понедельник, 21 мая 2018 г.

მათეოს ურჰაეცის (გ. 1144 წ.) ცნობები საქართველოს შესახებ


მათეოს ურჰაეცი, ედესელი (1070-1144)
არმენი ისტორიკოსი მათეოსი იყო ედესადან (დღევ. ქ. ურფა, თურქეთი). მათეოსმა დაწერა ისტორიული შრომა „ჟამთააღმწერლობა“ (ქრონოგრაფია), რომელშიც გადმოცემულია 952-1136 წლების არმენიის ისტორია (შემდეგ თხზულების წერა გააგრძელა გრიგოლ ხუცესმა და მოვლენათა თხრობა 1162 წლამდე მიიყვანა). ნაშრომი არმენიის ისტორიის გარდა შეიცავს ცნობებს ახლო აღმოსავლეთსა და, კერძოდ, საქართველოზე. მათეოს ურჰაეცი იმ სომეხ ისტორიკოსთა ჯგუფს განეკუთვნებოდა, რომლებიც ერთიანი ქართული მონარქიის დახმარებით ფიქრობდნენ სომხეთის სახელმწიფოს აღდგენას. „ჟამთააღმწერლობა“ ფართოდაა გამოყენებული ქართულ ისტორიოგრაფიაში.
„ჟამთააღმწერლობა“ 3 ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მოიცავს 952-1051 წლების ამბებს, მეორე ნაწილი 1051-1101 წლების ამბებს, ხოლო მესამე ნაწილი 1101-1136/7 წლების ამბებს. როგორც ირკვევა პირველი ნაწილი და მეორე ნაწილის დიდი ნაწილი აკოფ სანახნეცის (გარდ. 1085 წ.) „ჟამთააღმწერლობის“ მიხედვით არის დაწერილი, ხოლო მეორეს ბოლო მესამე თანადროულია  და პირადად მოპოვებული ინფორმაციებით არის შედგენილი.
„ისტორია“
ნაწილი პირველი
რამდენიმე წლის შემდეგ მათ ბოროტება განიზრახეს წმინდა და მართალი მთავრის დავითის მიმართ: გადაწყვიტეს მისი მოკვლა. კაენისა და სხვა მკვლელთა მსგავსი ბოროტი მთავრები ამხედრდნენ და თავიანთი ბოროტი ზრახვებით შეაშინეს ქართველთა ქვეყნის ეპისკოპოსი. ამ ილარიონმა ღმერთი კვლავ ჯვარზე გააკრა, რადგანაც ცხოველმყოფელი ხორცი და სისხლი ქრისტესი სასიკვდილო წამალს შეჰრია და მხსნელი მკვლელი შეიქნა. შემდეგ კი მკვლელმა თავისი ძღვენი პირში ჩაუდო წმინდა მთავარს; ღვთის მოყვარე დავითმა იცოდა ყოველივე, არაფერი არ თქვა, არამედ აიღო განსაკუთრებული წამალი და მით დაიყუჩა თავისი სხეულის სატკივარი. ხოლო ურჯულო ეპისკოპოსი ილარიონი კვლავ აღენთო ბოროტი განზრახვით, ერთ დღეს შევიდა მის ოთახში და ვიდრე კეთიმსახურ დავითს მშვიდი ძილით ეძინა, აიღო მისი ბალიში, დაადო დავითს პირზე, ზედ დაეცა ძლიერი ძალით და წამებით მოახრჩო ღვთის მოყვარე დავით კურაპალატი. რამდენიმე წლის შემდეგ ბასილ მეფემ შეიპყრო ურჯულო ეპიკოპოსი ილარიონი, დიდი ქვა შეაბა მას კისერზე და მის სხვა მომხრე აზნაურებთან ერთად ზღვაში ჩააგდო. ასე ამოწყდნენ ისინი წყევლით...
ხოლო როდესაც ეს ბოროტი ამბავი შეიტყო მეფე მონომახმა, ჯარი აღმოსავლეთით გაგზავნა და ჯარის სარდლებად განაწესა კამენი, ვასაკის შვილი გრიგორი და მხნე რატის ძმა ლიპარიტი. მათ დიდძალი ჯარით მიაღწიეს არმენთა ქვეყანას და ბრძოლა გაუმართეს სპარსელთა ჯარებს.
