понедельник, 21 мая 2018 г.

ვარდან არეველცის (XIII ს.) ცნობები საქართველოს შესახებ

ვარდან არეველცი, ბარძრაბერდცი (1198-1271)
არმენი ისტორიკოსი, გეოგრაფი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, პედაგოგი, საეკლესიო მოღვაწე ვარდანი იყო კილიკიის ქალაქ ბარძრაბერდიდან. პირველადი განათლება მიიღო ნორ გეტიკის (გოშავანქი, ტავუშის სოფელ გოშში) სადაც იყო მხითარ გოშის მოსწავლე. შემდეგ სწავლა განაგრძო ხორანაშატის მონასტერში ტავუშში ვანაკან ვარდაპეტთან. მშობლიური ენის გარდა ვარდანმა ისწავლა ბერძნული, სირიული, სპარსული, ივრითი და ლათინური. ვარდაპეტისა და რაბუნაპეტის წოდებების მიღების შემდეგ გააცარა სამეცნიერო საქმიანობა. დააარსა წმინდა ანდრიას სახელობის სკოლა კაიენაბერდში, სადაც მუშაობდა მასწავლებლად 1235-39 და 1252-55 წლებში. 1239 წელს გაემგზავრა იერუსალიმში. დაბრუნებისას კილიკიის არმენიის მეფე ჰეთუმ I-ის მიწვევით მოინახულა კილიკია. აქ ის დაუახლოვდა სამეფო კარსა და კათალიკოსს. ვარდანი მონაწილეობდა 1243 წლის სისის საეკლესიო კრებაზე, რომლის კანონები გაავრცელა არმენიის სხვადასხვა რეგიონში. 1248 წელს კვლავ მოინახულა კილიკია, სადაც მონაწილეობა მიიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და იბრძოდა ბიზანტიისა და კათოლიკური ეკლესიის ექსპანსიონური პოლიტიკის წინააღმდეგ. კათალიკოს კონტანდინ I ბარძრაბერდცის (1221-1267) დავალებით დაწერა მიმართვა აღმოსავლეთ არმენიის მოსახლეობისადმი. 1251 წელს მონაწილეობა მიიღო სისის საეკლესიო კრებაში და იმ წელსვე დაბრუნდა არმენიაში, რის შემდეგაც აღადგინა საგანმანათლებლო საქმიანობა. ორგანიზება გაუკეთა საეკლესიო კრებებს ახპატსა და ძაგავანში. 1255 წელს დააარსა სკოლა ხორ ვირაპში, სადაც ასწავლიდა ანტიკურ ფილისოფიას, ლოგიკას, გრამატიკას და სხვას. 1264 წელს გაემგზავრა თავრიზში, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებას ჰულაგუ ყაენს, რომლისგანაც მიიღო განსაკუთრებული ნდობა არმენიაში გადასახადების ასაკრეფად. ვარდანი ხორვირაპშივე გარდაიცვალა და აქვე იქნა დაკრძალული.
         ვარდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა. მისი 120-მდე შრომიდან ჩვენთვის საყურადღებოამსოფლიო ისტორია“, რომელიც 100 თავისგან შედგება. იგი იწყება უძველესი დროიდან და მოდის 1267 წლამდე კათალიკოს  კონტანდინ I ბარძრაბერდცის სიკვდილამდე. „ისტორიაშიარმენიელი ხალხის პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და რელიგიური საკითხების პარალელურად მოთხრობილია მეზობელი ქვეყნების ისტორიაც. „ისტორიისშედგენისას ვარდანმა გამოიყენა პრაქტიკულად ყველა არმენიელი ისტორიკოსის წყარო. შრომიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XIII საუკუნის ანუ თანადროული მოვლენების აღწერა.
„მსოფლიო ისტორია“
...444 (995) წელს გარდაიცვალა გაგიკი, დაუტოვა სამეფო რა თავის სამ ვაჟს: იოანეს, აბასსა და აშოტს. იოანეს უბოძა სამეფო გვირგვინი, ანისი, შირაკი, სურბ გრიგორი აშოცის ხეობით, ანბერდი, აირარატის ველი, კაიანი, კაიწონი, და სევორდიელთა გავარი ტავუში. თავისი სამეფოს დანარჩენი ნაწილი გაუყო აშოტსა და აბასს. ამ დაყოფის შემდეგ მოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი, ძე ბაგრატისა, ძისა გურგენისა, ძისა აშოტ მწყალობელისა. მან იძია მათ შორის სამართალი და წავიდა. რადგანაც ზოგიერთები მთავართაგან ჯერ კიდევ ურჩობას იჩენდნენ, უმცროსი ძმა აშოტი წავიდა ბასილ კეისართან, მიიღო მისგან ჯარი, მოვიდა და ყველა დაიმორჩილა. ამ დროს გარდაიცვალა დავით კურაპალატი. მას არ ჰყავდა მემკვიდრე და ანდერძნამაგით ბასილს დაუტოვა თავისი მამული: უხტიქი (ოლთისი), მატრუანი, აპაჰუნიკის ქალაქი მანწკერტი და მთელი ქონება. ბასილმა შეიტყო რა ამის შესახებ, მოვიდა და კარინის ველზე დაიბანაკა. ეს