გამოჩენილი ქართველი ლექსიკოგრაფი და მწერალი სულხან-საბა ორბელიანი აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაშიც. იგი ვახტანგ VI-ის არა მარტო მეცნიერი თანამშრომელი, არამედ პოლიტიკური მრჩეველიც იყო.
უფრო ადრე სულხან-საბა ორბელიანი ნაყოფიერად თანამშრომლობდა მეფე გიორგისთან, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული აღორძინების საქმეში ვახტანგ VI-ის უშუალო წინამორბედი იყო.
სულხან-საბა ორბელიანი ეკუთვნოდა ქართველ მოღვაწეთა იმ დასს, რომლის მიზანსაც შეადგენდა: „თავადების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა, სახელმწიფო, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგება, ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული წინსვლისათვის ხელის შეწყობა... საქართველოს ერთ სამეფოდ გადაქცევა“.
XVII ს-ის მეორე ნახევარში „თანდათან ჩამოყალიბდა იდეურ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი, - პოეტ-ლიტერატორები, მეცნიერ-ისტორიკოსები, სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწენი. სათანადო მებრძოლი მოტივები გაჩნდა პოეზიაში (არჩილი, იოსებ თბილელი), საამისოდ გაიმართა ისტორიაც („ახალი ქართლის ცხოვრება“), გაჩაღდა მაჰმადიანობის წინააღმდეგ პროპაგანდა (იაკობ დუმბაძე), დაიწყო ქრისტიანობის აღდგენისაკენ მიმართული ენერგიული მოქმედება (არჩილი, ვახტანგ VI, დომენტი)“.
ვახტანგ VI ჯანიშინად (გიორგი XI-ის მოადგილედ) დანიშვნისთანავე ენერგიულად შეუდგა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ღონისძიებების განხორციელებას. საამისოდ XVII-XVIII სს. მიჯნაზე მეტად ხელსაყრელი ვითარება არსებობდა. მშვიდობიანი ცხოვრების 90 წელი
(1639-1723 წწ.) საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რათა ქვეყანა ეკონომიკურად მოღონიერებულიყო. მოშენდა გლეხებისაგან დაცარიელებული და გაპარტახებული სოფლები, განვითარდა ქალაქები და საქალაქო ცხოვრება (ახალ-ქალაქები, საქალაქო გარიგებანი...). გაიჭრა ახალი სარწყავი არხები, რუები; განახლდა ანდა შეკეთდა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი. ერთი სიტყვით, თვალსაჩინო გახდა მრავალწლოვანი ომების შედეგად შეფერხებული ფეოდალური მეურნეობის განვითარება. ყველა ამან ნიადაგი მოუმზადა ქართული კულტურის აღორძინებას, ენციკლოპედიური ხასიათის მუშაობას XVIIXVIII სს. მიჯნაზე.
დიდი ყურადღება მიექცა სოციალური ცხოვრების მოწესრიგების და სახელმწიფოს მშენებლობის საქმესაც. ვახტანგ VI-ის სამართალი ბატონყმური ურთიერთობის მოწესრიგებისათვის იყო შედგენილი, ხოლო მისივე „დასტურლამალი“ სახელმწიფოს მშენებლობას ისახავდა მიზნად.
მწარმოებელი საზოგადოების კატასტროფულად შემცირების პირობებში გამაფრთხილებლად გაისმა არჩილის სიტყვები: „თუ ამოწყდა გლეხი-კაცი, საქართველო დაძაბუნდა“. რა თქმა უნდა, არჩილი ბატონყმობის წინააღმდეგი არ გამოდიოდა, მისი ნათქვამი არ ეხებოდა ბატონყმობის სოციალურ და ეკონომიკურ საფუძვლებს, მაგრამ გლეხობისადმი ჰუმანური დამოკიდებულების მოთხოვნა სრულიად გარკვეულ მიზანთან იყო დაკავშირებული.
იმდროინდელ პროგრესულად მოაზროვნე ქართველებს შეგნებული ჰქონდათ, რომ მხოლოდ გლეხთა რაციონალური ექსპლოატაცია უზრუნველყოფდა დაქვეითებული მეურნეობის აღდგენას, ქვეყნის ეკონომიკურ დაწინაურებას. მაგრამ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ ბატონყმური ურთიერთობის მოწესრიგების შედეგად, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ვახტანგ VI თავის სამართალში.
ვახტანგ VI-ის მრავალმხრივს მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა უცხო ქვეყნებთან სავაჭრო თუ დიპლომატიური ურთიერთობის საკითხებსაც. იგი სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობით უკავშირდებოდა რუსეთს, დას. ევროპის სახელმწიფოებს, რომის პაპს. მაგრამ ამ საქმის ინიციატორად გამოდიოდა არა მარტო ქართველი მეფე, არამედ მისი კონტრაგენტებიც რუსეთსა და დას. ევროპაში. „სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის, ერთობ მისუსტებული XVI საუკუნეში, XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან კვლავ გაცხოველდა“.
XVI ს-ში დიდ ზღვებზე ესპანელები და პორტუგალიელები ბატონობდნენ. ამიტომ დას. ევროპის სხვა სახელმწიფოები გამალებით ეძებდნენ სახმელეთო გზებს სპარსეთთან და ინდოეთთან დასაკავშირებლად.
XVII ს-ის დამდეგს ინგლისელებმა შეადგინეს პროექტი, რომლის მიხედვით საქართველო გათვალისწინებული იყო ინგლისის სპარსეთთან და ინდოეთთან დამაკავშირებელ გზად. ასეთივე პროექტი XVII ს-ის პირველ მეოთხედში შეადგინეს პოლონელებმა. იმავე საუკუნის მეორე ნახევარში კი საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიის საშუალებით ცდილობდა სპარსეთთან სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობის დამყარებას. საამისო ნიადაგი მოსინჯეს შარდენმა, ტავერნიემ და კათოლიკე მისიონერებმა (კაპუცინებმა), რომლებიც დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური და სავაჭრო აგენტების როლს ასრულებდნენ აღმოსავლეთში.
საფრანგეთი ჩქარობდა. XVII ს-ში ვითარება ზღვებზე ინგლისისა და ჰოლანდიის სასარგებლოდ იყო შეცვლილი. დასუსტებული ესპანეთისა და პორტუგალიის მაგიერ ზღვებზე ახლა ინგლისი და ჰოლანდია იყო გაბატონებული. ამასთან XVII ს-ის დამლევს საბოლოოდ იქნა ათვისებული დასავლეთ ევროპის ინდოეთთან დამაკავშირებელი საზღვაო გზა. ამ გზაზე გასვლა კი იმ დორს საფრანგეთს არ შეეძლო, რადგან მას საქმე ჰქონდა ძლიერ მეტოქეებთან: ინგლისთან, ჰოლანდიასთან. ამიტომ სპარსეთთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას საფრანგეთი ცდილობდა ჩრდილოეთიდან, საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით, ისევე როგორც ამას თავის დროზე ცდილობდა ინგლისი, როცა ეს უკანასკნელი იძულებული იყო ინდოეთის ოკეანეზე ანგარიში აგეწია ესპანეთისა და პორტუგალიისათვის.
რიშელიეს თაოსნობით ფრანგები მხოლოდ 1627 წელს ეწვივნენ სპარსეთს. 1644 წელს კი დაარსდა საფრანგეთის ოსტ-ინდოეთის კომპანია. ამ დროიდან მოყოლებული საფრანგეთის აგენტები მრავლად იყვნენ სპარსეთში, საქართველოში. აგენტებად იყვნენ კაპუცინები. ამით აიხსნება მათი გავლენის ზრდა საქართველოს კათოლიკურ მისიონში XVII ს-ში.
