„...
ისპირის მთის ფრიად ზევით მოერთვის დასავლეთიდან თორთომის მდინარეს ხევი, შიფაქლუს მთის გამომდინარე, და მოდის პირველად სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მერე დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ამ ხევზე, შიფაქლუს მთის კალთას, არის ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდი, გუმბათიანი, დიდ-მშვენიერად აგებული, მშვენიერს, კარგ ადგილს. ეს აღაშენა დავით კურაპალატმა...“. – ასე აღწერს ბატონიშვილი ვახუშტი
ხახულის მონასტრის მდებარეობას.
სამხრეთ საქართველოში, ტაოს ისტორიულ პროვინციაში, იქ, სადაც ოდესღაც ყვაოდა ქართული კულტურა, ჩქეფდა სულიერი ცხოვრება, მდინარე თორთუმისწყლის ხეობაში, მისი შენაკადის – ხახულის წყლის ნაპირზე, მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, საგანგებოდ შერჩეულ ადგილას, აიგო დიდი გუმბათიანი ტაძარი ღვთისმშობლისა – მონასტრის მთავარი ნაგებობა. მის გარშემო მცირე ეკლესიები იყო განლაგებული.
მემატიანის გადმოცემით მონასტერი და საკათედრო ტაძარი აშენდა დავით დიდი კურაპალატის ბრძანებით. ეს იყო მეფე, რომელიც „უმეტეს განდიდა ყოველთა მეფეთა ტაოთა“. დავით III ბაგრატიონის სახელთან საქართველოს ისტორიის მნივშენლოვანი ფურცლებია დაკავშირებული. მის დროს გაიზარდა და განმტკიცდა ტაო-კლარჯეთის სამეფო. ამ სამეფოს ბაგრატიონთაგან მან პირველმა მიიღო „მეფეთა-მეფის“ წოდება.
დავით დიდი კურაპალატის პიროვნებას ხოტბას ასხამდნენ ისტორიკოსები. „მატიანე ქართლისა“: „რამეთუ იყო პიველად ღმრთის-მოყვარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი, მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთ-მოყვარე... ყოველთათვის კეთილის მყოფელი და სავსე ყოველთა კეთილითა. ამან აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმინდა ეკლესია ხახულისა“. დავითის თანამედროვე სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონელი: „დიდი კურაპალატი დავით ჩვენი დროის ყველა ხელმწიფეს აღემატებოდა ლმობიერებითა და მშვიდობისმოყვარე გულით. დავითმა დაამყარა მშვიდობა და კეთილწესიერება ყველა აღმოსავლეთის ქვეყანაში, განსაკუთრებით კი – სომხეთსა და საქართველოში“.
სამხრეთ საქართველოს, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში დიდი კულტურული საქმიანობა იყო გაშლილი. შატბერდში, ოშკში, ტბეთსა და იშხანში ქართულ ენაზე ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები, იწერებოდა და მინიატურული მხატვრობით იმკობოდა მრავალრიცხოვანი თხზულებები, იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტერატურული და ფილოსოფიური ნაწარმოებები, იხატებოდა ფერწერული ხატები, იჭედებოდა და იმკობოდა ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ჯვარ-ხატები, ღვთისმსახურებისათვის აუცილებელი ჭურჭელი და სხვადასხვა ნივთი. მშვენიერი ფრესკებით იფარებოდა ქართულ ტაძართა კედლები. ქვითხუროებს დაუზარელად ამო/ყავდათ ეკლესია-მონასტრების მწყობრად ნაგები კედლები, მოქანდაკეები ტაძართა კედლებზე კვეთდნენ ოსტატურ ჩუქურთმებს, ამკობდნენ წმინდა სავანეებს ღვთიური სახეებით, ეკლესიების ფასადებზე აქანდაკებდნენ საღვთო ისტორიის პერსონაჟთა და ცხოველთა გამოსახულებებს. ბიზანტიასა თუ ქრისტიანული აღმოსავლეთის დიდ კულტურულ ცენტრებში განსწავლული ქართველი ოსტატები იღწვოდნენ მშობლიური მიწის გასამშვენიერებლად. მისი დიდების უკვდავსაყოფად. უცნობი ქართველი ხუროთმოძღვარნი, ფერმწერნი, ოქრომჭედელნი და კალიგრაფები ტაო-კლარჯეთის მონასტრებში დიდი რუდუნებით ქმნიდნენ ღირსეულ ნაწარმოებებს. საბედნიეროდ, ჩვენამდე მოსული ხელოვნების ძეგლებიდან ყველა როდია ანონიმური. ხანდახან გაიელვებს ჭეშმარიტად უნიკალური მხატვრული ნაწარმოების შემქმნელი დიდოსტატის სახელი. ერთი მათგანია „ასათ მოქმედი“, ოქრომჭედელი, რომლის ნახელავია დავით მესამე კურაპალატის ვერცხლის საწინამძღვრო ჯვარი. ჯვარცმული ქრისტეს სკულპტურული ფიგურით. ჯვრის პირით მხარეზე ლამაზი ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, ადიდე დღეგრძელებით დავით კურაპალატი, ამინ“. ჯვრის წინაპირზე მოთავსებული სკულპუტურული გამოსახულებები (ჯვარცმული ქრისტე, ღვთისმშობელი, ანგელოზები და სხვ) შესრულების მაღალი ოსტატობა ასათის გამორჩეულ ნიჭზე მეტყველებს. მეათე საუკუნის ბოლოს შესრულებული ჭედურობის ეს უნიკალური ნაწარმოები ამ ეპოქის ქართული ოქრომჭედლობის დიდი დაწინაურების საბუთია. ქართველი მეფის შეკვეთით შესრულებულ ძვირფას ნივთზე ოსტატის სახელის მოთავსება უთუოდ ამ ხელოვანის დიდი ღირსების მიმანიშნებელია. ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ სწორედ ტაო-კლარჯეთის სამონასტრო ცენტრებში ქმნიდნენ ასეთი და მისი მსგავსი დახელოვნებული ოქრომჭედლები თავის შესანიშნავ ნაწარმოებებს, რომელნიც ათი საუკუნის შემდეგაც გვაოცებენ მხატვრული სრულყოფით და ტექნიკური ოსტატობით. ხახულის აღმაშენებლის დავით მესამე ბაგრატიონის სახელს ვკითხულობთ მის ვერცხლის მონეტაზე: „ქრისტე შეიწყალე დავით კურაპალატი“. მონეტის ზურგზე გამოსახულია საფეხურებიან კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარი.
დავით კურაპალატის შეწევნით აღშენებულმა ხახულის მონასტერმაც შემოგვინახა ოსტატთა სახელები. გუმბათის ყელის შემამკობელი სვეტების ბაზებზე ასომთავრული წარწერებია დაქარაგმებული სახელებით: გურსი, ადერკ, მიქელ, ჯავახ, თვალშავ, გიორგი.
ხახულის მონასტერი განათლებისა და კულტურის დიდი კერა იყო. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სახელმოხვეჭილი ქართველი საეკლესიო მოღვაწეები, თეოლოგები, მთარგმნელები, მწიგნობრები. საინტერესოა, რომ გიორგი მთაწმინდელმა აქ მიიღო პირველდაწყებითი განათლება და აქ ეკურთხა ბერად. ხახულის მონასტერშია გადაწერილი ბევრი ხელნაწერი წიგნი.
ტაო-კლარჯეთის ტაძრებს შორის ხახული ერთ-ერთი მნიშვნელოვანთაგანი იყო. თვით გარემო ტაძრისა, რომელსაც ხატოვნად აღწერს ბატონიშვილი ვახუშტი („...ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი... პირუტყვიანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით“) საგანგებოდ იყო შერჩეული სამონასტრო ცხოვრებისათვის. ტაო-კლარჯეთის სანახებს დიდი ოსტატობით და მჭევრმეტყველად აღწერს მეათე საუკუნის ბრწყინვალე მოღვაწე გიორგი მერჩულე: „...ურიცხვი მაღნარი და სიმრავლე წყალთა ჰამოთა – ბუნებით მხიარულება მიცემულ არის ღმრთისაგან და არის იგი უგზო და მიუვალ... რამეთუ ღადოთა მთათა შინა მაღალთა არის მკვიდრობა მათი...“.
მაღალი მთის ძირას, ვიწრო ხეობებშია აღმართული ხახულის გუმბათიანი ტაძარი, ოდესღაც დიდი სამონასტრო ანსამბლის ცენტრი. 1917 წლის ზაფხულს მოინახულა იგი სამეცნიერო ექსპედიციამ, რომელსაც ქართული კულტურის დიდი მოამაგე ექვთიმე თაყაიშვილი ხელმღვანელობდა. სწორედ ხახულის მონასტრის შესწავლით დაიწყო უდიდესი მნიშვნელობის მქონე ექსპედიციის მუშაობა. პატარა ეკლესიებით გარშემორტყმული ხახულის დიდი ტაძარი X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. მისი ფასადები მონუმენტური სამკაულის თავისებურებით გამოირჩევა. განსაკუთრებით სამხრეთის ფასადია გამოყოფილი, თეთრი და ღვინისფერი ქვების ფერადოვანი მონაცვლეობით, ორმაგი ლამაზი სარკმლის დამაგვირგვინებელი არწივის ქანდაკებით, შესასვლელი კარის რელიეფური სამკაულით.
