ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი XVI საუკუნის მეორე მეოთხედში
XVI საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს და 30-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მიმართ მოქმედი საგარეო საფრთხის სიმწვავემ ერთგვარად იკლო. 1520 წელს ოსმალეთის იმპერიის ტახტზე ავიდა სულეიმან I (1520_1566), რომლის მმართველობის პერიოდში ოსმალეთის იმპერიის ძლიერება ძალიან გაიზარდა, მაგრამ სულეიმან I თავისი მმართველობის დასაწყისში ირანის წინააღმდეგ ომს არ აწარმოებდა და თავისი ძალები ძირითადად ევროპისკენ მიმართა. ამ დროს შესაბამისად საქართველოს მიმართაც იკლო ოსმალთა ყურადღებამ. რაც შეეხება ირანს, იქ სახელისუფლებო კრიზისი იყო და ამ სიტუაციაში ყიზილბაშებს საქართველოსთვის არ ეცალათ.
ქართულმა სამეფო-სამთავროებმა შექმნილი ხელსაყრელი სიტუაციის თავიანთვის სასარგებლოდ გამოყენება, რაც ურთიერთშორის მშვიდობის დამყარებასა და გარეშე მტრის წინააღმდეგ გაერთიანებაში უნდა გამოხატულიყო, ვერ მოახერხეს.

გიორგი IX-ის მეფობაში (1525_1527) ქართლის სამეფო სახლში დაპირისპირება გრძელდებოდა. ტახტის მემკვიდრეობის წესის მიხედვით მეფობა დავით X-ის შვილს ლუარსაბს ეკუთვნოდა და ისიც არ აპირებდა, რომ შექმნილ მდგომარეობას შეგუებოდა და ბიძის მეფობა ეცნო. ლუარსაბმა კავშირი დაამყარა იმერეთის მეფე ბაგრატთან და 1526 წელს ცოლად შეირთო მისი ასული თამარი. იმავე წელს, როგორც ჩანს, ამ კავშირის შედეგად იმერეთის მეფე ბაგრატმა მიიღო ქართლის დასავლეთ რეგიონში მდებარე მიწები _ მდინარე ფრონეს გაღმართი, ახლანდელი ქარელისა და ბორჯომის რაიონების ნაწილი და ხაშურის რაიონი (ალი, სურამი, ახალდაბა). ლუარსაბ I 1527 წლიდან ქართლში უკვე მეფობას აღწევს. ქართლის სამეფო სახლში ამის შემდეგაც გრძელდებოდა დაპირისპირება. გიორგი IX-ს მეფობის სურვილი არ ასვენებდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა. XVI საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში იგი პოლიტიკურ სარბიელს ჩამოშორდა და გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა [ვახუშტი, 1973, გვ. 401; ქრონიკები, II, 1897, გვ. 369, 378_379, 384; ჯ. ოდიშელი, 1964, გვ. 86_88; ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 102].
ლუარსაბ I-მა ქართლის სამეფოს ტახტზე მთელი თავისი მოღვაწეობა საერთო-ქართული ინტერესებისათვის ბრძოლაში გაატარა და ერთთავად ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ნორმალიზებას უწყობდა ხელს, თუმცა იგი თავისი მეფობის დასაწყისში აქტიურობით ვერ გამოირჩევა, რისი მთავარი მიზეზი ქართლის სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება უნდა ყოფილიყო.
საქართველო ვიდრე ოსმალთა ყურადღების ცენტრში დროებით არ იყო, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა ჯიქების მიმართ ერთობლივი ძალებით აქტიური პოლიტიკის გატარება მიიჩნიეს საჭიროდ. ჯიქები ადრევე მოექცნენ ოსმალთა გავლენაში და აოხრების მიზნით ხშირად თავს ესხმოდნენ გურია-ოდიშ-აფხაზეთის ზღვის სანაპირო ზოლს. ჯიქეთზე ოსმალების დასავლეთ საქართველოზე შეტევის ერთ-ერთი მიმართულებაც გადიოდა.
1533 წლის იანვარში ქართველთა ფლოტი მამია I გურიელისა და მამია III დადიანის ხელმძღვანელობით ჯიქეთს გაემართა. ორი მამიას სარდლობით მოქმედ ლაშქარში გურიისა და ოდიშის საერისთავოებიდან გამოსულ მეომრებთან ერთად, იმერეთის სამეფოდან წარგზავნილი მეომრებიც შედიოდნენ. Bბაგრატ იმერთა მეფეს ამ ლაშქრობაში უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ლაშქრობის საერთო თაოსანი იგი უნდა ყოფილიყო [შ. მესხია, 1958, გვ. 283; მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 32].
1533 წელს დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ მესვეურთა ჯიქეთზე განხორციელებული ლაშქრობა ქართველთა პირველ სადესანტო ოპერაციას წარმოადგენდა. ლაშქრობის დროც საგანგებოდ იყო შერჩეული. ამ ხანებში შავ ზღვაზე ნაოსნობა შემოდგომით წყდებოდა და შემდეგ გაზაფხულის მეორე ნახევრიდან აღდგებოდა ხოლმე, ამიტომ იანვარში ჯიქები ქართველთა თავდასხმის მომლოდინენი არ უნდა ყოფილიყვნენ [თ. ბერაძე, 1981, გვ. 75; Т. Берадзе, 1989, გვ. 207].
1533 წლის 30 იანვარს შედგა მამია გურიელის და მამია დადიანის სარდლობით მოქმედი ქართველთა ლაშქრის და ჯიქების პირველი ბრძოლა და იგი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ მეორე დღეს, ვიდრე ქართველებსა და ჯიქებს შორის კიდევ ერთი ბრძოლა შედგებოდა, ოდიშის საერისთავოს წარმომადგენლებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და უკან გამობრუნდნენ. თუმცა თავად მამია დადიანს, თავისი საერისთავოს წარმომადგენლებისთვის არ მიუბაძავს და ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო. მაგრამ ახლა უკვე ქართველთა ლაშქარში ამ ბრძოლის მსვლელობაში ღალატს ჰქონდა ადგილი, რამაც ქართველთა დამარცხება გამოიწვია. ჯიქებმა მამია დადიანი შეიპყრეს და სიცოცხლეს გამოასალმეს. ბრძოლაში დაეცა მამია გურიელის ვაჟი გიორგი, თავად მამია გურიელი, მისი ძმები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი ჯიქების ტყვეობაში აღმოჩნდნენ. ტყვეები შემდეგ აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქმა მალაქიაI-მა (მალაქია აბაშიძე 1519-1540-იან წლ.) გამოისყიდა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 497; ვახუშტი, 1973, გვ. 811; ცხოვრება საქართველოÁსა, 1980, გვ. 42; ქრონიკები, II, 1897, გვ. 378_379; მცირე ქრონიკები, 1968, გვ. 55].
ქართულ ისტორიოგრაფიაში მოღალატის შესახებ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა, ჩვენ გვინდა გავიზიაროთ ბ. ლომინაძის მოსაზრება, რომელიც მიიჩნევს, რომ ღალატი ცანდია ინალიფამ ჩაიდინა [ბ. ლომინაძე, 1966, გვ. 210]. ეს ცანდია ინალიფა ჯიქეთში მოქმედ დასავლეთ საქართველოდან წარგზავნილ ლაშქარში აფხაზეთის წარმომადგენლობის წევრი იყო და შესაძლებელია ღალატის აქტი გამოხატავს ამ წარმომადგენლობის მეთაურის შერვაშიძის და მისი დაჯგუფების მისწრაფებას, რათა ნებისმიერი საშუალებით იბრძოლონ თავიანთი სეპარატისტული პოზიციების გასაძლიერებლად და დამოუკიდებლობის მისაღწევად [З. Анчабадзе, 1959, გვ. 258_260].
ამრიგად, 1533 წელს გამოვლენილმა დასავლურ ქართულმა სამხედრო ერთიანობამ უშედეგოდ ჩაიარა. ქართველთა დამარცხების მთავარი მიზეზი მოწინააღმდეგის ძლიერება არ იყო, არამედ თავად ქართველთა შორის არსებული არაორგანიზებულობა და უთანხმოება.
გაუგებარია, თავად იმერთა მეფე ბაგრატ III უშუალოდ რატომ არ მონაწილეობდა ქართველთა მიერ ჯიქეთში განხორციელებულ ლაშქრობაში. მას შეიძლებოდა სამხედრო ექსპედიციის საერთო ხელმძღვანელის, მთავარსარდლის ფუნქცია დაკისრებოდა და ეს სავსებით შეეფერებოდა. ამ დროს დასავლურ ქართული შიდაურთიერთობები დაძაბული არ იყო და ოდიშისა და გურიის ერისთავები იმერთა მეფის უზენაესობას აღიარებდნენ კიდეც. ამ სიტუაციაში ნამდვილად შეიძლებოდა და აუცილებელიც იყო, რომ ბაგრატ III-ს სამხედრო ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელობაზე ჰქონოდა პრეტენზია. მას სარდლის რანგში რომ წარმატების მოპოვება შეეძლო, ამას ჩვენ ქვემოთ ვნახავთ. ქართველთა ლაშქარში მტკიცე და ძლიერი ხელმძღვანელის ფაქტორის არარსებობის პირობებში კი, ეს ერთგვარად უნიკალური შემთხვევა _ ქართველთა მიერ უცსოტომელთა მიმართ შეტევითი სამხედრო ოპერაციის განხორციელება, რასაც გვიან შუა საუკუნეებში ძალიან იშვიათად ჰქონდა ადგილი, ქართველთათვის ცუდად დასრულდა.
ამასობაში ოსმალეთის სახელმწიფომ დიდი წარმატებები მოიპოვა ევროპის ტერიტორიაზე წარმოებულ საომარ მოქმედებებში. ოსმალებმა დაიპყრეს უნგრეთი. ამის შემდეგ ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა გადაწყვიტა თავისი ძირითადი ძალები ირანის წინააღმდეგ მიემართა. 1533 წლის 22 ივნისს ოსმალეთ-ავსტრიის ზავი დაიდო და ოსმალებმა იმავე წელს ირანთან ომი განაახლეს. საომარი მოქმედებები მათი უპირატესობით წარიმართა.
ოსმალეთის საქართველოზე შეტევის მთავარი მიმართულება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამცხე-საათაბაგოს მოიცავდა. ბაგრატ III-მ 1533 წელს გადაწყვეტილება მიიღო, რომ სამცხეში ლაშქრობა მოეწყო. სამცხე, რასაკვირველია ოსმალთა განსაკუთრებულ დაინტერესებასაც იწვევდა და იმერთა მეფის ეს ჩანაფიქრი დიდი რისკის შემცველი იყო. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ყურადღებას იქცევს “სწავლულ კაცთა” მიერ მოწოდებული ცნობა, რომელიც ბაგრატ მეფის 1535 წელს სამცხეში განხორციელებულ ლაშქრობას ეხება: ”ათაბაგი ყუარყუარე მიუდგა ხონთქარსა და რა სცნა ესე მპყრობელმან იმერეთისამან ბაგრატ, შეიყარა სპა თÂსი იმერელნი და მიუვლინა კაცი როსტომსა გურიელსა, და მოჰყვა იგიცა ბაგრატს, გარდავლეს მთა და მიუხდენ ყვარყვარე ათაბაგსა მურჯახეთს” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 354].
“სწავლულ კაცთა” მიერ მოწოდებული ცნობა, თუ სიმართლეს შეესაბამება და იმის მაუწყებელია, რომ ირანისა და საქართველოს მიმართულებით მობრუნებულ ოსმალეთის სულთან სულეიმან პირველთან ყვარყვარე ათაბაგმა კავშირი დაამყარა, რაც შემდეგ ბაგრატისათვის ცნობილი გახდა, მაშინ იმერთა მეფეს თავიდანვე დიდი რისკი შეგნებულად გაუწევია, როცა სამცხეში შეტევითი სამხედრო ოპერაციის ჩატარება გადაწყვიტა, რადგან ბაგრატი, პრაქტიკულად უკვე თავად ოსმალეთის უძლიერეს სახელმწიფოს უნდა დაპირისპირებოდა.
ბაგრატ მეფემ, ვიდრე სამცხეში სალაშქროდ გადავიდოდა ოდიშის ერისთავ ლევან დადიანს და გურიის ერისთავ როსტომ გურიელს სამხედრო ძალით დახმარების წინადადებით მიმართა: „ეზრახა დადიან-გურიელსა და აღუთქვა გურიელსა რომელიცა ეპყრა პირველ სამცხისანი. ესე განიხარა გურიელმან და მიერთო ბაგრატს. ხოლო დადიანი უნებლიეთად შიშისათვის მოერთო იგიცა ბაგრატს“. ბაგრატი გურიელს სამცხის ათაბაგის დამარცხების შემთხვევაში აჭარის და ლაზეთის გადაცემას შეპირდა, რამაც შემდეგ დადიანის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც ისედაც თავიდანვე დიდი ენთუზიაზმით არ ამოდგომია ბაგრატს მხარში სამცხის ათაბაგის წინააღმდეგ ბრძოლაში. დასავლეთ საქართველოდან სამცხეში გადასულ ბაგრატ III-ის ლაშქარს და ყვარყვარე III ათაბაგის ლაშქარს შორის ბრძოლა შედგა 1535 წლის 12 აგვისტოს ახალქალაქის ახლოს მურჯახეთთან და ის სამცხის მთავრის დამარცხებით დასრულდა. თავად ყვარყვარე III გურიელის მერიქიფემ ისაკ ართუმელაძემ შეიპყრო და გურიელს მიჰგვარა, გურიელმა კი, სამცხის ათაბაგი ბაგრატს გადასცა. ყვარყვარე III შემდეგ მალე იმერეთში პატიმრობაში გარდაიცვალა. გურიელმა კი, მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ ბაგრატისაგან აჭარა და ლაზეთი მიიღო [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 354; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 487; ვახუშტი, 1973, გვ. 712_714, 811].
საყურადღებოა ვახუშტის ის ცნობა, რომელიც 1535 წელს ბაგრატ იმერთა მეფის სამცხის მიმართ გამოვლენილი აქტივობის მიმართ ქართლის მეფის ლუარსაბI-ის რეაქციას ეხება: ”შეიპყრა იმერთ მეფემან ბაგრატ ათაბაგი ყუარყუარე და დაიპყრა სამცხე. ესე შეუძნდა მეფესა ლუარსაბს, არამედ ვერარაÁ არგო. გარნა ლუარსაბ მეფემან დაიპყრო ჯავახეთი და კერძონი მისნი” [ვახუშტი, 1973, გვ. 401_402]. ამ ცნობიდან ისე გამოდის, რომ 1535 წელს ბაგრატის სამცხის მიმართ მიღებული ზომები ლუარსაბისათვის მისაღები არ ყოფილა. ამ შემთხვევაში, რთულია გადაჭრით თქმა ვახუშტის ცნობა სიმართლეს უნდა შეესაბამებოდეს თუ არა, ყოველ შემთხვევაში ლუარსაბის რაიმენაირი მტრობა იმერთა მეფის მიმართ მურჯახეთის ბრძოლამდე, ან ამ ბრძოლის შემდეგ არ დასტურდება, თუმცა, ალბათ, შეიძლება ლუარსაბის ეს რეაქცია იმით ავხსნათ, რომ ის ბაგრატის საბოლოო წარმატებაში არ იყო დარწმუნებული (რისი საფუძველიც ქართლის მეფეს ნამდვილად ჰქონდა) და ძმათამკვლელი ხმალთაკვეთება, რაც ბაგრატის სამცხეში ლაშქრით გადასვლას მოყვა, ამიტომ იწვევდა ქართლის მეფის პროტესტის გრძნობას.
სამცხის თავადური რეაქცია არ აპირებდა შექმნილ მდგომარეობასთან შეგუებას. სამცხე-საათაბაგოს ყველაზე გავლენიან თავად ოთარ შალიკაშვილს ოსმალებთან ჰქონდა კავშირი და მათი დახმარებით ყვარყვარე III-ის შვილის ქაიხოსროს სამცხის ათაბაგად დასმა ჰქონდა განზრახული. თავად ოსმალებისთვისაც, რასაკვირველია სრულიად მიუღებელი იყო მოვლენების ისეთი განვითარება, როგორსაც მაშინ სამცხეში ჰქონდა ადგილი. 1536 წლის 4 ივლისს არზრუმის ბეგლარბეგი მეჰმედ ხანი თავისი ლაშქრით სამცხის წინააღმდეგ დაიძრა. ოსმალთა ლაშქარს სამცხეში ძლიერი წინააღმდეგობის გადალახვა მოუხდა, თუმცა საბოლოოდ ეს ლაშქრობა ოსმალთათვის მაინც წარმატებით დასრულდა და სამცხეში ოსმალებმა ურიცხვი ნადავლი იგდეს ხელთ [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 25; ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 104].
არზრუმის ბეგლარბეგის სამცხეში განხორციელებული ლაშქრობა ჩვენთვის მრავალმხრივ საინტერესოა, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოსმალებმა ამ დროს ტაოსა და კლარჯეთის დაპყრობილ ტერიტორიაზე სანჯაყები დაარსეს: ოლთისის, ართვინის, კისკიმის და ნარმანის. “ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოსმალები სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე სანჯაყებს აარსებენ. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ ოსმალებმა დაიწყეს სამცხეში დაპყრობილ ტერიტორიაზე თავისი მმართველობისა და წესების დანერგვა _ ქვეყნის გაოსმალება” [მ. სვანიძე, 1971, გვ. 57].
საქართველოს ტერიტორიის ერთ ნაწილზე უცხო სახელმწიფოს მმართველობისა და წესების დანერგვის პროცესის დასაწყისი დიდი უბედურების მაუწყებელი იყო და იქ ქართველობის აღმოფხვრის და გადაგვარების წინაპირობას წარმოადგენდა. სამცხე-საათაბაგოს ერთი ნაწილი საშინელ განსაცდელში ჩავარდა. ამ დროს ბაგრატ მეფისაგან საჭირო კონტრზომების მიღების შესახებ ჩვენ ცნობები არ მოგვეპოვება. თუმცა, ისიც საკითხავია იმერთა მეფეს რეალურად ჰქონდა თუ არა ამის გაკეთების შესაძლებლობა. მისი პოლიტიკის ნაკლი უფრო იმაში მდგომარეობს, რომ 1535 წელს სამცხეში განხორციელებული ლაშქრობით, რასაც ძმათამკვლელი ომი მოყვა, მან ოსმალეთის უძლიერეს სახელმწიფოს ამ მიმართულებით, პრაქტიკულად გამოწვევა გაუკეთა და შემდეგ რომ სამცხეში ოსმალთა მოძალებას სათანადო წინააღმდეგობით ვერ შეხვდა, ეს გასაკვირი არ იყო, რადგან ამის გაკეთების საშუალება მას არ ჰქონდა, ბაგრატ იმერთა მეფეს ოსმალების დამარცხება არ შეეძლო. საერთოდ, ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ ბაგრატ III-ის 1535 წელს სამცხეში განხორციელებული ლაშქრობა ჩავთვალოთ ამ მიმართულებით ოსმალთა გააქტიურების მიზეზად. ოსმალები, ალბათ სამცხეში დროთა განმავლობაში მაინც შეუდგებოდნენ თავიანთი მმართველობისა და წესების დანერგვას, მაგრამ ბაგრატ III-ის სამცხეში განხორციელებულმა ლაშქრობამ, შეიძლება ითქვას, სამცხეში გაოსმალების პროცესის დაწყება ერთგვარად დააჩქარა.
ამასობაში ჩვენი სამხრეთელი მეზობლების საგარეო პოლიტიკაში კიდევ ერთხელ ჰქონდა ადგილი გარკვეული ტაქტიკური სახის ცვლილებებს. 1536 წელს ოსმალეთის სულთანი სულეიმან I ირანის მიმართულებით განხორციელებული ლაშქრობიდან სტამბოლში დაბრუნდა და ყურადღება ევროპა-აფრიკის მიმართულებით გადაიტანა. ამით ისარგებლა ირანის შაჰმა თამაზმა (1524_1576), რომელსაც ამ დროისათვის თავისი მმართველობის დასაწყისში ირანში წარმოქმნილი სახელისუფლებო კრიზისი უკვე დაძლეული ჰქონდა და ამიერკავკასიის მიმართ აქტიური პოლიტიკის გატარებას შეუდგა. 1538 წელს ყიზილბაშებმა შირვანი დაიპყრეს. ამ დროიდან შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკურ არსებობას ბოლო მოეღო და ის სეფევიდების პროვინციად _ საბეგლარბეგოდ იქცა [ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ. 104].
შაჰ-თამაზისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს საკითხს, ამიტომ შირვანის დამორჩილების შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება ძალიან დიდხანს აღარ გადასდო და 1541 წელს საქართველოში ლაშქრობა განახორციელა. ამ ლაშქრობის მთელი სიმძიმის გადატანა ქართლის სამეფოს მოუწია. მანამდე კი, 1540 წელს ლუარსაბ მეფემ ოსმალეთის სულთანს ელჩი გაუგზავნა და ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა, მაგრამ სულთანმა ქართლის მეფეს დახმარების აღმოჩენაზე უარი განუცხადა [ლ. ტარდი, 1980, გვ. 51; გ. საითიძე, 1998, გვ. 105].
შაჰ-თამაზის ლაშქარი 1541 წელს საქართველოს წინააღმდეგ ყარაბაღიდან დაიძრა და თბილისს მოულოდნელად მიადგა. შაჰ-თამაზს ქართლის მეფის უჩუმრად შეპყრობა სურდა, მაგრამ ამ დროს ლუარსაბი თბილისში არ იმყოფებოდა, მას შვილი ჰყავდა გარდაცვლილი და თავისი ახლობლებით და მეომრებით მცხეთას იყო წასული მიცვალებულის დასასაფლავებლად. ამის გამო მტერმა ქართლის მეფის შეპყრობა ვერ მოახერხა. თბილისის ციხის აღება ყიზილბაშებმა კი, გულბაათ ციხისთავის ღალატის წყალობით ადვილად შეძლეს. თბილისის ციხეში შაჰ-თამაზმა თავისი გარნიზონი ჩააყენა და ტყვეების დიდი რაოდენობით და სხვა ნადავლით საქართველო დატოვა [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 22-23; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 357; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 496-497; ვახუშტი, 1973, გვ. 402].
შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ ლაშქრობებს დიდი გავლენა Hჰქონდა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებზე. ისე გამოვიდა, რომ “ამ ლაშქრობათა შედეგად ქართლის სამეფომ დაკარგა თავისი მოკავშირეები _ კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რომელთა მეფეებმაც მორჩილება გამოუცხადეს შაჰ-თამაზს” [ვ. სილოგავა, კ. შენგელია, 2007, გვ. 170]. შაჰ-თამაზის პირველ ლაშქრობამდე ლუარსაბ მეფეს იმერეთის და კახეთის მეფეებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. ახლა კი, როცა შაჰ-თამაზმა ქართლის წინააღმდეგ ძლიერი ლაშქრობა განახორციელა, ამან, როგორც ჩანს, იმერეთის და კახეთის მეფეებზე დამრთქუნველად იმოქმედა. ირანის შაჰი საქართველოში განხორციელებული ლაშქრობის შემდეგ ამიერკავკასიიდან არ იყო გასული, ყარაბაღს იმყოფებოდა, როდესაც მასთან იმერეთის და კახეთის მეფეები გამოცხადნენ და მორჩილება გამოუცხადეს. ბაგრატმა შაჰ-თამაზს სამხედრო ძალით დახმარებაც თხოვა, რაც იმერთა მეფეს სამცხის მიმართულებით საწარმოებელ ბრძოლაში სჭირდებოდა. ირანის შაჰმა ქართველი მეფეებისგან მორჩილების გამოცხადება მოიწონა და ისინი დაასაჩუქრა, ხოლო ბაგრატს სამხედრო ძალით დახმარებაზე უარი განუცხადა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 357; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 498; ვახუშტი, 1973, გვ. 572, 812].
იმერეთის და კახეთის მეფეების მიერ შაჰ-თამაზისთვის მორჩილების გამოცხადების ფაქტის შეფასებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდა მ. რეხვიაშვილის იმ მოსაზრებას შევეხოთ, რომელიც ბაგრატ იმერთა მეფის შაჰ-თამაზის მიმართ გადადგმულ ნაბიჯს ეხება: “აქ ძირითადი მაინც ისაა, რომ ბაგრატს სწორი პოლიტიკური ალღო ჰქონდა. ოსმალეთის მოძალების ვითარებაში ერთადერთ რეალურ ძალად, ვინც შეიძლებოდა ამ უკანასკნელთ დაპირისპირებოდა, შაჰის ირანი იყო. თანაც ირანი იმერეთის მიმართ იმ მიზნებს ვერ დაისახავდა, რასაც ოსმალეთი. სამცხის დაპყრობილი ნაწილი ამის თვალნათელი მაგალითი იყო, ამიტომ სავსებით გამართლებული იყო ბაგრატის აღნიშნული ნაბიჯი”. [მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 36]. ამასთან მ. რეხვიაშვილს მოაქვს “ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტის ცნობა, სადაც აღნიშნულია, რომ, როდესაც ირანის შაჰს შეხვდა ბაგრატი “იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო, და წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს” [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 498], რის შემდეგ აღნიშნავს: “შაჰ-თამაზთან იმერეთის მეფის დაკავშირებას და მისგან “შემწეობის” მიღებას გარკვეული ნაყოფი გამოუღია. მართლაც, ჩვენ ვხედავთ, რომ ამის შემდეგ ბაგრატ იმერთა მეფემ თურქებს წაართვა მათ მიერ დაპყრობილი ტაო-კლარჯეთის ტერიტორია (მთლიანად თუ არა დიდი ნაწილი მაინც).
ამას უნდა გულისხმობდეს ვახუშტის ცნობა, რომ მას შემდეგ რაც შაჰ-თამაზმა ბაგრატს “მოსცა ნიჭნი დიდნი და წარმოავლინა დიდპატივცემული და მოვიდა სამცხესვე, აღიღო ციხენი სამცხისანი და დაიპყრა თვისად” [მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 36; ვახუშტი, 1973, გვ. 812]. იმის დამადასტურებლად, რომ ბაგრატმა, მართლაც უკან დაიბრუნა სამცხე-საათაბაგოში ოსმალების მიერ დაპყრობილი გარკვეული ტერიტორია, მ. რეხვიაშვილს მიაჩნია ის, რომ, როდესაც 1543 წელს ოსმალთა 22 ათასიანი ჯარი შემოიჭრა სამცხეში, მაშინ ოსმალებმა ალყა შემოარტყეს ოლთისის ციხეს. ოლთისი კი, 1536 წელს ერთ-ერთი სანჯაყის ცენტრად იყო გადაქცეული. “ე. ი. ბაგრატს მართლაც უკან დაუბრუნებია თურქების მიერ დაკავებული ციხეები” [მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 36_37].
გვიან შუა საუკუნეებში მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსების ცალკეული ნაბიჯების შეფასებისას, ჩვენ აუცილებლად მხედველობაში უნდა გვქონდეს საერთო-ქართული ინტერესები და არა რომელიმე ცალკეული ქართული მხარის, სადაც ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი გარკვეული სახის სახელმწიფოებრიობა არსებობს. ისე კი, არსებითად ამ ცალკეულ ქართულ მხარესაც ერთადერთი განსაკუთრებული ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა _ ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენა და მის ნაწილად გადაქცევა. ცალკეული ქართული მხარის რაიმე სხვა ინტერესს თანაგრძნობით უნდა შევხედოთ, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ეს ცალკეული ქართული მხარე შესაძლებლობის მიხედვით მაქსიმალურად ცდილობს ერთიანობის მიღწევას, მაგრამ ამის რეალურად განხორციელების საშუალება არ არსებობს და ძალაუნებურად უწევს დამოუკიდებლად არსებობა, რა დროსაც თავისი სხვადასხვაგვარი ინტერესი ბუნებრივად უჩნდება და შესაბამისად ჩნდება ამ სხვადასხვაგვარი ინტერესის დაცვის აუცილებლობაც. თუ რომელიმე ცალკეულ ქართულ მხარეში არსებული პოლიტიკური ერთეულის წინამძღოლს, ამ შემთხვევაში იმერეთის მეფის, რომელიღაც ნაბიჯი მხოლოდ იმერეთის ინტერესებს პასუხობს და საქართველოს დანარჩენი ნაწილის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაშინ, რასაკვირველია არ იქნება მართებული, რომ იმერეთის მეფის ეს ნაბიჯი დადებითად შევაფასოთ და გავამართლოთ. თუ ქართლში ირანელთა ლაშქრობები წარმატებით განვითარდებოდა და ისინი ლუარსაბს დაამარცხებდნენ და დაიმორჩილებდნენ, ეს საერთოქართული ინტერესებისათვის მხოლოდ ზიანის მომტანი იქნებოდა და ამიტომ ბაგრატ იმერთა მეფის და ლევან კახთა მეფის შაჰ-თამაზისთვის მორჩილების გამოცხადების ფაქტი დადებით შეფასებას არ იმსახურებს. იმერეთის და კახეთის მეფეებს შაჰ-თამაზისთვის მორჩილება კი არ უნდა გამოეცხადებინათ, არამედ ქართლის მეფისათვის უნდა დაეჭირათ მხარი მის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ახლა რაც შეეხება იმას თავად იმერეთს რა ერგო შაჰ-თამაზის კეთოლგანწყობის მოპოვებით და მისგან “შემწეობის” მიღებით, ის “შემწეობა” რაზეც მ. რეხვიაშვილი ამახვილებს ყურადღებას იმ დროის დიპლომატიური ურთიერთობისთვის თანმხლებ ჩვეულებრივ საჩუქრებს გულისხმობს და ბაგრატს იმ სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად, რომლითაც ის სამცხეში ოსმალების მიერ დაკავებული ციხეების დაბრუნებას შეძლებდა, ნაკლებად გამოადგებოდა. საერთოდ, ერთ სამხედრო ოპერაციაში შაჰ-თამაზი მართლაც, რომ დახმარებოდა იმერთა მეფეს, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენ მოვლენა მთლიანობაში უნდა მოვიაზროთ და მთლიანობაში ბაგრატის პოლიტიკამ სამცხესთან მიმართებით, როგორც ქვემოთ ვნახავთ, მარცხი განიცადა. ირანის შაჰს ბაგრატისთვის ამ, ან სხვა რომელიმე მიმართულებით, რეალურად არანაირი ხელშესახები დახმარება არ გაუწევია.
ამასობაში ოსმალებმა 1543 წელს სამცხის წინააღმდეგ კიდევ ერთი ლაშქრობა განახორციელეს. სამცხის თავადური რეაქცია ყოველმხრივ უწყობდა ხელს ოსმალთა მიერ სამცხეში განხორციელებულ ლაშქრობებს. ამ ლაშქრობის წინ ოთარ შალიკაშვილმა “აუწყა ყოველი ყოფილი ბაგრატისაგან ხონთქარსა, რამეთუ სამსახურისა მისისათÂს უყო ბაგრატ ესე ყოველი, ოდეს ჩაუძღუა იმერეთს ათაბაგი სპითა მისთა” [ვახუშტი, 1973, გვ. 713]. ოთარ შალიკაშვილი 1510 წელს ოსმალთა მიერ იმერეთში განხორციელებულ ლაშქრობაში მზეჭაბუკ ათაბაგის მისიას უკავშირებდა ბაგრატის სამცხის მიმართ გამოვლენილ აქტივობას და ოსმალთა ინტერესების მიმართ თავისი სამშობლოს საწინააღმდეგოდ საშინელ პოლიტიკურ სპეკულაციას ეწეოდა.
ამჯერად სამცხეში შემოსულ ოსმალთა ლაშქარს, რომლის შემადგენლობაში 22 ათასი მეომარი შედიოდა არზრუმის მმართველი მუსა ფაშა სარდლობდა. ბაგრატ მეფემ მუსა ფაშას სარდლობით მოქმედი ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ საჭირო ზომები მიიღო, ციხეები გაამაგრა, ლაშქარი შეკრიბა და გურიელსა და დადიანს დახმარებისკენ მოუწოდა. გურიელი ბაგრატ მეფის გვერდით დადგა, ხოლო გურიელისთვის მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ აჭარის და ლაზეთის გადაცემით განაწყენებულმა დადიანმა იმერთა მეფეს დახმარებაზე უარი განუცხადა.
ოსმალთა ლაშქარი, რომელსაც შეიარაღებაში ევროპული ზარბაზნები ჰქონდა ბრძოლით მიადგა ოლთისის ციხეს. ოლთისელი მეციხოვნეები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ. იქ ბაგრატ მეფეც მივიდა და თავიც ისახელა. მან თავდაპირველად მუსა ფაშა თავისი ლაშქრის ერთი ნაწილით ოლთისის ციხის მიდამოებიდან გაიტყუა, შემდეგ კი, ჯერ ოლთისის ციხესთან დარჩენილი ოსმალთა ლაშქარი გაანადგურა, მერე კი, მუსა ფაშას თანმხლებ ლაშქარს ქარაღაქთან დაეწია და იქ მოუღო ბოლო. თავად მუსა ფაშა ბრძოლაში მოკლეს [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები, საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1966, გვ. 23_24; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 358; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 498; ვახუშტი, 1973, გვ. 713, 812].
ამის შემდეგ ოთარ შალიკაშვილმა ქაიხოსროსთან ერთად კიდევ ერთხელ მიმართა ოსმალებს სამცხეში ლაშქრობის განხორციელების თხოვნით. თუმცა მათ თხოვნა არც სჭირდებოდათ, ისინი შექმნილ მდგომარეობასთან შეგუებას ისედაც არ აპირებდნენ. 1545 წელს სამცხეში არზრუმისა და დიარბექირის ფაშების სარდლობით ოსმალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი შემოვიდა. ბაგრატ III-მ ისევ თხოვა დახმარება გურიელსა და დადიანს. გურიელი თავისი ლაშქრით ბაგრატის გვერდით დადგა, ხოლო დადიანმა ბაგრატს დახმარებაზე ამჯერადაც უარი განუცხადა.