XVII ს-ის მეორე ნახევარში საფრანგეთის პოლიტიკური და სავაჭრო აგენტები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ ქართლის მეფეებთან (ვახტანგ V, გიორგი XI). კიდევ უფრო ინტენსიური გახდა საფრანგეთის პოლიტიკური ურთიერთობა საქართველოსთან XVIII ს-ის დამდეგს.
საფრანგეთი შეშფოთებული იყო თბილისის კათოლიკური მისიონის ბედით. კათოლიკე მისიონერებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილი სომხური სარწმუნოების თბილისელი ვაჭრები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში. ისინი კათოლიკე მისიონერებს თვლიდნენ, სავსებით მართებულად, დასავლეთ ევროპის კათოლიკური სახელმწიფოების სავაჭრო აგენტებად და საშიშ მეტოქეებად. სომეხი ვაჭრები წინააღმდეგობას უწევდნენ კათოლიკე მისიონერების კომერციულ საქმიანობას როგორც სპარსეთში, ისე საქართველოში. ასეთ ვითარებაში რომის პაპი და საფრანგეთის მეფე ვახტანგ VI-ს სთხოვდნენ მფარველობა აღმოეჩინა საქართველოში და კერძოდ თბილისში მოღვაწე კათოლიკე მისიონერებისათვის (ამის გამო ინტენსიური მიწერ-მოწერა წარმოებდა როგორც თბილისსა და რომს შორის, ისე რომის პაპსა და ლუი XIV-ს შორის.).
ვახტანგ VI, ისევე როგორც მისი წინამორბედი მეფეები (ვახტანგ V, გიორგი XI) მფარველობდნენ კათოლიკე მისიონერებს, რომელთა რელიგიურ მოღვაწეობაში გამჭვირვალედ მოჩანდა სრულიად გარკვეული პოლიტიკური და სავაჭრო მიზნები. ამიტომ „კათოლიკე მისიონერების საქმიანობას საქართველოში განსაკუთრებული წარმატება ხვდა. ქართველები კათოლიკობას თავისი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს უკავშირებდნენ. ყველა, ვინც ქვეყნის დაცვისა, მისი აღდგენისა და განთავისუფლებისათვის იბრძოდა, ქრისტიანობდა და ასე თუ ისე „ფრანგობდა“. ქართველობისათვის მებრძოლთა დასი მზად იყო „მთელ საქართველოში კათოლიკობა გაევრცელებინა, ოღონდ კი საფრანგეთ-ევროპის პოლიტიკური დახმარება მიეღო ერან - ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
ამას გარდა, ქართველ მოღვაწეებს კათოლიკე მისიონერების საქმიანობის კულტურული მხარის მნიშვნელობაც ჰქონდათ მხედველობაში. რომის პაპის აგენტების საქმიანობა მხოლოდ კათოლიკური სარწმუნოების ქადაგებით არ ამოიწურებოდა. „მისიონერებს შორის არა ერთი იყო ექიმი, მხატვარი, მწერალი, ინჟინერი, გეოგრაფ-ასტრონომი და სხვ. „საერო“ ცოდნით აღჭურვილი“. კათოლიკე მისიონერებს საქართველოში შემოჰქონდათ „ფრანგული სწავლა“ (ევროპული განათლება). ამას კი დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის „ევროპეიზაციისათვის“.
XVIII ს-ის ქართველების მეტყველებასა და მწერლობაში „ევროპა“ და „ევროპული“ მოწინავისა და განვითარებულის აღმნიშვნელი სიტყვა იყო. „ევროპიაში“ (იმდროინდელი წყაროების გამოთქმაა) ნაგულისხმევი იყო არა მარტო დასავლეთ ევროპის ქვეყნები, არამედ რუსეთიც.
სულხან-საბა ორბელიანის გაკათოლიკება, სავსებით აშკარაა, პოლიტიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი. იგი დასავლეთის ქვეყნებთან დაახლოების აქტიური და ენერგიული მოღვაწე იყო. მისმა ანტისპარსულმა განწყობილებამ თავი ჩინა უკვე გიორგი XI-ის და ერეკლე I-ის ბრძოლაში. დასავლეთის ქვეყნებთან პოლიტიკური ურთიერთობისათვის მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანს გვერდში უდგნენ გიორგი XI და ვახტანგ VI. ენციკლოპედიურად განათლებული სულხან-საბა ორბელიანი დიდი გავლენით სარგებლობდა საქართველოში. აბატი რიშარი საფრანგეთის მინისტრ ტრუსის მისამართით დაწერილ წერილში წერდა: „სულხან-საბა „მთელ საქართველოს მამად მიაჩნია“-ო (ეს წერილი კონსტანტინოპოლიდან პარიზში გაგზავნილია 1713 წლის 17 ნოემბერს,). ამიტომ მის გაკათოლიკებას არ შეიძლება არ ჰქონოდა განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა.
გაკათოლიკებულ ქართველებში ევროპული ენების მცოდნენიც იყვნენ. ასეთები უცხო ენებს სწავლობდნენ როგორც თბილისის კათოლიკურ სასწავლებელში, ისე რომში და პარიზში. ევროპული ენების მცოდნე ქართველები მონაწილეობდნენ სხვადასხვა დროს შემდგარ ელჩობაში და ასრულებდნენ დიპლომატიურ დავალებებს. დიპლომატ ქართველებს შორის შეიძლება დავასახელოთ XVII-XVIII სს. მიჯნაზე მოღვაწე გასპარ ქართველი და საფრანგეთის საელჩოს თარჯიმანი სპარსეთში იოსებ ქართველი.
გასპარ ქართველი ჩვენს ყურადღებას იქცევს იმით, რომ მას ახლო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა გიორგი XI-თან. მოსკოვში მისი არჩილთან შეხვედრა კი იმდროინდელ წყაროშია აღნიშნული. გასპარ ქართველის დიპლომატიური მოღვაწეობის ზოგიერთი მონაცემი საფუძველს გვაძლევს წარმოვიდგინოთ იგი როგორც სულხან-საბა ორბელიანის ერთგვარი წინამორბედი დიპლომატიურ სარბიელზე.
გასპარ ქართველი XVIII ს-ის დამდეგის წყაროებში დასახელებულია როგორც კეთილშობილი (nobleman). მისი ვაჟისათვის სწავლა-განათლება მიუღებინებია წმინდა კონგრეგაციას. თვითონ მას დიდი გაჭირვებით შეუნარჩუნებია თავისი სარწმუნოება (ქრისტიანობა) ისფაჰანში.
კათოლიკე მისიონერების წერილებიდან ჩანს, რომ გასპარ ქართველი კათოლიკური სარწმუნოების მიღებამდე მართლმადიდებელი უნდა ყოფილიყო. ამასთან წყაროები მას გასპარ ქართველს (Gaspar the Georgian) უწოდებენ და ასხვავებენ მასთან ერთად ელჩობაში მონაწილე სომეხი ვაჭრებისაგან.
გასპარ ქართველი მონაწილეობდა იმ ელჩობაში, რომელსაც მეთაურობდა კათოლიკეთა ეპისკოპოსი ისფაჰანში ელიასი. XVII-XVIII სს. მიჯნაზე სპარსეთს ერთხელ კიდევ გამოჰქონდა თურქეთის საწინააღმდეგო პოლიტიკური გეგმა დას. ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობაში. ელიასს დას. ევროპის მეფე-ხელმწიფეებისათვის უნდა გადაეცა შაჰის წერილები ამ საკითხზე.
