ერეკლე
II (1720-1798), რომელიც 1744 წლიდან მეფობდა
კახეთში, ხოლო
1762 წლიდან გაერთიანებულ ქართლ-კახეთში, განეკუთვნება
ბაგრატიონთა ათასწლოვანი
სამეფო დინასტიიდან გამოსულ იმ ფრიად
მცირერიცხოვან გვირგვინოსანთა
ჯგუფს, რომლებიც
ნახევარ საუკუნეზე მეტხანს მეფობდნენ.
„პატარა
კახი“, რომელიც
საერთო ჯამში
– 54 წლის განმავლობაში იყო
ტახტზე, მეფობის ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მხოლოდ
ორი წლით
ჩამოუვარდება თავისივე
უშუალო წინაპარს – ლევან
I-ს, რომელიც მეფობდა
1518-1574 წლებში ანუ 56 წლის
განმავლობაში. აქვე უნდა ითქვას, რომ
ეს წარმოადგენს
მეფობის ხანგრძლივობის
ყველაზე მაღალ
მაჩვენებელს ბაგრატიონთა ყველა
შტოდან გამოსულ
ხელმწიფეთა შორის.
ქვემოთ
თანამიმდევრულად არის
მოთხრობილი მეფე
ერეკლე II-ის
ქორწინებებისა და მეუღლეთა შესახებ, რაც
ბაგრატიონთა სამეფო
დინასტიის კახეთის
შტოს განვითარების
ისტორიის ერთ-ერთ
მნიშვნელოვან საკითხს
წარმოადგენს. აქვე
დავძენთ, რომ
ზემოხსენებული პრობლემა მონოგრაფიულად შევისწავლეთ ჩვენს
სადოქტორო დისერტაციაში
(ჯავახიშვილი 2011).
* * *
საქართველოს
ერთიანი სამეფოს
დაშლის (1466 წ.)
შემდეგ, ბაგრატიონთა სამივე
სამეფო სახლის – კახეთის,
ქართლისა და
იმერეთის წარმომადგენლები,
ძირითადად ქართველ წარჩინებულებზე ქორწინდებოდნენ (ჯავახიშვილი
2008: 450).
ბაგრატიონთა
კახეთის შტოს
წარმომადგენელთა ქორწინებებს
უცხოტომელ წარჩინებულებზე მივუძღვენით რამდენიმე სტატია,
რომლებიც გამოქვეყნდა
როგორც საქართველოში
(ჯავახიშვილი 2010-2011: 372-374), ასევე საზღვარგარეთის
ქვეყნებში, კერძოდ,
აზერბაიჯანსა (ჯავახიშვილი 2010: 105-108) და
დაღესტანში (ჯავახიშვილი
2010: 44-45).
საისტორიო
წყაროებსა და
ლიტერატურაში დაცული
ცნობები მეფე
ერეკლე II-ის პირველი ქორწინების შესახებ
დაზუსტებას საჭიროებს.
გამოჩენილი
ფრანგი ქართველოლოგი
მარი ფელისიტე
ბროსე (1802-1880) წერდა,
რომ „ინდოეთში ლაშქრობიდან
1739 წლის სექტემბერში დაბრუნებულმა უფლისწულმა
ერეკლემ მალევე შეირთო ვახტანგ ყაფლანიშვილის
ასული, რომელსაც
მალე გაეყარა
და მეორედ
დაქორწინდა ანა ფხეიძის ასულზე“ (ღოღობერიძე
1895: 269).
ცნობილი
მეცნიერი გერონტი
ქიქოძე (1885-1960) თავის
ნაშრომში ერეკლე
მეორე მიუთითებს,
რომ მეფე
ერეკლე „გაშორებული
იყო თავის
პირველ ცოლს,
ყაფლანიშვილის ქალს,
რომელიც მან
თვრამეტი წლის
ასაკში შეირთო“
(ქიქოძე 1983: 53).
ერეკლე
II-ის ასულის თეკლა
ბატონიშვილის ვაჟის,
ანუ მეფის
შვილიშვილის – ალექსანდრე
ვახტანგის ძე
ორბელიანის (1802-1869) მტკიცებით,
მის გვირგვინოსან
პაპას ქეთევან
ორბელიანზე ჯვარი
არ დაუწერია,
რითაც მათ
ვითომდაც ქორწინებას
და, შესაბამისად
ცოლ-ქმრობას,
იგი კატეგორიულად
უარყოფს. მისი
ცნობით, ერეკლე
ბატონიშვილი თავისი
დანიშნულს ჯვარდაუწერლად
დაშორდა.
