ლაზები /ჭანები/ ერთ-ერთი ძველი და ძლიერი ქართული თემია, რომელიც ოდითგანვე ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში. ლაზთა უმეტესობა ამჟამად ქართული სახელმწიფოს საზღვრებს გარეთაა მოქცეული, მაგრამ მეტყველებით, ისტორიითა და კულტურით ისინი ქართველი ერის განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
ტრადიციულად, ქართველი მემატიანეები ლაზეთის მთავარ ქალაქს - ტრაპიზონს - „მეგრელთა სოფელს“ უწოდებენ, ლაზეთს კი ეგრისის ნაწილად თვლიან. საკუთარი სახელები: ლაზია, ლაზეთი ნაწარმოებია ლაზ- ფუძისგან, რომლის ქართული წარმომავლობის მტკიცება რთულია; ლაზი იხსენიება ბერძნულ წყაროებში, შესაბამისად, ლაზ- შეიძლება ბერძნული წარმომავლობისა იყოს (საკითხი შემდგომ კვლევას ითხოვს). ტერმინი „ლაზიკა“ პირველად გვხვდება ძველი რომაელი მემატიანის, არიანეს (II ს.) ნაშრომში. ლაზეთში მცხოვრები საზოგადოების სახელად ქართულ, ბერძნულ თუ სხვა წყაროებში დასტურდება ჭანი და სანი; რაც გვაფიქრებინებს, რომ ლაზთა ძველი სახელი იყო სანი/ჭანი, რომელიც ბერძნული წყაროების გავლენით ამ მოსახლეობაშიც კი ჩანაცვლდა ლაზით; აქვე აღვნიშნავთ, რომ მთიელი ლაზები თავიანთ თავს ჭანებს უწოდებენ; დღემდე ჭანებად იხსენიებენ ლაზებს თურქეთის ავტოქთონი ქართველები (ტაოელები, იმერხევლები, მაჭახლელები).
ლაზეთის დიდი ნაწილი ეკლესიურად ქართული ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყო: საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის მოპოვების დროს ხუფათის ციხეც (თანამედროვე ხოფა, რიზეს აღმოსავლეთით) და მთელი „კლარჯეთისა ზღვის პირი“ ვახტანგ გორგასლის ხელში იყო.
პ. ინგოროყვას ცნობით, V საუკუნეში მცხეთის საკათალიკოსო საყდარს ექვემდებარებოდა იმ დროისათვის ახლადდაარსებული ტამბურის საეპისკოპოსოც (პ. ინგოროყვა 1954:377-380, 441-442). მის მიერ შედგენილ ჭანეთ-ლაზეთის რუკაზე (იქვე:272) „ტამბური, ანუ ჰამამაშენი ზღვისპირისა“ მდებარეობს; მდ. ფურტუნას შესართავთან, ანუ დღევანდელი ქ. არტაშენის (თურქ. არდეშენ) ადგილას. ე.ი. მცხეთის საკათალიკოსოს იერარქი, ხუფათის (ხოფა) გარდა, მჯდარა დღევანდელ ქ. არტაშენშიც.
დღეს ისტორიული ჭანეთი (ლაზეთი) ნაწილი შედის საქართველოს შემადგენლობაში /ხელვაჩაურის რ-ნი/ და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის ილში შემავალ რაიონებში - ხოფის, ბორჩხისა და არჰავის ილჩეებში, ასევე რიზეს ილის ფინდიკლის, არდეშენის, ფაზარისა და ჩამლიჰემშინის ილჩეებში. ჭანეთში ტოპონიმიისა და მიკროტოპონიმიის უდიდესი ნაწილი ქართველურია, თუმცა, ქართული რუკებისგან განსხვავებით, ოფიციალურ თურქულ რუკებზე ამჟამად სრულიად გამქრალია ქართველური ტოპონიმია. ლაზეთის მკვიდრ ავტოქთონ ქართველთა დიდ ნაწილი სახელმწიფო ენის გარდა ფლობს ლაზურ კილოებს - ხოფურს (ხოფურ-ჩხალურს), ვიწურ-არქაბულს და ათინურ-არდაშენულს.
ისტორიულ ლაზეთში ქართველი მეცნიერები და სტუდენტები ბოლო დრომდე ვერ შევდიოდით. ლაზეთის სოფლების დათვალიერება და აქ მეცნიერული ექსპედიციები ამჟამინდელი თურქეთის ხელისუფლების მიერ არ იზღუდება.