ტაძარში საკურთხევლის ორსავე მხარეს კარგად გამოყვანილი, ლამაზი ფორმის ნიშებია, გადმოცემით, მარცხენა ნიშაში ოდესღაც დასვენებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი დიდი მინანქრიანი ხატი, რომელიც მეთორმეტე საუკუნის დასაწყისში დავით აღმაშენებელმა, ურჯულოთაგან დასაცავად, გელათის მონასტერში გადაიტანა: „... და ხატი ამისი (ხახულის) არის გელათს, რომელი შეამკო აღმაშენებელმა“ (ვახუშტი). ამავე ხატს მოიხსენიებს ვახუშტი გელათის მონასტრის აღწერისას: „...აქა არის ყოვლად-წმიდის ხატი ხახულის ღვთისმშობელი ლუკა მახარობლის დახატული, ყოვლად წმიდისა ძითვე და შემკული ძვირფასი ქვებითა აღმაშენებლისა...“
ხახულის მონასტრიდან გადასვენებულმა ღვთისმშობლის ხატმა გელათში პოვა თავისი ღირსეული ადგილი. საქვეყნოდ სახელგანთქმული მინანქრის ხატის ღირსეულ შემკობაზე უკვე დავით აღმაშენებელმა იზრუნა, მაგრამ მისთვის განკუთვნილი დიდი, უძვირფასესი კარედი დავითის მემკვიდრის დემეტრე პირველის მეფობაში, მეთორმეტე საუკუნის 30-იან წლებში შესრულდა. ზუსტი ცნობები ამ ურთულესი საოქრომჭედლო ნაწარმოების შესრულების შესახებ კარედის ჭედურ წარწერაშია მოცემული. აქ ნათქვამია, რომ მეფე დავით აღმაშენებელმა („დავით, დავითის მორჩმან“, ე.ი. დავით მეფემ, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალმა, მორჩი – ძველ ქართულში რტოს ნიშნავდა. ქართველი ბაგრატიონები ხომ თავს დავით წინასწარმეტყველს მემკვიდრეებად თვლიდნენ) „ამდიდრა მკობად“ ეს ხატი და „ქალწულს“ – ღვთისმშობლის ტაძარიც უძღვნა (გელათის მონასტრის დიდი ტაძარი ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული). დავითის მემკვიდრემ დემეტრემ კი „სამყაროს მზებრ აცისკრა“ ღვთისმშობლის სახე. ეს იყო ხატი, რომელიც გადმოცემით მრავალგვარ სასწაულთა მოქმედი იყო, კურნავდა სნეულთ, შემწეობას უწევდა გაჭირვებულთ, მფარველობდა იმედდაკარგულთ.
მეფე დემეტრე პირველის შესახე საისტორიო წყაროებში ძალზე მცირე ცნობებია შემონახული. მისი მამის მეფე დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის თხზულებიდან ვიგებთ, რომ დავითმა „თვისითა ხელით დასვა საყდართა თვისთა ძე თვისი დიმიტრი, სახელით ოდენ ცვალებული, მარადღე გარდამონასახი, ყოველითურთ მსგავსი მამულთა ძირთა, და დაადგა თავსა შუენიერსა გვირგვინი ქვათაგან პატიოსანთა... და შეარტყა წელთა ძლიერთა მახვილი, სვიანად ხმარებული და შემოსა პორფირი მკლავთა ლომებრთა და ტანსა ახოვანსა და დაულოცა ცხოვრება წარმართებული..“
დემეტრე პირველის შესახებ მოგვითხრობს ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე. ისიც აღნიშნავს დემეტრეს გამეფებას დიდებული მამის სიცოცხლეშივე, რომელმაც „დაადგა გვირგვინი თვით მისითა ხელითა“. ისტორიკოსი საგანგებოდ მიუთითებს, რომ დემეტრეს ეპყრა „სამეფო ტახტი და საჯდომი მკლავთა ლომებრივითა“. მემატიანე არ იშურებს ეპითეტებს საქებად. სხვა ღირსებათა შორის აღნიშნავს, რომ იგი იყო „საყდართა და ეკლესიათა, მღვდელთა და მონაზონთა კეთილისმყოფელი, შემწირველი სოფელთა და აგარაკთა... უხვი და მბოძებელი...“.
საისტორიო მწერლობაში შემონახული მწირი ცნობებით ვიგებთ, რომ დემეტრე აქტიურად განაგრძობდა მამის პოლიტიკას, ცდილობდა მისი მონაპოვრის დაცვას მომძლავრებულ მტერთაგან და საქართველოს საზღვრების გაფართოებას („ვითარ გაავრცელა და აღაშენა სამეფო მისი“). მამაცი მხედართმთავრის სახელი მან უკვე მამის ცხოვრებაშივე მოიხვეჭა: „ოდეს ჯერ არა იყო მეფე, დიდმან დავით შირვანს გაგზავნა შვილი დემეტრე და ქმნა ომი და ბრძოლანი, რომელ ყოველნი მხედველნი მისნი განაკირვნა, და აღიღო ციხე ქალაძორი და აღივსო ალაფითა და ტყვითა ურიცხვითა“. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „დემეტრე მეფე ბელტის ციხესა მიიცვალა და გელათს წაიყვანეს, მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა“.
ღვთისმშობლის მინანქრის სახისათვის შექმნილი ხახულის კარედი ხატი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საოქრომჭედლო ნაწარმოებია: გახსნილი კარედის სიგანე ორი, ხოლო სიმაღლე ერთნახევარი მეტრია. მას მეტოქეობას უწევს მხოლოდ ვენეციაში წმ. მარკოზის ტაძარში დაცული პალა დ'ორო – მრავალრიცხოვანი მინანქრებით შემკული საკურთხევლის გრანდიოზული ჭედური ნაწარმოები.
მინანქრის ცენტრალური ხატი მსოფლიოში უდიდესი ტიხრული მინანქარია. თავდაპირველად მინანქრის ხატი ჭედურ ბუდეში იყო ჩასმული, რომელიც დაიღუპა გასული საუკუნის შუა წლებში გელათის მონასტრის გაძარცვის დროს. დღეისათვის დარჩენილია ღვთისმშობლის სახე და ხელის მტევნები. მინანქარი შესრულებულია ოქროს ფირფიტაზე, რომელზედაც ოქროს უწვრილესი მავთულებია დამაგრებული. ღვთისმშობლის თავი ოდნავ არის მარცხნივ მობრუნებული; ხელის მტევნების ფორმა და სახის სამ მეოთხედში გამოსახვა გვიჩვენებს, რომ მარიამი ვედრების პოზაში იყო წარმოდგენილი. ადრეული შუა საუკუნეებიდან მოყოლებული საქართველოსა და ბიზანტიაში დიდად გავრცელდა ღვთისმშობლის გამოსახვა ვედრების მდგომარეობაში. იგი ქრისტეს წინაშე წარდგებოდა როგორც კაცობორიობის ხსნის მავედრებელი. მათ თვლიდნენ შუამავლად მორწმუნეთა და ქრისტეს შორის. ქრისტიანებს სჯეროდათ, რომ გამგები და გულმოწყალე „დედა ღმრთისა“ თავის ძეს გამოსთხოვდა შემწეობასა და შენდობას. ამიტომ იყო ასე მრავალრიცხოვანი ღვთისმშობლის გამოსახულებები ქართული ხელოვნების ძეგლებში – კედლის მხატვრობასა და ხატწერაში, ჭედურ ნაწარმოებებსა და ქვის რელიეფებში. ამიტომ იყო, რომ საქართველოს დიდებულნი და მეფენი უკვეთავდნენ მხატვრებსა და ოქრომქანდაკებლებს ღვთისმშობლის სახიან ხატებს, რათა წმინდა მარიამის შემწეობით გამოეთხოვათ ქრისტეს მფარველობა და კურთხევა.
უზადო ოსტატობით შექმნილი ხახულის ღვთისმშობლის უნიკალური ტიხრული მინანქრის ხატი უთუოდ ქართველი მეფის მიერ იყო შეწირული ხახულის ტაძრისათვის, რომელიც სწორედ ღვთისმშობლის სახელზე იყო აგებული. მინანქრის შესრულების განსაკუთრებული ხარისხი, სახის ნაკვთების გამდმოცემის თავისებურება, გასაოცარი სინატიფის ხელის მტევნები შუა საუკუნეების ქართველი ოქრომჭედლის დიდ დახელოვნებაზე მეტყველებს.
