суббота, 19 мая 2018 г.

ჰანიბალი (ა. გვიმრაძე)

შესავალი
   მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენდა პუნიკური ომები, (რომაელები კართაგენელებს პუნებს („მუქკანიანებს“) უწოდებდნენ. აქედან იღებს სათავეს ტერმინი „პუნიკური“) ძვ.წ. IIIII საუკუნეებში ანტიკური სამყაროს ორ უძლიერეს სახელმწიფოს – რომსა და კართაგენს შორის. პირველი პუნიკური ომის (ძვ.წ. 264242 წწ.) დაწყების მიზეზი გახდა ბრძოლა ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰეგემონობისათვის. რომაელები, რომლებიც ამ დროისათვის მთლიანად აკონტროლებდნენ აპენინის ნახევარკუნძულს, ცდილობდნენ, თავის იურისდიქციაში მოექციათ საზღვაო აკვატორიაც. რაც შეეხება კართაგენს, ის უკვე ფლობდა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მნიშვნელოვან ნაწილს, სიცილიას, სარდინიას, კორსიკასა და პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს. კართაგენის უპირატესობის მიუხედავად, I პუნიკურ ომში რომაელებმა გამარჯვება მოიპოვეს და პუნებს სიცილია წაართვეს. მოგვიანებით რომაელებმა სარდინია და კორსიკაც დაიბრუნეს.
    მეორე პუნიკური ომის (ძვ.წ. 218202 წწ.) მიზეზი გახდა კართაგენის რევანშისტული პოლიტიკა. პუნები არ აპირებდნენ მარცხთან შეგუებას. დაკარგული კუნძულების სანაცვლოდ კართაგენმა ძვ.წ. 226225 წლებში პირენეის ნახევარკუნძულზე ახალი ტერიტორიები დაიპყრო. ღომმა და კართაგენმა ესპანეთში თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცეული ტერიტორიების დროებით გამყოფ ზოლად მდ. იბერიუსი (ებრო) გამოაცხადეს. მიღწეული შეთანხმება რომაელებმა მაშინ დაარღვიეს, როდესაც კართაგენის კონტროლქვეშ მყოფი ქ. საგუნტუმი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს. ეს ფაქტი მათ შორის ახალი ომის დაწყების საბაბი გახდა.
    ძვ.წ. 219 წელს 25 წლის კართაგენელმა სარდალმა ჰანიბალ ბარკამ საგუნტუმი აიღო. საპასუხოდ რომმა კართაგენს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო მეორე პუნიკური ომი. ჰანიბალმა გადაწყვიტა, საბრძოლო მოქმედებები რომის ტერიტორიაზე გადაეტანა. ძვ.წ. 218 წელს მან ისტორიაში პირველმა გადალახა ალპები 40-ათასიანი ჯარითა და სპილოებით და ჩრდილოეთ იტალიაში ჩავიდა.
    რომის წინააღმდეგ მებრძოლი გალთა ტომები ჰანიბალს თავიანთ გამათავისუფლებლად მიიჩნევდნენ და მის მხარეზე გადადიოდნენ, რამაც ჰანიბალს რომაელებზე უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა. ბრწყინვალე გამარჯვებების კასკადი ჰანიბალს რომის აღების პერსპექტივასაც უქმნიდა, მაგრამ მან ეს შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრა ომის დასასრული.
    ძვ.წ. 210 წელს რომაელთა მთავარსარდლად დაინიშნა კონსული პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, რომელმაც გარდატეხა მოახდინა ომის მსვლელობაში. მან პირველი სერიოზული დარტყმა კართაგენელებს პირენეის ნახევარკუნძულზე მიაყენა. სციპიონმა წარმატებული სვლა განაგრძო აპენინის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, ბოლოს კი პუნების წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციები აფრიკაში, მათსავე ტერიტორიაზე გადაიტანა.
    II პუნიკურმა ომმა აპოგეას ძვ. წ. 202 წელს მიაღწია. სციპიონსა და ჰანიბალს შორის საბედისწერო ბრძოლა ზამასთან გაიმართა. ბრძოლის ბედის გადაწყვეტაში დიდი როლი ითამაშა ნუმიდიელთა მხედრობის ღალატმა, რომლებიც რომაელებს მიემხრნენ. ჰანიბალის საბოლოო მარცხმა მეორე პუნიკური ომის დასასრული განაპირობა. კართაგენმა, გარდა იმისა, რომ დაკარგა თავისი სამფლობელოები პირენეის ნახევარკუნძულზე, იკისრა, რომაელთა სასარგებლოდ, კონტრიბუციის სახით 10 ათასი ტალანტი (ტალანტი  ანტიკურ სამყაროში წარმოადგენდა ფულისა და ზომა-წონის ერთეულს და შეადგენდა 26,2 კგ. ვერცხლს. 1 ტალანტი = 60 მინას = 6000 დრაჰმას; 1 დრაჰმა = 6 ობოლუსს) გადაეხადა. მას აეკრძალა სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და საბრძოლო სპილოების ყოლის უფლება. Mმაგრამ, მიუხედავად ამისა, კართაგენი არ აპირებდა მარცხთან შეგუებას და საპასუხო შეტევისთვის ემზადებოდა. ღომმა გადაწყვიტა, საბოლოოდ დაესვა წერტილი კართაგენის არსებობისათვის. ასე დაიწყო III პუნიკური ომი, რომელიც ძვ.წ. 149-146 წლებში მიმდინარეობდა და კართაგენისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. სამწლიანი ალყის შემდეგ რომაელებმა კართაგენი აიღეს და იგი ჯერ დაანგრიეს, მერე გადახნეს და ნაქალაქარზე მარილი დააყარეს, რათა არასდროს აღარაფერს გაეხარა ამ მიწაზე.
    ამგვარად, პუნიკური ომებით დასრულდა დაპირისპირება ანტიკური ეპოქის ორ ზესახელმწიფოს  კართაგენსა და რომს შორის, რომლებიც ერთმანეთს მსოფლიო ბატონობის დასამყარებლად ებრძოდნენ. ამ მარათონში გამარჯვებული რომი კი თითქმის მთელი შვიდი საუკუნის განმავლობაში ერთპიროვნულად მართავდა მაშინდელ მსოფლიო პოლიტიკას, სანამ ისტორიის ავანსცენაზე ძველი გერმანული ტომები ვესტგოთები და ვანდალები გამოჩნდებოდნენ, რომლებმაც, თავის მხრივ, ბოლო მოუღეს რომის უძლეველობის ლეგენდას. მანამდე მთელი ისტორიის მანძილზე რომის სახელმწიფო განადგურებასთან ყველაზე ახლოს კართაგენთან ომის დროს დადგა.
    მიუხედავად იმისა, რომ ამ ომში რომმა გაიმარჯვა, საზოგადოებრივ აზროვნებაში ის, უპირველეს ყოვლისა, ანტიკური ეპოქის გენიალურ კართაგენელ მხედართმთავართან  ჰანიბალთან ასოცირდება, რომელმაც ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა. ჰანიბალის სტრატეგიისა და ტაქტიკისათვის დამახასიათებელი იყო: 1) რომისადმი უარყოფითად განწყობილი იტალიკური ტომების თავის სასარგებლოდ გამოყენება; 2) მთაგორიან პირობებში ჯარის ხანგრძლივი გადასვლების სამაგალითო ორგანიზება; 3) ჯარის სავალ გზებზე და დაპყრობილ ტერიტორიებზე ძირითადი და დროებითი ბაზების შექმნა, რითაც ზურგს იმაგრებდა და წლების განმავლობაში ჯარის კართაგენზე დამოკიდებულება მინიმუმამდე დაჰყავდა; 4) კარგად მომზადებული დაზვერვა და მომავალი საბრძოლო მოქმედებების ასპარეზის გულდასმით შესწავლა.
     ჰანიბალს შეიარაღებული ძალების ბირთვად მიაჩნდა ქვეითი ჯარი, ხოლო მთავარ დამხმარე ძალად  კავალერია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰანიბალის ნოვაცია შეიარაღებაში, რაც გულისხმობდა სამხედრო ოპერაციებში საბრძოლო სპილოების გამოყენებას. (რამდენდაც ჩვენთვის ცნობილია, ძვ.წ. 226 წელს საბრძოლო სპილოები ინდოეთის მეფე პოროსმა გამოიყენა ალექსანდრე მაკედონელის წინააღმდეგ ჰიდასპესთან გამართულ ბრძოლაში) ჰანიბალი საფუძვლიანად სწავლობდა მოწინააღმდეგის სტრატეგიასა და ტაქტიკას. დიდი კართაგენელის მხედართმთავრული ნიჭი სრულად გამოვლინდა კანესთან გამართულ ბრძოლაში, რომელიც სამხედრო ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენდა.
   ჰანიბალი მიზანსწრაფული პიროვნება იყო და გამოირჩეოდა ახალგაზრდული ენერგიითა და ჯარისკაცული შემართებით, გულგრილობით, ფიზიკური გამძლეობითა და სამხედრო ხელოვნების საიდუმლოების ცოდნით. იგი ამავე დროს დაუნდობელი და ვერაგი ადამიანი იყო. მასში სამხედრო და პოლიტიკური ლიდერისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშან-თვისება იყო შერწყმული. ჰანიბალის რეალურ პორტრეტს წარმოგვიდგენს ძვ.წ. I საუკუნის რომაელი ისტორიოგრაფი ტიტუს ლივიუსი. მისი შეფასებით: „ჰანიბალი ურთულეს მდგომარეობაშიც ინარჩუნებდა სიდინჯეს, არანაირ განსაცდელს არ შეეძლო მისი სხეულის დაღლა და სულის დამარცხება: იგი თანაბრად იტანდა სიცხესა და სიცივეს; დიდხანს შეეძლო უჭმელ-უსმელად გაძლება, არ იღებდა საკვებსა და სასმელს სიამოვნების გამო; სიფხიზლისა და ძილისთვის მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა დღესა და ღამეს; ხშირად სამხედრო ოპერაციიდან დაბრუნებულს მიწაზე ჯარისკაცებთან ერთად ეძინა; იგი ჩაცმულობითაც არ გამოირჩეოდა სხვა მებრძოლთაგან  მათგან მხოლოდ ცხენი და საბრძოლო იარაღი განასხვავებდა; ჰანიბალი პირველი მიდიოდა შეტევაზე და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს; მას არანაირი სიწმინდე არ გააჩნდა და არც არანაირი შიში ჰქონდა ღმერთების წინაშე“.
   I საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი დიოდოროსი თავის შრომებში ხაზგასმით აღნიშნავდა ჰანიბალის განსაკუთრებულ ფიზიკურ მონაცემებს და საუკეთესო სამხედრო მომზადებას. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჰანიბალი ცნობილი იყო აგრეთვე, როგორც ლიტერატორი. გადმოცემის თანახმად, ბერძნულ ენაზე მას შეუქმნია რამდენიმე თხზულება, რომლებსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის I საუკუნის რომაელი ისტორიკოსი კორნელიუს ნეპოტი. იგი ხაზს უსვამდა ჰანიბალის აფრიკულ წარმომავლობას და აღნიშნავდა, რომ პუნი მხედართმთავარი გამოირჩეოდა თავისი კეთილგანწყობით სხვა ხალხების მიმართ (ცნობილია, რომ ეთნოფილიით იყო გამორჩეული ალექსანდრე მაკედონელიც  ა.გ.). რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომის წინააღმდეგ 17-წლიანი სამხედრო ეპოპეის განმავლობაში, ჰანიბალის ჯარში არ დაფიქსირებულა არც ერთი შემთხვევა ეთნოკონფლიქტისა, მაშინ როცა მისი სამხედრო ნაწილები მრავალეთნიკურობით გამოირჩეოდნენ. კართაგენის შეიარაღებულ ძალებში იყვნენ: ლიბიელები, იბერები, ლიგურიელები, გალები, ფინიკიელები, იტალიკები, ბერძნები, ნუმიდიელები და სხვა ხალხების წარმომადგენლები, რომელთაც თითქმის არაფერი გააჩნდათ საერთო  არც კანონმდებლობა, არც ადათწესები და არც ენა; ასე რომ, ამ მხრივაც გამორჩეულია ჰანიბალი, რომელიც ამ „ჭრელ მასას“ უპრობლემოდ მართავდა.
   ბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და ისტორიოგრაფი პოლიბიოსი, რომელიც იკვლევდა რომაელთა წარმატებებისა და კართაგენელთა დამარცხების ობიექტურ მიზეზებს, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ჰანიბალს, როგორც მხედართმთავარს, რომელიც, მისი შეფასებით, სამხედრო ცხოვრების მკაცრ წესებს იცავდა. ჰანიბალი განსაკუთრებული ნიჭიერებით გეგმავდა, აყალიბებდა და წარმართავდა როგორც დიდ, მასშტაბურ, ისე მცირე ფორმატის სამხედრო ოპერაციებს.
   კართაგენისა და ჰანიბალისადმი უარყოფითად განწყობილი I-II საუკუნეების ბერძენი ისტორიკოსი აპიანე ალექსანდრიელი ყურადღებას ამახვილებდა პუნთა მხედართმთავრის ისეთ მანკიერ თვისებაზე, როგორიც იყო ვერცხლისმოყვარეობა და აღებული ქალაქების ძარცვარბევის დროს გამოჩენილი სიხარბე. თუმცა აპიანეს ავიწყდებოდა, რომ არა მხოლოდ ძველ სამყაროში, არამედ ნებისმიერი ეპოქის ომების დაუწერელი კანონი იყო დამარცხებული მტრისათვის ალაფის ართმევა. ომების მსოფლიო ისტორიაში დაპყრობილი ქალაქების აღება-განადგურებას თან სდევდა მათი ძარცვა-მაროდიორობა. მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ კართაგენის განადგურება რომაელთა მიერ, რომის აოხრება გოთებისა და ვანდალების მიერ, იერუსალიმის აღება ჯვაროსანთა მიერ, კონსტანტინოპოლის აღება თურქ-ოსმალების მიერ და ა.შ.
      საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ჰანიბალის, როგორც მთავარსარდლისა და პოლიტიკოსის შეფასებისას, ისტორიკოსთა შორის ძირითადად ორი მიმართულება იკვეთება: ანტირომაული და ანტიკართაგენული, რაც ხელს უშლის განსახილველი საკითხის ობიექტურად შეფასებას. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ერთი რამ უდავოა: რომთან დამარცხებული და იმედდაკარგული ჰანიბალი, რომელმაც ცხოვრების ბოლო პერიოდი სამშობლოდან დევნილობაში გაატარა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ მხედართმთავრადაა აღიარებული, გავლენა კი, რომელიც მან მოახდინა იმდროინდელ სამყაროზე, უდიდესი და შთამბეჭდავია.
    II-I საუკუნეების ისტორიოგრაფები ტიტუს ლივიუსი და აპიანე კატასტროფად მიიჩნევდნენ „მარადიული ქალაქის“ კარიბჭესთან ჰანიბალის გამოჩენას. ამ კონკრეტულ მოვლენას უკავშირდება ცნობილი ლათინური გამოთქმა – „ჰანიბალ ანტე პორტას“, რომელიც ეკუთვნის ცნობილ რომაელ სახელმწიფო მოღვაწეს მარკუს ტულიუს ციცერონს, რომელმაც ასე ლაკონურად გამოხატა ქვეყნის წინაშე მდგარი დიდი საშიშროება.
   ჰანიბალის შესახებ არსებული მითი და რეალობა მრავალ კითხვას წარმოშობს: როგორი პიროვნება იყო რეალურად ჰანიბალი, რაში გამოიხატებოდა მისი სიძლიერე და სისუსტე, სად გადიოდა მისი შესაძლებლობების ზღვარი და როგორ შეძლო მან გავლენის მოხდენა ისტორიულ პროცესებზე. რაც შეეხება კანესთან ჩატარებულ სამხედრო ოპერაციას, ეს იყო ჰანიბალის მხედართმთავრული გენიის უმაღლესი მწვერვალი და საერთოდ, მსოფლიო სამხედრო ხელოვნების ქრესტომათიული შედევრი. ყოველივე ამან განაპირობა დიდი ინტერესი კართაგენელი სარდლისადმი, რომელსაც ბედმა ერთდროულად საოცარი აღზევებაც არგუნა და დაცემაც. სხვადასხვა ეპოქის არაერთმა ავტორმა მიუძღვნა ჰანიბალსა და მის ეპოქას საინტერესო გამოკვლევები, რომლებშიც ისინი სხვადასხვაგვარად აფასებდნენ მის მოღვაწეობას. რაც შეეხება ქართულ ენაზე არსებულ ბიბლიოგრაფიას, ცალკეული პუბლიკაციების გარდა, არსებობს 1981 წელს რუსულიდან თარგმნილი I საუკუნის რომაელი ისტორიკოსის, ტიტუს ლივიუსის „ომი ჰანიბალთან“, რომელშიც მან შთამბეჭდავად გადმოგვცა ჰანიბალის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციების აღწერილობითი ისტორია. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფუნდამენტური შრომა არასრულად ასახავს წარმოდგენილ ეპოქას. დასახელებულ ნაშრომში ლივიუსი თითქმის არ ეხება ჰანიბალის მამის, ჰამილკარ ბარკას სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისი ვაჟის პიროვნების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, ამ ნაშრომში ლივიუსი საერთოდ არანაირ ყურადღებას არ უთმობს ჰანიბალის, როგორც პოლიტიკოსის, ანუ კართაგენის სახელმწიფო მეთაურის რანგში მის მოღვაწეობას. არაფერია ნათქვამი მის ლტოლვილობასა და გარდაცვალებაზე.
     ყოველივე ამან განაპირობა ჩვენი დაინტერესება დიდი კართაგენელით. მონოგრაფიაში შევეცადეთ, მეტნაკლები სისრულით წარმოგვედგინა სამყარო, რომელმაც ჰანიბალი შექმნა და სამყარო, რომელიც თვითონ ჰანიბალმა შექმნა. ჩვენ შევეცადეთ, ობიექტურად გაგვეანალიზებინა მისი აღზევებისა და დაცემის მიზეზები. თუ რამდენად შევძელით ამ რთული ამოცანისათვის თავის გართმევა, ამას მკითხველი თავად განსჯის. ბუნებრივია, წინამდებარე ნაშრომი დაზღვეული არ იქნება ხარვეზებისაგან, ამიტომაც მადლიერებით მივიღებთ პროფესიონალურ, არგუმენტირებულ შენიშვნებს.
I თავი
კართაგენი. ჰამილკარ ბარკა
   ძვ.წ. IX საუკუნეში დაარსებული კართაგენი უკვე VIII საუკუნიდან წარმოადგენდა ხმელთაშუაზღვისპირეთის აუზის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრს, რასაც ხელს უწყობდა ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა. კართაგენი (ფინიკიურად კართ-აგო  „ახალი ქალაქი“, ლათ. კართაგო, ბერძ. კარქედონ), ანტიკური ქალაქ-სახელმწიფო მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, თანამედროვე ტუნისის ტერიტორიაზე (ძვ.წ.814146 წლები). კართაგენი დააარსეს ფინიკიელმა კოლონისტებმა. Gადმოცემის მიხედვით, ქალაქი დაუარსებია ტირიდან გაქცეულ დედოფალ ელისას (დიდონა), რომელსაც მისმა ძმამ, ტირის მეფემ პიგმალიონმა ქმარი _ სიხეია მოუკლა, რათა მის სიმდიდრეს დაუფლებოდა. კართაგენი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე ეწეოდა ბრძოლას ხმელთაშუა ზღვის აუზში პირველობისათვის. ამ მხრივ მის ძირითად მეტოქეს წარმოადგენდნენ რეგიონის ბერძნული კოლონიები. კართაგენმა მოახერხა და შეძლო, თავის ირგვლივ გაეერთიანებინა ჩრდილო-აფრიკული, სიცილიური, სარდინიული და ფინიკიური, იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიები. კართაგენმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია ჩრდილო აფრიკის, სამხრეთ ესპანეთის, სიცილიისა და სარდინიის ტერიტორიები. კართაგენისათვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ეტრუსკულ ქალაქებთან კავშირი.
   კართაგენი კლასიკურ მონათმფლობელურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მისი ხელისუფლების სათავეში იდგა არისტოკრატია (ბერძნ. „არისტენს“  საუკეთესო, დიდგვაროვანი; „კრატოს“  ძალაუფლება; „წარჩინებულთა ძალაუფლება“). ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო იყო საბჭო, რომლის საქმიანობასაც წარმართავდა 10 კაცისაგან შემდგარი ე.წ. „უხუცესთა საბჭო“, ანუ სენატი (სენატი (ლათინურად  სენატუს) ეწოდებოდა რომაელების მიერ შექმნილ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. სიტყვა „სენეხ“ ლათინურად უხუცესს ნიშნავს. სენატის წევრებს სენატორები ეწოდებოდათ. თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოები ორპალატიან პარლამენტში ზემო პალატას ხშირად სენატს უწოდებენ.). მოგვიანებით სენატორთა რიცხვმა 30-ს მიაღწია. ძ.ვ. წ. V საუკუნის შუახნებიდან, მოსალოდნელი სამხედრო დიქტატურის აღკვეთის მიზნით, სენატში სენატორთა რაოდენობამ 104-ს მიაღწია. გარდა ამისა, კართაგენში ფუნქციონირებდა სახალხო კრება, რომელსაც მხოლოდ ფორმალური დატვირთვა გააჩნდა და ძირითადად შემოიფარგლებოდა არბიტრის როლის შესრულებით იმ შემთხვევაში, როცა სენატი გადაწყვეტილების მიღებას ვერ ახერხებდა.
   აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეში იდგნენ მაგისტრები (ლათ. მაგისტრატუს  ხელმძღვანელი). კართაგენის მმართველნი ცდილობდნენ, არ დაეშვათ ერთი პიროვნების ხელში სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების კონცენტრირება, თუმცა, არცთუ იშვიათად, საპირისპირო ხდებოდა. კართაგენის ხელისუფალნი სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნისას არანაირ ხელფასს არ ღებულობდნენ. ამიტომაც, თანამდებობებზე დანიშვნისა თუ არჩევისას უპირატესობა მდიდრებსა და ცნობილ ადამიანებს ენიჭებოდათ.
   კართაგენში განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ჯარის დაკომპლექტების სისტემა. საერთოდ უგულებელყოფილი იყო სახალხო ლაშქრის პრინციპი. პუნიკური არმიის საფუძველს შეადგენდნენ დაქირავებული სამხედრო ფორმირებები, რომელთა ინტერესს წარმოადგენდა მხოლოდ ხელფასის მიღება და დამარცხებული მტრის ძარცვა, ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება და, შესაბამისად, ნაძარცვით გამდიდრება.
   კართაგენის ძირითად პოლიტიკურ მიზანს მსოფლიო სახელმწიფოს შექმნა წარმოადგენდა. ამ მისიის შესრულება თავის თავზე აიღეს ჰამილკარ ბარკამ და მისმა ვაჟმა ჰანიბალმა. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი გრძნობდა კართაგენის პოლიტიკურ მაჯისცემას და დიდების მწვერვალზე მყოფი აპირებდა კართაგენის წინააღმდეგ სამხედრო ექსპედიციის მოწყობას, მაგრამ მოულოდნელმა სიკვდილმა არ დააცალა ამ ჩანაფიქრის ხორცშესხმა. ელინისტურმა სამყარომ ამ მისიის შესრულება, ანუ კართაგენული პრობლემის გადაწყვეტა რომს დაუთმო. კართაგენისა და რომის მეტოქეობა თანდათანობით ძველი სამყაროს მსოფლიო დაპირისპირებად იქცა. რომისა და კართაგენის სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა თითოეული მათგანის ეკონომიკურ და სამხედრო რესურსებს.
   კართაგენის არმიის ძირითად ნაწილს შეადგენდნენ დაქირავებული ჯარისკაცები: იბერები, გალები, იტალიკები, ბერძნები, აფრიკელები და სხვა. ძირითად ძალას წარმოადგენდნენ ცენტრში განლაგებული მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ნაწილები (შუბოსნები და მახვილოსნები). ფლანგებზე განლაგებული იყვნენ იბერიელი და ნუმიდიელი ცხენოსნები. დიდი დატვირთვა ჰქონდათ საბრძოლო სპილოებს, რომლებსაც მტრის ცოცხალი ძალა უნდა მოესპოთ, თუმცა ზოგჯერ ისინი პუნებს უფრო მეტ პრობლემებს უქმნიდნენ: მოწინააღმდეგის მიერ სპეცეფექტების გამოყენების შედეგად ისინი საკუთარ მებრძოლებს გადათელავდნენ ხოლმე.
   რომის არმიის ძირითადი ორგანიზაციული და ტაქტიკური ერთეული იყო ლეგიონი. ლეგიონის შემადგენლობაში იყო მძიმედ შეიარაღებული ქვეითი ჯარი  3000 მეომარი; მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარი  1200 მებრძოლი და 300 ცხენოსანი. მძიმე ქვეითი ჯარი იყოფოდა 30 მანიპულად (თითოეულში 60-დან 120 მებრძოლი). მანიპულა იყოფოდა 2 ცენტურიად. რესპუბლიკის დროს ლეგიონის სათავეში სამხედრო ტრიბუნი იდგა. რომაელთა სამხედრო ორგანიზაცია უფრო მობილური იყო. მათ მცირე მოცულობის შენაერთებითაც კი შეეძლოთ სათანადო მანევრირება და წარმატებების მიღწევა. მაგრამ საბოლოო ისტორიულ გამარჯვებამდე რომელებს ჯერ კიდევ მძიმე და ხანგრძლივი გზა ჰქონდათ გასავლელი. რომსა და კართაგენს შორის სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ისტორიაში ძვ.წ. 247 წელი განსაკუთრებულ თარიღად იქცა: ამ წელს კართაგენის ფლოტის სარდლად დაინიშნა ჰამილკარ ბარკა და დაიბადა მისი ვაჟი, რომის ისტორიაში მისი ყველაზე შეუპოვარი და სახიფათო მტერი, ჰანიბალი.
   ჰამილკარმა, მისი ბიოგრაფების ცნობით, იმ დროისათვის უმნიშვნელოვანესი თანამდებობა დაიკავა და ფაქტობრივად თავის თავზე აიღო რომთან ომის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა. კართაგენის ფლოტის სარდლის თანამდებობაზე დანიშვნამ გადააწყვეტინა ჰამილკარ ბარკას სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება. თანამედროვეთა დახასიათებით, ჰამილკარ ბარკა აღზარდა კართაგენულმა რეალობამ თავისი ინტრიგებით, კორუფციით, მოქალაქეთა ურთიერთმტრობითა და ხელისუფლებისათვის დაუნდობელი ბრძოლით. ანტიკური გადმოცემები ჰამილკარ ბარკას მიაწერს სახელმწიფოებრივ სიბრძნეს, სამხედრო პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას. იგი არავის ანდობდა თავის ჩანაფიქრს, რათა ინფორმაციას არ გაეჟონა და მოწინააღმდეგეს არაფერი გაეგო. კართაგენში თვლიდნენ, რომ ჰამილკარს შეეძლო სამხედრო მოქმედებების ჩიხიდან საკუთარი ჯარების გამოყვანა და გამარჯვების მოპოვება.
   პირველი პუნიკური ომის დასაწყისში ვითარება კართაგენისათვის ხელსაყრელი იყო. ჰამილკარმა სარდლობის მიღებისთანავე ჩაატარა სამხედრო შეტევითი ოპერაციები, ძირითადად, აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ამ ოპერაციების განმავლობაში, პუნების ჯარებს რომაელთა მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.
   ჰამილკარის მიერ შესრულებულ სამხედრო მოქმედებებს რამდენიმე კონკრეტული მიზანი გააჩნდა. პირველ რიგში, კართაგენელებს რომაელები უნდა აეძულებინათ, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ იტალიის დაცვისათვის და ამით შეემცირებინათ რომაელთა ზეწოლა კუნძულ სიცილიაზე. ეს უკანასკნელი პირველი პუნიკური ომის ძირითად სამხედრო ასპარეზს წარმოადგენდა. მეორე მიზანი მდგომარეობდა კართაგენელების მიერ რომაელი სამხედრო ტყვეების აყვანასა და შემდგომ რომაელთა მიერ ტყვედ აყვანილი კართაგენელების გადარჩენის მიზნით მათ შესაბამის გაცვლაში. მესამე მიზანი კართაგენის ფლოტის სიძლიერის დემონსტრირება იყო. მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ჰამილკარის ამ ჩანაფიქრს მხოლოდ ნაწილობრივ შეასხა ხორცი. ომის ბედი გადაწყდა სიცილიაზე, სადაც იმ დროს იმყოფებოდნენ კართაგენის ძირითადი სამხედრო ძალები ჰამილკარის მეთაურობით.
   ომის მსვლელობის დროს რომაელებმა ჩამოაყალიბეს არასახელმწიფო საზღვაო ფლოტი, რომელიც კერძო პირთა მფლობელობაში მყოფი 200 ხომალდისგან შედგებოდა. რომაული არმადის ზღვაში შესვლისთანავე, ჰამილკარის შეიარაღებული ძალების ხმელეთთან დამაკავშირებული არტერია პარალიზებული აღმოჩნდა. კართაგენმა შექმნილი მძიმე სიტუაციიდან განმუხტვისა და თავისი ჯარების გამოყვანის მიზნით გაგზავნა დამხმარე საზღვაო ფლოტი, რომელიც რომაელებმა გაანადგურეს. კართაგენის ხელისუფლებამ ჰამილკარს რომაელებთან დაზავება მოსთხოვა. ამით კართაგენის სამხედრო  საზღვაო რესურსები ამოიწურა და ჰამილკარი კრახის წინაშე დადგა. კართაგენის საზავო წინადადება მისაღები აღმოჩნდა რომაელებისათვისაც. რომის ხაზინა გაღარიბებული იყო. რომის კონსული გაიუს ლუტაციუს კატულუსი, რომელიც სიცილიაში სარდლობდა რომაულ ლეგიონებს, დათანხმდა ჰამილკარ ბარკას წინადადებას. ამავე დროს მოლაპარაკებისას, ჰამილკარს უნდა გამოეყენებინა მთელი თავისი დიპლომატიური შესაძლებლობები, რათა ზავის პირობები კართაგენისათვის მისაღები ყოფილიყო. რომის კონსულმა მოითხოვა, რომ ჰამილკარის მებრძოლებს სიცილია იარაღის გარეშე დაეტოვებინათ. ბარკამ აიძულა რომის კონსული, გარკვეულ დათმობებზე წასულიყო. კართაგენელმა მეომრებმა გამოსასყიდის გადახდის შემდეგ (18 დინარი თითო მებრძოლზე) მიიღეს სიცილიიდან ევაკუაციის უფლება. ამ მცირე დიპლომატიურმა წარმატებამ ვერ გადაწონა კართაგენისთვის ომის მძიმე შედეგი. თუმცა ჰამილკარი ცდილობდა კართაგენის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებას და დაიწყო კიდეც ფიქრი რევანშზე. პოლიბიოსის ცნობით, კართაგენის ჯარებს რომაელებისგან უნდა გაეთავისუფლებინათ სიცილია. პუნებს გამოსასყიდის გარეშე უნდა დაებრუნებინათ ყველა რომაელი ტყვე. კართაგენს 20 წლის განმავლობაში რომისთვის უნდა გადაეხადა 2200 ტალანტი (დაახლოებით 57 ათას კილოგრამზე მეტი ვერცხლი). რომის მხარემ უსასყიდლოდ დაუბრუნა კართაგენს სახელმწიფო საპყრობილეებში დატუსაღებული კართაგენელი ტყვეები. კერძო პირთა ხელში მყოფ კართაგენელ ტყვეებს კი გამოსასყიდის გარეშე მიანიჭეს თავისუფლება.
    ასეთი ვითარება, რომაელთა მხრიდან მოულოდნელ დათმობად აღიქვეს. დამარცხებულმა კართაგენმა უარი თქვა მთელ სიცილიაზე, რითაც შეინარჩუნა არა მხოლოდ დამოუკიდებლობა, არამედ ხმელთაშუაზღვისპირეთის დასავლეთ მიწებიც და ამავე დროს თავისი, როგორც რომის მრისხანე მეტოქის სტატუსი. ამ ხელშეკრულებამ რომის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და სახალხო კრებამ მის რატიფიცირებაზე უარი განაცხადა. სიცილიაში რომის სენატმა გაგზავნა 10-კაციანი კომისია, რომელსაც ადგილზე უნდა მოეხდინა ზავის კორექტირება. შედეგად კონტრიბუციამ მოიმატა და შეადგინა 3200 ტალანტი (83200 კგ. ვერცხლი), რომელიც კართაგენს ამჯერად 10 წლის განმავლობაში უნდა გადაეხადა რომისათვის.
    ძვ.წ. 241 წელს რომსა და კართაგენს შორის საზავო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა და ომიც დამთავრდა. ამ დროს ჰანიბალი 6 წლის ყმაწვილი იყო. იგი ანტირომაული განწყობის სულისკვეთებით იზრდებოდა. ჰამილკარი განსაკუთრებული მონდომებით იღწვოდა რომის გასანადგურებლად. ეს განწყობა ჩაუნერგა მან ვაჟიშვილებსაც: ჰანიბალს, ჰასდრუბალსა და მაგონს. რომაელებში პოპულარული გახდა ფრაზა  „ჰამილკარი ლომებად ზრდის რომზე დაგეშილ თავის შვილებს“ (71. 21). მოგვიანებით, 9 წლის ასაკში ჰანიბალმა თავისი ცნობილი ფიცი დადო, რომლითაც მან აუწყა ყველას, რომ სიცოცხლის ბოლომდე რომის დაუძინებელი მტერი იქნებოდა. მან ტაძარში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს მამისგან საჯაროდ მიიღო ყოველივე რომაულისადმი მემკვიდრეობითი სიძულვილი და ზიზღი.
   მანამდე კი კართაგენის წინაშე ახალი, დიდი პრობლემა გაჩნდა. ქ. ლილიბეუმიდან (სამხრეთ სიცილია) აფრიკის მიმართულებით პუნებს უნდა გადაეყვანათ თავიანთი დაქირავებული (დაახლოებით 20-ათასიანი) ჯარი, გადაეხადათ მათთვის ხელფასი, მიეცათ შესაბამისი ჯილდოები და, მოსალოდნელი ბუნტის თავიდან ასაცილებლად, დაებრუნებინათ ისინი თავიანთ სამშობლოში. ქალაქის კომენდანტმა, ჰისგონმა ამოცანა გონივრულად გადაწყვიტა. მან დაიწყო პუნების პერიოდულად, მცირე ჯგუფებად გაგზავნა კართაგენის მიმართულებით და ამით გამორიცხა დიდი რაოდენობით შეიარაღებულ სამხედრო პირთა კონცენტრაცია. პარალელურად, კართაგენის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, თავისი დაქირავებული ჯარისთვის არ მიეცა დანაპირები ხელფასი, რომელიც მათ ჰამილკარმა შესთავაზა. ამ ფაქტმა მებრძოლებში არნახული აღშფოთება გამოიწვია და ისინი (გალები, იბერები, ლიგურიელები, ბალეარები, ლიბიელები, ბერძნები და სხვა ეთნოსის წარმომადგენელნი) კართაგენის წინააღმდეგ დაიძრნენ. გვიანღა მიხვდნენ კართაგენის ხელისუფალნი, რა განსაცდელი შეუქმნეს სახელმწიფოს თავიანთი უპასუხისმგებლო მოქმედებით. კართაგენს ახალი საფრთხე დაემუქრა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, კართაგენის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამბოხებულთა ყველა მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. სასწრაფოდ შეიქმნა საგანგებო სავაჭრო პუნქტები, სადაც მეომრებს იაფად, სიმბოლურ ფასად შეეძლოთ საკვები პროდუქტების შეძენა. ამავე დროს ყველა მათგანს უნდა მიეღო შეპირებული ხელფასი. მაგრამ ამ დაგვიანებულმა ნაბიჯებმა სიტუაცია ვერ განმუხტა, პირიქით, ამბოხებულებმა, იგრძნეს რა ხელისუფალთა სისუსტე, წამოაყენეს ახალი მოთხოვნები, კონკრეტულად  ომში დახოცილ ცხენებზე ფულადი კომპენსაციის გაცემა. როგორც პოლიბიოსი აღნიშნავდა, დაქირავებულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ხელისუფლებასთან არანაირ კომპრომისზე წასვლა არ სურდათ. ამბოხებულმა დაქირავებულებმა იგრძნეს, რომ კართაგენის თავდაცვითი რესურსები ამოწურული იყო და მისი აღება სირთულეს აღარ წარმოადგენდა.
    კართაგენის ხელისუფლებამ წინადადებით მიმართა მათ, წამოეყენებინათ ავტორიტეტული პიროვნება, რომელიც ორგანიზებას გაუკეთებდა მათ მოთხოვნებს და შესთავაზა მათ ჰამილკარ ბარკას კანდიდატურა. ამბოხებულებმა უარყვეს შეთავაზებული კანდიდატურა. მეომრები მას მოღალატედ მიიჩნევდნენ იმის გამო, რომ მან ნებაყოფლობით დათმო მთავარსარდლობა. საბოლოოდ არჩევანი შეჩერდა ჰისგონზე, პიროვნებაზე, რომელმაც მოახერხა ლილიბეუმიდან პუნების გამოყვანა. იგი ამ დროს დაქირავებულებს ფულს ურიგებდა და მათ კართაგენისადმი კეთილგანწყობის შეენარჩუნებისკენ მოუწოდებდა. მაგრამ თითქმის დასრულებულმა კონფლიქტმა ახალი სიმწვავით იფეთქა. მებრძოლებმა თავიანთი რიგებიდან წამოაყენეს ახალი ორგანიზატორები. ესენი იყვნენ გაქცეული მონა სპენდიუმი კამპანიიდან, რომელიც გამოირჩეოდა დიდი ფიზიკური ძალითა და არნახული სიმამაცით. ამბოხებულთა მეორე ხელმძღვანელი იყო ლიბიელი მატოსი, რომელიც თავიდანვე კართაგენთან ნებისმიერი შეთანხმებას ეწინააღმდეგებოდა. სიტუაციის გამწვავებას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ, თურმე, როგორც გაირკვა, ლიბიელები, სხვებისგან განსხვავებით, არ ღებულობდნენ არც ცხენის და არც პურის კომპენსაციას. როდესაც ლიბიელებმა ჰისგონს მათთვის განკუთვნილი თანხების გადაცემა მოსთხოვეს, მან შეჰყვირა: „ლიბიელებო! ხელფასი გინდათ? ჰოდა, მოსთხოვეთ თქვენს ბელადს მატოსს“ (80.77).Aამის შემდეგ ლიბიელებმა შეიპყრეს ჰისგონი და დაიტაცეს მთლიანი თანხა, რის შემდეგაც კონფლიქტმა უმართავი სახე მიიღო. ანტიკართაგენულ ამბოხებაში დაახლოებით 70 ათასი ლიბიელი მებრძოლი ჩაერთო. ყოველივე ამან დასაბამი მისცა კართაგენელთა წინააღმდეგ ლიბიელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელსაც ლიბიის ომი ეწოდა.
   ამბოხებულმა ლიბიელებმა თავიანთი შეიარაღებული ძალები ორ ნაწილად გაყვეს, რომლებმაც ალყა შემოარტყეს პუნების ორ, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქალაქს  უტიკასა და ჰიპაკრიტს. ამით მათ მოახერხეს აფრიკის კონტინენტისაგან კართაგენის პარალიზება. ქალაქში დაიწყო დაქირავებულთა ახალი ნაკადისა და მოქალაქეთა მობილიზაცია, სამხედრო-საზღვაო ხომალდების აგება. პუნიკური არმიის სარდლად დაინიშნა ჰანონი, რომელსაც ბუნტის დროს წარუმატებელი მოლაპარაკებები ჰქონდა გამართული ამბოხებულებთან.
    ჰანონი თავისი ჯარებით და 100-ზე მეტი საბრძოლო სპილოთი დაიძრა ქ. უტიკის მიმართულებით, სადაც მან დამატებით მიიღო კატაპულტები, ლითობოლი, საალყო კოშკები. ამის შემდეგ ჰანონმა დაიწყო შტურმი ამბოხებულთა ბანაკზე. კართაგენელთა სპილოებმა გაარღვიეს დაცვის ხაზი და სწრაფად უკან დაახევინეს ამბოხებულებს, რომლებიც საბოლოოდ ქალაქის სიახლოვეს, ბორცვზე განლაგდნენ. ჭარმატებული შეტევის შემდეგ, ჰანონმა აღარ იზრუნა მიღწეული შედეგის განმტკიცებაზე, მოადუნა სიფხიზლე და დასასვენებლად უტიკაში შევიდა. გამოცდილმა ამბოხებულმა მებრძოლებმა ამ მომენტით დაუყოვნებლივ ისარგებლეს, თავს დაესხნენ პუნებს, რის შედეგადაც ბევრი კართაგენელი დაიღუპა, დიდი ნაწილი კი ბრძოლის ველიდან გაიქცა. ამ სამხედრო ოპერაციის შედეგად, პუნების მთელი შეიარაღება ამბოხებულთა ხელში აღმოჩნდა. პოლიბიოსის აზრით, ჰანონი მიჩვეული იყო ლიბიელებთან ომს, რომლებიც იმით იყვნენ გამორჩეულნი, რომ მარცხის შემთხვევაში უარს ამბობდნენ ბრძოლის გაგრძელებაზე და გაქცევით შველოდნენ თავს. ამ შემთხვევაში კი ჰანონს უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ მას საქმე ჰქონდა გამოცდილ მეომრებთან, რომლებიც მიჩვეული იყვნენ უკან დახევის შემდეგ არა გაქცევას, არამედ კონტრშეტევაზე გადასვლასა და გამარჯვების მოპოვებას. ასეთ ვითარებაში მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსწორების მიზნით, პუნთა ჯარების მხედართმთავრად ჰამილკარ ბარკა დაინიშნა. მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 10-ათას კაციანი არმია და 70 საბრძოლო სპილო. მეომრები ძირითადად იყვნენ დაქირავებულები და სახალხო ლაშქრის წარმომადგენლები.
    სამი ძირითადი გზა, რომელიც კართაგენიდან რთული ლანდშაფტის მქონე ბორცვებისაკენ მიემართებოდა და ნახევარკუნძულს კონტინენტიდან გამოჰყოფდა, ამბოხებულებმა იგდეს ხელთ და ამით გზა გადაუკეტეს კართაგენელებს. ამ სამხედრო ოპერაციას ლიბიელი მატოსი ხელმძღვანელობდა. ამავე დროს ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობის მდ. ბაგრადაზე გადებული ხიდი. პოზიცია იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ ალყიდან შეუმჩნევლად გამოსვლას ერთი მებრძოლიც ვერ შეძლებდა. ჰამილკარმა რთული მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება დაიწყო. მიზნის მისაღწევად მან გადაწყვიტა, მდინარე ბაგრადას ყოველმხრივ დაუცველი შესართავის გამოყენება. საქმე იმაში იყო, რომ პერიოდულად, დროთა განმავლობაში, ქარი დიდი რაოდენობით სილასა და ქვიშაქვას უყრიდა თავს და შესაბამისად, მდინარის შესართავი წყალმარჩხი ხდებოდა. ეს კი, ფონის გამოყენების გზით, მდინარეზე გადასვლის საშუალებას იძლეოდა. ჰამილკარი დაელოდა ღამით ხელსაყრელ მომენტს და თავისი ჯარების ქალაქიდან გამოყვანა დაიწყო. გამთენიისას არა მხოლოდ მტრის ძალები, არამედ მისი მებრძოლებიც გაოცებული დარჩნენ, როცა მათი არმია მდინარის მეორე მხარეზე სრულიად უპრობლემოდ გადასული იხილეს: ამის შემდეგ პუნები ხიდის ხელში ჩასაგდებად დაიძრნენ.
   სპენდიუმისა და მატოსის საპასუხო მოქმედებები კარგად იყო მოფიქრებული, მაგრამ ამან მათ გამარჯვება ვერ მოუტანა გადამწყვეტ ბრძოლაში. ამბოხებულთა ერთი ჯგუფი (დაახლოებით 10 ათასი კაცი) ხიდიდან დაიძრა ჰამილკართან შესახვედრად. მეორე ჯგუფმა (15 ათას კაცზე მეტი) შეტევა დაიწყო ქ. უტიკიდან. ორივე მათგანის მიზანი იყო მათი შეერთება, შემდეგ ჰამილკარის არმიის ალყაში მოქცევა და ხელჩართულ ბრძოლაში მისი განადგურება. მოულოდნელად ჰამილკარმა ისე მკვეთრად შეიცვალა გეზი, რომ მისი მხედრები და საბრძოლო სპილოები მტრის ზურგში აღმოჩნდნენ. ამან ამბოხებულთა რიგებში არევ-დარევა გამოიწვია, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 6 ათასი ლიბიელი და დაქირავებული მებრძოლი, 2 ათასი კაცი ტყვედ ჩავარდა, დანარჩენებმა კი გაქცევა მოახერხეს. ჰამილკარმა მიღწეული გამარჯვებით და მდინარეზე გადებული ხიდის აღებით თავის კონტროლქვეშ მოაქცია ის ტერიტორია, რომელიც უშუალოდ უკავშირდებოდა კართაგენს.
   ამ მძიმე მარცხმა ვერ შეაშინა ამბოხებულები. მატოსმა მთელი ყურადღება ქალაქ გიპონის ალყაზე გადაიტანა. მან გადაწყვიტა, თავი აერიდებინა გენერალური ბრძოლისათვის. მატოსმა ასეთი გეგმა შესთავაზა სპენდიუმს და, მასთან ერთად, მებრძოლი გალების ბელადს – ავტარიტუსს. ისინი უნდა გადაადგილებულიყვნენ ჰამილკარის სვლაგეზის პარალელურად და საფრად გამოეყენებინათ მთიანი რელიეფი. ეს შეაფერხებდა მათ წინააღმდეგ საბრძოლო სპილოებისა და კავალერიის გამოყენებას.
   ამბოხებულებს განუწყვეტელი შეტევებით უნდა დაექანცათ მოწინააღმდეგე. მატოსმა დახმარებისთვის მიმართა ლიბიელებსა და ნუმიდიელებს და მიიღო კიდეც მათგან საჭირო ძალები. მდინარის ერთ-ერთ ხეობაში გამაგრებული ჰამილკარის სიახლოვეს, ფრონტის ხაზთან გამოჩნდნენ ლიბიელთა ძალები, ზურგში პოზიციები დაიკავეს ნუმიდიელებმა, ხოლო ჰამილკარიდან მარჯვენა ფლანგი კი  სპენდიუმმა. კართაგენელთა ჯარი ხაფანგში გაბმული აღმოჩნდა.
   იმ მომენტში, როდესაც თითქოს კართაგენელთა ჯარების დაღუპვა გარდაუვალი ჩანდა, მატოსმა სერიოზული პოლიტიკური შეცდომა დაუშვა, მან მიიღო ნუმიდიელი არისტოკრატიის დახმარება, რომლებიც კართაგენელებთან კავშირში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ნუმიდიელი სარდალი ნარავასი 2 ათასი მეომრით ჰამილკარის მხარეზე გადავიდა, ბარკა მას თავისი ქალიშვილის ხელს შეპირდა. ამ ნაბიჯმა დააჩქარა ჰამილკარის გამარჯვება. სპენდიუმმა და ავტარიტუსმა ბრძოლის ველი დატოვეს. მათი დაახლოებით 10 ათასი მებრძოლი დაიღუპა, 4 ათასი კაცი კი ტყვედ ჩავარდა.
   მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ჰამილკარმა სამხედრო ტყვეების მიმართ ჰუმანურობა გამოიჩინა. მან ამბოხებულებს, დასჯის ნაცვლად, წინადადება შესთავაზა  კვლავ ჩამდგარიყვნენ კართაგენის სამსახურში, ხოლო ვისაც ამის სურვილი არ გააჩნდა, მათ თავისუფლებას პირდებოდა. ჰამილკარის ამ პოლიტიკის გასანეიტრალებლად მატოსმა, სპენდიუმმა და ავტარიტუსმა წამებით მოკლეს ჰისგონი და მისი დატყვევებული თანამებრძოლები. პუნებს არ მისცეს ცხედრების დამარხვის უფლება. უფრო მეტიც, კართაგენის ხელისუფლების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ მომავალში ტყვედ აყვანილ ყველა პუნს უპირობოდ დასჯიდნენ სიკვდილით. ამბოხებულები გამორიცხავდნენ კართაგენელებთან ნებისმიერ შეთანხმებას.
   მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ჰამილკარსა და ჰანონს უნდა გაეთვალისწინებინათ ხელისუფალთა პოზიცია, დაევიწყებინათ ურთიერთმტრობა და გაეერთიანებინათ თავიანთი არმიები. მათ შორის შეთანხმება მაინც ვერ შედგა. ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება შემდეგნაირად სცადა: ჯარისკაცებს პლებისციტის საშუალებით გააკეთებინა არჩევანი ერთ-ერთი სარდლის სასარგებლოდ. ჯარმა ჰამილკარ ბარკას დაუჭირა მხარი. ამით დაფიქსირდა შემდეგი რეალობა: ჰამილკარი იქცა არა ხელისუფლების ფავორიტად, არამედ ჯარისკაცების ბელადად. იგი გახდა კართაგენელთა არმიის ერთადერთი მხედართმთავარი. ამის შემდეგ მან შეცვალა ტყვეებისადმი დამოკიდებულება და სისასტიკეს სისასტიკით უპასუხა, დაიწყო ტყვეების ხოცვა და ნადირთა საჯიჯგნად მათი გადაყრა.
    ამ დროისათვის კვლავ დაიძაბა პოლიტიკური ვითარება. გიპონსა და უტიკაში მმართველობის სათავეში მოვიდნენ კართაგენისადმი მტრულად განწყობილი ძალები, რომელთა ძალისხმევითაც ამბოხებულებს შეუერთდნენ ფინიკიელთა კოლონიებიც. ამავე დროს უტიკამ რომს მიმართა წინადადებით, მიეღო იგი რომის კავშირის წევრად. პუნებმა მაინც შეძლეს რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. კართაგენიდან ჰამილკართან გამოცხადდა სამხედრო რაზმი, ვინმე ჰანიბალის მეთაურობით. ჰამილკარმა ჰანიბალისა და ნარავასის რაზმებთან ერთად მოახერხა მტრის ძალების საკვებით მომარაგების პარალიზება. კართაგენს სერიოზული დახმარება გაუწია სირაკუზის მმართველმა ჰიერონმა და რომის რესპუბლიკამ. რომმა თავის თავზე აიღო კართაგენის საკვებით მომარაგება. რომმა ამით დაკარგა ბრწყინვალე შანსი ხმელთაშუაზღვის აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე დამკვიდრებისა.
    უცნობია, თუ რა მოტივებით ისარგებლა რომის ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში და რატომ წავიდა ასეთ დათმობაზე. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რესპუბლიკური რომი იმ დროისათვის არ თვლიდა თავს იმდენად ძლიერად, რომ ჩრდილო-აფრიკულ საქმეებში ჩარეულიყო. შექმნილი ვითარების შედეგად, კართაგენის წინაშე მდგარი საფრთხე აღიკვეთა. ჰამილკარმა განაახლა თავისი ინტენსიური შეტევები, რითაც მოქანცა მტრის ძალები და შედეგად მიაღწია იმას, რომ ამბოხებულები ორ ნაწილად გაიყვნენ: შეიარაღებული ძალა მატოსის მეთაურობით ტუნეტში გამაგრდა, მეორე ნაწილი კი, ავტარიტუსისა და სპენდიუმის მეთაურობით (დაახლოებით 40 ათასი კაცი) პრიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა. ჰამილკარმა 40-ათასიანი არმია ალყაში მოაქცია. ალყაში მყოფთ საკვების უმნიშვნელო მარაგიღა ჰქონდათ. ისინი იმდენად დაიმშნენ, რომ საქმე კანიბალიზმამდე მივიდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა სპენდიუმმა და ავტარიტუსმა, მატოსისაგან დახმარება რომ მიეღოთ, გადაწყვიტეს ჰამილკართან დაუყოვნებლივ მოლაპარაკების დაწყება. ბარკამ ასეთი წინადადება წამოაყენა: პუნები თავიანთი შეხედულებისამებრ ამბოხებულებიდან შეარჩევდნენ 10 ადამიანს დასასჯელად, დანარჩენებს კი იარაღის ჩაბარების შემდეგ გაათავისუფლებდნენ. შპენდიუმმა და ავტარიტუსმა უპირობოდ მიიღეს ჰამილკარის წინადადება. ბარკამ განაცხადა, რომ იგი იმათ ირჩევდა, ვისთანაც მოლაპარაკებას აწარმოებდა. ამრიგად, ჰამილკარის ხელში აღმოჩნდნენ ამბოხებულთა სარდლები. ამბოხებულმა ლიბიელებმა, რომლებმაც არაფერი იცოდნენ ამ პირობების შესახებ და დატყვევებული იხილეს თავიანთი მხედართმთავრები, იარაღი იშიშვლეს და ქაოტურად გადავიდნენ შეტევაზე, მაგრამ პუნებმა ისინი მსწრაფლ გაანადგურეს.
   ამრიგად, ლიბიაში დარჩა ამბოხებულთა ერთადერთი ბანაკი ტუნეტში. ჰამილკარის, ჰანიბალისა და ნარავასას რაზმებმა ერთიმეორის მიყოლებით აიღეს ლიბიის სხვა ქალაქები და ბოლოს ალყაში მოაქციეს მატოსის არმია. მისი დაშინების მიზნით, ჰამილკარმა ბრძანა სპენდიუმისა და მისი თანამებრძოლების ჯვარზე გაკვრა, თანაც, ისეთ ადგილზე, საიდანაც ყოველივე ამას მატოსი დაინახავდა. მაგრამ, საქმე სხვანაირად წარიმართა: მატოსმა სწრაფი, მოულოდნელი თავდასხმითი მანევრით ჰანიბალის რაზმი გაანადგურა და თვით ჰანიბალი ტყვედ ჩაიგდო, აწამა და იმ ჯვარზე გააკრა, რომელზეც დაასრულა სიცოცხლე სპენდიუმმა. ჰამილკარმა უკან დაიხია და მდ. ბაგრადის შესართავთან გამაგრდა. კართაგენმა დამატებითი რეზერვების ამოქმედების შედეგად მოახერხა ლიბიელებისა და სხვა ამბოხებულთა განადგურება, რის შედეგადაც მატოსი ტყვედ ჩავარდა. პუნებმა მას ცემით ამოხადეს სული. ქალაქებმა გიპონმა და უტიკამ კაპიტულაცია გამოაცხადეს. ასე გასრულდა კართაგენის წინააღმდეგ დაწყებული ე.წ. ლიბიის ომი (241-239 წწ), რომელშიც მონაწილეობდნენ დაქირავებული ჯარისკაცები, გაქცეული მონები და ლიბიელი გლეხები. ამ მომენტისათვის ჰამილკარ ბარკას ვაჟი, ჰანიბალი მხოლოდ 7 წლის იყო.
    ლიბიის ომის დამთავრებისთანავე, ჰამილკარ ბარკამ ინტენსიურად დაიწყო ფიქრი თავის უმთავრეს პოლიტიკურ მიზანზე  რომის ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებაზე. ჰამილკარს კართაგენში ჰყავდა პოლიტიკური მეტოქე ჰანონის სახით, რომელიც რომთან სამშვიდობო პოლიტიკის მომხრე იყო, ჰამილკარი კი რომთან სამხედრო დაპირისპირებას ესწრაფოდა. ბარკასა და ჰანონს შორის ვითარება დაიძაბა. ჰანონის მომხრეებმა მოინდომეს ჰამილკარის სასამართლოში გადაცემა მისი მილიტარისტული პოლიტიკის გამო. ბარკას მოწინააღმდეგეებს იგი ქვეყნის გამაღატაკებლად მიაჩნდათ. ამის პასუხად, ჰამილკარმა მიიმხრო მოსახლეობის დაბალი სოციალური ფენები, რასაც ხელი შეუწყო კართაგენის დემოკრატიული მოძრაობის ლიდერზე, ჰასდრუბალზე მისი ქალიშვილის გათხოვებამ. გარდა ამისა, ჰამილკარს, როგორც წესი, არმია ყოველთვის უჭერდა მხარს. ბარკას პოლიტიკურ ოპონენტებს ხელი მოეცარათ  ჰამილკარ ბარკა თავისი პოლიტიკური კარიერის პიკზე იმყოფებოდა. 237 წელს ჰამილკარმა მზერა პირენეის ნახევარკუნძულს მიაპყრო: ლაშქრობის დაწყების წინ ჩატარებული მსხვერპლშეწირვის დროს, ბარკამ თავისი 9 წლის ვაჟს ხმამაღლა ჰკითხა, სურდა თუ არა მას, გაჰყოლოდა მამას ესპანეთში. შვილისგან პასუხად მან მოისმინა პათოსით წარმოთქმული სიტყვა „დიახ!“ მაშინ მამამ ხელი მოჰკიდა საკურთხევლის წინ მდგარ შვილს და უბრძანა, რომისადმი მარადიული სიძულვილის ფიცი დაედო. ეს მომენტი მთელი ცხოვრება თან სდევდა ჰანიბალს. ამ ფაქტით მოულოდნელად გასრულდა მისი ბავშვობის ხანა _ განგების ნებით მას, ჰამილკარ ბარკას ძეს, ყველგან, სამხედრო ბანაკებსა თუ მტრის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობებში უნდა მიეღო სამხედრო წრთობა, რათა მას, მამამისის თანამებრძოლსა და მემკვიდრეს, განეხორციელებინა ფიცით განმტკიცებული ჩანაფიქრი რომთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებისა.
II თავი
ესპანეთის დაპყრობა. იტალიური კამპანიის დასაწყისი
   ჰამილკარ ბარკას დაინტერესება ესპანეთით შემთხვევითი არ იყო. ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს ეს ქვეყანა ფინიკიელთა კოლონიზაციის ობიექტს წარმოადგენდა. იქ მათ დააარსეს ქალაქები: ჰადესი, მალაგა და სხვა. ლიბიის ომის დროს რომმა ისარგებლა კართაგენის შიდა სამხედრო-პოლიტიკური არეულობით და ხელთ იგდო სარდინია, რითაც შეასუსტა კართაგენის მიერ იტალიაზე შესაძლო დარტყმის ძალა. ამიტომაც ჰამილკარ ბარკა ფიქრობდა ესპანეთის დაპყრობით პლაცდარმის შექმნას იქ, საიდანაც ჩრდილოეთ იტალიაზე იერიშს მიიტანდა. მწირია ცნობები ესპანეთში ჰამილკარის სამხედრო მოღვაწეობის შესახებ. ძირითადად ცნობილია ის, რომ 9 წლის მანძილზე ჰამილკარი ინტენსიურად აფართოებდა კართაგენის სამფლობელოებს ესპანეთში, მართავდა ბრძოლებსა და მოლაპარაკებებს მანამ, სანამ ერთ-ერთი შეტაკების დროს არ დაიღუპა.
   ჰამილკარმა ჯარები კადესში გადასხა. მისი საბრძოლო ოპერაციების არენას ტურდეტანებისა და ბასტულების (ესპანეთში მცხოვრები ხალხები) წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც კავშირში იყვნენ კელტებთან, მდ. გვადალკვივირის ხეობა წარმოადგენდა. იქ მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ბრძოლაში მოკლეს კელტების ბელადები  ისტოლატისი და მისი ძმა, რომლის სახელიც წყაროებში არ ფიქსირდება. ჰამილკარმა გამოიყენა თავისი ნაცადი ტაქტიკა, რომელსაც მან ჯერ კიდევ ლიბიის ომის დროს მიმართა  თავის არმიას შეუერთა ტყვედ აყვანილი მტრის 3000 ჯარისკაცი. ამგვარ პოლიტიკას მისი სიკვდილის შემდეგაც ატარებდნენ ესპანეთში კართაგენის ჯარების სხვა მხედართმთავრებიც. პუნების თავდასხმის შეჩერების პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო იბერთა ერთ-ერთმა ბელადმა  ინდორტმა, რომელმაც 50 ათასი მოხალისე-მოლაშქრე შეკრიბა. მაგრამ საქმე სამხედრო შეტაკებამდე არ მისულა. ინდორტმა სცადა გაქცევა, მაგრამ ტყვედ ჩავარდა. მისი მებრძოლები დაიღუპნენ, თითქმის ყველა დატყვევებული კი ჰამილკარმა უპირობოდ გაათავისუფლა. მეტოქეთა დაშინებისა და ახალი კონფლიქტების თავიდან აცილების მიზნით, ჰამილკარმა ინდორტი ჯერ დააბრმავებინა და შემდეგ ჯვარს აცვა.
    ესპანეთის გაძარცვით ჰამილკარმა დიდი სიმდიდრე დააგროვა: ალაფის ნაწილი მან ჯარისკაცებს დაურიგა, ნაწილი კი კართაგენში გაგზავნა სახელმწიფო ხაზინის შესავსებად და კართაგენის მოსახლეობაში თავისი ავტორიტეტის განსამტკიცებლად; ქონების ნაწილი მან თავის მომხრეებს გადასცა. ჰამილკარმა შეძლო პირენეის ნახევარკუნძულის სამხრეთში მყარად ფეხის მოკიდება და ამით საფუძველი ჩაუყარა ესპანეთში კართაგენის ჰეგემონიის გავრცელებას. ამავე მიზნით, ჰამილკარმა განაგრძო პუნებისთვის დამახასიათებელი კოლონიზატორული პოლიტიკა: მისი ძალისხმევით დაარსდა დიდი ქალაქი  აკრალევკე („თეთრი სიმაგრე“, იგივე „თეთრი ბორცვი“). ჰამილკარის მოქმედებებმა, ბუნებრივია, ბერძნული კოლონიების უკმაყოფილება გამოიწვია: მათ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ დახმარებისთვის რომს მიმართეს, რომელსაც ესპანეთის საქმეებში ჩარევის საბაბი გაუჩნდა. აპიანეს ცნობით, ჯერ კიდევ ჰამილკარის სიცოცხლეში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რომსა და კართაგენს შორის. შედეგად, მათ შორის დადგინდა გავლენის სფეროები: სამხრეთით-პუნიკური ზონა, ჩრდილოეთით კი რომის ზონა. დროებით საზღვრად დადგინდა მდ. იბერი, იგივე იბერიუსი (ამჟამინდელი ებრო). ამრიგად, ორ ცეცხლს შორის მოქცეული ბერძნული ქალაქები იძულებული გახდნენ, უპირატესობა რომისთვის მიენიჭებინათ. ჰამილკარი ამ მოლაპარაკებებით კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, მან სამართლებრივი ბაზა შეუქმნა კართაგენს პირენეის ნახევარკუნძულზე და ტერიტორიის თითქმის 2/3 კართაგენის საკუთრებად აქცია. მოგვიანებით, ჰამილკარმა გადაწყვიტა ესპანეთის ქალაქ ჰელიკას (ელჩე) აღება. მან წარმატებით შემოარტყა ქალაქს ალყა. შემდეგ გადაწყვიტა, თავისი არმიისა და საბრძოლო სპილოების ძირითადი ნაწილი გამოსაზამთრებლად გაეგზავნა აკრა ლევკეში. მაგრამ ორისების (ორეტანები) „მეფე“, რომელიც ჰამილკარის მოკავშირედ ითვლებოდა, რომაელებს ფარული კავშირით შეეკრა და ბარკას უღალატა. მან ქალაქის დასახმარებლად არაორგანიზებულ პუნებზე მოულოდნელი იერიში მიიტანა. კართაგენელებმა ვერ გაუძლეს შეტევას და უკუიქცნენ. საფრთხე უშუალოდ დაემუქრა ჰამილკარის შვილებს, რომლებიც მამასთან ერთად ესპანეთის სამხედრო კამპანიაში მონაწილეობდნენ. შვილების გადასარჩენად, გენერალმა ჰამილკარ ბარკამ მთავარი დარტყმა თავის თავზე აიღო. მან თავისკენ მიიზიდა მტრის ძირითადი ძალები და უკუქცევის მანევრის დროს, როდესაც მდინარეზე გადადიოდა, ჩავარდა მასში და დაიხრჩო. ამგვარად, ჰამილკარმა უეცარი სიკვდილით იხსნა საკუთარი შვილები, რომლებმაც მშვიდობიანად მიაღწიეს აკრა ლევკეს. როგორც კი აკრა ლევკეში მივიდა ინფორმაცია ჰამილკარის დაღუპვის შესახებ, პუნების შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლობა თავის თავზე აიღო მისმა სიძემ (ქალიშვილის ქმარმა) ჰასდრუბალმა, რომელიც იმ დროისათვის ერთ-ერთი საზღვაო ხომალდის კაპიტანი იყო.
   საინტერესოა, თუ როგორ მოახერხა ხელისუფლებაში მისვლა ჰასდრუბალმა. მას ხელი შეუწყო იმან, რომ ეს უკანასკნელი ხელმძღვანელობდა კართაგენის ე.წ. ბარკიდთა პარტიას. იგი განსაკუთრებით პოპულარული იყო მეომრებსა და ქალაქის მოსახლეობაში (სამაგიეროდ, მას კართაგენის არისტოკრატიაში დაბალი რეიტინგი ჰქონდა). იგი სტრატეგოსად გამოაცხადა ჯარმა და ხალხმა. ამ დროისათვის ჰანიბალს 17 წელი შეუსრულდა. მამის დაღუპვის შემდეგ, მან თავის ძმებთან ერთად დატოვა ესპანეთი და კართაგენში დაბრუნდა. შექმნილმა გარემოებებმა გადამწყვეტი გავლენა მოახდინა ჰანიბალის, როგორც მხედართმთავრისა და სახელმწიფო მოღვაწის ჩამოყალიბებაზე. სამხედრო პიროვნებისთვის დამახასიათებელი ისეთი თვისებები, როგორიცაა სიმამაცე, სიფხიზლე, წინდახედულება, გამძლეობა, შეუპოვრობა და უბრალოება, მას ჩამოუყალიბდა მამის, ჰამილკარის უშუალო ძალისხმევით. ჰანიბალმა, მამის წყალობით, მიიღო შესანიშნავი განათლება, ბრწყინვალედ შეისწავლა ბერძნული ენა და ლიტერატურა. ბერძნულ კულტურასთან დაახლოებით, ჰამილკარმა შვილები ელინისტურ კულტურას აზიარა, ამ გზით მას სურდა კართაგენის შეყვანა ელინისტურ სამყაროში, რათა მასთან ერთად ებრძოლა რომაელი „ბარბაროსების“ წინააღმდეგ.
     ჰანიბალი 5-წლიანი ინტერვალის შემდეგ, 224 წელს დაბრუნდა პირენეის ნახევარკუნძულზე და შეუდგა სამხედრო სამსახურს თავისი სიძის  ჰასდრუბალის ხელმძღვანელობით. იგი სათავეში ჩაუდგა კართაგენელთა კავალერიას.
   ჰასდრუბალმა აკრა ლევკეში თავი მოუყარა მნიშვნელოვან სამხედრო ძალებს  200 საბრძოლო სპილოს, 50 ათას ქვეით მებრძოლსა და 6 ათას მხედარს. მან ძალისხმევა მიმართა პირველ რიგში ორისების წინააღმდეგ და გაანადგურა ისინი. მან მოსპო ყველა, ვინც ბრალეულად მიიჩნია ჰამილკარის დამარცხებასა და სიკვდილში. დაიმორჩილა ორისთა 12 ქალაქი. ამავე დროს ხმელთაშუა ზღვის პირენეის სანაპიროზე დააარსა ახალი ქალაქი – ახალი კართაგენი (კარტახენა), რომელიც არა მარტო ესპანეთის პუნიკურ სამფლობელოთა ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ ცენტრად, არამედ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ცენტრადაც იქცა. ჰასდრუბალმა იბერიის ტომთა ბელადებთან თანდათანობით მეგობრული ურთიერთობები დაამყარა. ასეთი პოლიტიკით მან გააფართოვა კართაგენის გავლენა პირენეის ნახევარკუნძულზე. ჰამილკარის გარდაცვალების შემდეგ ჰასდრუბალმა ცოლად შეირთო იბერიელთა ერთ-ერთი ბელადის ქალიშვილი და იბერიელთა სიძე გახდა. ჰასდრუბალის პოლიტიკური წარმატებები აშფოთებდა რომს, რომლის ყურადღებაც ძირითადად მიმართული იყო გალების წინააღმდეგ. ამავე დროს რომაელები დაინტერესებული იყვნენ ჰასდრუბალის დასუსტებით, რომელიც ყოველ წუთს შეიძლებოდა გამხდარიყო გალების მოკავშირე. ჰამილკართან დადებული შეთანხმების კიდევ უფრო გამყარების მიზნით რომის ხელისუფლებამ ახალი ხელშეკრულება დადო ჰასდრუბალთან. დიპლომატიური მოლაპარაკების მიხედვით, არ უნდა დარღვეულიყო შეთანხმება რომსა და კართაგენს შორის ესპანეთის გავლენის სფეროებად გაყოფის თაობაზე. მათ შორის დროებითი გამყოფი ხაზი მდ. იბერიუსზე გადიოდა. იქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება თითქოსდა არაპირდაპირ თამაშობდა ძალზე სერიოზულ როლს. შეთანხმების თანახმად, კართაგენის გავლენის ქვეშ მყოფ ესპანურ ზონაში მდებარე ბერძნული პოლისი – საგუნტუმი (მდ. იბერიუსიდან სამხრეთით 160 კმ-ზე) თავისუფალ და ავტონომიურ ქალაქად ცხადდებოდა. თუმცა ფარულად, რომმა თანდათანობით დაიწყო კართაგენელთა წინააღმდეგ საგუნტუმის ფაქტორის გამოყენება.
   ჰასდრუბალსა და რომის სენატს შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება მხოლოდ რომმა მოახდინა. ჰამილკარ ბარკასა და ჰასდრუბალის ყველა მოქმედება აშკარად მიუთითებდა, რომ ისინი ემზადებოდნენ ესპანეთში პლაცდარმის შესაქმნელად და რომის წინააღმდეგ ომის დასაწყებად.
     ხელშეკრულების დადების წინ, ჰასდრუბალმა, ფინიკიური ტრადიციის თანახმად, საზეიმოდ წარმოთქვა ფიცი (ბერიტი), რომელიც ავალდებულებდა მას, არ გადაელახა მდ. იბერიუსი და ასევე არ დაერღვია საგუნტუმისა და სხვა ბერძნული კოლონიების სუვერენიტეტი. ეს ქალაქი გახდა საბაბი რომსა და კართაგენს შორის ახალი ომის დაწყებისა. გამოიკვეთა პოზიცია, რომ უკვე 231 წელს, ჰასდრუბალის მიერ ხელშეკრულების დადებამდე 5 წლით ადრე საგუნტუმი არაოფიციალურად გახდა რომის მოკავშირე. ჰასდრუბალის ფიცი არ დაამტკიცეს კართაგენელებმა, ვინაიდან იგი წარმოადგენდა ჰასდრუბალის პირად ინიციატივასა და ვალდებულებას.
   ქრისტეშობამდე 221 წელს ჰასდრუბალი, შურისძიების საბაბით, ნადირობის დროს მოკლა წარმოშობით კელტმა მონამ (დანაშაულის მოტივად სახელდება ჰასდრუბალის მიერ კელტის პატრონის დასჯა, რამაც მონას სამაგიეროს გადახდისკენ უბიძგა). ბარკიდებს მტრული თვალით უყურებდა კართაგენის არისტოკრატიული პარტია, რომლის სათავეშიც ჰანონი იდგა. მან ჰასდრუბალის დაღუპვა პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენა, მაგრამ მის ამგვარ წამოწყებას გაგრძელება არ მოჰყოლია იმის გამო, რომ ჰასდრუბალის სიკვდილისთანავე, ესპანეთში პუნების არმიის მთავარსარდლად ჯარმა ჰანიბალი გამოაცხადა. კართაგენის სახალხო კრებამ და საბჭომ ეს არჩევანი დაამტკიცეს. მან დანიშვნისთანავე საზეიმოდ შეახსენა თავის თანამებრძოლებსა და რომს თავისი ცნობილი ფიცი რომთან მარადიული მტრობისა.
   კართაგენის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დანიშვნისას ჰანიბალი 25-26 წლისა იქნებოდა. ჰამილკარისა და ჰასდრუბალის ძალისხმევის შედეგად, პირენეის ნახევარკუნძულზე კართაგენელთა ძალაუფლება საკმაოდ გამყარდა. რეგიონის სამხრეთ ნაწილი ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და პერსპექტიულ პლაცდარმად ითვლებოდა რომთან სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირებისათვის. ჰანიბალმა გააგრძელა ბარკიდთა ტრადიცია იბერებთან დანათესავებისა. მან ცოლად შეირთო კართაგენის მოკავშირე ქალაქ კასტულონის მკვიდრი იბერი ქალბატონი. პუნთა ახალგაზრდა მხედართმთავარი ისე წარმართავდა თავის საქმიანობასა და იმგვარად იქცეოდა, თითქოს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა რომთან ომის დაწყება. იგი არა თუ არ მალავდა თავის განწყობას, პირიქით, აშკარად გამოხატავდა ამას. ჰანიბალმა გადაწყვიტა რომის მოკავშირე საგუნტუმზე იერიშის მიტანა. ამით იგი აპირებდა რომის სამხედრო ძალისგამოწვევას. ჰანიბალმა დაიწყო თანდათანობითი, პოზიციური მოქმედება, ქალაქის ირგვლივ რკალის შექმნა და მისი შემჭიდროება. პირველ რიგში, მან იერიში მიიტანა ოლკადებზე. ისინი მდ. იბერიუსის სამხრეთით ცხოვრობდნენ და კართაგენს ემორჩილებოდნენ. ჰანიბალს სხვა პოლიტიკური მიზნებიც ჰქონდა: ტიტუს ლივიუსის მიხედვით, მდ. იბერის სამხრეთით მცხოვრები ოლკადები ნაკლებად ექვემდებარებოდნენ კართაგენელთა გავლენას; ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, ჰანიბალმა დაიწყო შეტევა მათ წინააღმდეგ, შემოარტყა ალყა ოლკადების მთავარ ქალაქსა და შტურმით აიღო იგი (ამ ქალაქის ზუსტი სახელი უცნობია). პოლიბიოსის აზრით, ეს იყო ქალაქი ალფეია. ტიტუს ლივიუსი კი მიიჩნევდა, რომ ქალაქის სახელწოდება იყო კარტალუ. შესაძლებელია, ეს იყოს მათი მთავარი ქალაქის ორი სახელწოდება  ადგილობრივთა ენაზე  ალფეია და პუნების ენაზე  კარტალა (22.406). მოგვიანებით, ოლკადების სხვა ქალაქებმაც იგივე ბედი გაიზიარეს და კართაგენის უზენაესი ძალაუფლება აღიარეს. ჰანიბალმა ხელთ იგდო დიდი ნადავლი და გამოსაზამთრებლად დაბრუნდა ახალ კართაგენში (კარტახენა). მან უხვად დაასაჩუქრა თავისი მებრძოლები და გაზრდილი ხელფასები დაურიგა. ამით მან კიდევ უფრო მეტი სიმპათიით განაწყო თავის მიმართ დაქირავებული მეომრები და კართაგენის მოსახლეობა.
