თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ
I
1974 წელს თამაზ ნატროშვილთან ერთად თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად 1210 წელი (ამ წლის I ნახევარი) განვსაზღვრეთ.1 ერთი წლის შემდეგ, სომხური ლაპიდარული წარწერების საფუძველზე, იმავე აზრამდე მივიდა შანშე დარჩიაშვილი.2 ამის შემდეგ ქართველი ისტორიკოსები სამ ბანაკად გაიყვნენ. ერთმა ნაწილმა მიიღო ეს თარიღი, მეორე ერთგული დარჩა ტრადიციული 1212-13 წლისა, მესამე კი – მიიჩნევს, რომ თამარი აღესრულა 1207 წელს.3 დიდი ხნის მანძილზე ამ საკითხზე საგანგებო ნაშრომი არ დაწერილა. ვითარება შეიცვალა 2004-12 წლებში. ჯერ გვანცა აბდალაძემ ორ სტატიაში4 და შემდეგ მიხეილ ბახტაძემ5 დაასკვნეს, რომ თამარი გარდაიცვალა 1210 წელს. შანშე დარჩიაშვილმა 2010 წელს ხელახლა დაადასტურა თავისი თვალსაზრისი ამ თარიღის შესახებ.6 მაგრამ, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ასევე უკანასკნელ ხანებში, ციალა ღვაბერიძემ მხარი დაუჭირა 1207 წელს, ხოლო თემურ კენკებაშვილი დარწმუნებულია, რომ თამარი აღესრულა 1215 წელს. გ.აბდალაძისა და თ.ბახტაძის ნაშრომების გარჩევას აქ არ შევუდგები. დავიწყებ თ.კენკებაშვილის მიერ შემოთავაზებული თარიღით - 1215 წლით.
II
თ. კენკებაშვილმა თავისი თვალსაზრისი 2010 წლიდან დღემდე სამჯერ მაინც გააცნო საზოგადოებას.7 თუ წინა წლებში ახალგაზრდა მკვლევრის ასეთ აქტივობას სერიოზულად არ ვიღებდი, მისმა უკანასკნელმა პუბლიკაციამ ამ თემაზე - სტატიების მოზრდილ კრებულში ქრონოლოგიური პარადიგმები, აზრი შემაცვლევინა. კენკებაშვილი, ჩანს, თვლის, რომ ასეთი სიხშირით ბეჭვდა სხვა ისტორიკოსებზე გავლენას მოახდენს და დაარწმუნებს მათ საკუთარ სიმართლეში. ცნობილი ქართველი არქეოლოგი, ბატონი იულონ გაგოშიძე, რომელიც აღნიშნული წიგნის ერთ-ერთი რედაქტორია (პროფ.სერგო ვარდოსანიძესთან ერთად) და მკითხველს წარუდგინა თ. კენკებაშვილი, წერს, რომ არ მოითხოვს მკითხველისგან შემწყნარებლობას ავტორის ასაკის გამო. ამას ნამდვილად არ ვაპირებ. როდესაც ნაშრომი იბეჭდება, თანაც რამდენჯერმე და ასეთი სიხშირით, ასაკზე საუბარი ზედმეტია. ავტორი უნდა აცნობიერებდეს თავის პასუხისმგებლობას სამეცნიერო საზოგადოების წინაშე. ისტორიკოსობა ძნელი და მძიმე შრომაა, რომელიც მოითხოვს ფართო წყაროთმცოდნეობით და ისტორიოგრაფიულ ბაზას. ასეთი ბაზა ნებისმიერმა მკვლევარმა თავად უნდა შეიქმნას ხანგრძლივი, დაუღალავი შრომით და ამასთან, უცხო ენების ცოდნით, რაც მას ვურჩიე კიდეც ერთ-ერთი შეხვედრის დროს. სამწუხაროდ, კენკებაშვილს ასეთი ბაზა, როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, ჯერ-ჯერობით არ გააჩნია. თ.კენკებაშვილის სტატია თამარის გარდაცვალების შესახებ (”სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე? თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის საკითხისათვის”) პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ნაწილში (გვ.17-41) ავტორი უარყოფს იმის შესაძლებლობა, რომ თამარი გარდაიცვალა 1207 ანდა 1210 წლებში. აქ ის განიხილავს ქართულ და უცხოურ წყაროებს, რომლებიც დიდი ხანია ცნობილია მკვლევართათვის8 და - ნუმიზმატიკურ ფაქტებსაც, ც.ღვაბერიძის მიხედვით. სტატიის მეორე ნაწილში ის ცდილობს დაასაბუთოს, რომ თამარი გარდაიცვალა 1210 წლის შემდეგ (გვ.41-52). მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ თამარი ”1212 წლის შემდეგაც ცოცხალია, რადგანაც 1212 წელს გარდაიცვალა ზაქარია სპასალარი და ამის შემდეგაც თამარი კვლავაც ცოცხლად ჩანს” (გვ.41). სომხური ნარატიული წყაროების მიხედვით, ზაქარია გარდაიცვალა სპარსეთის ლაშქრობიდან დაბრუნების შემდეგ, ვარდანისა და სტეფანოს ორბელიანის თანახმად - 1212 წელს.9 ამ დროს სომხური ეპიგრაფიკული წარწერებით, თამარი ცოცხალი აღარ არის.10 ეს ყველაზე კარგად ჩანს 1210 წლის ჰაღბატის წარწერიდან, რომელიც ”ამოიკვეთა ღმრთისა [მიერ] მეფეთა მეფის გიორგის, დიდი მეფის თამარის ძის კურთხევის წელს”. წარწერა მრავალგზის არის გამოცემული და მისი დათარიღება ეჭვს არ იწვევს. ეს თარიღი, როგორც აღნიშნავს შ.დარჩიაშვილი, კარგად იკითხება იმ პალეოგრაფიულ პირში, რომელიც კ.ღაფადარიანის მიერ გამოცემულ ამ წარწერას აქვს დართული.11 როცა ზაქარია გარდაიცვალა, მგლოვიარეთა შორის კირაკოზ განძაკელი თამარს არ ასახელებს.12 ი.ლოლაშვილმა ამ ფაქტს თავისებური ახსნა მოუძებნა: ”რაკი კირაკოზ განძაკელი თამარს ლაშა-გიორგისა და ივანე ათაბაგის გვერდით არ ახსენებს, ეს იმით უნდა ავხსნათ, რომ ისტორიკოსმა არ იცის, ზაქარიას გარდაცვალებამ თამარზე რა რეაგირება მოახდინა და ამიტომაც მასზე ერთ სიტყვასაც არ ამბობს”.13 ლოლაშვილის თვალსაზრისი, რომელსაც უკრიტიკოდ იმეორებს კენკებაშვილი (გვ.47), არადამაჯერებელია. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ მეფეთ მეფე თამარს არ გამოეხატა თავისი დამოკიდებულება, წუხილი - საქართველოს ამირსპასალარის გარდაცვალების შესახებ და ის უცნობი დარჩენილიყო ქვეშევრდომთათვის. კირაკოს განძაკეცი დაიბადა 1200-1202 წლებში, წერდა ზაქარიას გარდაცვალებიდან მრავალი წლის შემდეგ და გარდაიცვალა 1271 წ.14 მას ჰქონდა საკმაო დრო, რომ მიეღო სათანადო ინფორმაცია თამარის ეპოქაში მომხდარი ამბების შესახებ და თუ თამარის რეაგირებაზე სომეხი მემატიანე არაფერს წერს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზაქარია მხარგრძელის აღსრულების ჟამს ის ცოცხალი აღარ იყო. ”მეფეთ მეფის” გიორგის მეფედ კურთხევა 1210 წლის ჰაღბატის წარწერაში ნიშნავს ცვლილებას საქართველოს სამეფო ტახტზე. ეს კი შეიძლებოდა მომხდარიყო თამარის გარდაცვალების შემთხვევაში. ლოლაშვილის სკეპტიციზმი ამ დათარიღებისადმი არ არის დასაბუთებული. ხოლო კენკებაშვილი კი მას საერთოდ გვერდს უვლის. კენკებაშვილი უპირატესობას ანიჭებს თამარის პირველ ისტორიკოსს, რომელიც თარიღებს ჩვეულებრივ არ ასახელებს და მოვლენებსაც ყოველთვის საჭირო თანამიმდევრობით არ იძლევა.15 ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალების შემდეგ ის მოგვითხრობს მთიულთა აჯანყების შესახებ. კენკებაშვილი ვარაუდობს, რომ აჯანყება (რომლის თარიღი ქართულ წყაროში არ სახელდება) მოხდა 1213 ან 1214 წლის ივნის-ივლის-აგვისტოს თვეებში (გვ.47-48), როცა თამარი, მისი აზრით, ჯერ კიდევ ცოცხალია და საბოლოოდ თვლის, რომ მეფე აღესრულა 1215 წ. 27 იანვარს (გვ.48). კენკებაშვილი, თავისი თვალსაზრისის ჩამოყალიბების დროს, ეყრდნობა უკვე კარგად ცნობილ წყაროებს, რომლებიც გარჩეულია ქართველი მკვლევრების მიერ. ამასთან, ის არ ითვალისწინებს შედარებით ახალ, საკვლევი საკითხისთვის მნიშვნელოვან პუბლიკაციას, კერძოდ, სომეხი ავტორის სმბატ სპარაპეტის (1208-76) ”მატიანეს”. არ არის აუცილებელი, ვიცოდეთ სომხური, მაგრამ მისი გაცნობა შეიძლება რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამ თხზულების რუსული თარგმანი 1975 წ. გამოიცა ერევანში16 და ის დევს ინტერნეტშიც, აღმოსავლური ლიტერატურის საიტზე.17 ”მატიანის” ინგლისური თარგმანი, შესრულებული აშშ-ში მცხოვრები სომეხი მკვლევრის რობერტ ბედროსიანის მიერ, განთავსებულია მის ვებგვერდზე.18 სმბატ სპარაპეტი, სომეხი სახელმწიფო მოღვაწე, კილიკიის სომხეთის მეფის ძმა, დიპლომატი, მხედართმთავარი და ისტორიკოსი, თავის ”მატიანეს” იწყებს 951 წლიდან (სომეხი მეფის გაგიკ ბაგრატუნის გამეფების დროიდან) და მოჰყავს 1272 წლამდე. მემატიანე იყენებდა წინამორბედი ისტორიკოსების: მათეოს ურჰაეცის, სამუელ ანეცის, მიხეილ სირიელისა და სხვ. თხზულებებს, საარქიო მასალებს, თანამედროვეთა ინფორმაციას და ასახელებდა იმ მოვლენებს, რომელთა თვითმხილველიც იყო. მას ბევრი ცნობა აქვს XIII ს-ის ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესახებ, აგვიწერს მანასკერტის ბრძოლას 1071 წ., საკმაოდ დაწვრილებით ეხება სომხებისა და ჯვაროსნების, სომხებისა და მონღოლების ურთიერთობებს და სხვ. ორიგინალურად ითვლება მისი თხზულების ის ნაწილი, რომელიც მოიცავს პერიოდს 1163 წლიდან - 1271 წლის ჩათვლით.19 სმბატ სპარაპეტის სახელი უცხო არ არის ქართული ისტორიოგრაფიისთვის.20 ამას განაპირობებს ის, რომ სომეხ მემატიანეს აქვს ცნობები საქართველოს შესახებაც.21 სწორედ სმბატ სპარაპეტის თხზულებაში ერთდროულად, ორიოდე წინადადებაში, დასახელებულია, როგორც ზაქარია მხარგრძელის, ისე თამარის გარდაცვალების თარიღები, რაც უცნობი დარჩა, როგორც კენკებაშვილისთვის, ისე ამ საკითხის სხვა ქართველ მკვლევართათვის, რომლებისთვისაც მიუღებელია 1210 წ. სმბატ სპარაპეტი 1211 წლის ამბებში მოგვითხრობს: ”ამ წელს მოკვდა დიდი მთავარი ზაქარე, ანისის მფლობელი, ივანეს ძმა, სპარაპეტი ქართველი დედოფლის - თამარის, მეფე გიორგის ასულისა, რომელიც ლევონის22 დროს იყო საქართველოს დედოფალი. ის [თამარი] მოკვდა ერთი წლით ადრე და ამ დროს უკვე მეფობდა მისი ვაჟი ლაშა”.23 სმბატ სპარაპეტის მიერ დასახელებული თარიღი ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალებისა - 1211 წ., მართალია, განსხვავდება ვარდანის თარიღისგან, მაგრამ ძალიან ახლოსაა მასთან. მთავარია ის, რომ მემატიანის თანახმად, ზაქარია თამარის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება თამარის გარდაცვალების სუმბატისეულ თარიღს - 1210 წ., ის ემთხვევა ჰაღბატის წარწერის ინფორმაციას, რომელშიც საუბარია 1210 წ. გიორგი ლაშას მეფედ კურთხევაზე. საბოლოოდ, სმბატ სპარაპეტის თანახმად, ზაქარია მხარგრძელი გარდაიცვალა 1211 წელს, ხოლო თამარი – ერთი წლით ადრე. ეს მოხდა 1210 წელს და არა გვაქვს საფუძველი ეჭვი შევიტანოთ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტებაში. 1215 წელი, როგორც თამარის გარდაცვალების წელი, არარსებული თარიღია, რომელიც არ გვხვდება არცერთ წყაროში. მიუხედავად კენკებაშვილის დიდი მცდელობისა, მისი მიღება შეუძლებელია.
