ეპისტოლე, მიწერილი გიორგის მიმართ, დიდისა მის შეყენებულისა, რომელიც მკვიდრ იყო მთასა საკვირველსა, მონასტერსა წმიდისა სვიმეონისსა, ბერისა მის, რომლისა-და ეთხოვა, რათა აღუწეროს ცხოვრება და მიცვალება წმიდისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისა, ზედაწერილი ესე იტყვის: ღმრთივ-სანატრელსა, სათნოებათა შინა განთქმულსა, მოძღვარსა მოძღვართასა და სულიერსა წინამძღვარსა ჩვენსა გიორგის შეყენებულსა უფლისა მიერ გიკითხავნ, მთით წმიდით მთასა საკვირველსა, ქრისტეს მიერ ღმრთისა ჩვენისა გახარებ! ზენა-ბუნებისა მაღალთა მათ მიერ მოღვაწეობათა ეტლი სულისა შენისა ზეცად მიმართ აღამაღლე, ნივთთაგან და ნივთიერთა სისქეთა, და ქვეყნად მიმართ დამზიდველთა გონება შენი სრულიად განაშორე, ვინაიდან საქმე დასაბამ ჰყავ ხედვისა და შიში ღმრთივ-გონიერი მიზეზ უშიშოებისა, რაჟამს დაყუდებისა მიერ და დუმილისა მხოლო მხოლოსა მას შეესაკუთრე, და თავისა თვისისა თანა მკვიდრობითა თავსა მას ყოველთა საწადელთასა მიემთხვიე, ჰოი კაცო საკვირველო და ზესთა-კაცებისა საგონებელო! რომლისა თვისცა სიმდაბლითა მით ღმერთ-მყოფელითა ეგევითარი მაღალი და დიდი საქმე ძიება-ჰყავ ჩვენგან, რომელსა თვით შენ უმეტეს ჩვენსა მეცნიერ იყავ ჩვენგან, გლახაკთა ამათ და უღირსთა, რომელთა ესე უწყით: ხნარცვსა მას შინა ვნებათასა მდგომარე [...] ჯვარი იხილა დიდმან პახუმი, და ვეძიებთ მსგავსთა თქვენთა ხელის-მიცემად, რათამცა მიერ აღმოვედით და მღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა კლდესა ზედა სათნოებათასა ფეხნი ჩვენნი დავამტკიცენით და გზათა მათ, ზეცად მიმყვანებელთა, დაუბრკოლებელად სლვად წავემართენით, ვითარცა იტყვის დიდი დავით: „და მერეცა აივსენ პირი ჩვენი გალობითა, რათა ქება ღმრთისა ჩვენისა იხილონ მრავალთა“.
ხოლო რა არს ქება ღმრთისა, დიდება და შესხმა წმიდათა მისთა? მითხრობა ცხოვრებისა და მოღვაწებისა მათისა წერით და უწერელად, რათა ცნას ესე თესლმან სხვამან, და შვილნი, რომელნიც იშვებოდნენ, აღდგენ, და მიუთხრობდენ მამანი მათნი შვილთა თვისთა. არამედ რათა არა უღელი იგი ტკბილი მორჩილებისა განვაგდოთ, ქედსა მას ზედა სულისა ჩვენისასა მდებარე, ნუ უკუე პარეხთა მათ და უღაღთა ურჩებისათა ჩავცვივეთ, ვინა იგი აღმოსლვა შეუძლებელ არს, ამისთვის წმიდისა ბრძანებისა თქვენისა საქმით აღსრულებად ვისწრაფოთ შეწევნითა წმიდათა ლოცვათა თქუენთა. გარნა, ვითარცა ვთქვით, ჰოი წმიდაო, არა თუ შენ უმეცარ ხარ ცხორებასა განთქმულისა ამის კაცისასა სიჭაბუკიდან მისით, ვიდრე სიბერედმდე, არამედ ეგრეთ მეცნიერ ხარ, ვითარცა [დიდი] ანტონი ცხორებასა ნეტარისა მაკარისასა, რომელი-იგი მოწაფე საყვარელი იყო მისი, და, ვითარცა ნების-მყოფელი [შვილი მისი], სათნოებათა მისთა მკვიდრად გამოჩნდა, და შემსგავსებული ქება მის მიერ მიიღო და [რომლისა თვისცა] არა უჯერო არს და შეუმსგავსებული თქვუენისა მის მიმართ სურვილისა დას[...] და მისისა მის თქვენდა მომართ სარწმუნოებისადა სასოებისა თანასწორებით და სახისმეტყველებით თანა-ხატ ქმნად ზემოხსენებულისა მის სახისა.
ხოლო ვინაიდან კვლავ მეორედ მოიწია წმიდა ეპისტოლე თქვენი სიგლახაკისა მომართ ჩვენისა, ვითარცა მრავალ-ჟამ [მის თანა] ყოფილისა და მის მიერ განათლებულისა და ღმრთისა მსგავსითა სიყვარულითა მის მიერ შეყვარებულისა, და უმეტესადღა ვთქვათ, თუ ჟამსა მას სოფლიდან განსლვისა და ღმრთისა თანა მისლვისა მისისა, რომელსა-იგი სურდა და წადიერ იყო, მის თანა დახვედრებულისა, და კვლავ ღმრთის-მოყვარისაცა მის მიერ მთავარეპისკოპოსისა - იოანეს ვიტყვი, ჭყონდიდელსა, ძმასა ნეტარისა პეტრე პატრიკისასა, მო-რა-ვიდა სამეუფოდ ქალაქად, მოციქულად მოვლინებული ბაგრატ აფხაზთა მეფისა მიერ და სევასტოსისა. ამის პირისათვის დიდად იძულებულ იქმნა უღირსება ჩვენი, ვითარცა შვილისაგან მამის-მოყვარისა და, უფროსღა ვთქვათ, თუ ქრისტეს-მოყვარისა, რათა ყოველი სახე აღსრულებისა და სოფლიდან გასლვისა წმიდისა ამის მამისა ჩუენისაჲ უნაკლულოდ მიუთხრათ. და მერმე კუალად სხუათაცა ვიეთმე ღმრთივ სულიერთა. მამათა და ძმათაგან დღითი-დღე ვიიძულები და სიტყვა მიმეხადება: არა მხოლო თუ მიცვალებისათვის, არამედ სრულად ცხორებისაცა და მოქალაქობისა მისისა აღწერისათვის.
