XVIII საუკუნის აფხაზეთი დიდად განსხვავდებოდა წინა ეპოქების აფხაზეთისაგან. ეს იყო ახალი პოლიტიკური ერთეული, ბევრად დიდი ტერიტორიით, მოსახლეობის განსხვავებული ეთნიკური შემადგენლობით, უფრო მაღალი სტატუსით, რადგან საერისთავო სამთავროდ იქცა, ქართულ სამყაროსთან შესუსტებული კავშირით და თურქეთის გაზრდილი გავლენით.
მიუხედავად ამისა, სამთავრო სახლი და წარჩინებულთა წრე ნათესაურ ურთიერთობაში იყო ოდიშის, იმერეთის, გურიის, ქართლ-კახეთის მმართველ სახლებთან და წარჩინებულ საგვარეულოებთან. აფხაზი მთავრები თავს ქართულ სამყაროს მიაკუთვნებდნენ. საქართველოსა და იმერეთის მეფეების უზენაესობას ფორმალურად, მაგრამ მაინც აღიარებდნენ. წარჩინებულებმა იცოდნენ ქართული. ეს ენა ხშირად დაბალ ფენებშიდაც იყო გავრცელებული.
XVIII საუკუნის ბოლოს აფხაზეთში მთავარი იყო პროქართული ორიენტაციის
ზურაბ შერვაშიძე. ოსმალებმა სცადეს მისი ჩანაცვლება ოსმალური
ორიენტაციის მქონე ქელეშ-ბეით, რომელიც ზურაბ შარვაშიძის ძმისწული იყო. ზურაბმა დახმარება სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანს თხოვა. დადიანს ხელს აძლევდა აფხაზეთში ქართული ორიენტაციის მთავრის ყოფნა, ამიტომ დაეხმარა ზურაბ დადიანს ქელეშ ბეის ჩამოშორებაში, მას ჯარი გაუგზავნა ძმის – გიორგი დადიანის მეთაურობით. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ოსმალეთმა მალე შეძლო ქელეშ-ბეის გამთავრება. ეს იყო მტკიცე მმართველი, გამოიყენა ოსმალთა მხარდაჭერა და დაიმორჩილა ბექირ-ბეი, რომელსაც გავლენიანი ანჩაბაძეთა გვარი უჭერდა მხარს, დაიმორჩილა წებელდის მფლობელი მარშანიებიც, ცდილობდა სამურზაყანოზეც გაევრცელებინა თავისი ძალაუფლება, კარგი ურთიერთობა დაამყარა ჯიქებთან და უბიხებთან, მთელი აფხაზეთის მმართველი გახდა. მას ანგარიშს უწევდნენ იმერეთის მეფე და სამეგრელოს მთავარიც, ჰყავდა ათი ათასი კარგად შეიარღებული ჯარი, სამხედრო გალერებისგან შემდგარი ფლოტილია. მის შემდეგ, რაც 1801 წელს მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, რუსეთმა შეუტია იმერეთის სამეფოსა და ფორმალურად მასზე დამოკიდებულ სამთავროებს. 1803 წელს მფარველობითი ხელშეკრულება გაფორმდა იმერეთის მეფე სოლომონ II-სა და სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანს შორის.
მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული დოკუმენტებით გურია
იმერეთის სამეფოს, აფხაზეთი კი სამეგრელოს შემადგენელ ნაწილად განიხილებოდა, რუსეთი
უკმაყოფილებასა და წინააღმდეგობებს
ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს
შორის ხელოვნურად იწვევდა და დაძაბულ სიტუაციას საკუთარი მიზნების
განსახორციელებლად იყენებდა. იმპერიისათვის დამახასიათებელი დიპლომატია და სამხედრო
პოლიტიკა ამოქმედდა გურიისა და აფხაზეთის მთავრების წინააღმდეგ. ქელეშ-ბეი
მიხვდა, რომ ოსმალეთი სულ უფრო სუსტდებოდა და რუსეთის პოზიციები კავკასიაში
მტკიცდებოდა, მიხვდა, რომ საქართველოს უმეტეს ნაწილში უკვე ფეხმოდგმული იმპერია
აფხაზეთსაც მიწვდებოდა, ამიტომ ოსმალური ორიენტაცია რუსულით შეცვალა, თუმცა ერთბაშად
უარი არც ოსმალეთთან ურთიერთობაზე უთქვამს. საქართველოს მაშინდელმა მმართველმა პავლე
ციციანოვმა გენერალ ლიტვინოვს დაავალა შეესწავლა ქელეშ-ბეის პიროვნება და ეცნობებინა მისთვის,
რამდენად გულწრფელი იყო აფხაზი მთავრის რუსული ორიენტაცია. ლიტვინოვმა დავალება
შეასრულა და ციციანოვს მოახსენა, რომ ქელეშ-ბეის ნდობა არ შეიძლებოდა.
ქელეშ-ბეის ურთიერთობა რუსულ სარდლობასთან დაიძაბა იმის გამოც, რომ მას მძევლად ჰყავდა სამეგრელოს ტახტის მემკვიდრე ლევან დადიანი. როდესაც 1804 წლის 23 ოქტომბერს სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი გარდაიცვალა, ქელეშ-ბეიმ 12 წლის მძევლის გასათავისუფლებლად დიდი თანხა ითხოვა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია არა მარტო სამეგრელოს თავადებში, არამედ რუსულ სამხედრო ადმინისტრაციაში. ამის შედეგი იყო გენერალ რიკხოფის მიერ სამეგრელოს სახალხო ლაშქრით აფხაზეთში შესვლა, მთელი რიგი სოფლების მოოხრება, ხოლო 28 მარტს ანაკლიის ციხის აღება და სოხუმზე იერიშის მომზადება.
ქელეშ-ბეიმ ამ ღონისძიებათა შემდეგ, გაათავისუფლა ლევან დადიანი, მასთან მყოფი მძევლები და რუსეთის სარდლობისაგან საომარი მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა. ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ანაკლია და ოსმალეთის მოთხოვნით სოხუმიდან ბათუმამდე ტერიტორია დაეცალა. რუსეთმა დროებით დაიხია უკან. 1805 წლის 9 ივლისს სოფელ ბანძაში რუსეთის ერთგულების ფიცი დადო სამეგრელოს ახალმა მთავარმა ლევან დადიანმა, ამასთანავე, სამეგრელოს მთავრისა და რუსეთის ერთგულების ფიცი დადეს სამურზაყანოს მმართველმა მარშანიებმაც.
