XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში ქართლის სამეფოს თექვსმეტ წელიწადს განაგებდა ვახტანგ ლევანის ძე ბაგრატიონი (1675-1737), იგივე მეფე ვახტანგ VI, რომელიც განეკუთვნებოდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართლის შტოს. იგი იყო შვილიშვილი მეფე ვახტანგ V-ისა (შაჰ ნავაზისა) და შვილი უფლისწულ ლევან ვახტანგის ძისა და თუთა ქაიხოსროს ასული გურიელისა.
ვახტანგ ლევანის ძე თერთმეტი წლის განმავლობაში ჯანიშინის ანუ მეფისნაცვლის რანგში მართავდა ქართლს, კერძოდ, 1703-1709 წლებში ნაცვლად სპარსეთში მყოფი თავისი ბიძისა (მამის ძმისა), მეფე გიორგი XI-ისა (დაიღუპა 1709 წელს), 1709-1711 წლებში ნაცვლად სპარსეთში მყოფი თავისი ძმისა, მეფე ქაიხოსროსი (დაიღუპა 1711 წელს), ხოლო 1711-1714 წლებში სპარსეთის შაჰინშაჰის მიერ მეფედ დამტკიცების მოლოდინში. 1714 წელს შაჰინშაჰმა ჰუსეინ I-მა სეფიანმა ვახტანგი სპარსეთში დაიბარა და მეფობის ბოძების სანაცვლოდ მას გამაჰმადიანება მოსთხოვა. 1714-1716 წლებში ქართლში მეფობდა ვახტანგის გამაჰმადიანებული ძმა იესე. ორწლიანი ყოყმანის შემდეგ, 1716 წელს ვახტანგმა ფორმალურად იწამა ისლამი და მეფობაც მიიღო, თუმცა სამშობლოში დაბრუნება მან მხოლოდ 1719 წელს შეძლო. 1717-1719 წლებში ქართლს მართავდა ბაქარ ვახტანგის ძე. 1719-1724 წლებში ანუ ხუთი წლის განმავლობაში ვახტანგ VI ქართლს მეფის რანგში განაგებდა.
ქვემოთ მოთხრობილია მეფე ვახტანგ VI-ის ქორწინების, ცოლ-შვილისა და პირდაპირი (ანუ მამრობითი ხაზით) შთამომავლობის შესახებ, რაც ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს წარმოადგენს. ეს პრობლემა ჯერაც არ გამხდარა საგანგებო კვლევის ობიექტი. აქვე დავძენთ, რომ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს ისტორია მონოგრაფიულად შევისწავლეთ ჩვენს სადოქტორო დისერტაციაში (ჯავახიშვილი 2011).
* * *
საქართველოს ერთიანი სამეფოს დაშლის (1466) შემდეგ, ბაგრატიონთა სამივე სამეფო სახლის – კახეთის, ქართლისა და იმერეთის წარმომადგენლები, ქორწინდებოდნენ ძირითადად ქართველ წარჩინებულებზე (ჯავახიშვილი 2008: 450), თუმცა ზოგჯერ უცხოელებზეც.
ბაგრატიონთა ქორწინებებს ქართველ და უცხოელ წარჩინებულებზე მივუძღვენით რამდენიმე სტატია, რომლებიც გამოქვეყნდა როგორც საქართველოში (ჯავახიშვილი 2008-2011), ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში, კერძოდ, აზერბაიჯანსა და დაღესტანში (ჯავახიშვილი 2010).
ვახტანგ VI-ის მეუღლე იყო რუსუდან დედოფალი (გარდაიცვალა 1740 წელს), ასული ჩერქეზი არისტოკრატისა, რომელიც ყაბარდოს მთავარი იყო. ვფიქრობთ, საყურადღებოა გავიხსენოთ, თუ რა ვითარებაში მოხდა ეს ქორწინება.
ყაბარდოელი ასული საქართველოში ჩამოიყვანეს ქართლის მეფის გიორგი XI-ის ვაჟის ბაგრატ ბატონიშვილის საცოლედ. ამ შეუღლებას პოლიტიკური სარჩული ედო. მისი მეშვეობით გიორგი XI-ს განზრახული ჰქონდა ყაბარდოს მთავართან დანათესავება (ჯავახიშვილი 2005: 46).