   საინტერესოა იმის დადგენა, თუ პოლიტიკური განვითარების რომელ საფეხურზე იმყოფებოდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ის ხალხები, რომელთაც ჰანიბალი დაუპირისპირდა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის, რომ პოლიბიოსი ოლკადების დასახლებას მოიხსენიებს ბერძნული სიტყვით  „პოლის“, ლიბიას კი მისი შესატყვისი ლათინური სახელით  „ურბს“. მათ შორის წამყვანი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მათგანი. თუ გავითვალისწინებთ დასახელებულ ანტიკურ ავტორთა პოზიციებს, არ არის გამორიცხული, რომ ოლკადებს ჰქონოდათ გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ქალაქებისა, რომელიც ერთი ცენტრიდან იმართებოდა. ქრისტეშობამდე 220 წლის გაზაფხულზე ჰანიბალმა თავისი ჯარები დაძრა მდ. დურისის შუაწელისკენ და ხელთ იგდო ქალაქები  სალამანტიკა, გელმანტიკა, არბოკალი.
     ახალი კართაგენის მიმართულებით უკან გაბრუნებულ ჰანიბალს, თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მოუხდა დაპირისპირება კარპეტანებთან. ისინი ფიქრობდნენ, რომ მათაც იგივე ელოდათ, რაც სხვებს დაატყდათ თავს. ამიტომაც კარპეტანებმა მოვლენებს წინ გაუსწრეს და გადაწყვიტეს, სავარაუდო მოწინააღმდეგეს (ჰანიბალს) თავს დასხმოდნენ და დაემარცხებინათ. ისინი პუნებს მდ. ტაგის (ტახო) შესართავთან ჩაუსაფრდნენ. ჰანიბალმა მათთან შეტაკებას თავი აარიდა. მან ბანაკი მდინარის პირას გაამაგრა და ხელსაყრელ მომენტს დაუწყო ლოდინი. ჰანიბალმა გამოიყენა მდინარის თხელი ფონი, სწრაფად გადალახა ის და უკუსვლის ინსცენირება გაითამაშა, რითაც მტერს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს მდინარის გადალახვით უკან იხევდა. ჰანიბალი ვარაუდობდა, რომ კარპეტანები ამ ნაბიჯს კართაგენელთა სისუსტედ ჩათვლიდნენ და გულმოცემულნი, ფსიქოლოგიური უპირატესობის გამოყენებით სწრაფად გადავიდოდნენ გადამწყვეტ შეტევაზე. ჰანიბალის გეგმა ითვალისწინებდა მათ შეტყუებას მდინარეში ანუ ხაფანგში, სადაც მისი საბრძოლო სპილოები და ცხენოსნები მტრის ქვეითებს ბოლოს მოუღებდნენ. მტრის მარცხს გარკვეულწილად ხელი შეუწყო მათმა რიცხობრივმა უპირატესობამ. პოლიბიოსისა და ლივიუსის ინფორმაციით, კარპეტანთა ჯარები ოლკადებთან და ვაკეებთან ერთად დაახლოებით 100 ათას მებრძოლს შეადგენდა. ისინი დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ ჰანიბალმა წაგების შიშით მათთან ბრძოლას თავი აარიდა. ამის დასტურია ის, რომ კარპეტანი მეომრები, ხმამაღალი შეძახილებითა და ყვირილით, ყოველგვარი საბრძოლო წესის გარეშე გადაეშვნენ მდინარეში. ჰანიბალი თავისი სამხედრო გეგმის ხორცშესხმას შეუდგა. მან მტერს მდინარეშივე დაახვედრა საბრძოლო სპილო და ცხენოსნები. ამ ბარიერს კარპეტანებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. მათი არეული რიგები კიდევ უფრო აირია და, თავის გადარჩენის გარდა, სხვა საფიქრალი აღარ ჰქონდათ. ფონის ძებნაში გართული კარპეტანთა ქვეითები წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ პუნთა საბრძოლო სპილოებსა და კავალერიას. მათი უმრავლესობა მდინარის ბრძოლაში დაიღუპა ან დაიხრჩო. ნაპირზე გასულებს კი ბოლოს უღებდნენ კართაგენელი ქვეითები. გაქცევა მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილმა მოახერხა. გამარჯვებულმა ჰანიბალმა ცეცხლითა და მახვილით გადაუარა კარპეტანიას და მტკიცედ დაუმორჩილა ის კართაგენს.
   მდინარე ტაგასთან (ტახო) გამარჯვების შედეგად ჰანიბალის კონტროლქვეშ მოექცა პირენეის ნახევარკუნძულზე მდინარე იბერიუსიდან სამხრეთით მდებარე ტერიტორია. ერთადერთ გამონაკლისს ქ. საგუნტუმი წარმოადგენდა. წარმატებებით ფრთაშესხმული ჰანიბალი თავის სიძლიერეში იმდენად იყო დარწმუნებული, რომ შეძლო რომის გამოწვევა. ტაგასთან ბრძოლამ დაასრულა დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიაში მნიშვნელოვანი პერიოდი  II პუნიკური ომის დასაწყებად მზადება. ეს ბრძოლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჰანიბალის ბიოგრაფიაში. აქ მან პირველად გამოავლინა თავისი ბრწყინვალე ტაქტიკური შესაძლებლობები, გაბედული და რისკიანი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. მან შესანიშნავად გამოიყენა მოულოდნელობისა და ადგილმდებარეობის ფაქტორების სინთეზი და ამით დაარღვია სამხედრო კანონების ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ჰანიბალი აუცილებლად უნდა დამარცხებულიყო. მან გასაოცარი სიახლით გაამდიდრა სამხედრო ხელოვნების ისტორია. კონკრეტულად კი ჰანიბალმა სამდინარო ბრძოლა წარმოაჩინა, როგორც სახმელეთო შეტაკების ქრესტომათიული ნიმუში.
     ჰანიბალის მორიგ პოლიტიკურ სამიზნედ ქალაქი საგუნტუმი იქცა. იგი ძალიან მდიდარი ქალაქი იყო, ინტენსიურად განვითარებული საზღვაო ვაჭრობით. ჰანიბალი, ამ ქალაქზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გადაწყვეტილების მიღებისას, საერთოდ არ ფიქრობდა მის სიმდიდრეზე. ამ ქალაქის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მას შეეძლო ჩრდილოეთის მიმართულებით ლაშქრობების გაგრძელება. გასათვალისწინებელი იყო ის ფაქტიც, რომ საგუნტუმი ფლობდა რომის მოკავშირის სტატუსს  რომი ამ ქალაქის მეშვეობით აპირებდა ესპანეთის საქმეებში ჩარევას.
   ვითარებიდან გამომდინარე, იმ დროს საგუნტუმში არსებული პოლიტიკური კლიმატი გარკვეულწილად ჰანიბალის წისქვილზე ასხამდა წყალს. მოქალაქეთა შორის ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა: პირველის თანახმად, რომთან უნდა შენარჩუნებულიყო მოკავშირული ურთიერთობა, მეორე პოზიციის შესაბამისად კი ნებაყოფლობით უნდა გადასულიყვნენ კართაგენის მხარეზე. ღომაელ მოხელეთა მიერ ანტირომაულად განწყობილ მოქალაქეთა დასჯის შემდეგ საგუნტუმში სიტუაცია დაიძაბა და ჰანიბალის პოზიციები შესუსტდა. გამოიკვეთა მყარი პრორომაული პოზიცია, რომლის მიხედვითაც იგი არასოდეს შეეგუებოდა ამ ქალაქის დაკარგვას. ასეთ ვითარებაში ჰანიბალს სხვა არჩევანი აღარ რჩებოდა რომთან ომის გამოცხადების გარდა. მან ამას მიაღწია. ასეთ ვითარებაში ჰანიბალს რომაული ლეგიონების გამოჩენამდე უნდა მოეხერხებინა საგუნტუმის ხელში ჩაგდება  ამით ის რომაელებს წაართმევდა საყრდენ ბაზას პირენეის ნახევარკუნძულზე. ჰანიბალმა თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნის მისაღწევად ქალაქ საგუნტუმზე არაპირდაპირი ზეწოლა მოახდინა, რასაც შედეგად მოჰყვა კონფლიქტის პროვოცირება. მან ერთმანეთს დაუპირისპირა კართაგენის გავლენის ქვეშ მყოფი იბერიელი ტომები (ძირითადად ტურდულები) და საგუნტუმის მოსახლეობა. კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ჰანიბალმა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად, მათ შუამავლად საკუთარი პერსონა შესთავაზა. აპიანე ალექსანდრიელი „რომის ისტორიის“ VII წიგნში, ამ პოლიტიკურ პროცესების გაანალიზებისას აღნიშნავს, რომ ჰანიბალმა დაარწმუნა ტურდულები, მისთვის წარედგინათ საჩივარი საგუნტუმელებზე იმის თაობაზე, თითქოსდა ისინი თვითნებურად შეიჭრნენ ტურდულების კუთვნილ ტერიტორიაზე. სცენარის მიხედვით, ჰანიბალმა ტურდულთა ელჩები გაგზავნა კართაგენში, სადაც მათ თავიანთი პრეტენზიებით უნდა მიემართათ კართაგენის საბჭოსთვის. პარალელურად ჰანიბალმა საბჭოს პირადი წერილით მიმართა, სადაც აღნიშნავდა, რომ ადგილზე ვითარების გამწვავებას ხელს უწყობდა რომაული აგენტურა. საბჭოს გადაწყვეტილებამ, რომლის მომზადებაშიც გადამწყვეტი, თუმცა არაფორმალური როლი შეასრულა ჰანიბალმა, უფლება მისცა მას, საგუნტუმის საკითხში საკუთარი შეხედულებების შესაბამისად ემოქმედა.
   ამ პოლიტიკურმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ ჰანიბალი იყო არა მხოლოდ გამოჩენილი მხედართმთავარი, არამედ ნიჭიერი დიპლომატიც. ამით ჰანიბალმა განსაზღვრა კართაგენის საზოგადოებრივი აზრი. მან ყველასთვის სამაგალითოდ დაადასტურა, რომ იყო კანონმორჩილი, ერთგული და თავმდაბალი მსახური თავისი ქვეყნისა. მიაღწია რა ხელსაყრელ, დადებით შედეგს, ჰანიბალმა ერთმანეთს შეუხამა კართაგენის საბჭოსა და საკუთარი გადაწყვეტილებები. ამით მან მიიღო უფლებამოსილება კართაგენის ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვისა. კართაგენის საბჭოსა და ჰანიბალის პოლიტიკური მოღვაწეობა სინქრონულ რეჟიმში ამუშავდა. საბჭოს კარგად მოეხსენებოდა, რომ ამ კონკრეტული გადაწყვეტილებით (საგუნტუმის საქმე) პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო რომთან ომის დაწყებას.
   ჰანიბალმა სრული კარტ-ბლანში მიიღო. მან თავისთან გამოიძახა ტურდულებისა და მათთან დაპირისპირებული საგუნტუმის წარმომადგენლები, რომლებმაც ჰანიბალს განუცხადეს, რომ კართაგენის ამ გადაწყვეტილებას რომში გააპროტესტებდნენ. ამით მათ უარყვეს კართაგენის უზენაესობის აღიარება. ჰანიბალმა შეწყვიტა მათთან მოლაპარაკებები და გააძევა საგუნტუმის წარმომადგენლები თავისი ბანაკიდან, შეიჭრა ქალაქის კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, თავისი ჯარები 3 ნაწილად გაყო და საგუნტუმს ალყა შემოარტყა. მაშინ, როცა ჰანიბალი იერიშის მისატანად ემზადებოდა, ქალაქის წარმომადგენლებმა ამის შესახებ რომს შეატყობინეს და სთხოვეს, სასწრაფოდ ჩარეულიყო ესპანეთის საქმეებში. ეს საკითხი წყაროებში სხვადასხვანაირად არის წარმოდგენილი: ტიტუს ლივიუსის თანახმად, რომის სენატმა გადაწყვიტა ესპანეთში ელჩობის გაგზავნა, რომელთაც ვითარება ადგილზე უნდა შეესწავლათ და საჭიროების შემთხვევაში ჰანიბალისათვის მოეთხოვათ, დაუყოვნებლივ დაეტოვებინა რომაელი ხალხის მოკავშირე საგუნტუმი; თუ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდნენ, ელჩობა უნდა ჩასულიყო კართაგენში და იქ განეხილა და მოეგვარებინა საგუნტუმის პრობლემა კართაგენის საბჭოსთან ერთად. სანამ რომაელი დიპლომატები ჰანიბალთან ჩავიდოდნენ, რომში მოვიდა ცნობა ჰანიბალის მიერ საგუნტუმისთვის ალყის შემორტყმის შესახებ. სენატმა ამ საქმის ახალი განხილვა დაიწყო.
   პოლიბიოსი განსხვავებულ ვარიანტს გვთავაზობს. მისი ვერსიით, ჰანიბალმა რომის ელჩობა ახალ კართაგენში მიიღო. მათ მოითხოვეს, რომ ჰანიბალს დაენებებინა თავი საგუნტუმისათვის და აღარასოდეს გადაელახა მდ. იბერი. ჰანიბალმა კართაგენის საბჭოს მიმართა საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად. მაგრამ ჩვენთვის უცნობია, რა პასუხი მიიღო საბჭოსგან ჰანიბალმა. ცნობილია, რომ რომის ელჩებმა მისგან დადებითი პასუხი ვერ მიიღეს. ამით კიდევ უფრო დაიძაბა სიტუაცია რომსა და კართაგენს შორის. ელჩებმა გადაწყვიტეს კართაგენში ჩასვლა და პრობლემის იქ მოგვარება.
   არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე, შეიძლება ასეთი სურათი წარმოვიდგინოთ: სანამ რომის სენატი არკვევდა ვითარებას ესპანეთში, ჰანიბალმა ძვ.წ. 219 წელს დაიწყო საგუნტუმის საალყო ოპერაციები. პუნების მხედართმთავარმა ეს ოპერაცია დაბალ ტაქტიკურ დონეზე ჩაატარა. მან წარმატებას ძირითადად ცოცხალი ძალის უპირატესობის ხარჯზე მიაღწია, რასაც ხელი შეუწყო ამ ოპერაციაში რომაელთა ჩაურევლობამ. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჰანიბალმა არასწორად შეარჩია ის ადგილი, საიდანაც უნდა დაეწყო ქალაქის კედლების დანგრევა. მან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უშუალოდ ამ ადგილზე იყო დიდი თავდაცვითი კოშკი, რომლის ირგვლივაც არსებული ქალაქის კედელი გაცილებით მაღალი იყო და მისი აღება უფრო მეტ ძალისხმევას მოითხოვდა. ამ გამაგრებული პუნქტის დაცვა, მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე, ქალაქის ყველაზე საიმედო და მებრძოლ შეიარაღებულ ძალებს ევალებოდათ. ისინი, კონკრეტულად კი მოისართა ძალები, განუწყვეტელი ისრების წვიმით კართაგენელებს არ აძლევდნენ ამოსუნთქვის, წინ გადაადგილებისა და საალყო სამუშაოების შესრულების საშუალებას. ქალაქის მცხოვრებნი შიგადაშიგ, უეცარი გამოხტომებით სერიოზულ დარტყმებს აყენებდნენ პუნებს. ჰანიბალი უშუალოდ მონაწილეობდა ორთაბრძოლებში და ერთ-ერთი შეტაკებისას დროტიკით (მოკლე შუბი) ბარძაყში მძიმედ დაიჭრა. ამ ფაქტმა მის მებრძოლებში პანიკა გამოიწვია. სანამ ჰანიბალი ჭრილობებს იშუშებდა, ბრძოლამ პოზიციური ხასიათი მიიღო. კართაგენელებმა შეწყვიტეს აქტიური საბრძოლო მოქმედებები და მხოლოდ ქალაქის ბლოკადით კმაყოფილდებოდნენ. ამავე დროს ისინი აგებდნენ საალყო ნაგებობებს, ქალაქის მოსახლეობა კი _ მათგან თავდასაცავ ნაგებობებს. საფიქრებელია, რომ ამ პერიოდში ჰანიბალმა გადახედა ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც მას სამხედრო უპირატესობა ვერ მოუტანა და პირიქით, სტრატეგიულ ინიციატივას მოწინააღმდეგე მხარე დაეუფლა. ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, მან ბრძანება გასცა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ქალაქის კედლების დანგრევისა. ეს მას საშუალებას მისცემდა, მტრის წინააღმდეგ გამოეყენებინა სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობის რიცხობრივი უპირატესობა. კართაგენელების მიერ ტარანებისა (კედლის სანგრევი იარაღი) და ლითობოლების (ქვის სატყორცნი იარაღი) ამოქმედების შედეგად ქალაქის კედლებში ჯერ ბზარები გაჩნდა, შემდეგ ნაპრალები და კედლები დასკდა.
     მას შემდეგ, რაც საშინელი ხმაურით ჩამოინგრა სამითავდაცვითი კოშკი და მათ შორის მოქცეული კედლები, კვლავ იფეთქა ხელჩართულმა ბრძოლამ, ოღონდ არა ქაოტურად, არამედ საბრძოლო-სამწყობრო წესების სრული დაცვით. ორივე მხარის მეომრები შემტევი ხასიათის მწკრივებში განლაგდნენ. პუნებმა ვერ გატეხეს ქალაქის დამცველთა წინააღმდეგობა და უკან დახევა დაიწყეს. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში, როდესაც ჰანიბალის ძირითადი ჩანაფიქრი  საგუნტუმის ხელში ჩაგდება და რომთან ომის დაწყება სრული კრახის წინაშე აღმოჩნდა, ჰანიბალს მხსნელად მასთან მისული რომის ელჩობა მოევლინა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინფორმაციამ საგუნტუმის ალყის შესახებ რომის სენატი აიძულა, კიდევ ერთხელ გადაეხედა რომსა და კართაგენს შორის არსებული პოლიტიკური სიტუაციისათვის და ადეკვატური გადაწყვეტილება მიეღო. სენატის პოზიციები რამდენიმე ნაწილად გაიყო: სენატორთა ერთი ჯგუფი მოითხოვდა, რომ იბერიის ნახევარკუნძული და ჩრდილოეთ აფრიკა რომის პროვინციებად გამოცხადებულიყო და იქ პროკონსულები დაენიშნათ; ამ შემთხვევაში, მათი დაცვის საბაბით, კართაგენის წინააღმდეგ დაიწყებოდა ომი ხმელეთსა და ზღვაზე; სენატორთა მეორე ჯგუფი მოითხოვდა, რომაელთა მთელი სამხედრო პოტენციალი დაუყოვნებლივ გადაესროლათ ესპანეთში ჰანიბალის წინააღმდეგ; სენატორთა მესამე ჯგუფი მოითხოვდა დაცდას, სანამ ელჩები პირენეიდან ჩამოვიდოდნენ და შემდეგ, ვითარებიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ. ჰანიბალთან დიპლომატიური მისიით წარგზავნეს რომაელი სენატორები: პუბლიუს ვალერიუს ფლაკა და კვინტუს ბებიუს ტამფილა. მათ დავალება მიეცათ, ჩასულიყვნენ საგუნტუმში და ჰანიბალისგან მოეთხოვათ ქალაქიდან პუნთა ჯარების გაყვანა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ის უარს იტყოდა, მაშინ სენატორები უნდა ჩასულიყვნენ კართაგენში და საბჭოსთვის ჰანიბალის რომისთვის გადაცემა მოეთხოვათ. დიპლომატიის ისტორიიდან ცნობილია, რომ ხელშეკრულების დამრღვევი პირი სხვადასხვა სახის სასჯელით ისჯებოდა (ხელშეკრულების ტექსტში აღნიშნული იყო დამრღვევი პირის მიმართ დაწესებული სხვა სახის სანქციებიც, წყევლა-კრულვა, ღვთის რისხვა და სხვ.). აფრიკასა და ესპანეთში სასწრაფო სამხედრო ოპერაციის დაწყების მომხრედ გამოვიდა სენატორი ლუციუს კორნელიუს ლენტულუსი, რომელიც დაახლოებული იყო სციპიონთა არისტოკრატიულ დაჯგუფებასთან. სენატორთა მეორე ჯგუფის ხელმძღვანელი კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი კი მტრულად იყო განწყობილი სციპიონების დაჯგუფებისადმი: მისი აზრით, მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში ომის გაჩაღებაზე მთელი პასუხისმგებლობა კართაგენის ხელისუფლებას უნდა დაკისრებოდა.
   როდესაც ჰანიბალმა შეიტყო რომაელი ელჩების ჩასვლის შესახებ, რომელთა შორისაც იყვნენ რომში წარგზავნილი საგუნტუმის ელჩებიც, დიპლომატური უარი განაცხადა მათ მიღებაზე. ელჩებს განუმარტეს, რომ, ვითარებიდან გამომდინარე, ჰანიბალს საშუალება არ ჰქონდა მათი მიღებისა და მოსმენისა და, შესაბამისად, მათ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემდა. ჰანიბალმა იცოდა, რომ მისი ამგვარი ქცევა დააჩქარებდა ელჩობის ჩასვლას კართაგენში. მან ოპერატიულად, წერილობით შეატყობინა ყოველივე ამის შესახებ საბჭოს, რათა ისინი შექმნილ პრობლემას მომზადებული დახვედროდნენ. ერთადერთი გავლენიანი კართაგენელი, საბჭოს წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა რომაელთა მოთხოვნას, იყო ბარკიდთა ძველი მტერი ჰანონი, მაგრამ ის სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა. რომაელთა დიპლომატიური მისია უშედეგოდ დასრულდა. კართაგენმა საგუნტუმი დაადანაშაულა რომთან სიტუაციის დაძაბვაში. კართაგენის სენატმა თავისი საბოლოო პასუხი ასე ჩამოაყალიბა: `რომის წინააღმდეგ ომი დაიწყეს საგუნტუმის მოქალაქეებმა და არა ჰანიბალმა; რომაელი ხალხი უსამართლოდ მოიქცა, როდესაც მათ ანტიკართაგენულ ცენტრად საგუნტუმი გამოაცხადეს~.
    ამასობაში საგუნტუმის საალყო სამზადისი ახალ ფაზაში შევიდა. ჰანიბალმა გადაწყვიტა, რამდენიმე დღით დაესვენებინა დაღლილი მებრძოლები. ამ მომენტისათვის თითქმის სრულად იყო ამოწურული კართაგენელ მებრძოლთა შესაძლებლობები. ჰანიბალმა გადაწყვიტა მათი სულიერი განწყობის ამაღლება. ამ მიზნით იგი მებრძოლებს შეპირდა ჯილდოებსა და ქალაქის აღების შემთხვევაში მოპოვებული ალაფის მათთვის სრულად გადაცემას. ჰანიბალი კარგად იცნობდა დაქირავებულ მეომართა ფსიქოლოგიას. იგი არ შემცდარა თავის გათვლებში. ლივიუსის ხატოვანი გამოთქმით, „ისინი (დაქირავებული მეომარნი) ისე აღაფრთოვანა ჰანიბალის სიტყვამ და ისეთი მოზღვავება იგრძნეს სამხედრო მუხტისა, რომ მზად იყვნენ საბრძოლო სიგნალის მიცემისთანავე ყველაფერი წაელეკათ“.
    კართაგენელებმა ახალი შტურმი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით დაგეგმეს: ეს იმდენად სწრაფად და მოულოდნელად მოხდა, რომ ქალაქის შეიარაღებულმა ძალებმა ისიც კი ვერ გაარკვიეს, თუ სად უნდა მოეხდინათ ძალთა კონცენტრაცია.
    თვითონ ჰანიბალი ამ დროს მოძრავ საალყო კოშკში იმყოფებოდა და ქალაქს ზემოდან აკონტროლებდა. კოშკზე განლაგებული კატაპულტებისა და ბალისტების ინტენსიური მოქმედების შედეგად, ჰანიბალმა აიძულა ქალაქის დამცველები, თავი დამცავი ნაგებობებისათვის შეეფარებინათ. შემდეგ მან გაგზავნა 500 ჯარისკაცი მიტოვებულ, ახალაგებულ გამაგრებულ, თავდაცვით ნაგებობათა დასანგრევად. პუნებმა ქალაქის ნანგრევებზე გადასვლის შემდეგ ქალაქში შეაღწიეს. საალყო რგოლი თანდათან ვიწროვდებოდა და პუნები, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, დაჟინებით მიიწევდნენ ქალაქის სიღრმისაკენ. ჰანიბალმა ქალაქს გადაუკეტა საკომუნიკაციო გზები და საგუნტუმში შიმშილობა დაიწყო.
    სრულიად მოულოდნელად, ჰანიბალის მდგომარეობა გართულდა. კართაგენის გავლენის ქვეშ მყოფ ორეტანებსა და კარპეტანებში რომაელთა წაქეზებით ანტიკართაგენულმა მღელვარებამ იფეთქა. მათ ხელში ჩაიგდეს პუნი ჩინოვნიკები და კართაგენის ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას აპირებდნენ, მაგრამ ჰანიბალმა სწრაფი და ეფექტური დარტყმით მათ იარაღი დააყრევინა. პარალელურად საგუნტუმის ალყა გრძელდებოდა. საწყის საბრძოლო პოზიციაზე დაბრუნებულმა ჰანიბალმა მოახერხა და ხელჩართული ბრძოლის შედეგად აკროპოლისის მნიშვნელოვან ნაწილს დაეუფლა. ქალაქის მოსახლეობა იმედოვნებდა, რომ მათ დასახმარებლად ბრძოლაში რომაელები ჩაებმებოდნენ. მათი მდგომარეობა სულ უფრო უიმედო ხდებოდა, რომაელები კი კვლავინდებურად არსად ჩანდნენ. ამ დროს საგუნტუმის ერთ-ერთმა წარჩინებულმა  ალკონმა გადაწყვიტა, უკიდურესი ნაბიჯისთვის მიემართა. იგი საკუთარი ინიციატივითა და სხვათა მხარდაჭერის გარეშე მივიდა ჰანიბალთან და სთხოვა, შეებრალებინა მოსახლეობა და ქალაქი არ გაენადგურებინა. Aამის სანაცვლოდ ჰანიბალმა მას მოსთხოვა, დარჩენილიყო პუნების ბანაკში და თავის ქალაქთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა. ჰანიბალმა საგუნტუმის მცხოვრებთ უბრძანა, შეესრულებინათ ტურდულების ყველა პირობა და გადაეცათ მისთვის ოქროსა და ვერცხლის მთელი მარაგი, შემდეგ კი სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქალაქი თითო ხელი ტანსაცმლით და დასახლებულიყვნენ იქ, სადაც მათ პუნები უბრძანებდნენ. საგუნტუმის მოსახლეობამ ამის გაგონებისთანავე ცეცხლს მისცა საკუთარი ოქრო-ვერცხლი, მტერს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. ზოგიერთი მათგანი კი თვითონაც ვარდებოდა ცეცხლში. პუნებმა გადათელეს ქალაქის გამაგრებული ნაწილი და მთლიანად დაეუფლნენ ქალაქს. არნახული სისასტიკით გაუსწორდა ჰანიბალი ქალაქის მცხოვრებლებს. მისი ბრძანებით, დახოცეს ყველა მამაკაცი, პუნები ბავშვებსაც კი არ ინდობდნენ. შაგუნტუმის მოსახლეობა განადგურდა, მათ ადგილზე პუნი კოლონისტები დასახლდნენ.
   ამგვარად, ჰანიბალმა მიზანს მიაღწია. შაგუნტუმის განადგურებით მას გზა ეხსნებოდა ჩრდილო იტალიაზე გასალაშქრებლად. ამისათვის კი ახალი, დამატებითი ძალისხმევა, ფიქრი და განსჯა იყო საჭირო. ამ მიზნით მან ახალ კართაგენში გამოზამთრება გადაწყვიტა. საგუნტუმის დაცემამ რომში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რაც გადაიზარდა საყოველთაო მოწოდებაში  გამოეცხადებინათ ომი კართაგენისთვის. 218 წელს რომის სენატმა ესპანეთის კურატორად დანიშნა კონსული პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, აფრიკისა და სიცილიის კურატორობა კი კონსულს ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსს დაავალა. იმ შემთხვევაში, თუ სციპიონი მოახერხებდა იტალიის გარეთ ჰანიბალის შეჩერებას, მაშინ ლონგუსი აფრიკაში უნდა შეჭრილიყო. რომის სახალხო კრებას მიეცა წინადადება, პლებისციტზე განეხილა საკითხი კართაგენელი ხალხისთვის ომის გამოცხადების შესახებ. საერთაშორისო-სამართლებრივი წესების შესაბამისად, კართაგენში გაიგზავნა რომაელთა 5-კაციანი ელჩობა (კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი, მარკუს ლივიუს სალინატორი, ლუციუს ემილიუს პაულუსი, გაიუს ლიცინიუსი და კვინტუს ბებიუს ტამფილა). დიპლომატიურ მისიას ხელმძღვანელობდა ფაბიუს მაქსიმუსი, რომელიც გამოირჩეოდა პრობლემების დიპლომატიურ-მშვიდობიანი გზით მოწესრიგების ტენდენციით. ელჩობას უნდა გაერკვია, კართაგენის ხელისუფალთა ნებართვით ანადგურებდა თუ არა ჰანიბალი საგუნტუმს. თუ ეს დადასტურდებოდა, მაშინ რომს ომი უნდა გამოეცხადებინა კართაგენისათვის. თუ გაირკვეოდა, რომ ჰანიბალი თვითნებურად მოქმედებდა, იმ შემთხვევაში ელჩობას უნდა მოეთხოვა ჰანიბალის მათთვის გადაცემა. კართაგენის ხელისუფლებამ ეს კონკრეტული საკითხი განხილვის ღირსადაც კი არ ჩათვალა: პუნებს მიაჩნდათ, რომ საგუნტუმის თემა კართაგენის საშინაო საქმეს წარმოადგენდა და რომაელებს არ ეხებოდათ. კართაგენელები ამტკიცებდნენ, რომ ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ჯერ კიდევ რომსა და ჰასდრუბალს შორის და სადაც საუბარი იყო საგუნტუმზე, არ იყო რატიციფირებული კართაგენის საბჭოს მიერ და, აქედან გამომდინარე, მას არანაირი იურიდიული უფლებმოსილება არ გააჩნდა.
     პუნები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ხსენებულ ხელშეკრულებაში სიტყვა არ იყო ნათქვამი არა თუ საგუნტუმზე, არამედ საერთოდ ესპანეთზე. მასში ყურადღება ძირითადად ეთმობოდა დაპირისპირებულ მხარეებსა და მათ მოკავშირეებს შორის ზოგადად ურთიერთთავდაუსხმელობის პრინციპებს. მაგრამ დოკუმენტში საგუნტუმი საერთოდ არ იყო ნახსენები, როგორც რომის მოკავშირე. როცა რომაულმა მისიამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია, მაშინ მათ მოითხოვეს ჰანიბალის გადაცემა, რათა ამ გზით მაინც გარკვეულიყო ამ საქმეში კართაგენის მონაწილეობა  არმონაწილეობის საკითხი. მაგრამ კართაგენის ხელისუფლებამ ოფიციალურად განუცხადა რომის ელჩობას, არ ჩარეულიყო საგუნტუმის საქმეში. ყოველივე ამის შემდეგ, რომაელებმა სცენარის ბოლო აქტი გაითამაშეს: კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა თავისი ტოგა იატაკზე ისეთნაირად გაშალა, რომ შედეგად ერთმანეთისგან გამოყოფილი ორი ჩაღრმავებული ადგილის ინსცენირება მოახდინა და თან პათეტიკურად წარმოსთქვა; „ჩვენ დღეს აქ გთავაზობთ ომს ან მშვიდობას! აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი!“ სხდომას თავმჯდომარეობდა კართაგენის სუფეტი, რომელმაც იმავე ტონით შესძახა: „მოგვეცი, რაც შენ გსურს!“ ფაბიუსმა უპასუხა: „მე თქვენ გაძლევთ ომს!“ კართაგენელთა მხრივ ამას მოჰყვა შეძახილი: „ვიღებთ გამოწვევას!“ რომის ელჩობამ ომის გამოცხადებისთანავე დატოვა კართაგენი.
     ამრიგად, ჰანიბალმა თავის მიზანს მიაღწია. პირენეის ნახევარკუნძულზე ჩატარებული სამხედრო ოპერაციებისა და, განსაკუთრებით, საგუნტუმის ალყისა და ქალაქის აღების შემდეგ, მან აიძულა რომაელები, 218 წელს ომი გამოეცხადებინათ კართაგენისთვის. ჰანიბალმა ახალ კართაგენში დაიწყო ინტენსიური სამზადისი რომზე შეტევისათვის.
     პირველი ღონისძიება, რაც მან ამ მიმართულებით განახორციელა, იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ერთობ უცნაური და სარისკო გადაწყვეტილება; მან იბერებს, რომლებიც მასთან მსახურობდნენ, მისცა ხანგრძლივი (მთელი ზამთრის განმავლობაში) შვებულება თავიანთ ოჯახებში გასატარებლად. ამ ნაბიჯმა ხელი შეუწყო ჰანიბალის მიმართ იბერთა კეთილგანწყობას და, შესაბამისად, მათ საბრძოლო შემართებას.
     მეორე მნიშვნელოვანი ღონისძიება ჰანიბალისა იყო იტალიის სამხედრო კამპანიის დაწყების წინ მებრძოლების სულიერად გამხნევება. კართაგენელ მეომრებს მიაჩნდათ, რომ მათ სახიფათო ლაშქრობა ელოდათ. ეს მოსაზრება მათ გზაში ნახევრადველურ ბარბაროს ტომებთან შეხვედრამ განუმტკიცა. არსებობს ზეპირი გადმოცემა იმის შესახებ, რომ ერთ-ერთ სამხედრო საბჭოზე, ჰანიბალის არმიის მომავალი ლაშქრობის სირთულეების განხილვისას, საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც აგრეთვე ჰანიბალი ერქვა (მას მონომახსაც უწოდებდნენ), განაცხადა, რომ ამ სირთულეების დაძლევა შესაძლებელი იქნებოდა, თუ კართაგენელი მეომრები დაიწყებდნენ კანიბალიზმს, ანუ ადამიანის ხორცის ჭამას და ამით ბარბაროსებს დააფრთხობდნენ. მთავარსარდალმა ეს წინადადება აბსურდულად მიიჩნია და კატეგორიულად განაცხადა, რომ არავითარი დაბრკოლების წინაშე უკან არ დაიხევდა. ჰანიბალს უნდა დაერწმუნებინა თავისი მებრძოლები, რომ ომის ღმერთები დაეხმარებოდნენ კართაგენელ მეომრებს მოწინააღმდეგის დამარცხებაში. მან მსხვერპლი შესწირა მელკარტის ტაძარს და ფიცი დადო ღმერთების წინაშე, რომ კართაგენში გამარჯვებული დაბრუნდებოდა.
     ყველაზე სერიოზული ღონისძიებები მან ჯერ ზურგის უზრუნველყოფის მიზნით გაატარა, აფრიკასა და პირენეის ნახევარკუნძულზე, რათა იქ სიცილიიდან რომაელები არ შეჭრილიყვნენ. ეს ღონისძიებები პოლიბიოსმა და ტიტუს ლივიუსმა აღწერეს. ისინი ეყრდნობიან ბრინჯაოს დაფაზე გაკეთებულ წარწერას, რომელიც ჰანიბალმა აღმართა ლაცინიუსის ტაძარში. წარწერის მიხედვით, ჰანიბალმა გადაწყვიტა, აფრიკაში გაეგზავნა ესპანური წარმოშობის მეომრები, ესპანეთში კი აფრიკული გარნიზონები. ამ ნაბიჯით ის გააერთიანებდა და გააკონტროლებდა თავისი არმიის ორივე ნაწილის ერთგულებას და მოსალოდნელი ამბოხების რისკსაც შეამცირებდა, რადგან ამ მანევრით, დასახელებული სამხედრო ნაწილები საკუთარ, მშობლიურ გარემოს მოწყდებოდნენ და წმინდა სამხედრო დისციპლინის დაცვაზე იქნებოდნენ მოტივირებული. ჰანიბალმა აფრიკაში გაგზავნა დაახლოებით 14 ათასი ქვეითი და 1200 მხედარი, რომლებიც ძირითადად ესპანურ ტომებს (ტერსიტები, მასტიანები, ორეტანები და ოლკადები) წარმოადგენდნენ. მათ გარდა, გაიგზავნა 870 შურდულით შეიარაღებული ბალეარელი მებრძოლი, რომელთა ნაწილი განთავსდა უშუალოდ კართაგენში, ძირითადი მასა კი  ლიბიის ქალაქებში. ჰანიბალის განკარგულებით, ლიბიიდან კართაგენში გაიწვიეს 4000 მეომარი, რომლებსაც ქალაქის დაცვა ევალებოდათ, აუცილებლობის შემთხვევაში კი მათი მძევლებად გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი. ჰანიბალმა ესპანეთში პუნების მხედარმთავრად თავისი ძმა  ჰასდრუბალი დანიშნა, რომელსაც დაუმორჩილა შემდეგი ძალები: ქვეითი მებრძოლები (12 ათასი ლიბიელი, 300 ლიგურიელი, 500 ბალეარი), ცხენოსნები (450 ფინიკიელი და ლიბიელი, 300 ილერგეტი, 800 ნუმიდიელი), საზღვაო ფლოტი (57 საშუალო და მცირე ზომის ხომალდი) და 21 საბრძოლო სპილო.
    იტალიაზე გასალაშქრებლად ჰანიბალს მომზადებული ჰყავდა 90 ათასი ქვეითი და 12 ათასი მხედარი. პუნების გარდა, მის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდნენ ლიბიელები, იბერები და სხვადასხვა წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობის დაქირავებული ჯარისკაცები. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო გალების საკითხი. ზამთრის პერიოდი ჰანიბალმა გალებთან დაზვერვითი და დიპლომატიური სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენა. მას გალიის მიმართულებით უნდა გადაეადგილებინა ძალები. გალები რომის მოსისხლე მტრები იყვნენ. ჰანიბალი მათ შეპირდა ყოველივეს, რისი დაპირებაც და შესრულებაც მხარდაჭერისთვის იყო შესაძლებელი. ამით მას სურდა, სწრაფად გადაადგილებულიყო გალიის გავლით და რომაელების პირისპირ აღმოჩენილიყო.
   ჰანიბალი ცდილობდა, სულ მცირე, `მეგობრული ნეიტრალიტეტი~ მოეპოვებინა გალებისაგან. კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა მანამდე დაიწყო რომაელთა აქტიური სამხედრო მზადება, სანამ კართაგენს რომის სენატის გადაწყვეტილებით ომს გამოუცხადებდა. კონსულმა ტიბერიუს ლონგუსმა, რომელიც სიცილიიდან უნდა შეჭრილიყო აფრიკაში, მიიღო ორი ლეგიონი (თი- თოეული 4 ათასი ქვეითითა და 300 მხედრით), 16 ათასი ქვეითი და 1800 მხედარი მოკავშირეებიდან, აგრეთვე 160 საბრძოლო ხომალდი და 12 დამხმარე პატარა ხომალდი. მთლიანად მის (ლონგუსის) დაქვემდებარებაში იმყოფებოდა 24 ათასი ქვეითი და 2400 მხედარი. კონსულ პუბლიუს კორნელიუს სციპიონის განკარგულებაში იყო ასევე 2 ლეგიონი, 14 ათასი ქვეითი და 1600 მხედარი მოკავშირეებიდან, ასევე 60 ხომალდი. მთლიანად მას ემორჩილებოდა 22 ათასი ქვეითი და 2200 მხედარი. რომაელთა არმიის მესამე ნაწილი პრეტორ ლუციუს მანლიუსის სარდლობით გალიაში გაიგზავნა (18 ათასი ქვეითი და 1600 მხედარი). ამრიგად, II პუნიკური ომის დაწყების წინ რომის არმიაში მობილიზებული იყო 64 ათასი ქვეითი მებრძოლი და 6200 მხედარი. ეს სამხედრო ძალა რიცხობრივად ჩამორჩებოდა ჰანიბალის არმიას. რომაელთა ძირითად უპირატესობას განაპირობებდა ის, რომ მათ ბრძოლა მოუწევდათ საკუთარ მიწაზე და, შესაბამისად, რესურსების ზრდაც თეორიულად შესაძლებელი იქნებოდა.
     218 წლის გაზაფხულზე ჰანიბალი ახალი კართაგენიდან დაიძრა, მდინარე იბერიუსი გადალახა და იქ მმართველად დანიშნა ჰანონი, რომელსაც 10 ათასი ქვეითი და 1000 მხედარი ჩააბარა. მაგრამ სრულიად მოულოდნელად ჰანიბალი პრობლემებს წააწყდა საკუთარი არმიის ქვეითი კარპეტანებისაგან (3 ათასი მებრძოლი), რომლებმაც საერთოდ უარი განაცხადეს სამხედრო სამსახურის გაგრძელებაზე. მათ არ სურდათ თავიანთი ყოფნაარყოფნის საკითხი რომთან ომში კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინათ. ჰანიბალის მონდომებამ, გადაეფიქრებინა მათთვის განზრახვა, ნაყოფი ვერ გამოიღო. მან ამბოხებულთა დასჯაზე უარი განაცხადა. კარპეტანების შესაძლო ბუნტს კართაგენის წინააღმდეგ შეიძლებოდა სხვებიც მიმხრობოდნენ. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჰანიბალმა რისკიანი და უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. თითქოსდა ზურგის გამაგრების მიზნით, მხედართმთავარმა დაავალა კარპეტანებს და კიდევ დამატებით 7 ათას მებრძოლს საკუთარ სახლებში გამგზავრება და იქ თავდაცვითი პოზიციების დაკავება. ამ გადაწყვეტილების მიღებით პუნთა სამხედრო პოტენციალი, კონკრეტულად კი მისი რიცხოვნობა შემცირდა. საბოლოოდ აპენინებზე სამხედრო კამპანიის დასაწყებად, ჰანიბალის განკარგულებაში იყო 50 ათასი ქვეითი და 9 ათასი მხედარი. ჰანიბალის წარმატებული გადაადგილება ჩრდილოეთ ესპანეთისა და გალიის მიმართულებით უშუალო საფრთხეს უქმნიდა ჩრდილოეთ იტალიაში რომის სამფლობელოებს. რომი კიდევ ერთი მწვავე პრობლემის წინაშე იდგა: მას საომარი დაპირისპირება ჰქონდა ციზალპიის გალიაში („ციზალპიის გალია“. ლათ. გალლია ჩისალპინა, ნიშნავს „გალია ალპების მხარეს“; მოგვიანებით რომის რესპუბლიკის პროვინცია გახდა. მდებარეობს თანამედროვე ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიაზე, სადაც კელტები სახლობდნენ და რომელიც მუტინადან /დღევანდელი მოდენა/ იმართებოდა) მცხოვრებ ტომებთან, რომლებიც რომაელებისაგან თავიანთ დამოუკიდებლობას იცავდნენ. ბოიების გალური ტომის წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ კართაგენთან ომის გამოცხადების შემდეგ რომაელებს მათთან ბრძოლა გაუჭირდებოდათ. ისინი თავს დაესხნენ რომის ორივე კოლონიას  კრემონასა და პლაცენციას. კოლონისტი რომაელები მუტინაში გაიქცნენ, სადაც, ალყაში მოქცეულებმა, ბოიებთან მოლაპარაკება დაიწყეს. ციზალპიელმა გალებმა მოსალაპარაკებლად ჩასული რომაელები ტყვედ აიყვანეს, რათა მომავალში მძევლად აყვანილ თანამემამულეებში გაეცვალათ. როგორც კი მუტინის ალყის შესახებ გახდა ცნობილი, პრეტორი ლუციუს მანლიუსი, რომელსაც ჩრდ. იტალიის დაცვა ევალებოდა, სწრაფი მარშით დაიძრა ალყაშემორტყმული ქალაქისაკენ. ერთადერთ გზაზე, რომელიც უღრან ტყეში გადიოდა, მას ბოიები ჩაუსაფრდნენ. პრეტორმა დიდი დანაკარგებით ძლივს მიაღწია პადუას, სადაც რომაელებმა მარაგი შეივსეს და სული მოითქვეს.
პრეტორ გაიუს ატილუსს, რომელსაც თავის განკარგულებაში ჰყავდა 1 ლეგიონი და 5 ათასი მოკავშირე, რომის სენატმა დაავალა, დახმარება გაეწია პრაქტიკულად ალყაში მყოფი მანლიუსისათვის. მან მოახერხა მათთან თითქმის უდანაკარგოდ შეერთება და მანლიუსის ნაწილების ალყიდან დახსნა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ციზალპიის გალიაში ვითარება კვლავ დაძაბული რჩებოდა. ბოიები და მათი მოკავშირეები ჰანიბალს რომაელებისგან მხსნელად მიიჩნევდნენ და მასთან უშუალო კავშირის დამყარებას ცდილობდნენ.
რომაელებისთვის უფრო წარმატებული გამოდგა სამხედრო მოქმედებები სიცილიაში. ომის გამოცხადებისთანავე კართაგენმა 1000 მეომრით დატვირთული 20 ხომალდი გაგზავნა იტალიის სანაპიროების ბლოკირებისთვის. მათგან 17 ხომალდმა ღუზა ჩაუშვა სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე ლიპარის კუნძულებთან. 3 ხომალდი, რომელიც მესინას სრუტის მიმართულებით მიცურავდა, ხელში ჩაიგდო რომის ძველმა მოკავშირემ, სირაკუზის მეფემ ჰიერონმა. მან ტყვედ აყვანილთაგან მიიღო ინფორმაცია, რომ კართაგენელთა კიდევ 35 ხომალდი მიეშურებოდა სიცილიისაკენ ლილიბეუმის ხელში ჩასაგდებად. ეს ცნობები ჰიერონმა მიაწოდა კუნძულზე მყოფ რომის წარმომადგენელს, პრეტორ მარკუს ემილიუსს, რომელმაც მაშინვე გამოაცხადა საბრძოლო განგაში: მეზღვაურებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ ზღვაში გასულიყვნენ და თან 10 დღის ორცხობილის მარაგი წაეღოთ. ჰიერონის რჩევის თანახმად, პრეტორმა თავის მებრძოლებს ლილიბეუმში მოუყარა თავი; კართაგენის ფლოტმა ლილიბეუმში შეუმჩნევლად შესვლა ვერ მოახერხა. მთვარიან ღამეს ქალაქში განგაში გამოცხადდა; ქალაქის მებრძოლებმა სწრაფად დაიკავეს დისლოკაციის ადგილი კედლებთან, კოშკებსა თუ ხომალდებზე. გათენებისთანავე პუნებმა უკან დაიხიეს ღია ზღვაში და იქ გამართულ ხელჩართულ ბრძოლაში (აბორდაჟი) მარცხი განიცადეს.
რომაელებმა ხელთ იგდეს პუნების 7 ხომალდი ეკიპაჟთან და 1700 მებრძოლთან ერთად. ღომაელები უდანაკარგოდ დაბრუნდნენ ლილიბეუმში. ამავე დროს სიცილიაში შემოვიდა კონსული ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი, რომელიც ჰიერონთან ერთად ლილიბეუმისკენ დაიძრა. როდესაც კონსულს მოახსენეს მოპოვებული გამარჯვების შესახებ, ჰიერონი უკან, სირაკუზაში დააბრუნა, პრეტორს კი სიცილიის სანაპიროების დაცვა დაავალა. ამავე დროს კონსული თავს დაესხა კუნძულ მელიტას (მალტა). იქ მან ტყვედ აიყვანა პუნთა გარნიზონი (დაახლ. 2 ათასი მებრძოლი), ქალაქის კომენდანტის, ჰისგონის ვაჟის ჰამილკარის მეთაურობით. მოგვიანებით ყველა მათგანი მონად გაყიდეს.
მიუხედავად რომაელთა წარმატებული დასაწყისისა, მდგომარეობა ძალზე სერიოზული იყო და რომისთვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა არა ციზალპიის გალია ანდა კუნძული სიცილია, არამედ მდინარე რონას სანაპირო, რომლის გადალახვისათვისაც ჰანიბალი ემზადებოდა. კონსულ პუბლიუს კორნელიუს სციპიონის ძირითად ამოცანას ჰანიბალის შეჩერება წარმოადგენდა. ჰანიბალის წინაშე მდგარი ამოცანა სერიოზული გამოწვევა იყო. მდინარე რონა საკმაოდ ჩქარი და ღრმა მდინარე იყო და ადვილი არ იქნებოდა მასზე მებრძოლთა და ცხენების უდანაკარგოდ გადაყვანა და, განსაკუთრებით, საბრძოლო სპილოებისა და საალყო ტექნიკის გადატანა.
ამავე დროს მდინარის მარჯვენა შენაკადზე მცხოვრები გალების ერთ-ერთი ტომი ვოლკიდები, მტრულად იყვნენ განწყობილნი პუნებისადმი. მათ წინააღმდეგ მდინარის აღმავალი დინების მიმართულებით, ნაპირზე ღამით ჰანიბალმა გაგზავნა იბერი ქვეითები და მხედართა ჯგუფი თავისი ძმის – მაგონის მეთაურობით. ისინი უნდა გადასულიყვნენ მდინარის მარცხენა ნაპირზე და ვოლკიდების ყურადღება მიეპყროთ. ჰანონის რაზმი მივიდა იმ ადგილამდე, სადაც მდინარე ორ ტოტად იყოფოდა: შედარებით წყალმარჩხ ადგილას ისინი მტრისგან შეუმჩნევლად მდინარის მარცხენა ნაპირზე გადავიდნენ და მას ზურგში მოექცნენ; ერთდღიანი შესვენების შემდეგ, ჰანონი ვოლკიდების ბანაკისაკენ დაიძრა; მათ კოცონები აანთეს და ამით მიანიშნეს ჰანიბალს თავიანთი პოზიციის შესახებ; მთავარსარდალმა ნიშნის მიღებისთანავე დაიწყო მდინარეზე ფორსირებული გადასვლა; მდინარის მარცხენა ნაპირზე ვოლკიდების ლაშქარი საბრძოლო სიმღერებით მოუთმენლად ელოდა პუნებს; ამ დროს ჰანონმა ეიფორიაში მყოფ ვოლკიდებს მოულოდნელად ზურგიდან დაარტყა და ხელთ იგდო მათი ბანაკი; ორ ფრონტს შუა მოქცეულმა ვოლკიდებმა ამ წნეხს ვეღარ გაუძლეს და უწესრიგოდ მიმოიფანტნენ.
ჰანიბალმა მშვიდად, პრაქტიკულად უდანაკარგოდ შეძლო მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლა. მეორე დღეს, როდესაც ჰანიბალი მდინარეზე გადასაყვანად სპილოებს ამზადებდა, მოახსენეს შესართავთან რომის ფლოტის გამოჩენის შესახებ. მხედართმთავარმა დაზვერვაზე გაგზავნა 500 ნუმიდიელი მხედარი. მოულოდნელად ისინი რომაელ მხედრებს გადააწყდნენ, რომლებიც სციპიონს ჩრდილოეთის მიმართულებით დასაზვერად ჰყავდა გაგზავნილი: მოულოდნელ ორთაბრძოლაში ნუმიდიელებმა 200-ზე მეტი მებრძოლი დაკარგეს, მათმა მოწინააღმდეგემ კი 160 კაცი. ნუმიდიელებმა უკან დაიხიეს. რომაელებმა მათ ბანაკამდე მისდიეს, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ. მეორე პუნიკურ ომში ეს იყო რომაელებსა და პუნებს შორის პირველი, უშუალო სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც რომაელებმა გაიმარჯვეს. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. პოლიბიოსის ცნობით, სანამ დამარცხებული ნუმიდიელები ბანაკში დაბრუნდებოდნენ, ჰანიბალი მდინარეზე სპილოების გადაყვანას შეუდგა. ლივიუსის მიხედვით, ყველა სპილო ნაპირზე ერთად შეკრიბეს, მათ შორის ყველაზე ავი იმდენად გააბრაზეს, რომ გამოეკიდა მებრძოლს, რომელიც მდინარეში გადახტა. ამ სპილოს სხვა სპილოებიც მიყვნენ. მდინარის დინებამ ისინი თანდათანობით უდანაკარგოდ გაიყვანა ნაპირზე. მდინარის გადალახვის გარდა, ჰანიბალს სხვა სერიოზული საფიქრალიც გაუჩნდა - არანაკლებ მნიშვნელოვანმა და მოულოდნელმა ამოცანამ ჰანიბალის სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა. სციპიონმა გადაწყვიტა ჰანიბალის საბრძოლოდ გამოწვევა. აქედან გამომდინარე, პუნების წინაშე ორი სასწრაფო ამოცანა დაისახა: ჰანიბალს ან დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო ბრძოლა მდ. ღონას შესართავთან მდგარ სციპიონის არმიასთან ან გაეგრძელებინა დაწყებული მსვლელობა აპენინების მიმართულებით. ამასობაში მასთან მივიდნენ ბოიების ელჩები, მაგილის მეთაურობით, მათ ურჩიეს ჰანიბალს, არ გადაეფიქრებინა იტალიაში ლაშქრობა და გამყოლებად და მოკავშირეებად სამსახური შესთავაზეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი პოზიცია მას მოწინააღმდეგესთან შედარებით უპირატესობას აძლევდა. თუ ის მარშით შევიდოდა ჩრდილოეთ იტალიაში, იგი მოკავშირეთა შორის აღმოჩნდებოდა და ეცდებოდა მათი ანტირომაული განწყობის გამოყენებით რომაელთა სამხედრო კონფრონტაციას. ამით რომის რესპუბლიკა კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ დადგებოდა. ეს ამოცანა გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თუნდაც სციპიონის დამარცხება, რადგანაც ეს არ გადაწყვეტდა ძირითად სამხედროპოლიტიკურ საკითხს. სციპიონთან თუნდაც წარმატების მიღწევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იქნებოდა სერიოზული დანაკარგები და ამის შემდეგ იტალიაში ლაშქრობა ჰანიბალისთვის გაცილებით გართულდებოდა.
ჰანიბალმა მიიღო მისთვის ურთულესი გადაწყვეტილება - გადასულიყო ალპებზე. მზვერავებმა მას მიაწოდეს ზუსტი ინფორმაციები ალპების გეოგრაფიული გარემოს, ფლორისა და ფაუნის, იქ მცხოვრებ ხალხებში არსებული ანტირომაული განწყობის შესახებ. მან ადგილობრივ მცხოვრებთაგან შეარჩია საიმედო გამცილებლები, რომლებმაც ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ გზები და ჰანიბალისადმი ერთგულებას გამოხატავდნენ. მიუხედავად ამისა, მან ყველა მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინება მაინც ვერ შეძლო.
გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღესვე ჰანიბალი სწრაფი მარშით გაემართა მდ. რონას ზემო დინების მიმართულებით, რათა თავიდან აეცილებინა სციპიონთან შეჯახება მდინარის ხეობაში ანდა ალპების მთისწინეთში. მეოთხე დღეს მისი არმია მივიდა კუნძულთან, რომელსაც ყველა მხრიდან მდინარეები როდანი (რონა) და ისერი ერტყმოდა გარს. მას იქ დახვდა სრულიად მოულოდნელი და ამავე დროს მისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური სიტუაცია. Kკუნძულზე სახლობდა ალობორგთა გალური ტომი, რომელიც ალპებისკენ მიმავალ გზას აკონტროლებდა. ტომის გავლენიან წევრებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა იყო გაჩაღებული. იქ ორი ძმა უპირისპირდებოდა ერთმანეთს. უფროსი ძმა ბრანკი, რომელსაც მხარს უჭერდა უხუცესთა საბჭო, დაამხო უმცროსმა ძმამ, რომელსაც მხარს უჭერდა ახალგაზრდობა. პოლიბიოსის ცნობით, უფროსი ძმის თხოვნით, ჰანიბალმა განდევნა უმცროსი ძმა. ბრანკმა მადლიერება გულუხვად გამოხატა ჰანიბალის არმიამ მისგან მიიღო დიდი რაოდენობით საკვები, ფურაჟი და თბილი ტანსაცმელი, რაც აგრერიგად საჭირო იყო ალპებზე გადასვლისათვის. ყველა ძველი და დაზიანებული იარაღი ბრანკმა ახლით შეუცვალა ჰანიბალს. რაც ყველაზე მთავარია, მისმა კეთილგანწყობამ ჰანიბალისადმი, ააშორა მას პუნებზე მოულოდნელი თავდასხმის საშიშროება. შეთანხმების თანახმად, ბრანკი თავისი არმიით ზურგიდან დაიცავდა კართაგენის არმიას. პუბლიუს კორნელიუს სციპიონს გონივრულად ეჩვენებოდა ინიციატივის ხელში აღება და ჰანიბალის ბრძოლაში გამოწვევა. ჩრდილოეთის მიმართულებით ჰანიბალის გადაადგილებიდან სამი დღის შემდეგ სციპიონმა თავისი ლეგიონები კართაგენელთა ბანაკისაკენ დაძრა. იგი გვიან მიხვდა, რომ ჰანიბალს ვეღარ დაეწეოდა. შციპიონმა მიიღო გადაწყვეტილება – სასწრაფოდ ჩასულიყო იტალიაში, რათა ალპებიდან გადასულ, დაღლილ პუნთა ლაშქარს წინ დახვედროდა. ესპანეთში ჰასდრუბალთან საბრძოლველად მან დატოვა თავისი ძმა გნეუს კორნელიუს სციპიონი, რომელსაც მთელი თავისი არმია დაუტოვა. აპენინებზე ჩასული სციპიონი სათავეში ჩაუდგა პადუას ხეობაში განლაგებულ რომის ჯარებს. მეცხრე დღეს ჰანიბალმა მიაღწია იმ მთებს და აღმოაჩინა, რომ გადასასვლელებს მთიელი ალობორგები აკონტროლებდნენ. მან თავისი ბანაკი უღელტეხილთან გაამაგრა. ჰანიბალი დაელოდა მზვერავებს, რომელთა ინფორმაციითაც, მთიელებს პოზიციები მხოლოდ დღის განმავლობაში ეკავათ, ღამით კი ძალზე მცირე რაოდენობის ჯგუფებს ტოვებდნენ და ძირითადად თავიანთ სახლებში იკეტებოდნენ. ჰანიბალმა გამოიყენა ეს ვითარება და მათ დასანახავად დღისით გადაადგილდებოდა, ღამით კი მცირერიცხოვანი, მობილური ჯგუფებით იკავებდა პოზიციებს. შენიღბვის მიზნით, ღამით პუნების ბანაკში კოცონი ენთოთ და ადგილობრივებს რჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ ჰანიბალი ღამით მხოლოდ ისვენებდა. ლაშქრობის დაწყებიდან მეათე დღეს პუნთა არმია ალპების გადალახვას შეუდგა. კართაგენელებს უმძიმეს პირობებში უხდებოდათ გადაადგილება, ციცაბო და ვიწრო აღმართებზე გაუფრთხილებელი მოძრაობის გამო სასაპალნე ცხოველები უფსკრულებში იჩეხებოდნენ. Aლობორგებმა გაითვალისწინეს, რომ ამას ჰანიბალის არმიაში შეიძლება უწესრიგობა და ქაოსი მოჰყოლოდა. ისარგებლეს რა ამ ვითარებით, ნადავლის ხელში ჩაგდების მიზნით, პუნებს თავს დაესხნენ. მათ ვერ ან არ გაითვალისწინეს ის, თუ რა ძალა იდგა მათ წინაშე. ჰანიბალმა, დანაკარგების მიუხედავად, ადვილად დაამარცხა ალობორგები - ისინი ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ჰანიბალი დაეუფლა მათ დასახლებულ პუნქტებს, მოიპოვა საკვები, სასაპალნე ცხენები და ხელთ იგდო ტყვეები.
ამის შემდეგ პუნთა არმია სამი დღის განმავლობაში დაუბრკოლებლად მიიწევდა წინ. მეოთხე დღეს კი პუნები ალყაში აღმოჩნდნენ მოქცეული. ეს მოახერხეს ჰანიბალის პარალელურად მოძრავმა მთიელებმა, რომლებიც გამუდმებით უშენდნენ პუნებს ქვებსა და ლოდებს. მათ მოახერხეს, დროებით ერთმანეთისაგან გაეთიშათ კართაგენელთა არმიაში ქვეითები, კავალერისტები და აღალი. ჰანიბალმა დიდი ძალისხმევით ძლივს მოახერხა ხეობიდან გამოსვლა.
ამის შემდეგ ჰანიბალს ალპებში ასეთი სერიოზული წინააღმდეგობა აღარ შეხვედრია, თუმცა ადგილობრივნი ნებისმიერ მომენტს იყენებდნენ, რათა ხელში ჩაეგდოთ ცხენები, გათოშილი და დაღლილი მეომრები. რაც უფრო მაღლა და მაღლა მიიწევდა პუნთა არმია, კლიმატი მით უფრო მკაცრდებოდა. ბოლოს პუნებმა მიაღწიეს უღელტეხილს, საიდანაც გზა იტალიისაკენ მიემართებოდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიოგრაფიაში დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, თუ კონკრეტულად რა ადგილას გადაკვეთა ალპები ჰანიბალმა: ტიტუს ლივიუსის აზრით, ჰანიბალი ალპებზე გადავიდა კრემონის უღელტეხილით (21,38); ნაპოლეონ I თვლიდა, რომ ჰანიბალმა გამოიყენა მონ-სენის უღელტეხილი (23.408); ჯ. დე ბირა მიიჩნევდა, რომ ჰანიბალმა კოლ დე ლა ტრავერსეტეზე გაიარა (30. 19); კომბე-ფარნეუს აზრით, ჰანიბალმა სავარაუდოდ ალპები გადალახა მცირე სენბერნარისა და მონ-ჟენევრს შორის რეგიონში (41. 82).
კართაგენელები ორი დღით შეყოვნდნენ უღელტეხილზე. რთულ და სახიფათო აღმართებზე გადაადგილებით, რასაც ემატებოდა უმკაცრესი მეტეოროლოგიური პირობები, გაწამებულ მებრძოლებს დასვენება და ძალთა მოკრება ესაჭიროებოდათ. მათ წინ ელოდათ არანაკლებ რთული და სახიფათო დაღმართი. სრული დასვენება პუნებმა ვერ მოახერხეს. ეს ყველაფერი ხდებოდა ნოემბრის დასაწყისში, რასაც თან ინტენსიური თოვა მოჰყვა. ამან კიდევ უფრო ააჩქარა მებრძოლები. ისინი ნელა და უხალისოდ მოძრაობდნენ. მათი ტანჯულ სახეების შემხედვარე ჰანიბალმა მათ მწვერვალებიდან დაანახა იტალია, მდინარე პადუას ნაყოფიერი ხეობა და შეახსენა, რომ მათ წინაშე გადაშლილი მდიდარი ქვეყნის ბედი მათ ხელში იყო და შესაბამისად საბრძოლო განწყობაც გაუძლიერა. მალე კართაგენელები ყინულადქცეულ კლდეს მიადგნენ, რომელსაც არანაირი შემოვლითი გზა კი არა, ბილიკიც არ გააჩნდა. ჰანიბალის ბრძანებით, მეომრებმა გიგანტური კოცონი დაანთეს. გავარვარებულ კლდეს დაასხეს ბლომად ძმარი, მოიმარჯვეს რკინის იარაღები და გაფხვიერებული მასისგან სახელდახელოდ გაჭრეს გზა, რომელმაც სამი საუკუნე იარსება. იმ დროიდან ეს გზა ჰანიბალის სახელს ატარებდა. სამი დღის შემდეგ შესაძლებელი გახდა სასაპალნე ცხენებისა და სპილოების გადაყვანა და მათი საძოვრებზე გაშვება. ჰანიბალმა არმია სამი დღით დაასვენა, რის შემდეგაც, როგორც იქნა, კართაგენელებმა ჩრდილოეთ იტალიის მიწას მიაღწიეს.
III თავი
სამხედრო ხელოვნების შედევრები: ტიჩინო-ტრებია-ტრაზიმენო-კანე
ჩრდილოეთ იტალიაში კართაგენის ჯარების შეჭრამ რომისთვის არასასიამოვნოდ შეცვალა პოლიტიკური ვითარება: ჰანიბალმა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იტალია სამხედრო მოქმედებათა ძირითად ასპარეზად აქცია; მან აიძულა რომაელები, უარი ეთქვათ სიცილიაში აქტიურ საბრძოლო ოპერაციებზე და ასევე აფრიკაში შეჭრის იდეაზე. აპენინის ნახევარკუნძულზე პუნების სახით გამოჩნდა მრისხანე ძალა, რომელსაც შეიძლება დაყრდნობოდა ყველა ანტირომაული დაჯგუფება, რომლებიც რომის გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ლაშქრობის დასაწყისში რომაელთა სარდლობა სერიოზულად არ აფასებდა მოწინააღმდეგეს: მაგალითად, სციპიონს მიაჩნდა, რომ ჰანიბალი ვერასდროს გაბედავდა ალპების გადალახვას და თუ ამ ნაბიჯს გადადგამდა, აუცილებლად დაიღუპებოდა. სინამდვილეში, ჰანიბალმა ალპების გადალახვის დროს მართლაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა: პოლიბიოსის ცნობით, რომელიც უშუალოდ ჰანიბალის ინფორმაციას ეფუძნებოდა, იტალიაში ჩასულ პუნთა არმიაში ირიცხებოდა 20 ათასი ქვეითი (12 ათასი ლიბიელი და 8 ათასი იბერიელი) და 6 ათასი მხედარი; ეს მონაცემი უფრო ახლოს უნდა იყოს რეალობასთან, ვიდრე ე.წ. ტრადიციულად აღიარებული ცნობები, თითქოსდა ჰანიბალს აპენინებზე ჩაეყვანოს 80 ათასიდან 100 ათასამდე ქვეითი, 20 ათასი მხედარი და 37 საბრძოლო სპილო (76. 54). ყველაფერთან ერთად, პუნებს ძალების აღსადგენად დასვენებაც ესაჭიროებოდათ. გასაკვირი არ არის, რომ ჰანიბალის უმთავრესი საზრუნავი ჯარისკაცების ფიზიკური და მორალური ძალების აღდგენა იყო. ამავე დროს მას სასწრაფოდ ელოდა შეტაკება სციპიონის იმ ნაწილებთან, რომლებიც მას მანლიუსმა და ატილიუსმა გადასცეს. ამ რაზმების ერთი ნაწილი შედგებოდა ახალწვეულებისგან, მეორე კი იმ ჯარისკაცებისაგან, რომლებმაც გალებთან მძიმე მარცხი იწვნიეს. რომაელები პუნებთან ომში უნდა ჩაბმულიყვნენ. ჰანიბალს სათანადო წარმოდგენა არ ჰქონდა სციპიონზე, თუმცა მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა ბარკას შეხედულებები შეცვალა და მან სციპიონი მაღალორგანიზებულ და ტაქტიკოს მხედართმთავრად აღიარა.
ამავე დროს, ჰანიბალს ანგარიში უნდა გაეწია კიდევ ერთი ახალი რეალობისთვის: როგორც კი ცნობილი გახდა ჰანიბალის აპენინზე გადასვლა, რომის სენატმა კონსული თიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი სიცილიიდან უკან გამოიძახა. სციპიონის მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ჰანიბალისთვის ინიციატივა არ დაეთმო, მაგრამ მან მოქმედებები დროში ვერ გათვალა და დააგვიანა. ჰანიბალმა შედარებით ნაკლები დრო გამოიყენა დასვენებისთვის და ამით მოწინააღმდეგეზე პოზიციური უპირატესობა მოიპოვა.
პუნების პირველი მოწინააღმდეგენი იტალიაში აღმოჩნდნენ არა რომაელები, არამედ მათი მოკავშირე ნახევრადგალური და ნახევრადლიგურიული ტომები - ტავრინები (აქედან მომდინარეობს ქ. ტურინის (თორინო) სახელწოდება). ისინი ალპების მთისწინეთში მოსახლეობდნენ და მძიმე ბრძოლებს ეწეოდნენ ჰანიბალის მოკავშირე ინსუმბრებთან. ბარკამ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ამ კონფლიქტისთვის. მან ტავრინებს მხარდაჭერა გამოუცხადა და მეგობრობა და კავშირი შესთავაზა. მაგრამ ტავრინებმა უარყვეს პუნების მხარდაჭერა. ამის გამო ჰანიბალმა ალყა შემოარტყა მათ თავდაცვით ნაგებობას და სამდღიანი ალყის შემდეგ ხელთ იგდო ის.
ამას მოჰყვა სციპიონის მსვლელობა პლაცენციისკენ (თანამედროვე პიაჩენცა). რომაელებმა პუნების მოკავშირე გალების დიდი ნაწილი იზოლაციაში მოაქციეს და მათი უმეტესობა აიძულეს, ომი გამოეცხადებინათ ყოფილი მოკავშირისთვის. ასეთ ვითარებაში ჰანიბალმა გადაწყვიტა, დაეწყო შეტევა რომაელების წინააღმდეგ. მას მიაჩნდა, რომ წარმატების შემთხვევაში იგი ჩრდილოეთ იტალიის ბატონ-პატრონი გახდებოდა, მაგრამ მას სციპიონმა დაასწრო, გადავიდა მდ. პადუაზე და პოზიციები დაიკავა ტიჩინოს მარჯვენა სანაპიროზე.
ანტიკური ხანის ავტორთა გადმოცემით (პოლიბიოსი, ლივიუსი), სანამ ჯარს სიტყვით მიმართავდა, ჰანიბალმა თავისიანებს შთამბეჭდავი სანახაობა წარმოუდგინა: ალპების გადალახვის დროს აყვანილი, მშიერ-მწყურვალი ტყვეები, რომლებიც გაწამებულნი იყვნენ მძიმე ბორკილებით, ყველას დასანახად წინ გამოაყვანინა; მან თარჯიმნის მეშვეობით ტყვეებს შეკითხვა დაუსვა: ვინ დათანხმდებოდა ურთიერთშორის სასიკვდილო შერკინებას, რის შემდეგაც გამარჯვებული მიიღებდა თავისუფლებას, საბრძოლო ცხენს და იარაღს, დამარცხებული კი აუტანელი ტანჯვით მოკვდებოდა; ყველა მთიელი ტყვე დაეთანხმა ამ პირობას. შასიკვდილო შეტაკებაში გამარჯვებულებმა დანაპირები მიიღეს.
ამის შემდეგ ვითარება ასე წარიმართა: რომაელებმა ააგეს ხიდი და თავდაცვითი ნაგებობა მდ. ტიჩინოზე და მდინარის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ, სადაც ინსუმბრები ცხოვრობდნენ. პუნების ჯარი მათთან ახლოს დაბანაკდა. ჰანიბალმა ბრძოლის დაწყების საბაბად გამოიყენა ნუმიდიელ მხედართა რაზმი მაჰარბალის მეთაურობით, რომელსაც რომის მოკავშირე გალების ტომები უნდა დაერბია.
ამავე დროს ბარკა იერიშისთვის მოემზადა: ლივიუსის მონათხრობის მიხედვით, ჰანიბალმა უშუალოდ ბრძოლის დაწყების წინ სიტყვით მიმართა მებრძოლებს და გამარჯვების შემთხვევაში შეპირდა, რომ ისინი თავიანთ ოჯახებთან ერთად მიიღებდნენ სიმდიდრეს, მიწასა და კართაგენის მოქალაქეობას, მონები კი - თავისუფლებას; თავისი პირობა მან ფიცით განამტკიცა - მარცხენა ხელი სტაცა ბატკანს, მარჯვენით კი ქვა აიღო და ღმერთებს შეევედრა, რომ თუ ის პირობას არ შეასრულებდა, დაესაჯათ ისე, როგორც ეს კრავი ისჯებოდა; ამ სიტყვებით ჰანიბალმა ქვით თავი გაუჩეხა ცხოველს; ამან აღფრთოვანება გამოიწვია პუნებში, რომლებმაც დაუყოვნებლივ ბრძოლის დაწყება მოითხოვეს.
ბრძოლის წინ რომაელები და პუნები შემდეგნაირად განლაგდნენ: სციპიონმა მოწინავე ხაზზე განათავსა შუბოსნები, ფლანგებზე კი გალების კავალერია, დანარჩენი ძალები (რომაელები და მოკავშირეები) მათ შემდეგ განლაგდნენ; ჰანიბალმა მოწინავე პოზიციაზე განალაგა მძიმედ შეიარაღებული ქვეითები, ფლანგებზე კი ნუმიდიელი ცხენოსნები - მას განზრახული ჰქონდა რომაელთა ალყაში მოქცევა; რომაელებმა სწრაფი ტემპით დაიწყეს მოძრაობა პუნების მიმართულებით; რომაელმა შუბოსნებმა ძლივს მოასწრეს პუნებისთვის დროტიკების (მოკლე სასროლი შუბი) ტყორცნა, რომ მათი კავალერია ფეხდაფეხ მიჰყვა მათ და დაიწყო ცხენოსანთა ორმხრივი ბრძოლა; მხედრები წარამარა ცვიოდნენ ცხენებიდან, იღუპებოდნენ ცხენებიც და ბრძოლა თანდათანობით ქვეით მეომართა ასპარეზად იქცა; ჰანიბალის ნუმიდიელთა მხედრობა ბრძოლაში არ ჩაბმულა; მათ ფლანგებიდან სწრაფად აუარეს გვერდი მებრძოლ მხარეებს და რომის არმიის ზურგში აღმოჩნდნენ; რომაელი შუბოსნები კართაგენელმა ქვეითებმა გადათელეს; რომაელები პანიკამ მოიცვა; სციპიონი მსუბუქად დაიჭრა; მის სიცოცხლეს და თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა. გადმოცემის მიხედვით, სციპიონი იხსნა მისმა არასრულწლოვანმა ვაჟმა მომავალში ჰანიბალის დამმარცხებელმა, ასევე პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელად წოდებულმა. შხვა ვერსიით, კონსული საფრთხისაგან იხსნა ლიგურიელმა მონამ, რომელსაც თავისუფლება აჩუქეს. რომაელთა არმიამ უკან დახევა დაიწყო.
რომაელებზე ჰანიბალის პირველ სერიოზულ წარმატებას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა: მან აჩვენა არა მარტო პუნების კავალერიისა და განსაკუთრებით ნუმიდიელ მხედართა აღმატებულება რომაელებზე, რითაც განამტკიცა ჰანიბალის სტრატეგიული მდგომარეობა ჩრდილოეთ იტალიაში, არამედ შეძლო იმის დემონსტრირებაც, რომ კართაგენელებს ხელეწიფებოდათ ბრძოლის ველზე რომაელთა დამარცხება.
