пятница, 4 мая 2018 г.

დავით გარეჯის კლდის მონასტრები (კიტი მაჩაბელი)

გარეჯის მთას არის მონასტერნი, კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი, ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლის მცემელის ზის არქიმანდრიტი, ჩიჩხიტურს ზის წინამძღვარი, დავით გარეჯას არქიმანდრიტი, ბერთუბანს წინამძღვარი. ყოფილან მონასტერნი მრავალნი, ვიდრე მწარე-წყლამდე და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არის ხუთი მოწესითა მყოფი. არა არის აქა წყალი, არამედ იპყრობენ წვიმისაგან კლდის ჭათა შინა და სვამენ მას. არა არის ტყე, არამედ ძეძვი, მით ხარშვენ და აცხობენ. არის ეკლესიანი შემკულნი და დახატულნი ძველითგანვე. მონასტრად ქმნული არის იგი (ცამეტ) მამათაგანისა დავითისაგან, მერე შემკული, მომატებული მეფეთაგან...“ – ასე აღწერს დავით გარეჯის კლდის სამონასტრო კომპლექსს ვახუშტი ბაგრატიონი.
თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 60–70 კილომეტრის დაშორებით, გადაშლილია უდაბური კლდოვანი მასივი, რომლის ფერდობებზე მრავლად ჩანს კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები. მტკვრისა და ივრის ხეობების გამყოფი ეს უდაბური ტერიტორია მკვეთრად გამოირჩევა თავისი ბუნებრივი პირობებით. მზით გადამწვარი, უწყლო, უმცენარო კლდეები საქართველოსთვის უჩვეულო უდაბურ, უკაცრიელ გარემოს წარმოადგენს. სწორედ ეს კაცთა და მხეცთაგან მიტოვებული, ცხოვრებისათივს სრულიად შეუფერებელი ადგილები, .. „გარეჯის მრავალმთააირჩია თოთხმეტზე მეტი საუკუნის წინათ ანტიოქიიდან მოსულმა დავით გარეჯელად წოდებულმა საეკლესიო მოღვაწემ, რომელიცათცამეტ“ (ცამეტ) „ასურელ მამათაშორის მოვიდა საქართველოში ქრისტეს სჯულის საქადაგებლად და განსამტკიცელად.
სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს განსხვავებული მოსაზრებებიასურელ მამათაეროვნების, მათი საქართველოში მოსვლის ზუსტი თარიღებისა და მიზნების შესახებ. ყველაზე მეტად სარწმუნო და ფართოდ აღიარებულია აკად. . კეკელიძის ვარაუდი მათი ქართული წარმომავლობის შესახებ. მისი აზრით, „სირიელი მამებისაქართველოში მოვიდნენ შუამდინარეთიდან რელიგიური დევნის შედეგად. საბედნიეროდ, ჩვენ ხელთ გვაქვს ძველი ლიტერატურული თხზულებაცხოვრება და მოქალაქეობა წმიდისა მამისა ჩვენისა დავით გარეჯელისა“, რომელშიც მოთხრობილია დავითის მოღვაწეობა გარეჯის მრავალმთაში.
საქართველოში მოსული სირიელი მოღვაწეები, ერთი ვერსიის თანახმად, სახელგანთქმული სვიმონ მესვეტის მოწაფეებად იყვნენ მიჩნეულნი. მათი მოსვლის მიზანი იყო მოსახლეობის გაქრისტიანება და მონასტერთა დაარსება საქართველოში. მათი საქართველოში მოსლის მიზნები კარგად არის მოცემული ძველ წერილობით წყაროებში. ასე, მაგალითად, ერთ-ერთისირიელი მამისიოანე ზედაზნელის შესახებ ნათქვამია, რომ იგი იყოგანმანათლებელი ქართლისა და განმწმენდელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, რომელ ქმნა სასწაულები და ნიშნები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკვირვეს ყოველნი ქართველნი“ – ჩანს, მათ თანამედროვეთ კარგადქონდათ შეგნებულისირიელ მამათასაპატიო მისიაქართლის განათლებისა“ (გაქრისტიანებისა) დასჯულის განწმენდისა“ (სამონასტრო ცხოვრების საფუძვლების ჩაყრისა). თითოეული ამ მოღვაწის სახელთან ქართული მონასტრის დაარსებაა დაკავშირებული: ისიდორემ დააარსა სამთავისის მონასტერი მდინარე რეხულას ხეობაში, შიომშიომღვიმის ლავრა მცხეთის მახლობლად, იესემწილკნის მონასტერი არაგვის ხეობასთან, იოანემმონასტერი ზედაზნის მთაზე, ანტონმამარტყოფში; კახეთშიიყალთოსა და ალავერდშიზენონმა და იოსებმა დააარსეს მონასტრები, რომლებიც შემდეგ უდიდეს კულტურულ და რელიგიურ ცენტებად იქცა. ნეკრესის მონასტერთან არის დაკავშირებული აბიბოსის სახელი, ხირსის მონასტერთანსტეფანესი. ამ საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ მოგვითხრობენ ლიტერატურული თხზულებები, „ცხოვრებანი“ („ცხოვრება“). ძველი ქართული ლიტერატურის ეს ჟანრი დიდად გავრცელდა ადრეფეოდალურ საქართვლოში. ამ ჟანრის ნაწარმოებებში ჭარბად არის შემონახული ცნობები ქვეყნის სოციალურ-კულტურულ ვითარებაზე, მათში ასახულია საქართველოს ცოცხალი ყოფის სურათები, რაც ნათლად წარმოაჩენს იმ ვითარებას, რომელშიც იქმნებოდა ჩვენთვის საინტერესო ხელოვნების ძეგლები.
დავითმა თავისი მოღვაწეობა თბილისით დაიწყო. იგი დასახლდა ქალაქის დასავლეთით მდებარე ტყით დაფარული მთის („მთაწმინდის“) ერთ-ერთ მღვიმეში და აქედან ჩამოდიოდა ყოველ კვირადღეს ქადაგებისათვის. გადმოცემით, დავითის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი ეკლესიისქაშვეთის დაარსება. გამოხდა ხანი და დავითი თავის უახლოეს და უერთგულეს მოწაფესთანლუკიანესთან ერთად ტოვებს დედაქალაქს და გაემართება გარეჯის უდაბნოსაკენ, რათა მონახოს შესაფერისი ადგილი მონასტრის დასაარსებლად და იქდასაყუდებლად“. უცნობი ქართველი მწერალი ხატოვნად აღწერს უდაბურ გარემოს, რომელსაც მიადგნენ დავითი და ლუკიანე: „ხოლო როცა მიიწივნენ პირველ თქმულსა მას უდაბნოსა შეიშთობვდენ წყურვილითა და თანად სიცხეთა შეიწვებოდნენ, რამეთუ ეს ადგილი მძაფრად შემწველი არის მზისა მცხინვარებითა  მიერ ზედ მოფენილითა; ვინაითგან ვირიოსა კერძოდ მყოფი ყოვლითურთ განმარტებით მდებარე უმეტეს ყოველთა აღმოსავლეთისა სანახებითა სიცხისა მიერ შეიწვება, რომლისა ძლითა და წყლისაგან ნაკლულევან არის და სხვათა ყოველთავე სხეულისა ნუგეშინის მცემელთა სახმართაგან“.
ეს ადგილი, როგორც ჩანს, მოაგონებდა დავითს სირიის გადარუჯულ უდაბნოს და მან გადაწყვიტა აქ მოეძია ადგილი საბოლოოდ დამკვიდრებისათვის: „და ვითარცა მიიწივნენ უდაბურსა და ურწყულსა, მოეწყურა მათ ფრიად და პოვეს მცირე წყალი შეკრებული წვიმისაგან ნაპრალსა შინა კლდისასა და სვეს მისგან და დასხდეს განსვენებად ჩრდილსა რასმე კლდისასა“.