III
ქართულ ისტორიოგრაფიაში მართებულად არის აღნიშნული, რომ ”თამარის თანამედროვე ”ქართლის ცხოვრების” სამივე თხზულება არაზუსტ ქრონოლოგიურ მონაცემებს გვაწვდის, არა მარტო გარდაცვალებისა, არამედ სხვა თარიღების შემთხვევაშიც. ამდენად, უფრო მეტი უპირატესობა უნდა მიეცეს სხვა დოკუმენტურ და ნივთიერ წყაროებს, რომელთაც, გადამწერის და სხვა მიზეზთა გამო, არ განუცდიათ რაიმე ცვლილება”.24 ასეთ ნივთიერ წყაროებს მიეკუთვნება თამარის ეპოქის ნუმიზმატიკური ძეგლები. ისინი გახდა მნიშვნელოვანი დამათარიღებელი წყარო, როცა თამარის გარდაცვალება 1210 წლით განვსაზღვრეთ. მაგრამ იგივე მასალები საფუძველს აძლევს ციალა ღვაბერიძეს, თამარის გარდაცვალების თარიღად მიიჩნიოს 1207 წელი.25 როგორია მისი თვალსაზრისი?
1. თამარის ეპოქის ნუმიზმატიკურ მასალაზე დაკვირვებამ საშუალება მისცა ღვაბერიძეს დაესკვნა, რომ გიორგი III-ის დროიდან დამკვიდრდა წესი, როდესაც მონეტაზე მოთავსებული თარიღი მოჭრის დროს კი არ ასახავს, არამედ სამონეტო ტიპის დამტკიცების თარიღს, ყოველგვარი შესამჩნევი ცვლილების გარეშე.26
2. დამტკიცებული სამონეტო ტიპი ამა თუ იმ ქართველი მეფის მმართველობის მთელ მანძილზე იჭრება ერთი თარიღით. ასეა გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ლაშას და რუსუდანის დროს. როგორც ჩანს, ეს იყო საქართველოს სამეფო კარის დადგენილი წესი. უდავოა, იგი ძალაშია მეფე თამარის 407 ქორონიკონის - 1187 წლის სამონეტო ემისიის დროსაც.27
3. მართალია, არსებობს თამარის მონეტები, რომლებზედაც თარიღია ქორონიკონის 430/1210 წელი, მაგრამ ეს თარიღი შეცდომის შედეგია. ქორონიკონის 430/1210 წელი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი თამარის ამ სამონეტო ტიპზე კითხულობს, სიქაზე ”მექანიკურად დაშვებული შეცდომაა”.28 კერძოდ, ეს თარიღი 407 ქორონიკონის შემადგენელი ასოების ”ზ-”ზენი”-სა და ”ლ” -”ლას”-ის გრაფიკული მოხაზულობის მსგავსების ნიადაგზე წარმოიშვა. ცნობილია, რომ ასომთავრულ ანბანში ამ ორ ასონიშანს მხოლოდ მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი განასხვავებს (ზ -”ზენი” და ”ლ”-”ლასი”).29 ამრიგად, ც.ღვაბერიძის თანახმად, მეფე თამარმა პირველი საკუთარი სამონეტო ემისია განახორციელა ქორონიკონით 407/1187 წ. მოიჭრა არასწორი ფორმის სპილენძის მონეტა, რომელიც, მისი მმართველობის დასრულებამდე, ამ ერთი თარიღით იჭრებოდა.30 ღვაბერიძე თავის სასარგებლოდ იმოწმებს ე.პახომოვს, რომელიც გაოცებით აღნიშნავდა, რომ 1210 და 1187 წლის მონეტები ერთნაირად ხშირი იყო. გარდა ამისა, 1210 წელს უკვე იწყება გიორგი ლაშას მონეტების ჭრა და და ამდენად თამარის 1210 წლის მონეტების გამოშვებისთვის ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, არაუმეტეს წლისა.31 ამავე დროს, პახომოვი იმასაც წერდა, რომ ”ზ” -ს და ”ლ”-ს აღრევის დაშვება ძნელად თუ შეიძლება, ვინაიდან ორივე ფორმა ძალზე ნათლად და გარკვევით არის შემუშავებული და ჩანს, გრავიორს ესმოდა, რას კვეთდა”.32 პახომოვის ამ ციტატას ღვაბერიძე აღარ იმოწმებს, ვინაიდან არ აწყობს, ეწინააღმდეგება მის თვალსაზრისს და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის მის ნაშრომში. ღვაბერიძის თვალსაზრისს თუ მივიღებთ, მხოლოდ თამარის ეპოქის ნუმიზმატიკური ძეგლებით ვერ განვსაზღვრავთ ვერც თამარის გარდაცვალებისა და ვერც გიორგი ლაშას გამეფების თარიღებს. თამარისა და გიორგი ლაშას მონეტები თავად საჭიროებენ ახსნა-განმარტებას. ამას მკვლევარი გრძნობს და ამიტომ მიმართავს წერილობით წყაროებს. ქართული წყაროები მას აძლევს უფლებას დაასკვნას, რომ თამარი აღესრულა 1207 წელს და ის ნამდვილად აღარ არის ცოცხალი 1210 წლამდე. რომელია ეს ქართული წყაროები? ესენია თამარის პირველი და მეორე ისტორიკოსები და ლაშაგიორგისდროინდელი მემატიანე. მაგრამ, თამარის პირველი ისტორიკოსი ასახელებს მხოლოდ მეფის გარდაცვალების თვესა და რიცხვს. მეორე ისტორიკოსის - ბასილი ეზოსმოძღვარის ცნობები ურთიერთსაწინააღმდეგოა და მათი ახსნა მოტანილია გ.აბდალაძის და მ.ბახტაძის შრომებში, რომელთაც ღვაბერიძე, იმედია, გაეცნობა. ამავე დროს, ც.ღვაბერიძე მიმართავს ჩვეულ ხერხს და გვერდს უვლის ჟამთააღმწერლს, რომლის დამოწმებაც არ აწყობს: ”ამას სანატრელსა სიცოცხლესა შინა თჳსსა დაედგა გჳრგჳნი ძისა მისისა გიორგისდა, რომელსაც ლაშობითცა უწოდა. იყო წლისა ათცამეტისა, რაჟამს დაიდგა გჳრგჳნი მეფობისა და მეფემან თამარ მიულოცა მეფობა, ხოლო რაჟამს მიიცვალა თამარ, იყო ლაშა ათვრამეტისა წლისა”.33 გიორგი ლაშას დაბადების თარიღის (1192) გათვალისწინებით, ჟამთააღმწერელის ცნობა გვაძლევს (1192+18) 1210 წელს. ღვაბერიძე იმოწმებს არაბული და სომხური ნარატიული წყაროების მონაცემებს, რომლებიც, ისევე როგორც ყველა სხვა, კარგად იყო ცნობილი ნატროშვილისა და ჯაფარიძისთვის. სამწუხაროდ, დიდი მოცულობის გამო, მათ ნაშრომში (”ცდა..”) საკითხის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული მიმოხილვა მინიმუმზე იქნა დაყვანილი და მასში ყველაფერი ვერ აისახა. შეფასება მივეცით არაბი ისტორიკოსის იბნ ალ-ასირის ცნობასაც და მას აღარ გავიმეორებ. ღვაბერიძე თავის თვალსაზრისს ამაგრებს სომხური წყაროების (ვარდანი, სამუელ ანეცი) ცნობებით. სომხური წყაროების მოტანა მეც შემიძლია. უფრო მეტიც, ისეთის, რომელიც საწინააღმდეგოს იუწყება. ესაა ზემოხსენებული სმბატ სპარაპეტის ”მატიანე”. ამ წყაროს არცოდნის გამო მე შეღავათი არ გავუწიე ახალგაზრდა თ.კენკებაშვილს და მითუმეტეს, არ გავუწევ შეღავათს ისეთ გამოცდილ მკვლევარს, როგორიც ღვაბერიძეა. ის ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა სმბატ სპარაპეტის თხზულება. ვალდებული იყო, მაგრამ არ გააკეთა და დაკმაყოფილდა (როგორც კენკებაშვილი) იმ წყაროებით, რომლებიც უკვე მრავალგზის იყო გამოყენებული. როგორც ზემოთ აღინიშნა, სმბატ სპარაპეტი, რომელიც 1211 წლით ათარიღებს ზაქარია მხარგრძელის გარდაცვალებას, წერს, რომ თამარი მოკვდა მანამდე, ერთი წლით ადრე (ე.ი. 1210 წელს) და ამ დროს უკვე მეფობდა მისი ვაჟი ლაშა. სკეპტიკოსები არ დაილევა. მაგრამ, იმისდა მიუხედავად, დავეთანხმებით თუ არა სმბატ სპარაპეტს, ერთი რამ აშკარაა. არც სომხური წყაროებია ერთგვაროვანი თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, და არც ქართულ და უცხოურ წყაროებში არ არის ისეთი ერთსულოვნება, როგორც ეს ღვაბერიძეს აქვს წარმოდგენილი.34 დავუბრუნდეთ ისევ ნუმიზმატიკურ მასალას. ღვაბერიძე, როგორც ითქვა, ქორონიკონის 1210 წელს თამარის მონეტებზე, გრავიორის მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს. ზემოთ ისიც აღინიშნა, რომ ამას გამორიცხავდა პახომოვი, რაც მართებულად მიმაჩნია. ასეთი შეცდომა უაღრესად საეჭვოა იმის გამო, რომ გვხვდება სხვადასხვა სიქით მოჭრილ თამარის მონეტებზე. გარდა ამისა, არის ერთი მნიშვნელოვანი მიზეზიც: ზარაფხანის პასუხისმგებლობა დადგენილი ტიპის (მეფის სახელი, ტიტულატურა, მოჭრის წელი) გამოშვებაზე. ზარაფხანა იყო არა საქველმოქმედო, არამედ სახელმწიფო დაწესებულება. ცნობილია, რომ მონეტის მოჭრა სამეფო ხელისუფლების ერთ-ერთ პრეროგატივას წარმოადგენდა. მონეტა იჭრებოდა მხოლოდ სახელმწიფო ზარაფხანაში, ხოლო