ბაგრატ იმერთა მეფემ ქართლის მეფესაც თხოვა ოსმალების წინააღმდეგ სამხედრო ძალით დახმარება. ეს ფაქტი საინტერესოდ აქვთ გადმოცემული XVIII საუკუნის ქართველ მემატიანეებს. ისინი არამარტო ფაქტს აღწერენ, არამედ იქვე ერთგვარად ლუარსაბის მთელი მოღვაწეობის შეფასებას ახდენენ. “სწავლულ კაცთა” მიხედვით, როდესაც ბაგრატმა შეიტყო ოსმალთა დიდი ლაშქრის საქართველოში წამოსვლის შესახებ, მათ წინააღმდეგ “დაჰპატიჟა მეფესა ქართლისასა ლუარსაბს... ხოლო მეფესა ქართლისასა ლუარსაბს დაღაცათუ არავინ ეშუელებოდა უსჯულოთა ზედა, არამედ თÂთ რაოდენ ძალ-ედვა არა დაზოგის თავი და წარვიდის და მიეშუელის, რამეთუ ეძÂნებოდა საქართველოსათვის, ვითარცა მამასა შვილთათÂს, და შეიყარა სპა თÂსი და წარვიდა ბაგრატთანა” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 358].
“ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტი ბაგრატის ოსმალების წინააღმდეგ ლუარსაბის მიმართ გაკეთებულ დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნავს: “ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათÂს, და ეძÂნებოდა უსჯულოთა ზედა-მოსვლისათÂს და დაკნინებად საქრისტეანოსა. მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა, რამეთუ ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთÂს, ვითარცა მამა შვილთათÂს ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთÂს და არა ძÂრის მოÃსენე” [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 499].
ბაგრატის თხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც ოსმალების წინააღმდეგ ლუარსაბის სამხედრო ძალით დახმარებას ეხება, ვახუშტი ასეთ რაიმეს წერს: “არამედ ლუარსაბ მეფესა, თუმცა არავინ ემწეოდა განძლიერებისა მისისათÂს, გარნა ლუარსაბს ეძÂნებოდა ტყუეობა საქართველოსი, შემცირება და განხეთქილება თÂსთაგან და მტერთა მიერ, რათა არა იქმნას მაჰმადიანად. ამის მიზეზისათÂს შემოიკრიბნა სპანი და წარვიდა შეწევნად ბაგრატისად” [ვახუშტი, 1973, გვ. 403]. ქართველ მემატიანეები სავსებით მართებულად აფასებენ ლუარსაბ I-ის მოღვაწეობას. ქართლის მეფე არ იფარგლებოდა პირადი კერძოობითი და ვიწრო კუთხური ინტერესებით, იგი საერთო-ქართული ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა, ავმეხსიერი არ იყო და იმ ქართულ სამეფო-სამთავროებსაც კი, ეხმარებოდა საჭიროების ჟამს, რომელთა წინამძღოლნიც განსაცდელში მას მარტო ტოვებდნენ.
ლუარსაბის პოლიტიკა ნამდვილად, რომ სრულიად საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ იყო მიმართული. ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი ბასიანისაკენ გაემართა, სადაც დაბანაკებული იყვნენ ოსმალო მოლაშქრეები. ბრძოლის დაწყების წინ ქართველთა შორის უთანხმოებამ იჩინა თავი. ქართველთა ლაშქარში მესხი მეომრებიც იყვნენ და მათსა და ლუარსაბის თანმხლებ მეომრებს შორის წინამბრძოლობის საკითხმა შექმნა დაპირისპირება. ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის ხანაში არსებულ საქართველოს ლაშქარში წინამბრძოლობა მესხებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ახლა სრულიად სხვაგვარი რეალობა იყო და ქართლის მეფის მოლაშქრეებმა ჩათვალეს საჭიროდ წინამბრძოლობა. ლუარსაბის მეომრები მესხებს ამ საქმეში ტყუილუბრალოდ არ შეეცილებოდნენ. წინამბრძოლზე ყოველთვის ურთულესი და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იყო დაკისრებული. ამ დროს მესხი მეომრების საბრძოლო მზადყოფნა მოსალოდნელია რომ არადამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ისინი რიცხვმცირენიც იქნებოდნენ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ მესხმა მეომრებმა ქართველთა ლაშქარი საერთოდ მიატოვეს. მესხ მეომრებს, რომ ამ საქმის ჩადენა შეეძლოთ, ესეც მეტყველებს მათ რეალურ არასახარბიელო მდგომარეობაზე და იმაზე, რომ მათზე წინამბრძოლობის ფუნქციის დაკისრება არ უნდა ყოფილიყო მართებული. მესხი მეომრების მიერ ქართველთა ლაშქრის მიტოვების ფაქტს ლუარსაბის, ბაგრატის და როსტომ გურიელის თანმხლები მეომრების საბრძოლო სულისკვეთებაზე, რასაკვირველია უარყოფითად უნდა ემოქმედა, რაც ქართველთა და ოსმალთა შორის შემდგარი ბრძოლის საბოლოო შედეგზეც იქონიებდა თავის გარკვეულ გავლენას.
ეს ბრძოლა კი, 1545 წელს ბასიანში სოხოისტას ველზე შედგა, მთელი დღე გაგრძელდა და ოსმალთა რიგებში უზარმაზარი მსხვერპლიც გამოიწვია. თუმცა ოსმალების მრავალრიცხოვნებამ თავისი საქმე მაინც გააკეთა, ბრძოლაში დაეცა როსტომ გურიელის ვაჟი ქაიხოსრო, მრავალი ქართველი მეომარი და საბოლოოდ ქართველთა თავდადებული ბრძოლა მათი დამარცხებით დასრულდა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 358; ვახუშტი, გვ. 403, 713, 812; ქრონიკები, II, 1897, გვ. 387].
საქართველოს შემდგომი დროის სვე-ბედის განსაზღვრისათვის სოხოისტას ბრძოლას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ დროიდან ოსმალები ძალიან მტკიცედ შემოვიდნენ სამცხე-საათაბაგოში და თანდათანობით თავიანთი მმართველობისა და წესების დანერგვის პროცესის გაფართოებას შეუდგნენ. ამ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ოსმალებს სამცხის დასავლეთი ნაწილი _ ტაო, შავშეთი და კლარჯეთი აღარც დაუტოვებიათ. სოხოისტას ბრძოლას დიდი გავლენა ჰქონდა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებზე. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ამ დროს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართლისა და იმერეთის სამეფოების ურთიერთობა ისე გაუმჯობესდა, რომ მათი სამხედრო ძალები საგარეო მტრის წინააღმდეგ ერთად გამოვიდნენ. ამით საქართველოს ერთიანობის გამომხატველი დანაწევრებული ისტორიული ბირთვის გაერთიანების ერთგვარი პერსპექტივაც კი გაჩნდა, მაგრამ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ქართლისა და იმერეთის ურთიერთობაში არსებულ წინსვლას გზა გადაეღობა.
ბაგრატმა სოხოისტას ბრძოლის შემდეგ ქართლის სამეფოსთან კავშირის შენარჩუნება აღარ ინდომა და ისევ ლუარსაბის დაუძინებელი მტრის შაჰ-თამაზის მიმართ თანამშრომლობაზე აიღო გეზი. ამასთანავე, სოხოისტას ბრძოლაში დამარცხებამ, როგორც ჩანს, იმერთა მეფის სულიერ განწყობილებაზე ძალიან ცუდად იმოქმედა და მას შემდეგ დამარცხებათა მთელი კასკადი დაატყდა თავს. სოხოისტას ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ ოსმალებმა სამცხის ათაბაგად დასვეს ქაიხოსრო II (1545_1573) და მაშინვე სამცხის ციხეების გამაგრებას მიჰყვეს ხელი. ეს ოთარ შალიკაშვილის რჩევითაც ხდებოდა, “რამეთუ ეტყოდა ოსმალთა: ”უკეთუ დაიპყრათ ციხენი. გერჩდენ ქუეყანა ესე საუკუნოდ”, ვინაÁთგან ეშინოდა ბაგრატისაგან კუალად დაპყრობისა, რამეთუ ბაგრატს ჰყვა მწედ მეფე ქართლისაცა” [ვახუშტი, 1973, გვ. 713_714]. ოთარ შალიკაშვილის რჩევა ოსმალებისათვის ნამდვილად სასარგებლო და გასათვალისწინებელი იყო, როგორც ნ. ბერძენიშვილი შენიშნავს: ”არსად საქართველოში მაჰმადიანობას ფეხი არ მოუკიდია, ვიდრე დამპყრობელმა, ქვეყანაში ციხე არ ჩადგა (ასე იყო სამცხე-საათაბაგოს, აფხაზეთში, სამეგრელოში, გურიაში, ქართლში, კახეთში, იმერეთში). ციხე დამპყრობელთა მეციხოვნეებით, იყო საშუალო საუკუნეებში ქვეყნის დაპყრობის ნიშანი და ამ დაპყრობის გარანტიაც, ხოლო გამაჰმადიანება-გადაგვარების პროცესი შეიძლებოდა მხოლოდ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ დაწყებულიყო” [ნ. ბერძენიშვილი, 1967, გვ. 122-123].
აღსანიშნავია, რომ სოხოისტას ბრძოლის შემდეგ ახლო ხანებში ქაიხოსრო II ათაბაგი მუხრანბატონების სიძე გახდა. “ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტის და ვახუშტის მიხედვით, ქაიხოსრომ პირველი მუხრაბატონის ბაგრატის ასული დედისიმედი შეირთო ცოლად [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ.500; ვახუშტი, 1973, გვ. 714]. “სწავლული კაცნიც” გვაუწყებენ ქაიხოსროს მიერ დედისიმედის შერთვის თაობაზე, თუმცა მათი აზრით, დედისიმედი აშოთან ბაგრატის ძე მუხრანბატონის ასულია [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 359].
იმ დროს როცა ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს ოსმალებთან და მათ პროტეჟე ქაიხოსროსთან ბრძოლა ახალი გადატანილი ჰქონდა, ცოტა არ იყოს გასაკვირია, ქაიხოსროს მუხრანბატონებთან დანათესავება. აქ თავისთავად ჩნდება ვარაუდი, რომ მუხრანბატონები სოხოისტას ბრძოლაში ლუარსაბის აქტიური მხარდამჭერები არ უნდა ყოფილიყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ ეს ქორწინება არ შედგებოდა.
1546 წელს იმერთა მეფე ბაგრატ III თავისი ლაშქრით კიდევ ერთხელ გადავიდა სამცხის ტერიტორიაზე. მაგრამ იმ პირობებში, როცა იმერთა მეფე მოკავშირეების გარეშე მოქმედებდა და ოსმალებს სამცხეში დიდი ძალები ჰყავდათ კონცენტრირებული მის ლაშქრობას წარმატების პერსპექტივა არ ჰქონდა. ის კი, აღსანიშნავია, რომ ამ ლაშქრობიდან უკან დაბრუნებისას ბაგრატ III-მ სამცხიდან იმერეთში აწყურის ღვთისმშობლის ხატი წაასვენა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 500_501; ვახუშტი, 1973, გვ. 813].
ამგვარად, ბაგრატ III-ის 1535 წელს წამოწყებული კამპანია, რომელიც იმერეთის სამეფოსათვის სამცხე-საათაბაგოს შეერთებას ისახავდა მიზნად მარცხით დასრულდა. ბაგრატ III-მ თავისი და მოწინააღმდეგის ძალები რეალურად ვერ შეაფასა, სამცხეში განხორციელებული თავისი შეტევითი სამხედრო ოპერაციით, რასაც მურჯახეთის ბრძოლა მოჰყვა, ოსმალეთს ერთგვარი გამოწვევა გაუკეთა, შემდეგ კი, როდესაც ოსმალებმა სამცხეში თავისი მმართველობისა და წესების დანერგვა დაიწყო და მრავალრიცხოვანი სამხედრო ძალების კონცენტრაცია მოახდინა, მან ოსმალებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და დამარცხება განიცადა. ბაგრატ III-ს თავიდანვე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ღია სამხედრო ტიპის დაპირისპირებაში ოსმალეთის უძლიერეს იმპერიას ვერ დაამარცხებდა და ოსმალეთის განსაკუთრებული დაინტერესების მქონე რეგიონზე _ სამცხე-საათაბაგოზე ამგვარი მიდგომით თავის ძალაუფლებას ვერ გაავრცელებდა. ამიტომაც, ჩვენი აზრით, 1535_1546 წლებში ბაგრატ III-ის სამცხის მიმართ გამოვლენილი აქტივობა უარყოფით შეფასებას იმსახურებს. ამასთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმერთა მეფის და სამცხის მმართველი წრეების და ოსმალეთის იმპერიის დაპირისპირება 1545_1546 წლებში არ დასრულებულა და ეს დაპირისპირება ერთ-ერთი მიზეზი გახდა XVI საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, გურიისა და ოდიშის საერისთავოების იმერეთის სამეფოსაგან სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებისა.
სოხოისტას ბრძოლის შემდეგ ქართლის მეფე ლუარსაბ I თავის გავლენას ჯავახეთში ისევ ინარჩუნებდა, რაც სამცხის ათაბაგ ქაიხოსრო მეორისთვის, რასაკვირველია მისაღები არ იყო. ამასთანავე, სამცხის ათაბაგისათვის აუტანელი გახდა ის პოლიტიკა, რომელსაც ოსმალეთი სამცხეში ატარებდა. რთულ მდგომარეობაში მყოფმა ქაიხოსრო II-მ და მისმა მომხრეებმა შაჰ-თამაზს მიმართეს დახმარების თხოვნით. ირანის შაჰი ათაბაგის თხოვნას კმაყოფილებით გამოეხმაურა და 1547 წლის იანვარში ყიზილბაშთა ჯარი საქართველოში შემოვიდა. ირანელთა ჯარმა ჯავახეთი დაარბია, რის შემდეგ ქვემო ქართლს შეესია, სადაც ბევრი სახიზარი აიღო და მრავალი ადამიანი დაატყვევა. შაჰის ლაშქრობის მთავარი მიზანი ლუარსაბის წინააღმდეგობის გატეხა და მისგან მორჩილების მიღება იყო და არა ქაიხოსრო II-ის პოზიციების გაძლიერება, რაც, რეალურად არც მომხდარა. ქართლის მეფე კი, მტრისათვის ქედის მოხრას არ აპირებდა. ამ დროს ყიზილბაშებსაც დიდი ზარალი ჰქონდათ, ამიტომ ლაშქრობა აღარ გააგრძელეს, მოპოვებული ნადავლით დაკმაყოფილდნენ და უკან გაბრუნდნენ [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 25-26; ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 5].
დიდი ინტერესის შემცველია ის პოზიცია, რაც შაჰ-თამაზის 1547 წლის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ლაშქრობისას იმერთა და კახთა მეფეებმა გამოავლინეს.
ისქანდერ მუნშის მიხედვით, შაჰ-თამაზი აყ-შაჰრში (ახალქალაქში) იმყოფებოდა, სადაც მასთან “ლევან-ხანი, კახეთის, ზაგემისა და გრემის მმართველი, და ბაში-აჩუკის მეფე ბაგრატი, რომელიც ხალხში ბაქრათის სახელით არის ცნობილი, ქვეყნის საფარველ სასახლეში მოვიდნენ, ფეშქაში, და ბაჯო და ხარაჯ მიართვეს და ამ იღბლიან ლაშქრობაში მონურად ემსახურებოდნენ ძლევამოსილ ამალას” [ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 1969, გვ. 17]. ფარსადან გორგიჯანიძეც აღნიშნავს, რომ “კახეთის ბატონი ლევან და იმერეთის მეფე ბაგრატ ძღვნითა და კარგის ფეშქაშით ყაენსთან მოვიდნენ, ის ლაშქრობა ერთგულად იმსახურეს” [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 5]. ამ ცნობების საფუძველზე ქართულ ისტორიოგრაფიაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ბაგრატ იმერთა მეფე და ლევან კახთა მეფე ლაშქრობის მსვლელობისას გამოცხადნენ ირანის შაჰთან და მას საომარ მოქმედებებში დახმარება გაუწიეს.
იმის გამოსარკვევად იმერეთისა და კახეთის მეფეებმა მართლაც მიიღეს თუ არა მონაწილეობა შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ მეორე ლაშქრობაში, პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიეცეს ჰასან რუმლუს ცნობებს, ვინაიდან ის პირადად იღებდა მონაწილეობას ამ ლაშქრობაში. ჰასან რუმლუ აღწერს ირანელთა მძიმე ბრძოლას, რისი გადახდაც მათ ამ ლაშქრობისას საქართველოს ტერიტორიაზე მოუწიათ და მიუთითებს, რომ მხოლოდ საქართველოს დატოვების შემდეგ გამოცხადნენ მორჩილების გამოსაცხადებლად შაჰთან ქართველი მეფეები, რომლებიც შაჰმა დაასაჩუქრა და თავთავიანთ სამეფოებში დააბრუნა [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 26]. ამდენად, ჩვენ გვინდა დავეთანხმოთ რ. კიკნაძეს და მ. რეხვიაშვილს რომლებიც ჰასან რუმლუს ამ ცნობის საფუძველზეNმიიჩნევენ, რომ შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ მეორე ლაშქრობაში ბაგრატ იმერთა მეფეს და ლევან კახთა მეფეს მონაწილეობა არ მიუღიათ [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 58; მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 42].
საერთოდ კი, შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულმა მეორე ლაშქრობამ ქართული სამეფო სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები იმ მდგომარეობაში დააბრუნა, რომელშიც იგი სოხოისტას ბრძოლამდე იმყოფებოდა, რადგან ბაგრატმა ანგარიში არ გაუწია ლუარსაბის დახმარებას, რაც მან იმერთა მეფეს სულ რაღაც ორი წლის წინ გაუწია, შაჰ-თამაზს ისევ მოუხარა ქედი და ქართლის მეფის დახმარებაზე არ უფიქრია. ლევან კახთა მეფემაც ძველებურად შაჰ-თამაზს მორჩილება გამოუცხადა. შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ პირველ ლაშქრობასთან შედარებით ამჯერად გარკვეული სიახლე აღინიშნა იმით, რომ ახლა პირველი ლაშქრობიდან განსხვავებით სამცხის ათაბაგი და მისი მომხრეები ირანის შაჰს უჭერდნენ მხარს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ქართლის მეფეს ყიზილბაშებმა ვერც ამ ლაშქრობისას მოახრევინეს ქედი, რასაც შექმნილ რთულ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ბაგრატ იმერთა მეფემ სამცხე-საათაბაგოს მიმართ წარმოებული წარუმატებელი კამპანიის შემდეგ ოდიშისა და გურიის ერისთავების მიმართ მეტისმეტად მკაცრი პოლიტიკის გატარება მიიჩნია საჭიროდ.
ბაგრატმა თავდაპირველად ყურადღება ოდიშის ერისთავ ლევან დადიანს მიაპყრო, რომელიც მურჯახეთის ბრძოლის შემდეგ იმერთა მეფეს პრაქტიკულად განუდგა. ბაგრატმა ლევან დადიანი 1548 წელს ხონში დარბაზობაზე მიიწვია და შეიპყრო. ალბათ, უფრო ლოგიკური უნდა ყოფილიყო იმერთა მეფეს ოდიშის ერისთავთან დარბაზობა ქუთაისში რომ დაენიშნა, თუმცა, შეიძლება დადიანს იქ მისვლის შეშინებოდა, ოდიშის მოსაზღვრე ხონში მისვლას კი, დადიანი არ შეუშინდა, რითაც ჭკუაში წააგო. ბაგრატს სურდა გურიის ერისთავის როსტომ გურიელის შეპყრობაც. იმერთა მეფემ გურიელს წინადადებით მიმართა, რათა ერთად ელაშქრათ და დაენაწილებინათ ოდიშის საერისთავო. “სწავლული კაცნი” გადმოგვცემენ რომ ბაგრატმა “გაუგზავნა გურიელსა კაცი და ესეთ შეუთვალა: “დადიანი დავიჭირე და Ãელთ მყავსო, წარვიდეთ ოდიშს, ვილაშქროთო, ნახევარი შენი იყოსო და ნახევარი ჩემიო”. და რა ესმა ესე გურიელს, იფიქრა და თქუა ესეთ: ”დადიანი შეუპყრია და ოდიშს დაიპყრობს და მერმედ ჩემს ქუეყანასა წამართმევსო და სულ გაიერთებსო, _ ეგრეთაცა სწადდა ბაგრატს და აღარ მიუდგა გურიელი” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 359].
ვახუშტიც “სწავლულ კაცთა” მსგავსად გადმოგვცემს ბაგრატის გურიელის მიმართ გაკეთებული წინადადების თაობაზე და ამასთანავე იმასაც აღნიშნავს, რომ “ენება ბაგრატს ხელთგდება მისიცა და ჰყოს ყოველი იმერეთი ერთ საბრძანებლად ვითარცა პირველ” {ვახუშტი, 1973, გვ. 813].
ამრიგად, “სწავლული კაცნი” და ვახუშტი იმაზეც მიგვანიშნებენ, რომ ამ შემთხვევაში ბაგრატ იმერთა მეფეს გურიის და ოდიშის საერისთავოების საერთოდ გაუქმება ჰქონდა მიზნად დასახული. რაც შეეხება გურიელის პასუხს ბაგრატის მიერ შეთავაზებულ წინადადებაზე, ის მიუხვდა რა იმერთა მეფეს ჩანაფიქრს, მას ასე შეუთვალა: ”ოდეს ვეწყუენით ოსმალთა, მიერ ჟამითგან მიზეზობენ და უმეტეს ათაბაგი; აწ უკეთუ დაუტეო ქუეყანა ჩემი, მოვიდნენ და მიმიღონ. ამით ვერ ძალ მიცს მოსლვა, გარნა განგიზრახავ, რათა შემოიმტკიცო დადიანი ფიცით და განუტეო” [ვახუშტი, 1973, გვ. 813]. ბაგრატ იმერთა მეფემ, როდესაც გურიელის პასუხი შეიტყო განრისხდა და დადიანისთვის თვალისჩინის წართმევა განიზრახა, მაგრამ შემდეგ ეს მალე გადაიფიქრა, რადგან მისი აზრით, ამას შეიძლებოდა ოდიშის საერისთავოს მკვიდრთა გურიელისადმი მიმხრობა გამოეწვია. ამის გამო ბაგრატი ლევან დადიანის გელათის სამრეკლოში დაპატიმრებით დაკმაყოფილდა და სხვაგვარი ზომების მიღებისგან თავი შეიკავა.
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ჩანს, ფხიზლად ადევნებდა თვალს ქაიხოსრო II და მან საჭიროდ მიიჩნია დადიანის ბაგრატის ტყვეობიდან გამოხსნა. სამცხის ათაბაგისთვის გურიისა და ოდიშის ერისთავები იმერთა მეფესთან დაპირისპირებაში პოტენციური მოკავშირეები იყვნენ. მართალია, სამცხის ათაბაგებს გურიის ერისთავებთან აჭარის და ლაზეთის გამო ხანგრძლივი დაპირისპირება ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოსმალეთმა ამ მიმართულებით თანდათანობით თავისი პოლიტიკა გააქტიურა აჭარის და ლაზეთის გამო სამცხისა და გურიის წინამძღოლების დაპირისპირება ნელ-ნელა აზრს კარგავს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამცხის და გურიის წინამძღოლები აჭარის და ლაზეთის გამო ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულნი არ ყოფილან და მათთვის საჭირო სიტუაციაში საერთო ენის გამონახვა შეეძლოთ. ასეთი სიტუაცია შეიქმნა, მაგალითად, 1520 წელს, როდესაც სამცხის ათაბაგის ხელშეწყობით გურიის ერისთავმა აღმოსავლეთ საქართველოში თავისი ლაშქრობა განახორციელა. სეპარატისტი მმართველები იმ პოტენციური ცენტრის წინააღმდეგ, რომელსაც შეიძლებოდა ქვეყნის გაერთიანება დაეწყო და მათი პირადი უზნეო ინტერესებისათვის რაიმე ზიანი მიეყენებინა, როგორც წესი, ძალიან ადვილად პოულობდნენ ხოლმე საერთო ენას, ურთიერთშორის არსებულ შუღლს ივიწყებდნენ და ერთიანდებოდნენ. რაც შეეხება სამცხის ათაბაგის ლევან დადიანის მიმართ არსებულ კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას, იმის გარდა, რომ ის შექმნილ ვითარებაში, ზოგადად სამცხის ათაბაგის პოტენციური მოკავშირე იყო იმერთა მეფესთან დაპირისპირებაში, სამცხის ათაბაგის კეთილგანწყობილი დამოკიდებულება დადიანის მიმართ შეიძლება დამატებით კიდევ ერთ ფაქტორთან იყოს დაკავშირებული, რაზეც, ჩვენი აზრით, საფუძვლიან ვარაუდს გამოთქვამს მ. კაპანაძე. მისი აზრით, ქაიხოსროს ადრიდანვე უნდა ჰქონოდა კავშირი ლევან დადიანთან და ამის გამო არ ეხმარებოდა იგი ბაგრატს სამცხეში წარმოებულ ბრძოლებში, ხოლო შემდეგ ამ კავშირის შედეგი ტყვედმყოფი დადიანისათვის ათაბაგის დახმარებაში გამოიხატა [მ. კაპანაძე, 2005ბ, გვ. 12]. ლევან დადიანის ადრეულ კავშირზე ქაიხოსროსთან ვარაუდს ასევე გამოთქვამს ს. ხოსიტაშვილი [ს. ხოსიტაშვილი, 1972, გვ. 179].
ქაიხოსრო ათაბაგმა კავშირი დაამყარა იმერეთის გავლენიან თავად ხოფილანდრე ჩხეიძესთან, რომელმაც ათაბაგის ნებით გელათის სამრეკლოში დამწყვდეული ლევან დადიანი გამოაპარა და ახალციხეში ჩაიყვანა. ამის შემდეგ ქაიხოსრო დაუკავშირდა გურიელს და დადიანისთვის მხარდაჭერის გაწევა თხოვა. გურიელმა მიიღო ქაიხოსროს წინადადება, ლევანი ოდიშში გადაიყვანა და ხელისუფლების მოპოვებაში დაეხმარა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 360; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 501; ვახუშტი, 1973, გვ. 813].
ამ დროიდან გურია და ოდიში დამოუკიდებელ სამთავროებად გვევლინებიან. იმერეთის მეფის ხელისუფლება შემოსაზღვრულია იმერეთით, გურიელს და დადიანს მტკიცედ უპყრიათ მთავრის ყველა უფლება [ო. სოსელია, 1954, გვ. 125_126]. ამგვარად, დაირღვა ამ დრომდე ასე თუ ისე შენარჩუნებული დასავლურ ქართული მთლიანობა, რომელსაც სათავეში იმერთა მეფე ედგა. ბაგრატ III-ის აქტივობამ, როგორც წინა შემთხვევაში სამცხის, ისე ახლა გურიის და ოდიშის მიმართ, გარკვეულწილად უკუშედეგი გამოიღო და არსებითად მდგომარეობა წინანდელთან შედარებით უფრო მეტად დამძიმდა. იმერთა მეფემ საერთოდ დაკარგა ყოველგვარი კონტროლი გურიისა და ოდიშის საეისთავოებზე. გურიისა და ოდიშის ერისთავებმა გაერთიანებული ძალებით პირისპირ მყოფი ისეთი ძალა დაამარცხეს, რომელიც მათ სეპარატისტულ საქმიანობას უშუალო საფრთხეს უქმნიდა.
XVI საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე გაჩაღებულ პოლიტიკურ ბატალიებში ჩვენ ვერ ვხედავთ ქართლის მეფის როლს. იმერთა მეფემ აუცილებლად არ ჩათვალა, რომ ერისთავებთან არსებული დაპირისპირებისას ლუარსაბისათვის დახმარება ეთხოვა, თორემ, თუ ქართლის მეფის პოლიტიკურ მოღვაწეობისათვის დამახასიათებელ მთავარ მომენტებს მივიღებთ მხედველობაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართლის მეფე ყველაფრის მიუხედავად, ბაგრატ III-ს ერისთავებთან დაპირისპირების საქმეში საჭირო დახმარებას აღმოუჩენდა. ბაგრატ III-ს კი, შაჰ-თამაზის მიმართ გამოვლენილმა მორჩილებამ ერისთავებთან მიმართებით არავითარი სარგებლობა არ მოუტანა და ალბათ, უფრო პირიქით მოხდა, რადგან ამ დროს სამცხის ათაბაგი უკვე ოსმალეთის სულთნის მიმართ მორჩილებას არ ავლენდა და ირანის შაჰის მხარეს იყო გადასული, რაზეც მისი მოწვევით 1547 წელს ირანის შაჰის მიერ საქართველოში განხორციელებული ლაშქრობა მეტყველებს, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, რომ მას იმერთა მეფის წინააღმდეგ გამოხატული თავისი მოქმედება ირანის შაჰთან არ შეეთანხმებინა. ირანის შაჰისთვის კი, სავსებით მისაღები იყო საქართველოს დაშლა-დანაწევრების პროცესის გაღრმავება და მისი ნების გამოხატულებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ გურიისა და ოდიშის წინამძღოლების იმერთა მეფის კონტროლიდან გამოსვლა.
1547 წელს განახლდა დროებით შეჩერებული ირან-ოსმალეთის ომი. საომარი მოქმედებები ოსმალთა უპირატესობით წარიმართა და მათი ჯარი თავრიზშიც კი შევიდა. 1549 წლის გაზაფხულზე სულთანმა უკვე სამცხეში ლაშქრობის მოწყობა ბრძანა. სულთნის ბრძანების შესრულებას მეჰმედ ფაშამ უხელმძღვანელა. მეჰმედ ფაშას სარდლობით ოსმალებმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შემდეგი ციხე-ქალაქები დაიპყრეს: ფარნაკი (ბარაკანი), ქიამხისი (კომკისა), ფანაკი (ბანაკი), პერნაკი, ქუჩუკი, სამაღარი და ახა. ოსმალების ამ აშკარა აგრესიას ქართველებმა აჯანყებით უპასუხეს. რის საწინააღმდეგოდ სულთანმა სამცხეში 1549 წლის 25 აგვისტოს აჰმედ ფაშას სარდლობით 40 ათასიანი ლაშქარი გამოგზავნა. ოსმალებმა ამჯერად მთლიანად დაიპყრეს სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი და ამასთანავე, ამ დროს 1536 წელს დაარსებული 4 სანჯაყი საბეგლარბეგოდ აქციეს [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები, საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 26_28; მ. სვანიძე, 1971, გვ. 63_67; გ. საითიძე, 1998, გვ. 110].
სამცხე-საათაბაგოს პარალელურად ოსმალები ლაზეთის და აჭარის მიმართულებით ანხორციელებენ აგრესიას. ოსმალებმა თავდაპირველად ლაზეთი დაიპყრეს, რის შემდეგ ბათუმს მოვიდნენ და ციხე-სიმაგრის შენება იწყეს. გურიელი ოსმალებს არ შეუშინდა, ბრძოლა გაუმართა და დაამარცხა. ოსმალები ჭოროხზე ნავებით გადავიდნენ. ამ დროს მდინარე ადიდებული იყო, გურიელს კი, ნავები არ გააჩნდა და ამიტომ ვერ მოახერხა მდინარის გადალახვა და მტრისთვის კიდევ ერთი დამარცხების მიყენება. თუმცა გურიელს, ამის მიუხედავად, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტა არ უფიქრია. იგი დაუკავშირდა იმერთა მეფე ბაგრატს და ოდიშის მთავარ ლევანს, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება სთხოვა და მათ მიმართ სავსებით გააზრებული გაფრთხილებაც გააკეთა „უკეთუ ამათ მიერ წამაÃდინეს მას უკან თქუენზედაც მოიწევა ამათ მიერ დიდი ვნება“ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, გვ. 360].
დადიანმა მხედველობაში მიიღო რა გურიელის დახმარება, რომელიც მას ბაგრატის ტყვეობიდან განთავისუფლებულს ოდიშში ხელისუფლების მოპოვებაში ძლიერ დაეხმარა, გადაწყვიტა გურიელს მხარში ამოდგომოდა. დადიანმა შეკრიბა ლაშქარი და გარკვეული ხნით ფოთში დაისადგურა. ბაგრატ იმერთა მეფემ გურიელისა და დადიანის ერთიანობა თავისთვის სახიფათოდ მიიჩნია, თავისი ძმა ვახტანგი 500 მოლაშქრით დადიანთან და გურიელთან გაგზავნა და მათ შორის უთანხმოების ჩამოგდება დაავალა.
ვახტანგი თავისი მოლაშქრეებით საჯავახოს მივიდა და იქიდან დადიანს შეუთვალა: “ვინაიდან ვარ ფუცებული შენდა, აწ უწყოდე თუმცა შეიკრიბნეთ შენ და გურიელი, აქუს გურიელისაგან პირი ძმასა ჩემსა, დაგესხმის იგი, ანუ მოგაკუდინებენ და ანუ შეგიპყრობენ“ [ვახუშტი, 1973, გვ. 814]. ვახტანგის ტყუილმა თავის მიზანს მიაღწია, „მაშინ მეგრელთა გამოიკითხეს ზაკულება ესე, უკუნ-იქცნენ ფოთიდან და წავიდნენ თÂსად“ [ვახუშტი, 1973, გვ. 814]. ამის შემდეგ ვახტანგი გურიელთან მივიდა. გურიელს კი, დადიანის იმედი ჰქონდა, ის რომ არ მიუვიდა და თავადაც ნავები ვერ იშოვა, რათა ჭოროხი გადაელახა, ოსმალებთან ბრძოლაზე ხელი აიღო, რასაც უკვე ოსმალთა მხრიდან გონიოს ციხის აგება მოყვა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 502; ვახუშტი, 1973, გვ. 814].