ტიჩინოსთან მოპოვებულმა გამარჯვებამ ვერ დააკმაყოფილა ჰანიბალი. სციპიონმა მოახერხა ბრძოლის ველიდან ქვეითთა ძირითადი ძალების გამოყვანა. ჰანიბალი იმედოვნებდა მათ ახალ ბრძოლაში ჩაბმას და შეტაკების პროვოცირებაც სცადა, მაგრამ ღამით სციპიონმა შეძლო ბანაკის აყრა, გადავიდა მდ. პადუაზე აგებულ წინასწარ მომზადებულ ხიდზე და პლაცენციასთან დაბანაკდა. ჰანიბალი დაედევნა რომაელებს, თუმცა დაგვიანებით. მან მხოლოდ ის მოახერხა, რომ ხელთ ეგდო 600 რომაელი მეომარი, რომლებიც ზემოხსენებულ ხიდს ანგრევდნენ, რათა ის პუნებს არ გამოეყენებინათ. ტიჩინოსთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გალები გამოცხადდნენ ჰანიბალთან და მეგობრობა და კავშირი შესთავაზეს. ისინი მზად იყვნენ, პუნებისთვის საკვები მიეცათ და უშუალოდ ჩაბმულიყვნენ რომაელების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ მოლაპარაკების პარალელურად, ჰანიბალის ძმა მაგონ ბარკა მხედართა რაზმით პლაცენციისკენ გაემართა პოზიციების დასაზვერად. მალე იმავე მიმართულებით გადაადგილდნენ პუნთა ძირითადი ძალები ჰანიბალის სარდლობით. იგი ფიქრობდა, რომ შეძლებდა სციპიონის ბრძოლაში გამოწვევას და ამ მიზნით თავისი შენაერთები საბრძოლო პოზიციებზე განალაგა. მაგრამ ამას რომაელთა ბანაკიდან რეაქცია არ მოჰყოლია მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალს რომაელებზე თავდასხმისათვის ხელსაყრელი მდგომარეობა გააჩნდა, მან თავი შეიკავა. პირველ რიგში, სციპიონი დაჭრილი იყო და ბრძოლაში ჩაბმის უნარი არ ჰქონდა. მეორეც ის, რომ დაჭრილ რომაელ მებრძოლებს ძალების აღდგენა ესაჭიროებოდათ. ამას ისიც ემატებოდა, რომ რომაელებში იგრძნობოდა უკმაყოფილება სციპიონის მიმართ. საბოლოო ჯამში ჰანიბალმა ფაქტობრივად დრო და საშუალება მისცა სციპიონს ძალების აღსადგენად.
უნდა აღინიშნოს, რომ ჰანიბალს იმ ეტაპზე ბედი აშკარად სწყალობდა: პლაცენციასთან მისვლისთანავე რომაელთა ბანაკში ანტირომაულმა ამბოხებამ იფეთქა. ესენი ძირითადად იყვნენ რომაელთა მომხრე გალური ტომები. ლივიუსის ცნობით, მათ რომაელებთან სისხლიანი დაპირისპირება მოაწყვეს, რასაც ორმხრივი მსხვერპლი მოჰყვა. ამ შეტაკების შემდეგ, ღამით გალების რაზმი (1200 ქვეითი და 200 მხედარი) პუნების მხარეზე გადავიდა. ჰანიბალმა ისინი თავიანთ ქვეყანაში გაგზავნა, რათა დაერწმუნებინათ თანამოძმენი პუნებთან კავშირის აუცილებლობაში. ამავე დროს ჰანიბალთან მივიდნენ ბოიების ტომის წარმომადგენლები, რომლებმაც ასევე ანტირომაული კავშირის შექმნა შესთავაზეს. მათ ჰანიბალს წარუდგინეს რომაელი ტყვეები, ყოფილი მაგისტრები. ჰანიბალმა ბოიების მიმართ კეთილი ნება გამოხატა, ტყვეები კი მათ დაუტოვა, რათა მათ ამ გზით რომაელთა ტყვეობაში მყოფი თანამემამულეები გამოესყიდათ.
უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გარკვეული ხნის შემდეგ მიხვდა ჰანიბალი, რომ გალების პოზიცია მაინც არასაიმედო იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალი მათ მიმართ გონივრულ დიპლომატიას ეწეოდა და ყველა მათი შეხვედრა თბილ გარემოში მიმდინარეობდა, გალები მაინც არ იყვნენ დარწმუნებულნი პუნთა საბოლოო გამარჯვებაში და ყველა საშუალებით ცდილობდნენ, მოსალოდნელი გართულებები თავიდან აეცილებინათ. ისინი არ ერიდებოდნენ რომაელებთან საიდუმლო მალაპარაკებებს კართაგენელების წინააღმდეგ.
გალების ამბოხებამ შეაშფოთა სციპიონი მას მიაჩნდა, რომ ეს ფაქტი შესაძლოა გამხდარიყო სიგნალი რომის წინააღმდეგ გალების საყოველთაო გამოსვლისა. სციპიონმა სასწრაფო ზომების მიღება გადაწყვიტა. ბუნტის მომდევნო ღამეს რომაელებმა მოახერხეს თავიანთი ბანაკის დატოვება და მდ. ტრებიას მიმართულებით დაიწყეს გადაადგილება. ადგილმდებარეობა ბორცვიანი იყო, რაც ცხენოსანი ჯარის მანევრირებას ხელს უშლიდა. ჰანიბალმა რომაელებს კავალერიის ნაწილი დაადევნა, ნუმიდიელი მხედრები კი გაძარცვის მიზნით თავს დაესხნენ რომაელთა ყოფილ ბანაკს. ამასობაში რომაელებმა მოახერხეს მდ. ტრებიაზე გადასვლა. სციპიონისკენ ფეხდაფეხ მიმავალი ჰანიბალი რომაელებს კატა-თაგვობანას ეთამაშებოდა, იგი ჯერ მიუახლოვდებოდა რომაელებს, მერე გაჩერდებოდა, გაუშვებდა და იმავეს იმეორებდა, ბრძოლის დაწყებას კი არ ჩქარობდა. იგი გარკვეულწილად ფსიქოლოგიურად ქანცავდა მეტოქეს და მის გარშემო რკალს სულ უფრო ავიწროებდა. ამ ტაქტიკის პარალელურად ჰანიბალმა 400 ოქროდ მოისყიდა ციზალპიის გალიაში მდებარე, რომაული ციხესიმაგრის კლასტიდიუსის კომენდანტი ბრუნდიზიუმელი დასიუსი. ამით ჰანიბალმა ხელთ იგდო იქ არსებული ხორბლის დიდი მარაგი.
ამ დროს კი სციპიონის ბანაკში გამოცხადდა სემპრონიუს ლონგუსი თავისი ძალებით. ამჯერად უკვე თითქმის მთლიანი რომაული არმია ორივე კონსულის მეთაურობით ჰანიბალის პირისპირ იდგა. რომაელთა შედარებით მცირე ძალები ესპანეთსა და სიცილიაში იმყოფებოდნენ საზღვაო სანაპიროების დასაცავად. ტიჩინოსთან დამარცხება რომში შეფასდა, როგორც შედეგი სციპიონის სისუსტისა და გალების ღალატისა. შემპრონიუსის გამოჩენამ რომაელებს იმედი გაუღვივა, რომ ისინი საბოლოოდ გაანადგურებდნენ ჰანიბალს. ლილიბეუმიდან ჩრდ. იტალიაში 40-დღიანი გადასვლის შემდეგ სემპრონიუსმა დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება მისცა მებრძოლებს.
ბრძოლის წინ რომაელთა ბანაკში ორი განსხვავებული პოზიცია ჩამოყალიბდა. კონსულებს შორის დისკუსია გაიმართა. სციპიონი წინააღმდეგი იყო ჰანიბალთან ბრძოლის დაწყებისა, ლონგუსი კი მხარს უჭერდა სამხედრო ოპერაციის დაწყებას. ფაქტია, რომ მათი მოსაზრებები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა: ცალ-ცალკე ორივე მათგანის სურვილი იყო ჰანიბალის დამარცხება, მაგრამ გამარჯვების დაფნის გვირგვინის მოზიარეობა არც ერთს არ სურდა.
ჰანიბალი ბრძოლის დაწყებას ჩქარობდა, მას გალების დახმარების იმედი ჰქონდა. პუნების მიერ ბრძოლაში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ რომაელებში ძირითადად ახალწვეულები იყვნენ. სციპიონი ჭრილობებს იშუშებდა და ბრძოლაში უშუალო მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ჰანიბალისათვის მთავარი მოქმედება იყო და არა დროის დაკარგვა. ერთი სიტყვით, ჰანიბალმა შეცვალა თავისი ტაქტიკა, რომელიც მეტოქე ძალების გადაადგილების ადეკვატური იყო. ზოგიერთმა გალურმა ტომმა დაიწყო მოლაპარაკებები ჰანიბალის წინააღმდეგ. ამან აღაშფოთა ჰანიბალი და დამსჯელი ექსპედიცია (გალები და ნუმიდიელები 2 ათასი ქვეითი და 1000 მხედარი) გაგზავნა მოღალატე გალების დასასჯელად. შეშინებულმა გალებმა რომაელებს სთხოვეს დახმარება. ლივიუსის აზრით, კონსულებმა ამ საკითხზეც დისკუსია გამართეს. სციპიონი გალებს არ ენდობოდა, თვლიდა, რომ შესაფერის მომენტში ისინი კვლავ უღალატებდნენ რომაელებს. სემპრონიუსი კი მომხრე იყო მათი დახმარებისა. კონსულებს შორის ამ საკითხშიც უთანხმოება იყო. სციპიონმა თავი შეიკავა, ლონგუსმა კი თავისი მხედრები და 1000 შუბოსანი მეომარი გაგზავნა ჰანიბალის კავალერიის წინააღმდეგ. რომაელთა მოულოდნელი შეტევის შედეგად პუნებმა უკან დაიხიეს და საკუთარ ბანაკთან გამაგრდნენ. ჰანიბალმა რომაელებს ისეთი შთაბეჭდილება შეუქმნა, თითქოს პუნები უკან იხევდნენ. აღფრთოვანებულმა სემპრონიუსმა საერთოდ აღარც კი მოუსმინა სციპიონს და მთელი ძალები პუნების წინააღმდეგ დაძრა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჰანიბალს უკვე შერჩეული ჰქონდა ბრძოლის ადგილი.
პუნების ბანაკსა და ტრებიას შორის ჩამოდიოდა პატარა მდინარე (ნურეტა), რომელსაც ლამაზი, მაღალი ხეებითა და ბუჩქნარით დაფარული ხეობა ერტყა გარს. Aმ ადგილმა ჯერ კიდევ ბრძოლის დაწყებამდე მიიპყრო ჰანიბალის ყურადღება. მისმა დათვალიერებამ ჰანიბალი დაარწმუნა, რომ ამ ხეობაში მას შეეძლო შეენიღბა არა მარტო ქვეითი ძალა, არამედ ცხენოსანი ჯარიც. სწორედ ამიტომ ჰანიბალმა აქ ჩასაფრება გადაწყვიტა. ეს მოსაზრება მან სამხედრო საბჭოს გაანდო. მისი აზრი სხვა მეთაურებმაც მოიწონეს. ჰანიბალმა საგანგებო რაზმი შექმნა თავისი ძმის მაგონის ხელმძღვანელობით (100 ქვეითი და 100 მხედარი). თითოეულმა მეომარმა, ჰანიბალის მოთხოვნით, რეკომენდაცია გაუწია თავის მხრივ კიდევ 9 მეომარს და საბოლოოდ ამ საგანგებო რაზმში 1000 ქვეითი და 1000 მხედარი აღმოჩნდა. მათ ღამით სპეციალურად შერჩეული ადგილი დაიკავეს.
ზამთრის მზიანი დღე იდგა (დაახლოებით 18-19 დეკემბერი). დილით ადრე ჯერ თოვა დაიწყო, მერე წვიმა წამოვიდა. ჰანიბალმა ნუმიდიელ მხედრობას უბრძანა მდ. ტრებიაზე გადასვლა და ცხენებით რომაელთა ბანაკზე იერიშის მიტანა, დროტიკების სროლით გუშაგთა მწყობრიდან გამოყვანა და რომაელთა ბრძოლაში გამოწვევა. ბრძოლის დაწყების შემდეგ ნუმიდიელებს უკან, მდინარისაკენ ნელ-ნელა მწყობრად უნდა დაეხიათ და ამით რომაელები საფარში შეეტყუებინათ. დანარჩენ ნაწილებს კი უნდა ესაუზმათ, იარაღი და ცხენები მოემზადებინათ და შესაბამის სიგნალს დალოდებოდნენ.
ნუმიდიელებმა ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. როდესაც ისინი მტრის ბანაკისკენ ყიჟინით გაექანნენ, სემპრონიუსს ეჭვიც არ შეჰპარვია თავის წარმატებაში. მან პუნების წინააღმდეგ დაძრა ჯერ თავისი ცხენოსნები, შემდეგ კი ყველა ქვეითი ჯარისკაცი, რომლებმაც დილით ადრე საუზმობა ვერ მოასწრეს და ვერც ცხენები გამოკვებეს. რომაელებს თბილი სამოსიც არ გააჩნდათ და სიცივით იყვნენ შეწუხებული. როდესაც რომაელებმა მდინარე გადალახეს, ნაპირზე გასულებს, ერთიანად გათოშილებს და ნახევრად მშივრებს იარაღის ხელში დაჭერაც აღარ შეეძლოთ. პუნები კი ამ დროს კოცონთან თბებოდნენ, კარგადაც იყვნენ დანაყრებულნი და სხეულს ზეთისხილით იზელდნენ. სიგნალის მიცემისთანავე ჰანიბალმა საბრძოლოდ დააწყო თავისი ძირითადი არმია: მოწინავე პოზიციაზე განალაგა ბალეარები – მსუბუქი ქვეითები (8 ათასი კაცი); მათ უკან განლაგდნენ მძიმედ შეიარაღებული ქვეითები (იბერები, გალები, ლიბიელები დაახლ. 20 ათასი კაცი); ორივე ფლანგები კი ცხენოსანმა ჯარმა (10 ათასი მხედარი) და საბრძოლო სპილოებმა დაიკავეს. როგორც კი სემპრონიუსი პუნებს ეშმაკობას მიუხვდა, თავის მხედრობას უკან დახევა და ძირითად ძალებთან შეერთება უბრძანა. მან მოწინავე პოზიციაზე განალაგა ქვეითი ძალები (18 ათასი რომაელი და 20 ათასი მოკავშირე), ფლანგებზე კი კავალერია (4 ათასი მხედარი). ამრიგად, ბრძოლის დაწყების წინ ერთმანეთის პირისპირ იდგა ჰანიბალის დაახლოებით 38-ათას კაციანი არმია, რომაელთა 42 ათასი მეომრის წინააღმდეგ. ბრძოლა დაიწყეს ბალეარებმა. მათ აიძულეს რომაელი შუბისმტყორცნელნი (დროტიკები), უკან დაეხიათ. Iმავდროულად პუნების კავალერიამ ორივე ფლანგიდან მიიტანა იერიში. რომის კავალერიამ ვერ გაუძლო ბალეარების, კავალერიისა და საბრძოლო სპილოების შტურმს. მძიმედ შეიარაღებული რომაელი ქვეითები თავდადებით, მაგრამ უშედეგოდ იბრძოდნენ მტრის წინააღმდეგ. მოულოდნელად რომაელებს ზურგიდან დაარტყა მაგონის ჩასაფრებულმა რაზმმა, რამაც რომაელთა მწკრივები არია. რომაელთა ძირითადი ძალები პუნებმა ალყაში მოაქციეს. ღომაელმა ლეგიონერებმა არნახული სიმამაცის წყალობით გაარღვიეს კართაგენელთა საბრძოლო წყობა და აიძულეს პუნები, რომ სპილოები უკან შემოებრუნებინათ. ჰანიბალმა ბრძანება გასცა, სპილოები ფლანგებიდან მოეხსნათ და გადაეყვანათ პანიკაში მყოფი, რომის მოკავშირე კენომანების (გალების ტომი) წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში 10 ათასმა რომაელმა ქვეითმა მოახერხა ალყის გარღვევა. მოგვიანებით ისინი სციპიონის რაზმებს შეუერთდნენ.
ამრიგად, ტრებიასთან ბრძოლაში ჰანიბალმა დაამარცხა სემპრონიუსის არმია, თუმცა, ბუნებრივია, სერიოზული დანაკარგების ფასად. მეომართა გარდა მას დაეღუპა ბევრი ცხენი და სპილოების უმრავლესობა. ტრებიასთან ბრძოლის შემდეგ ჰანიბალს დარჩა 7 სპილო (პოლიბიოსის ცნობით - მხოლოდ ერთი).
ტრებიასთან მოპოვებულმა გამარჯვებამ ჰანიბალს მოუპოვა ციზალპიის გალია და იქ მცხოვრები თითქმის ყველა ტომის მხარდაჭერა. ყოველივე ეს მას გზას უხსნიდა ცენტრალური იტალიისკენ, უშუალოდ რომის მიმართულებით. ამ ფაქტმა რომში პანიკა გამოიწვია. სემპრონიუსი თავიდან ცდილობდა ხელისუფლებისა და ხალხისათვის მარცხის დამალვას. მან რომს აცნობა, რომ მომხდარ ბრძოლაში უამინდობამ და კლიმატურმა პირობებმა შეუშალა ხელი, თორემ გამარჯვება მას უნდა დარჩენოდა. რომში სიმართლე შეიტყვეს. ბრძოლის დასრულების შემდეგ გალების უმრავლესობა ჰანიბალის მხარეზე გადავიდა, რომის არმიის ნარჩენებმა დასახლებულ პუნქტებს შეაფარეს თავი და იქ შეძლეს საკვების მიღება. ეს იყო ერთადერთი ადგილი ზღვიდან პადუას მიმართულებით, რომელსაც ჰანიბალი ვერ აკონტროლებდა.
ამ ცნობებმა რომში საშინელი პანიკა გამოიწვია. ასეთ რთულ ვითარებაში ჩატარდა კონსულების მორიგი არჩევნები. ამ დროს რომში ჩავიდა დამარცხებული თიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი. ამრიგად, ომის პირველსავე წელს (218) ჰანიბალმა რომის ორივე კონსული დაამარცხა: პუბლიუს კორნელიუს სციპიონ უფროსი და ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსი. ბრძოლის არენაზე დამარცხებულ კონსულებს შანსი აღარ რჩებოდათ სახელისუფლებო არჩევნებში გამარჯვებისა.
217 წელს რომის კონსულებად აირჩიეს გნეუს სერვილიუს გემინუსი და გაიუს ფლამინიუსი. ამ დროს რომის რესპუბლიკის ძირითადი პოლიტიკური პრობლემა იყო ჰანიბალის შეჩერება. უნდა აღინიშნოს, რომGკონსულებს შორის არ იყო ერთსულოვნება: გემინუსი არისტოკრატთა ფავორიტი იყო, ფლამინიუსი კი ხალხის რჩეული, რომელიც სათავეში ედგა დემოკრატიულ მოძრაობას. იგი სენატთან უკომპრომისო ბრძოლაში იყო ჩაბმული. ცნობილია, რომ 232 წელს სახალხო ტრიბუნის რანგში მან წარადგინა კანონპროექტი მოქალაქეებისათვის თავისუფალი მიწების განაწილების შესახებ. 223 წელს, კონსულად პირველად არჩეულ გაიუს ფლამინიუსს სენატთან დაპირისპირება მოუწია, მაგრამ მან სენატს ყური არ ათხოვა და სალაშქროდ გაემგზავრა ინსუმბრების წინააღმდეგ. გამარჯვებულმა ფლამინიუსმა სახალხო კრების გადაწყვეტილებით და სენატის საწინააღმდეგოდ ტრიუმფით აღნიშნა ეს წარმატება.
რაც შეეხება ჰანიბალს, ყინვების დადგომამდე იგი ღამით თავს დაესხა პლაცენციასთან ახლოს მდებარე ციხესიმაგრეს. დაცვამ ისეთი ხმაური ატეხა, რომ პლაცენციაშიც კი შეიტყვეს მომხდარის შესახებ და შედეგად სემპრონიუსი მხედართა ჯგუფთან ერთად ჩაერთო ამ დაპირისპირებაში. ბრძოლაში ჰანიბალი მსუბუქად დაიჭრა და ბრძოლის ველი დატოვა. ბრძოლა მაშინვე შეწყდა. ჰანიბალისთვის უფრო წარმატებული გამოდგა მორიგი თავდასხმა ციხესიმაგრე ვიქტუმვიაზე. Pუნებმა აიძულეს მოსახლეობა, ქალაქიდან გაქცეულიყო. ჰანიბალმა ქალაქი პირწმინდად გაძარცვა. ტიტუს ლივიუსის აზრით, ჰანიბალის შემდგომი მიზანი იყო გადამწყვეტი დარტყმის მიყენება საკვებით მდიდარი და მომარაგების თვალსაზრისით სტრატეგიული ობიექტებისათვის. აღსანიშნავია, რომ პოლიბიოსი, ლივიუსისგან განსხვავებით, არანაირ ცნობას არ გვაწვდის ზემოხსენებულ ციხესიმაგრეებზე განხორციელებულ თავდასხმებზე, რომელიც საკვებითა და ფურაჟით მომარაგებისთვის იყო გამიზნული.
ლივიუსის ცნობით, ჰანიბალმა გადაწყვიტა გამოზამთრებისთანავე შეჭრილიყო ეტრურიაში და იქ ძალით ან დარწმუნებით მიემხრო ადგილობრივი მოსახლეობა. აპენინზე გადასვლის დროს პუნებს ხელი შეუშალა ძლიერმა ნისლმა, რასაც დაერთო ძლიერი ქარიშხალი, წვიმა, სეტყვა და ყინვა. პუნებს დაეღუპათ ცხენები და დარჩენილი 7 სპილო. აპენინზე გადასული ჰანიბალი ყველასათვის მოულოდნელად ისევ პლაცენციისაკენ (თანამედროვე პიაჩენცა) დაიძრა.
პუნებსა და რომაელებს შორის ბრძოლა კვლავ განახლდა: დასაწყისში რომაელებმა იმარჯვეს და პუნებს თავიანთ ბანაკამდე უკან დაახევინეს; ჰანიბალმა გამოიყენა დამხმარე სარეზერვო ძალა და ახლა მან დაახევინა უკან რომაელებს.Eეს ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. შაბოლოო გამარჯვება ვერცერთმა მხარემ ვერ მოიპოვა. შაბოლოოდ რომაელებმა უკან დაიხიეს და ქ. ლუკაში გამაგრდნენ, პუნები კი ლიგურიაში დაბანაკდნენ. იქ ლიგურებმა ჰანიბალს გადასცეს ორი რომაელი კვესტორი _ გაიუს ფულვიუსი და ლუციუს ლუკრეციუსი, მათთან ერთად ორი სამხედრო ტრიბუნი და კიდევ ხუთი რომაელი წარჩინებული, სენატორთა შვილები. ამავე დროს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი ჰანიბალთან მოკავშირული ურთიერთობის დამყარებისა და რომის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილეობის მიღებისა.
შევეცდებით, გავარკვიოთ, თუ რატომ აპირებდა ეტრურიაში საბრძოლო მოქმედებათა ასპარეზის გადატანას ჰანიბალი. მან იცოდა, რომ რომაელებმა თავიანთი გარნიზონები გაგზავნეს იმ პუნქტებში, სადაც ისინი პუნების თავდასხმას ელოდნენ (სიცილია, სარდინია, ტარენტი). ისიც იცოდა, რომ რომაელებმა 60 ახალი ხომალდი ააგეს და რომ ახლად არჩეულმა კონსულებმა (სერვილიუსი და ფლამინიუსი) დაიწყეს ახალი ძალებისა და მოკავშირეების მოხალისეების შენაერთების მობილიზაცია. მათ სირაკუზის მეფე ჰიერონს დახმარება სთხოვეს და მანაც 1500 მეომარი გაგზავნა. ჰანიბალმა იცოდა ისიც, რომ რომაელთა საკვები მარაგი თავმოყრილი იყო არიმინსა და ეტრურიაში, სადაც რომაელები შეეცდებოდნენ პუნებისთვის გზის გადაკეტვას. ასეთ ვითარებაში ჰანიბალისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მოწინააღმდეგისათვის დასწრებას და მისთვის ხელსაყრელი ვითარების შექმნას. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე მოკავშირეების პოზიციას. პოლიბიოსი სრულიად შეგნებულად ხაზგასმით მიუთითებდა იმას, რომ ჰანიბალი არწმუნებდა ტყვედ აყვანილ რომის მოკავშირეებს მხოლოდ რომაელებს ვებრძვიო. თუ რომაელ ტყვეებს ბარკა მკაცრად ექცეოდა და თანაც აშიმშილებდა, არარომაელ ტყვეებს ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა და სახლებში უშვებდა ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე. მათ თავიანთი თანამემამულეები უნდა დაერწმუნებინათ იმაში, რომ პუნებს შეერთებოდნენ და რომის წინააღმდეგ გაელაშქრათ.
ჰანიბალს მოსვენებას არ აძლევდა გალი მოკავშირეების განწყობა. იგი არ გამორიცხავდა ღალატს და მასზე თავდასხმასაც კი. ამის გამო ჰანიბალმა, პოლიბიოსის გადმოცემით, მიმართა ე.წ. „ფინიკიურ“ ეშმაკობას, რაც გულისხმობდა პარიკების ხშირად შეცვლას. იგი იმდენად ეფექტურად ახერხებდა ასაკისა და გარეგნობის შეცვლას და შესაბამისად იცვლიდა ჩაცმულობასაც, რომ ზოგჯერ მისი ცნობა უახლოეს გარემოცვასაც კი უჭირდა. ჰანიბალს ჰქონდა შეშფოთების საფუძველი. გაჭიანურებული ომის გამო გალები უკმაყოფილონი იყვნენ. მათ სწრაფად სურდათ შუა იტალიაში შეჭრა, დაპირებული სიმდიდრის დროზე მისაღებად. გარდა ამისა, პუნებს იბერიიდანაც არასასიამოვნო ცნობები მოსდიოდათ. საქმე იმაში იყო, რომ გნეუს კორნელიუს სციპიონმა, რომელიც მისმა ძმამ პუბლიუსმა გაგზავნა, როგორც თავისი ლეგატი (წარმომადგენელი) ესპანეთში, გადავიდა ბერძნულ კოლონია ემპორიაში და აღადგინა რომის ძალაუფლება მთლიანად ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდ. იბერიუსამდე. კისასთან ბრძოლაში სციპიონმა გაანადგურა გაერთიანებული იბერთა და პუნთა ჯარი, ტყვედ აიყვანა მათი სარდლობა და ხელთ იგდო დიდი ნადავლი.
ჰანიბალის ძმამ ჰასდრუბალ ბარკამ, რომელმაც ამ ბრძოლამდე გადალახა მდ. იბერიუსი, კისასთან ბრძოლის შემდეგ გნეუს კორნელიუს სციპიონის ნაცვლად იერიში მიიტანა რომაელ მეზღვაურებზე და ისევ მდ. იბერიუსის გადაღმა გადავიდა, სადაც მან ილერგეტებთან ერთად დაიწყო რომის მოკავშირეთა მიწების დარბევა. ხოლო როდესაც სციპიონი დაიძრა მის წინააღმდეგ, ჰასდრუბალი მას გაერიდა. სციპიონმა მოახერხა პუნების მოკავშირეების – ილერგეტებისა და ავსეტანების დამორჩილება. ასე რომ, გნეუს კორნელიუს სციპიონის ძალისხმევამ ჩრდილოეთ ესპანეთი კვლავ რომის გავლენის ქვეშ მოაქცია. ამით პირენეის ნახევარკუნძული კვლავ ბრძოლის ასპარეზად იქცა და რეგიონში პუნების ბატონობას რეალური საფრთხე შეექმნა. იქ დარჩენილმა კართაგენის ჯარებმა ვეღარ შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება.
აპენინის გადალახვის წარუმატებელმა მცდელობამ და პლაცენციასთან უშედეგო ბრძოლამ რომის კონსულებს დრო მისცა, დაესრულებინათ მზადება ახალი სამხედრო კამპანიისათვის ეტრურიაში, სადაც ჰანიბალთან შეხვედრას გეგმავდნენ. მოსალოდნელი ბრძოლა რომს ძალიან აღელვებდა. ვრცელდებოდა სხვადასხვა სახის ჭორი. „თვითმხილველნი“ ათას რაიმეს ყვებოდნენ. მაგალითად, რომის ერთერთ ბაზარში თურმე 6-თვიან ბავშვს დაუყვირია სიტყვა „ტრიუმფი“, სხვა ბაზარში კი ასეთი რამ უხილავთ: თურმე ხარი ბაზრის სახურავზე ასულა და იქიდან გადმომხტარა; ცაზე გამოსახულა რამდენიმე ხომალდი; ერთერთ (იმედის) ტაძარს რომში მეხი დასცემია; ლანუვიის ტაძარში ჯერ ყვავი შეფრენილა, ხოლო შემდეგ კი ომის ქალღმერთის ხელში მახვილი შენძრეულა; ქ. ამიტერნის ახლოს არაერთ ადგილას თეთრ სუდარაში გახვეული მოჩვენებები გამოჩენილან; პიცენუმის ოლქში ქვის წვიმა წამოსულა; გალიაში მგელს ციხის მცველისთვის თურმე ქარქაშიდან მახვილი ამოუცლია და გაუტაცია და სხვა ამგვარი არაერთი ამბავი. პანიკის აცილების მიზნით, ხელისუფლებამ გადაწყვიტა ავი სულებისაგან ქალაქის რიტუალური გაწმენდა. მასობრივად დაიწყო ღმერთების სადიდებელი ლოცვების კითხვა, ღვთაებებისადმი მსხვერპლთშეწირვა. ხელისუფლება აიმედებდა ხალხს, რომ ქვეყანა აუცილებლად გადაურჩებოდა განსაცდელს. ყოველივე ამან სიტუაცია ნაწილობრივ განმუხტა.
მაგრამ რომში სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა: შეუდგა თუ არა ფლამინიუსი თავისი მოვალეობის შესრულებას, ქალაქში ახალი ჭორები დაირხა (ზოგიერთი ოფიციალურ ცნობადაც კი მიიჩნიეს): მაგალითად, ამბობდნენ, რომ მზის დისკომ თურმე დაპატარავება დაიწყო; ქ. პრენესტეში ციდან ცხელი ქვების წვიმა წამოვიდა; ქ. არპის თავზე ზეცაში გამოისახა მთვარესთან მებრძოლი მზე; რომში მარსის ქანდაკება ოფლით დაიცვარა; კაპუაში თითქოს ცას ცეცხლი წაეკიდა, მთვარე კი წვიმასთან ერთად ქალაქში ჩამოიღვარა; თურმე რომაელთა თხებს, მატყლის ნაცვლად, თმა ეზრდებოდათ... ამის შემხედვარე სენატი ყოველნაირად ცდილობდა, მოქალაქეთა სულიერი მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და დღედაღამ მართავდა „სატურნალიებსა“ და სხვა სახის საზეიმო თავყრილობებს ხალხის პატრიოტული განწყობის ასამაღლებლად.
რომის სენატში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, ფლამინიუსს ერგო იმ ლეგიონების ხელმძღვანელობა, რომლებიც ეტრურიისკენ უნდა დაძრულიყვნენ. კონსულმა გადაწყვიტა, არანაირი რიტუალი არ ჩაეტარებინა და წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაიძრა ჩრდილოეთისკენ, რათა ჰანიბალისათვის ცენტრალური იტალიისაკენ მიმავალი გზა გადაეკეტა.
ძვ.წ. 217 წელს რომის ჯარები, კონსულ გნეუს სერვილიუსის მეთაურობით, შედარებით გვიან ჩავიდნენ დისლოკაციის ადგილზე არიმინში. ეს ძალები მან პუბლიუს კორნელიუს სციპიონისგან მიიღო, რომელიც იმჟამად პროკონსულის რანგში გაიგზავნა ესპანეთში. ფლამინიუსმა თავისი ძალები არეციასთან განათავსა: იგი დარწმუნებული იყო, რომ კართაგენელებს ეტრურიისკენ მიმავალ გზას რომაელები ჩაუკეტავდნენ. აქედან გამომდინარე, მას შეეძლო, მშვიდად დალოდებოდა ჰანიბალს გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მაგრამ სრულიად მოულოდნელად ფლამინიუსმა შემაშფოთებელი ინფორმაცია მიიღო: „ჰანიბალი ეტრურიაშია“. ჰანიბალი ინტენსიურად ემზადებოდა ახალი სამხედრო კამპანიისათვის. მისთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე ჰყოლოდა, რომლებიც სადაზვერვო ინფორმაციებს მიაწვდიდნენ. პირველ რიგში, საჭირო იყო ისეთი მარშრუტის არჩევა, რომელიც პუნებს პოზიციურ უპირატესობას მოაპოვებინებდა. შექმნილი მდგომარეობა კი მისთვის არახელსაყრელი იყო.
რომაელები ყველა გზას აკონტროლებდნენ. ასსეტ ვითარებაში ჰანიბალმა მიიღო მოულოდნელი და ეფექტური გადაწყვეტილება, გამოეყენებინა ეტრურიისაკენ მიმავალი გაუქმებული გზა, რომლითაც ათეულობით წლების განმავლობაში აღარავინ სარგებლობდა. ფლამინიუსმა ეს ვერც წარმოიდგინა და ვერც გაითვალისწინა. ე.წ. გზა გადიოდა მხოლოდ ჭაობებში, რომელიც მავნე აირებს გამოჰყოფდა და ჰაერიც შესაბამისად მოწამლული იყო. მიუხედავად მძიმე კლიმატური პირობებისა, მას დადებითი მხარეც გააჩნდა - თითქმის გამორიცხული იყო იმ ადგილებში რომაელებთან პირისპირ შეყრა. აქედან გამომდინარე, რომაელებისათვის პრაქტიკულადაც და თეორიულადაც წარმოუდგენელი იყო ეტრურიაში ჰანიბალის გამოჩენა. მაგრამ რომაელებისთვის სავავალოდ, ეს რეალობა აღმოჩნდა. ჰანიბალმა ფანტასტიკურად გამოიყენა მოულოდნელობის ფაქტორი და რომაელები კიდევ ერთხელ განაცვიფრა თავისი ამოუწურავი შემოქმედებითი შესაძლებლობებით.
ჰანიბალის გადასვლა ციზალპიის გალიიდან ეტრურიაში თავისი სირთულით ალპებზე მისსავე გადასვლას შეიძლება შევადაროთ. ჰანიბალმა კოლონების სათავეში განალაგა ლიბიელები და იბერები, ყველაზე გამოცდილი და, შესაბამისად, გამობრძმედილი მეომრები, რომლებსაც შეეძლოთ ნებისმიერი სახის დაბრკოლების გადალახვა. მათ შემდეგ განლაგდნენ გალები. კოლონებს კეტავდნენ მხედრები მაგონ ბარკიდის მეთაურობით. მას ძმისგან საგანგებო დავალება ჰქონდა მიცემული: თუ გალები აბუნტდებოდნენ და სახლში დაბრუნებას გადაწყვეტდნენ, მაგონს მათთვის ამის საშუალება არ უნდა მიეცა. კოლონები მოძრაობდნენ ჭაობსა და ტალახში. ისინი არ გაჩერებულან ოთხი დღისა და სამი ღამის განმავლობაში. სირთულეებს ყველაზე ძნელად გალები ეგუებოდნენ. Iსინი ნაკლებად იყვნენ მიჩვეულნი საველე პირობებში ყოფნას. თვითონ ჰანიბალი ერთადერთ გადარჩენილ სპილოზე იყო ამხედრებული. ჰანიბალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა შეექმნა. უძილობამ და, განსაკუთრებით, ჭაობის მომწამლავმა ჰაერმა მას თვალების საკმაოდ მძიმე ანთება შეჰყარა. მას არც დრო და არც შესაბამისი სამკურნალო საშუალება არ აღმოაჩნდა, რის შედეგადაც ცალ თვალში მხედველობა დაკარგა. მიუხედავად ყველაფრისა, ჰანიბალმა ეს მძიმე გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარა და წარმატებით ჩააღწია ეტრურიაში, რაც ყველაზე მთავარია, რომაელებისათვის შეუმჩნევლად, მოულოდნელად და სწრაფად. რომაელებისთვის ეს ფაქტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, ჰანიბალი ერთმნიშვნელოვნად დაეუფლა ფსიქოლოგიურ უპირატესობას.
მისი კონკრეტული ამოცანა იყო ფლამინიუსის ბრძოლაში გამოწვევა. ჰანიბალს არეცოს მიდამოები არ მიაჩნდა ბრძოლისათვის ხელსაყრელ ადგილად. მან ხელმარცხნივ დატოვა მტრის ბანაკი და ფესულას გავლით დაიწყო მოძრაობა რომის მიმართულებით. Iგი გზად ანადგურებდა და ძარცვავდა მშვიდობიან მოსახლეობას. ფლამინიუსი ჰანიბალს დაედევნა. როდესაც ჰანიბალმა შენიშნა მოახლოებული მტერი, სასწრაფოდ შეარჩია ბრძოლისათვის მთიანი ადგილი ქ. კარტონასთან, ტრაზიმენოს ტბასთან ახლოს. ადგილმდებარეობა ჰანიბალისათვის ხელსაყრელი იყო. მთებსა და ტბას შორის მდებარეობდა ვაკე ადგილი, რომელიც დასავლეთისკენ ვიწროვდებოდა. ვაკიდან გასასვლელს ბორცვების სისტემა კეტავდა. თვითონ ჰანიბალი თავისი ლიბიელი და იბერი ვეტერანებით მდინარის პარალელურ ცენტრალურ სიმაღლეზე განლაგდა. დაბლობის შესასვლელში მან ჩაასაფრა მხედრები და გალები, ხოლო გასასვლელთან ბორცვებზე - ბალეარები და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები. საღამოს ტბას ფლამინიუსმაც მიაღწია. მეორე დღეს, გათენებისთანავე რომაელებმა ნისლით დაფარული ხეობისაკენ დაიწყეს მოძრაობა. როგორც კი ისინი სრულად შევიდნენ ხეობაში, ჰანიბალმა ნიშანი მისცა და ერთდროულად პუნების ყველა პოზიციიდან დაიწყო რომაელებზე შეტევა. ფლამინიუსი ჯერ ვერ მიხვდა, რა ხდებოდა, მაგრამ როცა გააანალიზა ვითარება, მიხვდა, რომ პუნებს ისინი ალყაში ჰყავდათ მოქცეული. შეტევები მიმდინარეობდა როგორც ფრონტის ხაზიდან, ისე ზურგიდან და ფლანგებიდან. Kკონსულმა ვერ შეძლო არმიის მართვა: მებრძოლნი მის ბრძანებებს აღარ ემორჩილებოდნენ და ბრძოლის ველიდან უწესრიგოდ გარბოდნენ; ბრძოლა იმდენად სასტიკი იყო, რომ მეომრებმა საშინელი მიწისძვრაც კი ვერ იგრძნეს, რომელიც ბრძოლის მიმდინარეობისას მოხდა; თვითონ კონსული ფლამინიუსი ბრძოლაში დაიღუპა; ამის შემდეგ რომაელებმა პანიკური გაქცევა დაიწყეს; მათი ნაწილი ცდილობდა ტბაში შეღწევას და გადაცურვით თავის შველას, მაგრამ იქ მათ პუნი მხედრები ანადგურებდნენ; მხოლოდ 6 ათასმა რომაელმა გაუძლო ამ ჯოჯოხეთს და მოახერხა ალყიდან გაღწევა, მაგრამ მათ დაეწივნენ კართაგენელი მხედრები მაჰარბალის მეთაურობით, რომელმაც რომაელებს მოუწოდა, იარაღი დაეყარათ, სანაცვლოდ კი თავისუფლებას ჰპირდებოდა. რომაელები ტყვედ ჩაბარდნენ პუნებს.
როცა ამის შესახებ ჰანიბალს აცნობეს, მან განაცხადა, რომ მაჰარბალს არანაირი უფლება არ ჰქონდა, ჰანიბალის ნებართვის გარეშე, რაიმე პირობა შეეთავაზებინა რომაელებისთვის და იქვე გასცა ბრძანება, ბორკილები დაედოთ ტყვე რომაელებისთვის და ისინი გალებისათვის გადაეცათ. ჰანიბალმა რომის მოკავშირე არარომაელები გაათავისუფლა და აღნიშნა, რომ იგი ებრძოდა მხოლოდ რომაელებს და არა იტალიკებს და რომ მისი ძირითადი ამოცანა რომის უღლისაგან იტალიის გათავისუფლება იყო.
ბრძოლის შედეგად განცდილი დანაკარგების შესახებ სხვადასხვა ვერსია არსებობს: მაგალითად, ლივიუსის გადმოცემით, რომაელებმა ტრაზიმენოს ტბასთან დაღუპულთა სახით 15 ათასი მებრძოლი დაკარგეს; აპიანეს მონაცემებით, ფლამინიუსის არმიაში იყო დაახლოებით 30 ათასი ქვეითი და 3 ათასი მხედარი; ოროზიუსის ცნობით, ფლამინიუსმა მოკლულთა სახით დაკარგა 25 ათასი მეომარი, ხოლო 6 ათასი რომაელებმა ტყვედ აიყვანეს. დახოცილთა შორის პუნებს დაუწყიათ ფლამინიუსის ცხედრის ძებნა, რათა ჰანიბალს ღირსეულად დაეკრძალა რომაელი. სხვა მონაცემებით, 10 ათასი რომაელი გაიქცა ბრძოლის ველიდან და რომში ჩააღწია, 10 ათასი კი პუნებმა ტყვედ აიყვანეს. ლივიუსის მონათხრობით, პუნებმა დაკარგეს 2500 მებრძოლი, პოლიბიოსის აზრით 1500 მეომარი, ოროზიუსის მიხედვით კი 2000. როდესაც გნეუს სერვილიუსს არიმინში აცნობეს, ჰანიბალი ეტრურიაში იმყოფებაო, მაშინვე გადაწყვიტა, ფლამინიუსს შეერთებოდა და გაერთიანებული ძალებით შებრძოლებოდა ჰანიბალს. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად. სინამდვილეში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონსულებს შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევდა, თუმცასულ უმოქმედებაც არ გამოვიდოდა და სერვილიუსმა, ვალის მოხდის მიზნით, ფლამინიუსს 4 ათასი მხედარი გაუგზავნა გაიუს ცენტენიუსის მეთაურობით. როდესაც ამ უკანასკნელმა გაიგო, რომ რომაელებმა კონსულ ფლამინიუსის მეთაურობით მარცხი განიცადეს ტრაზიმენოს ტბასთან გამართულ ბრძოლაში, უკან გამოაბრუნა თავისი მხედრები, მაგრამ ჰანიბალმა მათ მაჰარბალი დაადევნა, მსუბუქი შუბოსნებითა და მხედრობით. უკან დახეულ ცენტენიუსის ჯართან გამართულ ბრძოლაში რომაელთა 2 ათასი მეომარი დაიღუპა, დანარჩენი 2 ათასი კი ალყაში მოაქციეს პუნებმა და ტყვედ აიყვანეს.
რომაელებზე მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჰანიბალის საფიქრალს წარმოადგენდა, თუ როგორ წარემართა შემდგომში მოვლენები და რა სახის სტრატეგიული სიურპრიზი შეეთავაზებინა რომაელებისთვის. მართალია, ტრაზიმენოს ტბასთან მიღწეული წარმატების შემდეგ იგი დარწმუნებული იყო თავის საბოლოო გამარჯვებაში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, დროებით თავი შეეკავებინა რომზე შეტევისაგან, თავისი პოზიციები განემტკიცებინა და მებრძოლთა სულისკვეთება აემაღლებინა.
ამის შემდეგ ჰანიბალი უმბრიის გავლით სპოლეტოსკენ დაიძრა. იგი მიადგა კიდეც ქალაქის კედლებს, მაგრამ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პუნების მოგერიება მოახერხეს. ჰანიბალმა უკან დაიხია და პიცენიუმისკენ დაიძრა. რამდენიმე დღეში ადრიატიკის ზღვის სანაპიროს, აპულიას მიაღწია, საიდანაც ის, ნადავლის მოპოვების მიზნით, თავს ესხმოდა ადგილობრივ მოსახლეობას, კერძოდ, დავნებს. ჰანიბალმა იცოდა, რომ წინ მას ახალი ბრძოლები ელოდა და შესაბამისად ყურადღებას უთმობდა მეომართა ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას. ამასობაში ჰანიბალს საზრუნავი ემატებოდა: საქმე იმაში იყო, რომ მისი მებრძოლები და ცხენები ხშირად ავადმყოფობდნენ, მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებული იყო ფუფხის დაავადება. ჰანიბალმა უბრძანა, მისგან განსაკურნად ძველ ღვინოში ებანავათ. შედეგი გასაოცარი იყო. ამავე დროს, გზად მიმავალი ჰანიბალი შეუბრალებლად ძარცვავდა და ანადგურებდა ადგილობრივ მოსახლეობას. მან ბრძანება გასცა, დაეხოცათ ყველა შემხვედრი მამაკაცი. პუნებმა აქ იმდენად დიდი ნადავლი იგდეს ხელთ, რომ წაღებაც კი აღარ შეეძლოთ, ამან გააათკეცა პუნთა ძალები. ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მყოფმა ჰანიბალმა კართაგენის საბჭოს ორწლიანი სამხედრო ოპერაციების ანგარიში გაუგზავნა. მიღწეული წარმატებებით თავბრუდასხმულმა საბჭომ გადაწყვიტა, დახმარება გაეზარდა ჰანიბალისთვის.
ჰანიბალის მოლოდინში რომი პანიკამ მოიცვა. გნეუს სერვილიუსი რომისაკენ გაეშურა, რათა საჭიროების შემთხვევაში ქალაქის კედლებთან დახვედროდა ჰანიბალს. რომის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება დიქტატურის შემოღებისა, რათა ამ გზით მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის ხელში ყოფილიყო კონცენტრიებული. რომში პრაქტიკულად პოლიტიკური კრიზისი დაიწყო: ერთი კონსული (გაიუს ფლამინიუსი) დაღუპული იყო, მეორე კი (გნეუს სერვილიუსი) რომში არ იმყოფებოდა. ასსეტ საგანგებო ვითარებაში სენატმა და მაგისტრატებმა საკითხი განსახილველად გაიტანეს სახალხო კრებაზე, რომელზეც დიქტატორად აირჩიეს კვინტუს მაქსიმუს ფაბიუსი (კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი (ძვ.წ. 275-203), რომაელი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი, ხუთგზის კონსული და ორგზის დიქტატორი. მას უწოდეს „ზოზინა“. ჰანიბალზე გამარჯვების ერთადერთ გზას, მისი აზრით, წარმოადგენდა მასთან ბრძოლისთვის თავის არიდება და, შესაბამისად, მოწინააღმდეგის დაღლისა და დასუსტების ტაქტიკა, რაც მან პრაქტიკულად გამოიყენა კიდევაც მეორე პუნიკური ომის დროს.).
დიქტატორის წარდგენის შემდეგ ყველა არჩეულ თანამდებობის პირს უფლებამოსილება უწყდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენდნენ მხოლოდ სახალხო ტრიბუნები. ასსეტ შემთხვევაში არა მხოლოდ დიქტატორს, არამედ მის თანაშემწესაც (კავალერიის მეთაურს) სახალხო კრება ირჩევდა. შედეგად, კავალერიის მეთაურმა (მარკუს მინუციუს რუფუსმა) დიქტატორისგან გარკვეული დამოუკიდებლობაც მიიღო.შეუდგა თუ არა დიქტატორის მოვალეობის შესრულებას, ფაბიუსმა იმავე დღეს მოიწვია სენატის სხდომა, სადაც სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა კონსულ ფლამინიუსის სამხედრო ტაქტიკა. მან აღნიშნა, რომ დარღვეული იყო ღმერთების პატივსაცემად ჩასატარებელი რიტუალების პროცედურა. საქმე ეხებოდა ომის ღმერთის – მარსისა და რომის მფარველი ღვთაების – იუპიტერისადმი მიძღვნილ მასშტაბურ რიტუალსა და საზეიმო თამაშებს, რომელიც რომში არ ჩატარდა.
ამის შემდეგ სერვილიუსის ჯარებიც კვინტუს ფაბიუსს დაექვემდებარა. მისი განკარგულებით, იმ ადგილების მოსახლეობას, სადაც ჰანიბალი აპირებდა შესვლას, უნდა დაეტოვებინათ სახლ-კარი და უსაფრთხო ადგილებზე გადასულიყო. მათ ასევე ევალებოდათ თავიანთი სახლების გადაწვა და მოსავლის განადგურება, რათა პუნებს არ ჩავარდნოდათ ხელში. Gგანკარგულების გაცემის შემდეგ ფაბიუსი დაიძრა სერვილიუსთან შესახვედრად. ამ დროს მოვიდა რომაელებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია - რომის ხომალდები, რომლითაც საკვები უნდა გადაეტანათ ესპანეთში, ხელთ იგდეს პუნებმა. ფაბიუსმა უბრძანა სერვილიუსს, დადევნებოდა კართაგენელებს და მათგან დაეცვა იტალიის სანაპიროები. თვითონ დიქტატორი კი ჰანიბალთან შესახვედრად დაიძრა. ჰანიბალი მსგავს სიტუაციაში მეოთხედ აღმოჩნდა. მის პირისპირ იდგა რომის არმიის 4 ლეგიონი. ყველაფერი ისევ თავიდან იწყებოდა.
ჰანიბალმა არმია საბრძოლო პოზიციებზე განალაგა. რომაელების სამხედრო-ფსიქოლოგიური მომზადება და გენერალიტეტის შემართება იმხანად აშკარად ჩამოუვარდებოდა პუნებისას. რომაელებმა ჰანიბალთან დაპირისპირებისას რამდენჯერმე განიცადეს სერიოზული მარცხი. ჰანიბალი კარგად გრძნობდა რომაელთა საბრძოლო სულისკვეთების დაქვეითებას და მთელი მონდომებით ცდილობდა ფაბიუსის ბრძოლაში გამოწვევას. რომის დიქტატორი კი თავს არიდებდა გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმას ჰანიბალის წინააღმდეგ და თავის ბანაკში იყო გამაგრებული. მიუხედავად რომაელებზე ჰანიბალის შთამბეჭდავი გამარჯვებებისა, უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არცერთი იტალიური ქალაქი არ გადასულა მის მხარეზე და კვლავაც რომის ერთგულნი რჩებოდნენ. ჰანიბალმა კამპანიისკენ წასვლა გადაწყვიტა. ტრაზიმენოს ტბასთან ბრძოლის დროს პუნებმა ტყვედ აიყვანეს რომის მოკავშირე 3 კამპანიელი მხედარი, რომელთაც ჰანიბალმა თავისუფლება უბოძა. მათ დაარწმუნეს ჰანიბალი იმაში, რომ თუ იგი შევიდოდა კამპანიაში და დაეუფლებოდა კაპუას, ამით მთელი სამხრეთ იტალიის გაკონტროლებას შეძლებდა.
ჰანიბალს კამპანიელთა რჩევა ჭკუაში დაუჯდა. ჰანიბალი მდ. ვოლტორნას ნაპირზე დაბანაკდა. ამ დროს თავისი ლეგიონებით მთებში გამაგრებული ფაბიუსი დაბლობზე ჰანიბალის არმიის მოძრაობას აკვირდებოდა. რომაელი დიქტატორი არჩეულ ტაქტიკას არ ღალატობდა და კვლავაც არ ჩქარობდა ბრძოლაში ჩაბმას. ის ლოდინს ამჯობინებდა. დროის გაჭიანურება კი არანაირად ხელს არ აძლევდა ჰანიბალს, რადგან ზამთარი ახლოვდებოდა. მას უნდა ეფიქრა გამოზამთრებასა და საკვების მარაგის შევსებაზე. ირგვლივ მდებარე, ჰანიბალის არმიის მიერ გაძარცული და გავერანებული მიწები პუნებისთვის უკვე უსარგებლო იყო. ფაბიუსს კარგად ესმოდა, რომ თუ ბრძოლა არ გაიმართებოდა, ჰანიბალი იძულებული გახდებოდა, იმავე გზით წასულიყო უკან, რომლითაც იქ ჩავიდა.
ამის გათვალისწინებით რომაელმა სარდალმა გადაწყვიტა, პუნებისათვის გზის გადაეკეტა და ქალაქ კასილინთან 4 ათასი მებრძოლი განათავსა. ირგვლივ მთებზე განლაგებული დანარჩენი მებრძოლები საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩაბმულიყვნენ სამხედრო მოქმედებებში. ამავე დროს ფაბიუსმა ჰანიბალის პოზიციების დასაზვერად გაგზავნა მოკავშირეთა ცხენოსანი რაზმი ლუციუს მანცინიუსის მეთაურობით, რომელიც ნუმიდიელებმა ერთიანად გაჟლიტეს
მეორე დღეს პუნებმა ხელთ იგდეს რომაულ და კართაგენულ არმიებს შორის არსებული გზა. მათ შორის პირველი შეტაკების დაწყებისთანავე, ჰანიბალის მსუბუქად შეიარაღებულმა ქვეითმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს. ჰანიბალი დაჟინებით ცდილობდა, როგორმე აეძულებინა ფაბიუსი, ბრძოლაში დიდი ძალებით ჩაბმულიყო. Lივიუსის ცნობით, ამ შეტაკებაში დაიღუპა 200 რომაელი და 800 კართაგენელი. ამასთან სრულიად მოულოდნელად პუნების არმია რომაელთა ალყაში აღმოჩნდა. ჰანიბალს უკვე მერამდენედ უნდა ეფიქრა ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებაზე.
მან მორიგი სიურპრიზი შესთავაზა რომაელებს: ჰანიბალმა უბრძანა საინჟინრო სამსახურის უფროსს, ჰასდრუბალს, მშრალი მერქნისაგან დიდი რაოდენობით ჩირაღდნების დამზადება, რომლებიც ანთებული უნდა დაემაგრებინათ 2 ათასი ხარის რქებზე და ეს შემზარავი მასა ღამით ბღავილით უნდა შესეოდა რომაელთა პოზიციებს. ჰანიბალის ბრძანებით, ყველა რომაელი ტყვე უნდა დაეხოცათ, რათა ამ საიდუმლო ოპერაციის შესახებ ინფორმაციას არ გაეჟონა. როგორც კი გამწარებული ხარები მანათობელი რქებით ბღავილით მოედნენ ირგვლივ მდებარე ტყეებს და დამატებითი ხანძრის არაერთი კერა გააჩინეს, რომაელებმა ეს საშინელება ღვთის რისხვად ჩათვალეს - მათ წინააღმდეგობის უნარი დაჰკარგვოდათ და ფსიქოლოგიურ შოკში იმყოფებოდნენ. ჰანიბალმა ამით კიდევ ერთხელ უჩვენა არა მხოლოდ რომაელებს, არამედ იმდროინდელ მსოფლიოს თავისი შემოქმედებითი ტალანტი. მართლაცდა, ეს იყო არნახული იმპროვიზაცია, რამაც კიდევ ერთხელ გააოგნა თვითმხილველნი. შედეგად, მან მთელი არმია ალყიდან აბსოლუტურად უდანაკარგოდ გამოიყვანა და ქ. ალიფის სიახლოვეს დააბანაკა. ემოციურად დათრგუნული ფაბიუსი ძირითადი ძალებით უკან მიჰყვა ჰანიბალს, მაგრამ ბრძოლაში ჩართვას კვლავინდებურად არ ჩქარობდა. რომაელთა ჯარი პუნების ბანაკის მახლობლად განლაგდა.
ამასობაში რომიდან მოვიდა სენატის მოულოდნელი და გაუმართლებელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დიქტატორი დაუყოვნებლივ უნდა ჩასულიყო რომში და ზემოაღნიშნული ღვთაებებისადმი მიძღვნილი მსხვერპლთშეწირვის რიტუალი ჩაეტარებინა. ფაბიუსის არყოფნის დროს, ბუნებრივია, რომის ჯარების ხელმძღვანელობა კავალერიის მეთაურსა და დიქტატორის თანაშემწეს, მარკუს მინუციუს რუფუსს გადაეცა. ფაბიუსის მიერ შემუშავებულმა სტრატეგიულმა გეგმამ ჰანიბალი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ შემთხვევაში ჰანიბალისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა რომის არმიის გადამწყვეტ, გენერალურ ბრძოლაში დამარცხება. ამით მას შეეძლო საბოლოო გამარჯვების მოპოვება, რაც მას იტალიის სრულ ბატონ-პატრონად აქცევდა. მაგრამ ბრძოლა არა და არ იწყებოდა. ამას ისიც ემატებოდა, რომ არც ერთი იტალიური ქალაქი არ გადასულა ჰანიბალის მხარეს. მის კონტროლქვეშ მყოფი კაპუაც კი ლოდინს ამჯობინებდა. რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ჰანიბალმა კართაგენის საბჭოს დახმარება სთხოვა, მაგრამ მისგან მხოლოდ ცინიკური უარი მიიღო: საბჭოს აზრით, წარმატებული მხედართმთავარი მოვალე იყო, დახმარებოდა თავის ქვეყანას და გაეგზავნა მისთვის მოპოვებული ნადავლი და არა დამატებითი ძალებისა და სახსრების მოთხოვნა. ჰანიბალი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მან თავის ძმას, ჰასდრუბალს ესპანეთში წერილი მისწერა და სთხოვა, მის დასახმარებლად იტალიაში შეჭრილიყო. მაგრამ ჰასდრუბალს თვითონ ჰქონდა მძიმე ბრძოლები პირენეის ნახევარკუნძულზე მყოფ რომაელთა ჯარებთან და ამის გამო ძმას თხოვნა ვერ შეუსრულა.
მიუხედავად ამისა, ფაბიუსის დროის გაყვანის, ანუ „უბრძოლველობის“ ტაქტიკა რომში პოპულარული არ იყო. ფაბიუსის გეგმა გათვლილი იყო ხანგრძლივ დროზე და ჰანიბალის არმიისთვის „ქანცის გამოცლის“ მეთოდის გამოყენებას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ ფაბიუსის მოწინააღმდეგეთა სათავეში აღმოჩნდა მისი თანაშემწე მარკუს მინუციუს რუფუსი. აქედან გამომდინარე, რომში შიდაპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. კანონმდებლობის მიხედვით, დიქტატორს ნებისმიერი თანამდებობის პირის დასჯა შეეძლო, მაგრამ ამჟამად მან ეს ვერ შეძლო _ მას ხელი შეუშალა ფაბიუსის მაკომპრომეტირებელმა ერთმა შემთხვევამ. საქმე იმაში იყო, რომ ტყვეების გაცვლის პროცესში პუნებსა და რომაელებს ასეთი შეთანხმება ჰქონდათ დადებული – გაცვლა უნდა მომხდარიყო პრინციპით - ერთი ერთზე, ხოლო ვისაც უფრო მეტი ტყვე აღმოაჩნდებოდა, თითოეულ მათგანზე ორნახევარი ფუნტი ვერცხლი უნდა გადაეხადა. რომაელებმა 274 კაცით მეტი დაიბრუნეს. სენატმა შეაყოვნა მათთვის ფულის გადახდა. მაშინ ფაბიუსმა რომში თავისი ვაჟი გაგზავნა, საკუთარი მამული გაყიდა და ტყვე რომაელები დაიხსნა. აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება: ჰანიბალი ყველა საშუალებით ცდილობდა, ფაბიუსისთვის სახელი გაეტეხა. ღოგორც ცნობილია, დაპყრობილ მიწებს ის, როგორც წესი, ანადგურებდა და ძარცვავდა, ფაბიუსის მიწებს კი ხელი არ ახლო, თითქოსდა იმის სანაცვლოდ, რომ დიქტატორი მათ შორის ე.წ. საიდუმლო შეთანხმებას ასრულებდა.
მინუციუსი ხალხში უკვე აშკარად უწოდებდა ფაბიუსს ზარმაცსა და მშიშარა რომაელს, რაც, ბუნებრივია, რეალობას არ შეესაბამებოდა. ჩვენთვის უცნობია, თუ რა გზით შეძლო ფაბიუსმა მოწინააღმდეგეთა დამშვიდება, თუნდაც დროებით. მაგრამ რეალურად, ამ მხრივ სიტუაცია მაინც განიმუხტა. მინუციუსი, სახალხო ტრიბუნები და ცენტურიონები, ფაბიუსის გეგმის საწინააღმდეგოდ, თვლიდნენ, რომ სასწრაფოდ უნდა გადაეკეტათ ჰანიბალისთვის გზა და ხელში ჩაეგდოთ მისი არმია. აღსანიშნავია ისიც, რომ მინუციუსმა ფაბიუსის წინააღმდეგ გამოსვლები შეარბილა. რომში დაბრუნებულმა ფაბიუსმა მინუციუსს ურჩია, არ მიებაძა სემპრონიუსისა და ფლამინიუსისათვის და უაზროდ არ დაეღუპა რომაელი ჯარისკაცები. მაგრამ მინუციუსმა დიქტატორის ამ რჩევას ყური არ ათხოვა, დიქტატორის ნების უგულებელყოფა კი თავისთავად დიქტატურას აღარ ნიშნავდა.
როგორც კი მინუციუსმა გაიგო, თუ სად იმყოფებოდა ჰანიბალი, მაშინვე დაიძრა მის წინააღმდეგ, დაიკავა კალელას ციხესიმაგრე და საბრძოლველად მოემზადა. ჰანიბალმა თავისი არმიის მესამედი გაგზავნა პურის დამატებითი მარაგის შესაგროვებლად და დანარჩენ ძალებთან ერთად ქალაქს 4 კმ-ის მანძილზე დაშორდა. ღამით მან გაგზავნა 2 ათასი შუბოსანი პუნებსა და რომაელთა ბანაკებს შორის მდებარე ბორცვის ხელში ჩასაგდებად და პოზიციების გასაკონტროლებლად, მაგრამ ჰანიბალის ეს მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა. მინუციუსმა პუნების წინააღმდეგ გათენებისთანავე გამოიყვანა მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები, რომლებმაც კართაგენელების რაზმს უკან დაახევინეს და აღნიშნულ ბორცვს დაეუფლნენ.
ამავე დროს ჰანიბალმა კიდევ ერთი რაზმი გაგზავნა პირუტყვისა და პურის მოსაპოვებლად. ჰანიბალის არმიის ძირითადი ბირთვი ხეობაში აღმოჩნდა განლაგებული. ამით ისარგებლა მინუციუსმა, შუადღეზე კართაგენელთა ბანაკს მიუახლოვდა და მათ წინააღმდეგ მძიმედ შეიარაღებული ქვეითები დარაზმა, ხოლო მხედრებს უბრძანა, ჰანიბალის მწყემსები და საკვებისა და ფურაჟის დამამზადებლები ამოეწყვიტათ. მძიმედ შეიარაღებულმა ქვეითმა რომაელებმა გაარღვიეს კართაგენელთა რიგები, რომლებსაც ალყაში მოქცევის საფრთხე შეექმნათ. ვითარება პუნების 4000 კაციანი სარეზერვო ძალის გამოჩენამ განმუხტა. მას მოჰყვა ჰანიბალის კონტრშეტევაზე გადასვლა და მოწინააღმდეგის მოგერიება. მეორე დღეს ჰანიბალმა დატოვა ბანაკი და გერეონიის მიმართულებით წავიდა. კართაგენელთა ყოფილი ბანაკი მინუციუსმა იგდო ხელთ. ტიტუს ლივიუსის ცნობით, ამ ბრძოლაში პუნებმა თვითონვე დათმეს თავიანთი ბანაკი. ამავე დროს რომაელებმა მიიღეს დიქტატორისგან გამოგზავნილი დამატებითი ძალები (8 ათასი მეომარი). შეტაკების შედეგად ჰანიბალმა უკან დაიხია. რომში სასწრაფოდ აცნობეს რომაელთა ბრწყინვალე გამარჯვების შესახებ.
ფაბიუსი თვლიდა, რომ ამ გაზვიადებული წარმატების გამო უფრო მეტი სიფხიზლე და სიფრთხილე იყო საჭირო ჰანიბალის მიმართ. მისი გონივრული, ე.წ. ჰანიბალთან „უბრძოლველობის“ ტაქტიკა რომში კვლავ არაპოპულარული იყო. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, სახალხო ტრიბუნ მარკუს მეტელუსის ძალისხმევით, ფაბიუსის მსგავსად დიქტატორად მინუციუსიც გამოცხადდა. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. არც მანამდე და მას შემდეგ არ ყოფილა რომში ერთდროულად ორი დიქტატორი. ეს ფაქტი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დიქტატურის პრინციპს. ფაბიუსი მაღალ შეფასებას აძლევდა ჰანიბალს და კვლავაც მოუწოდებდა რომაელებს, მის მიმართ განსაკუთრებული სიფხიზლე და სიფრთხილე გამოეჩინათ. ამ დროს ფაბიუსმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ფრონტის ხაზზე, მოქმედ არმიაში გაემგზავრა. მინუციუსმა მისვლისთანავე შესთავაზა მას, მონაცვლეობით შეესრულებინათ მთავარსარდლის მოვალეობა. ფაბიუსმა უარყო ეს თხოვნა და შესთავაზა, ძალები ერთმანეთს შორის გაენაწილებინათ. მინუციუსი დათანხმდა. ამ შეთანხმების შედეგად პირველი და მეოთხე ლეგიონები ერგო მინუციუსს, მეორე და მესამე - ფაბიუსს. ამის შემდეგ მინუციუსმა თავისი ნაწილები რომაელთა ბანაკიდან გაიყვანა და ჰანიბალის პოზიციებს მიადგა. ჰანიბალი კმაყოფილი იყო რომაელთა შიდაპოლიტიკური კრიზისით და, შესაბამისად, ომის ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებით. მის წინაშე იდგა ორი რომაული არმია ურთიერთდაპირისპირებული, სხვადასხვა სტრატეგიისა და ტაქტიკის მქონე მხედართმთავრებით. პუნებისთვის შედარებით ძლიერი მეტოქე იყო ძალაუფლება-შერყეული ფაბიუსი, მინუციუსი კი ჰანიბალს უფრო ნაკლებ საფრთხედ ესახებოდა. ბარკას მიზანი იყო რომაული არმიების ცალ-ცალკე განადგურება.
კართაგენელებსა და მინუციუსის ბანაკს შორის ერთი მაღლობი ადგილი იყო, რომელიც ჰანიბალმა ბრძოლის მომავალ ეპიცენტრად აქცია. მან თავის ირგვლივ ჩაასაფრა დაახლოებით 5 ათასი ქვეითი და მხედარი, უშუალოდ ბორცვზე კი მსუბუქად შეიარაღებული პუნები და მათი მოკავშირეები გამაგრდნენ. მარკუს მინუციუსმა გადაწყვიტა ამ სტრატეგიული სიმაღლის დაკავება და ჯარი დაძრა. მან ჯერ მსუბუქი ქვეითები გაგზავნა, შემდეგ კი მხედრები. ჰანიბალმაც დამატებით ძალებს მოუყარა თავი. კართაგენელებმა მოახერხეს რომაელთა ტალღის შეკავება და მსუბუქი ქვეითები აიძულეს, უკან დაეხიათ. ღომაელმა მხედრებმა უკან დახევა დაიწყეს. მათგან განსხვავებით, მძიმედ შეიარაღებული რომაელი ლეგიონერები კვლავ წინ მიიწევდნენ, მაგრამ მოულოდნელად მათ ზურგიდან დაარტყა ჩასაფრებულ კართაგენელთა არმიამ და რომაელები ალყაში მოაქცია. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი მინუციუსი სწორედ ამ დროს ლეგიონების დასახმარებლად მისულმა ფაბიუსმა იხსნა. ჰანიბალმა ბრძოლის გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩათვალა, უკან დახევის ბრძანება გასცა და თავის ბანაკს დაუბრუნდა.
რომაელთა ეს წარმატება აშკარად ფაბიუსის დამსახურება იყო. მინუციუსს სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ გამოცხადებულიყო ფაბიუსთან და უარი ეთქვა თავის უფლებამოსილებაზე, როგორც მთავარსარდალსა და დიქტატორს (უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით - თანადიქტატორობასა და თანამთავარსარდლობაზე). იგი თავის ლეგიტიმურ, ცხენოსანთა რაზმის მეთაურობას დაუბრუნდა. ამრიგად, ტრაზიმენოს ტბასთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჰანიბალმა ფაქტობრივად დაკარგა გამარჯვების რეალური შედეგები.
ძვ.წ. 217 წლის სამხედრო ოპერაციები წარუმატებელი გამოდგა კართაგენელებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ჰასდრუბალ ბარკიდმა ძვ.წ. 21817 წლების ზამთარში მოამზადა ძლიერი საზღვაო ფლოტი და თავისი არმია ზღვითა და ხმელეთით პირენეის ნახევარკუნძულისაკენ დაძრა, მდ. იბერიუსის შესართავთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში კართაგენელთა ფლოტი განადგურდა. ამის შემდეგ რომაელებმა თავიანთი ჯარები ახალ კართაგენს მიაყენეს და თავს დაესხნენ კუნძულ ებესს. როგორც კი რომაელთა ფლოტმა მდ. იბერიუსის შესართავის ჩრდილოეთ სანაპიროებს მიაღწია, გნეუს კორნელიუს სციპიონმა შეტევა დაიწყო კასტილიის მთების მიმართულებით. ამასობაში ჰასდრუბალმა უკან დაიხია ლუზიტანიის მიმართულებით, ატლანტის ოკეანის სანაპიროებისკენ. შწორედ ამ დროს მდ. იბერიუსის ნაპირებზე მცხოვრები ილერგეტები რომაელთა წინააღმდეგ აჯანყდნენ. სციპიონი ადვილად გაუსწორდა მათ. სამაგიეროდ, ამით კარგად ისარგებლა ჰასდრუბალმა და მდ. იბერიუსის ჩრდილოეთით დაიწყო ლაშქრობა. მოულოდნელად მან მიიღო ცნობა, რომ პუნების სამფლობელოებს შეესივნენ რომის მოკავშირე, კელტ-იბერთა ტომები. მათთან ბრძოლაში დაიღუპა 15 ათასი კართაგენელი მეომარი, ხოლო 4 ათასი პუნი ტყვედ ჩავარდა. ამ დროს ჩავიდა ესპანეთში პუბლიუს კორნელიუს სციპიონი 30 ხომალდისაგან შემდგარი ფლოტით და 8 ათასი მეომრით. მან თავის ძმასთან გააერთიანა ძალები და, ისარგებლა რა იმით, რომ პუნები ამ დროს კელტ-იბერებს ებრძოდნენ, საგუნტუმისკენ დაიძრა. ქალაქში იმ დროს იმყოფებოდნენ მძევლად აყვანილი იბერები, რომლებმაც, სიცოცხლის შესანარჩუნებლად, რომაელების მხარეზე გადასვლა ამჯობინეს. ძმებმა პუბლიუს და გაიუს სციპიონებმა უდანაკარგოდ მიაღწიეს წარმატებას, თუმცა ზამთრის სიცივეების დადგომამ რომაელთა სამხედრო წინსვლა შეაჩერა.
ამ დროს კონსულმა გნეუს სერვილიუსმა, რომელიც 120 ხომალდისგან შემდგარ რომაულ ფლოტს სარდლობდა, შემოუარა კორსიკასა და სარდინიას და აფრიკაში შეიჭრა. იმის ნაცვლად, რომ თავისი პოზიციები გაემაგრებინა და სათანადო ანტიკართაგენული პლაცდარმი შეექმნა, მან თავისი ჯარები პურის ყანებს შეუსია, სადაც კართაგენელთა ჩასაფრებებს გადააწყდა. მან იქ 1000 მებრძოლი დაკარგა და სასწრაფოდ დატოვა იქაურობა. ამის შემდეგ სერვილიუსი სიცილიაში გადავიდა. რომაელთა წარუმატებლობას ხელი შეუწყო მათმა არაორგანიზებულობამ, არადა, აფრიკის სანაპიროები სუსტად იყო დაცული კართაგენელთა მიერ.
ამასობაში რომში დიქტატურის 6-თვიანი ვადა ამოიწურა და ფაბიუსმა თხოვნით მიმართა კონსულებს, რომის არმიების მთავარსარდლობა მიეღოთ. სერვილიუსმა თავისი ფლოტი დატოვა ლილიბეუმში და ჰანიბალის წინააღმდეგ მებრძოლი ლეგიონებისაკენ გაეშურა. თითქმის იმავდროულად გამოცხადდა მისი კოლეგა, კონსული მარკუს ატილიუს რეგულუსი. ორივე მათგანმა გააგრძელა უკვე ყოფილი დიქტატორის ფაბიუსის ტაქტიკა, რაც გულისხმობდა დროის გაყვანისა და ჰანიბალთან გენერალური ბრძოლისათვის თავის არიდებას (ფაბიუსის ე.წ. „უბრძოლველობის“ ტაქტიკა). ჰანიბალს კი ერთი სული ჰქონდა, როგორმე გადამწყვეტ ბრძოლაში პირისპირ ეხილე რომაული ლეგიონები. ერთი პერიოდი მან გალიაში დაბრუნებაც კი გაიფიქრა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ პუნები მხედართმთავარს ამას სისუსტედ და ღალატად ჩაუთვლიდნენ და რომის დამარცხების ყოველგვარი შანსი დაიკარგებოდა. დაზამთრებასთან ერთად რომაელთა სამხედრო აქტივობა შედარებით შენელდა. ამავე დროს რომს თანადგომა გამოუცხადეს და შესაბამისად დიდძალი საჩუქრები, საკვები და ფურაჟი გაუგზავნეს ნეაპოლმა, სირაკუზამ და სხვა რეგიონებმა. ისინი რომს ჰანიბალისგან მხსნელად მიიჩნევდნენ. ერთადერთი, რასაც ჰანიბალისთვის ამოსუნთქვის საშუალება შეიძლებოდა მიეცა, ზამთრის დადგომა იყო, ჯარის შესვენებისთვის და ძალთა მოკრებისათვის ესოდენ საჭირო და აუცილებელი პერიოდი. ეს მას საშუალებას მისცემდა, მისთვის ხელსაყრელი დროის დადგომას დალოდებოდა. სწორედ მაშინ, 216 წელს რომში კონსულთა მორიგი არჩევნები უნდა გამართულიყო. წინასაარჩევნო კამპანია მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარდებოდა, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია პუნიკური ომის შემდგომ მოვლენებზე. სენატის მოთხოვნით, პრეტორმა მარკუს ემილიუსმა მოუწოდა გნეუს სერვილიუსსა და მარკუს ატილიუს რეგულუსს, არჩევნების დროს ერთ-ერთი მათგანი რომში ჩასულიყო. მათ უარი განაცხადეს იმ მოტივით, რომ არმიას ვერ მიატოვებდნენ ჰანიბალის მხრიდან თავდასხმის საფრთხის გამო. სენატმა კვლავ დიქტატორის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო და, კონსულებთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დიქტატორად დანიშნა ლუციუს ვეტურიუს ფილონი. მის თანაშემწედ დაინიშნა მარკუს პომპონიუს მატონი. Oორი კვირის გასვლის შემდეგ, დანიშვნებთან დაკავშირებული პროცედურული დარღვევების აღმოჩენის გამო, დიქტატორი და მისი თანაშემწე თანამდებობიდან გადააყენეს. დიქტატურის შემოღების იმჟამინდელმა მცდელობამ აშკარად არ გაამართლა.