მის გარეთ, ყველა ქვეყანაში, ისჯებოდა კანონით. ზარაფხანას ჰქონდა თავისი შტატი: მუშები და ის ხელოსნები, რომლებიც ადნობდნენ სამონეტო ლითონს, ამზადებდნენ ფირფიტებს მონეტებისთვის, სიქებს ქართული და არაბული წარწერებით და სხვა გამოსახულებებით, ქვედა სიქაზე დებდნენ ლითონის გავარვარებულ ფირფიტას და ურტყამდნენ ზედა სიქით. სპეციალური მოხელე ამოწმებდა სინჯს, მაგრამ თამარის ეპოქაში, როცა იჭრებოდა მხოლოდ სპილენძის საფასე, ის საჭირო არ იქნებოდა. თუმცა, იმ პირობებში, როცა უცხოური ოქროს და ვერცხლის საფასე დაიშვებოდა მხოლოდ სამონეტო ბაზარზე, მას შეეძლო, ზარაფხანაში შემოსული ამ ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული მონეტების გადადნობისას, მათი სინჯის შემოწმებაც. აკონტროლებდა თუ არა ვინმე მონეტების ზედწერილებს ზარაფხანაში? უეჭველია, ასეთი მოხელე იქნებოდა. ის შეამოწმებდა სიქებზე სარკისებურად ამოჭრილ ზედწერილებს, რომ არ გაპარულიყო შეცდომა მმართველის სახელსა და ტიტულატურაში და ისიც უეჭველია, რომ მასობრივ ემისიამდე გადაამოწმებდა საკონტროლოდ მოჭრილ ეგზემპლარს. ზარაფხანას ისლამურ აღმოსავლეთში ხელმძღვანელობდა ნაზირ ასსიქქა ან ნაზირ დარ ად-დარბ (მონეტის ჭრის ან ზარაფხანის ზედამხედველი). ასეთი მოხელე იქნებოდა თამარის ეპოქის ქართულ ზარაფხანაშიც. ასე, რომ ზარაფხანაში ზედწერილების სისწორის კონტროლის არსებობაში მე ეჭვი არ მეპარება და მმართველის ზეობის წელში მექანიკური შეცდომა და ასეთი ხარვეზით მიმოქცევაში მონეტის გაშვება სრულიადაც არ იქნებოდა ადვილი. ეს დღეს, ჩვენი საზოგადოების დიდმა ნაწილმა მართლაც არ იცის ასომთავრული და შეიძლება ვერ გაარჩიოს ”ზ”-ს ”ლ”-საგან, მაგრამ იმ დროს, მოსახლეობის ზედა და, უეჭველია, საშუალო ფენებმაც, ისევე როგორც ზარაფხანის გრავიორმა, ეს ანბანი უეჭველად იცოდნენ. ქვემომოტანილი სამი ნიმუში კერძო კოლექციიდან და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის განძების ფონდიდან,35 გვიჩვენებს, თუ როგორ იყო გამოსახული ასო ”ზ” თამარის მონეტებზე:
1210 წლით დათარიღებულ სხვადასხვა სიქით მოჭრილ თამარის მონეტებზე ასო ”ლ” ჯერ ერთი, პალეოგრაფიულად არ არის ერთგვაროვანი და მეორე - ადვილად განსხვავდება ”ზ”-სგან. მაგალითად:
ასეთი შემთხვევები ცოტა არ არის და ძნელი დასაჯერებელია, რომ გრავიორები, თითქოსდა ერთმანეთთან შეთანხმებით, ერთნაირად უშვებდნენ ”მექანიკურ” შეცდომას სიქებზე ”ზ”-ს ამოკვეთის დროს. უაღრესად საყურადღებოა ის, რომ რომ ”ლ”-ს ”ზ”-საგან” მარტო ამ ასონიშნის ზემო ჰორიზონტალის მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი არ განასხვავებს. ის ზემო ჰორიზონტალის შუა ნაწილშიც გვხვდება. მაგალითად:
ამ სახით ასო ”ლ”, მაგრამ უფრო დახვეწილი ფორმით, გიორგი ლაშას 1210 წ. მონეტაზე გვაქვს:
როგორც ზემოთ ჩანს, თამარის ეპოქის მონეტებზე ”ლ”-სა და ”ზ”-ს შორის განსხვავება საკმაოდ თვალსაჩინოა. ეს გარემოება იმაზე მიგვანიშნებს, რომ გრავიორმა კარგად იცოდა, რას კვეთდა სიქაზე. ამრიგად, მნიშვნელოვანი არგუმენტი - ”მექანიკური შეცდომა” თამარის 1210 წლის მონეტების დათარიღებაში, რომელიც მოყავს ღვაბერიძეს, მიუღებელია. როდიდან და როდემდე იჭრებოდა ”მექანიკური შეცდომით” 1210 წლით დათარიღებული ეს მონეტები? ღვაბერიძეს ეს საკითხი არ დაუყენებია. არადა ის საკმაოდ მნიშვნელოვანია. თუ ეს ხდებოდა 1207 წლამდე, მაშინ ზარაფხანას ქართული საფასის მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა, რადგანაც აწვდიდა ისეთ მონეტებს, რომლებზედაც იყო არასწორი თარიღი - 1210 წელი. თუ ასეთი მონეტები იჭრებოდა 1208-09 წლებში, მით უმეტეს, ზარაფხანა ჩადიოდა სიყალბეს, თამარს ცხადდებოდა ცოცხლად მაშინ, როცა ის ცოცხალი აღარ იყო. ჩემთვის გაუგებარია, რომელი მონეტები ავსებდა ფულის მიმოქცევას საქართველოში 1208-09 წლებში, როცა გიორგი ლაშა, ღვაბერიძის თვალსაზრისით, უკვე მეფე იყო. გამორიცხულია ზარაფხანის მუშაობის შეჩერება, რადგანაც ისლამური აღმოსავლეთის ანალოგიით, მონეტის ჭრა საქართველოში იქნებოდა არაბლოკირებული. ნებისმიერ პირს შეეძლო ზარაფხანაში მიეტანა სამონეტო ლითონი და მოეჭრა დაკანონებული ტიპის მონეტა. რომელ მონეტებს მოუჭრიდნენ მას? ანდა რომელი საფასით უხდიდნენ ხელფასს სამეფო კარის მოხელეებს და სამხედრო მოსამსახურეებს, რომელ მონეტებს გასცემდნენ და იღებდნენ ყოველდღიურად ვაჭარ-ხელოსნები და მოსახლეობა? მონეტებზე აღნიშნული არარსებული მეფის სახელით? არა მგონია, რომ იმდროინდელი საზოგადოება იმდენად გულუბრყვილო და უმეცარი ყოფილიყო, რომ ამის თაობაზე რეაგირება არ მოეხდინა. ყოველივე ზემოთქმულის - სმბატ სპარაპეტის ”მატიანისა” და მონეტებზე აღნიშნული ქორონიკონული თარიღების პალეოგრაფიული ანალიზის (ე.წ. ”მექანიკური” შეცდომის, კერძოდ, ასოების ”ზ”-ს ”ლ”-ს აღრევის უარყოფა) საფუძველზე, მე ვერ მივიღებ ციალა ღვაბერიძის თვალსაზრისს თამარის გარდაცვალების თარიღის (1207 წ.) შესახებ. ამ საკითხზე შეიძლება მომავალშიც გაგრძელდეს კამათი, მაგრამ მკვლევრებმა, ჯერ ერთი, ობიექტურად უნდა განიხილონ წერილობითი წყაროების მოცემები და მეორე - ღრმად უნდა გაანალიზონ ნუმიზმატიკური მასალები.
IV
დასასრულ, ვფიქრობ, დადგა დრო მომზადდეს და გამოიცეს თამარის, და არა მარტო თამარის, ეპოქის მონეტების (ძირითადი ფონდი და განძები) კატალოგები ბეჭდური, ანდა ელექტრონული სახით, და დაიდოს ინტერნეტშიც. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებამ ადრე მის ფონდებში დაცული არაერთი, უმთავრესად, უცხოური მონეტების კატალოგები გამოსცა. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გამონაკლისია კირმანეული, რომელიც დასავლეთ საქართველოში იჭრებოდა.36 ამდენად, საჭიროა ქართული, მათ შორის თამარის ეპოქის, მონეტების კატალოგების გამოქვეყნებაც. მონეტა წყაროა და ის ისევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის, როგორც ქართული და უცხოური ნარატიული წყაროები, რომლებსაც დიდი რუდუნებით თარგმნიდნენ და თარგმნიან ქართველი მკვლევრები. მუზეუმში, ნუმიზმატიკური მასალების გაცნობისას, პირადად მე არასდროს მქონია პრობლემები. პირიქით, მუდამ ვგრძნობდი ნუმიზმატიკის განყოფილების თანამშრომელთა მხარდაჭერას და ვსარგებლობ შემთხვევით, მადლობა ვუთხრა მათ. მაგრამ ყოველთვის იოლი როდია, საჭიროების შემთხვევაში, მუზეუმის თანამშრომლების შეწუხება. როცა კატალოგში დიდი სიზუსტით იქნება აღწერილი მონეტები, მათთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, განმასხვავებელი ნიუანსებით37 (საამისოდ აუცილებელია აღმოსავლური ენების ცოდნა, არამარტო ზედწერილების წაკითხვის დონეზე) და მეტროლოგიური მახასიათებლებით, როცა კატალოგში დაიბეჭდება მონეტების ფოტოებიც, ნებისმიერ ისტორიკოსს გაუადვილდება მათი შესწავლა. საქმეში შეიძლება ჩაერთონ ეკონომისტებიც, რომლებმაც შეიძლება შენიშნონ ის, რაც ისტორიკოსისთვის დაფარულია. მაგალითისთვის დავასახელებ პაატა გუგუშვილის,38 ვასილ ჩანტლაძისა39 და განსაკუთრებით, ნიკოლოზ ქოიავას შესანიშნავ ნაშრომებს საქართველოს სამონეტო სისტემისა და ფულის მიმოქცევის ისტორიის სფეროში.40 დარწმუნებული ვარ, რომ ამით ქართული ნუმიზმატიკა მხოლოდ მოიგებს.