შუა საუკუნეების წმინდა სახეთა შესაქმნელად გარკვეული წესები არსებობდა. ქრისტიანული ისტორიის პერსონაჟები – ქრისტე, მარიამი, მოციქულები, ანგელოზები – გამოისახებოდნენ საუკუნეთა სანძილზე შემუშავებული კანონების მიხედვით. ქრისტიანობის ჩასახვის პირველივე საუკუნეებიდან ყალიბდებოდა ტრადიცია ამ პერსონაჟთა გამოსახვისა და სხვადასხვა ქვეყნის მხატვრები მი/ყვებოდნენ დიდ ქრისტიანულ ცენტრებში დაკანონებულ ტიპებს. ამასთანავე, ყოველი ქვეყნის ხელოვანს ამ საყოველთაო „იკონოგრაფიულ“ სახეებში შე/ქონდა თავისი ორიგინალური ხედვა, თავისი ხალხის უძველეს ხელოვნებაში გამომუშავებული ტრადიციული ხერხები. ამიტომ არის ასე გამორჩეული და ადვილად საცნობი შუა საუკუნეების ქართველ ოსტატთა ნამუშევრები, რომლებშიც მკაფიოდ ჩანს ეროვნული, თავისთავადი მხატვრული ნიშნები.
გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლის პირველი გამოსახულება, მისი პორტრეტი შექმნა მახარობელმა ლუკამ და ყველა შემდგომი ხატი ღვთისმშობლისა ამ პირველი გამოსახულების განმეორებას წარმოადგენდა. დროთა განმავლობაში ამ სახემ მნიშვნელვოანი ცვლილებები განიცადა. საქართველოში ღვთისმშობლის სახის შექმნის ხანგრძლივი ტრადიცია არსებობდა. ხახულის მინანქრის ხატი ამ ქართული ნაწარმოებების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიმუშია.
მინანქრის ხელოვნება ტექნიკური შესრულებით ოქრომჭედლობას განეკუთვნება, თავისი მხატვრული საშუალებებით კი იგი ფერწერის დარია. ოქროს ფირფიტაზე ოსტატი განსაკუთრებული წესით განალაგებდა ოქროსვე უწვრილეს ტიხრებს; ისინი ქმნიდნენ ლითონის ზედაპირზე ნაირგვარი ფორმის უმცირეს „ბუდეებს“, რომელთაც ავსებდნენ სხვადასხვა ფერის სმალტით. ქართულ მინანქრებში, როგორც წესი, იყენებდნენ მაღალი სინჯის ოქროს, ხშირად ოქროს ნაცვლად – ოქროსა და ვერცხლის შენადნობს – ელექტრუმს. ოქროს ნატიფი ტიხრები ქმნიდა გამოსახულების ნახატს, რომელიც დამატებით დანაწევრებული იყო ფიგურათა თუ ორნამენტთა დასამუშავებლად. სმალტა – მინისებური ფერადი მასა – ავსებდა ოქროს ტიხრებით შექმნილ გამოსახულების ნაწილებს და ფერწერული ლაქების საშუალებით ქმნიდა განსაკუთრებული მხატვრული გამომსახველობის მქონე სურათებს.
მინანქარი საქართველოში შუა საუკუნეების ადრეული ეტაპიდანვე იყო ცნობილი. მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული ბიზანტიური მინანქრის მსგავსად, ქართული მინანქარი ტექნიკური სრულყოფით და მაღალი მხატვრული ღირებულებებით გამოირჩევა, დღეისათვის შემონახულია ქართული მინანქრის ნაწარმოებები მერვე-მეცხრე საუკუნეებიდან მოყოლებული. ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაცული ქართული მინანქრის კოლექცია გამოირჩევა როგორც რაოდენობით, ასევე მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობით.
მინანქრის ნაკეთობები ნახსენებია ქართულ წერილობით წყაროებში. მათ აღსანიშნავად ნახმარია ტერმინი „მინა“. უკვე მეთერთმეტე საუკუნის საბუთში, კათალიკოს მელქისედეკის მიერ მცხეთის საკათედრო ტაძრის – სვეტიცხოველისთვის შეწირულების სიგელში (1029 წ.) სხვადასხვა ძვირფას ნივთთა შორის ნახსენებია მინის ხატებით შემკული ბარძიმი და ფეხშუმი. მინანქრის ნაკეთობებია მოხსენებული პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონში.
ქართულ ტაძართა საგანძურები მოიცავდა მინანქრის ნივთთა დიდ რაოდენობას. მაგრამ მათგან გამორჩეული იყო ღვთისმშობლის მინანქრის ხატი ხახულის მონასტრიდან. მისი პირველი აღწერილობა ეკუთვნის მეჩვიდმეტე საუკუნის შუა წლებში იმერეთში ჩამოსულ რუსეთის ელჩებს – ნიკიფორე ტოლოჩანოვსა და ალექსი იევლევს, რომლებმაც დიდებული ხატი გელათის მონასტერში იხილეს: „ყოვლად წმინდის ღვთისმშობლის ხატი, წელზევით გამოსახული, ხლებგაწვდილი უფლისა მიმართ ისე, როგორც იწერება ვედრებაში. ძვირფასად შემკული და გასაოცარი“.
საუკუნეთა განმავლობაში ამკობდა ხახულის ბრწყინვალე კარედი ხატი გელათის მონასტერს. ვინ მოთვლის, რამდენი ისტორიული მოვლენის მომსწრე იყო ქართველ ოსტატთა ეს დიდებული ქმნილება, რამდენი გამარჯვების თანაზიარი, რამდენი ქართველის შემწე და მფარველი. ვინ მოთვლის, რამდენ ქართველ მეფეს მოუყრია მუხლი მის წინაშე გადამწყვეტი ბრძოლების წინ, რამდენი ვედრება და ღაღადი აღუპყრიათ ღვთისმშობლის მინანქრის ხატის მიმართ სამშობლოს ძნელბედობათა დროს და რამდენი სიხარულისა და მადლობის ცრემლი დაღვრილა ხატთან მტერთაგან საქართველოს მორიგი დახსნის შემდეგ, ქართველი მხედრიონის მორიგი წარმატების შემდეგ. ხატი, რომელსაც დღეს ვუყურებთ, როგორც ხელოვნების ისტორიის გამორჩეული ეპოქის ქმნილებას, ქართველ ოსტატთა ნიჭიერების ნათელ გამოვლინებას, თავის დროზე წარმოადგენდა ქართველთა ცხოვრების, მათი ცოცხალი ყოფის შემადგენელ ნაწილს, ხალხის ბედის თანაზიარს, ქართველთა შემწესა და ქომაგს. ამიტომ იყო, რომ ასეთი გულმოდგინებით ჭედდნენ სახელგანთქმული ოქრომქანდაკებლები ნატიფ ხლართებს ოქროს მოელვარე ფირფიტაზე, ალამაზებდნენ და ამკობდნენ მინანქრის ხატებითა და ჯვრებით, ძვირფასი თვალმარგალიტით, წმინდა სახეებით. ქართველ ოქრომჭედელთა ხელთ არსებული თითქმის ყველა მხატვრული და ტექნიკური საშუალება იყო მოხმობილი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატისათვის ღირსეული მოჩარჩოების შესაქმნელად. დღეისათვის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ შუა საუკუნეების საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ამიერ და იმიერ, მთასა და ბარში, არსებობდა საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ქმნიდნენ ლითონის მაღალმხატვრულ ნაკეთობებს, საეკლესიოსა და საეროს. ასეთი სახელოსნოები იყო სვანეთსა და სამეგრელოში, ტაო-კლარჯეთსა და კახეთში, რაჭასა და ქართლში. ეს სახელოსნოები იყო სხვადასხვა ღირსებისა და სხვადასხვა ხასიათის. მაგრამ საქართველოს მეფის შეკვეთით შესრულებული ხახულის ხატი რჩეულთა შორის რჩეულ ოსტატთა ნახელავია. მართლაც, განსაკუთრებით საზეიმო, სადღესასწაულო იერი აქვს ამ უბადლო ხატს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდებულ საოქრომჭედლო ნაწარმოებებს შეიძლება მივაკუთვნოთ. შესრულების უმაღლესი ოსტატობით, მდიდრული შემკულობით ეს კარედი ჭეშმარიტად სამეფო ნაწარმოებია, რომელიც არა მარტო მეთორმეტე საუკუნის დასაწყისის სრულიად საქართველოს ბრწყინვალე ეპოქის თანაზიარია, არამედ მხატვრული ქმნილებაა, რომელშიაც დავით აღმაშენებლის დიდებული ხანის ანარეკლი ელვარებს.
1859
წელს გელათის მონასტრიდან სხვა საგანძურთან ერთად გატაცებული იყო ღვთისმშობლის მინანქრის ხატიც. მინანქრის ხატის ჭედური ნაწილები უკვალოდ დაიკარგა, მინანქარი კი დაანაწილეს და ნაწილები სხვადასხვა კოლექციონერთა ხელში აღმოჩნდა (მ. ბოტკინისა და ა. ზვენიგოროდსკის). მხოლოდ 1923 წელს დაუბრუნდა ხახულის მინანქრის ხატი საქართველოს.