ელიასის ელჩობაში გასპარ ქართველთან ერთად შედიოდა ერთი კაპუცინი და ერთიც იეზუიტი. მასში მონაწილეობდა რამდენიმე სომეხი ვაჭარიც. მსახურებს შორის იყო რამდენიმე ქართველი, რომლებიც შემდეგ დას. ევროპაში ყოფნისას ელიასის დიპლომატიურ დავალებებს ასრულებდნენ ინგლისის ელჩთან თურქეთში და ვენეციის რესპუბლიკაში.
საინტერესოა, რომ ამ ელჩობის წევრები 1700 წელს მოსკოვში შეხვდნენ არჩილს (წყაროში ის შაჰნავაზის სახელითაა მოხსენებული). ეს გარემოება გასაგებსა ხდის, თუ რატომ აირჩია ელიასმა არა უმოკლესი გზა დასავლეთ ევროპაში მისასვლელად (ისფაჰანი - ალეპო), არამედ გრძელი და დამქანცველი გზა (ისფაჰანი-მოსკოვი). გასაგები ხდება აგრეთვე მის ელჩობაში გასპარ ქართველის მონაწილეობა. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია არჩილთან მოლაპარაკების შინაარსი (ასეთი რამ შესაძლებელია მოიპოვებოდეს ჩვენთვის ხელმიუწვდომელ „ელიასის ცხოვრებაში“ – „Vitae Elias“). მაგრამ ვიცით, რომ არჩილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა თავად გოლიცინის ეჭვები გაექარწყლებინა და ელჩობის დასავლეთ ევროპაში გამგზავრების ნებართვა გამოეთხოვა. წყაროს ცნობის მიხედვით, არჩილმა საამისოდ გამოიყენა თავისი ახლო ურთიერთობა პეტრე პირველთან. ემიგრაციაში მყოფი არჩილი ამას, რა თქმა უნდა, არ გააკეთებდა ირანის შაჰის სასარგებლოდ. თავადი გოლიცინი არ მოერიდა ელჩების წევრების დაპატიმრებას., რათა მათთვის შაჰის წერილები წაერთო. აქედან ცხადია: შაჰი ამჯერად რუსეთის ხელმწიფეს წერილს არ უგზავნიდა. ამიტომ საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ გასპარ ქართველი დასავლეთ ევროპაში მიდიოდა იმავე მიზნით, რა მიზნითაც 1713 წელს საფრანგეთს გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. არჩილთან მოსკოვში შეხვედრას, მაშასადამე, სრულიად გარკვეული პოლიტიკური დანიშნულება უნდა ჰქონოდა.
ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ჩვენ მიერ დამოწმებულ წყაროში ნათქვამი, რომ შაჰნავაზ-ხანი (არჩილი) ძმა არის გურჯი-ხანისა (გიორგი XI-ისა), რომელსაც ხუთი წლის წინათ (ელიასის ელჩობამ ისფაჰანი დატოვა 1699 წელს) ომი ჰქონდა შაჰ-ჰუსეინთანო. გიორგი მეფის ურთიერთობა კათოლიკე მისიონერებთან კარგადაა ცნობილი იმდროინდელი ევროპული წყაროებიდან. მისი ბიბლიოთეკის წიგნებით თბილისში სარგებლობდნენ კათოლიკე პატრები.
მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკე მისიონერებთან სპარსეთშიც. ყანდაჰარის ბეგლარბეგად გამხდარი გიორგი XI-ის თვალსაწიერში იყო ქართული პოლიტიკის და კულტურის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა. იგი დაინტერესებული იყო სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის „გაჩალხვით“, მისი შევსებით. ამას გიორგი მეფე ხაზგასმით აღნიშნავდა სპარსეთიდან გამოგზავნილ წერილში. ამავე დორს, როგორც ქართლის მეფეს, მას უნდა სცოდნობა თავისი ჯანიშინის (მოადგილის) მოღვაწეობის თუ მოქმედების ყველა მხარე, კერძოდ, მისი ინტენსიური ურთიერთობის ხასიათი კათოლიკე მისიონერებთან. ამიტომ გამორიცხული არაა გიორგი XI-ის კონტაქტი ელიასის ელჩობის მონაწილე გასპარ ქართველთან.
თვითონ ვახტანგ VI-ს მიწერ-მოწერა ჰქონდა საფრანგეთის ელჩთან კონსტანტინოპოლში მარკიზ დე ფიროლესთან. 1709 წლით არის დათარიღებული სულხან-საბა ორბელიანის მიერ რომის პაპის კლემენტი XI-ის მისამართით გაგზავნილი წერილი. წერილების გზავნა საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოში ვახტანგ VI-ს არ შეუწყვეტია არც სპარსეთში ტყვედ ყოფნის დროს. მანვე აბატ რიშარის ხელით (და სულხან-საბა ორბელიანის საშუალებით) წერილი გაუგზავნა საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს. ასევე გიორგი XI-ს ელიასის ხელით (დამ გასპარ ქართველის საშუალებით) შეეძლო წერილის გაგზავნა დასავლეთ ევროპის ხელმწიფეთა კარზე. მით უმეტეს, რომ მას მოქმედების უფრო მეტი თავისუფლება უნდა ჰქონოდა, ვიდრე სპარსეთში დატყვევებულ ვახტანგ VI-ს.
ჩვენი მოსაზრებების მთავარი საბუთი ის არის, რომ გიორგი XI და ვახტანგ VI სულხან-საბა ორბელიანის თანამშრომლობით მოღვაწეობდნენ პოლიტიკურ სარბიელზე. ეს უკანასკნელი კი კათოლიკური სარწმუნოების მიღებას მჭიდროდ უკავშირებდა დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობას და ამ ურთიერთობის რეალიზაციას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. ასეთივე მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა გაკათოლიკებული გასპარ ქართველისათვის რომის პაპის სარწმუნოებას.
გასპარ ქართველს არ დასცალდა დასავლეთ ევროპაში მისვლა. სულხან-საბა ორბელიანმა კი მიაღწია ლუი XIV-ის კარს. გასპარ ქართველი გარდაიცვალა 1701 წელს ვარშავაში. ალბათ ამით აიხსნება, რომ მისი პიროვნებისა და დიპლომატიური მოღვაწეობის შესახებ არ მოიპოვება ვრცელი ცნობები იმდროინდელ წყაროებში. მაშინ როდესაც გარდა თვითონ სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური ხასიათის წერილებისა და „მოგზაურობისა“, არსებობს მისი საფრანგეთში ყოფნის აღწერილობაც ფრანგულ ენაზე.
სულხან-საბა ორბელიანის ელჩობას საფრანგეთში წინ უძღოდა წერილების გაცვლა-გამოცვლა ვახტანგ VI-სა ფრანგ დიპლომატებს შორის. არსებობს ვახტანგ VI-ის 1707 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც მას თავისი „ერთგული და მისანდო ყმის“ ნერსესის ხელით გაუგზავნია საფრანგეთის ელჩისათვის კონსტანტინოპოლში. საინტერესოა, რომ წერილის შინაარსი დაკავშირებულია საფრანგეთის პირველ ოფიციალურ ელჩობასთან სპარსეთში (1706 წ.).
ვახტანგ VI-ის წერილის ქართული ტექსტი (ფაქსიმილეთი და ფრანგული თარგმანითურთ) 1832 წელს გამოაქვეყნა აკად. მ. ბროსემ. მანვე დაწვრილებით აღწერა ამ წერილის თავგადასავალი. 1707 წლიდან მოყოლებული, ვიდრე XIX ს-ის 30-იან წლებამდე. გამოქვეყნებულ წერილს დართული აქვს არა იმდენად დიპლომატიური, რამდენადაც ისტორიული და ფილოლოგიური ხასიათის შენიშვნები.
