вторник, 8 мая 2018 г.

სებეოსი (VII ს.): ცნობები საქართველოს შესახებ

იმპერატორ ჰერაკლეს ისტორია
სომეხი ისტორიკოსი სებეოსი (VII .) ავტორიაიმპერატორ ჰერაკლეს ისტორიის“, რომლის შესავალში მოცემულია 2 ნაწილიანი თხზულება, რომელშიც მოთხრობილია არმენიის უძველესი ისტორიის მომენტები V საუკუნემდე. იგი როგორც ვარაუდობენ VI საუკუნის ანონიმი ავტორის (სავარაუდოდ მარ აბას კატინას) უნდა იყოს.
სებეოსის თხზულება წარმოადგენს არმენიის თავგადასავალს უძველესი პერიოდიდან მოავიას გახალიფებამდე (661 .) და საკმაოდ საინტერესო მასალებს შეიცავს სპარსეთისა და ბიზანტიის სახელმწიფოებთან არმენიის ურთიერთობების ისტორიიდან. განსაკუთრებით საყურადღებოა სებეოსისისტორიისშუა და ბოლო ნაწილი, რომელიც ქრონოლოგიურად უმთავრესად ისტორიკოსის თანადროულ ხანას ემთხვევა (VI -ის ბოლო და VII -ის I ნახევარისპარსთა მეფეების ჰორმიზდ IV-ის (579590) და ხოსრო II-ის (590628), ბიზანტიის ავგუსტთა მავრიკიოსისა (582602) და ჰერაკლეს (610641) მოღვაწეობის პერიოდებს. თხზულების ბოლო ნაწილში კი სებეოსი პოლიტიკურ ასპარეზზე არაბთა გამოჩენის ისტორიას გადმოცემს, მათ მიერ სპარსეთის, მესოპოტამიის, პალესტინის, სირიის დაპყრობას და განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას არმენიაში არაბთა ლაშქრობაზე.
   სებეოსის ნაშრომის მნიშვნელობა განსაკუთრებით იმითაც იზრდება, რომ ავტორი ხშირად თვითმხილველია აღწერილი ამბებისა, არათანადროული მოვლენებისა თუ ფაქტების გადმოცემისას კი იგი სათანადო სიფრთხილეს იჩენს. სწორედ ამიტომ სებეოსისისტორიასამეცნიერო ლიტერატურაში პირველხარისხოვან და სანდო წყაროდ არის მიჩნეული განსაკუთრებით VIVII საუკუნეების ისტორიის შესასწავლად.
   აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სამწუხაროდ სებეოსის შრომის ორიგინალი დაკარგულია და ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერთაგან უძველესი მხოლოდ 1672 წელს არის შესრულებული მრავალჯერადი გადაწერის შედეგად, რამაც გამოიწვია ტექსტის შერყვნა და რიგი ადგილების დაკარგვა.
იბერ-არმენთა აჯანყება სპარსელა წინააღმდეგ
თავი I
... ვაჰანის შემდეგ (არმენიას) მართავდა ვარდ-პატრიკი1, მისი ძმა, და რამდენიმე ხნის შემდეგ მოკვდა იგი. მის შემდეგ მოვიდნენ სპარსელი მარზპანები. მაშინ უკვე არმენიელებს აღარ შეეძლოთ ომი და რჩებოდნენ მორჩილებაში მარზპან სურენამდე და ვარდან  (II) მამიკონიამდე. ხოსროის მეფობის 41-ე წელს აჯანყდა ვარდანი (II), მამიკონიანთა მეთაური და არმენიელების თანხმობით გათავისუფლდა სპარსეთის მეფის მსახურებისგან. მოკლეს (არმენიელებმა) რა მოულოდნელად დვინში მარზპანი სურენი აიღეს ბევრი ნადავლი და დაიწყეს ბერძენთა მსახურება...
...ბერძენთა მეფე (იუსტინე) ეფიცებოდა არმენიელებს და დაეხმარა მათ საიმპერატორო ჯარებით. მათ მიიღეს ეს მეომრები, დაიძრნენ ქალაქ დვინზე, ალყა შემოარტყეს, დაანგრიეს ზემოდან ქვემოთ, და განდევნეს სპარსული ჯარები, რომელიც იქ იყვნენ. მაგრამ ისინი მოულოდნელად ჩავარდნენ გაურკვევლობაში, რადგან სპარსელებმა გააჩაღეს ცეცხლი და დაწვეს ქალაქის მახლობლად მდებარე წმინდა გრიგორის სახელობის ტაძარი. აი ამიტომ მოხდა მათ შორის გაურკვევლობა. ამის შემდეგ მასზე (ვარდან მამიკონიანზე) წამოვიდა მიჰრან მიჰრევანდაკი2 20000 მებრძოლითა და ბევრი სპილოებით. მოხდა დიდი ბრძოლა ხაგამახიას ველზე: სპარსელთა არმია სასტიკად დამარცხდა, ხოლო სპილოები ყველა დაიხოცა. მიჰრანი მცირერიცხოვანი გადარჩენილი მებრძოლებით წავიდა სახლში.
                                                           თავი II
  ...იმ წელს, როდესაც მოკლული იქნა მარზპანი სურენი (ე.ი. 572 წელს), არმენიაში მოვიდა ვარდან ვშნასპი3 არ გააკეთა არაფერი საქმე, დაჰყო 1 წელი და წავიდა. მის შემდეგ მოვიდა გოლონ მიჰრანი2 20000 მებრძოლით და ბევრი სპილოებით: მასთან ერთად იმყოფებოდა რაზმი მრავალრიცხოვანი ჰუნებისა, რომლებიც ცხოვრობენ კავკასიის მთიან მხარეში. მან მიიღო მეფისგან ბრძანება არმენიაში ამოეწყვიტა ყველა მამაკაცი: დაერბია და უმოწყალოდ გაეპარტახებინა მათი მიწა. მისი მოსვლისას ზოგიერთი გადარჩა, დაიმალნენ რა მიუღწეველ ციხე-სიმაგრეებში. ვისაც ნახულობდნენ კლავდნენ ხმლით. მან გამართა ბრძოლა იბერიაში, მაგრამ აქ დამარცხდა. მივიდა არმენიაში ქალაქი ანკგი (ანკხი სოფელია ტოსპის რაიონში, ვასპურაკანში) ტყუილი ფიცით. ფილიპი, სიუნიკის მთავარი ებრძოდა ქალაქ ხაგამახამთან (ტარონში), შეებრძოლა აგრეთვე ვანანდში, სოფელ უტმსუში, მაგრამ ორივე ბრძოლაში დამარცხდა. მან არმენიაში დაჰყო 7 წელი და წავიდა. მაშინ მოვიდა თვით მეფე ანუშირვან ხოსროი...
სპარსეთის სამოქალაქო ომი, ხოსრო II-ის გამეფება და ბიზანტიასთან ზავი
...ვინმე მერჰევანდაკმა (იგულისხმება ბაჰრამ ჩუბინი), მეთაურმა სპარსეთის აღმოსავლეთის მხარეებისა, მამაცურად დაამარცხა ტეტალთა (თურქები) მეფის მეომრები და მძლავრი ხელით ეჭირა ბალხი და ქუშანთა მთელი მხარე, დიდ მდინარემდე, დიდებულ მდინარემდე (იგულისხმება ოკსუსი, დღევ. ამურდარია), ადგილამდე რომელსაც ეწოდება კაზბიონი. მაშინ ბაჰრამი აწარმოებდა ომს დიდ მასკუტთა მეფესთან, რომელიც ცხოვრობდა მდინარის იქეთა მხარეებში, გაანადგურა მისი მეომრები, მოკლა მეფე ბრძოლაში და შეიპყრო მისი სამეფოს მთელი საგანძური. მაშინ მან თავის მეფეს გაუგზავნა სასიხარულო ცნობა გამარჯვების შესახებ და ძვირფასი საგანძური. ჰორმიზდს ესიამოვნა ამბავი და საჩუქრები, თუმცა გაიფიქრა, რომ კიდევ მეტი იქნებოდა ბაჰრამთან და გაგზავნა თავისი წარმომადგენლები მთელი საგანძურის წასართმევად. როდესაც მეფის წარმომადგენლებმა დავალების შესრულება სცადეს, ჯარი აჯანყდა, ისინი დახოცეს, უარი განაცხადეს ჰორმიზდის მსახურებაზე და მეფედ ბაჰრამის დასმა გადაწყვიტეს. აღმოსავლეთიდან დაბრუნებულები გაემართნენ ასირიაში ჰორმიზდის მოსაკლავად, სასანიდთა სახლის არსებობის შესაწყვეტად და სამეფო ტახტზე ბაჰრამის დასასმელად. მალე მათთან შეიკრიბა აღმოსავლეთის ბევრი მამაცი და მეომარი ხალხი.