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, თუ ვინ დაიკავებდა კონსულის თანამდებობას. ერთ-ერთი კანდიდატი იყო გაიუს ტერენციუს ვარონი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა დაბალ სოციალურ ფენებში. ლივიუსის ცნობით, მამამისი იყო ყასაბი და ამ საქმეში მას თავისი ვაჟი ეხმარებოდა. ფიზიკური შრომით დაგროვილი ფული მან პოლიტიკური კარიერისთვის გამოიყენა. ვარონმა თავისი ორატორული ნიჭის წყალობით სწრაფად მოახერხა დაწინაურება: იყო კვესტორი (ხაზინის მეთვალყურე), ედილი (ტრიბუნის თანაშემწე) და ბოლოს პრეტორი (კონსულის თანაშემწე). რომში წინასაარჩევნო ბრძოლა მწვავედ წარიმართა და გაიუს ტერენციუს ვარონის კონსულად არჩევით დამთავრდა. ამით გაიმარჯვა რომის პლებეურმა ხაზმა, რომელიც ორიენტირებული იყო II პუნიკური ომის სწრაფად დამთავრებაზე. რომის პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე, მეორე კონსულად პატრიციების წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო არჩეული. სახალხო კრებაზე მეორე კონსულად აირჩიეს ლუციუს ემილიუს პაულუსი. იგი ცნობილი იყო, როგორც ვარონის მოწინააღმდეგე. რომის სახელისუფლებო არჩევნები 216 წლის სამხედრო მოქმედებებზეც შესაბამისად აისახა. კონსულები აშკარად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, თუნდაც თავიანთი სოციალური მდგომარეობის გამო. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კონსულები არმიას ორ ნაწილად ჰყოფდნენ ან მას მონაცვლეობით სარდლობდნენ. ყოველივე ეს კი ჰანიბალის წისქვილზე ასხამდა წყალს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაბიუსის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმატება იყო ის, რომ ჰანიბალმა დაკარგა სამხედრო ინიციატივა და მოვლენათა დინამიკას უკვე რომის გენერალიტეტი აკონტროლებდა. ვარონმა და პაულუსმა დაიწყეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის ზრდა. პოლიბიოსის ცნობით, რომის არმიაში ამ დროს იმყოფებოდა 87 ათასზე მეტი მეომარი, პლუტარქეს ცნობით კი 92 ათასზე მეტი. ამ დროს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჰანიბალის არმია, პირიქით, მცირდებოდა, განსაკუთრებით კი საკვებისა და ფურაჟის მოპოვებისათვის ჩატარებული ოპერაციების შედეგად. ჰანიბალს თითქმის არ გააჩნდა რეზერვები.
ამავე დროს რომაელთა ერთი ლეგიონი გალიაში გაიგზავნა, რათა გალები დაერწმუნებინათ, რომ სახლებში დაბრუნებულიყვნენ და გადამწყვეტ დროს მიეტოვებინათ ჰანიბალი. ამასთან ერთად სიცილიაზე დისლოცირებულ რომაულ ფლოტს აფრიკაში შესვლის მითითება მიეცა. ჰანიბალის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა; მის არმიას მხოლოდ 10 დღის საკვები ჰქონდა დარჩენილი. პუნების ბანაკში მღელვარება დაიწყო. იბერიელებს ხანგრძლივმა და გაჭიანურებულმა ომმა უბიძგა, ფიქრი დაეწყოთ რომაელების მხარეზე გადასვლაზე. ისინი ჯერ ხელფასს, შემდეგ კი მხოლოდ საკვებსღა ითხოვდნენ. კართაგენის არმიის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ საშიშროებად მოსალოდნელი შიმშილი იქცა. ჰანიბალს ამ დროს დეპრესია დაეწყო და სულ უფრო უძლიერდებოდა სურვილი ქვეითი ჯარის დატოვებისა და კავალერიასთან ერთად გალიაში გადასვლისა (26.38). რჩებოდა მხოლოდ ერთადერთი გამოსავალი - გენერალური ბრძოლა რომის შეიარაღებულ ძალებთან (ეს იყო პრინციპი - „ან ყველაფერი ან არაფერი“ - გაიუს იულიუს კეისრის ცნობილი ფრაზა).
216 წლის (და საერთოდ, მთელი II პუნიკური ომის) ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ ჰანიბალი დაეუფლა ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ულამაზეს პატარა ქალაქ კანეს. ახალმა კონსულებმა, გაიუს ტერენციუს ვარონმა და ლუციუს ემილიუს პაულუსმა გააერთიანეს რომაელთა ძირითადი სამხედრო ძალები და ორი სამხედრო ბანაკი შექმნეს, რომელთაგან უფრო მცირე ზომისა ჰანიბალის პოზიციების სიახლოვეს განთავსდა.
პირველი შეტაკება რომაელებსა და კართაგენელებს შორის მოულოდნელად დაიწყო. როცა პუნი მეომრები ბანაკიდან გამოვიდნენ პურისა და ფურაჟის მოსაპოვებლად, მათ თავს დაესხნენ რომაელები და დაამარცხეს. რომაელებმა დაკარგეს 100, კართაგენელებმა კი 1700 კაცი. მიუხედავად ასეთი წარმატებული დასაწყისისა, რომაელთა კონსულმა ლუციუს ემილიუს პაულუსმა, რომელიც იმ დღეს რომაელებს სარდლობდა, შეწყვიტა შეტევა და გადაწყვიტა, ჰანიბალი ალყაში მოექცია. მან ვარონი აღაშფოთა: მისი სიტყვით, მტერი ხელიდან გაუშვეს.
ჰანიბალმა კვლავ ეშმაკობას მიმართა: დაღამდა თუ არა, მებრძოლები გაიყვანა ბანაკიდან, ინვენტარი კი ადგილზე დატოვა; მთის მარცხნივ ქვეითები ჩაასაფრა, ხოლო მარჯვნივ - ცხენოსნები; ჰანიბალის გეგმით, როცა რომაელები პუნების ბანაკის დარბევას დაიწყებდნენ, მაშინ უნდა დასხმოდა თავს და გაენადგურებინა ისინი; რომაელებს ეჭვი რომ არ გასჩენოდათ, ჰანიბალმა ბანაკში ანთებული კოცონები დატოვა და ამით შენიღბა თავისი გადაადგილება.
გამთენიისას, როცა რომაელებმა კართაგენელთა ცარიელი ბანაკი იხილეს, დარწმუნდნენ, რომ შეშინებული ჰანიბალი თავისი ძალებით გაექცა რომის კონსულებს. რომაელმა ლეგიონერებმა მოითხოვეს, პუნებს დადევნებოდნენ ან მათი ბანაკი დაერბიათ და ხელში ჩაეგდოთ საკვების მარაგი და მთელი ინფრასტრუქტურა. ვარონი დაუყოვნებლივ შეტევას მოითხოვდა, პაულუსი კი სიფრთხილეს იჩენდა. მან პუნთა ბანაკისაკენ მზვერავთა რაზმი გაგზავნა რეალური ვითარების დასაზუსტებლად: რაზმმა შეასრულა დაკისრებული დავალება და სარდლობას მოახსენა, რომ არსებობდა ჩასაფრების საფრთხე ჰანიბალის მხრიდან და რომ ბანაკში ყველა ნივთი და კარავი ადგილზე იყო. აქა-იქ ვერცხლის ფულებიც იყო მიმობნეული. აშკარა იყო, რომ ყოველივე ამას რომაელებისათვის სატყუარას როლი უნდა შეესრულებინა. სანამ რომაელ კონსულებს შორის გაცხოველებული კამათი მიმდინარეობდა, დაეწყოთ თუ არა შეტევა ჰანიბალის წინააღმდეგ, ამასობაში მათ წარუდგინეს კართაგენის არმიიდან გამოქცეული ორი ყოფილი მონა: მათ კონსულებს ჰანიბალის ჩასაფრების ზუსტი ადგილი შეატყობინეს. ამრიგად, ჰანიბალის შენიღბული სამხედრო გეგმა რომაელებისთვის ცნობილი გახდა. ჰანიბალმა აპულიისაკენ გადაადგილება გადაწყვიტა, სადაც შედარებით თბილი კლიმატური პირობები იყო. იგი ღამით ფრთხილად გავიდა და ბანაკში რამდენიმე კარავი და ანთებული კოცონი დატოვა. ჰანიბალმა კანესთან ახლოს, ზურგით სამხრეთის ქარისკენ, რომელსაც დიდი რაოდენობით მტვრის მასა მოჰქონდა, საბრძოლო პოზიცია დაიკავა. რომაელები მას ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ. ჰანიბალი დარწმუნებული იყო, რომ რომაელები მას გაშლილ ველზე დაუპირისპირდებოდნენ. ბარკამ ნუმიდიელები მოწინავე საბრძოლო პოზიციებზე განალაგა და რომაელებს დაუწყო ლოდინი. კონსულებმა, ერთმანეთთან გამართული კამათის გამო, კვლავ ვერ შესძლეს ჯარების საბრძოლო პოზიციებზე განლაგება. ამის გამო ჰანიბალმა მებრძოლები უკან, ბანაკში დააბრუნა.
მეორე დღეს პირველი შეტევა ჰანიბალმა განახორციელა, მაგრამ კონტრშეტევაზე გადასულმა რომაელებმა უკან დაახევინეს მოპირდაპირეს. მომდევნო დღეს, ორივე კონსულმა ვარონის მთავარსარდლობით, რომაული არმია მდ. Aუფიდუსის მარცხენა ნაპირზე განალაგა. რომაელები შემდეგნაირად განლაგდნენ საბრძოლო პოზიციებზე: მარჯვენა ფლანგზე რომაელთა კავალერია, მარცხენა ფლანგზე რომაელთა მოკავშირე მხედრობა, ცენტრში რომის ლეგიონები, ხოლო მათ წინ _ მსუბუქად შეიარაღებული შურდულოსნები. რომაელთა მარცხენა ფლანგს სარდლობდა კონსული გაიუს ტერენციუს ვარონი, მარჯვენა ფლანგს კონსული ლუციუს ემილიუს პაულუსი, ხოლო ცენტრს კონსული გნეიუს სერვილიუსი.
კართაგენის არმია შედგებოდა 40 ათასი ქვეითი მებრძოლისა (მათ შორის 40% კელტ-იბერები) და 10 ათასი მხედრისაგან (ზოგიერთი ავტორის მონაცემით, 40 ათასი მძიმედ შეიარაღებული ქვეითი, 6 ათასი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი და 8 ათასი მხედარი). რომაელთა არმია 80 ათას ქვეითსა და 6 ათას მხედარს ითვლიდა. პუნები რომაელებზე უკეთეს საწყის პოზიციაში იმყოფებოდნენ. ისინი იდგნენ პირით ჩრდილოეთისკენ და ზურგით ქარისკენ, რომელიც რომაელებს ქვიშასა და მტვერს აყრიდა სახეში; ჰანიბალმა ჯარი ნახევარმთვარისებურად განალაგა. კართაგენელთა მარცხენა ფლანგს სარდლობდა ჰასდრუბალი, მარჯვენა ფლანგს მაჰარბალი, ცენტრს ჰანიბალი.
ბრძოლა ორივე მხრიდან, წესისამებრ, მსუბუქად შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დაიწყეს. ამის შემდეგ იბერებისა და გალების კავალერია რომაელთა მარჯვენა ფლანგს ეკვეთა. ორივე მხარის მებრძოლები არნახული შემართებით იბრძოდნენ. რომაელებმა კართაგენელთა შეტევას ვერ გაუძლეს და მდინარის გასწვრივ დაიხიეს. ამის შემდეგ ბრძოლაში ჩაბმულმა რომაელმა ლეგიონერებმა თავიანთი ძლიერი შეტევით უკან დაახევინეს კართაგენელთა იბერიულ-გალურ კავალერიას. ღომაელები სულ უფრო და უფრო ღრმად შედიოდნენ პუნთა განლაგებაში.
ამ შეტევების პარალელურად, კართაგენელთა არმიის ლიბიელმა ქვეითებმა ორივე ფლანგიდან ინტენსიურად შეუტიეს რომაელებს და, შესაბამისად, ზურგიდან ჩაკეტეს ისინი. რომაელი ქვეითები ალყაში მოექცნენ. კართაგენელთა მარცხენა ფლანგზე ძალზე საინტერესოდ განვითარდა მოვლენები: 500 ნუმიდიელი მხედარი რომაელებთან გამოცხადდა, მათ დაყარეს იარაღი და მტერს ტყვედ ჩაბარდნენ. სინამდვილეში პუნების მხრიდან ეს იყო მოულოდნელი და ეფექტური მანევრი. მოადუნეს რა რომაელთა ყურადღება, მათ იშიშვლეს შენიღბული მოკლე მახვილები და ზურგიდან დაარტყეს რომაელებს. ამან რომაელებში არნახული ფსიქოლოგიური შოკი გამოიწვია და მათი რიგები უწესრიგოდ არია. ნუმიდიელთა ძირითადი ძალები ჰასდრუბალმა ქაოტურად უკანდახეულ რომაელებს დაადევნა. აღნიშნული ბრძოლა მდინარე აუფიდუსის მარცხენა ნაპირზე მიმდინარეობდა. ბრძოლის სასწორი აშკარად ჰანიბალის მხარეზე გადაიხარა: კართაგენული „ტომარა“ სულ უფრო ვიწროვდებოდა და რომაელები უკვე ე.წ. „ქვაბში“ აღმოჩნდნენ. ალყაში მოქცეული რომაელები წრიულ დაცვას მიმარ- თავდნენ და რკალის შევიწროებასთან ერთად სულ უფრო მეტი რომაელი ჯარისკაცი იღუპებოდა. კონსული ლუციუს ემილიუს პაულუსი ბრძოლის ველზე დაეცა.
პოლიბიოსის ცნობით, ბრძოლაში დაიღუპა დაახლოებით 70 ათასი რომაელი, ხოლო 3 ათასმა გაქცევა მოახერხა. ევტროპიუსის ცნობით, რომაელთა დანაკარგი დაღუპულთა სახით შეადგენდა 60 ათას ქვეითს, 3500 მხედარს, 350 რომაული სამხედრო-პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის, არაერთ სენატორს. პლუტარქეს ცნობით, რომაელებს დაუხოცეს 50 ათასი კაცი, ტყვედ კი ჩავარდა 15 ათასი. დაღუპულთა შორის იყვნენ: ყოფილი დიქტატორი მარკუს მინუციუსი და ყოფილი კონსული გნეუს სერვილიუსი.
მთავარსარდალმა გაიუს ტერენციუს ვარონმა 60 მხედრის თანხლებით ვენეციაში მოახერხა გაქცევა. ბანაკში დარჩენილი რომაელები ტყვედ ჩაბარდნენ ჰანიბალს. შეთანხმების თანახმად, ტყვე რომაელებს პუნებისათვის უნდა ჩაებარებინათ ცხენები და იარაღი, ხოლო გათავისუფლების სანაცვლოდ გადაეხადათ გამოსასყიდი შემდეგი ოდენობით: თითოეული ტყვე რომაელის სანაცვლოდ 300 ვერცხლის დინარი, ტყვედ აყვანილი მოკავშირე მებრძოლისათვის – 200 დინარი, ტყვე-მონის სანაცვლოდ კი 100 დინარი. ჰანიბალმა, ლივიუსის ცნობით, დაკარგა 8 ათასი მხედარი, პოლიბიოსის ცნობით კი - 6 ათასი. ეს იყო II პუნიკური ომის აპოგეა. კანეს ბრძოლაში ჰანიბალმა მთლიანად გაანადგურა რომის არმია და ზესახელმწიფო განადგურების წინაშე დააყენა. Oმებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორიაში კანეს ბრძოლა სამართლიანად ითვლება მასშტაბური სამხედრო ოპერაციების სტრატეგიული და ტაქტიკური აზროვნების ერთერთ ქრესტომათიულ შედევრად, სადაც ცალსახად წარმოჩნდა ჰანიბალის, როგორც მხედართმთავრის გენიალობა.
IV თავი
ჰანიბალის დაღმართი კანეს ტრიუმფიდან კაპუას დაცემამდე
კანესთან ჰანიბალის ბრწყინვალე გამარჯვებამ შეაზანზარა ანტიკური სამყარო. რომის არმია სრულად იყო განადგურებული. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდეს ნაწილს კართაგენი აკონტროლებდა, თუმცა სახელმწიფოს დედაქალაქი რომი, ჰანიბალს ჯერ კიდევ წინ ელოდა. ლივიუსის ცნობით, კართაგენელი ოფიცრები ულოცავდნენ ჰანიბალს კანესთან ბრწყინვალე გამარჯვებას და ამავე დროს ურჩევდნენ დაღლილი ჯარისკაცების დასვენებას. მხოლოდ კავალერიის მეთაური, ნუმიდიელი მაჰარბალი დაჟინებით სთხოვდა მთავარსარდალს, არ დაეკარგა არც ერთი წუთი და დაუყოვნებლივ დაძრულიყო რომისაკენ. ლივიუსმა ასე გადმოგვცა ჰანიბალისადმი მაჰარბალისეული მოწოდება _ „მეხუთე დღეს შენ კაპიტოლიუმზე იტალიას მოევლინები გამარჯვებულის დაფნის გვირგვინით!“ ამ დამაინტრიგებელმა წინადადებამ ჰანიბალი ფიქრისა და განსჯისთვის განაწყო. მას გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდებოდა. მაჰარბალმა ჰანიბალს გასამხნევებლად კვლავ მიმართა ასეთი სიტყვებით: „შენ აღწევ დიდ გამარჯვებას, მაგრამ ვერ იყენებ მის ნაყოფს, შედეგის გარეშე მიღწეული წარმატება კი ფუჭია და პოლიტიკურად წარუმატებელი“ (2.98). მაჰარბალს მიაჩნდა, რომ რომზე იერიშს თან ახლდა მოულოდნელობის არნახული ეფექტი, ამიტომ წარმატებაც გარანტირებული ექნებოდათ. და მართლაც, სანამ რომაელები საშინელ მარცხს გააცნობიერებდნენ და საპასუხო ნაბიჯების გადადგმას მოახერხებდნენ, რომზე შეტევა ელვისებური, ე.წ. „ბლიცკრიგის“ პრინციპით უნდა განვითარებულიყო. ამ შემთხვევაში დაყოვნება და დროის გაყვანის ტაქტიკა კართაგენელებისთვის დაღუპვის ტოლფასი იქნებოდა.
სიტუაციიდან გამომდინარე, ჰანიბალს დროზე უნდა მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კართაგენის სამხედრო საბჭოს აზრით, არმიას აუცილებლად უნდა დაესვენა და აღედგინა ძალები. ასეთ შემთხვევაში, ჰანიბალის სტრატეგიის ძირითადი მიმართულება იქნებოდა: 1) რომის მოკავშირე იტალიის ქალაქების კავშირის რომის წინააღმდეგ გაერთიანება; 2) რომზე არაპირდაპირი, შემოვლითი გზით იერიშის მიტანა. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ჰანიბალს კანეს ბრძოლის შემდეგ აღარ გააჩნდა ისეთი სამხედრო რესურსები, რომელიც ცალსახად უზრუნველყოფდა წარმატებას რომზე პირდაპირი შეტევის შემთხვევაში. არსებობდა აგრეთვე სხვა თვალსაზრისიც, რომლის მიხედვითაც ჰანიბალს იმ ვითარებაში სურდა რომის სახელმწიფოსთან კართაგენისათვის ხელსაყრელი საზავო ხელშეკრულების დადება. მაჰარბალის მიზანს კი წარმოადგენდა ნებისმიერი საშუალებით რომის აღება: მას მიაჩნდა, რომ რესპუბლიკის დედაქალაქს აღარ გააჩნდა სრულფასოვანი თავდაცვითი რესურსები, ამიტომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად რომზე დაუყოვნებლივ შეტევასა და ომის საბოლოოდ დამთავრებას მიიჩნევდა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაჰარბალის მოულოდნელობის ფაქტორზე აგებული სამხედრო გეგმა თავის აქტუალობას დაკარგავდა იმის გამო, რომ, კართაგენის კავალერიის რომთან გამოჩენის შემდეგ, ქვეითი ჯარი იქ მისვლას მხოლოდ ორი კვირის შემდეგ შეძლებდა. თუმცა ამავე დროს არსებობდა თეორიული შანსი ჯერ ალყის შემორტყმისა და შემდეგ დროთა განმავლობაში რომის აღებისა.
შემდგომი მოვლენები კი ასე წარიმართა: კანესთან ბრძოლის შემდეგ, ჰანიბალმა გადაწყვიტა რომთან ხელშეკრულების დადება. მას მიაჩნდა, რომ დედაქალაქზე შეტევისთვის საკმარისი ძალები აღარ ჰყავდა. ჰანიბალს ამ გამარჯვების შემდეგ ეგონა, რომ რომი დათანხმდებოდა ჰანიბალის პირობებს და ომიც შესაბამისად კართაგენისთვის ღირსეულად დამთავრდებოდა. უდავოა ის, რომ დედაქალაქიც და სახელმწიფოც სრული განადგურებისაგან ჰანიბალის ყოყმანმა იხსნა. ფაქტი ფაქტად რჩება. ჰანიბალმა, მიუხედავად უდიდესი უპირატესობისა, რომზე პირდაპირი, გადამწყვეტი იერიშის მიტანა ვერ გაბედა. კანესთან მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ მან ხელიდან გაუშვა გადამწყვეტი სტრატეგიული ინიციატივის მოპოვების შანსი და თანდათანობით ყველაფერი დაკარგა.
ჰანიბალმა გადაწყვიტა რომის დაპყრობა არა ბრძოლით, არამედ დიპლომატიური გზით, კეთილშობილებისა და გულმოწყალების გამოვლენით. მან ტყვედ ჩავარდნილ რომაელებს შემდეგი პირობა წაუყენა: მათ უნდა გამოესყიდათ თავიანთი თავი გადასახადის ფასად. მხედარს უნდა გადაეხადა 500 დინარი, ქვეითს 300, მონას კი 100 დინარი. ჰანიბალმა ტყვე-რომაელებს საშუალება მისცა, თავიანთი რიგებიდან აერჩიათ 10-კაციანი ჯგუფი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას რომის სენატს გადასცემდა. ჯგუფის წევრებმა ფიცი დადეს, რომ სენატში საკითხის განხილვის შემდეგ უკან დაბრუნდებოდნენ ჰანიბალთან. ამ ჯგუფთან ერთად ბარკამ რომის სენატში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი – კარტალონი, რომელიც საიდუმლო კავშირში უნდა შესულიყო რომის ხელისუფლებასთან და გაერკვია მათი განწყობა იმასთან დაკავშირებით, სურდათ თუ არა მათ ჰანიბალთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ამ დროს რომის დიქტატორმა კარტალონთან შესახვედრად გაგზავნა თავისი ლიქტორი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, ეუწყებინა კართაგენელისათვის, შებინდებამდე დაეტოვებინა რომის მიმდებარე ტერიტორია. ჰანიბალის ემისარი რომში საერთოდ არ შეუშვეს და ჰანიბალის ამ საიდუმლო დიპლომატიურმა მისიამ მარცხი განიცადა.
კარტალონის მისიის წარუმატებლობამ ჰანიბალს დაანახვა, რომ რომი არ თვლიდა ომში თავს დამარცხებულად და შესაბამისად არ იყო თანახმა კართაგენთან დაზავებაზე. რომის ხელისუფალთა აზრით, ჰანიბალთან დაზავება რომის რესპუბლიკის დასასრულის დასაწყისის მაუწყებელი იქნებოდა. აღსანიშნავია, რომ კანეს ბრძოლის შემდეგ ომის ხასიათი შეიცვალა. თუ მანამდე ძირითადი განმსაზღვრელი იყო ის, თუ ვის ხელში იქნებოდა ხმელთაშუაზღვისპირეთის კონტროლი, ახლა ომმა რომაელთა მხრიდან თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის შინაარსი მიიღო. აშკარაა, რომ ჰანიბალმა თავის გათვლებში შეცდომები დაუშვა. მისი მხრიდან რომაელებთან მოლაპარაკების დაწყების მცდელობა რომაელებმა მას სისუსტედ ჩაუთვალეს. დღევანდელი გადასახედიდან, ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ახალი საომარი კამპანიის დაწყება რომის წინააღმდეგ მანამ, სანამ რომის შეიარაღებული ძალები ფეხზე წამოდგომას შეძლებდნენ.
ჰანიბალმა გადაწყვიტა, ტაქტიკა შეეცვალა. იგი აპულიიდან სამნიუმისკენ დაიძრა. ეს მხარე გამორჩეული იყო ანტირომაული განწყობით და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლით, ამიტომაც მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ჰანიბალის გათვლა ზუსტი აღმოჩნდა. მის მხარეზე უბრძოლველად გადავიდა ქ. კომპსა, სადაც კართაგენის გარნიზონი განთავსდა. ეს ქალაქი ჰანიბალმა თავის საყრდენ პუნქტად აქცია. მან იქ თავი მოუყარა მოპოვებულ ნადავლს, საკვებისა და ფურაჟის მარაგს. ამ ქალაქიდან დაავალა თავის ძმას, მაგონს, დაძრულიყო სამნიუმის მიმართულებით და კართაგენის დაქვემდებარებაში ნებაყოფლობით გადასული ქალაქები მიეღო, ხოლო რომელი ქალაქიც მორჩილებაზე უარს იტყოდა, მათ წინააღმდეგ ძალა გამოეყენებინა. მაგონის კამპანია წარმატებით ჩატარდა. ანტირომაული განწყობით ცნობილი სამნიტური ქალაქები ნებაყოფლობით გადადიოდნენ კართაგენის მხარეზე. თვითონ ჰანიბალი ნეაპოლის ხელში ჩასაგდებად დაიძრა, რათა ტირენის ზღვაზე გასვლა მოეხერხებინა. ქალაქმა ჰანიბალს წინააღმდეგობა გაუწია, რასაც კართაგენელთა მიერ ქალაქის შტურმით აღება მოჰყვა. ამის შემდეგ ჰანიბალმა თავისი ჯარები ნეაპოლის მეტოქე ქალაქ კაპუისკენ დაძრა.
მოვლენები აქ ძალზე საინტერესოდ წარიმართა: ტიტუს ლივიუსის ცნობით, კაპუამ, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდა, რომში გაგზავნა ელჩობა და რომს თავისი პირობები წაუყენა. ქალაქს მტერს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ დაუთმობდნენ, თუ ერთ-ერთი კონსული აუცილებლად კაპუის წარმომადგენელი იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ რომი ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა, რომის სახელისუფლებო ბერკეტები შესუსტდებოდა და სახელმწიფოს წამყვან პოლიტიკურ ძალად, დასუსტებული რომის ნაცვლად, ქ. კაპუა გადაიქცეოდა. აღშფოთებულმა რომის სენატმა კაპუის ელჩობა დედაქალაქიდან გააძევა. სანამ კაპუელთა მისია უკან დაბრუნდებოდა, კაპუელებმა ჰანიბალთან ელჩობა გაგზავნეს.
ამრიგად, კაპუაში მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა ჰანიბალისთვის ხელსაყრელად დასრულდა. გამარჯვება მოიპოვა ანტირომაულმა დაჯგუფებამ. მათ ჰანიბალთან გაგზავნეს დიპლომატიური მისია, რომელმაც კართაგენთან ერთად ანტირომაული კავშირის შექმნის სურვილი დაადასტურა. ჰანიბალმა რეალურად შეაფასა კაპუელთა მოქმედება და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ჰანიბალმა მათ 300 რომაელი ტყვე გადასცა. კაპუელებს შეეძლოთ მათი გაცვლა ტყვედ ჩავარდნილ იმ თანამემამულეებზე, რომლებიც სიცილიის რომაულ ჯარებში მსახურობდნენ.
კაპუამ საბოლოოდ ნათელჰყო რომთან თავისი განხეთქილება. ამის დასტური იყო ის, რომ ქალაქის მცხოვრებლებმა იმ დროს კაპუაში მყოფი ყველა რომაელი დააკავეს და იძულებით აბანოებში ჩაკეტეს, სადაც ყველა სავენტილაციო არხი გადაკეტეს და აუტანელი სიცხით სული ამოხადეს (ყველა სავენტილაციო საშუალება საგანგებოდ დაახშეს).
ამავე დროს ჰანიბალმა თავისი ჯარების კაპუაში განთავსება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ ქალაქში ხმები გავრცელდა, კაპუის ხელისუფალთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, დეციუს მაგიუსმა გადაწყვიტა, როგორმე შეეჩერებინა პუნები. ის არწმუნებდა ქალაქის მცხოვრებლებს, არ შეეშვათ კართაგენელები ქალაქში, რასაც, მისი აზრით, შესაძლოა, პუნების მხრიდან ქალაქის კონტროლის ხელში აღება მოჰყოლოდა. ხოლო თუ ჰანიბალი მაინც შევიდოდა ქალაქში, ქალაქიდან უნდა გაეძევებინათ, რაც უფრო რთული იქნებოდა. როგორც კი ჰანიბალმა ამის შესახებ გაიგო, ბრძანა, მაგიუსი მასთან ბანაკში გამოცხადებულიყო. კაპუელმა უგულებელყო ეს მოთხოვნა.
ჰანიბალსა და კაპუას შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება იყო დადებული. ამის გამო ჰანიბალს იურიდიულად ქალაქზე ზეწოლის უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჰანიბალს მობეზრდა დეციუსის აქტიურობა და მისი დაპატიმრების უკანონო ბრძანება გასცა. მაგრამ ეს ბრძანება არ შესრულებულა ჰანიბალის ქალაქში გამოცხადებამდე. შესვლისთანავე ქალაქის მცხოვრებლებმა მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
მეორე დღეს ჰანიბალის მოთხოვნით მოიწვიეს კაპუის საბჭოს სხდომა, რომელზეც ჰანიბალი სიტყვით გამოვიდა. მან მადლობა გადაუხადა კაპუელებს თანადგომისათვის და კართაგენთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნისათვის. ჰანიბალმა პირობა მისცა ქალაქის მცხოვრებლებს, რომ კაპუა იტალიის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი გახდებოდა და რომს ჩაენაცვლებოდა, ანუ გაჩნდა „კაპუა-ახალი რომის“ ამბიციური იდეოლოგია. ამ გამოწვევას პირველ რიგში უნდა მოჰყოლოდა ჰანიბალის მხრიდან რომზე ფსიქოლოგიური დარტყმის განხორციელება. ჰანიბალმა მოითხოვა კართაგენკაპუის კავშირიდან ერთადერთი ადამიანის, დეციუს მაგიუსის განდევნა. ქალაქის საბჭომ იგი უპირობოდ გადასცა კართაგენულ მხარეს.
კაპუასთან კავშირის მიუხედავად, ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა თანდათანობით უფრო რთულდებოდა. მას კვლავინდებურად არ ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი. ნეაპოლი არ აღიარებდა ჰანიბალის ძალაუფლებას და ეურჩებოდა მას.
ჰანიბალს ახალი სამხედრო ოპერაციების დაწყების წინ დამხმარე ძალების მიღება სურდა. ამ მიზნით მან კართაგენში გაგზავნა თავისი ძმა, მაგონი, რომელმაც საბჭოს დეტალური ანგარიში წარუდგინა. მასში ხაზგასმული იყო ის, რომ ჰანიბალი 6 რომაელი მხედართმთავრის წინააღმდეგ იბრძოდა. მათ შორის იყო 4 კონსული, ერთი დიქტატორი და ერთიც რომის კავალერიის მეთაური. 4 კონსულიდან ორი დაიღუპა, ერთი დაჭრილი გაიქცა, ერთმა კი 50 მებრძოლთან ერთად გაქცევა მოახერხა. დიქტატორი კვინტუს ფაბიუსი დიდ მხედართმთავრად ჩაითვალა მხოლოდ იმის გამო, რომ ვერ გაბედა ჰანიბალთან ბრძოლაში ჩაბმა. მიმდინარე ომში რომაელების საერთო დანაკარგმა 200 ათასი დაღუპული და 50 ათასი ტყვედ ჩავარდნილი შეადგინა. ომის დროს ჰანიბალის მხარეზე გადავიდნენ: ბრუტიუმი, აპულია, სამნიუმის ნაწილი, ლუკანია და კამპანია. მიუხედავად ხელსაყრელი რეალობისა, გამოფიტულ კართაგენელთა არმიას აუცილებლად ესაჭიროებოდა სამხედრო დახმარება, საკვების მარაგისა და დამატებითი ფინანსების გამოყოფა. ამ დროს მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც დისონანსი შეიტანა კართაგენელთა საყოველთაო ზეიმში.
ჰანიბალის ერთ-ერთმა მომხრემ, ჰიმილკონმა, დაიწყო ანტიბარკიდული დაჯგუფების ხელმძღვანელის, ჰანონის დისკრედიტაცია. მან მოსახლეობას შეახსენა მისი საჯარო ანტისაომარი გამოსვლის შინაარსი, რითაც საერთოდ მოითხოვა ჰანიბალის რომაელებისთვის გადაცემა. ჰანონს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჰანიბალის მიერ მოპოვებული გამარჯვებები უშედეგო იყო. მისი განცხადებით, გამარჯვებულ ჰანიბალს მეომრები, სურსათი და თანხები კი არ უნდა მოეთხოვა, არამედ ომში მოპოვებული ნადავლი კართაგენში უნდა გაეგზავნა. მის სიტყვებს ყურადღება არავინ მიაქცია. ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკური მიღწევებიდან გამომდინარე, კართაგენის საბჭომ, ბოლოს და ბოლოს, მიიღო გადაწყვეტილება და ჰანიბალს დასახმარებლად გაუგზავნა 4 ათასი ნუმიდიელი მხედარი, 40 საბრძოლო სპილო და ფინანსები. გარდა ამისა, ესპანეთში გაიგზავნა სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც უნდა გადმოებირებინა დაქირავებული ჯარისკაცები და კართაგენის ჯარების კონტინგენტი შეევსო პირენეის ნახევარკუნძულზე და იტალიაში. ამ შემთხვევაში საუბარი იყო დამატებით 20 ათას ქვეითსა და 4 ათას მხედარზე. მოგვიანებით ჰასდრუბალ ბარკიდმა, რომელიც სარდლობდა კართაგენის ჯარებს ესპანეთში, მიიღო დავალება, იტალიისკენ დაძრულიყო, მაგრამ ამ ბრძანების შესრულება შეუძლებელი აღმოჩნდა.
მაგონის მისიის შედეგები ჰანიბალის იმედებს არ შეესაბამებოდა: 4 ათასი მეომარი და 40 სპილო მისთვის ზღვაში წვეთი იყო. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო დამატებითი დაბრკოლებები. დამხმარე ძალებს ყველა შემთხვევაში უნდა ჩაეღწიათ ჰანიბალამდე, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნდა. კართაგენის ხელისუფლება არ ჩქარობდა თავისი გადაწყვეტილებების შესრულებას. მაგონმა ვერ შეაგროვა გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი მეომართა კონკრეტული რაოდენობა, თანაც მეომართა იმ შეზღუდულმა კონტიგენტმაც ვერ მიაღწია ჰანიბალამდე. ცხადი იყო, რომ კართაგენის საბჭო აშკარად ხელს უშლიდა ჰანიბალს და ისიც საბოლოოდ მიხვდა, რომ აზრი აღარ ჰქონდა კართაგენის ხელისუფლების იმედად ყოფნას, საჭირო გადაწყვეტილებები მას თვითონ უნდა მიეღო.
შემაშფოთებელი ცნობები მისდიოდა ჰანიბალს ესპანეთიდანაც: ჰასდრუბალ ბარკამ კართაგენის საბჭოსგან მიიღო ბრძანება, იტალიისკენ დაძრულიყო და ჰანიბალს შეერთებოდა. ამ გადაწყვეტილებამ ესპანეთში პრორომაული (იმავდროულად ანტიკართაგენული) განწყობა გააძლიერა.
იტალიისკენ დაძრული ჰასდრუბალის წინააღმდეგ თავიანთი არმიები გააერთიანეს ძმებმა პუბლიუს და გნეუს კორნელიუს სციპიონებმა, რომლებმაც მდ. იბერიუსი გადალახეს და უშუალოდ დაუპირისპირდნენ კართაგენელთა ესპანურ არმიას. ამ ბრძოლაში რომაელებმა გაიმარჯვეს. პუნებს დაეღუპათ 25 ათასი მებრძოლი, 10 ათასი კი ტყვედ ჩავარდა. ჰასდრუბალმა გაქცევით უშველა თავს.
ჰასდრუბალის მარცხმა მძიმე გავლენა მოახდინა ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ესპანეთიდან შესაძლო სამხედრო დახმარებაზე ფიქრმა საბოლოოდ დაკარგა აზრი. ამ შემთხვევაშიც ჰანიბალი მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს უნდა დაყრდნობოდა. მდ. იბერიუსის ნაპირას გამართულ ბრძოლაში ძმები სციპიონების გამარჯვების შემდეგ აშკარა გახდა, რომ რომი არ აპირებდა დანებებას და იწყებდა ახალ სამხედრო-პოლიტიკურ ეტაპს კართაგენის წინააღმდეგ.
კანესთან განცდილმა მარცხმა რომი შოკში ჩააგდო. ქალაქში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, თითქოსდა მთლიანად განადგურდა რომის შეიარაღებული ძალები, დაიღუპნენ კონსულები (რომში ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რომ ვარონი ცოცხალი იყო და ცდილობდა, რომაული არმიის ნარჩენებისაგან ბრძოლისუნარიანი სამხედრო ფორმირებები ჩამოეყალიბებინა). რომაელებს ეგონათ, რომ მთელი იტალია, რომის გარდა, ჰანიბალის ხელში იმყოფებოდა. ქალაქში საყოველთაო პანიკამ დაისადგურა. თითქმის ყველა სახლიდან ისმოდა მიცვალებულთა დატირების ხმები. დედაქალაქის მოსახლეობას ეჭვი აღარ ეპარებოდა იმაში, რომ ჰანიბალს ნებისმიერ წუთს შეეძლო ქალაქისათვის ალყის შემორტყმა. ასეთ ვითარებაში პრეტორებმა, პუბლიუს ფურიუს ფილუსმა და მარკუს პომპონიუსმა სენატის სხდომა მოიწვიეს, რათა განეხილათ ერთადერთი საკითხი – როგორ დაეცვათ დედაქალაქი ჰანიბალისგან. ყოფილმა დიქტატორმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა, რომის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიზნით, სენატს შემდეგი წინადადებებით მიმართა: 1) გაეგზავნათ მხედართა მზვერავი რაზმი აპიისა (ვია აპპია) და ლათინთა (ვია ლატინა) გზებით და გაერკვიათ რომის არმიისა და კონსულთა ბედი; 2) დაედგინათ, თუ სად იმყოფებოდა ჰანიბალი და რა კონკრეტული ამოცანის შესრულებას აპირებდა; 3) ქალაქში სასწრაფოდ დაემყარებინათ უმკაცრესი წესრიგი; 4) ჭირისუფალი ქალებისთვის აეკრძალათ საზოგადოებრივ ადგილებში მიცვალებულთა ხმამაღალი გლოვა; 5) ქალაქი არავის არ უნდა დაეტოვებინა ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად; 6) მოქალაქეები თავიანთ საცხოვრებელ სახლებში უნდა დარჩენილიყვნენ და დალოდებოდნენ ხელისუფლებისაგან ოფიციალურ შეტყობინებას შემდგომი მოქმედებების თაობაზე.
რომის სენატმა გადაწყვიტა, გაეთვალისწინებინა ფაბიუსის წინადადებები, მაგრამ სხდომის დაწყებისთანავე ჩამოვიდა რომში ვარონი, რომელმაც რეალური სურათი წარმოადგინა და დასახა გეგმები ქვეყნის გადასარჩენად.
უნდა აღინიშნოს, რომ პანიკა მებრძოლთა შორისაც შეიმჩნეოდა. მათი საკმაო ნაწილი იტალიიდან წასვლასა და რომელიმე ქვეყანაში სამხედრო სამსახურის გაგრძელებას ფიქრობდა. მათ მხარს უჭერდა სენატორი ლუციუს ცეცილიუს მეტელუსი. ეს გეგმა ჩაშალა ახალგაზრდა ტრიბუნმა პუბლიუს კორნელიუს სციპიონ უმცროსმა, რომელმაც მოგვიანებით საბოლოოდ დაამარცხა ჰანიბალი. ვარონმა სენატს შეატყობინა, რომ მის განკარგულებაში ჯერ კიდევ რჩებოდა დაახლოებით 10 ათასი მეომარი, რომელთაც ორგანიზება ესაჭიროებოდათ. ღაც შეეხება პუნებს, ჰანიბალი ჯერ კიდევ კანესთან იმყოფებოდა და ნადავლს ანაწილებდა. დროებით შეწყდა ცერერასადმი მიძღვნილი ყოველწლიური დღესასწაულები, რადგანაც მასში მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ მგლოვიარე ადამიანებს. სხვა რელიგიური რიტუალების ჩატარებას ხელი რომ არ შეშლოდა, სენატმა დაღუპულთა გლოვის 30-დღიანი ვადა განსაზღვრა.
კვინტუს ფაბიუს პიქტორი, რომელიც დიქტატორის ნათესავი იყო, მოგვიანებით კი II პუნიკური ომის ისტორიოგრაფი, სენატმა დელფოს ორაკულთან (აპოლონის ტაძრის სამისნო) გაგზავნა, რათა მისგან მიეღო წინასწარმეტყველური რჩევა, თუ როგორი რიტუალის ჩატარება იყო საჭირო ღმერთების გულის მოსაგებად. სათანადო კონსულტაციების შემდეგ `რომის გადასარჩენად~ შესაბამისი მსხვერპლთშეწირვა ჩატარდა, მათ შორის, ადამიანებისაც. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რიტუალები საგანგებო მდგომარეობის ჟამს რომში არაერთხელ ჩატარებულა. მაგალითად, ასეთი საგანგებო რიტუალი ჩატარდა ძვ. წ. 226 წელს, როდესაც რომში გალების შემოსევას ელოდნენ.
კვინტუს ფაბიუს პიქტორის მისიამ რომაელებს სასურველი შედეგი მოუტანა: ორაკულმა მას ამცნო იმ ღმერთებისა და ქალღმერთების სახელები, რომელთაც მსხვერპლთშეწირვა ეძღვნებოდა. პითიას წინასწარმეტყველებით, თუ რომაელები მის რჩევას მიიღებდნენ, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა და ომში გამარჯვებას მოიპოვებდნენ, რის შემდეგაც მოპოვებული ნადავლის ნაწილი დელფოს სამისნოსთვის უნდა შეეწირათ. ამავე დროს რომაელებს თავი უნდა შეეკავებინათ ზღვარგადასული მხიარულებისგან. წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ პიქტორმა იქვე, დელფოსში ყველა ღმერთს გუნდრუკი და ღვინო შესწირა.
სენატის ასეთ მოქმედებას რომზე შესაბამისი მორალურ პოლიტიკური ეფექტი უნდა მოეხდინა და მოქალაქეებისთვის სულის სიმტკიცე შთაენერგა. დელფოს ორაკულის პოზიცია რომისთვის სასარგებლო პოლიტიკას უწყობდა ხელს. ყოველივე ამან აჩვენა, რომ ჰანიბალთან ბრძოლა ჯერ არ იყო დასრულებული და ორაკულს ეჭვიც არ გასჩენია, რომ საბოლოო გამარჯვება რომს დარჩებოდა. რომის ხელისუფლებამ სურვილი გამოთქვა, სულ მცირე ნეიტრალიტეტი მაინც შეენარჩუნებინათ ელინისტურ სამყაროსთან. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ უპირველეს ყოვლისა, აქცენტი გაკეთდა იმ დროს ყველაზე ავტორიტეტულ – დელფოს სამისნოზე. პიქტორის მისიის შედეგები რომაელებისთვის იყო პირველი, ძალზე მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური წარმატება კანესთან განცდილი მარცხის შემდეგ.
ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან საჭირო იყო სწრაფი და ეფექტური მოქმედებები, რათა მიღწეული შედეგი არ გაფერმკრთალებულიყო. თავდაცვის ორგანიზების მიზნით და, პირველ რიგში, ახალი ძალების სამობილიზაციოდ, სენატმა ახალ დიქტატორად დანიშნა მარკუს იუნიუს პერუ და, მასთან ერთად, კავალერიის მეთაურად, ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსი. ღომის არმიაში დაიწყეს 17 წლის ასაკიდან გაწვევა, ზოგჯერ უფრო მცირეწლოვნებისაც. ამრიგად, შეგროვდა 4 ლეგიონი და 1000 მხედარი. სახელმწიფომ ჯერ გაათავისუფლა, ხოლო შემდეგ თავის ხარჯით შეისყიდა უკვე ყოფილი მონები (8 ათასი კაცი) და ისინი რომის შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხა.
ასევე ჯერ გაათავისუფლეს პატიმრობიდან სისხლის სამართლის დამნაშავეები და სესხის გადაუხდელობის გამო მსჯავრდებულნი და შემდეგ არმიაში გაიწვიეს ისინი. მათმა რიცხვმა 6 ათასი კაცი შეადგინა. იმ ეტაპზე რომის ხელისუფლებამ დაახლოებით 25 ათას მეომარს მოუყარა თავი.
ამავე დროს რომაელებს გადასაწყვეტი ჰქონდათ ტყვედ ჩავარდნილი თანამემამულეების ბედიც. ღოგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჰანიბალმა რომაელი ტყვეებისგან შექმნა 10-კაციანი ჯგუფი, რომელიც მან რომაელებთან გაგზავნა მოსალაპარაკებლად. ჰანიბალი რომაელებს სთავაზობდა რომაელი ტყვეების გამოსყიდვას და, შესაბამისად, მოლაპარაკების დაწყებას. სენატმა, როგორც ვიცით, უარი განაცხადა მათ გამოსყიდვაზე და ამით ხაზი გაუსვა თავის შეურიგებელ ანტიკართაგენულ განწყობას, რითაც საბოლოოდ დაამტკიცა, რომ რომი, როგორც სახელმწიფო, არ თვლიდა თავს პუნებთან ომში დამარცხებულად.
წარუმატებელი დიპლომატიური მისიის შემდეგ, ჰანიბალმა აქტიური მოქმედება დაიწყო და ქ. ნოლას მიუახლოვდა. იგი იმედოვნებდა, რომ ეს ქალაქი უბრძოლველად გადავიდოდა პუნების მხარეზე. ქალაქის მოსახლეობა მოითხოვდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას კავშირი გაეწყვიტა რომთან და კართაგენის მხარეზე გადასულიყო. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით განადგურებისგან ქალაქის გადარჩენას შეძლებდნენ, არისტოკრატიას კი რომის ქვეშევრდომობა ერჩია.
ჰანიბალი ელოდებოდა ქალაქის დელეგაციას, რომელიც მას ნოლაში შესვლის ნებას დართავდა. ვითარება სხვაგვარად წარიმართა: ქალაქის სენატმა თავისი წარმომადგენლები გაგზავნა ვარონთან და ახალ მთავარსარდალ პრეტორ მარკუს კლავდიუს მარცელიუსთან. მალე ეს უკანასკნელი თავისი ლეგიონებით ქალაქში შევიდა. ამას უკვე უნდა მოჰყოლოდა კანესთან ბრძოლის შემდეგ იტალიის საზღვრებში პირველი მოსალოდნელი შეტაკება კართაგენსა და რომის არმიას შორის. ჰანიბალმა ბრძოლას თავი აარიდა და ნეაპოლისკენ დაიძრა, რათა კიდევ ეცადა ბედი ამ ქალაქის ხელში ჩასაგდებად. ამ დროს ნეაპოლთან იდგა რომაული გარნიზონი მარკუს იუნიუს სილანუსის მეთაურობით. ჰანიბალი მოსახლეობის მიერ მიტოვებულ ნუცერიას მიადგა. პუნებმა ხელთ იგდეს ქალაქი. კართაგენელებმა ნუცერიის სენატორები აბანოში შერეკეს და იქ გამოწვეს იმის გამო, რომ ისინი წინააღმდეგი იყვნენ ჰანიბალთან მოლაპარაკებისა. ამის შემდეგ ჰანიბალი კვლავ ნოლას მიადგა.
ჰანიბალი ყველა საშუალებით ცდილობდა ქალაქში გამაგრებული რომაელების ბრძოლაში გამოწვევას. მარცელიუსმა თავისი მეომრები ქალაქის შიდა მხრიდან საბრძოლოდ განალაგა. ჰანიბალმა ნოლაზე შტურმის დაწყების ბრძანება გასცა. ამას მოჰყვა რომაელთა მოულოდნელი და ეფექტური მოქმედება მათ მოულოდნელად გახსნეს ქალაქის კარიბჭე და პუნებს შეუტიეს. კართაგენელებმა უკან დაიხიეს. ამის შემდეგ ჰანიბალი აცერიისკენ დაიძრა. მარცელიუსი სასტიკად გაუსწორდა ჰანიბალთან მოლაპარაკების მომხრე ქალაქის მოსახლეობას (სიკვდილით დასაჯეს 70 ადამიანი).
ნოლასთან უკანდახევა ჰანიბალისთვის სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური მარცხი იყო. აცერიასთან მისულ ჰანიბალს ნოლას მსგავსი სიტუაცია დახვდა. იქაური სენატიც წინააღმდეგი იყო ქალაქის დათმობისა. ჰანიბალმა გადაწვა და გაძარცვა ქალაქი. ტყვედ აყვანილი სენატორები ჰანიბალმა ჭაში ჩააყრევინა.
აცერიის აღების შემდეგ, ჰანიბალი კასილინას მიმართულებით დაიძრა. ქალაქთან ახლოს, მდ. ვოლტორნას ნაპირზე რომაელთა 1000-კაციანი გარნიზონი იდგა. ჰანიბალმა ქალაქისკენ გაგზავნა მხედართა რაზმი, რომლებსაც ევალებოდათ მოლაპარაკება ადგილობრივ მოსახლეობასთან, წარუმატებლობის შემთხვევაში კი სასწრაფოდ საბრძოლო მოქმედება უნდა დაეწყოთ. ქალაქში და მის სიახლოვეს სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული. პუნებმა ჩათვალეს, რომ კასილინას მოსახლეობა გახიზნული იყო და ქალაქი მიტოვებული ჩანდა. მათ დაიწყეს ჩაკეტილი ჭიშკრის მტვრევა, მაგრამ სრულიად მოულოდნელად გალავნის კარი გაიღო და რომაელთა 2 კოჰორტა სწრაფ იერიშზე გადავიდა. მათ დასახმარებლად ჰანიბალმა დამხმარე რაზმი გაგზავნა მაჰარბალის მეთაურობით (ეს ის პიროვნება იყო, რომელმაც თავის დროზე ურჩია ჰანიბალს, კანეს შემდეგ პირდაპირ რომზე მიეტანა იერიში). ამ დამხმარე ძალასაც უკან დაახევინეს რომაელებმა. მაშინ ჰანიბალმა ქალაქისათვის ალყის შემორტყმა სცადა. მან ქალაქთან დატოვა გამაგრებული ბანაკი და კაპუისაკენ გაეშურა.
გამოზამთრების მიზნით კართაგენის ჯარების კაპუაში ჩასვლა რომის ისტორიოგრაფიაში ჰანიბალის ერთ-ერთ სერიოზულ სტრატეგიულ შეცდომად არის მიჩნეული. ლივიუსის შეფასებით, „აქ მყოფი კართაგენელი მეომრები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ხელმოკლე, მომჭირნე ცხოვრებას, უეცრად აღმოჩნდნენ უზრუნველ გარემოში და თანდათანობით უმართავ ბრბოდ გადაიქცნენ, რომლებიც მხოლოდ დროსტარებაზე ფიქრობდნენ. მათ თავზე საყრელად ჰქონდათ ღვინო და ლოთობას მიჰყვეს ხელი. ისინი დიდ დროს უთმობდნენ ძილს, ნადიმს, ნაყროვანებას, უსაქმურობას, აბანოში ნებივრობას; ყოველივე ამან დააკნინა მათი ფიზიკური სიჯანსაღე და სულიერი სიმტკიცე“ (71.18.).
ზამთრის მიწურულს ჰანიბალმა თავისი არმია კასილინასკენ დაძრა, რომელიც პუნების ალყის გამო იტანჯებოდა. ქალაქში მოქალაქეთა თვითმკვლელობის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა. აუტანელ პირობებში და შიმშილისაგან განაწამები ადამიანები ქალაქის ქონგურებიდან ხტებოდნენ და პუნების შუბებზე ეცმებოდნენ. Aამ დროს მარცელიუსს მთელი ყურადღება ნოლაზე ჰქონდა გადატანილი, ხოლო დიქტატორი მარკუს იუნიუს პერა რომისკენ მიემართებოდა, რათა გაეკონტროლებინა კავალერიის მეთაურის ტიბერიუს გრაკხუსის მოქმედებები. ეს უკანასკნელი დიქტატორისგან დამოუკიდებლად, თვითნებურად იღებდა გადაწყვეტილებებს. მან ერთხელ მდ. ვოლტორნაში ჩაუშვა ხორბლით სავსე კასრები, რათა ქალაქის მცხოვრებნი და იქ მყოფი რომაელი მეომრები შიმშილით სიკვდილისგან ეხსნა. მაგრამ მოხდა ისე, რომ მთელი ეს მარაგი პუნებმა იგდეს ხელთ. კასილინას მცხოვრებლებმა და რომაელმა ლეგიონერებმა ტყავის, ბალახისა და ვირთხების ჭამა დაიწყეს.
ჰანიბალმა აღარ ჩათვალა საჭიროდ ქალაქის ძალით აღება და მოლაპარაკების დაწყებას დათანხმდა. მან ქალაქის თითოეული მცხოვრებისაგან გამოსყიდვის მიზნით მიიღო 7 უნცია (დაახლოებით 31 გრამი) ოქრო და ამის შემდეგ უფლება მისცა, ქალაქი დაეტოვებინათ.
კასილინას დამორჩილების შემდეგ ჰანიბალმა წარმატებით განაგრძო სამხრეთ იტალიაში გადაადგილება და რამდენიმე დასახლებულ პუნქტს დაეუფლა. მათ შორის პირველი მსხვერპლი იყო პეტელია. ქალაქის ხელისუფლებამ რომს სთხოვა დახმარება, მაგრამ უარი მიიღო. რომმა ვერ შეძლო დახმარების გაწევა და ქალაქს მოუწოდა, თვითონ ეზრუნა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ღამდენიმე თვის წინააღმდეგობის შემდეგ ქალაქი პუნებს დანებდა. მხოლოდ 800-მა კაცმა შეძლო გაქცევით თავის გადარჩენა.
ამის შემდეგ ჰანიბალის მოკავშირე ბრუტიებმა ხელთ იგდეს ბერძნული ქალაქი კროტონე. ასევე ბრუტიების მხარეზე გადავიდა შემდეგი ბერძნული ქალაქი ლოკრი. ამ პერიოდში სიცილიაშიც ანტირომაული ორიენტაცია ჩამოყალიბდა: სირაკუზის მეფის ჰიერონ II-ის უფროსი ვაჟი გელონი კანეს ბრძოლის შემდეგ აშკარად ჰანიბალის მხარეზე გადავიდა. მან გადაწყვიტა ხალხის შეიარაღება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება, შემდეგ კი ქალაქის ჰანიბალისთვის გადაცემა. მაგრამ მოულოდნელად გელონი გარდაიცვალა. არსებობს გარკვეული ეჭვები და არც თუ უსაფუძვლო, რომ მის სიკვდილში მამამისის ხელი ერია. ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, თუმცა მცირე ხნით, რომისა და სირაკუზის კავშირს.
სანამ ჰანიბალი და მისი მოკავშირეები სამხრეთ იტალიაში აგრძელებდნენ ბრძოლას, მისი ძმა მაგონი კართაგენში დამხმარე ძალებს აგროვებდა. მან თავი მოუყარა 12 ათას ქვეითსა და 1500 მხედარს (კართაგენის საბჭოს გადაწყვეტილებით, უნდა შეგროვილიყო 4 ათასი მხედარი), 20 საბრძოლო სპილოს (საჭირო იყო 40), 1000 ვერცხლის ტალანტსა და 60 საბრძოლო ხომალდს. ეს ყველაფერი მას სასწრაფოდ უნდა გაეგზავნა იტალიაში. მაგრამ ვითარება უეცრად მკვეთრად შეიცვალა.
კართაგენში ესპანეთიდან ჩავიდა ხმები იმის შესახებ, რომ კართაგენის ჯარებმა პირენეის ნახევარკუნძულზე მარცხი განიცადეს. ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ იქ რომაელთა მხარეზე გადასვლა ამჯობინა. ამავე დროს კართაგენში ჩავიდა სარდინიიდან გაგზავნილი ელჩობა. მათ პუნებს შეატყობინეს, რომ კუნძულზე იმყოფებოდა რომაელთა მცირე გარნიზონი, რომლის მეთაური, პრეტორი კლავდიუსი უკვე რომში იყო გაწვეული და ახალი მეთაურის ჩასვლას ელოდებოდნენ. მკაცრი და ხარბი რომაელების ძალმომრეობით უკმაყოფილო მოსახლეობა მზად იყო ამბოხებისთვის, თუ ამის ორგანიზება მოხერხდებოდა. ანტირომაულ ამბოხებას სათავეში ჩაუდგა ხამპსიკორა, კუნძულ სარდინიაზე ყველაზე გავლენიანი და მდიდარი პიროვნება. აღსანიშნავია, რომ კუნძულზე ანტირომაული მოძრაობა ძირითადად არისტოკრატულ წრეებში იყო გავრცელებული. კუნძული ფინიკიის კოლონიას წარმოადგენდა. I პუნიკური ომის შემდეგ სარდინია რომის იურისდიქციაში გადავიდა.
ყოველივე ამის შემდეგ კართაგენის საბჭომ გადაწყვიტა მაგონის ესპანეთში გაგზავნა მთელი თავისი ჯარებით, სარდინიაში კი გადაწყდა ჰასდრუბალ პლევიშას გაგზავნა დაახლოებით იმავე რაოდენობის მხედრობით. კართაგენის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილებით სურდა, გაემყარებინა პოზიცია პირენეის ნახევარკუნძულზე და ხელში ჩაეგდო სარდინია, შემდეგ კი დამატებითი იერიში მიეტანა ცენტრალურ იტალიაზე.
რომისა და კართაგენის დაპირისპირების მასშტაბებმა თითქმის ყველა ქვეყნისა და მეფის ყურადღება მიიპყრო: მათ შორის იყო მაკედონიის მეფე ფილიპე V, რომელსაც სურდა, ეს დაპირისპირება თავისი ინტერესების სასარგებლოდ გამოეყენებინა.
221 წელს გარდაიცვალა მაკედონიის მეფე ანტიგონ დოსონი. ტახტი დაიკავა მისმა მემკვიდრემ (ფილიპე V). კანესთან გამართული ბრძოლის შემდეგ მაკედონიის მეფემ მთელი ყურადღება კართაგენისა და რომის ურთიერთდაპირისპირებაზე გადაიტანა. მის მიზანს წარმოადგენდა საბერძნეთის სრული გაკონტროლება და გარკვეული ხნით კართაგენთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დამყარება, თუმცა უკვე ჩანდა, რომ მოგვიანებით კართაგენ-მაკედონური კავშირიც დაიშლებოდა და, სავარაუდოდ, კართაგენი და მაკედონია მეტოქეებად იქცეოდნენ.
ამასობაში მაკედონიის მეფემ 100 ხომალდი ააგებინა, საზღვაო ფლოტი ღია ზღვაში გაიყვანა და კეფალენიასა და ლევკადეს მიადგა. მოგვიანებით, როცა მან გაიგო, რომ რომაელთა ფლოტმა ღუზა ჩაუშვა ლილიბეუმის (სიცილია) მახლობლად, იგი ზღვით გაეშურა აპოლონიისკენ, ილირიის მიმართულებით. ამავე დროს ფილიპემ მიიღო ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა რომაული ფლოტი მის წინააღმდეგ დაიძრა. ამ ამბავმა ის პანიკაში ჩააგდო და უკან დაიხია მაკედონიისაკენ. ამრიგად, ფილიპე V-ის პირველი ცდა, ხელში ჩაეგდო ილირია, წარუმატებლად დამთავრდა. ამას ხელი შეუწყო რომაელებისადმი მისმა პანიკურმა შიშმა.
ფილიპეს ამ წარუმატებლობამ დააჩქარა ჰანიბალთან მისი დაახლოება, რომლითაც არანაკლებ იყო დაინტერესებული პუნი მხედართმთავარიც. ამ კავშირის დამყარება ჰანიბალს პირველ რიგში იმიტომ სურდა, რომ ამით რომაელთა ყურაღებას იტალიის ფარგლებს გარეთ გადაიტანდა და დიპლომატიურ იზოლაციასაც თავს დააღწევდა. ასეთი იყო ვითარება, როდესაც ჰანიბალის ბანაკში გაიგზავნა მაკედონელთა ელჩობა ქსენოფონეს მეთაურობით. მათ გვერდი აუქციეს ბრუნდიზიუმს (თანამედროვე ბრინდიზი) და ტარენტოს (ამჟამინდელი ტარანტო), რომელთაც რომაელთა სანაპირო დაცვის ხომალდები იცავდა. მაკედონელები გადასხდნენ იტალიაში, ბერძნული ქალაქის კროტონას სამხრეთით და აქედან აპულიის გავლით კაპუის მიმართულებით დაიძრნენ. გზაში ისინი გადააწყდნენ რომის სანაპირო დაცვის ძალებს. ღომაელმა ჯარისკაცებმა ელჩები პრეტორ მარკუს ვალერიუს ლევინს წარუდგინეს. ამ უკანასკნელს ლუცერიასთან ახლოს ჰქონდა ბანაკი. დაძაბული სიტუაცია ქსენოფონემ განმუხტა. მან მხნედ მოახსენა რომაელ პრეტორს, რომ იგი გამოგზავნილი იყო მასთან მაკედონიის მეფე ფილიპესგან, თითქოსდა რომაელებთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად. ამით გახარებულმა პრეტორმა კართაგენელ ელჩებს გამყოლები მისცა, რომლებმაც საიმედო გზები უჩვენეს მაკედონელებს. გარდა ამისა, გამყოლებმა მათ მიაწოდეს ცნობები, თუ სად იდგნენ რომაელები და კართაგენელები. მათ გონივრულად გამოიყენეს ყველა ინფორმაცია და უმოკლესი გზით ჩავიდნენ კამპანიაში, ჰანიბალის ბანაკში.
ლივიუსის ვერსიით (71.33), მაკედონელთა მეფეს ჩაფიქრებული ჰქონდა იტალიაში გადასვლა და იქაური საზღვაო სანაპიროს დარბევა. მისი აზრით, ეს ხელს შეუწყობდა რომზე მისი და ჰანიბალის ერთობლივ გამარჯვებას. ამის შემდეგ მოკავშირეებს ბერძნების წინააღმდეგ უნდა გაელაშქრათ. საბოლოო ჯამში ფილიპე მიიღებდა საბერძნეთის ბალკანურ ნაწილს ანუ მაკედონიის მიმდებარე ბერძნულ ტერიტორიებს.
ამ საკითხის ირგვლივ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ხელშეკრულებაში საერთოდ არ ჩანდა ფილიპეს კონკრეტული ვალდებულება. უფრო მეტიც, ჰანიბალი ამ დოკუმენტით პერსპექტივაში იტოვებდა რომთან საზავო ხელშეკრულების დადებას. უნდა აღინიშნოს, რომ რომმა არ გაითვალისწინა მისი სურვილი. ხელშეკრულებაში ძალზე ბუნდოვანი იყო ჰანიბალის ვალდებულება მაკედონიის შესაძლო დახმარებაზე. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოსდა ამ ხელშეკრულების დადებისას მხარეები მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდნენ და არ სურდათ, კონკრეტულად განესაზღვრათ თავიანთი ვალდებულებები. შეიძლება ითქვას, რომ მხარეები ბოლომდე არ ენდობოდნენ ერთმანეთს. საყურადღებოა ამ ხელშეკრულების ფორმა. იგი წარმოადგენს ფიცის მსგავს ტექსტს, რომელიც მოკავშირეთა ურთიერთობებს აფიქსირებს. უპირველესად მოცემულია ღმერთებისადმი მიმართვა, შემდეგ - ჰანიბალისა და მასთან მყოფი კართაგენელების ფიცი. თუმცა მასში არ ჩანს კართაგენის ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია, რომელიც უნდა განსაზღვრავდეს მაკედონელებთან მათ შემდგომ ურთიერთობებს. იქიდან გამომდინარე, რომ ფილიპე თავისი სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, ხოლო ჰანიბალი თავისი პირადი სახელით, ფილიპე V-ს აფიქრებინებდა, რომ ეს კავშირი მტკიცე არ უნდა ყოფილიყო.
მაგრამ, მიუხედავად ასეთი სირთულეებისა, ხელშეკრულების დადება ორივე მხარისათვის მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატება იყო, თუმცა საქმე ამაზე წინ აღარ წასულა და რეალური შედეგიც არ დამდგარა. მაკედონელთა ელჩები ხელშეკრულების დადებისთანავე უკან გამობრუნდნენ. ჰანიბალმა მათ გააყოლა თავისი ელჩები (ჰისგონი, ბოსტარი და მაგონი). მაკედონიის მეფეს მათი თანდასწრებით უნდა მოეხდინა ხელშეკრულების რატიფიკაცია და შესაბამისი ერთგულების ფიციც წარმოეთქვა. როგორც კი ორივე მხარის ელჩობამ ჰანიბალის ბანაკი დატოვა, ისინი ზღვის სანაპიროსთან მივიდნენ, სადაც მაკედონელებს თავიანთი ხომალდები ჰქონდათ გადამალული. დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ხომალდებში ჩასხდნენ და ღია ზღვაში შევიდნენ. მაგრამ ისინი შეამჩნიეს კალაბრიის მცველმა რომაელთა საზღვაო ძალებმა, რომლებიც გამოეკიდნენ პუნებსა და მაკედონელებს. ამ უკანასკნელებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ მალევე მიხვდნენ, რომ რომაელებს ხელიდან ვერ დაუსხლტებოდნენ და დანებება გადაწყვიტეს. ამ სიტუაციაში ქსენოფონემ გადაწყვიტა, რომაელების გასაცურებლად ნაცადი დიპლომატიური ხრიკი გამოეყენებინა. მან კიდევ ერთხელ შეახსენა რომაელებს, რომ ისინი პრეტორ მარკუს ვალერიუსთან იყვნენ წარგზავნილნი, მაკედონიასთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირის დასამყარებლად. მაგრამ რომაელებმა უკვე აღარ დაუჯერეს მას. მათ უმალ ამოიცნეს მათ შორის კართაგენელები, გაჩხრიკეს თითოეული მათგანი და იპოვეს ჰანიბალის წერილი ფილიპესადმი, ამასთან ხელშეკრულების ტექსტიც. რომაელებმა ყველანი დააპატიმრეს და მტკიცებულებებთან ერთად რომში გაგზავნეს, სადაც მაკედონელები სენატის გადაწყვეტილებით საპყრობილეში ჩასვეს, ხოლო კართაგენული მისიის წევრები მონებად გაყიდეს. მიუხედავად ამისა, ერთმა მაკედონურმა ხომალდმა გაქცევა მაინც მოახერხა და სამშობლოში დაბრუნდა. პარალელურად, იტალიაში ომი ინერციით მაინც გრძელდებოდა. ომის მონაწილეთაგან ერთი მხარე (რომაული) ჯერ კიდევ ძალზე დასუსტებული იყო, ხოლო მეორე მხარემ (კართაგენულმა) შეტევების სიმძაფრე დაკარგა.
ახალი სამხედრო კამპანიის დაწყების ინიციატივა ხელში აიღო კაპუამ, რომელსაც სურდა ქალაქ კუმის ხელში ჩაგდება. ამ გეგმის განხორციელება რომისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, რადგანაც ამბიციური კაპუა რომის ჩანაცვლებას ფიქრობდა. ამ სიტუაციაში ჰანიბალის პოლიტიკური პერსპექტივა ბურუსით იყო მოცული. ერთი მხრივ, კაპუის მოქმედება ანტირომაულ ხასიათს ატარებდა და ხელსაყრელი იყო ჰანიბალისთვის. მეორე მხრივ, კაპუის ამბიციებს პერსპექტივაში შესაძლოა ჰანიბალთან დაპირისპირება მოჰყოლოდა. შემდგომმა მოვლენებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა კაპუა ჰანიბალის ურთიერთობაზე. მიზნის მისაღწევად კაპუელებმა გადაწყვიტეს ქალაქ გამაში გამართული მსხვერპლშეწირვის რიტუალის გამოყენება. ხელისუფლებამ კუმის სენატს შესთავაზა, მონაწილეობა მიეღო ამ რიტუალში. კაპუელები შეპირდნენ გამის მცხოვრებლებს, რომ დაიცავდნენ მათ როგორც რომაელებისგან, ისე კართაგენელებისგანაც. კუმის სენატმა ყოველივე ეს რომის კონსულს ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსს შეატყობინა, რომელიც საწვრთნელ მანევრებს ატარებდა ლატერინასთან ახლოს. გრაკხუსმა გადაწყვიტა, რომის უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად ემოქმედა. ამასობაში კაპუელები შეიკრიბნენ გამაში, სადაც მსხვერპლშეწირვა 3 დღეს გაგრძელდა. ამავე დროს კაპუის უმაღლესი მაგისტრატის, მარიუს ალფიუსის სარდლობით 14 ათასი კაპუელი მეომარი საბრძოლო მზადყოფნაში საფარში იმყოფებოდა. როგორც კი მსხვერპლშეწირვა დასრულდა, გრაკხუსი მოულოდნელად თავს დაესხა კაპუელთა ბანაკს, 2 ათასი კაცი გაანადგურა და სწრაფად უკან გაბრუნდა კუმის მიმართულებით. როგორც კი ჰანიბალმა ეს ამბავი გაიგო, თავისი ძალები კაპუისკენ დაძრა. იგი ფიქრობდა, რომ ნადავლის განაწილებით გართულ რომაელებს თავს დაატყდებოდა და მათ ხელში ჩაიგდებდა. მაგრამ ადგილზე მისულ პუნებს მხოლოდ მიცვალებულები დახვდათ.
ჰანიბალის წინაშე კვლავ დაისვა (უკვე მერამდენედ) კითხვა, თუ რა გზას დასდგომოდა, რათა, ბოლოს და ბოლოს, დასახული მიზნისთვის მიეღწია. ომის გაჭიანურების ტაქტიკა ძირითადად წამგებიანი იყო. ჰანიბალმა გადაწყვიტა, კუმისთვის ალყა შემოერტყა, მაგრამ თავი შეიკავა და მხოლოდ მეორე დღეს დაიწყო აქტიური მოქმედება (კვლავ დროის გაჭიანურების მცდარი ტაქტიკა).
ამასობაში ქალაქში სწრაფად გატარდა თავდაცვითი ღონისძიებები და ჰანიბალმა ვეღარ შესძლო დაგვიანებული შტურმით ქალაქის აღება. ამის შემდეგ მან ააგებინა საალყო კოშკი, რომელსაც ქალაქის მცხოვრებლებმა ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. გრაკხუსის მებრძოლები არ გავიდნენ ქალაქიდან და ბრძოლაში არ ჩაებნენ. ჰანიბალი ქალაქის კარიბჭესთან იყო დადარაჯებული. ჰანიბალი, რომელიც დიდხანს ელოდა რომაელებს, იძულებული გახდა, უკუქცეულიყო.
პუნებმა კიდევ ერთი წარუმატებლობა განიცადეს: ლუკანიაში, გრუმენტესთან, პუნების მხედართმთავარიჰანონი (ბომილკარის ვაჟი) სასტიკად დაამარცხა რომაელმა მხედართმთავარმა ტიბერიუს სემპრონიუს ლონგუსმა.
იმ პერიოდში კართაგენის ხელისუფლებამ მიიღო ინფორმაცია სარდინიაზე ანტირომაული ამბოხების დაწყების შესახებ. მათ მოინდომეს, სათავისოდ გამოეყენებინათ იქ შექმნილი ვითარება და სარდინიაზე გაგზავნეს შეიარაღებული რაზმი ჰასდრუბალ პლეშივას მეთაურობით. საშინელმა ქარიშხალმა პუნების ხომალდები ბალეარის კუნძულების მიმართულებით მიმოფანტა. მათ შეკეთებასა და მოწესრიგებას დიდი დრო დასჭირდა, Aამან კი რომაელების წისქვილზე დაასხა წყალი. რომის სენატის გადაწყვეტილებით, სარდინიაზე გაიგზავნა დამატებითი ძალა – 5000 ქვეითი და 400 მხედარი ტიტუს მანლიუს ტორკვატას მეთაურობით. მათ ანტირომაული ამბოხება უნდა ჩაეხშოთ.
სარდინიაზე ჩასული მანლიუსის ხელთ საბოლოოდ 25 ათასი ქვეითი და 1200 მხედარი აღმოჩნდა. პირველივე ბრძოლაში, რომელიც ამბოხებულ სარდინიელთა ხელმძღვანელმა გოსტიუსმა დაიწყო, სარდინიელები დამარცხდნენ. მათი დანაკარგი 3 ათას მოკლულსა და 800 დაჭრილს შეადგენდა. დანარჩენი ნაწილი კუნძულზე მიმოიფანტა. ამ დროს სარდინიელებს დასახმარებლად მიადგა კართაგენელთა აღდგენილი ფლოტი ჰასდრუბალის მეთაურობით. მანლიუსმა ქ. კარალისისკენ დაიხია. ამავე ქალაქისკენ დაიძრნენ ჰასდრუბალი და გოსტიუსის მამა ხამფსიკორა. მანლიუსი მათთან შესახვედრად გამოვიდა. მან კართაგენელები ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა მათ ხელთ არსებული ძალები. რომაელები განსაკუთრებით აღაფრთოვანა იმ ფაქტმა, რომ ტყვედ აიყვანეს სამი, განსაკუთრებული ავტორიტეტის მქონე კართაგენელი: ჰასდრუბალ პლეშივა, ჰანონი და მაგონი (ბარკიდთა დინასტიის წარმომადგენელი და ჰანიბალის უახლოესი ნათესავი). გოსტიუსი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო მამამისმა – ხამფსიკორამ ტყვეობას თავის მოკვლა ამჯობინა.