თურქეთის მოქალაქეთა ნაწილს უკვე დავიწყებული აქვს ისტორიული დედაენა და ეთნიკურადაც თურქად მიიჩნევს თავს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში - წალკის რ-ნის რამდენიმე სოფელში, უკრაინაში (ყირიმში) ცხოვრობენ მართლმადიდებლური აღმსარებლობის, თურქულენოვანი ლაზები, რომლებსაც „ურუმებსაც“ ეძახიან. საბერძნეთში კი არიან ტრაპიზონის მხრიდან წასული ბერძნულენოვანი ლაზები, რომლებიც თავს ბერძნული ეთნოსის შემადგენელ ნაწილად თვლიან. „ურუმების“ თურქულენოვან მეტყველებაში დიდი დოზითაა შემონახული ქართული ენის სუბსტრატული ფენა /ფონემატურ სტრუქტურაში ე.წ. კავკასიური ხშულთა არსებობა, მრავალრიცხოვანი ქართული ლექსიკა.../.
ყველა კუთხის ლაზებს საერთო აქვთ ეთნოგრაფიული მახასიათებლები, ფოლკლორი (მაგ., გადმოცემები თამარ მეფის შესახებ) და სხვ.
ეთნიკურ-კულტურული იდენტობის მიხედვით, ლაზთა შორის ხუთი ძირითადი ჯგუფი შეიძლება გამოვყოთ:
1. ადამიანები, რომლებიც, განათლებისა და ინფორმაციის ქონის მიუხედავად, უეჭველად თვლიან, რომ ქართული ეთნოსის განუყოფელი ნაწილნი არიან: სოფლების სარფის, კვარიათის, გონიოს, მახოს, ჭარნალის, სიმონეთის... მკვიდრი ლაზები (საქართველოს მოქალაქეები); ასევე, თურქეთის მკვიდრი ის ლაზები, რომელთაც სათანადო ინფორმაცია აქვთ (თურქეთის მოქალაქე ლაზთა შორის ამგვარად მოაზროვნე ადამიანთა რიცხვი ცოტაა).
2. ადამიანები, რომლებიც, თვლიან, რომ ლაზი არის ქართველისგან დამოუკიდებელი, მაგრამ ახლომონათესავე ეროვნება; ისინი თვლიან, რომ მათი მშობლიური ენაა „ლაზური. მათი აზრით, ლაზები და ქართველები ისეთივე ახლომონათესავე ხალხებია, როგორც მაგალითად, რუსები და უკრაინელები, ან ბულგარელები და სერბები და ა.შ. ამგვარად აზროვნებს თურქეთის მოქალაქე ლაზთა დიდი ნაწილი.
3. ადამიანები, რომლებიც, თვლიან, რომ ლაზი არის ქართველისგან დამოუკიდებელი ეროვნება; ისინი თვლიან, რომ მათი მშობლიური ენაა ლაზური, მაგრამ ლაზები და ქართველები არ არიან მონათესავე ერები; მთელ მსოფლიოში ლაზებს მხოლოდ და მხოლოდ მეგრელები ენათესავებიან. ანუ, ისინი თანაბრად დისტანცირებულნი არიან თურქებისგანაც და ქართველებისგანაც (მეგრელთა გამოკლებით). ამგვარად აზროვნებს ლაზთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი, მათ შორის გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „ლაზებურა“.
4. ლაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც თურქული ეთნოსის შემადგენელ ნაწილად თვლიან თავს. ამასთან, არა აქვს მნიშვნელობა იმას, ფლობენ თუ არა ისინი რომელიმე ლაზურ კილოს: მაგ., ამ სტრიქონების ერთ-ერთ ავტორს 2004 წლის ივლისში, ვიწეს თემის სოფ. ანდრავათში ყოფნისას, ერთერთი ადგილობრივი ლაზი, ლაზურად „უმტკიცებდა, რომ ლაზები შუა აზიიდან მოსული თურქების შთამომავლები არიან.
