწორედ ამ წლის გასწვრივ არის მითითებული.
ასე, რომ A-85-ის კინკლოსის მინაწერი გიორგი III-ის მეფედ კურთხევას ათარიღებს არა 1156, არამედ - 1157 წლით. ეს კი, აგრეთვე, ადასტურებს ჩვენი ზემოთ გამოთქმული მოსაზრების მართებულობას.
მეტიც, თუ ზემოთ წარმოდგენილი ჩვენი დაკვირვებები სწორია, მაშინ შეგვიძლია, კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ გიორგი III-ის გამეფების თარიღი. ტბეთის სახარების ანდერძში მითითებულია, რომ გიორგი III-მ სუქმანის-ძე ანისთან მისი ზეობის მე-5 ინდიკტიონს დაამარცხა (ბრეგაძე ... 2004: 355-356). პარალელურად ამისა, ივანე ჯავახიშვილმა არაბი მემატიანის იბნ ალ-ასირის ცნობაზე დაყრდნობით, გაარკვია, რომ ქართველებმა ხლათის მმართველი სუქმან II აგვისტოს თვეში დაამარცხეს (ჯავახიშვილი 1913: 555-556).
ამ ბოლო ქრონოლოგიურ მონაცემს დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხის გარკვევისათვის, ვინაიდან ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმული მოსაზრების თანახმად, 1161 წელი გიორგი III-ის ზეობის მე-4 წლის დასასრულს და მე-5-ს დასაწყისს წარმოადგენდა. შესაბამისად, 1161 წლის აგვისტოში გიორგი III-ის მეფობის მე-5 წელი უკვე დაწყებული ყოფილა და ამიტომ მისი მეფედ კურთხევაც 1157 წლის დასაწყისიდან აგვისტომდე პერიოდით უნდა განისაზღვროს.
ამრიგად, ჩვენ ვითვალისწინებთ 1160 წელს გარეჯში გადაწერილი კრებულის (Vენ.4-ის) ანდერძის, ტბეთის სახარების (Q-929-ის) 1161 წლის კოლოფონის, სამთავისის ტაძრის 1168 წლის ლაპიდარული წარწერის, XII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სამუელ ანეცის ქრონიკის, სტეფანოს ორბელიანის მიერ XIII საუკუნის მიწურულს შედგენილი „სიუნიქის ისტორიისა“ და XIII-XIV საუკუნეების ხელნაწერი კრებულის (A-85-ის) კინკლოსის ცნობათა ურთიერთმიმართებას და სამეცნიერო საზოგადოებას ვთავაზობთ მოსაზრებას, რომ გიორგი III საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა არა 1156 წელს, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული ქართულ ისტორიოგრაფიაში, არამედ, ოდნავ უფრო მოგვიანებით, კერძოდ, 1157 წელს14.
შენიშვნები
1. სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღს ივანე ჯავახიშვილამდე რამდენიმე სხვა ისტორიკოსიც შეეხო. მათგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თედო ჟორდანია, რომელმაც ეს საკითხი ვრცლად განიხილა 1892 წელს დაბეჭდილი „ქრონიკების“ I წიგნში. დასახელებულ პუბლიკაციაში მკვლევარი დაეყრდნო მის ხელთ არსებულ ქართულ და სომხურ წერილობით ძეგლებს _ სამთავისის წარწერას, ვარდან არეველცისა და სტეფანოს ორბელიანის თხზულებებს, XIII-XIV საუკუნეების ერთი ქართული ხელნაწერის (A-85-ის) კინკლოსის მინაწერს და გიორგი III-ის მეფედ კურთხევა, ისე როგორც მოგვიანებით ივანე ჯავახიშვილმა, მანაც 1156 წლით დაათარიღა (ჟორდანია 1892: 252-259).