სირიელი მეუდაბნოები ამქვეყნიური ცხოვრებიდან განდგომის უმკაცრეს წესებს მისდევდნენ. როგორც ჩანს, დავითსაც ამგვარი ასკეტური სამონასტრო ყოფა სურდა და ამიტომაც გარეჯის მრავლმთა აირჩია თავისი სარწმუნოებრივი მისიის შესასრულებლად. დავითმა და ლუკიანემ მონახეს ბუნებრივი ქვაბული კლდეში და იქ დასახლდნენ. დღესაც დავითის მონასტრის ტერიტორიაზე შეიძლება ვნახოთ ადამიანის ხელით ოდნავ შესწორებული ორი პატარა გამოქვაბული, რომლებშიც დაბალი და ვიწრო სარეცელია კლდეში გამოკვეთილი. ტრადიცია ამ მღვიმეს მიიჩნევს დავითისა და ლუკიანეს პირველ სამყოფელად. ეს იყო მეუდაბნოეთათვის განსაკუთრებით სასურველი ადგილი, მოკლებული ადამიანის არსებობისათვის აუცილებელ პირობებს, .. რაც უფრო მძიმე იქნებოდა ამქვეყნიური ცხოვრება განდგომილებისა, მით უფრო წარმტაცი ცხოვრება ელოდათ მათ იმქვეყნიურ არსებობაში. მეუდაბნოეთა საკვებს ბალახი და მცენარეთა ძირები შეადგენდა: „ხოლო საზრდელი მოირეწიან ძირთაგან რათმე და მდელოთა, რამეთუ იყო ჟამი გახაფხულისა და უხვებით პოიან ნუგეშინის საცემელი ხორცთა და ესეთ მოირეწდენ საზრდელსა...“
დადგა ზაფხული. უდაბნოს მზემ გადაწვა მცენარეულობა, გახმა განდეგილთა საკვები ბალახი. დადგა მძიმე დღეები. დავითს ღრმად სწამდა, რომ ღმერთი მათ არ დატოვებდა გაჭირვებაში და, მართლაც, მეუდაბნოებთან მოვიდა სამი ირემი ნუკრებით. „ლუკიანე, ძმაო, – მიმართა მას დავითმა, – აიღე პინაკი და მოწველე ირემნი ისი“. მოწველა ლუკიანემ ირმები და ამიერიდან არ მოკლებიათ მათ საკვები უდაბნოში. დავითის ეს სასწაული კარგად არის მოთხრობილი მისცხოვრებაში“. ერთხელ გარეჯში მოსულმა მონადირეებმა ნახეს ირმების მოწველის სასწაული და შორს მოსდეს დავითის სიწმინდისა და მისი სასწაულებრივი ძალის ამბავი. მთელს საქართვლეოში გაითქვა სახელი გარეჯის მარვალმთამ. აურაცხელი ხალხი მოდიოდა სალოცავად ამ წმინდა ადგილებში: „ხოლო ამისა გამო განისმა ხმა მისი და ფრიად მრავალნი ერნი დაემოწაფნენ და მრავალნი ჯურღმულნი აღმოკვეთეს“.
დავითისცხოვრებაშიმოთხრობილია კლდეში ეკლესიის გამოკვეთის შესახებ: „ხოლო შემდეგ ამისა კვლავ მიიწია წინაშე წმინდისა მამისა დავითისა, მიმყვანებელი მუშაკთა და გამოუკვეთა ქვაბთა მათ შინა ქვაბი ეკლესიად სალოცველად ძმათა თვის“. ეს ცნობა ეხება ფერისცვალების ეკლესიას, რომლიდანაც დაიწყო სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.
უცნობი ავტორი აღწერს დავითის ქადაგების მოსასმენად მოსულ ადამიანებს, რომლებიც დასახლდნენ უდაბნოში („დაემკვიდრნენ სიმრავლენი მამაკაცთანი, უდაბნოებითსა ცხოვრებასა შემტკბობელნი“). აქვე მოვიდა დოდო, მის შესახებცხოვრებაშინათქვამია: „მოიწია კართა ზედა ქვაბისა მისისათა, რომელიც თვით თავის თვისით გამოქვაბულ იყო შემწყნარებლად მზისა და წვიმისა, მფარველად სხეულისა ორისა განა სამისა კაცისა ოდენ“, .. წმინდა დოდო დასახლდა ბუნებრივ მღვიმეში, რომელიც იმდენად პატარა იყო, რომ მხოლოდ ორ-სამ კაცს შეიფარავდა მზისა და წვიმისაგან. სწორედ დოდოს მიანდო დავითმა ხალხთა სიმრავლის გამო ახალი, დამოუკიდებელი სავანის შექმნა: „წახვედ, ძმაო, რქასა ამის კლდისასა, რომელიც არის პირისპირ ჩვენსა და წაიყვანე თანა სხვანიცა ძმანი“. ასე დაარსდა გარეჯში კიდევ ერთი დამოუკიდებელი მონასტერი, .. „დოდოს რქა“: „და აღაშენა მონასტერი ფრიად დიდი, რომელსა შინა მრავალნი ღვაწლნი და შრომანი აღასრულა“. ეს მონასტერი ზუსტად დავითის ლავრის პირდაპირ არის განლაგებული. იგი მოიცავს სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი გამოქვაბული ეკლესიების დიდ კომპლექსს. მთავარი ეკლესია, როგორც ნათქვამიაცხოვრებაში“, ღვთისმშობლისადმი იყო მიძღვნილი. მივმართოთ ვახუშტი ბატონიშვილის თხზულებას: „არის გარეჯის მთასა შინა, ნათლის-მცემელსა და დავით-გარეჯას შუა, მონასტერი დოდო, რომელი ქმნა მამამან წმიდამან დოდომ, რომელიცა იყო ნათესავი და ქვეყნიდან კახი, მოწაფე დავით გარეჯელისა და დაფლულია იგი იქვე“. დამოუკიდებელი მონასტერი შექმნა ლუკიანემაციოანე ნათლიმცემლის სახელობაზე: „ამიერითგან აღივსო უდაბნონი გარეჯისანი, ვიდრემდე ვერღარა იტევდა მთანი და კლდენი მის ადგილისანი. რომელნიმე მარტოდმყოფობასა შეიტკბობდენ, რომელნიმედაყუდებასა, სხვანიმორჩილებასა, სხვანიზოგად ცხოვრებასა, რომელნიმე მუშაკობასა და სხვა სხვისა მიმართ მოღვაწებასა...“ – მოგვითხრობს უცნობი ავტორი დავით გარეჯის უდაბნოს სამონასტრო ცხოვრების შესახებ. როგორც ამ ტექსტიდან ჩანს, არსებობდა სულიერი ცხვორების, სამონასტრო ცხოვრების სხვადასხვა სახეობა, რომელთა მრავლფეროვნება გარეჯის მრავალმთაში ამ რელიგიური კერის დიდ მასშტაბებსა და მრავალმხრივობაზე მიგვითითებს.
დავით გარეჯში, – ვკითხულობთ სხვაგან, – იქმნა ათორმეტ მონასტერ, რომელსა შინ იყოფოდნენ მონაზონნი რიცხვით ათორმეტი ათასნი, მადლითა ღმრთისათა და ლოცვითა წმინდისა დავითისა და შემდგომილისა მისისა დოდოს მოძღვრებითა“.
დავითისცხოვრებაშიაღწერილია წმინდანის მოღვაწეობის ეპიზოდები, სადაც ჩანს მისი სასწაულების მთელი წყება. ერთ-ერთი ამბავი დაკავშირებულია გამოქვაბულში მცხოვრებ გველეშაპთან, რომელმაც ირმების ნუკრი შეჭამა. სასოწარკვეთილმა ირმებმა დავითს მიმართეს საშველად. დავითმა გველეშაპი გააგდო იმ მიდამოდან, ანგელოზმა კი მას ღვთის რისხვა დაატეხა და დაწვა („რომელიც სიტყვითა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაიისასა მეხის ტეხითა შეიწვა“).
დავითისცხოვრებაშიმოთხრობილი სასწაულები საფუძვლად დაედო შემდეგ გარეჯის მონასტერთა ფრესკულ მოხატულობებს.
გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მისი დაარსების პირველი დღიდანვე აქტიურად ვითარდებოდა. მონაზონთა რიცხვის ზრდამ დამატებითი სავანეების შექმნის აუცილებლობა გამოიწვია, „...ვერღარა იტევდეს უდაბნონი ესე...“ აქ სალოცავად მოსულ ხალხს. საუკუნეთა მანძილზე გარეჯის მრავალმთას ახალ-ახალი მონასტრები ემატებოდა. მკვლევართ დადგენილი აქვთ ამ გრანდიოზული სამონასტრო მშენებლობის ეტაპები. ადრეული მშენებლობის ერთი ეტაპი დაკავშირებულია მეცხრე საუკუნის სახელოვანი ქართველი მოღვაწის, ქართული კულტურის დიდი მოამაგის ილარიონ ქართველად წოდებულის სახელთან. ამ მოღვაწის ბიოგრაფთა ძუნწი ცნობებიდან ირკვევა, რომ ჯერ სულ ნორჩი, 15-16 წლის ილარიონი მიდის გარეჯის უდაბნოში (837 .):და განიზრახა წასვლა უშინაგანესსა უდაბნოსა, და ადგა და წავიდა უდაბნოსა გარეჯისასა. ხოლო ადგილი იგი უდაბნო და ყოვლითურთ განშორებულ იყო სოფლისაგან, ფიცხელი ფრიად და უნუგეშინისცემო, სადაც იყო არათუ ყოვლად სენაკებისა აშენენ იქ მყოფნი იგი მოღვაწენი, არამედ ქვაბთა შინა და ნაპრალთა კლდესა მკვიდრ არიან...“
ათი წელი დაყო ილარიონ ქართველმა გარეჯის უდაბნოში, შემოიკრიბა გარშემომრავალნი კაცნი მოღვაწენი“, „მშვიდნი და მდაბალნი“, რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ ბრუნდებაუდაბნოდ გარეჯისა“, აღმართავს წმ. დავითის საფლავზე ეკლესიას და დიდ შესაწირავსაც უბოძებს. როგორც ჩანს, თხზულებაში მოთხრობილია ფერისცვალების ეკლესიის გაფართოების და კურთხევის შესახებ, იმ ეკლესიისა, სადაც დაკრძალულნი იყვნენ დავითი და ლუკიანე. ეკლესიების გამართვა-გამშვენიერება შუა საუკუნეებში ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა იყო ღვთისმოსაობისა. ილარიონ ქართველის სამშენებლო მოღვაწეობა გარეჯში ამ მონასტრის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია. მეცხრე საუკუნეში გარეჯის მრავალმთის დიდ ღირსებასა და გავლენიანობაზე ისიც მიუთითებს, რომ კახეთში, თელავის მახლობლად, სოფელ აკურასთან მასყავდა მეტოქემამა დავითის მონასტერი, შესაძლოა, ილარიონის დაარსებული. ცნობილია, რომ ამ დროს მამადავითის მონასტერში უამრავი ბერი მოღვაწეობდა და სამონასტრო ცხოვრება ყვაოდა.
ფერისცვალების ეკლესია დავითის მონასტერში იქცა გარეჯის მრავალმთის ტაძართათვის კანონიკურ ფორმად, რომელიც შემდგომ ხანაში არაერთხელ განმეორდა. ეკლესია წარმოადგენს კლდეში გამოკვეთილ დარბაზულ ნაგებობას, ღრმა ნახევარწრიული საკურთხევლით. ჭერი ნახევარცილინდრული ფირმისაა. ჩრდილოეთის მხრიდან ეკლესია თაღით უკავშირდება მეორე სათავსოს, რომელიც საკურთხეველთანაც თაღით არის დაკავშირებული. შესაძლოა, ეს ნაწილი სამსხვერპლოდ იყო გამოყენებული. ეკლესიის სამხრეთის კედელთან კი წმინდა დავითის სამარხია მოთავსებული, მისი მოწაფე ლუკიანე კი ეკლესიის ჩრდილოეთის კედელთანაა დაკრძალული. მონასტრის დამაარსებელთა წმინდა საფლავები ამ ეკლესიას განსაკუთრებულ ღირსებას ანიჭებდნენ. ეს იყო გარეჯის მონასტერთაგან ყველაზე თაყვანსაცემი და წმინდა ადგილი. ილარიონ ქართველის მოღვაწეობასთან არის დაკავშირებული კიდევ ერთი პატარა ეკლესია სატრაპეზოთი და სენაკებით. ეს გამოქვაბული კომპლექსი გვიჩვენებს სამონასტრო ცხოვრების განვითარებას, მეუდაბნოეთა რიცხვის ზრდას, არქიტექტურული ფორმების სახეცვლილებას.
ამგვარად, სამონასტრო ცხოვრების დასაწყისიდანვე, გარეჯის მრავალმთაში სათავე დაედო სამ მონასტერსდავითის ლავრას, დოდოს რქასა და ნათლისმცემელს. ამათ უნდა დაემატოს აგრეთვე ნათლისმცემლის დასავლეთით მდებარე წამებულის მონასტერი. „წარემართნენ ლავრანი და აღაშენნეს ყოველნი წესნი მონასტერთანი... და ესეთ უდაბნონი ქალაქ იქმნენ ღირსთა მიერ“ – გადმოგვცემს მემატიანე. ბერთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია ამ ნამოსტერთა გაფართოება, ახალ ეკლესიათა, სატრაპეზოთა, ბერთა სამყოფელთა გამრავლება. იმატა განდეგილთა მღვიმეებმა. კლდეში იკვეთებოდა ათობით დამატებითი სენაკი.
გარეჯის უდაბნოს აღმავლობის ახალი ეტაპი დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების განმტკიცების ხანასთანთამარ მეფის ეპოქასთან. ამ დროს დაარსდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოქვაბული მონასტერი ბერთუბანი. იგი მოიცავს ღვთისმშობლის სახელზე აგებულ კანონიკური ფორმის დარბაზულ ეკლესიას, ტრადიციული ეკვდერით ჩრდილოეთის მხარეს, დიდ სატრაპეზოს, სენაკების წყებას. ამიერიდან ყოველი მონასტერი წარმოადგენდა რთული შემადგენლობის ერთიან არქიტექტურულ კომპლექსს, რომელშიც საეკლესიო ნაგებობების გარდა შედიოდა მრავალრიცხოვანი სამეურნეო შენობაბეღლები, სადაც დიდ ქვევრებში ინახებოდა მარცვალი, საჯინიბოები, საწყობები. მოწესრიგებული იყო მონასტრების წყალმომარაგების სისტემა. კლდეში იკვეთებოდა წყლის შესაგროვებელი ღრმულები, საიდანაც წყალი ნაწილდებოდა სატრაპეზოებში. მონასტრის სხვადასხვა ნაწილები ერთმანეთს უკავშირდებოდა კიბეებისა და გასასვლელების კარგად მოფიქრებული სისტემით. არქიტექტურული ფორმების გართულება განპირობებული იყო სამონატრო ცხოვრების ხასიათის შეცვლით, ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში მათი მნიშვნელობის ზრდით. ყოველი სავანის ცენტრი იყო დიდი ეკლესია, რომელიც იმეორებდა დავითის ეკლესიის არქიტექტურულ ფორმებს და, ამასთან, ყოველი მათგანი ცდილობდა მეტოქეობა გაეწია ლავრის ეკლესიისათვის შემკულობის სიმდიდრითა და დიდებულებით.
სამონასტრო კომპლექსების აუცილებელი ნაწილი იყო სატრაპეზობერების თავშეყრის ადგილი, სამონასტრო სასადილო ოთახი, რომელსაც გარეჯში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახექონდა. სატრაპეზო შემონახულია ბერთუბანში, უდაბნოში, ლავრაში, დოდოს რქაში. მისი საუკეთესო ნიმუშია ბურთუბნის მონასტრის სატრაპეზო. ეს არის დიდი დარბაზი, სამხრეთიდან გაჭრილი შესასვლელით, რომლის პირდაპირ გაკეთებულია დიდი ნიშა კლდეში გამოკვეთილი მერხით. სატრაპეზოს შუაში, მთელ სიგრძეზე ქვით ამოშენებული მაგიდაა, მის გასწვრივ ქვისვე მერხები, სატრაპეზოში ალბათ ოცდაათზე მეტი ბერი ეტეოდა. ასეთივე ტიპის სატრაპეზოები იყო უდაბნოსა და ლავრაში.
როგორც ვნახეთ, საუკუნეთა მანძილზე დავითის დაარსებულ მონასტერს თანდათან ემატებოდა განშტოებები. ისტორიულ წყაროებში გვხვდება გამოთქმაგარეჯის ათორმეტი მონასტერი“. მონასტერთა შორისაა: დოდოს რქა, საბერეები, ნათლისმცემელი, უდაბნო, ჩიჩხიტური, მღვიმე, წამებული, ბერთუბანი, თეთრსენაკები, ქოლაგირი, პირუკუღმართი, დიდი ქვაბები.
როგორც XIIXIII საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსები გვიჩვენებს, ამ ეპოქის ნაგებობები წინარე ხანის მონასტრებისაგან განსხვავდება თავისი მასშტაბებით, აგრეთვე ბერების ცხოვრების კეთილმოწყობაზე ზრუნვით, გამოქვაბულებში ნორმალური საარსებო პირობების შექმნით. ქვეყნის საერთო კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობა თავისებურად აისახა გარეჯის მონასტერთა ანსამბლებში. გაჩნდა მონასტერთა ცალკეული ნაგებობისეკლესიების, სატრაპეზოებისშემკობის მოთხოვნილება. ამის საუკეთესო საშუალება მათი კედლების მოხატვა იყო. გარეჯის ადრეული ხანის მონასტერთა სიმკაცრე, უბრალოება შეიცვალა ოსტატურად მოხატულ კედელთა ბრწყინვალებითა და ფერადოვნებით. ეს იყო ამ ეპოქის საერთო ტენდენცია, რომელმაც თავისი გამოხატულება სამონასტრო ცხოვრებაშიცპოვა. ეს ნიშანი იყო იმისა, რომ მონასტრები აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ ცხოვრებაში და ფხიზლად რეაგირებდა ცხოვრების ყველა სფეროში მომხდარ ცვლილებებზე.