ხოლო უმეტეს ამათ ყოველთასა მორჩილებამან ბრძანებისა თქვენისამან, ვითარცა რკინამან ცეცხლი ქვიის მსგავსისა გონებისა ჩემისაგან ეგრეთ აღატყინა საღმრთო მხურვალება აღწერად ცხორებისა ღმრთივ-განათლებულისა ამის კაცისსა, და მერე, რათა არა დავიწყებულ იქმნას მომავალთაგან და შემდგომითი შემდგომთა ნათესავთა, ვითარცა მრავალთა წმიდათა ნათესავსა შორის ჩვენსა გამოჩინებულთა, ცხორებანი აღუწერელობითა დავიწყებისა სიღრმესა მიეცეს, არა თუ მათდა რაიმე სახმარ არის ესე: რამეთუ იგინი წინაშე ღმრთისა განათლებულნი მდგომარე არიან, არამედ, რათა ჩვენ მოხსენებითა შრომათა და ღვაწლთა მათთათა დღითი-დღე ფრთოვან-ვიქმნებოდით, და ბაძვად სათნოებათა მათთა წარვემატებოდით. ამისთვისცა ხელთა ბრძანებისა თქვენისათა უღირსი ესე თავი ჩემი მორჩილებად მივეც, არამედ ყოვლითურთ განცვიფრებულ ვარ და არა უწყი, თუ რა ვყო. უკუეთუ უგუნურებით ხელ-ვყო, კადნიერებისა ბრალსა ჩავვარდები, და უკუეთუ არა, ურჩებისა სასჯელისაგან მეშინა, რამეთუ იტყვის: „რომელთა უწყოდნენ სიტყვით გინა სმენით საღმრთოთა წერილთაგან, და გინა თუ თვით-მხილველ ქმნილ იყვნენ და ჰქონდეს მეცნიერება სულისა სარგებელთა და ღმრთისა სათნოთა ცხორებათა და მოღვაწებათა, რომელნიც წმიდათა მამათა აღასრულეს, პირველად ესეთ ჯერ არს, რათა მსგავსად ძალისა ბაძვად მათდა მოსწრაფე იყვნენ, და სათნოებათა მათთა ეშურებოდინ, და განჰმართონ ენა ბრგვნილი იგი სულისა, და ვითარცა ღმრთისა მიახლებად ყოვლითურთ წმიდა იქმნენ, და პირი იგი უხილავი ხილულისა ამის თანა განავრცინ და მაშინღა [იწყონ] დიდებად და ქებად წმიდათა ღმრთისათა. და არა ხოლო თუ თავთა თვისთა მოატყუონ სარგებელი რომელთა ესე-ყონ, არამედ მსმენელნიცა იგი ბაძვად სათნოებათა მათთა აღლესნენ. ხოლო რომელთა უწყოდნენ ესევითარი სარგებელი სულისა და არა ინებონ მითხრობად, არამედ მისცენ იგი სიღრმესა დავიწყებისასა გინა მცონრებისა მიერ, გინა ჟამთა დროებისა, გინა თუ შურითა ვიეთთამე უხსენებელ-ყონ, ესე ვითარი ესე სულისა სარგებელი თხრობა, ითქვას მათდა მიმართ, ვითარცა იტყვის დიდი ბასილი, ვითარმედ: „სიბრძნე დაფარული და საუნჯე უჩინო - ვინ ირგოს მისგან?“ და კვლავ ,,ტალანტისა დამფლველთა და წყაროსა დამყოფელთა და საუნჯისა უჩინო-მყოფელთა თანა დაისაჯოს“.
ესე არიან მიზეზნი ჩემისა მეტყველებისანი, რომელთა მიერ ვიიძულები და ვითარცა დეზითა, პირუტყვთ-მსგავსი ესე გონება ჩემი შინაგან იწერტების და აღმძრავს სიტყვად, რამეთუ არა თუ ღირსებისაებრ შესხმა არს და სასჯელ, არამედ ძალისაებრ არა თქმა საბრალობელ. ვითარცა იტყვის გრიგოლ ღმრთისმეტყველი: ,,ყოველივე, ძალისაებრ ქმნილი, მითვალულ არს ღმრთისა მიერ“. ხოლო მე ვიწყო სიტყვად უნდოსა ძალისა ჩემისაებრ და, რაოდენ უძლო, მარტივად და სულ-მცირედ აღვსწერო, არა თუ სხვათაგან სმენილი, არამედ, უმეტეს ყოვლისა, წმიდისა და უტყუველისა პირისა მისისაგან მოთხრობილი სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისა, რომელსა-იგი, ვითარცა ერთგულსა შვილსა, არა დამიფარვიდა სარგებელისათვის ჩემისა, ხოლო შემდგომი რომელიმე თვალითა ხილული და რომელიმე კაცთა მიერ სარწმუნოთა და წმიდათა უწყებული, რათა ესე ერთობით შევკრიბო საწადელი ესე და სასურველი მოთხრობა და, ვითარცა ჯაჭვი ოქროსა, ერთობით შეთხზული და შეწყობილი, წარმოვსცე წინაშე სიწმიდისა თქვენისა, საკვირველსა მაგას და სასურველსა მთასა, რომელსა შინა თავს-ისხნა მრავალნი შრომანი და ღვაწლნი კაცმან მან ღმრთისა შეყვარებულმა თარგმანებისათვის წმიდათა წიგნთასა. ხოლო რომელიც იპოვოს ნაკლულევანება მიზეზითა ჩვენ მიერ აღწერილობისათა, განემართოს თქვენ მიერ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, რომელიც მკვიდრ არს თქვენ თანა, სადიდებელად მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ცხორება და მოქალაქობა წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩვენისა გიორგი მთაწმიდელისა
I. „ხსენება მართალთა ქებით აღესრულებისო“, იტყოდა ბრძენი სოლომონ შესხმასა მას შინა მართალთასა, რომელსა სულითა წმიდითა წინათვე მოასწავებდა გამოჩინებათა მათ წმიდათათვის, რომელნიც შემდგომად ქრისტეს მოსლვისა გამოჩნდენ: მოციქულნი, მღდელთ-მოძღვარნი, მოწამენი და მამანი და ყოველნი წმიდანი და მართალნი, რომელთა მიერ აივსო ყოველი სოფელი დიდებითა ღმრთისათა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი: „წინასწარმეტყველთა მრავალთა დაფარონო პირი ყოვლისა ქვეყანისა“. და კვლავ იტყვის ესაია განკვირვებით: ,,ვინ არიან ესენი, რომელნიც, ვითარცა ღრუბელნი ფრინვით მოვლენ? რამეთუ ღრუბლად უწოდა მათ ხორცთა უარის-ყოფისათვის და ნივთიერთა საქმეთაგან ამაღლებისა და გონიერთა და საცნაურთა ღრუბელთა თანა შერთვისა, რომელთა ზედა მჯდომარე იხილოს მომავალად თვით თავადი, ვითარცა-იგი ამაღლდა თავთაგან მოწაფეთასა.რამეთუ ესე ვითართა მათთვის იტყოდა დიდი პავლე: „ქრისტესთა მათ ჯვარს აცვეს ხორცნი მათნი ვნებითურთ და გულისთქმით“: რომელთათვის-იგი ნაყოფთა სულისათა წარმოიტყვის. და კვლავ თვით მაცხოვარი ეტყოდა მოწაფეთა თვისთა აღებად ჯვარისა და შედგომად მისა, რამეთუ ხორცთა ჯვარს ცმივა ხორციელთა მათ უხორცოებასა მოასწავებდა, რაჟამს იგი თვისთა და ნათესავთა უვარის-ყოფითა ასსა წილსა მიღებად აქათ აღუთქმიდა და დასასრულსა ცხორებასა საუკუნესა მიანიჭებდა, რომელსა-იგი ტრფიალ-ყვნა მოყვარენი სათნოებისანი და მეძიებელნი სასუფეველისანი, და მის მიერითა მით ბრწყინვალებითა აქავე განათლებულნი, რომელთა თანა შეერთო ახალი ესე მოღვაწე და ჩვენ მიერ საქებელად წინამდებარე, რომლისა-იგი ღვაწლთა და შრომათა არა უმეცარ ხართ, რომელთა-იგი თვით თვალითა გიხილავს, და რომელთადა სმენით უწყებულ არს.