ოსმალებმა გონიოს ციხე საქართველოს წინააღმდეგ მოქმედ პლაცდარმად აქციეს, სადაც თითქმის მთელი გვიანი შუა საუკუნეების განმავლობაში გარნიზონი ჰყავდათ ჩაყენებული. გონიოს ციხემ დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ამ ციხეს ერთმანეთზე განაწყენებული დასავლელ ქართველი მეფე-მთავრები ხშირად სტუმრობდნენ, იქიდან ოსმალთა ჯარი გადმოჰყავდათ და ერთმანეთის წინააღმდეგ იყენებდნენ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გონიოს ციხე ზოგჯერ აღმოსავლურ ქართული პოლიტიკური ერთეულების შიდაურთიერთობებშიც თამაშობდა თავის უარყოფით როლს.
იმ პოლიტიკურ ბატალიებში, რასაც ისტორიული ლაზეთის ტერიტორიაზე ოსმალთა შემოსვლა და გონიოს ციხის ფაქტორის გაჩენა მოყვა, ძალიან საყურადღებოდ წარმოჩინდა იმერთა მეფის ბაგრატ III-ის როლი. მან თავისი მოქმედებით, შეიძლება ითქვას, მტრის მიზნების განხორციელებას შეუწყო ხელი. გაუგებარია იმერთა მეფისათვის რა საფრთხე უნდა შეექმნა ოსმალების წინააღმდეგ მებრძოლ გურიელთან, დადიანის ძალების გაერთიანებას. მას, ალბათ უფრო მთავრების მიმართ შურისძიების წყურვილი ამოძრავებდა. ამ შემთხვევაში ბაგრატ III-ის სააზროვნო სისტემა და თვითშეგნება ისეთივე დონეზე აღმოჩნდა, როგორიც ამ დროს ჩვეულებრივ სეპარატისტ მმართველს ახასიათებდა.
ამასობაში ოსმალეთი განაგრძობდა სამცხე-საათაბაგოს მიმართულებით სამხედრო ოპერაციების წარმოებას. არაერთი ქართული წყარო მიუთითებს, რომ 1550 წელს ოსმალებმა ტაო დაიპყრეს [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 500; ვახუშტი, 1973, გვ. 716; ქრონიკები, II, 1897, გვ. 391]. ოსმალები ტაოში ამ დროისათვის საკმაო ხნის შემოსული იყვნენ. ამ დაპყრობაში ქართული წყაროები, შესაძლებელია ამ ეტაპზე იმ წინააღმდეგობის კერების აღმოფხვრას გულისხმობენ, რომელიც მაშინ იქ ადგილობრივ აჯანყებულ ძალებს უნდა შეექმნათ.
1551 წელს სამცხე-საათაბაგოში არზრუმის ფაშა ისქანდერი შემოიჭრა და თავისი ჯარით არტანუჯის ციხეს ალყა შემოარტყა. სწორედ ამ დროს ქართლის მეფე ლუარსაბმა სამცხის მიმართულებით ლაშქრობა მოაწყო. ამასთან დაკავშირებით, ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: „ლუარსაბი ხედავდა, რომ სამხრეთ-დასავლეთის მხრით საქართველოს ალაყაფის კარები ერღვეოდა. ასეთ გარემოებაში ქართლის მეფემ გადაწყვიტა საათაბაგოს აღმოსავლეთ ნაწილის დაპყრობა, რომ ოსმალეთის შემდგომი აგრესიისათვის ამ მიმართულებით გზა შეეკრა“ [ნ. ბერძენიშვილი, 1973, გვ. 55]. ამ მოსაზრებას იზიარებს შ. მესხიაც [შ. მესხია, 1991, გვ. 5].
ლუარსაბის ლაშქრობამ სამცხე-საათაბაგოში თავისი გარკვეული განვითარება ჰპოვა. ამ ლაშქრობას თავად სამცხელთა შორისაც აღმოაჩნდა მომხრეები. ქაიხოსრო ათაბაგმა კი, ქართლის მეფის წინააღმდეგ ირანის შაჰს თხოვა დახმარება. შაჰ-თამაზი ამ დროს შაქში იმყოფებოდა, სადაც მივიდნენ ქაიხოსროს ელჩები და ირანის შაჰს გადასცეს ათაბაგის დანაბარები, რომ ლუარსაბ მეფე შევიდა ქაიხოსროს სამფლობელოში და ტერიტორიები დაიკავა, ხოლო ისქანდერ ფაშა კიდევ არტანუჯის მიმართულებით ანვითარებს შეტევას და ირანის შაჰმა უნდა ილაშქროს სამცხეში [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 28_29; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 364; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 505]. ვიდრე ამ ელჩობის პასუხად შაჰ-თამაზის მიღებულ ზომებს შევეხებოდეთ, უნდა აღვნიშნოთ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ირანის შაჰმა კახეთის მეფის ლევანის ხელშეწყობით ამ ხანებში შაქის მიმართ განახორციელა.
შაქის მთავარი დერვიშ მაჰმად ხანი ირანის შაჰის მიმართ ურჩობას ავლენდა. შაჰ-თამაზმა გადაწყვიტა შაქის უმკაცრესი დასჯა და ამ საქმეში შირვანის შაჰის აბდულახან უსტაჯლუს და კახეთის მეფის ლევანის სამხედრო ძალების გამოყენება მიიჩნია უმჯობესად.Aშაქის მთავარი დერვიშ მაჰმად ხანი ჯერ გიშის ციხეში შეიკეტა და იქიდან სცადა წინააღმდეგობის გაწევა, შემდეგ კი, როცა ასეთი ტაქტიკა უპერსპექტივო გახდა ციხიდან გამოვიდა, მაგრამ თავისი მოწინააღმდეგეების მიმართ მაინც ვერაფერი გააწყო. შაქის მთავარი შირვანშაჰმა და კახეთის მეფემ ტყვედ ჩაიგდეს და სიცოცხლეს გამოასალმეს [ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 1969, გვ. 18_19; ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 3_4; ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 247].
1551 წელს შაქის სახელმწიფოს არსებობა დასრულდა და სეფიანების ჩვეულებრივ პროვინციად გადაიქცა. მართალია, შაქთან ლევან კახთა მეფეს დაპირისპირება თავის მხრიდანაც ჰქონდა, მაგრამ ამჯერად მისი მხრიდან გამოვლენილი ასეთი აქტივობა ყოვლად გაუმართლებელი იყო. ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავს: „მართალია, კახთა ბატონმა მოუსვენარი და მარბეველი შაქის დასჯაში მონაწილეობა მიიღო და ამით გული მოიოხა, მაგრამ თუ ლეონ მეფე მთელ ამ საქმის შედეგს ჩაუკვირდებოდა, მას უნდა ეგრძნო, რომ საქართველოს მდგომარეობა სპარსთა შაქში გაბატონებით წინანდელთან შედარებით გაცილებით უფრო გაუარესდებოდა და ამიტომაც საზიანო იყო“ [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 247]. ლევან კახთა მეფის შაქის მიმართ დაშვებული შეცდომის შედეგი მოგვიანებით საქართველოში მოვლენების განვითარებაზე მკაფიოდ აღიბეჭდა.
შაქში მყოფმა შაჰ-თამაზმა ქაიხოსრო ათაბაგის ელჩობის შემდეგ არ დააყოვნა და საქართველოს წინააღმდეგ თავისი მესამე ლაშქრობა მოაწყო. ირანის შაჰი თავდაპირველად სამცხეში შეიჭრა და იქ დიდი სისასტიკე გამოავლინა.
შაჰ-თამაზის ლაშქრის სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ ისქანდერ ფაშამ არტანუჯის ციხეს თავი მიანება და უკან გაბრუნდა. სამცხიდან ირანელები ქართლში შეიჭრნენ და მოსახლეობის რბევა-აწიოკებას მიჰყვეს ხელი. ჰასან-რუმლუს ცნობით, ირანელები ამჯერად ქართლში მხოლოდ საბარათიანოს აკლებით დაკმაყოფილდნენ და ქართლის სიღრმეში არ შესულან. ლუარსაბ მეფეს არც ამჯერად უფიქრია ირანელებისათვის მორჩილების გამოცხადება. მტერი იძულებული იყო ამ ფაქტს შეგუებოდა. ირანის შაჰმა ლორე და ბამბაკი ქაიხოსრო ათაბაგს დაუმორჩილა და თავისი ლაშქრით ქართლიდან ყარაბაღს გაემართა [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1969, გვ. 18; სამი სპარსული წყარო XVI საუუნის საქართველოს შესახებ, 1990, გვ. 26; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 364; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 506; ვახუშტი, 1973, გვ. 404, 716_717].
ქაიხოსრო ათაბაგმა შაჰ-თამაზის საქართველოში 1551 წელს განხორციელებული ლაშქრობის შედეგად სამცხის სამთავროში თავისი მოწინააღმდეგენი კი გაანადგურა, ოსმალთა შემოსევის საფრთხე თავიდან აიცილა და ამით გაიუმჯობესა თავისი მდგომარეობა. მაგრამ ქაიხოსრო ათაბაგის ეს წარმატება უფრო მეტად პიროსის გამარჯვებას წააგავდა, ვიდრე მისი პოლიტიკის წარმატებით დასრულებას. შაჰ-თამაზის ამ შემოსევის შედეგად ქვეყანა საშინლად იქნა აოხრებული და გაძარცული. ამის შემდეგ იგი არასოდეს წელში აღარ გამართულა. ირანსა და ოსმალეთს შორის ბალანსირების პოლიტიკა არარეალური და დამღუპველი აღმოჩნდა სამცხისათვის [მ. სვანიძე, 1971, გვ. 68_69].
ირან-ოსმალეთის ომი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 1553 წელს ოსმალეთმა ირანის წინააღმდეგ მორიგი ძლიერი სამხედრო ოპერაციების სერია დაიწყო. ამ დროს ოსმალებმა სამცხეში ელჩი გამოგზავნეს. მაშინ როცა სამცხის ათაბაგს ორიენტაცია ირანზე ჰქონდა აღებული, ოსმალეთისათვის საომარ ოპერაციებში სამცხის ათაბაგის ჩაურევლობას გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. ოსმალეთის ელჩმა, მართლაც მოახერხა იმ დაპირების მიღება, რომლის მიხედვით, სამცხე ირან-ოსმალეთის ბრძოლებში ნეიტრალური იქნებოდა. წარმატებულად განხორციელებული მისიის შემდეგ ელჩი სამცხიდან უკან გაბრუნდა და გზაში ის უცნობმა პირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ე. მამისთვალიშვილი მიიჩნევს, რომ იმ პირების უკან, რომლებმაც ელჩი მოკლეს, ქართლის და იმერეთის მეფეები იდგნენ და ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ისინი დაინტერესებული იყვნენ ათაბაგის ავტორიტეტის შელახვით [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 139_140].
ირან-ოსმალეთის ომის ფინალურ სტადიაზე მოსალოდნელი საზავო მოლაპარაკების წინ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმას, იქნებოდა თუ არა ქართლის მეფე შაჰ-თამაზის მიერ დამორჩილებული. ასეთ შემთხვევაში ირანი საზავო მოლაპარაკებისას ოსმალეთის მიმართ თავის პრეტენზიებს გაზრდიდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ლუარსაბი ირანელთა ლაშქრობების შემდეგ პასიური მაყურებლის როლში არ იყო და ცდილობდა მათი თავდასხმების შედეგების აღმოფხვრას.
1554 წლის ივლის-აგვისტოში შაჰ-თამაზმა საქართველოში მეოთხე ლაშქრობა მოაწყო. საყურადღებოა, რომ ამ ლაშქრობის დაწყებამდე, როცა შაჰ-თამაზი შირვანს იმყოფებოდა, მასთან გამოცხადდა ლევან კახთა მეფე და მორჩილება გამოუცხადა [ვახუშტი, 1973, გვ. 575; შაჰ-თამაზის საუბარი ოსმალეთის ელჩებთან, 1976, გვ. 52, 83_84].
შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ ლაშქრობებს შორის, ეს მეოთხე ლაშქრობა ყველაზე უფრო სასტიკი იყო და მისი მთელი სიმძიმე ქართლის სამეფომ გადაიტანა. მტერი ბევრს ეცადა, მაგრამ ქართლის მეფის მორჩილება ვერ მიიღო. ქართლიდან შაჰ-თამაზი თავისი ლაშქრით ყარაბაღს წავიდა. ყიზილბაშებმა ქართლიდან 30 ათასი ტყვე წაიყვანეს. შაჰ-თამაზის ყველაზე მნიშვნელოვან ტყვეს ლუარსაბის დედა ნესტან-დარეჯანს ირანელებისთვის მორჩილების გამოცხადება არ უფიქრია და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა [სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ, 1990, გვ. 27, 40; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 364_365; ახალი ქართლის ცხოვრება მესამე ტექსტი, 1959, გვ. 506_507; ვახუშტი, 1973, გვ. 404_405; ნ. გელაშვილი, 1995, გვ. 91_92].
ჩვენ გვაქვს ცნობა, რომ ამ ლაშქრობისას შაჰ-თამაზმა არადეთის წყალი, ალი, სურამი და ახალდაბა დაიკავა, რის გამოც ბაგრატ იმერთა მეფისაგან პროტესტი მიიღო [გ. მამულია, 1960, გვ. 14; დ. წიტაიშვილი, 2004, გვ. 5]. შესაძლებელია, შაჰ-თამაზის მიმართ გამოხატული ბაგრატის პროტესტი იმაზეც მიგვანიშნებდეს, რომ იმერეთისა და ქართლის მოსაზღვრე ქართლის ტერიტორიები ბაგრატსა და ლუარსაბს შორის ცილობის საგანია, რაც ერთი შეხედვით, სრულიად მიუღებელია. თუმცა, ამის მიუხედავად, ობიექტურად ეს პროტესტი საერთო-ქართული ინტერესების გამომხატველია, ვინაიდან ბაგრატი ასეთი ქმედებით, რეალურად ლუარსაბს უჭერდა მხარს შაჰ-თამაზის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამას გარდა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ლაშქრობისას ლუარსაბს აუცილებლობამ აიძულა, რომ დროებით თავშესაფარი ქართლის გარეთ ეძებნა, რისი პოვნა მან იმერეთში ბაგრატ იმერთა მეფის დახმარებით მოახერხა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 507, ვახუშტი, 1973, გვ. 815].
ამრიგად, შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებული მეოთხე ლაშქრობისას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ქართლის და იმერეთის სამეფოების ურთიერთობაში უკვე ცვლილებაა მომხდარი. ბაგრატ იმერთა მეფეს კარგად შეეძლო დაენახა, რომ ის პოლიტიკა რომელსაც იგი შაჰ-თამაზის მიმართ ატარებდა შედეგიანი და წარმატებული ვერ აღმოჩნდა. ბაგრატმა ჯერ სამცხის მმართველ ძალებთან და მათ უკან მდგარ ოსმალებთან ბრძოლაში განიცადა მარცხი, შემდეგ კი, გურიის და ოდიშის წინამძღოლებთან. ირანის შაჰმა იმერთა მეფეს არცერთი ამ მიმართულებით არანაირი ხელშესახები დახმარება არ გაუწია და უფრო პირიქით მოხდა, რადგან დასავლურ ქართული მთლიანობის დარღვევის დროს, როცა გურიის და ოდიშის საერისთავოები საბოლოოდ გამოეყო იმერეთის სამეფოს, შაჰ-თამაზი უკვე ბაგრატის მოწინააღმდეგეთა შორის შეიძლება ვიგულვოთ. ამის შემდეგ ბაგრატი ბოლოსდაბოლოს უნდა მიმხვდარიყო, რომ აუცილებელი იყო მისი პოლიტიური კურსის ცვლილება, კერძოდ, ის რომ მას ქართლთან ურთიერთობა უნდა გაეუმჯობესებინა და ირანს დაპირისპირებოდა. 1551 წელს შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებული მესამე ლაშქრობისას იმერთა მეფე მასთან არ გამოცხადებულა და მორჩილება არ გამოუცხადებია, მანამდე ირანის შაჰის საქართველოში განხორციელებულ ორივე ლაშქრობას ბაგრატის ასეთი ნაბიჯი ახლდა თან. ამჯერად კი, როცა შაჰ-თამაზმა საქართველოში თავისი მეოთხე და ყველაზე ძლიერი ლაშქრობა მოაწყო, რათა ლუარსაბის წინააღმდეგობა საბოლოოდ გაეტეხა, იმერთა მეფე ქართლის მეფის გვერდით დადგა და ალბათ, ძალიან გაუჭირდებოდა ლუარსაბს ირანელთა რისხვის აცდენა იმერეთიდან რომ არ ჰქონოდა მხარდაჭერა. ბაგრატი ახლა უკვე საერთო-ქართული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე იდგა. მაშასადამე, შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებული მეოთხე ლაშქრობისას იმერეთის მეფის გამოვლენილი აქტივობა აჩვენებს, რომ ის ძალიან გვიან მაგრამ მაინც მიხვდა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი პოლიტიკური კურსი ქართლის და ირანის მიმართ.
აქვე უნდა შევჩერდეთ შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებული მეოთხე ლაშქრობის მიმართ სამცხის სამთავროს დამოკიდებულების თაობაზე. როგორც ვიცით, აქამდე შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებულ მეორე და მესამე ლაშქრობაზე თავისი უარყოფითი ასახვა ჰპოვა სამცხის და ქართლის გართულებულმა ურთიერთობამ. ამ ურთიერთობის გართულება ათაბაგის მოღალატეობრივმა პოლიტიკამ გამოიწვია. ახლა კი, შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობისას ათაბაგის უარყოფითი როლი არ გამოკვეთილა. შესაძლებელია, 1553 წელს სამცხეში მოვლინებული ოსმალთა ელჩის მისიამ ითამაშა ამაში თავისი როლი და სამცხემ ამის გამო გამოიჩინა ნეიტრალიტეტი.
ამასობაში ირანის და ოსმალეთის სახელმწიფოების მესვეურები თანდათანობით დარწმუნდნენ ორ დიდ მაჰმადიანურ სახელმწიფოს შორის თითქმის 40 წლის მანძილზე მიმდინარე ომის დასრულების აუცილებლობაში. ირან-ოსმალეთის ომის დამასრულებელ ეტაპზე ორივე მეომარი სახელმწიფო უკიდურესად დასუსტებული იყო.
1554 წელს უკვე ირანსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკება ინტენსიურად მიმდინარეობდა. მოლაპარაკების მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს ეხებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენს ყურადღებას იქცევს უნგრელი ორიენტალისტის ლ. ფეკეტეს მიერ თურქეთის არქივში მიკვლეული ისტორიული დოკუმენტი. ეს არის ირანის შაჰის თამაზის დიდმოხელეების სევინდუქ ბეგის და უსტაჯლუ შაჰ-ყულუ ბენ ჰამზას წერილი არზრუმის მმართველ აია ფაშასადმი, რომელიც გაგზავნილია 1554 წელს, 30 ოქტომბრის შემდეგ, მაშინ როცა შაჰ-თამაზის მეოთხე ლაშქრობა საქართველოში უკვე განხორციელებელი იყო. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საჭიროა მოისპოს ისეთი ვითარება, რომელიც ქართლის და იმერეთის მეფეებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ორი მეტოქე მუსლიმანური სახელმწიფოს უთანხმოებითა და წინააღმდეგობით. ირანელი დიდმოხელეები, ამასთანავე, ამ წერილში ურჩევენ სულთანს, რომ უბრძანოს იმერთა მეფეს, რათა მან შეიპყროს ქართლის მეფე და გაგზავნოს იგი შაჰ-თამაზთან. ეს წერილი მიზნად ისახავს ორ დაპირისპირებულ მუსლიმანურ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო განწყობილების შექმნას [გ. მამულია, 1960, გვ. 14; მ. სვანიძე, 1971, გვ. 76_77].
ირანელი დიდმოხელეები, შეიძლება ითქვას, ძალიან კარგად ხვდებოდნენ იმას, თუ ქართლის და იმერეთის კავშირი რაოდენ ხელისშემშლელი იყო მათი დამპყრობლური გეგმებისათვის. ირანელმა დიდმოხელეებმა იცოდნენ, რომ ქართლის და იმერეთის კავშირის მიმართ ოსმალეთში საწინააღმდეგო აზრი არ იქნებოდა და საზავო მოლაპარაკებისას სამშვიდობო განწყობილების შესაქმნელად ტყუილად არ აკეთებდნენ აქცენტს ამ კავშირზე. ირანმა და ოსმალეთმა ამ საკითხის მიმართ, მაშინ, პრაქტიკულად შეძლეს საერთო ენის გამონახვა, რამაც თავისი ასახვა ჰპოვა საზავო მოლაპარაკების შედეგში.
1555 წელს 29 მაისს ამასიაში ოსმალეთსა და ირანს შორის მოლაპარაკება დასრულდა და ზავი დაიდო. ამ ზავის მიხედვით, ოსმალეთს მიეკუთვნა იმერეთის სამეფო, ოდიშ-გურიის სამთავროებით და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი _ ტაო, შავშეთი, კლარჯეთი (ჭოროხის აუზი), ირანს _ ქართლისა და კახეთის სამეფოები და სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთი (უდიდესი) ნაწილი (მტკვრის აუზი); სეფიანებმა შეინარჩუნეს მთელი აზერბაიჯანი და სომხეთის აღმოსავლეთი ნაწილი. სომხეთისავე დასავლეთი (ვანის ტბის რაიონი) და არაბეთის ერაყი ოსმალეთს ერგო; სასაზღვრო ზონა _ ყარსის ოლქი გაუკაცრიელებული უნდა ყოფილიყო, მისი მოსახლეობა ირანში უნდა გადაესახლებინათ; ყარსის ციხე-სიმაგრე მიწასთან გაასწორეს [მ. სვანიძე, 1971, გვ. 78_79; ვ. გუჩუა, 1973ბ, გვ.113; დ. კაციტაძე, 1998, გვ. 117].
ამასიის ზავის დადების დროისათვის ამიერკავკასიის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, საქართველო მისი ერთი ნაწილის გარდა (იგულისხმება სამცხე-საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში მდებარე ოსმალებისგან დაპყრობილი ტერიტორია) ირანელთა და ოსმალთა დაპყრობით გამოწვეულ უბედურებას არ განიცდიდა, და რეალურად, ირანისა და ოსმალეთის მიერ ამასიის ზავით საქართველოს დაპყრობილი ტერიტორიების გაყოფა არ მომხდარა. საქართველოსთან მიმართებით ამასიის ზავით გავლენის სფეროები და დასაპყრობი არეალი განესაზღვრათ ირანს და ოსმალეთს, რაც ისედაც დაძაბულ ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებს დამატებით დაბრკოლებებს უქმნიდა.
ამასიის ზავის დადების შემდეგ ლუარსაბ მეფის პოლიტიკა არ შეცვლილა, ქართლის მეფე სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისათვის ქედმოუხრელ ბრძოლას განაგრძობდა. შაჰ-თამაზის საქართველოში განხორციელებული ლაშქრობების შემდეგ ქართლის არაერთ ციხეში ყიზილბაშთა ჯარი იდგა. ლუარსაბ მეფე ამ მდგომარეობასთან შეგუებას არ აპირებდა და ყიზილბაშებისაგან ქართლის ციხეების გასათავისუფლებლად ბრძოლა წამოიწყო.
ლუარსაბ მეფემ მტერი თბილისის გარდა ქართლის ყველა ციხე-სიმაგრიდან განდევნა. შაჰ-თამაზმა ქართლიდან წასვლის შემდეგ ლუარსაბისთვის თვალ-ყურის დევნება ყარაბაღის ბეგლარბეგ შავერდი სულთანს დაავალა, რომელმაც ქართლის მეფის მიერ ყიზილბაშების შევიწროების ამბის შეტყობის შემდეგ, 1556 წელს თავისი ლაშქრით ქართლში შემოვიდა. ბრძოლა მოხდა გარისთან, ქციის (ხრამის) ხეობაში. ქართველებმა მტერი დაამარცხეს და ბრძოლის ველიდან განდევნეს, ლუარსაბ მეფე თავისი ჭარმაგი ასაკის მიუხედავად ბრძოლაში მონაწილეობდა და ქართველთა გამარჯვებაში თავისი გმირული სიკვდილით დაიდო წვლილი. გმირი ქართველი მეფე მცხეთაში დაკრძალეს [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 9; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 365_366; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 509_510; ვახუშტი, 1973, გვ. 405_406].
ლუარსაბ მეფის მოღვაწეობა სრულიად საქართველოს ინტერესების სასარგებლოდ იყო მიმართული. მართალია, მას ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებში არსებულმა პრობლემებმა, რასაც საგარეო მტრის მოძალება ახლდა თან, არ მისცა საშუალება თავისი მთავარი მიზნის საქართველოს ერთიანობის განხორციელებისათვის მიეღწია, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართლის გმირი მეფე ლუარსაბI, ვისაც ქართულმა საისტორიო ტრადიციამ “დიდის” ეპითეტი არგუნა, სამშობლოს მიმართ გამოჩენილი დიდი ღვაწლის გამო თანამედროვე თუ შემდგომი დროის საქართველოსათვის, ქართველი კაცის გაუტეხლობის, შემართების და ძლიერების სიმბოლო გახდა.
ამგვარად, XVI საუკუნის მეორე მეოთხედში ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობებისათვის ტრადიციულად დამახასიათებელი დაპირისპირება და დაძაბულობა კვლავ გრძელდებოდა. ამ დროს თავდაპირველად შიდაქართულ ურთიერთობებში იმერეთის სამეფოს აქტიურობა გამოვლინდა. იმერთა მეფემ ჯერ ქართლის მეფის ტახტზე თავისი სასურველი კანდიდატის ასვლას შეუწყო ხელი, შემდეგ კი, მისი თაოსნობით გურიის და ოდიშის ერისთავებმა ჯიქეთში ლაშქრობა მოაწყვეს, რომელიც მარცხით დასრულდა. თუმცა ამის გამო იმერთა მეფეს თავისი აქტიურობა არ შეუწყვეტია და სამცხეს მიაპყრო ყურადღება. იმერთა მეფეს სამცხეში წარმოებულ ბრძოლებში სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებიც დაეხმარნენ, მაგრამ ვერც ამან მოიტანა წარმატება. ამის შემდეგ იმერთა მეფემ უკვე გურიის და ოდიშის საერისთავოების გაუქმება სცადა, მაგრამ არც ეს გამოუვიდა და პირიქით, უკუშედეგი მიიღო. გურიის და ოდიშის საერისთავოებმა, იმერეთის სამეფოსგან სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოიპოვეს.
იმერეთის სამეფოს აქტიურობის მიუხედავად, XVI საუკუნის მეორე მეოთხედის ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ცენტრში ტრადიციულად მაინც ისევ ქართლის სამეფო იყო, რომლის წინამძღოლი თავდადებით იბრძოდა საერთოქართული ინტერესებისათვის და ის ამ ბრძოლაში სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებისაგან, პრაქტიკულად მიტოვებული იყო. ირან-ოსმალეთის ომის პირობებში ქართლის სამეფოს იმჟამად ირანის ოთხი ძლიერი ლაშქრობის თითქმის განმარტოებულ მდგომარეობაში გადატანა მოუწია. თუმცა, ამის მიუხედავად, ირანის შაჰმა ქართლის მეფის მორჩილება ვერ მიიღო. 1555 წელს ამასიის ზავით დასრულდა 1514 წლიდან დროგამოშვებით მიმდინარე ირანოსმალეთის ომი. ამასიის ზავით ირანმა და ოსმალეთმა გარკვეულწილად საქართველოში თავიანთი ინტერესები გამიჯნეს, რამაც წინამავალ დროსთან შედარებით კიდევ უფრო გაართულა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების საერთო-ქართული ინტერესების შესაბამისად წარმართვის შესაძლებლობა, რაც საქართველოში არსებული დაშლის შეუქცევადი პროცესის დამატებით ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა.
ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობანი XVI საუკუნის მეორე ნახევარში
ჩვენს სამშობლოს ირან-ოსმალეთის ხანგრძლივი ომის დასრულების შემდეგ შექმნილი საგარეო-პოლიტიკური სიტუაცია კარგს არაფერს უქადდა. იმ ვითარებაში, როცა ირანმა და ოსმალეთმა ამასიის ზავით (1555) ურთიერთშორის მშვიდობა დაამყარეს და საქართველოს მიმართ თავიანთი ინტერესები გამიჯნეს, მათი ქართულ სამეფო-სამთავროებზე ზემოქმედების საფრთხე ძლიერ გაიზარდა.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სულთან სულეიმან I-ის მმართველობის (1520_1566) დასასრულს, მისი ხელისუფლება არ იყო მოწოდების სიმაღლეზე და უკვე შეინიშნებოდა ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიის დაცემის სიმპტომები. ირანის სახელმწიფოსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემა, შაჰ-თამაზის მმართველობა (1524_1576) ვერ აღმოჩნდა ბოლომდე მტკიცე და მის უკანასკნელ პერიოდში ყიზილბაშთა სახელმწიფოში სტაბილური მდგომარეობა არ იყო. ირანის და ოსმალეთის შიდა პრობლემები ამ სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზეც ახდენდა გარკვეულ გავლენას, მაგრამ მათი საგარეო-პოლიტიკური აქტივობა საქართველოს მიმართ იმდენად არ შემცირებულა, რომ ამით ქართულ სამეფო-სამთავროებს მნიშვნელოვანი შვება ეგრძნოთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ XVI საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს კავკასიის პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა რუსეთი. 1557 წელს რუსეთს შეუერთდა ყაბარდო. კავკასიაში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობა რუსეთის კავკასიაში შემოსვლამ კიდევ უფრო გაართულა. მართალია, რუსეთს ამ მიმართულებით დიდხანს არ განუხორციელებია ფართომასშტაბიანი დაპყრობითი ტიპის ლაშქრობები, თუმცა მისი დიპლომატიური ხრიკები საქართველოს და მთელ კავკასიას ძალას აცლიდა და თავგზას უბნევდა.
XVI საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში სამცხის სამთავრო იყო. ათაბაგების გაუაზრებელმა პოლიტიკამ, ზოგიერთი სხვა ქართული სამეფო-სამთავროს წინამძღოლის სამცხის მიმართ განხორციელებულმა მიზანშეუწონელმა ღონისძიებებმა და საგარეო მტრის მოძალებამ სამცხის სამთავრო რთულ სიტუაციაში ჩააგდო.
ამასიის ზავით ოსმალეთზე მიკუთვნებული სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი, რომელიც ჭოროხის აუზში მდებარე ტაოს, შავშეთს და კლარჯეთს მოიცავდა, ოსმალიზაციის პროცესში იყო მოქცეული. ამასიის ზავით სამცხის სამთავროს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე მტკვრის აუზში განლაგებულ ირანისათვის მიკუთვნებულ ტერიტორიაზე ათაბაგად იყო ქაიხოსრო II. ოსმალები თავდასხმებს აწყობდნენ სამცხის ამ ნაწილზე და მისი მოსახლეობისათვის უბედურება მოჰქონდათ.
იმ დროს როცა სამცხე-საათაბაგოში და განსაკუთრებით, მის დასავლეთ ნაწილში უცხოელი დამპყრობლის მოძალების პირობებში ქართველობას, პრაქტიკულად გადაშენების საფრთხე დაემუქრა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამცხეში ქრისტიანობის დაცვას და იქ მოღვაწე საეკლესიო პირების მცხეთის საკათოლიკოსო საყდართან კავშირს. ჩვენ გვინდა მოვიტანოთ ამონაწერი საბა მტბევარის საერთგულო წიგნიდან, რომელიც 1556 წლით არის დათარიღებული: “ესე უკუნისამდის გასათავებელი წიგნი მოგახსენე მე, მტბევარმა საბა, თქუენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა, თქუენსა საჭეთმპყრობელსა ქართლისა კ˜ზსა პატრიაქსა დომენტის (დომენტი I 1556-1560) _ მას ჟამსა, ჟამსა, როდეს გუაკურთხეთ: თქუენის საყდრის ერ[თ]გული და თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი ვიყვნეთ. რაცა ჩუენის ხელისაგან გამოვიდოდეს, რჯულისა სიმაგრესაცა მოვიჭიროთ. ამისა გათავებისა თავდებად თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი და სვეტიცხოველი მოგვიხსენებია” [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, 1961, გვ. 36].
ამგვარად, საბა მტბევარის საერთგულო წიგნის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამცხე-საათაბაგოს ეპისკოპოსები მცხეთაში იკურთხებოდნენ ამასიის ზავის შემდეგაც, როცა სამცხის დასავლეთი ნაწილი ოსმალეთის ხელში იყო გადასული და საერთოდ, მთელი სამცხე ირანის და ოსმალეთის განსაკუთრებული დაინტერესების არეალში იყო მოქცეული. რა პირობებშიც, თავისთავად ცხადია, რომ სამცხეში ქრისტიანობის დაცვა დიდი სირთულეს წარმოადგენდა. შექმნილი რეალობა საერთგულო წიგნშიც ასახულა, რაზეც ყურადღებას ამახვილებს ქრ. შარაშიძე: “სამცხის საეპისკოპოსოების მეთაურებს საერთგულო ფიცში ერთი ახალი მუხლიც შეუტანიათ _ რჯულის სიმაგრის დაცვის პირობა. ეს სიმაგრე ამ დროს ძნელად დასაცავი ჩანს. ამიტომაც დასძენს საბა მტბევარი _ “რაცა ჩუენის ხელისაგან გამოვიდოდეს, რჯულის სიმაგრესაც მოვიჭიროთო” [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 97].