იმ დროს, როდესაც სპარსეთში მიმდინარეობდა ეს უწესრიგობა და ბუნტი, პატრიკიოსმა იოანემ (მისტაკონი) და ბერძენთა მებრძოლებმა ალყაში მოაქციეს დვინი, ებრძოდნენ საბრძოლო მანქანებით და კინაღამ დაანგრიეს მისი კედლები. როდესაც სპარსეთის ამბებმა მათამდე მიაღწია, მიატოვეს ქალაქი, გაემართნენ ატროპატაკანისკენ, გაძარცვეს მთელი ქვეყანა, ხმლით დახოცეს ქალები და მამაკაცები. ჰორმიზდი შეშინდა, მრჩევლებთან საუბრის შემდეგ შეკრიბა მთელი სამეფო საგანძური, გავიდა დედაქალაქიდან, გადავიდა მდინარე დგლატზე (ტიგროსი) კავატის ხიდზე და ჩაჭრა ხიდის თოკები. ის ფიქრობდა ტაჯიკთა მეფის დიდი ლაშქრის მოწვევას, მაგრამ ამ დროს მისმა გარემოცვამ გადაწყვიტა ჰორმიზდის მოკვლა და მისი ძის ხოსროის გამეფება. მათ მოითათბირეს, რომ გაეთავისუფლებინათ იგი (ე.ი. სებეოსის ცნობით ხოსრო დაპატიმრებული იყო ამ დროისთვის) და გაეხადათ თავის მეთაურად.
ისინი გაემართნენ გრვანდაკანის ციხესკენ4, გაათავისუფლეს იგი და ყველა პატიმარი, რომელიც მასთან იყო და გაგზავნეს ერთგული მაცნე ყველაზე სწრაფი ცხენებით ძმა ვსტამთან (ზემოთ სებეოსს ნახსენები აქვს ვნდოს დაპატიმრების შესახებ და რომ ვსტამი ვნდოს ძმა იყო, ანუ საუბარია ბესტამსა და ბინდოიზე, ხოსროს ბიძებზე), და მისწერეს, რომ სასწრაფოდ მოსულიყო და ისიც მოვიდა. შეიკრიბა სამეფო დარბაზში ყველა მეთაური, სარდალი და მეომარი; შევიდნენ სამეფო საძინებელში, შეიპყრეს ჰორმიზდი, სასწრაფოდ დათხარეს თვალები და ამის შემდეგ მოკლეს. მათ აიყვანეს სპარსეთის სამეფო ტახტზე მისი ძე და უმალვე დაიწყეს მომზადება გასაქცევად დიდ მდინარე დგლატისკენ.
რადგან ხოსროი გამეფებისას იყო ყმაწვილი, მისმა ბიძებმა ვნდომ და ვსტამმა წაიყვანეს იგი, გადავიდნენ დიდ მდინარე დგლატის ხიდზე და გადაჭრეს ხიდის თოკები. მივიდა ბაჰრამი (ქტესიფონში), დაეუფლა ყველა სამეფო სახლს, საგანძურს, ცოლებს და დაჯდა სამეფო ტახტზე. მან შეაკრევინა ტივები და გადავიდა მდინარეზე, რომ შეეპყრო ხოსროი. ისინი გაიქცნენ და გზაში განიხილავდნენ, თუ რა არის უკეთესი: წასულიყვნენ ტაჯიკთა მეფესთან თუ ბერძენთა მეფესთან. ბოლოს გადაწყვიტეს ბერძენთა მეფესთან წასვლა და მიაღწიეს ქალაქ ჰალაბს (ჰალები, ალეპო), სადაც შეჩერდნენ.
მართალია ბაჰრამი გადავიდა მდინარეზე, მაგრამ ვერ შეძლო დაწევა, ამიტომ დაბრუნდა ტისბონში (ქტესიფონი). მაშინ მეფე ხოსროიმ გაუგზავნა გამოჩენილი კაცები იმპერატორ მავრიკიუსს საჩუქრებით და მისწერა: „მომეცი მე ტახტი და ჩემი მამისა და წინაპრების სამეფო; გამოუშვი ჯარები ჩემს დასახმარებლად, რომ მე შევძლო დავამარცხო ჩემი მტერი; აღადგინე ჩემი სამეფო და ვიქნები თქვენი შვილი. მოგცემ სირიელთა ქვეყნებსმთელ არუასტანს5 ქალაქ ნისიბინამდე; არმენიული მიწებიდანტანუტირაკანის მხარეს6, არარატამდე და ქალაქ დვინამდე, ბზნუნიის ზღვის (ვანის ტბა) ნაპირებამდე და არვესტავანამდე, იბერიის დიდ ნაწილს ქალაქ ტიფლისამდე, და დავდოთ ზავი ჩვენ ორივეს სიკვდილამდე, და იყოს ეს ზავი შეუწყვეტლივ ჩვენსა და ჩვენს ძეებს შორის, რომელიც იმეფებენ ჩვენს შემდეგ“.
მეფემ შეკრიბა სინკლიტი7 და ჰკითხა რჩევა. სინკლიტმა დახმარებაზე უარის თქმა ურჩიადაე დაწყვიტონ ერთმანეთი და ჩვენ დავისვენოთო“. იმპერატორმა უკუაგდო სინკლიტის რჩევა და გაგზავნა თავისი სიძე ფილიპიკი დახმარებაზე თანხმობის პასუხით და გაგზავნა დასახმარებლად საიმპერატორო არმია: იოანე პატრიკი არმენიის მეომრებით და ნარსეს სტრატელატი სირიის მხრიდან, და მათი მეომრები, რომელთა რაოდენობა იყო 3000 მხედარი, გაემართნენ ასეულებად და ათასეულებად დაყოფილნი. უნდა შევნიშნოთ, რომ (ხოსროს) დედა შაპუხა, ქალიშვილი იმ ასპარაკეტის, (რომელიც იყო აზნაური პართიული წარმომავლობისა და უკვე მოკვდა), იყო ვნდოსა და ვსტამის და, ხოლო თვით ვნდო იყო ჭკვიანი, განათლებული და მამაცი გულის მამაკაცი. მან ჩაატარა დიდი ბრძოლა მელიტენეში, მაგრამ დამარცხდა და წავიდა8.
თავი III
...ორი ძმა ვნდო და ვისტამი ამ დროს ჯარებს აგროვებდნენ პერსარმენიაში. მათ შეკრიბეს 15000-მდე მებრძოლი. თავის მხრივ მეომბოხემ (ბაჰრამი) შეკრიბა თავის მეომრები, სპილოები და მთელი სამეფო საგანძური, გაემართა და მიაღწია ატროპატაკანს. ისინი (.. ორივე მხარე) განლაგდნენ ერთმანეთთან ახლოს ვარარატის (ბალარათის) ოლქში. ბაჰრამმა მისწერა მუშეგს (ჰმიაკის ძე მამიკონიანი) და სხვა არმენიელ აზნაურებს: „მე ვიმედოვნებდი, რომ მოხვიდოდით ჩემს დასახმარებლად, რომ ერთობლივი ძალებით გავანადგურებდით ამ საყოველთაო სასჯელსსასანიდების სახლს. თქვენ კი შეიკრიბეთ და მოდიხართ ომით ჩემზე, უწევთ ამით მას დახმარებას. მე არ მეშინია ჩემზე წამოსული ბერძენი ოფიცრების. მაგრამ თქვენ, არმენიელები, არა საჭირო დროს აჩვენებთ სიყვარულს მმართველებს. განა სასანიდების სახლმა არ შეწყვიტა თქვენი სამეფოსა და ქვეყნის არსებობა? განა თქვენი მამები არ აჯანყდნენ მათ წინააღმდეგ, გათავისუფლდნენ მათ მონობისგან და ჩვენს დრომდე ომობდნენ საკუთარი სამშობლოსთვის? და აი, იგი დაიძრა ჩემს წინააღმდეგ, რომ გაანადგუროს თქვენი მთელი შრომა. თუ გაიმარჯვებს ხოსროი, ისინი ორივე (.. ბიზანტია და სპარსეთი), გაერთიანებულნი, გაგანადგურებენ თქვენ. მაგრამ თუ თქვენ გაწყობთ მათგან გამოყოფა, შემომიერთდით და გამომიწოდეთ დახმარების ხელი. თუ გავიმარჯვებ, ვფიცავ დიდ ღმერთ არამაზდს, ღმერთსმზის, მთვარის, ცეცხლის, წყლის, მიჰრას და ყველა ღმერთებს, რომ მოგცემთ არმენიის სამეფოს. აირჩევთ მეფეს ვისაც გსურთ. გითმობთ არმენიის მთელს ქვეყანას კაპკოხამდე (კავკასიონი) და არგვანის (ალბანეთის) კარებამდე; სირიის მხრიდან არუასტანამდე, მრცუინს (ნისიბინი), ნორ-შირაკანს (.. ახალი შირაკი, იგულისხმება არმენიის მოსაზღვრე მხარე) ტაჯიკების საზღვარმდე და ყველას რაც ეკუთვნოდათ თქვენს წინაპრებს; დასავლეთით კაპადოკიის კესარიამდე. მე არ გავბედავ გადავიდე არაქსზე, და საგანძური არიელთა ქვეყნის საკმარისი იქნება თქვენთვის. და გეყოფათ ის თქვენ, სანამ ჩამოყალიბდება თქვენი სამეფო“. მუშეგმა და არმენიელებმა არ გასცეს პასუხი. მაშინ მან მეორედ მოსწერა: „მე თქვენ მოგწერეთ, რომ განდგომოდით მათ, ვთვლიდი ჩემს ქვეყანასა და ჩემს საგანძურს საკმარისად თქვენთვის და ჩემთვის. რადგან თქვენ არ მომეცით პასუხი .. არ გსურთ ამის გაკეთება. მაგრამ ხვალ მე განანებთ იმას, რომ იმყოფებით სასანთან. გაჩვენებთ შეიარაღებულ სპილოებს, მათზე მამაც მებრძოლებს, შეიარაღებულ მებრძოლებს რომლების გაგანადგურებენ თქვენ და ხოსროის“.
