ინდოეთში ინგლისელთა წინააღმდეგ ლაშქრობის განსახორციელებლად, 1807 წლის 4 მაისს საფრანგეთსა და სპარსეთს შორის ფინკენშტეინში (აღმ. პრუსია) სამოკავშირეო ხელშეკრულება დაიდო. ეს დოკუმენტი ძირითადად რუსეთისა და ინგლისის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავის მხრივ, ფათჰ-ალი შაჰს (1797-1834) მთელი თავისი გავლენა უნდა გამოეყენებინა, რათა ნაპოლეონისათვის ხელი შეეწყო ინდოეთში ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ დახმარების სანაცვლოდ 16 მუხლიანი ხელშეკრულების მე-3 და მე-4 მუხლები სპარსეთის სასარგებლოდ იყო შედგენილი და საქართველოს ეხებოდა: საფრანგეთის იმპერატორი საქართველოს სპარსეთის შაჰის კანონიერ კუთვნილებად ცნობდა (მუხლი 3.) და ვალდებულებას იღებდა, აეძულებინა რუსები, რათა მათ საქართველოსა და სპარსეთის ტერიტორია დაეტოვებინათ (მუხლი 4.).1
დავაზუსტებთ, რომ სპარსელებისათვის საქართველოში იგულისხმებოდა ქართლ-კახეთის სამეფო ანუ აღმოსავლეთ საქართველო, რომელიც იმ დროს უკვე რუსეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული.
აღნიშნული მუხლები საფრანგეთის მიერ მეტად შორსმჭვრეტელურად იყო შედგენილი, რადგან საქართველოს საკითხის ამგვარი ფორმულირება მას თავისუფალი მანევრირების საშუალებას აძლევდა მსოფლიოში პოლიტიკური მოვლენების განვითარების მიხედვით. იმ კონკრეტულ მომენტში კი საფრანგეთის იმპერატორმა სპარსეთს საქართველოს რუსეთისაგან “გამოხსნის” იმედი ჩაუსახა და მასთან თავისი ურთიერთობა ამ დაპირებაზე ააგო.2
აქ ჩნდება კითხვა: რა ინფორმაცია ჰქონდა საფრანგეთის იმპერატორს მის მიერ სპარსეთის შაჰისათვის შეპირებული საქართველოს შესახებ? ეს ცნობები გვხვდება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ხელნაწერებში. მათი ავტორები არიან ბაღდადში საფრანგეთის გენერალური კონსული ჟან-ფრანსუა რუსო,3
სინოპში საფრანგეთის კონსული პასკალ ფურკადი4, საფრანგეთის გენერალური კონსული ბასრაში ჟოზეფ რუსო,5 1796 წელს დირექტორიის მიერ აღა-მაჰმად-ხანთან6 წარგზავნილი გიიომ-ანტუან ოლივიე,7 აგრეთვე, ნაპოლეონის მიერ 1805 წელს ფათჰ-ალი შაჰთან წარგზავნილი ემისრები, ალექსანდრ რომიე8 და ამედე ჟობერი.9
მათი ცნობების თანახმად საქართველო – რუსეთის მფლობელობაში მოქცეული „მშვენიერი და ვრცელი მხარე“, რომელიც 1783 წლამდე „სპარსეთს ექვემდებარებოდა“ და „მუდამ მისი მოხარკე“ იყო, ერეკლე II-სა და მისი მემკვიდრეების მიერ რუსეთის „უზენაესი ძალაუფლების“ ცნობით გამძვინვარებულმა აღა-მაჰმად ხანმა 1795 წელს საქართველო დალაშქრა. მან „ააოხრა ტიფლისი“, მისმა მოლაშქრეებმა იქ „აღვირახსნილი სისასტიკე და ბარბაროსობა ჩაიდინეს“ და მრავალი ტყვეც გაიყვანეს. რუსებს თავისი ბედის პირისპირ მიეტოვებინათ თავიანთი მოკავშირე ერეკლე, თვითონ კი მშვიდად ვაჭრობდნენ რაშთში. ეს ფაქტი შეფასებული იყო როგორც „რუსეთის კარის“ ბარბაროსული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელსაც ერეკლე და საქართველო აღა-მაჰმად-ხანისათვის მიეტოვებინა გასანადგურებლად, ხოლო თავის ძალებს სრულიად საქართველოს დასაპყრობად და მის სამუდამოდ შესანარჩუნებლად, შემდეგ აამოქმედებდა. რუსეთს საქართველოში 8-12 000 ჯარისკაცზე მეტი არ ჰყავდა, მაგრამ ამ მცირე ძალებითაც წარმატებით უწევდა წინააღმდეგობას 40-80 ათასიან სპარსეთის ლაშქარს. რუსეთის ჯარის მთავარი გამოსაზამთრებელი ადგილი ტიფლისი იყო. აღნიშნული იყო საქართველოში რუსების შეჭრისთანავე ერეკლე II-ს ერთ-ერთი ვაჟის (იგულისხმება ალექსანდრე ბატონიშვილი – ი.ნ.) სპარსეთში გაქცევა და რუსების მიმართ საქართველოს მოსახლეობის უკმაყოფილება: ქართველები იწყებდნენ გამოფხიზლებას იმ აზრისაგან, რომელსაც თავიდან იქმნიდნენ რუსეთის მმართველობის ზომიერების შესახებ; ისინი ჩიოდნენ მათი სიმკაცრის გამო და მოუთმენლად ელოდნენ შესაძლებლობას, რათა გადაეგდოთ სპარსელების უღელზე არანაკლებ მძიმე უღელი, რომელიც თვითონვე დაედგათ (AMFAE, MD/Perse: vol. 2, doc. 29, fol.
146v-147v; vol. 6, doc. 19, fol. 168r; AMFAE, CP/Perse: vol. 8: doc. 156, fol.
384r-384v, doc. 157, fol. 385r-385v, doc. 158, fol. 386r; vol. 9, doc. 27, fol.
57v-60v; AN, RE/Perse, AF, 1686 IV, doc. 16, fol. 4; ოლივიე 1807: III, 404, 409, 420).
ფინკენშტეინში დადებული ხელშეკრულებიდან 65 დღის შემდეგ, 1807 წლის 7 ივლისს, ნაპოლეონსა და რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ს შორის ტილზიტში დაიდო საზავო ხელშეკრულება (არნო 1826: I, 84). ეს დოკუმენტი რუსეთსა და საფრანგეთს შორის ევროპის გადანაწილებას, ოსმალეთის საკითხებს და რუსეთისათვის აზიაში დაპყრობების მისი სურვილისამებრ გავრცობას ითვალისწინებდა (ვანდალი 1891: I, 499-504), მასში საერთოდ არ იყო ნახსენები სპარსეთი და ფაქტობრივად აბათილებდა საფრანგეთ-სპარსეთის ხელშეკრულებას.
