1493-1494 წლებში ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505) თავისი კარის ეკლესიის მოძღვარი ხუცესი ნილო ელჩად გაგზავნა ჯერ ეგვიპტეში, შემდეგ კი ესპანეთსა და რომში. იგი ცნობილია კირ-ნილოსის სახელითაც1. ნილო, ზოგიერთ დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც წმინდა ბასილის ორდენის წევრი.
ნილოს კაიროში მოლაპარაკების შესახებ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი ეგვიპტის სულთანთან გაგზავნის უმთავრესი მიზანი, იერუსალიმში გოლგოთაზე ქართველთა ინტერესების დაცვისათვის სულთნის მხარდაჭერის მოპოვება იყო2. ქართლის სამეფო კარისათვის ცნობილი იქნებოდა ის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც ეგვიპტის სულთანსა და ფრანცისკანელებს შორის არსებობდა და კონსტანტინე II-მ ამ მდგომარეობის გამოყენება სცადა3. ვფიქრობ, წმინდა მიწის განთავისუგანთავისუფლებისათვის ჯვაროსნული მოძრაობის გამოცოცხლების მიზნით და არა ანტიოსმალური კოალიციის შესაქმნელად გაიგზავნა ნილო ესპანეთში4, როგორც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს.
ოსმალები როგორც XV ს. 50-70-იან წლებში არ უქმნიდნენ სერიოზულ საშიშროებას საქართველოს, მდგომარეობა რადიკალურად არ შეცვლილა არც იმავე საუკუნის 80-90-იან წლებში. აღმოსავლეთ საქართველო, კერძოდ, კონსტანტინეს სამეფო ირანის ტერიტორიაზე არსებული თურქმანების აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს აგრესიას განიცდიდა. არ ჩანს ნილოს ეგვიპტეში ელჩობის შედეგი, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ კაიროდან წამოსულმა საქართველოს ელჩმა იერუსალიმიდან ესპანეთის ელჩი მარტინ დიას დე აუქსში5 საქართველოში წამოიყვანა.
მეფემ ელჩებს გაატანა წერილები, რომელთაგან ერთი განკუთვნილი იყო ესპანეთის მეფე-დედოფალ _ ფერდინანდისა და იზაბელასათვის, მეორე კი რომის პაპ ალექსანდრე VI-ისათვის. მეფემ ელჩებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სიტყვიერადაც დააბარა. მათ სხვა საგანგებო დავალებაც მიეცათ: წმინდა მიწაზე შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებით დაინტერესებულმა მეფე კონსტანტინემ ესპანეთში მიმავალ ნილოსს რომში პაპ ალექსანდრე VI-სთან ვიზიტიც დაავალა. ელჩს პაპი უნდა დაერწმუნებინა ქართველი მეფის მუსლიმანთა წინააღმდეგ ომისათვის მზადყოფნაში. კონსტანტინე II-მ თავის ელჩს პირდაპირ დაავალა „რათა განეცხადებინა (პაპისათვის _ ე. მ.) თავისი მორჩილება, როგორც წმინდა მიწებზე ქრისტეს ნაცვალის მიმართ და ეთხოვა მისთვის შეეგულიანებინა დასავლეთის მეფეები საღვთო ომისათვის სარკინოზების წინააღმდეგ“.
კონსტანტინე პაპს პირდებოდა, რომ აღმოსავლეთის სხვა ქრისტიანებთან ერთად, ისიც მონაწილეობას მიიღებდა მუსლიმანების წინააღმდეგ ომში6. ამგვარად, ქართველი მეფე კონკრეტულად ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლას ან ანტიოსმალურ კოალიციაში მონაწილეობას არ პირდებოდა ესპანეთის მთავრობასა და რომის პაპს. მაგრამ იგი ესპანეთში გაგზავნილ სიგელში სრულიად გარკვევით შეახსენებს: „როგორც თქვენმა მეუფებამაც იცის, უღვთო სპარსთაგან მარად ჟამს წამებული ვართ და მათ მრავალი ბოროტება მოგვაგეს ჩვენ“7.