ღვთისმშობლის მინანქრის სახე განსაკუთრებული ხასიათით გამოირჩევა. არაჩვეულებრივია მისი ვარდისფერი ტონალობა, რომელსაც შერეული აქვს იისფერი. სახის ტიპი აშკარა თავისებურებით ხასიათდება – პირისახის ოვალი, დიდი ნუშისებრი თვალები, ლამაზად მოხაზული წარბები, საკმაოდ მსხვილი ცხვირი, მოკუმული ბაგეები. ყველა მკვლევარი, რომელსაც კი მიუქცევია ყურადღება ხახულის ღვთისმშობლის მინანქრის ხატისათვის, ერთხმად აღნიშნავდა მარიამის სახის ქართულ იერს, სახის ნაკვთების განსაკუთრებულ ხასიათს, რომელიც ხშირია შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ძეგლებში. განსაკუთრებული სინატიფით გამოირჩევა ხელის მტევნები: მარცხენა – ხელის გულით არის ნაჩვენები, მარჯვენა – ნებით. გრძელი, დახვეწილი ფორმის თითები ოქროს უწვრილესი ტიხრებით არის შემოხაზული. ოქროსვე ტიხრებით არის შექმნილი სახის ნაკვთების ნახატი; შემოძარცვული, ფრაგმენტული ხატი უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. ადვილი წარმოსადგენია, რა დიდი ზემოქმედების ძალა ექნებოდა მას, როდესაც მაყურებელთა წინაშე მთელი თავისი დიდებულებით წარმოდგებოდა.
ოქროთი
მოჭედილი გახსნილი კარედი ფანტასტიკური ფუფუნებისა და ბრწყინვალების შთაბეჭდილებას ახდენს. ფოთლოვანი, მცენარეული რელიეფური ორნამენტით ხალიჩისებურად დაფარული ცენტრალური ნაწილი და ფართოდ გადაშლილი კარები მოფენილია ერთი შეხედვით თითქოს უწესრიგოდ მიმოფანტული ძვირფასი თვლებით, მარგალიტების წკრივით შემოსაზღვრული სხვადასხვა ფორმის მინანქრებით, პატარ-პატარა მინანქრის ხატებითა და ჯვრებით, მედალიონებში მოთავსებული ფიგურული გამოსახულებებით. თუ დავუკვირდებით ამ თითქოს ქაოსურ შემკულობაში მკაცრად გატარებულ მხატვრულ პრინციპებს, შევნიშნავთ, რომ კარედის შემქმნელნი მისი შემკობის დროს ზუსტად მიჰყვებოდნენ
გარკვეულ სისტემას და უმცირეს ფერადოვან ლაქასაც კი მიუჩენდნენ დიდი სიზუსტით მიგნებულ ადგილს. ამიტომ არის, რომ კარედი მისი გადატვირთული შემკულობის მიუხედავად, ერთიან, მთლიან მხატვრულ შთაბეჭდილებას ახდენს.
კარედის შემკულობის მთავარი პრინციპია სიმეტრია, რომელიც ცენტრალური ხატიდან, მისი სიმეტრიის ღერძიდან არის ნავარაუდევი. ეს პრინციპი გატარებულია არა მარტო ცენტრალური ნაწილის, არამედ გვერდითი ფრთების შემკულობაშიც. ფერადი ჩანართები – მინანქრები, პატიოსანი თვლები ოქროს რელიეფური ფონის მცენარეულ ხლართებში ისეა ჩასმული, რომ კარგად იგრძნობა – ამ ორნამენტის შექმნის დროს ოქრომჭედელი ითვალისწინებდა ფერდოვანი ლაქების განლაგებას. მაგრამ ეს არ არის ზუსტი სარკისებური სიმეტრია, რომელშიც მხოლოდ მათემატიკური გაანგარიშება ჩანს, ეს არის შემოქმედებითად გამოყენებული სიმეტრიის პრინციპი, მის ფარგლებში მხატვარი სრულიად თავისუფლად, ძალდაუტანებლად განალაგებს სხვადასხვა ფორმისა და ზომის ფერადოვან ლაქებს, ბწყობრ, ჰარმონიულ აკორდად რომ ჟღერს.
კარედის
შემკულობაში ასზე მეტი მინანქარია გამოყენებული, რომლებიც ერთ დროს როდია შექმნილი. მინანქართა ქრონოლოგიური დიაპაზონი რამდენიმე საუკუნეა (VIII-XII სს.). როგორც
ჩანს, ამ კარედის შექმნის დროს ოსტატებმა მის შემკულობაში გამოიყენეს მათ ხელთ არსებული ძველი მინანქრები, რომელთა მხატვრული ხარისხი საკმარისად მიიჩნიეს ასეთი დიდი მნიშვნელობის ხატის დასამშვენებლად. მინანქართა შორის სპეციალისტები განასხვავებენ ქართულ და ბიზანტიურ ნამუშევარს. საქართველოში, ისე როგორც ბევრ სხვა ქრისტიანულ ქვეყანაში, დიდად აფასებდნენ ბიზანტიის იმპერიიდან, მისი დედაქალაქიდან – კონსტანტინოპოლიდან წარმომავალ სამინანქრო ნამუშევრებს. ბიზანტიის დედაქალაქის სახელოსნოთა ნაწარმი გამოირჩეოდა მაღალი და დახვეწილი ოსტატობითა და მათი ჩართვა ხახულის ღვთისმშობლის კარედი ხატის დეკორში სავსებით გამართლებულია.ქართულ საისტორისო წყაროებში არაერთი საინტერესო ცნობაა დაცული საქართველოსა და ბიზანტიას შორის მჭიდრო ურთიერთობათა შესახებ. ბევრგან პირდაპირ არის მოთხრობილი, თუ „რაოდენნი ძვირფასი ნივთნი“ ჩამოჰქონდათ საბერძნეთიდან ქართველ მეფეებსა თუ მღვდელმთავრებს. მგაალითად: „წავიდა კათალიკოზ პატრიარქი მელქისედეკ წინაშე რომანოზ ბერძენთა მეფისა კონსტანტინოპოლედ. შეიწყნარა და მოსცა შესამკობელთა ეკლესიათანი, ხატნი და ჯვარნი, სამღვდელმთავრო და სამღვდლო სამკაული, და წამოვიდა ქვეყანასა და სამწყსოსავე თვისსა“ („მატიანე ქართლისა“). ამგვარად ხვდებოდა საქართველოში ბიზანტიური ნახელავი ძვირფასი ნივთები და გროვდებოდა საუკუნეთა მანძილზე ქართულ ეკლესია-მონასტრებში. ბევრი ბიზანტიური მინანქარი იქნებოდა გელათის დიდებულ ტაძარშიც. ისე რომ, ხახულის კარედის ოსტატებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ თავისი მიზნებისათვის ქართულთან ერთად ბიზანტიური მინანქრის ნიმუშებიც.
ხახულის კარედის ყველა დეტალის გარჩევა ძალზე შორს წაგვიყვანდა, ამიტომ შევჩერდებით მხოლოდ მის საერთო მხატვრულ თავისებურებებსა და განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის მქონე მინანქრებზე. აღსანიშნავია, რომ მინანქრები შესაძლებელია რამდენიმე ჯგუფად დაიყოს მათი შინაარსის მიხედვით: წმინდა პერსონაჟები (ქრისტე, ღვთისმშობელი, მახარებლები, წმინდანები), საერო პირთა გამოსახულებები, ქრისტეს ცხოვრების ეპიზოდები (ჯვარცმა) და ორნამენტები. როგორც წესი, ყველა მინანქარი მარგალიტების მწკრივით არის შემოვლებული. ეს ხერხი, რომელსაც ხშირად იყენებდნენ შუა საუკუნეების ქართველი ოქრომჭედლები, საზეიმო იერს ანიჭებდა ძვირფას ნივთებს. ასეთივე მარგალიტების მწკრივებით არის შემოსაზღვრული პატიოსან თვალთა ნაწილი. სხვადასზვა ფორმისა და ზომის პატიოსან თვალთა – ამეთვისტოს, ლალის, საფირონის ნაირფერი ელვარება, მცხუნვარე ოქროს ფონზე ფირუზის ციური გამონათება, მარგალიტთა მქრქალ ციალთან შეთანხმებული, ქართული მრავალხმიანი სიმღერის მსგავსად არის აჟღერებული.
ისტორიულ პირთა გამოსახულებიან მინანქართა შორის პირველ რიგში უნდა ვახსენოთ კარედის ცენტრალური ნაწილის ზედა არეზე, მის შუბლზე მოთავსებული ფირფიტა ბიზანტიის იმპერატორის მიხეილ მეშვიდე დუკასა და მისი მეუღლის, ქართველთა მეფის ბაგრატ IV-ის ასულის მარიამის გამოსახულებებით. ფირფიტის ზედა ნაწილში მოთასებულია ცის დაჟვარდის ფონზე ქრისტეს წელზევითი გამოსახულება, იგი ორივე ხელით აკურთხებს საიმპერატორო წყვილს (ხელებით ეხება მათ გვირგვინებს). იმპერატორი და მისი მეუღლე მდიდრულ საზიემო სამოსელში არიან გამოწყობილნი. მარიამს ხელში ჯვრით დაგვირგვინებული კვერთხი უპყრია, მიხეილ დუკას მარცხენა ხელში გრაგნილი უკავია, მარჯვენაში კი ლაბარუმი. ფიგურები ოქროს ფონზეა გამოსახული; პატიოსანი თვლებით შემკული და ოქრომკედით ამოქარგული მათი ძვირფასი პარადული სამოსელი განსაკუთრებული დიდებულებით გამოირჩევა. გულდასმით არის გადმოცემული ბიზანტიური სამეფო კოსტიუმის ყოველი დეტალი, ზუსტად არის წარმოდგენილი სამეფო გვირგვინთა დამახასიათებელი ფორმა და სამკაული. ფიგურებს შორის დარჩენილ ოქროს არეზე ბერძნული წარწერაა, სადაც პერსონაჟთა სახელებია მოხსენებული. ისტორიული წყაროებიდან ვიცით, რომ ბაგრატ IV-ის ასული მარიამ დაესწრო მამის სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს. ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ ავადმყოფ მეფესთან მივიდნენ „დედამისი დედოფალი მარიამი, მისი მეუღლე ბორენა და ასული მარიამი“. შესაძლოა, სწორედ მარიამმა ჩამოიტანა საქართველოში სამეფო ძღვენი – საიმპერატორო წყვილის მინანქრის პორტრეტი, XI საუკუნის დასასრულის ოსტატის ნახელავი, რომელიც შემდგომში ხახულის კარედის შემქმნელმა ასე მარჯვედ გამოიყენა.