შენიშვნები
1. თამაზ ნატროშვილი, გოჩა ჯაფარიძე, „ცდა ერთი თარიღის დადგენისა“
2. (1974), 168-89. 2 შანშე დარჩიაშვილი, „XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის“.
3. გოჩა ჯაფარიძე, „ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 205 (1979), 125-6. დამატებით, იხ. მიხეილ ბახტაძე, „კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II (2011), 215-27.
4. გვანცა აბდალაძე, „კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღზე“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიღნაღის (კახეთის) ფილიალის სამეცნიერო შრომათა კრებული, V (სიღნაღი, 2004), 7-15; მისივე, „XIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან“, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ. 359 (2005), 106-7.
5. ბახტაძე, „კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღის შესახებ“, 215-27.
6. შანშე დარჩიაშვილი, „თამარ მეფის, დავით სოსლანის გარდაცვალებისა და ლაშა-გიორგის გამეფების საკითხისათვის“, კრ. ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობების ისტორიიდან (თბილისი, 2010), 55-69.
7. თემურ კენკებაშვილი, გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა (თბილისი, 2010), 4-12; მისივე, „სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე?“ ქრონოლოგიური პარადიგმები (თბილისი, 2011), 5-42; მისივე, „სად და როდის გარდაიცვალა თამარ მეფე?“, საისტორიო პარადიგმები, ტ. I (თბილისი, 2012), 17-42.
8. კენკებაშვილი იმოწმებს ვახუშტისაც, რომელიც თამარის გარდაცვალების თარიღად ასახელებს 1201 წ. და იქვე მსჯელობს იმის თაობაზე, რომ „საერთოდ, ვახუშტის „ისტორიაში“ XV საუკუნეზე ადრინდელი პერიოდის ისტორიული ფატებისა და მოვლენების თარიღები გადაწეულია წინ დაახლოებით ათი წლით“ (გვ. 38). მკვლევარი უკრიტიკოდ მისდევს ი. ლოლაშვილს („თამარის აღსრულების თარიღისათვის“, 32-33) და არ იცნობს ამ საკითხში სხვა თვალსაზრისებს. თამარის ეპოქისთვის რ. კიკნაძე თვლიდა, რომ ვახუშტის ქრონოლოგიაში იყო 6-წლიანი შეცდომა, ხოლო მე დასაბუთებული მაქვს, რომ არც 6 და არც 10-წლიანი კორექტივი არ იძლევა რეალურ თარიღს. რ. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (თბილისი, 1975), 129-32; ჯაფარიძე, „ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი“, 127.
9. ვარდან დიდის მსოფლიო ისტორია (მოსკოვი, 1861), 172; ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ (თბილისი, 2004), 158; სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა (თბილისი, 1978), 45.
10. დარჩიაშვილი, ძიებანი, 56, 150-1.
11. იქვე, 56.
12 კირაკოზ განძაკეცი, ისტორია არმენიი. მოსკოვი 1976 წელი.
13. ივანე ლოლაშვილი, `თამარის აღსრულების თარიღისათვის~, მრავალკარედი (თბილისი, 1984), 111.
14. კირაკოს განძაკეცის ბიოგრაფიული მონაცემები იხ. ლ. ხანლარიანის შესავალ წერილში ამ მემატიანის შესახებ.
15. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი„, 108; ჯაფარიძე, „ვახუშტი და XII-XIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის ზოგიერთი საკითხი“, 107-8. იქვე (შენ. 13 და 14) დასახელებულია სხვა ლიტერატურაც ამ საკითხზე.
16. სუმბატ სპარაპეტის მატიანე. ერევანი 1974 წ.
17. სუმბატ სპარაპეტის მატიანე. ვოსტოჩნაია ლიტერატურა.
18. სუმბატ სპარაპეტის მატიანის სხვადასხვა გამოცემებზე გამოკვლევა.
19. სმბატ სპარაპეტის ცხოვრების და მოღვაწეობის და მისი „მატიანის“ მნიშვნელობის შესახებ იხ. გალსტიან, „ვვედენიე“, წიგნში სუმბატ სპარაპეტ, ლეტოპის, IX-XL.
20. ა. აბდალაძე, „სომხური წყაროები“, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი III, საქართველო XI-XV საუკუნეებში (თბილისი, 1979), 37 (დასახელებულია გალსტიანის მიერ შესრულებული სმბატ სპარაპეტის თხზულების რუსული თარგმანი);
21. იხ. ე. ცაგარეიშვილი, „სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში“, მრავალთავი, II (1973), 200-4; მ. გაბაშვილი, „დავით კურაპალატის გარდაცვალების საიდუმლოება და მისი პოლიტიკური მოტივი“, ნოდარ შენგელია 75 (თბილისი, 2008), 97-118, 100 და სხვ. გ. ჯაფარიძემ დაიმოწმა „მატიანის“ ერთი პასაჟი ბასიანის ბრძოლასთან დაკავშირებით ს. დერ ნერსესიანის სტატიის საფუძველზე: გოჩა ჯაფარიძე. საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII – XIII ს-ის I მესამედში (თბილისი, 1995), 153.
22. ლევონ I (1198/99-1218) რუბენიანი, კილიკიის სომხური სამეფოს პირველი მეფე.
23. სმბატ სპარაპეტ, ლეტოპის, 122;
24. აბდალაძე, „კიდევ ერთხელ თამარ მეფის გარდაცვალების თარიღზე“, 10.
25 ციალა ღვაბერიძე, „როდის გარდაიცვალა მეფე თამარი“, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX (2009), 97-104.
26. იქვე, 99.
27. იქვე.
28. იქვე
29. იქვე.
30. იქვე.
31. პახომოვ, მონეტი გრუზიი. ტბილისი 1970.; ღვაბერიძე, „როდის გარდაიცვალა მეფე თამარი“.
32. პახომოვ, მონეტი გრუზიი. 94.
33. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. II (თბილისი, 1959), 151.
34. ღვაბერიძე, „როდის გარდაიცვალა მეფე თამარი“, 102.
35. მითითებული შემოკლებები ასე იხსნება: სსმ - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი, გფ – განძების ფონდი, ქძ – ქართული მონეტების ძირითადი ფონდი.
36. თამარ აბრამიშვილი, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ტრაპიზონის ასპრებისა და დასავლურ ქართული ფულის (კირმანეულის) კატალოგი (თბილისი, 1984). გარდა ამისა, დავასახელებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ წიგნებს: ი. გაგოშიძე, მ. ანთაძე, ც. ღვაბერიძე, მ. წოწელია, თ. ქუთელია და მ. შეროზია, ფული საქართველოში (თბილისი, 2000) და თ. დუნდუა, გ. დუნდუა, ნ.ჯავახიშვილი და ა. ერისთავი, ფული საქართველოში, მეორე, გადამუშავებული გამოცემა (თბილისი, 2003). ამ გამოცემებში შესულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცული საქართველოში მოჭრილი მონეტები.
37. მაგალითად, 1187 და 1210 წლებით დათარიღებული მონეტების ქვედა სიქებზე მოთავსებული შინაარსობრივად ერთი და იგივე არაბული წარწერები, არცთუ იშვიათად, პალეოგრაფიულად განსხვავებულია. ეს განსხვავება, ერთი შეხედვით, არაარსებითია, მაგრამ მონეტებზე მცირე განსხვავებულ ნიუანსსაც კი მნიშვნელობა ენიჭება. ზურგის ცენტრალურ ლეგენდაში, „თამარი ასული გიორგის“ არაბულად წერია -----, ხოლო ზოგჯერ – ---. სიტყვა „ასული“ არაბულად გადმოცემულია სხვადასხვა დაწერილობით: --- (ბინთ) და --- (იბნათ), რის თაობაზე წერდა ჯერ კიდევ პახომოვი: 333, 93.საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის ფონდებში დაცული თამარის მონეტების არასრულმა შესწავლამ მიჩვენა, რომ 1187 წლის მონეტების ნაწილზეა: 333, ხოლო 1210 წლის მონეტების დიდ ნაწილზე – ابنة უკანასკნელ შემთხვევაში არის მცირე გამონაკლისებიც, რაც საერთო სურათს არ ცვლის. ეს ფაქტი, არაბული ზედწერილების სხვა პალეოგრაფიული ნიუანსების გათვალისწინებით, შეიძლება დამათარიღებელი გახდეს 1187 და 1210 წწ. თამარის ყველა იმ მონეტისთვის, რომლებზედაც თარიღი ჩამოჭრილი და წაშლილია. ამ გარემოებაზე საკითხის დასმის წესით ვამახვილებ ყურადღებას. საბოლოო დასკვნისთვის საჭიროა მუზეუმის ფონდებში დაცული თამარის მრავალრიცხოვანი მონეტის გადამოწმება. კატალოგი, რომლის
38. პაატა გუგუშვილი, „ფულის ნიშნები და ტრიალი საქართველოსა და ამიერკავკასიაში მე-19 საუკუნეში“, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.VI (1937).
39. ვასილ ჩანტლაძე, „XVII-XVIII სს. ქართული ფულის ერთეულის საკითხისათვის“, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 1 (1983), 170-84.
40. ნიკოლოზ ქოიავა, ფულის მიმოქცევა, კრედიტი და ფინანსები XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში (თბილისი, 1963).
როდის გარდაიცვალა მეფე თამარი?
ც. ღვაბერიძე (2009 წ.)
ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთ სადავო და გადაუჭრელ საკითხთა რიგს მიეკუთვნება თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი. დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა ამ თარიღის შესახებ. ძირითადი მოსაზრებანი ასეთია: 1207 წელი – ს. კაკაბაძე [1, 163-168], ბ. სილაგაძე [2, 124-129]. ჯ. ოდიშელი [3, 118-125]. რ. კიკნაძე [4, 129-130], ლ. ტუხაშვილი [5, 164]; 1210 წელი – თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე [6,
151-189], შ. დარჩიაშვილი [7, 151-158]; 1212 წელი – მ. ბროსე [8, 298], პ. ინგოროყვა [9, 145-146]; 1213 – თ. ჟორდანია [10, 300], ივ. ჯავახიშვილი [11, 290, 385]; 1216 წელი – კ. კეკელიძე [12, 40,43].
დიდ ინტერესს იწვევს თამარ მეფის გარდაცვალების ზუსტად დათარიღება. განსაკუთრებით დიდია ინტერესი იმის გამო, რომ მეფე თამარის დროს საქართველომ ფეოდალური განვითარების მწვერვალს მიაღწია და ახლო აღმოსავლეთის უძლიერეს სახელმწიფოს წარმოადგენდა. `თითოეული კონკრეტული ფაქტისათვის ადგილის მიჩენას ქრონოლოგიური თვალსაზრისით, თავისთავადი ღირებულება გააჩნია, დადგენილი ისტორიული ფაქტის ქრონოლოგიური სიზუსტე, თუ უზუსტობა შესაბამისად მოქმედებს მასთან დაკავშირებული მოვლენების ქრონოლოგიაზე~ [13, 118].
არსებობს, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მასალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადაისინჯოს მეფე თამარის გარდაცვალებისა და გიორგი ლაშას ტახტზე ასვლის აქამდე მიღებული თარიღები. ჩვენ მოვახდინეთ მეფე თამარის თანადროული ნუმიზმატიკური ძეგლების, აგრეთვე XIII-XIV სს-ის ქართველ, სომეხ და არაბ ისტორიკოსთა მონათხრობებისა და მათივე ქრონოლოგიური მონაცემების შედარებითი შესწავლა და ანალიზი, რის საშუალებითაც დავადგინეთ, რომ მეფე თამარი გარდაიცვალა 1207 წელს.