მეფის ამ სიტყვების შემდეგ ესპანელებისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო, ქართველი მეფე ვის წინააღმდეგ, სპარსელებისა თუ თურქების წინააღმდეგ ითხოვდა დახმარებას. მეფე კონსტანტინეს მოწოდებას წმინდა მიწის გასანთავისუფლებლად ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის და არა ანტიოსმალური კოალიციის შექმნის შესახებ, პაპი შემდეგნაირად გამოეხმაურა: „სრული აღფრთოვანებით შევხვდით თქვენს შესანიშნავ განზრახვას და გეგმას იესო ქრისტეს სარწმუნოების მიმართ ამბოხებულთა წინააღმდეგ ლაშქრობის შესახებ. ასეთი ლაშქრობა ყველგან მომზადდება და ის, რომ შენ ამ მხსნელი წამოწყებისათვის გვთავაზობ ლაშქარს შენი შვილის მეთაურობით, პატივახდილი საფლავების გაწმენდისა და ქრისტესათვის ჩაგრული ხალხის განთავისუფლების მიზნით, ძნელია გამოითქვას, რამდენად აღგვაფრთოვანა ამ ცნობამ და როგორ ღირსეულ მადლობას ვწირავთ ყოვლისშემძლე უფალს იმისათვის, რომ მან შენს უდიდეს გონებაში ჩასახა ასეთი მისწრაფება და მოვალეობის გრძნობა სარწმუნოების წინაშე; შენ იმდენად ამშვიდებ ჩვენს სულს და სურვილს ქრისტიანული სარწმუნოების დაცვისათვის და მისი მოძღვრებისათვის ზრუნვით, რომ გვახარებს ქრისტიანთა წარმატება“8. ამონარიდი სრულიად ნათელს ხდის, რომ ქართლის მეფე ოსმალეთის სახელმწიფოს და მისგან შექმნილ საშიშროებაზე არ სწერს რომის პაპს.
კონსტანტინე II ელჩების დონეზე ურთიერთობის გაგრძელებას სთავაზობდა ესპანეთის ხელისუფლებას9. ესპანეთის მეფეებმა საპასუხო წერილი გაუგზავნეს ქართველ მეფეს10.
წერილის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველმა ელჩებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს ესპანეთის სამეფო კარზე. ისინი მოხსენიებულნი არიან, როგორც „შესანიშნავი, ღვთისმოსავი და ბრწყინვალე ორატორები“11.
როგორც ჩანს, მეფე კონსტანტინემ გაითვალისწინა პაპის კურიის ინტერესი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკური ეკლესიისადმი დაქვემდებარების შესახებ და მას, დახმარების სანაცვლოდ დაპირდა, რომ თუ ფერარა-ფლორენციის კრების (1437-1439) გადაწყვეტილებებს გაუგზავნიდა და მათი გაცნობის შესაძლებლობა ექნებოდა, მაშინ შესაბამის დასკვნას გამოიტანდა. ამ თხოვნით ქართველი მეფე და მისი დიპლომატები პაპს გარკვეულ იმედს უსახავდნენ ეკლესიათა შეერთების შესახებ. ამგვარად, ქართლის მეფე პაპს სთხოვდა იმ გადაწყვეტილებების გაგზავნას, რომლებიც, ერთ დროს, იმავე საეკლესიო კრების ქართველმა დელეგატებმა უარყვეს. აღფრთოვანებული პაპი, როგორც მისი ეპისტოლედან ჩანს, კონსტანტინეს პასუხობს: „ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, რომ შენი უდიდებულესობა მიისწრაფის ნამდვილ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ჩასწვდეს და ჩვენი სახით სთხოვს ჩვენს უწმინდეს სამოციქულო ტახტს, მთელი ქრისტიანობის მეთაურს, ჩამოაყალიბოს ყველაფერი, რაც კი შეეხება ამ სარწმუნოების სწორ დაცვას... ამიტომ ჩვენ ახლა გიგზავნით კრების დადგენილებას, წერილში ჩადებულს და ჩვენი ბეჭდით დალუქულს, და ვთავაზობთ შენს თავდადებულობას, უბრძანოთ: გაავრცელონ და მიიღონ იგი შენი ქვეყნის ყველა პროვინციაში, როგორც ქრისტეზე, უფლის ჭეშმარიტ შვილზე, მითითებები და დადგენილებები... მაშინ ჩვენ ყველანი ვიქნებით ერთიანნი და ახლობელნი... მაშინ ვერც ერთი მტრული იარაღი ვერავითარ ზიანს ვერ მოგვაყენებს, ვინაიდან მჯერა, რომ მათზე გაიმარჯვებს მეუფება“12. რამდენადაც ცნობილი არ არის, როდის ან როგორ დაბრუნდა ნილო სამშობლოში (დაბრუნდა კი?), ამდენად არც ის ვიცით როგორი რეაქცია ჰქონდა კონსტანტინე I-ს ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებებზე. ესპანეთის კათოლიკე მეფეები (ასე უწოდებდნენ ფერდინანდსა და იზაბელას) დიდ სიხარულს გამოხატავენ ქართველი მეფის კათოლიკური სარწმუნოებისადმი „ერთგულებისა, მისდამი სამსახურისა და პატივისცემის გამო“. საინტერესოა რას გულისხმობდა კონსტანტინე მეფე კათოლიციზმისადმი გამოთქმულ სიტყვებში? მისი გარკვევა საჭიროა იმიტომაც, რომ გააზრებული იქნეს ხუცესი ნილოს მიერ კათოლიკობის „აღიარება“ ესპანეთში ან რომში.