ალ.
ორბელიანი თავის
წერილში პლატონ
იოსელიანსა მოგვითხრობს: „პლატონმა წამიკითხა,
რომ ვითამ,
მეფეს ირაკლის
თავისი პირველი
ცოლი, ვახტანგ
ყაფლანიშვილის ორბელიანის
ქალი გაეშოს
და მასუკან
აბაშიძის ქალი
შეერთოს და
ამის გამო
ის ყაფლანიშვილის
ქალი მონოზნათ
შემდგარა ალავერდში.
ეს ფაქტი
ბროსეს ფაქტიდან
მოაქვს, რომელსაცა
ვუთხარ:
– არა
პლატონ, ბროსე
შემცდარია, კარგათ
ვერ გამოურკვევია
სიტყვა გაშვება.
შეიძლება დანიშნულიც
გაუშოს. რადგან
ბროსემ ამგვარი
მიმოხვრის ქართული
აზრი, აგრე
რიგათ არ
უნდა იცოდეს,
ამიტომ გაშვება
იმას ასე
ჰგონებია, რომ
ჯვარდაწერილი გაეშოს...
აბა, პლატონ
სასულიეროს კანონისა
ძალით, მეოთხე
ცოლს ხომ
ვეღარ შეირთამდა
ირაკლი?“ (ვახანია
1999: 106-107).
საბოლოოდ
ირკვევა, რომ
კახეთის მეფის
თეიმურაზ II-ისა და
თამარ დედოფლის
(ქართლის მეფის
ვახტანგ VI-ის ასულის)
უფროსი ვაჟი
და იმავდროულად
სამეფო ტახტის
მემკვიდრე უფლისწული
– ერეკლე, თავისივე მშობლების
სურვილით, ჯერ
კიდევ ყმაწვილობაში
დანიშნეს ქართლის
გავლენიანი თავადის
ვახტანგ ორბელიანის
(იგივე ყაფლანიშვილის)
ასულზე – ქეთევანზე,
რომლის ცოლად
მოყვანაც, მოგვიანებით,
მან აღარ
მოისურვა. სამეფო
ოჯახის ზემოხსენებული
სარძლო – ქეთევან
ორბელიანი სრულიად
ახალგაზრდა გარდაიცვალა
გარეკახეთის სოფელ
პატარძეულში. იგი
ალავერდის წმინდა
გიორგის სახელობის
საკათედრო ტაძარში
დაკრძალეს. საისტორიო
წყაროს ცნობით,
ეს მოხდა
1744 წლის 1 ოქტომბერს (იოსელიანი
1980: 79).
პატარა
კახის პირველი
მეუღლე იყო
– ქეთევან ზაალის ასული
მხეიძე, იგივე
ფხეიძე (გარდაიცვალა
1744 წელს), მეორე – ანა
ზაალის ასული
აბაშიძე (1730-1749), ხოლო
მესამე – დარეჯან
კაციას ასული
დადიანი (1734-1807). ალ.
ორბელიანი წერს:
„რჯულიერი პირველი
ცოლი ირაკლისა
იყო იმერეთიდან,
თავად მხეიძის
ქალი ქეთევან“
(ვახანია 1999: 107).
ერეკლეს
ქეთევანზე უნდა
ექორწინა არაუგვიანეს
1740-1741 წლებისა, ანუ დაახლოებით
20 წლის ასაკში, როდესაც
ის ჯერ
კიდევ სამეფო
ტახტის მემკვიდრე
იყო. ამ
ვარაუდის საფუძველს
გვაძლევს ის
ფაქტი, რომ
ქეთევანს პირველი
შვილი – რუსუდანი
შეეძინა პირველი
ძისა და
სამეფო ტახტის
მემკვიდრის – ვახტანგ
(მეტსახელად – „კარგი“) ბატონიშვილის (1742-1760) დაბადებამდე. ორი
მცირეწლოვანი შვილის
დედის გარდაცვალებამ
დიდად დაამწუხრა
თეიმურაზ II-ის
სამეფო ოჯახი.