თავდაპირველად მეფე თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განვიხილოთ ნუმიზმატიკური მონაცემები.
გ. ჯაფარიძემ თ. ნატროშვილთან ერთად, ნუმიზმატიკური მასალების მოშველიებით დაასაბუთეს, რომ მეფე თამარი გარდაიცვალა 1210 წ. [6, 151-189]. მოგვიანებით, გ. ჯაფარიძე წერდა: `ქართული წერილობითი წყარო მართლაც უჩვენებს თამარის გარდაცვალების თარიღად 1207 წ., მაგრამ მათზე დაყრდნობა ვიდრე ნუმიზმატიკურ ფაქტებს სხვაგვარ ახსნას არ მოვუძებნით – სათუოა და ერთადერთ ჭეშმარიტად თანადროულ წყაროდ რჩება ნუმიზმატიკური მასალა~ [14, 122-127].
XII-XIII სს. ემთხვევა საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების პროცესის დასასრულს და მის მძლავრ სამეფოდ ჩამოყალიბებას. საქართველოს სამეფო წარმოადგენდა სერიოზულ ძალას მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ცხოვრებაში. საქართველოს პოლიტიკურმა გაერთიანებამ და ძლიერმა ეკონომიკამ შექმნა პირობები იმისთვის, რომ ქართული ფულის მოჭრა უწყვეტლივ წარმოებულიყო ქვეყანაში.
XII ს-ის დასაწყისიდან ქართული ფულის ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა. ე. წ. „ვერცხლის კრიზისი“ იწყება. მოვლენამ, რომელიც ცნობილია ამ სახელწოდებით, თავი იჩინა აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში. მან მოიცვა ა/კავკასია, წინა აზიის ქვეყნები, შუა აზია.
„ვერცხლის კრიზისის“ არსი მდგომარეობდა შემდეგში: ფულად მიმოქცევაში არსებული ვერცხლის მონეტები შეიცვალა სპილენძით, რომელიც იძულებითი კურსით გადიოდა ვერცხლის ფასად. ე.ი. სპილენძის მონეტა ცვლის ვერცხლს და იქცევა ე. წ. საკრედიტო მონეტად. გამოდის ე. წ. უწესო და წესიერად მოჭრილი სპილენძის ფული. გაჩნდა სპილენძის „დრამა“ (ვერცხლი), იგივე დირჰემი. ეს საფასე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობით აკავშირებდა ა/კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. ეს იყო ერთიან სამონეტო სისტემაზე დამყარებული ფული, რომელიც ვრცელდება ერთიან ეკონომიკურ სივრცეში. შამონეტო სისტემის ერთიანობა აუცილებელი იყო ვაჭრობის და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისათვის.
XII-XIII სს-ში საქართველოს ინტენსიური სავაჭრო კავშირები ჰქონდა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. საქართველოს სამეფო კარი მიზნად ისახავდა სამხრეთისაკენ გაფართოებასა და დიდ საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალებზე გაბატონებას, ირანიდან ლევანტისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის დაპყრობას. ამით საქართველოს შუამავლის როლი უნდა შეესრულებინა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობაში [15, 202-205]. ცხადია, სავაჭრო-საქარავნო გზებზე დაუფლების მიზანი იყო სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან. ეს კი ფულის ერთეულის გარეშე ვერ მოხდებოდა.
თამარის დროინდელ საქართველოს ინტენსიურ ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს ფული ასრულებდა. ამას ადასტურებს XII-XIII სს-ში საქართველოში გამოშვებული ის დიდი ფულის მასა, რომელიც ათასეული ცალებით არის აღმოჩენილი ა/კავკასიის ტერიტორიაზე. ფულის კურსი მტკიცეა. ეს კი უზრუნველყოფდა ფულის ინტენსიურ მიმოქცევას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
1184 წ. როდესაც გიორგი III (1156-1184) გარდაიცვალა თამარი ერთპიროვნული მბრძანებელი გახდა. ამ დროიდან ფული მხოლოდ მისი სახელით იჭრება. 1187 წ. მეფე თამარმა საკუთარი ფულის ემისია განახორციელა. სპილენძის მონეტა არასწორი ჭედვისაა. ვიძლევით მონეტის აღწერილობას.
ავ. შუაში 6; 7 ან ზოგჯერ 8 ნასკვიან ჩარჩოში თამარის ხელრთვა (ფაქსიმილე). გარშემოწერილში ქართულად: „სახელითა ღვთისაითა იქნა ჭედაი ვეცხლისი ამის ქორონიკონსა „Âზ“ „უზ“(407) = 1187 წ.“
რვ. არაბული ზედწერილი: დედოფალი დიდებული შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარი ასული გიორგისა, მესიის თაყვანისმცემელი, განადიდოს ღმერთმან ძლევანი (გამარჯვებანი) მისნი“. გარშემოწერილში არაბულად: „განადიდოს ღმერთმან დიდება მისი, განაგრძოს ჩრდილი მისი და განამტკიცოს კეთილდღეობა მისი“.
ეს მონეტა ყურადღებას იქცევს მედიდური არაბული წარწერებით, რომელიც არც ერთ ქართულ მონეტას არ ამშვენებს. მეფის ეპითეტები გადმოცემულია არაბულად, იმ ენაზე, რომელიც სახელმწიფო და საერთაშორისო იყო ქართველთა მეზობლებისათვის.
ამ ტიპის მონეტების ემისიის ნაწილზე ქორონიკონის აღმნიშვნელი მეორე გრაფემა `ზ~ (ზანი) იკითხება, როგორც `ლ~ (ლასი). ეს კი ცვლის მონეტის მოჭრის თარიღს. პირველ შემთხვევაში, თარიღი `Âზ~ `უზ~ ანუ 407 ქორონიკონი უდრის 1187 წელს, ხოლო მეორე შემთხვევაში `Âლ~ `ულ~ ანუ 430 ქორონიკონი – 1210 წელია.
მეფე თამარის სახელით აღბეჭდილი ამ ფულების თარიღებში პირველად ეჭვი ცნობილმა ნუმიზმატმა ე. პახომოვმა გამოთქვა. მკვლევარის დაკვირვებით, ორივე თარიღიანი მონეტა ერთნაირი რაოდენობით ხშირია. 1210 წელს საქართველოში იწყება გიორგი ლაშას არასწორი ჭედვის ფულის მოჭრა და ამავე თარიღის თამარის მონეტების ემისიისათვის ძალიან მცირე დრო რჩება (დაახლოებით ოთხი თვე _ ც. ღ.) მკვლევარი საბოლოოდ მაინც ორივე თარიღს იზიარებს [16, 93].
განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა ს. კაკაბაძეს. მისი ვარაუდით, ეს მონეტები მოჭრილია ერთი და იმავე სიქით და შესაძლებელია შეცდომა თარიღში ქორონიკონის შემადგენელ ასონიშან `ზ~ – (ზენისა) და `ლ~ – (ლასის) აღრევის გამო, მათი გრაფიკული მოხაზულობის მსგავსების ნიადაგზე მოხდა. ამიტომ მკვლევარის აზრით, თამარის სახელით გამოშვებული ეს მონეტები უნდა მივიჩნიოთ
1187 წ. მოჭრილ მონეტებად [1, 165-166]. ს. კაკაბაძეს აზრის დასამტკიცებლად გარდა ასომთავრული ნიშნების გრაფიკული მოხაზულობის მსგავსებისა არავითარი არგუმენტი არ წამოუყენებია.
საყურადღებოა, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში ინახება ზემოთ აღწერილი სამონეტო ტიპის ვარიანტი (#3758, 4175). ამ მონეტების ზურგს განსხვავებული გარშემოწერილი გააჩნიათ, თარიღი აღბეჭდილია ჰიჯრით და არა ქორონიკონით. აქ ლეგენდა არაბულად იტყობინება: `ღმერთის სახელით მოიჭრა ეს დირჰემი 583 წელს~. ეს თარიღი შეესატყვისება 407 ქორონოკონს = 1187 წელს.
ამრიგად, მეფე თამარის ამ სამონეტო ტიპზე თარიღის აღმნიშვნელი ქართული ქორონიკონი 407 (=1187 წ.) და მაჰმადიანური წელთაღრიცხვა ჰიჯრით 583 (=1187 წ.), მხოლოდ ერთ თარიღს 1187 წელს გვაუწყებს.
ამ მონეტების ემისია ძალზე დიდი იყო, იგი ითვლება ერთ-ერთ გავრცელებულ სამონეტო ტიპად. ამ მონეტების საერთო რაოდენობა ათასობით აღირიცხება. შესაბამისად მათი ვარიანტების რაოდენობაც მრავალრიცხოვანია.
რამდენიმე არგუმენტზე დაყრდნობით მიგვაჩნია, რომ მეფე თამარი თავის პირველ დამოუკიდებელ სამონეტო ემისიას ახორციელებდა მხოლოდ ერთი თარიღით – 1187 წ. და ამ თარიღით მონეტების გამოშვებას აგრძელებდა მმართველობის დასასრულამდე.
მეფე თამარის ამ სამონეტო ტიპის თარიღის სწორად განსაზღვრისათვის, საჭიროდ მიგვაჩნია მიმოვიხილოთ თამარის ეპოქის სხვა ნუმიზმატიკური ძეგლები. მხედველობაში გვაქვს ე.წ. `ვერცხლის კრიზისის~ დროს გიორგი III-ის, გიორგი ლაშას და რუსუდანის (1223-1245) სამონეტო ემისია.
პირველად ქართული ნუმიზმატიკის ისტორიაში გიორგი III-ის მონეტაზე თარიღი აღინიშნა ქართული ქორონიკონით 394 (=1174 წ.), თუმცა იგი საქართველოს მეფეა 1156 წლიდან. ეს თარიღი აღნიშნავს სამონეტო ტიპის დამკვიდრებას და არა გიორგი III-ის გამეფებას [17, 73]. გიორგი III-ის ეს სწორი ჭედვის მონეტა მისი მმართველობის დასასრულამდე (1184 წლამდე) ამ თარიღით გრძელდება. სამონეტო ტიპი იგივე დარჩა და თარიღიც შეუცვლელია – 1174 წელი.
მეფე თამარის გარდაცვალების შემდეგ გიორგი ლაშას ახალი სამონეტო ტიპი მკვიდრდება – ქორონიკონი 430 (=1210 წ.), სადაც `გიორგი ძე თამარისა~ `მეფეთ მეფის~ ტიტულით მოიხსენიება. გიორგი ლაშას ამ ფულის ემისია დიდი რაოდენობითაა ცნობილი, მაგრამ მონეტის ტიპი უცვლელია და თარიღიც მხოლოდ ერთია 430 ქორონიკონი (=1210 წ.). ანუ გიორგი ლაშას მონეტები ამ სამონეტო ტიპის დამტკიცებიდან მისი მმართველობის ბოლომდე 1223 წლამდე, მხოლოდ ერთი თარიღით იჭრება (1210 წელი).