აღნიშნული მინანქრის ქვემოთ სამი მინანქრის ხატით შედგენილია ე.წ. ვედრების კომპოზიცია. შუაში საყდარზე მჯდომარე ქრისტეა, მარჯვნივ მისკენ ხელაპყრობილი ღვთისმშობელი, მარცხნივ – ასევე ვედრების პოზაში წარმოდგენილი იოანე ნათლიმსცემელი. ქრისტეს ხატი ოდნავ უფრო დიდია, გამოყოფილია თავის ადგილმდებარეობით და წინამდგომელთა ხატებთან შედარებით ოდნავ მაღლაა აწეული. ეს სიმეტრიული სამნაწილედი კომპოზიცია ასახავს შუა საუკუნეებში დიდად გავრცელებულ სიუჟეტს. ქრისტიანი მხატვრები ხშირად გამოსახავდნენ ქრსიტეს წინაშე მდგომარე ღვთისმშობელსა და იოანეს, რომლებიც მას წყალობას, მფარველობასა და შემწეობას შესთხვდნენ ადამინებისათვის. ქრისტიანულ სამყაროში დიდად პოპულარული ვედრების თემა (ბერძნულად – „დეისუსი“, ძალზე ხშირად გვხვდება ქართული ხელოვნების ძეგლებში – კედლის მხატვრობაში, ჭედურ და ფერწერულ ხატებზე, რელიეფებში. ამ სცენის გამოსახვით მორწმუნენი ღვთისმშობელს ევედრებოდნენ შუამდგომლობას ღვთის წინაშე მათი ხსნისათვის. ხახულის კარედის ოსტატმა უტყუარი მხატვრული ალღოთი ჩართო ქართველთათვის ასე ჩვეული თემა ხატის რთულ ქარგაში.
ვედრების ქვემოთ, ასევე სიმეტრიის ღერძზეა მოთავსებული ჯვრის ფორმის მინანქარი, რომელზეც წარმოდგენილია ბიზანტიის საიმპერატორო წყვილი კონსტანტინე და ელენე გოლგოთის ჯვართან. ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე დიდის (306-337 წწ.) სახელთანაა დაკავშირებული ქრისტიანული რელიგიის გამარჯვება ბიზანტიის იმპერიაში. გადმოცემით, კონსტანტინემ იერუსალიმში, გოლგოთაზე, იქ, სადაც ჯვარზე აცვეს იესო ქრისტე, ამ მოვლენის უკვდავსაყოფად აღმართა ჯვარი, ოქროფერილი ვერცხლის ფირფიტებით მოჭედილი და ძვირფასი თვლებით შემკული. ეს თემა – გოლგოთის ჯვარი – კონსტანტინესა და ელენეს გამოსახულებებთან ერთად, დიდად გავრცელდა შუა საუკუნეების ხელოვნებაში. მას ხშირად გამოსახავდნენ, როგორც მოგონებას ქრისტეს მსხვერპლზე. თავისი მნიშვნელობით მეთერთმეტე საუკუნის ბიზანტიელი ოსტატის ნახელავი მინანქრის ეს ფირფიტა კარგად ჩაერთო ხახულის კარედის საერთო კომპოზიციაში. მის მნიშვნელობას ხაზს უსვამს ჯვრის მკლავების ბოლოებზე მოთავსებული ოთხი წინასწარმეტყველის გამოსახულება (ესაია, ელია, დანიელი, ელისე).
ამ ჯვრული მინანქრის გვერდებზე მახარობელთა ოთხი მინიატურული მინანქრის ხატია, სიმეტრიულად განლაგებული ფირფიტის მიმართ: მარცხნივ მარკოზი და მათეა, მარჯვნივ – იოანე და ლუკა. ისინი წყვილ-წყვილად ცენტრისკენ არიან მობრუნებულნი, ხელში სახარებები უკავიათ.
უძველეს ქართულ მინანქართაგან უნდა ვახსენოთ კარედის შუა ნაწილის ზედა რეგისტრში, ვედრების სამნაწილედი კომპოზიციის ოდნავ ქვემოთ განლაგებული ორი მედალიონი ღვთისმშობლისა და წმინდა თევდორეს ნახევარფიგურებით. გამჭვირვალე მწვანე მინანქრის ფონზე მკაფიოდ გამოიკვეთება დამახასიათებელი სილუეტები, შარავანდედთა ყვითელი დისკოები. ღვთისმშობელს ორივე ხელი მკერდთან აქვს აღმართული ლოცვის ნიშნად, წმ. თევდორეს მარჯვენა ხელში ტოლმკლავა ჯვარი უკავია. ოქროს ტიხრებით დაწერილი ბერძნული ასოები ორნამენტულ ნახატს ქმნის ზურმუხტისფერ ფონზე. ძალზე სახასიათო და მეტყველია სახეები. მკვლევარნი ამ მინანქრებს IX საუკუნეს მიაკუთვნებენ.
უფრო ადრეული უნდა იყოს ოთხფურცლის ფორმის მინანქრის ფირფიტა (კვადრიფოლიუმი) ჯვარცმის სცენით. ეს ფირფიტა კარედის მარცხენა ფრთაზეა მოთავსებუოლი, მის ზედა ნაწილში. კომპოზიციის ცენტარლური ადგილი უკავია ჯვარცმული ქრისტეს ფიგურას ჯვრიანი შარავანდედით. ქრისტეს ტანთ მოსავს გრძელი უსახელო სამოსი – კოლობიუმი. ამგვარი სამოსელი მომდინარეობს აღმოსავლურქრისტიანული, სირიული ძეგლებიდან. ჯვარცმა ერთ-ერთი მთავარი თემაა შუა საუკუნების ქრისტიანულ ხელოვნებაში. იგი ფართოდ ვრცელდება ხელოვნების სხვადასხვა დარგში ადრექრისტიანული ხანიდან, VI საუკუნიდან. ჯვარცმის გამოსახვისას მხატვრები მისდევდნენ სახარებების თხრობას. სხვადასხვა მხატვრულ ნაწარმოებში გადმოცემულია ამ დრამატული სცენის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია. ხახულის მინანქრის კვადრიფოლიუმზე ჯვარცმაში წარმოდგენილნი არიან მარიამ და იოანე. მათი პატარა ფიგურები განლაგებულია ჯვრის მკლავების ქვემოთ, ჯვარცმის ორივე მხარეს. ასევე სიმეტრიულია მედალიონები, რომლებშიც ქრისტეს მონოგრამაა მოთავსებული, ოქროს ტიხრებით შესრულები. სცენის ზედა ნაწილში ანგელოზთა ფიგურებია, სულ ზემოთ კი – მაკურთხებელი მარჯვენა, რომლის გვერდებზე მზისა და მთვარის დისკოებია გამოსახული. შეუძლებელია ყურადღება არ მიაქციოთ ჯვარცმის სცენის მეტად თავისებურ აგებას. ტოლმკლავა ჯვრის ფორმის ოქროს ფირფიტის ზედაპირზე ამ სცენის მონაწილე პერსონაჟები ოსტატურად არიან განლაგებულნი. კომპოზიციის ცენტრია საკუთრივ ჯვარცმა, დანარჩენი ფიგურები, რომელთა მასშტაბები სრულიად პირობითია (ღვთისმშობლისა და იოანეს მინიატრული ფიგურები, ანგელოზთა დიდი მფრინავი ფიგურები) მის გარემოცვას ქმნიან. მხატვრულ შთაბეჭდილებას განსაზღვრავს ოქროს ტიხრების დამახასიათებელი ნახატი და მინანქრის ფერადოვანი გადაწყვეტა – მწვანის, მეწამულის, ოქროსფერის ორიგინალური ჟღერადობა. მერვე საუკუნის ქართულ ნახელავად მიჩნეული ეს მინანქარი ერთ-ერთი უძველესთაგანია მსოფლიოს სამინანქრო ნაკეთობებიდან.