ქეთევანი ხომ
მათი ერთადერთი
ვაჟის პირველი
მეუღლე იყო. პაპუნა ორბელიანი მოგვითხრობს:
„მოვიდა კახეთიდან ჩაფარი, მოიტანა ამბავი საზარელი და ყოველთა შესაწუხარი: მეფის ერეკლეს მეუღლე, დედოფალი კახეთისა ქეთევან დამარცხებულიყო. ბატონებს შეწუხებით ყოფნა მოახსენეს. მაშინვე წამობძანდნენ და წაბძანდნენ კახეთს მეფე და დედოფალი, თან იახლნენ ქართველთ დარბაისელნი სახლეულითურთ.
რა ჩამოხდენ ცხენიდან, ესმათ ხმა საგლოველი და გაუმჟღავნეს, იუწყეთ, ვითა შეწუხდებოდენ, მეფის ერეკლეს მეტი ძე არ ესვათ და მისის შეწყენისათვის რაბამსა საურავსა მიეცემოდნენ. ცხედარი ისევ დახვდათ, ალავერდს მიასვენეს, თითონ ბატონებმა თელავს გლოვა, ტირილი ხშირობით, ვითა წესი იყო, ეგრე გადაიხადეს“ (ცაგარეიშვილი 1981: 88-89).
1744 წელს უკვე კახეთის ტახტზე ასული მეფე ერეკლე II მეორედ დაქორწინდა. ამაში მთავარი როლი შეასრულა მისმა დეიდამ – ანა (ანუკა) ბატონიშვილმა, რომელიც ცოლად ჰყავდა ქვიშხეთში მცხოვრებ თავად ვახუშტი აბაშიძეს. აბაშიძეთა ეს შტო ქართლში იმერეთიდან გადასახლდა. ანა ბატონიშვილმა დაქვრივებულ დისწულს ცოლად შერთო თავისი მაზლის – თავად ზაალ აბაშიძის ასული – ანა. აღნიშნული ქორწინების შესახებ საისტორიო წყაროში ვკითხულობთ:
„მობძანდა კახი ბატონი ერეკლე სურამს. გაგზავნეს კაცი იმერეთს და აბაშიძის ზაალის ქალი, მშვენიერი და შემკული ყოვლითა ბრწყინვალებითა, გარდმოიყვანეს ქვიშხეთს, ანუკა ბატონიშვილი, ვითაც მეფის ერეკლეს დედიდა იყო და ამან მოინდომა და მიათხოვა მეუღლედ. წაბძანდნენ ორი მეფენი, სათნონი ღმრთისანი და საქებელნი კაცთანი, მიბძანდნენ ქვიშხეთს სახლსა ვახუშტი აბაშიძისა, ვითაც ვახუშტის აბაშიძის ძმისწული ქალი იყო და ქორწილი თითონ გარდაიხადა. დაიწერა ჯვარი მეფე ერეკლემა და იქმნა ასული აბაშიძისა დედოფალი ანნა. განისვენეს ორი დღე ლხინ-ნადიმობითა, ვითა ამას დღეს მეფობდა და მობძანდნენ ისევ სურამს, იყო სროლა მუდმისად ყუნბარათა და ზარბაზანთა, რომ ყურთა ხმა აღარ იყვის...
კახმა ბატონმა ერეკლემ წამოიყვანა დედოფალი ანნა ქვიშხეთიდან, ჩამოიყვანეს ქალაქსა თბილისისასა, სახლსა მამისა თვისისა, ქართველთა მეფისასა. იყო მეორე ქორწილი და განცხრომა ფრიადი, ვითა იმ დღესა და სიხარულსა გაეწყობოდა“ (ცაგარეიშვილი 1981: 93-95).
ანა დედოფალმა შვა
3 შვილი:
გიორგი
(მომავალი მეფე გიორგი
XII), თამარი
(1749-1789) და კიდევ ერთი ასული
(სახელი უცნობია),
რომელიც მცირეწლოვანი გარდაიცვალა.
უფლისწულ გიორგის დაბადებამ თეიმურაზ
II-ის სამეფო კარზე დიდი სიხარული გამოიწვია.