რომ იოანემ გაიგო, შეშინდა და ბასილთან პეტრე პატრიარქი, რომელსაც უფალმა სარგისმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში საკუთარი ხელით დიდი ზეიმით ზეთი სცხო ქალაქ ანისში. ხოლო რადგანაც ქართველთა მეფემ იოანე შეავიწროვა, ამიტომ ამ უკანასკნელმა უბრძანა პატრიარქს, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ქალაქი ანისი ხელწერილით გადაეცათ ჰორომთათვის (ბიზანტიელთათვის), თუ კი კურაპალატი დაიცავდა მას შემავიწროვებელგან. ბასილმა სიხარულით მოისმინა ყოველივე ეს და თავისთან მოიხმო ქართველთა მეფე გიორგი, მაგრამ იგი არ წავიდა დაძახილზე. ამის გამო ბასილი რისხვით წავიდა, ააოხრა მისი თორმეტი გავარი და დაბრუნდა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც გაატარა ზამთარი. მან თავისთან მოიხმო უფალი პეტრე წყლის კურთხევისათვის ღვთის გამოცხადების დღესასწაულისას, სადაც გამოჩდა საკვირველი სანახაობა. მამამთავრის მარჯვენიდან და წმინდა ზეთსაცხებლიდან გამობრწყინდა სინათლე, რომელმაც განაცვიფრა მხილველნი. არმენთა მამამთავარი ფრიად განდიდდა. ბასილი დაბრუნდა კონსტანტინეპოლში და გარდაიცვალა 473 (1024) წელს. სამეფო გვირგვინს დაეუფლა კონსტანტინე, რომელმაც იმეფა 3 წელი. მას შემდეგ 5 წელი იმეფა მისმა სიძემ რომანოსმა, რომელიც ცოლის ბრძანებით აბაზანაში მოახრჩვეს. მის ნაცვლად ტახტზე ავიდა მიხეილი, რომელმაც იმეფა 7 წელი.
ამ დროს ქართველთა მეფე გიორგი შესცვალა მისმა ვაჟმა ბაგრატმა. ქართველთა მთავარი ლიპარიტი აუჯანყდა ბაგრატს და აიძულა იგი აფხაზეთის სიღრმეში გაქცეულიყო. ლიპარიტმა გონივრულად მიჰყო ქვეყნის მმართვას მიხეილ კეისრის დახმარებით. ამ დროს გრიგორმა, მხნე ვასაკის შვილმა მისცა მონომახს ბიჯნისი, კაენი, კაიწონი, რომლებსაც თვით განაგებდა და ამის ნაცვლად და ამის ნაცვლად დანიშნულ იქნა დუქსად შუამდინარეთში. მან თან წაიყვანა ქართველთა მთავარი ლიპარიტი და კიდევ ორი სხვა მაგისტროსი და წავიდა სულთან ტუღრილ ბეგის ჯარების სარდალ იბრაჰიმის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ლაშქრობისას ლიპარიტი შეპყრობილ და წარდგენილ იქნა სულთნის წინაშე, რომელმაც ლიპარიტს შუამავლის საშუალებით შესთავაზა თავისი სარწმუნოების მიღება. ლიპარიტმა კი უპასუხა: როდესაც გნახავ პირადად, აღვასრულებ შენს ბრძანებას“. ხოლო როდესაც იხილა სულთანი უთხრა: „ახლა, როდესაც ღირსი შევიქენ შენი ხილვის, არ აღვასრულებ შენ ნებას და არც სიკვდილის მეშინია“. სულთანმა ჰკითხა: „რა გსურს შენ?“ ლიპარიტმა უთხრა: „თუ შენ ვაჭარი ხარ, გამყიდე მე, თუ - ჯალათი, მომკალი, ხოლო თუ მეფე ხარ, გამათავისუფლე საჩუქრებით“. სულთანმა უპასუხა: „მე არა ვარ ვაჭარი და არ ვთხოულობ შენგან გამოსასყიდს, არც შენი სისხლმოწყურებული ჯალათი ვარ, არამედ ვარ მეფე, წადი, სადაც კი გენებოს“. სულთანმა ლიპარიტი საჩუქრებით გაისტუმრა. და რადგანაც კეისარი თხოულობდა ლიპარიტის მისვლას, იგი წავიდა მასთან, მიიღო მისგან ჯარი და დაბრუნდა საქართველოსი. ლიპარიტმა შეიპყრო ბაგრატ მეფე, რომელიც კეისართან გაგზავნა, თვითონ კი დაეპატრონა მის ქვეყანას.
537 (1088) წელს ამირა ბუღამ მელიქშაჰის ბრძანებით განძა წაართვა ფადლონიდებს, რომლებიც შადადიანებად იწოდებოდნენ. ქართველთა მეფე ბაგრატი დაბრუნდა კეისრისაგან და შეუდგა თავისი მამულის მართვას. მის შემდეგ გამეფდა მისი ვაჟი გიორგი, რომელიც კვირიკეს კვალდაკვალ წავიდა ხორასანში მელიქ შაჰთან და პატივით დაბრუნდა იქიდან. კვირიკე იყო ძე დავითისა, ძისა გურგენისა, ძისა აშოტ მწყალობელისა. მისმა მამამ დავითმა გააშენა ლორე და კიდევ სხვა 12 ციხე-სიმაგრე. იგი სანაინშია დასაფლავებული. კვირიკეს შვილიშვილები: აბასი და დავითი, ქართველთაგან შევიწროვებულნი, წავიდნენ არანის გამგებლებთან, მიიღეს მათგან თითო-თითო ციხე, სადაც ცხოვრობდნენ გაჭირვებით.