ნაპოლეონის მიერ ორი ურთიერთგამომრიცხავი ხელშეკრულების დადების მიუხედავად 1807 წლის 4 დეკემბერს თეირანში ჩავიდა საფრანგეთის მისია სრულუფლებიანი მინისტრის, გენერალ კლოდ-მატიე გარდანის10 მეთაურობით. მაგრამ რუსეთის იმპერატორთან დაზავებულ და ევროპაში ომებით დაკავებულ ნაპოლეონს იმჟამად აღარ ეცალა სპარსეთისათვის. შედეგად, 1809 წლის 12 მარტს თეირანში სპარსეთსა და ინგლისს შორის დაიდო ხელშეკრულება,რომელიც უარყოფდა სხვა ქვეყანასთან მანამდე დადებულ ყველა შეთანხმებას (AMFAE, MD/Perse, vol. 6, doc. 40, fol. 221r). სპარსელთა მხრიდან ეს ტილზიტის ზავის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამგვარ ვითარებაში გენერალმა გარდანმა უსარგებლოდ მიიჩნია სპარსეთში დარჩენა და თავისი მისიის წევრებთან ერთად 1809 წლის 17 აპრილს თავრიზიდან ევროპისაკენ თბილისზე გავლით გაემგზავრა (AMFAE, CP/Perse, vol. 14, doc. 289, fol. 294r;
AN, RE/Perse, AF, 1686 IV1 , doc. 4). აქ იკვეთება თბილისის, როგორც აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქალაქის, მნიშვნელობა, რაც იმჟამად საფრანგეთ-რუსეთს შორის დადებული ტილზიტის ზავის შედეგი იყო.
საფრანგეთის მისია 15 მაისს ჩავიდა თბილისში. მთავარსარდალ ტორმასოვს11 მათი მიღების შესახებ უმაღლესი ხელისუფლების საგანგებო მითითებები ჰქონდა: ფრანგები დიდი პატივით უნდა მიეღოთ, გენერალ გარდანისათვის კი ალექსანდრე I-ის სახელით უნდა გადაეცათ, რომ თუკი იგი პეტერბურგში მოისურვებდა გაჩერებას, იმპერატორს ეს ძლიერ ესიამოვნებოდა (აქტები 1870: IV, 684; დიუმა 1815: 75). არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის იმპერატორის ხაზგასმული ყურადღება საფრანგეთის მისიის მიმართ მხოლოდ ზრდილობით არ იყო ნაკარნახევი: ჩანს, რუსებს სპარსეთის შესახებ სანდო ცნობების მიღება უშუალოდ ნაპოლეონის იმ გენერლისაგან სურდათ, რომლის მისიის ოფიცრების დამსახურებაც იყო ის ფაქტი, რომ 1808 წლის შემოდგომაზე ფელდმარშალმა გუდოვიჩმა12 ვერ შეძლო ერევნის ციხის აღება (ნაჭყებია 2007: VII, 38).
ვენსენის სამხედრო არქივში დაცულია 1809 წლის 31 მაისით დათარიღებული ვრცელი მოხსენებითი ბარათი ჩანაწერები საქართველოს შესახებ, რომელსაც ხელს აწერს გენერალ გარდანის ადიუტანტი, ინჟინერი-გეოგრაფოსი ლეიტენანტი ტრეზელი13. თუ ფრანგი აგენტების ზემოთ მოყვანილი ცნობები საქართველოს შესახებ სხვათაგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, ჩანაწერები თვითმხილველის მიერ ადგილზე ნანახი და შეტყობილის საფუძველზეა დაწერილი.
მასში დეტალურადაა აღწერილი საფრანგეთის მისიის წევრების მიერ გავლილი მარშრუტი ერევნიდან თბილისისა და გეორგიევსკის გავლით მოზდოკამდე. მოცემულია ცნობები ამ მხარეების ლანდშაფტის, ჰავის, მდინარეთა ქსელის, გზების მდგომარეობის, დასახლებული პუნქტებისა და მოსახლეობის (რაოდენობა, ეროვნება, რელიგია, საქმიანობა) შესახებ. საგანგებო ყურადღება ეთმობა ამ ტერიტორიებზე მყოფი რუსეთის სამხედრო ძალების შეფასებას, აგრეთვე ქართველებთან და მთის ხალხებთან მათ ურთიერთობებს. „ჩანაწერებს...“ ერთვის ერევნიდან თბილისამდე, თბილისიდან არზრუმამდე და თბილისიდან ახალციხემდე მარშრუტების მანძილების ცხრილი და დასახლებულ პუნქტებში არსებული სახლების რაოდენობა (SHD, n°1486, 1M, fol. 1-75, Notice sur la
Géorgie).
მოხსენებით ბარათში ფრანგი ოფიცერი თბილისის საოცრად ცოცხალ სურათს გვიხატავს.14 იგი წერს:
მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ბორცვის ძირში, ხით, ქვითა და მიწით ნაგები ეს ქალაქი საკმაოდ სასიამოვნო ამფითეატრს ქმნის. იქ დაახლოებით 2000 სახლი (10000 მოსახლე – კ.ტ.) და თლილი ქვით ნაგები საკმაო რაოდენობის საჯარო შენობაა, ძირითადად ეკლესიები ან მონასტრები. ძველი სუვერენები მდინარის მარცხენა ნაპირზე, კლდეზე მდებარე ციხესიმაგრეში ცხოვრობდნენ და ქალაქს ხის ძველი ხიდით უკავშირდებოდნენ. როგორც ყველა ის ციხესიმაგრე, რომელიც მე აზიაში ვნახე, ესეც მრავალ საცხოვრებელ სახლს მოიცავს და თავდაცვის სხვა საშუალება, გარდა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში არსებული დაკბილული კედლისა, არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია ზედა მხარეების წარმატებით დაცვა. ბორცვებზე, რომლებიც ქალაქს მარჯვენა ნაპირიდან დაჰყურებს, დაინახავ ძველ ნაგებობებს, რომლებიც ტიფლისის აჯანყებული მოსახლეობისაგან თავდასაცავად შესანიშნავ თავშესაფარს წარმოადგენს. მტკვარი აქ სწრაფია და ვიწროვდება დაახლოებით ორ პატარა დაბალ კლდეს შორის, ოდნავ ქვევით ის განიერდება. სწორედ ამ მარცხენა ნაპირთანაა თბილი გოგირდიანი წყლები... (...) ორი წლის განმავლობაში აზიის მდუმარე ქალაქებში ცხოვრებით გაბეზრებულნი, რომელთა ვიწრო და უკაცრიელ ქუჩებში მხოლოდ შიშველი კედლების რიგია, ტიფლისი ის პირველი ქალაქია, სადაც ხელახლა სიამოვნებით ვიხილეთ ევროპულ წესებთან მსგავსება, დიდად გავიხარეთ ქრისტიანული ქალაქის ცხოვრებით და იმ ათასი რაღაცით, რაც ადრე ჩვენი ყურადღების მიღმა რჩებოდა ან მომაბეზრებელი გვეჩვენებოდა: საკვებით თუ იარაღით და საომარი აღჭურვილობით დატვირთული ურმების ხმაური, რამდენიმე ძვირფასი ეტლის სწრაფი მოძრაობა, ეკლესიების ზარების არათანაბარი ხმა, ხმაურიანი ბაზრები, სადაც ერთმანეთში არეულან ქართველები, სომხები, სპარსელები და უამრავი რუსი ჯარისკაცი, სიმღერები, ჯარის ნაწილების მუსიკა – სიახლის ეს უწესრიგო ნარევი სამშობლოს გვაგონებდა და ჩვენში უცნაურ ემოციას იწვევდა (SHD, n°1486, 1M, fol. 31-33).