2. ჩვენთვის საინტერესო საკითხზე მუშაობისას ივანე ჯავახიშვილი სარგებლობდა ვახუშტი ბაგრატიონის (1696-1757 წწ.) თხზულების 1885 წლის, დიმიტრი ბაქრაძისეული გამოცემით. თავად თხზულებაში ნათქვამია, რომ მეფე დემეტრე I-მა „...დასვა ძე თვისი დავით მეფედ და თვით მონოზონ იქმნა წელსა 1150, ქართულსა 370 (1150 წ.). ამან ძემან დიმიტრი მეფისამან დავით იმეფა თთვე ექვსი ნებიერ, უშფოთველად; შემდგომად მოკვდა წელსა 1150, ქართულსა 370 (1150 წ.). ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა დიმიტრი მეფეცა შემონაზონებული და თამარ და მისი თიღვას აღმაშენებელი ეკლესიისა და კატა და მათივე ბერძენთა მეფის ცოლი. გამეფდა ძმა დავით მეფისა და ძე დიმიტრი მეფისა გიორგი (რამეთუ ძე დავით მეფისა დიმიტრი მცირე ყრმა იყო)“ (ვახუშტი 1885: 188-189). როგორც ვხედავთ, ვახუშტი ბაგრატიონი დემეტრე I-ის შემონაზვნებას, დავით V-ის გამეფებასა და გარდაცვალებას, აგრეთვე, გიორგი III-ის აღსაყდრებას 1150 წელს მომხდარ ამბებად მიიჩნევს.
3. დასახელებული ხელნაწერი კრებული შედგებოდა ერთად აკინძული რამდენიმე რვეულისაგან, რომელთა დიდი ნაწილიც დაწერილი იყო 1763-1793 წლებში, გარეჯელი მღვდელმონაზონის გერმანეს ხელით (თაყაიშვილი 1913: 35-46). კრებულის ბოლო ორი გვერდზე წარმოდგენილი იყო ქრონოლოგიურად დალაგებულ მოკლე საისტორიო ცნობები. აღნიშნული ცნობები წინასიტყვაობითა და შენიშვნებით 1913 წელს გამოაქვეყნა ექვთიმე თაყაიშვილმა (თაყაიშვილი 1913: 54-66). ივანე ჯავახიშვილი ჩვენთვის საინტერესო საკითხზე მუშაობისას სწორედ ამ გამოცემით სარგებლობდა. დასახელებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ: `და ამავე ქო(რონი)კ(ონ)სა ტო (1150 წ.) ამდონს მიიცვალა დიმიტრი მეფე. და დაჯდა მეფედ შვილი მისი დ(ავი)თ. განგებისაგან მეტი დღე არ ედვა. წლის გათავებაზედ იგიც მოკ(უ)და. და დაჯდა მეფედ დიდი გიორგი~ (თაყაიშვილი 1913: 63-64). როგორც ვხედავთ, გიორგი III-ის მეფედ კურთხევის ფაქტი დასახელებული ხელნაწერი კრებულის ცნობებში, ვახუშტი ბაგრატიონის მსგავსად, აგრეთვე, 1150 წლით არის დათარიღებული.