და კვლავ ყოველნივე ერთობით ნამუშაკევსა მას და ნაყოფსა გონებისა მისისასა თვალთა მიერ განცდითა და ყურთა სმენითა, ვითარმცა მას თავადსა, თვით ხედავდით, რომლისა დაღაცათუ დავიდუმოთ სიმრავლისგან ზოგადი მაღალთა მათ ღვაწლთა მისთა, რომელნიც ღმრთისა ეკლესიისათვის მან თავს-ისხნა, გარნა ვახსენოთცა რომელთა-იგი ხსენება წმიდა არს და სარგებელ, და სათნოებათა და მოღვაწებათა მიმართ მაწვეველ, ვითარცა იტყვის გრიგოლი ღმრთისმეტყველი: „კაცსა რაცა რა უყუარნ და აქებნ, მისსა მიმართ მიისწრაფინ, და ვითარცა სხვათა ყოველთა მცნებათა აღსრულება თანამდებ არს კეთილთა კაცთათვის, ეგრეთვე ჟამსა სიტყვისასა სიტყვა და მოყვარეთა სათნოებისათა ქება. რამეთუ არა დააცადა მოწყალებამან ღმრთისამან ჟამითი-ჟამად გამოჩინებად ღირსთა მისთა ნუგუეშინის საცემელად უძლურისა ამის და დახსნილისა ნათესავისა ჩვენისა განმაძლიერებელად და განმამხნობელად, რათა ხედვითა და სმენითა სათნოებათა მათთათა შურად და ბაძვად ღირსებისა მათისა აღვიძრვოდით და ძალსა მას საცნაურსა სულისა ჩვენისასა, ვითარცა ორბისა სიჭაბუკესა, განვაჭაბუკებდეთ. და, ვითარცა მთვარესა, ეგრეთ განვაახლებდეთ, რომელ ღამესა შინა ამის ცხორებისასა, ვითარცა დღესა შინა, შვენიერად ვიდოდით, და ყოველთავე ბნელის მოყვარეთა მყოფთა სულთა ჩვენთაგან განვიოტებდეთ, და ესე სათნოებათა მიმართ წარმატებულნი შემომავალსა მას და ბრწყინვალესა დღესა უკუანასკნელსა, ვითარცა ცისკარსა განთიადისასა, აღმოსლვად განმზადებულნი მოველოდით.
რაჟამს ბრწყინვალე იგი მნათობი ნათესავისა ჩვენისა დიდი ეფთვიმე აღმოგვიბრწყინდა ნათლად და სიხარულად, დიდებად და გვირგვინად, გონიერ-მყოფელად და განმაბრძნობელად უგუნურებისა ჩვენისა, რომელმან უმეცრებისა იგი საბურველი მოსძცარცვა გონებათაგან ჩვენთა, და, ვითარცა დღემან ღმრთივ-განათლებულმან, მჭმუნვარე იგი ნისლი უგულისხმოებისა განხადა სულისაგან ჩვენისა, და სივრცითა და სიმაღლითა ღმრთივ-თარგმნულთა წმიდათა წიგნთა მისთათა ნაკლულევანება ენისა ჩვენისა აღავსო, და რომელნი ესე ბარბაროზ წოდებულ ვიყვენით ელენთა მიერ უსწავლელობისათვის და უმეცრებისა ჩვენისა, მათთანავე აღგურაცხნა ღმრთისა მიერ მოცემულითა მით სიბრძნითა თვისითა.
ხოლო რაჟამს წმიდა ესე სოფლით აღივსო და ღმრთისა მიიცვალა, და წმიდათა ბრწყინვალებასა შეემატა, და არა სრულ იქმნა სიხარული ჩვენი მყისსა შინა სოფლით განსლვისა მისისათვის, და ეგრეთ ინება განგებულებამან ღმრთისამან ჩვეულებისაებრ თვისისა, ვითარცა-იგი მრავალ გზის-ყო, რათა არა ერთსა ზედა ოდენ გინა ორსა მოჰფინოს შარავანდედი მადლთა თვისთა, არამედ რათა დღითი-დღე აღორძინდებოდა და განვრცელდებოდა ღმრთისა ეკლესია და უმაღლესისა მიმართ წარემატებოდა, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი: „და იყოს უკუანასკნელთა მათ დღეთა მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა, და წინასწარმეტყუელებდენ, ძენი თქვენნი და ასულნი თქვენნი ხილვასა იხილვიდენ, და მოხუცებულთა თქვენთა ჩვენებით განვეცხადო“.
და კვლავ მოციქული განყოფასა მას შინა მადლთასა ნიჭად საღმრთოდ და ნაწილად სულისა მიერ მოცემულად თარგმანებასა ენათასა უწოდს, რამეთუ შეუნანებელ არიან მადლნი ღმრთისანი უშურველად და უხუვებით მიფენილ ყოველთა ზედა ნების მყოფელთა მისთა, ვითარცა-იგი დიდი მოსე იესუს ეტყოდა: „ვინ მომცეს მე ყოველი ესე-ვითარი წინასწარმეტყუელად ღმრთისა?“ რამეთუ იცოდა მან ნება ღმრთისა და უხუებით მიცემა მადლთა მისთა. რომლისათვისცა, წმიდა რა მამა ჩვენი დიდი ეფთვიმე სოფლით განვიდა, ვითარცა პირველ ვთქვით, შემდგომად რაოდენთამე ჟამთა კვლავცა სახიერებამან ღმრთისამან და მადლმან მამისა ჩვენისამან ჟამსა თვისსა გამოაჩინა დიდი ესე მუშაკი საღმრთოსა მადლისა, წმიდა მამა ჩვენი გიორგი, რომლისათვის არს სიტყუა ჩვენი და წინამდებარე არს აღწერად და მოთხრობად შემდგომთა ნათესავთა საწურთელად და გულისხმის საყოფელად, ვითარცა მან ნეტარმან დიდისა ეფთვიმეს ცხორება აღწერა სახედ და ხატად სათნოებისა მომავალთა ნათესავთათვის, რომელი ესე არცა ჩვენ დავიცონოთ შეწევნითა ღმრთისათა, არამედ ყოველი სახე ცხორებისა მისისა აღვწეროთ შობით მისით და ვიდრე აღსრულებამდე.
ხოლო იყავნ ჩვენთანა ღმერთი იგი მის მიერ შეყვარებული და მისი შემყვარებელი, და ლოცვა წმიდისა მის მამისა, რომელმან ამისი ხელყოფა ჩვენ გვაიძულა, სადიდებელად ღმრთისა, რომლისა არს დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
II. ესე წმიდა მამა ჩვენი გიორგი იყო ნათესავით ქართველი, ხოლო ვინაიდან ღმრთის-მსახურებისა საიდუმლოსა შინა ერთი მამული პატივცემულ არს, რომელ არს სამოთხე პირველისა მის მამისა ჩვენისა საყოფელი და ერთი ქალაქი, რომელ არს ზეცისა იერუსალემი, ცხოველთა მათ ქვათა მიერ აღშენებული, რომლისა შემოქმედ და ხუროთ-მოძღვარ ღმერთი არს, და ერთი ნათესავობა, რომელ არს თვისება ღმრთისა. არამედ ნუ ვინ ჰგონებნ, თუ არარა გვაქვს პატიოსანთაგანი მამულისათვის და ნათესავთა წმიდისა მამისა ჩვენისათა მითხრობად და რეცა ჩემებით მოვიპარავთ ჭეშმარიტებასა საქმეთა მიერ საყვედრელთა!