ქელეშ-ბეის რუსული ორიენტაცია კიდევ უფრო გამყარდა სამეგრელოს სამთავროსთან მისი ოჯახური დაკავშირებით. ამგვარი კავშირები არც მანამდე ყოფილა იშვიათი, მაგრამ ამ კრიტიკულ ჟამს, როდესაც ორი მეზობელი იმპერია იბრძოდა დასავლეთ საქართველოს ხელში ჩასაგდებად, ქელეშ-ბეიმ ვაჟი – საფარ-ბეი დააქორწინა სამეგრელოს მთავრის – გრიგოლ დადიანის დაზე – თამარზე. საფარ-ბეი ქრისტიანულად მოინათლა და გიორგი დაირქვა. 1821 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის მთავარი გარდაიცვალა ლიხნში. სიკვდილის წინ მან ოჯახი ჩააბარა უმცროს ძმას – ჰასან-ბეის. ამასთანავე, რუსეთის ხელისუფლებას თხოვა – გამოეგზავნა უფროსი შვილი დიმიტრი, რომელიც პეტერბურგში, პაჟთა კორპუსში ირიცხებოდა და ხელისუფლება მისთვის გადაებარებინათ.
8 თებერვალს სოხუმის ციხიდან ტყეში შეშის მოსაჭრელად გასულ რუს ჯარისკაცებს თავს დაესხნენ აფხაზები, რაც იმხანად ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ ეს ფაქტი რუსეთმა გამოიყენა აფხაზთა წინააღმდეგ ახალი შეტევისათვის და მომხდარი ჰასან-ბეის გადააბრალა. მისი მოშორება საქმეს გაადვილებდა, რადგან დიმიტრი შორს იყო, დედამისს – თამარს კი ხელისუფლების ხელში ჩაგდება არ შეეძლო. 6 მარტს სოხუმის ციხეში მოსალაპარაკებლად მისული ჰასან-ბეი გენერალმა ველიამინოვმა დააპატიმრა. თამარ დადიანი-შერვაშიძე ველიამინოვს თხოვდა მაზლის განთავისუფლებას, არწმუნებდა მის უდანაშაულობაში და შვილის – დიმიტრის ჩამოყვანასა და გამთავრებას ემუდარებოდა.
აფხაზეთთან დამოკიდებულებაში თვით რუსული სარდლობა არ იყო ერთიანი. იმერეთის მმართველი გენერალ-მაიორი პ. გორჩაკოვი ჰასან-ბეის დაპატიმრებას არაგონივრულად თვლიდა და ველიამინოვისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში მდგომარეობის დაძაბვას აბრალებდა გენერალ პ. მოგილიანსკის. ან უდანაშაულო ჰასან-ბეი უნდა გაენთავისუფლებინათ, ანდა აფხაზეთი აჯანყდებოდა და რუსეთი უნდა ჩაბმულიყო ომში, რაც ძალიან უჭირდა ამ დროისათვის აქ განლაგებულ რუსულ ჯარს.
აჯანყება მაინც მოხდა და 1821 წლის ბოლოს თითქმის მთელი აფხაზეთი ჰასან-ბეის ემორჩილებოდა. მართალია, რუსეთიდან დიმიტრიც ჩამოიყვანეს, მაგრამ მან სულ ცოტა ხანი დაჰყო მთავრის ტახტზე, მალე 20 წლის თავადი ციებით გარდაიცვალა (1822 წლის 16 ოქტომბერს, მაგრამ ეს აქტი შემდეგ მკვლელობად ჩაითვალა და მკვლელი – დიმიტრის მოსამსახურე ურუს ლაკვარი, რომელმაც თითქოს მოწამლა მთავარი, ლიხნში სახალხოდ ჩამოახრჩვეს).
საიმპერატორო კარის გადაწყვეტილებით, მთავარმმართებელმა
ა. ერმოლოვმა დააკმაყოფილა თამარ შერვაშიძის თხოვნა და აფხაზეთის მთავრად გარდაცვლილი დიმიტრის უმცროსი ძმა – მიხეილი დანიშნა.
თამარ შერვაშიძე ამ მოვლენებში ერთ-ერთ აქტიურ პიროვნებად, მამაცი და შეუპოვარი ხასიათის ქალად წარმოგვიდგება. ასეთივე გამორჩეული პოლიტიკური აქტივობით ხასიათდება სამეგრელოს დედოფალი, გიორგი XII-ის ასული ნინო ბაგრატიონ-დადიანი.
რუსეთის სამხედრო ექსპედიციების რთულ მდგომარეობას უგზო და მტრულად განწყობილ აფხაზეთში კარგად ასახავენ საარქივო დოკუმენტები, სადაც ნათლად იხატება ეპოქის სურათი, ქართველ მოღვაწეთა ისტორიული პორტრეტები, რუსული ჯარისა და იმპერიული ხელისუფლების დამპყრობლური პოლიტიკა აფხაზეთში, ამჯერად ვაქვეყნებთ რამდენიმე საარქივო დოკუმენტს. ეს წყაროები იმ უამრავი დოკუმენტური მასალის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ტექსტების თარგმანი რუსულიდან ჩვენია.
1. ბატონ ინფანტერიის გენერალს, თავად პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს, ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის მეთაურის გენერალ-მაიორ რიკხოფის მოხსენებითი ბარათი (1805 წლის 23 მარტი):
რომ
გადავხედოთ ქელეშ-ბეის სამფლობელოს, აუცილებელია და საჭირო აფხაზეთის პირველ მიწათმფლობელ
თავადთაგან ამანათი (მძევლები), რადგან ამის გარეშე ძალზე საეჭვო იქნებოდა, რომ მათ
არ მისცენ დახმარება ქელეშ-ბეის და ამ ჯერზე შეეძლოთ მოეჭრათ ჩვენთვის პროდუქტით მომარაგება და დასაბრუნებელი გზა,
რაც, როგორც დავინახე მათგან მართლა იყო მოსალოდნელი, რამეთუ ამანათის მიღება მანამდე ვერ შევძელი,
სანამ იძულებული არ გავხდი,
მათ სამფლობელოში შევსულიყავი,
ოციოდ ვერსზე მომეოხრებინა მაცხოვრებლები და დამეწვა მათი ასამდე სახლ-კარი. მაშინვე უკვე მეოთხე დღეს,
მივიღე 8 ამანათი,
შემდგომვე იქვე, მათგან გავემართე ქელეშ-ბეის სამფლობელოში.
გზების გაუვალობის მიზეზით იქ მისვლა შეუძლებელი იყო,
რადგან მოხსენიებული აფხაზეთში შესასვლელი გზა ძნელად გავიარეთ მხოლოდ სამი ასეულით.
პირველი ნაბიჯებიდანვე შეუძლებელი იყო არტილერია გადაგვეგზავნა ენგურის მეორე ნაპირზე,
რომელიც აფხაზეთს სამეგრელოსგან საზღვრავს და ასე გავხდი იძულებული გამოვბრუნებულიყავი.
