სარჩევი
I თავი. ზოგიერთი განვითარებული სახელმწიფოს სტრუქტურა
§ 6-1 ამერიკის შეერთებული შტატები
§ 6-2 დიდი ბრიტანეთი
§ 6-3 საფრანგეთი
§ 6-4 გერმანია
§ 6-5 რუსეთი
II თავი. სახელმწიფოების გამოჩენილი ხელმძღვანელები
§ 7-1 იულიუს კეისარი
§ 7-2 მაქსიმილიან რობესპიერი
§ 7-3 ნაპოლეონ ბონაპარტი
§ 7-4 უინსტონ ჩერჩილი
§ 7-5 იოსებ სტალინი
§ 7-6 ადოლფ ჰიტლერი
I თავი. ზოგიერთი განვითარებული სახელმწიფოს სტრუქტურა
§ 1 ამერიკის შეერთებული შტატები
პოლიტიკური სტრუქტურა
ამერიკის პოლიტიკური აზრი ჩამოყალიბდა ევროპული ფილოსოფიური სკოლის ზეგავლენით, მათ შორის დომინანტობდა ინგლისის გავლენა, ამერიკის კანონმდებლობის კონცეფციაში მეტად მნიშვნელოვანი იყო ედვარდ კუკის და უილიამ ბლაკტონის წილი. შეერთებული შტატების სახელმწიფოს ჩამოყალიბების სოციალური თეორია ფართოდ იქნა გამოყენებული საზოგადოების სხვადასხვა ფენების მიერ. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა სუვერენიტეტი, ადამიანის უფლებები და აღმასრულებელი კანონმდებლობის ძალაუფლების შეზღუდვა. ყოველივე ამან თავისი ადგილი პოვა ამერიკის კონსტიტუციაში. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, ევროპული გავლენა განიცდიდა გარკვეულ ცვლილებებს. ამერიკის სივრცეები და ბუნებრივი სიმდიდრეები ასევე ახდენდნენ დიდ გავლენას საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე. ევროპული სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, ამერიკის ხალხი წარმოადგენდა სხვადასხვა რელიგიის მქონე და სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების ერთობლიობას. ისინი განსხვავდებოდნენ, აგრეთვე, ზნე-ჩვეულებებით და ტრადიციებით. ამერიკის ხალხი ხასიათდება უფრო მეტი პრაგმატიზმით, ვიდრე ევროპელები, როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის დროს. აქედან გამომდინარე, ამერიკის ხალხი უფრო ნაკლებად ისწრაფოდა აბსტრაქტივიზმისაკენ. ეს კი იმას მიუთითებს, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტიკური აზრი ვითარდებოდა თანდათანობით და დიდი გამოყენება ჰქონდა ეხ პოსტ ფაცტო (პოსტ ფაქტუმ), ანუ დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ ფაქტორებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ წარსულში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკის ცხოვრებაში და ამერიკის პოლიტიკის დადგენაში დიდი გამოყენება ჰქონდა მართვის თეორიაში კარგად ცნობილ უკუკავშირს.
ცნობილია, რომ ამერიკის პოლიტიკური საფუძვლების განვითარებაში დიდი როლი ითამაშა ორმა ურთიერთსაწინააღმდეგო მიმდინარეობამ. ეს იყო ე. წ. “კონსერვატიული” და “კრიტიკული” მიმდინარეობები. კონსერვატიული მიმდინარეობის ძირითადი საფუძველია სტატუს ქუო-ს პრინციპის გატარება. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ახალ იდეებზე და პროგრესულ მიმდინარეობებზე, მაგრამ არ უნდა მოხდეს ისეთი ახალი კონცეფციების ათვისება, რომლებსაც უნივერსალური ხასიათი არა აქვთ. ეს მიმართულება ფრიად ფართოდ იყენებს მეთოდს “გასინჯე და იმოქმედე”.
კრიტიკული მიმართულება უფრო ნაკლებად ემყარება სტატუს ქუო‑ს მეთოდს. ამ მიმართულების წარმომადგენლები მუდმივად ცდილობენ შეცვალონ სიტუაცია, რათა ადგილი ჰქონდეს პერმანენტულ გაუმჯობესებას. ორივე ამ მიმართულებას აქვთ თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. კონსერვატორული აზროვნება ხელს უწყობს სახელმწიფოს მდგრადობას. ზოგიერთ შემთხვევაში ასეთი აზროვნება მოითხოვს გარკვეული რეფორმების ჩატარებას. კრიტიკული მიმართულება აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ პროგრესზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვექნება გარკვეულ რისკთან, არც ის არის გამორიცხული, რომ მიღებული იქნება უვარგისი გეგმა ან პოლიტიკა.
ამერიკის ისტორია, კოლონიალური პერიოდიდან დაწყებული ვიდრე დღემდე, გვიჩვენებს, რომ მკვეთრად ჩამოყალიბდა ამერიკის დემოკრატიის ძირითადი პრინციპები. დემოკრატიამ განიცადა მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები 1789 წლის კონსტიტუციის შემდეგ, მაგრამ ძირითადი პრინციპები დარჩა უცვლელი. ძირითადში ამერიკის პოლიტიკური დემოკრატია შეიცავს ორ პრინციპს: ერთი მათთგანი მდგომარეობს იმაში, რომ ხალხის ნების დადგენა ხდება უმრავლესობის პრინციპით. მეორე მდგომარეობს მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვაში, ადამიანის უფლებების დაცვაში და, აგრეთვე, უმცირესობის უფლებების უზრუნველყოფაში. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილი აქვს გარკვეულ ანტაგონიზმსაც. უმრავლესობისადმი უპირატესობის მიცემა იწვევს უმცირესობის ინტერესების დათრგუნვას. მაგრამ, თუ პირიქით მოვიქცევით და რაიმე უპირატესობა მიენიჭება უმცირესობას, მაშინ ირღვევა დემოკრატიის ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმად უმრავლესობის ნება არის გადამწყვეტი. არა და არის შემთხვევები და არც ისე ცოტა, როდესაც უმრავლესობა ცდება და სწორედ უმცირესობის აზრი არის სწორი. ამას განსაკუთრებით ადგილი აქვს იმ ქვეყნებში, სადაც განათლების და ინტელექტის საშუალო დონე დაბალია. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ორი საწინააღმდეგო აზრის არსებობა დემოკრატიის დამახასიათებელი და ძირითადი თვისებაა. საშუალოს ამ მოწინააღმდეგე აზრებს შორის მივყავართ გარკვეულ ბალანსამდე. ამერიკის პოლიტიკური აზრის უპირატესობა მდგომარეობს სწორედ იმაში, რომ გარანტირებულია უმრავლესობის და უმცირესობის საწინააღმდეგო აზრების შერწყმა და საერთო გადაწყვეტილებების მონახვა. ეს არ არის იოლი საქმე, მაგრამ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში ის ყოველთვის ხორციელდება. უნდა ითქვას, როგორც გამონაკლისი, ის შემთხვევაც, როდესაც ორი სხვადასხვა აზრის შერწყმა ვერ მოხერხდა და ამან ამერიკა მიიყვანა სამოქალაქო ომამდე ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ზემოთ აღნიშნული კორელაცია უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ხორციელდება ამერიკის კონსტიტუციის თავისებურებით.
შეერთებული შტატები თავისებური ქვეყანაა და განსხვავებულია სხვა ქვეყნებისაგან. ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ბენჟამინ ფრანკლინი ამბობდა: – “ამერიკაში არავინ არ ეკითხება იქ ჩასულს, თუ ვინ არის ის, არამედ ეკითხება, თუ რა შეუძლია გააკეთოს მან”. ამერიკის შეერთებული შტატები ფედერალური ტიპის სახელმწიფოა. ქვეყნის კონსტიტუცია გარკვეულ ძალაუფლებას აკუთვნებს ნაციონალურ ხელისუფლებას. შეერთებულ შტატებში არის მართველობის ფუნქციები, რომლებიც ექვემდებარებიან როგორც ცენტრალურ, ისე შტატების იურისდიქციას. ასე მაგალითად, ნაციონალური ძალაუფლების ფუნქციებია: ფულის ნიშნების ბეჭდვა, ახალი შტატების მიღება ფედერაციაში, კავშირგამბულობა და ფოსტა, საავტორო უფლებებისა და პატენტების გაცემა, საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება, ძალაუფლების განხორციელება მთელ ტერიტორიაზე, ომის გამოცხადების პრეროგატივა, ნატურალიზაციის კანონების შემოღება, ნაციონალიზაციის კანონების შემოღება. შტატების კომპეტენციაშია: არჩევნების ჩატარება, შიგა დამოკიდებულებების რეგულაცია, ლოკალური ძალაუფლების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის საკითხები, პოლიციის მოქმედება, შტატების კომერციის რეგულირება, უშიშროების საკითხები. როგორც ცენტრალური, ისე შტატების კომპეტენციაში შედის: გადასახადები, სესხი და ხარჯები, ზომისა და წონის ეტალონების განსაზღვრა, ბანკების საქმიანობა, განათლება და კვლიფიკაციის ამაღლება, სოფლის მეურნეობის ხელისშეწყობა, შრომითი კანონმდებლობა, კორპორაციების საქმიანობის რეგულირება, ბუნებრივი რესურსების დაცვა, ავტოსტრადების მშენებლობა, სამოქალაქო და სისხლის სამართლის დანაშაულებებთან ბრძოლა. შეერთებულ შტატების ხელისუფლებას არა აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება. თანახმად ამერიკის კონსტიტუციისა ნაციონალურ ხელისუფლებას არ შეუძლია შეზღუდოს თავისუფალი სიტყვის ან რწმენის უფლებები, რომლებიც მინიჭებული აქვთ შეერთებული შტატების მოქალაქეებს შესაბამისი კანონების თანახმად. ცენტრალურ ხელისუფლებას ასევე არა აქვს უფლება, მისცეს უპირატესობა ერთ შტატს მეორის მიმართ კომერციაში. შტატების საზღვრები არ შეიძლება შეიცვალოს მათი თანხმობის გარეშე. პირდაპირი გადასახადი ერთნაირი უნდა იყოს შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე. ამერიკის კონსტიტუცია ითვალისწინებს ზოგიერთ შეზღუდვებს შტატებისათვისაც. შტატს არ შეუძლია მოჭრას ფული, გამოაცხადოს ომი.
გარკვეულ ინტერესს წარმოადგენს ამერიკის ფედერაციაში ახალი შტატის მიღების საკითხი და ამ შტატის სტატუსი. როგორც ცნობილია, თავის დროზე ამერიკის 13 შტატმა ინგლისიდან მიიღო დამოუკიდებლობის სტატუსი, რის საფუძველზეც შეიქმნა პირველი ნაციონალური ხელისუფლება. ამ შტატებმა შეადგინა კონფედერაცია. პირველი ფედერაცია ამერიკაში შეიქმნა 1789 წელს. ფედერაციის რატიფიცირება მოხდა 11 შტატში. ორი დანარჩენი, ჩრდილოეთ კაროლინა და როდ აილენდი, კავშირში შევიდნენ 1790 წელს. 1791 წელს აღნიშნულ შტატებს შეუერთდა კიდევ 23 შტატი. ამ დროისათვის ჩრდილოეთ ამერიკის შეერთებული შტატები შედგებოდა 36 შტატისაგან. ამერიკის კონსტიტუციაში არაფერი არ არის ნათქვამი ახალი შტატის შესვლის შესახებ. ეს არის კონგრესის პრეროგატივა. ახალი შტატის მიერთება არ შეიძლება აღნიშნული ერთეულის კანონმდებლობის თანხმობის გარეშე. ახალი შტატის შესვლის პროცესი მკაცრად არის რეგლამენტირებული კონგრესის მიერ. კონგრესის მიერ საკითხის განხილვა და მისი წინასწარი თანხმობა ითვლება მეორე ეტაპად. მესამე ეტაპი კონსტიტუციასთან შეთანხმებაა. ამის შემდეგ კონგრესმა უნდა მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება. ზემოთ მოყვანილი წესი ყოველთვის არ სრულდება. ასე მაგალითად, ორი შტატი, ტეხასი და კალიფორნია, მიღებულ იქნა ისე, რომ ისინი არ იყვნენ ცალკე სახელმწიფოები. 5 შტატი შეიქმნა ერთი მეორის მიყოლებით. ზოგიერთ რეგიონს კონგრესმა წაუყენა წინასწარი პირობები. ასე მაგალითად, იუტას მოსთხოვეს გაეუქმებინა უფლება მრავალცოლიანობაზე. ოკლაჰომას მოსთხოვეს, რომ მისი დედაქალაქი ყოფილიყო გათრი. ქვეყნის პრეზიდენტმა მოითხოვა ჩამოეყალიბებინათ არიზონას კონსტიტუცია. არიზონა შეერთებულ შტატებში შევიდა 1912 წელს. 1912 წლიდან ვიდრე 1958 წლამდე შეერთებულ შტატებში არცერთი ახალი შტატი არ მიუღიათ. ამ პერიოდში შეერთებული შტატები განუყოფელი ტერიტორია იყო და ნებისმიერი შტატიდან სხვა ნებისმიერ შტატში გადასვლა ხორციელდებოდა უშუალოდ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამასობაში დაისვა საკითხი კიდევ ორი შტატის შესვლის შესახებ. ისინი იყვნენ ალიასკა და ჰავაი. ორივე ეს რეგიონი მზად იყო მიეღო საკუთარი კონსტიტუცია და აღნიშნული კონსტიტუციის პროექტები მიღებულ იქნა ალიასკაზე და ჰავაიზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ. ორივე რეგიონს საკმარისი საკუთარი რესურსები და ამ ტერიტეორიების მართვის საკმარისი გამოცდილება ჰქონდა. მიუხედავად ამისა ამ ახალი შტატების შემოერთებას მომხრეების გარდა ჰყავდა მოწინააღმდეგებიც. ეს უკანასკნელები თვლიდნენ, რომ ტერიტორია, რომელიც უშუალოდ არ ესაზღვრება სახელმწიფოს არ შეიძლება იყოს ამ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი. მიუხედავად ამისა 1958 წელს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება, მიეღო ალიასკა ორმოცდამეცხრე შტატად. ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო ჰავაის კუნძულებს ორმოცდამეათე შტატად გაფორმებულიყო.
ამერიკაში შტატები არიან ძირითადში კანონების შემქმნელი და კანონების გამტარებლები. შტატები პასუხისმგებლები არიან განათლებაზე, პოლიციის მუშაობაზე, ავტოსტრადებზე, სახალხო ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ცენტრალური ხელისუფლება მონაწილეობას იღებს ყველა ამ საქმიანობაში, კონგრესი მოქმედებს საკანონმდებლო საქმიანობით. არ არის გამორიცხული მისი ჩარევა შტატების ხელისუფლების საქმიანობაში. თავის მხრივ შტატების ხელისუფლებაც შეიძლება ჩაერიოს სახელმწიფოს ფუნქციებში. შტატები მონაწილეობას იღებენ პრეზიდენტის არჩევნებში, კონგრესის წევრების არჩევაში, კონსტიტუციის შესწორებებში და ა. შ.
ცენტრალური ხელისუფლება შტატებს აძლევს სხვადასხვა გარანტიებს. ერთ-ერთი გარანტია მდგომარეობს იმაში, რომ შენარჩუნებულ იქნეს რესპუბლიკური წყობა. ცენტრალური ხელისუფლება იცავს შტატებს გარეშე ძალების შემოსევებისაგან. შტატებში არეულობის შემთხვევაში ჩარევა ხდება, თუ შტატები ცენტრალურ მთავრობას მიმართავენ სპეციალური თხოვნით. ცენტრი გარანტიას იძლევა აგრეთვე, რომ არ მოხდეს შტატების ტეროტორიის დანაწილება, თუ ეს არ არის მიღებული შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე. ფედერალური მთავრობის ცენტრალიზებული ძალა მოქმედებს კონგრესისა და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე.
ცენტრალიზაცია, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ნიშნავს მართვის განხორციელებას ცენტრიდან. დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმჩნეოდა საკმაოდ დიდი მისწრაფება ცენტრალიზაციისაკენ. კარგა ხნის განმავლობაში ძალაუფლების ცენტრალიზაცია იყო ერთ-ერთი გამყოფი საზღვარი დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. დემოკრატების მთავარი მიზანი იყო უფლება, ხოლო რესპუბლიკელების – ძლიერი ნაციონალური ძალაუფლება. 1930 წლიდან ორივე პარტიამ შეიცვალა თავისი ტრადიციული შეხედულებები და ცენტრალიზაცია აღიარებული იქნა დემოკრატების მიერაც. შეერთებულ შტატებში არსებობს ზოგი არგუმენტი, რომელიც ცენტრალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არგუმენტებია:
1) ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა შეერთებული შტატები, სხვადასხვა ინტერესები არსებობს, რომლებიც თხოულობენ ლოკალურ ავტონომიებს ლოკალური მოთხოვნილებების საფუძველზე.
2) ბევრი მოქალაქე ფიქრობს, რომ ნაციონალური ხელისუფლება მეტისმეტი ცენტრალიზაციის დროს გახდება ძალზე რთული სტრუქტურის მქონე, განსაკუთრებით ადმინისტრირების დარგში. ამის გამო ბევრი ფიქრობს, რომ გამოსავალი მდგომარეობს ძალაუფლების დეცენტრალიზაციაში; არა მარტო ძალაუფლების, არამედ გადაწყვეტილების დარგშიც.
3) ცხადია, რომ ცენტრალიზაცია ხელს უწყობს ბიუროკრატიის გაძლიერებას, რაც თავისთავად ხელს უშლის დემოკრატიული მეთოდების გამოყენებას.
4) ზედმეტი ცენტრალიზაცია ხელს უშლის ლოკალური ინიციატივის განვითარებას, ეს კი ხელს უშლის სახელმწიფოს სრულყოფილი მართვის განხორციელებას.
მეორე მხრივ ცენტრალიზაციას აქვს თავისი დადებითი მხარეები:
1) ვინაიდან ფედერალიზმი თავისი არსებით აბსოლუტური ნაციონალური ხელისუფლებაა, მას შესწევს უნარი გადაწყვიტოს მიმდინარე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებსაც არა აქვთ ლოკალური ხასიათი.
2) ღარიბ შტატებს არ შეუძლიათ განახორციელონ საკმარისი ღონისძიებები განათლების შესაბამისი დონის მისაღწევად. იგივე შეიძლება ითქვას ჯანმრთელობის დაცვაზე და სხვა საკითხებზეც.
3) ცენტრალიზაციის მომხრეები თვლიან, რომ ძალზე ძვირია და არაეფექტური განახორციელდეს ორმაგი ორგანიზაცია, როგორც ნაციონალური, ისე შტატების მხრიდან.
4) ცენტრალიზაცია ხელს უწყობს თავისუფლების დაცვას, მათ შორის უმცირესობის დაცვას ძალადობებისაგან. ცენტრალიზაცია ხელს უწყობს, აგრეთვე, განახორციელოს თანაბარი მიდგომა ეკონომიკის, განათლების თუ სხვა პრობლემების დარგებში.
შეერთებული შტატების პოლიტიკის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მოხერხდა ამ ორ ექსტრემუმებს შორის საუკეთესო წერტილის გამონახვა. ტრანსპორტირებისა და კავშრგაბმულობის საშუალებების მეტად მაღალ დონეზე განვითარების გამო მანძილი სხვადასხვა რეგიონებსა და შტატებს შორის მკვეთრად შემცირდა. ამან წარმოშვა ახალი პრობლემები, რომლებიც წინათ არ იყო. ეს კი მოითხოვს მართვის ერთიანი პრინციპების განხორციელებას. რაც თავის მხრივ ნიშნავს ცენტრალიზაციის არსებობის აუცილებლობას. მეორე მხრივ, ქვეყნის ზოგიერთი ასპექტი დეცენტრალიზებული უნდა იყოს. მეტად რთული პრობლემაა ამ ორი საკითხის შერწყმა. ეს საკითხი საკმაოდ კარგად არის გადაჭრილი შეერთებულ შტატებში.
ამერიკის კონგრესი
შეერთებული შტატების კონგრესი ორპალატიანია. როგორც ცნობილია, კონფედერაციის პერიოდში საკანონმდებლო ორგანო იყო ერთპალატიანი. კონგრესი შედგება სენატისაგან და წარმომადგენელთა პალატისაგან. ამერიკის კონგრესის სტრუქტურაზე გარკვეული გავლენა იქონია დიდი ბრიტანეთის მაგალითმა, რომლის საკანონმდებლო ორგანოც, აგრეთვე, ორპალატიანია: ლორდთა პალატა და ქვედა ანუ წარმომადგენელთა პალატა.
სენატი შედგება 100 წევრისაგან, ორ-ორი თითო შტატიდან. წარმომადგენელთა პალატაში წევრთა რიცხვი გაცილებით მეტია, ასე მაგალითად 1992 წელს წარმომადგენელთა პალატაში იყო 435 წევრი. ეს დეპუტატები განაწილებული არიან შტატებში მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად. სენატის წევრთა არჩევა ხდება 6 წლით. ყოველ ორ წელიწადში ხდება სენატის ერთი მესამედით განახლება. წარმომადგენელთა პალატის წევრები ირჩევიან ორი წლის ვადით და ყველა მათგანის არჩევა ხდება ერთად. სენატორი უნდა იყოს არანაკლებ ოცდაათი წლის. ის უნდა იყოს უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების მოქალაქე და, გარდა ამისა, არჩევის დროს უნდა ცხოვრობდეს იმ შტატში, სადაც ირჩევენ. წარმომადგენელთა პალატის წევრი არ შეიძლება იყოს 25 წელზე უფრო ახალგაზრდა, იგი უნდა იყოს შეერთებული შტატების მოქალაქე 7 წლის სტაჟით და იმ შტატში მცხოვრები, სადაც მას ირჩევენ. შეერთებულ შტატებში ყოველ 30 000 მოსახლეზე აირჩევა წარმომადგენელთა პალატის ერთი დეპუტატი.
სენატი და წარმომადგენელთა პალატა თავის მუშაობას ახორციელებენ თავისი კომისიების საშუალებით. ეს კომისიებია, სენატში:
1) მიწათმოქმედების, კვებისა და ტყის მეურნეობის,
2) დაფინანსების,
3) არმიაში სამსახურის,
4) ბანკების, საბინაო მშენებლობისა და სამოქალაქო მეურნეობის,
5) საბიუჯეტო,
6) ვაჭრობის, მეცნიერების და ტრანსპორტის,
7) ენერგეტიკისა და ბუნებრივი წიაღების,
8) საერთაშიროსო საქმიანობის,
9) მთავრობის საქმიანობის,
10) იურისდიქციის,
11) შრომის რესურსების,
12) კანონმდებლობის და ადმინისტრაციის,
13) მცირე ბიზნესის,
14) ვეტერანთა საქმიანობის.
გარდა აღნიშნულისა, სენატს აქვს კიდევ პენსიების, ეთნიკური, ინდიელთა, ინტელიგენტთა, ეკონომიკის, საბიბლიოთეკო, ბეჭდვის და გადასახადების კომისიები. წარმომადგენელთა პალატაში ფუნქციონირებს შემდეგი კომისიები:
1) მიწათმოქმედების, კვებისა და ტყის მეურნეობის,
2) დაფინანსების,
3) არმიაში სამსახურის,
4) ბანკების, საბინაო მშენებლობისა და სამოქალაქო მეურნეობის,
5) საბიუჯეტო,
6) კოლუმბიის რაიონის,
7) განათლების და მუშახელის,
8) ენერგეტიკისა და ვაჭრობის,
9) საერთაშიროსო საქმიანობის,
10) მთავრობის საქმიანობის,
11) პალატის ადმინისტრირების,
12) საშინაო საქმიანობის,
13) იურისდიქციის,
14) სავაჭრო ფლოტისა და თევჭერის,
15) საფოსტო და სამოქალაქო სამსახურის,
16) სამოქალაქო საქმიანობისა და ტრანსპორტის,
17) კანონმდებლობის,
18) მეცნიერების, კოსმოსური კვლევებისა და ტექნოლოგიის,
19) მცირე ბიზნესის,
20) სტანდარტიზაციის,
21) ვეტერანთა საქმიანობის,
22) გზების.
გარდა აღნიშნულისა, წარმომადგენელთა პალატა აერთიანებს, აგრეთვე, პენსიების, ახალგაზრდობისა და ოჯახების, შიმშილიანობის პრობლემების, ინტელიგენციისა და ნარკომანიის კომისიებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი
შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი არიან ის პირები, რომელთა არჩევა არ ხდება პირდაპირი არჩევნების გზით.
შეერთებულ შტატებში პრეზიდენტს ირჩევენ ნოემბრის თვის პირველ ორშაბათის შემდეგ მომდევნო სამშაბათს, ყოველ 4 წელიწადში. პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იქნეს შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელიც დაბადებულია შეერთებულ შტატებში. პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს 35 წელზე უფრო ახალგაზრდა. პრეზიდენტი არჩევნების წინ ამერიკაში უნდა ცხოვრობდეს 14 წლის განმავლობაში. ტრადიციის თანახმად, პრეზიდენტი უნდა იყოს მამაკაცი, თეთრი და პროტესტანტი, მაგრამ ეს სულაც არ არის აუცილებელი. ასე მაგალითად, პრეზიდენტი კენედი იყო კათოლიკე. იყო შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტობაზე პრეტენზიას აცხადებდნენ შავები. პრეზიდენტის არჩევა ხორციელდება ორ ეტაპად. ჯერ ე. წ. პირვანდელ არჩევნებზე შეერთებულ შტატების პარტიები ირჩევენ თავის კანდიდატურებს. როგორც წესი, შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე ბრძოლა წარმოებს ორ წამყვან პარტიას შორის. ესენია ამერიკის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები, თუმცა კონსტიტუციის თანახმად არჩევნებში შეიძლება მონაწილეობა მიიღოს სხვა პარტიებმაც, რომლებსაც ასევე შეუძლიათ წამოაყენონ თავისი კანდიდატები. ამის შემდეგ ნოემბრის თვეში ამერიკის ხალხი ირჩევს პარტიის წარმომადგენლებს. ფაქტობრივად, ამ არჩევნებზე უკვე ცხადი ხდება, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, თუმცა ფორმალურად პრეზიდენტს ირჩევენ პარტიების წარმომადგენლები, რომლების რაოდენობასაც განსაზღვრავენ პარტიები. პრეზიდენტის გარდაცვალების ან იმ შემთხვევაში, როდესაც მას აღარ შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციები, მას ცვლის და პრეზიდენტი ხდება ვიცე-პრეზიდენტი. თუ არც ვიცე-პრეზიდენტს შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება, მაშინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება სენატის თავმჯდომარე.
ამ უკანასკნელის შემდეგ პრეზიდენტი შეიძლება გახდეს სახელმწიფოს მდივანი, ფინანსთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ფოსტის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მიწათმოქმედების მიინისტრი, ვაჭრობის მინასტრი. ამერიკის ისტორიაში ცნობილია, რომ რამდენიმე პრეზიდენტს: გარფილდს, კლევლენდს, ვილსონს და ეიზენჰაუერს ჰქონდათ პერიოდი, როდესაც ისინი სერიოზულად იყვნენ ავად და ამ პერიოდში არ შეეძლოთ თავისი მოვალეობის შესრულება. 1945 წელს გარდაიცვალა პრეზიდენტი რუზველტი, ხოლო 1974 პრეზიდენტი ნიქსონი გადადგა. პრეზიდენტი რუზველტი შეცვალა ვიცე-პრეზიდენტმა ტრუმენმა, ხოლო ნიქსონი ვიცე-პრეზიდენტმა ფორდმა.
როგორც წესი, პრეზიდენტის ძალაუფლება განსაზღვრულია ორი ფაქტორის კომპრომისის საფუძველზე. ერთი გამომდინარეობს იქიდან, რომ პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს საკმარისი ძალაუფლება, რათა განახორციელოს ეფექტური ხელმძღვანელობა. მეორე მხრივ, მისი მოღვაწეობა არ უნდა გადაიზარდოს დიქტატურაში. პრეზიდენტის ამჟამინდელი ფუნქციები ემყარება აღმასრულებელ და კანონმდებელ კატეგორიებს. აღმასრულებელ ფუნქციებს მიეკუთვნება: 1) კანონების შესრულება და სამოქალაქო წესრიგი, 2) ოფიციალური პიროვნებების დანიშვნა და გადაყენება, 3) ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში, 4) საერთაშორისო ურთიერთობანი, მათ შორის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, დიპლომატების დანიშვნა, უცხო სახელმწიფოთა ცნობა, მოლაპარაკებების ჩატარება და შეთანხმებების მიღწევა, 5) დაჯილდოება, შეწყალება, დასჯა, ამნისტიები.
კანონმდებელ ფუნქციებს მიეკუთვნება: მიმართვა კონგრესის სპეციალური სესიებისადმი, მიმართვა კონგრესისადმი, აღმასრულებელი განკარგულებების გამოშვება, ვეტოს უფლებების გამოყენება, განკარგულებების გაცემა და საჭირო შემთხვევაში ზეგავლენის მოხდენა, რაც ხორციელდება: კონგრესმენებთან ჩატარებული საუბრების საშუალებით, მხარის დაჭერის მეშვეობით, ფაქტების დამდგენი სპეციალური კომისიების შექმნით, მოსახლეობისადმი უშუალო მიმართვით.
ამერიკის კონსტიტუციაში წერია: – “პრეზიდენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კანონები შესრულებულ იქნეს კეთილსინდისიერად”. კანონების განხორციელება სრულდება, როგორც წესი, დეპარტამენტებში პრაქტიკული ოპერაციების ჩატარების შედეგად, მაგრამ პასუხისმგებელი ყველაფერზე არის პრეზიდენტი.
შეერთებულ შტატებში, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, არ არის პრემიერ-მინისტრი. სამინისტროებს ჰქვიათ დეპარტამენტები, მთავრობის სხდომებს თავმჯდომარეობს თვით პრეზიდენტი. მთავრობაში მინისტრები წარმოდგენილი არიან მდივნების სახით. შეერთებული შტატების კაბინეტს, ანუ მინისტრთა საბჭოს, აქვს შემდეგი სტრუქტურა:
პრეზიდენტი
ვიცე-პრეზიდენტი
სახელმწიფო მდივანი
განძეულობის მდივანი
თავდაცვის საქმეთა მდივანი
სამხედრო საქმეთა მდივანი
საზღვაო საქმეთა მდივანი
იუსტიციის საქმეთა მდივანი
შინაგან საქმეთა მდივანი
სასოფლო-სამეურნეო საქმეთა მდივანი
ვაჭრობისა და შრომის საქმეთა მდივანი
ტრანსპორტის საქმეთა მდივანი
ენერგეტიკის საქმეთა მდივანი
ჯანმრთელობისა და განათლების საქმეთა მდივანი
მოქალაქეთა მომსახურების საქმეთა მდივანი
ვეტერანთა საქმიანობის მდივანი
კონგრესის ბიბლიოთეკა.