სამცხე-საათაბაგოს მსგავსად რთული მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში. ოდიშის და გურიის მთავრების სეპარატისტულმა პოლიტიკამ, რასაც ისინი იმერეთის სამეფოს დაქვემდებარებიდან გამოსვლისათვის აწარმოებდნენ, ჯერ კიდევ ირან-ოსმალეთის ზავის დადებამდე, ეს ორი მთავარი სულთნის ყმობამდე მიიყვანა. ამასიის ზავის დადების შემდეგ ბაგრატ იმერთა მეფეც იძულებული გახდა ოსმალეთის ვასალობა მიეღო და მისთვის ხარკი ეძლია, რომლის ნაწილს ქალ-ვაჟნი შეადგენდნენ. დასავლეთ საქართველოში არსებული საერთო არასტაბილურობის პირობებში, ამ დროიდან იქ ძლიერ გახშირდა სხვადასხვა სახის ბოროტმოქმედებანი, განსაკუთრებით კი, ტყვეთა სყიდვა, რასაც ოსმალეთის სახელმწიფო ძლიერ უწყობდა ხელს [ვ. გუჩუა, 1973გ, გვ. 122_123; მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 51].
ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: “არც ერთ ომს, არც ერთ უცხოელ დამპყრობელს ხმლით იმდენი ზარალი არ მიუყენებია დასავლეთ საქართველოსათვის, რამდენიც ამ “მშვიდობიან” ტყვეთა სყიდვამ მიაყენა მას” [ნ. ბერძენიშვილი, 1950, გვ. 317]. ტყვეთა სყიდვა მცირე მასშტაბით საქართველოში, განსაკუთრებით კი, მის დასავლეთ ნაწილში XIV_XV საუკუნეებში უკვე გავრცელებული იყო, XVI საუკუნეში იგი გაძლიერდა, ხოლო XVII_XVIII საუკუნეებში მისი მასშტაბები ძალიან გაიზარდა და უაღრესად საშიში ხასიათი მიიღო.
ბაგრატ III-მ XVI საუკუნის შუა წლებში დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება მოიწვია. კრების მთავარი განსახილველი საკითხი ტყვეთა სყიდვის აკრძალვას ეხებოდა. საეკლესიო კრებას აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ I (ჩხეტიძე) (1557_1578), დასავლეთ საქართველოში საგანგებოდ მოწვეულ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად ხელმძღვანელობდა. ამათ გარდა კრებას ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს ათი ყველაზე გავლენიანი მღვდელმთავარი. კრების განჩინებით “ტყვის მსყიდველთა” მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა _ სიკვდილით დასჯა დაწესდა, ასევე მოწესრიგდა დროთა ვითარებით შეშლილი ზოგიერთიQსაეკლესიო წესი, შემუშავდა მკაცრი სასჯელები სხვადასხვა დანაშაულისათვის. მიღებულმა ზომებმა შეასუსტა ტყვეთა სყიდვა, მაგრამ საბოლოოდ მისი აღკვეთა შეუძლებელი იყო, რადგან ოსმალეთის მთავრობა ამის საშუალებას არ იძლეოდა [ვ. გუჩუა, 1973გ, გვ. 123; ქ. ნადირაძე, 2000, გვ. 140].
ამასიის ზავის შემდეგ სამცხის ეპისკოპოსების მცხეთაში კურთხევა და XVI საუკუნის შუა წლებში გამართული დასავლეთ საქართველოს საეკლესიო კრება, რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც იღებდა მონაწილეობას, კარგად აჩვენებს იმ პოზიტიურ როლს, რომელსაც საერთო-ქართული ინტერესების დაცვისათვის ქართველი საეკლესიო პირები მთელი საქართველოს მასშტაბით ასრულებდნენ. რაც, რასაკვირველია გარკვეული მასშტაბით ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების მოწესრიგებასაც უწყობდა ხელს. დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების შიდა ურთიერთობებისათვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციის ბიჭვინთიდან საკათოლიკოსოს ერთ-ერთ საეპარქიო ცენტრში _ გელათში გადატანას. რაც 1558_1562 წლებში უნდა მომხდარიყო [გ. მჭედლიძე, მ. კეზევაძე, 2008, გვ. 154_155].
აფხაზეთში შექმნილი რთული მდგომარეობა, კეძოდ, უცხო ეთნოსის მოძალება, წარმართული რელიგიის ელემენტების გაძლიერება, მეკობრეობა-ყაჩაღობა; ასევე იმერეთის სამეფოს გართულებული ურთიერთობა ოდიშის სამთავროსთან და ოსმალეთის ძლიერ გააქტიურება დასავლეთ საქართველოში აიძულებდა იმერთა მეფეს და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს-პატრიარქს ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს ყოფილიყვნენ, თორემ ისე, რასაკვირველია ბიჭვინთაში კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენციის არსებობა იქ ქართულ პოზიციებს აძლიერებდა და იქიდან რეზიდენციის სხვაგან გადატანა სასურველი არ იყო. ამ დროს ოდიშის და გურიის წინამძღოლები თავიანთი პირადი უზნეო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის იღვწოდნენ. ლევან I დადიანი 1557 წელს სტამბულში ჩავიდა და სულთნის ხელისუფლებისაგან მიიღო მისი იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლობის აღიარება. ასე რომ ოდიშის ერისთავების ოდიშის მთავრებად საბოლოო ტრანსფორმაციის თარიღი 1557 წელია, როდესაც სტამბულში მყოფმა ლევანI დადიანმა თავისი დამოუკიდებლობის საერთაშორისო გარანტია მიიღო. დაახლოებით ამავე წლებში ასეთივე გარანტიები მიიღო გურიის ყოფილმა ერისთავმა [თ. ბერაძე, 1999, გვ. 160_161].
XVI საუკუნის მეორე ნახევარში, ისევე, როგორც, პრაქტიკულად გვიანი შუა საუკუნეების მთელ სიგრძეზე ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების ცენტრში ქართლის სამეფო იყო. 1556 წელს ქართლში გამეფებულ სიმონ პირველს მძიმე მემკვიდრეობა ერგო. ყიზილბაშთა თავდასხმების შედეგად ქართლის სამეფო ძლიერ დაზიანდა. თბილისის ციხეში ამ დროს ყიზილბაშთა გარნიზონი იდგა და ქართლის მეფის რეზიდენცია გორში იყო. სიმონ მეფეს ტახტზე ასვლისთანავე არ შეეძლო ყიზილბაშთა წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყება. ქართლის მეფემ თავდაპირველად აქცენტი გადაიტანა სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგებაზე და 5 წელიწადში ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ამის შემდეგ სიმონ მეფე თბილისის მტრის ხელიდან გამოსახსნელად საჭირო ზომების მიღებას შეუდგა.
ამ დროს აღმოსავლურ ქართული სამეფოების ურთიერთობაც გამოსწორდა, რაზედაც მიანიშნებს ქართლისა და კახეთის სამეფო კართა დანათესავება. 1559 წელს სიმონ მეფემ ცოლად შეირთო კახეთის მეფე ლევანის ასული ნესტან-დარეჯანი. ე. მამისთვალიშვილი მიიჩნევს, რომ სიმონI-ის ნესტან-დარეჯანზე დაქორწინების ფაქტი დაუფარავად მიანიშნებდა აღმოსავლეთ საქართველოშიKორი ქართული სამეფოს ანტიირანული კოალიციის შექმნაზე [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 168]. ამასთანავე, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ხანებში კახეთის სამეფოს საერო და სასულიერო მესვეურთა მხრიდან გარკვეული მასშტაბით საეკლესიო სეპარატიზმის გამოვლენასაც ჰქონდა ადგილი და სიმონის დაქორწინება ლევან კახთა მეფის ასულზე დიდად ხელშემწყობი ფაქტორი იყო ამ ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიური მთლიანობის სიმტკიცის აღდგენისათვის. რისი დასტურია 1556_1560 წლების კახელი ეპისკოპოსების ერთგულების წიგნები აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქ დომენტი I-ის მიმართ, საიდანაც ჩანს, რომ იმჟამად კახეთის სამეფოს ეკლესიის შემომტკიცება ხდება აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი [ე. კაჭარავა, 2000, გვ. 95_96].
ამ პერიოდში ირანის შაჰის თამაზისა და ლევან კახთა მეფის ურთიერთობაში ერთგვარი ბზარი იყო გაჩენილი. ამასიის ზავის (1555) შემდეგ ირანის შაჰმა კახეთს ჩამოაცილა წახურის სამფლობელო (წუქეთი). აღსანიშნავია, რომ ლევან მეფეს მხარდაჭერა არ გამოუხატავს ყარაბაღის ბეგლარბეგ შავერდი სულთანის 1556 წელს ქართლში განხორციელებული ლაშქრობის მიმართ. ამის გამო ლევანს ეშინოდა შაჰს ეს საბაბად არ გამოეყენებინა და შური არ ეძია მასზე. ამიტომ მან 1558 წელს თავისი შვილი იესე ერთგულების დასამტკიცებლად შაჰ-თამაზთან გაგზავნა “ძღუნითა და ტყÂითა ქალყრმითა” [ვახუშტი, 1973, გვ. 575]. შაჰმა მასთან ჩასული იესე უკან არ გამოუშვა და მძევლად დაიტოვა. ლევანის პოლიტიკით შაჰი უკმაყოფილო იყო და კახეთის სამეფო ტახტზე იესეს აყვანა მოინდომა.
1559/60 წწ. იესე გამაჰმადიანდა, ისახანად იწოდა და შაჰის კარზე დიდი წყალობა მიიღო. თუმცა მალე იესეს პიროვნებაში პატრიოტულმა სულმა გაიღვიძა, მან მაჰმადიანობა უარყო და გაქცევა დააპირა, მაგრამ დააპატიმრეს და 1562 წლის 23 დეკემბერს ალამუთის ციხეში ჩასვეს [ჰასან-რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 37, 64_65; ვ. გუჩუა, 1973გ, გვ. 120].
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ირანის შაჰის კარზე ქართველი უფლისწული გამოცხადდა. სულ მალე ქართველ უფლისწულთა ირანის შაჰის კარზე გამოცხადებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. მაგრამ, ამჯერად მოვლენები იმგვარად არ განვითარდა, როგორც ეს შემდეგ ჩვეულებრივ ხდებოდა ხოლმე, რადგან იესეს თავისი მდგომარეობით ბოროტად არ უსარგებლია და სამშობლოს ინტერესები პირად უზნეო სარგებლობაზე მაღლა არ დაუყენებია. ასეთი რამ ირანის შაჰის კარზე გამოცხადებული ქართველი უფლისწულებისათვის არ იყო დამახასიათებელი, ისინი უმეტესწილად, მხოლოდ პირადი ქვენა გრძნობებით ხელმძღვანელობდნენ. იმ დროს, როცა ირანისა და კახეთის ურთიერთობა Dდაძაბული იყო, ქართლ-კახეთის გაუმჯობესებული ურთიერთობის გამოყენებას შეეცადა ქართლის მეფე სიმონი და კახეთის მეფე ლევანს თბილისის გათავისუფლებისათვის საწარმოებელ ბრძოლაში სამხედრო ძალით დახმარება თხოვა. ლევან მეფეს სიმონისათვის დახმარებაზე უარი არ უთქვამს, მაგრამ დასახმარებლად ქართლში თვითონ კი არ წავიდა, არამედ თავისი ძე გიორგი გაგზავნა სამხედრო რაზმით. კახეთის მეფე, ალბათ ამ ქმედებით თადარიგს იჭერდა, რათა შემდეგ საჭიროების შემთხვევაში ირანის შაჰის წინაშე განეცხადებინა, რომ გიორგი საკუთარი ინიციატივით ეხმარებოდა ქართლის მეფეს და ლევანს ჭკუა არ დაეკითხა.
ამასთანავე, სიმონ მეფემ თავისი მამის ლუარსაბ მეფის მსგავსად, ვიდრე ირანელების წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის წარმოებას შეუდგებოდა, ოსმალეთის სულთანს დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა, თუმცა სულთანმა ქართლის მეფეს დახმარება არ გაუწია [დ. კაციტაძე, 1998, გვ. 119; დ. კაჭარავა, 2003, გვ. 409].
სიმონ ქართლის მეფისა და გიორგი ლევან კახთა მეფის ძის მეთაურობით მოქმედი ლაშქარი ვიდრე თბილისზე შეტევას მოამზადებდა ციხედიდს დადგა. სადაც 1561 წლის 6 აპრილს ყიზილბაშებმა ქართველთა ბანაკზე თავდასხმა განახორციელეს. ქართველებმა მტერს ციხედიდის ბრძოლაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა საბოლოოდ ყიზილბაშებმა ბრძოლაში გაარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს. ხელჩართულ ბრძოლაში დაიღუპა კახეთის მეფის ძე გიორგი [სამი სპარსული წყარო XVI საუკუნის საქართველოს შესახებ, 1990, გვ. 27; ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 9_10; ვახუშტი, 1973, გვ. 407; ქრონიკები, II, 1897, გვ. 402].
ქართლის და კახეთის სამეფოების ურთიერთობის მოწესრიგება, რამაც თავისი გამოხატულება ყიზილბაშთა წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ერთიანობაში ჰპოვა, ერთობ საყურადღებო ფაქტია. XVI საუკუნეში ქართლის სამეფოს ყიზილბაშებთან მუდმივად ჰქონდა დაპირისპირება, თუმცა, ამჯერად ეს მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო, როცა კახეთი ქართლს, ყიზილბაშების წინააღმდეგ სრულიად საქართველოს ინტერესებისათვის გამართულ სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში სამხედრო ძალით დაეხმარა.
პირველად ეს 1522 წელს შემდგარ თელეთის ბრძოლაში მოხდა. ნიშანდობლივია, რომ, როგორც 1522 წელს, ისე ამჯერადაც 1561 წელს კახეთის მეფე ლევანმა ბრძოლაში უშუალო მონაწილეობისაგან თავი შეიკავა და სავარაუდოდ, ორივეჯერ ქართლში რიცხვმცირე რაზმი გაგზავნა. ციხედიდის ბრძოლის შემდეგ კი, უკვე კახეთის სამეფომ შეწყვიტა ქართლის სამეფოს მიმართ სამხედრო მხარდაჭერა და ისევ თავის განცალკევებულ მდგომარეობას დაუბრუნდა.
სიმონ მეფეს ციხედიდის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ყიზილბაშთა წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია და მათზე მცირე მასშტაბის თავდასხმებს აწყობდა, მაგრამ მალე მის უახლოეს გარემოცვაში ღალატმა იჩინა თავი. სიმონ მეფეს თავისი ძმა დავითი განუდგა და 1562 წელს საქართველოს დაუძინებელ მტერ შაჰ-თამაზთან ყაზვინში ჩავიდა. დავითს ირანში მრავალი მოღალატე თავადი გაჰყვა თან. მას განსაკუთრებით უჭერდნენ მხარს ბარათაშვილები, რომელთა მამული ყოველთვის პირველი ზარალდებოდა ირანიდან საქართველოში შემოჭრილი მტრისაგან.
ირანის შაჰმა დავითი და მისი მხლებლები კარგად მიიღო. ირანში დავითი გამაჰმადიანდა და მას დაუთ-ხანი ეწოდა. ირანის შაჰმა დაუთ-ხანს “შვილის” წოდებულება მიანიჭა, თბილისისა და ქვემო ქართლის გამგე-მოხელედ დანიშნა და საქართველოში გამოგზავნა. ეს იყო სეფევიდების მიერ ქართლის გარკვეულ რეგიონში სახანოს შექმნის ცდა, რომელმაც მალე მარცხი განიცადა [ვ. გაბაშვილი, 1958, გვ. 31; ვ. გუჩუა, 1973გ, გვ. 118].
ქართლის სამეფო დაუთ-ხანის ირანის მხარეზე გადასვლამ, შეიძლება ითქვას, ორად გაჰყო. მართალია, სიმონ მეფეს ქართლის მკვიდრთა უმრავლესობა უჭერდა მხარს, მაგრამ დაუთ-ხანსაც ჰყავდა ქართლში მხარდამჭერები და მას, რასაკვირველია ყიზილბაშთა თბილისური გარნიზონიც ედგა მხარში. სიმონ მეფეს ამ სიტუაციაში არ შეეძლო ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებში აქტიური როლის შესრულება და მთელი საქართველოს მასშტაბით საერთო-ქართული ინტერესების დაცვისათვის ზრუნვა. სიმონ მეფე მთლიანად დაუთ-ხანისა და მისი მხარდამჭერი ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლით დაკავდა და ამ საქმეში მას სხვა ქართული სამეფო-სამთავროების მხრიდან მხარდაჭერა არ ჰქონია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არც დაუთ-ხანისათვის დაუჭერია მხარი სიმონ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიმე ქართულ სამეფო-სამთავროს.
1562_1569 წლებში ქართლში, ვიდრე სიმონი და დაუთ-ხანი ერთად იმყოფებიან და თავიანთი ხელისუფლების გაძლიერებისათვის იბრძვიან, „ორიანობის“ პერიოდია [დ. ნინიძე, 1998ბ, გვ. 33]. სიმონ მეფე ამ დროს თავისი მოღალატე ძმის და ყიზილბაშების წინააღმდეგ გამუდმებულ ბრძოლას აწარმოებს. სიმონის მთავარი ამოცანა თბილისის დაკავება იყო, სადაც ძირითადად იმყოფებოდა დაუთხანი.
1567 წელს თბილისის ახლოს დიღომთან გაიმართა ბრძოლა სიმონსა და დაუთ-ხანს შორის და ეს ბრძოლა ირანელთა ქართველი მოხელის დამარცხებით დასრულდა. 1568 წელს ისევ თბილისის ახლოს, ოღონდ სამადლოსთან შეიბნენ სიმონი და დაუთ-ხანი და ეს უკანასკნელი ამჯერადაც დამარცხდა.
სიმონ მეფის აქტიურობა შაჰ-თამაზისათვის, რასაკვირველია მიუღებელი იყო. ირანის შაჰმა 1569 წელს განჯაში თავი მოუყარა შაქის და ყარაბაღის ლაშქარს, ამას დაქირავებული საშამხლოს რაზმები დაუმატა და საქართველოში გამოგზავნა. ფარცხისთან გამართულ ბრძოლაში სიმონ მეფე დამარცხდა და ის მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილის მეშვეობით ირანელებმა დაატყვევეს და შემდეგ ყაზვინს შაჰთან წაიყვანეს [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 39_40; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 368_369; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 512_514; ვახუშტი, 1973, გვ. 408_409].
შაჰ-თამაზი ბევრს ეცადა, მაგრამ ქართლის მეფე ქრისტიანობის უარყოფაზე, რაც მისი ირანის შაჰის ერთგულ მოხელედ გადაქცევის წინაპირობა უნდა ყოფილიყო, ვერ დაითანხმა. რის შემდეგ სიმონი შაჰ-თამაზმა ალამუთის ციხეში ჩასვა. 1569_1578 წლებში ქართლის გამგებლად დაუთ-ხანი ითვლებოდა, მაგრამ ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი მას მხარს არ უჭერდა და მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა.
სიმონ მეფე ვიდრე ქართლში ყიზილბაშებს და დაუთ-ხანს ებრძოდა, კახეთის მეფე ლევანი რუსეთთან ცდილობდა პოლიტიკური კავშირის დამყარებას. 1561 წელს ლევანი დაუკავშირდა რუსეთის ხელისუფლებას, რასაც მოჰყვა რუსი მეთოფეების კახეთის ციხეებში ჩადგომა. ამას გარდა, რუსეთმა კავკასიაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით, სუნჯის თერგთან შესართავის ახლოს ციხესიმაგრე ააგო. კახეთში რუსთა რაზმის გამოჩენას და სუნჯაზე ციხის აგებას ოსმალეთი და ირანი პროტესტით შეხვდნენ. ლევანი იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი და რუსი მეთოფეები კახეთიდან გავიდნენ. ამასთან, რუსებმა დაანგრიეს სუნჯის თერგთან შესართავის ახლოს აგებული ციხესიმაგრე [ნ. ასათიანი, 1998, გვ. 130_131; დ. კაჭარავა, 2003, გვ. 413].
ლევან კახთა მეფის გამოვლენილი პრორუსული ორიენტაცია და კერძოდ, მისი გადაწყვეტილება, რომ თავისი სამეფოს ციხესიმაგრეებში რუსეთის ჯარი ჩაეყენებინა გამართლებას არ იმსახურებს. კახეთის მეფეს იმის მაგივრად, რომ სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებთან ეცადა ურთიერთობის გაუმჯობესება და ამგვარად დაეცვა საერთო-ქართული ინტერესები, ძალიან სახიფათო პოლიტიკურ თამაშს იწყებდა, როცა განსაკუთრებული არასტაბილური მდგომარეობის მქონე ამიერკავკასიაში და კერძოდ, საქართველოში, რომელსაც ორი ძლიერი სამხრეთელი მეზობელი დასაპყრობად უცქერდა, მესამე ძლიერი სახელმწიფო შემოყავდა. ამით იგი უაღრესად სახიფათო კვანძის შეკვრას უწყობდა ხელს. ამჯერად რუსეთმა, პრაქტიკულად თავად დაიხია უკან, რითაც მდგომარეობა დროებით ასე თუ ისე განიმუხტა, კახეთის ხელისუფლებამ კი, რუსეთის მიმართ XVI საუკუნის 60-იან წლებში გამოვლენილი გაუაზრებელი პოლიტიკის გატარება შემდეგაც განაგრძო.
აღმოსავლეთ საქართველოს მსგავსად XVI საუკუნის 60-იანი წლებიდან დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდა და ამ დროიდან დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების ურთიერთობებში, უმეტესწილად შუღლი და დაპირისპირება ფიგურირებს.
1564 წელს გარდაიცვალა გურიის მთავარი როსტომი და მთავრის ტახტი მისმა ძემ გიორგიმ დაიკავა. გურიის მთავრის როსტომის გარდაცვალებისთანავე ოდიშის მთავრის ლევანის ძე გიორგიმ თავისი ცოლი, რომელიც როსტომ გურიელის ასული იყო, განუტევა და სხვა ქალი შეირთო. გიორგი თავისი მეორე მეუღლის მოსაძებნად შორს არ წასულა, მან თავის ბიძას ბათულიას წაართვა ცოლი. ოდიშის უფლისწულის ასეთი საქციელი, გურიის მთავრის ტახტზე ახლადასულმა გიორგიმ იუკადრისა და ოდიშის მმართველთა მტრობა განიზრახა. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე სისხლიან შეტაკებამდე არ მისულა, დაპირისპირებული მხარეები მშვიდობიანად მორიგდნენ და ოდიშის მთავარმა გიორგი გურიელს თავისი ასული მისცა ცოლად.
იმჟამად გურიის მთავარი დროებით კი დაშოშმინდა, მაგრამ შემდეგ იგი დადიანის ასულს ისე მოეპყრო, როგორც ოდიშის უფლისწული მის დას. გურიის მთავარი გაეყარა თავის ახლადშერთულ მეუღლეს და იმერეთის მეფე გიორგის (1565_1583) დაემოყვრა, “ჰყვანდა მეფესა გიორგის მუსადია ქურივი და მისცა იგი გიორგი გურიელსა ცოლად” [ვახუშტი, 1973, გვ. 815].
ამის შემდეგ უკვე ოდიშის მთავარი ლევანი გააქტიურდა. მან კავშირი დაამყარა იმერეთის გავლენიან თავადებთან ჭილაძეებთან, ლევანს აქტიურ მხარდაჭერას უწევდა ოდიშის გავლენიანი თავადი ლიპარტიანი, მისი მომხრე იყო აგრეთვე გიორგის მეფის ბიძაშვილი ხოსრო და ამათთან ერთად ოდიშის მთავარი 1568 წელს იანეთს იმერთა მეფეს მოულოდნელად დაესხა თავს, მაგრამ თავისთვის სასურველს ვერაფერს მიაღწია, გიორგი მეფემ თავდასხმელების დამარცხება მოახერხა [ვახუშტი, 1973, გვ. 815_816; ქრონიკები, II, 1897, გვ. 410, 411].
იანეთის ბრძოლის შემდეგ გიორგი მეფე ლევან დადიანის დასასჯელად ოდიშს გაემართა. ამ დროს იმერეთის მეფის მხარდამჭერი იყო გურიის მთავარი გიორგი. ოდიშის მთავარმა საკუთარი ძალებით იმერეთის მეფის და გურიის მთავრის ლაშქრისათვის წინააღმდეგობის გაწევას თავი აარიდა და თავისი სამთავრო დატოვა, თუმცა მალე ოსმალების დახმარებით ოდიშის მთავრის მდგომარეობა დაიბრუნაLდა ამასთან, გურიელს თავისი ასულის ცოლობისგან განტევებისათვის საზღაურის გაღება მოსთხოვა. გურიელი ამაზე თანახმა იყო. მან საზღაურად 10 ათასი დრაჰკანი გაიღო და ოდიშის და გურიის მთავრები დაზავდნენ. [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 361; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 502_503; ვახუშტი, 1973, გვ. 816].
ოდიშის და გურიის მთავრების ურთიერთობის გაუმჯობესება მისაღები არ იყო გიორგი იმერთა მეფისათვის. მან მთავრების წინააღმდეგ გარკვეული ზომების მიღება ცნო საჭიროდ. იმერთა მეფემ გადაწყვიტა ოდიშის მთავართან კარგ ურთიერთობაში მყოფი ჭილაძეთა სათავადოს დამორჩილება. გიორგი მეფემ ჭილაძეთა სათავადოს მეთაური ჯავახ ჭილაძე მოაკვლევინა. მაგრამ ამის გამო იმერთა მეფის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან ჯავახ ჭილაძის მოკვლის შემდეგ, ოდიშის და გურიის მთავრებმა იმერთამეფეს დაასწრეს, ჭილაძეთა სათავადო თავად დაიკავეს და ურთიერთშორის გაინაწილეს [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 361; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 502_503; ვახუშტი, 1973, გვ. 816].
1572 წელს ლევან I გარდაიცვალა და ოდიშის მთავარი გახდა მისი შვილი გიორგი (1572_1582). ამის შემდეგ დასავლეთ საქართველოში არეულობა ისევ გრძელდებოდა. 1573 წელს გიორგი იმერთა მეფე დაემოყვრა ოდიშის მთავარ გიორგის. იმერთა მეფის ძე ბაგრატმა შეირთო გიორგი დადიანის და. გურიის მთავარ გიორგის თავისი ინტერესებისათვის სახიფათოდ ეჩვენა იმერთა მეფის და ოდიშის მთავრის ურთიერთობის გაუმჯობესება. გიორგი გურიელმა მიიმხრო ოდიშის მთავრის ძმა მამია, გურიას ჩაიყვანა და თავისი და შერთო ცოლად. რის შემდეგ გიორგი გურიელი თავისი ლაშქრითY ოდიშში გადავიდა. ოდიშისა და გურიის მთავრებს შორის ბრძოლა ზუგდიდთან შედგა და ის ოდიშის მთავრის დამარცხებით დასრულდა. დამარცხებული გიორგი დადიანი აფხაზეთს გაიქცა, ხოლო ოდიშის მთავარი გურიის მთავრის ნებით მამია გახდა.
ამჯერად უკვე გურიის მთავარმა გიორგიმ და ოდიშში ახლადგამთავრებულმა მამიამ, გიორგი იმერთა მეფესთან ურთიერთობის გაუმჯობესება ცნეს საჭიროდ. იმერთა მეფეს გიორგი გურიელმა და მამია დადიანმა ზავის სანაცვლოდ ჭილაძეების მამულიდან ოდიშის მთავარზე მიკუთვნებული ნაწილის გადაცემა შესთავაზეს. გიორგი იმერთა მეფისათვის შეთავაზებული წინადადება მისაღები იყო და მასსა და ოდიშის და გურიის მთავრებს შორის ზავი დაიდო [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 361; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 503; ვახუშტი, 1973, გვ. 817].
აფხაზეთში გაქცეულმა გიორგიმ აფხაზების, ჯიქების და ჩერქეზების დამხმარე ჯარი “იშოვა” და ოდიშში მოიყვანა. დამხმარე ჯართან ერთად გიორგის ოდიშში შემოსვლა, მამიამ გურიის მთავარს აცნობა, რომელმაც მამიას დასახმარებლად ოდიშში თავისი ლაშქარი გაგზავნა. გიორგი თავის დამხმარე ჯართან ერთად, მამიას და მისი მომხრეების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში დამარცხდა და ისევ აფხაზეთში გაიქცა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 361_362; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 503; ვახუშტი, 1973, გვ. 817]. რთულია ხელისუფლების მოსაპოვებლად გაჩაღებულ ძმათამკვლელ დაპირისპირებაში, რომელიმე მხარის წარმატებაზე თუ წარუმატებლობაზე ისაუბრო, თუმცა ჯიქების და ჩერქეზების ჯარის საქართველოში შემომყვანი გიორგის დამარცხება მამიას და მის მხარდამჭერ გურიის სამთავროდან გამოსულ ლაშქარს მაინც წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ.
ამასობაში 1578 წელს ირან-ოსმალეთის მეორე ომი დაიწყო, თუმცა დასავლეთ საქართველოში შიდადაპირისპირებას დასასრული არ უჩანდა. გიორგი დადიანი ოდიშის მთავრის ხელისუფლების მოსაპოვებლად გაჩაღებული ბრძოლისაგან ხელის აღებას არ ფიქრობდა, ოღონდ ახლა მან ტაქტიკა შეცვალა და მშვიდობიანი მოლაპარაკებით შეეცადა მიზნის მიღწევას. გიორგი დადიანი დაუკავშირდა იმერთა მეფეს და მთავრის ტახტის მოპოვებაში დახმარება სთხოვა. იმერთა მეფემ გურიის მთავართან გაუწია გიორგი დადიანს შუამდგომლობა. გურიის მთავრის თანხმობის გარეშე შეუძლებელი იყო ოდიშის ხელისუფლებაში ცვლილების განხორციელება. გურიის მთავარი გიორგი, გიორგი დადიანის ოდიშის მთავრის რანგში ხილვის წინააღმდეგ არ წასულა, ოღონდ ამისთვის თანხმობის გამოსაცხადებლად მან თავისი პირობა წამოაყენა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ გიორგი დადიანს უნდა გადაეხადა საზღაური გიორგი გურიელისთვის, მისი დის ცოლობიდან განტევების გამო. აქ იგულისხმებოდა ისეთი საზღაურის გადახდა, როგორიც თავად გურიის მთავარმა გადაიხადა, როდესაც ის გიორგი დადიანის დას გაეყარა. გიორგი დადიანისთვის ეს პირობა მისაღები იყო, ოღონდ იმერთა მეფის და გურიის მთავრის სანდოობაში დასარწმუნებლად, მან გიორგი მეფეს ცოლისდა ჩერქეზი ქალი სთხოვა ცოლად. იმერთა მეფეს თავისი ცოლისდა ქუთაისში ჰყავდა. გიორგი მეფემ მართლაც მიათხოვა თავისი ცოლისდა გიორგი დადიანს. რაც შეეხება იმ საზღაურს, რომელსაც გიორგი გურიელი ითხოვდა, მისი ერთბაშად გაღების საშუალება ოდიშის მთავრობის კანდიდატს არ ჰქონდა და მან გურიის მთავარს “მისთვის მისცა ხოფი, ვიდრე ამოვიდეს ფასი ოქროსა მის” [ვახუშტი, 1973, გვ. 818]. ამის შემდეგ გიორგი ისევ დაეუეფლა ოდიშის მთავრის ტახტს, დაეზავა იმერთა მეფეს და გურიის მთავარს და დასავლეთ საქართველოს წინამძღოლმა სამმა გიორგიმ ურთიერთშორის მშვიდობა დაამყარეს.
ამის მიუხედავად, ცოტა ხნის შემდეგ დასავლეთ საქართველოში მცირე მასშტაბით ისევ აირია სიტუაცია. ბათულიამ, რომელსაც უწინ ამჟამინდელმა ოდიშის მთავარმა გიორგიმ ცოლი წაართვა, შურისძიება გადაწყვიტა. მან საჯავახოდან ლაშქარი გამოიყვანა და “წარვიდა რათა თავდასხმით ღალატად მოკლას გიორგი დადიანი” [ვახუშტი, 1973, გვ. 818]. ბათულიას განზრახვის შესახებ ოდიშის მთავარმა დროულად შეიტყო და მის დასახვედრად მოემზადა. ბათულიამ როცა გაიგო გიორგი დადიანის მიღებული ზომების თაობაზე, უკან გამობრუნდა და საჯავახოს დადგა. ბათულიას განზრახვის შესახებ, მას რომ ოდიშის მთავარზე უნდოდა თავდასხმა, ოდიშის მთავარმა და მისმა ძმამ მამიამ, იმერთა მეფეს შეატყობინეს. იმერთა მეფე გიორგიმ, ბათულიას განზრახვა არ მოუწონა. მან გურიის მთავარს შეუთვალა, რათა მოეკლა ბათულია და საჯავახო თავად დაეკავებინა. გურიის მთავრისათვის ეს წინადადება მეტწილად მისაღები იყო. მან შეიპყრო ბათულია და საჯავახო დაიკავა, ოღონდ შემდეგ ბათულიას მოკვლისაგან თავი შეიკავა. იმერთა მეფემ განმეორებით შეუთვალა გურიის მთავარს, რომ ბათულია მოეკლა. ასეთივე შემონათვალი გურიის მთავრის მიმართ ოდიშის მთავარმაც გააკეთა. გურიის მთავარმა ეს თავად მაინც არ გააკეთა, თუმცა იმერთა მეფეს და ოდიშის მთავარს ამის გაკეთების საშუალება მისცა. მართლაც, იმერთა მეფის და ოდიშის მთავრის მიგზავნილმა კაცმა ბათულია სიცოცხლეს გამოასალმა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 362; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 503_504; ვახუშტი, 1973, გვ. 818].