ახლა მივდივარ ანაკლიისაკენ,
რომელიც მდებარეობს ზღვის სანაპიროზე,
საზღვართან. ქელეშ-ბეი კი ამ დროს არანაირად არ გამოხმაურებია ლევან დადიანის მოწოდებას,
რის შესახებაც პატივი მაქვს მოვახსენო თქვენს ბრწყინვალებას.
2. ბატონ ინფანტერიის გენერალს, თავად პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს, ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის მეთაურის გენერალ-მაიორ რიკხოფის მოხსენებითი ბარათი, 1805 წლის 29 მარტი:
არ მქონია რა ხელთ ქელეშ-ბეისაგან ლევან დადიანის მოწოდებაზე გამოხმაურება, გუშინ მივედი მის სამფლობელოში და ნაშუადღევის 5 საათზე მივადექი გრენადერთა სამი ასეულით და ორი ექვსფუნტიანი ზარბაზნით ანაკლიის სიმაგრეს. ჩვენს წინ მეოთხედ ვერსზე ზედ გასასვლელთან დაგვხვდა მომცრო ხის სიმაგრე მიწაყრილით. თავიდან მოვითხოვე ნებაყოფლობით დამორჩილება, მაგრამ პასუხად მივიღე, რომ ისინი უმჯობესად ჩათვლიდნენ ყველა ერთად მომკვდარიყო, ვიდრე დამნებდებოდნენ. ზარბაზნების რამდენიმე გასროლის შემდეგ, სირბილით მივედით თვით სიმაღლემდე და შტურმით ავიღეთ ის, რითაც მივადექით თავად სიმაგრეს. მაგრამ სიმაგრის უფროსი აჯი-ალი მუსალიმი ზარბაზნის რამდენიმე გასროლის შემდეგ იძულებული გახდა დაგვმორჩილებოდა და მაშინვე გამოცხადდა ჩვენთან. შეტაკება გაგრძელდა არაუმეტეს ორიოდნახევარი საათისა, ჩვენი მხრიდან მოკლული იქნა ერთი რიგითი, 5 ადამიანი დაიჭრა. ამ სიმაგრეს სამი მხრიდან აკრავს ქვის კედელი 4 კოშკით.
მეოთხე მხრიდან სიმაგრის საზღვარს მიუყვება საკმაოდ ფართო მდინარე ენგური, რომლის ნაპირიც გამაგრებულია ხის ნაგებობებით და ხიმინჯებით. დაკავების შემდეგ იქ აღმოჩნდა ზარბაზნები: თუჯის 3 დიდი, სპილენძის 3 პატარა, 54 დიდი ზარბაზანი, პატარა 151, 2,5 კასრი თოფისწამალი, 19 ადამიანი, დანარჩენი მეომრები ჩვენი მოლაპარაკებისას გადავიდნენ მდინარის მეორე ნაპირზე, აფხაზეთში, თან გადაიყვანეს მკვდრები და დაჭრილები, რომლებიც არც ისე ცოტა ჰყავდათ და რომლის ზუსტი ციფრი მე არ ვიცი, რომ გიპატაკოთ, თქვენო უბრწყინვალესობავ. თუ ქელეშ-ბეი დაკარგავს ამ სიმაგრეს, იგი სასწრაფოდ გადავცეთ ლევან დადიანს. ამაში დარწმუნებულია ციხის უფროსი აჯი-ალიც, თუ ის მის დაბრუნებას შეეცდება, მაშინ მზად ვარ შევიდე მის სამფლობელოში და ახლო სოფლები მოვაოხრო. თუ ამის შემდეგაც არ შეწყვეტს წინააღმდეგობას, მაშინ ამას არ დავჯერდები და მის მთავარ ციხეს – სოხუმში შევუტევ. არ შემიძლია თქვენს ბრწყინვალებას არ ვაუწყო, რამდენად ძნელია ამ ადგილებში ჯარის მოძრაობა. გზა არსად არაა, თუ თავად შენი ხალხით არ გაჩეხავ და გაწმენდ, არტილერია მოძრაობს საზიდრებით და მრავალ ადგილზე 5 ვერსტის მეტად წინ წაწევა შეუძლებელია. უძნელესია მდინარეებზე გადასვლა, ისინი ბევრია აქ, ახლა კი წყლები ადიდებულია და ნაპირებიდან გადმოსული. რაც შეეხება სურსათის შევსებას, მას სამეგრელოს მოსახლეობიდან ველით, თუმცა ისინი თავის დროზე აღარ იძლევიან, ამის გამო უკვე ორი დღეა ჯარისკაცებს არფერი უჭამიათ, ამიტომ ახლა ანაკლიაში იძულებული ვართ ვიდგეთ და ველოდოთ სურსათს... მეოთხე საზღვაო პოლკი ხობისწყლის ნაპირიდან, რომელიც ანაკლიიდან 20 ვერსტზე მდებარეობს, წამოვიყვანე ანაკლიაში, თუ საჭირო გახდება მას აფხაზეთში შევიყვან, ერთ როტას კი აქ დავტოვებ ისევე, როგორც 30 კაცი და ერთი ოფიცერი დავტოვე რუხის ციხეში, აფხაზეთის საზღვარზე. გენერალ-მაიორი რიკხოფი.
3. ბატონ ინფანტერიის გენერალს, თავად პავლე დიმიტრის ძე ციციანოვს, ბელევსკის მუშკეტერთა პოლკის მეთაურის გენერალ-მაიორ რიკხოფის მოხსენებითი ბარათი, 1805 წლის 3 აპრილი:
პატივი მაქვს გიპატაკოთ თქვენო ბრწყინვალებავ, რომ გუშინ, საღამოს 10 საათზე ქელეშ-ბეიმ ლევან დადიანს აცნობა, რომ სამხედრო მოქმედებას წყვეტს. ველოდები თქვენი ბრწყინვალების ნებართვას ჩემგან გასული მარტის 29 რიცხვის მოწერილობის თანახმად მისთვის ანაკლიის ციხე-სიმაგრის გადაცემის შესახებ. გენერალ-მაიორი რიკხოფი
4. საფარ-ბეი შერვაშიძის წერილი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვისადმი, 1806 წლის 24 იანვარი.