ქორონიკონის 447 წ. 1227 წელს მეფე რუსუდანი თამარის ასული, უშვებს ე. წ. `წესიერად~ მოჭრილ სპილენძის მონეტას. ეს სამონეტო ტიპი დიდი რაოდენობითაა ცნობილი. დ. კაპანაძის დაკვირვებით `ეს უზარმაზარი მასალა მონეტის ნაკეთობის ყველა საფეხურს შეიცავს. ყოველივე ეს საბუთს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ თარიღი, რომელიც პირველად მონეტაზე გაჩნდა, 1227 წელი, უცვლელად რჩება რუსუდანის მმართველობის ბოლომდე და სულ უკანასკნელი მის მონეტებს ისეთივე თარიღი უზის, როგორც პირველს~ [17, 81]1.
საქართველოში ე.წ. `ვერცხლის კრიზისის~ დამთავრების შემდეგ 450 ქორონიკონს (=1230 წ.), მეფე რუსუდანმა მოჭრა ვერცხლის დრამა (დირჰემი). რუსუდანის ვერცხლის ფულის ემისიაც მხოლოდ ერთადერთი თარიღითაა ცნობილი – 1230 წელი და იგი გამოდიოდა ამ თარიღით მისი მეფობის დასასრულამდე (1245).
ქორონიკონი 420 წ. (=1200 წ.) მოიჭრა სწორი ჭედვის სპილენძის მონეტა, რომელზეც თამარისა და მისი მეუღლის დავითის სახელია აღნიშნული. დავითი პრინც-კონსორტი მონეტაზე მეფის ტიტულით არ მოიხსენიება. ნიშანდობლივია, რომ თამარის და დავითის ვაჟი გიორგი ლაშა მონეტაზე `თამარის ძედ~, ხოლო ქალიშვილი რუსუდანი `თამარის ასულად~ იხსენიებიან. მონეტა ყველა ერთი ტიპისაა, მხოლოდ განსხვავებული სიქით არის მოჭრილი. მონეტას ასეთი გარეგნობა აქვს:
ავ. შუაში მოთავსებულია სიმბოლური ნიშანი, მარცხნივ და მარჯვნივ ქართულად დაქარაგმებულია დავითისა და თამარის სახელების ინიციალი. კუთხეებში ქორონიკონი 420 (=1200 წ.). ქვედა ნაწილში იქ, სადაც ფიგურის ფეხია, მოთავსებულია დამღა. იგი წარმოადგენს ერთმანეთის გვერდით მოთავსებულ ორ ოთხკუთხედში არაბული დამწერლობით შესრულებულ მეფე თამარისა და მისი მეუღლის დავითის სახელების ერთმანეთისადმი მიმართულ ინიციალებს.
რვ. ოთხსტრიქონად არაბული ზედწერილი: `დედოფალი დედოფალთა, შვენება ქვეყნისა და სარწმუნოებისა, თამარი ასული გიორგისა. მესიის თაყვანისმცემელი~.
თამარის ამ მონეტაზე სრულფასოვნების გარანტს სახელმწიფო იძლეოდა. ამის ნიშანი იყო მონეტაზე დაჭდეული სახელმწიფო ბეჭედი – დამღა, რომელიც ქართულად და არაბულად იუწყებოდა თამარისა და დავითის სახელებს. სწორი ჭედვის სპილენძის ეს მონეტა დირჰემებად გადიოდა საგარეო ბაზარზე. თამარის ეს მონეტა ყველა ერთი ტიპისაა, მხოლოდ განსხვავებული სიქებით, რაც ამ ფულის ინტენსიურ ემისიაზე მეტყველებს.
თამარის ამ სახის მონეტები ჩვენამდე უამრავია მოღწეული. ა/კავკასიის სხვადასხვა ადგილას აღმოჩენილია სამონეტო განძები, რომლებიც ათასეული ცალობით განისაზღვრება. თამარის ეს სამონეტო ტიპი მხოლოდ ერთი თარიღით ქორონიკონი 420 = 1200 წ. არის ცნობილი. და იგი იჭრებოდა თამარის მმართველობის დასასრულამდე ამ თარიღით.
ამრიგად, მეფე თამარის ეპოქის ნუმიზმატიკურ ფაქტობრივ მასალაზე დაკვირვებამ საშუალება მოგვცა დავასკვნათ, რომ მეფე გიორგი III-ის დროიდან დამკვიდრებულია წესი, როდესაც მონეტაზე მოთავსებული თარიღი მოჭრის დროს კი არ ასახავს, არამედ სამონეტო ტიპის დამტკიცების თარიღს, ყოველგვარი შესამჩნევი ცვლილების გარეშე. დამტკიცებული სამონეტო ტიპი ამა თუ იმ ქართველი მეფის მმართველობის მთელ მანძილზე იჭრება ერთი თარიღით. ასეა გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ლაშას და რუსუდანის დროს. როგორც ჩანს, ეს იყო საქართველოს სამეფო კარის მიერ დადგენილი წესი. უდავოა, იგი ძალაშია მეფე თამარის 407 ქორონიკონის = 1187 წლის სამონეტო ემისიის დროსაც. მეორე თარიღი, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარი თამარის ამ სამონეტო ტიპის მონეტაზე კითხულობს, ქორონიკონი 430 = 1210 წელი, სიქაზე მექანიკურად დაშვებული შეცდომაა. კერძოდ კი ეს თარიღი 407 ქორონიკონის შემადგენელ ასონიშან `ზ~ _ ზენისა და `ლ~ – ლასის გრაფიკული მოხაზულობის მსგავსების ნიადაგზე წარმოიშვა. ცნობილია, რომ ასომთავრულ ანბანში `ზენსა~ და `ლასს~ მხოლოდ მარცხენა მხარეს ჩამოშვებული მცირე ვერტიკალური ხაზი განასხვავებს (`ზ~ – ზენი და `ლ~ – ლასი).
ამრიგად, მეფე თამარმა პირველი საკუთარი სამონეტო ემისია განახორციელა ქორონიკონით 407 = 1187 წ. მოიჭრა არასწორი ფორმის სპილენძის მონეტა, რომელიც მისი მმართველობის დასასრულამდე ამ ერთი თარიღით იჭრებოდა. ეს არასწორი ფორმის მონეტები საშინაო ბაზრის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებდა. ხოლო შემდეგ, ქორონიკონის 420 = 1200 წ. მეფე თამარის სახელით გამოშვებული სწორი ფორმის სპილენძის მონეტები, ე.წ. `ვერცხლის კრიზისის~ პერიოდში, საგარეო ბაზარზეც გადიოდა დრამებად.
ქართულ ნუმიზმატიკურ ლიტერატურაში მიღებულია აზრი, რომ რუსუდან დედოფალის დროს, 1227 წ. ჩატარებული სამონეტო რეფორმით დამთავრდა არასწორი ჭედვის მონეტების ემისია და მოიჭრა სწორი ფორმის სპილენძის მონეტა – დრამა. ჩვენი დაკვირვებით, უფრო ადრე, 1200 წელს იწყება მნიშვნელოვანი გარდატეხა ქართული ფულის ისტორიაში. ქორონიკონის 420 = 1200 წელს მეფე თამარი ატარებს სამონეტო რეფორმას, რომელიც გულისხმობს `არაწესიერი~ ფულის გამოშვების შეწყვეტას. მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფო ერთ-ერთი პოლიტიკური ერთეული იყო, რომელიც XIIXIII საუკუნეთა მანძილზე უშუალოდ ემეზობლებოდა საქართველოს და მასთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა. XII ს-ის 90-იანი წლებიდან სელჩუკთა სახელმწიფოში დამთავრდა ე.წ. `ვერცხლის კრიზისი~ და დაიწყო მაღალი სინჯისა და წონის (2,8-2,9 გრ) დირჰემების გამოშვება [18, 681-682].
საქართველოს სამეფოს ეკონომიკური კავშირები მცირე აზიის სელჩუკთა სახელმწიფოსთან წარმატებით მიმდინარეობდა. ეს დადასტურებულია მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური მასალით, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდა [19, 105-107]. ნიშანდობლივია, რომ მანავის (საგარეჯოს რ-ნი) სამონეტო განძში სელჩუკი სულტანის – ყილიჯ არსლან II-ის (1156-1192) უადრესი დირჰემებია დაფიქსირებული [20, 207-218]. XII ს-ის ბოლოს და XIII ს-ის დასაწყისში სელჩუკების ფული მიმოქცევაშია საკუთრივ ქართულ ფულთან ერთად [21, 306].
როგორც ჩანს, 1200 წლის მეფე თამარის სწორი ჭედვის მონეტების ემისიას კავშირი აქვს სელჩუკების სახელმწიფოში ვერცხლის ფულის განახლებასთან. 1200 წლის ფულადი რეფორმა საქართველოში იყო დროის შესაბამისი პოლიტიკურ-ეკონომიკური ღონისძიება.
მეფე თამარი მიზანმიმართულ პოლიტიკას ახორციელებდა და გარკვეულ წარმატებებსაც აღწევდა. სწორი ფორმის მონეტების (სპილენძის დრამების) ემისია მიმართული იყო ცვლილებებთან სამონეტო საქმეში. ეს იყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს სამონეტო პოლიტიკის გამოხატულობა, რომელიც მას დიდ საერთაშორისო ცხოვრებასთან თანამონაწილეს ხდიდა. მეფე თამარის მიერ წამოყენებული ეს მნიშვნელოვანი ძვრები გარკვეული მიზეზების გამო შეფერხდა გიორგი ლაშას (1210) და ჯალალ ად-დინის (1226) არასწორი ფორმის მონეტების ემისიის შედეგად, მაგრამ რუსუდან დედოფალმა 1227 წლის სამონეტო რეფორმით, კვლავ განაახლა ეს ცვლილება. 1200 წლის სპილენძის დრამების ემისია თამარის მმართველობის ბოლოს, არასწორი მონეტების ემისიის განახლებას გამორიცხავს. (შეუძლებელია მეფე თამარს 1187 წელს დაკანონებული სამონეტო ტიპი – არასწორი ჭედვის მონეტები, ორი ათეული წლის შემდეგ განეახლებინა).
ნუმიზმატიკური მასალის ანალიზიდან ნათლად ჩანს, რომ მეფე თამარი სამონეტო ემისიას აწარმოებს მხოლოდ ორი თარიღით 1187 და 1200 წელი. გარდა ნუმიზმატიკური მონაცემებისა, აღნიშნული საკითხის გარკვევისას, მნიშვნელოვანია წერილობითი წყაროებიც დავიმოწმოთ.
თამარის პირველი ისტორიკოსის თხზულება `ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი~ გადმოგვცემს: `თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარსა ი∼À და აღავსო მზე ქართლისა და საფლავმან სადიდებლად თÂსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა~ [22, 146].
თამარის მეორე ისტორიკოსი, ბასილ ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს: `თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შუაწყუდია ყოველი გვარი კეთილმეფობასა~ [22, 150].
ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე: `მეფობასა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი და აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათ-მთავარნი და მეფენი. თუესა იანვარსა თორმეტსა, დღესა ოთხშაბათს. დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათს ... დასუეს გიორგი ძე მისი მეფედ~ [23, 369].
ამ ცნობათა საფუძველზე თამარი გარდაიცვალა (1184+23) 1207 წლის იანვარში.