დავითმა გააფართოვა საქართველოს საზღვრები, შემოიერთა უხტიქი და მისი მოსაზღვრე რაიონებიგაგი, ტერუნაკანი, ტავუში, კაიანი, კაიწონი, ლორე, ტაშირი, მაჰკანაბერდი, დაიმორჩილა მთელი სომხეთის სამეფოები“.
მეფემ აბულეთი და მისი ძე ივანე დატოვა ანისში, დაბრუნდა თავის ქვეყანაში, თან ჩამოიყვანა აბულსვარი თავისი შვილებით, რომლებიც აღარ დაბრუნებულან, იქვე გარდაიცვალნენ... ხორასანში მყოფმა აბულსუარის ვაჟმა (ფადლონმა) გაიგო რა მამის და ძმების ამბავი და დავითის სიკვდილი, მოვიდა და ვედრებით სთხოვა აბულეთს და ქალაქის უხუცესებს მამისეული ქალაქი ანისი. რადგანაც ქალაქი დიდ საშიშროებაში იყო თურქთაგან, აბულეთმა დაუთმო მას [ანისი], ზრუნავდა რა ქრისტიანებზე და უფრო მეტად თავის შვილ ივანეზე, რომ არ დაღუპულიყო ხშირი ბრძოლების დროს, თვითონ კი დაბრუნდა სახლში.