როგორც მემატიანე მოგვითხრობს:
პაპამან მისმან თეიმურაზ, დღე შობისა მისისა, გარდაიხადა დღესასწაულობითა: აუწყა ეპისტოლეებითა იმერეთის მეფესა და მთავართა; კახეთისა და ქართლისა თავადთა, კათოლიკოსთა და მღვდელ-მთავართა; მიანიჭა საჩუქარნი მრავალნი გლახაკთა, ობოლთა და ქვრივთა; მიეცა მრავალთა პყრობილთა მიტევება ბრალთა; მეუდაბნოეთა წარუგზავნეს ნუგეშინისცემითნი საძმოდ ბოძებანი; მეგობარი თვისი და მახლობელი საბა ნინოწმინდელი მოუწოდა თფილისად, რათა ექმნას მიმრქმელად წმინდისა ემბაზიდამ მეფისა ყრმასა გიორგის...
ესეთნივე ეპისტოლენი და ძღვენნი წარუვლინეს ოთხთა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, სინასა და ათონისა მთათა წინამძღვართა. ენა ხალხისა განმხიარულებულისა შეიქმნა საწერელი მწიგნობრისა ხელოვნისა. დროთა ჩვეულობისა გამო მოლექსენი უძღვნიდენ ლექსთა ქებითთა; მეცნიერნი სიტყვათა წყობითთა კატეღორიისათამებთა ზედა აღშენებულთა სხოლასტიკოსთა წესითა; მქადაგებენი ქადაგებათა; მეუდაბნონი ლოცვათა; მემხოლოენი კურთხევითა ქარტათა (გაწერელია 1936: 3-4).
1749 წლის დეკემბერში თბილისში გარდაიცვალა ანა დედოფალი, რომელიც იმხანად სრულიად ახალგაზრდა, სულ 19 წლისა იყო. აღნიშნული ფაქტის თვითმხილველის ცნობით, „დედოფალი კახეთისა ანნა დამარცხდა ქალაქს, დეკემბერს ზ, ქორონიკონს ულზ, მიიღეს მცხეთას, იქნა გლოვა, მწუხარება ფრიადი“ (ცაგარეიშვილი 1981: 164).
ზემოთ მოყვანილი ცნობიდან ირკვევა, რომ დედოფალი გარდაცვლილა 7 დეკემბერს. კახეთის დედოფალი სათანადო პატივით დაკრძალეს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში (იოსელიანი 1980: 93), სადაც განისვენებს ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ქართლისა და კახეთის შტოების არაერთი წარმომადგენელი და ზოგიერთი მათგანის მეუღლეც. თედო ჟორდანიას (1854-1916) ცნობით, დედოფლის საფლავზე ამოტვიფრული იყო შემდეგი წარწერა: „ანნა, აბაშიძის ასული, ხოლო სძალი ქართველთა მეფისა, ცხებულის თეიმურაზისა და სატრფო ფერცხალი ირაკლი კახთა მეფისა“ (ჟორდანია 1967: 208).
მეორედ დაქვრივებული ერეკლე II-ის მესამე და უკანასკნელი თანამეცხედრე გახდა დარეჯან კაციას ასული ჩიქვან-დადიანი (1734-1807), რომელზეც მეფემ 1750 წელს იქორწინა.
ნიკო დადიანი შენიშნავს, რომ მეფე ერეკლემ „მოიყვანა მეუღლედ დადიანისა კაციას ბიძაშვილი დარეჯან, დედათა შორის ღირსსახსოვარი“ (ბურჯანაძე 1962: 138). ამ ფაქტის შესახებ უფრო ვრცლად მოგვითხრობს პ. ორბელიანი, რომლის თხზულებაშიც ვკითხულობთ:
„წარავლინეს იმერეთად ხორაშან ბატონიშვილი და თან აახლეს ნინოწმინდელი საბა ეპისკოპოსი და ითხოვეს ქალი დადიანისა დარეჯან მეფის ერეკლესათვის. წამოიყვანეს სახლით მეფისა ალექსანდრესით და მოიყვანეს სურამს. ქალაქიდამ წაბძანდა მეფე ერეკლე, თან გაყვა პატრიარქი ანტონი ბატონიშვილი, მიბძანდენ სურამს. ნახა ქალი მეფემ, დიდად მოიწონა მშვენიერება მისი და წამოიყვანეს ლხინ-მრავლობით და ჩამობძანდენ ქალაქს. მზა ექმნა რიგი ქორწილისა მეფეს თეიმურაზს ცხებულს და შეიქნა ქორწილი და სახლსა ახალსა, რომელი აღეგო მეფეს თეიმურაზს მტკვრის პირს, შვენიერი და შემკული ყოვლით კერძო, იყო შვიდს დღეს და ღამეს შვება და განცხრომა უზომო, რომ ამისთანა სიხარული არ გვენახა... იყვნენ მეფენი ჩვენნი მარადის სიხარულსა და განცხრომასა შინა. მას ჟამსა გაერთნეს ქართლი და კახეთი, იურვიდენ საქმეთა ორისავ ქვეყნისას ერთად. ვითაც მამა-შვილნი იყვნეს მეფენი ჩვენნი, სახელმწიფონიც გაერთნენ. დაადგინა მეფემ ერეკლემ დედოფალი დარეჯან სახლსა მამისა თვისისასა“ (ცაგარეიშვილი 1981: 180).