თამარის გარდაცვალების შესახებ ცნობებს გვაწვდიან აგრეთვე კვინკლოსები: `ქ˜კს: უკზ: ამას წელსა (ე. ი. 1207 წ.) კარი აიღეს და თამარ დედოფალი გარდაიცვალა~ [10, 295].
`ქ˜კს: უკვ: (1206 წ.) აქ მიიცვალა თამარ და მეორესა წელსა (დაჯდა) მეფედ გ˜ი~ [10, 297].
თ. ჟორდანიას XIII ს-ის ხელნაწერში აღმოუჩენია მესამე ცნობაც, სადაც თამარ მეფის გარდაცვალების თარიღი 1206 წელია. თ. ჟორდანიას ეჭვი შეაქვს ამ თარიღების (1206, 1207) სისწორეში და სვამს კითხვას `რომელმა მიზეზმა გამოიწვია ესრეთ თანხმობითის სიცრუვე სამთავე მექრონიკეთაგან~ [10, 297].
ჯ. ოდიშელის განმარტებით კინკლოსური ცნობების ბუნებიდან გამომდინარე, დასაშვებია ერთწლიანი კალმისმიერი შეცდომა [3, 120].
ბასილ ეზოსმოძღვრის თხზულებაში, სადაც ქორონიკული თარიღი არ არის, მოგვიანებით თამარის გარდაცვალების თარიღად სხვადასხვა პირებს მიუწერიათ ქორონიკონი `უია~ და ქორონიკონი `ულ~ (შესაბამისად 1191 წ. და 1210 წ.). ჯ. ოდიშელის გამოკვლებით ორივე თარიღი გვიანი მინაწერია და თანაბრად საეჭვოა [3, 120].
`ისტორიათა და აზმათა~ ავტორის ჩვენებით, მეფე თამარი აღესრულა ზაქარია ამირსპასალარის შემდეგ [22, 110-112]. სომხურ ეპიგრაფიკულ მასალაზე დაყრდნობით შ. დარჩაშვილმა დაასაბუთა, რომ ჯერ თამარი გარდაიცვალა შემდეგ კი ზაქარია [7, 151-155]. ბ. სილაგაძემ ეპიგრაფიკული მონაცემების სისწორე დაადასტურა ნარატიული წყაროების მოშველიებით. ვარდან არეველცისა და სტეფანოს ორბელიანის ცნობით, არდებილ-მარანდის 1210 წლის ლაშქრობიდან დაბრუნებული ზაქარია ამირსპასალარი 1212 წ. გარდაცვლილა [24, 171-172; 25, 64]. კირაკოს განძაკეცის ცნობით ზაქარიას სიკვდილს დიდად დაუმწუხრებია საქართველოს მეფე გიორგი ლაშა, ზაქარიას ძმა ივანე და მთელი ქართული ლაშქარი [26, 129]. დამწუხრებულთა შორის თამარის მოუხსენიებლობა იმის მაუწყებელია, რომ იგი მაშინ ცოცხალი არ არის.
ამრიგად, ისტორიული წერილობითი წყაროების უმეტესობაც გარდაცვალების თარიღად 1207 წლის იანვარს უთითებენ.
ქართული წყაროების ცნობებს სანდოობას ანიჭებს თანადროული სომხური და არაბული წყაროების მონაცემები. ისინი ხშირ შემთხვევაში ადასტურებენ ქართული წყაროს სისწორეს, ზოგჯერ კი ახალ დამატებით მასალას იძლევიან.
სომეხი ისტორიკოსი მხითარ აირივანეცი გვამცნობს: `გარდაიცვალა თამარი და გამეფდა მისი შვილი ლაშა. მან დალაშქრა არჭეში და ვარაგი, ხოლო სპარსეთის მხარეში ზრეჰამდე მივიდა~ [27,82].
მხითარ აირივანეცის ცნობა დასტურდება სხვა წყაროს მონაცემებითაც. არაბი მემატიანის იბნ ალ-ასირის თხზულებაში ცალკე სათაურით არის გამოყოფილი პასაჟი: `ქართველთა მეფის მიერ ქ. არჭეშის აღების შესახებ და მათი უკან დაბრუნება~. იქ ვკითხულობთ: `ჰ. 605 (1208-1209) წელს ქართველთა მრავალრიცხოვანი ჯარი გაემართა ქ. არჭეშისაკენ, ალყა შემოარტყეს ქალაქს, დაიკავეს და ნადავლით დატვირთული უკან დაბრუნდნენ~ [28, 131]. იბნ ალ-ასირი პირდაპირ ასახელებს ქართველთა მეფის სარდლობით ჩატარებული ლაშქრობის თარიღს – 1208-1209 წწ. როგორც ჩანს მხითარ აირივანეცი და იბნ ალ-ასირი აღწერენ ერთიდაიგივე ამბავს, რომ საქართველოს მეფე გიორგი ლაშა ხლათის ქვეყანაში საომარ მოქმედებას აწარმოებს, ლაშქრავს არჭეშს და მის მიმდგომ მხარეს.
მართლაც, საქართველოს სამეფო კარმა თავისი სამხედრო ძალები ჩრდილოეთ სომხეთის შემდეგ სამხრეთი პროვინციების, კერძოდ ხლათის სასულტნოს წინააღმდეგ მიმართა [7, 153].
სომეხი ქრონისტის სამუელ ანეცის თხზულების გაგრძელებაში, რომელიც 1290 წლის ამბების გადმოცემით მთავრდება და რომლის ავტორადაც ცნობილ სომეხ ისტორიკოსს სტაფანოს ორბელიანს მიიჩნევენ, 1206 წელთან დაკავშირებით (სომხური წელთაღრიცხვის 655), ვკითხულობთ: `ამ წელს, ზაქარიამ ტაჭიკებს (იგულისხმება თურქები - ც. ღ.) წაართვა ყარსი, ივანეს ვაჟი ავაგი დაიბადა. მომდევნო წელს გარდაიცვალა თამარი და მისი ვაჟი ლაშა გიორგი გამეფდა საქართველოში~ [29, 37; 3, 124; 30, 171; 24, 110].
როგორც ვხედავთ სამუელ ანეცი მეფე თამარის გარდაცვალების თარიღად 1207 წელს ასახელებს.
სომეხი ისტორიკოსი ვარდან არეველცი (დიდი) ასევე მოგვითხრობს თამარის გარდაცვალების შესახებ. მისი თქმით: `თამარის მეფობის დროს გაძლიერდნენ ქრისტიანები. მიუხედავად ამისა (თამარმა) მიატოვა რუსი ქმარი და გაჰყვა ოს ასლანს, რომელმაც წაართვა ალაფი თურქებს და აავსო ივერია ტყვეებით. მისგან ეყოლა ერთადერთი ვაჟი და დაარქვა მას ლაშა. მას ეპყრა გვირგვინი ოცდასამი წელიწადი და აღესრულა, ტახტზე ავიდა ლაშა~ [24, 110].
ზოგიერთი ქართველი ისტორიკოსი ვარდანის `მსოფლიო ისტორიის~ რუსული თარგმანის საფუძველზე [37, 171], ასკვნის, რომ აქ საუბარია არა თამარის, არამედ მისი მეუღლის დავით სოსლანის გარდაცვალებაზე. ე. კვაჭანტირაძის დაკვირვებით, ნ. ემინის მიერ 1861 წ. შესრულებულ თარგმანში შეცდომაა დაშვებული. სინამდვილეში კი სომხური ტექსტის ორივე გამოცემიდან (მოსკოვისა და ვენეციის) `აშკარად ჩანს, რომ თხრობა თამარის გარდაცვალებას ეხება~ [24, 110]. შეცდომა ემინისეულ თარგმანში უფრო ადრე შენიშნული ჰქონდა ჯ. ოდიშელს [13, 94].
ჩვენც მიგვაჩნია, რომ მოტანილ ტექსტში ლაპარაკია თამარის და არა დავით სოსლანის გარდაცვალებაზე. როგორც ცნობილია, მეფე თამარის პირველი ქორწილი შედგა 1184-1185 წწ. Pირველი ქმრის განდევნა მოხდა 1187-1188 წწ. 1189 წ. თამარი გათხოვდა დავით სოსლანზე. ვარდანის ცნობით, თამარი ტახტზე ავიდა 1184 წ. დავით სოსლანი კი საქართველოს მეფეა 1189 წლიდან. ამგვარად გამოდის, რომ დავითი უნდა გარდაცვლილიყო 1211 წელს 22 წლის მეფობის შემდეგ (1189 + 22 = 1211 წ.). ასე, რომ ვარდან არეველცი 1207 წელს მეფე თამარის გარდაცვალებას გულისხმობს.
არაბი მემატიანის იბნ ალ-ასირის თხზულებაში ცალკე სათაურით არის გამოყოფილი: `მოხსენიება ქართველთა მეფის მიერ ქალაქ ყარსის დაუფლებისა და ქართველთა მეფის გარდაცვალებისა~ [28, 131]. იქ საუბარია ყარსის ციხის აღებაზე. იბნ ალ-ასირი აღნიშნავს, რომ ქართველები `დაეუფლნენ ყარსის ციხეს, რომ მისთვის ქართველებს `დიდი ხნის მანძილზე ჰქონდათ ალყა შემორტყმული~. ყარსის ციხე ქართველებმა დაიკავეს 1206 წ. დეკემბერში, ანდა 1207 წლის იანვარში. ყარსის ციხის აღებით დასრულდა შაჰ-არმენებზე დამოკიდებული ამ საამიროს არსებობა [31, 162-163]
ყარსის ქართველთა ხელში გადასვლას ქვეყნისთვის უდიდესი პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა. იგი ანის-არზრუმის დიდ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა და ფეოდალური საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა [32, 307]. მოსალოდნელი იყო, რომ ყარსის შემომტკიცების შემდეგ ქართველები გააგრძელებდნენ შეტევას ვანის ტბის მიმართულებით, მაგრამ იბნ ალ-ასირის მიხედვით `ამ დროს მოკვდა ქართველთა დედოფალი, მათ შორის დაიწყო უთანხმოება და წლის ბოლომდე ალლაჰმა შეწყვიტა ბოროტება~ [28, 131]. ქართველ მკვლევართა ნაწილი თვლის, რომ ამ ცნობაში იგულისხმება თამარ მეფე. ნაწილი კი ფიქრობს, რომ 1207 წ. აღსრულდა დავით სოსლანი.
დღეისათვის ქართულ ისტორიოგრაფიაში დამტკიცებულად არის მიჩნეული, რომ დავით სოსლანი გარდაიცვალა 1204-1205 წ. დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღის გადაწევას ამყარებს ბასიანის ბრძოლის ზუსტი დათარიღება – 1202 წ. [33, 89-92]. `ისტორიანი და აზმანის~ მიხედვით დავით სოსლანი გარდაიცვალა ბასიანის ომის მომდევნო ხანაში [22, 100].