იმ შემთხვევაში, თუ კანონის შესრულება იწვევს რაიმე მღელვარებას და ამ მღელვარების შედეგად ადგილი აქვს წესრიგის დარღვევას, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს გამოიყენოს შეიარაღებული ძალები. პრეზიდენტი, თანახმად არსებული კონსტიტუციისა, ნიშნავს ელჩებს, მინისტრებს (მდივნებს), კონსულებს, უმაღლესი სასამართლოს წევრებს, სამხედრო ხელმძღვანელობას, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს. მოყვანილი ნომერკლატურის ზოგი სახეობა უნდა დაამტკიცოს სენატმა, მაგალითად, უმაღლესი სასამართლოს წევრები. იმ შემთხვევაში თუ სენატი არდადეგებზეა, პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს დროებით, სენატის მორიგი სესიის დაწყებამდე. ზოგიერთ თანამდებობაზე დანიშვნა არ იწვევს სენატის წინააღმდეგობას, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი ამა თუ იმ პირის დანიშვნის დროს აწყდება კონგრესის წინააღმდეგობას. ამას განსაკუთრებით ადგილი აქვს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს, გამოძიების ბიუროს ხელმძღვანელების დანიშვნის დროს. ეს ხდება, მაშინ, როდესაც რაიმე კომპრომენტული ინფორმაციაა შემოსული ამა თუ იმ პირზე. ასეთ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში მეტად მკაცრნი არიან. ასე მაგალითად, ნიუ-იორკის გუბერნატორი ნელსონ როკფელერი არ დაუშვეს პრეზიდენტის არჩევნებზე მარტო იმიტომ, რომ მან მიატოვა მეუღლე, რომელთანაც 5 შვილი ჰყავდა. ნიქსონი პრეზიდენტობიდან გადააყენეს იმიტომ, რომ მისმა მომხრეებმა არჩევნების პერიოდში ჩამწერი მოწყობილობა დაამონტაჟეს დემოკრატიული პარტიის შტაბში, სასტუმრო “უოთერგეიტ”-ში. არავის დაუმტკიცებია, რომ პირადად ნიქსონმა ამის შესახებ რაიმე იცოდა, ის კატეგორიულად უარყოფდა ამას. ფინანსურ მაქინაციებში ეჭვმიტანილი ეგნიუ ასევე იყო გადაყენებული თანამდებობიდან. ყველასათვის ცნობილია პრეზიდენტ კლინტონის და მონიკა ლევინსკის საქმე. კლინტონი ძლივს გადაურჩა იმპიჩმენტს. როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირს, ამერიკელები დაუნდობელნი არიან და ხშირად საკმარისია უბრალო ეჭვიც კი, რომ ამ პირმა კარიერა სამუდამოდ დაკარგოს. არის იშვიათი გამონაკლისებიც, მაგალითად, კენედის უმცროს ძმას ედვარდ კენედის შეემთხვა მეტად უსიამოვნო ამბავი. მას პიკნიკის შემდეგ მანქანით მიჰყავდა ახალგაზრდა ქალიშვილი კოპეჩე. მანქანა გადავარდა ხიდიდან და ჩავარდა წყალში. კენედიმ გამოსცურა, კაპეჩე კი დაიღუპა. უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ედუარდ კენედი ნამდვილად იყო დამნაშავე, მაგრამ მას გავლენიანი პირები დაეხმარნენ და სასამართლომ ის არ დასაჯა.
ამერიკის პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად აქვს უფლება მოიწვიოს სპეციალური სესია. ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც განსაკუთრებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. პრეზიდენტი უფლებამოსილია, გაუგზავნოს სპეციალური მიმართვა კონგრესს, რომელშიც იგი იხილავს რა სიტუაციას, რეკომენდაციებს აძლევს კონგრესს.
პრეზიდენტის განკარგულებაშია სპეციალური აღმასრულებელი აპარატი. პრეზიდენტს ემსახურება მრჩეველთა მთელი შტატი. პრეზიდენტს ჰყავს მრჩეველი-მოადგილე, რომელიც გამოყოფილია კაბინეტის მიერ და ამ მრჩეველთან უშუალო კონტაქტების საშუალებით პრეზიდენტი ახორციელებს თავის ღონისძიებებს. გარდა ამისა, ფუნქციონირებს, აგრეთვე, თეთრი სახლის შტაბი. შტაბი შედგება პრეზიდენტის თანამშრომლებისაგან. შტაბი იხილავს უმთავრესად ისეთ საკითხებს, რომელთა გადადება არ შეიძლება. შტაბს ხელმძღვანელობს პრეზიდენტის სპეციალური მოადგილე, რომელიც გამოყოფილია კაბინეტის მიერ და მასთან უშუალო კონტაქტის საშუალებით პრეზიდენტი ახორციელებს თავის გადაწყვეტილებებს. გარდა ამისა, შტაბში შედის სამი აღმასრულებელი მდივანი, პრესის წარმომადგენელი და რამოდენიმე სპეციალური თანაშემწე. პრეზიდენტს ემსახურება სამი სამხედრო თანაშემწე. პრეზიდენტთან ფუნქციონირებს ბიუჯეტის ბიურო, რომელიც იხილავს ფინანსიურ პრობლემებს. პრეზიდენტთან მოღვაწეობს მრჩეველთა საბჭო ეკონომიკის დარგში. ეს საბჭო პირველად 1946 წელს ჩამოყალიბდა. საბჭოს ამოცანაა ანალიზი გაუკეთოს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და მისცეს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები.
მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციების მატარებელია ნაციონალური უსაფრთხოების საბჭო. ეს საბჭო ამუშავებს ქვეყნის უსაფრთხოების გრძელვადიან ღონისძიებებს. საბჭო ჩამოყალიბდა 1947 წელს. საბჭოში შედიან პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფოს მდივანი. თავდაცვის მინისტრი, თავდაცვის და სამოქალაქო მობილიზაციის ბიუროს დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის გაერთიანებული შტაბების უფროსი. საბჭოს გამგებლობაშია ორი მეტად მნიშვნელოვანი ორგანო: საკოორდინაციო ოპერატიული კოლეგია და ცენტრალური სადაზვერვო ბიურო.
§ 2 დიდი ბრიტანეთი
დიდი ბრიტანეთი ითვლება პარლამენტარიზმის სამშობლოდ. პარლამენტარიზმი ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც ანბანის შექმნა ეგვიპტეში, ალგებრის შექმნა მავრების მიერ, ქანდაკებებისა საფრანგეთში, ფილოსოფიისა რომში. სწორედ რომში დაიხვეწა სახელმწიფოს მართვის და კანონთა სისტემები. ითვლება, რომ ინგლისში მოქმედებს უძველესი კონსტიტუცია. ზოგი კი პირიქით თვლის, რომ ინგლისში არავითარი კონსტიტუცია არ მოქმედებს. ცნობილი ამერიკელი მეცნიერები უილიამ მარნო და მორლეი აიერსტი თვლიან, რომ ეს ორივე აზრი სწორია. ყელაფერი დამოკიდებულია იმაზე, ამბობენ ისინი, თუ რას ვგულისხმობთ ჩვენ კონსტიტუციაში. ბრიტანეთში არ არის ამერიკაში მოქმედი კონსტიტუციის მსგავსი რამ. ბრიტანეთში არსებობს მარტო ფორმალური დოკუმენტი, რომელიც ასახავს ფუნდამენტურ ნაციონალურ კანონზომიერებას. ბრიტანეთის კონსტიტუცია თავისებურია და გამომდინარეობს ამ ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ასპექტებიდან. ცნობილია, რომ ანგლო-საქსებს უდიდესი ღვაწლი მიუძღვით კაცობრიობის პროგრესის საქმეში. კერძოდ, პოლიტიკური იდეების სამშობლო არის სწორედ ინგლისი. ზემოთ მოხსენიებული ავტორები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მხოლოდ ორ ხალხს მიუძღვის ყველაზე დიდი დამსახურება. ესენია ძველი რომი და ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე მოსახლეობა. აქ ჩვენ არ გავაკეთებთ რაიმე კომენტარს, მხოლოდ მკითხველს მოვაგონებთ, რომ არსებობენ გერმანელები, რომლებიც დღესაც პირველ რიგებში დგანან და, აგრეთვე, ხალხები, რომლებსაც ჰქონდათ უძველესი კულტურა, მაგრამ დღესდღეობით აღარ წარმოადგენენ ავანგარდს.
როგორც ცნობილია, რომის პოლიტიკური სისტემის განვითარება დაიწყო სახალხო რესპუბლიკიდან ვიდრე იმპერიამდე. ინგლისის პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარება ხდებოდა აბსოლუტიზმიდან დემოკრატიამდე. ითვლება, რომ ინგლისის პოლიტიკურ სისტემას, მასში არსებული ჰარმონიისა და ცივილიზაციის გამო, უფრო სრულყოფილი სახე ჰქონდა, ვიდრე რომის იმპერიის პოლიტიკურ სისტემას. დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური სისტემა გამოირჩევა ბევრი თავისებურებით და დადებითი თვისებებით, რომლებიც ჯერ კიდევ მოითხოვენ შესწავლას. ინგლისის კონსტიტუცია არის ყველაზე უფრო ძველი ყველა არსებული კონსტიტუციებს შორის. ბრიტანეთის კონსტიტუცია ყალიბდებოდა სხვადასხვა კანონმდებლობიდან, რომლებიც ჯერ კიდევ მე-13 საუკუნის დასაწყისში იყო მიღებული. ამის შემდეგ მიღებულ იქნა კანონები უფლებამოსილების შესახებ. ეს კანონები მიიღეს მე-17 საუკუნეში. შემდეგ გაჩნდა აქტი დასახლების შესახებ (1701 წელი), შემდეგ – აქტი შოტლანდიასთან გაერთიანების შესახებ, შემდეგ – რეფორმების აქტი (1832 წელი). მას მოჰყვა პარლამენტის აქტი (1911 წელი), ვესტმინსტერის სტატუსი 1931 წელს და ბოლოს დეკლარაცია ინდოეთის დამოუკიდებლობის შესახებ ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ოლივერ კრომველმა. კრომველი დაიბადა 1599 წელს. კრომველი 1616 წელს შევიდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, მაგრამ მამის სიკვდილის გამო ერთი წლის შემდეგ დაანება თავი სწავლას. 1628 წელს კრომველი აირჩიეს თემთა პალატის წევრად. 1642 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი მეფისა და პარლამენტის არმიებს შორის. ამის შემდეგ 9 წლის განმავლობაში კრომველი ცხოვრობდა ჯარისკაცის ცხოვრებით. კრომველს არ ჰქონდა სამხედრო განათლება, მაგრამ თავი გამოიჩინა როგორც შესანიშნავმა მხედართმთავარმა, ტაქტიკოსმა და სტრატეგმა. მოხალისეებიდან მან შექმნა რეგულარული ჯარი, რომელმაც თავისი დისციპლინით, სამხედრო ხელოვნებით და გამბედაობით გაითქვა სახელი. ამ ჯარის წარმატება დიდად განაპირობა იმან, რომ კრომველი ჯარის შენაერთებს და ჯარისკაცებს არჩევდა ისეთებს, რომლებიც მკვეთრად გამოირჩეოდნენ თავისი შეგნებულობით. კრომველმა მიაღწია მთელ რიგ გამარჯვებებს. 1644 წელს კრომველი პარლამენტმა დანიშნა სამხედრო ოპერაციების კომიტეტის წევრად. კრომველმა სასტიკად დაამარცხა მეფის არმია, რასაც მოჰყვა მეფის გასამართლება და სიკვდილით დასჯა. კრომველმა გამოაცხადა რესპუბლიკა და შოტლანდიის და ინგლისის გაერთიანება. კრომველის მართველობის პერიოდი აღინიშნება ინგლისის ფლოტის შესანიშნავი გამარჯვებებით ჰოლანდიის, პორტუგალიის და ესპანეთის ფლოტებზე. 1657 წელს 25 მარტს პარლამენტმა დაადგინა, ეთხოვოს კრომველს ავიდეს ტახტზე და ეკურთხოს როგოც ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე. კრომველმა თანხმობა არ მისცა, ვინაიდან იცოდა, რომ არმია მონარქიის აღდგენის წინაღმდეგი იყო. კრომველი გარდაიცვალა 1658 წელს.
კრომველის გარდაცვალების შემდეგ ინგლისში აღდგა მონარქია. “ვინ მართავს ინგლისს?” – ჰკითხეს სტიუარტს. “ინგლისს მართავს მეფე” – იყო პასუხი. “ვინ მართავს მეფეს?” “მეფეს ჰერცოგთა სისტემა მართავს”. შემდეგი შეკითხვა იყო: “ვინ მართავს ჰერცოგს?” “ჰერცოგს მართავს სატანა” – უპასუხა მან. დღევანდელ დღეს ინგლისში არის სამეფო და არა მეფე. ამ სახელმწიფოში დიდი განსხვავებაა მეფესა და სამეფოს შორის, მონარქსა, როგორც პიროვნებასა და მონარქიას, როგორც სისტემას შორის. ცნობილია ფრაზა “მეფე გარდაიცვალა, გაუმარჯოს მეფეს”. მეფის გარდაცვალება არაფერს არ ცვლის სამეფო ძალაუფლებასა და სამსახურში. ინგლისის მეფეს შეუძლია დაშალოს ჯარი, გაყიდოს სამხედრო გემები, დაიწყოს ომი, გასცეს ბრიტანეთის ტერიტორიები, მიანიჭოს ლორდის წოდება სხვადასხვა პირებს, გადააყენოს მთავრობის წევრები, შეიწყალოს პატიმრები, დაითხოვოს პარლამენტი. მეფეს შეუძლია გადადგეს და უარი თქვას ტახტზე. ასე გააკეთა, მაგალითად, 1936 წელს მეფე ედუარდ VIII-ემ. მან გადაწყვიტა ცოლად შეერთო ამერიკელი მანდილოსანი, რომელიც გაყრილი იყო ქმართან. მას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მეფე კი თვლიდა, რომ თუ ვის შეირთავდა ის ცოლად, მისი პირადი საქმე იყო და ეს საკითხი არ ეხებოდა მინისტრთა საბჭოს. მეფის აზრით მინისტრთა საბჭოს არ ჰქონდა კონსტიტუციური კონტროლის უფლება ამ საკითხში. პრემიერ-მინისტრი სტენლი ბედვინი სხვა აზრის იყო და არ დაეთანხმა მეფეს. მეფის აზრით პარლამენტი მას აძლევდა დედოფალს და არა მეუღლეს. პარლამენტის წევრები მერყეობდნენ. ბრიტანეთის სხვადასხვა დომინიონების პრემიერ-მინისტრები დაეყრდნენ ვესტმისტერის დებულებას (1931 წ.) და მათ მხარი დაუჭირეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ყოველივე ამის შედეგად მეფემ უარი თქვა ტახტზე. მეფე გახდა ედუარდის ძმა, იორკის პრინცი გეორგი, დღევანდელი დედოფლის ელისაბედის მამა. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ედუარდის მოქმედება არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. საკმარისი იყო. რომ მეფეს ოფიციალურად ეთქვა უარი პრემიერ-მინისტრის მოთხოვნაზე, რომ ამას მოჰყვებოდა თვითონ პრემიერ-მინისტრის გადადგომა.
ახალი მეფე ინგლისში თავის უფლებებში შედის კორონაციის შემდეგ. თუ ტახტზე უნდა ავიდეს ათ წელზე ნაკლები ასაკის პრინცი ან პრინცესა, მაშინ თანახმად 1937 და 1943 წლების გადაწყვეტილებისა, ინიშნება რეგენტი. რეგენტი მოქმედებს მანამ, სანამ მომავალი მეფე არ გახდება 18 წლის. ბრიტანეთის მეფე სახელმწიფო ხაზინიდან ღებულობს საკმაოდ დიდ თანხას. ეს ასე არ იყო ყოველთვის. ადრე ითვლებოდა, რომ მეფემ უნდა იცხოვროს საკუთარი თანხების ხარჯზე. მაშინ მეფეები მფლობელები იყვნენ დიდი მამულების, საიდანაც მათ ჰქონდათ დიდი შემოსავალი. შემდგომში მეფე თანხებს ხარჯავდა არა მარტო საკუთარი მიზნებისათვის, არამედ სამეფოსათვისაც. ამან გამოიწვია პარლამენტის მიერ სპაეციალური გადაწყვეტილების მიღება დამატებითი ხარჯების ასანაზღაურებლად.
დიდ ბრიტანეთში მართვის თალსაზრისით მეფეზე უფრო გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, თუ როგორია ინგლისის კაბინეტის ორგანიზაცია, უნდა დადგინდეს ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა. ეს ტერმინებია: “პირველი კომიტეტი”, “მინისტრი”, “კაბინეტი” და “მთავრობა”. უნდა ითქვას, რომ ტერმინი “კაბინეტი” არ არის განსაზღვრული კონსტიტუციის ან თუნდაც კანონის მიერ. თეორიულად პირველი კაბინეტი აკონტროლებს სამეფოს, ამიტომაც არავინ არ შეიძლება დაინიშნოს კაბინეტის წევრად, თუ არ დადებს ფიცს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება კაბინეტის წევრი. არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი. საქმე იმაშია, რომ ყველა მინისტრი არ არის მინისტრთა კაბინეტის წევრი, ის შეიძლება იყოს მხოლოდ წოდებით მინისტრი და არა კაბინეტის წევრი. წოდების მქონე მინისტრი არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა სამეფოში. ინგლისში 1954 წელს იყო 60 მინისტრის წოდების მქონე პირი, ხოლო მინისტრების რაოდენობა იყო 20. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი არის პრემიერ-მინისტრი. ის არის აგრეთვე კაბინეტის და მთავრობის თავმჯდომარეც. მეფე თავის არჩევანს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იღებს იმისდა მიხედვით, თუ ვინ წარმოადგენს პარლამენტში უმრავლესობას. პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, იმ პარტიის ლიდერია, რომელსაც აქვს უმრავლესობა. მინისტრი უსათუოდ უნდა იყოს პარლამენტის წევრი. არის შემთხვევები, როდესაც ის პარლამენტის წევრი ხდება მას შემდეგ, რაც დანიშნავენ მინისტრად. ეს შეიძლება გაკეთდეს ამ პირისათვის ლორდის წოდების მინიჭებით, ამის შემდეგ ის ხდება ლორდთა პალატის წევრი.
მინისტრთა კაბინეტში შედიან; 1) პრემიერ მინისტრი, 2) ფინანსთა მინისტრი, 3) ლორდი კანცლერი, 4) თავდაცვის მინისტრი, 5) ეკონომიკის მინისტრი, 6) შინაგან საქმეთა მინისტრი, 7) დომინიონების და კოლონიების მინისტრი, 8) იუსტიციის მინისტრი, 9) პროკურორი, 10) შრომისა და ნაციონალური მომსახურების მინისტრი, 11) ჯანმრთელობის მინისტრი, 12) ტრანსპორტის მინისტრი, 13) ფოსტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი, 14) განათლების მინისტრი, 15) სასოფლო-სამეურნეო, 16) ენერგეტიკის, 17) ქალაქთა დაგეგმვის, 18) დაზღვევისა და პენსიების და 19) სამოქალაქო ავიაციის მინისტრები.
ბრიტანეთის პარლამენტი შესდგება ორი ნაწილისაგან: ლორდთა პალატა და თემთა პალატა (House of Lords and House of Commons). ლორდთა პალატა ცნობილია, როგორც მეორადი პალატა (თჰე სეცონდ ცჰამბერ). ისტორიულად კი ის უფრო ადრე იყო ვიდრე თემთა პალატა. ითვლება, რომ ლორდთა პალატა არის მსოფლიოში პირველი კანონმდებლობის ორგანო. ის ითვლის ათასი წლის ისტორიას. მისი წევრები თავდაპირველად იყვნენ სამეფო ოჯახის მნიშვნელოვანი წარმომადგენლები, მსხვილი მიწათმფლობელები, რელიგიური წოდების წარმომადგენლები, ბარონები. პალატის სხდომებს თავმჯდომარეობდა მეფე. დიდი უფლებები ჰქონდათ მსხვილ მიწათმფლობელებს გამოდიოდნენ რა პრინციპიდან “ის ვინც არის მიწის მესაკუთრე, მან უნდა მართოს სახელმწიფო”. ეს პოზიციები მნიშვნელოვნად შეარყია დემოკრატიის პრინციპების განვითარებამ და საუკუნეების განმავლობაში ლორდთა პალატამ დაკარგა პირვანდელი ძალა. მე-19 საუკუნის დასაწყისში ლორდთა პალატა კონკრეტულ საქმიანობას აღარ ეწეოდა. მიუხედავად ამისა, ეს პალატა არ წარმოადგენდა ისეთ ორგანოს, რომლისთვისაც ინგლისის მთავრობას შეეძლო არ გაეწია ანგარიში. ასე გრძელდებოდა ვიდრე 1911 წლამდე, როდესაც პარლამენტმა ამის შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო.
იმისათვის, რომ გასაგები იყოს ლორდთა პალატის ფუნქციები, საჭიროა გვქონდეს ცნობები პერის წოდების შესახებ, მით უმეტეს, რომ ბევრს არა აქვთ ზუსტი წარმოდგენა ამ ინსტიტუტის შესახებ. პერთა წოდება დაკავშირებულია ისეთ ფაქტორთან, როგორიცაა ინგლისელების კეთილშობილება. ბევრი თვლის, რომ პერთა ინსტიტუტი ანაქრონიზმია.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ პრინცები, ლორდები და ისინი, ვისაც პირველ რიგში ეყრდნობა მეფე, არიან პერები და ლორდთა პალატის წევრები, რომლებიც ღრმად არიან შეჭრილი ბრიტანეთის პოლიტიკურ სისტემაში. პერთა ინსტიტუტი წარმოედგენს დიდი ბრიტანეთის საზოგადოების უმაღლეს საფეხურს. სიტყვა პერი ნიშნავს თანასწორს, მაგრამ ბრიტანული პერი ნიშნავს სხვადასხვა რანგის მქონე მამაკაცს ან ქალს. თვლიან, რომ პრინცები და სამეფო კარის წევრები წარმოადგენენ პერების უმაღლეს საფეხურს, მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. ბევრი პრინცი არ ეკუთვნის პერების კატეგორიას. ინგლისის იერარქიის თანახმად ბრიტანეთის მეფის უფროს შვილს დაბადებიდანვე მინიჭებული აქვს ჰერცოგის წოდება და იგი უელსის პრინცი ხდება. მეფის მეორე ვაჟი ხდება იორკის ჰერცოგი. დანარჩენი ვაჟებიც ასევე ჰერცოგები არიან, მაგრამ არ არიან პრინცები. მეორეს მხრივ ყველა მეფის შვილი პერია და, ვინაიდან მათ მეფის სისხლი აქვთ, მათ უპირატესობა აქვთ სხვა პერებთან შედარებით. ბრიტანეთის არისტოკრატია შეიცავს ხუთ სხვადასხვა საფეხურს: ჰერცოგი, მარკიზი, გრაფი, ვიკონტი და ბარონი. ჰერცოგის წოდება პირველად დაარსდა 1337 წელს, როდესაც უელსის პრინცი გახდა კორნელის ჰერცოგი. ამჟამად ინგლისში ყველა პერთა შორის ჰერცოგთა რაოდენობა არ აღემატება 30-ს. ეს წოდება არის უმაღლესი წოდება, რომელიც შეძლება მიენიჭოს სამეფო ოჯახის წარმომადგენლობაში არ შესულ პირს. ამის შემდეგ მოდის მარკიზის წოდება. მათი რაოდენობაც იგივეა, დაახლოებით 27 მარკიზია. ინგლისში სულ 130 გრაფია, ვიკონტების რაოდენობა 90-ია, ხოლო 500 ბარონია. ჩამოთვლილ რაოდენობაში არ შედის ირლანდიის და შოტლანდიის პერთა რაოდენობა. ესენი ყველა ერთად შეადგენენ ლორდთა პალატას. პერების ყველა რანგი გარდა მცირე გამონაკლისისა მემკვიდრეობით გადადის უფროს ვაჟზე. მანამ, სანამ მიიღებდეს ტიტულს, მემკვიდრე არის ჩვეულებრივი მოქალაქე და მას არავითარი პრივილეგიები არ აქვს. ახალგაზრდა ვაჟები და ქალიშვილები ასევე არიან ჩვეულებრივი მოქალაქენი, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მათ, თავაზიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, მიმართავენ სათანადო ტიტულით. პერთა უმრავლესობა ტიტულს ღებულობს მემკვიდრეობით. ახალი პერები წოდებას იღებენ მეფის მიერ. ითვლება, რომ ბრიტანელი პერი არ მიეკუთვნება რაიმე კლანს. ინგლისში ყველა პერი არ არის ლორდთა პალატის წევრი, არამედ მარტო ზოგიერთი მათგანი. მეორე მხრივ პარლამენტისზოგიერთ წევრს, რომელიც არ არის მემკვიდრეობითი პერი, აქვს თავისი სკამი ლორდთა პალატაში. ლორდთა პალატის წევრების შემადგენლობაში ორმოცდაათიან წლებში შედიოდა 763 პერი, რომლებსაც მემკვიდრეობით ჰქონდათ მიღებული წოდება, 314 ისეთი პერი, რომლებსაც არ ჰქონდათ წოდება მიღებული მემკვიდრეობით, 2 არქიეპისკოპოსი, 24 ეპისკოპოსი. სულ ლორდთა პალატა შედგებოდა 1 000-ზე მეტი წევრისაგან. ამ რიცხვში მარტო შოტლანდიიდან 20 წარმომადგენელი იყო.
როგორც ითქვა, პერის წოდებას ანიჭებს სამეფო ტახტი. პერის წოდების მინიჭებისათვის არ არსებობს რაიმე შეზღუდვა და იგი შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ პირს. პერის კანდიდატურას მეფის წინაშე წარადგენს პრემიერ-მინისტრი. კანდიდატურის წარდგენა შეუძლიათ კაბინეტის წევრებსაც, მაგრამ ისინი ამ კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის წინაშე ადგენენ. ზოგიერთ შემთხვევაში ქალებსაც აქვთ მემკვიდრეობით პერის წოდების მიღების უფლება, მაგრამ არცერთ მათგანს არა აქვს ადგილი ლორდთა პალატაში.
ლორდთა პალატის წევრები სარგებლობენ რიგი პრივილეგიებით. როდესაც მიმდინარეობს პალატათა სესია, არ შეიძლება ამ პალატის წევრის დაპატიმრება. სხვა დროს ლორდთა პალატის წევრის საქმე უნდა გაარჩიოს სპეციალურმა სასამართლომ და ლორდთა პალატის სპეციალურმა კომისიამ, მაგრამ ეს პრივილეგია ამჟამად გაუქმებულია. პერს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის არჩევნებში. ლორდთა პალატაში სხდომებს თავმჯდომარეობს ლორდი-კანცლერი.
ლორდთა პალატის წევრები იკრიბებიან სამშაბათობით, ოთხშაბათობით, ხუთშაბათობით. ლორდთა პალატაში მეტად დაბალია დასწრება.
თემთა პალატის დეპუტატები ინგლისში უშუალო კავშირში არიან დიდი ბრიტანეთის ცენტრალურ მთავრობასთან. ისინი ირჩევიან ხალხის მიერ. სახელმწიფო დაყოფილია საპარლამენტო რაიონებად, სადაც ტარდება არჩევნები. თემთა პალატა შედგება 625 დეპუტატისაგან. მათ შორის ინგლისიდან არის 506 დეპუტატი, უელსიდან 36, შოტლანდიიდან 71, ჩრდილოეთ ირლანდიიდან 12 დეპუტატი. თემთა პალატის არჩევნები ხდება ხუთ წელიწადში ერთხელ, მაგრამ პარლამენტს აქვს უფლება, გააგრძელოს ეს ვადა. შედარებისათვის ვიტყვი, რომ მაგალითად, შეერთებული შტატების კონგრესს არა აქვს უფლება გააგრძელოს არჩევნების ვადა თუნდაც ერთი დღით.
ინგლისში პრემიერ-მინისტრს შეუძლია ურჩიოს მეფეს, დაითხოვოს პარლამენტი.
თემთა პალატაში ასარჩევი კანდიდატის წამოყენება ხდება საკმაოდ მარტივად. ნებისმიერმა პირმა, ვისაც სურს წამოაყენოს თავისი კანდიდატურა ბიულეტენში შესატანად, უნდა შეავსოს კანდიდატის წამოყენების დოკუმენტი. მას ხელი უნდა მოაწეროს 10 კვალიფიციურმა პირმა. თემთა პალატის არჩევნები ხდება ერთსა და იმავე დღეს. ინგლისში არჩევნებს 600 წლის ისტორია აქვს. კანონმდებლობის დარგში თემთა პალატა არის უმაღლესი ორგანო. თემთა პალატა აკონტროლებს ფინანსებს, სასამართლოს იურისდიქციას, სამეფო ტახტის საქმიანობას.
ინგლისში რომელიმე დასახლების ან ქალაქის მართველობის წევრი, მერს, ოლდერმანს და მრჩეველებს (ცოუნცილლორ) ირჩევენ საერთო არჩევნებით სამი წლის ვადით. დიდი დასახლებული ადგილები იყოფა ადმინისტრაციულ ორგანოებად. ასე მაგალითად, ლონდონი შედგება სიტისაგან და ე. წ. “სატელიტებისაგან”. ოლდერმანი აირჩევა რეგიონების მრჩეველებისაგან. მერი აირჩევა მუნიციპალიტეტის წევრებისაგან. მერი თანამდებობას იკავებს ერთი წლის ვადით. შემდეგ შეიძლება გაუგრძელდეს ვადა. მერს არა აქვს აღმასრულებელი ფუნქციები. მას არ შეუძლია ვინმეს დანიშვნა. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება არ საჭიროებს მერის თანხმობას. მას არა აქვს რაიმე ვეტოს უფლება, როგორც ეს არის ამერიკაში. მისი ადგილი უფრო საპატიოა. ის არ ღებულობს რაიმე ჯამაგირს. ინგლისში მუნიციპალიტეტი (ცოუნცილ) წარმოადგენს ძირითად ორგანოს ქალაქის მმართველობაში. აქ არ არის რაიმე ფუნქციების დაყოფა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს შორის. მუნიციპალიტეტი ადგენს ადგილობრივ გადასახადების სიდიდეს, ამზადებს და ხმას აძლევს ბიუჯეტს, ნიშნავს ყველა ოფიციალურ პირს, მათ შორის პოლიციის მოხელეებს, ცეცხლისმქრობელ რაზმს, ჯანმრთელობის სამსახურს, სანიტარულ სამსახურს, სკოლების ხელმძღვანელობას, ქუჩების მოძრაობის მმართველობას.
გაერთიანებული სამეფო შედგება ინგლისისაგან, უელსისაგან, შოტლანდიისა და ირლანდიისაგან. 600 წელზე მეტია, რაც უელსი პოლიტიკურ ურთიერთობაშია ინგლისთან. თავიდანვე დამოუკიდებელი ტერიტორია, რომელიც კელტების სამეფოს ექვემდებარებოდა, 1284 წელს შეუერთდა ინგლისს. არის ლეგენდა, რომ ინგლისის მეფე დაჰპირდა უელსის პრინცს, რომ მას შეეძლო არ ელაპარაკა ინგლისურად. უელსს არა აქვს თავისი პარლამენტი, მაგრამ უელსელები მონაწილეობას ღებულობენ ინგლისის თემთა პალატის არჩევნებში. ინგლისის მინისტრებს შორის არ არის ცალკე მდივანი უელსის საქმეებისათვის, როგორც ამას ადგილი აქვს შოტლანდიის შემთხვევაში. პარლამენტი ხანდახან ღებულობს კანონს, რომელიც სპეციალურად არის გამიზნული უელსისათვის.