სპარსეთში მყოფი ბაგრატ ბატონიშვილის გარდაცვალების (1694 წ.) გამო, გიორგი XI-მ თავისი სარძლო უკან აღარ გააბრუნა და იმავე წელს მიათხოვა თავის ძმისწულს (პაიჭაძე 1981: 11).
ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში ასეა მოთხრობილი ვახტანგ VI-ის დაქორწინების ისტორია:
ჩერქეზის ბატონის ასული რუსუდან, რომელი მოეყვანა ძისა თვისისათვის მეფესა, ესე პირველვე მიეცა ძმისწულისა თვისისა ვახტანგისათვის და შემდგომად ქაიხოსროს წარსვლისა წარიყვანა ვახტანგ იგი და დედინაცვალი თვისი და ძმანი თვისნი და მივიდა ხარაგეულს და მუნ ნებითა მეფისათა ჰყო ქორწილი (ვახუშტი 1973: 474).
არსებობს ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები, თუ რა გვარი შეიძლებოდა ყოფილიყო რუსუდან დედოფალი. ერთი ვერსიის თანახმად, იგი იყო ტაუსულტანოვი, მეორე მიხედვით – მისოსტოვი (ბუტკოვი 1869: 505), ხოლო მესამე ვერსიით იგი იყო ასული ყილჩიყო ბაყიშვილისა (რუსულად – Келчик Бакишвили) (დუმინი 1996: 44-47).
ვფიქრობთ, უფრო სავარაუდოა პირველი ვერსია, ვინაიდან ტაუსულტანოვთა საგვარეულოს მამულები იყო მცირე ყაბარდოში, რომელიც ქართლთან უფრო ახლოს მდებარეობდა, ვიდრე დიდი ყაბარდო. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსუდან დედოფლის ძმის – თავად ადილ-გირეის სამფლობელოში შედიოდა როგორც ტატარტუპი, ასევე დიგორი და სხვა ოსური სოფლები, რომლებიც მცირე ყაბარდოს აღმოსავლეთიდან ესაზღვრებოდა (ტარსაიძე 1972: 99).
რუსუდან დედოფალთან მეფეს შეეძინა ოთხი შვილი, მათგან სამი ვაჟი და ერთი ასული. მათ შორის იყვნენ ბატონიშვილები (ჩამოთვლილია ქრონოლოგიური თანამიმდევრობით): როსტომი (1695-1698); თამარი (1696-1746); ანა (1698-1746); ბაქარი (1700-1750) და გიორგი (1712-1786) (ბაგრატიონები 2003: ნუსხა № 4).
მეფეს მხევალთაგან შეეძინა კიდევ ორი ვაჟი, უფლისწულები ვახუშტი (1696-1756) და პაატა (1720-1765) და ერთი ასული – მარიამი (თუთა) (1699-1746) (მეტრეველი 2007: 75).
1724 წლისათვის ქართლში შექმნილი უმძიმესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების გამო, ვახტანგ VI იძულებული გახდა, რომ სამშობლო დაეტოვებინა და ცოლშვილისა და მრავალრიცხოვანი ამალის თანმხლებით რუსეთში გადახვეწილიყო. მეფის და მისი ძმების შთამომავლები რუსეთში ატარებდნენ თავად გრუზინსკის გვარს (დუმინი 1996: 46).
ქვემოთ ჩამოვთვლით ვახტანგ VI-ის შვილებს და მიმოვიხილავთ როგორც მათ ოჯახებს, ასევე ხსენებული მეფის შთამომავლებს (შვილიშვილებს, შვილთაშვილებს და შვილთაშვილის შვილებს) მხოლოდ პირდაპირი ანუ მამაკაცთა ხაზით.
ვახტანგ VI-ის პირველი შვილი და ქართლის სამეფო ტახტის მემკვიდრე უფლისწული როსტომი (1695-1698) – სამი წლის ასაკში გარდაიცვალა.
თამარ ბატონიშვილი (1696-1746) 1712 წელს ცოლად გაჰყვა კახეთის მომავალ მეფეს თეიმურაზ II-ს (მეფობდა 1732-1762 წლებში). მათი ვაჟი იყო მეფე ერეკლე II (1720-1798).