ხახულის კარედის ქართულ მინანქართაგან ვახსენებთ მეათე საუკუნით დათარიღებულ ოქროს ჯვარს. როგორც ჩანს, გელათის მონასტრის საგანძურში ინახებოდა ოქროს იშვიათი ჯვარი-რელიქვიარიუმი (სანაწილე), რომელიც კარედის ოსტატმა დაშალა და გამოიყენა ხატის შემკულობაში. ჯვრის პირითი და ზურგის მხარეები განცალკევებულია და დამაგრებულია ფრთების ორივე მხარეს სიმეტრიულად. მდიდრულად შემკული ჯვრისა და კოლოფის ფორმის სანაწილეები გავრცელებული იყო შუა საუკუნეებში. ძვირფასი ლითონის ჭედური, მომინანქრებული სანაწილეები გამოიყენებოდა წმინდა ნაწილთა შესანახად. ქრისტიანული ცენტრებიდან მლოცველთა მიერ ჩამოტანილი წმინდა ნაწილთათვის – რელიქვიებისათვის – დიდებულები და მეფეები საუკეთესო ოქრომჭედლებს უკვეთავდნენ სხვადასხვა ფორმის კოლოფებს უძვირფასესი ნაშთების მოსათავსებლად. სწორედ ასეთი სანაწილეა გამოყენებული ხახულის ხატის შემკულობაში. ჯვრის პირით მხარეზე ჯვარცმაა წარმოდგენილი, მის გვერდებზე ღვთისმშობლისა და იოანეს წელზევითი გამოსახულებებია, ქრისტეს ზემოთ – მიქელ მთავარანგელოზის ბიუსტი. ზურგის მხარეზე – იოანე ნათლისმცემელი და ჯვრის მკლავების ბოლოებზე მახარებლების – მარკოზისა და ლუკას და მოციქულების – პეტრესა და პავლეს ნახევარფიგურებია.
ჯვრის ზურგის მხარეზე ქართული ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, ადიდე მეფე კვირიკე“, იქვეა ბერძნული წარწერა: „ქრისტე, შეეწიე მონასა თქვენსა მაგისტროს კვირიკეს“. თუმცა ჯერჯერობით ვერ ხერხდება „მეფე კვირიკეს“ პიროვნების დადგენა, ცხადია, რომ წარწერაში მოხსენებულია საქართველოს ისტორიის უცნობი მოღვაწე, რომელიც ბიზანტიის კარის ტიტულს „მაგისტროსსაც“ ატარებდა. ამ ჯვრის სახით ხახულის კარედმა შემოგვინახა შუა საუკუნეების ქართული სამინანქრო ხელოვნების იშვიათი ნიმუში, რომელიც ბიზანტიურ ხელოვნებასთან დიდ სიახლოვეს ამჟღავნებს.
კარედის კომპოზიციაში ჩართულია აგრეთვე ბიზანტიური მინანქრის მნიშვნელოვანი ნიმუშები. ოსტატურად არის აგებული ტრიპტიქის კარების დეკორატიული სქემა. ფრთებზე სიმეტრიულადაა განლაგებული მძლავრი აქცენტები: დიდი ორნამენტული ჯვრები (სამ-სამი თითოეულ ფრთაზე) და კარის კიდეზე გარკვეული პაუზებით, რიტმულად განლაგებული მინანქრის მედალიონები (ათ-ათი მედალიონი თითოეულ ფრთაზე).
საერთოდ კარედის მხატვრულ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჯვრებს, რომლებიც განსხვავებულადაა შემკული. ერთი შეხედვისთანავე ცხადი ხდება, რომ ჯვრების განაწილება ხატის ზედაპირზე, მათი დეკორატიული გადაწყვეტა კარედის შემკობის თავდაპირველ ჩანაფიქრში იყო გათვალისწინებული. ისინი ორგანულად არიან ჩართულნი ჭედურ ორნამენტულ ნახატში, ზუსტად არის გააზრებული მათი ადგილი ხატის ცენტრალურ ნაწილსა თუ ფრთაზე. ჯვრების მრავალფეროვნება და მათი ხასიათის ნაირგვარობა მნიშვნელოვნად განაპირობებს მხატვრულ შთაბეჭდილებას, რადგან მათი განლაგების მოჩვენებითი შემთხვევითობისა და თავისუფლების მიღმა ჩანს ღრმად მოფიქრებული, მწყობრი სქემა, რომელიც კარგად ითვალისწინებს ჯვრების გეგმაზომიერ, სიმეტრიულ „მიმოფანტვას“ მოელვარე ოქროს ზედაპირზე. ამ გადაჭარბებულ სამკაულსა და ფერადოვნებაში თვალი თითქოს საყრდენს იძენს ერთნაირი მოხაზულობის ელემენტებში (ჯვრები, მედალიონები, სწორკუთხედები), რათა მზერა არ დაიბნეს ამ უსასრულო და ურიცხვ სამკაულთა ლაბირინთებში და გაიკვლიოს გზა საერთო სურათის აღსაქმნელად. ხახულის ხატის ოსტატი (თუ ოსტატები) გენიალური ნიჭიერებით ათავსებდა ზღვარსგადასული ფუფუნებისა და ჭარბი სამკაულის გამოყენების სურვილს (რაც დროისმიერი მოთხოვნა იყო ხელოვნების ნაწარმოებებისადმი) და ჰარმონიული, არქიტექტონიკური აგების თანდაყოლილ გრძნობას, რაც ქართული ხელოვნების უძველელსი ტრადიციების ორგანულ გაგრძელებას წარმოადგენდა.
არაჩვეულებრივად ლამაზია ჯვრების გაფორმებაში გამოყენებული ორნამენტული მინანქრები (მარცხენა ფრთის ცენტრში, ცენტრალური ნაწილის ქვედა კუთხეებში, მარჯვენა ფრთის ქვედა ნაწილში). ყოველ ჯვარზე მინანქრის ორნამენტი განსხვავებულია, როგორც ხასიათით, ასევე ფერადოვნებით და კომპოზიციური პრინციპებით. ასეთი ხაზგასმული მრავალფეროვნება დიდად აცოცხლებს კარედის ცხოველხატულ ზედაპირს.
კარედის შემკულობაში ჭარბად არის გამოყენებული ნაირგვარი ფორმის ორნამენტული მინანქრები, რომლებიც ხან დამოუკიდებელ აქცენტებად არის ჩადგმული, ხან კი სხვადასხვა კონფიგურაციის ორნამენტულ კომპოზიციებს ქმნის. ორნამენტული მინანქრები უპირატესად სტილიზებულ მცენარეულ მოტივებს შეიცავს: სხვადასხვა ფორმის ფოთლები, პალმეტები, ყლორტები, რომლებიც მრავალფეროვანი ვარიაციებით ერთიანდება ხატის საგანგებოდ შერჩეულ ნაწილებში. განსხვავებულია ამ ორნამენტული მინანქრის ფირფიტების ფორმები. გვხვდება წვეთისებრი, რომბული, კვადრატული, მრგვალი, სამკუთხა, მრავალკუთხა ფირფიტები, რომელთა მოხაზულობა ზუსტად შეესატყვისება საერთო კომპოზიციაში მათთვის განკუთვნილ არეს.
მინანქრის პატარა ხატები, ორნამენტული მინანქრები, პატიოსანი თვლები ჩართულია ოქროს ჭედური ზედაპირის ცხოველხუტულ ხლართებში. ჭედური ორნამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მკვლევარნი ამ გრანდიოზული ზედაპირის შესრულებაში რამდენიმე ოსტატის ხელს არჩევენ.
ხახულის კარედის ხატის ჭედური ორნამენტი თავისი მასშტაბებით აღემატება ჩვენთვის ცნობილ ყველა ქართულ საოქრომჭედლო ნაწარმოებს. ხატის ცენტრალურ ნაწილსა და ფრთების მთელ ზედაპირზე ხალიჩისებურად გაშლილია ფოთლოვანი ორნამენტი. ძირითადი მოტივია სხვადასვა ზომისა და ფორმის ფოთლები, ამ ფოთლებისა და მცენარეული ყლორტების მრავალფეროვანი ვარიაციები. მცენარეული ღერო თითქოს ამოზრდილია ხატის ქვედა ნაწილიდან და ზემოთკენ იშლება პლასტიკურად დახვეულ, ნაირგვარ ხლართებად გადაჯაჭვულ რელიეფურ ნახატად. ოსტატურად გამოძერწილ, ლამაზი ფორმის სტილიზებული ფოთლებით მოფენილია ხატის მთელი ზედაპირი. უდიდესი გამომგონებლობით და უტყუარი ალღოთი ხდება ფოთოლთა ზომებისა და ფორმის სახეცვლილება. ყოველი ფოთოლი ჩაწერილია მცენარეული ყლორტის ხვეულში. ნახატი მოძრაობს, იშლება და იხვევა უცნაურ კვანძებად, ხლართებად, ქმნის ფოთლების შემცველ წრეებს. დინამიკური, მოციმციმე ოქროს ზედაპირი მინანქრის ფერად-ფერადი სამკაულისთვის არაჩვეულებრივად მოხდენილ, მდიდრულ ფონს ქმნის. სინათლის შუქი აირეკლება ამ რელიეფური ზედაპირიდან და აძლირებს ოქროსფერი პლასტიკური სახეების გამომსახველობას. ეს მოელვარე, აკიაფებული ფონი შესანიშნავად ერწყმის მინანქართა საზეიმო ფერადოვნებას.