ლეიტენანტი ტრეზელის შემდეგი ცნობა ხაზს უსვამს ‘აზიის მდუმარე ქალაქებსა’ დათბილისში არსებულ საქალაქო ცხოვრებას შორის განსხვავებას: აზიაში ნანახი სახლებისაგან განსხვავებით, თბილისში სახლებს არ ჰქონდათ მაღალი ღობე, ოჯახები საღამოს ღია, ოდნავ ამაღლებულ ტერასაზე ატარებდნენ, ერთმანეთს ხედავდნენ და ესაუბრებოდნენ; ეკლესიიდან გამოსული ქალები ბაღში სეირნობდნენ; სასიამოვნო იყო მაისის მშვენიერ საღამოს მტკვრის ნაპირებზე მოსეირნე, ბუნებრივი სილამაზით შემკული ქართველი ქალების ცქერაც. ლეიტენანტი მათ ჩაცმულობასაც აღწერს: სპილოსძვლისებრი შუბლი შემორკალული იყო პატარა თეთრი დიადემით, მასზე სელის გრძელი ვუალი იყო დამაგრებული, რომელიც მათ სხეულს დიდ სინატიფესა და დიდებულებას ანიჭებდა (SHD, n°1486, 1M, fol. 31-33). ტიფლისელი ქალების ასე დეტალური აღწერა ფრანგი ოფიცრისათვის აღმოსავლეთის საქალაქო ცხოვრებისაგან ერთ-ერთი პრინციპულად განმასხვავებელი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო: იქ ქალები საჯაროდ საერთოდ არ ჩნდებოდნენ, ხოლო ნათესავებთან სტუმრობისას თუ აბანოში წასასვლელად, ჩადრში გახვეულები სახლიდან მხოლოდ თანმხლებლებთან ერთად გადიოდნენ (ნაჭყებია 2006: VI, 38).
ლეიტენანტ ტრეზელის სხვა ცნობით, მთავარსარდალ ტორმასოვის მიერ გამართულ საზეიმო ვახშამზე საფრანგეთის მისიის წევრებთან ერთად სტუმრად იყვნენ მიწვეულნი იმერეთის ყოფილი დედოფალი,15 რომელსაც მალე თავისი ვაჟი პეტერბურგის კოლეჯში უნდა წაეყვანა სასწავლებლად; საქართველოს უკანასკნელი ვალის16 ერეკლეს, შვილები – კათალიკოსად დანიშნული პრინცი ანტონი და პრინცესა, მისი და17; სომეხთა პატრიარქი18 და ერთი ქართველი დიდგვაროვანი – გენერალ ბაგრატიონის ძმა.19 ამ სტუმართაგან არც ერთს არ ესმოდა არც ფრანგული და არც რუსული, მაგრამ ჩანდა, რომ ყველა შესანიშნავად ეწყობოდა ევროპულ სუფრას (SHD, n 1486, 1M, fol. 34). ამ საღამოზე ერეკლეს II-ის ოჯახის წევრებისა და თბილისის მაღალი საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიჟებით გენერალ ტორმასოვს, ჩანს, ნაპოლეონის წარგზავნილთათვის საქართველოში რუსეთის ხელისუფლებისა და სამეფო ოჯახების ურთიერთკეთილი დამოკიდებულების დემონსტრირება სურდა.
საგანგებო ყურადღებას იმსახურებს ლეიტენანტ ტრეზელის ჩანაწერების ბოლო თავი – რუსების მდგომარეობა საქართველოში. ლეიტენანტი ტრეზელი ეხება აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წელს თბილისის აოხრების მიზეზს, ახასიათებს რუსეთის მთავრობის მიერ საქართველოში გაგზავნილ მთავარმმართებლებს – გენერლებს ციციანოვს, გუდოვიჩს და ტორმასოვს, ეხება საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის შემადგენლობას და მათი განლაგების ადგილებს. აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობის მიერ კავკასიაში გაგზავნილ გენერლებს ნაბრძანები ჰქონდათ ახლადდაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მაგრამ ტრეზელი იქვე დასძენს, რომ ქართველები, განსაკუთრებით კი მთის ხალხი, მათ თავს არ მოატყუებინებდა და ამგვარ მოპყრობას დამპყრობლის სისუსტედ არ მიიჩნევდა. ქართველების ნაწილი გრძნობდა, რომ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ნაცვლად, საქართველო ხდებოდა რუსეთის იმპერიის პატარა პროვინციად და ეს დამცირება ლახავდა მათ თავმოყვარეობას.
ფრანგი ოფიცრის აზრით, რუსების მიერ სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად 12000 კაცის გაყვანა საკმარისი იყო, მაგრამ მხოლოდ იმის გათვალისწინებით, თუ რას მოელოდნენ რუსეთის და სპარსეთის მთავრობები სანაცვლოდ ამ ომიდან. მისი ვარაუდით, პეტერბურგის კარი სპარსეთის წინააღმდეგ არასოდეს არ გაგზავნიდა დიდ ძალებს, ფათჰ-ალი შაჰი კი – პირიქით, მთელ თავის ძალებს გაიყვანდა. იმჟამად რუსებისათვის ეს არ იქნებოდა მეტად საშიში, თუკი ისინი საქართველოში კარგად დამკვიდრდებოდნენ და მშვიდად მართავდნენ კავკასიას, რაც, ტრეზელის აზრით, კარგი იქნებოდა. ფრანგი კონსულებისა და ნაპოლეონის ემისრების ზემოთ მოყვანილი ცნობებისაგან განსხვავებით, აქ ლეიტენანტ ტრეზელის დადებითი დამოკიდებულება ჩანს საქართველოსა და ზოგადად კავკასიის მიმართ რუსეთის იმპერიის მიერ გატარებული პოლიტიკისადმი. მაგრამ ლეიტენანტი არც იმ შესაძლებლობას გამორიცხავდა, რომ სპარსელებს ჯერ კიდევ შეეძლოთ რუსებისთვის საქართველოს გამოგლეჯა, თუკი ქართველებისათვის ძველი მთავრობისა და უკეთესად აწყობილი შიდა მმართველობის აღდგენის გარანტიას მისცემდნენ, ქართველები კი სიამოვნებით აღადგენდენ იმ სუსტ კავშირებს, რომლებიც მათ სპარსეთის იმპერიასთან აკავშირებდათ.
მოგვყავს ლეიტენანტ ტრეზელის ჩანაწერების ბოლო თავის – რუსების მდგომარეობა საქართველოში – სრული თარგმანი:
რუსების
მდგომარეობა
საქართველოში
ერეკლე ხანის (Herekle Khan, Heraclius), საქართველოს უკანასკნელი ვალის (Vahli) მიერ 1783 წელს ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რუსები გამუდმებით ინარჩუნებენ [თავიანთ] თავს ამ პროვინციაში, მიუხედავად სპარსეთის ამჟამინდელი იმპერატორის ბიძის, საჭურისი აღა-მაჰმა-ხანის (l’Eunuque Aga Mehmet Khan), ძალისხმევისა. 1795 წელს იგი მივიდა [იქ] ამ ღალატისათვის ვალის ოჯახის დასასჯელად და საქართველოს ასაოხრებლად. გაჰყო რა თავისი ჯარი სამ ნაწილად, ერთი გაგზავნა შირვანში (Chirvan), მეორე – ერევნის ციხისკენ, რომელიც მაშინ რუსებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული, თვითონ კი მარჯვენა ცენტრით თბილისზე წავიდა, გაძარცვა და ორივე სქესის მთელი ახალგაზრდობა, ვინც კი მოიხელთა, სპარსეთში მონებად წაასხა.20 ამჟამად ამ ტყვეების დიდი რაოდენობა დაბალ თანამდებობებზე მსახურობს მთავრობასა და ჯარში. ამ ლაშქრობის ყველა ნაწილი ასეთივე სისასტიკით იქცეოდა და ეს დაუღალავი პრინცი 1797 წელს შუშაში, თავისივე კარავში რომ არ მოეკლათ, რუსები კავკასიის გადაღმა იქნებოდნენ განდევნილები.
მისი მემკვიდრე ფათჰ-ალი შაჰი (Fet-Ali-chã), რამდენიმე წლის განმავლობაში მეტად დაკავებული იყო თავისი ტახტის განმტკიცებით და სხვადასხვა პროვინციების თავის დაქვემდებარებაში მოქცევით, რათა ხელი შეეშალა რუსებისათვის საქართველოს, შირვანისა და ირგვლივ მყოფი სხვა პროვინციების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების წამოწყებაში.