დედოფალმა დარეჯანმა შვა 23 შვილი: ელენე (1753-1786), მარიამი (1755-1828), ლევანი (1756-1781), იულონი (1760-1816), ვახტანგ/ალმასხანი (1761-1814), ბერი (1761/2-?), თეიმურაზი (მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II) (1762-1827), ანასტასია (1763-1838), ქეთევანი (1764-1840), სოლომონი (?-1765), მირიანი (1767-1834), ალექსანდრე (1770-1844), ლუარსაბი (1772-?), ეკატერინე (1774-1818), თეკლე (1776-1846), ფარნაოზი (1777-1852) და არჩილი (1780-?). ჩამოთვლილის გარდა, მას სხვადასხვა დროს შეეძინა კიდევ 6 შვილი: სოფიო, იოანე და სალომე, სოსლან-დავითი, ხორეშანი და კიდევ ერთი შვილი (სახელი უცნობია), რომლებიც ბავშვობაში გარდაიცვალნენ (ბაგრატიონები 2003: ნუსხა №6).
დარეჯან დედოფალი გარდაიცვალა 1807 წლის 8 იანვარს, სანკტ-პეტერბურგში, გადასახლებაში ყოფნისას. იგი დაკრძალულია წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში მდებარე ხარების ეკლესიაში (ბერძნიშვილი 1980: 205).
სამივე ქორწინებიდან მეფე ერეკლე II-ს შეეძინა 28 შვილი, მათგან 15 – ვაჟი და 13 – ასული.
გ. ქიქოძის აზრით, „ერეკლე ბედნიერი არ იყო პირადად და ოჯახურ ცხოვრებაში. თავისი მეორე ცოლის ანა აბაშიძის სიკვდილის შემდეგ, მან შეირთო მესამე ცოლი – დადიანის ასული დარეჯანი, გონებაშეზღუდული და პატივმოყვარე ქალი, რომელიც სახელმწიფო საქმეებში არ ერეოდა სანამ ახალგაზრდა იყო, მაგრამ სასახლეში ინტრიგები გააბა სიბერეში, როცა მისი, აგრეთვე პატივმოყვარე და ურჩი ვაჟები წამოიზარდნენ“ (ქიქოძე 1983: 6).
ზემოთ მოყვანილ მოსაზრებას, რომელსაც მანამდეც და შემდგომაც იზიარებდა ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი და, მათ შორის, პ. იოსელიანიც, თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდა ალ. ორბელიანი, რომელიც წერდა:
„პლატონ იოსელიანმა წამიკითხა, ამ 1867 წელსა, აპრილის თვესა, თავისი ამ ახლოხანების თხზულება საქართველოს მეფის გიორგი მეცამეტეს ცხოვრება. წამიკითხა შიგა და შიგ აქა იქა, სადაც მეფე ერეკლე მეორე, მამა მეფის გიორგისა, დამდაბლებულია და იმისი ცოლი – დედოფალი დარეჯან. იქნება მე იმის წაკითხვაზედ ხმა არც კი ამამეღო, რადგან მე ადრითვე დაწერილი მაქვს ანდრია მურავიოვზე პასუხი, დარეჯან დედოფლის გამოსარჩლება, მაგრამ შემდგომად თვით ჩემთან და ზოგიერთს მართებულებთან მეტის უშვერის სიტყვით ახსენა დედოფალი დარეჯან, ოსეფა ყორღანაშვილთან, რომელმაცა მაშინათვე მივიტანე იმ წმინდას პატიოსანს გვამზედ, ნუ იფიქრებ შენ დაგითმონ, პასუხს დაგიწერ-მეთქი...