მცენარეული ორნამენტის შექმნაში უდიდესი ოსტატობა და გაწაფული ხელი ჩანს. ფოთლოვანი რელიეფი გლუვი ფონზეა განთავსებული. რელიეფური ფორმები ფირფიტის ზურგის მხრიდან არის თეგით ამოყვანილი და შემდეგ პირის მხრიდან ზემოდან დამატებითაა დამუშავებული სათანადო იარაღით (საჭრისით, თეგით). ხახულის კარედის შექმნა დიდი და რთული სამუშაო იყო, მისი შესრულება მხოლოდ დიდად დახელოვნებულ და გამოცდილ ოსტატებს შეეძლოთ. ასეთები კი საქართველოში, როგორც ამას ძველი ქართული ჭედურობის ძეგლები გვიჩვენებს, საკმაოდ იყვნენ. ხატის ჭედური ზედაპირის შესრულება მოითხოვდა წინასწარ მოფიქრებული, კარგად გააზრებული სისტემის შემუშავებას, რომელიც გაითვალისწინებდა ამ ორნამენტულ რელიეფურ ფონზე, ყლორტების რთულ ჩახლართულ ბადეში პატარა ხატების, ჯვრების, ძვირფასი თვლების ჩართვას. ეს არ იყო თავისთავადი ჭედური ვირტუოზულობის დემონსტრაცია, მხოლოდ ჭედური დახელოვნების გამჟღავნება; ეს იყო რთული შემოქმედებითი ამოცანის გადაწყვეტა – მინანქრის დიდი სასწაულმოქმედი ხატისათვის ღირსეული ბუდის, მისი მნიშვნელობის თანაბარი მოჩარჩოების შექმნა. ქართველმა ოსტატებმა ბრწყინვალედ გადაწყვიტეს ეს მხატვრული ამოცანა. სამკაულით ასე გადატვირთული გრანდიოზული კარედის გახსნილ ბრწყინვალებაში თვალი ჩერდება მის ცენტრალურ ხატზე, რომლის გარშემო საგანგებო სისტემით არის განლაგებული მრავალრიცხოვანი სამკაული. რა შეუმჩნევლად და ძალდაუტანებლად ხდება ყურადღების განაწილება ცეტრალური ხატის ზედაპირზე, რა ორგანულად არის გაერთიანებული მხატვრული და აზრობრივი აქცენტები: მინანქრის ცენტრალურ ხატს თითქოს აგვირგვინებს მის ზემოთ რკალურად განაწილებული ვედრების კომპოზიციით შექმნილი სამი მინანქრის ხატი; მათ აკომპანიმენტად ქვემოთ მოთავსებულია პატარა ხატი – ღვთისმშობელი ორ მთავარანგელოზს შორის. რა თავისებური გაბედულებით, ასიმეტრულად არის მოთავსებული ღვთისმშობლის მინანქრის ხატი, რომელიც აზრობრივად მჭიდროდ უკავშირდება ცენტრალურ ხატს. ასეთივე მიმართებებს, მხატვრულსა და აზრობრივს, აღმოვაჩენთ კარედის ყველა ნაწილში, ყველა დეტალში, რაც მოწმობს იმას, რომ მისი შემქმნელნი უმაღლესი რანგის შემოქმედნი იყვნენ, რომელთაც შესწევდათ ნიჭი და უნარი გადაეწყვიტათ ნებისმიერი სირთულის მხატვრული ამოცანა.
კარედის ბრწყინვალე, საზეიმო ხასიათს თითქოს ხაზს უსვამს განსაკუთრებული ოსტატობით შექმნილი დიდი დეკორატიული ვარდულები: ორი, უფრო დიდი ზომისა, ცენტრალური ნაწილის ზედა კუთხეებში და სამი, შედარებით მომცრო, ქვედა ჩარჩოზე რიტმულადაა განაწილებული ჯვრებთან და მინანქრებთან მონაცვლეობით. წნული ჭვირული ბადით შემკული რელიეფური ვარდულები, ფერადი ქვებით აღნიშნული გულით, განსაკუთრებულ დეკორატიულობას ანიჭებენ ხატს.
გაშლილი კარედის დათვალიერებისას აშკარა ხდება განსხვავება ცენტრალური ნაწილისა და ფრთების გადაწყვეტაში, რაც გარკვეული მხატვრული მიდგომის შედეგი უნდა იყოს; ცენტრალური ნაწილის ჭედური ორნამენტი უფრო დაბალი რელიეფითაა შესრულებული და ამ ნაწილში განსაკუთრებული სიჭარბით არის გამოყენებული მინანქრისა და ძვირფასი ქვების სამკაული. გაცილებით ხალვათადაა განაწილებული მინანქრები და დეკორატიული დანამატები ხატის კარებზე. ამასთანავე, მეტი ადგილი აქვს დათმობილი ჭედურ ორნამენტს, რომელიც აქ უფრო მაღალი რელიეფით არის ამოყვანილი.
ხახულის კარედი ხატის ყველა დეტალის, მისი შემადგენელი ნაწილების განხილვა ძალზე შორს წაგვიყვანდა. და თუმცა მისი ყოველი, სულ მცირე დეტალიც კი კარგად გააზრებული მხატვრული კონცენფციით არის გათვალისწინებული, იგი არ არის გამიზნული დაწვილმანებული, საგულდაგულო განხილვისათვის. მის შემქმნელთა მიზანი იყო მიეღწიათ ხატის ისეთი მხატვრული გადაწყვეტისათვის, ისე შეემკოთ იგი, რომ მას ერთი შეხედვით მაყურებელზე მოეხდინა თვალისმომჭრელი ბრწყინვალების შთაბეჭდილება. ეს იყო ტენდენცია ჭედური ნაწარმოებების დეკორატიულ გადაწყვეტაში, რომელიც ჩნდება საქართველოში XII საუკუნისათვის.
XII საუკუნიდან ქართულ ხელოვნებაში ისახება ახალი ტენდენციები, რომელთა წარმოქმნა და განვითარება ქვეყნის პოლიტიკური, სულიერი და ეკონომიკური მდგომარეობით იყო გაპირობებული. ეს ცვლილებები ძალზე საგრძნობი იყო პლასტიკურ ხელოვნებაში – ქვის რელიეფებში, ჭედურობაში. XI საუკუნის ჭედურ ნაწარმოებებში უპირატესობა ენიჭებოდა სკულპტურულ გამოსახულებებს; ხატებსა და ჯვრებზე ფიგურული გამოსახულებები, როგორც წესი, გამოქანდაკებული იყო ძვირფასი ლითონისაგან. XII საუკუნიდან ჭედურ ხატებში სახეები უპირატესად ფერწერულია, მხოლოდ სამოსელი სრულდებოდა ჭედური ხერხებით. ამასთანავე, ფიგურა საკმაოდ დაბალი რელიეფით გადმოიცემოდა, მცირედ თუ სცილდებოდა ფონის ზედაპირს. სამოსლის ნაკეცთა დამუშავებაში უპირატესობა სიბრტყობრივ-ხაზოვან ხერხებს ეძლეოდა. ჭედურ ნაწარმოებებში ამ დროისათვის წინ არის წამოწეული დეკორატიული ამოცანები, ქართველი ოქრომჭედლები განსაკუთრებული გულისყურით ასრულებენ ორნამენტულ სამკაულს. ტექნიკური სრულყოფა მიმართულია არა ფიგურული გამოსახულებების პლასტიკური დამუშავებისაკენ, არამედ ზედაპირის ორნამენტული შემკულობის დახვეწისაკენ. ოსტატები ჭარბად იყენებენ ჭედური ხერხების მთელ დიაპაზონს და ამდიდრებენ ფერადოვანი ელემენტებით. დიდი გატაცებით იყენებენ ხატების, ჯვრების, წიგნების ყდების მოჭედილობის შექმნაში სევადას, მინანქარს, ძვირფასი თვლების ელვარებას. ორნამენტის შესრულებაში, დეკორატიული მოტივების შერჩევაში ამ ეპოქის ქართველი ოსტატები განსაკუთრებულ ვირტუზულობას ამჟღავნებენ.
მიდრეკილება შემკულობისაკენ, დეკორატიულობისაკენ, ფერადოვნებისაკენ, რაც ასე მკაფიოდ ჩანს ხახულის კარედის ხატის გადაწყვეტაში, ეპოქის მთავარი ტენდენცია იყო. იგი თანაბრად გამოვლინდა ქართული ხელოვნების ყველა დარგში – ხუროთმოძღვრებაში, ფერწერაში. ჭედური ხელოვნებაც ამის არაერთ ნათელ მაგალითს გვიჩვენებს. ამ მხრივ საყურადღებოა XII ს. მეორე ნახევრის მაცხოვრის დიდი ხატი ფხოტრერიდან, რომელიც წარწერის მიხედვით მეფეთა მეფის დემეტრე პირველის ქალიშვილის (გიორგი მესამის დისა და თამარ მეფის მამიდისა და აღმზრდელის) რუსუდანის შეკვეთით არის შესრულებული. ხატის წარწერაში ნათქვამია: „...ღმერთო, სჯულთა შენთა მტკიცედ მპყრობელისა, მეფეთ მეფისა დიმიტრის ასულისა, მეფისა და მეფეთა მზისა გიორგის დისა, სულტანთა სძლისა, რუსუდან დედოფლისა, სამსახურებლად შენდა შემზადებულნი ნივთნი...“ ამ ახალი, ორნამენტული შემკულობითობისაკენ მისწრაფებული მხატვრული მიმართულების შესანიშნავი ოსტატები იყვნენ ბეშქენ და ბექა ოპიზრები (ოპიზა – დიდი მონასტერი კლარჯეთში, სამხრეთ საქართვლეოში). ამათგან უფროსს – ბეშქენს (XII ს. ბოლო) ეკუთვნის გელათის მონასტერში დაცული ბერთის სახარების ვერცხლის ყდის მოჭედილობა (ბერთის მონასტერი სამხრეთ საქართველოს – კლარჯეთის მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური ცენტრი იყო). ავტორის ვინაობას ვიგებთ წარწერიდან „მოიჭედა ხელითა ბეშქენ ოპიზარისათა“.