რომაელთა კონტროლი სარდინიაზე სრულად აღდგა. დაახლოებით იმავე პერიოდში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: სიცილიის რომაელმა მმართველმა, პრეტორმა ტიტუს ოტაცილიუსმა თავისი ფლოტი ლილიბეუმიდან აფრიკის მიმართულებით დაძრა და გაანადგურა ის სანაპირო ზოლი, რომელიც კართაგენს ეკუთვნოდა. ამ შემთხვევამ ნათლად აჩვენა, რომ, კანესთან გამართული ბრძოლის შემდეგ, კართაგენის ჩრდილო-აფრიკულ სანაპიროებს აღარ გააჩნდა უსაფრთხოების გარანტიები და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა, რომს მათთვის ბოლო მოეღო. მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმ პერიოდზე, როცა რომმა კართაგენისგან ყველაზე ძლიერი, თითქმის დამანგრეველი დარტყმა მიიღო. ეს თვალსაზრისი კიდევ უფრო განამტკიცა სხვა, სახელდობრ, უკან მიმავალი ოტაცილიუსის მიერ პუნების ესკადრის ნაწილის განადგურების ფაქტმა, რომელიც სარდინიიდან სამშობლოში ბრუნდებოდა. ოტაცილიუსმა ხელთ იგდო კართაგენელთა 7 ხომალდი.
იმ დროს რომი - კართაგენის სამხედრო დაპირისპირების ძირითად ასპარეზს სამხრეთ იტალია წარმოადგენდა. ამასობაში, ქ. ლოკრაში ჩააღწია კართაგენიდან გაგზავნილმა დამხმარე ძალამ, რომელსაც ბომილკარი მეთაურობდა. მის დასამარცხებლად რომაელთა სარდალმა აპიუს კლავდიუსმა სწრაფად გადაიყვანა თავისი ჯარები მესანას (თანამედროვე მესინა) მიმართულებით და ლოკრას მიადგა. მაგრამ ბომილკარმა მოასწრო და ბრუტიუმში ჩავიდა, სადაც ჰანონს შეუერთდა. ლლოკრის მცხოვრებლებმა რომაელთა ხომალდები ქალაქის ნავსადგურში არ შეუშვეს. აპიუს კლავდიუსი იძულებული გახდა, მესანაში დაბრუნებულიყო.
მიუხედავად ამისა, სამხედრო ინიციატივა კვლავ რომაელთა ხელში რჩებოდა. რომის პროკონსულმა მარკუს კლავდიუს მარცელიუსმა, რომელიც სათავეში ედგა ნოლას რომაულ გარნიზონს, ისარგებლა ჰანიბალის პასიურობით, შეიჭრა და დაარბია რომის მოსისხლე მტრების - გირპინებისა და სამნიტების ტერიტორიები. მათ დახმარებისთვის ჰანიბალს მიმართეს. ბარკამ გადაწყვიტა, ნოლაზე მიეტანა იერიში. იმავე მიმართულებით, ჰანიბალის ძალებთან შესაერთებლად, ბრუტიუმიდან ჰანონი დაიძრა ბომილკარის რაზმთან ერთად. მარცელიუსმა ქალაქის კარიბჭე ჩაკეტა.
ნოლასთან მისულმა ჰანიბალმა გადაწყვიტა, მოლაპარაკება დაეწყო ქალაქის ხელისუფლებასთან. მან ადგილობრივ სენატს დანებების წინადადებით მიმართა და რომაული გარნიზონის პუნებისთვის გადაცემა მოითხოვა. ნოლას სენატმა ჰანიბალს აცნობა, რომ ქალაქი რომის ერთგული დარჩებოდა. მოლაპარაკება დასრულდა. ჰანიბალმა ქალაქის შტურმით აღება გადაწყვიტა. მან ალყაში მოაქცია ქალაქის კედლები, რათა ყველა მხრიდან ერთდროულად მიეტანა მასზე იერიში. მარცელიუსმა მოულოდნელი გამოხდომით შეტევაზე გადაიყვანა თავისი ჯარები. სისხლიანი შეტაკება კოკისპირულმა წვიმამ შეაფერხა და მოწინააღმდეგენი საწყის პოზიციებზე განლაგდნენ - პუნები ქალაქის კედლებთან, რომაელები და ქალაქის მცხოვრებნი კი - ქალაქში. მესამე დღეს კვლავ განახლდა ორმხრივი შეტევა, სადაც რომაელები დაწინაურდნენ და პუნებს უკან, თავიანთი ბანაკისაკენ დაახევინეს. ბრძოლაში ჰანიბალმა 5 ათასი მოკლული და 600 დატყვევებული კართაგენელი დაკარგა. გარდა ამისა, პუნებს დაეღუპა 4 საბრძოლო სპილო, 2 კი რომაელებმა იგდეს ხელთ. ამ ბრძოლის დამთავრებისთანავე 272 კართაგენელი მხედარი მარცელიუსის მხარეზე გადავიდა. ნოლასთან ბრძოლა ჰანიბალისთვის მძიმე მარცხით დასრულდა. ამ გამარჯვებამ II პუნიკურ ომში რომაელთა მიერ განცდილი წარუმატებლობების შემდეგ მათში პირველად გააღვივა იმედის ნაპერწკალი, რომ შესაძლებელი იქნებოდა ჰანიბალის საბოლოო დამარცხება.
ამრიგად, კართაგენის მორიგი მცდელობა ნოლას აღებისა კვლავაც უშედეგო აღმოჩნდა. ზამთრის დადგომისთანავე ჰანიბალმა თავისი სამხედრო ძალა ბრუტიუმში გაგზავნა, ხოლო თვითონ გამოსაზამთრებლად აპულიისკენ, ქ. არპისკენ დაიძრა.
ფაბიუს მაქსიმუს კვინტუსმა ამ ამბის გაგებისთანავე კაპუის ირგვლივ მდებარე მიწები ააოხრა და კაპუელები აიძულა, ქალაქის გარეთ გამოსულიყვნენ და სამხედრო ბანაკი იქ მოეწყოთ. შერკინება სწრაფად დაიწყო. ცხენოსანთა დაპირისპირებამ უპირატესობა მხარეებს ვერ მოუტანა. Fფაბიუსმა მარცელიუსს უბრძანა, დაეტოვებინა ნოლაში რომაული გარნიზონი, რომელიც ქალაქს დაიცავდა, დანარჩენი მებრძოლები კი რომში გაგზავნა. მეორე კონსულმა, ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსმა თავისი ჯარები ჯერ ლუცერიაში, შემდეგ კი პრეტორ მარკუს ვალერიუსის მეთაურობით ბრუნდიზიუმში გაგზავნა თავდაცვითი ბრძოლების გასამართად იმ შემთხვევაში, თუ იქ მაკედონელები შეიჭრებოდნენ.
კართაგენელთა მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა იბერიის ნახევარკუნძულზეც. იქ რომაელებმა აიძულეს პუნები, ალყა მოეხსნათ ჯერ ილიტურგისთვის, ხოლო შემდეგ ინტიბილისთვის. იბერიის ნახევარკუნძულის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობა თანდათანობით რომაელთა მხარეზე გადავიდა.
215-214 წლის ზამთარი ჰანიბალმა აპულიაში გაატარა: ის დროდადრო მცირე მასშტაბის სამხედრო შეტაკებებს აწყობდა გრაკხუსის რომაელ მეომრებთან. ამით ისარგებლა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა და კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი, პუტეოლი დაიკავა.
სამხრეთ იტალიაში სამხედრო მოქმედებების განახლებას ბიძგი მისცა იმან, რომ კაპუელებმა ჰანიბალს აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა მოსთხოვეს. კაპუელები რომაელების მხრიდან თავდასხმას ელოდნენ. ჰანიბალმა გადაწყვიტა პუტეოლის ხელში ჩაგდება და იერიშისთვის მოემზადა, ხოლო კაპუაში ნუმიდიელი და ესპანელი ჯარისკაცები გაგზავნა.
ჰანიბალის გადაადგილების მიმართულებით, კონსულმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა გრაკხუსს უბრძანა, თავისი ჯარები ლუცერიიდან ბენევენტოსკენ დაეძრა, თავის შვილს კი, პრეტორ ფაბიუს მაქსიმუსს, ლუცერიის დაკავება დაავალა.
ამასობაში ჰანიბალმა ავერნის ტბას მიაღწია, რომლის მახლობლადაც მას მსხვერპლთშეწირვის რიტუალი უნდა ჩაეტარებინა. მასთან გამოცხადდა 4 წარჩინებული ახალგაზრდა ტარენტოდან. ერთ დროს ისინი კართაგენელთა ტყვეები იყვნენ, რომლებიც ჰანიბალმა გაათავისუფლა (ტრაზიმენოს ტბასთან და კანესთან ბრძოლების შემდეგ). ამ ახალგაზრდებმა, პატივისცემის ნიშნად, ჰანიბალს ტარენტოს გადაცემა შესთავაზეს. ამისათვის კი საკმარისი იქნებოდა ჰანიბალის ქალაქის კარიბჭესთან მიახლოება, რასაც დაუყოვნებლივ მოსახლეობის მის მხარეზე გადასვლა უნდა მოჰყოლოდა.
ეს წინადადება ჰანიბალისთვის მისაღებიც იყო და ხელსაყრელიც, მაგრამ მან უპირატესობა მაინც პუტეოლის აღებას მიანიჭა. ჰანიბალმა 3 დღე და ღამე ამაოდ გაატარა ქალაქის გალავანთან. მან რატომღაც ვერ გარისკა ქალაქის შტურმით აღება. ამის შემდეგ იგი ნოლას მიმართულებით დაიძრა. ქალაქთან მიახლოებისას მოსახლეობის ანტირომაული განწყობა გაძლიერდა. მოსალოდნელი უბედურებისგან თავის დაღწევის მიზნით ისინი მზად იყვნენ, ქალაქი ჰანიბალისთვის ჩაებარებინათ, ნოლას სენატმა კი დახმარებისთვის კონსულ მარკუს მარცელიუსს მიმართა. ამ უკანასკნელმა ჰანიბალის გაჭიანურებული მოქმედებით ისარგებლა და ქალაქში 6 ათასი ქვეითი და 300 მხედარი განათავსა.
სანამ ჰანიბალი ნელი ტემპით მიიწევდა წინ, კამპანიაში ორი მნიშვნელოვანი შემთხვევა მოხდა, რასაც შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა ვითარებაზე: კონსულმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა მოაწყო ქ. კასილინას ალყა, სადაც კართაგენელთა გარნიზონი იმყოფებოდა. ამ დროს ჰანონი (ბომილკარის ვაჟი) თავისი სამხედრო ნაწილებით დაიძრა ბრუტიუმიდან ბენევენტოსკენ, სადაც მას ლუცერიიდან ჩასული გრაკხუსი გადაეღობა. კართაგენელები და რომაელები, ერთი მილის დაშორებით, ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. გრაკხუსი დაჰპიდა თავის მებრძოლებს, ვისაც მონის სტატუსი ჰქონდა, რომ, მტრის მოკვეთილი თავის წარდგენის შემთხვევაში მათ თავისუფლებას მიანიჭებდა. ამ წინადადებამ ბრძოლას მეტი აზარტი შესძინაა: რომაელებმა მტრის მოკლული ჯარისკაცების თავების მოკვეთა დაიწყეს და, შესაბამისად, თავისუფლებმა დატოვეს ბრძოლის ველი. ამ ფაქტს შეეძლო უარყოფითი შედეგის მოტანაც, რაც ხელს შეუწყობდა რომის არმიის დანაწევრებას.
ბრძოლა ახალი და ისეთი ძალით განახლდა, რომ გაურკვეველი იყო, თუ რომელი მხარე მოიპოვებდა უპირატესობას. მაშინ გრაკხუსმა ახალი პირობა წამოუყენა თავის მებრძოლებს: თავისუფლებას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი მტერს ბრძოლის ველიდან გაქცევას აიძულებდნენ. რომაელ ქვეითთა დაწოლას ვერ გაუძლეს ჰანონის მეომრებმა და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. პუნების 7 ათასი ქვეითიდან და 1200 მხედრიდან მხოლოდ 2 ათასმა კავალერისტმა, მხედართმთავარ ჰანონთან ერთად, მოახერხა თავის გადარჩენა.
კონსულმა ტიბერიუს გრაკხუსმა თავისი პირობა შეასრულა: გაათავისუფლდა ყველა მონა, ვინც ბენევენტოს ტრიუმფში მონაწილეობა მიიღო. აქვე საყურადღებოა ერთი ფაქტი, რომელიც რომაელთა წინდახედულ ჰუმანურობაზე მეტყველებს. მოსახლეობის პირუტყვის ჯოგები, რომელიც რომაელებმა იგდეს ხელთ, გრაკხუსის ბრძანებით, უკლებლივ უკან დაუბრუნდათ ქალაქის მცხოვრებლებს. ამ დიპლომატიური ნაბიჯით მას სურდა, რომისადმი თუნდაც ნეიტრალურად განწყობილ ქალაქებს გასჩენოდათ სურვილი რომთან მოკავშირეობისა. რაც შეეხება ანტირომაული ორიენტაციის ქალაქებს, მათ მიმართ დამსჯელი ღონისძიებები გატარდა. მაგ, გრაკხუსმა პროკართაგენული განწყობის მქონე ლუკანიაში გაგზავნა რამდენიმე კოჰორტა რეგიონის დასარბევად.
ამასობაში კი ბრძოლის ველიდან გაქცეული ჰანონი მოულოდნელად გადააწყდა და თავს დაესხა მინდვრებზე მიმოფანტულ, რომაელ მებრძოლებს, რომლებიც, გრაკხუსის ძირითადი ძალებისგან მოწყვეტილნი, ეიფორიაში მყოფნი, ნაადრევი ზეიმისთვის ემზადებოდნენ. ჰანონმა არანაკლები სიძლიერის დარტყმა მიაყენა მათ, ვიდრე თვითონ განიცადა რომაელებისაგან. ამის შემდეგ გახარებული ჰანონი მშვიდად დაიძრა ბრუტიუმისკენ და შეძლო, გრაკხუსის ძირითად ძალებთან დაპირისპირებისთვის თავი აერიდებინა. რაც შეეხება ჰანიბალს, მან მოახერხა და კვლავ ნოლას მიადგა, მარკუს მარცელიუსმა კი დამატებითი ძალები შეიყვანა ქალაქში. გარდა ამისა, მან ისარგებლა უკუნი ღამით და ქალაქიდან უხმაუროდ, მტრისთვის მალულად გამოიყვანა მხედართა რაზმი გაიუს კლავდიუს ნერონის მეთაურობით. ცხენოსნები ზურგში უნდა მოქცეოდნენ პუნებს და ბრძოლის დროს იქიდან მიეყენებინათ დარტყმა. ნერონმა დავალება ვერ შეასრულა. მიუხედავად ამისა, ნოლასთან გამართულ ბრძოლაში კართაგენელებმა უკან დაიხიეს. მარცელიუსი არ დაედევნა პუნებს, მეორე დღეს მან კვლავ გაიყვანა ბრძოლის ველზე თავისი მეომრები. ჰანიბალმა მთელი ომის განმავლობაში პირველად აშკარად აარიდა ბრძოლას თავი მაშინ, როცა მანამდე ჰანიბალთან ბრძოლას გაურბოდნენ ისეთი რომაელი მხედართმთავრები, როგორიც იყვნენ ფაბიუსი და ემილიუს პაულუსი. აშკარად ჩანდა, რომ ძალთა თანაფარდობა ომის ასპარეზზე მკვეთრად იყო შეცვლილი. ამრიგად, ჰანიბალის მესამე ცდამ ნოლას დაუფლებისა სრული ფიასკო განიცადა. სამი დღის შემდეგ ჰანიბალი ტარენტუმის მიმართულებით დაიძრა.
ჰანიბალის მიერ ნოლასთან განცდილმა წარუმატებლობამ და მისმა აჩქარებულმა სვლამ ტარენტუმის მიმართულებით რომის გენერალიტეტს საშუალება მისცა, მთელი ყურადღება კასილინას ალყაზე გადაეტანა, რომელსაც იმ დროს 2000 კაპუელი და 700 კართაგენელი მეომარი იცავდა. კართაგენულ გარნიზონს სტატიუს მეტიუსი მეთაურობდა. ამ უკანასკნელმა გადაწყვიტა, თავს დასხმოდა ფაბიუსის იმ რომაულ ბანაკს, რომელიც კასილინას სიახლოვეს იმყოფებოდა. სტატიუს მეტიუსმა თავის ნაწილებს ადგილობრივი პლებეები და მონები შეუერთა.
ფაბიუსმა მარცელიუსს სთხოვა დახმარება, მაგრამ ფაბიუსმა ვერ გარისკა და უკან დახევა გადაწყვიტა. მარცელიუსმა ფაბიუსის მოქმედება უარყო და გადაწყვიტა საქმის ბოლომდე მიყვანა, რათა რომაელთა პრესტიჟი დაეცვა. რომაელები საალყო სამზადისს შეუდგნენ. კაპუელებმა იგრძნეს, რომ რომაელთა შტურმი გარდაუვალი იქნებოდა. თავის გადარჩენის მიზნით, მათ გადაწყვიტეს, ფაბიუსისთვის მიემართათ თხოვნით, რომ ისინი თავიანთ სახლებში გაეშვა. მაგრამ მარცელიუსმა, რომელმაც უკვე დაამყარა ქალაქის მისადგომებზე კონტროლი, ქალაქიდან გამოსულ თითქმის ყველა კაპუელს სიცოცხლე მოუსწრაფა. მხოლოდ ორმოცდაათამდე კაცმა მოახერხა, ხელიდან დასხლტომოდა მარცელიუსს, ფაბიუსამდე მიეღწია და მისგან მიეღო სახლში დაბრუნების უფლება. მათ ეს მოახერხეს. ყველა დანარჩენი კაპუელი და კართაგენელი ტყვედ ჩავარდა. ამის შემდეგ მარცელიუსი კვლავ ნოლაში დაბრუნდა, ფაბიუსმა კი გადაწყვიტა, სამნიუმში რომის გავლენა აღედგინა. მან იქ ხელთ იგდო და გაძარცვა ქალაქები: კომპულტერია, ტელესია, კომპსა, ფუგიფულა, ორბიტანია. ამით იგი არ დაკმაყოფილდა და ლუკანიაში დაიკავა ბლანდა, ხოლო აპულიაში ქალაქი ეკი. ამავე დროს მისმა ვაჟმა, პრეტორმა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა ლუცერიაში ხელთ იგდო ქალაქი აკუკა.
ამასობაში ჰანიბალი ტარენტუმის მიმართულებით მიიწევდა, მაგრამ იქაც დააგვიანა ჩასვლა. ჰანიბალის გამოჩენამდე 3 დღით ადრე პროპრეტორმა მარკუს ვალერიუსმა, რომელიც რომაელთა ფლოტს სარდლობდა ბრუნდიზიუმში, ტარენტუმის დასაცავად მარკუს ლივიუსი გაგზავნა.
ქალაქი იმდენად ორგანიზებულად შეხვდა ჰანიბალს, რომ მან ვეღარ გაბედა ქალაქზე იერიშის მიტანა და რამდენიმე დღის ფიქრისა და განსჯის შემდეგ სალაპიის მიმართულებით გადაადგილება დაიწყო. მისი სურვილი იყო იქ გამოზამთრება და მომავალი ბრძოლებისთვის ძალების აღდგენა.
II პუნიკური ომის დროს ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები სიცილიის ბერძნულ ქალაქ სირაკუზაში, რომელიც იმ დროს ომის ერთ-ერთ ეპიცენტრად იქცა. როგორც ცნობილია, კანეს ოპერაციის შემდეგ კავშირი გაწყდა რომსა და სირაკუზას შორის. 215 წელს გარდაიცვალა 90 წელს მიტანებული სირაკუზის მეფე ჰიერონ II და ტახტზე ავიდა მისი ყრმა შვილიშვილი ჰიერონი. მამამისი გელონი, საეჭვო ვითარებაში დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში გამოკვეთილი იყო კართაგენელთა სიმპათიები ელინების, განსაკუთრებით კი სირაკუზის მკვიდრის არქიმედეს მიმართ. ძველი ბერძენი მეცნიერი არქიმედე (ძვ.წ. 287-212) სირაკუზაში დაიბადა და ცხოვრების უდიდესი ნაწილიც იქ გაატარა, ის რომაელთა მიერ ქალაქის აღების დროს დაიღუპა. მისი უდიდესი სამეცნიერო მემკვიდრეობიდან უმნიშვნელოვანესია მისი ნაშრომი „მოტივტივე სხეულების შესახებ“, რომელიც საფუძვლად დაედო საყოველთაოდ აღიარებულ არქიმედეს კანონს. Mმას მიეწერება საყოველთაოდ ცნობილი ფრაზა _ „მომეცით საყრდენი წერტილი და მე დავძრავ დედამიწას!“ და ასევე მისი ემოციური შეძახილი - „ევრიკა!“ (7.602-603).
იმ დროს სირაკუზაში განსაკუთრებით ინტენსიურად განიხილებოდა პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი: პროკართაგენული ორიენტაციით გამოირჩეოდა ბერძენი ისტორიკოსი ფილონი. ბერძენი მწერლები, კერძოდ, სოსილი, რომელმაც დაწერა ჰანიბალის ბიოგრაფია 7 წიგნად და სილენი ჰანიბალის ბანაკში იმყოფებოდნენ. სირაკუზელთა პოზიციის გარკვევაში საინტერესო იყო ორივე მიმართულების ანალიზი. რომთან მოკავშირეობა ქალაქს მშვიდობასა და გარკვეული ხნით დამოუკიდებლობას მოუტანდა, თუმცა მათ მიერ რომისთვის დახმარების გაწევა გულისხმობდა რომაელთა მიერ ქალაქის საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსების (მათ შორის, ცოცხალი ძალა, საკვები და ფურაჟი) გამოყენებას. ამავე დროს, მათ ეშინოდათ კართაგენული აგრესიისა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ სირაკუზა რომთან კავშირის გაფართოების არანაირ პერსპექტივას არ ქმნიდა. პირიქით, ამ ქალაქის გარდა, მთელი სიცილია რომის კონტროლქვეშ იმყოფებოდა და მხოლოდ დროის ამბავი იყო სირაკუზის სრული დაქვემდებარებაც. სირაკუზისა და კართაგენის დაახლოება კი ხელს შეუწყობდა ქალაქის რომის გავლენისაგან გათავისუფლებას. ჰანიბალის მიზანს წარმოადგენდა საკუთარი გავლენის ქვეშ სირაკუზის მოქცევა, რაც მას გაუიოლებდა სიცილიაზე კონტროლის სრულად აღდგენას.
სირაკუზაში მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ჰიერონ II-ის ანდერძის თანახმად, ყმაწვილ მეფე ჰიერონს 15 მეურვე დაენიშნა. გარდაცვლილი მეფის ბრძანების საწინააღმდეგოდ, სანამ ჰიერონი სრულასაკოვანი გახდებოდა, ქალაქის მართვის სადავეების ხელში ჩაგდება მოინდომეს ჰიერონის ქალიშვილებმა (ისინი არ სარგებლობდნენ მემკვიდრეობის უფლებით) დემარატამ და ჰერაკლეამ და მათმა ქმრებმა, ანდრანოდორმა და ზოიპმა. ჰიერონის მეფედ გამოცხადების შემდეგ ანდრონოდორმა თვითნებურად დაითხოვა რეგენტთა საბჭო და საჯარო განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ჰიერონმა უკვე მიაღწია ჭაბუკობის ასაკს და შეეძლო ქვეყნის ერთპიროვნულად მართვა. ამ საქციელით მან მეფის ნდობა მოიპოვა. მეფის გავლენიანი მრჩევლები იყვნენ ასევე მისი ქვისლი ზოიპი და წარჩინებული ფრასონი. შირაკუზის პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ქვისლები მომხრე იყვნენ ჰანიბალთან ურთიერთობისა, ფრასონი კი რომაულ ორიენტაციას ემხრობოდა.
მოულოდნელად „გამომჟღავნდა“ ჰიერონზე თავდასხმის მიზნით მოწყობილი შეთქმულება. დააკავეს ვინმე თეოდოტე, რომელმაც `აღიარებით ჩვენებაში~ ამ საქმის ორგანიზატორად მეფის ერთ-ერთი მრჩეველი ფრასონი დაასახელა. ეს უკანასკნელი და რამდენიმე მისი თანამოაზრე (რა თქმა უნდა, პრორომაული ორიენტაციის მქონენი) სიკვდილით დასაჯეს.
ამის შემდეგ ჰიერონმა ჰანიბალთან ელჩობა გაგზავნა (პოლიკლეტა და ფილოდემა). ჰანიბალმა, თავის მხრივ, სირაკუზაში დიპლომატიური მისიით გაგზავნა ახალგაზრდა წარჩინებული ჰანიბალი და კართაგენში დაბადებული ბერძნები, დედით პუნები ჰიპოკრატე და ეპიკიდე. კართაგენსა და სირაკუზას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა: ჰიპოკრატე და ეპიკიდე დარჩნენ ჰიერონის სამეფო კარზე, როგორც ჰანიბალის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები.
როგორც კი ყოველივე ეს ცნობილი გახდა რომის რესპუბლიკაში, სიცილიის მმართველს, პრეტორ აპიუს კლავდიუსს დაევალა, სასწრაფოდ გაეგზავნა წარმომადგენლები სირაკუზაში და გაერკვია იქ შექმნილი ვითარება. მართალია, ჰიერონმა მიიღო რომაელთა ელჩობა, მაგრამ ამას იმჟამინდელ ვითარებაზე გავლენა არ მოუხდენია. რეალობა კი ის იყო, რომ აშკარად გამოიკვეთა კართაგენ_სირაკუზის სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. ჰანიბალთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჰიერონმა თავისი ელჩები, აგაფარხი, ონერიგენი და ჰიპოსტენე კართაგენში გაგზავნა, სადაც ამ კავშირის შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. დადგინდა, რომ სიცილიაზე კართაგენისა და სირაკუზის სამფლობელოებს რომაელთა განდევნის შემდეგ ერთმანეთისაგან მდინარე გიმერა გამიჯნავდა. ცოტა ხნის შემდეგ, ჰიერონმა წამოაყენა ახალი პირობა სიცილიის მთლიანად დამორჩილებისა. ჰანიბალი იმ ეტაპზე ამ პირობას დათანხმდა. მისთვის უმთავრესი იყო, თუნდაც ნებისმიერი დათმობის ფასად, ჰიერონთან ანტირომაული კავშირის დამყარება.
ამის შემდეგ რომმა კვლავ მიავლინა სირაკუზაში თავისი ელჩობა, რათა საბოლოო გადაწყვეტილება მიეღოთ ამ ბერძნულ ქალაქთან დაკავშირებით. სირაკუზის მეფის გარემოცვაში ამ საკითხზე არ იყო აზრთა ერთიანობა: ძირძველი სირაკუზელები ამ კავშირის ირგვლივ დუმილს ამჯობინებდნენ; მეფის მრჩევლები, სპარტელი დამიპი და თესალონიკელი ავტონიუსი მხარს უჭერდნენ სირაკუზის პრორომაულ საგარეო პოლიტიკას; მეფის სხვა მრჩევლები - ანდრანოდორი, ჰიპოკრატე და ეპიკიდე აშკარად მოითხოვდნენ კართაგენთან კავშირს. ჰიერონმა სამი უკანასკნელი მრჩევლის პოზიცია გაიზიარა და რომაელებს განუცხადა, რომ იგი ერთგული დარჩებოდა რომთან კავშირისა, თუ ეს უკანასკნელი დაუბრუნებდა სირაკუზას მისი პაპის, მეფე ჰიერონის მიერ რომაელებისთვის გადახდილი ოქროსა და პურის მთლიან რაოდენობას, გარდა ამისა, დათმობდა სიცილიის სხვა ტერიტორიებს მდ. გიმერამდე. ეს პირობები აშკარად მიუღებელი იყო რომისთვის. ამ მომენტიდან შეწყდა ურთიერთობა რომსა და სირაკუზას შორის. ამრიგად, სანამ რომაელები ჯერ კიდევ სიცილიაზე იმყოფებოდნენ, კართაგენისა და სირაკუზის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და, შესაბამისად, მიღწეული შედეგებითაც ორივე ჰანიბალიც და ჰიერონიც კმაყოფილნი იყვნენ.
კართაგენთან ხელშეკრულების დადებისთანავე ჰიერონი რომთან ომის სამზადისს შეუდგა. 214 წლის ზაფხულში მან გაგზავნა 2 ათასი მეომარი ჰიპოკრატესა და ეპიკიდეს მეთაურობით იმ ქალაქების ხელში ჩასაგდებად, სადაც რომაული გარნიზონები იდგნენ, თვითონ მეფე კი 15-ათასიანი არმიით დაიძრა სირაკუზის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე, სიცილიის სტრატეგიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქის, ლეონტინას დასაპყრობად. ჰიერონმა ხელთ იგდო ეს ქალაქი და ამით დაიწყო რომსა და სირაკუზას შორის გადამწყვეტი ბრძოლა სიცილიისათვის.
ჰიერონის ასეთ აქტიურ, გაბედულ მოქმედებას ხელი შეუშალა მის წინააღმდეგ განხორციელებულმა ტერაქტმა: შეთქმულთა უმეტესობა მეფის სამსახურში მყოფი მოხელეები იყვნენ. ქალაქის აღების შემდეგ მეფე ყოველდღე მიდიოდა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ე.წ. აგორაზე საჯარო სიტყვის სათქმელად. წინასწარ შეიარაღებულმა შეთქმულებმა ერთ-ერთი მიტოვებული სახლი დაიკავეს იმ ქუჩაზე, სადაც მეფეს უნდა გაევლო. გეგმის მიხედვით, მეფის ერთ-ერთ პირად მცველს, დინომენეს მოხერხებულად, ვითომ შემთხვევით, უნდა შეეჩერებინა მეფის მსვლელობა იმ ადგილას, სადაც შეთქმულთა ძირითადი ჯგუფი იქნებოდა თავმოყრილი. ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით შესრულდა: მეფის წინ მიმავალმა დინომენემ წუთიერად, ვითომცდა დაზიანებული ფეხსაცმლის შესაცვლელად, შეაფერხა მსვლელობა და ახალგაზრდა მეფე უშუალოდ იმ მიტოვებული სახლის კარების წინ აღმოჩნდა, სადაც ტერორისტები ელოდებოდნენ; ყველაფერი წამიერად მოხდა, წარმატებით იმუშავა მოულოდნელობის ფაქტორმა და მეფე მახვილის რამდენიმე დარტყმით მოკლეს; ატყდა საშინელი ხმაური; მეფის ერთგულმა მხლებლებმა დინომენეს შეუტიეს და ორგან დაჭრეს, მაგრამ მიმალვა მოახერხა; ტრაგედიის ადგილი მეფის სხვა მცველებმაც დატოვეს.
ჰიერონის სიკვდილი მძიმე დარტყმა იყო ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკური გეგმებისათვის. სიცილიაში შიდაპოლიტიკური სიტუაცია ძალზე გართულდა. თავდაპირველად ისმოდა აქტიური მოწოდებები მეფის მკვლელების დასჯისა. მაგრამ შემდეგ შეთქმულებმა ლეონტინას მცხოვრებლებს, სიტუაციის არევის მიზნით, მიაწოდეს იდეა, რომ პირიქით, დაელაშქრათ სირაკუზა და თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ ის. სიტუაცია იმდენად დრამატული გახდა, რომ მეომართა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მოკლული მეფის დამარხვაზე უარიც კი განაცხადა.
შეთქმულთა ნაწილმა, თეოდოტემ და სისიამ ანდრონოდორს ელჩები გაუგზავნეს და კაპიტულაცია მოსთხოვეს. იგივე პოზიციაზე იყო სახალხო კრება და სენატი. ანდრონოდორმა დათმობა ამჯობინა, სამაგიეროდ, მან მიიღო ადგილი სირაკუზის ახალი მთავრობის შემადგენლობაში. ამით სირაკუზაში პოლიტიკური ბრძოლა არ დამთავრებულა: ჰანიბალის დიპლომატიური მისიის წევრებმა, ჰიპოკრატემ და ეპიკიდემ წარმატებულად დაიწყეს ანტირომაული აგიტაცია; ისინი შთააგონებდნენ სირაკუზელებს, რომ ტერაქტის განხორციელების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული ხროვა აპირებდა რომისთვის ქალაქის ჩაბარებას და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მათ შესაბამისი ზომები უნდა მიეღოთ ქალაქის გადასარჩენად.
ამის შემდეგ ანდრონოდორმა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ანტირომაული პოზიციით, გადაწყვიტა პოლიტიკური გადატრიალების მოწყობა. მისი თანამზრახველი იყო ჰიერონის დის ქმარი თემისტე. შეთქმულება ჩაიშალა. საბჭოს სხდომაზე გამოცხადებული ანდრონოდორი და თემისტე მისვლისთანავე აკუწეს სხდომათა დარბაზში. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ, მოკლულთა მაგივრად, დამატებითი არჩევნების შედეგად, სირაკუზის უმაღლეს მაგისტრატთა შორის აირჩიეს ჰანიბალის ორივე წარმომადგენელი ჰიპოკრატე და ეპიკიდე.
სირაკუზაში მიმდინარე მოვლენებმა, ბუნებრივია, რომაელთა ყურადღება მიიპყრო. ამ კონკრეტულ მომენტამდე რომაელები სიცილიას კართაგენთან დაპირისპირებაში მეორეხარისხოვან როლს ანიჭებდნენ. ჰანიბალის წარმომადგენლების (ჰიპოკრატე, ეპიკიდე) სირაკუზის მმართველობაში მოსვლის შემდეგ, სიცილია რომაელთა მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა და მისი მართვა დაევალა კონსულს, მარკუს კლავდიუს მარცელიუსს. ამით ხაზი გაესვა სამხედრო მოქმედებათა სიცილიური ასპარეზის უპირატესობას.
ამ საკითხთან დაკავშირებით სირაკუზის მმართველობაში არ იყო ერთიანი პოზიცია. ერთი ჯგუფი მოითხოვდა რომთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებას, მეორე კი, პირიქით, ცალსახად უჭერდა მხარს კართაგენს. ამასობაში სირაკუზის სიახლოვეს გამოჩნდა კართაგენის ფლოტი. ამან გააძლიერა ჰიპოკრატესა და ეპიკიდეს პოზიცია და მათ გააგრძელეს ანტირომაული პროპაგანდა. ქალაქთან ახლოს ამავე პერიოდში იმყოფებოდა რომაული ფლოტილიაც აპიუს კლავდიუსის სარდლობით. ქალაქის ხელისუფლებისა და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა რომთან ზავის დადებას, ქალაქზე რომაელთა მოსალოდნელი თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. რამდენიმე დღის შემდეგ სირაკუზაში სამხედრო დახმარების მიღების მოთხოვნით ჩავიდა ქ. ლეონტინის ელჩობა. ჰიპოკრატემ ლეონტინისკენ 4000-კაციანი სამხედრო ძალა დაძრა.
ჰიპოკრატემ მედგრად შეუტია ლეონტინასთან გამაგრებულ რომაულ გარნიზონს და გაანადგურა იგი. ამის გამო მარცელიუსმა დაუყოვნებლივ მიმართა სირაკუზის მოსახლეობასა და ხელისუფლებას წინადადებით, რომ თუ მათ ნამდვილად სურდათ რომთან მოლაპარაკება, დაუყოვნებლივ უნდა შეეჩერებინათ ჰიპოკრატეს მოქმედებები, რომელსაც, ბუნებრივია, ჰანიბალი წარმართავდა. ეპიკიდემ გადაწყვიტა ძმის დასახმარებლად ლეონტინაში ჩასვლა. სირაკუზის ხელისუფლებამ ქალაქის მოსახლეობა წააქეზა, იძულებული გაეხადათ ძმები (ჰიპოკრატე და ეპიკიდე), რომლებიც, მათი აზრით, რომთან ურთიერთობას ძაბავდნენ, საერთოდ დაეტოვებინათ კუნძული სიცილია. ამავე დროს ქალაქის ხელისუფლებამ, რომაელთა ნდობის მოსაპოვებლად, რომს სთხოვა, კონტროლი დაემყარებინა ქ. ლეონტინაზე. გარდა ამისა, სირაკუზის ხელისუფლებამ დააწესა ჯილდო ჰიპოკრატესა და ეპიკიდეს მოკვეთილი თავებისათვის მათი წონის შესაბამისი ოქროთი. გადამწყვეტი დარტყმის შემდეგ რომაელებმა ხელთ იგდეს ლეონტინა. ჰიპოკრატე და ეპიკიდე ქალაქიდან გაიქცნენ ჰერბესის მიმართულებით. მათ წინააღმდეგ იმავე მხარეს გაემართა სირაკუზელთა 8-ათასიანი არმია. ძმების მდგომარეობა უიმედო იყო. მათ გაბედული გადაწყვეტილება მიიღეს და სირაკუზელებს ჩაბარდნენ. ძმებს სირაკუზელებს შორის კარგი ავტორიტეტი ჰქონდათ. ღა თქმა უნდა, მათ ეს კარგად გამოიყენეს და ჯარისკაცებს შეატყობინეს, რომ ლეონტინა რომაელებმა პირწმინდად გაძარცვეს და გაანადგურეს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად და სირაკუზელებსაც იგივე ბედი ელოდათ, თუ არ დაიწყებდნენ დაუყოვნებლივ ბრძოლას რომაელთა წინააღმდეგ. ძმების ამ პოზიციას მხარი დაუჭირა სირაკუზის მოსახლეობამ და მათ შეძლეს ქალაქში ტრიუმფით შესვლა. ორივე მათგანი ხელმეორედ აირჩიეს უმაღლეს მაგისტრატებად. მეორე დღეს, ძმების ინიციატივით, გაათავისუფლეს ქალაქის ყველა მონა და მსჯავრდებული.
ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ მარცელიუსმა თავისი ჯარები ლეონტინადან სირაკუზის მიმართულებით დაძრა. აშკარა იყო, რომ ჰიპოკრატესა და ეპიკიდეს ქალაქის ხელისუფლებაში კვლავ მოსვლით, საბოლოოდ გამოიკვეთა სირაკუზის პროკართაგენული და ანტირომაული პოლიტიკა. მანამდე აპიუს კლავდიუსმა სცადა დიპლომატიური გზებით ვითარების შეცვლა, მაგრამ, როგორც კი მისი ელჩები ქალაქს მიუახლოვდნენ, მათ თავს დაესხნენ, თუმცა ელჩებმა გაქცევა მოახერხეს.
რომაელთა სახმელეთო ჯარები სირაკუზიდან 1,5 მილის მანძილზე, ზევსის ტაძრის სიახლოვეს დაბანაკდნენ. რომსა და სირაკუზას შორის ფორმალურად ჯერ კიდევ არსებობდა სამოკავშირეო ხელშეკრულება. სამხედრო ოპერაციის დაწყების წინ რომის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, დაეცვა ომის გამოცხადებისთვის საჭირო იურიდიული მხარე. მარცელიუსმა კიდევ ერთხელ სცადა სირაკუზელებთან მოლაპარაკება, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ეს ნაბიჯი უშედეგო იქნებოდა. რომაელებთან მოსალაპარაკებლად ქალაქიდან გავიდნენ ჰიპოკრატე და ეპიკიდე. რომაელთა მოთხოვნა სირაკუზელების მიმართ ასეთი იყო: რომს მათთან მშვიდობა სურდა, ამისთვის კი საჭირო იყო, რომ ქალაქში აღდგენილიყო კანონიერება და მოსახლეობას მათთვის გადაეცა ჰიპოკრატე და ეპიკიდე. უარის შემთხვევაში ქალაქი განადგურდებოდა. ამის შემდეგ ძმები ქალაქში შებრუნდნენ და ქალაქის კარების ჩაკეტვა ბრძანეს.
რომაელთა შტურმი ქალაქზე დაიწყო ერთდროულად როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან. სირაკუზის დაცვას დიდი არქიმედე ხელმძღვანელობდა. ზღვიდან იერიშის დროს, მარცელიუსმა ერთ-ერთ ხომალდზე განალაგა შურდულოსნები, შუბის მტყორცნელნი და მშვილდოსნები. მათ დავალებული ჰქონდათ, მიზანში ამოეღოთ და მოესპოთ ყველა, ვინც ქალაქის კედლებზე გამოჩნდებოდა. დანარჩენ ხომალდებს ქალაქზე საალყო სამუშაოების უზრუნველყოფის დავალება მიეცათ. სირაკუზის დაცვაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა არქიმედემ. იგი კატაპულტების საშუალებით ლოდებს საოცარი სიზუსტით უშენდა რომაელთა ხომალდებს. არქიმედეს უშუალო ძალისხმევით, ქალაქთან ყველაზე ახლოს მყოფი ხომალდების ხელში ჩაგდების მიზნით, ამწე დანადგარების საშუალებით რომაელთა ხომალდის ცხვირს ე.წ. რკინის თათით ავლებდნენ პირს, შემდეგ მაღლა სწევდნენ და ზღვაში აგდებდნენ, რის შედეგადაც გემები იმსხვრეოდნენ და წყალში იძირებოდნენ ეკიპაჟთან ერთად. მარცელიუსის ყველა მცდელობა ზღვიდან აეღო სირაკუზა, რომაელებისთვის წარუმატებლად დამთავრდა. მათი მხრიდან სახმელეთო შეტევაც უშედეგო გამოდგა. არქიმედეს თავდაცვითი სისტემა, მისი კატაპულტები და ამწე მანქანები დიდი სიზუსტით მოქმედებდნენ და რომაელებს სერიოზულ ზიანს აყენებდნენ. რომაელთა სარდლობამ უარი თქვა უაზრო შტურმზე და საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტა. მათ გადაწყვიტეს ქალაქის ბლოკირება ზღვიდან და ხმელეთიდან.
საინტერესოა, მთელი ამ ხნის განმავლობაში რა პოზიციაზე იდგნენ კართაგენელები და, პირველ რიგში, ჰანიბალი. მის მიზანს, როგორც ცნობილია, სირაკუზელთა დახმარებით სიცილიის სრული დაპყრობა წარმოადგენდა. აშკარა იყო, რომ რომი ყველა საშუალებით შეეცდებოდა რევანშის აღებას სირაკუზაში განცდილი მარცხის შემდეგ. მარკუს მარცელიუსმა და აპიუს კლავდიუსმა მიზნის მისაღწევად ურთიერთშორის გაინაწილეს არმიები: აპიუსმა დაიწყო სირაკუზის ბლოკირება, მარცელიუსი კი სიცილიის იმ ქალაქების ასაღებად გაეშურა, რომლებიც ანტირომაულ პოზიციებს ინარჩუნებდნენ.
კართაგენელი მხედართმთავარი ჰიმილკონი მოვლენათა ამგვარ განვითარებას ელოდა: დამატებითი დამხმარე ძალების მიღების შემდეგ მან თავისი ფლოტი სიცილიის იმ ნაწილისკენ დაძრა, სადაც ფინიკიელები სახლობდნენ და რომელთა მიწებიც კართაგენელთა სამფლობელოებს წარმოადგენდა; ჰიმილკონმა იქ გადასხა 25 ათასი ქვეითი, 3 ათასი მხედარი და 12 სპილო; მან ხელთ იგდო ჰერაკლეა და აკრაგანტა. მარცელიუსი აპირებდა მასთან შებრძოლებას, მაგრამ ჩასვლა დააგვიანა.
ასეთმა ვითარებამ კუნძულზე ანტირომაული განწყობა გააძლიერა. ქალაქის მოსახლეობის სურვილი იყო, უფრო აქტიურად ემოქმედათ რომაელების წინააღმდეგ. ქალაქის ხელისუფლებამ არმია 2 ნაწილად გაყო. მათგან ერთი, ეპიკიდეს სარდლობით ქალაქში დარჩა მის დასაცავად, მეორე ნაწილი კი (10 ათასი ქვეითი და 5 ათასი მხედარი) ჰიპოკრატეს მეთაურობით ღამით, რომაელებისგან მალულად, ქალაქიდან გავიდა და ჰიმილკონთან შესაერთებლად დაიძრა. მოულოდნელად ჰიპოკრატეს ძალებს გადააწყდა მარცელიუსი, რომელიც მის მიერ აუღებელი აკრაგანტიდან ბრუნდებოდა. სირაკუზელი ქვეითები რომაელებმა ალყაში მოაქციეს, მხედრებმა კი სარდალთან ერთად მოახერხეს ალყის გარღვევა და აკრის მიმართულებით გაქცევა. რამდენიმე დღის შემდეგ ჰიმილკონი და ჰიპოკრატე გაერთიანებული ძალებით მიადგნენ მდ. ანაპს, საიდანაც სირაკუზა დაახლოებით 8 მილის მანძილზე მდებარეობდა.
ომი სიცილიაში სულ უფრო მწვავდებოდა. მოულოდნელად სირაკუზის ნავსადგურში შევიდა 55 დიდი ხომალდისგან შემდგარი კართაგენის ფლოტილია ბომილკარის მეთაურობით. ამას დაუყოვნებლივ მოჰყვა რეაქცია რომის მხრიდან და დამატებით იმ მიმართულებით გაიგზავნა რომაელთა 30 ხომალდი და ერთი ლეგიონი. Hიმილკონი ყველა საშუალებით ცდილობდა მარცელიუსის ბრძოლაში გამოწვევას, მაგრამ ეს უკანასკნელი ყოველთვის ახერხებდა ბრძოლისთვის თავის არიდებას. ამის შემდეგ ჰიმილკონმა სიცილიის სიღრმეში დაიხია და ამით რომაელებს სირაკუზის ბლოკადის გაგრძელების საშუალება მისცა. ჰიმილკონმა აიღო ქალაქი მურგანცია.
სიცილიაზე სამხედრო აქტივობა თანდათანობით შენელდა: ჰიპოკრატემ თავისი ჯარისკაცები მურგანციაში გადაიყვანა, ჰიმილკონი კი აკრაგანტში გადავიდა. მარცელიუსი ჯერ ლეონტინაში ჩავიდა, შემდეგ სირაკუზისკენ გადაინაცვლა და ქალაქიდან დაახლოებით 5 მილის დაშორებით გამოსაზამთრებლად დაბანაკდა. რაც შეეხება კართაგენ-მაკედონიის კოალიციას, იმ კონკრეტულ ვითარებაში ჰანიბალს არ უნდა ჰქონოდა ფილიპე V-ის დახმარების იმედი - რომაელებისგან შევიწროებულ მაკედონიის მეფეს თვითონ სჭირდებოდა დახმარება. პირენეის ნახევარკუნძულზე კი 214 წლის კამპანია დაიწყო იმით, რომ რომაელთა არმიის მიერ მდ. იბერიუსის მიდამოების დატოვებით მაგონმა და ჰასდრუბალ ბარკიდმა ისარგებლეს და ადგილობრივი ტომების ნაწილი გაანადგურეს. პუნების მხარეზე იბერ ტომთა გადასვლა რომ არ დაეშვა, პუბლიუს კორნელიუს სციპიონი უკან გამობრუნდა და საბრძოლველად აკრა ლევკესთან განლაგდა. ამ ადგილზე გაჩერება რომაელებისთვის სახიფათო იყო: იქ თავისუფლად და გაუკონტროლებლად მოძრაობდნენ სხვადასხვა ტომები, რომლებიც, ძირითადად, ნადავლის დაუფლების მიზნით, თავს ესხმოდნენ უცხოტომელებს.
სციპიონმა იმ ადგილებში 2 ათასი მეომარი დაკარგა. ამის შემდეგ ის გადავიდა ნიკეას მთების (ნიკეა ბერძნულად - „გამარჯვება“, ლათინურად - „ვიქტორია“) მიმართულებით, რომელიც შედარებით უსაფრთხო ადგილს წარმოადგენდა. იმავე ადგილას საბრძოლველად დაბანაკდა ჰასდრუბალი კართაგენის ჯარებით და რომაული ლეგიონები გნეუს კორნელიუს სციპიონის სარდლობით. პუბლიუს სციპიონი მოულოდნელად, ადგილის რეკოგნოსცირების დროს, კინაღამ პუნების ალყაში აღმოჩნდა. მაგრამ იგი იხსნა მისმა ძმამ გაიუსმა. ვითარება თანდათანობით რომაელთა სასარგებლოდ შეიცვალა, რომის მხარეზე გადავიდა კასტულონიც. მუნდასთან გამართულ ბრძოლაში რომაელებმა გაიმარჯვეს. პუნებმა იქ დაკარგეს 12 ათასი მეომარი, 3 ათასი ტყვე და 39 საბრძოლო სპილო. აურინგთან პუნები კვლავ დამარცხდნენ რომაელებთან ბრძოლაში.
ამრიგად, II პუნიკური ომის 214 წლის სამხედრო კამპანიაში რომმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ესპანეთში. ალბათ, სიმბოლურადაც მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რომაელებმა გადაწყვიტეს საგუნტუმის აღდგენა: ეს სწორედ ის ქალაქი იყო, რომელიც ჰანიბალმა გაანადგურა, რაც რომსა და კართაგენს შორის II პუნიკური ომის საბაბად იქცა.
214 წლის სამხედრო-პოლიტიკური კამპანიის შედეგები ჰანიბალისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. იმ ეტაპზე იტალიის, აფრიკისა და ესპანეთის უმეტეს ადგილებში სამხედრო უპირატესობას რომაელები ფლობდნენ. პუნებისთვის ერთადერთი ნათელი გაელვება იყო მოქმედებები იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ბრუტიუმთან ბრძოლაში ჰანონმა გაანადგურა რომაული კავალერია პრეტორ ტიტუს პომპონიუსის მეთაურობით. მიუხედავად ამისა, ჰანიბალი ომის ასპარეზის პერიფერიულ ნაწილში აღმოჩნდა და მან ვეღარ შეძლო რომაელებისთვის ინიციატივის წართმევა აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, სადაც ამ დროს რომაელთა ძირითადმა ძალებმა მოიყარეს თავი, არპა იყო. კამპანიის დასაწყისში რომაელებთან გამოცხადდა არპას ცნობილი, უმდიდრესი მოქალაქე ალტინიუსი. იგი რომაელებს შეპირდა, რომ ქალაქს მათ გადასცემდა, თუ ისინი მას ამისთვის გვარიანად დააჯილდოვებდნენ. ალტინიუსი ის პიროვნება იყო, რომელიც კანესთან გამართული ბრძოლის შემდეგ ჰანიბალის მხარეზე გადავიდა. მისი ინიციატივით შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი კართაგენსა და არპას შორის. ამ მოღალატე ადამიანის მიმართ რომაელების განწყობა მკვეთრად უარყოფითი იყო: სენატის ძველრომაული, მორალური პრინციპების დამცველი წევრები მის სიკვდილით დასჯას მოითხოვდნენ. რომის პოზიციები ამ დროს ყველაზე მკაფიოდ წარმოადგინა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსმა, ცნობილმა დიქტატორმა, კონსულის მამამ, რომელიც იმ დროს რომაულ არმიაში ლეგატის ფუნქციას ასრულებდა. მისი ხედვა ასეთი იყო: უნდა დაეწყოთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ შეენარჩუნებინათ იტალიელი მოკავშირეები და პარალელურად თავიანთ მხარეზე გადაებირებინათ ისინი, ვინც ჰანიბალის მხარეზე იბრძოდნენ. ალტინიუსის დასჯა, მისი აზრით, უკურეაქციას გამოიწვევდა და კართაგენის მომხრენი უფრო გაძლიერდებოდნენ. მისი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ქალაქის უმდიდრესი მოქალაქე სიკვდილით აღარ დაუსჯიათ, თუმცა ის დააპატიმრეს და ქ. კალაში გადაიყვანეს. ალტინიუსის მოულოდნელმა გაუჩინარებამ მოსახლეობა აღაშფოთა: მათ ჰანიბალს სთხოვეს დახმარება, ამ უკანასკნელმა კი ხელში ჩაიგდო და გაყიდა ალტინიუსის სამფლობელოები, მისი ცოლ-შვილი კი დაატყვევა და მათი ცოცხლად დაწვა ბრძანა. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ კონსული ფაბიუსი (დიქტატორის შვილი) არპასთან შუაღამეს მიიჭრა, შეამტვრია კარიბჭე და ქალაქი აიღო. ქალაქის მოსახლეობამ დაიწყო მოლაპარაკება რომის კონსულთან, რათა კვლავ აღედგენათ კავშირი რომაელებთან. კართაგენის მოკავშირე 1000 ესპანელი მხედარი რომაელთა მხარეზე გადავიდა. იმავე დროს პრეტორმა პუბლიუს სემპრონიუს ტუდიტანმა ხელთ იგდო ქ. ატრინი და 5 ათასი ტყვე აიყვანა. უშუალოდ კაპუაში ადგილობრივი არისტოკრატია მომხრე იყო რომაელებთან ბრძოლის განახლებისა, რაც ჰანიბალისთვის არასასიამოვნო ინფორმაციას წარმოადგენდა. რომაელთა ბანაკისაკენ გაეშურა 120 კაპუელი მხედარი, რომლებიც ქალაქის გადაცემას სთავაზობდნენ, სანაცვლოდ კი მოითხოვდნენ ხელუხლებლობის გარანტიებს, რაზეც მათ რომაელებისგან ყოველგვარი მხარდაჭერის პირობა მიიღეს. 213 წელს ძმები სციპიონები, რომლებმაც წარმატებით ჩაატარეს სამხედრო ოპერაციები ესპანეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდნენ. მათ მიზანს წარმოადგენდა ომის ასპარეზის უშუალოდ კართაგენის ტერიტორიაზე გადატანა. ამას მოჰყვა რომაელთა წარმატებული დიპლომატიური ნაბიჯი. მათ ურთიერთობა დაამყარეს ჰანიბალის მეტოქე ერთ-ერთი ნუმიდიური ტომის – მასაისილიეველთა „მეფე“ სიფაქსთან. მდგომარეობის განსამუხტად პუნებმა გადაწყვიტეს, სიფაქსის წინააღმდეგ გაეგზავნათ მათი დაუძინებელი მტერი, სხვა ნუმიდიური ტომის (მასილიელთა) „მეფე“ - გალა. ამ მხრივ ძალზე აქტიურობდა გალას 17 წლის ვაჟი მასანასა, რომელსაც მოხუცმა მამამ მთავარსარდლობა გადასცა. კართაგენელების დახმარებით მან დაამარცხა სიფაქსის რაზმი მანამდე, სანამ რომაელები მისთვის რეალური დახმარების გაწევას შეძლებდნენ. Dამარცხებული სიფაქსი გიბრალტარში გაიქცა. იქ მან შეაგროვა ახალი არმია და ესპანეთში მოახერხა გადასვლა. მას თავისი არმიით ფეხდაფეხ მიჰყვა მასანასა. ამით ფაქტობრივად დაფიქსირდა ომის ასპარეზის პირენეის ნახევარკუნძულზე კვლავ გადატანა, სადაც ერთმანეთს არაპირდაპირ დაუპირისპირდნენ სიფაქსისა (რომაული პოზიცია) და მასანასას (კართაგენული პოზიცია) ძალები. 212 წლის დადგომისთანავე, ჰანიბალმა იტალიაში ახალი საომარი კამპანიისთვის მზადება დაიწყო. როგორც ცნობილია, ტარენტუმში 214 წელს ანტირომაული ამბოხება დაიწყო და ის საკმაო ხანს გრძელდებოდა. რომაელებმა შეთქმულებს ჰანიბალის გადაცემა მოსთხოვეს. ჰანიბალის ხელში ჩაგდების მიზნით, ამბოხებულთა ბელადმა ფილემენემ, ღამით ნადირობის საბაბით მოუხშირა ქალაქიდან გასვლას, ამიტომაც რომაელები მას უპრობლემოდ უღებდნენ ქალაქის კარიბჭეს. ჰანიბალმა ჩათვალა, რომ რომაული გარნიზონის სიფხიზლე მოდუნებული იყო და შუაღამით ტარენტუმის მიმართულებით 10 ათასი ქვეითი და მხედარი დაძრა, მანამდე კი მზვერავთა ჯგუფი გაგზავნა და ტარენტუმიდან 15 მილის დაშორებით განლაგდა. მომდევნო ღამეს მან თავისი ჯარისკაცები ქალაქის კედლებს მიუახლოვა. ამ დროს ქალაქში ხმა გავრცელდა, რომ ნუმიდიელთა მხედრობა ქალაქის მიმდებარე მიწებს ანადგურებდა. რომაული გარნიზონის მეთაურმა თავისი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი მათ შესაჩერებლად გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ რომაელებმა სიფხიზლე მართლაც მოადუნეს. მათ ეგონათ, რომ ჰანიბალი კვლავაც თავის პოზიციებზე ფეხმოუცვლელად იმყოფებოდა და მის მეგზურს ფილემენე წარმოადგენდა. რომაელებს კი კვლავ ეგონათ, რომ ეს უკანასკნელი ნადირობიდან ბრუნდებოდა. ფარული შეთანხმების თანახმად, ფილემენეს ჰანიბალის ერთი რაზმი სწორედ იმ კარიდან უნდა შეეყვანა ქალაქში, რომლითაც თვითონ სარგებლობდა, ხოლო ძირითადი ძალები ჰანიბალს ქალაქში აღმოსავლეთის კარიდან უნდა შეეყვანა, სადაც მათ მეორე ლიდერი - ნიკონი დახვდებოდათ. ქალაქის კარიბჭესთან მიახლოებულმა ჰანიბალმა სასიგნალო მაშხალის გაშვების ბრძანება გასცა. შაპასუხოდ ნიკონმა შესაბამისი სიგნალით უპასუხა. ამის შემდეგ კვლავ სიბნელემ დაისადგურა. კართაგენელთა ჯარები აბსოლუტურად უხმაუროდ განლაგდნენ ქალაქის კედლებთან. რომაელებისთვის მოულოდნელად ნიკონი თავს დაესხა მძინარე რომაულ გარნიზონს, მთლიანად გაანადგურა და ამის შემდეგ ქალაქის კარი გახსნა. ჰანიბალი ქვეით ჯართან ერთად შევიდა ქალაქში, ხოლო მხედრობას უბრძანა, კვლავაც ქალაქის კედლებთან დარჩენილიყო პოზიციებზე. ამასობაში ფილემენე მოულოდნელად თავს დაესხა რომაელებს, რის შედეგადაც ქალაქის ბოლო კარიბჭეც აიღეს და ქალაქში კართაგენელთა დარჩენილი რაზმიც შეიჭრა. გათენებისთანავე ცხადი გახდა, რომ ქალაქი უკვე ჰანიბალის ხელში იყო: მან 2 ათასი გალი სამ ნაწილად გაყო და უბრძანა მათ ქალაქის ყველაზე ხალხმრავალი ქუჩების დაკავება და რომაელთა ამოჟლეტა. მოსახლეობის რომაულმა ნაწილმა თავი აკროპოლს შეაფარა. ჰანიბალმა მიმართა ქალაქის ბერძნულ მოსახლეობას, დაეფიქსირებინათ თავიანთი საცხოვრებელი სახლები და ამით მინიშნება გაეკეთებინათ რომაელთა უძრავ ქონებაზე. ამ შემთხვევაში პუნებს გაუადვილდებოდათ რომაელთა სიმდიდრის ხელში ჩაგდება. რომაული გარნიზონის მეთაურმა გაიუს ლივიუსმა თავს აკროპოლისკენ გაქცევით უშველა. აკროპოლი ძალზე რთული მისადგომი იყო და ქალაქიდან ღრმა თხრილითა და გალავნით იყო გამოყოფილი. აკროპოლის მეორე მხარე უშუალოდ ზღვას ესაზღვრებოდა. ჰანიბალმა გადაწყვიტა აკროპოლის ზღვიდან ბლოკირება - მისი ბრძანებით, ტარენტუმელთა ხომალდები აკროპოლის უშუალო სიახლოვეს განლაგდნენ. ტარენტუმი ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაში იყო მოქცეული. სამხრეთ იტალიაში მდებარე ეს ქალაქი ერთ-ერთ უძველეს სპარტანული წარმოშობის ბერძნულ კოლონიას წარმოადგენდა. მისი აღება გაზრდიდა ჰანიბალის ავტორიტეტს მთელ ბერძნულ სამყაროში. ტარენტუმის სიახლოვეს მდებარე ბერძნული ქალაქები მეტაპონტა და ჰერაკლეა ჰანიბალის მხარეზე გადავიდნენ. ამ დროს ლეგატმა გაიუს სერვილიუსმა მოახერხა თავისი რამდენიმე ხომალდით ბლოკადის გარღვევა და ტარენტუმის აკროპოლში გამაგრებულთათვის სურსათის მარაგის მიწოდება. სერვილიუსის ამ მოქმედებამ ქალაქის მცხოვრებლები აიძულა, რომაულ გარნიზონს შეერთებოდნენ. ყოველივე ეს ავის მაუწყებლად იქცა ჰანიბალისა და მთლიანად ტარენტუმისათვის. ამავე დროს შავი ღრუბლები მოგროვდა კაპუის თავზეც: ეს ქალაქი კართაგენელთა ძირითად სტრატეგიულ დასაყრდენს წარმოადგენდა სამხრეთ იტალიაში. რომის ორივე კონსულმა გააძლიერა ქალაქზე ზეწოლა და კაპუის ბლოკადაში მოქცევას შეეცადა. შიმშილის პირას მყოფმა მოსახლეობამ ჰანიბალს თხოვნით მიმართა, პურით მოემარაგებინა ისინი მანამ, სანამ რომაელები ქალაქს მიადგებოდნენ. ჰანიბალმა ჰანონს უბრძანა, ბრუტიუმიდან კაპუის მიმართულებით დაძრულიყო და მათთვის საკვები წაეღო. საკვებით დატვირთული ჰანონი ბენევენტოში დაბანაკდა, კაპუიდან 3 მილის დაშორებით. მან მოსახლეობას უხმო საკვების წასაღებად. მოქალაქეებმა საამისოდ გამოყვეს დაახლოებით 400 ოთხთვალა საზიდარი და სასაპალნე ცხოველები. როგორც გაირკვა, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა არ აღმოჩნდა საკმარისი. კაპუელებით უკმაყოფილო ჰანონმა ბრძანა, კვლავ მისულიყვნენ მასთან ამ ქალაქის წარმომადგენლები საჭირო ოდენობის ტრანსპორტით და მათთვის ესოდენ ძვირფასი და აუცილებელი ტვირთი წაეღოთ. ეს ფაქტი ცნობილი გახდა რომაელებისთვის. ღომის კონსული კვინტუს ფულვიუსი ღამით შეიჭრა ბენევენტოში. მან ისარგებლა იმით, რომ ჰანონი საკვების გაცემით იყო დაკავებული და დაიწყო პუნების ჟლეტა. შედეგი უმძიმესი აღმოჩნდა პუნებისთვის, დაიღუპა 6 ათასი კართაგენელი და ტყვედ ჩავარდა 7 ათასი კაცი. ჰანონმა გაქცევა მოახერხა და ბრუტიუმში დაბრუნდა. კაპუელებმა ჰანიბალს ახალი ელჩობა გაუგზავნეს. ამასობაში ქალაქს მორიგი განსაცდელი დაემუქრა. მის კედლებთან უკვე მეორე კონსული, აპიუს კლავდიუსიც მისულიყო თავისი ჯარით. თუ ჰანიბალი სასწრაფოდ არ დაეხმარებოდა მათ, კაპუა რომაელთა ხელში აღმოჩნდებოდა. ჰანიბალი მიხვდა, რომ საფრთხე ძალზე სერიოზული იყო და აქტიური მოქმედება დაიწყო - პირველ რიგში მან ქალაქის დასაცავად 2 ათასი მხედარი გაგზავნა. რომის ორივე კონსულმა კაპუაზე ზეწოლა გააძლიერა. მათი მიზანი იყო ქალაქის ხელში ჩაგდება და მისი მიწასთან გასწორება. კონსულებმა ლუკანიიდან გამოიძახეს დამატებითი ძალები ტიბერიუს სემპრონიუს გრაკხუსის მეთაურობით. იმ დროს ლუკანიაში პრორომაულ პარტიას ხელმძღვანელობდა ვინმე ფლავიუსი, რომელმაც მოულოდნელად, ჰანიბალის დავალებით, კართაგენელებთან „მოლაპარაკება“ დაიწყო. მან გრაკხუსი შეიტყუა მისთვის ხელსაყრელ ადგილას და მასთან ერთად მთელი მისი ჯარი გაანადგურა. გადმოცემის მიხედვით, ჰანიბალმა გრაკხუსი ღირსეულად დაამარხვინა ბენევენტოში. გრაკხუსის დაღუპვას არსებული ვითარება არ შეუცვლია, პირიქით, კიდევ უფრო გაამძაფრა ის. რომისთვის კაპუას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. მისი აღების შემთხვევაში რომაელები არა თუ კამპანიაში, ლუკანიაშიც აღიდგენდნენ დაკარგულ პოზიციებს. თავის მხრივ, ჰანიბალმაც დაძრა ჯარები კაპუის მიმართულებით და ქალაქთან გამოჩენისთანავე, 3 დღეში მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა ჰანიბალსა და რომაელებს შორის. კაპუაზე შეტევის დაწყებამდე მოულოდნელად გამოჩნდნენ გრაკხუსის მეომრები გნეუს კორნელიუსის მეთაურობით. როგორც რომაელებმა, ისე პუნებმაც ჩათვალეს, რომ ეს ძალა მათ დასახმარებლად მიდიოდა. მოულოდნელად ჰანიბალმა საინტერესო ცნობა მიიღო: რომაელთა ბანაკი აბსოლუტურად დაუცველი და ცარიელი იყო. ჰანიბალმა ჩათვალა, რომ რომაელებმა უკან დახევა გადაწყვიტეს. ჰანიბალმა თავისი ჯარები აპიუს კლავდიუსს დაადევნა. გზად მან გაანადგურა მარკუს ცენტენიუსის რომაული 16-ათასიანი არმია. აპიუს კლავდიუსმა კარგად ისარგებლა ჰანიბალის მიერ ამ ბარიერის გადალახვით და საინტერესო მანევრი განახორციელა: იგი ისევ კაპუას მიუბრუნდა. ამ მანევრით რომაელების პოზიციები გაუმჯობესდა. კონსულებმა კიდევ უფრო გააძლიერეს კაპუის ალყა. ქ. კაროლინაში რომაელებმა საკვების დიდ მარაგს მოუყარეს თავი. გვიან ღამით ჰანიბალმა თავისი მეომრები (დაახლოებით 3 ათასი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი) ქალაქის ირგვლივ მდებარე ტყეებში განალაგა. ჰანიბალმა მაგონს გაუგზავნა 2 ათასი მხედარი და დაავალა, ამ ძალით გადაეკეტა გზა ბრძოლის ველიდან გაქცეული რომაელებისათვის. გათენებისთანავე რომაელებმა ჩათვალეს, რომ გამარჯვება მათ ხელში იყო და უწესრიგოდ დაიწყეს საომარი მოქმედებები. ჰანიბალმა შეტევისთვის გამოიყენა ჩასაფრებული ძალაც და ქალაქის სიახლოვეს რომაელთა 18-ათასიანი არმია გაანადგურა, რომელთაგან მხოლოდ 2 ათასმა კაცმა მოახერხა ბრძოლის ველიდან ცოცხლად თავის დაღწევა. მიუხედავად ამისა, ჰანიბალისთვის ამ გამარჯვებას შედეგი არ მოუტანია. მართალია, დიდი კართაგენელი ბრძოლების ბრწყინვალედ მოგების დიდოსტატი იყო, მაგრამ, უმრავლეს შემთხვევაში მათ თითქმის არ მოჰყოლია პოლიტიკური შედეგები. რაც შეეხებოდა უშუალოდ ქალაქს, რომის ორივე კონსული და პრეტორი გაიუს კლავდიუს ნერონი ინტენსიურად აწარმოებდნენ ქალაქის საალყო სამზადისს: მის ირგვლივ გაყავდათ თხრილები, აგებდნენ სანგრებს. კაპუელებმა კვლავ სთხოვეს ჰანიბალს დახმარება, ის კი ბრუნდიზიუმის მიმართულებით აპირებდა წასვლას და ვერ ბედავდა ქალაქზე შეტევას. ჰანიბალმა მიიღო კაპუის ელჩობა და განუცხადა, რომ მან ერთხელ უკვე აიძულა რომის კონსულები, მოეხსნათ ქალაქისათვის ალყა, ამიტომ შესაძლებელი იქნებოდა, მსგავსი მოქმედება გაემეორებინათ. მაგრამ, როდესაც ელჩობა უკან, ქალაქისკენ გამობრუნდა, კაპუა მათ უკვე ორმაგი თხრილებით ალყაშემორტყმული დახვდათ. რომაელებმა კაპუის მცხოვრებლებს შემდეგი პირობა წაუყენეს: მათ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაეცალათ ქალაქი და თან წაეღოთ პირადი ნივთები. ამგვარად ისინი რომაელებისგან მიიღებდნენ თავისუფლებასა და ხელშეუხლებლობის გარანტიას. კაპუელებმა რომაელთა მოთხოვნა არ შეასრულეს. ამრიგად, კაპუის ალყით პრაქტიკულად II პუნიკური ომის ახალი ეტაპი დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ კაპუის წარმატებული ალყა და შესაბამისად მისი აღება რომაელებისთვის შესაძლოა გამხდარიყო მათი ადრინდელი მარცხის კომპენსირების საშუალება სამხრეთ იტალიაში. რომის სარდლობა პრიორიტეტულად მიიჩნევდა ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას. ჰანიბალს ესმოდა, რომ კაპუის დაკარგვა მას ხელიდან გამოაცლიდა ყველა ან თითქმის ყველა მოკავშირეს სამხრეთში და საერთოდ, აპენინის ნახევარკუნძულზე. 212 წლის სამხედრო მოქმედებათა გადატანამ სიცილიის მიმართულებით ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა კართაგენისთვის. რაც შეეხება სირაკუზას, მისი დაცემა გამოიწვევდა კართაგენელთა საბოლოო წასვლას სიცილიიდან. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 214 წლიდან სირაკუზის მოსახლეობა არქიმედეს მეთაურობით წარმატებით იცავდა თავს რომაელებისაგან. ქალაქის საზღვაო და სახმელეთო ბლოკადამ რომაელებს რეალური შედეგები ვერ მოუტანა: ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტური გამოდგა იმიტომ, რომ ქალაქის მოსახლეობა აუცილებელ საკვებს რეგულარულად ღებულობდა კართაგენიდან. ასე რომ, მიუხედავად ბლოკადისა, მაინც რჩებოდა ქალაქის კედლებთან ისეთი ადგილები, რომლებსაც რომაელები ვერ აკონტროლებდნენ. გაიუს მარცელიუსმა, რომელსაც მომხრეები ჰყავდა სირაკუზაში, ქალაქის მოსახლეობას შეუთვალა, რომ იგი მზად იყო, ქალაქის მისთვის გადაცემის შემთხვევაში, თითოეული მოქალაქისთვის სიცოცხლე და თავისუფლება შეენარჩუნებინა. რომაელთა უზენაესობის ცნობის შემთხვევაში კი ქალაქი თვითმმართველობასაც შეინარჩუნებდა. ამან ხელი შეუწყო სირაკუზაში პუნების საწინააღმდეგო მოძრაობის დაწყებას, რომელსაც სათავეში 80 მოქალაქე ჩაუდგა. მაგრამ, როგორც კი ცნობილი გახდა მათი საქმიანობის შესახებ, ყველა მათგანი სიკვდილით დასაჯეს. აღსანიშნავია, რომ ქალაქში ძლიერი იყო პრომაკედონური განწყობა. სირაკუზელებმა გადაწყვიტეს, უშუალო კავშირი დაემყარებინათ მაკედონიის მეფე ფილიპე V-სთან. მასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ელჩი, წარმოშობით სპარტელი დამიპი, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა რომაელებს. სირაკუზელებმა ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყეს რომაელებთან დამიპის გამოსახსნელად. მMოლაპარაკებების დროს ერთმა რომაელმა ყურადღება მიაქცია სირაკუზის ერთ-ერთ კედელს, რომელიც იმდენად დაბალი იყო, რომ მასზე ასვლა პატარა კიბითაც შეიძლებოდა. ეს შეატყობინეს მარცელიუსს, რომელმაც, თავის მხრივ, ისიც დაადგინა, რომ ამ კედელს განსაკუთრებული მონდომებით იცავდნენ სირაკუზელები. ამის შემდეგ რომაელთა ბანაკში ჩავიდა სირაკუზელი მოქალაქე, რომელმაც რომაელებს შეატყობინა, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქში იმ დროს ნაყოფიერებისა და ნადირობის ქალღმერთ არტემიდასადმი მიძღვნილი სამდღიანი დღესასწაული ტარდებოდა. მოღალატის განცხადებით, ზეიმზე საკმარისი არ იყო საკვები, სამაგიეროდ, თავზე საყრელად იყო ღვინო, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება უხვად არიგებდა. მთვრალი მოსახლეობა კი მტრისთვის ადვილად დასაუფლებელი გახდებოდა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით მარცელიუსმა გადაწყვიტა, ქალაქზე იერიში მიეტანა. გვიან ღამით, როდესაც სირაკუზელთა დამცველი რაზმები ღვინით იყვნენ გალეშილნი, რომაელთა მზვერავი რაზმი ქალაქში უპრობლემოდ შევიდა. საბრძოლო განგაშის სიგნალის მიცემისთანავე, რომაელთა ძირითადი ძალები საშინელი ხმაურით გადავიდნენ შეტევაზე და ქალაქის კედლებზე მიიტანეს იერიში. უცაბედად გამოფხიზლებული ქალაქის დამცველთა ერთი ნაწილი უაზროდ აწყდებოდა აქეთ-იქით, ისინი კედლებიდან ხტებოდნენ და კიდევ უფრო აძლიერებდნენ ქალაქში შექმნილ პანიკასა და ქაოსს. მეორე ნაწილს ჯერ კიდევ ეძინა. გათენებულიც არ იყო, რომ მარცელიუსის ჯარებმა ქალაქის ყველა კარი შელეწეს და ქალაქში შეიჭრნენ. ეპიკიდეს ხელში ჯერ კიდევ იმყოფებოდა ქალაქის რამდენიმე უბანი და მისი მიმდებარე კუნძული ორტიგია. მარცელიუსმა ეპიკიდეს რომაელებისთვის ქალაქის გადაცემა შესთავაზა. მათ შორის მოლაპარაკება არ შედგა და მარცელიუსმაც შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა. მისი განკარგულების თანახმად, რომაელმა ჯარისკაცებმა ქალაქის მოსახლეობა დაინდეს, ქალაქი კი პირწმინდად გაძარცვეს. ჰიმილკონი და ჰიპოკრატე დროულად ვეღარ მიეშველნენ უკვე რომაელთა ხელში მყოფ ქალაქს. შესაბამისად, აკროპოლიც ვეღარ უწევდა წინააღმდეგობას მათ და თანდათან თმობდა პოზიციებს. მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, ჰიპოკრატე ყველა საშუალებით ცდილობდა ქალაქის გადარჩენას, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი უბანი ჯერ კიდევ არ დაეკავებინათ რომაელებს. სიცილიის შედარებით პატარა ქალაქებმა მოახერხეს და შეაგროვეს 20 ათასი ქვეითი და 5 ათასი მხედარი ჰიპოკრატეს დასახმარებლად. მათ ესმოდათ, რომ სირაკუზის დაცემა სიცილიაზე რომაელთა სრული კონტროლის დამყარებას ნიშნავდა. მაშინ, როცა სირაკუზის ირგვლივ მოვლენები ასე განვითარდა, კართაგენის ხელისუფლებამ კიდევ სცადა, მართალია, დაგვიანებული, მაგრამ მაინც დახმარების გაწევა. კართაგენის ფლოტის სარდალმა ბომილკარმა სირაკუზელებს 55 ხომალდი გაუგზავნა, თვითონ კი 35 ხომალდიანი ესკადრით ჩავიდა კართაგენში, საიდანაც მან სირაკუზელთა დასახმარებლად ამჯერად უკვე 100 ხომალდი წამოიყვანა. ამასობაში ქალაქის კედლებს მიაღწიეს ჰიპოკრატემ და ჰიმილკონმა თავიანთი ძალებით, მაგრამ რომაულმა არმიამ აიძულა ისინი, უკან დაეხიათ. ორივე დაპირისპირებული მხარე ინტენსიურად ემზადებოდა გენერალური შეტევისათვის, მაგრამ მოულოდნელად პუნთა-სირაკუზელთა და რომაელთა ბანაკებში ეპიდემიამ იფეთქა: იგი გამოიწვია საშინელი სიცხის შედეგად ქალაქის ირგვლივ არსებული ჭაობებიდან აორთქლებულმა შხამებმა, რის გამოც ორივე მხარემ ბევრი ჯარისკაცი დაკარგა. მაგრამ, მიუხედავად ასეთი საშინელი დანაკარგებისა, რომაელებიც და კართაგენელებიც გულმოდგინედ ემზადებოდნენ გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ დროისათვის კუნძულ სიცილიაზე კართაგენის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლობის წარმომადგენლად ბომილკარი რჩებოდა. მან სთხოვა კართაგენს დამატებით დამხმარე ძალების გაგზავნა. შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისთანავე მის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა 130 საბრძოლო და 700 სატრანსპორტო ხომალდი. ძურგის ქარის დახმარებით იგი თავისი ფლოტით სწრაფადმიუახლოვდა კუნძულს. ზღვით მასთან შესაერთებლად დაიძრა თავისი (უფრო სწორედ, კართაგენული) ფლოტით ეპიკიდე. მარცელიუსმა გადაწყვიტა, ხელი შეეშალა მათი შეერთებისათვის და ამით აეცილებინა თავიდან კართაგენელთა მოსალოდნელი შტურმი სირაკუზაზე. როგორც კი ქარი ჩადგა, ბომილკარმა მოულოდნელი, ყოვლად გაუმართლებელი მანევრი განახორციელა: იგი უცებ უკან, ღია ზღვაში შებრუნდა და სატრანსპორტო ხომალდებს უბრძანა კართაგენში დაბრუნება, თვითონ კი საბრძოლო ხომალდებით ტარენტუმისკენ გაცურა. ეს იყო ღალატის ტოლფასი შეცდომა. ამ საქციელით ბომილკარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ საერთო წარმატებისათვის, მისი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, დახმარება გაეწია ჰანიბალისთვის, ვიდრე სირაკუზის ბედზე ეზრუნა. შესაბამისად, ეპიკიდემაც ვეღარ შეძლო აქტიური მოქმედებების დაწყება და ლოდინი ამჯობინა. სირაკუზელებს სხვა აღარაფერი დარჩენოდათ და მარცელიუსს შეუთვალეს, რომ მზად იყვნენ, დანებებოდნენ. რომაელმა სარდალმა სირაკუზელებს შემდეგი პირობები წაუყენა: 1. სირაკუზის მეფეების მთელი ქონება უნდა გადასცემოდა რომაელ ხალხს; 2. ქალაქში მყოფი დაქირავებული ჯარისკაცები რომაელთა განკარგულებაში უნდა გადასულიყვნენ; 3. ქალაქს ფორმალურად შეუნარჩუნდებოდა ე.