ქართველმა საეკლესიო და საერო მოღვაწეებმა, რა თქმა უნდა, იცოდნენ, რომ ჯერ კიდევ 1245 წელს (ფერარაფლორენციის საეკლესიო კრებამდე დიდი ხნით ადრე) პაპმა ინოკენტი IV-მ (1243-1254), აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანების გასაერთიანებლად, ლიონში მოიწვია XIII მსოფლიო საეკლესიო კრება. მანამდე კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, პაპმა თავისი წარმომადგენლების ხელით გაუგზავნა წერილები ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მათ შორის „ივერიელებისა“ და „ქართველების“ იერარქებს და მათ ადრინდელი ერთობისაკენ მოუწოდა13.
საეკლესიო კრების დამთავრების შემდეგ, იმავე წლის 15 ივლისს ინოკენტი IV-მ კვლავ მიმართა საქართველოს პატრიარქს14, „რათა იგი დაუბრუნდეს ერთიან ეკლესიას“15. პაპ ალექსანდრე VI-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იყვნენ კათოლიკური სახელმწიფოები, მათ შორის ესპანეთის ის სამეფოებიც, რომლებიც კათოლიციზმის გამარჯვების ლოზუნგით ჯერ კიდევ არაბებს ებრძოდნენ. ესპანეთის გაერთიანების შემდეგ კი, ფერდინანდი თავგამოდებულ კათოლიკედ აღიარეს. ყოველივე ეს ქართლის სამეფო კარზე, ცნობილი იყო იერუსალიმიდან პერიოდულად მიღებული ინფორმაციებით, ბევრ რამეს კირ-ნილოსთან ერთად საქართველოში მოსული ესპანეთის ელჩისგანაც შეიტყობდნენ. კონსტანტინეს მიერ კათოლიციზმისადმი გამოხატული დამოკიდებულება მხოლოდ ესპანეთის კათოლიკე მეფეების გულის მოგებისათვის იყო და მას რეალური საფუძველი არ ჰქონდა.
ესპანეთის მეფეების წერილიდან ჩანს, რომ მათთვის ცნობილია საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ საიმედოს არაფერს პირდებიან. მთავარია ქართველებმა კათოლიციზმის გამარჯვებისათვის იბრძოლონ: „როგორც გვიამბეს, ყოველდღიურად უსიამოვნებები გაქვთ და საფრთხე არ გშორდებათ, რასაც დიდი გულისტკივილით განვიცდით და მაინც ყველაფრისათვის მადლი უნდა შევწიროთ უფალს და შევევედროთ, რომ თქვენცა და მთელი საქრისტიანო, ურწმუნოთა ძალისა და ბატონობისაგან გამოიხსნას, დაიცვას და გამარჯვებული ატაროს. ეჭვი არ არის, უფალი ღმერთი ამ საქმეში თავის ღვთიურ წყალობას არ მოგვაკლებს, თუ თქვენი ბრწყინვალება კათოლიკური სარწმუნოების დაცვისა და განახლებისათვის ძველებური შემართებით იბრძოლებს და მტერს შეაჩერებს. ამის განსახორციელებლად აუცილებელია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რისთვისაც კვლავ თხოვნით მივმართავთ თქვენს ბრწყინვალებას და უფლის გულისათვის ვევედრებით... დანარჩენ წინადადებებს, თქვენი სიტყვები რომ გადმოგვცეს ზემოხსენებულმა ორატორებმა, ვიწონებთ და ასეთი სიკეთისათვის დიდ მადლობას გწირავთ... სხვა რამეებზეც გულწრფელი პასუხები გავეცით ხსენებულ ორატორებს; ისინი რასაც იტყვიან, თქვენი ბრწყინვალება ინებებს მათთვის მფარველობის გაწევას“16.