ამ ქვეყანაში მრავალი გენერალი და მმართველი შეიცვალა. ბოლო მმართველის წინამორბედი, წარმოშობით ქართველი, ყველასაგან გამოირჩეოდა ბრწყინვალე სიმამაცით და მეტად მტკიცე ხასიათით. მისი სამხედრო მოქმედებები, ხშირად გაბედული, ყოველთვის ისეთი სიმძაფრით ტარდებოდა, რომ მის განკარგულებაში არსებული მცირე ძალების მიუხედავად, თითქმის ყოველთვის წარმატებით დაგვირგვინებულა. თავად ციციანოვს (Sitzianof) ის-ის იყო ბაქო (Bakhou) უნდა დაეკავებინა, როდესაც იგი გამცემლურად მოკლა ამავე ქალაქის გუბერნატორმა, რომელმაც იგი რუსეთის ბანაკის გარეთ შეხვედრაზე დაითანხმა მისთვის ამ ადგილის [ბაქოს] ჩაბარების მიზეზით21.
ჯარის მთავარსარდალის პოსტზე ეს (ქართველი) თავადი შეცვალა მარშალმა გრაფმა გუდოვიჩმა და ამას გარდა იგი შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე ყველა პროვინციის სრულუფლებიან სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა, რომელიც მოიცავს კავკასიის სამ გუბერნიას, ყუბანსა და ასტრახანს. მარშალი გუდოვიჩი მთელი სიცოცხლე თურქების და სპარსელების წინააღმდეგ მეთაურობდა ჯარს. მისი გონიერი, მაგრამ გამოცდილი გამბედაობა, ანაპას აღება22 და ზოგი სხვა წარმატება რუსეთის მთავრობას იმის იმედს აძლევდა, რომ ამ თითქმის ოთხმოცწლოვან მოხუცს კვლავ ეყოფოდა ენერგია შეტევითი ომის საწარმოებლად, ხოლო მისი კეთილგონიერება და პატიოსნება წესრიგს დაამყარებდა იმ ახლად დაპყრობილი ქვეყნის ადმინისტრაციაში, რომლის საბოლოოდ მიერთებაც სურდათ იმპერიისათვის.
მათი იმედები არ გაცრუებულა. მაღალმა ღირსებებმა გენერალ-გუბერნატორს ქართველების პატივსცემა და კავკასიის მრავალი ტომის ბელადის ნდობაც კი მოაპოვებინეს. მან შეინარჩუნა მანამდე დაპყრობილი [ტერიტორია] და გაზარდა კიდეც ის, მაგრამ ერევნის უკანასკნელ ალყას წარმატება არ მოჰყოლია;23 მარშალმა თავისი გაწვევა ითხოვა და ის ისე მიიღო, რომ არ დაუკარგავს ნდობა თავისი სუვერენისა, რომელმაც იგი მოსკოვის სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორად დანიშნა.
1789 წელს24 ის მთავარსარდალმა გრაფმა ტორმასოვმა შეცვალა, რომელიც ჯერ კიევის, თავისი მშობლიური ქალაქის სამოქალაქო და სამხედრო გუბერნატორი იყო, შემდეგ კი რიგისა. იგი დაახლოებით 55 წლისაა და ქვაში გამოკვეთილი ბრგე მამაკაცის გარეგნობა აქვს. ისე ჩანს, რომ ჯარი მას მეტ ნდობას უცხადებს, ვიდრე მის წინამორბედს. გენერალს სასიამოვნო მანერები აქვს და თავი ღირსეულად უჭირავს.
ცოტა ხნის წინ იგი თურქების წინააღმდეგ იბრძოდა, 1794 წელს კი პოლონეთის უკანასკნელი თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ. ეს ბოლო ომი არ იყო მისთვის წარმატებული.25
საქართველოს ჯარი ამჟამად შედგება ხაზის ინფანტერიის დაახლოებით 35 ბატალიონის, დრაგუნების სამი ასეულისა და დონის კაზაკების ხუთი ასეულისაგან. პირადი შემადგენლობა 30000 კაცია. ჯარი დგას იმერეთში (l'Imirette), დაღესტანში (le Daghestan), შირვანში (le Chirvan), მთელი საქართველოსა და ბამბაკის (Pimbek) ოლქში, რომელიც წინათ ერევნის (Irevan) მთავრობას ექვემდებარებოდა, მაგრამ მტკვრის (Khur) აუზში მდებარეობს. რამდენიმე სამხედრო ნაწილი იცავს ასტარას (d'Astara) და ლენქორანის (Langkheran) ხანს26, რომელიც რუსეთის მთავრობის მფარველობის ქვეშ გადავიდა და რომლის ტერიტორიაც კასპიის ზღვით ესაზღვრება გილანს.
მე ვნახე სარატოვსკის (Sarastoki), ტიფლისის (Tiffliski), კავკასიის (Kavkaski), ხერსონის (Kersouski) და ყაბარდოს (Kabardinski) პოლკები, თითოეული სამ ბატალიონად, რომლებიც ნოვოროსიისკის (Navraski) და ბორისოგლების (Barisogles) დრაგუნთა პოლკებთან ერთად წარმოადგენს ამ ჯარის რეგულარულ ნაწილს. ინფანტერიის პოლკში სამხედრო სამსახურში 1800 კაცზე ნაკლებია. დრაგუნების პოლკს ჰყავს 350 ცხენით მეტი და კაზაკებს, რომელთა რაოდენობა პოლკში 500 კაცია და 1000 ცხენი, არ ჰყავთ დრაგუნებზე მეტი ცხენი. ტიფლისის მთავარი შტაბის არტილერიის სარეზერვო პარკში არის 12, 8, 4 და 2 კალიბრის 45 დანადგარი.
დაარსებულ გარნიზონებს კამპანიაში მხოლოდ 17 ბატალიონის, დრაგუნების ორი პოლკის და კაზაკების ნაწილის გაყვანა შეუძლია, სულ დახლოებით 12 ათასი კაცისა. ეს ძალები აქამდე საკმარისი იყო პოზიციების შესანარჩუნებლად და სპარსელთა წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ იმ დაინტერესების ხარისხის გათვალისწინებით, რაც რუსეთის და სპარსეთის მთავრობებს უნდა ჰქონდეთ ამ ომის მიმართ. სავარაუდოა, რომ პეტერბურგის კარი არასოდეს არ გაგზავნის იქ დიდ ძალებს, ფათჰ-ალი შაჰი კი, პირიქით, ბოლოს მთელ ძალებს იქით გადაისვრის. ეს მომენტი ჯერ არ ყოფილა საშიში რუსებისათვის, თუკი ისინი კარგად გაძლიერდებიან საქართველოში და მშვიდად დაეპატრონებიან კავკასიას. კარგი იქნებოდა, ასე რომ იყოს. მთის ყველა ხალხი მათ [რუსებს] ცალ-ცალკე ებრძვის, რაც მოითხოვს მრავალ პატარა გამაგრებულ გარნიზონს, რათა ჯერ კიდევ გაუვალ გზებზე ბადრაგად გაჰყვნენ ეტლებს, რომლებიც მოზდოკიდან ტიფლისისაკენ მიემართებიან. არანაკლებ საშიშია მთავარი შტაბის კავშირი სხვადასხვა ადგილებში განლაგებულ საჯარისო ნაწილებთან, [რადგან] ეს საკვებით კაზაკების ყოველდღიურ მომარაგებას საჭიროებს. ისინი ვერ სცილდებიან თავიანთ პოსტებს, რადგან მათ ლეკების (les Lesguis), ჰუზების (les Hauzes) ან თურქების (les Turcs) მიერ თავის მოკვეთა ემუქრებათ. ტიფლისში სწორედ ჩვენი ჩასვლის წინ ლეკებმა ქალაქიდან ერთი ლიეს დაცილებით ხერსონის ინფანტერიის პოლკს ყველა ცხენი წაართვეს.