წ. თვითმმართველობა, რომელიც ფაქტობრივად აღიარებდა რომის უზენაესობას. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ დაქირავებულებმა, რომაელებს რომ არ ჩავარდნოდნენ ხელში, უსისტემოდ დაიწყეს ქალაქიდან გაქცევა. ისინი არ ინდობდნენ არავის, ვინც კი გზად შემოხვდებოდათ და დაიწყეს ქალაქის დარბევა. ქალაქში უკან დაბრუნებულმა, მარცელიუსთან მოლაპარაკებაზე გაგზავნილმა ელჩებმა დაქირავებულები დაამშვიდეს და აუხსნეს, რომ წინააღმდეგობის შეწყვეტის შემთხვევაში რომაელები მათ არ დასჯიდნენ. ბუნებრივია, რომაელები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე იჩენდნენ ე.წ. მოჩვენებით ჰუმანურობას: მათ სურდათ, რაც შეიძლება ნაკლებად გაპარტახებული ქალაქი ჩაეგდოთ ხელში. მიუხედავად მოლაპარაკებისა, დაქირავებულ მეომართა ერთ-ერთმა ბელადმა, იბერიელმა მერიკმა რომაელების წინააღმდეგ სერიოზული წინააღმდეგობის გაწევისთვის დაიწყო მზადება. როგორც მარცელიუსმა ეს შეიტყო, ყოველგვარი დიპლომატიური საშუალებები უარყო და ქალაქზე შტურმის დაწყება ბრძანა. გვიან ღამით მარცელიუსმა მოახერხა ქალაქის ერთ ნაწილში დესანტის გადასხმა და იერიშიც დაიწყო. რომაელებმა ქალაქი სირაკუზა აიღეს. ამ შეტაკების დროს დაიღუპა დიდი არქიმედე. მარცელიუსმა პატივი მიაგო დიდ მეცნიერს და სირაკუზელებს მისი ღირსეულად დაკრძალვის უფლება მისცა. მიუხედავად ამისა, ქალაქის შტურმის შედეგად, არქიმედეს საფლავი დაიკარგა და მხოლოდ ახ. წ. I საუკუნეში, ანუ თითქმის 2 საუკუნის შემდეგ აღმოაჩინა ის გამოჩენილმა რომაელმა ორატორმა და სახელმწიფო მოღვაწემ მარკუს ტულიუს ციცერონმა. სიცილიისთვის ომი სირაკუზის აღებით არ დამთავრებულა. რომსა და კართაგენს შორის სამხედრო დაპირისპირებამ კუნძულის სხვა ქალაქებში გადაინაცვლა. მხოლოდ მარცელიუსის წარმატებით ჩატარებული ოპერაციის შედეგად მიაღწიეს რომაელებმა საბოლოო გამარჯვებას სიცილიაში. თითოეული ქალაქის აღებისას მარცელიუსი სხვადასხვა სახის, ზოგჯერ დიპლომატიურ ტაქტიკასაც მიმართავდა. მაგალითად, ქ. ტავრომენიუმთან ხელშეკრულების გაფორმებისას, მარცელიუსმა უარი განაცხადა ქალაქში რომაული გარნიზონის დატოვებაზე და ამით მოქალაქეთა კეთილგანწყობა მოიპოვა. ღაც შეეხება აკრაგანტს, იქ იმყოფებოდა კართაგენელთა შეიარაღებული ძალა ჰანონის სარდლობით და, მასთან ერთად, ეპიკიდე. იქ სამხედრო დაპირისპირება გარდაუვალი იყო. მათ შორის გამართული ბრძოლა მარცელიუსის გამარჯვებით დასრულდა, რის შემდეგაც იგი სირაკუზაში დაბრუნდა. სირაკუზის დაცემით სიცილიის ბედი პრაქტიკულად რომაელთა სასარგებლოდ გადაწყდა. ჰანიბალმა ამ მიმართულებით სრული სამხედრო-სტრატეგიული და პოლიტიკური ფიასკო განიცადა. სიცილია თანდათან იქცა რომაელებისთვის კართაგენში (აფრიკაში) შეჭრის პლაცდარმად. ამით საბოლოოდ დაიმსხვრა ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკური მიზანი, შექმნილიყო კართაგენ-მაკედონია-კაპუა-სირაკუზის კოალიცია რომის გასანადგურებლად. რაც შეეხება ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს, 212 წლის სამხედრო კამპანიის დროს პირენეის ნახევარკუნძულზე იმყოფებოდა ორი რომაული არმია, რომლებსაც მეთაურობდნენ ძმები პუბლიუს და გაიუს სციპიონები. დაპირისპირებულ მხარეს წარმოადგენდა კართაგენელთა სამი არმია, რომლებსაც სარდლობდნენ ჰასდრუბალი (ჰისგონის ვაჟი) და ჰანიბალის ძმები: მაგონი და ჰასდრუბალი. უნდა აღინიშნოს, რომ რომაელთა ძირითად ძალებს 20 ათასი კელტ-იბერი მეომარი შეუერთდა. შციპიონებისა და მათი მოკავშირეების მიზანი იყო პირენეის ნახევარკუნძულზე კართაგენული ძალების მთლიანად განადგურება. მათ თავიანთი შეიარაღებული ძალები რამდენიმე ნაწილად გაყვეს და შესაბამისი დავალებები მისცეს. რომაელთა ჯარების 2/3 პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა დაძრა მაგონ ბარკიდისა და ჰასდრუბალ ჰისგონის ძის სამხედრო ძალების წინააღმდეგ. რომაელთა ძალების 1/3 და კელტ-იბერი მებრძოლები გნეუს სციპიონმა ჰასდრუბალ ბარკიდის საპირისპიროდ მიმართა. ჰანიბალის ძმა შეეცადა, კელტ-იბერი მეომრები თავისკენ გადაებირებინა (ცნობილია, რომ ჰანიბალის ცოლი იბერთა ტომიდან იყო). ამან სიტუაცია დაძაბა. გნეუს სციპიონმა იგრძნო, რომ კელტ-იბერთა ურთიერთობაში შესაძლებელი იყო ერთგვარი ბზარის გაჩენა, ამიტომ მან აშკარა ბრძოლას თავი აარიდა და უკან დახევა დაიწყო. ჰასდრუბალი სციპიონს დაედევნა. მდგომარეობა გაურთულდა პუბლიუს სციპიონსაც. მან შეიტყო, რომ კართაგენელთა ძალებთან შესაერთებლად 7500 მეომრით დაიძრა კელტ-იბერთა ერთ-ერთი ბელადი - ინდებილი. გვიან ღამით სციპიონმა გადაწყვიტა ამ ძალის შეჩერება. რომაელები წარმატებასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მოულოდნელად მათ ფლანგებიდან თავს დაესხნენ ნუმიდიელი მხედრები, ზურგიდან კი კართაგენელების შეტევამ საბოლოოდ გაანადგურა რომაელები. ფაქტი იყო, რომ პუნები რომაელთა გადაადგილებას ყურადღებით აკვირდებოდნენ. ბრძოლაში დაიღუპა პუბლიუს კორნელიუს სციპიონი. აპიანეს ცნობით, სციპიონი დაიღუპა რეკოგნოსცირების დროს, როდესაც მხედართა ჯგუფთან ერთად ბრძოლის დაწყების წინ ადგილმდებარეობას ათვალიერებდა. ამის შემდეგ სამივე კართაგენული არმია გნეუს სციპიონის წინააღმდეგ დაიძრა, რომელმაც უკან დახევა განაგრძო და ღამით თავისი ბანაკიც დატოვა. გათენებისთანავე პუნებმა დევნა განაგრძეს. ამ მხრივ ყველაზე აქტიური ნუმიდიური კავალერია იყო. რომაელები იძულებული გახდნენ, შეჩერებულიყვნენ და ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. იმ მომენტში კართაგენელები ფლობდნენ რომაელებზე როგორც ფსიქოლოგიურ, ისე რიცხობრივ უპირატესობას. ამ ბრძოლაში დაიღუპა გნეუს სციპიონიც. ორივე სციპიონის დაღუპვამ და რომაულ არმიებზე გამარჯვებამ ფრთები შეასხა პუნებს და ამის შემდეგ ისინი პირენეის ჩრდილოეთით, მდ. იბერიუსის მიმართულებით დაიძრნენ. იქ თავმოყრილი იყო რომაული არმიის შედარებით მცირერიცხოვანი ნაწილები მარციუსის მეთაურობით. უნდა აღინიშნოს, რომ ეიფორიაში მყოფმა კართაგენელმა სარდლებმა სათანადოდ არ შეაფასეს მოწინააღმდეგე, მოადუნეს ყურადღება და სიფხიზლე, რის გამოც ისინი მკაცრად დაისაჯნენ. გვიან ღამით მარციუსი ჰასდრუბალის (ჰისგონის ძის) ბანაკში შეიჭრა და პირწმინდად გაანადგურა ნახევრადმძინარი კართაგენული არმია. აღსანიშნავია, რომ ლივიუსმა უფრო მეტი ყურადღება მიაქცია რომაელთა ამ წარმატებას, ვიდრე სციპიონთა დაღუპვას და პირენეის ნახევარკუნძულზე მთელი რომაული არმიის განადგურებას. ამ წარმატებული ოპერაციების შემდეგ კართაგენმა მოახერხა და მდ. იბერიუსიდან სამხრეთით მთელი იბერიის ნახევარკუნძულზე სრული კონტროლი აღადგინა, თუმცა მარციუსის წარმატებამ რომაელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და მდ. იბერიუსის ჩრდილოეთით რომს პოზიციები შეუნარჩუნა. ამით რომსა და კართაგენს შორის ესპანეთისათვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყებოდა. ძველი წელთაღრიცხვით 211 წლის დადგომისთანავე აშკარა გახდა, რომ II პუნიკურ ომში სამხედრო მოქმედებათა მთავარი არენა კაპუისათვის ბრძოლა უნდა ყოფილიყო, რომელიც გადამწყვეტი იქნებოდა არა მხოლოდ კონკრეტული სამხედრო ოპერაციისათვის, არამედ აპენინზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებათა საერთო ვითარებისთვისაც. რომის სენატმა კაპუის კედლებთან თავმოყრილ რომის ჯარების სარდლებს, კონსულებს კვინტუს ფულვიუსსა და აპიუს კლავდიუსს უბრძანა, ქალაქზე რკალი შეემჭიდროვებინათ და საბოლოო შტურმისათვის მომზადებულიყვნენ. 211 წელს რომის ახალ კონსულებად აირჩიეს გნეუს ფულვიუს ცენტუმალუსი და პუბლიუს სულპიციუს გალბა მაქსიმუსი. ამ დროს ჰანიბალი გეგმავდა ტარენტუმის აკროპოლისის ხელში ჩაგდებას და წარმატების მიღწევის შემდეგ კაპუისკენ ლაშქრობის დაწყებას. მაგრამ მისი პოზიცია შეიცვალა მას შემდეგ, რაც კაპუის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქალაქის მცხოვრებნი პრაქტიკულად მოწყდნენ გარე სამყაროს. ჰანიბალმა გაითვალისწინა რომის წინააღმდეგ ომში კაპუას განსაკუთრებული მნიშვნელობა და თავისი ჯარით, რომელსაც ზურგს უმაგრებდა 33 სპილო, სწრაფი მარშით კამპანიაში ჩასული ტიფატის მთის ძირში საბრძოლველად დაბანაკდა. გზად ჰანიბალმა ხელთ იგდო გალათეას ციხესიმაგრე და რომაული გარნიზონი იქიდან განდევნა. ბრძოლის დაწყების წინ რომაელთა ძალები ასე განაწილდა: აპიუს კლავდიუსს უნდა ებრძოლა უშუალოდ კაპუელების წინააღმდეგ, კვინტუს ფულვიუსს კი – ჰანიბალთან; პროპრეტორმა გაიუს კლავდიუს ნერონმა დაიკავა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, ქ. სუესულისკენ მიმავალი გზა; ლეგატი გაიუს ფლავიუსი, მოკავშირეთა კავალერიასთან ერთად, მდ. ვოლტორნის ნაპირას განლაგდა. ბრძოლის დაწყებისთანავე კაპუელთა შეიარაღებული რაზმები ქალაქიდან გამოიჭრნენ და თავს დაესხნენ აპიუს კლავდიუსის ლეგიონერებს, რომლებმაც მოახერხეს მათი მოგერიება და მათ უკან დაახევინეს ქალაქისკენ. ჰანიბალი კვინტუს ფულვიუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. ერთ-ერთმა რომაულმა ლეგიონმა ვერ გაუძლო ესპანელ დაქირავებულ მებრძოლთა წარმატებულ შეტევებს და უკან დახევა დაიწყო. ესპანელთა რაზმმა, რომელსაც თან ახლდა 3 სპილო, გაარღვია რომაელთა წყობა და მათ ბანაკამდე მიაღწია, რომლის მისადგომებთანაც ფულვიუსმა ორგანიზება გაუკეთა რომაელთა კონტრშეტევას და პუნები აიძულა, შეჩერებულიყვნენ. ბრძოლა რომაელთა ძალისხმევით ღამით წარიმართა. მათ ჩირაღდნებით დააფრთხეს სპილოები და ამოხოცეს ისინი. მკვდარი სპილოები თხრილებში ჩაყარეს, რითაც მათ ერთგვარი ხიდების როლი შეასრულებინეს. ფულვიუსი იმდენად ძლიერად უტევდა, რომ ჰანიბალი იძულებული გახდა, უკან დაეხია. ღომაელი სარდალი ჰანიბალს არ დადევნებია. ბრძოლის შედეგი ჰანიბალისთვის დამარცხების ტოლფასი იყო. მან ვერ შეძლო კაპუის კედლებიდან რომაელთა განდევნა. ამის შემდეგ ჰანიბალს კაპუაზე პირდაპირი იერიშის მიტანა აღარ უცდია. იგი ფიქრობდა, რომის სარდლობის ყურადღება როგორმე კაპუიდან სხვა მიმართულებით გადაეტანა. მან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ შეექმნა სასიკვდილო საფრთხე რომის სახელმწიფოსთვის ანდა მოეხდინა ასეთი საფრთხის არსებობის სიმულაცია. ამ შემთხვევაში, ჰანიბალის აზრით, რომაელ სარდალთა ყურადღება მთლიანად დედაქალაქზე იქნებოდა გადატანილი. ამგვარად, ჰანიბალმა, როგორც იქნა, გადაწყვიტა რომზე გალაშქრება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება უკვე დაგვიანებული იყო. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჯერ კიდევ კანესთან ჩატარებული ბრწყინვალე ეპოპეის შემდეგ ჰანიბალის უახლოეს გარემოცვაში გაჩნდა იდეა უშუალოდ რომზე გალაშქრებისა, მაგრამ ჰანიბალმა მაშინ ეს შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოო გამარჯვება ხელიდან გაუშვა. კანეს ოპერაციიდან 4 წლის გასვლის შემდეგ ჰანიბალი ამ სტრატეგიულ გეგმაზე კიდევ ერთხელ დაფიქრდა. არადა, მაშინ 4 წლის წინანდელი რომი თითქმის დაუცველი იყო: რომის ხელისუფლება თავის გადარჩენის მიზნით ქმნიდა მოხალისე მონათა რაზმებს მათთვის თავისუფლების მინიჭების უფლებით, თუმცა ასეთი ძალები დიდი სანდოობით არასოდეს გამოირჩეოდნენ (მათში გაცილებით ჭარბობდა რომაელთა მიმართ შურისძიების მომენტები). 211 წელს კი რომი უფრო ძლიერი იყო. ეს ყველაზე კარგად ჰანიბალს ესმოდა. მისი ვარაუდით, თუ დედაქალაქს საფრთხე დაემუქრებოდა, რომაელ მხედართმთავართაგან ერთ-ერთი მაინც (თუ ორივე არა), დატოვებდა ალყაშემორტყმულ კაპუას და რომს მიეშველებოდა. ამ შემთხვევაში კი ჰანიბალისთვის დანაწევრებულ რომის არმიასთან დაპირისპირება ხელსაყრელი იქნებოდა. ერთადერთი, რაც მას აფიქრებდა, კაპუას პოზიცია იყო: გამორიცხული არ იყო, რომ ქალაქი, თავის გადარჩენის მიზნით, რომაელებს უბრძოლველად დანებებოდა. ამიტომაც ჰანიბალმა მოახერხა და კაპუაში წერილი შეგზავნა, სადაც მან მოქალაქეებს თავისი ჩანაფიქრი გააცნო. ჰანიბალის რომისკენ წასვლის შემთხვევაში შესუსტდებოდა რომაელთა ზეწოლა კაპუაზე და მათი ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი რომის გადასარჩენად წავიდოდა. ეს კი კაპუას რომაელთა ალყისაგან დაიხსნიდა. ჰანიბალი ღამით ჩრდილოეთისკენ დაიძრა და ბრძანება გასცა, ბანაკში ცეცხლი არ ჩაექროთ, რათა რომაელებს კარ- თაგენელთა გადაადგილება არ შეემჩნიათ. ჰანიბალის გეგმებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესი იყო ის, თუ რამდენად იმუშავებდა რომზე შეტევის მოულოდნელობის ეფექტი. ფულვიუსმა მზვერავთა საშუალებით გაიგო ამ განზრახვის შესახებ და ყველაფერი რომის ხელისუფლებას შეატყობინა. სასწრაფოდ მოიწვიეს სენატის სხდომა. შენატორმა პუბლიუს კორნელიუს ასინამ სენატს წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც რომის დასაცავად უნდა გამოეხმოთ იტალიაში მყოფი ყველა რომაელი სარდალი. ეს გეგმა ჰანიბალის ჩანაფიქრს შეესაბამებოდა. ამ მოსაზრების წინააღმდეგ გამოვიდა კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი. მან დანაშაულად მიიჩნია ალყაშემორტყმული კაპუის მიტოვება და სენატორებს მოუწოდა, დაეცხროთ ვნებათაღელვა და არ წამოგებოდნენ ანკესზე ჰანიბალის მანევრებს. მაქსიმუსმა განაცხადა: „დაფიქრდით, რომაელებო! კანეს ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულმა ჰანიბალმა ვერ გაბედა რომზე შეტევა და ახლა, კაპუიდან განდევნილი, როგორ მოახერხებს ამას? ის რომის ალყისთვის კი არ მოიწევს, არამედ მას სურს ალყაშემორტყმული კაპუის რომაელთაგან გათავისუფლება; რომს დავიცავთ ყველანი, ხელისუფლება, მეომრები, იუპიტერი და სხვა ღმერთები“ (75.233.). საკითხის განხილვა დასრულდა პუბლიუს ვალერიუსის კომპრომისული წინადადებით. სენატმა გადაწყვიტა, რომ კაპუის ალყა გაგრძელდებოდა და იქიდან მხოლოდ გარკვეული ნაწილი გაიგზავნებოდა რომის მიმართულებით ჰანიბალთან საბრძოლველად. მაგრამ რომაელთა მხრივ ჰანიბალის ძალის უგულებელყოფაც დაუშვებელი იყო. ამიტომ კაპუიდან რომისაკენ დამატებით გაიგზავნა 15 ათასი ქვეითი და 1000 ცხენოსანი, რომლის სარდლობაც კვინტუს ფულვიუსს დაევალა. მეორე სარდალი, აპიუს კლავდიუსი კაპუელებთან ერთ-ერთი შეტაკებისას მიღებულ ჭრილობას იშუშებდა. ამის გამო კაპუის ალყაზე კონტროლი მას უნდა გაეგრძელებინა. ამრიგად, ჰანიბალის ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ გამართლდა. მან ვერ აიძულა რომაელები, კაპუისთვის ალყა მოეხსნათ. ჰანიბალის რომისკენ წასვლამ დედაქალაქში დიდი პანიკა გამოიწვია, რაც, თავის მხრივ, დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობდა ხელს. მაგალითად, გავრცელდა ხმები, რომ ჰანიბალმა გაანადგურა კაპუასთან მდგარი რომაული ლეგიონები და ახლა რომის გასანადგურებლად მოისწრაფოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლება აქტიურად ხელმძღვანელობდა მოახლოებული საფრთხისაგან ქალაქის თავდაცვის ორგანიზებას. ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ქალაქი უნდა დაეცვა, ქალები და ბავშვები კი ქვებსა და თავდაცვისათვის საჭირო სხვა ნებისმიერ საშუალებას ეზიდებოდნენ. რომის გამაგრებულ ადგილებში, მათ შორის, კაპიტოლიუმშიც, რომაული გარნიზონები განთავსდნენ. ამ დროს რომისკენ სწრაფი ტემპით მიიწევდნენ ჰანიბალი და ფულვიუსი. რომაელი სარდალი მდ. ვოლტორნის გადალახვისას შეყოვნდა იმიტომ, რომ ჰანიბალმა დაასწრო მას და სამდინარო ხომალდები გადაუწვა. ჰანიბალს კი გზაში თითქმის არ შეხვედრია სერიოზული წინააღმდეგობა. მან გაპარტახებული და თითქმის გაუვალი გზებით სიარული არჩია, რათა რომაელთა ყურადღება არ მიეპყრო. ბოლოს ის პუპინიაში შეჩერდა, რომიდან 8 მილის მანძილზე. თითქმის იმავდროულად ჩავიდა რომში გნეუს ფულვიუსი. ამის შემდეგ ჰანიბალი კიდევ უფრო მიუახლოვდა რომს და ბანაკი ქალაქიდან 3 მილის მანძილზე დასცა. მან 2 ათას მხედართან ერთად დაიწყო რომის ირგვლივ ადგილების დათვალიერება. ჰანიბალი ჰერკულესის ტაძარს მიუახლოვდა და ბრძოლის წინ ქალაქის კედლებისა და ქუჩების განლაგებას აკვირდებოდა. ფულვიუსმა მის წინააღმდეგ ცხენოსანი რაზმი გაგზავნა და ჰანიბალი აიძულა, უკან, თავის ბანაკში დაბრუნებულიყო. ჰანნიბალ ანტე პორტას (პირველად ეს გამოთქმა დააფიქსირა დიდმა რომაელმა ორატორმა ციცერონმა (ძვ.წ. 106-43) თავის „ფილიპიკებში“ (I,5,11). ეს ფრაზა ნახსენები აქვს ტიტუს ლივიუსსაც (ძვ.წ. 59–ახ.წ. 17) „რომის ისტორიაში“ (XXIII,16)) ჰანიბალი კარიბჭესთანაა –საგანგაშოდ გაიჟღერა ამ ფრაზამ იმდროინდელ რომში, რომელიც მაუწყებელი იყო დიდი უბედურებისა. რომის მოსახლეობა ყოველ წუთს ელოდა დედაქალაქის ქუჩებში ბრძოლის დაწყებას, სიტუაცია უკიდურესად დაძაბული იყო. განსაკუთრებული პანიკა გამოიწვია ერთმა შემთხვევამ: როდესაც ჰანიბალი რომის კედლებთან გამოჩნდა, ქალაქის ერთ ნაწილში (ავენტინი) მყოფმა, რომის მხარეზე გადასულმა 1200 ნუმიდიელმა მხედარმა დავალების შესასრულებლად გადაადგილება დაიწყო. მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო, ამიტომ ნუმიდიელთა გამოჩენა ჰანიბალის რომში შესვლად მიიჩნიეს. ზოგი მოქალაქე სახლისკენ გაიქცა, ზოგმა კი ქვები დააყარა ნუმიდიელებს. ეს ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ხელისუფლებამ ძლივს მოახერხა ვითარებაზე კონტროლის აღდგენა. მეორე დღეს ჰანიბალმა გადალახა მდ. ანიენე და ბრძოლაში ჩართო მთელი თავისი ძალები. ფულვიუსმა და ორივე კონსულმა ეს გამოწვევა მიიღეს. ბრძოლის დაწყების წინ კოკისპირული წვიმა წამოვიდა და ხილვადობა იმდენად გაუარესდა, რომ მებრძოლები (ორივე მხრიდან, როგორც პუნები, ისე რომაელები) ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ. ისინი იძულებულნი გახდნენ, თავიანთ ბანაკებს მიბრუნებოდნენ. მეორე დღესაც იგივე განმეორდა და, შესაბამისად, ბრძოლის დაწყება კვლავ ვერ მოხერხდა. პუნების ბანაკში ასეთი ხმები გავრცელდა: ჰანიბალს ბრძოლის დაწყებაში ხელს რომაელთა ღვთაებები უშლიანო. გაოცებულ ჰანიბალს მთელი ხმით დაუყვირია: „ნუთუ მე, ჰანიბალს არ მყოფნის ჭკუა და არ მწყალობს ბედი იმისთვის, რომ დავეუფლო მარადიულ ქალაქს!“ (71. 11). ჯერ კიდევ რომის კედლებთან მყოფ ჰანიბალს აცნობეს ორი შემთხვევის შესახებ, რომელმაც მასზე მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. პირველი, ის, რომ თურმე რომის ხელისუფლებამ, მიუხედავად მძიმე ვითარებისა, მოახერხა და დამატებითი ძალები გაგზავნა ესპანეთში პუნების წინააღმდეგ. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ეს უკვე შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა ჰანიბალისთვის: თურმე მიწის ნაკვეთი, სადაც მისი სამხედრო ბანაკი იმყოფებოდა, მისმა იურიდიულმა მფლობელმა, ერთ-ერთმა რომაელმა მოქალაქემ, უპრობლემოდ გაყიდა, ისე რომ საერთოდ არ გაითვალისწინა ჰანიბალის ფაქტორი. ამ ფაქტებით რომმა დაანახა ჰანიბალს ის, რომ მისი რესურსები არა თუ ამოწურულია, არამედ ბევრად აღემატება ჰანიბალისას. აშკარად გამოიკვეთა ჰანიბალზე რომის სამხედრო და პოლიტიკურფსიქოლოგიური უპირატესობა. ამის შემდეგ ჰანიბალმა ვეღარ გაბედა რომზე შეტევა. მან ალყა მოხსნა და ბანაკი რომიდან 6 მილის მანძილზე განალაგა, გააპარტახა მიმდებარე მიწები, შემდეგ აყარა ბანაკი და სამხრეთისაკენ გაეშურა. რომის მოსახლეობამ ჰანიბალის წასვლა ღვთის წყალობად მიიჩნია. რომი ჰანიბალისთვის მიუღწეველ ოცნებად დარჩა. და რაც მან ვერ შეძლო, ეს მოახერხა 7 საუკუნის შემდეგ ძველგერმანული ვესტგოთების ტომის ბელადმა და პირველმა მეფემ ალარიხმა 410 წელს. ჰანიბალის რომზე ლაშქრობა მისი სრული სამხედრო-პოლიტიკური კრახით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ რომის კედლებთან მეტ-ნაკლებად სერიოზული სამხედრო ოპერაცია არ ჩატარებულა. ფაქტობრივად, ჰანიბალი უბრძოლველად უკუიქცა რომის მისადგომებიდან. კიდევ ერთხელ (უკვე მერამდენედ) გამოჩნდა, რომ ჰანიბალს არ ჰქონდა მასშტაბური სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის რეალური გეგმა: აშკარა იყო, რომ მას აღარ გააჩნდა ისეთი სამხედრო ძალა, რომელიც სერიოზულ სამხედრო წარმატებას მოუტანდა და შესაძლებელს გახდიდა რომაელებზე უპირატესობის მოპოვებას. ჰანიბალმა ვერ მოაგვარა კაპუის საკითხიც. რეალობა კი იყო ის, რომ ჰანიბალ ბარკას პოლიტიკური მზე ესვენებოდა. კართაგენელებმა კაპუა ბედის ანაბარა მიატოვეს. როდესაც რომის სენატი კაპუის საკითხს განიხილავდა, ქალაქზე საალყო ოპერაციის ხელმძღვანელმა, ფულვიუსმა წინადადება წამოაყენა, რომლის თანახმადაც, თუ კაპუის მოქალაქენი დათქმულ დროში გადავიდოდნენ რომაელთა მხარეზე, ყველა მოქალაქეს, ვისაც რომაელების წინააღმდეგ რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, შეიწყალებდნენ. ამ წინადადების მიუხედავად, რომაელთა მხარეზე არც ერთი კაპუელი არ გადასულა. საქმე იმაში გახლდათ, რომ კაპუელებს არ სჯეროდათ რომაელებისა, უფრო მეტიც, მათ მიაჩნდათ, რომ თუ ისინი ჩაბარდებოდნენ მოწინააღმდეგეს, რომაელები ქალაქს პირწმინდად მაინც გაძარცვავდნენ. კაპუელთა ერთადერთი ხსნა გარედან დახმარების მიღება იყო. კაპუის კართაგენული გარნიზონის მეთაურებმა, ჰანონმა და ბოსტარმა წერილი გაუგზავნეს ჰანიბალს. მათ შეახსენეს – პუნებმა იმიტომ გადალახეს ალპები, რომ ჰანიბალს რომის სახელმწიფოს წინააღმდეგ ებრძოლა და სადაც რომაული ლეგიონები დგანან, იქ უნდა იყვნენ კართაგენელებიცო. მათ ჰანიბალს სთხოვეს, სწრაფად ემოქმედა, დახმარებოდა ალყაშემორტყმულ კაპუას და ის რომაელთაგან ეხსნა. წერილი გადაეცა ნუმიდიელ მხედართა ჯგუფს, რომლებიც, ვითომცდა რომაელთა მხარეზე გადასვლის მიზნით, ადვილად შეძლებდნენ რომაული ბარიერის გადალახვას და ჰანიბალთან ჩავიდოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჰანიბალი, რომელიც რომიდან სამხრეთის მიმართულებით მიეშურებოდა, მოულოდნელად უკან შემობრუნდა და დადევნებულ რომაულ არმიას სერიოზული მარცხი აგემა, თუმცა ამ წარმატებას ჰანიბალისთვის რაიმე რეალური შედეგი არ მოჰყოლია და მან კვლავ გააგრძელა სამხრეთისკენ სვლა. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ წერილს, მან ჰანიბალამდე ვერ მიაღწია. ერთ-ერთ ნუმიდიელ მხედარს ჰყავდა კაპუელი საყვარელი, რომელმაც ეს საიდუმლო გასცა. რომაელებმა ყველა შეთქმული ნუმიდიელი შეიპყრეს, ხელები მოკვეთეს და ქალაქიდან გააძევეს. კაპუელებს სხვა გზა აღარ დარჩენოდათ, მათ ელჩები გაუგზავნეს რომაელებს და აუწყეს, რომ დანებებას აპირებდნენ. ამ დროს მოხდა ერთი ძალზე შტამბეჭდავი ფაქტი, რომელსაც ლივიუსი ასე აღწერს: რომაელებს რომ არ ჩავარდნოდნენ ხელში, კაპუელმა პოლიტიკოსმა ვიბიუს ვირიუსმა მოუწოდა სენატორებს, მასთან შეკრებილიყვნენ და ჯგუფური თვითმკვლელობა მოეწყოთ; 27 სენატორი მივიდა სახლში ვირიუსთან, მიუსხდნენ სანადიმო მაგიდას, მათ ჯერ მიირთვეს ღვინო, შემდეგ –საწამლავი და სული განუტევეს (2. 220). მეორე დღეს ფართოდ გაიღო კაპუის ჭიშკარი და რომაელთა ლეგიონები ქალაქში მარშით შევიდნენ. მათ კართაგენელთა გარნიზონი ტყვედ აიყვანეს, ქალაქის სენატის დარჩენილი წევრები კი დააპატიმრეს და ბადრაგის თანხლებით გაგზავნეს ოქროსა და ვერცხლის მოსატანად. ამ გზით შეგროვდა 881 კგ. ოქრო და 10218 კგ. ვერცხლი. მოქალაქეთა უმრავლესობა რომაელებმა მონებად გაყიდეს. ამრიგად, ათწლეულების განმავლობაში რომის მოქიშპე და, ფაქტობრივად, აპენინის ნახევარკუნძულის მეორე პოლიტიკური ცენტრი, კაპუა, რომის ქვეშევრდომად იქცა. მიუხედავად ამისა, ჰანიბალი ჯერ კიდევ აპენინზე იმყოფებოდა და მთელი 10 წლის განმავლობაში იბრძოდა რომაელთა წინააღმდეგ, მაგრამ მას უკვე აღარ შეეძლო რომისთვის სერიოზული დარტყმის მიყენება. უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ იგი მხოლოდ მექანიკურად და ინერციის ძალით მოქმედებდა. ჰანიბალის დაქვემდებარებაში ამ დროისათვის დაახლოებით 26 ათასი ჯარისკაცი რჩებოდა.
V თავი
ჰანიბალის დაისი. ზამას ბრძოლა
კაპუის დაცემით ჰანიბალმა სამხრეთ იტალიაში ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მოკავშირე დაკარგა, კაპუის დასჯით კი რომმა ჰანიბალის მოკავშირეებს დაანახვა, რომ მათაც მსგავსი დღეები ელოდათ. კაპუის დაცემამ აშკარა გახადა ჰანიბალის სამხედრო ძალის დასუსტება. თანდათანობით დაიწყო მღელვარება კართაგენის მომხრე ყველა ქალაქში აპენინზე და, შესაბამისად, მათ მიერ რომთან კავშირების ძიების პროცესი. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ბოლო პერიოდში ჰანიბალი სულ უფრო ხშირად მიმართავდა ყოფილი მოკავშირე ქალაქების ძარცვა-აწიოკებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა აპენინზე პრორომაული განწყობის გაძლიერებას. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ჰანიბალი ჯერ კიდევ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. მის ხელში ისევ რჩებოდა ლუკანია და ბრუტიუმი. მას მხარს უჭერდა ელინისტური საბერძნეთი, ტარენტუმში კი კვლავ კართაგენული გარნიზონი იდგა. ჰანიბალს ჯერ კიდევ გააჩნდა იმის რესურსი, რომ მოულოდნელი მანევრით სიტუაცია კართაგენის სასარგებლოდ შემოებრუნებინა. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პირენეის ნახევარკუნძულზე. გნეუს და კორნელიუს სციპიონების დაღუპვის შემდეგ, პირენეის ნახევარკუნძულზე რომაელთა მხრიდან ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალას პროპრეტორი ლუციუს მარციუსი წარმოადგენდა. სენატი სახალხო კრებაზე აპირებდა საკითხის გატანას, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ოფიციალური მთავარსარდალი პირენეის ნახევარკუნძულზე. მარციუსის საკითხი არც კი განხილულა. კაპუის აღების შემდეგ რომის სენატმა გაიუს კლავდიუს ნერონს ესპანეთში გადასვლა დაავალა. მის დაქვემდებარებაში იყო 12 ათასი ქვეითი და 1100 მხედარი. ჩასვლისთანავე მდ. იბერიუსთან ნერონის განკარგულებაში გადავიდნენ ლუციუს მარციუსისა და ტიბერიუს ფონტის რომაული ლეგიონები. ამის შემდეგ ნერონი კართაგენელთა ძალების წინააღმდეგ დაიძრა. მან დაიკავა ის ხეობა, საიდანაც ერთადერთი გასასვლელი გააჩნდა ჰასდრუბალის ჯარს. მდგომარეობა პუნებისათვის კრიტიკული შეიქნა. ჰასდრუბალმა ეშმაკობას მიმართა: მან ნერონს შესთავაზა, რომ თუ რომაელები უპრობლემოდ გაატარებდნენ კართაგენელებს, მაშინ ჰასდრუბალი ყველა თავის ჯარისკაცს უპირობოდ გაიყვანდა ესპანეთიდან. ნერონი სიამოვნებით დათანხმდა ამ წინადადებას. პირობის შესრულება ფაქტობრივად ნიშნავდა პირენეის ნახევარკუნძულის კართაგენელებისგან უომრად გათავისუფლებას. ევაკუაციის ვადების განსაზღვრის მიზნით, ჰასდრუბალმა ნერონს შესთავაზა, მეორე დღესვე დაეწყოთ მოლაპარაკება. მან ნერონისაგან ამაზეც თანხმობა მიიღო. ჰასდრუბალ ბარკიდის ჩანაფიქრი იყო რომაელთა სიფხიზლის მოდუნება და მისთვის ხელსაყრელი სიტუაციის შექმნა. დაღამდა თუ არა, ჰასდრუბალმა უხმაუროდ, რომაელებისთვის შეუმჩნევლად დაიწყო თავისი ბანაკიდან სატრანსპორტო საშუალებების გატანა. მეორე დღეს მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდა და პუნებმა შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი საკითხები (მაგალითად, ჯერ სპილოების გაყვანა აჯობებდა, თუ სასაპალნე ცხენებისა და ა.შ.) წამოჭრეს მოლაპარაკებების გასაჭიანურებლად. ჰასდრუბალმა ორი ღამის განმავლობაში მშვიდად და აუჩქარებლად, მთლიანად მოახერხა თავისი ჯარების ბანაკიდან გაყვანა. რომაელებმა მხოლოდ ჰასდრუბალსა და ნერონს შორის საბოლოო შეხვედრის დღეს იხილეს კართაგენელთა მიტოვებული ბანაკი და მიხვდნენ, რომ ჰასდრუბალმა ისინი მოატყუა. ნერონმა დოყლაპიობა გამოიჩინა, როცა თითქმის ალყაში მოქცეული მტერი ხაფანგიდან გაუშვა და ამის შემდეგ საბოლოო სირცხვილის ჩამოსარეცხად გადაწყვიტა, კართაგენელებს დადევნებოდა. მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო: ჰასდრუბალმა მშვენივრად გააცურა რომაელები და თავისი არმიითა და სპილოებით თავს უშველა. რევანშის ასაღებად რომის სენატს სასწრაფოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი და დაენიშნა მთავარსარდალი ესპანეთში, რათა მსგავსი სამარცხვინო ფაქტი აღარ განმეორებულიყო და საბოლოოდ მოეღოთ ბოლო პუნებისათვის იბერიის ნახევარკუნძულზე. მაგრამ ეს არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა. როდესაც სენატში დაისვა საკითხი, თუ ვისი კანდიდატურა განეხილათ პირენეის ნახევარკუნძულზე რომაელთა უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ თანამდებობაზე, არავის გასჩენია სურვილი, ეს მისია თავის თავზე აეღო. ბოლოს, როგორც იქნა, გამოჩნდა მსურველი და თავისი კანდიდატურა წარადგინა ესპანეთში დაღუპული პუბლიუს სციპიონის ვაჟმა და გნეიუსის ძმისწულმა, 24 წლის (პოლიბიოსის აზრით, 27 წლის) პუბლიუს კორნელიუს სციპიონმა. აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე ასეთი ახალგაზრდის დანიშვნა რომაული კანონმდებლობით დაუშვებელი იყო. მაგრამ, იმის გამო, რომ სხვა კანდიდატურა არ არსებობდა, პირენეის ნახევარკუნძულზე რომაელთა უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ახალგაზრდა სციპიონი აირჩიეს. პუბლიუს კორნელიუს სციპიონ უმცროსმა სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას მგზნებარედ განაცხადა, რომ შურს იძიებდა მამისა და ბიძის მკვლელებზე და სამშობლოს პუნებისაგან იხსნიდა. უფრო მეტიც, მან პირობა დადო რომაელი ხალხის წინაშე, რომ იგი არა მხოლოდ ესპანეთს გაწმენდდა პუნებისგან, აგრეთვე შეიჭრებოდა აფრიკაში და ბოლოს მოუღებდა კართაგენს, როგორც სახელმწიფოს. იგი მამაცი მეომარი იყო, რომელიც ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში მონაწილეობას იღებდა ტიჩინოსთან გამართულ ბრძოლაში, სადაც მან გადაარჩინა მამის, კონსულ პუბლიუს სციპიონის სიცოცხლე. თავისი პიროვნული თვისებებით იგი ისეთი სამაგალითო და ღირსეული პიროვნება იყო, როგორსაც რომის მორალი თითოეული თავისი მოქალაქისაგან მოითხოვდა. რომაული ტრადიციის მიხედვით, სციპიონი იყო რომის მორალურ-ეთიკური პრინციპების დამცველი და რელიგიური პიროვნება (ჰანიბალისგან განსხვავებით). Iგი არანაირ სახელმწიფოებრივ და პირად საქმეს არ იწყებდა, ვიდრე ტაძარში მისული არ განმარტოვდებოდა და ღმერთებისგან წყალობას არ ითხოვდა. ასეთი ბუნების გამო ხშირად საუბრობდნენ სციპიონის ღვთაებრივ წარმომავლობაზე. საუბრობდნენ აგრეთვე, რომ ის იუპიტერის ვაჟი იყო და თითქოსდა ღამით კაპიტოლიუმისკენ მიმავალ სციპიონს ძაღლებიც ვერ უბედავდნენ ყეფას. შციპიონის ბიოგრაფი გაიუს ოპიუსი წერდა, რომ სციპიონის დედა უშვილო იყო და მამამისს იმედი აღარ ჰქონდა, რომ შვილი ეყოლებოდა. მოულოდნელად, ქმრის არყოფნის დროს, ცოლის საძინებელში აღმოაჩინეს გიგანტური გველი, რომელიც უკვალოდ გაქრა. პუბლიუს კორნელიუს უფროსს მისნებმა აუხსნეს, რომ დედოფალი დაორსულდებოდა და ვაჟს შობდა. მსგავს თქმულებებში და ლეგენდებში დაფიქსირებული იყო და იგრძნობოდა რომაულ ცივილიზაციაზე ელინისტური მითოლოგიის გავლენა: რომს ესაჭიროებოდა ახალი ალექსანდრე მაკედონელი (ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, მზის ღმერთის, ამონის ვაჟი, გველის სახით იყო წარმოდგენილი) იუპიტერის (იუპიტერი რომაულ მითოლოგიაში ჭექა-ქუხილის ღმერთი და რომაული სახელმწიფოს მფარველი ღვთაებ) ვაჟის, სციპიონის სახით, რომელიც რომის ტრიუმფატორი გახდებოდა. ჩვენამდე არ მოუღწევია ცნობას, თუ რა რეაგირება ჰქონდა ჰანიბალს სციპიონის გამოჩენაზე. ბარკამ ესპანეთის სამხედრო მოქმედებათა ასპარეზი, აპენინისგან განსხვავებით, მეორეხარისხოვნად მიიჩნია. ჰანიბალმა შეუთვალა თავის ძმას – ჰასდრუბალს, დაეტოვებინა პირენეის ნახევარკუნძული და სასწრაფოდ აპენინის ნახევარკუნძულზე ჩასულიყო. ამ დროს სციპიონი 10 ათასი ქვეითითა და 1000 მხედრით ჩავიდა ქალაქ ტარაკონში და ესპანეთში რომის ჯარების მთავარსარდლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. კართაგენელთა სამხედრო ძალების პოზიციები ასეთი იყო: ჰასდრუბალ ჰისგონის ძე ჰადესში იმყოფებოდა, ჰანიბალის ძმა – მაგონი კასტილიაში, ხოლო ჰასდრუბალი – საგუნტუმთან ახლოს. რაც შეეხება თვით ჰანიბალს, მისი მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. მან სერიოზული მარცხი განიცადა დიპლომატიურადაც. საქმე იმაში იყო, რომ კაპუის ალყის შემდეგ ეტოლიის ბერძნულ ქალაქთა კავშირმა ბალკანეთში, რომელიც ჰანიბალის მოკავშირე იყო, ოფიციალურად გაწყვიტა კართაგენთან სამხედრო-პოლიტიკური კავშირი და პრორომაული პოზიცია დაიკავა. ამის შემდეგ რომმა გადაწყვიტა ამ ახალი ალიანსის კართაგენის მოკავშირე მაკედონიის წინააღმდეგ გამოყენება. შამხედრო გეგმის შესაბამისად, ეტოლიელებს უნდა დაეწყოთ სამხედრო-სახმელეთო მოქმედება მაკედონიის მეფე ფილიპე V-ის წინააღმდეგ. რომაულ ფლოტს ზღვიდან უნდა დაერტყა მაკედონიისათვის. მაკედონია ხმელეთიდან და ზღვიდან სამხედრო ბლოკადაში აღმოჩნდა. ფილიპეს აღარ შეეძლო ჰანიბალისთვის რაიმე დახმარების გაწევა. 210 წლის დადგომისთანავე რომის უპირატესობა ჰანიბალზე თვალსაჩინო გახდა. წარმატებების მიუხედავად, რომის რესპუბლიკამ დიდი მატერიალური ზარალი განიცადა. ომის გამო ქვეყანაში გენოფონდი შემცირდა და მკვეთრად იკლო მუშახელის რაოდენობამ. შესაბამისად შემცირდა შემოსავალი და ხაზინაც თითქმის დაცარიელდა. 10-წლიანმა ომმა ქვეყანა გამოფიტა. ყოველივე ამის გამო რომში სახალხო მღელვარება დაიწყო. ხალხის მოთხოვნით, ხელისუფლებამ, ხაზინის შევსების მიზნით, მოუწოდა არისტოკრატიას (მათ შორის სენატორებს), ჩაებარებინათ მათ ხელთ არსებული ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. ამის შემდეგ დანარჩენ მოქალაქეებს „ნებაყოფლობით“ უნდა შეეტანათ ხაზინაში შემოწირულობები. ჰანიბალის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. კაპუის დაცემის შემდეგ, მან პრაქტიკულად დაკარგა კონტროლი თავის მომხრე ქალაქებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში აშკარად რომისაკენ იხრებოდნენ. ეს ვითარება კარგად გამოიყენა მარცელიუსმა, რომელმაც შტურმით აიღო კართაგენელთა მოკავშირე ქალაქები: მარმორეი და მელი, რომლებიც მთლიანად გაძარცვა. ამ იერიშების დროს დაიღუპა პუნთა გარნიზონის 3 ათასი მებრძოლი. ქალაქ გერდონიას ხელში ჩაგდება კი რთული აღმოჩნდა რომაელებისთვის. პროკონსულ გნეუს ფულვიუსის აზრით, ჰანიბალი იმდენად იყო დასუსტებული, რომ რომაელები ქალაქს ადვილად აიღებდნენ. შესაბამისად, მათ ყურადღება მოადუნეს, ჰანიბალი კი პირიქით, აქტიურად მოემზადა ბრძოლისათვის. აქ მან დაახლოებით იგივე მანევრი გამოიყენა, რაც კანესთან ბრძოლის დროს. სანამ რომაელი და კართაგენელი ქვეითები ერთმანეთს უტევდნენ, ჰანიბალმა თავისი კავალერიის ერთი ნაწილით რომაელთა ბანაკზე მიიტანა იერიში, ხოლო მეორე ნაწილმა ზურგიდან დაარტყა რომაელებს. ჰანიბალის ტაქტიკამ გაამართლა და მან ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. ბრძოლაში 7-დან 13 ათასამდე რომაელი დაიღუპა. ჰანიბალის ამ წარმატებამ სერიოზულად შეაშფოთა რომის ხელისუფლება. მდგომარეობის გამოსწორება მარცელიუსს დაევალა. იგი ნუმისტრონთან ახლოს, ველზე განლაგდა, ჰანიბალი კი მის მოპირდაპირე მხარეს, ბორცვებზე. ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია გამარჯვებას. მეორე დღეს ჰანიბალმა ბრძოლა აღარ გააგრძელა. მან დაღამებისთანავე უხმაუროდ დაძრა თავისი არმია აპულიისკენ. მარცელიუსი უკან დაედევნა. ამ დროს კამპანიაში, სადაც რომაელი მოხელეები კაპუელთა ქონების ყიდვა-გაყიდვით იყვნენ დაკავებული, ადგილობრივ მცხოვრებთა ნაწილმა, გერდონიაში ჰანიბალის გამარჯვების შემდეგ რომაელთა წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტა. მათ ისარგებლეს რომაული ნაწილების კაპუიდან გასვლით და კამპანიელებმა, ძმებ ბლოსიების მეთაურობით, რომაელთა ბანაკის გადაწვა გადაწყვიტეს. ძმების მონებმა ამ ფაქტის შესახებ რომაელებს შეატყობინეს, რასაც ყველა შეთქმულის სიკვდილით დასჯა მოჰყვა. ინფორმატორებს თავისუფლება აჩუქეს და 10 ათასი ასით (ასი – ლათ. ას, სპილენძისგან ჩამოსხმული რომაული მონეტა, რომელიც 273 გრამს იწონიდა.) დააჯილდოვეს. კაპუის დაცემის შემდეგ კართაგენელთა ძირითად საყრდენად სამხრეთ აპენინზე იქცა ტარენტუმი, რომლის აკროპოლისშიც რომაული გარნიზონი იყო გამაგრებული. რომის ფლოტმა ვერ მოახერხა ქალაქში შესვლა და აკროპოლისში გამაგრებულთათვის დახმარების შეგზავნა. საპრიპორტეს საზღვაო ბრძოლაში რომის ხომალდები განადგურდა, რომაული ფლოტის სარდალი დეციუმ კვინკციუსი ბრძოლაში დაიღუპა, რომაელთა საფლაგმანო ხომალდი კი პუნებმა ჩაიგდეს ხელში. ამ ვითარებამ რომაელებს დაანახვა, რომ მათი უახლოესი სტრატეგიული მიზანი ტარენტუმიდან კართაგენელთა განდევნა გახდა. პირველ რიგში საჭირო იყო როგორმე დახმარება გაეწიათ აკროპოლისში გამაგრებულებისთვის. ამ მიზნით რომაელებმა შეიძინეს პურის საკმაო მარაგი და მოახერხეს ქალაქში მისი შეგზავნა 1000 რომაელ მეომართან და 1000 მოკავშირესთან ერთად. რომაელთა ეს ღონისძიება წარმატებული გამოდგა. რაც შეეხება სიცილიაზე მიმდინარე მოვლენებს, მდ. გიმერაზე მიღწეულმა წარმატებამ სიცილიაზე ომი ვერ დაასრულა. ამის გამო სენატმა სირაკუზის ამღებ მარცელიუსს უარი უთხრა ტრიუმფის (ტრიუმფი ლათ. ტრიუმპჰუს, ძველ რომში ეწოდებოდა საზეიმო, გრანდიოზულ შეხვედრას, რომელსაც უწყობდნენ შინ გამარჯვებით დაბრუნებულ მხედართმთავარსა და მის ჯარს) რიტუალის ჩატარებაზე. სამაგიეროდ, ნება დართო მხოლოდ „ოვაციაზე“, რომელიც ნაკლებმნიშვნელოვან საზეიმო ღონისძიებად ითვლებოდა. მარცელიუსის კუნძულიდან წასვლის შემდეგ, კართაგენმა იქ გადასხა 8 ათასი ქვეითი მეომარი და 5 ათასი ნუმიდიელი მხედარი. კართაგენელთა მხარეზე გადავიდა რამდენიმე სიცილიური ქალაქი (მურგანცია, გიბლა და სხვა). მთელი 211 წლის მანძილზე ნუმიდიელი მხედრები, მუტონის მეთაურობით, რომის მოკავშირე ქალაქების მიმდებარე ტერიტორიებს ანადგურებდნენ. 210 წლის მეორე ნახევარში ნუმიდიელთა ბელად მუტონსა და სიცილიაზე კართაგენელთა მთავარსარდალ ჰანონს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ უკანასკნელს შეშურდა მუტონის წარმატებები, რომელიც ჰანიბალის რეკომენდაციით სარგებლობდა და შიშობდა, მის გვერდით არ დაჩრდილულიყო. ჰანონმა იგი თანამდებობიდან გადააყენა და მუტონის ადგილზე მისი შვილი დანიშნა. ნუმიდიელ ჯარისკაცებს უყვარდათ თავიანთი ბელადი და ჰანონის წინააღმდეგ ბუნტი მოაწყვეს. ამ უკანასკნელმა ვეღარაფერი გააწყო, თანმხლებ პირებთან ერთად კუნძული მიატოვა და აფრიკისკენ გაცურა. სიცილია რომის პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდა. რომის ახალმა კონსულმა, მარკუს ვალერიუს ლევინუსმა წინააღმდეგობის გაწევის გამო მკაცრად დასაჯა სიცილიის ბერძნული ქალაქის – აკრაგანტის მცხოვრებნი, რომელთა უმრავლესობა მონებად გაყიდა. ამის შემდეგ სიცილიის ქალაქთა უმეტესობა თავისი ნებით გადავიდა რომაელების მხარეზე. ამით დასრულდა რომსა და კართაგენს შორის დიდი ხნის ბრძოლა სიცილიისთვის. მოგვიანებით ნუმიდიელთა ბელადი მუტონი რომის მხარეზე გადავიდა, რისთვისაც მან უმაღლესი ჯილდო – რომის მოქალაქეობა მიიღო. ამით რომის ხელისუფლებამ ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა რომისთვის კუნძულზე საომარი ოპერაციების დასრულებას. რომმა სიცილიის სახით შესანიშნავი პლაცდარმი მოიპოვა აფრიკაში შეჭრისათვის. აკრაგანტის აღების შემდეგ, რომის ფლოტმა მარკუს ვალერიუს მესალას სარდლობით კართაგენის აფრიკული სამფლობელოები მოითარეშა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მათ მიერ ქ. უტიკის ხელში ჩაგდება, საიდანაც აურაცხელი ალაფი წაიღეს რომაელებმა და ბოლოს ლილიბეუმში დაბრუნდნენ. სიცილიას, ხორბლის დიდი მარაგის გამო, რომისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა (პური იქ გაცილებით იაფი ღირდა, ვიდრე აპენინის ნახევარკუნძულის ნებისმიერ სხვა რეგიონში). ხანგრძლივმა ომებმა უდიდესი მატერიალური ზიანი მიაყენა რომის სახელმწიფოს და აუცილებელი გახადა საკვების ახალი წყაროების ძიება, რაც სერიოზულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ინფორმაციის სიმწირის გამო ჩვენთვის უცნობია, თუ რა მოიმოქმედა ჰანიბალმა სიცილიის შესანარჩუნებლად. უცნობია ისიც, თუ რატომ ვერ შეძლო მან მუტონისათვის დახმარების გაწევა, რაც მას ღალატს აარიდებდა და, შესაბამისად, ლევინიუსიც ასე ადვილად ვეღარ მოახერხებდა კუნძულის დაუფლებას. ამრიგად, კართაგენისთვის 210 წლის ესპანური კამპანიაც მძიმედ დასრულდა. ახალი კართაგენის სახით მათ პირენეის ნახევარკუნძულზე უმნიშვნელოვანესი საყრდენი ბაზა დაკარგეს. გარდა ამისა, საფრთხე ელოდა გიბრალტარის ჩრდილოეთით მდებარე, კართაგენის გავლენის ქვეშ მყოფ სხვა ქალაქებსაც. გაზაფხულის დადგომისთანავე სციპიონმა 2500 ლეგიონერითა და 2500 მხედრით მდინარე იბერიუსი გადაცურა და ახალი კართაგენისკენ გაეშურა. პარალელურად რომის ფლოტი გაიუს ლელიუსის მეთაურობით ზღვით იგივე მიმართულებით გადაადგილდა. ეს სამხედრო ოპერაცია კონსპირაციულად დაიგეგმა, მომზადდა და შესრულდა. მის შესახებ მხოლოდ სციპიონმა და ლელიუსმა იცოდნენ. გეგმის მიხედვით, ქალაქზე ერთდროულად უნდა მიეტანათ იერიში ზღვიდან და ხმელეთიდან. ქალაქის დაცვას ხელმძღვანელობდა მაგონი, რომელსაც, რომაელებთან შედარებით, მცირერიცხოვანი ძალები ჰყავდა. კართაგენელთა ძირითადი ძალები ქალაქიდან 10 დღის სავალზე იმყოფებოდნენ. მაგონმა თავისი ძალები შემდეგნაირად განალაგა: 2 ათასი მეომარი რომაელებს უნდა დაპირისპირებოდა ბრძოლის ველზე, 500 მეომარს კი აკროპოლისის დაცვა დაევალა. 500 მებრძოლი ქალაქის შიგნით ბორცვზე განლაგდა. დანარჩენი ნაწილი სარეზერვო ძალები იყო, რომლებიც საჭიროების მიხედვით უნდა გადაესროლათ ყველაზე ცხელ წერტილებში. მაგონმა ქალაქის კარი გააღებინა, ჯარისკაცები გამოიყვანა და საბრძოლველად დააწყო. სციპიონმა მედგარი იერიშით აიძულა კართაგენელები, უკან დაეხიათ, რაც თანდათანობით პუნთა უწესრიგო გაქცევაში გადაიზარდა. ქალაქი პანიკამ მოიცვა. ვითარება სწრაფად შეაფასა სციპიონმა და გადამწყვეტი შტურმი დაიწყო. ქალაქის კედლები იმდენად მაღალი და ისე მტკიცედ ნაგები იყო, რომ რომაელებს გაუჭირდათ იერიშით მისი აღება. შციპიონმა კართაგენელთა დაცვაში სუსტი ადგილის მოძებნა სცადა: ქალაქის დასავლეთ ნაწილს ესაზღვრებოდა ბუნებრივი ტბა, რომელიც მიწისქვეშა გზებით ზღვას უკავშირდებოდა; მიქცევის დროს ტბაში წყლის დონე დაბლა იწევდა; ამ ფაქტორის გამოყენებით შესაძლებელი გახდებოდა ქალაქის კედლებთან უპრობლემოდ მისვლა. ქალაქის დამცველები ფიქრობდნენ, რომ ტბის მხრიდან მათ საფრთხე არ ელოდათ და ყურადღება მოადუნეს. ღომაელებმა კი ამ გზით მარტივად შეძლეს ქალაქის დასავლეთ კედლების დაპყრობა და ახალ კართაგენში შეჭრა. მაგონი ჯერ აკროპოლისში გამაგრდა, შემდეგ კი თავის გარნიზონთან ერთად რომაელებს ტყვედ ჩაბარდა. ამის შემდეგ დაიწყო ქალაქის ძარცვა: რომაელებმა ხელთ იგდეს 276 ოქროს თასი (საერთო წონა – 83კგ.) და 5490 კგ. ვერცხლი (აღსანიშნავია, რომ ახალი კართაგენის სიახლოვეს მდებარეობდა ვერცხლის საბადოები), 4 ტონა ხორბალი, 2,5 ტონა ქერი, 63 დატვირთული სატრანსპორტო ხომალდი (80. 256). სციპიონმა ქალაქში დაატყვევა 10 ათასი მოქალაქე, რომლებსაც მოგვიანებით თავისუფლება მიანიჭა. მან ქალაქს შეუნარჩუნა თვითმმართველობა (რომის უზენაესობის აღიარების პირობით) და კანონები. სციპიონის ხელში აღმოჩნდა აგრეთვე 2 ათასი ხელოსანი, რომლებიც სახელმწიფო მონებად გამოაცხადა და თან აღუთქვა გათავისუფლება, თუ რომაელებისთვის მონდომებით იმუშავებდნენ. ახალგაზრდა და ფიზიკურად ძლიერი მონები სციპიონმა თავის ხომალდებზე მენიჩბეებად მოაწყო. მის დამთავრების შემდეგ მათაც გათავისუფლებას შეჰპირდა. ამრიგად, სციპიონი იქცა პირენეის ნახევარკუნძულის არა ახალ დამპყრობლად, არამედ პუნებისგან მათ გამათავისუფლებლად. ამის შემდეგ ნახევარკუნძულზე სხვა რეგიონებმაც სცადეს რომაელებთან უშუალო კავშირის დამყარება. მიუხედავად პუნების ზედიზედ დამარცხებისა აპენინის ნახევარკუნძულზე, სიცილიასა და პირენეის ნახევარკუნძულზე, კართაგენის ხელისუფლება ჯერ კიდევ არ თვლიდა თავს საბოლოოდ დამარცხებულად II პუნიკურ ომში. კართაგენი ყველა საშუალებით, ჯიუტად ცდილობდა ომში ძირეული გარდატეხის შეტანას. ჰანიბალის ძმას, ჰასდრუბალ ბარკიდს დაევალა, შეჭრილიყო ჩრდილოეთ იტალიაში, შეერთებოდა ჰანიბალს და გაერთიანებული ძალებით ებრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ჰანიბალს სამოკავშირეო ურთიერთობები ჰქონდა ნუმიდიური ტომების მეფეებთან: მასანასასთან და სიფაქსთან. მათ ჰანიბალისთვის დახმარების მიზნით დაიწყეს აფრიკის კონტინენტზე დაქირავებულთა ახალი ძალების შეგროვება, რომლებიც უნდა გაეგზავნათ ჰასდრუბალისთვის ესპანეთში. ისინი აპირებდნენ აგრეთვე ფლოტის მომზადებას სიცილიის დასაპყრობად. მაგრამ კართაგენის ხელისუფლებამ გეგმა საიდუმლოდ ვერ შეინახა. ტყვედ ჩავარდნილმა კართაგენელებმა ეს საიდუმლო გასცეს. რომის სენატმა გადაწყვეტა, დიქტატორი დაენიშნა. განხილვის შემდეგ ეს საგანგებო უფლებამოსილება კაპუის ამღებს, კვინტუს ფულვიუს ფლაკოსს მიენიჭა. კავალერიის მეთაურად პუბლიუს ლიცინიუს კრასუსი დაინიშნა, მაგრამ დიქტატურა მალევე შეიცვალა მას შემდეგ, რაც კონსულებად აირჩიეს დიქტატორი კვინტუს ფულვიუსი (ამის შემდეგ მან უარი თქვა დიქტატორობაზე) და კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს ვეროკუზოსი. 209 წლის სამხედრო კამპანიის დროს კონსულებმა გადაწყვიტეს, გამანადგურებელი დარტყმა მიეყენებინათ კალაბრიაში მდებარე ქალაქ ტარენტუმისთვის. მისი აღების შემთხვევაში ჰანიბალი საბოლოოდ დაკარგავდა თავის უკანასკნელ დასაყრდენს მთელ აპენინზე. კონსულ კვინტუს ფაბიუსის (ტარენტუმზე დაგეგმილი ოპერაციის ხელმძღვანელი) ბრძანების შესაბამისად, მარცელიუსმა თავისი ჯარები ჰანიბალის წინააღმდეგ დაძრა. მარცელიუსის გამოჩენამ პუნთა მხედართმთავარი აიძულა, მთებისაკენ დაეხია. მარცელიუსი მას ფეხდაფეხ მიჰყვა. რომაელმა მხედართმთავარმა, ბოლოს და ბოლოს, აიძულა ჰანიბალი, ბრძოლაში ჩართულიყო. შეტაკებაში პუნებმა მოახერხეს და შეავიწროვეს რომაელები, რასაც შედეგად მოყვა ის, რომ რომაელთა მოწინავე ნაწილმა და მარჯვენა ფლანგმა უკანდახევა დაიწყო. შემდეგ რომაელთა ძირითადმა ძალამაც უკან დაიხია. მეორე დღეს ბრძოლა კვლავ განახლდა. ჰანიბალმა გამოიყენა საბრძოლო სპილოები და რომაელებს კვლავ უკან დაახევინა. გადამწყვეტ მომენტში რომაელმა ლეგიონერებმა დროტიკების ზუსტი ტყორცნით სპილოებს შეუტიეს. დაჭრილი და გამწარებული ცხოველები უკუიქცნენ და თავიანთი მეომრები გადათელეს. კართაგენელთა რიგები აირია და მათ უკან დახევა დაიწყეს. ჰანიბალმა მიატოვა თავისი ბანაკი და ბრუტიუმისკენ გაემართა. ამასობაში კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი ტარენტუმისკენ მიიწევდა. ქალაქის შესასვლელთან მან მძლავრი ბანაკი შექმნა. კონსულმა პარალელურად, ფლოტის გამოყენებით ზღვიდან ჩაკეტა ქალაქის მისასვლელები და ტარენტუმი ბლოკადაში მოაქცია. ერთდროული, სახმელეთო და საზღვაო შეტევით ფაბიუსმა ქალაქში შეჭრა მოახერხა. ქალაქი რომაელების ხელში აღმოჩნდა. ფაბიუსმა ხელთ იგდო 30 ათასი მონა, 28 ათასი კგ. ოქრო, 84 ათასი კგ. ვერცხლი, ხელოვნების უამრავი ნიმუში. ამ დროს ჰანიბალი შეებრძოლა ალყაშემორტყმულ ქ. კავლონიას და მისი აღება მოახერხა. როცა ტარენტუმის აღების შესახებ აცნობეს, მიხვდა, რომ მას ვეღარ უშველიდა და მეტაპონტის მიმართულებით დაიძრა. ტარენტუმის აღებამ კიდევ უფრო დაამძიმა ჰანიბალის ისედაც რთული სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობა. ვითარების გამოსასწორებლად ჰანიბალმა ეშმაკობას მიმართა: ფაბიუსისთვის მოულოდნელად რომაელთა ბანაკში გამოცხადდნენ მეტაპონტის ელჩები. მათ აღუთქვეს ფაბიუსს, რომ მზად იყვნენ დანებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ რომაელები არ დასჯიდნენ მათ ჰანიბალთან კავშირის გამო. კონსულმა მათი წინადადება მიიღო და დაასახელა დღე, როდესაც ჩავიდოდა მეტაპონტში და ქალაქს ჩაიბარებდა. ჰანიბალმა კი ამ ქალაქის მისადგომებთან ჩასაფრება მოაწყო. წასვლის წინ კონსულმა რჩევა ჰკითხა მისნებს, რომლებმაც არასასურველ მოვლენებზე მიანიშნეს და ფაბიუსს აგრძნობინეს, მორიდებოდა ჰანიბალის სივერაგეს და მოსალოდნელ ხაფანგს. კონსულმა ამ ქალაქისკენ წასვლა გადაიფიქრა. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ მასთან კვლავ გამოცხადდნენ მეტაპონტის ელჩები და ფაბიუსს ჰანიბალის ჩანაფიქრი შეატყობინეს. ამრიგად, ჰანიბალმა თავის მიზანს ვერ მიაღწია. რაც შეეხება ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს, ახალი კართაგენის დაცემამ კიდევ უფრო შეამჭიდროვა რომაული რკალი კართაგენის სახელმწიფოს წინააღმდეგ. კართაგენი იძულებული გახდა, გადამწყვეტი ზომები მიეღო. როგორც ზემოთ აღინიშნა, კართაგენის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჰასდრუბალ ბარკიდი ესპანეთიდან იტალიაში უნდა ჩასულიყო და საბოლოო ბრძოლისთვის უნდა შეერთებოდა თავის ძმას, ჰანიბალს, თუმცა ეს იბერიის ნახევარკუნძულზე პუნების სამხედრო პოტენციალს, რა თქმა უნდა, საგრძნობლად დაასუსტებდა. ახალი კართაგენის, ანუ კართაგენის იბერიული დედაქალაქის დაცემამ ყველაფერთან ერთად შეიწირა იქ არსებული კართაგენული ფინანსები, სურსათის მარაგი, შეიარაღება. სციპიონის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ სხვა ესპანურმა ტომებმა მასობრივად დაიწყეს რომაელთა მხარეზე გადასვლა. მათ შორის იყო ერთ-ერთი ესპანური ტომის, ედეტანების ბელადი ედესკონი, რომლის ცოლ-შვილიც რომაელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. ედესკონს მიბაძეს და რომაელების მხარეზე თავიანთი ჯარებით გადავიდნენ სხვა ცნობილი ბელადები, ინდებილი და მანდონიუსი. სციპიონის უპირველეს მიზანს ჰასდრუბალ ბარკიდის რაც შეიძლება სწრაფად განადგურება წარმოადგენდა. ჰასდრუბალი ამ დროს ქ. ბეკულასთან იმყოფებოდა. სციპიონმა მისკენ აიღო გეზი. კართაგენელთა მოწინავე ცხენოსანი ნაწილები მათ ბანაკს გაუსწორდნენ. შციპიონის მსუბუქად შეიარაღებულმა ქვეითებმა აიძულეს პუნების კავალერია, უკან დაეხიათ. ღამით ჰასდრუბალმა თავისი მებრძოლები მაღლობზე განათავსა, რომელზეც საკმაოდ ვრცელი ვაკე იყო. შტრატეგიულად ძალზე ხელსაყრელი ადგილი ირგვლივ ყველა მნიშვნელოვანი წერტილის გაკონტროლების საშუალებას იძლეოდა. ზურგიდან მას მთის მდინარე იცავდა, ფლანგებიდან კი ღრმა ხევებით იყო დაფარული. ამ ადგილის ნაკლი ის იყო, რომ მას თავდაცვითი დატვირთვა უფრო მეტი ჰქონდა, ხოლო რაც შეეხება შეტევითი ოპერაციების ჩატარებას, ამ მხრივ ეს ადგილი ნაკლებად გამოსადეგი ჩანდა. ჰასდრუბალმა ფლანგებზე განალაგა ნუმიდიელი მხედრები და მსუბუქად შეიარაღებული ბალეარელი და ლიბიელი მშვილდოსნები. სციპიონმა თავისი ერთი კოჰორტა გაუშვა მდინარის მხრიდან პუნების ზურგის მიმართულებით, მეორე კოჰორტა კი ბეკულასკენ მიმავალი მთავარი გზის გადასაჭრელად გაგზავნა. მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითებს თვითონ სციპიონმა უსარდლა და ოპერაცია მტრის სიმაღლეებზე შეტევით დაიწყო. მიუხედავად პუნების მხრიდან მძაფრი წინააღმდეგობისა, მან ხელთ იგდო ტერასები და ხევები და სამივე მხრიდან მიიტანა იერიში კართაგენელებზე, საბოლოოდ კი ალყაში მოაქცია ჰასდრუბალის ძალები. ბრძოლის დაწყებამდე ჰასდრუბალი სპილოებითა და რესურსების მარაგით გაერიდა რომაელებს, გადალახა მდ. ტახო და ჩრდილოეთის მიმართულებით წავიდა. ამ ბრძოლაში კართაგენელთა მხრიდან დაიღუპა 8 ათასი მებრძოლი, ტყვედ აიყვანეს 10 ათასი ქვეითი და 2 ათასი მხედარი. სციპიონმა გააგრძელა თავისი პოლიტიკური მანევრი და გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლა ყველა ტყვე იბერი, ტყვე აფრიკელები კი მონებად გაყიდა. მარცხის მიუხედავად, კართაგენელთა დარჩენილი ნაწილები ჰასდრუბალ ბარკიდის მეთაურობით იტალიისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, რათა საბოლოოდ შეერთებოდნენ ჰანიბალს და ომის ბედი თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინათ. ასე გასრულდა II პუნიკური ომის 209-ე წელი, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა რომის სახელმწიფო და, შესაბამისად, დასუსტდა ჰანიბალი. ღაც შეეხება 208 წლის სამხედრო კამპანიას, იგი შემდეგნაირად წარიმართა: იმდროინდელმა კონსულმა, ტიტუს კვინკციუს კრისპინუსმა არმია დაძრა ჯერ ლუკანიის მიმართულებით, შემდეგ ბრუტიუმში შეიჭრა და ლოკრას ალყა შემოარტყა. მას განზრახული ჰქონდა, ჰანიბალისთვის ზღვაზე გასასვლელი გზები გადაეკეტა. მაგრამ კონსულმა ალყა მალევე მოხსნა იმის გამო, რომ ჰანიბალი ლაცინიუმს მიუტრიალდა: მან ამოცანად აპულიაში (ლუკანიის ჩრდილოეთით) გამაგრება დაისახა; მეორე კონსული – მარცელიუსი აქტიურად იყო ჩართული სამხედრო ოპერაციებში; ორივე კონსულის ერთობლივი ძალისხმევით ისინი საბრძოლოდ განლაგდნენ აპულიაში, ვენუსიის სიახლოვეს, ერთმანეთისაგან 3 მილის დაშორებით; იქვე მოიყარეს თავი ჰანიბალის ჯარებმაც. ორივე კონსულს იმედი ჰქონდა, რომ საბოლოოდ დაამარცხებდნენ ჰანიბალს. ეს უკანასკნელი კი არ ჩქარობდა ბრძოლაში ჩაბმასა და ხაფანგის დაგებაზე ინტენსიურად ფიქრობდა. ბრძოლის დაწყებას ორივე მხარე აჭიანურებდა. ასეთ ვითარებაში კვლავ ამოქმედდა კრისპინიუსის გეგმა, რაც ლოკრაზე ალყის განახლებას გულისხმობდა. რომის საზღვაო ნაწილებმა ზღვიდან მოახერხეს ქალაქის ბლოკირება. სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად რომაული გარნიზონი ტარენტუმიდან ლოკრის მიმართულებით უნდა გადაესროლათ. მათთვის გზის გადაჭრის მიზნით, ჰანიბალმა 3 ათასი მხედარი და 2 ათასი ქვეითი გაგზავნა. მათ ჩასაფრება მოაწყვეს. ეს იყო ჰანიბალისეული მოულოდნელობის ეფექტის მორიგი გაელვება. ჰანიბალმა ალყაში მოაქცია რომაული გარნიზონი და გაანადგურა ის. რომაელებმა მოკლულთა სახით დაკარგეს 2 ათასი მებრძოლი, ხოლო 1500 ტყვედ ჩავარდა. ჰანიბალი თავის ტაქტიკას არ ღალატობდა. იგი ცდილობდა, ორივე კონსული ხაფანგში მოემწყვდია. ამ მიზნით მან შეარჩია კართაგენულ და რომაულ ბანაკებს შორის მდებარე ტყიანი ბორცვი და ღამის სიბნელეში იქ გადაიყვანა ნუმიდიური კავალერიის რამდენიმე შენაერთი. იმავე ადგილის ხელში ჩაგდებას აპირებდნენ რომაელებიც. საბრძოლო მიზნით დაზვერვაზე გავიდა ორივე კონსული 220 მხედართან ერთად. მათთვის მოულოდნელად, ჩასაფრებულმა ნუმიდიელებმა ისინი ალყაში მოაქციეს. ხანმოკლე შეტაკების დროს დაიღუპა რომის კონსული მარცელიუსი, ხოლო დაჭრილმა კონსულმა კრისპინიუსმა გაქცევით უშველა თავს. ამის შემდეგ ჰანიბალმა თავისი ბანაკი აღნიშნულ ბორცვზე გადაიტანა და იქ იპოვა მოკლული მარცელიუსის ცხედარი. ჰანიბალმა ჰუმანურობა გამოიჩინა და კონსული დაამარხვინა, კრისპინიუსი კი მთებში გამაგრდა. მარცელიუსის დაღუპვამ და კრისპინიუსის უკან დახევამ ჰანიბალს რომაელებზე გარკვეული სამხედრო-პოლიტიკური უპირატესობა მოუტანა, რომლის გამოყენებასაც იგი შემდგომი წარმატებებისათვის გეგმავდა. მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ჰანიბალმა ხელთ იგდო მარცელიუსის ბეჭედი და სანამ მარცელიუსის დაღუპვის ამბავი გავრცელდებოდა, დაღუპული კონსულის სახელით ყალბი განკარგულებების გაცემა დაიწყო. მაგრამ კრისპინიუსმა მაინც მოასწრო ხალხისთვის რეალური ინფორმაციის მიწოდება, რითაც ხელი შეუშალა ჰანიბალის განზრახვის აღსრულებას. ჰანიბალმა თავისი გეგმები შეცვალა და გეზი აიღო სამხრეთისკენ, ლოკრას მიმართულებით. ქალაქის მცხოვრებლები ალყაში ჰყავდათ მოქცეული რომაელებს ლუციუს ცინცინიუსის მეთაურობით. ქალაქს იცავდა პუნების რაზმი მაგონის ხელმძღვანელობით, რომლის რესურსებიც თანდათან მცირდებოდა. ამ დროს შეიტყო მან ჰანიბალის მოახლოება, რამაც მეომართა საბრძოლო-მორალური სულისკვეთება აამაღლა. მაგონმა ქალაქიდან შეუტია რომაელებს, ქალაქგარეთ კი ჰანიბალის ნუმიდიურმა კავალერიამ მიიტანა ძლიერი იერიში მათზე. რომაელებმა ვეღარ გაუძლეს პუნთა შეტევას, საალყო ტექნიკა მიატოვეს და თავიანთ ხომალდებს მიაშურეს. ქალაქი ლოკრა რომაელთა ალყისგან გათავისუფლდა. ამრიგად, ერთი კონსულის (მარცელიუსი) მოკვლით და მეორე კონსულის (კრისპინიუსი) მძიმედ დაჭრით ჰანიბალმა გაამყარა თავისი პოზიციები სამხრეთ იტალიაში. კრისპინიუსი მალე გარდაიცვალა ჭრილობებისგან. ამგვარად, ორივე კონსული ჰანიბალმა შეიწირა და ამის შემდეგ ლოკრა რომაელთა ბლოკადისგან გაათავისუფლა. ყოველივე ეს ქმნიდა სასურველ წინაპირობას იმისათვის, რომ ჰასდრუბალის ჰანიბალთან შეერთების შედეგად შესაძლებელი გამხდარიყო ახალი ფართომასშტაბიანი ბრძოლის დაწყება რომის საბოლოოდ დამარცხებისთვის. სწორედ ამ დროს ჰანიბალმა მიიღო არასასიამოვნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 100 ხომალდისგან შემდგარმა რომაელთა ფლოტმა ლევინიუსის სარდლობით მოაწყო თავდასხმა კართაგენის აფრიკულ სამფლობელოებზე. კლუპეასთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში პუნების 83-გემიანი ესკადრა ლევინიუსმა გაანადგურა. ნადავლით დატვირთული რომის ფლოტი დაუბრკოლებლად დაბრუნდა ლილიბეუმში. ამასობაში ჰასდრუბალი აპენინს მიუახლოვდა. აღსანიშნავია, რომ მან გალებში დაქირავებული მეომრებისაგან საკმაოდ სერიოზული ძალა შეკრიბა და ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე ალპებს მიადგა. ზამთრის დადგომამ შეაჩერა ჰასდრუბალი, მაგრამ, როგორც კი გაზაფხულდა, ალპებზე გადავიდა და იტალიაში ჩრდილოეთიდან შეიჭრა. 207 წელს რომის ახალი კონსულები გახდნენ გაიუს კლავდიუს ნერონი (რომელსაც ერთხელ ადვილად დაუძვრა ხელიდან ჰასდრუბალი) და მარკუს ლივიუს სალინატორი. ვითარებიდან გამომდინარე, ჰანიბალი ფიქრობდა, მანამდე შეერთებოდა ჰასდრუბალს, სანამ იგი რომაულ არმიებს შეეჯახებოდა. რომის მთავარსარდლობა კი ფიქრობდა, ჰანიბალისთვის პირველ რიგში დარტყმა მიეყენებინათ სამხრეთ იტალიაში და არ მიეცათ საშუალება, ძმას შეერთებოდა. დავალების შესრულება დაევალა ნერონს, რომელიც სარდლობდა რომის ჯარებს ლუკანიასა და ბრუტიუმში. გარდა ამისა, რომაელებს ცალკე უნდა გაენადგურებინათ ჰასდრუბალის არმია, ვიდრე ის ჰანიბალს შეუერთდებოდა. ეს ამოცანა მარკუს ლივიუსს უნდა შეესრულებინა. გაზაფხულის დადგომისთანავე, 207 წელს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჰასდრუბალმა ალპები გადალახა. გადასვლისთანავე მას შეუერთდნენ ლიგურიელები. ჰასდრუბალი, იმის ნაცვლად, რომ გაეგრძელებინა სწრაფი მარში ძმასთან შესაერთებლად, პლაცენციუმისათვის ალყის შემორტყმას შეეცადა. ამ ქალაქის აღებით ჰასდრუბალი ფიქრობდა ჩრდილოეთ იტალიის სხვა ქალაქების დაშინებას, რათა ისინიც მის მხარეზე გადასულიყვნენ. მან ვერ მოახერხა ქალაქის აღება და მისი მოძრაობა სამხრეთის მიმართულებით შეფერხდა. ბოლოს და ბოლოს, ჰანიბალმა გადაწყვიტა, ძმასთან შესაერთებლად თვითონ დაეძრა თავისი ჯარები. ამ მოძრაობის დროს მას მოულოდნელად დაესხა თავს რომაელთა რაზმი გაიუს ტუბულუსის მეთაურობით, რის შედეგადაც ჰანიბალმა 4 ათასი მეომარი დაკარგა. ჰანიბალმა ახალი ამოცანა დაისახა. მან გადაწყვიტა, ხელთ ეგდო რომაელთა მხარეზე გადასული ქალაქები. ამ დროს იგი იმყოფებოდა ლუკანიაში, გრუმენტუსთან. იქვე, 1,5 მილის დაშორებით განლაგდა რომის კონსული გაიუს ნერონი. მის მიზანს წარმოადგენდა ჰანიბალის შეკავება, რათა იგი ჰასდრუბალს არ შეერთებოდა. თავის მხრივ, ჰანიბალიც არ ჩქარობდა ბრძოლაში ჩაბმას. ნერონმა გადაწყვიტა, ამოქმედებულიყო. მან ღამით რამდენიმე კოჰორტა ჩაასაფრა, ხოლო დილით ძირითადი ნაწილები საბრძოლველად განალაგა. შეტევისთვის კართაგენელებიც მოემზადნენ. ჰანიბალისთვის მოულოდნელად, ჩასაფრებულმა რომაელებმა დასაწყისშივე ძლიერი დარტყმა მიაყენეს მათ, რასაც პუნებმა ვერ გაუძლეს და უკან დახევა დაიწყეს. ჰანიბალმა დაღამებისთანავე უხმაუროდ დატოვა ბანაკი და აპულიას მიაშურა. ნერონი დაედევნა ჰანიბალს და ვენუსიასთან წამოეწია კიდეც. იქ მოხდა კიდევ ერთი შეტაკება, რომელმაც 2 ათასი კართაგენელი იმსხვერპლა. ჰანიბალი სწრაფი ტემპით გაეშურა მეტაპონტისკენ. მან გზიდან დავალება მისცა ჰანონს, ბრუტიუმში დამატებითი ძალები შეეკრიბა. დამხმარე ძალების მიღების შემდეგ, ჰანიბალი კვლავ ვენუსიისკენ გამოემართა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა ნერონიც. რაც შეეხება ჰასდრუბალს, მან მოხსნა პლაცენციუმის ალყა და ძმასთან შეერთების მიზნით 4 მხედარს (2 გალსა და 2 ნუმიდიელს) წერილი გაატანა ჰანიბალთან. მასში დაფიქსირებული იყო შეხვედრის დრო და ადგილი (უმბრია). წერილმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. მხედრებს გზა აებნათ და ტარენტუმში აღმოჩნდნენ, სადაც ისინი რომაელებმა დაატყვევეს. წერილის წაკითხვის შემდეგ ნერონმა სენატს შეატყობინა, რომ აუცილებელი იყო, დამატებით კაპუიდანაც გამოეწვიათ რომაული ლეგიონები და ჰანიბალის წინააღმდეგ დაეძრათ. უშუალოდ ნერონის განკარგულებაში იმყოფებოდა 6 ათასი ლეგიონერი და 1000 მხედარი. მან ეს ძალა ღამით, უხმაუროდ და მტრისთვის შეუმჩნევლად მიიყვანა მარკუს ლივიუსის ბანაკში, საიდანაც 1,5 მილის მანძილზე ჰასდრუბალს ბანაკი ჰქონდა გაშლილი. მეორე დღეს რომის ჯარები ორივე კონსულის მეთაურობით ჰასდრუბალის წინააღმდეგ საბრძოლველად დაეწყვნენ. იგრძნო რა მოსალოდნელი საფრთხე, ღამით ჰასდრუბალმა გადაწყვიტა ბანაკის დატოვება, მაგრამ მეგზურებმა იგი მიატოვეს, ხოლო კართაგენელებმა გზები კარგად არ იცოდნენ. მან გადაწყვიტა, მდ. მეტავრის სანაპიროს გაჰყოლოდა, მაგრამ რომაელებმა მას ყველა გზა მოუჭრეს და ჰასდრუბალი იძულებული გახდა, ბრძოლაში ჩაბმულიყო. რომაელთა მარჯვენა ფლანგს, რომელსაც ნერონი სარდლობდა, ჰასდრუბალმა გალების რაზმი დაუპირისპირა. რომაელთა მარცხენა ფლანგს კი, რომელსაც მარკუს ლივიუსი მეთაურობდა, ჰასდრუბალმა დაუპირისპირა იბერთა ნაწილები, რომელსაც პირადად სარდლობდა. რომაელთა ცენტრს ხელმძღვანელობდა პრეტორი ლიცინიუსი. მის მოპირდაპირედ ჰასდრუბალმა ლიგურიელები განათავსა. მარცხენა ფლანგთან დაპირისპირებისას ჰასდრუბალმა ოპერაციაში სპილოებიც ჩართო. ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მძაფრი ბრძოლის დროს ნერონმა, რომელიც მანამდე არ იყო ჩართული საბრძოლო ოპერაციაში, რამდენიმე კოჰორტა თავისი ფლანგიდან ბრძოლის ეპიცენტრში გადაისროლა. მათ იერიში მიიტანეს ჰასდრუბალის მარჯვენა ფლანგზე. ამავე დროს რომაელებმა ზურგიდან დაარტყეს კართაგენელებს. იბერებისა და ლიგურიელთა უმრავლესობა ალყაში აღმოჩნდა მოქცეული. გალებმა ბრძოლის ველიდან გაქცევა არჩიეს. ჰასდრუბალი გრძნობდა, რომ მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს უახლოვდებოდა და გადაწყვიტა, პირადი მაგალითით გადამწყვეტ შეტევაზე გადაეყვანა თავისი მებრძოლები. იგი ცხენით გაბედულად შეიჭრა რომაელთა რიგებში და გმირულად დაიღუპა კიდეც. გამარჯვებულმა ნერონმა სწრაფი მარშით 6 დღის განმავლობაში მოახერხა სამხრეთ იტალიაში, თავის ბანაკში დაბრუნება. ჰასდრუბალის დაღუპვამ შოკში ჩააგდო ჰანიბალი: მისი იმედი ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლისა საბოლოოდ დაიმსხვრა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა ჰანიბალმა მთელ თავის დარჩენილ ძალებს ბრუტიუმში მოუყარა თავი. მეტავრასთან ბრძოლაში ჰასდრუბალის დაღუპვა ჰანიბალისთვის მძიმე სამხედრო-პოლიტიკური მარცხი იყო. ამის შემდეგ მას უკვე აღარ ჰქონდა ვინმესგან სერიოზული დახმარების იმედი. აქედან გამომდინარე, მას პრაქტიკულად აღარ გააჩნდა იმის რესურსები, რომ მეტნაკლებად მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებზე ეფიქრა. მას მხოლოდ პასიური ლოდინის რეჟიმში დარჩენა შეეძლო. აპიანე სიტუაციას რეალურად აფასებს და წერს, რომ ჰანიბალი უკვე შეგუებული იყო იმას, რომ ადრე თუ გვიან იტალიის დატოვება მოუწევდა. ბუნებრივია, ეს მარტივად არ მოხდებოდა და გარკვეულწილად ამის მიღწევაც მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანა შეიძლება გამხდარიყო. სამაგიეროდ, რომი ზეიმობდა: იბერიის ნახევარკუნძულზე ჩატარებული 207 წლის კამპანია, განსაკუთრებით კი ჰასდრუბალის დაღუპვის შემდეგ, რომაელებისთვის წარმატებული გამოდგა. კართაგენი კი ჯერჯერობით არ აპირებდა დანებებას და საპასუხო ღონისძიებებს გეგმავდა: პირენეის ნახევარკუნძულზე მათ გაგზავნეს ახალი სარდალი ჰანონი. მან მიიმხრო კელტ-იბერთა ტომები მაგონ ბარკიდისა და ჰასდრუბალ ჰისგონის ძის ჯარების შესავსებად. მთელმა ამ ძალამ თავი მოიყარა კართაგენელთა ესპანურ ბაზაზე ჰადესში, რომელიც ახალი კართაგენის დაცემის შემდეგ პირენეის ნახევარკუნძულზე პუნების ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზად იქცა. სციპიონმა ჰანონის წინააღმდეგ გაგზავნა თავისი თანაშემწე, მარკუს იუნიუს სილანუსი 10 ათასი ქვეითითა და 500 მხედრით. იგი სწრაფი მარშით მიიწევდა წინ. მან მიიღო ინფორმაცია, რომ გზის გასწვრივ, რომლითაც მისი რაზმი გადაადგილდებოდა, ერთი მხრივ, მდებარეობდა კელტ-იბერთა ბანაკი (10 ათასი მეომარი), ხოლო მის მოპირდაპირე მხარეზე – გამაგრებული და კარგად დაცული პუნების ბანაკი. რომაელებმა მოულოდნელი შეტევა დაიწყეს კელტ-იბერებზე, რასაც ბრძოლაში კართაგენელების ჩაბმაც მოჰყვა. პუნებმა რომაელთა ამ მოულოდნელ შტურმს ვერ გაუძლეს და მაგონ ბარკიდი კავალერიასთან ერთად ჰადესში გაიქცა. ჰანონი ტყვედ ჩავარდა. შციპიონმა პირენეის სამხრეთში განლაგებული თავისი ძირითადი ძალები სწრაფი მარშით დაძრა ჰასდრუბალ ჰისგონის ძის წინააღმდეგ. ჰასდრუბალი უფრო სწრაფად დაიძრა ჰადესის მიმართულებით. მან თავისი ჯარი რამდენიმე ნაწილად გაყო და ქალაქის სიახლოვეს, სხვადასხვა დასახლებულ პუნქტთან განალაგა. სციპიონს არ სურდა მათ წინააღმდეგ ძალების დაქსაქსვა და ალყასა და შტურმზე დროის დაკარგვა. იგი ტერაკონისკენ მობრუნდა და ბეტიკაში ხელთ იგდო ქალაქი ორონგი. 206 წლის გაზაფხულზე ესპანეთში კვლავ განახლდა სამხედრო მოქმედებები. ჰასდრუბალ ჰისგონის ძემ და მაგონ ბარკიდმა (ჰანიბალის ძმა) თავი მოუყარეს ახალ არმიას – 50 ათას ქვეითსა და 4500 მხედარს. მიუხედავად ასეთი სერიოზული ძალებისა, ბეკულასთან გამართულ ბრძოლაში მაგონი დამარცხდა, ჰასდრუბალ ჰისგონის ძემ კი ილიპთან გამართული ბრძოლა წააგო და გაქცევით უშველა თავს, მაგრამ რომაელთა ალყაში აღმოჩნდა. მან მიატოვა არმია და რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად მტერს ჰადესში შეასწრო. მოგვიანებით, დამარცხებულმა მაგონმაც ზღვიდან შეაღწია ჰადესში. 206 წლის სამხედრო დაპირისპირებების ანალიზმა მკაფიოდ აჩვენა, რომ პუნებს უკვე აღარ შეეძლოთ ესპანეთზე კონტროლის შენარჩუნება. ყოველივე ეს გაითვალისწინა მაგონის მოკავშირემ და თანამებრძოლმა, ნუმიდიელთა მეფე მასანასამ და რომაელებთან ფარული კავშირი გააბა. საკითხის საბოლოო გასარკვევად ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ მასანასა და სციპიონი. ამით აიხსნება ისიც, რომ იმ პერიოდში სციპიონთან გამოცხადდა ჰადესელ მოღალატე მოქალაქეთა ჯგუფი, რომლებიც შეპირდნენ სციპიონს ქალაქის ჩაბარებას კართაგენელთა გარნიზონთან და ფლოტთან ერთად. ყველაფერთან ერთად, ჰადესს სურდა, თავი დაეღწია კართაგენელთა გავლენისა და სავაჭრო მონოპოლიისაგან. მაგრამ მაგონმა ეს შეთქმულება გახსნა: მან მოღალატენი კართაგენში გაგზავნა. რომაელებმა (სციპიონმა) ჰადესის მიმდებარე ტერიტორიები დატოვეს და ახალ კართაგენში დაბრუნდნენ. სციპიონი თვლიდა, რომ პირენეის ნახევარკუნძულზე ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან, იგი ფიქრობდა საბრძოლო მოქმედებათა ასპარეზის გადატანას აფრიკის კონტინენტზე, სადაც საბოლოოდ დაამარცხებდა ჰანიბალს. მისთვის იმ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო მოკავშირეების მოძებნა. ამ მხრივ წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა მასანასას მის მხარეზე გადასვლა. მოგვიანებით მას მიემხრო ნუმიდიელთა კიდევ ერთი ბელადი, სიფაქსი. ასეთ ვითარებაში, მაგონ ბარკიდმა კართაგენის საბჭოს თხოვნით მიმართა, კიდევ ერთხელ გაეგზავნათ მისთვის დამხმარე ძალა. კართაგენიდან კი, დახმარების ნაცვლად, მიიღო ბრძანება – ფლოტი სასწრაფოდ გადაეყვანა იტალიაში და ჰანიბალს შეერთებოდა. მაგონს გარკვეული თანხა გამოუყო ხაზინამ, დანარჩენი ნაწილი კი თვითონ მოიპოვა: მან გაძარცვა ჰადესის ხაზინა, ტაძრები და ყველა მოქალაქე (რანგის მიხედვით) აიძულა, მისთვის მიეცათ ოქრო და ვერცხლი. მაგონმა სცადა ახალი კართაგენის ზღვიდან აღება, მაგრამ მარცხი განიცადა და კვლავ ჰადესში დაბრუნდა, თუმცა იგი ქალაქში აღარ შეუშვეს. ამის შემდეგ მან გაცურა პიტიუსის კუნძულებისკენ, შემდეგ კი ბალეარის კუნძულებს მიადგა. ქალაქი ჰადესი რომაელებს დანებდა. რომაელთა ამ გამარჯვებით დასრულდა II პუნიკურ ომში რომისა და კართაგენის ბრძოლა ესპანეთისათვის. სციპიონის მიზანი – სამხედრო მოქმედებების აფრიკაში გადატანა თანდათან რეალური ხდებოდა. ერთადერთი, რასაც შეეძლო ამ გეგმის შეფერხება, იტალიაში ჰანიბალის სამხედრო გააქტიურება იყო. 205 წლის გაზაფხულზე მაგონ ბარკიდი ჩრდილოეთ იტალიაში შევიდა 12 ათასი ქვეითითა და 2 ათასი მხედრით. მან უბრძოლველად იგდო ხელთ ქ. ჯენოა. ამ ფაქტმა შეაშფოთა რომაელები. პროკონსულმა მარკუს ლივიუსმა ბრძანება მიიღო, აქტიური მოქმედება დაეწყო მაგონის წინააღმდეგ. ჰანიბალს კი ყოველივე ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელი მეომრები შავი ჭირისა და შიმშილისაგან იტანჯებოდნენ, ჰანიბალს მაინც უნდა ეცადა ძმასთან შეერთება, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. ჰასდრუბალის დაღუპვის შემდეგ, ჰანიბალს მაგონის იმედი ნაკლებად ჰქონდა და მიაჩნდა, რომ იგი ვერ შესძლებდა რაიმე მეტ-ნაკლებად სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური წარმატების მოპოვებას. მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰანიბალი რომაელთა ნაყოფიერების ქალღმერთის, იუპიტერის მეუღლის, იუნონა ლაცინიუსის ტაძართან იმყოფებოდა, სადაც მსხვერპლს სწირავდა. იქ მან აღმართა ე.წ. სამსხვერპლო აღსარების ტექსტი პუნიკურ და ბერძნულ ენებზე, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. პოლიბიოსის აზრით, მასში, სავარაუდოდ, შეჯამებული უნდა ყოფილიყო რომთან დაპირისპირებული ჰანიბალის მიერ განვლილი გზა. მაგონის მიერ ჩრდილოეთ იტალიაში კამპანიის დაწყების მიუხედავად, რომს არ გადაუდია აფრიკაში ექსპედიციის მოწყობა. ესპანეთის დაპყრობამ სციპიონს დიდი აღიარება მოუტანა. რომის მოქალაქეები აღფრთოვანებით ეგებებოდნენ საზოგადოებაში მის ნებისმიერ გამოჩენას. 205 წელს იგი კონსულად აირჩიეს, პუბლიუს ლიცინიუს კრასუსთან ერთად. როდესაც სენატმა მათ შორის პროვინციები გაანაწილა, კრასუსს, როგორც ამავე დროს რომის უზენაეს ქურუმს, სამფლობელოდ არგუნა მიწები უშუალოდ იტალიაში, ამიტომ მან აირჩია ბრუტიუმი, ანუ ის რეგიონი, სადაც მას მოუწევდა ჰანიბალთან უშუალოდ დაპირისპირება. სციპიონს კი წილად ხვდა სიცილია. ღომის მოქალაქეთა უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ იგი არ დაკმაყოფილდებოდა მხოლოდ ამ კუნძულით, რადგანაც მას ყველაზე დიდი სტრატეგიული მიზანი – კართაგენის განადგურება ჰქონდა შესასრულებელი. სციპიონის აზრით, იგი იმიტომ აირჩიეს კონსულად, რომ ომი რაც შეიძლება სწრაფად და ტრიუმფით დაემთავრებინა, პირველ რიგში კი საჭირო იყო საბრძოლო მოქმედებათა ასპარეზის აფრიკაში გადატანა. სენატის წინააღმდეგობის შემთხვევაში სციპიონს რომაელი ხალხის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა, სენატში კი სციპიონის გეგმების წინააღმდეგ გამოდიოდა ყოფილი დიქტატორი ფაბიუსი. მისი პოზიცია ასეთი იყო: ჯერ ჰანიბალი ბოლომდე უნდა გაენადგურებინათ და განედევნათ აპენინიდან და მხოლოდ ამის შემდეგ შეჭრილიყვნენ აფრიკაში. ამ მხრივ ხელსაყრელ ფაქტორად ფაბიუსს აფრიკის კონტინენტზე აშკარად ანტირომაული ატმოსფეროს არსებობა მიაჩნდა. მისი შეხედულებით, როდესაც იტალიის მიწები, ჰანიბალთან ომის შედეგად, გაძარცული, გამოფიტული და მოუსავლიანი გახდა, ასეთ ვითარებაში აფრიკაში ბრძოლა უაზრობა იქნებოდა. არ შეიძლებოდა სხვა ქვეყნების დაპყრობა მაშინ, როდესაც სამშობლო იყო გასათავისუფლებელი მტრისაგან. სციპიონი კი მართებულად მიიჩნევდა თავის სტრატეგიულ ამოცანას: მას მიაჩნდა, რომ ომი აფრიკის საზღვრებს გარეთ კართაგენს უნარჩუნებდა უსაფრთხოების გარანტიებს და, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, იგი შეეცდებოდა აპენინის ნახევარკუნძულზე გავლენის შენარჩუნებას; ხოლო თუ კართაგენი იძულებული გახდებოდა, ებრძოლა საკუთარ ტერიტორიაზე, კართაგენის ხელისუფლება ავტომატურად დაკარგავდა კონტროლს იტალიაზე და თავის გადასარჩენად აუცილებლად გამოიწვედა უკან ჰანიბალს. ბოლოს და ბოლოს, რომის სენატმა მიიღო სციპიონისთვის მისაღები გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სიცილიის მმართველ კონსულს (ამ შემთხვევაში – სციპიონს), უფლება ეძლეოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, აფრიკაში შეჭრილიყო. მეორე კონსულს (კრასუსს), როგორც ბრუტიუმის გამგებელს, დაევალა სამხედრო ოპერაციის ჩატარება უშუალოდ ჰანიბალის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილების მიღებით სენატმა გამორიცხა იმის შესაძლებლობა, რომ სციპიონისთვის მისაღებ წინადადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ხალხის მხარდაჭერა მიეღო. მას ეშინოდა, რომ რომაელ მოქალაქეებში განსაკუთრებული პოპულარობა მას გზას გაუკაფავდა ერთპიროვნული ძალაუფლებისკენ. რომის სენატმა ამ გადაწყვეტილებით დიპლომატიურ კონსესუსს მიაღწია: ერთი მხრივ, ფაბიუსის პოზიციამ მარცხი განიცადა, მეორე მხრივ კი, სენატმა საშუალება არ მისცა სციპიონს იტალიაში დამატებითი ძალების შეგროვებისა. იგი უნდა დაყრდნობოდა მხოლოდ სიცილიაზე თავმოყრილ სამხედრო ნაწილებს, აგრეთვე დაქირავებულ მოხალისეებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ხაზინამ არ გამოუყო სციპიონს ფინანსები აფრიკული ექსპედიციისათვის. ამ საკითხში სენატის პოზიცია ასეთი იყო: სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა საშუალება, პირველ რიგში, თვით იტალიაში მიმდინარე მოვლენებს უნდა მოხმარებოდა. რომის სენატში ამ დროს ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი დაჯგუფება: ძველი (ფაბიუსი და მისი მომხრეები) და ახალი (სციპიონი და მისი მხარდამჭერები). ფაბიუსის ჯგუფის სურვილი იყო ჰანიბალთან ომის წარმატებით დასრულება, სციპიონი კი მოითხოვდა ჰანიბალისა და კართაგენის სახელმწიფოს სრულ განადგურებას. ორივე მათგანს რომის მომავლის საკუთარი ხედვა გააჩნდა: ფაბიუსი მიიჩნევდა, რომ ომის დამთავრების შემდეგ ქვეყანას ჭრილობები უნდა მოეშუშებინა და ქვეყნის მშვიდობიანი აღორძინება დაწყებულიყო; სციპიონის აზრით კი, რომაულმა საშინაო პოლიტიკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები და რომი ხმელთაშუაზღვისპირეთის ზესახელმწიფოდ უნდა გადაქცეულიყო. სიცილიაში ჩასვლისთანავე სციპიონმა დაიწყო ინტენსიური მზადება აფრიკული ექსპედიციისათვის. მან აფრიკაში დაზვერვისა და ნადავლის მოპოვების მიზნით გაგზავნა გაიუს ლელიუსი, რომელმაც თავისი ნაწილები შეუფერხებლად გადაიყვანა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქალაქ გიპონთან და მისი გარეუბნები დაარბია. ინფორმაცია აფრიკაში რომაელთა შეჭრის შესახებ სწრაფად გავრცელდა კართაგენში და მძიმე შტაბეჭდილება მოახდინა როგორც ხალხზე, ისე ხელისუფლებაზე. კართაგენის ხელისუფლებამ, იგრძნო რა მოსალოდნელი მასშტაბური საფრთხე, სასწრაფო მობილიზაცია გამოაცხადა. მართალია, უშუალო საფრთხე კართაგენს ჯერჯერობით არ ემუქრებოდა, მაგრამ აშკარა იყო, რომ ყველაფერი იქითკენ მიდიოდა. კართაგენმა ყველაფერთან ერთად აამოქმედა თავისი დიპლომატიური ბერკეტებიც მოკავშირე ძალების გამოსაყენებლად. მაგალითად, მაკედონიის მეფე ფილიპე V-ს კართაგენმა შესთავაზა 200 ვერცხლის ტალანტი იმ შემთხვევაში, თუ იგი იტალიაში ან სიცილიაზე შეიჭრებოდა, მაგრამ ფილიპეს უკვე გადაწყვეტილი და საიდუმლოდ გაფორმებულიც ჰქონდა (205 წელს) რომთან სამოკავშირეო ხელშეკრულება. აღსანიშნავია, რომ იგი ორმაგ თამაშს თამაშობდა და ცდილობდა, კავშირი კართაგენთანაც ჰქონოდა. მოგვიანებით, რომაელებმა გაუგეს და ფილიპეს ამის გამო დიდი უსიამოვნებები შეემთხვა. კართაგენი თავდაუზოგავად ემზადებოდა. ჰასდრუბალ ჰისგონის ძის განკარგულებაში აღმოჩნდა 6 ათასი ქვეითი და 2600 მხედარი. მაგონ ბარკიდს გაეგზავნა 25 სამხედრო ხომალდი, 6 ათასი ქვეითი, 800 მხედარი და 7 სპილო, აგრეთვე ფინანსები დამატებითი დაქირავებული ძალებისათვის. მისი უშუალო ამოცანა იყო ჰანიბალთან შეერთება. იტალიაში მყოფ კართაგენელ სარდლებს დაევალათ ყველა საშუალებით სციპიონის შეკავება, რათა მას არ მოეხერხებინა თავისი ძირითადი ძალების კონცენტრაცია და აფრიკაში შეჭრა. სციპიონმა, ვითარებიდან გამომდინარე, სცადა რკალის შეკვრა ჰანიბალის წინააღმდეგ ბრუტიუმში ქ. ლოკრის მიმართულებით. ეს ადგილი ჰანიბალისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ კვანძს წარმოადგენდა. ამით გაჩნდა შანსი იმისა, რომ სციპიონი და ჰანიბალი პირველად ერთმანეთის პირისპირ დადგებოდნენ. თუმცა იმჯერად ეს შეხვედრა არ შედგა. საქმე იმაში იყო, რომ სციპიონი აქტიურად ვერ მოქმედებდა იმის გამო, რომ ბრუტიუმი მისი გავლენის სფეროს არ წარმოადგენდა (მისი მმართველი იყო კრასუსი). ჰანიბალი კი ცდილობდა და მოახერხა კიდეც სციპიონთან ბრძოლისთვის თავის არიდება. თანდათანობით იტალიაში მიმდინარე მოვლენებმა შეაფერხა სციპიონის აფრიკაში შესვლა. ლოკრასთან სიტუაცია მაინც გართულდა. სციპიონის მომხრე სამხედრო ტრიბუნებმა მარკუს სერგიუსმა და პუბლიუს მატიენმა ლოკრასკენ დაძრეს 3-ათას კაციანი რაზმი. გვიან ღამით მოქალაქეების ნაწილთან ერთად მათ ქალაქის კედლებს შეუტიეს და ერთ-ერთი აკროპოლისიც აიღეს. როგორც კი ჰანიბალმა ამის შესახებ შეიტყო, თავისი ძალები ქალაქისკენ დაძრა. სციპიონი ზღვით გაემართა ლოკრასაკენ. ჰანიბალი სწრაფი მარშით მალე რომაული გარნიზონის ზურგში აღმოჩნდა. იგი ბრძოლის ველის დათვალიერებას შეუდგა. უეცრად მის გვერდით მდგარ მებრძოლს ქალაქის კედლიდან ნატყორცნი ისარი მოხვდა და სასიკვდილოდ დაჭრა. ჰანიბალმა ჩათვალა, რომ იგი რომაელთა სამიზნეს წარმოადგენდა. მომხდარი მან ავისმომასწავებელ მინიშნებად ჩათვალა და უკან დახევის ბრძანება გასცა. ამ დროს მიიღო ცნობა, რომ სციპიონი უკვე ქალაქში იყო შესული. სციპიონმა ლოკრა უპრობლემოდ ჩაიგდო ხელში: მან კართაგენის მომხრე მოქალაქეები დასაჯა; ქალაქში დატოვა რომაული გარნიზონი პლემინიუსის სარდლობით, თვითონ კი სიცილიაში, ქალაქ მესანაში ჩავიდა. 205 წლის ზაფხული და 205-204 წლების ზამთარი სციპიონმა მთლიანად აფრიკული ექსპედიციისათვის მზადებას დაუთმო. კართაგენი ასევე აქტიური თავდაცვისთვის ემზადებოდა. აფრიკული ექსპედიციისათვის მზად იყო დაახლოებით 35 ათასი რომაელი მეომარი. სციპიონმა ისინი 440 ხომალდზე განათავსა და წარმატებით გადასხა აფრიკის კონტინენტზე, ემპორიაში. რომაული არმიების გადასვლამ აფრიკაში არნახული განგაში და პანიკა გამოიწვია. კართაგენის თავზე ავის მომასწავებელი ღრუბლები ჩამოწვა. კართაგენს უკვე აღარ გააჩნდა მეტ-ნაკლებად ძლიერი შეიარაღებული ძალები და შესაბამისი რანგის მხედართმთავრები. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო ჰასდრუბალ ჰისგონის ძე, რომელმაც პირველ რიგში, სახელი გაითქვა იმით, რომ ყველა ბრძოლა წააგო სციპიონთან. ეს უკანასკნელი წინასწარ გრძნობდა კართაგენელებზე ფსიქოლოგიურ უპირატესობას. სციპიონმა თავისი ძალები უტიკიდან 1 მილის მანძილზე განალაგა. რომაელები შემთხვევით გადააწყდნენ დასაზვერად გამოსულ კართაგენული კავალერიის ათასეულს და მეთაურთან ერთად გაანადგურეს ის. ამ ბრძოლის დროს სციპიონთან ნუმიდიელთა რაზმით გამოცხადდა მათი ბელადი მასანასა, რომელიც ხელისუფლების მოსაპოვებლად იბრძოდა. სციპიონმა იგი ნუმიდიელთა მეფედ გამოაცხადა. კართაგენელებმა კავალერიის მეთაურობა ჩააბარეს ჰანონ ჰამილკარის ძეს, რომელმაც უტიკიდან 15 მილის დაშორებით, სალეკასთან დაიკავა პოზიციები. მას უნდა შეერთებოდნენ ჰასდრუბალ ჰისგონის ძე და სიფაქსი. შციპიონმა გადაწყვიტა სალეკასთან მყოფი კართაგენული კავალერიის განადგურება. მისი ბრძანებით მასანასამ ქალაქიდან გამოიტყუა ჰანონი და ბრძოლა გაუმართა. შერკინების დროს ბრძოლაში ჩაერთო რომაული კავალერია, რის შედეგადაც კართაგენელი ცხენოსნები რომაელთა ალყაში აღმოჩნდნენ მოქცეულნი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც დაახლოებით 11 ათას მეომარს შეადგენდა, დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. კართაგენის კავალერიის დამარცხების შემდეგ სციპიონმა ჩაიფიქრა უტიკაზე საალყო ოპერაციის დაწყება და თავის საყრდენ სტრატეგიულ ობიექტად მისი გადაქცევა. მან გადაწყვიტა ზღვიდან და ხმელეთიდან ქალაქის ბლოკირება. უტიკა ხსნას კართაგენიდან ელოდა. მაგრამ ამ დროისათვის კართაგენში თითქმის აღარ იმყოფებოდნენ შეიარაღებული ძალები. რაც შეეხება ჰასდრუბალ ჰისგონის ძეს და სიფაქსს, ისინი გაუბედავად მოქმედებდნენ. ჰასდრუბალმა, რომლის განკარგულებაშიც იმყოფებოდა 30 ათასი ქვეითი და 3 ათასი მხედარი, სიფაქსის გამოჩენამდე ვერ გაბედა მეტოქესთან მიახლოებაც კი. შიფაქსის განკარგულებაში იყო 50 ათასი ქვეითი და 10 ათასი მხედარი. ჰასდრუბალი და სიფაქსი გაერთიანებული, ორჯერ მეტი ძალებით (80 ათასი ქვეითი და 13 ათასი მხედარი), სწრაფი მარშით დაიძრნენ უტიკის მიმართულებით სციპიონთან საბრძოლველად. რომაელმა სარდალმა უშედეგო, 40-დღიანი ალყა მოხსნა უტიკას და უკან დაიხია ზღვისპირა კონცხისაკენ, სადაც გამოიზამთრა კიდეც. სანამ აფრიკაში ასეთი ვითარება იყო, ჰანიბალი კვლავ ბრუტიუმში რჩებოდა. მას დაუპირისპირდნენ 204 წელს არჩეული ახალი კონსულის პუბლიუს სემპრონიუს ტუდიტანის ჯარები. კონსულმა გადაწყვიტა, ბრძოლაში გამოეწვია ჰანიბალი. ჰანიბალმა ეს გამოწვევა მიიღო. კართაგენელებმა წარმატებით მოიგერიეს რომაელთა შეტევა, რომელსაც 1200 რომაელი ემსხვერპლა. თუდიტანი იძულებული გახდა, უკან დაეხია. მეორე დღეს მას შეუერთდა პროკონსული პუბლიუს კრასუსი. ახალ ბრძოლაში პუნებმა ვეღარ შეაკავეს შეტევაზე გადასული რომაელები და უკუიქცნენ. ჰანიბალმა კროტონას მიმართულებით უკან დაიხია. რაც შეეხება ჩრდილოეთ იტალიას, ჰანიბალის ძმა მაგონ ბარკიდი აქტიური სამხედრო მოქმედებებისგან თავს იკავებდა და რომთან ურთიერთობაში მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯებით შემოიფარგლებოდა. თუმცა მან ვერ მიაღწია ისეთ შედეგს რაც, პირველ რიგში, დააჩქარებდა სციპიონის აფრიკიდან უკან დაბრუნებას, კართაგენს კი ძალების მოკრების საშუალებას მისცემდა. ამრიგად, დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ 204-203 წლების მიჯნაზე ჩრდილოეთ აფრიკა II პუნიკური ომის მთავარ სამხედრო ასპარეზს წარმოადგენდა. 204-203 წლების ზამთარი რომსა და კართაგენს შორის გამორჩეული იყო აქტიური წინასაომარი სამზადისით. სციპიონს კართაგენელთა თითქმის 100-ათასიანი არმია დაუპირისპირდა. გარდა ამ სირთულისა, პუნების ფლოტის ჩანაფიქრს წარმოადგენდა სციპიონის ზღვიდან ბლოკირება. სციპიონი დიდი სირთულეების წინაშე დადგა, ამიტომაც ამ ეტაპზე მან დიპლომატიის გამოყენება ამჯობინა. სციპიონმა გადაწყვიტა ნუმიდიელთა ბელადის, რომის მოკავშირე სიფაქსის გადაბირება. ეს უკანასკნელი სციპიონთან მოლაპარაკებებს დათანხმდებოდა იმ შემთხვევაში, თუ რომაელი მის პირობებს მიიღებდა. კონკრეტულად კი, სიფაქსის მოთხოვნები ასეთი იყო: კართაგენელებს უნდა დაეტოვებინათ იტალია, ხოლო რომაელებს აფრიკა და თუ ეს შესრულდებოდა, სიფაქსი ორივე სახელმწიფოსთან იმეგობრებდა. გამომდინარე იქიდან, რომ სციპიონი სიფაქსის კარნახით ნამდვილად არ აპირებდა თავისი სტრატეგიული მიზნის შეცვლას, ბუნებრივია, მათ შორის კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი იყო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი ყველა საშუალებით ცდილობდა სიფაქსის გამოყენებას და შემდეგი მოქმედებებისათვის დროის მოგებას. სციპიონმა მოლაპარაკებისთვის თავის ელჩებთან შეხვედრა სთხოვა სიფაქსს ნუმიდიელთა ბანაკში, რაზეც, რა თქმა უნდა, თანხმობა მიიღო. ღომაული ელჩობა სიფაქსს მისსავე ბანაკში ესტუმრა. ელჩებმა მას საჩუქრად მიართვეს ურიცხვი სასაპალნე, მსხვილფეხა პირუტყვი და ცხვრის ფარები მწყემსებითურთ. ეს უკანასკნელნი გადაცმული ცენტურიონები იყვნენ, რომლებმაც დაზვერეს სიფაქსის ბანაკში არსებული ვითარება და დაადგინეს მანძილი, რომელიც ერთმანეთისგან აშორებდა სიფაქსისა და ჰასდრუბალის ბანაკებს. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა დიპლომატიური „ეტიკეტის“ შესაბამისად, რამაც მოადუნა კართაგენელთა და ნუმიდიელთა სამხედრო- პოლიტიკური სიფხიზლე. სციპიონმა კი ბრწყინვალედ ჩაატარა საინფორმაციო-სადაზვერვო სამუშაოები და აქტიური მოქმედებისთვისაც მოემზადა. კართაგენელებისთვის თვალის ასახვევად სციპიონმა თითქოსდა უარი თქვა თავის ტაქტიკაზე და უტიკის საალყო სამზადისი დაიწყო. მან შესანიშნავად გამოიყენა სიფაქსის კეთილგანწყობა და თავის საგანგებო, სპეციალურ ძალებს საიდუმლო დავალება მისცა: მათ უნდა მოეხერხებინათ სიფაქსის ბანაკისთვის ცეცხლის წაკიდება და მასზე ყურადღების გადატანა, რაც გამოიწვევდა მის მოწინააღმდეგეთა შორის ქაოსს, სციპიონს კი გამარჯვებას მოუტანდა. ოპერაცია შუაღამით დაიწყო. ღამდენიმე ადამიანმა, რომლებიც ნდობით სარგებლობდნენ სიფაქსის ბანაკში, ხანძარი გააჩინა. ქარმა ცეცხლი სწრაფად გაავრცელა. უამრავი ადამიანი საწოლში გამოიწვა, ცეცხლში იწვოდა პირუტყვი, მათი ბღავილი და ადამიანთა გოდება კიდევ უფრო კოშმარულს ხდიდა ნუმიდიელთა თავს დამტყდარ უბედურებას. ჰასდრუბალს ეგონა, რომ ეს შემთხვევით მოხდა და გადაწყვიტა, სიფაქსს დახმარებოდა. ხანძარი კი სულ უფრო ძლიერდებოდა და ქალაქისკენ მიიწევდა. ქალაქის შესასვლელები ჩაიხერგა დაჭრილი, დამწვარი ადამიანებითა და ცხოველებით. ხალხისთვის ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო. ამრიგად, 203 წლის დასაწყისში სციპიონმა ცეცხლოვანი კოშმარის ეფექტის გამოყენებით გაანადგურა ჰასდრუბალისა და სიფაქსის კართაგენულ-ნუმიდიური არმიები. ამ უბედურებას კართაგენელთაგან მხოლოდ 2 ათასი ქვეითი და 500 მხედარი გადაურჩა. დამარცხებული ჰასდრუბალი კართაგენში გაიქცა. მას ფეხდაფეხ მიჰყვა სიფაქსი თავისი ნარჩენებით. ჯოჯოხეთური ხანძრისა და ჰასდრუბალისა და სიფაქსის არმიების განადგურების შემდეგ, კართაგენი უკვე ყოველ წუთს ელოდებოდა ქალაქის კედლებთან სციპიონის გამოჩენას. პანიკური ვითარების ფონზე ხელისუფლებამ დაიწყო ინტენსიური ფიქრი იმაზე, თუ როგორ ეხსნა ქვეყანა მოსალოდნელი კატასტროფისაგან. კართაგენის სენატში ამასთან დაკავშირებით რამდენიმე მოსაზრება გამოითქვა: სენატორთა ერთი ჯგუფი მოითხოვდა სციპიონთან მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებას და ომის შეწყვეტას; მეორენი საჭიროდ მიიჩნევდნენ იტალიიდან ჰანიბალის გამოძახებას; მესამე ჯგუფს კი მიაჩნდა, რომ უნდა შექმნილიყო ახალი არმია ბრძოლის გასაგრძელებლად. სენატორთა მესამე, ბოლო პოზიციას ყველაზე მეტი მხარდამჭერი აღმოაჩნდა. სენატის თანხმობით, ჰასდრუბალმა და სიფაქსმა თავი მოუყარეს 30-ათასიან არმიას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ 100-ათასიანი არმიით ვერაფერი მოუხერხეს სციპიონს, ძალზე საეჭვო იყო, გაცილებით მცირე კონტინგენტით რაიმე შედეგისთვის მიეღწიათ, მით უფრო, რომ ეს არმია ახალწვეულებით იყო დაკომპლექტებული. სციპიონმა მცირე ძალები დატოვა უტიკაში და ძირითადი ნაწილებით, სწრაფი მარშით გაემართა ჰასდრუბალსა და სიფაქსთან საბრძოლველად. ბრძოლა დიდ ველზე გაიმართა, სადაც ახალწვეულმა კართაგენელებმა და ნუმიდიელებმა ბრძოლებში გამობრძმედილ რომაელ ლეგიონერებს ვერაფერი დაუპირისპირეს და მხოლოდ გაქცევა მოახერხეს. ერთადერთი ძალა, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რომაელებს, იყო კელტ-იბერთა რაზმი, რომელიც ბოლო მებრძოლამდე შეაკვდა რომაელებს. კართაგენის ბედი უკვე ბეწვზე ეკიდა და საფრთხე ყოველი მხრიდან მისკენ მიიწევდა. ასეთ ვითარებაში კართაგენის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ფლოტი გაეგზავნა უტიკაში, რათა რომაელებს ზღვიდან დასხმოდნენ თავს. სენატმა ჰანიბალის გამოძახებაც გადაწყვიტა იტალიიდან და კართაგენის გადასარჩენად ამ სამშვიდობო-დიპლომატიური მიმართულების გაძლიერებაც. უტიკასთან გამართული საზღვაო ბრძოლა, მართალია, კართაგენელებმა მოიგეს, მაგრამ ამას გავლენა არ მოუხდენია საერთო სამხედრო-პოლიტიკურ სურათზე. ამ ფაქტების შემდეგ დროებით შეწყდა სამხედრო მოქმედებები და ორივე მხარე ინტენსიურად შეუდგა სამზადისს თავისი ამოცანების შესასრულებლად – კართაგენელებს თავი უნდა დაეცვათ რომაელთა გადამწყვეტი შემოტევისაგან. პუნების ერთადერთი იმედი მხოლოდ ჰანიბალი იყო და მის გამოჩენას ყოველ წუთს, როგორც ქვეყნის მხსნელისას, ისე ელოდნენ. სციპიონმა დრო არ დაკარგა და მასანასას დაავალა სიფაქსის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარება. ამ ბრძოლაში სიფაქსი ტყვედ ჩავარდა და სციპიონმა მასანასა სრულიად ნუმიდიელთა მეფედ გამოაცხადა. კართაგენის ერთადერთი ხსნა ომის შეწყვეტაში ან ჰანიბალის სასწრაფოდ ჩამოსვლაში მდგომარეობდა. კართაგენის სენატმა სციპიონთან მოლაპარაკების დაწყება სცადა. რეალურად კი ეს იყო მათი მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკა ჰანიბალის გამოჩენამდე. ამ მიზნით სციპიონის ბანაკში დიპლომატიური მისიით მივიდნენ კართაგენის საბჭოს წევრები, რომლებმაც შეჰღაღადეს სციპიონს, დაენდო მათი ქალაქი და არ დაენგრია ის. ამისთვის კი მზად იყვნენ, დიდი გამოსასყიდი გადაეხადათ მისთვის. სციპიონმა მათ თხოვნას დაახლოებით ასე უპასუხა: მის მიზანს წარმოადგენდა არა მათთან ხელშეკრულების დადება, არამედ კართაგენის დამარცხება. ამავე დროს სციპიონმა გაითვალისწინა მათი თხოვნა და თავის მხრივ, შემდეგი მოთხოვნები წამოაყენა: 1. კართაგენს რომისთვის უნდა დაებრუნებინა ყველა ტყვე რომაელი და მონა; 2. კართაგენის ჯარები უნდა გამოსულიყვნენ იტალიიდან და გალიიდან; 3. კართაგენს უარი უნდა ეთქვა ესპანეთზე; 4. კართაგენს უნდა დაეტოვებინა იტალიასა და აფრიკას შორის არსებული ყველა კუნძული, სადაც კი მათ რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ; 5. კართაგენს რომისთვის თითქმის მთლიანად უნდა გადაეცა საზღვაო ფლოტი (სციპიონი მათ მხოლოდ 20 ხომალდის დატოვების უფლებას აძლევდა); 6. რომისთვის უნდა მიეცათ 500 ტონა ხორბალი და 300 ტონა ქერი; 7. კონტრიბუციის სახით კართაგენს რომისთვის უნდა გადაეხადა 5 ათასი ვერცხლის ტალანტი (დაახლოებით 131 ტონა ვერცხლი); 8. კართაგენს რომაელი ჯარისკაცებისათვის უნდა მიეცა ერთჯერადად ორმაგი ხელფასი. ასეთი იყო სციპიონის მოთხოვნა, რომელიც მძიმე შესასრულებელი აღმოჩნდა კართაგენისთვის, თუმცა პუნებმა თანხმობა განაცხადეს და თავიანთი ელჩები რომში გაგზავნეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ რომისგან პასუხის მიღებამდე ჰანიბალი მოასწრებდა კართაგენში ჩასვლას და პუნების სასარგებლოდ ვითარების რადიკალურად შეცვლას. 203 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ იტალიის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო კამპანიის დროს ორი კართაგენული არმია, რომლებსაც მეთაურობდნენ ძმები ჰანიბალ და მაგონ ბარკიდები, ერთმანეთთან შეუთანხმებლად, ცალ-ცალკე მოქმედებდა. მაგონი კვლავინდებურად ჩრდილოეთ იტალიაში იმყოფებოდა. გალიის საზღვართან მას შეჯახება მოუხდა რომაულ ლეგიონებთან, რომლებსაც მეთაურობდნენ პრეტორი პუბლიუს კვინკტილიუს ვარონი და პროკონსული მარკუს კორნელიუს ცეტეგიუსი. თავდაპირველად ამ დაპირისპირებაში ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია უპირატესობას. რომაულ კავალერიას მაგონმა სპილოები დაუპირისპირა, რაზეც რომაელთა ცხენები დაფრთხნენ და კავალერიამ უკან დაიხია. ამის შემდეგ ბრძოლაში ორივე მხრიდან ჩაერთნენ სარეზერვო ქვეითი ძალები. რომაელმა დროტიკის მსროლელებმა სამიზნეებად სპილოები შეარჩიეს და მათზე იერიში მიიტანეს. ამ მომენტმა გადაწყვიტა ბრძოლის ბედი – დაჭრილმა და გამწარებულმა სპილოებმა გადათელეს თავისიანები და ბრძოლის ველიდან გაიქცნენ. ამ ქაოსში მათ მეომრებიც სირბილით მიჰყვნენ. გაქცეულ პუნებს რომის კავალერია დაედევნა. ბრძოლის დროს მაგონი ბარძაყში დაიჭრა. სარდლის მწყობრიდან გამოსვლამ კართაგენელების უკან დახევა პანიკურ გაქცევაში გადაზარდა. მაგონი ზღვით ჩავიდა ლიგურიაში, სადაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა, სწრაფად ჩაეღწია აფრიკაში. Iგი დარწმუნდა, რომ კართაგენს აღარ შეეძლო ბრძოლის გაგრძელება და ფაქტობრივად უკვე დაკარგული იყო როგორც იტალია, ასევე გალია. გზად მიმავალი მაგონ ბარკიდი სარდინიასთან ახლოს ჭრილობისგან გარდაიცვალა. იტალიის სამხრეთში, კერძოდ, ბრუტიუმში, ჰანიბალის ბოლო სტრატეგიულ რეგიონში, ქალაქები ერთიმეორის მიყოლებით გადადიოდნენ რომაელთა მხარეზე. ჰანიბალი მაინც არ ნებდებოდა და ცდილობდა ბრძოლის გაგრძელებასა და წინააღმდეგობის გაწევას. რომაელებთან ბოლო ბრძოლა ჰანიბალმა აპენინზე, კროტონასთან გამართა. სამწუხაროდ, ბრძოლის შედეგი ჩვენთვის უცნობია. ამ რთულ ვითარებაში ჩავიდნენ მასთან კართაგენელი ელჩები, რომლებმაც მოსთხოვეს მას დაუყოვნებლივ სამშობლოში დაბრუნება. ამ მოთხოვნამ იგი დათრგუნა. მან უკვე წინასწარ იგრძნო საბოლოო მარცხი და ჩათვალა, რომ ამ საქმეში გადამწყვეტი როლი შეასრულა არა რომაელმა ხალხმა, არამედ მისდამი შურით გამსჭვალულმა კართაგენის სენატმა, რომელიც ყოველთვის გულგრილი იყო მისდამი დამოკიდებულებაში. ყოველივე ამას ძმის სიკვდილიც დაერთო და მისი მდგომარეობა აბსოლუტურად უპერსპექტივო გახდა. სავარაუდოდ, მწარედ ჩაფიქრებულმა ჰანიბალმა გააანალიზა თავისი ყველაზე მთავარი შეცდომა აპენინის ნახევარკუნძულზე, რომელიც მისთვისაც და კართაგენისთვისაც საბედისწერო აღმოჩნდა. ისტორია ალბათ სხვანაირად წარიმართებოდა, კანესთან გამართული ტრიუმფის შემდეგ რომზე რომ გაეგრძელებინა შეტევა. ახლა კი ყველაფერი პირიქით იყო და მას არავისზე არ უნდა დაწყვეტოდა გული: მთავარი დამნაშავე თვითონ ჰანიბალი იყო და არა სხვა ვინმე, ამ შემთხვევაშიც ერთადერთი და განუმეორებელი. ვითარების რეალისტურად შეფასების შემდეგ ჰანიბალმა იტალიური წარმოშობის მებრძოლები ბრუტიუმში დატოვა, თვითონ კი საბოლოოდ გამოემშვიდობა აპენინის ნახევარკუნძულს და გეზი აფრიკისაკენ აიღო. იმდროინდელი მსოფლიო სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების ძირითად ნაწილად იქცა კართაგენისა და რომის სენატს შორის დაწყებული მოლაპარაკებები. ამ საკითხზე ანტიკურ ისტორიოგრაფიაში ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს: ტიტუს ლივიუსის აზრით, მოლაპარაკების პროცესში კართაგენელმა ელჩებმა რომის სენატს მოახსენეს, რომ ამ გაჭიანურებულ ომში კართაგენის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ უნდა დაკისრებოდა, რადგანაც ყველაფერში დამნაშავე იყო ერთადერთი ადამიანი – ჰანიბალი, რომელიც ხელისუფლებისაგან დამოუკიდებლად, თვითონ იღებდა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ამიტომ მომხდარზე პასუხისმგებლობაც მხოლოდ მას უნდა ეკისრა. მათი მტკიცებით, ჰანიბალი სენატის ნებართვის გარეშე, თვითნებურად გადავიდა მდ. იბერიუსზე და ალპები გადალახა. მან ერთპიროვნულად დაიწყო ომი ჯერ საგუნტუმის, შემდეგ კი რომის წინააღმდეგ. პუნმა ელჩებმა თურმე ისიც კი განაცხადეს, რომ კართაგენის ხელისუფლებას და ხალხს არც არასდროს დაურღვევია კავშირურთიერთობა რომის რესპუბლიკასთან. ელჩების გამოსვლას რომის სენატში ხმაური მოჰყვა: ყოფილმა კონსულმა მარკუს ლევინიუსმა რადიკალური მოთხოვნები წამოაყენა: 1. კართაგენელი ელჩები დაუყოვნებლივ გაეძევებინათ რომიდან და 2. სციპიონს საბოლოო გამარჯვებამდე ებრძოლა. ამ საკითხზე ლივიუსისგან განსხვავებულ ცნობებს გვაწვდის აპიანე: კართაგენის ელჩებთან რომში, სენატში მოლაპარაკების მიმდინარეობის დროს რამდენიმე პოზიცია გამოიკვეთა: სენატორთა ერთი ნაწილის აზრით, გასათვალისწინებელი იყო კართაგენელთა ყველასთვის ცნობილი სივერაგე და დაუნდობლობა, რომლებიც იმითაც იყვნენ გამორჩეულნი, რომ ბოლომდე თითქმის არასოდეს ასრულებდნენ დადებული ხელშეკრულების პირობებს. ასევე ყურადღება იყო გამახვილებული ჰანიბალის იმ დანაშაულებრივ მოქმედებებზე, რომლებიც მან ჩაიდინა ესპანეთსა და იტალიაში. სენატორთა მეორე ნაწილის აზრით, სასწრაფოდ უნდა დადებულიყო მათ შორის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ორივე სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა იქნებოდა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ კართაგენს ჯერ კიდევ გააჩნდა სერიოზული სამხედრო პოტენციალი 3 არმიის სახით (ბრუტიუმში, ლიგურიასა და თავად კართაგენში). პოზიციების მკვეთრი განსხვავებისა და დისკუსიების შედეგად, სენატმა საერთო გადაწყვეტილება ვერ მიიღო – მათ მრჩევლები გაუგზავნეს სციპიონს და დაავალეს, პირადად მიეღო გადაწყვეტილება საქმის დასამთავრებლად. სციპიონმა გაითვალისწინა შექმნილი რთული ვითარება და კართაგენთან ზავის დადება გადაწყვიტა. ამჯერად მან ოდნავ შეამსუბუქა თავისი მოთხოვნები, რომლებიც ასე განისაზღვრა: 1. კართაგენს უარი უნდა ეთქვა მოხალისე – დაქირავებულ მებრძოლებზე; 2. კართაგენს აღარ უნდა ჰყოლოდა 30-ზე მეტი ხომალდი; 3. კართაგენი უნდა შემოსაზღვრულიყო მხოლოდ საკუთარი ტერიტორიით და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო; 4. რომისთვის უნდა გადაეცათ ყველა ტყვე – რომაელნი და რომის მოღალატენი; 5. რომისთვის უნდა გადაეხადათ კონტრიბუცია 1600 ვერცხლის ტალანტის ოდენობით (დაახლოებით 42 ათასი ტონა); 6. მასანასას ოფიციალურად უნდა გადასცემოდა სიფაქსის სამფლობელოები. კართაგენის ხელისუფლებამ მიიღო ეს პირობები და, შესაბამისად, კვლავ მიავლინა ელჩობა რომში. რომმა, თავის მხრივ, დიპლომატიური წარმომადგენლები გაგზავნა კართაგენში. მოგვიანებით, ხელშეკრულების დარღვევის გამო კართაგენელი ელჩები რომიდან განდევნეს. ამ მნიშვნელოვანი საკითხის არსში გასარკვევად მნიშვნელოვანია პოლიბიოსის ვერსიაც. მისი აზრით, რომის სენატმა დაამტკიცა სციპიონის მიერ კართაგენისთვის წარდგენილი ხელშეკრულების პირობები. ამ დროს კართაგენელთა ჯარებს უკვე დატოვებული ჰქონდათ აპენინის ნახევარკუნძული. ამის შემდეგ რომის ელჩობა ჩავიდა სციპიონის ბანაკში, პუნების წარმომადგენლები კი კართაგენში დაბრუნდნენ სამშვიდობო-საზავო ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კართაგენის სენატმა უარი თქვა ფიცის მიღებასა და საზავო პირობების შესრულებაზე და გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება ომის გაგრძელების შესახებ. Aამ ფაქტმა კიდევ ერთხელ განამტკიცა საყოველთაო აზრი კართაგენელთა ცნობილი სივერაგისა და დაუნდობლობის შესახებ მაშინ, როდესაც რომი უფრო სერიოზულად და გულისხმიერად ეკიდებოდა დიპლომატიურ ვალდებულებებს. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ რომაელებმა ბევრი გააკეთეს საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის განვითარებაში წესრიგის დასამყარებლად. „რომში შემუშავდა საერთაშორისო სამართლის ისეთი პოსტულატი, როგორიცაა „პაცტა სუნტ სერვანდა“ (ხელშეკრულების დაცვის ვალდებულება), რაც სინამდვილეში პარტნიორების დასასუსტებლად იყო მიმართული“ (8. 74.). რომსა და კართაგენს შორის მიმდინარე დიპლომატიური პროცესების შესწავლისას ანტიკურ ავტორთა შორის აშკარად განსხვავებული პოზიციებია, რაც კიდევ უფრო ართულებს ობიექტური სურათის შექმნას. მაგალითად, აპიანე მიიჩნევდა, რომ სციპიონი და სენატი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ლივიუსის მიხედვით კი, სციპიონი სენატისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა. კართაგენელთა უპირობა მას ომის სასწრაფოდ დამთავრებისკენ უბიძგებდა. აპიანეს შეფასებით, სციპიონი, მართალია, მხედართმთავარი იყო, მაგრამ შეეძლო მოწინააღმდეგე მხარისთვის საზავო პირობების შეთავაზება. შციპიონების მეტოქე ლივიუსი მას ძირითადად სუსტ პოლიტიკოსად მიიჩნევდა, რომელსაც ხშირად ატყუებდნენ კართაგენელი ელჩები. შციპიონის მომხრე პოლიბიოსი კი ამ საკითხში აპიანეს თვალსაზრისს იზიარებს. რომსა და კართაგენს შორის დიპლომატიური ორთაბრძოლა გაჭიანურდა. ამასობაში ჰანიბალმაც მიაღწია აფრიკის სანაპიროებს და რომაელთა რამდენიმე სატრანსპორტო ხომალდიც ჩაიგდო ხელში. ამ დროს ჯერ კიდევ გრძელდებოდა დიპლომატიური ომი რომსა და კართაგენს შორის. სციპიონმა ვითარების სასწრაფოდ გასარკვევად კართაგენში ახალი ელჩობა გაგზავნა (ლუციუს ბებიუსი, მარკუს სერვილიუსი და ლუციუს ფაბიუსი), რომლებსაც აგრესიულად შეხვდნენ კართაგენის სენატის წევრები. ისინი დიპლომატებს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და ცემაც კი დაუპირეს. ანტიბარკიდული პარტიის ლიდერებმა ძლივს მოახერხეს ქალაქიდან რომაელი ელჩების უხიფათოდ გამოყვანა. ამან პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა და იმედმოცემულმა სენატმა მოლაპარაკების გაგრძელება აღარ ისურვა. მათ პასუხიც არ აღირსეს ელჩებს და მოსაკლავადაც კი დაედევნენ. რომაელმა ელჩებმა გაქცევა მოასწრეს. ამით რომსა და კართაგენს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა. მომხდარის ფონზე, სციპიონმა პატივი სცა დიპლომატიურ ეტიკეტს და რომიდან დაბრუნებულ პუნების დიპლომატიური მისიის წევრებს პრობლემები არ შეუქმნა, პირიქით, კართაგენში თავისუფლად შესვლის ნება მისცა. ამასობაში ჰანიბალმა ღუზა ჩაუშვა პატარა საპორტო ქალაქ ლეპტისისთან. ხმელეთზე გადასვლისთანავე, ჰანიბალმა კავშირი დაამყარა სიფაქსის ვაჟიშვილთან, ვერმინთან. ამ დროისათვის რამდენიმე ნუმიდიური ქალაქი კვლავ მიემხრო ჰანიბალს. სციპიონმა, საპასუხო მოქმედების დაწყების მიზნით, გაქცევის სიმულაციას მიმართა. ჰანიბალმა მოკავშირე ქალაქებიდან გამოიყვანა გარნიზონები და თავის ძირითად ძალებთან ერთად სციპიონს დაედევნა. ამით ისარგებლა მასანასამ და ადვილად დაიბრუნა თითქმის დაუცველი ქალაქები. სციპიონმა აბსოლუტურად უდანაკარგოდ მიაღწია ტაქტიკურ წარმატებას. ამის შემდეგ დროებით შეწყდა სამხედრო დაპირისპირება ახალი, გადამწყვეტი შეჯახების წინ. ასე გასრულდა 203 წელი. 202 წლის სამხედრო კამპანია იმით დაიწყო, რომ ჰანიბალი ლეპტისიდან დაიძრა ხადრუმეტის მიმართულებით, სციპიონმა კი უშუალოდ კართაგენის მისადგომები დაიკავა. სწრაფი მარშით ჩასული ჰანიბალი ზამასთან გამაგრდა. მან მტრის პოზიციების დასაზვერად საგანგებო დავალებით გაგზავნა მხედართა რაზმი, რომელიც ხელთ იგდეს რომაელებმა. სციპიონმა მათ უფლება მისცა, დაეთვალიერებინათ რომაელთა ბანაკი, თავის ხელქვეითებს კი უბრძანა, ყველაფერი ეჩვენებინათ მათთვის, რისი ნახვის სურვილიც ექნებოდათ. ამის შემდეგ კართაგენელ მხედართა ჯგუფი სციპიონმა სრულიად უვნებელი უკან, ჰანიბალს გაუგზავნა. რომაელის მხრიდან ეს იყო რაინდული ჟესტი, რომელმაც დამთრგუნველი ეფექტი მოახდინა ჰანიბალზე. ამავე დროს ჰანიბალს შეატყობინეს, რომ სციპიონს შეუერთდა მასანასა 6 ათასი ქვეითითა და 4 ათასი მხედრით. ჰანიბალმა სცადა მოლაპარაკების გამართვა რომაელებთან და სციპიონს შეუთვალა, პირისპირ შეხვედროდნენ ერთმანეთს. მათ შორის ეს შეხვედრა მართლაც შედგა. ჰანიბალმა ასეთი წინადადებით მიმართა სციპიონს: კართაგენი რომს გადასცემდა აფრიკის გარეთ მდებარე ყველა თავის სამფლობელოს, რის სანაცვლოდაც II პუნიკური ომი უნდა შეწყვეტილიყო. სციპიონმა კი მას წარმოუდგინა 203 წელს კართაგენის სენატისთვის წაყენებული მოთხოვნების პირველი, შედარებით მძიმე ვარიანტი (პოლიბიოსის ვერსიით – უსიტყვო კაპიტულაცია). მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა და მხარეები საბრძოლველად მოემზადნენ. მეორე დღეს ზამასთან გაიმართა გენერალური და უკანასკნელი ბრძოლა სციპიონსა და ჰანიბალს შორის (დაახლოებით 202 წლის ივლის-აგვისტოს თვე). კართაგენელებს ბრძოლის ველზე ჰყავდათ 35 ათასი ქვეითი, 3 ათასი მხედარი და 80 სპილო, რომაელებს კი 30 ათასი ქვეითი და 10 ათასი მხედარი. ბრძოლის წინ სციპიონმა თავისი არმია შემდეგნაირად განალაგა: მარცხენა ფლანგზე, რომელსაც ლელიუსი მეთაურობდა, მან განათავსა რომაული კავალერია; მარჯვენა ფლანგზე – მასანასას ნუმიდიური კავალერია; ცენტრში განლაგდნენ მძიმედ შეიარაღებული ქვეითები; მათ შორის გასასვლელებში დააყენეს მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები, რომლებსაც, კართაგენელთა სპილოების გამოჩენისთანავე, სწრაფად უნდა შეეცვალათ პოზიციები და სპილოები დროტიკების ტყორცნით უკუექციათ. ჰანიბალმა თავის ძირითად ძალებს წაუმძღვარა 80 სპილო, მათ უკან კი განალაგა: ქვეითთა ძირითადი და დამხმარე ძალები (ლიგურები, გალები, ბალეარები და მავრები), რომლებსაც მოჰყვებოდნენ კართაგენელები, ლიბიელები და მაკედონელები; ძირითადი ძალების მარჯვენა ფლანგზე კართაგენული კავალერია იდგა, მარცხენა ფლანგზე კი –ნუმიდიური. ბრძოლის დაწყებისთანავე რომაელებმა ყვირილითა და საყვირების ხმაურით დააფრთხეს სპილოები, რომლებმაც უკვე მერამდენედ გადათელეს თავისიანები და პრაქტიკულად ამით რომაელთა ხელშემწყობ ძალად იქცნენ. ამავე დროს შეტევაზე გადავიდა მასანასას ნუმიდიური კავალერიაც. სპილოების ნაწილმა მოახერხა რომაელ ქვეითთა განლაგებაში შეჭრა, სადაც მათ დროტიკების ნიაღვარი დაატყდათ თავს. დაჭრილი სპილოები კართაგენულ კავალერიას დაერივნენ. ამავე მიმართულებით შეუტია ლელიუსის რომაულმა კავალერიამ. ღომაელები ყველა მხრიდან უტევდნენ კართაგენელებს და სულ უფრო ავიწროებდნენ მათ. ჰანიბალის დამხმარე ძალები რომაელებმა თავიანთი ფლანგების გარემოცვაში მოაქციეს. პუნებმა მასირებული უკანდახევა დაიწყეს. ამის შემდეგ სციპიონმა კართაგენელებზე ზეწოლა შეანელა და ბრძოლის ველიდან დაჭრილების გაყვანა დაიწყო. ამ შესვენების შემდეგ მან შეტევისთვის მოამზადა მსუბუქად შეიარაღებული შუბის მტყორცნელები. ბრძოლის განახლებისთანავე ლელიუსმა და მასანასამ ზურგიდან დაარტყეს კართაგენელ ქვეითებს. პუნები საბოლოოდ უკუიქცნენ. ლივიუსის ცნობით, ამ ბრძოლაში დაიღუპა 20 ათასი კართაგენელი და მათი მოკავშირე. ამდენივე მებრძოლი ტყვედ ჩავარდა. პოლიბიოსის მიხედვით, დაიღუპა 10 ათასი და ტყვედ ჩავარდა იგივე რაოდენობის მებრძოლი. არსებული მონაცემებით, რომაელებმა ზამასთან ბრძოლაში მხოლოდ 1500 მებრძოლი დაკარგეს. თვითონ ჰანიბალი მხედართა მცირე ჯგუფთან ერთად ბრძოლის ველიდან გაიქცა ხადრუმეტის მიმართულებით. Eეს იყო ჰანიბალის ბრწყინვალე ეპოპეის სამარცხვინო დასასრული.