4. ქართულ ისტორიოგრაფიაში აღნიშნული თხზულება დათარიღებულია 1122-1223 წლებით. იგი სრული სახით `ქართლის ცხოვრების~ მხოლოდ ერთ, ანა დედოფლისეულ ნუსხაშია დაცული. გარდა ამისა, მისი ტექსტი ნაკლული სახით არის ჩართული ჭალაშვილისეული `ქართლის ცხოვრების~ XVI საუკუნის ნაწილშიც (ყაუხჩიშვილი 1955: 015-016). `ქართველი ერის ისტორიის~ II წიგნზე მუშაობისას ივანე ჯავახიშვილი ანასეული ნუსხის ხელნაწერით სარგებლობდა, ჭალაშვილისეულ `ქართლის ცხოვრებას~ კი მკვლევარმა მოგვიანებით, 1923 წელს მიაკვლია (ყაუხჩიშვილი 1955: 05). ლაშა-გიორგისდროინდელი მემატიანე გიორგი III-ის გამეფების შესახებ საპირისპირო ხასიათის ორ ცნობას გვაწვდის. ერთგან ვკითხულობთ: მეფე დემეტრე I-მა `წარვლო ცხოვრება, და მიიწია სრულ-ქმნილი სიბერესა. შეიმოსა ჩოÃა და იკურთხა სქემითა. დაყო წელიწადი ერთი და მოკუდა. და დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა. შემდგომად მისსა დაჯდა ძე მისივე გიორგი ქრონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა (1155 წ.). ამასვე წელსა დემეტრე მეფე მოკუდა, და დაÁ დემეტრესი თამარ, თიღÂსა აღმაშენებელი, იგიცა შემონაზონებული გარდაიცვალა~ (ლაშა გიორგისდროინდელი მემატიანე 1955: 366). ცოტა უფრო ქვემოთ თხზულება გვამცნობს, რომ `დემეტრე მეფე ბელტის ციხეს მიიცვალა და გელათს წარიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა. ქრონიკონი იყო სამას სამოცდათოთხმეტი (1154 წ.)~ (ლაშა გიორგისდროინდელი მემატიანე 1955: 367). ამრიგად, მემატიანე გიორგი III-ის გამეფებას და დემეტრე I-ის გარდაცვალებას ერთსა და იმავე წელს მომხდარ მოვლენებად მიიჩნევს, თუმცა კი, ამ ორ ფაქტს ერთგან _ 1155, ხოლო მეორეგან _ 1154 წლით ათარიღებს.
5. წყაროთა ამ ჯგუფში შეიძლება შევიტანოთ მეფე თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულებაც (XIII ს-ის I ნახ.), რომელიც გიორგი III-ის მეფედ კურთხევას, აგრეთვე, 1155 წლით ათარიღებს: `დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა (1155 წ.)~ (ბასილი ეზოსმოძღუარი 1959: 115). რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გამოიყენა ივანე ჯავახიშვილმა აღნიშნული ცნობა გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღის დადგენისათვის. საქმე ის არის, რომ მეფე თამარის მეორე ისტორიკოსის თხზულება `ქართლის ცხოვრების~ ჭალაშვილისეულ ნუსხაშია დაცული, ეს უკანასკნელი კი ივანე ჯავახიშვილმა, როგორც უკვე ვთქვით ზემოთ, მხოლოდ 1923 წელს აღმოაჩინა (ყაუხჩიშვილი 1959: 015-016) და ამ ნუსხაში დაცულ ცნობასაც, ცხადია, ვერ გამოიყენებდა 1913 წელს დაბეჭდილი `ქართველი ერის ისტორიის~ II წიგნში.
6. წარწერიანი ქვა თავდაპირველად ჩადგმული უნდა ყოფილიყო ტაძარის დასავლეთ კარიბჭის ფრონტონში. მოგვიანებით, XIX საუკუნის სარესტავრაციო სამუშაოებისას კარიბჭე საერთოდ აიღეს, ხოლო წარწერა ეკლესიის დასავლეთ ფასადში, კარს ზემოთ ჩააშენეს. მისი შვიდსტრიქონიანი ასომთავრული ტექსტი პირველად 1851 წელს მარი ბროსემ გამოსცა. პუბლიკაციაში რამდენიმე ადგილი მცდარად არის წაკითხული (სოხაშვილი 1968: 193-194). წარწერა 1892 წელს თედო ჟორდანიამაც გამოაქვეყნა. ტექსტის ჟორდანიასეული პუბლიკაცია შემდეგი სახით იკითხება: `ხატო ღ(მრ)თაებისაო, ადიდე შენ მიერ დამყარებული და უძლეველი ღვთივ გÂრგÂნოსანი, ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ-მეფე გიორგი. მე, ი(ოვა)ნე სამ[თავნელმა]ნ, მეფობისა მათისა... (თედო ჟორდანიას თქმით, აქ ერთი სიტყვა `წაბღალულია~), აღვაშენე კარიბჭე ესე სალოცველად მეფობისა მათისა, ინდიკტიონსა მეფობისა მათისასა იბ (12). ქორონიკონი იყო ტპÀ (1168 წ.)~ (ქარაგმის გახსნა და პუნქტუაცია ჩვენია _ თ. ჯ.) (ჟორდანია 1892: 259). დასახელებული ორი პუბლიკაციიდან ივანე ჯავახიშვილი სარგებლობდა ჟორდანიასეული გამოცემით (ჯავახიშვილი 1913: 551).