ანა ბატონიშვილი (1698-1746) ცოლად გაჰყვა თავად ვახუშტი ლევანის ძე აბაშიძეს (გარდაიცვალა 1751 წელს).
უფლისწულ ვახუშტის (1696-1756) ცოლად ჰყავდა მარიამ გიორგის ასული აბაშიძე. მათ შეეძინათ რვა ვაჟი: იოანე (გარდაიცვალა 1781 წ.), იოთამი, პეტრე და გუკა (საისტორიო წყაროში ჩანან 1737 წელს), პეტრე, დავითი (1723-1819), ნიკოლოზი (გარდაიცვალა 1784 წ.) და დომენტი (1728-1737). მათი შთამომავლობის შესახებ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია.
უფლისწული პაატა (1720-1765) არ დაოჯახებულა და არც მემკვიდრე დაუტოვებია.
მარიამ (თუთა) ბატონიშვილი (1699-1746) ცოლად გაჰყვა ჯერ პაპუნა რაჭის ერისთავს, ხოლო შემდეგ – გედევან რაჭის ერისთავს.
ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ვახტანგ VI-ის მეორე შვილი (პირველი ქორწინებიდან), უფლისწული ბაქარი (1700-1750) მამის სპარსეთში ყოფნის პერიოდში (1717-1719) განაგებდა ქართლს. მოგვიანებით ის გახდა რუსეთის საიმპერიო არმიის არტილერიის გენერალ-პორუჩიკი და წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი. ბაქარს ცოლად ჰყავდა გიორგი არაგვის ერისთავის ასული ანა (1706-1780) (დუმინი 1998: 263). მათ შეეძინათ 2 ვაჟი: ალექსანდრე (1726-1791) და ლევანი (1728-1763).
ალექსანდრე ბაქარის ძეს (1726-1791) ცოლად ჰყავდა გრაფინია დარია ალექსანდრეს ასული მენშიკოვა (გარდაიცვალა 1817 წელს). მათ შეეძინათ 3 ვაჟი: გიორგი (1762-1832), ალექსანდრე (1763-1823) და იოანე (გარდაიცვალა ბავშვობაში).
გიორგი ალექსანდრეს ძეს (1762-1832) ცოლად ჰყავდა ვარვარა პეტრეს ასული ბახმეტიევა. მათ შეეძინათ ვაჟი – იოანე, რომელიც ბავშვობაში გარდაიცვალა. გიორგის ჰყავდა არაკანონიერი ვაჟიც – ანტონი, რომელიც უმემკვიდრეოდ გადაეგო.
ალექსანდრე ალექსანდრეს ძე (1763-1823) – უმემკვიდრეოდ გადაეგო.
ლევან ბაქარის ძეს (1728-1763) ცოლად ჰყავდა ალექსანდრა იაკობის ასული სიბირსკაია (1728-1793). მათ შეეძინათ 4 ვაჟი: იაკობი (1757-1835), ლევანი (1764-1800), დიმიტრი და ალექსანდრე.
იაკობ ლევანის ძეს (1757-1835) ცოლად ჰყავდა ვერა პეტრეს ასული ურუსოვა (1765-1835). მათ შეეძინათ ექვსი ვაჟი: ნიკოლოზი (1783-1861), პეტრე (1785-1812), დიმიტრი, იაკობი (1793-1866), სერგეი (1795-1880) და ალექსანდრე (1802-1828).
ნიკოლოზ იაკობის ძეს (1783-1861) ჰყავდა სამი ვაჟი: ივანე (1831-1898), კონსტანტინე (გარდაიცვალა 1884 წელს) და პეტრე (1840-1892).
იაკობ იაკობის ძეს (1793-1866) ჰყავდა ვაჟი ივანე.
ლევან ლევანის ძეს (1764-1800) ცოლად ჰყავდა პრასკოვია ევგრაფის ასული ტატიშჩევა (1767-1841). მათ შეეძინათ ორი ვაჟი: დავითი და ევგრაფი (1788-1794).
ვახტანგ VI-ის უმცროსი ვაჟი (პირველი ქორწინებიდან) უფლისწული გიორგი (1712-1786) იყო რუსეთის საიმპერიო არმიის არტილერიის გენერალ-ანშეფი. მას ცოლად ჰყავდა მარია იაკობის ასული დოგორუკოვა. მათ შეეძინათ 2 ვაჟი: ვასილი (1750-1765) და იაკობი (1751-1768).