მუშეგმა უპასუხა: „...ხვალ შენ გარს შემოგერტყმება მამაცი მებრძოლები და თუ ღმერთი ინებებს ქარი წაიღებს თქვენს მეომრებს, როგორც მტვერს და სამეფო საგანძური წავა სამეფო ხაზინაში“. მათთან (არმენიელებთან) ერთად იყვნენ ვნდო და ვსტამი 8000-მდე სპარსელი მხედრით. მეორე დილით გაიმართა სასტიკი ბრძოლა, რომელიც დაღამებამდე გაგრძელდა. ბოლოს ბაჰრამმა ვერ გაუძლო და გაიქცა ბერძენი მებრძოლებისგან, რომლებიც მისდევდნენ გვიან ღამემდე, ჟლეტდნენ და ფანტავდნენ გზებზე. ბევრი მოკლეს თავიანთი ხმლით, ბევრიც ტყვედ იგდეს და ხელებშეკრული მიჰგვარეს მეფეს.
შემდეგ დაედევნენ სპილოებს, დახოცეს მათზე მჯდომნი და შეიპყრეს. აქედან გაემართნენ ბაჰრამის ბანაკისკენ. მის კარავში იმყოფებოდა მთელი სამეფო საგანძური. მამაცი მებრძოლები შეიჭრნენ შიგნით, გაძარცვეს და უკან წამოიღეს. სპარსელმა მეომრებმაც ბევრი საგანძური შეაგროვეს და მიუტანეს თავის მეფეს. ამ გამარჯვების შედეგად ხოსროი გამყარდა თავის სამეფოში. მან ბრძანა შეპყრობილნი მხრებშებოჭილნი დაეწვინათ სპოლოების ფეხებსქვეშ გასაჭყლეტად.
ბაჰრამის კვალი ვერსად იპოვეს. იგი გადარჩა გაქცევით და გაემართა ბახლ-შახასტანში, სადაც ხოსროის ბრძანებით მოკლეს იმათვე.
ამ დიდი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ მეფე ხოსროი იჯდა თავის ადგილზე; სპარსული ჯარი განლაგებულიყო მის ირგვლივ, ხოლო ბერძნული ჯარი იდგა მოშორებით. მეფის წინ იდგნენ მისი ყველა დიდებულნი. მეფე ადგა და თქვა: „თუ არსებობს მსოფლიოში მეფე, რომელსაც ჰქონდა საშუალება შეეპყრო სხვა მეფე, მისი სამეფოს განმანადგურებელი, არ მოკლა იგი, არ გაჟლიტა მისი სამეფოს ყველა მამაკაცი, არამედ იშვილა იგი; შეამკო გვირგვინით და მორთო პორფირით; მოიგერია მტერი მისი და დაამტკიცა იგი სამეფო ტახტზე, მისცა მას თავისი საგანძური და სასახლე, გაუშვა იგი კეთილად საკუთარ გზაზე? აი რა ძღვენით დამასაჩუქრა მე მავრიკიუსმა, ჩემმა მამამ, ასე არცერთ ადამიანს არ დაუსაჩუქრებია საკუთარი საყვარელი შვილი“. ზოგიერთმა დიდებულმა ასე უპასუხა მას: „სამუდამოდ იცოცხლე მეფევ! ჩვენ არ ვიცით უნდა გადავუხადოთ მადლობა მას თუ არა. ყოველი სახელმწიფო დგას ხაზინაზე, მათ კი გაძარცვეს ჩვენი სახელმწიფოს მთელი საგანძური“. მეფემ უპასუხა: „მე ამოვიღებ მათ ნეკნებიდან მთელს საგანძურსა და სიმდიდრეს, რომლებიც მათ წაიღეს, რადგან ყველაფერი ეს ჩემია. მაგრამ მე მაწუხებს ის, რომ გადარჩა და წავიდა ის მეფედმოძულე (.. ბაჰრამი). ის მამაცი ადამიანია და შეკრებს ახალ მეომრებს აღმოსავლეთის მამაც ხალხებში“. მაშინ მას უპასუხეს: „მათ გადაარჩინეს მეფედმოძულე, საკუთარი თვალებით დავინახეთ, თუ როგორ აიყვანა მუშეგ მამიკონიანმა, მისცა მას ცხენი, იარაღი და გაუშვა“. მეფემ თავისი სიყმაწვილით არ მიაქცია ყურადღება ბერძნულ არმიის შესაძლო უკმაყოფილებას, დაუჯერა ცილისმწამებლებს და თქვა: „მოიყვანეთ აქ მუშეგი, შეუკარით ხელ-ფეხი მანამ, სანამ მასზე არ ვაცნობებ იმპერატორს“.
იმევე დროს მისწერა მუშეგს: „მოდი სწრაფად, რადგან მაქვს პირველი მნიშვნელობის საქმედა თან უბრძანა თავის პირად მცველებს: „მზად იყავით. როცა ის მოვა, თქვენ განიშნებთ ხელით, შეიპყარით ის უკნიდან და შეუკარით ხელები. მაგრამ იყავით ფრთხილად: იგი მამაცი ადამიანი და შეიძლება თვითონ დაიღუპოს, ან მე მოკლას. თუ ის მოკვდება მის გამო პასუხის გება მომიწევს იმპერატორის წინაშე“. იგივე უბრძანა კარის მცველებს: ფრთხილად იყავით. როცა მუშეგი მოვა ჩემი კარავის კართან, მოხსენით სარტყელი და ხმალი და უთხარით, რომ არ არის წესი ხელმწიფის წინაშე ხმლით წარსდგომისა“.
იმ დროს, როდესაც მუშეგი თავისი მეომრების გადათვლას აწარმოებდა, რომ გაეგო ცოცხლებისა და ბრძოლაში დაღუპულთა რაოდენობა, მოუვიდა ხოსროის მაცნე. მაშინ იგი სასწრაფოდ აღიჭურვა, რადგან ფიქრობდა, რომ საქმე ეხება ახალ ბრძოლას, ანდა ძველის გამო დაჯილდოვებასო.
მან წაიყვანა 2000 რჩეული მებრძოლი, რომელიც მისი აზრით იმსახურებდა დაჯილდოვებას.
მის შესახებ მისწერეს იოანე პატრიკს, რომ მას გაეშვა იგი; და მან უბრძანა წასულიყო იქ სრულად შეიარაღებული. მუშეგმა უბრძანა ყველას აღჭურვილიყო და თვითონაც აღიჭურვა, რის შემდეგაც წავიდნენ.