საქართველოს ცენტრალურ ისტორიულ არქივში დაცულია ვახტანგ VI-ის წერილის პირი. ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია ამ წერილის მთლიანად მოტანა, რადგან მისი რამდენიმე დეტალი უშუალოდ უკავშირდება 1706 წელს შემდგარ საფრანგეთის ელჩობას სპარსეთში. მით უმეტეს, რომ სწორედ ამ ელჩობის შედეგი: საფრანგეთ-სპარსეთის 1708 წლის ხელშეკრულება გამორიცხავდა სულხან-საბა ორბელიანის წარმატებას საფრანგეთში. წერილის შინაარსი ასეთია:
„ქ. ღმერთისა ერთარსებისა და სამებისა წმინდისა მოსავნი და მადიდებელნი, და უბიწოდ მშობელსა მისისა, ქალწულისა მარიამის საკუთარნი, და წილხდომილნი, და მის მიერ ძლევა შემოსილი, უფლისა და მეუფისა ჩვენისა იესოს ქრისტეს კუართსა, და სვეტსა ღთივ აღმართებულსა ზედან აღშენებულსა, დედაქალაქსა შინა, აღმაღლებულის მცხეთის ეკლესიის მქონებელი, და სამაროვნოდ მჭირავი, დიდისა წინასწარმეტყუელის დავითისა, და ძისა მისისა სოლომონის ტომნი, და რტონი ბაგრატოანი ძე ქართველთა მეფისა, და აწცა ბიძისა ქართველთა მეფისა მაგიერად გამგებელი, ბატონიშვილი ვახტანგ, მოგიწერ შენ, დიდისა და აღმაღლებულისა ხელმწიფისაგან ღირსებით ცნობილსა, და სამართლად შეყუარებულისა, კაცსა მის მიერ გამორჩეულსა, და მისანდოდ ხვაშიადთა შემნახავსა ყოველთა სიბრძნეთა შინა აღზრდილსა, და სამღთო საეროს ზნეობის მქონებელსა, დიდისა და ძლიერის ფრანგსისის ხელმწიფის ელჩსა მარკეზ დე ფირიოლეს, მოკითხვას, მშვიდობას, და სიყუარულს ყოვლისა კერძობისათსა: მერმე, ეს მოახსენეთ, ეს თქვენის Ãელმწიფის საბატონოდამ წამოსული ქრისტიანი დედაკაცი აქ ჩვენს საბატონოში მოვიდა და მანდ წამოსასვლელს გზის შოვნას შემოგვეხვეწა: აქ რომ ბედნიერს ყეენთან, თქვენი ელჩი არის, იმასაც წიგნი მოეწერა. „გზა უშოვნეთო და სტამბოლამდინ თქვენი კაცი გაატანეთო“. ჩვენ ამ დედაკაცის საქმე მოკითხული ვქენით. ქრისტიანი, და კარგი ნამუსიანი დედაკაცი ყოფილა. ერთი ჯიზვიტი პატრი, და სხვა მრავალი ქრისტიანი ფრანგები სიკვდილს მოურჩენია: ამისთანას კაის დედაკაცობით უვლია, და ახლა მანდ გვიახლებია: თუ ვისმე მტერობით ამისი ურიგო ამბავი მოეხსენებინოს, ნუ დაუჯერებთ: და ერთი წიგნი ამაღლებულს ფრანგსისის ხელმწიფესაც აახელით, რომე ჩუენის გულისათვინ ნურას უწყრომებენ: ჩვენი ერთგული და მისანდო ყმა ნერსესა გვიახლებია. და მანდ რომ გიახლოს, მერმე ისევ ადრე გამოისტუმრეთ.
[ხვეულად] ვახტანგ.
ქ. ფრანგსისის ხელმწიფის ელჩსა მარქეს დე ფირიოლეს, ქალაქსა შინა კოსტანდიპოლის მივიდეს, ქრისტეს აქათ ათას შვიდას და შვიდსა“.
ბეჭედი: „რტოდ ვარ დავითის... ისალმა დავიდის. ვახტანგ ვამტკიცებ მეფის... (ძესა)“:
წერილში მოხსენებული „ქრისტიანი დდაკაცი“ არის ფრანგი ქალი მარი პტი (Marie Petit). ეს აღნიშნა ჯერ კიდევ მ. ბროსემ. მარი პტი თან ახლდა საფრანგეთის იმ ელჩობას, რომელსაც მეთაურობდა ჟ. ბ. ფაბრი. როგორც აღვნიშნეთ, ეს იყო საფრანგეთის პირველი ოფიციალური ელჩობა სპარსეთში. მარი პტი ელჩის საყვარელი იყო. მაგრამ მას, როგორც ჩანს, ასეთივე ურთიერთობა ჰქონდა ოსმალო ფაშებთან და სპარსელ ხანებთან. ლამაზი ფრანგი ქალი მარჯვედ იყენებდა თავის მიმზიდველ სახესა და გარეგნობას პოლიტიკურ ურთიერთობაში.
საფრანგეთის ელჩი მოულოდნელად გარდაიცვალა ერევანში. დარხეული ხმების მიხედვით იგი უნდა მოეწამლა მარი პტისთან გამიჯნურებულ ერევნის ხანს. თვითონ მარი პტიმ თავისი თავი საფრანგეთის ელჩად გამოაცხადა. ელჩობის არეულ-დარეული საქმე მოაწესრიგა ერევანში სასწრაფოდ ჩასულმა ლუი მიშელმა. ეს უკანასკნელი, რომელიც ვახტანგ VI-ს წერილში „ბედნიერს ყეენთან ელჩად“ არის დასახელებული, საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოს მეორე მდივანი იყო. მან მოახერხა მარი პტის თბილისში გაგზავნა, აქედან იგი ვახტანგ VI-ის კაცმა კონსტანტინოპოლს მიიყვანა, შემდეგ კი უკვე ფრანგებმა საფრანგეთში წაიყვანეს და მარსელის ციხეში „ჩასვეს“. ასეთი იყო ვახტანგ VI-ის წერილში მოხსენებული „ნამუსიანი დედაკაცის“ თავგადასავალი.
ვახტანგ VI-მ ლუი მიშელს დახმარება აღმოუჩინა იმით, რომ მან თბილისში მიიღო მარი პტი. ამან საფრანგეთის ახალ ელჩს შესაძლებლობა მისცა გაეგრძელებინა გზა ისფაჰანის მიმართულებით. 1708 წელს მან სპარსეთთან დასდო ხელშეკრულება, რომლის მუხლები განსაკუთრებულ შეღავათებს ანიჭებდა ფრანგ ვაჭრებს სპარსეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ საფრანგეთს არ შეეძლო რეალური დახმარება აღმოეჩინა საქართველოსათვის.
ლუი მიშელმა სპარსეთის შაჰს ვახტანგ VI-ის სახელზე გამოსთხოვა რაყამი, რომლითაც ქართლის ჯანიშინს ევალებოდა მფარველობა გაეწია კათოლიკე მისიონერებისათვის საქართველოში. ასე ცდილობდა საფრანგეთი ერთმანეთის გამომრიცხველი ორი საქმის შეერთებას: ურთიერთობას საქართველოსთან და სპარსეთთან.
საფრანგეთში კარგად ესმოდათ და იცოდნენ, რომ სპარსეთის შაჰი კათოლიკე მისიონერების მფარველად არ გამოდგებოდა. თანაც შაჰს საამისო სურვილი არ ჰქონდა. სომეხი ვაჭრების „ფრანგების“ საწინააღმდეგო მოქმედება კი სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ამიტომ საფრანგეთი უმჯობესად თვლიდა უშუალო ურთიერთობას ვახტანგთან.
დამახასიათებელია, რომ სპარსეთში დატყვევებულ ვახტანგ VI-ს დაუყოვნებლივ მოსწერა წერილი ლუი XIV. საფრანგეთის მეფეს მისი ტყვეობიდან გამოხსნა კათოლიკე მისიონერების მფარველობისათვის სჭირდებოდა.
სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა საფრანგეთში დააჩქარა სპარსეთში განვითარებულმა იმ მოვლენებმა, რომლებიც ავღანთა აჯანყებასთან და ამ აჯანყების შედეგებთან იყო დაკავშირებული: 1709 წელს ავღანელებმა მოჰკლეს გიორგი XI, ხოლო 1711 წელს ქაიხოსრო მეფე. ქართლი უმეფოდ დარჩა. მეფობის მისაღებად ვახტანგ VI სპარსეთს გაემგზავრა. 1712 წლის აპრილში მან თბილისი დატოვა. მას თან ახლდა სულხან-საბა ორბელიანი. საბას მეორედ უხდებოდა სპარსეთში ყოფნა. 1710 წელს იგი თავისთან გაიწვია ქართლის მეფედ დანიშნულმა ქაიხოსრომ. როგორც ვხედავთ, არ ყოფილა არც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელშიაც მონაწილეობა არ მიეღოს „საქართველოს მამად“ წოდებულ პოლიტიკოსს, მწიგნობარსა და მეცნიერს. სულხან-საბა, გიორგი, არჩილი, ლევანი, ვახტანგი, ქაიხოსრო, დომენტი და ბაქარი ერთი პოლიტიკის და დასის ადამიანები იყვნენ. მათ მკვეთრად უპირისპირდებოდნენ სპარსოფილური პოლიტიკის მოღვაწენი (ნაზარალი-ხანი, იესე, მეამბოხე თავადები...). სპარსეთიც ასეთებს შორის ეძებდა დასაყრდენს.
შაჰმა ვახტანგ VI-ს მეფობის პირობად გამაჰმადიანება მოსთხოვა. ვახტანგი უარზე დადგა. მას კარგად ესმოდა, რომ გამაჰმადიანება ქართველობისათვის ბრძოლის შესუსტებას ნიშნავდა. იმ დროს ქრისტიანი ქართველის სინონიმად ითვლებოდა (ეს ხაზგასმით აქვს აღნიშნული შაჰ-აბას I-ის თანამედროვე პიეტრო დელლა ვალლეს). უარის გამო ვახტანგი ქირმანს გადაასახლეს. სულხან-საბა ორბელიანი საქართველოში დაბრუნდა.
სპარსეთის შაჰის ტყვეობაშიც ვახტანგს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკე მისიონერებთან (კაპუცინებთან), რომლებიც თავის მხრივ დაკავშირებული იყვნენ საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოსთან. ეს კარგად ჩანს საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული წერილებიდან. მათი ერთი ნაწილი სათანადო შენიშვნებით გამოაქვეყნა დ. ლენგმა.
ფრანგი კაპუცინი (Pierre d’Issudun) 1713 წლის 11 მაისს საფრანგეთის ელჩს კონსტანტინოპოლში წერდა, რომ მან ვახტანგ VI-ს გადასცა ლუი XIV-ის და თვითონ ელჩის (ჰერცოგ დალურის) წერილები. ლუი XIV-ის წერილი მას ალეპოს გზით მისვლია, ელჩის წერილი კი კონსტანტინოპოლიდან მიუღია. სამწუხაროდ, საფრანგეთის მეფის ეს წერილი არ ჩანს. მის შინაარსზე არაფერს ამბობენ მ. თამარაშვილი და დ. ლენგი, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ ემუშავათ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში საქართველოს შესახებ საბუთებზე. მაგრამ ის ფაქტი, რომ ვახტანგ VI-ის პასუხს დაუყოვნებლივ მოჰყვა სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა, მოწმობს საფრანგეთის მეფის წერილის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
სპარსეთის შაჰის ტყვისათვის მეტად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო ლუი XIV-ის წერილში აღნიშნული დაპირებანი.
1712 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული და ისფაჰანიდან გამოგზავნილი წერილის შინაარსიდან საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოში დაწვრილებით იცოდნენ ვახტანგ VI-ის მდგომარეობის ყველა ფაქტი სპარსეთში. თავისი ელჩის საშუალებით ეს უნდა სცოდნოდა საფრანგეთის მეფესაც. ამას მოწმობს ის, რომ მისი წერილი ალეპოს გზით იყო გაგზავნილი სპარსეთში.
საფრანგეთის მეფის და ელჩის წერილები სპარსულად იყო დაწერილი. ამას მაშინვე მიაქცია ყურადღება ვახტანგმა. და ეს არა მარტო იმის გამო, რომ მან (ვახტანგმა) თითქოს კარგად არ იცოდა სპარსული („parse que ne sachant pas bien lire la langue persienne“), არამედ უფრო იმის გამო, რომ მას არ სურდა სპარსელებს სცოდნოდათ რამე მისი მოლაპარაკების შესახებ საფრანგეთთან („Il ne voulut pas la faire lire ā des personnes du pays, de crainte que cette Cour nien eût conaissance et de la jalousie“).
აღსანიშნავია, რომ ვახტანგ VI, ისე როგორც სულხან-საბა ორბელიანი ქართულად წერდნენ დიპლომატიური ხასიათის წერილებს. ისინი საამისოდ არ იყენებდნენ არც სპარსულს და არც თურქულს. ვერსალში იმყოფებოდა ქართულის მცოდნე თარჯიმანი ჟან რევერანი (Jean Révérend). 1714 წლის 7 აპრილს ვერსალში მან თარგმნა ვახტანგ VI-ის მიერ საფრანგეთის მეფისათვის გაგზავნილი წერილი.
ვახტანგ VI ზედმიწევნით იცნობდა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობის მთელ თავისებურებას. მას გათვალისწინებული ჰქონდა მეტოქე სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიც (ვახტანგ VI კონსტანტინოპოლში სულხან-საბა ორბელიანს სწერდა: „ჩემი დახმარება იმედი მაქვს მალე ცოტა ხანში ნახონ, თვით ამ შემთხვევაშიც, რომ სპარსეთის სამეფოში არსდება საფრანგეთის კამპანია“).
საფრანგეთი აქტიურად მოქმედებდა სპარსეთში, რათა იქ მკვეთრად დაპირისპირებოდა ნიდერლანდებსა და ინგლისს. საფრანგეთის გავლენას სპარსეთში მყარ ნიადაგს უქმნიდა 1708 წლის ხელშეკრულება. მაგრამ რატიფიკაციამდე მას ძალა არ ჰქონდა. ამიტომ საფრანგეთი დიდად იყო დაინტერესებული საფრანგეთ-სპარსეთის ხელშეკრულების რატიფიკაციით. სპარსეთი კი, თავის მხრივ, საკუთარი ინტერესების მიზნით ამყარებდა ურთიერთობას საფრანგეთთან.
სპარსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საფრანგეთის დახმარებით შეესუსტებინა ინგლისისა და ჰოლანდიის ეკონომიკური პოზიციები სამხრეთში. ეს კი იმ დროს, როგორც აღვნიშნეთ, საფრანგეთის შესაძლებლობას აღემატებოდა. ამიტომ მას მთელი თავისი ყურადღება ჩრდილოეთში გადაჰქონდა. მით უმეტეს, რომ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან ყველაზე დიდი გავლენით თურქეთში ის სარგებლობდა (საფრანგეთსა და თურქეთს შორის პირველი კაპიტულაცია დაიდო 1535 წელს). საფრანგეთი თავისუფლად იყენებდა თურქეთის ტერიტორიას სპარსეთში მისასვლელად. ინგლისისა და ჰოლანდიის წყალობით კი სამხრეთში მას გზა მოჭრილი ჰქონდა. ამიტომ ფრანგული ოსტ-ინდოეთის კომპანიის მესვეურებს მარჯვე სახმელეთო გზად მიაჩნდათ: თურქეთი - შავი ზღვა - საქართველო - სომხეთი - სპარსეთი.