5. ლაზთა ასიმილირებული ჯგუფები (სახელწოდება პირობითია): დღესდღეობით ცხოვრობენ ისტორიული ლაზეთის (რესპ. თურქეთის) ფარგლებს გარეთ - საქართველოში (წალკის რ-ნის რამდენიმე სოფელში), საბერძნეთში (გაფანტულად) და უკრაინაში (ყირიმში). მათ შორის გამოიყოფა ორი მთავარი ჯგუფი:
ა) ურუმები ანუ ბერძნულ-მართლმადიდებლური აღმსარებლობის, ენობრივად გათურქებული ლაზები, რომლებიც თავს თვლიან ბერძნებისგან, თურქებისგან და ქართველებისგან თანაბრად დისტანცირებულ ეთნიკურ ჯგუფად, თუმცა მათ ყოფით და მატერიალურ კულტურაში, თურქულ მეტყველებაში ქართველური სუბსტრატი აშკარაა (ცხოვრობენ წალკის რ-ნში და ყირიმში);
ბ) „ლაზოი (მხ. რ.-ში: ლაზოს)“ - ბერძნულ-მართლმადიდებლური აღმსარებლობის, ენობრივად გაბერძნებული (ან გათურქებული) ლაზები, რომლებიც თავს თვლიან ბერძნული ეთნოსის ნაწილად. მათ კულტურასა და მეტყველებაში ქართველური სუბსტრატი შედარებით ნაკლებად იგრძნობა.
ლაზეთის ქართველები, ისევე როგორც საერთოდ, თურქეთის მოქალაქე სხვა ქართველები, კარგად ერკვევიან ოსმალეთისა და თურქეთის ისტორიაში და თურქეთის სახელმწიფოს დიდი პატრიოტებიც არიან; ამავე დროს, მათ სუსტად იციან თავიანთი წინაპრების ისტორია, შესაბამისად, ნაკლები ინფორმაცია აქვთ საკუთარი ეთნიკური თუ ლინგვოკულტურული იდენტობის შესახებ.
ისტორიულ ქართულ კულტურასთან ლაზეთის ქართველთა დიდი ნაწილის /თურქეთის სახელმწიფოებრივ ველში დარჩენილი ლაზების/ გაუცხოებას სამი ძირითადი მიზეზი აქვს:
- მწირი ობიექტური ინფორმაცია თავიანთი წარსულის შესახებ;
- სალიტერატურო ქართული ენის არცოდნისა გამო ლაზურ კილოებსა და სალიტერატურო ქართულს შორის გაგებინების მნიშვნელოვნად გაძნელება (საინტერესოა, რომ გაგებინება გაძნელებულია თვით ლაზურ კილოთა - მაგ., ხოფურსა და ათინურ-ართაშენულს შორისაც);
- რელიგიური მსოფლაღქმა (ზოგი ლაზისთვის მუსლიმანობა „ეთნიკური“ იდენტობის მთავარი განმსაზღვრელია).
აქვე აღვნიშნავთ: აქაური მუსულმანი ქართველებისთვის უკვე თითქმის უცხოა რეგიონში არსებული ქრისტიანული ძეგლები (ოხვამეები); თუმცა უფროსი თაობა ხშირად ადასტურებს, რომ ისინი მეგრელების, ანუ „ქრისტიანი ლაზების“ აშენებულია. შდრ., ბოლშევიკების ბატონობის მცირე პერიოდში საქართველოს ცენტრალურ რეგიონებშიც კი: გურიაში, იმერეთში, ქართლში... ხალხი გაუუცხოვდა ქრისტიანულ ეკლესიებს.
რელიგიური თავისუფლების თემა ფაქიზია, ამიტომ არ ვაპირებთ ამ მიმართულებით მსჯელობის გაგრძელებას.
სხვა კონტექსტი აქვს განათლებისა და ინფორმაციის მიღების თავისუფლებას:
ობიექტური ისტორიული ცნობები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს; კერძოდ, ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცოდეს საკუთარი ეთნიკური, ენობრივი თუ ეროვნული წარსული.
ბოლო დროს, თურქეთის ქართველებში უფრო მეტი ინტერესი ჩნდება თავიანთი ეთნიკური ისტორიისა და კულტურის შესახებ. ამავე დროს ისინი, გარკვეულწილად, დისტანციურად უყურებენ რეალურ ისტორიას, ვინაიდან, ხვდებიან, რომ მათი წინაპრების ისტორია გადაჯაჭვულია ქრისტიანობასთან - ამჟამად მათთვის უცხო რელიგიასთან.