ოპიზართაგან უმცროსი – ბექა ცხოვრობდა XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე. მისი ქმნილებებიდან ჩვენამდე მოაღწია ანჩისხატის მაცხოვრის ხატის ჩარჩოს მოჭედილობამ და წყაროსთავის ოთხთავის ყდამ. ანჩისხატის წარწერაში ნათქვამია: „მოიჭედა ხელითა ბექასითა“, სახარების ყდაზე კი ვკითხულობთ: „ქრისტე შეიწყალე ოქრომჭედელი ბექა ოპიზარი“. ორნამენტული სამკაული, ჭედურ სამკაულში ჩართული რელიეფური წარწერები და ძვირფასი თვლები საზეიმო, ცხოველხატულ ხასიათს აძლევს ოპიზართა ნახელავს.
XII ს-ის შუა ხანებშია შესრულებული ტიხროვანი მინანქრებითა და ჭარბი მცენარეული ჭედური ორნამენტით შემკული მაცხოვრის ფერწერული ხატი გელათის მონასტრიდან, რომელიც შესრულებულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე პირველის თანამედროვე ცნობილი მოღვაწის ჭყონდიდის ეპისკოპოსისა და მწიგნობართუხუცესის სვიმონის შეკვეთით (1118-1141 წწ.). მინანქართან ერთად გამოყენებულია სევადის ნახატი ოქროს ფონზე, რაც ხატს განსაკუთრებულ ფერადოვნებას ანიჭებს.
დღეისათვის არსებული XII საუკუნის ჭედურ ნაწარმოებთა რაოდენობა საქართველოში საკმაოდ მცირეა. ჩვენ მხოლოდ ზოგიერთი მათგანი ვახსენეთ. მაგრამ ამ ძეგლების მიხედვითაც მკაფიოდ გამოიკვეთება ამ ეპოქის ჭედური ხელოვნების მხატვრული თავისებურებანი, სიახლეები, რომლებიც განასხვავებენ მათ წინა საუკუნეთა ნაკეთობებისაგან. მაგრამ ესეც რომ არ ყოფილიო, XII საუკუნის უბრწყინვალესი ჭედური ნაწარმოები ხახულის ხატი ნათელ წარმოდგენას შეგვიქმნიდა ამ ეპოქის საქართველოს ხელოვნების ხასიათზე, მის მხატვრულ ნიშან-თვისებებეზე. იგი არა მხოლოდ თავისი დროის ხელოვნების უმაღლესი დონის მაჩვენებელია, არამედ ქვეყნის საერთო მდგომარეობის, მისი სულიერიი ცხოვრების, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის თავისებური ანარეკლია.
ხახულის ხატის თავყანისცემა საუკუნეთა მანძილზე არ შენელებულა. ქართველთა თაობები ძვირფას ძღვენს სწირავდნენ ამ წმინდა სახეს, რომელიც გელათში იზიდავდა მლოცველებსა და თაყვანისმცემლებს საქართველოს ყველა კუთხიდან. ქართულმა საისტორიო საბუთებმა შემოგვინახა უამრავი ცნობა ხახულის ხატისთვის შეწირული მდიდარი საგანძურის შესახებ. მეფეები და დიდებულები, მღვდელმთავრები და აზნაურები დიდ შესაწირავს უძღვნიდნენ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს. XII საუკუნიდან მოყოლებული არსებობს ცნობები მამულებისა და ყმა-გლეხების შეწირვის შესახებ გელათში დასვენებული ამ სათაყვანო ხატისათვის.
ხახულის ღვთისმშობლის ხატი მოხსენებულია უკვე დავით აღმაშენებლის ანდერძში: „ხოლო დრაჰკანი კოსტანტი ცოტა და ჩემნი ლალნი და თვალ-მარგალიტნი ხახულისა ღვთისმშობლისადმი შემიწირავს“.
ჩვენამდე მოვიდა პოეტური სტრიქონები, რომლებსაც ტრადიცია თამარ მეფეს მიაწერს და რომლებიც ხახულის ხატისადმია მიმართული. ეს არის „იამბიკო სავედრებელი ქართველთა შამქორს გამარჯვებისათვის“. მოკრძალებით მიმართავს „მეფეთა-მეფე“ ღვთისმშობელს: „მე თამარ, მიწა შენი“, ავედრებს თავის მამულს და მადლობას უძღვნის მფარველობისა და შემწეობისათვის და შესწირავს სასწაულმოქმედ ხატს ხალიფას დროშას. ეს ამბავი მოთხრობილია მატიანეში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“: „იქმნა თამარის შეწყალება, რომლისთვისაც დროშა იგი ხალიფასი... წარგზავნა ესე მონატერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა: მაშინ მას წარეგზავნა ... ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა, მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძვირფასისათა“.
ხახულის ხატი ნახსენებია XIII საუკუნის შუაწლების (მეფე დავით ნარინის ეპოქის) ერთ-ერთ გუჯარაში. გელათის დეკანოზი იაკობი ჩამოთვლის ხატისათვის შეწირულ მამულებს, ყმა გლეხებს, უამრავ სანოვაგეს მონასტრისათვის: „ამას ჩემგან სასოებით ქმნილსა და ხახულის ღვთისმშობლისათვის მოხსენებულსა და შეწირულსა ღვთის სწორისა მეფეთ-მეფისა დავითის სადიდებლად და ჩემ მიწისა მათისა დეკანოზისა იაკობისა სალოცავად და სააღაპოდ“. გურჯის ბოლოს შემწირველი აფრთხილებს ყველას, განურჩევლად წოდებისა, დიდებულსა და აზნაურს, თუკი ვინმე ხელყოფს შესაწირს „რისხავსამცა... ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი ხახულისა...“
განსაკუთრებით ბევრია ცნობა დასავლეთ საქართველოს მეფეთა და მთავართა შესაწირავის შესახებ XVII-XIX საუკუნეებში – იმერეთის მეფეები და დედოფლები, რაჭის ერისთავები, სამღვდელო პირნი სწირავდნენ აურაცხელ სიმდიდრეს დიდებულ ხატს თავის ახლობელთა სულის მოსახსენებლად, მფერველობისა და შეწევნისათვის. მაგალითისათვის მოვიყვანთ იმერთა მეფის ალექსანდრეს 1509 წლის სიგელს: „დიდო დედაო ქვეყანისა ღმრთისმშობელო ხაულისაო“, – მიმართავს მეფე დიდებულ ხატს და ჩამოთვლის მამულებს, ყმა-გლეხებს, მიწებს „ტყითა და ველითა“, რომლებიც შესწირა მას, რათა „არ მოეშალოს აღაპი და კელაპტარი მამისა ჩვენისათვის“.
საუკუნეთა მანძილზე ცოცხლობდა ქართველ ხალხში რწმენა ხახულის ღვთისმშობლის ხატის ძლიერებისა, ყოვლადშემძლეობისა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა სათუთად მისი თაყვანისცემა. მრავალ ჭირნახული, უამრავ ძნელბედობაში გამოვლილი ხახულის კარედი ხატი ჩვენს დრომდე მოვიდა მთელი თავის განუმეორებელი ბრწყინვალებით. გრძელი და განსაცდელით აღსავსე იყო ქართული ხელოვნების ამ დიდებული ნაწარმოების არსებობის გზა, რომელმაც იგი XX საუკუნის დასასრულამდე მოიყვანა. უცნობი ქართველი დიდოსტატების შექმნილი ეს გასაოცარი ხატი – თავდაპირველად კლარჯეთის შორეულ მონასტერში დასვენებული მინანქრის სასწაულმოქმედი ხატი ღვთისმშობლისა – XII საუკუნიდან მდიდრულად შემოსილი გრანდიოზულ კარედში ჩასმული, საუკუნეთა განმავლობაში გელათის ტაძრის დიდებას წარმოადგენდა, მისკენ მიემართებოდნენ მფარველობის და შეწევნის სათხოვნელად, შესაწირავის მისართმევად მთელი საქართველოდან. ხახულის კარედი ხატი, ქართული ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ქართულ საოქრომჭედლო ხელოვნების დიდ საგანძურთან ერთად, ქართველი ხალხის უდიდესი ნიჭიერების მრავლისმეტყველ საბუთად წარმოგვიდგება.
Комментариев нет:
Отправить комментарий