საფრანგეთი ცდილობდა ჩრდილოეთიდან მოევლო ძლიერი ინგლისისა და ნიდერლანდებისთვის. მის ურთიერთობას საქართველოსთან ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგრამ ქართველი მეფე, რომელთანაც საფრანგეთს ადრევე ჰქონდა კავშირი დამყარებული, სპარსეთში ტყვედ იმყოფებოდა. ასეთ ვითარებაში საფრანგეთი გულწრფელად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული ვახტანგ VI-ის ტყვეობიდან განთავისუფლებით. სწორედ ამიტომ სწერდა მას წერილს თვითონ ლუი XIV.
საფრანგეთს ვახტანგ VI-ის განთავისუფლება სჭირდებოდა იმის გამოც, რომ ეს უკანასკნელი მფარველობდა კაპუცინებს (საფრანგეთის პოლიტიკურ და სავაჭრო აგენტებს საქართველოში, სპარსეთში). თვითონ ვახტანგი ხაზგასმით აღნიშნავდა სარწმუნოებირივი მომენტის მნიშვნელობას ლუი XIV-ის წერილის პასუხში. ვახტანგის გამო საფრანგეთის მეფის წინაშე შუამდგომლობდა რომის პაპი, აგრეთვე აგათაპოლის ეპისკოპოსი Gratien de Galicren, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს და მფარველობდა თბილისის კათოლიკურ მისიონს.
საინტერესოა: ვახტანგთან დაახლოებული კაპუცინი თავის ადრესატებს არწმუნებდა, რომ ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა ტყვე „ქართველ პრინცს“ შეუნარჩუნოს სარწმუნოებრივი სიმტკიცე და თავისი მამის, ბიძისა და ძმების მსგავსად არ გამაჰმადიანდეს, მათ მხოლოდ ამით შეინარჩუნეს თავიანთი სამეფო, ჩემი დაპირების სიტყვებს კი მნიშვნელობა არ აქვთო, - დასძენდა ამას ხსენებული კაპუცინი კონსტანტინოპოლში საფრანგეთის ელჩის საყურადღებოდ. ამავე დროს, დიდი მნიშვნელობას ანიჭებდა იგი ლუი XIV-ის წერილს. აშკარად ჩანს: საფრანგეთი დაინტერესებული იყო, რომ ვახტანგ VI ქრისტიანობით გამეფებულიყო თავის ქვეყანაში. ამით აიხსნება წერილების ის ინტენსიური გაცვლა-გამოცვლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1712-1713 წლებში და რომელიც მალე სულხან-საბა ორბელიანის ელჩობით დაგვირგვინდა.
ზემოთ დასახელებული კაპუცინი ფრანგ დიპლომატებს კონსტანტინოპოლში საგანგებოდ ატყობინებდა, რომ მან მეორე დღესვე მიუტანა ლუი XIV-ის წერილი ადრესატს (ვახტანგმა წერილი მიიღო 1713 წლის 25 აპრილს). იქვე იგი დასძენდა, რომ დაწერილ პასუხს საფრანგეთის მეფეს პირადად მიუტანს აბატი რიშარი (Richard). ვახტანგ VI-მ მასვე გაატანა წერილები თავის ნათესავებთან საქართველოში. მისი ერთ-ერთი ადრესატი, უეჭველია, უნდა ყოფილიყო სულხან-საბა ორბელიანი, რომელმაც წერილის მიღებისთანავე გადასწყვიტა პირადად საფრანგეთში გამგზავრება.
აბატმა რიშარმა ისფაჰანი დატოვა 1713 წელს. გზად მან გაუარა ერევნის ხანს. შაჰი მას ავალებდა მოლაპარაკებოდა ხანს ვერსალში გასაგზავნი ელჩობის თაობაზე. ამ უკანასკნელს თვითონ უნდა დაესახელებინა ელჩი, რადგან შაჰს არ სურდა ეჭვები აღეძრა თურქეთისათვის. ამასთან ელჩს ინკოგნიტოდ უნდა გაევლო თურქეთის ტერიტორია. ამრიგად აბატი რიშარი ერთდროულად ასრულებდა როგორც ვახტანგ IV-ის, ისე შაჰის დავალებას.
ერევნიდან გამოსული რიშარი თბილისში მიიღო ქართლის გამგებელმა სიმონმა. გორში კი იგი შეხვდა სულხან-საბა ორბელიანს. აქ საბოლოოდ გადაწყდა საბას ელჩობა საფრანგეთში. მაგრამ წყაროებიდან არ ჩანს, ავალებდა თუ არა მას ამას ვახტანგ VI. ჩვენამდე არ მოუღწევიათ სპარსეთიდან საქართველოში გამოგზავნილ წერილებს. ამიტომ ძნელია გადაჭრით რამის თქმა. ამ საკითხის გამო მ. თამარაშვილი წერდა: „ისე სჩანს, საბასაც ვახტანგთან ერთად მიუღია საფრანგეთის მეფის ლუი XIV-ის წერილი“. მაგრამ ეს არ ჩანს არც თვითონ მ. თამარაშვილის და არც დ. ლენგის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან. ლუი XIV-ის წერილი უნდა მიეღო მხოლოდ ვახტანგ VI-ს. 1714 წლის 1 თებერვალს მარსელიდან საბა რომის პაპს სწერდა: „რადგან მაღალსა და დიდად ქრისტიანს; დიდებულს ფრანცისის მეფეს, ჩვენის მეფისათვის წიგნი მოეწერა. მე მისის პასუხის მოსატანად საფრანგეთს წამოველ“. სულხან-საბა ორბელიანს, უნდა ვიფიქროთ, პირადად, ვახტანგისაგან დამოუკიდებლად უნდა მიეღო გადაწყვეტილება ელჩობის თაობაზე, რათა საფრანგეთის მეფის კარზე პირადი ხლებით რეალური დახმარება აღმოეჩინა თავის ნიჭიერი და ქართველობისათვის მებრძოლი ნათესავისათვის. ამგვარ მოსაზრებას გამოთქვამს კერძოდ დ. ლენგი. მაგრამ ელჩობის პოლიტიკური მიზანი რომ კარგად იყო მოფიქრებული და ყოველმხრივ აწონილ-დაწონილი, ამას მოწმობს საბას მოხსენებითი ბარათი და საქართველოს რუკა, წარდგენილი ვერსალში ლუი XIV-ის კარზე. თვითონ ელჩობას კი ნიადაგი მოუმზადა საფრანგეთ-საქართველოს ინტენსიურმა დიპლომატიურმა ურთიერთობამ XVII-XVIII სს. მიჯნაზე.
სულხან-საბა ორბელიანი პირველად არ გამოდიოდა დიპლომატიურ სარბიელზე. „ორიანობის“ (გიორგი XI და ერეკლე I) დროს, ერეკლე-ნაზარალიხანის დასამარცხებლად და გიორგი XI-ის სასარგებლოდ საბა დიპლომატიურ მოლაპარაკებას აწარმოებდა ახალციხის ფაშასთან. მისი ეს პირველი დიპლომატიური ნაბიჯი წარმატებით დამთავრდა. ახალციხის ფაშასა და გიორგი XI-ს შორის დაიდო „საფიცრის წიგნი“, რომლის შინაარსი „ნათლად გვიჩვენებს, თუ სულხან ორბელიანი რა თავდადებით ემსახურებოდა თავის გამზრდელს და პატრონს. აქ ჩანს სწორედ სულხან ორბელიანის პირველი დიპლომატიური ნაბიჯი. სულხანმა არა მარტო შეარიგა ათაბაგი ხალილფაშა და მეფე გიორგი XI, არამედ უზრუნველჰყო მათ შორის ურთიერთ მეგობრობისა და სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებაც“.