ამრიგად, XVI საუკუნის 60_70-იან წლებში დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები მეტისმეტად დაძაბული იყო. ამ დროს დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროები ძირითადად ურთიერთშორის ბრძოლით არიან დაკავებული. ამ ბრძოლის დაწყებას და მის დიდხანს განგრძობას განსაკუთრებულად შეუწყვეს ხელი ოდიშის მმართველი საგვარეულო სახლის წარმომადგენლებმა. ისინი პირადი უზნეო ინტერესების დასაკმაყოფილებლად არანაირი საშუალების გამოყენებას არ ერიდებოდნენ და ხელისუფლების მოსაპოვებლად გამართული ბრძოლისას უცხოტომელთა ჯარიც კი დაიხმარეს.
XVI საუკუნის 60_70-იან წლებში დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების პოლიტიკური კურსის განსაზღვრაში საინტერესო როლი შეიძინა მმართველ საგვარეულო სახლთა წარმომადგენლების ქორწინებების საკითხმა. ასეთ ქორწინებებს ფეოდალურ ხანაში, როგორც წესი, პოლიტიკური სარჩული ჰქონდა და მას სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური კურსი განსაზღვრავდა. თუმცა, ამ შემთხვევაში, ამ საკითხმა, შეიძლება ითქვას, დასავლეთ საქართველოში ახლებური დატვირთვა მიიღო და უკვე არამარტო სამეფო-სამთავროთა პოლიტიკური კურსი განსაზღვრავდა მმართველ საგვარეულო სახლთა წარმომადგენლების ქორწინებების საკითხს, არამედ შიგადაშიგ პირიქით ხდებოდა და მმართველთა ახირება ქორწინებების მიმართ განაპირობებდა სამეფო-სამთავროთა პოლიტიკურ კურსს.
იმ დროს როცა დასავლეთ საქართველოში მოვლენების განვითარება საერთო-ქართულ ინტერესებს არ პასუხობდა, არც აღმოსავლეთ საქართველოში იყო ამ მხრივ სახარბიელო ვითარება. ლევან კახთა მეფემ თავისი შვილის გიორგის ციხედიდის ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ, მეორე ცოლის შამხლის ქალთან შეძენილი შვილები დააწინაურა და პირველი ცოლის გურიელის ქალთან გაჩენილ ალექსანდრეს დამცრობას შეუწყო ხელი. 1574 წელს ლევანი გარდაიცვალა და კახეთის მეფობისთვის ლევანის შვილები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. რასთანაც დაკავშირებით XVIII საუკუნის ქართველი მემატიანეები გარკვეულწილად განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. თუმცა, ის კი უდავოა, რომ ძმებს შორის მეფობისათვის შემდგარ დაპირისპირებაში ალექსანდრემ თავისი ძმები დაამარცხა, ფიზიკურად გაანადგურა და მას ამ საქმეში ქართლიდან დაუთ-ხანის მიერ გაეწია დახმარება. [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 369; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 515; ვახუშტი, 1973, გვ. 576].
ალექსანდრეს რომ ამჯერად დაუთ-ხანმა მხარი დაუჭირა გასაკვირი არ იყო. სიმონის ცოლი ნესტან-დარეჯანი შამხლის ქალისგან ჰყავდა ლევანს და ალექსანდრესთან დაპირისპირებული ძმები დაუთ-ხანისათვის არ იქნებოდა სასურველი კახეთის ხელისუფლებაში რომ მოსულიყვნენ. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ დაუთ-ხანი ირანის მორჩილი იყო და მისი ნაბიჯი, რომელიც მან ამ შემთხვევაში კახეთის მიმართ გადადგა, ირანის ხელისუფლებასთან უნდა ყოფილიყო შეთანხმებული. ალექსანდრემაც, მას შემდეგ რაც თავისი ნახევარძმები გაანადგურა, ირანის შაჰს მორჩილება აღუთქვა [ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, 1966, გვ. 40]. რეალურად, დაუთ-ხანის დახმარებით ალექსანდრეს კახეთში გამეფება აღმოსავლეთ საქართველოში ირანის გავლენის გაძლიერებას ნიშნავდა.
დაუთ-ხანი და ალექსანდრე II შემდეგ თავიანთი ერთობლივი ინტერესების რეალიზებას ქართლში ახდენენ. სიმონ მეფის დატყვევების შემდეგ, მისი ცოლი ნესტან-დარეჯანი ქართლში დარჩა. მას თავისი ნახევარძმა ალექსანდრე მტრობდა და ის არც დაუთ-ხანს მოსდიოდა თვალში. ნესტან-დარეჯანს კავთისხევში დაუთ-ხანის და ალექსანდრეს ნებით ამილახორი და ქსნის ერისთავი თავს დაესხნენ და მისი ქონების ნაწილი დაიტაცეს და ნაწილი დაარბიეს [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 369; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 515; ვახუშტი, 1973, გვ. 409].
ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოში საერთო-ქართული ინტერესები ირანისა და უღირსი ქართველების ინტერესების სასარგებლოდ თავის პოზიციებს თმობდა, თუმცა მთლად მინავლებული არ იყო და თავისი დამცველები ჰყავდა. ეს მით უფრო აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ თავი გამოიჩინა ბარათაშვილების გვარის წარმომადგენელმა. ბარათაშვილებმა სულ ცოტა ხნის წინ დაუთხანთან ერთად ირანში წასვლით თავი ცუდად წარმოაჩინეს. ახლა კი, კავთისხევის ინციდენტის შემდეგ ახლოხანებში ქართული წყაროების გადმოცემით, ქართლის სპასპეტმა საჩინო ბარათაშვილმა სიმონის გამცემი კახაბერ ყორღანაშვილი შეიპყრო და გელიყარის ციცაბო კლდიდან გადაჩეხა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 370; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 515_516; ვახუშტი, 1973, გვ. 409].
კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის მოღვაწეობის დასაწყისისათვის ჩვენს ყურადღებას იპყრობს კახეთის, სამცხის და ირანის ურთიერთობის ერთი ფრაგმენტი, რომლის შესახებ ცნობებს გვაწვდიან XVIII საუკუნის ქართველი მემატიანებები. ეს ცნობები თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიისგან დიდი ხანი, პრაქტიკულად სკეპტიკურ დამოკიდებულებას იმსახურებდა. მას, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, შეიძლება ითქვას, სათანადო ყურადღება მიაქცია ნ. გელაშვილმა და ის ამ ცნობების მეშვეობით შეეცადა ისტორიული სინამდვილის აღდგენას. ეს ისტორიული სინამდვილე კი, შემდეგნაირად წარმოგვიდგება: ახლადგამეფებულ ალექსანდრეს განუდგება თავისი ვაჟი ერეკლე და სტამბოლში მიდის, როდესაც ამის შესახებ შაჰ-თამაზი შეიტყობს ის ლაშქარს კრებს და საქართველოსაკენ მოემართება ალექსანდრე კახთა მეფესთან ანგარიშის გასასწორებლად.
ალექსანდრე კი, კახელ თავადთა რჩევით სამცხეში შუღლს ტეხს, რასაც ეწირება შაჰ-თამაზის ცოლის ძმა ვარაზა შალიკაშვილი. “სწავლულ კაცთა” მიხედვით, “რა ესმა შაჰ-თამაზს სიკუდილი მისი, განწყრა შაჰ-თამაზ და წარვიდა სამცხეს და დაუტევა კახეთი. და შევიდა სამცხეს, და მოაოÃრა და ამოსწყÂტა სამცხე” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ.371]. ანალოგიური ცნობებია “ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტსა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 517; ვახუშტი, 1973, გვ. 576_577]. ამრიგად, კახეთის სამეფო გადაურჩა ყიზილბაშთა შემოსევას. ალექსანდრე მეფემ შემდეგ შაჰ-თამაზის გულის მოსაგებად მასთან თავისი ძე კონსტანტინე გაგზავნა მძევლად, ძვირფასი საჩუქრებით და ისიც შეუთვალა, რომ ერეკლეს მისთვის არ შეუთანხმებია სტამბოლს წასვლა. ამას უკვე შაჰ-თამაზის მიერ საქართველოს დატოვება და ირანში დაბრუნება მოჰყვა [ვახუშტი, 1973, გვ. 577; ნ. გელაშვილი, 1995, გვ. 116].
ამასიის ზავით სამცხის ირანისადმი მიკუთვნებული ნაწილი, სადაც ქაიხოსრო II იყო ათაბაგად, როგორც აღვნიშნეთ, ოსმალთაგან თავდასხმებს განიცდიდა. ქაიხოსრო ათაბაგს მხოლოდ საკუთარი ძალებით ოსმალებთან დაპირისპირება არ შეეძლო. სამცხის ათაბაგები მეზობელი ქართული სამეფო-სამთავროებისაგან უცხოელი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორც წესი, დახმარების მიღებას არ ცდილობდნენ. თუმცა ახლა ქაიხოსროს ამის სურვილი, რომც ჰქონოდა, მისი რეალურად განხორციელების საშუალება მეზობელ ქართულ სამეფო-სამთავროებში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, პრაქტიკულად არ იყო. სასოწარკვეთილმა ქაიხოსრომ სხვა რომ ვერაფერი გააწყო 1570 წელს ყაზვინში წავიდა და ირანის შაჰს ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება თხოვა. ქაიხოსრო ირანში კარგად მიიღეს, მაგრამ მის გამო ირანის ხელისუფლება ოსმალეთთან ზავის დარღვევას არ აპირებდა. ქაიხოსრო დახმარების მოლოდინში ყაზვინში დიდხანს დარჩა და 1573 წელს იქ გარდაიცვალა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 38, 41; ვ. გუჩუა, 1973გ, გვ. 125].
ქაიხოსროს გარდაცვალების შემდეგ, 1574 წელს სამცხის ათაბაგი გახდა მისი შვილი ყვარყვარე IV. თუმცა, რეალურად სამცხეს ყვარყვარეს დედა დედისიმედი განაგებდა. შალიკაშვილები სამცხის ათაბაგთა მთავარი დამქაშები იყვნენ მათ სეპარატისტულ საქმიანობაში, მაგრამ სამცხის ათაბაგის სახლის და შალიკაშვილების ურთიერთობამ XVI საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევარში სისხლიანი დაპირისპირების ხასიათი მიიღო. 1576 წლის ივნისში შალიკაშვილებმა ათაბაგის სახლის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს.
იმგვარი ურთიერთობა, როგორიც ამ დრომდე შალიკაშვილებს და სამცხის ათაბაგებს ჰქონდათ და რომლის საფუძველიც სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლა იყო, საქართველოში საბოლოოდ, როგორც წესი, ასეთ სახეს იღებდა ხოლმე, ყოფილი მოკავშირეები ერთმანეთს დაერეოდნენ და მუსრს ავლებდნენ. ათაბაგის სახლის წინააღმდეგ ბრძოლაში შალიკაშვილებს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ დიასამიძეები და სხვა დიდგვაროვნები.
სისხლიანი დაპირისპირება სამცხეში 20 თვე გაგრძელდა. საომარი მოქმედებები ძირითადად ათაბაგის ხელისუფლების მომხრეთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ისინი გარკვეულ დახმარებას ქართლიდანაც იღებდნენ, კერძოდ, მათ მხარს უჭერდა მუხრანბატონთა გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი. თავად დედისიმედიც, როგორც ვიცით, ამ გვარის წარმომადგენელი იყო. ერთ დროს ქართლის მფლობელობაში მყოფი ჯავახეთი ამ დაპირისპირებაში აქტიურად იყო ჩართული. ჯავახეთში აჯანყებულებს ძლიერი პოზიციები ჰქონდათ, ამიტომაც იგი ამ 20 თვის განმავლობაში ათაბაგის ხელისუფლების მომხრეებმა ხუთჯერ დაარბიეს. დაუთ-ხანს თავი არ შეუწუხებია ჯავახეთში უაღრესად გამწვავებული ვითარების მოგვარებისათვის ეზრუნა და ის საერთოდ სამცხეში მიმდინარე შიდაბრძოლის მიმართ პასიური მაყურებლის როლით შემოიფარგლა. 1578 წლის დამდეგისთვის 20 თვე მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ აჯანყებულთა მთავარი ციხე-სიმაგრეები ათაბაგის ხელისუფლების მომხრეებს უკვე დაკავებული ჰქონდათ, მაგრამ შიდაბრძოლა სამცხეში გარკვეული მასშტაბით ისევ გრძელდებოდა. ასეთი იყო სამცხე-საათაბაგოს შინაპოლიტიკური ვითარება იმ დროს, როცა ირან-ოსმალეთის მეორე ომი დაიწყო [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 43_47, 154_161; ვ. გუჩუა, 1973გ. გვ. 125_126]. ირან-ოსმალეთის ომის დაწყებას კი, თავისი საყურადღებო მიზეზები ჰქონდა. ამასიის ზავის პირობებით ოსმალეთი კმაყოფილი არ იყო და ხელსაყრელ დროს უცდიდა, რათა ირანის წინააღმდეგ ახალი ომი გაეჩაღებინა. ოსმალეთს განსაკუთრებით აინტერესებდა ამიერკავკასიის დაპყრობა, რადგანაც მისი ხელში ჩაგდებით, საშუალება ეძლეოდა უშუალოდ დაეწყო შეტევა ჩრდილოდასავლეთიდან საკუთრივ ირანის წინააღმდეგ. კასპიის ზღვის სანაპიროს დაპყრობით, ოსმალეთს შესაძლებლობა ეძლეოდა განემტკიცებინა ურთიერთობა შუა აზიის ხანებთან, რომლებიც გამუდმებულ თავდასხმებს აწყობდნენ ირანზე. გარდა ამისა, ოსმალეთისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამიერკავკასიაზე გამავალი სავაჭრო გზების ხელში ჩაგდებას.
ოსმალეთი მიისწრაფოდა, აგრეთვე ხელთ ეგდო ვოლგა-ასტრახანის სავაჭრო მაგისტრალი, ევროპა-აზიის ეს ახალი სავაჭრო გზა. ამიერკავკასიის დაპყრობით და ჩრდილოეთ კავკასიაში გაბატონებით ოსმალეთი უპირისპირდებოდა რუსეთს. ოსმალეთისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ამიერკავასიის დაპყრობას მისი ბუნებრივი რესურსებისა და სიმდიდრის ხელში ჩაგდების თვალსაზრისითაც [მ. სვანიძე 1971, გვ. 95].
1576 წელს გარდაიცვალა შაჰ-თამაზი და ირანში არეულობა დაიწყო, რაც ოსმალეთის მთავრობის თვალსაზრისით, ხელსაყრელი დრო იყო ირანის დასამარცხებლად და ამიერკავკასიის ქვეყნების დასაპყრობად. ოსმალეთის სულთანმა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება გადაწყვიტა.
ირანის წინააღმდეგ გასაგზავნი ოსმალთა ლაშქრის მთავარსარდლად 1578 წლის 2 იანვარს ლალა მუსტაფა ფაშა დაინიშნა, რომლის მეთაურობით 1578 წლის 5 აპრილს ოსმალთა ლაშქარი სტამბოლიდან ირანის წინააღმდეგ საომრად გაემართა.
ლალა მუსტაფა ფაშამ ლაშქრობის წინ ქართლის მმართველს, კახეთის და იმერეთის მეფეებს და ოდიშ-გურიის მთავრებს მოწოდებით მიმართა, რომ ისინი ოსმალებთან ერთად ირანის წინააღმდეგ საომრად გამოსულიყვნენ. ამ დროს სამცხის ათაბაგ ყვარყვარე IV-ს თავისი ძმა მანუჩარი ხელისუფლებისათვის უპირისპირდებოდა. ლალა მუსტაფა ფაშა შეეცადა ამ სიტუაციით ესარგებლა. მან მანუჩარს წინადადებით მიმართა, რათა ოსმალეთის მხარეზე გადასულიყო და სამაგიეროდ მთელ სამცხე-საათაბაგოში გაბატონებას დაპირდა.
1578 წლის აგვისტოს დასაწყისში ოსმალთა ჯარი სამცხე-საათაბაგოში შემოვიდა. 9 აგვისტოს ჩილდირთან გაიმართა ბრძოლა ოსმალებსა და ყიზილბაშ-ქართველთა გაერთიანებულ სამხედრო ძალებს შორის. ამ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს და ამის შედეგად მათ, პრაქტიკულად მთელ საქართველოში მოქმედებისათვის გაეხსნათ გზა. 10 აგვისტოს ოსმალებთან მანუჩარი მივიდა და მათ მიმართ მორჩილება გამოხატა. მანუჩარს იმედი ჰქონდა, რომ მთელი სამცხის მმართველობას მიიღებდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო სანჯაყებად დაანაწილეს და მანუჩარს მხოლოდ ხახულის სანჯაყი დაუმტკიცეს [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 41; მუსტაფა სელანიქის ცნობები საქართველოს შესახებ, 1960, გვ. 262_263; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 127_128].
სამცხე-საათაბაგოდან ლალა მუსტაფა ფაშა თავისი ლაშქრით თბილისისკენ დაიძრა. თბილისისკენ მიმავალ ოსმალებს დიდი დახმარება გაუწია მანუჩარმა, რომელმაც თავის თავზე აიღო მეგზურობა. ოსმალები თბილისს 24 აგვისტოს მიადგნენ. დაუთ-ხანს ოსმალებისათვის წინააღმდეგობის გაწევა არ უფიქრია, გაიქცა და ოსმალებმა თბილისი უბრძოლველად დაიკავეს. “მესხური მატიანე” გვაწვდის ცნობას, რომ დაუთ-ხანმა გაქცევის წინ თბილისი გადაწვა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 49]. ეს ცნობა გამეორებულია “ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტსა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 522; ვახუშტი, 1973, გვ. 410]. აღსანიშნავია, რომ უცხოელი ავტორები (ირან-ოსმალეთის 1578_1590 წლების ომის პირველი ეტაპის აღმწერი ანონიმი ავტორი, თომაზო მინადოი, დონ ხუან დე პერსია, შარაფ-ხან ბითლისელი, იბრაჰიმ ფეჩევი, ჯოვანი მიქელი, პეტრო ბიძარო), როდესაც ეხებიან ოსმალების მიერ 1578 წელს თბილისის აღებას, არაფერს ამბობენ დაუთ-ხანის მიერ მის გადაწვაზე [ე. მამისთვალიშვილი, 1987, გვ. 51]. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული წყაროების ცნობა დაუთ-ხანის მიერ თბილისის გადაწვის შესახებ საეჭვოდ გამოიყურება.
ოსმალების მიერ თბილისის დაკავებასთან დაკავშირებით, საყურადღებოა ერთი ფაქტი. Lლალა მუსტაფა ფაშამ, სანამ თბილისს აიღებდა, გიორგი იმერთა მეფეს შეთავაზა დახმარება აღმოეჩინა მისთვის თბილისის დაპყრობის საქმეში, სამაგიეროდ კი, მის შვილს თბილისში გაბატონებას დაპირდა. ლალა მუსტაფა ფაშა იმავდროულად დაუკავშირდა ალექსანდრე კახთა მეფეს და მოუწოდა თბილისის დაპყრობის საქმეში იმერეთის მეფესთან ერთსულოვნად და შეთანხმებულად ემოქმედა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 115] ლალა მუსტაფა ფაშას მიერ იმერეთისა და კახეთის მეფეების მიმართ გაკეთებულ ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით მ. სვანიძე, ჩვენი აზრით, სავსებით მართებულად შენიშნავს: ”თუ მხედველობაში მივიღებთ ამ პერიოდის საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, მაშინ სავსებით ნათელი გახდება, რომ ლალა მუსტაფა ფაშას სურდა ამ გზით კიდევ უფრო მეტად გაეღრმავებინა ქართლ-კახეთ-იმერეთის სამეფოებს შორის არსებული შუღლი და მტრობა” [მ. სვანიძე, 1971, გვ. 115_116]. მართალია, უშუალოდ ამ შეთავაზების პასუხად იმერეთის და კახეთის მეფეებს თბილისზე მოიერიშე ოსმალებისთვის დახმარება არ გაუწევიათ, მაგრამ საბოლოოდ ლალა მუსტაფა ფაშამ მაინც მიაღწია ისედაც დაძაბული ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვას. ისე კი, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იმერეთის მეფეს თავიდანვე ოსმალების მორჩილების მიმართ არ აუღია კურსი, თუმცა ეს კურსი შემდეგ მან მალე შეცვალა, კახეთის მეფე კი, თავიდანვე ოსმალების მხარეს დადგა და თუ თბილისზე მოიერიშე ოსმალთა ლაშქრისათვის მას დახმარება არ გაუწევია, ეს, ალბათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ოსმალებმა ქალაქი უბრძოლველად აიღეს და მათთვის ამ საქმეში არავის დახმარება არ გამხდარა საჭირო.
ოსმალებმა თბილისის გარდა, მთელი ქართლიც სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. თუმცა ეს მთლად უბრძოლველადაც არ მომხდარა, ოსმალებს მაშინ ქართლში რიცხვმცირე რაზმი დაუპირისპირდა ერეკლე მუხრანბატონის მეთაურობით და გარკვეული ზიანიც მიაყენა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 49].
ოსმალებმა ქართლის დაპყრობის შემდეგ თბილისის (ქართლის) საბეგლარბეგო დაარსეს. მის გამგებლად კასტამონიის სანჯაყ ბეგი სოლაქ ფერჰად ფაშას ძე მეჰმედ ბეგი დაინიშნა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 113].
ქართლში პოზიციების გაძლიერების შემდეგ ლალა მუსტაფა ფაშამ თავისი ჯარის ერთი ნაწილი დასავლეთ საქართველოში გაგზავნა. ოსმალთა ჯარის ამ შენაერთს ლიხის მთაზე გიორგი იმერთა მეფე დახვდა თავისი ლაშქრით და მუსრი გაავლო [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 49; ვახუშტი, 1973, გვ. 817].
ოსმალები ამ ხანებში საქართველოს ზღვისპირეთის დაპყრობასაც ცდილობენ. 1578 წლის აგვისტოში სოხუმის ყურეში ოსმალეთის ესკადრა შემოვიდა, რომელზეც სოხუმის ბეგლარბეგად დანიშნული ჩერქეზი ჰაიდარ ფაშა იმყოფებოდა. ჰაიდარ ფაშა სოხუმში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადავიდა და საბეგლარბეგოს მართვა-გამგებლობას შეუდგა. თუმცა სოხუმის საბეგლარბეგომ ოსმალთა იმედი ვერ გაამართლა, 1581 წლის შემდგომ ახლო ხანებში ოსმალებმა სოხუმიდან ადმინისტრაცია გაიწვიეს და ქალაქი დატოვეს, ამით სოხუმის საბეგლარბეგოს არსებობა დასრულდა [თ. ბერაძე, 2007, გვ. 148].
რაც შეეხება ქართლში მყოფი ლალა მუსტაფა ფაშას შემდგომ მოქმედებას, ის ქართლიდან შაქი-შირვანისაკენ გაემართა. მას სართიჭალასთან ალექსანდრე II კახთა მეფე შეეგება და მორჩილება გამოუცხადა. ამ ეტაპზე კახეთის და ოსმალეთის ხელისუფლებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად კახეთის დამოკიდებულების ფორმა ოსმალეთის მიმართ, მოხარკეობის საფუძველზე განისაზღვრა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 116_118].
კახეთის მეფის ოსმალეთის მიმართ გამოვლენილი პოზიციის თაობაზე ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს: “ხერხიანი, გეგმაშეწონილი პოლიტიკით ალექსანდრემ იმას მაინც მიაღწია, რომ ოსმალო დამპყრობელი კახეთის შიგნით არ შეუშვა, ხონთქარი კახეთიდან ყოველწლიურ მცირე ხარკს დაკმაყოფილდა. კახეთ-ოსმალეთს შორის ამის შემდეგ, მართალია, “პატრონყმური სიყვარული” არ ჩამოვარდნილა, მაგრამ არც მშვიდობა დარღვეულა” [ნ. ბერძენიშვილი, 1967, გვ. 22].
იგივე საკითხთან დაკავშირებით მ. სვანიძე წერს: “ალექსანდრე კახთა მეფე რეალისტი პოლიტიკოსი და დიპლომატი იყო. შაჰ-აბასის ისტორიკოსი ისქანდერ მუნში შემდეგნაირად ახასიათებს ალექსანდრე კახთა მეფეს: „ალექსანდრე ხანმა, რომელიც თავისი სწორი მსჯელობით და გამჭრიახობით უგამოჩინებულესი ადამიანი იყო ახალგაზრდათა და მოხუცთა შორის და ეშმაკობისა და მოხერხების მხრივ ბებერი მგელი იყო, ქართლის მეფის სიმონის საწინააღმდეგოდ გადასწყვიტა, რომ მისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა ოსმალებისათვის მორჩილების გამოცხადება... ოსმალეთის ხონთქარს ერთგულებას უცხადებდა... თუმცა ოსმალებს დამორჩილდა ალექსანდრე, მაგრამ მომავლის ფიქრიც ჰქონდა, კაცს შაჰის კარზე გზავნიდა, ერთგულებას უცხადებდა ხელმწიფეს, ძღვენსა და საჩუქრებს აგზავნიდა და ხელმწიფური წყალობის ღირსი ხდებოდა“ [მ. სვანიძე, 1971, გვ. 119; ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, 1969, გვ. 42, 43]. შემდეგ მ. სვანიძე იქვე აღნიშნავს: „მართალია, ისქანდერ მუნში ალექსანდრე კახთა მეფის საქმიანობას ირანული თვალსაზრისით აშუქებს. მაგრამ იგი ძირითადად სწორ შეფასებას აძლევს ალექსანდრეს პოლიტიკურ საქმიანობას და მის დიპლომატიურ ნიჭს“ [მ. სვანიძე, 1971, გვ. 119]. ალექსანდრე II კახთა მეფის მიმართ საბჭოთა პერიოდში მოღვაწე ისტორიკოსს საჯაროდ, რასაკვირველია, მხოლოდ და მხოლოდ დადებითი პოზიცია უნდა დაეფიქსირებინა, რადგან ალექსანდრე კახეთის და მთელი საქართველოს რუსეთთან მეტისმეტად მჭიდრო ურთიერთობის მომხრე იყო და ძირითადად, ამით უნდა იყოს განპირობებული საბჭოთა პერიოდში ალექსანდრეს მოღვაწეობის მიმართ გამოთქმული დადებითი შეფასებები. თუმცა, ამის მიუხედავად, ალბათ ამ შეფასებების მიმართ პოზიცია მაინც უნდა დაფიქსირდეს და ჩვენ გვინდა აღვნიშნოთ, რომ მიუღებელია ალექსანდრეს ოსმალეთის მიმართ გამოვლენილი პოზიციის დადებითად შეფასება და მისი წარმოდგენა რეალისტ პოლიტიკოსად და დიპლომატად. ის პოლიტიკა, რომელსაც ალექსანდრე II კახთა მეფე ატარებდა არ პასუხობდა საერთო-ქართულ ინტერესებს. იგი უპირისპირდებოდა ამ ინტერესების დამცველ სიმონ პირველს. შემთხვევითი არ არის ისქანდერ მუნში ამ ორ პოლიტიკოსს ერთმანეთს რომ ადარებს და აპირისპირებს. მათი პოლიტიკა ნამდვილად, რომ დიამეტრალურად განსხვავებული იყო. ალექსანდრე კახთა მეფის მიერ კახეთის ოსმალების რბევისაგან დაცვას დიდი აღტაცებით ვერ შევაფასებთ. ქართველი პოლიტიკოსისათვის საქართველოს ყველა მხარე თანაბარი მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. ალექსანდრე კახთა მეფემ კახეთი დროებით რბევისაგან რომ დაიცვა და საქართველოს სხვა მხარეთა რბევას მშვიდად რომ უყურა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი მხარის რბევაში მონაწილეობა თავადაც რომ მიიღო, ამით მხოლოდ ჩვეულებრივი სეპარატისტი მმართველის სააზროვნო სისტემა და თვითშეგნება გამოავლინა.
ალექსანდრე კახთა მეფეს ვერც დიპლომატის ნიჭს მოვუწონებთ. მისი გაუაზრებელი და დაუბალანსებელი საგარეო პოლიტიკა სამი დიდი სახელმწიფოს რუსეთის, ოსმალეთის და ირანის მიმართ ერთდროულად რომ გამოვლინდა, კახეთის ხელისუფლების დეზორიენტაციის და კრიზისის საფუძველი გახდა და ერთ-ერთი მიზეზი იყო XVII საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთში მოვლენების ტრაგიკული განვითარებისა.
აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ლევან I-ის და ალექსანდრე II-ის მმართველობის ხანაში კახეთის სამეფო ეკონომიკურ პრობლემებს არ განიცდიდა და შეძლებულად ცხოვრობდა. მაშინ როცა საქართველოს სხვა მხარეებში მძიმე ეკონომიკური სიტუაცია იყო, კახეთის ფუფუნებაში ცხოვრება არ იმსახურებს განსაკუთრებულ აღრფთოვანებას. ეს არ შეიძლებოდა საქართველოს სხვადასხვა მხარეთა შორის არსებული გაუცხოების პროცესის ხელშემწყობი არ გამხდარიყო. ჩვენ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ, როდესაც კახეთი ეკონომიკურად წინაურდებოდა, ამ დროს ქართლში თუ საქართველოს სხვა მხარეებში მცხოვრები პატრიოტები მტერთან უთანასწორო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულნი. ასეთი ვითარება საქართველოს ნებისმიერი მხარის მკვიდრის სულიერ მდგომარეობაზე, სააზროვნო სისტემასა და თვითშეგნებაზე, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურ ასახვას თუ ჰპოვებდა. ჩვენ, რასაკვირველია არ ვამბობთ, რომ ლევან I-ს და ალექსანდრე II-ს თავიანთი სამეფოს ეკონომიკური მდგომარეობის დაწინაურებისათვის ხელი არ უნდა შეეწყოთ, მაგრამ, რადგანაც ეს ეკონომიკური დაწინაურება მიმდინარეობდა კახეთის მეფეთა იზოლაციონისტური პოლიტიკის ფონზე, რომელიც საქართველოს სხვა მხარეთა მიმართ ვლინდებოდა და კახეთის მეფეები ხშირად თავიანთ მერკანტილისტურ ინტერესებს, საერთო-ქართულ ინტერესებზე უარის თქმით იკმაყოფილებდნენ, ამიტომ კახეთის ეკონომიკური მდგომარეობის დაწინაურებას ლევან I-ს და ალექსანდრე II-ს მიღწევად და გამარჯვებად ვერ ჩავუთვლით. ამ ეკონომიკურ დაწინაურებას არ გააჩნდა ადეკვატური, საერთო-ქართული ინტერესების მომცველი საფუძველი, იგი ვიწრო კუთხური ინტერესების რეალიზაცია იყო და მხოლოდ დროებითი მოვლენა თუ იქნებოდა, რის გამოც მისი მნიშვნელობა გადაჭარბებით არ უნდა შევაფასოთ.
ოსმალებმა კახეთის სამეფოსთან ურთიერთობის გარკვევის შემდეგ შაქი-შირვანის მიმართულებით განახორციელეს ლაშქრობა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობდა ალექსანდრე კახთა მეფე, ლალა მუსტაფა ფაშამ მას დაავალა შაქის ციხის დაპყრობა. ალექსანდრემ ეს დავალება შეასრულა. ლალა მუსტაფა ფაშამ შაქის სანჯაყბეგობა ალექსანდრეს შვილ ერეკლეს უბოძა, შაქის სანჯაყი კი, ოსმალებმა თავიანთ ახლადდაპყრობილ პოლიტიკურ ერთეულს შირვანის საბეგლარბეგოს დაუმორჩილეს [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 50; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 44; მ. სვანიძე, 1971, გვ. 120]. ამრიგად, ოსმალეთმა ირანი აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან განდევნა. შაჰის მთავრობას ამ მდგომარეობასთან შეგუება, რასაკვირველია არ სურდა. ირანის ხელისუფლებისათვის აშკარა იყო, რომ უნიათო დაუთ-ხანი ამიერკავკასიის საკვანძო რეგიონში _ ქართლში, ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის მედროშედ არ გამოდგებოდა და ამ საქმისთვის შეიძლებოდა ისეთი ძლიერი პოლიტიკური მოღვაწის დახმარებით სარგებლობა, როგორიც სიმონ I იყო. თავად სიმონიც კარგად ხედავდა, რომ ამ ეტაპზე მისი მხრიდან გარკვეული კომპრომისი იყო საჭირო ირანთან მიმართებით, რათა ქართლის წინამძღოლი ისევ გამხდარიყო და სამშობლოს სასიცოცხლო ინტერესებისათვის ბრძოლა განეგრძო.