რამეთუ იყო ნეტარი ესე, ვითარცა ვთქვით, ნათესავით ქართველი. ხოლო მამის მამეულად ღმრთის-მსახურისა მისგან და ღმრთივ-დაცვულისა ქვეყანისა, რომელსაც სამცხე ეწოდება, ხოლო თვით აღმოეცენა იგი ქვეყანასა თრიალეთისასა, ვითარცა პირმან საქმისამან გაუწყოს. რამეთუ მშობელნი ამისნი იყვნეს ღმრთის-მსახურნი. [და] ეწოდებოდა მამასა იაკობ, ხოლო დედასა - მარიამ. ესე იაკობ იყო ერთგულთაგანი და საკუთართა ღმრთის მსახურისა მეფისა გიორგისთა, და საქმისა რომლისათვისმე საერთგულოსა მოციქულად წარივლინა მეფისა მიერ სპარსეთს; და, ვითარცა წარემართა, ნებითა ღმრთისათა სავანე-ყო დაბასა მას და სახლსა, რომელსა იყოფოდეს მშობელნი წმიდისა ამის დედისანი. ხოლო იაკობ, ვითარცა იხილა წესიერი იგი და სათნო ცხორება მათი და, უმეტესადღა ვთქვათ, თუ ღმრთის მოყვარება გონებისა მათისა, სთნდა ყოველი განგება მათი და ეტრფიალა კეთილსა ცხორებასა მათსა. ხოლო შვილად მხოლოდ-შობილად ესვა მათ მარიამ და სიყვარულისათვის მისისა არავინა მიეთხოვა, დაღაცათუ მრავალთა მიერ ძიებულ იყო სძლად მიყვანებად სახლად თვისად.
ხოლო იაკობ, იხილა რა შვენიერება ხატისა მისისა და ნარნარი იგი და დაწყნარებული ქცევა მისი და განკრძალული სახე, უთხრა მშობელთა მისთა: „დამიმარხეთ შვილი ეგე თქვენი კეთილადე, რომელ მო-თუ-ვიქცე მშვიდობით, მე ვიქორწინო ეგე და სრულიად თქვენ თანა დავემკვიდრო“, და ესეთ წარემართა გზასა თვისსა და ნებითა ღმრთისათა კეთილად განემარჯვა და მშვიდობით მოიქცა, და მეფე დიდად მოიმადლა, და ესე მოვიდა ზემოხსენებულთა მათ მშობელთა თანა ქალწულისთა, და იქორწინა სჯულიერითა და წმიდითა ქორწინებითა, ვითარცა იტყვის მოციქული: „წმიდა არს ქორწილი და საწოლი შეუგინებელი“. და ესე აკურთხა იგინი უფალმან, ვითარცა დიდი იაკობ და რაქელ, რამეთუ ხორციელსაცა თანა სიმდიდრესა შვილიერებითაცა პატივსცა, რამეთუ ესხნეს სამნი ძენი და სამნი ასულნი.
ხოლო ნეტართა ამათ მეუღლეთა კეთილად განიზრახეს, რათა პირველი ნაყოფი თვისი ღმრთისა შეწირონ. ხოლო, მიეცა პირველად ნაყოფად ასული, რომელსაცა უწოდეს სახელი თეკლა და პატივსცეს სახელითა პირველმოწამისათა. და ვითარცა იქმნა იგი შვიდისა წლისა, შეწირეს იგი ღმერთსა, ვითარცა აღეთქვა, და წაიყვანეს იგი სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ტაძრისი ეწოდება, და მისცეს იგი ხელთა წინამძღვარსა მის მონასტრისასა, რომელსა საბაია ეწოდებოდა, დედაკაცსა ღირსსა და წმიდასა, რომელმანცა შეიწყნარა იგი, ვითარცა შვილი თვისი. და კეთილად აღზარდა. და კვლავ შვეს სხვა წული შვილი, რომელსა უწოდეს თევდორე. და ესე კვლავ განიზრახეს კეთილთა მათ მშობელთა, რათა, უკუეთუ იშვეს მათდა სხვა წული, შეწირონ იგი ღმერთსა: რამეთუ „ვერძისა ჯერ-არსო შეწირვად”.
ხოლო მარიამს ეძინა რა თვისაგან, ღამესა ერთსა ეჩვენა მას ბრწყინვალე ვინმე და დიდებული, რომელიც ეტყოდა: „აჰა ესერა, ჰშვე ყრმა წული, ვერძი რჩეული ღმრთისა; შეწირე იგი მისსა, რომლისადა აღგითქვამს, და სახელი უწოდე მას გიორგი“. და, ვითარცა გაიღვიძა დედაკაცმან მან, შიშით და სიხარულით მიუთხრა ესე ყოველი ქმარსა თცვისსა; და აღდგეს ორნივე ერთობით და ცრემლით მადლობა შეწირეს ღმრთისა და მოელოდეს აღთქმასა მას საღმრთოსა. იხილეთ, ჰოი მორწმუნენო, ვითარ სახელის-წოდებითა ამით ყრმისათა ჩვენებასა შინა ღამისასა ცხადი და განმარტებული საქმე მოესწავებოდა, რამეთუ საღმრთოსა და სულიერსა მუშაკობასა დედასა ყრმისასა მახარებელი იგი მისი წინასწარ აუწყებდა და ურნატთა ეკლესიისათა მის მიერ მომუშაკებად მოასწავებდა, და საუნჯესა მორწმუნეთასა ღმრთის-მსახურებისა იფქლითა აღვსებად ახარებდა, რამეთუ ბერძულითა ენითა გიორგი მუშაკად გამოითარგმნება.
III. ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. შემდგომად დღეთა რაოდენთამე იშვა მათ და ღმრთისა მიერ აღთქმული იგი ნიჭი. და იზრდებოდა ხორციელისათა ჰასაკისა სულიერითაცა ჰასაკითა, და განიპოხებოდა მადლითა სულისა წმიდისათა. და იყო იგი სიყრმიდან სავსე შიშითა და სიყვარულითა ღმრთისათა, და, ვითარცა წერილ არს, „დღე და ღამე შჯულსა უფლისასა იყო ნება მისი, და შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე“, ამისთვისცა იქმნა იგი, „ვითარცა ხე, დანერგული თანაწარსადინელსა“ წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და გამოსცა ჟამსა თვისსა ნაყოფი შვენიერი და ზეცისა საუნჯეთა ღირსი.
რამეთუ, ვითარცა იქმნა იგი შვიდის წლის, აღთქმა იგი აღასრულეს მშობელთა მისთა, და, მასვე ზემოხსენებულსა მონასტერსა ტაძრის[ს] დისა თვისისა თანა ღმრთისა შეწირეს და ჰმადლობდეს ღმერთსა, მომცემელსა კეთილისა მის ნაყოფისასა. არამედ, ვინაიდან სიყრმესავე თვისსა მშობელთა მოღვაწებისაგან დააკლდა, და, ვითარცა მორჩი კეთილი, აღმოცენებასავე თვისსა თანა ყოფადსა მას წარმატებასა აუწყებს ქვეყნის-მოქმედთა, ვითარცა იტყვის დავით: „მართალი, ვითარცა ფინიკი აყვავდეს და, ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს, დანერგული სახლსა ღმრთისასა, ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩვენისათა ყვაოდის“. და ესე, ვითარცა ახალნერგი შვენიერი, იზარდებოდა მონასტერსა მას შინა, და ისწავლიდა წერილთა საღმრთოთა დედაკაცისა მისგან ღირსისა, დისა თვისისა, და მოასწავებდა წინასწარვე გამოღებად ნაყოფსა მას, რომელი ყოფად იყო, რამეთუ სიმახვილითა და მოსწრაფებითა გონებისათა, საგონებელ იყო მხილველთაგან, თუ: „აყვავებასა თანა მყისეულად ნაყოფსა გამოიღებსო“. რამეთუ, ვითარცა მოსესთვის წერილ არს, სიჩჩოდანვე თვისით მკვირცხლ იყო ღმრთისა ყრმა იგი.