ბამბაკის და გუმრის პოლკები (რომლებიც ყარსის გზაზე მდებარეობენ), საკვებს და აღჭურვილობას ტიფლისიდან იღებენ, ჯარის დანარჩენი ნაწილისაგან მოწყვეტილები არიან და მეტად სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, თუკი სპარსელები და ახალციხელი თურქები მათ მდ. ლორის ორივე ნაპირიდან ერთდროულად დაესხმებიან თავს აღალის წასართმევად და სადევნად. უეჭველია, რომ ამ ორი ხალხის საერთო ძალისხმევა საქართველოში რუსებისათვის მეტად დამანგრეველ ომს გააჩაღებს.
თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად მათ აკლიათ ქალაქები ახალციხე (Akalziké), ყარსი (Kars) და ბაიაზეთი (Bajazid), ერევანი (Irevan) და ნახჭევანი (Nakchivan). ამ ორი უკანასკნელი [ქალაქის] და არაქსის მთელი დინების გადაცემა [რუსებმა] ფათჰ-ალი შაჰს შესთავაზეს როგორც ზავის აუცილებელი პირობა (sine qua non) (1809 წლის ივნისი). 27
კავკასიაში გაგზავნილ თავის გენერლებს მთავრობამ რბილად და მოწიწებით მოქცევა უბრძანა, რაც მოკრძალებულობას ჰგავს. უეჭველია, ისინი უნდა ეცადონ ახალდაპყრობილი ქვეყნის მოსახლეობის ნდობის მოპოვებას, თუმცა უნდა გაფრთხილდნენ, რომ არ მოტყუვდნენ და ეს დამპყრობლის სისუსტეს არ მიეწეროს. მეჩვენება, რომ ამგვარია ახსნა, რომლებსაც ქართველები და მეტადრე მთის ხალხი ანიჭებს ამ სისტემას. გაოცებულთ, რომ ასე დიდი ერის ყურადღების სუბიექტებად იქცნენ, მათ რუსებთან ლაღად უჭირავთ თავი, რაც [რუსების] აბუჩად აგდებას ჰგავს. აღსაშფოთებელია იმის ხილვა, რომ ღირსეული კაცები, ორდენოსანი ვეტერანი ოფიცრები, ყოველგვარ სამხედრო პატივს მიაგებენ საცოდავი ტომის ბელადს, რომელიც ჯარში მაიორის თუ პოლკოვნიკის ჩინის დათანხმებას ინებებს; ყოველთვის, როდესაც სამხედრო აღალმა უნდა გადაიაროს მის საცოდავ სამფლობელოზე, დაცვა უნდა სთხოვო, [რადგან] რა დიდიც არ უნდა იყოს ესკორტი, განადგურდება, თუ მას არ გააძლიერებს ჰუზების (Hauzes)28 ბელადი თავისი ან რომელიმე თავისი ბანდიტის თანხლებით, რომლებსაც ამგვარ შემთხვებში მუდამ უხვად უხდიან. ანალოგიური დამოკიდებულებაა ქართველების მიმართაც. მთავარი ოჯახებისათვის გაზრდილია საგანგებო უფლებები და თანამდებობები. უამრავი ე.წ. თავადი მიიჩნიეს ამგვარად და ისინი მთავრობისაგან პენსიას იღებენ. ტიფლისში დაარსებულია სემინარია და სამხედრო სასწავლებელი. რუსეთის იმპერატორმა დიდი ხარჯი გასწია ამ ქალაქიდან მოზდოკამდე ეტლების სავალი გზის გასაყვანად. ყველაფერში უზარმაზარ ფასს იხდის ჯარიც. თავისი სურსათი რუსეთიდან ჩამოაქვს და ამასობაში მთელ ფულად სახსრებს ამ ქვეყანაში ტოვებს. დაბოლოს, მთავრობა გაწეული ხარჯის მეათედსაც კი ვერ იღებს, რასაც ამ დაპყრობის შენარჩუნება მოითხოვს.
მათთვის მინიჭებული ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, ქართველებმა მცირე მონდომება გამოიჩინეს თავიანთი ახალი სამშობლოსათვის. ორბელიანები (Orbellianof), ციციანოვები (Sitzianof) და ბაგრატიონები (Bagration) ერთადერთი დიდი ოჯახებია, რომლებიც მთლიანად მის [რუსეთის] მხარეს დადგნენ, სხვები გრძნობენ რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნაცვლად, საქართველო ხდება რუსეთის იმპერიის პატარა პროვინციად და ეს დამცირება ლახავს მათ თავმოყვარეობას29. რუსების სასარგებლოდ მათი ძალისხმევა იმდენად მცირე იყო, რომ ამ უკანასკნელებმა დღემდე მხოლოდ 400-დან 500-მდე კაციანი ბატალიონის შექმნა შესძლეს და როგორც ჩანს, მეტის შეიარაღებას ვერ ბედავენ. მათ იციან, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პიროვნებებს არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა სპარსელებთან, რომლებთანაც კვლავ იმყოფება ერეკლეს (Héraclius) შვილიშვილი და მისი შვილთაშვილები30. იმ პოლკებში, რომლებიც ტიფლისის, ყაბარდოს, კავკასიის და სხვ. სახელს ატარებენ, ძლივს ნახავ რამდენიმე ადგილობრივ კაცს. ისინი ჯარის ყველა ნაწილიდან შეკრებილი ჯარისკაცები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველა რუსი ოფიცერი, რომელიც დატყვევებული იყო საფრანგეთთან ომის დროს, გაგზავნეს მოლდავეთის და საქართველოს ჯარებში. ამ უკანასკნელთა შორის, როგორც ჩანს, შეარჩიეს ის ოფიცრები, რომლებიც საფრანგეთამდე ჩავიდნენ და იქ ყველაზე მეტ ხანს იყვნენ.31
მათთვის მინიჭებული ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, ქართველებმა მცირე მონდომება გამოიჩინეს თავიანთი ახალი სამშობლოსათვის. ორბელიანები (Orbellianof), ციციანოვები (Sitzianof) და ბაგრატიონები (Bagration) ერთადერთი დიდი ოჯახებია, რომლებიც მთლიანად მის [რუსეთის] მხარეს დადგნენ, სხვები გრძნობენ რომ სახელმწიფოს ჩამოყალიბების ნაცვლად, საქართველო ხდება რუსეთის იმპერიის პატარა პროვინციად და ეს დამცირება ლახავს მათ თავმოყვარეობას29. რუსების სასარგებლოდ მათი ძალისხმევა იმდენად მცირე იყო, რომ ამ უკანასკნელებმა დღემდე მხოლოდ 400-დან 500-მდე კაციანი ბატალიონის შექმნა შესძლეს და როგორც ჩანს, მეტის შეიარაღებას ვერ ბედავენ. მათ იციან, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პიროვნებებს არ შეუწყვეტიათ ურთიერთობა სპარსელებთან, რომლებთანაც კვლავ იმყოფება ერეკლეს (Héraclius) შვილიშვილი და მისი შვილთაშვილები30. იმ პოლკებში, რომლებიც ტიფლისის, ყაბარდოს, კავკასიის და სხვ. სახელს ატარებენ, ძლივს ნახავ რამდენიმე ადგილობრივ კაცს. ისინი ჯარის ყველა ნაწილიდან შეკრებილი ჯარისკაცები არიან. აღსანიშნავია, რომ ყველა რუსი ოფიცერი, რომელიც დატყვევებული იყო საფრანგეთთან ომის დროს, გაგზავნეს მოლდავეთის და საქართველოს ჯარებში. ამ უკანასკნელთა შორის, როგორც ჩანს, შეარჩიეს ის ოფიცრები, რომლებიც საფრანგეთამდე ჩავიდნენ და იქ ყველაზე მეტ ხანს იყვნენ.31
იმის მიხედვით, რაც ვნახე, მეჩვენება, რომ სპარსელებს ჯერ კიდევ შეუძლიათ რუსებისთვის საქართველოს გამოგლეჯა, თუკი ისინი ქართველებისათვის ძველი მთავრობის და უკეთ აწყობილი შიდა მმართველობის აღდგენის დაპირებას მოისურვებენ, ისინიც სიამოვნებით აღადგენენ იმ სუსტ კავშირებს, რომლებიც მათ სპარსეთის იმპერიასთან აკავშირებდათ. ეს ცვლილება უმნიშვნელო არ იქნება ამ იმპერიისა [სპარსეთისა] და თურქეთისათვის; ეს რუსეთს წაართმევს საუკეთესო სამშენებლო ხის მასალას იმერეთიდან, ასე კარგად რომ ეზიდება სებასტოპოლის დიდი პორტიდან და [იმ] მოლოდინს, რომ გილანისა და ერევნის მდიდარი პროვინციები მათ მალევე უხვად უზრუნველყოფდნენ ისეთი ძვირფასი პროდუქტით, როგორიცაა ბრინჯი, ღვინო, აბრეშუმი, შაქრის ლერწამი და ყოველგვარი სამხრეთული ხილი (SHD, n°1486, 1M, fol. 63-72).