როდესაც ისინი შევიდნენ ბანაკში და მიუახლოვდნენ სამეფო სადგომს, მიუვიდათ ბრძანება, რომ მუშეგს დაეტოვებინა ჯარი და რამდენიმე მამაკაცით წარსდგენოდა მეფეს. ის არ დათანხმდა და მთელი რაზმით მიუახლოვდა მეფის კარავს, რომლის ირგვლივ იდგა სპარსული ჯარი. მუშეგი ჩამოვიდა ცხენიდან და 50 მებრძოლით შევიდა სამეფო კარავში. დანარჩენი მებრძოლები კი დარჩნენ ცხენებზე სრულიად შეიარაღებულნი. შეშინდა მეფე და მისი მეომრები და სურდათ დაემალათ თავისი ცბიერება. როცა მუშეგი მიუახლოვდა კარავის კარს, მოვიდნენ კარის მცველები და მოთხოვეს მოეხსნა იარაღი და ასე შესულიყო მეფესთან.
მაშინ მუშეგი ეჭვმა შეიპყრო და მოემზადა თავისიანებისთვის ნიშნის მისაცემად, თუ თავს დაესხმებოდნენ. მან უპასუხა კარის მცველებს: „მცირეწლოვანებიდან ვიზრდებოდი მეფეებთან ერთადისევე როგორც ჩემი წინაპრები, და ახლა მოვედი სამეფო კარზე, როგორც საზეიმოდ. მე უნდა მოვიხსნა ჩემი იარაღი? და თუ მე უნდა მოვიხსნა ჩემი სარტყელი, რომელიც არ მომიხსნია არასდროს, არც საკუთარ სახლში და არც ზეიმის დროს? მე განა არ ვიცი სპარსელთა ცბიერებაზე?“
იმავ დროს, მან უბრძანა ერთ თავის ყმაწვილს დაეძახა მეომრებისთვის საშველად და თვითონ მობრუნდა, რომ წასულიყო. როდესაც შეიტყო მეფემ ეს ამბავი, გადაწყვიტა ცბიერების დამალვა და თქვა: „შევეშვათ ამ განზრახვას, და მოვიდეს ისე როგორც ურჩევნია“. ის იყო ყმაწვილი და ძალა მისი მეომრებისა იყო მწირი და მცირერიცხოვანი. მაშინ მოიწვიეს მუშეგი და უთხრეს: „ნაბრძანებია შეხვიდეთ, ისე როგორც თქვენთვის არის სასურველი“. ის მობრუნდა და თქვა: „ვნახოთ რა სიკეთე ჩაიფიქრა ჩემთვის მეფეთა მეფემ?“
ის შევიდა მეფესთან კარავში მამაკაცების ჯგუფთან ერთად, დაიჩოქა, აკოცა მიწას და ადგა. მეფემ არ გაუწოდა ხელი როგორც ადრე, რომ მიეღო ის და მისალმებოდა, უბრალოდ იდგა და არ ამბობდა სიტყვას; და ყველა იდგნენ იქ საშინელ დაჟინებულ მდუმარებაში... შეშინდა და დაფრთხა მეფე: მას არ შეეძლო ადრე ჩაფიქრებული ბრძანების მიცემა და შიშისგან ვერ შეძლო ერთი სიტყვის თქმაც.
მუშეგი სწრაფად გამოვიდა კარავიდან. მას მოუყვანეს ცხენი: ის შეჯდა და წავიდა. მაშინ მეფე ადგა, გამოვიდა კარავიდან, გაგზავნა მუშეგთან ერთი დიდებული და შესთავაზა დაბრუნება. ის არ დათანხმდა და წავიდა თავისი გზით. გზად მან შეიპყრო მეფის ერთი პირადი მცველი და აიძულა გაემხილა სპარსელთა ვერაგი ზრახვები. მეორე დღეს მუშეგი მივიდა იოანე პატრიკთან და მოუთხრო სპარსელთა ვერაგობის შესახებ და დაადასტურებინა ყველაფერი შეპყრობილ სპარსელს. შეშფოთდნენ მეთაურები და მთელი ჯარი, მაგრამ ახსოვდათ ფიცი და უკმაყოფილება იმპერატორის, არაფერი არ გამოაქვეყნეს. ამბობდნენ, რომ მივწეროთ იმპერატორს და მოვახსენოთ ყველა ამ ბოროტების შესახებ. მაგრამ მუშეგმა მიმართა ყველას: „თუ არ მოკვდება ის მამაკაცი, მის გამო დაიღუპება რომის სამფლობელოთა ყველა მიწა“.
იმავე დროს ბერძნებმა გაუგზავნეს თავიანთ მეფეს საჩუქრებინაწილი შეძენილი ნადავლიდანგვირგვინები, დიადემები, მორთული ზურმუხტითა და მარგალიტით, დიდი რაოდენობით ოქრო და ვერცხლი, იშვიათი ძვირფასი ქვები, ბრწყინვალე ტანისამოსი სამეფო გარდერობიდან და სამეფო ცხენების მორთულობიდან. ამ სასიხარულო შეტყობინებასთან ერთად გააგზავნეს საჩივარი აგრეთვე ხოსროიზე. ხოსროიმ მალე გაიგო ამის შესახებ, განრისხდა და დაადევნა მეომრები, რათა მათ საუდუმლოდ მოეკლათ მუშეგი და მოეპარათ სამეფო საგანძური, მაგრამ ვეღარ მიეწივნენ.
როდესაც იმპერატორმა საჩივარი წაიკითხა, მოწერა თავის სარდლებს, რომ უარი ეთქვათ თავიანთ განზრახვაზე მათ მიერ ცილდაწამებულ მეფესთან დაკავშირებით. „თუ არ დაიცავთ მის სიცოცხლეს, თქვენგან მოვითხოვს მასო“.
მაშინ მეფე ხოსროიმ დაურიგა ყველას საჩუქრები საკუთარი ღირსებისდა მიხედვით და გაუშვა. თვითონ გავიდა ატროპატაკანიდან და გაემართა ასურეთში, თავის ნამდვილ სამეფო მამულებში. გამყარდა რა თავის ტახტზე, მან შეუსრულა ყველა თავისი პირობა იმპერატორს: მისცა მას მთელი არუასტანი მცბინამდე და არმენია, რომელიც მდებარეობდა მის ძალაუფლების ქვეშტანუტერაკანის მხარე მდინარე გურაძანამდე (გრაზტანი, დღევ. ზანგა, არაქსის მარცხენა შენაკადი); კოტეიცის მხარე გარნიმდე და ბზნუნიის ზღვის ნაპირებამდე; არევასტანი და გოგოვიტის მხარე გაციიუნამდე და მაკიმდე. ვასპურაკანის მებრძოლთა ქვეყანა იმყოფებოდა სპარსეთის მეფის ძალაუფლების ქვეშ. ნახარართა დიდი ნაწილი იმყოფებოდა ბერძნების მხარეზე; მცირე ნაწილისპარსელების. მან მისცა მას იბერიის დიდი ნაწილი ტიფლისამდე. იმპერატორმა მოიწვია მუშეგი სასახლეში და მას არასდროს უნახავს თავისი სამშობლო9.
შენიშვნები
1. ვარდან I მამიკონიანის ძმა, მარზპანი 511515 წლებში.
2. აშკარაა რომ სებეოსის გოლონ მიჰრანი, მიჰრან მიჰრევანდაკი და თეოფანეს მიჰრან ბაჰრამაანი ერთი და იგივე პირია. სებეოსი და სხვა ისტორიკოსები ბაჰრან ჩუბინსაც მიჰრევანდაკს ანუ მიჰრანის გვარის წარმომადგენლად თვლიან. ასე რომ ეს სარდალიც ბაჰრამ ჩუბინის ოჯახიდან უნდა იყოს.
3. სხვა არმენიელი მწერლების ვშნას ბაჰრამი, ბიზანტიური წყაროების ბაჰრამ ვშნასპი ანუ რეის მარზპანი ბაჰრამ გუშნასპი. ბაჰრამ ჩუბინის მამა და შესაძლოა სურენის ძმა.
4. გრვანდაკანის ციხე მდებარეობდა ქტესიფონში. იქ ატუსაღებდნენ პოლიტიკურ დამნაშავეებსა და მოწინააღმდეგეებს.
5. მეორე სახელი არევასტანი ანუ მზის ქვეყანა, მესამე სახელი ასურასტანი (ასურეთი) ანუ მუცხი. არმენიის მიმდებარედ მესოპოტამიამდე. მისი მთავარი ქალაქი იყო ნინვე, ყოფ. ნინევია, დღევ. მოსული.
6. ნიშნავდა ცენტრალურ არმენიას მთავარ ქალაქით დვინით, რომელიც მოიცავდა ყოფილიდიდი არმენიისორ ოლქსაირარატს და ტურუბერანს.
7. სინკლიტი ეწოდებოდა ბიზანტიაში უმაღლესი თანამდებობის პირთა კრებას.