მიჰყევ პლატონ სოფელსაო, იქ სვი-სჭამე, სადაც მეფეს ერეკლეს და დედოფალს დარეჯანსა ტყუილებით მორყვნი შენის დასების საამოთა: იხარხარეთ პლატონის დასნო, პლატონის ხმაურებაზე და იმის დაჟანგებულს სიტყვებზედ... ჩაგონებულია... ათასობით კიდევ სხვებიც მეფის ირაკლისა და დარეჯან დედოფლის მოსაყივნად.
თუ ნამდვილად მეფე ირაკლი და დედოფალი დარეჯანი კარგნი არ იყვნენ, ხმას ჩავიკმენდდი, მაგრამ არა, სწორედ ვიცი მე იმათი სიწმინდე და პატიოსნების ქცევა, რომლებისაც მეფის ირაკლის და დედოფლის დარეჯანის ქვეშაგები არ გაყრილა სიკვდილამდინ, ხანშიაც დიდათ ჰყვარებიათ ერთმანეთი, როგორც ყმაწვილ ადამიანებს“ (გაწერელია 1999: 77-93).
ალ. ორბელიანისავე აზრით, ქართველი მეფე-დედოფლის აუგად ხსენება და მათი ავტორიტეტის შელახვა სწორედ მტრის, დამპყრობლის წისქვილზე ასხამდა წყალს. იგი შემდეგ კითხვას სვამდა და თავადვე პასუხობდა:
„– იქნება ზოგიერთმა თქვას – რისთვის რყვნიან მეფეს ერეკლესა და დედოფალსა დარეჯანსა, ანუ რისთვის ჩააგონებენო სხვებსა, იმთენს ტყუილს იმათზეო?
– მაცთურობით, ეშმაკობით, იმისთვის, რომ ვინც რა უყო საქართველოს დასაღუპი, ეგება იმათ ის თავიანთი ბოროტება როგორმე დაჰფარონ და ეჭვი იმათზე ვერა მიიტანონ-რა. აი, ეს არის იმათი ეშმაკური ოსტატობა...
რუსები რომ საქართველოში გადმოვიდნენ და თავისი მართებულება გახსნეს,
მაშინ ის რა იყო,
ჩუმი შეთქმულობა:
მეფე ირაკლი და დედოფალი მოვრყვნათ ყოვლისფრითა და ამის გარდა,
მეფე ერეკლე
II-ის მეუღლეები საქართველოს რაც რომ ვნება მოუვიდა,
სულ იმათ დავაბრალოთ,
ეჭვი ვეღარა მოიტანონ ჩვენზედ“ (ვახანია
1999: 93).
ვფიქრობთ, ზემოთ მოყვანილი ციტატის გაანალიზებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალ. ორბელიანი იყო შვილიშვილი ერეკლე II-ისა და დარეჯან დადიანისა და, ბუნებრივია, თავის ბებიას შეძლებისდაგვარად დაიცავდა ბრალდებებისაგან, რომელთა ნაწილიც, შესაძლოა, მართლაც არასწორი ყოფილიყო. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ არც გერონტი ქიქოძის ზემოხსენებული მოსაზრების გაუთვალისწინებლობა იქნება სამართლიანი.
აქვე უნდა გავიხსენოთ XVIII საუკუნის 80–90-იანი წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარი ორი ისტორიული მოვლენა, რომლებშიც დარეჯან დედოფალმა უარყოფითი როლი შეასრულა.
აქვე უნდა გავიხსენოთ XVIII საუკუნის 80–90-იანი წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარი ორი ისტორიული მოვლენა, რომლებშიც დარეჯან დედოფალმა უარყოფითი როლი შეასრულა.
ზემოხსენებულ პერიოდში, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო კარზე დაისვა იმერეთის სამეფოს შემოერთების საკითხი, ამ პროგრესული იდეის წინააღმდეგ, სხვებთან ერთად, დარეჯან დედოფალმაც გაილაშქრა. პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მან მხარი დაუჭირა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და იქ საკუთარი შვილიშვილის (ასულის ვაჟის) – დავით არჩილის ძის (მომავალი მეფე სოლომონ II) გამეფებას.