შენიშვნები
1. „მუხლი 3. მისი უდიდებულესობა საფრანგეთის იმპერატორი იტალიის მეფე საქართველოს მისი უდიდებულესობა სპარსეთის იმპერატორის კანონიერ კუთვნილებად ცნობს. მუხლი 4. იგი [ნაპოლეონი] იღებს ვალდებულებას, ყოველი ღონე იხმაროს, რათა აიძულოს რუსეთი დატოვოს საქართველოსა და სპარსეთის ტერიტორიები და ამას სამშვიდობო ხელშეკრულებით მიაღწიოს. ეს ევაკუაცია მისი პოლიტიკისა და ყურადღების მუდმივი საგანი იქნება“ (გარდანი 1868: 71-72).
2. ფრანგი ისტორიკოსის ლეფევრ დე ბეკურის შეფასებით, ფინკენშტეინის ხელშეკრულებაში სპარსეთისათვის უმნიშვნელოვანესს, ლამის ერთადერთსა და აუცილებელს, წარმოადგენდა მუხლები საქართველოს შესახებ, დანარჩენი კი მხოლოდ ზედმეტი ტვირთი იყო (AMFAE, MD/Perse, vol. 8, doc. 25, 1839).
3. ჟან-ფრანსუა ქსავიე რუსო (1738-1808) – სპარსეთში, ქ. ჯულფაში დაბადებული და აღზრდილი ცნობილი ფრანგი დიპლომატი და თვალსაჩინო აღმოსავლეთმცოდნე. მისი მამა, მესაათე-იუველირი ჟაკ რუსო (1679-1753) ლუი XIV-ის მიერ შაჰ სულთან ჰუსეინთან 1705 წელს გაგზავნილ ელჩობას გაჰყვა, სპარსეთში დარჩა და ჯერ სეფიანთა, შემდეგ კი ნადირ შაჰის იუველირი იყო (სასი 1810: 2-3; რუსო 1899: iv-x).
4. საფრანგეთ-თურქეთის 1802 წლის 25 ივნისის ხელშეკრულების შედეგად ანატოლიის შავიზღვისპირეთში საფრანგეთის სამი საკონსულო დაარსდა: ლუი-ალიე დე ოტეროში ერეგლიში დაინიშნა კონსულად, პასკალ ფურკადი – სინოპში, პიერ დიუპრე კი – ტრაპიზონში (დეერენი 1929-1930: I, 242).
5. ჟან-ბატისტ-ლუი-ჟაკ (ჟოზეფ) რუსო, ბარონი, (1780-1831) – ჟან-ფრანსუა რუსოს ვაჟი, ცნობილი დიპლომატი და აღმოსავლეთმცოდნე. საფრანგეთის გენერალური კონსული ბასრაში (1805-1808), ალეპოში (1808-1814), ბაღდადსა (1814-1824) და ტრიპოლიში (1824-1831), საფრანგეთის “დამწერლობისა და სიტყვიერების” აკადემიის (l’Académie des Inscriptions et Belles-Lettres) წევრი (რუსო 1899: iv-xv; დეერენი 1929-1930: II, 26-27).
6. აღა-მაჰმად-ხანი (1742-1797), ყაჯართა დინასტიის დამაარსებელი, სპარსეთის შაჰი 1796-1797 წლებში.
7. გიომ-ანტუამ ოლივიე (1756-1814) – ფრანგი ნატურალისტი, ენტემოლოგი და ბოტანიკოსი. როდესაც ნაპოლეონი სპარსეთით დაინტერესდა, მან დაჟინებით მოსთხოვა ოლივიეს ამ ქვეყანაზე ცნობების გამოქვეყნება, ხოლო როდესაც ფრანგმა მეცნიერმა ამ ნაშრომის გამოსაქვეყნებლად მას დაპირებული 15000 ფრანკის გადახდა მოსთხოვა, იმპერატორს საკმაოდ უხეშად უპასუხია, რომ «ამ თანხას იგი მხოლოდ სპარსეთის შესახებ მესამე ტომის გამოსვლის შემდეგ მიიღებდა» (გაფარელი 1908: 391).
8. ანტუან-ალექსანდრ რომიე (1764-1805) – 1802-1804 წლებში კორფუში საფრანგეთის სავაჭრო ურთიერთობათა გენერალური კომისარი. 1805 წლის 1805 წლის 24 სექტემბერს ჩავიდა თეირანში, სადაც იგი ძალიან მალე, 12 ოქტომბერს გარდაიცვალა (გოტერი 1993: № 468, 412-413; ნაჭყებია 2002: 318-323).
9. პიერ-ამედე-პრობ-ემილიენ ჟობერი (1779-1847) – საპატიო ლეგიონის ოფიცერი, შემდგომში თვალსაჩინო აღმოსავლეთმცოდნე, დიპლომატი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის დამწერლობის და სიტყვიერების აკადემიის (L’Académie des Inscriptions et Belles-Lettres) წევრი (1830), პარიზის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი (1835), პარიზის სააზიო საზოგადოების პრეზიდენტი და ცოცხალი აღმოსავლური ენების სკოლის დირექტორი (1838), საფრანგეთის პერი (1845) (ჟობერი 1997: 6-12; ელო-ბელიე 2007: 94-96).
10. კლოდ–მატიე დე გარდანი, გრაფი (1766–1818) – ნაპოლეონის ადიუტანტი, ბრიგადის გენერალი. 1807–1809 წლებში სპარსეთში საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი. მონაწილეობდა აუსტერლიცის, იენისა და ეილაუს
ბრძოლებში (ბროკი 1992, 204).
11. ალექსანდრე პეტრეს ძე ტორმასოვი (1752-1819) – რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს მთავარმართებელი 1808-1811 წლებში.