როდესაც ბერძენთა ჯარმა აღმოსავლეთს მიაღწია, კამენმა, არონმა და გრიგორ ვასაკის ძემ თავისთან მოიხმეს ქართველთა მთავარი ლიპარიტი. მათ მიაღწიეს არჯოვიტს, კაპუტრის ციხეს. თურქებმა შეიტყვეს, რომ ჯარებმა ეს ადგილი აიღეს და ჰორომთა ჯარები დამკვიდრდნენ არჯოვიტში. ამ დროს უცხო ტომთა ჯარები თავს დაესხნენ მხნე კაცს ლიპარიტს. მან გამოიყვანა ღამის გუშაგი თავისი დისშვილი, კაცი ძლიერი და მებრძოლი. იმ დროს ღამით უცხო ტომთა ჯარებმა დაიწყეს ბრძოლა. ბრძოლის ხმამ ლიპარიტამდე მიაღწია: „მოდი, რადგანაც უცხო ტომთა ჯარები გარსშემოგვერტყნენ“. ლიპარიტმა კი უთხრა: „შაბათია და ქართველები შაბათ დღეს საბრძოლველად არ გამოვლენ“. მაშინ ჩორტუანელი ღამით ლომივით ეკვეთა უცხო ტომთა რაზმს და ვიდრე მათ მიერეკებოდა, მას პირში მოხვდა ისარი, რომელიც კეფასთან გამოვიდა. ასე დაიღუპა ჩორტუანელი კაცი მხნე და ძლიერი. როდესაც ლიპარიტმა გაიგო ჩორტუანელის სიკვდილი, როგორც მხეცი გააფრთდა, გამოვიდა საბრძოლველად, ყველა უცხო ტომისანი გარეკა საბრძოლო ველიდან და მათი სისხლის გუბეები დააყენა. როდესაც ჰორომთა ჯარმა დაინახა ლიპარიტის სიმამაცე, მახვილს მისცეს იგი და დასტოვეს ლიპარიტი მოწინააღმდეგეთა შორის, თვითონ კი გაიქცნენ... ეს რომ დაინახეს უცხოტომთა ჯარებმა, ერთად მობრუდნენ ქართველთა ჯარებთან საბრძოლველად. როდესაც გამძაფრდა ბრძოლა და ლიპარიტი ღრიალებდა, როგორც ლომი მაშინ ერთი მეომარი ქართველთა ჯარიდან უკან დადგა, ირიბად გადაჰკრა და გადაუკვეთა ცხენს ორი ძარღვი. ლიპარიტი გადმოვარდა, დაჯდა და დაიძახა: „მე ვარ ლიპარიტიო“. მაშინ ბევრნი ქართველთა ჯართაგან ამოხოცეს და გაიქცნენ. ლიპარიტი ტყვედ შეიპყრეს და წაიყვანეს ხორასანში ტუღრილ სულთანთან. მას ადრეც გაეგონა მისი სახელი და იცოდა მისი ყველა ვაჟკაცობა. სულთანთან ლიპარიტმა დაჰყო 2 წელი და სხვადასხვა ადგილას სიმამაცე გამოიჩინა. იყო ის უცხო ტომისა - ზანგი, კაცი ძლიერი და ვაჟკაცი. ის და ლიპარიტ გამოიყვანეს სულთნის წინაშე, რათა შებრძოლებოდნენ ერთმანეთს. ლიპარიტმა სძლია და განგმირა ზანგი. მაშინ სულთანმა გაათავისუფლა იგი და დიდძალი საჩუქრებით ჰორომებთან გაგზავნა. ლიპარიტი მოვიდა კონსტანტინეპოლში. როდესაც მონომახმა იხილა იგი, ფრიად განიხარა და დიდძალი საჩუქრებით გაგზავნა სახლში ცოლთან და ვაჟიშვილებთან. ლიპარიტი იყო ძმა რატისა და ზვიადის, ტომით ქართველი, ძლიერი ტომიდან.
დავით აღმაშენებლის შესახებ
ხოლო ეს დავით იყო მამცი და ძლიერი სპარსეთის წინააღმდეგ (მიმაართულ) ომებშ. მან მრავალჯერ სძლია უცხოელთა ჯარები და დამხო მთელი მათი ძლიერება. მრავლი და სახელოვანი მხარენი აიღო სპარსთაგან მახვილითა დ ძალითა. აიღო თბილისი და დმანისი, იღო შარვანი, შაქი და სამქორი, იღო გრეთვე სხვა მრავალი მხარეც.
იყო მეფე დავით წმინდა და სათნო, ყოვლად შემკული ღვთის მოსავობით და კეთილი სამართლიანობით. ის აღმოჩნდა მიმღები და მოყვარული არმენთა ტომისა. მის გარშემო შეიკრიბა არმენთა გადარჩენილი ლაშქარი. მან აშენა არმენთა ქალაქი ქართველტა ქვეყანში, განამტკიცა ეკლესიები და მონასტრები მრავლად, ხოლო სახელი ქალაქს უწოდა გორა (ე.ი. გორი). დიდი სიხარულით და აღფრთოვანებით ექცეოდა მას მთელი სომეხი ხალხი...

Комментариев нет:

Отправить комментарий