სიმონმა ირანში მაჰმადიანობა მიიღო. ეს მან ირანელთა ერთგულების მოსაჩვენებლად გააკეთა და ამას კარგად აჩვენებს მისი საქმენი, რომელიც მან ირანელთა ტყვეობიდან ქართლში დაბრუნების შემდეგ განახორციელა. სიმონის კომპრომისის პირობებში იგი ტყვეობიდან გაათავისუფლა შაჰ-ისმაილ II-მ, ხოლო შემდეგ შაჰ-მოჰამედ ხოდაბენდემ უწყალობა მას თბილისის მმართველობა და საქართველოშიც მანვე გამოგზავნა. სიმონ I ყიზილბაში სარდლის ალიყული ხანის და 5000 მხედრის თანხლებით ქართლში 1578 წლის ოქტომბერში ჩამოვიდა. ამ შემთხვევაში სიმონის მიმართ ირანის მხრიდან დაშვებულ კომპრომისზეც შეგვიძლია აღვნიშნოთ, რადგან დაუთ-ხანისგან განსხვავებით სიმონI ირანის მოხელე კი არ იყო, არამედ ყმა, რომელიც შაჰის უზენაესობას ცნობდა და მისთვის მისართმევლის („საურის“) გამზადებას კისრულობდა [მინადოი, Q_149, ფ. 67; ვახუშტი, 1973, გვ. 411; საქართველოს სიძველენი, III, 1910, გვ. 126; ვ. გაბაშვილი, 1958, გვ. 240_250; ნ. გელაშვილი, 1995, გვ. 140, 168].
სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების შემდეგ ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებში ქართლის სამეფომ თავისი ფუნქცია დაიბრუნა. ქართლის სამეფო ისევ დადგა საერთოქართული ინტერესების დაცვის სადარაჯოზე და ამ ინტერესების შესაბამისად სხვა ქართულ სამეფო-სამთავროებთან ურთიერთობების მოწესრიგებას ცდილობდა. ამ დროს ეს სხვა ქართული სამეფო სამთავროები ქართლთან ურთიერთობების მოწესრიგების სურვილს არ ავლენდნენ და ოსმალებისგან წაქეზებულებმა ქართლზე ლაშქრობებიც კი განახორციელეს.
ჩვენ გვინდა ცოტა გავუსწროთ მოვლენებს და აღვნიშნოთ, რომ როცა 1588 წელს სიმონსა და ოსმალებს შორის წინასწარი დაზავება ხდება, სიმონს ოსმალეთის ხულისუფლება ქრისტიანად ცნობს ქართლის მეფედ, ე. ი. სიმონი ამ დროისათვის ისევ ქრისტიანია. ჩვენ არ მოგვეპოვება ზუსტი ცნობა, იმის შესახებ, თუ როდის დაუბრუნდა სიმონი ქრისტიანობას. თ. ქორიძე თვლის, რომ ეს სიმონის ირანიდან საქართველოში დაბრუნებისთანავე მოხდა [თ. ქორიძე, 2007, გვ. 183], მართლაც, სიმონისთვის მთავარი იყო ირანიდან საქართველოში დაბრუნება და ის ამისთვის დათანხმდა გამაჰმადიანებას, ხოლო შემდეგ მას დიდხანს არ უნდა გადაედო ხელახალი გაქრისტიანება. ძალიან საინტერესოა, რომ სიმონი მას შემდეგ, რაც 1578 წელს ირანიდან საქართველოში ბრუნდება, ქრისტიანული ეკლესიების მიმართ ქართლში მრავალ შეწირულობას ახორციელებს _ 1580, 1581, 1585, 1586, 1590, 1595, 1597 წლებში [სცსა, ფ. 1449, # 1611; სცსა, ფ. 1448, # 2328; სცსა, ფ. 1449, # 1630; სცსა, ფ. 1449, # 1557; სცსა, ფ. 1449, # 1754; ხეც, Aდ_2233ა; ხეც, Qდ_430; ქრონიკები, II, 1897, გვ. 423]; ანახლებს მათ მიმართ ძველ შეწირულობებს _ 1586 წელს [ხეც, Aდ_2233ა] და ბრძანებებს გამოსცემს თავისი მოხელეების მიმართ _ 1583, 1595 წლებში, რათა მათგან არახელსაყრელი ეკონომიკური რეჟიმი არ შეექმნას ქრისტიანული ეკლესიის მსახურთ [ხეც, Hდ_1374; ქრონიკები, II, 1897, გვ. 423]. ირანელთათვის სიმონის ასეთი საქმიანობა, რასაკვირველია მოსაწონი არ უნდა ყოფილიყო (ირანელთა მოხელე მაჰმადიან დაუთ-ხანს ასეთი საქმიანობით, მაგალითად, თავი არ შეუწუხებია, თუმცა უმცირესი გამონაკლისი ამ თვალსაზრისით მის მოღვაწეობაშიც არის), მაგრამ ირანელები სიმონის ასეთი მოქმედების მიმართ თვალს ხუჭავდნენ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მისი დიდი მნიშვნელობის გამო და ასეთივე მოსაზრებით დახუჭავდნენ ისინი თვალს სიმონის საქართველოში დაბრუნებისთანავე მომხდარი ხელახალი გაქრისტიანების მიმართაც.
ამ დროისათვის ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობების განვითარებისათვის საგარეო ფაქტორის ზეგავლენამ აქამდე არნახულ დონეს მიაღწია. ოსმალეთის საქართველოში გააქტიურების პირობებში, რეალურად შეიზღუდა ყველა ქართული სამეფო-სამთავროს წინამძღოლის პოლიტიკური ნება, თუმცა ეს სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მათი მოქმედების გამამართებლად არანაირად არ გამოდგება. სიმონ მეფეც შეზღუდული იყო თავის პოლიტიკურ არჩევანში, ის იძულებული იყო ირანის ინტერესებისათვის გარკვეული ანგარიში გაეწია, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლიდა, რომ სამშობლოს ინტერესების დაცვისათვის ეზრუნა.
სხვა ქართული სამეფო-სამთავროების წინამძღოლებსაც შეეძლოთ თავიანთი პოლიტიკური ნების გარკვეული მასშტაბით შეზღუდვის პირობებში საერთო-ქართული ინტერესების შესაბამისად მოქმედება, მაგრამ ისინი ერთხელ არჩეულ გზას არ უხვევდნენ და სეპარატისტული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ.
სიმონი როდესაც ქართლში დაბრუნდა თბილისის ოსმალური გარნიზონი მძიმე გაჭირვებაში იყო ჩავარდნილი. მოსახლეობას სურსათ-სანოვაგე გადამალული ჰქონდა და გარნიზონი შიმშილობდა. მაგრამ მალე აზერბაიჯანიდან კახეთის გავლით ლალა მუსტაფა ფაშა თავისი ლაშქრით ქართლში დაბრუნდა. დამატებითი ძალების მოსვლამ თბილისის ოსმალურ გარნიზონს მხნეობა შესძინა. თავად ლალა მუსტაფა ფაშა თბილისის ოსმალური გარნიზონის საქმის მოწესრიგების შემდეგ გორში ჩავიდა, სადაც მას მორჩილებით ეახლნენ იმერეთის მეფე და გურიის მთავარი [ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 130].
იმერთა მეფე თავისი ლაშქრით სულ ცოტა ხნის წინ ოსმალებს ბრძოლის ველზე დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად მან თავისი პოლიტიკური კურსი შეცვალა. უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც იმერთა მეფემ ლიხის ქედზე ოსმალებს ბრძოლა გაუმართა, ამ შემთხვევაში მას ოსმალთა ერთ რაზმთან უწევდა დაპირისპირება. ოსმალთა ლაშქრის მთავარსარდალს თავისი ძირითადი ძალებით მაშინ იმერეთის წინააღმდეგ არ ულაშქრია და ამასთანავე, იმხანად ოსმალებს ამიერკავკასიაში დიდი გავლენა არ ჰქონდათ. ამის შემდეგ ლალა მუსტაფა ფაშამ ამიერკავკასიის დიდი ნაწილი დაიმორჩილა და მისი ძლიერება აშკარა გახდა. რამაც, როგორც ჩანს, დააფრთხო იმერთა მეფე და შეაცვლევინა თავისი დამოკიდებულება ოსმალების მიმართ. ოსმალთა ძლიერება გურიის მთავრისათვისაც შიშის მომგვრელი უნდა ყოფილიყო და ამასთანავე, ის, როგორც ვიცით, მეტისმეტი ინტენსივობით იყო ჩართული დასავლეთ საქართველოში მიმდინარე შიდადაპირისპირებაში (ასეთ მდგომარეობაში იყო იმერთა მეფეც, თუმცა გურიის მთავრის მდგომარეობა ამ მხრივ მაინც უფრო რთულად იყო), რაც მას ძლიერი უცხო ძალის მიმართ იმთავითვე მორჩილების გრძნობით განაწყობდა.
ლალა მუსტაფა ფაშა გორიდან სამცხეს გაემართა და იქიდან ოსმალეთში მიმავალმა ყვარყვარე და მანუჩარი თან გაიყოლა. ოსმალები ამიერკავკასიაში თავიანთი პოზიციების გაძლიერების და ირანთან მიმდინარე ომში ინიციატივის ფლობის პირობებში აღარ კმაყოფილდებიან მესხეთის მოხარკეობით და იქ საბეგლაბეგოს (საფაშოს) დაარსებას გეგმავენ, რა მიზნითაც ცდილობენ ყვარყვარეს და მანუჩარის გამოყენებას.
სულთანმა სტამბოლში ყვარყვარე და მანუჩარი ერთდროულად დაიბარა. ძმების სტამბოლში ერთდროულად ყოფნის ვითარებაში, ოსმალთათვის თავიანთი მიზნის მისაღწევად მათი ინტერესებით მანიპულირება ადვილი იყო. თუ ყვარყვარე, რომელიც სამცხის ათაბაგი იყო და კანონით ქვეყნის გამგებლობა მას ეკუთვნოდა, გამაჰმადიანებაზე უარს იტყოდა, მაშინ სულთანი სამცხის გამგებლობას იმავე პირობით მანუჩარს შეთავაზებდა. მართლაც, ეს ასე მოხდა.
1579 წლის 25 ივნისს ოსმალეთის სულთნის ბრძანებით დაარსდა ჩილდირის (ახალციხის) საფაშო, რომელშიც შევიდა სამცხე-საათაბაგოს ძირითადი ტერიტორია. გამაჰმადიანებულ მანუჩარს მუსტაფა ეწოდა და სულთანმა იგი დანიშნა ახლადდაარსებული ადმინისტრაციული ერთეულის ბეგლარბეგად (ფაშად). ყვარყვარე კი, ქრისტიანობის შენარჩუნებით, სანჯაყის გამგებლად დაინიშნა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 126_135].
საქართველოს ერთ ნაწილზე, კერძოდ, სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიაზე საფაშოს გაჩენა საქართველოს დიდი მარცხი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ოსმალები უკვე სამცხის მთელ ტერიტორიაზე თავიანთ მმართველობასა და წესებს დანერგავდნენ და იქ მცხოვრებ ქართველებს ქრისტიანობა მაჰმადიანობის სასარგებლოდ უნდა დაეთმოთ. სამცხეში შეიქმნა ქართველობის, ქართული სოციალურ-პოლიტიკურ წყობის სრული აღმოფხვრის საშიშროება. ამ დროიდან საერთო-ქართული ინტერესების დაცვისათვის ბრძოლა სამცხეში უაღრესად მძიმე პირობებში მიმდინარეობს.
ლალა მუსტაფა ფაშას ქართლიდან წასვლის შემდეგ სიმონ მეფემ ქართლის ციხე-სიმაგრეები ძირითადად გაწმინდა ოსმალო დამპყრობლებისაგან. თუმცა ოსმალებმა შეინარჩუნეს თბილისი, რომელიც საგანგებოდ ჰქონდათ გამაგრებული და მისი აღება სიმონ მეფის ძალებს აღემატებოდა.
ოსმალო დამპყრობლებისაგან ქართლის ციხე-სიმაგრეების განთავისუფლების პარარელურად სიმონ მეფე უსწორდებოდა თავის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ქართლის მეფის ირანში ტყვეობაში ყოფნისას ქართლში ძლიერ აქტიურობდნენ და დიდი გავლენაც ჰქონდათ. ქართლში სიმონ მეფის დაბრუნების შემდეგ, მისი მოწინააღმდეგეთა ერთი ნაწილი მიმოიფანტა, “ზოგნი მეფეს დავითს თან გაჰყვნენ ურუმში და ზოგნი იმერეთსა და კახეთში გარდაიხუეწნეს“ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 524]. იმერეთსა და კახეთში სიმონის მოწინააღმდეგეების შეფარება შემთხვევით არ არის. მას შემდეგ რაც სიმონი ისევ ქართლის წინამძღოლად იქცა, განდგომილი სამეფოები, რომელთა უკანაც ოსმალეთი იდგა, ქართლს დაუპირისპირდნენ და მისი უდრეკი წინამძღოლის მოწინააღმდეგეებს ყოველნაირად ხელს შეუწყობდნენ. სიმონ მეფემ თავისი მოწინააღმდეგეების მეორე ნაწილი დასაჯა. მან ჯერ ვახტანგ მუხრანბატონი შეიპყრო და კეხვის ციხეში მოათავსა, ხოლო შემდეგ ბარძიმ ამილახორი დააპატიმრა. ეს რომ ნახა ქსნის ერისთავმა, ნესტან-დარეჯანს მის მიერ ცოტა ხნის წინ წართმეული
ქონება დაუბრუნა, ამასთან, ცალკე ძღვენი თავისი ხარჯით მოამზადა, ისიც მიართვა და თხოვა, რომ სიმონთან შუამდგომლობა გაეწია. ნესტან-დარეჯანმა ქსნის ერისთავს სიმონ მეფესთან შუამდგომლობა გაუწია. ქართლის მეფემ ქსნის ერისთავი შეიწყალა და შემდეგ ბარძიმ ამილახორი და ვახტანგ მუხრანბატონი გაათავისუფლა, თუმცა მათ თავიანთი ქონება ჩამოართვა. სიმონ მეფემ კახაბერ ყორღანაშვილის ცოლ-შვილიც დასაჯა. ისინი მეფის ბრძანებით იმავე გელიყარის ციცაბო კლდიდან გადაყარეს, საიდანაც საჩინო ბარათაშვილმა კახაბერ ყორღანიშვილი გადაჩეხა ალექსანდრე კახთა მეფისათვის მიუღებელი იყო მოვლენების ისეთი განვითარება, როგორსაც ქართლში ჰქონდა ადგილი. ისინი ვინც სიმონ მეფემ დასაჯა ძირითადად მისი მომხრეები იყვნენ. ამასთან, დაუთ-ხანთან ალექსანდრე კახთა მეფეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მან კახეთში სამეფო ხელისუფლებისათვის გამართული ბრძოლისას სიმონის ცოლისძმები დახოცა. ამის გამო ალექსანდრე კახთა მეფეს უნდა ცოდნოდა, რომ სიმონი მისდამი უარყოფითად იქნებოდა განწყობილი. ასეთ სიტუაციაში ალექსანდრემ ქართლის მეფის წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა.
1580 წელს ალექსანდრე კახთა მეფე თავისი ლაშქრით ქართლში გადავიდა და დიღომში მყოფ სიმონ მეფეს მოულოდნელად თავს დაესხა. ქართლის მეფეს იქ ლაშქარი არ ჰყავდა და ამიტომ იძულებული გახდა იქიდან გაქცეულიყო. ალექსანდრემ იქაურობა დაარბია და შემდეგ მარტყოფის მიმართულებით წავიდა. ამასობაში სიმონმა თავისი ლაშქარი შეკრიბა და კახეთის მეფის ლაშქრის წინააღმდეგ გაილაშქრა. ბრძოლა გაიმართა იმ ადგილას, რომელსაც ჭოტორს უწოდებდნენ. ძლიერ ხმალთაკვეთებაში კახეთის სამეფოს ლაშქარი დამარცხდა და ალექსანდრე კახთა მეფე ბრძოლის ველიდან გაიქცა. კახეთის მეფის თანმხლებ დიდგვაროვანთა უმრავლესობა ქართლის მეფის ლაშქარმა ტყვედ აიყვანა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება პირველი ტექსტი, 1959, გვ. 372_373; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 527; ვახუშტი, 1973, გვ. 412; ქრონიკები, II, 1897, გვ. 416].
ყურადღებას იმსახურებს ის დამოკიდებულება, რომელიც ქართლის ხელისუფლებამ დატყვევებულ კახელ დიდგვაროვანთა მიმართ გამოავლინა. „სწავლული კაცნი“ და ვახუშტი გადმოგვცემენ, რომ ისინი მცხეთას მიიყვანეს, სადაც მათ გარკვეული სახის ფიცის დადება მოუწიათ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 373; ვახუშტი, 1973, გვ. 373]. „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტში კიდევ უფრო დაკონკრეტებულია ფიცის დადების ადგილი და აღნიშნულია, რომ ეს მცხეთის სვეტიცხოვლის ეკლესიაში მოხდა [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 527]. ძველი ქართველი მემატიანეები ამ ფიცის ტექსტის სამ სხვადასხვა ვარიანტს გვაწვდიან, რომელთა შინაარსი, არსებითად ერთმანეთისგან არ განსხვავდება. „სწავლულ კაცთა“ მიხედვით, კახელმა დიდგვაროვნებმა ფიცის დადებისას ასეთი სიტყვები წარმოთქვეს: „ღმერთმან კახს კაცს მის დღეში ქართველს კაცზედ ნუ გაუმარჯოსო“ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 373]. „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტის გადმოცემით, კახელ დიდგვაროვანთა ფიცის ტექსტი ასეთი იყო: „ღმერთმან სამართლის მოქმედმან კახს კაცს ნურაოდეს გაუმარჯოსო ქართველს კაცს ზედაო, არცა დიდთა და არცა მცირედთაო“ [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 527]. ამ ფიცის ვახუშტისეული ვარიანტი კი ასეთია: „ღმერთმან ნურას ჟამს მისცეს ძლევა კახთა ქართველთა ზედა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 412]. ფიცის დადების შემდეგ წყაროთა ერთობლივი მოწმობით, კახელი დიდგვაროვნები დაუსაჩუქრებიათ და შინ გაუსტუმრებიათ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 373; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 527; ვახუშტი, 1973, გვ. 412].
საყურადღებოა თავად „ფიცის“ მომენტი. უნდა აღინიშნოს, რომ XVIII საუკუნის დამდეგს ქართლის მეფის ვახტანგVI-ის თაოსნობით შედგენილი კანონების მიხედვით, “საქართველოს რიგისა და სამართლის”, ე.ი. მტკიცებულებათა სისტემის წყებაში “ფიცს” პირველი ადგილი უჭირავს. საერთოდ, ამ დროის ქართული სინამდვილისადმი დამახასიათებელი იყო შეხედულება, რომ “ცრუფიცი” კაცს ამქვეყნად დიდ უბედურებას უქადის და “ფიცისადმი” განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, როგორც ერთგულებისა და სამართლის სიმბოლოსადმი [გ. ნადარეიშვილი, 1986, გვ. 339]. XVIII საუკუნესა და XIX საუკუნის დასაწყისში იმერეთის მეფეთა მტკიცე დასაყრდენის “ფიცისკაცთა” ინსტიტუტის არსებობის საძირკველიც სწორედ “ფიცის” ფენომენზე იყო აგებული. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის მიმართაც, შეიძლება აღინიშნოს, რომ “ფიცის” მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო. ჩვენთვის საინტერესო “ფიცი”, რომელიც კახელმა დიდგვაროვნებმა დადეს, არსებითად პოლიტიკური მნიშვნელობისაა და ჩვენი აზრით, საერთო-ქართულ ინტერესებს პასუხობს. ის კი აღსანიშნავია, რომ, როგორც ჩანს, მუდმივმა შეხლა-შემოხლამ, დაძაბულმა მდგომარეობამ და საერთოდ სულიერების კრიზისმა, რომელიც ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ საქართველოში აღინიშნა, თვით ქართლის ხელისუფლების სააზროვნო სისტემას და თვითშეგნებას დაასვა მცირედი დაღი და მათ დიდი ოსტატობით “ფიცის” ტექსტი ვერ შეუდგენიათ. ამის მიუხედავად, ეს “ფიცი” თავისი დროის საქართველოსათვის სარგებლობის მომტანი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან კახელ დიდგვაროვანთა შეგნებაში ქართლზე თავდასხმის მომენტის დათრგუნვა, რასაც, რეალურად ამ “ფიცის” ტექსტი გულისხმობდა, სავსებით შეესაბამებოდა საერთოქართულ ინტერესებს. ამასთანავე, ამ “ფიცისთვის” თავიანთი კურთხევა აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელთაც უნდა მიეცათ, რაც “ფიცს” დამატებით სიმტკიცეს შესძენდა და თავის მხრივ მისი ცხოვრებაში პრაქტიკულად მოქმედებისთვის პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებდა.
ამ ხანებში სიმონ მეფე ყიზილბაშებთან ერთად ინტენსიურ საბრძოლო ოპერაციებს აწარმოებდა ოსმალების წინააღმდეგ. 1579 წლის გაზაფხულზე ქართლის მეფემ ყიზილბაშებთან ერთად თბილისს ალყა შემოარტყა. ეს ალყა 4 თვე გაგრძელდა და ციხეში მყოფი ოსმალები საშინელ განსაცდელში ჩააგდო. 1579 წლის შემოდგომაზე ლალა მუსტაფა ფაშამ ქართლში 20 ათასიანი ლაშქრით დამასკოს ფაშა გამოგზავნა. ამ ლაშქარს დმანისის ვიწროებთან სიმონ მეფე და ყიზილბაშთა სარდალი ალიყული ხანი დახვდნენ თავიანთი მოლაშქრეებით. ბრძოლაში თავიდან ოსმალებს გაუჭირდათ, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მათ დარჩათ. ალიყული ხანი ტყვედ ჩავარდა, ოსმალთა ლაშქარი კი, თბილისში შევიდა. თბილისის ბეგლარბეგი მეჰმედ ფაშა გადაყენებულ იქნა და მის ნაცვლად თბილისის ბეგლარბეგად დაინიშნა ჰაჯი ბეგი ზადე აჰმედ ფაშა. [მინადოი, Q_149, ფ. 70; იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 54; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 131_133]. ოსმალეთის სულთანმა მურად III-მ 1579 წლის საომარი კამპანიის შემდეგ ლალა მუსტაფა ფაშა მთავარსარდლობიდან გადააყენა. სულთნის უკმაყოფილება მისი მთავარსარდლის მიმართ ძირითადად იმით იყო გამოწვეული, რომ მან ვერ შეძლო საქართველოს დამორჩილება.
სულთანი ხედავდა, რომ სიმონ მეფის წინააღმდეგობის დაძლევა სამხედრო ღონისძიებებით არ ხერხდებოდა, ამიტომ მან გადაწყვიტა მის მიმართ გარკვეულ კომპრომისზე წასულიყო. ამას ადასტურებს აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის ხუსრევ ფაშას მიერ სიმონ მეფისათვის გაგზავნილი წერილი. საიდანაც ჩანს, რომ ოსმალეთის ხელისუფლება თანახმა იყო სიმონ მეფეს თავისი სამფლობელო გადაცემოდა “ფადიშაჰის ლივას” სტატუსით. ამგვარად, სიმონ მეფე უნდა ყოფილიყო არა ქართული სამეფოს გამგებელი (მეფე), არამედ ოსმალური პროვინციის (ლივა) მოხელე (ფაშა), ამასთანავე თბილისში უნდა დარჩენილიყო ოსმალთა გარნიზონი. მაშასადამე, ოსმალეთის მთავრობა არ აპირებდა ქართლში ქართული სამეფო ხელისუფლების აღდგენას, მაგრამ იგი მზად იყო სიმონი ეცნო მის გამგებლად ოსმალური წესისამებრ [მ. სვანიძე, 1971, გვ. 140].
სიმონ მეფეს ამ დროს მძიმე გასაჭირი ადგა. ქართლის სამეფოს უპირისპირდებოდნენ სხვა ქართული სამეფო-სამთავროები. ყიზილბაშთა ჯარი, რომელიც სიმონს ირანიდან ჩამოყვა სუსტი გამოდგა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ქართლის მეფისათვის ოსმალთა შეთავაზებული პირობების მიღება სრულიად მიუღებელი იყო. სიმონისთვის ამ ეტაპზე ოსმალეთის მიმართ მოხარკეობაზე დაფუძნებული დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა იყო მისაღები, ისიც მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებით, რათა ოსმალთა შემოტევა დროებით შეენელებინა, შემდეგ კი, მისი ამოცანა მათგან სრული გათავისუფლება იქნებოდა.
ოსმალეთის ხელისუფლება როცა დარწმუნდა, რომ თავისი პირობებით სიმონ მეფესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევდა. აქცენტი ისევ სამხედრო ოპერაციებზე გადაიტანა. 1580 წლის გაზაფხულზე სულთანმა აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლად სინან ფაშა დანიშნა. მისი მთავარი ამოცანა საქართველოს დამორჩილება იყო. ამ ხანებისთვის თბილისი ისევ ალყაშემორტყმული იყო. სინან ფაშამ გადაწყვიტა პირველ რიგში ალყაშემორტყმული თბილისის ოსმალური გარნიზონისათვის აღმოეჩინა დახმარება და თავისი ჯარით თბილისისკენ დაიძრა. თბილისისკენ მიმავალ ოსმალებს ქართველები დაესხნენ თავს და დიდი ზიანიც მიაყენეს მათ, მაგრამ ოსმალებმა მაინც შეძლეს ალყაშემორტყმულ თბილისში შესვლა. სინან ფაშამ აჰმედ ფაშა ჰაჯი ბეგი ზადე თბილისის ბეგლარბეგობიდან გადააყენა და მის ნაცვლად თბილისის ბეგლარბეგად გიორგი ბეგი დანიშნა [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 60_61; მ. სვანიძე, 1971, გვ. 140_141].
გიორგი ბეგი უნდა იყოს იმერთა მეფის გიორგის შვილი. გიორგი ბეგი ოსმალურ წყაროებში და ლიტერატურაში იუსუფ ფაშას სახელით არის ცნობილი [მ. სვანიძე, 1971, გვ. 141_142]. სინან ფაშა როდესაც თბილისისკენ მიემართებოდა ყვარყვარე გაგზავნა შუამავლად იმერეთში. ამის შესახებ ცნობა “მესხურ მატიანეში” არის დაცული: ”მასუკან მეორეს წელიწადს სინან ფაშა მოვიდა, ტფილის წავიდა და ორნივ თან გაჰყვნეს. პატრონი ყვარყვარე თრიალეთიდამ მოებრუნვებინა, იმერეთს მოციქულად გაეგზავნა და პატრონი მანუჩარ თან წაეტანა” [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 53]. მ. სვანიძე ფიქრობს, რომ სინან ფაშამ ყვარყვარეს შუამავლობით იმერეთის მეფეს შესთავაზა მისი შვილის თბილისის ბეგლარბეგის თანამდებობაზე დანიშვნა და გიორგი მეფისათვის ეს შეთავაზება მისაღები იყო [მ. სვანიძე, 1971, გვ. 142]. იგივე საკითხთან დაკავშირებით მ. სვანიძე კიდევ ერთ საყურადღებო მოსაზრებას ანვითარებს: ”ის გარემოება, რომ ქართლის (თბილისის) ბეგლარბეგად დანიშნული იქნა გამაჰმადიანებული, საქართველოს სამეფო გვარის წარმომადგენელი და არა თურქი მოხელე, ნიშნავს ოსმალეთის უკან დახევას და დათმობას, მაგრამ, მეორე მხრივ, ამით სულთანი თიშავდა მის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს, უპირისპირებდა რა ერთიმეორეს სიმონ ქართლის მეფეს და იმერეთის მეფეს გიორგის” [მ. სვანიძე, 1971, გვ. 143].
საბოლოოდ სინან ფაშასთვის სიმონ მეფისგან მორჩილების მიღება მიუღწეველ ამოცანად დარჩა. სინან ფაშამ თბილისი მალე დატოვა, იგი დმანისის გზით გაემართა უკან. სიმონ მეფე ყიზილბაშთა ლაშქართან ერთად მტერს თავს დაესხა და დიდი ზიანიც მიაყენა, მაგრამ სინან ფაშამ მაინც მოახერხა სამცხეში გაღწევა, სადაც მის ლაშქარს ქართველები მოსვენებას ისევ არ აძლევდნენ [იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, 1964, გვ. 62]. 1580 წელს უკვე ირანსა და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკებები დაიწყო და მასში ქართველი პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ. 1581 წლის 7 ივნისს, როდესაც სინან ფაშა არზრუმში იმყოფებოდა, მასთან გამოცხადდა შაჰის ელჩი ნაბუთ აღა სიმონ მეფის ელჩთან ერთად. ოსმალური წყაროებიდან ირკვევა, რომ სიმონ მეფე მზად იყო ოსმალეთთან ზავი დაედო, თუU ოსმალეთსა და ქართლის სამეფოს შორის დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა მოხარკეობის საფუძველზე დამყარდებოდა. სიმონ მეფის ელჩი 1582 წელს სტამბოლშიც ჩავიდა სულთნის უფლისწულის წინდაცვეთის დღესასწაულზე, მაგრამ, ჩანს, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაიშალა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 144_145].
ირანს და ოსმალეთს შორის საზავო მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ამ სახელმწიფოებს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები დროებით შეწყდა. რითაც ისარგებლეს სპარსელებმა და აღმოსავლეთ საქართველოში თავიანთი პოზიციების გასაძლიერებლად გარკვეული ზომები მიიღეს.
სპარსელებისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ სიმონის მათდამი გამოცხადებული მორჩილება მოჩვენებითი იყო და ქართლის მეფე უმცირესი შესაძლებლობის გაჩენისთანავე სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცდებოდა და სპარსელებს განუდგებოდა. 1582 წელს სპარსელებმა სიმონ მეფეს თავისი ქალიშვილის მიცემა თხოვეს საცოლედ თავიანთი უფლისწულის ჰამზა მირზასათვის.
ამ გზით მათ იმედი ჰქონდათ, რომ სიმონი მათ გადადგომას ვეღარ გაბედავდა. ქართლის მეფემ გარეგნულად თავი ბედნიერად მოაჩვენა, მაგრამ სხვადასხვა გარემოების მომიზეზებით სპარსელთა თხოვნას არ ასრულებდა. უეჭველია სიმონს არ სურდა ერთგვარი მძევლის მიცემით თავისი მომავალი პოლიტიკური მოქმედების თავისუფლება შეეზღუდა, მაგრამ ქართველთა სარწმუნოებრივ შეხედულებასაც ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: სიმონს, მის სახლობასა და მმართველ წრეებს არ უნდოდათ ქრისტიანი ქართველი ქალი მაჰმადიანისათვის მიეთხოვებინათ [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 271].
სიმონ მეფე საბოლოოდ სპარსელებმა სამხედრო მუქარის გზით აიძულეს, რომ მათი ეს პირობა შეესრულებინა. სპარსელებმა ამ დროს ალექსანდრე კახთა მეფეც გადაიბირეს და სიმონ მეფეს შეარიგეს. ამასთანავე, სპარსელებმა ქართლის და კახეთის მეფეებს ჯვარზე და სახარებაზე ფიცი დაადებინეს, რომ ერთმანეთს დაეხმარებოდნენ, სპარსთა ერთგულებას არასდროს უღალატებდნენ და სპარსელებთან ერთად ოსმალთა წინააღმდეგ იბრძოლებდნენ. თუმცა სპარსელები არც ამით დაკმაყოფილდნენ და კახეთისა და ქართლის მეფეებს მძევლებად ვაჟიშვილების მიცემა მოთხოვეს. ისინიც იძულებული იყვნენ სპარსელების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ. სიმონ მეფემ ირანში თავისი ძე ლუარსაბი გაგზავნა, ხოლო ალექსანდრე მეფემ _ თავისი 12 წლის ვაჟი კონსტანტინე. ალექსანდრე კახთა მეფეს ამის გარდა 3000 ერაყული შაჰური თუმანის გადახდა მოთხოვეს იმ წლების ხარკის ფასად, როდესაც ის სპარსელებს გადაუდგა და ოსმალებს მიემხრო. კახთა მეფეს 1000 თუმანი კიდევ სხვა სპარსეთის ტახტის მემკვიდრისა და 1000 თუმანი სპარსეთის სარდლებისა და დიდებულებისათვის საჩუქრად უნდა გამოეღო. ალექსანდრე კახთა მეფე იძულებული იყო მთელი ეს მოთხოვნები აესრულებინა [ისქანდერ მუნშის ცნობები, საქართველოს შესახებ, 1969, გვ. 36_37; ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 271]. ამჯერად ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკურ ურთიერთობებზე უცხო ძალის ზემოქმედება, ობიექტურად პოზიტიური ნიშნით აღინიშნა. ქართლისა და კახეთის დაძაბული ურთიერთობის მოგვარების საქმე ირანმა აიღო თავის თავზე. ირანს, რასაკვირველია საქართველოში თავისი ინტერესები ჰქონდა, ამის გამო გამოიდო თავი ამ საქმის გასაკეთებლად და მისი პოლიტიკური მიზნის მისაღწევად არც ჯვარის და სახარების მოხმობისგან შეუკავებია თავი. რაც, ერთი შეხედვით, გასაკვირია, მაგრამ ასეთი კომპრომისი ირანის ხელისუფლებას უღირდა, რადგან ერთურთზე დაპირისპირებული ქართლისა და კახეთის მეფეები მისთვის ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოსაყენებლად ნაკლებად გამოდგებოდა. ოსმალების დამარცხება კი, მაშინ, რასაკვირველია ირანის სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანა იყო.