წერილიდან არ ჩანს კონკრეტულად რა მოთხოვნები ჰქონდა მეფე კონსტანტინეს, რომლებზე პასუხიც ესპანეთის მეფეებმა ასევე ზეპირად გამოუგზავნეს. კონსტანტინე მეფის და ესპანეთის მეფეების წერილებს როდესაც ვეცნობით, ნათელი ხდება, რომ 130 წლის შემდეგაც კი (გავიხსენოთ ცნობილი სასულიერო მოღვაწისა და დიპლომატის ნიკიფორე ირბახის _ ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის ელჩობა ესპანეთსა და რომში), თითქმის არაფერი შეიცვალა ქართველი მეფის ესპანეთის სამეფო კარისადმი სათხოვარსა და ამ უკანასკნელის პასუხში. შინაარსობრივად რამდენად ახლოსაა წერილები ერთმანეთთან, როგორ ნაცნობია ქართველი მეფის პათოსი ქრისტიანობის მტრებთან ბრძოლის შესახებ, შეფარვით თხოვნა ირანის აგრესიისაგან თავდაცვაში დახმარების შესახებ და ესპანეთის მთავრობის დინჯი, დამრიგებლური ტონი.
ნილომ რომიდან წამოიღო ალექსანდრე VI-ის საპასუხო წერილი, რომელშიც ავტორი იწონებს მეფე კონსტანტინეს წერილში დასმულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: 1. მეფის მიერ სამოციქულო ტახტისადმი პატივისცემისა და ერთგულების გამოხატვას; 2. მუსლიმანთა წინააღმდეგ ლაშქრობის მოწყობის მოწოდებას; 3. წმინდა მიწის განთავისუფლებისათვის ზრუნვას; 4. მისწრაფებას, ჩასწვდეს ნამდვილ მართლმადიდებლურ (ამ შემთხვევაში კათოლიკურ) სარწმუნოებას და პაპს სთხოვს „ჩამოაყალიბოს ყველაფერი, რაც კი შეეხება ამ სარწმუნოების სწორ დაცვას“; 5. პაპმა გაუგზავნოს „სარწმუნოებრივი გადაწყვეტილება, რომელიც ჩამოყალიბებულია ფლორენციის კრებაზე“.
პაპმა კონსტანტინე II-ს მხოლოდ ბოლო, მეხუთე თხოვნა შეუსრულა: მან კონსტანტინეს გაუგზავნა ფლორენციის კრების გადაწყვეტილება და ტყვიით დაბეჭდილი წერილი17. ი. ცინცაძემ პაპის მიერ ხუცესი ნილოსთვის მიცემულ სარეკომენდაციო ბარათის მიხედვით დაასკვნა, რომ იგი ევროპიდან სამშობლოში კათოლიკედ დაბრუნდა18. ამის დაჯერება შეუძლებელია, რადგან პაპის მიერ გაცემულ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია. მასში ნილო მოხსენიებულია მხოლოდ წმ. ბასილის ორდენის წევრად. ამ დროს ბასილიანობის მიმართ რომის დამოკიდებულება კომპრომისული იყო, რადგან აღნიშნული მიმდინარეობის წევრობა, როგორადაც ევროპაში ელჩებად გაგზავნილი ქართველი სასულიერო პირები თავს აცხადებდნენ ხოლმე, რაღაც საშუალო რგოლი იყო მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის. ისიც უნდა ითქვას, რომ XV საუკუნეში რომის ეკლესია გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა ქართული ეკლესიის მიმართ. შეიძლება გავიხსენოთ ერთი ფაქტი: ნილოს რომში ყოფნის დროს პაპის, ალექსანდრე VI-ის კანცელარიაში 1496 წელს სპეციალურად ქართლის მეფე კონსტანტინე მეორესათვის შეიქმნა საინტერესო დოკუმენტი _ „სამახსოვრო“. მასში ნაბრძანებია, რომ სიტყვა-სიტყვით გადაწერონ ალექსანდრე VI-ის წინამორბედი პაპის ევგენიუს IV-ის (1431-1447) ერთი წერილი, აღმოჩენილი მის რეესტრში (ჩანაწერების წიგნი).