ვიმყოფებით რა ძველთაგანვე ნათესაურ კავშირში თავად
შერვაშიძეებთან, რომლებიც არიან
სამურზაყანოს მფლობელნი,
შევიტყვეთ რა ბედნიერება ეწვიათ მათ რუსეთის იმპერატორის მფარველობის
სახით. გვსურს, ჩვენც გავიზიაროთ მათი ხვედრი, რის გამოც გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი
სამფლობელოებით, გავხდეთ რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომნი, რისთვისაც მივმართეთ
სამეგრელოში მყოფ ნამდვილ სახელმწიფო მრჩეველს, ბატონ ლიტვინოვს. მან კი გვიპასუხა, რომ
თხოვნა თქვენი ბრწყინვალების სახელზე უნდა დაგვეწერა. დიდი სიხარულით ვასრულებთ ამ მითითებას
და მივმართავთ თქვენ ბრწყინვალებას მფარველობისათვის, რათა თქვენი შუამდგომლობით, მივიღოთ
უზენაესი წყალობა. ამასთან ვადასტურებთ, რომ ამ გმირობას ჩავდივართ საკუთარი კეთილი ნებით,
ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ჩვენი და ჩვენ ქვეშევრდომთა ბედნიერი მომავლის მოლოდინით,
ჩვენ არავიზე არ ვყოფილვართ და არც ახლა ვართ დამოკიდებული, გარდა იმისა, რომ ნათესაური
კავშირით ვემორჩილებოდით ქელეშ-ბეის, ახლა კი დაბეჯითებით გთხოვთ, ნება დაგვრთოთ,
მივიღოთ ფიცი რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომობაზე. ველით
თქვენი ბრწყინვალების პასუხს, ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის ამ შეუფასებელი წყალობის მოლოდინით
5. ივან ლიტვინოვის მოხსენებითი ბარათი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვისადმი. გვქონდა პატივი მიგვეღო თქვენი ბრწყინვალების წერილი №970 ბრძანებით და სადმათირ, აგმეთი, დაილამ მურზა, ასლან-ბეკ და ჩეპიაკ მარშანიებს, სურთ დაემორჩლონ მას, ვისაც საფარ-ბეი აირჩევს და ითხოვენ აღდგენილ იქნეს მათ შორის ქრისტიანობა, როგორც ადრიდანვე ყოფილა. მორჩილების ნიშნად, ისინი მზად არიან საკუთარი მიწებიდან გაყარონ მათთან მთებში გადასახლებული რუსეთის იმპერატორის დაუმორჩილებელი მეამბოხე ყაბარდოელები, რომლებიც გასულ წელს აჯანყდნენ, ან შეეცადონ მათ შეპყრობას, თუკი იმპერატორის ბრძანება იქნება. ამ მთიელთა გულწრფელობაში დარწმუნებულები რომ ვიყოთ, ყაბარდოელები მიხვდებოდნენ, რომ მორჩილების გარდა, აღარაფერი დარჩენიათ.
ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი ლიტვინოვი. 5 თებერვალი, 1805 წელი, ქუთაისი.
6. ქელეშ-ბეის მოხსენება სამეგრელოს დედოფალს ნინო ბაგრატიონ-დადიანს, 20 მაისი, 1806 წელი.
ესე მტკიცე ხელისწერილი მოგართვი თქვენ, ბატონს საქართველოს მეფის ასულს დედოფალს ნინოს და თქვენს ძეს დადიანს ლევანს, მე შარვაშიძე ქელეშ-ახმად-ბეგმან, – ასე რომ თქვენსა და ჩვენს შუა ცუდის კაცის
ენით გულ-ძვირობა მოხდა და შეგულძვირებული ვიყავით და ისევ გარიგება ვინებეთ, ღენერალ-მაიორის
რიქხოფისა და უფლის პოდპოლკოვნიკის ტარასოვის შუამავლობით გავრიგდით, ასე რომ თქვენ
თუ ჩვენს დასამდაბლებელს საქმეშიდ არ შეხვიდეთ, ჩვენ შენი კარგის მდომნი ვიქმნეთ და თქვენს
საზიანოსა და დასამდაბლებელს საქმეშიდ არ შევიდე და არც შემეძლოს; შენი კარგის მდომი ვიქმნე
და შენი მტრის მტერი ვიქმნე, მოყვარისა მოყვარე ვიქმნე. არის ამისი მოწამე ღენერალი რიქხოფი, პოდპოლკოვნიკი ტარასოვი, თავადი პორუთჩიკი სტეფანე მელიქის-ძე, თავადი პრაპორჩიკი ადილ-ბეგ. თუ ამ წერილზედ გარდავხდე და გავმტყუნდე, ღენერალ-მაიორმა რიქხოფმა მოიკითხოს როგორც რიგი არის და იმისი პასუხის გამცემი მე ვიყო, მაისის კ. დღესა ჩყვ წელსა, ციხესა ანაკლიასა (კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები, ტ. III, გვ. 190).
7. გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის წერილი ჰასან-ბეგ კოლუმბეკ შერვაშიძეს, 1819 წლის 9 დეკემბერი.
თქვენი წერილი მივიღე ქუთაისელი მოქალაქის იაკობ ლაჭინოვის ხელით. მწერთ, რომ გემი, სახელწოდებით, რაფაელი, რომელიც დატვირთული იყო სახელმწიფო პროდუქტით და ყირიმიდან სამეგრელოს ნაპირებისაკენ მოცურავდა, უნდა ვივარაუდოთ,
ზღვაში დაიღუპა, მასზე მყოფ ადამიანებთან ერთად. ის არ დაუპყრიათ ზღვისპირა ყაჩაღებს,
რომლებიც ჩადენილ ძარცვას არასოდეს
მალავენ და ასე რომ მომხდარიყო,
თქვენ ამის შესახებ მაშინვე შეიტყობდით. ჩემს სასიამოვნო მოვალეობად
მიმაჩნია მადლობა გადაგიხადოთ და გამოვხატო მადლიერება ამ შეტყობინებისათვის და იმ
გარჯისათვის, რომელიც სახელმწიფოს დავალების შესასრულებლად გასწიეთ უგზო-უკვლოდ დაკარგული
ამ გემის კვალის საპოვნელად. თუმცა, რაკი ჯერ კიდევ დაბეჯითებით არ არის ცნობილი, ნამდვილად
ზღვაში დაიღუპა ზემოთნახსენები ხომალდი, თუ თქვენი სანაპიროებიდან შორს, სხვა ზღვისპირა
ბანდიტების ხელში ჩავარდა, თქვენს ბრწყინვალებას მოვმართავ უმორჩილესი თხოვნით, ყველანირად
ეცადოთ იმის გაგება, ზუსტად რომელ ადგილას დაიღუპა გემი, მთელი თავისი ეკიპაჟით, ან
იქნებ, სადმე ნაპირზე გადაყარეს ეს ხალხი, თქვენი უბრწყინვალესი ძმის, გიორგი შარვაშიძის სამფლოებელოებიდან
შორს. თუ ეს მეორე ვარუდი დამტკიცდა, მაშინ შეეცადეთ დაადგინოთ რუსეთის ოფიცრებისა
და მეზღვაურების ადგილსამყოფელი და იპოვოთ საშუალება მათ გასათავისუფლებლად, გამოსასყიდის
ან სხვა საშუალებით, როგორც უმჯობესად მიიჩნევთ. თქვენი შრომა და მონდომება, განსაკუთრებით
იმ შემთხვევაში, თუ მან ნაყოფიც გამოიღო, ხელმძღვანელობის მიერ დაფასდება და უეჭველად,
დიდ ჯილდოსაც მიიღებთ. მანამდე, ზემოთდასახელებული ლაჭინოვის ხელით გიგზავნით
მცირე საჩუქარს, რომელიც შედგება ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის, სახიფთანე მაუდის და ფარჩის
ქსოვილისაგან. ეს ყოველივე, გთხოვთ მიიღოთ, ჩემი თქვენდამი განსაკუთრებული მადლიერების
ნიშნად. ვსარგებლობ რა თქვენ მიერ გამოგზავნილი ზემოთნახსენები შიკრიკით, რომელიც
ჩემგან ასევე ღირსეულად იქნა დასაჩუქრებული, სიამოვნებით გიდასტურებთ თქვენდამი ჩემ განსაკუთრებულ პატივისცემას.
8. გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის წერილი აფხაზეთის მმართველს თამარ დადიან-შერვაშიძეს, 1821 წელი.
მოწყალეო ქალბატონო! თქვენი უგანათლებულესობის ორ წერილზე, რომლებიც ჩემამდე თავად მარშანიას ხელით მოვიდა, მაქვს პატივი, გიპასუხოთ:
უზენაესი მფარველობა და წყალობა, რომლითაც თქვენი მეუღლე სარგებლობდა უმოწყალესი მონარქის მხრიდან, არც ამის შემდეგ მოაკლდება თქვენს
დაურღვეველ და უგანათლებულეს ოჯახს. ოდნავადაც არ
იღელვოთ, თქვენო უგანათლებულესობავ, თქვენი აწინდელი მდგომარეობის გამო. ნუგეშად გქონდეთ მტკიცე იმედი ღვთის მოწყალებისა და ხელმწიფე-იმპერატორის მფარველობისა. არ იფიქროთ, რომ ვინმე გაბედავს შეავიწროვოს თქვენი უგანათლებულესობის მმართველობა აფხაზეთში მაშინ, როდესაც გიცავთ რუსეთის სამხედრო ძალა, მუდამ მზადმყოფი თქვენი ხელისუფლების განსამტკიცებლად. კიდევ უფრო ნაკლებად გეშინოდეთ სავარუდო უსიამოვნებებისა, თქვენი მაზლის, ჰასან-ბეის დაპატიმრების გამო. ამის საპირისპიროდ, ყველანაირად ცანით რუსეთის მთავრობის გამორჩეული მზრუნველობა, თქვენთვის რუსული მმართველობის განსაკუთრებული სარგებლიანობა, ყველაზე საიმედო საშუალებაა თქვენი ნებისმიერი შეწუხებისაგან დასაცავად. არ გეგონოთ, თქვენო უგანათლებულესობავ, რომ ჰასან-ბეი დაპატიმრებული იქნა თქვენი მეუღლის გარდაცვალების მიზეზით მომხდარი არეულობისა და რამდენიმე რუსი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. ზუსტად ვიცი, რომ ამ მცირე ინციდენტში იგი არ მონაწილეობდა. მეტიც, საერთოდ არ იმყოფებოდა იმ არემარეზე. მაგრამ მისი არაკეთილმოსურნე მოქცევა ჯერ კიდევ სიცოცხლეში თქვენი მეუღლისა, რომელმაც არაერთხელ დაიჩივლა რუსულ ხელისუფლებასთან, რომ ძმა არ ემორჩილებოდა, მისი ხელისუფლებისმოყვარეობა გახდა მიზეზი თქვენი უკმაყოფილო ნათესავის დაკავებისა, რადგან მისი პატივმოყვარეობა საშიში თვისებაა აფხაზი ხალხის სიმშვიდისათვის, შეუძლია გამოიწვიოს სხვა არეულობები და შეარყიოს მისი პირადი კეთილდღეობაც. ამაში კიდევ უფრო მეტად შეეძლო დაერწმუნებიეთ ადრინდელ გამოცდილებასაც, თქვენი მაზლის მეამბოხურ, თქვენი ქმრისა და თქვენი ბრწყინვალე სახლობის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს, განსხვავებულ სარწმუნოებას, რაც მუსულმანებს ქრისტიანების სიძულვილსა და დაუმორჩილებლობას შთააგონებს. სწორედ ამიტომ, თქვენო უგანათლებულესობავ, მთელი თქვენი დიდსულოვნების, მოყვასისადმი ქრისტიანული თანალმობის პატივისცემის მიუხედავად, იძულებული ვარ, გირჩიოთ, არ იშუამდგომლოთ ჰასან-ბეის გათავისუფლება, პირიქით, ისურვეთ, რაც შეიძლება მოშორებული იქნას იგი აფხაზეთის მიწებიდან. თქვენივე სიმშვიდე და თქვენი ვაჟის სარგებელი დამოკიდებულია აგრეთვე იმაზე, რამდენად განმტკიცდება და გაძლიერდება ქრისტიანული რწმენა თქვენდამი დაქვემდებარებულ მიწებზე. მოკლედ, ჰასან-ბეის ბედზე ოდნავადაც ნუ იშფოთებთ და ენდეთ ჩემს პატიოსან სიტყვას, რომ ის საკუთარ მოლოდინზე უფრო ბედნიერი იქნება და მონარქთა შორის უსულგრძელესის წყალობა არ მოაკლდება.
რაც შეეხება თქვენი უგანათლებულესობის მეორე თხოვნას, ვიშუამდგომლოთ ხელმწიფე იმპერატორთან აფხაზეთში თქვენი ვაჟის დიმიტრის დაბრუნების შესახებ, რადგან ის იმყოფება სანქტ-პეტერბურგში, სადაც ამჟამად სამსახურებრივი საქმეებით იმყოფება მისი მაღალაღმატებულესობა, საქართველოს მთავარმმართებელი ალექსანდრე პეტრეს ძე ერმოლოვიც, არ დავაყოვნე მისთვის ამის შესახებ მეცნობებინა, რათა თავად მან გასცეს განკარგულება ამასთან დაკავშირებით. დაბოლოს, წარსულში თქვენი განსვენებული მეუღლისათვის კუთვნილი ჯამაგირის გათვალისწინებით, კმაყოფილებით ვაცნობებ თქვენს უგანათლებულესობას, რომ ჯერ კიდევ თქვენი გამოგზავნილი თავადი მარშანიას ჩამოსვლამდე, მთელი თქვენი კუთვნილი თანხა ხელისუფლებამ გამოუგზავნა იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორს თავად გორჩაკოვს, რომელიც პირადად მოგართმევთ საკუთარ ხელში. ამასთან, ღმერთს ვთხოვ, არ მოაკლდეს თქვენს ბრწყინვალებას სიმშვიდე და ნუგეში. მაქვს პატივი, ვიყო გულწრფელად თქვენი პატივისმცემელი და სრულიად ერთგული ივან ველიამინოვი.