7. კოლოფონის ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1900 წელს, პ. ცხვილოელის ანუ მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ (ცხვილოელი 1900; ქართული ... 1967: 35). ტბეთის სახარებასა და მის ანდერძ-მინაწერებს 1909 წელს სპეციალური ნარკვევი მიუძღვნა ექვთიმე თაყაიშვილმაც. მის პუბლიკაციაში ჩართულია რამდენიმე კოლოფონის, მათ შორის, 1161 წლის ანდერძის ნუსხახუცური ტრანსკრიპცია, მათი რუსული თარგმანები და შესანიშნავი ფოტო-ილუსტრაციები (მასალები ... 1909: 151-162). ივანე ჯავახიშვილს 1913 წელს `ქართველი ერის ისტორიის~ II წიგნზე მუშაობისას ტბეთის სახრების ანდერძი არ გამოუყენებია. თუმცა, ნაშრომის გამოცემის შემდეგ, პირად ეგზემპლარში რამდენიმე ადგილას ჩაურთავს ჩასამატებელი მასალა (ჯავახიშვილი 1948: V-VI, 229). ნაშრომი ხელმეორედ 1948 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს დიდი მეცნიერი უკვე გარდაცვლილი იყო. გამოცემის რედაქტორმა, სიმონ ყაუხჩიშვილმა გაითვალისწინა ივანე ჯავახიშვილის სურვილი და ზემოხსენებული მასალა პუბლიკაციის შესაბამის ადგილას ჩართო. ერთ-ერთ ასეთ ჩანართს წარმოადგენდა ტბეთის სახრების კოლოფონიც (ჯავახიშვილი 1948: V-VI, 229).
8. ტათევის მიტროპოლიტმა სტეფანოს ორბელიანმა (გარდ.A1304 წ.) `სიუნიქის ისტორიაზე~ მუშაობა 1297-1300 წლებში დაასრულა. თხზულების 66-ე თავს წარმოადგენს ტექსტი, სახელწოდებით: `ცხოვრება ორბელიანთა~ (მაისურაძე 1985; აბდალაძე 1979: 36-37). ჩვენთვის საინტერესო ცნობები სწორედ ამ თავშია დაცული. სტეფანოსის თხზულების სრული სომხური ტექსტი 1861 წელს მოსკოვში გამოაქვეყნა მ. ემინმა (მელიქსეთ-ბეგი 1949: 267). ივანე ჯავახიშვილი `ქართველი ერის ისტორიის~ მეორე წიგნზე მუშაობისას სწორედ ამ, მოსკოვური გამოცემით სარგებლობდა (ჯავახიშვილი 1913: 526, 551-552).