ქართლის მეფის შთამომავლობა პირდაპირი ანუ მამაკაცთა ხაზით შეწყდა 1898 წელს, როდესაც გარდაიცვალა უფლისწულ ბაქარის შვილთაშვილის შვილი – ივანე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (1831-1898) (ბაგრატიონები 2003: ნუსხა № 4).
ამრიგად, მეფე ვახტანგ VI-ს ჰყავდა ხუთი ვაჟი. მათგან სამი იყო დედოფალ რუსუდანის ძე, ხოლო ორი − მხევალთაგან დაბადებული. მეფის შვილიშვილები და მათი შთამომავლები რუსეთში გრუზინსკის გვარს ატარებდნენ. მეფის შთამომავლობა პირდაპირი ანუ მამაკაცთა ხაზით შეწყდა 1898 წელს, როდესაც გარდაიცვალა მისი შვილთაშვილის შვილიშვილი (მეხუთე თაობა ვახტანგ VI-დან) − ივანე ნიკოლოზის ძე გრუზინსკი (1831-1898).
დამოწმებანი
ბაგრატიონები 2003: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. ავტორთა კოლექტივის სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბილისი. ვახუშტი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. IV, თბილისი.
ბუტკოვი 1869: П. Бутков. Материалы для новой
истории Кавказа с 1722 по 1802 г. Ч. 1, СПб.
დუმინი 1996: Дворянские роды Российской
империи. Т. III. Князья. Под редакцией С. Думина, Москва.
დუმინი 1998: С. Думин. П. Гребельский.
Дворянские роды Российской империи. Т. IV. Князья Царства Грузинского. Под редакцией
С. Думина и Ю.Чиковани, Москва.
მეტრეველი 2007: რ. მეტრეველი. ნ. ჯადუგიშვილი. მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ, თბილისი.
პაიჭაძე 1981: გ. პაიჭაძე. ვახტანგ VI, თბილისი.
ტარსაიძე 1972: Н. Тарсаидзе. Исторические
этюды, Тбилиси.
ჯავახიშვილი 2005: ნ. ჯავახიშვილი. ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი.
ჯავახიშვილი 2008: დ. ჯავახიშვილი. ქართველ მეფეთა მეუღლეები (ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტო). კრებული ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. ტ. IV, თბილისი.
ჯავახიშვილი 2010: Д. Джавахишвили. Династические
браки между кахетинскими Багратионами и представителями ка-вказской и персидской
знати. Общественно-политический и культурно-исторический научный журнал Ахульго.
№ 12, Махачкала.
ჯავახიშვილი 2010: Д. Джавахишвили. Из истории
династических браков кахетинских Багратионов с представителями мусульманской знати
(XVI-XVIII вв). Сборник трудов Гянджинского государственного университета Ученые
записки. № 2, Гянджа.
ჯავახიშვილი 2011: Д. Джавахишвили. Династические
браки на службе дипломатии (на примере кахетинской ветви царской династии Багратионов).
Материалы международной научной конференции: Археология, этнология, фолькло-ристика
Кавказа (Тбилиси, 27-30 сентября 2010 года). Организаторы конференции: Фонд Кавказа,
Комиссия по научно-му сотрудничеству со странами Кавказа Национальной Академии Наук
Грузии, Центр Археологии Национального Музея Грузии, Тбилиси.
ჯავახიშვილი 2011: დ. ჯავახიშვილი. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს დემოგრაფიული განვითარების ისტორიიდან, ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, ხელნაწერის უფლებით.
ჯავახიშვილი 2011: დ. ჯავახიშვილი. ექვსი ეტიუდი ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელთა ქორწინებების ისტორიიდან (XVII-XVIII საუკუნეები). კრებული ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. ტ. X, თბილისი.
ჯავახიშვილი
2011/2012: დ.
ჯავახიშვილი.
ერეკლე
II-ის მეუღლეები.
კრებული ქართული წყაროთმცოდნეობა.
ტ.
XIII-XIV, თბილისი.
Комментариев нет:
Отправить комментарий