და, ვითარცა დაყო მონასტერსა მას [შინა] სამი წელი და იქმნა ჰასაკითა ათისა წლისა, ხოლო გონებითა, ვითარცა მხცოვანი და მოხუცებული იხილვებოდა საკვირველად მხილველთა და მსმენელთაგან. ხოლო მნებავს, რათა სიჩჩოთგანვე ფარვა ღმრთისა და შეწევნა მისი გაუწყო ყრმასა მას ზედა წმიდასა, რამეთუ ვითარცა იყო წუთ მშობელ თვისთა თანა და ვითარცა არს ჩვეულება ყრმათა ველად განსლვისა მღერად და განცხრომად, ხედავდა კეთილის-მოძულე იგი, მტერი ნათესავისა ჩვენისა, ბოროტი ეშმაკი, ვითარმედ დამთრგუნველად ძალისა მისისა იზრდებოდა ყრმა იგი წმიდა, შეძრწუნდა, ნუ უკუე სრულიად განქიქნეს მის მიერ სიბოროტე მისი, ამისთვისცა სიჩჩოდანვე იწყო ბრძოლად მისდა, რამეთუ გვითხრობდა თვით წმიდა ესე: „ვიყავ რა მდინარისა მის დიდისა პირსა, რომელსა კცია ეწოდება, წიაღ-კერძო მდინარესა ვიხილე ყრმა, შემოსილი ცეცხლის ფერითა, და მიხმობნ: „მოვედ და ვიმღეროთ!“ და, ვითარცა წარვემართი, ყრმა შვენიერი, სპეტაკითა მოსილი, მომეკიდის სახელოსა და მეტყვინ: „იყავ აქა ჩემთანა, რამეთუ მე უმჯობესი მოყვასი ვარ შენი“. ხოლო ესე საცნაურ არს, რომელ წიაღ-კერძო მდინარისა ცეცხლითა მით საუკუნოთა შემოსილი ბოროტი ეშმაკი იყო, და ეგულებოდა წყალთა მათ შინა წარწყმედა ყრმისა მის. ხოლო სპეტაკითა მოსილი იგი ანგელოზი იყო, რომელი სიჩჩოდანვე დაუდგინა ღმერთმან, რათა სცვიდეს მას, ვითარცა იტყვის დავით: „დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა თვისთა ზედა და იხსნნეს იგინი უფალმან“ და კვლავ წამებს დიდი ბასილი: „ყოვლისა მორწმუნისადა მიცემულ არს ანგელოზი მცველად ცხორებასა მისსა“ და კვლავ, იყო რა წმიდა ესე წუთ მონასტერსა მას შინა ზემოხსენებულსა, შურითა ეშმაკისათა აღედვა ცეცხლი მონასტერსა მას და სრულად შემრგვალდა, ხოლო ყრმასა მას ნეტარსა ეძინა ღრმად. და მოვიდა კვლავ გამოჩინებული იგი სპეტაკითა მოსილი, განაღვიძა და უპყრა ხელსა და შორის ცეცხლისა მის უვნებელად განავლო. და იყო მონასტერსა მას მახლობელად ეგვტერი ერთი, ვითარ უტევან ერთ. იქ მიიყვანა ანგელოზმან მან და თვთ მიეფარა. ხოლო, ვითარ ვჰგონებ, სასწაული ესე არა უმცირეს არს სასწაულსა მას სამთა ყრმათასა. არამედ მე სარბიელსავე სიტყუათა ჩემთასა ვიდოდი და აქა სრულ-ვყო სამცხეს ზრდილობისა მისისათვის სიტყვა და მერე მოვიცვალო გონებითა და ხახულს მისლვისა მისისა, და ვთქვა თუ სრულად განათლებისათვის. ყოველივე სულმცირედ და მოკლედ მიგითხრა, ვითარცა უფალმან ძალი მომცეს, რამეთუ-იგი ექმნა მიზეზ ყოვლისა კეთილისა, ვითარცა იტყვის გრიგოლი ღმრთისმეტყველი ათინისათვის: „რომელი იგი მე ოქროსა ქალაქ მექმნაო“; ხოლო დაღაცათუ სახე ესე სახისა წინააღმდგომად გულისხმის მყოფელმან სულიერსა ზედა გულისხმა ჰყვენ!
IV. ესხნეს ნეტარსა ამას ორნი მამის ძმანი ხახულს, ორნივე უხუცესნი მამისა მისისანი, კაცნი ღმერთ-შემოსილნი და სავსენი საღმრთოთა მადლითა; უხუცესისა მის სახელი გიორგი მწერალი, რომელი ყოფილ იყო მწერალთა ზედა მთავრად კურაპალატისათა; ხოლო მეორისა მის სახელი საბა, კაცი წრფელი და უმანკო. ესენი მკვიდრ იყვნენ ხახულს, ორითავე ცხორებითა შეზავებულად, რამეთუ სიმდიდრესა თანა საღმრთოსა მოქალაქობისასა ხორციელიცა სიმდიდრე უხვებით ქონდა.
ამათ ღირსთა ბერთა ვითარცა ეუწყა ყრმისა გიორგის სიკეთე და ღმრთის-მოშიშება, მსწრაფლ მიუმცნეს ძმასა თვისსა იაკობს, რათა ყოვლითა სწრაფითა ყრმა იგი გიორგი მათა მოიყვანოს, ხოლო მას ვითარცა ესმა, მსწრაფლ აღასრულა ბრძანებული მათი, და წაიყვანა ხახულად შვილი თვისი; პირველად შეჰვედრა იგი ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომლისა იგი ერთგულ მსახურ და საკუთარ მონა ყოფად იყო, და მერე თვისთა ძმათა მიუთვალა და თვით სიხარულით წავიდა სახლად თვისა. ხოლო ნეტართა მათ, ვითარცა იხილეს გონიერება იგი და დაწყნარებულება სახისა მისისა უშფოთველი იგი და აღუძრველი ქცევა მისი, გაიხარეს სიხარულითა დიდითა და ჰმადლობდენ ღმერთსა: რამეთუ იხილეს მათ ყრმა, მოხუცებულობითა შემკული, და ჭაბუკი, სიბერითა განშვენებული, ვითარცა იტყვის დიდი ბასილი: „არამედ მხცე არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის, და თუ არა სისპეტაკე თმათა, არად სარგებელ არსო“.
და კვლავ გვისწავიეს დანიელისთვის და იერემიასთვის: რამეთუ ერთი იგი მსაჯულ მოხუცებითა იქმნა, ხოლო მეორე იგი საშოთგან განწმედილი წინასწარმეტყველებდა. ხოლო, ვითარცა ვთქუ, იხილეს რაჲ კეთილთა მათ ბერთა ძმისწული თვისი, ესრეთ შემკული, მიჰგვარეს იგი მამასა მაკარის, რომელი იგი მას ჟამსა ღირსებისათვის მისისა წინამძღვარი [იყო] დიდისა მის ლავრისა. ხოლო მან, ვითარცა იხილა, ფრიად განიხარა, და, ვითარცა შვილი, შეიტკბო, აკურთხა იგი კურთხევითა მით აბრამეანითა, ეკლესიისა ევლოგიასა მონაწილე-ყო, და სულისა თვისისა შვილად უწოდა. და ეგრეთვე დიდსა მასცა ბასილის, ბაგრატის ძესა, მიჰგვარეს, და წმიდა კურთხევა მისი მიღებად სცეს, - რომელი იგი მას ჟამსა შინა იყო მოძღვარი და განმანათლებელი ქვეყანისა ჩვენისა. და კვლავ ღმერთ-შემოსილმან ანტონი მნათემან იხილა რა, გაიხარა, და ყოვლითა კურთხევითა აკურთხა. და ესე, ყოველთა მამათა კურთხევა მიაღებიეს, და მერეღა წაიყვანეს სახედ თვისად.