გასული საუკუნის 90-იანი წლების შუახანებიდან თურქეთში გარეშე ძალთა აშკარა წაქეზებით დაიწყო ლაზების ე.წ. „თვითგამორკვევის“ პროცესის მართვა, რომლის მთავარი მიზანი იყო თვითგამორკვევის მოსურნე ლაზების დეზორიენტირება; ისინი ცდილობენ, ლაზებს ჩააგონონ, რომ: ლაზი არ არის არც თურქი და არც არის ქართველი. მათი აქტიურობით ლაზი აქტივისტების ერთმა ნაწილმა (რომელიც გამოსცემდა ჟურნალს „ოგნი სქანი ნენა“ („შეიგნე შენი ენა“) მკვეთრად ანტიქართული პოზიცია დაიკავა, რაც გამოწვეული იყო როგორც გარეშე ძალების ზემოქმედებით, ასევე იმითაც, რომ თავად საბჭოთა ენათმეცნიერულ სკოლაში გაბატონებული იყო მცდარი და, რაც მთავარია, ქართველი ერის ენობრივი ერთიანობის საწინააღმდეგო ე.წ. ოთხი ქართველური ენის თეორია.
ბოლო პერიოდში თანამედროვე ტურისტული ბუმით გამოწვეული ურთიერთობების, საინტერნეტო აქტიური კავშირებისა და სხვა ფაქტორების გამო ყველასთვის გაიზარდა ობიექტური ინფორმაციის მიღების პერსპექტივა, შესაბამისად, გაიზარდა ეთნიკური მეობის განმსაზღვრელი ფაქტორების რაოდენობაც; შედეგად, ლაზეთში მცხოვრებ ავტოქთონ ქართველთა მიერ საკუთარი ეთნიკური იდენტობის გააზრებაში ახალი ეტაპი იწყება, თუმცა, ისტორიული ლაზეთის „თურქულ“ ნაწილში ჯერჯერობით მაინც დიდია იმ ინდივიდთა პროცენტი, რომლებიც ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას ზოგადქართულ სამწიგნობრო ენასთან და კულტურასთან.
საკითხის ისტორიისათვის აღვნიშნავთ:
ლაზეთის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში ტაბუირებული, გასაიდუმლოებული და მიუწვდომელი იყო; მაგ., ბევრმა არ იცოდა, რომ 1908-1915 წლებში ლაზეთში არსებობდა ქართული ეროვნული მიმართულების მქონე დაჯგუფებები, ე.წ. „კომიტეტები“, რომლებიც იარაღით ხელში იბრძოდნენ საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ამ „კომიტეტების“ წევრთა უმეტესობის ვინაობა ცნობილია. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს I მსოფლიო ომის დროს საზღვარგარეთის ქართული სათვისტომოს მონდომებით შექმნილი „თამარ მეფის ლეგიონი“ (1915-1917), რომლის მებრძოლთა 90%-ს სწორედ ლაზები შეადგენდნენ. ხსენებული ლეგიონის წევრებმა შემდგომშიც განაგრძეს ბრძოლა იმისათვის, რომ ლაზეთი მთლიანად შეერთებოდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას, თუმცაღა 1921 წლის რუსეთ-თურქეთის ანტიქართული შეთქმულების გამო, მათმა თავგანწირულმა ბრძოლამ სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ვფიქრობთ, ლაზთა ენობრივ-ეთნიკურ იდენტობაზე საუბრისას, აუცილებელია, მიმოვიხილოთ 1915-1930 წლებში ლაზეთში მიმდინარე მოვლენები, რათა ცხადი გახდეს, თუ როგორი იყო იმ დროისათვის ამ კუთხის მკვიდრ ქართველთა ეროვნული ხედვა. ლაზთა უმრავლესობა მაშინ იბრძოდა იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში; როცა ეს ბრძოლა 1921 წელს დამარცხებით დასრულდა, ცოცხლად დარჩენილ მებრძოლთა უმრავლესობამ თავი მაინც საქართველოს (ოღონდ უკვე „გაწითლებულს“) შეაფარა, მაგრამ აქ იმ დროს ყველაფერი რუსების ხელთ იყო და რუსები კი არაფრით იყვნენ თურქებზე უკეთესნი _ კომუნისტურმა ხელისუფლებამ 1927-1952 წლებში, ყოფილი ოსმალეთის ქვეშევრდომი ლაზები (რომელთა დიდი უმრავლესობაც, როგორც ითქვა, თავის დროზე ლაზეთში მოქმედი ქართული ეროვნული მიმართულების მქონე ორგანიზაციების წევრი იყო), ან თურქეთის ხელისუფლებას გადასცა, ან ციმბირსა თუ შუა აზიაში გადაასახლა.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1914 წელს, გერმანიაში შექმნილი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლეო კერესელიძე ბერლინიდან სტამბოლში ჩავიდა და იქ საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა სულთნის კართან. იმავე წელს, როდესაც ოსმალეთი ომში ოფიციალურად ჩაება გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის მხარეზე, ამ ქვეყნის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, სამხედრო მინისტრმა ენვერ ფაშამ გამოსცა საგანგებო ფირმანი, რომლის თანახმადაც ოსმალეთის არმიაში უნდა შექმნილიყო ქართული ქვედანაყოფი, „თამარ მეფის ლეგიონი“ (ენვერ ფაშას ეს ფირმანი დღეს თურქეთის სახელმწიფო სამხედრო არქივში ინახება). „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა“ და ოსმალეთის უმაღლესი სარდლობის შეთანხმებით, ბრძოლაში ქართული ლეგიონი თავისი ალმით ებმებოდა - ეს იყო წითელ შავი ალამი. ლეგიონს საკუთარი ფორმაც ჰქონდა და ორდენიც, რომელზეც გამოსახული იყო თამარ მეფე, ქართული წარწერით: „ქართული ლეგიონი 1915“.