VI თავი
ჰანიბალი კართაგენის ხელისუფლების სათავეში
ზამასთან გამართული ბრძოლის შემდეგ კართაგენის ხელისუფლება საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ეს იყო მეორე პუნიკური ომის დასასრული. ხადრუმეტიდან კართაგენში ჩასული ჰანიბალის ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა რომთან სასწრაფო ზავის დადება კართაგენის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილი მოსაგვარებელი აღმოჩნდა: საქმეს ართულებდა ის, რომ კართაგენში არა-თუ ჰანიბალის მოწინააღმდეგეები, არამედ მომხრეებიც კი არ თვლიდნენ ომს წაგებულად და მოითხოვდნენ ბრძოლის გაგრძელებას საბოლოო გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, ასეთი პოზიცია ყოველგვარ ნიადაგს იყო მოკლებული და უფრო აგონიაში მყოფის ბოდვას ჰგავდა. ღაც შეეხება რომაულ მხარეს, სციპიონი მოითხოვდა ომის დამთავრებას კართაგენზე ალყის შემორტყმით და მისი მიწასთან გასწორებით, რათა საბოლოოდ დასმოდა წერტილი კართაგენის ამბიციებს მსოფლიო ჰეგემონობაზე. სამხედრო მოქმედებებისათვის მზადებისას, სციპიონმა კართაგენის სენატისგან მიიღო თხოვნა მოლაპარაკების დაწყებაზე. სციპიონი დათანხმდა და თავის ბანაკში (ტუნეტში) იხმო კართაგენის სენატის წევრები. შენატორების ჩასვლამდე სციპიონმა მოასწრო და გაანადგურა ჰანიბალის დასახმარებლად წამოსული სიფაქსის ვაჟის, ვერმინიუსის კავალერია. თვითონ ვერმინიუსი ბრძოლის ველიდან გაიქცა. კართაგენის სენატის ოცდაათივე წევრი სციპიონთან გამოცხადდა. რომის არმიის სამხედრო საბჭოს წევრთა უმრავლესობა სციპიონის მსგავსად კართაგენის დანგრევას მოითხოვდა, მაგრამ ამისთვის საჭირო იყო დამატებითი რესურსების გამოყენება, რაც ნამდვილად აღარ სურდა სციპიონს. გარდა ამისა, სციპიონისთვის რომშიც არცთუ სახარბიელო პოლიტიკური ამინდი იდგა – მისი ტრიუმფი გულზე არ ეხატებოდათ მის მოწინააღმდეგეებს. ღოდესაც ჰანიბალმა იტალია დატოვა, კონსულმა გაიუს სერვილიუსმა გამოთქვა სურვილი სიცილიიდან აფრიკაში ჩასვლისა, რათა კონსულობის შემდეგ პროკონსულის რანგში რომის აფრიკული პროვინციების კურატორი გამხდარიყო. სციპიონის წინააღმდეგი იყო ყოფილი დიქტატორი – ფაბიუსიც, რომელსაც აშკარად შურდა მისი სამხედრო წარმატებები და მოითხოვდა სციპიონის რომში დაბრუნებას. სციპიონს აფრიკა მხოლოდ სახალხო კრების გადაწყვეტილებამ შეუნარჩუნა. კართაგენისთვის წაყენებული ულტიმატუმის პირობები ასეთი იყო: 1) კართაგენს შეუნარჩუნდებოდა სახელმწიფოებრიობა იმ საზღვრებში, რომელიც ომის დაწყებამდე გააჩნდა ანუ მხოლოდ აფრიკის კონტინენტზე; 2) კართაგენის მოსახლეობა იქნებოდა თავისუფალი და ისინი იცხოვრებდნენ თავიანთი კანონებით; 3) რომი საერთოდ გაეცლებოდა კართაგენსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს; 4) პუნებს რომაელებისთვის უნდა დაებრუნებინათ ყველა ტყვე, მოღალატე და გაქცეული მონა; 5) კართაგენს რომისათვის უნდა გადაეცა ყველა საბრძოლო ხომალდი (10 ტრიერის გარდა); 6) პუნებს რომისათვის უნდა მიეცათ ყველა მოშინაურებული სპილო და საერთოდ უნდა შეეწყვიტათ სპილოების მოშინაურება; 7) რომაელი ხალხის ნებართვის გარეშე კართაგენს ყველგან ეკრძალებოდა ომების დაწყება; 8) კართაგენს მასანასასთვის უნდა გადაეცა ის მიწები და უძრავ-მოძრავი ქონება, რასაც თვითონ მასანასა განსაზღვრავდა და ამის შემდეგ კართაგენს მასთან უნდა დაედო სამოკავშირეო ხელშეკრულება; 9) რომიდან ელჩების ჩამოსვლამდე რომის ჯარები აფრიკაში უნდა დარჩენილიყვნენ; 10) კონტრიბუციის სახით, 50 წლის განმავლობაში კართაგენს რომისათვის უნდა გადაეხადა 10 ათასი ვერცხლის ტალანტი (ყოველწლიურად 200 ტალანტი); 11) კართაგენს რომისთვის ერთჯერადად უნდა გადაეცა სციპიონის მიერ შერჩეული 100-დან 150-მდე ახალგაზრდა მძევალი, 14-დან 30 წლამდე ასაკისა; 12) კართაგენს რომისთვის უნდა დაებრუნებინა დროებითი დაზავების, დროს ჰანიბალის მიერ მათთვის წართმეული სატრანსპორტო ხომალდები. ამრიგად, როგორც ვხედავთ, ულტიმატუმის პირობები იმდენად მძიმე იყო, რომ, მათი შესრულების შემთხვევაში, კართაგენი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. მაგრამ აქ საქმე ეხებოდა არა მხოლოდ მატერიალურ რესურსებსა და შეიარაღებულ ძალებს, არამედ იმ მოსალოდნელ გართულებებსაც, რომელთა გამოისობითაც კართაგენი რეალურად კარგავდა თავის სუვერენულ უფლებებს და რომზე დამოკიდებული გახდებოდა, განსაკუთრებით კი ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხში, როგორიც იყო ომის გამოცხადება და ზავის დადება. ჰანიბალი დარწმუნდა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა და იძულებული გახდა, რომაელთა პირობებს დათანხმებოდა. თუმცა, მისგან განსხვავებით, კართაგენელთა უმრავლესობა, როგორც ბარკიდების მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები, უარს ამბობდნენ ულტიმატუმის მიღებაზე. ჰანიბალმა დიდი ძალისხმევის შედეგად დაარწმუნა პუნები, რომ ეს იყო კართაგენისთვის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთადერთი გზა. მან დააიმედა კართაგენის ხელისუფლება და ხალხი, რომ ზავი საშუალებას მისცემდა ქვეყანას, ხანგრძლივი ომისაგან დაესვენა და ძალები მოეკრიბა. ამით ქვეყანა კვლავ ფეხზე დადგებოდა და რევანშისთვის მოემზადებოდა. კართაგენელი ელჩები ომის დამთავრების საბოლოო აქტზე ხელმოსაწერად რომში გაემგზავრნენ. ხელშეკრულებაზე ორივე მხარის პოზიციის დაფიქსირების შემდეგ დოკუმენტი ძალაში შევიდა, რასაც დათქმული პირობების შესრულების პროცესის დაწყება მოჰყვა. სციპიონს გადაეცა 500 ცალი კართაგენული საბრძოლო ხომალდი, სპილოები, მოღალატეები, გაქცეული მონები და ტყვეები. სციპიონის ბრძანებით, ყველა ხომალდს კართაგენის სიახლოვეს წაუკიდეს ცეცხლი და გაანადგურეს. მოღალატე რომაელები ჯვარზე გააკრეს, ხოლო მოღალატე არარომაელებს თავები მოკვეთეს. ამრიგად, II პუნიკური ომი (ძვ.წ. 218–202), რომელიც ჰამილკარ ბარკამ, მისმა სიძემ ჰასდრუბალმა და ჰამილკარის ვაჟმა ჰანიბალმა დაიწყეს, რომის გამარჯვებით დასრულდა. ზავის დადების შემდეგ კართაგენში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა: რომთან სამხედრო-პოლიტიკურ მარცხში კართაგენელთა უმრავლესობა ჰანიბალს ადანაშაულებდა. ანტიბარკიდული მიმდინარეობის წარმომადგენლები ხმამაღლა საუბრობდნენ იმაზე, რომ ჰანიბალს უნდა გაეთვალისწინებინა ჰანონის პროგნოზი, რომელიც გულისხმობდა ჯერ კიდევ ომის საწყის პერიოდში, საგუნტუმის ალყის დროს რომთან ომზე უარის თქმას. შახელოვანი მხედართმთავარი გრძნობდა, რომ სამშობლოში მას დიდი სირთულეები ელოდა მოწინააღმდეგეთა მხრიდან, რომელთა რიცხვიც უფრო და უფრო იზრდებოდა. ასეთ რთულ ვითარებაში მან მიიღო ხელისუფლებაში მოსვლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ანტიბარკიდული დაჯგუფებისა და მოხელეთა უმრავლესობის მისადმი უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობა პატივს სცემდა მას. ხალხს სჭირდებოდა ლიდერი და თანაც, პოპულარული. ასეთი კი ერთმნიშვნელოვნად იყო ჰანიბალ ბარკა. 196 წელს ჰანიბალი აირჩიეს და ის ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი – სუფეტი (სუფეტი ეწოდებოდა ორი უმაღლესი რანგის სახელმწიფო პირს კართაგენში, რომელთაც ყოველწლიურად ირჩევდნენ. შეესატყვისებოდა რომის კონსულს) გახდა. ჰანიბალის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის ნებისმიერ საჯარო გამოსვლაში ყოველთვის იყო დაფიქსირებული მისი რევანშისტული პოლიტიკა, ბრძოლა ქვეყნის როგორც შიდა, ისე უცხო მტრების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მას ხშირად ახსენებდნენ იმ ფიცს, რომელიც დადო 9 წლის ასაკში, როგორც რომის შეურიგებელმა მტერმა. კართაგენის დამარცხებამ რომს გზა გაუხსნა აღმოსავლეთის საქმეებში ჩარევისკენ. 200 წელს რომმა ომი გამოუცხადა მაკედონიას. წარმატების შემთხვევაში, მას საშუალება მიეცემოდა, დაემყარებინა რომის გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებზე. თავის მხრივ, ამ ფაქტმა ხელი შეუწყო ახალი, ანტირომაული კოალიციის შექმნას ფილიპე V-სა და სელევკიდების მეფე ანტიოქოს III-ს შორის. ამ მომენტიდან დაწყებული, ჰანიბალი, როგორც კართაგენის უზენაესი ხელისუფალი, გააქტიურდა და რომაელებისგან ფარულად, დაიწყო ანტიოქოს III-თან დიპლომატიური კავშირების დამყარება. ჰანიბალი, როგორც სუფეტი, მართალია, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვეყნის შიგნით მას მაინც უწევდა შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობების გადალახვა, რაც აფერხებდა მის პოლიტიკურ საქმიანობას. კართაგენში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ძალას, ე.წ. 104-თა საბჭო წარმოადგენდა, რომლის წევრებიც მოსამართლეები იყვნენ. მათ განუსაზღვრელი ვადით ირჩევდნენ თანამდებობაზე და პრაქტიკულად ისინი განკარგავდნენ ქვეყნის ნებისმიერ სფეროს, მათ შორის, მოქალაქეთა საკუთრებასაც. ჰანიბალმა გადაწყვიტა, ბოლო მოეღო მათი იმუნიტეტისათვის: ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, მან ბრძანება გასცა და თავისთან იხმო ერთ-ერთი მაგისტრატი, რომელიც განაგებდა ქალაქის ხაზინას (რომში მსგავს თანამდებობას ქვესტორი ეწოდებოდა). მოხელემ უარი განაცხადა ჰანიბალთან მისვლაზე – მას მაგისტრობის ვადა უთავდებოდა და 104-თა საბჭოში გადადიოდა, რაც უკვე ხელშეუხებლობის გარანტიით უზრუნველყოფდა. ჰანიბალმა ურჩობისთვის ის დააპატიმრებინა. სახალხო კრებამ ჰანიბალის ამ მოქმედებას მხარი დაუჭირა. იგი სიტყვით წარსდგა და შეკრებილებს წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოსამართლე არა განუსაზღვრელი ვადით, არამედ 1 წლით უნდა ყოფილიყო არჩეული. პროექტის თანახმად, ორ წელზე მეტხანს არავის ჰქონდა უფლება ამ თანამდებობაზე დარჩენისა. სახალხო კრების მიერ მიღებულ ახალ კანონზე დაყრდნობით, ჰანიბალმა შიდაპოლიტიკურ გამარჯვებას მიაღწია. ეს იყო მისი უკანასკნელი პოლიტიკური წარმატება. კართაგენის სახელმწიფოს ძირითადი საგარეო-პოლიტიკური (და არა მხოლოდ) საკითხი იყო რომთან ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ ჰანიბალს რომისგან ფარულად სხვა საგარეო გეგმებიც ჰქონდა, იგი ვალდებული იყო, მკაცრად შეესრულებინა რომთან დადებული საზავო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. ამ მხრივ ყველაზე რთული ფინანსური ვალდებულებები იყო. ჰანიბალის ახალ საომარ წამოწყებას ფინანსების ახალი წყაროს მოძიება დაჭირდებოდა, ქვეყანა კი ძლივს ახერხებდა კონტრიბუციის გადახდას. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჰანიბალმა გადასახადების გაზრდა გადაწყვიტა. ამ ნაბიჯმა კი იგი არაპოპულარულ პიროვნებად აქცია. ჰანიბალის ინიციატივამ მის წინააღმდეგ აამხედრა კართაგენის არისტოკრატია, რომელმაც დახმარებისთვის რომს მიმართა. გარდა ამისა, ჰანიბალს წაუყენეს ბრალდება, რომლის მიხედვითაც ჰანიბალი რომთან დადებული ხელშეკრულების იგნორირებით საიდუმლო მიმოწერას აწარმოებდა ანტიოქოს III-თან და მის ელჩებს ღებულობდა. მათ მიერ ხაზგასმით იყო დაფიქსირებული ისიც, რომ ჰანიბალი ქვეყნის კვლავ ფეხზე დაყენებისთვის საომარ პროპაგანდას ეწეოდა. რომმა ეს საბაბი გამოიყენა და აქტიური მოქმედება დაიწყო ჰანიბალის ხელისუფლებისაგან ჩამოსაშორებლად. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ერთადერთი, ვინც თავი შეიკავა ამგვარი გადაწყვეტილებისაგან, სციპიონი იყო. რომმა კართაგენში გაგზავნა ელჩები: გნეუს სერვილიუსი, მარკუს კლავდიუს მარცელიუსი და კვინტუს ტერენციუსი. სენატის საგანგებო დავალებით, მათ ჰანიბალი ერთპიროვნულად უნდა დაედანაშაულებინათ ხელშეკრულების იმ პუნქტის უგულებელყოფაში, რომელიც მას უკრძალავდა რომის ნებართვის გარეშე სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას (მით უმეტეს, ანტირომაულ ალიანსში შესვლას). ამის დამადასტურებელ სამხილს კი წარმოადგენდა კართაგენის არისტოკრატიის ბრალდება ანტიოქოს III-თან ჰანიბალის ფარული კავშირის შესახებ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ელჩებს უნდა მოეთხოვათ თანამდებობიდან მისი გადაყენება, შემდეგ კი რომისთვის გადაეცათ ჰანიბალი ანდა საიდუმლო ვითარებაში მოეკლათ. ჰანიბალმა ვეღარ გაბედა რომთან სამხედრო დაპირისპირება. მისი ავტორიტეტი იმდენად დაეცა, რომ იგი საკუთარი ხალხის ლიდერადაც აღარ გამოდგებოდა. რომაელების ხელში ჩავარდნას მან ამჯობინა, გვიან ღამით ქალაქიდან გაქცეულიყო. ამით დასრულდა ჰანიბალის ხანგრძლივი სამხედრო და გაცილებით ხანმოკლე, ერთწლიანი პოლიტიკური კარიერა.
VII თავი
გზა აღსასრულისკენ
ჰანიბალის გაუჩინარებამ გაოცება და დაბნეულობა გამოიწვია კართაგენში. ქვეყნის მმართველი თითქოს ცამ ჩაყლაპა. ინტენსიურად დაიწყეს მისი ძებნა. ვრცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები: ერთნი ამბობდნენ, რომ ჰანიბალი ქვეყნიდან გაიქცა, მეორეთა აზრით კი ის რომაელებმა მოკლეს. ამ ფაქტმა ბარკიდების მომხრე – მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება გამოიწვია. ეს ვნებათაღელვა მხოლოდ მას შემდეგ ჩაცხრა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაქცეული სუფეტი კუნძულ კერკინაზე იმყოფებოდა. ამ მოულოდნელი შემთხვევის დროს რომაელი ელჩები ჯერ კიდევ კართაგენში იმყოფებოდნენ. მათ სენატის წევრებს ახალი, მკაცრი მოთხოვნა წაუყენეს: თუ ჰანიბალი კართაგენში გამოჩნდებოდა, იგი უნდა დაეპატიმრებინათ, როგორც დამნაშავე და არა როგორც სუფეტი და რომის ხელისუფლებისათვის გადაეცათ. კართაგენის სენატის გადაწყვეტილებით, ჰანიბალი ქვეყნიდან გაძევებულად გამოცხადდა, მას ქონება ჩამოართვეს, საცხოვრებელი სახლი კი დაუნგრიეს. სამშობლოდან დევნილმა ჰანიბალმა გადაწყვიტა სელევკიდების სამეფოში, ანტიოქოს III-თან ჩასვლა და პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნა. რაც შეეხებოდა მაკედონიის მეფე ფილიპე V-ს, იგი იმდენად იყო დასუსტებული, რომ ჰანიბალს რომაელებისგან ვერ დაიცავდა. სირიისკენ მიმავალი ჰანიბალი კუნძულ კერკინაზე შეჩერდა დასასვენებლად. ნავსადგურში მან საქონლით დატვირთული ფინიკიური ხომალდები ნახა. დიდი მხედართმთავარი მაშინვე იცნეს და ყველამ გამოხატა მისდამი პატივისცემა. პოპულარობას შეიძლებოდა მისთვის პრობლემები შეექმნა, ამიტომ, რომ არ გაეგოთ მისი გაქცევის შესახებ, ჰანიბალმა ხმა გაავრცელა, თითქოს კართაგენმა დიპლომატიური მისიით მიავლინა ტიროსში. გარდა ამისა, არსებობდა მის წინააღმდეგ დევნის დაწყების საშიშროებაც. მეორე დღეს კუნძულზე დაიწყო მსხვერპლშეწირვის საყოველთაო რიტუალი, რომლის შემდეგაც საღვთო პურობის რიტუალი უნდა გამართულიყო. ჰანიბალმა თავი აარიდა ამ ღონისძიებებზე გამოჩენას. როდესაც ნაქეიფარი ფინიკიელები თავიანთ ხომალდებზე განაგრძობდნენ დროსტარებას, ჰანიბალმა ისარგებლა ღამის სიბნელით, მალულად აუშვა ღუზა და ზღვაში გავიდა. კართაგენისა და რომის ხელისუფალთათვის ეს გვიან გახდა ცნობილი. კართაგენის სენატმა ჰანიბალის ხელში ჩასაგდებად ორი სამხედრო ხომალდი გაგზავნა, მაგრამ მის კვალს ვერ მიაგნეს. ჰანიბალმა მშვიდად მიაღწია ტიროსს, სადაც მას თბილად დახვდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ მან გეზი სირიისკენ აიღო. ჰანიბალმა მართლაც დროზე ჩაასწრო ანტიოქოსის სამეფო კარზე. იმ დროს მის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნდა. II მაკედონურ ომში (200–196) ფილიპე V-ის დამარცხების შემდეგ რომის ერთადერთ რეალურ მეტოქედ ანტიოქოსის სელევკიდური სამეფო რჩებოდა, რომელიც ელინისტურ სამყაროსა და მცირე აზიაზე გაბატონებისთვის რომთან საომრად ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, სელევკიდებისთვის დიდი შენაძენი იქნებოდა გამოჩენილი მხედართმთავრისა და რომის დაუძინებელი მტრის, ჰანიბალის მათ გვერდით ყოფნა. მაშინდელ სამყაროში მასზე უკეთ არავინ იცნობდა რომის შეიარაღებულ ძალებს. იგი იყო იმ დროის ერთადერთი მხედართმთავარი, რომელმაც ტრაზიმენოს ტბასთან და კანესთან გამართულ ბრძოლებში პრაქტიკულად გაანადგურა რომის შეიარაღებული ძალები. მასზე უკეთეს საჩუქარს და იარაღს სელევკიდები ვერც ინატრებდნენ, მეომრებს კი ჰანიბალის ბრძოლის ველზე გამოჩენა გამარჯვების რწმენას განუმტკიცებდა. ანტიოქოსი წარმატების მიღწევაში დარწმუნებული იყო. რომში კი ამ ფაქტმა საყოველთაო შეშფოთება გამოიწვია: მათ ეჭვი აღარ ეპარებოდათ, რომ ჰანიბალი გამოიყენებდა სელევკიდების ძალებს და რომს ომს დაუწყებდა. მართალია, კართაგენიდან გაქცეულ ჰანიბალს აღარც ძალაუფლება და აღარც არმია არ გააჩნდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, რომთან დაპირისპირებისას მისი ფაქტორი შეუცვლელი იყო. მან ანტიოქოსს შესთავაზა, რომ მზად იყო, როგორც მხედართმთავარს, თავის თავზე აეღო სამხედრო პასუხისმგებლობა ამ დაპირისპირებაში. ჰანიბალის გეგმის მიხედვით, წარმატების მისაღწევად რომთან სამხედრო ოპერაციები აუცილებლად იტალიის ტერიტორიაზე უნდა დაწყებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში რომს დაცული ექნებოდა საკუთარი ტერიტორიის უსაფრთხოება, რაც ხელს შეუწყობდა მის ფსიქოლოგიურ უპირატესობას და რომის დამარცხებას შეუძლებელს გახდიდა. წარმატების მისაღწევად, ჰანიბალმა მეფეს სთხოვა 100 ხომალდი, 10 ათასი ქვეითი და 1000 მხედარი. გეგმის შესაბამისად, ამ ძალებით ჰანიბალი უნდა ჩასულიყო კართაგენში და მოეხდინა იქ ძალის დემონსტრირება, რითაც იგი აიძულებდა კართაგენის სენატს, რომის წინააღმდეგ გამოსულიყო. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი კართაგენში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, მაშინ ჰანიბალი სელევკიდური ძალებით გადავიდოდა იტალიაში და დაიწყებდა სამხედრო მოქმედებებს რომთან. ჰანიბალის პარალელურად კი ანტიოქოს III-ს უნდა მოეხერხებინა იტალიაში შეჭრა. ჰანიბალმა კართაგენში წინასწარ საიდუმლოდ გაგზავნა თავისი ემისარი, ვინმე არისტონი, რომელსაც ბარკიდების მომხრე ძალებისთვის უნდა გაეცნო ჰანიბალის გეგმა. მაგრამ ეს ფაქტი მისი ჩასვლისთანავე გახმაურდა და არისტონი ბარკიდების მოწინააღმდეგეებმა სენატში გამოიძახეს. დაკითხვაზე მან უარი განაცხადა, დაესახელებინა კართაგენში ჩასვლის მიზეზი. არისტონი ამტკიცებდა, რომ სავაჭრო მიზნით იმყოფებოდა კართაგენში. სენატის წევრთა შორის დაიწყო კამათი და ამ საქმის განხილვა: ერთი ჯგუფი მოითხოვდა მის დაპატიმრებას, ბარკიდების მომხრეები კი უცხოელის დაპატიმრებას (იგი იყო ტიროსის მოქალაქე) სამხილის გარეშე მიუღებლად თვლიდნენ. საქმე განსახილველად მეორე დღისთვის გადაიდო. ღამით არისტონმა ქალაქიდან გაქცევა მოახერხა. წასვლის წინ მან ხალხმრავალ ადგილებზე პატარა, წარწერებიანი დაფები ჩამოკიდა. მეორე დღეს ამ წარწერებიდან ცნობილი გახდა, რომ ჰანიბალი კართაგენის მოსახლეობას საყოველთაო ანტირომაული ამბოხებისაკენ მოუწოდებდა. ამ მოწოდებას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. არისტონის დიპლომატიური მისიის წარუმატებლობამ ანტიოქოს III-ს უარი ათქმევინა ჰანიბალის სამხედრო წინადადებაზე, რაზეც თავიდან იგი თანახმა იყო. გარდა ამისა, მეფე იმაზეც დაფიქრდა, რომ ჰანიბალის წარმატების შემთხვევაში, ბარკას პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, იგი შეეცდებოდა, იტალია თავისი და არა სელევკიდების გავლენის ქვეშ მოექცია. აქედან გამომდინარე, მეფეს მიაჩნდა, რომ არ იყო გამორიცხული, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთზე კონტროლისათვის ბრძოლაში გაძლიერებული ჰანიბალი მისი უშუალო მოწინააღმდეგე გამხდარიყო. 193 წელს ეფესოში რომის ელჩობა ჩავიდა პუბლიუს ვილიუსის ხელმძღვანელობით, რათა კიდევ ერთხელ ეცადათ ანტიოქოსთან სადაო საკითხების გარკვევა. ამ დროს მეფე პისიდიაში, სამხედრო ექსპედიციაში იმყოფებოდა. ელჩებმა, რომელთა მიზანს წარმოადგენდა ანტიოქოსის წინაშე ჰანიბალის დისკრედიტაცია, მეფესთან შეხვედრის მოლოდინი გამოიყენეს, რათა ხაზი გაესვათ იმისათვის, თითქოსდა ანტიოქოსის გვერდის ავლით უშუალოდ ჰანიბალთან ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას. ლივიუსი, პლუტარქე და აპიანე უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდიან იმის შესახებ, რომ ჰანიბალთან გამართულ ამ შეხვედრებში მონაწილეობა მიუღია თვით სციპიონს. ერთხელ მას ჰანიბალისთვის უკითხავს, თუ ვის მიიჩნევდა იგი უდიდეს მხედართმთავრად. ჰანიბალს ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გაუცია: იგი უპირველეს მხედართმთავრად ალექსანდრე მაკედონელს თვლიდა, რომელმაც მცირე ძალებით დაამარცხა მტრის გაცილებით დიდი შეიარაღებული ძალები და ყველასათვის უცნობ ქვეყნებს მიაღწია; მეორე ადგილზე ჰანიბალმა დაასახელა ეპირის მეფე პიროსი, რომელმაც, მისი აზრით, პირველმა შექმნა სამხედრო ბანაკი; რაც შეეხება მესამე მხედართმთავარს, მან თავისი თავი ცალსახად დააფიქსირა ამ პოზიციაზე. ხოლო სციპიონის კითხვაზე, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჰანიბალი მას დაამარცხებდა, ამაზე ჰანიბალმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ მაშინ იგი პირველი იქნებოდა. ამგვარად, ჰანიბალმა მიანიშნა იმაზე, რომ ფაქტობრივად ყველაზე დიდ მხედართმთავრად მაინც მის დამმარცხებელს – სციპიონს მიიჩნევდა. ეს იყო ძალზე საინტერესო, შთამბეჭდავი და გულახდილი საუბარი იმ ეპოქის ორ უდიდეს მხედართმთავარს შორის. სციპიონთან საუბრისას, ჰანიბალი შეეხო თავის განვლილ გზას, წარმატებებსა და შეცდომებს. მან ყურადღება გაამახვილა განსაკუთრებით თავის პოლიტიკურ მიზანზე, რომელიც, ალექსანდრე მაკედონელის მსგავსად, მის კოსმოპოლიტიზმზე მეტყველებდა. ეს კი გულისხმობდა მსოფლიო სახელმწიფოს შექმნას, სადაც სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები თანაცხოვრებას შეძლებდნენ. ამ გულახდილ საუბრებში ჰანიბალმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მან სრულიად ახალგაზრდამ, 26 წლისამ დაიპყრო ესპანეთი. მსოფლიო ისტორიაში პირველმა გადალახა ალპები სპილოებთან ერთად და იტალიაში ხელთ იგდო 400 დიდი და პატარა ქალაქი ისე, რომ რეალურად კართაგენისგან დახმარება არ მიუღია. ამრიგად, ყველაფერში – წარმატებასა თუ წარუმატებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ის, ჰანიბალი იყო პასუხისმგებელი და სხვა არავინ. ეს მართლაც შთამბეჭდავი, გულღია საუბრები შეიძლება სამართლიანად ჩაითვალოს ჰანიბალის სამხედრო-პოლიტიკურ აღსარებად. რომის ელჩობამ მიაღწია თავის მთავარ მიზანს, რომელიც გულისხმობდა ჰანიბალსა და ანტიოქოსს შორის დაპირისპირებას. ამ საუბრების შემდეგ ანტიოქოსი ჰანიბალისადმი უარყოფითად განეწყო, თუმცა ჰანიბალმა სცადა სიტუაციის განმუხტვა და ანტიოქოსს შეახსენა თავისი ცნობილი ფიცის შესახებ, რომლის მიხედვითაც ჰანიბალი კვლავაც რჩებოდა რომის მთავარ მეტოქედ. ასე რომ, სანამ ანტიოქოსი რომს ებრძოდა, მას ყოველთვის უნდა ჰქონოდა ჰანიბალის იმედი და მეფეს ეჭვის საბაბი არ უნდა გასჩენოდა. მიუხედავად ამისა, მათ ურთიერთობაში ბზარი უკვე არსებობდა. რეალობა იყო ის, რომ ანტიოქოსს აღარ სურდა, ჰანიბალთან გაეყო მომავალი გამარჯვების (საერთოდ თუ გაიმარჯვებდა) დაფნის გვირგვინი. ამ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ჰანიბალს არც ისე მაღალი წარმოდგენა ჰქონდა სელევკიდების არმიის ბრძოლისუნარიანობაზე. რომთან მოსალოდნელი ომის დაწყებამდე სელევკიდებისთვის ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა, რამაც ხელი შეუწყო ანტიოქოსის ჩანაფიქრის აღსრულებას. ამ დროს რომის წინააღმდეგ გამოსვლა გადაწყვიტა მისმა მოკავშირე ბერძნულ ქალაქთა ეტოლიის კავშირმა. ანტიოქოსმა მათ სტრატეგებს მიანიჭა უპირატესობა და არა ჰანიბალს. ეს უკანასკნელი მას ურჩევდა, მოეწყო სასაზღვრო მანევრები მაკედონიის წინააღმდეგ, რათა რომაელთა ყურადღება და საომარი ოპერაციები იტალიის ტერიტორიაზე გადაეტანა, მაგრამ ფუნქციადაკარგულ ჰანიბალს უკვე აღარავინ უსმენდა. 192 წლის შემოდგომაზე ანტიოქოსი თესალიაში ჩავიდა. 191 წლის აპრილში მისი ბრძოლისთვის მოუმზადებელი არმია თერმოპილთან გაანადგურეს რომისა და მისი მოკავშირე ბერძნული ქალაქების (ათენის, აქეველთა კავშირისა) და მაკედონიის შეიარაღებულმა ძალებმა. მარცხს ხელი იმანაც შეუწყო, რომ მან ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ეტოლიის ბერძნული ქალაქების კავშირისაგან და ალბათ, ყველაზე მთავარი მაინც ჰანიბალის იგნორირება იყო. დამარცხებული ანტიოქოსი მცირე აზიაში, ეფესოში გაიქცა. სელევკიდების მეფეს ჰანიბალი ჩრდილში ჰყავდა მოქცეული და უფლებას არ აძლევდა, სამხედრო ოპერაციებში ჩარეულიყო. თერმოპილთან დამარცხების შემდეგ, ანტიოქოსმა უკვე ძალზე გვიან გადაწყვიტა ჰანიბალის, როგორც მხედართმთავრის გამოყენება. მან ცოტა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ჰანიბალი დანიშნა მისთვის შეუფერებელ თანმდებობაზე – ახლადშექმნილი ფლოტის სარდლად და არა ხმელეთზე საბრძოლველად. რაც ყველაზე მთავარია, მეფე აპირებდა ამ ფლოტის გამოყენებას თავისი პოზიციების განსამტკიცებლად ხმელთაშუა ზღვისპირეთში და არა უშუალოდ რომის წინააღმდეგ. ჰანიბალმა, რომელსაც ერთადერთი სურვილი, რომთან რევანში ამოძრავებდა, შეურაცხმყოფლად მიიჩნია მისთვის მეორეხარისხოვან თანამდებობაზე ყოფნა, რამაც თავისებური ასახვა ჰპოვა სამხედრო ოპერაციებში. ჰანიბალის საზღვაო მისია, რომლის ინიციატორიც ანტიოქოსი იყო, წარუმატებელი აღმოჩნდა და 190 წლის აგვისტოში, სიდასთან გამართულ საზღვაო ბრძოლაში რომის მოკავშირე როდოსის ფლოტთან დამარცხდა. ჰანიბალის საზღვაო წარუმატებლობამ აიძულა ანტიოქოსი, ბრძოლაში მთელი ფლოტი ჩაერთო, რომელიც რომაულ ფლოტთან ბრძოლაში მთლიანად განადგურდა. 189 წელს გადამწყვეტი სახმელეთო ბრძოლა გაიმართა სელევკიდებისა და რომის ჯარებს შორის, სადაც ანტიოქოსის ჯარები საბოლოოდ დაამარცხეს რომაელებმა. მეფემ დანებება გადაწყვიტა და რომს დაზავება სთხოვა. ანტიოქოსი უპირობოდ დათანხმდა რომის ყველა მოთხოვნას და მათ შორის მთავარსაც: სელევკიდებს უარი უნდა ეთქვათ ყველა ევროპულ და მცირეაზიურ სამფლობელოებზე. საზავო ხელშეკრულებაში, რომელიც 188 წელს ქ. აპამეიაში დაიდო, რომაელთა უმთავრესი მოთხოვნა იყო რომისთვის კართაგენელი ჰანიბალის უპირობო გადაცემა. ანტიოქოსის განადგურების შემდეგ ელინისტურ სამყაროში და მცირე აზიის რეგიონში მთავარი მოთამაშე რომი გახდა. რაც შეეხება ჰანიბალს, ანტიოქოს III-ის სამხედრო-პოლიტიკური მარცხი მისთვის პირადი კატასტროფა აღმოჩნდა. მას უკვე აღარავის იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. მისი ბოლო იმედი დაიმსხვრა და 60 წელს მიტანებული ჰანიბალი ახლა მხოლოდ თავშესაფარს ეძებდა, რათა დარჩენილი წლები მშვიდად და უსაფრთხოდ გაეტარებინა. Mუნდა ითქვას, რომ მას ამის შანსი თითქმის აღარ ჰქონდა. მის ირგვლივ ყველაფერს რომი და რომაელები აკონტროლებდნენ, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ჰანიბალის ხელში ჩაგდება, მაგრამ შეუპოვარი ბარკიდი დანებებას არ აპირებდა. მან კიდევ ერთხელ შეძლო პოლიტიკური თავშესაფრის პოვნა, ამჯერად უკვე უკანასკნელად. იგი შეიკედლა ბითინიის მეფემ პრუსიასამ, რომელიც იმხანად რომის მოკავშირე პერგამოსის მეფეს ებრძოდა. ჰანიბალმა უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა სამხედრო კამპანიაში და შეძლო პერგამოსის ფლოტის დამარცხება. ბრძოლის დროს მან მტრის ხომალდებზე გველებით სავსე დოქების (დოქები ყველა მეომარს ჰქონდა სასმელი წყლისათვის. ჰანიბალის ბრძანებით, მებრძოლებმა დაიჭირეს შხამიანი გველები და თავდახურულ დოქებში მოათავსეს. გემბანზე დამსხვრეული თიხის დოქებიდან ასისინებული გამწარებული გველები რისხვად დაატყდნენ თავს პერგამოსელებს. ეს იყო ე.წ. „ბიოლოგიური ჭურვები“, რომელთა გამოყენებამ უდიდესი ეფექტი მოახდინა და წარმატება მოუტანა ჰანიბალს.) სროლით შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო მისი უკანასკნელი ბრძოლა, რომელშიც გაიბრწყინა ჰანიბალის ამოუწურავმა სამხედრო ნიჭიერებამ, რომელიც ეფექტებითა და მოულოდნელობებით იყო აღსავსე. ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, როდესაც პრუსიასასთან მივიდა რომის ელჩი ტიტუს ფლავინიუსი, რომელმაც კატეგორიულად მოსთხოვა მეფეს ჰანიბალის გადაცემა. პრუსიასამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ, სტუმარმასპინძლობის წესებიდან გამომდინარე, მისთვის ეს მიუღებელი იყო. მაგრამ რომაელმა ელჩმა მკაცრად შეახსენა, რომ ჰანიბალი რომის დაუძინებელი მტერი იყო და სხვა არაფრის გაგონება სურდა. მეფემ საკუთარი კეთილდღეობა ამჯობინა ჰანიბალს. ერთ დროს პუნთა ძლევამოსილების სიმბოლომ თავისი სახლის ფანჯრიდან დაინახა, რომ მეფის ჯარისკაცების მიერ იყო ალყაშემორტყმული. სანამ მებრძოლები მასთან შევარდებოდნენ, ჰანიბალმა საწამლავი დალია. მომაკვდავი მთავარსარდლის უკანასკნელი სიტყვები იყო: „მე რომმა კი არა, კართაგენის სენატმა დამამარცხა. გავათავისუფლოთ ძველი შიშისაგან რომაელები, რომლებიც მოუთმენლად ელიან მოხუცის სიკვდილს“ (აპიანეს ვერსიით, ჰანიბალი მოწამლა ბითინიის მეფემ ძველი წელთ აღრიცხვის 183 წელს). დიდი კართაგენელი დაკრძალეს ლიბისაში, ბოსფორის აზიურ სანაპიროზე. Uუბრალო ქვის სარკოფაგზე ამოკვეთილი იყო: `აქ მარხია ჰანიბალი~!
VIII თავი
კართაგენის აღსასრული
ჰანიბალის ცხოვრებამ, მისმა გამარჯვებებმა და ადამიანურმა ტრაგედიამ და საერთოდ, მის მიერ შექმნილმა სამყარომ საფრთხის წინაშე დააყენა კართაგენის პერსპექტივა, რომელმაც დიდი მხედართმთავრის დაღუპვიდან 37 წლის შემდეგ დაასრულა კიდეც თავისი ისტორია. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ, მიუხედავად II პუნიკურ ომში კართაგენის დამარცხებისა, მისმა ეკონომიკამ თავისი მდგრადობა შეინარჩუნა. კართაგენს მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა ხმელთაშუაზღვისპირეთისა და უფრო შორეულ ქვეყნებთან. კართაგენის ნავსადგურებში სხვადასხვა სახის საქონლით დატვირთული აურაცხელი ხომალდი შედიოდა. ადგილობრივი ბაზრები დიდი სიუხვით გამოირჩეოდა. თავის მხრივ, მთელ მსოფლიოში განთქმულ კართაგენელ ხელოსანთა ნამუშევრებზე დიდი მოთხოვნა იყო. შესაბამისად, კართაგენი ფინანსურადაც ძლიერ ქვეყნად ითვლებოდა. მოგვიანებით, III პუნიკური ომის დაწყების წინ, კართაგენმა შეძლო ახალი ფლოტისა და სახმელეთო ძალების შექმნა. სტრაბონის ცნობით, კართაგენში II საუკუნის 50-იან წლებში 700 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. კართაგენის ეკონომიკური აღმავლობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევდა რომში. აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიო ბაზარზე კართაგენი კვლავაც მოიაზრებოდა რომის მთავარ მეტოქედ და კონკურენტად. რომში ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ ის, რომ I პუნიკური ომის (264–242) დამთავრების შემდეგ კართაგენის ხელისუფლებამ (ბარკიდებმა) სწრაფად აღადგინა სახელმწიფოს სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი და ჯერ ესპანეთის დაპყრობა მოახერხა, შემდეგ კი იტალიაში შეჭრა, რასაც რომი კინაღამ შეეწირა. კართაგენის სამხედრო წარმატებებში, რა თქმა უნდა, უდიდესია მამა-შვილის, ჰამილკარ და ჰანიბალ ბარკიდების წვლილი, რაც მათ გამორჩეულ სამხედრო ლიდერობაზე მეტყველებს. II პუნიკური ომის დასრულებისთანავე, პერსპექტივაში კვლავ გაჩნდა შესაძლებლობა დაახლოებით იმავე სცენარის გამეორებისა. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ კართაგენში მძლავრი იყო რევანშისტული მუხტი (განსაკუთრებით, ბარკიდებში), მაგრამ კართაგენს აღარ ჰყავდა ჰანიბალი – ერთადერთი და განუმეორებელი. სამწუხაროდ, კართაგენმა და, განსაკუთრებით, მისმა ხელისუფლებამ თავის დროზე ჯეროვნად ვერ შეაფასა და ვერც სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა ამ გენიალურ მხედართმთავარს. რომში ამ დროისათვის კართაგენის შესახებ ასეთი საზოგადოებრივი აზრი ჩამოყალიბდა: სანამ არსებობდა კართაგენი და მისი სიმდიდრე იზიდავდა მსოფლიოს, მანამ რომი მშვიდად და უსაფრთხოდ ვერ იქნებოდა. კართაგენი პოტენციურად კვლავ რჩებოდა ახალი საფრთხეებისა და გამოწვევების წყაროდ. რომის საზოგადოებრივმა აზრმა, თავის მხრივ, განსაზღვრა კართაგენის მიმართ რომის ხელისუფლების პოლიტიკა. რომის სენატმა, კართაგენთან კონფრონტაციის მიზნით, გადაწყვიტა რომის მოკავშირე ნუმიდიის მეფის, მასანასას ფაქტორის გამოყენება, რომელსაც უნდა მოეძებნა რაიმე საბაბი იმისათვის, რომ რომი აშკარად ჩარეულიყო კართაგენის საშინაო საქმეებში. მასანასას მიზანი იყო კართაგენის დასუსტება იმდენად, რომ ნუმიდიას შეესრულებინა მისი როლი და ამავე დროს შეენარჩუნებინა რომის მოკავშირეობა. ჟერ კიდევ 193 წელს მასანასა შეიჭრა კართაგენის სამფლობელო ემპორიაში და მიისაკუთრა ის. ამ მომენტიდან დაიწყო კართაგენულ-ნუმიდიური კონფლიქტი და შეიქმნა ისეთი პოლიტიკური სიტუაცია, რომელშიც რომი აუცილებლად უნდა ჩარეულიყო კონფლიქტის მოსაგვარებლად, როგორც ნუმიდიის სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე. ამას ზედ დაერთო ისიც, რომ მასანასამ ერთ დროს სიფაქსის სამფლობელოებზეც განაცხადა პრეტენზიები. მათ შორის ურთიერთბრალდებებმა მწვავე ხასიათი მიიღო. საქმე განსახილველად რომის სენატს გადაეცა. შენატმა დროებით გაყინა ეს კონფლიქტი და სცადა, ობიექტური შუამავლის როლი შეესრულებინა. რა თქმა უნდა, მისი მიზანი მხოლოდ კართაგენის დასუსტება იყო, თუმცა რომმა სხვა, უფრო აშკარად დიპლომატიური ტაქტიკა გამოიყენა. სენატმა კართაგენელთა გულის მოგებაც სცადა და ამ მიზნით 100 კართაგენელი მძევალი გაათავისუფლა. რომმა საინტერესო პოლიტიკური თამაში წამოიწყო. მართალია, მასანასა მისი მოკავშირე იყო, მაგრამ არ იყო გამორიცხული ისიც, რომ ნუმიდია და მისი ლიდერი რომს ახალ კართაგენად მოვლენოდა. ამის ეჭვი კი ყოველთვის არსებობდა. მსოფლიო ისტორიის მანძილზე დაუწერელ კანონად იყო ქცეული ყოფილი მოკავშირეების მოსისხლე მტრებად გადაქცევა. ამას ადასტურებდა თითქმის ყველა არსებული ტრიუმვირატისა და ალიანსის არაერთი მაგალითი. რომში ნდობა და თანაც ბარბაროსებისა, ყოველთვის აზრს მოკლებულად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, რომმა გადაწყვიტა ორივე მათგანის, როგორც კართაგენის, ისე ნუმიდიის დასუსტება და მათთან პოლიტიკური ვაჭრობა დაიწყო. კართაგენმა რომს მის სასარგებლოდ საკითხის მოსაგვარებლად საჩუქრად შესთავაზა 1000 ტონა ხორბალი და 500 ტონა ქერი. ნუმიდია მას არ ჩამორჩა და რომს იგივე რაოდენობის ხორბალი და ქერი გაუგზავნა 1200 მხედარსა და 12 სპილოსთან ერთად. რომი ძალზე მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა. კართაგენ-ნუმიდიის პოლიტიკური დაპირისპირების პროცესი 20 წელზე მეტხანს გაგრძელდა. II საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში კართაგენში უკვე მზად იყო რომთან და მასანასასთან ომისთვის საჭირო რესურსები. რომში კართაგენის საკითხთან დაკავშირებით ორი ძირითადი პოზიცია ჩამოყალიბდა – ზომიერი და რადიკალური. პირველ ფრთას სციპიონები განასახიერებდნენ, მათი მეტოქეები კი რადიკალები იყვნენ. ფაბიუს მაქსიმუსის გარდაცვალების შემდეგ რადიკალურ ფრთას სათავეში ჩაუდგა მარკუს პორციუს კატონი. მან მოახერხა და მაქსიმალურად შეავიწროვა ძმები სციპიონები. სციპიონების მიერ ანტიოქოსთან ომის წარმატებით დასრულების შემდეგ, სენატმა კატონის ინიციატივით მოსთხოვა მათ ფინანსური ანგარიშის წარდგენა ანტიოქოსისგან მიღებულ თანხებზე. კატონის აზრით, მათ საჭიროზე უფრო მეტი თანხა უნდა ჰქონოდათ მითვისებული. მოკვლევის შედეგად ლუციუს კორნელიუს სციპიონი დააჯარიმეს და კინაღამ საპყრობილეში ჩასვეს. იგი სასჯელისაგან იხსნა მისმა ნათესავმა, სახალხო ტრიბუნმა ტიბერიუს გრაკხუსმა. მაგრამ ლუციუსი კატონისთვის მეორეხარისხოვანი პერსონა იყო. მთავარი სამიზნე მისი ძმა, ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, რომის მხსნელი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელი იყო. კატონის ძალისხმევით, ჰანიბალის მძლეველ სციპიონს მექრთამეობაში დასდეს ბრალი და აიძულეს, პოლიტიკიდან წასულიყო. ძირითადი განსხვავება სციპიონებისა და კატონის პოზიციებს შორის კართაგენთან დაკავშირებით იყო ის, რომ სციპიონებს სურდათ, კართაგენი რომის დაქვემდებარებაში დარჩენილიყო, როგორც რომაელი ხალხის მოკავშირე. კატონს კი აშფოთებდა კართაგენის აღორძინება და კართაგენის დაუყოვნებლივ განადგურებას მოითხოვდა. 157 წელს რომის ელჩობა კართაგენში ჩავიდა, რათა კიდევ ერთხელ ჩარეულიყო კართაგენ-ნუმიდიის მოუგვარებელ კონფლიქტში. გარდა ამისა, ელჩობის ძირითად მიზანს კართაგენში სადაზვერვო-საინფორმაციო სამუშაოების ჩატარებაც წარმოადგენდა. ელჩები რომში არასახარბიელო შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ: მათ კართაგენში იხილეს დიდი მატერიალური რესურსები, რომლებიც ნებისმიერ მომენტში სამხედრო დატვირთვას შეიძენდნენ და რომს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა სამხედრო ფლოტის შექმნის ინტენსივობას. კატონმა ამ ინფორმაციის მიღებისთანავე კატეგორიულად მოითხოვა კართაგენის წინააღმდეგ ომის დაუყოვნებლივ დაწყება. ამ დროს რომში ხმა გავრცელდა, რომ კართაგენის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მათი მოკავშირე ნუმიდიელების არმია სიფაქსის შვილიშვილის, არიობარზანის მეთაურობით. კატონმა ჩათვალა, რომ ეს სამხედრო ძალა არა მასანასას, არამედ რომის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამან კიდევ უფრო მკაცრი გახადა მისი პოლიტიკა და დაუყოვნებლივ მოითხოვა კართაგენისთვის ომის გამოცხადება. ომის დაწყების სურვილი კართაგენის ახალმა სუფეტმა, ჰისგონმაც დაუფარავად გამოამჟღავნა. მას მიაჩნდა, რომ რომთან წარმატებული ომის შემთხვევაში ნუმიდიასთან არსებული ყველა სადავო ტერიტორიული პრობლემა მოგვარდებოდა. საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, ომის გამოცხადებამდე რომმა კვლავ მიავლინა დიპლომატიური მისია კართაგენში, საიდანაც მათ ჩამოიტანეს უტყუარი ცნობები პუნების აქტიური სამხედრო სამზადისის შესახებ. ამის შემდეგ კატონი თავის ნებისმიერ საჯარო სიტყვას ამთავრებდა საყოველთაოდ ცნობილი ფრაზით: „მე ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს!“ მაგრამ სენატში მის ამ პოლიტიკას ოპონენტი გამოუჩნდა სციპიონთა მომხრე ნასიკას სახით, რომელიც მოითხოვდა საკითხის კიდევ ერთხელ, დიპლომატიური საშუალებებით გადასინჯვას. ბოლოს სენატმა კონსენსუსს მიაღწია: მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თუ კართაგენი თავის ფლოტს გაანადგურებდა და არმიის დემობილიზაციას მოახდენდა, რომი კართაგენთან ომზე უარს იტყოდა; სხვა შემთხვევაში კი რომს სხვა ალტერნატივა არ ექნებოდა და კართაგენთან ომიც გარდაუვალი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დროს აფრიკაში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა –კართაგენიდან გააძევეს მასანასას მომხრეები. ეს ფაქტი მასანასამ კართაგენთან ომის დაწყების საბაბად გამოიყენა. მან ალყა შემოარტყა ქ. ჰოროსკოპს. ქალაქის სიახლოვეს გაშლილ ველზე მასანასამ გაანადგურა პუნების 58-ათასიანი არმია. დამარცხებულმა კართაგენმა ნუმიდიის საკუთრებად აღიარა სადავო ტერიტორიები ემპორიაში, თავი დამარცხებულად სცნო და ვალდებულება აიღო, ნუმიდიისათვის გადაეხადა ფულადი კონტრიბუცია 1000 ტალანტის ოდენობით. მასანასასთან დამარცხებამ კართაგენი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. რომში უკვე სამხედრო მობილიზაცია იყო გამოცხადებული. ახალი რომისადმი ლოიალურად განწყობილ კართაგენის ხელისუფლებას მძიმე გადაწყვეტილება უნდა მიეღო: ან ომი გამოეცხადებინა რომისთვის, ანდა უსიტყვო კაპიტულაციას დათანხმებოდა. ორივე შემთხვევაში კართაგენი დასაღუპავად იყო განწირული. კართაგენის ხელისუფლებამ, მდგომარეობის განმუხტვის მიზნით, სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა მასანასასთან ომის ორგანიზატორ სენატის წევრებს, მაგრამ ამან კართაგენს მაინც ვერ უშველა. რომის სენატმა, დიდი ხნის ყოყმანის შემდეგ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და კართაგენს ომი გამოუცხადა, რომლის ხელმძღვანელობაც დაევალათ კონსულებს: მანიუს მანილიუსს, როგორც სახმელეთო ძალების სარდალს და ლუციუს მარციუს ცენსორინს, როგორც ფლოტის სარდალს. ორივე კონსულს სენატმა საიდუმლო დავალება მისცა, მიწიდან აღეგავათ კართაგენი, რადგან მათი მისია მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩაითვლებოდა შესრულებულად. საყურადღებოა, რომ ზუსტად ამ დროს რომში მოლაპარაკებაზე იმყოფებოდნენ კართაგენელი ელჩები, რომლებსაც არ ჰქონდათ ინფორმაცია სენატის საიდუმლო გადაწყვეტილებაზე. კონსულებმა სწრაფად გადაიყვანეს ჯარები აფრიკაში და სამხედრო გეგმის შესრულებას შეუდგნენ. მათ კართაგენს მოსთხოვეს სრული დემილიტარიზაცია, რაც სწრაფად იქნა შესრულებული და რომმა კართაგენისგან მიიღო ქვეით მებრძოლთა შეიარაღების 200 ათასი სრული კომპლექტი და 2 ათასი კატაპულტა. ამის შემდეგ კონსულებმა განიარაღებულ კართაგენს უმთავრესი მოთხოვნა წაუყენეს: მოსახლეობას სასწრაფოდ უნდა დაეტოვებინა ქალაქი და სხვაგან, კართაგენიდან მინიმუმ 15 კმის მანძილზე დასახლებულიყვნენ. წაყენებულმა ულტიმატუმმა შოკში ჩააგდო კართაგენის მოსახლეობა. სენატმა კიდევ ერთხელ სცადა გაბრძოლება: სიკვდილმისჯილი ჰასდრუბალი გაათავისუფლეს და სთხოვეს განსაცდელში მყოფი ქვეყნის გადარჩენა. სენატის გადაწყვეტილებით, გათავისუფლდა ყველა მონა, რომლებიც არმიაში ჩარიცხეს. კართაგენმა 20 ათასი მებრძოლის მობილიზება შეძლო. კართაგენის ხელისუფლებამ რომს შესთავაზა 30-დღიანი დაზავება, რათა, დროის მოგების მიზნით, ახალი ელჩობა გაეგზავნათ, მაგრამ ამაზე რომისგან უარი მიიღეს. კართაგენელებმა სამშობლოს უბრძოლველად დათმობას თავის გაწირვა არჩიეს – ყველა შენობა-ნაგებობა, სახელმწიფო დაწესებულება თუ კერძო სახლი იარაღის მკეთებელ სახელოსნოდ გადაიქცა. ყველა მოქალაქე, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა, დღედაღამ ამზადებდა საბრძოლო საჭურველს. სტრაბონის ინფორმაციით, ყოველდღიურად მზადდებოდა 100 საბრძოლო ფარი, 300 მახვილი, 1000 ისარი კატაპულტებისთვის, 500 დროტიკი, შუბი და თითო კატაპულტა. ბაგირს ქალის თმისაგან წნავდნენ. იარაღისა და აუცილებელი საკვებისათვის ქალები სამკაულებს არ იშურებდნენ. რადგან ქალაქი თავისით არ ნებდებოდა, კონსულებმა გადაწყვიტეს ქალაქის კედლებთან მიახლოება და მისი შტურმით აღება. ცენსორინი ხმელეთიდან და ზღვიდან შეეცადა კიბეებისა და საალყო ტექნიკის გამოყენებას. პუნებმა ძლიერი წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელებს. კონსულებმა უკან დაიხიეს. ჰასდრუბალი ქალაქთან მდებარე ჭაობიან, მიუდგომელ ადგილას ჩასაფრდა. ჩენსორინმა გადაწყვიტა ამ სახიფათო ადგილზე გადასვლა და ქალაქის ირგვლივ მდებარე ტყეში გამაგრება, რათა იქიდან მიეტანა ქალაქის კედლებზე იერიში. ამ დროს მას მოულოდნელად თავს დაესხა პუნების ჩასაფრებული კავალერია ჰამილკარ ფამიუსის სარდლობით. რომაელებმა ამ შეტაკებაში 500 მებრძოლი დაკარგეს, თუმცა ტყეს მაინც მიაღწიეს. რომაელებმა კვლავ განაახლეს შეტევა ქალაქის კედლებზე, მაგრამ პუნებმა ისინი კვლავ უკუაქციეს. ცენსორინმა ქალაქის კედლებთან განალაგა ორი კედლის სანგრევი მანქანა ტარანი, რომელთა ამოქმედების შედეგად კედლებში დიდი ხვრელები გაჩნდა. ამ დროს დაღამდა და იერიშიც შეწყდა. გვიან ღამით მოქალაქეები ჩირაღდნებით ხელში დაზიანებული კედლების აღდგენას შეუდგნენ და ამავე დროს მოახერხეს მტრის საალყო და კედელსანგრევი ტექნიკისთვის ცეცხლის წაკიდება და მათი დაზიანება. ბრძოლა გათენებისთანავე განახლდა, თუმცა რომაელებმა ვერ შეძლეს მოქალაქეთა წინააღმდეგობის გატეხვა და ვერ მოახერხეს ქალაქში შეღწევა. მათზე უარყოფითად იმოქმედა იმ ფაქტმაც, რომ აუტანელი სიცხეების გამო ჭაობში სხვადასხვა მომწამვლელმა დაავადებამ იფეთქა. ამან რომაელთა საბრძოლო მუხტი შეასუსტა. ცენსორინმა გადაწყვიტა ზღვის მიმართულებით გადასვლა და ბრძოლაში ფლოტის ჩართვა. კართაგენელებმა ფიჩხით, ძენძით, გოგირდითა და ფისით დატვირთულ პატარა იალქნიან ნავებს წაუკიდეს ცეცხლი და ქარის მიმართულებით მიუშვეს რომაელთა გემებზე: რომის ფლოტი თითქმის მთლიანად განადგურდა. ამ წარუმატებელი ოპერაციის გამო სენატმა ცენსორინი კართაგენიდან უკან გაიწვია. ხელმძღვანელობა ერთპიროვნულად დაევალა კონსულ მანილიუსს. გვიან ღამით პუნებმა გადაწყვიტეს კონსულის ბანაკის გადაწვა, მაგრამ უეცრად მათ ზურგიდან დაარტყა სამხედრო ტრიბუნმა სციპიონ ემელიანუსმა. პუნებმა უკან დაიხიეს. კონსულების მიერ განხორციელებულმა შტურმის ტაქტიკამ წარმატება ვერ მოუტანა რომაელებს. კართაგენელები ისეთი შეუპოვრობით იცავდნენ თავიანთ ქალაქს, რომ რომაელები იძულებული გახდნენ, ტაქტიკა შეეცვალათ. მანილიუსმა ქალაქის მისადგომებთან ალყა კვლავინდებურად შეინარჩუნა, მაგრამ ძირითადი სამხედრო ოპერაციები ლიბიაში გადაიტანა ჰასდრუბალისა და ჰამილკარ ფამეუსის წინააღმდეგ. რომაელებს განსაკუთრებულ სირთულეებს ფამეუსი უქმნიდა: მან თავისი პარტიზანული თავდასხმებით შეძლო რომის არმიის საკვებით, ფურაჟითა და იარაღით მომარაგების სრული პარალიზება. ფამეუსი მხოლოდ სციპიონთან პირისპირ შეხვედრას არიდებდა თავს. ჰასდრუბალის წინააღმდეგ ნეფერისთან გამართულ ბრძოლაში კონსულმა მანილიუსმა მარცხი განიცადა. იქ, ტყიან მასივში გამაგრებული პუნების წინააღმდეგ შეტევაზე გადასული რომაელები კინაღამ კართაგენელების ხაფანგში აღმოჩნდნენ. ბრძოლა მათ შორის გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. როდესაც რომაელები დარწმუნდნენ, რომ წარმატებას ვეღარ მიაღწევდნენ, უკან დახევა დაიწყეს. ამ დროს მათ თავს დაესხა ჩასაფრებული ჰასდრუბალი. სრული განადგურებისაგან რომაელები კვლავ სციპიონმა იხსნა. 149 წლის სამხედრო კამპანია რომისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. სენატის გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ომმა გაჭიანურებული ხასიათი მიიღო. ვითარების გასარკვევად, რომის სენატმა აფრიკაში სპეციალური კომისია გაგზავნა. ადგილზე სიტუაციის ანალიზის შედეგად მათ დაადგინეს, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ვითარების გამოსწორება შეეძლო, სციპიონი იყო. სხვათა შორის, კატონი, რომელიც სციპიონებისადმი კეთილგანწყობით არ გამოირჩეოდა, ორივე კონსულთან შედარებით მას ამჯერად უკვე ნიჭიერ ადამიანად მოიხსენიებდა. სენატმა გადაწყვიტა მასანასას აქტიური ჩართვა სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ ეს ვეღარ მოხერხდა. მოხუცი მეფე უკვე გარდაცვლილიყო. სიკვდილის წინ მასანასამ, რომელიც სციპიონ უფროსთან მეგობრობდა, სთხოვა უმცროს სციპიონს, მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო მისი შვილებისთვის გაენაწილებინა. ემელიანუს სციპიონმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნუმიდიის სამეფო დასუსტებულიყო და რომს მომავალში იგი თავიდან აეცილებინა, როგორც პოლიტიკური მეტოქე. აქედან გამომდინარე, მან, სენატის დავალებით, მეფის ტიტული მასანასას სამივე ვაჟს მიანიჭა ანუ სამმეფობა დააწესა: მიკიფსას გადაეცა სამეფო სასახლე ანუ ფორმალურად _ უმაღლესი ხელისუფლება; გულუსას მიენიჭა ომის გამოცხადებისა და ზავის დადების უფლებამოსილება და ჯარების მთავარსარდლობა, მასტანაბალს კი – სასამართლო ხელისუფლება. ემელიანუსმა გადაწყვიტა, ფამეუსის წინააღმდეგ დიპლომატიური ხერხები გამოეყენებინა. მან მოახერხა ფამეუსთან მოსალაპარაკებლად პირისპირ შეხვედრა და შესთავაზა პირადი უსაფრთხოების დაცვა, თუ იგი რომაელებთან კავშირს დათანხმდებოდა. კართაგენს მაინც ვეღარაფერი უშველიდა. ფამეუსმა მოფიქრებისთვის დრო მოითხოვა. მოლაპარაკების პარალელურად, კონსულმა მანილიუსმა სცადა შეტევის დაწყება ჰასდრუბალის წინააღმდეგ, თუმცა წარუმატებლად. ამ დროს სციპიონმა ფამეუსისგან რომაელების მხარეზე გადასვლის თანხმობა მიიღო. ამასობაში რომის სენატმა ახალი კონსული – ლუციუს ცესონიუსი მიავლინა აფრიკაში და ომის ხელმძღვანელობა დაავალა. ფლოტის სარდლად ლუციუს მანცინიუსი დაინიშნა. მანილიუსი რომში გამოიძახეს. მასთან ერთად უნდა წასულიყვნენ სციპიონ ემელიანუსი და ფამეუსი. სენატმა უხვად დააჯილდოვა მოღალატე კართაგენელი: ფამეუსს საჩუქრად გადაეცა რომაელი არისტოკრატებისთვის განკუთვნილი მეწამული ფერის ძვირფასი ქსოვილისგან დამზადებული სამოსი თავისი ოქროს ბალთით, ცხენი თავისი ოქროს მოსართავით, მეომრის იარაღის სრული აღჭურვილობა და 10 ათასი დრაჰმა. ამის შემდეგ იგი აფრიკაში, რომაელთა ბანაკში დააბრუნეს. 148 წლის სამხედრო კამპანიაში ახალმა კონსულმა, ლუციუს პისონიუს ცესონიუსმა წარმატებას ვერ მიაღწია: მან კართაგენის ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქისთვის ალყის შემორტყმის მცდელობისას საერთოდ დაკარგა საალყო ტექნიკა და გამოსაზამთრებლად ატიკაში დაბრუნდა. ყოველივე ეს კართაგენს ფსიქოლოგიურ უპირატესობას ანიჭებდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჰასდრუბალის მხარეზე 800 მხედრით გულუსასგან ნუმიდიელი ბითიუსი გადავიდა. მიკიფსა და მისტანაბალი კი მაინცდამაინც არ ჩქარობდნენ რომაელთათვის დახმარების გაწევას. კართაგენელთა ყველა ძალა ჰასდრუბალის ხელში იყო თავმოყრილი. რომში ყველა აღშფოთებული იყო ყოფილი და მოქმედი კონსულების უნიათობით და კართაგენთან ომის გაჭიანურებით. 147 წელს რომში ახალი კონსულების არჩევნები ჩატარდა და, მიუხედავად იმისა, რომ ასაკი ხელს არ უწყობდა, ერთ-ერთ კონსულად სციპიონ ემელიანუსი აირჩიეს. სენატორთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა მისმა ავტორიტეტმა. რომაელი ხალხის აზრით, მხოლოდ მას, ერთადერთ პიროვნებას შეეძლო კართაგენის განადგურება ტრიუმფით დაესრულებინა. შციპიონს დაევალა ომის ორგანიზაცია, რაც დიდად არ ესიამოვნა მეორე კონსულს, მარკუს ლივიუს დრუზუსს. სციპიონ ემელიანუსმა შეცვალა კართაგენთან ომის სტრატეგია და მთელი ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ კართაგენის ალყაზე გადაიტანა. პუნებმა რომაელთა პოზიციებიდან 1 კმ-ის მანძილზე, ქალაქის კედლებთან განალაგეს თავიანთი ბანაკი. აქ იმყოფებოდნენ ჰასდრუბალი და კავალერიის მეთაური ბითიუსი. სციპიონმა თავისი პირველი შეტევა განავითარა კართაგენის ჩრდილოეთ გარეუბანზე – მეგარაზე. მოულოდნელობის ეფექტის გამოყენებით სციპიონმა ღამით მიიტანა იერიში. ამ დროს ოპერაციის ჩატარებას კართაგენელები არ ელოდნენ. რომაელებმა ქალაქის კედლის ერთ-ერთი კოშკი აიღეს და ჭიშკრის გაღება მოახერხეს. სციპიონი ქალაქში შეიჭრა. კართაგენის ეს გარეუბანი საბრძოლო ოპერაციებისთვის ხელსაყრელი არ იყო: იქ მრავლად იყო ასწლოვანი ხეები, სარწყავი არხები, ბაღები და ბოსტნები, რაც ხელს უშლიდა სამხედრო მოქმედებებს. ამას ისიც დაემატა, რომ რომაელები პუნებისგან მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდნენ. სციპიონმა უკან დახევა ამჯობინა. მიუხედავად რომაელთა უკან დახევისა, ეს ოპერაცია მაინც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს სციპიონისთვის, რადგანაც მან პირველმა მოახერხა კართაგენის ტერიტორიაზე შეჭრა. ჰასდრუბალმა რომაელთა ამ აქტივობას არნახული სისასტიკით უპასუხა: მისი ბრძანებით, რომაელთა დასანახად ქალაქის კედლებზე გამოიყვანეს ტყვე რომაელები და დაიწყეს მათი წამება – მათ ამოთხარეს თვალები, ამოგლიჯეს ენები, მოკვეთეს სასქესო ორგანოები, დააჭრეს თითები და გააძრეს ტყავი; შემდეგ კედლებიდან დაიწყეს ნაწამებ, ცოცხალ-მკვდარ ადამიანთა გადაყრა; ეს იყო ბარბაროსობისა და არაადამიანურობის ყველაზე საშინელი გამოვლინება, რაც კი ოდესმე მსოფლიოს უნახავს. ამ ამაზრზენმა ფაქტმა კართაგენს უარყოფითი შედეგები მოუტანა: ამ ჯოჯოხეთურმა სისასტიკემ არა მხოლოდ რომაელებში, არამედ თვით კართაგენელებშიც დიდი აღშფოთება გამოიწვია. სენატის წევრები, ვინც კი გაბედა და ამ საშინელების წინააღმდეგ პროტესტი გამოთქვა, ყველანი დააპატიმრეს. კართაგენში ჰასდრუბალის სამხედრო დიქტატურა დამყარდა. სციპიონმა ისარგებლა ჰასდრუბალის სამხედრო პასიურობით და სწრაფი მოქმედებით მოახერხა ქალაქის კედლებთან მტკიცე კედლის აგება, რომელზეც ქვის კოშკი აღამართვინა, მასზე კი 4-სართულიანი ხის კოშკი დაადგმევინა. იქიდან უკვე ხელისგულზე ჩანდა ყველაფერი, რაც კართაგენის ქუჩებში ხდებოდა. ამ დროს ჰასდრუბალმა არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა: მან გადაწყვიტა გულუსის შუამავლობით მოლაპარაკების გამართვა სციპიონთან, რათა რომაელს ქალაქი დაენდო, სანაცვლოდ კი პირდებოდა, რომ ყველაფერს მისცემდა, რასაც ისურვებდა. სციპიონი კატეგორიულ უარზე დადგა. სამაგიეროდ, გულუსამ იაქტიურა და სციპიონი დაარწმუნა იმაში, რომ ჰასდრუბალი, მისი ოჯახის წევრები და მეგობრები გაეთავისუფლებინა, რაც მას ჰუმანურ საქციელადაც ჩაეთვლებოდა და ჰასდრუბალისგან 10 ათას ტალანტსაც მიიღებდა. სანამ ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობდა, სციპიონს დრო არ დაუკარგავს და ამასობაში კიდევ ერთი სტრატეგიული ღონისძიება განახორციელა: რომაელებმა ააგეს ჯებირი, რომელმაც კართაგენს ყველა საზღვაო გასასვლელი გადაუკეტა. ჯებირის ამოქმედებისთანავე ცხადი გახდა, რომ კართაგენი როგორც ხმელეთიდან, ისე ზღვიდან მთლიანად იყო ბლოკირებული. პუნებმა ფორსირებულად დაიწყეს ახალი არხის მშენებლობა, რათა კვლავ აღედგინათ ზღვაზე გასასვლელი: მათ ისე სწრაფად შეასრულეს სამუშაოები, რომ რომაელებისთვის მოულოდნელად ზღვაში გასვლა მოახერხა კართაგენელთა 50-მა ტრიერმა და რამდენიმე პატარა ხომალდმა. მესამე დღეს კი საზღვაო ბრძოლა გაიმართა, რომელიც დაბინდებამდე გაგრძელდა. ბოლოს რომაელთა ფლოტმა იმძლავრა და ტარანის გამოყენებით გაანადგურა კართაგენის ფლოტი. ამ დროს უკან დახეულ კართაგენულ ხომალდებს, რომლებიც თავიანთ ნავსადგურებში აპირებდნენ შესვლას, თავისივე პატარა ხომალდებმა ჩაუხერგეს გზა, რამაც რომაელების წისქვილზე დაასხა წყალი და პუნებმაც შესაბამისი შედეგი მიიღეს. ამრიგად, კართაგენელთა მცდელობამ, გაერღვიათ საზღვაო ბლოკადა, მარცხი განიცადა. რომაელთა ამ წარმატების მიუხედავად, კართაგენელებმა გვიან ღამით მოახერხეს და ცეცხლი წაუკიდეს რომაელთა საალყო ტექნიკას. ამის შემდეგ აცივდა და სამხედრო ოპერაციები შედარებით მინელდა, თუმცა ეს პერიოდიც შედეგიანად გამოიყენა სციპიონმა: მან ხელთ იგდო ლიბიის ქალაქების უმრავლესობა, ზოგი ნებით და ზოგიც – ძალის გამოყენებით. 146 წლის დადგომისთანავე სციპიონი გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა და ქალაქში შეიჭრა. თითოეული სახლისა და ქუჩისთვის თავგანწირული ბრძოლა მიმდინარეობდა: საარაკო გმირობის მაგალითებს იძლეოდნენ მოქალაქეები: წარჩინებულნი და მდაბიონი, ქალები და ბავშვები. სისხლისღვრა კართაგენში 6 დღე და ღამე გრძელდებოდა. რომაელებმა ტყვედ აიყვანეს 55 ათასი მოქალაქე, რომელთაგან 25 ათასი ქალი იყო. მხოლოდ 900-მა მებრძოლმა მოახერხა გამაგრება ეშმუნის ტაძარში და იქიდან აგრძელებდა უთანასწორო ბრძოლას. მათთან ერთად იმყოფებოდა ჰასდრუბალი, მისი ცოლი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი. ბოლოს ჰასდრუბალს ნერვებმა უმტყუნა და ოჯახისა და მებრძოლებისგან მალულად მოახერხა გაქცევა და სციპიონთან მისვლა. დამცირებული და ღირსებაშელახული, სციპიონის ფერხთით გართხმული ჰასდრუბალი ცოლმა სციპიონის თვალწინ მოკლა, ორივე შვილს სიცოცხლე მოუსწრაფა და შემდეგ ცეცხლმოკიდებული ტაძრის ფერფლში დაიწვა თავი. სციპიონი დიდხანს მდუმარედ დაჰყურებდა გადამწვარ, ფერფლად ქცეულ კართაგენს. მას თან ახლდა ანტიკური პერიოდის დიდი ისტორიოგრაფი, II პუნიკური ომის აღმწერი, პოლიბიოსი, რომელმაც სციპიონისგან მოისმინა ასეთი ფრაზა: „ოდესმე მსგავსი რამ შეიძლება რომსაც დაემართოსო“. ეს იყო მართლაც წინასწარმეტყველური ფრაზა, რომელიც 7 საუკუნის შემდეგ აღსრულდა. სციპიონმა თავის ჯარისკაცებს ნება დართო, რამდენიმე დღის განმავლობაში ეძარცვათ ერთ დროს ძლევამოსილი კართაგენი. ამავე დროს ჯარისკაცებს უფლება არ ჰქონდათ, ხელი ეხლოთ ოქროს, ვერცხლისა და საეკლესიო ქონებისათვის. სციპიონმა დიდი განძით დატვირთული სწრაფმავალი ხომალდი გაგზავნა რომში და რომაელებს კართაგენზე გამარჯვება აუწყა. რომის მოქალაქეები მთელი ღამის განმავლობაში ზეიმობდნენ გამარჯვებას, დილიდან კი ტაძრებში მასობრივი მსხვერპლშეწირვის რიტუალი დაიწყო: გაიმართა საზეიმო მსვლელობები და ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები. კართაგენის მიწების ძირითადი ნაწილი რომის პროვინციად გამოცხადდა, შედარებით მცირე ნაწილი კი ნუმიდიას გადაეცა. რომაელებმა კართაგენის ნანგრევებიც არ დაინდეს, ნაქალაქარი გადახნეს, ზედ მარილი დააყარეს და დაწყევლეს, რომ იქ არასდროს არავინ დასახლებულიყო. რაც შეეხება რომის კოლონია კართაგენს, რომელსაც, იულიუს კეისრის ანდერძის თანახმად, საძირკველი ჩაუყარა რომის პირველმა იმპერატორმა და კეისრის შვილობილმა გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსმა, საუკუნენახევრის შემდეგ დაარსდა ისტორიული კართაგენის მახლობლად. 1. ტიტუს ლივიუსი, ომი ჰანიბალთან, თბ., 1981; 2. პლუტარქე, პარალელური ბიოგრაფიები, თბ., 1975; 3. ა. გვიმრაძე, ჰანიბალი – კართაგენის ძლევამოსილების სიმბოლო, თსუ, შრომები, ტ. III. თბ., 1998; 4. ნაიჯელ ქოთორნი, 100 გამოჩენილი მხედართმთავარი, თბ., 2012; 5. ლ. სანიკიძე, ანტიკური ქვეყნების ისტორია, თბ., 1963; 6. ი. ხუბაშვილი, ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV საუკუნეებში, თბ., 2004; 65. Аппиан. Римская история. СПб. 2004; 66. Биографии знаменитых полководцев Корнелия Непота. Киев, 1883; 67. Г.Дельбрюк. История военного искусства. Пер. с нем. Т. I. М. 1936; 68. Диодор Сицилийский. Историческая библиотека. Ч.1-6. СПб, 1774-1775; 69. С. Я. Лурье. Архимед. М-Л. 1945; 70. Н. Михневич. История военного искусства. СПБ. 1895; 71. Т. Момзен. История Рима. Т. I. М. 1936; 72. Полибий. Всеобщая история. СПб., 1890-1899; 73. Е. А. Разин. История военного искусства. Т. 1. М. 1955; 74. Б. В. Соколов. Сто великих войн. М. 2001; 75. С. Стоилов. Аннибал. София. 1966; 76. Тит Ливий. Римская история от основания Рима. Киев-Харьков, 1900; 77. А. Фон Шлиффен. Канны.1938; 78. И. Ш. Шифман. Возникновение Карфагенской державы. М-Л. 1963; 79. Габриэль Р. А. Ганнибал. Военная биография величай- шего врага Рима. 80. Кораблев И. Ш. Ганнибал. – М. 1976; 81. Лансель С. Ганнибал. - М, 2002; 82. Шустов В. Е. Войны и сражения Древнего мира. - Ростов-на-Дону: 2006; 83. Аннибал, сын Амилькара // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона: В 86 томах (82 т. и 4 доп.). - СПб., 1890-1907.

Комментариев нет:

Отправить комментарий