8. როგორც ჩანს სარდლობდა ხოსრო I-ის ერთ-ერთ ფლანგს ჯარის მელიტენასთან ბრძოლის დროს 576 წელს. ამ ამბავს სებეოსი იწყებს პერსარმენიის მარზპანების ჩამოთვლით ტამ ხოსროდან მოყოლებული. აღნიშნული ლაშქრობა პერსარმენიის გავლით და რომაული არმენიის მიმართულებით წარიმართა. ყველაფრის შეჯამებით აშკარა ხდება, რომ ტამ ხოსროს მოსვლამდე 574–576 წლებში პერსარმენიის სატრაპი სწორედ ვინდოი იყო.

9. VII საუკუნის მწერალი თავისტარონის ისტორიაში“, რომელიც ძირითადად სახალხო თქმულებებზეა აგებული, გვამცნობს, რომ მუშეგი დაბრუნდა თავის მთიან სამთავრო ტარონში და 10 წელზე მეტ ხანს წარმატებით ებრძოდა შემოჭრილ სპარსულ ჯარებს.
თავი XXX
არაბთა პირველი შემოსევა კავკასიაში
კათალიკოს ეზრას (628640) დროს... (როცა) გარდაიცვალა ჰერაკლე და გამეფდა მისი შვილი კონსტანტინე. არმენიის მეთაურად არავინ არ აურჩევიათ, რადგან არმენიელი ნახარარები ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ და დაქსაქსულნი. ამ დროს (ასოღიკის ცნობით ეს მოხდა აბუბექრის, ოთმანისა /ოსმანი/ და ამრის /ომარი/ ერთობლივი მმართველობის 26-ე და კონსტანტინეს მეფობის მესამე წელს. 3 ხალიფას ერთობლივი მმართველობა აითვლება 618 წლიდან, როდესაც ისინი გამაჰმადიანდნენ და მაღალი თანამდებობები დაიკავეს მუჰამედის გარემოცვაში. შესაბამისად 26-ე წელი უდრის კონსტანტინეს მესამე წელს ანუ 644 წელს. სხვათაშორის ასოღიკი ამ პერიოდის სხვა მოვლენებსაც არცთუ ზუსტად ათარიღებს) გამანადგურებელთა ჯარი ასურეთის მხრიდან დცორის ხეობის ვიწრო გასასვლელებით ტარონის ქვეყანაში ამოვიდა; დაეუფლა მას, ბზნუნიქს1 და აღიოვიტი2. გაემართა ბერკრის3 ხეობაზე და ორდობადისა4 და კოგოვიტის5 გავლით აირარატს მოედვნენ. სომეხთა ჯარიდან ვერავინ შეძლო ეს სამწუხარო ამბავი დაბა დვინისათვის ეცნობებინა. მხოლოდ სამი მთავარი – თეოდოროს ვაჰევუნი, ხაციან არაველიანი და შაპუჰ ამატუნი, რომლებიც მიდიოდნენ გაფანტული ჯარის შესაკრებად, გაიქცნენ დვინში, მიაღწიეს მდინარე მეწამორის ხიდს, დაანგრიეს იგი; თვითონ კი გადავიდნენ და სამწუხარო ამბავი ამცნეს დაბას. მათ ციხეში შეკრიბეს მთელი ხალხი, რომელიც ყურძნის საკრეფად იყო მოსული...
მეხუთე დღეს მტრები თავს დაესხნენ დვინს და ქალაქი ხელთ იგდეს. მათ ცეცხლით გარემოიცვეს ქალაქი, ზღუდის მცველები კვამლითა და ისართა  ტყორცნით გააძევეს, შემდეგ მიადგეს კიბე, ავიდნენ ზღუდეზე, ჩავიდნენ ქვევით და გააღეს ქალაქის კარები. მტრის ჯარები შიგ შეიჭრნენ, მახვილით ამოწყვიტეს ქალაქის დიდძალი მოსახლეობა, აიღეს ნაძარცვ-ნადავლი, გამოვიდნენ გარეთ და დაბანაკდნენ იმავე ადგილას, სადაც ადრე იყვნენ. ეს მოხდა ტრე თვის 20 რიცხვს6 პარასკევს. აქ მათ შეისვენეს რამდენიმე დღე, შემდეგ კი გაემართნენ იმავ გზით, რომლითაც მოვიდნენ. მათ თან წაიყვანეს დიდძალი ტყვე: 35000 კაცი. ხოლო არმენიელი მთავარი, რშტუნელთა უფალი, რომელიც ჩასაფრებული იყო კოგოვიტის გავარში, თავს დაესხა მათ მცირე რაზმით. მაგრამ მან ვერ შესძლო მათთვის წინააღმდეგობის გაწევა და გაიქცა. ისინი უკან დაედევნენ მათ, მრავალი მათგანი ამოწყვიტეს, თვითონ კი წავიდნენ ასურეთში.
შენიშვნები
1. ოლქი ტურუბერანში, ვანის ტბის ჩრდილო-დასავლეთით.
2. ოლქი არჭეშის ჩრდილო-დასავლეთით და ვანის ტბის ჩრდილოეთით.
3. ოლქი და ციხე ვასპურაკანში, ვანის ტბის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
4. ორდესპი – ადგილი ბაიაზეთის ახლოს.
5. ოლქი აირარატის პროვინციაში, ბაღრევანდის აღმოსავლეთით და ვასპურაკანის ჩრდილოეთით.
6. სხვადასხვა სომხური და არაბული წყაროებით დვინის აღება მოხდა 640647 წლებს შორის. დიულორიეს კვლევით ეს მოხდა 642 წლისოქტომბერს. როგორც სხვა სომხური წყაროებით ირკვევა, ეს არაბთა პირველი ლაშქრობა სულაც არ ყოფილა.
თავი XXXIII
არმენიისკენ წამოსული არაბთა ლაშქრის ერთი ნაწილი კონსტანტინეს მეფობის მეორე წელს (643 წ) სეპაკან გუნდისკენ (ვასპურაკანი) გამოემართა, მეორე  არარატისკენ, ხოლო მესამე  ალბანეთისკენ. სეპაკან გუნდისკენ მიმავლებმა არწფქამდე1 მიაღწიეს და ჰორის თვის 23-, კვირას დილით (643 . 10 აგვისტო) ისმაილიტები ყვირილით შეცვივდნენ ციხე-სიმაგრეში წინა და უკანა მხრიდან და იქ მყოფნი მახვილით ამოწყვიტეს. ბევრნი თვითონ გადმოცვივდნენ მაღლიდან და დაიღუპნენ. ქალები და ყრმები გადმოყარეს ციხიდან დახოცვის მიზნით. აურაცხელი იყო ტყვე და საქონელი. მეორე დღეს, დილით მათ დააცხრა არმენიელთა სარდალი და სასტიკად დაამარცხა ისმაიტელთა ჯარის 3000 შეიარაღებული რჩეული მებრძოლი, ისე რომ მათგან არავინ გადარჩენილა. გადარჩა მხოლოდ მცირე რიცხვი ქვეითებისა, რომლებიც გამაგრდნენ შამბნარში2.
   ამ დღეს უფალმა მრავალი ტყვე იხსნა ისმაიტელთა ხელთაგან და ისმაიტელები სასტიკად დამაარცხა. ამ დროს დაიღუპა ისმაიტელთა ორი მთავარი: უთმანი და ოგბა. არმენთა სარდალმა დიდ გამარჯვებას მიაღწია. მან კონსტანტინეს ძღვნად გაუგზავნა სამხედრო ნადავლიდან 100 რჩეული ცხენი. მიიღო რა ყოველივე ეს, მეფემ თავის სამეფო კართან ერთად ფრიად განიხარა და დიდი მადლობა შეუთვალა არმენთა სარდალს.
   ხოლო აირარატის მხარეში მყოფმა ჯარმა მახვილს მისცა მთელი ტერიტორია ტაოელთა, ქართველთა და ალბანელთა მხარეებამდე. ხელთ იგდო ნადავლი და ტყვე და ამოვიდა ნახჭევანში იმ ჯართან, რომელიც ნახჭევანის ციხეს ებრძოდა, მაგრამ მან ვერ შესძლო მისი აღება. მათ აიღეს ხრამის ციხე და იქ მყოფნი მახვილით ამოწყვიტეს, ქალები და ყრმები კი ტყვედ წაასხეს. (აქედან ეს ჯარი მუავიას ბრძანებით სირიაში დაბრუნდა, რომ იქ მოქმედ ბიზანტიის ჯარებს შებრძოლებოდა).
შენიშვნები
1. ციხე-სიმაგრე კოგოვიტის ოლქშიარარატის მთის დასავლეთით.