შოტლანდია ისევე, როგორც ინგლისი და უელსი, რომაელების პირველი შემოსევის დროს დასახლებული იყო კელტებით. რომაელი ლეგიონერები არ მოქმედებდნენ ინგლისის ჩრდილოეთ ნაწილში და ამიტომ რომაელების ძალაუფლება არასოდეს არ გავრცელებულა შოტლანდიაზე. ამასთან ერთად შოტლანდიის ბევრი ტომი გაერთიანდა მონარქიად, რომლის დედაქალაქი იყო ედინბურგი. ამის გამო შოტლანდიის პარლამენტის ინსტიტუტი მკვეთრად განსხვავდებოდა ინგლისის პარლამენტისაგან. 1603 წელს მოხდა ამ ორი მონარქიის გაერთიანება. დაწყებული შუა საუკუნეებიდან დღემდე შოტლანდიაში არის მისწრაფება, დარჩნენ დამოუკიდებელი. შოტლანდიის და ინგლისის სამეფო გვარეულების ერთმანეთში ქორწინებები გარკვეულად ანელებს შოტლანდიის დამოუკიდებლობის სიმწვავეს. დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ აღარ დარჩა ტიუდორთა არცერთი მემკვიდრე და შოტლანდიელმა ხალხმა თავის მეფედ აღიარა მეფე ჯეიმს VI. ჯეიმს VI კი იყო ინგლისის ტახტის მემკვიდრე. ასე გახდნენ ინგლისი და შოტლანდია გაერთიანებული სამეფო, მაგრამ შოტლანდიას და ინგლისს დარჩათ თავთავიანთი პარლამენტები. შოტლანდიას უცვლელი სტრუქტურა აქვს 1707 წლიდან. არის სახელმწიფო მდივანი შოტლანდიის საქმეებში, რომლის სამუშაო ადგილი არის ბრიტანეთის კაბინეტში. ისევე როგორც კაბინეტის სხვა წევრები, ისიც ინიშნება უშუალოდ პრემიერ-მინისტრის მიერ. ის უსათუოდ უნდა იყოს შოტლანდიიდან, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური მოთხოვნა. საერთოდ მდივანი შოტლანდიის საქმეებში ინსპექციას ახორციელებს ადმინისტრაციულ საქმიანობაზე შოტლანდიაში. ინგლისში ბევრი კანონი ერთნაირია, როგორც საკუთრივ ინგლისისათვის, ისე შოტლანდიისათვის. ზოგი კანონი ერთნაირია, მაგალითად, კანონი გადასახადების ან ნაციონალური თავდაცვის შესახებ. ზოგი სხვადასხვაა, ვინაიდან შოტლანდიაში შენარჩუნებულია სამოქალაქო კანონმდებლობის საკუთარი სისტემა და სასამართლო სისტემის იერარქია. ლორდთა პალატაში შოტლანდიას ჰყავს 16 პერი, ხოლო თემთა პალატაში – 74 წევრი. ეს ციფრი შეესაბამება შოტლანდიის მოსახლეობას. გარკვეული დაპირისპირებები შოტლანდიელებსა და ინგლისელებს შორის დღესაც არსებობს. არცერთი შოტლანდიელი არ იტყვის, რომ ის არის ინგლისელი. თვლიან, რომ აქვთ საკუთარი სრულიად განსხვავებული ენა და ეს მართლაც ასეა, თავიანთი ზნე-ჩვეულებები. არც ისე დიდი ხანია, რაც მოეწყო რეფერენდუმი შოტლანდიასა და ინგლისის გათიშვის პრობლემაზე. უმრავლესობამ როგორც ინგლისში, ისე შოტლანდიაში მხარი დაუჭირა ერთიანობას.
სხვა მდგომარეობაა ირლანდიასთან ურთიერთობაში. ირლანდიის უთანხმოებას ინგლისთან დიდი ხნის ისტორია აქვს. ირლანდია დასახლებული იყო კელტებით, რომლებიც ითვლებოდნენ შოტლანდიელების მონათესავე ტომად. ჰენრი VII-ს მეფობის დროს (1509-1574 წლები) ინგლისმა გადაწყვიტა მიეღო პროტესტანტული რწმენა, მაშინ როდესაც ირლანდიაში იყო კათოლიკური სარწმუნოება. შემდგომში, 1611 წელს, ჩრდილოეთ ირლანდიის პროვინცია დასახლდა ემიგრანტებით ინგლისიდან და შოტლანდიიდან. ამან შექმნა წინააღმდეგობების კერა აღნიშნულ რეგიონში. 1932 წელს საერთო არჩევნებში გაიმარჯვა დე ვალერამ, რის შემდეგ გამოცხადდა ირლანდიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ის დარჩა დიდი ბრიტანეთის სამფლობელოში და ეს დღემდე არის სისხლისმღვრელი შეტაკებების მიზეზი. ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიის მიტოვება დიდი ბრიტანეთის მიერ ნიშნავს ამ ტერიტორიაზე მრავალრიცხოვანი მაცხოვრებლების – პროტესტანტების გაწირვას. მეორე მხრივ, ამ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი კათოლიკები ცდილობენ გამოეყონ ინგლისს და შეუერთდნენ ირლანდიის სახელმწიფოს.
ინგლისელები მეტად ამაყობენ თავიანთი მთავრობის კაბინეტით. როგორც ვთქვით, ინგლისის მთავრობა შედგება ორი სხვადასხვა სახის მინისტრებისაგან: კაბინეტის მინისტრები და მინისტრები, რომლებიც კაბინეტის შემადგენლობაში არ შედიან. პარლამენტის ზოგი წევრი, ვისაც აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული თანამდებობა და რომლებიც რჩებიან თავის თანამდებობაზე როდესაც კაბინეტი გადადგება, ცნობილი არიან მინისტრების სახელწოდებით. მინისტრი არის ოფიციალური პირი, ვინც პოსტს ინარჩუნებს კაბინეტის ცვლილების შემთხვევაში. კაბინეტის მინისტრი კი არის მთავრობის კაბინეტის წევრი და ხელმძღვანელობს ამა თუ იმ დარგს. თუ მთავრობა გადადგა, კაბინეტის მინისტრი უკვე აღარ არის მინისტრი. 1954 წლისათვის ინგლისში იყო 60-ზე მეტი მინისტრი და ოცამდე კაბინეტის მინისტრი. კაბინეტი შედგება მინისტრებისაგან და პრემიერ მინისტრისაგან, რომელიც მთავარი პასიხისმგებელი პირია კაბინეტში. კაბინეტი ინგლისში არის ოპერატიული ორგანო, რომელიც პასუხს აგებს, როგორც სახელმწიფოს საშინაო, ისე საგარეო მდგომარეობაზე. მთავრობა ინგლისელისათვის არის ისეთი ორგანო, რომელსაც აქვს რაღაც აბსტრაქტული აზრი და ეს აზრი არ იცვლება მთავრობის შემადგენლობის შეცვლის დროს. მეფე, რომელმაც უნდა გააკეთოს არჩევანი იმ პირზე, ვინც უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი და შეადგინოს მინისტრთა კაბინეტი, არა აქვს დიდი არჩევანი მთელი რიგი შეზღუდვების არსებობის გამო. ჩვეულებრივ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას თავაზობენ იმ პარტიის ლიდერს, რომელიც პარლამენტში უმრავლესობას წარმოადგენს. თუ უმრავლესობა არ არის, მაშინ მეფე უხმობს პარტიის ლიდერებს და იქმნება კოალიცია. თუ პრემიერ-მინისტრის გადადგომა გამოწვეულია პარლამენტში კენჭის ყრის შედეგად, მეფე კაბინეტის შექმნას ავალებს გამარჯვებული პარტიის ლიდერს. მეტად რთულია მეფის არჩევანი, როდესაც პარლამენტში არ არის გამოკვეთილი უმრავლესობა. ამ შემთხვევაში მეფემ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, თუ რომელ ლიდერს უნდა მისცეს წინადადება მთავრობის შექმნის შესახებ. როდესაც რამზეი მაკდონალდს 1924 წელს შესთავაზეს გამხდარიყო მთავრობის თავმჯდომარე, ლეიბორისტულ პარტიას არ ჰყავდა უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ ლიბერალების საკმაო რაოდენობამ მას მხარი დაუჭირა და ამგვარად შეიქმნა უმრავლესობა, ხოლო კონსერვატორები აღმოჩნდნენ უმცირესობაში. 1945 წლის არჩევნებში გაიმარჯვეს ლეიბორისტებმა. თვითონ ეს ფაქტი არ იყო ადვილი ასახსნელი. ინგლისმა კონსერვატიული პარტიის და მისი ცნობილი ლიდერის ჩერჩილის ხელმძღვანელობით მოიგეს ისტორიაში უდიდესი ომი და ინგლისი გადაარჩინეს დაღუპვას. ამ დროს ხალხის ასეთი არჩევანი. ვფიქრობ, რომ ინგლისელმა ხალხმა არ გააკეთა სწორი არჩევანი და ეს მალე გამოჩნდა, როდესაც ახალმა მთავრობამ ლეიბორისტ ეტლის ხელმძღვანელობით ჩაატარა ფართო რეფორმები ნაციონალიზაციის მიმართულებით, რამაც ინგლისის ეკონომიკა საგრძნობლად დასწია უკან. ინგლისის პრემიერ-მინისტრი ყოველთვის არის თავისი პარტიის ლიდერი, მაგრამ თუ ის არ არის ლიდერი, მაშინ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ის ავტომატურად ხდება ლიდერი. ასე მაგალითად, როდესაც 1922 წელს პრემიერ-მინისტრი ლოიდ ჯორჯი გადადგა, მეფემ მთავრობის ჩამოყალიბება შესთავაზა იმავე პარტიის წარმომადგენელს ბონარი ლოუს. ამ უკანასკნელმა წამოაყენა პირობა, რომ ის აერჩიათ კონსერვატიული პარტიის ლიდერად ლოიდ ჯორჯის მაგივრად. მისი თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და ბონარ ლოუ გახდა არამარტო პრემიერ-მინისტრი, არამედ კონსერვატორული პარტიის ლიდერი. იგივე მოხდა, როდესაც 1923 წელს გადადგა ლოუ და მთავრობის შედგენა დაევალა ბოლდუინს. ბოლდუინი ასევე გახდა კონსერვატორული პარტიის ლიდერი.
ინგლისში პრემიერ-მინისტრი ყველაზე ბევრჯერ იყო ინგლისელი, ექვსჯერ იყო შოტლანდიელი, სამჯერ ირლანდიელი, ერთხელ უელსელი, ერთხელ კანადელი და ერთხელ, იყო უცხოელი, კერძოდ, დიზრაილი, მაგრამ ის იყო დაბადებული ინგლისში. პრემიერ-მინისტრებიდან 25 იყო პერი ან პერის შვილი. 35 პრემიერი იყო უმაღლესი განათლებით, უმთავრესად ოქსფორდისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. პრემიერ-მინისტრების უმრავლესობამ პოლიტიკური საქმიანობა დაიწყო შედარებით ადრე 20-25 წლისამ, მაგრამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საშუალო ასაკი იყო 50 წელი. პრემიერ-მინისტრებს შორის, გარდა სალისბერისა, არ იყვნენ ძალიან შეძლებული პირები. ერთი საუკუნის წინ ლორდმა ბრიკმა გამოსცა წიგნი, სადაც აყენებდა საკითხს, რატომ არ ხდებიან დიდი ადამიანები პრეზიდენტები. ითვლება, რომ ინგლისის პრემიერ-მინისტრებიდან მარტო 9 პრემიერი ითვლებოდა დიდ ადამიანად. ესენი იყვნენ: პირველი პრემიერი უელჰოლი, შემდეგ ორივე პიტი, ჰილი, პალმერსტონი, დიზრაელი, გლადსტოუნი, ლოიდ ჯორჯი და უისტონ ჩერჩილი. აქედან, ჩემი აზრით, ლოიდ ჯორჯი უნდა დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, არა იმიტომ, რომ მოქმედებდა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ იმიტომ, რომ ვერ გაიგო ბოლშევიზმის საშიშროება.
პრემიერ-მინისტრი, კაბინეტის ჩამოყალიბების დროს უნდა ფიქრობდეს, რომ კაბინეტში შეიყვანოს სხვადასხვა სოციალური ფენის და რელიგიის წარმომადგენლები. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა მოექცეს პრემიერი საგარეო საქმეთა და კანცლერის თანამდებობებზე კანდიდატურის შერჩევას. პრემიერ-მინისტრს, როგორც წესი, არა აქვს ფართო არჩევანი, სამწუხაროდ, არის ბევრი შეზღუდვა. ერთ-ერთი შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ არჩევა უნდა მოხდეს თემთა პალატის წევრებიდან. როგორც წესი, პრემიერ-მინისტრი მინისტრების კანდიდატურებს არ უთანხმებს მეფეს, მაგრამ არის გამონაკლისებიც.
§ 3 საფრანგეთი
საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელმაც გამოიარა მონარქების, იმპერიების და დიქტატურის სხვადასხვა პერიოდები. ითვლება, რომ საფრანგეთის თანამედროვე ისტორია იწყება საფრანგეთის დიდი რევოლუციიდან. მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ლაპარაკია არა საერთოდ ისტორიაზე, არამედ თანამედროვე ისტორიაზე. დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია შედიოდა ალპების იქითა მდებარე გალების ქვეყანაში. ეს ქვეყანა შემოსაზღვრული იყო ხმელთაშუა ზღვით, პირინეის ქედით, ატლანტის ოკეანით, ლამანშით და მდინარე სენით. ქრისტეს დაბადებამდე პირველ საუკუნეში და ქრისტეს დაბადების შემდეგაც ეს ტერიტორიები დაიპყრეს რომაელებმა. ქრისტეს დაბადების შემდეგ მეხუთე საუკუნეში გალების ქვეყანაში დასახლდნენ ფრანკები და ალემანები, რომლებშიც დომინანტობდნენ გალები. VI საუკუნეში ფრანკებმა დაიპყრეს ბურგუნდია. საბოლოოდ საფრანგეთი, როგორც სახელმწიფო, ჩამოყალიბდა მე-9 საუკუნეში. საფრანგეთის პირველი მეფე იყო კარლოს II, რომელიც 877 წელს შეცვალა ლუდოვიკო მეორემ. დამკვიდრდა მონარქიული წყობა. საფრანგეთში მონარქია შეცვალა საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ. ამის შემდეგ საფრანგეთში გამოცხადდა რესპუბლიკა. ეს იყო პირველი რესპუბლიკა, რომელიც შეცვალა პირველმა იმპერიამ იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეთაურობით (1804-1814). ამის შემდეგ სახელმწიფოს სათავეში მოვიდა ისევ მონარქია (1814-1848). შემდეგი წყობა იყო მეორე რესპუბლიკა (1848-1852), შემდეგ მეორე იმპერია (1852-1870). 1871 წლიდან 1946 წლამდე საფრანგეთში იყო მესამე რესპუბლიკა. 1946 წლიდან 1958 წლამდე საფრანგეთში მეოთხე რესპუბლიკაა, ხოლო ამის შემდეგ მეხუთე რესპუბლიკა.
ცნობილმა ფრანგმა პოლიტიკოსმა კლემანსომ, რომელიც პრემიერ-მინისტრი იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, თქვა, რომ არსებობს ორი რამ, რაც მისთვის მიუღებელია, ეს არის პროსტატა და საფრანგეთის პრეზიდენტობა. სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. საქართველოში, მაგალითად, თითქმის ნებისმიერი პიროვნება დათანხმდება გახდეს რესპუბლიკის პრეზიდენტი და ერთი წუთითაც არ დაფიქრდება იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც სახელმწიფოს მეთაურს აკისრია და არც საქართველოს კეთილდღეობაზე. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა რუსეთში. მსგავს მდგომარეობას ადგილი აქვს განუვითარებელ ქვეყნებში. ნებისმიერი რევოლუცია არის ბრძოლა ძალაუფლებისათვის, ხოლო ხალხის კეთილდღეობა, რისთვისაც ვითომც რევოლუციონერები იღწვიან, თავისებური შირმაა ხალხის მოსატყუებლად გამოყენებული. საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც რევოლუციების შედეგია, არის სახელმწიფოს მეთაური და აქვს უმაღლესი პოლიტიკური ავტორიტეტი. იგი არის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო და საჰაერო შენაერთების. ის ხელმძღვანელობს ნაციონალური თავდაცვის კომიტეტს. პრეზიდენტი სესიის დროს ხელმძღვანელობს მინისტრთა საბჭოს და უმაღლეს საბჭოს. პრეზიდენტს შეუძლია მოითხოვოს პარლამენტის მიერ მიღებული ამა თუ იმ კანონის გადასინჯვა, მაგრამ პრეზიდენტს არა აქვს ვეტოს უფლება. საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევა არ ხდება ხალხის მიერ. პრეზიდენტს ირჩევს საფრანგეთის პარლამენტის ორი პალატა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით. პრეზიდენტის ამგვარი წესით არჩევას ადგილი ჰქონდა საფრანგეთის მესამე და მეოთხე რესპუბლიკების დროს. 1958 წელს დე გოლმა მიიღო ახალი კონსტიტუცია და ამით საფუძველი ჩაეყარა მეხუთე რესპუბლიკას. პრეზიდენტს ირჩევენ 7 წლის ვადით და მისი გადარჩევა შეიძლება ერთხელ. მეტად საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ინგლისელი პროფესორი მანრო თავის წიგნში “The Government of Europe”. მანროს აზრით “საფრანგეთში და ამერიკაშიც დიდი ადამიანების არჩევა ნაკლებად ხდება. ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ კლემანსო, გამბეტა და სხვები ვერ მოხვდნენ ელისეს სასახლეში. ასევე ვერ მოხვდნენ თეთრ სახლში ვებსტერნი, კლეო და სხვები. ორივე ქვეყანაში ამის მიზეზი ერთი და იგივე იყო, ძლიერი და ენერგიული, როგორც წესი, არ არის უკეთესი კანდიდატი. თუ ხარ აგრესიული და ძლიერი, გყავს ბევრი მოწინააღმდეგე. პარტიის ლიდერები უპირატესობას აძლევენ ისეთებს, რომლებიც არ არიან საშიში მოწინააღმდეგენი პირადად მათთვის, არ არიან მაინცდამაინც პრინციპულები და არ დგანან შეურყეველ პოზიციებზე”. სამწუხაროდ, ზუსტად იგივე მდგომარეობაა საქართეველოშიც.
საფრანგეთის მესამე და ნაწილობრივ მეოთხე რესპუბლიკაში პრეზიდენტის უფლებები შეზღუდული იყო, ისინი დაახლოებით იგივე ხასიათის იყო როგორც ინგლისის მეფის ან ამჟამინდელი გერმანიის პრეზიდენტის უფლებები. მეხუთე რესპუბლიკაში საფრანგეთის პრეზიდენტს გაცილებით მეტი უფლებები მიეცა. პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს და მინისტრებს, თავმჯდომარეობს მინისტრთა საბჭოს სხდომებს. პრეზიდენტის მოვალეობაა შეარჩიოს მაღალი თანამდებობის პირები და, მათ შორის, ელჩები, სახელმწიფოს მრჩეველები. მის ფუნქციებშია კანონების განახლება და გადასინჯვა, სანამ აღნიშნული კანონი არ გადაიგზავნება პარლამენტში. ზოგ შემთხვევაში, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო საბჭოს. იგი მოწოდებულია შეისწავლოს ამა თუ იმ კანონის შესატყვისობა ქვეყნის კონსტიტუციისადმი. პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს ნაციონალური ანსამბლეა. როგორც უკვე ითქვა, პრეზიდენტი ხელმძღვანელობს შეარაღებულ ძალებს. პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება. პრეზიდენტის ყოველი გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან. არსებული წესი აძლევს საშუალებას პრეზიდენტს, გახდეს დიქტატორი. რეალური აღმასრულებელი ძალა არის პრემიერ მინისტრისა და მისი კაბინეტის ხალში. მესამე რესპუბლიკამ, ისევე როგორც მეოთხემ და მეხუთემ, შეიტანა ცვლილებები პრეზიდენტის უფლებებში, პრეზიდენტს უკვე აღარ აქვს უფლება ნაციონალური ასამბლეის დაშლის. მესამე და მეოთხე რესპუბლიკის პრეზიდენტები, ისევე როგორც ინგლისის მეფეები, თავისებურად სიმბოლური მმართველები იყვნენ, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტებს უფრო დამოუკიდებელი ფუნქციები ჰქონდათ, ვიდრე ინგლისის მეფეებს. ასე მაგალითად, პრეზიდენტს შეეძლო აერჩია პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რაც ინგლისში არ ხდებოდა, მეფე არ ირჩევდა პრემიერს.
მინისტრებისა და სამინისტროების რაოდენობა საფრანგეთის რესპუბლიკაში არ არის დეტერმინირებული. უკვე იყო ნათქვამი, რომ პრეზიდენტი ნიშნავს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. პრეზიდენტი ნაციონალური ასამბლეის წარდგენით, ამტკიცებს მინისტრებს. მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელს ოფიციალურად არ ეწოდება პრემიერ-მინისტრი, არამედ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე. პრეზიდენტის მიერ დანიშნულ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს კენჭის ყრით ამტკიცებს ნაციონალური ასამბლეა. პრეზიდენტს არა აქვს დიდი თავისუფლება კანდიდატურის შერჩევის დროს, მაგრამ ის უფრო ნაკლებად არის შეზღუდული, ვიდრე ინგლისის მეფე. ინგლისში მეფემ სხვადასხვა თანამდებობის პირის დანიშვნაზე დასტურისათვის უნდა მიმართოს პარლამენტს, საფრანგეთში ამის საჭიროება არ არის. საფრანგეთის პრეზიდენტი არ ერევა დიდად პოლიტიკაში. საფრანგეთში არ არის აუცილებელი, რომ მინისტრი იყოს პარლამენტის წევრი, მაგრამ არც აკრძალვა არსებობს, როგორც ეს შეერთებულ შტატებშია. 1946 წლის კონსტიტუცია, ყოველ შემთხვევაში, ამაზე არაფერს ამბობს. პრაქტიკულად პრეზიდენტს, როგორც წესი, მიაჩნია, რომ უფრო უკეთესია თუ მინისტრი იქნება პარლამენტის წევრი. არის შემთხვევები, როდესაც სამხედრო ან სამხედრო-საზღვაო მინისტრად ნიშნავენ რომელიმე სამხედრო პირს. სამინისტროს მოცულობა არ არის წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული და ამ საკითხს პრეზიდენტი წყვეტს. პირველი მსოფილიო ომის დროს საფრანგეთში იყო მხოლოდ და მხოლოდ 12 სამინისტრო. 1918 წლის ბოლოსათვის სამინისტროების რიცხვი გაიზარდა 15-მდე. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს საფრანგეთში იყო 21 სამინისტრო. ესენი იყვნენ: საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და ფინანსების, საშინაო საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, შეიარაღების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტრანსპორტის და შრომის, კავშირგაბმულობის, ზღვისიქითა ტერიტორიების, ჯანმრთელობის, ვეტერანთა საქმის, კვების. კაბინეტში შედიოდნენ, აგერეთვე, უპორთველო მინისტრები, სამინისტროების რაოდენობა იცვლება პერმანენტულად. 1949 წელს იყო 18 სამინისტრო. ასევე ხშირად იცვლება სამინისტროს ფუნქციები, მაგრამ არა ყოველთვის. მაგალითად, საგარეო საქმეთა, შინაგან საქმეთა, იუსტიციის და ა. შ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი მეტად პრესტიჟულია. ის ახორციელებს და ხელმძღვანელობს სხვადასხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობებს. პრემიერ მინისტრი ხშირად სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრი ხდება. თუ საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ მინისტრი ერთი და იგივე პიროვნებაა, ის პასუხს მთლიანად აგებს საგარეო პოლიტიკაზე და ვერ გადააბარებს მათემატიკური ფუნქციებს ვინმე სხვას, ვთქვათ, მინისტრის მოადგილეს.
§ 4 გერმანია
გერმანია, ისევე როგორც იტალია, მე-19 საუკუნემდე უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალო გეოგრაფიული ცნება. ორივე ეს ქვეყანა ერთ დროს რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო. გერმანია იყო სამეფოების, სამთავროების, საჰერცოგოების, ეპარქიების კონგლომერატი. საერთოდ, გერმანია არ იყო არც წმინდა ეპარქიული, ვინაიდან ცალკეული სამთავრეობის სათავეში სამოქალაქო პირები იყვნენ, არც რომანული, ვინაიდან უფრო გერმანული ენა იყო გავრცელებული და, ბოლოს, არც იმპერია იყო, ვინაიდან არ არსებობდა ამ ცალკეული რეგიონების გაერთიანება, რაც იმპერიისათვის არის დამახასიათებელი.
ვოლტერის თანახმად, სახელმწიფო უნდა იყოს ან რელიგიური წყობის, ან რომანული, ან იმპერია. გერმანიის ისტორიაში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი 30 წლიანი ომის პერიოდი, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1618-1648 წლებში. ამ კონფლიქტში მთელი გერმანია იყო ჩარეული და ეს ომი, ფაქტობრივად, წარმოადგენდა პოლიტიკურ-რელიგიურ ბრძოლას, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით და დაუნდობლობით. ამ ომში მონაწილე ზოგიერთი არმია უფრო ბანდებს წააგავდა, ვიდრე რეგულარულ ჯარს. ადგილი ჰქონდა ქალაქების და სოფლების ძარცვა-გლეჯას და აწიოკებას. ომს შედეგად მოჰყვა შიმშილი და კანიბალიზმიც კი. მაშინ როდესაც საფრანგეთი და ინგლისი განვითარებისა და აღმავლობის გზაზე იდგნენ, გერმანიაში იყო ქაოსი. გერმანიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რეგიონები ავსტრია და პრუსია იყო. მალე პრუსიამ დაიწყო თავისი ტერიტორიის განვითარება და მოკლე ხანში გაუტოლდა ავსტრიას. პრუსიის მიერ მეზობელი ტერიტორიების შთანთქმა ხორციელდებოდა პრინც ჰოჰენცოლერების მიერ. ეს გვარი შემდგომში იყო გერმანიის სამეფო გვარი. სამეფო აბსოლუტიზმის ჩამოყალიბება გერმანიში დაუპირისპირდა სამოქალაქო სამსახურის განვითარებას. პრუსიის მეფეები არ ამბობდნენ უარს ექსპანსიურ პოლიტიკაზე. პრუსიის სახელმწიფოს ძირითადი დასაყრდენი ძალა იყო არმია. დიდი როლი პრუსიის განვითარებაში მიუძღვის იმპერატორ ფრიდრიხ დიდს. იმ ფრიდრიხს, რომელმაც თქვა, დასავლეთში მე ვარ, ხოლო აღმოსავლეთში ერეკლეო. გერმანიაში მეორე რაიხის პერიოდი გრძელდებოდა 1871 წლიდან ვიდრე 1918 წლამდე. ბოლოს და ბოლოს ხორცი შეისხა ბისმარკის ოცნებამ გერმანიის გაერთიანების შესახებ. პრუსიის თავკაცობით ჩამოყალიბდა გერმანიის იმპერია, რომელმაც გააერთიანა 25 სამეფო, საჰერცოგოებისა და პრინცების სამფლობელოების დიდი რაოდენობა. ამ გაერთიანებას სათავეში ედგა პრუსია. მეორე რაიხი იყო ფედერაცია. მას ჰქონდა კონსტიტუცია, რომლის თანახმად სახელმწიფოს მართვის ფუნქციები გაყოფილი იყო საიმპერიო და ცალკეულ რეგიონებს შორის. იმპერიის ხელში იყო საერთაშორისო ურთიერთობანი, საგარეო ვაჭრობა, არმია და ფლოტი, რკინიგზა, არაპირდაპირი გადასახადები, ფოსტა და ტელეგრაფი, ბანკები და ფინანსები, მრეწველობა და სხვ. გერმანიის სახელმწიფოს სათავეში იყო იმპერატორი. ამავე დროს ის იყო პრუსიის მეფეც. არ არსებობდა არც იმპერიის ტახტი, არც იმპერატორის ხელფასი, არც იმპერატორის სასახლე. იმპერატორის ხელფასი, სასახლე და ტახტი იყო პრუსიის მეფის სასახლე, ხელფასი და ტახტი. როგორც პრუსიის მეფე ის სამეფო სუვერენიტეტს ახორციელებდა იმპერიის სამ მეხუთედზე. როგორც იმპერატორი ის იყო სახელმწიფოს ორივე ნაწილის მეთაური. იმპერატორი იყო არმიის და ფლოტის ორგანიზატორი და მხედართმთავარი ომის დროს. იმპერატორის ფუნქციებში შედიოდა ელჩების დანიშვნა, უცხო ქვეყნის ელჩების მიღება, ყველა დიპლომატიური მოლაპარაკებების ხელმძღვანელობა. იმპერატორის ფუნქციები ისეთივე იყო, როგორც ამერიკის პრეზიდენტის ფუნქციები და უფლებები, მაგრამ იმპერატორს ჰქონდა მეტი უფლებები ვიდრე პრეზიდენტს, ვინაიდან იმპერატორი არ იყო შეზღუდული პარლამენტით. გერმანიის გაერთიანებაში და ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა გერმანიის პირველმა კანცლერმა ოტო ბისმარკმა. ბისმარკმა თავის დროზე მიიღო ბრწყინვალე განათლება და ადრე ეზიარა პოლიტიკურ მოღვაწეობას. “გერმანიის სახელმწიფო უნდა იყოს გაერთიანებული პრუსიის მეთაურობით” – ამბობდა ბისმარკი. ამისათვის ბისმარკი თვლიდა, რომ ავსტრია უნდა ჩამოსცილებოდა გერმანიას. ეს ნიშნავდა მძაფრ წინააღმდეგობებს. ცნობილი იყო, რომ მას პარლამენტი არ შეუწყობდა ხელს ამ საქმეში და ამიტომ პარლამენტი უნდა მიეტანათ მსხვერპლად გერმანიის გაერთიანების იდეისათვის, რასაც ბისმარკი ახორციელებდა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. 7 წლის განმავლობაში გერმანიამ შეძლო თავისი გავლენის გავრცელება დანიაზე, ავსტრიაზე, საფრანგეთზე. ბისმარკმა შექმნა კონფედერაცია და შემდეგ კი იმპერია. ბისმარკი შეუბრალებელი იყო თავისი ოპონენტების მიმართ. ოპონენტები მას მაკიაველს უწოდებდნენ.
ბისმარკი თვლიდა, რომ ერთი და იგივე დროს გერმანია არ შეიძლება ჩაბმული იყოს ორ ომში. ის უყვავებდა საფრანგეთს, როდესაც საქმე ჰქონდა ავსტრიასთან. ის ეფერებოდა ავსტრიას, როდესაც ურთიერთობა რთულდებოდა საფრანგეთთან. ბისმარკი მოუწოდებდა რუსეთთან მეგობრობისაკენ და ანტაგონისტურად იყო განწყობილი საფრანგეთის მიმართ. 1887 წელს გერმანიის იმპერატორი გახდა ვილჰელმ II. როგორც ეს ხშირად ხდება, ორმა ძლიერმა პიროვნებამ ვილჰელმმა და ბისმარკმა ერთად ვერ იარსებეს და ბისმარკი იძულებული იყო გადამდგარიყო. 1871 წლის კონსტიტუციის თანახმად გერმანიის პარლამენტი შედგებოდა ორი პალატისაგან: ბუნდესტაგი და რეიხსტაგი. ბუნდესტაგი შედგებოდა 55 წევრისაგან. რეიხსტაგი შედგებოდა 400 წევრისაგან. შემდგომში, მესამე რაიხის გერმანიაში პარლამენტის ფუნქციები მეტად შეზღუდული იყო.
პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიაში გამოცხადდა რესპუბლიკა, რომელიც ვეიმარის რესპუბლიკის სახელით არის ცნობილი. იმპერატორი ვილჰელმ II გადადგა და მან დატოვა გერმანიის ტერიტორია. ქვეყნის ხელმძღვანელი გახდა პრეზიდენტი, რომელიც მოსახლეობის მიერ ირჩეოდა პირდაპირი არჩევნებით 7 წლის ვადით. პრეზიდენტის უფლებები შეზღუდული იყო იმ მხრივ, რომ მის გადაწყვეტილებას უნდა დათანხმებოდა კანცლერი. განსაკუთრებულ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება ჰქონდა ემოქმედა დამოუკიდებლადაც. ვეიმარის რესპუბლიკის პერიოდი გერმანიაში ხასიათდებოდა დაბალი სტაბილურობით. ვეიმარის რესპუბლიკის დროს რეიხსტაგის წევრები ირჩეოდა ოთხი წლის ვადით, პროპორციული წარმომადგენლობის სისტემით, ერთი დეპუტატი – 60 000 ამომრჩეველზე. ვეიმარის რესპუბლიკამ ვერ მოახერხა სტაბილიზაციის მიღწევა. ქვეყნის ეკონომიკა იყო ძალიან დაბალ დონეზე. დიდი იყო უმუშევრობის რიცხვი. ამან სტიმული მისცა კომუნისტური პარტიის მკვეთრად გაძლიერებას, და ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ოციანი წლების ბოლოს გერმანიას ჰყავდა დიდი ავტორიტეტის მქონე პრეზიდენტი გენერალი ჰინდერბურგი. ოცდაათიანი წლების დასაწყისში წინა პლანზე წარმოდგა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური პარტია, რომლის სათავეში იყო ავსტრიელი ადოლფ ჰიტლერი, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, გაუნათლებელი კაცი, მაგრამ კარგი ორგანიზატორი. ჰიტლერმა წამოისროლა ლოზუნგები, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოუტანა გერმანელ ხალხში. ეს ლოზუნგები ეხებოდა ეკონომიკის აღორძინებას, უმუშევრობის მოსპობას, პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შედეგად არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, კერძოდ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, მძლავრი სამხედრო პოტენციალის შექმნას. უნდა ითქვას, რომ ეს არ იყო ადვილად გადასაჭრელი პრობლემები. ჰინდერბურგს არ უყვარდა ჰიტლერი და მერყეობდა, მაგრამ იგი დაარწმუნეს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის აუცილებლობაში. ჰიტლერმა ყველა დაპირებები შეასრულა. მკვეთრად გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკა, მოსპო უმუშევრობა, შექმნა მძლავრი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალები, გაცილებით უფრო ძლიერი ვიდრე გერმანიის პოტენციალური მოწინააღმდეგეების – საფრანგეთის და ინგლისის სამხედრო შენაერთები.
ჰიტლერი ხელისუფლების სათავეში მოვიდა კანონიერი არჩევნების გზით, თუმცა გარკვეულ პოლიტიკურ თამაშს მაინც ჰქონდა ადგილი. 1930 წელს ჰიტლერს ხმა მისცა 6,5 მილიონმა ამომრჩეველმა. ჰიტლერის პროგრამა შეიცავდა 25 პუნქტს და უმთავრესად მიმართული იყო საშუალო კლასის სასარგებლოდ. პროგრამა ითვალისწინებდა ვერსალის ზავის დენონსირებას და ბრძოლას კომუნისტური და სოციალისტური პარტიების, ებრაელებისა და დიდი ბიზნესის დომინანტების წინააღმდეგ.
პროგრამა მხარს უჭერდა წვრილი ვაჭრობის განვითარებას. იგი ითვალისწინებდა გერმანიის გადაიარაღებას, გერმანიის ყოფილი ტერიტორიების შემოერთებას და, აგრეთვე, იმ ტერიტორიების მიერთებას, რომლებიც სხვა სახელმწიფოებს ეკუთვნოდათ, მაგრამ იქ გერმანელები ცხოვრობდნენ. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა, აგრეთვე, ავსტრიის მიერთებას. ნაცისტებს სურდათ გერმანიის ყოფილი კოლონიების დაბრუნება. პროგრამის თანახმად გერმანიიდან უნდა გაძევებულიყვნენ უცხოელები, უნდა ჩატარებულიყო პრესის წმენდა, უნდა მნიშვნელოვნად გაძლიერებულიყო ცენტრალური ხელისუფლება. ჰიტლერის გადაწყვეტილებით გერმანიაში დემოკრატიული წყობა შეიცვალა დიქტატურით. რეიხსტაგიდან გამოყვანილ იქნა ყველა კომუნისტი დეპუტატი.
რეიხსტაგში ჰიტლერს მხარი დაუჭირა 441 დეპუტატმა, 91-ის წინააღმდეგ. ჰიტლერმა დაშალა ყველა პარტია ნაციონალ-სოციალისტური პარტიის გარდა. რეიხსტაგს, ფაქტობრივად, ჩამოერთვა ყველა უფლება და იგი გახდა საკრებულო, სადაც სიტყვით გამოდიოდა ჰიტლერი. პრეზიდენტი ჰინდერბურგი გარდაიცვალა 1934 წელს და მისი ფუნქციები ხელში აიღო ჰიტლერმა. ჰიტლერულ გერმანიაში არჩევნები არ გაუქმებულა, მაგრამ მას, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, ჰქონდა ფიქტიური და პროპაგანდისტული ხასიათი. საარჩევნო ბიულეტენში შეჰყავდათ მხოლოდ ჰიტლერი და მისი თანამებრძოლები ჰესი, ფრიკი, გერინგი, გებელსი. გერმანიის მთავრობის წევრებს ნიშნავდა პირადად ჰიტლერი. ჰიტლერი იშვიათად ხვდებოდა კაბინეტის წევრებს ერთად, იგი ცალ-ცალკე საუბრობდა მათთან. როგორც წესი, ჰიტლერს კონტაქტები ჰქონდა ე.წ. სუპერმინისტრებთან, მაგალითად, ჰიმლერთან, როემლიც ხელმძღვანელობდა შინაგან და იუსტიციის სამინისტროებს, პოლიციას; ფრანკთან, რომლის დაქვემდებარებაში იყო ეკონომიკის, კვების, სოფლის მეურნეობის და შრომის სამინისტროები; კეიტელთან, რომელიც ხელმძღვანელობდა გენერალურ შტაბს, არმიას, კავშირგაბმულობის სამინისტროს; გერინგთან, რომელიც ხელმძღვანელობდა საჰაერო ძალებს, მრეწველობას და სხვ. 1939 წელს დაიწყო მეორე მსოფლიო ომი გერმანიასა, ერთი მხრივ, და საფრანგეთსა და ინგლისს შორის, მეორე მხრივ. ომი დაიწყო გერმანიის აგრესიით პოლონეთის მიმართ. შემდეგში ამ ომში ჩაერთვნენ იტალია და იაპონია, საბჭოთა კავშირი და ამერიკა. თავდაპირველად გერმანიამ ამ ომში დიდ წარმატებებს მიაღწია. შემდგომში ომი გაჭიანურდა და სწორედ ამ გაჭიანურებამ ითამაშა ფატალური როლი გერმანიისათვის. გერმანიას არ ეყო არც ცოცხალი ძალას, არც მატერიალური რესურსები ხანგრძლივი ომის მოსაგებად. ამას დაემატა პირადად ჰიტლერის, როგორც მხედართმთავრის შეცდომები. ყოველივე ამის შედეგი იყო ის კატასტროფა, რომელიც გერმანიას დაატყდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შენაერთები იბრძოდნენ იშვიათი შემართებით და, მიუხედავად ოფიცერთა შემადგენლობის უმაღლესი კვალიფიკაციისა, ეს შემადგენლობა ერთი თავით მაღლა იდგა რუსეთის ოფიცრებსა და განსაკუთრებით გენერალიტეტთან შედარებით. ადმირალმა რედერმა ომის დასაწყისშივე თქვა: – “დღეს დაიწყო ომი ინგლისისა და საფრანგეთის წინააღმდეგ, ეს ომი ჩვენ არ უნდა დაგვეწყო, ფიურერის განცხადების თანახმად 1944 წლამდე. ფიურერი ბოლო წუთებამდე გვარწმუნებდა, რომ მისი აცილება შესაძლებელია, თუ კიდევაც მოგვიწევს პოლონეთის პრობლემის გადადება. რაც შეეხება ფლოტს, იგი არ არის აღჭურვილი იმდენად, რომ შესძლოს ომი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. წყალზედა ფლოტი იმდენად სუსტია, რომ მეზღვაურებს ისღა დარჩენიათ, გააკეთონ პატივით დაღუპვის დემონსტრირება”.
პირველ ხანებში გერმანიამ ომში დიდ წარმატებებს მიაღწია. შემდგომში, რუსეთზე შეტევის შემდეგ, გამოჩნდა გერმანიის მოუმზადებლობა ეწარმოებინა ომი სიცივისა და უგზოობის პირობებში. რაც მთავარია, გერმანიამ ვერ გაითვალისწინა სიძნელეები, დაკავშირებული დიდ ტერიტორიაზე ომის წარმოებასთან, რუსეთის ცოცხალი ძალის უდიდესი რესურსები და ამერიკის და ინგლისის ავიაციის მოქმედების მასშტაბები. ამას დაემატა მრავალი ტაქტიკური შეცდომა, რომლებზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
გერმანია გრძნობდა რუსეთთან ომის სირთულეს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ბისმარკი აფრთხილებდა მთავრობას, მაგრამ პოლონეთსა და რაც მთავარია საფრანგეთში, ინგლისსა, ნორვეგიასა, იუგოსლავიასა, საბერძნეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განხორციელებულმა ბრწყინვალე ოპერაციებმა ერთგვარი თვითდაჯერება შეიტანა გერმანიის უმაღლეს სარდლობაში.
რუსეთთან ომის დაწყების წინ მაინც გაკეთდა დემარში, რომლის მიზანი იყო ინგლისის გამოთიშვა ომიდან. ლაპარაკია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირის, ჰიტლერის მოადგილის ჰესის, გაფრენაზე ინგლისში რუსეთზე თავდასხმის წინ. ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული, მოქმედებდა ჰესი ჰიტლერის საიდუმლო დავალების თანახმად, თუ თავისი პირადი ინიციატივით. უფრო ლოგიკურია თუ ვიფიქრებთ, რომ ჰესი ასრულებდა ჰიტლერის ბრძანებას, მაგრამ ის რეაქცია, რაც ჰიტლერმა მისცა ამ მოვლენას, კერძოდ, მან უბრძანა გერინგს, არავითარ შემთხვევაში არ დაეშვა ჰესის ინგლისში ჩასვლა და ჩამოეგდოთ ჰესის თვითმფრინავი, ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება ჰესი, მართლაც, პირადი ინიციატივით მოქმედებდა. მოვლენები ასე განვითარდნენ: 1941 წლის 10 მაისს რუდოლფ ჰესი თვითმფრინავ მესერშმიდტ-110-ით გაფრინდა შოტლანდიის მიმართულებით. ვინაიდან ამინდი იყო ძალზე ცუდი, ბნელოდა, ჰესი არ იყო პროფესიონალი, ჰიტლერი იმედოვნებდა, და ის ამაში დაარწმუნეს პროფესიონალებმა, რომ ჰესი ვერ მიაღწევდა დანიშნულ ადგილამდე და დაიღუპებოდა. ასეთ მოსაზრებას მით უფრო ჰქონდა საფუძველი, რომ ინგლისში ასაფრენ ბილიკს არავინ გაანათებდა და ჰესი ვერ მოახერხებდა დაჯდომას. მან მოულოდნელად ნავიგაციის კარგი ცოდნა გამოამჟღავნა, მიაღწია მიზანს, კერძოდ, ჰერცოგ ჰამილტონის მამულს, და დაახლოებით ღამის 10 საათზე თვითმფრინავიდან პარაშუტით გადმოხტა ჰერცოგის მამულიდან 32 კილომეტრის დაშორებით. ჰერცოგ ჰამილტონს ჰესი იცნობდა 1936 წლიდან. ადვილი შესაძლებელია, რომ ჰესი, მართლაც, ინდივიდუალური და პირადი მოსაზრებებით მოქმედებდა. ბევრს ამის საბუთად მიაჩნიათ ის, რომ ომის დაწყების შემდეგ ჰესის პოზიციები რამდენადმე შეილახა. ჰესი სამხედრო პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობას არ ღებულობდა და ის, რაც ჰესმა გააკეთა, ზოგიერთის აზრით მისი ავტორიტეტის გაზრდის სურვილით იყო გამოწვეული. ჰესი ინგლისში არ მიიღო არც პრემიერ-მინისტრმა და არც საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰესი იქცეოდა საკმაოდ ქედმაღლურად. ის სრულიად დარწმუნებული იყო გერმანიის საბოლოო გამარჯვებაში. ჰესი ჰპირდებოდა ინგლისს, რომ ის დარჩებოდა ხელუხლებელი, მხოლოდ ინგლისი უნდა გამოსულიყო ომიდან. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ არ იყო ომში ჩათრეული, ჰესმა მიიღო მტკიცე უარი. ომის დამთავრებამდე ჰესი დარჩა ინგლისში და ომის დამთავრების შემდეგ ის პირდაპირ აღმოჩნდა ნიურენბერგის სასამართლოს საბრალდებულო სკამზე. სასმართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. იგი გარდაიცვალა ლანდსბერგის ციხეში.
მეორე მსოფლიო ომი გერმანიის სასტიკი დამარცხებით დამთავრდა. როგორც ცნობილია, ჰიტლერმა იმპერიის კანცელარიის ბუნკერში თავი მოიკლა, მაგრამ გერმანიისათვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა, თუ ის ამას გააკეთებდა უფრო ადრე, მანამ, სანამ საბჭოთა კავშირის სამხედრო შენაერთები პოლონეთში შევიდოდენ. ამის გამჭრიახობა მას არ ეყო. თუ ჰიტლერი მაგალითს იღებდა საბჭოთა კავშირისაგან, როდესაც მოსკოვთან და სტალინგრადთან საბჭოთა კავშირი უკანასკნელ ჯარისკაცამდე და უკანასკნელ ვაზნამდე განაგრძობდნენ ბრძოლას, ეს მაგალითი გერმანიას არ გამოადგებოდა, ვინაიდან, როგორც მალე გამოირკვა, რუსებს კიდევ ბევრი ჰყავდათ, როგორც არმიების შენაერთები, ასევე ბევრი ფქონდათ შეიარაღებაც, გერმანიის რეზერვები კი მართლა ამოწურული იყო. გარდა ამისა, სტალინგრადის აღმოსავლეთით უზარმაზარი ტერიტორია და მათ შორის მძლავრი ინდუსტრიული ურალი იყო. გერმანიის ზურგს 1945 წელს მოკავშირეები უტევდნენ და ტერიტორიებს ტერიტორიაზე იკავებდნენ. ჰიტლერის გადაწყვეტილება, ებრძოლა ბერლინში უკანასკნელ წუთამდე, ძირშივე მცდარი იყო. ბერლინში მომხდარ ფინალურ ბრძოლას ჩვენ ცოტა მოგვიანებით შევეხებით, როდესაც ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწეების პორტრეტებს განვიხილავთ.
§ 5 რუსეთი
სლავები მე-9 საუკუნეში გამოჩნდნენ რომის იმპერიის საზღვრებზე. პირველ ხანებში რუსებმა დაიკავეს რუსეთის სამხრეთ-დასავლეთი რაიონები. შემდგომში მათი გადაადგილება მოხდა ილმენის ტბასა და ვოლხოვის მიმართულებით. თავდაპირველად რუსეთის განვითარება ყალიბდებოდა ქ. ნოვგოროდსა და ქ. კიევში. კიევი აკავშირებდა მაშინდელ რუსეთს ბიზანტიასთან, საიდანაც რუსებმა მიიღეს ქრისტიანული სარწმუნოება. საშუალო საუკუნეების დასაწყისში რუსეთი დაიპყრო მონგოლებმა და ეს დაპყრობა გრძელდებოდა სამი საუკუნის განმავლობაში. შემდგომში რუსეთის მთავრებმა მნიშვნელოვნად გააფართოვეს თავისი იმპერია. ამაში მეთექვსმეტე საუკუნეში დიდი წვლილი შეიტანა იოანე მრისხანემ, რომლის დროსაც განხორციელდა ურალისა და ციმბირის დაპყრობა. რუსეთის იმპერიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პეტრე დიდმა. პეტრე დიდს ეკუთვნის “ფანჯრის” გაჭრის იდეა, რის შედეგადაც რუსეთში ფართო მასშტაბით შეაღწია ევროპულმა კულტურამ. რუსეთის სახელმწიფოს გაძლიერების მიზნით პეტრემ შექმნა მძლავრი არმია და საფუძველი ჩაუყარა სამხედრო საზღვაო ფლოტს. პეტრე დიდმა ცარიელ ადგილას, სადაც წინათ იყო გაუვალი ჭაობი, შექმნა ახალი ქალაქი, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს დედაქალაქი გახდა. ქალაქს ეწოდა პეტრეს ქალაქი. სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა რუსეთის საზოგადოების ელიტა. უნდა ითქვას, რომ რუსეთში დიდი განსხვავება იყო ამ ქვეყნის ინტელიგენციას, მაღალ წრეებსა და საზოგადოების დაბალ შრეებს შორის. ეს განსხვავება მნიშვნელოვნად შემცირდა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ აღნიშნული ინტელიგენციის და არისტოკრატიის ფენების განადგურების შედეგად. პეტრე დიდს კარგად ესმოდა ინდუსტრიალიზაციის მნიშვნელობა და დიდი გასაქანი მისცა მას. რუსეთის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშეს სხვა მონარქებმაც, როგორებიც იყვნენ ეკატერინე დიდი, ალექსანდრე I, ალექსანდრე II და სხვები. მეფე ნიკოლოზ I-ის დროს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და განდევნა იქიდან თურქები. რაც შეეხება კავკასიას, აქ რუსებს კარები გაუღო საქართველომ. ცნობილია, რომ ირანმა, თურქეთმა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა აიძულეს საქართველო წასულიყო თავისი დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, მიუხედავად იმისა, რომ თანახმად რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებისა საქართველო ინარჩუნებდა თავის სახელმწიფოებრივ სტრუქტურას. რუსეთი მოქმედებდა თავის სტილში, გააუქმა თავისივე ხელმოწერილი ხელშეკრულება და შექმნა თბილისის და ქუთაისის გუბერნიები. ყოველივე ამის შემდეგ კარგი დღე არც იმათ დაადგათ, ვისი მიზეზითაც საქართველომ დახმარებისათვის მიმართა რუსეთს: დაკარგეს თავისი ძლიერება თურქეთმა და ირანმა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიის ტომები, ისინი ვინც განუწყვეტელ თავდასხმებს აწყობდნენ საქართველოზე, ანექსირებულ იქნენ. თუ საქართველოს რუსეთთან მიერთების იურიდიულ მხარეს შევეხებით, დავინახავთ, რომ ხელშეკრულება, რომელიც დაიდო საქართველოსა და რუსეთს შორის, ბათილად უნდა ჩაითვალოს, ვინაიდან საქართველო მისთვის ძალიან მძიმე პირობებზე წავიდა იმიტომ, რომ რუსეთის რომელიმე მესამე ქვეყნის აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარება უნდა გაეწია საქართველოსათვის. აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო ქ. გეორგიევსკში და იგი დაირღვა, ვინაიდან, როდესაც ირანი თავს დაესხა საქართველოს, რუსეთმა მას არავითარი დახმარება არ გაუწია. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხელშეკრულებას არავითარი ძალა აღარ აქვს და დაარღვია ის თვით რუსეთმა. ირანს, თურქეთს და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს უფრო გონივრული და წინდახედული პოლიტიკა რომ ეხმარათ, მათ შეეძლოთ გაერთიანება საქართველოსთან და მაშინ რუსეთი, ალბათ, სტავროპოლისა და მოზდოკის უფრო სამხრეთით ვეღარ გადმოაბიჯებდა.
კავკასიის დაპყრობას მოჰყვა ყირიმის დაპყრობა. დასავლეთით, პოლტავის ბრძოლის შემდეგ, პოლონეთის შემოერთება. ჩრდილოეთით იგივე ბედი ეწია ფინეთს და ბალტიისპირეთის ქვეყნებს. რუსეთი გავიდა შავ ზღვაზე და უშუალო საფრთხე შეუქმნა სტამბოლს ანუ კონსტანტინოპოლს.
რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი იყო ბატონ-ყმობის გაუქმება, რაც განხორციელდა ალექსანდრე II-ის დროს. ეს მეფე იყო შედარებით ყველაზე უფრო დემოკრატიულად მოაზროვნე და სწორედ მის წინააღმდეგ განხორციელდა ტერორისტული აქტი.
1917 წელს რუსეთში მოხდა გადატრიალება, ხოლო 1917 წლის ნოემბერში ძალაუფლება ხელში აიღო ბოლშევიკურმა პარტიამ ლენინის ხელმძღვანელობით. ბოლშევიკების გამარჯვება რუსეთში შესაძლებელი გახდა იმ მოქნილი პოლიტიკის წყალობით, რომელსაც ახორციელებდა ამ პარტიის ბელადი ლენინი. მან წამოისროლა ლოზუნგები: “მიწა გლეხებს” და “ომის შეწყვეტა”. ორივე ლოზუნგმა დიდი როლი ითამაშა ფართო მასების დარაზმვის საქმეში. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა იყვნენ ღარიბი გლეხები და ჯარისკაცები. აქედან ცხადია ასეთი ლოზუნგების მნიშვნელობა. შემდგომში გლეხებმა არა თუ არ მიიღეს მიწა, არამედ რაც ჰქონდათ, ისიც დაკარგეს, ხოლო გერმანიასთან ომის მაგივრად, რომელიც ისედაც მთავრდებოდა, მიიღეს არანაკლებ სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი.
ლენინი სახელმწიფოს მართავდა სულ სამი-ოთხი წლის განმავლობაში. ბრძოლა ხელისუფლებისათვის დაიწყო ჯერ კიდევ ლენინის საცოცხლეში. სამოქალაქო ომის დროს დიდი ავტორიტეტი მოიპოვა ტროცკიმ. ლენინს არ მოეწონა ტროცკის ასეთი აღმაფრენა და გადაწყვიტა რამდენადმე დაემუხრუჭებინა ტროცკის ავტორიტეტის ზრდა. ამისათვის ლენინმა წინ წამოსწია მანამდე ერთგვარ ჩრდილში მყოფი სტალინი. არ გასულა დიდი ხანი და მან დაინახა, რომ სტალინი არ წარმოადგენდა უფრო ნაკლებ საშიშროებას, ვიდრე ტროცკი. ლენინმა გადაწყვიტა, სტალინი გაენთავისუფლებინა, მაგრამ ავად გახდა. ტროცკი თავის წიგნში “ი. სტალინი” ამტკიცებს, რომ სტალინმა მოწამლა ლენინი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო შეუპოვარი ბრძოლა ძალაუფლებისათვის.
ძალაუფლების ხელში აღება დაკავშირებული იყო გარკვეული ტაქტიკის და სტრატეგიის გამომუშავებასთან და შემდგომ მის ცხოვრებაში გატარებასთან. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლა ყველაზე ადვილი იყო ტროცკისათვის, რომელსაც ჰქონდა უფრო მეტი ავტორიტეტი, ვიდრე დანარჩენებს. ამის შემდეგ მოდიოდნენ ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი. ვინაიდან ტროცკი იყო უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა, ამიტომ ზინოვიევ-კამენევ-ბუხარინის გაერთიანებამ იერიში სწორედ მასზე მიიტანა. ამ გაერთიანებამ გადაწყვიტა გამოეყენებინა სტალინი. შემდეგში გამოირკვა, რომ გაერთიანებამ კი არ გამოიყენა სტალინი, არამედ სტალინმა გამოიყენა გაერთიანება. ცნობილი იყო ტროცკის პოზიცია: ზეინდუსტრიალიზაცია, გლეხობის შევიწროება და სამხედრო წესების შემოღება სოფელში, ე. წ. პერმანენტული რევოლუციის განხორციელება მთელ მსოფლიოში. ვინაიდან ზინოვიევ-კამენევ-ბუხარინ-სტალინის ამოცანა მდგომარეობდა ტროცკის დამხობაში, ამ გაერთიანებამ დაიკავა ტროცკის საწინააღმდეგო, შედარებით უფრო ლიბერალური, პოზიცია. არ არის გამორიცხული, ტროცკის რომ ჰქონოდა ლიბერალური პოზიცია, აღნიშნული გაერთიანება დაიკავებდა რადიკალურ კურს. ეს ნათლად გამოჩნდა შემდეგში, ტროცკის დამარცხების შემდეგ სტალინმა ზინოვიევისა და ბუხარინის უფრო ლიბერალურ კურსს დაუკავშირა რადიკალური კურსი, რომელშიც ბევრი იყო ნასესხები ტროცკის იდეებისაგან. გაერთიანებულმა ჯგუფმა გაიმარჯვა და შეძლო ტროცკის გადაგდება. უნდა ითქვას, რომ ამ გამარჯვებაში გარკვეული როლი ითამაშა თვითონ ტროცკიმ. ის იყო დარწმუნებული, რომ მის გარეშე ვერ შეძლებდნენ სახელმწიფოს მართვას, იქცეოდა პასიურად და ინდიფერენტულად იყო განწყობილი. პოლიტბიუროს სხდომებზე მოჰქონდა ფრანგული წიგნები და კითხულობდა ამ წიგნებს. თითქმის არ იღებდა მონაწილეობას მძაფრ დისკუსიებში, რომლებიც ხშირად მის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ტროცკის გადაგდების შემდეგ სტალინი შეუამხანაგდა რა ბუხარინს, ბრძოლა გააჩაღა ზინოვიევისა და კამენევის წინააღმდეგ. სტალინმა დიდი მუშაობა ჩაატარა ცენტრალური კომიტეტის და ადგილობრივი ორგანოების გადახალისების მიზნით, შეკრიბა რა თავისი ერთგული ხალხი. ამ პერიოდში მოვიდნენ ხელმძღვანელ ორგანოებში ვოროშილოვი, კაგანოვიჩი, მალენკოვი, ეჟოვი, ბულგანინი და სხვები, რომლებიიც უსაზღვროდ იყვნენ მადლიერნი და ერთგულნი ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის სტალინის. ზინოვიევ-კამენევის მოშორებას ხელმძღვანელი თანამდებობიდან ბევრი დრო არ დასჭირვებია და უფრო იოლი გამოდგა, ვიდრე ტროცკის განთავისუფლება. ხელისუფლებისათვის ბრძოლის შემდეგი ეტაპი იყო ბუხარინის ჩამოშორება. ამ ოპერაციის ჩატარება ძნელი აღარ იყო, ვინაიდან ლენინის გვარდია ამ დროისათვის მთლიანად იყო განადგურებული.
ყოფილი საბჭოთა კავშირის შექმნა და მოღვაწეობა დაკავშირებულია ორ მნიშვნელოვან პრობლემასთან. ეს არის ძალაუფლების ხელში აღება, სახელმწიფოს მართვა ძალაუფლების აღების შემდეგ და შესაბამისი პოლიტიკისშექმნა და ჩამოყალიბება, შემდგომში კი მისი განხორციელება. ძალაუფლების ხელში აღება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი იყო ოქტომბრის რევოლუციის შემდგომი პერიოდი ოციანი წლების ბოლომდე და მეორე – სტალინის მიერ ძალაუფლების ხელში აღება. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, დროებითი მთავრობის ჩამოგდება და ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში აღება უფრო იოლად განხორციელდა, ვიდრე სტალინის მოსვლა სახელმწიფოს სათავეში. უფრო იოლად არ ნიშნავს, რომ პირველი ეტაპი იყო ადვილი. როგორც ცნობილია, კრეისერ “ავრორა”-ს მიერ ერთადერთმა გასროლამ არავის არავითარი ზიანი არ მიაყენა სასახლეს. შემდგომში მეზღვაურთა მცირე რაზმმა აიღო ზამთრის სასახლე და დააპატიმრა დროებითი მთავრობა. არც ამას მოჰყოლია მსხვერპლი. ძალაუფლების განმტკიცების მიზნით ლენიინმა მიმართა ფართომასშტაბიან ტერორს. ამ მიზნით შეიქმნა ე. წ. საგანგებო კომისია (ჩეკა), რომლის სათავეში დადგა ნაციონალობით პოლონელი ძერჟინსკი. ამ ორგანიზაციამ ხელი მიყო რუსი ინტელიგენციისა და ოფიცრების ფიზიკურად განადგურებას. დასახული ამოცანა ლენინმა შეასრულა წარმატებით, მოსპო ყოველგვარი ფიქრი წინააღმდეგობაზე და გაანადგურა ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალი. სტალინის მიერ ძალაუფლების ხელში აღება უფრო დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სტალინს უნდა მოეცილებინა თავიდან ისინი, ვინაც ჩაატარა პირველი ეტაპი, და გაემტკიცებინა თავისი მდგომარეობა. ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად სტალინს არ გამოუყენებია რაიმე სიახლე. გამოიყენა იგივე ტერორი, რომელიც მიმართული იყო არა მარტო ინტელიგენციის, არამედ პარტიული და ადმინისტრაციული კადრების წინააღმდეგ. სტალინმა წმენდის მთელი სერია ჩაატარა. კულნიმაციამ მიაღწია 1936-1938 წლებში. ეს პერიოდი ეჟოვშჩინის სახელწოდებით არის ცნობილი. აღნიშნული წმენდის შედეგად განადგურდა არა მარტო ქვეყნის ინტილიგენცია, რომელიც გადაურჩა ლენინის რეპრესიებს, არამედ კომუნისტური პარტიის რიგები და მისი ელიტა. ასე, მაგალითად, 1934 წელს მე-17 პარტიულ ყრილობაზე არჩეული ცენტრალური კომიტეტის 71 წევრიდან დახვრიტეს 51 წევრი, ხოლო ცენტრალური კომიტეტის 68 წევრობის კანდიდატიდან დახვრეტილი იქნა 47 წევრობის კანდიდატი. იმისათვის, რომ ყოფილიყო რაღაც იურიდული საფუძველი, საჭირო იყო დამნაშავის პოვნა ჩადენილ დანაშაულში. აქ მარტო წამების გამოყენება დაკითხვების დროს თურმე არ იყო საკმარისი. ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ გატეხეს წამებით. მაშინ სტალინმა გამოიყენა სიახლე. კაცობრიობის ისტორიაში იყვნენ ისეთი პირები, რომლებსაც არ ეშინოდათ წამების და ეშაფოტზე ამაყად ადიოდნენ. სტალინმა მიაკვლია პატიმრის მიერ თუნდაც ცრუ ბრალდების აღიარების ახალ, მანამდე უცნობ საშუალებას. მხედველობაში გვაქვს ოჯახის წევრების, მეუღლის და შვილების რეპრესირება. როდესაც ცნობილი ტროცკისტი სმირნოვი ვერაფრით ვერ გატეხეს, მას ციხეში დაანახეს შვილი და დაემუქრნენ, რომ შვილს დახვრეტდნენ თუ სმირნოვი არ მოაწერდა ფალსიფიცირებულ დოკუმენტს ხელს. სმირნოვი მაშინვე დანებდა, ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან მოითხოვდნენ. ასევე არ აღიარებდა წაყენებულ ბრალდებას კამენევი. მას უთხრეს, რომ დააპატიმრებდნენ მის შვილს. კამენევმა უპასუხა, რომ ჩემი შვილი ხომ უკვე პატიმრობაში გყავთო. “ლაპარაკია მეორე შვილზე”, უთხრა გამომძიებელმა. “კი მაგრამ, ის ხომ 12 წლისაც არ არის”? “მაგას მნიშვნელობა არა აქვს”, უპასუხეს. კამენევმა ყველაფერი “აღიარა” და ზინოვიევიც დააჯერა, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.