9. აფხაზეთის მმართველის თამარ დადიან-შერვაშიძის წერი 9 ლი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვისადმი, 14 მარტი, 1821 წელი.
თქვენთვისაც ცნობილია, რომ ჩემმა განსვენებულმა მეუღლემ, გენერალ-მაიორმა და კავალერმა გიორგი შერვაშიძემ, თავის სიცოცხლეშივე საკუთარი თავი, ოჯახი, ძმები და სამფლობელოები გადასცა ჩვენს ხელმწიფეს და ამჟამად ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით, მადლიერი ვიქნებით, თუკი გვარჩენს. როდესაც განსვენებული ზემოთხსენებული გიორგი შერვაშიძე სიკვდილის პირას იყო, მან მოიხმო თავისი უმცროსი ძმა ჰასან-ბეი და უთხრა: მე ვკვდები და ჩემი ცოლი შენთვის დედაც არის და რძალიც, რადგან მისი ძუძუთი ხარ ნაკვები. უკვე აღარ არის საჭირო შენ ჩაგაბარო ჩემს ცოლსა და შვილებზე ზრუნვა. თუ საკუთარი თავისთვისაც სიკეთე გინდა და ჩემი ქვრივისა და ობლებისთვისაც, ემსახურე ერთგულად სოხუმის სიმაგრეში მდგომ ჩემი ხელმწიფის ჯარებს; თუ რომელიმე აფხაზი მის საწინააღმდეგო საქციელს ჩაიდენს, იგი სოხუმის კომენდანტს გადაეცი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გაგირთულდება, ასე მოიქეცი და ჩემ დანაბარებს ნუ გადაუხვევ.
სწორედ ასე უთხრა სიკვდილის წინ ჩემმა ქმარმა. მაგრამ
როგორც კი ის გარდაიცვალა, ბოროტმა ადამიანებმა სიავე ჩაიდინეს და სახელმწიფოს მსახური ჯარისკაცები დახოცეს, ქმრის დამარხვაც კი არ მაცალეს. იმ დროს ჰასან-ბეი ზუპში (იგივე ლიხნი – ავტორი) იმყოფებოდა და ძმას გლოვობდა.
ამის შემდეგ ეს უბედურებაც მოხდა. როდესაც საკუთარ სახლში მიდიოდა, ზუპელებს დაავალა დახმარებოდნენ იმ ბოროტმოქმედის მოძებნასა და სოხუმის კომენდანტისთვის გადაცემაში. მაგრამ სახლში დაბრუნებული ძალიან ავად გახდა, სიკვდილის პირას იყო და განზრახვა შეუსრულებელი დარჩა. ჩემი ნათქვამის სიმართლის შესამოწმებლად შეგიძლიათ ჰკითხოთ სოხუმის კომენდანტს, ის მოგახსენებთ. როდესაც ჰასან-ბეი უკეთესად შეიქნა და ბოროტმოქმედების დაჭერა მოინდომა, მაშინ სოხუმის კომენდანტმა თვითონ ის დააპატიმრა. ასე რომ, საქმე კვლავ შეუსრულებელი დარჩა. თუ თქვენ ჩემი და ჩემი მიწების შენარჩუნება და არა დაკარგვა გინდათ, ახლა მივხვდები: დაგვითმეთ ჰასან-ბეი მე და ჩემ სამფლობელოს, ყველანი, დიდი და მცირე, გთხოვთ, აპატიოთ ჰასან-ბეის, თუ რამე დაუშავებია ოდესმე; გვიბრძანეთ და მას შევინახავთ რუსეთის კანონების სრული დაცვით, თუ კიდევ რამეში იქნება შემჩნეული, მიბრძანეთ და ისე მოვიქცევი, რა განკარგულებასაც თქვენგან მივიღებ, ახლა კი ყველაფერი აპატიეთ. აფხაზეთი დამითმობს ჰასან-ბეის, რადგან თუ არ ნახავენ რომ პატივს მცემთ, მეც დამკარგავთ და აფხაზეთსაც. მთელ აფხაზეთში ლუკმა პურს არავინ მომაწვდის, არც კაცი იციან და არც ღმერთი, ტყის ხალხია. გთხოვთ, ყურად იღოთ ჩემი ვედრება. ჩემ სათქმელს და აფხაზეთის ვითარებას ჩემი ერთგული თავადი მარშანია გადმოგცემთ. ვრჩები თქვენი ერთგული და მორჩილი მოწყალეო
ხელმწიფევ.
10. კავალერიის გენერალ-ლეიტენანტის ველიამინოვის მოხსენებითი ბარათი გენერალ გორჩაკოვისადმი, 22 მარტი, 1821 წელი.
გუშინ, მთავრის მეუღლე თამარისაგან, შიკრიკის, აფხაზი თავადის კაცო მარშანიას ხელით მივიღე თქვენი აღმატებულებისათვის და ჩემთვის გამოგზავნილი წერილები. ასევე, ორი რაპორტი მაიორ მაშლიანსკისაგან, ერთი მათგანი თქვენ სახელზეა. ორივეს, თქვენ სახელზე გამოგზავნილ წერილსაც და რაპორტსაც ჩემს მიერ ნიშანი ადევს.
მაიორის თითოეულ რაპორტში არსებული წინააღმდეგობრიობა, თავიდანვე მაეჭვებდა, რომ მას ჩემთვის უცნობი პირადი მიზეზები უფრო ამოძრავებს, ვიდრე სამსახურის სარგებელი. პირველ რაპორტში გვაცნობებდა საყოველთაო უკმაყოფიელების შესახებ, რომელშიც ჰასან ბეიც მონაწილეობდა ითხოვდა კნიაგინია თამარას ჯარისთვის დახმარებას. შემდეგში კი გამოირკვა, რომ რომ მის მიერ აღწერილი უკმაყოფილება, სხვა არაფერი იყო, გარდა ერთი ჩვეულებრივი მტაცებელთა თავდასხმისა. მიუხედავად ჰასან-ბეის დაპატიმრებისა,
იქ დღემდე სიმშვიდეა გამეფებული. თავად ჰასან-ბეი, მტაცებელთა თავდასხმის დროს იქ არ
ყოფილა, რადგან ძმის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. კნიაგინია თამარასაც საფრთხე არასოდეს
დამუქრებია. ამჯერად კი გვაუწყებს, რომ კნიაგინია თამარა იძულებულია ჰასან-ბეის გათავისუფლება გვთხოვოს, მაშინ როცა, ის ძმისწულისათვის მიწერილ წერილში წერს, რომ თუ ჰასან-ბეის არ გაათავისუფლებენ, ის აფხაზეთში ვეღარ იცხოვრებს და თხოვს, უარის მიღების შემთხვევაში, ძმისწულმა ის სამეგრელოში წაიყვანოს. ახალი წინააღმდეგობა გ. მოშლიანსკის რაპორტში. ამის შემდეგ, თქვენო აღმატებულებავ, უეჭველად დამეთანხმებით, რომ გ. მოშლიანსკი, სულ ცოტა, წინდაუხედაობაში მაინც არის დამნაშავე.