2. ქალაქი ნახიჭევანთან ახლოს.
თავი XXXV
 იმავე წელს აჯანყდნენ არმენები, განუდგნენ ბერძენთა სამეფოს და დაემორჩილნენ ისმაიტელთა მეფეს. რშტუნელთა უფალმა თეოდოროსმა არმენ მთავრებთან ერთად სიკვდილთან დასდო აღთქმა, კავშირი შეკრა ჯოჯოხეთთან და დაგმო საღმრთო პირობა... ისმაილიანთა გამგებელმა ასე უთხრა მათ: „ჩვენს შორის საზავო ხელშეკრულება, რამდენი ხნითაც გინდათ გნებავთ, იქნება ასეთი: სამი წლის განმავლობაში თქვენგან ხარკს არ ავიღებ, შემდეგ კი გადაიხადეთ იმდენი, რამდენსაც მოისურვებთ. ამაზე ფიცსა ვდებ თქვენთან. თქვენს მიწაზე გყავდეთ 15000 კაციანი ცხენოსანი ჯარი, რომლის შესანახს გაიღებთ თქვენივე ქვეყნიდან და მე მას ჩაგითვლით ხარკში. თქვენ ცხენოსან ლაშქარს სირიაში არ გამოვუძახებ, სხვაგან კი, სადაც არ უნდა მოვითხოვო, ის მზად უნდა იყოს წასასვლელად. მე თქვენს ციხე-სიმაგრეებში არც ამირებს გამოვგზავნი და არც ჯარებს, ერთ მხედართმთავარსაც კი. სომხეთში ვერცერთი მტერი ვერ შემოვა. თუ ბიზანტიელები დაგეხსნენ თავს, მოგაშველებთ იმდენ ჯარს, რამდენსაც ისურვებთ. გეფიცებით ყოვლისშემძლე უფალს, რომ არ მოგატყუებთ“.
[!!! 644652 წლების მოვლენები ტექსტს აკლია და ისეა გადამბული 643 წლის მოვლენები 653 წელზე. ერთი რამ აშკარაა, რომ ამ ათწლიან მონაკვეთში კავკასია არაბთა ბატონობის ქვეშ იყო მუდმივად].
კონსტანტინეს მეფობის მეორე წელს (უნდა იყოს მეცხრე ანუ 650 წ.) დაიდო საზავო ხელშეკრულება 3 წლით არაბებსა და ბერძნებს შორის დამასკოში, სადაც მოლაპარაკებას აწარმოებდა კონსტანტინეს მხრიდან პროკოპი, ხოლო ხალიფას დავალებით მუავია.
იმპერატორი ბევრს წერდა და მოუწოდებდა თავისთან, მაგრამ ისინი არ თანხმდებოდნენ მაშინ ეუბნებოდა ის მათ: „მე მოვალ ქალაქ კარინში, მოდით ჩემთან; ან მე მოვალ თქვენთან და მოგცემთ ძლიერ მხარდაჭერას და გავარჩიოთ თუ როგორ მოვიმოქმედოთ“. მაგრამ არც ამ შემთხვევაში მოისურვეს მოესმინათ მისთვის. მთელი ბერძნული არმია ცილს სწამებდა და ბრაზობდა რშტუნთა მეთაურზე და რმენიელებზე თავის მეფესთან  მარცხის გამო, რომელიც მოხდა მარდოცესთან (?). ისინი ამბობდნენ: „არმენიელები შეუერთდნენ ისმაიტელებს. ისინი გვაიმედებდნენ ჩვენ და მიმოფანტეს ჩვენი არმია ატროპატაკანზე თავდასხმების დროს, მომართეს ჩვენზე არაბები, და დაგვაბნიეს ჩვენ, და მთელი ჩვენი არმია დაეცა იქ. ნება მოგვეცი წავიდეთ არმენიაზე და მოვითხოვოთ შურისძიება შეურაცხყოფის გამო“. 
მაშინ მეფე კონსტანტინე დათანხმდა შეესრულებინა მისი ჯარის სურვილი. აიყვანა თავისი არმია 100000 კაცი და გაემართა არმენიაში. როცა მან მიაღწია თერჯანის ოლქს, მასთან მივიდნენ ისმაილიანი კაცები და გადასცეს თავისი მმართველის წერილი; აი მისი შემადგენლობა: „არმიანები  ჩემია; არ მოხვიდე აქ; თუ მოხვალ  მე მოვალ შენზე, მე გავაკეთებ ისე რომ შენ მოგიწევს გაქცევა“. მეფე კონსტანტინემ თქვა: „ქვეყანა  ჩემია და მე მოვიდვარ; გამოდი, თუ გინდა ჩემზე; ღმერთი სამართლიანად განსჯის“. აქედან ის წავიდა და მივიდა კარინში თავისი მეფობის მეთორმეტე (653) და ისმაიტელთა მფლობელობის მეოცე წელს. მეფე კონსტანტინე რამდენიმე დღე დარჩა კარნუ-ქალაქში. იქ მას ეახლნენ მეოთხე არმენიის მთავრები და ჯარები, აგრეთვე რშტუნელთა მხრიდან მოსული მთელი ჯარი და მთავრები, მასთან მოვიდნენ სპერები, ბაგრატუნიანთა მთავრები, მანაიელნი, დარანაიელნი, ისინი, რომლებიც ეკელეაცის გავარიდან იყვნენ, იმ ადგილების ჯარები, კარინელები, ტაოელნი და ბასიანელნი. მას ეახლნენ აგრეთვე ვანანდის მთავრები თავიანთი ჯარებითურთ, შირაკელნი, ხორხორუნელნი, კაცები დიმაქსიანთა სახლიდან. მეფეს შეეგება მუშელ მამიკონიანი თავის თანამემამულეებთან და სხვა მთავრებთან ერთად, ჯარი აირარატის მხრიდან, არაველელნი, არანეანელნი, ვარაჟნუნელნი, გნუნელნი, სპანდუნელნი, და მათთან მყოფი სხვა პირნი. მას ეახლა ნერსეს კათალიკოსი ტაოდან. ყველა მთავარმა ამცნო მეფეს რშტუნელთა უფლის განდგომის განზრახვისა და იმის შესახებ, რომ მასთან ხშირად მიდი-მოდიოდნენ ისმაიტელთა დესპანები.
   მაშინ მეფემ და მთელმა ჯარმა დაწყევლეს რშტუნელთა უფალი, აჰყარეს მას ხელისუფლების მას ხელისუფლების პატივი და მის ნაცვლად გაგზავნეს სხვა კაცი 40 კაცის თანხლებით. როგორც კი მოვიდნენ ისინი რშტუნელთა უფალთან, შეიპყრეს ისინი და დაატყვევეს. ამათგან ნაწილი ბაღეშის ციხეში წარგზავნეს, სხვები კი ბზნუნიქის კუნძულზე. თვითონ კი თეოდოროსი გაემართა და დამკვიდრდა აღთამარის კუნძულზე (ვანის ტბაში) და იმ მხარეთა ჯარებს უბრძანა წასულიყვნენ და გამაგრებულიყვნენ თავიანთ გავარში. თეოდოროს რშტუნისთან მოკავშირეები იყვნენ ქართველები, ალბანელნი და სივნიელნი, რომლებიც მისი ბრძანებით წავიდნენ თავთავიანთ ქვეყანაში და იქ გამაგრდნენ.
   ვაჰევუნელთა უფალმა თეოდოროსმა დაიკავა არფაის ციხე, მისი შვილი გრიგორი იყო რშტუნელთა უფლის სიძე. ვარაზ ნერსეჰ დაშტკარანელი და სხვები გამაგრდნენ გაშლილ ადგილას და ძალით დაიპყრეს საგანძურები, ვინაიდან იქ იყო თავმოყრილი ქვეყნის მთელი განძი – ეკლესიის, მთავართა თუ ვაჭრებისხოლო კონსტანტინე მეფემ შეიტყო რა ეს, ისურვა ნაძარცვ-ნადავლი ჯართა სიმრავლისათვის გადაეცა, თვითონ წასულიყო არმენიაში დასაზამთრებლად, რათა აეოხრებინა ქვეყანა. მაშინ კათალიკოსი და მუშელი არმენიელ მთავრებთან ერთად დაემხვნენ მის წინაშე დიდი თხოვნითა და თვალცრემლიანი მუდარით და თხოვდნენ შეწყალებას, მათ დანაშაულზე არ განრისხებულიყო და არ აეოხრებინა ქვეყანა.