თუ ძალაუფლების ხელში აღების საქმეში სტალინს არავითარი სიახლეები არ გამოუყენებია, მოქმედებდა ცნობილი და ტრივიალური მეთოდებით, რომლებიც ინტრიგებისა და მოწინააღმდეგეების ერთმანეთზე წაკიდების ხერხებზე იყო დამყარებული, შემდგომში, სახელმწიფოს მართვის საქმეში მან გამოიყენა ზოგიერთი სიახლე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სტალინი სკოლაში სწავლობდა, ბავშვებს ჩაუტარეს წერა თემაზე, თუ რატომ დაიღუპა იულიუს კეისარი. სტალინმა დაწერა, რომ იულიუს კეისარის დამარცხების მიზეზი იყო ის, რომ მან არ შექმნა პირადი ძალაუფლების აპარატი, რომელიც კონტროლს გაუწევდა სახელმწიფო აპარატს ანუ სენატს. ამ მიზნით სტალინმა შექმნა სრულიად უნიკალური მართვის სისტემა. ფაქტობრივად, ყველა ძალისმიერი სამინისტრო იყო მის უშუალო დაქვემდებარებაში. კონტროლს ახორციელებდა შუამავალი ორგანო, სტალინის პირადი მდივანი პოსკრებიშევი. იმისათვის, რომ პირად მდივანს ვერ გაებედა თავის თავზე უფრო მეტი უფლება აეღო, ვიდრე შუამავალის ფუნქციებში იყო, ამ თანამდებობაზე შერჩეული იყო სრულიად უნებისყოფო და უინიციატივო პირი. გარდა ამისა სტალინმა დააპატიმრა პოსკრებიშევის მეუღლე და ამით მას აჩვენა, რომ სულ მცირე ეჭვის შემთხვევაში ის მას გაანადგურებდა. ამბობენ, რომ მეუღლის დაპატიმრების შემდეგ პოსკრებიშევი, სტალინის კაბინეტის კარებიდან, მუხლებზე ხოხვით მივიდა მასთან და სთხოვა მეუღლის განთავისუფლება. სტალინმა ბოროტად დასცინა მას და უთხრა, რომ ახალ ცოლს გამონახავდა მისთვის. ცნობილია, რომ ომამდე და ომის პერიოდში სახელმწიფოში მეორე პირად ითვლებოდა მოლოტოვი. სტალინის პატივმოყვარეობა და ავტორიტეტი მოითხოვდა, რომ ის უნდა მდგარიყო როგორც ევერესტი, ხოლო ყველა დანარჩენები როგორც პატარა ბორცვები. ეს იყო იმის მიზეზი, რომ დაპატიმრებულ იქნა მოლოტოვის მეუღლე და მოლოტოვი თანდათან ჩამოსცილდა მართველთა პირველ რაზმს. ისიც უნდა ითქვას, რომ მოლოტოვის დაქვეითებაში გარკვეული როლი ითამაშა ინტრიგებმა, პირველ რიგში მალენკოვის და ბერიას მხრივ.
სტალინის მართვის სისტემა, ამგვარად, ძირითადად დამყარებული იყო ორ ფაქტორზე: უმკაცრესი ტერორის გამოყენებაზე და სპეციალურად შექმნილ მართვის სტრუქტურაზე, რომლის ძირითადი კვანძი იყო პირადი ძალაუფლების აპარატი.
სტალინმა კოლმეურნეობების შექმნით უდიდესი დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას და, რა თქმა უნდა, მოსახლეობას. კოლმეურნეობების სისტემის შექმნა ნასესხები იყო ტროცკის იდეებიდან, რომელიც ყოველთვის ილაშქრებდა გლეხების წინააღმდეგ და მოითხოვდა სოფლის მეურნეობის სამხედრო რელსებზე გადაყვანას.
სტალინმა შექმნა უმძლავრესი სამხედრო მრეწველობა, რამაც შესაძლებლობა მისცა განეხორციელებინა არმიის შეიარაღება თანამედროვე იარაღით. ცხადია, მრეწველობის დიდი მასშტაბებით გაზრდას სჭირდებოდა დიდი თანხები. საიდან უნდა გაეღო რუსეთს ამდენი თანხა, როდესაც სოფლის მეურნეობა ფაქტობრივად განადგურებული იყო, ხოლო სამოქალაქო მრეწველობა ვერ ქმნიდა ისეთ პროდუქციას, რომელიც შეიძლებოდა რეალიზებულიყო საზღვარგარეთ და ქვეყანას მიეღო ვალუტა. გამოსავალი მოინახა მონური შრომის ფართო მასშტაბებით გამოყენებაში. ეს მონური შრომა განხორციელდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნისა და, აგრეთვე, მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე. გარდა ამისა, დიდი გასაქანი მიეცა საგარეო ვაჭრობას. სარგებლობდნენ რა რუსეთის უდიდესი ბუნებრივი რესურსებით, საზღვარგარეთ გაჰქონდათ ნავთი, ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ოქრო, პლატინა, ალმასები, ხე-ტყე.
სტალინმა მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაზრდის მხრივ. მან მოულოდნელად დადო ხელშეკრულება გერმანიასთან, რის შედეგად დასავლეთის საზღვარმა გადაიწია რამოდენიმე ასეული კილომეტრით. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიასთან ომში. სტალინის სიკვდილის შემდეგ ფართო პროპაგანდა ჩატარდა, რომლის თანახმად თითქოს სტალინი არ იყო ღირსეული მხედათმთავარი და თითქოს ძირითადი დამსახურება გამარჯვებაში მიუძღვის მარშალ ჟუკოვს. ეს იგივეა თქვა, რომ ნაპოლეონის ომებში ძირითადი დამსახურება გამარჯვებებში მიუძღვის, ვთქვათ, ნეის ან დავუს. სტალინი იყო უმაღლესი მხედართმთავარი და ყველა მარცხზე და გამარჯვებაზე პასუხს ის აგებდა.
სტალინის სიკვდილის შემდეგ ხრუშჩოვმა ჩაატარა რეფორმების მთელი სერია. პირველ რიგში მან თავიდან მოიშორა სტალინის ძველი თანამებრძოლები ბერია, მალენკოვი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი და ფაქტობრივად ვოროშილოვიც. ხრუშჩოვმა მკაცრად გააკრიტიკა, არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელი თავისი კერპი, სტალინი. მან გამოუშვა ციხეებიდან და საკონცენტრაციო ბანაკებიდან ყოფილი პოლიტპატიმრები. გარდა ამისა, ხრუშჩოვმა მკვეთრად შეასუსტა უშიშროების კომიტეტი. ხრუშჩოვმა გაატარა ბინათმშენებლობის ფართო პროგრამა. საგარეო პოლიტიკის დარგში ხრუშჩოვი იქცეოდა როგორც ავანტიურისტი და მან ქვეყანა რამოდენიმეჯერ მიიყვანა ატომურ ომამდე. ოთხმოციანი წლების მიწურულში საბჭოთა კავშირში მოხდა მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა – დაიშალა საბჭოთა კავშირი და ყოფილმა რესპუბლიკებმა გამოაცხადეს თავი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
რუსეთი ყოველთვის იყო ცნობილი თავისი ინტელიგენციის მაღალი დონით და თავისი ექსპანსიური და დამპყრობელი პოლიტიკით. საკმარისია გავიხსენოთ მსოფლიო მასშტაბების კორიფეები დოსტოევსკი, ტოლსტოი, ბულგაკოვი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი, შოსტაკოვიჩი, ლომონოსოვი, მენდელეევი და განუწყვეტელი დაპყრობითი პოლიტიკა მთელი საუკუნეების მანძილზე.
II თავი. სახელმწიფოების გამოჩენილი ხელმძღვანელები
§ 1 იულიუს კეისარი
იულიუს კეისარი დაიბადა 100 წელს ქრისტეს დაბადებამდე. კეისარი იყო რომის პატრიცია. მიღებული ჰქონდა კარგი განათლება. მისი მასწავლებელი იყო ანტონიუს გრიფინი, რომში კარგად ცნობილი პიროვნება, ტრაქტატის “ლათინური ენის შესახებ” ავტორი. ახალგაზრდობაში იულიუს კეისარი იყო დემოკრატიული იდეების მიმდევარი. ის 17 წლის დაქორწინდა. იმპერატორ სულას არ მოეწონა ეს ქორწინება და უბრძანა კეისარს გაყროდა მეუღლეს, მაგრამ კეისარი ამ ბრძანებას არ დაემორჩილა, რამაც დიდი გაკვირვება გამოიწვია მაშინდელ საზოგადოებაში. დიქტატორმა კეისარი გააძევა რომიდან და გაგზავნა მოქმედ არმიაში, აზიაში. სულას სიკვდილის შემდეგ იულიუს კეისარი ბრუნდება რომში. შემდეგში იულიუს კეისარი მიემგზავრება კუნძულ როდოსზე მითრიდატესთან საომრად. ამის შემდეგ კეისარი ისევ ბრუნდება რომში და მხარს უჭერს პომპეუსა და კრასს. ეს ის კრასია, რომელმაც დაამარცხა სპარტაკი. 69 წელს კეისარს ირჩევენ კვესტორად. უნდა ითქვას, რომ იულიუს კეისარი გამოირჩეოდა თავისი მჭევრმეტყველებით. კეისარმა ამ პერიოდში შეძლო დიდი ავტორიტეტის მოპოვება. რომის სენატი ეწინააღმდეგებოდა კეისარს და ყველა საშუალებებით ებრძოდა მას. თავის მხრივ იულიუს კეისარი ყველა ღონეს ხმარობდა კონსულად გაეყვანა კატილინა, ის კატილინა, რომელსაც ციცერონმა უთხრა: – “კატილინა! როდემდე უნდა ისარგებლო შენ ჩვენი მოთმინებით?” არჩევნებისათვის ბრძოლაში იმ ხანებში ფართოდ იყენებდნენ სააგიტაციო კამპანიას და მოსყიდვას. სენატმა ომი გამოუცხადა კეისარს და დაადანაშაულა ის მკვლელობებში. კეისარმა მოახერხა პროცესის გახანგრძლივება. მალე კატილინამ განიცადა სასტიკი დამარცხება, მაგრამ ცოტა უფრო ადრე კეისარი და კრასი გადაუდგნენ მას. შემდგომში იულიუს კეისარი ისევ მონაწილეა ესპანეთის ომებში, რათა მოიხვეჭოს როგორც სახელი, ისე ფული. ამის შემდეგ კეისარი ტრიუმფით ბრუნდენა რომში, სადაც მას ელის კონსულის თანამდებობა. ახალი კონსულის პირველი ნაბიჯები მიმართული იყო სენატის გავლენის შემცირებისაკენ. რომში ამ დროს ხელისუფლების სათავეში იყო ტრიუმვირატი, რომელშიც შედიოდნენ პომპეუსი, კრასი და კეისარი. რომის იმპერია დაყოფილი იყო გავლენის რეგიონებად და კეისრის მფარველობის ქვეშ იყო გალი, დღევანდელი საფრანგეთი. რომაელებს მოუხდათ საომარი ოპერაციების ჩატარება გალის წინააღმდეგ და ამ ოპერაციებს იულიუს კეისარი ხელმძღვანელობდა. ოპერაციები დამთავრდა რომაელთა ბრწყინვალე გამარჯვებით, რამაც დიდი სახელი და დიდება მოუტანა იულიუს კეისარს. შემდგომში უთანხმოებანი ჩამოვარდა პომპეუსსა და იულიუს კეისარს შორის, რომელიც სამხედრო შეტაკებებში გადავიდა პომპეუსის მომხრე ჯარებსა და იმ ლეგიონებს შორის, რომლებიც იულიუს კეისარს უჭერდნენ მხარს. აღნიშნული შეტაკებები მიმდინარეობდა გარდამავალი უპირატესობით და საბოლოოდ დამთავრდა კეისრის სრული გამარჯვებით. პომპეუსი გაიქცა ეგვიპტეში და იქ იქნა მოკლული. პომპეუსის და კეისრის დამოკიდებულება კლასიკური მაგალითია ორი, ხელისუფლებაზე პრეტენზიის მქონე მოღვაწის ურთიერთობის.
თავდაპირველად ალიანსი, ხოლო შემდეგ მოსისხლე მტრად გადაქცევა. ხდება ხოლმე პირიქითაც, თავდაპირველად მტრობა და შემდეგ კი დამეგობრება და საბოლოოდ კი ისევ მტრობა, ვინაიდან სახელმწიფოს ლიდერი აუცილებლად ერთი პიროვნება უნდა იყოს.
იულიუს კეისარმა ანალიზი ჩაატარა და დაადგინა რომის იმპერიის დასუსტების მიზეზები. კეისარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რომის იმპერია არ არის მდგრადი სახელმწიფო და ნაწილობრივ უძლურიც კია. ადგილი აქვს ხელისუფლების პირთა წოდებრივ წინააღმდეგობებს. კეისარმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ღონისძიებები ძალაუფლების ცენტრალიზაციისათვის სენატის როლისა და პრესტიჟის დაკნინების ხარჯზე. კეისარი, როგორც უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, თითქოს არ იყო ერთპიროვნული მართვის მომხრე, პირიქით, ემხრობოდა ძალაუფლების განაწილებას და კოლეგიალობას მართვის საკითხებში. სინამდვილეში, პომპეუსის სიკვდილის შემდეგ კეისარი გახდა ერთმმართველი. სენატის როლი მნიშვნელოვნად შემცირდა. ფაქტობრივად კეისარი გახდა დიქტატორი, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის დასაწყისში ის თითქოს დემოკრატი იყო. შემდგომში კეისარი ოფიციალურად, 10 წლით, იყო არჩეული დიქტატორად, განუსაზღვრელი უფლებებით. ესპანეთის ომის დროს (44 წელი ქრისტეს დაბადებამდე) კეისარი არჩეულ იქნა დიქტატორად მთელი სიცოცხლის მანძილზე. კეისარის მთავარი იდეა იყო ძლიერი და მთლიანი სახელმწიფოს შექმნა. კეისარი ცდილობდა რომის იმპერიის საზღვრების რაც შეიძლება მეტად გაფართოებას. კაცობრიობის არსებობის მანძილზე მტრის ჯარისკაცმა ერთადერთხელ დადგა ნაბიჯი ინგლისში და ეს იყო კეისრის ლეგიონები. კეისარმა უამრავი გამარჯვება მოიპოვა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსაველთში. აღმოსავლეთში კეისარს თვლიდნენ ალექსანდრე მაკედონელის მემკვიდრედ.
კეისარმა ბევრი გააკეთა, რომ მოესპო განსხვავება მოქალაქესა და პროვინციელ მონას შორის. უნდოდა დაეახლოვებინა ერთმანეთთან სხვადასხვა ნაციონალობის მქონე პირები. კეისარი ცდილობდა მოეწესრიგებინა სახელმწიფო აპარატის მუშაობა. ეს განზრახვები იყო ჩადებული კეისრის რეფორმებში, რომლებსაც კეისარი საკმაოდ სწრაფად ატარებდა ცხოვრებაში. კეისრის პოლიტიკა კეთილი იყო მოწინააღმდეგეების მიმართ და ის მისწრაფება, რომ სახელმწიფოს ცხოვრებაში ჩაერთო უკლებლივ ყველა, მისი დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
§ 2 მაქსიმილიან რობესპიერი
საყოველთაოდ არის ცნობილი პიროვნების როლი სახელმწიფოს მართვის საქმეში. ტოტალური სახელმწიფოს შემთხვევაში სახელმწიფოს და ხალხის ბედი მთლიანად არის დამოკიდებული სახელმწიფოს მეთაურის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, ცოდნაზე, მორალზე.
ცნობილი ფრანგი რევოლუციონერი და შემდგომში სახელმწიფოს მეთაური მაქსიმილიან რობესპიერი დაიბადა 1758 წელს. რობესპიერების გვარი ირლანდიური წარმოშობისაა. რობესპიერი იყო ინტილიგენციის წარმომადგენელი, მამა იყო ვექილი. რობესპიერი იზრდებოდა მონტესკიეს და რუსოს იდეებზე. შემდგომში რობესპიერმა დაიკავა რადიკალური პოზიცია. მან თანდათან სულ უფრო მეტი და მეტი გავლენა და ავტორიტეტი მოიპოვა იაკობინელთა პარტიაში. 1790 წელს საფრანგეთის მეფემ ლუი XVI სცადა გაქცეულიყო საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ცდა წარუმატებლად დასრულდა. რობესპიერმა ამაში დაინახა შეთქმულება ხალხის და რევულუციის წინააღმდეგ. “სიმართლე, თავისუფლება და საზოგადოება” იყო რობესპიერის ლოზუნგი იმ ხანაში. ამ სიტყვებმა აღფრთოვანებაში მოიყვანა მისი მეგობარი კამილ დემულენი, რომელმაც თქვა: “ჩვენ ყველა მოვკვდებით შენთან ერთად”. მათ ერთად სიკვდილი არ ეწერათ, რობესპიერმა თავისი ხელით გაგზავნა კამილ დემულენი გილიოტინაზე. რობესპიერი ითვლება სახელმწიფოს მართვის საქმეში ტერორის ერთ-ერთ მამამთავრად. ლაპარაკია მასობრივ ტერორზე და არა ერთი თუ ორი პირის დასჯაზე, რასაც ხშირად იყენებდნენ რობესპიერამდე სხვა სახელმწიფო ლიდერები. რობესპიერი იყო შეუბრალებელი დესპოტი და, როგორც ირკვევა, ამასთანავე საკმაოდ მხდალიც. ამ მხრივ ის არ ჰგავდა არც სტალინს და არც ჰიტლერს, რომლებსაც უსათუოდ ახასიათებდათ პირადი გაბედულება და უშიშროება. ზოგიერთები სტალინს მხდალ პიროვნებად თვლიან. აქ უნდა განვასხვავოთ სიმხდალე სიფრთხილისაგან. სტალინი მხდალი არასოდეს ყოფილა. რობესპიერის სიმხდალეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მარსის მოედანზე მომხდარი ბუნტის დროს, როგორც იმდროინდელი მემატიანე აღნიშნავს, ის კანკალებდა, ვინაიდან მისი სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ის იმალებოდა ერთ-ერთი იაკობინელის ბინაზე.
1792 წელს რობესპიერი სიტყვით გამოვიდა იაკობინელთა კლუბში, სადაც მან ჩამოაყალიბა ტერორის პროგრამა. რობესპიერი თვლიდა, რომ სამშობლოს წინაშე ვალი და ტირანების მიმართ სიძულვილი უფრო მაღლა უნდა იდგეს, ვიდრე კაცთმოყვარეობა. რობესპიერი ლაპარაკობდა სიძულვილზე ტირანების მიმართ, მაშინ, როდესაც რობესპიერის მსგავსი ტირანი ისტორიაში ბევრი არ მოიძებნებოდა. ყოველივე ეს ძალიან ჰგავს ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც აშკარად ქურდი და მექრთამე გამოდის ტელევიზიით და მოუწოდებს ყველას კორუმპირებული ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ და პირობას იძლევა, რომ არ დაზოგავს თავის ძალ-ღონეს, რათა მოისპოს მაფია, მექრთამეობა და სრული წესრიგი დამყარდეს.
1793 წლის 2 ივლისიდან საფრანგეთში დამკვიდრდა ტერორი. საგანგებოდ შექმნილ საზოგადოების ხსნის კომიტეტში მთავარი ფიგურა გახდა რობესპიერი. რობესპიერი მოუწოდებდა დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადებინათ მწერლებისადმი, როგორც “სამშობლის უბოროტესი მტრებისადმი”. რობესპიერი ამბობდა, რომ მთლიანად უნდა გაეჟლიტათ მესამე წოდება. რობესპიერმა მოაწერა ხელი ქ. ლიონის მოსახლეობის გაჟლეტის დეკრეტს. ამ განკარგულების შესასრულებლად ლიონში გაიგზავნა ცნობილი ჟოზეფ ფუშე. ფუშემ ლიონში გამოიგონა “სიახლე”: მოსახლეობას ხვრეტდნენ მასობრივად, ქვემეხების გამოყენებით. ფუშე ამტკიცებდა, რომ ეს უფრო რაციონალური იყო, ვინაიდან დროის გარკვეულ ინტერვალში უფრო მეტი რაოდენობის ხალხის დახვრეტა იყო შესაძლებელი. რობესპიერი, ისევე როგორც სტალინი, უპირველეს ამოცანად ისახავდა პირადი ხელისუფლების შენარჩუნებას და გამტკიცებას. რობესპიერის მიერ გაჩაღებული ტერორი სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იღებდა. 1794 წელს გილიოტინაზე აიყვანეს ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ დანტონი, კამილ დემულენი, ლაკრუა, ცნობილი გენერალი ვესტერმანი. რობესპიერზე განხორციელებული იყო უშედეგო ტერორისტული თავდასხმა. ამის შემდეგ რობესპიერმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ყველა მოქალაქე ვალდებული იყო ემხილა შეთქმულნი და ეცნობებინა ამის შესახებ ხელისუფლებისათვის. ეს იდეა წარმატებით იქნა განხორციელებული მეოცე საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში.
რობესპიერმა თავისი ცხოვება ისე დაამთავრა, როგორც ბევრმა ტირანმა, ის ავიდა გილიოტინაზე. რობესპიერში ცოტა რამ იყო შემოქმედებითი, ისევე როგორც სტალინში. რობესპიერი ცხოვრობდა სხვისი იდეებით. აქაც შეიძლება პარალელი იყოს გატარებული სტალინთან. რობესპიერი იყო ჩაკეტილი პიროვნება, მას არავინ უყვარდა და არც პატივს სცემდა ვინმეს.
§ 3 ნაპოლეონ ბონაპარტი
1797 წლის 10 დეემბერს გენერალი ბონაპარტი პარიზში დაბრუნდა. მან შესანიშნავი სამხედრო ოპერაციები ჩაატარა იტალიაში. ამას მოჰყვა არანაკლებ ბრწყინვალე სხვა გამარჯვებებიც. 1802 წელს ნაპოლეონმა თავისი თავი გამოაცხადა პირველ კონსულად და ქვეყნის ძალაუფლება ხელში აიღო. ორი წლის შემდეგ ნაპოლეონი გახდა საფრანგეთის იმპერატორი. საფრანგეთმა საკმაოდ სწრაფად გაიარა გზა: ბურბონების დინასტია, რევოლუციის პერიოდი და რესპუბლიკა, ბონაპარტის იმპერია. ნაპოლეონმა, როგორც კონსულმა და როგორც იმპერატორმა, მთელი რიგი რეორგანიზაციები განახორციელა. ძალაუფლებას ნაპოლეონმა თავი მოუყარა მხოლოდ და მხოლოდ თავის ხელში. მას ჰქონდა გაცილებით მეტი უფლებები, ვიდრე ბურბონებს. ნაპოლეონმა სრულყოფილი გახადა სახელმწიფოს მართვის სტრუქტურა. მან გამოაცოცხლა თავად-აზნაურობის ფენა და შექმნა ახალი კლასი, რომელიც მხარს უჭერდა მას. ნაპოლეონის დიდ დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ მოახერხა სხვადასხვა კანონების შერწყმა და კომპილაცია და სისტემაში მოიყვანა იურიდიული პროცედურა. ეს კანონები დღესაც ძალშია საფრანგეთში. ნაპოლეონი ამაყობდა თავისი რეფორმებით. წმ. ელენეს კუნძულზე ყოფნის დროს ის ამბობდა, რომ მისი მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად, რომელსაც მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა, მიაჩნდა სწორედ ეს რეფორმები. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ ნაპოლეონმა სისხლისღვრისა და გაჭირვებების სერიების გარდა სასარგებლო საქმეც ბევრი გააკეთა. “ჩემმა კანონებმა უფრო მეტი სიკეთე მოუტანა საფრანგეთის ხალხს, ვიდრე ყველა იმ მიღებულმა კანონმდებლობებმა, რომლებიც ჩემამდე განხორციელდა” – ამბობდა ნაპოლეონი. ნაპოლეონის კოდექსმა შეაღწია სხვა ქვეყნების კანონმდებლობაშიც. სამოქალაქო კანონმდებლობის ამჟამინდელი სისტემა, რომელიც მოქმედებს იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში და ლათინური ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში, დამყარებულია ნაპოლეონის კანონმდებლობაზე. უნდა ითქვას, რომ ნაპოლეონმა ბევრი რამ აიღო ძველი რომის სამოქალაქო კოდექსისაგან. “იურიდიული დებულება არა მარტო ხელს უწყობს შემწყნარებლობას, არამედ მის ორგანიზებასაც ახდენს. შემწყნარებლობა ადამიანის უდიდესი პრივილეგიაა” – ამბობდა ნაპოლეონი. ამას კი ამბობდა ძლევამოსილი იმპერატორი, მაგრამ თავის პირად მოღვაწეობაში სწორედ დიამეტრალურად საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. მარტო ის რად ღირს, რომ მისი პირადი ბრძანებით მოკლულ იქნა ენგიენის ჰერცოგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა კაცი, რომელიც არ ცხოვრობდა საფრანგეთში და არა მარტო ნაპოლეონის წინააღმდეგ, არამედ საერთოდ არ ეწეოდა არავითარ პოლიტიკურ მოღვაწეობას. იმდროინდელი საზოგადოება აღშფოთებული იყო ნაპოლეონის ამ აქტით. როდესაც ტალეირანს უთხრეს, რომ ჰერცოგის მკვლელობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ბოროტება, ნაპოლეონის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა ცნობილი ფრაზით: “უფრო მეტიც, ეს იყო სისულელე”.
ნაპოლეონი იყო არა მარტო გენიალური მხედართმთავარი, რომელმაც ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მრავალ ბრძოლაში, როგორიც იყო: მარენგოსთან, ვაგრამთან, აუსტერლიცთან, იენასთან და სხვა, არამედ ის დიდ ინტერესს იჩენდა მეცნიერებისადმი და ხშირად ჰქონდა საუბრები ცნობილ მეცნიერებთან.
ნაპოლეონი არ უშინდებოდა საიხლეების შემოღებას. ის იყო ყოველი მიმართულების მიმდევარი, თუ ეს მიმართულება საჭირო იყო და შეიძლებოდა მისი გარკვეული აზრით გამოყენება. აქ უნდა გავიხსენოთ ბულვერ ლაიტონის აფორიზმი: “ადამიანის ხელში კალამი უფრო მძლავრი საშუალებაა, ვიდრე მახვილი”.
ნაპოლეონი არ იყო დემოკრატი. მას არ სჯეროდა კონსტიტუციური წყობის. ის ამბობდა: “კონსტიტუცია უნდა იყო რაც შეიძლება მოკლე და რაც შეიძლება გაუგებარი”. 1799 წელს მან საერთოდ გააუქმა კონსტიტუცია და ძალაუფლება ერთპიროვნულად აიღო ხელში.
ნაპოლეონისდროინდელი საფრანგეთი გამოირჩეოდა თავისი ბრწყინვალებით და ფუფუნებით სამეფო კარზე. ეს სიმდიდრე შექმნილი იყო არა ფრანგი ხალხის მიერ, არამედ სხვა ქვეყნების ძარცვით. ამ მხრივ ნაპოლეონმა გადააჭარბა რომის იმპერატორებსაც კი. დიდებულები, მეფეები, დედოფლები, ჰერცოგები, მარკიზები, ბარონები და სხვანი ცურავდნენ სიმდიდრეში. არ შეიძლება არ ითქვას ნაპოლეონის ისეთ თვისებებზე, როგორიცაა პირადი მიმზიდველობა და დიდი ავტორიტეტი. როდესაც ნაპოლეონი კუნძულ ელბიდან არალეგალურედ დაბრუნდა საფრანგეთში, მის დასაპატიმრებლად გაიგზავნა ჯარის ერთ-ერთი ქვეგანაყოფი. ნაპოლეონმა გაიღეღა გულმკერდი და წამოიძახა: – “ესროლეთ თქვენს იმპერატორს”, პასუხმა არ დააყოვნა: – “გაუმარჯოს იმპერატორს”. ნაპოლეონი პარიზში ტრიუმფით შევიდა.
იმისათვის, რომ გარკვეული შეფასება მივცეთ ინტრიგებს და ფარულ ბრძოლებს, რომელიც სამეფო კარზე მიმდინარეობდა, დავუბრუნდეთ ენგიენის ჰერცოგის დასჯის ისტორიას. საგარეო საქმეთა მინისტრმა ტალეირანმა, სწორედ იმან, ვინც შემდგომში უარყოფითად შეაფასა ენგიენის ჰერცოგის დასჯა, უთხრა ნაპოლეონს, რომ ბადენის ტერიტორიაზე მცხოვრები, ბურბონების წარმომადგენელი ენგიენის ჰერცოგი ხელმძღვანელობს შეთქმულებას, რომლის მიზანია ნაპოლეონის მოშორება. ტალეირანმა ურჩია ნაპოლეონს დაევალებინა სასაზღვრო ჟანდარმერიის უფროსისათვის, გენერალ კოლენკურისათვის, გაეგზავნა ჟანდარმები, შეეპყროთ ჰერცოგი და ჩამოეყვანათ საფრანგეთში. ეს გეგმა განხორციელდა, ენგიენის ჰერცოგი, სრულიად უდანაშაულო პიროვნება, დახვრიტეს. ნაპოლეონს არ უყვარდა თავის მიერ ჩადენილი მოქმედების სხვაზე გადაბრალება. კარგა ხნის შემდეგ, როდესაც გაბრაზებული იყო ტალეირანზე, ნაპოლეონმა თქვა: – “ვინ შემატყობინა მე მისი ადგილსამყოფი? ვინ მირჩია სასტიკად გავსწორებოდი მას?” ტალეირანმა ვერაფერი უპასუხა. წმ. ელენეს კუნძულზე ნაპოლეონმა ერთხელ თქვა: – “მინისტრები მოითხოვდნენ ჰერცოგის დაპატიმრებას. მე ვყოყმანობდი. თავადმა ბენევენტსკიმ ორჯერ მომიტანა ბრძანების პროექტი და მოითხოვდა, რომ ხელი მომეწერა, ამბობენ, ახალი დინასტია ვერ იქნება მყარი, თუ თუნდაც ერთი ბურბონი იარსებებს”. ენგიენის ჰერცოგმა სიკვდილის წინ წერილი მისწერა ნაპოლეონს. ითვლება, რომ ეს წერილი თავის დროზე რომ მისვლოდა ნაპოლეონს, ის შეიწყალებდა ჰერცოგს, მაგრამ წერილი შეაყოვნა ტალეირანმა. რატომ გააკეთა ეს? ამისათვის არსებობდა რამოდენიმე მიზეზი, რომელთა შორის მთავარი იყო ნაპოლეონის დისკრიმინაცია და მისი ავტორიტეტის დაცემა. მსგავსი მოქმედებები ბევრი ჩატარებულა სახელმწიფოს მმართველობის კარზე მანამდეც და მას შემდეგაც. ანალოგიური საქმიანობას ადგილი აქვს დღესაც.
ვატერლოოს ბრძოლამ ბოლო მოუღო ნაპოლეონის მოღვაწეობას. ის დაამარცხეს ინგლისისა და პრუსიის ჯარებმა ველინგტონის და ბლიუხერის სარდლობით. ნაპოლეონი გადაასახლეს წმ. ელენეს კუნძულზე, სადაც მან დაასრულა თავისი სიცოცხლე.
§ 4 უინსტონ ჩერჩილი
ჩერჩილის დევიზი იყო: ომში – გაბედულება, დამარცხებაში – სიმამაცე, გამარჯვებაში – სულგრძელობა, მშვიდობის დროს – კეთილი ნება.
უინსტონ ჩერჩილი დაიბადა 1874 წელს. თავისი კარიერა დაიწყო ოფიცრის ამპლუაში. ჩერჩილმა მიიღო ძალიან კარგი საერთო განათლება. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩერჩილს ეკავა სამხედრო საზღვაო მინისტრის პოსტი. ჩერჩილი ინგლისის მთავრობის მეთაური გახდა რთულ პერიოდში, როდესაც პრემიერ-მინისტრის ჩემბერლენის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მანამ, სანამ გერმანიამ არ დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციები პოლონეთის წინააღმდეგ, ინგლისის პოლიტიკა იყო შემწყნარებელი, განუწყვეტლივ აკმაყოფილებდა გერმანიის ახალ და ახალ მოთხოვნებს: საარის რეგიონის მიერთება, გერმანიის სამხედრო პოტენციალის განუწყვეტლივ ზრდა, ავსტრიის მიერთება, სუდეტთა ოლქის ანექსია, რომელიც ჩეხოსლოვაკიის ფარგლებში შედიოდა, ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია და ამის შემდეგ დანცინგის დერეფანი და ქალაქი დანცინგი. იგი პირველ მსოფლიო ომამდე ეკუთვნოდა გერმანიას. როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ეს ტერიტორია გადაეცა პოლონეთს. ამ უკანასკნელმა უარი თქვა დანცინგის დერეფნის და ქალაქ დანცინგის დაბრუნებაზე. მაშინ გერმანიამ განაცხადა, რომ ძალის გამოყენებით დაიბრუნებდა მის ყოფილ ტერიტორიას. ინგლისმა და საფრანგეთმა გააფრთხილეს გერმანია, რომ თუ ეს უკანასკნელი თავს დაესხმებოდა პოლონეთს, მაშინ ისინი ომს გამოუცხადებდნენ გერმანიას. გერმანიამ არ მიაქცია ყურადღება ამ გაფრთხილებას და პოლონეთს თავს დაესხა. ცხადი გახდა, რომ ჩემბერლენის პოლიტიკამ მარცხი განიცადა. მიუხედავად ამისა, ჩემბერლენი დარჩა მთავრობის თავმჯდომარედ. შემდგომში, ნორვეგიაში ინგლისის არმიის და ფლოტის დამარცხების გამო, ჩემბერლენო იძულებული გახდა გადამდგარიყო. პრემიერ-მინისტრი გახდა უინსტონ ჩერჩილი.