მაშინ განიზრახეს საღმრთოთა მათ მოხუცებულთა თანაზრახვითა ზემოხსენებულთა ამათ მამათათა, რათა, პირველ ყოვლისა, ღმრთივ-სულიერსა ვისმე და მწყემსსა კეთილსა შეჰვედრონ შვილი თვისი, რათა სულიერითა ჰასაკითა აღორძინდებოდა, და საღმრთოთა მათ სწავლათა რძესა მის მიერ სმიდენ, და სისრულედ სათნოებათა წარემატებოდა. და ვინმცა იხილეს სხვა უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღვრებათა შინა განთქმული, გარნა დიდი ილარიონი თუალოელი! რომელი-იგი მას ჟამსა, ვითარცა მთიები, ბრწყინავდა კრებულსა შორის მამათასა, რომლისა სათნოებათა და მოღვაწებათა აწ წარმოთქმად შეუძლებელ არს. ამას ნეტარსა შეჰვედრეს შვილი თვისი და მონაზონებისა მიმართ წარმართებად ევედრებოდეს. ხოლო წმიდამან მან, ვითარცა ღმრთისა მიერ მოცემული კეთილი შვილი, ეგრეთ შეიწყნარა, და წესიერებისა მიმართ და სათნოებისა წურთვად უწყის. და ესე წარემატებოდა ნებითა ღმრთისათა, და ვითარცა ნერგი კეთილი, დანერგული თანა წარსადინელსა ღმრთივ-სულიერთა სწავლათასა, დღითი-დღე აღორძნდებოდა.
ხოლო აუწყეს სწავლათაცა საეკლესიოთა და სამღვდელოთა, რომელთა შინა, უმეტეს ყოველთა ჰასაკის სწორთა მისთასა, წარემატა, და საგალობელნი იგი საწელიწდონი და შეწყობილებანი იგი გალობათანი ყოველნივე მეყსა შინა ზეპირით დაისწავლა. საღმრთოთა კვლა წიგნთა კითხვისათვის რად სახმარ არს სიტყვად! რომელთა იგი შინა უაღრეს ძალისა თვისისა დაშვრა და გამოიცადა, რომელსა შინა არა სცემდა ძილსა თუალთა თვისთა და ჰრულსა წამთა თვისთა. ხოლო განსვენებასა კვლა ხორცთასა ყოვლადვე არა თავს იდებდა და მაშინდელი იგი წერილთა გულისხმის-ყოფა, ვითარცა წინდი რამე, მომავალთა საქმეთათვის მიიღო. და ესე, ყოველნივე საღმრთონი წერილნი ძველისა და ახლისა სჯულისანი, რომელნი ოდენ ჩვენსა ენასა პოვნა, ყოველნივე კეთილად გულად იხუნა.
ხოლო უწყი, ვითარმედ მრავალთა გსურის სმენად, თუ ვინა ისწავლა ბერძული სწავლა, გინა ვინა დაგვიუნჯა საფასე ესე მოუკლებელი? - ფერის ჯოჯიკის ძემან, დის სიძემან ბასილი ბაგრატის ძისამან. რასათვის მე ვახსენე და ბასილისი? ამისთვის, რამეთუ იტყოდის წმიდა იგი: „არა უდარეს იყო ღირსი ესე დედაკაცი ღმრთის-მსახურებითა ძმასა თვისსა ნეტარსა ბასილისაო“. ამან ფერის და მეუღლემან მისმან განიზრახეს კეთილად, რათა კაცი საღმრთო იძიონ სულისა მათისა კეთილისა მასწავლელად, და უწესოებისა დამაყენებელად, და რათა ყოვლადვე მახლობელად მათსა იყოს. ამის პირისათვის ორთავე გამოიძიეს და დაამტკიცეს, ვითარმედ გიორგი მწერლისა უგონიერესსა ვერვის ჰპოებენ. ამისთვის დიდითა ვედრებითა და ქენებითა გიორგი მწერალი წაიყვანეს და ყოველი საქმე მათი, სულიერი და ხორციელი, მას დაამორჩილეს. ხოლო ამან გიორგი ნეტარი ძმისწული თვისი, ყრმა გიორგი, თანა წაიყვანა, რამეთუ ფრიად ეხმარებოდა ზეპირით კანანახობასა და წიგნის კითხვასა და მისსა მსახურებასა, რამეთუ [თვით] მოხუცებული იყო. ხოლო ვითარ იხილეს კეთილთა მათ მეუღლეთა, გაიხარეს ფრიად, და საღმრთომან მან დედაკაცმან შვილად თვისად აღიარა იგი. და დაყვეს მრავალი ჟამი კეთილსა და ღმრთისა სათნოსა ცხორებასა შინა. ხოლო ამისა შემდგომად რისხვითა ბასილი მეფისათა ფერისს თავი წარეკვეთა, რამეთუ განდგომილება დასწამეს; და ესე, ბრძანებითა სამეუფოთა, ესე ღირსი დედაკაცი ერითურთ თვისით კოსტანტინეპოლედ წაიყვანეს, ვინა იგი დაყვეს ათორმეტი წელი. ხოლო მათსა მას იქ ყოფასა მამის ძმამან ამის საკვირველისა ყრმისამან და, უფროსღა ვთქვა, თუ საღმრთომან მან დედაკაცმან სასწავლოდ მისცეს ყრმა იგი გიორგი კაცთა ფილოსოფოსთა და რიტორთა, ორითავე ცხორებითა შემკობილთა, არა ერისკაცთა, არამედ მონაზონთა ღმრთის-მოშიშთა და ყოველთა მიერ წამებულთა, და ესე ათორმეტსა მას წელსა ყოველივე მოსწრაფება და გულს-მოდგინება ერთბამად შემოიკრიბა, ვიდრეღა მახვილთა გონებითა და მრავალ-ჟამ გამოცდილთა მოსწრაფებითა წარემატა, ხოლო მოსწრაფეთა და გულს-მოდგინეთა სიმახვილითა გონებისათა აღემატა, და ორ-კერძოვე სრულ ქმნულთა ერთ-კერძო თანა-წარჰხდა, ვიდრეღა დიდად განკვირდეს ყრმანი იგი ბერძენთანი მისსა მას ეგოდენსა მოსწრაფებასა და სიმახვილესა გონებისასა, ჰნატრიდეს გულს-მოდგინებასა მისსა და ძალისაებრ ბაძვად მისსა აღიძრვოდეს.
და, დაყო რა სწავლასა მას შინა, ვითარ ვთქვით, თორმეტი წელი, და, ვითარცა ქვეყანამან კეთილი თესლი სწავლულობისა შეიწყნარა ურნატთა შინა სულისა თვისისათა, რომელი-იგი ჟამსა თვისსა გამოღებად ედვა აღვსებად სულისა მშიერთასა და განმდიდრებად ღმრთისა ეკლესიასა ამისა შემდგომად ბრძანებითა სამეფოთა კვლავ თვისთავე პრასტინთა მიიქცა საღმრთო ესე დედაკაცი - ტვარწატაფს, და თანაწაიყვანა ყრმა გიორგი მამის ძმისავე თვისისა თანა; ხოლო ეუწყა, რომ დედა მისი მიცვალებულ იყო, ხოლო მამა მისი წუთ ცოცხალ იყო, რომელიც იგი ძმამან მისმან გიორგი თავისა თვისისა თანა მოიყვანა ტვარწატაფს, და ერთბამად იყოფოდეს.