წერილი შეიცავდა ევგენიუს IV-ის იმ დათმობებს ქართული ეკლესიის მიმართ, „რომელიც გადმოცემულია (ეხლა, 1496 წელს _ ე. მ.) ჩვენს მიერ ქრისტეს უსაყვარლესი შვილის ქართველთა უბრწყინვალესი მეფის კონსტანტინეს მიმართ. წერილი ამტკიცებს, რომ მეფე საჭიროებს ასეთ დათმობას მის ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების არსებობისათვის. მეფის ასეთი დაჟინებითი თხოვნის გამო ჩვენ ვუბრძანეთ გადასცენ (წერილის) შინაარსი, რომელიც გამოიხატება შემდეგში...“.19 ალექსანდრე VI-ის წერილში სამი წერტილია დასმული და აღარ ჩანს რაში მდგომარეობდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისადმი დათმობები. მხოლოდ ნათქვამია, რომ „ქართველი მეფე უერთდება რომის ეკლესიას. ქართველები... რომის ეკლესიასთან მათი ერთიანობის აღდგენა. 1496 წელი“.20
კონსტანტინეს კათოლიკურ ეკლესიასთან შეერთებასა და ერთიანობის აღდგენაში ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და რომის ეკლესიას შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების გაბათილება იგულისხმება. რამდენად გაიზიარა საქართველოს ხელისუფლებამ ევგენიუს IV-ის წინადადებები თუ დათმობები, ამის გარკვევა დღეს შეუძლებელია. მაგრამ გვაქვს ზოგიერთი მინიშნება, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის რომსა და საქართველოს შორის ურთიერთობაზე.
საქართველოს წარმომადგენლის არგუმენტირებულმა პროტესტმა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებების გამო, აიძულა პაპი ევგენიუს IV დათმობებზე წასულიყო ქართული ეკლესიის მიმართ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ის დოკუმენტი, რომელშიც კონკრეტულად აისახა ის დათმობები, რომლის საფუძველზე ნახევარი საუკუნის შემდეგ, პაპის ალექსანდრე VI-ის ბრძანებით, სპეციალურად ქართლის მეფე კონსტანტინე მეორესათვის 1496 წელს შეადგინეს „სამახსოვრო“.
ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების შემდეგ რომ საგრძნობლად შესუსტდა ურთიერთობა საქართველოსა და რომს შორის, ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ 1328 წელს თბილისში გადმოტანილმა კათოლიკე ეპისკოპოსის კათედრამ, კრების შემდეგ არსებობა შეწყვიტა. კარგა ხანს თბილისში აღარ არიან კათოლიკე ეპისკოპოსები. კათედრა აღსდგა მხოლოდ 1493 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა, რომ რომში იმგვარი ზემოქმედება მოეხდინათ ხუცეს ნილოზე, რომ იგი კათოლიკობის აღიარების აუცილებლობის წინაშე დამდგარიყო, რასაც შემდგომ პერიოდში რომის პაპები ქართველებისაგან კატეგორიულად მოითხოვდნენ.
მართალია, მღვდელი ნილოსის ელჩობის შედეგებზე ცნობები არ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მაშინ რაიმე სერიოზულის მიღწევა შეუძლებელი იყო. იმ სახელმწიფოებს (ეგვიპტე, ესპანეთი, რომი), რომელთა მეთაურებთანაც მან მოლაპარაკებები აწარმოა, თავიანთი პრობლემები ჰქონდათ.
შენიშვნები
1. რაც, ქართველი მეფის მიერ ევროპაში გაგზავნილი ბერძნულად დაწერილი სიგელების გავლენა იყო. ჩვეულებრივ, ქართველი მეფეები დასავლეთ ევროპასა და რუსეთში ბერძნულად დაწერილ წერილებს გზავნიდნენ.