ჩერჩილის მმართველობის პირველი პერიოდი ძალზე მძიმე გამოდგა ინგლისისათვის. საფრანგეთის დაცვის სისტემა ორიენტირებული იყო მძლავრი სამხედრო საინჟინრო სისტემის გამოყენებაზე, რომელიც მაჟონის ხაზის სახელწოდებით იყო ცნობილი. საქმე იმაშია, რომ პირველი მსიფლიო ომი იყო პოზიციური ხასიათის ომი. აქედან გამომდინარე ფრანგებმა გადაწყვიტეს რთული თავდაცვითი სტაციონარული კომპლექსის აგება, რომელსაც მაჟონის ხაზი უწოდეს. ხაზი აგებული იყო გერმანიის საზღვრის გასწვრივ. ეს ხაზი იწყებოდა ქალაქ კოლმარის ჩრდილოეთით და მთავრდებოდა ბელგიისა და ლუქსემბურგის საზღვრად მდებარე ქალაქ ლონგვისთან. რატომღაც, საფრანგეთის გენერალური შტაბი თვლიდა, რომ გერმანია საფრანგეთზე განახორციელებდა შეტევას პირდაპირ და არა ჰოლანდიაზე და ბელგიაზე გავლით. ასეთი მოსაზრება გაუგებარია, პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ ხომ დაარღვია ბელგიის და ჰოლანდიის ნეიტრალიტეტი. საფრანგეთის მარშალი პეტენი თვლიდა, რომ არდენის ტერიტორია, რომელიც ბელგიაში მდებარეობს, გაუვალი იქნებოდა გერმანიის ჯარებისათვის. ესეც არ იყო სწორი, რაც ძალიან მალე დაამტკიცეს გერმანიის სამხედრო შენაერთებმა, თანაც ორჯერ: 1940 წლის მაისში და 1944 წელს. არა და მარშლები პეტენი და ვეიგანი დიდ სამხედრო ავტორიტეტებად ითვლებოდნენ. ეს სწორედ ის ვეიგანია, რომელმაც საბჭოთა მხედართმთავარს ტუხაჩევსკის გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა ვარშავასთან. წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ ომის დაწყების შემთხვევაში გენერალი ჟორჟი ხდებოდა მხედართმთავარი და ის შეცვლიდა გენერალური შტაბის უფროსს გენერალსიმუს გამელენს. ომი დაიწყო და გამელენმა არ მოისურვა უმაღლესი მთავარსარდლის პოსტი დაეთმო ჟორჟისათვის. ამან ძალზე უარყოფითი როლი ითამაშა. შემდგომში, საფრანგეთის განადგურების შემდეგ, გენერალსიმუსმა გამელენმა თავი მოიკლა.
გერმანელებმა არაფრად ჩააგდეს ლუქსემბურგის, ბელგიისა და ჰოლანდიის ნეიტრალიტეტები და შეტევა განახორციელეს სწორედ მათ ტერიტორიაზე. შემდეგ შეიჭრნენ საფრანგეთის სანაპიროზე კალესა და დიუნკერკისაკენ. დიუნკერკთან ალყაში მოექცა ინგლისის საექსპედიციო კორპუსი მთლიანად და საფრანგეთის საარმიო შენაერთები. ამგვარად გერმანიის შენაერთებმა საფრანგეთ-ინგლისის ჯარები გაყვეს ორ ნაწილად. ერთი, ვინც ალყაში მოექცა და მეორე, ყველა დანარჩენები – უმთავრესად საფრანგეთის ჯარები. ინგლისის მთავარსარდლობას ჰქონდა მოქმედების ორი ვარიანტი. ერთი, საექსპედიციო კორპუსს განეხორციელებინა შეტევა სამხრეთის მიმართულებით, გაერღვიათ ფრონტი და შეერთებოდნენ იქ დარჩენილ საფრანგეთის ჯარების ნაწილებს. ამ შემთხვევაში თვითონ გერმანიის არმიები აღმოჩნდებოდნენ ალყაში. მეორე ვარიანტი მდგომარეობდა შემდეგში – გარშემოტყმული მოკავშირეების ძალები გადაეყვანათ ინგლისში. ეს ნიშნავდა იმას, რომ დაახლოებით 300 000 კაცს უნდა გადაელახა ლა-მანშის სრუტე. ჩერჩილი შეჩერდა მეორე ვარიანტზე. აქ გამოჩნდა მისი როგორც ორგანიზატორის ნიჭი. ჩერჩილმა უმოკლეს ვადაში შეაგროვა 860-მდე გემი. დაიწყო ჯარების ჩასმა ამ გემებში. ინგლისისა და მისი მოკავშირეების ევაკუაცია ხორციელდებოდა გერმანიის ავიაციის უსასტიკესი ბომბარდირების პირობებში. თავის მხრივ, გერმანიის ავიაციას უხდებოდა ინგლისის გამანადგურებელი ავიაციის შეტევების მოგერიება, ამ ბრძოლებში გამარჯვებული გამოვიდა ინგლისის სამხედრო საჰაერო ძალები. შედეგად მივიღეთ ის, რომ ინგლისის საექსპედიციო კორპუსი გადარჩა განადგურებას და ევაკუირებულ იქნა ინგლისში. მთელი შეიარაღება, არტილერია, ტანკები, მანქანები დარჩა საფრანგეთის ნაპირზე და ხელში ჩაუვარდათ გერმანელებს. ინგლისის საექსპედიციო კორპუსის განადგურება გერმანელებს შეეძლოთ მანამდე, რომ არა ჰიტლერის ბრძანება შეტევის შეჩერების შესახებ. სამხედრო სპეციალისტებმა არ იციან, თუ რატომ მოიმოქმედა ჰიტლერმა ეს. გენერალი გუდერიანი ნაწილობრივ არ დაემორჩილა ჰიტლერს და თავისი სატანკო არმიით გავიდა ლა-მანშის ნაპირას. სწორედ ამის შედეგად მოხვდა ალყაში საექსპედიციო კორპუსი. გერმანელებს რომ შეტევა არ შეეჩერებინათ, ეჭვი არ არის, ინგლისის საექსპედიციო კორპუსი დაიღუპებოდა და ინგლისში გადასმის შემთხვევაში წინააღმდეგობას გერმანელებს ვერავინ ვეღარ გაუწევდა. ინგლისის სახელმწიფოს უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა გერმანიის წყალქვეშა ნავების მოქმედებით. ინგლისის სავაჭრო გემების დაცვა მტრის წყალქვეშა ნავების იერიშებისაგან, გამოდგა პრობლემა, რომლის გადაწყვეტა, თურმე, შეუძლებელი იყო მეცნიერების აქტიური მონაწილეობის გარეშე. ასე წარმოიშვა მათემატიკის ახალი დისციპლინა, რომელიც ოპერაციული კვლევების სახელით არის ცნობილი. ჩერჩილის დიდი დამსახურება არის ის, რომ მიხვდა მეცნიერების ჩართვის აუცილებლობას სხვადასხვა სამხედრო პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩერჩილი მკვეთრად გამოირჩეოდა როგორც სახელმწიფოს მეთაური. ის ყველაფერს აკეთებდა ინგლისის სახელმწიფოს და ხალხის საკეთილდღეოდ. ჩერჩილს თავისი ჩანაფიქრის შესრულებაში ხელს უშლიდნენ არა მარტო მტრები: ჰიტლერი, მუსოლინი, იაპონიის მთავრობა, არამედ მოკავშირეებიც, მაგალითად, სტალინი. ინგლისის უახლოესი მოკავშირე – შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფ. რუზველტი ხშირად ვერ ერკვეოდა პოლიტიკურ სიტუაციებში და მძიმე მდგომარეობაში აყენებდა ჩერჩილს. 1943 წლის ბოლოსათვის უკვე ცხადი გახდა, რომ გერმანია ამ ომს ვეღარ მოიგებდა. ისიც ცხადი იყო, რომ ინგლისის და ამერიკის პოტენციური მტერი უახლოეს მომავალში, საბჭოთა კავშირი, თანდათან სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. გერმანია მას ვეღარ უმკლავდებოდა, ვინაიდან მისი ქარხნები ვეღარ უშვებდნენ იმდენ სამხედრო ტექნიკას, რამდენიც საჭირო იყო. ამის მიზეზი მდგომარეობდა გერმანიის ქალაქებისა და სამხედრო ობიექტების გიგანტური მასშტაბებით დაბომბვაში. რომ შეეჩერებინათ ინგლისს და ამერიკას დაბომბვის მასშტაბები, საბჭოთა კავშირი ასე იოლად ვეღარ მივიდოდა ვისლამდე. ეს რომ გაეკეთებინათ რუზველტს და ჩერჩილს, სხვებთან ერთად დაზარალდებოდა ამ ნაშრომის ავტორი, როგორც ომის მონაწილე, მაგრამ, ვფიქრობ, ჩერჩილს და რუზველტს ჩემი დარდი არ ჰქონდათ, მათ უნდოდათ გერმანიის რაც შეიძლება მალე განადგურება. შედეგად კი მიიღეს ახალი, არანაკლებ ვიდრე გერმანია, ძლიერი მტერი – საბჭოთა კავშირი. სრული დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩერჩილს კიდევაც რომ მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიაზე საჰაერო შეტევების მკვეთრი შემცირების შესახებ, რუზველტი არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერდა მხარს. “სტალინი ვაჟკაცია, ის თავის სიტყვას არ გატეხს”– ამბობდა რუზველტი. თუ როგორ არ გატეხა სიტყვა სტალინმა, ეს დაგვანახა კომუნისტების რეჟიმის მოსვლამ პოლონეთში, ჩეხო-სლოვაკიაში, უნგრეთში, რუმინეთში, აგრეთვე ქ. ბერლინის ბლოკადამ.
ჩერჩილმა მთელი ენერგია და ცოდნა მოახმარა თავისი ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფას და, პირდაპირ უნდა ითქვას, გადაარჩინა თავისი სამშობლო განადგურებას. ინგლისის ხალხმა უცნაურად დააფასა ჩერჩილის ამაგი, ომის დამთავრებისთანავე ის გადაირჩიეს.
§ 5 იოსებ სტალინი
ისტორიას არ ახსოვს ისეთი მასშტაბის დიქტატორი, როგორიც იყო იოსებ სტალინი. სტალინი იყო მეტად რთული პიროვნება. არც ისე იოლია აიხსნას თუ რა მეტამორფოზა უნდა განეცადა კაცს და როგორ მოხდა, რომ ადამიანი, რომელმაც დაწერა “დილა”, შემდგომში გახდებოდა ასეთი სისხლისმსმელი პიროვნება. სტალინის, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება ერთბაშად არ მომხდარა. მძიმე ბავშვობამ გარკვეული დაღი დაასვა მის ხასიათს. სიძულვილი ყველას მიმართ გამოუმუშავდა თანდათანობით და არ შეიძლება ამის ერთ-ერთი მიზეზი არ ყოფილიყო ყოველივე ის, რაც მან გადაიტანა. მალე სტალინმა ხელი მოკიდა რევოლიუციურ მოღვაწეობას. ის არ იყო ამიერ-კავკასიის ბოლშევიკების აბსოლუტური ლიდერი, როგორც ამას სწერდა ლ. ბერია, მაგრამ შედიოდა ხელმძღვანელთა ელიტაში. სტალინი დროთა განმავლობაში ყალიბდებოდა როგორც ძილერი ნატურა. ბაქოს ციხეში სტალინი ცდილობდა აემხედრებია ტუსაღები ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მაგრამ ის ამას აკეთებდა ფარულად. სტალინი განუყრელად დადიოდა მარქსის წიგნით ხელში. ერთხელ ადმინისტრაციამ გაიგო მისი ძირგამომთხრელი მუშაობის შესახებ და გადაწყვიტა დაესაჯა იგი როზგების დარტყმით. სტალინმა ჯარისკაცთა რიგი, სადაც როზგებით სცემდენ, გაიარა მარქსის წიგნის კითხვით ისე, რომ წარბიც არ შეუხრია. ოქტომბრის რევოლუციის დროს სტალინი არ იყო წინა პლანზე, როგორც, მაგალითად, იყვნენ ლენინი, ზინოვიევი, კამენევი, ტროცკი, ანტონოვ-ოვსეენკო და სხვები. ის არც სამოქალაქო ომის დროს გამოირჩეოდა. სტალინი ლენინმა წამოსწია სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ და დაუპირისპირა იგი ტროცკის, რომელმაც ამ ომში დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა. შემდგომში ლენინი მიხვდა, თუ რა საშიშ პიროვნებასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ უკვე გვიან იყო. ლენინმა დაწერა წერილი ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის თანამდებობიდან სტალინის გადაყენების შესახებ. საქმეს ვერ მიეცა მსვლელობა ლენინის ავადმყოფობის გამო. ლენინის წერილი გაირჩა ცენტრალური კომიტეტის სხდომაზე ლენინის სიკვდილის შემდეგ. სტალინს უშველა კამენევმა, რომელმაც დაიცვა იგი. სტალინმა ლენინის გარდაცვალების შემდეგ გამოამჟღავნა პოლიტიკური ინტრიგების უმაღლესი ხელოვნება და, როგორც უკვე იყო აღნიშნული, ისარგებლა ჯერ ანტაგონიზმით, რომელიც ტროცკისა ერთი მხრივ და მეორე მხრივ ზინოვიევსა და კამანევს შორის, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელებსა და ბუხარინს შორის იყო. ცოტა ხანში ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ტროცკი გაძევებულ იქნა საბჭოთა კავშირიდან. 1940 წელს ტროცკი მოკლა მიგზავნილმა ტერორისტმა. შემდეგ დაიწყო ფართომასშტაბიანი წმენდა. რეპრესირებული იყო თითქმის ყველა პასუხისმგებელი პირი, როგორც ცენტრში, ისე პერიფერიაზე. სათავეში მოვიდნენ ახალი კადრები, რომლებიც სტალინის უაღრესად ერთგულები გახდნენ. რეპრესიები შეეხო არა მარტო მმართველ წრეებს, იგი ჩატარდა გაცილებით უფრო ფართო მასშტაბებით. შეიქმნა ტერორის უმძლავრესი სისტემა და ამან სტალინი აქცია უძლიერეს პიროვნებად. ჯერ კიდევ 1927-28 წლებისათვის სტალინი უკვე ერთპიროვნული დიქტატორია. პირველ რიგში სტალინმა იერიში მიიტანა სოფელზე. ჩაატარა კოლექტივიზაცია, რომელიც მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მკაცრ კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან, გლეხობის შეძლებული და საშუალო ფენების სრულ გაღატაკებას და, ხშირ შემთხვევებში, განადგურებას. ეს კომპანია განხორციელდა უდიდესი სისასტიკით. კოლექტივიზაციის ფართო მასშტაბებით ჩატარება შეუძლებელი იყო ფართო მასშტაბით ტერორის განხორციელების გარეშე. მილიონობით გლეხი აყრილი და გადასახლებული იქნენ შორეული ჩრდილოეთის რეგიონებში, სადაც შეიქმნა საკონცენტრაციო ბანაკები და, მაშასადამე, უფასო მუშა ხელის გამოყენების სისტემა.
თითქმის ერთდროულად სტალინმა იერიში მიიტანა ინტელიგენციაზე. დაიწყო რეპრესიები ცნობილი სპეციალისტების მიმართ. რეპრესირებული იქნენ პროფესორები რამზინი, ლარიჩევი, ეკონომისტი კონდრატევი. ჩამოყალიბდა ე. წ. “წითელი პროფესურის” ინსტიტუტი. ნაჩქარევად და უვარგისი პროგრამით მომზადებული მეცნიერები და პედაგოგები ცვლიდნენ მაღალი რანგის მქონე სპეციალისტებს. შემოვიდა ე. წ. “შავი სიის ინსტიტუტი”, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ თუ ახალგაზრდის მშობლები იყვენე თავად-აზნაურების ან ინტელიგენციის წარმომადგენლები, მაშინ ასეთებს არ ჰქონდათ სწავლის ან რაიმე პრივილეგირებულ ადგილზე მუშაობის უფლება. ქვეყანის ეკონომიკა დაეცა კატასტროფულად. დაიწყო შიმშილი. შემოღებული იყო საბარათო სისტემა. მუშა დღეში ღებულობდა 900 გრამ პურს, მოსამსახურე 700 გრამს, სტუდენტი და მოსწავლე 300 გრამს. კარაქზე და შაქარზე ლაპარაკი აღარ იყო. ისინი იყიდებოდნენ სპეციალურ მაღაზიებში მხოლოდ ოქროზე. ასეთი მდგომარეობა სტალინს აწყობდა, ვინაიდან მშიერი ადამიანი ადვილი სამართავია და მისი დამონება ასევე ადვილია, მაშასადამე, ადვილია სახელმწიფოს მართვაც. მეორე მხრივ, პრივილეგირებულ ფენებს, სხვადასხვა ხელმძღვანელი თანმდებობის პირებს ჰქონდათ სპეციალური მაღაზიები – “დახურული გამანაწილებლები”, სადაც იყო თეთრი პურიც, კარაქიც, შაქარიც და სხვადასხვანაირი სამრეწველო საქონელიც. ამ საგნების შეძენაზე სხვები ვერც იოცნებებდნენ. მალე ქვეყანაში დაიწყო მასობრივი ტერორი. მის დაწყებამდე ცოტა ადრე გაუქმდა საბარათო სისტემა, დახურული გამანაწილებლები, “ტორგსინ”-ის მაღაზიები, მაღაზიებში თავისუფალი ვაჭრობის სისტემაში გამოვიდა პურიც, კარაქიც, შაქარიც, სამრეწველო საქონელიც.
ი. სტალინის მიერ ჩატარებულმა მასობრივმა ტერორმა გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწია 1934 წლის შემდგომ პერიოდში. ამჯერად ტერორი შეეხო არა მარტო თავად-აზნაურობას, ყოფილ ოფიცრებს და ინტელიგენციას, როგორც ეს ოციან წლებში იყო, არამედ საბჭოთა აპარატსაც, პარტიულ ორგანოებს და თვით ჩეკას თანამშრომლებსაც, ე.ი. იმათ, ვინც მანამდე თვითონ იღებდა აქტიურ მონაწილეობას რეპრესიების პირველი ტალღის ჩატარებაში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ 1934 წლის შემდეგ ინტელიგენცია არ დაზარალებულა. სრულიადაც არა. ჩვენ მარტო იმას გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ 1934 წლამდე პარტიული, საბჭოთა და დამსჯელი ორგანოები და, პირველ რიგში, ჩეკა რეპრესიებს არ განიცდიდენ. 1938 წლისათვის მთლიანად შეიცვალა ხელმძღვანელ მუშაკთა კადრები ყველა დონეზე და ყველა უწყებაში, მათ შორის ჯარშიც.
1939 წელს სტალინმა განახორციელა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რამაც შემდგომში დიდი როლი ითამაშა გერმანიის წინააღმდეგ ომში. ლაპარაკია გერმანიასთან დადებული ხელშეკრულების შესახებ. თანახმად ამ შეთანხმებისა საბჭოთა კავშირის საზღვარმა გადაიწია საკმაოდ შორს დასავლეთით. ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ გერმანელებმა 1941 წელს შეტევა დაიწყეს არა მინსკის მისადგომებიდან, არამედ ქ. ბრესტიდან.
მეორე მსიფლიო ომმა ნათლად დაგვანახა სტალინი, როგორც მხედართმთავარი, ასევე როგორც დიდი ორგანიზატორი. სტალინმა განახორციელა მრეწველობის უმნიშვნელოვანესი ობიექტების სწრაფი ევაკუაცია დასავლეთის რეგიონებიდან აღმოსავლეთში. ქარხნები ახალ ადგილას ექსპლუატაციაში შეჰყავდათ მინიმალურ დროში. როგორც უკვე ითქვა, ადგილი ჰქონდა ჩარხების და დანადგარების ახალ ადგილას, მოუმზადებელ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ განლაგებას. ამის შემდეგ ხდებოდა კომუნიკაციებით და ენერგეტიკით უზრუნველყოფა და ქარხნის გაშვება. მხოლოდ ამის შემდეგ აგებდნენ კედლებს და სახურევებს. სტალინმა უდიდესი სამუშაო ჩაატარა სახელმწიფოს ომის რელსებზე გადაყვანის ორგანიზაციის საქმეში. უნდა ითქვას, რომ არცერთი ასე თუ ისე მნიშვნელოვანი პრობლემა არ გადაჭრილა მისი პირადი და უშუალო მონაწილეობის გარეშე.
არ შეიძლება შეფასება არ მიეცეს სტალინს, როგორც სამხედრო სარდალს. ტროცკი თავის წიგნში “ი. სტალინი” წერს, რომ სტალინი არასდროს არ ყოფილა მხედართმთავარი და არც არასდროს არ მიუღია მონაწილეობა, სამოქალაქო ომის დროს, რაიმე ოპერაციის შემუშავებაში ან განხორციელებაში. სამოქალაქო ომის დროს შეიძლება ასეც იყო, მაგრამ აქედან იმ დასკვნის გაკეთება, რომ სტალინს არ ესმოდა სამხდრო სქმე, არ შეიძლება. სხვათაშორის, ასევე აკრიტიკებენ სტალინს, უკვე სიკვდილის შემდეგ, როდესაც ანალიზს უკეთებენ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩატარებულ სამხედრო ოპერაციებს. ამაში განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხრუშჩოვი, გენერალი ვოლკოგონოვი, რომელმაც ომი ფაქტობრივად არც იცოდა რა იყო, და ნაწილობრივ ჟუკოვიც. ომის დაწყების დროს გერმანელებს არ ჰქონიათ რიცხობრივი უპირატესობა ან უპირატესობა ტანკებში, ამას თვითონ ჟუკოვიც აღნიშნავს მემუარებში. უპირატესობა ჰქონდათ ავიაციაში. რატომ იყო მარტო სტალინი დამნაშავე ომის პირველი ეტაპის წარუმატებლობაში და ამაში ბრალი რატომ არ მიუძღვით იმ გენერლებს, რომლებმაც თითქოს მოიგეს ომი. ჟუკოვი ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით, სადაც სულ მალე დაიკარგა უკრაინა მთლიანად და გერმანელები როსტოვამდე მოვიდნენ. აშკარად იგრძნობა ტენდენცია – ყველა წაგებული და წარუმატებელი ბრძოლა დააბრალონ სტალინს, ხოლო ყველა წარმატებები მიაწერონ მარშალ ჟუკოვს. სტალინი იყო უმაღლესი მთავარსარდალი. სტალინი მარიონეტი არ იყო. ის შეიძლება ღებულობდა რჩევებს და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ვერავინ ვერ გაბედავდა მისი საბოლოო გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოეთქვა რაიმე საწინააღმდეგო აზრი. ასე იყო როგორც დამარცხებების, ისე გარჯვებების შემთხვევაში. სტალინი იყო ავტორიტარულ მოღვაწეთა შორის ყველაზე უფრო მეტად ავტორიტარული. ჟუკოვი და ყველა დანარჩენი სამხედრო მოღვაწეები მასთან შედარებით იდგნენ რამდენიმე საფეხურით უფრო დაბლა, არა მარტო თანამდებობით, არამედ კვალიფიკაციითაც. რაც შეეხება ხრუშჩოვს, ის სხვადასხვა ფრონტებზე იყო სამხედრო საბჭოს წევრი და, ფაქტობრივად, იყო მეთვალყურე. მას არავინ არ ეკითხებოდა სამხედრო პრობლემების გადაწყვეტას. ამაზე დამეთანხმება ყველა, ვისაც მეორე მსოფლიო ომში მიუღია მონაწილეობა, თუ მას გააჩნია ელემენტარული ობიექტურობა და თუ ის არ იყო პოლიტიკური კომისარი.
ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც წაუყენეს სტალინს, იყო ის, რომ მან გაანადგურა სამხედრო კადრები. რა თქმა უნდა, ეს იყო უადამიანობა. ეს პირები უსაზღვროდ ერთგული იყვნენ საბჭოთა წყობის და პირადად ი. სტალინის, მაგრამ, როგორც სამხედრო სპეციალისტები ისინი იყვნენ მეტად დაბალი რანგის. მათ ფაქტობრივად არ ჰქონდათ განათლება და ომის გამოცდილება. სამოქალაქო ომი არ იყო ომი ორ რეგულარულ არმიას შორის. რეპრესირებულ სამხედროთა შორის ყველაზე საუკეთესო მარშალს ტუხაჩევსკის არ ჰქონდა რაიმე სამხედრო წარმატებები. ის იყო აჯანყებების სასტიკად ჩახშობის ოსტატი. როგორც აღინიშნა, მან სისხლში ჩაახშო ტამბოვის და კრონშდატის აჯანყებები. ტუხაჩევსკიმ მიიღო მონაწილეობა პოლონეთის წინააღმდეგ ომში და განიცადა სასტიკი დამარცხება. აქედან დასკვნა შეიძლება გაკეთდეს, რომ არ არის სწორი ის აზრი, თითქოს რომ ყოფილიყო წითელი არმიის ძველი, რეპრესირებული კადრები, გერმანელები ვერ იზეიმებდნენ იმ წარმატებებს, რომლებიც ომის პირველ ეტაპზე ჰქონდათ. საბჭოთა ჯარში იყვნენ ძველი პლეადის სამხედროები ვოროშილოვი, ბუდიონი, კულიკი, გოროდოვიკოვი და ტიმოშენკო, რომლებმაც ვერ ივარგეს და ვერც აუღეს ალღო ამ ომს. სტალინმა ომი მოიგო ორი ფაქტორის საშუალებით: მისი მოქმედების ასპარეზი სიღრმეში იყო უზარმაზარი ტერიტორია ქ. ბრესტიდან ქ. სტალინგრადამდე და მოსკოვამდე და უზარმაზარი ცოცხალი ძალის რესურსები. ამას უნდა დაემატოს უზარმაზარი ტერიტორია ფრონტის მიმართულებით და ის, რომ გერმანელები არ იყვნენ მზად გაეთვალისწინებიათ რუსული ზამთრის და უგზოობის პირობები. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკის და ინგლისის ომში მონაწილეობის ფაქტორს, ლაპარაკია არა მარტო იმ დახმარებაზე, რასაც ისინი უწევდნენ საბჭოთა კავშირს, არამედ მოკავშირეების სტრატეგიული ავიაციის მოქმედებაზე, რომელმაც დაანგრია არა მარტო ქარხნები, რის გამოც გერმანია ვეღარ ღებულობდა საჭირო რაოდენობით სამხედრო ტექნიკას და რის გამოც საბჭოთა კავშირს საშუალება მიეცა შეექმნა დიდი უპირატესობა ტანკებში, თვითმფრინავებში და სხვა სახის შეიარაღებაში, არამედ ყველა უმნიშვნელოვანესი ობიექტები. ერთი სიტყვით, გერმანიის მრეწველობა ფაქტობრივად მოსპობილი იქნა ჰაერიდან. მთლიანად იქნა დანგრეული გერმანიის ყველა ქალაქი ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. ამაში, ალბათ, დამეთანხმება ყველა, ვინც კი ყოფილა გერმანიაში ომის დამთავრების პირველ ხანებში. ამან უდიდესი როლი ითამაშა მორალურ ფაქტორზე. მართალია, იგივეს ადგილი ჰქონდა რუსეთშიც, მაგრამ რუსეთში ინგრეოდა ქალაქები სახმელეთო ოპერაციების შედეგად, თანაც ზურგში მყოფი ქალაქები არ დანგრეულა. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთში ტერორი გაცილებით უფრო დიდი მასშტაბებით ჩატარდა და რუსი ხალხი ვერ გაბედავდა რაიმე უკმაყოფილების გამოხატვას.
სტალინს ცალკეული სამხედრო ოპერაციებიც მაღალ დონეზე ჰქონდა ჩატარებული. ავიღოთ გერმანელების შეტევა ქ. მოსკოვზე. საომარი მოქმედების დაწყებისთანავე გერმანელები ყოველ ქალაქთან, ყოველ ზღუდესთან აწყდებოდნენ სასტიკ წინააღმდეგობას, უიმედო მდგომარეობაშიც კი, ალყაში მოხვედრილი რუსი ჯარისკაცები და ოფიცრები იბრძოდნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე, უკანასკნელ ვაზნამდე. ასე იყო მინსკთან, ასე იყო მოგილევთან, სმოლენსკთან, ვიაზმასთან, მოჟაისკთან. ამან სისხლისაგან დაცალა, როგორც გერმანიის, ისე რუსეთის არმიები. ბოლოს როდესაც გერმანელები უშუალოდ მიადგნენ მოსკოვს, უკვე ძალა გამოლეული ჰქონდათ და სწორედ მაშინ სტალინმა ბრძოლაში ჩართო რეზერვები – ციმბირიდან გადმოსროლილი არმიები. გერმანელებს აღარ ჰყავდათ ძალები, რომ წინ აღდგომოდნენ რუსების ახალ არმიებს. გერმანელებმა სწრაფად დაიხიეს უკან. ეს იყო გერმანიის არმიის პირველი წარუმატებლობა. ზუსტად იგივე განმეორდა სტალინგრადთან. რუსებმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწიეს ვორონეჟიდან და როსტოვიდან დაწყებული სტალინგრადამდე. სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ სტალინგრადში. გერმანელებმა სტალინგრადი, ფაქტობრივად, აიღეს, რუსების ხელში იყო ძალზე მცირე ტერიტორია, მაგრამ ბრძოლები მიმდინარეობდა მანამ, სანამ არ დაიწყო ყინვები. მაშინ რუსებმა ახალი არმიების საშუალებით შეუტიეს გერმანელების ფლანგებს და ალყაში მოაქციეს გერმანიის მეექვსე არმია – 300 000 კაცი. რუსებს საქმე გაუადვილა იმან, რომ გერმანელების ფლანგებზე მოქმედებდნენ რუმინელების და უნგრელების შენაერთები. სტალინგრადის ბრძოლის შემდეგ გერმანელები წელში გატყდნენ. უდიდესი უპირატესობის გამო, როგორც ცოცხალ ძალაში, ისე ტექნიკაში, რუსებს აღარ გასჭირვებიათ ბერლინამდე მისვლა და გერმანიის დედაქალაქის აღება.