ორდენი
ქართული ქვედანაყოფის შექმნის პარალელურად, ოსმალეთის ტერიტორიაზე განლაგდა ასევე „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ფილიალები. მათგან ერთი - ლაზეთის პატარა ქალაქ ვიწეში (დღევანდელი სახელია ფინდიკლი), რომელსაც დაერქვა „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტი“.
იმდროინდელ ოსმალეთში, როგორც წესი, ლაზისტანის სანჯაყის მოსახლეებს რეგულარულ ჯარში არ იწვევდნენ, თუმცა ომიანობის დროს იქაურები ვალდებულნი იყვნენ, საკუთარი შეიარაღებით და ცხენებით გამოსულიყვნენ სულთნის დასაცავად. ლაზების სახალხო ლაშქარს ოსმალეთის ხელისუფლება ძირითად შემტევ ძალად, ან დაპყრობილ რეგიონებში სადამსჯელო რაზმებად იყენებდა.
ქართული ლეგიონის შექმნის შემდეგ ლაზების უმეტესობა მოხალისედ ჩაეწერა მის შემადგენლობაში. ამით მათ უფლება მიეცათ, თავიანთ მხარეში დარჩენილიყვნენ, რადგანაც, ენვერ-ფაშას ფირმანის თანახმად, ქართული ლეგიონი მხოლოდ კავკასიის ფრონტზე უნდა გამოეყენებინათ. ამდენად, ვიწეში შექმნილი „კომიტეტი“ სწორედ მეომრად გამოსადეგი ხალხის შემოკრებით იყო დაინტერესებული. კომიტეტის წევრების მოვალეობას შეადგენდა ასევე რუსეთიდან გამოქცეულ ქართველთა, ან ქართველ სამხედრო ტყვეთა ერთად შეკრება და ლეგიონში ჩარიცხვა.
ვიწეში „დამოუკიდებლობის კომიტეტს“ ხელმძღვანელობდა ვინმე ბესო ჭყონია - 1907 წელს გურიიდან ლაზეთში გამოქცეული ყოფილი ფირალი, ხელობით მჭედელი. მას ლაზები „უსტა ბესოს“, ანუ „ოსტატ ბესოს“ ეძახდნენ. ბესო ჭყონიასთან ერთად, ამ კომიტეტს ოსმალეთის მოქალაქე ორი ლაზიც - მესუდ ფეილევანოღლი და ჰაფიზ ბიბინოღლი ედგა სათავეში.
კომიტეტს ლაზისტანის სანჯაყის ყველა დასახლებულ პუნქტში ჰყავდა თავისი წარმომადგენლები: ხოფაში - შეფიკ-აღა კლარჯიოღლი, არქაბში - მუსტაფა თიბუკოღლი, ართაშენში - ჯელალ გურჯიოღლი და სხვანი. სხვათა შორის, ესენი ყველანი ადრე ცნობილი ფირალები იყვნენ და, რომ არა „დამოუკიდებლობის კომიტეტი“, ოსმალეთის ჟანდარმერია მათ დევნას თავს არ დაანებებდა (იხ.: მ. ლაბაძე, 2010).
I მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, როდესაც საქართველოს პირველი რესპუბლიკა შეიქმნა, ლაზეთში „ქართული ლეგიონის“ ყოფილმა წევრებმა აქტიურად იწყეს ბრძოლა საქართველოს რესპუბლიკასთან შესაერთებლად; 1920 წელს, როდესაც ბათუმის ოლქი (რომელშიც შედიოდა ლაზეთის ნაწილი სარფიდან ლიმანამდე) საბოლოოდ შემოუერთდა საქართველოს, ხოფაში, არქაბში, ვიწესა და ათინა-ართაშენში პატრიოტთა ერთმა ნაწილმა, მამუდ ქვახულოღლის მეთაურობით, ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და სცადა მიერთებოდა საქართველოს, თუმცა მაშინდელი საერთაშორისო საზოგადოებრიობის ზეწოლით, ოფიციალურმა ტფილისმა ვერ გაბედა ლაზეთის მთლიანად შემოერთება (იხ. მ. ლაბაძე 2010).
1921 წლის თებერვალ-მარტში კი ლაზეთი თითქმის მთლიანად, თურქეთის რესპუბლიკის კონტროლქვეშ აღმოჩნდა. საქართველოსთან შეერთების მოსურნე პატრიოტების დიდი ნაწილი ბრძოლებში განადგურდა, მცირე ნაწილი კი იატაკქვეშეთში გადავიდა, მერე კი უკვე „გაწითლებულ“ საქართველოს სსრ-ში გამოიქცა. ბოლშევიკები მათ თავიდან ხელგაშლილად შეეგებნენ, თავშესაფარიც მისცეს, მაგრამ ამავდროულად, საიდუმლოდ შეუთანხმდნენ თურქეთს, რომ დევნილებს საქართველოს სსრ-ში არ გააჩერებდნენ.
ოსმალეთის ყოფილი ქვეშევრდომების საქართველოდან გასახლება საბჭოთა ხელისუფლებამ პირველად 20-იანი წლების შუახანებში სცადა _ მაშინ, თურქეთის მესვეურებთან საიდუმლო შეთანხმებით, ქართულ პორტებში შემოვიდა თურქული ხომალდები. ოფიციალურად ისე გამოცხადდა, თითქოსდა მათ „სამშობლოში“ უნდა გადაეყვანათ ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ის ქვეშევრდომები, ვისაც ამის სურვილი ექნებოდა, მაგრამ სინამდვილეში თურქულ ხომალდებზე ჩეკისტებმა ხალხი ძალით არეკეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ რიგში, ასე მოექცნენ იმათ, ვინც 1915-1920 წლებში „საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტის“ წევრი იყო და, თავის დროზე, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იარაღით ხელში იბრძოდა.
„დამოუკიდებლობის კომიტეტის“ ყოფილი წევრების მცირე ნაწილმა სარწმუნო წყაროებიდან შეიტყო, რასაც უპირებდნენ მათ და, როგორც შეეძლო, თავს უშველა: ზღვისპირეთს მოსცილდა და საქართველოს შიდა კუთხეებში გადაიხვეწა, სახელი და გვარიც შეიცვალა და წარსულის გადავიწყებაც კი სცადა. თუმცაღა, საბჭოთა მოქალაქეობის არმქონე ლაზთა უმეტესობამ ჩათრევას მაინც ჩაყოლა ამჯობინა და თურქეთში წასვლაზე დათანხმდა. სხვათა შორის, იმასაც ვიტყვით, რომ ათათურქი ამ ხალხს რუსებზე სამართლიანად მოექცა _ მისი ბრძანებით, დეპორტირებულების წარსული საგანგებოდ გამოიძიეს და, ვინც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში შემჩნეული არ აღმოჩნდა, თურქული პასპორტი უპრობლემოდ მისცეს. რაღა თქმა უნდა, თურქების მხრივ ეს გარკვეული დიპლომატიური სვლა იყო _ ათათურქი შორს იხედებოდა და საბჭოთა კავშირიდან დეპორტირებულთა გულის მოგებით, ქართველ მუსლიმანთა შორის, გავლენის მოპოვებას ფიქრობდა.
მოგვიანებით (1927 წ) სტალინმა სხვა პოლიტიკა აირჩია: მან ოსმალეთის ყოფილ ქვეშევრდომებს თურქეთში გადასვლა საერთოდ აუკრძალა; მეტიც _ გამკაცრდა კონტროლი საბჭოთა კავშირთურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთზე. საბჭოთა კავშირში დარჩენილ ოსმალეთის ყველა ყოფილ ქვეშევრდომს დაურიგეს საბჭოთა პასპორტი, ოჩამჩირეში კი საგანგებოდ შეიქმნა კოლმეურნეობა „მჭითა ლაზისტანი“ („წითელი ლაზეთი“), რომელშიც ამ ხალხის უმეტესობა გააერთიანეს.