ახლა კი მოგიყვებით იმაზე, რაც მოხდა. ჰასან-ბეი დაპატიმრებულია და სოხუმში იმყოფება, რადგან მოშლიანსკიმ ის დაცვით არ გააგზავნა. ჩვენ ორი საშუალებაღა დაგვრჩენია. პირველი: შევასრულოთ ხალხის საერთო თხოვნა და გავათავისუფლოთ ჰასან-ბეი; მეორე: აფხაზეთში ჯარით შევიდეთ. ჰასან-ბეის გათავისუფლება მთავრობისათვის შესაძლებლად მიმაჩნია, სისუსტეს არ ვაჩვენებთ, თუკი გამოძიება ჩატარდება,
რომლის შედეგადაც ის უდანაშაულო აღმოჩნდება და თავდასხმაში მისი მონაწილეობა არ დამტკიცდება;
ვალდებული გახდება, მხარის სიმშვიდის დამრღვევი მტაცებლები რუსულ ხელისუფლებას გადმოსცეს.
მეორე საშუალებაც არის. დამეთანხმება თქვენი აღმატებულება,
თუკი უკმაყოფილება საყოველთაო იქნება, 1000 ადამიანზე ნაკლების გაგზავნა შეუძლებელი გახდება და აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სანამ საკმარის საშუალებებს შევაგროვებთ. ასეთ შემთხვევაში, ნამდვილად შევძლებთ რამდენიმე სოფლის გადაწვას და მცხოვრებლების ტყეებში გარეკვას, მაგრამ ამით მღელვარება არ მოისპობა, თუ თუნდაც მცირერიცხოვან ჯარს მაინც ადგილზე არ დავტოვებთ საკმაო დროის განმავლობაში. მხოლოდ სოხუმის გარნიზონი, ციხე-სიმაგრის გარეთ ვერაფერს გახდება.
ეს ორივე საშუალება თქვენი აღმატებულების ხელშია, რადგან ისეთი თადარიგი დავიჭირე, ორი კვირის განმავლობაში მაინც, სანამ სამეგრელოს ბატალიონი აქამდე მოაღწევს, აფხაზეთში სიწყნარე შენარჩუნდება. ამ მიზეზით თქვენ აღმატებულებასთან ტფილისში სასწრაფოდ ვაგზავნი ჩემთან მოსულ აფხაზებს, კნიაგინია თამარას კი ვატყობინებ, დაარწმუნოს ხალხი, თქვენ პასუხს დაელოდონ, რადგან მხოლოდ მე მის თხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ შემიძლია, მისგან გამოგზავნილ აფხაზებს კი ტფილისში ჩასვლა-ჩამოსვლისათვის ორი კვირა მაინც ესაჭიროებათ. ჰასან-ბეის შესახებ კი ვეტყვი, რომ თქვენი ნებართვის მიღებამდე, ის სოხუმს ვერ დატოვებს.
უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, დააჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. იმედი მაქვს გურიის საქმეებს მალე მოვამთავრებ და პირადად გავემგზავრები სოხუმში. თუკი გ. მოშლიანსკის დანაშაული დადასტურდება, მაშინ ციხე-სიმაგრისა და ბატალიონის მეთაურობიდან გავათავისუფლებ.
11. კავალერიის გენერალ-ლეიტენანტის ველიამინოვის მოხსენებითი ბარათი გენერალ გორჩაკოვისადმი, 28 მარტი, 1821 წელი.
ძალიან სამწუხაროა ჩემთვის მაიორ მოშლიანსკის უსაფუძვლო ქმედებები და ჰასან ბეის უდროო დაპატიმრება. გურიაში საქმეების დასრულების შემდეგ თქვენი ბრწყინვალება ძალიან კარგს იზამს, თუ წავა სოხუმ-კალეში და გამოიკვლევს მაიორ მოშლიანსკის ნამოქმედარს. თუკი ნახავთ, რომ მისი ქმედებები ნამდვილად მის პირად შეხედულებებს ემყარება, მაშინვე გაათავისუფლეთ იგი სამსახურიდან; მაგრამ თუ ეს მხოლოდ წინდაუხედაობის გამო მოუვიდა, მაშინ სხვაგვარად დასაჯეთ, თქვენი შეხედულებისამებრ, რადგან გონიერი და ერთგული შტაბ-ოფიცრების სიმცირის გამო, მისი შეცვლა ძალიან გაჭირდება.
რაც შეეხება ჰასან ბეის გათავისუფლებას, ამაზე დათანხმება არაფრით არ შემიძლია, რადგან ამის შედეგად, აფხაზეთში არათუ სიწყნარე დაისადგურებს, არამედ საყოველთაო მღელვარება კიდევ უფრო გაიზრდება. ყველაზე დიდებული ამანათიც კი ამას ვერ აგვაცილებს. რადგან ჰასან ბეი დარწმუნებულია, რომ მათ არაფერი ემუქრებათ ციხე-სიმაგრეში ჩამწყვდევის გარდა. პირიქით, ჩემი ვარაუდით, ჰასან ბეის ჩვენ ხელში ყოფნა აფხაზეთის თავადების სიმშვიდის თავდებია. რადგან იმათ შეეშინდებათ, რომაჯანყება ჩვენ მიერ ჰასან ბეის მოკვლას გამოიწვევს.ესეც არ იყოს, ჰასან ბეი ერთგულია თურქეთის ხელისუფლებისა, რომელსაც მისი საშუალებით შეუძლია საიდუმლოდ იმოქმედოს, ამიტომაც კი მისი აფხაზეთიდან მოშორება ძალიან სასარგებლოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი გათავისუფლება შეუძლებლად მიმაჩნია. განკარგულება გაეცით მისი ქუთაისში გადაყვანის შესახებ, საიდანაც მოხდება მისი შემდგომი გაცილება. კნიაგინია თამარს მიეცით თავშესაფარი ციხე-სიმაგრეში და დაარწმუნეთ, რომ ხელისუფლების მფარველობით, თუმცა კი თავდაპირველად ბოროტმოქმედებისგან ცოტაოდენი დაზარალდა, ამის შემდეგ არაფერი გაუჭირდება და დაჯილდოვებულიც იქნება. აფხაზეთი სრულიად დაწყნარებული არასოდეს ყოფილა, არც ჰასან ბეის ემორჩილებოდა სრულად და ძარცვა და ყაჩაღობა მის დაპატიმრებამდეც იყო. აქედან გამომდინარე, თუ ახლაც მოხდება საყოველთაო ბუნტი, მისი შედეგები ჩვენთვის მაინცადამაინც მნიშვნელოვანი არ უნდა იყოს. სოხუმის სიმაგრის აღებას, თურქების დახმარების გარეშე, ისინი ვერ მოახერხებენ. მაიორი მოშლიანსკი ვალდებულია ის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვას, რის შესახებაც ამ წერილის თანმხლებ მისდამი გამოგზავნილ განკარგულებაში იხილავთ. ამასთან, თუ საჭიროებამ მოითხოვა, აფხაზეთში გააგზავნეთ ორი, დიდი-დიდი, სამი როტა, მათთან ერთად, თუ საჭიროა, ოთხი ქვემეხიც, რომლებმაც უნდა იმოქმედონ ჩემი ადრინდელი განკარგულების მიხედვით: სიმაგრის ყველა მხრიდან არაუმეტეს ორი გადასასვლელის მანძილისა, თუ შესაძლებელია, უფრო ნაკლებისაც.