დავუბრუნდეთ ახლა სახელმწიფოს მართვის სტალინურ სისტემას. უკვე იყო ნათქვამი იმ ვერდიქტის შესახებ, რომელიც სტალინმა გამოუტანა იულიუს კეისარს სახელმწიფოს მართვის საქმეებში. კეისრის შეცდომის გათვალისწინებით სტალინმა შექმნა არა ერთი, არამედ რამდენიმე მაკონტროლებელი სისტემა. ეს იყო ცენტრალური კომიტეტის განყოფილებები, უშიშროების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონტროლის სახელმწიფო სამინისტრო და სხვები, რომლებსაც ჰქონდათ თავიანთი საკუთრივი ფუნქციებიც, მაგრამ ბევრ საკითხში ადგილი ჰქონდა პარალელიზმსაც. უფრო მეტიც, ზოგიერთ სამინისტროში იყო ქვეგანაყოფები, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ მის უშუალო უფროსს და ექვმდებარებოდნენ პირადად სტალინს. ასე მაგალითად, უშიშროების სამინისტრო ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს და უშუალოდ დაკავშირებული იყო ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივანთან. თვით უშიშროების სამინისტროში ფორმალურად შედიოდა პირადი დაცვის სამმართველო, რომლის უფროსი იყო გენერალ-ლეიტენანტი ვლასიკი. იგი უშუალოდ ექვემდებარებოდა პირადად სტალინს. ვლასიკს ჰქონდა დიდი უფლებები, მაგრამ ის არ ერეოდა ისეთ საქმეებში, რაც მას არ ეხებოდა. სტალინის პირადი დაცვა კარგად იყო ორგანიზებული. როდესაც სტალინი თავისი აგარაკიდან მიდიოდა კრემლში, მანქანების კოლონაში იყო რამდენიმე ერთნაირი მანქანა და არავინ იცოდა რომელში იყო სტალინი. წინასწარ ეს არ იცოდა ვლასიკმაც კი. ასევე არ იყო ცნობილი ზუსტად მარშრუტი. ყველა შესაძლებელ მარშრუტზე მდებარე სახლის სახურავებზე იყვნენ დაცვის წარმომადგენლები. სტალინის გადაადგილების დროს ყველა ქუჩა, ყველა გზაჯვარედინი გადაკეტილი იყო. ქ. მოსკოვის მოძრაობის რეგულირების მილიცია ემორჩილებოდა არა მილიციის სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ გენერალ ვლასიკს. ამასთან დაკავშირებით მოვიყვან ერთ ეპიზოდს, რომელიც მოძრაობის რეგულირების თანამშრომელს რ. კავსაძეს შეემთხვა. რეზო კავსაძე, ალბათ ბევრს ახსოვს, ომამდე თბილისის “დინამოს” მეკარე იყო, ომის დროს კი ქ. თბილისის კომენდანტის გენერალ მახონკოვის ადიუტანტი. ეს ის გენერალია, რომელიც ბერიამ ჩამოიყვანა თბილისში წესრიგის დასამყარებლად. საქმე იმაში იყო, რომ თბილისის ჰოსპიტლებში მყოფი მეზღვაურები გამოდიოდნენ ქალაქში და ბევრ უმსგავსობას ჩადიოდნენ. მახონკოვი თავისი შეიარაღებული რაზმით დადიოდა ქალაქში და თუ სადმე წააწყდებოდა წესრიგის დამრღვევ მეზღვაურებს იქვე, ქუჩაშივე ხვრეტდა ყოველგვარი სასამართლოს ან გამოძიების გარეშე. ასეთი მოქმედება, რა თქმა უნდა, იყო უკანონო, მაგრამ იდეალური წესრიგი დამყარდა სულ მალე. მახონკოვი შემდგომში გადაიყვანეს ქ. მოსკოვის მილიციის უფროსის მოადგილედ და მან კავსაძე თან წაიყვანა. კავსაძე მოსკოვში მოხვდა მოძრაობის რეგულირების სამმართველოში და, როგორც უკვე ვთქვით, შედიოდა გენერალ ვლასიკის დაქვემდებარებაში. ერთხელ კავსაძე თავისი მოტოციკლეტით დასათვალიერებლად გამოვიდა და შეამჩნია, რომ საზღვარგარეთული ავტომანქანა გაუჩერებია მილიციელს, თან ეკამათება მძღოლს და მფრინავის ქუდიან პირს, რომელსაც სამხრეები არ უჩანს. კავსაძე მივიდა და ჰკითხა მილიციელს, თუ რაში იყო საქმე. ამხანაგო ლეიტენანტო, არ მიჩვენებენ საბუთებს. სამხედრო პირმა უხეშად მიმართა კავსაძეს და კატეგორიულად მოითხოვა დაენებებინათ მძღოლისათვის თავი. “მე სამგზის საბჭოთა კავშირის გმირი კოჟედუბი ვარ” – თქვა მან. კავსაძემ ამას ყურადღება არ მიაქცია და მოთხოვნა გაიმეორა.
ამის შემდეგ კავსაძეს ეძახიან გენერალ ვლასიკთან. წარმოიდგინეთ კავსაძის მდგომარეობა. ის გამოცხადდა ვლასიკთან, შეუშვეს კაბინეტში, სადაც გარდა ვლასიკისა ზის გმირი, სამი ვარსკვლავის მქონე “გენერალი კოჟედუბი”. აბა “კაცო”, მოყევი რაში იყო საქმე”, მიმართა ვლასიკმა კავსაძეს. კავსაძე მოყვა. ვლასიკმა მიმართა კოჟედუბს: – “და თქვენ ამან რაიმე შეურაცყოფა მოგაყენათ?” კოჟედუბმა თქვა, რომ კავსაძეს მისთვის არავითარი შეურაცყოფა არ მიუყენებია. “თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ” – უთხრა ვლასიკმა კავსაძეს. კავსაძემ კარი ცოტათი ღია დატოვა. კავსაძის გასვლის შემდეგ ვლასიკი წამოხტა ზეზე, დაარტყა ხელი მაგიდას და იყვირა: “დიდი საქმეა, თუ გმირი ხარ, დღეს გმირი, ხვალ გავნო”.
ომის დამთავრების შემდეგ ტყვედ ჩავარდა ჰიტლერის პირადი დაცვის უფროსი რატენჰუბერი. ის არა თუ არ დახვრიტეს, ვლასიკმა თავისთან წაიყვანა. უნდა ვიფიქროთ, ჰიტლერის პირადი დაცვის ორგანიზაციასთან გაცნობის მიზნით. არა მგონია, რომ რატენჰუბერს შეეძლო რაიმე ახალი ესწავლებინა ვლასიკისათვის. ჰიტლერს რამდენიმეჯერ მოუწყვეს თავდასხმა და ყოველთვის გადარჩა შემთხვევის წყალობით. სტალინზე თავდასხმის მცდელობა არ ყოფილა. იყო უშიშროების ორგანოების მიერ გათამაშებული რამდენიმე სპექტაკლი. სტალინური სისტემის პირობებში წარმოუდგენელიც კი იყო სტალინზე ხელყოფა. ის რაც გააკეთა პოლკოვნიკმა შტაუფერბრეგმა, როდესაც მან ბომბი შეიტანა ჰიტლერის ბანაკში, დადო ჰიტლერის გვერდით, და თვითონ გამოვიდა გარეთ და გაუჩინარდა, წარმოუდგენელი იყო მომხდარიყო სტალინის გარემოცვაში. მიუხედავად ვლასიკის მაღალი პროფესიონალიზმისა და ერთგულებისა სტალინის მიმართ, ის და პოსკრებიშევი სტალინმა გადააყენა და ციხეში ჩასვა. ეს მოხდა სტალინის თანამებრძოლების ინტრიგების მეშვეობით. მათ უნდოდათ შეესუსტებიათ სტალინის პირადი დაცვა. მეორე მხრივ, ეს ლოგიკური იყო, თუ გავითვალისწინებთ სტალინის ხასიათს – ძალიან დიდხანს თავის ადგილზე არავინ არ უნდა დარჩეს, რა თქმა უნდა სტალინის გარდა.
ბევრ ანალიტიკოსს მიაჩნდა, რომ ვლასიკის და პოსკრებიშევის მოშორებამ ფატალური როლი ითამაშა სტალინის ცხოვრებაში. მართალია თუ არა ეს, კაცობრიობა უკვე ვეღარასოდეს გაიგებს.
§ 6 ადოლფ ჰიტლერი
ადოლფ ჰიტლერი მსოფლიო ისტორიაში შევა, როგორც მეტად რთული და ურთიერთსაწინააღმდეგო მაჩვენებლების მქონე სახელმწიფო მოღვაწე. მასზე ვერ იტყვი, რომ ის იყო უჭკუო და პრიმიტიული ადამიანი. მეორე მხრივ, ის კატასტროფული შეცდომები, რომლებიც მან დუშვა, არ იძლევიან საშუალებას ჩავთვალოთ ჰიტლერი გენიალურ პიროვნებად. დიდმა წარმატებებმა, რომლებსაც მიაღწია პიტლერის გერმანიამ, როგორც სახელმწიფომ, ასევე დიდმა სამხედრო გამარჯვებებმა პირველ ეტაპზე, შექმნა ჰიტლერის და გერმანიის დაუმარცხებლობის იმიჯი, რამაც ჰიტლერს დააკარგვინა რეალობის გრძნობა. თავდაპირველად ჰიტლერი უფრო ნაკლებად ერეოდა სამხედრო საქმეებში. შემდგომში, როდესაც გერმანიის არმიამ შეანელა წინსვლა რუსეთში და ვერ შეძლო მოსკოვის აღება, ჰიტლერმა გადააყენა მთავარსარდალი ბრაუხიჩი და თვითონ აიღო ხელში სამხედრო ხელმძღვანელობა. ჰიტლერი წვრილ-ბურჟუაზიული წრეების წარმომადგენელი იყო. მას თითქმის არ ჰქონდა განათლება. ჰიტლერს არ უყვარდა არისტოკრატია და მაღალი კულტურის მქონე ადამიანები. ჰიტლერს ჰქონდა ძალიან კარგი მეხსიერება და დიდი ორატორული ნიჭი. ამ უკანასკნელით მკვეთრად განსხვავდებოდა სტალინისაგან. ჰიტლერი ბავშვობაში ოცნებობდა გამხდარიყო არქიტექტორი ან მხატვარი. ჰიტლერმა ახალგაზრდობაში რამდენიმეჯერ სცადა შესულიყო მხატვართა აკადემიაში ვენაში, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ. შემდგომში, როდესაც ჰიტლერმა თავისი მოღვაწეობის ზენიტს მიაღწია, მას არაერთხელ უთქვამს არქიტექტორ შპეერისათვის, რომ სიამოვნებით დაანებებდა ყველაფერს თავს და გახდებოდა რიგითი მხატვარი ან არქიტექტორი.
ჰიტლერმა ხელი მოკიდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. მას გერმანელი რასისადმი ჰქონდა ძალიან ძლიერი ერთგულების გრძნობა. ჰიტლერის ხელისუფლების სათავეში მოსვლა განაპირობა ორმა ფაქტორმა: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დამარცხებული გერმანიის მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ და გერმანიის კომუნისტური პარტიის მნიშვნელოვანად გაძლიერებამ. ამ დროს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც შეჰპირდა გერმანელ ხალხს, რომ ქვეყანას გამოიყვანდა ეკონომიკური კრიზიდან და გამოასწორებდა იმ უსამართლობას, რომელსაც განიცდიდა გერმანელი ხალხი ვერსალის ზავის შედეგად. ჰიტლერი თვლიდა, რომ გერმანიის დამარცხება პირველ მსოფლიო ომში უმთავრესად ღალატის შედეგი იყო. ამაში ჰიტლერი პირველ რიგში ადანაშულებდა ებრაელებს. უფრო მეტიც, ჰიტლერი სერიოზულად თვლიდა, რომ მარქსიზმი, როგორც მოძღვრება, სპეციალურად იყო შემოგდებული ებრაელების მიერ მსოფლიოს დასაღუპავად. პოლიტიკური მოღვაწეობის საწყის ეტაპზე ჰიტლერმა თავის წიგნში “ჩემი ბრძოლა” ჩამოაყალიბა თავისი მოქმედების პროგრამა. იგი ამტკიცებდა, რომ გერმანიას ჰქონდა ყველა უფლება გამხდარიყო მსოფლიოს ხელმძღვანელი: – “ჩემი ბრძოლის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი არის მეომარი ცხოველი. ყოველგვარი ცოცხალი არსება წარმოადგენს მებრძოლ ერთეულს. თუ ის წყვეტს ბრძოლას, განწირულია დასაღუპავად. რასის ბრძოლისუნარიანობა დამოკიდებულია ამ რასის სიწმინდისაგან. სახელმწიფო ან რასა, რომელიც შეწყვეტს ბრძოლას, ასევე განწირულია დასაღუპავად. აქედან დასკვნა, რასა უნდა გაიწმინდოს უცხო და გამაჭუჭყიანებელი ელემენტებისაგან”. შემდეგ: – “ევროპელი რასა პაციფისტური და ინტერნაციონალურია. პაციფიზმი კი ყველაზე უარესი ცოდვაა ყველა ცოდვებს შორის, ვინაიდან მისი შედეგი შეიძლება იყოს არსებობისათვის ბრძოლაზე უარის თქმა. ამიტომ ნებისმიერ სახელმწიფოს უპირველესი ვალია, ჩაუნერგოს მასებს ნაციონალისტური გრძნობები. არა აქვს მნიშვნელობა ცალკეული პიროვნების ინტელექტუალური განვითარების დონეს, მთავარია ნებისყოფა, სიმტკიცე და შეუპოვრობა. ადამიანი, რომელსაც შეუძლია და აქვს ღვთისაგან მინიჭებული უნარი განახორციელოს ხელმძღვანელობა სხვებზე, უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ათასები, რომლებიც მზად არიან დაემორჩილონ სხვის ნებას”. რასის გადარჩენა, ჰიტლერის აზრით, შეუძლია მარტო უხეშ ძალას: – “რასამ უნდა იბრძოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ის არ მოქმედებს, ჟანგდება და იღუპება. ის რასა, რომელიც დამარცხდა, შეიძლება გადავარჩინოთ, თუ ის აღიდგენს რწმენას თავის ძალაში. პირველ რიგში, არმია უნდა დავარწმუნოთო, რომ მისი დამარცხება შეუძლებელია”. ჰიტლერი თვლის, რომ ინტელექტუალიზმი არ არის სასურველი, რომ გერმანელი ხალხი უნდა აღიზარდოს ისე, რომ მას ჰქონდეს ისეთ განათლების დონეზე ცოტათი უფრო მაღალი დონე, რაც საჭიროა ჯარისკაცისათვის. თუ გერმანიამ არ იზრუნა თავის თავზე, სხვა ვერავინ დაეხმარება მას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაში, ვერც ერთა ლიგა და ვერც ღმერთი. ისინი შეგვიძლია დავიბრუნოთ მხოლოდ და მხოლოდ იარაღის საშუალებით.
ჰიტლერი სახელმწიფოს სათავეში მოვიდა არჩევნების შედეგად. ის გახდა გერმანიის კანცლერი. გერმანიის პრეზიდენტის ჰინდერბურგის გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერი გერმანიის ერთპიროვნული ლიდერი და უფლებებში შეუზღუდავი დიქტატორი ხდება. ჰიტლერმა, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ხანებში მიაღწია დიდ წარმატებებს. გამოასწორა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მოსპო უმუშევრობა, შექმნა უძლიერესი არმია და დაიწყო გერმანიის ტერიტორიის გაფართოება. ჰიტლერმა დიდ წარმატებებს მიაღწია მეორე მსოფლიო ომის პირველ ეტაპზე. იგი ამ პერიოდში გახდა გერმანელი ხალხის კერპი. გერმანიის ქალაქები და სოფლები აჭრელებულიი იყო უზარმაზარი პლაკატებით “ერთიანი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ფიურერი”. უნდა ითქვას ისიც, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ინგლისის, ამერიკისა და რუსეთის პოტენციალები. ამაში მას უსათუოდ შეუშალა ხელი მისმა დაბალმა განათლებამ, ფაქტობრივად, მიუხედავად გარკვეული ნიჭისა, ჰიტლერი იყო დილეტანტი, თანაც დილეტანტი ყველა დარგში. ჰიტლერი არც ერთ ქვეყანაში არ იყო ნამყოფი, არ იცოდა ენები. ამ მხრივ არც სტალინი გამოირჩეოდა და ამან გარკვეული როლი ითამაშა მის მოღვაწეობაში. ჰიტლერი კადრების შერჩევის დროს უპირატესობას აძლევდა იმ პირებს, ვინც განათლებით მის დონეზე ან უფრო დაბლა იდგა. იგივე შეიძლება ითქვას სტალინზეც. ასეთ მდგომარეობაში ჰიტლერი თავს უფრო ამაყად გრძნობდა. ჰიტლერის მთავრობის შეიარაღების მინისტრი შპეერი ამბობდა: – “თუ კი ვინმე მეგობარი ჰყავდა ჰიტლერს, ეს მე ვიყავი”. შპეერის თქმით, მას არასოდეს შეუმჩნევია, რომ ჰიტლერი როდესმე დაინტერესებულიყო რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოებით. უმთავრესად ის კითხულობდა წიგნებს სამხედრო მეცნიერებებზე და, აგრეთვე, არქიტექტურაზე. ჰიტლერი იყო გადაჭარბებულად პატივმოყვარე. ამას ადასტურებს თუნდაც შემდეგი სიტყვები: – “მე არასოდეს არ ვითხოვ ცოლს. რად ღირს მარტო პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ბავშვების შექმნასთან. ალბათ შეეცდებიან, რომ ჩემი შვილი მომავალში გახადონ ჩემი შემცვლელი, მაგრამ ცოტა შანსია იმის, რომ კაცს, როგორიც მე ვარ, ჰყავდეს ნიჭიერი შვილი. ჭკვიან კაცებს, როგორც წესი, ჭკვიანი შვილი არ ჰყავთ და პირიქით. ბევრი ჭკვიანი კაცი ვიცი, ვისაც ჰყავდა არაფრის მაქნისი შვილი”.
ჰიტლერს არ ჰქონდა იუმორის გრძნობა. თუ ვინმე ხუმრობდა, როგორც წესი, არ უსმენდა. ჰიტლერი ამბობდა: – “მამაჩემი ხშირად მცემდა, მე მგონია, ეს იყო აუცილებელი და ამან მიშველა მე”. ჰიტლერი თავის თავს თვლიდა გენიოსად და ამაში ოდნავაც არ ეპარებოდა ეჭვი. ეს იყო მისი პატივმოყვარეობის ძირითადი საფუძველი. ჰიტლერი არ უწევდა ანგარიშს ვინმეს რჩევას და არ იღებდა ამ რჩევას, ანდა თუ იღებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აზრი ემთხვეოდა მისას. ამ მხრივ ის გამოირჩეოდა მეორე თავნება დიქტატორისაგან – სტალინისაგან. სტალინი რეგულარულად იწვევდა თათბირებს, აიძულებდა დამსწრეებს გამოეთქვათ თავიანთი აზრი. ანალიზს უკეთებდა სხვადასხვა პირების ნათქვამს და ამის შემდეგ ღებულობდა რაიმე გადაწყვეტილებას. ამას აკეთებდა სტალინი იმისდა მიუხედავად, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა მასთან დაახლოებული ზოგიერთი პირი. ასე, მაგალითად, მარშალ ვოროშილოვზე სტალინი ამბობდა: – “ეს ჩვენ ვიცით, რომ ის ტუტუცია, მაგრამ ხალხმა ეს არ იცის”. როგორც ამას უცხოელი ექსპერტები ამტკიცებენ, ჰიტლერს არ შეეძლო გაეთვალა რთული კომპლექსური პრობლემა. ის ცდილობდა ამ პრობლემის დანაწევრებას და მიღებული შემადგენელი ნაწილების ცალ-ცალკე ანალიზს. თავისთავად ეს არ არის ცუდი. სისტემურ ანალიზში კარგად არის ცნობილი ასეთი მიდგომა. ეს კეთდება იმიტომ, რომ გაადვილდეს რთული პრობლემის გადაჭრა, მაგრამ ამ დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ დანაწევრებულ ნაწილებს შორის არსებული ლოგიკური კავშირები. სხვანაირად რომ ვთქვათ, გრაფი მთლიანად, და არა მარტო მისი კვანძები, უნდა იქნეს შესწავლილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაშვებული იქნას მძიმე შეცდომა და მომხდარ მოვლენაზე შეიქმნეს არასწორი სურათი. ვინაიდან ჰიტლერი ასეთ ანალიზს ახორციელებდა აღნიშნული კავშირების მხედველობაში მიუღებლად, მას, როგორც წესი, არ შეეძლო განსახილველი პრობლემის უშეცდომოდ აღქმა. ნათქვამი ალბათ ეხება არა მარტო ჰიტლერს. ამიტომაც არის საჭირო სისტემური ანალიზის მეთოდების კურსის შემოღება უმაღლეს სასწავლებლებში. საერთოდ, ჰიტლერი ცდილობდა ემოქმედა სტანდარტულ იდეებზე დაყრდნობით. ჰიტლერის მოღვაწეობის პირველ ეტაპებზე მიღწეულმა წარმატებებმა ცუდი სამსახური გაუწია მას. ამ მიღწევებმა შექმნა ილუზია, რომ ის არის გენიალური პიროვნება რომ მას შეცდომები არ მოსდის. ცნობილია, რომ გერმანიის იოლი გამარჯვებების შედეგად შეიქმნა გერმანიის შეიარაღებული ძალების უძლეველობის და ყოვლისშემძლეობის იმიჯი. ამის მიზეზი იყო არამარტო შეიარაღებული ძალებისა და სახელმწიფოს კარგი ხელმძღვანელობა, არამედ საფრანგეთის და ინგლისის ხელმძღვანელობის სისუსტე და გაუბედაობა ომის პირველ პერიოდში და მანამდეც.
არ არის იოლი, ანალიზი გაუკეთდეს ჰიტლერს როგორც სამხედრო მოღვაწის საქმიანობას. ერთი მხრივ, გერმანიის არმიისა და ფლოტის ბრწყინვალე ოპერაციები, როგორც ნორვეგიაში, ისე ბელგიაში, ჰოლანდიაში და საფრანგეთში, კუნძულ კრიტოსზე თუ ჩრდილოეთ აფრიკაში. მეორე მხრივ, მძიმე დამარცხებები იგივე ჩრდილოეთ აფრიკაში, დასავლეთის ფრონტზე და კატასტროფა რუსეთში. საფრანგეთზე, ბელგიაზე და ჰოლანდიაზე შეტევის სქემის ძირითადი იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ გერმანიის სამხედრო შენაერთებს უნდა შეემუსრათ მოკავშირეების ძალები და სწრაფად უნდა მიეღწიათ ლა-მანშის სანაპიროსათვის. ამით ალყაში მოექციათ მოკავშირეთა მნიშვნელოვანი შენაერთები და მათ შორის ინგლისის საექსპედიციო კორპუსი. გერმანელთა ჩანაფიქრით საფრანგეთის ძირითადი ძალები გამოეშურებოდნენ ალყაში მოქცეული შენაერთების გამოსახსნელად, სწორედ ამას უნდა მოჰყოლოდა გერმანელების მეორე დარტყმა მოკავშირეების საშველად მოსული ფრანგული ნაწილების წინააღმდეგ, რის შედეგადაც ალყაში მოექცეოდა უკვე ეს შენაერთებიც. ასეთი სქემა შემუშავებული იყო გენერალ მანშტეინის მიერ, რომელზედაც ჰიტლერმა გააკეთა საბოლოო არჩევანი. მანშტეინის გეგმა გულისხმობდა მაჟინოს გამაგრებული ხაზის გვერდის ავლით ჰოლანდიაზე და ბელგიაზე თავდასხმას, შემდეგ საფრანგეთის ტერიტორიაზე შეჭრას და ლა-მანშის სრუტის ნაპირებზე გასვლას. ჰიტლერის ასეთი არჩევანი და აგრეთვე ის, რომ ჰიტლერი პირადად მონაწილეობდა ოპერაციულ საქმიანობებში, ლაპარაკობს მის როგორც სამხედრო მოაზროვნის ნიჭსა და უნარზე. რაც შეეხება სტრატეგიას, აქ ჰიტლერმა გამოამჟღავნა სრული უუნარობა, მან ვერ შეძლო შეეფასებინა ინგლისის პოტენციური შესაძლებლობები, ამერიკის ომში ჩარევის შესაძლებლობა და ამის მნიშვნელობა და, რაც მთავარია, რუსეთის რესურსები.
გერმანელებმა 1940 წლის მაისში სამხედრო თვალსაზრისით ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს მოკავშირეებზე. ეს გამარჯვება შეიძლება ფატალურიც კი გამომდგარიყო მოკავშირეებისათვის, რომ არა ჰიტლერის შეცდომა ბოლო ეტაპზე, რამაც საშუალება მისცა ინგლისელებს, ევაკუაცია განეხორციელებინათ თავისი საექსპედიციო კორპუსისა და საფრანგეთის შენაერთებისა.
მანშტეინის გეგმის განხორციელება ნიშნავდა გერმანიის წინააღმდეგ კიდევ 40 დივიზიის ჩართვას, თუ მხედველობაში მივიღებთ ჰოლანდიის და ბელგიის ჯარებს. გერმანელთა საბედნიეროდ ბელგიელებს ერთი თოფიც კი არ გაუსვრიათ, ხოლო ჰოლანდიელების მცირე წინააღმდეგობა მალე იქნა დაძლეული.
მაგრამ მანშტეინის გეგმა, ისევე როგორც ყველა გადაწყვეტილება, საკმარისი არ იყო, საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების, ანუ ამ გეგმის, შესრულება, რაც თითქმის ისეთივე პრობლემაა, როგორც გეგმის შემუშავება და მიღება. გეგმის ბრწყინვალე განხორციელება მოხდა შემდეგი ღონისძიებების ჩატარების საფუძველზე:
1) ტანკების მასობრივი გამოყენებით გარღვევის დროს. ეს იდეა ეკუთვნოდა გენერალ გუდერიანს, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა გერმანიის არმიაში. მართლაც, თუ ასეთი გარღვევა არ არის განხორციელებული მაქსიმალური ოპერატიულობით და პედანტიზმითაც კი, და თუ მოხერხდება გარღვევაში მყოფი სატანკი შენაერთების იზოლაცია მომარაგების პუნქტებისაგან, მაშინ შეტევა შეიძლება კატასტროფითაც კი დასრულდეს. ამ შემთხვევაში ყველაფერი მოქმედებდა საათის მექანიზმივით, რამაც დიდი წარმატება მოუტანა გერმანიის არმიას. უნდა ითქვას, რომ მანამდე ტანკების გამოყენებას ჰქონდა ცალკეული შენაერთებისგან მხარდაჭერა.
2) მოპიკირე მოიერიშეების გამოყენება. ესეც პირველად ამ ომში განხორციელდა. საქმე იმაში იყო, რომ გერმანელებისათვის აუცილებელი იყო ხიდებისა და ჰიდროდანადგარების მოშლა, რათა არ დაეშვათ შეტევის რაიონის წყლით დაფარვა, რისიც დიდი იმედი ჰქონდათ მოკავშირეებს. მოპიკირე მოიერიშეების გამოყენება სრულიად ახალი ხილი იყო და მოკავშირეები მოუმზადებელნი შეხვდნენ ამ სიახლეს. საზენიტო არტილერია არ იყო საკმარისი რაოდენობით და რაც იყო, ისიც ვერ მოქმედებდა ეფექტურად. შემდეგში, როდესაც დაგროვდა ამ სახის იარაღის წინააღმდეგ ომის გამოცდილება, წინააღმდეგობა უფრო მეტი იყო. ასე მაგალითად, ბატარეამ, რომელსაც ამ სტრიქონების ავტორი მეთაურობდა, 4 თვითმფრინავი ჩამოაგდო მდინარე ოდერზე.
3) საპარაშუტო დესანტების მიერ ხიდებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების ხელში ჩაგდება მოულოდნელი შეტევის ხარჯზე.
4) საჰაერო დესანტების გადასხმა მოკავშირეების ზურგში მტრის რიგებში დეზორგანიზაციის შეტანის მიზნით.
თავდაპირველად გერმანელ გენერლებს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ თავის მოქმედებაში. შემდგომში, განსაკუთრებით კი მოსკოვზე შეტევის შემდეგ, ჰიტლერმა აქტიური ჩარევა დაიწყო სამხედრო ოპერაციებში. ჰიტლერს საერთოდ არ სჯეროდა თავისი გენერლების და ნაცისტური პარტიის აქტიური ხელმძღვანელობით ცდილობდა მოქმედებას. დაიწყო იქიდან, რომ სმოლენსკის აღების შემდეგ ჰიტლერმა გასცა განკარგულება შეეჩერებინათ შეტევის ტემპები და გადაესროლათ სამხედრო შენაერთები უკრაინაში, მათ შორის გუდერიანის სატანკო არმიაც. გუდერიანმა განაცხადა პროტესტი, ის თვლიდა, რომ ჯერ უნდა მოსკოვი ყოფილიყო აღებული და ყველა დანარჩენი ოპერაციები მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელებულიყო. მით უმეტეს, რომ იკარგებოდა დრო, ახლოვდებოდა ზამთარი და უამინდობა და ვეღარ იმოქმედებდნენ ტანკები. ჰიტლერმა ყურადღება არ მიაქცია გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო გენერლის ხვეწნა-მუდარას და არ შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ანალოგიური შემთხვევა მოხდა სტალინგრადის ბრძოლის ბოლო ფაზაში, როდესაც ჰიტლერმა სასტიკად აუკრძალა გენერალ პაულიუსს ალყის გარღვევა და გამოსვლა ამ რეგიონიდან. ჰიტლერის ასეთი გადაწყვეტილება იყო შეცდომა თუ არა, კიდევ საკითხავია. საქმე ის არის, რომ სტალინგრადის ალყაში მომწყვდეული მე-6 არმია გარკვეულ ხანს აჩერებდა რუსეთის არმიებს. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსები აიღებდნენ ქ. როსტოვს და ჩაიკეტებოდა კავკასიაში მყოფი შენაერთების გამოსასვლელი გზა, ხოლო მე-6 არმიას ისედაც მძიმე ზარალი ელოდა არიერგადულ ბრძოლებში. უფრო აშკარა იყო ჰიტლერის შეცდომა ლიტვაში და კურლანდიაში ალყაშემორტყმული გერმანული შენაერთების ალყიდან გამოყვანის საკითხში. გენერალი გუდერიანი ცდილობდა დაერწმუნებინა ჰიტლერი, რათა განხორციელებულიყო ოპერაცია ალყაშმორტყმული ნაწილების ზღვით გამოსაყვანად. ყველა საჭირო გაანგარიშება ამისათვის შტაბს მზად ჰქონდა. ჰიტლერი არ დაეთანხმა გუდერიანს და არა მარტო გუდერიანის მოსაზრებებს. კამათმა ცხარე ხასიათი მიიღო. “ჩვენი ვალია გადავარჩინოთ ეს ხალხი. ჩვენ კიდევ გვაქვს დრო გამოვიყვანოთ ისინი” – ამბობდა გუდერიანი. ჰიტლერმა უპასუხა: – “ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იქ, ამ ტერიტორიას ვერ დავთმობთ”. “მაგრამ ეს ხომ უაზრობაა გავწიროთ ხალხი მაშინ, როდესაც მდგომარეობა გამოუვალია” – პასუხობდა გუდერიანი. გენერალმა ეს კამათი წააგო. სტალინგრადში ალყაშემორტყმული ნაწილების ევაკუაციასთან განსხვავებით, ამ შემთხვევაში არავითარი ეჭვი არ იყო ევაკუაციის აუცილებლობაში. ჰიტლერის უაზრო სიჯიუტის მაგალითია, აგრეთვე, შეტაკება ფელდმარშალ რომელთან.