12. ივანე ვასილის ძე გუდოვიჩი (1741-1820) – გრაფი (1797), რუსეთის არმიის ფელდ-მარშალი (1807), თავისი დროის ერთ-ერთი განათლებული პიროვნება. ესწრებოდა ლექციებს კენიგსბერგის და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1806 წელს ალექსანდრე I-მა იგი ჯარების სარდლად დანიშნა კავკასიაში; გუდოვიჩმა დაიპყრო ბაქო, შაქისა და დარუბანდის სახანოები, 1807 წელს ოსმალთა ჯარი დაამარცხა არფაჩაისთან, მაგრამ ვერ აიღო ახალქალაქი (1807) და ერევანი (1808). 1809-1812 წლებში იგი იყო მოსკოვის მთავარსარდალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და სენატორი.
13. კამილ-ალფონს ტრეზელი (1780–1866) – საფრანგეთის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, საპატიო ლეგიონის ოფიცერი (1813), დივიზიის გენერალი (1837), საფრანგეთის პერი (1846), 1847 წელს 9 მაისიდან 1848 წლის
თებერვლის რევოლუციამდე – საფრანგეთის სამხედრო მინისტრი და საფრანგეთის მარშალი. იგი ხელმძღვანელობდა ლუი-ფილიპეს შვილიშვილების, ტახტის მემკვიდრის – პარიზის გრაფის ორლეანის პრინცისა და შარტრის ჰერცოგის სამხედრო აღზრდას (SHD, 7Yd/1134; AN, RE/Perse, 1686 IV1, doc. 10; AN, LH, 2628/33; AMFAE, MD/Perse, vol. 7, doc. 32bis; დიუმა 1915: 8; ბროკი 1992: 423).
14. ლეიტენანტ ტრეზელის რამდენიმე ცნობა საქართველოს შესახებ მოყვანილია პროფ. ი. ტაბაღუას მონოგრაფიაში (ტაბაღუა 1974: 22-26). ჩვენ ეს ხელნაწერი ვთარგმნეთ და ვამზადებთ გამოსაცემად.
15. იგულისხმება იმერეთის მეფის, დავით II-ს მეუღლე ანა, მამუკა ორბელიანის ქალიშვილი. იგი თავის ვაჟთან, კონსტანტინესთან ერთად, 1810 წელს ჩავიდა რუსეთში (გონიკიშვილი 1986: 135-136). კონსტანტინე ბატონიშვილი მონაწილეობდა 1812 წლის სამამულო ომში. დააჯილდოვეს ვლადიმირის ორდენით. მისი ვაჟები რუსეთში „იმერეტინსკებად“ ან „ბაგრატიდ-იმერეტინსკებად“ იწოდებოდნენ.
16. გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში „ვალი“ ანუ სპარსეთის შაჰის მოადგილე, ნაცვალი. ასე იხსენიებდნენ ერეკლე II-საც.
17. ანტონ II (1764-1827) – ერეკლე I-ის ძე, ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი, აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. 1811 წელს იგი რუსეთში გაიწვიეს, ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდში, დაკრძალულია იქვე, ხარების ტაძარში. ვერ დავადგინეთ ერეკლე II-ს რომელი ქალიშვილი ესწრებოდა ამ საღამოს.
18. იგულისხმება სომეხთა კათალიკოსი ნერსესი (1760-1857).
19. ტექსტში: ‘un seigneur géorgien frère du général prince Bagration’ (SHD, n°1486, 1M, fol. 34). ავტორი აქ უზუსტობას უშვებს, რადგან გენერალ პეტრე ბაგრატიონის ძმები – რომანი (რევაზ) და ალექსანდრე – რუსეთის სამხედრო სამსახურში იდგნენ და შესაბამისად, მათ კარგად უნდა სცოდნოდათ რუსული და ფრანგული ენები.
20. დავით კაციტაძის ნაშრომში აღნიშნულია, რომ აღა-მაჰმად-ხანმა თბილისიდან ორივე სქესის 22000 მშვიდობიანი მცხოვრები წაიყვანა ტყვედ (კაციტაძე 2001: 441). ზურაბ შარაშენიძე წერს, რომ სპარსელ ისტორიკოსთა ნაშრომების მიხედვით აღა-მაჰმად-ხანმა საქართველოდან 15000 ტყვე გაიყვანა, ერეკლე მეფის მიერ გუდოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში 30000 ქართველი ტყვეა ნახსენები, ჯ. მალკოლმის მიერ „სანდო ქართველი და სომეხი პირებისაგან“ მიღებული ცნობების თანახმად – 25000 ტყვე (შარაშენიძე 1970: 168). ამედე ჟობერი სპარსეთში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ საჭურისმა საქართველოდან 15000 მონა გაიყვანა (ჟობერი 1997: 149), რაც სპარსელი ისტორიკოსების ცნობებს ემთხვევა. შამპოლეონ-ფიჟაკის ცნობით, «აღა-მაჰმად-ხანმა 1795 წელს ტიფლისიდან 16000 ახალგაზრდა ტყვე წაიყვანა» (შამპოლიონ-ფიჟაკი 1860: 435). აღნიშნულ მოვლენათა თანამედროვე სომეხი ავტორის, სერობ გრიჩის ცნობის თანახმად, საქართველოდან გაყვანილ ტყვეთა რიცხვი 50000 იყო, ანონიმი სომეხი ავტორის ცნობით, დახოცილთა და დატყვევებულთა რიცხვი, როგორც სომხებს, ისე ქართველებს შორის, 50000 იყო; აგრეთვე სომეხი ავტორის ვარდან ოძნეცის ცნობით – 16000 (ჭუბაბრია 1994: 11, 24, 46, 72, 80). საიდ მულიანი რეზა-ყული ხან ჰედაიათის ცნობაზე დაყრდნობით, წერს, რომ “(...) ცხრა დღე იყო იქ [საქართველოში]და 15000 ტყვე გამოიყვანეს’ (მულიანი 1379/2001: 193).
21. პავლე ციციანოვის მკვლელობის შესახებ ნ. დუბროვინის, ნ. ბერძენიშვილისა და სპარსელ მეისტორიეთა ცნობებზე დაყრდნობით ზ. შარაშენიძე წერს: ‘რუსეთის ჯარი 1806 წლის 30 იანვარს მიადგა ბაქოს. ციციანოვმა 300 კაცი გაგზავნა ზავალიშინის დასახმარებლად. ეს უკანასკნელი ზღვიდან მოსდგომოდა ქალაქს. მთავარსარდალმა ქალაქის ჩაბარება მოითხოვა. ბაქოს ხანი დათანხმებულა ქალაქის დისკრეციით გადაცემაზე. 200 კაცის თანხლებით გაემართა ციციანოვი დანიშნული ადგილისაკენ, სადაც ოფიციალურად უნდა მიეღო ბაქო. ბაქოს მმართველმა ციციანოვს გადასცა ქალაქის გასაღები. ხანს ციციანოვი გაშლილ ნოხზე მიუწვევია, ჩამომსხდარან. ყალიონის გაბოლება შეუთავაზებიათ მთავარმართებლისათვის და ამ დროს ხანის ნათესავს, იბრაჰიმს, კეფაში დაუხლია ტყვია ციციანოვისათვის. მეორე გასროლით კი მისი თანმხლები ელიზბარ ქსნის ერისთავი მოუკლავს. იბრაჰიმს ციციანოვისათვის თავი მოუკვეთია და ციხისაკენ გაქანებულა. შემდეგ, ციციანოვის მოკვეთილი თავი თავრიზში ჩაუტანიათ, იქიდან კი თეირანში წაუღიათ და შაჰისათვის მიურთმევიათ, როგორც ძვირფასი საჩუქარი. სპარსელ ისტორიკოსს, აბდ ორ-რაზაყ დომბოლის დიდ ვაჟკაცობად არ ჩაუთვლია მთავარმართებლის მოტყუებით მოკვლა და ამიტომ წერს: ინსპექტორს ამაყი და პატივმოყვარე თავი მოკვეთეს და ჩაფრებს გაატანეს სატახტო ქალაქში. მაგრამ რადგანაც ნავაბ ნაიბ ოს-სალთანეს ნაბრძანები ჰქონდა რომ ისინი (რუსები – ზ.შ.) ბრძოლის ველზე დაეხოცათ და არა მოლაპარაკების დროს, მისი უდიდებულესობის ბრწყინვალე გული ვერ გაახარა ამ ამბავმა, პირიქით, შაჰს ძალიან ეწყინა ასეთი საქციელი’ (შარაშენიძე 1984: 95-96).