ხოლო ყრმა გიორგი წავიდა ხახულს მამის ძმისა თვისისა თანა საბასა. და, ვითარცა იქმნა ოცდა ხუთის წლის, ტკბილსა მას უღელსა მონაზონებისასა ქედი თვისი მოუდრიკა, რამეთუ დაღაცათუ სიყრმიდანვე მონაზონი იყო, ხოლო წუთ კურთხევა მონაზონებისა არა მიეღო, რამეთუ მოძღვარი მისი სულიერი და ღვაწლთა მიმართ მონაზონებისათა მწვრთნელი, დიდი ილარიონ წუთ ხორცთაღა შინა იყო, და ხელთაგან მისთა მიიღო კურთხევა მონაზონებისა, - რამეთუ იგი იყო პირველი მოძღვარი მისი და მიზეზი ყოვლისა კეთილისა. ამისა შემდგომად, აღძრვითა ზეგარდამოთა, მოუხდა სურვილი უცხოებისა და სიგლახაკისა, და თვისთა და მეცნიერთაგან განშორებისა და, უფროსღა ვთქვა, თუ სურვილი თაყვანის-ცემისათვის წმიდათა მათ და განმაცხოველებელთა ადგილთა, ვინა-იგი აღასრულა ყოველი განგებულება ცხორებისა ჩვენისა სიტყვამან მამისამან, მოსულმან ხსნისათვის ჩვენისა. ხოლო იყოცა განგებულება ღმრთისა საქმესა ამას შინა, რომელი იგი წინასწარ ყოველსავე მეცნიერ არს და ყოფადთა, ვითარცა ყოფილთა, ხედავს; ვითარცა იგი მოსეს რა წინასწარმეტყველად განმზადებდა, პირველ ყოვლისა თვისთაგან გამოიყვანა, და აბრაჰამს, რა თანა აღთქმასა დასდებდა, ქვეყანისა თვისისა დატოვება უბრძანა და ეგრეთვე მრავალთა წმიდათათვის წერილარს. ჰნებავნ რა მიახლება ღმრთისა, პირველ-ყოვლისა თვისთაგან და მეგობართა განეშორნიან, და ჭეშმარიტი იგი თვისება და ზრახვა ღმრთისა მაშინღა პოვიან, ვითარცა ვიტყოდე წმიდისა ამისთვის. მოუხდა სურვილი უცხოებისა და თვისთაგან განშორებისა, და ფარულად ყოველთა მეგობართაგან და მეცნიერთა სივლტოლა იხუმია და წარემართა იერუსალიმით-კერძო.
ხოლო ვითარცა ცნა მამამან მაკარი და ყოველთა მათ ღმერთშემოსილთა ბერთა, შეწუხდნენ ფრიად და ყოვლით-კერძო მეძიებელნი და შემპყრობელნი განავლინნეს, და ყოველნი გზანი მოიცვნენ. მაშინ, ვითარცა გულისხმა-ყო, რამეთუ შეიპყრობდენ, საღმრთო ღონე იხუმია, ვითარცა დიდმან ათანასი, და შესამოსელი თვისი, ფრიად კეთილი, მისცა გლახაკსა ვისმე, და მისი იგი დაბებკული შეიმოსა. და პოვა მწუხარე ერთი წინამძღვრისაგან დატევობილი, უპყრა წინა და წარემართა გზასა თვისსა. და ესე განეშორა დამხრწეველთა გზისა მის კეთილისათა. რამეთუ დაღაცათუ სიყვარულითა იქმოდეს, არამედ არა კეთილ იყო მომავალთა საქმეთათვის.
ხოლო იტყოდა თვით წმიდა იგი: „უდაბნოსა ადგილსა შეგვიღამდაო ტყეთა შინა, და იყო ელვა, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, და შვიდგზის დააკვეთა ეშმაკმანო მწუხარე იგი მას ღამესა, და პეროვინ და იღრჭენნ და ყივინ, ხოლო მე ვილოცევდიო“. იხილეთღა - უშიში ესე სულითა და ახოვანი გონებითა ვითარ არა შეძრწუნდა, არამედ ღამე ყოველ ევედრებოდა ღმერთსა განკურნებისა მისისათვის, ვიდრემდის განიოტა კაცისა მისგან სული იგი ბოროტი და ყოვლითურთ უვნებელი მონასტერსა ერთსა მიიყვანა, სადა-იგი განკურნებულსა მას ენება. და ჰმადლობდა ღმერთსა, რომელმან იხსნა სულისა მისგან არაწმიდისა, და ესეთ მხოლო წარემართა გზასა თვისსა მრავლითა შრომითა და ღვაწლითა, რამეთუ დაჰქენჯნიდა და აჭირვებდა ხორცთა თვისთა, ვითარცა მოციქული იტყვის: „აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ, რათა არა სხვათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყო“.
ეგრეთვე ჰყოფდა წმიდა ესე, რამეთუ ძაძა შეემოსა და უხამლო და თავ-ღია, უღვინო და უწველო ვიდოდა გზასა მას ვიწროსა, რამეთუ დღესა შინა ერთგზის მიიღებდა პურსა და წყალსა. და ესევითარითა შრომითა და მოღვაწებითა შემკობილი მიიწია შავსა მთასა და მერე ავიდა მთასა საკვირველსა, თაყვანი სცა და ამბორს-უყო ლარნაკსა წმიდისა და საკვირველთ-მოქმედისა სვიმეონისსა და ღირსისა დედისა მისისა ნეტარისა მართასსა. და ყოველნი მონასტერნი მოილოცნა და წმიდანი მამანი მოიკითხა და ყოველთაგან ლოცვა მიიღო.
ხოლო ყოვლისა პირველად იწყო ძიებად წინამძღვრისა და მოძღვრისა სულიერისა, რამეთუ უწყოდა, ვითარმედ გარეშე მოძღვრისა არა არს ცხორება სულისა და წარმართება მონაზონებისა. და პოვა მთასა საკვირველსა, ნაპრალსა შინა კლდისასა, ბერი წმიდა, შეყენებული, ვითარცა გვრიტი უბიწო და მტრედი უმანკო, კაცი ზეცისა და ანგელოზი ქვეყანისა, ყოვლითურთ უცხო და განშორებული ხორცთაგან და ხორციელთა ზრუნვათაგან და გონებითა ღმრთისა მიცვალებული, - გიორგის ვიტყვი დაყუდებულსა, დიდსა მას მნათობსა ნათესავისა ჩვენისასა, კაცსა ყოველთა მიერ გულის-სათქმელსა, რომელმან ესე ჩვენ უნდოთა ამათ ამისი აღწერა გვაიძულა. ამას დაემოწაფა ნეტარი ესე, ვითარცა ოდესმე მთასა სინასა ნეტარი იოანე დიდსა მარტვირის.
ხოლო მან, ვითარცა იხილა სიკეთე სულისა მისისა და განიცადა ტალანტი იგი ამის შორის დაუნჯებული, გაიხარა სიხარულითა დიდითა, და სულითა გულისხმა-ყო, რა-იგი ყოფად იყო: რამეთუ სურვიელ იყო წმიდა ესე ბერი, რათამცა კვლავ გამოაჩინა ვინმე მოწყალება მან ღმრთისამან ნათესავსა შორის ჩვენსა კაცი, რომელმანცა სრულ-ყო ნაკლულევანება ენისა ჩვენისა, რომელი იგი წმიდისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესაგან დარჩენილიყო. და ნებითა ღმრთისათა პოვა, რომელსა-იგი ეძიებდა, და მადლობა შეწირა ღმრთისა, რომელი არა ოდეს უგულებელს ჰყოფს სიგლახაკესა ჩვენსა მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა.