მამია დუმბაძე აღნიშნავდა, რომ „დარეჯან დედოფალი იყო რეაქციონერ ფეოდალთა მფარველი და დიდი გავლენის მქონე სამეფო კარზე. საქვეყნო-საზოგადო პოლიტიკას მკვეთრად დაუპირისპირდა ფეოდალური, საოჯახო ინტერესები. დედოფალი ალმაცერად უყურებდა თავის გერს, ერეკლეს ტახტის უშუალო მემკვიდრეს – გიორგის, რომელიც უკვე მოხუცი ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ გამეფდებოდა და მისდამი ცივად განწყობილი დედოფლის პატივმოყვარეობას ანგარიშს არ გაუწევდა. ამიტომ დედოფალი ამჯობინებდა, რომ იმერეთის მეფედ თავისი ასულის – ელენეს შვილი დავითი ეხილა“ (დუმბაძე 1973: 728).
დარეჯან დედოფალს, რომელსაც თავის გერებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, ასევე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე სურდა ტახტის მემკვიდრეობის ტრადიციული ქართული წესის შეცვლა.
1791 წელს ერეკლე II-ის მიერ დადგენილი ტახტის მემკვიდრეობის ახალი წესის თანახმად, ამიერიდან მეფობის უფლება უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე, ანუ უფროსი უფლისწულისა და ტახტის მემკვიდრის – გიორგის (მომავალი გიორგი XII) გარდაცვალების შემდეგ, რიგრიგობით, ასაკის მიხედვით, უნდა გამეფებულიყვნენ დარეჯან დედოფლის ვაჟები, უფლისწულები: იულონი, ვახტანგი/ალმასხანი, მირიანი, ალექსანდრე და ფარნაოზი.
მ. დუმბაძე და ნ. ქორთუა მიუთითებდნენ: ქართლ-კახეთის ცენტრალური ხელისუფლება 80-90-იანი წლების მიჯნაზე თანდათანობით სუსტდებოდა. მოხუცი ერეკლეს სამეფო კარზე განხეთქილება ღრმავდებოდა. გამარჯვებათა პერიოდი დასრულდა, ხოლო საგარეო პოლიტიკაში განცდილი მარცხი თვალსაჩინო გახდა. ამის შედეგად ერეკლეს ძველი ავტორიტეტი თანდათან იჩრდილებოდა, ფეოდალური რეაქციის შემოტევა კი ძლიერდებოდა...
ერეკლეს სახლის მრავალრიცხოვანი შვილები და შვილიშვილები ფართო მოთხოვნებს აყენებდნენ. მათი უმრავლესობა ფეოდალურ-მესაკუთრული ინტერესებითა და პოლიტიკური ხელისუფლებისადმი მისწრაფებით განიმსჭვალა. როგორც ჩანს, მეფე მწვავედ განიცდიდა ამ განხეთქილებას და შემდგომი გაღრმავების თავიდან აცილებაზე ფიქრობდა. ამ მიზნით მას 1791 წელს შეუდგენია საგანგებო „განწესებანი“, რომელსაც იგი ანდერძის მნიშვნელობას ანიჭებდა... ძნელი არაა იმის დანახვა, რომ ტახტის მემკვიდრეობის წესის შეცვლაში დარეჯან დედოფლის ხელი ერია. 90-იანი წლების დასაწყისშივე დედოფალი სულ უფრო და უფრო აქტიურად ერეოდა მეფის ფუნქციებში...
ახალი წესი, ერეკლეს სურვილებისაგან დამოუკიდებლად, სამეფო კარზე არსებულ განხეთქილებას კი არ ანელებდა, არამედ უფრო აღრმავებდა. თვითონ ერეკლემაც, როგორც ჩანს, ადრე განჭვრიტა მისი მოსალოდნელი შედეგები და იგი თითქოს გააუქმა კიდეც. სამაგიეროდ, ძალაში დარჩა სამეფო-სახასო ქონების დაყოფა და საუფლისწულოების ჩამოყალიბება, რაც 1792 წელს დაკანონდა. საუფლისწულოების მიცემამ ბატონიშვილები კიდევ უფრო დამოუკიდებელნი გახადა. ეს გარემოება ქართლ-კახეთის ცენტრალური ხელისუფლების მორიგი შესუსტების მაჩვენებელი იყო (დუმბაძე, ქორთუა 1973: 738-740).