ალექსანდრე კახთა მეფის ოსმალებისგან განდგომა და ირანელთა მხარეს გადასვლა არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი. ოსმალების საქართველოში მოქმედებას ძლიერ ზღუდავდა ის, რომ ისინი ქართლში ბოლომდე ვერ გაბატონდნენ და იქ სიმონ მეფის გამო თბილისში იყვნენ ჩაკეტილი. ამ ვითარებაში ოსმალებისათვის რთული იქნებოდა ალექსანდრე კახთა მეფე მათდამი მორჩილების აუცილებლობაში დაერწმუნებინათ. ამასთანავე, გასათვალისწინებილია ისიც, რომ იმჟამად ირანის პოლიტიკა საქართველოში არ იყო ისეთი სასტიკი და აგრესიული, როგორიც ოსმალეთის. რაც იმ ოთხი წლის განმავლობაში, როცა კახეთი ოსმალეთის მორჩილებაში იმყოფებოდა, ალექსანდრე მეფეს კარგად უნდა შეემჩნია და რაც, მას, სავარაუდოდ ოსმალებისგან განდგომას აფიქრებინებდა. ალექსანდრეს ოსმალებისგან განდგომა და ირანელთა მხარეს გადასვლა კი, ობიექტურად საერთო-ქართულ ინტერესებს პასუხობდა. მას შემდეგ რაც ქართლისა და კახეთის ურთიერთობა გამოსწორდა, საშამხლოსა და დაღესტნის გამგებლებმა საერთო მტრის ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად კავშირი დაამყარეს აღმოსავლურ ქართული სამეფოების წინამძღოლებთან. ამიერკავკასიაში ამ დროს ოსმალეთის მთავარი დასაყრდენი თბილისი იყო და ამიტომ მოკავშირეებმა პირველ რიგში ყიზილბაშებთან ერთად მისი აღება გადაწყვიტეს.
თბილისზე შეტევა სიმონ მეფისა და ყიზილბაშთა სარდლის იმამყული ხანის ჯარებმა მიიტანეს, რამაც სტამბოლში დიდი შეშფოთება გამოიწვია. სულთნის ბრძანებით ალყაშემორტყმული თბილისის დასახმარებლად 1582 წლის აგვისტოს ბოლოს ჰადიმ მეჰმედ ფაშა 20 ათასიანი ლაშქრით არზრუმიდან გამოვიდა და ყარსის გავლით ახალქალაქში ჩავიდა, სადაც მას შეუერთდა მუსტაფა (მანუჩარი), რომელსაც თბილისისკენ მიმავალი ოსმალთა ლაშქრისათვის მეგზურობა დაეკისრა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 148_150].
ოსმალებმა ამასთანავე, იმერეთის მეფეს და ოდიშის და გურიის მთავრებს გაუგზავნეს ბრძანება, რათა სიმონ მეფეს დასხმოდნენ თავს. თავად ჰადიმ მეჰმედ ფაშა კი, ამასობაში თავისი ლაშქრით ქართლის ტერიტორიაზე შემოვიდა და მუხრანის ველზე დასცა ბანაკი. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრებმა იხელმძღვანელეს რა სეპარატისტული მოსაზრებებით, რასაც ამ დროს სულ ერთიანად მოეცვა მათი ცნობიერება, ქართლზე ლაშქრობა განახორციელეს და იქ რბევა მოაწყვეს. სიმონ მეფე თავისი სამხედრო ძალებით მათ არ დაპირისპირებია.
დასავლელ ქართველთა ლაშქრობას, რომელიც ქართლის მიმართ განხორციელდა გიორგი იმერთა მეფე ხელმძღვანელობდა, დადიანი და გურიელი კი, მისი დამხმარეები იყვნენ. ამ ფაქტის კომენტარისას გიორგი იმერთა მეფის როლზე ამახვილებს ყურადღებას მ. რეხვიაშვილი: “გიორგი მეფე ალბათ შიშობდა, რომ თუ იგი არ დაეთანხმებოდა ოსმალთა სარდლის წინადადებას. ეს უკანასკნელი მას მიუსევდა გურიელსა და დადიანს, რომლებიც მუდამ მიისწრაფოდნენ, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ იმერეთის მეფისაგან და საამისოდ არც დამპყრობელთა სამსახურს ერიდებოდნენ” [მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 64].
მართლაც, დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების დაძაბული შიდა ურთიერთობების გამო გიორგი იმერთა მეფე თავის არჩევანში შეზღუდული იყო. თუმცა, რასაკვირველია, მას მაინც არ უნდა მიეღო ოსმალთა ის წინადადება, რომელიც თანამოძმეზე მახვილის აღმართვას ითვალისწინებდა. რა თქმა უნდა, იგივე ითქვას ოდიშის და გურიის მთავრების მიმართაც.
აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ მ. რეხვიაშვილი ლიხთიმერელთა ქართლში 1582 წელს განხორციელებულ ლაშქრობას გადმოსცემს ვახუშტის მიხედვით, რომელიც დიდი მეცნიერის თხზულების იმ ნაწილში მოიპოვება, რომელსაც “ცხორება ეგრისისა, აფხაზეთისა, ანუ იმერეთისა” ეწოდება: “მაშინ განზრახÂთა ათაბაგისათა შემოიკრიბნა გიორგი მეფემან სპანი და მოიყვანა დადიან-გურიელიცა სპითა მათითა; ვინაÁთგან ქონდათ ერთობა და ბრძანებულიცა იყო ხონთქრისა, მიუხდნენ შიდა ქართლს, ვერა სადა ჰპოვნეს ხიზანნი და დაწვნეს სრულიად გაღმა-გამოღმართნი. მერე უკუმოიქცნენ და მოვიდნენ უვნოდ” [ვახუშტი, 1973, გვ. 819; მ. რეხვიაშვილი, 1989, გვ. 64]. ეს ათაბაგი, რომელზეც აქ არის საუბარი ყვარყვარე მეოთხეა. იმერეთში ყვარყვარე IV-ის ელჩობა ერთხელ მართლაც შედგა, მაგრამ იგი 1582 წელს არ ყოფილა. ამ ელჩობის თაობაზე ჩვენ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. 1582 წელს კი, უკვე ყვარყვარე IV არ იყო ცოცხალი, იგი 1581 წელს გარდაიცვალა და ამიტომ 1582 წელს დასავლელ ქართველთა ქართლში განხორციელებული ლაშქრობის ხელშემწყობად მისი მიჩნევა არ არის მართებული.
სიმონ მეფემ სავსებით მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა დასავლელ ქართველთა ქართლში გადასულ ლაშქარს არ დაუპირისპირდა. ამით ქართლის მეფე მოერიდა თავისი ძალების დაფანტვას ოსმალებთან მოსალოდნელი ბრძოლის წინ და თავიდან აიცილა ძმათამკვლელი ფართომასშტაბიანი დაპირისპირება. სიმონ მეფე ოსმალთა ლაშქარს მუხრანში დაესხა თავს და სასტიკი დამარცხება მიაყენა. მნიშვნელოვანია, რომ მუსტაფამ (მანუჩარმა) სიმონ მეფეს საიდუმლოდ აცნობა ოსმალთა ლაშქრის თბილისისკენ მსვლელობის გეგმა და მუხრანის ბრძოლაში ოსმალების დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანა. მუხრანის ბრძოლაში ოსმალებს დიდი მსხვერპლი ჰქონდათ და ვინც გადარჩა ძლივს მოახერხა თბილისში შესვლა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 373; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 528; ვახუშტი, 1973, გვ. 413, 819; მ. სვანიძე, 1971, გვ. 150_152; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 134].
ოსმალეთის ხელისუფლებამ მუხრანის ბრძოლის შემდეგ თბილისის ბეგლარბეგი შეცვალა, იუსუფ ფაშას ნაცვლად თბილისის ბეგლარბეგად ომერ ფაშა დაინიშნა.
ამ დროს ძალიან მძიმე ვითარებაა შექმნილი სამცხეში. ჩილდირის საბეგლარბეგოს დაარსების (1579) შემდეგ ოსმალებმა გააფართოვეს სამცხეში თავიანთი მმართველობისა და წესების დანერგვის პროცესი. მუსტაფა (მანუჩარი) და ყვარყვარე ამ პროცესის განვითარებას არ ეწინააღმდეგებოდნენ და უფრო მეტიც, ისინი რამდენჯერმე ოსმალებთან ერთად, თუ დამოუკიდებლად, ოღონდ ოსმალების ნებით, ქართლის რბევაშიც კი იღებენ მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით, მ. სვანიძე აღნიშნავს: “სტამბოლიდან სამცხეში დაბრუნების შემდეგ, მანუჩარი (მუსტაფა) და ყვარყვარე კარგად ხედავდნენ, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა: “ოსმალობის” შემოღება მათ ქვეყანას. მაგრამ შექმნილ ვითარებაში, მათ არ შეეძლოთ აშკარად ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლა და რიგ შემთხვევაში იძულებულნი იყვნენ ოსმალთა ლაშქართან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ქართლის სოფლების დარბევაში” [მ. სვანიძე, 1971, გვ. 151_152]. იგივე აზრია გატარებული “საქართველოს ისტორიის ნარკვევების” იმ ნაკვეთში, რომელიც ამ პროცესებს აღწერს და რომლის ავტორები არიან ვ. გუჩუა და მ. სვანიძე [ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 135].
ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ამ მოსაზრების ის ნაწილი იქცევს, სადაც საუბარია იმაზე, რომ სამცხის პოლიტიკური მესვეურები რიგ შემთხვევაში იძულებულნი იყვნენ ოსმალთა ლაშქართან ერთად მონაწილეობა მიეღოთ ქართლის სოფლების დარბევაში. ჩვენი აზრით, როგორი სასტიკი სახის იძულება არ უნდა ყოფილიყო ქართველ პოლიტიკოსზე, მას მაინც არ უნდა აღემართა მახვილი თავის თანამოძმეზე და არ შეიძლება ამ თვალსაზრისით სამცხის ხელისუფალთა განხორციელებული ქმედება დადებითად შევაფასოთ.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულად სიმონ მეფის 1578 წელს ირანიდან ქართლში დაბრუნებიდან 1582 წელს მომხდარ მუხრანის ბრძოლამდე არსებულ ქართლისა და სამცხის ურთიერთობას და იმ თავდასხმებს, რომელსაც ამ დროს ოსმალების წაქეზებით სამცხის პოლიტიკურ მესვეურთა მხრიდან ქართლის მიმართ ჰქონდა ადგილი, ეს საკითხი, ჩვენი აზრით, მართებულად აქვს მოაზრებული დ. გვრიტიშვილს და მის მოსაზრებაში გადმოცემული სულისკვეთება სავსებით გასაზიარებელია.
დ. გვრიტიშვილი საუბრობს იმ ბრძოლაზე, რომელსაც ამ ხანებში სიმონ მეფის მეთაურობით ქართლი აწარმოებდა ოსმალების წინააღმდეგ და აღნიშნავს: “თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლას ის აძნელებდა, რომ მარტო ქართლი იბრძოდა; კახეთი, საათაბაგო და იმერეთი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის ნაცვლად ხშირად მტრის მხარეზე გამოდიოდნენ, ქართლს არბევდნენ” [დ. გვრიტიშვილი, 1965, გვ. 234]. დ. გვრიტიშვილს იქვე “მესხურ მატიანეში” აღნიშნული ამ რბევის ორი მაგალითი მოაქვს [დ. გვრიტიშვილი, 1965, გვ. 234; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 51]. დ. გვრიტიშვილი მკაფიოდ აღნიშნავს, რომ ეს იყო ქართლის რბევა, რომელსაც მის წინააღმდეგ სხვა ქართული სამეფოსამთავროები აწარმოებდნენ და იგი ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას იმ რბევაზე, რომელსაც სამცხის მმართველები აწყობდნენ ქართლის მიმართ. დ. გვრიტიშვილი არ საუბრობს რაიმე იძულებაზე რის გამოც, ჩვენ შეიძლება, როგორმე გავამართლოთ ქართლის მარბეველი სამცხის ხელისუფალნი. ასეთი იძულება, რეალურად, საერთოდ არც შეიძლებოდა რომ არსებულიყო. ჰადიმ მეჰმედ ფაშამ მუხრანის ბრძოლაში დამარცხება მუსტაფას (მანუჩარს) დააბრალა და მისი დასჯა განიზრახა. ჩანს, მუსტაფას საიდუმლო კავშირი სიმონ მეფესთან ცნობილი გახდა ოსმალებისთვის, მაგრამ ოსმალთა სარდალმა ვერ გაბედა აშკარად გამოსულიყო მუსტაფას წინააღმდეგ და განიზრახა მისი ვერაგულად მოკვლა, მაგრამ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შეძლო, მანუჩარმა მოახერხა ოსმალებისგან გაქცევა [გ. ზედგინიძე, 1997, გვ. 192; მ. სვანიძე, 1971, გვ. 152_153].
იმავე 1582 წელს მანუჩარი გაქრისტიანდა, სამცხეში ანტიოსმალური აჯანყება წამოიწყო და სიმონის მხარეს აშკარად გადავიდა. აჯანყება წარმატებით განვითარდა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 54]. ამასთანავე, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, მანუჩარმა ამ დროს სამცხეში აღადგინა ათაბაგობა, რომელიც ოსმალეთმა 1579 წელს გააუქმა. ეს სამცხეში ქართველობისათვის მებრძოლთა ძალების მნიშვნელოვანი წარმატება იყო.
მანუჩარის განდგომის და სამცხეში აჯანყების დაწყების შემდეგ სულთანმა ჩილდირის ბეგლარბეგად თბილისის ყოფილი ბეგლარბეგი იუსუფ ფაშა დანიშნა. სულთნის ვარაუდით, გამაჰმადიანებული იუსუფ ფაშა, საქართველოს სამეფო გვარის (იმერეთის ბაგრატიონთა) შთამომავალი, უფრო მისაღები იქნებოდა სამცხის ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მანუჩარის _ ათაბაგთა სახლის (ჯაყელთა გვარის) შთამომავლის გადაყენების შემდეგ. როგორც ჩანს, ამ პერიოდში ოსმალეთის მთავრობა ჯერ კიდევ ვერ ბედავდა ჩილდირის ბეგლარბეგად ტომით თურქი მოხელის დანიშვნას, რადგანაც ეს გამოიწვევდა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გაძლიერებას. იუსუფ ფაშას ჩილდირის ბეგლარბეგად დანიშვნით, ოსმალეთის მთავრობას იმედი ჰქონდა, რომ იგი შეძლებდა ქართველთა დახმარებით მანუჩარის დამარცხებას. ოსმალეთის მთავრობას იუსუფ ფაშა სჭირდებოდა, აგრეთვე, ქართლში მდგომარეობის გაუმჯობესებისა და განსაკუთრებით კი, ალყაშემორტყმული თბილისისთვის დახმარების აღმოსაჩენად. იუსუფ ფაშა ქართლის საქმეებში ჩახედულ კაცად ითვლებოდა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 153_154]. იუსუფ ფაშამ ოსმალების იმედი ვერ გაამართლა. მან მანუჩარის დამარცხება ვერ მოახერხა და ვერც ალყაშემორტყმულ თბილისზე შეძლო დახმარება, რის გამოც იგი 1583 წელს გადააყენეს ჩილდირის ბეგლარბეგობიდან და ყარსის ბეგლარბეგად გადაიყვანეს.
იმავე 1583 წელს მანუჩარმა სიმონის ასული ელენე შეირთო ცოლად [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ.54]. ეს ქორწინება სიმონის და მანუჩარის კავშირის გაძლიერების მაუწყებელი იყო და მათ ურთიერთობას დამატებით სიმტკიცეს სძენდა. სამცხეში მანუჩარ ათაბაგის ხელმძღვანელობით მიმდინარე აჯანყებამ ოსმალებისათვის ძალიან საშიში ხასიათი მიიღო და ისინი უკვე მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით შეეცადნენ მანუჩართან ურთიერთობის გარკვევას. ოსმალებმა მანუჩარს ჩილდირის ბეგლარბეგობა შესთავაზეს. მაგრამ მანუჩარისთვის ოსმალთა ეს წინადადება არ იყო მისაღები, იგი სულთნისაგან მოითხოვდა, რომ ოსმალეთსა და სამცხეს შორის დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა მოხარკეობის საფუძველზე დამყარებულიყო და რომ მისი საგამგებლო ოსმალეთის საფაშო კი არ ყოფილიყო, არამედ საათაბაგო, ამისდა შესაბამისად თვითონ ყოფილიყო სულთნის ვასალი (ათაბაგი) და არა მისი მოხელე (ფაშა). მანუჩარის ეს პოზიცია სულთნისათვის მიუღებელი იყო და მან იგი უარყო [მ. სვანიძე, 1971, გვ. 155_157].
ოსმალები საქართველოს მიმართ ამის შემდეგ სამხედრო ექსპედიციათა სიძლიერეს ზრდიან. 1582 წლის დეკემბერში სულთანმა აღმოსავლეთის ლაშქრის მთავარსარდლად ფერჰად ფაშა დანიშნა, რომელიც 1584 წელს საქართველოს წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი ჯარით გამოემართა. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ფერჰად ფაშა ჯერ ლორეს მივიდა და მისი ციხე გაამაგრა, შემდეგ კი, დმანისში შევიდა. დმანისიდან კი ფერჰად ფაშამ თბილისის მიმართულებით რეზვან ფაშა გამოგზავნა 20 ათასიანი ჯარით. ამ დროს მანუჩარ ათაბაგი სიმონ მეფეს სამხედრო ძალით უწევდა დახმარებას. რაც ცნობილი გახდა ფერჰად ფაშასათვის და მან რეზვან ფაშა დამატებით 10 ათასი ჯარისკაცით გააძლიერა. Oოსმალები ხატისსოფელთან დაბანაკდნენ, სადაც მათზე სიმონ მეფის მეთაურობით ქართველებმა თავდასხმა განახორციელეს, თუმცა მტრის დამარცხება ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ ოსმალებმა სამცხეში განაგრძეს საომარი მოქმედებების წარმოება. მაგრამ მალე ოსმალთა ლაშქარში ბრძოლებში დიდი დანაკლისისა და სურსათის ნაკლებობის გამო აჯანყებამ იფეთქა და ოსმალთა ჯარის ეს შენაერთი საქართველოს გაეცალა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 374_375; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 530; ვახუშტი, 1973, გვ. 414; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 138].
ოსმალთა ამ ლაშქრობის დროს მათთან გამოცხადდა დაუთ-ხანი, რომელმაც, სიმონის ირანიდან დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე კახთა მეფეს შეაფარა თავი და მასთან ცხოვრობდა. 1582 წელს, როცა ირანის ხელისუფლებამ ქართლის და კახეთის მეფეები შეარიგა, სიმონმა დაუთ-ხანის გადაცემა მოითხოვა. მაგრამ ეს ირანის ხელისუფლების და კახეთის მეფის ნება არ იყო და დაუთ-ხანი კახეთში დარჩა. ამჯერად კი, დაუთ-ხანმა გააქტიურება სცნო საჭიროდ და ფერჰად ფაშასთან მივიდა. თუ ადრე ირანის ხელისუფლება იყენებდა დაუთხანს სიმონის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახლა იგივეს ოსმალეთი შეეცადა, თუმცა დაუთ-ხანმა ოსმალების იმედი ვერ გაამართლა და მალე სულთანმა სიმონ მეფის მოღალატე ძმა მცირე აზიაში გაგზავნა და მარაშის გამგებლად დანიშნა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 160_161]. ამ ხანებში ირანს, ქართლს და ოსმალეთს შორის ისევ შედგა მოლაპარაკებები დაზავების თაობაზე. ქართლის ელჩობას საეკლესიო პირი ედგა სათავეში. ეს მოლაპარაკებები საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 228].
სიმონ მეფეს ოსმალებთან მუდმივი დაპირისპირების პირობებში ერთხელ თბილისიც დაუკავებია. “სწავლული კაცნი” დათარიღების გარეშე გვაწვდიან ცნობას, რომ სიმონმა, “აღიღო ციხე ტფილისისა და ქალაქი დაიპყრა თÂთან და მოსრა ყოველივე, რაოდენიცა იყვნეს ციხესა ტფილისისა ურუმნი” [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 374]. ვახუშტის ცნობით, 1583 წელს “სÂმონ მეფე მოადგა ტფილისს, მცირეს ხანსა შინა წარიღო და მოსწყÂდნა სრულიად ოსმალნი” [ვახუშტი, 1973, გვ. 414]. ზოგიერთი სხვა ქართული წყაროს ცნობით, სიმონ მეფემ თბილისი 1586 წელს დაიკავა [ქრონიკები, II, 1897, გვ. 424_425]. სიმონ მეფის მიერ თბილისის აღების შესახებ ევროპულ წყაროებშიც ვხვდებით ცნობებს [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 234].
სიმონ მეფის მიერ თბილისის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, მაგრამ ყოველგვარი საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ქართლის მეფეს თბილისი მცირე ხნით უნდა სჭეროდა, ამიტომ ამ ფაქტმა ვერ მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა იმ ბრძოლაზე, რომელსაც სიმონი ოსმალების წინააღმდეგ აწარმოებდა.
ირან-ოსმალეთის მეორე ომი დასასრულს მიუახლოვდა და ოსმალებმა გადაწყვიტეს ძლიერი შეტევით გაეტეხათ ქართველთა წინააღმდეგობა და საქართველო საბოლოოდ დაემორჩილებინათ. საქართველოში ოსმალთა მთავარი მოწინააღმდეგეების სიმონ მეფის და მანუჩარ ათაბაგის ოსმალებთან დაპირისპირებას დამატებით სირთულეს უქმნიდა ირანის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები. 1587 წელს ირანის შაჰის ტახტი დაიკავა აბას I-მა, რომელმაც გადაწყვიტა ოსმალებს დაზავებოდა. ამ ვითარებაში სიმონ მეფეს და მანუჩარ ათაბაგს ირანის დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონოდათ. 1587 წელს ოსმალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი ფერჰად ფაშას სარდლობით საქართველოსკენ გამოემართა. ფერჰად ფაშამ გადაწყვიტა დმანისის გზით თბილისში ჩასულიყო, ხოლო იქიდან კი გორში. ჩილდირის ბეგლარბეგ აჰმედ ფაშას კი, დაევალა გაელაშქრა ახალციხის წინააღმდეგ, სადაც გამაგრებული იყო მანუჩარ ათაბაგი. ოსმალებმა ამ დროს გურიის მთავარსაც მოთხოვეს საქართველოში განსახორციელებელ თავიანთ ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციისთვის დახმარება და მანაც შეასრულა ეს მოთხოვნა. მანუჩარ ათაბაგმა როცა შეიტყო მის წინააღმდეგ გაგზავნილი ოსმალთა სამხედრო ძალების თაობაზე, სიმონ მეფეს მიმართა დახმარების თხოვნით და ქართლის მეფეც გადავიდა თავისი ლაშქრით სამცხეში მანუჩარის დასახმარებლად.
ამასობაში ოსმალთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი ქართლში შემოიჭრა. ოსმალები ჯერ თბილისში შევიდნენ და შემდეგ გორისკენ გაემართნენ. ქართლში სიმონ მეფის არყოფნის პირობებში ოსმალებს ახლა იქ სათანადო წინააღმდეგობა არ ხვდებოდათ და გორი ადვილად დაიკავეს. ოსმალებს შეეძლოთ გორიდან პირდაპირ ტაშისკარისაკენ წასულიყვნენ და ქართლის მეფე თავისი ლაშქრით ბორჯომის ხეობაში ალყაში მოემწყვდიათ. ამ პირობებში სიმონის სამცხეში ყოფნა უაღრესად საშიში იყო და ამიტომ იგი ქართლში დაბრუნდა. ოსმალებმა ისარგებლეს სამცხიდან სიმონის წასვლით, ახალციხეს შეუტიეს და აიღეს.
ოსმალების მიერ ახალციხის დაკავება, სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი ქართული ძალების დიდი მარცხი იყო. ოსმალებმა ახალციხის დაკავებით, ფაქტობრივად შეძლეს ძველი მდგომარეობის აღდგენა და მანუჩარის მიერ წამოწყებული აჯანყების ჩაქრობა. თუმცა მანუჩარი ჯერ კიდევ განაგრძობდა ბრძოლას. ასეთ ვითარებაში ოსმალები მანუჩარის საბოლოო დამარცხების მიზნით იყენებენ, არა მხოლოდ სამხედრო ძალებს, არამედ სამცხის მოღალატე ფეოდალებსაც. ფერჰად ფაშასთან მაშინ მანუჩარის პირადი მტერი კოკოლა ვარაზას ძე შალიკაშვილი მივიდა და მორჩილება გამოუცხადა. მანუჩარის წინააღმდეგ კოკოლას მსგავსად ბევრი სხვა სამცხელი ფეოდალი გამოვიდა. მანუჩარმა საშინაო და საგარეო მტრების ასეთ მოძალებას უკვე ვეღარ გაუძლო და სამცხე დატოვა [სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, 1961, გვ. 55; ვახუშტი, 1973, გვ. 723_724; მ. სვანიძე, 1971, გვ. 165_169; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 138_139].
სამცხესა და ქართლში ოსმალების მიერ მოპოვებული სამხედრო წარმატებების გავლენით, კახეთის მეფე ალექსანდრემ ისევ შეიცვალა პოლიტიკური გეზი, ამჯერად ოსმალების მხარეს გადავიდა და მათ სასარგებლოდ ხარკის ხდა იკისრა [მუსტაფა სელანიქის ცნობები საქართველოს შესახებ, 1960, გვ. 270; ნ. გელაშვილი, 1995, გვ. 183]. ამ დროისათვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ირანის შაჰი მოწადინებული იყო ოსმალეთთან ზავი დაედო და უკვე ოსმალეთიც არ იყო დაზავების წინააღმდეგი. იმის გარდა, რომ ოსმალებს ირანთან მეორე ომის 10 წლის მიმდინარეობის მანძილზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატებები ჰქონდათ მოპოვებული, რისი ასახვაც მათ საზავო ხელშეკრულებაში სურდათ, ამასთანავე, ამ ხანებში ოსმალეთის ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა, რის გამოც ომის წარმოება მისთვის რთული იყო და ეს მომენტიც ოსმალეთის ხელისუფლებას ომის დასრულების აუცილებლობას აფიქრებინებდა.
1588 წელს ირანს და ოსმალეთს შორის წინასწარი დაზავება მოხდა. იმავე წელს სიმონ მეფეც დაეზავა ოსმალებს. ქართლის მეფემ ფერჰად ფაშასთან დასდო ხელშერულება, რომელიც შემდეგ სულთანმა დაამტკიცა. ამ ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ ოსმალეთი ცნობდა სიმონ I-ს ქართლის მეფედ, მას ქრისტიანობით უნარჩუნებდა მმართველობას, აღიარებდა მის მემკვიდრეობით უფლებას და კისრულობდა არ ჩარეულიყო მის შინაურ საქმეებში. ოსმალებს ამ დროისათვის ქართლის მთავარი ციხე-სიმაგრეები ჰქონდათ დაკავებული და ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალთა დაპყრობილ ქართლის ციხეებში ისევ ოსმალთა გარნიზონები რჩებოდნენ, ხოლო სიმონ მეფის ხელისუფლება ქართლის დანარჩენ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა: “ბატონ სვიმონ ქართლში მეფობდა, მაგრამ ციხეები ურუმთ ეჭირათ” – წერს ფარსადან გორგიჯანიძე. ამასთანავე, ქართლის მეფე ვალდებული იყო ოსმალეთის სასარგებლოდ ყოველწლიურად ხარაჯა (ხარკი) ეხადა, რაც უნდა ყოფილიყო წელიწადში 100 ათასი ოქრო [მ. სვანიძე, 1971, გვ. 177_178; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 139_140; მ. სვანიძე, 2003, გვ. 143_147].
ამგვარად, ამ ხელშეკრულების მიხედვით, ოსმალეთსა და ქართლს შორის დამოკიდებულების პოლიტიკური ფორმა მოხარკეობის საფუძველზე განისაზღვრა. ეს კი იმას მოწმობდა, რომ ოსმალეთის სულთანი იძულებული იყო მიეღო სიმონ მეფის მიერ ადრე შეთავაზებული ზავის პირობები. ხოლო ის, რომ ოსმალეთმა სიმონი ქრისტიანობით ცნო ქართლის მეფედ, სიმონის ოსმალეთთან ხანგრძლივი ბრძოლით მიღწეული განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მონაპოვარი იყო.
1590 წლის 21 მარტს სტამბოლში ოსმალეთსა და ირანს შორის ზავი დაიდო. ამ ზავით ირანის შაჰი აბას I იძულებული გახდა საქართველო, აღმოსავლეთ სომხეთი, ჩრდილო და სამხრეთ აზერბაიჯანი (არდებილის და თალიშის გამოკლებით), ქურთისტანი და ლურისტანის ნაწილი ოსმალეთის სამფლობელოებად ეცნო. შაჰ-აბასი ამ ზავის პირობებს ირანისათვის მეტად დამამცირებლად თვლიდა. მახლობელ აღმოსავლეთში და აგრეთვე ევროპაში, 1590 წლის ხელშეკრულებას განიხილავდნენ, როგორც დროებით ზავს და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ახლო მომავალში შაჰ-აბასი, როგორც კი შეძლებდა თავისი ძალაუფლების განმტკიცებას, მაშინვე განაახლებდა ომს ოსმალეთის წინააღმდეგ [მ. სვანიძე, 1971, გვ. 181, ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 140].
ამრიგად, ირან-ოსმალეთის მეორე ომი, რომელიც 1578_1590 წლებში მიმდინარეობდა, ოსმალეთის უპირატესობით წარიმართა. შიდა სახელისუფლებო კრიზისის პირობებში მყოფმა ირანმა ოსმალეთს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამ ომში ოსმალეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საქართველოს დამორჩილება და აქ თავისი მმართველობისა და წესების დანერგვა იყო. ირანიც საქართველოს, როგორც დასაპყრობ ქვეყანას ისე უცქერდა, თუმცა იმჟამად ირანის დამოკიდებულება ჩვენი სამშობლოს მიმართ არ იყო ისეთი სასტიკი და აგრესიული, როგორიც ოსმალეთის. ირანი საქართველოსთან პოლიტიკური ურთიერთობის მოხარკეობით ფორმაზეც თანახმა იყო. ამიტომ სიმონმა სავსებით მართებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა ირანს მორჩილება გამოუცხადა (რაც, არსებითად მოჩვენებით ხასიათს ატარებდა) და ის ირანიდან საქართველოში დააბრუნეს. სიმონი, რომ საქართველოში არ დაბრუნებულიყო, აქ არ იყო ისეთი პოლიტიკური მოღვაწე, ვინც ოსმალთა წინააღმდეგ ქართველ ხალხს დარაზმავდა და ოსმალები ისეთივე წინააღმდეგობის გარეშე განაგრძობდნენ მთელ საქართველოში მოქმედებას, როგორადაც აქ სიმონის ჩამოსვლამდე მოქმედებდნენ. სიმონ მეფისათვის ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევა ძალიან რთული იყო. მტერი მრავალრიცხოვანი იყო და ქართლის მეფის დამხმარე ყიზილბაშები უნიათობას იჩენდნენ. ამის მიუხედავად, ქართლის მეფემ ოსმალები არაერთხელ დაამარცხა. სიმონ მეფე წარმატებით იყენებდა ბრძოლის წარმოების პარტიზანულ ტაქტიკას. საბოლოოდ სიმონ მეფის მეთაურობით ქართველთა თავდადებულმა ბრძოლამ ოსმალთა წინააღმდეგ, თავისი გამოხატულება ჰპოვა იმ ზავში, რომელიც სიმონ მეფესა და ოსმალთა შორის დაიდო. ამ ზავით, ოსმალეთმა, პრაქტიკულად აღიარა, რომ ამ ეტაპზე ხელს იღებდა მთელი საქართველოს სრული დაპყრობის გეგმაზე.
ეს იყო სიმონ მეფის დიდი წარმატება და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმის გამო, რომ ამ დროს ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო და ქართლის სამეფო მტერს ეულად უპირისპირდებოდა. სხვა ქართული სამეფო-სამთავროები ქართლს, არათუ არ ეხმარებოდნენ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ, როგორც ზემოთ ვნახეთ, თავად ოსმალების წაქეზებით, ქართლზე არაერთი თავდასხმა განახორციელეს. ამ მხრივ მდგომარეობა ერთგვარად შეიცვალა 1582 წელს, როდესაც კახეთის მეფე ალექსანდრე II შეურიგდა სიმონ მეფეს და ჩილდირის ბეგლარბეგი მუსტაფა (მანუჩარი) სიმონის მხარეს გადავიდა. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ კახეთის მეფეს ქართლის მეფისათვის ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში რაიმე ხელშესახები დახმარება არ გაუწევია. სიმონ მეფის და მანუჩარის ურთიერთობის გაუმჯობესებამ კი, თავისი გამოხატულება ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლო თანამეგობრობაში ჰპოვა და სიმონის საბოლოო წარმატებას ხელი შეუწყო.
ირან-ოსმალეთის მეორე ომის მიმდინარეობისას დასავლურ ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები ისევ უკიდურესად დაძაბული იყო. 1582 წელს გარდაიცვალა ოდიშის მთავარი გიორგი და გამთავრება ეღირსა მის ძმა მამიას. გიორგის ჰყავდა ძე ლევანი, რომელიც ვახუშტის ცნობით, გურიის მთავარმა გიორგიმ, მამიას ნებით წაიყვანა და შხეფის ციხეში ჩასვა [ვახუშტი, 1973, გვ. 819]. „სწავლული კაცნიც“ გადმოგვცემენ, რომ გიორგი გურიელმა ლევანი შხეფის ციხეში მოათავსა, თუმცა ამ საქმეში მამიას როლზე არაფერს ამბობენ [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 362]. „ახალი ქართლის ცხოვრების“ მესამე ტექსტის მიხედვით, ლევანი შხეფის ციხეში მამიამ ჩასვა და გურიის მთავარს ამ საქმეში მონაწილეობა არ მიუღია [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 504]. შხეფის ციხეში მყოფი ლევანის შესახებ ვახუშტი აღნიშნავს, რომ „ყმა იგი უთმინოებითა ტყუეობისათა გარდმოიჭრა ციხიდამ, რეცა განსტოლვად და მოკვდა“ [ვახუშტი, 1973, გვ. 819]. ანალოგიური ცნობები დაცულია „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველ და მესამე ტექსტებში [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 362; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 504]. ვახუშტი კი, შემდეგ იქვე წერს: “ესე მიზეზ ჰყო დადიანმან მამიამ გურიელსა ზედა, შემოიკრიბნა სპანი და მივიდა გურიას. ამას ეკუეთა გიორგი გურიელიცა და ბრძოლასა იძლია გურიელი და ივლტოდა სტამბოლს“ [ვახუშტი, 1973, გვ. 819]. ლევანის გარდაცვალების შემდეგ მამია დადიანსა და გიორგი გურიელს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტები ცნობებს არ გვაწვდიან.