1944 წლის 28 ივნისს ფელდმარშალი რომელი მიმართავს ფელდმარშალ რუნდშტეტს: – “ჰერ რუნდშტეტ, მე და თქვენ ორივენი ვფიქრობთ, რომ ეს ომი უნდა დამთავრდეს. მე არ ვაპირებ ყოყმანს, ეს ყველაფერი უნდა ვუთხრა ჰიტლერს”. ჰიტლერი ამ დროს იმყოფებოდა ბრენტესჰადებში. იქ გამგზავრების წინ რომელმა უთხრა თავის მეუღლეს: – “შეიძლება ვეღარ მნახო”. თათბირზე ჰიტლერმა დამსწრეებს აჩვენა ფოტოსურათები, სადაც ასახული იყო, თუ რა ნგრევა მიაყენა ლონდონს VI ტიპის რაკეტებმა. ამის შემდეგ სიტყვას ითხოვს რომელი, რომელიც ამბობს “ჩემო ფიურერო, მე აქ ვიმყოფები როგორც არმიების ჯგუფის სარდალი. ახლა გერმანელი ხალხის საკეთილდღეოდ საჭიროა დავიწყოთ პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი, მთელი მსოფლიო გერმანიის წინააღმდეგ შეიკრა”. ჰიტლერი აწყვეტინებს რომელს: – “ფელდმარშალო, თუ შეიძლება ილაპარაკეთ სამხედრო მდგომარეობაზე”. რომელი აგრძელებს: – “ჩემო ფიურერო, ისტორია თხოულობს ჩემგან, რომ მე პირველ რიგში განვიხილო საერთო მდგომარეობა”. ჰიტლერი უხეშად აწყვეტინებს: – “თქვენ ილაპარაკეთ იმ სამხედრო მდგომარეობაზე, რომელიც თქვენ უშუალოდ გეხებათ და სხვა არაფერზე”. რომელს არაფერი დარჩენოდა გარდა იმისა, რომ დამორჩილებოდა. ჰიტლერმა გამოთქვა უკმაყოფილება რუნდშტეტის მოქმედებით დასავლეთ ფრონტზე. ცოტა ხნის შემდეგ რომელი ისევ უბრუნდება თავის თემას. ჰიტლერმა დაკარგა მოთმინება: – “ფელდმერშალო, კეთილი ინებეთ და დატოვეთ ოთახი, ვფიქრობ, ეს ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნება. “ ეს იყო რომელის უკანასკნელი შეხვედრა ჰიტლერთან. მალე რომელს გამოეცხადა ჰიტლერის სამხედრო ადიუტანტი და რომელის უახლოესი მეგობარი გენერალი ბურგდორფი. ბურგდორფმა რომელს უთხრა: – “თქვენ გბრალდებათ ფიურერის ხელყოფაში მონაწილეობა” და დასძინა: – “ფიურერი თვლის, რომ, თუ რომელი დათანხმდება თვითმკვლელობაზე, მაშინ ვერავინ შეიტყობს მისი გამცემლობის შესახებ და მას დიდი პატივით დაასაფლავებენ, ხოლო მეუღლე მიიღებს ფელდმარშლის პენსიას”. რომელმა კატეგორიულად უარყო შეთქმულებაში მონაწილეობა, მაგრამ დათანხმდა მოეკლა თავი, თუმცა თქვა, რომ არ შეუძლია თავის თავს ესროლოს. ბურგდორფი დაეხმარა და მისცა ციანისტიანი ამპულა. ასე დაასრულა სიცოცხლე ჰიტლერის უსაყვარლესმა და გერმანიის ერთ-ერთმა დიდი ავტორიტეტის მქონე ფელდმარშალმა.
ფელდმარშალმა რომელმა სიკვდილის წინ ტყუილი თქვა. რომელი იყო შეთქმულების ერთ-ერთი მონაწილე. საქმე იმაში იყო, რომ თავიდანვე ჰიტლერს სამხედროებს შორის ჰყავდა მძლავრი ოპოზიცია, რომელშიც სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გენერალი ბრაუხჩიც კი იღებდა მინაწილეობას და რომელიც შემდგომში გადაუდგა შეთქმულებს. შეთქმულებაში მონაწილეობდა ბევრი ცნობილი პიროვნება. ხელმძღვანელობდა შეთქმულებას გენერალი ბეკი (ნუ აურევთ გენერალ ბოკში, რომელიც მოსკოვზე შემტევი არმიების მთავარსარდალი იყო), შეთქმულების ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური მონაწილე იყო გიოდელერი. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პირები ცდილობდნენ ჩამოეშორებინათ ჰიტლერი ხელისუფლებას. ჰიტლერზე რამდენიმეჯერ სცადეს განეხორციელებინათ თავდასხმა. ჰიტლერზე თავდასხმის ორგანიზატორები იყვნენ გენერალი კლიუგე, ფელდმარშალი ვიცლებენი, აშკარა ანტინაცისტი კლაისტი და, რაც მთავარია, პოლკოვნიკი შტრაუფენბერგი. ჰიტლერის მოცილება უნდოდათ ჯერ კიდევ ჩეხოსლოვაკიის შემოერთების წინ და ეს განზრახვა განხორციელდებოდა კიდევაც, რომ არა მიუნხენის შეთანხმება. შეთქმულებმა ჩათვალეს, რომ უაზრო იყო თავდასხმის განხორციელება ჰიტლერის ტრიუმფის პერიოდში. მეორე მცდელობა იყო 1940 წელს საფრანგეთზე შეტევის დროს, რომელიც ასევე წარუმატებლად დამთავრდა. შემდგომში, გერმანელების დამარცხებების შედეგად პატრიოტებმა ჩათვალეს, რომ ჰიტლერს თუ არ მოიშორებდნენ, გერმანია დაიღუპებოდა. გეგმა ასეთი იყო: ჰიტლერის მოკვლის შემდეგ უნდა შექმნილიყო დროებითი კაბინეტი და შეთანხმება უნდა დაედოთ ინგლისთან და ამერიკასთან. გერმანიის ჯარი იხევდა ომამდელი საზღვარის შიგნით, ხოლო აღმოსავლეთში ომი გრძელდებოდა. შეთქმულებმა მოახერხეს ამერიკის დაზვერვის შეფთან დალესთან შეხვედრა შვეიცარიაში და ზემოთმოყვანილი პირობები გადასცეს მას. შემდგომში დალესმა თქვა, რომ მან არ ჩათვალა საჭიროდ დაეხარჯა დრო იმაზე, რაც გადაწყვეტილი იყო: რომ მოკავშირეები შეთანხმებული არიან
უპირობო კაპიტულაციაზე და ცალმხრივი შეთანხმება ომის შეწყვეტის შესახებ გამორიცხულია. ვფიქრობ, რომ მან გააკეთა “სვლა ცხენით”. ის ფიქრობდა, რომ მოიშორონ ამათ ჰიტლერი მოკავშირეების დახმარების გარეშე და მერე ვნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ დალესმა არავითარი კონკრეტული პასუხი არ მისცა, შეთქმულებმა მაინც გადაწყვიტეს ჰიტლერის მოშორება. შეთქმულები უკვე თანახმანი იყვნენ უპირობო კაპიტულაციაზე, როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით. 1944 წლის 20 ივლისს პოლკოვნიკმა შტრაუფენბერგმა სხდომაზე, რომელსაც ატარებდა ჰიტლერი, შეიტანა ჩანთა, სადაც ბომბი იყო. სულ რამოდენიმე წუთში უნდა მომხდარიყო აფეთქება. პოლკოვნიკმა მოიმიზეზა ტელეფონით დარეკვა შტაბში, სასწრაფოდ დატოვა სხდომის დარბაზი და, საერთოდ, უმაღლესი სარდლობის ბანაკი და გამოფრინდა ბერლინში. ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ცოცხალი გადარჩა. ამას მოჰყვა შეთქმულების მონაწილეების თავგზააბნეულობის მთელი კასკადი და შეთქმულებამ მარცხი განიცადა. დაიწყო უსასტიკესი რეპრესიები. ჩამოყალიბდა ე. წ. სახალხო სასამართლო ცნობილი ჯალათის ფრეისლერის თავმჯდომარეობით. დამნაშავეების უმრავლესობა სიკვდილით დასაჯეს განსაკუთრებული მკაცრი მეთოდებით. სიკვდილმისჯილს ახრჩობდნენ ნელ-ნელა და თანდათანობით. სიკვდილით დასაჯეს 4000 კაცზე მეტი. ბევრმა, რომელის მსგავსად, თავი მოიკლა. თავი მოიკლა გენერალმა ტრესკოვმაც, რომელმაც სიკვდილის წინ წარმოთქვა: – “ადამიანს მაშინ აქვს ფასი, როდესაც მზადაა თავისი რწმენისათვის გაწიროს თავი”.
ჰიტლერმა სამშობლოს ვითომდა სიყვარულით ისეთი ბოროტებები ჩაიდინა, როგორიც მარტო საბჭოთა კავშირში ხდებოდა. განკითხვის დღე მალე დადგა. ერთ წელზე უფრო ადრე საბჭოთა ჯარებმა ალყა შემოარტყეს ბერლინს. ჰიტლერმა გადაწყვიტა ბერლინში სიკვდილი.
ფაშისტური გერმანიის ისტორიაში ყიველთვის იგრძნობოდა ანტაგონიზმი ნაცისტური პარტიის ხელმძღვანელობასა და გერმანიის გენერალიტეტს შორის. ეს ანტაგონიზმი სუსტებოდდა გერმანიის სამხედრო წარმატებების ზენიტში ასვილს დროს და ძლიერდებოდა წარუმატებლობის პერიოდში. ანტაგონიზმში თითქმის ყოველთვის იყვნენ გენერლები ბეკი, გუდერიანი, კლაისტი, რომელი, ჰალდერი და სხვები და შენიღბულად რუნდშტეტი, კლიუგე, ბრაუხიჩი და სხვები. იყვნენ ჰიტლერის მონური მორჩილებიც: კეიტელი, შერნერი. გენერლების უმრავლესობა უფრთხოდა და ეშინოდა მომავლის. ჰიტლერი კი არაფერს არ უფრთხოდა და მტკიცედ იყო დარწმუნებული მომავალში. ამის მიზეზი იყო ის, რომ ჰიტლერმა თავისი განათლების დაბალი დონის გამო ვერ შეძლო გაეთვალა გერმანიის შესაძლებლობები თავის თავზე ერთობ დიდი წარმოდგენის გამო, არც კომპეტენტური პიროვნებების რჩევებს აქცევდა რაიმე ყურადღებას.
ჰიტლერმა იცოდა, რომ გერმანიის არმია არ იყო მზად საბრძოლო ოპერაციები ეწარმოებინა რუსეთის მკაცრი ყინვების პირობებში, მაგრამ მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ აქამდე საქმე არ მივიდოდა და ნოემბრამდე საომარი მოქმედებები რუსეთში დამთავრდებოდა. არ არის საჭირო ოპერაციული კვლევების ან სისტემური ანალიზის ჩატარება, ელემენტარული სიფრთხილის გრძნობა იყო საკმარისი, რომ არ წასულიყო კაცი ასეთ რისკზე. იყო პრობლემები, რომლის დროსაც უკვე მარტო სიფრთხილის გრძნობა არ იყო საკმარისი და სწორი გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებული იყო რთული გათვლების ჩატარებასთან. ინგლისში და ამერიკაში, ჩვენი აზრით, შეიძლებოდა არასაკმარის, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ტარდებოდა გათვლები. გერმანიაში იყო საკმარისი მეცნიერული ძალები, მაგრამ ისინი არავის მოუხმია რთული გადაწყვეტილებების მიღების დროს. დიდი შეცდომები იყო დაშვებული იმაში, რომ გერმანიამ, სხვათაშორის საბჭოთა კავშირმაც, არ მიაქცია ყურადღება სტრატეგიული ავიაციის შექმნის და განვითარების პრობლემას. გერმანიას რომ სტრატეგიული ავიაცია ჰქონოდა, მას შეეძლო საბჭოთა კავშირის სამხედრო მრეწველობა და, საერთოდ, სასიცოცხლო ცენტრები მთლიანად მოესპო. მაშინ კიდევ საკითხავი იქნებოდა, ვინ მოიგებდა ომს გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის. ამ საკითხში ფატალური შეცდომა დაუშვეს გერინგმა და ჰიტლერმა.
ოპერაციული კვლევების, სისტემური ანალიზის, თამაშთა თეორიის, გრაფების თეორიის, მართვის თეორიის, მათემატიკური მოდელირების და, საერთოდ, გამოყენებითი მათემატიკის მეთოდების გამოყენებას დღესაც არ ექცევა ყურადღება საქართველოში. უბედურება მარტო იმაში კი არ არის, რომ მთავრობის მაღალ წრეებში ვერ გრძნობენ ამ პრობლემის მნიშვნელობას და არ იციან რა შეიძლება მოუტანოს ამან სახალხო მეურნეობას, კერძოდ, სამხედრო საქმეს, არამედ ჩვენი მეცნიერების დონეც არ იძლევა ამის საშუალებას.
დავუბრუნდეთ ახლა ჰიტლერის მოღვაწეობას, ომის უკანასკნელ პერიოდში ჰიტლერი იმყოფებოდა იმპერიის კანცელარიის მიწისქვეშა ბუნკერში და იქედან ხელმძღვანელობდა როგორც სახელმწიფოს, ისე საომარ ოპერაციებს. მას შემდეგ, რაც დამთავრდა კურსკის ბრძოლა, ყველასათვის, გარდა ჰიტლერისა, ცხადი იყო, რომ გერმანიამ ომი წააგო. ამის შემდეგ არსებობდა გადაწყვეტილების მიღების ორი ვარიანტი: ომის გაგრძელება და ომის დამთავრება, თუნდაც უპირობო კაპიტულაციის ხარჯზე. ჰიტლერმა აირჩია ომის გაგრძელების ვარიანტი. ვნახოთ ახლა, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ომი უკვე წაგებული იყო. თუ ჰიტლერისათვის ომის მოგება ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი და ის ნამდვილად ასე ფიქრობდა, ეს მის შეზღუდულობაზე ლაპარაკობს. გერმანიაში ყველა ასე თუ ისე ინტელექტუალურად მოაზროვნე პიროვნება ხედავდა, რომ ომს ვეღარ მოიგებდნენ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ გერმანია ბევრს მოიგებდა, ომი რომ დაემთავრებინა თუნდაც მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარი პოლონეთის საზღვარს მიადგა. იმის თქმა, რომ რუსეთიც ხომ არ დანებდა, როდესაც გერმანელები მოსკოვთან და სტალინგრადთან იყვნენ, იქნება სრულიად უსაფუძვლო, ვინაიდან რუსეთს ამ მომენტში ჰქონდა უზარმაზარი სტრატეგიული რესურსები და ზურგში უზარმაზარი ტერიტორები, ჰყავდა მძლავრი მოკავშირეები. ჰიტლერმა ომი არ შეწყვიტა არამც თუ პოლონეთის საზღვარზე, არამედ მანამ, სანამ საბჭოთა ჯარები ბუნკერს არ მიადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერის ბუნკერში ყოფნის პერიოდი შეიძლება ნაკლებად ეხება სახელმწიფოს მართვის პრობლემას, არ არის ინტერეს მოკლებული, განვიხილოთ ეს პერიოდი, განსაკუთრებით თუ მივიღებთ მხედველობაში იმას, რომ ქართულ და, ფაქტობრივად, რუსულ ენაზეც კი არ არის ამის შესახებ მასალა. ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ ხელმძღვანელის მოქცევა ბოლო ფაზაში მართვასაც ეხება. ჰიტლერს გულწრფელად სჯეროდა, რომ უიმისოდ გერმანია დაიღუპებოდა და, უფრო მეტიც, უნდა დაღუპულიყო კიდეც, ვინაიდან გერმანია ომს აგებდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ გერმანელთა რასა გამოდგა სუსტი, ხოლო სუსტი, ჰიტლერის აზრით უნდა დაღუპულიყო. თუ ამას გადავიტანთ ჩვეულებრივ ენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ, რადგან იღუპებოდა ჰიტლერი, უნდა ფიზიკურად დაღუპულიყვნენ გერმანელებიც. აი, გაუგონარი და არნახული პატივმოყვარეობა.
პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეებში სახელმწიფოს მართვის თვალსაზრისით ბუნკერში არაფერი საინტერესო არ ხდებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბუნკერში გამეფებული იყო ისტერია, ფსიქოზი, დაბნეულობა და სასოწარკვეთილება. როგორც კაცი, ისე ქალი სვამდა და მთვრალები იყვნენ. ქვემოთ მოყვანილია ძირითადი ბუნკერის სქემა.
1-4 სამზარეულო ბლოკი
5-6 საწყობი
7-8 მომსახურების ბლოკი
9-12 ქალბატონ გებელსის და ბავშვების ოთახები
13 ელექტრომომსახურეობა
14 ტუალეტი
15 აბაზანა
16 ევა ბრაუნის გარდერობი
17 ევა ბრაუნის საძილე
18 ჰიტლერის კაბინეტი
19 მისაღები
20 ჰიტლერის საძილე
21 სათათბირო
22 ძაღლების ადგილსამყოფელი
23 დიზელის ძრავი
24 სატელეფონო და დაცვა
25 ავარიული სატელეფონო სადგური
26 მხაზველები
27 გებელსის საძილე
28-29 საიდუმლო ოთახები
30 კანცელარია
ბუნკერი ორი ნაწილისაგან შესდგებოდა. 16 მეტრის სიღრმეზე 30 პატარა ოთახი ზემოდან დაფარული იყო 8 მეტრიანი ბეტონის საფარით, თვით ჰიტლერის აპარტამენტი 12 მეტრით უფრო ღრმად იმყოფებოდა. 20 აპრილს ჰიტლერის დაბადების დღე იყო. ჰიტლერის ბუნკერში იმყოფებოდა ჰიმლერის წარმომადგენელი ფეგელაინი, ადმირალი დენიცის წარმომადგენელი ადმირალი ფოსი, ბუნკერში იყო გებელსი, მისი მეუღლე, მათი 6 შვილი და ბორმანი. ბუნკერში იყვნენ, აგრეთვე, ჰიტლერის ადიუტანტი ბურგდორფი, პირადი დაცვის უფროსი რატენჰუბერი, პირადი მძღოლი კამკე, პირადი მფრინავი ბაური და 600-700 კაცი – პირადი დაცვა. ბუნკერში იყო, აგრეთვე, ჰიტლერის მეგობარი ევა ბრაუნი. აქვე იყვნენ საიმპერიო კანცელარიის კომენდანტი მონკე, სამი მდივანი ქალი და მზარეული.
ჰიტლერის დაბადების დღე გადაიხადეს მოკრძალებულ მასშტაბებში. ადრე ამ დღის აღსანიშნავად მთელი ბერლინი ფეხზე იდგა. ამჯერად მდიდარი კარნავალების ნაცვლად იყო მხოლოდ მჟავე მილოცვები. ჰიტლერი ამოვიდა ზემოთ, საიმპერიო კანცელარიის შენობაში. მას წარუდგინეს ახალგაზრდული დელეგაცია. ჰიტლერმა წარმოთქვა მკლე სიტყვა და თავზე ხელი გადაუსვა ბავშვებს, რომლებიც სულ მალე სასაკლაოზე უნდა გაერეკათ. ჰიტლერი ლაპარაკობდა ძალზე ხმადაბლა. ამის შემდეგ ჰიტლერი ისევ ჩავიდა ბუნკერში, სადაც თათბირის მონაწილენი იდგნენ დიდი რუქის ირგვლივ. ჰიტლერი დაჯდა გერინგის პირდაპირ. დაიწყო დისკუსია, რომლის საგანი იყო საბჭოთა ჯარების მომავალი იერიში ბერლინის ცენტრზე. გამოითქვა აზრი, რომ უარი ეთქვათ დედაქალაქის დაცვაზე და ყველა გადასულიყო ალპებში. ჰიტლერმა არ მიიღო ეს წინადადება და გადაწყვიტა ბრძოლა გაგრძელებულიყო ბერლინის ქუჩებში. თითქმის ყველა დანარჩენთა აზრი იყო მთავარი ბანაკის გადატანა ობერზალცბურგში (ბავარია). გერინგმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის შესაძლებელი ბერლინიდან გასვლა და ეს შესაძლებლობა შეიძლება აღარ იქნას უახლოეს მომავალში. ჰიტლერმა უარი განაცხადა. გერინგი მიუბრუნდა ჰიტლერს და უთხრა, რომ მან, გერინგმა, უნდა დატოვოს ბერლინი იმავე ღამეს. ასეც მოიქცა. ასე გამოეთიშა ბრძოლების საბოლოო ფაზას გერინგი. რამოდენიმე დღის შემდეგ ასეთივე მოქმედებისათვის ევა ბრაუნის დის ქმარი, სს-ის გენერალი ფეგელაინი ჰიტლერის ბრძანებით დახვრიტეს ეზოში.
22 აპრილს იმპერიის შეიარაღების მინისტრმა გადაწყვიტა უკანასკნელად ენახა ჰიტლერი. შპეერის თვითმფრინავს ესკორტით მიჰყვებოდა ავიაგამანადგურებელთა ესკადრილია. შპეერს პირველად შეხვდა ბორმანი, რომელმაც სთხოვა შპეერს, ერჩია ჰიტლერისათვის, დაეტოვებინა ბერლინი და გაფრენილიყო ბერხტენჰადენში (ჰიტლერის რეზიდენცია ბავარიის ალპებში). შპეერი შევიდა ჰიტლერის ოთახში. ჰიტლერი გამოიყურებოდა ინდიფერენტულად, ყოველგვარი ემოცია გამქრალი ჰქონდა. ის შეეკითხა შპეერს, თუ როგორ ართმევდა თავს საქმეს დენიცი. ცოტა ხნის შემდეგ ჰიტლერი ეკითხება შპეერს: – “როგორ ფიქრობ, უნდა დავრჩე მე აქ თუ გავფრინდე ბერხტესჰადენში? იოდლმა მითხრა, რომ ხვალ აქედან წასვლის უკანასკნელი შესაძლებლობაა”. შპეერი არც დაფიქრებულა, ისე ურჩია ჰიტლერს დარჩენილიყო ბერლინში: – “რა უნდა გააკეთოთ ობერზალცბურგში? თუ ბერლინი დაიკარგა, ყველა შემთხვევაში, ომი წაგებულია”, – და შემდეგ დასძენს: – “მე მგონია, თუკი ეს მაინც უნდა მოხდეს, უმჯობესია, სიცოცხლე დაასრულოთ დედაქალაქში, როგორც ფიურერმა”. სულაც არ იქნებოდა, ალბათ, მოულოდნელი ჰიტლერს რომ ეთქვა: – “გაიყვანეთ ეს თავხედი და დახვრიტეთ”, მაგრამ ჰიტლერი ამბობს: – “მეც ასე გადავწყვიტე, უბრალოდ მინდოდა გამეგო თქვენი აზრი”, – და შემდეგ განაგრძობს: – “მე გადავწყვიტე პირადად არ მივიღო მონაწილეობა ბრძოლაში, ყოველთვის არის საფრთხე, დავიჭრა და ჩავუვარდე რუსებს ცოცხალი. უფრო მეტიც, მე არ მინდა, ჩემი გვამი ჩაუვარდეს მტერს ხელში. მე გავეცი ბრძანება, დამწვან. ფროილაინ ბრაუნს სურს გაიზიაროს ჩემი ბედი. დამიჯერე, შპეერ, ჩემთვის არ არის ძნელი, დავამთავრო სიცოცხლე, ერთი ხანმოკლე მომენტი და მე განვთავისუფლდები ყველაფრისაგან, მათ შორის ამ მტანჯველი სიცოცხლისაგან”. აქ ჰიტლერს თვალში ცრემლი აუციმციმდა. არავის უნახავს ჰიტლერის თვალებში ცრემლი, როდესაც ის იძლეოდა ბრძანებებს მასობრივი დახვრეტების შესახებ. ამის შემდეგ შპეერი ხვდება გებელსს. გებელსი ატყობინებს შპეერს, რომ მისი მეუღლე და ბავშვები აქ, ბუნკერში არიან, რათა დაამთავრონ თავიანთი სიცოცხლე. შპეერმა ინახულა მაგდა გებელსი. უნდა ითქვას, რომ ცოლ-ქმარი შეხმატკილებით ვერ ცხოვრობდა. ცნობილი იყო გებელსის რომანები კინომსახიობებთან, განსაკუთრებით, ცნობილ ჩეხ მსახიობთან ლიდა ბააროვასთან. ქმარს არც ცოლმა დაუდო ტოლი და რომანი გააბა ქმრის თანამშრომელთან ჰანკესთან.
23 აპრილს ბუნკერში მიიღეს დეპეშა გერინგისაგან, რომელიც ეკითხებოდა ჰიტლერს, შეეძლო თუ არა მას, თანახმად სახელმწიფოს მეთაურის შეცვლის დეკრეტისა, დაეკავებინა ჰიტლერის ადგილი, რამეთუ ჰიტლერი იმყოფებოდა ალყაშემორტყმულ ბერლინში. ბორმანმა, ისარგებლა შემთხვევით, რათა საბოლოოდ გაეფუჭებინა მისი კონკურენტის რეპუტაცია. “გერინგი მოღალატეა” – უთხრა მან ჰიტლერს. ჰიტლერმა იმავე წუთში ჩამოართვა ყველა უფლება გერინგს, ხოლო ბორმანმა გაგზავნა დეპეშა, რომელშიც იგი გერინგს აცხადებდა მოღალატედ. ამას აკეთებს ბორმანი თავისი სიკვდილის ერთი კვირის წინ. თქვე დალოცვილებო, რა დროს ინტრიგებზე და კარიერაზე ფიქრია. ეს ფაქტი და აგრეთვე ის, რომ თავისი კარიერის ბოლოს გებელსს იმედი ჰქონდა, რომ მოკავშირეები მას დააყენებდნენ გერმანიის მთავრობის სათავეში, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი მასალაა მეცნიერი-ფსიქოლოგებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას ისეთ პიროვნებაზე, როგორიც იყო ჰიმლერი, იგი ცდილობდა მოლაპარაკებები გაემართა ინგლისელებთან და როდესაც დარწმუნდა, რომ აპატიმრებდნენ, მხოლოდ მაშინ გაკვნიტა ამპულა.
ჰიტლერმა გამოთქვა უკანასკნელი თავისი აზრი და ეს იყო შეფასება გერინგის შესახებ: – “მე ვიცოდი, რომ გერინგი იყო ზარმაცი და უქნარა, რომ მან უკიდურესობამდე მიიყვანა ჩვენი საჰაერო ძალები. ის იყო ამორალური ადამიანი, მაგრამ მე მაინც პატივში მყავდა”.
საინტერესო იყო შპეერის ვიზიტი ევა ბრაუნთან. ითვლება, რომ ევა ბრაუნი არ იყო ლამაზი, მაგრამ იყო კოხტა. ევას კიდევ შესწევდა უნარი წყნარად ესაუბრა. ყველაზე უფრო მშვიდად სიკვდილს ხვდებოდა სწორედ ევა ბრაუნი, რომელიც უკანასკნელ დღეებში თავისი ნებით ჩამოვიდა ბუნკერში. ის ხომ ოფიციალურად ჰიტლერის მეუღლეც კი არ იყო. მაშინ, როდესაც გებელსი თამაშობდა გმირის როლს, ჰიტლერი აგზნებული იყო, მაგდა გებელსი მთლიანად განადგურებული, ხოლო ბორმანი იმის ცდაში იყო, როგორმე გადაერჩინა თავი. მარტო ევა ბრაუნს ეკავა თავი წყნარად და მშვიდად: – “რას იტყვით ერთ ბოთლ შამპანურზე ჩვენი გამოთხოვების ჟამს? ასევე ცოტა ტკბილეულიც. მე დარწმუნებული ვარ თქვენ დიდი ხანია, არაფერი გიჭამიათ... ფიურერმა გადაწყვიტა დარჩეს აქ და მეც ვრჩები მასთან. დანარჩენი თქვენ იცით... მას უნდოდა უკან გავეგზავნე მიუნჰენში, მაგრამ მე უარი ვთქვი, მე მოვედი დასასრულისათვის”. ამის შემდეგ: – “რატომ უნდა დაღუპულიყო ამდენი ხალხი და ეს ყველაფერი არაფრისათვის”.
ჰიტლერმა გერინგის მაგივრად საჰაერო ძალების სარდლად დანიშნა გენერალი რიტერ ფონ-გრეიმი. გრეიმი, თავის მეუღლესთან, შეურყეველ ნაცისტ ჰანა რეიჩთან ერთად ორმოცი გამანადგურებლის თანხლებით გაფრინდა ალყაშემორტყმულ ბერლინში. მათ გზაში დაკარგეს რამოდენიმე ავიაგამანადგურებელი. ქალაქ გატოვიდან გრეიმი გადაჯდა მსუბუქ თვითმფრინავში “არადო”-ში ბერლინში ერთადერთი დასფრენი ადგილი იყო შარლოტენბურგერ ალეეს განიერი პროსპექტი. ბრანდერბურგის ჭიშკართან თვითმფრინავს მოხვდა ჭურვი და იგი საგრძნობლად დაზიანდა. რეიჩმა რამოდენიმე დღე გაატარა ბუნკერში დაჭრილი ქმრის საწოლთან. ბუნკერში მათ ნახეს გერმანიის ბედის გამგებელთა სახე. შემდგომში რეიჩი წერდა: – “და ესენი იყვნენ ადამიანები, ვინც მართავდა ჩვენს ქვეყანას?.. შიშისა და განწირულების გამო ყველა მამაკაცი და ქალი ტიროდა და ყვიროდა. ყველაფერი აირია ნერვულ კრუნჩხვებში...” გრეიმი და ჰანა რეიჩი ინსტრუქციების მიღების შემდეგ ტოვებენ ბერლინს. თვითმფრინავს მართავდა ჰანა რეიჩი. აფრენის მომენტში თვითმფრინავი ისევ მოხვდა ცეცხლის წრეში. რეიჩმა შეძლო არიდებოდა ხიფათს. ეს მოხდა 1945 წლის 29 აპრილს. ბერლინიდან გაფრინდა უკანასკნელი თვითმფრინავი. იგივე 29 აპრილს ჰიტლერი განკარგულებას იძლევა, ყველას დაურიგდეს ამპულები საწამლავით. ამის შემდეგ ის ქორწინდება ევა ბრაუნზე. ნასადილევს ჰიტლერი და ევა ბრაუნი გადიან თავის საწოლ ოთახში. ოთხის ნახევარზე გაისმის სროლა. თავიდან არ შეიძლებოდა გადაჭრით თქმა, რისგან მოკვდა ჰიტლერი, ტყვიისგან თუ შხამისგან. ჰიტლერს ტყვია პირში ჰქონდა მოხვედრილი.
მას შემდეგ, რაც გებელსს უარი უთხრეს კოალიციური მთავრობის შექმნაზე, მან გადაწყვიტა ჰიტლერის მაგალითისათვის მიემართა. ჯერ კიდევ მაგდა გებელსმა და მათმა ექიმმა მოწამლეს ექვსი ბავშვი, რომელშიც უფროსი იყო 14 წლის. ამის შემდეგ გებელსმა თხოვა დაცვის უფროსს გაეწია მისთვის უკანასკნელი სამსახური: გებელსმა და მისმა მეუღლემ კიბეზე მიიღეს უკანასკნელი ტყვია.
ჰიტლერისა და ევა ბრაუნის, ისევე, როგორც გებელსების, გვამები დაწვეს. საბჭოთა არმიის კონტრდაზვერვის მუშაკებმა აღმოაჩინეს დამწვარი ნაცისტების სამარხი, თუმცა ამაში ეჭვი შეაქვს ცნობილ მკვლევარს ტრევორ-როპერტს. მას აქვს განხილული ვერსია, რომლის თანახმად ჰიტლერის დამწვარი გვამი გაიტანეს ბერლინიდან და უცნობ ადგილას ჩაფლეს.
როგორც უკვე ვთქვით, ჰიტლერი იყო მეტად რთული პიროვნება და მისი, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაშიფვრა არც ისე ადვილია. ჰიტლერის მოღვაწეობის პირველი პერიოდი წარმატებების პერიოდია, მეორე პერიოდი დაკავშირებულია კატასტროფებთან. თუ მხედველობაში მივიღებთ ჰიტლერის მოღვაწეობის შედეგად მიღებულ დანგრეულ და განადგურებულ გერმანიას, მილიონობით დაღუპულ ადამიანებს, არ შეიძლება ეს მოღვაწეობა უარყოფითად არ შეფასდეს. რომ ჰიტლერი არის გენიოსი, ამ აზრს ყველა არ იზიარებდა მისი აღმავლობის პერიოდშიც კი, განსაკუთრებით გენერალიტეტი, ბევრი თვლიდა, რომ ის იყო ვულგარული ადამიანი, დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი. გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი ჰალდერი ამბობდა: – “როდესაც მე მიხდებოდა მასთან ურთიერთობა, მე ვცდილობდი აღმომეჩინა გენიოსის რაიმე ნიშნები, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი ვყოფილიყავი მიუდგომელი, მე მისადმი მქონდა ანტიპატია. მე არასოდეს დამინახავს მასში გენიოსი, დავინახე მხოლოდ სასტიკი, ულმობელი, ბოროტი და ეშმაკი არსება”.
Комментариев нет:
Отправить комментарий