9. სტეფანოს ორბელიანის თხზულების 66-ე თავის ემინისეული რუსული თარგმანის 1896 წლის გამოცემაში ჩვენთვის საინტერესო ნაწყვეტი ასეთი სახით არის წარმოდგენილი: „Въ 607 (1158) году, после многихъ удачъ и великихъ подвиговъ мужества умираетъ царь Деметре, царство котораго наследуетъ Давидъ, мужъ могущественный и мудрый, какъ и отецъ его. Но прошествიй 2 летъ умеръ и онъ… черезъ месяцъ у Георгიя созваны были все дедепулы и дворяне, съ которыми вместе явился и Иване съ своей свитой. Георгიй открылъ последнему свое намеренიе и после долгихъ увещеванიй успелъ, наконецъ, убедить его въ томъ, что по достиженიи племянника моего совершеннолетიя я его не обижу, но согласно завещанიю моего брата возведу его на престолъ царскიй. Вследствიе этого все единогласно помазали его на царство“ (ემინი 1896: 362-363). იგივე ფრაგმენტი `ცხოვრება ორბელიანთას~ 1682 (A) და 1801 (B) წლების ძველქართულ თარგმანებში შემდეგნაირად იკითხება: A _ `და შემდგომად მრავლისა განმარჯვებისა და დიდ-დიდისა სიმხნისა მოკვდა დიმიტრი მეფე რიცხვსა ექვსასშვიდსა (1158 წ.) და მიიღო მეფობა მისი დავით, მსგზავსმან მამისამან, კაცმან ძლიერმან და ბრძენმან, და ცხოვნდა წელსა ორსა და მოკვდა... ხოლო შემდგომად თვისა ერთისა შეკრბენ ყოველნი დიდებულნი და აზნაურნი გიორგისა და მივიდა მათ თანა იოვანეცა თვისითურთ, და განუცხადა განზრახვა იგი გიორგი მრავლითა ვედრებითა და დაჯერებულ ყო სიტყვით: `უკეთუმცა ასაკეულ იქმნეს ძმისწული ჩემი, არა დაკლებულ ვყო იგი, არამედ ანდერძისაებრ ძმისა ჩემისა დავსვა საყდარსა მეფობისასა~. ამისთვის სცხეს მას მეფედ~ (ცაგარეიშვილი 1978: 40-42); B _ `და შემდგომად მრავალთა გამარჯვებათა და დიდ-დიდთა მÃნეობათა მოკუდა დიმიტრი და მიიღო მეფობა მისი ძემან მისმან დავით, მსგავსმან მამისა ძლიერისა და ბრძნისამან. იცოცხლა ამან წელსა ორსა და ესეცა მოკუდა... ხოლო შემდგომად ერთისა თთÂსა შეკრბენ ყოველნი დიდებულნი და მთავარნი გიორგისთან, სადაცა იმყოფებოდა ივანეცა თÂსეულითა, მაშინ განუცხადა გიორგიმ განზრახვა თÂსი და მრავლითა სიტკბოებითა არწმუნებდა მათ და ეტყოდა, რამეთუ: `ოდეს მოიჰასაკების ძმისწული ჩემი, არა უვარ-ვჰყოფ ანდერძსა ძმისა ჩემისასა, არამედ დავსვამ ტახტსა ზედა მეფობისა ჩემისასა~. ამისათÂს დაერთსიტყვავდენ და სცხეს იგი მეფედ~ (ცაგარეიშვილი 1978: 40-42).