მამია დადიანმა სტამბოლს წასული გიორგის მაგივრად, გურიის მთავრად 1583 წელს თავისი მომხრე გურიელთა სახლის წევრი ვახტანგი დასვა. გიორგი კი, ოსმალეთის სატახტო ქალაქში დიდხანს დარჩა და ამის გამო ოდიშის და გურიის სამთავროებს შორის ერთხანს დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. თუმცა დასავლეთ საქართველოში არეულობა მაინც გრძელდებოდა. 1583 წელს გარდაიცვალა იმერეთის მეფე გიორგი და ტახტზე ავიდა მისი 12 წლის ძე ლევანი (1583_1590). იმერეთის სამეფო ტახტზე ახლადასულ ლევანს ბიძა (მამის ძმა) კონსტანტინე დაუპირისპირდა. კონსტანტინე გიორგი მეფის სიცოცხლეში დაპატიმრებული იყო. ახლა ლევანის გამეფების შემდეგ, როცა კონსტანტინე თავის ძესთან ერთად პატიმრობიდან გათავისუფლდა „დაიპყრა მან რიონის აღმოსავლეთისა კერძონი“ [ვახუშტი, 1973, გვ. 820]. ლევან იმერთა მეფეს ამ მდგომარეობასთან შეგუება არ სურდა. იგი დაუკავშირდა მამია დადიანს და 1587 წელს მისი დახმარებით კონსტანტინე დაამარცხა. ამის შემდეგ მალე ბიძა-ძმისწულს შორის მორიგება მოხდა და კონსტანტინე იმით დაკმაყოფილდა, რომ მას საუფლისწულო მისცეს [ვახუშტი, 1973, გვ. 819_820; ვ. გუჩუა, მ. სვანიძე, 1973, გვ. 140_141].
იმავე 1587 წელს გარდაიცვალა ვახტანგ გურიელი. ამ დროს სტამბოლიდან წამოსული გურიის ყოფილი მთავარი გიორგი გონიოს ციხეში იმყოფებოდა და ის ოსმალების დახმარებით, გურიაში მოვიდა და ისევ დაეუფლა გურიის მთავრის ტახტს [ვახუშტი, 1973, გვ. 820]. ამ დროიდან დასავლეთ საქართველოში სრული ანარქიაა გამეფებული. იმერეთის მეფე ძალიან სუსტ ხელისუფლებას ფლობს. ოდიშის და გურიის მთავრები ერთმანეთს მტრობენ. იმერეთის თავადთა ერთი ნაწილი ოდიშის მთავარს ემხრობა, მეორე ნაწილი გურიის მთავარს და ისინი აქტიურად არიან ჩართული შიდადაპირისპირების პროცესში.
დასავლეთ საქართველოში შექმნილი რთული მდგომარეობა აშფოთებდა ქართლის სამეფოს წინამძღოლს. სიმონ მეფე მხოლოდ ქართლის ოსმალთაგან გათავისუფლებისათვის არ იბრძოდა, მისი საბოლოო მიზანი სრულიად საქართველოს ერთიანობის და დამოუკიდებლობის მიღწევა იყო. ქართლის სამეფო სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით მთავარი მემკვიდრე იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოსი და მის წინამძღოლს შექმნილ ვითარებაში შეეძლო იმერეთისა და მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის პრაქტიკული ნაბიჯები გადაედგა. იმჟამად ოსმალების წინააღმდეგ ქართლის მეფე ფართომასშტაბიან საომარ ოპერაციებს არ აწარმოებდა, მათთან ზავი ჰქონდა დადებული, ხოლო დასავლეთ საქართველოს მმართველებს ურთიერთშორის დაპირისპირება ჰქონდათ, რაც მათ სამხედრო ძალას ასუსტებდა. სიმონ მეფემ იმერეთში ლაშქრობის მოწყობა სცნო საჭიროდ. მისი ამოცანა თავდაპირველად იმერეთის შემოერთება იყო, რისი განხორციელების შემდეგ ქართლის მეფისათვის დღის წესრიგში დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ნაწილის შემოერთების საკითხი დადგებოდა. სიმონ მეფე ვიდრე დასავლეთ საქართველოში გადავიდოდა, დაუკავშირდა ზემო იმერეთის ზოგიერთ თავადს და მათგან დახმარების პირობა მიიღო. როდესაც ეს ლევან იმერთა მეფემ შეიტყო, თავისი ლაშქარი შეკრიბა და ასევე ოდიშის მთავარ მამიას და გურიის მთავარ გიორგის თხოვა ქართლის მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა, მაგრამ ისინი ერთმანეთის შურით ლევანს არ დაეხმარნენ. 1588 წელს იმერეთში გადასულ სიმონ მეფეს, რომელსაც ზემო იმერეთის ზოგიერთი თავადი მართლაც ამოუდგა მხარში, იმერთა მეფე გოფანთოსთან დახვდა, სადაც შემდგარ ბრძოლაში ლევანი დამარცხდა და ლეჩხუმში გაიქცა. ქართლში მყოფი ოსმალური ჯარიდან სიმონ მეფეს გარკვეული საფრთხე ემუქრებოდა. იმჟამად მას განსაკუთრებით გორის ციხის ოსმალური გარნიზონი უქმნიდა საშიშროებას, რის გამოც მას საშუალება არ ჰქონდა დასავლეთ საქართველოში დიდხანს დარჩენილიყო. ამიტომ ქართლის მეფემ თავისი მოწინააღმდეგე ზოგიერთი იმერელი თავადიდან მძევლები აიყვანა და გოფანთოს ბრძოლის შემდეგ ქართლში მალე დაბრუნდა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 376; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 532; ვახუშტი, 1973, გვ. 415; 820_821].
სიმონ მეფის დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის წამოწყებული ბრძოლით, საერთო-ქართული ინტერესებისათვის აუცილებელ კალაპოტში მოექცა ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები. გარკვეულ ინტერესს აღძრავს ამ ურთიერთობებში მძევლის აყვანის მომენტის გამოვლინება. რაც, რასაკვირველია მოწონებას არ იმსახურებს, მაგრამ იგი საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლი სიმონ მეფის დასავლეთ საქართველოში შემდგომი მოქმედებისათვის აუცილებელი იყო. ქართლის მეფე იმერეთის იმ თავადებს, რომელთაგან მძევლები აიყვანა, ამგვარი ფორმით ეფექტურად ზღუდავდა და მათთვის ჩვეული სეპარატისტული საქმიანობისათვის ხალისს უკარგავდა. ამჯერად თავის უარყოფით როლს ისევ ასრულებდა მავნე საგარეო ფაქტორი. სიმონ მეფეს ოსმალებისგან საფრთხე, რომ არ ჰქონოდა იგი შეეცდებოდა ოდიშის და გურიის მთავრების დამორჩილებას და მთელ დასავლეთ საქართველოზე თავისი ხელისუფლების გავრცელებას, მაგრამ ოსმალების გამო იგი იძულებული გახდა დასავლეთ საქართველო მალე დაეტოვებინა.
სიმონ მეფის ქართლში დაბრუნების შემდეგ ლევანი ლეჩხუმიდან იმერეთს მივიდა და მეფის ტახტი დაიბრუნა. ლევანი ოდიშის მთავარს გადაემტერა. მტრობის მიზეზი ოდიშის მთავრის მიერ ლევანისათვის დახმარების გაუწევლობა იყო სიმონ მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. იმერეთის მეფეს და ოდიშის მთავარს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ საქმე სისხლიან დაპირისპირებამდე მივიდა. 1590 წელს მამია დადიანი თავისი ლაშქრით იმერეთს გადავიდა და ქუთაისს დადგა, სადაც მას იმერეთის სამეფოს ლაშქრით ლევანი დაესხა თავს, მაგრამ დამარცხება თავად განიცადა და ის ოდიშის მთავარმა ტყვედ ჩაიგდო. მამიამ ლევანი შხეფის ციხეში მოათავსა, სადაც ლევანი გარდაიცვალა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 376; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 532; ვახუშტი, 1973, გვ. 821]. ამის შემდეგ იმერეთში იმავე 1590 წელს გამეფდა როსტომ კონსტანტინეს ძე (1590_1605). იმავე წელს გარდაიცვალა მამია დადიანი და ოდიშის მთავარი გახდა მისი ძმა მანუჩარი (1590-1611). როსტომს მანუჩართან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და შემდეგ იგი ოდიშის ძლიერი მთავრის დასაყრდენი ძალის როლში გამოდის.
როსტომის გამეფება და იმერეთში ოდიშის მთავრის გავლენის გაძლიერების პერსპექტივა მიუღებელი იყო გურიის მთავარ გიორგისთვის და ახლა უკვე მან მოინდომა იმერეთის მეფედ თავისი კაცის დასმა. გურიის მთავარი იმერეთს მივიდა და იქ გასამეფებლად იმერეთის სამეფო სახლის წარმომადგენელი ბაგრატ თეიმურაზის ძე მიიყვანა. როსტომმა გურიელს და მის პროტეჟეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და იმერეთში ბაგრატ თეიმურაზის ძე გამეფდა. გურიელმა გაამაგრა ქუთაისის ციხე და ბაგრატს მეთვალყურედ თავისი ძე მამია მიუჩინა. გურიის მთავარს ოსმალებთან უკვე დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა და ამჯერად, ვიდრე გურიაში დაბრუნდებოდა იმერეთში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად მათი სამხედრო მხარდაჭერითაც ისარგებლა. რის შესახებ გარკვეული სახის ცნობა დაცულია ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში: “მოიყვანნა ოსმალთა სპანი. განსდევნა ჩიჯავაძე, აღიღო ციხე სებეკა, შემუსრა იგი და მუნ დასუა სხუა ჩიჯავაძე და მიიქცა გურიისავე” [ვახუშტი, 1973, გვ. 821]. მოვლენების ისეთი განვითარება, როგორსაც იმერეთში ჰქონდა ადგილი, ცხადია, რომ სრულიად მიუღებელი იყო სიმონ მეფისთვის. ქართლის მეფე 1590 წელს იმერეთში გადავიდა ქუთაისი აიღო, ბაგრატი დაატყვევა, მძევლები ამჯერადაც აიყვანა და ქართლს მალე დაბრუნდა. რაც ისევ ოსმალების ფაქტორით უნდა ყოფილიყო გამოწვეული.
როსტომ კონსტანტინეს ძეს იმერეთში გამეფების სურვილი არ ასვენებდა. მას საკუთარი ძალებით ამის მიღწევა არ შეეძლო და დახმარება ოდიშის მთავარს თხოვა. მანუჩარისთვის როსტომის თხოვნა მისაღები იყო. ის თავისი ლაშქრით იმერეთში გადავიდა, ქუთაისი აიღო და როსტომი გაამეფა [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 376; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 532; ვახუშტი, 1973, გვ. 822].
სიმონ მეფემ ამჯერად უკვე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის ჩატარება სცნო საჭიროდ, რათა იმერეთის შემოერთების საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა. ქართლის მეფე 1590 წელსვე გადავიდა იმერეთში. სიმონ მეფის ლაშქარს თან ჰქონდა ზარბაზნები. ქართლის მეფის ლაშქარი ახლა იმერეთშიც შეივსო: “აბაშიძენი და ჩხეიძენი და წერეთლები და აწ ვინც წყალწითელას აქეთ საბატიოს კაცის შვილნი ესახლნენ, ყველანი მეფეს სვიმონს მოუვიდნენ... ცხენისწყალს აქეთნი თავადებნი ზოგნი მოუვიდნენ და ზოგნი არა, დადიანს მოუვიდნენ” [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 14]. როსტომს დამოუკიდებლად არ შეეძლო ქართლის მეფის სამხედრო ძალებისთვის წინააღმდეგობა გაეწია და თავი მანუჩარ დადიანთან შეაფარა. ხოლო სიმონ მეფემ ამასობაში “აიღო ციხენი: სკანდა, კუარა, კაცხი, სუერი, შეაყენნა თÂსნი და მოადგა ქუთათისს, აიღო იგიცა” [ვახუშტი, 1973, გვ. 822]. ამის შემდეგ სიმონი როსტომის შესაპყრობად გაემართა. მისი დატყვევებით მომავალში იმერეთიდან განდგომის საფრთხე ძლიერ შემცირდებოდა, რადგან მეფობის სხვა პრეტენდენტი იმერელ ბაგრატიონებში არ ჩანდა. მანუჩარ დადიანი და როსტომი ოფშკვითს იყვნენ დაბანაკებული. მანუჩარმა სიმონს შუამავლის პირით შეუთვალა, რომ საქმე მორიგებით გაეთავებინათ და ის და როსტომი სიმონის მორჩილი იქნებოდნენ, მაგრამ ქართლის მეფე ამ წინადადებაზე არ დათანხმდა და როსტომის გადაცემა მოითხოვა. საბოლოოდ შეთანხმება არ მოხდა.
სიმონ მეფის ლაშქარში ერთიანობა არ იყო. ქართლის მეფეს იმერელ თავადთა ერთმა ნაწილმა უღალატა: “იმერთ, რომელთაც მეფის სვიმონისთვის ავნი იყვნენ, დადიანსა სწერდენ _ თავს დაგვესხიო, არ შემოგებმითო, განგებ გაგექცევითო” [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 14]. ასეთი დაპირებით გამხნევებულმა მანუჩარმა და როსტომმა დილით ადრე თავდასხმა მოაწყვეს სიმონის ლაშქარზე. მოღალატე თავადების გამო ქართლის მეფის ლაშქარი აირია და დამარცხება განიცადა. სიმონი ქართლში დაბრუნდა. იქ მას ლორეს არეალში გააქტიურებულ ოსმალებთან მოუწია ბრძოლის გამართვა. ეს ბრძოლა ქართლის მეფის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგ უკვე სიმონი როსტომს დაუზავდა [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 14; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 532_533; ვახუშტი, 1973, გვ. 416_417, 822_823; ცხოვრება საქართველოÁსა, 1980, გვ. 58; ქრონიკები, II, 1897, გვ. 426, 427]. ეს დაზავება უკვე იმის მაუწყებელი იყო, რომ სიმონ მეფე იმერეთის და შესაბამისად მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთებაზე ხელს იღებდა.
აღსანიშნავია, რომ “ახალი ქართლის ცხოვრების” მესამე ტექსტსა და ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებაში, სიმონ მეფე მკაცრადაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ მან ოფშკვითის ბრძოლის წინ ოდიშის მთავრის მიერ შეთავაზებული დაზავების წინადადება არ მიიღო [ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 533; ვახუშტი, 1973, გვ. 822].
ჩვენი აზრით, ამ შემთხვევაში ძველი ქართველი მემატიანეების მხრიდან სიმონ მეფის მიმართ სამართლიან კრიტიკას არ აქვს ადგილი. სიმონ მეფეს ოდიშის მთავრის მიერ ოფშკვითის ბრძოლის წინ შეთავაზებული დაზავების წინადადება არ უნდა მიეღო. დადიანი უბრალოდ პოლიტიკურ სპეკულაციას ეწეოდა, როცა ზავის დადების შემთხვევაში სიმონს, მისი და როსტომის მორჩილების პირობას აძლევდა. მისთვის მთავარი იყო ქართლის მეფე იმ მომენტში დასავლეთ საქართველოდან განერიდებინა და შემდეგ იგი, რასაკვირველია სეპარატისტულ საქმიანობას მიჰყოფდა ხელს. ქართლის მეფეს ოფშკვითის ბრძოლის წინ, იმერეთის და პრაქტიკულად მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთების საქმე იმ ეტაპამდე ჰქონდა მიყვანილი, რომ ერთი ბრძოლით ძალიან ბევრი რამ უნდა გარკვეულიყო და ამ დროს დადიანის მხრიდან განხორციელებულ პოლიტიკურ სპეკულაციას ნამდვილად არ უნდა წამოგებოდა და უბრძოლველად უკან არ უნდა დაეხია. აქვე გვინდა ყურადღება გავამახვილოთ მ. სვანიძის იმ მოსაზრების მიმართ, რომლის მიხედვით, სიმონ მეფემ, როდესაც ის დასავლეთ საქართველოში საომარ მოქმედებებს აწარმოებდა ოსმალეთის სამხედრო დახმარებით ისარგებლა [მ. სვანიძე, 1971, გვ. 179; მ. სვანიძე, 2003, გვ. 148]. მ. სვანიძის ეს მოსაზრება დაფუძნებულია ოსმალეთის სულთნის მურად III-ის (1574_1595) ქართლის მეფისათვის გამოგზავნილ უავგუსტოეს ხელშეკრულებაში (1589-90 წ) აღნიშნულ სიტყვებზე:
`როდესაც აჩიკბაშისაკენ მიემართებოდი, დახმარება ითხოვე და თბილისის ყულის ჯარიდან დამხმარე სამხედრო ძალა მოგეცა, წახვედი და მტერზე გაიმარჯვე [ს. ჯიქია, მ. სვანიძე, 1966, გვ. 235]. ჩვენი აზრით, მხოლოდ ეს ცნობა არ გამოდგება იმის დასამტკიცებლად, რომ სიმონ მეფე ოსმალებთან ერთად აწარმოებდა სამხედრო ოპერაციებს დასავლეთ საქართველოში, სხვა პარალელური დამადასტურებელი ცნობა კი, ამ საკითხის მიმართ არ გაგვაჩნია. ისე კი, თუ მაინც ჩავთვლით სიმონ მეფეს და ოსმალებს მოკავშირეებად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური მესვეურების წინააღმდეგ, მაშინ მთლიანად უნდა გადაიხედოს შეხედულება იმის შესახებ, რომ ქართლის მეფე ნამდვილად ფიქრობდა იმერეთის და მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთებაზე და ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენაზე, რადგან სიმონ მეფე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და მისთვის ძნელი წარმოსადგენი არ უნდა ყოფილიყო, რომ ძლიერი მტრის ოსმალეთის ხელით სასიცოცხლოდ აუცილებელი დიდი ქართული საქმე ვერ გაკეთდებოდა, ერთიანი ქართული სახელმწიფო ვერ აღდგებოდა.
მ. სვანიძის ამ მოსაზრების საპირისპიროდ ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 1588 წელს ოსმალებთან დადებული ზავის შემდეგ, სიმონ მეფე ისევ აწარმოებდა სამხედრო ოპერაციებს ოსმალების წინააღმდეგ, რაზეც უავგუსტოესი ხელშეკრულების საფუძველზე თავად მ. სვანიძეც აკეთებს მითითებას [მ. სვანიძე, 1971, გვ. 178; მ. სვანიძე, 2003, გვ. 148] და რაც ქართულ წყაროებშიც აისახა, კერძოდ, მხედველობაში გვაქვს ჩვენს მიერ ზემოთაღნიშნული ქართული წყაროების ცნობები იმის შესახებ, რომ სიმონ მეფე გოფანთოს ბრძოლის შემდეგ ქართლში მყოფი ოსმალური ჯარის ფაქტორის გამო დაბრუნდა ნაჩქარევად ქართლში და რომ ოფშკვითის ბრძოლის შემდეგ სიმონ მეფეს ლორესთან მოუხდა ოსმალებთან შეტაკება [ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 376, 378; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 532, 535; ვახუშტი, 1973, გვ. 415, 417]. განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენს ყურადღებას აგრეთვე იქცევს ცოტა ხნის წინ ნ. შენგელიას გამოქვეყნებული თურქეთის არქივში დაცული დოკუმენტები, რომლებიც სიმონ მეფის და ოსმალების ურთიერთობას ეხება და საიდანაც ჩანს, რომ იმერეთის და მთელი დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის ბრძოლის პერიოდში სიმონ მეფეს ოსმალებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა [ნ. შენგელია, 2006, გვ. 376_390; ნ. შენგელია, 2008, გვ. 317_319; თ. ბერაძე, 2009, გვ. 16_17].
ამგვარად, სიმონ მეფის მიერ 1588_1590 წლებში დასავლეთ საქართველოს შემოერთებისათვის დაწყებული ბრძოლა წარუმატებლად დასრულდა. თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისათვის საქართველოს მიმართ მოქმედი საგარეო ფაქტორი უაღრესად არახელსაყრელი იყო და სიმონ მეფის მოქმედებას იგი ძლიერ ზღუდავდა. მაგრამ მთავარი მიზეზი გაერთიანება, რომ არ შედგა ეს არ ყოფილა, მთავარი იყო თავად დასავლეთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალების პოზიცია. საყურადღებოა, რომ თავიდან იმერეთის თავადთა ერთი ნაწილი სიმონ მეფეს ემხრობოდა და არც ოდიშის და გურიის მთავრებს გამოუდიათ თავი ქართლის მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ისინი სიმონის მოქმედებას ჩანს, რომ ჩვეულებრივ პირადი უზნეო სარგებლობისთვის გამიზნულ ლაშქრობად განიხილავდნენ, როგორიც ამ დროს მთელი საქართველოს მასშტაბით მრავლად ხდებოდა და ამ ლაშქრობიდან თავადაც პირადი უზნეო სარგებლობის მიღებას ცდილობდნენ. ხოლო შემდეგ კი, როცა აშკარა გახდა, რომ სიმონ მეფე ქვეყნის ერთიანობისათვის იბრძოდა, მის მიმართ დასავლეთ საქართველოში დამოკიდებულება შეიცვალა. ქართლის მეფე იქ მიუღებელი გახდა. სიმონ მეფის მიერ ქვეყნის გაერთიანების შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში ფეოდალური რეაქციის წარმომადგენლები თავიანთ გარკვეული სახით არსებულ პრივილეგირებულ მდგომარეობას, რომელიც მათ სამშობლოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებით მოიპოვეს, რასაკვირველია ვეღარ შეინარჩუნებდნენ და მათთვის პირადი უზნეო სარგებლობა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ერთიანი საქართველოს არსებობა. სიმონ მეფის დასავლეთ საქართველოში მესამე გადასვლის დროს, როცა საბოლოოდ უნდა გადაწყვეტილიყო შეძლებდა თუ არა ქართლის მეფე დასავლეთ საქართველოს შემოერთებას და ერთიანი ქართული სახელმწიფოს აღდგენას, სრულად იჩინა თავი დასავლეთ საქართველოს მმართველი პოლიტიკური ძალების სააზროვნო სისტემის და თვითშეგნების დაკნინების პრობლემამ, რასაც ოსმალეთის ფაქტორი დაემატა და ბრძოლის ველზე დამარცხებული სიმონ მეფე დარწმუნდა, რომ მისი მხრიდან ამ ეტაპზე ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის ბრძოლას პერსპექტივა არ ჰქონდა, რადგან ამის განსახორციელებლად არ არსებობდა ქართველთა საერთო პოლიტიკური ნება.
XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან ისევ განახლდა კახეთის ურთიერთობა რუსეთთან. ირან-ოსმალეთის მეორე ომის დროს კავკასიაში ოსმალეთის პოზიციები გაძლიერდა, რაც რუსეთისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ამ სიტუაციაში რუსეთი მოწადინებული იყო კავკასიაში ისეთ ქვეყნებთან ჰქონოდა კავშირი, რომელთაც ამ მიმართულებით თავისი ინტერესების დასაცავად გამოიყენებდა და ამიტომ ისევ აღმოჩნდა კახეთი რუსეთის განსაკუთრებული ინტერესების სფეროში.
1585 წელს კახეთში დიპლომატიური მისიით სამხედრო პირმა დანილოვმა იმოგზაურა, რასაც კახეთსა და რუსეთს შორის აქტიური დიპლომატიური ურთიერთობების გაჩაღება მოყვა. 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა ფიცის წიგნს, რომლის მიხედვით, რუსეთის მეფე კახეთის სამეფოს თავის მფარველობაში იღებდა. 1589 წელს კახეთის მეფეს რუსეთის მეფის წყალობის სიგელი მიართვეს, რითაც რუსეთის მეფემ დაადასტურა კახეთის სამეფოს რუსეთის სახელმწიფოს მფარველობაში შესვლა [ჩ. Белокуров, 1889, გვ. 10_14, 32_36; ნ. ბერძენიშვილი, 1967, გვ. 11_26]. კახეთისა და რუსეთის ურთიერთობის ეს მორიგი გააქტიურება საქართველოსთვის არავითარი სარგებლობის მომტანი არ ყოფილა და იგი XVII საუკუნის დამდეგს დასრულდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ირან-ოსმალეთის ომის მსვლელობაში ირანელთა ხელშეწყობით ქართლის მეფის სიმონ I-ის და კახეთის მეფის ალექსანდრე II-ის ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამის შემდეგაც ქართლისა და კახეთის მეფეთა შორის გარკვეულ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. რისი გამოძახილიც უნდა იყოს ის, რომ ალექსანდრე კახთა მეფეს სიმონ მეფე რუსების წინაშე სათანადო პატივით არ წარუდგენია. მას “მეფის” ტიტულით არ იხსენიებდა და უბრალოდ სიძეს უწოდებდა. ალექსანდრე რუსებს ეუბნებოდა, რომ სიმონი ბეცი პოლიტიკოსია, ოსმალებთან მუდმივი ომების შედეგად, ქვეყანა დაღუპვამდე მიიყვანა, ამას გარდა აფიონსაც ეწევა და ასეთ კაცთან ურთიერთობას აზრი არ აქვსო. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ალექსანდრეს ხალხს შემდეგაც ყოველთვის იმის მცდელობა ჰქონდა, რომ რუსი ელჩები სიმონ მეფის კახეთის სამეფოსადმი მტრულ დამოკიდებულებაში დაერწმუნებინა [ივ. ჯავახიშვილი, 1967, გვ. 301; ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 267].
XVI საუკუნის უკანასკნელი ათწლეულის ქართული სამეფო-სამთავრობის შიდაპოლიტიკური ურთიერთობების შესახებ წყაროთა მონაცემები მეტისმეტად მწირია.
ამ დროისათვის ქართულ სამეფო-სამთავროებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობა სამცხე-საათაბაგოში იყო. ოსმალებს სამცხე დაპყრობილი ჰქონდათ და იქ დიდი მონდომებით ნერგავდნენ თავიანთ მმართველობასა და წესებს. რამაც სამცხის მოსახლეობა უაღრესად მძიმე სულიერ და მატერიალურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამ დროს სამცხის მოსახლეობის მცირე ნაწილი ქართლსა და იმერეთში გაიქცა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ XVI საუკუნის ბოლოს ქართველთა ურთიერთშუღლის და უცხოელი მტრის მოძალების შედეგად სამცხე ქართულ პოლიტიკურ სამყაროს მოწყვეტილი იყო და მისი გადაგვარება მიმდინარეობდა. საქართველომ თავისი მიწა-წყლის თითქმის ერთი მესამედი დაკარგა. ეს იყო ეროვნული ტრაგედია. XVI საუკუნის ბოლოს ისევ რთული მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში. უნდა აღინიშნოს, რომ განკერძოებისადმი მიდრეკილება იზრდება აფხაზეთში, საიდანაც 1591 წელს ლაშქრობა განხორციელდა გურიაში. “მოუÃდნენ აფხაზნი გურიას ნავებითა. ამათ ეკუეთა გურიელის ძე მამია, სძლო და მოსწყÂდნა სრულიად” [ვახუშტი, 1973, გვ. 823]. ოდიშის მთავარს უჭირს აფხაზეთის გაკონტროლება, თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ XVI საუკუნის ბოლოს დასავლეთ საქართველოში ოდიშის სამთავროს პოლიტიკური უპირატესობა გამოიკვეთა. საყურადღებოა, რომ აქამდე ოდიშის მთავარი ფორმალურად მაინც დამოკიდებული იყო იმერეთის სამეფო კართან იმით, რომ იგი სამეფოს მანდატურთუხუცესის ტიტულს ატარებდა. ახლა კი, მას ეს პატივი აღარ აკმაყოფილებს და მანუჩარ დადიანი უკვე “ხელმწიფედ” იწოდება [ს. კაკაბაძე, 1925, გვ. 202_203; ვ. გუჩუა, 1973, გვ. 143].
XVI საუკუნის უკანასკნელ ათწლეულში ქართლის და კახეთის სამეფოების ურთიერთობებზე გავლენას ახდენდა ის, რომ ამ დროს, როგორც დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ისე ირანი მოწადინებული იყვნენ ანტიოსმალური კოალიციის შექმნით, რომელშიც ისინი ქართლის და კახეთის სამეფოებსაც მოიაზრებდნენ. 1595 წელს შეიქმნა ირანის, ქართლის და კახეთის კავშირი. ვენეციელი დიპლომატი ალესანდრო მალიპიერო 1596 წლის თებერვალში ვენეციის სენატის სხდომაზე წაკითხულ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ქართველი მეფეების შერიგება ირანის შაჰის ავტორიტეტის წყალობით მოხდა [ე. მამისთვალიშვილი, 1981, გვ. 284_285].
დასავლეთ ევროპაში ანტიოსმალური კოალიციის შედგენა ვერ მოხერხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, სიმონ მეფემ 1598 წელს ოსმალების წინააღმდეგ ომი განაახლა. ქართლთან ერთად სამცხე-საათაბაგოშიც დაიწყო მანუჩარის მეთაურობით აჯანყება ოსმალების წინააღმდეგ. ამ დროს შაჰ-აბასმაც დაიწყო ოსმალების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები, ხოლო ალექსანდრე კახთა მეფემ ოსმალების სასარგებლოდ ხარკის ხდა შეწყვიტა.
1599 წელს სიმონ მეფემ ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გორი აიღო. აღსანიშნავია, რომ გორისთვის გამართულ ბრძოლებში ოსმალების მხარეზე სამცხე-საათაბაგოს წარმომდგენლებიც მონაწილეობდნენ. გორის დაკარგვა ოსმალთა ბატონობას საქართველოში დიდ საფრთხეს უქმნიდა. სულთანმა საქართველოში მრავალრიცხოვანი ჯარი გამოგზავნა თავრიზის და ვანის ბეგლარბეგ ჯაფარ ფაშას სარდლობით. თბილისისკენ მიმავალ ოსმალთა ჯარს ნახიდურთან ჰქონდა დროებით ბანაკი დაცემული, როცა მასზე სიმონ მეფემ თავდასხმა მოაწყო. ქართლის მეფის შეტევა თავიდან წარმატებით განვითარდა, მაგრამ შემდეგ მას მტრის მრავალრიცხოვნებამ უკან დაახევინა და ოსმალებმა უკვე ფარცხისთან სიმონ მეფის დატყვევებაც მოახერხეს. ჯაფარ ფაშამ 1600 წელს სიმონი სტამბოლში გაგზავნა, სადაც ქართლის გმირი მეფე გარდაიცვალა [ფარსადან გორგიჯანიძე, 1926, გვ. 13_16; ბერი ეგნატაშვილი, ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი, 1959, გვ. 379; ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959, გვ. 576; ვახუშტი, 1973, გვ. 418; ვ. გუჩუა, 1973 დ, გვ. 148].
სიმონ მეფეს სამშობლოს წინაშე უდიდესი ღვაწლი მიუძღვის. როგორც მეფე-პოეტი არჩილი ამბობს: სიმონმა “ქართლს ხმალი შეარტყა”. სიმონ მეფის მეთაურობით ქართლის სამეფო გმირულად იბრძოდა ჯერ ირანის და შემდეგ ოსმალეთის წინააღმდეგ, რასაც სრულიად საქართველოს ინტერესებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სიმონი შემდგომი დროის ქართველი პატრიოტებისათვის სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლის დროშად იქცა.
ამგვარად, XVI საუკუნის მეორე ნახევარში ქართული სამეფო-სამთავროების შიდაპოლიტიკური ურთიერთობები ისევ დაძაბული იყო. უცხოელი მტრის მოძალების პირობებში, ქართველი მეფე-მთავრები ვერ ახერხებენ ურთიერთშორის მშვიდობის დამყარებას და საქართველოში შიდადაპირისპირება გრძელდება. ასეთ ვითარებაში სამცხე-საათაბაგო თანდათან ეთიშება ქართულ პოლიტიკურ სამყაროს. ამ დროს უკიდურესად დაძაბული იყო დასავლურ ქართული შიდა ურთიერთობები. XVI საუკუნის მეორე ნახევარში სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ერთიანი ქართული სახელმწიფოს მთავარი მემკვიდრე ქართლის სამეფო მთელ საქართველოში ცდილობდა საერთო-ქართული ინტერესების დაცვას და უცხოელ მტერს ქედმოუხრელად უპირისპირდებოდა. სხვა ქართული სამეფო-სამთავროები ქართლის სამეფოს უცხოელი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს არ უჭერდნენ და დროდადრო მასზე, სწორედ უცხოელი მტრის წაქეზებით თავდასხმებსაც ახორციელებდნენ. ამის მიუხედავად, უცხოელმა მტერმა ქართლის სამეფო ვერ დააჩოქა, რაც მთელ საქართველოში ქართული სულის გაძლიერებას უწყობდა ხელს და შემდგომი დროის საქართველოს ღირსეული ყოფის წინაპირობა იყო.

Комментариев нет:
Отправить комментарий