ქართული წყაროს ცნობით, გიორგი ლაშა დედის თანამოსაყდრე გახდა მისი მამის დავით სოსლანის გარდაცვალების შემდგომ. სწორედ ამ დროს უნდა გაეხადა ჟამთააღმწერლის გადმოცემით თამარს თანამოსაყდრედ 13 წლის ლაშა [22, 151]. ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანის თქმით: ლაშა `თორეტისა წლისა იყო, ოდეს მეფედ დაჯდა~ [23, 370]. `აფხაზეთის ქრონიკის თანახმადაც, 1205 წ. გიორგი ლაშამ დაიდგა გვირგვინი მეფობისა. `მაშინ ძე მისი ლაშა თორმეტის წლისა იყო~ [23, 294]. (გასათვალისწინებელია, რომ მაშინ წლების ათვლა იანვრიდან არ ხდებოდა – ერთწლიანი სხვაობა დასაშვებია~ [30, 173]. ლაშა გიორგის გამეფება გულისხმობს, რომ დავით სოსლანი უკვე ცოცხალი აღარ იყო.
დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღის შესახებ რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. ივ. ჯავახიშვილის აზრით დავით სოსლანი 1205-1206 წ.წ. უნდა გარდაცვლილიყო [11, 279], შ. დარჩაშვილი – 1205-1206 წწ. [7, 155], რ. კიკნაძე – 1205 [4, 18], ჯ. ოდიშელი და ბ. სილაგაძე – 1204-1205 წწ. [3, 122; 30, 118-119].
ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ჯავახეთში, ბარალეთის (ახალქალაქის რ-ნი) ეკლესიის 1204 წლის საამშენებლო წარწერა: `აეშენა ეკლესია ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა; ადიდენ ღმერთმან ორთავე ცხოვრებათა შინა~ [34, 47]. ის, რომ დავით სოსლანი გარდაიცვალა 1204-1206 წლებს შორის, ლაშა გიორგი კი თამარის თანამოსაყდრე ხდება. ეს არგუმენტიც ადასტურებს იბნ ალ-ასირის ცნობას იმის შესახებ, რომ 1207 წელი დავით სოსლანის კი არა მეფე თამარის გარდაცვალების თარიღია. ამრიგად ქართული ნარატიული, ეპიგრაფიკული და სომხური ისტორიული წყაროები ადასტურებენ თამარისა და გიორგი ლაშას თანამოსაყდრეობას. 1192/93 წწ. დაბადებული ლაშა დედის თანამოყდრე გახდა მამის, დავით სოსლანის გარდაცვალების შემდგომ, დაახლოებით 1204-1205 წწ. [3, 122; 35, 242-257; 2, 125].
როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იბნ ალ-ასირის ცნობით, ქ. ყარსის აღების შემდეგ მოსალოდნელი იყო, რომ ქართველები გააგრძელებდნენ შეტევას ვანის ტბის მიმართულებით, მაგრამ მისი სიტყვით, ამ დროს მოკვდა ქართველთა დედოფალი და ქართველთა შორის დაიწყო უთანხმოება.
არაბი ავტორის ამ ცნობის სისწორე დასტურდება ქართული წყაროს მონაცემითაც. თამარის გარდაცვალებამ და ტახტზე შედარებით გამოუცდელი ახალგაზრდა მეფის გიორგი ლაშას ასვლამ, საქართველოს ვასალობიდან გათავისუფლების სურვილი აღუძრა თურქულ ყმადნაფიც ქვეყნებს. ისტორიული წყაროები მოგვითხრობენ ლაშას არამყარ მდგომარეობაზე მისი მეფობის დასაწყისში. საქართველოს სამეფო კარზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი თაობა განსხვავებული შეხედულებითა და განსხვავებული პოლიტიკით. ეს კონფლიქტი პირველად წარმოჩინდა განძასთან ბრძოლის დროს [36, 5]. გიორგი ლაშამ საქართველოს მეფემ განძის ბრძოლაში დაშვებული შეცდომისთვის, მიუხედავად ბრძოლაში გამარჯვებისა, დიდებულებს დამამცირებელი ბოდიში მოუხადა და აღუთქვა, რომ `არარას იქმდა თვინიერ მათისა განზრახვისა~ [22, 155]. არაბი მემატიანის იბნ ალ-ასირის თხზულებაში სწორედ ეს უთანხმოება და არეულობა უნდა იყოს ასახული.
თუ თამარის გარდაცვალების თარიღად მივიჩნევთ 1207 წელს, მაშინ ეს თარიღი, გიორგი ლაშას გამეფების წლადაც უნდა მივიღოთ. ამიტომ 1207 წლის შემდგომი მთელი რიგი მოვლენები გიორგი ლაშას მმართველის პერიოდისადმი იქნება მიკუთვნებული.
გიორგი ლაშას დროინდელი მემატიანის ცნობის თანახმად: ლაშამ `გაილაშქრა, წარვიდა და შევიდა დიდსსა სპარსეთს, გატეხა არდევილი, დალეწნა ციხე ქალაქნი და აღავსო სამეფო ალაფითა~ [23, 370]. `დალეწნეს სპარსეთისა ქალაქნი და მარანდი ამოსწყვიდეს და ერანის ქვეყანა, ისდენად სიშორესა შინა მივიდნენ, რომელ არცა თუ სახელი ქართველობისა ისმოდა~ გამარჯვებული ლაშქარი უკან დაბრუნდა. ასეთი ხანგრძლივი და შორეული ლაშქრობა ქართველებს მანამდე არ ჩაუტარებიათ [23, 369].
მემატიანე ლაშას თავის დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს: `მშვილდოსანი და ცხენოსანი, გულოვანი და შემმართებელი, რომელ მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადნა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი~ [23, 370]. რატომ არ უნდა დავიჯეროთ, რომ 17-18 წლის საქართველოს მეფეს თვითონ მოეწყო ლაშქრობა სპარსეთის ქვეყანაში. სომეხი ისტორიკოსი მხითარ აირივანეცი წერს: `გარდაიცვალა თამარი და გამეფდა მისი შვილი ლაშა. მან დალაშქრა არჭეში და ვარაგი, ხოლო სპარსთა მხარეში ზრეჰამდე მივიდა~ [27, 82].
ყველა ისტორიული წყარო, როგორც ქართული, ისე უცხოური ერთნაირად არ დაუშვებდა შეცდომას. ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად გვაწვდიან მსგავს ცნობებს.
ჩვენი აზრით, ყველა ზევით განხილული, კერძოდ: ქართული, სომხური, არაბული წერილობითი წყაროების, ასევე ნუმიზმატიკური მასალის კომპლექსური შესწავლა და ანალიზი გვაძლევს საფუძველს უარვყოთ მეფე თამარის გარდაცვალების დროდ 1207 წელი ვაღიაროთ.
შენიშვნა
1. როგორც აღნიშნული იყო, თამარის 1187 წლის სპილენძის მონეტას აწერია `იჭედა ესე ვეცხლი~. ეს კანონზომიერიცაა, რადგან შემთხვევითი წონისა და ფორმის მონეტები ვერ იქნებოდნენ გარკვეული ღირებულების მატარებელნი. მონეტას ზოგადად `ვერცხლი~ აწერია და არა `დრამა~. 1200 წლის თამარის, ისევე როგორც რუსუდანის 1227 წლის წესიერი ჭედვის სპილენძის საფასეს აღარ აწერია `ვერცხლი~. ჩანს, ისინი საშინაო თუ საერთაშორისო ბაზარზე დირჰემების იგივე დრამების ტოლფასად გადიოდნენ.
დამოწმებული ლიტერატურა
1. Какабадзе С., Год смерти грузинской царицы Тамары Великой, Известия Тифлисских высших женских курсов, I, Вып. 1, Тифлис, 1914.
2. ბ. სილაგაძე, XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ზოგიერთი საკითხი იბნ ალ-ასირის ცნობათა შუქზე, „საქართველო რუსთაველის ხანაში“ (რუსთაველის დაბადების 800 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული), თბილისი, 1966.
3. ჯ. ოდიშელი, თამარის გარდაცვალების საკითხი. 1976 წ.
4. რ. კიკნაძე, ფარსადან გორგიჯანიძე და „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“, თბილისი, 1975.
5. ლ. ბერიაშვილი, ე. ორჯონიკიძე, ნ. ბერძენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სესია.
6. თ. ნატროშვილი, გ. ჯაფარიძე, ცდა ერთი თარიღის დადგენისა.
7. შ. დარჩაშვილი, XIII ს-ის დასაწყისის საქართველოს ქრონოლოგიის საკითხისათვის, ჟურნ.: `მნათობი~, #12, 1975.
8. ბროსე, ისტორია ჟეორჟიე პეტერსბურგ, 1886.
9. პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, 1, თბილისი, 1963.
10. ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, I, ტფილისი, 1892.
11. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, II, თბილისი, 1965.
12. კ. კეკელიძე, „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ცდა ტექსტის აღდგენისა), თბილისი, 1941.
13. მცირე ქრონიკები (კინკლოსები, ისტორიული მინაწერები), ტექსტი გამოსცა, შესავალი, წერილი და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბილისი, 1968.
14. გ. ჯაფარიძე, ვახუშტი და XII-XIII სს. საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიის საკითხები, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, 205, სერია ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბილისი, 1979.
15. ვ. გაბაშვილი, საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები XII ს-ში, თსუ შრომები, 121, თბილისი, 1967.
16. Е. Пахомов. Монеты Грузии. Тбилиси. 1970.
17. დ. კაპანაძე, ქართული ნუმიზმატიკა, თბილისი, 1969.
18. Gილლეს Hენნექუინ, ჩატალოქუე დეს მონნაიეს მუსულმანეს დ ლა ბიბლიოტჰექუე ნატიონალე Pარის. 1985.
19. Джалаганиа И., Иноземная монета в денежном обращении Грузии, V-XIII вв., Тбилиси, 1979.
20. Джалаганиа И., Два клада сельджукских монет, журн.: `Советская археология~, №2, 1958.
21. თ. ლომოური, ფული შოთა რუსთაველის ეპოქაში, შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა, თბილისი, 1938.
22. ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1959.
23. ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი, 1955.
24. ე. კვაჭანტირაძე, ქრონოლოგიის საკითხები ვარდან არეველცის „მსოფლიო ისტორიაში“.
25. სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთას“, ძველი ქართული თარგმანი, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი, 1978.
26. Киракос Ганлдзакеци, История Армении, Перевод с древнеармянского, предисловие и комментарии Л.А. Хаиларян, Москва, 1976.
27. მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლ. დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბილისი, 1990.
28. Материалы по истории Азербайджана из Тарих-ал-Камиль (полного свода истории), Ибн Ал-Асира, перевод П. Жузе, Баку, 1940.
29. მცირე ქრონიკები, I, შეადგინა ვ. ჰაკობიანმა, ერევანი, 1951 (სომხურ ენაზე).
30. ბ. სილაგაძე, XIII საუკუნის დამდეგის საქართველოს ისტორიის ქრონოლოგიიდან.
31. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო, თბილისი, 1995.
32. ნ. შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი – XIII საუკუნე, თბილისი, 2003.
33. გ. ალასანია, ბასიანის ბრძოლის თარიღისათვის.
34. ვ. სილოგავა, სამცხე-ჯავახეთის ისტორიული მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები, ახალციხე, 2000.
35. ა. გამყრელიძე, ბასიანის ომის თარიღი, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966.
36. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, VIII კლასის სახელმძღვანელო, თბილისი, 2002.
37. Всеобщая история Вардана Великого, пეревел Н. Эмин, Москва, 1861.
Комментариев нет:
Отправить комментарий