გარეჯის მონასტერთა მოხატულობები თავისი მრავალფეროვნებითა და მაღალი მხატვრული ღირსებებით უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო საკუთრივ ძველი ქართული მხატვრობის ისტორიისათვის, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების მსოფლიო მონუმენტური მხატვრობის განვითარების სწორად გაგებისათვის. მოხატულობათა დიდი რაოდენობა, მათი არსებობა ხანგრძლივი დროის მანძილზე და, რაც მთავარია, მხატვრობის გამორჩეული ხასიათი და მისი თავისებურება უფლებას გვაძლევს ვივარაუდოთ გარეჯის მრავალმთაში საკუთარი ფერწერული სკოლის არსებობა, რომლის მოღვაწეობას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შეიძლება გავადევნოთ თვალი. გარეჯის მრავალმთის მონასტერთა კედლის მხატვრობა ძველი ფერწერის ისტორიის განსაკუთრებული მოვლენაა. იგი მოიცავს ეკლესიათა და  სატრაპეზოთა მხატვრობას, რომელიც რამდენიმე საუკუნის მანძილზე სრულდებოდა (IX საუკუნიდან მოყოლებული). ძეგლთა სიმრავლე შეუძლებელს ხდის მათზე დაწვრილებით საუბარს, ამიტომ შევჩერდებით ზოგიერთ მათგანზე, რათა წარმოვაჩინოთ შუა საუკუნეების ქართველ მხტვართა ოსტატობა, მათი შემოქმედების თავისებურება, შთაგონების წყაროები.
ვიდრე შევეხებოდეთ კედლის მხატვრობის კონკრეტულ ნიმუშებს გარეჯის მონატრებიდან, აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მიკვლეულ მხატვრობის ძეგლებიდნა აქ უძველესად ითვლება სებერეების მონასტრის მოხატულობანი. ფერეწრა შემონახულია რამდენიმე გამოქვაბული ეკლესიის კედლებზე. მკვლევართა ვარაუდით ისინი მეცხრე-მეათე საუკუნეებშია შესრულებული. ამგვარად, გარეჯის მრავალმთამ შემოგვინახა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის უძველესი ნიმუშები. უკვე ამ  ადრეულ ფერწერაში ნათლად ჩანს ქართველ ოსტატთა შემოქმედებითი თავისუფლება, ეროვნული ტრადიციებისადმი ერთგულება, ორიგინალური მხატვრული მეტყველება.
გარეჯის ეკლესია-მონასტრებისა და სატრაპეზოების მოხატულობებმა ჩვენამდე ძალზე დაზიანებულ მდგომარეობაში მოაღწია. ამ დიდ სამონასტრო კომპლექსს იგივე ქარტეხილები დაატყდა თავს, რაც მთელ საქართველოს. ამიტომაც აისახა ამ მონასტერთა ცხოვრებაში ქვეყნის მიერ გადატანილი ბრწყინვალებისა და ძნელბედობის ეპოქები. გარეჯის კედლის მხატვრობის ისტორიულ მნიშვნელობას ზრდის ის გარემოება, რომ ზოგიერთმა მათგანმა შემოგვინახა ისტორიულ პირთა პორტრეტული გამოსახულებები. ისინი ფრესკების ზუსტი დათარიღების საშუალებას იძლევა. ამ პორტრეტებს შორის პირველ რიგში უნდა ვახსენოთ ბერთუბნის მონასტრის გამოქვაბულ ეკლესიაში თამარმეფეთა მეფისადა მისი ძის გიორგის, „მეფეთა მეფისპორტრეტები. ეს ფრესკული პორტრეტი ზუსტად ათარიღებს ეკლესიის მხატვრობას. ორივეს, თამარსაც და მის ძესაც, „მეფეთა მეფისტიტულატურა აქვს. აქ არ არის თამარის მეუღლისა და გიორგის მამის დავით სოსლანის პორტრეტი, რაც იმის დამადასტურებელია, რომ მხატვრობა შესრულებულია დავით სოსლანის გარდაცვალებისა და გიორგის საქართვლოს მეფედ კურთხევის შემდეგ, თამარ მეფის სიცოცხლეშივე. 1205-6 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი, .. ლაშა გიორგის მეფედ კურთხევა უნდა მომხდარიყო 1205-7 წლებს შორის. ეს ისტორიული მონაცემები ბერთუბნის მოხატულობას დიდი სიზუსტით ათარიღებს მეცამეტე საუკუნის დასაწყისით.
უდაბნოს ხარების ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია მეფე დემეტრე მეორე თავდადებული (მეფის სახელის ამოკითხვა შესაძლებელი გახდა ძალზე დაზიანებულ ასომთავრულ წარწერაში). მეფე დემეტრე, დავით ულუს ძე, აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო ტახტზე მონღოლთა ყაენის მიერ იყო დამტკიცებული. იგი მაშინ 11-12 წლისა იყო (1272 .). საქართველოს მონღოლთა ბატონობის მძიმე უღელი აწვა მხრებზე. მონღოლთა ურდო დათარეშობდა საქართველოს მიწა-წყალზე. მცირეწლოვან მეფეს ყაენმა მეურვედ მხარგრძელების ყოფილი აზნაური, უცნაური გზებით აღზევებული სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნა. ახალგაზრდა მეფე მუდამ ჟამს ბრძოლებსა და ლაშქრობებში იყო. საქართველოს ყოველი მხრიდან განსაცდელი ემუქრებოდა. ამ არეულობასა და ჟამთა სიავეში მეფე დემეტრე არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. ან ურდოში უნდა გამოცხადებულიყო არღუნ ყაენთან, მისი ბრძანების თანახმად, ან გადასარჩენად დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა თავი, როგორც სამეფო დარბაზის წევრები ურჩევდნენ. ამ შემთხვევაში მონღოლები შურს იძიებდნენ და მეფის ურჩობას მისივე ქვეყანა შეეწირებოდა მსხვერპლად. მეფემ თავი გასწირა ქვეყნისათვის. იგი წავიდა ურდოში და 1289 წლის 12 მარტს მოვაკანში მდ. მტკვრის პირას თავი მოკვეთეს ქვეყნის სამსხვერპლოზე ასულ ახალგაზრდა მეფეს. დემეტრემ თავისი სიცოცხლის ფასად იხსნა სამშობლო საშინელი აოხრებისაგან. მადლიერმა ერმა დემეტრე მეორეს თავდადებული უწოდა. ასე დარჩა იგი ქვეყნის ისტორიაში.
სწორედ ამ თავგანწირული მეფე-რაინდის სახეა უკვდავყოფილი უდაბნოს ხარების ეკლესიის კედელზე. მეფე გამოსახული იყო საზეიმო ტანსაცმელში, გვირგვინოსანი, საკურთხევლისკენ ვედრებით გაწვდილი ხელებით. იგი ახალგაზრდა და უწვერულვაშოა, ხშირი ქერა თმა მოუჩანს გვირგვინიდან. ისტორიკოსის აღწერით მეფე დემეტრე იყო ახოვანი, ბეჭგანიერი, ლამაზი, ქერა ჭაბუკი, თეთრი სახითა და მომუქო თვალებით. სამწუხაროდ, პორტრეტი ძალზე დაზიანებულია და ძნელდება მისი შეჯერება თანამედროვის აღწერასთან, თუმცა პორტრეტის მიხედვით ცხადია, რომ მხატვარი უთუოდ ზრუნავდა ინდივიდუალური ნაკვთების გადმოცემაზე.
დემეტრე თავდადებულის სახელთან დაკავშირებულია არაერთი ქართული  ხუროთმოძღვრული ძეგლი. ქვეყნის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, იგი ახერხებდა ზრუნვას ტაძართა აგებაზეც. ტყუილად როდი ამბობს მემატიანე, რომ მანაღაშენნა ქვეყანანი მოოხრებულნი“. მის სახელთან არის დაკავშირებული მეტეხის ტაძრის მშენებლობა თბილისში (აღაშენაპალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა...“).