სულხან-საბა ორბელიანი აწარმოებდა დიპლომატიური ხასიათის მიწერ-მოწერას რომის პაპთან, საეკლესიო მოღვაწეებთან, ელჩებთან, მინისტრებთან. ეტყობა, დიპლომატიური მიზნით იმყოფებოდა იგი 1710 წელს სპარსეთში, სადაც მას 1712 წელს მეორედ მოუხდა წასვლა. ამავე მიზნით იგი თან გაჰყვა ვახტანგ VI-ს რუსეთში. ამრიგად, სულხან-საბა ორბელიანი სხვადასხვა დროს დიპლომატიური დავალებებით იმყოფებოდა ახალციხის საფაშოში (თავის სიმამრ ახალციხის ფაშასთან), სპარსეთში, თურქეთში, დასავლეთ ევროპაში და რუსეთში.
სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა დასავლეთ ევროპაში შესწავლილი აქვთ: მ. ბროსეს, მ. თამარაშვილს, ჯ. ლომაშვილს და დ. ლენგს. ამ ელჩობის გამო არსებობს საკმაოდ მდიდარი მასალები ქართულ, ლათინურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. მათი ისტორიულ-კრიტიკული და დიპლომატიური ანალიზით ირკვევა, თუ რა მეთოდებსა და ხერხებს იყენებდა ქართველი ელჩი, რათა წარმატება მოჰყოლოდა მის პოლიტიკურ მოლაპარაკებას საფრანგეთის მეფის და რომის პაპის კარზე. ამ მასალების მიხედვით საბა გვევლინება როგორც გამოცდილი დიპლომატი და პოლიტიკური მოღვაწე.
საბას დასავლეთ ევროპაში ელჩობის მარშრუტი კარგად არის ცნობილი. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ 1714 წლის მარტში იგი უკვე პარიზში იმყოფებოდა. იმავე წლის აპრილში კი ლუი XIV-მ პირველად მიიღო ქართველი ელჩი. საბამ მას გადასცა მემორანდუმი, რომლის ტექსტი გამოქვეყნებული აქვს მ. თამარაშვილს. საფრანგეთის მეფესთან როგორც პირველი, ისე მეორე შეხვედრის დროს თარჯიმანის როლს ასრულებდა აბატი რიშარი.
საბას მოსალაპარაკებლად გამოჰქონდა შემდეგი საკითხები: „1. მისიონერების გაგზავნა საქართველოში, 2. საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად გამოყენება საფრანგეთის მიერ, 3. ვახტანგ VI -ის ტყვეობიდან განთავისუფლება.
პირველი ორი საკითხი წარმოადგენდა იმ ქართველი პოლიტიკოსების გეგმას, რომლებიც ქვეყნის მომავალს დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობას უკავშირებდნენ. ისინი მზად იყვნენ მიეღოთ კათოლიკობა, თუ რეალურ დახმარებას მიიღებდნენ დასავლეთის ქვეყნებიდან. ამავე დროს, ქართველების აქტიური მონაწილეობით კათოლიკობა უდნა გავრცელებულიყო აფხაზეთსა და ჩერქეზეთში. „ქართველ პოლიტიკოსთა გეგმა ცხადი იყო: რომის პაპის ავტორიტეტით და საფრანგეთის ხელმძღვანელობით კავკასიის დიდი ნაწილის შეკავშირება ერან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ“.
იმთავითვე ამ მიზნით წარმოებდა ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკება რომის პაპთან და დასავლეთ ევროპის მეფე-ხელმწიფეებთან. ეს ადრევე შემუშავებული პოლიტიკური გეგმა ხელახლად გამოჰქონდა სულხან-საბა ორბელიანს საფრანგეთის მეფის კარზე. ამ გეგმის განხორციელების შედეგი უნდა ყოფილიყო საქართველოს ფეოდალური ძალების გაერთიანება, მეფე-მთავართა შეთანხმება, მაჰმადიანობის გავრცელების შეფერხება.
მეორე საკითხიც სულხან-საბა ორბელიანის ელჩობამდე კარგა ხნით ადრე იყო მოფიქრებული და შემუშავებული საქართველოში. XVII ს-ის მეორე ნახევრიდან მოყოლებული ქართველი პოლიტიკოსები: „მიმზიდველ ეკონომიურსა და პოლიტიკურ პერსპექტივებს უთვალისწინებდნენ ევროპის ქვეყნებს: საქართველო საუკეთესო გზა იქნებოდა საფრანგეთის ვაჭრებისათვის ერანისაკენ, ხოლო თბილისი მეტად მარჯვე ადგილი ფრანგი ვაჭრების საქონლის საწყობად“. ამ მიზნით საბას საფრანგეთში მიჰქონდა საქართველოს და მის მეზობელ მხარეთა რუკა, რათა ლუი XIV-ს წარმოდგენა ჰქონოდა იმ ქვეყნის შესახებ, რომელზედაც ლაპარაკი იყო ვახტანგ VI-ის წერილში და საბას მემორანდუმში.
სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიურ მოღვაწეობას წითელი ზოლივით გასდევს ქართველობისათვის ბრძოლის იდეა; ქვეყნის პოლიტიკური მომავლისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. ამიტომაა მისი მოლაპარაკების შინაარსი ორგანულად დაკავშირებული ქართველი პოლიტიკოსების ზემოთ დახასიათებულ გეგმასთან. ამ პოლიტიკურ გეგმაში, როგორც ვნახეთ, მთავარი ადგილი ეჭირა დასავლეთის ქვეყნებთან დახმარების მიღებას ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ.
მაგრამ სულხან-საბა ორბელიანის ელჩობამ დასავლეთ ევროპაში მარცხი განიცადა. ამ მარცხის მიზეზები მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობის ფონზე ნაჩვენები აქვს აკად. ნ. ბერძენიშვილს. დ. ლენგიც, რომელმაც სპეციალურად შეისწავლა საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან 1711-1724 წლებში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საფრანგეთს არ შეეძლო დაეთმო თავისი სავაჭრო და პოლიტიკური ინტერესები სპარსეთში საქართველოს გამო.
სულხან-საბა ორბელიანს ფრანგმა დიპლომატებმა ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს კონსტანტინოპოლშიც და პარიზშიც. მაგრამ ამაზე შორის ისინი არ წასულან. საქართველოში კათოლიკე მისიონერების გაგზავნის საკითხი საფრანგეთის მინისტრებმა რომის პაპის კომპეტენციად გამოაცხადეს და საბას მასთან პირადად შეხვედრა და მოლაპარაკება ურჩიეს. ვახტანგის გამო კი მათ არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მომავლისათვის გადასდეს ფრანგებმა თვით ყველაზე მიმზიდველი წინადადება: საქართველოს ტერიტორიის სავაჭრო გზად გამოყენების საკითხი. ყველაფერი ეს ფაქტიურად ნიშნავდა უარის თქმას იმ მთავარ წინადადებაზე, რომელიც ვახტანგის განთავისუფლებას და სპარსეთის წინააღმდეგ დახმარებას გულისხმობდა.
უკვე მოხუცებული, მაგრამ ენერგიული საბა იმედს მაინც არ ჰკარგავდა. ქართველების სასარგებლოდ საქმის შემობრუნებას ამაოდ ცდილობდა აბატი რიშარი (აბატი რიშარი თავის თხოვნას ფასს იმით უკარგავდა, რომ იგი ერთდროულად ლაპარაკობდა საბაზე და სპარსეთ-საფრანგეთის კომერციულ შეთანხმებაზე.). მაგრამ ელჩობის საქმე წაგებული იყო. პარიზში დიდხანს დარჩენა ქართველ ელჩს აღარ შეეძლო და იგი იძულებული გახდა რომს წასულიყო რომის პაპთან შესახვედრად.