ის ლაზები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ „ხალხის მტრების“ სიაში შეიყვანა, ამაოდ ცდილობდნენ სამართალი რუსულკომუნისტური ხელისუფლების პირობებშიც ეპოვათ; სანიმუშოდ, მოკლედ წარმოვადგენთ რამდენიმე ლაზის ისტორიას:
ოსმან ალის ძე დემუროღლი თურქეთში დაბადებული ლაზი იყო, იგი დედასთან და მეუღლესთან ერთად 1922 წელს გადმოვიდა თურქეთიდან საქართველოში და ოჯახთან ერთად სოფელ მირვათში დასახლდა. თუმცა მას სულ რამდენიმე წელში აპატიმრებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თურქეთიდან მამა ორჯერ ესტუმრა. ოსმან დემუროღლის დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ:
„მე საქართველოში საცხოვრებლად დედასთან და ცოლთან ერთად 1922 წელს გადმოვედი. ჩემი მშობლები ერთმანეთს რომ გაეყარნენ, გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ამიტომაც გადავწყვიტეთ საბჭოთა კავშირში გადმოსვლა. საზღვარი ისე გადმოვლახეთ, არავის არაფერი უკითხავს. ოსმან დიასამიძესთან დავსახლდით სოფელ მირვათში, რომელმაც მიწა მომცა დასამუშავებლად“.
ოსმან ალის ძე დემუროღლი 1938 წელს დააპატიმრეს და ათი წლით გადასახლება მიუსაჯეს (საქართველოს შსს არქივი, (I), ფონდი #6, საქმე #3809-07, ფურც. 10).
ათი წლით გადაასახლეს ასევე, კარამუსტაფაოღლი ხუსეინ ომარის ძე, რომელიც თურქეთიდან საქართველოში 1921 წელს გადმოვიდა და ოჩამჩირეში ოჯახთან ერთად დასახლდა. თუმცა მანამდე, 1920 წელს, ოსმალეთის არმიის შტაბში (ანუ „ქართულ ლეგიონში“ _ ბუნებრივია, კომუნისტების შიშით, ამას ჩვენებაში ვერ მიუთითებდა) ის მწერლად მსახურობდა, რაც საბოლოო ჯამში, 1938 წელს მისი დაპატიმრებისა და გადასახლების საბაბი გახდა (საქართველოს შსს არქივი, (I), ფონდი #6, საქმე #37301-07, ფურც. 17).
კიდევ ერთი ლაზის _ ზია იბრაჰიმოღლის დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირში დასახლების შემდეგ, იგი თურქეთში იმყოფებოდა ოჯახის წევრების მოსანახულებლად და რამდენიმეჯერ სტუმრობდა თურქეთის საკონსულოს. „ქართული ლეგიონის“ ყოფილი წევრი ზია იბრაჰიმოღლი (იხ. ზ. ბატიაშვილი, 2008: 123) საქართველოს ტერიტორიაზე 1922 წელს გადმოვიდა და ბათუმში ცხოვრობდა, აქვე დაოჯახდა და კოლმეურნეობაში მუშაობდა.
„საბჭოთა კავშირში გადავწყვიტე წამოსვლა, რადგან ძალიან დიდი სიღარიბეში მიწევდა ცხოვრება. მამის გარდაცვალების შემდეგ ინვალიდი დედა და მცირეწლოვანი და-ძმა დამრჩა. მე გადმოვედი საბჭოთა კავშირში და დავიწყე მუშაობა. შევეჩვიე აქაურ სიტუაციას და ოჯახს მოვეკიდე. თურქეთზე ფიქრითაც კი აღარ მიფიქრია“ _ აღნიშნავდა თავის დაკითხვის ოქმში ზია იბრაჰიმოღლი (საქართველოს შსს არქივი, (I), ფონდი #6, საქმე #3809-07, ფურც. 8).
იმ დროისათვის, ოსმალეთის ყოფილ ქვეშევრდომ ლაზთა საქმეები ცნობილ აფხაზ რევოლუციონერს და პარტიულ მოღვაწეს _ ნესტორ ლაკობას ებარა, რომელიც ლავრენტი ბერიას დაუძინებელი მტერი იყო. ლაკობა აფხაზეთიდან აძევებდა ყველას, ვინც ქართულად აზროვნებდა და, აქედან გამომდინარე, აფხაზური სეპარატიზმისათვის ხელის შეშლა შეეძლო. ბუნებრივია, იმ ლაზებსაც, რომლებიც უწინ ქართული ეროვნული მიმართულების ორგანიზაციათა წევრები იყვნენ, ლაკობა მტრებად თვლიდა.