ამრიგად, მეფე ერეკლე II-მ სამჯერ იქორწინა. მას ცოლად ჰყავდა დასავლურ ქართული წარჩინებული საგვარეულოების, კერძოდ,
იმერეთის სათავადო
(მხეიძე, აბაშიძე)
და ოდიშის (სამეგრელოს) სამთავრო (დადიანი)
სახლების წარმომადგენლები.
დამოწმებანი
ბაგრატიონები 2003: ბაგრატიონები. სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა. ავტორთა კოლექტივის
სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ. თბილისი (2003).
ბერძნიშვილი 1980: მ. ბერძნიშვილი. მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის. ტ. I. თბილისი (1980).
ბურჯანაძე 1962: შ. ბურჯანაძე. ნიკო დადიანი. ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბილისი (1962).
გაწერელია 1936: ა. გაწერელია. პლატონ იოსელიანი. ცხოვრება გიორგი მეცამეტისა. ა. გაწერელიას შესავალი
წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით. ტფილისი (1936).
დუმბაძე 1973: მ. დუმბაძე. საქართველოს პოლიტიკური მთლიანობის აღდგენის ცდები. წგნ.: „საქართველოს ისტორიის საკითხები“. ტ. IV. თბილისი (1973).
დუმბაძე, ქორთუა 1973: მ. დუმბაძე, ნ. ქორთუა. კლასობრივი ბრძოლის გამწვავება. წგნ.: „საქართველოს ისტორიის საკითხები“. ტ. IV. თბილისი (1973).
ვახანია 1999: ნ. ვახანია. ა. ორბელიანი. სიტყვა მამულის ტრაპესზედ (თხზულებანი). შემდგენელი ნ. ვახანია. თბილისი (1999).
იოსელიანი 1980: ა. იოსელიანი. საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს.. ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო ა. იოსელიანმა. თბილისი (1980).
ჟორდანია 1967: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიის ისტორიისა და მწერლობისა. შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წიგნი III, გამოსაცემად მოამზადეს გ. ჟორდანიამ და შ. ხანთაძემ. თბილისი (1967).
ქიქოძე 1983: გ. ქიქოძე. ერეკლე მეორე. თბილისი (1983).
ღოღობერიძე 1895: ნ. ღოღობერიძე მ. ბროსე. საქართველოს ისტორია, მეფეთა და მთავართა გენეალოგიით და ხრონოლოგიით. ნათარგმნი და განმარტებული ს. ღოღობერიძის მიერ, გამოცემული ნ. ღოღობერიძის მიერ. ტფილისი (1895).
ცაგარეიშვილი 1981: ე. ცაგარეიშვილი. პაპუნა ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბილისი (1981).
ჯავახიშვილი 2008: დ. ჯავახიშვილი. ქართველ მეფეთა მეუღლეები (ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტო).
სამეცნიერო შრომათა კრებული „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“. ტ. IV. თბილისი (2008).
ჯავახიშვილი 2010: Д. Джавахишвили. Из истории династических браков кахетинских
Багратионов с представителями мусульманской знати (XVI-XVIII вв.). Сборник трудов
Гянджинского государственного университета “Ученые записки”. №
2, Гянджа (2010).
ჯავახიშვილი 2010:
Д. Джавахишвили. Династические браки между кахетинскими Багратионами и
представителями кавказской и
персидской знати. Общественно-политический и культурно-исторический научный
журнал „Ахульго“, № 12, Махачкала
(2010).
ჯავახიშვილი 2010-2011:
Д. Джавахишвили. Династические браки на службе дипломатии (на примере
кахетинской ветви царской
династии Багратионов). Материалы международной научной конференции: ≪Археология,
этнология, фольклористика Кавказа≫
(Тбилиси, 27-30 сентября 2010 года). Организаторы конференции: ≪Фонд
Кавказа≫, ≪Комиссия по научному сотрудничеству
со странами Кавказа≫ Национальной Академии Наук Грузии, Центр археологии
имени Отара Лорткипанидзе Национального Музея
Грузии, Тбилиси (2011).
ჯავახიშვილი 2011: დ. ჯავახიშვილი. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს დემოგრაფიული განვითარების ისტორიიდან. ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი. ხელნაწერის უფლებით (2011).
Комментариев нет:
Отправить комментарий