შემთხვევითი არ უნდა იყოს დემეტრე თავდადებულის პორტრეტის გამოსახვა გარეჯის მონასტერში. თუ მივმართავთ ცნობილი ისტორიკოსის, ჟამთააღმწერლის თხზულებას, ვნახავთ, რომ: „... ხოლო იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა... მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტსა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლნა ქვეყანა გარეჯისა“. ქვეყნის უმძიმეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში, მონღოლთა მძლავრობის დროს მეფის ზრუნვა გარეჯის მონასტრებზე უთუოდ ამ რელიგიურ-კულტურული ცენტრის დიდი მნიშვნელობასა და ქვეყნის
ცხოვრებაში მის გამორჩეულ ადგილზე მიგვითითებს. ამიტომაც სავსებით ბუნებრივიაათორმეტ უდაბნოთა გარეჯისათაერთ-ერთ ეკლესიაში  მზრუნველი მეფის გამოსახვა. ამავე ხარების ეკლესიაში, სამხრეთის კედელზე, ზუსტად დემეტრეს პირდაპირ წარმოდგენილია ეპისკოპოსი იოანე (სახელი იკითხება ასომთავრულ წარწერაში) ეკლესიის მოდელით ხელში, რომელსაც იგი აწვდის დავით გარეჯელს. შუა საუკუნეების მხატვრობასა და რელიეფებში ეკლესიის მოდელით ხელში, ჩვეულებრივ, გამოისახებოდნენ ტაძრის მაშენებელნი. ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ძველი ქართული ხელოვნების ძეგლებში. ამგვარად, ცხადია, რომ უდაბნოს ხარების ეკლესიის მოხატულობა ამ ეპისკოპოს იოანეს შეკვეთით უნდა იყოს შესრულებული. იგი უთუოდ სამეფო კართან დაახლოებული პირი იყო. ფიქრობენ, რომ ეს იოანე იყო ნინოწმინდის ეპისკოპოსი, რომლის ეპარქიაში შედიოდა დავით-გარეჯის მონასტრები. ამასთანავე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ, რომ ისტორიულ საბუთებში მოხსენებულია დემეტრე მეორის სულიერი მოძღვარი, ანჩის ეპისკოპოსი, „ათორმეტ უდაბნოთაარქიმანდრიტი იოანე. საკითხი იოანე ეპისკოპოსის ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით მაინც სავარუდოა.
როგორც ჩანს, დემეტრე მეორე თავდადებულის ხელი საგრძნობლად შეეხო გარეჯისუდაბნოთ“. მის დროს მოიხატა რამდენიმე ეკლესია, გამოკეთდა მონასტერთა საერთო მდგომარეობა. XIII საუკუნის 70-იან წლებში ისინი გათავისუფლდნენ მრავალი გადასახდისაგან.
მეფის პორტრეტი თავისი მასშტაბებით გამოირჩევა ეკლესიის დანარჩენი მხატვრობისაგან (მეფე დემეტრეს ფიგურის სიმაღლე 2.30 მეტრია); გარდა ამისა, იგი გამოყოფილია თაღოვანი მოჩარჩოებით. მეფის პორტრეტის ასაკის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ მისი შესრულების მიახლოებითი თარიღი – 1280 წელი (იგი დაიბადა 1259 .). ამგვარად, მეფის პორტრეტით ვადგენთ მთელი მხატვრობის შესრულების თარიღს.
უდაბნოს მთავარ ეკლესიაში, დავით გარეჯელის ცხოვრების სცენების ქვემოთ, გამოსახულია კტიტორთა მწკრივი. თავდაპირველად აქ მოთავსებული უნდა ყოფილიყო შვიდი ფიგურა, ფიგურები ორ ჯგუფად არის დანაწილებული: მარცხნივოთხი ფიგურა, მარჯვნივსამი. ფერწერული ფენა ძალზე დაზიანებულია. ოთხფიგურიანი ჯგუფის მარჯვენა ფიგურასთან ასომთავრული წარწერააწმინდა დავით“, იგი მობრუნებულია სამი მეოთხედით დანარჩენი ფიგურებისაკენ. მისი მეზობელი ფიგურა მთლად წაშლილია. შემდეგია ქტიტორის გამოსახულება. მას ბეწვით გაწყობილი ლამაზი ქუდი ახურავს. ხელში უკავია ორფერდა სახურავიანი პატარა ეკლესია. მისი კოსტიუმი საყელოსა და სახელოებზე მდიდრულად არის შემკული ნაქარგობით. ამ ჯგუფის მარცხენა დაზიანებული ფიგურა უთუოდ წმინდანია.
სამფიგურიანი ქტიტორული ჯგუფის მარჯვენა ორი ფიგურა საკმაოდ მოკრძალებულადაა შემოსილი. მარცხენა შუბოსანი ფიგურა მოსასხამით არის გამოსახული. სამივე ფიგურის გვირგვინები ძაირფასი თვლებითაა მოოჭვილი. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მარჯვენა ჯგუფში ყველა ქტიტორი შარავანდითა და ეკლესიის მოდელითაა წარმოდგენილი (უშარავანდო ფიგურისაგან ვერტიკალური ჩარჩოთი არიან გამოყოფილნი.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შარავანდიანი პერსონაჟები არიან ერთი ფეოდალური საგვარეულოს სხვადასხვა თაობის წარმომადგენელნი. შესაძლოა, ცოცხალი ქტიტორი საგანგებოდ არის გამოყოფილი თავისი სახელოვანი წინაპრებისაგან. ამგვარი დიფერნციაცია გავრცელებული ჩანს შუა საუკუნეების ხელოვნებაში. ეს საერო პორტრეტები, სამწუხაროდ, ანონიმური რჩება, რადგან აღარ არსებობს არავითარი კვალი წარწერისა, რომელიც მათ ვინაობას გვამცნობდა. ერთი რამ კი ცხადია, ამ უცნობ ქართველ ფეოდალთა პორტრეტები გარეჯის ფერწერის ადრეულ ეპოქას მიეკუთვნება.
აღსანიშნავია, რომ მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს კათალიკოსი ანტონ პირველი და მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ცნობილი ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი მიუთითებენ უდაბნოში, მოწამეთას მონასტერში, დავით აღმაშენებლის ძის, მეფე დემეტრე პირველის (1125-1155 წწ) პორტრეტის არსებობას. მეფე ბერის სამოსით ყოფილა გამოსახული. ეს პორტრეტი აღარ არსებობს. ცნობილია, რომ ბერად აღკვეცილი დემეტრე მეფე (დამიანეს სახელით) დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ანტონ კათალიკოსი მას უწოდებსსიბრძნისმოყვარეს, მარტივ ღვთისმეტყველს, ბრძენს, რიტორს და პიიტიკოსს“. მისი სიტყვით, დემეტრე მეფე იყოგამომთქმელი სტიხთა მაღალშაირთა“.
როგორც ვნახეთ, გარეჯის მრავალმთის მონასტრებმა ქართველ მეფეთა, საეკლესიო მაღვაწეთა და დიდებულთა არაერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ისტორიული პორტრეტი შემოგვინახა. ეს უთუოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ გარეჯის მონასტრები დიდ როლს თამაშობდა შუა საუკუნეების საქართველოს ცხოვრებაში. გარეჯი ქართული კულტურის დიდმნიშვნელოვანი კერა იყო. ისევე, როგორც ყველა დიდ სამონასტრო ცენტრში, აქაც განსაკუთრებულად იყო განვითარებული ლიტერატურული ცხოვრება, აქ მოღვაწეობდა ქართული კულტურის ბევრი სახელოვანი წარმომადგენელი – ლიტერატორი, თეოლოგი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია აქ ქართული მონუმენტური ფერწერის ორიგინალური ადგილობრივი სკოლის ჩამოყალიბება.
   გარეჯის მხატვრული ძეგლების სიმრავლიდან გამოვყოფთ მხოლოდ იმათ, რომლებშიც მკაფიოდ იჩინა თავი ადგილობრივმა ეროვნულმა თემატიკამ. ეს მოვლენა დაკავშირებული იყო ქართული ლიტერატურის განვითარებასთან, ჰაგიოგრაფიული თხზულებების ფართოდ გავრცელებასთან, წმინდანთა „ცხოვრებათა“ შექმნასთან. X–XI საუკუნეებში უკვე არსებობდა „ათცამეტ ასურელ მამათა“ ცხოვრებათა აღწერები, რომლებშიც მოთხრობილი იყო მათი წვლილის შესახებ საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეში. აღწერილი იყო იოანე ზედაზნელის, შიო მღვიმელის, დავით გარეჯელის, აბიბოს ნეკრესელის, იესე წილკნელის, იოსებ ალავერდელისა და სხვათა ცხოვრებანი, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებული სასწაულები.