   შეისმინა მეფემ მათი ვედრება და გააბრუნა ჯარი. თვითონ კი გაემართა აირარატში 20000 კაცის თანხლებით, წავიდა დვინში და დამკვიდრდა საკათალიკოსო სახლში. მეფემ მამიკონიანთა უფალი მუშელი არმენთა ცხენოსანი ჯარის უფროსად დანიშნა და 3000 კაცის თანხლებით სეპაკან გუნდის (ვასპურაკანი) მხარეში გაგზავნა. ასევე დაგზავნა რაზმები თავის ჯარიდან ქართლსა, ალბანეთსა და სივნიეთში, რომ დაერღვია მათი კავშირი თეოდოროსთან. ხოლო ჯარები განლაგებულნი იყვნენ მთიან და დაბლობ ადგილებში არფაის გარშემო. ერთხანს მათ არ სურდათ დანებება, მაგრამ შემდეგ დაემორჩილნენ ბერძნებს. ხოლო ალბანელები, სივნიელები და სეპაკან გუნდი არ დამორჩილდა. მათი ქვეყნები მეფის ჯარებმა გაძარცვეს, წაიღეს თუ კი რამ ჰპოვეს და კვლავ მეფესთან დაბრუნდნენ.
ამასობაში ცნობები ძალიან აშფოთებდა მეფეს და აფიქრებდა, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყო კონსტანტინეპოლში, და ის სასწრაფოდ გაბრუნდა. არმენიის მმართველად და ამ ქვეყნის ჯარების მმართველად დანიშნა მავრიანოსი. როცა მეფე კონსტანტინე გავიდა დვინიდან, მასთან ერთად გაემართა კათალიკოსიც, რომელიც გაჩერდა ტაოს ქვეყანაში. ის აღარ დაბრუნებულა თავის ადგილზე, იმიტომ რომ მთავარი რშტუნი და სხვა ნახარარები განიცდიდნენ მისადმი სიძულვილს, მისი საქციელის გამო. მაგრამ თეოდოროსი, რშტუნთა მეთაური, თავის სიძე ჰამაზასპთან, მამიკონიანთა მეთაურთან ერთად დასახლდა კუნძულ აგტამარზე. მათ თხოვა მეომრები ისმაიტელებს. მასთან მაშველად მოვიდა 7000 კაცი. მან დაასახლა ისინი აგიოვიტსა და ბზნუნიკი. თვითონ შეხვდა მათ და ცხოვრობდა მათთან ერთად. როდესაც გავიდა ზამთრის დღეები, დიდ აღდგომამდე ცოტა ხნით ადრე, გაიქცნენ ბერძნები და შეევისნენ ტაოს ქვეყანას; იქედან ისინი გამოდევნეს. მათ ვერსად ვერ ნახეს თავშესაფარი, ამიტომ დევნაში გაიარეს ზღვის სანაპიროები, სადაც (არაბებმა) ანადგურებდნენ მთელ ქვეყანას, აიღეს ქალაქი ტრაპიზონი და წაიღეს დიდი რაოდენობით ნადავლი და ტყვეები. ამის შემდეგ რშტუნელთა უფალი თეოდოროსი წავიდა დამასკოს, ისმაიტელთა მთავართან მოავიასთან და დიდძალი ძღვენი მიართვა მას. ისმაიტელთა მთავარმა მისცა მას ოქროქსოვილი ტანსაცმელები და სამოსი. მოავიამ თეოდოროსს უბოძა ხელისუფლება არმენიასა, ქართლსა, ალბანეთსა და სივნიეთზე კავკასიონამდე და ჩორის კარამდე (ე.ი. დარუბანდამდე), დაავალა ეს ქვეყნები დაემორჩილებინა და გამოისტუმრა იგი დიდი პატივით. ხოლო თეოდოროსი დაპირდა, რომ ამ ქვეყნებს მას დაუმორჩილებდა.
   ამრიგად კონსტანტინეს მეფობის მეთერთმეტე (გადამწერის შეცდომაა, უნდა იყოს მეთორმეტე) წელს დაირღვა ის შეთანხმება, რომელიც კონსტანტინესა და ისმაიტელთა მთავრის მოავიას შორის იყო დადებული. ისმაიტელთა მეფემ ბრძანა შეეკრიბათ მთელი ჯარი დასავლეთ მხარეებში და შებრძოლებოდნენ ჰორომთა სამეფოს, რომ აეღოთ კონსტანტინეპოლი და ბოლო მოეღოთ ამ სახელმწიფოს არსებობისათვის.
თავი XXXVI
... როდესაც ისმაიტელებმა დაინახეს უფლის შიშის მომგვრელი მარჯვენა, შეძრწუნდნენ, ღამით გამოვიდნენ ქალკედონიდან და წავიდნენ თავიანთ ადგილებში. ხოლო სხვა ჯარი, რომელიც კაპადოკიის მხარეებში იმყოფებოდა, შეებრძოლა ბერძენთა ჯარებს. ბერძნებმა დაარტყეს მათ და ისინი გაიქცნენ არვესტანის მხარეებისკენ, თან გაძარცვეს მეოთხე არმენია. (654 წლის) შემოდგომის დასასრულს, ზამთრის პირს, მოვიდა ისმაიტელთა ჯარი და დამკვიდრდა დვინში; მას განზრახული ჰქონდა თავს დასხმოდა იბერიას და მახვილით მოესრა იგი.
  ისმაიტელთა მეთაურმა მოციქულთა მეშვეობით აწარმოეს იბერიელებთან მოლაპარაკება და მუქარით შეუთვალეს: რომ ან მოსულიყვნენ მათ მსახურებაში, ან დაეტოვებინათ მიწა-წყალი და წასულიყვნენ. ისინი კი არ დათანხმდნენ ამას, არამედ მოემზადნენ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად. მაშინ ისმაილიანები მათკენ დაიძრნენ, რომ სავსებით ამოეწყვიტათ ისინი. ისინი როგორც კი გაემგზავრნენ, ზამთრის ყინვა და თოვლი თავს დაატყდა მათ, რის გამოც აიჩქარეს ასურეთის მხარეებისაკენ წასვლა, არმენიას კი ბოროტება არ მიაყენეს.
   ხოლო არმენიის მთავრები ბერძენთა და ტაჭიკთა (არაბთა) მხრიდან, ჰამაზასპი და მუშელი და ყველა სხვანი ერთ ადგილას შეიკრიბნენ და ერთმანეთთან შეთანხმდნენ, რომ მათ შორის მახვილის ტრიალსა და სისხლისღვრას არ ჰქონოდა ადგილი. მათ ზამთარი მშვიდობიანად გაატარეს, რომ გლეხებისათვისაც მიეცათ შვება. რადგან რშტუნელთა უფალი მძიმედ დაავადდა და წავიდა აღთამარის კუნძულზე და არ შესწევდა ძალა იქიდან გამოსულიყო, ან რაიმე გადაეწყვიტა, ამიტომ მთავრებმა დაჰყვეს ქვეყანა მხედრების რიცხვის შესაბამისად და ოქროსა და ვერცხლის ხარკის ამკრეფნი დანიშნეს.
იქ საშინელი უბედურება დატრიალდა. ასე ემართებათ ავადმყოფებს, როდესაც უძლიერდებათ ტკივილი და ენა უტყვი ხდება. ადამიანისთვის არსად იყო ადგილი გასაქცევად და დასამალავად, არც შინაურები ინდობდნენ მათ. ისინი ემსგავსებოდნენ ზღვაში ჩავარდნილი, რომლებსაც არ შეეძლოთ გამოსვლა.
შეიტყო რა ყოველივე ეს, რშტუნელთა უფალმა ისმაიტელებს ჯარი მოსთხოვა, რათა თავს დასხმოდა არმენებს და განეფანტა ისინი, ხოლო იბერიელნი ბასრი მახვილით ამოეწყვიტა.
თავი XXXVIII
...მამიკონიანთა უფალი მუშელი განუდგა ბერძნებს და დაემორჩილა ისმაიტელებს. იმავე (655) წელს სომხეთში მყოფთა ისმაიტელთა ჯარმა დაიპყრო მთელი ქვეყანა კიდით კიდემდე. რშტუნელთა უფალი თეოდოროსი და ქვეყნის ყველა მთავარი ერთხმად დაემორჩილნენ მათ და ყველაფერში მათი ნების აღსრულებას ცდილობდნენ, რადგანაც სიკვდილის აუტანელი შიში იპყრობდა მათ.
იმავე წელს ნეტარი კაცი, ღმრთის მოყვარე არტავაზდ დიმასკიანი თავისი ძმის შურიანობის გამო ხელთ ჩაუვარდა უწყალო ჯალათს, სარდალ ჰაბიბს, რომელიც არუჭ-აშნაკში იმყოფებოდა. მან არტავაზდს საშინელი სიკვდილით მოუღო ბოლო.