1935-1937 წლებში ლავრენტი ბერიამ ნესტორ ლაკობა ფარულ ომში სასტიკად დაამარცხა _ აფხაზი ლიდერი, რომელიც სეპარატისტული განწყობით იმთავითვე გამოირჩეოდა, ხელისუფლებას ჩამოაშორეს, დააპატიმრეს და დახვრიტეს. რა თქმა უნდა, თითქმის ყველა საქმე, რასაც ლაკობა კურირებდა, შეწყდა.
1949 წლის 12 მარტს, საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სერგეი კრუგლოვმა ხელი მოაწერა საგანგებო ბრძანებას, რომლის თანახმადაც ყოფილი ოსმალეთის იმპერიის ყველა ქვეშევრდომი ბერძნები, თურქები, ირანელები, დაშნაკები, რომელსაც საბჭოთა მოქალაქეობა ან არ ჰქონდა, ან 1921 წლიდან ჰქონდა მიღებული, ციმბირსა და შუა აზიაში გასახლებას ექვემდებარებოდა; ამ ბრძანებაში მითითებული არ იყვნენ ლაზები, მაგრამ ისინიც გაასახლეს.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, საქართველოს სსრ-დან გასახლებას დაექვემდებარა სულ 10 ათასამდე კაცი. გასახლების ძირითადი მიზეზი იყო ბრალდება „საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა მხარდაჭერა და შეფარვით ჯაშუშობა“.
ნიშანდობლივია: გასახლებულთა უმრავლესობას შეადგენდნენ აფხაზეთში მცხოვრები პროქართული ორიენტაციის ლაზები. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ხალხი დოკუმენტებში აღნუსხეს, როგორც „თურქები“ ან „მუსლიმანები“ (აფხაზეთის ლაზები წარმატებით ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზურ სეპარატიზმსაც).
ლაზების ქართული იდენტობის დასავიწყებლად სერიოზული ნაბიჯები იდგმებოდა თურქეთშიც, სადაც სხვა გზა იქნა არჩეული: ნიჭიერ ლაზებს სამხედრო ხაზით აწინაურებდნენ და ხელისუფლების ერთგულების ფასად დიდ სამოღვაწეო ასპარეზსს აძლევდნენ...
დღეს არსებითი აღარ არის სახელმწიფო საზღვრების თემა; უფრო აქტუალურია, რომ მოცემულმა საზოგადოებამ იცოდეს თავისი რეალური ისტორია. საერთაშორისო სამეცნიერო თუ საინფორმაციო ველში შეჯერებული ობიექტური კვლევების შედეგების ხელმისაწვდომობა ყველა საზოგადოებას შეუწყობს ხელს, რეალიზება მოუხდინოს თავის უფლებას, იცოდეს საკუთარი ენობრივ-ეთნიკური წარსული. ამავე დროს, ობიექტური კვლევების შედეგების მისაწვდომობა გაზრდის ხალხებს შორის ურთიერთპატივისცემას და, რაც, ჩვენი აზრით, არანაკლებ არსებითია, ყოველი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი ავტოქთონი ეთნიკური უმცირესობებისათვის, შექმნის ობიექტური თვითაღქმისა და ენობრივ-ეთნიკური მეობის გადარჩენის მყარ საფუძველს.
დამოწმებული ლიტერატურა
ზ. ბატიაშვილი, 2008 - ზ. ბატიაშვილი, ქართველები ოსმალური პერიოდის ტრაპიზონში, თბ., 2008;
პ. ინგოროყვა, 1954 - პ.ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
მ. ლაბაძე 2010 - ანსანერობა 1915-1920 წლებში
ტ. ფუტკარაძე, 2005 - ტ. ფუტკარაძე, ქართველები, ნაწილი I, თბ., 2005;
ს. ყაუხჩიშვილი, 1976 - ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, I, თბ., 1947;
ივ. ჯავახიშვილი, 1967 - ივ. ჯავახიშვილი თხზულებათა თორმეტტომეული, ტომი I, თბ., 1967;
ა. ჯაფარიძე, 2009 - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ლაზიკის ეპარქია, ჟურნ.„სვეტიცხოველი“, 2009, #1;
Комментариев нет:
Отправить комментарий