10. ემინის რუსული თარგმანი: „Въ 626 году армянскаго летосчисленიя (1177) возникли смуты въ Иверიйскомъ царстве и родъ Орбелიановъ весь былъ истребленъ… после 21 года царствованიя Георгიя…“ (ემინი 1896: 364). ძველი ქართული თარგმანები: A _ `რიცხვსა სომხურისა ექვსას ოცდა ექვსსა (1177 წ.) იქმნა ალმური და შფოთი შორის მეფობისა ქართველთასა და ძირითურთ აღმოფხვრეს და დასცეს სახლი ორბელიანთა მეფობასა გიორგისასა მეოცდაერთსა (21) წელსა~ (ცაგარეიშვილი 1978: 44); B _ `ხოლო რიცხუსა სომხურსა ქკვ (1177 წ.) აღსდგა შფოთი სამეფოსა შინა საქართუელოÁსასა და სრულიად აღიფხურა სახლი ორბელიანთა, რამეთუ იმეფა გიორგი წელსა ოცდა ერთსა (21)~ (ცაგარეიშვილი 1978: 44). გარდა ამისა, სტეფანოსის თხზულების 1682 წლის ქართულ თარგმანში დაცულია კიდევ ერთი ირიბი ცნობა გიორგი III-ის აღსაყდრების თარიღის შესახებ: `ხოლო თვით მას გიორგის არ აქვნდა სამკვიდრებელი მეფობისა თვისისა თვინიერ ასულისა ერთისა, თამარად სახელდებულისა, და აღესრულა რიცხვსა ექვსას ოცდა ათ სამეტსა (1184 წ.), ხოლო მეფობდა წელსა ოცდარვასა (28)~ (ცაგარეიშვილი 1978: 54). აქვე შევნიშნავთ, რომ 1801 წლის ძველ ქართულ და ემინისეულ რუსულ თარგმანებში მითითებულია მხოლოდ გიორგი III-ის გარდაცვალების წელი. რაც შეეხება მისი მეფობის ხანგრძლივობას, ამაზე დასახელებულ თარგმანებში არაფერია ნათქვამი (ცაგარეიშვილი 1978: 54; ემინი 1896: 368).
11. სომეხი ისტორიკოსის ვარდან არეველცის (1200/1210-1271 წწ.) `მსოფლიო ისტორია~ XIII საუკუნის ^60-იან წლებში უნდა იყოს შედგენილი (აბდალაძე 1979: 33-34). თხზულების სომხური ტექსტი 1861 წელს მოსკოვში გამოსცა მ. ემინმა (მელიქსეთ-ბეგი 1949: 261). ივანე ჯავახიშვილი სწორედ ამ პუბლიკაციით სარგებლობდა (ჯავახიშვილი 1913: 526, 550-552). იმავე 1861 წელს ემინმა მოსკოვში `მსოფლიო ისტორიის~ რუსული თარგმანიც გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში ჩვენთვის საინტერესო ადგილი შემდეგი სახით იკითხება: „Царь иверიйскიй, Деметре, после тридцати двухлетняго управленიя скончался. Сынъ его, Давидъ, человекъ умный и расположенный къ добру, принялъ его корону: онъ освободилъ Тиркаша, заключеннаго въ темницу его отцемъ, и назначилъ его военачальникомъ; самъ же умеръ черезъ месяцъ. Некоторые говорятъ, что онъ погибъ отъ измены Сембата и Иване Орбелიановыхъ за назначенიе на ихъ место Тиркаша; и что они заранее условились въ этомъ съ Георгомъ, братомъ Давида, который обещалъ имъ назначить ихъ военачальниками. Въ 605-1156 году Георгიй наследовалъ корону своего брата“ (ემინი 1861: 154-155). 2002 წელს თბილისში გამოქვეყნდა ვარდან არეველცის `მსოფლიო ისტორიის~ სრული ქართული თარგმანი, რომელიც, თავის მხრივ, შესრულებული იყო ნოდარ შოშიაშვილისა და ეკა კვაჭანტირაძის მიერ. ნაშრომს დართული აქვს ეკა კვაჭანტირაძის მიერ მომზადებული შესავალი, კომენტარები და საძიებლები (ვარდან არეველცი 2002). ვარდანის თხზულების ჩვენთვის საინტერესო ფრაგმენტი დასსახელებულ პუბლიკაციაში შემდეგი სახით არის მოტანილი: `ქართველთა მეფე დემეტრე 32 წლის მეფობის შემდეგ გარდაიცვალა. გვირგვინი მიიღო მისმა ვაჟმა, ჭკვიანმა და კეთილმა დავითმა. მან ციხიდან გამოიყვანა მამის მიერ შეპყრობილი თირქაში, დააყენა მხედართმთავრად და ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. ზოგი ამბობს, რომ [ის მოკლულ იქნა] სუმბატ და ივანე ორბელიანების მზაკვრობის შედეგად, რადგან მათ ადგილას დააყენა თირქაში. ისინი შეთანხმებული იყვნენ დავითის ძმა გიორგისთან, რომ [ის] დანიშნავდა [მათ] მხედართმთავრად. გიორგიმ მიიღო სამეფო გვირგვინი 605 (1156) წელს~ (ვარდან არეველცი 2002: 145).