22. რუსეთ-თურქეთის ომების პერიოდში რუსებმა რამდენჯერმე დაიკავეს ანაპა. გუდოვიჩმა ეს ქალაქი 1791 წლის 22 ივნისს დაიკავა.
23. 1808 წლის შემოდგომაზე გენერალმა გუდოვიჩმა ერევნის ციხე ვერ აიღო, რაც დიდწილად სწორედ გენერალ გარდანის მისიის ოფიცრების – კაპიტნების ლამის, ვერდიეს, პეპენის, სერჟანტების ფინოს, მარეშალის, დარმოს – მიერ 10 თვის განმავლობაში აბას მირზას მოლაშქრეთა წვრთნისა და ერევნის მიდამოებში ჩატარებული საფორტიფიკაციო სამუშაოების შედეგი იყო (ნაჭყებია 2007: VII, 37-38). გენერალი გარდანი 1808 წლის შემოდგომაზე მიმდინარე ერევნის ციხის ალყის შესახებ წერდა: „მე რამდენიმე დღე გავატარე ერევანში. მხარე კარგია და კარგად დასახლებული. რუსების ოპერაცია წარუმატებელი იყო, რადგან მეტად თავდაჯერებულები იყვნენ, მეტად ჩქარობდნენ, არ დაწვეს საკმაო რაოდენობის დენთი და არც ზარბაზანი იდგა ციხესთან საკმარისად ახლოს, მეტად მაღლა ისროდა და მხოლოდ კედელი გაანგრია რამდენიმე ადგილზე და იქ კიდევ რჩებოდა შტურმით ასაღები 7-8 ფუტი (დაახლოებით 2-2.4 მ – ი.ნ.). (...) რაც შეეხება რუს ჯარისკაცს, ის მუდამ მორჩილია, ამ ბოლო კამპანიაში ის 4 ფუტის [სიმაღლის] თოვლში იბრძოდა... 1200 კაცს მოეყინა ფეხები, ამპუტაცია კი მხოლოდ სამს გაუკეთეს. პურის ნაცვლად მათ მისცეს ხორბალი, ისინი მას ფქვავენ ორ ქვას შორის, მიწაში აზიური წესისამებრ ხვრელს აკეთებენ და პურს მასში აცხობენ” (SHD, n°1673, 1M, Perse, 1807-1857, 11.08.1809).
24. უნდა იყოს 1809 წელს.
25. 1787-1791 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების გამო დადებული იასას (17.12.1791) საზავო ხელშეკრულების შემდეგ, ტორმასოვმა წარმატებით ჩაახშო პოლონეთის აჯანყება, მაგრამ ძლიერი მარცხი განიცადა 1794 წლის 24 მარტს გენერალ ტადეუშ კოსტიუშკოს მეთურობით აჯანყებულ პოლონელებთან ბრძოლაში. ტრეზელი უზუსტობას უშვებს, რადგან ტორმასოვი მოსკოვში დაიბადა, ხოლო კიევის გუბერნატორად იგი 1803 წლის იანვარში დანიშნეს. მეთაურობდა საბრძოლო ოპერაციებს 1806-1812 წწ. რუსეთ-თურქეთის და 1804-1813 წწ. რუსეთ-სპარსეთის ომებში.
26. იგულისხმება თალიშის ხანი, მირ მუსტაფა, რომელიც რუსეთის მფარველობაში შევიდა, 1803 წელს ალექსანდრე I-მა მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი უბოძა.
27. გენერალი გუდოვიჩი ჯერ კიდევ 1808 წლის 30 აპრილს ატყობინებდა რუსეთის მთავრობას, რომ ბაბა-ხანი (ფათჰ-ალი შაჰი – ი.ნ.) არ თანხმდებოდა მისთვის შეთავაზებული საზღვრის გატარებას მტკვართან, არაქსთან და არფაჩაისთან, ასევე ერევნის და ნახჭევანის ოლქების დათმობას და ეს საკითხი საომარი მოქმედებების გარეშე არ მოგვარდებოდა (აქტები 1869: III, 464-465). გენერალმა გუდოვიჩმა 1808 წლის 21 მაისს თეირანში მისიით გაგზავნა რუსეთის არმიის არტილერიის ვიცე-პოლკოვნიკი ბარონი ვრედე, რომელმაც სპარსელებს ერთწლიანი ზავი შესთავაზა. მან სპარსელებს გუდოვიჩის მუქარაც გადასცა, რომ იგი თეირანის კართან მოლაპარაკებებს არ დაიწყებდა და განაახლებდა საომარ მოქმედებებს, თუკი სპარსეთი არ ცნობდა რუსების მიერ დაპყრობილი ტერიტორიების საზღვარს მტკვართან, არაქსთან და არფაჩაისთან (AMFAE, CP/Perse, vol. 14: doc. 3, fol. 6r-6v; doc. 4, fol. 7r; AMFAE, MD/Perse, vol. 8, doc. 25, fol. 245v-246r; გარდანი 1868: 169, 173).
28. ჰუზებს (Hauzes) ანუ ოსები.
29. ფრანგი ბოტანიკოსი შარლ ბელანჟე (1805-1881), რომელმაც 1827-1829 წლებში იმოგზაურა სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთის ქვეყნებში, წერს, რომ ქართველები შეურაცხყოფილები იყვნენ იმის გამო, რომ მათი ქვეყანა ციხედ ქცეულიყო დამნაშავე ოფიცრებისა და მფლანგველი ბუჰღალტრებისათვის. რუსეთი მათ საქართველოში გზავნიდა იმაზე უფრო დაბალ თანამდებობებზე, ვიდრე მათ იმპერიაში ეჭირათ. ისინი პატივს არ სცემდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ადათ-წესებს და თავიანთი არასაკმარისი ჯამაგირის ასანაზღაურებლად, ფულს მოსახლეობას ძალავდნენ (ბელანჟე 1836-1846: II, 64-65).
30. იგულისხმებიან ერეკლე II-ს ვაჟი, ბატონიშვილი ალექსანდრე და შვილიშვილები – გიორგი XII-ის ვაჟი ბატონიშვილი თეიმურაზი და ბატონიშვილი ლევან იულონის ძე.
31. სავარაუდოა, რომ ლეიტენანტი ტრეზელი იმ ოფიცრებს გულისხმობს, რომლებიც ნაპოლეონისა და ევროპული კოალიციების – აუსტერლიცის (2.12.1805), დანციგის (26.05.1807), პრეისიშ-ეილაუს (11.06.1807) და ფრიდლანდის (14.06.1807) – ბრძოლების შემდეგ იმყოფებოდნენ ტყვედ საფრანგეთში.
Комментариев нет:
Отправить комментарий