   ეროვნული თემატიკისადმი მიმართვა გაპირობებული იყო პოლიტიკური მიზეზებით. ერთიანი საქართველო საჭიროებდა ეროვნულ წმინდანთა მტკიცე კულტის არსებობას. დავით გარეჯელის პიროვნება, მისი მოღვაწეობა მიჩნეული იყო უკვდავყოფის ღირსად და გარეჯის მხატვრებმა ღირსეული ადგილი მიუჩინეს მას მთელ საქართვლეოში დაკანონებულ სიუჟეტებსა და წმიდა პერსონაჟებს შორის.
   ცნობილია, რომ დავით გარეჯელის „ცხოვრება“ შექმნილია მეათე საუკუნის პირველ ნახევარში. მოგვიანებით, მეთორმეტე საუკუნეში, იგი გადამუშავდა და გავრცელდა ახალი რედაქციით. ამგვრაად, გარეჯის მხატვრებს ხელთ ჰქონდათ ორიგინალური ქართული თხზულება, რომელიც დიდ გასაქანას აძლევდა მათ შემოქმედებით ფანტაზიას.
   დავით გარეჯელის ცხოვრების სცენები უდაბნოს მონასტრის მთავარი ეკლესიის მხატვრობაშია დაცული. აქ წმინდანის ცხოვრების მთელი ციკლია წარმოდგენილი, რომელშიც შესულია მისი ცხოვრებისა და სასწაულების მთავარი ეპიზოდები. მხატვრობა, მისი სტილისტური თავისებურებების გათვალისწინებით, XI საუკუნით თარიღდება. დავით გარეჯელის ცხოვრების ამბები, მისი სასწაულები გამოსახულია ჩრდილოეთის კედლის შუა რეგისტრში. მის ქვემოთ არიან განლაგებულნი ზემოხსენებული ქტიტორული გამოსახულებანი.
   დავით გარეჯელის „ცხოვრება“ ხატოვნად მოგვითხრობს სახელგანთქმული ქართველი მოღვაწის თავგადასავალს, გარეჯის უდაბნოში მისი მოსვლისა და დამკვიდრების ამბავს, მის სასწაულებრივ საქმიანობას. მჭევრმეტყველი დეტალებით გაცოცხლებული თხრობა დიდ გასაქანს აძლევდა მხატვრის შემოქმედებითი ფანტაზიის გაშლას. უდაბნოს ეკლესიის მხატვრის ქმნილებაში საინტერესოა ეპიზოდების შერჩევის პრინციპი. თუ დავუკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სიუჟეტები მარჯვნიდან მარცხნივ იშლება. მოხატულობის ზედაპირი ძალზე დაზიანებულია, მაგრამ შეიძლება მარჯვენა სცენაში ვიცნოთ ირმების სასწაულის ამბავი. დიდი ოსტატობით არის შესრულებული ირემთა ჯგუფი თავისუფალ მოძრაობაში. იგრძნობა ცხოველთა ხასიათის, მათი სხეულის პლასტიკის შესანიშნავი ცოდნა. წინა პლანზე, ირემთა ჯგუფის წინ, სამი ნუკრია გამოსახული. კარგად არის დაჭერილი ბუნებრივი მოძრაობა, ცხოველთა პროპორციები, სხეულის ნაწილები საქმის ცოდნით არის დამუშავებული. დაბალ სკამზე დამჯდარი შარავანდიანი წვეროსანი ფიგურა წველის ირემს. ეს ფიგურა საგანგებოდ არის კომპოზიციურად და აზრობრივად გამოყოფილი. დავით გარეჯელის „ცხოვრების“ გაცნობის შემდეგ სავსებით გასაგები ხდება ამ სიუჟეტის არსი, რაც ერთ-ერთი ირმის ფეხებთან შესრულებულ ასომთავრულ წარწერაშიც არის განმარტებული. ქარაგმების გახსნით წარწერა ასე იკითხება: „წუელის ირემს ლუკიანე“. ლუკიანეს, დავით გარეჯელის ერთგულ მოწაფეს და წმინდანის პირველი სასწაულის მონაწილეს, ტანს მოსავს სამონაზვნო ტანსაცმელი და მოწითალო მოსასხამი. ფონი ღია ცისფერი და მწვანეა (ცისა და დედამიწის ფერები). კომპოზიციის მარჯვენა წაშლილ ნაწილში უთუოდ თვით წმინდა დავით გარეჯელი იქნებოდა წარმოდგენილი.
   მომიჯნავე სცენაზე კვლავ ირმების ჯგუფია გამოსახული. მხატვარმა ისინი კომპოზიციის მარცხენა ნაწილში განალაგა, სხვადასხვა მხარეს თავისუფლად მიბრუნებული თავებით, პატარა ნუკრით. მარჯვენა ნაწილში სამონაზვნო ტანსაცმლით მოსილი შარავანდიანი ფიგურაა. მარჯვენა – გრძელწვერა, კვერთხით ხელში – წმინდა დავით გარეჯელია, მის გვერდით ლუკიანეა, რომელსაც მარჯვენა ხელი, პავისცემის ნიშნად, მკერდის წინ აღუმართავს, მარცხენათი კი ირმებზე მიუთითებს. ეს ორი ფიგურა გამოსახულია კლდის გამოქვაბულის ფონზე, რაც რეალურ გარემოზე, რეალურ ამბავზე მიუთითებს. ფონზე, ზემოთ ასომთავრული ხუთსტრიქონიანი წარწერაა: „აქა მოვიდენ ირემნი ლტოლვილნი ვეშაპისაგან და უჩივის ლუკიანე დავითს რამეთუ შეჭამა ნუკრი ერთი“. ამ სცენას მოსდევს ქრონოლოგიურად მისი მომიჯნავე სიუჟეტი – გველეშაპის დაწვა. მარჯვენა მხარეს დგას ბერის სამოსიანი დავით გარეჯელი ჯვრით დაგვირგვინებული კვერთხით მარჯვენა ხელში, მარცხენაში – სახარება უკავია. შარავანდითაა გასხივოსნებული მისი სახე, გრძელი წვერი მკერდზე წელამდე ეფინება, კომპოზიციის შუაში კლდოვანი მთებია გამოსახული, მათ მარცხნივ კი რგოლებად დაკლაკნილი, ცეცხლის ალში გახვეული გველეშაპი. მის ზემოთ ჰორიზონტალურად გაშლილი აგნელოზის ფიგურაა ფრენის მომენტში წარმოდგენილი. ანგელოზს მარცხენა ხელში კვერთხი უპყრია, მარჯვენა კი გველეშაპისკენ აქვს მიმართული. დავით გარეჯელის ცხოვრებაში ეს სასწაული დაწვრილებით არის მოთხრობილი: დავითთან მივიდნენ ირმები და შესჩივლეს, რომ ერთ-ერთ მღვიმეში მცხოვრებმა გველეშაპმა „... შეიპყრა ნუკრი ერთი  და შთანთქა იგი“. მხატვარი ზუსტად მისდევს „ცხოვრების“ თხრობას: იგი „გამოვიდა და ხელთა ჰქონდა კვერთხი. და როდესაც ჩავლო ადგილი იგი, რომელიც ამოევლო ირემთა მათ, იხილა იგი და უთხრა: ბოროტო ეშმაკო, რად თავნებელ ექმენ ირემთა ჩვენთა, რომელნიც მომცა ღმერთმა ნუგეშის საცემნელად უძლურებასა ხორცთა ჩვენთასა? ან გამოვედ ადგილიდან მაგიდან და წახვედ შორთა უდაბნოთა, და უკეთუ არა ისმინო ჩემი, ძალითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა ჩემითა ამით კვერთხითა მუცელი შენი გავხეთქო და საჭმელ მატლთა გყო შენ“. გველეშაპი შეშინდა, დათანხმდა უდაბნოს მიტოვებას, ოღონდ სთხოვა დავითს თვალი ედევნებინა მისთვის, ვიდრე იგი განშორდებოდა გარეჯის უდაბნოს, რათა მას თავს არ დასტეხოდა მეხი. მართლაც, გაჰყვა ვეშაპს წმინდა დავითი თავისი კვერთხით და თვალს არ აშორებდა მიმავალს. მაგრამ უეცრად მოესმა დავითს ხმა ანგელოზისა, მოიხედა უკან და თვალი მოაშორა ვეშაპს. სწორედ ამ დროს „ვეშაპსა მას ეცა მეხი და დაიწვა იგი სრულად“.