სულხან-საბა ორბელიანის ჯერ ისევ პარიზში ყოფნის დროს ფრანგებმა გაიგეს, რომ საფრანგეთში მიდიოდა სპარსეთის ელჩი მოჰამედ რიზა-ხანი, ერევნის ქალანთარი. მას პარიზში საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. მისი საფრანგეთში ყოფნის დროს ფრანგი დიპლომატები ყოველნაირად ცდილობდნენ, რათა მას არაფერი გაეგო სულხან-საბა ორბელიანის შესახებ. ასეთ ვითარებაში, ცხადია, ფრანგებს არ შეეძლოთ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღება საბას ელჩობასთან დაკავშირებით. დ. ლენგი, ვფიქრობთ, არ ცდება, როცა ამბობს, რომ მოჰამედ რიზა-ხანის ელჩობამაც შეუშალა ხელი საბას დიპლმატიური მისიის წარმატებას საფრანგეთში.
პარიზში, რომში და კონსტანტინოპოლში საბა ამაოდ ცდილობდა საფრანგეთის დაინტერესებას ვახტანგის და თავისი ქვეყნის ბედით. საყურადღებოა, რომ საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოს საშუალებით მას წერილობითი კონტაქტის შესაძლებლობა ჰქონდა ვახტანგთან. ამ უკანასკნელმა კარგად იცოდა საბას ყველა პოლიტიკური ნაბიჯი დასავლეთ ევროპაში. მაგრამ მის სასარგებლოდ გამოყენებული დიპლომატიური ღონისძიებები წინასწარ განწირული იყო. საფრანგეთის მთავარ საზრუნავს იმ დროს შეადგენდა საფრანგეთ-სპარსეთის 1708 წლის ხელშეკრულების რატიფიკაცია. სწორედ ამ მიზნით შედგა გარდანის ელჩობა სპარსეთში. გარდანს, სხვათა შორის, დავალებული ჰქონდა ვახტანგის მდგომარეობის გამორკვევა. ამ უკანასკნელთან წერილობითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია არც საფრანგეთის კონსტანტინოპოლის საელჩოს 1724 წლამდე. ეს იყო და ეს. საფრანგეთმა ვერ აღმოუჩინა რეალური დახმარება სპარსეთში დატყვევებულ ვახტანგ VI-ს.
სულხან-საბა ორბელიანი მიხვედრილი იყო, რომ მას საქმე წაგებული ჰქონდა, მაგრამ ხან დიპლომატიური ფანდით, ხან საყვედურით, ხანაც თხოვნა-ვედრებით საქმის გამოსწორებასმაინც ცდილობდა.
საფრანგეთის მინისტრს პონშარტრანს საბა სწერდა: „თქუენ მიბძანეთ „წადი კონსტანტინეპოლს დაჯდეგო. ჩვენს ელჩს მივსწერთო, რომ იქ რაც ვახტანგს ერგებოდეს ის ქნათო“. და აქა ამა ელჩს ბრძანება არა მოსვლიარა“. წერილის ავტორი თავის ადრესატს ატყობინებდა, რომ იგი მტკიცე და გადაჭრილ პასუხს მოითხოვდა. საბა იქვე დასძენდა: ჩემს ძმებს ხვეწნა მოუწერია ჩემი მისვლისა, ჩემი ქვეყანა აშლილა, ყველას უნდა მალე მივიდე. მაგრამ თუ მეფის წყალობა და ან ეგ მოციქულები არ მოვლენ, მე ვერ წავალ: ჩემი საქმე და ჩემი ქუეყნისა გამიშვია. და უწინ უნდა მაგ მოციქულების საქმე ვინაღვლო, მერმე ჩემს თემს წავიდე“. ყველა ამას საბა დიპლომატიურად უმატებდა: „ჩემი აქ ყოფნა გრძელად არ ვარგა მისთვის, რომ ვინ იცის თუ ჩემი რამ ითქვა, და საჯაროდ გამოვიდა მრავალი საქმე წახდება“. საბა სავსებით საფუძვლიანად აღნიშნავდა, რომ მისი ქვეყნის ურთიერთობას ევროპასთან ვერც სპარსეთი და ვერც ოსმალეთი დამშვიდებული ვერ შეხვდებოდა და „მრავალი საქმე წახდებოდა“. ამიტომ წერილის ბოლოში უკვე თხოვნის სახით ურთავდა: „ჩემი საქმე, და ჩემის ქვეყნისა ყველა თქვენს საფარველს შემომიგდია, შენ იცი“.
სულხან-საბა ორბელიანის ინტენსიური დიპლომატიური მიწერ-მოწერა უშედეგოდ დამთავრდა, იგი იძულებული გახდა ორი კაპუცინის და ერთი იეზუიტის თანხლებით ხელცარიელი დაბრუნებულიყო სამშობლოში.
მაგრამ მის მოგზაურობას ევროპაში რეალური მნიშვნელობა იმ მხრივ ჰქონდა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა და გაიცნო ევროპული ქვეყნები, ქალაქები, ხალხი; გაეცნო იქაური მოსახლეობის საქმიანობას, მეურნეობას, მმართველობის სისტემას. შემთხვევით არ აიხსნება, რომ მის წიგნში („მოგზაურობა ევროპაში“) დიდი ყურადღება ეთმობა ქალაქების, მატერიალური კულტურის ძეგლების, მოსახლეობის საქმიანობის, მეურნეობის წესების და სახელმწიფო წყობილების აღწერას. რა თქმა უნდა, საბა პირველი ქართველი არ იყო, რომელსაც დასავლეთ ევროპაში ყოფნა უხდებოდა. მასთან ვახტანგ VI-მ სპარსეთიდან ევროპაში გაგზავნა მისი „ძველი მეგობარი იოსები“ (ხომ არაა ეს იოსებ ქართველი, რომელიც შემდეგ გარდანის ელჩობაში მონაწილეობდა?). საბას წინამორბედი იყო ნიკოლოზ ირბახი-ჩოლოყაშვილი. მაგრამ ამ უკანასკნელსაც ჰყავდა თავისი წინამორბედები.
იმდროინდელი ქართველების წარმოდგენით „ევროპია“ მოწინავისა და განვითარებულის აღმნიშვნელი და გამომხატველი იყო. ამ თვალსაზრისით, „ევროპიაში“ იგულისხმებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც და რუსეთიც. ქართველ პოლიტიკოსებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი ქვეყნის გამოხსნა სპარსეთისა და ოსმალეთის ძალადობისაგან და მისი „ევროპასთან“ დაკავშირება. ამას მოითხოვდა ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფის ამოცანა. „ფრანგული სწავლის“ გავრცელებისათვის მოღვაწე საბასათვის, ცხადია, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ევროპის პოლიტიკური ცხოვრების და კულტურის პირადად გაცნობას. საქართველოს ურთიერთობა საფრანგეთთან და საბას ელჩობა დასავლეთ ევროპაში მარცხით დამთავრდა. ასევე მარცხით დამთავრდა ქართველების ურთიერთობა ავსტრიის იმპერატორთან 1722 წელს.
საქართველოში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარებას დასავლეთ ევროპიდან ვერ მიიღებდნენ. სამაგიეროდ რეალური ჩანდა ამიერკავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის საკითხებით უშუალოდ დაინტერესებულ რუსეთთან კავშირი. სპარსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგ VI კიდევ უფრო გააცხოველა რუსეთთან ურთიერთობა. ამ საქმეშიც მას გვერდში ედგა გამოცდილი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი.

Комментариев нет:
Отправить комментарий