2. მკითხველს შევახსენებ, რომ საუკუნენახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ქართველ ბერმონაზვნებს ბრძოლა ჰქონდათ გოლგოთაზე პირველობისათვის ჯერ სომხებთან, შემდეგ კი კათოლიკებთან. 1492 წელს მათ მიაღწიეს იმას, რომ ადგილობრივმა სასამართლომ გოლგოთის თხემი გაყო ორ ნაწილად: ჩრდილოეთი ქართველებს დარჩათ, სამხრეთი კი ფრანცისკანელებს. ქართველები იერუსალიმის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იყვნენ და ცდილობდნენ გოლგოთაზე თავიანთი სტატუსის აღდგენას.
3. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVI სს.), თბ., 2009, გვ. 100-104.
4. შდრ. პაპაშვილი მ., ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ევროპული პოლიტიკის ისტორიიდან, „საისტორიო ვერტიკალები“, თბ., 2002, #2, გვ. 70, 71, 74. ანტიოსმალური კოალიციის შექმნით საქართველოს პოლიტიკოსები დაინტერესებულნი არ იყვნენ XV საუკუნის მეორე ნახევარში. იხ. ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVI სს.), გვ. 39-94.
5. ჩვენს ისტორიოგრაფიაში ი. ცინცაძის მიერ გამოქვეყნებული კონსტანტინე II-ის სიგელის რუსული თარგმანის მიხედვით (ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბ., 1965, გვ. 89), მიღებულია, რომ ესპანეთის მეფემ ელჩი კი არა, ელჩები გაგზავნა. ასეა ჩემს წიგნშიც (მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (XV-XVI სს.), გვ. 96-97. ახლა ზუსტდება, რომ სინამდვილეში საქართველოში მოვიდა ერთი ელჩი.
6. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპილ არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბ., 1984, გვ. 109.
7. ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 83.
8. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), გვ. 217.
9. ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 83.
10. წერილი პირველად გამოაქვეყნა ე. ხინთიბიძემ (ხინთიბიძე ე., ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის შესახებ, „ცისკარი“, 1986, # 3, გვ. 148).
11. ყურადღებას იპყრობს ნილოს და ზაქარიას მოხსენიება ორატორებად. ძველი რომის დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ სპეციალური ელჩები, რომლებსაც დანიშნულების ადგილას დანაბარები ზეპირად უნდა გადაეცათ. რადგან ქართველმა ელჩებმა, ფაქტობრივად, დიპლომატიური მოლაპარაკების უმთავრესი საკითხები წერილობითი სახით კი არ წაიღეს, არამედ ზეპირად უნდა მოეხსენებინათ, ამიტომ ესპანეთის დიპლომატიურმა უწყებამ მათ მიმართ გამოიყენა გარკვეული კატეგორიის ელჩებისათვის განკუთვნილი სახელწოდება – ორატორი.
12. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპილ არქივებსა და წიგნსაცავებში წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბ., 1984, გვ. 207-210; თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 83.
13. Приходько Г., История христианства в Казахстане и Средней Азии в Средние века, Караганда, 2010, с. 15.
14. XIII საუკუნის 40-იანი წლების საქართველოს პატრიარქი იყო არსენ IV (1241/2-1249/50).
15. ლუის ხილი ფერნანდესი, ი. ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XVXVII სს.), მადრიდი, 1991, გვ. 88.
16. ლუის ხილი ფერნანდესი, ი. ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XVXVII სს.), გვ. 306-308.
17. თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 891-101.
18. ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, გვ. 26.
19. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპილ არქივებსა და წიგნსაცავებში წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბ., 1984, გვ. 219-220.
20. იქვე, გვ. 110.
დამოწმებანი:
თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბილისი, 1995.
ლუის ხილი ფერნანდესი, ი. ტაბაღუა, დოკუმენტები საქართველოს ისტორიისათვის ესპანეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში (XV-XVII სს.), მადრიდი, 1991.
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I (XV-XVI სს.), თბილისი, 2009.
პაპაშვილი მ., ქართლის მეფე კონსტანტინე II-ის ევროპული პოლიტიკის ისტორიიდან, „საისტორიო ვერტიკალები“, თბილისი, 2002, #2.
ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტასა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, თბილისი, 1965.
ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XVI სს.), თბილისი, 1984.
ხინთიბიძე ე., ახალი მასალები ქართველ მეფეთა ესპანეთში მიმოწერის შესახებ, „ცისკარი“, 1986, # 3.
Приходько Г., История христианства в Казахстане и Средней Азии в Средние века, Караганда, 2010.
Комментариев нет:
Отправить комментарий