ჩვენი ქვემეხების პირველივე წარმატება, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ყველას დააწყნარებს და მორჩილებას აიძულებს. ამას გარდა, გთხოვთ, იმოქმედოთ ჩვენი ერთგული თავადების მეშვეობით, რომლებიც რა თქმა უნდა გონივრულად იმოქმედებენ და არ მოითმენენ იმერეთის და გურიის აჯანყებულთა მსგავს მოქმედებას აფხაზეთში.
თუნდაც სწრაფად ვერ მოხერხდეს მათი დაშოშმინება, შესაძლებელია, რამდენიმე ხნის მანძილზე, იქ დავტოვოთ შეყვანილი ჯარები და უზრუნველვყოთ ის საკვებით ზღვიდან. ერთი სიტყვით, მთავრობისათვის გაცილებით ხელსაყრელია მთელი აფხაზეთის აჯანყება, ვიდრე ჰასან ბეის გათავისუფლება, რომელიც, როგორც მუსულმანი და თურქეთის ხელისუფლების მხრიდან დიდად დაფასებული, ჩვენთვის ძალიან სახიფათოა. ასე რომ, თუკი მოხდება საყოველთაო ამბოხება, დარწმუნებული ვარ, თქვენი ბრწყინვალება ჩემთვის კარგად ცნობილი თქვენი გამბედაობისა და გონიერების წყალობით, ჩააქრობს მას და ყველაფერს ჩვენ სასარგებლოდ მომართავს.
ხელნაწერი სწორია: პოდპორუჩიკი სუმბათოვი.
12. ველიამინოვის წერილი სოხუმის კომენდანტს, კავალერიის მაიორს მოშლიანსკის, 1821 წლის 28 მარტი.
თქვენგან მიღებული 13 მარტის მოხსენების შემდეგ, რომელიც ჰასან ბეის დაპატიმრებას ეხებოდა, არ შემიძლია არ შევნიშნო, რომ ამ შემთხვევაში ძალიან არაგონივრულად მოიქეცით. ჩემი განკარგულება მისი დაჭერის თაობაზე მოჰყვა თქვენ რაპორტს აფხაზეთში საყოველთაო მღელვარების შესახებ, რომელშიც, შეუძლებელია, მას მონაწილეობა არ მიეღო. თქვენ მეორე რაპორტს, სადაც წერდით, რომ არ ყოფილა საყოველთაო აჯანყება, არამედ მხოლოდ ჩვეულებრივი მტაცებელთა თავდასხმა, ჩემს მიერ მიწერილი ჰქონდა, იმ მხარის მეთაურის, გენერალ-მაიორის, თავად გორჩაკოვის მეშვეობით, რომ თავად ჰასან-ბეის დაჭერა გადადებულიყო. და თუმცა, ჩანს, თქვენ ეს ჩემი უკანასკნელი განკარგულება არ მიგიღიათ, პირველის შესრულებისგან მაინც თავი უნდა შეგეკავებიათ, რადგან ის თქვენ მცდარ მოხსენებას ეფუძნებოდა. თქვენი ჩინისა და წოდებების პატრონს უნდა შეეძლოს კარგად გააანალიზოს და უკიდურესი აუცილებლობის გარეშე, არ მიმართოს ისეთ ზომებს, რომლებსაც შესაძლოა საზიანო შედეგები ჰქონდეს. მით უმეტეს, არ უნდა დაწეროთ უსაფუძვლო რაპორტები და შეტყობინებები. ჰასან ბეის გათავისუფლება შეუძლებელია. ამანათები მას ბუნტისაგან ვერ შეაკავებს. ამიტომ ნება იბოძეთ და სათანადო თანხლებით გააგზავნეთ იგი ქუთაისში, შემდგომ კიდევ უფრო შორს გადაყვანის მიზნით. კნიაგინია თამარს ბოროტმოქმედებისაგან დასაცავად თავშესაფარი მიეცით სიმაგრეში. აფხაზ თავადებს, ჩვენი ერთგული ხალხის საშუალებით, გამოუცხადეთ, რომ მათ მოქმედებაზე და იმპერატორისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული დაპატიმრებული ჰასან-ბეის ბედ-იღბალი. მოკლედ, თუნდაც ყველანი აჯანყდნენ, ზარბაზნის გარეშე, სიმაგრის აღებას მაინც ვერ შეძლებენ. და თუ ამას მაინც შეეცდებიან, გავალებთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვათ სიმაგრე. სხვაგვარად მოქმედება არ შეგიძლიათ. ჯარი მოგეხმარებათ, როცა ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. მაგრამ უკეთესია მხარეში მორჩილება შეინარჩუნოთ. უნდა შეეცადოთ გამოასწოროთ თქვენი ძველი, ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომები და ამიერიდან შეეცადოთ საფუძვლიანი მოხსენებები წარმოადგინოთ.
დასასრულს გეტყვით, რომ თქვენი მოხსენებები პირდაპირ ჩემდამი კი არ გააკეთოთ, არამედ იმერეთის მხარის მეთაური გენერლის მეშვეობით, რადგან ეს ეწინააღმდეგება სამსახურსა და დისციპლინას, რომლის დაცვის მაგალითიც თქვენ უნდა იყოთ.
ხელნაწერს ადასტურებს პოდპორუჩიკი სუმბათოვი.
Комментариев нет:
Отправить комментарий