მკაცრი ზამთრის ყინვები იდგა. ისმაიტელებს ბერძნები ავიწროვებდნენ, მაგრამ ყინვების გამო მათ ვერ შეძლეს გამოსვლა და მათთან ბრძოლა. ისინი მოულოდნელად გამოვიდნენ, გადალახეს მდინარე, წავიდნენ და გამაგრდნენ ზარეჰავანში. ხოლო ბერძნებმა ეს რომ დაინახეს, არ მიაქციეს მათ ყურადღება, არ მიაქციეს მათ ყურადღება, ააოხრეს დვინის ციხე, წავიდნენ ნახიჭევანში და შეებრძოლნენ ციხე, რომ ისიც გაეძარცვათ. ბერძენთა ჯარის სარდლად იყო ვინმე მავრიანოსი, რომელსაც ერთგულ კაცად მიიჩნევდნენ.
(655 წლის) გაზაფხულის მოახლოებისთანავე, ბერძნები განეწყვნენ და მოემზადნენ ისმაიტელებთან საბრძოლველად. მავრიანოსი კი შეუპოვრობდა და გადაწყვიტა დაწყებული საქმის დასრულება. ტაჯიკები თავს დაესხნენ ბერძნებს, რომლებიც იბრძოდნენ ნახიჭევანის ციხესთან, შეუტიეს მათ და მახვილით ამოწყვიტეს, ხოლო დანარჩენები გააქციეს. თვითონ მავრიანოსი გაიქცა და იბერიაში გადავიდა. ისმაიტელთა ჯარი კი უკუიქცა, ალყა შემოარტყა კარინს და ბრძოლა დაიწყო მათთან. ხოლო ქალაქის მცხოვრებლებმა ვერ შეძლეს წინააღმდეგობის გაწევა. მათ გააღეს ქალაქის კარი და დაემორჩილნენ მათ. ისმაიტელები შევიდნენ ქალაქში, შეკრიბეს ოქრო, ვერცხლი და ქალაქის დიდძალი ქონება. მათ გაძარცვეს არმენიის ქვეყანა, ალბანეთი, სივნიეთი. გაძარცვეს აგრეთვე ეკლესიები, მათ მძევლებად წაიყვანეს ქვეყნის დიდებული მთავრები, და მრავალთა ცოლები, ქალიშვილები და დები. მათთან ერთად წავიდა რშტუნის გამგებელი თეოდოსიც თავისიანებითურთ და ყველანი სირიაში მიიყვანეს. იქვე გარდაიცვალა თეოდოროსი, რშტუნთა მეთაური. მის სხეული გადატანილ იქნა მისივე ოლქში და დაკრძალეს მისი წინაპართა სასაფლაოზე.
   იმავე წელს არმენებმა უარი თქვეს ისმაილიანებისადმი სამსახურზე და საბერძნეთის მეფის სამსახურში ჩადგნენ. მეფე კონსტანტინემ არმენიის მმართველად დანიშნა ჰამაზასპ მამიკონიანი დავიდის ძე; სხვა დიდებულებს პატივი მიანიჭა; არმიას კი განძი. მაშინ გააფთრებულმა ხალიფამ დაახოცინა 1775 მძევალი. ცოცხალი მხოლოდ 22 კაცი დარჩა, რომელიც არ იყვნენ იმ დროს იქ. მამიკონიანთა მეთაურ მუშეგს 4 ვაჟი ჰყავდა მძევლად და ვერ შეძლო მათი ბატონობისგან გათავისუფლება. ჰამაზასპს 3 ძე და ძმა ჰყავდა გაგზავნილი მძევლად. მეტიც, ისმაიტელები მოითხოვდნენ თავისთან სირიაში სხვა ნახარარებს მეუღლეებითურთ. ამიტომ არჩიეს სიკვდილი, უარი თქვეს მათ მსახურებაზე და სასწრაფოდ დამორჩილდნენ ბერძენთა მეფეს, შეატყობინეს ალბანეთის დიდებულებსა და მეომრებს და სიუნიქის ქვეყნის დიდებულებსა და მთელ მათ ქვეყანას.
    ისინი, ვინც აწარმოებდა მიმოწერას ატრპატაკანთან, იმ დროიდან მოყოლებული რაც არსებობა შეწყვიტა სპარსეთის სახელმწიფომ და ბატონობდა ისმაილის სახელმწიფო, ყველა ისინი შეუერთდნენ არმენიელებს. მათ შეიპყრეს მუშეგი და ყველა ნახარარი, რომელიც მათთან იყო. მეფემ ბრძანა გაეშვათ ყველა ნახარარი, რომლებიც შეიპყრეს, მაგრამ მუშელი თავისთან გამოიძახა...
როდის მოხდა არაბთა პირველი ლაშქრობა კავკასიაში?
არაბთა პირველ ლაშქრობაზე კავკასიაში მოგვითხრობს VII -ის მწერალი იოანე მამიკონიანი, რომელმაც პატრიარქ ნერსეს III-ის დაკვეთით დაწერატარონის ისტორია“: „იმავე წელს გამოვიდა ჰერაკლე, მოკლა ხოსრო... რვა წლის შემდეგ მოვიდა აბდარაჰიმი, მუჰამედის დისშვილი, თან წამოიყვანა 18000 კაცი და ცხენი და მოითხოვა ხარკი არმენთაგან... აბდარაჰიმი გადავიდა არმენიაში, ბასიანში, იბერიაში, ჯავახეთში, ვანანდში, აიღო ხარკი და დაბრუნდა არაბეთში“.
თითქმის ანალოგიურად მოგვითხრობს ამ ამბავს თარიღის განსაზღვრითწმინდა ნერსესის ისტორია“: „არმენთა წელთაღიცხვის 80 (=631632) წელს ბერძენთა მეფე ჰერაკლე შეებრძოლა სპარსთა მეფე ხოსროს და მოკლა იგი. 8 წლის შემდეგ მუჰამედის დისშვილი აბდარაჰიმი მოვიდა სომხეთსი 17000 კაცის თანხლებით ხარკის ასაკრეფად და ქრისტიანთა ჯარის ამოსაწყვეტად, რომელიც ტარონის გავარში იმყოფებოდა. აბდარაჰიმი გადავიდა ჰარქსა და ბასიანში, ქართლსა, ჯავახეთსა და ვანანდში, აიღო ხარკი და არაბეთში დაბრუნდა“.
ჰერაკლემ ხოსრო II დაამარცხა ნინევიის ბრძოლაში 627 წლის 12 დეკემბერს, რის შემდეგაც 628 წლის დასაწყისში ქტესიფონამდე მიაღწია. მრავაწლიანმა ომებმა სპარსეთი მოსახლეობით იმდენად გააღარიბა, რომ დედაქალაქის გადასარჩენად ხოსრომ ქალებიც კი შეაიარაღა. სპარსელთა წინააღმდეგობამ აიძულა ჰერაკლე უკან მობრუნებულიყო, თუმცა სპარსეთი საბოლოოდ დაუძლურდა და ხოსროს ავტორიტეტიც დაეცა. 628 წლის 28 თებერვალს იგი მისი შვილის – კავადის მოწყობილ შეთქმულებას ემსხვერპლა.
        თუ 628 წლიდან ავითვლით არაბთა ეს ლაშქრობა 636 წელს გამოდის, თუმცა ეს სრულიად გამორიცხულია, რადგან სომხეთის სამხრეთით მდებარე სირია-მესოპოტამია 639 წლამდე არაბებს არ დაუკავებიათ. აშკარაა რომ ზემოთ მოცემული ორივე წყაროს ერთიდაიგივე ამბავს მოგვითხრობს და ორივეს თარიღი უნდა იყოს სწორედ  არმენიული საეკლესიო კალენდრის 80 წელი, რაც 631632 წლებს უდრის და 8 წელიც აქედან უნდა ავითვალოთ, რაც მოგვცემს 639640 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ლაშქრობა მხოლოდ დაზვერვითი და ხარკის დაწესების ხასიათის იყო, აღნიშნული თარიღი ამ ფაქტს კარგად უდგება. ამ ლაშქრობების შემდეგი ეტაპი არის ღევონდის მიერ მოცემული, რომელიც 640641 წლებში მოხდა (იხ. ღევონდის ცნობები...). ბოლოს აღვნიშნოთ ისიც, რომ ასოღიკის ცნობით არაბთა არმენიაში პირველი ლაშქრობა 86 (637638) წელს მოხდა.


Комментариев нет:

Отправить комментарий