   ფრესკული კომპოზიცია ერთგულად მიჰყვება თხრობას, იგი „ცხოვრების“ ტექსტის ზუსტი ილუსტრაციაა, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული: კვერთხი დავითის ხელში, ცეცხლის ალში დაკლაკნილი უწმინდური არსება, ანგელოზის მრაჯვენა ხელთან გამოსახული კლაკნილი ხაზი, რომელიც მეხს გამოსახავს. პირობითად გადმოცემული გარეჯის კლდე. ამ კომპოზიციას ხსნის ფონზე, ანგელოზსა და დავითს შორის მოთავსებული სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: „აქა შერისხა დავით ვეშაპსა და დაიწვა ანგელოზის მიერ“.
   უდაბნოს ეკლესიაში გამოსახული დავით გარეჯელის ცხოვრების სცენები გვიჩვენებს, თუ რა ედო საფუძვლად შუა საუკუნეების მხატვართა შემოქმედებას. დავით გარეჯელის სასწაულთა გამოსახვა, როგორც ვნახეთ, ემყარებოდა საკუთრივ ქართულ ნიადაგზე შექმნილ ორიგინალურ ეროვნულ თხზულებას, რომელიც დიდი შემოქმედებითი თავისუფლებით იყო ლიტერატურატული ნაწარმოებიდან გარდაქმნილი ხილულ სახეებად და აღბეჭდილი ეკლესიის კედლებზე.
   ეკლესიების მოხატვრის დროს ძველი ოსტატები ემორჩილებოდნენ დიდი საქრისტიანო ცენტრებიდან მომდინარე კანონებს, რომლებიც ზუსტად განსაზღვრავდნენ, თუ როგორ უნდა შემკულიყო ტაძრის ყოველი ნაწილი, სად რომელი გამოსახულება უნდა ყოფილიყო განთავსებული. ზუსტად იყო შემუშავებული ტაძრის მოხატულობის სქემა, სახარების ყოველ სიუჟეტს, ყოველ წმინდა პერსონაჟს ეკლესიის კედლებზე მიჩენილი ჰქონდა საგანგებოდ გააზრებული ადგილი. ასეთ ვითარებაში, როდესაც მოხატულობის პროგრამა მხატვრის შემოქმედებას მნიშვნელოვნად ზღუდავდა, წარმართავდა მას  გარკვეული მიმართულებით, ტაძრის მხატვრობა დიდად იყო დამოკიდებული ოსტატის ნიჭსა და მის შემოქმედებით უნარზე, რადგან ამ დიდ სამუშაოში – ეკლესიის მოხატვაში ყოველ მხატვარს შეჰქონდა თავისი ინდივიდუალური ხედვა, მხოლოდ მისთვის  დამახასიათებელი მხატვრული ხერხების ერთობლიობა, რომელიც ყოველ კონკრეტულ ეკლესიას სრულიად განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებდა.
  გარეჯის უდაბური პეიზაჟით არის შთაგონებული ამ სცენებში გამოსახული ბუნება, კლდეები და მღვიმეები, რომელთა ფონზეა წარმოდგენილი წმინდანთა ფიგურები. გარეჯის პეიზაჟით, მისი თავისებური ფერადოვნებით არის ნაკარნახევი მხატვრობის ფერთა ხასიათი – ნათელი, კაშკაშა ფერები, მოელვარე ლურჯი და ცისფერი ტონები, ხასხასა მწვანე, ნაირფერი ტონალობის ოქრა. ფიგურათა სილუეტები მკაფიოდ გამოიკვეთება ღია ფერის ფონზე. განსაკუთრებით დამახასიათებელია ცისფერი ფონები, რომლებიც თავისებურ ფერადოვნებას ანიჭებს მხატვრობას. სპეციალური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ გარეჯის მხატვრობაში გამოყენებულია ის ბუნებრივი საღებავები, რომლებიც ჭარბად მოიპოვება იმ ადგილებში (მაგალითად. ოქრა-ჟანგმიწა).
   მხატვარმა შექმნა წმინდა დავით გარეჯელისა და მისი მოწაფის ლუკიანეს ორიგინალური იკონოგრაფიული ტიპები, დამახასიათებელი სახის ნაკვთებით, ინდივიდუალური იერით. ყველა სცენაში წმინდა დავითი ისეა წარმოდეგნილი, რომ ცხადი ხდება მისი ღირსება და მნიშვნელობა. ფიგურათა მასშტაბები, მათი მშვიდი, დიდებული მოძრაობა, თავშეკავებული ჟესტები გამოყოფენ მათ სხვა ფიგურებისაგან და განსაკუთრებული დიდებით ავსებენ ამ წმინდა სახებს.
   XI საუკუნეში მოიხატა მოწამეთას კლდეში ნაკვეთი პატარა ეკლესია, რომელიც გადმოცემით იმ ადგილას აიგო, სადაც ჩვეულებისამერ ლოცულობდა დავით გარეჯელი და სადაც, „ცხოვრების“ მიხედვით, შეხვდა იგი „ბარბაროზ ვინმეს“, „ნათესავით ადგილთაგან რუისთავისათა“ ბუბაქარს. ამ პატარა ეკლესიის კედლებზე დავითის მიერ ბუბაქარის განკურნების სასწაულია გამოსახული. ამ სცენაშიც მხატვარი მისდევს ლიტერატურული პირველწყაროს თხრობას. მხატვრობის ზედაპირი ძალზე დაზიანებულია, წაშლილია განმარტებითი წარწერაც, რის გამოც მისი აღდგენა სავარაუდოდ ხდება. ცხადია, რომ აქ გამოსახულია ურწმუნო ბუბაქარის ხელის „განხმელება“ და შემდეგ მისი სასწაულებრივი განკურნება წმინდა დავით გარეჯელის ეს სასწაულიც დეტალურად არის მოთხრობილი და ხატოვნად აღწერს კაკაბზე ნადირობის სცენას, გადმოსცემს დიალოგს დავითსა და „ბარბაროზსა მას“ შორს. დავითი კალთას აფარებს ქორისაგან განრიდებულ კაკაბს და აძევებს იქიდან ბუბაქარს: „...შენ წახვედ და სხვა ნადირი ინადირე, რათა ესე დღე ჩემდა შემოხვეწილ არის“. ამაზე ბუბაქარი მუქარით უპასუხებს და აღმართავს ხმალს დავითის განსაგმირად. და ამ დროს, „...როცა აიღო ხელი, მყისეულად შეხმა იგი და იქმნა როგორცა შეშა“. ამას მოჰყვა ხელის „აღდგენა“ – განკურნება და შემდეგ წარმართ ბუბაქარის მუდარა ცოდვათა მისატევებლად და მისი მოქცევა – გაქრისტიანება. მოწამეთას ეკლესიაში მოთავსებული მხატვრობა ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ორიგინალურ ფერწერულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.
   დავით გარეჯელისა და ბუბაქარის ურთიერთობის თემა, ანუ დავითის ეს სასწაული მხოლოდ მოწამეთას ეკლესიაში გვხვდება, მაშინ როდესაც მისი სხვა სასწაულები მეორდება გარეჯის მრავალმთის სხვადასხვა ეკლესიაში, რაც დავით გარეჯელის კულტის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. ასე მაგალითად, „ირემთა მოწველის“ თემა არაერთხელ არის გამეორებული. უდაბნოს გარდა, იგი გვხვდება ბურთუბნის მონასტრის სატრაპეზოშიც, სადაც ჩართულია რელიგიურ სცენათა საერთო ანსამბლში. სატრაპეზო მეცამეტე საუკუნის დასაწყისში ნიჭიერი და გაწაფული მხატვრის ხელით არის მოხატული. დავით გარეჯელის ცხოვრების სცენების არსებობა ამ ეპოქაში მეტყველებს ქართველი წმინდანის კულტის შემუშავებული ტრადიციის არსებობას საუკუნეთა მანძილზე (უდაბნოს მოხატულობა დავით გარეჯელის სასწაულთა სცენებით ხომ X–XI საუკუნეებს განეკუთვნება).
   ბერთუბნის სატრაპეზოს მხატვარი თავისებურად გადმოსცემს დავითის სასწაულს, თუმცა კომპოზიციას აგებს დაახლოებით იმგვარად, როგორც ეს უდაბნოს ძველ ეკლესიაშია წარმოდეგნილი. აქაც სცენა ჰორიზონტალურად არის გაშლილი. ირმების ჯგუფის განაწილებაში, მათ მოძრაობებში, ლუკიანეს პოზაში დიდი ოსტატობა იგრძნობა. ირმების გადმოცემაში მხატვრის დაკვირვებული თვალი და გაწაფული ხელი ჩანს. თავისუფლად, თამამი ფუნჯით არის მოხაზული ცხოველთა სხეულები. მათი ნახატი მეტყველი და ექსპრესიულია. თხრობითი ხასიათის, თითქოს ყოფითი სცენა (ლუკიანე აქ უშარავანდოდაა წარმოდგენილი) რეალური ცხოვრებით არის ნაკარნახევი. ეს სცენაც გარეჯისთვის დამახასიათებელი პეიზაჟის ფონზე იშლება. დაზიანებულ ზედაპირზე განირჩევა კლდეების თავისებური ნახატი.