12. ანისის საკათედრო ტაძრის ხუცესის სამუელ ანეცის (1110-1190 წწ.) საისტორიო ქრონიკა შედგენილია 1182 წელს (მელიქსეთ-ბეგი 1949: 253). არსებობს თხზულების სრული სომხური ტექსტის ა. ტერ-მიქელიანისეული გამოცემა, რომელიც, თავის მხრივ, დაბეჭდილია 1893 წელს. პუბლიკაცია დამყარებულია ეჩმიაწინის ბიბლიოთეკაში დაცულ 13 ხელნაწერ ნუსხაზე (თორთლაძე 2000: 79).
13. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეჩმიაწინის ზემოხსენებული 13 ხელნაწერიდან 10 ხელნაწერში მითითებულია `ორი წელი~, სამში კი _ `ორი თვე~. ნინო თორთლაძე ითვალისწინებს ლაშა-გიორგისდროინდელი მემატიანის ცნობასა და XVIII საუკუნის ქართული კინკლოსის მინაწერს და უპირატესობას სამი ხელნაწერის წაკითხვას აძლევს. მკვლევარი ფიქრობს, რომ შამუელ ანეცის ქრონიკაში თავდაპირველად აღნიშნული იყო ორი თვე, მოგვიანებით კი ტექსტის არასწორი წაკითხვის საფუძველზე, ან, შესაძლოა, შეგნებულადაც ეს ადგილი გადააკეთეს და მიიღეს ორი წელი (თორთლაძე 2000: 79-80). ჩვენ საყურადღებოდ გვეჩვენება ეს მსჯელობა, თუმცა ტრადიციული მოსაზრება უფრო მართებული გვგონია. მით უფრო, რომ ზემოხსენებული წერილობითი წყაროების მიერ გიორგი III-ის მეფედ კურთხევის 1157 წლით დათარიღება დავით V-ის სწორედ რომ ორწლიანი მმართველობის სასარგებლოდ მეტყველებს.
14. გიორგი III-ის გამეფების 1157 წლით დათარიღებას პრაქტიკულად არავითარი კორექტივი არ შეაქვს შემდგომი პერიოდის ქრონოლოგიაში. გამონაკლისია გიორგი III-ის ორი სიგელი _ 1170 წლისა მღვიმისადმი (ენუქიძე ... 1984: 67-70) და 1177 წლისა საქართველოს ეკლესიისადმი (ენუქიძე ... 1984: 71-72). ჩვენი მოსაზრებების გათვალისწინებით, პირველი საბუთი _ 1170-1171, მეორე კი _ 1177-1178 წლებით უნდა დათარიღდეს. რაც შეეხება დანარჩენ მასალას, მისმა შესწავლამ გვიჩვენა, რომ 1157 წლის შემდგომდროინდელი არცერთი სხვა მოვლენა არ თარიღდება გიორგი III-ის ზეობის ინდიკტიონით. სამაგიეროდ, გიორგი III-ის აღსაყდრების გადათარიღებამ გარკვეული ცვლილებები უნდა შეიტანოს დემეტრე I-ის მმართველობის ბოლო წლებისა და დავით V-ის მეფობის უკვე დამკვიდრებულ ქრონოლოგიაში. თუმცა ეს უაღრესად პრობლემატური საკითხი წარმოდგენილი ნაშრომის ფარგლებს სცილდება და შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.

Комментариев нет:

Отправить комментарий