ხოლო დაამკვიდრა იგი რომანა წმიდას. და დაყო მას შინა სამი წელი დიდითა შრომითა და მოღვაწებითა, მარხვითა და მღვიძარებითა, და, უფროს ხოლო, სიმდაბლითა და მორჩილებითა, რომელნი ესე ფრთე ექმნებიან მონაზონსა აღსლვად უფლისა თანა, რამეთუ ყოველთა უძლურთა იგი ჰმსახურებდა. ესე, ყოვლითა სათნოებითა შემკული, ხორციელითა ჰასაკითა იქმნა ოცდა ათის წლის, ხოლო სულიერითა მხცოვან და მოხუცებულ. და, ვითარცა იხილა ნეტარმან მან ბერმან გიორგი შეყენებულმან, მოძღვარმან მისმან, რომ ყოვლითა სრულქმნილ-არს ჰასაკისა თანა, სიბრძნითა და გონიერებითა, სქემითა აკურთხა და ესე სრულ-ყო მონაზონებისა მოღვაწება სქემისა გვირგვინითა, და მერეღა იერუსალემად წარგზავნა.
VI. იხილეთღა სახიერება ჩვენთვის განკაცებულისა მეუფისა, რომელმან იგი არა უღირს იჩინა თანა-ზიარყოფად მონისა თვისისა სარწმუნოსა, რამეთუ, ვითარცა მან ოცდა ათისა წლისამან ხორციელითა ჰასაკითა ნათელ იღო, ეგრეთვე მონა თვისი ღირს-ყო მოღებად მეორესა ამას ნათლისღებასა, რომელ არს მადლი წმიდისა სქემისა, მითვე ჰასაკითა, და მიერ აღსლვად ხილულსა მას იერუსალემსა, რათა გონებითა უხილავსა მას ზეცისა იერუსალემსა მიიცვალოს.
და, ვითარცა მიიწია ნეტარი ესე წმიდად ქალაქად, მოილოცა ყოველნივე წმიდანი და თაყვანის-საცემელნი ადგილნი, სულისა სურვილითა და გონებისა სიმხურვალითა, და მარადის ცრემლთა მიერ ილტობვინ, იხსენებენ რა ვნებათა მეუფისათა, რომელნი-იგი იქ ჩვენისა ცხორებისათვის ადგილთა მათ შინა წმიდათა თავს-ისხნა. და ესე არნ გონება მისი, ვითარმცა მას თავადსა თვალთა წინაშე ხედავდა. და დაყო მცირედი ჟამი ესევითარითა ყოფითა, და მერე, განგებითა ღმრთისათა, კვლავ მოძღვარისავე თვისისა მოიქცა. და ესე, ყოვლითურთ სრულქმნილსა საღმრთო ესე ტალანტი ხელთ უდვა, რომელ არს თარგმანება წიგნთა საღმრთოთა ბერძულისაგან ქართულად.
ხოლო ესე ნეტარი არა თავს იდებდა, არამედ ესე იტყოდა: „შეუძლებელ არს ესე ჩემგანო და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდა მამა ჩვენი ეფთვიმი”. ხოლო ბერი ეტყოდა: „შვილო, რომელმან წმიდა იგი სიკვდილისაგან იხსნა და ქართული ენა განუმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყვარს ნათესავი ჩვენი; და თვით მას წმიდასა მამასა ეფთვიმის ვევედრნეთ, რათა შეგეწიოს, რომელ ნეშტი, დარჩენილი მისი, შენ სრულ-ყო მადლითავე მისითა, ვითარცა პავლე ქრისტესი“. და ესე დიდითა იძულებითა ძლივ დაარწმუნა და, წმიდისა სვიმეონის და მართას მადლითა შეზღუდვილი, მთაწმიდას წარმოგზავნა, და, ვითარცა მოწაფე სარწმუნო და შვილი ერთგული და ძღვენი შემსგავსებული სიწმიდისა მისისა, წმიდასა მამასა ჩვენსა ეფთვიმის მოუძღვანა, რათა, ვინა იგი წყაროს-თვალი სიბრძნისა აღმოეცენა მომრწყველად ნათესავისა ჩვენისა, მიერვე ამოივსნენ ნეკტარნი გულისხმის ყოფისანი კაცმან ამან ღმრთისამან და მდიდრად დაათროს სამყარო ეკლესიათა ჩვენ თანა, რამეთუ ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი ესაია: „გამოვიდეს შჯული სიონით, და სიტყვა ღმრთისა იერუსალემით შჯიდესო“, ეგრეთვე, დაღაცათუ პირველიდანვე გვქონდეს წერილნიცა და სარწმუნოება ჭეშმარიტი და მართალი, გარნა ქვეყანა ჩვენი შორს იყო ქვეყანისაგან საბერძნეთისა, და, ვითარცა თესლნი არა წმიდანი? შორის ჩვენსა დათესულ იყვნენ ბოროტნი იგი თესლნი სომეხთანი, გულარძნილნი და მანქანანი.
და ამის მიერ ფრიად გვევნებოდა, რამეთუ ნათესავი ჩვენი წრფელ იყო და უმანკო, ხოლო იგინი, რეცა მიზეზითა წესიერებისათა, რეცა ცთუნებად გვაზმნობდეს, და რომელნიმე წიგნნიცა გვქონდეს მათგან თარგმნილნი.
ამათ ესევითართა მიზეზთათვის მოხედა მოწყალებამან ღმრთისამან ნათესავსა ჩვენსა და აღგვიდგინა ახალი ოქროპირი, წმიდა მამა ჩვენი ეფთვიმი, და, ვითარცა მეათცამეტემან მოციქულმან, ქვეყანა ჩვენი ამათ ზემოხსენებულთა ღვარძლთაგან სრულიად განწმიდა მრავლად თარგმანებითა წმიდათა წერილთათა, ვითარცა დასაბამსავე სიტყვისა ჩვენისასა ვთქვით, და წესნი და კანონნი ეკლესიისანი, დამამტკიცებელნი სარწმუნოებისა ჩვენისანი, − ესე ყოველნი აღწერილად დაგვიტევნა, რომელნი-იგი წმიდისა ამის მთისაგან და ღმრთივ-აღშენებულისა ლავრისა, ვითარცა მდინარისაგან ედემეანისა, ნაკადულნი ცხორებისანი პირსა ზედა ქვეყანისა და ნათესავისა ჩვენისასა მიეფინნენ.
ხოლო, ვითარცა პირველვე ვთქვით, ადრე მიცვალებითა მამისა ჩვენისათა, არა სრულ იქმნნენ წერილნი ჩვენნი. ამისთვის სახიერებამან ღმრთისამან კვლავცა მოგვანიჭა, შემდგომად მოსესსა იესუ, შემდგომად აჰრონისსა ელეაზარ, შემდგომად ელიასა ელისე, შემდგომად პავლესსა ტიმოთე. და მსგავსადვე მათსა სრულ-ყო ნება მოძღვრისა თვისისა და ყოველი მის მიერ დაკლებული ამან ნეტარმან მამამან გიორგი სრულ-ყო.
VII. ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. წარმოემართა წმიდა ესე, შეჭურვილი ლოცვითა მოძღვრისა თვისისათა მითვე პირველითა მოღვაწებითა და ფრიად უფიცხესითაცა. ხოლო მიიწია მდინარეს ერთსა დიდსა, რამეთუ მარტო იყო. და ვითარცა შევიდა მდინარესა მას, ვერ უძლო წიაღსლვად სიმდიდრისაგან მისისა, რამეთუ დიდროოდა. მაშინ იხილა წიაღ-კერძო ჭაბუკი შვენიერი, ამხედრებული ცხენსა ზედა სპეტაკსა და უთხრა: „შემოვედ, ნუ გეშინინ“. და უპყრა ხელსა მისსა და წიაღ-იყვანა მშვიდობით. ხოლო იგი თვით უჩინო იქმნა. და იტყოდა თვით წმიდა იგი: „გულსავსებით ვცან, ვითარმედ გამოჩინებული იგი, რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“.
Комментариев нет:
Отправить комментарий