   „ირემთა მოწველის“ სცენაში ლუკიანე მონაწილეობს; დავით გარეჯელი გამოსახულია ამ სცენის გვერდით. იგი წარმოდგენილია წელამდე, ლოცვის პოზაში, ზეაპყრობილი ხელებით. გამოსახულება ძალზე დაზიანებულია, მაგრამ ბერის სამოსელი და გრძელი თეთრი წვერი უფლებას გვაძლევს იგი დავით გარეჯელად მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ იგი უშუალოდ უკავშირდება სასწაულის სცენას.
   საინტერესოა, რომ დავით გარეჯელის სასწაულები გვიან ხანაშიც შთააგონებდა ქართველ მხატვრებს. ამის საბუთია გარეჯის ლავრის იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში გამოსახული სცენები დავითის ცხოვრებიდან. ეს მხატრობა XVII საუკუნეშია შესრულებული. აქ წარმოდგენილია ლუკიანეს მიერ ირემთა მოწველა და გველეშაპის დაწვა. თუმცა მხატვრული დონით იგი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შუა საუკუნეების ქართული ფერწერის ნიმუშებს დავით გარეჯში, იგი საგულისხმოა, როგორც ნიმუში ეროვნული წმინდანის კულტის ტრადიციის ხანგრძლივი არსებობისა.  
   გარეჯის კლდის მონასტერთა გრანდიოზული სამონასტრო ანსამბლი მსოფლიოს ხელოვნების ისტორიის უნიკალური მოვლენაა. ეს არის შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი ხუროთმოძღვრებისა და კედლის მხატვრობის უნიკალური მუზეუმი ღია ცის ქვეშ. VI საუკუნიდან მოყოლებული ამ სამონასტრო ცენტრში ჩქეფდა რელიგიური ცხოვრება, საფუძველი ეყრებოდა და ვითარდებოდა ლიტერატურული მოღვაწეობა, ჩამოყალიბდა ადგილობრივი მხატვრული სკოლა, შეიქმნა კედლის მხატვრობის არაერთი ღირსშესანიშნავი ნიმუში. ჩვენ მხოლოდ გაკვრით შევეხეთ საქართვლეოს კულტურისა და ხელოვნების ამ უძვირფასესი კერის ზოგიერთ მხარეს., ვახსენეთ მისი ხუროთმოძღვრებისა და მხატვრობის მხოლოდ ზოგიერთი ნიმუში. გარეჯის მრავალმთას საუკუნეთა ქარტეხილებში გამოუტარებია და დღემდე შემოუნახავს ფერწერის ჭეშმარიტად უნიკალური ძეგლები, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო ხელოვნების ისტორიისათვის.
   ადრექრისტიანული კულტურის ეს უძველესი კერა – გარეჯის მრავალმთა – მსოფლიოს სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთი უძველესი ცენტრია. ადრეფეოდალური ხანიდან მოყოლებული განვითარებულ შუა საუკუნეებამდე აქ შეიძლება თვალი გავადევნოთ საქართველოს სულიერი ცხოვრების განვითარებას, გამოქვაბული ხუროთმოძღვრების ევოლუციას, მონუმენტური მხატვრობის ორიგინალური სკოლის მოღვაწეობას. გარეჯის უდაბნოს მხატვრული მწვერვალი X–XIII საუკუნეებია; ამ დროს მოიხატა და შეიმკო მის ეკლესიათა და სატრაპეზოთა უმეტესობა. იშვიათად თუ მოიძებნება სადმე მეორე ასეთი კულტურის კერა, სადაც შეიძლება თვალი გავადევნოთ ხელოვნების დარგების თანმიმდევრულ განვითარება-სრულყოფას რამდენიმე საუკუნის მანძილზე.
   საქართველოს ძნელბედობანი გარეჯის უდაბნოს მთელ ქვეყანასთან ერთად გაუზიარებია. ქვეყნის დასუსტება-განადგურება გარეჯის მრავალმთის დაკნინებასაც მოასწავებდა. მაგრამ ქართველთა შორის მუდამ ცოცხლობდა ამ წმინდა ადგილის თაყვანისცემა. ქართველი მეფენი და მოღვაწენი მუდამ ცდილობდნენ ხელი შეეწყოთ ამ რელიგიური ცენტრის აღორძინებისათვის, გარეჯაში სულიერი ცხოვრების აღდგენისათვის. უამრავი საბუთია დარჩენილი ქართველთა ზრუნვისა გარეჯის უდაბნოზე. შემწეთა და შემწირველთა შორის არიან მეფე ალექსანდრე (1412–1442წწ.), კახეთის მეფე ალექსანდრე (1574–1605წწ.), კათალიკოსი ნიკოლოზი (XVI ს. მეორე ნახევარი), კახეთის დიდებულები (მაგალითად, სახლის უხუცესი იასონ ჭავჭავაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დასასრული) და სხვ. საისტორიო თხზულებებში მოთხრობილია შაჰ-აბასის მიერ 1615 წელს გარეჯის უდაბნოს სასტიკი დარბევა: „... სისხლის მსმელი და მტერი ქრისტიანეთა შაჰ-აბას და სპანი აგარიანთა კახეთსა ზედა და ააოხრნენ მონასტერნი, უდაბნონი, სოფელნი და ქალაქნი...“  შეძრწუნებული აღწერს მემატიანე წმინდა მარხვის შემდეგ ცისკრის ლოცვის დროს, ლიტანიობას „საღმრთო კრებულის“ უმაგალითო აოხრებას „ბარბაროსთაგან“. 
   გარეჯის უდაბნოსთან ბევრი მოღვაწის საქმინობაა დაკავშირებული. მათ შორის უთუოდ უნდა ვახსენოთ 1690 წელს გარეჯის მრავალმთის წინამძღვრად დანიშნული ონოფრე მაჭუტაძე, რომელმაც ოთხი ათეული წესლი შესწირა გარეჯის მონასტერთა აღდგენა-მშენებლობას. იგი მრავალმთის მონასტრების „მეორედ მაშენებელი“ გახდა. სწორედ მის დროს აღორძინდა უდაბნოთა სამონასტრო ცხოვრება, კვლავ გაცოცხლდა გაუკაცრიელებული სავანეები, კვლავ დაინთო სანთლები წმინდა სახეებთან, კვლავ გაისმა გალობა ქართულ მღვიმეთა კამარებქვეშ.
   გარეჯის მონასტრები არსებობდა XIX საუკუნის დასაწყისამდე. მაგრამ ეს იყო უკვე ამ უძველესი რელიგიური კერის თანდათანობითი დაცარიელებისა და გაუკაცრიელების ეპოქა. ამ დროს დასრულდა საქართველოს ამ დიდებული სავანეების სულიერი ცხოვრება.
   ხანგრძლივი და მძიმე იყო გარეჯის მონასტერთა ისტორიული გზა, შელახული, დანგრეული და გაძარცული მოვიდა ჩვენამდე ოდესღაც ხალხსავსე, ბრწყინვალე სავანეები. რაც მტრის თარეშს გადაურჩა, ის ჟამთა სიავემ შემუსრა. ვუპატრონოთ, გადავარჩინოთ, მომავალ თაობებს გადავცეთ ის უდიდესი საგანძური წინაპართა ნიჭიერებისა, რომელსაც ჯერ კიდევ ინახავს გარეჯის უდაბური მრავალმთა – ამაზე კეთილშობილი და ღირსეული საქმე ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ქართველთათვის. განა რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო სასახელო, რომ ჩვენი დროის ადამიანებმა შეძლონ სახელოვან წინაპართა მსგავსად იზრუნონ გარეჯის ძეგლთა დაცვისა და შენარჩუნებისათვის, რომ გარეჯის იმ ცნობილ თუ ანონიმურ ქომაგთა მსგავსად, ვისი საქმეებიც აღბეჭდილია მრავალრიცხოვან მატინეებსა და საისტორიო საბუთებში, მათაც ჰქონდეთ უფლება თქვან, რომ მათი ხელითაც „იქმნა კეთილიცა საქმე გარეჯის მონასტერთა“, რომ მათაც „... დიდი შრომა და გულსმოდგინება დაედვათ, რაც ძალედვათ გაეახლად მონასტერი...“.


















Комментариев нет:

Отправить комментарий