დაახლოებით იმ დროს (1130 წელს..) ივანე აბულეთისძემ მოისურვა დემეტრესა და მისი (დავითის) ძის გიორგის მოკვლა. მამამისი აბულეთი მის წინაშე თეთრ წვერს იგლეჯდა და უკრძალავდა ამას. ისინი დმანისის ციხეში გამოკეტეს ძმათა შორის სიცრუის გამო, რაც გაიგო დემეტრემ. ივანემ უთხრა: რატომ დამიჭირე მამა? მან გაგულისებულმა უთხრა: არა მეფევ, მე ხელში ჩაგიგდე შენ შენი ძმა, რომელსაც სურდა მეფობა. [მეფემ] შეიპყრო ის, თვალები დასთხარა და გაუშვა. იმავე ვარდანის გადმოცემით, 1132 წელს დემეტრე მეფის ბრძანებით ივანე აბულეთისძე მოკლეს.

ზოგი ამბობს, რომ [ის მოკლულ იქნა] სუმბატ და ივანე ორბელიანების მზაკვრობის შედეგად, რადგან მათ ადგილას დააყენა თირქაში. ისინი შეთანხმებული იყვნენ დავითის ძმასთან გიორგისთან, რომ [ის] დანიშნავდა [მათ] მხედართმთავრად. გიორგიმ მიიღო სამეფო გვირგვინი 605/1156 წელს.

ივანეს შვილი თირქაში შაჰ-არმენთან წავიდა, რომლისგანაც მიიღო არშარუნის ქვეყანა და დაიწყო საქართველოს აოხრება. საბოლოოდ დემეტრე მეფემ  შეიპყრო თირქაშ აბულეთისძე. ხოლო სამეფო ტახტის მიტაცების შემდეგ დავით დემეტრეს ძემ ციხიდან გაათავისუფლა თირქაში და ამირსპასალარად დანიშნა.

იმ დროს გამოავლინა ივანემ თავისი ბოროტება. მან გადმოიბირა მეფის ძმისშვილი დემნა და ბევრი აზნაური, გადაწყვიტა მოეკლა მეფე, ვიდრე იგი უდარდელად იმყოფებოდა სახატეში. [მეფემ] შეიტყო რა [მოსალოდნელი საფრთხე] ერთი კაცისაგან, გაიქცა თბილისში, რადგან მცირერიცხოვანი ხალხით იყო. იქ ღმერთის ჩაგონებით მასთან ბევრი შეგროვდა, რომლებმაც უარყვეს [თავიანთი] ბოროტი ზრახვები. როცა გაძლიერდა მეფის მხარე, მოისურვა წასვლა აჯანყებულებზე. ისინი სახატედან გაიქცნენ თავიანთ ციხე-სიმაგრეებში, შემდეგ შევიდნენ ლორეში ლიპარიტის გარდა, რომელიც თავის ორ ვაჟთან ერთად სპარსეთში წავიდა. მეფემ ხელში ჩაიგდო ორბელიანების მთელი ავლადიდება. მეფესთან გამოცხადდნენ და ფეხებში ჩაუვარდნენ მისი ძმისშვილი და მასთან ერთად ყველა სხვანი, თვითონ ივანეც კი, რომელიც დააბრმავებინა. მისი უმცროსი ვაჟი ქავთარი და ლიპარიტის ძე ინა მოაკვლევინა. მოისპო ყველაფერი ბოროტი“.











Комментариев нет:

Отправить комментарий